უზენაესი საბჭოს
არჩევნების შედეგები
ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მომქმედი ეროვნული ძალების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა, რომ 1990 წ. 28 ოქტომბრის მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია მთლიანად დაკომპლექტებულიყო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთაგან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ - „1990 წ. 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგების შესახებ“ გამოქვეყნებულ ცნობაში, კერძოდ ვკითხულობთ:
„საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 3 444 002. საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 2 406 742 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის - 69,88 პროცენტს შეადგენს. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო - 2 311 923 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 67,13 პროცენტს შეადგენს; ბათილად ცნობილია - 84 797 ბიულეტენი.
პროპორციული სისტემით არჩევნებისას პარტიების [საარჩევნო ბლოკების] სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:
1. „თავისუფლება“ – 71 602 [3,10%];
2. „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ – 32 699 [1,41%];
3. „საქართველოს კომუნისტური პარტია“ – 683 824 [29,58%];
5. „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება“ – 80 262 [3,47%];
6. „საქართველოს სახალხო პარტია“ – 15 496 [0,67%];
7. „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება“ – 53 673 [2,32%];
10. „სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი“ – 8 029 [0,35%];
12. „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ – 1 248 111 [53,99%];
13. „საქართველოს სახალხო ფრონტი“ – 43 711 [1,89%];
14. „დემოკრატიული საქართველო“ – 40 769 [1,76%]...
საქართველოს უზენაესი საბჭოს არცევნების კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური დანიშნულია მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, 7 საარჩევნო ოლქში...
ცენტრალური საარჩევნო კომისია“ [გაზ. „კომუნისტი“, 1990 წ. 7 ნოემბერი].
ამდენად, კანონით დაწესებული საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“-მ და „საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ“ გადალახა.
ზვიად გამსახურდიას მიერ უზენაესი საბჭოს არჩევნების შეფასება
„არჩევნებით ძირითადად კმაყოფილი ვარ. უნდა ითქვას, რომ უწინარეს ყოვლისა, გაგვახარა ჩვენი ერის ასეთმა პოლიტიკურმა სიმწიფემ და დარაზმულობამ. მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი მიმართავდნენ ყოვლად უღირს ხერხებს, უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ კანონს. ყოველნაირად ცდილობდნენ ხელოვნური ზემოქმედება მოეხდინათ არჩევნებზე, აშინებდნენ არაქართულ მოსახლეობას „მრგვალი მაგიდით“. და ამას ჩადიოდნენ არა მარტო კომუნისტები, არამედ სხვა ბლოკების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხალხში დადიოდნენ და ავრცელებდნენ ხმას, თითქოს 11 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებული იყვენენ „მრგვალ მაგიდასთან“ და პირადად ჩემთან, რათა ჩვენ ისინი გაგვეყვანა პარლამენტში. ეწეოდნენ ისეთ დეზინფორმაციას, რომ ჩვენ მეგობრები და მოკავშირენი ვართ. ხოლო არაქართველ მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ „მრგვალი მაგიდა“ გაასახლებდა მათ საქართველოდან, მოუწყობდა მათ გენოციდს და სხვა.
აი, ასეთი ორპირობა ახასიათებდა, სამწუხაროდ, ზოგიერთს და ეს ძალიან გვაწუხებს ჩვენ, იმიტომ რომ მომავალში ამ ადამიანებთან ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ამა თუ იმ ფორმით და წინასწარ ამ ფაქტების გამო, ერთგვარად გულგატეხილნი ვართ.
რაც შეეხება გამარჯვებას პირველ ეტაპზე, მას საბოლოოდ მაინც არ ვთვლით. საბოლოო იქნება, თუ ადგილების ორ მესამედს ჩვენ მოვიპოვებთ. იმიტომ, რომ მომავალში ჩვენ მოგველის დიდი ბრძოლები, ცენტრთან დიდი დაპირისპირება და თუ პარლამენტში არ იქნა ერთიანობა, საეჭვოა, რომ რეალურ წარმატებას მივაღწიოთ.
უნდა მოხდეს არსებული კონსტიტუციის დემონტაჟი, თანდათანობით უნდა შეიქმნას გარდმავალი ეტაპის ძირითადი კანონი, უნდა დავუპირისპირდეთ საბჭოურ კონსტიტუციას და ცენტრის კონსტიტუციურ აგრესიას. ამისათვის კი საჭიროა ძალთა დიდი კონსოლიდაცია და დიდი უმრავლესობის მოპოვება „მრგვალი მაგიდისთვის“. ამიტომ ჩვენ არავისთან არავითარი შეთანხმება არ გვქონია, არავითარ კომპრომისზე არ მივდივართ და საქართველოს საკეთილდღეოდ ვიბრძვით გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად.
არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს გადასინჯვა იმ დარღვევებისა, რომელთაც ზოგიერთ ოლქში ჰქონდა ადგილი და თუ ეს დადასტურდება, იქ ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ასე მაგალითად, დიდი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები წილკანში, გარდაბანში, ხობში, თბილისის ზოგიერთ ოლქებში. სამწუხაროდ, კომუნისტი ყველგან კომუნისტია. ზოგიერთი ბლოკი, ნებით თუ უნებლიეთ, გვეწინააღმდეგებოდა ჩვენ და ამით კომპარტიის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ დაახლოებით ერთი და იგივე ტაქტიკით.
სესიის თობაზეც მოგახსენებთ. სესია მომზადებულია, დღის წესრიგი მზად არის. იქნება გარკვეული დადგენილებები კონსტიტუციაში შესწორებასთან დაკავშირებით, რომ შევიმუშაოთ გარდამავალი ეტაპის ძირითადი კანონი. ეს იქნება სესიის მთავარი მიზანი, მერე იქნება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა, ახალი მთავრობის შედგენა... სესია გარძელდება ორ დღეს. იქნება პირდაპირი ტრანსლაცია.
ზვიად გამსახურდია - საქართველოს ჰელსინკის კავშირისა და წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
[იხ. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №125 (11611), 2 გვ. 1990 წ.13 ნოემბერი].
1990 წ. 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მიღებულ იქნა - „საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ - „საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს: არჩეულ იქნეს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია“.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს - გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ! გილოცავთ ამ გამარჯვებას, მეგობრებო!
ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული და მოქალაქეობრივი შეგნება, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა მივაგოთ ყველა ქართველს, საქართველოს ერთგულ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინასაარჩევნო ბრძოლაში, იღვაწეს და გაისარჯნენ ეროვნული ძალების გამარჯვებისათვის, რამეთუ ეს გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებაა, თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპების გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგინება!
ღრმად მწამს, მეგობრებო, რომ ის ერი, რომელმაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, შეძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწიფოებრიობისას!
უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ეს გამარჯვება არ არის ერთი და ორი წლის მუშაობისა და ბრძოლის შედეგი. ეს არის დაგვირგვინება იმ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებდა ჩვენი მოძრაობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან.
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი ერი არასოდეს შეჰგუებია მონობას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდგომ, მსოფლიოში უმკაცრესი სისხლიანი დიქტატურის პირობებშიც კი გრძელდებოდა ქართველი ერის ბრძოლა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის და დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ამ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. სამარადისო დიდება მათ სახელს!
საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, დღევანდელი სესია ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე: პირველი და უმთავრესი, რაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის კონსტიტუციური რეფორმის საკითხი გარდამავალ პერიოდში, გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონის შექმნა არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის საფუძველზე. დეკლარაცია თავად გარდამავალი პერიოდის მიზნებისა და ამოცანების შეახებ; როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება ეკონომიკური რეფორმა გარდამავალ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობისათვის საფუძველის ჩაყრა, ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკური დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება, მიწის კანონი, პრივატიზაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები, მუნიციპალური არჩევნები, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის და მართლწესრიგის განმტკიცების ღონისძიებები, კულტურისა და განათლების სისტემის რეორგანიზაცია.
ძვირფასო მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ოპოზიცია, მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, ჯერჯერობით არ აცხადებს საქართველოს სრული დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც განპირობებულია საქართველოში და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური რეალიებით, ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მარტოოდენ ქაღალდზე დარჩეს, ჩვენ გვსურს რეალური დამოუკიდებლობა, რასაც სჭირდება საფუძვლიანი შემზადება იურიდიულ-სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთვრობას, მიუხედავად საქართველოს ანექსიისა 1921 წელს, კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და ამის გამო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და მისი კონსტიტუცია იურიდიული თვალსაზრისით დღესაც განაგრძობს არსებობას, მოუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციის მოქმედება დროებით შეჩერდა ანექსიის შედეგად, საქართველოს ტერიტორია იურიდიულად კვლავ ერთიანი და განუყოფელია, მასზე არ მოქმედებს არც ერთი უცხო სახელმწიფოს კონსტიტუცია, მათ შორის არც სსრკ-ს კონსტიტუციები 1936 და 1978 წლისა. მართალია საბჭოთა იმპერიამ საქართველოს ძალადობით თავს მოახვია თავისი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი თვალსაზრისით მისი მოქმედება დღემდე მხოლოდ ფაქტობრივი იყო და არა იურიდიული. დღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, საქართველოში არასაბჭოური არჩევნების შედეგად მის ამ ფაქტობრივ მოქმედებასაც თანდათანობოთ ეცლება საფუძველი. ამის პირველი დამადასტურებელი საბუთი ის გახლავთ, რომ საქართველოში პირველად მთელი საბჭოური პერიოდის მანძილზე არჩევნები გაიმართა საბჭოური კონსტიტუციით რეგლამენტის გარეშე, ხოლო პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა სახელმწიფო მართვის ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც პარიტეტული პრინციპებით იყო დაკომპლექტებული, თამაც ეს რეგისტრაცია არ ყოფილა რეგლამენტირებული არსებული კონსტიტუციით. ეს უდიდესი მიღწევაა ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მეგობრებო. მთელი მსოფლიო განცვიფრებულია დღეს ამ მიღწევებით!
ამჯერად ჩვენ წინაშე დგას ორი არჩევანი. დამოუკიდებელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების მიერ შედგენილი კონსტიტუციის აღდგენა, მისი მოქმედების განახლება ვერ გამოიღებს სასურველ ნაყოფს, ვინაიდან გაძნელდება მისი მისადაგება თანამედროვე პოლიტიკური ვითარებისადმი. გარდა ამისა, იგი არ შეიცავს იმპერიული კონსტიტუციისაგან დამცავ იურიდიულ მექანიზმს, როგორიც აქვს დღესდღეობით არსებულ კონსტიტუციას მისი 77-ე მუხლის სახით.
ამიტომ ჩვენი აზრით, გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონი უნდა დაფუძნდეს ისევ არსებულ კონსტიტუციაზე მასში ფუნდამენტური ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით, რათა არ შეიქმნას საკონსტიტუციო ვაკუუმი ახალი ეროვნული კონსტიტუციის შექმნამდე, რომელიც საფუძვლად დაედება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს, ამავე მიზეზით არის განპირობებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოსათვის სახელის შეცვლა, რაც პოლიტიკურ სტრუქტურათა რეალური ცვლილებების ანარეკლია, ასევე ეროვნული დროშისა და ჰიმნის აღდგენა. შექმნილი რეალური პოლიტიკური ვითარების ასახვისათვის ძველ კონსტიტუციას უნდა შვუცვალოთ პრეამბულა, ყველგან უნდა ამოვიღოთ სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, „კომუნისტური მშენებლობა“, „კომუნისტური აღზრდა“ და სხვ. უნდა შევიმუშაოთ ახლებური ფორმულირებანი, 68-ე, 77-ე, 180-ე, 188-ე მუხლებისა, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 23-ე, 30-ე, 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო მე-8, 34-ე, 38-ე და 74-ე მუხლებისა - მხოლოდ მეორე ნაწილები; უნდა შეიცვალოს 58-ე მუხლის ფორმულირება.
რაც შეეხება საბჭოურ კონსტიტუციას, გარდამავალ პერიოდშო მოხდება მისი სრულად უვნებელყოფა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი მოქმედების ფაქტობრივი შეჩერება, რის საფუძველსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუციაში არსებული 77-ე მუხლი, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის მოხდება საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედების სრული იურიდიული შეჩერება და საქართველოში ახალი ეროვნული კონსტიტუციის ამოქმედება, რომელიც შემუშავებული იქნება გარდამავალ პერიოდში და რომელიც შეამზადებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის სამართლებრივ მექანიზმს.
ძვირფასო მეგობრებო!
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოში გრძელდება, ოღონდ ამჟამად იწყება მისი ახალი ეტაპი, მას შემდეგ, რაც ჩვენი მოძრაობის ავანგარდი - მრგვალი მაგიდა ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტმა უმრავლესობამ აირჩია უზენაეს საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თვით მრავალპარტიული, არასაბჭოური არჩევნების ჩატარება ანექსიის პირობებში ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უდიდესი აქტია, რამეთუ დღემდე არჩევნები ჩვენს სინამდვილეში იმართებოდა მხოლოდ ცენტრისგან თავსმოხვეული ფსევდოსაარჩევნო სისტემით და დიქტატით. ჩვენმა მოძრაობამ მიაღწია ახალი, ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტის არჩევას, რომელიც იქნება არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისა, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი და ამავე დროს, ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი.
ცენტრის ყოველგვარ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩვენ ვუპასუხებთ ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მძლავრი აქტებით, რათა მეტროპოლიამ ვეღარ შეძლოს თავისი დიქტატის განხორციელება. ასე იქნება მთელი გარდამავალი პერიოდის მანძილზე. ჩვენ ვცნობთ მხოლოდ საერთაშორისო სამართალს და მასზე დავაფუძნებთ ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობას. მართალია, დღეს ჩვენ უკვე ხელისუფლების სათავეში ვართ, მაგრამ ცენტრისადმი მაინც ოპოზოციურად ვრჩებით.
ჩვენდამი ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, თითქოს ჩვენ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვენი თავი - კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ, რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიური სტატუსის მქონე ქვეყანა, სადაც ჩატარებულიყოს თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც კოლონიად დარჩენილიყოს. კოლონიური თვითმმართველობა ყოველთვის მეტროპოლიას ნიშნავს, მას ხალხი არ ირჩევს. საქართველოში ეროვნული ხელისუფლების არჩევამ ზღვარი დაუდო საქართველოს კოლონიურ სტატუსს. საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჯერჯერობით, ეროვნული ხელისუფლება კი იმის გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღსდგეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. სხვა საკითხია საქართველოს ცნობა ოკუპირებულ ქვეყანად, საბჭოთა ჯარისათვის უცხო ქვეყნის არმიის სტატუსის მიცემა და საერთაშორისო სამართლის დონეზე საქართველოდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხის დაყენება. რისთვისაც აუცილებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ცენტრთან და დასავლეთის ქვეყნებთან. ამრიგად, ჩვენი თვალსაზრისით, საქართველო ანექსირებული ქვეყანაა, რომელშიც დაიწყო ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი, პირველი ნაბიჯი კი ამ გზაზე ცენტრის მიერ დანიშნული რეჟიმის შეცვლაა ახალი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებების მიმართ, რომლის წინააღმდეგიც ვართ იმ გასაგები მიზეზის გამო, რომ გარდამავალი პერიოდის საქართველო ჯერჯერობით არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
საქართველოს ახლადარჩეული მრავალპარტიული პარლამენტის განსხვავება საბჭოურ პერიოდში ცენტრიდან დანიშნული ე.წ. უზენაესი საბჭოსაგან იქნება ის, რომ ახალი პარალამენტი იქნება მუდმივმოქმედი თავისი მუდმივი კომისიებით, იგი მხოლოდ ნომინალურად როდი იარსებებს, მას გადასაწყვეტი აქვს ურთულესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რის შედეგადაც გამოირიცხა დეპუტატობის შეთავსება სხვადასხვა თანამდებობებთან, რაც ნიშნავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რეალურ გამიჯვნას.
საპარლამენტო კომისიების ძირითადი მიზანი იქნება საკანონმდებლო საფუძვლების შემზადება გარდამავალი პერიოდეის რეფორმებისათვის.
როგორც ჩვენს პროგრამებშია აღნიშნული, გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება ბიუროკრტიული აპარატის, არსებული საბჭოთა იმპერიული სტრუქტურების დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური, ე.წ. ნომენკლატურული სისტემის გაუქმება და არჩევითობის პრინციპის დამკვიდრება აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობით სტრუქტურებშიც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების ყველა დარგში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მუნიციპალური არჩევნები ადგილობრივ საბჭოებში, რაც აგრეთვე დემოკრატიული პრინციპებით უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები თავად იქნებიან მოსახლეობის სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დამცველნი.
რამდენადაც ჩვენ ვიბრძვით ადამიანთა უფლებათა დაცვისათვის, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, ჩვენი სახელმწიფო წყობილება უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას, ჰელსინკისა და ვენის საერთაშორისო შეთანხმებებს, რათა ქმედითი ღონისძიებანი განხორციელდეს მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დასამკვიდრებლად. ვინ არ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით უხეშად ირღვეოდა მკვიდრი ქართული მოსახლეობის უფლებები, ილახებოდა მისი ინტერესები, ქართველთა დისკრიმინაციამ, ჩაგვრამ და შევიწროებამ კულმინაციას მიაღწია, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც კომუნისტურმა ტოტალიტარიზმმა დაამყარა არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატიები. ქართული ენის სისტემატურმა დევნამ და კანონგარეშე გამოცხადებამ თვით საქართველოს დედაქალაქის დაწესებულებათა უმრავლესობაში მუშაობის აუტანელი პირობები შეუქმნა ქართულ კადრებს, ხოლო რუსული ენის გაბატონება და ფაქტობრივ სახელმწიფო ენად მისი გადაქცევა იწვევდა და ახლაც იწვევს ნაწილობრივ ქართველთა დისკრიმინაციას, არაქართველთა პრივილეგირებას, რუსული ენის ცოდნის დონის მიხედვით კადრების შერჩევას და განაწილებას, რაც უხეშად არღვევს თვით არსებულ კონსტიტუციას. საბჭოთა პერიოდში საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნებათა შერწყმისა და დიფუზიის თავისებურ ლაბორატორიად, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი: ქართველი ერის სრული ასიმილაცია, მეზობელი ერების ხელოვნურად დაჩქარებული დემოგრაფიული ექსპანსიის გზით. ამ მიზნით ხდებოდა აგრეთვე ბიუროკრატიული აპარატის კორუფციაზე თვალის დახუჭვა და რამდენადმე მისი სტიმულირებაც, რის შედეგადაც უკანასკნელ წლებში საქართველოს მთელ რიგ რაიონებში არაქართველი მოსახლეობის ხელში აღმოჩნდა ათასობით ჰექტარი საუკეთესო სავარგულები, ხოლო ქართულ ოჯახებს, ჩვეულებრივ, გაყოფაზეც კი უარს ეუბნებოდნენ და ეუბნებიან ალაგ-ალაგ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. რამდენადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება ჰელსინკის და ვენის შეთანხმებანი ერთა შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ემყარება, ქართველი ერის ამგვარი შევიწროება და დისკრიმინაცია საკუთარ მიწა-წყალზე და უცხო ერების პრივილეგირება უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარებული ნორმის დარღვევად და საერთაშორისო დანაშაულად.
ამის გამო საქართველოს პარლამენტმა თავის უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს საქართველოში ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის რეალური და არა მოჩვენებითი განხორციელება, ქართულ ენაზე უნდა გადავიდეს საქმის წარმოება ყველა საწარმოსა და დაწესებულებაში, ხოლო ის საწარმოები, რომლებიც ვერ იგუებენ ქართულ ენას თავიანთი ე.წ. საკავშირო დაქვემდებარების გამო, უნდა გამოეყონ ამგვარ დაქვემდებარებას ან სრულად შეწყვიტონ არსებობა. ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონების პარალელურად უნდა დაჩქარდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღება, აგრეთვე კანონის შემუშავება, რომელიც ზღვარს დაუდებს უკონტროლო მიგრაციას და უცხოელთა დემოგრაფიულ ექსპანსიას საქართველოში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უგულებელვყოფთ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, რომელნიც კანონიერად მკვიდრობენ ჩვენს მიწა-წყალზე და ხელს უწყობენ ქართველი ერის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ამასთან დაკავშირებით განზრახული გვაქვს საქართველოში შევინარჩუნოთ ეროვნულ უმცირესობათა არსებული ავტონომიები, ცხადია, უფრო მყარ კონსტიტუციურ სამართლებრივ საფუძვლებზე, ქართული მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენი მომავალი წარმატებები პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ეკომომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მიზნად ვისახავდით. ამისთვის კი აუცილებელია, ვიცნობდეთ რეალურ სურათს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისას, რომელიც ცხადყოფს, რომ ქვეყანა აშკარა ეკონომიკური კრიზისის პირზე დგას. ცენტრალური დაგეგმარებითი ეკონომიკა სულ უფრო და უფრო ამჟღავნებს, რომ საქართველოს საარსებო ეკონომიკური ინტერესების განხორციელების უნარი არ შესწევს. წლების განმავლობაში თავს იჩენდა დეფიციტი პირველადი მოხმარების საქონლისა, სურსათ-სანოვაგისა, საწვავისა. ეს ყოველივე ცხადი ხდება უწინარეს ყოვლისა ციფრობრივ მონაცემებზე დაკვირვებით. მაგალითისათვის, სტატისტიკური მონაცემებით, საქონლის მარაგმა რესპუბლიკის სავაჭრო ორგანიზაციების საცალო ქსელში 1990 წლის 1 ოქტომბრისთვის შეადგინა 1426 მილიონი მანეთი, ნაცვლად შარშანდელი ამავე პერიოდის 1478 მილიონი მანეთისა, ანუ შემცირდა 3,6 პროცენტით, რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს საცალო ქსელში 500 მილიონი მანეთის საქონლის მარაგი იყო, ნაცვლად 1989 წლის 1 ოქტომბრის 533 მილიონი მანეთისა. ამ პერიოდისათვის რესპუბლიკაში გვქონდა 84 დღის საქონლის მარაგი, ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 16 დღის მარაგით ნაკლები. ვაჭრობის სამინისტროს საცალო ქსელში 56 დღის მარაგი იყო, ანუ 14 დღის მარაგით ნაკლები. მეცხოველეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების მარაგმა საბითუმო ვაჭრობასა და მრეწველობაში აშკარად იკლო, მაგალითისათვის, თუ 1989 წელს კარაქის მარაგი შეადგენდა 8,9 ათას ტონას, წელს ეს მარაგი შემცირდა 3,6 ათას ტონამდე, შესაბამისად, კვერცხის მარაგი შემცირდა 48,7 მილიონი ცალიდან 26,3 მილიონ ცალამდე, შაქარი - 15,7 ათასი ტონიდან - 14 ათას ტონამდე და ასე შემდეგ.
მაგალითისათვის, აგროსამრეწველო კომპლექსის საწარმოების მიერ კვების ძირითადი პროდუქტების წარმოება 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში ხასიათდება შემდეგი მონაცემებით: ხორცის წარმოება წინა წელთან შედარებით შემცირდა 19 ათასი ტონით, ძეხვეულისა - 7 ათასი ტონით, კარაქისა - 3,2 ათასი ტონით, ყველისა - 5 ათასი ტონით, იგივე ხდება ყველა სახის პროდუქტის წარმოების სფეროში. ამასთან, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისათვის მრეწველობაში და საბითუმო ვაჭრობაში თამბაქოს მარაგი 75,6 %-ით ანუ 2,6 მილიონი მანეთით შემცირდა, ასეთივე სურათია მსუბუქი მრეწველობის საქონლის მიწოდების სფეროში, სახელმწიფო და კოოპერაციული ვაჭრობის ფონდში. საკოლმეურნეო ბაზრებზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის საერთო მოცულობა შემცირდა 9,2 %-ით, ხოლო ფასები გაიზარდა 25,6%-ით საშუალოდ. მოსახლეობამ საკოლმეურნეო ბაზრებზე დახარჯა 69 მილიონი მანეთით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-ოქტომბერში, იმავე პროდუქციის შეძენაზე. გეგმები ჩავარდნილია სახალხო მოხმარების საქაონლის წარმოების ყველა სფეროში, სამრეწველო საწარმოები ვერ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, განსაკუთრებით ჩამორჩენილია ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭო, კულტურის სამინისტრო, ყოფილი საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრო, კავშირგაბმულობის სამინისტრო, პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭო, ახალგაზრდული საერთაშორისო ტურიზმის ბიურო, ჯანმრთელობის სამინისტრო, საწარმოო გაერთიანება „საქავტომატოსერვისი“, ცეკავშირი, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭო.
მძიმე მდგომარეობაა საბინაო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის სფეროში. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწიფო სახსრებით საექსპლოატაციოდ ჩაბარებული საცხოვრებელი სახლების საერთო ფართობი შემცირდა 166 ათასი კვადრატული მეტრით, ანუ 33,4 %-ით წლის გეგმა ამ მაჩვენებლის მიხედვით შესრულდა მხოლოდ 31,4 %-ით. ასეთივე მდგომარეობაა სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების, საავადმყოფოების, ამბულატორიების, პოლიკლინიკების, პროფტექნიკური სასწავლებლების მშენებლობის სფეროშიც.
გრძელდება საფინანსო კრიზისი. სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რესურსების მობილიზაციის დავალების შესრულება კვლავ გაძნელებულია, ძირითადად საწარმოებისა და ორგანიზაციების მოგებიდან (შემოსავლებიდან) ბიუჯეტში გადასახდელების დავალებათა ქრონიკული შეუსრულებლობის გამო. ამ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალს მოგებიდან გადასახდელების სახით დააკლდა 41,4 მილიონი მანეთი, ანუ 7,7 %. მოგების საგეგმო დავალების შესრულებას თავი ვერ გაართვა 300-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ზარალით დაამთავრა 57-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, გრძელდება ჩამორჩენა სამშენებლო კომპლექის საქმიანობაში, საფრთხის წინაშეა საწარმოო სიმძლავრეებისა და მშენებლობის ობიექტების ამოქმედების წლიური პროგრამების რეალიზაცია, საერთო-რესპუბლიკურ მაჩვენებელზე დაბალი შესრულება აქვს „საქნავთობს“ (42,3%), „საქნახშირს“ (64,4%), „საქაგრომშენს“ (77,1%) და სხვა გაერთიანებებს. ამასთან ჩვენ დიდ დახმარებას ვუწევთ სხვა რესპუბლიკებს, მაშინ როდესაც შინ თავად გვაქვს უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.
დღევანდელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა შესწავლილია მრავალი თვალსაზრისით. დღესდღეობით საექსპერტო მოწოდებას აწარმოებს საკავშირო რესპუბლიკური და რესპუბლიკური დაქვემდებარების 66 საწარმო და ორგანიზაცია. მათ მიერ საექსპორტოდ განაწილებულია 140,7 მილიომი მანეთის პროდუქცია. საჭიროა კონტროლი, რათა ამგვარი საწარმოების საქმიანობა ყოველთვის შეესაბამებოდეს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებს, რათა არ დაზარალდეს ჩვენი საერთო ეკონომიკური სტრატეგია. განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი სტრატეგიული ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე თანდათანობითი გადასვლის პერიოდში. ჩვენი ეკონომიკის ზემოხსენებული სავალალო სურათი ცხადია, უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია სოციალისტური ეკონომიკური სისტემის არაეფექტიანობით, ცენტრალური დაგეგმვის პრინციპი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია ასეთ ვითარებაში, ამასთან ერთად იგი ხელს უწყობს საქართველოს კოლონიურ ძარცვას, ჩვენი ეკონომიკის დაქვემდებარებას ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკის სისტემის დიქტატისაგან. მნიშვნელოვანი დესტრუქციული ფაქტორია აგრეთვე კორუფცია, უკონტროლობა, სპეკულაცია, უყაირათობა, რაც გამოწვეულია ხელისუფლების სტრუქტურების მოშლით და უპასუხისმგებლობით.
ჩვენი თვალსაზრისით შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მეთოდებზე და ცენტრალურ დაგეგმარებაზე დამყარებული სოციალისტური ეკომომიკური სისტემის დემონტაჟი და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობით გადასვლა. ჩვენს პროგრამებში აღნიშნულია, რომ საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს მიწოდებისა და მოთხოვნილების საბაზრო ძალების რეგულირებაში. პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას კი მთავრობის მხრივ ჩარევა-რეგულირება ძირეულად განსხვავდება სოციალისტური სისტემის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური რეგულირებისაგან. აქ კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევა ან მისი რეგულაცია ძირითადად მომხმარებლის ინტერესების დაცვისათვის ხდება. წარმოების საშუალებათა კერძო საკუთრება, კერძო ფინანსური ბაზრები, თავისუფალი შრომის ბაზრები საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ინგრედიენტებია. მას შემდეგ, რაც ეს ელემენტები ამოქმედდება, ხალხი თავის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვეტს, თუ როგორი ფორმით ჩამოყალიბდება საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები. მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან რესურსებს უნდა ანაწილებდნენ საბაზრო ძალები და არა ბიუროკრატია, სახელმწიფოს კონტროლი კი ამ განაწილებისადმი, ისევე, როგორც ფასების კონტროლი, არ უნდა ემყარებოდეს ადმინისტრირების დრომოჭმულ მეთოდს. ამასთან, არსებობს დიდი საფრთხე ე.წ. „საბაზრო სოციალიზმისა“, საბაზრო ეკონომიკა უშუალოდ უნდა დაეყრდნოს კერძო სექტორს და ღია საერთაშორისო ვაჭრობას. ამავე დროს აუცილებელია პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, განსაკუთრებით სოფლად, საჭიროა შემოღება მიწის კანონისა, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ მიწა კერძო მფლობალობაში გასხვისების უფლების გარეშე. რაც უთუოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის სოფლად დამკვიდრებას და გლეხური მეურნეობის განვითარებას საქართველოში. აუცილებელია, აგრეთვე აღდგეს ტრადიციული ფორმები სოფლის მეურნეობისა, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მევენახეობაზე, მეცხოველეობისა და მარცვლეული კულტურების განვითარებაზე. საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველედი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო, გადაუდებელ ღონისძიებებად ჩავთვალეთ სავაჭრო ქსელში ნორმირების დაწესება და პასპორტების წარდგენით ვაჭრობა, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლით, დავაწესეთ აგრეთვე საქართველოდან ღვინის, ხილისა და სხვა პროდუქტების უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით გაზიდვის აკრძალვა. უკანასკნელ ხანებში გაძლიერდა საბოტაჟის ფაქტებიც. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები დიდი რაოდენობით აბარებენ პირუტყვს სასაკლაოებს და ხორცკომბინატებს, ყიდიან მანქანებსა და სხვა ტექნიკას, რასაც შეგნებული საბოტაჟის ელფერი დაჰკრავს.
ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას: მართლია ჩვენ გამოვაცხადეთ ეროვნული შერიგება და შემწყნარებლობა, გამოვაცხადეთ, რომ არავის განვიკითხავთ წარსული ცოდვებისათვის, მაგრამ ვინც ამიერიდან დაუპირისპირდება დღევანდელი განახლების პროცესს, ისევ კორუფციით, სპეკულაციით და საბოტაჟით გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ვითარებას, პასუხს აგებს ერისა და კანონის წინაშე.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო აგრეთვე, რომ საზოგადოებრიობის უდიდეს შეშფოთებას იწვევს დამნაშავეობის კატასტროფული ზრდა ჩვენს ქვეყანაში, რაზეც მეტყველებენ საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულია 15 839 დანაშაული, ანუ გასული წლის შესაბამის პერიოდთნ შედარებით 12,5%-ით მეტი, 15%-ით გაიზარდა მძიმე დანაშაულობათა რაოდენობა, აქედან ჩადენილია 209 მკვლელობა, ანუ 21%-ით მეტი, ძარცვებისა და ყაჩაღობის რიცხვიც შესაბამისად გაიზარდა 1,9 და 2-ჯერ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს მახინჯი სოციალ-პოლიტიკური წყობილება, რომელშც ვცხოვრობდით წლების მანძილზე, რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუარესება - აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებაში. მაგრამ ამავე დროს იძულებულნი ვართ ვებრძოლოთ დანაშაულის კონკრეტულ გამოვლინებებს, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების დიდ საზოგადოებრივ საფრთხეს, გადავწყვიტეთ გამოვცეთ მართლწესრიგის დაცვისა და განმტკიცების კანონი და დადგენილება ეროვნული შინაგანი ჯარის შექმნის შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით გარდამავალ პერიოდში. ამასთან, აუცილებელია სამართლდამცავი ორგანოების სრული დეპარტიზაცია, რაც უკვე დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ და ეს ფრიად მისასალმებელია. ჩვენ მივესალმებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის საგანგებო ბრძანებას, რომელიც გმობს კაცის კვლას, როგორც უმძიმეს დანაშაულს ერის წინაშე, და ვთვლით, რომ ანათემისა და ერისაგან მოკვეთის ღირსია ყველა ის ქართველი, რომელიც თავის მოძმეს გაიმეტებს.
ძვირფასო მეგობრებო!
ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მარტო სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყოფას, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სულიერ და კულტურულ ღირებულებებს. კატასტროფულ მდგომარეობაშია ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები: ალავერდი, მრავალძალი, ალვანის ცხრაკარა, ნიკორწმინდა, ზარზმა და მრავალი სხვანი, რომელთა უპატრონოდ მიტოვებას შთამომავლობა არ გვაპატიებს; მიშვებულია სამუზეუმო საქმე, მეურვეობა სჭირდება ხელოვნების დარგებს, დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა, გასარკვევია კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სამმართველოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა მფლობელ ცალკეულ პიროვნებათა თუ უწყებათა კომპეტენციის, სტატუსისა და მატერიალური ბაზის საკითხები. ამასთან, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექციის შექმნა, წამყვანი კულტურული სახელმწიფო დაწესებულებების სტატუსის დადგენა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, რაც განსაკუთრებით შეეხება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ხელოვნების მუზეუმს, ოპერისა და ბალეტის თეატრს. აუცილებელია განვიხილოთ აგრეთვე რაიონული თეატრების, მხარეთმცოდნეობისა და მემორიალური მუზეუმების დოტაციის საკითხები, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების გადახედვა-დახვეწა და მატერიალური ბაზის მოგვარება, მეცნიერებათა აკადემიის სტატუსის განხილვა, მეცნიერების მართვის ცენტრალიზებულ-ბიუროკრატიული სისტემის რადიკალური რეფორმა. უცხოეთთან კულტურული კონტაქტები ახლებურად უნდა განვახორციელოთ, აუცილებელია საქართველოს წევრობა-მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში: ძეგლთა დაცვის ხაზით იკომოსში, სამუზეუმო საქმის ხაზით - იკომში და ა.შ. რათა ჩვენი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა უკეთ გაიცნოს უცხოეთის საზოგადოებრიობამ, რაც აგრეთვე უზრუნველყოფს მისი დაცვის გაუმჯობესებას.
გადაუდებელია განათლების სისტემის რადიკალური რეფორმა. სასწრაფოდ უნდა გადაისინჯოს სასწავლო პროგრამები, უნდა გავაუქმოთ ყოვლად უსარგებლო და ზედმეტი დისციპლინები: ე.წ. სსრ კავშირის ისტორია, მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური პოლიტეკონომია, ე.წ. საზოგადოებათმცოდნეობა, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი და სხვანი, უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება, უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, უნდა გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ქართული სკოლის პრიორიტეტი, რუსული სკოლები უნდა შემცირდეს მხოლოდ რუსული მოსახლეობის მოთხოვნათა შესაბამისად, ქართველი ბავშვები აღარ უნდა იზრდებოდნენ რუსულ სკოლებში.
ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე. იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს. მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.
ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძნება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზა, ქრისტეს გზაა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!
[იხ. გაზ. „ახალი საქართველო“, №4 (21012), 1-2 გვ. 16 ნოემბერი 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს სსრ სახელწოდების შეცვლის შესახებ
საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:
საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეწოდოს საქართველოს რესპუბლიკა.
შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში).
კანონი ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
[გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“|№127 (11613), გვ. 2, 17 ნოემბერი 1990 წ.] .
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 180-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულება.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 24 აპრილის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., №4, მუხ. 68).
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
[გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“|№127 (11613), გვ. 2, 17 ნოემბერი 1990 წ.] .
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 181-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის გამოსახულება.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1951 წლის 11 აპრილის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სახელმწიფო დროშის შესახებ“ (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1951 წ., №2, მუხ. 21).
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
[გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“|№127 (11613), გვ. 2, 17 ნოემბერი 1990 წ.] .
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 182-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკალური რედაქცია (თან ერთვის).
ამ კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესრულება მთელ რესპუბლიკაში შემოღებულ იქნეს 1990 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკის ნოტები გამოქვეყნდეს.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 14 აპრილის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., №4, მუხ. 69).
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
[კანონს თან ერთვის ეროვნული ჰიმნი „დიდება“. ტექსტი და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილის].
[გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“|№127 (11613), გვ. 6, 17 ნოემბერი 1990 წ.] .
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს რა საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლები, ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) შემდეგი ცვლილებანი:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად.
ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.
1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.
ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე ცნო და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით (განსაკუთრებით 1924, 1936-38, 1949-51, 1956 წლებში), რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ მოვლენამ თვისებრივად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით.
ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.
გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.
2. კონსტიტუციის დასახელებასა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, საქართველოს სსრ რესპუბლიკა“, „საქართველოს სსრ“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკა“.
3. მე-4 თავის დასახელებიდან და პირველი, მე-4, მე-60, 64-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“, ხოლო 37-ე, 48-ე და 59-ე მუხლებში შეიცვალოს სიტყვით „სახელმწიფო“.
4. მე-4, 35-ე, 37-ე, 57-ე, მე-60 მუხლებიდან „საბჭოთა“.
5. მე-4, 35-ე, 37-ე, 57-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კონსტიტუცია“.
6. ა) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „...კომუნისტური პარტია, სხვა...“,
ბ) 25-ე მუხლიდან - „...ემსახურება ახალგაზრდობის კომუნისტურ აღზრდას...“,
გ) 36-ე მუხლიდან - „...რევოლუციურ თუ...“,
დ) 45-ე მუხლიდან - „...კომუნისტური მშენებლობის მიზნების შესაბამისად...“,
ე) 57-ე მუხლიდან - „...პატივს სცემდეს სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს, ღირსეულად ატარებდეს საბჭოთა მოქალაქის მაღალ წოდებას“,
ვ) 62-ე მუხლიდან - „...საბჭოთა მრავალეროვან სახელმწიფოს...“.
7. კონსტიტუციის:
ა) მე-7 თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკის მდგომარეობა სსრ კავშირის შემადგენლობაში“.
ბ) 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 73-ე მუხლით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებისა.
ზემოთ აღნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე“.
გ) 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს.
საქართველოს რესპუბლიკის კანონისაგან სსრ კავშირის კანონის განსხვავების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი“.
დ) 180-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ორნამენტიანი შვიდქიმიანი ვარსკვლავი, ვარსკვლავის ოქროსფერ ჩუქურთმას აქვს შავი არშია. ქიმების შიდა ველი ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია).
ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი, ქართული ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზედაც გამოსახულია ოქროსფლოქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. მას მარჯვენა ხელში უპყრია საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი, ხოლო მარცხენაში - ოქროსზოლიანი ფარი.
თეთრ გიორგის აცვია ალისფერი შარვალი და ოქროსფერი წაღები. შემოსილია ვერცხლისფერუჯრედებიანი ცისფერი ჯავშნითა და თეთრი მოსასხამით. ჯავშნის ქვემოთ მოუჩანს ყავისფერი (მიხაკისფერი) ტყავის პერანგი.
თეთრი გიორგის თავს ზემოთ რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია. ვარსკვლავის მარჯვნივ არის ვერცხლისფერი მთვარე, ხოლო მარცხნივ - ოქროსფერი მზე. მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია.
თეთრი გიორგის ცხენს ქვემოთ შავი ფერით გამოსახულია მთის მწვერვალი“.
ე) 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს ეროვნული და სახელმწიფო დროშა არის მართკუთხედის ფორმის ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ქსოვილი, რომელსაც ტარის მხარეს, ზედა კუთხეში აქვს შავი (ზემოთ) და თეთრი (ქვემოთ) ზოლები.
დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5, თითოეული ზოლის (შავისა და თეთრის) სიგანე არის დროშის სიგანის 1/5, ხოლო სიგრძე - დროშის სიგრძის 2/5“.
ვ) 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი საბჭო“.
8. კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 23-ე, 29-ე, 30-ე და 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო მე-8 და 34-ე მუხლებიდან - მეორე ნაწილები, აგრეთვე 58-ე მუხლის მეორე წინადადება.
9. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28.
საქართველოს რესპუბლიკა საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
საქართველოს რესპუბლიკაში ომის პროპაგანდა აკრძალულია“.
ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია.
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
[გაზ. „ახალი საქართველო“|№2-3 (21011), გვ. 2, 15 ნოემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკაში დამნაშავეობამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო. მკვეთრად იმატა მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის, პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულობათა რაოდენობამ, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულობათა შემთხვევებმა. უხეშად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, შექმნილია დაუსჯელობის ატმოსფერო, მოშლილია სახელმწიფო დისციპლინა. არსებული ეკონომიკური სიძნელეების პირობებში, უკონტროლობისა და განუკითხაობის ვითარებაში გახშირდა ანგარების მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები.
ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო მშვიდობას. რესპუბლიკაში ასეთი მორალურ-სამართლებრივი ვითარება მით უფრო მოუთმენელია, როცა დღის წესრიგში რეალურად დგას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების ამოცანა.
სერიოზული ხარვეზებია სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თვით ამ ორგანოების სისტემის არასრულყოფილებითა და პარტიული დიქტატისადმი მათი დაქვემდებარებით.
დამნაშავეობის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში რესპუბლიკის სასამართლო, არბიტრაჟის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, იუსტიციის ორგანოებში მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული პარტიული ორგანიზაციების შექმნა და ფუნქციონირება. ამასთანავე ამ ორგანოებში არჩეული თუ დანიშნული თანამდებობის პირნი იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები.
რესპუბლიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა დანაშაულობათა აღკვეთის, მართლწესრიგის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური შინაგანი ჯარის დანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით.
საქართველოს ახლად შექმნილმა მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტოს მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური დანაყოფების ორგანიზაციული, მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისმა კომისიებმა მოამზადონ და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარუდგინონ:
ა) წინადადებანი რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების სისტემის რეფორმის თაობაზე;
ბ) წინადადებანი მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე ამნისტიის აქტის მიღების თაობაზე;
გ) კანონპროექტი მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური დანაყოფების სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 15 ნოემბერი
[გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“|№127 (11613), გვ. 8, 17 ნოემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეჩერებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება, რათა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები აღარ გაიწვიონ საბჭოთა არმიის რიგებში.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 15 ნოემბერი
[გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“|№127 (11613), გვ. 8, 17 ნოემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ
მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული გამარჯვების, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გარდამავალი პერიოდის დაწყების აღსანიშნავად, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
განთავისუფლდნენ სასჯელისაგან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, აგრეთვე ისეთი სასჯელისაგან, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, საქართველოს სსრ სასამართლოების მიერ მსჯავრდებულნი:
ა) ქალები;
ბ) 60 წელზე უფროსი მამაკაცები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები.
განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი, რომლებსაც მისჯილი აქვთ: თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე ჩათვლით და მანამდე არ მოუხდიათ სასჯელი შრომა-გასწორების დაწესებულებებში. აგრეთვე მსჯავრდებულნი, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
განთავისუფლდნენ სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულნი, რომლებმაც რეალურად მოიხადეს შეფარდებული სასჯელის ნახევარი და მანამდე არ მოუხდიათ სასჯელი შრომა-გასწორების დაწესებულებებში.
განთავისუფლდნენ სასჯელისაგან თავისუფლების აღკვეთის სახით არასრულწლოვანნი, რომლებსაც მანამდე არ მოუხდიათ სასჯელი შრომა-გასწორების დაწესებულებებში.
განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი, რომლებსაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით 8 წლამდე ჩათვლით.
გაუნახევრდეს სასჯელი მსჯავრდებულებს, რომლებსაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა 8 წელზე ზევით.
შეწყდეს იმ დანაშაულთა გამო აღძრული ყველა საგამოძიებო და სასამართლოებში განუხილველი საქმის წარმოება, რომლებიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილმა პირებმა ჩაიდინეს კანონის ძალაში შესვლამდე.
არ განთავისუფლდნენ სასჯელისაგან ამ კანონის 1, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებში ჩამოთვლილი პირები, რომლებიც:
ა) მსჯავრდებულნი არიან: ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევისათვის (სსკ 75-ე მუხ.); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებისა და გასაღებისათვის (სსკ 88-ე მუხ.); განზრახ მკვლელობისათვის (სსკ 104-ე და 105-ე მუხლები); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (სსკ 110-ე მუხ.); საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (სსკ 2091 მუხ.); გაუპატიურებისთვის (სსკ 117-ე მუხლის III და IV ნაწილები); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის გზით (სსკ 961 მუხ.); დამამძიმებელ გარემოებებში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების ქურდობისათვის (სსკ 91-ე მუხლის III და IV ნაწილები და სსკ 150-ე მუხლის III და IV ნაწილები); დამამძიმებელ გარემოებებში გაძარცვისათვის (სსკ 92-ე მუხლის II, III და IV ნაწილები და სსკ 151-ე მუხლის II, III და IV ნაწილები), ყაჩაღობისათვის (სსკ 96-ე და 152-ე მუხლებით); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (სსკ 228-ე მუხლის III ნაწ.); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისათვის (სსკ 240-ე მუხ.); დამამძიმებელ გარემოებებში სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (სსკ 243-ე მუხლის II ნაწილი); ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გასაღებისათვის (სსკ 252-ე მუხლის I, II, III, IV და V ნაწილები); ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებაზე დაყოლიებისათვის (სსკ 2523 მუხ.); ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობის, შენახვის ან ამ მიზნებისათვის სადგომის მიცემისათვის (სსკ 2525 მუხ.); გასაშენებლად აკრძალული ხაშხაშის და კანაფის დათესვისათვის (სსკ 253-ე მუხლი).
ბ) განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად ცნობილი პირები;
გ) პირები, რომლებიც სამჯერ და მეტჯერ არიან ნასამართლევი და მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა განზრახ ჩადენილი დანაშაულებებისათვის, აგრეთვე მანამდე ნასამართლევი არიან ამ კანონის მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში აღნიშნული დანაშაულისათვის;
დ) პირები, რომლებმაც მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის წესების დარღვევა (სსკ 241-ე მუხლის III და IV ნაწილები).
შეუმცირდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შემდეგ პირებს, რომლებიც არ თავისუფლდებიან სასჯელისაგან ამ კანონის საფუძველზე:
ა) რომლებიც პირობით გაანთავისუფლეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით, - სანახევროდ.
გ) მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან შრომა-გასწორების დაწესებულებებში და მოიხადეს დანიშნული სასაჯელის სულ ცოტა ერთი მესამედი, - სანახევროდ.
ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან განთავისუფლებულ პირებს ნასამართლობა არ ეხსნებათ, ისინი დამატებითი სასჯელისაგან არ თავისუფლდებიან (გადასახლებისა და გასახლების გარდა).
ეს კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე და უნდა შესრულდეს ექვსი თვის განმავლობაში.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია.
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი
[გაზ. „ახალი საქართველო“|№9 (21017), გვ. 2, 23 ნოემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება დეპუტატ ვ. დომუხოვსკის მიერ შეკითხვის წესით დასმული საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეიქმნას 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავის გატაცების მცდელობის შესახებ №201 საქმის შემსწავლელი კომისია.
კომისიამ გაარკვიოს: 1. განაჩენის კანონიერება; 2. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეუწყალებლობის მიზეზი; 3. რა პირობებში დაიღუპა მხატვარი სოსო წერეთელი; 4. იყო თუ არა სისრულეში განაჩენი მოყვანილი ძმები კახა და პაატა ივერიელებისა და გეგა კობახიძის მიმართ და თუ არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთები; 5. რა ბედი ეწია მღვდელ თემურ ჩიხლაძეს, რომლის დახვრეტის შესახებ შეტყობინება ოჯახს არ მიუღია; 6. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა წარუდგინოს კომისიას №201 საქმის მასალები და სასამართლო პროცესის დროს გადაღებული სრული ვიდეოფირი. 7. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდოს კომისიას სამინისტროს განკარგულებაში არსებული მასალები მსჯავრდებულთა პაატა და კახა ივერიელების, გეგა კობახიძისა და თემურ ჩიხლაძის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი.
[გაზ. „ახალი საქართველო“|№10-11 (21019), გვ. 1, 25 ნოემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მიუხედავად ამისა, ა.წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბრისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყველა ერის მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი.
[გაზ. „ახალი საქართველო“|№10-11 (21019), გვ. 2, 25 ნოემბერი, 1990 წ.].
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
იმსჯელა რა „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციაზე“, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საჭიროდ მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს ერთხმად მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ. კანონი ადასტურებს, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ოკუპაციისა და ფატობრივი ანექსიის გზით იქნა წართმეული. გამომდინარე ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტრუქტურებიდან, საქართველოს რესპუბლიკა ფაქტობრივად დღესაც რჩება სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აღნიშნული სტრუქტურის რეორგანიზაციის გზით ესწრაფვის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
ამ პირობებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შესაძლებლად არ თვლის ხელი მოაწეროს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამით თავის თავზე აიღოს რაიმე ვალდებულება. მხოლოდ როცა მოიპოვებს ნამდვილ დამოუკიდებლობას, მხოლოდ როცა გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროებში ჭეშმარიტად თავისი ბედის ბატონ-პატრონი და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ქართველმა ხალხმა შეიძლება აღჭურვოს რწმუნებებით ხელი მოაწეროს რაიმე ხელშეკრულებას, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც დაადგენს სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას.
ასეთი მიდგომა არ ნიშნავს უარის თქმას ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე, რომელთა უმრავლესობასთანაც საქართველოს კავშირი აქვს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს. ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ პირობებში ეს თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს თვისებრივად ახალ სამართლებრივ ბაზისს, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთსარგებლიანობას.
უარს ამბობს რა ნებისმიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, რომელიც ითვალისწინებს „საკავშირო ორგანოსადმი“ დაქვემდებარების მინიმალურ ვერტიკალურ სტრუქტურასაც კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მზად არის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის თანასწორუფლებიანი ურთიერთობის საფუძველზე, რაც ასეთი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.
ყოველივე ზემოთქმული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საფუძველს აძლევს ამ ეტაპზე უარი თქვას „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციის“ დეტალურად განხილვაზე, რამდენადაც მისი ნებისმიერი ფორმა მიუღებელია საქართველოს რესპუბლიკისათვის, რომელიც ჯერ მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე გარდამავალი პერიოდის დასაწყისში იმყოფება.
ეს განცხადება მოწონებული და მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი.
[გაზ. „ახალი საქართველო“|№10-11 (21019), გვ. 1, 25 ნოემბერი, 1990 წ.].
ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის ნოემბრის თვეში მიღებულ იქნა სხვა სამართლებრივი აქტებიც. მათ შორის:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი კომისიის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინფორმაციისა და პროგნოზირების ცენტრის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და მისი კომისიების სხდომათა გაშუქების წესის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს გაერთიანების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერების, ტექნიკისა და პერსპექტიული დაგეგმვის სამინისტროს შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი არსებულ უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებ;
ძალადაკარგულია საქართველოს 05/25/2006 N3132 კანონით
საქართველოს რესპუბლიკის კანონი არსებული უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებ
იზიარებს რა ქართველი საზოგადოებრიობის აზრს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე დღემდე არსებული ყველა დღესასწაული და მათთან დაკავშირებული უქმე დღე, გარდა ახალი წლის (1 იანვარი) უქმე დღისა.
გაუქმდეს ამასთან დაკავშირებული ყველა ნორმატიული აქტი.
2. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 26 მაისი გამოცხადდეს დღესასწაულად და უქმე დღედ.
3. აღდგენილ იქნეს საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებული შემდეგი უქმე დღეები:
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (თარიღი გარდამავალია).
ნათლისღება - განცხადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 19 იანვარი (ძველი სტილით 6 იანვარი).
მცხეთობა (სვეტიცხოვლობა კვართის დღესასწაული) - 14 ოქტომბერი (ძველი სტილით 1 ოქტომბერი).
მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა (მარიამობა) - 28 აგვისტო (ძველი სტილით 15 აგვისტო).
გიორგობა - 23 ნოემბერი (ძველი სტილით 10 ნოემბერი).
შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - 7 იანვარი (ძველი სტილით 25 დეკემბერი).
გამოცხადდეს აგრეთვე უქმე დღედ მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია).
4. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია.
თბილისი , 1990 წლის 22 ნოემბერი. N 58-Iს.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადების თაობაზე;
- მიმართვა მსოფლიო ხალხებისადმი;
- მიმართვა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თაობაზე მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების პარიზის კონფერენციისადმი.
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, №11 [604], თბ. ნოემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი
- 1990 წლის 25 მარტს დანიშნული არჩევნების წინ მოეწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენცია, რომელზეც თქვენ მოუწოდეთ ხალხს, გამოეცხადებინა ბოიკოტი არჩევნების, საქართველოს უზენაესი საბჭოს, ოპოზიციური ეროვნული სათათბიროს შექმნისადმი, ხოლო არჩევნების შემთხვევაში უზენაეს საბჭოს თვითლიკვიდაცია უნდა გამოეცხადებინა (ცნობა ამის შესახებ გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ გამოქვეყნდა 1990 წლის 13 მარტს). ახლა თქვენ არა თუ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ თავმჯდომარე ბრძანდებით სწორედ იმ უზენაესი საბჭოსი, რომლის ლიკვიდაციასაც მოუწოდებდით სულ რამდენიმე თვის წინ. მით უმეტეს, იმავე კონფერენციის გადაწყვეტილებით გამოცხადდა, რომ ეროვნული მოძრაობიდან უნდა გაირიცხონ საზოგადოებრივი გაერთიანებანი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში.
- 1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს. მაგრამ, როდესაც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს არჩევნების ახალი კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული, და არა საბჭოური არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ღირსეულადაც გავიმარჯვეთ. ასე რომ, ახლა მე ვთავმჯდომარეობ არა „იმ უზენაეს საბჭოს, რომლის ლიკვიდაციასაც მოვუწოდებდი“, არამედ ახალ მრავალპარტიულ უზენაეს საბჭოს, რომელიც უკვე აღარ არის საბჭოური სტრუქტურა და რომელსაც ღირსეულად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ პარლამენტს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებმა, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, გაიარა საბჭოთა კონსტიტუციის რეგლამენტის გარეშე - სხვადასხვა პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა მმართველმა საბჭოთა ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მეთვალყურეებად მოწვეული გვყავდნენ საზღვრგარეთელი ექსპერტები. ასეთ პირობებეში ჩაიარა თავისუფალმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების ერთადერთ გამომხატველად მოგვევლინა.
- თქვენმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგებმა - ჭანტურიამ და წერეთელმა - გამართეს ეროვნული კონგრესის არჩევნები. როგორ წარიმართება, თქვენი აზრით, ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების არსებითად ორ სტრუქტურას შორის? მით უმეტეს, რომ თქვენც და თქვენს ოპონენტებსაც განზრახული გაქვთ მოაწყოთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები. გაზეთში ხშირად წერენ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერებსა და ეროვნული კონგრესის მომხრეებს შორის წამოჭრილ კონფლიქტზე, თანაც თურმე სიტყვიერი შეხლა-შემოხლიდან საქმე მიდიოდა ძალის გამოყენებამდე, მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტებამდე. როგორ გესახებთ თქვენ ეროვნულ კონგრესთან შემდგომი თანაარსებობა? და კიდევ, საქართველოს მომავალი, როგორც თქვენი წინასაარჩევნო პროგრამიდან სჩანს, თქვენ გესახებათ სრულ თავისთავადობად და დამოუკიდებლობად. მიუხედავად ამისა, ეროვნულ კონგრესში შემავალი თქვენი ოპონენტები არაორაზროვნად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელის მსგავს გასამხედროებულ სახელმწიფოს შექმნას და ნატოს ბლოკში შესვლას. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხში?
- რაც შეეხებათ ჩემს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მათ არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომლებშიც საქართველოს მოსახლეობის ორ პროცენტსაც არ მიუღია მონაწილეობა. მათ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები რაიონებისა და უბნების მიხედვით, ისინი არ შეუმოწმებიათ საზღვარგარეთელ ექსპერტებს, ასე რომ, თვითმარქვია „ეროვნული კონგრესი“ არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და მით უმეტეს, არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“ როგორც თქვენ მოიხსენიეთ. ისინი მფარველობენ რაიონებში მოკალათებულ შეიარაღებულ ბანდებს, რომლებიც ტერორში ამყოფებენ და ძარცვავენ მოსახლეობას - აი, მთელი მათი „მოღვაწეობა“ და კონფლიქტები მათთან, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ნიადაზე მოგვდის. შემდგომი „თანაარსებობა“ აგრეთვე, დამოკიდებულია იმაზე, განუდგებიან თუ არა ისინი კრიმინალურ მაფიას, რომელიც ამდენ ავკაცობას სჩადის საქართველოში. ჩვენთვის მიუღებელია კონგრესის პოლიტიკური „იდეები“, რომლებიც მოგვიწოდებს გამოვაცხადოთ საქართველო კოლონიურ ქვეყანად - მიუღებელია, რადგან მიგვაჩნია, რომ კოლონიურ ქვეყანას იურიდიულად ჩამორთმეული აქვს უფლება, მოაწყოს თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გამარჯვება მოიპოვეს დემოკრატიულმა და ეროვნულმა ძალებმა. ეგრეთ წოდებულ ეროვნულ კონგრესს კი არა აქვს ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ იგი მიგვაჩნია ფიქციად, რომელსაც აკლია პოლიტიკური მოწიფულობა და კომპეტენტურობა. ამასვე მოწმობს მათი დამოკიდებულება ნატოს ბლოკში საქართველოს შესვლის საკითხისადმი - ეს იმ დროს, როდესაც ევროპაში მიმდინარეობს ინტეგრაციის პროგრესული პროცესები. შენდება ევროპის საერთო სახლი და ყველანი ესწრაფვიან სრულიად ევროპის სამხედრო უსაფრთხოების მიღწევას.
- რა ტიპის სახელმწიფოებრიობა აშენდება საქართველოში და როგორი იქნება მართვა-გამგეობის ფორმა? თქვენს ბოლოდროინდელ გამოსვლებში ეს საკითხი სხვადასხვგვარად არის გაშუქებული.
- საქართველოში ავაშენებთ პარლამენტურ, დემოკრატიულ რესპუბლიკას, მე მუდამ ვიცავდი ყველა ამ იდეას ყველა ჩემს გამოსვლაში.
- მრგვალი მაგიდის მომხრენი იყვნენ საქართველოდან „საოკუპაციო ჯარების“ გაყვანისა და საკუთარი არმიის შექმნის პოლიტიკის ინიციატორები და გამტარებლები. როგორია თვენი პოზიცია ამ საკითხში ამჟამად და საერთოდ, როგორ გესახებათ ურთიერთობა საქართველოში განლაგებულ საჯარისო ქვეგანაყოფებთან? საკუთარი შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო ჯარების, საბაჟოს შექმნის შემთხვევაში რა წყაროებიდან დააფინანსებთ ამ პროგრამებს, სად მოამზადებთ კადრებს?
- საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების ყოფნის მართლზომიერება უნდა გადაწყვიტოს საერთაშორისო სამართალმა, ისეთმა ინსტანციებმა, როგორიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და სხვა. მას შემდეგ, რაც საქართველო მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას და შექმნის თავის ეროვნულ არმიას. იქამდე კი საქართველოში მყოფმა ჯარის ნაწილებმა უნდა შეცვალონ სტატუსი და გახდნენ უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები.
ჩვენ ვგმობთ მათთან ფიზიკური ბრძოლის ყოველგვარ ავანტიურისტულ იდეას, ვინაიდან ეს უდიდეს საფრთხეს უქადის საქართველოს. საქართველოს ახალი ეროვნული არმია დაფინანსდება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. კადრებს მოამზადებენ ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე.
- თქვენი ინტერვიუებიდან გამომდინარეობს, რომ განზრახული გაქვთ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაცია. რა მიმართულებით წარიმართება და რა ფუნქციები უნდა შეასრულონ უშიშროების ორგანოებმა, სად მოამზადებთ ამ ორგანოების თანამშრომლებს, თუ თქვენ უარყოფთ კავშირთან შესაძლო ურთიერთობას?
- ჩვენ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაციას წარვმართავთ ეროვნული ორიენტაციის გზით და კადრებსაც ასევე ჩვენი სპეციალისტები მოამზადებენ.
- ჩვენი აზრით, თქვენს გამოსვლებში ეროვნულ საკითხზე არის წინააღმდეგობანი. მაგალითდ, 1988 წლის 1 ნოემბერს მწერალთა კავშირში გამართულ კრებაზე თქვენ განაცხადეთ: ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს გადასცეს აღმოსავლეთი საქართველო აზერბაიჯანს და იქვე დააყენეთ საკითხი, რომ საჭიროა გასახლებულ იქნენ აზერბაიჯანელები მიწა-წყლიდან, რომელიც მათ უკანონოდ დაიკავეს. 1988 წლის 11 ნოემბერს კინოს სახლთან გამართულ მიტინგზე გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ: ოსებს განვუმარტავთ, რომ „თუ მათ არ სურთ ჩვენთან მშვიდობიანად იცხოვრონ, მაშინ საქართველოდან წავიდნენო“. 1989 წლის 6 დეკემბერს სურათების გალერეასთან გამართულ მიტინგზე თქვენ მოუწოდებდით აჭარელ სეპარატისტთა ალაგმვას. მესხეთელი თურქების საკითხზე ქართველი ერის მიმართვაში ჰელსინკის კავშირის სახელით ითქვა, რომ თქვენ არ დაუშვებთ საქართველოში არც ერთი ეთნიკური თურქის ან თურქული ეროვნული ცნობიერების მქონე მოქალაქის ჩასახლებას. უფრო მეტიც, იგი (ქართველი ხალხი) იბრძოლებს ასეთების თურქეთში რეპატრიაციისათვის. მაგრამ ოფიციალური პრესისათვის გაკეთებულ სხვა განცხადებაში თქვენ ბრძანებთ, რომ ქართველი ხალხისათვის უცხოა ეთნიკური სიძულვილი, ლაპარაკობთ ჰელსინკის შეთანხმების სულისკვეთებისადმი ერთგულებაზე. თავად თქვენ დიდი ხანია ბრძანდებით საქართველოში შექმნილი ჰელსინკის ჯგუფის ლიდერი. როგორ განმარტავდით თქვენს ესოდენ პოლარულ გამონათქვამებს?
- ჩემს გამონათქვამებში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. როდესაც აზერბაიჯანიდან, ოსეთიდან ჩამოსახლებულთა გარკვეული ნაწილი და სხვა გადამთიელები აგრესიულად იქცევიან, ფეხქვეშ თელავენ მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უფლებებს, დისკრიმინაციას უწევენ მას, აგრეთვე, როდესაც ისინი ცდილობენ, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეთა სიცოცხლე, მაშინ ყოველივე ამას ჩვენ მივიჩნევთ აგრესიისა და დისკრიმინაციის აქტად.
საკუთარ მიწა-წყალზე ქართველი მოსახლეობის შევიწროება ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმით შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო დანაშაული. კანონის პატივისცემა მოეთხოვებათ არა მარტო აზერბაიჯანელებს არამედ ყველა სხვა ერის წარმომადგენლებსაც. უკანონოდ დაკავებული მიწები უნდა გაათავისუფლოს ყველამ, მათ შორის ქართველებმაც. მაგრამ საქართველოში უნგრევენ უკანონოდ აშენებულ სახლებს ქართველებს, ხოლო არაქართველი მოსახლეობის სახლებს თითს არ აკარებენ. ჩვენ ასეთი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ, რაც შეეხებათ ნაირნაირ სეპარატისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინაიდან სეპარატისტთა პრეტენზიები - ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცონ საქართველო - ყოვლად უკანონოა.
რაც შეეხება ჰელსინკის შეთანხმებას. იგი როდი მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელაღებით შეუშვან თავიანთ ტერიტორიაზე ასიათასობით გადამთიელი მუდმივი დასახლებისათვის. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეობის კანონი, საქართველოს ასეთი კანონი ჯერ არა აქვს. ამიტომ ჩვენ, ამ კანონის მიღებამდე ვერ ჩამოვუშვებთ უცხოტომელებს. თანაც ესოდენ დიდი ოდენობით, ჩვენს პატარა, მცირემიწიან ქვეყანაში, სადაც უამისოდაც მოსახლეობის 35 პროცენტს უცხოელები შეადგენენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვლავ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სამართლით, რომელსაც ემყარება ჰელსინკის შეთანხმებაც. ჰელსინკის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ასევე აქვთ კანონები, რომლებიც ზღუდავენ ემიგრანტების, მეტადრე მუშახელის უსაზღვრო მოზღვავებას მათს ქვეყანაში.
- ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს დატოვეს საქართველო დაღესტნელებმა, მიდიან ბერძნები, ახლა ვისი ჯერია? არსებობს კი იმის გარანტია, რომ განახლებულ საქართველოში მშვიდობა დაისადგურებს სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს შორის?
- როდესაც გარედან ჩარევა შეწყდება, საქართველოში ყველა ეთნიკური პრობლემა თანდათან მოგვარდება. ამის დასტურია საქართველოს ისტორია. ჩვენში ოდითგან, მრავალი საუკუნის მანძილზე ტრადიციულად დამკვიდრდა სხვადასხვა ეთნიკურ წარმომადგენელთა მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება. რაც შეეხება მიგრაციას, იგი მუდამჟამს ხდება ნებისმიერ სახელმწიფოში. ხელს ხომ არ შევუშლით ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ნებით მიემგზავრებიან ისტორიულ სამშობლოში?
- თუ საიდუმლო არ არის, რა საკანონმდებლო აქტების განხილვას აპირებს ახლად არჩეული პარლამენტი რესპუბლიკაში ეროვნებათშორისი ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
- დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი იქნება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის ჭეშმარიტი გარანტი.
- ხომ არ გამოიწვევს აჭარის ავტონომიის გაუქმება მოსაზღვრე თურქეთის ურთიერთდამოკიდებულების გართულებას? აჭარლები ხომ სხვა რელიგიას მისდევენ. გარდა ამისა, თურქეთში, როგორც ცნობილია, 2 მილიონამდე წარმოშობით ქართველი ცხოვრობს.
- შინაური პრობლემების სამართლებრივი გადაწყვეტა ქართველი ერის პრეროგატივაა. აქვე უნდა დავძინო, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელნი აჭარელთა უმრავლესობას არ შეადგენენ. ჩვენ გავაუქმებთ აჭარის ავტონომიას მხოლოდ აჭარელთა თანხმობით. ე.ი. რეფერენდუმის გზით. რაც შეეხებათ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ სურთ იხილონ ერთიანი და არა ავტონომიებად დაქუცმაცებული საქართველო, საქართველოში ქართველთა ავტონომიას არავინ არ იწონებს, აჭარის კომუნისტური მაფიის გარდა.
- ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვით სქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის საზღვარგარეთ ცხოვრობს. განახორციელებს თუ არა ახლად არჩეული საქართველოს პარლამენტი ღონისძიებებს მათი სამშობლოში დაბრუნებისათვის, ხოლო თუ განახორციელებს, ხომ არ გამოიწვევს ეს ახალ გართულებებს რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ეროვნების პირებთან დაკავშირებით? საქართველოს ხომ არც თუ ისე დიდი მიწის მარაგი აქვს.
- ქართველ ემიგრანტთა საქართველოში დაბრუნება არაფერს ავნებს სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების ცხოვრების პირობებს, გარდა ამისა, ჩვენი ემიგრაცია ერთობ მცირერიცხოვანია და მათგან მხოლოდ ნაწილს სურს დაბრუნდეს სამშობლოში.
- ცალკეულ პუბლიკაციებში გამოსჭვივის აზრი, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს იმ ტერიტორიების ნაწილი, რომლებიც წინათ მას ეკუთვნოდა და ამჟამად სხვა რესპუბლიკების: სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის შემადგენლობაში შედის. რა ტერიტორიებზეა ლაპარაკი? და როგორ აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა ამ უაღრესად რთული საკითხის მოგვარებას?
- მმართველობის ამ სტადიაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ განიხილავს ამ საკითხებს.
- საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევის შემდეგ თქვენ გამოაცხადეთ სამწლიანი გარდამავალი პერიოდი. რა რეფორმების განხორციელებას აპირებთ ამ პერიოდში და რა იქნება შემდეგ?
- ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ საქართველოს ანექსიის შედეგები. მთლიანად შევაჩეროთ სსრ კავშირის კონსტიტუციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო აქტები და ეკონომიკური საფუძვლები საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, შევქმნათ საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
- ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ჩამოტანილ ნედლეულს ემყარება. სურსათის, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საპოხი მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდან შემოჰქონდა საქართველოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ გამოაცხადეთ კავშირისაგან სრული დამოუკიდებლობის კურსი, ეტყობა, გაქვთ რაღაცის იმედი, არა? საიდან შემოიტანთ ნედლეულს მრეწველობისათვის, როგორ გადაწყვეტთ სასურსათო პროგრამას?
- საქართველოს საკმარისად აქვს ბუნებრივი რესურსები იმ დეფიციტის შესავსებად, რომელსაც იგი სხვა დარგებში განიცდის.
ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა საკავშირო ეკონომიკაზეა დამოკიდებული, იმის შედეგია, რომ საქართველო ტუსაღია ხალხთა საპყრობილის - საბჭოთა იმპერიისა, იგი იზოლირებულია დანარჩენ მსოფლიოსაგან, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. სამრეწველო ნედლეულის საკითხს, სურსათის საკითხს მოევლება, როდესაც საქართველო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადავა და გახდება მსოფლიო ბაზრის სრულუფლებიანი წევრი, სადაც იგი გაიტანს თავის რესურსებსა და მდიდარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. განავითარებს ტურიზმს და დაეპატრონება თავის შესანიშნავ კურორტებს.
- მრგვალი მაგიდის წინასაარჩევნო პლატფორმის ეკონომიკურ ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ კავშირისაგან უნდა მიიღოთ საქართველოს ეროვნული კუთვნილების ის ნაწილი, რომელიც მრგვალი მაგიდის აზრით, გაიტანეს საქართველოდან საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. როგორ აპირებს საქართველოს ახალი პარლამენტი შეაფასოს გაზიდული კუთვნილების ოდენობა და კონკრეტულად ვის უნდა წაუყენოს სარჩელი. მთლიანად კავშირს თუ სახელდობრ რუსეთს?
- საფინასო და ეკონომიკურ ექსპერტებს საკმარისად აქვთ საიმისო ხერხები, თუ როგორ შეაფასონ საქართველოს მრავალი წლის კოლონიური ძარცვის შედეგად ე.წ. ცენტრისათვის წასაყენებელი მოთხოვნების ოდენობა.
- ჯერ კიდევ ამ პოსტზე არჩევამდე თქვენს გამოსვლებში გაისმოდა მოწოდებები, რომ საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი მიღებული უნდა იქნეს რეფერენდუმის გზით. რჩება თუ არა ეს ძალაში, როგორ აპირებთ ამის განხორციელებას და რა საკითხებზე მოეწყობა რეფერენდუმი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონებმა რეფერენდუმის ძალა შეიძინა, რეფერენდუმის სპეციალურ კანონს ჩვენი პარლამენტი შემოიღებს.
- თქვენი მრავალი გამოსვლიდან ნათლად სჩნს, რომ თქვენ საქართველო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მსხვერპლად მიგაჩნიათ, და ამაში ძნელია არ დაგეთანხმოთ, ამავე დროს კავშირის ხალხებს ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაება მოუტანა ეროვნებით ქართველმა სტალინმა. მიუხედავად ამისა, ბევრი ქართველი თაყვანს სცემს მისი როგორც დიდი მოღვაწის ხსოვნას, როგორია თქვენი კანონმდებლობა სტალინის მიმართ და როგორ განმარტავდით საქართველოში არსებულ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას „ხალხთა მამამთავრისადმი“?
- არ არის გამართლებული, ხაზგასმით აღინიშნოს სტალინის პიროვნებაში მისი ქართველობა. სტალინი ბოლშევიკურმა ტოტალიტარიზმმა წარმოშვა, და როდესაც იგი დიქტატორად და ტირანად იქცა, მასში უკვე ქართული აღარაფერი იყო, როგორც ამას აღნიშნავს მისი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა. მართლია მან დიდი ტანჯვა-ვაება მოუტანა კავშირის ხალხებს, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება დაატეხა თავის „მშობლიურ“ საქართველოს, იმიტომ, რომ მუდამ ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ინტერნაციონალიზმი. მის ხსოვნას პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეგნების დაბალ დონეზე იმყოფებიან. ეს დაამტკიცა ჩვენმა არჩევნებმაც, როდესაც არავინ არ დაუჭირა მხარი საზოგადოება „სტალინის“ პრეტენზიას, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, და როდესაც კანონის შესაბამისად იგი ამოირიცხა არჩევნების მონაწილე პარტიების სიიდან.
- საინტერესოა, ერთგვარი პარალელის სახით, გავიგოთ თქვენი აზრი გორბაჩოვზე, რომლის რეფორმებმაც, არსებითად გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის გზა.
- საქართველოს დამოუკიდებლობის გზა გაუხსნეს დასავლეთის იმ პროგრესულმა და აღმშენებელმა ძალებმა, რომლებიც ახორციელებდნენ და ახორციელებენ ტოტალიტარული იმპერიის პოლიტიკურ დემონტაჟს, პროცესს, რომელშიც გორბაჩოვი ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩათრეული. ვისურვებდი, რომ მისი საქმენი უფრო მეტად შეეფერებოდეს მის სიტყვიერ განცხადებებსა და პროგრამებს.
დასასრულ, ვუსურვებ მსოფლიოს ხალხებს საყოველთაო, ჭეშმარიტად ადამიანურ ბედნიერებას. ვისურვებდი, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი გაგებით მოჰკიდებოდნენ სსრ კავშირის ჩაგრულ ხალხებს, რომლებიც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№2, გვ. 1,4; 7 დეკემბერი, 1990 წ.].
პრესკონფერენცია
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესცენტრი 8 დეკემბერს პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ პასუხი გასცა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
- ბატონო ზვიად, დღეს, 7 საათზე, დანიშნულია შეხვედრა მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებსა და კონგრესის წარმომადგენლებს შორის, რას იტყვით ამის შესახებ?
- ეროვნულ კონგრესს ჩვენ არ ვცნობთ. პარლამენტი არის ოფიციალური ორგანო, თუნდაც ამ მიზეზის გამო არ მოხდება შეხვედრა კონგრესსა და უზენაეს საბჭოს წარმომადგენლებს შორის ოფიციალურ დონეზე. დღეს იქნება მრგვალი მაგიდის წევრთა შეხვედრა კონგრესისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის. ამით მათ პარლამენტი და კონგრესი გააიგივეს. არ უნდა მოხდეს ცნობათა აღრევა.
- ბატონო ზვიად, ამას წინათ თქვენ მიტინგზე განაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს საქართველოში უკანონოდ არსებული ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღება. როგორ აპირებთ ამის განხორციელებას? თუ არის განზრახული შეიქმნას საბჭოთა ჯარისა და მილიციისაგან დამოუკიდებელი ჯარი ან შეიარაღებული ფორმირება?
- ჩვენ ვცდილობთ მათ განიარაღებას მშვიდობიანი გზით, ამ მიზნით ვქმნით ჯგუფებს, კომისიებს, ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებას. ვცდილობთ ისინი დავარწმუნოთ, რომ დაუშვებელია სახელმწიფოში ყოველგვარი კონტროლის გარეშე არსებობდნენ შეიარაღებული ფორმირებები. მათი ზოგიერთი წევრი სჩადის დანაშაულებს, ბოროტმოქმედებას. ვცდილობთ დავარწმუნოთ იმაში, რომ მათ ჩააბარონ იარაღი სახელმწიფოს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნა. იგი აუცილებლად შეიქმნება.
- გვარდიაში შევლენ თუ არა ამ შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები?
- ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ დაისახავენ მიზნად საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან ბრძოლას და კონფრონტაციას, ალბათ შევლენ.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ეროვნულ კონგრესს არ ცნობთ. თვლით თუ არა კონგრესში შემავალ ცალკეულ პარტიებსა და ორგანიზაციებს ოპოზიციად და როგორი ურთიერთობა გექნებათ მათთან?
- ოპოზიცია შეიძლება არსებობდეს მრავალგვარი და ესეც ერთ-ერთი სახეობაა ოპოზიციისა. მაგრამ ბოლო ხანებში ამ პარტიების მიზნები დაშორდა პოლიტიკას. სამწუხაროდ, მათი მოღვაწეობა გამოიხატება კრიმინალურ მაფიებთან კავშირში და მათ დაცვაში, ერთგვარი ალიანსიც კი აქვთ კრიმინალურ სამყაროსთან და ერთიანი ფრონტით გამოდიან ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.
- კონგრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკაში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, მთავრობა ყველას აძლევს იარაღის ტარების უფლებას. თქვენი კომენტარი...
- ამერიკამდე ბევრი რამ გვაკლია, ყოველგვარი თვალსაზრისით, მათ შორის - დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და შეგნების თვალსაზრისითაც. ჯერჯერობით არ არის მოსახლეობის ყველა ფენაში ისეთი მოქალაქეობრივი შეგნება, რომ ბოროტად არ გამოიყენონ, ვინ იცის რა გზებით მოპოვებული იარაღი.
- როგორ აფასებთ მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას, ოპერის ბაღში მიმდინარე აქციას?
- მთავრობის სახლის წინ აქცია ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყო. ესენი არიან აღშფოთებული ადამიანები. ასეთი აქციები თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მაგალითად, ზესტაფონში. ხალხი ვეღარ უძლებს ამდენ ექსცესებს, ამდენ დანაშაულს, ამდენი შეიარაღებული ბანდების თარეშს. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ აქციებით ხალხი თავის პროტესტს გამოხატავს. რაც შეეხება ოპერის ბაღთან მიმდინარე აქციას, იგი საკმაოდ კურიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ აქციის მონაწილენი მოითხოვენ მათზე ცილისწამების შეწყვეტას, თუმცა თავად აღიარებენ, რომ მათ რიგებშიც შეიძლება იყვნენ კრიმინალები. ასე, რომ იქ არავითარი მაღალი იდეალებისათვის არ მიმდინარეობს შიმშილობა. ამ ორ აქციას შორის დიდი განსხვავებაა.
- ბატონო ზვიად, როგორ აფასებთ უნივერსიტეტის ბაღში ედპ-ს წევრების აქციას. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კრებამ იგი დაგმო, აქცია კი გრძელდება.
- აქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მას მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც ნოემბრის, აპრილის ან გაზაფხულის აქციების დროს. აქცია, რომელსაც პარტიის წევრების გარდა არავინ უჭერს მხარს, დანაშაულებრივია. გარდა ამისა, რამდენად ზნეობრივია აქციის ჩატარება პანთეონში, წმინდა საფლავებზე კარვების გაშლა? ესენი, პირდაპირ დაუპატიჟებელი სტუმრები არიან, არავის არ სურს მათი იქ ყოფნა, ისინი კი არ იშლებიან. ისინი პატივს არ სცემენ ხალხს. ეს აღმაშფოთებელია და ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ასეთ აქციას დიდი ხანია გარეკავდნენ.
- ბატონო ზვიად, თუ არის ცვლილებები ახალ ავტონომიებთან დაკავშირებით?
- ძალზე გამწვავდა მდგომარეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით და საქმე იქამდე მივიდა, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკაც კი გამოაცხადეს და არჩევნებს ატარებენ არარსებული რესპუბლიკის არარსებული კონსტიტუციის საფუძველზე. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან სერიოზულ შედეგებამდე და ჩვენი პოზიციაც შეიძლება შეიცვალოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიასთან დაკავშირებით.
- რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „სახალხო ფრონტის“ დარბაზის განცხადება ოსეთის ამბებთან დაკავშირებით. თქვენი აზრი...
- ჩვენი აზრი გამოვხატეთ მეორე დღესვე მიმართვაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობისადმი და მოვუწოდეთ არ მიიღონ მონაწილეობა ამ უკანონო არჩევნებში. შემდეგ რესპუბლიკის პროკურორის განცხადება გამოქვეყნდა. აქ ჩამოთვლილი იყო ამ დანაშულებრივი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებების გადაჭარბებისათვის მიყენებული მუხლები. სახალხო ფრონტის დარბაზის განცხადება არის მცდელობა უფრო დიდ პატრიოტებად თავის წარმოჩენისა. ჩვენ ყველა ზომებს ვიღებთ, რომ ეს უკანონო არჩევნები არ ჩატარდეს და თუ მაინც ჩატარდება, მაშინ მივიღებთ ზომებს მისი შედეგების გასაუქმებლად და, ალბათ, სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებისთვისაც.
- ბატონო ზვიად, აფხაზეთში ჩამოვარდა თანხმობა. ასე ამბობენ, ყოველ შემთხვევაში, „მრგვალი მაგიდის“ წარმომადგენლები.
ა) რატომ არ იყო პრესაში გაშუქებული ქართულ-აფხაზური კონსულტაციები?
ბ) რა საფუძველზე მოხდა შეთანხმება. ცხადია, იყო კომპრომისები ორივე მხრიდან, კონკრეტულად რა კომპრომისებზე მოხდა წასვლა?
გ) რატომ მაიცდამაინც არძინბა აირჩიეს, ის ხომ მოსკოვში იმყოფებოდა?
- პრესაში ყოველგვარი მოლაპარაკების გაშუქება არ არის მიზანშეწონილი. ზოგჯერ პრესაში მხოლოდ შედეგები შუქდება. ასეთნაირად ხდება ყველა ქვეყანაში. ასე, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი პრესაში არ ქვეყნდება. მას თავისი გარკვეული მიზანი აქვს. ეს კულისებს მიღმა დიპლომატიაა. ამ შემთხვევაში ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. დღეს აფხაზი სეპარატისტები ისე აგრესიულად აღარ არიან განწყობილნი. შეიძლება ეს მათი ტაქტიკის დროებითი შეცვლაა. მათ დაინახეს, რომ აფხაზეთში სასწორი უფრო ქართველების მხარეს იხრება. დათმობები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ მხოლოდ იმის გარანტია მივეცით, რომ აფხაზთა უფლებებიც იქნება დაცული, მაგრამ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან არ დავუშვებთ და არც იმ უკანონო მოთხოვნებს შევასრულებთ, რომლებსაც ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით გვიყენებენ. მაგალითად, მათ მოითხოვეს უმაღლეს საბჭოში 50 პროცენტი კვოტის გარანტია, რაზედაც უარი მიიღეს, ვინაიდან აფხაზი მოსახლეობა სულ 17 პროცენტია. ასე, რომ მოხდა ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება. არძინბა აღმოჩნდა ისეთი ფიგურა, რომელიც ჯერჯერობით მდგომარეობას არ ამწვავებს, თუკი ის გაამწვავებს მდგომარეობას, ეს თვით აფხაზეთისათვის გამოიღებს შედეგს. რაც შეეხება პატრიარქზე თავდასხმას, ასეთ რამეს არავის შევარჩენთ. დამნაშავენი პასუხს აგებენ კანონის წინაშე.
- მოსკოვს ავტონომიების დიდი იმედი ჰქონდა, ამაზე ნიშანოვის განცხადებაც მეტყველებს. თქვენ რას იტყვით?
- მოსკოვი, როგორც ჩანს, სამაჩაბლოს იმედად დარჩა, ვინაიდან აფხაზეთში არ გამოუვიდა თავისი ხრიკები. ახლა ცოტა აფხაზეთის უშიშროების კომიტეტთან დაკავშირებით არის ბუნდოვნად საქმე. არ არის გარკვეული რა ძალები გაიმარჯვებენ იქ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ უშიშროების კომიტეტშიც ისეთი კადრები დაინიშნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად ნაწილს აძლევს ხელს. ამის შემდეგ აღარ გვექნება საგანგაშო მდგომარეობა აფხაზეთში. სამაჩაბლოში კი მოსკოვს უფრო დიდი წარმატებები აქვს და იქ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება ჩვენი კონტროლი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
- ერთი კითხვა ეჭვის გასაქარწყლებლად: ეროვნული კონგრესის მეორე სესიაზე აფხაზეთიდან არჩეულმა ერთ-ერთმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ თითქოს თქვენ თერჯოლაში კონფიდენციალურად გამოთქვით მოსაზრება - გალის რაიონი უნდა ჩამოერთვას აფხაზეთს. რამდენად რეალურია ეს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში და ღირს თუ არა ამ საკითხის წამოწევა?
- უბრალოდ, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ავტონომიების საზღვრები შეიძლება შემცირდეს, ვინაიდან ეს ავტონომიები უკანონოა. ასეთი რამ სავარაუდოდ კი მითქვამს არა მხოლოდ გალის რაიონზე, არამედ სხვებზეც. იყო ნათქვამი, რომ აფხაზეთის ავტონომია საზღვრებში შეიძლება შევამციროთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირად საუბრებში იყო ნათქვამი. კონცეფცია ამ საკითხზე არ ჩამომიყალიბებია. მოკრეს ყური ამას და აფხაზეთში გაავრცელეს ხმა. იქ წყენასაც კი ჰქონდა ადგილი - ოჩამჩირემ, სოხუმმა რა დააშავაო. ამაზე ჯერ არ არის პრაქტიკული მუშაობა და საუბარი. მომავალში ვიფიქრებთ ასეთ საკითხებზე.
- ბატონო ზვიად, გქონდათ თუ არა საშუალება მოგესმინათ ჯაბა იოსელიანის ინტერვიუსათვის, რომელიც გადაიცა „ამერიკის ხმით“?
- მე ვიცოდი, რომ ამ ინტერვიუში ბატონმა ჯაბამ აღიარა ყველაფერი, რასაც უარყოფს ამჟამად და რის წინააღმდეგაც აცხადებს შიმშილობას. როდესაც ჩვენ ვეუბნებით, რომ მას კრიმინალები და პროვოკატორები ჰყავს, ის ამბობს, რომ ეს ცილისწამებაა და შიმშილობას აცხადებს. ინტერვიუში კი შიმშილობის ცილისწამებად მიჩნეული ფაქტები აღიარა. საინტერესო იყო ეს. გამოდის, რომ ჯაბა იოსელიანი ცილს სწამებს ჯაბა იოსელიანს. ამის შემდეგ ის ვეღარ იტყვის - ეს ჩემი ხმა არ არისო. ჩვენ ხომ სწორედ მაგას ვეუბნებით, რაც ინტერვიუში თვითონ აღიარა, კერძოდ, მას კრიმინალები ჰყავს მხედრიონში, ამიტომ ის უნდა დაიშალოს, რათა ქართველი ერი საფრთხეში არ ჩავარდეს. ჩვენ მათთან პოლიტიკური დისკუსიები არ გვაქვს. მათთან საქმე მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიკავონ. მაგრამ ისინი ქართველები არიან და ჩვენ გვეცოდებიან, არ გვინდა, რომ დაიღუპონ, ამიტომ ვუგზავნით ჩვენს წარმომადგენლებს, ვცდილობთ, ასე ვთქვათ, მათ მოლბობას.
- ბატონო ზვიად, არის აზრი, რომ ახალი მინისტრების უმრავლესობა არაკომპეტენტურია. ამას მოწმობს თუნდაც ტელე-რადიოკომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა კოლექტივის მიერ.
- მოგახსენებთ, რომ არავინ არ არის გადაყენებული. იქ მხოლოდ ერთმა ჯგუფმა თანამშრომლებისამ გამოაცხადა პროტესტი. ის უბრალოდ აჩქარდა ზოგიერთ საკითხში. ეს ადამიანი საკმაოდ კომპეტენტურია და ალბათ ჯეროვნად გაართმევს თავს ამ სამსახურს და ის კონფლიქტი, რომელიც პიროვნულს ჰგავს, მოგვარდება. სხვა მინისტრებიც ძალიან შესაფერისნი არიან. მე მიკვირს, როგორ შეიძლება წინანდელი კორუმპირებულები და კომპარტიის დოგმატიკოსები შევადაროთ ამ პროგრესულ და შესანიშნავ ინტელიგენციას, ეროვნული მოძრაობის აქტიურ წარმომადგენლებს და გამოჩენილ ადამიანებს. პარტაპარატის წარმომადგენლების შედარება შეიძლება ბატონ ნოდარ წულეისკირთან? ქალბატონ ლია ანდღულაძესთან? ბატონ ფელიქს ტყებუჩავასთან? იგი მსოფლიო აკადემიების და უნივერსიტეტების საპატიო წევრია. თქვენ, ალბათ, პარტიულ „ციტაში“ მოისმინეთ ასეთი საუბარი.
- ბატონო ზვიად, უკვე ოცი დღეა საქართველოს ჰყავს პროკურორი, რომლის ყოფნა ამ თანამდებობაზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს.
- საქართველოს მთავრობას დამტკიცებაც შეუძლია თანამდებობის პირებისა, არა მარტო დანიშვნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთ დღეში ყველაფერი არ გაკეთდება.
- ამ მოკლე ხანში ბატონმა თენგიზ სიგუამ ძალიან ბევრ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას მოაწერა ხელი, მაგრამ პრესაში მათი ტექსტი არ გამოქვეყნებულა.
- ყველა ეს ტექსტი გამოქვეყნდება.
- ძველმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ციტრუსების გატანის აკრძალვის შესახებ აფხაზეთიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამან გამოიწვია ქართველი და სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილება. აფხაზებს კი რაღაც ხერხები აქვთ პროდუქტების გატანისა. რა კეთდება ამ მიმართულებით? რა ნაბიჯები გადაიდგმება უახლოეს სესიაზე ეკონომიკის სფეროში?
- მსოფლიოს არც ერთი ცივილიზებული ქვეყნიდან არ ხდება პროდუქციის ასეთი უკონტროლო გატანა. ყველგან არის საბაჟო, ყველგან არის საზღვარი, საქართველო დღემდე იყო, როგორც ღობემორღვეული სახლი. გადიოდა ყველაფერი კონტროლის გარეშე. კონტროლის სისტემა ჯერ დასახვეწია. კოოპერატივებისათვის, რომლებსაც გააქვთ ციტრუსები, შემოღებულია საბაჟო გადასახადი. როდესაც გვექნება საბაჟო, ეს საკითხი მოგვარდება და უკმაყოფილებაც აღმოიფხვრება.
ეკონომიკური ღონისძიებები შესწავლის პროცესშია. აქ უცებ სიახლეების დანერგვა შეუძლებელია. დღეს მთავარია დავდოთ საქართველოსათვის მომგებიანი ხელშეკრულებები. კრედიტების მიღებასაც ალბათ დავიწყებთ.
- ბატონო ზვიად, რას იტყვით მაფიის შესახებ?
- არავინ იფიქროს, მაფიის დამარცხება და ლიკვიდაცია ადვილიაო. მართლია არჩევნებში ჩვენ იგი დავამარცხეთ, მაგრამ ის განაგრძობს არსებობას. სხათაშორის, უზბეკეთიდან მივიღეთ წერილი, რომელშც ჩვენ შეგვნატრიან - განსაცვიფრებელია თქვენი გამარჯვება კომუნისტურ მაფიაზე, ჩვენ ჯერჯერობით მაფიის მბრძანებლობის ქვეშ ვართ და ვერ ვატარებთ არჩევნებსო.
- ბატონო ზვიად, რას იტყვით ინტელიგენციის იმ ნაწილზე, რომელიც ყოველთვის ხალხს სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდებდა, დღეს მისი პოზიცია არ ჩანს?
- ინტელიგენციის ეს ნაწილი, ცრუ ინტელიგენცია, დღეს კრიმინალური ბანდების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს ხალხს, რადგან კრემლი უბრძნებს მათ. მაშინ ოპოზიცია იყო მეამბოხე, ახლა კი მაფია არის მეამბოხე. კრემლს ახლა აწყობს მაფიის ამბოხება და ცრუ ინტელიგენციაც მაფიას ემხრობა. ასე შეიძლება გამოვიცნოთ, ვინ როგორი ორიენტაციისაა ინტელიგენციაში.
- ბატომო ზვიად, ამასწინათ კითხვაზე, თუ რა ბედი ელით რესპუბლიკელებს, რომლებიც ახლა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერენ, ნიშანოვმა უპასუხა - ისინი იცხოვრებენ ძველი ხელშეკრულებით, თუ გასვლა უნდათ, გავიდნენ კანონის შესაბამისად. ჩვენ ალბათ პირველი პრეტენდენტები ვართ გასვლისა და რას იტყვით ამის თაობაზე?
- ნიშანოვს, ჩემი აზრით, იურიდიული შეუსაბამობა მოუვიდა - ახალი ხელშეკრულება რომ დაიდება, ძველი ხომ ძალას დაკარგავს. ძველის დატოვება იქნება იურიდიული უმეცრება, თვითნებობა და ძალადობა საერთაშორისო სამართლის მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, ასეთი რამ ბევრი გვახსოვს.
- რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით მოვისმინეთ სოფელ გლდანის მცხოვრები პირის გამოსვლა გლდანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე. მეორე დღეს ის ტელევიზიით ისევ გამოვიდა და ყოველივე უარყო, იგრძნობოდა, რომ წინა გამოსვლისას ის გულწრფელი იყო. ხომ არ ქონდა ადგილი მორალურ ტერორს? მეორე გამოსვლისას მანქანა წარწერით „მხედრიონი“ აღარ ფიგურირებდა.
- უნდა მოგახსენოთ, რომ სოფელ გლდანიდან ჩვენთან მოვიდა ქალების დიდი ჯგუფი და გამოთქვა ტელეეკრანზე გამოსვლის სურვილი იმ მიზნით, რომ ტელემაყურებლებისათვის ეცნობებინათ შემდეგი - ეს კაცი „მხედრიონის“ წევრებმა გაიტაცეს, აიძულეს ჩვენების შეცვლა და ძალით მიიყვანეს ტელევიზიაში მეორეჯერ გამოსასვლელად. ამ ქალებს ტელეეკრანი არ დაუთმეს. ასეთი მდგომარეობაა.
- ბატონო ზვიად, ცოტათი გაჭიანურდა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საკავშირო მთავრობიდან სანქციებია მოსალოდნელი?
- სანქციები უკვე არის. ეს ყველამ უნდა იცოდეს - არა მარტო ბიუჯეტის, არამედ სურსათისაც. საქართველოს შეუწყვიტეს რძის ფხვნილის მოწოდება და დაფინანსებასაც უმცირებენ. ახლახან ესპანეთის კრედიტის განაწილებისას რესპუბლიკებზე, ბალტიისპირეთი, საქართველო და უზბეკეთი გამოტოვეს - ეს რესპუბლიკები სანქციების ობიექტებია - ე.ი. ჩვენ შავ სიაში ვართ.
- როდის არის სავარაუდო ადგილობრივი საბჭოების არჩევნები?
- ადგილობრივი საბჭოების არჩვნებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. განსაკუთრებით არაქართველი მოსახლეობის რეგიონებში. ალბათ, შემუშვდება ყველა რაიონისათვის მისაღები ფორმა საარჩევნო კანონისა. მუნიციპალური არჩევნების შესახებ კანონს უახლოეს სესიაზე გავიტანთ.
- ბატონო ზვიად, თუ არსებობს რუსეთში ძლა, რომელიც იქნება კომპარტიის ოპონენტი?
- რუსეთში არიან ოპოზიციური ძალები, მაგრამ დაქსაქსულნი. ერთიანი ძალა ამჟამად არ არსებობს. რაც შეეხება ელცინის მოსაზრებას, ის არის მორალური, პიროვნული ოპოზიცია, ცალ-ცალკე არსებული ჯგუფები და პარტიები ერთიან ძალას არ წარმოადგენენ. პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით არ ჩანს.
- რაიმე კონტაქტებს ხომ არ ამყარებთ უნგრეთთან?
- გვექნება ინტენსიური და საქმიანი ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, ერთნაირი გზა განვლო საქართველომ და უნგრეთმა ბრძოლისაც, განთავისუფლებისაც. უნგრეთი თითქმის თავისუფალია და დამოუკიდებელი, მალე იმპერიის ჯარები დატოვებენ მას. საქართველო ჯერ არ არის ამ სტადიაში, მაგრამ, მე მგონი, ამავე გზით მიდის და ესეც განაპირობებს განსაკუთრებულ სიახლოვეს და სიმპათიას უნგრელი ხალხისადმი.
- არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მრავალმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მოსკოვში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ არის თბილი დამოკიდებულება და არ შეიძლება ანალოგის გატარება ბალტიის ქვეყნებთან.
- საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვის დიპლომატია ძალიან დაიხვეწა. გრომიკოს ეპოქის შემდეგ დადგა ახალი ეპოქა დიპლომატიაში. სიახლე მდგომარეობს გარეგანი კეთილგანწყობის ჩვენებაში, კარგ პიროვნულ ურთიერთობაში, საქმით კი სულ სხვა რამ ხდება - ეკონომიკური სანქციების განხორციელება. ეს არის საბჭოთა დიპლომატიის ახალი სტილი, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში, ისე რესპუბლიკებთან. ვერ ვიტყოდი, მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა გვაქვს, საქმით ჯერჯერობით არ ჩანს, საქმით კონფრონტაცია უფრო ჩანს.
- გორბაჩოვმა გამოთქვა თქვენთან შეხვედრის სურვილი. რას იტყოდით ამაზე?
- ამ საკითხს ძალზე ბევრი მხარე აქვს, ჯერჯერობით ვსწავლობთ ამ საკითხს.
- ბატონო ზვიად, შეიცვლება თუ არა ევროპის, მსოფლიოს ქვეყნების დამოკიდებულება სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი?
- დასავლეთში ჯერჯერობით მხოლოდ დისკუსიაა ამ საკითხების ირგვლივ. ბუშს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც ეუბნება - რატომ ხართ მჩაგვრელის მხარეზე, მორალური ასპექტით აკრიტიკებენ ბუშსა და მის პოზიციას, მაგრამ ის თავისი პრაგმატული და პოლიტიკური მოსაზრებებით უპირისპირდება ყოველივე ამას. ჯერჯერობით ასეა.
თუ გაიმარჯვებს სწორედ ის ზნეობრივი მომენტი დასავლეთის პოლიტიკაში, რომელიც პრეზიდენტ რეიგანის დროს ბატონობდა და იყო წამყვანი, აი, მაშინ შეიძლება გადმოიხაროს სასწორი ჩვენს მხარეზე, ჯერჯერობით ეს არ ჩანს.
- რა გავლენას მოახდენს ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი ჩვენსა და ცენტრს შორის ურთიერთობაზე?
- თუ როგორ განვითარდება ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, თუ როგორ განვითარდება ყოველივე ეს. რასაკვირველია, ჩვენ სხვისი უბედურება არ გვახარებს და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ თუ საქმე კონფლიქტამდე მივიდა, მაშინ დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოება უფრო ინტენსიური გახდება და მაშინ საბჭოთა ხელმძღვანელობა თავის დაწოლას ჩვენზე და დისკრიმინაციას ალბათ ცოტას შეასუსტებს.
- 10 დღეში სახალხო დეპუტატთა IV ყრილობა დაიწყება მოსკოვში, საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ თუ არა. ყრილობაზე სამოკავშირეო ხელშეკრულება ერთ-ერთ საკითხად გადის. თქვენ პირადად თუ აპირებთ წასვლას?
- ალბათ ვერ წავალ. რაღაც დელეგაცია ალბათ წავა. რაც შეეხება ფედერაციის საბჭოს, სადაც სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხი იხილება, იქ ჩვენ უარი ვთქვით მონაწილეობაზე. ვინაიდან საქართველო უარს ამბობს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, არც განხილვაში ვიღებთ მონაწილეობას.
- ბატონო ზვიად, რა ისმის მოსკოვიდან საქართველოს უშიშროების კომიტეეტში მომხდარი ცვლილებების თაობაზე?
- ჩვენსა და მოსკოვის სუკ-ის ხელმძღვანელებს შორის დაახლოებით ასეთი საუბარია - დადგა ჩვენი გაყრის დრო, მათ სიტყვებს გეუბნებით, როგორ გავეყაროთ, იტალიურად თუ ამერიკულად, ჩხუბით თუ მშვიდობიანად? ჩვენ ვუთხარით, რომ ცივილიზებული ადამიანები მშვიდობიანად იყრებიან, და ახლაც მშვიდობიანად ხდება ეს გაყრა.
- ბატონო ზვიად, როგორ ელევა საკავშირო უშიშროების კომიტეტი იმ სისტემას, რომელიც დანერგილი იყო აქამდე, რომ გარკვეული ფრთა დაზვერვისა შედიოდა საქართველოს უშიშროების კომიტეტის განმგებლობაში?
- იძულებულნი არიან გაუწიონ ანგარიში რეალობას. ისინი ხედავენ, რომ აქაური კომიტეტი მათ აღარ დაექვემდებარება, ძველებურად აღარ მიაწოდებს პოლიტიკურ ინფორმაციებს. ამიტომ რაღაც ფორმა უნდა გამოიძებნოს მშვიდობიანი დამოკიდებულებისა ჩვენთან. შეგუება? როდესაც ცხოვრება გაიძულებს უნდა შეეგუო, ისინი ცხოვრებამ აიძულა, რომ შეეგუონ. სხვა გამოსავალი არა აქვთ, ძველი დრო აღარ დაბრუნდება, ის დრო, როდესაც აქ მათი ყურმოჭრილი მონა და ინფორმაციის წყარო იყო. თქვენ წაიკითხავდით ბატონ ხატიაშვილის ინტერვიუს. იქ ყველაფერია ნათქვამი. უწინდელი ურთიერთობა აღარ იქნება. რაღაც დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება იყოს მათ შორის.
- რამ განაპირობა დღევანდელი დაძაბული ვითარება საქართველოში?
- ეს განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებამ, ეროვნული მთავრობის არჩევამ. ამან გამოიწვია ცენტრის ასეთი საშინელი რეაქცია და ყოველივე ის, რაც ცენტრის ინსპირაციით დღეს ხდება საქართველოში. ამ შიმშილობის ჩათვლით მთელი ეს არეულობა ცენტრის მიერ არის ინსპირირებული. ეს წინასწარმეტყველურად განაცხადა გორბაჩოვმა სესიის მეორე დღეს. ცოტა ადრე მოუვიდა განცხადება, ეს - POშთ ფაცტუმ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ მან წინასწარ უკვე იცოდა, რომ საქართველოში ეს ამბები დაიწყებოდა და უნებლიეთ წამოსცდა, დროში გაუსწრო მოვლენებს.
- ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს საქართველოს მესამე სახელმწიფოს როლში?
- ძალიან ძნელი საკითხია. ჯერ ოფიციალური დასავლეთის პოზიციის შეცვლა უნდა მოხდეს, ისინი ერთმანეთს უთანხმებენ პოზიციებს, ინტეგრირებულნი არიან ყველანი. როგორც კი საერთო პოზიცია შეიცვლება, ყველა დაგვიჭერს მხარს.
- ბატონო ზვიად, დასავლეთის პრესაში მრავალჯერ აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები გამოთქვამენ უკმაყოფილებას დასავლეთის სამყაროს მიმართ, რომ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. თვლით თუ არა თქვენ, რომ ამის ერთადერთი მიზეზი არის ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი?
- არა მარტო ერაყ-ქყვეითის კონფლიქტი. ამ საკითხთან კავშირშია განიარაღების პრობლემაც, ბირთვული იარაღის პრობლემები თავიდანვე უკავშირდებოდა ამ საკითხს. ერაყ-ქუვეითის პრობლემამ კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთი და სსრკ-ი და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოზიციებიც გააძლიერა, ვინაიდან ამ სიტუაციაში კავკასიაში სტაბილურობა აუცილებელი ხდება, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის. არ დაგიმალავთ, რომ უკვე შეერთებული შტატები სვამენ საკითხს თბილისში საკონსულოს გახსნის შესახებ. არის ლაპარაკი სამხედრო ჰოსპიტლების მშენებლობაზე ამერიკის დაჭრილებისათვის საჭიროების შემთხვევაში.
- ბატონო ზვიად, ერაყ-ქუვეითის საომარი მდგომარეობის კულმინაციასთან მისვლის შემთხვევაში ხომ არ იქნება სსრკ-დან გასვლის გაადვილების შანსი? საქართველოს ბუფერული სახელმწიფოს როლში დაშვებით?
- არა. საქართველო ბუფერის როლში არ გამოდგება. იგი შეიძლება პლაცდარმი გახდეს. საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობით არის გამოწვეული იმპერიის ორგვარი დამოკიდებულება ჩვენდამი - თან ბლოკადით გვახრჩობს, თან კეთილგანწყობასაც ავლენს. ფრთხილი პოლიტიკა აქვს. დასავლეთის ქვეყნებიც, მე მგონი, დაინტერესებულნი არიან კავკასიაში სტაბილურობით, ამაზე მიუთითებს ის საიდუმლო თათბირი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ამ რამდენიმე დღის წინ შედგა საქართველოს საკითხზე.
- ბატონო ზვიად, არის თუ არა საქართველოში სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღი?
- არის, რასაკვირველია.
- ბატონო ზვიად, თუ საქართველო განთავისუფლდება, დასჭირდება თუ არა მას ბირთვული იარაღი?
- გააჩნია, რა სტატუსი ექნება მომავალში საქართველოს და რამდენად ექნება საერთაშორისო დაცვა, საერთაშორისო სამართლის დაცვა და რამდენად იქნება ის ჩართული საერთო ევროპულ სახლში და ინტეგრაციის პროცესში. ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
- ბატონო ზვიად, რამდენად რეალობად მიგაჩნიათ საერთო კავკასიური სახლის მშენებლობა?
- ეს არის, მე ვთვლი, ძალიან ბუნდოვანი და არა საჭირო საუბარი. საერთო სახლზე რომ ვლაპარაკობთ, ჯერ ჩვენი საკუთარი სახლები უნდა გვქონდეს. უსახლკარო ადამიანები რომ შეიკრიბონ და ისაუბრონ რაღაც საერთო სახლზე, ეს არის უტოპია და ფანტაზია. ჯერ ყველას საკუთარი სახლი უნდა ჰქონდეს, ჯერ ვიფიქროთ ჩვენ ჩვენ სახლებზე და ყველამ თავის სახლს მიხედოს“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№11, გვ. 1-2; 18 დეკემბერი, 1990 წ.].
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა და აღორძინდა უკანასკნელ ხანებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ყოველთვის თავის უმთავრეს მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელთა შორის ჭეშმარიტად ეროვნული თანხმობისა და ურთიერთგაგების დამყარებას. მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციის პროგრამები და წესდებები ხაზგასმით აღნიშნავენ ერთა შორის თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაარსებობის იდეალების დამკვიდრების აუცილებლობას.
უფრო კონკრეტულად, ჩვენს წინა საარჩევნო პროგრამებში ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოში არსებული ეროვნულ უმცირესობათა ავტონომიების შენარჩუნების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტონომიები ჩამოყალიბდა ბოლშევიკური ანექსიის შემდგომ ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ და გარკვეული გაგებით, არღვევდა სწორედ ერთა შორის თანასწორობის პრინციპს. ჩვენი ამგვარი პოზიცია მიზნად ისახავდა ერთაშორისი ურთიერთობების მშვიდობიანად განვითარებას, საკონფლიქტო საკითხების მოლაპარაკების გზით მოგვარებას, სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროცესისათვის ხელშეწყობას საქართველოში.
თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები ზოგი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა ვერ გააკეთეს სათანადო დასკვნები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ ხანებში, ისტორიულ შიდა ქართლში, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტულმა მოძრაობამ კულმინაციას მიაღწია. ჯერ კიდევ შარშან ჩვენი მოძრაობის მოთხოვნით გამოიყო კომპეტენტური კომისია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შესასწავლად, რომელშიც მონაწილეობდნენ ავტორიტეტული მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწენი. ამ კომისიის დასკვნის ზოგიერთ დებულებას ნაწილობრივ ამჟამად გაგაცნობთ, ხოლო სრულად მას უახლოეს ხანში იხილავთ გამოქვეყნებულად. ამასთან მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობის მიზანშეწონილობასთნ დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ჩვენ ვაღიარებთ ოსი ხალხის, ისევე როგორც სხვადასხვა ხალხის უფლებას თვითგამორკვევისას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნისას, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მათ ისტორიულ სამშობლოში, დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში და არა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და რომელიც წარმოადგენს სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს.
დღეს ოსი სეპარატისტები ცდილობენ მოსწყვიტონ საქართველოს მისი შუაგული, ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის ისტორიული კერა, და თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საბაბით, ქმნიან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკას“. თანაც გვარწმუნებენ, რომ ეს გეგმა არაფრით არ ემუქრება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.
მაგრამ საკმარისია გავეცნოთ 1990 წლის 20 სექტემბრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ მიღებულ დეკლარაციას „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“, რომ აშკარა გახდეს - იქმნება დამოუკიდებელი პოლიტიკური წარმონაქმნი.
მიუხედავად საქართველოს უზენაესი საბჭოს მხრივ არაერთგზის გაფრთხილებისა, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, ეს დეკლარაცია „ცნობს ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუვალ უფლებას“ და აცხადებს ავტონომიურ ოლქს „ოსი ხალხის სახელმწიფოებრიობის ფორმად“ (?) რომლის „შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა (?) ყველა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური საკითხის გადაჭრაში იმათი გამორიცხვით, რომლებიც მის მიერ ნებაყოფლობით (?) გადაეცემა საქართველოს სსრ და სსრ კავშირის გამგებლობაში მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე“, „ნებისმიერი მოქმედება სამხრეთ ოსეთის ეროვნული სახელმწიფოებრიობის (?) წინააღმდეგ... დაისჯება კანონით“, „სამხრეთ ოსეთის ხალხს (?), რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ხელისუფლების ერთადერთ სრულფასოვან წყაროს სამხრეთ ოსეთში (?), ხოლო მისი „სრულხელისუფლებიანობა (?) რეალიზდება სსრ კავშირის კონსტიტუციური დებულებებისა და სამხრეთ ოსეთის ნორმატიული აქტების საფუძველზე“ (?), „საქართველოს სსრ და სსრ კავშირის უფლებამოსილებათა ფარგლებს გარეთ, რომლებიც ნებაყოფლობით არის სამხრეთ ოსეთის მიერ დელეგირებული მათ გამგებლობაში (?), სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია თავის საგარეო და საშინაო (?) ცხოვრების გადაჭრაში, ხოლო სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების უზენაესობა (?) განსაზღვრულია სამხრეთ ოსეთის კანონებსა და კონსტიტუციაში“ (?), „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის“ (?) სტატუსი „განისაზღვრება სუვერენული (?) სამხრეთ ოსეთის მიერ სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დოკუმენტების საფუძველზე და მტკიცდება სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით (?); „სამხრეთ ოსეთი ახორციელებს უზენაესობას მთელ თავის ტერიტორიაზე და თვითონ განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას თავის ტერიტორიაზე“ (?), ხოლო „სამხრეთ ოსეთის ფარგლებში არსებული ყველა ბუნებრივი რესურსები“ცხადდება „მისი ხალხის საკუთრებად“ (?), იგი შეადგენს „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტის (?) მატერიალურ საფუძველს, „სამხრეთ ოსეთი“ ცხადდება „საკავშირო ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად“ (?), რომელიც დამოუკიდებლად (?) ახორციელებს საგარეო ურთიერთობას ფედერაციის სხვა სუბიექტებთან და სახელმწიფოებთან“.
როგორც ვხედავთ, „დეკლარაცია“ უგულებელყოფს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და საერთოდ, საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, სსრ კავშირის კონსტიტუციის ქვაკუთხედ პრინციპებს, რომლებიც ავტონომიურ ოლქებს მთლიანად უმორჩილებენ მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტს და ადგილობრივი ხელისუფლების სტატუსს მიაკუთვნებენ.
უფრო მეტიც, ამავე დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის“ შესახებ.
ეს აქტები გაბათილებულ იქნა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1930 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით, მაგრამ ა.წ. 16 ოქტომბერს ეს დადგენილება არა მარტო უარყოფილ იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ, არამედ შეიქმნა რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი და დაინიშნა არჩევნები, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ამჯერად „საბჭოთა რესპუბლიკის“ უზენაეს საბჭოში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს გააუქმა ეს დადგენილებები და გააფრთხილა ამ აქციის ჩამდენები, რომ მათ ამ მოქმედებისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ, არჩევნები მაინც ჩატარდა 9 დეკემბერს.
საქართველოს მთავრობის ყველა ცდა, შეეწყვიტა ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება მშვიდობიანი ურთიერთმოლაპარაკების საშუალებით, უშედეგო აღმოჩნდა. თვითმარქვია ხელისუფლების მესვეურები განსაცვიფრებელი ცინიზმითა და უტიფრობით პასუხობდნენ ყოველ ასეთ წინადადებაზე, შეეწყვიტათ თავისი უკანონო საქმიანობა.
ასეა თუ ისე, 9 დეკემბერს ჩატარდა ანტიკონსტიტუციური არჩევნები, რომელშიც თვითმარქვია ხელისუფლების ინფორმაციით მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 71 პროცენტმა, თუმცა ვინ არის ამის შემმოწმებელი?
ამგვარად, კონფლიქტის მოწესრიგება მშვიდობიანი საშუალებებით ვერ მოხერხდა და ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე - საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, რომელიც არ ცნობს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობას და ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ ამჯერად? გავაგრძელოთ „კანონთა ომი“, თუ ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ ეს პრობლემა ისე, როგორც ამას კანონი და პირველ რიგში საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და მისი ეროვნული ინტერესები გვიკარნახებს?
თუ დავეყრდნობით იმ ფაქტს, რომ საქართველო დაპყრობილ იქნა სამხედრო ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება ძალმომრეობით დაარსდა, ჩვენ დღესვე შეგვიძლია უარვყოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში თვითმარქვია ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით არსებული ყველა იურიდიული ძალა და ამით დავამთავროთ.
მაგრამ გამოვდივართ რა პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიებიდან, ვეყრდნობით რა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ სრული დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გარდამავალი პერიოდით ნაკარნახევ ამოცანებს, საჭიროდ მიგვაჩნია განვიხილოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები სწორედ საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენი ოპონენტები ამ აქტებით შეიარაღებული შემოგვიტევენ.
რამდენიმე მოკლე ცნობა შიდა ქართლში ოსი მოსახლეობის გაჩენისა და ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ. ამ საკითხების დაწვრილებითი განხილვა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მთავარი ეტაპების ცოდნა აუცილებელია დღევანდელობის სწორად შეფასებისათვის.
IX-XIII სს.-ში ალანებს (ქართული წყაროებით - ოვსებს) ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდათ ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც ბოლო მოუღო მონღოლთა (XIII ს.) და თემურ-ლენგის (XIV ს.) შემოსევებმა. ჩრდილო კავკასიის ბარიდან გამოდევნილმა ოსებმა თავი შეაფარეს კავკასიონის ქედის ვიწრო ხეობას. შემდგომ მათ დაიწყეს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე გადმოსვლა. XVII-XVIII საუკუნეებიდან შიდა ქართლის ჩრდილოეთით, განაპირა ტერიტორიაზე დამკვიდრდა ოსი ხალხის ნაწილი.
არსებობისათვის მეტად არახელსაყრელი პირობების გამო სარჩო-საბადებლის მაძიებელი ოსები ქართველ მთიელთა სოფლებში იკვლევდნენ გზას და ხშირად ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე ხიზნებად სახლდებოდნენ. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ქართველი მოსახლეობა გარეშე მტრების შემოსევების შედეგად და ბარის ეკონომიკური ზემოქმედების გამო დაბლობისაკენ ინაცვლებდა.
სამხრეთ ოსეთად წოდებულ იქნა ის ტერიტორიული სივრცე, რომელიც ჩრდილოეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. ისინი უმთავრესად სახლდებოდნენ დიდი და პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობებში. ამის გამო შემდგომში ოსური მოსახლეობა დასახლებული აღმოჩნდა გორისა და დუშეთის მაზრებში, შედარებით მცირე რიცხვი - რაჭისა და შორაპნის მაზრებში.
ქართველები გარკვეულ კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ ოს ხიზანთა მიმართ და ხელს უწყობდნენ მათი კულტურის შემდგომ განვითარებას. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართული ანბანის მიხედვით შედგენილი პირველი ოსური სასულიერო წიგნი ქართველი მისიონერი მღვდლების მიერ 1753 წელს იქნა გამოცემული ხელნაწერის სახით. ბეჭდვა ხორციელდებოდა ქართული ანბანის გამოყენებით. მაშინ ოსური ანბანი შედგენილი არ იყო. ქართული ასოების საფუძველზე პირველი ოსური ანბანი შექმნა ივანე იალგუზიძემ, ხოლო XIX საუკუნის 30-იან წლებში შემოღებულ იქნა ოსური ანბანი რუსულ ანბანზე დაყრდნობით.
რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ სახელმწიფო გაუქმდა და მას ეწოდა საქართველოს გუბერნია, სადაც უზენაეს ხელისუფლებას ახორციელებდა მთავარმმართებელი. 1809 წელს საქართველოს გუბერნია დაიყო 5 მაზრად (გორის, ლორის, დუშეთის, თელავისა და სიღნაღის). ოსებით დასახლებული ტერიტორია ძირითადად მოექცა გორისა და დუშეთის მაზრებში.
1838 წელს ოსეთის მთავარ ბოქაულად დაინიშნა კაპიტანი ვასილიევი. რეზიდენციად არჩეულ იქნა სოფელი ჯავა. 1842 წელს საქართველოს საზღვრებში შეიქმნა თუშ-ფშავ-ხევსურეთის, მთისა და ოსეთის ოკრუგები, როგორც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები. ოსეთის ოკრუგის შემადგენლობაში თავდაპირველად შეიყვანეს საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრები მთიელი მოხევეები და ოკრუგის ცენტრად მთიულეთის სოფელი ქვეშეთი აირჩიეს.
1843 წელს გორისა და თბილისის მაზრებს ჩამოაშორეს ქსნის ხეობის ზემო წყლისა და მისი შენაკადი წყლების აუზი, რომლებიც ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული და მთის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანეს. შემდგომში ეს ტერიტორია დაყვეს ხევის, მთიულეთისა და ქსნის უბნებად, 1843 წელს ოფიციალურად გაიხსნა ოსეთის ოკრუგი, რომელიც ჯავის, მცირე ლიახვისა და ნარის უბნებად განაწილდა. ამავე წელს სპეციალური ინსტრუქციით მთის ოკრუგის უფროსს მთის ხალხთა მთავარი უფროსის წოდება მიენიჭა და მას ოსეთისა და ფშავ-ხევსურეთის ოკრუგებიც დაუქვემდებარეს. ოსეთის ოკრუგი მოიცავდა დღევანდელი სამხრეთ ოსეთის მხოლოდ ნაწილს და არდონის ხეობას. ამ ოკრუგის უფროსის რეზიდენცია იმყოფებოდა სოფელ ჯავაში.
ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოებულ სამხედრო ლაშქრობებთან დაკავშირებით 1858 წლის 3 აპრილს შეიქმნა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთა, რომლის შემადგენლობაში შევიდა ოსეთის ოკრუგიც. იმის გამო, რომ ნართა უბანი ახლოს მდებარეობდა ვლადიკავკაზთან და წლის ყოველ დროს თავისუფლად უკავშირდებოდა მას, ბარიატინსკიმ ნარის უბანი ჩამოაშორა თბილისის გუბერნიას და კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთის ოსეთის სამხედრო ოკრუგს გადასცა, რომელიც შემდეგ თერგის ოლქის შემადგენლობაში შევიდა.
ჯავისა და პატარა ლიახვის უბნები, რომლებიც თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დაახლოებით მესამედს შეადგენს, თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვეს, ხოლო შემდგომში მმართველობის გაადვილებისათვის ოსეთის უბნის სახით შეიყვანეს გორის მაზრის შემადგენლობაში.
1855 წლის 11 აპრილს მიღებული წესდებით გაუქმდა საუბნო მმართველობა და მთელი ოსებით დასახლებული ტერიტორია დაიყო სოფლის საზოგადოებებად.
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ მეფის ნაცვლის ინსტიტუტის ნაცვლად ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის მიზნით შეიქმნა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი (ოზაკომი), რომელიც ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატმა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა შეცვალა.
ამ რევოლუციის შემდეგ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის სახალხო ყრილობა და ეროვნული საბჭო, რომლებიც თავიდანვე განიცდიდნენ ფრონტიდან დაბრუნებული ბოლშევიკების ზეგავლენას, რომლებიც იღწვოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღებისათვის, ფართოდ ერეოდნენ სამხრეთ ოსეთის სამეურნეო, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. მათი მიზანი იყო, სამხრეთ ოსეთი გამოეყოთ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად საერობო ან ავტონომიური ერთეულის სახით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კარგად ხედავდა ოსების მიერ საქართველოს ფარგლებში ცალკე სახელმწიფოს შექმნის ცდას, რასაც მიიჩნევდა საქართველოს მთლიანობისათვის ძირის გამოთხრად. სამხრეთ ოსეთის მეოთხე ეროვნულმა საბჭომ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ პარტიათა აქტიური მონაწილეობით შეიმუშავა ავტონომიური სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც 1919 წლის 16 ივნისს წარედგინა საქართველოს დამფუძნებელი კრების ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისიას.
დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს შორის. მთავრობამ უარყო საბჭოს ტერიტორიული პრეტენზიები.
სამხრეთ ოსეთში დაიწყო „რევოლუციური“ მოძრაობა. 1918 წლის 18 მარტს აჯანყებულებმა აიღეს დაბა ცხინვალი და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, რომელიც მალე დამარცხდა. მთავრობამ შეაფასა ეს აქცია, როგორც დემოკრატიის წინააღმდეგ ნაციონალისტური გამოსვლა.
1920 წლის 8 მაისს სოფელ როკში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო საბჭოთა ოსეთი - რსფსრ-ს შემადგენელ ნაწილად. აჯანყებულებს დახმარება გაუწიეს ჩრდილოეთ ოსეთიდან. აჯანყებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა საქართველოს მთავრობამ. საყურადღებოა რსფსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გ. ჩიჩერინის 1920 წლის 17 მაისის ნოტა საქართველოს მთავრობისადმი, სადაც „მტკიცედ ითხოვენ გაიწვიონ ქართული ჯარები ოსეთიდან, ვინაიდან გაუმართლებლად მიიჩნევენ საქართველოს ჩარევას ოსეთის საქმეებში და ატოლებენ მას უცხოთა საქმეში ჩარევას“.
ამ ნოტაზე ჩიჩერინს გაეცა დამაჯერებელი პასუხი: „საქართველოს მთავრობა უაღრესად შეცბუნებულია თქვენი ნოტის იმ ნაწილით, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს მთავრობის განზრახვაზე, იარაღით ჩაახშოს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მივაქციოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არამედ საქართველოს ფარგლებში არსებობენ ოსური სოფლები, რომლებიც მდებარეობენ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. ეს სოფლები შეადგენენ საქართველოს უდავო ტერიტორიას, რომ ეს ტერიტორია ხელშეკრულებით (იგულისხმება 1920 წლის 20 მაისის დადგენილება) შედის საქართველოს საზღვრებში და იქ სხვა ხელისუფლება, გარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისა, დაუშვებელია“.
1920 წლის 12 ივნისს აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ფაქტები მოწმობს, რომ დემოკრატიული საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა სახელმწიფო ხელისუფლების ერთგულ ოსებს, მათ სამხედრო მოქმედებათა შედეგად მიყენებული ზარალი უნაზღაურდებოდათ რესპუბლიკის ხაზინიდან, მერყევ ელემენტებს ეძლეოდათ უფლება რესპუბლიკის სხვა რაიონებში გადასახლებისა.
1921 წლის 5 მარტს სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ინტერვენციის შედეგად დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. საქართველოში რევკომის დადგენილებით ოსური მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში დაარსდა სამხრეთ ოსეთის რევკომი, შერეული მოსახლეობის რაიონებში - შერეული რევკომები. ერთი წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთიდან შეიყვანეს გორის სამაზრო რევკომის შემადგენლობაში.
1921 წლის ივლისისათვის სამხრეთ ოსეთის რაიონად ითვლებოდა 7 სოფელი, 8 წმინდა ქართული სოფლის გამოკლებით (ვანათი, აწყურის ხევი, ხოშურა, სადაურიანთ კარი, დვანი, ზემო ავნევი და ქვემო ავნევი), რომლებიც ტერიტორიულად რჩებოდა გორის მაზრის ცხინვალის რეგიონში და არ ექვემდებარებოდა სამხრეთ ოსეთის რევკომს.
სამხრეთ ოსეთის რევკომი კვლავ მოითხოვდა სასწრაფოდ ყოფილიყო ორგანიზებული კომისია სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებიდან ადმინისტრაციული გამიჯვნისათვის. მასვე უთანაგრძნობდა საქართველოს რევკომი. ძნელია გულგრილი დარჩე, როდესაც კითხულობ ცხინვალელთა და სხვა ქართველებით დასახლებული რაიონებიდან, სოფლებიდან მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილებს. ხვეწნით და მუდარით ევედრებიან, „არ დაჩაგრონ ქართველები, რომლებიც თავის ძირძველ მიწაზე ცხოვრობდნენ“, და არ შეეერთებინათ ეს ტერიტორიები სამხრეთ ოსეთის ოლქისათვის. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ვრცელი მოხსენებით შევიდა საქართველოს რევკომში იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული განყოფილების მიერ შეგროვილი მასალებით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ერთი მთლიანი ტერიტორიის გამოყოფა სამხრეთ ოსეთისათვის.
„სამხრეთ ოსეთი, - აღნიშნულია მოხსენებაში, - როგორც მთლიანი გეოგრაფიული ერთეული, არ არსებობს... არის მხოლოდ ოსებით დასახლებული ცალკე რაიონი, რომელსაც ურთიერთშორის არავითარი სამეურნეო და ტოპოგრაფიული კავშირი არა აქვს...
აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გორის, დუშეთისა და რაჭის მაზრების ჩამონაჭრებისაგან ერთი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა შეუძლებლად მიაჩნდა, რაც არ იქნა გაზიარებული საქართველოს რევკომის მიერ. აჩქარებდნენ რა გამოყოფას, სამხრეთ ოსეთის რევკომმა 1921 წლის სექტემბერში ოფიციალურად დააყენა საკითხი საქართველოს ცენტრალური პარტიული და საბჭოთა ორგანოების წინაშე სამხრეთ ოსეთის ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გამოყოფის შესახებ, რომელიც ფედერაციულად უნდა დაკავშირებოდა საქართველოს სსრ რესპუბლიკას.
1921 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტიის საოლქო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელმაც მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. დადგენილებით აუცილებლად მიიჩნიეს რესპუბლიკის შექმნა, ცენტრი ქ. ცხინვალში. დადგენილებას თან ერთვოდა პროექტი „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ“, რომლის თანახმადაც ქ. ცხინვალი მომიჯნავე ქართული სოფლებითურთ, აგრეთვე გორის, დუშეთის, შორაპნის მაზრების ოსებით დასახლებული ტერიტორია, მათ შორის შერეული მოსახლეობის მომიჯნავე რაიონებიც, შედიოდა ამ ახალი პოლიტიკური ერთეულის ფარგლებში.
ასეთი რესპუბლიკის შექმნის მიზეზად დასახელებული იყო სამხრეთ ოსეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონე, ოსეთის მშრომელთა რევოლუციური ბრძოლის ისტორია და სხვა.
კონსტიტუციის პროექტი 15 მუხლისგან შედგებოდა და განსაზღვრავდა ოსეთში ხელისუფლების ორგანოთა ორგანიზაციის საკითხებს. ყველა ზემოთ დასახელებული დოკუმენტი 1921 წლის 14 სექტემბერს ოსეთის დელეგაციამ საბოლოოდ განხილვისა და გადაწყვეტილებისათვის წარუდგინა რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და საქართველოს რევკომს.
1991 წლის 31 ოქტომბერს კავბიუროს პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს საკითხი სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის შესახებ. აღინიშნა, რომ ასეთი პატარა ერთეულისათვის, როგორც სამხრეთ ოსეთია, დამოუკიდებელი სუვერენული სტატუსის მინიჭება არ არის რეალური. ის ობიექტური მიზეზები, რის საფუძველზეც ითხოვდნენ ცალკე გამოყოფას, უკეთეს შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ ერთეულად ჩამოყალიბებისათვის თუ გამოდგება. გადაწყდა, რომ სამხრეთ ოსეთის ეროვნული თვითგამორკვევის ფორმად აღიარებული ყოფილიყო ავტონომიური ოლქი და განსაზღვრულიყო მისი საზღვრები.
შ/ს სახალხო კომისარი მოითხოვდა დროებით მოხსნილიყო რევკომის მსჯელობიდან ს/ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხი და კვლავ ეხელმძღვანელათ შ/ს სახალხო კომისარიატის 1921 წლის 20 ივლისის დადგენილებით. 1921 წლის 17 ნოემბერს სკკპ ცკ-ას კავბიუროს დადგენილების თანახმად განიხილა საკითხი ს/ოსეთის ა/ოლქის მოწყობის შესახებ. ნაციონალურ-უკლონისტები სავსებით სამართლიანად გადაჭრით ილაშქრებდნენ ცხინვალისა და მომიჯნავე ქართული სოფლების ს/ოსეთის ა/ერთეულისათვის გადაცემის წინააღმდეგ.
საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ ს/ოსეთის ეროვნული გამიჯვნის დროს უარყო ყოველგვარი ისტორიული უფლება საზღვარზე. ქართველ ხალხთან შედარებით უპირატესობა მისცა ოსი ხალხის ინტერესებს. გაითვალისწინა რა ცხინვალის მნიშვნელობა ს/ოსეთისათვის, 1921 წლის 17 ნოემბერს დაადგინა შექმნილიყო ს/ოსეთის ა/ოლქი, ცენტრი ქ. ცხინვალში. ამას ადასტურებს ის მრავალრიცხოვანი მიმართვები, რაც საქართველოს საბჭოთა მთვრობას ხშირად მისდიოდა ცხინვალში მცხოვრები ქართველებისაგან. რევოლუციურმა მთავრობამ ქართველი ხალხის გულისწყრომას ქართული სოფლების სამხრეთ ოსეთის ა/ოლქში მოქცევის შესახებ უპასუხა მაღალი დონის „აგიტაცია-პროპაგანდით“. არ გაიზიარა ქართულ სოფლებში მცხოვრებლების ინტერესები და შესაძლებლად ცნობა გაევლო სასაზღვრო ზოლი ს/ოსეთსა და გორის მაზრას შორის, ცხინვალისა და სოფლის ერგეთის ზევით, რის გამოც ს/ოსეთის შემადგენლობაში, ცხინვალის გარდა, მოექცა ქართული სოფლები: დგვერისი, თამარაშენი, აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ქემერთა, ზარცემი, სკვეთი და ხეითი.
ყურადღებას იპყრობს განმარტება „ოსეთის ავტონომიური ერთეულის შესახებ“, სადაც ქართველი ერის პრეტენზიები ცხინვალისა და სხვა ქართული სოფლების ს/ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე შეფასებულია, როგორც პროვოკაცია და მენშევიკების ბოროტი განზრახვა საბჭოთა მთავრობისათვის მახვილის ჩასაცემად. აღნიშნული იყო, რომ „ოსეთი თავისი ცხინვალით ავტონომიურ ოლქს წარმოადგენს. მაგრამ ის სავსებით შედის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში და არის მისი განუყოფელი ნაწილი. ქ. ცხინვალის საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში დაჟინებითი მოთხოვნილება სრული გაუგებრობით და საქმის ვითარების გაუთვალისწინებლობით არის გამოწვეული - აბსურდია მოთხოვნილების წამოყენება. მეორეს მხრივ, შეუძლებელი და დაუშვებელია ოსეთის ა/ოლქის არსებობა უცენტროდ, ცენტრს კი წარმოადგენს ცხინვალი. მისი მოგლეჯა ოსეთის ავტონომიური ერთეულისაგან ყოვლად შეუძლებელია. ეს ფრიად შეაფერხებს საბჭოთა აღმშენებლობის საქმეს ადგილობრივ. ამიტომ ცხინვალი უსათუოდ უნდა დარჩეს ა/ოსეთის ფარგლებში“. კომენტარი ზედმეტია! საქართველოს რევოლუციური მთავრობა, რომელიც „იღწვოდა“ ერთა თვითგამორკვევის ფართო უფლებების მინიჭებისათვის, არად დაგიდევთ ქართველი ხალხის აზრს, მათ სურვილს და „სჩუქნის“ ოსეთს ცხინვალს, იქ მცხოვრები ქართველი და სხვა ერების წარმომადგენლებითურთ მხოლოდ იმიტომ, რომ ოსეთს ცენტრი სჭირდება, რომ არ დაზარალდეს „საბჭოთა აღმშენებლობის საქმე“. საინტერესოა, რამდენად გამართლებულია ერთი ერის თვითგამორკვევა არა საკუთარ სამშობლოში, არამედ მეორე ქვეყნის მკვიდრი და ძირძველი მოსახლეობის ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე?
საქართველოს რევოლუციური მთავრობა ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნას უპირისპირებს იდეოლოგიასა და აგიტაცია-პროპაგანდას და ცდილობს, შთააგონოს ცხინვალის ქართველებს, რომ ის თანაბრად იცავს „ყველა ერის“ ინტერესებს... ცდილობს, ჩამოუყალიბოს მათ ნდობა ხალხის იმ უმცირესი ნაწილის მიმართ, რომელიც დღენიადაგ იღწვოდა საქართველოდან გამოყოფის და ჩრდილოეთ ოსეთთან მუდმივი კავშირის დამყარებისათვის.
სამხრეთ ოსეთის ა/ოლქის შექმნის შესახებ საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საკანონმდებლო წესით ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ.
საქართველოს სსრ 1922 წლის კონსტიტუცია (მიღებულ იქნა 2 მარტს) გაკვრით ეხებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს - პირველი მუხლის შენიშვნაში აღინიშნა, რომ რესპუბლიკის შემადგენლობაში „ნებაყოფლობითი თვითგამორკვევის საფუძველზე შედის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“.
სამაგიეროდ, 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტი აზუსტებდა ავტონომიური ოლქის პოლიტიკურ და სტრატეგიულ სტრუქტურას. ამ დეკრეტით იქმნებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორც საქართველოს სოც. საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი; ოლქის ცენტრად გამოცხადდა ქ. ცხინვალი.
საქართველოს სსრ 1927 წლის კონსტიტუციამ უფრო დაწვრილებით განსაზღვრა ავტონომიური ერთეულების სტატუსი საქართველოს ფარგლებში და მათი დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სასაზღვრო ცვლილებებს - მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ცვლილებები, სავსებით და მთლიანად შედიოდა სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობის გამგებლობაში, არც ერთ სხვა ორგანოს სრულად საქართველოს მასშტაბით ამის უფლება არ ჰქონდა. ყრილობა ცაკ-თან ერთად განაგებდა რესპუბლიკის საერთო ადმინისტრაციული დაყოფის საკითხებს და აწესებდა ავტონომიური ერთეულებისათვის საზღვრებს; საქართველოსა და ავტონომიურ ერთეულებს (მათ შორის სამხრეთ ოსეთს) შორის კონსტიტუციურ, სამართლისა და ეროვნული პოლიტიკის საკითხებზე უთანხმოება საბოლოოდ წყდებოდა სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობაზე ან ცაკ-ის მიერ.
რაც შეეხება ოლქისა და საქართველოს სსრ ნორმატიული აქტების ძალის თანაფარდობას, კონსტიტუციის თანახმად, სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობას ან მის ცაკს შეეძლო გაეუქმებინა ან შეენარჩუნებინა ოლქის საბჭოების ყრილობის ან მისი ცაკ-ის ყველა დადგენილება.
საქართველოს სსრ კანონები და სხვა ნორმატიული აქტები სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი.
აღსანიშნავია, რომ 1937 წლამდე, როდესაც მიღებული იქნა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ურთიერთობა საქართველოსთან განისაზღვრებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს 1927 წლის კონსტიტუციით და მის საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო აქტებით. როგორც სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია, ისე ა/კ რსფსრ კონსტიტუციაც უშუალოდ არ არეგულირებენ ავტონომიური ერთეულების სტატუსს, ეს ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების საშინაო დამატებაში შედიოდა.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის მონაწილეობას სსრ კავშირისა და ა/კ ფედერაციის ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში, მისი წარმომადგენელი შედიოდა სსრ კავშირის ცაკ-ის ეროვნებათა საბჭოში, ხოლო, ა/კ სფსრ ცაკ-ის, მისი პრეზიდიუმისა და სხვა ორგანოების მუშაობაში ოლქის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სათათბირო ხმის უფლებით.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულმა დაყოფამ გარკვეული ცვლილება განიცადა დაწყებული 1922 წლიდან.
1929 წლიდან, საქართველოს დარაიონებასთან დაკავშირები, ოლქი დაიყო სამ რაიონად - ჯავის, ცხინვალისა და ახალგორის. 1931 წლიდან მათ დაემატა ყორნისის რაიონი, რომელიც შემდგომ ზნაურის რაიონად იქნა წოდებული, ხოლო ახალგორის რაიონი - ლენინგორის რაიონად.
სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციამ არა მარტო აღიარა ავტონომიური ოლქების სტატუსის ერთგვარობა, არამედ გააფართოვა მათი უფლებები, მკვეთრად გამიჯნა ეს სტატუსი ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისაგან. გაიზარდა ავტონომიური ოლქების წარმომადგენლობა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში. თუ მანამდე მოკავშირე რესპუბლიკის ფარგლებში ავტონომიური ოლქის შექმნა მხოლოდ ამ რესპუბლიკის კომპეტენციაში შედიოდა და სსრკ-ის არავითარი სანქცია საჭირო არ იყო, 1936 წლის კონსტიტუციით ავტონომიური ოლქის შექმნა უნდა დამტკიცებულიყო სსსკ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ.
სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს სსრ 1937 წლის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის ძირითადი განმსაზღვრელი დებულებანი.
კონსტიტუციის მე-7 თავი საკმაოდ დეტალურად ჩამოთვლიდა ავტონომიური ოლქის ხელისუფლების საოლქო ორგანოებს, განსაზღვრავდა მათ კომპეტენციას, აწესებდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო და სასოფლო ორგანოების შექმნა უნდა ხდებოდეს კონსტიტუციის მე-8 თავის საფუძველზე, რომელიც ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს შეეხება, განსაზღვრავდა ოლქის მართლმსაჯულების სისტემას და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ ფართო უფლებებისა, რომლებიც ეძლეოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, ოლქის საზღვრების დაწესების და შეცვლის საკითხი წყდებოდა საქართველოს სსრ ორგანოების მიერ, რისთვისაც საჭირო არ იყო თვით ოლქის თანხმობა. სსრკ-ის კომპეტენციაში შედიოდა მხოლოდ ახალი ავტონომიური ოლქის შექმნის დამტკიცება, რასაკვირველია რესპუბლიკის წარდგინების საფუძველზე.
მიუხედავად ამისა, მაინც აშკარად ჩანს საკავშირო ხელისუფლების წადილი, გათიშოს მოკავშირე რესპუბლიკისაგან ავტონომიური ოლქები, უშუალოდ დაუკავშიროს ცენტრს, მიითვისოს მათი სტატუსის გარანტიის უფლება.
ხელშეკრულება სსრკ-ის შექმნის შესახებ იმ ვარიანტში, რომელიც მიღებული იქნა სსრკ-ის საბჭოების I ყრილობის მიერ 1922 წლის 30 დეკემბერს, ითვალისწინებდა მხოლოდ ერთპალატიანი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შექმნას: ყრილობა ირჩევდა სსრკ-ის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებიდან - ყოველი მათგანი მოსახლეობის პროპორციულად, სულ 371 წევრის შემადგენლობით. მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, ი. სტალინის დაჟინებითი მოთხოვნით, შემუშავდა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ორპალატიანი ვარიანტის პროექტი, რომელიც დამტკიცდა, ისევე, როგორც ხელშეკრულების გადამუშავებული და გაფართოებული ტექსტი მთლიანად, სსრკ-ის ცაკ-ის მიერ 1923 წლის 6 ივლისს.
ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად ამიერიდან ცაკ-ი ორი პალატისაგან - საკავშირო საბჭოსა და ეროვნებათა საბჭოსაგან - შედგებოდა. თუ პირველის დაკომპლექტების წესი იგივე დარჩა, ეროვნებათა საბჭო შედგებოდა „მოკავშირე და ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან - იმ ვარაუდით, რომ თითოეულ რესპუბლიკაზე მოდიოდეს 5 წარმომადგენელი და რუსეთის სოც. ფედ. საბჭოთა რესპუბლიკის ავტონომიური ოლქების წარმომადგენელთაგან იმ ვარაუდით, რომ თითოეულ ოლქზე მოდიოდეს ერთი წარმომადგენელი“.
ამგვარად, ხელშეკრულება სსრკ-ის შექმნის შესახებ იმ ვარიანტში, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა, აიგივებდა მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობით სტატუსს რუსეთის ავტონომიურ რესპუბლიკებთან - 5-5. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამიერკავკასიის სოც. ფედ. საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სამ რესპუბლიკას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს - შეიცავდა, იმდენივე წარმომადგენელს ირჩევდა, რამდენსაც ბაშკირეთის თუ ყირიმის, თათრეთის თუ ყირგიზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
პრაქტიკულად დაიწყო მოკავშირე რესპუბლიკების ავტონომიზაციის პროცესი, არა მარტო ავტონომიურ რესპუბლიკებთან გათანაბრება, არამედ ავტონომიური ერთეულების მოკავშირე რესპუბლიკების სხეულიდან ამოგლეჯა და დაპირისპირება სსრკ-ის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ერთ-ერთ პალატაში, რომლის გარეშე საკავშირო საბჭო უძლური იყო რაიმე გაეკეთებინა. უბრალო არითმეტიკული გამოანგარიშება გვაძლევს შემდეგ შედეგს - ეროვნებათა საბჭოში 4 მოკავშირე რესპუბლიკას გააჩნდა 20 ადგილი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებს მიეკუთვნებოდა ორმოცი ადგილი.
ამრიგად, იმთავითვე ავტონომიურ ერთეულებს ეძლეოდათ საშუალება არა მარტო დაპირისპირებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკას, არამედ ჩაეშალათ ნებისმიერი საკითხის მიღება, თავის მხრივ კი, ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის მხარდაჭერით, შეეძლოთ ნებისმიერი საკითხის გადაჭრა. მართალია, შემდგომ მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლობა გაიზარდა, მაგრამ ავტონომიური ერთეულების ხვედრითი წონა საბჭოში მაინც დიდი რჩებოდა და რჩება. როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ 1923 წელს ავტონომიურ ერთეულებს მიეცათ მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტის შიგნიდან აფეთქების საშუალება, რაც ე. წ. „სუვერენული რესპუბლიკის“ კომპეტენციის აშკარა დარღვევა იყო. ეს პროცესი სწრაფად ვითარდება.
მაგრამ იმ დროს მოკავშირე რესპუბლიკების მთავრობები მორჩილად თანხმდებოდნენ უნიტარული ტენდენციების განმტკიცებაზე, ეროვნული ბრძოლის ხერხემალი გადატეხილი იყო უამრავი და საშინელი რეპრესიებით. საქართველო არ იყო გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, პირიქით, პარტია და მთავრობა ი. სტალინის ნების ყველაზე მორჩილ იარაღად იქცა თავისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. სსრ კავშირის 1977 წლის კონსტიტუცია, 1988 წლის ნოემბერში შექმნილი ცვლილებებით და დამატებებით ძალზე მოკლედ ეხება ავტონომიური ოლქების სტატუსს. სპეციალური თავი (II) სახელწოდებით: „ავტონომიური ოლქი და ავტონომიური ოკრუგი“ (მუხ. 86-88). განსაზღვრავს, რომ ავტონომიური ოლქი შედის მოკავშირე რესპუბლიკის ან მხარის შემადგენლობაში. ავტონომიური ოლქის შესახებ კანონს იღებს მოკავშირე რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საოლქო საბჭოს წარდგინებით. (მუხ. 86) კონსტიტუცია აფიქსირებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში (მუხ. 87).
იგივე გაკეთდა საქართველოს 1978 წლის კონსტიტუციის ტექსტის შემუშავებისას. იგი შეიცავს მოკლე თავს - „თავი 9 ავტონომიური ოლქი“, (მუხ 83) მაგრამ 1980 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება ავტონომიური ოლქების სტატუსში, რაც ოლქის ტერიტორიის სტატუსის ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსთან გაიგივებას ნიშნავდა.
1980 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“ - „სამხარეო საოლქო საბჭოების ავტონომიური ოლქებისა და ავტონომიური ოკრუგების სახალხო დეპუტატთა საბჭოების ძირითად უფლებამოსილებათა შესახებ“.
მუხლი მესამე განსაზღვრავდა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობილების საკითხებს“. აღსანიშნავია, რომ აქ პირველად გვხვდება დებულება: „ავტონომიური ოლქის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს თანხმობის გარეშე“. აქვე აღნიშნულია, რომ ოლქის საზღვრების შეცვლა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არ განიმარტება, რომელი კანონმდებლობით. მომდევნო პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ოლქის რაიონებისა და ქალაქების, დაბებისა და სხვა დასახლებული პუნქტების შექმნა-გაუქმება, სახელის დარქმევა და გადარქმევა, აგრეთვე ადმინისტრაციული ცენტრების დადგენა და გადატანა ხდება საქართველოს სსრ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ამგვარად, კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ თითქოს აღიარებს საქართველოს სსრ უფლებას, დააწესოს ოლქის საზღვრები, მაგრამ მითითება იმაზე, რომ ოლქის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს თანხმობის გარეშე, სინამდვილეში აუქმებს ამ უფლებას. აღსანიშნავია, რომ სსრ კავშირის კანონი, რომელსაც ეყრდნობა ეს აქტი, არ შეიცავს ასეთ მუხლს.
რაც შეეხება ახალი სასოფლო, სადაბო და სხვა ოლქის ადმინისტრაციული ერთეულებისა და ორგანოების შექმნას, საქართველოს სსრ კონსტიტუცია აკუთვნებდა ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს (დღეს ეს უფლება უზენაესი საბჭოს პრეროგატივაა) შემდგომ უფლებას: ადგენს და ცვლის ავტონომიური ოლქის რაიონულ დაყოფას, ქმნის ქალაქებს, რაიონებს, ქალაქებსა და ქალაქების რაიონებს, დაბებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს“. ამგვარად, 1980 წლის კანონი ეფუძნებოდა საქართველოს სსრ 1977 წლის კონსტიტუციის ამ მუხლს.
ძვირფასო მეგობრებო!
საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არნახული აზვირთების პირობებში საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში შეტანილ იქნა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებანი (1988 წლის 19 ნოემბერი).
ამიერიდან მხოლოდ საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს გააჩნია უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება „ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე“ (მუხ.104-32) და „განსაზღვროს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობილების საკითხთა გადაწყვეტის წესი“. (პ. 11).
ამგვარად, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 1980 წლის კანონთან შედარებით აძლიერებს რესპუბლიკის სუვერენიტეტს ავტონომიური ოლქის ტერიტორიის მიმართ და როგორც ძირითადი კანონი, უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს სსრ 1980 წლის კანონი და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი საბჭოს უფლებას - დამოუკიდებლად დასვას და გადაწყვიტოს საკითხი ავტონომიური ოლქის ტერიტორიის შეცვლის შესახებ.
ოლქის ზემოაღნიშნული გარდაქმნა მოასწავებს ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში და მაშასადამე, სათანადო ცვლილებას მის ეროვნულ-სახელმწიფო წყობილებაში. ეს საკითხი კი საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენციას განეკუთვნება. სახელდობრ, საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის ძალით „საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით ექვემდებარება... საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების შექმნა“ ... კონკრეტულად, საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებით აღჭურვილია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ეს გამომდინარეობს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან. ამ პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება რესპუბლიკის გამგებლობას. ამგვარად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად და მით უმეტეს სუვერენულ ერთეულად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს მოკლებული აქტია.
რა უფლებამოსილება გააჩნია ამ მხრივ სსრკ-ს? იგი მარტოოდენ ამტკიცებს მოკავშირე რესპუბლიკის შემადგენლობაში ახალი ავტონომიური ერთეულის შექმნას. ეს უფლებამოსილება ამჟამად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება.
აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი არსებითი გარემოება. საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისმება სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის წინაშე, თუკი მას დადებითად გადაწყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. რაც შეეხება რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უარს ასეთი ერთეულის შექმნაზე, იგი საქართველოს რესპუბლიკის და სსრკ-ის კონსტიტუციების ზემოხსენებული მუხლების მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებად ჩაითვლება და არც ერთ სხვა სახელმწიფო ორგანოში აღარ განიხილება.
რასაკვირველია, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ავტონომიური ოლქის ტრანსფორმაციას ავტონომიურ რესპუბლიკად. ასე მაგ. ტაჯიკეთის ავტონომიური რესპუბლიკა მალე მოკავშირე რესპუბლიკად იქცა.
ეს მოხდა რსფსრ-ის მთავრობის თანხმობით, რადგანაც აშკარა იყო ამ მოთხოვნის სამართლიანი ხასიათი. დღეს „სუვერენიტეტის აღლუმი“ დაიწყო - ავტონომიური რესპუბლიკები უფრო მაღალ სტატუსს იჩემებენ.
მაგრამ ოსები, რომლებიც შიდა ქართლში ცხოვრობენ, არ წარმოადგენენ ერს, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით, ეს ეროვნული უმცირესობაა, რომელსაც სათანადო სტატუსიც მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მას, როგორც წესი, მხოლოდ ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს. აი, როგორ განსაზღვრავს ეროვნულ უმცირესობათა სტატუსს საერთაშორისო პაქტი ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მუხ. 27): „იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ასეთ უმცირესობებს, არ შეიძლება უარი ეთქვას ამ უფლებებზე ამ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ, ეზიარონ თავის რელიგიას და შეასრულონ მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე ისარგებლონ თავისი კულტურით, მშობლიური ენით“. ამიტომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ავტონომია, რომელიც დაინერგა სსრ კავშირის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წყობილების ჩამოყალიბების პროცესში, ზოგიერთ შემთხვევაში ხელოვნურად ანიჭებდა ადმინისტრაციულ ავტონომიას ეროვნულ უმცირესობებს, რაც პრაქტიკულად ახდენდა მოკავშირე რესპუბლიკების ბალკანიზაციას, განსაკუთრებით ეს საქართველოს ეხება.
შიდა ქართლში მცხოვრებ ოსებს ეროვნული უმცირესობის სტატუსიდან გამომდინარე ვერ მიენიჭება ვერც ავტონომიური რესპუბლიკის, ვერც სხვა სახის სახელმწიფო წარმონაქმნის სტატუსი. ავტონომიური ოლქი, როგორც ამას საკმაოდ ავტორიტეტული წყარო აღნიშნავს, „არ არის სახელმწიფო, არამედ ეროვნულ-სახელმწიფო წარმონაქმნი ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის ფორმაა. ავტონომიური ოლქი ისეთი ოლქია, რომელიც განსხვავდება ყოფისა და ეროვნული შემადგენლობის თავისებურებებით და უშუალოდ შედის მოკავშირე რესპუბლიკის ან მხარის (რსფსრ-ში) შემადგენლობაში ავტონომიის საწყისებზე“. ავტონომიური ოლქი - ეროვნული წარმონაქმნია, რომელიც ჩვეულებრივად თავის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცხოვრებას მშობლიურ ენაზე აწარმოებს. ავტონომიური ოლქი ხელისუფლების ადგილობრივი ერთეულების რიცხვს მიეკუთვნება - მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ეროვნული ნიშნების გათვალისწინებით.
(Конституция СССР. Политико-правовой справочник. Москва, 1972. ამ წიგნის სარედაქციო კოლეგიაში შედიან ა. ლუკიანოვი, ვ. კუდრიავცევი, ბ. ლაზარევი).
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერთ შემთხვევაში ავტონომიური ოლქის სტატუსი ხელოვნურად ზღუდავს ერის თვითგამორკვევის უფლებას, მეორე შემთხვევაში ზუსტად ასახავს არსებულ მდგომარეობას, ხოლო მესამე შემთხვევაში აღემატება მასში მცხოვრები მოსახლეობისათვის მისანიჭებელი დასაშვები სამართლიანი იურიდიული ჩარჩოს ნორმებს.
ამდენად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობას არ შეიძლება ჰქონდეს იგივე თვითგამორკვევის უფლება, როგორც თავის ისტორიულ მიწაზე მცხოვრებ ერს ან ხალხს, თუნდაც ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ ოსებს. მათ მხოლოდ ვიწრო თავისებური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ. ასეთი ჯგუფების თვითგამორკვევის უფლება შეზღუდულია უმნიშვნელოვანეს საკითხში - თვითგამორკვევა არ შეიძლება ხელყოფდეს მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, ე.ი. მიდიოდეს გამოყოფამდე ან ავტონომიური სახელმწიფოს შექმნამდე, რადგანაც ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს არა ერის ისტორიულ მიწაზე, არამედ სხვა ერის ტერიტორიაზე, თუნდაც მრავალი წლის განმავლობაში. როგორც დავინახეთ, სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი სახის რესპუბლიკად გარდაქმნა შეუძლებელია არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ნებართვის გარეშე, არამედ იმიტომაც, რომ ასეთ მოთხოვნაზე თუნდაც საოლქო საბჭოს გადაწყვეტილების სახით არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
აქვე უნდა გაეცეს პასუხი - რამდენად შეეხება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს“ სსრ კავშირის ფედერაციის „რადიკალური განახლებით გამოწვეული ცვლილებები“, ანუ 1990 წლის 26 აპრილის კანონი „სსრ კავშირისა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სსრ კავშირის განვითარების მთელი ისტორია განიცდის არა მარტო უნიტარიზაციის ტენდენციას, რომელიც სულ უფრო და უფრო ზღუდავდა ე.წ. სუვერენული მოკავშირე რესპუბლიკების კომპეტენციას „ცენტრის“ სასარგებლოდ, არამედ იგი ხასიათდება აგრეთვე რესპუბლიკების „ბალკანიზაციით“ ე.ი. ავტონომიური ხვედრითი წონის გადიდებით „სუვერენული რესპუბლიკების“ ისტორიული მთლიანობის ხარჯზე.
რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების და ავტონომიური ოლქების ხალხებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც ერთ მათგანს არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა, ერთა თვითგამორკვევის თვალსაზრისით ჰქონდათ უფლება ესარგებლათ „რუსეთის ხალხთა უფლებათა“ დეკლარაციით (1917 წლის ნოემბერი) ნაბოძები თავისუფლებით. ბევრ მათგანს შეეძლო შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობაც კი, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მათ ირჩიეს რუსეთის ფარგლებში დარჩენა სხვადასხვა სახით. დღეს ზოგიერთმა მათგანმა მოითხოვა მიეღო სუვერენული რესპუბლიკების უფრო მაღალი სტატუსი. ეს რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეა და ჩვენ თავს ვიკავებთ ამ პროცესის შეფასებისაგან.
სსრ კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულების სუბიექტები, მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკებია, ნებისმიერი ავტონომიური წარმონაქმნის შექმნა სუვერენული მოკავშირე რესპუბლიკების საშინაო საქმეა, თუკი ის თვითონ არ გადაწყვეტს, აქციოს ეს საკითხი საკავშირო კანონმდებლობით რეგულირების საგნად.
რაც შეეხება ავტონომიური წარმონაქმნების სსრ კავშირის ფედერაციის თანასწორუფლებიან სუბიექტად გამოცხადებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი საკავშირო ხელშეკრულების დადებით, ისიც იმათთვის, ვინც თანხმდება შევიდეს ასეთ კავშირში.
ამგვარად, არსებული ნორმატიული აქტების თანახმად, 1922 წლის ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ და სსრკ-ს 1977 წლის კონსტიტუცია არ იძლევიან იურიდიულ საფუძველს ისეთი კანონების მიღებისათვის, რომლებიც მიაკუთვნებდნენ ავტომონიურ უფლებებს, გამოეყონ მოკავშირე რესპუბლიკას. - მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრის ოდნავი შეცვლაც კი დაუშვებელია ამ რესპუბლიკის თანხმობის გარეშე, ამიტომ როგორც სსრკ-ს კანონი - „სსრკ-დან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“, ასევე 26 აპრილის კანონი, უხეშად არღვევს მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტს, განსაზღვრულს, პირველ რიგში, 1922 წლის ხელშეკრულებით, ყველა მომდევნო კონსტიტუციით, სადაც დაფიქსირებულია მოკავშირე რესპუბლიკის სრული სუვერენიტეტი რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ავტონომიების მიერ დასახლებულ ტერიტორიაზე.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული კანონებიც მოკლებულია იურიდიულ საფუძველს, რის გამოც მათი მოქმედება არ იქნა დაშვებული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით ა.წ. 20 ივნისს.
შეიძლება თუ არა ავტონომიური ოლქის გაუქმება?! საქართველოს სსრ კონსტიტუცია 1989 წლის 18 ნოემბრამდე ითვალისწინებდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების შექმნას და შემდგომ წარდგენას სსრკ-ის სათანადო ორგანოში დასამატებლად. კონსტიტუციით 104-ე მუხლი ამ უფლებას რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული კომპეტენციის საგნად მიიჩნევდა. რაც შეეხება ავტონომიური ერთეულის გაუქმებას, მას კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა და თუკი ასეთი საკითხი დაისმებოდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ანალოგიის პრინციპით უნდა ეხელმძღვანელათ. ე.ი. ეკონომიკური წარმონაქმნის შექმნის წესის მსგავსად უნდა მოვქცეულიყავით.
მდგომარეობა შეიცვალა 1989 წლის 18 ნოემბრის ზემოხსენებული კანონის მიღების შემდეგ. ამ კანონმა ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლი. ამჟამად ამ მუხლში ახალი ავტონომიური ერთეულის შექმნაზე კი აღარ არის ლაპარაკი, არამედ მის ნაცვლად დადგენილია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება“. აღნიშნული მუხლი ახალი ავტონომიური ოლქის გაუქმებასაც მოიცავს, რადგან ეს არის ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების ერთ-ერთი საკითხი და საქართველოს სსრ, როგორც „სუვერენული სახელმწიფო“, უფლებამოსილია გადაწყვიტოს იგი.
ამრიგად, ავტონომიური ოლქის გაუქმების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა სსრკ-სა და საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციების ძალით შეუძლია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
ახლა გასარკვევია სსრკ-ს უფლებამოსილება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
საკავშირო კონსტიტუცია სსრკ-ს გამგებლობას განაკუთვნებს მოკავშირე რესპუბლიკების გამგებლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების დამტკიცებას. რაც შეეხება ავტონომიური ერთეულების და, მათ შორის ავტონომიური ოლქის გაუქმების დამტკიცებას, ამას სსრკ-ს კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს.
სსრკ-ს კონსტიტუციის 108-ე მუხლის მეორე პუნქტი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობის განსაკუთრებულ კომპეტენციად მიიჩნევს გადაწყვეტილებათა მიღებას ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე, რომლებიც სსრკ-ს გამგებლობას განეკუთვნება. ავტონომიური ოლქის გაუქმების საკითხი მოკავშირე რესპუბლიკასთან ერთად სსრკ-ს კომპეტენციასაც მიეკუთვნება, ვინაიდან საკავშირო კონსტიტუციის მე-11 თავის 27-ე მუხლში სახელდებითაა ჩამოთვლილი ყველა ავტონომიური ოლქი, რომელიც კი არის მოკავშირე რესპუბლიკებისა და მათ შორის, საქართველოს შემადგენლობაში. მაშასადამე, ავტონომიური ოლქის გაუქმების შემთხვევაში იცვლება სსრკ-ს კონსტიტუციის 87-ე მუხლი, საკავშირო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა კი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება.
ამგვარად, უდავოა, რომ ავტონომიური ოლქის გაუქმება შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკისა და სსრკ-ს ერთობლივი გამგებლობის საგანია. მას შემდეგ, რაც მოკავშირე რესპუბლიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ, საჭიროა სათანადო ცვლილებების შეტანა სსრკ-ს კონსტიტუციაში. სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობა საკითხის განხილვისას დაეთანხმება ან არ დაეთანხმება მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებას ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ.
პირველ შემთხვევაში საკითხი ამოწურულად, საბოლოოდ გადაწყვეტილად ჩაითვლება.
მეორე შემთხვევაში წარმოიშობა კოლიზია მოკავშირე რესპუბლიკისა და სსრკ-ს გადაწყვეტილებებს შორის. ასეთ ვითარებაში კანონის ლოგიკურ-ისტორიული ახსნა-განმარტებების მიხედვით უპირატესობა მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს.
საქმე ისაა, რომ მოკავშირე რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა, როგორც ამას სსრკ-ს კონსტიტუცია ამტკიცებს. ასეთი სახელმწიფო თვითონ უნდა განსაზღვრავდეს თავის ეროვნულ-სახელმწიფო პრობლემას. ამ სფეროს საკითხების გადაწყვეტა მისი საშინაო საქმეა და აქ სხვების უნებართვო ჩარევა დაუშვებელია. სწორედ ასეთი წესი მოქმედებდა საბჭოთა ეროვნულ სახელმწიფო მშენებლობის ადრინდელ პერიოდში. სსრ კავშირის შექმნის შემდეგაც მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებლად თვითონ წყვეტდნენ საბოლოოდ თავიანთი ავტონომიური ერთეულების შექმნისა თუ გაუქმების საკითხებს. საკავშირო ორგანოები ამ საქმეში ვერ ჩაერეოდნენ, ვინაიდან ასეთი უფლება მოკავშირე რესპუბლიკებს სსრ კავშირისათვის არ გადაუციათ. მას არ ითვალისწინებს ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ. იგი არც სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუციით არ იყო დაკანონებული. სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია ავტონომიურ ერთეულებს მხოლოდ საკავშირო ორგანოში მათი წარმომადგენლობის საკითხთან დაკავშირებით ეხებოდა.
მდგომარეობა შეიცვალა 1936 წელს, როდესაც სსრ კავშირის მე-2 (სტალინურმა) კონსტიტუციამ სსრ კავშირის გამგებლობას მიაკუთვნა მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების შექმნის დამტკიცება. ეს წესი შეინარჩუნა სსრ კავშირის 1977 წლის კონსტიტუციამაც და როგორც უკვე ითქვა, ამჟამადაც მოქმედებს. მაგრამ იგი მართებულად ვერ ჩაითვლება, რადგანაც უსაფუძვლოდ ზღუდავს მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს, ეწინააღმდეგება ფუძემდებელ აქტს - ხელშეკრულებას სსრ კავშირის შექმნის შესახებ, რომელიც დღესაც ძალაშია საბჭოთა კავშირისათვის და თავისი იურიდიული ბუნებით საკავშირო კონსტიტუციაზე მაღლა დგას (თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკისათვის არც ეს ხელშეკრულებაა სავალდებულო). საქართველოს ისტორიის დამახინჯებამ ხელი შეუწყო ანტიქართული პროპაგანდის შეუზღუდავ გავრცელებას, ისტორიული და თანამედროვე სინამდვილის გაყალბებას. ოლქის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს ამ კუთხის რეალურ ვითარებაზე. ცხინვალის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის 32 ლექტორ-მასწავლებლიდან ქართველია მხოლოდ 1, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ქართული სკოლების მასწავლებელთა გადამზადების საქმეში.
ამჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ფუნქციონირებს 145 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 47 - ქართულია, 36 - ოსური, 5 - რუსული, 3 - ქართულ-ოსური, 3 - ქართულ-რუსული, 45 - რუსულ-ოსური, 6 - ქართულ-რუსულ-ოსური.
აქვე უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებობს ორი ტიპის სკოლა: პირველი - სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მხოლოდ ოსური ენა და ლიტერატურა ისწავლება ოსურად, ხოლო დანარჩენი საგნები - რუსულად; მეორე - სადაც დაწყებით კლასებში (I-IV) ყველა საგანი ოსურ ენაზე ისწავლება, ხოლო V კლასიდან მხოლოდ ოსური ენა და ლიტერატურა ისწავლება ოსურად, დანარჩენი საგნები - რუსულად. ამ ტიპის არც ერთ სკოლაში ქართული ენა საერთოდ არ ისწავლება. ე.ი. ავტონომიური ოლქის 145 სკოლიდან 90-ზე მეტ სკოლაში პრაქტიკულად (ფაქტობრივად) რუსული სწავლებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ე.წ. ოსურ სკოლაში სწავლება ხდება რსფსრ-ში არსებული ანალოგიური სკოლის პრინციპებით, ანუ სავსებით იგნორირებულია სუვერენული რესპუბლიკის კონსტიტუციური მოთხოვნები. ყველაფერი ეს მიმართულია ოსი მოსახლეობის ძალდატანებითი გარუსებისაკენ, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს ოსური ინტელიგენციის აშკარა ტენდენციური (მეტი რომ არაფერი ვთქვათ) ნაწილი, ძირითადად პირადი ამბიციებით რომ ხელმძღვანელობს. აქვე გვინდა დავიმოწმოთ ცნობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომისათვის 1979-1989 წლებში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შესახებ. ათ წელიწადში დამატებითი თანხების რაოდენობამ შეადგინა 10.099.300 მანეთი.
ძვირფასო მეგობრებო!
აი, ასეთია ზემოხსენებული კომისიის ძირითადი დასკვნები.
რამდენიმე მაგალითი:
1989 წლის აღწერის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 29 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 66,2 პროცენტს ოსები. ოლქის პარტიულ აპარატში 1990 წლის მონაცემებით 140 კაციდან ქართველია 34, ოსი - 85. თვით პარტიის საოლქო კომიტეტის აპარატში 37 კაციდან ქართველია მხოლოდ 6, ოსი - 29.
სახელმწიფო აპარატში 227 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 176, ქართველებს - 49.
მომსახურების სფეროში - 2408 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 1500, ქართველებს - 631.
ვაჭრობის სფეროს 226 საშტატო ერთეული ასე ნაწილდება: ოსი - 174, ქართველი - 32.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა შემადგენლობა შემდეგ სურათს იძლევა: ოლქში სულ არის 109 კლუბი, 153 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი, სამხატვრო სასწავლებელი, 2 სამხატვრო სკოლა, 1 სამუსიკო სასწავლებელი და 2 სამუსიკო სკოლა, ოსური და ქართული დრამატული თეატრები, სამხატვრო-საგამოფენო გალერეა და სხვ. ოლქის კულტურის სამმართველოს უფროსი და ხუთივე რაიონული განყოფილების გამგე ეროვნებით ოსია. ასევე, ცხინვალის სამუსიკო და სამხატვრო სასწავლებლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის გამგეები ოსებია. საერთოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურის ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალური, საკონცერტო და სანახაობითი ორგანიზაციების ნომენკლატურულ მუშაკთა 77,5 პროცენტს ოსი ეროვნების წარმომადგენლები შეადგენენ.
სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობას არსებითად არა აქვს შესაძლებლობა განავითაროს ქართული კულტურა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თავისუფლად გამოიყენოს თავისი დედაენა, რომელიც რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა. ხდება აშკარა დევნა ქართული კულტურისა, ქართული ისტორიული ძეგლების უხეში ხელყოფა, ოდინდელი ქართული ტოპონიმების ხელოვნური დამახინჯება ან გადარქმევა. ნიშანდობლივია, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არ მოიპოვება ოსური კულტურის არც ერთი ისტორიული ძეგლი და ტოპონიმია ქართულია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არავითარი პირობა არამცთუ კულტურული ძეგლის შემდგომი განვითარებისა, არამედ ისტორიულად არსებული ძეგლების სრულყოფილი შესწავლისა. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თემატიკაში საერთოდ არ არის ასახული სწავლება ქართული ენისა.
ამგვარად, ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ კოლიზიურ ვითარებაში უპირატესობა მოკავშირე რესპუბლიკის მხარეზეა. ასე რომ, სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებამ თავისი ავტონომიური ერთეულის გაუქმების შესახებ აუცილებლობად უნდა გამოიწვიოს საკავშირო კონსტიტუციის 87-ე მუხლის სათანადო ადგილის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უსაგნო სინამდვილესთან შეუსაბამო ნორმად იქცევა საკავშირო კონსტიტუციის თვალსაზრისით. მაგრამ ამგვარი ცვლილებები კიდევაც რომ არ განხორციელდეს, საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება მაინც ძალაში დარჩება. ავტონომიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრიობამ ვითარების გამწვავება რესპუბლიკის ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხს დაუკავშირა. უნდა ეთქვათ, რომ მას ალღომ არ უმტყუნა. ეს ორი საკითხი მართლაც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ალბათ არ ყოფილა ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივების ანალოგიური შემთხვევები. ამაში დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ტრადიციული ეროვნულ-სახელმწიფო წყობილება. იგი შეესაბამებოდა ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანთა ინტერესებს, უზრუნველყოფდა მათ ნორმალურ მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი გასცდა ლოკალურ ფარგლებს და უკვე აშკარა ხდება, რომ საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის საერთო ეროვნულ ინტერესებს. ეს გარემოება სერიოზულად აფიქრებს ყოველ ქართველს. ბუნებრივია, იგი აწუხებს აგრეთვე საქართველოში მოსახლე ყველა ეროვნებას.
შექმნილი სიტუაციის ანალიზის დროს არ შეიძლება დავივიწყოთ სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის არსი და კულტურული ასპექტები ამ ურთულესი პრობლემისა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნამ შელახა ისტორიული სამაჩაბლოს, საფალავანდოსა და ქსნის საერისთავოს ქართველი მოსახლეობის ინტერესები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში „ეროვნულ უმცირესობად“ იქცნენ. ავტონომიურ ოლქში 1929 წელს შედგენილ ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში პირდაპირაა ნათქვამი, რომ „სამხრეთ ოსეთში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ ქართველები, სომხები, ებრაელები, რუსები და სხვა“.
ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში დღესაც სავალალოა. ავიღოთ თუნდაც სამხრეთ ოსეთში განხორციელებული საკადრო პოლიტიკის საკითხი. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველი მოსახლეობის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პარტიულ, საბჭოთა და სამეურნეო აპარატში უფრო მცირეა, ვიდრე ეს მას ოლქის მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობის მიხედვით ერგება, რითაც ეს ოლქი ატარებს ოსური ეროვნების მოსახლეობის აშკარა ეთნოკრატიის ნიშნებს. დავიმოწმოთ: 1921 წლის ბოლშევიკურმა ანექსიამ მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ქვეყანა კომუნისტურ-ტოტალიტარული იმპერიის ნაწილად აქცია. გასაბჭოების პირველი დღეებიდანვე დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ერთი მესამედი ჩვენი ტერიტორიისა დაურიგდა მეზობელ ქვეყნებს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიებზე აღმოცენდნენ უკანონო ავტონომიები, რომელნიც დღემდე მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს.
საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოვლად მიუღებელია ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ რაიმე ავტონომიური ერთეულების წარმოქმნა მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ნების გაუთვალისწინებლად, ყოველგვარი რეფერენდუმისა თუ პლებისციტის გარეშე ამ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის დათმობა უცხო, არააბორიგენული მოსახლეობისათვის ავტონომიების შესაქმნელად. ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე დამპყრობელი ბოლშევიკური იმპერიული ხელისუფლების მიერ უკანონო ავტონომიების შექმნა უნდა განვიხილოთ, როგორც საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმების დარღვევა და საერთაშორისო დანაშაული.
ეს ყოველივე კარგად ჩანს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის მაგალითზე, როდესაც ისტორიული სამაჩაბლო, საფალავანდო და ქსნის საერისთავო ჯერ გამოცხადდა სამხრეთ ოსეთად, ხოლო შემდეგ შეიქმნა ოლქი ქართული მოსახლეობის ნების გათვალისწინების გარეშე. ტრადიციული ქართული ტოპონიმები დამახინჯდა და ახალგორს ეწოდება ლენინგორი, ყორნისს - ზნაური და სხვ.
1975 წელს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის დაიდო ჰელსინკის ხელშეკრულება, რომლის დასკვნითი აქტი ყურადღებას ამახვილებს ჰუმანიტარულ საკითხებზე და განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე. კერძოდ, VII პარაგრაფში ნათქვამია: „მონაწილე სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზე არიან ეროვნული უმცირესობანი, პატივისცემით მოეკიდებიან კანონის წინაშე ასეთ უმცირესობათა წარმომადგენელ პირთა თანასწორობის უფლებას, მიანიჭებენ მათ სრულ შესაძლებლობას, ნამდვილად ისარგებლონ ადამიანის უფლებებით და ძირითადი თავისუფლებებით და ამრიგად დაიცავენ მათ ინტერესებს ამ სფეროში“. მართალია მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოში მცხოვრები ოსები ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, იგივეს ვერ ვიტყვით ცალკეულ რაიონებზე, კერძოდ, შიდა ქართლზე, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, სადაც სწორედ ქართველები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას, ისტორიული ბედუკუღმართობის წყალობით. ეს აღნიშნულია თვით ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1929 წელს შედგენილ ერთ-ერთ მოხსენებით ბარათშიც. ასე რომ, ქართველთა უფლებების დარღვევა, ჩაგვრა და დისკრიმინაცია ამ რეგიონში წარმოადგენს სწორედ ეროვნული უმცირესობის უფლებების ხელყოფას და უნდა განიხილებოდეს, როგორც დარღვევა ჰელსინკის ხელშეკრულებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ოსი მოსახლეობის უფლებებს კი არავინ არღვევს, მათ არავინ ჩაგრავს, მათ ეროვნულ ღირსებას არავინ შეურაცხყოფს.
ვინაიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული გარდამავალი პერიოდის ძირითადი მიზანია ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რომელიც დაირღვა ანექსიის შედეგად, როდესაც შიდა ქართლში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ავტონომია, როგორც შედეგი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის განუკითხავი ძალმომრეობისა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენის ღრმა რწმენით, ისტორიულ შიდა ქართლში დღეს ეროვნულ უმცირესობად ქცეული ქართული მოსახლეობის უფლებათა დაცვის სრული და საიმედო გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ სრული გაუქმება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა, რათა თავიდან ავიცილოთ ხელყოფა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის შემდგომი გამწვავება ამ რეგიონში, რასაც მიზნად ისახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნა და ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარება. ამის გამო ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვაყენებ საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სრული გაუქმების შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამით დაკმაყოფილდება შიდა ქართლისა და სრულიად საქართველოს მოთხოვნა, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა. ამასთან უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ ყოველმხრივ გარანტირებული იქნება შიდა ქართლის ოსური მოსახლეობის უფლებათა დაცვა, ოსური ენის ყოველმხრივი განვითარება, ოსური სკოლების შენარჩუნება, ფართო კულტურული ავტონომია.
მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ შესაბამისი საკონსტიტუციო შესწორებების პარალელურად.
გაუმარჯოს ერთიან განუყოფელ დამოუკიდებელ საქართველოს!“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№5-6, გვ. 1-3; 12 დეკემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.
მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე - ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“ და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“.
4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.
ცნობილ იქნას ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თობაზე.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
- განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების აღსაკვეთად;
- შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.
7. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ხელყვეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, და ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.
8. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი , 1990 წლის 11 დეკემბერი.
გაზ. „თვალთაი“|№15 (56), გვ. 1; 16-22 აპრილი, 1997 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1990 წლის 15 დეკემბერს
მე დიდი ხანია არ გამოვსულვარ ტელევიზიით და ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები; მსურს გესაუბროთ უკანასკნელ ხანებში საქართველოში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენ გავაუქმეთ ეს უკანონო ავტონომია, მაგრამ ამას მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია ცენტრისა და თვით ადგილობრივი სეპარატისტებისა. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერთიანი შეთანხმებული მოქმედება, რომ ჩვენს მიერ სიტუაციის ნორმალიზაცია და რეგულირება მოხდეს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალზე სასიხარულოა ცალკეული, ჩემთან ოპოზიციაში მყოფი პარტიების წარმომადგენელთა სასიკეთო შემობრუნება და გარკვეული გაგება ამ მოვლენებისა, დადებითი შეფასება. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, მაგრამ ვთხოვ მათ, რომ ბოლომდე გაერკვნენ სიტუაციაში და ზოგიერთი უარყოფითი შეფასება ამის შემდეგ გააკეთონ. აი, მაგალითად იყო გუშინ გამოსვლა ეროვნულ-დამოუკიდებელი პარტიის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი წერეთლის. მან პოზიტიურად შეაფასა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თქვა, თითქოს ჩვენ აქ შევიყვანეთ შინაგანი ჯარები, დავნიშნეთ რუსი კომენდანტი და ა.შ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს მეგობრებო. სინამდვილეში, ეს ჯარები იქ იყო. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ჯარი საქართველოში ჩვენ არ შემოგვიყვანია. ის სერგო ორჯონიკიძემ და სტალინმა შემოიყვანეს თავის დროზე და ამჟამად ამ საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით მინდა ვიმოქმედოთ ერთობლივად, კონსტრუქციულად და არა ცალ-ცალკე, არა რაღაც არაკონსტრუქციული წინადადებების წამოყენებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ჯარი სამაჩაბლოში იყო, ოდნავ გაიზარდა მხოლოდ კონტინგენტი და რუსი კომენდანტი არავის დაუნიშნავს. პირიქით, როდესაც ხსენებული პიროვნება გუშინ გამობრძანდა ტელევიზიით, უკვე დანიშნული იყო ქართველი შალამბერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რამაც გამოიწვია უმწვავესი რეაქცია ცხინვალში. სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა მიტინგი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შალამბერიძის გადაყენებას კომენდანტობიდან და, რასაკვირველია, თავიანთი კანდიდატურის დანიშვნას. ამასთან, ცხინვალის ე.წ. ახალშეკოწიწებულმა მთავრობამ, ოსეთის ე.წ. საბჭოთა რესპუბლიკამ გააგზავნა ტელეგრამა საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრ პუგოსთან, რომელშიც მოითხოვდნენ მათი ე.წ. მინისტრის კოჩიევის დანიშვნას სამხედრო კომენდანტად, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც, რასაკვირველია, ჩვენ ვიყავით და ამიტომ, თავიდან პირობითად ითქვა, რომ უნდა დანიშნულიყო პუზირნი. ეს იყო შინაგანი ჯარების რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენ არც ამას დავეთანხმეთ და დავნიშნეთ შალამბერიძე. ამან ძალზე მწვავე რეაქცია გამოიწვია თვით ადგილობრივი სეპარატისტების მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ არ შეიცვალოს ეს კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში, არაქართველით. ჩვენ მას არ შევცვლით. ჩვენ ახლა ვიბრძვით ცენტრთან, თუ შეიძლება ითქვას, კონსტიტუციური ომია ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ ლუკიანოვის ამასწინდელი განცხადება. მან ბრალი დაგვდო კონსტიტუციურ შეტევაში, თითქოს ჩვენ გადავედით შეტევაზე საბჭოთა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ საბჭოთა კონსტიტუციას თავის ფარგლებში არ ვეხებით, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია. ასეთია ჩვენი პოზიცია. მაგრამ ისინი უძახიან კონსტიტუციურ შეტევას საბჭოთა კონსტიტუციაზე. დაუკვირდით ამ ტერმინებს, ე.ი. ფაქტობრივად, დაწყებულია კონსტიტუციური ომი სამაჩაბლოს საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ დროს ჩვენ გვინდა გაგება, მხარში ამოდგომა და არა შეძახილებით და წამოძახებებით ხელის შეშლა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანია სამაჩაბლოში დაქვემდებარებული შინაგანი ჯარები დაუქვემდებარდეს ჩვენს მიერ დანიშნულ ქართველ კომენდანტს და აგრეთვე ჩვენს უზენაეს საბჭოს. და თუ ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით, მაშინ ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, ვართ ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის ორგანიზაციებისათვის მოწოდებული ინსტიტუტი. ჩვენ ყოველნაირ საპროტესტო აქციებით, გამოსვლებით ვაიძულებთ ცენტრს, რომ ანგარიში გაუწიოს ჩვენს მოთხოვნებს და დაგვიქვემდებაროს შინაგანი ჯარები ან საერთოდ გაიყვანოს სამაჩაბლოდან. აი, ასეთი არის ჩვენი პოზიცია. ეს მოგვცემს საშუალებას ქართული მილიციის შეყვანისას და სამაჩაბლოს მთლიანად გაკონტროლებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ. თუ ჩვენი ასეთი კონსტრუქციული და პოლიტიკური მეთოდებით მოქმედებამ არ გამოიღო შედეგი, მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე, რომ ჩვენ არავითარი საოკუპაციო ჯარი სამაჩბლოში არ შეგვიყვანია - ძალზე უხერხული და არაკომპეტენტური შეფასება იყო მოყვანილი - თითქოს ისე ვიქცევით, როგორც სააკაძე, როცა შემოიყვანა შაჰ-აბაზის ჯარი. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება ამის თქმა, რომ სააკაძემ ქართველების წინააღმდეგ შემოიყვანა ჯარი, ხოლო ჩვენ იქ არსებულ შინაგან ჯარს ვცდილობთ მივცეთ ისეთი მიმართულება, რომ მან დაიცვას წესრიგი და ამოიღოს იარაღი, რომელიც დიდი რაოდენობით აქვს სამაჩაბლოს ოს ექსტრემისტებს. ასეთი შედარება ყოვლად დაუშვებელია, ასე, რომ ძალიან გთხოვთ ჩაიხედოთ წინასწარ საქმეში, ვიდრე გააკეთებთ ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ტელევიზიით. შეისწავლონ როგორი ვითარებაა და შემდეგ გამობრძანდნენ, თუ რასაკვირველია, ჩვენი დახმარება უნდათ; თუ უნდათ, რომ საქართველოს სასიკეთოდ წარიმართოს ყოველივე. იყო აგრეთვე მეორე გამოსვლა. ზოგიერთი პიროვნება იქამდე მიდის, რომ ჩვენთან დაპირისპირებას ვეღარ ზომავს და აკეთებს საკმაოდ პროვოკაციულ განცხადებებს. ერთი დეპუტატი, მე არ მინდა დავასახელო, ამ დღეებში სერიოზულად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ რუსეთს, საბჭოთა კავშირს, ომი უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით სამაჩაბლოს გამო. ეს ყოვლად აღმაშფოთებელი განცხადებაა. მე ვიტყოდი, ეს ან შეგნებული პროვოკაციაა, ან მომიტევეთ და ასეთი ადამიანის კრიტიკის, ასე ვთქვათ, ნორმალურობაში, შეიძლება ეჭვის შეტანა.
ეს დეპუტატი სერიოზულად გვარწმუნებდა, და ის ბოლოს დიდ უმცირესობაში მოექცა - შეიძლება ითქვას, მთელ უზენაეს საბჭოს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ სამაჩაბლოში შემოღებულია კომენდანტის საათი ასეთი ფორმით. ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ფიზიკურად არ შეგვეძლო მაშინვე გამოყვანა შინაგანი ჯარისა, უნდა გამოგვეცხადებინა კომენდანტის საათი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ის შინაგანი ჯარიც, ოღონდ ჩვენდამი დაქვემდებარებაში. ასეთი არის ჩვენი გეგმა და თუ ჩვენ ეს ვერ შევასრულეთ, დაგეგმილი გვაქვს სხვა ღონისძიებები. ამჟამად არ ამოგვიწურავს საშუალებები პოლიტიკური ზემოქმედებისა. დღეს ჩამოდის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან და, ალბათ საბოლოოდ გადაწყდება ამ ჯარების საკითხი. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ჯარები აღმაშფოთებლად მოქმედებენ. ოს ექსტრემისტებთან ერთად დაუპირისპირდნენ ქართველებს, ჩხრეკენ მხოლოდ ქართველებს. გუშინ ამოუღეს იარაღი უზენაესი საბჭოს დაცვის წევრებს. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წევრი უზენაესი საბჭოს დაცვის, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი რევაზ ურიდია მოკლულია. იგი შესანიშნავი ვაჟკაცი და უერთგულესი პიროვნება იყო. ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. ჯერჯერობით ჩვენ დამნაშავეთა დაპატიმრების საშუალება არ გვაქვს. მდგომარეობა მოგვარდება. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვაიძულებთ ცენტრს, შეცვალოს თავისი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვაჩნია ზემოქმედების სხვა საშუალებები. ასეთია მდგომარეობა სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. კომენდანტის საათი არ მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ შინაგანმა ჯარმა ჩვენ დაუმორჩილებლობა გამოგვიცხადა. ჩვენი მითითებები არ სრულდება. ჯერჯერობით იმართება მიტინგები, ექსტრემისტები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან ჯარისკაცებთან ერთად და ქალაქში დადიან. ქალაქში დადიან აგრეთვე შეიარაღებული ბანდებით სავსე ნომერ მოხსნილი მანქანები. ისინი ჩხრეკენ ქართულ მოსახლეობას, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, არ დავუშვებთ და უახლოეს ხანში ეს მდგომარეობა შეიცვლება. ხოლო, რაც შეეხება საოკუპაციო ჯარს, ვისაც სურს საოკუპაციო ჯარის დროულად გაყვანა საქართველოდან, ხელი უნდა შეგვიწყოს ეროვნული არმიის შექმნაში, ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, ამისათვის შიმშილობები კი არ არის საჭირო ჩვენს წინააღმდეგ, არამედ არაოფიციალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა უნდა ჩაგვაბარონ იარაღი, ჩააბარონ სახელმწიფოს, ჩაგვაბარონ, რასაკვირველია, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
მართალია, იარაღი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გვჭირდება ეროვნული გვარდიისათვის. ჩაგვაბარონ ტექნიკა, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და გააუქმონ არაოფიციალური, კონტროლიდან გამოსული შეიარაღებული ფორმირებები. სამაჩაბლოში მილიციის დროულად შეყვანა იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ მილიცია იყო კონცენტრირებული აქ, თბილისში, როდესაც დაიწყო მხედრიონის პუტჩი და მათი შეიარაღებული შიმშილობა ოპერის ბაღში. ამან ძალზე დააბრკოლა აქტიურობა სამაჩაბლოში. ვინაიდან მთელი ყურადღება თბილისზე და შავნაბადაზე იყო გადმოტანილი, სადაც აგრეთვე შეგროვილნი იყვნენ ეს არაოფიციალური, შეიარაღებული დაჯგუფებები. იყო თბილისში პუტჩის მცდელობა, „პარადის“ მოწყობის მცდელობა და სხვა. ამან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს - სამაჩაბლოს კონტროლის ქვეშ აყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამის გათვალისწინებასაც ვთხოვთ ჩვენდამი დაპირისპირებულ ძალებს. დაისახა პერსპექტივა ურთიერთგაგების, პოზიციების დაახლოებისა და პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოთ, მეგობრებო. ყველა თქვენგანის საყურადღებოდ ვამბობ: თუ არ შეიქმნა ეროვნული არმია, ჩვენ სერიოზულად ვერ შევძლებთ საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხების დაყენებას. გარდა ამისა, დიდი საფრთხეც არის, თუ არ იქნა ქვეყანა დაცული. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნული არმიის, თავდაპირველად ეროვნული გვარდიის შესაქმნელად. მე მგონი ნათელია, რომ სხვა გზა ნამდვილად არ არის. ფეხების ბაკუნით, აქციებით საოკუპაციო ჯარს საქართველოდან ვერ გავიყვანთ, საჭიროა უფრო სერიოზული ზომების მიღება.
როგორც მოგახსენებთ, ვცდილობთ დავიქვემდებაროთ შინაგანი ჯარი, უწინარეს ყოვლისა, დავუქვემდებაროთ ჩვენს კომენდანტს. ამისათვის ჩვენ მშვიდი მდგომარეობა გვჭირდება. არ უნდა იყოს ჩვენთან შეუთანხმებელი აქციები და, რაც მთავარია, არ უნდა იყოს პარტიზანული მოქმედება სამაჩაბლოზე. მე მინდა განმეორებით ვთხოვო არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, შეიარაღებულ პიროვნებებს, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, რომ არ განმეორდეს ისეთი ტრაგედია, რომელიც მოუხდათ ხსენებულ პიროვნებებს, შესანიშნავ ახალგაზრდებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას კონტროლის გარეშე მოქმედებდნენ. უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. აი, ეს არის ჩვენი თხოვნა ყველას მიმართ. უნდა შეწყდეს ზოგიერთი დეპუტატის პროვოკაციული ბრალდებები რუსეთისათვის ომის გამოცხადების მოთხოვნით. ეს სიკეთეს არ მოუტანს საქართველოს, მეგობრებო, შეიძლება, ჩვენ ვიყოთ რაღაც ოპოზიციური ჟინით შეპყრობილი, ვცდილობდეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, დაპირისპირებას ვინმესთან და მის დისკრედიტაციას, მაგრამ საქართველო არ უნდა გადავაყოლოთ ამას. ჩვენი პირადი კინკლაობა, პირადი კონფლიქტები არ უნდა შეეხოს ეროვნულ ინტერესებს, არ უნდა შელახოს იგი. მე ყველას ამისკენ მოვუწოდებ, ვისაც ვგულისხმობ, მე მგონია თქვენ ხვდებით. ასე, რომ არ არის ახლა ურთიერთბრალდებების, ურთიერთდაპირისპირებების დრო. გავერთიანდეთ და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავერთიანდებით, მივაღწევთ ყოველივე იმას, რაც მიზნად გვაქვს დასახული.
ღმერთი არს ჩვენთან! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, განუყოფელ საქართველოს!“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№10, გვ. 1; 16 დეკემბერი, 1990 წ.].
ინტერვიუ
- რაიმე კონტაქტები თუ გქონიათ სსრკ პრეზიდენტთან?
- დიახ, ეპიზოდურად. იყო ტელეფონით საუბრები, გზავნილებათა ურთიერთგაცვლა. დინჯად, მშვიდად ვსაუბრობდით, მაგრამ გარკვეული უთნხმოება გვქონდა ზოგიერთ საკითხებზე. ამჟამად სასურველად არ მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი.
- სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა IV ყრილობაზე, რომლის მუშობაშიც სახალხო დეპუტატებიც მონაწილეობდნე, მეთვალყურედ გაიგზავნენ აგრეთვე თქვენი პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე. როგორ გამოხატავდით საკავშირო ყრილობაზე საქართველოს ამ ორმაგ მონაწილეობას?
- საქართველოს სსრ აღარ არსებობს. მისი სახალხო დეპუტატები ჯერ კიდევ არიან სსრკ უზენაესი საბჭოს შემადგენლობაში, მაგრამ ისინი ჩვენს წარმომადგენლებად არ მიგვაჩნია. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ყრილობაზე მეთვალყურეებად გაგზავნა ორი ჩვენი წარმომადგენელი, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან სიტყვას, თუ ყრილობაზე ვინმემ დაამახინჯა ჩვენი პოზიცია მთელ რიგ საკითხებში.
- საქართველომ წინათ ორმხრივი ხელშეკრულებები დადო ესტონეთთან და უკრაინასთან. ხომ არ აპირებთ უახლოეს ხანში ასეთივე ხელშეკრულება დადოთ რუსეთის სფს რესპუბლიკასთან?
- სულ მალე - დეკემბრის მიწურულს ან იანვრის დამდეგს - განზრახულია საქართველოში ბორის ელცინის ჩამოსვლა. ჩვენს წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ მასთან კონტაქტი და დათანხმდა. მე მგონია, რუსეთთან მოვახერხებთ თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას.
- როგორც კი აგირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინვე განაცხადეთ, რესპუბლიკაში ავტონომიები დარჩებაო, მაგრამ თქვენს წინანდელ დეკლარაციებს აშკარად ეწინააღმდეგება რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების თაობაზე...
- ოსმა სეპარატისტებმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს და კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნები მოაწყვეს. ამიტომ დავაჩქარეთ სამხრეთ ოსეთის ლიკვიდაცია, თუმცა თავდაპირველად ამას არ ვაპირებდით. მაგრამ ოსებმა თავიანთი მოქმედებით გადაგვადგმევინეს ეს ნაბიჯი.
- რა პოზიციას ადგახართ აფხაზეთის მიმართ?
- ამ შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკი ავტონომიის გაუქმებაზე, რადგან აფხაზეთიც საქართველოს აბორიგენული მოსახლეობაა.
- მაგრამ თუ აფხაზეთი მოინდომებს დარჩეს საბჭოთა რესპუბლიკად?
- ჯერ ვნახოთ. მაშინ შეიძლება ახლანდელი ავტონომიის ფორმები გადაისინჯოს, მაგრამ სრული ლიკვიდაცია, ჩემი აზრით, შეუძლებელია.
- უახლოესი ხანისთვის რომელი კანონების პროექტებს ამზადებთ?
- საკანონმდებლო აქტებს მოქალაქეობრიობაზე, მაგალითად, და კიდევ პრეფექტურაზე. რაც შეეხება მოქალაქეობრიობის კანონის პროექტს, აქ, რა თქმა უნდა, ისეთივე შეზღუდვები იქნება, როგორიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია, კერძოდ, იქნება ბინადრობის ცენზიც. მოქალაქეობრიობას ნამდვილად მხოლოდ ის მცხოვრებნი მიიღებენ, ეროვნების მიუხედავად, რომლებიც საქართველოში ანექსიამდე ცხოვრობდნენ.
- 1921 წლის ანექსიას გულისხმობთ?
- ეს საკითხი ჯერ არ დამიზუსტებია, მაგრამ შეიძლება 1801 წელიც კი მივიღოთ. ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ საქართველოს კანონიერი და უკანონო მოსახლეობა.
- თქვენ ცნობილი იყავით, როგორც ადამიანის უფლებათა დაცველი. დიდი ხნის მანძილზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფალთა მიმართ ოპოზიციაში ყოფნის დროს, საქართველოს ჰელსინკის კავშირს მეთაურობდით. ის, რასაც ახლა ამბობთ, ადამიანის უფლებათა დარღვევად არ ჩაითვლება?
- მაშინ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ადამიანის უფლებათა დამრღვევად უნდა გამოვაცხადოთ, რადგან მათთანაც არსებობს შეზღუდვები ბინადრობის ცენზის მიხედვით.
- მაგრამ ეს შეზღუდვები სულ რამდენიმე წლით განისაზღვრება.
- ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერი, თანაც ასეთ უბედურებაში ჩავარდნილი, ისეთ ცენზებს ვერ დაეთანხმება, როგორიც დიდ სახელმწიფოებშია შემოღებული, ჩვენ თავდაცვის მექანიზმი გვჭირდება.
გაზ. „კომსომოლსკაია პრავდა“, 20 დეკემბერი 1990 წ.“
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№13, გვ. 1; 21 დეკემბერი, 1990 წ.].
ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1990 წლის დეკემბრის თვეში მიღებულ იქნა სხვა სამართლებრივი აქტებიც. მათ შორის:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საგანგებო წესების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების დანიშვნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის პროექტის სახალხო განხილვის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის პროექტის სახალხო განხილვის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების აკრძალვის შესახებ;
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ
„არსებული უქმე დღეების გაუქმებისა და ტრადიციულთა აღდგენის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 22 ნოემბრის კანონის შესაბამისად,, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 64-ე მუხლში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118; 1977 წ., №11, მუხ. 158) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64. უქმე დღეები
საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები არ მუშაობენ შემდეგ უქმე დღეებში:
1 იანვარს – ახალ წელს;
7 იანვარს – უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღეს;
19 იანვარს – ნათლისღებას – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს განცხადების დღეს;
უფლისა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს (თარიღი გარდამავალია);
მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია);
26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს;
28 აგვისტოს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს (მარიამობას);
14 ოქტომბერს – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღეს;
23 ნოემბერს – გიორგობის დღეს.
უქმე დღეებში დასაშვებია მხოლოდ ისეთი სამუშაოები, რომელთა შეჩერება შეუძლებელია საწარმოო-ტექნიკური პირობებით (უწყვეტად მოქმედი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია), სამუშაოები, რომლებიც გამოწვეულია მოსახლეობის მომსახურების აუცილებლობით, აგრეთვე გადაუდებელი საავარიო-სარემონტო და დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები.”.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი, 1990 წლის 28 დეკემბერი.
N 94 – I ს
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, №12 [605], თბ. დეკემბერი, 1990 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით
გამარჯობათ, მეგობრებო!
ჩემი დღევანდელი მიმართვა თქვენდამი არ იქნება ტრადიციული საახალწლო მიმართვა, ზოგადი საუბრები პატრიოტიზმზე, კეთილი სურვილები, მხოლოდ ზოგადი მოწოდებები, არამედ ეს იქნება ერთგვარი ანგარიში ერის წინაშე. მე ვალდებული ვარ ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ერს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებში, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს მოძრაობას და რომელმაც ისურვა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ხელისუფლების სათავეში. ეს არ იქნება ისეთი მიმართვა, როგორიც სჩვევიათ ბედნიერი ქვეყნის პრეზიდენტებს! ეს იქნება მიმართვა, უფრო გამომდინარე საქართველოს დღევანდელი რეალური პოლიტიკური ვითარებიდან. მე მსურს, აგრეთვე პასუხი გავცე მრავალი თქვენგანის შეკითხვას. მე ვიცი, რომ ჩვენს ერს აღელვებს მრავალი საკითხი, სურს გარკვევა მრავალი საკითხისა, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მართალს ვაშუქებთ პრესაში, გამოსვლებში, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება ამომწურავი პასუხის გაცემა. ვიცი, რომ აშფოთებს მრავალი რამ ჩვენს მოსახლეობას. არის ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე მოგახსენებთ, თუ რა ვითარებაა დღეს შექმნილი. საერთოდ დამოკიდებულებაზე ცენტრისა ჩვენდამი, როგორია ჩვენი ურთიერთობა საოკუპაციო ჯარებთან, ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ოპოზიციასთან, როგორია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რა მიღწევები გვაქვს, რა გვიშლის ხელს. ასე, რომ ყოველივე აქედან გამომდინარე, მე მსურს მოგახსენოთ შემდეგი: თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები. აქ არ ყოფილა არავითარი ფალსიფიკაცია. უცხოელი ექსპერტები თვალს ადევნებდნენ ამ არჩევნებს. აქ არ ყოფილა არავის მიმართ ძალდატანება, არავის მოტყუება. ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი - თავისუფალი არჩევანი და მან ხმა მისცა ეროვნულ მოძრაობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ხოლო დღეს ახლად არჩეული ხელისუფლება - ეროვნული ხელისუფლება იმგვარად წარმართვს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას, როგორც ეს აუცილებელია ქართველი ერისათვის, მისი განვითარების პერსპექტივებისათვის. არიან საქართველოში გარკვეული ძალები, რომელთაც არ აწყობთ სტაბილური მდგომარეობა, არ აწყობთ მშვიდობიანი განვითარება ჩვენი ქვეყნისა. ისინი მოქმედებენ სხვადასხვაგვარი მეთოდებით. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი არ არიან იმდენად ძლიერნი, რომ ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ხელისუფლების საქმიანობაზე, რომ რეალურად შეაფერხონ ეს საქმიანობა. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი ამ ძალებისა, არის დეზინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობის ტერორიზება სხვადასხვაგვარი ვერსიებით, თითქოს საქართველოს უახლოეს ხანში ემუქრება საგანგებო მდგომარეობა ცენტრის მხრივ, უხეში სამხედრო ჩარევა, კომენდანტის საათი და სხვა.
მე უნდა მოგახსენოთ, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით, რომ ასეთ ხმებს არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. საქართველოს არ ემუქრება ეს საფრთხე. საბედნიეროდ, საქმის ვითარება იმგვარია საბჭოთა კავშირში, რომ აქტიური ჩარევა, უხეში ჩარევა რესპუბლიკების შინაურ საქმეებში უკვე თანდათანობით შეუძლებელი ხდება ცენტრისათვის, მით უფრო, თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, თუ დავირაზმებით ახლად არჩეული ეროვნული ხელისუფლების გარშემო, წინ აღვუდგებით ყოველთვის ამგვარ ხრიკებს. უნდა მოგახსენოთ, რომ თავდაპირველად, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ცენტრის მხრივ ძალზე მწვავე რეაქცია იყო. ეს გამოიხატებოდა ზეპირ გაფრთხილებებში, წერილობით ულტიმატუმებშიც, პირდაპირ მუქარაშიც, არც ამას დავმალავ. მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისთანაც ამ ენაზე შეიძლება საუბარი - მუქარისა და შანტაჟის ენაზე, როდესაც დარწმუნდნენ ამაში, შეცვალეს პოლიტიკა. ამჟამად უფრო დიალოგის, უფრო მშვიდობიანი საუბრის ფორმა აქვს ყოველივე ამას. არავითარ ძალდატანებას არ აქვს ადგილი. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. არის მხოლოდ გარკვეული რეკომენდაციები, გარკვეული თხოვნა ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ არავითარი დიქტატი დღეს უკვე აღარ ხორციელდება. ეს მთავარი და უმთავრესი, რაც უნდა მოგახსენოთ და რაც უაღრესად იმედის მომცემია შექმნილ სიტუაციაში. მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ გარკვეული ძალები, გარკვეული რეაქციული ძალები ცენტრისა კვლავ განაგრძობენ ფარულ მოქმედებას, რაც გამოიხატება უმთავრესად ანარქიისათვის პირობების შექმნაში, გარკვეული ანარქიული ძალებისადმი მხარდაჭერაში. აგრეთვე, ე.წ. ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უნდა ითქვას იგივე - არის გარკვეული ჩარევები ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში, ოღონდ ფარული, არაოფიციალური და თქვენ იცით, ყოველივე ამას მოჰყვა გარკვეული დესტაბილიზაცია ე.წ სამხრეთ ოსეთის, ავტონომიურ ოლქში. მაგრამ ყოველივე ამას ვუპირისპირებთ ჩვენს კანონმდებლობას. ჩვენ გარკვევით განვუცხადეთ ცენტრს, რომ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რომლის პრიმატობაც საქართველოს ტერიტორიაზე გარანტირებულია ამავე კონსტიტუციით და ჩვენ არ დავუშვებთ სხვა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, სხვა კონსტიტუციის პოზიციებიდან შეფასებას ჩვენი შინა-პოლიტიკური ვითარებისა და საქმიანობისა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამას ითვალისწინებენ და როგორც მოგახსენეთ, ჩვენს საქმეებში აქტიურად არ ერევიან. თუმცა იმის თქმაც, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ ჩვენ მთლიანად თავისუფალნი ვართ, მთლიანად დამოუკიდებელნი ვართ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ძალზე ძნელი მისაღწევია ჯერჯერობით. თვით ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩეხოსლოვაკიაა, აცხადებს, რომ მან მართალია მიაღწია პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან და ამ ე. წ. ვარშავის პაქტის ქვეყნებისაგან ვერ მიაღწია, ვინაიდან ეს არის ძალზე ხანგრძლივი პროცესი. ძალზე ხანგრძლივი პროცესები დასჭირდება იმას, რომ საქართველო მთლიანად განთავისუფლდეს იმ იზოლაციისაგან, რომელიც მას მოუწყო იმპერიამ და მისმა ხელმძღვანელობამ ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მოწყვეტილი ვართ მთელ მსოფლიოს, ჩვენ არ ვართ ჩართული მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში და ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი მიზანი დღეს სწორედ ეს არის - მსოფლიოს ეკონომიკურ ინტეგრაციაში ჩართვა და იმ კავშირების აღდგენა, რომელიც ჰქონდა საქართველოს დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან თავისი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს ამ სფეროში. ძირეულად გარდავქმენით არსებული კონსტიტუცია და მას თითქმის არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კონსტიტუციასთან. მართლია, არის ცალკეული კანონები, რომლებსაც აგრეთვე სჭირდება რეფორმა. განსაკუთრებით, მოქალაქეობის შესახებ კანონი. მას ჩვენ ვამზადებთ. აუცილებლად იქნება კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ცენტრალური პრესა განგაშს ტეხს და ცდილობს ისევ და ისევ ნაციონალიზმში დაგვდოს ბრალი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ასეთი ბრალდებებისა არც ერთი მხრიდან. მივყვებით იმ კურსს, რომელიც განპირობებულია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების პლატფორმით. ეს პლატფორმა მოწონებულია ქართველი ერის მიერ. მოწონებულია, აგრეთვე მსოფლის მიერ. მსოფლიო პრესაში იყო ძალზე დადებითი შეფასებები ამ პროგრამისა, ამ პლატფორმისა სწორედ საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. ასე, რომ ჩვენი კურსი უცვლელია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერავითარი გარეშე ძალა. ჩვენი დამოკიდებულება საოკუპაციო ჯარებისადმი მოგეხსენებათ, გამომდინარეა საერთშორისო სამართლის მოთხოვნებიდან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საოკუპაციო ჯარებს უკვე მიეცა სტატუსი, მიეცა სწორედ უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარების სტატუსი იმით, რომ კონსტიტუციაში, ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციაში, მის პრეამბულაში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც საოკუპაციო ჯარები და ნათქვამია, რომ მათ მიერ განხორციელდა ანექსია საქართველოსი. კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი. ასე, რომ სხვა კერძო დადგენილება ამასთან დაკავშირებით, აღარ არის საჭირო, ისევე, როგორც აღარ არის საჭირო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ვინაიდან საქართველომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკვე გააკეთა 1918 წელს, ასე, რომ იურიდიულად ეს დეკლარაცია ისევ ძალაშია და განმეორებითი დეკლარაცია ჩვენ აღარ გვჭირდება. საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელი იყო და დღესაც დამოუკიდებელია. ოღონდ სხვა საქმეა დე ფაქტო - ე.ი. ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ჩვენი მიზანი - ფაქტობრივი აღდგენა სახელმწიფოებრიობისა, რომელიც ჩვენ ანექსიის შედეგად დავკარგეთ. ასე რომ არავითარი განმეორებითი დეკლარირება ამგვარი დამოუკიდებლობისა აუცილებლობას არ წარმოადგენს და არ არის საჭირო არც სისტემატური განმეორება იმისა, რომ საქართველოში საოკუპაციო ჯარი დგას, რომ ეს უცხო ქვეყნის ჯარია და სხვა. ეს არის ანბანური, საყოველთაო ჭეშმარიტება, რომელიც განმტკიცებულია ჩვენს კონსტიტუციაში. ხოლო კონსტიტუცია, ვიმეორებ, არის ძირითადი კანონი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეყრდნობა. რაც შეეხება ავტონომიებს, მოგეხსენებათ, ჩვენ გავაუქმეთ უკანონო ავტონომია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა. ამჟამად იქ მიმდინარეობს მდგომარეობის სტაბილიზაცია იმით, რომ ჩვენი მილიციის ძალები დღითი-დღე უფრო და უფრო აქტიურად მოქმედებს, შინაგანი ჯარიც უკვე ვეღარ გვიწევს ისეთ წინააღმდეგობას. ის ექვემდებარება ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს.
მართალია, არის ცალკეული მოვლენები, რომელთაც მეტი კონტროლირება სჭირდება. ჩვენ მოვითხოვთ: კატეგორიულად მოვითხოვთ ცენტრისგან, ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს შინაგან საქმეებში. მას არა აქვს არავითარი უფლება რაიმე პრეტენზიები წამოგვიყენოს ამ ავტონომიების გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სეპარატისტი პროვოკატორები განაგრძობენ თავიანთ საძრახის საქმიანობას. ისინი მოუწოდებენ სამოქალაქო ომისაკენ მოსახლეობას. იმუქრებიან და ცენტრალური პრესა, სხვათა შორის, მათ სიამოვნებით უთმობს ტრიბუნას. ცენტრალურ პრესაში პირდაპირ ქვეყნდება მათი მუქარები. გვემუქრებოდნენ სამოქალაქო ომით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევიყვანდით ეროვნულ მილიციას ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც შევიყვანეთ. ჩვენი მილიცია იქ მოქმედებს და მოქმედებს საკმაოდ ეფექტიანად და ალბათ, უახლოეს ხანში მიღწეული იქნება დიდი წარმატებები. მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ სათანადო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და შესაძლოა მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით საბოლოოდ, ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ დავამტკიცებთ. მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე, რომ კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფრო და უფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც - ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიულ კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონზომიერებაა - იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვერგო ძალზე მძიმე მემკვიდრეობა კომუნისტური რეჟიმისაგან. მოგეხსენებათ, თუ რა მანკიერი პროცესები იყო, ეკონომიკურ პროცესებს ვგულისხმობთ - როგორი ანარქია, როგორი ქაოსი დაკანონდა, სპეკულაცია, დაკანონდა ხალხის ძარცვა-გლეჯა. ამ სისტემასთან გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ კოოპერატივების მოქმედება, განსაკუთრებით საზკვების კოოპერატივების მოქმედება, რათა გაუმჯობესდესმოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება. ეს აუცილებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ.
აგრეთვე გავაძლიერეთ კონტროლი საწყობების ბაკალეის საქმიანობაზე, რათა არ მოხდეს მახინჯი მოვლენები, აღარ გაგრძელდეს ის, რასაც ადგილი ჰქონდა არცთუ ისე შორეულ წარსულში და ყველანაირად გადაეკეტოს გზა სპეკულაციას.
ამავე დროს, ფასების სტაბილურობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი მიზანი გახლავთ. ჩვენი მოსახლეობის აზრის გათალისწინების გარეშე სრული პასუხისმგებლობით უნდა მოგახსენოთ, არ გავზრდით ფასებს არც ერთ პროდუქტზე. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილებაა და თუ იქნება ფასების ზრდა, ეს არ შეეხება ძირითად საკვებ პროდუქტებს. ვიმეორებ, ისევ და ისევ ეს არ მოხდება მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ მოვაწყობთ მოსახლეობის გამოკითხვას. თქვენ იცით, რომ მივიღეთ კანონი რეფერენდუმის შესახებ. საერთოდ, ეს კანონი მრავალი საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ამავე დროს უნდა მოგახსენოთ დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებაც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზადდება კანონი მოქალაქეობის შესახებ. თუ აქამდე საქართველოში ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია იყო, ამჟამად ქართველი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული უწინარეს ყოვლისა, მაგრამ ჩვენ ამით არ გამოვრიცხავთ ზრუნვას ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე. არავითარ შემთხვევაში არავინ იფიქროს, რომ ეროვნული უმცირესობის უფლებები დათრგუნული იქნება. თუმცა ამას ჩვენ ხშირად გვწამებენ ცენტრალურ პრესაში, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად მშვიდობიანად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგელები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენი მომავალი პარლამენტის საქმიანობა დაემყარება სწორედ ეროვნული ინტერესების სამსახურს, დაემყარება იმ კურსს, რომელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ და რომელიც მოგაწოდეთ ჩვენი პლატფორმის სახით და რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული შეიარაღბული ძალების შექმნა, როგორც მოგეხსენებათ, უკვე ჩამოყალიბდა ეროვნული შინაგანი ჯარი, ეროვნული გვარდია, რომელიც სტაბილური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა არაოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებას, იარაღი ჩააბაროს, დაიშალოს და შემოუერთდეს ეროვნულ გვარდიას, რათა საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა, სამოქალაქო მშვიდობა, აღმოიფხვრას დამნაშავეობა, მოსახლეობამ იცხოვროს მშვიდობიანად. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა დავირაზმოთ ეროვნული პარლამენტის გარშემო, რათა მომავალმა თაობამ უახლოეს ხანში დამოუკიდებელ, ეკონომიკურად აღორძინებულ, თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში იცხოვროს.
გილოცავთ ახალ წელს, და გისურვებთ, განხორციელებულიყოს ჩვენი ერის ყველაზე დიდი, სანუკვარი ოცნება და მომავალ წელს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში შევხვედროდეთ“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№1 (21), გვ. 1-2; 1 იანვარი 1991 წ.].
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს
პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ!
ამა წლის 9 იანვარს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც განიხილა თქვენი 7 იანვრის ბრძანებულება „საქართველოს სს რესპუბლიკაში“ 1990 წლის დეკემბერში მიღებული ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის გამო“. არ შევეხები წმინდასამართლებრივ საკითხს - ამაზე ლაპარაკია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში, რომელიც უარყოფს თქვენი ბრძანებულების კანონიერ ძალას - რადგან სსრ კავშირის პრეზიდენტსაც კი არა აქვს უფლება იურიდიული ძალა წაართვას საქართველოს რესპუბლიკის კანონებს: საქართველოს ტერიტორიაზე გარდამავალ პერიოდში მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები, აგრეთვე სსრ კავშირის ზოგიერთი კანონი; საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად, სსრ კავშირის კანონებსა და რესპუბლიკის კანონებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები. მაშასადამე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე სსრ კავშირის კანონის ან სხვა აქტის მოქმედება. თქვენი ბრძანებულებით გვთვაზობთ, ყოფილი ოლქის ტერიტორიიდან გამოვიყვანოთ ყველა შეიარაღებული ფორმირება, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების გარდა. მაგრამ მხედველობიდან გამოგრჩათ ან ინფორმირებული არა ხართ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამ ჯარების გარდა, დისლოცირებულია საბჭოთა არმიის ნაწილებიც. რა ვუყოთ? თქვენი ბრძანებულების თანახმად, მათაც არა აქვთ უფლება იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და იქიდან გამოყვანილ უნდა იქნენ. თქვენმა ბრძანებულებამ შეაძრწუნა მთელი ქართველი ხალხი. აგრეთვე რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობა, უამისოდაც მტკივნეულად რომ განიცდის შიდა ქართლის - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში მომხდარ ამბებს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, უკანასკნელი წლების მანძილზე ექსტრემისტთა ხელში, რომლებმაც ხელმძღვანელი პოსტები დაიკავეს ოლქის ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, გადაიქცა ანტიქართული ისტერიის კერად, 1989 წლის ნოემბრიდან კი ფაქტობრივად და იურიდიულად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პლაცდარმად, რაც იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ საქართველოს წაართვან მისი ოდინდელი ტერიტორია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ქართველი ხალხი 2000 წელზე მეტ ხანს იბრძოდა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლში ოსთა ნაწილის მათი ისტორიული სამშობლოდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების ისტორია. იცით ისიც, რომ ავტონომიური ოლქი ხელოვნურად შეიქმნა საქართველოს ინტერვენციისა და ოკუპაციის შემდეგ, რაც განხორციელდა საბჭოთა რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებითა და ი. სტალინისა და ს. ორჯონიკიძის აქტიური მონაწილეობით, რომლებიც არ მოერიდნენ იმას, რომ ოლქის საზღვრებში მოექციათ აგრეთვე ქალაქი ცხინვალი და ათობით სოფელი მკვიდრი ქართველი მოსახლეობითურთ. „სუვერენული რესპუბლიკის“ შექმნისათვის ოსი ეროვნების ექსტრემისტთა მოქმედებას მაშინ, როცა ასეთი არსებობს კავკასიონის ქედის გადაღმა, არ შეიძლება არ გამოეწვია ქართველი ხალხის, საქართველოს იმ ოსი მოსახლეობის უმრავლესობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა, რომლის მეტი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი ოლქის ფარგლებს გარეთ. ეგრეთ წოდებული „რესპუბლიკის“ თვითმარქვია ხელმძღვანელთა ცინიკურმა უარმა, ანგარიში გაუწიონ კონსტიტუციურ საფუძვლებს, უარმა შეესრულებინათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება, რომელმაც უკანონოდ ცნო სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აქტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, უკიდურესად გაამწვავა პოლიტიკური ვითარება რეგიონსა და მთელ საქართველოში. ხელისუფლების საკავშირო ორგანოებისა და პირადად თქვენი დუმილი საზოგადოებრიობას არწმუნებდა, რომ საჭირო იყო გადაეწყვიტა საკითხი დამოუკიდებლად, თავის სუვერენულ უფლებებზე დაყრდნობით, რომლებსაც თავხედურად თელავდნენ ფეხქვეშ ერთი მუჭა შეიარაღებული ექსტრემისტები, „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის „თვითგამორკვევისათვის“ მებრძოლთა სამოსელში რომ არიან გამოწყობილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს არავითარი „ოსეთის სამხრეთი“. არის მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონი, სადაც გარკვეული დროიდან ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსი ეროვნების პირები, რაც დამტკიცებულია ქართველი ხალხის მატერიალური და კულტურის ძეგლებით. ეს ოდინდელი ქართული მიწა-წყალია, რომლის წართმევას ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება, სანამ ცოცხლობს თვით ხალხი. არ შეიძლება გავაიგივოთ შიდა ქართლის ვითარება სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ავტონომიებთნ, რაც თქვენთვის, რა თქმა უნდა გასაგებია, რამეთუ კარგად იცნობთ რუსეთის იმპერიის ისტორიას, მაგრამ სხვა რესპუბლიკების საშინაო საქმეები თვით რესპუბლიკების საქმეა. ერთი რამ ცხადია: დამღუპველია ვუდგებოდეთ ყველაფერს ერთი საზომით, სსრ კავშირის კონსტიტუციაში მოხსენიებულ ყველა ავტონომიას, მათი წარმოქმნის ისტორიულ-სამართლებრივი საფუძვლების გაუთვალისწინებლად. საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ერთი ეროვნული უმცირესობა საქართველოში არ განიცდის არავითარ შეზღუდვებს ეროვნულ-კულტურული ავტონომიის განვითარებაში. ეს ფაქტია, რომლის შემოწმებაც ადვილია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა ახორციელებდა აშკარად დისკრიმინაციულ პოლიტიკას რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახელობის მიმართ და როცა ამ პირობებში ოსი ეროვნების სეპარატისტები შეუდგნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ურომლისოდაც თითქოს შეუძლებელი იყოს რეგიონში ცხოვრება ოსთა ეროვნული კულტურის განვითარება, რომლებსაც ვითომდა დისკრიმინაციას უწევენ ქართველები, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო - ოლქის გაუქმება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახდა შექმნილ სიტუაციაში. ამ აქტმა არა მარტო ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოუღოს სეპარატისტულ მოქმედებას, არამედ აღადგინოს კიდეც ისტორიული სამართლიანობა. შემდგომი მოვლენები კარგად მოგეხსენებათ. ისინი ჩამოყალიბებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 იანვრის დადგენილებაშიც. თქვენ არ უნდა გაგაკვირვოთ თქვენი ბრძანებულების მკვეთრად უარყოფითმა შეფასებამ, რადგან მასში აქცენტი გადატანილია თითქოსდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არამართლზომიერ მოქმედებაზე და სრულიად არ არის დაგმობილი სეპარატისტთა მოქმედება შიდა ქართლში. არადა სწორედ მათი მიზეზით იყო მიღებული გადაწყვეტილება ავტონომიურო ოლქის გაუქმების შესახებ.
გვინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული პარლამენტი, ოლქის არსებობისადმი მეტად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად მაინც არ აპირებდა მის გაუქმებას, რაც გამოცხადებული იყო ოფიციალურად და არაერთხელ. განსაკუთრებით მიუღებელია ბრძანებულების დებულება რეგიონიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფების დაუყოვნებლივი გამოყვანის შესახებ, მაშინ როცა იქ თარეშობენ ოსი ექსტრემისტები, ტერორით აშინებენ ქართულ მოსახლეობას, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წაყრუებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვერც ერთი სუვერენული სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ მის ტერიტორიაზე წარმოიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, რომელშც იმოქმედებენ შეიარაღებული ძალები, მის იურისდიქციას რომ არ ექვემდებარებიან და მისი სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ რომ მოქმედებენ. ჩვენ 1922 წლის სამოკავშირეო ხელშეკრულება მიგვაჩნია უკანონოდ საქართველოს მიმართ, რადგან იგი დაიდო საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად. მაგრამ კიდევაც რომ დავდგეთ თქვენს პოზიციაზე და დავადასტუროთ, რომ იგი ნამდვილია, იბადება კითხვა - განა ეს ხელშეკრულება არ იძლეოდა მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას?! ვისღა იცავს დღეს კავშირი? ყოველივე ეს ერთხელ კიდევ მოწმობს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების სისწორეს, რომელმაც გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს ვცნობთ სსრ კავშირის შემადგენლობაში იმ პირობით, რომ საბჭოთა კავშირი აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას მთლიანად აღიდგინოს ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობა სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით. ამა წლის 7 იანვრის ბრძანებულების მსგავსი აქტები ხელს არ უწყობენ ვითარების სტაბილიზაციას, არ ანელებენ დაძაბულობას რეგიონში, პირიქით, ამხნევებენ სეპარატისტებს. მათ ექსტრემისტებს უბიძგებენ აქტიურობისაკენ. სწორედ ამ ბრძანებულების შემდეგ ვითარება რეგიონში დრამატულად გართულდა, დაიღვარა სისხლი. შექმნილი აფეთქება - საშიში სიტუაცია შეიძლება შეანელოს მხოლოდ თქვენი ბრძანებულების მოქმედების შეჩერებამ და თქვენს მიერ იმ პოზიციის დაკავებამ, რომელიც უნდა ეკავოს სსრ კავშირის კონსტიტუციის შესაბამისად სსრ კავშირის პრეზიდენტს - ესე იგი იცავდეს მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენობას, უკუაგდოს ყველა კონიუნქტურული მოსაზრება, საკადრისი პასუხი გასცეს ძალებს, რომლებსაც ეთნოკრიზისის პროვოცირება იმპერიის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად მიაჩნიათ. მაგრამ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება ხომ უკვე შეუძლებელია. გვესმის რა თქმა უნდა, რომ ძალით, რომელიც თქვენ გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ ჩაახშოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, მაგრამ როგორი იქნება ამ გამარჯვების ფასი?! და განა ეს გამარჯვება იქნება?! გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენ, პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ ერთხელ კიდევ ჩასწვდებით ქართველი ხალხის მისწრაფებებს, შეეცდებით გაიგოთ მისი ამ გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და გაქანება, რომ მოიპოვოს ნამდვილი სახელმწიფოებრივი თავისუფლება მოკავშირე რესპუბლიკებთან და ამ წუთიერ პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ანაცვალებთ მთელი ქართველი ხალხის, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ხალხების, მათ შორის ოსთა უმრავლესობის ბედს, რომლებიც მზად არიან მხარში ამოუდგნენ თავიანთ ქართველ ძმებს სამართლიანი საქმისათვის ბრძოლაში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა უმრავლესობის ნებაა დაამყაროს რეგიონში მშვიდობა და თანხმობა, კვლავაც განავითაროს ეროვნული კულტურა, რისთვისაც სულაც არ არის სავალდებულო ჰქონდეს ხელოვნურად შექმნილი ავტონომიური ოლქი ან თუნდაც რესპუბლიკა, რასაც ნათლად მოწმობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება, სადაც ეროვნულ-კულტურული ავტონომიის დონე გაცილებით დაბალია. რაც უფრო ადრე მიხვდებიან ხელისუფლების საკავშირო ორგანოები თუ როგორია შიდა ქართლში ნამდვილი ვითარება და სათანადო პოზიციას დაადგებიან, მით უფრო სწრაფად მოხდება მდგომარეობის სტაბილიზაცია რეგიონში. საჭიროა სეპარატისტებმა გაიგონ, რომ მათ არ უნდა იქონიონ ცენტრის მხარდაჭერის იმედი და შეურიგდნენ დამარცხებას. დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს!
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
12 იანვარი 1991
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№10 (30), გვ. 1; 15 იანვარი, 1991 წ.].
ზემოთაღნიშნულის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის იანვრის თვეში მიღებულ იქნა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წ. 7 იანვრის ბრძანებულების შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა არჩევნების შესახებ“;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღებისა და საკრებულოების არჩევნების დანიშვნის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის კანონი რეფერენდუმის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის მართვის სტრუქტურის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება შინაგან ჯარში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ;
- შინაგან ჯარებში - ეროვნულ გვარდიაში გაწვევის წესის დროებითი დებულება;
- სამხედრო ფიცი;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის რაიონის [ქალაქის] სასამართლოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს მსაჯულთა არჩევის შესახებ;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არცევის სესახებ აჭარია ავტონომიური რესპუბლიკის კანონის თაობაზე;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის გაწვევის წესის სესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე.
[იხ. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები“, №1 [606], თბ. იანვარი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია
1991 წ. 2 თებერვალს გაიმართა საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების შეხვედრა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ზვიად გამსახურდიასთან. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე „ფრანს პრესის“ და გაზეთ „ტოკიო სინგუნის“ წარმომადგენლებმა.
- ყველა კარგად ხედავს, თუ რა დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენს რესპუბლიკაში ჩაზოვ-პუგოს ბრძანების შეჩერებით. თუ შეიძლება გვითხარით, როგორ მიაღწიეთ ამას?
- ვიდრე კონკრეტულად გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგი გვაბრალებს თითქოს შეთანხმება გვქონდეს კრემლთან და ქართულ საქმეს ვაკეთებდეთ. მართლაც ასე რომ იყოს, თუ კრემლს ქართულ საქმეს გავაკეთებინებთ, კარგად ყოფილა საქმე. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. საქმე ის არის, რომ მოსკოვს აქვს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რომელ რესპუბლიკაში როგორაა საქმე, თუნდაც იგივე შეიარაღების საქმეში, იცის რა დონეზე უჭერს მხარს მოსახლეობა ამა თუ იმ რესპუბლიკის მთავრობას. იცის, ოპოზიცია რისი შემძლე და გამკეთებელია. კრემლი, როდესაც აგრესიას გეგმავს რომელიმე რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამას ყოველთვის ითვალისწინებს. მისი თითოეული ნაბიჯი გამოთვლილია, თუმცა ცოტათი შეცდა ლოგიკასთან დამოკიდებულებაში. იგი იმედოვნებდა, რომ ბლიც-კრიგით მიაღწევდა თავის საბოლოო მიზანს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გადააჭარბა სპარსეთის ყურეში მდგომარეობის შეფასებაში. - იფიქრა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებას ვეღარ მიაქცევდა ბალტიისპირეთს. თვით ბალტიისპირეთში მომხდარ შეფასებაში არ შემცდარა - იცოდა, რომ იარაღი იქ არ არის, ინტერფრონტი ძალიან ძლიერია, და ამიტომ ეგონა, შემრჩებაო. რის შემდეგაც საქართველოზეც იფიქრებდა, რადგან იცის, ჩვენთან გაცილებით გაჭირდებოდა ასეთი ოპერაცია, ვიდრე ბალტიისპირეთში. მაგრამ ნუ გვეგონება, თითქოს შეგვიძლია ამიტომ გულ-ხელი დავიკრიფოთ - კრემლი ხომ ვერაფერს დაგვაკლებსო, მივუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე. ეს ასე არ არის. თუ ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში კრემლის აგენტია, და მე ამას დაგიმტკიცებთ „კრასნაია ზვეზდაში“ გამოქვეყნებული წერილით, სადაც პირდაპირ წერია: იმდენად აღმაშფოთებელ საქმეებს სჩადის საქართველოს პარლამენტი, რომ ოპოზიცია სამტრედიაში ლიანდაგებზე დასხდაო მოძრაობის გადასაკეტად. ვის გულისხმობდა „კრასნაია ზვეზდა“ ოპოზიციაში? გულისხმობდა „მხედრიონის“ ბანდას. სინამდვილეში ლიანდაგებზე არავინ არ დამჯდარა. მოვიდა ორი გოგონა და ცოტა ხანს იდგა ლიანდაგებზე, ხოლო „მხედრიონის“ რამდენიმე წევრი ბაქანზე იდგა. ეს ფაქტი იმის საჩვენებლად გამოიყენეს, თუ როგორ არის აღშფოთებული ოპოზიცია გამსახურდიას „დიქტატურით“. ეს იგივეა, რაც გორბაჩოვმა ჩვენი პირველი სესიის დროს თქვა: საქართველოში აჯანყება აღშფოთებამდეა მისულიო. ის კახეთის მილიციაზე „მხედრიონის“ თავდასხმებს გულისხმობდა. აი, ვინ ამზადებს საქართველოში კრემლის ინტერვენციას. ამიტომ რაც უფრო დროულად აილაგმება ასეთი ძალები, უფრო დაზღვეული ვიქნებით ყოველგვარი აგრესიისაგან. მით უფრო მივაღწევთ ასეთ წარმატებას. ამაშია „საიდუმლო“. კრემლი სადაც წინააღმდეგობას ხედავს, იქ არ შედის.
- თქვენ „კრასნაია ზვეზდას“ ყალბი ინფორმაცია ახსენეთ. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე მასალებითა გაჟღენთილი ცენტრალური გაზეთები. სამწუხაროდ, იმავე არხებით სიყალბეს იღებენ საზღვარგარეთაც. რა კეთდება იმისათვის, რომ სწორი ინფორმაცია გავიდეს მსოფლიოში?
- ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორად - დეზინფორმაციის მანქანა, საკდესის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, სუკის სახით, მათ მიზნად აქვთ დასახული დეზინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ამაში მათ ჩვენივე გადაგვარებული ქართველები უწყობენ ხელს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. აქ ვისაც ვგულისხმობ, თქვენ კარგად იცით და მე ზედმეტად ჰაერს აღარ მოვწამლავ მათი სახელის ხსენებით, ხოლო უცხოეთში მათი აგენტურაა ჯანრი კაშიას, რამაზ კლიმიაშვილის და სხვათა სახით. ისინი ლანძღავენ პარლამენტს, აქებენ კონგრესს. ამბობენ, პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ პარლამენტი ხელს უშლის კონგრესს და არ აძლევს მუშობის საშუალებასო; პარლამენტში, თითქოს, ფალსიფიკაციის გამო შევიდა ხალხი, არ ყოფილა არავითარი არჩევნები, რომ საარჩევნო კანონი არასრულყოფილიაო და სხვა. ყოველივე ამას რუსი რომ ამბობს „კრასნაია ზვეზდაში“ - არ გვეწყინება, რადგან ეს ბუნებრივია, მაგრამ ქართველი როგორ უნდა დაკნინდეს იმდენად, რომ მის ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების შედეგები უცხოეთიდან ლანძღოს და მოსთხაროს?! ამას არც ერთი ერი არ აკეთებს. მაგალითად, ასეთი მოღალატეები სომხეთში რომ აღმოჩნდნენ, სახალხოდ ჩამოახრჩობენ. ამდენი მოღალატე არც ერთ ერს არ ჰყავს. ამით სარგებლობენ კრემლი და მისი პროპაგანდა. „თავისუფლების“ ქართული რედაქცია საქართველოს მტრების ხელშია, და რატომღა გიკვირთ, რომ გამოდის უცხოელი და ამდაგვარს წერს, მათ რომ შევეკამათოთ, იმ წუთში ქართველებზე მიგვითითებენ - ამათ თქვესო. როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდება.. მართლია, კრემლის დეზინფორმაციის მანქანა ძლიერია, მაგრამ მას ჩვენივე მოღალატეები უწყობენ ხელს.
- ბატონო ზვიად, იქ არა გვყავს ხალხი, რომელიც ამ საქმეს მოაგვარებდა?
- ძალიან სუსტი, რადგან საზღვარგარეთ ძალიან ძლიერია მოსკოვი - საბჭოთა საელჩოები. მათი აგენტები ტერორის გზითაც კი გვებრძვიან. მაგალითად, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი საეჭვო ვითარებაში მოიწამლა იტალიაში. ამავე დილას მანქანაც დაამტვრიეს. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს მაინცდამაინც მოსკოვის გაკეთებულია, მაგრამ ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა. არა მგონია, რომ პროდუქტების საქმე იტალიაში ისევე იყოს, როგორც ჩვენში, რომ გაფუჭებული პროდუქტები მიიტანონ სამთავრობო სუფრაზე. ჩვენი იქაური მომხრეები ტერორიზებული, შევიწროებული არიან, მათ არავითარი მხარდაჭერა არა აქვთ. ეს აგენტურა კი ყოველგვარი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დასავლეთის დასუსტების შედეგია.
ცენტრალური გაზეთების კორესპონდენტები მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენგან დამოუკიდებლად ბევრი ყალბი ინფორმაცია გადის. ჩვენ კი, მართლაც, ერის მოღალატეებად გამოვდივართ, რადგან არ ვიცით რა იბეჭდება. ამას, ძირითადად საკდესის აქაური კორესპონდენტი აკეთებს. იქნება შევკრებილიყავით და რაიმე გვეღონა ამის წინააღმდეგ.
- მე არ მიკვირს, რომ „პრავდა“ ამას აკეთებს, მაგრამ საოცარია, რომ ე.წ. დემოკრატიულ-დისიდენტური გაზეთებიც კი ჩაებნენ ამ პროცესში, ეს გაზეთებიც გადაიქცნენ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად. ყველანი ერთი პოზიციით არიან ჩვენდამი გამსჭვალულნი.
აქ ითქვა და თქვენც ბრძანებთ, რომ საკდესი ყალბ ინფორმაციას იძლევა, განსაკუთრებით მისი აქაური განყოფილების საშუალებით, რომელსაც ვინმე კოჩეტოვი წარმართავს, საჭიროდ ხომ არ მიგაჩნიათ უზენაესი საბჭოს განცხადება საკდესის დეზინფორმაციების შესახებ? და მეორე, ოპოზიცია ახსენეთ, უზენაესი საბჭო მისცემს თუ არა შეფასებას მათ მოქმედებას?
- როდესაც ჩვენ საკდესის კორესპონდენტებს დავუმტკიცებთ, რომ შეგნებულად აყალბებს ინფორმაციას, აუცილებლად უნდა მიეცეთ პერსონა ნონ გრატას სტატუსი და გავაძევოთ საქართველოდან. შეიძლება სავსებით არ გამოვიდეს აკრძალვა, რადგან ასეა თუ ისე, ის ჟურნალისტია, თუ ჟურნალისტია, იმოქმედოს, როგორც ჟურნალისტმა, და არა როგორც დივერსანტმა.
რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, მე თქვენ უკვე გითხარით, თუ როგორ ოსტატურად იყენებს ამას ჩვენი მტერი. ამიტომ პასუხი უნდა გაეცეს ყველა მონაჩმახს, რომელსაც ისინი ავრცელებენ პრესაში, რადიოთი და ტელევიზიითაც კი.
- როგორი შეფასება მისცა კრემლმა საქართველოში ეროვნული გვარდიის შექმნას?
- კრემლის შეფასება შეიძლება გავიგოთ იმ წერილიდან, რომელიც გამოქვეყნდა „კრასნაია ზვეზდაში“. ეს არის კრემლის რეაქციული სამხედრო ძალების რეაქცია. ამ წერილს ჰქვია „ბატონი პრეფექტები და ბატონი გვარდიელები“. ე.ი. „ბატონს“ ირონიულად ხმარობენ, რაკი ჩვენ „ტავარიშჩებს“ აღარ ვამბობთ, და რაიკომის მდივნის, ამ პატარა უზურპატორის და დიქტატორის მმართველობის ნაცვლად შემოვიღეთ პრეფექტის დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, ეს აღაშფოთებს ჩვენს მტრებს და მეორე - ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. გორბაჩოვის პირველი ბრძანებულება, რომელიც 7 იანვარს გამოქვეყნდა, მე წინასწარ გამაცნეს. ეს გააკეთა გორბაჩოვის დავალებით ლუკიანოვმა. იქ ტექსტში ეწერა: გიკრძალავთ ეროვნული გვარდიის შექმნასო. მე ვუთხარი რის საფუძველზე გვიკრძალავთ, რა იურიდიული საფუძველი გაქვთ ამ აკრძალვისათვის-მეთქი. და დავუმტკიცე მათ, რომ არავითარი იურიდიული დასაყრდენი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, ვუთხარი, რომ ეს არის შინაგანი ჯარი, რომლის შექმნის უფლება ყველას აქვს, თუნდაც თქვენივე კონსტიტუციიდან გამომდინარე-მეთქი.
მათ შეეშინდათ და ამოიღეს ეს პუნქტი, მაგრამ როგორც იცით, მოლდოვეთს არ დაუთმეს. მას პირდაპირ უბრძანეს, რომ გაეუქმებინა ეროვნული გვარდია და დააშლევინეს. ესეც იმის ნიშანია, რომ საქართველოსთან უფრო ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ნებისმიერ სხვა რესპუბლიკასთან. რაც შეეხება მომავალს, მე არ ვიცი რას იღონებენ. ჯერჯერობით ისინი საგანგებო წინააღმდეგობას ვერ გვიწევენ.
- რა პერსპექტივა აქვს ეროვნულ გვარდიას, რითი შეიარაღდება, რამდენი კაცი იმსახურებს?
- დასაწყისისათვის დაახლოებით 12 ათასი, რაც შეეხება იარაღს, საკმარისი გვაქვს.
- ბატონო ზვიად, საქართველოს უზენაესმა საბჭომ შეაჩერა ბრძანება ჯარების და მილიციის ერთობლივი მოქმედების შესახებ, რა რეაქცია მოჰყვა ამას კრემლიდან?
- ჯერჯერობით არავითარი რეაქცია არ არის, ერთი კია, ვფიქრობ, ამიერკავკასიის ჯარების სარდლობას თვითონ არ უნდოდა ამის გაკეთება, რადგან საფრთხეა თავდასხმის და იარაღის წართმევისა. აი, თვით მოსკოვშიც კი ჯარისკაცები ხანჯლებით გამოვიდნენ. ხალხი იარაღზე ნადირობს. საქართველოში რომ დაეწყოთ პატრულირება, იარაღის ნახევარი ქართველების ხელში გადავიდოდა, შეიძლება სისხლიც დაღვრილოყო. ჩვენი ხალხი დაღუპულიყო, შეიძლება ომი დაწყებულიყო, ომის დაწყება კი მათ ჯერჯერობით ხელს არ აძლევთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას არ გაინაღდებენ. თანაც, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი რეკლამირება მთავრობის მხრიდან, რომ ყველაფერს იღონებენ დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის მოსახლეობის დამშვიდება, რადგან, მართლაც, ცუდი მდგომარეობაა და ხალხი აუჯანყდა გორბაჩოვს, სთხოვენ, რომ როგორც უნდა, ისე დაამყაროს წესრიგი, ამიტომ მან უბრალოდ ეს აჩვენა ხალხს. პრაქტიკულად კი ვერ განახორციელა. ეს რომ განხორციელდეს, სამხედრო დიქტატურა იქნება. ამის საშუალებას კი დასავლეთი ჯერჯერობით არ აძლევს. თუ გაინაღდა დასავლეთის მხარდაჭერა, მაშინ ნამდვილად გააკეთებს.
- თანამშრომლობთ თუ არა საბჭოთა კავშირში არსებულ დემოკრატიულ ძალებთან?
- კავშირი და თანამშრომლობა რომ არ ყოფილიყო, იმასაც ვერ მივაღწევდით, რაც სადღეისოდ გვაქვს. თანამშრომლობა დავიწყეთ ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლებიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთთან, მოსკოვის დემოკრატიულ ძალებთან, ეს კონტაქტები ახლაც გრძელდება. ჩვენი წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ნუგზარ მგალობლიშვილი, იქ გამოვიდა გრანდიოზულ მიტინგზე, რომელიც დემოკრატიულმა ძალებმა მოაწყვეს ლტოლვილთა მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, მოსკოველ დემოკრატებში ბევრია შოვინისტი, რომელთა პოზიცია ჩვენს მიმართ კრემლის პოზიციისაგან არ განსხვავდება. ასეთ ხალხთან ჩვენ თანამშრომლობა არ გამოგვივა.
- როგორი მდგომარეობაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რა დონეზეა მოლაპარაკება? როგორც ცნობილია, დაკავებულია მათი ცრუ პრეზიდენტი. რა რეაქცია მოჰყვა ამას?
- ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაძაბულია, რადგან ჩვენ გვებრძვიან არა მხოლოდ ოსი ექსტრემისტები, არამედ საბჭოთა ჯარიც. იქ არის სამხედრო სარაკეტო ბაზა, საიდანაც ოსი ექსტრემისტები სისტემატიურად მარაგდებიან საბრძოლო რაკეტებით. აქ, კადრის ოფიცრები, რატომღაც, ძირითადად ოსები არიან. ასევე - სერჟანტებიც და ჯარისკაცებიც. რატომ მოხდა ეროვნული ნიშნის მიხედვით მათი თავმოყრა, ალბათ ძნელი გასაგები არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ლიდერები, სწორედ ამ ბაზაში იმალებოდნენ. უფრო მეტიც, ბაზა თავის ოფიციალურ რეზიდენციად გაიხადეს. იქ ღებულობდნენ ჟურნალიტებს. ე.ი. როდესაც ვინმეს უნდოდა კულუმბეგოვის ან ჩოჩიევის ნახვა, მიდიოდა ამ ბაზაში და იქ ხვდებოდა. აქედან განსაჯეთ, თუ ვის ვებრძვით. ამის გამო პროტესტის წერილით მივმართეთ ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკეევს. ის თითქოს დამპირდა საქმის მოწესრიგებას. მაგრამ ჩემი წერილის შემდეგ ორი ჯავშანტრანსპორტიორი თავს დაესხა ქართულ სოფელს და ცეცხლი დაუშინა, ერთი მილიციელი მძიმედ დაიჭრა, მეორე ჯავშანტრანსპორტიორი შეიჭრა სოფელ ერედვში და ქართულ მოსახლეობას სანადირო თოფები ჩამოართვა. ე.ი. ნამდვილი ომია. საბჭოთა ჯარისთვის ოსი ექსტრემისტები დაქირავებული აგენტები არიან. ამიტომ საბოლოო გამარჯვებას ჯერ ვერ მივაღწიეთ.
ჩრდილოეთში ალაგირთან დაბანაკებულია გენერალი ცაგოლოვი, რომელიც დივერსანტებს გზავნის ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი შეირაღებულნი არიან არაჩევეულებრივად, თანამედროვე ტექნიკით. ამის დამტკიცება კი ჩვენთვის ძალიან ძნელია. ხელმძღვანელობა ამბობს, თითქოს ეს მომდინარეობს ცალკეული ჯარისკაცებისა და ოფიცრებისაგან, ვითომ ეს მოსკოვიდან არ მოდის. სინამდვილეში კი ყველაფერი სწორედ იქიდან მომდინარეობს. რაც კრემლმა ლიტვაში გააკეთა ეროვნული ხსნის კომიტეტის სახელით, აქ ამას აკეთებს ოსი ექსტრემისტების ხელით. სცენარი იგივეა. ამის შესახებ ტელეგრამა გავუგზავნე გორბაჩოვს, რითაც ვუთხარი, რომ თუ არ შეწყდება ასეთი მოქმედება, მე ვამხელ მათ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჯერჯერობით პასუხი არ არის.
რაც შეეხება დაკავებულ ცრუ პრეზიდენტს, იგი ბანდების მეთაური კულუმბეგოვია, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს ომის პროპაგანდაში, ტერორის პროპაგანდაში, ეროვნული შუღლის გაღვივებაში, რაც პრაქტიკულად განახორციელა. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მისი ბრალეულობის საკითხი.
- განზრახული გაქვთ თუ არა გასვლა საზღვარგარეთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად?
- განზრახული მქონდა გასვლა შვეიცარიაში - დავოსში, სადაც მიწვეული ვიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან აქ ომის მდგომარეობაა, ამას კრემლი ქმნის ხელოვნურად, რომ ჩვენ ვერსად ვერ წავიდეთ, ვერ მოვიცალოთ შინაური პრობლემების გამო. ეს შეგნებული პოლიტიკაა. ჩვენი საგარეო მინისტრი დადის და ამყარებს კავშირებს, ახლა ბევრი დასავლეთის ფირმა თუ ბანკი გვთავაზობს დახმარებას. ეს ყველაფერი მალე პრაქტიკულად განხორციელდება.
- ახლა ჩვენს მილიციას უამრავი პრობლემა აქვს, არ შეიძლება, რომ მსურველები ჩაერთვნენ ამ საქმეში, იოლი რომ გახდეს წესრიგის დამყარება?
- ამასთან დაკავშირებით, რაიონებში მუნიციპალური მილიცია შემოვიღეთ, რომელიც შეიარაღებულია და წესრიგს იცავს. ეს გაკეთდება თბილისშიც. მუნიციპალურ მილიციაში შევა ყველა, ვისაც სურვილი ექნება და იარაღის ტარება შეეძლება.
- რას იტყვით სამაჩაბლოდან ქართველ ლტოლვილებზე?
- შექმნილია დახმარების ფონდი, ჩვენც ვეხმარებით და ყველანაირად ვცდილობთ ხელის შეწყობას. მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივაღწევთ ცხინვალში წესრიგის დამყარებას. ლტოლვილების პრობლემა პოლიტიკური საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა გავიტანოთ მსოფლიოს დასანახად.
- სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ სამაჩაბლოში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა ხომ არ აპირებთ რაიმეს დათმობას?
- არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. პირიქით, უფრო გავამკაცრებთ ზომებს ოსი ექსტრემისტების მიმართ. გავაძლიერებთ მხილების კომპანიას - ყველას დავანახვებთ, რომ ეს არის პირდაპირი ალიანსი მოსკოვთან. ამან შეიძლება დადებითი ნაყოფი გამოიღოს. თუ იმას მივაღწიეთ, რომ ჯარი ჩამოვაშორეთ, ექსტრემისტებს იოლად მოვუვლით.
- ბატონო ზვიად, ჩვენი ბალტიისპირელი კოლეგები განსაკუთრებული სიმპათიით არიან განწყობილნი თქვენდამი, რადგან თქვენ ერთადერთი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ხართ, რომელიც კრემლში არ ყოფილხართ. როგორ ფიქრობთ, შეხვდებით გორბაჩოვს თუ არა? ან მიიღებთ მონაწილეობას ფედერაციის საბჭოს მუშობაში, თუ არა?
- თუ მთელი ერი ამოგვიდგება მხარში, ასე იქნება მომავალშიც. ყოველ შემთხვევაში, ამ კურსის გაგრძელებას ვაპირებთ. ჩვენ ეხლა კავშირი გვაქვს მხოლოდ ეკონომიკურ დონეზე. ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა გაცილებით ადვილია, ვიდრე ეკონომიკურისა.
- თქვენი დამოკიდებულება რეფერენდუმის მიმართ?
- რეფერენდუმი კრემლს სურს გამოიყენოს რესპუბლიკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამით უნდა მიაღწიოს სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას. ჩვენ უნდა ვამხილოთ ამ რეფერენდუმის უსამართლობა. როდის იყო, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებული რეფერენდუმი წყვეტდა მეორე ქვეყნის ბედს. ეს არის უსამართლო სამართალი, რომლის აბსურდულობაც მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოთ“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№24 (44), გვ. 1; 5 თებერვალი, 1991 წ.].
ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს
ძვირფასო დებო და ძმებო!
ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისთვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს. კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები.
„გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკამ განსაკუთრებით გამოიღო ნაყოფი ცარიზმის დამკვიდრების შემდეგ. იმ დროის განმავლობაში, რაც კავკასიელი ხალხი ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიაში მოექცნენ, ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაების გადატანამ სწორედ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს მოუწია. ეს იმიტომ, რომ თქვენ არასოდეს შერიგებიხართ მტერს, ქედი არ მოგიხრიათ მისთვის. ვაჟა-ფშაველას სიტყვებითაც ხომ „კარგია მუდამ მტრიანი“.
ცარიზმის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის მწვერვალი იყო 1864 წელს ჩეჩენთა და ინგუშთა იძულებითი აყრა სამშობლოდან და ოსმანთა იმპერიაში გადასახლება. თავის დროზე ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რად ღირს თუნდაც, ალ. ყაზბეგის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც აღსავსეა ჩეჩენ და ინგუშთა მწარე ხვედრის გამო გულისწუხილითა და თანადგომით.
1864 წელს მუჰაჯირობის, სამშობლოს დაკარგვის მთელი სიმწარე ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად იწვნიეს კავკასიის სხვა ხალხებმაც: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, ყარაჩაელ-ბალყარელებმა, დაღესტნის ხალხებმა, მაგრამ ისტორიის ბედუკუღმართობის გამოცდა, გენოციდის ახალი ტრაგედიის გადატანა ისევ მოუხდა გმირ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს უკვე „ჰუმანური“ საბჭოთა ხელისუფლების წყალობით 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა წითელი არმიის „ბრწყინვალე“ დღეს, როცა ერთ დღე-ღამეში მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი შეიწირა ამ აქციამ.
1944 წლის 23 თებერვალი სისხლიანი ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ისტორიაში, როგორც გენოციდის დღე. ჩეჩენი და ინგუში ხალხების ჭრილობა მოუშუშებელია, ხოლო მწუხარება უსაზღვრო და უკიდეგანო. ეს ისეთი ჭრილობაა ჩეჩენი და ინგუში ხალხების ისტორიაში, რომლის დავიწყება არ შეიძლება, ხოლო მწუხარება კი არ გაქრება, არამედ იქცევა იმ ძალად, რომელიც სათავეს ხალხის წიაღიდან იღებს და მასვე უბრუნდება, როგორც განახლების წყარო, ერის სულიერი აღორძინების ნიშანსვეტი.
ძვირფასო ძმებო და დებო!
მიიღეთ ქართველი ხალხის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და პირადად ჩემი ღრმა სამძიმარი 1944 წლის 23 თებერვლის აქციის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავად.
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№35 (55), გვ. 1; 21 თებერვალი, 1991 წ.].
ინტერვიუ
- ამბობენ, გამსახურდია პოლიტიკაში ახალბედა არ არისო, როგორ მოხდა ეს? თქვენ ხომ არასოდეს არ გიმუშავიათ სახელმწიფო თუ პარტიულ სტრუქტურებში?
- ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. იქ, პირველად ჩემს ცხოვრებაში შევქმენი პატრიოტული ორგანიზაცია, რომელმაც პირველი პროკლამაცია გამოუშვა. 1956 წელს, იქვე, ამხანაგებთან ერთად, პირველად დამაპატიმრეს.
- წარმომიდგენია რა თავზარი დაეცემოდა თქვენს ოჯახს. მამათქვენი ხომ ცნობილი მეცნიერი იყო, აკადემიკოსი, ჰოდა, უეცრად შვილის დაპატიმრება ანტისაბჭოური საქმიანობისათვის...
- არავითარი თავზარი არ დასცემია. მამაჩემი რამდენადმე ჩვენი იდეური მოძღვარი იყო. მეტსაც ვიტყოდი - ინიციატორი. მერე კი ინანა, ვინაიდან დიდი საფრთხე შეგვექმნა. ყოველ დაკითხვაზე გვემუქრებოდნენ: „ახლა თქვენ საპატიმროდან ვეღარ გამოხვალთ. მერე კი ციმბირი. ასე რომ, ბიჭებო, შინ მალე ვერ დაბრუნდებით და საერთოდ დაბრუნდებით კი...“ ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს რომ არ გამოედოთ თავი, ალბათ, ასეც იქნებოდა. მე მგონია, მხოლოდ მათი დამსახურებაა, რომ რამოდენიმე თვის პატიმრობა გვაკმარეს, შემდეგ კი პირობითი სასჯელი მივიღეთ.
- მაგრამ რამდენად სერიოზული იყო ყოველივე ეს? ხომ არ ჰგავდა ბავშვების პოლიტიკობანას თამაშს? ასეთი რამეც ხომ ხდებოდა ჩვენში. ასეთი თამაშები ბევრს ძალზე ძვირად დაუჯდა.
- არა, ეს თამაში არ ყოფილა. ყველაფერი ძალზე სერიოზულად იყო. ჩვენ გვესმოდა თუ რაოდენ დიდი იყო საფრთხე, რაოდენ დიდი იყო პასუხისმგებლობა. საერთოდ, შუა 50-იანი წლები საქართველოში ამბოხიანი ხანა იყო, რაც, ნაწილობრივ, დაკავშირებული იყო სტალინისტების მოძრაობასთან. მაშინ ახალგაზრდობა პროტესტს აცხადებდა ეროვნული სიამაყის გამო, როცა ხედავდა როგორ ლანძღავდნენ სტალინს...
- ჰოდა, თქვენც გადაწყვიტეთ მისი დაცვა, როცა სათავეში ჩაუდექით ახალგაზრდობის სტიქიური პროტესტის პროცესებს?
- პირიქით, სულ სხვა მიზანი გვქონდა - არა სტალინის უკვდავყოფა, არა მისი განდიდება, არამედ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა. ერთი მუჭანი ვიყავით, მაგრამ ეს მოძრაობის დასაწყისი იყო... რაც შეეხება სტალინს, აი რა მინდა მოგახსენოთ: შეცდომა იქნებოდა გველაპარაკა მასზე, როგორც ქართული ეროვნების კაცზე. იგი ტოტალიტარიზმმა შვა. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დიქტატორს, ტირანს, არც მას აქვს ეროვნება. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სტალინის წინააღმდეგ გამოვდიოდი.
- სტალინისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ ხომ არ გაამრავლა თქვენი ოპონენტები? კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში დღემდე დარწმუნებული არიან, რომ ამ სახელს საქართველოში მოწიწებით, თაყვანისცემითაც კი იხსენიებენ.
- რამდენიმე წლის წინათ სტალინიზმი აქ მართლაც ძლიერი იყო. დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს, მხოლოდ ძალზე დაბალი კულტურის მქონენი ან პოლიტიკური ავანტიურისტები ღაღადებენ კვლავ მის სიდიადეს. მარტო ერთი რამ იციან: სტალინი ქართველი იყო. თვითონ განსაჯეთ: რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უკანასკნელ არჩევნებში სტალინის დაცვის საზოგადოებამ სრული კრახი განიცადა. მათი წარმომადგენლები არც კი შეუტანიათ საარჩევნო სიებში...
- ბევრი თქვენი გამოსვლა მოწმობს, რომ თქვენ ურყევი ანტიკომუნისტი ბრძანდებით. მაგრამ როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იძულებული ხართ დიალოგი აწარმოოთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის - კომუნისტებთანაც, ხომ არ არის რაიმე წინააღმდეგობა თქვენს პირად მრწამსსა და სახელმწიფო მოღვაწის როლს შორის?
- არაერთგზის მსმენია: რა საჭიროაო საკუთარი ანტიკომუნიზმის წარმოჩენა? აქაოდა, ეს მხოლოდ ზრდისო ოპონენტთა რიგებს. მაგრამ, გამიგეთ, სხვაგვარად არ შემიძლია - ეს ორმაგი თამაში იქნებოდა. არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება, - ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშული არ არსებობს. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია მიმაჩნია პასუხისმგებლად მთელი იმ უბედურებისათვის, რომელიც თავს დაატყდა ჩემს ხალხს (ისევე, როგორც საბჭოთა იმპერიის ყველა ხალხს) უკანასკნელ შვიდწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში... დიალოგიო ბრძანეთ. მე მზად ვარ ამისათვის და არა მარტო კომუნისტებთან, არამედ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. მაგრამ რაზე ველაპარაკოთ? მას შემდეგ, რაც ამ კაბინეტში ვმუშაობ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან მხოლოდ ერთ საკითხზე მომმართეს - ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული შენობის თაობაზე. როგორც ჩანს, მეტი არაფერი აწუხებდათ. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამ საუბრების ტონალობა პირდაპირ შეუწყნარებელია. როგორც კი მწვავდება საუბარი მაშინვე იმუქრებიან: „მედესანტეებს გამოვიძახებთო“.
- თქვენ რეალურად მიგაჩნიათ მოვლენათა ამგვარი განვითარება?
- არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენში ხომ რამდენადმე სხვაგვარი პირობებია, სხვაგვარი პოლიტიკური და სოციალური გარემოა, ვიდრე, ვთქვათ, ლიტვაში. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას საქართველოში დასაყრდენი არა აქვს. ბალტიისპირეთში კომუნისტები იმის იმედად არიან რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძარაობას მოსწყვეტენ რუსულენოვან მოსახლეობას, მათ შორის კონფლიქტს გააჩაღებენ. ჩვენ კი მხარს გვიჭერს არა მარტო ქართული მოსახლეობა, უყოყმანოდ ვამბობ, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსთა უმრავლეოსობა ჩვენს მხარეზეა. ჩვენს შორის არ არის და არც ყოფილა კონფლიქტი. ცხადია, რამდენადმე სხვაგვარი სიტუაციაა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში - იქ საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ მიაგნო საყრდენ წერტილს, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენთან საბრძოლველად. ამგვარ ცნობებს რომ ავყვეთ, ჩვენ თურმე იმის გარდა არას ვაკეთებთ, რომ საქართველოში მოსახლე ხალხების მეგობრობას ვანგრევთ. ვითომდა შევიარაღდით ლოზუნგით - “საქართველო - ქართველებს” და არაქართველებს ვავიწროვებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაცია ცენტრალური გაზეთების ფურცლებზე ვერ ხვდება და ხალხს სჯერა ეს სისულელე… ამას წინათ ჩვენს გაზეთებში გამოქვეყნდა ჩემი გამოსვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთს ეხებოდა. გაზეთის სამი სვეტი ფაქტები, ისტორიული ცნობები - განა მოასწრებ ყოველივე ამას ხანმოკლე საუბრისას? სამწუხაროდ, რუსეთში არ იციან ამ ეთნიკური კონფლიქტის არც ისტორია და არც არსი… მაგრამ მე მგონია საჭიროა მისი პოლიტიკური არსის ცოდნა. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის გაღვივება ხელს აძლევს იმათ, ვინც მთავარ მიზნად დაისახა - რადაც უნდა დაუჯდეს არ დაუშვას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა.
- თქვენი აზრით დღეს რეალურად ვინ ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთში?
- სრულიად არავინ. შარაგზებს მოსდებიან შეიარაღებული ადამიანები, ავაზაკები და ტერორში ჰყავთ მოსახლეობა - სხვათა შორის, არა მარტო ქართული. ხშირ შემთხვევაში ეს არმიის ბრალიც არის. ცოტა როდი გვაქვს იმის ფაქტი, რომელიც ადასტურებს მის თანამშრომლობას დესტრუქციულ ძალებთან. ზოგიერთი მათგანი ამას წინათ ვაცნობე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს… ერთი მიბრძანეთ, რა კვალიფიკაცია უნდა მივცეთ სამხედრო მოსამსახურეების - ოფიცერ ა. პოლეშჩუკისა და პრაპორშჩიკ ე. სტაროლუბცევის საქციელს, რომლებმაც “ბოევიკების” ფორმა ჩაიჯაჯეს, ნიღბები გაიკეთეს, საქართველოს შინაგან სამინისტროს საგუშაგოს დაესხნენ თავს და ავტომატები დაუშინეს? ან იმას რა ვუწოდოთ, რომ სეპარატისტთა ლიდერები ტ. კულუმბეგოვი და ა. ჩოჩიევი, მდევარს განრიდებული, ხშირად პოულობენ თავშესაფარს საჰაერო-სადესანტო პოლკის ბაზაში? დღემდე არ მიგვიღია მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ამარაგებს ექსტრემისტთა ბანდებს რაკეტებით და ტყვია-წამლით. ამის გამო პრეზიდენტს ზუსტად ასე მივწერე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცხინვალში ყველაფერი ლიტვურ-ლატვიური სცენარით ხდება-მეთქი.
- ჩვენი საუბრის დროს ერთხელაც არ წამოგცდენიათ სიტყვა “ნაციონალური”… თქვენ ნაციონალისტი ხართ?
- არა, მე პატრიოტი ვარ. მაგრამ ეს ჩემი მრწამსის ემოციური მხარეა, მაგრამ, თუ იდეოლოგიურ პლატფორმას განვიხილავთ, მე ქრისტიან-დემოკრატი ვარ. განა შეიძლება სახელმწიფო წყობილების ასეთი ფორმის პირობებში ერთი ერის რაიმე პრობლემები მეორე არამკვიდრი ერის უფლებათა შელახვის ხარჯზე გადაიჭრას? ცხადია, არა. როცა ჯერ კიდევ ვიწყებდით ბრძოლას, ჩვენთან ერთად იყვნენ რუსეთის საუკეთესო შვილები - დემოკრატიული ინტელიგენცია, დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ ერთად ვმოქმედებდით. ჩვენში, საქართველოში, იბეჭდებოდა თითქმის მთელი რუსული “სამიზდატი” და მთელ კავშირში ვრცელდებოდა. დღეს კი ცენტრში ვიღაც-ვიღაცეებს ძალზე სურთ რუსი ადამიანების სულში ეჭვი დათესონ, ფაშისტები ხომ არ მოექცნენო ხელისუფლების სათავეში?
- არასოდეს არ მოგსურვებიათ შეხვედროდით მ.ს. გორბაჩოვს და გეცადათ საქართველოსადმი კავშირის შემდგომი დამოკიდებულების პრინციპების შემუშავება?
- თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის მანძილზე, არც ერთხელ არ გადამიბიჯებია კრემლის ზღურბლისათვის. ეს შემთხვევითი არ გეგონოთ. ეს პოზიციაა. მე კრემლის ზღურბლს მხოლოდ მაშინ გადავაბიჯებ, როცა თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვიქნები. ეს არაერთგზის მითქვამს გორბაჩოვისათვის. არ შეიძლება სუვერენულ რესპუბლიკებზე ილაპარაკო, თან კი მათ ისე მოექცე, თითქოს შეუგნებელი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ყოველდღიური მეურვეობა და მამის ქამარიც სჭირდებათ! ურთიერთობის ასეთი პრინციპით კავშირი ვეღარ განახლდება. ამ მხრივ ჩვენ ყველას რუსეთის, ელცინის დიდი იმედი გვაქვს. ვიცით, როგორ უჭირს - იქნებ ყველაზე მეტადაც, ჩვენს შორის. ყველაზე მეტად მას უტევენ. როგორ დავეხმაროთ ამ კაცს? ერთადერთი იმედი ისაა - მებრძოლია და მაინც ვშიშობ… მით უმეტეს, რეაქციული ძალები ცენტრშიაც უტევენ.
- შევარდნაძის განცხადებამ გადადგომის შესახებ მომავალი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მთელი მოსახლეობის ყურადღება მისკენ მიაპყრო…
- მე რამდენადმე სხვაგვარად ვუყურებ ამას. მე მგონია ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, როგორც ყველა სხვა ნაბიჯი, კრემლის ნებამ. რა თქმა უნდა, შევარდნაძის განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც, მაგრამ, ამასთანავე, ეს დაეხმარა კიდეც გორბაჩოვს. ბევრი საკავშირო დეპუტატი ხომ ყრილობაზე პრეზიდენტთან საბრძოლველად ჩამოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებამ კი ეს დაავიწყა და მხოლოდ შევარდნაძეზე ლაპარაკობდა.
- ზოგიერთი ჩვენი მკითხველი დაეჭვდება - გამსახურდია ამას იმიტომ ამბობს, რომ საქართველოში შევარდნაძის დაბრუნებისა ეშინიაო.
- სრულიადაც არა. მოდი ასე ვიმსჯელოთ: რა პოზიციებს დაადგება შევარდნაძე, თუ მაინც დაბრუნდება საქართველოში? პირადად მე მგონია, იგივე პოზიციებს, როგორც ყოველთვის - კრემლისას. აქვს თუ არა იმის შანსი, რომ ხალხი გაიყოლიოს, მე მგონია, არავითარი!
- ყველაზე მეტად რა გაწუხებთ დღეს? რა უწინარესი ამოცანებია თქვენს წინაშე?
მაწუხებს კრიმინალური ბანდები. მაწუხებს ის, რომ მაფიოზური დაჯგუფებანი შეეკვრნენ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშით გვევლინებიან, ასულელებენ ხალხს. ჩვენ უნდა დავამთავროთ სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების ჩამოყალიბება; ბოლო უნდა მოეღოს ქაოსსა და ანარქიას, რომლებიც საქართველოს ზოგიერთ რაიონში სუფევს. ხალხს ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა უნდა. ამას კი ახალი ეკონომიკა სჭირდება. ერთი სიტყვით, საზრუნავი და საწუხარი უამრავი გვაქვს. ერთადერთი, რაც არ გვყოფნის, - დროა.
ინტერვიუს უძღვებოდა პავლე ვოშჩანოვი
(გაზ. „კომსომოლსკაია პრავდა“ №36 (56) 1991 წ. 21 თებერვალი)
რედაქციისაგან: როგორც ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, საბოლოოდ ინტერვიუს დაბეჭდვა მასთან შეუთანხმებლად მოხდა და ამიტომ გაპარულია რამდენიმე უზუსტობა, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხერხდა“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№36 (56), გვ.1; 22 თებერვალი, 1991 წ.].
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის 1991 წლის 23 თებერვალს
ჯემალ ნინუა (გაზეთი „რესპუბლიკა“)
- ბატონო ზვიად, ასი დღე შესრულდა, რაც ქართველმა ხალხმა თავისი ნებით ხელმძღვანელად აგირჩიათ. რისი თქმა შეიძლებოდა განვლილ პერიოდთან დაკავშირებით დღეს. რამდენად გამართლდა თქვენი პოლიტიკური პროგნოზები და როგორ გესახებათ საქართველოს რესპუბლიკის მომავალი ამ განვლილი პერიოდის გათვალისწინებით?
- უნდა მოგახსენოთ, რომ პირველივე დღეებიდან ცხადი გახდა, რომ ამ პროცესებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არის ძალზე მწვავე რეაქცია ცენტრისა. შეიძლება ითქვას, ცენტრმა პირდაპირ გამოგვიცხადა ომი - ომი ყოველგვარი საშუალებებით - ბლოკადით, კერძოდ, ენერგეტიკული, სასურსათო და ყოველგვარი სახის ბლოკადით, შინაგანი დესტაბილიზაციით. აქ - თავისი აგენტურის მობილიზებით და ჩვენს საწინააღმდეგო აქციების გაძლიერებით. ეს სავსებით აშკარაა. ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით თითქმის სამოქალაქო ომის სიტუაციას, განსაკუთრებით სამაჩაბლოში. ასეთ პირობებში ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვგეგმავდით ხალხის საკეთილდღეოდ, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის, მშვიდობის დამყარებისათვის რესპუბლიკაში, ძალზე ძნელად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ იმპერია მობილიზებულია საქართველოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით - მისი პროპაგანდისტული მანქანა და ეს ძალზე შორს მიმავალ შედეგებსა და მიზნებს ისახავს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოებრიობის ნაწილი მხარში ამოუდგა ამ იმპერიულ ძალებს და მათთან ერთად ცდილობს დესტაბილიცაზიის შექმნას და ყოველნაირად გვიშლის ხელს ქართველი ერისათვის სასიკეთო ძვრების განხორციელებაში. ჩვენი საპარლამენტო მოქმედება, მოგეხსენებათ, მიმართულია ჩვენი ერის ინტერესების სამსახურისაკენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენისაკენ, მაგრამ ეს არის სწორდ ის, რაც არ აწყობს ცენტრს და ამავე დროს, არ აწყობს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ, გადაგვარებულ ნაწილს, მაფიოზურ ძალებს, კორუმპირებულ ძალებს და ფსევდოოპოზიციას. აი, ასეთი ვითარებაა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ძალზე სერიოზულად გვიშლიან ხელს, ასე, რომ ჯერჯერობით რეალური, სასიკეთო ძვრები არ შეიმჩნევა და არ არის სახარბიელო თუ ყოველივე ასე გაგრძელდა.
- ბატონო ზვიად, გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა და კიდევ ერთიც, საკავშირო პარლამენტსა და რუსეთის პარლამენტს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაობაა...
- მოგახსენებთ, ეს დადგენილება არის ყოვლად არაკომპეტენტური და უკანონო, ვინაიდან საგანგებო წესების გამოცხადება სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე არ წყვეტს ცხინვალის პრობლემას, არ წყვეტს ოსი ექსტრემისტების ალაგმვის პრობლემას. ეს იქნება მიმართული ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს იქნება განმტკიცება ოსი ექსტრემისტების პოზიციებისა. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია მთელს საქართველოში, სადაც კი ოსები სახლობენ. მოგეხსენებათ, ასეთი რაიონები ძალზე ბევრია. ჩვენ ეს ვუთხარით აქ ჩამოსულ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვორონინს. ყველაფერი ეს ავუხსენით, დავუსაბუთეთ, იგი, თითქოსდა მართლაც შეფიქრიანდა, მაგრამ ამის შემდეგ რა პოზიციას დაიჭერენ, არ ვიცით. ის წავიდა შემდეგ ცხინვალში და ახლა ისევ მოსკოვში გადაფრინდა. მაგრამ, მთავარი, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, და სჯობია ვიცოდეთ სიმართლე, ვიდრე თავი მოვიტყუოთ, ისაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი არის სინამდვილეში ცენტრისა და ოსი ექსტრემისტების ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არავითარი ეთნიკური კონფლიქტი არ არის.. ესაა ცენტრის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ტერიტორიის ჩამოცილებას საქართველოდან. ეს უკვე იგეგმება. აი, ახლა მოგვივიდა წინადადება, რომ სამ დღეში შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ამას, რასაკვირველია, არ გავაკეთებთ, ამის შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვა, რომელიც ჩვენს გარეშე შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას და როგორც ეს ყარაბაღში მოხდა, მოახდენს მთელი ამ ტერიტორიის იზოლირებას საქართველოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს ტერიტორია დაკარგული იქნება საქართველოსათვის. აი, მიზანი ცენტრისა, რომელისთვისაც იგი იბრძვის ყოველნაირი საშუალებებით. მოხდა დეზინფორმირება საზოგადოების გარკვეული ნაწილისა. ეს იქნება, რასაკვირველია, კატასტროფული შედეგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ. იქნება ქართველი ერის ძალზე მწვავე რეაქცია. ვიმეორებ, ცენტრის გეგმაა სამაჩაბლოს ჩამოცილება საქართველოდან. აი, ესაა მათი მთავარი მიზანი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, იქ რა ძალები ბატონობენ, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი და ისინი ამ იმპერიალისტურ კურსს ემორჩილებიან, რასაკვირველია, მას უჭერენ მხარს. მაგრამ აი, რუსეთის უზენაესი საბჭოს გარკვეული ნაწილი ხედავს ამ უსამართლობას და ჩვენ უფრო გვიჭერს მხარს. გუშინ იყო, მაგალითად, ოსების მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია მოსკოვში. აწყობდა გენერალი ცაგოლოვი. იგი ექსტრემისტების ლიდერია, რომელიც ახლა პროფესორად შეინიღბა, მოუშვა წვერი ლევ ტოლსტოის მსგავსად. ეს არის ტერორისტული ბანდების მეთაური, რომელიც დივერსანტებს აგზავნის სამაჩაბლოში. მოსკოვში იგი ცდილობს დიდი მშვიდობის მქადაგებლის როლში გამოსვლას, მაგრამ იქ ჩავიდნენ ოსი ლტოლვილები სამაჩაბლოდან და ეს პრესკონფერენცია ფაქტობრივად ჩაშალეს. ამხილეს იქვე ცაგალოვი და მისი ბანდა და მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მოტყუება. ამით აიხსნება ის, რომ გუშინ „ვრემია“ შედარებით ჩუმად იყო ამ საკითხზე და პრესაც ასე თუ ისე კორექტულად იქცევა. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ აინტერესებს ცენტრს. ცენტრს აქვს მიზანი. ცენტრის მიზანია ჩვენი დასჯა. ჩვენი დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით და არ ვაწერთ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. და აი, ამისათვის იყენებს ცენტრი სამაჩაბლოს. ასეთია მდგომარეობა.
- ბატონო ზვიად, ჩვენ, რასაკვირველია, ვიცით, რომ ამჟამად, ამ დღეებში, როცა მიმდინარეობს (მხედველობაში მაქვს „მხედრიონის“ წევრთა იზოლირება), თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, მაგრამ მაინტერესებს, როგორია ამასთან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს პოზიცია და რას გვეტყვით ამის გამო.
- მოგახსენებთ, რომ არც ერთ სახელმწიფოში არ არის დაშვებული ტერორიზმი. ტერორიზმს გმობს საერთაშორისო სამართალი, ყველა სახელმწიფო, თვით ტოტალიტარული სახელმწიფოებიც, თვით საბჭოთა კავშირიც. ასე რომ, ტერორიზმის დაშვება ყოვლად გამორიცხულია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში. ტერორიზმის თავისუფლება არსად არ არსებობს და ამაზე ერთი აზრია მთელს მსოფლიოში. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ჩვენი გადაგვარებული ინტელიგენციის გარკვეულმა ნაწილმა საჭოჭმანო გახადა ეს ჭეშმარიტება და ამ ბანდებთან ალიანსით გამოდის. ამ ტერორისტების განთვისუფლებას მოითხოვს და, ვითომცდა, არადემოკრატიულ ღონისძიებებს უწოდებს ამგვარ მოქმედებას. ეს ყოვლად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ამბავია და ჩვენ ამას ვამხელთ. ვამხელთ და დავამტკიცებთ, რომ ინტელიგენციის ამ გადაგვარებულ წარმომადგენლებს მართავს მოსკოვი, და იმათაც მალე გამოვააშკარავებთ, ვინც მას წარმოსახავს და ვისი ინსპირაციითაც მოქმედებენ ეს ტერორისტული ბანდები ე.წ. „მხედრიონისა“ საქართველოში. დავამტკიცებთ იმასაც, რომ შავნაბადას ინციდენტი იყო დადგმა, რომ ეს იყო ინსცენირება საქართველოში ვითომდა შეიარაღებული აჯანყებისა. რა სურს ცენტრს, მეგობრებო? ცენტრს სურს, რომ საქართველოში მოხდეს შეიარაღებული აჯანყება, რომ საქართველოში საბჭოთა არმიას პირდაპირ დაესხას თავს გარკვეული ძალები, მოხდეს მათ შორის შეჯახება და შემდეგ ცენტრმა შემოიყვანოს აქ დიდი ძალები და მთელ საქართველოში გამოცხადდეს კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. ამაში შესანიშნავად უწყობენ ხელს ცენტრს ე.წ. „მხედრიონის“ ბანდები. მოხდა ეს შავნაბადაზე, და ეს იყო დასაწყისი. ჩვენ რომ არ დაგვეპატიმრებინა ამ ბანდის ხელმძღვანელები, დღეს მთელ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გვქონოდა. გესმით, აი ასეთი საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი ეს დროულად ავიცილეთ თავიდან, თუ კიდევ რაღაცა ახალი არ მოისაზრა ცენტრმა. როგორც ჩანს, ახლა მხოლოდ სამაჩაბლოს იმედად დარჩნენ ისინი. ალბათ, ამ საფრთხესაც თავიდან ავიცილებთ.
ირაკლი კენჭოშვილი „ჯორჯიან (მესინჯერი“):
ბატონო ზვიად, არსებობს თუ არა რაიმე მონაცემი იმის თაობაზე, თუ ისეთი ფორმირებების, როგორიცაა „მხედრიონი“ და საერთოდ, კონგრესის მოძრაობის უკან მოსახლეობის რამდენი პროცენტი დგას, რადგან სახელწოდება - კონგრესი პომპეზურად ჟღერს და ჩვენ, ალბათ, უნდა ვიცოდეთ ეს. და მეორე შეკითხვა, ბარემ აქვე გეტყვით: მოელით თუ არა თქვენ, რომ, როცა ერაყის ომი დასრულდება, შეიძლება მოსკოვი უფრო ფრთხილი გახდეს საქართველოს მიმართ?
- რასაკვირველია, რასაკვირველია უფრო ფრთხილი გახდება და ერაყის ომის მიზეზით არის სწორედ ასეთი მდგომარეობა შექმნილი და ცენტრი ამიტომ შეეცადა ბალტიისპირეთის, ასე ვთქვათ, მოთვინიერებას, რომ მას ჰქონდა ერაყის ომის იმედი. და ახლა საქართველოშიც იგივეს ახორციელებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში. რაც შეეხება კონგრესსა და „მხედრიონს“, მას მხარს უჭერს ძალზე მცირე ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც ალბათ ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. ჩვენ ამას დავამტკიცებთ, დავუსაბუთებთ რეფერენდუმით. ჩვენ მოვაწყობთ გამოკითხვას თუ რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა ე.წ. ეროვნულ კონგრესს, და დავამტკიცებთ, რომ ეს იყო ფალსიფიცირებული არჩევნები და გამოვავლენთ ყველას, ვინც ამ არჩევნებში ნამდვილად მიიღო მონაწილეობა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის მეასედ პროცენტსაც არ უდრის. ეს ერთი. მეორე, უნდა მოგახსენოთ, რომ ე.წ. კონგრესი და მასში გაერთიანებული პარტიები ჩვენი ეროვნული მოძრაობის მოღალატეები არიან, და აი, რატომ - თავდაპირველად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა იმთავითვე იყო მშვიდობიანი, ყოველგვარი შეიარაღებისაგან თავისუფალი, და თვით კონცეფცია ჩვენი მოძრაობისა იყო მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის კონცეფციის. ეს იყო ის, რასაც ინდოეთში ქადაგებდა მაჰათმა განდი, რასაც პოლონეთში ქადაგებდა ლეჰ ვალენსა და ამით იყო ჩვენი მოძრაობა ძლიერი, ამაში იყო ჩვენი მოძრაობის უდიდესი მორალური ძალა და აი, ამ მორალურმა ძალამ გაიმარჯვა 9 აპრილის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს ჯარები გამოიყვანეს, დაგვარბიეს, ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ. ჩვენ არც ერთი დანა, არავითარი იარაღი არ გვქონდა. ვიყავით სრულიად შეუიარაღებელნი და მსოფლიოს თვალში ეს იყო უდიდესი მოგება, უდიდესი გამარჯვება. აი, ამას ხედავდა კრემლი. და მანაც დაინახა ასეთი სერიოზული საფრთხე ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკური მოძრაობის სახით და გადაწყვიტა, თავის აგენტურის მეშვეობით, ჩვენი მოძრაობა გადაიყვანოს შეიარაღებული ბრძოლის, შეიარაღებული აჯანყების რელსებზე, ვინაიდან მაშინ ჩვენს მოძრაობას თავისუფლად დაამარცხებს. აი, ეს ანბანური ჭეშმარიტება, როგორც ჩანს, ცხადი გახდა კრემლისათვის 9 აპრილის ამბების შემდეგ და მან ინტენსიურად დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ თავისი აგენტურის მეშვეობით ჩვენი მოძრაობის შიგნით შეექმნა შეიარაღებული ჯგუფები და მიაღწია კიდევაც ამას. სწორედ ეს ადასტურებს, რომ კონგრესის უკან დგას კრემლის აგენტურა, ვინაიდან კონგრესი დღეს ემყარება უკვე შეიარაღებულ ძალებს და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. კონგრესში გაერთიანებული პარტიები უკვე მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გზას კი არ ადგანან, არამედ შეიარაღებული ტერორის გზას, შეიარაღებული აჯანყების გზას. ვინაიდან პირდაპირ, განსაკუთრებით ჭანტურიას პარტია, უკვე შეეზარდა „მხედრიონს“, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ესენია შეიარაღებული ტერორისტული ბანდები, რომლებიც მთელ საქართველოში ტერორიტულ აქტებს ახორციელებენ. თავს ესხმიან მილიციას, მოქალაქეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს. აი, ეს არის კრემლის უდიდესი გამარჯვება. რატომ დაადგნენ კონგრესის პარტიები ამ გზას? იმიტომ, რომ მათ ხალხში მხარდაჭერა არა აქვთ და სურთ ტერორით, შეიარაღებული ძალადობით დანერგონ თავიანთი იდეები და აიძულონ ხალხი გახდეს მისი მიმდევარი. აი, ეს არის მთავარი უბედურება და ამაში მდგომარეობს კონგრესის ღალატი ეროვნული მოძრაობისადმი. ასე, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, რათა ერისაგან მოიკვეთოს ეს მოღალატეები, რომელთაც ქართველი ერი დაღუპვისაკენ მიჰყავთ. ჩვენ არ დავუშვებეთ იმას, რომ საქართველოში მოქმედებდეს ეს ძალა და გაგრძელდეს ის ანარქია, რომელიც დღემდე იყო. არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამას არ დაუშვებენ. არსად არ დაუშვებენ იმას, რომ შეიარაღებული ბანდები ემუქრებოდნენ მოსახლეობას, ხელისუფლებას, თავს ესხმოდნენ მილიციას, პრეფექტურას და სხვა. ასე რომ კონგრესის მოღვაწეობა უკვე მთლიანად იდენტურია მხედრიონის მოღვაწეობისა, ხოლო ყოველივე ამის უკან დგას კრემლი, მოსკოვი, რომელსაც საქართველოში ეროვნული მოძრაობის ჩახშობა და განადგურების შორს გამიზნული ზრახვები აქვს.
კახა სიხარულიძე („საქართველოს რესპუბლიკა“):
ბატონო ზვიად, თბილისში გროვდება ხელმოწერები ჯაბა იოსელიანის თავდებით გამოშვების მოთხოვნით. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს და ერთი შეკითხვაც - ახლა, ამ წუთებში, კინოს სახლთან მიმდინარეობს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის მიტინგი საოკუპაციო ჯარის საქართველოდან გაყვანის მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, თუ შეიძლება.
- დიახ, ხელმოწერები ტერორისტების განთავისუფლების მოთხოვნით - ეს არის ზნედაცემულობის უდიდესი გამოვლინება, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს ხელმოწერები დაშინებისა და ტერორის გზით ხორციელდება. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერაც ეშინია მათი. ასე, რომ მე ეს არ გამიკვირდება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი ხალხის მორალური სახე ნათელია. რაც შეეხება მიტინგს, მე მიმაჩნია ეს პროვოკაციად. ცენტრს სურს დაასაბუთოს, რომ საქართველოში არის შეიარაღებული აჯანყება, თავდასხმა ჯარებზე და სხვა. ყოველგვარი გაღიზიანება სამხედროებისა მიმაჩნია უგუნურებად. საოკუპაციო ჯარის გაყვანა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი საშუალებებით, საერთაშორისო სამართლის ჩარევით და არა ხელოვნური თავდასხმებით ჯარსა და საბჭოთა არმიაზე. ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
გიორგი ფოფხაძე (რადიო „თვისუფლების“ ქართული რედაქცია):
ბატონო ზვიად, მაპატიეთ, მე მთელი კასკადი მაქვს, ექვსი კითხვა მაქვს, სხვადასხვა მიზეზისდა გამო მე დიდი ხანია არა მქონია თქვენთან შეხვედრისა და ინტერვიუს საშუალება და ამიტომ მაპატიეთ, ბევრ შეკითხვას მოგცემთ. პირველი კითხვა იქნება ასეთი: რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს სამაჩაბლოს კონფლიქტის რეგულირების? გარკვეული პოლიტიკური წრეები საქართველოს უზენაეს საბჭოს ბრალს სდებენ დიქტატურის გზას, მათ მაგალითად მოჰყავთ პრეფექტის ინსტიტუტის შემოღება. როგორ პასუხს გასცემთ ოპონენტთა ამ განცხადებას? და მესამე, გარკვეული პოლიტიკური წრეები და უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მხედრიონის წევრებსა და თავმჯდომარეს ჯაბა იოსელიანს პოლიტიკურ პატიმრებად აცხადებენ. თქვენი აზრით, არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები. მეოთხე, აფხაზეთშიც იგივე სიტუაციაა...
- მოითმინეთ, თხუთმეტი კითხვა ერთად არ შეიძლება. თუ გნებავთ ერთი სწორი კითხვა დამისვით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და გაგცემთ პასუხს. ეს ერთი, და მეორეც, მე რადიო „თავისუფლების“ ქართულ განყოფილებას ვუცხადებ ბოიკოტს, ვინაიდან ის მოღალატურ საქმიანობას ეწევა, თქვენ პირადად კი გაგცემთ პასუხს, მაგრამ მოვითხოვ, რომ ჩემი სახელით არ გადაიცეს არაფერი რადიო „თავისუფლებაში“, ვინაიდან ის მოღალატურ გზას ადგას.
შეეხო რა „თავისუფლების“ ქართული რედაქციის გადაცემებს, ბ-მა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ პროვოკაციული სიუჟეტებით და დეზინფორმაციის გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩევიან კორესპონდენტები - გიული ანთელავა და თავხელიძე. მაგალითად, ამას წინათ გადაიცა ცნობა, თითქოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას თავს დასხმიან უზენაესი საბჭოს დეპუტატის ჩულოკავას მეთაურობით, ასეთი გვარის დეპუტატი არ არსებობს. სინამდვილეში ვითარება ასეთი იყო: ედპ-ს წევრებმა უზენაესი საბჭოს მანქანა გაიტაცეს. მანქანის დასაბრუნებლად ედპ-ს შტაბში მივიდა უზენაესი საბჭოს გარაჟის გამგე (!) ჭოლოკავა (იგი ოფიციალური პირი არ გახლავთ), რომელიც ცემეს და იარაღი წაართვეს მასთან ერთად მყოფ რამოდენიმე გვარდიელს. აი, როგორ იყო საქმე, კორესპონდენტებმა კი შეგნებულად დეზინფორმაცია გადასცეს. ცილისწამებისათვის ისინი მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
- მაშინ მე გკითხავთ ორ ძირითად მიმართულებაზე, პირველი: რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს კონფლიქტის რეგულირებისა და პოლიტპატიმრების მიმართ?
- კი, ბატონო, კონფლიქტის რეგულირების ყველა ცდა, სამწუხაროდ, ამოიწურა. ჩვენ მოლაპარაკება ვცადეთ. შევხვდით ცხინვალის ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ თურმე, არავითარი გავლენა არ ჰქონიათ ექსტრემისტებზე. ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და არ დავუშვათ სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელება საგანგებო მდგომარეობისა. ვეცადოთ, რომ ცენტრს გადავაფიქრებინოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ესღა დაგვრჩენია. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, კიდევ ვიმეორებ, რომ ქურდობა, ყაჩაღობა, იარაღისა და მანქანის გატაცება - ეს პოლიტიკური დანაშული არ არის. ისინი, მართალია, თავიანთ მოქმედებას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშულობები, ასე, რომ მე მათ, პოლიტიკურ ტერორისტებსაც კი არ დავარქმევდი.
იცით, უბრალოდ, მათ იყენებენ ცენტრის გარკვეული ძალები. მათი დანაშაული სისხლის ჩვეულებრივი სამართლის დანაშულია, როგორიცაა - რეკეტი, მანქანების გატაცება, ადამიანების მოტაცება ფულის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა მილიციაზე თავდასხმა და იარაღის გატაცება და სხვა. ამას მოგახსენებთ თქვენს შეკითხვაზე. სხვათა შორის, ჭანტურიას და სხვებს პოლიტპატიმრების შარავანდედი სურთ შეუქმნან მხედრიონის წევრებს. თავიანთ პარტიებში აწევრიანებენ, რომ მათ ერქვათ პოლიტპატიმრები. ქურდობისა და ყაჩაღობისათვის დაჭერილ პიროვნებებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებად აცხადებენ. სხვათა შორის, მათი პარტიის წევრებიც მრავლად არიან დაჭერილი ყაჩაღობისათვის, ქურდობისათვის და ა.შ. და იმის ილუზია, რომ მე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვარ და ნუ მიჭერ, ყაჩაღობის, ქურდობის და ადამიანის მოტაცების ნება მაქვსო, ამის ილუზია ნურავის ნუ ექნება. არც ისე ადვილია დღეს უკვე თვალახელილი მოსახლეობის მოტყუება.
შოთა მაჭარაშვილი (გაზეთი „რესპუბლიკა“):
ბატონო ზვიად, ისევ შიდა ქართლის კონფლიქტს მივუბრუნდები, თუ შეიძლება. გუშინ რუსეთის ფედერაციის სესიაზე ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ბორის ელცინს, რათა იგი შეხვდეს საქართველოს ხელისუფალთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრებთან და მოაგვაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი რთული მდგომარეობა, რა შეიძლება მოგვცეს ამან?
- უკვე საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენსა და ელცინს შორის შეხვედრაზე, მაგრამ ელცინი, რა ვიცი, ცენტრის ეშინია თუ რა არის, თბილისში ჩამოსვლას ყოყმანობს. შეიძლება მოხდეს შეხვედრა სხვაგან. ჩვენ ვფიქრობთ, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ალბათ, მოხდება ეს შეხვედრა და იქნება საუბარი ოსეთის პრობლემებზე.
ესტონეთის რადიო:
ბატონო ზვიად, თუ შეიძლება ასეთ შეკითხვას დაგისვამთ: ერთი წლის წინ ესტონეთის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ საქართველოში შექმნილ სიტუაციებს ანალოგიით ბალტიისპირეთში მომხდარ მოვლენებს უკავშირებდით. თუ შეიძლება მოგვცეთ დღესდღეობით მიმდინარე მოვლენების ანალოგია?
- ბალტიისპირეთის ქვეყნები იმისათვის ისჯებიან, რომ იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის. მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებენ. ასევე, საქართველოს წინააღმდეგაც იყენებენ სამხედრო ძალას. ცენტრი იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ თავის ჯარებზე და ოს ექსტრემისტებზე დაყრდნობით, მაგრამ ამას აძლევენ ეთნიკური კონფლიქტის სახეს. მხოლოდ ეს არის სხვაობა ჩვენსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე ამბებს შორის. სხვა განსხვავებები არ არსებობს. თქვენთან არის ინტერფრონტი, ჩვენთან არიან ოსი ექსტრემისტები, რომლებსაც ცენტრი ჩვენთან საბრძოლველად იყენებს. აი ის ძირითადი, რისი თქმაც შეიძლება.
- ბატონო ზვიად, საზოგადოებრიობამ დიდი კმაყოფილებით წაიკითხა თქვენი მიმართვა ჩეჩენი და ინგუში ხალხებისადმი, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა პრესაში. რა ურთიერთობებს ამყარებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მეზობელ ხალხებთან და რესპუბლიკებთან?
- ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტარებთან, აგრეთვე ჩეჩენ-ინგუშეთის წარმომადგენლებთან და ვცდილობთ, რომ ყველგან კეთილი ურთიერთობა გვქონდეს, არსად არ აღმოცენდეს კონფლიქტი. ოსებთან კონფლიქტი ჩვენი ბრალი არ არის. ეს ცენტრის ინსპირირებულია. ცენტრმა მოაწყო. ასე, რომ აქ არიან გარკვეული წრეები ექსტრემისტებისა, რომლებსაც იყენებს მოსკოვი. საკმარისია ითქვას: ამას წინათ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ჩოჩიევი მოსკოვის სუკის პოლკოვნიკია და კულუმბეგოვიც კრიუჩკოვის თანამშრომელია, რაც იმით დასტურდება, რომ შინაგანმა ჯარებმა საიდუმლო შიფროგრამა მიიღეს მოსკოვიდან, რომლითაც პირდაპირ უბრძანებენ შინაგან ჯარებს, გაანთავისუფლეთ კულუმბეგოვი, რა საშუალებებითაც გნებავთ და წამოიყვანეთ მოსკოვშიო. ე.ი. ჯარს უბრძანებენ. ასე, რომ ეთნიკურ კონფლიქტს იწვევენ მოსკოვის აგენტები. საბედნიეროდ, ასეთი ეთნიკური კონფლიქტები არ გვაქვს ჩვენ არც ჩეჩნეთთან და არც ინგუშებთან. მათთან კეთილი ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, აფხაზები რომ ცდილობენ ჩრდილო კავკასიის ხალხების გაერთიანებას ჩვენს წინააღმდეგ, ეს არ გამოუვათ, რადგან ჩეჩნები და ინგუშები ამას არ დაუშვებენ. ჩაიშლება აფხაზეთის ის ცდაც, რომ ე.წ. მთის რესპუბლიკა შექმნან ცენტრით სოხუმში, ესეც ჩაიშლება ჩეჩენი და ინგუში ხალხის ძალისხმევის შედეგად.
- ჟურნალი „სოვეტსკი ვოინ“:
ბატონო თავმჯდომარევ, ოფიციალურად თუ აღძრავთ საქართველოს ტერიტორიაზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ოფიციალური სტატუსის საკითხს? თუ აღვძრავთ, როგორი იქნება ცენტრის რეაქცია, და თუ არა, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით?
- სამწუხაროდ, ჯერ ეს საკითხი არ აღძრულა. საქმე ის არის, რომ ამას საგანგებო მომზადება უნდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი გაირკვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით.
ზვიად ქორიძე, გაზეთი „7 დღე“:
არჩევნებში გამარჯვებისას გამართულ ორთავე პრესკონფერენციაზე თქვენ აღნიშნავდით, რომ ერთ-ერთ პირველ სხდომაზე უზენაესი საბჭო განიხილავს და კოოპტაციის წესით თავის რიგებში შეიყვანს იმათ, ვინც ვერ გახდა დეპუტატი და რომელთა ყოფნაც პარლამენტში საერთო საქმეს წაადგება. მას მერე ეს საკითხი საერთოდ არც დასმულა უზენაეს საბჭოში, რა იყო ამ თქვენი განცხადების საბაბი, და თუ დღესაც ამ აზრისა ბრძანდებით, რა უშლის ხელს მის შესრულებას?
- იცით რა, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ საარჩევნო კანონის შემუშავების დროს ეს ვერ გავითვალისწინეთ. ამიტომ ეს იურიდიულად შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ საარჩევნო კანონში ეს არ არის, თორემ ეს ჩვენც გვსურდა. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებში ვადგენდით საარჩევნო კანონს. იყო ფაქტობრივად ომი, გაფიცვები, შიმშილობანი. ძალიან დაძაბული ვითარება იყო. ჰოდა, ეს ნიუანსი გამოგვრჩა.
თუ შეიძლება მეორე შეკითხვაც, რომელიც უკავშირდება პრეფექტთა ინსტიტუტის შემოღებას. ამ ინსტიტუტის შემოღებამ გაამწვავა სიტუაცია გარკვეულ რაიონებში, და აფხაზეთშიც - გალის რაიონში. გარდა ამისა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ არძინბამ შეაჩერა საკრებულოების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი. ლიბერალური ოპოზიციის ნაწილიც წინააღმდეგია საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისა. მაინტერესებს, პრეფექტთა ინსტიტუტი ხომ არ შეუშლის ხელს საკრებულოების არჩევნებს საქართველოში.
- ვინც ამბობს პრეფექტის ინსტიტუტი დემოკრატიული არ არისო, უმეცარია. ეს ელემენტარული უმეცრებაა, მათ არ იციან, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, მოქმედებს პრეფექტის ინსტიტუტი, და უფრო მეტიც, იტალიელი ჟურნალისტები, რომლებიც ამას წინათ იყვნენ საქართველოში, განცვიფრდნენ - როგორ აძლევთ უფლებას, რომ დემონსტრაციები მოაწყონ პრეფექტებთან დაკავშირებითო, ჩვენში ასეთი რამ წარმოუდგენელიაო. გაოცებულნი იყვნენ, რა დემოკრატია ყოფილა თქვენთან, რომ პრეფექტის თაობაზე შეიძლება დემონსტრაციის მოწყობა და მოსახლეობის სურვილის გათვალისწინება. ჩვენ თითქმის ყველა შემთხვევაში ვითვალისწინებთ მოსახლეობის სურვილს. ხდება გამოკითხვა მოსახლეობისა და ისე ინიშნება პრეფექტი. ე.ი. ფაქტობრივად არჩეული პიროვნებაა. რაც შეეხება პრეფექტთან არსებულ წინააღმდეგობას, ეს ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და „მხედრიონის“ ბანდებმა მოაწყვეს. ეს იყო ობსტრუქცია, რომელსაც ხალხმა მხარი არ დაუჭირა.
ინგლისელი კორესპონდენტი:
არსებობს თუ არა საფრთხე ცენტრის მხრივ პირდაპირი ზეგავლენისა, პრეზიდენტის მმართველობის შემოღებისა.
- რასაკვირველია, არსებობს საფრთხე მოსკოვის მხრივ. არსებობს დიდი ზეგავლენა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით. და აი, სწორედ ამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტით მოსკოვი ემზადება საომრად, რომ მოახდინოს ინტერვენცია მთელს საქართველოში, შემოიღოს მთელ საქართველოში პრეზიდენტის მმართველობა და საგანგებო მდგომარეობა. თანაც ცენტრს უნდა ეს თანდათანობით განახორციელოს. ამის გაკეთება ერთბაშად არ შეუძლია. არის ცნობა, რომ დღეს აფხაზეთში შემოიყვანეს სადესანტო ჯარი, 400-მდე კაცი. ესეც, რასაკვირველია, ძალიან ავისმომასწავებელი ნიშანია. დესანტი კერძოდ, ბაბუშერაში შემოიყვანეს. ვითომცდა, რომელიღაც აგარაკის გარემონტებას აპირებენ, მაგრამ მედესანტე ჯარის მიერ აგარაკის გარემონტება, ცოტა არ იყოს, საეჭვოა. ე.ი. რაღაც სხვა მიზნებს ისახავენ.
ინგლისელი ჟურნალისტი:
დააპატიმრებთ თუ არა გიორგი ჭანტურიას?
- რაც შეეხება გია ჭანტურიას, მისი მოქმედება პოლიტიკოსის მოქმედებას აღარ ჰგავს. იგი დაუკავშირდა მხედრიონის ბანდებს, მისი პარტია, თავით ფეხებამდე შეიარაღებულია. სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. მისი წევრები დაპატიმრებულნი არიან ქურდობისათვის, ყაჩაღობისათვის, მანქანების მოტაცებისათვის. სულ უფრო და უფრო ჭირს ზღვარის დადგენა მისი პარტიის წევრებისა და მხედრიონს შორის. ასე, რომ ჩვენ ასეთ პიროვნებებს პოლიტიკური მოღვაწეობის წოდებას ვეღარ მივანიჭებთ. რაც შეეხება დაპატიმრებას, ნებისმიერი პიროვნება აგებს პასუხს, თუნდაც მე, სისხლის სამართლის დანაშული რომ ჩავიდინო, კანონით უნდა დავისაჯო. არ შეიძლება ადამიანს აპატიო სისხლის სამართლის დანაშაული იმის გამო, რომ იგი რომელიმე პარტიის ლიდერია, ეს აბსურდია. გამოდის, რომ პოლიტიკით ნიღბავენ კონკრეტულ დანაშაულობებს, ვისაც რაიმე კონკრეტული დანაშული დაუმტკიცდება, მას ვერავითარი პარტია ვერ იხსნის პასუხისმგებლობისაგან.
- წინა ხუთშაბათს მიცემულ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ აფხაზეთის პარლამენტს შეუთანხმებდით პრეფექტის დანიშვნის საკითხს, როგორც ცენტრალური პრესიდან შევიტყვე, გალის რაიონში რაღაც მომხდარა, როგორ განმარტავდით ამ მოვლენებს?
- თუ აფხაზეთი არ წარმოგვიდგენს წინადადებებს პრეფექტის შესახებ, მაშინ ჩვენ ვნიშნავთ. სამწუხაროდ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე არძინბა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდიუმის წევრია, საერთოდ არ გამოგვეხმაურა და თბილისშიც არ ჩამოვიდა. სწორედ ამიტომ იძულებული გავხდით თვითონ დაგვენიშნა პრეფექტი. ეს კანონის მიხედვით მოხდა. კანონის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს პრეფექტის კანდიდატურის დასახელების უფლება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, პრეფექტს ჩვენ ვნიშნავთ. ასე, რომ აქ სალაპარაკო ბევრი არაფერია.
- ის, რომ სამხრეთ ოსეთში გამორთულია ელექტროენერგია, მე მიმაჩნია ადამიანის უფლებების ხელყოფად. თქვენ, როგორც მთელ მსოფლიოში ცნობილი მებრძოლი ადამიანთა უფლებების დასაცავად, როგორ განმარტავდით ამ მოვლენას?
- თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰელსინკის პროცესი კრძალავს გაფიცვებს? გაფიცვა გამოაცხადეს ენერგეტიკოსებმა, ჩვენ არა გვაქვს მათი დაპატიმრების უფლება, რადგან გაფიცვის უფლება ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებას აქვს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ცხინვალში ქარხნები ექსტრემისტებს იარაღს უმზადებენ. ენერგეტიკოსებმა, რაკი იქ შესვლა არ შეუძლიათ, მთლიანად გამორთეს ელექტროენერგია ქალაქში. მეტიც, რომ მოხერხდეს იქ ელექტროენერგიის ჩართვა, მოსახლეობა იმდენადაა აღშფოთებული, თვითონ გამორთავს მას. უნდა შეწყდეს ოსების მხრივ ტერორიზმი, ბანდიტური გამოხდომები და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
ვახტანგ ბახტაძე, საქართველოს საინფორმაციო კორპორაცია „მაცნე“:
ამერიკის შეერთებული შტატების რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ და გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ მოეწყო საქართველოს ხელისუფალთა პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ჩვენ ძალზე მწირი ინფორმაცია გვაქვს ამის თობაზე.
- ჯერჯერობით ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე კონგრესმენს შეხვდნენ და, ალბათ, იქნება შეხვერდა ვიცე-პრეზიდენტ დენ-კუელთან. ძალზე რთული დროა ვიზიტისათვის სპარსეთის ყურის ამბების გამო და მოხერხდება თუ არა შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან, არ ვიცით.
ვიქტორ ვარინიუკი, გაზეთი „ლენინსკოე ზნამია“:
გვაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამიერკავკასიის ოლქის ჯარების ხელმძღვანელობასთან, და კიდევ, რით აიხსნება სამხედრო მოსამსახურეებისათვის მიწისა და ბინის გამოყოფის შეჩერება.
- საქმე ის არის, რომ ჩვენ კონფრონტაციის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენც იგივე პოზიცია გვიჭირავს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ჩვენი აზრით, საბჭოთა ჯარი საოკუპაციო ჯარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თითქოს ყველას მტრებად ვაცხადებდეთ. არა, ჩვენ ყოველგვარი დაპირისპირებისა და ძალადობის წინაღმდეგნი ვართ. ვცდილობთ, ჩვენი მხრით არ გავამწვავოთ სიტუაცია. ჩვენ ვიცით, რომ ცხინვალში განლაგებული ჯარის სამხედრო შენაერთები, სადაც ბევრი ოსი ოფიცერი მსახურობს, უშუალოდ ებრძვიან ქართულ მოსახლეობას, ოს ექსტრემისტებს იარაღით, რაკეტებითაც კი ამარაგებენ. ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ამის გამო ოლქის სარდლობა. მაგრამ შედეგი არ ჩანს. საერთოდ, თქვენივე წესდებით, თქვენი ჯარი არ უნდა დაემორჩილოს არა მარტო ცენტრს, არამედ ჩვენს ხელისუფლებასაც. ასე, რომ თუ ურთიერთობა მოწესრიგდება, ვფიქრობ, გამოკეთდება მდგომარეობა. ჯარის გასვლის საკითხი კი საერთაშორისო სამართალმა უნდა გადაწყვიტოს, როგორც ვთქვი.
პაატა ცინცაძე, საქინფორმი:
ახლახან შეიქმნა ეროვნული გვარდიის შენაერთები. მონაწილეობენ თუ არა ისინი შიდა ქართლში და სამაჩაბლოში მიმდენარე ოპერაციებში ჩვენს მილიციასთან ერთად?
- ჯერჯერობით იმდენი არ არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ოპერაციებში.
- მოსახლეობაში გამოკვეთილია აზრი, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალზე ჰგავს 1921 წლის სიტუაციას. თქვენეული შეფასება?
- ნამდვილად წააგავს ოცდაერთი წლის წინა პერიოდის სიტუაციას, რადგან მაშინაც და ახლაც იმპერია გვიწყობდა და გვიწყობს პროვოკაციებს. კიდევ იმით წააგავს, რომ იმპერია ცდილობდა დასაყრდენი ენახა თვით საქართველოში, ბოლშევიკური რუსეთი ცდილობდა მოღალატე ქართველი ბოლშევიკების ხელით დაემხო არსებული ხელისუფლება. ახლაც იგივე მეორდება. დღეს ცენტრი ეყრდნობა მხედრიონს, კონგრესს. ეს შევარდნაძისა და მგელაძის დღევანდელი მოღვაწეობის შედეგია. მოსკოვში შექმნილი მათი „რევკომი“ წარმართავს მოღალატე ქართველთა საქმიანობას.
- რას ეტყოდით საქართველოს არაქართველ მოსახლეობას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ისე წარვმართოთ ჩვენი მოქმედება, რომ საქართველოს არაქართული მოსახლეობა ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანული ნაწილი გახდეს?
- ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის, როგორც ქართველის, ისე არაქართველის, კონსოლიდაცია. საქართველოში მათი უფლებები არასოდეს დარღვეულა და ასე იქნება შემდგომაც. მაგრამ თუ ისინი დაარღვევენ კანონს, მიწების უკანონოდ მიტაცება იქნება ეს თუ სხვა რამ, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენი მტრები კი საწინააღმდეგო ხმებს ავრცელებენ, - თითქოს საქართველოდან მათი გასახლება გვინდოდეს და სხვა. ეს ჭორია, ეს სიცრუეა, ეს კარგად უწყიან არაქართველებმა. ამიტომაც არ არის მათი მხრივ კონფრონტაცია, რასაკვირველია, თუ კრემლი არ ჩაერევა ამ საქმეში თავისი აგენტურით. მე მინდა მოვუწოდო არაქართველ მოსახლეობას: ვიცხოვროთ მეგობრულად, მშვიდობიანად. ჩვენ არასოდეს არ დავარღვევთ თქვენს უფლებებს, ოღონდ ნურც თქვენ ეცდებით დაარღვიოთ საქართველოს რესპუბლიკის კანონები. მაშინ ჩვენს შორის მშვიდობა და კეთილი დამოკიდებულება იქნება. ეს არის ჩვენი პოზიცია და პრინციპი.
ზაზა გომართელი, „საქართველოს რესპუბლიკა“:
სულ რამდენიმე დღეა, რაც გადადგნენ საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის ლიდერები. მათ ახსნეს თავიანთი მოქმედება, მაგრამ ხომ არ არის რამე სარჩული? თვენი აზრით, როგორ შეიძლება ამის ახსნა?
- მე მგონია, მათ დაინახეს, თუ რა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქართველმა ერმა ისინი მოღალატეებად გამოაცხადა, ისინი კი თავმოყვარე ადამიანები არიან. მე ვიტყოდი - ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ავტორიტეტს და თავიანთ რენომეს. მარგიანი არ არის ისეთი პიროვნება, რომ ითმინოს შეურაცხყოფა სისტემატიურად, არ ეამება სამშობლოს მოღალატის როლი. პირდაპირ დასტურდება, რომ ეს პარტია უცხო ქვეყნის დოტაციით არსებობს, ცენტრიდან ფინანსდება. ამ დოტაციას იუდას 30 ვერცხლი უწოდეს ამას წინათ, და არ მოისურვა ამ კაცმა, რომ იუდას სახელი დაიმკვიდროს, ან ამტკიცოს - ჩვენ ეროვნული პარტია ვართო, ერის ინტერესებისათვის ვიბრძვითო და სხვა. ამ დროს კი გააწამოს უზენაესი საბჭო და აღარ გადასცეს თავისი შენობა მინისტრთა საბჭოს იმ დროს, როცა კომისიებს არ ჰყოფნით სამუშაო ოთახები და ფაქტობრივად ამ მიზეზით ჩაშლილია მუშობა. აი, ეს დაინახეს მათ. ასე შეიძლება ამის ახსნა.
23 თებერვალი, 1991 წელი“.
[გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“|№38 (58), გვ. 1-2; 26 თებერვალი, 1991 წ.].
Комментариев нет:
Отправить комментарий