среда, 28 декабря 2016 г.

ერთი დოკუმენტი 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის საკითხისათვის (ზ. სულაბერიძე)

ქართულ საისტორიო მეცნიერებაში დიდი ხანია ყურადღებას იქცევს 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომში ქართული პოლიტიკური ერთეულების მონაწილეობის საკითხი. მკვლევართა ხანგრძლივი და ნაყოფიერი კვლევის შედეგად ნათელი მოეფინა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო საკითხს. ამჯერად ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ ერთ დოკუმენტზე, რომელიც რუსეთის საგარეო სამინისტროს არქივში ინახება. მასში ასახულია რუსებისა და ქართველების გაერთიანებული ლაშქრობა ფოთზე გენერალ სუხოტინის მეთაურობით.
როგორც ცნობილია, საქართველოდან გენერალ ტოტლებენის გაწვევისშემდეგ, 1771 წლის ზამთარში საქართველოში, კავკასიის ფრონტზე რუსეთის ჯარების სარდლად გენერალი სუხოტინი იქნა გამოგზავნილი1.
1771 წლის 13 მაისს სუხოტინი ქუთაისში ჩავიდა2. 1771 წლის ივნისში სოლომონ მეფე და სუხოტინი ქართლში გადმოვიდნენ. 15 ივნისს ხელთუბანში ერეკლესთან შეხვედრისას, სუხოტინს სოლომონ მეფის მხარდაჭერით შეუდგენია სამხედრო ოპერაციის გეგმა, რომელიც როგორც პროფ. იასე ცინცაძე აღნიშნავს, ითვალისწინებდა უშუალოდ ფოთის ციხის აღებას3. გეგმის მიხედვით, ერეკლე მეფეს 14300 კაცი უნდა გამოეყვანა, აქედან 2000 კაცი უნდა დაეყენებინა ბორჩალოს, 2000 _ კახეთს, 300 _ გორს, ამ ჯარს ლეკებისაგან ქვეყანა უნდა დაეცვა. თვით ქართლ-კახეთის მეფე 10000-იანი კორპუსით ახალციხე-ყარსის მიმართულებით უნდა შეჭრილიყო, თარეშით თურქები უნდა შეეწუხებინა, რათა არ მისცემოდა საშუალება, მიშველებოდნენ ფოთის ციხეში მდგარ თურქებს: სოლომონ მეფეს 6000-იანი ჯარით ახალციხიდან ბაღდათისაკენ მიმავალი ხეობები უნდა შეეკრა, გურიელს _ ტრაპიზონიდან მიმავალი გზა ზღვისპირეთამდე, ამასთან ერთად, უნდა დაეცვა ქუთაისიდან კომუნიკაციები და უშუალოდ დაეფარა კორპუსი4.
სუხოტინმა შეცდომა დაუშვა: მან არ გაითვალისწინა ადგილობრივი კლიმატი. ამასთანავე, რუსი გენერალი არ ენდობოდა ქართველ მეფეებს. ჯარის ფაქტობრივმა მდგომარეობამ და ეკატერინეს მიერ მიცემულმა ინსტრუქციამ დააბნია სუხოტინი. მან მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება და 1771 წლის შუა ზაფხულს ფოთისაკენ დაიძრა, მაგრამ კოლხეთის ჭაობებმა ხალხი დასცადა და კორპუსი მალარიით დაავადდა. ფოთის კამპანიით გაწბილებული გენერალი 1771 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისიდან უპატაკებდა, რომ დასნეულებულს არ გააჩნდა მტრის წინააღმდეგ არანაირი მოქმედების თავი5.
სუხოტინის ლაშქრობასთან დაკავშირებით, 1772 წლის 2 ივნისს იმერეთის მეფე ატყობინებდა რუსეთის საიმპერატორო კარს, რომ გენერალმა არ დაუჯერა მეფის (ე. ი. სოლომონის) განცხადებას, არ გაემართა ლაშქრობა ფოთზე სიცხიან ზაფხულის ამინდში. სოლომონ I გენ. სუხოტინს ადანაშაულებდა იმაშიც, რომ ეს უკანასკნელი დაუკავ- შირდა დადიანს, რომელმაც დაპირება მისცა, დახმარებოდა ფოთის ციხის აღებისას, მაგრამ საბოლოოდ სამეგრელოს მთავარი თურქების მხარეზე აღმოჩნდა. აღნიშნულ წერილში სოლომონ მეფე ითხოვდა აგრეთვე შუამდგომლობას რუსეთის საიმპერატორო კარისაგან, რომ დაებრუნებინათ ოდიშის თავადი ჩიჩუა6.
უნდა აღინიშნოს, რომ ფოთის კამპანიის მარცხი დაკავშირებული იყო ასევე, სამეგრელოს სამთავროს თავადის, რიონის ჭალების მფლობელი კახი ჩიჩუას მოღალატეობრივ საქმიანობასთან, რის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების არქივში ინახება მთელი საქმე, რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი თავად ჩიჩუას მონაწილეობა რუსეთ-თურქეთის ომის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთში. მიზანშეწონილად მივიჩნევთ დოკუმენტის დაწვრილებით განხილვას, რომელიც ერთ-ერთი ნაწილია რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა7.
1771 წლის 20 ოქტომბერს გენ. სუხოტინი სწერდა რუსეთის საიმპერატორო კარს, რომ თავადი ჩიჩუა ორი აზნაურის (რომლებსაც ჰყავდათ გათხოვილი დები ფოთში) მეშვეობით, აწვდიდა ცნობებს თურქებს რუსების კორპუსების გადაადგილების შესახებ. მას (ჩიჩუას _ ზ.ს.) ასევე უარი განუცხადებია ფიცის მიღებაზე რუსეთის საიმპერატორო უდიდებულესობის წინაშე, იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკებოდა მტერს (თურქებს _ ზ.ს.) დანებების შესახებ, პირიქით _ აწვდიდა მათ საწინააღმდეგო ცნობებს. თავადმა კახი ჩიჩუამ აგრეთვე გადაიბირა აფხაზები, რომლებშიც მას ბევრი ნათესაობა ჰყოლია. ყოველივე ამასთან ერთად, თავადი თურქებზე ჰყიდდა გაქცეულ ჯარისკაცებს8.
იმერეთის მეფე სოლომონი, სამეგრელოს თავადთა შორის მნიშვნელოვან ფიგურად მიჩნევდა კახი ჩიჩუას. სუხოტინი წერდა: „Доношу, что Чичуи князь в области своей именитой и непоследней человек, и просто освобождат его не надобно и не хорошо“. ასევე აღნიშნავდა, რომ თუ რუსები თავადისაგან ქრთამს აიღებდნენ და გაუშვებდნენ, ჩიჩუას შეეძლო, კვლავ ვერაგულად ემოქმედა.
შემდეგ წერილში კი იმერეთის მეფე სწერდა გენერალს თხოვნით, რომ რიონის ჭალების მფლობელი გადმოეცათ მისთვის9. საპასუხო წერილში გენერალი სუხოტინი სწერდა იმერეთის მეფეს, რომ თითქოს იმერეთის ბრწყინვალება ივიწყებდა იმ მოწყალებას იმპერატორისა, რომელმაც უფსკრულისაგან ამოიყვანა ისინი (ქართველები _ ზ.ს.) და ამჯერად „довольно меня обманывавши, не перестаете еще пытаться и докучать мне, прося себе человека такого, до которого Вам нужды нет, и так, ежели Вы станете продолжать меня беспокоить и моих подчиненных, кои не продают ни чести, ни совести, так как здесь делать посулы//, то я заставлю Вас, его интересы, мне все известные, Ваши, которых Вы чаете через него получить, позабыть, а думать о себе“.10 ასევე აღსანიშნავია სამეგრელოს მთავრის, დადიანის წერილი გენ. სუხოტინისადმი, რომელშიც თხოვდა, ჩიჩუა გამოეგზავნათ მისთვის (დადიანისათვის _ ზ.ს.), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მის უდიდებულესობა ამას არ მოისურვებდა, არ გადაეცათ მეფე სოლომონისათვის.
აფხაზ-იმერთა კათალიკოსი (მაქსიმე აბაშიძე _ ზ.ს.) გახარებულია თავად ჩიჩუას დაკავებით და რუსეთის კორპუსს ურჩევდა, არ გადაეცათ ეს უკანასკნელი სოლომონისათვის, რადგან თავადის ხელში ჩაგდებით იმერეთის მეფე შეძლებდა ოდიშის მთავრის დამორჩილებას11. გენ. სუხოტინსაც კარგად ესმოდა იმერეთის მეფის მიზნები, რომ სოლომონ I, რიონის ჭალების მფლობელის დაკავებით, შეძლებდა გამხდარიყო ოდიშის მფლობელი.
1771 წლის დეკემბრისათვის, რუსეთის კორპუსის მდგომარეობა მეტად სუსტად გამოიყურებოდა საქართველოში. იმავე წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ წერილში სუხოტინი აცნობებდა რუსეთის საიმპერატორო კარის მრჩეველს ნიკიტა პანინს: „Которое мое молчание, с слухом, что Крым взят, привело Ираклия смущеннаго от докук повереннаго в делах, так как и от князей, коим поступок его не милился, то ж и Дадиана, и чтоб я его Аманата не отдал Соломону, в такую рабость, что стали они оба стараться, как-нибудь себя выправить“.12
აღსანიშნავია, რომ სუხოტინმა თავისი უმეცრებით სოლომონ მეფეს დიდი ზიანი მიაყენა. ჯერ კიდევ ტოტლებენის ფოთთან დგომის დროს, გიორგი გურიელის მოღალატური საქციელით ისარგებლა სოლომონ მეფემ და გურიაში შეიჭრა, გიორგი გურიელი გადააყენა, მთავრობა მამიას მისცა და გურია შემოიმტკიცა13.
ამ ფაქტს ტოტლებენი მტრულად შეხვდა. იგი ვერ ურიგდებოდა თურქეთის აგენტის დასჯას და უმტკიცებდა რუსეთის მთავრობას და გენ. სუხოტინს, რომ გურიელი და დადიანი რუსეთის მეგობრები არიანო. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ტოტლებენმა დააჯერა სუხოტინი და მასაც თურქეთის აგენტი გურიის მთავრად აღუდგენია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავისი სახე მალე გამოამჟღავნა, რაც სუხოტინს ძვირად დაუჯდა14.
საქართველოში რუსების ჯარის წარუმეტებელი მოქმედების გამო, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ მიზანშეწონილად ცნო, მიეღო სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება და 1772 წლის 25 იანვარს სამხედრო კოლეგიას უბრძანა, საექსპედიციო კორპუსი საქართველოდან გაეწვია, ხოლო ზედმეტი საჭურველი სოლომონ მეფისათვის დაეტოვებინა15. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა ერეკლესადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: მართალია, ქართველები მათ (ე. ი. რუსეთის _ ზ.ს.) მოწოდებას არსებითად ვერ გამოეხმაურნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პორტასთან ზავის დადებისას საქართველოს დაცვაზე იზრუნებდნენ; ერეკლეს კი აიმედებდა _ თუ რაიმეს დაიპყრობ, შევეცდები პორტასთან ზავით სამუდამოდ დაგიმკვიდროთო16. რუსეთი თავის წარმომადგენლად საქართველოში ტოვებდა კაპიტან ლვოვს.
1772 წლის 30 ივნისს კაპ. ლვოვი სწერდა გრაფ პანინს, რომ თავადი ჩიჩუა, რომელიც სუხოტინის მიერ იქნა აყვანილი ტყვედ, მოგვყავს კორპუსთან ერთად რუსეთში. პატაკიდან ჩანს, რომ სოლომონს არაერთხელ უთხოვნია ლვოვისათვის ზემოხსენებული თავადის დაბრუნება, მაგრამ ამოდ. კაპიტანი ლვოვი სუხოტინის მსგავსად მსჯელობდა და აღნიშნავდა, რომ იმერეთის მეფე თავადის მიღებით შემოიერთებს ჩიჩუას მამულებს და ამ გზით დაასუსტებდა ოდიშის მთავარს. სოლომონ I 1772 წლის 2 ივნისს პანინისადმი გაგზავნილ წერილში დაჟინებით სთხოვდა რუსეთის ხელისუფლებას თავადი ჩიჩუას დაბრუნებას: „Всепокорнейше прошу пожаловать прислать ко мне князя Чичуя, также и порох, в которых имею надобность при взятье крепости Поти“.17
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, თავადი ჩიჩუა ორი აზნაურითურთ, მუმულაშით და გეგენავათი, ყიზლარის ციხეში ჩაუსვამთ18. 1772 წლის 25 აგვისტოს გენერალ-მაიორი სუხოტინი ორდერით აცნობებდა ყიზლარის კომენდანტ პარკერს: „Удержанный мною под крепостью Поти, за вероломство Мингрельского владетеля Дадиана его Аманат, и за собственные также, о которых в приложенном здесь статейном списке изъяснено, бездельства, Одишский князь, с двумя дворянами, Чичуи препорученъ от меня Моздоцкому коменданту полковнику Иванову“, _ მითითებით, რომ გაეგზავნათ ისინი საიმედო „კონვოით“, რამეთუ არ შესძლებოდათ მათ (პატიმრებს _ ზ.ს.), მოესყიდათ რუსები, რასაც ცდილობდნენ მეფე სოლომონი, დადიანი და აფხაზები. სუხოტინი დასძენდა, რომ სანამ მთავრობისაგან მითითებებს მიიღებდნენ, მანამ მოეხსენებოდათ იმის შესახებ, რომ თავადი ჩიჩუა და ორი აზნაურით განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშ ჰყავთ. ყიზლარის კომენდანტის სიაში აღნიშნულია, რომ თავადი კახი ჩიჩუა, ოდიშის ერთ-ერთი მფლობელი, დაპატიმრებულია ღალატისათვის კორპუსის მოძრაობისა და მდგომარეობის გამო. ასევე თავადს უარი განუცხადებია ფიცისათვის რუსეთის იმპერატორის წინაშე და აფხაზებს უარი ათქმევინა რუსეთის ტახტის ქვეშევრდომობაში შესვლაზე. გარდა ამისა, სასტატიო სიაში აღნიშნულია ისიც, რომ ოდიშის მთავარი დადიანი რუსეთის სახელმწიფოს წინაშე ვალში დარჩენილა 2800 მანეთით19.
1773 წლის 26 მარტს სამხედრო კოლეგიისაგან გაგზავნილ საგარეო საქმეთა კოლეგიისადმი გაგზავნილ პატაკში აღნიშნულია, რომ სამეგრელოს თავადი კახი ჩიჩუა გარდაიცვალა ავადმყოფობისაგან 1773 წლის 24 იანვარს, ხოლო დანარჩენი ორი აზნაური _ მუმულაში და გეგენავა იმყოფებოდნენ ყიზლარის ციხეში20.
შენიშვნები
1. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, под ред. А. Цагарели, т. I, вып. I, СПб., 1898, გვ. 265-270.
2. ვ. მაჭარაძე. ასპინძის ბრძოლა, თბ., 1975, გვ. 117.
3. ი. ცინცაძე. ორი საბუთი 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ისტორიისათვის, – წგნ.: ენიმკის მოამბე, V-VI, თბ., 1940, გვ. 337-360.
4. ი. ცინცაძე. ორი საბუთი.., გვ. 348, 355-356.
5. ვ. მაჭარაძე. ასპინძის ბრძოლა, გვ. 117-121.
6. АВПР, ф. 110, оп. 2, л. 11, лл. 103-104; Грамоты.., გვ. 345-346.
7. АВПР, ф. 110, оп. 1, д. 2, лл. 1-6.
8. იქვე, ფურც. 1.
9 .იქვე, ფურც. 2.
10. იქვე, ფურც. 1.
11. იქვე, ფურც. 3.
12. АВПР, ф. 110, оп. 1, д. 2, л. 3.
13. Грамоты.., т. II, вып. I, გვ. 76-77; ვ. მაჭარაძე. ასპინძის ბრძოლა, გვ. 121.
14. Грамоты.., т. I, вып. I, გვ. 353-355; ვ. მაჭარაძე. ასპინძის ბრძოლა, გვ. 122.
15. ვ. მაჭარაძე. ასპინძის ბრძოლა, გვ. 123.
16. იქვე, გვ. 124.
17. АВПР, ф. 110, оп. 1, д. 2, лл. 4.
18. იქვე.
19. იქვე.
20. იქვე, ფურც. 6-7.

Комментариев нет:

Отправить комментарий