ახ.წ. II ს. დასაწყისიდან პოლიტიკური სიტუაცია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მკვეთრად შეიცვალა. ისტორიული კოლხეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში, რომელიც თავის ერთიანობას ინარჩუნებდა რომის მიერ დაპყრობის შემდეგაც ჯერ პოლემონის პონტოს სამეფოს, ხოლო შემდეგ უშუალოდ რომაული პროვინციის _ კაპადოკიის შემადგენლობაში, გაჩნდნენ ახალი ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებები _ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სამეფოები“.
აღნიშნული პოლიტიკური ერთეულები რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ, რომთან გარკვეულ პოლიტიკურ ურთიერთობას ამყარებენ, იმპერიისაგან ფორმალურ დამოუკიდებლობასაც იღებენ და საკუთარი „მეფეებით“ სათავეში იწყებენ აქტიური როლის შესრულებას დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რომის მოკავშირე კოლხეთის ახალ ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველების ძირითადი დანიშნულება იყო ადგილებზე წესრიგის დამყარება, საჭიროების შემთხვევაში რომაული არმიისათვის სამხედრო დახმარების გაწევა და მეკობრეობა-ყაჩაღობის წინააღმდეგ ბრძოლა1. კოლხეთის პოლიტიკურ გაერთიანებათა „მეფეები“ ხელისუფლების ნიშნებს იღებდნენ რომის იმპერატორისაგან.
ადგილობრივ მმართველთა რომზე რეალური დამოკიდებულების გარანტიას კი წარმოადგენდნენ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში დისლოცირებული რომაული გარნიზონები, რომლებიც გამოდიოდნენ რომაული პოლიტიკის გამტარებლად რეგიონში და უზრუნველყოფდნენ მკვიდრი მოსახლეობის მორჩილებას იმპერიისადმი2. სამხედრო თვალსაზრისით, კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ეს „სამეფო“ ჩართული იყო რომის აღმოსავლეთის საზღვრების ერთიან თავდაცვით სისტემაში და ემორჩილებოდა კაპადოკიის მთავარსარდლობას3.
რომაული გარნიზონების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ყოფნა და რომთან გარკვეული კავშირის შენარჩუნება, თავის მხრივ, ხელსაყრელი იყო კოლხეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველებისთვისაც, რადგანაც რომაული გარნიზონები წარმოადგენდნენ ყველაზე რეალურ ძალას, რომელსაც შეეძლო შეეკავებინა მეზობელი, აღმავლობის გზაზე მდგარი იბერიის სამეფოს ექსპანსია დასავლეთისაკენ, კოლხეთის ზღვისპირეთში, გაეკონტროლებინა ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები და დაეცვა კოლხეთის პოლიტიკური გაერთიანებები „ბარბაროსთა“ თავდასხმებისაგან4.
ასეთი იყო ის ახალი, ორივე მხარისათვის მისაღები და ურთიერთხელსაყრელი დამოკიდებულება, რომელიც ჩამოყალიბდა II ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა „მეფეებსა“ და რომის სახელმწიფოს შორის. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე ახლადჩამოყალიბებული პოლიტიკური ერთეულებიდან ყველაზე სამხრეთით მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ მდებარეობდა. ეთნიკურად ერთგვაროვან ტომებს _ მაკრონებსა და ჰენიოხებს _ ერთი „მეფე“ ჰყოლიათ5, ამდენად მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ ამ ორი ტომის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულა. მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ რომთან ურთიერთობის შესახებ წერილობითი წყაროები ძალზე მწირი და ფრაგმენტული ხასიათისაა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ მაკრონ-ჰენიოხების გაერთიანება მივიჩნიოთ რომაელთა ერთგულ მოკავშირედ და რომის პოლიტიკის ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერად აღმოსავლეთში. მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ რომისადმი ერთგულება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობით. ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) ცნობით, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრებოდა რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული სანების მიწა-წყალს6. იმავე არიანეს მიხედვით, მაკრონ-ჰენიოხთა „მეფის“ ანქიალეს სასახლე მდ. პრიტანიდთან ყოფილა, რომელიც, თავის მხრივ, ათინადან 40 სტადიონით იყო დაშორებული7. ს. ჯანაშიამ, სავსებით სამართლიანად გააიგივა მდ. პრიტანიდი თანამედროვე მდინარე ფურტუნასთან (ფურტუნა-სუ ანუ აბოვიწე). ამასთან, „რადგანაც საფიქრებელია, რომ მეფის რეზიდენცია დიდად დაშორებული არ უნდა ყოფილიყო სამეფოს ცენტრალურ რაიონს, ამიტომ შეიძლება მივიღოთ, რომ არიანეს მაკრონ-ჰენიოხებს ეჭირათ თანამედროვე ჭანეთის ნაწილი ცენტრით დაახლოებით ქ. ათინასთან“.8 ჩრდილოეთით მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ საზღვრები ვრცელდებოდა მდ. ჭოროხის შესართავამდე, ყოველ შემთხვევაში, აფსაროსის ციხე (თანამედროვე გონიო) ამ „სამეფოს“ საზღვრებში შედიოდა9. ამ მხრიდან იგი უშუალოდ ესაზღვრებოდა იბერიის ქვეშევრდომობაში მოქცეულ ზიდრიტთა ოლქს10, ხოლო აღმოსავლეთიდან მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ ემეზობლებოდა ასევე ძლიერი არმენიის სამეფო.
სწორედ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მაკრონ-ჰენიოხთა პოლიტიკურ გაერთიანებას, კოლხეთის სხვა „სამეფოებთან“ შედარებით, უფრო მეტად სჭირდებოდა რომის კეთილგანწყობა. იმპერიის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე აგრესიული მეზობლები _ არმენია და იბერია ადვილად მოუღებდნენ მას ბოლოს11. ასეთ ვითარებაში კი რომის იმპერია იყო ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო მაკრონ-ჰენიოხთა ახლადჩამოყალიბებული პოლიტიკური გაერთიანებისათვის თავიდან აეცილებინა შევიწროება-დაპყრობის საფრთხე და მიეცა განმტკიცებისა და შემდგომი განვითარების საშუალება. გამომდინარე აქედან, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ მმართველები, როგორც ჩანს, ყოველმხრივ ცდილობდნენ რომაელთა კეთილგანწყობის მოპოვებას, აღმოსავლეთში რომსა და პართიას შორის პერმანენტული დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ პირობებში აშკარად გამოდიან რომის მხარეს და პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამოკავშირეო ვალდებულებებს. მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ რომაელთა საერთო აღმოსავლური პოლიტიკის კონტექსტში პირველად ტრაიანეს (98-117წწ.) დროს იხსენიება. დიონ კასიოსის (დაახლ. 153-235წწ.) ცნობით, ტრაიანე „მივიდა არსამოსატამდე და მისი უბრძოლველად აღების შემდეგ, მივიდა სატალაში და ანქიალე _ ჰენიოხებისა და მახელონების მეფე, საჩუქრებით დააჯილდოვა“.12 ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის დროს, 114 წელს.
როგორც ცნობილია, დუნაისპირეთში ტრიუმფალური ლაშქრობის შემდეგ იმპერატორმა დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური კამპანიისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა რომის ისტორიული მტრის _ პართიის სამეფოს დამხობასა და აზიაში შექმნილი „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას.
ომის საბაბიც მალე გამოჩნდა და იგი კვლავ პართიარომის ურთიერთობაში ყველაზე პრობლემატური _ სომხეთის საკითხი გახდა. დაახლ. 110წ. პართიის სამეფო ტახტზე პაკორ II-ის ნაცვლად ადის ხოსრო13, რომელმაც სომხეთის მეფობა ტრაიანეს მიერ დამტკიცებულ აქსედარს წაართვა და მის ნაცვლად ტახტზე თავისთვის სასურველი კანდიდატი პართამასირისი აიყვანა14. საპასუხოდ ტრაიანემ, რომელმაც ეს აქცია 63წ. კომპრომისული ხელშეკრულების დარღვევად ჩათვალა, 113წ. ოქტომბერში დატოვა რომი და აღმოსავლეთისაკენ გაემართა. იმავდროულად ევფრატის საზღვრისაკენ დაიძრნენ დუნაის ლეგიონები15.
აღმოსავლეთში კონცენტრირებულ იქნა უზარმაზარი სამხედრო ძალები _ 13 ლეგიონი და მოკავშირეთა დამხმარე ჯარები, რომელთა საერთო რაოდენობა 140-150 ათასს აღწევდა16. როგორც ხოსრომ, ასევე პართამასირისმა სცადეს კარსმომდგარი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ტრაიანეს ელჩობა გაუგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ17. ტრაიანემ უარი განაცხადა დაზავებაზე და 114წ. დასაწყისში ანტიოქიაში მივიდა. აქედან კი სწრაფი მარშით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ და მდ. ევფრატის მახლობლად მდებარე ქ. არსამოსატას უბრძოლველად აღების შემდეგ მივიდა მცირე არმენიის ქ. სატალაში, სადაც, როგორც აღვნიშნეთ, გულუხვად დაასაჩუქრა მაკრონ-ჰენიოხების მეფე ანქიალე18.
სატალადან იმპერატორმა გეზი პირდაპირ სომხეთის დედაქალაქ არტაშატისაკენ აიღო. არტაშატი აღებულ იქნა, არმენია კი პროვინციად გამოცხადდა19. მომდევნო წელს კი რომაელებმა კვლავ გააგრძელეს ტრიუმფალური სვლა სამხრეთისაკენ, ახლა უკვე პართიის სამეფოს ტერიტორიაზე და ხელთ იგდეს ადიაბენა, ბაბილონი, სელევკია და პართიის სამეფოს დედაქალაქი _ ქტეზიფონი, ხოლო სპარსეთის ყურეზე გასვლის შემდეგ, 115წ. მიწურულს მესოპოტამიაც პროვინციად გამოცხადდა20.
მაგრამ დიდების ზენიტში მყოფი ტრაიანეს სამხედრო წარმატებები მხოლოდ გარეგნულად ეფექტური, სინამდვილეში კი ძალზე არამყარი აღმოჩნდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაფანტული რომაული არმიის ზურგში იფეთქა მძლავრმა აჯანყებამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა არა მარტო ახლადდაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ კირენაში, კვიპროსსა და ეგვიპტეში21, რის შედეგადაც ასე წარმატებით დაწყებული აღმოსავლური კამპანია ჩაიშალა და 117წ. ზაფხულში რომაელები იძულებული გახდნენ, დაეცალათ მთელი შუამდინარეთი, ხოლო უკანმობრუნებული იმპერატორი კილიკიაში გარდაიცვალა22.
როგორც ვნახეთ, დიონ კასიოსი საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს ტრაიანეს ლაშქრობას სომხეთსა და მესოპოტამიაში და მისი მოძრაობის მარშრუტს ანტიოქიიდან დაწყებული ვიდრე ამ კამპანიის დასასრულამდე. საყურადღებოა, რომ აღმოსავლური ლაშქრობის საწყის ეტაპზე, ქ. არსამოსატას აღების შემდეგ23, ტრაიანე სომხეთის შუაგულისაკენ კი არ დაიძრა, არამედ კვლავ გამობრუნდა რომის გამგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე და გეზი აიღო აღმოსავლეთში რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ჩრდილოეთ ფორპოსტის ქ. სატალასაკენ, სადაც მან საჩუქრებით დააჯილდოვა მაკრონ-ჰენიოხთა „მეფე“. აღნიშნულ გარემოებას ყურადღება მიაქცია პროფ. ნ. ლომოურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრაიანე მხოლოდ ანქიალეს დასაჩუქრების მიზნით არ წავიდოდა სატალაში, არამედ იგი აქ უნდა შეხვედროდა მოკავშირეთა ჯარებს და მათ შორის მაკრონ-ჰენიოხთა რაზმებს24.
ტრაიანეს სომხეთზე გალაშქრების წინ, სატალა რომის აღმოსავლური ციხე-სიმაგრეებიდან ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს და საკომუნიკაციო პუნქტს წარმოადგენდა სომხეთის მიმართ. სატალას ციხე-სიმაგრე მდებარეობდა მაღლობზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას, კონტროლს უწევდა დიდი არმენიიდან მცირე არმენიისაკენ მიმავალ გზებს25 და წარმოადგენდა ყოველგვარი თავდასხმებისა და გამოსვლების მაკონტროლებელ ძირითად პუნქტს სომხეთსა და კავკასიაში26. გარდა ამისა, სატალა აღმოსავლეთში სხვა რომაული ლეგიონების ბანაკებთან შედარებით გეოგრაფიულადაც ყველაზე ახლოს იყო სომხეთის დედაქალაქ არტაშატთან, თანაც სატალაზე გადიოდა არტაშატისაკენ მიმავალი გზა, რომელიც რომაელთა მიერ საგანგებოდაც ყოფილა გამაგრებული27. ასე რომ, ტრაიანეს ლაშქრობის ერთ-ერთ მთავარ ობიექტთან არტაშატთან სატალას სიახლოვე და მათ შორის არსებული კომუნიკაციები ხელსაყრელი იყო რომაელთა მრავალრიცხოვანი ჯარების სწრაფი მანევრირებისათვის. ყოველივე ამის გამო, როგორც ჩანს, სატალა წარმოადგენდა რომაული ჯარების თავშეყრის პუნქტს და აქ კონცენტრირებული იყო რომაელთა აღმოსავლური კამპანიის მონაწილე ძირითადი ძალები. სატალაში ანქიალეს ყოფნა და იმპერატორის მიერ მისი დასაჩუქრება მიუთითებს, რომ მაკრონ-ჰენიოხთა დამხმარე ძალები ერთგულ მოკავშირეობას უწევდნენ სომხეთში შესაჭრელად გამზადებულ ძირითად რომაულ არმიას.
ანქიალეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა სომხეთის ტახტზე პართიის მომხრე პართამასირისის დამტკიცება, რაც, ფაქტობრივად, სომხეთის პართიისადმი დამორჩილებას ნიშნავდა28. მას ისედაც გართულებული ჰქონდა მდგომარეობა იბერიის სამეფოს გაძლიერებისა და ამ უკანასკნელის კოლხეთის ზღვისპირეთში, ზიდრიტთა ოლქში შეღწევის სურვილის გამო29, პართელების სომხეთში დამკვიდრება კი ანქიალეს ახალ გართულებებს უქადდა. ასე რომ, ანქიალეს მონაწილეობა პართია-სომხეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში, განპირობებული იყო არა მარტო მისი სამოკავშირეო ვალდებულებით, არამედ საკუთარი ინტერესებითაც. სავარაუდოა, რომ ანქიალემ თავისი ერთგულება რომაელებს ჯერ კიდევ ტრაიანეს აღმოსავლეთში სალაშქროდ ჩამოსვლამდე დაუმტკიცა, რის გამოც იმპერატორმა ჩათვალა საჭიროდ მისი დაჯილდოება, ხოლო დიონ კასიოსმა _ ამ ფაქტის სპეციალურად აღნიშვნა30.
ახლა ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ რაში გამოიხატა ანქიალეს ერთგულება და კონკრეტულად რა დახმარება გაუწია მან რომაელებს იმპერატორის ჩამოსვლამდე, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ რომაული ჯარების გადაადგილების დროს უშუალოდ მისი „სამეფოს“ მეზობლად მდებარე ქ. სატალაში კონცენტრირებულ რომაულ ლეგიონებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა პროვიანტით, მითუმეტეს, რომ საჭიროების შემთხვევაში რომაული ჯარებისათვის სურსათის მიწოდება შედიოდა მის სამოკავშირეო ვალდებულებაში. გამორიცხული არ არის ისიც, რომ სატალაში ჩასულ იმპერატორს იმიტომაც დაეჯილდოებინა მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“, რომ ანქიალეს მიერ მოყვანილი დამხმარე რაზმები წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ძალას და ტრაიანე კმაყოფილი დარჩა სომხეთზე სალაშქროდ მიმავალი არმიის რეალური სამხედრო ძალით გაძლიერების გამო. ტრაიანეს მემკვიდრის ადრიანეს (117-138წწ.) მმართველობის ხანაშიც, მაკრონ-ჰენიოხთა „მეფე“ კვლავ ანქიალეა31. ადრიანეს პრინციპატის დროს რომის საგარეო პოლიტიკამ მკვეთრი ცვლილება განიცადა. ტრაიანეს წარუმატებელი აღმოსავლური ლაშქრობის შედეგების აცილება არცთუ ისე ადვილი იყო და იმპერატორმა ადრიანემ რომის სახელმწიფოს სათავეში მისვლისთანავე უარი თქვა წინამორბედის გლობალურ საგარეო ექსპანსიაზე და იმპერიის საზღვრების დაცვის პოლიტიკას დაუბრუნდა.
იმპერიის საგარეო კურსის სტრატეგიულ თავდაცვაზე გადასვლასთან დაკავშირებით ადრიანეს მიერ იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში გატარებულმა გრანდიოზულმა საფორტიფიკაციო-თავდაცვითმა ღონისძიებებმა32 ასახვა ჰპოვა აღმოსავლეთის საზღვრის შავიზღვისპირა მონაკვეთზეც. ადრიანეს მმართველობის დროს მოდერნიზებულ იქნა კოლხეთის რომაულ ციხე-სიმაგრეთა სისტემა (აფსაროსი, ფაზისი, სებასტოპოლისი), რომლის თავდაცვისუნარიანობა იმპერატორის დავალებით 131წ. სპეციალურად შეამოწმა და რომაული ფორპოსტების გაძლიერებისათვის დამატებითი ღონისძიებებიც გაატარა კაპადოკიის პროვინციის პროკონსულმა ფლავიუს არიანემ33. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხე-სიმაგრეთა განახლება-განმტკიცებით და თავდაცვის მაღალორგანიზებული სისტემის მეშვეობით ადრიანე ცდილობდა რამდენადმე გაეკონტროლებინა გართულებული პოლიტიკური სიტუაცია რეგიონში, არ დაეშვა გააქტიურებული ჩრდილოკავკასიელი ტომების _ ალანების მოულოდნელი შემოჭრა წინა აზიის რომაულ სამფლობელოებში „მეოტიდა კოლხეთის“ გზით34 და შეეჩერებინა რომთან აშკარად დაპირისპირებული, იმპერიის ხელდებული კოლხეთის ზღვისპირეთის ერთ ნაწილში, მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზებს შორის მოსახლე ზიდრიტთა ოლქში შეჭრილი იბერიის სამეფოს35 შემდგომი ტერიტორიული გაფართოება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, რომის ვასალური ქვეყნების ხარჯზე. ადრიანეს მმართველობის დროს, მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ტერიტორიაზე, აფსაროსის ციხე-სიმაგრეში დისლოცირებული იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი. არიანეს ცნობით, აფსაროსში ხუთი სპეირა მდგარა36. არიანესეული „სპეირა“, მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, ლათინურ კოჰორტას შეესაბამება37. თუ ეს ასეა, მაშინ აფსაროსის ციხის გარნიზონის შემადგენლობა 3000-ზე მეტი მეომრით უნდა განისაზღვროს, რაც, რა თქმა უნდა, ძალზე დიდი ციფრია _ იმავე პერიოდში ფაზისის გარნიზონი 400 ჯარისკაცისაგან შედგებოდა38, ხოლო ხუთი კოჰორტა, ე. ი. ნახევარი ლეგიონი (3000 კაცი) მთელი კაპადოკიის სამხედრო ძალების მეოთხედი იყო. ასეთი რაოდენობის გარნიზონი კი ნებისმიერი ციხე-სიმაგრისათვის დიდი უნდა ყოფილიყო.
ზოგიერთი მკვლევარი არიანესეულ „სპეირას“ მანიპულასთან აიგივებს39. მანიპულა კი, როგორც ცნობილია, კოჰორტის ერთ მესამედს _ 150-200 კაციან რაზმს უდრის. ასეთ შემთხვევაში, აფსაროსის ციხის გარნიზონის შემადგენლობა ცხრაასი40 ან ათასი41 ჯარისკაცით ყოფილა დაკომპლექტებული, რაც სავსებით შეესაბამება კიდეც აფსაროსის რომაული ციხე-სიმაგრის (კასტელლუმ) ტევადობას. აფსაროსის კასტელუმის ზომიდან (194X245მ)42 გამომდინარე, იგი საშუალო სიდიდის ბანაკების კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს43 და მას მართლაც დაახლოებით ათასი სამხედრო მოსამსახურე შეეძლო დაეტია44.
ამერიკელი მეცნიერის მ. შპაიდელის აზრით, აფსაროსში მდგომი კოჰორტები არ იყვნენ ლეგიონალური, არამედ წარმოადგენდნენ დამხმარე ჯარის ნაწილებს. მ. შპაიდელის ეს მოსაზრება ეყრდნობა ფაიუმში აღმოჩენილ IIს. დათარიღებულ პაპირუსის ფრაგმენტს, სადაც მოხსენიებულია აფსაროსში დაბანაკებული დამხმარე ჯარის ნაწილის, კლავდიუსის სახელობის II კოჰორტის ერთ-ერთი ვეტერანი, აფსაროსში მცხოვრები ვინმე მარციალი. როგორც აღნიშნავს მკვლევარი, რადგანაც ამ დოკუმენტის მიხედვით, დამხმარე ჩოჰორს II ჩლაუდიანა იდგა აფსაროსში, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დანარჩენი ოთხი კოჰორტაც, ასე თუ ისე, დამხმარე ნაწილებს წარმოადგენდა45. ფაიუმის წერილში მოხსენიებული კოჰორტის დგომას აფსაროსში ადასტურებს აქ, ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი აგურის ფრაგმენტები დამღით _ კოჰ(ორს) II და (კ)ოჰ(ორს) II, რაც, მკვლევართა აზრით, სწორედ კოჰორს II ჩლაუდიანას შემოკლებული ვარიანტი უნდა იყოს46.
აფსაროსში არარეგულარული ჯარის ნაწილების ყოფნაზე მიუთითებს იტალიაში ქ. ნოლას მახლობლად აღმოჩენილი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია დამსახურებული ცენტურიონი მარციუს პლუტორიუს ცელერი, რომელიც ერთ დროს მსახურობდა „პონტოს აფსაროსში მდგომი მილიციის რაზმის მეთაურად“ (პრაეპოსიტუს ნუმერორუმ ტენდენტიუმ ინ პონტო აბსარო)47.
მ. შპაიდელის აზრით, ტერმინი „ნუმერუს“ შეიძლება აღნიშნავდეს ნებისმიერი ტიპის სამხედრო შენაერთს, მათ შორის, დამხმარე კოჰორტასაც და აქაც იგივე დამხმარე კოჰორტები იგულისხმება48. უკანასკნელ ხანებში აფსაროსში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების მონაცემებით დადგენილი იქნა კიდევ ორი კოჰორტის სახელწოდება და ხასიათი. ესენია სპეციფიკური აღჭურვილობის მშვილდოსანთა დამხმარე რაზმი _ და იმპერატორ ავრელიუსის სახელობის კოჰორტა49. მაგრამ აფსაროსის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, იგი მხოლოდ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი დამხმარე რაზმების ამარა არ იქნებოდა და აქ დამხმარე ძალებთან ერთად დისლოცირებული უნდა ყოფილიყო რომაული ლეგიონების ცალკეული ვექსილაციებიც50.
აფსაროსში რომის ლეგიონური ჯარების ცალკეული ვექსილაციების ყოფნას მოწმობს აფსაროსის ციხის ავანპოსტში _ პეტრაში (ციხისძირი)51 აღმოჩენილი აგურის ფრაგმენტი ლათინური დამღით _ VEX-FA, რომელსაც ასე შიფრავენ: VEX[ილლატიონეს Lეგიონუმ XII] F[ულმინატაე ეტ XV] A[პოლლინარის]52. როგორც ცნობილია, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კოლხეთი ექვემდებარებოდა კაპადოკიის მთავარსარდლობას53 და აქ დისლოცირებული გარნიზონები ემორჩილებოდნენ კაპადოკიის ლეგატს. კაპადოკიის პროვინციაში კი იდგა ორი რომაული ლეგიონი XV აპოლლინარის (აპოლონისეული) და XII ფულმინატა (ელვისებური), რომელთა ძირითად შტაბ-ბინებს წარმოადგენდნენ შესაბამისად სატალა და მელიტენე54, ხოლო ამ ლეგიონების ცალკეული ვექსილაციები განლაგებულნი იყვნენ ტრაპეზუნტში55, სომხეთის ქალაქებში და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თითქმის მთელ მონაკვეთზე56. რამდენადაც კოლხეთის ზღვისპირა რომაული გარნიზონები ემორჩილებოდნენ კაპადოკიის მთავარსარდლობას, ეჭვს გარეშეა, რომ ისინიც დაკომპლექტებულნი იქნებოდნენ XII და XV ლეგიონების ცალკეული ქვედანაყოფებით, რასაც დოკუმენტურად ადასტურებს აქ აღმოჩენილი ამ ლეგიონების ტვიფრიანი აგურ-ფილების ფრაგმენტები57. ამასთან, იმპერიის სასაზღვრო-თავდაცვით სისტემაში დამხმარე და ლეგიონური ნაწილების (ვეხილლატიონ) ერთდროული განლაგება საკმაოდ მიღებული ფორმა ჩანს. ასე რომ, აფსაროსში დისლოცირებული რომაული გარნიზონის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც დამხმარე ჯარის ნაწილები, ასევე ლეგიონალური არმიის (XII და XV ლეგიონების) ცალკეული ვექსილაციებიც.
აფსაროსში ასეთი სერიოზული სამხედრო ძალის ყოფნა განპირობებული იყო მისი გეოგრაფიული მდებარეობით. აფსაროსს ჰქონდა დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, იგი იცავდა რომის ვასალურ ტერიტორიებს გაძლიერებული, უკვე ზიდრიტთა ოლქში დამკვიდრებული იბერიისაგან58, თვალყურს ადევნებდა დარიალის გადმოსასვლელს და საერთოდ კავკასიას59. თუ აფსაროსში კონცენტრირებული არ იქნებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები, ისეთი დაუმორჩილებელი სახელმწიფო, როგორიც იყო იბერია, მუდამ იქნებოდა საფრთხის წყარო რომისათვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში მცხოვრები ტომების, არიანეს მიერ მოხსენიებული სანების გააქტიურება, რომლებიც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდნენ იმპერიას60. ყოველივე ამასთან ერთად, აფსაროსი წარმოადგენდა საკაბოტაჟო ნავიგაციის უკიდურეს აღმოსავლეთ პუნქტს და რამდენადაც საზღვაო ტრანსპორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რომაულ სასაზღვრო სტრატეგიაში, ხოლო აფსაროსი უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი იყო, სადამდეც შეიძლებოდა ზღვით მისვლა, ის წარმოადგენდა ყველაზე ხელსაყრელ ადგილს კავკასიაზე სამეთვალყურეო ძალების კონცენტრაციისათვის61.
აფსაროსის გარნიზონს რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩანს იქიდანაც, რომ 135წ. სომხეთში ალანების წინააღმდეგ კამპანიის დროს არიანეს მიერ მობილიზებული კოჰორტების რიცხვში არ ყოფილა აფსაროსში დისლოცირებული ჩოჰორს II ჩლაუდიანა, მაშინ როდესაც ამ კამპანიაში მოწვეულნი იყვნენ რიზეს, ტრაპეზუნტისა და კოლხეთის სამხედრო ნაწილები62. როგორც ჩანს, არიანეს არ უნდოდა აფსაროსის გარნიზონის შესუსტება. მართლაც, ახლა ცნობილია ხუთი თუ ექვსი კოჰორტა, რომლებიც ეკუთვნოდნენ IIს. კაპადოკიის არმიას, მაგრამ მონაწილეობა არ მიუღიათ არიანეს საბრძოლო კამპანიებში63. შესაძლებელია, რომ ესენი იყვნენ აფსაროსში დისლოცირებული კოჰორტები64. მათი არყოფნა არიანეს მიერ ალანთა წინააღმდეგ თავმოყრილ ჯარებში იმით უნდა აიხსნას, რომ ისინი სტრატეგიულად ხელსაყრელ პოზიციაზე იყვნენ განლაგებულნი და შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ალანთა თავდასხმა ტრაპეზუნტზე და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე იბერიაში65.
ამის შემდეგ ჩვენ არაფერი ვიცით მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ რომთან ურთიერთობის შესახებ II ს. 60-იან წლებამდე, მაგრამ სავარაუდოა, რომ მათ შორის ანტონინუს პიუსის (138-161) დროსაც გრძელდებოდა კეთილმეზობლური ურთიერთობა და მტკიცე „მეგობრობა-მოკავშირეობა“, მითუმეტეს, რომ მარკუს ავრელიუსისა (161-180) და ლუციუს ვერუსის (161-169) ერთობლივი მმართველობის დროს მაკრონ-ჰენიოხთა „მეფე“ კვლავ ფიგურირებს წყაროებში, როგორც რომაელთა ერთგული მოკავშირე. დიონ კასიოსის ცნობით, იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა „სატრაპი ტირიდატე, რომელმაც აჯანყება მოახდინა არმენიაში და მოკლა ჰენიოხების მეფე და რომელმაც ხმალი აღმართა ვერუსის წინააღმდეგ, როდესაც უკანასკნელი ამ საქმეების გამო საყვედურობდა, სიკვდილით კი არ დასაჯა, არამედ მხოლოდ ბრიტანეთში გადაასახლა“.66
სატრაპ ტირიდატეს აჯანყების შესახებ სხვა წყაროებში ცნობები დაცული არ არის, დიონ კასიოსის ეს ცნობა კი მეტისმეტად მშრალია და არ იძლევა ამ ფაქტის დაწვრილებით შესწავლის საშუალებას. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დიონ კასიოსის მიერ აღწერილ ამ ეპიზოდს ადგილი უნდა ჰქონოდა მარკუს ავრელიუსის მმართველობისას რომსა და პართიას შორის გაჩაღებული საკმაოდ ხანგრძლივი ომის დროს (161-166წწ.)67, რომლის მიზეზიც კვლავ არმენია გახდა. 161წ. პართიის მეფე ვოლოგეზ III (150-193) შეიჭრა სომხეთში68 და სწრაფად გატეხა რა რომაელების წინააღმდეგობა, სომხეთის ტახტზე არშაკიდი უფლისწული პაკორი აიყვანა. პართელთა აგრესიის საპასუხოდ კაპადოკიის მმართველმა გაიუს სტადიუს სევერიანუსმა თავისი ლეგიონებით გადალახა ევფრატი, მაგრამ ქ. ელეგეიასთან მომხდარ ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ, თვითონ სარდალმა კი თავი მოიკლა69. პართიის ჯარებმა წარმატებით განაგრძეს სვლა სამხრეთ-დასავლეთისაკენ და შეიჭრნენ სირიაში70. რომაელთა სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა აღმოსავლეთში კატასტროფული აღმოჩნდა. ასეთ სიტუაციაში მარკუს ავრელიუსმა და მისმა გარემოცვამ მიიღეს გადამჭრელი ზომები და აღმოსავლეთში დუნაისა და თვით რაინის არმიებიდან გადასროლილ იქნა საუკეთესო ლეგიონები, ყველაზე გამოცდილი მხედართმთავრების მეთაურობით. აღმოსავლეთის რომაული არმიის მთავარსარდლობა დაეკისრა ერთ-ერთ თანამმართველსა და იმპერატორს ლუციუს ვერუსს71, მაგრამ, ფაქტობრივად, საომარ ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ ნიჭიერი სარდლები: სირიის ლეგატი ავიდიუს კასიუსი და კაპადოკიის მმართველები _ ჯერ სტაციუს პრისკუსი, ხოლო შემდეგ მარციუს ვერუსი72. სწორედ ამ უკანასკნელს იხსენიებს დიონ კასიოსი ჩვენთვის საინტერესო ცნობაში. ამ სარდლების ენერგიული მოქმედების წყალობით რომაელებმა მოახერხეს ომის მსვლელობის მათთვის სასარგებლოდ შემობრუნება. 163წ. დაიწყო რომაელთა კონტრშეტევა. რომაული არმიის კაპადოკიურმა ფრთამ სტაციუს პრისკუსის მეთაურობით სწრაფად აიღო არტაშატი73 და არმენიის ტახტზე აიყვანა წარმოშობით არშაკიდი, მაგრამ ყოფილი რომაელი სენატორი სოჰემი, რომლის მეფედ კურთხევა უზრუნველყო კაპადოკიის ახალმა ლეგატმა მარციუს ვერუსმა74. მომდევნო 164წ. რომაელები გადავიდნენ საერთო შეტევაზე და ევფრატის ხაზზე პართელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეიჭრნენ მესოპოტამიაში. ავიდიუს კასიუსის მეთაურობით რომაელებმა აიღეს სელევკია75 და ქტეზიფონი76. ცენტრალური შუამდინარეთის აღების შემდეგ ავიდიუს კასიუსმა მოწინავე რომაული ჯარებით განაგრძო წინსვლა აღმოსავლეთისაკენ, გადალახეს ტიგროსი და შეიჭრნენ მიდიაში. მაგრამ რომაელთა ტრიუმფალური ლაშქრობა შეაჩერა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც მოულოდნელად იფეთქა რომაულ არმიაში77. ჯარისკაცთა მასიურმა სიკვდილიანობამ აიძულა კასიუსი უკან დაბრუნებულიყო. მომავალ სამხედრო მოქმედებებზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა და 166წ. დადებულ იქნა ზავი, რომელმაც სათვალავში მიიღო რომაელთა წარმატებები78.
სწორედ პართია-რომს შორის მიმდინარე ამ ომის დროს უნდა ჰქონოდა ადგილი ტირიდატეს აჯანყებას. გ. მელიქიშვილი ამ აჯანყების თარიღად 172-173წწ. მიიჩნევს79, მაგრამ სამწუხაროდ არ უთითებს, თუ რას ეყრდნობა ეს მოსაზრება. ჩვენი აზრით, ნ. ლომოურმა საკმაოდ დამაჯერებლად აჩვენა, რომ დიონ კასიოსის თხზულების აღნიშნულ ეპიზოდს ადგილი უნდა ჰქონოდა არმენიისათვის ბრძოლის დროს. როგორც აღნიშნავს მკვლევარი, 166წ. პართიასთან ომი რომაელთა სრული გამარჯვებით დამთავრდა, ხოლო 167 წლიდან კაპადოკიაში უკვე ახალი ლეგატი _ ლუციუს კორნელიანე დაინიშნა80. რამდენადაც დიონ კასიოსის ცნობაში აღნიშნულია, რომ ტირიდატეს შეტაკება მოუხდა მარციუს ვერუსთან, ცხადია ეს შეიძლებოდა მხოლოდ 163-167 წლებს შორის მომხდარიყო, ვინაიდან სწორედ ამ წლებში მართავდა კაპადოკიას ვერუსი81. ამ აჯანყებისათვის შესაფერისი სიტუაცია კი ომის დროს, პაკორის გაძევების შემდეგ და სოჰემის გამეფებამდე უნდა ყოფილიყო. დროის ამ მონაკვეთში რომაელთა ძირითადი ძალები მესოპოტამიაში იმყოფებოდნენ და ესეც ხელსაყრელ გარემოებას ქმნიდა აჯანყებისათვის82.
მკვლევარის აზრით, ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტირიდატემ „მახვილიც კი აღმართა“ მარციუს ვერუსზე, ამ უკანასკნელს იგი ვერ დაუსჯია და მხოლოდ იმპერატორს გადაუსახლებია ის ბრიტანეთში. შესაძლებელია, რომ იმ დროს, როცა რომაელები პართიაში იბრძოდნენ, ვერუსს ძალა არ შესწევდა ტირიდატეს დასასჯელად83. ამავე გარემოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული ცნობა ტირიდატეს მიერ ჰენიოხთა მეფის მოკვლის შესახებ. სავარაუდოა, რომ მესოპოტამიაში სამხედრო ოპერაციებით დაკავებულმა რომაელმა სარდლებმა აჯანყების ჩაქრობა თავდაპირველად თავიანთ მოკავშირე ჰენიოხების მეფეს დაავალეს, მაგრამ იგი დაიღუპა აჯანყებულებთან ბრძოლის დროს84.
ჩვენ, როგორც აღვნიშნეთ, ვეთანხმებით მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ აჯანყებას ადგილი უნდა ჰქონოდა პართიასა და რომს შორის მიმდინარე ომის დროს, პაკორის გაძევების შემდეგ სოჰემის გამეფებამდე დროის შუალედში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ჰენიოხების „მეფე“ რომაელი სარდლების დავალების შემდეგ კი არ შეებრძოლა აჯანყებულებს, არამედ, როგორც ჩანს, იგი აჯანყების დაწყების დროს იმყოფებოდა სომხეთში და მას თავს დაატყდა აჯანყებულთა პირველი ტალღა. სავარაუდოა, რომ ჰენიოხთა „მეფე“ დაიღუპა აჯანყების დაწყებისთანავე, რასაც მოწმობს დიონ კასიოსის ცნობაც, რომლის კონტექსტიდანაც ირკვევა, რომ აჯანყების მოთავე ტირიდატემ ჯერ მოკლა ჰენიოხების „მეფე“, ხოლო შემდეგ „ხმალი აღმართა ვერუსის წინააღმდეგ, როდესაც ეს უკანაკსკნელი ამ საქმეების გამო საყვედურობდა“. ამრიგად, აჯანყებულთა მიერ ჰენიოხების „მეფის“ მოკვლა გახდა ერთ-ერთი მიზეზი ტირიდატეს ვერუსთან დაპირისპირებისა.
აჯანყების დაწყების დროისათვის ჰენიოხთა „მეფის“ სომხეთში ყოფნა იმით შეიძლება აიხსნას, რომ იგი თავის სამოკავშირეო დამხმარე ძალებთან ერთად მონაწილეობდა სომხეთისათვის ბრძოლაში და ირიცხებოდა სომხეთში დისლოცირებული რომაული საოკუპაციო ჯარის ნაწილების შემადგენლობაში. ჰენიოხების „მეფის“ სომხეთის ოკუპაციაში მონაწილეობა გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოსა“ და რომს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათს და რომსა და პართიას შორის ომის მსვლელობას.
როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკური ერთეულები სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კაპადოკიის რომაელი სარდლობის დაქვემდებარებაში იყვნენ და მათი ძირითადი მოვალეობა იყო საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ძალების გამოყვანა. ამდენად, მაკრონ-ჰენიოხების „მეფის“ მიერ გამოყვანილი სამოკავშირეო დამხმარე რაზმები კაპადოკიის ლეგატის სტაციუს პრისკუსის არმიის შემადგენლობაში იქნებოდა ჩართული, სომხეთის ანექსია კი, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ პრისკუსის ჯარებმა _ რომაული არმიის კაპადოკიურმა ფრთამ მოახდინა85. ასე რომ, ჰენიოხთა რაზმები რომაულ ლეგიონებთან და სხვა მოკავშირეთა ჯარებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სომხეთის დაპყრობაში. მართალია, თავისი სამოკავშირეო ვალდებულების საფუძველზე, ჰენიოხთა „მეფეს“ არ ევალებოდა არმენიის ტერიტორიაზე საგარნიზონო სამსახურის შესრულება და არმენიაზე რომაელთა კონტროლის უზრუნველყოფა, ეს, პირველ რიგში, რომაული გარნიზონებისა და რომის მიერ სომხეთის ტახტზე დასმული სოჰემის ფუნქციაში შედიოდა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, არმენიის დაპყრობით საომარი მოქმედებები არ დასრულებულა. ეს აქცია ფართომასშტაბიანი ომის მხოლოდ პირველ ეტაპს წარმოადგენდა, თანაც კაპადოკიის მმართველის სტაციუს პრისკუსის მიერ არტაშატის აღებასა და პართელი კანდიდატის პაკორის გაძევების (163წ.) შემდეგ რომაელებს არმენიის ტახტზე სოჰემი მაშინათვე არ დაუსვამთ. ამ უკანასკნელის მეფედ კურთხევა მოხდა ერთი წლის შემდეგ (164წ.)86. ასეთ პირობებში კი სრულიად შესაძლებელია, რომ ჰენიოხთა ჯარი დატოვებული ყოფილიყო არმენიაში და იმპერიის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად განეხორციელებინა მასზე კონტროლი, მითუმეტეს, როცა აღმოსავლეთში მყოფი ძირითადი რომაული ძალები ამ დროს საერთო შეტევაზე იყვნენ გადასული პართიის წინააღმდეგ და სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებდნენ მესოპოტამიაში. ეს უკანასკნელი გარემოება კი თავისთავად ხელსაყრელი იყო ანტირომაული გამოსვლისათვის და სატრაპ ტირიდატეს აჯანყების პირველი ტალღა, როგორც ჩანს, არმენიაში მყოფ ჰენიოხთა საოკუპაციო ჯარებს დაატყდათ თავზე, რასაც ემსხვერპლა კიდეც მათი მეფე.
აღნიშნული პერიოდის მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ რომთან ურთიერთობის შესახებ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ციხისძირში, იმ დროს მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ ტერიტორიაზე აღმოჩენილი განძის ერთ-ერთი ნივთი. ეს არის ოქროს შესაბნევი _ „აგრაფი“. მასში ჩასმულია ამოკვეთილი ქვა _ მთის ბროლი მამაკაცის გამოსახულებით მკერდამდე. ქვის ბუდე ბაჯაღლო ოქროსია და ოვალური ფორმისაა. ეს არის კოლექციის ყველაზე შესანიშნავი ნივთი87. ქვაზე ამოკვეთილი მამაკაცის პორტრეტი მკვლევართა მიერ იმთავითვე მიჩნეული იქნა რომის იმპერატორის ლუციუს ვერუსის გამოსახულებად88.
აღნიშნული ნივთის დიონ კასიოსის მიერ აღწერილ მოვლენებთან დაკავშირება სცადა ნ. ხოშტარიამ. მკვლევარის აზრით, დიონ კასიოსის „ცნობებიდან გამოდის, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე ომების დროს და კერძოდ, ახ.წ. 163წ. მოვლენათა დროს ჰენიოხები ლუციუს ვერუსის, ე. ი. რომაელების მომხრეები არიან. იმპერატორ ლუციუს ვერუსის გამოსახულება ციხისძირში ნაპოვნ მშვენიერ აგრაფზე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამის შედეგი და აღნიშნული დამოკიდებულების ნიშანი ჰენიოხებსა და ლუციუს ვერუსს ან რომაელებს შორის“.89 აღნიშნული გულსაკიდი ლუციუს ვერუსის პორტრეტით სწორედ მის მეფობას, თანაც მისი აღმოსავლეთში ყოფნის დროს უნდა ეკუთვნოდეს, ვინაიდან საეჭვოა, რომ ასეთი მაღალი ოსტატობით შესრულებულ ჩარჩოში მოთავსებული ლუციუს ვერუსის პორტრეტი უფრო გვიან გაჩენილიყო90. ნ. ხოშტარიას აზრით, „ჩვენ არ შეგვიძლია ჯერ ზუსტად ვთქვათ, ვინ იყო ის პირი, რომელიც დაუსაფლავებიათ ახ.წ. IIს. ციხისძირში... საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ეს ნაწილი ჯერ არ არის საკმარისად შესწავლილი იმისთვის, რომ გადავჭრათ როგორი იყო ამ მხარის მმართველობა აღნიშნულ ხანაში; არც ის ვიცით თუ სად იყო მისი ცენტრი, იყო აღნიშნული პირი „ჰენიოხების მეფედ“ თუ მხოლოდ მხარის მმართველად და სხვ.“91
მართალია, შავი ზღვის სანაპიროს ეს ნაწილი არ არის საკმარისად შესწავლილი, მაგრამ ვერ დავეთანხმებით მკვლევარს იმაში, რომ ეს არ იძლეოდეს იმის საშუალებას, გავარკვიოთ, თუ როგორი იყო ამ მხარის მმართველობა და სად იყო მისი ცენტრი. ჩვენ ზემოთ, ანტიკურ წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით, აღვნიშნეთ, რომ ამ პერიოდისათვის (ახ.წ. IIს.) აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეს ნაწილი შედიოდა მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც იყო მდ. პრიტანიდთან, დაახლოებით ქ. ათინასთან92, ხოლო რაც შეეხება ამ მხარის მმართველობას, ეს პოლიტიკური ერთეული ისეთივე დამოკიდებულებაში იმყოფებოდა რომთან, როგორც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა გაერთიანებები, რომლის არსი და ხასიათი ჩვენ ზემოთ უკვე განვიხილეთ. გარდა ამისა, მართალია, ჩვენ არ ვიცით, თუ ვის ეკუთნოდა ციხისძირის სამარხეული ინვენტარი, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, რომ იგი ყოფილიყო ჰენიოხების „მეფის“, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მეფის“ რეზიდენცია და სამეფოს ცენტრალური რაიონი უფრო სამხრეთით, მდ. პრიტანიდთან ყოფილა. ამდენად, ციხისძირში არ შეიძლებოდა ყოფილიყო „მეფის“ სამარხი. თუმცა ამ ფაქტს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნოდა ციხისძირის სამარხეული ინვენტარი, ლუციუს ვერუსის გამოსახულებიანი გულსაკიდის ჰენიოხთა ტერიტორიაზე აღმოჩენა მართლაც შეიძლება მიჩნეულ იქნას ჰენიოხების რომისადმი მოკავშირეობა-მეგობრობისა და 161-166წწ. პართიასთან ლუციუს ვერუსის მთავარსარდლობით მებრძოლი არმიისათვის აქტიური მხარდაჭერისა და ერთგულების ნიშნად.
ასე რომ, IIს. 60-იან წლებში მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“ აგრძელებს რომთან კეთილმეზობლურ, სამოკავშირეო ურთიერთობას, ამასთან იგი რომაული პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია აღმოსავლეთში, რაც ნათლად ჩანს დიონ კასიოსის ზემოთ მოტანილი ცნობიდან. ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ჰენიოხთა ტერიტორიაზე ლუციუს ვერუსის გამოსახულებიანი გულსაკიდის აღმოჩენაც. ჰენიოხების „მეფე“, როგორც ჩანს, ანქიალეს მემკვიდრე, აგრძელებს წინამორბედის პოლიტიკას, აქტიურად იბრძვის სომხეთში პართიის გაბატონების წინააღმდეგ, მონაწილეობს სომხეთის ოკუპაციაში და ანტირომაული აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპა კიდეც.
ამრიგად, ახ.წ. II ს. დასაწყისიდან ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბების შემდეგ, რომის ერთგული მოკავშირე აღმოსავლეთში ხდება მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფო“. ახლადჩამოყალიბებული გაერთიანების მმართველი წრეების ძირითად პოლიტიკურ ორიენტირს წარმოადგენდა ძლიერი რომის იმპერია და აქტიურ დახმარებას უწევდნენ მას აღმოსავლეთში წარმოებულ ომებში, რადგანაც, კარგად ესმოდათ რა რეგიონში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, თავიანთი „სამეფოს“ შემდგომი განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობად მიაჩნდათ რომის პოზიციების გამყარება და „რომაული წესრიგის“ კიდევ უფრო განმტკიცება აღმოსავლეთში.
შენიშვნები
1. М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии), автореферат диссертации, представленной на соискание ученной степени кандидата исторических наук, Тб., 1953, გვ. 14; Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Иберии, – „Вестник древней истории“, №4, 1991, გვ. 48.
2. М. П. Инадзе. К истории.., გვ. 14; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1966, გვ. 36-37; Í. ËÏÌÏÖÒÉ. დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში, _“, 6, 1999, გვ. 80.
3. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 365.
4. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 369, 379, 383; Â. ÌÄËÉØÉÛÅÉËÉ. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ახ. წ. პირველ საუკუნეებში. ლაზთა სამეფოს წარმოქმნა და განმტკიცება. – ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ, ტ. I, თბ., 1970, გვ. 552-553; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 23; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 224-225; È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 1995, გვ. 48.
5.. Aრრ., PPE, 11; ×ËÀÅÉÖÓ ÀÒÉÀÍÄ. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა Í. ÊÄàÀÙÌÀÞÉÓÀ, თბ., 1961, გვ. 42.
6. Aრრ., PPE, 11; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
7. Aრრ., PPE, 7.
8. Ó. ãÀÍÀÛÉÀ. თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, _ ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. III, თბ., 1959, გვ. 22-23.
9. Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 8-10; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 220-221.
10. Aრრ., PPE, 11.
11. Â. ÌÄËÉØÉÛÅÉËÉ. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
12. Dიო ჩასს., LXVIII, 19, 2;
13. N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ ოფ Pარტჰია, ჩჰი., 1938, გვ. 216.
14. Dიო ჩასს., LXVII, 17.
15. К. Крист. История времен римских императоров от Августа до Константина, т. I, Ростов-на-Дону, 1997, გვ. 406.
16. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, М., 1966, გვ. 234.
17. Dიო ჩასს., LXVIII, 17-19.
18. იქვე, LXVIII, 19, 2.
19. იქვე, LXVIII, 21; Eუტრ., Bრევ., VIII, 3.
20. Dიო ჩასს., LXVIII, 26; Eუტრ., Bრევ., VIII, 3.
21. Dიო ჩასს., LXVIII, 29-32.
22. იქვე, LXVIII, 29-32.
23. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 82, შენ. 2; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 227, შენ. 59.
24. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 135-136; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 183-184, 227.
25. თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს ფრომ ტჰე ჩაპპადოციან Lიმეს. – ინ „ჟოურნალ ოფ ღომან შტუდიეს“, LXIV, 1974, გვ. 165.
26. იქვე.
27. È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 49.
28. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 136; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 228.
29. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 228, შენ. 61.
30. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 228.
31. Aრრ., PPE, 11.
32. Eლ., შპარტ., Hადრ., XII, 6; Авторы жизнеописаний Августов, перевод С. П. Кондратьева, под ред. А. И. Доватура, – „Вестник древней истории“, №1, 1957, გვ. 262; Н. А. Машкин. История древнего Рима, М., 1948, გვ. 445-446; История древнего Рима, под ред. В. И. Кузищина, М., 1981, გვ. 222.
33. Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 32-33; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 232-233.
34. Â. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბ., 1991, გვ. 50.
35. Aრრ., PPE, 11; Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 369; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 192-193.
36. Aრრ., PPE, 6.
37. ×ËÀÅÉÖÓ ÀÒÉÀÍÄ. მოგზაურობა.., გვ. 35, გვ. 65, შენ. 12; М. И. Максимова. Античные города юго-восточного Причерноморья, М.-Л., 1956, გვ. 315; Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 376; Â. ÌÄËÉØÉÛÅÉËÉ. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 549; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 8, 36; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 228, შენ. 63; В. А. Леквинадзе. Понтийский лимес, – „Вестник древней истории“, №2, 1969, გვ. 77; О. О. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии, Тб., 1989, გვ. 339; თ. B. Mიტფორდ. ჩაპპადოცია ანდ Aრმენია Mინორ: Hისტორიცალ შიტტინგ ოფ ტჰე Lიმეს. – ინ „Aუფსტიეგ უნდ Nიედერგანგ დერ ღöმისცჰენ ჭელტ“, II, 7, 2, 1975, გვ. 165. გვ. 1202; ÌÉÓÉÅÄ, შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 163.
38. Aრრ., PPE, 9.
39. М. П. Инадзе. Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968, გვ. 246; Â. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 51.
40. Â. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 51.
41. М. П. Инадзе. Причерноморские города.., გვ. 246
42. В. А. Леквинадзе. Материалы по истории и архитектуре Апсарской крепости, – „Византийский временник“, т. XX, 1961, გვ. 230; ÌÉÓÉÅÄ, Понтийский лимес, გვ. 77 --78; ÌÉÓÉÅÄ, Монументальные памятники Западной Грузии I-VIIвв. – Автореферат докторской диссертации, М., 1973, გვ. 7.
43. Â. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 51; È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 56.
44. È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 56.
45. М. Спейдел. Древнейший манускрипт с территории СССР. Письмо из римской крепости Апсар, – Вестник древней истории, №4, 1985, გვ. 176-178; Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი. II საუკუნის გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფაზისში, _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ÌÀÝÍÄ, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, №1, 1985, გვ. 135-136.
46. Ì. áÀËÅÀÛÉ. რომაული გარნიზონები აფსაროსში, _ „ËÉÔÄÒÀÔÖÒÖËÉ ÀàÀÒÀ“, №11, 1999, გვ. 112-115; Û. ÌÀÌÖËÀÞÄ, Ì. áÀËÅÀÛÉ, Ë. ÀÓËÀÍÉÛÅÉËÉ. აფსაროსის რომაული გარნიზონები, _ „ÊÀÅÊÀÓÉÉÓ ÌÀÝÍÄ“, №2, 2000, გვ. 91-92.
47. ჩორპუს Iნსცრიპტიონუმ Lატინარუმ, ვ. X, 1, №1202.
48. М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 177-178; Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 136.
49. Ì. áÀËÅÀÛÉ. რომაული გარნიზონები აფსაროსში, გვ. 112-115; Û. ÌÀÌÖËÀÞÄ, Ì. áÀËÅÀÛÉ, Ë. ÀÓËÀÍÉÛÅÉËÉ. აფსაროსის რომაული გარნიზონები, გვ. 92-93.
50. В. А. Леквинадзе. Понтийский лимес, გვ. 77; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 229; Â. ËÏÒÈØÉ×ÀÍÉÞÄ. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 48, 52; È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 56.
51. В. А. Леквинадзе. Римский кирпич со штампом из Цихисдзири. – Сообщения академии наук Грузинской ССР, XLV, №3, 1967, გვ. 799; Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 138; È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 68.
52. В. А. Леквинадзе. Римский кирпич.., გვ. 798; В. А. Леквинадзе. Понтийский лимес, გვ. 87.
53. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 365.
54. О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72), – „Вестник древней истории“, №2, 1955, გვ. 70; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 357-358, შენ. 1; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 163-168.
55. М. И. Максимова. Античные города.., გვ. 316; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 163.
56. È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 63.
57. იქვე, გვ. 62-63.
58. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 376-377; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 36; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 229.
59. М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 177-178; Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 136; È. ÈÏÃÖÀ. რომაული სამყარო.., გვ. 55.
60. Aრრ., PPE., 11; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 229; М.
Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 178.
61. Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 137; М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 178.
62. Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 137-138; М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 178.
63. Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 138; М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 178-179.
64. Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 138; М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 179.
65. Ì. ÛÐÀÉÃÄËÉ. კავკასიის საზღვარი.., გვ. 138; М. Спейдел. Древнейший манускрипт.., გვ. 179.
66. Dიო ჩასს., LXXI, 14, 2; დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 83.
67. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 140; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 230.
68. ჟულ. ჩაპიტ., Mარც. Aურ., VIII, 6; „Вестник древней истории“, №2, 1957, გვ. 254.
69. Dიო ჩასს., LXXI, 2.
70. Dიო ჩასს., LXXI, 2; ჟულ. ჩაპიტ., Vერუს, VI, 9; „Вестник древней истории“, №3, 1957, გვ. 225.
71. ჟულ. ჩაპიტ., Mარც. Aურ., VIII, 9.
72. ჟულ. ჩაპიტ., Mარც. Aურ., VIII, 12; ჟულ. ჩაპიტ., Vერუს, VII, 1; Eუტრ., Bრევ., VIII, 10; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 366-367.
73. ჟულ. ჩაპიტ., Mარც. Aურ., IX, 1; Dიო ჩასს., LXXI, 3.
74. М. И. Ростовцевъ. Новыя латинскიя надписи съ юга Россიи, – Извъстიя Императорской археологической комиссიи, вып. 33, 1909, გვ. 13-14; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 366-367; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 230.
75. ჟულ. ჩაპიტ., Vერ., VIII, 3; Eუტრ., Bრევ., VIII, 10.
76. Dიო ჩასს., LXXI, 2.
77. ჟულ. ჩაპიტ., Vერ., VIII, 1-3; Aმმ., Mარც., XXIII, 6, 24.
78. ამ ომის შესახებ დაწვრილებით იხ.: Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 366-368; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 268-277.
79. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372.
80. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 140; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 230-231.
81. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 140; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 231.
82. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 141; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 231.
83. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 141.
84. იქვე; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 231.
85. ჟულ. ჩაპიტ., Mარც. Aურ., IX, 1; Dიო ჩასს., LXXI, 3.
86. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 367.
87. Í. áÏÛÔÀÒÉÀ. ციხისძირი ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, თბ., 1962, გვ. 8.
88. Б. В. Фармаковский. Случайные находки и приобретения, Кутаисская Губерния. – Отчет Археологической Комиссии, 1907, СПб., 1910, გვ. 117; М. И. Максимова. Античные резные камни Эрмитажа. – Путеводитель по выставке, Государственный Эрмитаж, Л., 1926, გვ. 91.
89. Í. áÏÛÔÀÒÉÀ. ციხისძირი.., გვ. 27.
90. იქვე, გვ. 28.
91. იქვე, გვ. 27-28.
92. Aრრ., PPE, 7; Ó. ãÀÍÀÛÉÀ. თუბალ-თაბალი.., გვ. 22-23.
Комментариев нет:
Отправить комментарий