понедельник, 26 декабря 2016 г.

ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის გაძლიერება აფხაზეთში 1870-90-იან წლებში (რ. ჭანტურია)

ХIХ ს. 80-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლებამ იმპერიაში გააძლიერა იმპერიული შოვინისტური პოლიტიკა. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მიმართული იყო, იმპერიაში შემავალი არარუსი ხალხების წინააღმდეგ. ცარიზმი სეპარატიზმს აბრალებდა არარუს ხალხებს და ძალდატანებით გარუსების, კოლონისტების ჩამოსახლების, მშობლიური ენის წართმევის გზით მათ მოსპობას ესწრაფოდა. ცარიზმი კავკასიაში ადმინისტრაციული ავტონომიის ნასახსაც კი ვერ ურიგდებოდა, შუღლს თესავდა აქ მცხოვრებ სხვადასხვა ერთა შორის, ერთმანეთს უპირისპირდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს1. რეაქციული ჟურნალ-გაზეთები შეუდგნენ იმის მტკიცებას, რომ რუსი ხალხი რჩეული იყო და სლავი ხალხების მესვეურობის მისიაც მას ეკისრებოდა. ეს შოვინისტები რუსეთის იმპერიაში შემავალ არარუს ხალხებს ისტორიის „შავ მასალად“ თვლიდნენ2. რუსიფიკატორთა მიზნები ქართული ენისა და თვით ერის მოსპობისა კოლონიზაციის გზით შედარებით ადვილად განსახორციელებელი ჩანდა. ამიტომ, ეს მეთოდი ქვეყნის გარუსებისა, სხვა ღონისძიებებთან ერთად, რომლებსაც 80-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია საქართველოსა და ამიერკავკასიაში ახორციელებდა, საერთო აღიარებას პოულობდა და მისი პრაქტიკულად განხორციელებისათვის ყველაფერი კეთდებოდა3. ქართველი ხალხის ეროვნული ჩაგვრა, რა თქმა უნდა, არ იყო მხოლოდ XIX ს. 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი მოვლენა. იგი ცარიზმის ბატონობის მთელი პერიოდის, მისი კოლონიური პოლიტიკის შემადგენელი ელემენტი იყო და მეფის რუსეთის მმართველობის დამკვიდრებას მოჰყვა თან. იმპერია საგანგებო ღონისძიებებს ატარებდა ქართველი ხალხის ეროვნული არსებობის, მისი კულტურისა და ისტორიის, ქართული ენის მოსასპობად, ქართველი ერის დანაწილებისა და მისი სხვადასხვა კუთხის დასაპირისპირებლად, დედასამშობლოსაგან აჭარის, სვანეთის, სამეგრელოს და აფხაზეთის ჩამოსაშორებლად4. აფხაზეთში მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა მას შემდეგ, რაც 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს აფხაზმა ხალხმა აჯანყება მოაწყო რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. სოხუმის განყოფილების უფროსი პოლკ. არაკინი მოითხოვდა: აუცილებლად განესაზღვრათ ამბოხებაში თითოეული თემის მონაწილეობა, რასაც დრო დასჭირდებოდა. ამიტომ ის საჭიროდ მიიჩნევდა, რომ მთელი აფხაზეთის მოსახლეობა გამოეცხადებინათ „დამნაშავედ და მოღალატედ“ და მათი დასჯის მიზნით ჩატარებულიყო მკაცრი ღონისძიება5. თითქმის იგივე მოთხოვნით გამოდიოდა გენერალ-მაიორი კრავჩენკო, რომელიც მთავარ ხელმძღვანელად და ცალკეული რაზმების ჩამოყალიბების ორგანიზატორებად თავად-აზნაურობას ასახელებდა. ამასთან ის არ გამორიცხავდა, რომ „მოღალატეობრივ“ მოქმედებაში მოსახლეობის სხვა ფენებიც ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას და, ამიტომ, აჯანყების ხელმძღვანელების მსგავსად, მთელი მოსახლეობის სასტიკად დასჯას მოითხოვდა. ხელისუფლების ზემოხსენებული ორივე წარმომადგენელი ამას იმით ხსნიდა, რომ „ხელისუფლებას ჰქონოდა საშუალება მოეწყო ეს მხარე ისე, როგორც მას სურდა“.6 გიორგი წერეთელმა აფხაზი ხალხის „ღალატზე“ აღნიშნა: „ვიყოთ გულახდილნი აფხაზეთის მიმართ... აქ უბრალო უკმაყოფილებაა ადმინისტრაციის მიმართ.“ ის აგრეთვე წერდა, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო აფხაზეთში და როგორ იყო გაუკაცრიელებული აფხაზეთი... „შეიძლება ადგილს დავარქვათ დღეს აფხაზეთი, როცა აქ აფხაზები საერთოდ არ არიან? თვითონ სიტყვა „აფხაზია“ უნდა დავივიწყოთ დღეიდან7. ასეთივე განმარტებას აკეთებს ექიმი ი. ტიხომიროვი 1878 წ. „სანიტარულ მიმოხილვაში“: „ახლანდელი სოხუმი სრულიად განადგურებულია, ქალაქი მოსახლეობის მიერ მიტოვებულია“.8 ჟურნალი „Отечественные записки“1877 წლის აჯანყების შესახებ კრიტიკულად შენიშნავდა: „მხარის აღელვება, რომელშიც ნახევარზე მეტი ქრისტიანი იყო, გამოიწვია იმან რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ მათი ყურადღება ვერ მივიქციეთ. ამასთანავე, გაზეთების უქონლობამ და ინფორმაციის სიმცირემ უხეშ შეცდომებამდე მიგვიყვანა. იგივე აფხაზები არ გვიღალატებდნენ, რომ არ ენახათ ჩვენი სისუსტე და გულგრილობა მათ მიმართ. თუ ჩვენ ყურადღებით შევხედავთ აფხაზეთში აღელვების მიზეზს, უნდა გამოვტყდეთ, რომ ვერ დავინახეთ ჩვენი მხრიდან დაშვებული უხეში შეცდომები, უტაქტობა და არასწორი მოპყრობა მოსახლეობისადმი“.9 1877 წლის აჯანყებაში აფხაზები, ნებსით თუ უნებლიედ, აშკარად გამოდიოდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ამიტომაც, მოღალატებად იქნენ გამოცხადებული. ამ აჯანყებამ აფხაზეთის მოსახლეობას ეკონომიკურ ნგრევასთან ერთად, მძიმე მორალური დარტყმა მიაყენა. ამას დაემატა რუსეთის მხრიდან მთელი რიგი სადამსჯელო ღონისძიებები, რომელთაგან ყველაზე მძიმე მოსახლეობის აყრა და გადასახლება იყო. დიდი ტალღა გადასახლებისა მოჰყვა 1866 წლის აჯანყების ჩახშობას, მაგრამ მასობრივი გადასახლება აფხაზებისა თურქეთში გამოიწვია 1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომმა. დაახლოებითი გამოანგარიშებით, იმ პერიოდში თურქეთში გადასახლებულია 30000 აფხაზი, რომელიც წარმოადგენდა აფხაზეთის მოსახლეობის 40 პროცენტს10. ყველას, ვისზეც ოდნავ მაინც ეჭვი იქნა მიტანილი, ბრალად დაედო მონაწილეობა მოღალატეობრივ ქმედებებში, და გაასახლეს აფხაზეთის ტერიტორიიდან. ასე, მაგალითად, 1880 წელს გაასახლეს ბაირამ ოტირბა, სეიდიკ ავიძბა, რომლებიც ყოველთვის სულისჩამდგმელნი იყვნენ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლებისა11. მთლიანად კი ამ მხარის ტერიტორიაზე სრულდებოდა მეფის ბრძანება, არასაიმედო პირთა „ადმინისტრაციული გასახლების“ შესახებ12. 1879 წელს არაკინი თავის მოხსენებით ბარათში წერდა, რომ ეს მხარე, კერძოდ აფხაზეთი, ხელსაყრელ პუნქტს წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის შემდგომი წინსვლისთვის აზიაში. ამისთვის აუცილებელი იყო, რომ ზღვისპირა ზოლი, რომელიც დაცარიელებული იყო (მუჰაჯირობის შედეგად), რუსეთის იმპერიისათვის სასურველი და სანდო მოსახლეობით შეევსოთ13. იმპერიის მესვეურები ასეც მოიქცნენ. მიწები, რომლებიც აფხაზმა მუჰაჯირებმა დატოვეს, მეფის ხელისუფლებამ მსხვილ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს დაურიგა. ამ პროცესმა 80-90-იან წლებში დიდი მასშტაბები მიიღო. აფხაზეთში არსებულ „თავისუფალ“ მიწებზეც რუსმა ჩინონიკებმა, სხვადასხვა ეროვნების კოლონისტების ჩასახლება დაიწყეს, მათ შორის იყვნენ: რუსები, ბერძნები, სომხები, ესტონელები, ბულგარელები და სხვა14. იმპერიის მესვეურები ეჭვის თვალით უყურებდნენ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობას, ხელისუფლება მათ ბოლომდე არ ენდობოდა და, მიწის სიმცირის მიუხედავად, ზღვისპირა ზოლში, მიწებს არ აძლევდა. 1880 წელს სოფელ ლიხნში მცხოვრებმა 315 კომლმა მიწით დაკმაყოფილების შესახებ თხოვნა წარუდგინა ხელისუფლებას. მათ მიერ არჩეულმა დეპუტატებმა ეს თხოვნა გადასცეს კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სოხუმის მიწათმომწყობი კომისიის თავჯდომარე ვედენსკი, ბიჭვინთის ოლქის უფროსი, მაიორი ალექსანდროვიჩი და მიწათმომწყობი, ტიტულარული „სოვეტნიკი“ ვოსკრესენსკი. მათ უარი განუცხადეს ლიხნის თემის დეპუტატებს დამატებითი მიწის ნაკვეთის მიცემაზე. ამის მიზეზად ის დაუდეს, რომ კომისიას ჰქონდა ცნობა იმის შესახებ, რომ ლიხნის ამ თემის მცხოვრებლები 1877-1878 წლებში თურქების შემოსვლის დროს მხარში ამოუდგნენ მათ და მონაწილეობა მიიღეს გუდაუთის დარბევაში. ამიტომ, ხელისუფლებამ ისინი არასანდოდ ჩათვალა და ზღვისპირა ზოლში მათ მიწის ნაკვეთების მიცემაზე უარი უთხრა15. თავის მხრივ, სამურზაყანოს თავადაზნაურობაც ითხოვდა ხელისუფლებისაგან მიწების სწორად გადანაწილებას16, განსაკუთრებით მწვავედ იდგა მცირემიწიანობის საკითხი გუდაუთის, გუმისთის და კოდორის მონაკვეთებში17. ცნობილია, რომ კოდორის მაზრაში ანჩაბაძეები და ემუხვარები ითხოვდნენ მიწის ნაკვეთებს. ამავე საკითხს აყენებდნენ აგრეთვე ინალიფები და მარშანიებიც18. 1883 წ. აპრილში სოხუმის განყოფილების უფროსი გენ. არაკინი ატყობინებდა კავკასიის ოლქის ხელმძღვანელს, თავად დონდუკოვ-კორსაკოვს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული იყო მდგომარეობა მიწის საკითხთან დაკავშირებით19. კავკასიის ადმინისტრაციამ განსაკუთრებით გააძლიერა კოლონიზაცია უცხოური ელემენტებით. ადგილ-მამულებს ურიგებდნენ რუს კოლონისტებს, მაშინ როცა ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დიდ შევიწროვებას განიცდიდა. განსაკუთრებით გულმოდგინებით შეუდგა ცარიზმი შავიზღვისპირა რაიონების ათვისებას. გათვალისწინებული იყო სოხუმ-გაგრის რაიონების რუსულ ახალშენებად გადაქცევა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის ცენტრალური რეგიონებიდან ხელისუფლებისათვის სანდო ხალხის ჩამოსახლება20. ეს იყო იმპერიის დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა მხარეში ე.წ „რუსული მოქალაქეობის“ დამკვიდრებას. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანის განხორციელების მთავარი პირობა კი, როგორც აღნიშნავდა კავკასიაში რუსული იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გერშელმანი, სწორედ აფხაზეთის მხოლოდ და მხოლოდ „რუსული მოსახლეობით„ კოლონიზაცია იყო21. ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ აფხაზეთში მიწის გამო რთული ვითარება იყო, ამ დროს კი, ხელისუფლებამ, 1892 წ. 8 თებერვლის ბრძანებით, გადაწყვიტა თავისუფალი მიწები მიეცათ თურქეთში მცხოვრები ბერძნების 40 ოჯახისთვის და ჩაესახლებინათ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. სოხუმის ოლქის ადმინისტრაცია ამაზე იმიტომ დათახმდა, რომ ისინი სანდო იყვნენ ხელისუფლებისათვის, როგორც მეურნეობის განვითარების, ასევე, განსაკუთრებით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც22. ასეთი ჩასახლებები გრძელდებოდა 1893 წელსაც. გუდაუთის მაზრაში ორენბურგის გუბერნიიდან 6 ოჯახი ჩამოასახლეს, 25 ოჯახი კაზაკებისა ჩამოასახლეს ბომბორის ველზე. რამდენიმე ოჯახი იქნა ჩამოსახლებული სოფელ ვლადიმიროვკაში, სოფელ ბაკლანოვკაში, სოფელ ესტონკაში, სოფელ ჩერნიგოვკაში და სხვ.23 ასეთი შევიწროვება აფხაზეთის „მოღალატეებად“ შერაცხული მოსახლეობისა ამ უკანასკნელთა გულისწყრომას იწვევდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. მკვიდრი მოსახლეობა ასევე მტრულად იყო განწყობილი კოლონისტების მიმართ (რუსი, ბერძენი და სხვ.)24. ასე, მაგალითად, ახალმოსახლეებს სერგეი გერაშენკოს, გადამდგარ უნტერ-ოფიცერს და გლეხს ფიოდორ სალოვს, რომლებიც საცხოვრებლად გადმოვიდნენ სოხუმის ოლქში, მოუკლეს შვილები. რუსი ახალმოსახლეების მკვლელობაში ბრალი ედებოდათ მაჟარა შარვაშიძეს, ანტონ ინალიფას, ხალიბა ინალიფას, ტასუც გუნბას, სელიმ ბგანბას, შახან ავიძბას, გიდ არღუნს, რომლებიც გადაასახლეს რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებში25. ჩამოსახლებული მოსახლეობა აფხაზების თავდასხმებისაგან იმდენად იყო შევიწროებული, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გზის მშენებლობის უფროსი მთავარმართებელს თხოვნით მიმართავდა, რათა დაეყენებინათ კაზაკთა რაზმები, რომლებიც დაიცავდნენ მათ აფხაზების თავდასხმებისაგან26. აფხაზეთში ХIХ ს. 90-იან წლებიდან იწყება შოვინისტურად განწყობილი რუსეთის კლერიკალური წრეების გააქტიურება. რუსი მოხელეები აფხაზეთის მოსახლეობაში შუღლსა და უნდობლობას თესდნენ27. შოვინისტური ძალები მხოლოდ მიწების მითვისებით და აფხაზი ხალხის გასახლებაში ხელშეწყობით არ კმაყოფილდებოდნენ. ისინი ცდილობდნენ აფხაზეთისა და აფხაზების საერთო ქართული ეროვნულ-კულტურული ორგანიზმიდან ამოგლეჯას28. კოლონიზატორულ ღონისძიებათა განხორციელებაში ცარიზმს სამწუხაროდ მხარში ედგა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკლესიებიდან განიდევნა ქართული წირვა-ლოცვა, დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველაფხაზთა კულტურულ ერთობას. აფხაზთა შორის ხელოვნურად, განგებ ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობილებას29. მეფის რუსეთის რუსიფიკატორული საგანმანათებლო პოლიტიკა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ХIХ ს. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართული ენა განდევნეს აფხაზეთ-სამურზაყანოს სკოლებიდანაც, მოსახლეობის 90%-ზე მეტი წერა-კითხვის უცოდინარი იყო30. ასეთ რთულ ვითარებაში, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხებს, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ქართველი საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი და სხვები. „დროება“, „ივერია“, „მოამბე“, „კვალი“, და სხვა. ჟურნალ-გაზეთები სისტემატიურად ბეჭდავდნენ პუბლიკაციებს აფხაზეთის შესახებ31. აფხაზეთში, როგორც განაპირა კოლონიურ მხარეში, ცარიზმი თანმიმდევრულად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. დაწესდა მკაცრი კონტროლი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობაზე. მეფის მთავრობის კურსი აფხაზეთში საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების მხრივ, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებისა, მიმართული იყო გარუსებისაკენ, სკოლებში რუსულ ენაზე სწავლების დამკვიდრებისაკენ, მშობლიური ენის უარყოფისაკენ32. ცარიზმის მნიშვნელოვან ამოცანას საქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოშორება და მისი მოსახლეობის გარუსება წარმოადგენდა, მაგრამ რუსეთის იმპერიის ხელისუფალთა ვერაგობამ კიდევ უფრო გააღვივა აფხაზეთის მოსახლეობაში ანტირუსული განწყობილებანი. როგორც ვხედავთ, ცარიზმი ცდილობდა, არ დაეშვა ეროვნული კონსოლიდაცია, მას სურდა გაეღვივებინა ერთა შორის შუღლი, ამით ის ესწრაფოდა ეროვნული თავისუფლების მოსპობის ველიკორუსული პროგრამის განხორციელებას.
შენიშვნები
1. ა. იოსელიანი. ცვლილებანი კავკასიის უმაღლეს მმართველობაში. კოლონიური ჩაგვრის გაძლიერება საქართველოში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ, V. თბ., 1970, გვ, 642. 2. ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე. საქართველოს ისტორია. თბ., 1991, გვ. 84. 3. ა. იოსელიანი. ბრძოლა ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ განათლებისა და ეკლესიის დარგში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V. თბ., 1970, გვ. 648. 4. ა. იოსელიანი. ბრძოლა ცარიზმის.., გვ. 644. 5. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი (შემდგომში სცსსა). ფ. 545, აღწ. 1, წგ. 2, ს. 3207, ფურც. 41-42; იხ. აგრეთვე: Г. Дзидзария. Махаджирство и проблемы Абхазии XIX столетия. Сухуми, 1982, გვ. 415-416; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიის წარსულიდან. ნაკ., I. თბ., 2004, გვ. 200; С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990, გვ. 35. 6. სცსსა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 190, ფურც. 1-3; ის. აგრეთვე: Г. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 321. 7. გაზ. „Голос“, IV:257, 1877; ის. აგრეთვე: Г. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 318. 8. გაზ. „დროება“, #100, 1878. 9. Г. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 354. 10. 3. Анчабадзе. Очерк этнической истории абхазского народа. Сухуми, 1976, გვ. 25. 11. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, წგ. 2, ს. 2968, ფურც. 1, 12. 12. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, წგ. 1, ს. 1672. ფურც. 95. 13. სცსსა. ფ. 410, აღწ, 4, ს. 1894, ფურც. 8. 14. 3. Анчабадзе. Очерк этнической истории.., გვ. 87. 15. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, წგ. 2, ს. 2214, ფურც. 2-3. 16. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, წგ. 2, ს. 2421, ფურც. 4. 17. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, წგ. 2, ს. 2628, ფურც. 13. 18. ქცსა. ფ. 186, აღწ. 1, წგ. III, ს. 789, ფურც. 1-10. 19. В. Д. Авидзба. Проведение в жизнъ крестьянской реформы в Абхазии. Сухуми, 1985, გვ. 172. 20. სცსსა. ფ. 545, აღწ. 1, წგ. II, ს. 2628, ფურც. 13. 21. ზ. პაპასქირი. ნარკვევები.., გვ. 210. 22. სცსსა. ფ. 229, აღწ. 2, ს. 1100, ფურც. 1. 23. სცსსა. ფ. 229, აღწ. 1, ს. 480, ფურც. 1-6. 24. ქცსა. ფ. 180, აღწ. 1, წგ. 2, ს. 20, ფურც. 271. 25. სცსსა. ფ. 229, აღწ. 2, ს. 4, ფურც. 100. 26. ქცსა. ფ. 186, აღწ. 1, წგ. 2, ს. 20, ფურც. 331. 27. ტ. ხუნდაძე. თედო სახოკია (მასალა ბიოგრაფიისათვის). კრებული. თბ., 1969, გვ. 65. 28. ზ. პაპასქირი. ნარკვევები.., გვ. 212. 29. ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე. საქართველოს.., გვ. 25. 30. დ. ჩიტაია. სოციალ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში ХХ საუკუნის პირველ ოცეულში. თბ., 2001, გვ. 17. 31. დ. ჩიტაია. სოციალ-ეკონომიკური.., გვ. 17. 32. დ. ჩიტაია. სოციალ-ეკონომიკური.., გვ. 38.

Комментариев нет:

Отправить комментарий