ინტერვიუ „ოგონიოკის“კორესპონდენტ გევორქ მარტიროსიანთან
ახლა, როცა გარდაქმნის პროცესში გარკვეული გამოცდილება, მათ შორის საპარლამენტო გამოცდილება შევიძინეთ, ნათელი გახდა, ჯერ კიდევ რამდენი რამ არ გვცოდნია. არ ვიცით არც თანამოსაუბრის მოსმენა, ისე რომ არ გავაწყვეტინოთ და ჩავუფიქრდეთ მის პოზიციას. ეს ჩვენთვის არავის უსწავლებია. ბევრს დღემდე არ სურს ასეთი რამის სწავლა და დავკანკალებთ იმ დაკრისტალებულ აზრს, რომ ლოგიკით კი არა, ყვირილით ვაჯობოთ ოპონენტს.
საქართველოში ოდითგანვე პატივში იყო პაექრობის ცოდნა. ბობოქარი ეროვნული ტემპერამენტის მიუხედავად, კამათის კულტურას, თანამოსაუბრის პატივისცემას მუდამ უნერგავდნენ, უფრთხილდებოდნენ ტრადიციებს, გამოჩენილ და ყოვლისმცოდნე მხცოვანთა ავტორიტეტს. ერთ-ერთი ასეთი საყოველთაოდ აღიარებული ბრძენთაგანი, რომელიც ინახავდა და ავითარებდა ეროვნულ სულს, იყო დიდი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. ბევრი ყოფილა მის სტუმართმოყვარე თბილისურ სახლში - თბილისის შუაგულში - მოვლილ, დახუნძლულ ხეხილს შორის ჯიხვი ძოვდა, დღეს ბრინჯაოში ჩასმული კონსტანტინე გამსახურდია პატარა კვარცხლბეკიდან შფოთიან თბილისს გადასცქერის, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი ძე ზვიადი.
მოდით, მოვუსმინოთ ქართველ თავმჯდომარეს. ვიცით, ყველაფერში არ დაეთანხმებით. ჩვენც „ოგონიოკში“ ყველანი არ ვეთანხმებით. ქართულ მრავალფეროვან საზოგადოებაში მას ერთგვარად არ უყურებენ. მაგრამ ხალხის რჩეულ ხელმძღვანელს პატივისცემით უნდა მოვუსმინოთ. ხომ ვუსმენდით, უკაცრავად არ ვიყოთ, ალქსნისსა და პეტრუშენკოს, რომელთა დირექტიულ თავდაჯერებას სხვაგვარად იცავენ და სრულიად სხვაგვარი თვისებისაა.
გამსახურდია პიროვნებაა და ჩვენ მოხარული ვიქნებით მასთან საუბრის განგრძობისა ხალხის სვე-ბედისათვის პასუხისმგებლობის დონეზე. სხვაგვარი დონე დღეს შეუძლებელია. არც თვითონ მალავს რაოდენ დიდი პრობლემები დგას მის რესპუბლიკაში სოხუმიდან ცხინვალამდე თბილისის გავლით - ყველას ვერც ჩამოთვლი, და არავინ არ ამტკიცებს, თითქოს გამსახურდიას მიეგნოს ამ შფოთიანი მრავალფეროვნების გადაწყვეტისათვის.
მაგრამ ეძებს.
იგი მოღვაწეობას იწყებს პასუხსაგებ და ძალზე ძნელ ხანაში, რასაც ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად მისი - ხშირად თავდაჯერებული ლაპარაკისა, რომელსაც, გვწამს, ჯერ კიდევ შეარბილებს სხვისი და საკუთარი ტკივილი. მოდით, მოვუსმინოთ და გავიხსენოთ, რომ საჭიროა აზრთა გაზიარება, რომ კამათის ცოდნა სჭირდება მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული საზოგადოების აშენება განიზრახა. მოდით, გვეშინოდეს ამ „ჩვენებისა“, რომლებიც უპირატესად მაშინ არიან მართალნი, როდესაც ხელთ ცეცხლსასროლი იარაღი უპყრიათ.
ამ ინტერვიუს რომ გთავაზობთ, ჩვენ ამით განვაგრძობთ საუბრების სერიას განახლებული ხანის პოლიტიკურ ლიდერებთან, ჩვენი ჩაფიქრებული ქვეყნის ხალხებთან, რომლებიც ფხიზლდებიან.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების არჩევნების მანძილზე პირველად მოეწყო მრავალპარტიულ საფუძველზე, არც ისე დიდი ხნის წინათ დამთავრდა, და რესპუბლიკა ჯერაც არ დამცხრალა ცხარე დისკუსიების შემდეგ. ცხადია, ზოგს არჩევნების შედეგმა სასოწარუკვეთა, ზოგისათვის გამოცხადება იყო, მაგრამ ბევრისათვის ეს ნიშნავდა გამარჯვებას, რომელიც მოსილი იყო იმედის შარავანდედით.
პოლიტიკური ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ დამაჯერებელი წარმატება, რომელმაც პარლამენტის მანდატების თითქმის მესამედი - 250-დან 155 ადგილი მოიპოვა, მის წარმომადგენლებს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია ზვიად გამსახურდია - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ლიდერი. ახალი პარლამენტის წინაშე მისი პირველი გამოსვლა ასეთ სიტყვებს შეიცავს:
„დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ წინაპართა სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, რამეთუ უფალმა საქართველოს დიადი მისია დააკისრა. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის მარადიულ წყვდიადს. ჩვენს მართალ საქმეს ღმერთი მფარველობს, და ამიტომ გავიმარჯვეთ. ქართველი ხალხი უღმერთობის, რბევა-თარეშისა და ტერორის გზას ვერ დაადგება. ქართველი ერის გზა - ეს არის გზა გულმოწყალებისა, გზა ვაჟკაცობისა, გზა სიყვარულისა, გზა იესოსი აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე...
ჩვენთან არს ღმერთი! ამინ“
ამაღელვებელი სიტყვები! კეთილშობილური მიზნები! და, რაღა თქმა უნდა, ქართველი ერი ღირსია ამისა.
მაგრამ რამდენად ძნელი იქნება „სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების აღორძინების“ გზა? როგორ დააღწევს თავს ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზნეობრივ კრიზისს? რით მოკირწყლავს ახალი ტაძრის გზას?
როგორ შეკრავს ეროვნული თანხმობის ერთ მუშტად ოპოზიციური პარტიების აზრთა მრავალფეროვნებას?
კითხვები, კითხვები, კითხვები... ეს კითხვები დღეს აწუხებთ არა მარტო ამ რესპუბლიკის მოქალაქეებს, არამედ უშუალოდ მეზობლებსაც - სომხეთსა და აზერბაიჯანს, მთელი ჩვენი ქვეყნის ხალხებს.
ზვიად გამსახურდია სულ ცოტა ხნის წინათ ჩაუდგა სათავეში ქართულ პარლამენტს, მაგრამ ცენტრალური გამოცემიდან ჩემი კოლეგებისათვის უკვე კარგად არის ნაცნობი მისი ჯიუტი „არა“ ინტერვიუს მიცემაზე. ამჟამად ბატონმა ზვიადმა „ჰო“ ბრძანა და განმიმარტა, „ოგონიოკს“ უარს ვერ ვეტყვიო, ისევე, როგორც სომეხ ჟურნალისტს, თან თავაზიანად დასძინა: ჯერჯერობით არ მახსოვს, პრესაში ვინმეს ობიექტურად ჩამოეყალიბებინოს ჩემი პოლიტიკური შეხედულებანიო.
- ბატონო ზვიად, ქართული პარლამენტი დიდად მაკვირვებს თავისი შრომისუნარიანობით: სულ რამდენიმე დღეში დამტკიცდა უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიებისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობანი, დამატებითი ცვლილებანი შეიტანეს კონსტიტუციაში. არის ისეთი ცვლილებებიც სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლებიც, კერძოდ, აუქმებს პასუხისმგებლობას საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურის თავიდან აცილებისათვის.
საქართველოს სახელწოდება შეეცვალა - საქართველოს რესპუბლიკა, აქვს ახალი გერბი, ახალი სახელმწიფო დროშა, ახალი ჰიმნი... წინანდელი ოფიციალური დღესასწაულების გაუქმებაც კი მოასწარით და სანაცვლოდ ტრადიციულ-ქრისტიანული დღეობები აღადგინეთ. ამასთანავე, თქვენ შეწყვიტეთ რესპუბლიკების სუვერენიტეტების პარადი - საქართველოს დღემდე არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობის დეკლარაცია. რატომ? იქნებ დოკუმენტი ჯერ მხოლოდ მზადდება, ან იქნებ სხვა მოსაზრებანი გაქვთ?
- რა თქმა უნდა, სხვა მოსაზრებანი გვაქვს. ჩვენ არ გვსურს დამოუკიდებლობის მარტოოდენ ფარატინა ქაღალდი, ჩვენ ფაქტობრივი დამოუკიდებლობა გვინდა. გარდა ამისა, თავს ვარიდებთ იურიდიულ ტავტოლოგიას, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობა მრავალი წლის წინათ - 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.
1921 წელს საქართველო ძალით გაასაბჭოეს, მაგრამ უსასტიკესი კომუნისტური დიქტატურის პირობებშიც კი მის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე. რესპუბლიკა ფაქტობრივად ანექსირებული იყო, მაგრამ იურიდიულად დღემდე შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა, რაც სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძველია.
ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოში სათანადო რეფორმები განხორციელდა ფაქტობრივი სახელმწიფო სუვერენიტეტის გზაზე. ამ პერიოდში ვაპირებთ საძირკველი ჩავუყაროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას - ჩამოვაყალიბოთ ახალი პოლიტიკური სტრუქტურები, მივიღოთ უმნიშვნელოვანესი კანონები: დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის. მიწის, პრივატიზაციის კანონები. განზრახული გვაქვს სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაცია, ეროვნული არმიის, მილიციის შექმნა და ა.შ. სწორედ ასეთად მესახება საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის გზა.
- რამდენ ხანს გასტანს გარდამავალი პერიოდი?
- რაღა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველივე დასახული, რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, ცენტრის პოლიტიკაზე, დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე, საბჭოთა კავშირში სტაბილურობაზე. და, რაღა თქმა უნდა, თვით საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე. ახალი პარლამენტის ქმედითუნარიანობაზე... მაგრამ დაყოვნებას არ ვაპირებთ.
- შენარჩუნებული იქნება თუ არა გარდამავალ პერიოდში საბჭოთა კავშირის ძირითადი კანონის უზენაესობა?
- არა. ჩვენ ფაქტობრივად უკვე შევაჩერეთ საქართველოს ტერიტორიაზე საკავშირო კონსტიტუციის მოქმედება. გარდამავალ პერიოდში იგი მთლიანად შეიცვლება ეროვნული კონსტიტუციით, რომელშიც განისაზღვრება საქართველოში დამოუკიდებლი სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენის სამართლებრივი მექანიზმი.
- სადღეისოდ ყველაზე მეტად რა გაწუხებთ, როგორც საქართველოს პარლამენტის მეთაურს?
- ჩვენში მშვიდობიანი დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. ხელისუფლება უსისხლოდ შეიცვალა. ფაქტობრივად შეიცვალა წყობილება, შეიცვალნენ კადრები. მაგრამ მხოლოდ გარეშე თვალს ჰგონია, თითქოს ყველაფერი უზადოდ მიმდინარეობდეს. ვაი, რომ სრულიადაც არ არის ასე.
თავისას შვრება დესტრუქციული ძალების წინააღმდეგობა, რომელსაც მე პოლიტიკურ მაფიას ვუწოდებდი. კომპარტია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მაფიისა. ჩვენ მას არც კი ვთვლით პარტიად, არამედ ჩვენს მიწა-წყალზე უცხო სახელმწიფოს აგენტურად მიგვაჩნია. უბრალოდ, ჩვენს პარლამენტში არიან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები, და იძულებული ვართ ამას შევურიგდეთ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია - უნდა აღიკვეთოს ანტიდემოკრატიული გამოვლინებანი. დიახ, შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ პარტიის ცნობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია მისი გაუქმება.
- მაგრამ დამეთანხმებით, რომ კომუნისტები, განსაკუთრებით სოფლად, ჯერ კიდევ დიდ როლს ასრულებენ?
- ესენი უკვე პოლიტიკური გვამები არიან. რესპუბლიკის რაიონები მხარს უჭერენ ახალ, დემოკრატიულ ხელისუფლებას, გვემორჩილებიან. დროთა განმავლობაში საბოლოოდ განვამტკიცებთ ეროვნული მოძრაობის გამარჯვებას მთელ საქართველოში. ამაში ხელს შეგვიწყობს მრავალპარტიულ საფუძველზე მოწყობილი მუნიციპალური არჩევნები და, ცხადია, გაბედული ბრძოლაც ანარქიასთან და დამნაშავეობასთან, რომელიც რესპუბლიკას მოედო. ლაგამაწყვეტილი დამნაშავეობა და უკანონობა ხელს აძლევთ ჩვენი ხელისუფლების მტერთ, ეს არის მათი კოზირი...
- ფრიად კატეგორიული პასუხია, ნება მიბოძეთ დავაზუსტო: კომპარტიისადმი თქვენი დამოკიდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც მის რიგით წევრებზე, ისე ხელმძღვანელებზე?
- არა, როგორ გითხრათ, რიგითი კომუნისტები - ესენი არიან მოტყუებული ადამიანები, რომელთა ნაწილი საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში გაჭირვებამ შეიყვანა, მე მხედველობაში მყავდნენ პარტიული ფუნქციონერები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ თავიანთ დანაშულებრივ საქმიანობას.
- ჰო, მაგრამ, საქართველოს კომპარტიის უკანასკნელმა ყრილობამ მიიღო რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ახლობელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის?
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან საქმით სულ სხვანაირი ვითარებაა. ყრილობის გადაწყვეტილებაში მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციებია, მე ვიტყოდი, ჭეშმარიტ ზრახვათა ნიღაბია. კომპარტიის პარტიული აპარატი ვერა და ვერ შელევია ძველი წყობის აღდგენის აზრს.
- ითანამშრომლებთ კომპარტიასთან?
- იცით, რა, თუ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას არ ვცნობთ, მაშასადამე, არც თანამშრომლობას ვაპირებთ.
- და მაინც, დემოკრატიული საზოგადოების აშენების საუკეთესო გზა ეროვნული თანხმობის გზაა.
- საფუძველი არა მაქვს სადავო გავხადო ეგ აზრი, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ შორს არის ეროვნული თანხმობა. მაგრამ არის კიდევ ე.წ. ეროვნული კონგრესი - კომუნისტური პარტიის შენიღბული ნაწილი, იგი პარლამენტგარეშე ოპოზიციის სახით გვევლინება. თანაც, ეროვნულ კონგრესს ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი ჰყავს. ჰოდა, რა გამოდის, თუ კონგრესის იდეები ვერ იმარჯვებენ, რომლებიც პოპულარულნი არ არიან ხალხში, მაშინ ავტომატები უნდა აკაკანდნენ? ვერაფერს იტყვი, მაგარი საბუთია!
- უზენაესი საბჭოს შენობაში ავტომატებით შეიარაღებული ახალგაზრდები მხვდებოდნენ. ნუთუ ქართული პარლამენტის მეთაურს და უზენაეს საბჭოს ასეთი დაცვა სჭირდებათ?
- რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს უამრავი, პარლამენტისადმი მტრულად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფებია, ისინი ყოველგვარ პროვოკაციას იკადრებენ.
- მერედა რა კონტრღონისძიებას მიმართავთ?
- ჯერჯერობით ვთხოვთ ნებაყოფლობით ჩააბარონ უკანონო იარაღი, დაშალონ ყველა შეიარაღებული ჯგუფი და პატიოსან შრომას დაუბრუნდნენ. ამ ჯგუფებში ხომ უპირატესად სისხლის სამართლის დამნაშავენი და ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მათს გავლენაში მოექცნენ. ეს კიდევ უფრო საშიშია. გესმით? სიტყვით დემოკრატიის, საქართველოს განახლების მხარეზე არიან, საქმით კი ძარცვა-გლეჯვას ეწევიან და მოსახლეობას აშინებენ. აი, ასეთ ბანდებს მფარველობს ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესი. ყოველივე ეს დიდ შფოთს იწვევს საქართველოში და აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკას. ხელს უშლის უზენაესი საბჭოს ახალი კანონპროექტების ხორცშესხმას. ხელს უშლის საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას და ეროვნული განთავისუფლების პროცესის განვითარებას.
საქართველოს, ალბათ, პირველი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქმედი პარტიების რიცხვით - 120-ზე მეტი! გასაკვირი არ იქნება, გზა რომ დაგებნეს ნაირნაირი პოლიტიკური შეხედულებების, კონცეფციების ამ უღრან ტყეში, რომლებიც საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ეხება, მაგრამ ამჯერად, ჩვენ ის პარტიები გვაინტერესებს, რომლებიც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკში შედიან. ეს ბლოკი და ეროვნული კონგრესი ერთმანეთს უპირისპირდებიან. სამწუხაროდ, პარტიული ბრძოლა ხშირად სცდება დაშვებულის ფარგლებს: პრესაში, საჯარო გამოსვლებში, გაისმის სრულიად არაპარლამენტური გამოთქმები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს აბრალებენ ყველა ამქვეყნიურ ცოდვას. კონფრონტაცია ხშირად ძალზე მწვავდება...
გამართულმა არჩევნებმა ვითარება ვერ შეანელა, უფრო მეტიც, უზენაესი საბჭოს და კონგრესის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ ამ ბლოკების მომხრეთა შორის უშუალო შეტაკების საფრთხე შეიქმნა.
სრულიად საქართველოს კათალიკოსმა ილია მეორემ არჩევნების დღეს ბრძანა, რომ ამიერიდან ყოველ ძმათამკვლელს, მოკლულის დანაშაულის მიუხედავად, ეკლესია ქართველი ერის მტრად შერაცხავს.
მაინც, რაში ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური ოპონენტები?
„მრგვალი მაგიდა“ თავის მოწინააღმდეგეებს ბრალად სდებს ეროვნული კონგრესის არჩევნების ფალსიფიკაციას, ამტკიცებს, რომ ამ არჩევნებში რესპუბლიკის მოსახლეობის 2 პროცენტსაც კი არ მიუღია მონაწილეობა და, მაშასადამე, აღნიშნავს გამსახურდია, „თვითმარქვია კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს“.
„მრგვალი მაგიდა“ აერთიანებს 10-მდე პარტიას, მათ შორის წმინდა ილია მართლის საზოგადოებას - მასობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც მთელ საქართველოში ფართოდ განშტოებული სტრუქტურა აქვს და რომლის თავმჯდომარეა ზვიად გამსახურდია.
ეროვნულ კონგრესში ორმოცამდე პარტიაა. მისი ლიდერები ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია შესაბამისად წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას.
აშკარაა, რომ რესპუბლიკის პოლიტიკური კლიმატი მრავალი თვალსაზრისით დამოკიდებული იქნება მმართველი პარტიისა და ეროვნული კონგრესის დაპირებაზე. გამსახურდიას და მისი ოპონენტების - ჭანტურიასა და წერეთლის სიბრძნეზე.
დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომელთა მოწმენიც ჩვენ ვართ, შეიძლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მწვავე კონფრონტაცია და, სამწუხაროდ, სისხლისღვრაც კი მოჰყვეს. მაგრამ, მართალი გითხრათ, დღეს ყურს ჭრის სიტყვები „ხალხის მტრები“, მის ნაცვლად გვინდა ვხედავდეთ შეხედულებათა დაახლოების და თანამშრომლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამას იმიტომაც ვამბობთ, რომ თბილისში ყოფნის დროს შევიტყვე, უზენაესი საბჭოს და ეროვნული კონგრესის წარმომადგენლები პირველად, მართლია, ჯერჯერობით არაოფიციალურად, უკვე შეხვედრიან ერთმანეთს.
ოპტიმიზმს გვმატებს გამსახურდიას ამასწინანდელი განცხადებაც: „ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან, რომელიც რაღაც მცირეოდენ სიკეთეს მაინც გააკეთებს საქართველოსათვის და მივესალმებით ყოველგვარ ინიციატივას, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოსათვის, მის ინტერესებს მოემსახურება, იმის მიუხედავად, თუ ვისი იქნება ეს ინიციატივა“.
იქნებ ყინული დაიძრა და შესაძლებელი გახდა თანხმობა?
- ბატონო ზვიად, საქართველოს დღევანდელ სიძნელეებზე რომ გეკითხებოდით, მართალი გითხრათ, მოველოდი, რომ უწინარესად ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებზე მეტყოდით რამეს.
- ჩემი აზრით, ის არც ისე არსებითია, რადგან მოგონილი პრობლემაა. მაგრამ ყველაზე მეტ აურზაურს ტეხს ცენტრი, რათა ჩვენში ეროვნებათშორისი კონფლიქტები გამოიწვიოს.
ამასთანავე, ამ საკითხის სიძნელეთა გამარტივებასაც არ ვაპირებ. საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა და აქ მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს, ცხადია, ერთგვაროვნად არ აღიქვამენ.
მაგალითად, ახლა ყველანი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტზე ლაპარაკობენ. ეს უკანონო ტერიტორიული წარმონაქმნი ბოლშვიკებმა ოდინდელ ქართულ მიწა-წყალზე შექმნეს 1922 წელს. საბჭოთა ხელისუფლების წლების მანძილზე აქ არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატია დამკვიდრდა. გამოვიდა, რომ ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნულ უმცირესობად იქცნენ. მათი უფლებები ილახება, ისინი დისკრიმინაციას და შევიწროებას განიცდიან, რომელიც აპარტეიდსაც კი ჰგავს. თანაც, ეს ხდება არა სადღაც, არამედ თვით საქართველოში, გესმით?
ბოლოს უარესიც კი მოხდა. ოლქში არაკონსტიტუციური არჩევნები მოაწყვეს და სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს. როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯი, საქართველოსაგან გამოყოფა?
ყოველივე ეს იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენი რესპუბლიკის კანონებს და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასაც, რომ ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც კი არ შეიძლება. მაგრამ ამასთანავე თვალს ვერ დავხუჭავთ იმ საფრთხეზეც, რომელსაც შეიცავს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების „ადამონ ნიხასის“ ნაბიჯები. ისინი განზრახ თესავენ ერთაშორის შუღლს. წამქეზებლურ მოწოდებებს აქვეყნებენ და მკვიდრ ქართულ მოსახლეობასთან ოსთა უშუალო შეტაკებისაკენ მიჰყავთ საქმე.
შარშანდელი წლის მიწურულს სამხრეთ ოსეთში - ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონში, საგანგებო წესები შემოიღეს, გაჩაღებულმა ეროვნებათშორისმა კონფლიქტმა ბარიკადების საპირისპირო მხარეებზე გაიყვანა ქართველები და ოსები. დღემდე გაისმის სროლა, იღვრება სისხლი, იღუპება ხალხი. უსუსურ პოლიტიკას, როგორც ყოველთვის, ამაოდ მკურნალობენ იარაღით, უნდობლობის, მტრობისა და სიძულვილის უფსკრული ყოველდღიურად ღრმავდება.
ღმერთო მაღალო! კიდევ რამდენი ტანჯვა-ვაება გაქვს ჩვენთვის შემონახული?! ნუთუ არ კმარა დედების ცრემლი? დაობლებული ბავშვები, ჩამქრალი კერები? ნუთუ იმდენად ჩავეფლეთ ამ წყეულ სისასტიკის ჭაობში, რომ საშველი აღარ არის?
არის! ეს გახლავთ კავკასიელ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე, ეს გახლავთ მოხუცთა ჭაღარა და დედების თალხი თავშალი, ეს არის გონება ადამიანებისა, რომლებმაც ახალი სახლი უნდა ააგონ, მაგრამ ისე ააგონ, რომ შენი სახლის სახურავმა არ დააბნელოს მეზობლის სახლი.
საქართველოში დღეს თითქმის ხუთმილიონ-ნახევარი კაცი ცხოვრობს, აქედან 3,787 ათასი ქართველია, 487 ათასი - სომეხი, 341 ათასი - რუსი, 308 ათასი - აზერბაიჯანელი, 164 ათასი - ოსი, 86 ათასი - აფხაზი და კიდევ ასობით სხვა ერი და ეროვნება. საქართველო მათთვის მშობლიური სახლი გახდა, თავისი მზით გაათბო, თავისი წყაროთი დაარწყულა, თავისი პურით გამოზარდა. ნუთუ ეს მიწა-წყალი, რომელიც ყოველთა აქ მცხოვრებთა სამშობლო გახდა, განხეთქილების, რიტორიული დავისა და სამართლებრივი პაექრობის მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ მოსწონს მეორეს მიღებული კანონი, მეორენი კი მზად არიან მიიღონ პირველთა უფლებების შემლახველი კანონი?
დიახ, დღეს ქართველებსა და ოსებს წინააღმდეგობანი ჰყოფს, დიახ, ყოველი მხარე გამონახავს არგუმენტებს თავის სასარგებლოდ... მაგრამ ამ წინააღმდეგობათა დაძლევას ხომ იარაღის ძალა და სისხლი კი არა, ფხიზელი და კეთილი სული სჭირდება, მეზობლის დანგრეული სახლის ქვებით ნაგები სახლი მკვიდრი ვერ იქნება.
- პარლამენტის მეთაურად თქვენი არჩევის შემდეგ თუ შეხვედრიხართ ავტონომიური წარმონაქმნების ხელმძღვანელებს?
- მხოლოდ აჭარის ხელმძღვანელობას. დანარჩენი ორი ავტონომიის ხელმძღვანელი, შეიძლება ითქვას, გაურბის ამ შეხვედრას. თუმცა, აფხაზეთში მდგომარეობა შედარებით მოგვარდა. მხოლოდ სამხრეთ ოსეთშია შფოთი.
- საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში ავტონომიური წარმონაქმნების უფლებებისა და უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებაზე გაუთავებელი დისკუსიის ფონზე მწვავე დისონანსად გაისმა თქვენი სიტყვები იმის თობაზე, რომ თუ ოსები და აფხაზები თავიანთ პრეტენზიებს არ მოიშლიან, შეიძლება დაკარგონ არსებული ავტონომიები, რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?
- ზუსტად ასეთ რამეს: თუ საქართველოში რომელიმე ავტონომიური წარმონაქმნი უეცრად თავს ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადებს და საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას სცდის, ჩვენი პარლამენტი საერთოდ გააუქმებს ამ ავტონომიას. მაშ რა ვქნათ? ყოველი სახელმწიფო ასე მოიქცეოდა.
- თქვენ გიცნობენ, როგორც ადამიანის უფლებათა აქტიურ დამცველს, საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარეს. თქვენი ნათქვამი ხომ არ ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს? უფლებებს, რომლებსაც თქვენ იცავდით, რომლებისთვისაც მთელი ამ წლების მანძილზე იბრძოდით?
- ნუ ეძებთ აქ წინააღმდეგობებს, რომლებიც არ არის და არც შეიძლება იყოს. იმაზე ლაპარაკი, თითქოს ირღვეოდეს, ან შესაძლოა მომავალში დაირღვეს საქართველოში ადამიანის უფლებები, ყოვლად უნიადაგოა.
ჩვენში საუკენეთა მანძილზე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და თუ დღეს იძულებული ვართ ვილაპარაკოთ ერთაშორის კონფლიქტებზე, სხვადასხვა ხალხის ურთიერთობაში გაზრდილ ნერვიულობაზე, მაშინ აუცილებლად უნდა დავსძინოთ, რესპუბლიკაში დემოკრატიული გარდაქმნები, სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა აქ არაფერ შუაშია.
ეთნოკრიზისი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს მოედო, უშუალო შედეგია ტოტალიტარული რეჟიმისა, მახინჯი ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ათწლეულობის მანძილზე ნერგავდნენ კომუნისტური იდეოლოგიის მოძღვარნი.
და როცა მტკიცედ გადავწყვიტეთ ქართული მოსახლეობის ინტერესები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, სადაც ქართველნი უმცირესობას შეადგენენ და, უკვე მოგახსენეთ, სადაც მათ ჩაგრავენ ოსი ნაციონალისტები, როდესაც გადავწყვიტეთ არავის დავანაწევრებინოთ ჩვენი რესპუბლიკა, ნუ დავარქმევთ ამას ადამიანის უფლებათა შელახვას. ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხში შეესაბამება ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას.
მასობრივი ინფორმაციის გარკვეული საშუალებანი ფრიად თვითნებურად განმარტავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო: ჩვენი დამოკიდებულება არაქართველი მოსახლეობისადმი ყოველთვის მეგობრული იყო. ამ პრინციპიდან გადახვევას არ ვაპირებთ. მომავალი კანონი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ, რომელსაც ჩვენი პარლამენტი მიიღებს, ამის საუკეთესო დასტური იქნება. ხოლო ჭორები, რომლებსაც ჩვენი მოშურნენი ავრცელებენ საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა შევიწროების შესახებ, ეს იმის უხეში ცდაა, რომ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი შექმნან რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მის უზენაეს საბჭოზე, დააბრკოლონ ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარება.
- რამდენიმე წელია ამიერკავკასია ჩვენი ქვეყნის ცხელ წერტილად ითვლება. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა უკვე ბევრი შეიწირა, მაგრამ ყარაბაღის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. ახლა კი, აი, სროლა ისმის საქართველოში. აქ ეროვნებათშორისი ურთიერთობის ბარომეტრი ქარიშხალს უჩვენებს. რა იქნება შემდგომში? კონფრონტაცია თუ თანამშრომლობა?
- აუცილებლად თანამშრომლობა! საჭიროა კონფრონტაციის კერების ნეიტრალიზაცია. სამწუხაროდ, ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ მისწრაფება კი საჭიროა. ამიერკავკასიის ხალხებმა მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ.
- საქართველოს მწვანეთა პარტია საერთო-კავკასიური სახლის შექმნის მომხრეა. ამ იდეას მხარს უჭერენ რეგიონში მოსახლე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. თქვენ რას იტყოდით ამ იდეაზე?
- იცით რა, ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა. ჯერ საკუთარი სახლი უნდა იქონიოთ, საერთო სახლზე მერე იფიქრო. როცა რეგიონების ხალხები ნამდვილად თავისუფალნი გახდებიან, როცა რესპუბლიკები ჭეშმარიტ სუვერენიტეტს შეიძენენ, აი, მაშინ შეიძლება სერიოზული ფიქრი კავკასიის სახლზე. მაგალითად, ევროპას შეუძლია ამგვარი ლაპარაკი, რადგან იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აერთიანებს, ჩვენ კი ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან. მე მგონია, ამგვარი ლაპარაკი ლაყბობაა.
- არჩევნებისწინა ბრძოლის დროს ცალკეული პარტიები ამბობდნენ, ახალმა პარლამენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოსო ზოგიერთი ტერიტორია, რომელიც მან 1921 წელს დაკარგა ანექსიის შედეგად. როგორც ისინი ამბობენ, ეს ტერიტორიები ამჟამად ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და რუსეთის შემადგენლობაშია. რა აზრისაა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნაზე?
- ასეთი საკითხი მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა შეიძლება აღძრას, მაგრამ რამდენადაც ჩვენი უზენაესი საბჭო გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების უზენაესი ორგანოა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ვერ იქნება, ამ საკითხს უახლოეს ხანს პარლამენტი არ განიხილავს.
- ყოველგვარი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე საქართველოს პარლამენტს კონფლიქტი მოუვიდა ცენტრთან. მხედველობაში მაქვს უზენაესი საბჭოს დამოკიდებულება ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნა და მოსკოვის შესაბამისი რეაქცია, თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ამ საკითხში უზენაესი საბჭოს პოზიცია?
- დიახ, ჩვენმა პარლამენტმა თავის პირველ სესიაზე მართლაც უყოყმანოდ გამოთქვა თავისი აზრი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, საქართველო მას ხელს არ მოაწერს არავითარი პირობით.
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტისადმი ჩემს განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამჟამად საქართველოს უზენაესი საბჭო უარს ამბობს განიხილოს და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ვინაიდან ახალ ეტაპზე რესპუბლიკა სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის გზაზე გარდამავალი პერიოდის მხოლოდ დასაწყისშია. ეს კი ახლანდელ უზენაეს საბჭოს უფლებას არ აძლევს რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი ვალდებულებანი იკისროს.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებს, როცა თავისი ბედ-იღბლის ნამდვილი პატრონი გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროებში და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი იქნება, მხოლოდ მაშინ მიანიჭებს ქართველი ხალხი რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს იმის უფლებას, რომ სხვა ქვეყნებთან რაიმე ხელშკრულებას მოაწეროს ხელი. ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას დაადგენს.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის რეაქციას საქართველოს პარლამენტისაგან რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი ორი ხელმძღვანელის დანიშვნაზე, რეაქცია კი ნეგატიური გახლდათ, აქაც ყველაფერი ნათელია. ორივე ეს უწყება ყოველთვის იმპერიის მთავარი ბერკეტი იყო. ახლა კი ორივე ნამდვილად ეროვნული გახდა და ცენტრს აღარ ექვემდებარება. ჩვენ გორბაჩოვს ვუპასუხეთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ეწინააღმდეგება არც ჩვენს და არც საკავშირო კონსტიტუციას, ამიტომ არ ვიზიარებთ მის თვალსაზრისს და ბრძოლას განვაგრძობთ.
შეგიძლიათ, თუ თქვენ გსურთ, ამას კონფლიქტი უწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ნათელია ერთი რამ: ცენტრი ვერ ურიგდება ჩვენს დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას და სისტემატიურად შეგვახსენებს თავის დიქტატს ხან ბრძანებებით, ხან განკარგულებებით, რომლებსაც ჩვენ არ ვასრულებთ.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ცენტრისადმი ურჩობის ნიშნად ნებისმიერ ჟამს განვახორციელოთ მთელ საქართველოში ეროვნული ურჩობა. ჩვენი ხელისუფლება შეურიგებელი ოპოზიციაა ცენტრის მიმართ. ეს არის ჩვენი გზა და მას არ გადავუხვევთ.
- მაშასადამე, ახლა საქართველოს სუკი აღარ ექვემდებარება საბჭოთა კავშირის სუკს?
- დიახ, მათი კავშირი დაირღვა. შეიძლება ითქვას გავიყარენით.
- მინდა კვლავ დავუბრუნდეთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საბჭოთა კავშირთან წყვეტს ყოველგვარ კავშირს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს?
- ეკონომიკურს - არა იმიტომ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა შესაძლებელია ყველა სახელმწიფოსთან. ჩვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, უზბეკეთთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთანაც - ყველასთან.
საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსები აქვს, ჩვენ შეგვიძლია სარფიანად ვივაჭროთ დაინტერესებულ მხარეებთან. საქართველოს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა დანარჩენი სამყაროსაგან რესპუბლიკის ხელოვნური იზოლაციის უშუალო შედეგია, იზოლაციისა, რომელშიც თავისი ნებით არ აღმოჩენილა. მაგრამ მწამს, რომ ახლა ვითარება შეიცვლება. ჩვენ მოვიპოვეთ ის თავისუფლება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებელი ეკონომიკა იქონიოს.
- დიახ, ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთელი ჩვენი ქვეყანა მოიცვა, საქართველოშიც აშკარაა. მე ვნახე გრძელი რიგები რძის პროდუქტებზე. თბილისის მაღაზიების ცარიელი დახლები, ბაზრის სიძვირე... მართალი გითხრათ, როგორ არ უხდება ყოველივე ეს ყოველთვის ხელგაშლილ, ბარაქიან, პურმარილიან თბილისს. შემთხვევით არ ვამბობ ამას. ხომ არ შიშობთ, რომ თუ ხელს არ მოაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება?..
- გაუარესება, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ბლოკადის ნიშნებიც კი არის მოსკოვის მხრიდან. ჩვენ ვცდილობთ კონტრღონისძიებებს მივმართოთ. ცოტ-ცოტა რაღაცას ვახერხებთ...
დღეს საქართველო მტკიცე უარს ამბობს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. რესპუბლიკის მთავრობა საგანგებო ღონისძიებებს ამუშავებს სურსათ-სანოვაგით, სათბობით, პირველი საჭიროების საქონლით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. არაფერი არ უთხრის ძირს ახალი ხელისუფლებისადმი ხალხის რწმენას ისე, როგორც მერყევი ეკონომიკური მდგომარეობა, მომარაგების შეფერხება, რძის, ხორცისა და სხვა გასტრონომიული კრიზისები. აქ არ ესმით და გულმოდგინედ მუშაობენ. ჯერჯერობით კი, როგორც იძულებითი ღონისძიება, საქართველოში თითქმის ორჯერ გაძვირდა თამბაქო, ჩაი, სამარკო კონიაკები... როგორც ჩანს, ეს ნუსხა საბოლოო არ უნდა იყოს.
- როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ახალ ხელმძღვნელობას საბჭოთა არმიასთან? როგორც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ პატრიკეევის ქართული ტელევიზიით გამოსვლიდან ჩანს, თქვენს რესპუბლიკაში არმია და ხალხი დაპირისპირებულნი არიან.
- ჩვენ ვცდილობთ, არ გავამწვავოთ არმიასთან ურთიერთობა. ვცდილობთ, საგანგებო წესების შემოღების საბაბი არ მივცეთ.
- და განა ეს შესაძლებელია რესპუბლიკის პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე?
- საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს შეუძლია რესპუბლიკებში საგანგებო წესები ისე შემოიღოს, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელობას არ შეუთანხმოს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენში აქამდე არ მივა საქმე.
- თქვენ გინდათ თქვენი ეროვნული არმია იყოლიოთ. თანაც იგი საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება, კადრებს კი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები მოამზადებენ. ასე ბრძანეთ თქვენ ინტერვიუში ერთ ამერიკელ ჟურნალისტთან, მაგრამ თუ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოდის, მაშინ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ადრე თუ გვიან თქვენთვის უცხოელები გახდებიან.
- ისინი ახლაც უცხოელები არიან.
- და მაინც, მოიწვევთ თუ არა მათ საკუთარი სამხედრო კადრების მოსამზადებლად?
- რატომაც არა? შევთავაზეთ კიდეც, და ისინიც ამაყობენ ამით. მაგრამ ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ მოხერხდება.
- შეიძლება საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდეს?
- ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის. შემდგომში არ ვიცი, ვნახოთ, რას იზამს ცენტრი, მაგრამ მაინცდამაინც არა მგონია...
- ბატონო ზვიად, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მონარქიზმის აღორძინება?
- შესაძლებელია კონსტიტუციური მონარქიზმი და არა აბსოლუტური მონარქია. კონსტიტუციური მონარქიის დროს მოქმედებს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ასე შემდეგ.
- მერედა, სტალინიზმი?
- არა.
- მაგრამ ხომ არის რესპუბლიკაში საზოგადოება „სტალინი“?
- მერე რა? საქართველომ ბოლომდე იგემა სტალინური რეჟიმის „მშვენიერებანი“ და ტოტალიტარიზმი ვეღარ დაბრუნდება. სტალინს რესპუბლიკაში არც ისე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც ზოგჯერ ამას პრესა ამტკიცებს. საზოგადოება „სტალინს“ რომელიც თქვენ მოიხსენიეთ, მონაწილეობაც კი არ მიუღია საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში - იგი გამორიცხეს იმ პარტიათა სიიდან, რომლებიც დაშვებულნი იყვნენ პარლამენტის მანდატებისათვის ბრძოლაში.
- როგორ გგონიათ, რატომ არის, რომ სუვერენიტეტგამოცხადებული რესპუბლიკების ბევრი დემოკრატიული ლიდერი, ახალ ორიენტაციაზე დამდგარი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები ჰუმანიტარული მეცნიერების წარმომადგენლები არიან?
- მოულოდნელი კითხვაა! თუმცა მე ამას ასე ავხსნიდი: საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მორალური მთლიანობა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ერთგულება ჰუმანიტარებმა შეინარჩუნეს. ხალხი მათ მეტად ენდობა, ავტორიტეტად მიაჩნია. ხალხს მოსწყინდა გამყიდველი სახელმწიფო კაცები, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ინდივიდუალობასაც და ზნეობრივ ძალასაც. მას მოსწყურდა თავისი ინტერესების რეალური დამცველნი და მათ ჰუმანიტართა წრეში პოულობს. შეიძლება ეს საწყენი იყოს ტექნოკრატებისათვის, მაგრამ ასეა.
- მოდით, ცოტა თქვენზეც ვილაპარაკოთ, ბევრი დეპეშა მიიღეთ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ?
- ბევრი.
- შევარდნაძემ თუ მოგილოცათ?
დიახ, მომილოცა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო მისი მოლოცვა.
- ამ ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ოპოზიციის ლიდერები, ხელისუფლების სათავეში რომ მოექცევიან, რამდენადმე ანელებენ თავიანთ მიტინგურ რადიკალიზმს. თქვენ როგორ მოიქცევით?
- მე მგონია, რომ ჩემი პოლიტიკის შეცვლა არაფრად არ მჭირდება. იგი ძველებური სულისკვეთებით გაგრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი გამკაცრდება კიდეც.
- რაო, სრულიად არ გაწუხებთ თქვენი პოლიტიკური იმიჯი? გულახდილად გეტყვით, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ამა თუ იმ ინტერვიუში თქვენ თითქოს განზრახ იხვეჭთ მკაცრი, შეურიგებელი პოლიტიკოსის სახელს?
- მე, უბრალოდ, ჩემი ხალხის ინტერესების ერთგული ვრჩები. მომიტევეთ ეს მაღალფარდოვანი სტილი... სიმკაცრე და სხვა ამგვარი დახასიათებანი კი, ზოგჯერ არცთუ საამო, რომლებსაც მე მომაწერენ, ჩემთვის სრულიად არაფერს არ ნიშნავს.
- თქვენ იმასაც გსაყვედურობენ, მეტისმეტი მკაცრიაო ჟურნალისტებთან?
- არა ყველასთან... პოლიტიკოსის ნათქვამის მცდარ განმარტებას, განსაკუთრებით ჩვენს დღეებში, შეიძლება მოულოდნელი, თვით კატასტროფული შედეგებიც კი მოჰყვეს. მდარე და უსინდისო ჟურნალისტიკას მეც გადავჩეხებივარ. რისკს აღარ ვაპირებ.
- თქვენ ქართულად გითარგმნიათ შექსპირი და დ.ს. ელიოტი. ალბათ, ახლა თქვენი საქმიანობის ეს მხარე დიდი ხნით შეწყდება?
- ძნელი სათქმელია. დუხჭირი დრო დაგვიდგა. გარიჟრაჟიდან ღამის პირველ საათამდე ვმუშაობთ. ამას წინათ ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლობისა და ნამდვილი სუვერენიტეტის გზაზე ყველაზე ძნელი, ალბათ, ახალი კანონების შემუშავება და თვით საკუთარი არმიის შექმნაც კი არ არის... ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს, ეს, ალბათ, უფრო ძნელია, ვიდრე მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხის გადაწყვეტა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, უამისოდ საერთოდ ვერ გადავწყვეტთ ვერც ერთ დიდ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ამოცანას.
- ბატონო ზვიად, კრიტიკოსები, ღვთის მადლით, გყოფნით. მაგრამ ვიცი, რომ თქვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო და არის მამათქვენი - კონსტანტინე გამსახურდია, დიდი მოაზროვნე და დიდი მწერალი. გულახდილად მიბრძანეთ, მოიწონებდა თქვენს შეხედულებებს და თქვენს ბრძოლას?
- დიახ. იგი ჩემი სულიერი მამაც იყო. მე მგონია ოდნავადაც არ დამირღვევია მამაჩემის მცნებანი. არაფრით არ შემილახავს მისი ხსოვნა. იგი მოიწონებდა ჩემს მოქმედებას.
თბილისი. „ოგონიოკი“. №9. 1991 წ. თებერვალი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№39 (59), გვ. 1-2; 27 თებერვალი,1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს
უკვე რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის ყოფილი ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე, ანუ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს, ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოს, სულიერი და მატერიალური კულტურის აკვანს წარმოადგენს, - მიმდინრე პროცესებს სსრკ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზღვარგარეთის მთელი რიგი სააგენტოები აშუქებენ, როგორც ეთნოკონფლიქტს, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკის ახალი მთავრობა ცდილობს ოს ხალხს ეროვნული ავტონომია წაართვას. სიცრუე და მონაგონი, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ტელევიზიის მიერ ფალსიფიცირებული ვიდეოინფორმაცია, მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალობას.
სინამდვილეში შიდა ქართლში მიმდინარეობს ცენტრის - საკავშირო მთავრობის გამოცხადებული ომი რესპუბლიკასთან, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს „განახლებული ფედერაციის“ შექმნაში და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
სწორედ ოს ბიუროკრატიაზე დაყრდნობით, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია 1922 წელს უკანონოდ შექმნილ ავტონომიურ ოლქში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“, ცდილობს დღეს ცენტრი ხელ-ფეხი შეუბორკოს 1921 წელს ძალით წართმეული სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მიმავალ ქართველ ხალხს.
ოსი მოიერიშეების მოქმედებაში ცენტრის აქტიური მონაწილეობა აშკარაა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში განლაგებული სსრკ შინაგანი სამინისტროს ჯარები ხელს უწყობენ მათ თავდასხმებს ქართულ მილიციასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოლო უახლესი ტიპის იარაღით, რაკეტებითაც კი, მოიერიშეები რეგიონში განლაგებული სამხედრო ნაწილიდან მარაგდებიან.
ოსი ექსტრემისტების, საჯარისო დანაყოფებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, განსაკუთრებით კი სსრკ ცენტრალური ტელევიზიის კოორდინირებული მოქმედება იმას მოწმობს, რომ საქართველოს რესპუბლიკას დილემის წინაშე აყენებენ - ან ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ანდა დაკარგოს შიდა ქართლისა და აფხაზეთის ოდითგან თავისი ტერიტორიები.
როგორც მდგომარეობა გვიჩვენებს, აფხაზეთში კვლავ იკვეთება ახალი კონფლიქტი, რამდენადაც ამ რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შეუტყობინებლად რამდენიმე ასეული მედესანტე გამოჩნდა. საქართველოს კრემლის მხრიდან ემუქრება მასობრივი სისხლიანი რეპრესიები, რომელთა პროპაგანდისტულ მომზადებას ემსახურება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ გაჩაღებული ზემოაღნიშნული ანტიქართული კამპანია.
ყველანაირად იჩქმალება ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას და, ამრიგად, საქართველოს ნაწილის „ოსეთად“ მონათვლას (მაშინ, როდესაც ნამდვილი ოსეთი საქართველოს გარეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს) არც ისტორიული, არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური პლაცდარმი რუსეთის კომპარტიისათვის, რომელიც მანამდე ოსებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა შიდა ქართლში.
გასაკვირი არ არის, რომ დღესაც ოსი კომუნისტი ტერორისტების ანტიქართული პუტჩი შიდა ქართლში მიმდინარეობს სკკპ იდეალებისადმი ერთგულებისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის პოლიტიკური ლოზუნგით.
ქართველი ხალხი მზად არის დაიცვას როგორც თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასევე ტერიტორიული მთლიანობა.
ცნობს რა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის - ეროვნული უმცირესობის უფლებას სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიაზე, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დაწესებული ნორმების ერთგული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მათ ჰქონდეთ ავტონომია ან სახელმწიფოებრიობის პრეტენზიის მქონე სხვა წარმონაქმნი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ უკვე წამოაყენა შიდა ქართლში კონფლიქტის მოსგვარებლად მთელი რიგი წინადადებანი. მათგან მთავარია სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება. ამან უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკების დაწყება შიდა ქართლში მცხოვრები ყველა პირის და, უწინარეს ყოვლისა, ოსი მოსახლეობის წარმომადგენელთა სრული უსაფრთხოების პირობებში, რომლებთანაც გაიმართება მოლაპარაკება შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის სტატუსის საბოლოო მოწესრიგებისათვის.
მიუხედავად ამისა, საბჭოთა არმიის მხარდაჭერით მოიერიშეების მოქმედება კვლავ გრძელდება და თან სულ უფრო ინტენსიური ხდება. ასეთ პირობებში კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის ახალი კერების შესაქმნელად მიღებული ზომები შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია.
შექმნილ ვითარებაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს მიმართავს შემდეგი მოწოდებით:
1. დაუყოვნებლივ შეიქმნას კომპეტენტური საერთაშორისო კომისია გაეროსა და ევროპარლამენტის ექსპერტების მონაწილეობით ადგილზე სინამდვილის შესასწავლად, რათა ფართო საზოგადოებრიობამ უტყუარი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
2. დახმარება გაუწიოს სქართველოს რესპუბლიკას ყველა იმ საშუალებით, რაც კი საერთაშორისო სამართლით არის გათვალისწინებული სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმის აგრესიისაგან დასაცავად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი 1991 წლის 28 თებერვალი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№42 (62), გვ. 1; 2 მარტი, 1991 წ.].
ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის თებერვლის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება გარდამავალ პერიოდში ადგილობრივ მმართველობაზე გადასვლის პირველი ეტაპის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს სსრ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის გაუქმებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან სოციალ-ეკონომიკური ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების კომიტეტის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან მუდმივი გაერთიანებული სამხედრო საბჭოს შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის გაწვევის წესის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს არჩევის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში მიწის ნაკვეთების გაცემის საფუძვლიანობის საკითხების შემსწავლელი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი კომისიის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე, სსრკ რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციისა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ სსრკ უმაღლესი საბჭოს დადგენილების თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის მთელი რიგი მართველობის ორგანოების შექმნისა და გარდაქმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს მსოფლიო ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს.
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, №2 [607], თბ. თებერვალი, 1991 წ.].
მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი
ჩვენი ხალხისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს, მთელ მსოფლიოს აღელვებს ქ. ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და ძალისხმევა ჩვენ ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ, ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
მეორე პრობლემა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხინვალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ, ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე.
ამჟამად, მთელ საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები - პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისაგან, შიმშილისაგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისაგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრეთვე, უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით. ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში. ეს საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა.
ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, პროტესტების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო. მოუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 4 მარტი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№44 (64), გვ. 1; 6 მარტი. 1991 წ.].
ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებს!
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში უსისხლო რევოლუცია მოხდა. 70-წლიანი მონობითა და გვემით გატანჯულმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და ზურგი შეაქცია იმპერიული პოლიტიკის გამტარებელ პარტიას, ამით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენი ერის ცხოვრებაში, წინ დიდი და ძნელი გზაა გასავლელი - ამ გზის სირთულეს ემატება შინაურ მტერთა მზაკვრობანიც. ამგვარი მტრობის გამოვლენაა 30 იანვრის სესიაზე ჩემი ზეპირი გამოსვლის ტექსტის გაყალბების მცდელობა. ამ და სხვა პროვოკაციული გამოხდომებით მოწინააღმდეგეებს სურთ სახელი გაუტეხონ ბლოკ - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველოს“, ეროვნულ პარლამენტს. აჭარის ძირძველი მოსახლეობისათვის არავის დაუბრალებია პანთურქიზმი და პანისლამიზმი, მაგრამ იმაზეც ნუ დავხუჭავთ თვალს, რომ მოქმედებს ერთი მუჭა პროვოკატორთა ჯგუფი, სწორედ ამ ლოზუნგებით, რომელსაც ყოველნაირად უნდა გადავუკეტოთ გზა.
ჩვენი ხალხი გონიერია და ამიტომ ვერც ერთი ამბიციური პოლიტიკანი თუ კარიერისტი ვერ შესძლებს საქართველოს რომელიმე კუთხის ამხედრებას საერთო ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ...
რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას აჭარაში: უახლოეს ხანში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები აჭარის მოსახლეობასთან. ჩვენთვის ნათელია, რომ აჭარამ განსაკუთრებით ბევრი ჭირ-ვარამი გადაიტანა და ახლა მაინც სათუთი მოპყრობა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდა პრეფექტების დანიშვნა. ჩვენ ისეთი კანდიდატურები შევარჩიეთ, რომელთათვისაც უპირველესია მშობლიური კუთხე, ერი, მთლიანად ჩვენი მამული.
ღრმად მწამს, რომ სრულიად საქართველოს ყველა კუთხე, აჭარა უპირველეს ყოვლისა, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში თავის ისტორიულ როლს შეასრულებს.
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 5 მარტი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№45 (65), გვ. 1; 7 მარტი, 1991 წ.].
ბალყარელ ხალხს
ძვირფასო დებო და ძმებო!
ბალყარელთა და ქართველთა ძმობას, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მრავალსაუკუნოვანი საამაყო ისტორია აქვს. წარმომავლობით და რელიგიურ სხვაობას ხელი ოდნავადაც არ შეუშლია ჩვენი ხალხების მეგობრობისათვის. წინაპართა წინდახედულობისა და სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია ბალყარელ და ქართველ მთიელთა შორის ძმადნაფიცობის მტკიცე და ურღვევი ტრადიციის შექმნა, რომელმაც ჩვენ დრომდეც მოაღწია. ეს ტრადიცია ხელს გვიწყობდა გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც. სწორედ ამიტომ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ბრძენი წინაპრებისა, უნდა გვახსოვდეს და პატივს მივაგებდეთ დიდი ბალყარელი პოეტის ყაისინ ყულიევისა და მის ქართველ ძმადნაფიცთა მეგობრობასაც, ჩვენი ორი ხალხის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა უანგარო ურთიერთობასაც. დღეს ცენტრის დიქტატის ქვეშ მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გააფთრებულ ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ყოველგვარი ხერხებით ცდილობენ ერთმანეთს გადაამტერონ კავკასიაში მცხოვრები ხალხები. საგანგებო ყურადღებას უთმობენ მეორე მსოფლიო ომის დროს რეპრესირებულ ხალხებს, რომელთაც შთააგონებენ, თითქოს მათი უბედურების დროს სტალინისა და ბერიას წყალობით ქართველ ხალხს არავითარი შევიწროება არ განეცადოს. თითქოს ქართველებს დეპორტირებულ ხალხთა ხარჯზე პირობებიც კი გაეუმჯობესებინოთ. ამგვარი „მტკიცების“ აბსურდულობა ნათელია ყველასათვის, ვინც იცის, რომ ქართველმა ხალხმა არაერთგზის გამოსცადა საკუთარ თვზე საბჭოთა წყობილების „ჰუმანურობა“. უამრავი ქართველი შეეწირა რეპრესიებს 1921-24 წლებში კოლექტივიზაციის დროს, 30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1949-51 წლებში, 1956 წელს, 1989 წლის 9 აპრილს. პროვოკაციები „ეთნოკონფლიქტების“ სახელწოდებით ამჟამადაც ეწყობა ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში, რასაც უკვე შეეწირა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს „ქართველებთან“ ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ. ამიტომ ქართველი ხალხისთვის გასაგები და ძალზე მტკივნეულია ბალყარეთის ხალხის ღრმა მწუხარება იმ ადამიანთა უაზრო განადგურების გამო, რომელთა მთელი „დანაშაული“ ის იყო, რომ ისინი ბალყარელები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიას ძნელად თუ ახსოვს იმგვარი სიმხეცე, ბოროტება და გენოციდი, როგორიც 1944 წლის 8 მარტს დაატყდა თავს თქვენს გამრჯე და მშვიდობისმოყვარე ხალხს.
ნებისმიერ პატიოსან კაცს შესძრავს ის ცინიზმი, რომელიც თუნდაც რეპრესიის მოწყობის დღეთა დანიშვნისას შეინიშნებოდა: 1943 წლის 7 ნოემბერს „დიდი“ ოქტომბრის დღესასწაულის დღეს, სამშობლოდან მასობრივად გაასახლეს ყარაჩელი ხალხი; 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღეს მამა-პაპათა მიწები უკვე ჩეჩნებსა და ინგუშებს დაატოვებინეს, ხოლო იმავე 1944 წლის 8 მარტს ქალთა დღეს, ყველა ბალყარელ ქალს, მთელ ხალხთან ერთად სისხლის ცრემლები ადინეს და ისე მიატოვებინეს საყვარელი მამული. კაცთმოძულეობისა და შემზარავი ცინიზმის აღიარება იყო ბალყარეთის შესახებ დაწერილი პატაკები, რომლებშიც პარტიასა და ხელისუფლებას მოახსენებდნენ, რომ გასახლების წინ მიღებულ იქნა ზომები, რათა საგრძნობლად შემცირებულიყო ეშელონების რაოდენობა. რა ზომებზეც იყო აქ საუბარი, ეს ბალყარელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის (ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს - ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მოხუცებს, სნეულებს, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს...). გენოციდის ამ შემზარავი აქციების მომწყობნი და უშუალო შემსრულებლები დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოვეს სხვადასხვა ხარისხის ჩინ-მედლებით.
ძვირფასო ბალყარელო დებო და ძმებო!
მთელი ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით იხრის ქედს 1944 წლის 18 მარტს უდანაშაულოდ დახოცილი ბალყარელების ხსოვნის წინაშე. დაე მთელ მსოფლიოში ნურასოდეს ნუ განმეორებულიყოს ეს ტრაგედია, რომელიც თქვენმა მშრომელმა, მშვიდობისა და თვისუფლების მოყვარე ხალხმა განიცადა.
მარადიული იყოს დაღუპულთა ხსოვნა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№45 (65), გვ. 1; 7 მარტი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს
საღამო მშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო!
მინდა გესაუბროთ ჩვენთვის ყველაზე არსებით და საჭირბოროტო პრობლემებზე ჩვენს საზოგადოებას რომ აწუხებს. მინდა იცოდეთ ჩვენი პოზიცია, ხელისუფალთა პოზიცია თითოეულ საკითხში. ახლოვდება რეფერენდუმი, რომელიც გამოხატავს რესპუბლიკის მცხოვრებთა თვალსაზრისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. ჩვენ ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრი, განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია - გვსურს თუ არა სამშობლოს დამოუკიდებლობა. და ეს უნდა თქვას არა მარტო ქართველმა ხალხმა, არამედ ჩვენი ქვეყნის არაქართველმა მოსახლეობამაც.
ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი პრინციპული პოზიცია სამოკავშირეო ხელშეკრულების მიმართ სულ უფრო მეტად აწუხებს კრემლს. იგი ყოველნაირად ცდილობს სახელი გაუტეხოს ჩვენ ხელისუფლებას აქაც და საზღვარგარეთაც, რისთვისაც ყალბ ინფორმაციას აგროვებს, კამპანიას ეწევა საბჭოთა პრესაში. ამას სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჩვენი ე.წ. ოპოზიციაც, იმპერიის ძალებთან შეხმატკბილებულად რომ მოქმედებს, რომლებიც ასევე ცდილობენ ჩვენთვის სახელის გატეხვას. მათ ერთი მიზანი აქვთ: დააბრკოლონ ჩვენი მისწრაფება დამოუკიდებლობისათვის. შემდგომში კი დაადამბლაონ ჩვენი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
მოსკოვის ხელში უმნიშვნელოვანესი იარაღია - ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადეს, ენერგეტიკული ბლოკადა, რომელზეც, სხვათა შორის არაფერს ამბობს ე.წ. ოპოზიცია. როცა მთავრობას აკრიტიკებს. როცა ეკონომიკური პირობების გაუარესებაზე ლაპარაკობს, არავინ არ იხსენებს მოსკოვს, რომელიც ყველა ჩვენი უბედურების მთავარი მიზეზია. ცენტრმა პირველი დღეებიდანვე გამოგვიცხადა ეკონომიკური ბლოკადა, შეგვიმცირა გაზის მოწოდება და ელემენტარული უზრუნველყოფა, მაქსიმალურად შეგვიმცირა სურსათ-სანოვაგით მომარაგება. ეს პირდაპირ განაცხადა სსრკ პრემიერ-მინისტრმა პავლოვმა და საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შეკვეთა უნდა მოისპოსო.
აი, ამას არსად არ ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, ჩვენს წინააღმდეგ როცა გამოდის. ჰოდა ვფიქრობ, თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ, ეს ოპოზიცია კი არა, მოსკოვის აგენტურაა საქართველოში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ ოპოზიციის დისკუსიების აზრთა დაპირისპირების წინააღმდეგი ვიყოთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია ოპოზიცია, მაგრამ იქ კონსტრუქციულ მიზნებს ისახავს, იქ იდეათა ბრძოლაა, შეხედულებათა დაპირისპირება, მაგრამ არა ღალატი, არა ქვეყნის ინტერესებისათვის დაბრკოლებათა შექმნა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს უქმნის მტრების ხრიკებს, ასე, რომ ჩვენს კურსს, ვთქვათ სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ყველა ეს კონფლიქტი მოსკოვის ინსპირირებულია და მთელი ტაქტიკა გამიზნულად არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ, რათა საქართველოს ხელი მოაწერინონ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ავიღოთ, მაგალითად, სამაჩაბლოს სიტუაცია. ე.წ. ოპოზიცია გვარწმუნებს, თითქოს სამაჩაბლოს ამბები ჩვენს სინდისზე იყოს. ეს იგივეა, რომ ვილნიუსის ამბები ლანდსბერგისს დააბრალო და არა კრემლს, რომელმაც ლიტვაში ტანკები გაგზავნა.
სამაჩაბლოში ოს ექსტრემისტებს სამხედროები ეხმარებიან, უახლოესი ტექნიკით ამარაგებენ და ჩვენი მილიცია ვერ უმკლავდება მათ. ყოველივე ამას კი ე.წ. ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებს, თუმცა ნებისმიერი მოაზროვნე და მიუკერძოებელი კაცისათვის ნათელია, რომ კრემლმა ამ ტერიტორიაზე ომი გააჩაღა - ომი საქართველოს წინააღმდეგ.
ჩვენვე გვაბრალებებნ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ვ.არძინბას დანიშვნას, რომელიც აფხაზეთში კრემლის პოლიტიკას ანხორციელებს. სინამდვილეში კი როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის კონსტიტუცია ისეა აგებული, რომ საქართველოს უზენაეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს არავითარი უფლება არა აქვთ ჩაერიონ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აჩევნებში, მით უმეტეს, მისი თავმჯდომარის არჩევნებში. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მთლიანად აფხაზეთის უზენაეს საბჭოზეა დამოკიდებული. ჩვენს უზენაეს საბჭოს კი არც ვეტოს უფლება აქვს, არც თავისი აზრის გამოთქმისა. ეს განზრახ არის გაკეთებული. რაღა თქმა უნდა, კონსტიტუციის რეფორმა, რომელიც განზრახული გვაქვს, გაითვალისწინებს და მომავალში გაასწორებს ამ შეუსაბამობას. ასე, რომ არძინბას დანიშვნასთან საქართველოს უზენაეს საბჭოს არავითარი დამოკიდებულება არა აქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას პროტესეტი არ გამოუთქვამს არძინბას დანიშვნის გამო, რადგან იმის საფრთხეც იყო, რომ მის ნაცვლად ოზგანი დაენიშნათ, ეს კიდევ უარესი კანდიდატურა იქნებოდა. არც ამაზე ამბობს რაიმეს ოპოზიცია, რომელიც ჩვენზე ათასგვარ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ავრცელებს, რასაც ცხადია, მაშინვე აიტაცებენ ხოლმე კრემლის იმპერიული ძალები. ამ საკითხზე დოკუმენტურ არგუმენტაციას გაგაცნობთ.
საკმარისია ითქვას, რომ ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ქურდისა და რეციდივისტის იოსელიანის გულისთვის საკავშირო „შავრაზმული“ პრესა ფარისევლურად განგაშს ტეხს, მას გამოჩენილ პიროვნებად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად აცხადებს და პროტესტს გამოთქვამს მისი დაპატიმრების გამო. ბედად, მასალები, რომლებიც ხელს გვაქვს, მალე ყველას დაანახვებს, რისთვის დააპატიმრეს იოსელიანი. ყველამ იცის, რომ თბილისის უნივერსიტეტთან გამართულ მიტინგზე იოსელიანი გამოვიდა და საჯაროდ მოუწოდა თავმოყრილთ თავს დასხმოდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს, ხელთ ეგდოთ და აეფეთქებინათ ყველაფერი. ეს მოსკოვის დაპროგრამებული იყო, რათა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება მოეხდინათ, შემდეგ კი მასობრივად გასწორებოდნენ საქართველოს. სწორედ ამ ძალების წაქეზებით მოქმედებდნენ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებსაც ჩვენი ღრმა რწმენით, სულ მალე მოჰკითხავს საქართველო და ქართველი ხალხი.
დიდი აურზაური ატყდა პრეფექტების ინსტიტუტის დამტკიცების გამოც. უნდა მოგახსენოთ, რომ მოსახლეობა პრეფექტურის ინსტიტუტის, როგორც ასეთის, წინააღმდეგი არ არის. აქა-იქ პროტესტს გამოთქვამენ ამა თუ იმ კანდიდატის გამო, მაგრამ ხალხს ვუხსნით, რომ პრეფექტის დანიშვნისას მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ვითვალისწინებთ. ყველგან ეწყობა მცხოვრებთა გამოკითხვა პრეფექტების კანდიდატურათა გამო. იქმნება კომისიები, და თუ პრეფექტების მუშაობა არ დააკმაყოფილებს მოსახლეობას, მათ შეცვლიან. პრეფექტი, მინისტრი გამოსაცდელი ვადით ინიშნება. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, თუ გამოსაცდელ პერიოდში იგი არ გაამართლებს ჩვენს ნდობას, ხალხის ნდობას, ცხადია, შევცვლით. ამიტომ ყველას ვთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ ატეხენ ამა თუ იმ პიროვნების გამო. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა, და თუ მაკომპრომეტირებელი ფაქტები გამოვლინდა, გავითვალისწინებთ და ხალხის ნების შესაბამისად ვიმოქმედებთ. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ერთი არგუმენტის გამოც. ჩვენ გვაბრალებენ, რომ არ ვშლით კოლმეურნეობებს და დაუყოვნებლივ არ ვურიგებთ მოსახლეობას მიწებს. ასეთი განცხადებანი ელემენტარული კრიტიკული სიბეცეა, უვიცობაა. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჯერ საჭიროა მოქალაქეობის კანონი, რომელსაც ინტენსიურად ვამუშავებთ. მოქალაქეობის კანონის მიღებისთნავე მიწების განაწილებაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობა. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს, მაგრამ ჩვენი რეფერენდუმი უშუალოდ არის დაკავშირებული მიწის საკუთრების, მოქალაქეობის საკითხებთან. მან უნდა განსაზღვროს, ვინ შეიძლება იყოს საქართველოს კანონიერი მოქალაქე. რეფერენდუმი გამოავლენს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს, არამედ იმათაც, ვინც საქართველოს მოქალაქეობის ღირსია. ვთქვათ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ხმა არ მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. განა სწორი იქნება, კაცს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ სურს, საქართველოს მოქალაქეობა მივართვათ და საკუთრებაში გადავცეთ ქართული მიწა? ისე, რომ რეფერენდუმი ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობის ლოიალობის, საქართველოსადმი კეთილგანწყობილების, საქართველოს ჭეშმარიტი მომხრეების გამოვლინების შემოწმებაცაა. მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ იქნება საქართველოს მოქალაქე და ვის მიეცემა ქართული მიწა, ჩვენი მამა-პაპების მიწა საკუთრებაში. რეფერენდუმი, მეგობრებო, მარტო ქართველებს კი არა, რესპუბლიკაში საუკუნეებით მოსახლე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებსაც სჭირდებათ. ისინი, ვინც ჩვენთან ერთად დაადგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გზას, მოქალაქეობას მიიღებენ. ცხადია, თუ შეასრულებენ იმ ელემენტარულ პირობებს, რომლებსაც ჩვენ წავუყენებთ. ისე, რომ რეფერენდუმამდე ნურავინ ნუ იფიქრებს საქართველოს მოქალაქეობის სტატუსზე, ქართული მიწის ხელში ჩაგდებაზე. ასეთია ჩვენი პოზიცია. საქართველოს მტრები, ჩვენი რესპუბლიკის მტრები, რომლებიც უარყოფენ საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელსაც სურთ საქართველო უქართველებოდ იხილონ, ვერც მოქალაქეობას ვერ მიიღებენ და ვერც მიწას.
ასეთია ჩვენი პოზიცია, ე.წ. ოპოზიცია კი ყოველივე ამას განზრახ „ივიწყებს“ და გვისაყვედურებს, რატომ მიწას არ ანაწილებთ, რატომ კოლმეურნეობებს არ შლითო. სიცრუეა, მეგობრებო! მუშავდება მიწის კოდექსი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ მიწების მოსახლეობისათვის გადაცემის პირობები. დრო უნდა, როგორც კოდექსის მეცნიერულ და იურიდიულ დამუშავებას, ისე მოქალაქეობის კანონის მომზადებასაც. ასე, რომ ყოველივე მომავლის საქმეა, მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა რეფერენდუმისათვის მზადება. მისთის უნდა მოვამზადოთ უწინარესად მთელი არაქართული მოსახლეობა. მე მგონია, ქართველ მოსახლეობასთან ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება. არა მგონია, თუნდაც ერთი ქართველი იყოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენა არ სურდეს 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე. მინდა რესპუბლიკის მცხოვრებთ შევახსენო, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ყველა ერის წარმომადგენლები. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის ფენომენი. აქ არასოდეს არ დარღვეულა არაქართველი მოსახლეობის უფლებები. კვლავაც ასე იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი მისცემენ ხმას დამოუკიდებლობას, პატივს სცემენ ქართულ ენას, პატივს სცემენ საქართველოს და სამართლს, არ დაარღვევენ კანონებს და არ ჩაიდენენ დანაშაულს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. აი, ასეთია ჩვენი პოზიცია, მეგობრებო! მინდა ყველანი მოემზადოთ მომავალი რეფერენდუმისათვის, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს ემთხვევა.
მუნიციპალურ არჩევნებში საკრებულოებს ავირჩევთ. საკრებულო იქნება ყოველ რაიონში, ყოველ სოფელში, და მათში უნდა ავირჩიოთ ისინი, ვინც მოსახლეობის ინტერესებისათვის ზრუნვას იკისრებს, ვისაც პატივს სცემენ და მხარს უჭერენ მასები. არ შეიძლება საკრებულოებში უღირსი ადამიანების არჩევა. ეს პირველი მოთხოვნაა. საკრებულოს არჩევნებიც ისეთივე აღმავლობით უნდა ჩავატაროთ, როგორც 28 ოქტომბრის არჩევნები. საკრებულოს უდიდესი უფლებებიც ექნება. სრულიად უმართებულოა ლაპარაკი მარტოოდენ პრეფექტის უფლებებზე, საკრებულოებსაც ყველა უფლება ექნება. იგი მაკონტროლებელი ორგანო იქნება. საკრებულოებს ყოველგვარი უფლებამოსილება ექნებათ და, თუ, ვთქვათ, დანიშნული პრეფექტი ვერ გაამართლებს ნდობას, საკრებულო აღძრავს პრეფექტის შეცვლის საკითხს. თავის მხრივ პრეფექტსაც ექნება საკრებულოს კონტროლის უფლება, ანუ შეიქმნება ურთიერთმაკონტროლებელი სისტემა. რაიონში ჩვენი პოლიტიკის გატარებას ისინი ერთმანეთს შეუთანხმებენ.
აი, ასეთია ჩვენი პოზიცია ამ საკითხში. ერთხელ კიდევ მინდა ვუსურვი რესპუბლიკის მცხოვრებთ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, დიდი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი შეგნებით, დიდი პასუხისლგებლობით მივცემთ ხმას მომავალ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№47 (67), გვ. 1; 9 მარტი, 1991 წ.].
ინტერვიუ
„ნეზავისიმაია გაზეტას“ სპეციალურმა კორესპონდენტმა ანდრეი კარაულოვმა 5 მარტს თბილისში ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას
- რამდენად გცალიათ ჩემთვის?
- მე მგონია, თხუთმეტიოდე წუთს.
- უზენაესი საბჭოს პრესცენტრში ტელევიზორი დგას. სანამ თქვენ გეახლებოდით ჩვენ - მე და ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის მორიგი გამოშვება ვნახეთ. ოსეთით დაიწყეს. არა მარტო გვიამბეს, გვიჩვენეს კიდეც - მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდება აქ. რას ფიქრობთ ხოლმე როცა ეკრანზე ასეთ სიუჟეტებს ხედავთ? რას გრძნობს ასეთ წუთებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე?
- იცით რა, საქართველოს წინააღმდეგ ომია გაჩაღებული, ნამდვილი ომი ყველა თვალსაზრისით. ომი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აშკარა ომი ანუ შეიარაღებული თავდასხმა. შემდეგ: ომი, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ნამდვილი საინფორმაციო ბლოკადაა. ტელევიზია, რადიო, და მოსკოვში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მხოლოდ ისე ლაპარაკობს, როგორც კრემლს სურს. მეორე ბლოკადაა ენერგეტიკული, გაზი, ელექტრობა, სასურსათო მომარაგება. ანუ როგორც ხედავთ, ყოველგვარი საშუალებებით გვეომებიან. ჰოდა, რაკი ომია, რაღა უნდა გვიკვირდეს? მით უმეტეს, თუ ასეთი ბარბაროსული იმპერია გვეომება. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსური კონფლიქტი - ეს მოსკოვის სადამსჯელო ოპერაციაა. მე ვუთხარი გორბაჩოვს, აშკარად ვგრძნობთ, რომ ცხინვალში ყველაფერი ბალტიისპირელი სცენარით ვითარდება, ოღონდ საქართველოში ინტერფრონტი არ არის. აქ იგი წარმატებით შეცვალეს ოსი ექსტრემისტებით. საბჭოთა არმიის რეგულარული ნაწილები მათ იარაღით ამარაგებენ და ყოველნაირად ეხმარებიან. ისინი აქ ქირაობენ, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერებს, რაკეტებს, უახლეს ტექნიკას, ყოველგვარ საჭურველს, აძლევენ ყველაფერს, რაც გნებავთ. ჰოდა, ისინიც ომობენ. რა უნდა მოსკოვს? საქართველოში თავისუფალი არჩევნები გაიმართა, კომუნისტური წყობილება დაემხო და ხელისუფლება შეიცვალა. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო. სწორედ მის წინააღმდეგ ომობენ. რა მიზანი აქვს ცენტრს? უწინარეს ყოვლისა ის, რომ სამაჩაბლო მოსწყვიტონ საქართველოს.
ჯერ წინადადება მოგვცეს სამ დღეში საგანგებო წესები შემოგვეღო აქ. ეს ჩვენ მიუღებლად ჩავთვალეთ. ახლა, როგორც ჩანს, მალე გამოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც თვითონ შემოიღებს ამ საგანგებო წესებს როგორც ეს ყარაბაღში იყო და სამაჩაბლოს გამოაცალკევებს საქართველოსაგან. ესე იგი, ულტიმატუმი წამოგვიყენეს. მე პირადად გორბაჩოვმა წამომიყენა ეს ულტიმატუმი მართალია ზეპირი, მაგრამ მაინც ულტიმატუმია. ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას, თორემ ის რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, უარეს ფორმებში გაგრძელდებაო. აი ასე მოკლედ და ნათლად.
- თქვენ რა უპასუხეთ.
- რასაც ვფიქრობდი. რაც მაგას არ გამოუვა და ეს ქართველი ერის პოზიციაა.
- მაგრამ თუ ასე განაგრძეს, ომი იქნება.
- იქნება, რა თქმა უნდა. იქნება სანამ იმპერია არსებობს, ყველანი ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.
- მერედა, სად არის გამოსავალი, ბატონო ზვიად?
- მსოფლიოსთვის არის გამოსავალი? კაცობრიობისათვის? თუ არის მაშასადამე ჩვენთვისაც იქნება. ერთადერთი გამოსავალია თავი დავაღწიოთ ამ იმპერიას, მეტი არაფერი.
- ლანდსბერგისთან თუ გილაპარაკიათ?
- ველაპარაკე მაგრამ რას გვიშველის?! თვითონაც ამ დღეშია.
- ელცინთან?
- არც იმას აყრია კარგი დღე. უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც ჩაიშალა.
- მაშასადამე, თქვენი აზრით, კატასტროფული ვითარებაა?
- ძალიან მძიმე, ძალიან. ახლა საქართველოში მიღებულია კანონი გარდამავალ პერიოდზე. ასეთი პერიოდი აუცილებელია და, მაინც არ დავყოვნდებით. ახალ პოლიტიკურ სტრუქტურებს დავამტკიცებთ. რაიონებში პრეფექტებს დავნიშნავთ, რეფორმებს განვახორციელებთ, მივიღებთ კანონებს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის, საკუთრების, მიწის, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის, ეროვნული გვარდიის შესახებ და ბევრ სხვას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე და გვწამს მისი.
- ხალხი მხარს გიჭერთ?
- დიახ. სხვაგვარად როგორ იქნება? განა ხალხი ვერ ხედავს თუ რა ხდება? ვერ ხედავს საქართველოს ოს ექსტრემისტებთან ერთად როგორ ებრძვიან საბჭოთა არმიის ნაწილები? ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს. როგორ უგზავნიან იარაღს, როგორ აძლევენ რაკეტებს.
- ცხინვალში ელექტრობა არ არის. ქალაქის სამშობიარო სახლში მინუს ექვსია, განა ეს შეიძლება ბატონო ზვიად?
- ენერგეტიკოსებმა ცხინვალს გაფიცვა გამოუცხადეს. რატომ? იმიტომ, რომ ქალაქში არის ქარხნები, სადაც ექსტრემისტებს იარაღს უმზადებენ. როგორ შეგვიძლია გაფიცვა ავკრძალოთ? მაგრამ კიდევაც რომ მოგვეთხოვა, კიდევაც რომ შეგვეძლოს ელექტროენერგიის ჩართვა ცხინვალის მოსახლეობა ისეა აბობოქრებული - რომ სულ ერთია გამორთავს. მაგრამ როგორც კი ოსი ექსტრემისტები შეწყვეტენ აშკარა ბანდიტიზმს, განიარაღდებიან, ცხოვრება სწრაფად ჩადგება თავის ჩვეულებრივ კალაპოტში, გარწმუნებთ.
- მაშასადამე, მოსკოვიდან დიალოგის საშუალებანი ამოიწურა?
- რაღა თქმა უნდა, ამოიწურა. გორბაჩოვი ერთადერთ ულტიმატუმს გვთავაზობს - ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას. არ მოაწერთ და ვაი თქვენიო. აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს.
- რა აზრისა ხართ შევარდნაძის გადადგომაზე?
- ეს კრემლის ნაბიჯი იყო. როგორც ყოველთვის შენიღბული და ძალზე ეშმაკური იმ მიზნით, რომ შევარდნაძე დემოკრატიისათვის წამებულად წარმოედგინათ. იგი და გორბაჩოვი. ესაოდა ასეთი ნაბიჯი რეაქციულმა ძალებმა გადაადგმევინესო. ჰოდა, გაუკეთეს ასეთი „იმიჯი“ ორივეს. სინამდვილეში კი, მე მგონია, ყოველივე ეს კრემლს იმისათვის სჭირდებოდა, რომ ერთი მხრივ დაეშოშმინებინა სამხედრო და რეაქციული ძალები, მეორე მხრივ კი ისევ და ისევ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისათვის დაებრალებინა ყველა შეცდომა და მარცხი საგარეო პოლიტიკაში. ეს თამაშია.
- კეთილი. თქვენ როგორ გგონიათ, შევარდნაძე როდისმე დაბრუნდება საქართველოში?
- არა მგონია.
- აქ რამდენადმე იგრძნობა მისი გავლენა?
- ნულოვანი.
- როგორ სიტუაციაშია კომპარტია?
- პრაქტიკულად აღარ არსებობს. ხალხი მხარს არ უჭერს. ზუსტად ასე შეიძლება ითქვას: იგი აღარ არსებობს.
- მაშ რატომ აღარ იძლევა პარტია თავის შენობას? როგორ გგონიათ, კარგად გაიგეს ის რაც მოხდა? თუ მაინც რაღაცის იმედი აქვთ?
- ძნელი სათქმელია. ალბათ იმედი აქვთ. რაც შეეხება შენობას ეს მოსკოვის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ამბავია. ასეთი საკითხი უკვე დამდგარა, თანაც - არაერთხელ. კომუნისტები გვეუბნებიან ხალისით მოგცემდით შენობას, მაგრამ სსრკ იმუქრებაო, ეს სახლი თავისად მიაჩნიაო. შენობა კი ძალზე სჭირდება მინისტრთა საბჭოს ნორმალური მუშაობისათვის. ხედავთ რა ხდება: მოსკოვს ვერ გაუბედია, მოსკოვს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიაროს: საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აღარ არსებობს, რომ იგი პოლიტიკური გვამია, თუმცა ჩვენდამი დაპირისპირებას მაინც არ იშლიან. ყველაზე არ ვამბობ. მათ შორის სხვადასხვაგვარი ადამიანები არიან. არიან მეცნიერები, აკადემიკოსები. აბა, ამათ რა ეკომუნისტებათ? ფორმალურად კომუნისტობენ. ამ პარტიაში იმიტომ შევიდნენ, რომ იძულებული გახდნენ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ინტელიგენციასთან?
- ინტელიგენციასთან კარგი, ინტელიგენცია პარლამენტშია, მის უმრავლესობას შეადგენს. მაგრამ არიან ზოგ-ზოგი ინტელიგენტები პოლიტიკურ სარბიელზე ხელმოცარულნი ახლა გაბოროტებულნი არიან ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ იცავენ „მხედრიონის“ კრიმინალებს. აი, მაგათთან კი არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. „მხედრიონის“ ბანდები აქ, საქართველოში, პირდაპირ ეხმარებოდნენ კრემლს. შავნაბადას ინციდენტი სხვა არა არის რა, თუ არა, ვითომდა, შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება. სცენარი მოსკოვში დაიწერა და „მხედრიონის“ ხელმძღვანელობა, იგივე ჯაბა იოსელიანი რომ არ დაგვეპატიმრებინა საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო საგანგებო წესები. აი ეს არის ცენტრის მიზანი.
- თქვენს უკანასკნელ პრესკონფერენციაზე გვაგრძნობინეთ, რომ გამორიცხულად არ მიგაჩნიათ დააპატიმრონ გიორგი ჭანტურია. ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული კონგრესისა - პარლამენტგარეშე ოპოზიციისა, რომელშიც რამდენადაც ვიცი, ორმოცამდე პარტიაა გაერთიანებული. ამის პასუხად დასავლეთში წერენ, რომ საქართველოში თქვენი გამარჯვების შემდეგ პირადი ძალაუფლების რეჟიმი მყარდება -ახლადმოვლენილი დიქტატორიაო. თუ იცით რამე ამ პუბლიკაციებზე?
- ყოველივე ეს კრემლის ჭორებია. აი ასე ვიტყოდი და კიდევ კრემლის პროპაგანდა. მათი აგენტები გვყავს საქართველოში.
- როგორ უყურებთ ამას?
როგორ უნდა ვუყურებდეთ? როგორც მტრის ხრიკებს. კრემლს საქართველოში ძალზე ბევრი აგენტი ჰყავს. ძალზე ბევრი არიან აქედან, თბილისიდან გაქცეული მოსკოველი ქართველებიც. საქართველოს მოღალატეები. აი მაგათი ნახელავია ეგ. მათ კი ხელს უწყობენ შევარდნაძე, მგელაძე, ფოფხაძე და სხვა პარტიული ფუნქციონერები - ყოფილნი და ამჟამინდელი.
- თქვენ როგორ ურიგდებით ამ „აგენტების“ თქვენთან ყოფნას?
- ვურიგდებით? არავითარ შემთხვევაში. ყოველ ნაბიჯზე ვამხელთ.
- თუ გაქვთ ამ მხილებათა კონკრეტული მაგალითები?
- მე მგონია ჩვენში ზოგ-ზოგები სამართალში მიეცემიან ცილისწამებისათვის. ცილისწამება პოლიტიკური დანაშაული არ არის, არამედ სისხლის. მართლებრივია, თუ მე ვიტყვი, რომ თქვენ კაცი მოკალით და ამას გაზეთში დავბეჭდავ. თქვენ შეგიძლიათ სასამართლოში მიჩივლოთ. ჰოდა, ჩვენ ვუჩივლებთ სასამართლოში - ზოგიერთებს. და იცით რატომ? აი, ბეჭდავენ თითქოს ჩვენ მღვდელი მოგვეკლას. არ კი ასახელებენ ვინ, რომელი მღვდელი მოვკალით. როგორ გგონიათ, ამისათვის სასამართლოში არ უნდა მივცეთ? რაც შეეხება ჭანტურიას, მისი მოქმედება არ ჰგავს პოლიტიკოსისას და ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ. ჭანტურიას პარტია „მხედრიონის“ ბანდებს შეეზარდა. მისი პარტია თავით ფეხებამდე შეიარაღებულია. მისი წევრები უკვე დაპატიმრებული არიან ქურდობისათვის, ყაჩაღობისათვის, ავტომობილების გატაცებისათვის. ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ მოღვაწეებს ვერ ვუწოდებთ. მაშ როგორ? აქ პოლიტიკით ნიღბავენ სისხლის სამართლის დანაშულს. მოვა დრო და დავამტკიცებთ, რომ მათი „ეროვნული კონგრესის“ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო - და დავამტკიცებთ დოკუმენტურად რეფერენდუმით. სახალხო რეფერენდუმს მოვაწყობთ და შევიტყობთ მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა არჩევნებში. მაშინ ყველანი მიხვდებიან, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი იყო. რაც შეეხება „მხედრიონს“, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეურიგდება შეიარაღებულ ფორმირებათა საქმიანობას, რომლებიც მთავრობას არ ემორჩილებიან. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ეს შესაძლებელი იყოს. მით უმეტეს ბანდიტური დაჯგუფებებისა, რომლებიც პირდაპირ თავზარს სცემენ მოსახლეობას. ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, იძულებითი ღონისძიებაა. მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის.
თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ. ოთხჯერ ვიყავი პატიმრობაში. ჩემთვის ადვილი როდია კაცის დაპატიმრება. ვიცი რა არის სატუსაღო და რეპრესიები, მაგრამ მთელი ხალხი ფეხზე დადგა და გვაიძულა, დიახ გვაიძულა, საქართველოში წესრიგი დაგვემყარებინა.
- მე კი აი რას ვფიქრობ, ბატონო ზვიად, რატომღაც მგონია, რომ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებასთან ერთად შეიძლება გადახრა მოხდეს მეორე მხარეს. აი, სტურუაც არ დგამს თბილისში „სამ დას“, არამედ ინგლისში მიდის.
- ეს მისი ჭირვეულობაა. სტურუას სურს დასავლეთი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყოს. თორემ ჩვენში ყველა პირობაა, ყველა. ჩეხოვისთვისაც და კიდევ ვისთვისაც გნებავთ. ვინ არის ჩვენში რუსული კულტურისა და რუსული ლიტერატურის წინააღმდეგი? ჩვენში რუსული არმიის, რუსული ბლოკადის წინააღმდეგი არიან. დიახ, მე არაფერი მაქვს ჩეხოვის საწინააღმდეგო.
- როცა საქართველოს მიმართეთ მესხეთელი თურქების საკითზე, თქვენ ბრძანეთ, „არ დავუშვებთ არც ერთი ეთნიკური თურქის ჩამოსახლებას“ და კიდევაც ვიბრძოლებო ამ ადამიანების თურქეთში რეპატრიაციისათვის, ამავე დროს პარლამენტის ტრიბუნიდან დღენიადაგ ამბობთ, საქართველოსათვის უცხოაო ეთნიკური სიძულვილი. როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი რამ?
- არა, საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებულები (და სხვა არაქართველებიც) ძალზე ხშირად ფრიად აგრესიულად იქცევიან მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მიმართ. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფის პირდაპირი ცდებიც კი არის, საკუთარ მიწა-წყალზე მკვიდრი ქართული მოსახლეობის შევიწროება ნებისმიერი საერთაშორისო ნორმით დანაშულია. განა მოსათმენია, ქართული მიწების მიტაცება, უნებართვო მშენებლობა? არ არის რომ საქართველოში ქართველებს უკანონოდ უნგრევენ სახლებს? განა ეს შესაწყნარებელია? ასევე ჩვენ არ გვსურს უკონტროლოდ შემოვუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე მრავალი ათასი უცხო მოქალაქე. ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იზამს. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს მოქალაქეობის კანონი. საქართველოში ჯერჯერობით ასეთი კანონი არ არის. მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 35 პროცენტი ისედაც არაქართველია. ჩვენთვის ე.წ. „თურქი მესხები“ უცხოელები არიან. ამასთანავე დარწმუნებული ვარ, როგორც კი კრემლის ჩარევა შეწყდება, საქართველოში ეთნიკური პრობლემები სწრაფად მოგვარდება. ისევ და ისევ, თითქმის ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული. ანუ იმაზე, უარს იტყვის თუ არა კრემლი ჩვენს წინააღმდეგ ომზე. აი მთავარი მიზეზი და თუ არ იტყვის უარს, მაშინ დასავლეთი, იმედი მაქვს, ათქმევინებს უარს მოსკოვს აგრესიულ ავანტიურისტულ პოლიტიკაზე.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ხომ არ მიგიმართვთ?
- დიახ. ამ ორიოდე დღის წინ, ჩვენ მსოფლიოს ყველა მთავრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებს მივმართეთ.
- თუ არიან მოსკოვში პოლიტიკოსები, რომელთა იმედი გაქვთ? ნურავის დაასახელებთ, პირდაპირ გვითხარით - ჰო თუ არა?
- პოლიტიკოსები... საეჭვოა... არიან ადამიანები. ზოგიერთი დეპუტატი. კიდევ რამდენიმე კაცი, მაგრამ არა წამყვანი ფიგურები.
- გორბაჩოვი ხშირად გირეკავთ?
- კი.
- როგორც თანასწორი თანასწორთან ისე ლაპარაკობთ თუ მაინც... როგორც პრეზიდენტი ისე გირეკავთ?
- არა. პირიქით. ყოველთვის ცდილობს ისე... ტაქტიანად მელაპარაკოს, მაგრამ იცით, მაინც მუდამ ისმის ფრაზები, თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ ცუდად გექნებათ საქმე არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც. თქვენთვის ეს კარგი არ იქნებაო.
- თუ ასეა, მართლაც ულტიმატუმი ყოფილა.
- ულტიმატუმი დიახ. მაგრამ ამას ისე ამბობს ხოლმე, ვითომ ხუმრობით.
- კარგი ხუმრობაა.
- თითქოს ვერც ჩაეჭიდები სიტყვას ისე იტყვის ხოლმე... აი... ვითომდა მთლად სერიოზულად არა. კი არ მიბრძანებს, არამედ დაახლოებით ასე. აი, ხედავ რა მდგომარეობა შეიქმნა იქ. ჰოდა კიდევ უფრო გაუარესდება. მოიფიქრეთ, იქნებ მოაწეროთ ხელი. გეგონება თანაგიგრძნობსო.
- მართლა უნდა აქ საქართველოში ჩამოსვლა?
- რა ვიცი, ამბობს მინდაო.
- მერედა, როგორ შეხვდება ხალხი?
- ვშიშობ, რომ ძალზე ცუდად.
- ზუსტად 15 წუთი გავიდა ბატონო ზვიად. მაგრამ თუ გცალიათ განვაგრძობდი.
- კეთილი.
- როგორ გგონიათ, გორბაჩოვს აქვს მომავალი?
- იცით... იქნებ აქვს კიდეც. ისეთი მოხერხებული კაცია, მე მგონია შეიძლება ამ სიტუაციიდანაც გამოძვრეს. მაინც - ძალზე მარჯვე კაცია. დიდი დიპლომატია.
- თქვენ მართლა აღთქმული გაქვთ „კრემლის ზღურბლს გადააბიჯოთ მხოლოდ როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქემ“?
- დიახ. არ გადავაბიჯებ. აზრი არა აქვს. მე არ შემიძლია იქ ვიყო ასეთი პირობით - აი - მონა, აი - ბატონი.
- მაგრამ მაშინ ხომ გეტყვიან: რაკი ასეთ პოზიციას დაადექით, თქვენ თვითონ შლითო გორბაჩოვთან დიალოგს.
- დიალოგს კეთილი ნება სჭირდება და არა ულტიმატუმები.
თუ გორბაჩოვთან თავის საშინაო პოლიტიკას გადახედავს დიალოგი იქნება.
- მაგრამ იქნებ საქართველომ მაინც მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას?
- ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებს. დამოუკიდებლობის აღგენისათვის აი ახლა რეფერენდუმს მოვაწყობთ. ერთადერთი კითხვა იქნება. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? ამას ვკითხავთ ყოველ კაცს. ყოველს და ჩვენი ხალხი მკაფიოდ და ნათლად იტყვის ჰოს ან არას. რა შუაშია სამოკავშირეო ხელშეკრულება? რომელ „კავშირზეა“ ლაპარაკი. ჩვენ არასოდეს არავითარ კავშირში არ შევსულვართ, ძალით შეგვიყვანეს. მაშ როგორ შეგვიძლია ჩვენ თავი საბჭოთა კავშირის წევრებად ჩავთვალოთ?
- საქართველოს დამოუკიდებლობის სახელმწიფო აქტი ხელმოწერილია 1918 წლის 26 მაისს. საქართველო რუსეთს გამოეყო და ამისთვის ლენინი არავის არ დაუმუნათებია. შემდეგ 1921 წელს საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოხდა და საქართველო - უკვე ძალად „გასაბჭოვდა“. მიუხედავად ამისა, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, საქართველო და კავშირი შეეხორცნენ ერთმანეთს. ახლა უკვე შეუძლებელია ამ კვანძის გაჩეხვა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც ერთ და არც მეორე მხარეს. მესმის, რომ გორბაჩოვმა 9 აპრილისა და სამხრეთ ოსეთის ამბების შემდეგ მოიმდურა ქართველი ხალხი. ბევრი რამის პატიება შეუძლებელია, მაგრამ თუ ისეთი კაცი იქნა, როგორიც ელცინია, იქნება საქართველოს აღარც დასჭირდეს გამოყოფა? გორბაჩოვს ნუ დავუკარგავთ ამას, ახლა დღენიადაგ იმეორებს: მეტი სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტიო...
- დიახ, სიტყვით. მაგრამ როგორც კი გადავწყვიტეთ ეროვნული გვარდია, საკუთარი შინაგანი ჯარები შეგვექმნა მოსკოვიდან მუქარა დაიწყო: არ გაბედოთო და ასე შემდეგ. აი ასეა. ახლა მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა თავაზიანად გამაფრთხილა - მოემზადეთ აფხაზეთში შეიძლება ოსეთის მსგავსი ამბები მოხდესო, ირკვევა: აფხაზეთში 250 შეიარაღებული მედესანტე ჩამოსულა და პანსიონატში დაბინავებულა. ეს რა, პროვოკაცია არ არის? როგორ შევხედოთ ამას?
- მაშასადამე, მოსკოვი პირდაპირ გაიძულებთ რომ ეროვნულმა გვარდიამ საპასუხო მოქმედება დაიწყოს?
- არა მგონია. ეროვნული გვარდია ჯერ არ არსებობს. მეომარი არა გვყავს. შინაგანი რაზმი და მილიცია - ეს არის და ეს.
- ცოტანი არიან?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- რატომ არ გამოაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელზეც ლაპარაკი იყო 29 თებერვლის პრესკონფერენციაზე? მაშინ თქვენ ბრძანეთ ოსი ექსტრემისტების ხელმძღვანელები ჩოჩიევი და კულუმბეგოვი მოსკოვის უშიშროების თანამშრომლები არიანო და „ამას ადასტურებს შინაგან ჯარებში მიღებული საიდუმლო შიფროგრამა მოსკოვიდან, რომელიც შინაგან ჯარებს პირდაპირ უბრძანებს გაათავისუფლონ კულუმბეგოვი ნებისმიერი საშუალებით და წაიყვანონ მოსკოვში“. სად არის ეს შიფროგრამა? რატომ არ დაიბეჭდა გაზეთებში?
- დიახ, ეს უნდა გაკეთდეს. სადმე მივაგნებთ ამ დოკუმენტს.
- და მაინც, როგორ დაუშვა მოსკოვმა რომ სწორედ თქვენ აგირჩიეს საქართველოში?
- ძალიანაც არ უნდოდა, ძალიან... ყველაფერი იღონა. აი, ამისთვის სჭირდებოდა ჯაბაც და ყველა დანარჩენიც... საქართველოში ისინი მეხუთე კოლონას წარმოადგენენ და მათ ავალებდნენ ჩაეშალათ ჩემი სააარჩევნო კამპანია. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველგან კეთდება ხოლმე. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ხალხმა არ დაუშვა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ხალხმა მხარი დამიჭირა.
- მაინც რას შვრებოდნენ ისინი?
- რას? ყველაფერს! საქართველოში 12 ათასი კაცი შეაიარაღეს და მზად იყვნენ ყველანი დაეგლიჯათ. იარაღს კი სუკი და სამხედროები აძლევდნენ ფარულად სხვისი ხელით.
- ამის დამტკიცებაც შეიძლება?
- დამტკიცდება. აუცილებლად. ყველაფერი იქნება.
- არ გეშინიათ, რომ შეიძლება მოგკლან?
- ძალიანაც, შეიძლება, ყოველდღე მემუქრებიან: ამას გიზამთო, იმას გიზამთო, წერილებსაც მიგზავნიან, ტელეფონითაც მირეკავენ. ერთი სიტყვით, არაფერს არ თაკილობენ.
- როგორ ცხოვრობთ ასეთ ატმოსფეროში?
- ნორმალურად. მივეჩვიე.
- ნორმალურად?
- განა მთელი ცხოვრება ასე არ გავატარე? მთელი ცხოვრება.
- რას იტყოდა დღეს კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს მომავალზე? თქვენს პოზიციაზე? იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელიც მისმა შვილმა გამოაცხადა?
- მამაჩემი ჩემი სულიერი მოძღვარი იყო. ყოველთვის ესმოდა ჩემი. ცხადია, მიფრთხილდებოდა. არ უნდოდა, რომ რეპრესიების მსხვერპლი გავმხდარიყავი, გავეციმბირებინეთ და ასე შემდეგ. როცა გარდაიცვალა, ჯერ არც კი გაცივებულიყო, შინ გვესვენა, რომ ნაცნობი პროკურორი მეწვია და გამაფრთხილა, რამე იღონეო, რადგან, ალბათ, მამაშენის დაკრძალვამდე დაგაპატიმრებენო. თუ წინანდელი ცეკას მდივნები - კახიანი, მამულია, მგელაძე და სხვები კონსტანტინე გამსახურდიას საქვეყნოდ ებრძოდნენ, შევარდნაძე მას, ჩვენს ოჯახს, შეფარვით ებრძოდა და ამას ადასტურებს უამრავი დოკუმენტი, უამრავი მოწმე. ის, რაც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დატრიალდა, უკვე ყველამ იცის. 14 დღიანი ჩხრეკა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახლში მოაწყო შევარდნაძის მითითებით სუკის ორმოცამდე თანამშრომელმა, დარბევას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩხრეკას, რომლის დროსაც უამრავი უნიკალური ხელნაწერი და წიგნი მოისპო და დაიკარგა. ხოლო კალამი, რომელსაც მამაჩემი ხუმრობით „გენერალს“ უწოდებდა, რადგან ამ კალმით იყო დაწერილი ყველა მისი დიდი ნაწარმოები, სუკის თანამშრომლებმა მოიპარეს და შერჩა კიდეც შევარდნაძის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს. აი ასე იყო.
- რამდენი ენა იცით?
- რამდენი? სამი - ევროპული, ძველბერძნული. ლათინურად ვკითხულობ. ცოტ-ცოტა ესპანურად და იტალიურადაც, ოღონდ ლექსიკონით.
- ძველბერძნული რატომღა, თვითონ ენამ გაგიტაცათ?
- არა, მე ხომ ფილოლოგი ვარ. ვთარგმნიდი ჰომეროსს, პირადად ვიცნობ ავერინცევს. ერთადაც კი გვიმუშავნია ტექსტებზე.
- ჰოო?
- ჰო, რა თქმა უნდა ძველ სლავურ ტესტებზე. ძალზე მწყინს, რომ მოსკოველი ინტელიგენციის წრეში ახლა ნაირ-ნაირი ჭორები ვრცელდება. ბევრს ეშინია კიდეც ჩვენთან ჩამოსვლა. ხმები დადის მანდ ხალხს ხოცავენ, თანაც რუსებსო, შემზარავი ქაოსი და სამოქალაქო ომიაო. ყველაფერი ეს განზრახ კეთდება. ამ ჭორებს სუკი და საკდესი ავრცელებენ. სრული საინფორმაციო ბლოკადაა პრესაში. პროტესტებს ვაცხადებთ, წერილებს ვუგზავნით, მაგრამ არ აქვეყნებენ. აი მათი სინდისი და მათი სიმართლე. გადახედეთ ცენტრალურ გაზეთებს. ხედავთ ამ სურათს? „აქ ოდესღაც სკოლა იყო“. კი არ აწერენ, რომ ეს ქართული სკოლა იყო. გესმით? ვიღაცას კი უთუოდ ეგონება: რაკი სამხრეთ ოსეთია, მაშასადამე ოსური სკოლა იქნებოდაო. ოღონდ, სინამდვილეში, პირიქით არის. აი, ასეთი მეთოდები აქვთ. თანაც წერენ თითქოს ჩვენი დეპუტატი ვიღაც ავაზაკებთან ერთად თავს დასხმია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას და დაურბევია. ასახელებენ დეპუტატს, ასეთი დეპუტატი კი არ არსებობს. გვარები არ ემთხვევა. განა ეს ცილისწამება არ არის? აი, როგორი მეთოდებით გვებრძვიან.
- მაშასადამე, მზად ხართ ბოლომდე ამ გზით იაროთ. თუ სიტუაცია მაინც უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ და იქნებ შინაგანად რამდენადმე ყოყმანობთ?
- არა. მზად ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს. მოსკოვს დათმობა არ სურს, ჩვენ კი, მით უმეტეს, არ დავთმობთ!
- დღე-ღამეში რამდენ საათს მუშაობთ?
- სულ ცოტა 12 საათს, ზოგჯერ თოთხმეტსაც.
- საღამოობით რამეს წერთ?
- თუ მოვასწარი. უპირატესად ჩემს იმ წიგნებს ვასწორებ, რომლებიც ახლა გამოდის. აქაც ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ახლა ხელოვნებისათვის არ მცალია. ხომ ამბობენ: როცა ზარბაზნები გრიალებს მუზები სდუმანო. ასეთია ვითარება.
- როგორ მიმდინარეობს დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა. რა მოგცათ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი მოადგილის ვიზიტმა?
- ძალზე ბევრი რამ. ჩვენ დასავლეთთან პატიოსანი და პირდაპირი დიალოგის მომხრენი ვართ. ეს ჰაერივით გვჭირდება. ახლა ამერიკაში ზოგიერთი სენატორი აცხადებს, კრემლს საქართველოს არ მოვასპობინებთო, ამას არ დავუშვებთო, მათ შორის, ვიცით, არიან ადამიანები, რომლებმაც ბუშს წერილი გაუგზავნეს და მოსთხოვეს დაგვიცვას, არ დაუშვას საქართველოში მეორე ვილნიუსი.
- კიდევ ორი კითხვა: მაინც როგორ აფასებთ ელცინის მომავალს? რა მოხდება რუსეთის ამ საგანგებო ყრილობაზე?
- ვხედავ, რომ რუსეთის პარლამენტში დრამატული სიტუაციაა. არ ვიცი იქ ვინ ვის მოერევა. ისე, ძალზე შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს.
- რატომ არ დააპატიმრეს პატიაშვილი 9 აპრილისათვის?
- იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი შემწყნარებელია და ყველას ყველაფერს პატიობს. ქართველები ბოღმიანი ხალხი არა ვართ. აბა მიაქციეთ ყურადღება: შემზარავი 9 აპრილის შემდეგ თბილისში არავითარი სიძულვილი არ იგრძნობა რუსეთისადმი. საერთოდ არ იგრძნობა არც სხვა ერების მიმართ, ვიღას ახსოვს პატიაშვილი, თუმცა, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისათვის დაისჯება კიდევაც, მაგრამ ხალხს ეს არ ეჩქარება.
„ნეზავისიმაია გაზეტა“
7 მარტი, 1991 წ.“
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№52 (72), გვ. 1; 16 მარტი, 1991 წ.].
მიმართვა აფხაზი ხალხისადმი
ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.
უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. „ვეფხისტყაოსნის“ კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს. ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბარა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა, ამ ერთობისა.
აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის ,,გამზრდელი“ და მრავალი სხვა შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ,,მთვარის მოტაცებით“. ქართველმა მეცნიერებმა - ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა - ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი - აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ ჩვენი საერთო სამეფოს განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში. ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით. ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა, მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეში, ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი - რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი „დივიდე ეტ იმპერა“ - გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავს ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ საუბედუროდ მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.
ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ მოლაპარაკების გზით გადაიჭრას სადავო საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისათვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ნერგავს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრიც არის იგი და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომ დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად მას ჩვენ მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში დრომოჭმული კომუნისტური წყობილების შენარჩუნება, მმართველობა კომუნისტური სისტემისა, მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი.
დღეს, მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ, საბჭოთა ტანკების იმედი ნურავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და ,,ხსნის კომიტეტების“ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ,,ხსნის კომიტეტები“. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტიურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ, მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს - ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.
გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!
გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!
სიყვარულით და პატივისცემით
ზვიად გამსახურდია“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№48 (68), გვ. 1; 12 მარტი, 1991 წ.].
ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლანდსბერგისს
თქვენო აღმატებულებავ!
ქართველი ერის სახელით გილოცავთ თქვენ და თქვენი სახით მთელ ლიტველ ხალხს ლიტვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აქტის მიღების წლისთავს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რესპუბლიკების მეგობრული ურთიერთობა კვლავაც განვითარდება, ჩვენი ხალხის ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელით
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №43 (13409), გვ. 1; 13 მარტი, 1991 წ.].
ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს; სსრ კავშირის მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო პროტესტს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არაობიექტური პოზიცია დაიკავეთ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ამბების გამო. ამახინჯებთ და აყალბებთ ეა ფაქტებს, ახდენთ საერთაშორისო და საბჭოთა საზოგადოებრიობის დეზინფორმაციას. ამით მეთოდურად ამზადებთ ნიადაგს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღებისათვის. ეს ვერაგული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიული ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრებას. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის მმართველობის შინაგან სტრუქტურებში ჩარევა უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.
თუ კვლავაც გაგრძელდება მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური საშუალებებისა და ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული საგანგებო კომიტეტის პრესცენტრის მიზანმიმართული დეზინფორმაციის ესკალაცია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იტოვებს კანონიერ უფლებას საერთაშორისო იურიდიულ უფლებათა საფუძველზე განახორციელოს თქვენი პროვოკაციული საქმიანობის მხილებისა და აღკვეთის შესაბამისი ღონისძიებანი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №43 (13409), გვ. 1; 13 მარტი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 16 მარტს
დღეს გვსურს დეტალურად გესაუბროთ ხვალინდელი რეფერენდუმის შესახებ. ეს რეფერენდუმი, როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნის პრობლემებს ეხება. კანონი საკავშირო რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე შევაჩერეთ, ე.ი. ყოველგვარ მოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ტერიტორიაზე ამ რეფერენდუმის ჩატარებას, ჩვენ შევაფასებთ, როგორც ანტიკონსტიტუციურ ქმედებას და სისხლის სამართლის დანაშაულს. ამას ვაცხადებთ ყველა იმათ გასაგონად, ვინც ხვალ გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სხვაგან, არად აგდებს ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილებას ამ რეფერენდუმის კანონის შეჩერების შესახებ და მაინც ცდილობს, გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს ამ რეფერენდუმის განხორციელებისათვის.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ რეფერენდუმის ჩატარება, რასაკვირველია, იმითაც არის ყოვლად გაუმართლებელი, რომ საბჭოთა კონსტიტუციის მიერ აფხაზეთი ცნობილია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ეს ნიშნავს საქართველოსათვის კონსტიტუციური ომის გამოცხადებას, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რასაც ჩვენ არასგზით არ დავუშვებთ. ამასთან დაკავშირებით მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენმა პრეზიდიუმმა მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე ხვალინდელი არჩევნების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, რეფერენდუმის პარალელურად დანიშნულია არჩევნები ერთი დეპუტატისა - საკავშირო დეპუტატისა აფხაზეთიდან.
პირველ რიგში მსურს გაგაცნოთ მნიშვნელოვანი მიმართვა - განცხადება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებისა: ბატონ თემურ ლორთქიფანიძის, ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილის, ბატონ თემურ მჟავიას, ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების, აგრეთვე ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციისა და სოხუმის შრომითი კოლექტივების საბჭოსი: „მიუხედავად საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილებისა, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ა.წ. 17 მარტს დანიშნული საკავშირო რეფერენდუმი, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი მაინც ტარდება საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნებთან ერთად და ტარდება სარეფერენდუმო და საარჩევნო კანონების, ამ კანონებით გათვალისწინებული პროცედურის სრული უგულვებელყოფით. რეფერენდუმს ატარებს სარეფერენდუმო კომისია, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი პარტიული ფუნქციონერი ენვერ კაპბა, ხოლო მისი ჩატარების ძირითადი კოორდინატორები არიან საბჭოთა კავშირის კომპარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაცია, ე.წ. საკავშირო ცენტრისტულ ბლოკში შემავალი ორგანიზაციები: აფხაზეთის სახალხო ფრონტი, აფხაზეთის ინტერნაციონალისტთა საზოგადოება, აგრეთვე „აიდგილარა“. ჩვენს მიერ აღრიცხული დარღვევები სარეფერენდუმო კანონებისა ერთ მიზანს ემსახურება: მაქსიმალურად გაიზარდოს საკავშირო რეფერენდუმში მონაწილე აფხაზეთის ამომრჩეველთა პროცენტი. ამ მიზნით ხელოვნურად მცირდება ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა რიცხვიდან აფხაზეთის იმ რეგიონების მცხოვრებთა ამოღებით, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ საკავშირო რეფერენდუმს. იმავდროულად კი ამომრჩეველთა რიცხვში შეჰყავთ 6800 ჯარისკაცი და 3850 დამსვენებელი, სულ 10 650 კაცი დღევანდელი მონაცემებით. ამასთან არ უთითებენ, რომ ისინი არ არიან აფხაზეთის მცხოვრებნი, გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავთ საბჭოთა კავშირის კომპარტიის წევრთა დიდი ჯგუფები რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად და მხარდამჭერთა პროცენტის ხელოვნურად გასაზრდელად.
ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მონაცემებით ამჟამად აფხაზეთში 338042 ამომრჩეველია. სარეფერენდუმო კანონების უხეშ დარღვევებზე, გარდა ზემოთ ნათქვამისა, მეტყველებენ შემდეგი ფაქტებიც:
1. საარჩევნო უბნები არ შეუქმნიათ ზოგ რაიონში და სხვადასხვა რაიონის დაბებისა და სოფლების ამომრჩევლები მონაწილეობას არ მიიღებენ რეფერენდუმში. ამით ამომრჩეველთა შესაბამის რიცხვს არ ითვალისწინებენ სრული რაოდენობით.
2. ბევრგან საარჩევნო უბნები შეიქმნა აღმასკომების ფალსიფიცირებული დადგენილების საფუძველზე.
3. არ გამოქვეყნებულა საარჩევნო უბნების მისამართები. არც ერთ საარჩევნო უბანში, სადაც ვიყავით, დღემდე არ არის გამოკრული ამომრჩველთა სიები. ყოველივე ამის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმთან ერთად ტარდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რეფერენდუმისა და არჩევნების ამგვარი ჩატარებისას, მისი ორგანიზატორები მიიღებენ მათ მიერვე წინასწარ დაგეგმილ ფალსიფიცირებულ შედეგს. მოვითხოვთ ამ უკანონობის აღკვეთას, რეფერენდუმისა და არჩევნების შედეგების გაუქმებას, არჩევნების ხელახლა ჩატარებას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით. ეს სავსებით კანონიერი მოთხოვნაა, მეგობრებო! მორალური სახე ამ საკითხისა, აგრეთვე, სავსებით გარკვეულია. რა უფლება აქვთ დამსვენებლებს, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს განსაზღვრონ, სურს თუ არა აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, ან რა უფლება აქვთ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულებს განსაზღვრონ ჩვენი, ასე ვთქვათ, საქართველოს ბედ-იღბალი, გადაწყვიტონ საბჭოთა კავშირში დარჩენის საკითხი.
აი, ყოველივე ეს მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი უსამართლობაც იყო თავად შექმნა ე.წ. საბჭოთა კავშირისა, იმავე უკანონო და უსამართლო მეთოდებით სურთ მისი შენარჩუნებაც. სავსებით უპრეცედენტო ამბავია, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განსაზღვრონ ჩვენი ერის ბედი და მისი მომავალი ყოფნა თუ არყოფნა საბჭოთა კავშირში.
აი, ყოველივე ამის გამო მოგიწოდებთ არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ არაქართულ მოსახლეობას, ბოიკოტი გამოუცხადოთ ხვალინდელ რეფერენდუმს. შეგახსენებთ, რომ არაქართველი მოსახლეობის მომავალი ბედი, მისი ცხოვრების მომავალი პერსპექტივები საქართველოში მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ისინი ხვალინდელ რეფერენდუმში, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს.
ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამდენი დარღვევებია არა მხოლოდ სარეფერენდუმო კანონების გამოქვეყნებაში, არამედ, ასე ვთქვათ, საარჩევნო კომისიის მოქმედებაში, ჩვენ, ე.ი. ჩვენი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოვიტანეთ შემდეგი დადგენილება, რომელსაც აგრეთვე გაგაცნობთ.
„სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის შესახებ.
სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად 1991 წლის 17 მარტს დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები.
საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის მიერ შემოწმებით დადგინდა, რომ არჩევნებისათვის მზადების პერიოდში დაშვებული იყო სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ სსრკ-ის კანონების მოთხოვნათა უხეში დარღვევები. მაგალითდ, ქალაქ გაგრის ტერიტორიაზე შემოწმებული 44 საარჩევნო უბნიდან 37-ში საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
გუდაუთის რაიონისათვის გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობაზე 14 000-ზე მეტია გაცემული. მთელ რიგ რაიონებში სრულყოფილად არის შედგენილი საარჩევნო სიები და ა.შ. ეს ფაქტები მიუთითებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიამ ვერ შეასრულა საარჩევნო კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების მთელ მართლზომიერებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 25 იანვრის დადგენილება სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შესახებ.
2. დაისვას საკითხი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის №669 სოხუმის ტერიტორიულ- საარჩევნო ოლქში 1991 წლის 17 მარტს დანიშნული არჩევნების სხვა დროისათვის გადატანის შესახებ“.
აი, ეს გადაწყვეტილება გამოვიტანეთ არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან იქმნებოდა აგრეთვე საფრთხე იმისა, რომ პარალელური კენჭისყრა გამოიწვევდა რაიმე გაუგებრობას. ხშირად შეიძლებოდა არჩევნებისათვის მოსულ ადამიანს, გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ხმა მიეცა, ვთქვათ, რეფერენდუმისათვის და სხვა. აი, კიდევ ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ძალზე სერიოზული დარღვევები აქვს ამ კომისიას და ამიტომ იგი გავაუქმეთ“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№53 (73), გვ. 1; 19 მარტი, 1991 წ.].
მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი
კავკასია უნიკალური მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალფეროვნებით, თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის ურთიერთობის მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლანდშაფტით, ფლორით და ფაუნით. სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი ე.წ. „ეთნოკონფლიქტები“ ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა - რუსეთის იმპერიამ. ცარიზმის მიერ გაკვალული გზა, რომელიც კავკასიის ხალხებს შორის მტრობის, უნდობლობის და ერთმანეთის სიძულვილის დანერგვას გულისხმობდა, „ღირსეულად“ განაგრძო მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, რომელმაც გარკვეულწილად თავის მიზანს მაინც მიაღწია.
კავკასიელი ხალხები ისე მოხერხებულად გადაჰკიდეს ერთმანეთს, რომ ამჟამად კავკასიაში მცხოვრებ თითმის ყოველ ხალხს იმპერიის მიერ თავსდატეხილი ყველა უბედურების მიზეზი მის გვერდით მცხოვრები სხვა ხალხი ჰგონია.
ცენტრი თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. „ეთნოკონფლიქტებს“, აფერხებს კავკასიელთ სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ. ამგვარი ბოროტი ხერხებით ერთმანეთს წაკიდებულ ხალხთა შორის ურთიერთობა უკვე სახიფათოდ არის დაძაბული. მათ შორის მტრობას თანდათან აღვივებენ, ზოგან სისხლიც იღვრება, ცენტრი კი მოსყიდული ინფორმაციის საშუალებებით მთელ მსოფლიოს „უმტკიცებს“, უჩვენოდ ეს „ველური და კაციჭამია“ კავკასიელები ერთმანეთს მოსპობენო, თანაც მსოფლიოს უმალავენ იმას, რომ კავკასიელ ხალხებს უძველესი კულტურული და ჰუმანური ტრადიციები გააჩნიათ და სურთ ისინი „ტუზემცებად“ გამოაცხადონ.
ძვირფასო კავკასიელებო!
დროა გონს მოვეგოთ! ნუ გავებმებით ცენტრის მიერ ჩვენს საზიანოდ დაგებულ მახეში! მოვიგონოთ ჩვენი დიდებული წინაპრების სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა! აღვადგინოთ ძმობა, ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსულოვნებით, კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისთვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივ იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სახელით გიწვევთ კავკასიის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ლიდერებს კავკასიის ხალხთა ფორუმის შესაქმნელად, რომელსაც მიზნად არ ექნება რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეულის დაარსება, რომელსაც არ მართავენ ცენტრის აგენტები, კავკასიის გამყიდველები. ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი განთავისუფლება იმპერიის მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში. ეს ასევე აღადგენს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას რუს ხალხთან, რომელიც თვით არის ტოტალიტარიზმისა და კომუნიზმის მსხვერპლი.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კავკასიის ხალხთა ფორუმის დამფუძნებელი სხდომის მოწყობის ადგილისა და ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაუწყებთ.
გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა ერთიან, ძმურ ოჯახს!
გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, ერთობასა და თვისუფლებას! გვფარავდეს ღმერთი!
პატივისცემითა და სიყვარულით
ზვიად გამსახურდია
„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№57 (77), გვ. 1; 23 მარტი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინთან დაბა ყაზბეგში, 23 მარტი 1991
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავდმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრისა და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:
1) 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის. ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთობლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს, გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6) რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7) შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8) შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს”
(დაბა ყაზბეგი, 1991 წლის 23 მარტი)“.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს
როგორც თქვენთვის ცნობილია, ამა წლის 25 მარტს მოხდა რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ბორის ელცინთან შეხვედრა. ეს შეხვედრა დიდი ხანია მზადდებოდა. იგი, გარკვეული მიზეზების გამო, რამდენჯერმე ჩაიშალა, რადგან გარკვეული ბნელი ძალები გვიპირისპირდებიან როგორც ჩვენ, ასევე რუსეთის დემოკრატიულ ხელმძღვანელობას. მაგრამ როგორც იქნა, ჩვენ მივაღწიეთ ყოველივე ამას. მე ვიტყოდი ძალზე კონსტრუქციული და მრავალმნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მეტად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის. დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იქნება რუსეთ-საქართველოს ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაიდება თბილისში. ამ მხრივ მას დიდი მნიშველობა ექნება.
ჩვენი მოძრაობის ადრინდელ ეტაპზე ხშირად გვიპასუხია, როგორი რუსეთი გვაწყობს, როგორი ურთიერთობები გვინდა რუსეთთან. მახსოვს, ერთ-ერთ მიტინგზე წამოაყენეს ასეთი ლოზუნგი (შეიძლება ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მასში ჩანდა ჩვენი განწყობილება) - გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ რუსეთს, ხოლო აქვე იყო ნათქვამი, რომ ამით ჩვენ განვამტკიცებთ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე ჩვენ გვეღობება იმპერია, რომელმაც დაიმონა ყველა ერი და, მათ შორის რუსეთიც.
რუსეთის განთავისუფლება იმპერიის მარწუხებიდან იქნება აგრეთვე, საქართველოს განთავისუფლებისათვის ხელშეწყობა. აი, ასეთი ორიენტაცია გვქონდა მაშინ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ორიენტაცია გამართლდა.
დღესდღეობით, იმპერიის ცენტრი დაუპირისპირდა რუსეთის დემოკრატიულ მოძრაობას, კერძოდ, რუსეთის სწრაფვას თავისუფლებისაკენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალთა განლაგება ამჟამად იმგვარია, რომ რუსეთში ეს მოძრაობა გაიმარჯვებს. სწორედ რუსეთის სუვერენულობა, მისი მომავალი სახელმწიფო ძლიერება გახლავთ იმის გარანტი, რომ საბჭოთა იმპერია დაიშლება და შეიქმნება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები. შესაძლოა ამ სახელმწიფოების ნაწილმა მოისურვოს რაღაც კავშირად შეერთება, მაგრამ ამ კავშირს ნამდვილად აღარ ექნება ის სახე, რომელიც მას ჰქონდა უწინ - ტოტალიტარული იმპერიის სახე, - ეს სხვა საკითხია. როგორც მოგეხსენებათ, არის ექვსი რესპუბლიკა, რომელიც ილტვის დამოუკიდებლობისაკენ, სრული სახელმწიფო სუვერენიტეტისაკენ. მათთან ერთად რუსეთიც ილტვის თავისი სუვერენიტეტისაკენ და საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ. ეს საპრეზიდენტო არჩევნები მალე ჩატარდება რუსეთში, ელცინი გახდება რუსეთის პრეზიდენტი - რუსეთის ფედერაცია იქნება სავსებით განცალკევებული სუვერენული სახელმწიფოა. ყოველივე ეს აჩქარებს ჩვენს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას და ფიქრს რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობების შესახებ. საბედნიეროდ, უკვე აღარ არის ძველებური დიქტატი, აღარ არის ის ძველებური ტენდენციები ექსპანსიონიზმისა, და ამის ერთ-ერთი ნათელი დამადასტურებელი მაგალითი გახლავთ ოქმი, რომელიც ჩვენ შეხვედრაზე შევადგინეთ. იგი ხვალ გამოქვეყნდება გაზეთებში. მე მინდა ამ ოქმის რამდენიმე მომენტზე გავამახვილო ყურადღება და განვმარტო ზოგიერთი საკითხი. თავდაპირველად ყველაზე უმთავრესი და ძირითადია ის, რომ ამა წლის აპრილის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვამზადოთ პროექტი საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობის შესახებ. ესე იგი, დაიდოს ახალი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, რისთვისაც უკვე შექმნილია სამუშო ჯგუფები. მალე, ალბათ, ეს პროექტი მომზადდება და მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერა, შემდეგ კი რატიფიკაცია.
ამავე დროს, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო შიდა ქართლში მდგომარეობის სტაბილიზაცია. შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არის დაინტერესებული რუსეთის ხელმძღვანელობა შიდა ქართლში მდგომარეობის სტაბილიზაციით? იმის გამო, რომ ეს უშუალოდ ეხება მას - ეგრეთწოდებულ ჩრდილოეთ ოსეთს, რის შესახებაც მე განვმარტე, რომ ეს არ არის არავითარი ჩრდილოეთი ოსეთი, არამედ ნამდვილი, ერთადერთი ოსეთია. გარდა ამისა განვმარტე ისიც, რომ არასოდეს არ არსებობდა და არც ახლა არსებობს სამხრეთ ოსეთი.
ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ამ დოკუმენტში, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ, ფიგურირებს გამოთქმა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამით, ვგონებ, გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რუსეთის სახელმწიფო არ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში და ცენტრის მსგავსად დაჟინებით არ მოითხოვს ჩვენგან ეგრთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენას. ამავე დროს, აქ არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა გავატაროთ, რათა მოხდეს სტაბილიზაცია და მშვიდობიანობის აღდგენა მოცემულ რეგიონში. კერძოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საქართველოს შინაგან სამინისტროს ერთობლივი კომისია. რატომ ხდება ეს? იმის გამო, რომ სამაჩაბლოში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი შემოდიან, ძირითადად, რუსეთის ფედერაციიდან და ამდენად, ისიც უშუალოდ არის დაინტერესებული, რომ მოხდეს ამ ბანდების ლიკვიდაცია. ამიტომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროები ქმნიან ერთიან კომისიას, რის შედეგად შექმნიან ერთიან რაზმებს ამ შეიარაღებულ ფორმირებათა განიარაღებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ე.ი. ჩვენი მიზანია ექსტრემისტთა ეს ბანდები, რომლებიც მოქმედებენ დაუსჯელად, განიარაღდნენ მთლიანად, რაც ერთადერთი საფუძველი იქნება ამ რეგიონში მშვიდობის აღდგენისათვის. ამასთან, დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები ლტოლვილების დასაბრუნებლად, რომ მათ მშვიდოვიანად იცხოვრონ იმ ადგილებში, სადაც უწინ ცხოვრობდნენ. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოები - და აქ უკვე ჩამოთვლილია ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა საბჭოც - პრაქტიკულ ზომებს ღებულობენ კომპენსაციისათვის, ლტოლვილთა მოწყობისა და ყოველგვარი დანაკარგების ანაზღაურებისათვის. ამ ხელშეკრულებაში არის ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტიც: რუსეთს ფედერაციის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ იგი მიმართავს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, რათა სამაჩაბლოდან გაყვანილ იქნან საბჭოთა ჯარის ნაწილები, რომლებიც იქ ხელს უშლიან მდგომარეობის სტაბილიზაციას.
მოგეხსენებათ, საბჭოთა ჯარის ბაზაზე თავს იყრიან ოსი ექსტრემისტები, მათ ამარაგებენ იარაღით, (შემდეგ ეს იარაღი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ არის გამოყენებული) ვერტმფრენებით, რომლებიც ფაქტობრივად ემსახურებიან ოსი ექსტრემისტების ბანდებს და გადაჰყავთ ისინი ჩრდილოეთ ოსეთში, აწარმოებენ სადაზვერვო სამსახურს. ე.ი. საბჭოთა ჯარები და ოსი ექსტრემისტები მოქმედებენ კოორდინირებულად.
ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად, ამ ოქმში შეტანილია მუხლი სამაჩბლოდან საბჭოთ ჯარის გაყვანის აუცილებლობის შესახებ.
ამ ღონისძიებების გატარება პრაქტიკაში, ალბათ, მიგვიყვანს სამაჩაბლოში სრულ მშვიდობამდე... სასიხარულოა, რომ მეორე მხარემ, ე.ი. რუსეთმა აღიარა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის კანონზომიერება და სამხრეთ ოსეთი უკვე მოხსენიებულია ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად.
აი, ეს არის ძირითადი ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც მიღწეულია ჩვენი შეხვედრით და მჯერა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალი ხელშეკრულება სხვა მრავალ პრობლემასაც გადაწყვეტს ჩრდილოეთ კავკასიასთან, აფხაზეთთან და სხვა რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა მოგახსენებთ, რომ ახლოვდება 31 მარტის რეფერენდუმი, ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები და უახლოეს დღეებში, ალბათ 28 მარტს, თბილისში, მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციები მოაწყობენ დიდ მიტინგს, სადაც ვიმსჯელებთ რეფერენდუმის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებთან, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პრობლემებზე. ამ მიტინგის თარიღი, დრო და ადგილი გამოცხადდება“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№58 (78), გვ. 1; 26 მარტი, 1991 წ.].
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვ. არძინბას
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 79, 82, 104 [პ. 8] „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, განახორციელეთ სათანადო ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოთ აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის გამოკითხვის მოწყობა, რომელიც 1991 წლის 31 მარტისათვის დანიშნულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წ. 28 თებერვლის №166-1 დადგენილებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 25 მარტი.
[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №53 [13419], გვ. 1, 27 მარტი, 1991 წ.].
ბ-ნ ვლადისლავ არძინბას
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე შეწყდა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილება; ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა.
საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციების მიხედვით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს.
ასე მაგალითად, 1991 წლის 12 მარტს ოჩამჩირის რაიონში მოიწვიეს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების სესია, და მის თავმჯდომარედ სერგეი ბაღაფში აირჩიეს. ეს ქმედება შეიძლება განისაზღვროს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის უგულვებელყოფა.
გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდეს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, რადგან თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.
თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ დაპირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...
თქვენ, როგორც განათლებულ პიროვნებას, მეცნიერს [ყოველ შემთხვევაში ასეთად გიცნობდით დღემდე], უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ყოველი ადამიანის, განსაკუთრებით ხელმძღვანელის, ვალია, იცხოვროს სიკეთის, ურთიერთპატივისცემის, მაღალი ზნეობრივი პრინციპებით, არ აჰყვეს პირად ამბიციებს თუ წაქეზებას.
დღეს აფხაზეთის მოსახლეობის ბედი [აქედან 47 პროცენტზე მეტი ქართველია] თქვენ გაბარიათ. შეცდომების უფლება არა გვაქვს, რადგან ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს.
კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით.
ზვიად გამსახურდია
1991 წლის 27 მარტი
[გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №55 [13421], გვ. 1, 29 მარტი, 1991 წ.].
მიმართვა ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას
ძვირფასო თანამემამულენო! დებო და ძმებო!
ჩვენი საქართველოსათვის ამ საჭირბოროტო მომენტში, როცა 31 მარტს ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად უნდა მოახდინოს არჩევანი - სურს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენა დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისი აქტის საფუძველზე, მოგმართვთ თქვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში მცხოვრებ ჩემს ძვირფას და პატივცემულ, მთელ საქართველოში უნიკალური შრომისმოყვარეობით ცნობილ თანამოქალაქეებს - მიწათმოქმედებს, მეკარტოფილეებს, მეცხოველეებს, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც ჯავახეთის მაღალი მთის უმძიმეს პირობებში ოფლის ღვრით, თავდადებული შრომით ამრავლებთ ჩვენი რესპუბლიკის სიმდიდრეს.
რეფერენდუმში სიტყვა „დიახ“ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მოიპოვოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ. „დიახ“ - ნიშნავს მივცეთ ხმა ყველა მოქალაქის თანასწორ მოქალაქეობრივ უფლებებს ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად. რეფერენდუმში თუ იტყვით - „დიახ“ - ამით ამრავლებთ იმ გარანტიების ძალას, რომ თქვენ, თქვენი შვილები და თქვენი შვილიშვილები იცხოვრებთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, ტოტალიტარული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, თქვენთვის გარანტირებული იქნება გაცილებით მეტი თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მე, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ: თქვენ განაცხადებთ, რომ მზად ხართ ქართველ ხალხთან ერთად დაიცვათ საქართველოს დემოკრატია და დამოუკიდებლობა. დღეს წინანდელზე მეტად არის საჭირო ჩვენი ხალხებისათვის დამახასიათებელი ერთიანობა, მოთმინება და გონივრული ნაბიჯები ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მხოლოდ ჩვენ, ერთად თუ გამოვავლენთ სოლიდარობას, სურვილს, გავუგოთ ერთმანეთს დიალოგის გზით, შევძლებთ ავაშენოთ ჩვენი დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველო.
ვიცი, რომ ზოგიერთები ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ისიც ვიცი, რომ გამოჩნდა თქვენს შორის რამდენიმე კაცი, რომლებიც ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს სავსებით დამახინჯებულად განმარტავენ. დიახ, ვთქვი, რომ ის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს 31 მარტის რეფერენდუმში, ამით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეობის უფლებას. ეს, ჩემო ძვირფასებო, ვაჭრობა როდია. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მოქალაქეობას იღებენ მაშინ, როცა არის ურთიერთვალდებულებებისადმი მზადყოფნა: პოტენციური მოქალაქისა - სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოსი - მოქალაქის წინაშე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება გულისხმობს ქვეყნის ენისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემას. ეს ის ბალანსია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეობა ფორმალური არ იყოს. თანასწორობა უფლებებში შეუძლებელია მოვალეობებში თანასწორობის გარეშე.
მაწუხებს, რომ „უცხოელებზე“ ვლაპარაკობთ. ამას სომხები თავიანთი მისამართით აღიქვამენ. არავითარ შემთხვევაში. ეს სხვებს ეხება, იმათ, ვინც უკანონოდ დასახლდა ჩვენს მიწებზე, უკანონოდ შეიძინა სახლები, თანაც რაღაც გაუგებარი პრეტენზიები აქვს.
ვიცი, რომ არის პრობლემები პრეფექტების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. ეს პრობლემები, გარწმუნებთ, ადვილად გადაიჭრება. მათ დანიშვნის დროს, ვიმეორებ, ვითვალისწინებდით მშრომელთა სურვილს. მაგრამ თქვენ ხომ ჯერ კიდევ არ მიგიციათ საშუალება, რომ მათ თავიც გამოიჩინონ საქმეში. როცა წინათ სომეხს ნიშნავდნენ რომელიმე ქალაქის მეთაურად საქართველოში, სადაც ქართული მოსახლეობა ჭარბობდა, განა ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა? მთავარია, რომ ეს ხელმძღვანელები იყვნენ კომპეტენტური, წმინდა, პატიოსანი ადამიანები. ვფიქრობ, ყველა ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ისე, როგორც ხალხს უნდა, შეხვედრების, დიალოგების, ჭეშმარიტების ძიების გზით. ვიმეორებ, ისე იქნება, როგორც ხალხს სურს.
31 მარტს წყდება საქართველოს, ისევე, როგორც მოძმე სომხეთის მომავლის საკითხი, რომელიც სექტემბერში ჩაატარებს რეფერენდუმს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ.
ყოველი ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს ბედს. თუ იქნება დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, ჩვენი ოჯახები და შვილიშვილები. მარტში თუ ვიტყვით - „დიახ“, თავისუფალ საქართველოს, - ნიშნავს, რომ სექტემბერში გაცილებით უფრო გაუადვილდება - სომხეთს. ორი დემოკრატიული დამოუკიდებელი რესპუბლიკა - საქართველო და სომხეთი - უნდა იყოს! მაშასადამე იქნება მშვიდობისა და სამოქალაქო თანხმობის გარანტიები. თუ ვერ დავიცავთ - ისე იქნება, როგორც განვლილი 70 წლის მანძილზე იყო - სრული უბედურება და გაჭირვება, კვლავაც იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მასობრივი დამცირება.
მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს - 31 მარტს გააერთიანოთ რიგები და ხმა მისცეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან არის ცნობილი, საქართველოში მცხოვრები სომხები გაჭირვების ჟამს მუდამ იარაღით ხელში ქართველებთან ერთად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ახლა თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხარს დაგვიჭერთ - საქართველო და სომხეთი - ეს ორი ქრისტიანული პატარა კუნძული კავკასიაში - ერთად ესწრაფვიან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დაე აღსრულდეს ჩვენს წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჩვენი სახელმწიფოების თავისუფლების შესახებ.
დიდი პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
1991 წლის 27 მარტი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№61 (81), გვ. 1; 30 მარტი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბატონ რიჩარდ ნიქსონთან
1991 წ. 29 მარტს, დღის 3 საათზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბატონ რიჩარდ ნიქსონს და მასთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ამერიკის დელეგაციას.
ბატონი ზვიად გამსახურდია მიესალმა ბატონ რიჩარდ ნოქსონს და ამერიკის დელეგაციას, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი გარემოებისა, საქართველოს დიდი ხანია აქვს აშშ-თან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი.
ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა, რომ მას აქამდე არ ჰქონია საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ამერიკაში ქართველი ხალხი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით. ჩვენი ვიზიტი არ არის ოფიციალური ხასიათის, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის დავალებით ვართ ჩამოსული და გვევალება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მისთვის გაცნობა. თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა დელეგაციების გაცვლას ინტენსიური ხასიათი მიეცეს, ურთიერთდამოკიდებულება საქართველოსთან იქნეს არა ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირთან იყო. ეს იქნება არსებითად ახალი სახის ურთიერთკავშირი. ამერიკის მხარე დიდად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობით.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს საბჭოთა ერი, არსებობს იმპერიების მიერ დაპყრობილი ერები. რესპუბლიკებში გაძლიერდა ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული მსოფლიოს უპირველესი ამოცანაა, ისეთივე დიდი როლი შეასრულოს იმპერიისგან დაპყრობილი ხალხების განთავისუფლებაში, როგორიც კუვეიტის განთავისუფლებაში შეასრულა. რასაკვირველია, ეს გულისხმობს დახმარებას მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით და გამორიცხავს ძალისმიერ ჩარევას. სსრკ-ში შემავალი ხალხებისადმი დახმარება, რომელთა ეროვნული არსებობაც საფრთხეშია, იქნება იმ მისიის აღსრულება, რომელიც ეკისრება აშშ-ს მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის ადამიანის და ერების უფლების, გაეროს წესდების დაცვის, ჰელსინკის ხელშეკრულების შესრულების მისია.
ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ხალხი და მთავრობა დიდ პატივს სცემენ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დამთავრდება.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან კრემლის ძალადობა რესპუბლიკის მიმართ.
ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა - ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა, მათ მიერ არჩეულმა მთავრობამ თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გამოხატა თავისი მზადყოფნა უპასუხოს სტუმრებისთვის საინტერესო ყველა კითხვას, რათა მათ მიიღონ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც კრემლის მიერ გაჩაღებული ცილისმწამებლური კამპანიის ვითარებაში საქართველოსთვის აუცილებელ ინტერესს წარმოადგენს“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№61 (81), გვ. 1; 30 მარტი, 1991 წ.].
გორბაჩოვის წერილი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას
სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს და ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით მოდის უამრავი მიმართვა, რომლებშიც გამოხატულია დიდი შეშფოთება ქალაქ ცხინვალისა და მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარების მკვეთრი გამწვავების გამო. დათარეშობენ ექსტრემისტები, იღვრება ოსთა და ქართველთა სისხლი, დაიწვა ათობით სოფელი, ადგილებიდან ერეკებიან მშვიდობიან მცხოვრებთ და ათასობოთ ლტოლვილი გაჭირვებას განიცდის.
ერთხელ კიდევ ვადასტურებ რა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებებს, გთავაზობთ დაუყოვნებლივ იღონოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შეაჩეროთ სისხლისღვრა, შეწყვიტოთ ექსტრემისტთა მოქმედება, აღკვეთოთ მათი განზრახვა, ხელთ იგდონ და მოსპონ დასახლებული პუნქტები, შეუდგეთ მოლაპარაკებას.
მ. გორბაჩოვი
1991 წლის 30 მარტი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№64 (84), გვ. 1; 2 აპრილი, 1991 წ.].
ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის მარტის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის დარგებში ახალი კოდექსის პროექტების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ;
- დებულება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის რაიონის [ქალაქის] სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების დაწესების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი ზოგიერთი დანაშაულისათვის სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის გაუქმების შესახებ;
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, №3 [608], თბ. მარტი, 1991 წ.].
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს
ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ქალაქ ცხინვალსა და მის მიმდებარე რაიონში შექმნილი მდგომარეობის გამო. გაცნობებთ, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელეთ ღონისძიებანი, „რათა შეგვეჩერებინა სისხლისღვრა, შეგვეწყვიტა ექსტრემისტთა მოქმედება, აღგვეკვეთა მათი განზრახვა, ხელთ ეგდოთ და მოესპოთ დასახლებული პუნქტები“. რესპუბლიკის მილიციის გადამწყვეტი მოქმედების მეოხებით მოხერხდა ექსტრემისტთა მნიშვნელოვანი ნაწილის განიარაღება, მათი განდევნა დაკავებული პოზიციებიდან და აგერ უკვე მთელი კვირაა, შედარებით სიმშვიდე სუფევს აღნიშნულ რეგიონში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთნაირია ჩვენი დამოკიდებულება ექსტრემისტებისადმი, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. კიდევ უფრო ადრე განიარაღებული იყვნენ ქართველი ექსტრემისტები მთელ საქართველოში.
საქართველოში მიმდინარე ამბების განზრახ ტენდენციურად გაშუქება პრესის ცენტრალური ორგანოებისა და ცენტრალური ტელევიზიის მიერ ერთხელ კიდევ საფრთხეს უქმნის საბჭოთა საზოგადოებას, თვითონ გახდეს საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი. „მოლაპარაკების დაწყების თაობაზე“ თქვენი წინადადების პასუხად, პატივი მაქვს შევნიშნო, რომ ფართო წრის საკითხების გამო დავიწყეთ მოლაპარაკება რუსეთის სფსრ ხელმძღვანელობასთან და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, რომ არაფრით არ შეიძლება საქართველოს რესპუბლიკა მოლაპარაკებას აწარმოებდეს ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან. საერთოდ შეწყვეტილია სროლა და მიღწეულია შედარებით სტაბილურობა ცხინვალის რაიონში. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებას ცხინვალში - დამწვარია ქართული სკოლები, ქართველთა უმრავლესობის სახლები, რაზეც რატომღაც თქვენ არაფერს ამბობთ.
ვიმედოვნებთ, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობა თავს შეიკავებს აღნიშნულ რაიონში ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისაგან, რადგან თქვენი დეპეშის შემდეგ მდგომარეობა ცხინვალის გარშემო კვლავ გამწვავდა.
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 1 აპრილი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№64 (84), გვ. 1, 2 აპრილი, 1991 წ.].
მიმართვა რუსეთის სფსრ-ის სახალხო დეპუტატთა III საგანგებო ყრილობას
ამა წლის 31 მარტს რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
ეს დადგენილება, გარდა იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, ჩამოყალიბებულია მიუღებელი, მბრძანებლური კილოთი, რაც არ ეკადრება ესოდენ დიდ ფორუმს.
ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ დადგენილება მიღებულია ჯეროვანი განხილვის გარეშე. რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური საშუალებების მონაცემების საფუძველზე და არც კი ინება მოესმინა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობისათვის, არ გასცნობია რესპუბლიკაში შექმნილ ნამდვილ საქმის ვითარებას, არ გამოურკვევია მიზეზები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტისა და ანტიქართული ამბოხების ხელმძღვანელთა ბრძანებულებისა, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
რაც შეეხება არსებითად დადგენილებას, უნდა აღინიშნოს შემდეგი:
1. მოვლენებში, რომლებიც 1990-1991 წლებში გაიშალა ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოში - შიდა ქართლში, რომელიც 1922 წელს ბოლშევიკებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად გადააქციეს მორალისა და სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, ბრალი მიუძღვით ოს ექსტრემისტებს, რომლებსაც მორალურადაც და მატერიალურადაც, უახლეს სახეობათა იარაღის ჩათვლით, მხარს უჭერენ რეაქციული ძალები, სულ უფრო რომ მომძლავრდნენ საკავშირო მთავრობაში.
2. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი წითელი არმიის აშკარა შეიარაღებული, საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგია, რკპ (ბ) და რუსეთის სფსრ მთავრობამ რომ განახორციელეს და ამით უხეშად დაარღვიეს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. რკპ (ბ)-მ არაერთგზის გამოიყენა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობა 1918-1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკის კანონიერად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რესპუბლიკისა, რომელმაც მოიშორა რუსეთის იმპერიის უღელი და დაადგა ნამდვილი დემოკრატიული განვითარების გზას, უკუაგდო პროლეტარიატის დიქტატურის იდეა. ამრიგად, 1920-იან წლებში რკპ(ბ)-ს მიერ ჩადებული ნაღმი ჩვენს დროში ამუშავდა. ყველაფერი ძველი პრინციპით ვითარდება. ჩვენ გვეგონა, დემოკრატიული რუსეთი ქართველ ხალხთან ერთად დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის დასაცავად, საშუალებას არ მისცემდა ცენტრსა და სხვა ძალებს დაერღვიათ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა „განახლებული ფედერაციის“ გულშემატკივართა უნიტარისტული ტენდენციების საამებლად, რომლებიც პრაქტიკულად საკავშირო მთავრობის ტყვეებად აქცევენ ჩვენს რესპუბლიკებს.
3. შიდა ქართლის (არ არსებობს ცნება - „სამხრეთ ოსეთი“) პრობლემა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეა, მაგრამ იგი მზად არის ითანამშრომლოს რუსეთის სფს რესპუბლიკასთან, რამდენადაც საქმე ეხება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესებსაც - ამის გზას გვისახავს 1991 წლის 23 მარტის ოქმი რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბ.ნ. ელცინისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.კ. გამსახურდიას შეხვედრისა და მოლაპარაკების შესახებ. მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შეუწყნარებლად მიაჩნია ცალმხრივი უხეში ჩარევა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში იმ ულტიმატიმური მოთხოვნების წარმოდგენის გზით, რომ აღვადგინოთ ავტონომიური ოლქის სტატუსი, გავათავისუფლოთ ტ. კულუმბეგოვი და სხვა „უკანონოდ დაპატიმრებული პირები“ (ვინ განსაზღვრა აღნიშნულ პირთა დაპატიმრების უკანონობა?!) და ა.შ.
გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყალიბდება იმპერიულად განწყობილი ძალების ერთიანი ფრონტი კანონიერად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან საბრძოლველად, რომელიც ესწრაფვის დაიბრუნოს 1921 წლის თებერვალში ძალით წართმეული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. აღადგინოს ფეხქვეშ გათელილი ისტორიული სამართლიანობა. ამ პოზიციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რასაც მოწმობს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიებში შეტანილ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 95-მდე პროცენტმა. ის ფაქტი, რომ 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენას დადებითი პასუხი გასცა კენჭისყრის მონაწილეთა 99,6 პროცენტმა, და იმის გათვალისწინებით, რომ არაქართველი მოსახლეობა 30 პროცენტს შეადგენს, მოწმობს საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების სამართლიანობასა და შეუქცევადობას, იმ სოციალური ბაზის ნამდვილად მრავალეროვნულ ხასიათს, რომელსაც ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.
31 მარტის რეფერენდუმი ისტორიული მოვლენაა, რომელიც რეალურ გზას უხსნის საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. სწორედ ამ დღეს რუსეთის სფსრ ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა საკავშირო მთავრობის იმპერიული ამბიციების მხარდაჭერა, რასაც ადასტურებს ყრილობის მიმართვა სსრ კავშირის პრეზიდენტისა და სსრ კავშირის ფედერაციის საბჭოსადმი, რომელშიც მოითხოვენ განხორციელდეს „სასწრაფო ღონისძიებანი სამხრეთ ოსეთში ვითარების ნორმალიზაციისათვის...“
რა შეიძლება მოჰყვეს წესრიგის დასამყარებლად ცენტრალური მთავრობის სასწრაფო ღონისძიებებს, შეგეძლოთ გენახათ თბილისში, ბაქოში, ვილნიუსში, რიგასა და სხვა რეგიონებში.
გაოცებას იწვევს, რომ დადგენილება მიიღო უმრავლესობამ, რუსეთის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების ჩათვლით, რომლებიც თითქოსდა საკავშირო მთავრობის დიქტატურისა და იმპერიულ ზრახვათა წინააღმდეგ იბრძვიან.
გვწამდა რა ჩვენი მართალი საქმისა, ჩვენ ამავე დროს შეგნებული გვქონდა, რომ რეფერენდუმის შემდეგ საკავშირო მთავრობა გაამკაცრებდა თავის პოზიციას და ამისათვის გამოიყენებდა სწორედ შიდა ქართლის ამბებს.
რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობის დადგენილება ამით ხელს უწყობს ცენტრის ზრახვებს, რაც წესრიგის დასამყარებლად „სასწრაფო ღონისძიებათა“ საბაბით შეიძლება გაუთვლისწინებელი ტრაგიკული შედეგებით დამთავრდეს.
ფაქტობრივად მზადდება კიდევ ერთი აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მიღებული დადგენილებით რუსეთის ყრილობა სანქციას აძლევს სამხედრო ძალის გამოყენებას სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ამრიგად, მიიღეს რა ეს დადგენილება, რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატებმა იკისრეს მორალური პასუხისმგებლობა საკავშირო მთავრობის შესაძლო მოქმედებისათვის, კანონიერი დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც თავისი ქვეყანა დამოუკიდებლობის გზით მიჰყავს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№65 (85), გვ. 1; 3 აპრილი, 1991 წ.].
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს
ამა წლის 2 აპრილს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონამ გაჭყლიტა ორი 14-15 წლის გოგონა, ერთ-ერთი მათგანი, ნინო მეტრეველი, სიკვდილის პირას არის და იმყოფება გორის საავადმყოფოში.
თქვენი ამასწინდელი დეპეშის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია, ისევე, როგორც „ნურს“ რაკეტით (საბჭოთა წარმოების) სოფელ ნიქოზში გლეხის - ლადო მჭედლიძის მკვლელობა და სხვა გლეხების დაჭრა. აი, ასეთ შედეგებს იწვევს ცენტრის „მეურვეობა“.
მოვითხოვ, შეწყდეს ყოველგვარი ჩარევა სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის საქმეებში, რათა თავიდან ავიცილოთ ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 3 აპრილი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№66 (86), 4 აპრილი, 1991 წ.].
მიმართვა სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს
ა.წ. 1 აპრილს სსრკ-ს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“.
ეს დადგენილება კიდევ ერთი, ამჯერად თავისი შედეგებით განუჭვრეტელი აქტია, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლში, ესე იგი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ვითარების შემდგომ გამწვავებას.
მხოლოდ გარედან მხარდაჭერით ჩადიოდნენ ოსი ექსტრემისტები უმსგავსობასა და ძალადობას ოდითგანვე ქართულ მიწაზე, იწვევდნენ ვითარების დესტაბილიზაციას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზას დაადგა.
ეს დადგენილება მოჰყვა ანალოგიურ დოკუმენტს, მიღებულს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა მესამე საგანგებო ყრილობაზე. იგი 1991 წლის 23 მარტს რუსეთის სფსრ-ს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის - ბ.ნ. ელცინისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის - ზ.კ. გამსახურდიას შეხვედრის ოქმის მიუხედავად (რომელშიც დასახულია პრობლემების გადაჭრის გზა საქართველოს რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით), კონსერვატიული ძალების ზეგავლენით, მიმართავდა კონფლიქტის გადაწყვეტის ულტიმატუმურ ფორმას. სსრკ-ის უზენაესმა საბჭომ თავის მხრივ ყველაფერი იღონა იძულებით ღონისძიებათა ესკალაციისათვის.
შეიქმნა ერთიანი ფრონტი დამოუკიდებლობისადმი საქართველოს მისწრაფების წინააღმდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაშინ, როცა ქართველმა ერმა ეროვნულ უმცირესობებთან ერთად, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 30% შეადგენენ, რესპუბლიკური რეფერენდუმის დროს, თითქმის ერთხმად, მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, ცენტრის მხრიდან მზადდება საქართველოს რესპუბლიკის ხელმეორე ანექსია და ოკუპაცია სამხრეთ ოსეთის პუტჩის საბაბით.
საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული გზით არჩეულმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ გაითვალისწინა სსრკ-ში შექმნილი უაღრესად რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია და გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული სახელმწოფოებრიობის აღსადგენად.
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა სტაბილიზაციის ფაქტორი, რომლის დროს დემოკრატიული პოლიტიკური საშუალებებით შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი ეტაპობრივი გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან. ჩვენი არჩეული გზა შეესაბამება როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობის, ასევე ყველა კეთილი ნების ადამიანის ინტერესებს. მაგრამ ცნობილი მარჯვნივ შემობრუნების შემდეგ საკავშირო მთავრობას, რომელიც უგულვებელყოფს საღ აზრს, არ გამოუჩენია არავითარი გონივრული ინიციატივა ამ მიმართულებით, რისი შედეგი იყო სისხლიანი მოვლენები მოლდოვაში, ლიტვაში, ლატვიაში და ხელოვნურად გაჩაღებული კონფლიქტი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. საქართველო დღეისათვის ანექსირებული სახელმწიფოა, მაგრამ ჰყავს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს.
საკავშირო ხელისუფლების პროვოკაციულ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში საგანგებო წესების, ან საპრეზიდენტო მმართველობის გამოცხადების ფორმა მიიღოს, ჩვენ შევაფასებთ, როგორც საქართველოს რესპუბლიკისათვის ომის გამოცხადებას.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელი შედეგებისათვის დაეკისრება საკავშირო ხელმძღვანელობას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№66 (86), გვ. 1; 4 აპრილი, 1991 წ.].
1991 წ. 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები
სარეფერენდუმოდ გამოტანილი კითხვა ასეთი გახლდათ - „ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“.
ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო - 3 657 477; რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3 302 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3 326 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს.
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ“ მომხრეთა რიცხვი - 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს.
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის „არა“ მომხრეთა რიცხვი - 17 400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს.
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№68 (88), გვ. 1; 8 აპრილი, 1991 წ.].
ინტერვიუ რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან. 5 აპრილი 1991 წელი
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა მარკ ჰოპკინსმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც განაცხადა, რომ მის მთავრობას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობისათვის გამართულ რეფერენდუმში და იგი თხოვს უცხო ქვეყნებს საქართველოს დიპლომატიურ ცნობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს გააძლიეროს ის, რაც, როგორც იგი ამბობს, უკვე არის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ამის გაკეთება სურს იმით, რომ თხოვნით მიმართავს შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს, მიმდინარე წელს დიპლომატიურად ცნონ საქართველო. ბატონმა გამსახურდიამ თქვა, რომ ოთხშაბათს მან წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და თხოვს, რომ შეერთებული შტატები ჩაერიოს საქმეში გორბაჩოვთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს მიმართ შემდგომი ძალმომრეობა. საქართველო ახლა მოცულია იმით, რაც ბატონ გამსახურდიას თანახმად არის სამოქალაქო ომი ამ რესპუბლიკაში ქართველებსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცირე მოსახლეობას შორის. ოსები მოსკოვისაკენ იყურებიან დაცვისათვის. ბატონმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ძალების ათასი ჯარისკაცი იყო გაგზავნილი საქართველოში, რათა განაიარაღონ ქართული მილიცია სამხრეთ ოსეთის რეგიონში. გამსახურდია ამბობს, რომ იქ არის 200 მილიციელი, რომელიც იცავს ქართულ სოფლებს სამხრეთ ოსეთში, მან საკდესის ცნობა დაახასიათა, როგორც ტყუილი, რომ თითქოს 12 ათასმა ქართველმა ალყა შემოარტყა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს, ბატონმა გამსახურდიამ თქვა:
_ ახლა, მე მივმართავ ბატონ ჯორჯ ბუშს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ და ვწერ წერილში, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ და მიმართოს სამხედრო აგრესიას. მე ვთხოვ ბატონ ბუშს, დაგვეხმაროს და მოახდინოს დაწოლა ბატონ გორბაჩოვზე, რომ მან არ მოაწყოს ახალი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
ბატონმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ საქართველოს მილიცია არ ჩააბარებს იარაღს და იგი შიშობს, რომ საქართველოში მეტი საბჭოთა ჯარების გაგზავნის გამო ადგილი ექნება მეტ ძალმომრეობას. 2 წლის წინ 20 ქართველი დაიღუპა და უამრავი დაიჭრა, როდესაც საბჭოთა ჯარებმა იერიში მიიტანეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თბილისში. ბატონმა გამსახურდიამ თქვა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მან განაცხადა:
ჩვენ არ ვცნობთ საბჭოთა კონსტიტუციას, ჩვენ გვაქვს საკუთარი კონსტიტუცია. ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის წევრს. იურიდიულად იგი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგან დამოუკიდებლობის დეკლარაციას ჯერ კიდევ აქვს იურიდიული ძალა.
ბატონმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ მას სურს გაემგზავროს მოსკოვში და შეხვდეს პრეზიდენტ გორბაჩოვს. იგი მზადაა საბჭოთა ცენტრალურ მთავრობასთან მოსალაპარაკებლად საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა ჯარების საქართველოდან გაყვანის შესახებ. პრეზიდენტმა გამსახურდიამ თქვა, რომ თუმცა საქართველო არის პატარა რესპუბლიკა, მაგრამ მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო მიიზიდავს უცხოეთიდან კაპიტალდაბანდებებსა და განავითარებს ტურიზმს თავისი ეკონომიკის განვითარებისათვის. მან დასძინა, რომ საქართველო დაამყარებს ეკონომიკურ კავშირებს სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან უზარმაზარი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ჩათვლით. მან დაამატა, რომ ურთიერთობა დამყარდება ცენტრალური საბჭოთა მთავრობისაგან დამოუკიდებლად. ხაზს უსვამდა რა მის დამოუკიდებლობას, პრეზიდენტმა გამსახურდიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო, აგრეთვე, თხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომ დიპლომატიურად ცნოს საქართველო და მან მიუთითა იმაზე, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს უკრაინასა და ბელორუსიას ამჟამად აქვთ ადგილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.
(რადიოსადგურის სტილი დაცულია)
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№14(47), 16 აპრილი, 1991 წ.]
სსრკ-ს პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს
სსრკ-ს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ი. ლუკიანოვს
უკანასკნელ დღეებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შემოჰყავთ საბჭოთა არმიისა და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტი! მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკ ალექსანდროვის განცხადებით ეს ჯარები არ დაექვემდებარებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მიერ დანიშნულ კომენდანტს. უფრო მეტიც, უნდობლობა გამოეცხადათ არა მარტო მათ, არამედ, აგრეთვე სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დივიზიის ნაწილებს, რომლებიც განლაგებული არიან ქ. თბილისში და რომლებსაც ნაბრძანები აქვთ დატოვონ ცხინვალი ქართულ მილიციასთან ერთად.
ოსმა ექსტრემისტებმა ყოველივე ეს აღიქვეს, როგორც მხარდაჭერა და თამამად დაიწყეს მოქმედება.
5 აპრილს 16 საათიდან დაწყებული ქართულ სოფლებს თამარაშენს, აჩაბეთს, ქემერტს, სვერს და სხვებს ოსმა ექსტრემისტებმა შინაგანი ჯარის ნაწილების მხარდაჭერით და მათი ჯავშანტრანსპორტიორებით ყველა მხრიდან შეუტიეს, დაიღუპა თამარაშენის ორი მცხოვრები ე. ელბაქიძე და ზ. მეტრეველი, ხოლო სამი დაიჭრა. იმავე ღამეს, ერედვ-ხეითის გზაზე მოკლეს მილიციის კურსანტი თ. დათაშვილი და სოფელ მერეთის მცხოვრები ვ. ტატიშვილი.
ეს არის აშკარა აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, გრძელდება მისი მოსახლეობის გენოციდი. დღემდე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ცდილობდა მოენახა დიალოგისა და დაზავების გზები, მაგრამ ახლა იზრდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღშფოთება, რასაც ემატება ეკონომიკური პირობების სერიოზული გაუარესება, ფასების ზრდა და ცენტრისმიერი ბლოკადა.
ყოველივე ამის შედეგად, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ორგანიზაციის, აგრეთვე საქართველოს მშრომელთა ინიციატივით რესპუბლიკაში მზადდება საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა მუშების, მოსამსახურეების, რკინიგზელების, მეზღვაურებისა, რომლებიც უერთდებიან გაფიცულ სსრ კავშირის მშრომელებს და იზიარებენ ყველა მათს მოთხოვნას.
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით საგაფიცვო კომიტეტები მოითხოვენ შეწყდეს სამხედრო აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ და განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებანი:
1. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გაყვანილ იქნენ საბჭოთ არმიის ნაწილები და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების დამატებითი კონტინგენტი, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარეებიდან ჩამოვიდნენ.
2. დაბრუნებულ იქნენ ცხინვალში კომენდანტი და მისი მოადგილეები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანიშნა.
3. დაიხუროს და გაუქმდეს როკის უღელტეხილი და გვირაბი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 6 აპრილი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№69 (89, გვ. 1; 9 აპრილი,1991 წ.].
ინტერვიუ
- ბატონო ზვიად!
მამაჩემისგანაც და უფრო ხანდაზმული ადამიანების წრეშიც ხშირად მსმენია ერთი ამბავი: 1957 წელს, უნივერსიტეტის პირველკურსელებისათვის რუსული ენის პედაგოგს, ბატონ გიორგი მდივანს თავისი თავი რუსულ ენაზე წარუდგენია. წამომდგარა ერთ-ერთი სტუდენტი და მოუთხოვია, მას ეს ქართულად გაეკეთებინა... იმ დღიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა აკავშირებს პირველკურსელ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას?
- პირველად რომ დამაპატიმრეს, ჩვიდმეტი წლის, მე-11 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩემი საქმე ასაკოვან „გამობრძმედილ“ გამომძიებელს ჩააბარეს. როდესაც საქართველოს თავისუფლებაზე, იმპერიიდან თავის დახსნაზე, ეროვნულ აღორძინებაზე ჩემი შეხედულებები მოისმინეს, ბევრი იცინეს. ბოლოს მითხრეს, გეტყობა, რომ ბავშვი ხარ, დარწმუნებული ვართ, ასაკთან ერთდ ჭკუაც მოგემატება, გონს მოეგები და ასეთ რაღაცეებზე ფიქრს სამუდამოდ თავს დაანებებო. თქვენ კარგად იყავით და ოთხმოცი წლისაც იგივეზე ვიდარდებ-მეთქი, - არ ჩამოვრჩი „უფროსებს“. მართალი მითქვამს! აგერ 52 წლის გავხდი და ზუსტად ისე მწყურია საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, როგორც მაშინ!
ჩემს სიყმაწვილესთან, ალბათ, უპირველესად ეს მაკავშირებს.
- წარმოუდგენელია, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს მაშინ ხელისუფლების თავში მოქცევაზე გეფიქრათ. მით უმეტეს, კარგად უწყოდით, რომ დასჯის გარდა არაფერი გელოდათ.
- მართალს ბრძანებთ, ხელისუფლების თავში მოქცევაზე არასოდეს მიოცნებია, არც მდომებია. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი საქმიანობისთვის მხოლოდ დავისჯებოდი. ჩემი დღევანდელი თანამდებობაც მხოლოდ ვითარებამ განაპირობა. ერის ნებამ განსაზღვრა. ამ სავარძელში ჯდომას არასოდეს ვესწრაფოდი და ეს ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმაც კარგად იციან.
- წარსულში თქვენი დევნის ამბავი ყველამ კარგად იცის, მაგრამ კონკრეტული ფაქტები უცნობია. იქნებ მოკლედ მოგვითხროთ, თუნდაც თქვენს პირველ პატიმრობაზე, გადასახლების წლებზე.
პირად არქივში ჩემი დევნისა და შევიწროვების ზღვა მასალა დამიგროვდა. ამ მასალას უეჭველად გამოვამზეურებ. პატიმრობაში, გადასახლებაში ყოფნისას ნანახს, გადატანილს ხალხი შეიტყობს. ჩემს გატეხვას იმპერია ყოველნაირად ცდილობდა. არაფერს არ თაკილობდა, რათა მრწამსი შემეცვალა, ბრძოლაზე ხელი ამეღო. მართალია, ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული უკანდახევები მქონდა, მაგრამ ჩემი იდეალებისთვის არასოდეს მიღალატია, ბრძოლა არ შემიწყვეტია და საქართველოს მომავალზე ფიქრი არასოდეს გადამიდვია.
- ჰომო ლიბერ - თავისუფალი ადამიანი, როგორია იგი თქვენთვის?
- თავისუფლება მეტაფიზიკური მცნებაა და ბევრი მას საკუთარი თავის მიღმა ეძიებს. თავისუფალი ადამიანი კი სინამდვილეში ისაა, ვინც სინდისის წინაშე მართალია. სინდისის კარნახით ცხოვრობს, იღწვის და გარემოებებს თუ სხვის დიქტატს არ ეპუება. ასეთ ადამიანს ვერაფერი დაიმონებს, იგი მუდამ თავისუფალია.
- ხალხში მოარული ერთ ნახევრად სიმართლე, ნახევრად ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ: მოქეიფე ქართველებს სანუკვარი სურვილის სადღეგრძლოს თქმა გადაუწყვეტიათ. ზოგმა ქონება ინატრა, ზოგმა ულამაზესი ქალები. ბოლოს სუფრასთან მჯდარი ერთი სომეხი გახსენებიათ და მისთვისაც უკითხავთ, რას ინატრებდიო. საქართველოს დამოუკიდებლობასო! - უთქვამს მას. ეს სარკაზმი არ გაშინებთ?
- ჰმ, სომეხი მეგობარიც ბევრი გვყავს და ნაკლებად მოკეთეც, რაც შეეხება ქართველს, ასეთები, ჩემი ღრმა რწმენით, ცოტანი არიან, და თუ არიან, ისინი სუფთა ქართველები არ იქნებიან.
- 1990 წელს, არჩევნების წინ, ერთი თქვენი დავალება შევასრულე. მუშაობის პროცესი კარგად მახსოვს. თქვენი მაქსიმალური მომთხოვნელობა და სიმკაცრე ბევრ თქვენს მომხრეს ხომ არ აშინებს? ანუ უფრო მეტიც, ბევრ ერთგულსაც ხომ არ გაკარგვინებთ?
- მომთხოვნელობას რაც შეეხება, ჭეშმარიტებასთან ახლოს ხართ. სიმკაცრისა კი რა მოგახსენოთ. ჩემი სიმკაცრე უფრო ვიზუალურია. პირიქით, იცით, სიმკაცრე კიდეც მინატრია. აუცილებელ სიმკაცრეს ხშირად ვერ ვიჩენ და ამ მიზეზით ბევრი რამ წამიგია... განსაკუთრებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნისას.
- საქართველოს დღევანდელი და 1918-1921 წლების მდგომარეობის მსგავსებაზე ბევრს ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპული სხვაობა ისიცაა, რომ ნოე ჟორდანიას მთავრობა ათეისტური იყო.
- გეთანხმებით, ნოე ჟორდანიას მთავრობის უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ მარქსისტული ათეიზმი ირწმუნა, უღალატა ილიას ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა და პატრიოტიზმის გზას. ამან დაღუპა საქართველოს პირველი დამოუკიდებლი რესპუბლიკა, ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მსოფლმხედველობა შეურყია. მე მათ გზას სიმბოლურად „ბარაბას გზა“ ვუწოდე.
- უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც ჩანს, „პირველების“ სტუმრობას შეეჩვივნენ და, რამდენადაც ვიცი, უკანასკნელი უსიამოვნო ექსცესის ერთი მიზეზთაგანი ის იყო, შეხვედრაზე ზვიად გამსახურდია რატომ არ მოვიდაო.
- სტუდენტების ერთი ჯგუფის განწყობას მთელ უნივერსიტეტს ნუ მივაწერთ. ეს ჯგუფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ კულტს ნერგავს. მას სათავეში ზოგიერთი ლექტორი უდგას, რომლებსაც მოსკოვის ჯაშუშებს ვუწოდებთ. მათი მიზანია ჩვენი ახალგაზრდები კრიმინალებად და ნარკომანებად აქციონ, ასეთები ხომ ნაკლებად საშიშნი იქნებიან მოსკოვისთვის. ახალგაზრდების გახრწნას, გადაგვარებას არავის დავანებებთ. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში „კანონიერი ქურდების“ და მაფიების ადგილი არ არის. დავით აღმაშენებლის და რუსთაველის ქვეყანაში ისინი ვერ იბოგინებენ.
- გამომცემლობა „საქართველომ“ გამოსცა ბოდლერის თქვენეული თარგმანი. ეს კონკრეტული ავტორისადმი სიმპათიაა, თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობით „გახელება“ (ტოლსტოის შექსპირი „ახელებდა“), რომელსაც ბოდლერი ეკუთვნის?
- რაც შეეხება ბოდლერს, ეს ახალგაზრდობის დროინდელი თარგმანებია. მე ისინი დავხვეწე და გამოვეცი, რათა ხალხს ჩემი, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფაქტი სცოდნოდა. ბოდლერი სიმბოლისტების სულიერი მამა იყო, ხოლო სიმბოლიზმმა რა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაში, ყველას კარგად მოეხსენება. გარდა ამისა, მინდოდა მკითხველი ამ შესანიშნავი ავტორის სულიერ სამყაროს გასცნობოდა.
- დაისტამბა აგრეთვე თქვენი წიგნი, რომელშიც გენიალური „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახლებურადაა წაკითხული. პროფესიონალ ლიტერატორებთან საუბარში წინასწარი ვარაუდიც გამოითქვა, რომ იგი ისეთივე რევოლუციური იქნება, როგორც თავის დროზე იოანე -ზოსიმეს „ქებაის“-ს ახლებური გააზრება.
- ჩემს ნამუშევარზე მე თვითონ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიზანი მართლაც რევოლუციური მქონდა. სასურველი იქნებოდა, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით რუსთველოლოგებმა თავიანთი აზრი გამოთქვან.
- „მთვარის მოტაცების“ რეალური მსოფლმხედველობა საკვანძო მომენტში გამოჩნდა: „ახალი ხელისუფლების“ წარმომადგენელი საკუთარი ხელით კლავს მამას... დიდოსტატს იგი შეაცვლევინეს. ეს პირველი და უკანასკნელი ძალადობა არ ყოფილა.
- „მთვარის მოტაცების“ საკვანძო მომენტი - „ახალი ხელისუფლების“ წარმომადგენლის მიერ საკუთარი მამის მოკვლის ეპიზოდი, მამაჩემის უკითხავად შეცვალეს. ყველაზე აღმაშფოთებელი სწორედ ეს იყო. ავტორის დაჟინებული პროტესტებიც არ იღეს ყურად. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ამ წიგნის პირვანდელი სახით გამოცემა.
- თქვენი ბიბლიოთკის უძვირფასესი წიგნი დაგვისახელეთ.
- ჩემი ბიბლიოთეკის უძვირფასესი წიგნია ბიბლია, სახარება, იესო ქრისტე.
- უცხოელს საქართველოში უპირველესად რის ნახვას ურჩევდით?
- უცხოელს საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, თბილისის, ქუთაისისა და გელათის შემდეგ, ჩვენი წმინდა ადგილების დათვალიერებას ვურჩევდი.
- ბატონი მერაბი, მისივე თქმით, თქვენი „ქრისტესმიერი ძმა“, მოახლოებულ ... დღეს, როგორ მოგილოცავდათ?
- მერაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველოში დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა. მერაბი ძალზე დააკლდა ეროვნულ მოძრაობას, მთელ საქართველოს და ყველაზე მეტად - მე, დიახ, ყველაზე მეტად - მე.
- გაგვიმხილეთ რაიმე ისეთი, რაც ჟურნალისტებისათვის ჯერ არ გითქვამთ.
- რა გაგიმჟღავნოთ? იმპერია სამაჩაბლოში ჯარის შემოყვანას, ახალ სისხლისღვრას გეგმავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ დავუშვათ. მაპატიეთ, რომ სასიხარულოს ვერაფერს გეუბნებით.
ესაუბრა დავით დემეტრაშვილი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№69 (89), გვ. 8; 9 აპრილი,1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა
9 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა. მის დაწყებამდე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს შვილების ხსოვნას, რომლებიც ემსხვერპლნენ თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს.
დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა. მისი დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ საკითხის გამო მოხსენება გააკეთა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ. ისტორიული ექსკურსის შემდეგ მან დაწვრილებით გააანალიზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის ყველა პერიპეტია, რომელიც დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის იმპერიამ გასული საუკუნის დამდეგს მოახდინა საქართველოს ანექსია და გააუქმა მისი სახელმწიფოებრიობა.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტის პროექტი. მის განხილვაში მონაწილეობდნენ დეპუტატები ნოდარ ნათაძე, აპოლონ სილაგაძე, ნინო ჯავახიშვილი, ალიკო მელაძე, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი - გიორგი ხოშტარია, დეპუტატი - გრიგოლ მარგიანი, მზექალა შანიძე, რუსლან ღონღაძე, ლევან ალექსიძე და სხვები.
უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო ეს ნანატრი, ჭეშმარიტად ისტორიული დოკუმენტი და თავისი ნება დაადასტურა ხანგრძლივი ტაშით და ოვაციებით. დარბაზში საზეიმოდ აგუგუნდა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.
ეს ღირსშესანიშნავი დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის სახელით, დამსწრეთ მიულოცა უზენაესი საბჭოს წევრმა, ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარმა მამა არჩილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება დაემთხვა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომლის პატივსაცემად დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლოცვას აღავლენს მცხეთაში. ეს უაღრესად სიმბოლურია, რადგან ივერიის ღვთისმშობელი მფარველობს საქართველოს და სწორედ მან აჩუქა საქართველოს დდი ხნის ნანატრი თავისუფლება.
სესიაზე მიიღეს მიმართვები მსოფლიოს ხალხებისა და სსრ კავშირის პრეზიდენტის მ. გორბაჩოვისადმი, რომელთა ტექსტი წაიკითხა თედო პაატაშვილმა.
საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა სახელით რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიესალმა მწერალი გურამ ბათიაშვილი. მან წაიკითხა ქართველ ებრაელთა მიმართვა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ყველა ებრაელისადმი და მოწოდება, მსოფლიო საზოგადოებრიობას გააგებინონ სიმართლე საქართველოზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მისი ხალხის ბრძოლაზე.
გულთბილად მიესალმა შეკრებილთ ინგუში ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ისა კაძოევი და გულითადად მიულოცა ქართველ ხალხს ეს ღირსშესანიშნავი დღე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგუში ხალხი გულწრფელად სოლიდარობს ქართველ ძმებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მან მოუწოდა კავკასიის ყველა ქრისტიან და მუსლიმან ხალხებს მხარი დაუჭირონ თავისუფალ საქართველოს.
შემდეგ უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოქმედების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ასათიანის წინადადებით სესიამ ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
ამით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგმა სხდომამ მუშაობა დაამთავრა.
საქინფორმი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№70 (90), გვ. 2; 10 აპრილი, 1991 წ.].
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს. დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორით და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.
საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას - დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.
9 აპრილი, 1991 წელი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№70 (90), გვ. 1; 10 აპრილი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე, მის იურიდიულ, სამართლებრივ სტატუსზე, ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვიტოთ, თუ რა გზას დავადგეთ დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი. ვიდრე უშუალოდ დღევანდელი დღის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრობლემებზე გადავიდოდეთ, გავაკეთებ მცირეოდენ ისტორიულ ექსკურსს, შეგახსენებთ საყოველთოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ დღევანდელობისათვის.
როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც თურქეთთან გამწვავებულმა ურთიერთობამ კრიზისის წინაშე დააყენა, იმავე დღეს დაიშალა.
ეროვნული საბჭო ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში აირჩია საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელშიც ნათქვამი იყო:
„1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს“.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნულ საბჭოს დაეკისრა საკანონმდებლო სახელმწიფო ორგანოს ფუნქციაც. შეიქმნა კოალიციური მთავრობა.
1919 წლის მარტში ეროვნული საბჭო შეცვალა დამფუძნებელმა კრებამ, რომლის არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 60%-ზე მეტი.
დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება.
ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას დიდის აღტაცებით შეხვდა ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი და მისი მთავრობა მძიმე საშინაო და საგარეო ვითარების მიუხედავად თავის ფუნქციებს ასრულებდა.
ამ მთავრობის მიერ განხორციელებული აქციებიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დადგენა, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადება (1918 წლის სექტემბერი), სკოლისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების გაეროვნულება, ეროვნულ უმცირესობათათვის სკოლების გახსნა, მათი ენების პატივისცემა.
გატარდა სასამართლო რეფორმა, შეიქმნა სახალხო გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოყალიბდა ერობები (ადგილობრივი მმართველობის ორგანოები), პროფკავშირები, განხორციელდა ზოგიერთი ღონისძიება მუშათა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მკვეთრად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, მემამულეებისათვის ჩამორთმეული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი გლეხებს მიეყიდა. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ორიენტაცია იმჟამად საგარეო პოლიტიკაში გერმანიისაკენ იხრებოდა, რაც კონკრეტული ვითარების გარდუვალობით იყო ნაკარნახევი. ამას კი საბჭოთა რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვ.ი. ლენინი ამ მოვლენას გერმანიის მიერ საქართველოს სრულ დაპყრობასა და ოკუპაციასაც კი უწოდებდა ( იხ. ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ. 28, გვ. 78).
გერმანელებმა მალე დატოვეს საქართველო. 1918 წლის დამლევს საქართველოში ინგლისის ჯარები შემოვიდნენ, როგორც გერმანელებს, ისე ინგლისელებს საქართველოს მიმართ, თავისთავად ცხადია, საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდათ, მაგრამ ეს არ იყო ოკუპაცია დაპყრობის გაგებით, ვინაიდან არც გერმანიას, არც ინგლისს საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაუუქმებიათ. საქართველოს მთავრობას არ შეუწყვეტია პოლიტიკური თუ დიპლომატიური ბრძოლა ინგლისის უშუალო ოკუპაციისაგან მისი ნაწილის - აჭარის გათავისუფლებისათვის. წასვლის წინ (1920 წლის ზაფხული) ინგლისელებმა ბათუმი და მისი ოლქი საქართველოს გადასცეს (თუმც ზოგი მოსაზრებით სწორედ ამან გაუხსნა ხელი საბჭოთა რუსეთს საქართველოს ანექსიისათვის).
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას თავიდანვე უარყოფითად შეხვდა საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობა. ეს კარგად ჩანს გ.ვ. ჩიჩერინისა და მისი მოადგილის ლ.მ. კარახანის განცხადებიდან: „ჩვენ არ აგვიღია ვალდებულება გვეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა“ (გ.ვ. ჩიჩერინი); „საბჭოთა სახალხო კომისარიატი არ ცნობს არც საქართველოს დამოუკიდებლობას, არც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, არც საქართველოს მთავრობას, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევს რუსეთის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეთა ჯგუფად“ (ლ.მ. კარახანი).
ასეთი პოზიციის მიუხედავად, 1918 წლის 18 ივლისს მომხდარი მემარცხენე ესერების ამბოხების გამო სერიოზულად გართულებული საერთაშორისო მდგომარეობის გავლენით, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა არაპირდაპირ ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1918 წლის 27 აგვისტოს რუსეთ-გერმანიის დამატებითი ხელშეკრულების მე-13 მუხლით საბჭოთა რუსეთი ეთანხმებოდა იმას, რომ „გერმანია საქართველოს ცნობს დამოუკიდებელ სახლმწიფოებრივ ორგანიზმად“.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და იურიდიული ინსტიტუტების სტაბილურობის მიუხედავად, ამ პერიოდში არა მარტო საბჭოთა რუსეთი, არამედ დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავდნენ. მათ არ სურდათ რუსეთთან დამოკიდებულების გართულება საქართველოს გამო. პარიზის საზავო კონფერენციამ ამ მოტივით შეიკავა თავი მიეღო რაიმე გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ (გამონაკლისს შეადგენდა არგენტინა, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1919 წლის 13 სექტემბერს ცნო).
მდგომარეობა არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა თვით საბჭოთა რუსეთმა აღიარა დე იურედ. ეს აღიარება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებას მოჰყვა, აღორძინებული ქართული სახელმწიფოს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად იქცა.
1920 წლის დამდეგისათვის წითელმა არმიამ დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მოადგა. მხარის გასაბჭოების პერსპექტივა რეალური გახდა. საბჭოთა მთავრობას ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევს მიაჩნდა შესაძლებლად საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება ამიერკავკასიაში. სწორედ ამ მიზნით მოავლინეს კავკასიაში საგანგებო კომისრად ს.გ. შაუმიანი.
1920 წლის 17 მარტს ვ.ი. ლენინი გ.კ. ორჯონიკიძეს დეპეშით აუწყებდა: „ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად, უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ. ამასთან აუცილებელია, განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და მაქსიმალურად დარწმუნდეთ მტკიცე ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მომზადებაში. იგივე ეხება საქართველოს, თუმცა, გირჩევთ, მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ, ჯარების გაყვანაზე შეუთანხმდით მთვარსარდალს. ლენინი“.
1920 წლის აპრილის დამლევს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა აზერბაიჯანში. XI არმიის ხელმძღვანელობამ მაშინვე დააყენა საქართველოში შეჭრის საკითხი. სწორედ ამ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშკრულების დადების თობაზე. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებდა, რომ ხელშეკრულება დაიცავდა საქართველოს წითელი არმიის შემოტევისაგან. იგი ხელსაყრელი იყო საბჭოთა მხარისათვისაც, რომელიც იმ დროს პოლონეთისა და გენერალ ვრანგელის თეთრგვარდიელი არმიების იერიშებს იგერიებდა. საზავო ხელშეკრულება შესაძლებლობას აძლევდა საბჭოთა რუსეთს მთელი ძალები მიემართა პოლონეთისა და ვრანგელის წინააღმდეგ.
საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება შემუშავდა და ძალაში შევიდა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით. ვ.ი. ლენინი ამ ხელშეკრულებას ახასიათებდა, როგორც „მეგობრობის ხელშეკრულებას“ (იხ. „უფლებამოსილებანის“ ტექსტი, რომელიც ვ.ი. ლენინისა და გ.ვ. ჩიჩერინის ხელმოწერებით 1920 წლის 7 მაისს გადაეცა ლ.მ. კარახანს).
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლ.მ. კარახანმა (რომელსაც ვ.ი. ლენინის მიერ მიცემული რწმუნება ჰქონდა) და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა გ.ი. ურატაძემ, მხარეთა შეთანხმებით იგი სავალდებულო ხდებოდა ხელმოწერისთანავე. საგანგებო რატიფიკაციის გარეშე ხელშეკრულების საერთაშორისო სამართლებრივ ნამდვილობაში არასოდეს ეჭვი არ შეუტანიათ არც საქართველოსა და არც საბჭოთა რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს.
საბჭოთა რუსეთმა, რომელიც ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის პრინციპით ხელმძღვანელობდა, ამ ხელშეკრულებით ყოველგვარი პირობის გარეშე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. (მუხ I.). საბჭოთა რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა არ ჩარეულიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. (მუხ. II) ორივე მხარე კისრულობდა ვალდებულებას არ დაეშვა თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მხარისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ძალების მოქმედება (მუხლები V და VI).
ხელშეკრულებას ერთვოდა განსაკუთრებული საიდუმლო დამატება, რომლის ძალით საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციებს ლეგალური მუშაობის, კერძოდ, კომუნისტური პროგრამის საჯარო პროპაგანდის, კრებების მოწვევისა და საგამომცემლო საქმიანობის უფლება ეძლეოდათ.
ამრიგად, 1920 წლის ხელშეკრულება რუსეთის ყოფილი იმპერიის ხალხთა თანასწორუფლებიანობის ლენინური პრინციპების დადასტურებას წარმოადგენდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტი, რომელიც განამტკიცებდა საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებრივ სტატუსს საერთაშორისო მასშტაბით, საფუძველს უყრიდა ახალ თანასწორუფლებიან ურთიერთობას ქართველ და რუს ხალხებს შორის. ხელშეკრულება უდავოდ ხელს უწყობდა ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის გაზრდას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ევროპის საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური დამოკიდებულება განამტკიცა მეორე ინტერნაციონალის ბელადების ვიზიტმაც, რომლებიც 1920 წლის შემოდგომაზე ეწვივნენ საქართველოს, რათა პირადად გაცნობოდნენ მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატიული დამოუკიდებელი მთავრობის პრაქტიკულ საქმიანობას.
ამის შედეგი ის იყო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნეს: გერმანიამ (1920 წლის 24 სექტემბერი), ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ (1921 წლის 27 იანვარი), პოლონეთმა (1921 წლის 22 იანვარი), ავსტრიამ (1921 წლის 17 თებერვალი), რუმინეთმა (1921 წლის 18 თებერვალი), ლუქსემბურგმა (1921 წლის 23 თებერვალი), მექსიკამ (1921 წლის 14 აპრილი) და სხვა, ამგვარად, უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკების ცნობა საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც გრძელდებოდა.
მაგრამ დიდი ქვეყნების, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები უკვე სამოქალაქო ომში გამარჯვებულ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ შერბილებას აძლევდნენ უპირატესობას და ამიტომ, საქართველოს რესპუბლიკის პრობლემებს, ოფიციალურად, რუსეთის საშინაო საქმედ აღიარებდნენ. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ საბჭოთა რუსეთი საბოლოოდ ვერ შეურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ ორ ქვეყანას შორის ომი გარდაუვალი ჩანდა. ევროპის ქვეყნები საქართველოსადმი რეალურ დახმარებას უპერსპექტივოდ თვლიდნენ. ეს აგრეთვე ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგაში არ მიიღეს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო საქართველოს მიმართ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის გააქტიურებას. საქართველოში საბჭოთა რუსეთის პირველივე ელჩობა, რომელსაც ს.მ. კიროვი ხელმძღვანელობდა, მიზნად ისახავდა, რომ თვით საქართველოში შეემზადებინა ნიადაგი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დასამხობად. აქ მთავარი როლი განეკუთვნებოდა საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რომელსაც მოღვაწეობის ფართო ასპარეზი გაუხსნა 1920 წლის მაისის ხელშეკრულებამ. მაგრამ ბოლშევიკთა გავლენა ქართველ ხალხზე იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ შეძლეს მისი უმრავლესობის დარწმუნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აუცილებლობაში.
მიუხედავად ამისა, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და XI წითელი არმიის ხელმძღვანელობა ცდილობდნენ დაუყოვნებლივ დაემყარებინათ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება. ისინი არ ითვალისწინებდნენ არც საერთაშორისო ვითარებას, არც საკუთრივ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და, რაც მთავარია, არც იმას, რომ საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა.
წითელი არმია საქართველოს გასაბჭოებას შეეცადა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე. 1920 წლის მაისში იგი შემოიჭრა კიდეც საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი ცდა წარუმატებლად დამთავრდა. შემდგომი ცდები აღკვეთა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ. 1920 წლის 4 მაისს ვ.ი. ლენინი და ი.ბ. სტალინი ატყობინებდნენ გ.კ. ორჯონიკიძეს: „ცენტრალური კომიტეტი გავალებთ გამოიყვანოთ ნაწილები საქართველოს ფარგლებიდან საზღვარზე და თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ საქართველოსთან ზავი გამორიცხული არ არის“. (ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ. 35, გვ.474).
რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ საქართველოს გასაბჭოება კვლავ შესაძლებლად მიიჩნია სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 15 დეკემბერს გ.კ. ორჯონიკიძემ ვ.ი. ლენინს შეატყობინა: გადავწყვიტეთ, წითელმა არმიამ საქართველოს საზღვარი ხვალვე გადალახოსო. იმავე დღეს ვ.ი. ლენინმა და ლ.დ. ტროცკიმ გ.კ. ორჯონიკიძეს აცნობეს: „ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგი მოჰყვეს. ცენტრალური კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ დამრთავს ნებას. კატეგორიულად მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას“. (ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ.44, გვ. 373).
როგორც ვხედავთ, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობა მაშინ მიზანშეუწონლად მიიჩნევდა საქართველოს გასაბჭოებას, რადგან ამას შეიძლებოდა საერთაშორისო გართულება მოჰყოლოდა.
1921 წლის 2 იანვარს გ.კ. ორჯონიკიძე და ს.მ. კიროვი კავბიუროს სახელით რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში კვლავ ასაბუთებდნენ საქართველოს დაუყოვნებლივი გასაბჭოების აუცილებლობას. საქართველო, აცხადებდნენ ისინი, გადაიქცა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციის ბაზად და დახმარებას უწევს საბჭოთა რესპუბლიკის ყველა მტრულ ძალას. რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1921 წლის 12 იანვრის პლენუმმა განიხილა ეს მოხსენებითი ბარათი და კვლავ ნაადრევად მიიჩნია წითელი არმიის მეშვეობით საქართველოში ხელისუფლების დამყარება.
საქართველოს გასაბჭოებას დაჟინებით მოითხოვდა მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭო. XI არმიის სარდალმა ა.ი. ჰეკერმა ჯერ კიდევ 1920 წლის 18 დეკემბერს კავკასიის ფრონტის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო მოსაზრება, „თუ რა პირობებში უნდა მომხდარიყო საქართველოში შეჭრა“. დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა მტრულად არის განწყობილი წითელი არმიის მიმართ. ა.ი. ჰეკერი წერდა: „საქართველოზე თავდასხმა და თბილისზე შეტევა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მომზადების შემდეგ, რათა სასწრაფოდ მოვუთავოთ ხელი თბილისის ხალხს“. მისი აზრით, თუ მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო მიიღებს იმის რეალურ გარანტიებს, რომ ქიაზიმ ყარაბექირის ჯარები ჩვენს მიმართ მეგობრულად განეწყობიან, საქართველოს და, უპირველეს ყოვლისა, თბილისის ოკუპაციის პრობლემა უფრო რეალური გახდება“.
1921 წლის დამდეგს საბჭოთა რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში (თეთრპოლონელთა და ვრანგელის არმიების განადგურება, დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების მომზადება და სხვ.) შემუშავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გეგმა.
ეს გეგმა წითელ არმიას საკუთარი ძალით უნდა განეხორციელებინა, რადგან 1920 წლის ზაფხულიდან საქართველოში აჯანყებები აღარ ხდებოდა. „საქართველოს მთავრობას უჭირს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არ არსებობენ ძალები, რომელთაც შეეძლოთ მისი დამხობა“, - აღნიშნავდა რსფს რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ა. შეინმანი.
წითელი არმიის მიერ ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს გასაბჭოება ანტანტის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის ბრძოლასა და სოციალისტური რევოლუციის ინტერესებს უკავშირდებოდა. მიაჩნდათ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, მის წიაღისეულს, სიმდიდრეებს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და ეკონომიკურ გზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიაში საბჭოთა რუსეთის პოზიციების განმტკიცებისათვის.
წითელი არმიის მიერ საქართველოს გასაბჭოება გარე სამყაროს მის დაპყრობად რომ არ აღექვა, საჭირო გახდა საქართველოსთან ომის დაწყებისათვის საბაბის გამოძებნა. საამისო მუშაობა ადრევე დაიწყო. საქართველოში საბჭოთა რუსეთის საელჩო გულმოდგინედ აფიქსირებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებს და ტენდენციურ შეფასებას აძლევდა მათ.
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას მეტ-ნაკლებად ორივე მხარე არღვევდა, თუმცა ეს არც ერთ მხარეს არ აძლევდა ომის დაწყების არც უფლებასა და არც საბაბს. საბჭოთა რუსეთმა კი უგულებელყო საერთშორისო სამართლის ნორმები და მის მიერ იურიდიულად აღიარებული დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ ძალისმიერი აქციის განხორციელებას შეუდგა.
1921 წლის 24 იანვარს ი.ბ. სტალინი რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრებს სწერდა: „წინადადებას გაძლევთ, მოიწონოთ ამხანაგ ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხზე და მისცეთ რესპუბლიკის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს დირექტივა, რომ საჭიროა მყისვე შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას კავკასიაში იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ რა წესით განხორციელდეს სამხედრო ჩარევა. ამავე დროს მისცეს დირექტივა ამხანაგ ორჯონიკიძეს, რომ საჭიროა აჯანყებულთა გამოსვლების მომზადება საქართველოს გარკვეულ რაიონებში“.
რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ი. სტალინის წინადადებას მხარი დაუჭირა.
1921 წლის 28 იანვარს ი.ბ. სტალინი გ.კ ორჯონიკიძეს აცნობებდა: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გაწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე, შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტნი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. თუ უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა ხელმოწერილი გვექნება ინგლისთან ხელშეკრულება, რაც მოხდება დაახლოებით ერთი-ორი თვის შემდეგ. მე და ვლადიმერ ილია ძე ზუსტ გაუზვიადებელ პასუხს ველით შენგან“.
ამრიგად, 1921 წლის დამდეგს რკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტში მომწიფდა აზრი საქართველოს გასაბჭოების რეალური შესაძლებლობის შესახებ.
საქართველოში შემოჭრის საბაბად გამოიყენეს ლორეს (ბორჩალოს მაზრის ნაწილის) ნეიტრალურ ზონაში შექმნილი ვითარება, რომელიც სადავო ტერიტორია იყო საქართველოსა და სომხეთს შორის და იქ ბოლო სამი თვის მანძილზე ქართული გარნიზონი იდგა, კავბიურომ იგი საომარი ოპერაციების (იგივე „აჯანყების“) დაწყების ადგილად შეარჩია. კავბიურო უთუოდ იმასაც ითალისწინებდა, რომ ნეიტრალურ ზონაში ქართული ჯარების ყოფნის ოფიციალური ვადა 1921 წლის 13 თებერვალს თავდებოდა. ამ დღის შემდეგ ქართული ჯარი ზონიდან გამოვიდოდა და მაშინ „აჯანყების“ საბაბიც გაქრებოდა. ამრიგად, აჯანყების ადგილის შერჩევამ მისი დაწყების დროც განაპირობა.
„აჯანყება“, რომელიც 11 თებერვალს დაიწყო, ბორჩალოს მაზრის სომხურ და რუსულ სოფლებში, მთელ ნეიტრალურ ზონას მოედო და საქართველოს ტერიტორიაზე წითელი არმიის შემოჭრის საბაბი გახდა.
1921 წლის 15 თებერვალს, ი.ბ. სტალინი, გ.კ. ორჯონიკიძეს აცნობებდა: „სეღჩას პერედამ შიფროვანნთღ ოტვეტ ცკ, ა პოკა პრედლაგაყ: ახლავე შეუტიე. დასტურიჭ. აიგე კალაკი“.
16 თებერვალს, ესე იგი საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, საქართველოს საზღვრებს გარეთ შეიქმნა საქართველოს რევკომი, რომელმაც საბჭოთა რუსეთს სამხედრო დახმარება სთხოვა. ამ დროს კი წითელი არმია ომის გამოუცხადებლად უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე.
წითელ არმიას, რომელიც საქართველოს ყველა მხრიდან - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან უტევდა, საქართველო უბრძოლველად არ დაუკავებია. მას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს რეგულარული არმია და სახალხო გვარდია. მწვავე ბრძოლები გაიმართა ვაზიანში, სოღანლუღში, კოჯორთან, ტაბახმელასთნ, კახეთ-ზაქათალის ხაზზე, ოსიაურთან და სხვ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის 1921 წლის აპრილის განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს ყოველი მხრიდან შემოესიენ რუსეთის ჯარები, კერძოდ, მე-11 არმია, შემდეგ კი მე-8, მე-9 და მე-13 არმიები და აგრეთვე ბუდიონისა და ჟლობას კავალერიის ნაწილები... სამხედრო ტექნიკას და მასალას მოკლებული, უმოკავშირეოდ, თავის ბედის ანაბარად მიტოვებული საქართველო, რომელიც არსაიდან დახმარებას არ მოელოდა, ხანგრძლივად ვერ გაუძლებდა დიდ რუსეთს.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. საომარი ოპერაციები 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა.
საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ოფიციალურ განცხადებებში, მემორანდუმებსა და მოხსენებით ბარათებში შეფასებულია 1921 წლის თებერვლის მოვლენები; საბჭოთა რუსეთის მთავრობას ბრალი ედებოდა, რომ მან უხეშად დაარღვია დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი, უგულებელყო მის მიერვე დადებული ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი და დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ომის გამოუცხადებლად.
1921 წლის თებერვლის აქციის ნამდვილი პოლიტიკური შეფასება მოცემულია ი. სტალინის, ლ. ტროცკის, გ. ორჯონიკიძის, ფ. მახარაძისა და ბ. ლომინაძის გამონათქვამებში, რაც, როგორც ჩანს, 1921 წლის 7 მაისის ხელშეკრულების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოსავალ პრინციპად უნდა მივიჩნიოთ.
ი. სტალინი ამ აქტს „სამხედრო ჩარევას და საქართველოს ოკუპაციას უწოდებდა“, ლ. ტროცკი - „სამხედრო ინტერვენციას“.
ფ. მახარაძე 1921 წლის 6 დეკემბერს დაწერილ მოხსენებით ბარათში, რომელიც რკპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტს გადაეცა, აღნიშნავდა: „1921 წლის დამდეგს, ე.ი. საქართველოს გასაბჭოების მომენტში, აქ ჩვენი პარტიული ორგანიზაციების მდგომარეობა უაღრესად სავალალო იყო... და მოხდა ისე, რომ, როცა წითელი ჯარების შეტევა დაიწყო, ამ შეტევის მიზნებსა და განზრახვებზე საქართველოში არც ერთმა უჯრედმა კი არა, პარტიის არც ერთმა წევრმაც სრულიად არაფერი იცოდა. ამრიგად, გამოვიდა შემდეგი: ჯერ ერთი, საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარების შესვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო, რადგან ამ ქვეყანაში ამ დროს აჯანყების დაწყება არც უფიქრია ვინმეს, მეორე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების დროს ადგილებზე არც ისეთი პარტიული უჯრედები აღმოჩნდა და არც ისეთი პარტიის ცალკეული წევრები, რომელთაც უნარი ექნებოდათ მოეწყოთ ხელისუფლება და ცხადია, ამ საქმისათვის მეტწილად ხელი უნდა მოეკიდათ საეჭვო ან პირდაპირ დანაშაულებრივ ელემენტებს“.
1924 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბ. ლომინაძე წერდა: „ჩვენს რევოლუციას 21 წელს საქმის დაწყება იმით მოუხდა, რომ საქართველო წითელი არმიის ხიშტებით დაიპყრო“.
მართლია, იურიდიულად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ინარჩუნებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ცნო საბჭოთა რუსეთის მთავრობამ 1921 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით და დაადასტურა საქართველოს სსრ 1922 წლის კონსტიტუციამაც, მაგრამ ეს იურიდიული ფორმა არ ასახავდა პოლიტიკურ სინამდვილეს, საქართველოში წითელი არმიის ყოფნა ზღუდავდა ქართველი ხალხის მიერ თავისი პოლიტიკური ნება-სურვილის გამოხატვის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც. ზემოაღნიშნულ ბარათში ფ. მახარაძე მიუთითებდა, რომ გასაბჭოების დროს საქართველოში „რამდენიმე ორგანო გაჩნდა: ერთი მხრივ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტი და რევოლუციური კომიტეტი, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყვნენ ამ ქვეყნის უმაღლესი ორგანოები, მეორე მხრივ, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და სრულიად რუსეთის ცენტრალური პროფსაბჭო და XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო, რომლებიც ფაქტობრივად ნამდვილად ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები იყვნენ. ეს უკანასკნელი ორგანოები უმეტესწილად საქართველოს ცენტრალური კომიტეტისა და რევოლუციური კომიტეტისათვის შეუტყობინებლად, უაპელაციოდ წყვეტდნენ ყველა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ეხებოდა“.
საქართველოს კომპარტია რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) შემადგენელი ნაწილი იყო და მთელ თავის საქმიანობას მისი მითითებებით წარმართავდა. ეს ნიადაგს აცლიდა საქართველოს კომპარტიისა და ხელისუფლების რეალურ დამოუკიდებლობას, რაც იწვევდა ქართველ კომუნისტთა ერთი ნაწილის („ნაციონალ-უკლონისტების“) უკმაყოფილებას. ისინი იბრძოდნენ საქართველოს იურიდიულად განმტკიცებული დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისა და ამ ფედერაციის მეშვეობით სსრ კავშირის შემადგენლობაში შესვლის წინააღმდეგ. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში „ნაციონალ-უკლონისტების“ ეს ცდები განუხორციელებელი დარჩა.
ამიტომ სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შეიქმნა 1989 წელს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ, სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაპყრობა სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წეს-წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია მისგან გამომდინარე შედეგებით პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი ანექსია. (მასალები ამოკრეფილია კრებულიდან: „საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია“. გამომცემლობა „საქართველო“. თბილისი: 1990 წელი. გვ. 3-26).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობასა და საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას მოჰყვა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების უგულებელყოფა, მას თავს მოახვიეს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, ეკონომიკური სისტემა, რომლებიც უცხო იყო მისთვის.
საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალდატანებითი შეყვანის პროცესმა და მთელმა მომდევნო ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ საქართველოში საბჭოთა კონსტიტუციით თითქოსდა გარანტირებული სახელმწიფოებრიობა, ადამიანის უფლებები რეალურად არ არსებობდა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, ამ ინსტიტუტების შემდგომი „გამოშიგვნა“ ხდებოდა.
ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია შექმნილ მდგომარეობას და იბრძოდა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. მთელი საბჭოთა პერიოდი სავსეა რეპრესიებითა და ტერორით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ.
მაგრამ ეროვნული ძალები არ ყრიდნენ ფარ-ხმალს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებდა.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენისათვის ბრძოლამ თვისებრივად ახალი ხასიათი მიიღო, კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე, ეროვნული ძალების წინაშე, რის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული.
1989 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მოიწონა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისიის დასკვნა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის წინაშე დააყენა საკითხი სათანადო შეფასება მიეცა ამ ფაქტისათვის. მაგრამ დღემდე საკავშირო ხელისუფლება დუმს.
1990 წლის 9 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც, სხვათა შორის ჩამოყალიბებულია შემდეგი დებულება:
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას; გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსათვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული უფლებების აღდგენას.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიეკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ.
დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია.
მაგრამ ეს დადგენილებაც სათანადო მსველობის გარეშე დარჩა და მას რაიმე რეალური პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია.
ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდგომი გააქტიურება.
როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის შემდგომ პერიოდში, ყოველთვის თავის უმთავრეს მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ოპოზიციური ძალების ყველა დიდი თუ მცირე აქცია ამ მიზნისაკენ იყო მიმართული. მიუხედავად კრემლის მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკისა, საქართველოში მუდამ არსებობდნენ ლეგალური და არალეგალური ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა ერთობლივი მოქმედებით 1987 წლის დამდეგიდან საქართველოში ფართოდ გაიშალა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა, რომლის კულმინაცია იყო 1989 წლის 4-9 აპრილის დემონსტრაციები და მიტინგები, ესოდენ ბარბაროსულად დარბეული იმპერიის დამსჯელი ძალების მიერ.
პარალელურად, საქართველოს ოპოზიციური ორგანიზაციები და პირველ რიგში ჰელსინკის კავშირი, ეძებდნენ გზებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კანონიერების დასაბუთებისათვის, სხვადასხვა სამართლებრივი აქტების, პირველ რიგში ჰელსინკის ხელშეკრულების მოშველიებით, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით გარანტირებულია ხალხთათვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭება.
აქედან გამომდინარე პეტიციები და მოთხოვნები, რომლებიც იგზავნებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში, ხაზს უსვამდნენ ყოველთვის საქართველოს ანექსირებული მდგომარეობის არასამართლებრიობას და მოუწოდებდნენ დასავლეთის მთავრობებს საკუთარი დემოკრატიული პრინციპების დაცვისაკენ. ამათგან გაგაცნობთ ყველაზე სერიოზულ დოკუმენტს, დეკლარაციას, მიმართულს გაეროსადმი, ევროპის და ამერიკის ქვეყნების მთავრობებისადმი, რომლებიც შედგენილ იქნა ჰელსინკის კავშირის ინიციატივით, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად და მიღებულ იქნა 1989 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ მიტინგზე. ამ დოკუმენტში, მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, რომელშიც მოთხრობილი იყო ფაქტები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა საბჭოთა რუსეთის მიერ მისი ანექსიისა, განცხადებული იყო შემდეგი:
„საქართველოს ერთიანი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობას გააჩნია ისტორიული, იურიდიული, პოლიტიკური, მორალურ-სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, შეიყვანს თუ არა მას დემოკრატიული სამყარო მსოფლიო პოლიტიკის არეალში, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს.
მიუხედავად იმისა, რომ ვენის შეთანხმების დასკვნითი დოკუმენტი იძლევა ამის გარკვეულ პერსპექტივას, ის მაინც არ წარმოადგენს სრულ გარანტს საქართველოს მიერ თავისი უფლებების აღდგენისა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდგომ.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პატრიოტული, ოპოზიციური ძალების თავისუფალი და დემოკრატიული ერთობა მოგმართავთ თქვენ თხოვნით:
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეიქმნას სპეციალური კომისია რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის შესწავლისა და დამტკიცების მიზნით.
2. აგრესიის ფაქტის დამტკიცების შემდგომ 1921 წლის 25 თებერვლის აქტი აღიარებულ იქნას ანექსიად, ხოლო საქართველოში საბჭოთა წყობილების არსებობა და საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა შეფასდეს, როგორც აგრესიის უშუალო შედეგი და მისი გაგრძლება.
3. საქართველოს სსრ ე.წ. სუვერენიტეტი არარსებულად იქნას ჩათვლილი და ამით შესაძლებლობა მიეცეს ქართველ ხალხს სამართლებრივი და პოლიტიკური ქმედებით მიაღწიოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
4. მხილებულ იქნას აღნიშნული სუვერენიტეტის ფალსიფიცირებული ხასიათი, რაც გამოიხატება „მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ სტატუსის არსებობაში. განისაზღვროს საქართველოს სტატუსი, როგორც დამონებული ქვეყნისა, რომელიც იმყოფება კოლონიალურ მდგომარეობაში და საქართველო, როგორც თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორია, შეყვანილ იქნას საერთაშორისო მეთვალყურეობის სისტემაში.
5. საქართველოს, როგორც დამონებული ქვეყნის დეკოლონიზაციის საკითხი გატანილ იქნას გაეროს შემდეგ ორგანოებში.
ა). უსაფრთხოების საბჭოში
ბ) მეთვალყურეობის საბჭოში
გ) გენერალური ასამბლეის მეოთხე მთავარ კომიტეტში (თვითმმართველობისა და მეთვალყურეობას მოკლებული ტერიტორიების საკითხები).
დ) მეთვალყურეობისა და თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორიების დეპარტამენტი
ე) დეკლარაციების განხორციელებისა და კოლონიალური ხალხებისა და ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების სპეციალური კომიტეტი
6. ამის შედეგად ქართველ ხალხს მიენიჭოს თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება, როგორც სუვერენულ ერს, გაეროს წესდების მიხედვით.
7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს, რომ მოდერნიზებული იმპერიის, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის განხილვა წარმოადგენს სსრკ შინაგან საქმეში ჩარევას, პირიქით, ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც ავღანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იქნება სამართლიანობის დიდი გამარჯვება ზოგადსაკაცობრიო საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენადაც ერთა შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გულისხმობს ადამიანთა და ერთა უფლებების სრულ უზრუნველყოფას მსოფლიო სამართლიანობის საფუძველზე, დაე, ამ დიდი მადლს ეზიაროს ყოველი ერი და ყოველი ადამიანი, რაზეც დამოკიდებულია კაცობრიობის მომავალი განვითარების პროცესში ზნეობრივ-პოლიტიკური პრინციპების გამარჯვება და დამკვიდრება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
25.02.1989 წ. თბილისი
1989 წლის თებერვალში და მაისში ეს დეკლარაცია და მათზე დართული პეტიცია 20 ათასი ხელმოწერით, გადაეცა თბილისში მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მართალია, გაეროსა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს უშუალოდ არ გამოუხატავთ თავიანთი რეაქცია აღნიშნულ პეტიაციაზე, აგრეთვე 4-9 აპრილს გაგაზავნილ პეტიციებზე, მაგრამ იმავე წლის 17 მარტს ამერიკის სენატში განახლდა განხილვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხისა რესპუბლიკელი სენატორის ჯეფერი ჰელმსის მიერ (თავდაპირველად ეს საკითხი წამოაყენა 1975 წელს კონგრესმენმა ვაგონერმა, რომელმაც გააცნო კონგრესს კათოლიკოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას წერილი გენუის კონფერენციისადმი).
სენატორმა ჰელმსმა და უილსონმა მოითხოვეს კონგრესისაგან განხილვა და კენჭისყრის ჩატარება მიმართვაზე, რომელიც ქართველმა დისიდენტებმა, ჰელსინკის კავშირის წევრებმა 1988 წელს გაუგზავნეს პრეზიდენტ რეიგანს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ითქვა, რომ კონგრესმა კენჭი უნდა უყაროს მიმართვას ორი თვის მანძილზე, აგრეთვე შემდეგ წინადადებებს.
1. მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს ძალისხმევაში, რათა მიაღწიოს თავისუფლების აღგენას.
2. მიანიჭონ მათ უფლება თვითგამორკვევისა ჰელსინკის დასკვნითი აქტის შესაბამისად, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი.
3. მხარი დაუჭირონ საქართველოს მოთხოვნას ადამიანის უფლებების დაცვაში, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით, რომელსაც აგრეთვე ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირმა.
4. მოუწოდონ საბჭოთა კავშირის მთავრობას გულისყურით მოეკიდოს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას და უზრუნველყოს მისი უფლება თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა დაცვა.
მართალია ჰელმსის ინიციატივას შეუერთდა რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის მაკ კიუინი, რომელიც შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და რომლის ინიციატივითაც აღიმართა კაპიტოლიუმზე დროშა, მაგრამ ოფიციალური კენჭის ყრა საქართველოს საკითხზე ამერიკის კონგრესში ჯერჯერობით ჭიანურდება, ვინაიდან ოფიციალური ამერიკა ჯერჯერობით თავს იკავებს საბჭოთა კავშირში შემავალი თვითგამორკვევისათვის მებრძოლი ერებისათვის ღია მხარდაჭერისაგან. თუმცა, ჩვენის ღრმა რწმენით, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოფიციალურად გამოცხადება მეტ საფუძველს და შესაძლებლობას მისცემს უცხოეთის სახელმწიფოებს ჩვენი მხარდაჭერისას.
ამ მიმართულებით ბევრი რამ უკვე გაკეთდა. მაგრამ ჩვენს აბსოლუტურად სამართლიან მისწრაფებას საკავშირო ხელისუფლებამ კვლავ ნაცადი იარაღი დაუპირისპირა. ფორმალურად მან არ გააუქმა მიღებული არც ერთი სამართლებრივი აქტი, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს რესპუბლიკის რეალური სუვერენიტეტის აღდგენას, მაგრამ საქმით შეუძლებელს ხდის დასახული ამოცანის რეალიზაციას.
საკმარისია გავიხსენოთ სსრკ კანონები მოკავშირე რესპუბლიკების კავშირიდან გასვლის წესის შესახებ, საბჭოთა კავშირსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე, ასევე მთელი რიგი კანონები ეკონომიკის სფეროში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია საკავშირო ხელისუფლების წადილი თავს მოგვახვიოს ახალი კაბალური სამოკავშირეო ხელშეკრულება, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს. მათ შორის უმთავრესია ეთნოკონფლიქტების ხელოვნური გაღვივება, ეკონომიკური ბლოკადა და საერთაშორისო სამართლით დაგმობილი სხვა მოქმედებანი.
ამჟამად, ფაქტობრივად გამოცხადებული ომი წარმოებს შიდა ქართლში, სადაც ოსი ექსტრემისტები საბჭოთა არმიის ნაწილებთან ერთად ცდილობენ საქართველოს მოსწყვიტონ მისი განუყოფელი ნაწილი, დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი, კრემლის ხელმძღვანელობა დღესაც ცდილობს გამოიყენოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ჩვენი ბრძოლის დასამუხრუჭებლად, რათა გვაიძულონ ხელი ავიღოთ ამ ბრძოლაზე და ხელი მოვაწეროთ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ამ მიზნით იმპერიალისტურმა ძალებმა გააძლიერეს ოსი ექსტრემისტების მხარდაჭერა სამაჩაბლოში. კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი თამარაშენში, კეხვში, აჩაბეთში, სვერში და სხვა სოფლებში. კრემლის ხელმძღვანელობამ უნდობლობა გამოუცხადა არა მხოლოდ ქართულ მილიციას, არამედ, რაც უფრო განსაცვიფრებელია, საკუთარ შინაგან ჯარს, რომელიც თბილისშია განლაგებული (ე.წ. „მერვე პოლკი“) და გამოიყვანა იგი ცხინვალიდან. მის ნაცვლად ცხინვალში შეიყვანეს შინაგანი ჯარის სხვა ნაწილები, სსრკ-ს სხვადასხვა მხარეებიდან, დაახლოებით 1500-მდე ჯარისკაცი, 51-მდე ჯავშანტრანსპორტიორი, რომელთაც ხელმძღვანელობენ მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკები. ამ უკანასკნელთ უნდობლობა გამოუცხადეს არა მხოლოდ ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს პოლკოვნიკ თ. ეპიტაშვილს, არამედ მის მოადგილეს, პოლკოვნიკ პუზირნისაც, ვითომდაც არაობიექტურობისათვის. ნამდვილი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ისინი უარს ამბობენ ქართველების წინააღმდეგ მტრულ მოქმედებაზე და ოსი ექსტრემისტების მხარდაჭერაზე. ახლადშემოსული შინაგანი ჯარი კი, ნაცვლად იმისა, რომ განაიარაღოს ექსტრემისტები, მათთან ერთად დაერია ქართულ სოფლებს, ალყა შემოარტყა მათ და ამზადებს მათ გენოციდს.
ყოველივე ამის გამო, „მრგვალმა მაგიდამ“ მიმართა ცენტრს ულტიმატუმით: თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ახალი აგრესია ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ და არ აღდგება სამართლიანობა, დაიწყება პოლიტიკური გაფიცვა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, რაც ჩრდილოეთ კავკასიის და როსტოვის რკინიგზის პარალიზებასაც გამოიწვევს. გაფიცულები შეუერთდებიან საბჭოთა კავშირში მოქმედი საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნებს.
რამ გამოიწვია შიდა ქართლში სიტუაციის ასეთი გამწვავება?
როგორც მოგეხსენებათ, 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,08 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისაგან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში. გაგაცნობთ ზოგიერთ ციფრებს, რომლებიც ჯერ პრესაში არ გამოქვეყნებულა.
დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1989 წლის მონაცემების მიხედვით.
ახალქალაქის რ-ნი: ქართველები - 4,3%; სომხები - 91,3%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთ 90%, კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,01% ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%. ნინოწმინდის (ყოფ. ბოგდანოვკის) რ-ნი: ქართველები - 1,%; სომხები - 90,4%; რუსები - 8,3%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,5 %; კითხვას უპასუხა „დიახ“, 91,8% ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04%. წალკის რ-ნი: ქართველები - 3,3 %; ბერძნები - 61%; სომხები - 28,5%; აზერბაიჯანელები - 5,1%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%. კითხვას უპასუხა „დიახ“ 96,56%, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%. დმანისის რ-ნი: - ქართველები - 28%; აზერბაიჯანელები - 63,7%; ბერძნები - 6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,17% ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%. ბოლნისის რ-ნი: - ქართველები - 21,6%; აზერბაიჯანელები - 65,9%; სომხები - 6,8%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86 %; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,54%, ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%. მარნეულის რ-ნი: - ქართველები - 6,6%; აზერბაიჯანელები - 80%; სომხები - 6,6 %; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 98,94 %, ანუ ყველა ამომრჩევლის 96,74%.
ესაა ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონები, სადაც ქართველები უმცირესობაში არიან.
შიდა ქართლი
ახალგორის რ-ნი: - ქართველები - 53,8 %; ოსები - 44%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%. ცხინვალის რ-ნი: ქართველები 46,3 %; ოსები - 52,4%; რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%, კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,98%, ანუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,54%.
გარდა ამისა, ღრომისა და ბიყარის საკრებულოთა ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა კომისიამ საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა „დიახ“ 607 ამომრჩეველმა.
რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონებში. ჯავის რაიონში 5,8% ქართველი ცხოვრობდა, ყორნისისაში - 35,4%, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა, მათგან 149 ოსმა, ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფ. პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას.
აფხაზეთი
ქ. სოხუმი: ქართველები - 41,8%; სომხები - 10,3%; რუსები - 21,1%; ბერძნები - 6,3%; აფხაზები - 12,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 96,61%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%. ქ. გაგრა: ქართველები - 28,5%; სომხები - 30,5 %; რუსები - 23,4%; აფხაზები - 9,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51,1%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 94,01%, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%. გალის რ-ნი: ქართველები - 93,5%; რუსები - 3,1%; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67 %; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,71%, ანუ ყველა ამომრჩევლის 97,39%. გულრიფშის რ-ნი: ქართველები - 52,7%; სომხები - 25,3%; რუსები - 13,8%; აფხაზები - 2,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85,35%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,85%, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%. ოჩამჩირის რ-ნი: ქართველები - 49,2%; სომხები - 8,2%; რუსები - 5,8%; აფხაზები - 33,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%. სოხუმის რ-ნი: ქართველები - 44,2%; სომხები - 29,4%; რუსები - 7,2%; ბერძნები - 10,5%; აფხაზები - 5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 60,83%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%. გუდაუთის რ-ნი: ქართველები - 13,4%; სომხები - 15,5%; რუსები - 13,1%; აფხაზები - 53,3%. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%. ქ. ტყვარჩელი: ქართველები - 23,5%; რუსები - 24,3%; აფხაზები - 42,7 %. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,840 ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში, კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,9%, ანუ ამომრჩევლის 7,83%. მთლიანად აფხაზეთში 347 135 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%; კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,73 ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%.
ამრიგად ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა, მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
ამ მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი მტრები საზღვარგარეთ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობების, ვითომდაც ჩაგვრისა და დისკრიმინაციის შესახებ. აქედანვე ჩანს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქართველებთან ერთად მხარს უჭერენ არაქართველებიც და რომ მითი იმის შესახებ, თითქოს ახალი ხელისუფლების მიზანია არაქართველთა დევნა, კრემლის აგენტების მიერ არის მოჭორილი, რომელთაც თავისი პროპაგანდით მოახერხეს მოტყუება არაქართველთა ძალზე მცირე ნაწილისა, რომელმაც უარი სთქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე ან უარყოფითი პასუხი გასცა რეფერენდუმის კითხვას (ეს გახლავთ სულ რამდენიმე ათასი ამომრჩეველი მთელს საქართველოში).
ჩვენ მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ ამ მხარდაჭერას და დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს არაქართველ ძმებს და დებს, რომ არ მიგვატოვეს ამ გაჭირვებაში და ღირსეულად ამოგვიდგნენ მხარში.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს საქართველოში მომხდარი უზარმაზარი მნიშვნელობის პოლიტიკური ფაქტის აღიარებას. მას არად მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის ნება, რომლის ესოდენ სრულყოფილად გამოხატვას დღეს მთელი მსოფლიო ეხმაურება.
ყოველივე ზემოთქმულიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
მართალია, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იურიდიულ ფაქტსა და იმპერიის ტყვეობიდან საქართველოს ფაქტობრივ განთავისუფლებას შორის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივი და საკანონმდებლო საფუძველი უმთავრესია ასეთ შემთხვევაში, რათა მოხდეს მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ საქართველოს დე იურე ცნობა, მისი შესვლა გაერთიანებაში და სხვა ორგანიზაციებში. ამის შემდეგ უფრო შესაძლებელი გახდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ცენტრთან მოლაპარაკება საოკუპაციო ჯარების გაყვანის თობაზე.
საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიის შენარჩუნების მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიას აძლევს აფხაზ ხალხს, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება რეფერენდუმით.
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს. ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ, და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გვფარავდეს ღმერთი!“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№70 (90), გვ. 2-3; 10 აპრილი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს
- როგორ შეხვდა კრემლი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე?
- ჯერჯერობით დეზინფორმაციის ნიაღვარმა იმატა, და მეტი არაფერი. ავრცელებენ ხმებს, თითქოს მე აჭარის ავტონომიის გაუქმება გამომეცხადებინოს. და ეს იმ დროს, როცა სრულიად მკაფიოდ და საქვეყნოდ ითქვა და დაიბეჭდა კიდეც, რომ აჭარის ავტონომიის ბედი იქაურმა რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს.
- რესპუბლიკის სტატუსის შეცვლამ, როგორც ჩანს, ცენტრთან ურთიერთობის ფორმაც უნდა შეცვალოს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ამბებს, რომლებიც ამ ბოლო ხანს ხდება სამაჩაბლოში...
- გუშინ იქ ყოვლად აღმაშფოთებელი ამბები მოხდა. სოფელ ოქონაში საბჭოთა ჯარები თავს დაესხნენ ქართველ მილიციელებს. განაიარაღეს და დააპატიმრეს ოცზე მეტი კაცი, რომლებიც ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ. ქართული მილიცია განაიარაღეს თამარაშენშიც. ჯარები ერედვშიც შეცვივდნენ, მაგრამ იქ მილიცია არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ პროკურორის ოთახი დაარბიეს. წაიღეს იმ ოსი ბანდიტების საგამოძიებო ნივთმტკიცებანი, რომლებმაც ხალხი დაწვეს. იყო ისეთი ფაქტებიც, როცა არმია ცეცხლს უშენდა მშვიდობიან მოსახლეობას. იგი ნამდვილი აგრესორივით იქცევა და უხეშად არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, პროტესტს გავუგზავნით.
- როგორია თქვენი პოლიტიკური პროგნოზი უახლოესი მომავლისათვის?
- ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, რომ შიდა ქართლის ამბებზე ინფორმაციასთან ერთად მოსკოვიდან სხვა ახალი ამბებიც მოდის. მაგალითდ, სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ გამოგვიგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს „უკანონო“ იყოს ჩვენი შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნა; იგი იმოწმებს სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონო სამხედრო ფორმირებათა დაშლის შესახებ. ერთი სიტყვით, დიდმასშტაბიან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. არც პირდაპირი ინტერვენციაა გამორიცხული.
- ცენტრის რეაქცია რომ ნეგატიური იქნებოდა, ამას ლაპარაკი არ უნდა. რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ, რა რეზერვები გვაქვს?
- ნებისმიერ ოკუპირებულ ქვეყანას, მით უმეტეს სსრ კავშირში შემავალს, ერთადერთი რეზერვი აქვს - ცენტრის პოლიტიკას მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა. დასავლეთ საქართველოში რკინიგზაზე, საზღვაო პორტში, საკავშირო დაქვემდებარების საწარმოებში უკვე დაიწყო გაფიცვა, შეიძლება აეროპორტების მუშაობაც შეწყდეს. ჩვენი მოთხოვნები ყველამ იცის - გაიყვანონ ჯარები შიდა ქართლიდან. იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველივე ეს ცენტრს აიძულებს ჩაუფიქრდეს თავის საქციელს.
- როგორ აფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც გამოთქმული იყო სურვილი, რომ საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის წამოჭრილი პრობლემები დემოკრატიული გზით გადაწყდეს.
- კარგი ამბავია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბატონ ჯორჯ ბუშს გავუგზავნე დეპეშა, რომლითაც ვატყობინებდი, საქართველოში შეიარაღებული ინტერვენცია მზადდება, უხეშად, იარაღით ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში-მეთქი. ეტყობა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ დეპეშაზე რეაქცია უნდა იყოს. ჩვენი ერთდერთი იმედი დასავლეთია - მხოლოდ დემოკრატიას ძალუძს ჩვენი დაცვა.
- თქვენი აზრით, როდის მიაღწევს საქართველო სრულ დამოუკიდებლობას?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მზად კრემლი დაიწყოს მოლაპარაკება და რამდენად მალე იტყვის უარს იმ დიქტატის პოლიტიკაზე, რომელსაც დაჟინებით ადგას. ცხადია, დასავლეთის პოზიციაზეც. რაც უფრო ხშირად დაუთმობენ ყურადღებას საქართველოს, როგორც, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ქნა, მით უფრო მეტი გარანტიები იქნება იმისა, რომ მალე მივაღწევთ სრულ დამოუკიდებლობას და საოკუპაციო ჯარების გაყვანას.
- როგორ ეკიდება ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დამოუკიდებლობის აქტს? და კიდევ, როგორ გამოეხმაურა ამას აფხაზეთის ოფიციალური ხელისუფლება?
- ეგრეთ წოდებული ოპოზიციისგან ჯერჯერობით არავითარი ნოტა არ მიგვიღია. რაც შეეხება აფხაზეთს, თავად არძინბა სოხუმში არ ბრძანდება. აი, მისმა მოადგილემ - ქართველმა კი მომილოცა. საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე რეაქცია დადებითია აფხაზთა შორისაც. მით უმეტეს, რომ დარწმუნდნენ - ავტონომიის შენარჩუნების კონსტიტუციურ გარანტიებში.
- რამდენად დაეხმარება ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი?
- უდავოდ დაეხმარება. თუნდაც იმით, რომ ნებისმიერ თავისუფალ ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავისი პრეზიდენტი, სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ეს აუცილებელი პირობაა.
- რა არის პარიზში გიორგი ხოშტარიას ჩასვლის უმთავრესი მიზანი?
- ჩასვლის მიზანია ქვეყნებს გააცნოს მართალი ინფორმაცია ჩვენში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, კონტაქტები დამყარდება საფრანგეთის ოფიციალურ წრეებთან.
- როგორ არის დასავლეთის სახელმწიფოთა მხრივ ეკონომიკური დახმარების საქმე?
- პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მნიშვნელოვან კრედიტებს მოველით, სხვაგვარადაც დაგვეხმარებიან.
- ხომ არ შეიძლება უფრო დაწვრილებით გვითხრათ წამოწყებულ გაფიცვაზე?
- რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მისი გაფიცვა დამბლას დასცემს საჭოთა კავშირის რკინიგზის დიდ ნაწილს - ადლერიდან დონის როსტოვამდე. ბათუმისა და ფოთის გაფიცვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გააქვს საბჭოთა კავშირს საექსპორტო ნავთობი და ქვანახშირი.
- ამას წინათ, ლიტვა ზოგიერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. მაგალითად, ადამიანის უფლებების დეკლარაციას და ა.შ.
- მაგას ჩვენც აუცილებლად ვიზამთ.
- დღეს, სრულიად აშკარაა ბორის ელცინისა და მიხეილ გორბაჩოვის დაპირისპირება. როგორ გგონიათ, რით დამთავრდება ეს?
- ეგ დაპირისპირება მალე ელცინის გამარჯვებით დამთავრდება. ცენტრი სულ უფრო კარგავს თავის მნიშვნელობას. თუ რაღა თქმა უნდა, მემარჯვენე ძალებმა რაიმე გადამწყვეტი არ იღონეს, ვთქვათ, სამხედრო გადატრიალება. ან, თუ გორბაჩოვი რომელიმე რეაქციონერმა არ შეცვალა.
- როგორ უყურებთ იმას, რომ, თურმე, საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასი ექვსი დოლარი ყოფილა?
- ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ დავაჩქაროთ ეროვნული ვალუტის შექმნის პროცესი.
- ბალტიისპირა რესპუბლიკებში მიიღეს კანონები ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. რა კეთდება ამ მხრივ საქართველოში?
- კანონი მზადაა და მალე გამოვიტანთ განსახილველად.
- გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა ბორის ელცინის დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, საქართველოში დაამახინჯესო ყაზბეგში შეხვედრის შედეგები. თქვენ რას იტყოდით ამაზე?
- ჩემთვის ეს გაუგებარია. ელცინს გავუგზავნე საპასუხო დეპეშა, რომელშიც ვწერდი, „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ საბჭოური წყაროების ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით-მეთქი, რეალური ფაქტების საფუძველზე ერთხელ კიდევ დავუმტკიცე, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთში სწორედ ქართველ მოსახლეობას ესხმიან თავს. ამის შემდეგ, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ტელეფონით ვესაუბრეთ. კვლავ დადასტურდა, რომ კარგად გვესმის ერთმანეთისა. ამ ცოტა ხნის წინათ ინტერვიუში მან კვლავ დაადასტურა, რომ, რაზეც ყაზბეგში მოვრიგდით, ძალაში რჩება.
- როგორ გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?
- ეს იქნება საყოველთაო სახალხო არჩევნები.
- როგორ დაახასიათებდით ელცინს?
მისთვის პოპულიზმის დაბრალება კრემლიდან, მისი ხელმძღვანელობიდან მოდის, რომლებიც ხალხს სძულს. ეს შურია. ხალხი კი უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ არავის შეიყვარებს. ელცინი სადა, გულღია კაცია, განსაკუთრებით საუბრის დროს, უბოროტოა, არავითარი დიქტატორული მიდრეკილებანი არა აქვს. პატიოსანი კაცია, მაგრამ როგორც ჩანს, მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ჯიუტად მოითხოვენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის ბუნებას არ შეესაბამება. სხვათა შორის, ამას ადასტურებს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობის ჩარევაც საქართველოს საქმეებში, გორბაჩოვისადმი მიმართვაც, რომელშიც სთხოვდნენ წესრიგი დაემყარებინათ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. მიმართეს გორბაჩოვს, რომლის გადადგომასაც თვით ელცინი მოითხოვს?! პარადოქსია!
- საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნისას თუ დაეყრდნობით დასავლური ქვეყნების კონსტიტუციებს?
- ალბათ, არ იცით, რომ ჩვენში უკვე მიღებულია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია? სწორედ ის დაედება საფუძვლად ახალ კონსტიტუციას.
- დღეს ცხინვალში ბრძანდება გენერალი შატალინი. ხომ არ გიცდიათ მასთან დიალოგი? და კიდევ: საძრახისად ცნობილ კიმ ცაგოლოვს თქვენთან მოლაპარაკება მოუსურვებია. თქვენ რას იტყოდით?
- თავად შატალინს არ სურს ჩვენთან არავითარი კონტაქტები, მაშასადამე, არც ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს. საერთოდ კი ადრე იყო ჩემთან. განაცხადა, თქვენ მართლი ხართ, კონფლიქტი ოსმა სეპარატისტებმა წამოიწყესო. გამიკვირდა კიდეც, ახლა კი სხვაგვარად მოქმედებს, მაშასადამე, ახალი ინსტრუქციები მიუღია. რაც შეეხება ცაგოლოვს, ეგ ლიდერი არ არის. ეგ გენერალი, უფრო სწორედ, გაფილოსოფოსებული ექსტრემისტი, კარგს არაფერს აკეთებს, ადამიანთა მცირე ჯგუფი უჭერს მხარს და მასთან მოსალაპარაკებელი არაფერი მაქვს. იქ ოსთა რამდენიმე დაჯგუფებაა და ერთმანეთში დავობენ, გავლენის სფეროები ვერ გაუყვიათ.
- საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია გორბაჩოვის კრახი, თუ სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად, მოლაპარაკება?
- მოლაპარაკების არავითარი საშუალება არა გვაქვს, მით უმეტეს, რომ ცენტრი კვლავ დიქტატის პოლიტიკას ადგას. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იმპერიისა და გორბაჩოვის კრახი ახლოა - აი, ეს იქნება საქართველოს ფაქტობრივი თავისუფლების დასაწყისი.
- შეიძლება თუ არა ლაპარაკი საბჭოთა კავშირთან ეკონომიკურ ომზე და შეძლებს თუ არა საქართველო ასეთ ომში გამარჯვებას?
- საქართველოში დემოკრატიული არჩევნები სწორედ ეკონომიკურ ომში გამარჯვების შემდეგ გაიმართა, როცა რკინიგზა ჩაიკეტა ადლერიდან როსტოვამდე. ცენტრმა მხოლოდ იმ გაფიცვის შემდეგ დათმო პოზიციები და დაუშვა ჩვენში დემოკრატიული არჩევნები. დღეს კი, რა თქმა უნდა, გვაწუხებს, რომ ნებსით თუ უნებლიედ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ზარალს მივაყენებთ სომხეთს. ჩვენ გავაფრთხილეთ და ბოდიში მოვუხადეთ ბატონ ტერ-პეტროსიანს. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ აზერბაიჯანიც და თვით ყაზახეთიც, მაგრამ განსაკუთრებით სომხეთი დაზარალდება. მაგრამ რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არა გვაქვს, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობაა. მაშასადამე, უნდა გავუძლოთ. ისე კი ვიტყვი, გაფიცვის დაწყება ჩვენი ბრალი არ არის. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ხალხის წარმომადგენლებისა, კერძოდ, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ორგანიზაციების საგაფიცვო კომიტეტებმა შემოგვთავაზეს.
- როგორ გესახებათ გორბაჩოვის პოლიტიკური პორტრეტი?
- გორბაჩოვმა გარდაქმნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცება უნდოდა, ეს არის მთავარი. ძალაუფლების გულისთვის არაფერს არ თაკილობს. მიხვდა, დაინახა რა კრახიც მოელით მას და მის იმპერიას, სწორედ ამიტომ გაითამაშა „გარდაქმნის“ სპექტაკლი.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციებიდან პასუხი ხომ არ მიგიღიათ თქვენს მიმართვებსა და პეტიციებზე?
- სამწუხაროდ, ჯერ არა, ჯერჯერობით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხოლოდ აზია-აფრიკის ქვეყნებისათვის არსებობს და არა საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხებისთვის. ჩვენთან კონტაქტებს ისე აფასებენ, როგორც საბჭოთა კავშირის საშინაო საქმეებში ჩარევას.
- როგორ გამოეხმაურნენ კუზბასელი მუშები დახმარებას, რომელიც ამას წინათ გაუწიეთ?
- მადლობის დეპეშებს ვიღებთ. მხარი დაგვიჭირეს და მიაჩნიათ, რომ საერთო მიზანი გვაქვს - ბრძოლა კომპარტიის მონოპოლიის წინააღმდეგ და არსებული დანაშულებრივი სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ.
- გამოითქვა იდეა, რომ მოეწყოს მიერთებული სახელმწიფოების კონფერენცია და შეიქმნას ამ რესპუბლიკების საკოორდინაციო საბჭო...
- დიახ, არის ასეთი იდეა. კიშინიოვში უნდა გამართულიყო შეხვედრა, მაგრამ გადაიდო.
- როგორ გამოეხმაურა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი?
- გუშინ მოგვილოცა“.
[გაზ. „რესპუბლიკა“|№14/47, გგვ. 3; 16 აპრილი, 1991 წ.].
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს
სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბ.კ. პუგოს
სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც შემოყვანილი არიან საქართველოში, კერძოდ, სამაჩაბლოში ქართველი ხალხის ნების მიუხედავად, განსაკუთრებით გაააქტიურეს საომარი მოქმედება ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, სახელდობრ, მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დღეს, როცა თვით კომუნისტური იდეოლოგიაც კი არ უარყოფს რელიგიის საჭიროებას პიროვნების სულიერი ჰარმონიის ფორმირებისათვის, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და საბჭოთა არმია სჩადიან ანტიჰუმანური, მკრეხელური ვანდალიზმის აქტებს.
1991 წლის 11 აპრილს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ დვანში შეიჭრნენ, სამეთვალყურეო პუნქტის გაუქმების საბაბით დაწვეს წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა სამების ეკლესია - ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართველი ხალხის სულიერი სიმდიდრის დასტურია. 11 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის აქტი საქართველოს ისტორიის მოსპობის ცდის ტოლფასია.
ამავე დროს გაცნობებთ, რომ სოფელი დვანი ოც კილომეტრზე მდებარეობს ტერიტორიიდან, რომელზეც ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო წესების მოქმედება.
საგანგებო წესების მოქმედების ტერიტორიის თვითნებური გაფართოება, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა, მისი ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრების ცდა, აგრეთვე ლოკალური ტერიტორიის ანექსიის ცდაა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოთ სამაჩაბლოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ნაწილები და აღადგინოთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული ქალაქ ცხინვალის სამხედრო კომენდანტის უფლებამოსილებანი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 12 აპრილი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№72 (92, გვ. 1; 13 აპრილი, 1991 წ.].
ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ხდება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა
14 აპრილს გაიმართა საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც გახსნა მისმა თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ.
დღის წესრიგში პირველ საკითხზე - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ ილაპარაკა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ასათიანმა. მან თქვა, თუ რაოდენ საჭიროა ამ თანამდებობის დაუყოვნებლივ შემოღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამდვილი თავისუფლებისათვის, ქართველი ხალხის ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით საჭიროა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას წარმართავდეს პრეზიდენტი, რომელსაც უდიდესი უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის წინაშე სახელმწიფოს საქმის ვითარებისათვის.
შემდეგ სიტყვა მიეცა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ჯონი ხეცურიანს, რომელმაც წარმოადგინა კანონპროექტი პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. აზრთა გაზიარებაში მონაწილეობდნენ დეპუტატები: აკაკი ბობოხიძე, აპოლონ სილაგაძე, მინდია სალუქვაძე, დავით კუპრეიშვილი, ემზარ გოგუაძე, ლოვარდ ტუხაშვილი, თედო ნინიძე, ელდარ შენგელაია, აკაკი ასათიანი, ნოდარ ნათაძე, რამაზ სურმანიძე, ალექსანდრე ქობულაშვილი, ლევან ალექსიძე, რომან გოცირიძე, ალექსანდრე შუშანაშვილი, თეიმურაზ ქორიძე, ნუგზარ მოლოდინაშვილი, ბაკურ გულუა, გელა ჩორგოლაშვილი, თედო პაატაშვილი და სხვები.
უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო კანონი პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებისა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ილაპარაკა ბატონმა აკაკი ასათიანმა. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციების სახელით, მან ამ თანამდებობაზე დაასახელა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას კანდიდატურა.
სხვა კანდიდატურები არ დაუსახელებიათ. ღია კენჭისყრით უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია ერთხმად აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
ტაშის გრიალში ტრიბუნაზე ავიდა ბატონი ზვიად გამსახურდია. მან მადლობა გადაიხადა ნდობისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეგნებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, აღუთქვა დამსწრეთ, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების - სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად.
... უზენაესმა საბჭომ პირველი წაკითხვით მიიღო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის კანონი, რომლის თანახმად 1991 წლის 26 მაისს გაიმართება პრეზიდენტის პირველი, საყოველთაო არჩევნები ფარული კენჭისყრით, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე...
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№73 (93), გვ. 1; 16 აპრილი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ იაპონიის ტელეკომპანია „ფუჯის“ კორესპონდენტთან
იაპონიის ტელეკომპანია „ფუჯიმ“ თავის საინფორმაციო პროგრამაში მონაწილეობა სთხოვა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას და აი, 16 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში შესდგა დაპირებული ინტერვიუ, რომელიც ცოცხლად ჩაერთო „ფუჯის“ საინფორმაციო პროგრამაში. გთავაზობთ ამ ინტერვიუს:
ჩვენ გამოვაცხადეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მივმართეთ მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და სახელმწიფოს, ცნონ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ობიექტი. ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რომელიც დავკარგეთ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ ანექსიის შედეგად. ახლა ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან მოსკოვს, ცენტრს არ სურს ოფიციალური კავშირი ჩვენთან და არ უნდა აღიაროს ჩვენი დამოუკიდებლობა.
თქვენი აზრით, როგორი იქნება საბჭოთა კავშირის მომავალი?
15 აპრილს გაიმართა სრულიად საკავშირო საგაფიცვო კომიტეტის შეკრება. მოსკოვის საოლქო საბჭოში განიხილეს საკითხი, თუ ვის უნდა გადაეცეს ძალაუფლება გორბაჩოვის შემდეგ. ასე, რომ გორბაჩოვის გადადგომა გადაწყვეტილია. ახლა საგაფიცვო კომიტეტი ფიქრობს შექმნას ახალი ფედერაციის ტიპის საბჭო ან ახალი კოალიციური მთავრობა, რომელშიც შევლენ რესპუბლიკის საზოგადოების წარმომადგენლები. ამჟამად მოსკოვს არ ჰყავს ხელისუფლება.
ჩვენი ხელმძღვანელი უცხოეთში გაემგზავრა: გორბაჩოვი იაპონიაში, პავლოვი ინგლისში ჩავიდა, ელცინი კი - საფრანგეთში.
სამხრეთ ოსეთის სიტუაციაზე რას ფიქრობთ?
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა ხელოვნურად არის ინსპირირებული მოსკოვის მიერ. მოსკოვი და გორბაჩოვი ამ პრობლემას იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ისინი საქართველოს იმიტომ სჯიან, რომ დამოუკიდებლობისათვის იბრძვის. დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოყენებისთანავე ე.წ. სამხრეთ ოსეთში დამატებითი შენაერთები შემოიყვანეს. სიტუაცია დღითი დღე უარესდება. ეს მოსკოვის დამსჯელი ოპერაციაა. ოსი ექსტრემისტები მოქმედებენ მოსკოვის მხარდაჭერით.
როგორ ფიქრობთ, რა გზით მოგვარდება საკითხი?
სანამ ცენტრი იარსებებს, პრობლემა ვერ გადაიჭრება.
თუ ჯარებს გაიყვანენ?
თუკი გაიყვანენ ჯარებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთიდან“, მაშინ ყველაფერი მოგვარდება.
ეს როდის მოხდება?
ჩვენ ეხლა დავიწყეთ საყოველთაო გაფიცვა და გამოვაცხადეთ ეროვნული დაუმორჩილებლობა საბჭოთა ჯარების გაყვანის მოთხოვნით.
ფიქრობთ, რომ ეს გაფიცვა ზეგავლენას მოახდენს მოსკოვზე?
მოახდენს, რადგან იგი საბჭოთა ეკონომიკის პარალიზებას გამოიწვევს.
როგორ ფიქრობთ, რომელი პრეზიდენტი გადაარჩენს საბჭოთა კავშირს?
ვერც ერთი. საბჭოთა კავშირი უნდა დაიშალოს. ყველა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს. ესაა გზა ხსნისა. ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ უშველის საბჭოთა კავშირს.
რუსეთის ლიდერზე რას გვეტყვით? ვინ არის შესაფერისი ამ პოსტისათვის?
ელცინი. აქვე უნდა გითხრათ, რომ მივესალმები იაპონელ ჟურნალისტებს საქართველოში. მაგრამ რაოდენ მაოცებს ის ფაქტი, რომ ოფიციალური იაპონია არ იჩენს ინტერესს საქართველოს მიმართ. მოსკოვიდან იაპონიის საელჩოს წარმომადგენელიც კი არ ჩამოსულა ჩვენთან. ჩვენ გვსურს კონტაქტი გვქონდეს არა მარტო ჟურნალისტებთან, არამედ იაპონიის ოფიციალურ წევრებთანაც. (წრეებთან? რედ. შენიშვნა) ეს ჩვენი სურვილია.
თქვენი ეკონომიკური სტრუქტურა... როგორი იქნება იგი მომავალში?
ეკონომიკური კავშირები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთანაც. ჩვენი ეკონომიკა გაუმჯობესდება სრული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. როცა საქართველო თავს დააღწევს იზოლაციას. საბჭოთა კავშირმა საქართველოს იზოლირება მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისაგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც არის იაპონია, მხარი უნდა დაუჭიროს რესპუბლიკებს და არა ცენტრს. ასე უფრო უკეთესი იქნება.
თქვენ ბევრი სპეციფიკური საშინაო პრობლემა გაქვთ. თუ გაქვთ პროგრამა მათ დასაძლევად?
გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს პროგრამა ეფუძნება თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და არის ანტისოციალისტური.
როგორ აფასებთ საბჭოთა ეკონომიკის 73 წლიან პერიოდს?
ეს არის სრული დანგრევა. დღეს საბჭოთა კავშირი კრიზისსა და ნგრევას განიცდის. არსებული ეკონომიკური სისტემის გამოა ეს ყველაფერი. სისტემა უნდა შეიცვალოს.
როგორ ფიქრობთ, რამ უნდა განაპირობოს სრული ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა?
ეს დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნების აქტიურ მხარდაჭერასა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სწორ გაგებაზე.
ახლა ხელსაყრელი სიტუაციაა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის?
დიახ, ვფიქრობ, ამისათვის საუკეთესო პირობებია. ახლა ყველა რესპუბლიკა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და ცენტრიც აღარ არის ისეთ ძლიერი, რომ შეებრძოლოს ამ მოძრაობას.
ზოგიერთი ჟურნალისტი მოსკოვში ამბობს, რომ თავდაპირველად გორბაჩოვმა დაიწყო ლიბერალიზაცია...
დიახ, მაგრამ იგი იძულებული გახდა დაეწყო. დასავლეთის ქვეყნებმა, უწინარესად კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აიძულა იგი დაეწყო ეს პროცესი. ამერიკამ დაიწყო გარდაქმნა და არა გორბაჩოვმა.
გმადლობთ ინტერვიუსათვის.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№75 (95), გვ. 1, 18 აპრილი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს ცხინვალის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს გორის რაიონს.
2. გაუქმდეს ყორნისის რაიონი და მისი ტერიტორია შეუერთდეს ქარელის რაიონს.
3. ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 71-ე მუხლიდან სიტყვები „ყორნისის“ და „ცხინვალის“ რაიონები.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 27 აპრილი
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№83 (103), გვ. 1, 30 აპრილი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 28 აპრილს
საღამო მშვიდობისა, ძვირფასო ტელემაყურებლებო!
პირველ ყოვლისა, მინდა მადლობა მოვახსენო საქართველოს მოსახლეობას ბოლო ხანებში აღმოჩენილი დიდი მხარდაჭერისათვის, რეფერენდუმში მონაწილეობისათვის, იმ მილოცვებისათვის, რომლებიც გამოაგზავნეს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ცალკეულმა პირებმა, დაწესებულებებმა, ორგანიზაციებმა და აგრეთვე იმათ, ვინც წარმოადგინეს მხარდამჭერთა სიები.
დღევანდელი ჩემი გამოსვლა დაკავშირებულია „მრგვალი მაგიდის“ ბლოკის მიერ ჩემს წარდგენასთან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად. გარკვეული გაგებით მსურს განვმარტო ზოგიერთი რამ, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გამოსვლასთან დაკავშირებით. მსურს აღვნიშნო უწინარეს ყოვლისა, რომ არ მინდა ვტოვებდე შთაბეჭდილებას ისეთი ადამიანისას, რომლის ცხოვრების უმთავრესი მიზანი პრეზიდენტობაა. არასოდეს მქონია ასეთი მიზნები. ეს ყველამ კარგად იცის, ვინც ასე თუ ისე მიცნობს. მაგრამ ქვეყნის მდგომარეობამ, ჩვენი ერის დღევანდელმა ვითარებამ განაპირობა ეს ყოველივე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების გამოსვლები. იქ იყო ყალბი საყვედურები ჩვენს მიმართ და „მრგვალი მაგიდის“ ბლოკის მიმართ, გადაკრული სიტყვები, რომლებზეც მსურს მოგახსენოთ შემდეგი: პირველ რიგში, საუბარი იყო ფასების ზრდაზე და ეკონომიკურ კრიზისზე. ის ადამიანები, რომლებიც საუბრობენ საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე, ცხოვრების დონის დაცემაზე, რატომღაც არასოდეს არ ახსენებენ მთავარ მიზეზს - კრემლს და საბჭოთა იმპერიას, რომლის შემადგენლობაშიც ჯერჯერობით იძულებით ვიმყოფებით და ცდილობენ გადმოიტანონ ბრალდებების მთელი სიმძიმე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე - ამას სჩადიან უპირველეს ყოვლისა, სწორედ კრემლის მოციქულები, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი მთავრობისა. სინამდვილეში, სანამ საქართველო წარმოადგენს ნაწილს ცენტრალიზებული საბჭოთა იმპერიისა, სადაც ჩვენი ეკონომიკა იმყოფება იზოლაციაში, რეალური ეკონომიკური ძვრები წარმოუდგენელია. სანამ ჩვენს რესპუბლიკას არ ექნება ეკონომიკური საზღვრები, რომლებიც დაგვიცავს ცენტრის თვითნებობისაგან, ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მიდის სრული დამოუკიდებლობისაკენ. დამოუკიდებლობის დეკლარაცია პირველი რეალური ნაბიჯი გახლავთ ამისი. ზოგი პოლიტიკოსი უკიჟინებს დღეს ჩვენს ხელისუფლებას არასაკმარის ელასტიურობას. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა უფრო მეტი ელასტიურობა ცენტრთან ურთიერთობაში. საჭიროა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც უფრო მეტი ელასტიური იქნება. ვთქვათ, უფრო მეტად მოერგება კრემლის პოლიტიკას. მაშინ გამოდის, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, თუ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს, ხელს ავიღებთ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე და ხელს მოვაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას. მაგრამ ეს იქნება ღალატი ჩვენი იდეალებისა, ჩვენი პრინციპებისა, და მე მგონი, ქართველი ერი ამას არ მოიწონებს. ასე, რომ ჩვენს წინაშეა არჩევანი ერთი მხრივ, ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ და რომლის მიზანიც არის სრული და საბოლოო დამოუკიდებლობის მიღწევა და მეორე მხრივ, კრემლთან და ცენტრთან ელასტიური დამოკიდებულება, შემგუებლობა და საბოლოო ანგარიშით ერის ღალატი. მე მგონი, არჩევანი გაკეთებულია. დღეს ვერავითარი დემაგოგიით ვერავინ ვერ დაარწმუნებს ქართველ ერს, რომ პირველი გზა არ არის სწორი და მეორე გზას უნდა დაადგეს.
ასე რომ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, უწინარეს ყოვლისა უნდა ისაუბროს ყოველივე ამის მიზეზებზე და ეს მიზეზი გახლავთ ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ. ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპრების იდეალები სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული. საქართველო ყოველთვის იცავდა თავის დამოუკიდებლობას, თავის სარწმუნოებას და ის ტრაგიკული ისტორია, რომელიც საქართველოს აქვს, არ იქნებოდა ესოდენ ტრაგიკული, მას რომ უარი ეთქვა სარწმუნოებაზე, თავის ეროვნულ თვითმყოფადობაზე, არ ებრძოლა თავისუფლებისათვის. ასევე არის დღესაც. ჩვენ რომ ხელი ავიღოთ ჩვენს რწმენაზე, ჩვენს ეროვნებაზე, მაშინ ცენტრი დიდი სიხარულით გამოგვიწვდის ხელს. მაგრამ ჩვენი პრინციპები ამის უფლებას არ მოგვცემს. საუბარია დღეს, აგრეთვე, ჩვენი ოპონენტების მხრივ იმაზე, რომ მიწის კერძო მფლობელობაში გადაცემა დაუყოვნებლივ არ მოხდა. ამასთან დაკავშირებით ისევ ვიმეორებ, რომ საჭიროა ჯერ მოქალაქეობის კანონის შემოღება. ის, ვინც დღეს ქადაგებს მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემაზე მოქალაქეობის კანონის გარეშე, საქართველოს მტერია, ნამდვილი მოღალატეა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ჯერ უნდა გვქონდეს მოქალაქეობის კანონი, რომელიც ამჟამად მუშავდება, ხოლო შემდეგ კანონი მიწის შესახებ, მიწის კოდექსი. აი, ამის მერე უნდა დავიწყოთ მიწის გადაცემა კერძო საკუთრებად. მაგრამ ამისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა, დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, შინაგანი სტაბილურობა და აუცილებლად დიპლომატიური აღიარება ჩვენი ქვეყნისა ერთი ან ორი სახელმწიფოს მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეობის კანონის შემოღება გართულდება გარკვეული შინაპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო. აი, ეს გახლავთ ურთიერთდაკავშირებული მიწის საკითხი მოქალაქეობის საკითხთან. - რასაკვირველია, ოპონენტების აზრის მოსასმენად ჩვენ მზადა ვართ, მაგრამ ყველას ვთხოვთ, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას ნუ გადავაქცევთ საქართველოს რესპუბლიკის დისკრედიტაციად და ჩვენი ეროვნული ინეტერესების ხელყოფად. ჩვენი ოპონენტები ამბობენ აგრეთვე, თითქოს ჩვენ ეროვნული დაუმორჩილებლობის გამოცხადებით თვითბლოკადას ვეწეოდეთ. ესეც დემაგოგიური და პროვოკაციული განცხადებაა, ვინაიდან ცნობილია, თუ რა დიდ ზიანს აყენებს ჩვენს მიერ გამოცხადებული ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უპირველეს ყოვლისა საბჭოთა ეკონომიკას, რაზედაც მეტყველებენ ის წერილები და დეპეშები, რომლებიც მოდის საქართველოში ცენტრიდან. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დოგუჟიევის ტელეგრამა, სადაც ნათქვამია, რომ საბჭოთა ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენმა რკინიგზელთა გაფიცვამ. დოგუჟიევი კატეგორიულად მოითხოვს ამ გაფიცვის შეწყვეტას, სხვადასხვა საწარმოებიდანაც მოდის დეპეშები. ყოველივე ეს გამოქვეყნდება პრესაში. მართლია, არც ის არის დასამალი, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიც ზიანდება, მაგრამ მსხვერპლის გარეშე თავისუფლება არავის მოუპოვებია. ამიტომ გთხოვთ, ნუ აჰყვებით დემაგოგების მოწოდებებს, კაპიტულანტების მოწოდებებს, რომ ხელი ავიღოთ ჩვენს ბრძოლაზე და დავნებდეთ კრემლს. ასე რომ, აქ ელასტიურობის გამოვლინება და ყოველგვარი ლავირება მიგვიყვანს მხოლოდ ეროვნული ინტერესების ღალატამდე. ჩვენ არ ვაპირებთ გადავუხვიოთ იმ გეზს, რომელიც ავიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს აღორძინებისათვის ბრძოლაში.
იყო აგრეთვე გარკვეული საყვედურები იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს უზენაესი საბჭო ერთპარტიულია. ესეც აშკარა და უხეში ცილისწამებაა. იქ გახლავთ მრავალი პარტია წარმოდგენილი, მრავალი ორგანიზაცია. იქ არის სრული თავისუფლება შეხედეულებებისა, პოზიციებისა; არავითარი ძალდატანება, არავითარი შეზღუდვა, არავითარი რეგლამენტირება არ ხდება არავისი, ყველა თავისუფლად გამოთქვამს თავის შეხედულებას და იმარჯვებს მხოლოდ ის აზრი, რომელსაც მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა და მისაღებია პარლამენტისა და ერისათვის. რაიმე არადემოკრატიულის დაბრალება ჩვენი პარლამენტისათვის, ჩვენი ხელისუფლებისათვის მე მგონი, გაუმართლებელია. გაუმართლებელია აგრეთვე ბრალდება იმის შესახებ, თითქოს კულტურის საქმეებში ვერევით. არავითარი ჩარევა არ ხდება. ჩარევა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ესა თუ ის კულტურული დაწესებულება გამოავლენს რაიმე მძიმე ფინანსურ დარღვევებს, კორუფციას - სხვა არავითარი იდეური დიქტატი, არავითარი ცენზურა არ არსებობს, არავითარი თავსმოხვევა რაიმე იდეოლოგიისა. ახლა უნდა მოგახსენოთ, რომ არის რეალური საფრთხე პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლისა, ცენტრი უკვე ემზადება საამისოდ, ვინაიდან ეს მიაჩნია უდიდეს საფრთხედ თავისი მმართველობისათვის. მე მგონია, გაცილებით უფრო დიდი მცდელობები იქნება, ვიდრე იყო რეფერენდუმის შემთხვევაში, ან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში. უკვე ემზადებიან ამისათვის, უკვე დაწყებულია ცდები დესტაბილიზაციისა. განსაკუთრებით ავტონომიურ რეგიონებში. ჩვენ ყოველგვარი ძალები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ დესტაბილიზაცია. შესაძლოა, აი ამ საყოველთო დესტაბილიზაციის მცდელობით მოინდომონ ჩაშლა პრეზიდენტის არჩევნებისა, არის უკვე ამის მონაცემები. ჩვენ უფრო დეტალურად მოგახსენებთ იმის შესახებ, თუ რატომ არ აძლევს კრემლს ხელს ეს არჩევნები. იმის გამო, რომ მას არ სურს საქართველოს ჰყავდეს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვინაიდან ეს განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე და დააჩქარებს საქართველოს ცნობას - დიპლომატიურ ცნობას მსოფლიოს სახელმწიფოების მიერ. აი, ამ მიზეზით ყოველგვარ ზომებს ღებულობენ, რომ არ დაუშვან საქართველოში ეს არჩევნები, მაგრამ ქართველი ერი უნდა დაირაზმოს და მიაღწიოს ამ არჩევნების ჩატარებას. ჩამოვლენ საერთაშორისო მეთვალყურეები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, დასავლეთის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, ალბათ, ეს გაართულებს საქმეს იმ ძალებისათვის, რომლებსაც სურთ დესტაბილიზაციის გამოწვევა. მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია. საპრეზიდენტო არჩევნები იმდენადვე მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც რეფერენდუმი და როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაცია. საფრთხე, რასაკვირველია, კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ არის დამნაშავეობის ცალკეული გამოვლინებები საქართველოში და თუ რამე საფრთხე ემუქრება ჩვენს ერს, ეს არის ზნეობრივი თავაშვებულობა, დამნაშავეობის ზრდა, რასაც უნდა დავუპირისპიროთ აუცილებლად დიდი ძალისხმევა. ჩვენი ეკლესია უფრო აქტიურად უნდა ამოქმედდეს და უფრო მეტად უნდა შეებრძოლოს ყოველივე ამას. ჩემის აზრით, ყველა უბედურების მიზეზი ისტორიულად, დღესაც არა მარტო ჩვენი, საერთოდ მთელი კაცობრიობისა ამ ზნეობრივ თავაშვებულობაშია, რასაც, რასაკვირველია, უნდა მოვუაროთ მთელი ძალებით. დამნაშავეობა ყველა ქვეყანაში გავრცელებულია, მაგრამ სამწუხაროა, როცა დამნაშავეთა სამყაროს მხარში ამოუდგება ინტელიგენციის ნაწილი და ცდილობს რაღაცით გამართლებას ამა თუ იმ პირთა მოქმედებისას, ეს ყოველივე შეუწყნარებელია.
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყველაზე მეტად მიზანშეწონილად ვცანით სწორედ 26 მაისს, ვინაიდან 26 მაისი, როგორც მოგეხსენებათ, არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე. ამ დღისთვის უნდა ვემზადოთ, რათა ვაჩვენოთ უცხოელ სტუმრებს, თუ როგორ აღნიშნავს ქართველი ერი დამოუკიდებლობის დღეს და როგორ იბრძვის იგი დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი გზა საქართველოს ზნეობრივი აღორძინების გზაა, ქრისტეს გზაა. ამაში ვხედავ გადარჩენას ჩვენი ერისას.
გვფარავდეს ღმერთი ეკლიან და მოწამებრივ გზაზე. გვფარავდეს ღმერთი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე!
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№84 (104), გვ. 1, 1 მაისი, 1991 წ.].
ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის აპრილის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო დეპუტატთა ყრილობისადმი მიმართვის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკაში თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღების ერთიანი დღის დაწესების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება რესპუბლიკაში ჟურნალ-გაზეტების რეგისტრაციის წესის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „მოქალაქეთა გაერთიანებების წესდებატა რეგისტრაციის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წ. 6 ივლისის ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება რესპუბლიკაში პირველადი მოთხოვნების საქონლის ფასების მოწესრიგების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის რაიონების და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების საკრებულოების წევრთა რაოდენობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის საბრძოლო დროშის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ბრიგადისათვის საბრძოლო დროშის გადაცემის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოსათვის საბრძოლო დროშის გადაცემის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოქმედების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის დაწესებისა და ამასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არცევნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების თარიღის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ა. თ. ასათიანის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „პრეფექტების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის რიგებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დროებითი დებულების“ დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი ცხინვალისა და ყორნისის რაიონების გაუქმების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საცალო ფასების რეფორმასტან დაკავშირებით ბავშვებიანი ოჯახებისათვის კომპენსაციის შესახებ;
- მიმართვა მსოფლიო ხალხებისადმი;
- მიმართვა სრულიად საქართველოს;
- მიმართვა სსრკ პრეზიდენტს მ. ს. გორბაჩოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ა. ი, ლუკიანოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს რ. ნ, ნიშაროვს, სსრკ შინაგან საქმეტა მინისტრს ბ. კ. პუგოს;
- მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს პერეს დე კუელერს, მსოფლიო ხალხებსა და პარლამენტებს;
- მიმართვა სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий