вторник, 27 декабря 2016 г.

ადრექრისტიანული ხანის ბიჭვინთა და მისი „ქვეყანა“ (ი. ბერძენიშვილი)

აფხაზეთი, ისე როგორც მთლიანად დასავლეთი საქართველო, როგორც ანტიკურ, ისე ადრებიზანტიურ ხანაში განიცდიდა რომისა და, შემდეგ, ბიზანტიის პოლიტიკურ და კულტურულ გავლენას. ყოველივე ამან, თავისი ასახვა ჰპოვა, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე კულტურულ სფეროში, ხელოვნებასა და ხუროთმოძღვრებაში.
აფხაზეთი ძველთაგანვე ცნობილი იყო, როგორც პირველი ქრისტიანების გადასახლების ადგილი საეკლესიო ტრადიციით კი აქ სამისიონერო მოღვაწეობას ეწოდნენ ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი. უძველესი ეკლესიები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, უპირველეს ყოვლისა, ზღვის სანაპიროზე არსებულ გამაგრებულ პუნქტებში ჩნდება. ეს პუნქტები რომაულ-ბიზანტიური პოლიტიკის საყრდენს წარმოადგენდა ამ რეგიონში. ქრისტიანობის გავრცელების საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აქ რომაული გარნიზონების არსებობამ, რომელთა მიზანს, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილებაში ყოლა და, მეორეს მხრივ, ჩრდილოეთიდან მოძალებული მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან იმპერიის საზღვრების დაცვა წარმოადგენდა.
ამასთან, ცნობილია, რომ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში ჩაყენებული გარნიზონები უმეტესად მცირეაზიელებით იყო დაკომპლექტებული. მცირე აზია კი ის რეგიონია, სადაც თავდაპირველად გავრცელდა ქრისტიანული იდეები და, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ მყოფ ჯარისკაცთაგან ბევრი იქნებოდა ამ იდეებს ნაზიარები. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ იმპულსების მიმცემნი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ქრისტიანული მსოფლმხედველობისა და იდეებისა. გარდა ამისა, აფხაზეთი, როგორც ცნობილია, რომის იმპერიისაგან დევნილი პირველი ქრისტიანების გადასახლების ადგილს წარმოადგენდა, რაც აგრეთვე ხელისშემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო აქ ახალი მრწამსის გავრცელება-დამკვიდრების საქმეში.
წერილობითი წყაროების მიხედვით (ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეთა სია) IV ს.-ში ბიჭვინთაში უკვე არსებობდა ორგანიზაციულად გაფორმებული ადრექრისტიანული თემი, რაც არქეოლოგიური აღმოჩენებითაც დადასტურდა. IV-VI სს.-ში ბიჭვინთასა და მის მიდამოებში 9 ქრისტიანული ტაძარი შენდება. VI ს.-დან კი აქტიურად იშლება საეკლესიო მშენებლობა მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, როგორც ზღვისპირა ზოლში (ცანდრიფში, გაგრა, ანაკოფია, მიუსერა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა), ასევე აფხაზეთის მთისწინა და მთიან რეგიონებში (ხაშუფსე, ლიხნი, დრანდა, ჯგერდა, წებელდა). ბიჭვინთა უაღრესად რთულ და საინტერესო ძეგლთა კომპლექსს წარმოადგენს. დასახლებათა ეს სისტემა ქალაქის ზღუდის გარეთაც ფართოდ ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ეკონომიკურ „ქვეყანაში“ მოსახლეობის გარკვეულ კონცენტრაციას გულისხმობს. სწორედ ამაზე მეტყველებს მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბიჭვინთის კონცხზე გამოვლენილი ტაძრების სიმრავლე, რაც იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ სამწყსოს ძირითად კონტიგენტს აქ რომაელ ჯარისკაცებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეადგენდა. უშუალოდ გალავნის შიგნით, ე.წ. III უბანზე, რომელიც ბიჭვინთის ნაქალაქარის ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 4 სხვადასხვა დროის ეკლესიის ნანგრევებია დადასტურებული, რომლებიც ერთიმეორეზეა დაშენებული. ბიჭვინთის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, მათ შორის მოზაიკა, სხვადასხვაგვარადაა დათარიღებული, მაგრამ ძირითადი ქრონოლოგიური ჩარჩოები IV-VI სს.-ებით არის განსაზღვრული.
ნაქალაქარის ე.წ. ეკლესიების უბნის, III ნაკვეთის, სტრატიგრაფიულ სურათში გარკვეული სიცხადე შეიტანა 1970-73 წლების საველე სამუშაოებმა, დადასტურდა ურთიერთმონაცვლე 5 სამშენებლო დონე1. ბიჭვინთის უძველესი ეკლესია (ქვემოდან II სამშენებლო დონე) წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, ნახევარწრიული აფსიდით შენობის მთელ სიგანეზე. ნაგებობის ზომებია: 25X10მ, კედლის სისქე 0,8მ. ეკლესიის აფსიდაში აღმოჩნდა ადრექრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელიც ნ. უგრელიძის მიერ საგანგებოდ იქნა შესწავლილი და IV ს. პირველი ნახევრით განსაზღვრული2. ი. ციციშვილის მიერ ეს ბაზილიკა IV ს. დასაწყისით თარიღდება3. ძეგლის უახლოეს ანალოგს ნოქალაქევში გამოვლენილი უძველესი ეკლესია წარმოადგენს – დარბაზული ნაგებობა ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც IV ს. I ნახევრით თარიღდება4. რ. რამიშვილის აზრით, ბიჭვინთის უძველესი ეკლესია სტრატიგრაფიული მონაცემებით და არქეოლოგიური მასალებით შეიძლება დათარიღდეს III ს. 70-80-იანი წლებით და ნასტაკისის III ს. II ნახევრით დათარიღებულ დარბაზულ ეკლესიასთან ერთად უნდა ჩაითვალოს უძველეს ქრისტიანულ ნაგებობად საქართველოს ტერიტორიაზე5.
III-IV სს.-ში ბიჭვინთა მძლავრ აღმავლობას განიცდის, თუმცა IV ს. 70-იან წლებში ჰუნების დამარბეველმა ლაშქრობამ დიდი დარტყმა მიაყენა მას, რაც კარგად დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებით, გლიპტიკური ძეგლების და ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. ბიჭვინთის სამაროვანზე III-IV სს. 26 ბეჭედია აღმოჩენილი, IV ს. 70-იანი წლებიდან მოყოლებული Vს. ჩათვლით საბეჭდავი ბეჭდები არ მოგვეპოვება, VI ს. მხოლოდ ერთი ფარაკიანი ბეჭედია ცნობილი იუსტინიანე I-ის გამოსახულებით6. IV საუკუნე ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალის უჩვეულო სიუხვით (500-ზე მეტი მონეტა) გამოირჩევა, რომელთა უმრავლესობა (104) ანტიოქიაშია მოჭრილი, რაც კარგად ადასტურებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ორ ადრექრისტიანულ ცენტრს ანტიოქიასა და ბიჭვინთას – შორის. თითქმის თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი მცირე აზიის ქალაქების: ნიკომედიის (48), ქიზიკისა (44) და კონსტანტინოპოლის (40) საფასეები; საინტერესოა, რომ IVს. მონეტებიდან არც ერთი ცალი არაა მოჭრილი საკუთრივ რომის ზარაფხანაში7.
IV ს. დამდეგისთვის, როგორც ცნობილია, მთელი აღმოსავლეთის ეკლესიების ცენტრი ანტიოქია იყო. მისი სულიერი გავლენა ვრცელდებოდა არა მარტო მცირე აზიაზე, პონტოსა და აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, არამედ სპარსეთზე, სომხეთსა და საქართველოზე8. სწორედ ამ უჩვეულო აღმავლობის პერიოდში იგება მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა (ქვემოდან III სამშენებლო დონე). იგი უძველეს ბაზილიკაზეა დაშენებული და წარმოადგენს დიდ სამნავიან ნაგებობას ხუთწახნაგოვანი რამდენადმე ასიმეტრიული აფსიდით და ნართექსით, სადაც სანათლავია გამართული, მარმარილოს სვეტებით და მდიდარი მორთულობით, მოზაიკური იატაკით, რომელიც ყველაზე უკეთ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში და ნართექსში შემოინახა. ბაზილიკის ზომებია: 28,03X13,2მ. ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი და საკურთხეველში დაცული ორი ბერძნული წარწერა ადრექრისტიანული აფხაზეთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს. პირველად ამ მოზაიკას იხსენიებს 1915 წელს ა. ზოტოვი. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV-VI სს.-ით არის დათარიღებული. ჩვენის აზრით, გასაზიარებელია მოზაიკისა და წარწერის ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული თარიღი – IV ს. დასაწყისი9. ეს ბაზილიკაც, სავარაუდოდ, IV ს. პირველ მეოთხედშია აგებული და იგი სტრატოფილე ბიჭვინთელის რეზიდენციას წარმოადგენდა10.
IV ს. შუა ხანებში ბიჭვინთამ დიდი ნგრევა განიცადა, პირველი მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა მთლიანად დანგრეულია, მაგრამ იმავე IV ს.-ში ტაძარი კვლავ აღუდგენიათ: იცვლება აფსიდის ფორმა, იქმნება ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდა, მცირდება ტაძრის ნართექსი, მარმარილოს სვეტებს ცვლიან ბურჯები აგურის შრეების დატანებით. შენობის ზომებია: 28,4X14,6მ, კედლის სისქე 0,90-1,10მ. კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ამოყვანილია მქისედ დამუშავებული ზღვური კონგლომერატის ბლოკებით კირის სქელ დუღაბზე. ყველგან დაცულია რიგების ჰორიზონტალობა და წყობაში ქვის გადაბმა. აფსიდის კონგლომერატის ბლოკების წყობაში აგურის ორი რიგის შრეებია დატანილი. შიგნიდან კედლები შელესილი ყოფილა და მოხატული ფრესკებით. კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები – ყავისფერი და წითელი ფერის კვალით აღმოჩნდა საკურთხევლის ნაწილში და ჩრდილოეთის ნავში. მოზაიკური იატაკის გადარჩენილი უბნები კვლავ გამოიყენება, განადგურებული ადგილები კი კერამიკული ფილებით იფარება. ამავე დროსაა აგებული ამ უბნის გალავანი, რომელმაც ტაძარი, აბანო და სხვა ნაგებობანი შიგნით მოიქცია11.
IV ს. ბოლო მესამედში ბიჭვინთა ძირფესვიანადაა აოხრებული, რადგან ყველაზე მძლავრი ზედა ნახშირ-ნაცროვანი ფენა უშუალოდ ფარავს IV ს. არქეოლოგიური მასალების შემცველ ფენას. როგორც ჩანს, ჰუნთა ურდოების ერთი მძლავრი ტალღა კავკასიის შავიზღვისპირეთსაც გადმოწვდა. ტაძარიც სრულიად განადგურებულია, იგი უკვე აღარ აღუდგენიათ, შუა და ჩრდილოეთ ნავში ხუთი ადრექრისტიანული სამარხია ჩაშვებული12.
VI ს. პირველ მესამედში ბიჭვინთაში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა, აშენდა ყველაზე ზედა სამშენებლო დონის კუთვნილი ეკლესია, რომელიც იმავე საკუნის 40-იან წლებში, სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ბიზანტიელების მიერვე იქნა დანგრეული ქალაქის გალავანთან ერთად. ესაა დარბაზული ნაგებობა, სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდით და ნართექსით. შენობის ზომებია: 17,45X11,6მ. კედლები დაახ. 1მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი თავისი აფსიდით ღრმად იჭრება ძველი ბაზილიკის ნართექსში. ეკლესიის სივრცე კედლების ღრმა შვერილებით (1,92-1,96მ) ორ ნაწილად იყოფა. გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით, რასაც ჩამოქცეული კამარის დიდი ფრაგმენტი მოწმობს. სახურავი კრამიტისა იყო. კედლები ნაგებია კონგლომერატის ბლოკებით კირის დუღაბზე, თუმცა წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც, წყობა წესიერია, დაცულია რიგების ჰორიზონტალობა. კედლები შელესილი ყოფილა, რასაც ბათქაშის შემორჩენილი უბნები მოწმობს13.
ნაქალაქარის ზღუდის გარეთ, მის უშუალო სიახლოვეს, ჯერ კიდევ ქალაქის ფუნქციონირების პერიოდში ჩნდება დასახლება. იგულისხმება Xს. საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, მისგან დასავლეთით 40 მ-ის მანძილზე 1980-81 წლებში გ. ლორთქიფანიძისა და ზ. აგრბას მიერ გაითხარა ადრექრისტიანული ტაძრების კიდევ ერთი კომპლექსი, სადაც ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. პირველი პერიოდი V-VIსს.-ით თარიღდება, მეორე კი – VI-VII სს.-ით. ბიჭვინთის დიდი ტაძრის მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1925 წელს ა. ბაშკიროვმა ჩაატარა. შედეგად, მან მიაკვლია დიდი ბაზილიკური ტიპის სამნავიანი და სამაფსიდიანი ტაძრის ნანაგრევებს, რომელიც გვიანბიზანტიური ეპოქით დაათარიღა14. 1925 წელს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა სამხრეთი ფასადის კედლის ფრაგმენტები და ორი გვერდითი 4,10მ-ის სიგანის აფსიდები (ისინი, ბაშკიროვის მიხედვით, გეგმაში ნახევარწრიულია) აგებული ქვიშაქვის კვადრებით, გამუყენებულია აგურის სარტყლებიც, რომელთა რაოდენობა 2-დან 4 რიგამდე მერყეობდა. გათხრები მას ჩაუტარებია ამ ორ აფსიდას შორის, სადაც ცენტრალურ საკურთხეველს ვარაუდობდა. მან დააფიქსირა აფსიდის კედლის საძირკველი და საკურთხევლის „ფსევდო-მოზაიკური“ იატაკი. ამ ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევებში ექსპედიციამ მიაკვლია ადრებიზანტიურ, იონიური ტიპის მასიურ კაპიტელს15, რომლის ახლო პარალელია ვაშნარის ბაზილიკის მცირე მარმარილოს სვეტისთავი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება16. აღნიშნული ბაზილიკა ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ახ.წ. VI-VII სს.-ით დაათარიღა. ძეგლი სამაფსიდიან ბაზილიკას წარმოადგენს. მისი ზომებია: 17,5X7,60მ. კედლების სისქეა 0,80მ. წყობა შერეულია, ჩრდილოეთი კედელი ოპუს მიხტუმ-ითაა ნაგები, აგურის 4 რიგის გამოყენებით. შეიმჩნევა რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი, რაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ძეგლის ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე მიუთითებს, VI ს.-დან დაწყებული, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე17. სამხრეთ აფსიდის ქვეშ ექსპედიციამ გამოავლინა კიდევ უფრო ადრეული (6,1მ სიგანის, სიგრძე ვერ დგინდება), V-VIსს. მცირე ეკლესიის ნანგრევები, ესაა დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. აქვე აღმოჩნდა მარმარილოს პროფილირებული ბაზა, სვეტის ძირი და სხვა ნაწილები18. ეკლესიის აღმოსავლეთით, ისევე როგორც თავად ტაძარში, დადასტურდა რამდენიმე უინვენტარო ადრექრისტიანული სამარხი. სამარხები ძირითადად ბრტყელი კრამიტით, აგურითა და ქვიშაქვის ფილებით იყო ნაგები. ჩრდილოეთი აფსიდის დასავლეთით გაითხარა მონოლითური ქვის ანთროპომორფული ფორმის სარკოფაგი, მისი ზომებია: 2X0,4X0,3მ, კედლების სისქეა 5სმ. ყველა სამარხი ქრისტიანული წესის დაცვითაა გამართული19.
ბიჭვინთის ნაქალაქარიდან 400-500მ მანძილზე სამხრეთით 1963 წელს თ. მიქელაძის მიერ გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი გეგმით უჩვეულოა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს, აღმოსავლეთით ორი, სრულიად ტოლი გაზიდული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. შენობის ზომებია: 28,5X14მ. კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, აქა-იქ აგურის გამოყენებით. აფსიდასა და კედლების გაყოლებით მერხები შემოინახა. ტაძარს აქვს ექვსი შესასვლელი: ორ-ორი სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შუაში პილასტრები აქვთ. ტაძრის ცენტრში, ძირითადი პილასტრების გადაკვეთაზე დგას მძლავრი სწორკუთხა ბურჯი. ეკლესიის შიდა მოპირკეთებაში, გამოყენებული ყოფილა თეთრი მარმარილო. აღმოჩნდა მცირე ზომის მთლიანი ქვისგან ნაკეთები სვეტები, რომელთაც ოთხკუთხა ბაზა აქვთ და ცილინდრული კორპუსი. ეს უკანასკნელი ორნამენტირებულია20.
ბიჭვინთის ორნავიანი ბაზილიკის ყველაზე ახლო პარალელია ქუთაისის ორნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია (თავდაპირველად იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო). ო. ლანჩავა საერთო მონაცემებით ქუთაისის ორნავიანი ეკლესიის ფუნქციონირებას VI-VII სს.-ით განსაზღვრავს21. თ. მიქელაძის აზრით, ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია V ს. დასასრულსა და VI ს. დასაწყისში უნდა აეგოთ, ხოლო XII ს.-ში ძეგლი, როგორც ჩანს, წყვეტს არსებობას, რასაც სამხრეთი ნავის დასავლეთი კარის ზღურბლზე კედლებისა და გადახურვის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი იმპერატორ ნიკიფორე III ბოტანიატეს (1078-1081წწ.) 5 ოქროს მონეტა ადასტურებს22.
ბიჭვინთის კონცხს განეკუთვნება კიდევ ერთი არქიტექტურული კომპლექსი სოფ. ალაჰაძეში, „აჰაშნიხ“ ბორცვზე. ნანგრევები სოფ. ალაჰაძის ტერიტორიაზე დიდი ხანია იქცევდა სიძველეების მოყვარულთა და მოგზაურთა ყურადღებას. მაგ., XIX ს. 80-იან წლებში ალაჰაძეში მიკვლეულმა ნანგრევებმა პ. უვაროვას ყურადღება მიიქცია და, როგორც ცნობილია, 1886 წელს მან დაიწყო ამ ნანგრევების გათხრა-გაწმენდა, მოხერხდა ამ ნაგებობის გეგმის მოხაზვაც. პ. უვაროვას მიერ გამოქვეყნებული მასალა ეჭვს არ იწვევს, რომ გაწმენდილი ნაგებობა იყო სამაფსიდიანი მცირე ეკლესია. ამ ეკლესიის გათხრისას პ. უვაროვას არქეოლოგიური მასალა არ შეხვედრია. ამის გამო გამთხრელი თვლიდა, რომ მის მიერ გამოვლენილი მცირე ეკლესია თავის დროზე უნდა გაეძარცვათ და მერე დაენგრიათ23.
საინტერესო დაკვირვებები აქვს აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მკვლევარს ი. აძინბას. იგი თვლიდა, რომ პ. უვაროვას მიერ გაწმენდილი პატარა სამაფსიდიანი ეკლესია ადრე შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა. ი. აძინბამ სცადა ტოპონიმის, ბორცვის სახელის _ „აჰაშნიხ“ _ ახსნა _ „ახაშ“ _ აფხაზურად ნიშნავს ტყის მსხალს, „ნიხა“ _ ხატს, ღვთაებას24.
1970 წელს საძიებო თხრილების გაჭრისას სამაფსიდიანი მცირე ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთით ორიოდე მეტრზე აღმოჩნდა დიდი სამნავიანი ტაძრის ნანგრევები25. ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობის ისტორიის აღდგენა შესაძლებელი გახდა 1985-86 წლებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად26. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის სამი ეკლესია. #1 ეკლესია დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. მისი გარეთა ზომებია: 50X28მ. ცენტრალური აფსიდა შვიდწახნაგოვანია, გვერდითები კი _ ნახევარწრიული. დასავლეთით მოთავსებულია ნართექსი, რომლის სიგანე მხოლოდ ცენტრალური ნავის სიგანეს უდრის. გვერდითი ნავები ვიწროა. საყრდენ ფუნქციას ასრულებდა მასიური ბოძების 5 წყვილი. ბაზილიკის კედლები ნაგებია ოპუს მიხტუმის ტექნიკით, გამონაკლისს წარმოადგენს აფსიდა, რომელიც თლილი კირქვით არის ნაგები (გარდა ცენტრალური აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილის ფრაგმენტისა, სადაც აგურის წყობაა გამოყენებული). მშენებლობისას გამოყენებულია თავისებური ელემენტი _ კერამიკული ყუთები, რომელთაც შესაძლოა, ანტისეისმური დანიშნულება ჰქონდათ. ალაჰაძის ბაზილიკას ელინისტური ტიპის ბაზილიკის ნიშნები ახასიათებს. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ნივნივისებური გადახურვა, ნართექსის არსებობა, შუა ნავის სიმაღლე გვერდითებთან შედარებით; ხმელთაშუა ზღვის ელინისტური ბაზილიკებისაგან ალაჰაძის ბაზილიკა განსხვავდება მასიური ბოძების არსებობით (ნაცვლად კოლონებისა), რომლებიც თაღებს უკავშირდება და არა არქიტრავს27.
ოპუს მიხტუმ-ის წყობით ალაჰაძის ბაზილიკა ანალოგებს პოულობს როგორც საკუთრივ თანამედროვე აფხაზეთში (პიტიუნტი, ანაკოფია, გიენოსი), ისე დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებში (არქეოპოლისი, პეტრა, ვაშნარი) შესწავლილ ამავე პერიოდის ძეგლებთან. უფრო მეტიც, ეს წყობა საერთოდ დამახასიათებელია შავიზღვისპირეთის ელინისტური ბაზილიკებისათვის28.
დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში უმთავრესად გამოიყენება ბოძები, და არა კოლონები29. აგურისა და კვადრების შერეული წყობა და თაღებში მხოლოდ აგურის გამოყენება ალაჰაძის ბაზილიკას აკავშირებს მცირე აზიის გვიანანტიკურ არქიტექტურულ ტრადიციებთან. მასიური ბოძები, მძლავრი კედლები (დასავლეთის კედელი 1,8 მეტრს აღწევს სიგანეში), ნართექსის  ფორმა, კედლის წყობაში კერამიკული ყუთების გამოყენება ამ ძეგლის ინდივიდუალურ ხასიათზე მიუთითებს. ძეგლი VIს. პირველი ნახევრით თარიღდება30.
ალაჰაძის #2 ეკლესია #1 ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა. #2 ეკლესიამ დაიკავა #1 ეკლესიის მხოლოდ ცენტრალური ნავი. სწორედ ეს ეკლესია აღმოჩნდა 1970-1971წწ. გათხრების შედეგად. ეს ეკლესიაც სამნავიანი ბაზილიკაა, ერთი აფსიდით, უორნამენტო ფასადით და ორფერდა გადახურვით. ძეგლი მიახლოებით VIII-IXსს.-ით თარიღდება. მან უფრო ხანგრძლივად იარსება, ვიდრე პირველმა ბაზილიკამ. ეს კამაროვანი ბაზილიკა ნართექსის გარეშე გამოხატავს ბაზილიკური ფორმის ევოლუციის პროცესს. ბაზილიკაში ელინისტური ნიშანთვისებები ადგილს უთმობენ აღმოსავლურს31. ალაჰაძის #3 ეკლესია აიგო მაშინ, როცა #2 ეკლესია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. იგი განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ტიპს, ოთხი საყრდენით. ნაგებობის გარეთა ზომებია: 20,7X11,6მ. აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია სამაფსიდიანი სკურთხეველი. აფსიდები გარედან ნახევარწრიული ფორმისაა, შიგნიდან კი ნალისებური. სამივე აფსიდას ჰქონდა ბემა. ეკლესია ნაგებია თლილი კირქვისაგან, თაღებში გამოყენებულია აგური. აქაც გვხვდება კერამიკული ყუთები, რომლის შესახებ ჯერ კიდევ პ. უვაროვა აღნიშნავდა32, მაგრამ ისინი უფრო უხეშადაა შესრულებული, ვიდრე #1 ეკლესიაში აღმოჩენილი ყუთები. დეკორატიული დეტალებიდან შემორჩა მხოლოდ ქვა, ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესია შეიძლება დათარიღდეს X ს.-ით. იგი აფხაზეთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების ჯგუფს განეკუთვნება (ბზიფი, ლიხნი, ანაკოფია, მოქვი, ბიჭვინთა). განსაკუთრებით უახლოვდება ლიხნის ეკლესიას33.
ალაჰაძის არქიტექტურულ კომპლექსში კარგად აისახა აფხაზეთის საკულტო ხუროთმოძღვრების ევოლუციის ძირითადი ხაზები: ელინისტური ტიპის ბაზილიკიდან ვითარდება კამაროვანი ბაზილიკა, აქედან კი _ ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც შემდგომში წამყვან და გაბატონებულ ტიპად იქცა. კიდევ ერთი, ადრე შეუსწავლელი ქრისტიანული ტაძარი გაითხარა 1995 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში ზღვიდან 200 მ დაშორებით. ტაძრის კედლები ერთიდან სამ მეტრამდეა შემორჩენილი. გეგმა სრულად არ იკითხება. ტაძრის შიგნით გაითხარა რამდენიმე სამარხი, აქვე აღმოჩნდა ერთი რკინის და ერთიც ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, არქიტექტურული დეტალები, ფილაქვა ჯვრის გამოსახულებით. გამთხრელის მიერ ტაძარი IV-V სს.-ით თარიღდება34.
აფხაზეთში ადრეული ქრისტიანობის ისტორიის კვლევისათვის ძალზედ მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოდგენს ბიჭვინთის სამაროვზე გამოვლენილი სამარხის სტელა ფარული ჯვრით. იგი ადგილობრივი ქვიშაქვის მონოლითისგანაა დამზადებული. სტელის შემორჩენილი სიგრძეა 73,27 სმ, სიგანე _ 30 სმ. მონოლითის ზედა ნაწილში ამოჭრილია ოთხკუთხა 2,5სმ სიღრმის ფოსო 13,4X7სმ, რომელშიც თავის მხრივ, მეორე ფოსოა გაკეთებული 11X4,5სმ, რკინის ჯვრის ჩასადგმელი. რკინის ჯვარი ნაწილობრივ შემორჩა. ჯვრიანი ბუდე საგულდაგულოდ დაუფარავთ ღარიანი 0,7სმ სისქის კრამიტის ნაჭრისაგან გამოჭრილი სპეციალური 13X7სმ ზომის სარქვლით, რომელიც კირხსნარით გადაულესავთ. თავის დროზე სტელა ალბათ ფარული ქრისტიანის სამარხზე იყო აღმართული. შემდეგ, როგორც სამშენებლო მასალა, მოხვდა უცნობი დანიშნულების ნაგებობის წრიულ კედელში. სტელა დიოკლეტიანეს ეპოქით (313წ. „მილანის ედიქტის“ წინა პერიოდი) თარიღდება35. თუმცა სტელაში ჩადებული ჯვრის არქაული ფორმისა და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ უკვე III საუკუნეში ინტენსიურად იყო ათვისებული ბიჭვინთის სამაროვანი, რომელზეც ყოველი მეხუთე სამარხი ქრისტიანს ეკუთვნოდა, და რომ ამავე საუკუნის შუა ხანებში ქრისტიანები არანაკლებ დევნას განიცდიდნენ, არაა გამოსარიცხი სტელის III საუკუნის შუა ხანებით – დეციუსისა (249-251წწ.) და ვალერიანეს (253-260წწ.) იმპერატორობის პერიოდით დათარიღება36.
ე.ი. III ს.-ში ბიჭვინთაში უკვე არსებობდა ორგანიზაციულად გაფორმებული ადრექრისტიანული თემი, რომელშიც გარდა ლეგიონერებისა, კანაბეს მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მათ უნდა ეკუთვნოდეს პიტიუნტის სამაროვანზე გამოვლენილი უინვენტარო ორმოსამარხები, რომელშიც მიცვალებული დაკრძალულია გაშოტილ მდგომარეობაში, ზურგზე, თავით დასავლეთით37. ბიჭვინთასა და მის „ქვეყანაში“ გარკვეული ქრისტიანული გარემოს არსებობას ადასტურებს V-VI სს.-თა კულტურულ ფენებში გამოვლენილი გულსაკიდი ჯვრების სიმრავლე38, კერამიკული ნაწარმი (ძირითადად წითელლაკიანი ჯამები) რომელიც ჯვრითაა შემკული39 და მინის სასმისები (ზიარების ჭურჭლები) ქრისტიანული სიუჟეტებით40.
ამრიგად, ბიჭვინთის ნაქალაქარსა და ბიჭვინთის „ქვეყანაში” გამოვლენილი ქრისტიანული ტაძრების სიმრავლე და ბიჭვინთის სამაროვნის მონაცემები ადგილობრივ მოსახლეობაზე ქრისტიანული თემის გავლენის ზრდის და გარკვეული დემოგრაფიული აღმავლობის მანიშნებელია.
შენიშვნები
1. ა. აფაქიძე. ბიჭვინტა 1972 (ბიჭვინტის არქეოლოგიური ექსპედიციის 1972 წლის საველე-გათხრითი სამუშაოების ანგარიში). _ დიდი პიტიუნტი, ტ. II. თბ., 1977, გვ. 39-63.
2. ნ. უგრელიძე. პალეოქრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის სასმისები ბიჭვინთის ნაქალაქარიდან. _ მაცნე, ისტორიის... სერია, #3, 1983, გვ. 105-106.
3. ი. ციციშვილი. ბიჭვინთის საკულტო ნაგებობათა კომპლექსი. _ დიდი პიტიუნტი, ტ. II. თბ., 1977, გვ. 100.
4. პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე. ციხეგოჯი_არქეოპოლისი_ნოქალაქევი. _ ხუროთმოძღვრება. თბ., 1991, გვ. 166-167, 261.
5. რ. რამიშვილი. ბიჭვინტის უძველესი ეკლესიები. _ ქრისტიანული არქეოლოგიის III სამეცნიერო კონფერენცია. თბ., 1999, გვ. 4.
6. მ. მშვილდაძე. რომაული ხანის ბიჭვინტის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები. კულტურულ-ისტორიული ნარკვევი. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1994, გვ. 106-107.
7. გ. დუნდუა. სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინტაში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ.წ. II _ ახ.წ. IV სს. _ დიდი პიტიუნტი, ტ. I. თბ., 1975, გვ. 375-413.
8. მ. მშვილდაძე. რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ. წ. I-III სს. დისერტაცია ისტ. მეცნ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 2003, გვ. 193.
9. Л. Мацулевич. Открытие мозаичного пола в древнем Питиунте. – Вестник древней истории, №4, 1956, გვ. 153.
10. რ. რამიშვილი. ბიჭვინტის უძველესი ეკლესიები.., გვ. 40.
11. ი. ციციშვილი. ბიჭვინთის საკულტო ნაგებობათა.., გვ. 83-87.
12. ი. ციციშვილი. ბიჭვინთის საკულტო ნაგებობათა.., გვ. 101.
13. ი. ციციშვილი. ბიჭვინთის საკულტო ნაგებობათა.., გვ. 92.
14. А. Башкиров. Археологические изыскания в Абхазии летом 1925 г. – Известия Абхазского научного обшества, IV, 1926, გვ. 39.
15. А. Башкиров. Археологические изыскания в Абхазии.., გვ. 35.
16. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ. 30-31.
17. Г. Лордкипанидзе, З. Агрба. Раскопки на территории комплекса Пицундского храма. – Археологические открытия 1980 года в Абхазии. Тб., 1982, გვ. 28.
18. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ. 30-31.
19. Г. Лордкипанидзе, З. Агрба. Раскопки на територии.., გვ. 30-31.
20. თ. მიქელაძე. ბიჭვინტის ორაბსიდიანი ეკლესია. _ მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, ტ. III. თბ., 1963, გვ. 125-127.
21. ო. ლანჩავა. ქუთაისი ეგრის-ლაზიკის ციხე-ქალაქთა სისტემაში (IV-X სს). ქუთაისი, 1996, გვ. 144-147.
22. თ. მიქელაძე. ბიჭვინტის ორაბსიდიანი ეკლესია.., გვ. 129.
23. П. Уварова. Христианские памятники. – Материалы по археологии Кавказа, вып. IV. М., 1894, გვ. 11.
24. И. Адзинба. Архитектурные памятники Абхазии. Сухуми, 1958, გვ. 26.
25. ა. აფაქიძე, ზ. აგრბა. ბიჭვინტის არქეოლოგიური ექპედიციის 1970-1971 წლების საველე სამუშაოთა ანგარიში. _ დიდი პიტიუნტი, ტ. II. თბ., 1977, გვ. 19-27.
26. Л. Хрушкова. Завершение исследования архитектурного комплекса в селе Алахадзы. – Археологические открытия в Абхазии 1986-1987 гг. Тб., 1990, გვ. 45-50.
27. Л. Хрушкова. Завершение исследования архитектурного.., გვ. 45-50.
28. В. Леквинадзе. О построиках Юстиниана в Западной Грузии. – Византийский временник, т. 34, 1973, გვ. 177.
29. В. Леквинадзе. Гантиадская базилика. – Советская Археология, №3, 1970, გვ. 168; П. Закарая. Базилики Западной Грузии. – IV международный симпозиум по грузинскому искусству. Тб., 1983, გვ. 8.
30. Л. Хрушкова. Завершение исследования архитектурного.., გვ. 45-50; Л. Хрушкова. Цандрипш. – Материалы по раннехристианскому строительству в Абхазии. Сухуми, 1985, გვ. 66.
31. Л. Хрушкова. Завершение исследования архитектурного.., გვ. 45-50.
32. П. Уварова. Христианские памятники.., გვ. 11.
33. Л. Хрушкова. Завершение исследования архитектурного.., გვ. 45-50.
34. Р. Барцыц. Раскопки раннесредневекового храма в селе Лдзаа поселка Пицунда. – Кавказ: история, культура, традиции, языки. По материалам Международной научной конференции, посвященной 75-летию Абхазского института гуманитарных исследований им. Д. Гулиа АНА, 28-31 мая 2001г. Сухум, 2003, გვ. 223-227.
35. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი.., გვ. 155.
36. მ. მშვილდაძე. რომი და აღმოსავლური რელიგიები.., გვ. 264-265.
37. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი.., გვ. 155-156.
38. L. Kჰროუსჰკოვა. Pიტიუნტ ეტ ლე ლიტტორალ Oრიენტალ დე ლა Mერ Nოირე à ლ’éპოქუე პალéოცჰრéტიენნე. – Aცტეს დუ XI ცონგრèს ინტერნატიონალ დ’არცჰéოლოგიე ცჰრéტიენნე. ჩოლლეცტიონ დე ლ’éცოლე Fრანçაისე დე ღომე, 123. შტუდიო დი ანტიცჰრიტà ცრისტიანა, XLI, 1989, გვ. 2685, სურ. 30.
39. ო. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის წითელლაკიანი კერამიკა. _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, #1, თბ., 1961; ქ. ბერძენიშვილი. ბიჭვინტის წითელლაკიანი თიხის ჭურჭლის შესწავლისათვის. _ მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის. თბ., 1963, #3; ლ. ასათიანი. ბიჭვინტის წითელლაკიანი კერამიკა. _ დიდი პიტიუნტი, ტ. II. თბ., 1977.
40. ნ. უგრელიძე. პალეოქრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის სასმისები ბიჭვინთის ნაქალაქარიდან. _ მაცნე. ისტორიის... სერია, #3, 1981; Н. Угрелидзе. Стеклянные сосуды с раннехристианскими символами из Бичвинтского Городища. – IV международный симпозиум по грузинскому искусству. Тб., 1983.

Комментариев нет:

Отправить комментарий