воскресенье, 7 мая 2017 г.

ჰერეთის ისტორია. საინგილოს ჩამოყალიებება

ჰერეთის სახელმწიფოებრიობის ისტორია
   ისტორიული ჰერეთის ტერიტორია ძველი დროიდანვე ქართველური და ალბანურ-დაღესტანური მოსახლეობის საერთო საცხოვრისი იყო, რის გამოც ქართველური (იბერია) და დაღესტანური (ალბანეთი) სამეფოები მუდმივად აწარმოებდნენ ბრძოლას ამ მიწებისათვის. გარკვეულ პერიოდებში ამ მხარეს ხელს „დიდი არმენია“-ც ადებდა, რის გამოც ამ მხარეში სომხების ჩამოსახლებაც ხდებოდა.
ჰერეთი ისტორიულ წყაროებში ახ. წ. V საუკუნის შუა ხანებიდან იხსენიება, როდესაც ის იბერიის სამეფოს ნაწილს წარმოადგენს, თუმცა კი სარწმუნოება იბერიისგან განსხვავებით აქ მონოფიზიტური ქრისტიანობა იყო, რაც ერთის მხრივ სპარსეთის ზეწოლით, მეორეს მხრივ კი მხარის ეთნიკური სიჭრელით იყო გამოწვეული. VI საუკუნეში ქართლის საერისმთავროს აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული ყალიბდება, რომელიც მოიცავს კახეთსა და ჰერეთს. „შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, ისინი დარჩნენ კახეთს. და დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორიდან, და დასხდნენ უჯარმას, და იყვნენ მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა“ – მოგვთხრობს მემატიანე.
როგორც ვხედავთ, ამ ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულის სათავეში ვახტანგ მეფის მემკვიდრენი მდგარან, რომელნიც ქართლის ერისმთავარს გუარამ კურაპალატს მორჩილებდნენ, როგორც მისი ერისთავნი. არაბთა შემოსვლა აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის საერისმთავროს დაშლას აპირობებს. არაბები თავის მხრივ ყოველნაირად უჭერენ მხარს ქართლის საერისმთავროს დაქუცმაცებას, ნაწილ-ნაწილ იპყრობენ აღმოსავლეთ საქართველოს და საზავო ხელშეკრულებებს ცალკეული ადმინისტრაციული ოლქების მმართველებთან სდებენ. ხალიფა ოსმანის (644–656) ბრძანებით, არ-რანს (ასე არაბულად ეწოდებოდა ალბანეთს) გალაშქრებულმა სარდალმა „შაკკანისა და კამიბარანის მფლობელებთან ზავი დასდო ხარკის გადახდის პირობით“. როგორც სამართლიანად ვარაუდობენ, ეს „შაკკანი“ და „კამიბარანი“ ქართული „შაქისა“ და „კამბეჩოვანის“ შესატყვისია, რაც ადასტურებს ჰერეთის არაბთა მიერ დაპყრობას.
მართალია, არაბ სარდალთან ურთიერთობაში ჰერეთის ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულთა მმართველნი ქართლის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჰერეთის ქართლისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით არსებობას. არაბთა მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგაც ჰერეთი პოლიტიკურად არაბთა ხელისუფლების ქვეშ მყოფი ქართლის საერისმთავროს ფარგლებშია მოქცეული, რასაც ადასტურებს არჩილის ფართო საქმიანობა სწორედ ჰერეთის ტერიტორიაზე. „დაჯდა წუქეთს და ააშენა სიმაგრე კასრი (დღევ. სოფელ კახში, საინგილოში), და ლაკუასტის ხევში (დღევ. ლაგოდეხთან) ააშენა ციხე. და იპოვა წუქეთს მთავარნი, რომელთათვის მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ ერთი რომელიც ერისთავობდა თუშთა და ხუნძთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს (შაქის აღმოსავლეთით) ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მხეცის-ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე მათი. და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი“ – გვამცნობს მემატიანე.
ჰერეთის დამოუკიდებელი სამთავროს ორგანიზაცია დაახლოებით VIII საუკუნის დასასრულზე უნდა მოდიოდეს და ის სომეხ ბაგრატუნებს უკავშირდება. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით ქართლის ერისმთავარმა არჩილიმ ჰერეთი სამმართველოდ გადასცა სომეხ უფლისწულებს, აშოტ III ბაგრატუნის (სოხეთის მთავარი 732–745; 746–749) ძმისწულებს, რომლებიც საქართველოს აშოტის დამხობისა და დაბრმავების შემდეგ შემოეხიზნენ. მათი შთამომავალი სუმბატ ბაგრატუნი სარგებლობს ქართლს საერსმთავროს დაშლით და VIII–IX საუკუნეთა მიჯნაზე შაქის დამუკიდებელ სამთავროს აყალიბებს. ვახუშტი ბაგრატიონი თავის კონცეფციას სამთავროთა ჩამოყალიბების საკითხზე ჰერეთზეც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩილის შვილების, იოანეს და ჯუანშერის გარდაცვალების შემდეგ: „ჰერეთი დაიპყრეს ძმისწულთა ადარნასე ბრმისათა, რომელთა დასწვნეს მამისძმისა და არჩილ მოწამე-მან მიუბოძა ამას შაკიხიდამ გულგულამდე და შემდგომად ჯუანშერის სიკუდილისა დაიპყრეს სრულიად ერეთი და იწოდეს და დასხნეს ერისთავნი“.
ჰერეთის ტერიტორიას „მეფეთა ცხოვრება“ ასე განსაზღვრავს: „ქვეყანა მტკვარისა ჩრდილოეთით, მცირისა ალაზნისა თავიდან ვიდრე ტყე-ტბამდენ, რომელსაც აწ ჰქვია გოლგოლა (სოფელი თელავის რაიონში, თელავიდან 6 კმ-ზე)“. ეს ტერიტორია დაახლოებით ასე იფარგლება: მტკვრის ჩრდილოეთი მტკვრის მარცხენა ნაპირია; მცირე ალაზნის თავი, მდინარე იორის შესართავია (და არა სათავე); ტყე-ტბა − თელავთანაა, ე.ი. იორ-ალაზნის შესართავიდან − თელავამდე. ამგვარად, ამ სამთავროს საზღვრავს სამხერთ-დასავლეთიდან მტკვარი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიონი. უკიდურესი სამხრეთი პუნქტია იორ-ალაზნის შესაკრებელი, ხოლო უკიდურესი ჩრდილოეთი − თელავი. ეს ცნობა მეტ-ნაკლებად სანდოდ მიგვაჩნია ჰერეთის სამთავროსათვის, რადგან იგი ეკუთვნის იმ ხანას, როდესაც ჰერეთის სამთავრო, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ არსებობს ცალკე ერთეულის სახით. ვახუშტი ბაგრატიონი აზუსტებს ამ ცნობებს. საზღვარი ჰერეთსა და კახეთს შორის მას შტორის, თურდოსა და სამების ხევებზე გაჰყავს.
ამდენად ჰერეთის ანუ შაქის სამთავრო IX საუკუნის დასაწყისში მოიცავდა გაღმამხარს, მოგვიანო ხანის საინგილოს, შიგნით კახეთს, კამბეჩოვანსა და შაქს. ჰერეთის მთავარს ემორჩილებოდა აგრეთვე დაღესტნის მთიანეთის ნაწილი: ხუნძახი და დიდოეთი. პოლიტიკური ცენტრი იყო ქ. შაქი. IX საუკუნის ბოლოს მის ბაზაზე წარმოიშვა ჰერეთის სამეფო, რომელიც სავარაუდოდ მინიმუმ ექვს საერისთავოდ იყოფოდა: შტორის, ხორნაბუჯის, ვეჟინის, მაჭის, არიშის, გიშის. ამასთან ხორნაბუჯი, ვეჟინი, გიში საეპისკოპოსო ცენტრებიცაა.
ჰერეთის ჩამოყალიბება დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის სახით განაპირობეს ჰერეთის ეკონომიურმა განვითარებამ და იმ ფაქტორებმა, რომელთაც შეუწყვეს ხელი კახეთის სამთავროს გამოყოფას ქართლის საერისმთავროდან. ჰერეთის ეკონომიურ დაწინაურებაზე VIII–IX საუკუნეებში მეტყველებენ ისტორიული ჰერეთის მიწა-წყალზე შემორჩენილი მატერიალური კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლები.
სამთავროს ხელსაყრელი პირობები თავიდანვე უწყობდნენ ხელს აქ მარცვლეული კულტურების, მესაქონლეობისა და სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების: მებაღეობა-მევენახეობის განვითარებას. ჰერეთზე გადიოდა ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელიც ამიერკავკასიის ხალიფას მოხელის რეზიდენციას − ბარდავს საქართველოსთან აკავშირებდა, რაც უწყობდა ხელს ამ მხარის დაწინაურებას.
ჰერეთის სამთავროს საკმაო მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სახალიფოსთან, რასაც სამთავროს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამ ხანის მრავალრიცხოვანი არაბული მონეტები ადასტურებენ. ჰერეთის სამთავრო არაბთა მსოფლიო სატრანზიტო ვაჭრობაში საკუთარი საქონლითაც მონაწილეობდა.
816 წელს აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში ბაბექის წინამძღოლობით დიდი სახალხო ანტიფეოდალური და ანტიარაბული აჯანყება დაიწყო. მისი მთავარი მონაწილენი იყვნენ რელიგიური მიმდინარეობა ხურამიტების მოძღვრების მიმდევარი გლეხები და ხელოსნები, რომლებიც იბრძოდნენ არაბთა ბატონობის, ფეოდალური ექსპლოატაციისა და გაბატონებული რელიგიის – ისლამის წინააღმდეგ. მათ ბევრი წვრილი მიწათმფლობელიც მიემხრო. შეიქმნა ძლიერი ლაშქარი, რომლის ცხენოსანი ჯარი 20 ათას მხედარს ითვლიდა. 819–827 წლებში აჯანყებულებმა დაამარცხეს არაბთა 6 ლაშქარი. მტრის გარნიზონების განდევნის შემდეგ ისინი დაეუფლნენ მთელ აზერბაიჯანს და ხორასანის ნაწილს, აჯანყება მოედო ფარსისა და კუხისტანსაც. აჯანყებულებს მიემხრნენ სიუნიქის მთავარი ვასაკი, სამხრეთ არცახის მთავარი ესაი აბუ მუსე (ისა სტეფანოზის ძე) და შაქის მთავარი საჰლ სუმბატის ძე. ბაბექის მომხრეთა რიცხვმა 300 ათას კაცს მიაღწია. სახალიფოს ჯარები მარცხს-მარცხზე განიცდიდნენ.
821 წელს საჰლმა და ესაი აბუ მუსემ ერთობლივი ძალებით ქალაქ შიკაკირთან გაანადგურეს არაბთა ლაშქარი, და არცახის (ყარაბაღის) მხარე გაწმიდეს. ამის შემდეგ საჰლმა ხელთ იგდ ჩრდილოეთ ყარაბაღი და მიიღო ხაჩენის მთავრის წოდება, ხოლო ესაი აბუ მუსეს დარჩა სამხრეთ ყარაბაღი.
822 წელს წელს საჰლი თავის ვაჟთან, ადარნერსესთან (ატრნერსე) ერთად ერთად შეიჭრა გარდმანში, დაამარცხა ამ უკანასკნელის მმართველი, არაბთა მსახური მიჰრანიდი ვარაზ-თრდატი, ამოჟლიტა მიჰრანიდთა საგვარეულო და შემოიერთა გარდმანი მოსაზღვრე ალბანურ მხარეებთან ერთად. ამასთან ალბანეთზე ლეგიტიმაციის მისაღებად მიჰრანიდთა უკანასკნელი შთამომავალი სპრამი თავის ვაჟ ადარნერსეზე დააქორწინა. საპასუხოდ 822–823 წლებში ბარდავში გამაგრებულმა არაბებმა დაანგრიეს ალბანეთის ერთ-ერთი ოლქი ამირასი და აქედან დიდი რაოდენობის ტყვეები წაასხეს. საჰლმა ამ ამბის გაგებისთანავე გაილაშქრა მათ წინააღმდეგ, გაფანტა ისინი და გაათავისუფლა ტყვეები.
არაბები ვერ ეგუებოდნენ საჰლის ურჩობას, რის გამოც სომხეთის ამირა ხალილ იაზიდის ძემ 826 წელს დალაშქრა და დაიმორჩილა სომხეთი, ქართლი და რანი ანუ საჰლის სამფლობელო.
გამარჯვებებით გათავხედებულმა ბაბეკმა მოკავშირეთა მიწების მითვისება გადაწყვიტა და რამდენიმეჯერ დალაშქრა სომხური მიწები (სიუნიქი, არცახი და სხვა) და ცეცხლს მისცა ყველაფერი, რის შედეგადაც ნელ-ნელა ყველა მოკავშირე დაკარგა. ამის მიუხედავად გონს მაინც არ მოვიდა. 833 წელს ბიზანტიასთან დაზავების შემდეგ, ხალიფა მუთასიმმა (833–842) მთელი ძალები აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართა. 834 წელს ქ. ჰამადანთან ბრძოლაში ბაბეკმა უარი თქვა პარტიზანულ ბრძოლაზე და გაშლილ ველზე ეკვეთა მტრის გაწვრთნილ არმიას, თან ისე რომ ცხენოსანი ჯარი არ ჰყავდა. შედეგად აჯანყებულებმა მძიმე დამარცხება განიცადეს (არაბული წყაროების მიხედვით, დაახლოებით 60 ათასი კაცი დაკარგეს.). 835 წელს ხალიფამ არაბთა ჯარის სათავეში გამოჩენილი სარდალი, უსრუშანის მმართველი ჰაიდარ იბნ კავუს აფშინი დანიშნა. აჯანყებულები თანდათან კარგავდნენ ძალებს. ბაბექი ბოლოს ბაძის ციხეში (თალიშის მთები, ყარაბაღი) გამაგრდა. თუმცა 837 წლის აგვისტოში არაბებმა ბაძი აიღეს. ბაბექი არცახში ყოფილ მოკავშირე საჰლთან გაიქცა, რომელმაც დააპატიმრა და არაბთა სარდალს გადასცა, რის სანაცვლოდ მას საჩუქრები მიართვეს სამეფო კაბა, გვირგვინი, ცხენი, 1 მილიონი დირჰემი და არ-რანის (ალბანეთის) ბატრიკის (ლიდერად) გამოაცხადა. ამავე დროს გაათავისუფლეს გადასახადებისაგან.
ამიერიდან ჰერეთის მმართველი ხალიფას მოკავშირე ჩანს. 841 წელს, როდესაც ამიერკავკასიის გამდგარი მმართველების და კერძოდ, თბილისის ურჩი ამირას დასასჯელად ხალიფამ მეორედ გამოგზავნა დამსჯელი ექსპედიცია ხალილ იეზიდისძის სარდლობით, ხალილი ბარდავიდან საქართველოსაკენ ხალიფას მოკავშირე ჰერეთის სამფლობელოზე გამოვლით მოდის, სადაც მას გავაზს კახთა ლაშქარი დაუხვდება.
840-იანი წლებისთვის საჰლის სამფლობელო როგორც ქართულ და ალბანურ, ისე სომხურ მიწებს მოიცავდა და მისი მოსახლეობაც ჭრელი იყო. რელიგიად კი მონოფიზიტობა იყო.
როგორც ჩანს არაბთა კავკასიური სარდლების ხალილისა და მისი ძის მოჰმედის დამარცხებებმა საჰლ სუმბატის ძე გაათამამა და არაბებს მორჩილებაზე უარი უთხრა. ამის გამო ბუღა თურქს მის დასამორჩილებად გალაშქრებაც მოუწია.
854 წელს ბუღა არცახში შეიჭრა და დაამარცხა საჰლის შექმნილი კოალიცია. ტყვედ ჩავარდნენ და სახალიფოს დედაქალაქ სამარას გზას გაუყენეს საჰლი, მისი ორი ძე იოვანე (ოვანესი) და ადარნარსე (ატრნერსე), მოკავშირე ესაი აბუ მუსე.
ტყვეობიდან ორი წლის შემდეგ ცოცხალი მხოლოდ ადარნერსე დაბრუნდა, რომელსაც სამფლობელოდ მხოლოდ ზემო არცახი შერჩენოდა. დანარჩენი მხარეები კი ბუღამ სომხეთის საამიროს შეუერთა. მის ჩამოსვლამდე ქვეყანას ადარნერსეს ცოლი სპრამი უძღვებოდა, რომლის რეზიდენცია ანდაბერდის ციხე-სიმაგრეში (ცარის ოლქში, მთიანი ყარაბაღის დაყოფით შაიუმიანის რაიონში, აზერბაიჯანის დაყოფით კელბაჯარის რაიონი) იყო. სპრამი ხელს უწყობდა ცარისა და გეღაკუნიკის რაიონების კულტურულ აღმავლობას. ააგო ნორავანკის ციხესიმაგრე ცარში. დაბრუნების შემდეგ ადარნერსემ გადააკეთა ანდაბერდი და ახალ რეზიდენციად აქცია ვაიკუნიკი (დღევ. კელბაჯარის რაიონში).
ადარნერსეს შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე გრიგორ ჰამამი (865–897). 870-იან წლებში კავკასიაში არაბთა გავლენა ფაქტიურად მოკვდა, ძლიერ დაპატარავდა თბილისის საამირო, ხოლო არმენიის საამირო 884 წელს ფორმალურადაც გაუქმდა. ამით ისარგებლა გრიგორმა, გააძლიერა თავისი სამთავრო, ხელახლა შემოიერთა გარდმანი, კამბეჩოვანი, შაქ-ჰერეთი, წანარეთი (ე.ი. კახეთის მთიანეთის ნაწილი) არ-რანის ნაწილი და 893 წელს ალბანეთის მეფედ ეკუთხა.
897 წელს გარდაიცვალა გრიგორი და მისმა ვაჟებმა ქვეყანა 4 ნაწილად დაჰყვეს. უფროს ადარნერსე II-ს დარჩა ჰერეთ-შაჰი და კამბეჩოვანი, ვასაკს ზემო ზემო არცახი, სმბატს ქვემო არცახი, სააკ სევადას გარდმანი.
ამდენად ადარნერსე II (897–920-იანი) მხოლოდ ისტორიული ქართული და ალბანური მიწების მფლობელი იყო, რომლის მოსახლეობა დიდწილად ქართველიზებული იყო, რადგან ეს მხარეები საუკუნეების მანძილზე ქართლის სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენდნენ. ამიერიდან ჰერეთის სამეფო აქტიურად ერთვება საერთო ქართულ პოლიტიკურ ბატალიებში. ამის გამოხატულება იყო ის ფაქტიც, რომ ადარნარსემ თავის მემკვიდრეს (სახელი უცნობია) ცოლად კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავის გურგენ დიდის ასული დინარა შერთო, ხოლო უკანასკნელმა ჰერეთში სომხური მონოფიზიტობის ნაცვლად ქართული დიოფიზიტობა გაავრცელა.
X საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III-მ (893–922) შიდა ქართლი შემოიერთა, რის შემდეგაც მიზანში ქვემო ქართლი და ჰერეთი ამოიღო.
„917 წელს უხმო კვირიკე ქორეპისკოპოსმან (კვირიკე I 893–918) კოსტანტი აფხაზთა მეფესა; ჩავიდნენ ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ-კერძო, და კვირიკე ქვემოთ. და როდესაც მისწურეს წაღებად, მაშინ ჰერეთის მეფე ადარნასე II პატრიკი (897–920-იანი) მოვიდა, პარასკევის ჯვარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში (დღევ. ს. მთისძირი, ყვარლის რაიონი), გავაზი (დღევ. ს. ახალსოფელი), და კვირიკეს ორჭობი. როდესაც დაიზავნენ შემოიქცნენ. მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე და შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კვირიკე ქორეპისკოპოსმან, და წავიდა ქვეყანად თვისად.
ამ ცნობიდან არ ჩანს მოვლენათა განვითარება, მაგრამ როგორც შემდგომ მოვლენებზე დაკვირვება გვიჩვენებს აფხაზ-კახელთა ლაშქრობის შედეგი ჰერეთში უბრალოდ 3 მნიშვნელოვანი ციხის დაკავება არ ყოფილა. როგორც ჩანს ჰერეთი მთლიანად აფხაზეთის სამეფოს დაექვემდებარა და როდესაც 920-იანი წლების დასაწყისში ჰერეთის მეფე ადარნასე გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრემ (სახელი უცნობია) მეფის გვირგვინის დადგმა ვერ გაბედა.
918 წელს გარდაიცვალა კვირიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა (918–929), ძე კვირიკესი. ჯერ კიდევ მამამისის დროს აფხაზეთ-კახეთის საზღვარი ქსანზე დაიდო. ფადლა ხედავდა რა აფხაზეთის ყოველდღიურ გაძლიერებას, ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთის მეფე კახეთსაც მოადგებოდა, ამიტომ საზღვრის გასამაგრებლად მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, დღევ სოფ. იკოთიდან (ახალგორის რაიონი) ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 4 კმ დაშორებით აღმართულ კლდეზე ააგო ციხე ლოწობანთა. ფადლა განაგრძობდა მამის დაწყებულ აფხაზეთს სამეფოსთან მოკავშრეობს პოლიტიკას და უარს აცხადებდა არაბებისადმი ხარკის გაგზავნაზე, რასაც ხალიფა საჯიდთა პირით ითხოვდა.
აფხაზთა მეფე კონსტანტინეს უფროს ვაჟ გიორგისთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც ტახტზე უმცროსი ვაჟის ბაგრატის დასმას ლამობდა. მმართველობის ბოლოს მან 16 წლს ბაგრატი თანამმართველად დასვა, რათა მომავალში ამ მხრივ მას პრობლემა არ შექმნოდა. ერთ წლის შემდეგ 922 წელს კონსტანტნე გარდაიცვალა და ქუთაისში მეფედ ბაგრატ II ეკურთხა. მას უმალვე აუჯანყდა უფროსი ნახევარძმა გიორგი, რომელმაც ასევე გამოაცხადა თავი მეფედ გიორგი II-ს (922–957) სახელით. ბაგრატს მხარში თავისი ჯარით ამოუდგა მისი დედის ძმა კლარჯეთის ერისთავთ-ერისთავი გურგენი (918-941) რის შემდეგაც ქვეყანაში რამდენიმე წლიანი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელმაც ბაგრატის გარდაცვალებამდე გასტანა.
„იშლებოდა ქვეყანა აფხაზეთისა, იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშვიდობა და შემდგომად სიკვდილისა მისისა მიიღო სრულობით მეფობა აფხაზთა გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა; ღმრთის-მოყვარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყვნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, (ჭყონდიდის ტაძარი მერვე საუკუნეში აიგო, თუმცა გიორგიმ იგი სრულად გადააკეთა და გაზარდა) შექმნა საეპისკოპოსოდ, და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტვილთათა“.
როდესაც კახეთის მოკავშირე აფხაზეთში შიდა ომი მძინვარებდა, ჰერეთის მმართველმა ადარნასე პატრიკის ძემ ეს ვითარება ხელსაყრელ მომენტად მიიჩნა და იგი დაუკავშირდა ერთს მხრივ აფხაზეთის მეფის მტერ გურგენ კლარჯს და მისი ასული დინარა ცოლად შეირთო, მეორეს მხრივ კი საჯიდებს (საჯიდების მუსლიმანური სახელმწიფო ჩამოყალიბდა IX საუკუნის ბოლოს ისტორიული ატროპატენას ტერიტორიაზე, რომელსაც ადარბადაგანი ეწოდა) მოუწოდა კახეთში შეჭრისკენ.
923–925 წლებს შორის იუსუფ აბულ კასიმმა ლაშქარი გამოგზავნა საქართველოში (მან 914 წელსაც ილაშქრა საქართველოში). მათ მოახრეს კახეთი, და დაწვეს ჯვარი და მცხეთა, ტყვეები მრავლად აიყვანეს, შემდეგ შებრუნდნენ; წავიდნენ და წარიტანეს თანა ჯვარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვათ სნება მუცლისა, და იფიქრეს, რომ ჯვარისაგან ევნოთ. შეკრიბეს ნაწილნი და წარმოსცეს ჯვარსა, ჩაკრიბეს ბუდესა შინა და აღმართეს ადგილსა-ვე თვისსა.
როგორც კი კახეთში საჯიდთა ლაშრის შეჭრის ამბავი გაიგო ჰერეთის მმართველმა შეკრიბა ლაშქარი და მამამისის დროს აფხაზეთისა და კახეთისგან მიტაცებული ციხეები დაიბრუნა, რის შემდეგაც ჰერეთის მეფედ ეკურთხა.
ამის შემდეგ ჰერეთში დიდი ხნით მშვიდობა დამყარდა, რადგან აფხაზეთის მეფე ჯერ საკუთარ ოჯახის წევრებთან ომით, შემდეგ კი კახეთის დასაპყრობად წარმოებული ლაშქრობებით იყო დაკავებული და ჰერეთისთვის არ ეცალა. თანაც ჰერეთი საჯიდების ვასალი გახდა და მათთან ომი საჯიდების გადამტერებას ნიშნავდა.
940-იან წლებში საჯიდთა სახელმწიფო და არანის ნაწილი (ბარდავის მხარე) მარზუბან იბნ მუჰამედ სალარიდმა დაიპყრო (941–957), რომელმაც დააარსა კიდეც აზერბაიჯანში სალარიდთა სახელმწიფო. ჰერეთის მეფე იშხანიკიც (943–960-იანი) სწორედ სალარიდთა ვასალი და მოხარკე გახდა. იშხანიკი ქვეყანას დედასთან, დინარ დედოფალთან ერთად მართავდა. უკანასკნელს უკავშირდება სწორედ ჰერეთში მონოფიზიტობის ნაცვლად დიოფიზიტობის გავცელება, რამაც ხელი შეუწყო მრავალეროვანი ჰერეთის მოსახლეობის დანარჩენ საქართველოს მოსახლეობასთან კულტურულადაც დაკავშირებაში.
957 წელს მარზუბანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა ძეებმა შიდაომები წამოიწყეს, რამაც დაასუსტა სალარიდთა სახელმწიფო. ამით ისარგებლა იშხანიკმა და სალარიდებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.
იშხანიკს ოთხი ვაჟი ჰყავდა: იოანე სენექერიმი, გრიგოლი, ადარნასე და ფილიპე. ტახტი უფროსმა იოანე სენექერიმმა (960-იანი–990-იანი) დაიკავა, რომლის დროს ჰერეთის სამეფომ სიძლიერის მწვერვალს მიაღწია. 960-იან წლებში მან ისარგებლა აფხაზეთის მეფის კახეთში ლაშქრობებით და კახეთის მთიანეთი დაიპყრო, რის შემდეგაც „წანართა მეფის“ ტიტული (კახეთის მეფეთა ერთ-ერთი წოდება) მიიღო.
მოგვიანებით იოანე სენექერიმმა აღადგინა ჰერეთის სამეფოს ძველი დიდება, შემოიერთა მტკვრის მარჯვენა ნაპირის ალბანეთი და დაიმკვიდრა „ალბანეთის სამეფოს აღმდგენელის“ წოდება.
ალბანეთის სამეფოს „აღდგენა“ აკურთხა ეკლესიამ, ხოლო იოანე სენექერიმს სამეფო გვირგვინი ალბანეთის კათალიკოსმა დაადგა. ალბანეთის სამეფოს ამ გაძლიერებას დიდი რეზონანსი ჰქონდა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში. იოანე სენექერიმის მეფობა ცნეს სამხრეთ აზერბაიჯანის მფლობელმა სალარიანებმა და ბიზანტიამ. უკანასკნელმა დავით III კურაპალატის ხელით მას „ალბანთა მეფის“ გვირგვინი გამოუგზავნა.
იოანე სენექერიმს ერთადერთი ასული – დინარა ჰყავდა, რომელიც კახეთის ქორეპისკოპოს დავითზე (976–1009) იყო დაქორწინებული. შესაბამისად X საუკუნის ბოლოს კახეთ-ჰერეთს ცოლქმარი მართავდნენ.
975 წელს აფხაზეთის ტახტი თვალდამწვარმა თეოდოსი მწუხარემ (975–980) დაიკავა, რითაც ისარგებლეს, როგორც ადგილობრივმა დიდაზნაურებმა, ასევემ მეზობელმა მმართველებმა და აფხაზთა მეფის სამფლობელოების დატაცება დაიწყეს. დაკარგვის საფრთხე დაუმუქრა ქართლის მიწებს, რომელსაც კახეთის ქორეპისკოპოსი ემუქრებოდა. პრობლემის მოსაგვარებლად ქართლის ერისთავი იოანე მარუშის ძე დაუკავშირდა იმიერ ტაოს ერისთავთ-ერისთავს დავით III ბაგრატიონს (იგი უფლისწულ ბაგრატ ბაგრატიონის მამობილი იყო. ამავე დროს ბაგრატი თეოდოსის დისწული და მემკვიდრე იყო. ბაგრატის მამა კი ქართველთა სამეფო ტახტის პრეტედენტის – გურგენის ძე და მემკვიდრე იყო) და შესთავაზა: „მოდი ქართლში ჯარით, ან თვით დაიჭირე, ან ბაგრატს მიუბოძეო“.
დავითმა სიამოვნებით მიიღო იოანეს წინადადება, დიდი ჯარით შევიდა ქართლში და სოფელ ქვახვრელს (გორის რაიონში, მტკვრის მარჯვენა მხარეს, გორიდან 8 კმ-ზე) დაბანაკდა. მას თან ახლდა უფლისწული ბაგრატი და მისი დედ-მამა – გურანდუხტი და გურგენი. აქვე მოვიდა იოანე მარუშისძე, რომელმაც სტუმარი უფლისციხეში წაიყვანა და ქალაქი გადასცა. დავითმა აქ ბაგრატი ქართლის გამგებლად დანიშნა, რადგან უკანასკნელი მხოლოდ 15 წლის იყო, დავითმა მას მეურვედ მისივე მამა – გურგენი დაუნიშნა. შემდეგ დავითმა ქართლის დიდაზნაურები შეკრიბა და გამოუცხადა: „ესე ბაგრატ არის მკვიდრი ტაოსა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილეთ ყველანი“. დარჩა დღენი მცირედნი და წავიდა ტაოს.
ამ მოვლენიდან მცირე ხნის შემდეგ ქართლის აზნაურთა ერთი ნაწილი დაუკავშირდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკე II-ს (929–976) „და მოიყვანეს ლაშქარნი კახეთიდან, გასცეს უფლისციხე, შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წაიყვანეს კახეთად“.
როდესაც ეს ამბავი შეიტყო დავით კურაპალატმა საშინლად განრისხდა, „გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს და აპირებდა შესლვად კახეთად. რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ, ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, დაუბრუნეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე (წირქოლის ციხე მდებარეობს ახალგორის რაიონში, მისგან ჩრდილოეთით 6 კმ-ზე მდებარე სოფელ წირქოლთან, მდ. ქსნის მარჯვენა ნაპირას) და გრუი (გრუის ციხე მდებარეობს ახალგორის რაიონში, ქსნის ხეობაში, მდ. ალეურას მარჯვენა შენაკად გრუისხევის შუა წელზე) თვით დაიჭირეს“.
978 წელს სრულწლოვანი ბაგრატი ქუთაისში აფხაზეთის მეფედ დაჯდა და თანდათანობით დაიმორჩილა დიდაზნაურები. 1008 წელს მამის, გურგენის სიკვდილის შემდეგ „ქართველთა სამეფო“-ც შემოიერთა და ამჯერად ყურადღება კახეთ-ჰერეთს მიაპყრო.
1009 წ. ბაგრატ III კახეთ-ჰერეთის მფლობელს, ქორეპიკოპოზ დავითს (976–1010) ადრე მიტაცებული ქართლი ციხეების (წირქოლი, გრუი) დაცლა მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ შემოუთვალა ასე: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩვენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.
ჯავახეთში, დლივის რეზიდენციაში მდგარი მეფე ამ პასუხმა განარისხა. „წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწვია სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თვით წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ხიდი მცხეთისა. და შემოუერთდნენ თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხვი; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აიღო ქვეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წამოვიდა შინა.
როგორც კი ბაგრატი დაბრუნდა ქუთაისს, კვლავ მიიქცნენ კაცნი ჰერეთისანი და მიერთნენ დავითს; აიღო დავითმა ჰერეთი, თუმცა წარმატებით დატკბობა ვერ მოახერხა და „შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა“.
დავითის სიკვდილის შემდეგ კახეთის ქორეპისკოპოსი მისი ახალგაზრდა ვაჟი კვირიკე III გახდა (1009–1010). ამის შეტყობისთანავე გამოვიდა ყოვლითა სპითა თვისითა ბაგრატ, აიღო მეორედ ჰერეთი. შეიპყრო დინარ დედოფალი (დავით ქორეპისკოპოზის ქვრივი, ჰერეთის მეფეთა უკანასკნელი შთამომავალი), იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწვდომელითა ორ წელში დაიპყრო ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწმყვდია კვირიკე ბოჭორმას, და დაუყენა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდის, დაიკავა ბოჭორმა-ცა და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი. შემდგომ წამოიყვანა კვირიკე და დაიჭირა თვისსა კარსა ზედა.
ამრიგად ორწლიანი მძიმე ბრძოლის შედეგად 1010 წელს ბაგრატმა შემოიერთა ჰერეთი და კახეთი და მიიღო რანთა და კახთა მეფის ტიტულები.
ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III 1014 წლის 7 მაისს, პარასკევს, მეფე ფანასკერტის სასახლეში გარდაიცვალა. ერისთავთ-ერისთავმა ზვიად მარუშიანმა იგი სამეგრელოში გადაასვენა და ბედიის საყდარში დაკრძალა. საქართველოს ტახტზე მეფის უფროსი ვაჟი, 16 წლის გიორგი I (1014–1027) ავიდა.
სანამ სამეფო კარი ბაგრატ მეფის სიკვდილს გლოვობდა, კახეთ-ჰერეთის დიდაზნაურებმა დაატყვევეს ბაგრატის დასმული ერისთავები, ქუთაისიდან გააპარეს კვირიკე და თიანეთში კახეთ-ჰერეთის მეფედ აკურთხეს. კვირიკე III (1014–1037) გამორჩეული მეფე გამოდგა. მან კახეთში ალავერდის ბრწყინვალე ტაძარი ააგო.
კვირიკემ კახეთ-ჰერეთი 7 საერისთავოდ დაყო:
კახეთში: ერთი დასვა რუსთავს და მისცა მას მთელი კუხეთი, რომელიც მოიცავს ნაგები, ყარაია, ჩადივარ-სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი, ხეკრი და თიანეთი მდ. არაგვიდან ჟინვანამდე.
მეორე დასვა კვეტერას და მისცა მთათაშორისი ბარი უჯარმას ზემოთ კახეთისა და კუხეთის მთებიდან კავკასიონის ქედამდე და მათ იქეთ. ეს არის ერწო-თაინეთი, ფხოვი, ძურძუკეთი და ღლივი.
მესამე დასვა პანკისს ანუ მარილს და მისცა ჰერეთს ზემოთ კახეთისა და კავკასიონს მთებს შორის ტერიტორია და თუშეთი.
ჰერეთი ასე გაანაწილა. ერთი დასვა ხორნაბუჯს ანუ ხორანთას და მისცა ქიზიყი, ალაზან-მტკვარის შუამდინარეთი ჰერეთის მთებამდე.
მეორე დასვა ვეჟინში და მისცა ქიზიყს ზემოთ ტურდოს ხეობამდე და მიწა ალაზანსა და ჰერეთის მთამდე.
მესამე დასვა მაჭს და მისცა მაჭისწყალის მაჭის წყლის ქვევით, ალაზნის აღმოსავლეთით შაკიხითურთ და ხუნძახითურთ.
მეოთხე დასვა შტორმს და მისცა ხეობა მაწისწყლამდე და ალაზნის აღმოსავლეთით დიდოეთის ჩათვლით.
კვირიკემ თიანეთში ააგო ბოდოჯის ბრწყინვალე სასახლე, სატახტო ქალაქი კი თელავში გადაიტანა სადაც ასევე ააგო სამეფო სასახლე. კვირიკე ძალიან მდიდარი და გავლენინი მმართველი იყო, რის გამოც კვირიკე დიდი უწოდეს.
საქართველოს მეფე გიორგი I-მა დროებით გადადო კახეთ-ჰერეთის საქმე, დაეზავა კვირიკეს და მოკავშირედაც გაიხადა, რადგან მრისხანე ბიზანტიასთან ომს აპირებდა ტაოს მიწებისათვის. საქართველო-ბიზანტიის აღნიშნული ომი, რომელშიც გიორგის კახელ-ჰერებიც უდგნენ მხარში ქართველთა დამარცხებით დასრულდა.
ერთხელ ოსთა მეფე ურდურემ შეკრიბა დიდი ლაშქარი და კვირიკეს სამფლობელოებს დაესხა თავს. მან ჩუმათ გაიარა ძურძუკებისა და ღლივების ტერიტორია და შეიჭრა თიანეთში და იწყო მისი ირგვლივ მიწების ძარცვა. კვირიკემ სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ოსები. ურდურე დაიღუპა და ოსეთის ამ ნაწილის ტახტი მისმა ძემ დორღოლელმა დაიკავა (ეს ამბავი 1034 წელზე ადრე მოხდა). ეს მოვლენა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რამდენიმე წელიწადში (1037 წ.) ფიდრაზის (ფიარზის) მთაზე ნადირობისა და დასვენების დროს მოკლა ოსმა მონამ „სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი“.
გიორგის მემკვიდრე ბაგრატ IV (1027–1072) ხანგრძლივი ომით ცდილობდა კახეთ-ჰერეთის შემოერთებას და მიზანთანაც არაერთხელ იყო ახლოს, მაგრამ ჯერ ლიპარიტ ბაღვაშის ამბოხებამ, შემდეგ კი თურქ-სელჩუკების შემოსევებმა ჩაუშალა საქმე.
გიორგი II-ს ხარკის სანაცვლოდ კახეთ-ჰერეთი თვით თურქ-სელჩუკთა სულთანმა მალიქ შაჰმა დაუთმო, თუმცა მან ამით ვერ ისარგებლა.
კახეთ-ჰერეთის სამეფოს არსებობა 1104 წელს შეწყვიტა და დანარჩენ საქართველოს შემოუერთდა. ეს კი ასე მოხდა.
1104 წელს მიიცვალა მეფე კვირიკე IV (1084–1104), და დასვეს კახთა მეფედ ძმის-წული კვირიკესი აღსართან II, რომელსაც არა რა ჰქონდა ნიჭნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რა-მე, უსჯულო და უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინა-უკმო მამის ძმისა მისისა.
1104–5 წლების მიჯნაზე „კახთა მეფე აღსართან შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბარამ და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და დაიპყრა მეფემან ჰერეთი და კახეთი. ამ ფაქტმა განარისხა ერთის მხრივ კახეთ-ჰერეთის დიდაზნაურები და მეორეს მხრივ სელჩუკი სულთანი მუჰამადი, რომლის მოხარკეც იყო კახეთ-ჰერეთის სამეფო. სულთანმა გამოგზავნა 30000-იანი ლაშქარი თავისი ათაბაგის მეთაურობით, რომელსაც შეუერთდნენ უმრავლესი კახთა და ქვეყანისა ერი, მტერთა-ვე თანა გარე-მოდგომილი ჩვენდა. დავითი მტერს შეხვდა ჰერეთში, ერწუხის ველზე: „მეფემ ერწუხს ქმნა წყობანი დიდნი და ხმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელიც მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დახოცა მტრის ლაშქარნი. ესე-ოდენ ადვილად და მოსწრაფედ ხელთ-უსხნა ღმერთმან საკვირველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ხელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წაექცივნეს ბევრნი არამედ სანთლითა თვით მათ-ვე ტყეთათ და მთხრებლთათ ტყვედ მოჰყვანდეს ყოველნი ქრისტიანენი.
ხოლო თვით მეფე არა თუ როგორც სხვა ვინმე ზურგით უდგა მხოლოდ სპათა თვისთა, ანუ შორით უძახებდა, როგორც ერთი მთავართაგანი ვინ-მე, არამედ უპირატეს ყოველთასა თვით წინა ეძღვებოდა, და ვითარცა ლომი შემოძახებდა ხმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა; და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა ყოველთა, ვიდრემდე ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა ძველსა დავითს ელია ზარის ხელი ხმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ხმლით მისით უკ-მომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნა, რომელიც შემდგომად ომისა გარდახდისა და სარტყლისა გახსნისა საცნაურ იქმნა, ქვეყნად რა დაითხია ესე-ოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელიც პირველად დანახვისას თვით მისგან გამოსული გვეგონა. და მას დღესა სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხესა-ღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი.
ასე რა თვით-მპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი, და ნებიერად აიღო ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზეებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკვიდრთა ქვეყანისათა“.
ამრიგად ერწუხის დიდი ბრძოლის მოგების შემდეგ დავითმა ერთის მხრივ შემოიმტკიცა კახეთ-ჰერეთი, მეორეს მხრივ კი დიდი ხნით დაუკარგა სურვილი სელჩუკებს საქართველოსკენ გამოლაშქრებისა. კახეთ-ჰერეთის მყარად შემოსაერთებლად კი მისი საეკლესიო ცენტრი – ალავერდის საეპიკოპოსო ბედიის საეპიკოპოსოს შეუერთა და ბედიელ-ალავერდელად მეფის სანდო პირები ინიშნებოდნენ.
XIII საუკუნეში ჯალალედინისა და მონღოლების შემოსევების შედეგად დასუსტებულმა და დროებით დაშლილმა საქართველოს შაქის მხარე დაკარგა და იქ მუსლიმი მმართველები დაფუძნდნენ, რასაც ამ მხარის საბოლოოდ ისლამიზაცია და თურქიზაცია მოჰყვა.
ჭარ-ბელაქანი+ელისუს სასულთნო=„საინგილო“
1466 წელს საქართველოს ერთიანმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. უკანასკნელი მეფე გიორგი VIII კახეთში გაიქცა და კახეთის სამეფო დააარსა. მასში შედიოდა ისტორიული ჰერეთიც, რომელიც უკვე დიდი ხანია ქცეულიყო კახეთის ორგანულ ნაწილად და რეალურად აღმოსავლეთ კახეთს წარმოადგენდა, ხოლო ყოფილი ჰერები აღმოსავლეთ კახელებს. შესაბამისად „ჰერეთი“ ისტორიულ წყაროებში აღარ მოიხსენიება.
ახლაშექმნილი კახეთის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა მაჭის საერისთავო, რომელიც თითქმის იმავე ტერიტორიას მოიცავდა, როგორც ეს 4 საუკუნით ადრე კვირიკე დიდის დროს იყო. მისი ცენტრი იყო მაჭის ციხე, რომელიც 1104 წლიდან ერთ-ერთ სამეფო საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტის სიტყვით „ბელაქნის წყლის შესართავს ზეით მოერთვის ალაზანს მაწის წყალი ... ამ ხევზედ არს, მთასა შინა მაჭი“. თანამედოვე მდებარეობით მაჭის ციხე მდებარეობს ლაგოდეხის რაიონში, ლაგოდეხ-ბელაქნის გზატკეცილიდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ის დაშორებით მდ. მაწიმის წყლის ხეობაში, მაღალ, ფლატენაპირებიან ხერთვისზე. გვიან შუა საუკუნეებში მაჭს თოღას ციხე უწოდეს.
მაჭის წყლის (მაწის წყლის) ხეობა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ამ ხეობით ჰერეთის ბარიდან გზა გადადიოდა შუა დაღესტანში, ხუნზახში. ამდენად თოღას ციხე მდებარეობდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას და კონტროლს უწევდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთის გარკვეულ ნაწილს.
კახეთის მეფედქცეულმა გიორგი I-მა გააუქმა კახეთის სამეფოს საერისთავოებად დაყოფა და ისინი პატარა სამოურავოებად დაანაწილა, რომელთა მეთაურებს თვითონ ნიშნავდა. ამრიგად, მაჭის საერისთავოს ნაცვლად შეიქმნა 3 სამოურავო – წუქეთი (წახური), ჭაური და კაკ-ელისენი.
1562 წელს ირანის შაჰმა თამაზ I-მა (1524–1576) კახეთს ჩამოაჭრა წახურის სამოურავო მდ. სამურის ზემო წელზე და ლეკებს გადასცა. 1604 წელს შაჰ აბას I–მა, კახეთის მეფე ალექსანდრეს (1574–1605) მისი სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი კაკ-ელისენი გამოსთხოვა და ელისუს სასულთნო ჩამოაყალიბა. სულთნობა გამაჰმადიანებულ ქართველ თავადს ალიბეგ ვახვახიშვილს უბოძა. ამ ტერიტორიის სანაცვლოდ ვერაგმა შაჰმა კახეთის მეფეს სპარსეთში სოფლები მისცა და ჯამაგირი დაუნიშნა. ამით მან კახეთის სამეფოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი წაართვა, რომელიც თავისი მდებარეობით დანარჩენი კახეთისთვის ფარი იყო და ჩრდილო კავკასიელთა შემოსევებისგან იცავდა. ამ პერიოდიდან დაიწყო ამ 2 ყოფილ სამოურავოში ლეკებისა და თურქ-აზერბაიჯანელთა ჩამოსახლება.
XVII საუკუნეში ამ მხარის მთის ძირა სოფლებში მასობრივად ჩამოსახლდნენ დაღესტნის მთიელები. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის, ჯინიხის) და წახურელი (წახურის, ელისუს, სუვაგილის და ყარადულაკის) ლეკების, ე.წ. თავისუფალი (უბატონო) თემები, რომელთაც ოსმალეთ-ირანის მხარდაჭერით კახეთის სამეფოს ძირძველი ჩრდილო-აღმოსავლეთი მიწა-წყალი დაიპყრეს, ხოლო ადგილობრივი მკვიდრი ქართველი მოსახლეობა (შემდგომში ინგილოები) დაიმორჩილეს, დააყმევეს და იძულებით გაამაჰმადიანეს. თითოეული ეს თემი თავის მხრივ იყოფოდა გაბატონებულ ლეკთა თავისუფალ სოფლებად და დამორჩილებული ინგილოებისა და მუღალების სოფლებად, რომლებიც იხდიდნენ გადასახადს ამ ე.წ. მფლობელი თემების სასარგებლოდ. ეს სოფლები წყაროებში იწოდებიან საქეშქელო სოფლებად. (ქეშქელი ერქვა იმ გადასახადს, რომელსაც ინგილოები და მუღალები ლეკთა სასარგებლოდ იხდიდნენ. დამორჩილებულ და დაბეგრილ ქართველ გლეხს ეწოდა ინგილო. ტერმინი ინგილოს სხვადასხვა განმარტება არსებობს: ზოგი მეცნიერის აზრით, იგი ახლად მოქცეულს ნიშნავს (იანგოლი - ძველთურქულად), ზოგი მოსაზრების თანახმად, იგი მომდინარეობს კახის რაიონის სოფელ ჰენგიანის სახელწოდებიდან. ენგილა სპარსულად ამოძირკულის, ამოგდებულის შესატყვისია. ამ მოსაზრებებს შორის უდავო ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რომ ინგილო ეთნიკური ტერმინი არ არის, ამ ტერმინის გამოყენება ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ XVIII საუკუნის ბოლოდან იწყება.
საინგილოში ძირითადად XVI-XVII სს-დან მოსახლეობის ეთნიკური ცვლა მოხდა. შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად ეს მხარე მოსახლეობისაგან თითქმის სულ ამოვარდა (მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყვეტილ იქნა. გადარჩენილი ნაწილი ირანში გაიყვანეს ტყვედ). ქართული მოსახლეობა მინიმუმამდე შემცირდა. ქართველთა ნასოფლარებში დაღესტანელი ხუნძები და წახურელები დასახლდნენ, რომლებმაც ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ყმებად გაიხადეს და გაამაჰმადიანეს. ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული დაღესტნელები თურქეთისა და ირანის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. საინგილოში ქართული მოსახლეობა კუნძულეობრივად შემორჩა.
XIX ს-ის რუსულ მეცნიერებაში აღნიშნულია, რომ „ბევრი შავი დღე ნახეს იმ ქართველებმა, რომელთაც სახელწოდება „ქართველი“ „ინგილოთი“ უნდა შეეცვალათ. ქრისტიან ქართველებს, რომელთაც დანარჩენი კახეთიდან მდ. ალაზანი გამოჰყოფდა, თაყვანი უნდა ეცათ ისლამის მაშინდელი მრისხანე ხმლისათვის. ქართველებს არბევდნენ და ანადგურებდნენ, ერთი მხრივ, სპარსელები, მეორე მხრივ კი, კავკასიელი მთიელები. ორი ბარბაროსი ხალხი, თითქოს ერთიმეორეს ეცილებოდა მათზე გაბატონებაში“. გერმანელი ფონ პლატო (XIX საუკ.) კი წერდა: „ზაქათალის ოლქის ტერიტორია ოდესღაც შეადგენდა კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილს. გაბატონებული ხალხი იყო ქართველები, გაბატონებული რელიგია ქრისტიანობა“.
წარმოადგენდა რა ლანდშაფტურად კახეთის გაღმა მხარის გაგრძელებას, საინგილოში მეურნეობის ის დარგები იყო განვითარებული, რაც კახეთში. ოღონდ კახეთისაგან ამ მხარის ჩამოცილებამ და ძირითადი მოსახლეობის ეთნიკურმა და რელიგიურმა ცვლამ აქ ოდესღაც აყვავებული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა გადააშენა. საინგილოში მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობაა განვითარებული, რომეთაგანაც აღსანიშნავია მეაბრაშუმეობა და თამბაქოს წარმოება, მემინდვრეობა და მესაქონლეობა. საინგილო განსაკუთრებით განთქმულია კაკლის ნარგავებით.
1727 წელს თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამას მოჰყვა ამ მიწაზე ლეკების ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII ს-ში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება.
1803 წ. ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის მფარველობაში შევიდნენ. 1830 წელს მეფის რუსეთმა ჭარ-ბელაქანი დაიპყრო, ხოლო ელისუს სასულთნო ყმადნაფიცობისა და ხარკის გადახდის პირობით, რუსეთის იმპერიას დაექვემდებარა. ცოტა ხანში რუსებმა ორივე მხარე გააერთიანეს და ჭარ-ბელაქანის ოლქი უწოდეს.
1839 წელს ჭარ-ბელაქანი დაიყო ხუთ სამაღალოდ: ჭარის, თალის, ენისელი, ბელაქნისა და მთის. ელისუს სასულთნო, რომელიც ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, მეექვსე სამაღალო იყო.
1840 წელს ამირკავკასიაში ჩატარებული რეფორმების დროს ჭარ-ბელაქანი ბელაქნის მაზრის სახით საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც სამ – ჭარის თალის და ენისელის უბნებად დაყვეს. ჭარის უბანში ჭარისა და ბელაქნის სამაღალოები შევიდა, თალის უბანს თალისა და მთის სამაღალოები მიაკუთვნეს. ენისელის უბანმა ენისელის, მუღალის, ჩაბანველის და ბაზრის საზოგადოებები მოიცვა. რაც შეეხება ელისუს სასულთნოს, ეს ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა არ შეხებია.
1842 წელს ჭარ-ბელაქანში გაუქმდა სამოქალაქო მმართველობა და ეს მხარე მთლიანად სამხედრო მმართველობას დაემორჩილა. ბელაქნის მაზრა კვლავ ჭარ-ბელაქნის ოკრუგად გადაკეთდა.
1844 წელს ელისულ სასულთნო გააუქმეს და იგი ჭარ-ბელაქნის სამხედრო-სამოქალაქო ოკრუგს შეუერთეს. ამ ორი ადმინისტრაციული ერთეულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი.
1859 წელს ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქს კვლავ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოკრუგი უწოდეს. 1860 წელს ჭარ-ბელაქნის ოკრუგი ზაქათლის ოკრუგად გადაკეთდა და დაღესტნის ოლქს შეუერთეს.
1883 წელს, როდესაც სამხედრო სახალხო მმართველობა გაუქმდა, ზაქათლის ოკრუგი უშუალოდ კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა.
1909 წელს საინგილოს (ზაქათლის ოკრუგი) თბილისის გუბერნიისადმი გადმოცემის საკითხი დაისვა. XIX ს-ის დასასრულს და XX ს-ის დასაწყისში ზაქათლის ოკრუგი გეოგრაფიული, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და ისტორიული თვალსაზრისთ თბილისის შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა, მაგრამ მისი გადმოცემის საკითხი ბოლომდე გაურკვეველი დარჩა.
1918 წ. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ზაქათალას ოლქი ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1921 წ. კი ხელისუფლებაში მოსულმა კომუნისტებმა საქართველოს მიწების გაჩუქება დაიწყეს. 1921 წ. 15 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის კომუნისტურის მთავრობების შეთანხმებით ზაქათალას ოლქი ყარა-გარეჯის საძოვრებთან ერთად აზერბაიჯანს გადაეცა (ამის მიზეზად მოყვანილი იქნა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მუსლიმანური მოსახლეობა ცხოვრობდა). ამ მოღალატურ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რევკომის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ბუდუ მდივანმა მოაწერა, ხოლო აზერბაიჯანიდან მუხტარ გაჯიევმა.
საბოლოოდ 1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვკმ ფართობი, აქედან ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3564 კვკმ-ს, გარეჯის ველი და ქვემო ყარაიას სექტორი - 658 კვკმ-ს, ელდარის ველი 546 კვკმ-ს.
1918 წლისთვის ზაქათალას ოლქის (საინგილოს) ტერიტორიაზე 68270 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან 19430 ქართველი (აქედან 4600 ქრისტიანი), 575 სომეხი, 205 რუსი, 12245 აზერბაიჯანელი, 45000-მდე ლეკი (32335 ჭარელი და 12660 წახურელი).
საინგილო დღეისათვის აზერბაიჯანის შემადგენლობაშია და მოიცავს 3 - კახის, ბელაქანისა და ზაქათალას რაიონებს. მისი საერთო ფართობი 3985 (ან 3993) კვ.კმ-ია. საინგილო ამ მხარეს საბოლოოდ XIX საუკუნეში დაერქვა.
XX ს-ის 20-იანი წლებიდან ქართველებს ხან თურქულ სკოლებს უხსნიდნენ, ხან აზერბაიჯანულს. წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ ქართული სკოლების მასობრივი გახსნა-დახურვა გასულ საუკუნეში 7-ჯერ მოხდა. ურჩ ქართველებს პერიოდულად ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ. ადგილობრივთა კულტურული გენოციდი დღემდე გრძელდება.
საინგილოში 7 ქართულენოვანი სკოლა, 5 ქართულ ენაზე სწავლების სექტორი და 7 ქართულენოვანი ბაღი ფუნქციონირებს.
საინგილოში რამდენიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი ტაძარი მდებარეობს: კახინგილოს წმინდა გიორგი, ქურმუხის წმინდა გიორგი, ალიბეგლოს (ქათმისხევის) წმინდა ნინო, მეშაბაშის მთავარანგელოზი, ქოთოქლოს სამება, კახის ალავერდის წმინდა ნინო. აღნიშნულებიდან მუდმივმოქმედია მხოლოდ კახინგილოს წმინდა გიორგი.
დღეს საინგილოში მკვიდრობენ როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ქართველები. მაჰმადიანი ქართველების (ინგილოების) გარკვეულ ნაწილს შემორჩენილი აქვს დედაენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ქართველებად მხოლოდ ქრისტიან ინგილოებს ცნობს. დღეისათვის საინგილოში ოფიციალური აზერბაიჯანული ინფორმაციით 15000 ქართველი ცხოვრობს, ხოლო რეალურად მათი რიცხვი 40000-ს აჭარბებს. ამ განსხვავების მიზეზი ისაა, რომ მუდმივიშევიწროვების გამო ქართველთა დიდ ნაწილს გვარები აზერბაიჯანულად აქვთ გადაკეთებული.




















Комментариев нет:

Отправить комментарий