вторник, 9 мая 2017 г.

სათავადო

თავადი და სათავადო
ზოგადი მიმოხილვა
XV საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს ისტორიაში რთული პერიოდი დგება. ოსმალების მიერ ბიზანტიის იმპერიის განადგურებისა (1453 . 29 მაისი) და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის (1461 .) შემდეგ, საქართველო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრებს და უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზებს მოწყდა. ამის პარალელურად, კავკასიის მთის ხალხებში ისლამი ფეხს მყარად იკიდებს. ამან საქართველოს ჩრდილოეთიდან მთაც დაუპირისპირა და ჩვენი ქვეყნის გარშემო მაჰმადიანური რკალის შემოვლება დასრულდა. გამუდმებულმა ომებმა გამოიწვია სოციალური და ეკონომიკური სფეროების რეგრესიბატონყმობა გახანგრძლივდა: მეურნეობის კარჩაკეტილობის შედეგად ერთიანი ეკონომიკური კავშირები დაირღვა, ნატურალური მეურნეობის პირობებში ფულად სასაქონლო ურთიერთობები არ ჩანს. სამეფო ცენტრი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სახელმწიფოებად დაშლის ტენდენციას ყოველივეს, საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში სტაგნაცია მოჰყვა, ქვეყნის წინსვლა ჩიხში მოექცა. ჩიხი . . ბატონყმობის მეორე გამოცემის მსგავსი მოვლენაა (ნინიძე, 2004: 101; ნინიძე, 2002: 56-76).
როგორც პროფ. დავით ნინიძე აღნიშნავსმაშინ, როდესაც ევროპაში ფეოდალური სამყაროს კრიზისი თანდათან ანგრევს ევროპის ძველ ეკონომიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სტრუქტურებს, იწვევს აღორძინებას და ახალ ხანას. აღმავალი ციკლები, რომლებიც ამ პერიოდში არსებობენ, არა ფეოდალიზმის განვითარებას, არამედ მის შემოდგომას აახლოებენმიმდინარეობს კანონზომიერი პროგრესული პროცესი და ამიტომ, მალე კაპიტალიზმიც ყალიბდება(ნინიძე, 2004: 105-106), იგი `საფუძველია პროგრესისაახალი ხანისა. ჩიხი აღნიშნულის საპირისპირო მოვლენაა, ამიტომ საქართველო ასცდა განვითარების იმ გზას, რასაც დასავლეთი დაადგა (ნინიძე, 2004: 106).
ჩიხიდან საართველის გამისავალი მხოლოდ ხანგრძლივ მშვიდობიანობაში არსებობდა, რისი საშუალებაც ქვეყანას, მუდმივ მტრის შემოსევებისა და აღმოსავლეთის იმპერიების მოწოლის შედეგად არ მიეცა. ამან ქართული სახელმწიფო განვითარების კანონზომიერ გზას ააცდინა. აღმავალი ხაზი დაღმავალმა შეცვალა, მოხდა რეაქციული პერპექტივების გამოვლენა, რამაც XV საუკუნის ბოლოს, ერთიანი სამეფოს დაშლა გამოიწვია. (ნინიძე, 2004: 106).
საბოლოოდ საქართველო სამ სამეფოს (ქართლი, კახეთი და იმერეთი) და სამ სამთავროდ (სამცხე, ოდიში და გურია) დაიშალა. ამ სამეფო-სამთავროებში ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა დაღმავლობამ და „დაჩიხულობამ“ ფეოდალური მიწისმფლობელობის და ფეოდალურ იერარქიულ-პოლიტიკურ ორგანიზაციის გარკვეული ფორმის „სათავადოს“ წამოქმნა გამოიწვია1.
სათავადოს დამახასიათებელ აუცილებელ ატრიბუტიკას, ქონებრივი თვალსაზრისით გარკვეული რაოდენობის ყმა-მამულის (გლეხები, აზნაურები), ციხესიმაგრის და საგვარეულო ეკლესია-მონასტრის მემკვიდრეობით ფლობა წარმოადგენდა.
მკვლევართა უმეტესობა იზიარებს თვალსაზრისს, რომ სათავადო ეს არის ქართული საზოგადოების განვითარების დაჩიხულობის პროდუქტი (ნიკო ბერძენიშვილი)2. განსხვავებული აზრი აქვს გამოთქმული პროფ. ილია ანთელავას, მისი აზრით სათავადო, როგორც ფეოდალური სახლის საკუთრება, წარმოადგენდა წინამავალი ფორმების განვითარებას, ამ ფორმების მაღალ სტადიურ სახეობას და არა ანომალიას. მკვლევარი იზიარებს პროფ. ვალერიან გაბაშვილის თვალსაზრისს, რომ ქართული ფეოდალური საზოგადოება, თავადურ-ბატონყმური სახელმწიფო, ქართულმა მიწისმფლობელობამ გადაარჩინა და მიუთითებს, რომ ქართული მიწისმფლობელობა და სათავადო რეალურად ერთი და იგივეა. პროფ. ილია ანთელავას მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენა გვიან შუა საუკუნეებში კი არ იყო დაკავშირებული სათავადოთა სისტემასთან, არამედ პირიქით, სწორედ ამან განაპირობა სენიორალური სისტემის კონსერვაცია XVI-XVIII საუკუნეებში (ანთელავა, 1980: 16-49).
1.  თუმცა ქართულ ისტორიულ მეცნიერებაში ამ საკითხზე დღემდე არ არის საერთო აზრი. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სათავადოები უფრო ადრე, ერთიან საქართველოშიც არსებობდა.
2 შდრ. გვრიტიშვილი 1955; ოთხმეზური, 1999; სოსელია, 1970; სოსელია, 1981; სოსელია, 1990; . ჯამბურია, 1955.
ქართლის სამეფოში ხუთი დიდი სათავადო ჩაყალიბდა საამილახვრო, სამუხრანბატონო, საბარათიანო, ქსნის საერისთავო, არაგვის საერისთავო.3 დიდი სათავადოების გვერდით არსებობდა მცირე სათავადოებიც ჯავახიშვილი, მაჩაბელი, ამირეჯიბი, თუმანიშვილი, სოლოღაშვილი და სხვ. საინტერესოა ბარათაშვილების სათავადო, რომელიც თანდათან დაიშალა და მივიღეთ ერთი დიდი (ყაფლანიშვილორბელიანი) და რამდენიმე მცირე (გერმანოზიშვილები, იოთამიშვილები, ფალავანხოსროშვილები, აბაშიშვილი და სხვ.) სათავადო.
XVI საუკუნის მიწურულიდან დოკუმენტური წყაროების მონაცემებით დგინდება, რომ ქართლის სამეფოში განსხვავებით კახეთისა და იმერეთისაგან, სადაც ყველა თავადი მეფის უშუალო ვასალად ითვლებოდა, თავადებსა და თავადიშვილებზე სუზერენული უფლებები სამეფო სახლის წევრებს შორის ნაწილდებოდა. ქართლის სამეფოში სწორედ ამ დროიდან დასტურდება სამეფო, სადედოფლო და საუფლისწულო სათავადო სახლების არსებობა (ხიდურელი, 1989: 117).
დასავლეთ საქართველოში დაახლოებით იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც აღმოსავლეთ საქართველოში. თავადს დასავლეთ საქართველოში, საერთოდ, ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელი მდგომარეობა ჰქონდა. მის პოლიტიკურ ძალაუფლებას, დამოკიდებულებას მეფესთან თუ მთავართან, მის ურთიერთობას სხვა თავადებთან, მისი მატერიალური შესაძლებლობა და მასზე დამყარებული ძალა განსაზღვრავდა, თავადს იმდენად მეტი ძალაუფლება გააჩნდა, რამდენადაც მსხვილი იყო მისი ყმა-მამული (სოსელია, 1970: 5).
იმერეთის სამეფოში ჩნდებაჩხეიძეების, წერეთლების, რაჭის ერისთავების, ლორთქიფანიძეების, აბაშიძეების, ჩიჯავაძეების სათავადოები, ოდიშშიჭილაძეების, ჩიჩუების, ჩიქოვანების, აფაქიძეების სათავადოები, გურიაშიმაჭუტაძეების, ნაკაშიძეების, თავდგირიძეების და სხვ. სათავადოები. იყო სათავადოები, რომელთა მფლობელობა ორი სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, დროთა განმავლობაში ამგვარ სათავადოთა ტერიტორიაც გაიყო და მათი მფლობელობა ცალკეულ სამეფო-სამთავროთა შიგნით შემოისაზღვრა. ფეოდალურ საქართველოში სულ სამი ასეთი სათავადო იყო, ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს, რომ აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი ამათ ერთობისა ერთი ძმა იქით და ერთი აქათ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი (ოთხმეზური, 1999: 4).
3. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვითდიდი თავადი ყოფილა ციციშვილიც სანამ გაიყოფოდნენ.ოდეს გაუყოფელი იყო (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973: 35); ვახტანგის სამართალიც იგივეს იმეორებს.
ციციშვილი როცა გაუყრელი ყოფილა (სამართლის ძეგლები, I, 1963: 520). სამცხე-საათაბაგოში უფრო რთული ვითარება იყო. მაშინ, როცა საქართველოს სამეფო-სამთავროებში სათავადოთა სენიორალური სისტემა ყალიბდებოდა, სამცხის სამთავრო შინაომებით იყო მოცულიმესხეთში ერთმანეთს იქაური თავადები და მთავრები ებრძოდნენ. ქაიხოსრო II-ის (1545-1574 წწ.) გარდაცვალების შემდეგ ათაბაგი მისი შვილი ყვარყვარე IV (1574-1581 წწ.) გახდა, მაგრამ სამთავროს ფაქტობრივად, დედამისი, ენერგიული პოლიტიკური მოღვაწე და ძალაუფლების მოყვარე დედისიმედი განაგებდა. მესხეთში ჯაყელების შემდეგ, პირველები შალიკაშვილები იყვნენ. დედისიმედი ვერ ურიგდებოდა შალიკაშვილების ძლიერებას, ამიტომ ვარაზა ოთარის ძე შალიკაშვილი მოაკვლევინა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ათაბაგსა და შალიკაშვილებს შორის. მალე შეთქმულებამ იჩინა თავი, რომელმაც 1576 წლის ივნისში აჯანყების ხასიათი მიიღო (გუჩუა, 1973: 125-126). აჯანყებულებსა და ათაბაგებს შორის ატეხილმა, თითქმის ოცთვიანმა, ომმა ადგილობრივი მეურნეობა გაანადგურა, დაინგრა მნიშვნელოვანი ციხეები. ამას დაემატა ისიც, რომ მესხეთი ოსმალეთმა დაიპყრო და 1579 წელს ახალციხის (ახისხის, ჩილდირის) საფაშო დაარსდა (სვანიძე, 1971: 133). ოსმალების და ჯაყელების წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი ფეოდალური სახლების ნაწილი იძულებულნი გახდა სამცხე-საათაბაგო დაეტოვებინა და თავი საქართველოს სხვა კუთხეებისთვის შეეფარებინა. სადაც ახალი საგვარეულოები და სათავადოები დააარსეს, თუმცა ყველა მესხი თავადი (შალიკაშვილები, დიასამიძეები, დოლენჯიშვილები და სხვ.) სხვა ადგილობრივ ფეოდალებთან შედარებით, ერთი რანგით დაბლა აღმოჩნდა. უფრო ადრე, XV საუკუნეში, ათაბაგ ყვარყვარე II-სთან (1451-1498 წწ.) დაპირისპირების გამო ქართლში ზაზა ფანასკერტელი გადავიდა, რომელმაც ფანასკერტელ-ციციშვილების საგვარეულოს ჩაუყარა საფუძველი.
კახეთში სათავადოების შესახებ განსხვავებული მოსაზრება არსებობს. პროფ. ნოდარ ასათიანის თვალსაზრისით, საქართველოს სხვა ნაწილებისაგან განსხვავებით, სადაც XV საუკუნისა და შემდეგ საუკუნეებში შეუფერხებლად განვითარდა სათავადოთა სისტემა, კახეთის სამეფოში XV-XVI სს-ში სათავადოები არ აღმოცენებულა. მეფის ხელისუფლება აქ შედარებით ძლიერი იყო. კახეთის თავადებს არ ჰყავდათ ყმა აზნაურები და გარდა ამისა, კახეთში მოხელეობას მასთან დაკავშირებული სათანადო სარჩოთი ადგილობრივი თავადისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ კახეთის თავადები მეფის მიმართ უფრო თვინიერი იყვნენ და მეფის ხელისუფლებაც კახეთში განსხვავებით ქართლისა და იმერეთისაგან, უფრო მტკიცე ჩანს (ასათიანი, 1959: 27-55).
პროფ. გივი ჯამბურია არ იზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კახეთშიც ისეთივე სათავადოები იყო, როგორიც საქართველოს სხვა მხარეებში (ჯამბურია, 1970: 3-31; ჯამბურია, 2007: 121-161).
კახეთის სამეფოს თავადური საგვარეულოებია: ჩოლოყაშვილი, მაყაშვილი, ანდრონიკაშვილი, ჯორჯაძე, ვაჩნაძე და სხვ.
სათავადოში საკუთრების ძირითადი ფორმა საერთო, ანუ სახასო მამული იყო. მამულში იყო ეკლესია, სასახლე, მოხელეები და ყმა-გლეხები. ყოველივეს სახლის უფროსი განაგებდა. სახლის უფროსი სათავადოში უზენაესი გამგებელი იყო. სათავადო სახლის ყველა საქმეს ის განაგებდა (ჯამბურია, 1973: 210). სახლის უფროსი შემოსავლიდან საუფროსოს იღებდა. შემოსავლის შედარებით მცირე ნაწილი თავადიშვილებს გადაეცემოდათ. „საერთომფლობელობა სათავადოს არსებობის გარანტი იყო. საერთო ქონების გარეშე მას არ შეეძლო არსებობა, რადგან მისი ეკონომიკური, სასამართლო და ადმინისტრაციული შეუვალობა ამ ერთიან მამულზე იყო დამოკიდებული. სათავადოში მფლობელობის მეორე ფორმა საუფლისწულოქონება იყო. თავადიშვილებს დროებით გადაეცემოდათ მიწისა და ყმა-გლეხთა გარკვეული ნაწილი სარჩოთ და საცხოვრებლად. სახლის უფროსის დაუკითხავად თავადიშვილი მას ვერც გააჩუქებდა და ვერც გაყიდიდა. ის იყო სახლის ქონება, ნაწილი საერთო ქონებისა, რომელიც დროებით მფლობელობაში აქვს გადაცემული თავადიშვილს (ჯამბურია, 1973: 204-205). საუფლისწულო ქონებას ორმაგი ბუნება გააჩნდა სათავადოს ძლიერების დროს ის საერთო მამულად იქცეოდა, მისი დეგრადაციის პერიოდში დამახასიათებელი იყო სათავისთაოდ გადაქცევის ტენდენცია.
სათავადოში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა საკუთრების მესამე ფორმა. ეს იყო სათავისთაო ქონება. სათავისთაო ქონება ფეოდალური სახლის წევრების, თავადიშვილების მიერ პირადად შეძენილი (ნაყიდი, ნამზითევი, მეფის ნაწყალობევი და სხვ.) ქონება იყო. მფლობელს ამ მიწაზე საკუთრების ხელშეუხებლობა გააჩნდა. ის არ შედიოდა საერთო მამულის დაქვემდებარებაში (ჯამბურია, 1955:144). ყველა სახის ყმა-მამული სათავადოზე გადაცემულია სამკვიდროდ, სამამულედ უცილობლად და ხელშეუვლად ერთგულად სამსახურის პირობით. მკვიდრი მამულის ჩამორთმევა მეფეს მხოლოდ ღალატის შემთხვევაში შეეძლო, რადგანნაწყალობევის დაუშავებად წართმა აროდეს ყოფილიყო. სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში მეფე თავადს სამფლობელოს მხოლოდ იმ ნაწილს ჩამოართმევდა რომელიც პირადად მას ეკუთვნოდა. ჩამორთმეული მამული ზოგჯერ იმავე სათავადოს მეორე წევრს გადაეცემოდა; მეფე ცალკეულ შემთხვევებში თუ ახერხებდა სხვა გვარისათვის გადაეცა ჩამორთმეული მამული, ან თავისთვის დაეჭირა იგი (ჯამბურია, 1973: 203).
სათავადო უფრო მტკიცე საკუთრებაა, ვიდრე ერთიანობის ხანის სენიორალური სისტემა. თავადს დიდი უფლებები ჰქონდა, მას მამულის თავისუფლად გასხვისება შეეძლო. ცენტრალური ხელისუფლება ურიგდება ამ ფაქტს, თუმცა თვლის, რომ თავადის მიერ მამულის გასხვისების შემთხვევაში ხელმწიფესაც უნდა დაკითხვა, მაგრამ უკითხავადაც სყიდულა და არც ხელმწიფე გამოჰკიდებია (სამართლის ძეგლები, I, 1963).
სათავადოს მხოლოდ სამხედრო სამსახური ევალება, თავადის სამფლობელოს ედო აგრეთვე ზოგიერთი სახელმწიფო გადასახადიკოდის პური, საური და სხვ., რაც იმუნიტეტის გაფართოება გაღრმავების შედეგად თანდათან მცირდება (ჯამბურია, 1973: 204).
იმუნიტეტი თავადს ხელისუფლების ზეწოლისგან იცავდა. როგორც პროფ. გივი ჯამბურია აღნიშნავსქართული საბუთების ფორმულა მკვიდრად და სამამულედან კიდევ შეუვალადბოძება გულისხმობდა იმუნიტეტს (ჯამბურია, 2002: 92). სათავადოების იმუნიტეტთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის არსებითი განსხვავება არ ყოფილა (სოსელია, 1970: 10-12).
ფეოდალის უფლებები მუდმივად იზრდებოდა, ხშირად გლეხის ერთადერთი მოსამართლე მისივე ბატონი იყო, რომელიც გლეხის დასახიჩრებას და სიცოცხლის ხელყოფასაც არ ერიდებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველო, ამ უკანასკნელში კისამეგრელოს სამთავრო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით XVII საუკუნის იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი წერს: აქაურ ბატონს შეუძლია გაასამართლოს თავისი ყმა და ყმას ნება არ აქვს მის განაჩენზე იჩივლოს თვით მთავრის წინაშეც. ბატონს შეუძლია არამც თუ დაატუსაღოს თავისი ყმა, არამედ აწამოს და სასტიკად დასაჯოს, მაგალითად მოსჭრას ხელი, ფეხი, ამოსთხაროს თვალები, წაართვას ყოველივე ქონება და მოუსპოს თვით სიცოცხლეც. გარდა ამისა, თუ რომელიმე ყმა უშვილოდ გადავარდა, მისი ყოველივე ქონება რჩება ბატონს. ზოგჯერ, როცა ყმას მარტო ერთი მცირეწლოვანი შვილი რჩება, ბატონი ამ შვილს ჰყიდის ხოლმე თურქეთში და მისს მემკვიდრეობას თვითონ დაიჩემებს (ლამბერტი, 1991: 521).
სათავადო თავადური გვარის წევრთა გაერთიანებულ, ერთ ფეოდალურ ერთეულად ორგანიზებულ, სამფლობელოს ერქვა.
სათავადოს უფროსი თავადად იწოდებოდა, სხვები კი სახლიკაცებად ანთავადიშვილებად. მაგ. თავადი ამილახვარი იყო ოჯახის უფროსი, მისი შვილები, ძმები, და ბიძაშვილები კი ამილახვრისშვილები, ანუ თავადიშვილები იყვნენ. სათავადოს და თავადის უფლებრივი მდგომარეობა კანონმდებლობით იყო დარეგულირებული. თავადის და სათავადოს უფლებების, მოვალეობების და ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბარია ვახტანგ VI-ის სამართალში. სამართალში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ქართლში სამი ხარისხის თავადი არსებობდა, რომელთა სისხლიც სხვადასხვა ფასით განისაზღვრებოდა, ანუ ესე არის გარიგებული, დიდ აზნაურზე ერთიორად დაბალის თავადისა, დაბალის თავადზე ერთიორად შუას თავადისა, შუას თავადზე ერთიორად დიდებულისა (სამართლის ძეგლები, I, 1963: 489).
დიდებული თავადი, რომლის მთელი სიკუდილის სისხლი ათას ხუთას ოცდათექუსმეტი თუმანი ღირს.
დიდებულის ქუემოთი, ანუ შუა თავადი, რომლის სისხლიც დიდებული თავადის სისხლის ნახევარი შვიდას სამოცდარვა თუმანია. ამდენივე ღირს დიდებული თავადის სახლიკაცის სისხლი.
ამის ქუემოთის, ანუ მესამე ხარისხის თავადი სისხლი სამას სამოცდარვა თუმანი (სამართლის ძეგლები, I, 1963: 489).
როგორც პროფ. გივი ჯამბურია აღნიშნავს, თავადთა დაყოფა სამ ხარისხად ვახტანგის სამართლამდე ასე მკაფიოდ არსად ჩანს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დაყოფა ვახტანგის შემოქმედების ნაყოფიარეალური განსხვავება თავადთა წოდებაში იმდენად მომწიფებული იყო ვახტანგის დროს, რომ ამის გაფორმება იურიდიულად აუცილებელი გახდა (ჯამბურია, 1955: 111).
ვახტანგის სამართალში ვკითხულობთ, რომ დიდებული თავადი ეს არის: გაუყრელი ერთი თავი თვითონ არაგვის ერისთავი, გაუყრელი ერთი თავი თვითონ ქსნის ერისთავი, გაუყრელი ერთი თავი თვითონ ამილახორი, გაუყრელი ერთი თავი თვითონ ორბელიშვილი, როცა გაუყრელი ყოფილა ციციშვილიც: ამათთან კი არა და სომხითის მელიქიც ითქმის, ამათსა გარდაისად ამათსავ სისხლის კაცებს ამათთან სისხლი არა ჰსდის. სხვა უფროსი თავადი რომ დაგვიწერია დიდებულის ქვეითი იმათ ოდენი სისხლი ედინების~ (სამართლის ძეგლები, I, 1963: 520). ამ სახლის თავადებიდიდებულები, რომელთაც `თავი კაციც~ ჰქვია, უფლებითა და მდგომარეობით განსხვავდებოდნენ არა მარტო სხვა გვარის თავადებისაგან, არამედ, როგორც დავინახეთ, თვით თავიანთი სახლიკაცებისაგანაც კი. სახლის უფროსის, დიდებული თავადის სისხლი ღირდა 1536 თუმანი, მისივე სახლიკაცისა კი – 769 თუმანი. თავის სახლიკაცებთან შედარებით დიდებულის ასეთი დიდი პატივი იმით უნდა აიხსნას, რომ იგი, გარდა იმისა, რომ დიდგვაროვანი და სახლის უფროსი იყო, მეფის მოხელეც გახლდათ. მაგ: ყაფლანიშვილები მეწინავე, სომხით-საბარათიანოს, სადროშოს სარდლები იყვნენ, ამილახვრებიშიდა ქართლის სადროშოს სარდლებიდა . .
აქედან დასკვნა, დიდებული თავადი, ანუ პირველი ხარისხის თავადი სახლის უფროსია, სახლიკაცები კი მეორე ხარისხის თავადები არიან. საინტერესოა 1797 წლის 10 ივლისის განჩინება ზაზა სოლაღაშვილის და იესე მსაჯულის, ბარათაშვილის შვილების სასისხლო საქმეზე (სამართლის ძეგლები, VI, 1977: 32-41). იესე მსაჯულის შვილები ზაზას მიუხტნენ და დაარბიეს. დამნაშავეები ვახტანგის სამართლის მიხედვით დაავალდებულეს, ზაზა სოლაღაშვილი მესამე ხარისხის თავადად აღირაცხა. საბუთში მესამე ხარისხის თავადის სრული სისხლის ფასი სამასოთხმოცდაოთხი თუმნით განისაზღვრა (ვახტანგ VI-ის მიხედვით სამას სამოცდარვა თუმანია), და მიხდომისათვის ამის ნახევარი 192 თუმანი გაუჩინეს (სამართლის ძეგლები, VI, 1977: 37), ამას დაემატა მოხელეობის პატივის სისხლი (ზაზა კათალიკოსის მოლარეთუხუცესი იყო) 96 თუმანი, ჯამში 288. კიდევ პატარ-პატარა დაზიანებებისთვის, სულ იასე მსაჯულის შვილებს ვახტანგის სამართლის მიხედვით 224 თუმანით განესაზღვრათ დანაშაული და ეს ორასოცდაოთხი თუმანი ზაზა სოლაღაშვილს უნდა დაუურვონ და მისცენ (სამართლის ძეგლები, VI, 1977: 68).
და კიდევ: თუ ზაზა ამ ჩხუბის გამო მომავალში შეუძლოდ გახდება, იმისას რასაც სამართალი მისცემს, ეგდენი სისხლი გაუჩნდება, ან თუ ზაზას ცოლს მუცელი წაუხდა, როგორც მეფის ვახტანგის სამართალი უჩენს, მთელი სისხლი უნდა მისცენ (სამართლის ძეგლები, VI, 1977: 38).
მიუხედავად იმისა, რომ თავადთა წოდებაში არსებობს კატეგორიები, თავადს თავადი ყმად მაინც არ ჰყოლია, თავადს ყმად ჰყავდა აზნაური. ამის შესახებ ვახტანგის სამართალში ვკითხულობთ: თუ დიდებულის სისხლი დიდებულს ეწამების და მათი მთხრობელი შუა თავადი არის, დიდებული დიდებულის საქმეზე შუა თავადს ხომ არ გაჰყვების და შუა თავადის ტოლი ყმა ხომ არ ეყოლების, რომ გაატანოს ამაში ხმალი არ მოხდების და ისრევ ან ფიცით ან მოწმობით გაიმართლებდენ თავსა (სამართლის ძეგლები, I, 1963: 481).
სისხლის ფასის განსაზღვრის სხვა მუხლებში ვახტანგი საუბრობს სასისხლო სიგელებზე, და გარკვეულწილად ეჭვი შეაქვს მის სიზუსტეში, თუმცა ამას ღიად არ ამბობს, მე ასრე მგონია, იმ ძველს განაჩენებზე სამართალი ძნელი იყოს, იმიტომ რომე, მაშინ ქართველი ბატონიც დიდი ხელმწიფე ყოფილა, დიდი ალაგი სჭერია, და მის თავადსაც მამული და მორჭმა ბევრი ჰქონებიათ, ამიტომ ის განაჩენები უბრძანებიათ. და იქვე კიდევ ერთხელ აზუსტებს, რითაც ფაქტიურად აუქმებს სასისხლო სიგელებს, რაც ახლა სისხლი გაგვიჩენია, ვეჭვობ, ესეც კმარ იყოს (სამართლის ძეგლები, I, 1963: 487).
სათავადოებში ხშირად ხდებოდა გაყრა. ვახტანგის სამართალში გაყრის შემთხვევაში განსაზღვრული იყო უფროს-უმცროსის უფლება-მოვალეობები და გაყრის წესები, ვის რა ქონება ერგებოდა.
გაყრაში ეს ოთხი არის: საუფროსო, გასამყრელო, საუმცროსო და საშუალო(სამართლის ძეგლები, I, 1963: 508).
საუფროსო ასე არის და ასრე უნდა, რისი პატრონებიც არიან: აზნაურის, გლეხის თუ სხვა ბოგანოს გარდა, მდივანმა უნდა აღწეროს და რამდენიც იქნებაოცს კომლზე ერთს უკეთესს, რომელიც უნდა უფროსი გამოირჩევს და ერთს უარესს სხვა ძმები, რომელიც უნდა იმას მისცემენ. რამდენი ოცი კომლი იქნება ესე უნდა გაიყონ, დარჩების ბოგანო და იმაზედაც ასრე უნდა იქნას (სამართლის ძეგლები, I, 1963: 508).
გასამყრელო ხელმწიფისა არის უფროსი, რომ საუფროსოს აიღებს მერე ოცისთავს, როგორიც ხელმწიფეს ეპრიანების იმისთანას გლეხს აიღებს, თუ უნდა ერთს ალაგს, თუ უნდა დაფანტვით, იქნების, დიდს თავადზე სოფელიც აიღოს. ამას სამართლის მიხედვით მეფე თვითონ იკავებს როგორც თავისი სახასო, ეპრიანების, თვითან დაიჭერს, იქნების სხვას უბოძოს, შეიძლება იმავე საგვარეულოს წევრსაც უბოძოს (სამართლის ძეგლები, I, 1963: 508).
საშუალო ასე არის, აქამდე შვას ძმას არას მისცემდენ, თუ არ დიდად მოჭირნახულესა, მაგრამ ახლა მეფემან პატრონმან გიორგიმ განაწესა (იგულისხმება გიორგი XI – 1676-1709 წწ. ..), რომე შუათანას ძმებსაც ერთს რასმე მისცემენ. თუ რამოდენიმე არიან ამ გლეხების ოცისთავი იანგარიშონ, რამდენი კომლიც გამოვიდეს ის გაუყონ (სამართლის ძეგლები, I, 1963: 508).
საუმცროსო. უმცროსი ძმისაა სასახლე, რომელიც მამასა გინა ძმათა სასახლეთ შემოუფარგლავთ ანუ ფუძედ დაუჭირავთ, იმაში რაც შენობა უქნიათ, ყველა უმცროსისა არის; შიგ რაც ბაღი იყოს და გარეთ კალო საბძელიცა (სამართლის ძეგლები, I, 1963: 508).
უკანონო შვილს მამულიდან არაფერი ერგებოდა, ნაბიჭურის წილი არ არის მამულში (სამართლის ძეგლები, I, 1963: 511).
ვახტანგი იქვე აღნიშნავს, სასაფლაო, ხატი, ჯვარი, საყდრის მამული ერთია, თუ არ გაჰყოფენ, ისი სჯობს (სამართლის ძეგლები, I, 1963: 509). მომდევნო მუხლებში საუბარია გაყრის ძველ წესზე, ამ წესის მიხედვით, სანამდინ ძმანი ერთად არიან, ჭირი და ლხინი, საშოვარი, უშოვრობა, წანართმევი თუ ნაბოძები, ნაპოვნი თუ დაკარგული, რაც რამ ფერი, ყველა ერთი არის, და ცხოვრობდნენ ძმურად, უფროსმან საუფროსო, უმცროსმანსაუმცროსო იცოდა (სამართლის ძეგლები, I, 1963: 510-511).
უმაღლესი ხელისუფლების წყაროს სათავადოებში თვით სათავადო წარმოადგენდა. სათავადოს უფროსს თვითონ მისი გვარის წევრები ნიშნავდნენ, ამ მხრივ სათავადოს დასავლეთ საქართველოში მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდა (სოსელია, 1970: 10), აღმოსავლეთ საქართველოში სახლის უფროსს მეფე ნიშნავდა, მაგრამ აქაც ფორმალობას ჰქონდა ადგილი, მეფე მხოლოდ თუ დაამტკიცებდა სახლიკაცების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, ძირითადად თავადის უფროს ძეს ან მომდევნო ძმას. სათავადო მხოლოდ მაიორატით არ ჰგავდა სამეფოს, მისი სტრუქტურაც იმ სამეფოს თუ სამთავროს მსგავსი იყო, რომელშიც იგი იყო. თავადს თავისი სამოხელეო აპარატი ჰქონდა, მართვა-გამგეობა სათავადოს უფროსის ხელში იყო, სათავადოში მოხელეთა დანიშვნა-გადაყენება მისი კომპეტენცია იყო, ხოლო სახლიკაცები სათავადოს სხვადასხვა მხარეში ისხდნენ და განაგებდნენ თავის საგამგეოს. სათავადოს ჰქონდა თავისი სახლის რიგი. იგი სათავადოს ერთგვარ კონსტიტუციასწარმოადგენდა, სადაც აღნიშნული იყო სათავადოს უფროსისა და სახლიკაცების უფლება-მოვალეობანი, მოცემული იყო ის ძირითადი საფუძვლები, რასაც სათავადოს ერთობა, უფროს-უმცროსობა ემყარებოდა. დასავლეთ საქართველოშისახლის რიგს უფროსი ადგენდა და სახლიკაცებს უთანხმებდა. აღმოსავლეთ საქართველოში კი მეფე ამტკიცებდა.
სათავადოების უფლებების შეზღუდვა ერეკლე II- (1744-1798 წწ.) დაიწყო. მის მიერ გატარებულმა აღწერის რეფორმამ, თავადებს ჩაკეტილი სივრცე დაურღვია. რეფორმის შემდეგ სათავადოს მოსახლეობის აღწერას ცენტრალური ხელისუფლება აწარმოებდა, ამან თავადებს ის ბერკეტი წაართვა, რომლის საშუალებითაც ისინი მოსახლეობასა და სამეფო ხელისუფლებას შორის ბარიერად იყვნენ აღმართულნი. ერეკლე II- საგადასახადო სისტემის სრული გარდაქმნა მოახერხა, რომლის მიხედვით თავადებს ჩამოერთვათ . . საგადასახადო იმუნიტეტიმათი ყმები, ისევე როგორც სახასო ყმები, სრულიად იბეგრებოდნენ და ამ გადასახადის განაწილება შეგროვების ერთპიროვნული უფლებაც დაკარგეს. ერთი სიტყვით, საგადასახადო სისტემა ცენტრალიზებული გახდა. ხოლო სამხედრო რეფორმების შედეგად შეიქმნა მცირე, მაგრამ სტაბილური სამხედრო ძალები. ამით ერთი მხრივ გაიზარდა ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და მეორე მხრივ სათავადოებს ის ტრადიციული ფუნქცია ჩამოერთვა, რაც ჯარის გამოყვანაში გამოიხატებოდა.
XVIII საუკუნის 70-იან წლებში სათავადოებმა საპოლიციო-ადმინისტრაციული და სასამართლო იმუნიტეტი დაკარგეს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბდაშინაგან საქმეთა უწყება მდივანბეგებისა და ეშიკაღასბაშების მეთაურობით. ქვეყნის მთელი ტერიტორიის ადმინისტრირებას ეს უწყება ახდენდა (თაბუაშვილი, 2010).
ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ კი რუსეთის იმპერიაც ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მოესპო სათავადო ვასალურ-სენიორალური სისტემა. ამ პერიოდში ყველა სათავადოში სახლის წევრები იყოფდნენ საერთო-საგვარეულო ყმა-მამულს: ციციშვილები, ამილახვრები, ორბელიანები (ყაფლანიშვილები), ქსნის ერისთავები, წერეთლები, აბაშიძეები, ჯორჯაძეები, მაყაშვილები და .. მაგ., ციციშვილთა სათავადო 1800-1859 წლებში 14-ჯერ გაყოფის შედეგად 50-მდე დამოუკიდებელ ერთეულად დაქუცმაცდა, 1805-1812 წლებში, 7 წელიწადში სათავადო საამილახორო გაყოფის შედეგად 10 საბატონო ერთეულად დაქუცმაცდა, ხოლო ქსნის ერისთავთა სათავადო 1807-1842 წლებში 7-ჯერ გაყოფის შედეგად 22 დამოუკიდებელ საბატონო ერთეულად დაიშალა (გოგოლაძე, 1980: 135).
1803 წელს აღმოსავლეთ საქართველოში და 1851 წელს დასავლეთ საქართველოში თავადი და აზნაური უფლებრივად გაუთანაბრდა ერთმანეთს.

1827 წლის კანონით საქართველოს თავადაზნაურობა რუსეთის თავადაზნაურობას («дворянство») გაუთანაბრდა (გოგოლაძე, 1980: 137). 1807 წელს საგადასახადო იმუნიტეტი გააუქმეს ქართლ-კახეთში, 1845 წელსიმერეთში, 1860 წელსგურიაში (გოგოლაძე, 1980: 136). XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში საბოლოოდ მოიშალა სათავადოთა სისტემა.

Комментариев нет:

Отправить комментарий