воскресенье, 25 августа 2019 г.

ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში. 1991 წლის 4 ივლისი - 1992 წლის 6 იანვარი

ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთთან „არგუმენტი  ფაქტი
„...რესპუბლიკის ყოველი მუდმივი მცხოვრები საქართველოს მოქალაქე იქნება“, სწორედ ამით დაიწყო ჩვენი კორესპონდენტის საუბარი ზვიად გამსახურდიასთან.
ზვიად გამსახურდია:
ჩემი იდეალია გენერალი დე გოლი“.
გამჭოლავი მზერა, მტკიცედ მოკუმული ტუჩები და ზეაღმართული მუშტი: დღევანდელი საქართველოს ცოცხალი სიმბოლო ზვიად გამსახურდიაა. წარსულში დისიდენტი, სამართალდამცველი, რომელმაც იწვნია პოლიტიკური საპატიმროები და გადასახლებანი. ახლა - მეცნიერი, პუბლიცისტი, პოეტი და რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია. მისი მრავალი პორტრეტი გამოკიდებულია მაღაზიების, კაფეებისა და სასადილოების ვიტრინებში. იგი გულწრფელად უყვარს ხალხს და მისი მისამართით გამოთქმულ ყოველ კრიტიკას აღიქვამს ეროვნული ღირსების გრძნობის შეურაცხყოფად, თუმცა ბევრი მაინც აკრიტიკებს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგრამ ძირითადად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორც ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე „ცუდი პრესა“ გაქვთ. რატომ არის, რომ დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დამოუკიდებელი დემოკრატიული პრესა ჩვენში ასე ერთსულოვნად უჭერენ მხარს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფებაში და ასე კრიტიკულად არიან განწყობილი დამოუკიდებელი საქართველოსა და პირადად თქვენდამი?
მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს დემოკრატიული პრესა, ისევე როგორც, სხვათა შორის, რუსეთის ბევრი დემოკრატიც და ეს სამწუხაროა, შოვინისტურად არის განწყობილი საქართველოს მიმართ. ცენტრი საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ნამდვილ საინფორმაციო ომს, მარჯვედ ამახინჯებს ფაქტებს, დეზინფორმაციას აწვდის მთელ მსოფლიოს. ბევრი ხვდება მის გავლენაში.
მეც ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შეიძლება დაბნეული იყოს. ალბათ არ შეიძლება ერთი საზომით ვუდგებოდეთ ბალტიისპირეთსა და კავკასიას - ყველგან თავისი სპეციფიკაა.
მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: ჟურნალისტმა ტოლნიკოვმა დაწერა ფრიად ობიექტური სტატია ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის შესახებ. მაგრამ ყველაზე დამოუკიდებლმა დემოკრატიულმა გაზეთმა - „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელსაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ეს სტატია არ დაბეჭდა. ამის უკან რაღაც იმალება, როგორც ჰამლეტი ამბობს: „დანიის სამეფოში რაღაც იხრწნება...“ ეტყობა დემოკრატიული მოძრაობის შიგნით რაღაც ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. რატომ არ ქვეყნდება ობიექტური ინფორმაცია, მით უფრო, თუ იგი არაქართველმა, არაკავკასიელმა დაწერა? მაშასადამე, რაღაც წინასწარ შექმნილი აზრი მაინც არსებობს! სპეციფიკა კი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, ის არის, რომ აქ ძალიან მარჯვედ ქმნიან ეთნიკურ კონფლიქტებს, რომლებსაც შემდეგ ჩვენზე ზეგავლენისათვის იყენებენ. ცენტრში აყალიბებენ აზრს, რომ ამ კონფლიქტებში ბრალი მიუძღვით სწორედ იმ ძალებს, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან და ამ ხელოვნების ამოცნობა ზოგჯერ ძალიან ჭირს.
თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა - „მოღალატენი“, „ხალხის მტრები“, „პროვოკატორები“ და ა.შ. რა არის ეს - ტრადიციული კავკასიური ემოციურობა თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ?
მე მიყვარს, როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ, და ეს ყველას თვალში ხვდება. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, რასაც მათი ქართველი კორესპონდენტები წერენ გაზეთ „მეგაპოლის ექსპრესში“ - თითქოს საქართველოს ჰელსინკის კავშირი გაერიცხოთ ჰელსინკის საერთაშორისო კავშირიდან და ამას წერენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს ასე არ არის! და ეს იმ დროს, როცა საქართველო დგას ინტერვენციის საფრთხის წინაშე და საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება! განა ეს ღალატი არ არის? თქვენ თუ იცით, რაიმე სხვა სიტყვა, მას ხალისით გამოვიყენებდი. მოღალატენი ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება ნებისმიერ ხალხს, და მათ თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაგრამ ამას უადგილოდ არასოდეს არ ვამბობ, არასოდეს არ ვაზვიადებ.
თქვენ ინტელიგენციის ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებით, მაგრამ სწორედ ინტელიგენციის გარემოში გყავთ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე. თქვენი აზრით, რა არის წინააღმდეგობათა თავი და თავი?
აი, კვლავ დეზინფორმაცია, რომელსაც ცენტრი ავრცელებს ჩვენი ადგილობრივი მოღალატეების მეშვეობით! არავითარი ინტელიგენცია არ მებრძვის! არიან ცალკეული ინტელიგენტები, რომლებსაც პოლიტიკაში ხელი მოეცარათ. მათ მთავრობასა და პარლამენტში მოხვედრა ეწადათ, მაგრამ ხალხმა ისინი არ აირჩია. განა ეს ჩემი ბრალია? ახლა ისინი გაბოროტდნენ, დღე და ღამ ცილს სწამებენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას, იყენებენ სხვადასხვა „ხმებს“. აი, ის რამდენიმე ინტელიგენტი, რომლებიც შეიძლება დავასახელო: ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და ა.შ. ხალხი მათ არ ენდობა, ისინი მუშაობდნენ კომუნისტური რეჟიმის დროს, ჰქონდათ პრივილეგიები, თუ რისთვის - ესეც ცნობილია, ამიტომ ისინი ხალხს არ უყვარს. ახლა მთელი თავიანთი ღვარძლი ჩემზე გადმოანთხიეს, თითქოს მე ვიყო მათი ხელმოცარულობის მიზეზი.
ერთ-ერთ თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში ბრძანეთ, მთლიანად ვერ ვენდობი რუსეთის პარლამენტს, რადგან მასში ძალიან ბევრია პარტოკრატი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მუშაკიო. ამავე დროს აზერბაიჯანის პარლამენტთან ძალიან გულითადი ურთიერთობა გაქვთ, თუმცა იქ ასეთი დეპუტატი ნაკლები როდია.
არავისათვის არ არის საიდუმლო, რომ რუსეთის პარლამენტში არიან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ადამიანები. იგივე კრიუჩკოვის მოადგილე ბობკოვი, რომელიც დღესაც გაზეთ „პრავდაში“ წერს, გამსახურდია უნდა დაეპატიმრებინათო და ა.შ. დღესაც ადგას იმ გეზს, რომელიც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას ჰქონდათ. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთის პარლამენტთანაც და აზერბაიჯანის პარლამენტთანაც. კვლავაც ასე ვითანამშრომლებთ.
საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მზად არის თუ არა რესპუბლიკა, ანგარიში გაუსწოროს დანარჩენ რესპუბლიკებს თავისუფლად კონვერტირებული ვალუტით და მსოფლიო ბაზრის ფასებით, როგორც ეს რუსეთის საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობის მინისტრმა განაცხადა?
ამისათვის კი მზად არიან კავშირი ან რუსეთი, რომელიც უფასოდ ეწეოდა ჩვენი კურორტების, ჩვენი წიაღისეულის და ყოველივე დანარჩენის ექსპლოატაციას - მზად არის თუ არა იგი გადაგვიხადოს ამისთვის საზღაური?
მზად არის იგი გადაგვიხადოს იგივე მანგანუმის ვალი, რომლებიც ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს? იცით თუ არა თქვენ ეს? საქართველო სატრანზიტო გზაა ევროპიდან აზიისკენ, და ყველა გზა უფასოა. მზად ხართ თუ არა გადაიხადოთ ყოველივე ამისათვის საერთაშორისო ფასებით? აი, თავიდანვე ასე უნდა დაისვას საკითხი.
- მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდით. დღეს, როგორც პრეზიდენტს, გეხმარებათ თუ ხელს გიშლით შეძენილი, მებრძოლის ფსიქოლოგია?
- რა თქმა უნდა, მეხმარება!
- რა აზრის ბრძანდებით ისტორიაში პიროვნების როლზე?
- თვით ყველაზე ღირსეული, ბრძენი და ხალხის საყვარელი ადამიანები მარადიულნი არ არიან.
- რაიმეს ღონობთ თუ არა მმართველობის სამართლებრივი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისათვის?
- რა თქმა უნდა! ჩვენი პარლამენტის მთელი საქმიანობის მიზანი ის არის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, რომ აქ არასოდეს არ დამყარდეს კომუნისტური ან სხვა ტოტალიტარული წყობილება.
- როცა ადამიანებს ვხვდებოდი, ვთხოვდი აეხსნათ თქვენი კოლოსალური პოპულარობის მიზეზები. ბევრი ფიქრობს, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად პატიოსანი კაცი ბრძანდებით, რომელიც მათ ნდობას იმსახურებს, ამავე დროს უზრუნველყოფილი კაციც ხართ, მხედველობაში აქვთ თქვენი განთქმული მამის - მწერლის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. როცა ხმას გაძლევდნენ, მათ მიაჩნდათ, რომ „ხელეჩოსავით თქვენსკენ კი არ მიითვლიდით, როგორც წინანდელი ხელმძღვანელები, არამედ იზრუნებდით საკუთარი ხალხის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის“. მართლა ასეთი მდიდარი ხართ?
- ლიტერატურული საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს საკმაოდ შეძლებულად ვიცხოვრო. რაც შეეხება შვეიცარიის ბანკში დადებულ მილიონებს, ეს ხმები, როგორც იტყვიან, ძალიან გაზვიადებულია.
- შეხვედრები მქონდა საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ისინი ახლა ძალიან აქტიურები არიან. ბევრ რამეს ელიან რესპუბლიკაში მიმდინარე ცვლილებებისაგან. მაგრამ ამავე დროს შიშობენ, რომ ჩაიკეტება საქართველოს საზღვრები, რამაც მათი აზრით შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოკავშირე რესპუბლიკებთან ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე.
- დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იარსებებს საზღვრების, საბაჟოს და სხვათა გარეშე. ყოველივე ეს ბუნებრივია, შეიქმნება, და თანაც უახლოეს მომავალში.
- რა გავლენას მოახდენს ეს სხვა რესპუბლიკებთან ურთიერთობაზე?
- მე მგონია, ისინიც თავის მხრივ ასევე მოიქცევიან.
- ასეთ შემთხვევაში, რა ელის სსრ კავშირის პრეზიდენტის აგარაკს გუდაუთის რაიონის დაბა მიუსერაში?
- ეს საკითხი, ალბათ, გადაწყდება ჩვენი დაგეგმილი პირადი შეხვედრის დროს.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ რამდენიმე თვის წინ დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის - კულუმბეგოვის ბედზე?
- ტორეზ კულუმბეგოვის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურასა და სასამართლოზე, სადაც მისი საქმე ამჟამად იხილება.
- თქვენზე ამბობენ, ღრმად მორწმუნე კაციაო, რას შესთხოვთ ღმერთს ლოცვისას?
- ამას წინათ დასავლეთის ერთმა გაზეთმა წარწერიანად დაბეჭდა ფოტო, სადაც მე თითქოს არჩევნებში ჩემი გამარჯვებისათვის ვლოცულობდი. ჩემი პირადი წარმატებისათვის არასოდეს არ ვლოცულობ. ვლოცულობ კაცობრიობისათვის, ჩემი ხალხისათვის.
- გვითხარით, რას ეძღვნება თქვენი ლექსები?
- მოკლედ თუ ვიტყვით - ღმერთს, კაცობრიობას და ჩემს სამშობლოს.
- თქვენ სამი ვაჟი გყავთ. როგორ გესახებათ მათი მომავალი?
- ორი პატარაა - მოსწავლეები არიან. მათ ჰუმანიტარული მიდრეკილებანი აქვთ. უყვართ ლიტერატურა და ენები, მისდევენ სპორტს. უფროსი ვაჟი აღმოსავლეთმცოდნეა - ირანისტი.
- გყავთ თუ არა პოლიტიკური მოღვაწის იდეალი?
- დიახ, გენერალი შარლ დე გოლი.
საუბარს უძღვებოდა ვ. სავიჩევი
გაზ. „არგუმენტი ი ფაქტი“ №25
[ გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“,  №130 (150). გვ. 1, 4 ივლისი, 1991 წ.]

მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატებისადმი
პატივცემულო დეპუტატებო!
მოგმართავთ თქვენ ამ ისტორიულ მომენტში, როცა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღგენისათვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. მხოლოდ მთელი ძალების კონსოლიდაციის პირობებში, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, არის შესაძლებელი ეფექტიანი ბრძოლა ნამდვილად აყვავებული და დღეკეთილი საზოგადოების შექმნისათვის, რომელშიც ყველა ადამიანი იცხოვრებს ღირსეულად, ცივილიზაციისა და დემოკრატიის მაღალი მოთხოვნილების შესაბამისად.
აფხაზი ხალხი მუდამ ქართველი ერის გვერდით იდგა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, უცხოელ დამპყრობთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მანძილზე. ასევე ქართველ ერს არასოდეს არ მიუტოვებია გაჭირვებისას აფხაზი ხალხი, მაშინაც კი, როცა თვითონ გმინავდა თვითმპყრობელობის უღელქვეშ. ჩვენი ხალხების მეგობრობა არ ჩაუმწარებია ეჭვს და ვერაგობას, რომლებიც, სამწუხაროდ, წესად იქცა 1917 წლის და ამიერკავკასიაში ბოლშევიკური იდეოლოგიისა და ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმის გავრცელების შემდეგ.
აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ჭირ-ვარამსა და ტრაგედიებს, რომლებიც გამოიარეს როგორც აფხაზებმა, ისე ქართველებმა 70 წლის მანძილზე. და დღეს კვლავ დაძაბულობაა აფხაზეთში, გამეფებულია ურთიერთუნდობლობა და ეჭვი აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის, თუმცა ამავე დროს, კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით ხდება ქორწინებანი, მტკიცდება აფხაზთა და ქართველთა სისხლით ნათესაობა. ვერავინ ვერ მოსპობს ორი, ისტორიულად ერთმანეთის გვერდზე მცხოვრები მონათესავე ხალხების ამ შეუკავებელ და ისტორიულად განპირობებულ ლტოლვას.
მთელი იმ სიძნელეების მიუხედავად, რომლებიც წილად ხვდა აფხაზ ხალხს მმართველობის მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის ბატონობის პერიოდში, ამ ბოლო წლების მანძილზე უმაგალითო აყვავებას მიაღწია აფხაზთა ეროვნულ-კულტურულმა თავისთავადობამ.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით აფხაზი ხალხის მისწრაფებას, გააფართოოს სახელმწიფო ავტონომია, რომელიც ხანგრძლივი წლების მანძილზე სრულყოფილი არ იყო, ისევე, როგორც სსრ კავშირში კომუნისტური რეჟიმის ბატონობის წლების მანძილზე შექმნილი ყველა პოლიტიკური ინსტიტუტი.
საქართველოს რესპუბლიკაში ახალ საზოგადოებას რომ ვაშენებთ, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ აფხაზეთის სტატუსის განვითარების ტენდენციები. რასაც გააკეთებს სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან შედგება.
ჩვენ არაერთგზის განგვიცხადებია იმის შესახებ, რომ ლაპარაკიც კი არ შეიძლება ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შებღალვაზე, რაც დამკვიდრებულია კიდეც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში. რაც შეეხება აფზახეთის ასს რესპუბლიკის კომპეტენციის გაფართოებას, თანამედროვე მოთხოვნათა სულისკვეთების შესაბამისად, სწორედ ეს უნდა გახდეს მოლაპარაკების საგანი. ცალმხრივი მოქმედება, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან შეუწყნარებელია და მას შეიძლება მოყვეს განუჭვრეტელი შედეგები, რომლის მწარე გამოცდილებას, სამწუხაროდ, დღესაც ვგრძნობთ.
გარკვეული ძალები ცენტრში უკვე დიდი ხანია ცდილობენ შეარყიონ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის შიგნიდან, კერძოდ, დაუპირისპირონ აფხაზი ხალხი ქართველ ხალხს, ამოგლიჯონ აფხაზეთი საქართველოს ცოცხალ სხეულიდან. ყოველი ამგვარი ცდა განწირულია ჩასაფუშავად, რამეთუ ცემენტი, რომელიც ადუღაბებს აფხაზეთს მთელ საქართველოსთან, იმდენად მტკიცეა, რომ მას ვერავითარი გარეშე თუ შინაგანი ძალა ვერ დაანგრევს.
თუ პოლიტიკური ავბედობის წლებშიც კი აფხაზმა ხალხმა შეძლო მიეღწია ეროვნულ-კულტურული და პოლიტიკური მწვერვალებისათვის, რომლებიც ვერ შეედრება ვერც ერთ ავტონომიურ, ბევრად უფრო დიდ რესპუბლიკასაც კი, თავისუფალ საქართველოში მისი მომავალი შეიძლება მხოლოდ უფრო გარანტირებული და წარმტაცი იყოს.
მხოლოდ აფხაზი და ქართველი ხალხების, აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მცხოვრები სხვა ხალხების წარმომადგენელთა თანამეგობრობა და ურთიერთგაგებაა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამართლიანი საზოგადოების შექმნის გასაღები.
პოლიტიკური რეალიზმი ამავე დროს გვიკარნახებს, უწინარეს ყოვლისა, აფხაზებისა და ქართველების - ამ ტერიტორიაზე ორი ისტორიულად მცხოვრები ხალხების გარკვეული უფლებების ცნობას პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნისა და ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურათა სრულყოფის დროს.
ქართველ ერს, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ესმით აფხაზი ხალხის მისწრაფებანი, მაგრამ არ დაუშვებენ საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის რეალიზაციას, რაც საქართველოს რესპუბლიკისა და თვით აფხაზეთის ასს რესპუბლიკის კონსტიტუციების უხეში დარღვევის ცდაა, რომლებიც მკაცრ იურიდიულ ბარიერებს აყენებს ამგვარი მოქმედების წინაშე, რომელსაც შეიძლება უაღრესად მძიმე შედეგები მოჰყვეს.
მხოლოდ მაშინ, თუ გამოვიჩენთ საღ გონებას, ჯეროვნად შევაფასებთ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალიებს, გამოვიჩენთ ურთიერთნდობასა და ნამდვილი თანამშრომლობის სურვილს როგორც აფხაზეთში, ისე მთელ საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის კეთილდღეობისათვის, გადავჭრით საკითხს საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის შესახებ, რომლის ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიას ვუსურვებ წარმატებას პოლიტიკური ძალაუფლების ახალ სტრუქტურათა შექმნის გზაზე, რომლებიც ორგანულად შეერწყმება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ სისტემას.
ღრმა პატივისცემით,
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თბილისი, 1991 წლის 8 ივლისი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№134 (154), 10 ივლისი, 1991 წ.].


მიმართვა შავი ზღის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს
ქართველი ხალხი, საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება უკიდურესად შეშფოთებილი არიან შავ ზღვაზე შექმნილი უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებით. წყლის გაჭუჭყიანება კომუნალური და სამშენებლო ნარჩენებით, სანაპირო ზოლის გადარეცხვა, ზღვის ეკოსისტემების განადგურება, უჟანგბადო გოგირდწყალბადოვანი ფენის მატება ნამდვილად საგანგაშო ხდება. ჩვენ ყველანი, შავიზღვისპირა სახელმწიფოები და ხალხები დღეს რეალურად აღმოვჩნდით იმ საშიშროების წინაშე, რომ დავკარგოთ ჩვენი საერთო ზღვა, როგორც უნიკალური ცოცხალი სისტემა.
დღევანდელ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ჩვენს რეგიონში უეჭველად პასუხისმგებელნი არიან ის ტოტალიტარული რეჟიმები, რომლებიც ახლო წარსულში ბატონობდნენ თითქმის ყველა შავიზღვისპირა სახელმწიფოში. ამის თვალსაჩინო ნიმუშად, თუნდაც საქართველო გამოდგება, სადაც კომუნისტურმა მომხმარებლურმა მიდგომამ საარსებო გარემოსადმი, ბუნებრივი რესურსების უმოწყალო და ბარბაროსულმა ექსპლოატაციამ საყოველთაო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიგვიყვანა.
რაში ვხედავთ ჩვენ გამოსავალს? უწინარესად ფართომასშტაბიან საერთაშორისო თანამშრომლობაში, თითოეული ჩვენგანის ძალებისა და შესაძლებლობების გაერთიანებაში. ფაქტია, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ შეძლებს მარტო შეეჭიდოს ამ პრობლემას. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შავიზღისპირა, არამედ დუნაისპირა ქვეყნებმაც იკისრონ პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩაერთონ საერთაშორისო პროგრამების განხორციელებაში.
ჩვენ მეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონტაქტების განვითარებას ამ მიმართულებით არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ არასამთავრობო დონეზეც, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობას თანამშრომლობის პროგრამების ჩამოყალიბებასა და რეალიზაციაში. სწორედ ამიტომ მივესალმებით ბათუმის შეხვედრის მონაწილეებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციაში, კონკრეტული სამომავლო გეგმების დასახვაში.
საქართველო სამომავლოდაც მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი დონის საერთაშორისო შეხვედრას, რომლის მიზანი იქნება შავი ზღის პრობლემების მოგვარება, საფუძველს ჩაუყრის კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას.
მივესალმებით შავი ზღვის, როგორც მშვიდობისა და თანამშრომლობის, ეკოლოგიური უსაფრთხოების ზონის იდეას!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 12 ივლისი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№136-137 (157), გვ. 1, 13 ივლისი, 1991 წ.].


მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ა. მუთალიბოვს
პატივცემულო ბატონო აიაზ!
როგორც ცნობილია ბელაქანის, კახისა და ზაქათალის რაიონებში კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ქართველი ეროვნების მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის ფარგლებშიც ათასობით აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობის ახალი დონე გვინერგავს იმედს, რომ ორი სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელები ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს იღონებენ, რათა მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები შევუქმნათ საქართველოში აზერბაიჯანელთა და აზერბაიჯანში ქართველთა კულტურული ავტონომიის უზრუნველყოფას.
ვფიქრობთ, რომ ისტორიული ძეგლების რესტავრაცია, ეროვნული სკოლის გახსნა, გაზეთების დაარსება, მშობლიურ ენაზე რადიო და ტელეპროგრამების გადაცემა, კინოფილმების და შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლა, ექსპედიციების გაგზავნა არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ფოლკლორის შესწავლისათვის - ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენ ხალხებს შორის ისტორიულად არსებული ძმობისა და თნამშრომლობის კავშირის განმტკიცებას.
ჩვენი მონაცემებით, კახის რაიონის სოფელ თოფახში ინგრეოდა სახლები, იჩეხებოდა ბაღბი, გაჰყავდათ გზები კომპაქტურად მცხოვრები ქართველების განცალკევების მიზნით. ხდებოდა აგრეთვე თავდასხმები ადგილობრივ მცხოვრებლებზე, ავიწროებდნენ სპეციალისტებს და განსაკუთრებით იმათ, რომლებმაც განათლება მიიღეს საქართველოში. ადგილობრივი ხელისუფლები ხშირად ახორციელებდნენ ზემოხსენებული რაიონების ბლოკადას საქართველოსაგან მათი იზოლაციის მიზნით. რესტავრაცია სჭირდება ისტორიულ ძეგლებს კახში, ქურმუხში, ალათემურში, მუშაბაში, ლექარტში, აღდგენა ესაჭიროება კახის პირველ ქართულ გიმნაზიას... ადგილობრივი მცხოვრებლები თხოულობენ გაიხსნას მოსე ჯანაშვილის სახელობის მუზეუმი, სოფელ კახინგილოში კი სამუსიკო სკოლა. სასურველი იქნება, ხელი არ შეუშალონ საქართველოს უმაღლესი განათლების სამინისტროს და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს აღნიშნული რაიონების ქართველ მოსახლეობასთან თავისუფალ ურთიერთობაში. ქალაქ კახში მიზანშეწონილი იქნება ქართული დამოუკიდებელი გაზეთის დაარსება, ზაქათალის რაიონულ გაზეთში კი ერთი გვერდის გამოყოფა მუსულმანი ქართველებისათვის. არ შეშვენით ადგილობრივ ხელისუფალთ ეკლესიის მსახურთა შევიწროებაც. სოფელ ალათემურის მცხოვრებლები მიაპყრობენ ყურადღებას მოქმედი ქიმკომბინატის ეკოლოგიურ საშიშროებას. სოფელ კახინგილოში საავადმყოფოს გახსნას ითხოვენ. ვფიქრობთ აგრეთვე, რომ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლებები თქვენს რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებს თავიანთი ეროვნების რეგისტრაციაში ისევე, როგორც ბაქოში ან თბილისში ბინის გაცვლის მსურველებს.
ვიზიარებთ რა შევქმნათ საჭირო პირობები ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა კულტურული და სულიერი განვითარებისათვის, ამით მნიშვნელოვანწილად შევუწყობთ ხელს ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№138 (158), გვ. 1, 16 ივლისი, 1991 წ.].

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 12 ივლისს
- გიორგი ჩოკოშვილი: საქართველოს რადიო: გთხოვთ ორივე პრეზიდენტს, თუ შეიძლება, გვიამბეთ ჩვენს რესპუბლიკებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე.
- ზვიად გამსახურდია: მეც მინდა რამდენიმე საიტყვა ვთქვა ხელშეკრულებაზე. აქ მოცემულია ჩვენი მომავალი ურთიერთობის ზოგადი პრინციპი, მაგრამ ისინი განვითარდება და დეტალიზებული იქნება. მომავალში დავდებთ სხვა ხელშეკრულებებსაც სხვა დარგებში, ეს ხელშეკრულება კი შეასრულებს ფუძემდებელ დებულებათა როლს. მე ვიტყოდი, ეს ჩვენს ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისია, რამეთუ ცივილიზებული სამყარო სწორედ ასეთ ნაბიჯებს მოელის ჩვენგან. დასავლეთს მობეზრდა კონფლიქტები კავკასიაში. ისინი ისმენენ ინფორმაციებს მხოლოდ კონფლიქტებზე, სისხლისღვრაზე. ახლა კი მოისმენენ სტაბილიზაციის პროცესებზე და ეს დააიმედებს მსოფლიოს. ვინ არ იცის, რომ ცენტრი სახელს გვიტეხს მსოფლიო საზოგადოების თვალში. ასეთი ღონისძიებებით კი ჩვენ გავფანტავთ იმ დეზინფორმაციას, რომელიც არსებობს. ასე რომ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
- ნანა ღვინეფაძე, საკავშირო რადიოტელეკომპანია: რა ღონისძიებებს მიმართვს ორივე სახელმწიფოს ხელმძღვანელები რელიგიებისადმი, იმ ეროვნებათა წარმომადგენლებისადმი თანასწორუფლებიანი დამოკიდებულებისათვის, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ? მე მხედველობაში მყავს ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანელები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში!
- ზვიად გამსახურდია: ყველამ ვიცით, რომ ტოტალიტარიზმის პერიოდში, აზერბაიჯანში ირღვეოდა ქართველი ეროვნული უმცირესობების უფლებები და ეს პრეზიდენტმა აღიარა, ჩვენ აღვნიშნეთ ეს და ისიც ვთქვით, რომ ერთნაირად უნდა ვცემდეთ პატივს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს - აზერბაიჯანელთა უფლებებს საქართველოში და ქართველებისას აზერბაიჯანში. იქ არის პრობლემები და პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება. პრეზიდენტს გადავეცი სპეციალური თხოვნა ამის გამო და იმედი მაქვს, განხილული იქნება ამ წერილში მოცემული დებულებანი.
- ვლადიმერ გოგოლაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური: ორ მეზობელ სახელმწიფოს აქვს საერთო საზღვარი - მეგობრობის საზღვარი. მაგრამ საზღვრებს აქვთ თავიანთ პრობლემები, სპეციფიკა. ხომ არ განგიხილავთ ისინი? ხომ არ არის მიზანშეწონილი შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საზღვარზე იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოშურნეთა მხრივ მოსალოდნელი პროვოკაციები, ხელი შევუშალოთ კრიმინალურ ელემენტებს ნარკოტიკებისა და იარაღის გატანაში?
- ზვიად გამსახურდია: ამ პრობლემატიკის გამო სპეციალურად შეიქმნება კომისია. ახლა განვიხილეთ ზოგადპოლიტიკური საკითხები. მომავალში ითანამშრომლებენ შინაგან საქმეთა ორგანოები. ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ დავდეთ, კარგ საფუძველს უქმნის სწორედ ასეთ თანამშრომლობას და ეს აუცილებელია, რადგან, სამწუხაროდ, ხდება უაღრესად უსიამოვნო ფაქტები ამ სფეროში.
- ნოდარ ბროლაძე, „ნეზავისიმაია გაზეტა“: ჩვენს შორის თანამშრომლობა რთულ პირობებში, ცენტრისა და რესპუბლიკების დაპირისპირების პირობებში მიმდინარეობს. როგორია ცენტრის პოზიცია ხელშეკრულებისადმი, შესაძლო რეაქცია, ხომ არ შექმნის იგი დაბრკოლებებს?
- ზვიად გამსახურდია: შემიძლია გითხრათ, ცენტრს უნდოდა, რომ ეს მოლაპარაკება მისი ეგიდით გამართულიყო, თუმცა ეს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ შევამჩნიე მას რაღაც მოქმედებანი, რომლებიც მიზნად ისახავს იმას, რომ მოლაპარაკება ჩაშალოს, რათა შემდეგ თვითონ გამართოს მოლაპარაკება, რათა სტაბილიზაციის პროცესი მას მიეწეროს. ეს ახლაც გრძელდება. არ მინდა ყველაფრის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, არც ისე ძალიან უხარია ცენტრს, რომ პრეზიდენტი მუთალიბოვი ჩვენთან ჩამოვიდა, რომ ჩვენს შორის მიმდინარეობს დიალოგი, ხელმოწერილია შეთანხმებანი. ეს მათ არ მოსწონთ. ეს ეწინააღმდეგება მათს ინტერესებს. ისინი ჩვენ გვიყურებენ, როგორც ბავშვებს, რომლებსაც მეურვეობა უნდა გაუწიო. არა მგონია, რომ ისინი არ შეეცდებიან ჩაშალონ სამმხრივი შეხვედრა. ამიტომაც უნდა გამოვიჩინოთ შორსმჭვრეტელობა და სიბრძნე, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ამას.
- ირაკლი კენჭოშვილი: „ჯორჯიან მესენჯერი“: როგორ ეკიდებით, ბატონო პრეზიდენტო, შევარდნაძის იდეას, შექმნას საბჭოთა კავშირში დემოკრატიული პარტია და რას ფიქრობთ კავშირის მომავალზე? ბატონო გამსახურდია, იქნება თუ არა ხელმოწერილი ანალოგიური შეთანხმება სომხეთთან? ხომ არ აპირებს საქართველოს ხელმძღვანელობა გამოვიდეს ოფიციალური განცხადებით იუგოსლავიაში შექმნილი მდგომარეობის გამო?
- ზვიად გამსახურდია: ჩვენ მოველაპარაკეთ ბატონ ტერ პეტროსიანს ანალოგიური შეხვედრისა და ხელშეკრულების მოწერის თობაზე. ეს იქნება ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის მომავალი შეხვედრის წინამძღვარი. რაც შეეხება იუგოსლავიას - მე უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი სლოვენიაში მთავრობის ჯარების შეჭრის თობაზე. ახლა კი ვფიქრობთ სლოვენიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე.
- „ნეზავისიმაია გაზეტა“: როგორი შეიძლება იყოს თვითსრულყოფის დაბრკოლებანი, არც საქართველო, არც აზერბაიჯანი ხომ წამყვანი ეკონომიკური, სამხედრო სახელმწიფო არ არის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავარკვიო აი რა - რას ფიქრობთ იუგოსლავიის მიმართ დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით?
- ზვიად გამსახურდია: ის, რომ ჩვენ დიდ როლს არ ვასრულებთ, საკვირველი არ არის. ჩვენ ვიყავით იმპერიის ნაწილი, ექსპლოატაციის საგანი. ახლა კი თანდათანობით ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და, იქნება, ახლო მომავალში გავხდეთ კიდეც ძლიერი სახელმწიფოები. რაც შეეხება იუგოსლავიას, ის, რაც იქ ხდება, დიდი გაკვეთილია ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთი უხალისოდ უჭერს მხარს დამოუკიდებლობის მოძრაობას, რადგან ეშინია პატარ-პატარა ქვეყნებად სახელმწიფოს დანაწევრებისა, რასაც შეიძლება კონფლიქტები და დესტაბილიზაცია მოჰყვეს. აი, რა აშინებს დასავლეთს. ამიტომ ჩვენ უნდა ვუჩვენოთ, რომ ჩვენს სახცელმწიფოებს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილიზაციის გზით გავუძღვებით. ჩვენ არ მივცემთ ამგვარი კონფლიქტების გაჩაღების უფლებას. ამიტომ არის საჭირო ჩვენი ძალისხმევა კავკასიაში, კერძოდ, ყარაბაღში მშვიდობის დასამყარებლად.
- თენგიზ გრიგალაშვილი, საქინფორმი: ორივე პრეზიდენტი დაეთანხმება იმას, რომ მეოცე საუკუნის დამლევს ახასიათებს კომუნისტური იდეოლოგიის დევალვაცია. კითხვას ვუსვამ ორივე პრეზიდენტს: როგორ აფასებთ მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის პერსპექტივებს?
- ზვიად გამსახურდია: მე ასე გიპასუხებთ, კომუნისტური მოძრაობანი უკვე აღარ არსებობს მსოფლიოში. არის იდეები, რომლებსაც მხარს უჭერენ ცალკეული ადამიანები. მაგრამ უფრო მეტიც, იგი მალე არ იარსებებს სსრ კავშირშიც. პირველი ნიშანი ეს არის ახალი პარტიის ძიება, რომელიც, ჩემი აზრით, მიმდინარეობს სკკპ ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობისაგან და არა იმ პიროვნებისაგან, რომელმაც წამოაყენა ეს იდეა და, მე მგონი, წარმოადგენს შემცვლელ ფიგურას, მას აქცევენ დემოკრატად. თუმცა იგი ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას და დღეს შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ იგი არ ემსახურებოდა მას. ხოლო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ინტერესები დღეს - ეს არის იმათი ხსნა, ვინც სათავეში უდგას იმ პარტიას და იმ იმპერიას, რომელიც მან შექმნა. და ეს განწირულია ჩასაფუშავად. კომუნისტური მოძრაობის პირველი კატასტროფა იყო ევროკომუნიზმის კრახი. კრახს განიცდის მეორე მოძრაობაც სსრ კავშირში, რომელსაც სურს შექმნას დემოკრატიული პარტია, რომელიც იმოქმედებს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ინტერესებისათვის.
- აიაზ მუთალიბოვი: ჩვენს სახელმწიფოს უკვე არაერთხელ განუცდია სამოქალაქო ომი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ერთხელ კიდევ მოხდეს.
- ზვიად გამსახურდია: მაგრამ ისტორია თავისას იზამს.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№139 (159), გვ. 1-2, 18 ივლისი, 1991 წ.].


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ აიაზ მუთალიბოვს
პატივცემულო აიაზ ნიაზის ძევ!
მადლობას მოგახსენებთ ესოდენ გულთბილი წერილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავაზიანი მიწვევისათვის, რითაც მე აუცილებლად ვისარგებლებ უახლოეს ხანს.
გარწმუნებთ, რომ ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც აზერბაიჯანელმა ხალხმაც, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება აღიქვა დიდი ენთუზიაზმით და იმის იმედით, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს რესპუბლიკებს შორის ტრადიციული ძმობის განმტიცებას და მთლიანად ჩვენს რეგიონში პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღებას.
ვსარგებლობ შემთხვევით და ვუსურვებ აზერბაიჯანელ ხალხს ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერებას, მშვიდობას და აყვავებას.
პატივისცემით
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 22 ივლისი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№142 (162), გვ. 1, 23 ივლისი, 1991 წ.].


ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ-პოლკოვნიკ ვ.ა. პატრიკიევს
20 ივლისს ქალაქ სოხუმში, შემდეგ კი 21 ივლისს ქალაქ თბილისში რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე გახდა მასობრივი უწესრიგობის ორგანიზატორი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოხუმში, ძირითადად ესენი იყვნენ სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები და პროპორშიკები, თბილისში - საარტილერიო სასწავლებლის კურსანტები.
ისარგებლეს ღამის სიბნელით და მოქმედებდნენ რა ცალკეულ ჯგუფებად, სამხედრო მოსამსახურეები იჭერდნენ და სცემდნენ გამვლელ-გამომვლელთ, დაჩეჩქვეს ათეულობით ავტომანქანა, იჭრებოდნენ დაწესებულებებში და არბევდნენ მოქალაქეთა სახლებს, დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ორივე შემთხვევაში, სოხუმშიც და თბილისშიც, მოფაშისტე ვაჟბატონები წინასწარ განზრახვით შეურაცხყოფდნენ მოქალაქეთა ეროვნულ ღირსებას და პატიოსნებას.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ ცალკეული ნაწილების პირად შემადგენლობას და ზოგიერთი სასწავლებლის კურსანტებს შორის დაბალია სამხედრო დისციპლინის დონე, რაც მათ საშუალებას აძლევს პროვოკაციულად გამოიწვიონ ასეთი ანტიჰუმანური აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოითხოვს - სამხედრო პროკურატურამ დაუყოვნებლივ აწარმოოს გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითნებობის ზემოთ აღნიშნული აქტისათვის, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 23 ივლისი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№143 (163), გვ. 1, 24 ივლისი, 1991 წ.].


ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს
ბატონო თავმჯდომარევ!
როგორც ცნობილია, ქართული საზოგადოებრიობა დიდად შეწუხებულია ისტორიული შიდა ქართლის გაჭიანურებული კონფლიქტით, არის მსხვერპლი, არიან ლტოლვილნი, როგორც ქართველ ისე ოს მოსახლეობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო ხანს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები დაისახა, გარკვეული ძალები მაინც ცდილობენ ჩაშალონ ყოველგვარი მოლაპარაკება, რომელიც ქართულ მხარეს ყოველთვის ჰქონდა, და ახლაც ამას ესწრაფვის. ჩვენ, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებულმა მეზობელმა ქვეყნებმა, უნდა შევძლოთ ურთიერთობის მოგვარება და გარკვეული დროის შემდეგ კეთილმეზობლობის აღდგენა. ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ბოლშევიკური ჯარების აგრესიის შემდეგ, რასაც თან მოჰყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“. 1922 წლის 20 აპრილს სახალხო კომისართა საბჭოს №2 სპეციალური დეკრეტით დაზუსტდა ოლქის პოლიტიკური სტატუსი და ტერიტორია, მის დედაქალაქად გამოცხადდა ქალაქი ცხინვალი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული. შემდეგ, სხვადასხვა დროს, პირდაპირი წაქეზებით და სამხედრო ძალის დახმარებით ცდილობდნენ ოლქის პოლიტიკური სტატუსი შეეცვალათ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე. ასეთი მისწრაფების ბოლო გამოვლინება იყო სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის დეკლარაცია, რომელიც 1990 წლის 20 სექტემბერს მიიღო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭომ. იმავე დღეს გადაწყდა ავტონომიური ოლქი „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გადაექციათ. 1990 წლის 21 სექტემბერს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა თავის დადგენილებით ბათილად ცნო აღნიშნული აქტები. მიუხედავად ამისა 16 ოქტომბერს „რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ შეიქმნა და არჩევნები დაინიშნა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს ეს დადგენილება ბათილად ცნო და ოსთა მხარე გააფთხილა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ასეთი აქციებისათვის. მაგრამ 1990 წლის 9 დეკემბერს ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე მაინც გაიმართა ანტიკონსტიტუციური, უკანონო არჩევნები, რომელიც სახელმწიფოს მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რამდენადაც საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება არასოდეს არ შეურიგდება მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“, რომელმაც აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და ღირსეული პასუხი გასცა იმათ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ცდილობს. ოსთა მხარის შემდგომმა მოქმედებამ პროვოკაციულად გაამწვავა კონფლიქტი, რომელიც დღეს გვაქვს. საქართველო-ოსეთის შემდგომ ურთიერთობას საფუძვლად უნდა დაედოს საქართველოს რესპუბლიკის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობის ცნობა, რომლის მთელ ტერიტორიაზეც ვრცელდება საქართველოს უზენაესი საბჭოს და რესპუბლიკის პრეზიდენტის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოქმედება. დღეს კი დიდად გასაკვირია ის, რომ ოსთა ისტორიულ სამშობლოს „ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას“ უწოდებენ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ 1918 წლის მარტში, პიატიგორსკში, თერგისპირა ხალხთა II ყრილობაზე გამოცხადდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში. 1918 წლის იანვარ-თებერვალში ოსეთი ხელთ იგდო დენიკინმა, მაგრამ 1920 წლის მარტის მიწურულს კვლავ საბჭოთ ხელისუფლება დამყარდა. 1921 წელს მთიელთა ასსრ შემადგენლობაში შეიქმნა ვლადიკავკაზის (ოსეთის) ოკრუგი. 1924 წლის 7 ივლისს ეს ოკრუგი ოლქად, 1931 წლის დეკემბერში კი ავტონომიურ საბჭოთა რესპუბლიკად გადაკეთდა. მართლია ამ დროისათვის საბჭოთა რუსეთისაგან ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ეგრთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მაგრამ ისტორიული და პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენის შემდეგ, როცა საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ გააუქმა უცხო სახელმწიფოს აგრესიის ერთ-ერთი შედეგი, ისტორიული ოსეთის „ჩრდილო ოსეთად“ მონათლა სხვა არა არის რა, თუ არა, ისტორიული ნონსენსი. ყოველივე ზემოთხსენებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იქნება ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში და გთხოვთ მომავალში გაითვალისწინოთ ეს თქვენს საკანონმდებლო საქმიანობაში.
ბატონო თავმჯდომარევ! თუ ჩვენ სავსებით გვესმის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ თანამოძმეთა დახმარება, რომელსაც თქვენ უწევთ, ქართველი ხალხის გაკვირვებას და უკიდურეს აღშფოთებას იწვევს, როცა თქვენ ხელს უწყობთ თვითმარქვია „საოლქო კომიტეტებს“, რაც ვიმეორებ, აბრკოლებს ვითარების შემდგომ ნორმალიზაციას. სუვერენული სახელმწიფო თავისი საშინაო საქმეებში ჩარევას ვერ შეურიგდება. ამიტომ მოვითხოვ თქვენგან, აღადგინოთ თქვენი ქვეყნის ისტორიული სახელწოდება - „ოსეთი“ ნაცვლად „ჩრდილოეთ ოსეთისა“. აგრეთვე აღარ ცნოთ უკანონო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ და მისი „საოლქო კომიტეტი“.
გთხოვთ თქვენი შემდგომი მოქმედებისას გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადებანი. დარწმუნებული ვართ, რომ, თუ ერთმანეთს შევუთანხმებთ გონივრულ მოქმედებას ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ დაპირისპირებას და კონფლიქტს. თუ დაკმაყოფილდა ყოველივე ზემოთქმული, ჩვენ შევძლებთ ისეთი კეთილმეზობლური ურთიერთობის აღგენას, როგორის ღირსნიც არიან ჩვენი ხალხები და ჩვენი სახელოვანი წინაპრები.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№146-147 (167), გვ. 1, 27 ივლისი, 1991 წ.].


სომხეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ლევონ ტერ-პეტროსიანისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია სომეხი და ქართველი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 27 ივლისს
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ეს-ეს არის ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ვაპირებთ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ საუკუნეთა მანძილზე ცნობილი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობანი ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. ოდითგანვე ცნობილია, რომ ამ თანამშრომლობას, ამ მეგობრობას დიდი ხნის ტრადიციები აქვს, რომლებსაც ჩვენი ხალხები სათუთად უფრთხილდებიან. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ქართველ და სომეხ ხალხებს. ჩვენ გვაერთიანებს დიდი მეგობრობ. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და სიკეთე საქართველოში მცხოვრებ იმ სომხებს, რომლებსაც თავიანთი შრომით და გულმოდგინებით კეთილი წვლილი შეაქვთ მისი ეკონომიკის განმტკიცებაში. აქ მცხოვრები სომხები - საქართველოს ნამდვილი მოქალაქენი არიან, და მათ პატივი უნდა სცენ მისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს. გამოვთქვამ რწმენას, რომ ჩვენი სახელმწიფოები და ხალხები ამრავლებენ თანამშრომლობისა და სიყვარულის ტრადიციებს, რომლებსაც ვასრულებდით ისტორიული განვითარების ხანგრძლივი გზის მთელი დროის განმავლობაში.
კითხვა: ბატონო ტერ-პეტროსიან, რა მიზანს ისახავს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში? და მეორე - ნიშნავს თუ არა თქვენი ჩასვლა ნოვო-ოგორიოვოში, როგორც ამას მიხეილ გორბაჩოვის სიტყვები მოწმობს, სომხეთის განზრახვას, ხელი მოაწეროს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას? თქვენ ეს უარყავით, მაგრამ ვის დავუჯეროთ? რას გვეტყვით ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე? და კითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ბატონო ზვიად, როგორ განვითარდება სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: თქვენ სამი შეკითხვა დამისვით. პირველს, ვფიქრობთ, უკვე ვუპასუხე. საქართველოში, თბილისში ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო სომხეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების თაობაზე ხელშეკრულების დადება. ჩვენ სოლიდური, მტკიცე საძირკველი ჩავუყარეთ ორ თავისუფალ სახელმწიფოს შორის შემდგომ ნაყოფიერ, ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას. ეს პირველი. მეორე, ნოვო-ოგარიოვო. მოგეხსენებათ ჩემი პრაქტიკა: არასოდეს უარი არ მითქვამს ფედერაციის საბჭოს სხდომებში მონაწილეობაზე, არასოდეს ხელოვნურად არ გამიმწვავებია ვითარება არც ცენტრთან და არც სხვა რესპუბლიკებთან. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმე, მტკიცედ დავადექით დამოუკიდებლობის გზას, გამოვაცხადეთ მისი მიღწევის პროცესი და მტკიცედ ვადგავართ საკუთარ გეზს. მაგრამ ამასთანავე არ გვინდა ხელოვნური კონფრონტაცია არც ერთ პარტნიორთან. ყოველთვის ვცდილობთ ნორმალური პარტნიორული ურთიერთობანი გვქონდეს როგორც ცენტრთან, ისე ყველა დანარჩენ რესპუბლიკასთან.
როგორც ცნობილია, ამას წინათ სსრ კავშირის უზენაესმა საბჭომ მიმართა ექვს რესპუბლიკას, რომლებმაც განაცხადეს, რომ სურთ გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან, გამოინახოს რაღაც მისაღები ფორმები ცენტრთან და სხვა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის ტრადიციების შესანარჩუნებლად. და მართლაც, გვესმის, რომ დამოუკიდებლობა ერთი მომენტის, ერთი წუთის აქტი არ არის, ეს პროცესია. ვვარაუდობთ, რომ რაკი სომხეთმა აირჩია დამოუკიდებლობის მიღწევის გზა საბჭოთა კანონებისა და საბჭოთა კონსტიტუციის ფარგლებში, ამიტომ საჭიროა ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი, მაშასადამე, უნდა გამოიძებნოს გარდამავალი პერიოდის ამ ხუთი წლის გამოყენების რაღაც ფორმები. ეს ის პერიოდია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ ურთიერთობა ცენტრთანაც და რესპუბლიკებთანაც, შევქმნათ დამოუკიდებლობის რეალური წინამძღვრები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ არავითარ ფორმას, ვთქვათ, მომავალ კავშირში სომხეთის ასოცირებულ წევრობასაც. ჩვენ იმასაც კი არ გამოვრიცხავთ, რომ სომხეთმა ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას გარდამავალი პერიოდისათვის. ეს ვარიანტები ჯერ კიდევ იხილება. ვერ ვიტყვი, თითქოს ისინი მისაღები იყოს ცენტრისთვის, მაგრამ დიდი ყურადღებით იხილავს ასეთ ვარიანტებსაც. აი ყველაფერი ის, რის თქმაც შემიძლია. და მესამე. როგორ შეაფასა გორბაჩოვმა ეს ვიზიტი? სხვადასხვაგვარად. წავიკითხე „იზვესტიაში“, სადაც მან ზუსტად ასახა ჩვენი პოზიცია ამ შეხვედრაზე. იქ ვთქვი: სომხეთის დამოკიდებულება მომავალი კავშირისადმი გაირკვევა მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართება.
ზვიად გამსახურდია: სომხეთთან ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული იყო. სერიოზული წინააღმდეგობანი, სერიოზული კონფლიქტები ჩვენ არ გვქონია და თუ ყოფილა გაუგებრობის ცალკეული ფაქტები, ყველაფერი ეს მოგვარდება. ამას ხელს შეუწყობს მომავალი სამთავრობათშორისო შეთანხმებაც: დაიდება ხელშეკრულებანი სხვა დარგებშიც, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ასე რომ, ყველა ეს ღონისძიება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას, ახალ სიმაღლეზე აიყვანს მას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კეთილი დასაწყისია, ორი სახელმწიფოს ურთიერთობის კეთილი დასაწყისი, რომლებიც დამოუკიდებლობის გზას ადგანან.
კითხვა: ბატონო გამსახურდია, როგორ აფასებთ თქვენ და ბატონ ტერ-პეტროსიანის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას?
ზვიად გამსახურდია: ეს კარგი ხელშეკრულებაა. მართალია, ცოტა არ იყოს ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარი არ შეიძლება იყოს. ეს, შეიძლება ითქვას, სიმბოლური ხელშეკრულებაა, ეს არის მომავალ ურთიერთობათა დასაწყისი, რომლებიც აუცილებლად გადაიქცევა დიპლომატიურ ურთიერთობებად. გვექნება დიპლომატიური წარმომადგენლობანი, რომლებიც, ალბათ, მიიღებენ საელჩოთა რანგს. ყოველივე ამას საფუძველს უქმნის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დადებითი მოვლენაა.
ლევონ ტერ-პეტროსიანი: მე ჩემი მხრივ, მინდა დავძინო: დღევანდელი ხელშეკრულება, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე სახელმწიფოსათვის, უკავშირდება ჩვენი ურთიერთობის ხვალინდელ დღეს. ნავარაუდევია დელეგაციათა გაცვლა, საელჩოების გახსნა, ეკონომიკური, სოციალური და სხვა ურთიერთობანი. წინათაც მითქვამს, რომ ძველთაგანვე სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს მტკიცე კავშირურთიერთობა ჰქონდათ, იგი დღესაც გრძელდება. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ამისა.
კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელად თქვენს არჩევამდე, არაერთგზის აღგინიშნავთ ქართველი და სომეხი ერების საუკუნოვანი მეგობრობა. მე მინდა, რომ მოკლედ, ორიოდე სიტყვით, გვითხრათ ამ კონტექსტით - რა ღონისძიებანი განხორციელდება სომეხი მოსახლეობისათვის კულტურული ავტონომიის მინიჭების დარგში და რა ღონისძიებანი განხორციელდება, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დაცულობა?
ზვიად გამსახურდია: სომეხ ეროვნულ უმცირესობას, ისევე როგორც ყველა სხვა უმცირესობას საქართველოში, აქვს კულტურული ავტონომია, უკვე აქვს. ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა კულტურული ავტონომია ღრმავდებოდეს, ფართოვდებოდეს, ვითარდებოდეს, ვქმნით ამისთვის საკანონმდებლო ბაზისს. ასე რომ, ვერც ერთი სომეხი ვერ იტყვის, თითქოს მას რაღაც პრობლემები ჰქონდეს საქართველოში, თითქოს ვინმე უკრძალავდეს ილაპარაკოს თავის მშობლიურ ენაზე, გამოიყენოს იგი, რომ არ არის სომხური გაზეთი, რადიოგადაცემები, სკოლები, თეატრები, კულტურული საქმიანობის ყველა შესაძლო ფორმა სომხებისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია. აქ ცხოვრობენ მწერლები, კულტურის მოღვაწეები. მართალია, არის წვრილმანი პრობლემები, მაგრამ ისინი არ მომდინარეობს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკიდან. ეს პრობლემებიც გადაიჭრება. ასე რომ, არავითარი, ვიმეორებ, არავითარი პრობლემები სომხებს არ ექნებათ.
კითხვა: ბატონო ტერ-პეტროსიან, როგორ უყურებთ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წინადადებას თბილისში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამი ხელმძღვანელის შეხვედრის შესახებ?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრის დროსაც. ჩვენი დელეგაციების მოლაპარაკების დროსაც, და შევთანხმდით, რომ სანამ არსებობს ახალი ინიციატივა ყარაბაღის ხელისუფლების არამრავალრიცხოვანი წარმომადგენლების მხრიდან - უკვე გაიმართა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან ყარაბაღის დელეგაციის პირველი შეხვედრა - უნდა მივცეთ მას განვითარების შესაძლებლობა. თუ წარმატებით განვითარდება ეს მოლაპარაკება, იქნებ საჭიროც აღარ გახდეს საქართველოს შუამავლობა. ხოლო შემდეგ, თუ ეს მოლაპარაკება, ღმერთმა ნუ ქნას, ისევ ჩაიშალა, ჩვენ გამოვნახავთ ახალ პოლიტიკურ ინიციატივებს. ამ კალაპოტით განვიხილავთ ამ საკითხებსაც.
კითხვა: როგორ აფასებთ ვითარებას ახალქალაქის რაიონში? ზოგიერთი მონაცემით იქ შექმნილია უკანონო სამხედრო ფორმირებანი.
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ეს ამბავი არ გამიგონია. ჩემამდე მოსულა ცნობები, რომ ქართველ და სომეხ მოსახლეობას შორის იყო რაღაც შუღლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითი სიძნელეებია, რომლებიც მალე უნდა გადაიჭრას. საქართველოში დიდი ხნის მცხოვრებმა სომხებმა, რომლებმაც, უკვე ვთქვი, პატივი უნდა სცენ ტრადიციებსა და საქართველოს მიერ არჩეულ სახელმწიფო გზას, უნდა იცხოვრონ იმ ტრადიციებით, იმ განწყობილებით, მიმართულებებითა და მიზნებით, რომლებსაც აცხადებს ქართველი ერი. სომხებს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არავითარი გადაუჭრელი პრობლემა არა აქვთ. მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ სოციალური პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ეს სავსებით ადამიანური, საარსებო პრობლემებია, ისინი არის ახალქალაქშიც, და გადაჭრას მოითხოვს. მე მწამს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გადაიჭრება იმ ტრადიციებისა და კანონების შესაბამისად, რომლებიც საქართველოშია მიღებული, იმ ადამიანურობით, რომელიც სჩვევია საქართველოს. მწამს, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, საუბარი, ხელშეკრულება იმ დიდი გზის დასაწყისია, რომელსაც ჩვენ ვადგავართ.
კითხვა: სომხეთის პრესაში ახლახან გამოქვეყნდა სომხეთის ექვსი პოლიტიკური ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც მოუწოდებენ ხალხს ხმა მისცენ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას. მათ არ შეუერთდნენ მხოლოდ სომხეთის კომპარტია და ორგანიზაცია „დაშნაკუციუნი“. რამდენად ძლიერია სომხეთის მოსახლეობაზე ამ ორგანიზაციის გავლენა?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: დღეს სომხეთის საზოგადოება დემოკრატიულია. მუშავდება სხვადასხვა გზა, მიმართულება, თვალსაზრისი. არიან ადამიანები, რომლებიც სომხეთის დამოუკიდებლობის მიმართ რადიკალურად არიან განწყობილი, მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებსაც სურთ იარონ იმ გზით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა რომ ჰქვია. ხშირად მოდის ყალბი ინფორმაცია საზღვარგარეთიდან, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. დარწმუნებული ვართ, რომ 21 სექტემბერს სომეხი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზას აირჩევს. ეს ჩვენი სურვილია!
კითხვა: ვთქვათ, სომხეთმა და საქართველომ ხელი არ მოაწერეს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ხოლო ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა. როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა მათ შორის?
ლევონ ტერ-პეტროსიანი: ერთბაშად რაღაც რეცეპტების შემოთავაზება შეუძლებელია, მაგრამ, რადგან როგორც საქართველო, ისე სომხეთიც იღწვიან დამოუკიდებლობისათვის, არ აპირებენ გაწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა როგორც საერთოდ კავშირთან - თუ იგი შემორჩა - ისე სხვა რესპუბლიკებთანაც. მე მგონი, ამ კონტექსტით შესაძლებელია ყოველგვარი ურთიერთობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ამას არ გამოვრიცხავ, ეს - ერთი. მეორე - არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები ადრე თუ გვიან დაიწყება აზერბაიჯანშიც იმ რეჟიმის პირობებშიც, რომელიც ამჟამად არსებობს. ასე რომ, ეს პროცესები შეუქცევადია, ყველა რესპუბლიკა ადრე თუ გვიან ჩაებმება დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში.
რედაქციისაგან:
პრესკონფერენციის დროს სომეხმა კოლეგებმა ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, გაგვაფრთხილეს, რომ სომხურიდან ძალზე ცუდად ითარგმნებოდა ნიუანსები. ბატონ ტერ-პეტროსიანის აზრები ზოგჯერ საკმარისად ზუსტად არ გადმოიცემოდა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შეიძლებოდა შემოვფარგლულიყავით მხოლოდ მოკლე ინფორმაციით პრესკონფერენციის შესახებ. მაგრამ, ვითვალისწინებთ რა დიდ ინტერესს გამართული მოლაპარაკებისადმი, მაინც ვაქვეყნებთ პრესკონფერენციის ტექსტს და ვცადეთ მაქსიმალურად მიგვეახლოებინა იგი ორიგინალისათვის. რასაკვირველია, შეიძლება იყოს განსხვავება იმასთან, რაც გამოქვეყნდება სომხურ პრესაში, მაგრამ, ჩვენი მხრივ, არ შეგვეძლო ჩვენი მკითხველები დაგვეტოვებინა ასე თუ ისე ამომწურავი ინფორმაციის გარეშე (საქინფორმი)
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№150 (170), გვ. 1, 1 აგვისტო, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის ივლისის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №7 [612], თბ. მაისი, 1991 წ.].


მიმართვა სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი
თანამემამულენო!
საქართველოს ყველა ღრმა და მწარე ჭრილობა შიდა ქართლშია გახსნილი. მართალია აღსდგა ისტორიული კანონზომიერება, გავაუქმეთ ძალადობით შეკოწიწებული ოლქი, ცხინვალის რაიონი გორს დავუბრუნეთ, ყორნისის რაიონი - ქარელს, მაგრამ აღნიშნულ რეგიონში პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს ჩვენს მობილიზებას და არა მხოლოდ მორალურ თანადგომას.
ჩვენი დაულხინებელი ყოფა სტიქიამ კიდევ უფრო დაამძიმა. ოცდაცხრა აპრილის მიწისძვრამ, იმერეთზე და რაჭაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შიდა ქართლში ასეულობით ბინა დაანგრია და დააზიანა, ხოლო თხუთმეტი ივნისის ნგრევამ - ათასობით ჭერი დააქცია.
არც ოთხ ივლისს დაგვინდო სტიქიამ, კიდევ ერთხელ მოგვივლინა განსაცდელი, წინა მიწისძვრებს გადარჩენილი საბოლოოდ გაანადგურა. რაც ყველაზე სავალალოა, დაიღუპნენ ადამიანები.
სვერი, ქემერტი, ძარწემი, კეხვი, ქურთა, ხეითი, ქვემო აჩაბეთი, ჭარები, ქსუისი, დისევი, აწრისხევი, ბელოთი, საცხენეთი, ჯოჯიანთ უბანი, ვანათი... აი, არასრული სია იმ სოფლებისა, რომელთა ნაწილი მიწასთან არის გასწორებული...
მე ციფრსაც მოგახსენებთ, მარტო გორსა და გორის რაიონში, რა თქმა უნდა, იგულისხმება შემოერთებული ცხინვალის რაიონიც, 4000-ზე მეტი სახლი თავიდანაა ასაშენებელი და შესაკეთებელი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული შველას მოითხოვს. მეგობრებო, არ შეიძლება საჩხერელი და კეხველი კაცის სატკივარი სხვადასხვაგვარად გვაწუხებდეს, მაგრამ შიდა ქართლის გასაჭირი მაინც სხვაა და ამის მიზეზი ყველამ კარგად ვიცით.
აქაურობას ჩვენ ვაცხადებთ აღმშენებლობითი პროგრამის ნომერ პირველ ობიექტად. მართლია, ყურადღებას არ ვაკლებთ სტიქიით დაზარალებულ სოფლებს, განსაკუთრებით სამაჩაბლოს ღია ცის ქვეშ დარჩენილ მოსახლეობას, პროგრამის განსახორციელებლად ვეებერთელა სამშენებლო კომპლექსია დასაქმებული, მაგრამ ეს არ კმარა, საჭიროა რესპუბლიკის ქალაქებმა და რაიონებმა, ცალკეულმა ორგანიზაციებმა გამონახონ საშუალება და ამოუდგნენ მშენებლებს მხარში.
მეგობრებო, ქუდზე კაცის დრო დაგვიდგა, დაზამთრებამდე ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არც ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ არ დაგვრჩეს, ახლა გულგრილობა, მხოლოდ სიტყვით ქადილი და გულხელდაკრეფა ღალატის ტოლფასია.
ჩვენ პირნათელნი უნდა ვიყოთ გაუთავებელი ომით, წყალდიდობით, მიწისძვრით შეწუხებული ქართველობის წინაშე, ვინც ამდენი თავსდამტყდარი უბედურების მიუხედავად, მაინც არ მიატოვა მამა-პაპური კერა.
ისინი გმირები არიან, მეგობრებო, გმირობას კი დანახვა და დაფასება უნდა, რასაც, ალბათ, ჩვენი საერთო ძალისხმევით გავაკეთებთ კიდეც.
არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თანდათან, მტკივნეულ პრობლემად იქცა: გორში, თბილისში, სხვა ქალაქებსა და რაიონებში თავმოყრილია ლტოლვილების დიდი ჯგუფი.
რა თქმა უნდა, ისინი თავისი ნებით არ აყრილან, დაარბიეს, სახლები დაუწვეს, შეურაცხყვეს, გამოაქციეს... მათთვის არავის არაფერი დაუყვედრებია. მთელი საქართველო მათი სამშობლოა, მაგრამ მაინც მძიმეა დიდხანს სხვის კარზე მყოფი ადამიანის ხვედრი... მე არ მინდა ამ ხვედრს შეეჩვიოს ქართველი კაცი, თორემ ჩვენი შრომა წყალშ ჩაიყრება.
ამიტომ, ვფიქრობ, ლტოლვილებად მხოლოდ ქალაქ ცხინვალისა და სოფელ გუჯაბაურის მოსახლეობა უნდა მივიჩნიოთ, ისიც მხოლოდ ქალები და ბავშვები, დანარჩენები კი დროა დაუბრუნდნენ თავ-თავის სოფლებს.
თანამემამულენო, სამაჩაბლოს ქართული სოფლებიდან ლტოლვილებო, მიხედეთ თქვენს ფუძეს, თორემ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ისევ მოვა გადამთიელი და ჩვენ კუთვნილს დაეპატრონება.
ღმერთმა ხომ იცის, აღარაფერი დაგვრჩა დასაკარგავ-გასაცემი, ამიტომ, სამაჩაბლოში დაბრუნებული თითოეული ოჯახი საქართველოსათვის მტკიცე ციხე-სიმაგრის ტოლფასია.
ცხინვალელო მამაკაცებო: დაბეჯითებით გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქართული სოფლების აღდგენა-აღორძინებაში, მამა-პაპეული მიწა-წყლის დაცვაში. ხოლო ის, ვინც ამას არ გააკეთებს, მოღალატედ შეირაცხება.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ბედი დღეს შიდა ქართლში წყდება.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№153 (173), გვ. 1, 6 აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ
1991 წლის 9 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის თანახმად, „აფხაზეთის ასსრ პროკურორი ინიშნება სსრკ გენერალური პროკურორისა და საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანხმობით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს მიერ და მასვე ექვემდებარება. კანონიერების შესრულებისადმი ზედამხედველობის განხორციელებისას აფხაზეთის ასსრ პროკურორი ექვემდებარება სსრკ გენერალურ პროკურორს და საქართველოს გენერალურ პროკურორს.
აფხაზეთის ასსრ გენერალური პროკურორის მოადგილეებს საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით, აფხაზეთის ასსრ პროკურორის წარდგინებით ნიშნავს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო.
აფხაზეთის ასსრ რაიონებისა და ქალაქების პროკურორებს ნიშნავს აფხაზეთის ასსრ პროკურორი საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით“.
აფხაზეთის ასსრ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 117-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, „საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რსპუბლიკების პროკურორებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121 (4)მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:
შეჩერებულ იქნეს აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92-ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედება, რადგანაც ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას.
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 82-ე მუხლის საფუძველზე წინადადება მიეცეს აფხაზეთის ასსრ უზენაეს საბჭოს აფხაზეთის ასსრ პროკურორის, მისი მოადგილეების, ქალაქებისა და რაიონების პროკურორების დანიშვნისას იხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 177-ე მუხლის მოთხოვნებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 5 აგვისტო.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№153 (173), გვ. 2, 6 აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ
1991 წლის 20 ივლისს აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო ბრძანებულება „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ“.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შექმნის ეს აქტი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობასა და თვით აფხაზეთის ასსრ კანონს „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთო რაოდენობის ორ მესამედს შეადგენენ ბლოკ „სოიუზის“ წარმომადგენლები. კომისიის ის ცამეტი წევრი სოხუმელია, მაშინ, როცა მის შემადგენლობაში ყოვლად უსაფუძვლოდ არ შეუყვანიათ გულრიფშის, ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონების აღმასკომების მიერ წარდგენილი კანდიდატურები. ამის გამო დაირღვა აფხაზეთის ასსრ საარჩევნო კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასკომების წინადადებათა გათვალისწინებით.
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებათა შედეგად აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, მისი საარჩევნო უფლებები არაქართველებთან შედარებით არაფრით არ არის დაცული, ქართველ ამომრჩეველთა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ აფხაზეთის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი. ყოველივე ამის გამო დარღვეულია საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 34-ე მუხლის დებულება, რომელიც ადგენს საქართველოს რესპუბლიკაში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეთა თანასწორი უფლებებით უზრუნველყოფის პრინციპს.
აფხაზეთის ასსრ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს არჩევნების ჩატარება არადემოკრატიულად, კანონმდებლობის უხეში დარღვევით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამთავითვე განაპირობებს თვით არჩევნების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს.
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 121(4)-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:
შეჩერებულ იქნეს „აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულება, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 5 აგვისტო.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№153 (173), გვ. 2, 6 აგვისტო, 1991 წ.].


მიმართვა მშვიდობისა და დემოკრატიის მსოფლიო ლიგის კოსტა-რიკის 23-ე კონფერენციისადმი
პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო!
მოგმართავთ საქართველოს ჰელსინკის კავშირის სახელით, როგორც მისი თავმჯდომარე და რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ჩვენი კავშირი შეიქმნა 1976 წელს, იმ დროს, როდესაც იქმნებოდა ჰელსინკის ჯგუფები საბჭოთა კავშირში. მან გამოიარა არნახული დევნისა და შევიწროების წლები, მისი წევრები არაერთგზის იყვნენ რეპრესირებული, მაგრამ იგი მაინც განაგრძობდა ბრძოლას ადამიანის უფლებებისათვის, ერის თავისუფლებისათვის, დემოკრატიული არჩევნების დამკვიდრებისათვის.
1990 წლის ოქტომბერში ჩვენ მივაღწიეთ დემოკრატიულ არჩევნებს. საქართველოში გავაუქმეთ კომუნისტური რეჟიმი და ავირჩიეთ პირველი მრავალპარტიული პარლამენტი საბჭოთა კავშირში, 1991 წლის 31 მარტს ჩავატარეთ პირველი რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხებზე, ხოლო 1991 წლის 26 მაისს - პირველი თავისუფალი არჩევნები პრეზიდენტისა, სადაც მე ამირჩიეს ხმათა 87 პროცენტით.
მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ჰელსინკის მოძრაობის პერსპექტივებზე, მის ამოცანებზე, ვინაიდან ამ მოძრაობაში ჩაბმული ვარ დღიდან ხელშეკრულების ხელმოწერისა (1978 წელი). პატიმრობაში მყოფი ჰელსინკის ჯგუფების სხვა წევრებთან ერთად წარდგენილი ვიყავი ნობელის მშვიდობის პრემიაზე. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰელსინკის მოძრაობის უმთავრეს ამოცანად მიმაჩნია იმის შემოწმება, თუ როგორ ასრულებს საბჭოთა კავშირი 1978 წელს ჰელსინკში ნაკისრ ვალდებულებებს, რამდენად შეესაბამება მისი დღევანდელი პოლიტიკა საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ჰუმანიზმისა და დემოკრატიის აღიარებულ პრინციპებს, აუცილებელია აგრეთვე შესწავლა, თუ რამდენად რეალური პერსპექტივები აქვს საბჭოთა კავშირში და რა უნდა გააკეთონ დასავლეთის ქვეყნებმა ამ რეფორმის განხორცილებისათვის.
1985 წლიდან, როდესაც სსრ კავშირის ახალმა კომუნისტურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა „პერესტროიკა“, მისი მოქმედების სარბიელად უმთავრესად საგარეო პოლიტიკა იქცა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს ის ისტორიული ცვლილებები, რომელიც მსოფლიოში მოხდა - ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საბჭოთა კავშირის გამოყვანა, ვარშავის პაქტის დაშლა და სხვა, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება „პერესტროიკას“, რომელიც გამოიწვია დასავლეთის სახელმწიფოების, პირველ რიგში აშშ-ს პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის მიმართ.
საბჭოთა კავშირი თავისი ნებით არ გარდაქმნილა, იგი აიძულეს დაეწყო „ახალი აზროვნება“ საგარეო პოლიტიკაში. რაც შეეხება სსრკ საშინაო პოლიტიკას, აქ რამდენადმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა: სსრ კავშირის ძალით შენარჩუნების ცდები, რაც ფაქტობრივად არის იმპერიის ერთგვარი გადახალისება და სხვა არაფერი.
ჰელსინკის მოძრაობის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას დღეს, ჩვენის აზრით, უნდა წარმოადგენდეს იმის შემოწმება, თუ როგორ შეასრულა და ასრულებს სსრ კავშირი ჰელსინკის და ვენის დასკვნითი დოკუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.
ხსენებულ დოკუმენტებს ფუძემდებლურ პრინციპებად დაედო ერისა და პიროვნების თავისუფლების აღიარება. ქვემოთ შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ამ პრინციპების რეალიზაციაზე სსრ კავშირში ლაპარაკიც კი ზედმეტია. ერის თავისუფლება გულისხმობს მის თვითგამორკვევას, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლებას. სსრ კავშირის ხელმძღვანელობა კი სსრკ-ს ტერიტორიაზე მცხოვრებ დაპყრობილ ერებს ორად ყოფს: მთავრობისათვის კეთილსაიმედოდ და არაკეთილსაიმედოდ, მეამბოხედ. მაგალითად, კავკასიაში ყველაზე დისკრიმინირებულნი ქართველები და ჩეჩენ-ინგუშები არიან, პრივილეგირებულნი კი აფხაზები და ოსები, ვინაიდან მათ სურთ „სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე“ ხელის მოწერა. შესაბამისია მთავრობის მიდგომაც: მეამბოხე „ურჩი“ ერების წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი ყველა ხერხის გამოყენებით. ამ ხერხების არსენალი ფართოა:
ა) რესპუბლიკებში იქმნება კომუნისტების მიერ ინსპირირებული „ინტერფრონტები“, რომლებიც გააფთრებულად ცდილობენ გააჩაღონ ეთნოკონფლიქტები, რათა კრემლს მიეცეს შეიარაღებული ჩარევის საბაბი. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, „შემრიგებლის“ ნიღაბს ეფარება, მაგრამ მისი ჩარევით მრავალ რესპუბლიკაში დაიღვარა უდანაშულო ადამიანების სისხლი. ამის მაგალითები უამრავი მოიპოვება: მოლდოვაში - გაგაუზთა და დნესტრისპირელთა „რესპუბლიკების“ შექმნა; ბალტიისპირეთში - „რუსულენოვანი“ მოსახლეობის „მოთხოვნით“ ჯარების შეყვანა; საქართველოში - აფხაზი და ოსი სეპარატისტების პირდაპირი შეიარაღებული მხარდაჭერა; სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის „რეგულირება“ და მრავალი სხვა.
ბ) ეკონომიკური ბლოკადა „ურჩი“ რესპუბლიკების მიმართ, რაც გამოიხატება ეკონომიკური შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ცალმხრივ დარღვევაში, რესპუბლიკებისათვის განკუთვნილი ტვირთების გაგზავნის თვითნებურ შეფერხებებსა და აკრძალვაში, ნავთობის, გაზის და სხვა ნედლეულის მოწოდების შემცირებასა და შეწყვეტაში და ა.შ.
გ) „საკდესის“ - სიცრუის იმპერიის ამ უზარმაზარი მანქანის მეშვეობით სსრ კავშირში და საზღვარგარეთ ტენდენციური, გაყალბებული ინფორმაციის გავრცელება „ურჩ“ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესების შესახებ.
დემოკრატიულად არჩეულ რესპუბლიკურ მთავრობებზე „ბირთვული იარაღის ღილაკების“ დაუფლების სურვილის მიწერა, ცილისწამება ფაშიზმსა და დიქტატორობაში, ადამიანის უფლებათა შეზღუდვაში (და ამას აკეთებს რეჟიმი, რომლისთვისაც კლასობრივი ზიზღი და კაცთა კვლა იდეოლოგიურ მიზანს წარმოადგენს). ამავე დროს „ბრალდებულ“ ხალხებს არა აქვთ არავითარი საშუალება, პასუხი გასცენ მათ საწინააღმდეგოდ მიმართულ პროპაგანდას. განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაშია ამ მხრივ საქართველო, რომელიც „სამიზნედ“ ჰყავთ ამოღებული „საკდესის“ მიერ ანგაჟირებულ ჟურნალისტებს. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ „სსრკ-დან რესპუბლიკების გასვლის შესახებ“ დრაკონულ კანონს, რომელიც სინამდვილეში არგასვლის კანონია, მთელი სიცხადით დავინახავთ ერთა თვითგამორკვევის საბჭოურ მოდელს. ადამიანის უფლებების სფეროში 1986 წლის შემდეგ პროგრესი უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალური. ეს არის იძულებითი ლიბერალიზაცია და არა თანმიმდევრული დემოკრატიზაცია, ვინაიდან არ არსებობს ჭეშმარიტი კონსტიტუციური, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც უნდა დაეფუძნონ ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი.
როგორია ვითარება ამ მიმართულებით დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ რესპუბლიკებში, კერძოდ, საქართველოში? მიუხედავად ამ საზარელი მემკვიდრეობისა, რომელიც დაუტოვა ახალ დემოკრატიულ ხელისუფლებას კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი მმართველობის 70 წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მოქალაქეობის კანონი, რომელიც პირველი კითხვით მიიღო პარლამენტმა და რომელიც საქართველოს მოქალაქეებად აღიარებს ყველას, ვინც კანონის მიღების დღისათვის ცხოვრობს საქართველოში (ნულოვანი ვარიანტი); ეროვნული უმცირესობების უფლებების, მათი ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სრული საკანონმდებლო გარანტია; ახალი ეკონომიკური სისტემის დაფუძნება, რომელიც ამკვიდრებს კერძო მეწარმეობას და თავისუფალ ბაზარს, უცხოური ინვესტიციების დაცვას; პიროვნული თავისუფლების გარანტია - მომზადებული კანონები პრესის თავისუფლებისა და პარტიების შესახებ. ამას ემატება საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა სამხრეთ აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელმაც კრემლის წინააღმდეგობის მიუხედავად უკვე გამოიღო პირველი შედეგები. რა თქმა უნდა, არავინ ამტკიცებს, რომ დღეს საქართველოში დასავლეთ ევროპის დარი დემოკრატია სუფევს - ეს არც შეიძლება ასე იყოს. არის შეცდომები, უკანდახევა, მაგრამ კურსი აღებულია დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ.
გამომდინარე სსრ კავშირზე ზემოთქმულიდან, იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია მასშტაბური და ღრმა რეფორმების გარეშე ჰელსინკის პრინციპების გამარჯვებაზე ფიქრიც კი, 1991 წლის კონფერენციებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ პრობლემებზე.
1. კონსტიტუციური საკანონმდებლო ბაზისის შექმნა სსრკ-ს დემოკრატიული რეფორმებისათვის, რაც უნდა შეიცავდეს:
ა) ერთა სრული თვითგამორკვევის გარანტიას, იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის აღმოფხვრას;
ბ) თავისუფალი ბაზრისა და კერძო მეწარმეობის პრინციპების საკანონმდებლო დამკვიდრებასა და რეალიზაციას;
გ) ემიგრაციისა და ოჯახების გაერთიანების საკითხების მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით (სპარსეთში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველების კონტაქტები თავიანთ ნათესავებთან საქართველოში: მათ არა აქვთ მიწერ-მოწერის და ტელეფონით საუბრის უფლება, არა თუ მისვლა-მოსვლისა);
დ) სარელიგიო კანონმდებლობის დემოკრატიზაციას. ეკლესია კვლავ შეზღუდულია და დისკრიმინირებულია თავის უფლებებში, გრძელდება კომპარტიის კონტროლი ეკლესიაზე და უხეში ჩარევა საქმეებში.
2. ეკოლოგიური ომის შეწყვეტა დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგ, ე.ი. მათი ბუნების, მიწის, ჰაერის, წყლისა და წიაღისეულის ბარბაროსული ექსპლოატაციისა და განადგურების შეწყვეტა.
3. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ ტერორის ინიციატორებისა და შემსრულებლების გასამართლება სრული საჯაროობის პირობებში.
4. ჰელსინკისა და ვენის დასკვნითი დოკუმენტების ცხოვრებაში გატარების შემმუშავებელი ჯგუფების ოფიციალური აღიარება, ხელშეუხებლობის გარანტირება, დაცვა და ყოველგვარი ხელშეწყობა. ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭიროა განხორციელების მექანიზმის შექმნა, რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია: გაეროს, ევროპარლამენტის, საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების მუდმივი კონტროლის დაწესება სსრკ-ში მიმდინარე პროცესებზე, განსაკუთრებით ეთნოკონფლიქტებზე.
ბ) ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრება დასავლეთის ქვეყნებთან;
გ) საინფორმაციო ცენტრების შექმნა დასავლეთის ქვეყნებისა და რესპუბლიკების დედაქალაქებში.
დ) გაეროსა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტთა მიერ შესწავლა საქართველოში, ლიტვაში, ლატვიაში და სხვა რესპუბლიკებსა და ქალაქებში მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისა, ეთნოკონფლიქტების მოწყობის, სხვა ანტიჰუმანური ქმედებებისა და მათი შედეგები.
დასკვნა
საბჭოთა კავშირი არ გარდაქმნილა და ვერც გარდაიქმნება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ რეალური საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გარეშე, ხოლო ამ რეფორმების განხორციელება შეუძლებელია, სანამ მისი ხელმძღვანელობა ებღუჭება დრომოჭულ მარქსიზმ-ლენინიზმს. სამართლებრივ ნორმებზე, საბაზრო ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე, პლურალისტურ სისტემაზე, დემოკრატიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ვიდრე სსრ კავშირს მართავს კორუმპირებული კომუნისტური მაფია და არა დემოკრატიული კანონები. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია სსრ კავშირის იმპერიული სტრუქტურების სრული დემონტაჟი და დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოების დაშლა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№157 (177), გვ. 1, 9 აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს ხელისუფლების განცხადება: მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა!
საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ გორბაჩოვის მიერ სსრკ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, სსრკ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 1991 წლის 19 აგვისტოდან, სსრკ კონსტიტუციის შესაბამისად, შეუდგა სსრკ ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა საბჭოთა კავშირის ცალკეულ ადგილებში, 6 თვის ვადით, 1991 წლის 19 აგვისტოს 04 საათიდან, მოსკოვის დროით. საგანგებო მდგომარეობის კონკრეტული რეგიონები მითითებული არ ყოფილა. შეიქმნა სსრკ-ში საგანგებო მდგომარეობის საგანგებო კომიტეტი.
ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისათვის მოულოდნელი იყო. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმსა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას მიაჩნიათ, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა.
მივმართავ საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება ერთიანი, შეთანხმებული მოქმედების აუცილებლობა.
მოგიწოდებთ ყველას, ვიყოთ სამუშაო ადგილებზე, შევასრულოთ სამსახურებრივი მოვალეობა, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ დავუშვათ თვითნებური მოქმედება. დავემორჩილოთ საქართველოს ხელისუფლების ორგანოთა განკარგულებებს.
დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ჩვენს რესპუბლიკაში სამოქალაქო სიმშვიდისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას.
იმედია, საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობა გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებულობასა და პასუხისმგებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი;
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი;
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
თბილისი. 1991 წლის 19 აგვისტო.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№29/62, გვ. 1, 20 აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა ეთანხმება მსოფლიო დემოკრატიული სახელმწიფოების თვალსაზრისსს ისეთი ახალი მსოფლიო მოწყობის შესახებ, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობა და ყველა ადამიანის უფლებები დაცული იქნება. ეს იქნება ნამდვილი მსოფლიო, სადაც ქვეყნებსა და ერებს შორის წამოჭრილი უთანხმოებები მოწესრიგდება დიალოგის მეშვეობით და არა ძალისა და მუქარის გამოყენებით.
ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს მოსახლეობამ საბოლოოდ თქვა უარი სამოცდაათწლიან მონობაზე და ხმა მისცა დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას. მან უპირობოდ დაუჭირა მხარი დემოკრატიული და სუვერენული საზოგადოების აღდგენას, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან წამოჭრილ ნებისმიერ სადავო საკითხს მშვიდობიანი გზით მოაგვარებს. იქ, სადაც წარმოიქმნება უთანხმოება, ჩვენი მოთხოვნა მარტივია: დავსხდეთ სასაუბროდ, გავმართოთ დიალოგი ისე, როგორც თავისუფალ, ერთმანეთის პატივისმცემელ ერებს შეჰფერის.
დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, ჩვენც გვსურს ქვეყნად მშვიდობისა და თავისუფლების დამკვიდრება. ამავე დროს საქართველოს რესპუბლიკა გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს მომავალში გახდება ერთა მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოში საერთაშორისო ნორმებთან სრული შესაბამისობით განუხრელად იქნება დაცული ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებები. ჩვენთან მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს სამეგობროდ ვუწვდით ხელს, მოვუწოდებთ მათ, რომ მონაწილეობა მიიღონ ახალი, დემოკრატიული საქართველოს შენებაში, სადაც განსხვავებული რწმენისა და შეხედულებების მოქალაქენი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად. მოდით, მომავალ თაობებს უკეთესი და უფრო ბედნიერი მომავალი შევუქმნათ. დღეიდანვე დავიწყოთ ნებისმიერი სადავო საკითხის გულწრფელ და მშვიდ ვითარებაში გადაწყვეტა, რაც შემდგომ ურთიერთდაახლოების საწინდარი გახდება.
ქართველი ერის სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ გულისხმობს საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვას. ჩვენი პრინციპია საერთაშორისო სამართლის ნორმების პრიმატი და ვაცხადებთ, რომ ეს ნორმები სრულიად მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე.
მოსკოვს მივმართავთ, მოგვცეს წინსწრაფვის საშუალება, როგორც ეს კეთილ მეზობელსა და პარტნიორს შეჰფერის, რათა ჩვენს ხალხებს უკეთესი ცხოვრების საშუალება შევუქმნათ, ვიყოთ კარგი სავაჭრო პარტნიორები და დავეხმაროთ ერთმანეთს ნათელი მომავლის შექმნაში. თუკი არსებობს რაიმე უთანხმოებანი, ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე განვიხილოთ ისინი. მხოლოდ თანაბარ, პარიტეტულ საწყისებზე აგებულ დიალოგს შეუძლია მოგვცეს ის პოზიტიური შედეგი, რომლითაც თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული ორივე მხარე.
ყველას ვუცხადებთ - მომავალი ნათელი და საიმედოა.
ვისარგებლოთ ამ მშვენიერი შესაძლებლობით. დაე, დიქტატურა და ჩაგვრა სამუდამოდ შეცვალოს დემოკრატიამ და დიალოგმა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 20 აგვისტო.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№171-172 (192), გვ. 1, 3 სექტემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ხალხებისა და მთავრობებისადმი
საბჭოთა კავშირში შეიქმნა არასტაბილური სიტუაცია, რომლის გაკონტროლება ახლო მომავალში შესაძლოა შეუძლებელი გახდეს.
მოვლენათა ასეთი განვითარება ყოველთვის გარდაუვალია ტოტალიტარულ იმპერიაში, სადაც იწყება დიდი ლიბერალიზაცია. ასეთი მოვლენების პირისპირ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის სახელმწიფოთა პრინციპულ პოზიციას, უკომპრომისო შეფასებას ყოველივე იმისა, რაც ხდება, აგრეთვე აქტიურ დიპლომატიურ თუ სხვაგვარ მოქმედებას. დასავლეთი არ უნდა იყოს პასიური მაყურებლის როლში. პოლიტიკური შეფასება მომხდარი გადატრიალებისა ძალზე რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის ნათელი ნამდვილი გადატრიალებაა ეს, თუ მხოლოდ გარიგება ან შოუ, რომლისგანაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მიელტვიან ცალკეული სახელმწიფო ლიდერები.
მთავარზე უმთავრესია დასავლეთმა მხარი დაუჭიროს საბჭოთ კავშირში მხოლოდ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიის, პლურალიზმის დამკვიდრებას.
შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, რეაქციული ძალების შესაძლო გამარჯვება, საფრთხეს უქადის უწინარეს ყოვლისა საბჭოთ კავშირში შემავალ იმ რესპუბლიკებს, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, და რომელთაც ჰყავთ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პრეზიდენტი. ისინი უშუალო სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან. ამიტომ მე მოვუწოდებ დასავლეთის მთავრობებს, უწინარეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სასწრაფოდ და გადაუდებლად დე ფაქტო და დე იურე ცნონ ამ რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ მათთან, რათა დაიცვან ჭეშმარიტად დემოკრატიული რეფორმების მონაპოვარი ამ ქვეყნებში.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 20 აგვისტო.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№163 (183), გვ. 1, 21 აგვისტო, 1991 წ.].


პრეზიდენტ ბ. ელცინს რსფსრ სახალხო დეპუტატთა საგანგებო სესიას
გილოცავთ გამარჯვებას. შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ რუსეთის სფს რესპუბლიკის დემოკრატიულ ძალებს. გიცხადებთ თანაგრძნობას თავისუფლების დამცველთა დაღუპვის გამო.
პუტჩის პირველივე დღეს საქართველოში გამოგზავნეს იაზოვის მოადგილე არმიის გენერალი ჟურავლიოვი, რომელმაც რამდენიმე ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას და შეეცადა უხეშდ ჩარეულიყო ჩვენი რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. სამხედროებმა კონტროლი დაუწესეს აეროპორტს, ვაგზლებს. ცდილობდნენ განეხორციელებინათ მანევრები.
საბჭოთა აფხაზეთის ცენტრალურმა ძალებმა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ თვითმარქვია ხელისუფლებმა მთლიანად დაუჭირეს მხარი თვითმარქვია საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტს, მას აგრეთვე მხარი დაუჭირა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, რაც გამოცხადებული იყო მათ გაზეთ „ცხოვრებაში“.
საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 20 აგვისტოს მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს მხარი დაეჭირათ სსრ კავშირში ხალხის მიერ არჩეული ყველა პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის და აქტიურად დახმარებოდნენ სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობას - პრეზიდენტსა და პარლამენტს ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევიათ თავიანთი პოზიციებისათვის და არ უცვნიათ საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტი და მთლიანად უჭერდნენ მხარს რუსეთის სფსრ რესპუბლიკის პრეზიდენტს ელცინს და პარლამენტს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
თბილისი, 1991 წლის 22 აგვისტო
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№165 (185), გვ. 1, 23 აგვისტო, 1991 წ.].


განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის
საქართველოს რესპუბლიკა მთელ მსოფლიოსთან ერთად უაღრესად გახარებულია მოსკოვის რეაქციული გადატრიალების ჩაშლით. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, დემოკრატიამ კიდევ ერთხელ იზეიმა, რაც იმის ნიშანია, რომ საბჭოთა იმპერიაში შემავალ ხალხებს უნდათ, რომ ჰქონდეთ თავისთვის სასურველი მთავრობის არჩევის უფლება და შესაძლებლობა. სწორედ ეს მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ უნათებს გზას საქართველოსა და სხვა რესპუბლიკებს, რომელთაც თვითონ სურთ იყვნენ საკუთარი ბედ-იღბლის გამგებელნი.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№165 (185), გვ. 1, 23 აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება
ამ დღეებში ეროვნული გვარდიის სახელით თბილისში გავრცელდა პროკლამაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას, კერძოდ, პროკლამაციის ავტორები ამტკიცებენ, თითქოს ხელისუფლებამ გვარდია „დაშალა“, რაც უხეში ცილისწამება და პროვოკაციაა. სინამდვილეში გვარდია კი არ დაიშალა, მას მიეცა ახალი სტატუსი განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვედანაყოფისა, რაც შექმნილი მწვავე მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო გვარდიის დასაცავად საბჭოთა იმპერიული ჯარების მხრივ თავდასხმისაგან, რითაც არაორაზროვნად იმუქრებოდნენ სამხედროები იმ დღეებში; გარდა ამისა, ამგვარი რეორგანიზაცია გვარდიისა დაგეგმილი იყო გაცილებით უფრო ადრე.
ბრძანებულებაში გვარდიის დაშლა-გაუქმებაზე არაფერია ნათქვამი, ოღონდ გვარდიას სჭირდება ხელმძღვანელად პროფესიონალი სამხედრო გენერალი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეასრულებს თავის მაღალ დანიშნულებას, მასში არ იქნება წესრიგი და დისციპლინა, რითაც იგი შესაძლოა გადაიქცეს საზოგადოებისათვის საშიშ ძალად.
რამდენადაც გვარდია ექვემდებარება უშუალოდ პრეზიდენტს, მე მოვუწოდებ ჭეშმარიტ გვარდიელებს გატარდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, მიიღონ ტაბელური იარაღი, დაემორჩილონ ხელმძღვანელობას და ემსახურონ საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს და არა ცალკეული პირების გაუმართლებელ ამბიციებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 23 აგვისტო
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№166 (186), გვ. 1, 24 აგვისტო, 1991 წ.].


ლატვიის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ანატოლი გორბუნოვს
ლატვიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ივარს გორდმანისს
საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მთელ ლატვიელ ხალხს რუსეთის მიერ ლატვიის სახელმწიფო დამოუკიდებლობის ცნობის ღირსშესანიშნავ ფაქტს.
ვუსურვებთ დამოუკიდებელ ლატვიის რესპუბლიკას მთელი მისი შემოქმედებითი ძალების გაფურჩქვნას თავისუფლების ნათელი ცის ქვეშ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 25 აგვისტო.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№167 (187), გვ. 1, 27 აგვისტო, 1991 წ.].


რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ბ. ელცინს
სანამ არსებობს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, საკდესი და სხვა ასეთი ორგანიზაციები, აგრეთვე ისეთი სიცრუის მანქანები, როგორიც არის გაზეთები „კომსომოლსკაია პრავდა“, „კრასნაია ზვეზდა“ და მათნი მსგავსნი, თქვენი მოძრაობა ვერ დათრგუნავს იმპერიის ბნელ ძალებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სფს რესპუბლიკაში გაიმარჯვა დემოკრატიამ, საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ უწინდებურად გრძელდება სიცრუისა და ცილისწამების გააფთრებული კამპანია. კერძოდ, ისინი დეზინფორმაციას აწვდიან საზოგადოებრიობას, თითქოს მე დამეშალოს გვარდია, ბრალად მდებენ ლამის პუტჩის მიმართ შემრიგებლურ დამოკიდებულებას. და ეს იმ დროს, როცა მე იმავე დღეს ვამხილე პუტჩი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისადმი ჩემს მიმართვაში, სადაც ამას ვუწოდე რეაქციული ძალების გამარჯვება და მოვუწოდე მათ მხარი დაეჭირათ სსრ კავშირში ხალხის მიერ არჩეული ყველა პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის, მივეცი რამდენიმე ინტერვიუ, რაზეც წერდა მთელი დასავლეთის პრესა და გადასცემდა ტელევიზია.
რაც შეეხება გვარდიას, იგი უწინდებურად არსებობს და მასთან დაკავშირებული ვითარების თაობაზე სრულ ინფორმაციას მალე მიიღებთ. გთხოვთ, ნუ დაუჯერებთ ასეთ კომკავშირულ ჭორებს.
გულითადი სალმით
ზ. გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№167 (187), გვ. 1, 27 აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ
საბჭოთა კავშირში ა.წ. 19-21 აგვისტოს კომუნისტური პუტჩის დღეებში საქართველოს კომპარტიამ მხარი დაუჭირა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის კომიტეტს. გარდა ამისა მისი არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ.
აქედან გამომდინარე ვადგენ:
შეჩერდეს საქართველოს კომუნისტური პარტიის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 26 აგვისტო
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№167 (187), გვ. 2, 27 აგვისტო, 1991 წ.].


ინტერვიუ გაზეთ „ფიგაროს“ კორესპონდენტთან
საქართველოს პრეზიდენტს საეჭვოდ მიაჩნია გორბაჩოვის უდანაშაულობა პუტჩში
კომუნიკეში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, მომხდარი პუტჩი თქვენ მიიჩნიეთ, როგორც მიზანსცენა, ინსცენირებული კრემლის ზოგიერთი ლიდერის მიერ. რა გაძლევთ ამის საფუძველს?
ძნელი სათქმელია, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა პერსპექტივები გადაუშალა გორბაჩოვს ამ პუტჩმა. მომხდარმა ამბავმა მას უდიდესი პოპულარობა და ნდობა მოუხვეჭა. ამჟამად მას დიდი შანსი აქვს გაიმარჯვოს პრეზიდენტის არჩევნებში. სწორედ ეს გარემოება მაფიქრებინებს სპეციალურად შემუშავებული ინსცენირების შესაძლებლობას, რომლის მიზანიც ხალხის მოტყუებაა. რატომ მოხდა, რომ ერთადერთი, ვინც დააპატიმრეს, იყო გორბაჩოვის პირადი მტერი გლდიანი. რატომ ეს არ შეეხო ელცინს ან სხვებს? ეს ყველაფერი ეჭვს იწვევს.
შევარდნაძის განცხადებამ, სადაც მან ეჭვი გამოთქვა იმ ჭეშმარიტ როლზე, რომელიც გორბაჩოვმა გადატრიალებაში შეასრულა, შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს ნომერ პირველი საბჭოთა მოქალაქის დისკრედიტაცია?
არა, ამჟამად მისი სტატუსი ინგლისის დედოფლის სტატუსს ჰგავს. თანაც, ამას ემატება დასავლეთის მხრიდან გაძლიერებული დახმარების გაზრდის პერსპექტივა, რაც ძალიან მალე უნდა მოხდეს. ყველაფერი ეს ძალზე წარმტაც მონახაზებს იღებს. მაგრამ მოდით დაველოდოთ იმას, თუ რა ბედი ეწევა იანაევს. თუ დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს, მაშინ ეს მართლაც პუტჩი ყოფილა. თუ ასე არ მოხდა და პატიმრობისას სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებს, ან მძიმე ავადმყოფობა შეეყრება, მაშინ ცხადი გახდება, რომ პუტჩი ინსცენირებული იყო. ამას მალე გავიგებთ.
იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება საბჭოთა კავშირში ვითარება, როგორ უყურებთ თქვენს ადგილს ამ სისტემაში? შესაძლებელია თუ არა ამ პირობებში მოაწეროთ ხელი ახალ ხელშეკრულებას?
თუ ეს ხელშეკრულება ახალი იქნება, შესაძლოა ჩვენ მას გავეცნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, აბსტრაქციული ცნება სსრ კავშირი მთლიანად იშლება, დეზინტეგრაციას განიცდის. ჩვენ გვინდა ყველა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამიერიდან აღარ იქნება ცენტრის დიქტატურა, კონსერვატორების მკაცრი კურსი. საბჭოთა კავშირში შესაძლოა შეიქმნას რაღაც საერთო ბაზრის მსგავსი, რომლის სათავეში იქნება შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტი.
რა ზომები მიგაჩნიათ საჭიროდ საქართველოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად: სწრაფი პრივატიზაცია, საკუთარი ფული, ქართული პასპორტები, საზღვარგარეთ საელჩოები?
რაც შეეხება ამ უკანასკნელს, ამისათვის საჭიროა დასავლეთმა გვცნოს; ეს მალე უნდა მოხდეს. რაც შეეხება ფულს, - მოვჭრით. ამისთვის ერთი წელი გვჭირდება. მას ქართული სახელი ექნება - მარჩილი. ხოლო პრივატიზაცია ჯერ პატარა საწარმოებსა და სავაჭროებს შეეხება, და არა დიდ ქარხნებსა და ფაბრიკებს.
რაც შეეხება მიწას?
პრივატიზაცია უკვე დაიწყო.
მაგრამ მიუხედავად ამისა, კოლმეურნეობების თავმჯდომარეები რჩებიან.
დიახ, სწორია, მაგრამ კოლმეურნეობების გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ფერმებად იქცა.
თქვენ იხმარეთ სიტყვა „დესოვეტიზაცია“, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფერმები ქართული სახელმწიფოს საკუთრებად იქცა?
დიახ.
შესაძლებელია თუ არა ახლო მომავალში ამიერკავკასიის ერთიანობა, რომელსაც თქვენ ესწრაფვით?
რასაკვირველია. კავკასიის სხვა რესპუბლიკებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამ ურთიერთობაში შემრიგებლობა და სტაბილურობა სუფევს. ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ ამიერკავკასიას თავისუფალი ვაჭრობის ზონად.
დემოკრატია გულისხმობს ოპოზიციას. ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად საბჭოთა კავშირში სუფევს, ხომ არ გამოიწვევს ძლიერი ხელის, ავტორიტარიზმის გამოჩენას?
წესრიგი და დისციპლინა აუცილებელია. საქართველოში გვაქვს წესრიგი, და ამავე დროს, გვყავს ოპოზიციური ჯგუფები. არსებობს ლეგალური ოპოზიცია, რომლის ლიბერალიზაციის პროგრამა ჩვენ ანარქიამდე მიგვიყვანდა. არის კომუნისტური ოპოზიცია, რომელიც პუტჩის მხარდაჭერის შემდეგ ფაქტობრივად დაიშალა. ამას ემატება შეიარაღებული დანაშაულებრივი ოპოზიცია.
ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეტაკებები იყო. ახლა რა ვითარებაა?
მთავარი ქალაქი ცხინვალი ისევ ბანდიტების ხელშია. იქ არის უკანონო ხელისუფლება, რომელსაც არავითარი ავტორიტეტი არა აქვს. „სოიუზის“ მიერ შექმნილმა მოძრაობამ ქართველები ქალაქიდან გააძევა, ამიტომ იყო, რომ ამ ექსტრემისტებმა სიხარულით დაუჭირეს მხარი გადატრიალებას.
რა ელის გორბაჩოვ-ელცინის ტანდემს?
წინასწარმეტყველი არა ვარ, მგრამ ვიცი, რომ გორბაჩოვი ამჟამად საბჭოთა კავშირში ძალას აღარ წარმოადგენს. რაც შეეხება ელცინს, სასიხარულოა, რომ მან დიდი გამარჯვება მოიპოვა. მე მხარს ვუჭერ მის პოლიტიკურ მიზნებს.
ერიკ ფლამანი
1991 წელი. 31 აგვისტო
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№170 (190), გვ. 3, 1991 წ.].


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება პუტჩის კრახი საქართველოში
გაზეთ „დრონის“ ა.წ. აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თ. სიგუას და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გ. ხოშტარიას წერილები, სადაც ისინი თავისებურად ხსნიან თანამდებობიდან თავიანთი გადაყენების მიზეზებს. პრესსამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მათი განმარტებანი თავიდან ბოლომდე ყალბია, მიზნად ისახავს მათი გადაყენების ნამდვილი მიზეზების მიჩქმალვას და საზოგადოების დეზორიენტირებას.
თ. სიგუა აცხადებს, თითქოს მას უთანხმოება ჰქონოდა პრეზიდენტთან იმის გამო, რომ პრეზიდენტი არაპროფესიონალურ კადრებს აძლევდა უპირატესობას, ხოლო თენგიზ სიგუამ, ვითომდაც, „მთელი აკადემია მოიყვანა მთავრობაში“. აკადემიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თ. სიგუა თავგამოდებით იცავდა ყოველი ჯურის კორუმპირებულ პარტიულ ფუნქციონერებს მთავრობაში და მიუხედავად პრეზიდენტის არაერთგზისი მოთხოვნისა, არ გაათავისუფლა კომუნისტური პერიოდის ისეთი „მოღვაწეები“, როგორნიც იყვნენ ო. ქვილითაია, გ. ბერიძე, ა. სანებლიძე, დ. ქართველიშვილი და სხვები. უფრო მეტიც, მათში ხედავდა იგი მთავარ დასაყრდენს პრეზიდენტის წინააღმდეგ შექმნილ ოპოზიციაში. „აკადემიიდან მოსულ“ კადრებში თუ განათლების მინისტრი ე. ჯაველიძე იგულისხმება, ეს პიროვნება პრეზიდენტმა მოიყვანა მთავრობაში და იგი მისი მხარდაჭერით სარგებლობდა მუდამ. სხვა „აკადემიიდან მოსულ“ კადრებს მთავრობაში ვერავინ დაასახელებს. უნივერსიტეტის პროფესორი ბაქარ გიგინეიშვილიც პრეზიდენტმა დანიშნა თ. სიგუას მოადგილედ.
მებაღეობის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულების არსსაც აყალიბებს თ. სიგუა და მას ცხვარიჭამიას ამბავს ადარებს. სინამდვილეში ცხვარიჭამიაში შევარდნაძემ ხალხს არა მარტო ნაკვეთები ჩამოართვა, არამედ აშენებული სახლებიც. პრეზიდენტის ბრძანებულებით კი არავისთვის არაფერი ჩამოურთმევიათ. საქმე შეეხო იმ ნაკვეთებს, რომლებიც წლების მანძილზე უპატრონოდ აქვთ მიტოვებული მფლობელებს, არც თვითონ სარგებლობენ და არც გლეხს აძლევენ. მოსავლის აღებაში ყაირათიანობისკენ მოწოდებას თ. სიგუა „განკულაკების“ დროინდელ პრაქტიკას ადარებს, რაც აგრეთვე უხეში გაყალბებაა საქმის არსისა.
თ. სიგუა ატყუებს საზოგადოებას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდეს პრივატიზაციას, ვითომ „არ იცის“, რომ პრივატიზაციას სჭირდება საკანონმდებლო საფუძველი, პრივატიზაციის კანონი კი ეს-ესაა მიიღო პარლამენტმა. მიწის გადაცემა გლეხობისათვის კი, აბა, როგორ განხორციელდება, როდესაც მიწის კანონი ჯერ არ გვაქვს, რასაც თან მრავალი სირთულე ახლავს. ასევე განცვიფრებას იწვევს თ. სიგუას თავდასხმა პრეფექტურის ინსტიტუტზე, რომლის მომხრედაც თავად გვევლინებოდა და არასოდეს გაუკრიტიკებია ეს ინსტიტუტი. საოცარია, რად შეიცვალა მისი დამოკიდებულება პრეფექტებთან ასე უეცრად, თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ? საოცარია, რა სწრაფად გადავიდა ე.წ. კონგრესის პოზიციაზე თ. სიგუა სკამის დაკარგვის შემდეგ?
სიყალბეა იმის განცხადებაც, თითქოს საქართველოს პრეზიდენტის სოციალიზმის ელემენტების შემოტანაზე უთქვამს რაიმე ოდესმე თ. სიგუას. როგორც ჩანს, არ გაუგია ტერმინი „კონვერგენცია“, რომელიც ახსენა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს ორი სისტემისათვის დამახასიათებელი ელემენტების შერწყმას, რაც გარდამავალ პერიოდს ახასიათებს, ვინაიდან, სანამ ჩვენში შეიქმნება მსხვილი კაპიტალის კანონიერ მფლობელთა ფენა, სახელმწიფო ხელიდან ვერ გაუშვებს ვერც მსხვილ კაპიტალს და ვერც საბაზრო მექანიზმების მართვის ინიციატივას. ასეთია გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის სპეციფიკა, ამიტომ სახელმწიფო კონტროლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს დღევანდელი ლიტვაც. ნუთუ იგი სოციალიზმისკენ მიილტვის?
თუ რამდენად მართალია თ. სიგუა ი. მენაღრიშვილის საკითხში, ამას თვით ყოფილი მინისტრის განცხადებიდან შეიტყობთ უახლოეს ხანში, ამიტომ ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
აბსოლუტურად სიცრუეა იმის მტკიცება, თითქოს თათარისტანთან რაიმე პოლიტიკურ ხელშეკრულებაზე ან საქართველოს და თათარსტანის პრეზიდენტების შეხვედრაზე ყოფილიყოს ლაპარაკი. ამის შესახებ არავითარი დოკუმენტი არ არსებობს და ესეც ჩვენი მტრების მიერ გავრცელებული პროვოკაციული მონაჭორია.
თ. სიგუა პროვოკაციულად სდებს ბრალს პრეზიდენტს, თითქოს იგი გამოვიდა კოოპერატივების, ერთობლივი საწარმოების, ბირჟების წინააღმდეგ. საბედნიეროდ არსებობს ჩანაწერი სესიაზე პრეზიდენტის გამოსვლისა, სადაც პრეზიდენტმა შეუტია ისეთ კოოპერატივებს, რომლებიც არაფერს არ აწარმოებენ და წარმოადგენენ პარაზიტებს სახელმწიფო სასურსათო საწყობებისას, რის შედეგადაც იძარცვება ხალხი. დაცარიელდა მაღაზიები. ადამიანები ვეღარ ღებულობენ თავიანთ კუთვნილს. მწარმოებელ კოოპერატივებს კი ხელისუფლება ყოველთვის ეხმარებოდა. ზოგიერთი ერთობლივი საწარმო, მართლაც, არაფერს აძლევს რესპუბლიკას ზარალის გარდა. აი, თურმე, რა მოსწონთ თ. სიგუას და მსგავსთა მისთა: უნდა მივუშვათ თავის ნებაზე საეჭვო კოოპერატივები, კომერციული მაღაზიები, ერთობლივი საწარმოები, ვინაიდან ეს საუკეთესო გზაა მოსახლეობაში უკმაყოფილების დათესვისა, ხალხის ამხედრებისა პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა არაერთგზის გააფრთხილა მთავრობა, აელაგმათ კომუნისტური მაფია, შეეწყვიტათ საქართველოს ძარცვა, უკონტროლოდ გადაზიდვა ნედლეულისა, ყოველგვარი პროდუქციისა, დაეწესებინათ ნუსხა გასატანი საქონლისა, შეემოწმებინათ ბარტერული გარიგებები, მაგრამ ამაოდ. არაერთგზის მოუწოდათ მიეღოთ მკაცრი ზომები ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის წინააღმდეგ, ეზრუნათ მოსახლეობის მომარაგებაზე ელემენტარული პროდუქტებით, მაგრამ, როგორც ზემოთ დავინახეთ, მათ სწორედ საპირისპირო მიზნები ჰქონდათ. კომუნისტური მაფია საბოტაჟს უწევდა პრეზიდენტს და საუკეთესო მოკავშირე სწორედ თ. სიგუაში ჰპოვა, თუმც, ნუ ვიჩქარებთ, ამ ალიანსის შესახებ დასკვნას მალე მოგვაწოდებენ საგამომძიებლო ორგანოები.
თ. სიგუა და ძმანი მისნი უკვე დიდი ხანია მიზნად ისახავდნენ პრეზიდენტის დისკრედიტაციას, ხალხში მისი ავტორიტეტის შელახვას, რათა საბოლოოდ მისი გადადგომის საკითხი დაეყენებინათ. ამგვარი მოთხოვნისათვის ერთგვარი ნიადაგის შემზადება იყო ა.წ. 16 აგვისტოს მთავრობის სხდომაც, სადაც თ. სიგუა შეეცადა ყაზბეგში მყოფი პრეზიდენტისათვის ძირის გამოთხრას, დააყენა საკითხი მისი ერთგული თანამდებობის პირების გადაყენებისა და სამხედრო ძალით მუქარაც კი დააყენა, ვინაიდან ჰქონდა ილუზია, რომ პრეზიდენტის მიერ შექმნილი გვარდია მის პუტჩს დაუჭერდა მხარს, რაშიც მწარედ მოტყუვდა. ახლა ათასგვარი დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს კვალის დაფარვას, რაც აგრეთვე ამაოა.
მეორე „სიმართლის მღაღადებელი“ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გ. ხოშტარია არ ჩამორჩება თ. სიგუას დემაგოგიასა და პროვოკაციებში. იგი იწყებს ურცხვი ტყუილით, თითქოს ჯ. ბუშის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტთან მოუვიდა კონფლიქტი იმის თაობაზე, რომ არ შემოჰქონდა რესპუბლიკაში ხორცი, კარაქი და სხვა. სინამდვილეში არავითარი მსგავსი კონფლიქტი მასთან არ ჰქონია და არც არასოდეს უთხოვია მისთვის პრეზიდენტს ასეთი რამ.
გ. ხოშტარიასთან საუბრისას პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ იგი საკმაოდ ვერ ერკვეოდა საგარეო ეკონომიკასა და ბიზნესის საკითხებში, რაც აუცილებელია დღეს საქართველოს გასვლისათვის საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, ისიც ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სასურველია იყოს საერთაშორისო სამართლის მცოდნე იურისტი, თუმცა არსებობს კიდევ მრავალი სხვა მიზეზი გ. ხოშტარიას გადაყენებისა, რომელმაც თ. სიგუასთან დაამყარა ალიანსი და ფაქტობრივი დაუმორჩილებლობა გამოუცხადა პრეზიდენტს. მასთან შეუთანხმებლად დგამდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს, არასოდეს არ წარმოუდგენია მისთვის ოფიციალური ანგარიში უცხოეთში ვიზიტის შესახებ, არ მოუმზადებია პრეზიდენტისათვის ვიზიტი არც ერთ ქვეყანაში და ნიადაგ თავისი და თავისი მეუღლის მოგზაურობაზე ზრუნავდა. მაგრამ მთავარზე უმთავრესია ის, რომ რასაც უნებლიეთ თავად აღიარებს გ. ხოშტარია: საქართველოს მტერთან, რენეგატ ე. შევარდნაძესთან ურთიერთობა პრეზიდენტის გარეშე მოსკოვში, მასთან შეხვედრა და ჩურჩული, შევარდნაძის, ბესმერტნიხის, გორბაჩოვის ემისართან, ზურაბ წერეთელთან ალიანსი, რამაც ბოლოს იგი მიიყვანა თ. სიგუას „ოპოზიციურ“ პუტჩისტურ ბანაკში. გ. ხოშტარია აღტაცებას ვერ მალავს ე. შევარდნაძით და „ავიწყდება“, რომ ეს კაცი მთავარ დაბრკოლებად ქცეულა დღეს საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიური ცნობის გზაზე და მთელ თავის ავტორიტეტსა და გავლენას ახმარს მშობლიური ქვეყნისა და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას, რომელსაც იგი „მალაია როდინას“ უწოდებს.
ხოშტარია-შევარდნაძის გეგმის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ხლებოდა 9 აპრილის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხოცვა-ჟლეტის ინსპირატორ გორბაჩოვს, მიეცა მისთვის ერთგულების ფიცი და იმის გარანტია, რომ საქართველო არასოდეს შეუქმნიდა მას პრობლემებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. „სანამ გორბაჩოვს არ შეხვდები, ბუში არ მიგიღებს“. აი, რას უჩიჩინებდნენ პრეზიდენტს ხოშტარია და წერეთელი შევარდნაძის ინსპირაციით. იოლი წარმოსადგენია, თუ ვით შეილახებოდა საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი, ამგვარი ნაბიჯი რომ გადაედგა.
ამგვარი ალიანსი გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობაში პრეზიდენტის წინააღმდეგ შექმნილი ოპოზიციის ფესვები შორს, ჩრდილოეთისაკენ მიდის, იქით, საიდანაც შევარდნაძის და მსგავსთა მისთათვის „ამოდის მზე“. მაგრამ ამგვარმა უპრინციპო რენეგატებმა, ალბათ, დროა შეიგნონ, რომ ეს მზე მათთვისაც და იმპერიისთვისაც დიდი ხანია ჩაესვენა.
1991 წლის 31 აგვისტო
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№171-172 (192), გვ. 1, 3 სექტემბერი, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის მაისის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის  სპეცდანიშნულების ათასეულის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის - ეროვნული გვარდიის სტატუსის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ლიტვიის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის  თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე;;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საინვესტიციო საქმიანობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „პრეფექტების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ;
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №8 [613], თბ. აგვისტო, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანება
ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა თ. კიტოვანმა შავნაბადას ტერიტორიაზე უკანონოდ შეკრიბა გვარდიის ნაწილები, რათა ისინი ჩაითრიოს ანტისახელმწიფოებრივ პუტჩში, აქედან გამომდინარე ვბრძანებ:
გვარდიის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა დატოვონ შავნაბადა, დაუბრუნდნენ ქალაქის ყაზარმებს და დაელოდონ ჩემს ბრძანებას შემდგომი მოქმედებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 9 სექტემბერი.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№175 (195, გვ. 1, 10 სექტემბერი, 1991 წ.].


შეხვედრა უცხოელ ჟურნალისტებთან
10 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო უცხოელ ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი და ესაუბრა მათ. პრესის საზღვარგარეთელ ჟურნალისტთა შორის იყვნენ გაზეთ „ვაშინგტონ-პოსტის“ კორესპონდენტი დევიდ რემნიკი, სი-ენ-ენის გადამღები ჯგუფი ჯილ დოგერტის მეთურობით, სი-ბი-ესის გადამღები ჯგუფი ევროპის ქვეყნებში მთავარი კორესპონდენტის თომას ფენტონის ხელმძღვნელობით, იაპონიის გაზეთ „იომიურის“ მოსკოველი კორესპონდენტი კომოტი აკირა და სხვები.
ძირითადი საკითხები, რომელიც აინტერესებდა მასობრივი ინფორმაციის საზღვარგარეთის საშუალებათა ყველა წარმომადგენელს, შეეხებოდა საქართველოს რესპუბლიკის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, უწინარეს ყოვლისა, აქციებს, რომელსაც ოპოზიცია აწყობს.
- საბედნიეროდ, - განაცხადა ზვიად გამსახურდიამ, - ოპოზიცია მცირე ჯგუფია, და სრულიადაც არ წარმოადგენს მთელ ქართველ ხალხს. თავისი ნება ქართველმა ხალხმა გამოხატა ერთსულოვნად, როცა აირჩია კანონიერი ხელისუფლება, და ყოველდღიურად ამას გამოხატავს პარლამენტის შენობის წინ ამ დღეებში მიმდინარე მიტინგებზე.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიიღოს მკაცრი ზომები ოპოზიციის მიმართ, გამსახურდიამ, თავის მხრივ, საზღარგარეთელ კორესპონდენტს დაუსვა კითხვა: რას იზამდნენ მათი სახელმწიფოების მთავრობები იმის საპასუხოდ, თუ შეეცდებოდნენ უკანონოდ ხელთ ეგდოთ შენობები ქალაქის ცენტრში, გადაეკეტათ მოძრაობა, მოეხდინათ ვითარების დესტაბილიზაცია? მაგრამ მაინც, არ ვაპირებთ გავუმართოთ კამათი იმათ, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს სულაც არ არის ნამდვილი პოლიტიკური ოპოზიცია. ეს არის პირთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა, რადაც უნდა დაუჯდეს, სახელი გაუტეხოს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას. ამ ადამიანებს, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა, ხელთ აძლევთ შევარდნაძის, იგორ იაკოვლევის და მათ მსგავსთა „ჰომო სოვეტიკუსი“, რომლებიც ახდენენ მსოფლიო საზოგადოებრიობის დეზორიენტაციას საბოლოო დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი საქართველოს რეალურ მოვლენათა შეფასებაში.
კითხვაზე, დაიხურა თუ არა ოპოზიციური გამოცემები, პრეზიდენტმა უპასუხა, ამგვარი ფაქტები არ ყოფილა. გამოდის „დრონი“, „საქართველო“, „დედამიწა“ და სხვები. საქართველოს ტელევიზია ეკრანს უთმობს ოპოზიციონერებს. 19-21 აგვისტოს პუტჩისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე დღესვე მან მოუწოდა საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს მხარი დაუჭირონ რესპუბლიკათა კანონიერ მთავრობებს პუტჩისტთა მიერ ხელისუფლების არაკონსტიტუციურად ხელში ჩაგდების პირობებში.
შეეხო რა გვარდიას, პრეზიდენტმა მილიციის დაქვემდებარებაში მისი გადაცემა შეაფასა სტრატეგიულ ხერხად პუტჩის პირობებში და თქვა, რომ გვარდიის მეტი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს კანონიერ მთავრობას, და მოტყუებულ ყმაწვილთა ის მცირე ნაწილი, რომელიც შავნაბადაზე იყო, თავის ყაზარმებს უბრუნდება.
დასასრულ ზვიად გამსახურდიამ კორესპონდენტებს განუცხადა, რომ იგი სთხოვდა ამერიკელ კონგრესმენებს, ახლა კი სთხოვს მათ - ნუ დარჩებიან გარეშე მეთვალყურეთა როლში, გამოგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რათა ზერელედ კი არა, ღრმად ჩასწვდნენ მიმდინარე მოვლენებს, მისცენ მათ პოლიტიკური შეფასება, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს სრული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
საქინფორმი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№176 (196), გვ. 1, 11 სექტემბერი, 1991 წ.].


რუსეთის სფსრ პრეზიდენტს ბატონ ბ.ნ. ელცინს
პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
ზოგიერთმა გარემოებამ მაიძულა თქვენთვის მომემართა წერილით. როგორც მოგეხსენებათ, 2 სექტემბრიდან - ინციდენტის - თბილისში რესპუბლიკური მილიციისა და დემონსტრანტების შეტაკების დღიდან, რომლის შედეგად ტყვიით დაიჭრა სამი კაცი, ცენტრალურმა ტელევიზიამ და საბჭოთა პრესამ პრაქტიკულად დემოკრატიული საქართველოს დისკრედიტაციის კამპანია გააჩაღეს. ყოველივე ეს ხდება იმის შესახებ ჩემი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცია მომიტინგეთა გარეკვის ბრძანება და რომ გამოძიების დამთავრების შემდეგ დამნაშავენი, ვინც უნდა იყვნენ ისინი, პასუხისგებაში მიეცემიან.. ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის პროგრამა, მაგალითად, მოქმედებს, „ვრემიას“ პროგრამის საუკეთესო „ტრადიციებით“, ხან აჩვენებს საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი მიტინგის კადრებს, და ურთავს მას კომენტარებს, რომ ეს ოპოზიციის მიტინგია, ხან აცხადებს, რომ მოსალოდნელია ეროვნულ გვარდიელთა თავდასხმა, ხან იუწყება, რომ თავდასხმა უკვე მოხდა - „არიან 67 დაჭრილი და დახოცილები“ და ა.შ. იგივე ხერხებით მოქმედებს რუსეთის ტელევიზიაც, კერძოდ - პროგრამა „ვესტი“.
საქართველოს რესპუბლიკა ეროვნული სახელმწიფოა და გთხოვთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებისა და შესაძლებლობების კვალობაზე გავლენა მოახდინოთ ანტიქართულ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენს და დემოკრატიულ რუსეთს შორის. სხვათა შორის, რუსეთის დეპუტატთა ჯგუფმა ბრალად დამდო, თითქოს უკორექტოდ დამემოწმებინოს თქვენი ავტორიტეტი, რაც წინასწარ განზრახული სიცრუეა და ხელს უწყობს საქართველოს წინააღმდეგ იმავე საინფორმაციო ომს.
უფრო მეტიც, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტები და რესპუბლიკათშორისი ურთიერთობის ქვეკომიტეტი წინადადებას იძლევიან, რომ „ალბათ ურიგო არ იქნებოდა გაგვეაზრებინა საკითხი საქართველოში კონფლიქტის ყველა ზონაში, ესე იგი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგანგებო წესების რეჟიმის შემოღების შესახებ“.
ბატონო პრეზიდენტო!
თქვენ იცნობთ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ერთმორწმუნე რუსეთთან ნამდვილად კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების მომხრენი ვართ. ხელშეკრულება ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის საფუძვლების შესახებ არსებითად ხელმოსაწერად მზად არის, და მოხარული ვიქნებით მივიღოთ რუსეთის სფსრ საგარეო საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში.
ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ დიდ პატივს გცემთ პირადად თქვენ და რუსეთის ხელმძღვანელობას, რასაც თქვენ მეთაურობთ.
საუკეთესო სურვილებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№179 (199), გვ. 1, 14 სექტემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიაზე (15 სექტემბერი)
ჩვენ გაღიარებთ როგორც საპარლამენტო ოპოზიციას, სხვა ოპოზიციას ჩვენ არ ვცნობთ და იგი არც არსებობს. მე მგონია, დამეთანხმებით და ალბათ დემოკრატიის არსი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა არსებობდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უზენაესობა და ამავე დროს იმ კანონების უზენაესობა, რომელსაც ხელისუფლება შეიმუშავებს ხალხისავე აპრობირებით. სხვაგვარი გაგება დემოკრატიისა, მე მგონი, არ არსებობს. ჩვენ გვაქვს დღეს უზენაესი ხელისუფლების სტატუსი, თუმცა შეიძლება ვინმეს არ მოსწონს ეს ხელისუფლება. ასეა, თუ ისე, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, რაც მოდის ამ ხელისუფლებისაგან, და იმ კანონთა უზენაესობას, რომელსაც იგი ადასტურებს. კი, ბატონო, ეს კანონები ხშირად იბადება მხარეთა ჭიდილში და ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ოპოზიციის კონსტრუქციულ წინადადებებში. მაგრამ როდესაც იმარჯვებს ხმის უმრავლესობის პრინციპი, განა ეს პარლამენტური გადაწყვეტა არ არის? რატომ უნდა გამოვუცხადოთ ამას პროტესტი შიმშილობით ან სხვა დესტრუქციული მოქმედებით? აი, ეს ვერ გამიგია. ნუთუ არის ამაში რაიმე დიქტატორული? აი, დღევანდელი გადაწყვეტილებები. პრეზიდენტმა მოახვია ეს პარლამენტს ან თვით პარლამენტში იყო რაიმე შეთქმულება? მე მგონი, არ იყო ასე, მეგობრებო.
ამიტომ მე ახლა გთხოვთ ვიპოვოთ ერთმანეთთან საერთო ენა.
მე ბევრ თქვენგანთან მაკავშირებს წლების მეგობრობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა დაპირისპირებული მხარეები ვართ, რაც, სხვათა შორის, ძალიან მწყინს და მტანჯავს, გავიხსენოთ ის ყოველივე კეთილი, რაც ყოფილა ჩვენს შორის და რამაც გვაბრძოლა ამდენ ხანს საქართველოს კეთილდღეობისათვის. გავიხსენოთ უმძიმესი წუთები, რომლებიც ერთად გაგვიტარებია. მხარდამხარ ვყოფილვართ ჩვენ ეროვნული მოძრაობის პერიოდში.
მოდით ახლა ვიპოვოთ საერთო ენა, მოგიწოდებთ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, მე მემუქრება რაიმე საფრთხე და ჩემს პოსტს, ან თანამდებობას.
მე მგონი დამეთანხმებით, საქართველოა საფრთხის წინაშე, უდიდესი საფრთხის წინაშე. მერწმუნეთ, რომ ის პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი და ოპოზიციისა ერთად, თუ ისინი არ მოგვარდა უახლოეს ხანებში, შეიძლება უახლოეს საათებში ამას მოჰყვეს კატასტროფული შედეგები და რაც ყველაზე მთავარია, მესამე ძალა უკვე აცხადებს პრეტენზიას ამ პრობლემების მოგვარებაში პრიორიტეტისას. მესამე ძალა უკვე გამოდის ურცხვად, დიახ, განცხადებით, რომ ის მოაგვარებს ამ პრობლემებს. ხომ მეთანხმებით ამაში? მე მგონი, გუშინდელი გამოსვლა ბატონი ნოდარისა და აქაც მისი განცხადება ამის დასტურია. მესამე ძალა ემზადება ჩვენს მაგიერ და თქვენს მაგიერ მოაგვაროს საქართველოს პრობლემები და თუ როგორ იცის მან ამ პრობლემების მოგვარება, შესანიშნავად მოეხსენება ყველას. ამიტომ, მეგობრებო, აი, ამ ახალგაზრდობის უპასუხისმგებლო საქციელი დავგმოთ ახლა ჩვენ, მათ მოვუხმოთ უკან, პარლამენტში, გავაკეთოთ კოლექტიური განცხადება. აისახოს თუნდაც ის უთანხმოება, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციას შორის არსებობს, დავსხდეთ ერთად და განვაგრძოთ ამ პრობლემებზე ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონებო, მე, როგორც პრეზიდენტი, ვიხსნი სრულ პასუხისმგებლობას ყოველივე იმისაგან, რაც მოსალოდნელია და ალბათ პარლამენტის დიდი ნაწილიც მოიხსნის პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. მაპატიეთ, ასეთი კატეგორიული განცხადებისათვის, მაგრამ მე მგონი მდგომარეობის სერიოზულობა მაიძულებს, რომ ეს ვთქვა.
მე გთხოვთ, რომ შეიკავოთ თავი პარლამენტის დატოვებისაგან და კონსტიტუციური გზით გადავწყვიტოთ ის, რაც გვაქვს სათქმელი, ყველაფრის ჩათვლით.
მოგიწოდებთ დიალოგისაკენ ყველა პრობლემაზე.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№180 (200), გვ. 1, 17 სექტემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, შეიარაღებული ძალებისადმი ხელმძღვანელობის გაწევის, ეთნოკონფლიქტების მოგვარების, ეროვნული უშიშროების თვალსაზრისით კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის, სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი ექსტრემალური სიტუაციების და სხვა საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით:
შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან ეროვნული უშიშროების საბჭო.
დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:
საბჭოს თავმჯდომარე:
ზ. გამსახურდია - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი,
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები:
ა. ასათიანი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე,
ბ. გუგუშვილი - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი,
საბჭოს წევრები:
ზ. ბოკუჩავა - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  კონსულტანტი - საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი,
ნ. გიორგაძე - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე,
ჯ. გოლეთიანი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
თ. ვაშაძე - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ნ. მოლოდინაშვილი - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის ადგილობრივი მმართველობის ბიუროს უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
თ. ნინუა - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,
მ. ომანიძე - საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი,
ვ. რაზმაძე - საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი,
ფ. ტყებუჩავა - საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრი,
კ. ფირცხალავა - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი,
ჯ. ფირცხალაიშვილი - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი,
ვ. ქობალია - საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსი,
ბ. ქუთათელაძე - საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე,
დ. ხაბულიანი - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი,
ჯ. ხეცურიანი - საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. 
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 21 სექტემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№185 (205), გვ. 1, 24 სექტემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება ქალაქ თბილისში 1991 წლის 25 სექტემბრიდან საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს სამხედრო და სამოქალაქო პუტჩი, შექმნილია ხუნტა, რომელსაც აქვს ძალა, ქალაქ თბილისში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რაც გამოიხატა უსანქციო მიტინგების მოწყობასა და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის მოწოდებებში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ბლოკირებასა და სახელმწიფო დაწესებულებების შენობების დაკავებაში, საბრძოლო იარაღის ჩაგდების მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოებზე თავდასხმასა და სატრანსპორტო საშუალებების გატაცებაში, სავაჭრო და საზკვების ობიექტების ძარცვაში, მოქალაქეთა და მათი ავტომანქანების თვითნებურ დაკავებაში, ჩხრეკასა და ნივთების დათვალიერებაში.
1. გამოცხადდეს ქალაქ თბილისში საგანგებო წესები ამა წლის 25 სექტემბრიდან
2. დაინიშნოს ქ. თბილისის სამხედრო კომენდანტად პოლკოვნიკი ჯემალ ალექსანდრეს ძე ქუთათელაძე.
3. გამოცხადდეს საერთო მობილიზაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
4. დაევალოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შექმნან სამობილიზაციო პუნქტები, ჩამოაყალიბონ სახალხო რაზმები.
5. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებები ქალაქ თბილისში სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 24 სექტემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№186 (206), გვ. 1, 25 სექტემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება
რამდენიმე საათის წინ პუტჩისტებმა ბომბი ააფეთქეს ტელევიზიის შენობასთან, რომელიც მათ მიერვე უკანონოდაა დაკავებული.
სამწუხაროდ, არიან დაზარალებულნი როგორც ტელევიზიის შენობასთან, აგრეთვე მახლობელ შენობებთან.
ამასთან ცირკის შენობიდან მათ ზარბაზანი ესროლეს კვების მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (ყოფილი აგრომრეწვის) შენობას, დაზიანდა ერთი ოთახი, ნაპოვნია ჭურვის ნამსხვრევები.
ეს შემთხვევა მოწმობს, რომ ოპოზიციური ძალები, რომლებიც გაუწვრთნელნი არიან სამხედრო თვალსაზრისით, კიდევ უფრო საშიშნი ხდებიან არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თბილისის უდანაშაულო მოსახლეობისთვისაც.
ეს სამწუხარო შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბოლო უნდა მოეღოს საშიშ დაპირისპირებას, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს კონფრონტაცია.
ჩვენ არ დავსჯით დამნაშავეებს, თუ ისინი მშვიდობიანად დაიშლებიან, იარაღს ჩააბარებენ და სახლებს მიაშურებენ, ჩვენ მათ ხელშეუხებლობას ვპირდებით და ვთხოვთ, იცხოვრონ როგორც ქართველებმა და პატიოსანმა მოქალაქეებმა.
მათი დაშლისთანავე მთავრობა შეწყვეტს საგანგებო მდგომარეობას და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დაუბრუნდეს მშვიდობიან ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას.
საქინფორმი
1991 წლის 24 სექტემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№190 (210), გვ. 1, 1 ოქტომბერი, 1991 წ.].


პრესკონფერენცია ჟურნალისტებისთვის
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეიკრიბნენ პრაქტიკულად პლანეტის ყველა დიდი საინფორმაციო სააგენტოს თუ ცნობილ პერიოდულ გამოცემათა წარმომადგენლები, რომლებიც აკრედიტებული არიან თბილისში. მათთან ერთად იყვნენ ქართველი და მოსკოველი ჟურნალისტები.
24 სექტემბერს მათ შეხვდა და პრესკონფერენცია გამართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ.
მოკლედ დაახასიათა რა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, მან, კერძოდ, თქვა, რომ თბილისში მიმდინარეობს ტიპიური სამხედრო პუტჩი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ. შექმნილია ხუნტა, რომელთანაც გაერთიანდნენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია, გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ კიტოვანი. ისინი სჩადიან მრავალ უკანონობას, აიღეს ტელევიზიის შენობა, აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც ლიტვაში საბჭოთა ჯარი აკეთებდა. გეგმავენ სატელევიზიო ანძის, კავშირგაბმულობის და სხვა შენობების, მთავრობის სახლის, სხვა ნაგებობათა აღებას. მათ აქვთ მძლავრი მხარდაჭერა მოსკოვიდან. სიგუა ოთხ დღეს იყო მოსკოვში, სადაც მიიღო სათანადო ინსტრუქციები. მოსკოვის ტელევიზია და პრესა მათ უჭერენ მხარს. საკმარისია ითქვას, რომ მიტინგებს, რომლებიც საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის წინ იმართება კანონიერი მთავრობისა და პრეზიდენტის დასაცავად, ისინი გადასცემენ, როგორც ოპოზიციის მიტინგებს. სამწუხაროდ, უცხოელ ჟურნალისტთა მასალებში ჩვენს ოპონენტებს ოპოზიციას უწოდებენ. სინამდვილეში ისინი, ოპოზიცია კი არა, ანტიკონსტიტუციური პუტჩისტები არიან. პუტჩისტებს და ე.წ. ქუჩის ოპოზიციას დაუკავშირდა პარლამენტის წევრთა მცირე ნაწილი.
დაახასიათა რა ეგრეთწოდებული ოპოზიცია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბედნიეროდ, ეს არის თბილისის მოსახლეობის უმცირესი ნაწილი, თანამდებობადაკარგული პირები, მათი ოჯახის წევრები, მოტყუებული ახალგაზრდები, კრიმინალური შეიარაღებული გაერთიანების - „მხედრიონის“ წევრები. მათ მოსკოვი აიარაღებს. დალუქული ვაგონებით მოსდით იარაღი საბჭოეთის დედაქალაქიდან. ეს ხომ ნაცნობი ხელწერაა - ჯერ ყველა ხერხის გამოყენება სისხლისღვრის პროვოცირებისათვის. შემდეგ კი ჯარის შემოყვანა! ამაში პირდაპირ ურევია ედუარდ შევარდნაძის ხელი და პუტჩისტები მისი ინსტრუქციებით მოქმედებენ. რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას, განაგრძო პრეზიდენტმა, იგი ასეთია - არსებობს მრავალი მცირერიცხოვანი პარტია, მაგრამ ისინი არ არიან ხალხში პოპულარული და მათ მხარს არ უჭერენ. ხალხშიც და პარლამენტშიც უმრავლესობა „მრგვალ მაგიდას“ აქვს.
კითხვაზე, მართალია თუ არა ცნობა, რომ თბილისში ცხადდება საგანგებო წესები, პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ეს სწორია. კერძოდ, 25 სექტემბრიდან მართლაც იქნება შემოღებული საგანგებო წესები. მაგრამ ეს არ იქნება ჩვენში მწარედ მოსაგონი საბჭოური კომენდანტის საათი. ეს იქნება გაძლიერებული კონტროლი იმათ მიმართ, ვინც კანონს არღვევს და დანაშაულს სჩადის. ძირითადად ეს შეიარაღებულ უკანონო ფორმირებებს შეეხება.
რა ფორმით მოხდება ყოველივე ეს. ამაზე მუშაობს საგანგებო წესების შტაბი. ყოველ შემთხვევაში, მშვიდობიან დემონსტრაციათა მონაწილეებს ეს არ შეეხება.
ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ამ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებათა ხელმძღვანელობას, ვაძლევთ გარანტიას, რომ ხელშეუხებელი იქნებიან, მივმართეთ უცხოელ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებსაც და განვაცხადეთ, რომ თუ ღმერთმა დაგვიფაროს, ძმათა სისხლი დაიღვრება, ამისათვის პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ფორმირებების ხელმძღვანელებმა უნდა იკისრონ.
უცხოელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ, დაიხურა თუ არა საქართველოში ოპოზიციური გაზეთები, რატომ არ მიმდინარეობს ცენტრალური ტელევიზიის გადაცემები, რა პოზიციას ადგანან რუსეთის პარლამენტის წევრები და კერძოდ, ბატონი ბორის ელცინი; მართალია თუ არა, რომ ბატონმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ოპოზიციის მეთაურთა დაპატიმრების ორდერებს.
მათ ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა კითხვაზე. კერძოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრესა ჩვენში ისევე თავისუფალია, როგორც ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. არ დახურულა არც ერთი გაზეთი. თავისუფალია თავის მოქმედებაში რადიო-ტელევიზია, მაგრამ ჩვენ კანონიერად მოვითხოვთ მათგან დაიცვან პარტიების შესახებ არსებული და სხვა კანონები. ცენტრალური ტელევიზიის გადაცემების მიღება შეუძლებელი გახდა, რადგან ტელევიზია ბლოკირებულია. მარტო ანძა კი არ კმარა იმისათვის, რომ მოსკოვის პროგრამები მივიღოთ. ამ ეტაპზე ჩვენთვის გაურკვეველია ბორის ელცინის და რუსეთის მთელ რიგ დეპუტატთა პოზიცია. დაპატიმრების ორდერების თაობაზე პრეზიდენტმა უპასუხა: ეს ჩემი საქმე არ არის, ეს პროკურატურის კომპეტენციააო.
გაისმა ასეთი კითხვაც: რა მოელით უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებიც პუტჩისტებს დაუკავშირდნენ? - არაფერი, მაგრამ თუ ისინი საბოლოოდ დატოვებენ პარლამენტს, შესაძლოა მოგვიხდეს პარლამენტის დათხოვნა, ახალი არჩევნების გამართვა და, როგორც ამის უცილობელი შედეგი - პრეზიდენტის მმართველობის შემოღება.
კითხვაზე, თუ რა აზრისაა ამის თაობაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი აკაკი ასათიანი, პრეზიდენტმა უპასუხა: ასათიანს თავისი განსხვავებული აზრი აქვს და იგი არ ემთხვევა ჩემს შეხედულებებს და ამ პრობლემაზე ასათიანს მიაჩნია, რომ დეპუტატები, ალბათ, გამოფხიზლდებიან, გაერკვევიან სიმართლეში და აღარ დაუჭერენ მხარს პუტჩისტებს. მე კი პირადად ეს ძალიან მეეჭვება.
- რამდენი საათი გძინავთ ღამეში? თითქმის ერთად ჰკითხეს პრეზიდენტს უცხოელებმა და ქართველმა ჟურნალისტებმა...
- ძალიან ცოტა, - უპასუხა მან. - ამას ჯერ კიდევ მაშინ მივეჩვიე, როდესაც დისიდენტად ვითვლებოდი. ასე ვარ ახლაც.
დასასრულ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ იგი და რესპუბლიკის მთავრობა ეძიებენ დიალოგის, ურთიერთგაგების გზას და ქართველი ერის საკეთილდღეოდ, არა ძალადობით, სროლით, ძმათა შეხლა-შემოხლით, არამედ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციით უნდა მოგვარდეს და მოგვარდება კიდეც ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მესამე ძალის ხელი ურევია.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№187 (207), გვ. 1, 26 სექტემბერი, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის სექტემბრის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №9 [614], თბ. სექტემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის გამოსვლა უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიის სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს
პატივცემულო დეპუტატებო, პატივცემულო თავმჯდომარევ!
მე მინდა ძალზე გულწრფელი საუბარი თქვენთან და ქართველ ერთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან სიმართლის მიჩქმალვა-შელამაზებამ გამოიწვია თქვენთვის ცნობილი უსიამოვნო მოვლენები. უნდა განვაცხადო თავიდანვე, რომ ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ან ულტიმატუმი, ან მუქარა, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის, უკიდურესობამდე მისული ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ, სრული რეალობაა, მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექმნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს, მე მგონი არ გეწყინებათ ამის შეხსენება, ამავე დროს, მინდა დაგისახოთ გამოსავალი გზები.
ჯერ კიდევ ა/წ გაზაფხულზე მე დავრწმუნდი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იყო იმჟამად წარმოდგენილი, საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის თავმჯდომარის თენგიზ სიგუას, მისი მოადგილეების და საერთოდ, მთავრობის შემადგენელი სხვადასხვა პიროვნებების მიერ, აშკარად მიცხადებდა უკვე დაუმორჩილებლობას, რაც გამოიხატებოდა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებაში, უმნიშვნელოვანესი საკითხების ჩემთან არშეთანხმებაში საკადრო და სხვა სფეროებში. მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს.
განსაკუთრებით ეს ეხებოდა სამხედრო სფეროს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქმე იქამდის მივიდა, რომ ფაქტიურად შექმნეს ჩემგან დამოუკიდებელი პატარა სახელმწიფო, მოგეხსენებათ, შენობა ცალკე ჰქონდათ, თავისი არმიით უკვე, თავისი მმართველობით, დაირქვეს კიდევაც მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე და პრეზიდენტისაგან დამოუკიდებლად ღებულობდნენ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. მე ხაზგასმით აღვნიშნავ ამას, კერძოდ, გვარდიის დაფინანსება, გვარდიის რაოდენობა, გვარდიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.
მაგალითად: სამხედრო პროკურატურის საკითხი, რომელიც ყოვლად ანტიკონსტიტუციური იყო, ვინაიდან გვარდია არმია არ გახლავთ და ჩვენ ჯერ სამხედრო სამინისტრო არ გვქონდა, გადაწყვიტეს თვითნებურად და მე ვხედავდი, რომ გვარდიის ყოფილი სარდალი კიტოვანი ფაქტობრივად უკვე გამოვიდა ჩემი დაქვემდებარებიდან, სისტემატურად არ ასრულებდა ჩემს მითითებებს, არ ემორჩილებოდა არავითარ ბრძანებას, არავითარ რეკომენდაციას და ამაში მას ხელს უწყობდა ბატონი თენგიზ სიგუა და ისინი მოქმედებდნენ კოორდინირებულად, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით.
მე ერთხანს ვცადე მომეგვარებინა ეს ყოველივე მოლაპარაკების, დარწმუნების გზით, ვუსაყვედურე კიდეც რამდენჯერმე, მაგრამ არავითარი შედეგი არ გამოიღო ამ კეთილგანწყობილმა საუბარმა და დარწმუნების მეთოდმა, პირიქით, უფრო მეტად გაააქტიურეს ამგვარი მოქმედება და თვითნებობა, ხოლო ზაფხულში, როდესაც მოახლოვდა ე.წ. მოსკოვის პუტჩი, მე გთხოვთ ეს ყველაფერი კარგად დაუკავშიროთ ურთიერთს, შეიძლება ითქვას, უკვე გადავიდნენ ისეთ მოქმედებაზე, რასაც მე შევაფასებდი, როგორც პრეზიდენტთან პირდაპირ კონფრონტაციას და შეიძლება ითქვას, მასთან შეჯახებისათვის სამზადისს.
მათ უკვე ღიად, დაუფარავად დაიწყეს საუბარი საკადრო პოლიტიკაში საკუთარი მოსაზრებების შესახებ, რომ მათ უნდა შეეტანათ ესა თუ ის ცვლილებები საკადრო პოლიტიკაში, დაუფარავად გამოხატავდნენ ამ აზრებს. სხვა თანამდებობის პირების თანდასწრებით, რასაკვირველია არ ასრულებდნენ არავითარ ჩემს მითითებებს ამ სფეროში. მაგალითად, მოგიყვანთ იმას, რომ კომუნისტი ფუნქციონერები, ხელშეუხებლად განაგრძობდნენ იქ მუშაობას: ქვილითაია, ბერიძე და სხვები.
ჩემი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ისინი კიდევ უფრო ავითარებდნენ ამ დამოუკიდებელ კურსს, ხოლო ბატონი თენგიზ კიტოვანი პირდაპირ გადადიოდა მუქარაზე. ტელევიზიის აღების იდეა მან წამოაყენა ჯერ კიდევ აგვისტოს პუტჩამდე ზოგიერთი თანამდებობის პირების თანდასწრებით. პირდაპირ გამოაცხადა მან, რომ თუ ტელევიზია ამ გზით არ წარმართავს მუშაობას, როგორც ეს ჩვენ გვაწყობს და თუ ის ბატონი თენგიზ სიგუას მიმართვას უარყოფს (მას უკვე ჰქონდა მომზადებული ასეთი მიმართვა, ჩემი საწინააღმდეგო მიმართვა), მაშინ ჩვენ ტელევიზიას სულაც ავიღებთო. ასე რომ, ტელევიზიის აღების განზრახვა ჯერ კიდევ იმჟამად მწიფდებოდა, როდესაც მე ვიმყოფებოდი ყაზბეგში, შემატყობინეს, რომ ასეთ მოვლენებს აქვს ადგილი, მე ჩამოვედი თბილისში და მაშინ პირდაპირ თენგიზ სიგუამ წაიკითხა პრეზიდიუმის სხდომაზე, შეიძლება ითქვას ჩემი საბრალდებო დასკვნა, სადაც წამომიყენა ყოვლად დაუსაბუთებელი და უხამსი ბრალდებები და მოითხოვა მთელი რიგი თანამდებობის პირების და მინისტრების განთავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმუქრებოდა რაღაც შედეგებით, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო მისი გადადგომა.
მე რასაკვირველია ეს არ მივიღე, არ დავეთანხმე, იმ პრეზიდიუმზე დამსწრე პირები აქ ბრძანდებოდნენ და მოეხსენებათ თუ რა ხასიათის იყო მისი მიმართვა, რომლის წაკითხვას იგი ტელევიზიითაც აპირებდა. ეს ყოველივე უარყოფილ და დაგმობილ იქნა და მივიღე, ასე ვთქვათ, მისი განცხადება განთავისუფლების შესახებ და გადადგომის შესახებ.
თუმც, ერთიც უნდა მოგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ მანამდის საკმაოდ დიდი ხნით ადრე მან თქვა, რომ როდესაც ირჩევენ პრეზიდენტს, მაშინ ძველი მთავრობა უნდა გადადგეს და პრეზიდენტმა ახალი მთავრობა უნდა შექმნასო და ყველგან და ყველა ქვეყანაში ასე ხდებაო. ადრე ის ამ აზრის იყო, მაგრამ რატომღაც ჩემდა გასაცვიფრებლად შემდეგ ეს აზრი მან შეიცვალა და ამას უკვე ძალიან არაკანონზომიერ მოვლენად მიიჩნევდა და უკვე მუქარაზე იყო გადასული. როდესაც იგი განთავისუფლდა თავისი თანამდებობიდან და მე დავწერე ამაზე ბრძანებულება, გავიდა ორი დღე და დაიწყო მოსკოვში პუტჩი. მაშინ ბატონი თენგიზ კიტოვანი წავიდა რკონში, მიუხედავად იმისა, რომ მე მას მოვთხოვე ორასამდე გვარდიელი დაეტოვებინა სამოქალაქო ფორმაში, ვინაიდან გვარდიელის ფორმაში საშიში იყო მისი თქმით ქალაქში დარჩენა და დაეცვა პარლამენტის შენობა. მან ამაზე უარი განაცხადა, კვლავ დაუმორჩილებლობა გამომიცხადა და გვარდია სრული შემადგენლობით წაიყვანა რკონში. თუმცა იქ მან ჩაატარა აღლუმი და თვალის ასახვევად დააფიცა პრეზიდენტის ერთგულებაზე გვარდიელები. მაგრამ რა ერთგულებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როდესაც არც ერთ ჩემს მითითებას და ბრძანებას არ ემორჩილებოდა და იქ შექმნა ფაქტიურად დამოუკიდებელი სამხედრო ბანაკი, პრეზიდენტთან დაპირისპირებული.
ეს ყოველივე გადაიზარდა შემდგომ კიდევ უფრო უსიამოვნო მოვლენებში, როგორც გახსოვთ, დაუკავშირდა ეს, ასე ვთქვათ, რკონში მის მიერ შექმნილი ბანაკი, აქაურ ოპოზიციას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გამოდიოდა პირდაპირ ხელისუფლების დამხობის მოთხოვნებით და შეიქმნა ეს დიდი ბლოკი. რა მოვლენები მოჰყვა ყოველივე ამას, თქვენ გახსოვთ. 2 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი ჩემის ღრმა რწმენით, აგრეთვე დაკავშირებული იყო ამასთან. აქ ჩვენდამი მტრულად დაპირისპირებული ძალები, როგორც ჩანს, ორივე მხარეს იყვნენ, მე კიდევ ხაზგასმით აღვნიშნავ ამას, მილიციაშიც იყო, რომელიღაც პიროვნება თუ პიროვნებები, რომელნიც ეხმარებოდნენ ოპოზიციონერებს, რათა მომხდარიყო იქ სროლა, მომხდარიყო მიტინგის დარბევა და ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ ეს იყო მათი თვითნებური მოქმედება, რათა შემდგომში ეს ყოველივე დახმარებოდა ხელისუფლებას და ხელისუფლების ძალადობის დამხობის ცდა განხორციელებულიყო. ე.ი. მოხდა დიდი კოორდინაცია ამ ძალებს შორის, მოხდა პროვოკაციული ინციდენტები და შემდეგ მოხდა გვარდიის ჩამოსვლა თბილისში, მისი დაბანაკება ჯერ შავნაბადაზე და შემდეგ ტელევიზიის აღება და ტელევიზიასთან შექმნა ყველასათვის ცნობილი ამ ბანაკისა.
გაძლიერდა ეს ანარქიული ქმედება. გაძლიერდა და უკიდურესი გამწვავება მოხდა კრიმინოგენული სიტუაციისა ქალაქში. თქვენ კარგად იცით ეს და დღესაც გრძელდება და მოხდა რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა სახელმწიფო დაწესებულებებზე, მათ შორის უზენაეს საბჭოზე. არის ადამიანთა მსხვერპლი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ძალებმა ჩვენ გამოგვიცხადეს პირდაპირი შეიარაღებული ბრძოლა და განახორციელეს კიდევაც რამდენიმე ასეთი აქცია.
ყოველივე ამას ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეწოდება ამბოხება, სამხედრო და სამოქალაქო ამბოხება ანუ პუტჩი.
ტერმინი პუტჩი შეიძლება არ იყოს სამართლებრივი და შეიძლება ჩვენს დადგენილებაში ეს სიტყვა არ ვიხმაროთ, მაგრამ ეს გამოხატავს მოვლენის არსს. აშკარა ამბოხება სამხედრო პირების მონაწილეობით ყველა ქვეყანაში იწოდება პუტჩად. ამაში არავითარი გადაჭარბება არ გახლავთ და ჩემის აზრით, უზენაესი საბჭო თუ თავის თავს პატივს სცემს, პატივს სცემს იმ ქვეყანას, რომლის უზენაეს საკანონმდებლო ორგანოდაც იგი ითვლება, უნდა მისცეს ამ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებისა და პუტჩის კვალიფიკაცია. სხვანაირად ყოველივე ეს წარმოუდგენელია, მეგობრებო, და მე ვიტყოდი დაუშვებელია, თუ პარლამენტს სურს იარსებოს, მან სიმართლე უნდა უთხრას ქართველ ხალხს და გამოიტანოს მართალი და ობიექტური დადგენილებები.
ეხლა მინდა პირდაპირ და გულწრფელად მოგახსენოთ ერთი ამბავი.
ჩვენში არის ბევრი დავა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლების სტრუქტურა საქართველოში, პარლამენტური რესპუბლიკა უნდა ვიყოთ ჩვენ, თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის მმართველობა, შეზღუდული თუ პირიქით, გაფართოებული და ამაზე მიმდინარეობს დებატები. მე მესმის ოპოზიციის მოსაზრებები, იმ ოპოზიციისა, რომელიც ჯერ-ჯერობით პარლამენტში რჩება. არის გარე ოპოზიციაც, რომელიც გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებს.
მე მოგახსენებთ ჩემს თვალსაზრისს და ანალოგიებსაც მოგახსენებთ, რომლის გატარებაც უყვართ ზოგჯერ ჩვენს ოპოზიციონერებს, აი მაგალითად, იყო წამოყენებული მოთხოვნა ჩემი გადადგომის შესახებ, ყველამ კარგად იცით, რომ მე არ ვეჭიდები ამ თანამდებობას და უკიდურესად მძიმეა და რთულია ჩემთვის ამ მოვალეობის შესრულება, ძალზე მძიმეა და ვინც არ უნდა იყოს ჩემს ადგილას, ყველასთვის ეს იქნება უკიდურესად მძიმე ჯვარი. ამას მე სრულის პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
ამავე დროს პირდაპირ გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ (პიროვნულად) არა ვარ მე მოსურნე ამ პოსტზე დარჩენისა, ამას მე გულწრფელად ვაღიარებ, ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით.
ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ. გესმით? მე ქუჩის გონებადაბნელებულ ოპოზიციას ვერ მოვუწოდებ ვერაფრისაკენ, მაგრამ აქ განათლებული ადამიანები, ეხლა პირფერობა არ მინდა, ამ ჩვენს ოპოზიციაში უაღრესად განათლებული, უაღრესად გათვითცნობიერებული და მე ვიტყოდი, საკმაოდ პოლიტიკურად მომწიფებული ადამიანები, როდესაც აყენებენ ამ მოთხოვნას, არ იციან რას იქმან, ვინაიდან ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს, როგორც ასეთის, საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ, თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა:
აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად, დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება ერთადერთი ხელისუფლება - შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეიარაღებული ბანდის ხელში და მისი ხელმძღვანელის ხელში. მათ შორის იქნება შეიარაღებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები. აღარ იარსებებს სამართალდამცავი ორგანოები, აღარ იარსებებს სურსათით მომარაგება, აღარ იარსებებს სამედიცინო მომსახურება, თბილისი შესაძლოა გადაიქცეს მკვდარ ქალაქად და საერთოდ შეწყვიტოს არსებობა. თუ დაიწყო თბილისში ის ანარქია, რომლისკენაც სურთ უბიძგონ ამ ეგრეთწოდებულ ოპოზიციონერებს და ვიმეორებ, იქნება ხელისუფლების რამდენიმე კერა, ერთ-ერთი და უძლიერესი იქნება იმათ ხელში, ვის ხელშიც არის მეტი შეიარაღებული ფორმირებები. დანარჩენები იქნებიან გაბნეულნი თბილისის სხვადასხვა უბნებში.
საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება იგივე ლიბანიზაცია, რასაც ჩვენ დავინახავთ თბილისის ტერიტორიაზე. ამას შედეგად ის არ მოყვება, რაც ეგონათ, რაც გონია ზოგიერთს, რომ შემოვა რუსეთი, მოსკოვი და იქ დაამყარებს სამხედრო დიქტატურას. ვერ დაამყარებს, ფიზიკურად ვერ დაამყარებს საქართველოში ამას. საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
აი, რა მოყვება ჩემს შესაძლო გადადგომას, რომელსაც ესოდენ მხურვალედ მოითხოვენ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები და მგონი ზოგიერთში, პარლამენტური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსაც ეს გულში აქვს ღრმად დამარხული.
ეს არ არის მუქარა. ეხლა რაც მე ვთქვი, ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე. ჩემო ბატონებო, ეს არის რეალობა და მე გთხოვთ გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი ამ რეალობას, ჩემო ბატონებო.
რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეს ყოველივე ავირიდოთ თავიდან?
უნდა მოხდეს პარლამენტის კონსოლიდაცია პრეზიდენტის გარშემო. უნდა მოხდეს პრეზიდენტისა და პარლამენტის მოქმედებათა ჰარმონიზირება. მე არ ვგულისხმობ დიქტატს. მე არავითარი დიქტატი არ მსურს, მაგრამ ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიც არის წესრიგის აღდგენა, ამ მიმდინარე მოვლენებისათვის პუტჩისა და შეიარაღებული ამბოხების კვალიფიკაციის მიცემა, ამაში ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ, და საპარლამენტო ოპოზიციამ ჩვენ ამაში მხარი უნდა დაგვიჭიროს, თუ მას არ სურს, რომ იგი გამოჩნდეს როგორც მოკავშირე პუტჩისტებისა და როგორც მათთან ერთად საქართველოს დამღუპველი და დამაქცევარი.
აი, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ მეგობრებო. კი ბატონო, პარლამენტარმა ოპოზიციამ გვაკრიტიკოს რამდენიც უნდა. მე პირადად მაკრიტიკოს.
მე, თუ ატყობთ, ძალიან დიდი დაფიქრებით ვუსმენ ხშირად მათ კრიტიკულ შენიშვნებს და ბევრ რამეს ვითვალისწინებ, მაგრამ აი, ამაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი, საქართველოს ხსნაში, წესრიგის აღდგენაში და სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაში, თუ ჩვენ ამაში არ შევერთდით, ამ პარლამენტის არსებობას არავითარი აზრი არა აქვს.
მაშინ მე პირადად და პირუთვნელად მოგახსენებთ, იძულებული გავხდები დავითხოვო ეს პარლამენტი და თვითონაც გადავდგე,
თუ თქვენ მე არ ამომიდგებით მხარში, რომ საქართველოში დავამყარო წესრიგი, რომ ვიხსნათ საქართველო ამ საშინელი ანარქიისაგან და თბილისი პირველ რიგში, მაშინ სჯობია ჩვენ დავთმოთ ასპარეზი და არ ვიცი მე თავის შველა იქნება ეს, თუ თავის დაღუპვა, მაგრამ ფაქტია, რომ არ ექნება არავითარი აზრი არც პარლამენტის არსებობას და არც ასეთი პრეზიდენტის არსებობას, რომლის არავითარი ძალაუფლება ქვეყანაში არ არსებობს, და სადაც დათარეშობენ შეიარაღებული ბანდები, სჩადიან ათასგვარ დანაშულს და სახელმწიფოს არა აქვს არავითარი საშულება და არავითარი უფლება, რომ მათ პასუხი მოსთხოვოს. ასეთ ქვეყანას არც პრეზიდენტი სჭირდება, არც პარლამენტი სჭირდება და არც ხელისუფლება სჭირდება. გესმით? აი, ასე დგას საკითხი მეგობრებო და მოდით, ნუ მივიყვანთ ყველაფერს ამ ზომამდე.
ახლა აქ იყო საუბარი ამას წინათ: დავთმოთ საფრანგეთის მოდელი და გადავიდეთ გერმანიის მოდელზე. კი, მაგრამ მეგობრებო, თქვენ განა არ იცით, რომ პოლიტიკური წყობილება, მმართველობის სტრუქტურა, ეროვნული ხასიათის ეთნოფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლად არ ყალიბდება ამა თუ იმ ქვეყანაში? რატომ ჩამოყალიბდა საფრანგეთში ის სტრუქტურა მმართველობისა და რატომ ჩამოყალიბდა გერმანიაში სხვაგვარად, არ ითვალისწინებთ ამას? გერმანიის დარი ერი ვართ ჩვენ? რომელთან უფრო ახლო ვართ ჩვენ ჩვენი ტემპერამენტით, ჩვენი ექსპანსიურობით, ჩვენი კანონებისადმი უპატივცემულობით, გერმანიასთან უფრო ახლოს ვართ, თუ საფრანგეთთან და იტალიასთან? რომელთან უფრო ახლო ვართ, რამ მოიტანა საფრანგეთში ეს მმართველობა, იცით? - ეროვნულმა ხასიათმა და იმ მოვლენებმა, რასაც ჰქონდა ადგილი საფრანგეთში.
მე არავის არ ვედრები და არც დე გოლთან გატოლების პრეტენზია მაქვს, მაგრამ შეგახსენებთ ისტორიას, როდესაც მსოფლიო ომის შემდეგ დე გოლი გახდა საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელი, მას ზუსტად ისეთივე ამბები მოუწყვეს, რასაც დღეს მე მიწყობენ, კომუნისტებმა და სოციალისტებმა და აიძულეს გადადგომა. დე გოლი გადადგა 1946 წელს და საფრანგეთი გახდა არნახული ანარქიის მსხვერპლი. ყოველ ორ-სამ თვეში იცვლებოდა მთავრობა და შემდეგ, უკვე ეროვნულმა დამფუძნებელმა კრებამ, 1958 წელს მოიწვია ის ისევ და შეაქმნევინა ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება, რომლის გარეშეც საფრანგეთი დაიღუპებოდა, ვინაიდან მისი ეროვნული თვისებები, სხვათა შორის ძალიან ჰგავს ჩვენსას, აი ამ ანარქიისაკენ მიდრეკილებებით;
ხოლო რაც შეეხება გერმანიას, ბატონებო, გერმანიას აქვს უდიდესი ტრადიციები სახელმწიფო დისციპლინისა, აი სწორედ სახელმწიფოებრივი წესრიგის და კანონის პატივისცემისა და საერთოდ, იმიტომ არის გერმანულ და სკანდინავიურ ქვეყნებში პარლამენტური ხელისუფლება, მეგობრებო, და არა იმიტომ, რომ ის უფრო კარგია, ვიდრე ეს. ეს ეროვნულ ხასიათს ესადაგება და ეთნოფსიქოლოგიას. წარმოუდგენელია, მაგალითად, გერმანიისათვის ისეთი პრეზიდენტი, როგორიც იყო მაგ. დე გოლი ან მიტერანი და როდესაც გერმანიას მოახვიეს მისთვის უცხო ავტორიტარულ-დიქტატორული ჰიტლერის მმართველობა, ამან დაღუპა გერმანია.
ე.ი. ეროვნულ ხასიათს უნდა მიესადაგოს წყობილება, იმ ისტორიულ კანონზომიერებას და ისტორიულ თავისებურებებს უნდა მიესადაგოს სახელმწიფო მმართველობა და ჩვენი სურვილით, უნდა უკუვაგდოთ ფრანგული მოდელი და გადავიდეთ გერმანულ მოდელზე, აი, ეს დაღუპავს საქართველოს.
ასეთი მოდელი შეიძლება მხოლოდ უაღრესად კონსოლიდირებული ერის შემთხვევაში, როგორიც არის მაგალითად, ისრაელი, რომელსაც ვერასოდეს ჩვენ ვერ შევედრებით, კონსოლიდაციაში და ერთობაში და როგორიც არის გერმანია, აი იქ შეიძლება პარლამენტური რესპუბლიკა და ჩვენთან პარლამენტური რესპუბლიკა ეს არის დაღუპვა ერისა და დაღუპვა იმ პარლამენტისაც, აი ეს დაიმახსოვრეთ. ხოლო საპრეზიდენტო ხელისუფლება არის ერთადერთი ხსნა ჩვენი ერისა.
უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლება. გახსოვდეთ, ამის გარეშე საქართველოს ხსნა არ არსებობს. ამის გარეშე იქნება ყველაფერი ის, რაც მე თქვენ წეღან მოგახსენეთ.
ის დეპუტატები, რომლებიც გვისაყვედურებდნენ ჩვენ, მე პირადად, პრეზიდიუმს, რატომ არ შეაფასეთ მოსკოვის პუტჩი, რატომ არ გააკეთეთ კატეგორიული განცხადება, რომ ეს არის პუტჩი, რატომ არ მივეცით კვალიფიკაცია ამ მოვლენებს, რატომ არიან დღეს ასე გაჩუმებულნი საქართველოს პუტჩზე? რატომ არაფერს არ ბრძანებენ? ან იქნებ მოსწონთ საქართველოში პუტჩი? მათ არ მოსწონდათ მოსკოვის პუტჩი, რატომ არაფერს ბრძანებენ საქართველოს პუტჩზე? აი, ეს იწვევს გაოცებას.
ჩემი აზრით კი ერთადერთი გამოსავალი აქვთ მათ, დაგვიჭირონ აქტიურად მხარი ამ მოვლენების შეფასებაში და ამით ისინი თავისი თავის რეაბილიტაციასაც მოახდენენ, ბატონებო, ვინაიდან მოგეხსენებათ, საკმაოდ მოზრდილი ნაწილი ქართველი ერისა ამბობს, რომ ისინი თავად არიან პუტჩის მონაწილენიც და ლიდერებიცო. და რატომ უნდა ითქვას თქვენზე ასეთი რამ, ბატონებო, მოდით, აი გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გამოვთქვათ ერთიანი პოზიცია პუტჩთან დაკავშირებით. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები დავგმოთ და ვისაუბროთ კონსტრუქციულ ოპოზიციაზე.
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მკითხეს მე: კი მაგრამ როგორ მოხდა, რომ ოპოზიცია მივიდა აი, ამ შეიარაღებულ ფორმირებებთან, მათთან ერთად გიპირისპირდებათ. ინგლისის პარლამენტში ოპოზიცია თანამშრომლობს მმართველ პარტიასთან და ისინი ერთად იღწვიან ერის უკეთესი მომავლისათვისო.
მე ვუთხარი - სამწუხაროდ იმიტომ, რომ ჯერ ნამდვილი დემოკრატია ჩვენში არ არის. დიახ, არ არის ნამდვილი დემოკრატია. ნამდვილი დმოკრატია არის სწორედ აი ეს ერთობა ხელისუფლებისა და ოპოზიციისა და ჰარმონიული მოქმედება. კი ბატონო, კრიტიკა, კი ბატონო, მწვავე შეფასებები, მაგრამ არა იარაღით ხელში ბრძოლა. აი, ეს დავძლიოთ და მაშინ ჩვენ ჩვენს პარლამენტს გადავარჩენთ ჩემო ბატონებო. გადავარჩენთ ჩვენს პარლამენტსაც, ჩვენს საქართველოსაც, რამეთუ სხვა გამოსავალი ჩვენ არ გაგვაჩნია.
მე არ მინდა ეხლა ბევრი დრო მივითვისო. კიდევ ბევრს ვიტყოდი მე ამასთან დაკავშირებით. ალბათ ვიტყვი კიდევ, მაგრამ აი, ვიმეორებ, მოდით, დღეიდან ჩვენ, რა დასამალია, დიდი ნაბიჯი გადავდგით. ძალიან ბევრი კარგი პიროვნება იყო მართალია, ამ კომუნისტებს შორის, მაგრამ იმათ ჩვენ დავიბრუნებთ. ხოლო ზოგიერთი პიროვნება ნამდვილად არ არის დასაბრუნებელი პარლამენტში, მათ შორის ზოგიერთი.
ასე რომ, დღეს პარლამენტი უფრო ნამდვილ სახეს იღებს. სხვათა შორის, რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენი ომი იყო რაოდენობაზე პირველად კომუნისტებთან, ახლა, რადგან რაოდენობრივად კომპაქტურია, ახლა დაიწყოს კონსტრუქციული ურთიერთობა ჩვენსა და ოპოზიციას შორის, საერთო ენის გამონახვა, ურთიერთაზრის პატივისცემა.
მე არა ვარ წინააღმდეგი უმწვავესი დებატებისაც, ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს ეთიკის ფარგლებში. ეს იყოს კონსტრუქციულობის ფარგლებში და აი, ამ გზით, მოდით, დღეს მივცეთ სათანადო შეფასება ყველაფერს, გამოვიტანოთ სათანადო დადგენილებები და აღვადგინოთ საქართველოში სამოქალაქო მშვიდობა და წესრიგი.
აი, ეს არის ჩემი წინადადება დღეს.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№198 (218), გვ. 2, 12 ოქტომბერი, 1991 წ.].


კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს
ქალბატონებო და ბატონებო!
კავკასიურ ენათა შესწავლა მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემაა. კავკასიის შედარებით მცირე მიწა-წყალზე ხომ სხვადასხვა ოჯახის 50-მდე ენაა წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახია, რომელიც 30-ზე მეტ ენას ითვლის.
ამ ენათა შესწავლას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. განსაკუთრებით ძლიერდება იბერიულ-კავკასიურ ენათა კვლევა ივ. ჯავახიშვილის მიერ 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ. ივ. ჯავახიშვილის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების ძალისხმევით ჩამოყალიბდა იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების თბილისური სკოლა, რომელსაც 50 წლის განმავლობაში სათავეში ედგა დიდი ქართველი მეცნიერი არნოლდ ჩიქობავა. გამოიცა მრავალი მონოგრაფია და კრებული, მომზადდა სათანადო სამეცნიერო კადრები როგორც საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ისე ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქებისათვის.
მნიშვნელოვანი წარმატებანი მოიპოვეს ჩრდილოეთ კავკასიაში მომუშავე მეცნიერებმა მათი რეგიონის ენათა კვლევის საქმეში.
დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში იბერიულ-კავკასიურ ენათა შეწავლა XIX საუკუნეში ცალკეულ ენთუზიასტთა საქმე იყო. ჩვენი საუკუნის 30-იანი წლებიდან კი ამ ენებით დაინტერესება ფართო ხასიათს იღებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი, ინგლისელი და ზოგი სხვა ქვეყნის მეცნიერთა წვლილი.
ამჟამინდელი თქვენი შეკრებაც შედეგია კავკასიის ენობრივი სამყაროთი დაინტერესებულ პირთა საერთო ნებისა. მინდა მადლობა მოგახსენოთ სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით - სტუმრებს, რომლებმაც საქართველოს რესპუბლიკისათვის ამ მძიმე ჟამს, არსებული ობიექტური სიძნელეების მიუხედავად, შესაძლებლად დაინახეს ჩამოსულიყვნენ თბილისში.
სიმპოზიუმის მონაწილეებს ვუსურვებ ნაყოფიერ მუშაობას!
გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა ერთობასა და თავისუფლებას!
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია.
1991 წლის 14 ოქტომბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№202 (222), გვ. 1, 18 ოქტომბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს
პატივცემული აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებო!
დღეს ჩვენ ყველანი ვიმყოფებით იმ ისტორიულ მიჯნაზე, როცა თითოეულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ხალხის, თავისი სახელმწიფოს ბედისთვის, უნდა გააკეთოს მტკიცე არჩევანი - ან იგი თავის პროფესიულ ცოდნას, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ავტორიტეტს წარმართავს რესპუბლიკაში შექმნილი ვითარების ნორმალიზაციისათვის ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს დეზორგანიზაციის გამომწვევი კონფრონტაციის დასაძლევად, ან მხარს უჭერს დესტრუქციული ძალების უპასუხისმგებლო მოქმედებას, რომლებიც ეწევიან, არსებითად, ბრძოლას ძალაუფლებისათვის, ძალაუფლების გულისათვის, ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის ჭეშმარიტი ინტერესებისათვის.
წარმოუდგენლად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელც ახასიათებს ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელ დღეს, უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები. არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ხალხების კეთილ ნებას შეუძლია გამოაღვიძოს გონება, ხელს უწყობს გამონახოს ოპტიმალური გადაწყვეტანი, რომლებიც სახავენ უთანხმოების, უნდობლობის დაძლევის, სხვადასხვა თვალსაზრისთა დასაახლოებლად ვარიანტის ძიების გზას ჩვენი ხალხების მომავლისათვის, მათი მშვიდობიანი ერთობლივი ცხოვრებისათვის.
ამავე დროს აფხაზეთიდან მოსული ინფორმაცია მოწმობს, რომ კვლავ ფეხქვეშ თელავენ ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობის მოქალაქეობრივ უფლებებს, დისკრიმინაციას უწევენ მათ, უწინარესად - პოლიტიკურ დარგში, უგულებელყოფენ საქართველოს რესპუბლიკის კანონებსა და კონსტიტუციას, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას. ეს პროცესები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას, რადგან ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხების ძირეულ ინტერესებს, ხელს უშლის ამ საარსებოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც ხელს უწყობს ურთიერთგაგების აღგენას, ჩვენი სახელმწიფოს ერთიანი ეკონომიკური კომპლექსის ნორმალური ცხოველმოქმედების აღორძინებას. სამწუხაროდ, ვითარების სტაბილიზაციის მიზნებს ეწინააღმდეგება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ზოგიერთი გადაწყვეტილებაც, რომლებიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების თვითნებური აღრევის შედეგია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში საკანონმდებლო ნორმების საშიში უგულებელყოფა, რასაც შეიძლება სერიოზული კონფრონტაცია მოჰყვეს.
ამ პასუხსაგებ მომენტში საჭიროდ მიმაჩნია აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს დაჟინებით მოვუწოდო: მთელი თავიანთი ძალები მოახმარონ ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგომარეობის სტაბილიზაციის პირველი ყლორტების მხარდაჭერას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალების შეკავებას, რათა არ გადადგან მოუზომელი ნაბიჯები, რომლებსაც შეიძლება შორს გამიზნული შედეგები მოჰყვეს, პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიების საღ შეფასებას საქართველოს რესპუბლიკის, კერძოდ, აფხაზეთის მშვიდობის უზრუნველყოფისა და აყვავების საკეთილდღეოდ.
უნდა შეგახსენოთ წინათ გამოთქმული აზრი, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი პარლამენტის კანონიერ საფუძველზე ჩამოყალიბება დიდმნიშვნელოვანი პირობაა ახალ პირობებში ავტონომიის უფლებათა რეალური შინაარსით გამდიდრების საკითხის გადასაჭრელად.
მე მოვუწოდებ მოქალაქეობრივი თანხმობისა და თანამშრომლობისათვის თითოეულს, ვისაც ამოძრავებს რეალიზმისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, ვინც მზად არის შეკავშირდეს და იმუშაოს ჩვენი საერთო სახლის, ჩვენი რესპუბლიკის კეთილდღეობისათვის, საკითხებისა და პრობლემების სამართლიანი გადაჭრისათვის, რომელიც არ ბღალავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
მომავალი თაობა არ გვაპატიებს, თუ არ შევიგნებთ, რომ ნორმალური ცხოვრების ერთადერთი გზაა ჩვენი სახელმწიფოს მთელი შეგნებული, კონსტრუქციული ძალების შეკავშირება, ნამდვილი ძმობა და გულწრფელი მეგობრობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 24 ოქტომბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№207 (227), გვ. 1, 25 ოქტომბერი, 1991 წ.].


შეხვედრა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან
მთავრობის სასახლესთან გამართული ხალხმრავალი მიტინგის შემდეგ, რომელიც ქართველი ხალხის უდიდეს გამარჯვებას - საბჭოთა სინამდვილეში პირველი მრავალპარტიული არჩევენების წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს.
დღეს, განაცხადა მან, - უმნიშვნელოვანესი დღეა ქართველი ერის ისტორიაში და არა მარტო მის, არამედ მთელი ყოფილი საბჭოთა ხალხების ისტორიაში. დიახ, 9 აპრილმა და 28 ოქტომბერმა დასაბამი მისცეს არა მარტო საქართველოს, არამედ ყოფილ იმპერიაში შემავალი რესპუბლიკების, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას. სამწუხაროდ, დღეს ამ ფაქტის დანახვა არ სურთ ზოგიერთებს - არც საქართველოში და არც მის გარეთ. მაგრამ, სიმართლე სწორედ ის შუბია, რომელიც ხალთაში არ დაიმალება.
28 ოქტომბერზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა მოუტანა ამ დღემ დამონებულ ხალხებს. საბჭოთა კავშირის სინამდვილეში, ჩვენში გაიმართა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევას. მართალია, დღეს საქართველო დიდ გაჭირვებას განიცდის, მაგრამ ჩვენ და ჩვენი მოძრაობა მზად ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე, საბოლოო გამარჯვებამდე.
იმპერიული ძალები ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ ჩვენზე. შეიძლება ითქვას, ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულია ნამდვილი ინფორმაციული ომი. ამიტომ დღევანდელ შეხვედრას ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.
შემდეგ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ უპასუხა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას საბჭოთა კავშირის ვალების გადახდაში, პრეზიდენტმა უპასუხა: რა თქმა უნდა, თუ ქონება, და რაც მთავარია, ოქროს მარაგი თანაბრად იქნება გაყოფილი. ამ საკითხზე ახლახან გამოქვეყნდა უკრაინის მემორანდუმი და საქართველო მთლიანად უჭერს მას მხარს. საერთოდ კი, - თქვა მან, - მე კრემლის ოპოზიციად ვრჩები და ვერავითარი მუქარა ვერ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას - ვიბრძოლოთ საბოლოო გამარჯვებამდე. ქართველი ხალხი მიჩვეულია სიძნელეებს და ამჟამადაც შეძლებს გადალახოს ისინი.
კითხვაზე, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ასამბლეის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი გმობს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის მცდელობას სამაჩაბლოს მიერთების თაობაზე, გაგზავნილია სათანადო პროტესტი. რაც შეეხება ბატონ ბორის ელცინთან ურთიერთობას, იგი ყოველთვის კარგი იყო, მაგრამ ამჟამად სამაჩაბლოს პრობლემასთან დაკავშირებით რამდენადმე გაურკვეველია მისი პოზიცია.
ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენი საბჭოთა ჯარისკაცია ამჟამად დისლოცირებული საქართველოში - მათი რიცხვი 200 ათას კაცს აღემატება. დაისვა საკითხი მათი საქართველოდან გაყვანის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკება საბჭოთა კავშირთან არაა დაწყებული, ამასთანავე საფუძველი ჩაეყარა საკუთარი რესპუბლიკური არმიის შექმნას.
პრეზიდენტმა ილაპარაკა დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. დღეს ჩვენზე უფრო თვით მოსკოვს უჭირს. საერთოდ კი, დასძინა მან - მსოფლიოში არც ერთ პარლამენტს არ ძალუძს ერთ წელიწადში გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, მით უმეტეს, რომ ეს იმ ქვეყნის პრობლემაა, რომელსაც მიუხედავად მიღწეული თავისუფლებისა, ჯერ კიდევ ვერ გავემიჯნეთ მთლიანად. კრიზისიდან გამოსვლას კი ჩვენ შევძლებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საბოლოოდ გამოვეყოფით ყოფილ საბჭოთა კავშირს, მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას.
- რა მოუტანა თავისუფლების ერთმა წელიწადმა საქართველოს?
ამ კითხვაზე პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: - ჩვენში გაუქმდა კომპარტიის რეჟიმი, შეწყდა ქართველი ჭაბუკების რუსეთის არმიაში გაგზავნა, ქართული მიწების გაყიდვა-განიავება. ბოლო მოეღო ქართული ენის დევნას და ჩაგვრას, ალბათ, შეცდომებიც არაერთი დავუშვით, - თქვა პრეზიდენტმა, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო ჩვენს პირობებში, უთუოდ ვერ ასცდებოდა ამას. ბევრს აინტერესებდა საქართველოს დამოუკიდებლობა ჩეჩნეთ-ინგუშეთის პრობლემებისადმი: - ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ იდეას და არავითარ შემთხვევაში არავითარი სახით არ ჩავერევით კონფლიქტში.
- მიიღებდით თუ არა მონაწილეობას ცენტრალური ტელევიზიის გადაცემაში ვინ არის ვინ?
- რატომაც არა?! - მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას არ დაუშვებს ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელობა.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ბევრ სხვა კითხვაზეც გასცა პასუხი: ისინი ეხებოდა როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ ასპექტებს.
დაძაბულობა დარბაზში ერთგვარად განმუხტა კითხვამ: რა გუნებაზე ბრძანდებით დღეს, ბატონო პრეზიდენტო?
- ძალიან კარგზე, - უპასუხა მან. საქმეები უკეთ მიგვდის, სულ მოკლე ხანში გვცნობს კიდევ რამდენიმე ქვეყანა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა - შინაური და გარეშე მტრების მცდელობისა, უფრო მკვეთრად იკვეთება საქართველოს მომავალი გამარჯვებებიც.
საქინფორმი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№211 (231), გვ. 1, 30 ოქტომბერი, 1991 წ.].


მიმართვა მშობლიური მიწის მოვლისა და აღორძინების კონფერენციის მონაწილეებს
ქართველი კაცი ოდითგანვე ცნობილი იყო მიწის დიდი სიყვარულით. შემთხვევითი როდია, რომ ქართველებს გეორგიანებს, ე.ი. მიწათმოქმედებს უწოდებენ, ჯერ კიდევ უძველეს დროში გვქონდა მსოფლიო მეცნიერების მიერ აღიარებული პირველადი სამიწათმოქმედო კულტურა. დღეს, სამწუხაროდ, ამაზე მხოლოდ ისტორიული მასალებიღა მეტყველებს.
იმპერიამ იმთავითვე მიზნად დაისახა, რომ საქართველო იაფი ნედლეულის წყაროდ და შემადგენელ ნაწილად გაეხადა. და ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართველი კაცი გაუცხოვებოდა მიწას, შენელებოდა მისი სიყვარული, შრომისმოყვარეობა, რადგან იცოდა, რომ ეს მამულის სიყვარულს, დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვას შეუნელებდა. გადაგვარდა უნიკალური აბორიგენული კულტურული ჯიშები, ფლორა და ფაუნა, დარგთა შეთანაწყობა, ბუნებათსარგებლობის პრინციპები. არატრადიციულმა მონოკულტურამ, მომწამვლელმა ტექნოლოგიებმა დაისადგურეს ჩვენს მიწა-წყალზე. ყოველივე ამან და საქართველოს სს რესპუბლიკის მთავრობის დამღუპველმა პოლიტიკამ - მთის რეგიონებიდან მოსახლეობის ბარში გადმოსახლებამ სოფლის მცხოვრებთა კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მოთხოვნათა სრულმა უგულებელყოფამ ქართველ კაცს გაუნელა მიწის სიყვარული, გამოაცალა სოფელს. დღეს ოთხასამდე სოფელი დაცლილია. მიტოვებულია მთათუშეთი, ხევსურეთი, რაჭა და სხვა რეგიონები. აი, რა არის დემოგრაფიული პრობლემების მიზეზი. ეს პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ოცდაათ წელიწადში. მომწამვლელი ტექნოლოგიების დანერგვის გამო ორჯერ გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რამდენჯერმე მოიმატა გენეტიკურმა გადახრებმა, დაავადებათა და სიკვდილიანობის რიცხვმა.
დაბინძურებულია ბუნება, ეროზირებული და თითქმის მწყობრიდან გამოსულია სახნავი მიწების ნახევარი, დაახლოებით ამდენივე ტყის რესურსები ვეღარ ასრულებენ თავის ფუნქციას. ამიტომაც ბოლო წლებში შესამჩნევად იმძლავრა სტიქიურმა მოვლენებმა. უხეში ჩარევა ვერ გვაპატია ბუნებამ.
გამოცლილი გვაქვს ერთადერთი ეკონომიკური ბერკეტი - ქართული მიწის ბარაქა, რომელიც ჩვენს სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერესაც უწყობდა ხელს, ათასგზის უფსკრულის პირას მისულ საქართველოს ფეხზე წამოაყენებდა. იმპერიის ორასწლოვანი, სოფლის მეურნეობის წარმოების პოლიტიკა იყო ჩუმი, მცოცავი საშუალება ქართველი ერის გენეტიკურად გადაგვარებისა და მისი დაუძლურებისა.
ამ ურთულეს პერიოდში ყველა თქვენგანს ეკისრება უდიდესი მისია უნიკალური მიწათმოქმედების კულტურის აღდგენისა, აბორიგენული ჯიშების, ბუნებათსარგებლობის პრინციპების, ქართული მიწის აღორძინების, ქართველი კაცის სოფლად შემობრუნებისა და გენეტიკურად გამოჯანსაღებისა. ღმერთი იყოს თქვენი შემწე ამ ჭეშმარიტად ეროვნული მისიის აღსრულებაში კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№212 (232), გვ. 1, 31 ოქტომბერი, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის ოქტომბრის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის კომიტეტის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ;
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №10 [615], თბ. ოქტომბერი, 1991 წ.].

ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს
მტკიცე პროტესტს გამოვთქვამთ ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მიმართვის განხილვის გამო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურო ოლქის ტერიტორიის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს არც თავისი საკუთარი კონსტიტუციის, არც რსფსრ-ის კონსტიტუციის თანახმად არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრების შესაცვლელად. ასეთი მოქმედება ძირეულად ეწინააღმდეგება რსფსრ-ის კონსტიტუციის 70-ე მუხლს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ჩრდილოეთ ოსეთი, არ შეიძლება შეიცვალოს რსფსრ-ის თანხმობის გარეშე.
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ ამ საკითხის განხილვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ცდაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩამოაცილოს მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინაამდეგება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1, 71, 73 და 104 მუხლებს. ამ მუხლების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია და არ შეიძლება მისი შეცვლა საქართველოს რესპუბლიკის თანხმობის გარეშე. მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და საზღვრების საკითხების გადაწყვეტა საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება, თანაც ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვა ხდება ვითარებაში, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები აკოწიწებენ და საქართველოს რესპუბლიკის ისტორიულ მიწა-წყალზე, შიდა ქართლში გზავნიან შეიარაღებულ ბანდებს ოსი სეპარატისტების მხარდასაჭერად, ამარაგებენ მათ იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით.
ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ამგვარი მოქმედება უხეშად თელავს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და ჩვენს მიერ განიხილება, როგორც აგრესია დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე იურიდიული და პოლიტიკური შედეგებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
თბილისი
1991 წლის 1 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№220 (240), გვ. 1, 9 ნოემბერი, 1991 წ.].


გაეროს გენერალურ მდივანს ბატონ ხავიერ პერეს დე კუელიარს, მსოფლიოს ხალხებსა და პალამენტებს
დაშლის პირამდე მისული იმპერია ამაოდ ცდილობს ყოველი ხერხით შეაჩეროს მამაცი და თავისუფლებისმოყვარე კავკასიელი ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. ამა წლის 27 აპრილს ჩვენ მოგმართეთ თქვენ, რომ მზადდებოდა სისხლიანი პროვოკაციები კავკასიაში. იმპერიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინტენსიურად ნერგავდნენ აზრს, თითქოს „კავკასიელი ველურები“ და „ტუზემცები“ ცენტრის ჩარევის გარეშე ამოჟლეტდნენ ერთმანეთს. ამ „მოტივით“ როგორც საქართველოში, შიდა ქართლში (ყოფილ „სამხრეთ ოსეთში“), ისე ჩეჩენ-ინგუშეთში უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკება. დღეს დილით ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც უნდა მომხდარიყო საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტის ბატონ ჯოჰარ დუდაევის ინაუგურაცია, იმპერიის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ ჩეჩენ პატრიოტებს. მოსალოდნელია სისხლისღვრა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, შეტაკებები გრძელდება, ხდება ახალი სამხედრო შენაერთების შეყვანა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მზადდება იმ თავისუფლებისმოყვარე და ვაჟკაცი ხალხის გენოციდი, რომლის მიმართაც ჯერ ცარისტულმა, ხოლო შემდეგ ბოლშევიკურმა იმპერიამ უკვე ორჯერ (1878 და 1944 წლებში) განახორციელა მასობრივი რეპრესიები, რის შედეგადაც ათასობით ჩეჩენი იქნა ფიზიკურად მოსპობილი და იძულებით გასახლებული სამშობლოდან. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პოლიტიკური საკითხების უხეში სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტა. ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა წყდებოდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით. იმედი გვაქვს, რომ გაერო, მსოფლიოს ხალხები და პარლამენტები გულთან ახლოს მიიტანენ მცირერიცხოვანი ჩეჩენი ხალხის ტრაგედიას და ხმას აღიმაღლებენ სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, უხეშად ითელება, როგორც ჩეჩენთა, ისე ქართველთა ეროვნული უფლებები. (ვგულისხმობთ ყოფილ „სამხრეთ ოსეთს“). ამიტომ მოვითხოვთ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტთა და მეთვალყურეთა ჯგუფის სასწრაფოდ ჩამოსვლას, რათა ადგილზე (ქ. გროზნოსა და შიდა ქართლში) შეისწავლონ შექმნილი მძიმე მდგომარეობა და ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 9 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№221 (241), გვ. 1, 12 ნოემბერი, 1991 წ.].


ყარაჩევსკი, საბჭოების სახლი, ყარაჩაელი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციას „ჯამაგათს“
ძმებო ყარაჩაელებო!
თქვენი ხალხისათვის ამ სამგლოვიარო დღეს, სამძიმარსა და გულწრფელ თანაგრძნობას გიცხადებთ. ქართველი ხალხისათვის სრულიადაც არ არის სულ ერთი თქვენი მრავალტანჯული, შრომისმოყვარე და ვაჟკაცი ხალხის ბედი და ჩვენი ისტორია სავსეა ურთიერთგაგების, ძმობის, ჭირსა და ლხინში ერთმანეთის მხარდაჭერის შესანიშნავი მაგალითებით. ჩვენი წინაპრები იმდენად აფასებდნენ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, რომ შექმნეს ძმადნაფიცობის დიდებული და განუმეორებელი ინსტიტუტი, როცა ყარაჩაელ ბავშვებს აღსაზრდელად აბარებდნენ თქვენი მეზობლების ოჯახებს - ქართველ მთიელებს ქართული ენისა და კულტურის შესასწავლად, ქართული ადათ-წესებით აღსაზრდელად, სამაგიეროდ კი ქართველი ბავშვები სრულწლოვანებამდე ცხოვრობდნენ ყარაჩელთა ოჯახებში, იზრდებოდნენ თქვენი ხალხის საუკეთესო ტრადიციების მაგალითით. უფროს თაობაში ახლაც ცხოვრობენ და თავს კარგად გრძნობენ ქართველები, თავიანთი მშობლების ყონაღთა აღზრდილები, და ქართულ ოჯახებში აღზრდილი ყარაჩაელები. ერთმანეთის ენების, ფოლკლორის, ადათ-წესების ცოდნა, ერთმანეთის პატივისცემა დაეხმარა ჩვენს ხალხებს ძნელბედობის ჟამს. ხოლო როცა 1944 წლის 7 (?)2 ყარაჩელებს თავს დაატყდათ უბედურება და მათი ოჯახები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ სამშობლო, წინაპართა კერები, ქართველთა მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა: იყო მაგალითები, როცა ქართველებმა ნებაყოფლობით გაიზიარეს თავიანთი ძმადნაფიცების ხვედრი და მათთან ერთად გადასახლებაში აღმოჩნდნენ.
პატივცემულო მეგობრებო!
ქართველი ხალხი, ესწრაფვის რა სრულ დამოუკიდებლობას, წმინდად ინახავს მათ ხსოვნას, ვინც მსხვერპლად შეეწირა გენოციდის დანაშაულებრივ პოლიტიკას, საბჭოთა იმპერია რომ ახორციელებს. თავს ვხრით მათი ხსოვნის წინაშე.
ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ამაყ და ვაჟკაც ყარაჩაელ ხალხს.
საქართველო თქვენთან არის და მხარს უჭერს თქვენს საუკეთესო მისწრაფებებს.
შენიშვნები
1. „ჯამაგათი” ყარაჩაელი ხალხის მიერ 1989 წელს შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციაა. (შემდგენელის შენიშვნა)
2. 1943 წლის 2 ნოემბერი ყარაჩაელი ხალხის იძულებითი დეპორტაციის დღეა. ტექსტში მითითებულ თარიღში, ჩვენი ვარაუდით, იგულისხმება 1944 წლის 7 მარტი. როგორც ცნობილია, 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტამდე განხორციელდა ყარაჩაელთა ხელახალი დეპორტაცია. ი. ბ. სტალინის გარდაცვალებისა და ხელისუფლებაში ნ. ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ ყარაჩაელებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ ადგილებში. (შემდგენელის შენიშვნა)
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
აკაკი ასათიანი
1991 წლის 9 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№220 (240), გვ. 1, 12 ნოემბერი, 1991 წ.].


წერილი რუსეთის პრეზიდენტს
პატივცემულო ბორის ნიკოლოზის ძევ!
ქართველი ხალხი შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას ჩეჩნეთ-ინგუშეთში. აქ საგანგებო წესებისა და კომენდანტის საათის გამოცხადება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან ყოველთვის გიცნობდით თქვენ, როგორც ხალხთა თავისუფლების ქომაგსა და დემოკრატიის დამცველს, რაც დაადასტურა თქვენმა ძალისხმევამ ბალტიისპირეთის ხალხების დამოუკიდებლობის მოძრაობის მხარდასაჭერად, რეაქციული საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ახლა მოვლენების ესოდენ მკვეთრი შემობრუნება სინანულს იწვევს. საფრთხე შეექმნა თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენ ხალხს. ძალადობის ესკალაციამ ჩეჩნეთ-ინგუშეთში შეიძლება შეარყიოს თქვენი ავტორიტეტი ყოფილი საბჭოთა იმპერიის ხალხთა თვალში, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვითარების შემდგომი გამწვავება კავკასიაში, გთხოვთ გააუქმოთ საგანგებო წესები გროზნოში, პატივი სცეთ ჩეჩენი ხალხის ნების გამოხატვას, რომელიც ესწრაფვის თვითგამორკვევასა და თავისუფლებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისში 1991 წლის 9 ნოემბერს გამართული მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეთა სახელით
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№221 (241), გვ. 1, 12 ნოემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპასუხებს ჟურნალისტთა და ტელემაყურებელთა კითხვებს
ამა წლის 10 ნოემბერს პირდაპირი ეთერით მოეწყო მოსკოვ-თბილისის ტელეხიდი. საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჟურნალისტებისა და ტელემაყურებელთა კითხვებს უპასუხა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. გადაცემაში მონაწილეობდნენ: პროგრამა - „თანამეგობრობის“ მთავარი რედაქტორი ა. სკრიაბინი, გაზეთ „იზვესტიის“ მთავარი რედაქტორი ი. გოლემბიოვსკი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ვ. ტრეტიაკოვი, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანი გ. ბურჯანაძე.
გადაცემის დაწვრილებითი ანგარიში.
ი. გ.-ს კითხვა: გამარჯობათ, ბატონო პრეზიდენტო. თავს უფლებას ვაძლევ დაგისვათ პირველი კითხვა. მისი არსი შემდეგია: რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უკანასკნელმა სესიამ შეაჩერა კანონი პოლიტიკურ პარტიათა შესახებ და სანამ გკითხავდეთ, თუ რა არის ამ აქტის არსი, უნდა ვთქვა, რომ ეს იწვევს გარკვეულ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, არცთუ სასიხარულო ანალოგიას. მახსენდება, რომ 1918 წელს ლენინმაც ასევე შეაჩერა დროებით პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და თქვენ იცით, რომ მრავალპარტიული სისტემის დაბრუნება ჩვენ მხოლოდ სამოცდათორმეტი ან სამოცდაცამეტი წლის შემდეგ შევძელით. ხომ არ უქმნის ეს საფრთხეს დემოკრატიულ პროცესს, რომელიც უნდა განვითარდეს რესპუბლიკაში?
პასუხი: ჯერ ერთი, უნდა შევნიშნოთ, რომ თქვენი ანალოგია მთლად მარჯვე ვერ გამოდგა, როცა ლენინს შემადარეთ, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, თქვენ მასთან უფრო ახლო ხართ არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ იდეოლოგიურადაც.
რაც შეეხება კანონის მოქმედების შეჩერებას, ეს დაკავშირებულია საგანგებო წესებთან, რომლებიც ახლაც მოქმედებენ საქართველოში. ალბათ, ეს თქვენთვის ცნობილია. ამასთან, კანონი შეჩერებულია მხოლოდ მის იმ ნაწილში, სადაც საქმე ეხება პარტიათა რეგისტრაციას. თქვენ, ალბათ, იცით, რომ საქართველოში არის დაახლოებით ორასი პარტია და ორგანიზაცია, რომლებიც ცდილობენ გატარდნენ რეგისტრაციაში, მიიღონ შენობები, პრესა, ტელევიზია და, ხშირად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში უყენებენ პარტიებს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი კრიმინალური ორგანიზაციები არიან; ზოგიერთი მათგანი, შეიძლება ითქვას, აღმოჩნდა გარეული ჩვენი დედაქალაქის ცენტრში ამ ცოტა ხნის წინათ მომხდარ უწესრიგობებსა და სისხლიან დანაშულში. ამიტომ, პროკურატურამ მოითხოვა დრო, რათა გაარკვიოს მათი საქმიანობა და ამ დრომდე შეაჩეროს კანონი პარტიათა რეგისტრაციის შესახებ. ასე რომ, ამ კანონის შეჩერების ინიციატივა არ მომდინარეობს არც პრეზიდენტის, არც უზენაესი საბჭოსაგან. ეს მომდინარეობს პროკურატურისაგან, რომელიც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. აი, რა არის ჭეშმარიტება. და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენი შედარება მთლად მარჯვე ვერ არის.
ა. ს.-ს კითხვა: მომიტევეთ, ბატონო პრეზიდენტო, რამდენადმე დავარღვიე ჩვენი პროგრამის მიმდინარეობა. ჩვენი გადაცემის დასაწყისში დაგპირდით, რომ მოგცემდით სიტყვას. ბოდიშს გიხდით და გაძლევთ სიტყვას. გთხოვთ.
ზ. გ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მინდა ვთქვა, რომ დავთანხმდი ამ გადაცემაში მონაწილეობას, თუმცა, რამდენადმე გაკვირვებული ვარ იმის გამო, თუ რატომ იწყება ეს ციკლი მაინც და მაინც ჩემით და რით არის გამოწვეული ეს ინტერესი. მაგრამ, მეორეს მხრივ, ვხედავ შესაძლებლობას გავფანტო ის საზარელი დეზინფორმაცია, რომელიც სწორედ ცენტრალური ტელევიზიის მეშვეობით ვრცელდება მთელს მსოფლიოზე საქართველოს, მისი პრეზიდენტისა და ჩვენს რესპუბლიკაში მომხდარი ამბების შესახებ. ამიტომ, მსურს, არგუმენტებითა და ფაქტებით, როგორც უყვართ ხოლმე თქვენში ამის თქმა, გავფანტო ეს დეზინფორმაცია და ნათელი მოვფინო ჩვენს პოზიციას თანამედროვეობის ყველა იმ მოვლენის მიმართ, რომელიც აწუხებს საზოგადოებრიობას. ასე რომ, მზად ვარ ამომწურავი პასუხი გავცე ყველა კითხვას, მაგრამ გთხოვთ ერთს თქვენ, აგრეთვე მოქალაქეებსაც, რომლებიც დასვამენ კითხვებს, ყველაფერს ხომ აქვს თავისი ფორმა, ეთიკა, რომ კითხვები არ ცდებოდეს ამ ეთიკის ფარგლებს, და რომ არ დამისვან უტაქტო და ისეთი კითხვები, რომლებიც შეიძლება ეხებოდეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებს, სახელმწიფო საიდუმლოებებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არ ძალმიძს. წინასწარ ვაცხადებ, რომ უტაქტო კითხვებს არ ვუპასუხებ, როგორც ამას ვშვრები ხოლმე, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ყველა ჟურნალისტი როდი იცავს ამ წესებს. საქმიან საუბარს კი ყოველთვის მივესალმები. გთხოვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ.
ა. ს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო. მე მსურდა მხოლოდ მეთქვა, რომ ჩვენ, სახტელერადიო ჟურნალისტებს, ისე როგორც საქართველოს მცხოვრებლებსაც, როგორც თქვენ, გულს გვტკენს საინფორმაციო გამოშვებებში დაშვებული შეცდომები, უზუსტობანი და ვფიქრობ, რომ სახტელერადიოს კორესპონდენტმა ნანა ღონღაძემ ბევრი რამ იღონა, რათა გამოესწორებინა ეს შეცდომები. მაგრამ, აი, რაზე მსურდა ყოველივე ამის მიუხედავად, მიმეპყრო თქვენი ყურადღება: საქმე ის არის, რომ ინფორმაციებს ჩვენ ისევ და ისევ, ძირითადად, საინფორმაციო სააგენტოებიდან ვიღებთ და მრავალი ინფორმაცია, რომლებმაც გააოცეს საქართველოს მცხოვრებლები და გამოიწვიეს აღშფოთება, ამ სააგენტოებიდან მივიღეთ, კერძოდ, ჩემს წინ დევს საკდესის ინფორმაცია. და მეორე, რისი თქმაც მინდოდა, როცა პრესის საქმიანობა შეზღუდულია, მაშინ გაიპარება ხოლმე შეცდომები არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა სუვერენული სახელმწიფოების მიმართაც. იქნებ, ამის თაობაზე გვეტყოდეთ რამეს.
ზ. გ. იცით, ამას შეცდომებს ვერ ვუწოდებდი. ეს რაღაც მიზანდასახული ტაქტიკაა. განვმარტავ, დაჟინებით გადმოიცემა ცენტრალური ტელევიზიით ინფორმაცია, თითქოს ყოველდღე, დღემდე მიმდინარეობს ცხინვალის დაბომბვა არტილერიით და რაკეტებით. ეს იმდენად შემზარავი სიცრუეა, რომ გარწმუნებთ, მთელი საქართველო იცინის, როცა ამ დეზინფორმაციას ისმენს. გთხოვთ, ჩამობრძანდეთ ჩვენთან, ჩვენს ობიექტურობაში რომ არ დაეჭვდეთ, მოგცემთ შესაძლებლობას გაესაუბროთ ცხინვალში დაბანაკებული შინაგანი ჯარების სარდლობას. პირდაპირ გაოცებული ვარ, რატომ დღემდე არ დაგბადებიათ ასეთი აზრი, გეკითხათ სწორედ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვერა და ვერ ვუწოდებთ ქართველ ექსტრემისტებს ან ნაციონალისტებს. რატომ არ გსურთ მათგან შეიტყოთ სიმართლე?
რა რაკეტები შეიძლება იყოს იქ? რა არტილერია აქვს საქართველოს რესპუბლიკას? მით უმეტეს, რომ ზოგჯერ იმასაც კი ამბობენ, თითქოს ვლადიკავკაზსაც კი ვუშენდეთ ჩვენს რაკეტებს. ჰოდა, სწორედ ეს აღგვიძრავს ეჭვს, რომ ყოველივე ეს მიზანდასახულად არის დამახინჯებული, გაყალბებული და ყოველივე ამას აქვს ძალზე შორს მიმავალი მიზნები.
აი, თქვენ ახსენეთ ნანა ღონღაძე. სწორედ ნანა ღონღაძეს არ აძლევენ უფლებას გადასცეს ზუსტი ინფორმაცია. გუშინწინ, დილას, როცა დიქტორმა გამოაცხადა, რომ იქ ცეცხლს უშენენ ცხინვალს, ნანა ღონღაძემ ლაპარაკი დაიწყო გეოგრაფიულ, ისტორიულ პრობლემებზე, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა - იქ არავითარი სროლა არ მიმდინარეობსო. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები 17 ოქტომბრამდე. სხვათა შორის, გარკვეულ კერძო პირებს აქვთ სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტები, - ეს, სხვათა შორის, საბრძოლო რაკეტები არ არის, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები კერძო პირთა მხრიდან, რომლებიც არ ემორჩილებიან ხელისუფლებასა და მთავრობას. დღემდე კი ავრცელებენ ვერსიას იმის თაობაზე, რომ მასირებულ სარაკეტო ცეცხლს უშენენ ცხინვალს. აი ეს, შეიძლება ითქვას ზღაპრული ვერსიები, იწვევენ უნდობლობას.
ვ. ტ-ს კითხვა: იმედი მაქვს, ბატონი საქართველოს პრეზიდენტი დამეთანხმება იმაში, რომ ჩვენი გაზეთი, შეიძლება ერთი იმ მცირეთაგანია მოსკოვში, რომლებიც ძალზე ხშირად აქვეყნებდა ბატონ გამსახურდიას ინტერვიუებს, ისე როგორც მის მოწინააღმდეგე - ოპოზიციონერებისას, და მე მსურს, დავასრულო დღეს მასობრივი ინფორმაციების საშუალებათა ეს თემა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იყო გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, მისცემდა თუ არა ცენტრალური ტელევიზია ბატონ გამსახურდიას პირდაპირი ეთერით გამოსვლის შესაძლებლობას. და აი, დღეს შედგა ეს შეხვედრა, ეს გამოსვლა, იქნება კითხვები, იქნება პასუხი. ამავე დროს კი, ქართველი ტელეჟურნალისტები გაფიცული არიან საქართველოში. მათ დაპირდნენ, რომ ოპოზიცია შეძლებდა ტელევიზიით გამოსვლას. ეს დაპირება არ შესრულებულა. ისინი კვლავ გაიფიცნენ. მე მაქვს კითხვა ბატონ პრეზიდენტთან: არის კი მაინც იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს მიეცეთ საქართველოს ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოსვლის საშუალება.
ზ.გ.-ს პასუხი: ესეც არასწორი ინფორმაციაა: თითქოსდა, ყველა ჟურნალისტი იყოს გაფიცული. ნაწილი გაფიცულია. ეს ის ნაწილია, რომელიც მიემხრო პუტჩს, სახელმწიფო გადატრიალებას, სხვათა შორის, შეიარაღებული გადატრიალების ცდებს, რომლებიც მოხდა საქართველოში სექტემბერსა და ოქტომბერში. ეს ნაწილი არა მარტო გაფიცულია, არამედ, გაძარცვა და დაარბია საქართველოს ტელევიზია და მისი შენობა, მაშინ მიხვდებოდით, თუ როგორი „ოპოზიციონერები“ და როგორი „დემოკრატები“ არიან ისინი. როგორც ხშირად გადასცემთ ხოლმე, აი, დემოკრატები დამდგარან ტელევიზიასთან, დიქტატორი კი მთავრობის სახლში მოკალათებულაო. თვალნათლივ დარწმუნდებით, თუ რას წარმოადგენენ ეს „დემოკრატები“ და რა „ოპოზიციაა“ იგი; რა ჩაიდინა მან ტელევიზიის შენობაში და რა ჩაიდინა თბილისის ქუჩებში. ასე რომ, გთხოვთ: გულდასმით შეისწავლოთ ასეთი საკითხები და შემდეგ ილაპარაკოთ. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ მათ არ უთმობენ ეკრანს, იგი მათ დაუთმეს, მაგრამ მათ მოინდომეს, ეკრანი გამოეყენებინათ კანონიერი, ხალხის მიერ არჩეული საქართველოს მთავრობის დამხობის მიზნით. აი, რატომ მწვავდება მათთან ურთიერთობა. მსურს, დაგისვათ ასეთი კონტრკითხვა: ისეთ ადამიანებს, როგორიც არიან იაზოვი, იანაევი, კრიუჩკოვი, თქვენ დღეს აი ახლა, ამ მომენტში დაუთმობდით ეკრანს, გამოიყვანდით მათ საპყრობილეებიდან, დასვამდით ეკრანის წინ და დართავდით ნებას, ექადაგებინათ მთავრობის დამხობის თავიანთი იდეები? რატომ არ ავლებთ ასეთ პარალელებს? სწორედ ასეთივე საქმიანობას ეწეოდნენ აი ეს „ოპოზიციონერები“, როგორც თქვენი იანაევი, იაზოვი და სხვები. ასე რომ, ცოტა ჩვენს მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ.
ვ. ტ. რაც შეეხება იანაევის ან კრიუჩკოვის პრობლემას, მე, რა თქმა უნდა, არა ვარ ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელი, მაგრამ იმ გაზეთში, რომელსაც ვმეთაურობ, მივცემდი მათ სიტყვას, თუ მათ აქვთ რაიმე სათქმელი, ჰოდა, ცენტრალური ტელევიზიის ხელმძღვანელიც რომ ვიყო, მაშინაც არ ვიტყოდი უარს შესაძლებლობაზე, მომესმინა, თუ რას ლაპარაკობენ ისინი დღეს.
ზ. გ. რაღაც ძალზე ხშირად ვერ ვხედავ მათ თქვენს ეკრანზე.
ვ. ტ. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ახლა მათ საქმეს იძიებენ.
ზ. გ. დიახ, ჩვენ გვყავს ოპოზიციონერები, რომელთა საქმეებს იძიებენ, სხვათა შორის, - პუტჩისტები. მრავალი მათგანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უთუოდ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს ასეთ პირთა წინააღმდეგ. ეს არც დიქტატურაა და არც ფაშიზმი, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს.
ი. გ. გთხოვთ, მომიტევოთ ბატონო პრეზიდენტო. მოხარული ვარ, როცა მოვისმინე თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ თქვენ, როგორც გავიგე, ჟურნალისტებს იწვევთ, რათა თავადვე გაერკვნენ ადგილზე, თუ რა ხდება იქ. უნდა ვთქვა, რომ რესპუბლიკაში ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია და თუმცა, ეს წლინახევრის წინათ იყო, როცა ჩვენი ჟურნალისტები ცდილობდნენ მოხვედრილიყვნენ სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ვფიქრობ, ახლა შევძლებთ გავგზავნოთ ჩვენი კორესპონდენტები, რათა ნამდვილად ობიექტურად გააშუქონ ის, რაც იქ ხდება. ამიტომაც, მადლობას მოგახსენებთ ამისათვის. მაგრამ, თუ ნებას მომცემთ, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. როცა ვაკვირდებით საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას, იბადება ბევრი კითხვა ეკონომიკური პროგრამის თაობაზე. ჩემი კითხვაც ორი ნაწილისაგან შედგება: შეგიძლიათ თუ არა მოკლედ, თუმცა მესმის, რომ ეს ფრიად სერიოზული საკითხია, გვესაუბროთ თქვენი ეკონომიკური პროგრამის საფუძვლების შესახებ, და მეორე, მოაწერს თუ არა ხელს რესპუბლიკა ეკონომიკურ შეთანხმებას სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში?
ზ. გ.-ს პასუხი: უკანასკნელი კითხვით დავიწყებ, რადგან ეს ფრიად მნიშვნელოვანი საკითხია. წერილი გავუგზავნე სსრ კავშირის პრეზიდენტ ბატონ გორბაჩოვს, რომელშიც ვაცხადებ, რომ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეიძლება განვიხილოთ საკითხი პოლიტიკური ან ეკონომიკური ხასიათის ნებისმიერი ხელშეკრულების შესახებ. რამდენადაც სახელმწიფო საბჭო სუვერენულ რესპუბლიკებს გვიწოდებს, უფლება გვაქვს, მოვთხოვოთ მას დოკუმენტურად დაადასტუროს ეს და იურიდიულად გააფორმოს ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს აღიარება და მხოლოდ ამის შემდეგ მიგვაჩნია შესაძლებლად, დავიწყოთ მოლაპარაკება აღნიშნულ საკითხზე.
რაც შეეხება ეკონომიკურ პროგრამას, მოკლედ, ეს რა თქმა უნდა, ძნელია ჩამოაყალიბო ესოდენ მცირე დროში, მაგრამ ამას მაინც ვეცდები. ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას საფუძვლად უდევს არსებული ეკონომიკური სისტემის სრული რეორგანიზაციის, სოციალისტური ეკონომიკის ყველა უარყოფითი მხარის დაძლევისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ზოგადი სიტყვები, ზოგადი ფრაზებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვადგავართ ამ გზას და არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რათა შევქმნათ საკუთარი ვალუტა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ეკონომიკური დამოუკიდებლობა, წარმოუდგენელია ეკონომიკური რეფორმები. და როცა ჩვენ გვისაყვედურებენ ისინი, ჩვენს რესპუბლიკაში საკმარისად სწრაფად არ მიმდინარეობსო, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს საკუთარი ვალუტა. ეს რეფორმა დაგეგმილია ჩვენში ყოველივე იმის შექმნის კვალობაზე, რაც ეს-ეს არის ჩამოვთვალე. გვაქვს პრივატიზაცია, რომელიც ისეთი ტემპით მიმდინარეობს, როგორც გვსურს. და თქვენ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რასთან არის ეს დაკავშირებული და რამდენად ძნელი პროცესია არა მარტო ჩვენში, არამედ სხვა რესპუბლიკებშიც; რომ აქ არის მეტად თავისებური მოვლენები, არის მაფია, არის ისეთი კლანები, რომლებსაც სურთ, ეს თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, და ზოგჯერ ჭირს ამის განხორციელება სახელმწიფოსათვის სერიოზული ზიანის მიუყენებლად. მაგრამ, მაინც ვცდილობთ, განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანენ თავისუფალ, საბაზრო ეკონომიკამდე, და, რა თქმა უნდა, ეს უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია, აგრეთვე, დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე, ჯერჯერობით, ასე ხალისით რომ არ ამყარებენ ჩვენთან ეკონომიკურ კონტაქტებს. აი, ამ მიმართულებით ვცდილობთ განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა.
ი. გ. დიდი მადლობა პასუხისათვის. ნებას მომცემთ, რომ ამ საკითხის განსავითარებლად, დავაზუსტო კიდევ ერთი დეტალი?
ზ. გ. რა თქმა უნდა.
ი. გ. გვქონდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, როცა მომავალ ეკონომიკურ წყობას შეეხო, მიზნად სახელმწიფო კაპიტალიზმის მშენებლობა დაასახელა. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
ზ. გ.-ს პახუხი: ესეც დეზინფორმაციაა, რომელიც მომდინარეობს ჩვენი პოლიტიკური მტრებისაგან, რომლებისგანაც თქვენ, სხვათა შორის, უფრო ხშირად იღებთ ინფორმაციას და რატომღაც ენდობით მტრული ოპოზიციის ამ ინფორმაციას და არ ცდილობთ მიიღოთ ოფიციალური, სოლიდური, შემოწმებული ინფორმაცია, მაგალითად, ჩვენი პრესცენტრიდან რომ მომდინარეობს. თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ ცენტრალური ტელევიზიის მიერ გადაცემულ რამდენიმე ინფორმაციას, რომლებიც - ამას საქართველოში ჩვენი ტელემაყურებლები დაადასტურებენ - წმინდა წყლის მონაჭორი და დეზინფორმაციაა. თითქოს დემოკრატიულ ძალებს ხელთ ეგდოთ ტელეცენტრი. ტელეცენტრი ხელთ იგდეს სისხლის სამართლის დამნაშავეებმა. სისხლის სამართლის ბანდებმა, რომლებმაც გაანადგურეს ეს შენობა, გაძარცვეს, გაზიდეს მთელი აპარატურა, ააოხრეს და გააჩანაგეს აქაურობა. რამდენიმე დღეს იქ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანდიტთა ბანაკი იყო. ასე რომ, იქ არავითარი დემოკრატები არა ყოფილან, დემოკრატები ავტომატებით საკითხებს არ წყვეტენ და შემდეგ: თელასზე თავდასხმას, რომელიც ამ ბანდამ მოაწყო, უწოდებენ უბრალო მკვლელობას, რომელიც თითქოს ბნელით იყოს მოცული და არც ერთ მხარეს არ ეკისროს პასუხისმგებლობა ამ აქციისთვის. სინამდვილეში, მოხდა თავდასხმა სახელმწიფო დაწესებულებაზე. დაიხოცა ადამიანები. და აი ეს განახორციელეს ე.წ. „დემოკრატებმა“, შემდეგ, ამბობენ, დემოკრატები ტელეცენტრთან სანთლებით ხელში იდგნენო. ისინი სანთლებით კი არა, ტყვიამფრქვევებით, ნაღმსატყორცნებით, ავტომატებით იდგნენ. განუწყვეტლივ გაისმოდა იქ სროლის, აფეთქებების ხმა. მათ დაიკავეს ცირკის შენობა, იქ დადგეს ზარბაზანი, რომელიც ცეცხლს უშენდა, სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას. აი, მაგალითად, თითქოს ჩვენი ძალები თავს დასხმოდნენ შავნაბადას, თენგიზ კიტოვანის გვარდიელთა ბანაკს. ჯერ ერთი, ისინი არავითარი გვარდიელები არ არიან, ისინი ყოფილი გვარდიელები - დღეს ბანდიტები არიან, სადაც თითქოს დაიღუპა სულ ცოტა ხუთი კაცი. იქ არავინაც არ მოუკლავთ. აი, ასეთ ინფორმაციას გადმოსცემს ცენტრალური ტელევიზია, ეყრდნობა ამ ბანდიტთა ბანაკის დეზინფორმატორებსა და პროვოკატორებს.
ნათქვამია, თითქოს საქართველოში მტკიცდებოდეს საბჭოთა სოციალისტური სტრუქტურები. რა საერთოც გვაქვს საბჭოთა სტრუქტურებთან, ალბათ ყველას მოეხსენება. ჩვენ გავაუქმეთ მთლიანად საბჭოთა ხელისუფლება და ავკრძალეთ კომპარტია. ჩვენში არავითარი სოციალისტური სტრუქტურები არ არის. მიმდინარეობს მათი გარდაქმნა და ახლის შექმნა. და შემდეგ: ცხინვალში მიმდინარეობს სარაკეტო-საარტილერიო ცეცხლის დაშენა. ლტოლვილთა რიცხვმა კი ასი ათასს გადააჭარბა. სინამდვილეში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა უკანასკნელი აღწერით სულ 98 ათასს შეადგენს: ქართველებსა და ოსებს. თუ ასი ათასი ლტოლვილი გაიქცა ცხინვალიდან, მაშასადამე, იქ არავინ არ უნდა დარჩენილიყო, ეს ხომ უბრალო არითმეტიკაა. არადა, თქვენი ტელევიზია ყოველდღე გადმოსცემს, რომ უკვე თითქმის ას ორმოცდაათი ათასი ლტოლვილია ცხინვალიდან, - ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან. ასეთი საოცარი ამბები გადაიცემა ტელევიზიით. და კიდევ რა? თითქოს საპატიმროებში გვყავდეს ბევრი პოლიტპატიმარი. არავითარი პოლიტპატიმრები არ არიან, არიან სისხლის სამართლის ელემენტები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და რისთვისაც დააპატიმრებდნენ კიდეც თქვენშიც და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც.
ა. ს. ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე სატელეფონო ზარი გაისმა და სიტყვას გადავცემ თქვენს პრესმდივანს. თუ შეიძლება გაგვაცანით, რა კითხვები გაქვთ?
გ. ბ.-ს კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, თბილისელი ირინე ქავთარაძე გეკითხებათ, გვითხარით, თუ შეიძლება, როცა 1783 წელს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს გეორგიევსკის მეგობრობის ტრაქტატს, რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა ცხინვალის რეგიონი და როგორ ეწოდებოდა მას - სამხრეთ ოსეთი თუ შიდა ქართლი?
ზ. გ.-ს პასუხი: 1922 წლამდე ცხინვალის რეგიონს მუდამ შიდა ქართლი ეწოდებოდა. 1922 წელს ბოლშევიკებმა გამოიგონეს ახალი ტერმინი - სამხრეთ ოსეთი. სამხრეთ ოსეთი გეოგრაფიული ტერმინი არ არის. ეს არის ბოლშევიკთა მიერ გამოგონილი ტერმინი, რომლებმაც მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რათა საქართველოსთვის ჩამოეცილებინათ ეს ტერიტორია, სადაც ოსი მოსახლეობა იყო. თქვენ კი მოგეხსენებათ, რომ საქართველოში სხვა ეროვნებანიც ცხოვრობენ. ისინი შეგნებულად უწოდებდნენ მას სამხრეთ ოსეთს. ეს იგივეა, რომ ახლა, კრასნოდარის მხარეს ვუწოდოთ ჩრდილოეთ საქართველო, რათა ხელთ ვიგდოთ ეს კრასნოდარის მხარე და ჩამოვაცილოთ იგი რუსეთს, ამასთან თავი ვიმართლოთ, კრასნოდარის მხარეში, როგორც იცით, ქართველები ცხოვრობენო. აი, ასეთია ლოგიკა, როცა სამხრეთ ოსეთზე ლაპარაკობენ. არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არის და იგი არც არასოდეს არსებობდა. ასეთი გეოგრაფიული ტერმინი ბუნებაში არ არის.
ა. ს. გიორგი, გთხოვთ, დასვათ კიდევ კითხვები.
გ. ბ.-ს კითხვა: გარდაბნელი ზოია ივანეს ასული ბელორეევა გეკითხებათ: გაიზრდება თუ არა ფასები საქართველოში? თუ გაიზრდება, მოგვემატება თუ არა პენსია და ხელფასი?
ზ. გ.-ს პასუხი: იცით, ყოველ ღონეს მივმართე, რათა არ გაზრდილიყო პურის ფასები და ეს საზოგადოებრიობის მოთხოვნა იყო, რისთვისაც გამაკრიტიკა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ. დღესაც ამას მთავარ ბრალდებად მიყენებს, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა დაადანაშაულო პრეზიდენტი იმისათვის, რომ მან ფასები არ გაზარდა, უფრო სწორად - პირიქით კი უნდა იყოს. მაგრამ სამომავლოდ ამის პირობას ვერ მოგცემთ, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯერჯერობით ეკონომიკურ იზოლაციაში, ასევე ეკონომიკურ ბლოკადაში ვართ ცენტრის წყალობით. არ ვიცით, რას გვიქადის ეს ბლოკადა ხვალ. ყოველ შემთხვევაში, ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა ეკონომიკური ვითარება არ გაუარესდეს, რათა ხალხი არ გაწვალდეს. მაგრამ ჩვენთვის გამოცხადებული ეს ბლოკადა, რომელიც რუსეთის პარლამენტმა რუსეთის პრეზიდენტს ურჩია, უკვე აღემატება ეთიკისა და ადამიანურობის ყოველ ზომას, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება გამოუცხადო ბლოკადა, ჯერ ერთი, მთელ ხალხს, რაღაც, ცხინვალში მომხდარი ამბებისათვის, თუნდაც ექსტრემისტთა ქცევისათვის, და მით უმეტეს არაქართველ მოსახლეობას. საქართველოში ხომ 80 ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. ბლოკადას უცხადებენ არა მარტო ქართველ ხალხს, თუმცა ისიც არ იმსახურებს ამას. რა დააშავეს, მაგალითად, 400 ათასმა რუსმა, 400 ათასმა აზერბაიჯანელმა, 500 ათასმა სომეხმა. რა ბრალი მიუძღვით მათ, რისთვის უნდა აღმოჩნდნენ ისინი ბლოკადაში, ისინი იმისათვის უნდა დაიტანჯონ, რომ რუსეთის სფსრ პარლამენტს არ მოსწონს ზოგიერთი ექსტრემისტის ქცევა ცხინვალში? გეკითხებით, სად არის ლოგიკა?
ვ. ტ.-ს კითხვა: მინდა სავსებით კონკრეტული კითხვა დაგისვათ საქართველოს ეკონომიკური პრობლემების, ეკონომიკური რეფორმების შესახებ. გათვალისწინებულია მიწების პრივატიზაცია. ვიცი, რომ არის გარკვეული შეფერხება ამ პროექტთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, რით არის იგი გამოწვეული, და მეორეც, გათვალისწინებულია თუ არა პრივატიზაცია, მიეცემა თუ არა მიწა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის აფხაზებს, ოსებს, რუსებს და არა მარტო ქართველებს?
ზ. გ.-ს პასუხი: ყველა მოქალაქეს მიეცემა და უნდა აღგითქვათ, რომ ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოშია ჩაწერილი, მიიღებს მოქალაქეობასა და მიწას. მაგრამ, ჯერჯერობით ვერ შევიმუშავეთ მიწის კოდექსი. პარლამენტს ვერ მოუხდენია ამ კანონპროექტის რატიფიკაცია, რადგან მიმდინარეობს დავა წვრილმანების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა, რომ მას აქვს ისეთი რეგიონები, სადაც მოსახლეობას პრივატიზაციის საკითხისადმი სხვადასხვა მოსაზრება აქვს. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთ მათგანში სახელმწიფო მეურნეობას აძლევენ უპირატესობას. მიმდინარეობს კამათი, განხილვა. ამასთან არის დაკავშირებული შეფერხება და არა იმასთან, რომ თითქოს არ გვინდოდეს საკუთრებაში მიწის მიცემა. ჩვენში მოქმედებს თავისუფალი იჯარა, და შეიძლება ითქვას, რომ ეს თითქმის საკუთრებაა მიწაზე, იმიტომ, რომ გლეხი მიწის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონია, ოღონდ გაყიდვის უფლება არა აქვს. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, პრივატიზაცია უკვე დაიწყო. არის ბევრი კერძო მეურნეობა, კერძო ფერმა, უკვე რამდენიმე ათასია. პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა კიდეც, რომ აქ არავითარი კანონი არ არის საჭირო. ხალხი, გლეხები თვითონ ახდენენ უკვე მიწის პრივატიზაციას და უკვე ფლობენ მიწას. ასე რომ, აქ კანონი უკვე ძალიან ცოტა რამეს თუ წყვეტს. კანონს შეუძლია უბრალოდ მოაწესრიგოს ეს პროცესი, რომელიც ისედაც, სხვათა შორის, უკვე მიმდინარეობს. გლეხს ხელს არავინ უშლის დაამუშაოს მიწა, ოღონდ კი გამოჩნდეს კაცი, რომელიც მას დაამუშავებს, გამიგეთ? აი ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ, ისევე როგორც სხვათა შორის რუსეთში.
ი. გ.-ს კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, უკვე ბევრი წერილი, დეპეშა მივიღეთ შეკითხვებით და ალბათ არ გვაპატიებენ, თუ მათ არ დაგისვამთ. აქ ბევრია მსგავსი კითხვა, რომლებზეც უკვე უპასუხეთ, მაგრამ აი კითხვათა ჯგუფი, რომლებიც აფხაზეთთან არის დაკავშირებული. ყველაზე მოკლე და ყოვლისმომცველი: მუხინი ქალაქ ტულიდან გეკითხებათ: როგორი ურთიერთობა ექნება აფხაზეთთან საქართველოს მომავალში?
ზ. გ.-ს პასუხი: ჩემი აზრით, ურთიერთობა ნორმალური იქნება. არ არის ახლა ისეთი გართულებები, რომლებიც შიშს იწვევდნენ. მოგეხსენებათ, რომ აფხაზები და ქართველები მონათესავე ხალხები არიან. ისინი ოდითგანვე ერთად ცხოვრობდნენ და ურთიერთობის გამწვავება მხოლოდ ჩვენი ხალხების მტრებს აძლევს ხელს. ეს ახლა შეგნებული აქვს ორივე მხარეს, და სხვათა შორის, არა მარტო საქართველოს მხარეს, და შეიძლება ითქვას, იქ არ გართულდება ვითარება. ჩვენს ურთიერთობას მუდამ საფუძვლად ედო თანასწორუფლებიანობის პრინციპები. აფხაზები მუდამ სარგებლობდნენ დიდი უფლებებით საქართველოში, შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი უფლებებითაც კი. არავინ არ ლახავს აფხაზთა უფლებებს, არც კულტურულს, არც ეთნიკურს. ასე რომ, საქართველოში არ არის პრობლემები აფხაზებისათვის და ამას საჯაროდ ვაცხადებ.
ვ. ტ.-ს კითხვა: შეკითხვა მაქვს საქართველოს პრეზიდენტისადმი, იგი სხვათა შორის ეხმიანება ტელემაყურებლის - მოსკოველი ალექსანდრე სერგის ძე შაროვის კითხვას: თქვენი შეხედულებანი ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოვლენებისადმი, დუდაევისადმი? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მიესალმეთ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ხელისუფლების სათავეში დუდაევის დადგომას და პირიქით - იგი მოგესალმათ თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. რა აზრის ბრძანდებით ახლა ამ პრობლემის შესახებ?
ზ. გ.-ს პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პრინციპია პატივი ვცეთ ყველა ხალხის თვითგამორკვევის უფლებას და აქ ვერ დავუშვებთ გამონაკლისს ჩეჩენი ხალხის მიმართ. ჩვენ ამის მომხრე ვართ და შეიძლება ითქვას, ჰელსინკის კავშირიც, რომლის თავმჯდომარეც მე ვარ, მიზნად ისახავს სწორედ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისათვის. იგი მხარს უჭერს ყველა ხალხის თვითგამორკვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ საკუთარ ტერიტორიაზე. ზოგჯერ გვისაყვედურებენ, სახელმწიფოს შექმნის უფლებას არ ვანიჭებთ ზოგიერთ ეროვნულ უმცირესობას ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს როდია დამაჯერებელი საბუთი, იმიტომ რომ ხალხი უნდა იმყოფებოდეს საკუთარ ტერიტორიაზე, რათა იბრძოლოს თვითგამორკვევისათვის, დამოუკიდებლობისათვის. მეტად შეწუხებული და ფრიად შეშფოთებული ვართ, რომ იქ (ჩეჩნეთის რესპუბლიკაში) შემოღებულია საგანგებო წესები. ეს-ეს არის გავუგზავნე დეპეშა ბატონ ელცინს და ამ დეპეშაში ვთხოვე მოხსნას საგანგებო წესები და კომენდანტის საათი, რათა არ გამწვავდეს ვითარება კავკასიაში. ამიტომ, ყოველივე ეს მშვიდობიანი საშუალებებით უნდა გადაწყდეს.
ა. ს.-ს კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, ძალზე მრავალი წერილია, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება საქართველოს არამკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობას. ისინი ძალზე ბევრია. თუ ნებას დამრთავთ, წაგიკითხავთ ყველაზე ნიშანდობლივს: „ჩემი მშობლები ცხოვრობენ საქართველოში, შორეულ, მიყრუებულ სოფელში. ამას გვწერს მოსკოველი სელივანოვი - სურთ იქიდან წამოსვლა და სახლის ყიდვა რუსეთის ტერიტორიაზე. შესაძლებელია თუ არა ჩვენთვის კომპენსაციის გადახდა იმ სახლისათვის, რომელიც საქართველოში რჩება?“ შემდეგი შეკითხვაც მოსკოვიდანაა - გაუში ალექსანდრე მიხეილის ძე - დავიბადე და ოც წლამდე ვიზრდებოდი საქართველოს ქალაქ ფოთში. 25 წელია ვცხოვრობ მოსკოვში. ფოთში დამრჩა დედა. როგორ ჩავიდე დედასთან? მაქვს თუ არა უფლება მივიღო ორმაგი მოქალაქეობა?“ და ბოლო კითხვა, რომელიც აჯამებს, აერთიანებს ყველას ინტერესებს, ეს არის სიჩი ქალაქ პეტროსტალიდან: „არის თუ არა ახლანდელი პრეზიდენტის დროს რუსულენოვანი მოსახლეობის ცხოვრების უშიშროების გარანტიები?“
ზ. გ.-ს პასუხი: დავიწყებ უკანასკნელი კითხვით. დღეს საქართველოში რუს მოსახლეობასა და სხვა ეროვნების ადამიანებს ემუქრებათ ერთგვარი საფრთხე, თუ რუსეთი გამოიყენებს ეკონომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ. საფრთხე ემუქრება მთელ საქართველოს. აი, ეს არის ერთადერთი საფრთხე. საქართველოს მთავრობის მხრიდან კი ისინი იღებენ მხოლოდ მხარდაჭერას, გაგებას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველა ეროვნების წარმომადგენელი თანასწორუფლებიანია, არავითარი პრობლემა არ არსებობს საქართველოს მოსახლეობისათვის. ამას ადასტურებს ის, რომ არაქართველი მოსახლეობის 90 პროცენტმა ხმა მომცა მე პრეზიდენტის არჩევნებში, 31 მარტის რეფერენდუმზე ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ასე რომ, არ არსებობს არავითარი პრობლემები არაქართველი მოსახლეობისათვის. აქ არც კი არსებობს ცნება მკვიდრი და არამკვიდრი მოსახლეობა. ყველა თანასწორია, ყველას აქვს თანაბარი უფლებები და ყველა ერთნაირად ცხოვრობს. რაც შეეხება კომპენსაციას, ყოველთვის, როგორც კი ადამიანები მოისურვებენ გამგზავრებას, მათ ეძლევათ კომპენსაცია. სხვათა შორის, იმ ოსთაგან, რომლებიც, როგორც თქვენ გადმოსცემთ, საქართველოდან ლტოლვილები არიან, სინამდვილეში 80 პროცენტი ლტოლვილი კი არა, ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ ემიგრირება და რომლებსაც, სხვათა შორის, ეძლევათ კომპენსაცია. მათმა უმრავლესობამ უკვე მიიღო კომპენსაცია და გაემგზავრა საქართველოდან ისე, რომ ეს მათთვის არავის არ დაუძალებია. ესენი არიან ემიგრანტები და არა ლტოლვილები. გთხოვთ, ერთმანეთში ნუ აურევთ ამ ორ ცნებას. თუ მაგალითად, ახლა ბრალად დავდებთ რუსეთის მთავრობას იმას, რომ ახლა რუსეთიდან დასავლეთში ემიგრირებს ამდენი ადამიანი, ეს სასაცილო იქნება. ასე ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ კი მზად ვართ, შევისწავლოთ ყველა კონკრეტული შემთხვევა. გთხოვთ მოგვმართოთ.
ი. გ. დიდი მადლობა. ჩვენ საერთო დროის სულ რვა წუთი დაგვრჩა. თავს უფლებას მივცემ წავიკითხო რამდენიმე კითხვა. თბილისელი ვიქტორ სოკოლოვი გვეკითხება: „ხომ არ თვლით თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ზოგიერთი თქვენი თაყვანისმცემელი, რომელიც სიყვარულს გეფიცებათ თქვენ და თავგამოდებით ლანძღავს ოპოზიციასა და თქვენს ოპონენტებს, დათვურ სამსახურს გიწევთ, გეხმარებათ ახალ-ახალი მტრების შეძენასა და ოპონენტებთან უკვე არსებული უფსკრულის გაღრმავებაში. და მეორე კითხვა - შეგიძლიათ თუ არა გაარჩიოთ უხეში პირფერობა თქვენი მისამართით და მტკიცედ აღკვეთოთ იგი მომავალში?“
ზ. გ.-ს პასუხი: იცით, პუშკინის სიტყვებს გავიმეორებდი, რომ „პირფერობა უკეთურისგან მოდის“. არ მიყვარს პირფერობა და შეიძლება ითქვას, არაგულწრფელი ქება უარესია, ვიდრე გულწრფელი ძაგება. არ მივესალმები ხოტბა-დიდებას, არ ვხარბდები, არ დავეძებ მას. ასე რომ, ამაოდ მდებენ ბრალს იმაში, თითქოს მიყვარდეს, როცა მაქებენ და დადებითად მომიხსენიებენ ხოლმე. ვცდილობ, ყურად ვიღო ობიექტური აზრი ჩემს შესახებ და ვიმოქმედო მის შესაბამისად.
ა. ს.-ს კითხვა: თუ ნებას დამრთავთ, ბატონო პრეზიდენტო, აქ არის რამდენიმე კითხვა, რომლებიც, როგორც ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი ეხება საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას. სენოვი ბრესტის ოლქიდან გვეკითხება: „რატომ აყოვნებს ასე დასავლეთი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას, მან ხომ სცნო ლიტვა, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა 50 პროცენტს შეადგენს?“ როგორც ჩანს, რუსულენოვანი მოსახლეობა მთლად მთავარი არ არის, მაგრამ კითხვა ეხება საქართველოს აღიარებას.
ზ. გ.-ს პასუხი: იცით, ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, ყველა რესპუბლიკას, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და საქმე საქართველო, სახელმწიფო წყობა პიროვნებები როდია. დასავლეთს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, თუ რა მოუხერხოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს. მთელი არსი ეს არის. მას ჯერჯერობით ვერ შეუმუშავებია თავისი პოლიტიკა. და ამიტომ მიმდინარეობს ყოველივე ამის განხილვა, როგორც ეს ჩემთვისაა ცნობილი და ალბათ საქართველოს ბედი გადაწყდება სხვა რესპუბლიკების ბედთან ერთად. ასე ვფიქრობ მე.
ვ. ტ.-ს კითხვა: ჩვენი დრო იწურება. ნაწილობრივ ვეთანხმები მას, რომ სიტუაციას კავკასიაში არცთუ ისე კარგად ფლობენ ის ადამიანები, რომლებიც არ ცხოვრობენ იქ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველაფერს როდი წერენ. ჩვენი გაზეთი წერდა, რომ შეიქმნა კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციული რესპუბლიკა. რამდენად უჭერთ მხარს ამ იდეას და საერთოდ, პანკავკასიის იდეას?
ზ. გ.-ს პასუხი: თუ იგი დაეფუძნება სამართლიანობასა და ობიექტურობას მაშინ - დიახ. ის კი, რაც თქვენ ამიხსენით, მიმაჩნია, რომ არასერიოზული მოვლენაა, და როგორც ვფიქრობ, ამასთან არასერიოზული ადამიანები მეთაურობენ. ასე რომ, ეს წმინდა სიმბოლური მოვლენაა და მას დიდად არ დაუჭერენ მხარს კავკასიის ხალხები და, სხვათა შორის, აქ პროვოკაციის ნიშნებიც ჩანს; იქ არის ამ მოძრაობის ცალკეული ლიდერების ზოგიერთი პროვოკაციული განცხადება. მე, რა თქმა უნდა, ამას მხარს არ ვუჭერ და არ მივესალმები. მაგრამ კავკასიის სოლიდარობას, კავკასიის ხალხების სოლიდარობას და რა თქმა უნდა, ურთიერთპატივისცემას - ამას ყოველთვის მივესალმები.
ა. ს.-ს კითხვა: გუშინ, რუსეთის თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ვიცე-პრეზიდენტმა რუცკოიმ ბრალად დასდო ჩეჩნეთ-ინგუშეთში მოვლენების გამწვავება საბჭოთა კავშირის ოთხ ყოფილ რესპუბლიკას - ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას და საქართველოს. როგორ ეკიდებით ამას?
ზ. გ.-ს პასუხი: ჩემი აზრით, ეს ძალზე არასწორი და არაობიექტურია. ძალზე ვწუხვარ, რომ მან გააკეთა ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ ჩვენგან არავითარი ჩარევა არ ყოფილა. ჩვენ ასეთ პროცესებში არ ვერევით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავგმოთ ასეთი მოვლენები, რადგან თავად ვიბრძვით დამოუკიდებლობისათვის. ჩვენ ამას წინ ვერ აღვუდგებით. რაც შეეხება წაქეზებას ან რაიმე მისდაგვარს, ეს არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდეს. არ გვინდა, რომ დაიღვაროს სისხლი და იყოს რაიმე ექსცესები.
ა. ს. ბატონო პრეზიდენტო, აი უკვე კითხვები თბილისიდან მივიღეთ. გიორგი აბულაძე გვეკითხება: - თქვენ საკუთარ თავზე გამოსცადეთ რეჟიმის ზემოქმედება და როგორც იცით, ყოველთვის არ იყო შესაძლებელი მისი გაძლება. ხომ არ უქმნით თქვენ ადამიანებს ისეთ რეჟიმს, რომელიც სხვაგვარად მოაზროვნეებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა?
ზ. გ.-ს პასუხი: ესეც კურიოზული კითხვაა, იმიტომ, რომ არავინ არ ახდენს ზემოქმედებას სხვაგვარად მოაზროვნეებზე. დაე, ყველაფერი გამოთქვან. აი, თუნდაც ავიღოთ ჩვენი ოპოზიციური გაზეთები და შევადაროთ ისინი დემოკრატიული ქვეყნების ნებისმიერ გაზეთებს, ვფიქრობ, ვერავითარ სხვაობას ვერ ვნახავთ. ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, არავინ არ ახდენს მათზე ზემოქმედებას. მაგრამ ეს სხვაგვარად მოაზროვნე თუ აიღებს ავტომატს და ბომბს და ესვრის მას მთავრობის სახლს, მას მოჰკითხავენ ამ საქციელისათვის. აი, რას უწოდებენ სხვაგვარად მოაზროვნეთა შევიწროებას, თითქოს ჩვენ ვაპატიმრებდეთ სხვაგვარად მოაზროვნეებს. ეს აბსოლუტური სიცრუეა. თუ ადამიანი აღმართავს ბარიკადებს ქალაქის ცენტრში, აი, მაგალითად, თქვენთან კრემლის გვერდით, გადაკეტავს წითელ მოედანს და მისი შეიარაღებული ჯარი დაემუქრება კრემლს, რას იღონებდით? საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ბატონი გორბაჩოვი და ბატონი ელცინი?
ა. ს. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო. დაგვრჩა წუთნახევარი საეთერო დრო და თქვენის ნებართვით, სიტყვას გადმოგცემთ თქვენ, გთხოვთ.
ზ. გ. მივესალმები ამ პირველ ნაბიჯს. ვფიქრობ, რომ ეს ნათელს მოჰფენს მრავალ საკითხს. გულახდილად რომ ვთქვა, უფრო აგრესიულ განწყობილებას ველოდი, რადგან, რა დასამალია და, მიმდინარეობს საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომი საქართველოს წინააღმდეგ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საბჭოთა კავშირმა შეწყვიტა ცივი ომი დასავლეთთან, მაგრამ მან დაიწყო ცივი ომი იმ რესპუბლიკების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებლობის მიღწევას. მაგრამ მე გაოცებული და გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ შეხვედრას არ ჰქონდა ასეთი ხასიათი, არამედ მას ჰქონდა საქმიანი დიალოგის ხასიათი. მე ამას მივესალმები, ახლაც და შემდგომშიც მივესალმები.
ა. ს. გმადლობთ. მადლობას ვუხდი ჩვენი ტელეხიდის ყველა მონაწილეს როგორც თბილისში, ისე აქ, ოსტანკინოს სტუდიაში. სამწუხაროდ, ვერ შევძელით პასუხი გაგვეცა ყველა კითხვისათვის, მაგრამ ტელემაყურებლების მიერ დასმულ კითხვებს თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგცემთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გემშვიდობებით. ნახვამდის.
ზ. გ. ნახვამდის.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№223-224 (244), გვ. 1, 14 ნოემბერი, 1991 წ.].


სსრ კავშირის პრეზიდენტს ბატონ მ.ს. გორბაჩოვს
ბატონო პრეზიდენტო!
ამ ბოლო ხანს, როცა უკვე დაისახა შიდა ქართლში (ყოფილი სამხრეთ ოსეთი) კონფლიქტის მოწესრიგების გზები, ამ რეგიონში დისლოცირებულმა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანმა ჯარებმა დაიწყეს საბრძოლო ოპერაციები ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ.
15 ნოემბერს სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფები ოს ექსტრემისტებთან ერთად შვიდი საათის განმავლობაში ინტენსიურ ცეცხლს უშენდნენ ქართულ სოფლებს - ზემო ნიქოზსა და ქვემო ნიქოზს სარაკეტო დანადგარების, ნაღმსატყორცნების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ავტომატური იარაღის მეშვეობით. დაინგრა სახლები, არიან დაჭრილები.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა მტკიცე პროტეტსტს აცხადებს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების არამართლზომიერი მოქმედების გამო და ამგვარი სადამსჯელო აქციები სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებად მიაჩნია.
თუ ზემოთხსენებული ჯარები კვლავაც გამოიყენებენ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მთელი პასუხისმგებლობა კონფლიქტის შემდგომი გამწვავებისათვის მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 17 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№226 (246), გვ. 1, 19 ნოემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ეროვნული გვარდიის ნაწილს, რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფო ხელისუფლებას
ქართველებო!
ეს საუკუნე მეორედ გვაძლევს დიდებულ შესაძლებლობას მოვიპოვოთ ის, რისთვისაც მუდამ იბრძოდნენ და იღწვოდნენ ჩვენი წინაპრები - ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
პირველი შესაძლებლობა დავკარგეთ, რადგან არ აღმოგვაჩნდა საკმარისი ძალა და ერთობა იმპერიის შემოტევის წინაშე. ამიტომ, არა გვაქვს უფლება გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. არა გვაქვს უფლება ხელი შევუწყოთ იმ ძალებს, რომლებსაც სურთ შეიტანონ განხეთქილება ერში, შეაფერხონ ჩვენი მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ.
გვარდიელებო!
ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება სიამაყისა და კმაყოფილების ის გრძნობა, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებისას განიცადა, ის ამაღელვებელი წუთები, როდესაც თქვენ ერთგულება შეჰფიცეთ საქართველოს, მის პრეზიდენტს და კანონიერ ხელისუფლებას. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ თქვენ არც ნიჭს, არც ვაჟკაცობას და, თუ საჭირო გახდებოდა, არც სიცოცხლეს არ დაზოგავდით იმ ზნეობრივი მიზნის მისაღწევად, რომელსაც ერთიანობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა ჰქვია.
დღეს მე მოგმართავთ ისე, როგორც მოგმართავდით ადრე - მაშინ, როდესაც ეროვნულ გვარდია ყალიბდებოდა;
მაშინ, როდესაც თქვენ დებდით ფიცს, რომ ერთგული იქნებოდით საქართველოსი და მისი კონსტიტუციისა; ისე, როგორც მოგმართავდით, ვიდრე არ გადაუდექით თქვენს მიერვე არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას, რადგან მწამს, რომ ქართველი კაცი ყოველთვის წინ დააყენებს საქართველოს სიყვარულს.
ქართველო გვარდიელებო!
ნუ გადავჩეხავთ საქართველოს უფსკრულში, ნუ ვიზამთ ამას, ისტორია და შთამომავლობა არ გვაპატიებს ამ საბედისწერო შეცდომას. დღეს საქართველო რეალურად დგას დამოუკიდებლობის მიჯნაზე და ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა - დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და ამდენად, თვით ერის გადარჩენაც. დღეს უჭირს საქართველოს. თქვენი განდგომა და თბილისის ზღვაზე დაბანაკება, ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ერს. ამიტომ, მოგიწოდებთ: დაუბრუნდეთ თქვენი დისლოცირების ადგილებს, კვლავ დაექვემდებაროთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და აკეთოთ ის, რაც მოეთხოვება დღეს ყველა ქართველს - მამულის ინტერესების დაცვა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 22 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№229 (249), გვ. 1, 23 ნოემბერი, 1991 წ.].


მიმართვა მის აღმატებულებას ბატონ აიაზ მუტალიბოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს,
მის აღმატებულებას ბატონ ლევონ ტერ-პეტროსიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს
პატივცემულო ბატონებო!
ჩვენ ვიმყოფებით სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევის ზღურბლთან, ნებისმიერი კონფრონტაცია ჩვენს რეგიონში ართულებს ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტას.
რეაქციული იმპერიული ძალები ცდილობენ გამოიწვიონ ურთიერთდაპირისპირება და დესტაბილიზაცია მთელს რეგიონში, გააღვივონ კონფლიქტები და ერთა შორის შუღლი და ამით დაუმტკიცონ მთელს მსოფლიოს ჩვენს მისწრაფებათა უსუსურობა და შეუძლებელი გახადონ ჩვენი სანუკვარი მიზნის - ჩვენი ქვეყნების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა.
იმ ხალხისათვის, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთად მიყვებიან ისტორიის რთულ გზას, რომელთაც ბედმა არგუნა მომავალში კვლავაც გვერდიგვერდ ცხოვრება, ყოველგვარი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზას წარმოადგენს მოლაპარაკებები, ურთიერთპატივისცემა და კეთილმეზობლური თანაარსებობის აუცილებლობის აღქმა.
აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ძალუძთ დადებითი გავლენა მოახდინონ არა მარტო კავკასიის, არამედ წინა აზიის პოლიტიკურ კლიმატზე - აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დაძაბულობისა და სისხლისღვრის ყოველგვარი კერის ლიკვიდაცია.
პატივცემულო ბატონებო!
მოგიწოდებთ კონფრონტაციის შეწყვეტისაკენ და გიწვევთ თბილისში მოლაპარაკების ჩასატარებლად, არსებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა. გთხოვთ, მაცნობოთ შეხვედრის თარიღი.
გულწრფელი პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
1991 წლის 26 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№233 (253), 27 ნოემბერი, 1991 წ.].


რესპუბლიკის პრეზიდენტი ბ-ნი ზვიად გამსახურდია პასუხობს გაზეთ „გრუზია-სპექტრის“ მთავარი რედაქტორის შეკითხვებს
პრეზიდენტი: როგორც მოგეხსენებათ, 14 ნოემბერს ნოვო-ოგარიოვოში შეიკრიბნენ ექვსი საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელები და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. მათ გადაწყვიტეს შექმნან სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი სავსებით გამართლებული თანამედროვე ერთიანობაშია. მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა დამოუკიდებელ, ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირთან, არამედ ეს არის ცდა შეიქმნას ახალი უნიტარული სახელმწიფო. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ ე.წ. კავშირის თავისებურებას, უდავოდ მივალთ კითხვამდე: შეიძლება თუ არა ერთ სახელმწიფოში სხვადასხვა სახელმწიფოს არსებობა? პირადად ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია. ერთი მხრივ, ეს არის აშკარად უნიტარული სახელმწიფო, ვინაიდან მას ჰყავს ერთი მთავრობა, ერთი პარლამენტი, აქვს ერთიანი შეიარაღებული ძალები. ამავე დროს ეს ვითომ არის სხვადასხვა, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები, რომლებსაც ჰყავთ თავთავიანთი პარლამენტები, მთავრობები, შეიარაღებული ძალები და ა.შ. ნუთუ არ დაარწმუნა შვიდი ათეული წლის პრაქტიკამ ეს რესპუბლიკები, რომ ეს არის აბსურდი? თუ მათ სურთ ურთიერთკავშირი, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ განახორციელონ, მაგრამ როგორ ფიქრობენ ისინი შექმნან ერთიანი სახელმწიფო და ამავე დროს დარჩნენ ფაქტიურად სუვერენულნი, ანუ დამოუკიდებელნი? ისტორიამ სავსებით დაამტკიცა, რომ ასეთი „ფოკუსი“ არ გამოდის. აქედან გამომდინარე, ეს იქნება არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი, არამედ იმპერია, რომელიც გააერთიანებს ფაქტიურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ისინი ჯერ უნდა ცნონ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შემდეგ აწარმოონ მათთან მოლაპარაკებები.
შეკითხვა: ექვსმა რესპუბლიკამ თავისი ინიციატივით მოინდომა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, თუ ცენტრმა შექმნა ეს ალიანსი?
პრეზიდენტი: რამდენიმე ხნის წინ მიხეილ გორბაჩობმა, ალბათ, როგორც სხვებს, მე გამომიგზავნა ტელეგრამა, რომელშიც მთხოვა ჩავსულიყავი ნოვო-ოგარიოვოში და შევერთებოდი მათ გადაწყვეტილებას. მე მას წერილით ვუპასუხე, რომ თუ ჩვენ მართლა სუვერენული სახელმწიფოები ვართ, ოფიციალურად გვცანით ასეთებად და მხოლოდ ამის შემდეგ ვთვლი-მეთქი შესაძლებლად ვილაპარაკოთ ნებისმიერ ხელშეკრულებაზე - პოლიტიკურზე, ეკონომიკურზე ან სხვა სახის კავშირ-ურთიერთობაზე, ვინაიდან თუ სახელმწიფო სახელმწიფოს არ ცნობს, მათ შორის არავითარ კავშირზე და ალიანსზე არ შეიძლება ლაპარაკი. ცენტრი ჩვენ არ გვცნობს, აქედან გამომდინარე, იგი ჩვენ სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირში კი არ გვეპატიჟება, არამედ კვლავ იმპერიაში, სადაც სიტყვა „სუვერენული“ ისეთივე სიყალბეა, როგორი ყალბიც იყო უწინ. ასე რომ, ნოვო-ოგარიოვოში შეკოწიწებული სახელმწიფო იგივეა, რაც იყო აქამდე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ მას ერქვა სსრკ, ახლა კი ეწოდება სსკ - სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირი. აქ მე მინდა გაგახსენოთ საბჭოთ კავშირის ჰიმნი, რომლის პირველი სიტყვები ასეთი იყო: „Союз нерушимый, республик свободных“. გამოდის, რომ ჩვენ ყველანი მაშინაც ვიყავით თავისუფალი რესპუბლიკები, მაშ რაღა საჭიროა ახალი თავისუფალი ანუ სუვერენული რესპუბლიკების კავშირი? ასე რომ, ამ „ახალი სახელმწიფოს შექმნა“ არის მხოლოდ სიტყვების ეკვილიბრისტიკა და არა სხვა რამ.
ჩვენ ვერ მოვტყუვდებით ასეთი იაფფასიანი სიტყვების თამაშით. ჩვენ გაცილებით ღრმად ვუყურებთ ჩვენი ერის, ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებასა და მომავალს, ვიდრე ისინი, ვინც ან თავს იტყუებს, ან სხვას ატყუებს. საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ იგი ასეთ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს. აი, ასეთი პასუხი გავუგზავნე მე გორბაჩოვს, იმის მაგივრად, რომ მისი მოპატიჟება მიმეღო და ნოვო-ოგარიოვოში ჩავსულიყავი.
შეკითხვა: მეორე მხრივ, ბატონო პრეზიდენტო, ნოვო-ოგარიოვოში დადებულმა ხელშეკრულებამ ალბათ, დაგვაახლოვა იმ მიზანთან, რისკენაც საქართველო მიილტვის - რადგან იქ შეიქმნა ახალი სახელმწიფო. მაშასადამე, ჩვენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ავტომატურად დავრჩით მის გარეთ, ანუ გავინაღდეთ დამოუკიდებლობა. სწორ ანალიზს ვაკეთებ თუ ვცდები?
პრეზიდენტი: პრინციპში ასეა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სახელმწიფო, მე მგონი, მაინც არ მოგვიტანს დე-ფაქტო და დე-იურე აღიარებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანში. პირიქით - ეს ალიანსი გამოიწვევს ჩვენს მიმართ დისკრიმინაციას და გამოუცხადებელ ომს, როგორც აქამდე იყო, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკადის სახით. ფაქტიურად ამ „ახალმა სახელმწიფომ“ ჩვენ გამოგვაცხადა მტრად, არა მარტო საქართველო, არამედ ყველა ის რესპუბლიკა, რომლებმაც ხელი არ მოაწერა ამ ხელშეკრულებას. განსაკუთრებით ისინი, ვინც არც ეკონომიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ზოგმა მოაწერა. მაგალითად, სომხეთი ამ „სუვერენულ რესპუბლიკათა სახელმწიფოში“ არ შევიდა, მაგრამ ეკონომიკურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აქედან გამომდინარე სომხეთი, მათი შეხედულებით, ნაკლები მტერია, ჩვენ კი ისეთი რესპუბლიკა ვართ, რომელთანაც „სხვაგვარი ლაპარაკია“ საჭირო, გაცილებით მტრული.
შეკითხვა: თქვენ ახსენეთ სომხეთი. რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრეზიდენტი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბუშმა. გაზეთმა „იზვესტიამ“ გამკილავი ტონით აუწყა მსოფლიოს, რომ თითქოს ეს შეხვედრა სომხეთის მარცხით დამთავრდა - ამერიკამ არ ცნო მისი დამოუკიდებლობა. განა ასე ადვილად ხდება ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა? საქმე ხომ მაინც წაიწია წინ?
პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ახალი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა უბრალოდ არ ხდება. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. აღიარების გაძნელების საქმეში დიდი „წვლილი“ მიუძღვის მოსკოვს, ცენტრს, სამწუხაროდ, ასეა აწყობილი საქმე ჯერჯერობით, რომ დასავლეთის ქვეყნები შეჰყურებენ მოსკოვს, თუ როდის გვცნობს იგი დამოუკიდებლად. სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, სომხეთი რომ ახლავე არ ცნო შეერთებულმა შტატებმა. ასე იქნება საქართველოს მიმართაც, ამიტომ არ მივდივარ ვაშინგტონში. მე იქ ჩავალ მაშინ, როცა დავინახავ, რომ დასავლეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს და არ შესცქერის მოსკოვს.
შეკითხვა: ჩვენი ოპოზიცია ლაპარაკობს, საქართველოს დასავლეთი არ ცნობს იმის გამოო, რომ ჩვენში...
პრეზიდენტი: დიქტატურააო, არა?
დიახ.
პრეზიდენტი: დასავლეთი არ ცნობს უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს, მაშ იქაც დიქტატურა ყოფილა. არა, ეს არ არის სიმართლე. დასავლეთი არ ცნობს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ ეს არ უნდა მოსკოვს, კრემლს.
შეკითხვა: მაგრამ დასავლეთმა უკვე დაიწყო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ცნობა. რატომ?
პრეზიდენტი: ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა საკითხებში მათ მოილაპარაკეს და შეთანხმებას მიაღწიეს. დანარჩენი რესპუბლიკების შესახებ კი მათ შორის სხვანაირი მოლაპარაკებაა. ესე იგი საქმე გვაქვს მოლაპარაკებასთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ასე რომ, ჩვენს რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის მიზეზით ვითომდა ჩვენი არცნობა აბსურდული და პოლიტიკურად უმეცრულია.
შეკითხვა: არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა როგორც დასავლეთის, ისე კრემლის მიერ ძნელად მისაღწევი ამოცანაა. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის სირთულე ბევრს ღრმად გაცნობიერებული არა აქვს. გზა ნაბიჯ-ნაბიჯ არის გასავლელი, საჭიროა იმ თოკების სათითაოდ გადაჭრა, რომლებითაც მიბმული ვართ საბჭოთა იმპერიაზე. ორი დღის წინ თქვენი ბრძანებულების კომენტარისათვის - საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ტექნიკის შესახებ - მივმართე ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკეევს. მან მიპასუხა, ეს საკითხი პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე პრაქტიკულიო, მისი გადაწყვეტა არც იოლად, არც მალე არ მოხდებაო. თქვენც ასე თვლით?
პრეზიდენტი: რა თქმა უნდა, ამ ბრძანებულების რეალიზაცია ხელის ერთი აქნევით არ მოხდება, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსკოვის თავდაცვის სამინისტრო არ იჩენს ესოდენ შეურიგებელ პოზიციას მის მიმართ, შესაძლოა, ეს ტაქტიკური სვლაა, მაგრამ იგი მოლაპარაკებაზეც კი გვიწვევს. ვფიქრობ, მივაღწევთ დადებით შედეგებს.
შეკითხვა: შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ რესპუბლიკის მთავარი პოლიტიკური პრობლემები სწორი გზით მიდის?
პრეზიდენტი: დიახ, შეიძლება ასე ჩავთვალოთ, რომ არ იყოს შიდა ქართლის მოვლენები. შიდა ქართლში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, უფრო და უფრო აგრესიული ხდება საბჭოთა შინაგანი ჯარი. ისინი ოს ექსტრემისტებთან ერთად დაუნდობლად არბევენ ჩვენს სოფლებს. მოსახლეობა უდიდეს ტანჯვას განიცდის, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს და გვაღელვებს.
შეკითხვა: მოსკოვის პრესას და ტელეგადაცემებს თუ დავუჯერებთ ჩვენ, ქართველებს მოსალოცად გვქონია საქმე. მათ მთელ საბჭოთა იმპერიასა და მსოფლიოს აუწყეს “სენსაცია“: ქართველებმა ჯერ არნახული სამხედრო იარაღი გამოიგონეს, რომლითაც შიდა ქართლის სოფლებიდან კავკასიონის მთაგრეხილზე გადავლით პირდაპირ ვლადიკავკაზს უშენენ უცნაურ ყუმბარებსო. ხომ არ გაანდობდით ამ არნახული იარაღის მონაცემებს მსოფლიოს?
პრეზიდენტი: სხვათა შორის, როცა ჩემთან ჩამოვიდნენ პროგრამა „ვრემიას“ კორესპონდენტები, მე მათ მივესალმე, როგორც მეზღაპრეებს. არ ვიცი, ეს ეწყინათ თუ არა, მაგრამ მხოლოდ მე და თქვენ კი არა, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მოსკოვის პრესა და ტელეარხები ბარონ მიუნჰაუზენზე უფრო უკეთეს ზღაპრებს თხზავენ. აბა, ის, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, ზღაპარი არ არის? თანაც ბოროტი ზღაპარი?
შეკითხვა: კიდევ ხომ არაფრის თქმა გნებავთ, ბატონო პრეზიდენტო?
პრეზიდენტი: სათქმელს და საფიქრალს რა დალევს ამ ურთულეს პერიოდში... მაგრამ არის საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მტკივნეულია. ეს არის ოპოზიციის დესტრუქციული მოქმედება. გულწრფელად გეტყვით, მე ვერაფრით ვერ გამიგია ამ ადამიანთა ფსიქოლოგია. მტრობა, როგორც ასეთი, ადამიანებში არსებობს. მაგრამ საკუთარი სამშობლოს მტრობა? მშობლიური ხალხისათვის ცხოვრების გართულება? სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევაში ხელის შეშლა? იმის მაგივრად, რომ მთელმა ერმა თავი დავდოთ შიდა ქართლში მდგომარეობის აღდგენისათვის, თვითმარქვია „პატრიოტულმა“ ჯგუფებმა იარაღი დაიტაცეს და თავად გახდნენ კრიმინალური სიტუაციის შემქმნელები. რა ვქნათ, იარაღით შევუტიოთ მათ, როცა ყველას ერთი საერთო მტერი გვყავს?! ხალხი ერთ მუშტად უნდა შეიკრას ამ მდგომარეობიდან გამოსვლისათვის. აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს!
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№233 (253), გვ. 1, 27 ნოემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა უკრაინაში მცხოვრები ყველა ქართველისადმი
ძვირფასო თანამემამულენო!
რამდენიმე დღის შემდეგ მონაწილეობას მიიღებთ უკრაინის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენაში. 1 დეკემბერს მანდ გაიმართება რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები და საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი უკრაინის დამოუკიდებლობის თაობაზე.
უკრაინა, რომელმაც შეგიფარათ თავის ბარაქიან მიწაზე, მტკიცედ დაადგა ეროვნული დამოუკიდებლობის გზას და თანმიმდევრულად იბრძვის თავისუფლებისათვის. სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა და ხალხი მხარს უჭერენ მოძმე, უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, მიაღწიონ საუკუნეობრივ ოცნებას - თავისი ქვეყნის თავისუფლებას. და არ არსებობს არავითარი დაბრკოლება, რომელიც ხელს შეუშლის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განმასახიერებელი ამ ოცნების ახდომას, ადამიანთა უდრეკ ნებასა და ნათელ მისწრაფებებს რომ აერთიანებს.
1 დეკემბერს თქვენ მიხვალთ ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან. გახსოვდეთ, თუ რა პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ამ დღეს, რომელმაც უნდა განსაზღვროს თავისუფალი უკრაინის ბედი და მომავალი.
მოგიწოდებთ მოახდინოთ სწორი, ქართველი ხალხის ჭეშმარიტი შვილების ღირსი არჩევანი, ხალხისა, რომელიც ქვეყნად ყველაზე მეტად აფასებს თავისუფლებას, უსაზღვროდ ერთგულობს მის იდეალებს, მზად არის გაიღოს ყოველგვარი მსხვერპლი მისი გულისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 28 ნოემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№235 (255), გვ. 1, 30 ნოემბერი, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის მაისის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ქონების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის და სხვა ქონების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის, სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ქონების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ;
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №11 [616], თბ. ნოემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ
შიდა ქართლში ოსი სეპარატისტები, რომლებსაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის მხარდაჭერით კვლავ განაგრძობენ ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რითაც აშკარად ცდილობენ ხელყონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეზღუდონ საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებები.
მიმდინარე წლის 26 ნოემბერს ა. ჩოჩიევის ხელმძღვანელობით ჩატარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელზედაც განიხილეს რესპუბლიკის სახელწოდების შეცვლის, ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურის, კონსტიტუციის მიღების, რუსეთთან შეერთების ადრემიღებული გადაწყვეტილების დადასტურების, საგანგებო მდგომარეობის შემოღების, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების, გვარდიის შექმნისა და სხვა საკითხები. სესიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩია ზნაურ გასიევი და მასვე დააკისრა თავმჯდომარის მოვალეობა.
ნიშანდობლივია, რომ ამ ე.წ. სესიამ აღიარა, რომ 1991 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელიც მიიღო უკანონო ორგანომ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ყველა დონის სახალხო დეპუტატთა სესიამ“, ამ რეგიონში შეიქმნა კონსტიტუციური ვაკუუმი, მაგრამ მიუხედავად ამ აღიარებისა, ოსი სეპარატისტები შიდა ქართლში „კონსტიტუციური ვაკუუმის“ შევსებას კვლავ უკანონო, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით ცდილობენ, რომლის დასტურია სწორედ 26 ნოემბერს ჩატარებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს სესია და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები.
„საგანგებო წესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების შიდა ქართლის ტერიტორიაზე ყოფნას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამ რეგიონში დესტაბილიზაციის, საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული მტრული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ქვეყნის უშიშროების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 1214 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ვადგენ:
1. ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ორგანოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1991 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებები;
2. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც შიდა ქართლში შექმნეს ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს რესპუბლიკის სუვერენული უფლებების შეზღუდვა, საქართველოს რესპუბლიკისაგან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა;
3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 2 დეკემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№236 (256), გვ. 1, 3 დეკემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა : საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო ჯარების ნაწილებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობისადმი
უკანასკნელ ხანს, სამხედრო წრეებში გახშირდა კრიტიკული შენიშვნები, საჩივრები და საყვედურები საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ. გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ გადააბრალონ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სამხედრო სამსახურების ყველა სირთულე, პასუხისმგებლობა ცალკეულ ექსცესებზე, სამხედრო სამსახურთან და ყოფასთან დაკავშირებული სიძნელეები. ანალოგიური სიტუაცია აღინიშნება საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სხვა სუვერენულ სახელმწიფოებშიც, სადაც ისევე როგორც საქართველოში, რესპუბლიკის საერთო იურისდიქციაში გადავიდა მათ ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო ნაწილები და რესპუბლიკის საკუთრებად არის გამოცხადებული ამ ნაწილების შეიარაღება, აღჭურვილობა და სხვა ქონება. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მათი გატანა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.
საქართველოში დღესაც არ არის ანტირუსული განწყობილება, არ არის აგრეთვე მიკერძოებული დამოკიდებულება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.
ქართველი ხალხის კეთილშობილება, სიმამაცე და გამძლეობა სრულად წარმოჩნდა 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულ მოვლენათა შემდგომ. რესპუბლიკაში არ ყოფილა სამხედროების მიმართ ანგარიშსწორების არც ერთი ფაქტი. მთელი პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსული აქციის გამო ქართველმა ხალხმა დააკისრა სსრ კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას.
ამჟამად ქართული საზოგადოების აღშფოთებას იწვევს სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ნაწილების მონაწილეობა შიდა ქართლში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ დამსჯელ აქციებში. სამხედროთა მიერ ქართულ სოფლებში ჩატარებული რეიდები, თვითნებობა, მძევლების აყვანა და სხვა განუკითხავი მოქმედებები ხელს არ უწყობს ამ რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციას.
საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს აქ დისლოცირებული ნაწილების გაყვანას, რაც სავსებით შეესაბამება რსფსრ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომელიც „ეთნოკრიზისების“ რაიონებში რუსი ეროვნების სამხედრო პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასვე მოითხოვს ჯარისკაცთა დედების რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა.
სამხედრო წრეებში ანტიქართული განწყობილების გამძაფრება ჩვენს მიერ განიხილება, როგორც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე დანაშულებრივი მუშაობის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კანონიერი მთავრობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივება, ხელისუფლების და უპ. ყოვლისა, რსფსრ-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების გამოწვევა.
როგორც ჩანს, მილიტარისტულ, იმპერიულ ძალებს ამოძრავებთ შურისძიების სურვილი აგვისტოს თვეში განცდილი მარცხის გამო. მათ ჯერ კიდევ ვერ გაათვითცნობიერეს, რომ შეუძლებელია ხალხების ეროვნული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის იარაღის ძალით ჩახშობა. ამ გზით მართვის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
მოგმართავთ საქართველოში დისლოცირებულ სსრკ თავდაცვის სამინისტროს და სასაზღვრო ჯარების პირად შემადგენლობას. მოგიწოდებთ სათანადო პატივი მიაგოთ რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ხელი შეუწყოთ წესრიგისა და კანონიერების დამყარებას სამხედრო სამსახურის ადგილებში, ზემოაღნიშნული ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სრულ გაყვანამდე დაიცვათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 3 დეკემბერს მიღებული დადგენილება საბჭოთა არმიის საჯარისო ფორმირებების, ნაწილებისა და ქვედანაყოფების იურისდიქციაში გადასვლის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების გამო დაგეკისრებათ თქვენ და თქვენს სარდლობას.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 9 დეკემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№241 (261), გვ. 1, 10 დეკემბერი, 1991 წ.].


მის აღმატებულებას ბატონ ბორის ელცინს, რუსეთის სფს რესპუბლიკის პრეზიდენტს
პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!
ბელორუსიის რესპუბლიკის, რუსეთის სფს რესპუბლიკისა და უკრაინის 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების შესაბამისად სსრ კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა შეწყვიტა არსებობა. ამის საფუძველზე, ერთადერთ სამართლებრივ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, უნდა მივიჩნიოთ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უფლებამონაცვლეა, და რადგან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1991 წლის 31 მარტს გამართული რესპუბლიკური რეფერენდუმის შედეგების თანახმად. ეს ხელშეკრულება არ არის დენონსირებული არც რუსეთის სფს რესეპუბლიკის, არც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოების მიერ.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობა შეუსაბამოთ ზემოთ ნახსენებ ხელშეკრულებას რუსეთის სფს რესპუბლიკის და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეთა 1991 წლის 23 მარტის ყაზბეგის შეხვედრის ოქმის სულისკვეთებით, რათა შესაძლებელი გახდეს ბოლო ათწლეულების პერიოდში წამოჭრილი საკითხების მოგვარება.
ღრმა პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 10 დეკემბერი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№244 (264), გვ. 1, 13 დეკემბერი, 1991 წ.].


საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს
თქვენო აღმატებულებავ,
უკვე მეორედ აშშ-ს საელჩო მოსკოვში, პასუხობს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზ. გამსახურდიას მიმართვას თქვენდამი. ჩვენ ამას ვხსნით, თქვენი, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში სრული ჩართულობით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ შეუქცევადი ისტორიული პროცესების შედეგად, თქვენი და საერთაშორისო ყურადღება გადმოინაცვლებს კავკასიის რეგიონისკენ, რომელიც გეოგრაფიულად ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს, და სადაც ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ არანაკლებ დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარება.
კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა უკვე გამოაცხადეს მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, და პარადოქსულია რომ იმპერიული ცენტრი ცდილობს ითამაშოს მათ შორის ნეიტრალური არბიტრის როლი. ეს არის ის ცენტრი, რომლის დეზინტეგრაციას, შეერთებული შტატების მთავრობა ასე ძლიერ ეწინააღმდეგება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არც ერთხელისუფლებას ან პოლიტიკურ ლიდერს, არ შეუძლია ამ ისტორიული პროცესის უკან შემოტრიალება.
თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დამშვიდდა, და ძალის გამოყენების საფრთხემ დიდად იკლო. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ესდიდწილად საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის, ბატონ ზ. გამსახურდიას, უნარის დამსახურებაა, ჩაეტარებინა მოლაპარაკებები, დიალოგისა და კომპრომისის საფუძველზე, შეიარაღებულ ოპოზიციასთან, რომელიც ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ასეთ ელემენტებს შეიარაღებული ძალებით დაუპირისპირდებოდა.
ჩვენ გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში როგორც წესი მოიხსენება, მსგავს მშვიდობიან მიდგომასიყენებს. ეს კონფლიქტი, თავად ოსებისვე განცხადებით, არის პოლიტიკური და არა ეთნიკური. ნიშანდობლივია, რომ ოსები არ აპროტესტებენ ქართველების მხრიდან დისკრიმინაციას, არამედ სურთ რომ ძირძველი ქართული ტერიტორია გააერთიანონ ახალ საბჭოთა კავშირთან ან რუსეთის ფედერაციასთან და ამ მიზნისთვის საკუთარ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს იყენებენ. ეს ეწინააღმდეგება თქვენს წერილში გამოთქმულ, არსებული საზღვრების ძალისმიერი გზებით შეცვლის მიუღებლობის პრინციპს.
წერილში ნახსენებია ქართველების მიერ მოკლული ოსები, თუმცა წერილი არაფერს ამბობს იმ ქართველებზე, რომლებიც მოკლული, ბარბაროსულად ნაწამები და დასახიჩრებულნი იყვნენ ოსების მიერ; არაფერია ნათქვამი 20 ათას ადამიანზე, რომლებიც ოსი ექსტრემისტების დამსახურებით საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ; არაფერია ნათქვამი საბჭოთა არმიის მიერ დაბომბილ ქართულ სოფლებზე: ნიქოზზე, ერედვზე და ა.შ. და იმ ავღანურ ტაქტიკაზე, რომელსაც საბჭოთა შინაგანი ჯარი იყენებს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სინამდვილეში სამაჩაბლო) ქართული მოსახლეობა იძულებულია დაიცვას თავისი მიწა და ინტერესები. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას ვემხრობით.
რაც შეეხება თქვენს წუხილს ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებზე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, საქართველოში ჩვენ გვყავს ლეგალური საპარლამენტო ოპოზიცია. მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც სახელისუფლებოსგან განსხვავდება, არა მარტო პარლამენტში, არამედ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მეორეს მხრივ, თქვენს წერილში დასახელებული პიროვნებები წარმოადგენენ შეიარაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც არ სცნობენ რესპუბლიკის კონსტიტუციასა და ხელისუფლებას, და უარს აცხადებენ პოლიტიკურ პარტიათა კანონის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდნენ. სადავო არ უნდა იყოს, რომ ჩვენი პოზიცია ანალოგიურია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობის პოზიციისა. ბატონები გ. ჭანტურია და გ. ხაინდრავა დაპატიმრებულნი იქნენ არა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ მასობრივი არეულობისა და შეიარაღებული ექსცესების ორგანიზებისთვის, რომელიც ყველგან კრიმინალურ ქმედებად განიხილება (ამ პიროვნებების მიერ სახელმწიფო უწყებებზე ორგანიზებულ თავდასხმებს, რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა).
გვსურს გაცნობოთ რომ მოვლენები საბჭოთა კავშირში მეტნაკლებად მსგავსი სცენარით მიმდინარეობს. რეალობაში ეს ნიშნავს იმპერიის მიერ რესპუბლიკებში ჩადებული ნელი მოქმედების პოლიტიკური და ეთნიკური ნაღმების გააქტიურებას. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ საქართველო იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები და ჩამოაყალიბა დემოკრატიული სახელმწიფო უწყებები. ზემოთთქმულიდან ცალსახაა, რომ თქვენი მოთხოვნების კავშირი, საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობასთან, არაადეკვატურია.
სამწუხაროა, რომ თქვენი მცდელობები საქართველოზე ეკონომიკური გავლენა მოახდინოთ, იდენტურია ცენტრისა და ე.წ. დემოკრატიული რუსეთის, რომელსაც არ შეუძლია თქვას უარი იმპერიულ ამბიციებზე.
ბოლოს, ჩვენ გვჯერა რომ უმოკლესი გზა ზემოთ ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, არის საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობა, რომელიც გარდაუვალს გახდის ჰელსინკის საბოლოო აქტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და პარიზის ქარტიის პრინციპების საქართველოში რეალიზაციას. იგივე შეიძლება ითქვას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, ბირთვული გაუვრცელებლობისა და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხები. როგორც მოგეხსენებათ პირველი წერილიდან, საქართველოს შეუძლია მხოლოდ ფორმალურად შეუერთდეს ამ ხელშეკრულებებს და შესაბამისად მისი ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოებისადმი ასევე ფორმალურია, თუმცა ჩვენი სწრაფვა რომ კავკასია ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. აშშ-ს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტდა ამ პრობლემებს. შეერთებული შტატებს, თავის მხრივ, მეტი შესაძლებლობა ექნებოდა კავკასიის რეგიონში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ასპექტებზე გავლენის მოხდენის. ნება მომეცით აგრეთვე დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება შიდა სტაბილურობის, ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტების და საქართველოს, დანარჩენი მსოფლიოსადმი ვალდებულებების, განმტკიცების გარანტია. ჩვენ, დასაშვებად მიგვაჩნია საქართველოში ამერიკელ დამკვირვებელთა გამოგზავნა, რომლებიც საკმარისად დიდი დროით დარჩებიან, რათა შეაფასონ რეალური სიტუაცია ზემოთ მოყვანილ სფეროებში. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ არ გქნოდეთ დამახინჯებული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც იმპერიული მედია და დღევანდელი საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ოპონენტები თქვენ გაწვდიან.
თქვენო აღმატებულებავ,
მე კვლავ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგიწვიოთ თქვენ, ან ადმინისტრაციისა და კონგრესის ნებისმიერი წარმომადგენელი, ნებისმიერი პრობლემის განსახილველად და ორმხირივი თანამშრომლობის განვითარების გზების დასაგეგმად.
12 დეკემბერი 1991
წყარო:
https://idfi.ge/ge/the_letter_of_president_of_georgia_zviad_gamsakhurdia_to_us_secretary_of_state_james_baker

მიმართვის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:
IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არქივების ღიაობისა და საქართველოს უახლესი ისტორიის შესწავლაა. ორგანიზაციის საქმიანობის ამ მიმართულების ფარგლებში IDFI-ი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებთან.
2010 წელს IDFI-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა (National Security Archive), IDFI-ის თხოვნით გამოითხოვა და გადმოგვცა შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცული დოკუმენტები რომლებიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა დაშემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
IDFI განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული და განსაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად პირველად აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილს, რომელიც გაეგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს. ოფიციალური წერილი პასუხია იმ კრიტიკაზე და ბრალდებებზე რომლსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ. ასევე სავარაუდოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა არის პასუხი შეერთებული შტატების იმ საპროტესტო ნოტაზე (დემარშზე), რომელიც 1991 წლის 23 ნოემბერს ჩაბარდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მოსკოვში და სადაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე (ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში).] 


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას საუბარი ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტთან ბატონ ურმას ოტთან
ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო, ძალზე მოხარული ვარ მოგესალმოთ ჩვენს გადაცემაში „სატელევიზიო ნაცნობობა“. თქვენ მძიმე დღე გქონდათ, ჩვენ ველოდით ამ ინტერვიუს, მაგრამ თქვენ ნამდვილად ძალზე გადატვირთული დღე გქონდათ. დღეს თქვენ მოაწყვეთ დიდი მიტინგი მთავრობის სახლთან, მიტინგს დაესწრო ოპოზიციაც. რანაირად ებრძვით, ბატონო პრეზიდენტო, ოპოზიციას?
პრეზიდენტი: - ოპოზიციას ჩვენ მხოლოდ სიტყვით და აზრით ვებრძვით, მივმართავთ დარწმუნების მეთოდს, პოლემიკას, დისკუსიას, მაგრამ ტყვიას არ ვისვრით, თუმცა გვაბრალებენ ასეთ ცოდვას, ცილს გვწამებენ. სინამდვილეში ოპოზიცია თვითონ მიმართავს იარაღს და მთავრობის შენობასაც დაესხა თავს, რასაც ჩვენ ზემოთ, ჰაერში სროლით ვუპასუხეთ.
ჟურნალისტი: - მაშასადამე, თქვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ფიზიკურად უნდა მოისპოს, სისულელეა?
პრეზიდენტი: - ეს აბსოლუტური სისულელეა. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. ის, რომ ოპოზიცია აცხადებს, უიარაღო ვარო, იარაღი არა მაქვსო, ესეც სისულელეა.
ჟურნალისტი: - დღევანდელი მიტინგის დროს თქვენ საკმაოდ ადვილად გააბათილეთ ოპოზიციის არგუმენტები.
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან ადვილია მათი არგუმენტების გაბათილება, რადგან ეს ბავშვური არგუმენტებია.
ჟურნალისტი: - რა არგუმენტებია?
პრეზიდენტი: - აი, მაგალითად, ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენთან, საქართველოში, ირღვევა ადამიანის უფლებები. უმთავრესად მთავრობა არღვევს ამ უფლებებს. კაცმა გადაკეტა ქუჩებში მოძრაობა, აღმართა ბარიკადები ცენტრში და იქ თავისი შეიარაღებული ხალხი დააყენა, ანუ ომი გამოუცხადა მთავრობას. ჩვენ იგი დავაპატიმრეთ, მაშასადამე ჩვენ ვარღვევთ მის უფლებებს, ჩვენა ვართ დიქტატორები? საქართველო ფაშისტური ქვეყანაა, აქ ტოტალიტარიზმია, არ არის ადამიანის უფლებანი? აი, ასეთი არგუმენტები მოჰყავთ მათ. ანდა, მაგალითად, ჩვენ ნებას არ ვაძლევთ შეიარაღებულ ფორმირებებს ბაზა იქონიონ სადღაც ქალაქში, ააფეთქონ ან ტელევიზია გაძარცვონ, მოაწყონ იქ აქციები, სინამდვილეში კი ააოხრონ სახელმწიფო შენობა და ა.შ. აი, რას ვკრძალავთ ჩვენ, ამ აკრძალვას კი ისინი თავისუფლების ჩახშობას, დიქტატორობას უწოდებენ. ასეთი არგუმენტების გაბათილება ძალზე იოლია.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ, ბატონო პრეზიდენტო, დღეისათვის ეს სერიოზული ოპოზიციაა, თუ არც ისე?
პრეზიდენტი: - სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ იგი შეიარაღებულია და დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. იგი დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან, ამ სამყაროს ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინიღბება მაღალფარდოვანი ლოზუნგებით და მის წარმომადგენლებს მეცნიერებათა დოქტორების, მწერლების, რეჟისორებისა და ა.შ. წოდებანი აქვთ. მაგრამ იგი დაკავშირებულია კრიმინალურ სამყაროსთან და ჩვენ ფაქტობრივად დამნაშავეობას ვებრძვით.
ჟურნალისტი: - სად არიან ქართული ოპოზიციის იდეოლოგები? აქ, თბილისში?
პრეზიდენტი: - ისინი პარლამენტშიც კი არიან. არიან მოსკოვშიც, მაგრამ იქ არალეგალურად მოქმედებენ. ისინი ფარულად ეხმარებიან. მაგრამ, აი, აშკარა ლიდერები აქ არიან.
ჟურნალისტი: - შესაძლებლობა მქონდა მთელი დღევანდელი დღის მანძილზე თვალყური მედევნებინა თქვენთვის, და შევამჩნიე, რომ აქაც კი, მთავრობის სახლში, უამრავი მცველი გარტყიათ გარს. მთლად მშვიდად ვერ გრძნობთ თვს?
პრეზიდენტი: - სხვათა შორის, ეს ჩემგან არ მომდინარეობს. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აწუხებთ სიტუაცია ქალაქში, რამდენი შეიარაღებული ფორმირებაა, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისათვის, ერევიან პოლიტიკაში და მზად არიან მოაწყონ ტერორისტული აქტები ჩემს წინააღმდეგ. ორჯერ იყო ცდა, ის კი არა და, ახლაც არის ასეთი ცდა. აი, ამიტომ არიან ისინი აღელვებულნი. ასე რომ, ეს მათი ინიციატივაა.
ჟურნალისტი: - როცა თქვენ შინიდან სამსახურში მიემგზავრებით, ფიქრობთ ხოლმე, როგორ დაბრუნდებით უკან?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, არც ისეთი მძიმე მდგომარეობაა ჩვენთან, მაგრამ დამნაშავეობა მაინც განვითარებულია და შეიარაღებული ფორმირებანი ძლიერი.
ჟურნალისტი: - ბატონო გამსახურდია, თქვენ სრულიად ფანტასტიკური გენეტიკური ფონი გაქვთ. თქვენ ქართული ლიტერატურის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახიდან ბრძანდებით. როგორ გგონიათ, როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება, თქვენი პოლიტიკური კარიერა, ეს ოჯახური ფონი რომ არ ყოფილიყო?
პრეზიდენტი: - ამის წარმოდგენა ძალიან ძნელია. აქ ცოტა არ იყოს, აზვიადებენ: ჩვენი ხალხი აფასებს და პატივს სცემს ლიტერატურას, მაგრამ ლიტერატურის გამო არავინ არ აფასებს პოლიტიკოსს, თუნდაც იგი დიდი მწერლის შვილი იყოს.
ჟურნალისტი: - ნანობთ თუ არა, რომ, როცა პრეზიდენტი გახდით, აღმოჩნდით ლიდერის როლში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? არადა, თქვენ გქონდათ როგორც მეცნიერის, ლიტერატორის, ფილოსოფოსის არაჩვეულებრივი მდგომარეობა?
პრეზიდენტი: - კაცმა რომ თქვას, ძნელია, ძალზე ძნელი გზაა, ბევრი ოცნებობს ამ მდგომარეობაზე, ჰგონიათ, თითქოს ეს ნეტარება იყოს, მაგრამ ასე არ არის. განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაშია.
ჟურნალისტი: - თქვენ გაქვთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის პროგრამა?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ პროგრამა ერთია, ხოლო რეალობა - სხვა.
ჟურნალისტი: - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მშვენიერი საქართველო რაღაც იზოლაციაშია საბჭოთა კავშირის მხრივ. და, გასაკვირია, დასავლეთის მხრივაც.
პრეზიდენტი: - ეს გასაკვირი არ არის. დასავლეთი საბჭოთა კავშირს და რუსეთს შეჰყურებს.
ჟურნალისტი: - თქვენ ეს წინასწარ იცოდით, თუ ეს სიურპრიზია თქვენთვის?
პრეზიდენტი: - მართალი გითხრათ, სიურპრიზია. არ მეგონა, რომ დასავლეთი ამდენად დამოკიდებულია აღმოსავლეთზე და დასავლეთის საზოგადოებრივ აზრს აქედან მართავენ. არ მოველოდი ასეთ რამეს.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის არსებობა შეწყდა, დასავლეთი შეიცვლის თავის თვალსაზრისს საქართველოზე თუ არა?
პრეზიდენტი: - ჯერჯერობით არ ჩანს, და არა მგონია, რომ ეს ასე სწრაფად მოხდეს.
ჟურნალისტი: - თქვენ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება გაქვთ დასავლელ ლიდერებთან?
პრეზიდენტი: - დიახ, ეს მათი ბრალია. რადგან ისინი არ არიან დაინტერესებული იმპერიის დაშლით. ეს ხომ ცნობილია. ჩემი სახით კი ისინი ხედავენ კაცს, რომელიც იმპერიის დეზინტეგრაციის მომხრეა.
ჟურნალისტი: - ვისი იმედი გაქვთ, თქვენი ძალების, თუ მაინც გაქვთ დასავლეთის თუ აღმოსავლეთის რაღაც იმედი?
პრეზიდენტი: - უმთავრესად, საკუთარი ძალების.
ჟურნალისტი: - ეს ძალები არსებობენ?
პრეზიდენტი: - არც თუ ცოტა.
ჟურნალისტი: - თქვენ საინტერესო ცხოვრება გქონდათ. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკეთილდღეოდ ფიზიკურადაც იტანჯებოდით - იყავით დისიდენტი, იჯექით საპატიმროში. საიდან გაგიჩნდათ დისიდენტური შეხედულებანი? როგორც ვიცი, თქვენ უზრუნველყოფილი ოჯახიდან ბრძანდებით, რომელსაც არ უჭირდა.
პრეზიდენტი: - იცით, რა, დისიდენტობა მატერიალური გაჭირვების გამო არ წარმოიშვება. იგი ყველგან სულიერი ცხოვრებიდან მომდინარეობს. მხოლოდ ის ადამიანები ადგებოდნენ დისიდენტობის გზას, რომლებიც ვერ იკმაყოფილებდნენ სიმართლის, ჭეშმარიტების, სამართლიანობის წყურვილს. ხოლო ისეთი ადამიანები, რომლებიც სიმდიდრესა და ქონებას ეძებენ, არასოდეს არ ადგებიან დისიდენტობის გზას.
ჟურნალისტი: - რა გითხრეს მშობლებმა, როცა შეიტყვეს, რომ თქვენ ისე არ აზროვნებთ, როგორც ახალგაზრდა კაცი?
პრეზიდენტი: - ჩემი მშობლები ისე ფიქრობდნენ, როგორც მე. რა თქმა უნდა, ისინი განიცდიდნენ, ეშინოდათ, რომ დავიღუპებოდი.
ჟურნალისტი: - რასთან იყო დაკავშირებული თქვენი პირველი დისიდენტური მოქმედება?
პრეზიდენტი: - პირველად დაკავშირებული იყო 9 მარტის ამბებთან, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდების დახვრეტასთან. აქ, რუსთაველის პროსპექტზე, და ქვემოთ სანაპიროზე ჯარებმა დახვრიტეს 400 კაცი 1956 წელს. აი, მაშინ ეს იყო ყველაზე დიდი ბიძგი, რადგან მოხდა ჩემ თვალწინ. მე მაშინ ჩვიდმეტი წლისა ვიყავი.
ჟურნალისტი: - და მაშინ შეკრიბეთ იატაკქვეშა წრე?
პრეზიდენტი: - ეს უკვე არსებობდა მაშინ, მაგრამ მერე მუშაობა გაძლიერდა და მე ინტენსიურად მოვკიდე ამას ხელი.
ჟურნალისტი: - და ბუნებრივია, სუკმა ძალიან მალე შეიტყო ეს არა?
პრეზიდენტი: - დიახ, შეიტყვეს და თავიდან მომიშორეს.
ჟურნალისტი: - რამდენ ხანს იჯექით?
პრეზიდენტი: - მაშინ ოთხ თვეს. შემდეგ იყო პირობითი სასჯელი. კიდევ ოთხი თვე. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ ჩამსვეს.
ჟურნალისტი: - სხვათა შორის, ახლა საქართველოში არიან პოლიტპატიმრები?
პრეზიდენტი: - ისევ იგივე კითხვა, რომელსაც ბრალდებად მიყენებს ოპოზიცია. ისინი პოლიტპატიმრებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, გადაკეტეს გზა, მოაწყვეს ბარიკადები, მოახდინეს ტელევიზიის პიკეტირება, გამოაძევეს ყველა მისი თანამშრომელი. აი, ასეთ ხალხს უწოდებენ ისინი პოლიტპატიმრებს, სინდისის ტყვეებს. როცა ჩვენ ვიყავით პოლიტპატიმრები, აზრით და კალმით ვიბრძოდით. აი, რა არის პოლიტპატიმარი - ვისაც აპატიმრებენ საკუთარი აზრისთვის, სინდისის მოღვაწეობისთვის. ისინი კი პოლიტპატიმრები არ არიან, ისინი ხულიგნები, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ანდა, აი, მაგალითად, არის ერთი გასამხედროებული ბანდის ხელმძღვანელი, რომელიც ძარცვავდა მოსახლეობას და სჩადიოდა დანაშაულობებს. მას პოლიტპატიმარს უწოდებენ. ასე რომ, ოპოზიციამ არ იცის, როგორ ისარგებლოს ტერმინებით. იგი უმეცარია ამ საკითხებში. იქნებ სხვა სფეროში ვიღაც რაღაცას წარმოადგენდეს, ამ სფეროში კი სრულ უმეცრებას, პოლიტიკურ უმწიფრობას ავლენს.
ჟურნალისტი: - რა თქვეს თქვენმა მშობლებმა, როცა პირველად დაგაპატიმრეს 1956 წელს? რა თქვა მამათქვენმა?
პრეზიდენტი: - მამას, რა თქმა უნდა, გულში გაუხარდა კიდეც. მაგრამ თან ეშინოდა, რადგან იცოდა, რა შეუძლია უქნას კაცს ამ სისტემამ.
ჟურნალისტი: - თქვენი ოჯახი, ალბათ, რაღაცნაირად ახლოს იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან?
პრეზიდენტი: - არა. მამაჩემი ახალგაზრდობაში პოლიტპატიმარი გახლდათ, თვითონ მას დევნიდნენ.
ჟურნალისტი: - სტალინი და ბერია თქვენს ოჯახში არ გინახავთ?
პრეზიდენტი: - არა, მაგრამ მათგან მამას ბევრი რამ გადაუტანია..
ჟურნალისტი: - პროფესია თქვენი ნებით აირჩიეთ თუ მამის რჩევით?
პრეზიდენტი: - თვითონ ავირჩიე პროფესია - რომანულ-გერმანული ფილოლოგია და დასავლეთ ევროპული ენები და ლიტერატურა.
ჟურნალისტი: - თქვენ ბევრი ენა იცით?
პრეზიდენტი: - რამდენიმე.
ჟურნალისტი: - უმაღლეს სასწავლებელში პუბლიცისტის, მთარგმნელის, ლიტერატორის კარიერისთვის ემზადებოდით?
პრეზიდენტი: - დიახ, მეცნიერ-ლიტერატურათმცოდნის, ფილოლოგისა.
ჟურნალისტი: - უნივერსიტეტში 1957 წელს შეხვედით. გაქვთ თუ არა ურთიერთობა მაშინდელ ამხანაგებთან, მეგობრებთან?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა.
ჟურნალისტი: - შეუძლიათ მათ დაურეკონ პრეზიდენტ გამსახურდიას?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა, ხშირად მოდიან ხოლმე.
ჟურნალისტი: - ერთად წვავთ ხოლმე მწვადებს?
პრეზიდენტი: - ამისთვის სად მცალია?
ჟურნალისტი: - გიყვართ ქართული სამზარეულო?
პრეზიდენტი: - სხვათა შორის, ეს ეროვნული კოლორიტია, იგი ბევრს იზიდავს საქართველოში, მაგრამ ამ საქმის განსაკუთრებული მოყვარული არ გახლავართ.
ჟურნალისტი: - მოახერხეთ თუ არა შეგექმნათ გარემოცვა, რომელსაც ასი პროცენტით მიენდობით?
პრეზიდენტი: - ზოგიერთი ჩემი ოპონენტი მეგობარი ამბობს, საკადრო შეცდომები მოგდისო. აი, თქვენს ცხოვრებაში რამდენი მეგობარი შეიძინეთ და რამდენმა მათგანმა გაამართლა თქვენი იმედები, რამდენჯერ გიმტყუნათ მეგობრებმა? განა ადვილია მეგობრის არჩევა! აი, ეს არის სწორედ საკადრო პოლიტიკა - მეგობარს ეძებ და მტერი შეგრჩება ხელში. იმიტომ, რომ ასეთია ცხოვრება. ასეთნი არიან ადამიანები, ასეთია ქვეყანა, რომელიც 70 წელიწადს კორუმპირებული იყო.
ჟურნალისტი: - რას ამბობს თქვენი ცოლ-შვილი? ამ ბოლო წელიწადს ძალიან შეიცვალაო ქმარი და მამა?
პრეზიდენტი: - ამბობენ, ჰო, შეიცვალაო.
ჟურნალისტი: - გამიგონია, გაქვთ ხოლმე დღეები, როცა შინ ზიხართ და შოპენს უკრავთ?
პრეზიდენტი: - ამდენი არ მცალია. ზოგჯერ საღამოობით - შეიძლება. მაგრამ ფაქტობრივად მთელი დღე აქა ვარ.
ჟურნალისტი: - რატომ მაინცდამაინც შოპენს?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, არა მარტო შოპენს. ვუკრავ ფორტეპიანოზე, მაგრამ წარმატება არ მქონია ამაში. მე მუსიკალური განათლება მაქვს.
ჟურნალისტი: - საერთოდ, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ოჯახის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდით?
პრეზიდენტი: - ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. არსებითად მთელი ჩემი ცხოვრება. ვიყავი ოპოზიციონერი და ვიბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ, ახლა მე გავხდი პრეზიდენტი და მყავს ოპოზიცია.
ჟურნალისტი: - ყოფა-ცხოვრებაში?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, შევიცვალე, ფაქტობრივად, ეს არის გარე სამყაროს მოწყვეტა - მთელი დრო საქმეებსა და მუშაობას მიაქვს.
ჟურნალისტი: - საქართველო ამჟამად ფანტასტიკურ მდგომარეობაშია: ესე იგი საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ მას ჯერჯერობით არ ცნობენ დასავლეთის სახელმწიფოები, საბჭოთა კავშირი, ის რესპუბლიკებიც კი, რომლებიც საქართველოსთან ერთად ესწრაფვოდნენ თავისუფლებას.
პრეზიდენტი: - არა, რატომ? ჩვენ გვცნო რუმინეთმა, მოლდოვამ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასთან. საწყენია, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები აყოვნებენ ამ საქმეს. საწყენია, რა თქმა უნდა. თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, 9 აპრილის ამბები რომ არა, ვერც ბალტიისპირეთი, ვერც აღმოსავლეთ ევროპა ვერ მიიღებდა დამოუკიდებლობას.
ჟურნალისტი: - დიახ, უთუოდ, ბატონო გამსახურდია. 1979 წელს თქვენ ნობელის პრემიის კანდიდატი იყავით ამერიკის კონგრესისაგან. როგორ მოგეჩვენათ მაშინ, როგორი იყო თქვენი შანსი და ვინ მიიღო ეს პრემია?
პრეზიდენტი: - ეს პრემია მაშინ გაინაწილეს სადათმა და ბეგინმა. საბჭოთა კავშირმა ყველაფერი იღონა, რომ ჩვენ არ მიგვეღო. ეს იყო საბჭოთა კავშირში ჰელსინკის ჯგუფების, მათი წევრების ნობელის პრემია. მაშინ ჩაშალეს პრემიის მიღება.
ჟურნალისტი: - თქვენი პირადი დამოკიდებულება შევარდნაძისადმი?
პრეზიდენტი: - აბა, რა დამოკიდებულება შეიძლება იყოს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა საქმეს ემსახურებიან.
ჟურნალისტი: - გქონიათ პირადი საუბრები?
პრეზიდენტი: - გვქონდა, ძალზე დიდი ხნის წინათ. ახლაც ვსაუბრობთ ხოლმე, იშვიათად, ტელეფონით.
ჟურნალისტი: - მგონია, გამსახურდია დიდად არ შეცვლილა, შევარდნაძე კი შეიცვალა?
პრეზიდენტი: - არც იგი შეცვლილა, მან ნიღაბი შეიცვალა. სინამდვილეში კი ისევ ისეთი დარჩა.
ჟურნალისტი: - ბატონი შევარდნაძე მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ?
პრეზიდენტი: - პირიქით, თანაც არც მალავს. იგი პირდაპირ აცხადებს ამას. მას არ მიუღია მონაწილეობა რეფერენდუმში, არ მიუცია ხმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი აზრით საქართველო რუსეთის ნაწილია, ურუსეთოდ ჩვენ დავიღუპებითო. საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო, მისი გამოთქმაა.
ჟურნალისტი: - ბატონ შევარდნაძესთან რთული ურთიერთობა გაქვთ?
პრეზიდენტი: - დიახ.
ჟურნალისტი: - იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ცდილობთ არ გქონდეთ ურთიერთობა მოსკოვთან. ძალზე იშვიათად თუ ჩადიხართ მოსკოვში?
პრეზიდენტი: - დიახ, რაც პრეზიდენტი გავხდი, სულ ორჯერ ვიყავი.
ჟურნალისტი: - არ მიგიწევთ გული იქ?
პრეზიდენტი: - სულაც არა. იმდენი ტანჯვა, იმდენი რეპრესია გადავიტანე მოსკოვის საპყრობილეებში, რომ სულაც არ მიმიწევს გული.
ჟურნალისტი: - საერთო ანგარიშით რამდენი წელი იყავით საპყრობილეში მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე?
პრეზიდენტი: - დაახლოებით სამი წელი.
ჟურნალისტი: - იცნობდით თუ არა სხვა დისიდენტებს?
პრეზიდენტი: - დიახ, სახაროვს, გინზბურგს, ორლოვს...
ჟურნალისტი: - გქონდათ ემიგრაციაში წასვლის შესაძლებლობა?
პრეზიდენტი: - დიახ, რა თქმა უნდა, არა მარტო შესაძლებლობა, არამედ მთხოვდნენ კიდეც წავსულიყავი.
ჟურნალისტი: - ყოფილხართ დასავლეთში?
პრეზიდენტი: - არა, გასვლის უფლებას მოკლებული ვიყავი.
ჟურნალისტი: - დისიდენტობის პერიოდში დაგიკარგავთ მეგობრები, ახლობლები?
პრეზიდენტი: - რა თქმა უნდა, ეს ასეთი გზის მთავარი თავისებურებაა - მეგობრებსა და ახლობლებზე იმედის გაცრუება.
ჟურნალისტი: - გეგონათ თქვენი გზის დასაწყისში, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდით?
პრეზიდენტი (ღიმილით): - არა, ამაზე არ მიფიქრია და არც სურვილი მქონია.
ჟურნალისტი: - თქვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით ხართ არჩეული. რას ამბობს თქვენი კონსტიტუცია, რა ვადით შეიძლება იყოს ადამიანი ამ თანამდებობაზე?
პრეზიდენტი: - სანამ 70 წელი შეუსრულდება.
ჟურნალისტი: - მაშასადამე, 18 წელი წინ გაქვთ?
პრეზიდენტი: - !?
ჟურნალისტი: - ბატონო გამსახურდია, რესპუბლიკების წინაშე, იმის მიუხედავად, გახდნენ ისინი თავისუფლები თუ არა, დგას პრობლემებ. რა პრობლემები დგას ახლა საქართველოს წინაშე?
პრეზიდენტი: - ძალზე ბევრი პრობლემა. მთავარია ეკონომიკური თვითგამორკვევა და, რა თქმა უნდა, ყველა რეფორმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არაფერი ვავნოთ სახელმწიფო ხელისუფლებას.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ? ეს პრობლემები დროთა განმავლობაში გადაიჭრება?
პრეზიდენტი: - დიახ.
ჟურნალისტი: - საქართველოს წინაშე მდგომ პრობლემათა შორის რა ადგილზეა ახლა ოსეთთან დაკავშირებული პრობლემა?
პრეზიდენტი: - ძალზე მნიშვნელოვან ადგილზე. ამ პრობლემას შეგნებულად ამწვავებს იმპერიის ყოფილი ხელმძღვანელობა. იგი ამას იყენებს საქართველოზე ზემოქმედებისთვის. საბჭოთა არმია იქ ოს ექსტრემისტებს ეხმარება და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ომი მძვინვარებს.
ჟურნალისტი: - მითხარით, თუ შეიძლება, ვისი მიწა-წყალია ეს?
პრეზიდენტი: - ეს საქართველოს ნაწილია, მაგრამ ახლა მათ სურთ რუსეთის სფსრ ნაწილად გამოაცხადონ. ჩვენ არ დავთმობთ ამ მიწა-წყალს.
ჟურნალისტი: - როგორ გგონიათ, დღეს, 10 დეკემბერს, ბრესტის ზავის შემდეგ, არსებობს თუ არა საბჭოთა კავშირი?
პრეზიდენტი: - ჩემი აზრით, შეუძლებელია განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა იგი, იმიტომ, რომ ოფიციალურად იგი არ გაუქმებულა, ფაქტობრივად კი აღარ არსებობს.
ჟურნალისტი: - თქვენ არასდროს არ ყოფილხართ კომუნისტური პარტიის წევრი. როგორ ცხოვრობენ აგვისტოს პუტჩის შემდეგ ქართველი კომუნისტები?
პრეზიდენტი: - როგორ უნდა იცხოვრონ, როცა ავკრძალეთ კომპარტია და გამოვიწვიეთ ისინი პარლამენტიდან? ისინი მონაწილეობენ ჩემს წინააღმდეგ პუტჩში. ეს აქციები, რომლებიც აქ ხდება, უმრავლესობა მათი მოწყობილია.
ჟურნალისტი: - როგორი იყო თქვენი პოზიცია მოსკოვის აგვისტოს მოვლენების დროს?
პრეზიდენტი: - მაშინვე მივმართე დასავლეთის ქვეყნებს თხოვნით, დავეცავით საგანგებო წესების სახელმწიფო კომიტეტისაგან, დავეცავით ყველა, არჩეული პრეზიდენტები, პარლამენტები, დავეცავით ძალადობისაგან.
ჟურნალისტი: - როგორ ფიქრობთ, ეს სერიოზული პუტჩი იყო თუ საოპერეტო?
პრეზიდენტი: - ეს სასახლის კარის თამაში იყო, რათა შეეშინებინათ ხალხი, ადამიანები, ისინი, ვისაც სურს იმპერიის დანგრევა, მაგრამ ვერ შეძლეს.
ჟურნალისტი: - ხშირად გაქვთ ურთიერთობა პრეზიდენტ გორბაჩოვთან?
პრეზიდენტი: - არც ისე, მაგრამ ზოგჯერ მაქვს.
ჟურნალისტი: - უფრო ხშირად ის გირეკავთ?
პრეზიდენტი : - დიახ.
ჟურნალისტი: - რა საკითხებზე მსჯელობთ ხოლმე?
პრეზიდენტი: - მაგალითად, სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ჟურნალისტი: - მას შემოუთავაზებია ეს?
პრეზიდენტი: - ძალზე ხშირად. თითქმის ყოველდღე ვიღებთ წერილებს, რომ უნდა ჩავიდეთ ნოვო-ოგარიოვოში, განვიხილოთ ხელშეკრულება. მე კი ვპასუხობ, რომ განსახილველი არაფერია.
ჟურნალისტი: - მაშასადამე, გამოდის, გორბაჩოვს მიაჩნია, რომ საქართველო ჯერ კიდევ მისი ქვეყნის ნაწილია?
პრეზიდენტი: - დიახ, როგორც ჩანს, ვერ შელევია.
ჟურნალისტი: - თქვენ კარგი ურთიერთობა გაქვთ ელცინთან. როგორ ფიქრობთ, იგი გაამართლებს თავისი ხალხის იმედს რუსეთის ხვალინდელი დღისადმი?
პრეზიდენტი: - ძნელი სათქმელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობა რამდენადმე შეიცვალა. ურთიერთობა კარგი იყო, მაგრამ რაღაც ძალები ჩაერივნენ და სურთ ხელი შეუშალონ ჩვენს თანამშრომლობას.
ჟურნალისტი: - როგორ უყურებთ სტალინს? ზოგიერთი თქვენი ოპონენტი ამბობს, სტალინი გამსახურდიას კერპიაო. ეჭვობენ, რომ თქვენც ესწრაფვით სტალინობას.
პრეზიდენტი (ღიმილით): - სტალინი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაგათ უჩვენებდა სეირს. მთელი ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად ვებრძვი სტალინიზმს, მაგრამ ყველა დროის ცილისმწამებლებმა კარგად უწყიან, რომ ადამიანს ის უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგაც იბრძვის.
ჟურნალისტი: - თქვენ იცნობთ თქვენს ხალხს, ხალხის ემოციურ ფონს. გვითხარით, საქართველოში ახლა ბევრი აიდეალებს სტალინს?
პრეზიდენტი: - არა, ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. მას შემდეგ, რაც გავწიეთ უდიდესი მუშაობა, ფაქტობრივად, გავაუქმეთ საზოგადოება „სტალინი“, ამის საფრთხე აღარ არსებობს.
ჟურნალისტი: - ხშირად ხვდებით ხოლმე ხალხს პარლამენტის გარეთ?
პრეზიდენტი: - აი ასე, როგორც დღეს, ძალზე ხშირად. ჩავდივარ რაიონულ ცენტრებში, ქალაქებში, ვმართავ მიტინგებს.
ჟურნალისტი: - საჭიროა კი გამოსვლები?
პრეზიდენტი: - დიახ, საჭიროა. ეს საგანმანათლებლო მუშაობაცაა, თანაც ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ტელევიზია და რადიო კი სულ სხვა რამაა.
ჟურნალისტი: - მგონია, განაწყენებული ხართ ცენტრალურ ტელევიზიაზე, ხშირად გითქვამთ, რომ დეზინფორმაციას გადმოსცემენ საქართველოს შესახებ.
პრეზიდენტი: - საშინელ დეზინფორმაციას გადმოსცემენ დღემდე.
ჟურნალისტი: - ხშირად ხვდებით ხოლმე ჟურნალისტებს?
პრეზიდენტი: - გააჩნია, როგორ ჟურნალისტებს. სერიოზულებს - ხშირად. მაგრამ არიან არასერიოზული ჟურნალისტებიც, რომლებიც ყველაფერს აფუჭებენ.
ჟურნალისტი: - რას აკეთებენ თქვენი შვილები, რა ასაკისანი არიან?
პრეზიდენტი: - უფროსი ვაჟი უკვე დიდია, ორი კი მოსწავლეა.
ჟურნალისტი: - ისინი ჩვეულებრივ სკოლაში დადიან?
პრეზიდენტი: - დიახ, ჩვეულებრივი ქართული სკოლაა.
ჟურნალისტი: - მათთვის ხომ არ შეგინიშნავთ დისიდენტობის ნიშნები თქვენი პოზიციის წინაღმდეგ?
პრეზიდენტი (ღიმილით): - არა.
ჟურნალისტი: - ამ ცოტა ხნის წინათ საბჭოთა პრესაში დიდი სკანდალი იყო თქვენი „მერსედესის“ მარკის ავტომობილების გამო.
პრეზიდენტი: - სხვათა შორის, ეს ჩემი კი არა, სახელმწიფო მანქანებია.
ჟურნალისტი: - თუ შეიძლება გვითხარით, მართალია, რომ ისინი სახელმწიფოს ზურაბ წერეთელმა აჩუქა?
პრეზიდენტი: - მომიტევეთ, მაგრამ ეს დედაკაცების ჭორია. არის ასეთი ქალი მოსკოვში, რომელიც ცილისმწამებლურ ხმებს ავრცელებს, და მათ ხალისით ბეჭდავენ ხოლმე. იგი თავს ჟურნალისტს უწოდებს. მოსკოვში ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ კი რაიმე ჩემთვის ჩირქისმომცხები გამოაქვეყნონ. სწორედ ამიტომ დაბეჭდეს ეს სისულელე. აქედან ჩანს, რომ ეს პრესა ჭორებს ავრცელებს.
ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო, ხშირად ხვდებით ხოლმე თქვენი ეროვნების იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, - პაატა ბურჭულაძეს, ლიანა ისაკაძეს, ზურაბ სოტკილავას?
პრეზიდენტი: - სოტკილავა და ბურჭულაძე ჩემი მეგობრები არიან. ლიანა ისაკაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ იგი აღარ ჩამოდის საქართველოში. ხმა დააგდეს, თითქოს ჩემზე ნაწყენი იყოს. ტყუილია, უბრალოდ, ერთმა ჩვენმა მწერალმა თქვა, რომ მან უკეთ უნდა იცოდესო ქართული.
ჟურნალისტი: - თქვენ ამ ცოტა ხნის წინათ გახდით საქართველოს პრეზიდენტი. გაგიჩნდათ კარის მწერლები, მუსიკოსები და ა.შ.?
პრეზიდენტი: - არა.
ჟურნალისტი: - როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის საუკეთესო დღეები წარსულშია თუ ჯერ კიდევ წინ არის?
პრეზიდენტი: - ვფიქრობ, წინ უნდა იყოს.
ჟურნალისტი: - რას ეფუძნება თქვენი რწმენა?
პრეზიდენტი: - იმას, რომ XX საუკუნე ხალხების განთავისუფლების ხანაა. იმპერიები აღარ დაბრუნდება, და ყველა ხალხი, ვინც დამოუკიდებლობისათვის იბრძვის, მოიპოვებს მას.
ჟურნალისტი: - აპირებთ კავშირის შეკვრას სომხეთთან და აზერბაიჯანთან?
პრეზიდენტი: - ჩვენ „კავშირის“ შექმნის მანიით არა ვართ შეპყრობილი. ყველას სურს რაღაც კავშირის შექმნა. ჩვენ, შესაძლოა, თანამეგობრობის შექმნა გვსურდეს. ეს უფრო მომწონს.
ჟურნალისტი: - როგორ ფიქრობთ, საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია თუ მოხდა, კომპარტია მაინც აკრძალული იქნება?
პრეზიდენტი: - უთუოდ, კომპარტია დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, მას არა აქვს არსებობის უფლება.
ჟურნალისტი: - ეს თქვენი აზრია?
პრეზიდენტი: - დიახ.
ჟურნალისტი: - რაიმე ფრაქცია თუ არსებობს რესპუბლიკის პარლამენტში?
პრეზიდენტი: - დიახ. სამი ფრაქციაც კია, და ძალზე მტრულად განწყობილი ძირითადი ფრაქციისადმი.
ჟურნალისტი: - „მრგვალი მაგიდისადმი“?
პრეზიდენტი: - დიახ, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოსადმი“.
ჟურნალისტი: - თუ შეიძლება გვითხარით, რა მოხდება, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც, რომ მოგიწიოთ ამ შენობის დატოვება? ეს ტრაგედია იქნება თქვენს ცხოვრებაში?
პრეზიდენტი: - რა ტრაგედია! ეს იქნებ ტრაგედია იყოს ისეთთათვის, ვისაც სულიერი სამყარო არა აქვს, ვინც სავარძელს ებღაუჭება.
ჟურნალისტი: - პატივმოყვარე ხართ?
პრეზიდენტი: - სრულიადაც არა.
ჟურნალისტი: - გცალიათ ესსეების საწერად?
პრეზიდენტი: - ნაკლებად, არა იმ მასშტაბით, უწინ რომ მქონდა.
ჟურნალისტი: - დასავლური ლიტერატურიდან ქართულ ენაზე რის თარგმანს ისურვებდით?
პრეზიდენტი: - ახლა თარგმნის დრო არ არის.
ჟურნალისტი: - მაგრამ თქვენი მისწრაფება?
პრეზიდენტი: - თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ნაწარმოებების თარგმნას ვაპირებდი. ზოგიერთი ამერიკელი პოეტი ვთარგმნე კიდეც. ამ მიმართულებით ვმუშაობ.
ჟურნალისტი: - ვიცი, რომ ლექსებს წერთ.
პრეზიდენტი: - დიახ, მაქვს კრებული.
ჟურნალისტი: - რაზე წერთ?
პრეზიდენტი: - ახლა ძნელია ამის თქმა...
ჟურნალისტი: - ალბათ, იცით, რომ ლუკიანოვიც წერდა ლექსებს?
პრეზიდენტი: - მე მგონია, კარგი შედარება ვერ გამოგივიდათ.
ჟურნალისტი: - უკანასკნელი კითხვა: - ხანგრძლივი მძიმე სამუშაოს შემდეგ, ძილის წინ, რას შესთხოვთ უფალს?
პრეზიდენტი: - ვლოცულობ ჩემი სამშობლოსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ჟურნალისტი: - ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენი ცხოვრების პიკის პერიოდში მოგისწარით, თუ ამ პიკმა უკვე განვლო, ან ჯერ კიდევ წინ არის?
პრეზიდენტი: - ეს არავინ უწყის.
ჟურნალისტი: - მსურს მადლობა მოგახსენოთ ამ ინტერვიუსთვის.
გმადლობთ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№249-250 (270, გვ. 1, 21 დეკემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ერს
ძვირფასო თანამემამულენო! როგორც ხედავთ, შავი დღე დაუდგა საქართველოს. იმპერიულმა ძალებმა და მისმა აგენტურამ საქართველოში თავს მოგვახვიეს საყოველთაო დესტაბილიზაცია. გრძელდება ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ძალადობით დამხობის ცდები.
მინდა გესაუბროთ, თუ რა მეთოდებით ცდილობს ე.წ. ოპოზიცია ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება, თუ რა დეზინფორმაციას ავრცელებს ქალაქში და მთელ საქართველოში, მსურს ქართველმა ხალხმა შეიტყოს სიმართლე ყოველივე იმის შესახებ, რაც ხდება.
ამჟამად ჩვენ ვართ პარლამენტის შენობაში, რომელსაც ესვრიან ჭურვებს, იგი მნიშვნელოვანწილად დააზიანეს, მაგრამ მთავრობის სასახლის, პარლამენტის შენობაში არის ჩვენი დიდი ძალები. ისინი ვერასგზით ვერ შესძლებენ მის აღებას, თუმცა კი ამტკიცებენ, თითქოს პარლამენტის შენობის აღება შტურმით მოხდება.
ძირითად ქუჩებსა და მაგისტრალებს ჩვენ ვაკონტროლებთ, თუმცა არის გარკვეული ქუჩები, სადაც ბანდიტები არიან დაბანაკებულნი. მათი შეიარაღებული ძალები განლაგებულია სასტუმრო „თბილისსა“ და კავშირგაბმულობის შენობაში. იქიდან გვესვრიან ჩვენც და ხშირად მშვიდობიან მოსახლეობასაც არ ერიდებიან.
ტელევიზია, რადიოხაზი, კავშირგაბმულობა ბლოკირებულია. ე.წ. ოპოზიციამ პრაქტიკულად გამოიყვანა მწყობრიდან სატელეფონო კავშირები.
დეზინფორმაციაა, თითქოს მე დავთანხმდი მათ ულტიმატუმზე გადადგომის შესახებ. ის, რომ საქართველოში თითქოს აღარ არსებობს ხელისუფლება, ესეც ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ჭორია.
მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს: აღდგეს და ამოუდგეს მხარში თავის მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას, ალაგმოს მოღალატე ტერორისტთა ბანდა, რომელიც სჩადის ათასგვარ უმსგავსობას და რომლის მოქმედებაც განწირულია, ვინაიდან მთელი ქართველი ერი არის ჩვენთან.
მე მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენი იქნება.
ორჯონიკიძეებისა და ბერბიჭაშვილების შთამომავლებს სამართლიან განაჩენს გამოუტანს ქართველი ერი.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№252 (272), გვ. 1, 25 დეკემბერი, 1991 წ.].


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკის ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის კორესპონდენტებს
კორესპონდენტი: კრიმინალური ოპოზიცია მოითხოვს თქვენს გადადგომას. რას იტყვით ამის შესახებ?
პრეზიდენტი: მე ხალხმა ამირჩია და მხოლოდ ხალხს აქვს ჩემი გადაყენების უფლება.
კორესპონდენტი: მართლა ჩამოდიან თუ არა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან შეიარაღებული ჯგუფები, თუ არსებობს სხვა შეიარაღებული ძალაც?
პრეზიდენტი: აქ არის ჩვენი ეროვნული გვარდია და მოხალისეები, სხვა ძალა აქ არ არსებობს.
კორესპონდენტი: ოპოზიცია ამბობს, რომ მას სურდა თქვენთან მოლაპარაკება...
პრეზიდენტი: მე არ ვარ მოლაპარაკების წინააღმდეგი. მე კრიმინალური მეთოდების, ძალადობის, სამოქალაქო ომის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გადავჭრათ პრობლემები, მაგრამ მათი მთავარი მიზანი ხომ ჩემი გადადგომაა.
კორესპონდენტი: რატომ აქამდე არ დაიწყო მოლაპარაკებები?
პრეზიდენტი: იმიტომ, რომ ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი - სროლა, აურზაური, ძალადობა... შეუძლებელია ასეთ პირობებში რაიმე მოლაპარაკება.
კორესპონდენტი: და თუ შეხვდებით, რაზე ილაპარაკებთ?
პრეზიდენტი: სხვადასხვა პრობლემებზე - ტელევიზიაზე, დამნაშავეებზე, რომელთაც ისინი პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ.
კორესპონდენტი: თქვენ მათ გამოშვებას აპირებთ?
პრეზიდენტი: ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ.
კორესპონდენტი: როგორ გგონიათ, შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება?
პრეზიდენტი: ეს შეუძლებელია, რადგან პარლამენტიც და პრეზიდენტიც არჩეულია ხალხის მიერ. პრეზიდენტს ხმა მისცა მოსახლეობის უმრავლესობამ - 87%. თუ ხალხი მოითხოვს, ჩვენ შეგვიძლია ახალი არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ტერორის დიქტატის ქვეშ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ტერორისტების მცირე ჯგუფი ჩვენ ვერ გვაიძულებს ამის გაკეთებას.
კორესპონდენტი: როდესაც ეს ყველაფერი ჩაივლის, თქვენ აპირებთ რეფერენდუმის მოწყობას?
პრეზიდენტი: თუ ეს აუცილებელია, კი.
კორესპონდენტი: რატომ შეიძლება ეს გახდეს აუცილებელი?
პრეზიდენტი: იმ შემთხვევაში, თუ ხალხი გამოხატავს ამგვარ სურვილს და მოითხოვს ამას. ამჟამად ხალხი ჩვენგან ხელისუფლებაში დარჩენას და ამ კრიმინალების ლიკვიდაციას მოითხოვს.
კორესპონდენტი: ოპოზიცია თქვენ დიქტატორს გიწოდებთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენ ანადგურებთ ოპოზიციას, ეთერს არ აძლევთ მის წარმომადგენლებს, აპატიმრებთ მათ...
პრეზიდენტი: ეს ტყუილია. ჩვენ გვაქვს საკუთარი კონსტიტუცია, საკუთარი კანონები, თავისუფალი პრესა, უამრავი ოპოზიციური გაზეთი, დემოკრატიული სისტემა. მათ ეს არ აკმაყოფილებთ - მათ უნდათ ანარქია, რასაც ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ არ ვებრძვით ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენ ვებრძვით დანაშულებებს. თქვენ ალბათ ნახეთ, რაც მათ გააკეთეს.
კორესპონდენტი: ისინი ამბობენ, რომ თქვენ მათი ლიდერები დააპატიმრეთ...
პრეზიდენტი: ჩვენ დავაპატიმრეთ მხოლოდ კრიმინალი ლიდერები, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ ხედავთ, რომ ისინი შეიარაღებულნი არიან და ტერორის გზაზე დგანან, თავს ესხმიან მთავრობის სასახლეს, ესვრიან ხალხს.
კორესპონდენტი: როგორია თქვენი პოზიცია ახლად შექმნილი თანამეგობრობის მიმართ? რას აპირებს საქართველო?
პრეზიდენტი: ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის ხუთ წუთში გადაწყვეტა. საქართველო სწავლობს ამ საკითხს და შემდგომ პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
კორესპონდენტი: კიდევ რამდენ ხანს გაუძლებთ?
პრეზიდენტი: ძალიან დიდხანს.
კორესპონდენტი: როგორ გრძნობთ თავს?
პრეზიდენტი: გმადლობთ, ძალიან კარგად.
25 დეკემბერი, 1991 წელი.
მასალა გამოსაქვეყნებლად მოამზადა
პრეზიდენტის პრესსამსახურმა
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№253 (273), გვ. 2, 27 დეკემბერი, 1991 წ.].

ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის დეკემბრის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ;
 - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება  საქართველოს რესპუბლიკის დისლოცირებული საბჭოთა არმიის სასაზღვრო ჯარების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროდ გარდაქმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ;
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“,  №12 [617], თბ. დეკემბერი, 1991 წ.].

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება
ქვეყნის გარე ძალებიდან მართული [და შეიარაღებული] ე.წ. ოპოზიცია, ეროვნული ხელისუფლებისადმი წაყენებულ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად - ზვიად გამსახურდიას არასწორი საგარეო პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ასახელებდა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებული, ანუ „მიერთებული“ საქართველო, 1933 წლიდან საერთაშორისო სამართალმა ცნო, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რაც სხვადასხვა ქვეყნების მიერ საბჭოთა კავშირის დე-იურედ აღიარებაში გამოიხატა.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ 1990 წ. 28 ოქტომბერს კანონიერად არჩეულმა ეროვნულმა ხელისუფლებამ, 1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წ. 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირიდან თავისი გასვლა დააფიქსირა, სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობა - მაინც იგვიანებდა. და იგვიანებდა, არა იმიტომ, რომ საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების კურსი არ აკმყოფილებდა საერთაშორისო ნორმით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს, არამედ იგვიანებდა იმის გამო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მაშინ, საბჭოთა კავშირის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ტოლფასი იქნებოდა.
ამდენად, როგორი საშინაო და საგარეო კურსის გამტარებელიც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ან ვინც არ უნდა ყოფილიყო მის სათავეში, საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა შეუძლებელი იყო, თუ არ მოხდებოდა საბჭოთა კავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის დაშლა.
მოვლენები კი შემდგომში შემდეგნაირად განვითარდა.
1991 წ. 8 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის სახელმწიფოთა მეთაურები, ერთობლივად მიღებული დოკუმენტის საფუძველზე, დაშლილად მიიჩნევენ საბჭოთა კავშირს და აცხადებენ - სლავურ სახელმწიფოთა კავშირის ჩამოყალიბებას.
1991 წ. 21 დეკემბერს კი, ალმა-ათაში, საბოლოოდ გაფორმდა საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი დაშლა და მის მაგივრად, თერთმეტმა რესპუბლიკამ გამოაცხადა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნა. საქართველო ამ თანამეგობრობაში არ შევიდა.
ამდენად, საბჭოთა კავშირი, როგორც პოლიტიკური ერთეული, 1991 წ. 21 დეკემბრიდან უკვე აღარ არსებობს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებას ხელს აღარაფერი არ უნდა უშლიდეს.
და მართლაც, თუ 1991 წ. 21 დეკემბრამდე, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული იყო მხოლოდ შვიდი სახელმწიფოს მიერ, მომდევნო, სულ რაღაც ორი კვირის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 20 ქვეყანამ...
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კარგად ჩანს, თუ რა იყო ის მოტივი, რამაც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შეიარაღებული გამოსვლებისაკენ უბიძგა - ქრებოდა მითი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნის შესახებ.
1991 წ. 22 დეკემბრიდან დაიწყო არსებული კანონიერი ხელისუფლების შეიარარებული გზით ქვეყნის მმართველობიდან ჩამოცილება, რაც 1992 წ. 2 იანვარს - სამხედრო საბჭოს ჩამოყალიბებით დამთავრდა...“ [იხ. იქვე, გვ. 5].
საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ქრონოლოგია ასეთია:
1. რუმინეთი - 27 აგვისტო, 1991 წ.;
2. მოლდოვეთი - 27 აგვისტო, 1991 წ.;
3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა - 30 აგვისტო, 1991 წ.;
4. სომხეთის რესპუბლიკა - 13 სექტემბერი, 1991 წ.;
5. თურქეთის რესპუბლიკა - 16 დეკემბერი, 1991 წ.;
6. მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა - 20 დეკემბერი, 1991 წ.;
7. ლატვიის რესპუბლიკა - 20 დეკემბერი, 1991 წ.
1991 წ. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლილად გამოცხადებიდან მოყოლებული, ვიდრე 1992 წლის 2 იანვრამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ქრონოლოგია ასეთია:
1. ირანის ისლამური რესპუბლიკა - 25 დეკემბერი, 1991 წ.;
2. კანადა - 25 დეკემბერი, 1991 წ.;
3. აშშ - 25 დეკემბერი, 1991 წ.;
4. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა - 26 დეკემბერი, 1991 წ.;
5. კუბის რესპუბლიკა - 26 დეკემბერი, 1991 წ.;
6. ტაილანდის სამეფო - 26 დეკემბერი, 1991 წ.;
7. ინდოეთის რესპუბლიკა - 26 დეკემბერი, 1991 წ.;
8. ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა - 27 დეკემბერი, 1991 წ.;
9. ბელორუსეთის რესპუბლიკა - 27 დეკემბერი, 1991 წ.;
10. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა - 27 დეკემბერი, 1991 წ.;
11. ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - 27 დეკემბერი, 1991 წ.;
12. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - 27 დეკემბერი, 1991 წ.;
13. სლოვაკეთის რესპუბლიკა - 27 დეკემბერი, 1991 წ.;
14. იორდანიის ხაშიმიტთა სამეფო - 28 დეკემბერი, 1991 წ.;
15. ხორვატიის რესპუბლიკა - 28 დეკემბერი, 1991 წ.;
16. ლიბანის რესპუბლიკა - 30 დეკემბერი, 1991 წ.;
17. პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა - 31 დეკემბერი, 1991 წ.;
18. ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა - 2 იანვარი, 1992 წ.;
19. ერაყის რესპუბლიკა - 2 იანვარი, 1992 წ.;
20. ეთიოპია - 2 იანვარი, 1992 წ.

1992 წ. 6 იანვრის, გამთენიას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა და მთავრობის წევრთა ნაწილმა დატოვა თბილისი და საქართველო. პოტჩისტემა დაამხეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, დაამხეს საკანონმდებლო ხელისუფლება, დაამხეს ადგილობრივი ხელისუფლებები და შეაჩერეს მოქმედი კონსტიტუცია, რითაც ხელ-ფეხი გაუხსნეს სეპარატისტულ ძალებს მოეხდინათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

Комментариев нет:

Отправить комментарий