1. კლარჯეთი უძველესი
პერიოდიდან XVI საუკუნემდე (ჯემალ კარალიძე)
კლარჯეთი ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს, რომელიც მოიცავდა მდინარე ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან ვიდრე შავ ზღვამდე.
არსებობს მოსაზრება კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ მოხსენიებულ კატარძენესა (ლომოური, 1955:49) და კლარჯეთის იგივეობის შესახებ. აღნიშნული თვალსაზრისი გამოთქვა ჰ. კიპერტმა და გაიზიარეს ი. მაკვარტმა, კ. მიულერმა და გ. მელიქიშვილმა (მელიქიშვილი, 1969:383-384, Меликишвили,
1959:210-212).
ურარტულ წყაროებში ქათარზა და უიტერუხი ხშირად ერთად იხსენიებიან. ისინი მეზობლები უნდა ყოფილიყვნენ. უიტერუხის სამხრეთი პერიფერია, ამ წყაროთა მონაცემებით, სადღაც დღევანდელი ლენინაკანის მახლობლად მდებარეობდა და მისი ტერიტორია ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, გვიანდელი ქართული ოძრხეს (სამცხის უძველესი სახელწოდება) მიმართულებით. ქათარზა, თუ გავითვალისწინებთ მის კავშირს „კლარჯეთთან“, უიტერუხის დასავლეთით უნდა ყოფილიყო. ასევე დასავლეთით უნდა ვივარაუდოთ ლუსას (ლაზთა?) ტომი. „ზაბახა“ თავსდება ჩილდირის ტბის დასავლეთით. იგი დიაოხს ემეზობლებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზაბახა ცოტა უფრო სამხრეთით ჩანს, ვიდრე ქართული „ჯავახეთი“, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი უკვე იმ დროს ჩრდილოეთით, დღევანდელ ჯავახეთამდე (ახალქალაქის მხარე) მოდიოდა. ძველი ქართული წყაროების ჯავახეთიც ხომ სამხრეთით კარგა დიდ მანძილზე, მტკვრის სათავეებამდე ვრცელდებოდა. იგანეხი ზაბახას აღმოსავლეთით, ჩილდირის ტბის სამხრეთი სანაპიროს რაიონში მდებარეობდა. აქ, ამ ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სოფ. დაშ-კარპისთან ნაპოვნია ურარტუს მეფის სარდური II-ის წარწერა, რომელშიც ლაპარაკია (ალბათ სწორედ ამ ადგილას მდებარე) იგანეხის ქალაქ მაკალთუნის დაპყრობის შესახებ. ერიახი იგანეხის აღმოსავლეთიდან ეკვროდა.
ზემოჩამოთვლილი ზოგიერთი ტომი, მაგალითად, ლუსა, ქათარზა და უიტერუხი (ე.ი.ლაზები – ?), კლარჯები და ოძრხელნი უკვე უძველეს ურარტულ წარწერებში ძვ.წ. IX ს. უკანასკნელი მეოთხედის მმართველის, იშფუინისა და მისი ვაჟის, მენუას წარწერებში იხსენიებიან. აქ ლაპარაკია ლუსას, ქათარზასა და უიტერუხის ტომების ლაშქრის უკუგდებაზე. ჩანს, ამ უკანასკნელთ კავშირი შეუკრავთ და თავს დასხმიან ურარტუს მეფეთა სამფლობელოებს, მაგრამ ურარტუელთა ლაშქარს მოუგერიებია ისინი, დასდევნებია და მათი ქვეყნებიც აუოხრებია. Vანის ერთ-ერთი ეკლესიის კედელში ჩატანებული აღმოჩნდა დიდი სტელა, რომელზედაც ამოკვეთილი იყო შემდეგი წარწერა: „...იშფუინი სარდურის ძემ და მენუა იშფუინის ძემ უკუაგდეს ლუსას ტომი, ქათარზას ტომი... მივიდნენ ქალაქ ანაშემდე, ქალაქ დიდ ქუკურუმდე... უიტერუხის ტომი, ლუსას ტომი, ქათარზას ტომი ეთიუხის ქვეყნის („ეთიუხი“ ანუ „ეთიუნი“ ურარტუელებისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის ზოგადი სახელი იყო) მეფეთა მაშველი ჯარები მოვიდნენ მათ დასახმარებლად. ჩავიდა სალაშქროდ ღვთაება ხალდი თავისი იარაღით უიტერუხის ტომის წინააღმდეგ, ლუსას ტომის წინააღმდეგ, ქათარზას ტომის წინააღმდეგ“ (ვიმოწმებთ: მელიქიშვილი, 1969:383).
ლუსას, ქათარზას და უიტერუხის წინაამდეგ ლაშქრობაზე მოგვითხრობს იშფუინისა და მენუას სხვა წარწერებიც. ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში, რომელიც ნაპოვნია ვანის ჩრდილოეთით, სოფელ გიუსნენცის ეკლესიაში, ვკითხულობთ: „ღვთაება ხალდის, მეუფეს, იშფუინი სარდურის ძემ და მენუა იშფუინის ძემ ეს წარწერა აღუმართეს. ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ, თავისი იარაღით სძლია მან უიტერუხის ტომი, ლუსას ტომი, ქათარზას ტომი“ (ვიმოწმებთ: მელიქიშვილი, 1969:383-384).
ამ გაიგივების წინააღმდეგ გაილაშქრა პ. ინგოროყვამ. იგი არ იზიარებს ი. მარკვარტისა და სხვათა მოსაზრებას, კლავდიოს პტოლემაიოსთან მოხსენიებული კატარძენესა (ქათარზენე) და კლარჯეთის იგივეობის შესახებ. დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ კლავდი პტოლემეს გეოგრაფიაში დასახელებული მხარე კატარძენე, რომელიც ევფრატის ხეობაში მდებარეობდა, არ არის ქართული პროვინცია კლარჯეთი, მდებარე ჭოროხის ხეობაში (ინგოროყვა, 1954:431-432).
აქვე გვსურს შევეხოთ კლარჯეთის მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილებისა და შემადგენლობის საკითხს. მით უფრო, რომ ზოგიერთ ავტორთან თითქოს ეჭვის ქვეშაა დაყენებული კლარჯების, როგორც ერთ-ერთი ქართული ტომისა და კლარჯეთის, როგორც ძირძველი ქართული მხარის საკითხი (მარი, 1911: 11). გ. მელიქიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ სამხრეთ საქართველოს მხარეთაგან (ჯავახეთი, კოლა, არტაანი, აჭარა, კლარჯეთი) მხოლოდ კლარჯეთის მცხოვრებნი – კლარჯები მოიხსენებიან საკუთარი ეთნონიმით. ლეონტი მროველსა და ჯუანშერთან „კლარჯნი“ აშკარად ისეთივე ეთნიკური მნიშვნელობის სიტყვაა, როგორც „ქართველნი“ (ე.ი. ქართლელები, იბერიელები) და „მეგრელნი“. ამასთან, როგორც ჩანს, თვით კლარჯებს შორისაც გარკვეული სუბეთნიკური ჯგუფები არსებობდა. შესაძლოა, ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს, კერძოდ, ზღვისპირა კლარჯებს გულისხმობს ფლავიუს არიანეს მიერ მოხსენიებული ძიდრიტების ტომი (მელიქიშვილი, 1969:385).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიზიარებთ პ. ინგოროყვას მოსაზრებას. ქართულ საისტორიო წყაროებში კლარჯეთის მხარე სისტემატიურად, ყველგან და ყოველთვის მოიხსენება როგორც ძირეული ქართული ქვეყანა, პოლიტიკურად და ეთნიკურად განუყოფელი ნაწილი საქართველოსი. ასეა ეს ყველა ქართულ მატიანეში, ბასილი ზარზმელის თხზულებაში, სხვა საისტორიო და ლიტერატურულ ძეგლებში. ხოლო თუკი კლარჯეთი საუკუნეთა მანძილზე, მე-8 საუკუნემდე, გრიგოლ ხანძთელის ხანამდე, მოწყვეტილი იყო საქართველოს და სომხეთის ფარგლებში იყო მოქცეული, როგორ მოხდა, რომ ქართული საისტორიო წყაროებში არ შენახულა ამის შესახებ არავითარი ცნობა, არავითარი საისტორიო მოგონება?
სომხური საისტორიო წყაროები გვიჩვენებს, რომ კლარჯეთი სომხეთისათვის უცხო მხარეს წარმოადგენდა. წყაროებში კლარჯეთის მხარე მხოლოდ გაკვრით მოიხსენიება რამდენიმეგზის. არსად არაა აღნიშნული, რომ სომხეთის ისტორიაში რაიმე როლი ეთამაშოს კლარჯეთს, ერთხელაც კი არაა მოხსენიებული ვინმე მოღვაწე კლარჯეთიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ სომხურ წყაროებში არაა მოხსენიებული კლარჯეთის დასახლებული პუნქტები, არაა მოხსენებული არც არტანუჯი – დედაქალაქი კლარჯეთისა, არც ახიზა, ფორთა და ანჩი, საეკლესიო მეტროპოლიები კლარჯეთისა, არც განთქმული სავანეები – ოპიზა, ხანძთა, პარეხნი, ფორთა, ჯმერკი, შატბერდი, მერე, დაბა და სხვა... როგორ მოხდა ეს, თუკი კლარჯეთი სომხეთის ფარგლებში შედიოდა და ისიც არა მოკლე დროის, არამედ ვითომც ათი საუკუნის მანძილზე? აშკარაა, კლარჯეთი არ ყოფილა ნაწილი სომხეთისა.
სომხურ საისტორიო წყაროებში, ვიდრე მე-9 საუკუნემდე, კლარჯეთის მხარის შესახებ საუბარია ოთხგზის. აქედან სამჯერ კლარჯეთი მოისხსენება როგორც ნაწილი საქართველოსი (ქართლის), ხოლო ერთგზის ერთ ნაგვიანევ წყაროში დაცულია მცდარი ცნობები კლარჯეთის მხარის შესახებ.
პ. ინგოროყვა შრომაში – „გიორგი მერჩულე“ საგანგებოდ ჩერდება კლარჯეთის ტოპონიმიკაზე და ასკვნის, რომ საისტორიო წყაროებში მოხსენიებული 50-ზე მეტი გეოგრაფიული სახელწოდებიდან (კლარჯეთი, თუხარისი, არტანუჯი, ახიზა, ფორთა, ანჩი, ოპიზა, პარეხი, ხანძთა, შატბერთი(//შატბერდი), მიძნაძოროი, წყაროსთავი, ბერთა, დოლისყანა, ქორთა, ტბეთი, ახალდაბა, ნიგოზეთი, აგარა, ქვაყრილი, სხალთა, დახატულა, კარჩხალი, საკრულავი და სხვა) თუ აბსოლუტურად ყველა არა, უმეტესობა მაინც ქართული წარმომავლობისაა. ეს სახელწოდებანი, გარდა, შესაძლოა, ერთი-ორისა, ეკუთვნიან ქართულ სამყაროს (ძირითადად დედა-ქართულს, ნაწილობრივ მეგრულ-ჭანურს, აგრეთვე ნაწილობრივ არქაულ კავკასიანურს ენობრივ წრეს). მასთან ეს სახელწოდებანი დამახასიათებელია არა მარტო კლარჯეთისათვის, არამედ ამ ტიპის სახელწოდებანი ჩვენ გვაქვს საქართველოს სხვა მხარეებში; ზოგიერთი სახელწოდება პირდაპირ მეორდება საქართველოს სხვა მხარეთა გეოგრაფიულ ნომენკლატურაში, სხვები კიდევ გენეტიკურად ენათესავება შიდა-საქართველოს გეოგრაფიულ სახელწოდებებს თავისი ტიპოლოგიით, გრამატიკული სახეობით და სხვ. მოკლედ, აქ ჩვენ გვაქვს საქართველოს ტიპიური გეოგრაფიული ნომენკლატურა.
კლარჯეთის გეოგრაფიულ სახელწოდებათა ზემოთ მოყვანილი სიიდან მხოლოდ ორის შესახებ შესაძლოა აღიძრას ეჭვი მათი სომხური წარმოშობის შესახებ: ესენია შატბერთი (შატბერდი) და მიძნაძოროი (მიჯნაძოროი) (იხ. ინგოროყვა, 1954:435)1.
კლარჯეთი გეოგრაფიულად მთიანი და კლდოვანი მხარე იყო, ძალზე რთული რელიეფით. ეს ერთი მხრივ მხარეს მტრისთვის ძნელად მისასვლელს ხდიდა, მაგრამ ამავე დროს ართულებდა სამეურნეო საქმიანობასაც. ლეონტი მროველი მიუთითებს: „ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხლნი და მხედარნიცა“ (ქ.ც., 1955:48).
სამწუხაროდ, კლარჯეთის ძველი ისტორიის შესახებ ცოტა რამ ვიცით, რადგან ამ კუთხეში არქეოლოგიური გათხრები ფაქტიურად არ ჩატარებულა, ქართულ საისტორიო წაყროებსა და ლიტერატურულ ძეგლებში კი ფრაგმენტული თხრობაა დასახელებული კუთხის შესახებ, რაც აძნელებს კლარჯეთის, როგორც ქვეყნის გაბმული ისტორიის თხრობას. ქართული საისტორიო ტრადიციით, კლარჯეთი ოდითგანვე ქართლის შემადგენლობაში შედიოდა. ლეონტი მროველის ცნობით, კლარჯეთი თარგამოსის შვილთაგან ქართლოსს ერგო: „განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა. მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსვლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს, ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს (ქ.ც., 1955:4-5). ქართლოსის შემდეგ კლარჯეთი ერგო ქართლოსის ძეს მცხეთოსს, შემდეგ მის ძეს ოძრქოსს. განძლიერდა „შემდგომად ამისსა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერთვისი მტკურისა, ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქვიან ჭოროხი“ (ქ.ც., 1955:17).
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა „დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი“, მათ შორის ქართლი კლარჯეთითურთ. „... დაიპყრა ყოველი ქუეყანა და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერთვისი მტკურისა, ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდენარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქვიან ჭოროხი ... ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი თვისი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა ... ხოლო მტუერის ციხესა და თუხარისსა არა ჰქონდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დასაპყრობად ...“ (ქ.ც., 1955: 17-18). ძვ. წ. IV-III სს-თა მიჯნაზე, როცა ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, კლარჯეთი მის შემადგენლობაში მოექცა. თუმცა, ფარნავაზ მეფეს ძალის გამოყენებით მოუხდა ამ მხარის დაჭერა, რადგან იქ თავი შეაფარა განდევნილმა აზონმა. მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი, რომელ დარჩეს აზონს, ვერღარა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა. ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდძალი. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. Iვლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნეს. და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა“ (ქ.ც., 1955:23).
ძვ.წ. II ს-ში გაძლიერებულმა სომხეთმა სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები მიიტაცა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იბერიის პირველ მეფეებს – ფარნავაზს, საურმაგს, მირიან I მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ სელევკიდთა სახელმწფოსთან. აზოსთან ბრძოლაში ხომ ფარნავაზს მხარს უჭერდა „ასურასტანის მეფე ანტიოქოსი“, რომელმაც სომხეთის ერისთავებს უბრძანა ფარნავაზზე დახმარება. სამაგიეროდ ფარნავაზი და მისი მემკვიდრეებიც ემსახურებოდნენ სელევკიდთა მეფეს. ძვ.წ. III ს. სელევკიდთა სამეფო დასუსტდა, ამას დაემატა რომის ექსპანსია აღმოსავლეთით, შედეგად ქართლის სამეფოს მეზობლად ჩამოყალიბდა სომხური სამეფოები, რომელთაც, სტრაბონის მიხედვით, იბერიას წაართვეს „პარიადრეს კალთები, ხორძენე და გოგარენი...“ მათ შორის იყო თუ არა კლარჯეთი დღემდე სადავოა.
კლარჯეთის ერისთავთა რეზიდენციას მდ. ჭოროხის ხეობაში მდებარე თუხარისი2 წარმოადგენდა. კლარჯეთი ადერკის მეფობის შემდგომ მის ძეს, ქართამს ერგო. „ხოლო ამას ადერკის ეხსნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თვისი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკურსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა – ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თვისსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თვისსა.
და იყო კლარჯეთს ერისთავი არზოკ მეფისა, აზნაურთაგანი. და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქუეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო, და ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხნი და მხედარნიცა“ (ქ.ც. 1955:175).
IV ს-დან თუხარისს დაუკარგავს ძველი მნიშვნელობა და კლარჯეთის ადმინისტრაციული ცენტრი არტანუჯი გამხდარა. „ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერისთავნი მისნი, და იძულებით კუალადვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერისთავსა კლარჯეთისასა, რომელ მშვიდობით განუტევა ანდრია მოციქული.
და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ხევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და მუნ შინა დაადგინნა მღვდელნი მოძღურად კლარჯთა“ (ქ.ც. 1955:176).
„და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითავე მირიანის ძეთა ნათესავი. და იყო ესე მირდატ კაცი ქუელი, მხედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მხედრობასა თვისსა. რა მსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია, არცარა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა. ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა.
და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხეთისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყუარდა ციხე, და თქუა: ,,ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე“. და ვითარცა წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუსმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა, რათა გამონახოს ... მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილნეს მონასტერნი საბერძნეთისანი. და რქუა არტავაზს: „უკეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს ... ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა, და მონასტერი, რომელ არს ოპიზა, და სამნი ეკლესიანი: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა. და განაახლა ციხე ახიზისა, და ქმნა იგი ქუაბად“ (ქ.ც., 1955:177-178).
ვახტანგ გორგასლის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ეკლესიის ზრდისა და გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც „ყველაზე უფრო მკაფიოდ სამწყსოთა რიცხვის მატებით გამოიხატებოდა. რამდენიც სამწყსო იყო, იმდენივე ეპისკოპოზი უნდა ყოფილიყო. ჯუანშერი ვახტანგ გორგასლის დროს შემდეგ საეპიზკოპოზოებს იხსენიებს: მცხეთის საეპიზკოპოზოს, კლარჯეთში – ახიზისას, არტაანში – ერუშეთისას, ჯავახეთში – წუნდისას, ქართლში – ნიქოზისას, მანგლისისას, ბოლნისისას, კახეთ-ჰერეთში – რუსთავისას, ნინოწმინდისას, უჯარმისას, კარისას, ჭერემისას, ჩელთისას, ხორნაბუჯისას, აგარაკისას, ანუ ხუნანისას; ამგვარად, სულ თექვსმეტი საეპიზკოპოზო გამოდის (აღვნიშნავთ, რომ ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ჩამონათვალი სრული არ უნდა იყოს, თუმცა მათ შორის, კლარჯეთის დამოუკიდებელი საეპიზკოპოსო არის მოხსენებული – ავტ.). ქართული ეკლესიის საზღვრები ვრცლად ყოფილა გადაჭიმული დასავლეთ-სამხრეთით და იგი კლარჯეთსაც შეიცავდა ...“ (იხ. ჯავახიშვილი, 1979: 339-340).
ამიერიდან კლარჯეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს როგორც დამოუკიდებლობისათვის, ისე გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში. სწორედ სამხრეთ საქართველოს, ტაო-კლარჯეთს უკავშირდება პოლიტიკურ სარბიელზე ბაგრატიონთა გვარის გამოსვლა. „ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს: „მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატიონთადვე, და ბრძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო ... სიცოცხლესა ჯუანშერისსა იცვალა ადარნასე ბაგრატონიანმან ნასამალი კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქუემოსა ტაოსა, და ციხეთაგანცა რომელნი ჰქონდეს შვილიშვილთა ვახტანგ მეფისათა, და წარვიდა ადარნასე კლარჯეთად და მუნ მოკუდა“ (ქ.ც., 1955:243-251). აქ მოღვაწეობდა წმ. გრიგოლ ხანძთელი, აქ (არტანუჯში) დამკვიდრდა არაბთაგან დევნილი აშოტ ბაგრატიონი; მერვე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ერისთავად ქართლში აშოტ დიდი ყოფილა. მაგრამ რაკი ქართლში არაბები ხანგრძლივ მშვიდობიანად არავის აბოგინებდნენ, ვერც ქართლის ერისთავმა აშოტ კურაპალატმა გაუძლო არაბების ეჭვს: „იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა და ვერა უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად“, დაესახლა არტანუჯს და „მისცა ღმერთმა გამარჯვება და ხელეწიფება იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა“, ვკითხულობთ ,,ქართლის ცხოვრებაში. ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატობა უბოძა. ამგვარად ჩამოყალიბდა შავშეთ-კლარჯეთის საერისთავო (ჯავახიშვილი, 1983: 93-94), რომლის მემკვიდრეებმაც იტვირთეს საქართველოს გაერთიანების მძიმე და საპატიო მისია.
აშოტ ბაგრატიონი ენერგიულად იწყებს თავის საქმიანობას. თავდაპირველად, როგორც ქართლის ერისმთავარი, ის საქართველოს ცენტრალურ რაიონებზე ავრცელებს თავის ხელისუფლებას და არაბთაგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს. ქართლის ერისმთავრის ამირასთან დაპირისპირება უნდა ყოფილიყო ერთი მიზეზთაგანი ამ ინსტიტუტის გაუქმებისა. მაგრამ აშოტი დამარცხდა არაბებთან ბრძოლაში და განშორდა ქართლს ,,და დაემკვიდრა მუნ (არტანუჯს) და მისცა ღმერთმან გამარჯვება, და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა“. ამგვარად, აშოტი გაემართა „საბერძნეთად“ და შავშეთ-კლარჯეთში დამკვვიდრებულმა ხელმწიფობის იურიდიული დადასტურება მიიღო „ნებითა ბერძენთა მეფისათა“.
იურიდიული დასტური რეალურ ხელისუფლებას მაინც არ ნიშნავს და აშოტი მისი მოპოვებისათვის თავად იღვწის. კლარჯეთში დამკვიდრებისათვის აშოტს არაბებთანაც უხდება ბრძოლა. არაბებს შავშეთ-კლარჯეთზე ხელი არ მიუწვდებათ, მაგრამ ისინი საქართველოს ამ კუთხეს მაინც არ ელევიან და ყოველთვის ცდილობენ მის შემომტკიცებას. ქართლიდან ლტოლვილ აშოტს არაბები დაეწივნენ და ებრძვიან...
აშოტი შავშეთსა და კლარჯეთში მკვიდრდება და რეზიდენციად არტანუჯს ირჩევს. ,,პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელიც პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ციხედ, და წინა-კერძო მისსა, ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თვისი, და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“ (ქ.ც. 1955:377). ე.ი. აშოტ ბაგრატიონი ანახლებს არტანუჯს, ციხეს და აშენებს ქალაქს, იქმნის საჯდომს, სასაფლაოს, კარის ეკლესიას.
როგორც ჩანს, აშოტი აქედან განავრცობს თავის ხელისუფლებას მთელ სამხრეთ საქართველოზე, კერძოდ, იმ პროვინციებზე, რომელნიც შემდეგ სამთავროს შემადგენლობაში შევიდნენ. აშოტის დროს სამთავროს ფარგლებში შედიოდა შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი.
IX ს. დასაწყისში საერთაშორისო ვითარება აშოტის საქმიანობის სასარგებლოდ შეიცვალა. საგრძნობი ხდება სახალიფოს დასუსტება. ამ გარემოებას კარგად ასახავს ქართული წყარო და შენიშნავს, რომ „მოუძლურებულ იყვნეს სარკინოზნი, და განდიდნა აშოტ კურაპალატი“. აშოტმა გაილაშქრა და დაიპყრო შიდა ქართლის ნაწილი, მან თავისი ხელისუფლება განავრცო, „კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“ (ქ.ც, 1955: 253). ბაგრატიონთა გვარის მემატიანე სუმბატ დავითის ძე აშოტის მიერ დაპყრობილ ქვეყანათა საზღვარს ბარდავამდე ავრცობს. აშოტ ბაგრატიონი „ეუფლა ქვეყანათა, ვიდრე კარამდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდება ბრძოლათა შინა“ (ქ.ც. 1955: 377). სუმბატ დავითის ძის ეს ცნობა ცოტა გაზვიადებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდან აშოტი ბარდავამდე რომ დაუფლებოდა ქვეყანას, მას თავისი ხელისუფლება თბილისის საამიროს და კახეთის საქორეპისკოპოსოს ნაწილზეც უნდა განევრცო.
აშოტ I-ის გარდაცვალების შემდეგ შიდა ქართლი არაბებმა დაიკავეს და აშოტის შვილებს საკუთრივ სამხრეთ საქართველოს თემები დარჩათ.
აშოტ I, როგორც ჩანს, მთელი სამთავროს ერთადერთი უზენაესი ხელისუფალი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ სამთავროს ხელისუფლება თანდათან ნაწილდება მის მემკვიდრეებს შორის და შეიქმნება ტაო-კარჯეთის ბაგრატიონთა სახლის ორი მმართველი შტო: ტაოსი და კლარჯეთისა. ტაოს შტოც, თავის მხრივ, ორად იყოფა. ტაოს შტოში IX ს. დასასრულიდან მკვიდრდება (ადარნასე II) „ქართველთა მეფობა“. ადარნასე II-ის შემდეგ „ქართველთა მეფობა“ მის შვილზე, დავით II-ზე გადადის (923-937). 937-945 წწ. მეფობა მის ძმას, ბაგრატსაც აქვს, რომლისგანაც ეს პატივი მისი ძმის (სუმბატის) ვაჟზე, ბაგრატზე გადადის, და ამ ბაგრატის შტოში დამკვიდრდება საბოლოოდ „ქართველთა მეფობა“ (ბაგრატ III). ამავე ტაოს შტოს განაყოფია ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით ერისთავთ-ერისთავი, რომელსაც ტაოს მეფეს უწოდებენ.
„ქართველთა მეფეებში“ პირველად ბაგრატ III-ის მამის, გურგენის ტიტულატურაში ჩნდება „მეფეთა-მეფე“, რაც, სუმბატის თქმით, მისი შვილის, ბაგრატის მეფობითაა განპირობებული („ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთსა და ამისთვის გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა“).
აშოტი მთელი ტაო-კლარჯეთის სამთავროს ხელისუფალი იყო. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა ჰქონდა ბაგრატ კურაპალატსაც (აშოტის შუათანა შვილს). ნიშანდობლივია, რომ ბაგრატ კურაპალატი ერთნაირად მონაწილეობდა როგორც შატბერდის (კლარჯეთი), ისე იშხანის მშენებლობაში. ის ფაქტი, რომ ბაგრატი შატბერდის მაშენებელია, იმისი მოწმობაც უნდა იყოს, რომ ბაგრატიონთა კლარჯეთის შტო ჯერ საბოლოოდ არაა გამოყოფილი, თუმცა საამისო მიკერძოებანი უკვე აშოტ კურაპალატის მეორე თაობაში იჩენს თავს. გუარამმა (აშოტის უმცროსმა ვაჟმა) დაიპყრო „ჯავახეთი, ტაშირი, აბოცი და არტაანი“. ამავე დროს ჩანს, რომ სამფლობელოების საზღვრები ჯერ კიდევ მკვეთრად არ არის გამოყოფილი.
აშოტ კურაპალატის მეორე-მესამე თაობაში ცხარე ბრძოლაა სამთავროს ფარგლებში მოქცეულ ორ ძირითად სამთავრო სახლს შორის საზღვრების დადგენისათვის. მესამე თაობის შემდეგ კი ამ ორი ძირითადი შტოს სამფლობელოს საზღვრები მეტ-ნაკლებად დადგენილია. ქართველთა მეფობას ტაოს შტო დაიმკვიდრებს, ხოლო კლარჯეთისა – არტანუჯ-კლარჯეთის ხელმწიფობას.
მფლობელობის შესაბამისად ბაგრატიონთა მიერ დამკვიდრებულ სამფლობელოებში მიმდინარეობს მშენებლობებიც. ტაოს ბაგრატიონები აშენებდნენ ძირითადად ტაოში (ბანა, ოშკი, ხახული, პარხალი, ოთხთა ეკლესია), კლარჯი-არტანუჯელები კი – კლარჯეთში, სამცხეში, შავშეთში.
როგორც ჩანს, ნომინალურად უფროსობა ტაოს შტოში იყო და ქართველთა მეფობაც მათ დაიმკვიდრეს. ფორმალურად კლარჯეთის სახლი ემორჩილებოდა ტაოს სახლს, მაგრამ ფაქტიურად ის დამოუკიდებლობით სარგებლობდა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ამგვარად, IX ს. დასასრულიდან უკვე სრულიად აშკარად არსებობს ორი სამთავრო: ტაოსი – ცენტრით ბანა და კლარჯეთისა – ცენტრით არტანუჯი3. ძნელია თქმა, თუ რეალურად რაში გამოიხატება ამ ორ სახლს შორის უფროს-უმცროსობა. ფორმალურად კი ასეთი ვითარებაა: უმაღლესი ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული – კურაპალატობა ტაოს შტოში მკვიდრდება, ასევე ტაოს შტოში მკვიდრდება „ქართველთა მეფობაც“.
ტაო-კლარჯეთის ხელისუფალნი, როგორც ბიზანტიის ვასალები, ვალდებული იყვნენ მტრად ეცნოთ იმპერიის მტერი, ხოლო მოყვარედ – მისი მოყვარე, დაეპყროთ იმპერიისთვის ციხეები და გაეწიათ კეისრისათვის სამსახური, არ გადაელახათ თავისი სამფლობელოს საზღვარი. აღნიშნული ვალდებულების დაცვას ბაგრატიონი მფლობელები ფიცით ამტკიცებდნენ. თავის მხრივ იმპერატორი თანხმობას იძლეოდა, არ მოეკლო ხელისუფლება ფიცის მიმცემისა და მისი მემკვიდრეებისათვის. ბიზანტიის იმპერია თავის პირობას იცავდა და კურაპალატობას აშოტის შტოს წარმომადგენლებს აძლევდა. ამ მხრივ დარღვევა ერთხელ მოხდა, როდესაც კურაპალატობა ადარნასეს მაგიერ გურგენმა მიიღო, მაგრამ IX ს. დასასრულს, გურგენის გარდაცვალების შემდეგ, კურაპალატობა ისევ აშოტის შუათანა შტოში, ბაგრატის მემკვიდრეებში დამკვიდრდა და „გაიმართა მემკვიდრეობის ხაზი, რომლის გამრუდების ერთადერთ შემთხვევას გურგენ ადარნასეს ძის კურაპალატობა წარმოადგენს“.
ბიზანტიის იმპერია ცდილობდა, ურთიერთობა სხვა ბაგრატიონ მფლობელებთან კურაპალატის გვერდის ავლით დაემყარებინა, რასაც ის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულების მიცემით გამოხატავდა. ბიზანტიის ამ ტენდენციების რეალიზაციას წარმოადგენს თუნდაც ბაგრატიონ მფლობელთა მაგისტრობა. აღნიშნული ღონისძიებებით იმპერია ხელს უწყობდა ბაგრატიონთა სახლის წევრთა გათიშვას და მათ ურთიერთდაპირისპირებას, რაც იმპერიისადმი მათ ვასალობას ამტკიცებდა. თავის მხრივ ბაგრატიონი მფლობელნიც მეფე-კურაპალატისადმი დაპირისპირებისა და მისგან მეტი დამოუკიდებლობის მიზნით შეეცადნენ, ბიზანტიის იმპერატორებთან უშუალოდ დაკავშირებას. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა, მაქსიმალურად გაეზარდა თავისი ხელისუფლება, რათა განემტკიცებინა საყრდენი პოზიციები ქართველთა სამეფოში, მაგრამ ყველა სურვილის რეალიზაციას ვერ ახერხებდა. ასე მაგალითად, გურგენ ერისთავთერისთავმა და მაგისტროსმა (გარდ. .941), რომელიც ებრძოდა თავის სიმამრს, აშოტ კისკასს (გარდ. 939), წაართვა მას არტანუჯის ციხე და თავისი მფლობელობის განმტკიცების მიზნით არტანუჯის ბიზანტიელთათვის გადაცემა მოინდომა. გურგენმა გადასცა კიდეც ის ბიზანტიელებს, რის ნიშნადაც არტანუჯის ციხეზე ბიზანტიის კეისრის დროშა აფრიალდა. აღნიშნულმა გარემოებამ სხვა ბაგრატიონ მფლობელთა გულისწყრომა გამოიწვია. ქართველთა სამეფოს მიწა-წყალზე მდებარე ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქის ბიზანტიელთა ხელში გადასვლა ბაგრატიონთა დიდი მარცხი იქნებოდა, ამიტომ მათ ერთხმად განაცხადეს, რომ, თუ კეისარი უარს არ იტყოდა არტანუჯზე, ისინი გამოვიდოდნენ კეისრის მორჩილებიდან, სარკინოზებს მიემხრებოდნენ და საერთო ძალით გაილაშქრებდნენ არტანუჯის წინააღმდეგ. იმპერატორი იძულებული გახდა, ხელი აეღო არტანუჯის ციხეზე. ნიშანდობლივია, რომ ბაგრატიონი მფლობელები, რომელნიც თვითონვე აღიარებენ იმპერატორის მორჩილებას (და ამ მორჩილებიდან გამოსვლით ემუქრებიან იმპერატორს), ბიზანტიის იმპერატორის ხელისუფლების შემოჭრის წინააღმდეგ ერთხმად გამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ არტანუჯის მფლობელი გურგენ მაგისტროსი თვითონ იწვევს ბიზანტიელებს. აღნიშნული გარემოება აშკარას ხდის როგორც ბაგრატიონთა საერთო იურიდიულ უფლებას მთელ „ქართველთა სამეფოზე“, ასევე ბიზანტიის ვასალობას და ამ ვასალობის ხასიათსაც, რადგან ქვეშევრდომობა უშუალოდ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, ან ქვეყნის შიგნით ციხე-ქალაქთა მფლობელობას არ გულისხმობს.ის, როგორც აღვნიშნეთ, საზღვრის დაცვისა და ურთიერთდახმარების ფარგლებს არ სცილდება. ურთიერთობის ასეთი ფორმა კი IX-X საუკუნეების მანძილზე საერთო მტრის, არაბების არსებობის პირობებში, ერთნაირად მისაღები უნდა ყოფილიყო ორივე მხარისათვის.
ამგვარად, „ქართველთა საკურაპალატო”, რომელიც IX ს. დასასრულიდან ,,ქართველთა სამეფოდ“ იქცევა, მთელი თავისი არსებობის მანძილზე (IX-Xსს.) ბიზანტიის იმპერიის ვასალია. ეს ვასალობა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ საზღვართა დაცვასა და სამხედრო კავშირში გამოიხატება; სახელმწიფოს სათავეში დგას ბაგრატიონთა სახლი, აშოტის შუათანა შტო, ბაგრატის შთამომავალთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც უზენაეს ხელისუფლებას ახორციელებს და მეფისა და კურაპალატის ტიტულს ატარებს. აშოტის სახლი ორი შტოსგან – კლარჯი და ტაოელი მფლობელებისგან შედგება.სხვა ბაგრატიონი მფლობელნი, აშოტის სხვადასხვა შტოის წარმომადგენელნი, ნომინალურად უზენაესი ბაგრატიონის მორჩილნი არიან, ხოლო ფაქტიურად დამოუკიდებელი მმართველნი. ბაგრატიონთა სახლის სამფლობელოს დაქუცმაცება აშოტის მემკვიდრეებს შორის, რასაც იმპერიაც უჭერდა მხარს, ხელს უწყობს ბიზანტიის გავლენის სტაბილიზაციას. ადრეფეოდალური ხანის ქართულ ფეოდალურ სამთავროთა შორის ქართველთა სამეფო ერთ-ერთი მდიდარი და ეკონომიურად დაწინაურებული მხარეა, სადაც რამდენიმე ქართული პროვინცია შედის – სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, კოლა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, ბასიანი, სპერი, თორთომი.
სამეფოს ეკონომიკურ სიძლიერეს დიდად უწყობდა ხელს მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება. სამხრეთ საქართველოში კარგი პირობებია მარცვლეული კულტურებისა და მებაღეობა-მევენახეობისათვის; სამთავროში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი მიწათმოქმედება, მემინდვრეობა და მევენახეობა იყო.
სამთავროს ეკონომიურ სიძლიერეზე მიუთითებს უამრავი ძეგლი, რომელთა მშენებლობა VIII-X საუკუნეებზე მოდის. ვეხებით რა მშენებლობის საკითხს წყაროთა სპეციფიკურობის გამო, ძირითადად მხოლოდ სამონასტრო მშენებლობაზე შეგვიძლია ლაპარაკი. ეს, რასაკვირველია, არ გამორიცხავს საერო ძეგლების მშენებლობას, რაზედაც მითითებას, აგრეთვე წყაროებში ვპოვებთ.
სამთავროში მრავლადაა ტაძრები, სასახლეები, გზები, ხიდები, ციხეები, სარწყავი არხები. განვითარებულია მემინდვრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა. ყოველივე ეს დიდ დოვლათს ქმნის. განვითარებულია ხელოსნობა, განსაკუთრებით მრავლად გვხვდებიან ქვითხურონი, რაც ამ მხარეში მშენებლობის დაწინაურების მაჩვენებელია.
IX ს.-ში ხელოსნები ჩნდებიან დიდ ფეოდალთა კარზე, ალბათ საკუთარ ყმათაგან. მაგალითად: გაბრიელ დაფანჩულმა გრიგოლ ხანძთელს ეკლესიის შენებაში დახმარება გაუწია და გარდა სამშენებლო მასალისა, „მოსცნა კირით-ხურონი“. ეს კირითხურონი, სამშენებლო საქმის სპეციალისტები, ეტყობა, გაბრიელ დაფანჩულის ყმები არიან, რომელთაც დიდი ფეოდალი თავისი მოთხოვნილებისამებრ იყენებს, მაგრამ, როდესაც დიდი მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთი ხელოსნები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას, მაშინ დაიქირავებენ კიდეც ხელოსნებს. მაგალითად, ოშკის ეკლესიის მშენებლობაზე მრავალი დაქირავებული ხელოსანი მუშაობდა.
ადარნასე ქართველთა მეფის გარდაცვალების (923 წ.) შემდეგ, როგორც ცნობილია, ქართველთა მეფობა დაიმკვიდრა მისმა ძემ, დავითმა (923-937). დავითის შემდეგ ქართვველთა მეფე (937-945 წლები) მისი ძმა, ბაგრატ მაგისტროსია. 945-958 წლები უმეფობის ხანაა, როდესაც ქართველთა მეფის ტიტულს არც ერთი ბაგრატიონი არ ატარებს. აღნიშნული გარემოება, როგორც ვარაუდობენ, ბიზანტიის იმპერიის ინტრიგების შედეგია, რაც გამოწვეული უნდა იყოს ურთიერთობის გამწვავებით არტანუჯის ციხესა და ბასიანის მხარის საკითხის გამო. ქართველთა მეფის ტიტული 958 წ. აღდგა, როდესაც მეფედ ცნეს ბაგრატ მაგისტროსის ძმის, სუმბატ კურაპალატის ძე, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, რომელიც 958 წლიდან 994 წლამდე მეფობდა (ბაგრატ III-ის მამის, გურგენ მეფეთა-მეფის მამა). რატომ მოხდა, რომ მეფობა ამ შტოში დამკვიდრდა, არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ბაგრატ მაგისტროსის, ქართველთა მეფის (937-945) შვილმა ადარნასემ ჯერ მაგისტროსის (945წ.), ხოლო შემდეგ (958წ.) კურაპალატის ტიტული მიიღო. ადარნასეს შვილებმა ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა და დავით ერისთავთ-ერისთავმა მამას ხელისუფლება წაართვეს და ბერად აღკვეცეს.
პირველ ხანებში ძმები ერთად მოღვაწეობდნენ. ისინი ერთად აშენებდნენ ოშკის ტაძარს, ხოლო ბაგრატ ერისთავთ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ (966წ.) ბაგრატიონთა ამ შტოში უფროსი დავით ერისთავთ-ერისთავია, რომელიც ჯერ მაგისტროსის ტიტულს იღებს, ხოლო შემდეგ – 977 წელს კურაპალატისას.
სწორედ დავით III მოქნილი და გამჭრიახი პოლიტიკის შედეგი იყო ტაოს სამეფოს იმდენად გაძლიერება, რომ საფრთხეში ჩავარდნილი ბიზანტიის ხელისუფლება (ბარდა სკლიაროსის ცნობილი აჯანყების დროს) დახმარებას მას სთხოვოს. მადლიერება ბიზანტიამ ტაოს სამეფოს მნიშვნელოვანი ტერიტორიები უბოძა – ე.წ. „ზემონი ქუეყანანი“. „ზემონი ქვეყანანის“ შემოერთებამ საგრძნობლად აამაღლა ტაოს სამეფოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიური მდგომარეობა. ტაოს სამეფოსთან შემოერთებულ ქვეყანაზე გადიოდა იმდროინდელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზედაც მდებარეობდა ქალაქები არცნი და კარნუ ქალაქი (იგივე თეოდოსიოპოლი, არზრუმი). ეს სავაჭრო გზა სახალიფოდან არტანუჯის გავლით დვინზე გადადიოდა და ტრაპეზუნტს მიემართებოდა. ამ გზიდან და ქალაქებიდან ტაოს სამეფოს დიდი შემოსავალი შემოსდიოდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ამ სახელმწიფოს მატერიალური შესაძლებლობა და ხელი შეუწყო დავითს დაეწყო ძლევამოსილი ომები სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით... „ტაო-კლარჯეთის სამთავრო უძლიერესი ქართულ პოლიტიკურ ერთეულთა შორის აშოტ ბაგრატიონის დროს იყო. შემდეგ ის თანდათან დასუსტდება და მხოლოდ დავით დიდის დროს ახერხებს ისევ ინიციატივის ხელში ჩაგდებას“ (ლორთქიფანიძე, 1963:212)
დავით III დიდი კურაპალატის დაწყებული საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლების წარმატებით გააგრძელა მისმა შვილობილმა და მემკვიდრემ ბაგრატ III.
საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ერთხელ უკიდურესს საშუალებასაც კი მიმართა, რომ კლარჯეთში მშვიდობიანობა გარანტირებული ყოფილიყო და მოსალოდნელი განდგომის შიში მოესპო, „მოიყუანნა კლარჯნი ხელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თვისნი მამის დისწულისანი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა“; მაგრამ დარბაზობისა და პატივისცემის მაგიერ, მეფემ ,,შეიპყრნა იგინი და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი“, ხოლო თვით „იგინი პატიმარ ყუნა ციხესა შინა თმოგვისასა“; სანამ ცოცხლები იყვნენ, ისინი იქითგან არ გამოსულან; 1011-1012 წ. „ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი“ და მისი ძმა გურგენი. მათმა შვილებმა ბაგრატმა, სუმბატის ძემ, და დემეტრემ, გურგენის ძემ, განსაცდელს თავი დააღწიეს, კონსტანტინეპოლში გაიქცნენ და ბასილი კეისარს შეეფარნენ (ჯავახიშვილი, 1983:131-132). ხოლო სხვა „შვილნი კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა“ (ქ.ც., 1955:382). მაგრამ საქართველოს გაერთიანებას დიდი და საშიში მტერი გამოუჩნდა ბიზანტიის სახით, რაც თვალნათლივ გამოჩნდა გიორგი I და ბაგრატ IV მეფობაში, ამის მიზეზი ის იყო, რომ დიდად უერთგულა აგრეთვე მეფეს იოვანე ერისთავმა, არტანუჯის მფლობელმა.
საქართველო ბიზანტიის მეტოქედ გამოდიოდა ამიერკავკასიაში. ასეთი მდგომარეობა სრულიად მიუღებელია იმპერიისათვის და მას სურდა თავიდან მოეშორებინა ბაგრატი. საერთოდ მეფობას საქართველოში რომ ვერ მოსპობდა, ეს იმპერიის ხელისუფლებას შესანიშნავად ესმოდა და ისიც იცოდა, რომ ბაგრატიონთა დინასტიას ვერ წაართმევდა მეფობას, ამიტომ არც ცდილობდა ამას. მას მხოლოდ სურდა ძლიერი და ენერგიული ბაგრატის თავიდან მოშორება და საქართველოს ტახტზე თავისი მორჩილი და მისი შემყურე ბაგრატიონის გამეფება. ამიტომაა იმპერიის ხელისუფლება თავშესაფარს რომ აძლევდა და მფარველობდა ბაგრატიონთა სახლის ყველა უკმაყოფილო ელემენტს და ტახტის მაძიებლებად გამოჰყავდა ისინი. ასეთ როლში მან ჯერ დემეტრე კლარჯი გამოიყვანა, ხოლო შემდეგ – ბაგრატის ნახევარძმა დემეტრე. ცხადია, რომ ბიზანტიის შეწევნით გამეფებული დემეტრე იმპერიის ნება-სურვილის გამტარებელი იქნებოდა. ამავე მიზნისათვის იჩენდა ბიზანტია საქართველოში მომხრე აზნაურებს.
სუმბატ დავითის ძის ცნობით „... წარვიდეს საბერძნეთს ვაჩე კარიჭისძე, და ბანელი ეპისკოსი ივანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კონსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა“ (ქ.ც., 1955:385) მათი გამორჩეული წარმომადგენელი იყო ლიპარიტ ბაღვაში.
ტაოში გამაგრებული ბიზანტია კლარჯეთსა და შავშეთს უტევდა. თუ შავშეთის აზნაურთა ნაწილმა მტრის მხარე დაიკავა, მეორე ნაწილმა ბაგრატ IV-ს უერთგულა. სუმბატ დავითის ძის ცნობით, „აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობლად ტბეთის ეკლესიასა და სახელსდვა მას სუეტი, და შეკრიბა მაშინ მან ერი თვისი და შევიდეს მას შინა თვით საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა“ (ქ.ც., 1955:386).
მართალია ბაგრატ IV პატრიოტ ქართველ დიდებულთა (სულა კალმახელი და სხვები – ჯ.კ.) მხარდაჭერით შეძლო ლიპარიტის დამარცხება, მაგრამ ქვეყანას მალე ახალი და უფრო დიდი საფრთხე დაემუქრა. ეს საფრთხე თურქ-სელჩუკთა გამოჩენა იყო. მაგრამ ეს მყუდროებაც მალე დაირღვა: მცირე აზიასა და საბერძნეთის საზღვრებზე ამ დროს „იქმნეს დიდნი საქმენი, აღძრვანი დიდთა მეფეთანი“ (ჯავახიშვილი, 1983:131-132). ტოღრულბეგს დარჩა მემკვიდრედ მამაზე, ჩაკირ-ბეგზე, და ბიძაზე უფრო გამბედავი და გულადი შვილი ალფარსლანი, რომელმაც მცირე აზიაში ბევრი სახელოვანი ომი გადაიხადა. Vერც საქართვველო გადაურჩა მის შემოსევას. „გამოვიდა სულტანი ალფარსლან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გუარად, უგრძნეულად... შემუსრა კანგარი და თრიალეთი“. აქედან სულტანმა „მარბიელი“ ჯარები დაგზავნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და „დღესა ერთსა მარბიელმან მოუწია ყუელის ყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, ვიდრე ფანასკერტამდე და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღუიის ხევს“. თვითონ სულტანი „დადგა თრიალეთს სამ დღე“. მეფე ბაგრატი თავისი ცოლშვილითურთ ტაოში იყო და იქითგან მომავალი ხეკრებულთას ძლივს გადაურჩა სულტანის მდევრებს და ქართლში გადმოუსწრო“ (ჯავახიშვილი, 1983: 160-161).
კიდევ უფრო დამანგრეველი გახდა სელჩუკთა შემოსევები XI ს. 70-იანი წლებიდან. დავით აღმაშენელის ისტორიკოსის ცნობით, „კლარჯეთი ზღვის პირამდის აღივსო თურქითა“. მათ დაუწვავთ არტანუჯი და „უდაბნონი კლარჯეთისანი“. დამარცხებული გიორგი მეფე დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა. მეფის ლტოლვამ და ალაფის სიმდიდრემ კიდევ უფრო გააქტიურა სელჩუკთა თარეშები და ისინი „მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი. და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკვიდრი ყოველი“. ამ დროს მათ გადაწვეს ქალაქები ქუთაისი და არტანუჯი და კლარჯეთის უდაბნონი. „მოჭამეს ქუეყანა და მოსწყვიდეს, თუ სადღა ვინ დარჩომილი იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ხურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი დიდი თურქობა, რამეთუ ქორონიკონი იყო სამასი“(ქ.ც., 1955: 319-320), (ე.ი. 1080 წელი). დაიწყო „დიდი თურქობა“.
სელჩუკებმა ამ დროიდან უკვე წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში. გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ, არბევდნენ, რის წაღებასაც ახერხებდნენ – მიჰქონდათ და ისე მიდიოდნენ. სელჩუკთა ასეთ პარპაშს წერტილი დავით აღმაშენებელმა დაუსვა. XII ს. 10-იანი წლებიდან მან განდევნა თურქები სამხრეთ საქართველოდან. ამიერიდან, კლარჯეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ერთიანი ქართული მონარქიის (პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში) შემადგენლობაში. კლარჯეთს ზოგჯერ „საქართველოს სინად“, „ათორმეტ უდაბნოთა“ ქვეყანადაც მოიხსენიებენ.
XIII საუკუნეში კლარჯეთს, ისევე როგორც მთელ საქართველოს, მძიმე დარტყმა მიაყენა მონღოლთა ბატონობამ, განსაკუთრებით თეგუდარის ლაშქრობამ. თეგუდარის უზარმაზარი ლაშქრის მოძრაობამ, მისმა ბრძოლებმა დააზარალეს კლარჯეთი, შავშეთი, აჭარა, ჯავახეთი, თრიალეთი. მათი ძირითადი სადგური ლომისთავი იყო, საიდანაც მოსახლეობას ძარცვავდნენ და სტაცებდნენ ჯოგებს. აქედან ქართლსაც სწვდებოდა მათი თარეში. თეგუდარის მეომრები არბევდნენ სომხურ თემებსაც. თავს ესხმოდნენ ქარავნებს, არ ინდობდნენ მონასტრებს, საიდანაც ეზიდებოდნენ ღვინოსა და პირუტყვს. გაძარცვულებს ველური სისასტიკით უსწორდებოდნენ (სინ, 1979: 580) მონღოლთა ბატონობის ხასიათმა და მისმა მძიმე შედეგებმა გამოიწვია საქართველოს ერთიანობის რღვევა. სარგის ჯაყელი მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის მთავარი და სპასალარი, რომელმაც ყაენის ხელშეწყობით მიაღწია ამას: 1266 წლიდან მისი სამთავრო ხასინჯუდ იქცა, თვითონ უშუალოდ დაექვემდებარა ყაენის მმართველობას. სამთავროს საზღვრებში ერთიანდებოდა საქართველო ტაშისკარიდან კარნუქალაქამდე (კარინამდე): სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, კოლა, არტაანი, ჯავახეთის ნაწილი. ასევე დარჩა ის სარგისის შვილის, ბექას მმართველობაშიც: საზღვარი მიდიოდა შავ ზღვამდე სპერის ჩათვლით, მას შეუერთდა ჭანეთიც, რომელიც ბექას ტრაპიზონის მეფემ გადასცა. სამცხის მთავრების პოლიტიკური დამოკიდებულება მონღოლებთან ხარკის გადასახადსა და ჯარით შეწევნაში გამოიხატებოდა.
„მაშინ ბექამან დაიპყრა ქვეყანა ტასისკარითგან კარნუქალაქამდის, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისხევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესრეთ დღითი-დღე განდიდნებოდეს და მსახურებდეს ყაენს აბაღას, და მორჩილობდეს მეფესა დიმიტრის (ქ.ც., 1959:273).
ბექა ჯაყელის შუამდგომლობით ყაენმა საქართველოს მეფედ გიორგი V დაამტკიცა. „ხოლო ესე გიორგი იყო სახლსა ბექასსა, რამეთუ ესე ბექა განდიდებულ იყო, და აქუნდა ტასისკარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე ზღუამდე: სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისხევი, ხოლო ჭანეთი სრულიად მოსცა ბერძენთა მეფემან კომნინოსმან ვირ მიხაილ, და ასული ბექასი ცოლად მიიყვანა; ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორა და კარი, ამათ შორის ქუეყანანი და ციხენი, არტანუჯი, და უდაბნონი ათორმეტნი კლარჯეთისანი, და დიდებულნი აზნაურნი, და მონასტერნი, ყოველნი მას აქუნდეს, და ხარაჯას მისცემდა ყაზანსა, და ლაშქრითა შეეწეოდა. ამას სთხოვეს ერმა გიორგი, რათა მოსცეს და მეფე ყონ ქართლსა დავითის წილ“ (ქ.ც., 1959:304).
მონღოლთა ბატონობისგან საქართველოს განთავისუფლება და გაერთიანება შეძლო გიორგი ბრწყინვალემ, მაგრამ XIV საუკუნის მიწურულს საქართველოს თემურ-ლენგის განმანადგურებელი ლაშქრობები დაატყდა თავს, რომელსაც ვერც კლარჯეთი გადაურჩა. ჯერ მონღოლთა, შემდეგ კი თემურ-ლენგის ლაშქრობათა მძიმე შედეგებმა (ფაქტიურად დამოუკიდებელი სათავადოების წარმოშობამ, ეკონომიკურმა დაცემამ, კულტურულმა დაკნინებამ) დაასუსტა ცენტრალური ხელისუფლება, რაც XV საუკუნის შუა ხანებში საქართველოს ერთიანი მონარქიის დაშლა მოჰყვა. მან მეტი პერსპექტივა მისცა სამხრეთიდან გამეზობლებული (განსაკუთრებით ბიზანტიის დაცემის შემდეგ) თურქული ტომების აგრესიას. დანაწევრებული საქართველოს ერთეულთა მცდელობა უძლური აღმოჩნდა. 1545 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში სოხოისტასთან ოსმალებმა გაიმარჯვეს...
„მაშინ სიმრავლისაგან სპათასა იოტნეს სპანი ქართველთანი, დამაშურალთა ქართველთა სძლეს ოსმალთა და მეოტ იქმნენ, და ლტოლვილი წარმოვიდა მეფე ლუარსაბ ქართლს და ბაგრატ იმერეთს. ხოლო დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი, და იქმნა ათაბაგ“(ქ.ც., 1959:273).
სამწუხაროდ, XVI საუკუნიდან კლარჯეთი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებთან ერთად, ოსმალეთმა მიიტაცა.
2. კლარჯეთი ოსმალთა იმპერიაში (ზაზა შაშიკაძე)
სეპარატისტ ათაბაგთა ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად XV ს-ის მეორე ნახევარში სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა. კლარჯეთი მთლიანად სამცხის ათაბაგის მფლობელობაში მოექცა. სამცხე-საათაბაგო დიდ როლს თამაშობდა საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში და მისი ისტორიული განვითარების საერთო მსვლელობაში. იგი ტერიტორიულად დიდ სივრცეს მოიცავდა. მას ეკუთვნოდა სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი, კოლა, პალაკაციო, ბასიანი, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, თორთომი, ჭანეთი. „საათაბაგო იყო საკმაოდ მოზრდილი სახელმწიფო, რომელშიც შედიოდა ტერიტორია დაწყებული ტაშისკარიდან, ვიდრე არზრუმის მიდგმამდის“ (ახვლედიანი, 1944: 10).
ოსმალეთი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სამცხე-საათაბაგოს. მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ოსმალთა დაპყრობით გეგმებში ისტორიული მესხეთს დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. „მესხეთის დაუფლების გარეშე ოსმალეთის ყველა პოლიტიკური წარმატება ამიერკავკასიაში საეჭვო ხდებოდა“ (Бердзенишвили, 1938:31). ამ უკანასკნელს კი ოსმალეთს მისი უმთავრესი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთით – სპარსეთი ეცილებოდა. ქვეყნის სათავეში იდგა ათაბაგი, რომელიც განდგომამდე მეფე სიუზერენს ექვემდებარებოდა. ათაბაგის გვერდით იხსენიება მაწყვერელი, რომელიც სამცხე-საათაბაგოს ეკლესიას განაგებდა და ითვლებოდა „სულის ხელმწიფედ“ (იაშვილი, 1948:9).
საქართველოს დაშლის პარალელურად მის მეზობლად თანდათანობით ყალიბდებოდა და უახლოვდებოდა ოსმალთა უძლიერესი სახელმწიფო, თუმცა ქართულ სახელმწიფოს ეს არ უგრძვნია მანამ, სანამ ახალმა იმპერიამ მას უშუალოდ არ შეუქმნა საფრთხე. ოსმალეთი ყოველდღიურად აფართოებდა საკუთარ საზღვრებს და ბოლოს ბიზანტიის სატახტო ქალაქის ბატონ-პატრონადაც იქცა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ მეორემ (1420-1481 წწ.) კონსტანტინოპოლი აიღო.
ოსმალთაგან კონსტანტინოპოლის აღებამ ნათელი გახადა, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ოსმალეთი ქრისტიანული ქვეყნებისათვის. განსაკუთრებით საშიში იყო იგი მეზობლებისათვის – მცირე აზიის, შავი ზღვის სანაპიროს, აღმოსავლეთ ევროპის, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულების ხალხებისათვის. ამ მიზეზით ევროპაში კვლავ დაიბადა ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა, რომლის ინიციატორად ისევ რომის პაპი მოგვევლინა. ოსმალთა თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი ქართველი მეფე-მთავრებიც შეეცადნენ ევროპასთან კავშირების მოძებნას, სადაც ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობა მიდიოდა.
1454 წლის ზაფხულში ოსმალთა თავდასხმამ აფხაზეთისა და სამეგრელოს შავი ზღვის სანაპიროებზე რეალურად აგრძნობინა ქართველ მეფე-მთავრებს ახალი საფრთხე. 1461 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონის იმპერია. ამის შემდეგ ისინი უშუალოდ მოადგნენ სამცხე-საათაბაგოს საზღვრებს და დაიწყეს იერიშები მის წინააღმდეგ. ვახუშტი წერს: „დაიპყრო ხონთქარმან ტრაპიზონ – არზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედმცირედ კლარჯეთსა და ჭანეთს“ (ვახუშტი, 1964:236).
თავის მხრივ დასავლეთიც ცდილობდა ოსმალთა წინააღმდეგ მოკავშირეების მოძებნას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. გარდა ქართველი მეფე-მთავრებისა, ევროპელები მოკავშირეებად მოიაზრებდნენ ტრაპიზონის იმპერატორს, მცირე სომხეთის მთავარს, ყარამანიის ამირას და თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს. მიუხედავად უდიდესი მცდელობისა, ქართველებმა საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხეს კავშირი შეეკრათ დასავლეთთან ოსმალეთის წინააღმდეგ. ამის მიზეზად კი ისტორიკოსები აღნიშნული საკითხისადმი ევროპელთა გულგრილობას მიიჩნევენ. ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობის ჩაშლის შემდგომ დასავლელთა მიერ თითქოს შერიგებულ ქართველ მეფე-მთავრებს შორის კვლავ განხეთქილება დიწყო. კვლავ გაიზარდა ათაბაგისა და სხვა ფეოდალების ლტოლვა დამოუკიდებლობისაკენ.
გვიანფეოდალური ხანის საქართველოს სოციალ-პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც გამოიკვეთა XV ს-ის მეორე ნახევარში, დასავლეთით ოსმალო და აღმოსავლეთით ყიზილბაში დამპყრობლების სასარგებლოდ მოქმედებდა.
ივანე ჯავახიშვილი ამბობს: „ყვარყვარე ათაბაგსა, გიორგი მეფეს და დანარჩენ მონაწილეებს ასე მალე დაავიწყდათ თავიანთი შეთანხმების ამბავიც და ისიც, თუ როგორ ტკბილად უგალობდნენ დასავლეთის ქრისტიანებს ერთობა-თანხმობის ჰანგებს“ (ჯავახიშვილი, 1982:300-301).
ყვარყვარე II-მ კავშირი შეკრა მეფის ბიძაშვილ ბაგრატთან, რომელმაც 1462 წელს თავი იმერეთის დამოუკიდებელ მეფედ გამოაცხადა. იმავე წელს გიორგი VIII-მ ბაგრატის წინააღმდეგ გაილაშქრა. ჩიხორთან მომხდარ ბრძოლაში მეფე გიორგი დამარცხდა, რის შემდეგაც ბაგრატმა დაიპყრო იმერეთი, აიღო ქუთაისი და ეკურთხა მეფედ. მალე ბაგრატი თავის მოკავშირე ყვარყვარეს მიეშველა დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ათაბაგმა დახმარება სთხოვა აგრეთვე კახაბერ გურიელს, რისთვისაც მას აჭარა და ჭანეთის ნაწილი დაუთმო. „მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელიმე ჭანეთისა გურიელსა კახაბერს“ (ვახუშტი, 1964:704-705). გურიელიც პირობისამებრ დაეხმარა ყვარყვარე ათაბაგს.
1465 წელს გიორგი მეფემ კვლავ გაილაშქრა ყვარყვარეს დასასჯელად. ფარავნის ტბასთან მომხდარ ბრძოლაში მეფე გიორგი სასტიკად დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა ყვარყვარეს. დატყვევებული მეფე შემდგომში იძულებული გახდა განთავისუფლების ფასად დამოუკიდებლობა ებოძებინა ყვარყვარეს მემკვიდრე ბაადურისათვის (1466-1475 წწ.).
ამრიგად, სამცხე-საათაბაგომ XV ს-ის 60-იან წლებში მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა და იგი ჩამოცილდა საქართველოს. ეს იყო გამოყოფის პირველი ეტაპი. ათაბაგები ამით არ კმაყოფილდებოდნენ და ცდილობდნენ სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის ჩამოშორებას ქართლის საკათალიკოსოსგან. მათ სურდათ საკუთარი საკათალიკოსოს დაარსება. ამასთან ათაბაგები ცდილობდნენ, სამცხე-საათაბაგოს სასულიერო პირები კურთხეულიყვნენ „უმცხეთოდ“ სამცხეში და მცხეთის კათალიკოსიც არ მოეხსენებინათ სამცხის ეკლესიაში. ამ მიზნით ყველაზე აქტიური ბრძოლა მზეჭაბუკ ათაბაგმა გააჩაღა და მალე თავის მიზანსაც მიაღწია. მესხეთის ეკლესიამ მიიღო თვითმწყემსობის უფლება და ჩამოშორდა ქართლის საკათალიკოსოს.
ამრიგად, მზეჭაბუკ ათაბაგმა შეძლო ქართლის მეფისაგან თავისი სამთავროს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება და აგრეთვე სამცხე-საათაბაგოს ეკლესიის ქართლის საკათალიკოსოსაგან ჩამოცილება, რაც „მტრის გაბატონებას საუკეთესო ნიადაგს უმზადებდა“ (ჯავახიშვილი, 1971:172).
XV ს-ის მეორე ნახევარში ოსმალეთი ჯერ კიდევ არ ისახავდა მიზნად სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების ინკორპორაციას და მხოლოდ მისი მოხარკეობით კმაყოფილდებოდა. არაერთი იმდროინდელი ევროპელი მოგზაურის ცნობით, სამცხის ათაბაგი ოსმალეთის მოხარკე იყო. მაგრამ ოსმალეთს ასეთი დამოკიდებულება აღარ აკმაყოფილებს. მისი პოლიტიკა თანდათან იცვლება სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიმართ.
XVI ს-ის დასწყისში გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები მოხდა ირანშიც. 1502 წელს შეიქმნა ირანის სეფიანთა, იგივე ყიზილბაშთა სახელმწიფო; იგი დააარსა ისმაილ პირველმა (1502-1524 წწ.), რომელმაც ბოლო მოუღო თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს არსებობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეფე-გამგებლები ისმაილის მომხრედ გამოდიოდნენ. ამ დროს საქართველო თეთრბატკნიანთა მოხარკე ქვეყანა იყო და ისმაილი, გამარჯვების შემთხვევაში, ქართველებს ხარკისაგან განთავისუფლებას ჰპირდებოდა, მაგრამ ისმაილმა დანაპირები არ შეასრულა და თანმიმდევრულად ახორციელებდა საქართველოს მიმართ ირანის შაჰების ტრადიციულ პოლიტიკას (სვანიძე, 1990:155-156).
ამგვარად, XVI საუკუნის დასაწყისისათვის დაშლილ-დანაწევრებული საქართველო ორ ძლიერ სახელმწიფოს შორის აღმოჩნდა.
როგორც ოსმალეთი, ისე ირანი საგარეო გეგმებში უაღრესად დიდ სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდა სამცხე-საათაბაგოს. იგი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ოსმალეთს გზას უხსნიდა მთელ ამიერკავკასიაზე და ჩრდილოეთ ირანზე. მესხეთის დაუფლების გარეშე ოსმალეთის ყველა პოლიტიკური წარმატება ამიერკავკასიაში შეუძლებელი იყო. ირანს კი, თავის მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოში ბატონობა მხოლოდ სამცხე-საათაბაგოს შემომტკიცებით შეეძლო.
სამცხე-საათაბაგოს არ ჰქონდა ძალა გამკლავებოდა ირანს, ან ოსმალეთს. თვითონ ფეოდალური საქართველოს ერთი ნაწილი, მესხეთი, თავის მხრივ, როგორც ერთი პოლიტიკური ერთეული, ოცდაორი ფეოდალური სახლის კრებულს წარმოადგენდა (Бердзенишвили, 1938:31). წარმოებდა სისტემატური შიდა ბრძოლები ფეოდალური სახლის მეთაურებსა და წევრებს, ათაბაგსა და ათაბაგის სახლის წევრებს შორის. შინაკლასობრივი ბრძოლით მესხეთში იქმნებოდა როგორც ოსმალეთის, ისე ირანის მომხრეთა ფეოდალური დასები.
XVI საუკუნის დასაწყისისათვის საგრძნობი ხდება არზრუმისა და ტრაპიზონის ფაშების მოძალება სამცხე-საათაბაგოს საზღვარზე. 1512 წელს ოსმალეთის სულთანი გახდა სელიმ I (1512-1520 წწ.). სელიმის დროს განსაკუთრებით ძლიერდება აგრესიული პოლიტიკა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ. სწორედ ამ დროს ოსმალეთსა და ირანს შორის დაიწყო ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ომები, რომელიც მცირე შესვენებებით საუკუნეზე მეტხანს გრძელდებოდა. ამ ომების დროს საომარი მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი ამიერკავკასიის ქვეყნები, კერძოდ, საქართველო იყო. ოსმალეთი, ისევე როგორც ირანი, დაჟინებით ცდილობდა აქ გაბატონებას.
1514 წელს ოსმალებმა დაამარცხეს ირანი. შაჰ ისმაილ პირველის დამარცხების შემდეგ სელიმი შეუდგა არაბული ქვეყნების დაპყრობას და აფრიკის კონტინენტსაც შესწვდა. მოვლენების განვითარებას ახლო აღმოსავლეთში ფრთხილად ადევნებდნენ თვალყურს საქართველოში და მათ შორის სამცხე-საათაბაგოშიც (გაბაშვილი, 1954:51).
1516 წელს გარდაიცვალა მზეჭაბუკი და სამცხის ათაბაგი გახდა ყვარყვარე III (1516-1535 წწ.), ქაიხოსრო პირველის ძე. მზეჭაბუკის გარდაცვალების შემდეგ სამცხე-საათაბაგოში დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ ამ ბრძოლაში გარეშე ძალების – ირანისა და ოსმალეთის გამოყენებას და მათი დახმარებით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
1516 წელს ყვარყვარე III-ს აუჯანყდა მანუჩარი, მისი ბიძა და ყვარყვარე II-ის მეექვსე შვილი. ბრძოლაში ყვარყვარე დამარცხდა, თუმცა ირანელთა დახმარებით მან შეძლო ტახტის დაბრუნება.
ოსმალეთში გაქცეული მანუჩარი მათი დახმარებით ცდილობდა ხელთ ეგდო ძალაუფლება სამცხეში. ყვარყვარესა და მანუჩარის ბრძოლა ასუსტებდა სამცხის ფეოდალურ სამთავროს და მის თავდაცვისუნარიანობას. თუმცა საბოლოოდ მანუჩარის მცდელობა, ოსმალთა დახმარებით დაემარცხებინა ყვარყვარე, უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ ოსმალეთი და სპარსეთი მარჯვედ იყენებდნენ შიდა ფეოდალურ ომს სამცხე-საათაბაგოში და „დახმარების“ საბაბით იპყრობდნენ და არბევდნენ მას (გაბაშვილი, 1954:53).
1520 წელს, სელიმ პირველის გარდაცვალების შემდეგ, სულთნის ტახტი მისმა შვილმა სულეიმანმა (1520-1566 წწ.) დაიკავა. სულეიმანის მეფობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიამ თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია. მამისაგან განსხვავებით სულეიმან I დასავლეთის ფრონტსაც დიდ ყურადღებას აქცევდა. იგი მონაცვლეობით იბრძოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთში. როგორც ჰამერი ამბობს, „ოსმალები მთელი ორი საუკუნის განმავლობაში რიგ-რიგობით ებრძოდნენ სპარსეთსა და უნგრეთს, ისე, რომ ამ ორ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთთან ზავის დადება მეორესთან ომის დაწყებას ნიშნავდა“ (ჰამმერ, 1998:120).
XVI საუკუნის 20-იან წლებში სამცხის მიმართ აქტიური საბრძოლო პოზიცია არც ოსმალეთს ეჭირა და არც ირანს. ორივე მის შინაურ საქმეებში ჩარევითა და საური-ხარაჯის მიღებით კმაყოფილდებოდა (აბულაძე, 1983:15). ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ XVI საუკუნის 30-იან წლებამდე ოსმალთა არცერთ ლაშქრობას საქართველოში ტერიტორიის დაპყრობა არ მოჰყოლია. ისინი მხოლოდ მარბიელ ხასიათს ატარებდნენ. იქნებოდა ეს თავდასხმები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე (XVI ს-ის 50-იანი წლები), 1479 წელს უფლისწულ ბაიაზიდის მარბიელი ლაშქრობა ბათუმ-მაჭახელზე, თუ უფლისწულ სელიმის 1510 წლის ლაშქრობა იმერეთზე. ქართული ტერიტორიის ოსმალეთის იმპერიისადმი დაქვემდებარების ერთ-ერთი პირველი ფაქტია 1514 წელს მზეჭაბუკის მიერ სელიმ I-ისადმი სპერის გადაცემა.
1535 წლის 13 აგვისტოს ახალქალაქთან ახლოს სოფელ მუჯახეთთან იმერეთის მეფემ, ბაგრატ III-მ (1510-1565 წწ.) გურიისა და ოდიშის მთავრების დახმარებით დაამარცხა ათაბაგი და ტყვედ ჩაიგდო. ბაგრატმა დაიპყრო სამცხე-საათაბაგო. ათაბაგობა დროებით შეწყდა. ოსმალეთის სულთანმა შეიკედლა ათაბაგის შვილი ქაიხოსრო, რომელიც სტამბოლში ჩაიყვანა ოსმალური ორიენტაციის ფეოდალთა ჯგუფმა შალიკაშვილების მეთაურობით. ამით ოსმალეთს კარგი საბაბი ეძლეოდა, უფრო აქტიურად ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო საქმეებში.
1536 წლის 4 ივლისს, საფიქრებელია, რომ ქაიხოსროს მხარდასაჭერად, არზრუმის ბეგლარბეგის – ზულკადირლი (იგივე დურკადირლი) მეჰმედ ხანის მეთაურობით ოსმალთა ლაშქარი საათაბაგოს ტერიტორიებს შემოესია. რადგან იმხანად არზრუმი დანგრეული იყო და საბეგლარბეგოს ცენტრი დროებით გადასული იყო ბაიბურთში, ოსმალთა ლაშქრობაც ამ ქალაქიდან დაიწყო. ამ ლაშქრობაზე მოგვითხრობს თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი, თუმცა იგი არ აკონკრეტებს ტერიტორიებს. მისი თქმით, 943 წელს, წმინდა მუჰარემის 15-ს [=1536.4.VII], ბაიბურთის მმართებელი საქართველოს ტერიტორიებს შეესია. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი „სამმა-ოთხმა სასანჯაყო ადგილის მოსახლეობამ მორჩილება გამოაცხადა და სულთანს ვალისა და მმართებლის დანიშვნა სთხოვა“ (ფეჩევი, 1964:25).
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ავტორი არ აკონკრეტებს თუ რომელ ადგილებზეა საუბარი, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მათ შორის იყო ეგრეთწოდებული ლივანეს ველი, რომელსაც ფერთექრექსაც უწოდებდნენ. დაპყრობიდან პირველ წლებში ფერთექრექი ლივანეს ლივის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი იყო. მას შემდგომში ფეთერექი ეწოდებოდა. იგი ამჟამინდელი სოფელი ჩევრელია (არტვინლი, 2013:217), მდებარე იუსუფელიდან სპერის გზაზე, დაახლოებით 25 კილომეტრში, ჭოროხის ნაპირზე. სოფელში ახლაც დგას საკმაოდ დიდი ციხე. 1538 და 1539 წლების დოკუმენტების მიხედვით, ლივანას სანჯაყბეგად ვინმე მურად ბეგია ნახსენები. თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სოფლებსა და ტერიტორიას მოიცავს მაშინდელი ლივანას სანჯაყი.
XVI ს-ის 40-იან წლებში სამცხეში განახლდა ბრძოლა ათაბაგის ხელისუფლებისათვის. ბაგრატის ტყვეობაში მყოფი ყვარყვარე III გარდაიცვალა. ყვარყვარეს ვაჟმა ქაიხოსრომ გადაწყვიტა, ოსმალთა დახმარებით დაემარცხებინა ბაგრატ III და აღედგინა ათაბაგის ხელისუფლება სამცხეში. სულთანი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვიდა ქაიხოსროს მფარველის როლში, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ოსმალთა დახმარებით ქაიხოსროს გაათაბაგება გააძლიერებდა სამცხეში ოსმალთა გავლენას (სვანიძე, 1971:58).
1543 წელს საქართველოში კვლავ შემოვიდა ოსმალთა 22 ათასიანი ჯარი. ბაგრატ III-მ და გურიელმა მამირვანში, სოფელ ქარაღაქთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალები და განდევნეს ისინი სამცხე-საათაბაგოდან. ჩანს, რომ ამ გამარჯვებით ქართველებმა დროებით მოახერხეს 1536 წელს დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის ლივანის ველის დაბრუნება.
ბაგრატ III აქტიურად იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ. იგი ვერ ეგუებოდა ოსმალთა გაბატონებას სამცხე-საათაბაგოში და ხშირად ესხმოდა თავს. ასე მაგალითად, 1544 წელს ერთ-ერთი თავდასხმის დროს მოკლეს არზრუმის ბეგლარბეგი მუსა ფაშა. აღნიშნულ ფაქტს ისტორიკოსები განსხვავებულად ათარიღებენ. მაგალითად, ფეჩევისთან იგი დათარიღებულია 1548/49 (ჰიჯრით – 955) წლით, თუმცა პირველი თარიღი უნდა იყოს სწორი, რადგან მუსა ფაშა არზრუმის ბეგლარბეგი 1542-1544 წლებში უნდა ყოფილიყო. ფეჩევის მიხედვით, ქართველებმა ხელში ჩაიგდეს რამდენიმე ციხესიმაგრე. ამავე წელს შურისძიების მიზნით სამცხეში შემოვიდა ოსმალთა ლაშქარი და დაიპყრო რიგი ტერიტორიებისა (ფეჩევი, 1964:27). ყველაფერი ეს ქარაღაქთან ბრძოლის შემდგომი მოვლენები უნდა იყოს.
ქართველთა გამარჯვებებმა განარისხა სულთანი და კვლავ გამოაგზავნა არზრუმისა და დიარბაქირის მმართველები სალაშქროდ. 1545 წელს სოფელ სოხოისტასთან ათაბაგის მემკვიდრემ, ქაიხოსრომ და ოთარ შალიკაშვილმა ოსმალთა დახმარებით დაამარცხეს ბაგრატ III, რითაც ბოლო მოეღო ბაგრატის ბატონობას სამცხე-საათაბაგოში. ამის შემდეგ ოსმალებმა საათაბაგო დაიჭირეს და ქაიხოსროს უბოძეს.
სოხოისტას ომის შემდეგ ოსმალები თავს დაესხნენ გურიას. იმერთა მეფემ, ბაგრატ III-მ დახმარება არ გაუწია გურიელს. მიუხედავად ამისა, გურიელმა მაინც მოახერხა ოსმალთა ძლევა. დამარცხებული ოსმალები გავიდნენ ჭოროხს გაღმა, გამაგრდნენ გონიოს ციხეში და დაიწყეს ციხის განახლება, რითაც იგი აქციეს ავანპოსტად აჭარის დასარბევად და გურიაზე ლაშქრობების მოსაწყობად (იაშვილი, 1948:18).
1549 წლის 25 აგვისტოს ისევ გამოემართა საქართველოსაკენ ოსმალთა ლაშქარი. მას სათავეში ედგა ვეზირი აჰმედ ფაშა, რომლის დაქვემდებარებაშიც იყვნენ არზრუმის, ყარამანის, ზულკადირისა და სივასის ბეგლარბეგები. ამ ლაშქრობითაც სამხრეთ საქართველოს რიგი ტერიტორიები შეუერთდა ოსმალეთის იმპერიას (ოზდემირ, 2002:95).
1549 წლის 8 სექტემბერს არზრუმიდან საქართველოს მიმართულებით კვლავ წამოვიდა ოსმალთა ჯარი, რომელშიც შედიოდნენ არზრუმის, დიარბაქირის, სივასის და ყარამანიის ბეგლარბეგები. ამჯერადაც ლაშქარს სათავეში იგივე აჰმედ ფაშა ედგა. 10 სექტემბერს ისინი მოადგნენ სამცხის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ციხესიმაგრეს – თორთომს, რომელიც ათაბაგ ქაიხოსროს ეკუთვნოდა. ათაბაგმა ვერ შეძლო ოსმალთა ორმოციათასიანი ლაშქრის მოგერიება და 13 სექტემბერს თორთომის ციხე ოსმალებს ჩაბარდა. ოსმალთა ლაშქრის მთავარ ძალას იანიჩრები წარმოადგენდნენ. 17 სექტემბერს ოსმალთა ხელში გადავიდა აქჩაკალე. 1549 წლის 30 სექტემბერს მათ დაიპყრეს ფანასკერტი, ანზავი და ანზავისა და აქჩაკალესადმი დაქვემდებარებული თხუთმეტი ციხე-სიმაგრე. მომდევნო დღეს მათ აიღეს თორთომის სოფელ ხახოში (ხახული!) მდებარე ციხე-სიმაგრე რადიქი (რატის ციხე?!), რომლის მფლობელიც იყო ვინმე ქართველი თავადი რატი (რად ბეყ) (ოზდემირ, 2002:96). 3 ოქტომბერს ოსმალთა ლაშქარი ლიგანის ხეობაში შევიდა და დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში. 7 ოქტომბერს ბრძოლების შედეგად დაიპყრეს ფერთექრექისა და მისდამი დაქვემდებარებული ნიხახისა და ქისქიმის ციხეები. 1549 წლის 24 ოქტომბერს აჰმედ ფაშა დიარბაქირში ჩავიდა, სადაც მას სულთანი ელოდა და მისგან ქება დაიმსახურა.
ოსმალთა ლაშქარი თორთუმის და ფერთექრექის მხრიდან ჭოროხის ხეობით დღევანდელი ართვინის მხარეს მოემართებოდა და გზად ანგრევდა და ანადგურებდა ყველა ციხე-სიმაგრეს. იბრაჰიმ ფეჩევი გადმოგვცემს, რომ დატოვებულ იქნა თხუთმეტი ციხესიმაგრე, ხოლო დანარჩენები მიწასთან იქნა გასწორებული (ფეჩევი, 1964:28). ოსმალებმა 1549 წლის სექტემბერში დაიპყრეს ოლთისის, თორთომის, ნაჯახის, მირახორის, აქჩაკალეს და ოცამდე სხვა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე (ჰამმერ, 1998:373-374).
ამ ბრძოლების საბოლოო შედეგი იყო ის, რომ ოსმალებმა სამცხეში ოთხი სასანჯაყო ტერიტორია დაიპყრო. თვენახევრის განმავლობაში თურქებმა მრავალი ციხესიმაგრე აიღეს და უამრავი ტყვე და ნადავლი ჩაიგდეს ხელში (ოზდემირ, 2002:97). დაპყრობილი ადგილები დაიყო ოთხ სანჯაყად. ესენია: თორთომი, აქჩაკალე, ქემხისი და ლიგანის ხეობა (ახლანდელი ართვინი). ხსენებული სანჯაყები არზრუმის საბეგლარბეგოს დაექვემდებარა. აჰმედ ფაშას მიერ ამ ლაშქრობების შედეგად დაპყრობილ ციხეთა შორის იყო აგრეთვე ჭოროხის აუზში მდებარე ბარანაქის, ყუმუხის, ფანაკის, სამისკარის და ახას (ახის, ახიზის ?!) ციხეებიც (გიუმუშ, 1999:138).
ზემოხსენებული ლაშქრობების შემდეგ ოსმალთა მიერ ქართული ტერიტორიების დაპყრობა და მათ ხარჯზე არზრუმის საბეგლარბეგოს საზღვრების გაფართოება კვლავ ინტენსიურად გრძელდებოდა. 1550 წელს ოსმალებმა ორჯერ ილაშქრეს ქართულ ტერიტორიებზე. პირველ ლაშქრობას თვით არზრუმის ბეგლარბეგი მუსტაფა ფაშა (1549-1550 წწ.) ედგა სათავეში. ამ ლაშქრობით მათ ხელში ჩაიგდეს მამირვანი და ტაოსკარი ოთხი ციხით. მეორე ლაშქრობას ტრაპიზონის სანჯაყბეგი მუსტაფა ფაშა ხელმძღვანელობდა და იგი გონიოს ლაშქრობის სახელით არის ცნობილი. ამ ლაშქრობის დროს ოსმალებმა მაჭახელი დაიპყრეს (კკთ 209:137), ხოლო 1551 წელს არტანუჯის დაპყრობის შემდეგ ლივანას დარჩენილი ქართველი თავადებიც იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ ოსმალთა ხელისუფლება (დუნდარ, 1998:270).
1551 წელს ისკენდერ ფაშამ (1550-1553 წწ.) ილაშქრა საქართველოში და დაიპყრო არტანუჯის ციხე, არტაანი, ფარნაკი (ფანაკი) და არსიანის მთამდე ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიას შეუერთა (კირზიოღლუ, 1998:72).
სტამბოლის თოფქაფი-სარაის მუზეუმში დაცულ მუჰიმე (მნიშვნელოვანი მოვლენების) დავთარში გვხვდება 1552-1553 წწ. დათარიღებული ცნობა, რომელიც გადმოგვცემს, რომ ირანული ორიენტაციის ქართველმა თავადებმა, ლუარსაბმა და ქაიხოსრომ (მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ესენი ქართლის მეფე ლუარსაბი და ათაბაგი ქაიხოსრო უნდა იყვნენ – ზ. შ.) 1552 წლის ივნისში ოსმალეთის კუთვნილი რამდენიმე ციხე-სიმაგრე დაიკავეს, თავს დაესხნენ არტაანს და გაიტაცეს [იქიდან] ხალხი. ისკენდერ ფაშამ მომხრე ირანულ ძალებთან ერთად დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ შავშეთის, ლივანას (ართვინის – ზ. შ.) და აჭარის ქართველი თავადები იძულებულნი გახდნენ ოსმალთა მმართველობა ეღიარებინათ (დუნდარ, 1998:72).
როგორც ვხედავთ, ოსმალთა შემოსევებმა უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო, რაც უფრო და უფრო ართულებდა საათაბაგოს შინაგან მდგომარეობას. ჯავახეთის გავლენიანი თავადები აძლიერებდნენ წინააღმდეგობას ათაბაგისადმი. ქართლის მეფე ლუარსაბიც ნათლად ხედავდა, რომ ოსმალების მიერ საათაბაგოს დაპყრობით უშუალო საფრთხე ექმნებოდა საკუთრივ მის სამეფოსაც. ამიტომაც გადაწყვიტა სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობა და ამით ოსმალთათვის ქართლში შემოსასვლელი გზის გადაკეტვა. ათაბაგის მოწინააღმდეგე მესხი ფეოდალების დახმარებით ლუარსაბმა ჯავახეთი და სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი დაიკავა.
სამცხე-საათაბაგოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია ათაბაგს იძულებულს ხდიდა, მოქნილი დიპლომატია გაეტარებინა. ქაიხოსროს კარგად ესმოდა, რომ სამცხეში ოსმალთა გაბატონება არც ირანისათვის იქნებოდა სასურველი. ამასთანავე მას სურდა ლუარსაბის პოზიციის შესუსტება, რომელიც კარგ დამოკიდებულებაში იყო შაჰთან; ხოლო ჯავახეთის ფეოდალების მომხრობა გააძლიერებდა ლუარსაბის გავლენას, რაც აგრეთვე მიუღებელი იყო შაჰისათვის. ათაბაგი ამ მდგომარეობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდა და შაჰს დახმარება სთხოვა. ირანის შაჰმა ლაშქარი გამოაგზავნა საქართველოში. ყიზილბაშებმა ამოჟლიტეს ათაბაგისაგან განდგომილი ფეოდალები და ვარძია, თმოგვი, ვანის ქვაბი და კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე კვლავ ქაიხოსროს დაუბრუნეს. ამის შემდგომ ირანელებმა ქართლი დაარბიეს და უკან გაბრუნდნენ.
მალე ოსმალთა ლაშქარი გამოემართა სამცხე-საათაბაგოსაკენ ირანის მხარეზე გადასულ მოღალატე ათაბაგის დასასჯელად. სამცხის ფეოდალები კვლავ განუდგნენ ათაბაგს და ოსმალთა მხარეზე იწყეს გადასვლა.
1554 წელს ირანელთა ლაშქარი კვლავ შემოესია სამცხეს, მაგრამ ოსმალთაგან იქნა განდევნილი.
1555 წელს ამასიაში დადებული ზავით დროებით შეწყდა ომი ირანსა და ოსმალეთს შორის. ზავის პირობებით ირანმა სცნო ოსმალეთის უფლებები დასავლეთ საქართველოზე, ხოლო ოსმალეთმა – ირანის უფლებები აღმოსავლეთ საქართველოზე. მესხეთი გავლენის სფეროებად გადანაწილდა, რაც აიხსნებოდა იმით, რომ არცერთ მათგანს არ სურდა, მიეცა მოწინააღმდეგისათვის საშუალება ფეხი მოეკიდებინა აქ. სამცხის დაპყრობას ოსმალეთისათვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმდენად, რამდენადაც აქედან მას გზა ეხსნებოდა ქართლ-კახეთსა და აღმოსავლეთ კავკასიაში შესაჭრელად. ამასიის ზავის პირობებით ბასიანი, არტაანი, არტანუჯი და ლივანა ოსმალეთის გავლენის ქვეშ დარჩა, ხოლო სამცხე – ირანის გავლენაში მოექცა. თურქი ისტორიკოსი ფ. კირზიოღლუ, როდესაც საუბრობს ამასიის ზავზე, აჭარასა და შავშეთს ოსმალეთის მოსაზღვრე ტერიტორიებად მოიხსენებს (კირზიოღლუ, 1998:247).
პირობითად შეიძლება ითქვას, რომ XVI საუკუნის 60-იან წლებში დამთავრდა ოსმალთა მიერ ქართული ტერიტორიების ინკორპორაციის პირველი ეტაპი. სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული მოვლენების შესახებ ქართული წყაროები საკმარის ინფორმაციას არ გვაწვდიან, ხოლო ქართული ისტორიოგრაფიისათვის დღემდე ცნობილი თურქული საისტორიო მასალაც არ არის საკმარისი სრული სურათის მისაღებად. დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია აზრი, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ტერიტორია ოსმალებმა უფრო მოგვიანებით (XVII ს-ის პირველი ნახევარი) დაიპყრეს, ვიდრე სამცხე და ჯავახეთი. თუმცა, ბოლო დროს თურქეთის წიგნთსაცავებსა და არქივებში მოპოვებული მასალით და თურქ ისტორიკოსთა გამოკვლევებითაც ჩანს, რომ 1578 წლამდე, ანუ ლალა მუსტაფა ფაშას „აღმოსავლეთის ლაშქრობამდე“, ოსმალებს დაპყრობილი ჰქონდათ არტაანი, აჭარა, შავშეთ-მაჭახელი, ნიგალი, კლარჯეთი და ტაონი (ამიერ და იმიერ ტაო).
თურქ ისტორიკოსს დინდარ აიდინს მონოგრაფიაში, რომლის ქრონოლოგიურ ჩარჩოსაც წარმოადგენს 1535-1566 წლებს, არზრუმის საბეგლარბეგოს შემადგენლობაში ჩამოთვლილი აქვს შემდეგი ქართული სანჯაყები (სადროშოები): ისფირი (სპერი), ფასინი (ბასიანი), მამერვანი, აქჩაკალე, ოლთუ (ოლთისი), ბათუმი, თორთომი, ფერთექრექი, ტაოსკარი, ქემხისი, ფანასკერტი, არტანუჯი, ლივანა, არტაანი, ქურთქალე (მგელციხე), შავშეთი, მცირე არტაანი, აჭარა, მაჭახელი და ფოთი.
რა თქმა უნდა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ოსმალებმა აღნიშნულ ტერიტორიებზე მოკლე ხანში მოიკიდეს ფეხი. მათი დამკვიდრება აქ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. ამას მოჰყვებოდა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება, ანტიოსმალური გამოსვლები, ზოგიერთი ტერიტორიის გათავისუფლება მტრისგან. თუნდაც იგივე მგელციხის მაგალითი, რომლის აღებაც შემდგომში ლალა მუსტაფა ფაშას მეორედ მოუხდა. შესასწავლია ფოთის საკითხიც, რომელიც, ჩვენი აზრით, მხოლოდ ნომინალურად მოიხსენიება ოსმალეთის სანჯაყად. ღოგორც ვიცით, ფოთში ციხე შემდგომში 1579 წელს ლალა მუსტაფა ფაშას ბრძანებით ადმირალმა კილიჩ ალი ფაშამ ააშენა (კირზიოღლუ, 1998:209). მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სავსებით სამართლიანად აღნიშნავს მ. სვანიძე, რომ „ოსმალეთის მიერ შექმნილი ადმინისტრაციული ერთეულები ყოველთვის როდი შეესაბამებოდა რეალურ სინამდვილეს და იგი ხშირად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ფაქტიურად ოსმალთა ბატონობა ამიერკავკასიაში ციხე-სიმაგრეებით შემოიფარგლებოდა“ (სვანიძე, 1971: 39).
მაგრამ, ამასთანავე ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩამოთვლილი ტერიტორიები თითქმის მთლიანად ბევრად უფრო ადრე იქნა დაპყრობილი, ვიდრე ეს ცნობილია ქართული ისტორიოგრაფიისათვის. ამას მოწმობს მრავალი დოკუმენტური მასალა (აღწერის დავთრების, ფირმანების, ბერათების თუ სხვათა სახით), რომელიც თურქეთის არქივებშია დაცული.
სამცხე-საათაბაგოს ინკორპორაციის შემდგომი ეტაპი იყო 1578-1579 წლები, როდესაც ოსმალეთსა და ირანს შორის ახალი ომი დაიწყო და ოსმალთა ლაშქარმა ლალა მუსტაფა ფაშას სარდლობით საქართველო და მთელი კავკასია დაიპყრო. მიუხედავად იმისა რომ აღმოსავლეთ საქართველოსა და დანარჩენ კავკასიაში ოსმალთა ბატონობა „მხოლოდ ციხე-სიმაგრეებით შემოიფარგლებოდა“, 1579 წელს სულთანმა დააარსა ჩილდირის (ახალციხის) საფაშო, რომელშიც თავდაპირველად ახალდაპყრობილი სამცხისა და ჯავახეთის ტერიტორიები, ხოლო მოგვიანებით – XVII საუკუნის დასაწყისში, მორიგი ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად თითქმის ყველა ქართული პროვინცია იქნა გაერთიანებული. მის უკიდურეს დასავლეთით აჭარის სანჯაყი მდებარეობდა, რადგან იმავე რეფორმით ბათუმის სანჯაყი ცალკე საბეგლარბეგოში შედიოდა, რომლის ცენტრიც მონაცვლეობით ბათუმი, ან ტრაპიზონი იყო.
ისტრიული კლარჯეთის ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგელობაში ძირითადად ორ სანჯაყში გაერთიანდა. ესენია არტანუჯისა და ლივანას სანჯაყები. ლივანა XVI ს-ის ოსმალურ წყაროებში მოიცავს დღევანდელი ართვინისა და იუსუფელის მიმდებარე ტერიტორიებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1551 წლის 13 ივნისს არზრუმის ბეგლარბეგის ჩერქეზ ისკენდერ ფაშას (1550-1553 წწ.) ლაშქრობის დროს. 22 დღიანი ალყის შემდეგ არტანუჯის ციხე ოსმალებმა დაიპყრეს. კვალდაკვალ არტაანი, ფარნაკი (ფანაკი) და არსიანის მთამდე ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიას შეუერთა (დუნდარ, 1998:268).
საგულისხმოა, რომ დაპყრობისთანავე არტანუჯი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა, თუმცა, ყველაზე ადრეული დოკუმენტი, სადაც არტანუჯი სანჯაყად არის მოხსენებული 1553 წლის 27 დეკმბრით თარიღდება (კკთ 63:769). ამავე წლის 11 ივლისის დოკუმენტი კი არტანუჯის ციხეში ოსმალთა ჯარის მფლობელობაში ყოფნას გვამცნობს (კკთ რდ 210:271).
1554 წელს არტანუჯის სანჯაყბეგად ვინმე სინან ბეგი გვევლინება, ხოლო 1555 წელს მეჰმედ ბეგი. 1558 წელს ეს თანამდებობა ჰასან ბეგს უჭირავს (დუნდარ, 1998:268). სანჯაყბეგების ასეთი ხშირი ცვლა და არტანუჯის სანჯაყის აღწერა საგადასახადო მიზნით ცხადყოფს, რომ იგი იურთლუქისა და ოჯაქლიქის წესით არ გაიცემოდა.4
1555 წლის ოსმალეთ-სპარსეთს შორის დადებული ამასიის ზავის პირობებით ბასიანი, არტაანი და არტანუჯი ოსმალეთის გავლენის ქვეშ გადავიდა, ხოლო სამცხე ირანს დარჩა (კირზიოღლუ, 1998: 247).
თავდაპირველად არტანუჯი არზრუმის ვილაეთში იყო გაერთიანებული. 1573-74 წლებით დათარიღებულ „გურჯისტანის ვილაეთის ვრცელ დავთარში“ არტანუჯი ოლთისის და არტაანის გვერდით ცალკე ლივად5 არის რეგისტრირებული (დავთარი, 525:319). არტანუჯის ხეობა მთლიანად ერთ, არტანუჯის ნაჰიეშია მოქცეული და მასში 58 სოფელია გაერთიანებული. ხსენებულ ლივაში შედიან აგრეთვე შედარებით მცირე ტაოსკარის, ქემხისის6 და იშხნის ნაჰიეები მათი სოფლებით.
მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობის ფორმით გვხვდება არტანუჯის ლივა სულთან მურად III-ის პერიოდის აღწერაშიც (დავთარი, 1139).
1609 წლის აინი ალის რისალეში, არტანუჯი ჩილდირის, იგივე ახალციხის ვილაეთის შემადგენლობაშია (სვანიძე, 1971:307-308).
რაც შეეხება ლივანას სანჯაყს, 1552 წლის 12 აგვისტოს ფერთექრექის სანჯაყი ვინმე ბექა ბეგს გადაეცა. ხოლო ლივანას სანჯაყის მფლობელი მისი ძმა გახდა. ორივე სანჯაყს ძმები ოჯაქლიქის წესით ფლობდნენ. 1553 წლის 27 დეკემბრით დათარიღებული ცნობის მიხედვით, ხსენებული ძმები დედაქალაქში ჩასულან, სულთნისთვის მორჩილება გამოუცხადებიათ და აღნიშნული სანჯაყები მიუღიათ. როგორც საზღვრისპირა სანჯაყები სულთანმა ისინი ოჯაქლიქის წესით გადასცა. საინტერესოა, რომ ამ პროცესების მიუხედავად ძმებს რჯული არ შეუცვლიათ და ისლამი არ მიუღიათ, როგორც წესისამებრ ხდებოდა ხოლმე. თავდაპირველად, სხვა ქართველი თავადებისაგან განსხვავებით ისინი გარკვეულწილად დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებდნენ კიდეც. საბოლოოდ, ფერთექრექის სანჯაყი მფლობელობაში გამუსლიმებულ სეფერ ბეგს გადაეცა. ამის შემდგომ, არც ისე დიდი ხნის მერე, ლივანას სანჯაყის მმართველმაც ისლამი აღიარა, მეჰმედი დაირქვა და ბერათით და 600 000 ახჩით მიიღო სანჯაყი (დუნდარ, 1998:270).
როგორც ჩანს, ძმებს შორის ადრე არსებული შუღლი მათი გამუსლიმების შემდეგაც გაგრძელდა. ამის გამო 1560 წელს არზრუმის თიმარების დეფთერდარ მუსტაფას ფერთექრექისა და ლივანეს სანჯაყების ცალ-ცალკე აღწერა ებრძანა.
უფრო მოგვიანებით, ისევ მეჰმედ ბეგსა და სეფერ ბეგს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ლივანას სამთავრო 1562 წლის 13 ნოემბერს სეფერ ბეგს გადაეცა (დუნდარ, 1998:270).
როგორც სხვა დაპყრობილ ტერიტორიებზე, ოსმალებმა კლარჯეთშიც დაპყრობისთანავე საკუთარი მმართველობის წესების დანერგვა დაიწყეს, რაც ახალი ადმინისტრაციული მოწყობის, მიწათმფლობელობის წესების და საგადასახადო სისტემის შემოღებაში გამოიხატებოდა. როგორც ვთქვით, კლარჯეთის ტერიტორია თავიდან ლივანას, არტანუჯისა და ფერთექრექის სანჯაყებში გადანაწილდა. იმპერიაში ხშირად ჩატარებული ადმინისტრაციული რეფორმების გამო ადმინისტრაციული ერთეულებიც და საზღვრებიც ხშირად იცვლებოდა. ლივანა და ფერთექრექი დროდადრო ერთ სანჯაყად გვევლინება. აღნიშნული სანჯაყები თავდაპირველად არზრუმის საბეგლარბეგოში იყო გაერთიანებული. მოგვიანებით ისინი გურჯისტანის ვილაეთს დაექვემდებარა. უფრო გვიან კი ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაში ვხვდებით. მისი გარკვეული ტერიტორია ერთხანს ბათუმის სანჯაყშიც შედიოდა. რაც შეეხება მიწისმფლობელობის სისტემას, ლენებად დანაწილებული მიწები სამხედრო ვალდებულების პირობით გადაეცემოდა მათ მფლობელებს. მიწები შემოსავლების მიხედვით სამ კატეგორიად – თიმარებად (19999 ახჩამდე), ზეამეთებად (20-დან 100 ათას ახჩამდე) და ხასებად (100 ათასი და მაღლა) იყოფოდა. საგადასახადო სისტემა კი მთლიანად გათვლილი იყო ადგილობრივი რესურსების ამოღებაზე.
აღნიშნულ მმართველობის წესებს და სოციალური ურთიერთობების ფორმებს კონკრეტულ რეგიონებზე მორგებული კანონთა წიგნები, ე.წ. კანუნ-ნამეები არეგულირებდნენ. ქართული პროვინციებისათვის ოსმალეთის იმპერიაში რამდენიმე კანუნ-ნამეა შედგენილი. ისინი შინაარსით, შეიძლება ითქვას, რომ ერთმანეთის ანალოგიურია. ერთ-ერთ პირველია 1573/4 წლის (ჰიჯრით – 981) გურჯისტანის კანუნ-ნამე, რომელიც ამავე თარიღში შედგენილ „გურჯისტანის ვილაეთის ვრცელ დავთარს“ ერთვის თავში (დავთარი 525:1-7)7. კანუნ-ნამეები, როგორც საკუთრივ ოსმალეთის იმპერიის ცალკეული ვილაეთებისათვის, ისე დაპყრობილი ქვეყნებისთვისაც, ძირითადად ერთგვარ პრინციპზეა აგებული. მთავარი ამოსავალი ამ კანუნ-ნამეებისა არის, რაც შეიძლება მეტი გადასახადებით დაბეგვრა მწარმოებელი მოსახლეობისა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ ობიექტებზე, რომლებზეც შეიძლება გადასახადების გაწერა.
გადასახადების გარდა დაწვრილებით არის ჩამოთვლილი ბაჟების ნიხრი. ასევე დაწვრილებითაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულობანი, თურქული მიწათსარგებლობის ფორმები და სხვ. შეტანილი იყო აგრეთვე მუხლები, რომლებიც არეგულირებდა სოციალურ ურთიერთობებს.
ქართულ პროვინციებში ოსმალთა დამკვიდრების და ადგილზე მიმდინარე პროცესების შესწავლის თვალსაზრისით ფასდაუდებელ დოკუმენტურ წყაროებს წარმოადგენს საგადასახადო მიზნით შედგენილი აღწერის დავთრები. ისინი მდიდარ და მრავალმხრივ საინტერესო მასალას შეიცავენ ოსმალეთის იმპერიაში შემავალი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ურთიერთობისა და მრავალი სხვა არაერთი საკითხის შესასწავლად. მათში დაცული ცნობები სანდოა, რადგან დავთრები შედგენილია ადგილზე მომუშავე კომისიის მიერ თითოეული მონაცემის ზუსტად შემოწმებისა და შეჯერების შედეგად.
ამ დოკუმენტთა რიცხვს ეკუთვნის არტანუჯის ლივის ორი აღწერა – 1574 წელსა და უფრო მოგვიანებით სულთან მურად III-ის (1574-1595 წწ.) დროს. ისინი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებია XVI ს-ის კლარჯეთის ისტორიისათვის.
1574 წლის დავთარი მოიცავს როგორც ტაოს ისე კლარჯეთის ტერიტორიებს – ოლთისს, ანზავს, თორთუმს და მიმდებარე მხარეს. აღწერილია აგრეთვე ფერთექრექის ნაჰიე, რომელიც მოიცავს ჭოროხისპირა სოფლებს ერკინისის (ახ. დემირკაპი) ჩათვლით (დავთარი, 525:21). სავარაუდოა, რომ აქ გადიოდა საზღვარი ფერთექრექსა და ლივანას შორის. ეს უკანასკნელი აღნიშნულ დავთარში აღწერილი არ არის. ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ლივანა ოჯაქლიქის. წესით იყო გაცემული მფლობელობაში. აღნიშნული წესით პერიოდულად ფერთექრექიც გაიცემოდა. წესისამებრ, ამ ფორმით გაცემული სანჯაყები არ აღიწერებოდა, რადგან აკრეფილი გადასახადების დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ცენტრალურ ხაზინაში არ იგზავნებოდა.
მოცემულ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა არტანუჯის სანჯაყის აღწერა, რომელიც ცალკე ნაწილად არის მოცემული დოკუმენტში (დავთარი, 525:319-359). ეს ნაწილი არტანუჯის ლივის სახით ზუსტად იმ ტერიტორიას მოიცავს, რომელსაც მურად III-ის დროინდელი არტანუჯის ლივის ცალკე აღწერის დავთარი. მეორე დოკუმენტი დათარიღებული არ არის, თუმცა პირველ ფურცელზე დასმული სულთან მურად III-ის თუღრა (სულთნის ბეჭედი, მონოგრამა, სადაც სულთნის ვინაობაა მოცემული) ცხადყოფს მისი შედგენის ქრონოლოგიურ ჩარჩოს. ცხადია, რომ დავთარი მისი მმართველობის პერიოდში, ანუ 1574-1595 წლების შუალედშია შედგენილი. დავთრები, როგორც წესი, სტრუქტურულად ანალოგიურია. როგორც უკვე ითქვა, ორივე მოიცავს ერთი და იგივე სოფლებსა და ტერიტორიას. განსხვავება მხოლოდ დროშია და მათში დაცული ინფორმაციის შედარებითი ანალიზი ბევრ სიახლეს გვაძლევს და ნათლად წარმოგვიდგენს აღნიშნულ პერიოდში რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
დოკუმენტებში გვერდზე მოცემულია არტანუჯის სანჯაყში შემავალი ნაჰიეების (რაიონების) და მათი სოფლების ჩამონათვალი მათზე დაკისრებული გადასახადების საერთო რაოდენობის აღნიშვნით. გადასახადები დათვლილია ახჩებში.
არტანუჯის ნაჰიე ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ილის არტანუჯის ილჩეს ტერიტორიას მოიცავს. მდინარე არტანუჯისწყლის ხეობას, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი არტანუჯი.
მეორე ნაჰიე, ტაოსკარი ოსმალებმა ცოტა უფრო ადრე დაიპყრეს, ვიდრე არტანუჯი. იგი იმპერიას 1550 წელს, არზრუმის ბეგლარბეგმა ყარა-შაჰინ მუსტაფა ფაშამ დაუქვემდებარა (დიუნდარ, 1998:266). იგი თავიდან ცალკე სანჯაყს წარმოადგენდა, თუმცა, შემდგომში (ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი) მისი სიმცირის გამო არტანუჯის სანჯაყს შეუერთდა ცალკე ნაჰიეს სახით. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია არზრუმის ილის ოლურის ილჩეს წარმოადგენს.
საკუთრივ ტაოსკარი, რომელიც იმ დროს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, ამჟამად ამავე ილჩეს სოფელი ჩათაქსუა.
იშხნის ნაჰიე ამჟამინდელი იუსუფელის ილჩეს ის ხეობაა, სადაც იშხნის მონასტერი და სოფელი იშხანი მდებარეობს.
რაც შეეხება მეოთხე ნაჰიეს, მისი სახელწოდება ყველაზე ახლოს არის ტოპონიმ ქემხის’თან. ეს უკანასკნელი ოლთისის ერთ-ერთი სოფელია. XVI ს-ის 50-იანი წლების დასაწყისში ცალკე ქემხისის სანჯაყიც კი გვხვდება (დუნდარ, 1998:264). აღნიშნული ტოპონიმი თურქ ისტორიკოსებს წაკითხული აქვთ როგორც „ჯახის“ ან „ჯაყის“ (ჩაკჰის) (ოზდემირ, 2002:104), რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაა. მაგრამ ეს ამ კონკრეტულ სიტუაციაში ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან, ჩვენი კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ამჯერად მხოლოდ არტანუჯის განხილვით შემოვიფარგლებით.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დოკუმენტი კლარჯეთის სხვა ტერიტორიების შესახებ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, არტანუჯის ორი დავთარი, ვფიქრობთ, ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და იქ არსებულ მდგომარეობაზე როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის თვალსაზრისით.
აღნიშნულ წყაროებში დაცულია ძალზე საინტერესო ცნობები, რომელიც დღემდე უცნობია ქართული და თურქული ისტორიოგრაფიისათვის. არტანუჯის, როგორც კლარჯეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ისტორიის შესწავლა, დიდად წაადგება საქართველოს ისტორიული ნაწილის, კლარჯეთის სრული ისტორიის თხრობას.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აღნიშნული დოკუმენტი გვაძლევს, გახლავთ ძველი ქართული ტოპონიმია. თურქეთის რესპუბლიკაში გარკვეული მიზეზების გამო ბოლო წლებში ძველი ტოპონიმები ახლით შეიცვალა. ეს კი განაპირობებს ძველი დასახელებების თანდათანობით გაქრობას. ამჟამად ისინი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს თუ ახსოვს. უფრო აღმოსავლეთით მდებარე ისტორიულ ქართულ პროვინციებში, როგორიცაა ოლთისი და სპერი ეს პროცესი უკვე ბევრად შორსაა წასული და ქართული ტოპონიმების ძირითადი ნაწილი დავიწყებულია. ამ მხრივ მსგავსი ტიპის დოკუმენტების მნიშვნელობა უფრო იზრდება.
ქართულ და თურქულ ენებს შორის არსებული ფონეტიკური განსხვავებულობის გამო თურქულ ტრანსკრიფციაში ქართული ტოპონიმები იმდენად არის შეცვლილი, მათი პირვანდელი სახის აღდგენა მეტად რთულდება და ადგილის სახელების ზედმიწევნით ცოდნას მოითხოვს. ამაში ფასდაუდებელია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ექსპედიციები „თურქეთის საქართველოში“, სადაც სხვა სამუშაოებთან ერთად ხდება ძველი ქართული ტოპონიმების ჩაწერა-გადარჩენა. სხვა რეგიონებთან ერთად ექსპედიციის წევრებმა არაერთგზის ვიმუშავეთ არტანუჯის ხეობაშიც, რაც დიდად დაგვეხმარა წყაროებში დაფიქსირებული ტოპონიმების ამოკითხვაში.
რაიონებისა და სოფლების ჩამონათვალის შემდეგ დოკუმენტის მომდევნო გვერდებზე ჩადებულია ინფორმაცია მიწისმფლობელების (თავადების) და მიწისფლობელობის წესების შესახებ. აღწერილია სხვადასხვა ტიპის წლიური შემოსავლები, როგორც ეს მოკლე დავთრებში გვხვდება ხოლმე. მაგალითად: შემოსავალი სამღებროდან – წელიწადში 7000 ახჩა, შემოსავალი ნანადირევზე, მათ შორის, ფოცხვერის ტყავზე – წელიწადში 300 ახჩა და სხვა. დათვლილია სანჯაყბეგის (მირლივას), მეციხოვნეების, მათ შორის ციხისთავის, ჯარის მეთაურის, გადამზიდველების და სხვა სახელმწიფო მოხელეთა წლიური ანაზღაურება. როგორც ვხედავთ, ყველაფერი დაბეგრილია და სახელმწიფო ხაზინის შევსებას ისახავს მიზნად. ამას მოყვება ინფორმაცია სოფლების შესახებ: სოფლის სახელწოდება და მისი ადმინისტრაციული მდგომარეობა, ჩამოთვლილია კომლთა სია მათი მეთაურების დასახელებით, შემდეგ – გადასახადების სახეობები მათი რაოდენობის აღნიშვნით და ბოლოს, საერთო თანხა, რაც დაკისრებული იყო ამა თუ იმ სოფელზე. თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ არტანუჯის ხეობის სოფელ კლარჯეთის აღწერას ორივე დოკუმენტის მიხედვით. დოკუმენტების შედგენის თარიღებს შორის ორი ათწლეულია გასული, თუმცა მათი მონაცემები ბევრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს განსხვავებები პირდაპირი გამოძახილია ადგილზე არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე პროცესების; და იგი ბევრ დღემდე არსებულ კითხვაზე იძლევა პასუხს.
1574 წლის აღწერის დოკუმენტში:
სოფელი კლარჯეთი, ექვემდებარება არტანუჯს.
სულეიმან ძე იუსუფისა ბენაქი, მეჰმედ ძე აბდალლაჰისა ბენაქია, იუსუფ ძე აბდალლაჰისა ბენაქი, ფირვანა ძე აბდულასი ბენაქი, ანდრი მღვდელია ძე ლუბირგელისა, მინასა ძე გაბრიელისა მუჯერედი8, მახარობელ ძმა მისი მუჯერედი, გაბრიელ ძე გუფირგელისა, ჯილანქურ ძე სიმანგელისა, გოგიჩა ძე მისი მუჯერედი, ელია ძმა მისი მუჯერედი, ალკაზარ ძმა მისი მუჯერედი, კარბელ ძე მახარობლისა, გოგიჩა ძე მისი მუჯერედი, იორდანე ძე ნოვრუზისა, იასონ ძე მისი მუჯერედი, დანა ძმა იორდანესი, ალკაზარ ძე ბარიმისა, დავით ძმა მისი მუჯერედი, იასონ ძე ბარიმისა, ბიმაკიე ძე იუსუსი, მარინზო ძე მისი მუჯერედი, იოსებ ძმა მისი მუჯერედი, კვირიკე ძე შაქარასი, მახარობელ ძე ბადრისა მუჯერედი, ლაზარე ძმა მისი მუჯერედი, ქიმროზ ძე ბირგისა, ზაქარ ძმა მისი მუჯერედი, ალკაზარ ძმა მეორე მუჯერედი, რემისე ძმა მისი, იასონ ძე მისი, რანსელ ძე ანდრიანისა, ალია ძმა მისი მუჯერედი, ქიმროს მღვდელი ძე ბაცასი, იორდანე ძე მისი, ავგაროზ ძე ბაცასი, როსტომ ძე მისი მუჯერედი, ალკაზარ ძმა მღვდლისა, სულთან ძე ჯაბასი, ალი სელამ ძმა მისი მუჯერედი, თეოდორ ძე ბარღისა, იბრაჰიმ ძე მისი მუჯერედი, აღგუბელ ძმა მისი მუჯერედი, იასონ ძმა მისი მუჯერედი, ალკაზარ ძე შაქარასი, ლაზარი ძმა მისი მუჯერედი, თავნეთ ძე მამიშასი, იორდანე ძმა მისი მუჯერედი, მახარობელ ძმა მისი მუჯერედი, გაბრიელ ძე ბარისა მუჯერედი, იორდანე ძე ანკასი მუჯერედი, როსტევან ძე ჯაბასი, იასონ ძე მისი, გაბრიელ ძმა მისი მუჯერედი, იასონ ძე ამირანისა, ბა ძმა მისი მუჯერედი, რუსაქ ძე სებინათისა, სებინათ ძე მისი მუჯერედი, გოგიჩა ძმა მისი მუჯერედი, ბადრი ძე მანილისა, ბარუნ ვარუთ ძე მისი, გოგიჩა ძე მისი, ზაქარ ძე მისი, ლაზარი ძმა მისი, იორდანე ძმა მეორე, მამიშა ძე თავბეთისა, თეოდორ ძე მისი, ალკაზარ ძმა მამიშესი, მახარობელ ძე ჰაბილისა, თავნია ძე მისი მუჯერედი, რანსუნ ძმა მისი მუჯერედი, ალი სელამ ძმა მახარობლისა, იოსებ ძე გირგოლის, ლაზარი ძმა მისი, გოგიჩა ძმა მისი მუჯერედი, იასონ ძე ივანესი, ჯემშიდ ძმა მისი, ბილასუნ ძმა მეორე მუჯერედი, ლულა ძე მახარობლისა, გირგოლ ძმა მისი მუჯერედი, ლაზარი სიძეა მისი, ივანე ძე თანიშისა, ალინბარ ძმა მისი, ალი სელამ ძმა მისი მუჯერედი, გოგიჩა ძე როსტევანისა, იასონ ძე ფილიჯისა, სილასუნ ძმა მისი, იოანე ძე ისფენდიარისა, იოსებ ძე ქირმანისა.
აქვეა მინაწერი:
მიწა ჰაჯი ჰუსეინისა 15 ქილიანი თვალით იძლევა გადასახადსა და წილს. მიწა ახლოსაა ჭალასთან, იგი ნურ ალისა და გუნდაზის ხელთაა, იძლევა გადასახადსა და წილს.
მიწა ალავერდი ჰუსეინის ძისა, ჰუჯეთის თანახმად იძლევა გადასახადსა და წილს.
გადასახადთა საერთო რაოდენობა შეადგენს 16000 ახჩას.
ბენაქი და მუჯერედი – 72 ახჩა
ისფენჯი9 85 – 2125
ხორბალი ქილა10 600, ახჩა 4800
ქერი ქილა 600, ახჩა 2600
ფეტვი ქილა 100, ახჩა 600
ჭვავი ქილა 15, ახჩა 150
შირა უშრი 1053 ახჩა
ბამბა, მანი 15, 600 ახჩა
გადასახადი ბოსტანსა და ხილზე 230 ახჩა
გადასახადი იონჯასა და თივაზე 420 ახჩა
გადასახადი ფუტკარზე 320 ახჩა
გადასახადი თაფუსა და დეშთიბანზე 530 ახჩა
გადასახადი ღორზე 120 ახჩა
გადასახადი იალაღზე 200 ახჩა
მურახხასიეს გადასახადი 150 ახჩა
წისქვილი ერთი თვალი, სრული წლით 60 ახჩა
წისქვილი სამი თვალი 6 თვით
გადასახადი წვრილფეხა საქონელზე 520
ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 360 (დავთარი 525:355-356).
მურად III-ის დროინდელ არტანუჯის აღწერაში:
სოფელი კლარჯეთი, ექვემდებარება არტანუჯს.
დავუდ აბდულა ბენაქი, მაჰმუდ ძე მისი ბენაქი, მეჰმედ აბდულა ბენაქი, ოსმან ძმა მუჯერესი, ბაირამ ძმა მისი მუჯერესი, ფირ ალი აბდულა ბენაქი, ისმაილ ძე ჯ, ველი ძმა მისი, დავუდ აბდულა, ალი აბდულა, ბაირამ ძე მისი მუჯერედი, ჰუსეინ ძმა მისი, ჰამზა აბდულა ბენაქი, აჰმედ ძე მისი ბენაქი, ჯემშიდ აბდულა ბენაქი, ისმაილ ძე მისი მუჯერედი, აჰმედ აბდულა ბენაქი, მეჰმედ აბდულა ბენაქი, იბრაჰიმ ძმა მისი მუჯერედი, ბაირამ აბდულა ბენაქი, მუსტაფა ძმა მისი ბენაქი, ჰუსეინ აბდულა ბენაქი, რეჯებ ძმა მისი მუჯერედი, ესად აბდულ ბენაქი, სულეიმან აბდულა ბენაქი, სეფერ აბდულა მუჯერედი, ჰუსეინ აბდულა მუჯერედი, ჰამზა აბდი მუჯერედი, მაჰმუდ აბდულა ბენაქი, ალიბაზ აბდულა ბენაქი, შირმარდ აბდულა ბენაქი, რეჯებ აბდულა ბენაქი, აჰმედ აბდულა ბენაქი, ჰასან აბდულა ბენაქი, სულეიმან აბდი ჯ, ელისა ძე ილიაზარისა, მღვდელი ანდაგილ ძე ქომერდილისა.
აქვეა მინაწერი:
მიწა ახლოსაა ჭალასთან, 15 ქილა შემოსავლით სულეიმან ბეგ მეჰმედის ძის მფლობელობაშია.
შარიათის თანახმად აიღება უშრი.
გადასახადთა საერთო რაოდენობა შეადგენს 17000 ახჩას.
ბენაქი 22 – 396 ახჩა
მუჯერედი 13 – 78 ახჩა
ისფენჯი 2 – 50 ახჩა
ხორბალი ქილა 550, ახჩა 5500
ქერი ქილა 350, ახჩა 2450
ჭვავი ქილა 200, ახჩა 1200
შირა 1000 მანი11 - 4000 ახჩა
ბამბა, მანი 10, ღირებულება 400 ახჩა
გადასახადი ბოსტანსა და ხილზე 362 ახჩა
გადასახადი იალაღზე 200 ახჩა
მურახხასიეს12 გადასახადი 4 ახჩა
გადასახადი წვრილფეხა საქონელზე 500 ახჩა
ბადჰავა და საპატარძლო13 გადასახადი 360
წისქვილი ერთი თვალი, 1 წლით 60 ახჩა
წისქვილი ორი თვალი 6 თვით 90 ახჩა (დავთარი 1139:19A)
პირველი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოფელ კლარჯეთში 1574 წლისათვის 89 კომლი ცხოვრობს. ისფენჯისა და ბენაქის მიხედვით ვარკვევთ, რომ ამ კომლთაგან 85 ქრისტიანია, ხოლო 4 მუსლიმი. ისინი იხდიან ქრისტიან მოსახლეობაზე დაკისრებულ ისეთ გადასახადებსაც, როგორიცაა, მურახხასიე, გამოსაღები ღორზე და ყურძნის წვენზე (საღვინე მასალაზე). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ქრისტიანობას. წყაროში მოცემული გადასახადები – მუჯერედი და ბენაქი14 მიგვითითებს ამა თუ იმ სოფელში ისლამის მიმდევარ კომლთა რაოდენობას.
პირველი წყაროს შემთხვევაში, მამაკაცთა სახელების გათვალისწინებით ნათლად ჩანს, რომ სოფლის ქრისტიანული მოსახლეობა მთლიანად ეთნიკურად ქართველია. ზოგ შემთხვევებში ანალოგიური დაკვირვების საფუძველზე ირკვევა, რომ ზოგიერთ სოფელში თუ დასახლებულ პუნქტში სომეხი მოსახლეობაც ცხოვრობდა. მთლიანი დოკუმენტის ანალიზით ჩანს, რომ ისინი აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათი ერთ-ერთი კომპაქტური დასახლების ადგილია არტანუჯის ციხის რაბათი, როგორც ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრი.
სოფლებში ისინი ნაკლებად არიან. ანალოგიური სურათს შევხვდებით შემდგომშიც, როდესაც განვიხილავთ მათი განსახლების ადგილებს უკვე XIX ს-ში. ფაქტია, რომ აღნიშნულ პერიოდში რეგიონში ისლამიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია. ისლამის მიმდევარნი სახელებსაც მუსლიმურს ატარებენ და ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ ჩანს კომლის წევრთა წარმომავლობა, ადგილობრივია იგი, რომელმაც ისლამი მიიღო, თუ ახლად ჩამოსახლებული უცხო ტომელი, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ადგილობრივია. მეორე დოკუმენტში სურათი საკმაოდ განსხვავდება. ნათლად ჩანს, თუ მოკლე დროში რამდენად შეიცვალა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. მოსახლეობის რაოდენობა იმავე სოფელში შემცირებულია 37 კომლამდე. მათგან მხოლოდ 2 კომლია ქრისტიანული, დანარჩენი მუსლიმია.
დოკუმენტის მთლიანი ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ რელიგიური და დემოგრაფიული მდგომარეობა სხვა დასახლებებში ასე მკვეთრად არ შეცვლილა, თუმცა ტენდენცია ყველგან ანალოგიურია. საფიქრებელია, რომ სოფელ კლარჯეთში, როგორც საერთოდ კლარჯეთის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ და ცენტრალურ დასახლებულ პუნქტში რაღაც კონკრეტულ ფაქტს ჰქონდა ადგილი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პერიოდი რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ხშირი ომიანობის პერიოდია. ოსმალეთ-ირანს შორის პერიოდული პაუზებით მიმდინარე დაახლოებით საუკუნენახევრიან დაპირისპირებაში, 1578-1579 წწ. ომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. როგორც სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც საომარ ასპარეზს სამცხე-საათაბაგო, ანუ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები წარმოადგენდა.
1578-1579 წწ. აღმოსავლეთის ლაშქრობაში ირანელთა დამარცხების შემდეგ ლალა მუსტაფა ფაშამ ახალციხის, ანუ ჩილდირის საფაშო დააარსა და ბეგლარბეგად გამუსლიმებული მანუჩარ ათაბაგი, იგივე მუსტაფა ფაშა დანიშნა. ამას მოჰყვა ადგილობრივთა დიდი წინააღმდეგობა. სიმონ ქართლის მეფე და მანუჩარ ათაბაგი შეუპოვრად იბრძოდნენ დამპყრობთა წინააღმდეგ, ერთხანს წარმატებითაც. წინააღმდეგობა გრძელდებოდა მომდევნო პერიოდშიც, თუმცა ოსმალებმა თანდათანობით მაინც მოახერხეს ამ მხარის საბოლოო დამორჩილება. ცხადია, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმაც პირდაპირ იქონიეს გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაზე.
საყურადღებოა სოფელ კლარჯეთის მოსახლეობის რელიგიური სურათის ასეთი მკვეთრი ცვალებადობა. პირველ წყაროში აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია, ხოლო მეორეში საპირისპირო სურათია. თუ დავაკვირდებით სახელთა ჩამონათვალს და გადასახადებს, გავარკვევთ, რომ 37 კომლიდან 35 მუსლიმია. მხოლოდ ორი კომლია ქრისტიანული, მათ შორის ერთი მღვდლის ოჯახია. სახელთა ჩამონათვალში მეორე სახელად უმეტეს შემთხვევაში მეორდება აბდულა. არცერთ შემთხვევაში არ არის მითითებული, რომ იგი მამის სახელია, როგორც წესისამებრ აღინიშნება ხოლმე. საფიქრებელია, რომ აღნიშნული სახელი ახლად რჯულშეცვლილებს ეწოდათ, როგორც ,,ალაჰის მონებს” (აბდულა –ალაჰის მონას ნიშნავს). ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ პირველ თაობას, რომელმაც ისლამი მიიღო. ამის მტკიცება უფრო დამაჯერებელი ხდება, თუ გავითვალისწინებთ ადრინდელი დავთრის ინფორმაციასაც.
გარდა ამისა, დოკუმენტში იკვეთება სოციალურ-ეკონომიკური სურათი. მოცემული გადასახადებიდან ნათლად ჩანს, თუ რა სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავდათ რეგიონში. ღოგორ იყო განვითარებული მეცხოველეობა, მიწათმოქმედება და სხვა. ჩანს სოციალური ურთიერთობებიც. მაღალგანვითარებულ მევენახეობაზე მიუთითებს დიდი რაოდენობით დამოწმებული გადასახადი ყურძნის წვენზე – შირე. ივანე ჯავახიშვილი ს.ტიმოფეევისა და ნ.მარის ჩანაწერებზე დაყრდნობით შავშეთ-კლარჯეთში საღვინე და არასაღვინე 24 ჯიშს ჩამოთვლის (ჯავახიშვილი, 1986: 482-484). ექსპედიციების დროს, საველე სამუშაოებზეც, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აღნიშნავდა ძველად განვითარებული მევენახეობის შესახებ. უფრო მეტიც, მდინარე კარჩხალას ხეობაში, მთის ფერდობებზე ახლაც არის მწკვრივებად შემორჩენილი ნავენახარი, ვაზის ნაკვალევი. დროთა განმავლობაში, რეგიონში ისლამის განვითარებასთან ერთად მევენახეობა-მეღვინეობა, როგორც მეურნეობა მთლიანად მოისპო. ყურძენი ისტორიულ კლარჯეთში მცირე რაოდენობით ახლაც მოყავთ, თუმცა მას ადრინდელი დანიშნულება აღარ აქვს. ფართოდ არის გავრცელებული მარცვლოვანი კულტურებიც: ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი. სასოფლო-სამეურნეო კულტურებს შორის გავრცელებულია ბამბაც, რაც იშვიათი დამახასიათებელია ჩვენი რეგიონისთვის. ხილი და ბოსტნეული ერთადაა დაბეგრილი, ცალკეული სახეობები არ ჩანს. ცალკეა დაბეგრილი კაკალი.
ფართოდ გავრცელებულია მეცხოველეობაც. ცალცალკე იბეგრებოდა ღორი და წვრილფეხა საქონელი. მსხვილფეხა საქონელი გადასახადებს არ ექვემდებარებოდა. განვითარებულ მეცხოველეობაზე მეტყველებს აგრეთვე გადასახადები დაწესებული იალაღებსა და ყიშლაღებზე. თუმცა მეღორეობაც, როგორც მეურნეობა ისლამის გავრცელებამ მოსპო. განვითარებულია მეფუტკრეობაც. დათვლილი და დაბეგრილია ყოველი თვალი წისქვილი15.
დოკუმენტებში არაერთი მინაწერია, რომელიც მიმდინარე პროცესებს, ძირითადად ადმინისტრაციულ ცვლილებებს ასახავს. წარმოგიდგენთ ცხრილს, სადაც სოფლების მიხედვით შეტანილია ორივე დავთარში დაფიქსირებული დემოგრაფიული და რელიგიური სურათი. მისი ანალიზი დაგვეხმარება აღვადგინოთ აღნიშნულ პერიოდში რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ორივე დავთრის მიხედვით XVI ს-ის 70-იან და 90-იან წლებში, ანუ მურად III-ის მმართველობის დროს, არტანუჯის ლივას, რომელიც მოიცავს მდინარე არტანუჯის ხეობას მიმდებარე მცირე ხეობებითურთ, ექვემდებარება 58 სოფელი. ორ დოკუმენტს შორის ამ კუთხით განსხვავება თითქმის არ არის, რაც ცხრილშიც ნათლად ჩანს.
დოკუმენტები მნიშვნელოვანია ასევე როგორც დემოგრაფიულ-სტატისტიკური ძეგლი. ღოგორც ვხედავთ, 1574 წელს არტანუჯის ხეობის 8 სოფელი, როგორც ჩანს, ავბედითობის გამო მთლიანად დაცლილია მოსახლეობისაგან. ამ მხრივ მომდევნო დოკუმენტის მიხედვით, ეჭვგარეშეა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მდგომარეობა გაუარესებულია და კიდევ სამი სოფელი დარჩა მოსახლეობის გარეშე. მთლიანად არტანუჯში 1574 წლისთვის 1410 კომლი ცხოვრობს, მათ შორის 1352 ქრისტიანულია, მხოლოდ 58 კომლია მუსლიმური. მოკლე ხანში მდგომარეობა მკვეთრად იცვლება: მცირდება კომლთა რაოდენობა, 924-ს უტოლდება, საიდანაც 778 ქრისტიანულია და 146 მუსლიმური. როგორც ვხედავთ, მოსახლეობის შემცირებასთან ერთად მძლავრობს ისლამიზაციის პროცესიც. თუ 1574 წელს მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია გამუსლიმებული, არაუმეტეს სამი ათეული წლის შემდეგ ეს ციფრი უკვე თითქმის 16%-მდეა გაზრდილი. მსგავს შემთხვევებში მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრისათვის სამეცნიერო პრაქტიკაში კომლის წევრთა საშუალო რაოდენობად მიჩნეულია საშუალოდ 5.5 ადამიანი. მოცემულ კომლთა რიცხვში მხოლოდ გადასახადებით დაბეგრილი მოსახლეობა შედის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის რაოდენობის უფრო ზუსტად განსაზღვრისათვის მას უნდა დაემატოს ხალხის ის კატეგორიაც, რომელიც „დავთარში“ არ აღირიცხებოდა. ასეთები არიან ფეოდალთა და მიწის მეპატრონეთა ოჯახები, სახელმწიფო მოხელეები და სხვ. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ მოსახლეობის საერთო რაოდენობა. ამ პრაქტიკის გათვალისწინებით გამოდის, რომ 1574 წელს არტანუჯის ხეობაში დაახლოებით 8 ათასი კაცი ცხოვრობდა, ოდნავ მოგვიანებით კი მათი რიცხვი თითქმის 5 ათასამდე დაეცა.
ამრიგად, აშკარაა რომ ოსმალეთის იმპერიის ქართულ ტერიტორიებზე ისლამიზაციის პროცესი ახალი დაწყებულია. პროცესი, რომელიც, ჩვენი აზრით, ზოგიერთ რეგიონში XIX ს-მდე მიმდინარეობდა. XIX ს-ის შუა ხანებში კი ჩანს, რომ ქართულ ტერიტორიებზე მართლმადიდებლობა მთლიანად დაკარგულია.
უმნიშვნელო ცვლილებების გარდა (რაც ძირითადად ადმინისტრაციულ რეფორმებში გამოიხატებოდა), ოსმალეთის ქართულ ტერიტორიებზე, შეიძლება ითქვას, თანზიმათამდე არაფერი შეცვლილა.
ჩვენ ხელთ გვაქვს 1717-1730 წწ. „გადამოწმების დავთარში“ დაცული ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის ეალეთების (იგივე ვილაეთების) მმართველობით მოწყობას. წყაროში მოცემული 11 სეფერ 137 (1724 წ. 30 ოქტომბერი) თარიღის ცნობის მიხედვით ნისფი ლივანე და ფერთექი ოჯაქლიქის წესით მფლობელობაშია. შანჯაყის მოწილე მფლობელის, აბდულვეჰაბის გარდაცვალების გამო მისი წილი ჩილდირის ბეგლარბეგმა ისჰაკ ფაშამ მის ძმას კეთილშობილ მეჰმედს გადასცა (Bაşარ, 1997:121).
ფერთექრექის სანჯაყის მოწილე მფლობელის ოსმანის გარდაცვალების გამო, მისი წილი ჩილდირის ბეგლარბეგმა ისჰაკ ფაშამ 136 წლის 17 რები ულ-ეველს (1723 წ. 15 დეკემბერი), მის შვილს კეთილშობილ მუსტაფას გადასცა (Bაşარ, 1997:122).
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლივანას მეორე ნაწილი ოჯაქლიქია (Bაşარ, 1997:123). 1768-1774 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით, რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს, რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას. თუმცა, აქამდე ოსმალეთის ქართულ ტერიტორიებს ამ ომის შედეგი არ შეხებია.
არაფერი შეცვლილა ამ მიმართულებით რუსეთ-ოსმალეთის შემდგომ ორ ომშიც. XIX ს-დან რუსეთი აქტიურად ერთვება „აღმოსავლეთის საკითხის“ გადაწყვეტაში და მისი პოლიტიკაც ამ მიმართულებით უფრო შედეგიანი ხდება.
1828-1829 წწ. ომის შემდეგ კავკასიაში რუსეთის ხელთ აღმოჩნდა ახალციხის საფაშოს 10 სანჯაყი: ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბულიანი, აბასთუმანი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და ჩილდირი, ანუ სამცხისა და ჯავახეთის ტერიტორიები. კლარჯეთის ტერიტორია ამჯერად ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა. ისედაც დაღმავლობის გზაზე მდგარი ოსმალეთის იმპერიის მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა XIX ს-ის 30-იან წლებში. რუსეთთან დამარცხებისა და გარკვეული ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ ოსმალეთის პოზიციები შესუსტდა ჩრდილოეთ აფრიკაში. მისი მდგომარეობით სარგებლობდა საფრანგეთი და თვითონ ცდილობდა აქ პოზიციების გამყარებას. ოსმალეთის დასუსტების შედეგად სულთნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ ბალკანეთში და ანატოლიაში.
განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია იმპერიის არაბულ რეგიონებში. 1930 წელს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდა ბაღდადის გამგებელი დავუდ ფაშა (მანელიშვილი). ყველაზე სახიფათო აღმოჩნდა კონფლიქტი ეგვიპტის გამგებელ მუჰამედ ალისთან, რომელსაც განზრახული ჰქონდა არაბული სამყაროს გაერთიანება და ოსმალეთის იმპერიისაგან გამოყოფა. ასეთ მდგომარეობაში ოსმალეთის სულთანი მაჰმუდ II (1808-1839 წწ.) ცდილობდა, როგორმე გამოეყვანა ქვეყანა მდგომარეობიდან და მასშტაბური რეფორმები დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი იყო იმპერიის ძველი დიდების აღდგენა, ანუ ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის გაზრდა. სახელმწიფო დაინტერესებული იყო, სცოდნოდა მისი შესაძლებლობები. ამ მიზნით
1831 წელს დაიწყო ანატოლიასა და რუმელიაში მცხოვრებ მამაკაცთა აღწერა. შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ რეგიონებში 4 მილიონი მამაკაცი ცხოვრობდა, აქედან 1,5 მილიონი რუმელიაში და 2,5 მილიონი ანატოლიაში. არაბული ქვეყნები ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო არ აღწერილა.
აღწერის მონაცემებიდან აღმოჩნდა, რომ ანატოლიაში 2 მილიონი მუსლიმი და 450 ათასი ქრისტიანი ცხოვრობდა (სვანიძე, 2007:288). ამ რეგიონის ნაწილი იყო ოსმალეთის იმპერიის ქართული პროვინციები, მათ შორის კლარჯეთიც. აღნიშნული აღწერის მასალები ინახება სტამბოლში, მინისტრთა საბჭოს ოსმალურ არქივში.
ჩვენ ხელთ გვაქვს საინტერესო მასალა, რომელიც XIX ს-ის კლარჯეთის ისტორიის არაერთ საინტერესო ეპიზოდს ასახავს. გთავაზობთ კლარჯეთის ტერიტორიის აღწერის დოკუმენტებს. ჩანს, რომ აღნიშნული პერიოდისათვის ისტორიული კლარჯეთის ძირითადი ტერიტორია უმეტესად კვლავ ორი – არტანუჯისა და ლივანას ლივებში (სადროშოებში) არის მოქცეული. მისი მცირე ნაწილია მხოლოდ ბათუმის სანჯაყში და ერთი სოფელია მაჭახლის სანჯაყისადმი დაქვემდებარებული. ღოგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეულების, მათი აღწერის მასალებიც სხვადასხვა რეესტრშია დაფიქსირებული.
წარმოგიდგენთ რეესტრების მონაცემებს ცხრილის სახით. არტანუჯი 1835 წლის აღწერის მიხედვით (NFშ.დ. 02761):
ლივანას ლივის ართვინისა და მურღულის კაზები: NFშ.დ. 2766. აღწერილია ართვინი და მისი მიმდებარე სოფლები მურღულის ჩათვლით, რომლებიც მდებარეობენ ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე. თავიდან მოცემულია ქალაქ ართვინის ცალკეული უბნები.
ცალკეა აღწერილი ლივანას ლივის ბერთისა და სინკოთის ნაჰიეები (NFშ.დ 2767). ამ დოკუმენტში რეგისტრირებულია კლარჯეთის ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს სოფლები ბერთის ხეობიდან ხებას ჩათვლით.
1835/6 წლის აღწერის სხვადასხვა რეესტრის შედარებით ირკვევა, რომ ისტორიული ნიგალის ყველა სოფელი ლივანასა და არტანუჯის აღწერის რეესტრებში არ არის მოქცეული. კერძოდ, ჭოროხის შესართავთან არსებული რამდენიმე სოფელი ბორჩხის ჩათვლით აღნიშნულ პერიოდში ადმინისტრაციულად ბათუმს ექვემდებარებოდა და, შესაბამისად, ბათუმის ლივის რეესტრშია აღწერილი. ესენია ბორჩხის ნაჰიეში შემავალი სოფლები: ბორჩხა – 204, წითურეთი – 60, არჩვეთი – 84, ჭვარეთი – 56, კატაფხია –153, ბაზნაული – 52, მურკვეთი – 52 მამაკაცი მოსახლით (NFშ.დ. 01170, 1835:119-151).
ასევე ბათუმის სანჯაყის გონიოს ნაჰიეს შემადგენლობაშია აღწერილი ისტორიული კლარჯეთის სამი სოფელი ქვემო მარადიდი, მირვეთი და ზემო მარადიდი, შესაბამისად 311, 105 და 359 მამაკაცით. მთლიანობაში, ბათუმის სანჯაყის ამ კლარჯულ, იგივე ნიგალის სოფლებში 1436 მამაკაცია ფიქსირებული23.
ცალკე, მაჭახლის სანჯაყშია აღწერილი კირნათი, რომელიც აგრეთვე ისტორიული ნიგალის ნაწილია. აღნიშნული დროისათვის სოფელში 64 კომლია და მათში 198 მამაკაცი ცხოვრობს (NFშ.დ. 02769, 1835:1).
ცალკე რეესტრად არის ზემო ლივანას ლივის აღწერა. სოფელთა ჩამონათვალის მიხედვით ირკვევა, რომ ლივანას ლივის საზღვრები საკმაოდ სცდება ჩვენი კვლევის გეოგრაფიულ არეალს. რეესტრში 37 სოფელია რეგისტრირებული, მათ შორის მხოლოდ რვაა ისეთი, რომელიც ჩვენ მიერ კლარჯეთად მიჩნეულ ტერიტორიაზე მდებარეობს. დანარჩენები უფრო სამხრეთით, იუსუფელის მიდამოებშია და იმ დროისათვის კავკასეთის და ბედაზორის ნაჰიეებშია გაერთიანებული.24 ჩვენი ინტერესის სფეროში მოექცა მხოლოდ იშხალბერი25 (48 კომლითა და 136 მამაკაცით), ცრია (77-204), ორჯოხი (28-141), მელო (97-272), ვარდისხევი26 (ბოსელთას მახლობლად) (80-171), ხეზორი (84-256) (NFშ.დ. 02768, 1835:4-94), ხოდი (215-563) (NFშ.დ. 02768, 1835:144-166), ხუმხალი (42-107) (NFშ.დ. 02768, 1835:144-166) და ბინათი (27-51) (NFშ.დ. 02768, 1835:298-302). ამრიგად, ზემო ლივანას ლივის რვა, ჩვენს მიერ მიჩნეულ კლარჯულ სოფელში, მთლიანობაში 698 კომლი ცხოვრობს (1901 მამაკაცი).
წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ კლარჯეთის ძირითად ნაწილში – არტანუჯის ხეობაში, ართვინსა და მურღულის კაზებში და აგრეთვე ლივანა-ბერთასა და სინკოთის ნაჰიეებში მთლიანობაში 5234 მუსლიმი ოჯახია, სადაც 13 ათასამდე მამაკაცი ცხოვრობს. იმ პერიოდისათვის ადმინისტრაციულად ბათუმისა და მაჭახლის სანჯაყებში შემავალ კლარჯულ სოფლებში 1634 მამაკაცია აღწერილი. ამრიგად, ციფრების შეჯამებით ვგებულობთ, რომ XIX ს-ის 30-40-იან წლებში ისტორიული კლარჯეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 6300 მუსლიმური კომლი ცხოვრობდა (16 500-ზე მეტი მამაკაცი).
რეალური დემოგრაფიული სურათის მისაღებად არ არის საკმარისი მხოლოდ მუსლიმური მოსახლეობის რაოდენობის დადგენა. არსებობს აგრეთვე 1835 წლის ბოლოს შედგენილი ჩილდირის ეიალეთის ქრისტიანი მოსახლეობის (მამაკაცების) აღწერის რეესტრიც. აღნიშნულ დოკუმენტში ცალცალკე არის აღწერილი გრიგორიანელი და კათოლიკე მოსახლეობა. ღოგორც ზოგადად წყაროების ანალიზით ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში მართლმადიდებლური ქრისტიანობა ადგილობრივ მოსახლეობაში არ შემორჩენილა. მისმა ძირითადმა ნაწილმა ისლამი აღიარა, ხოლო დანარჩენმა რჯულის შენარჩუნებისა და მდგომარეობის შედარებით შემსუბუქების გზა გრიგორიანულ, ან კათოლიკურ მრწამსზე გადასვლაში ნახა. დოკუმენტის წინასწარი ანალიზი გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილში ბევრია ეთნიკური ქართველი. აღნიშნული მოვლენა არაერთ ქართველ მეცნიერს აქვს შესწავლილი. მ. ჩოხარაძე აღნიშნავს, რომ ,,XIX ს-ის საქართველოში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ტაო-კლარჯეთის სომხობა გვარ-ტომობით წინათ ქართველები იყვნენ. ისტორია მართლაც წარმოაჩენს ქართველთა გასომხების რეალობას. ამ საქმეში, ოსმალურ პოლიტიკასთან ერთად, სომეხი სამღვდელოების წვლილიც არის; მათი მეცადინეობით, უპირატესად იძულებით, ვერაგობით და ათასი უკადრისი ხერხით, ქართველები ქრისტიანად გადარჩენის იმედით, გადადიან სომხურ ტიპიკონზე (ჩოხარაძე, 2015:135).
ხსენებული რეესტრის მიხედვით, XIX ს-ის 30-40-იან წლებში ქრისტიანულ დასახლებათა სურათი შემდეგნაირია:
ჩილდირის ეიალეთისადმი დაქვემდებარებული ართვინის კაზას უბნებში მცხოვრები კათოლიკეები – 199 კომლი 708 მამაკაცით (NFშ.დ. 02779, 1835:6-26);
ართვინისა და ჰაიფეთის რაბათებში მცხოვრები სომხები – 61 კომლი 201 მამაკაცით (NFშ.დ. 02779, 1835:28-53);
ართვინის კაზას ჰაიფეთის მაჰალეში მცხოვრები კათოლიკეები – 104 კომლი 327 მამაკაცით (NFშ.დ. 02779, 1835:67-76);
ართვინის კაზას ჰაიფეთის მაჰალეში მცხოვრები სომხები – 18 კომლი 52 მამაკაცით (NFშ.დ. 02779, 1835:87-88);
ართვინის კაზას ქორძველის27 მაჰალეში მცხოვრები კათოლიკეები – 33 კომლი 75 მამაკაცით; ართვინის კაზას ქორძველის მაჰალეში მცხოვრები სომხები – 6 კომლი 21 მამაკაცით (NFშ.დ. 02779, 1835:95-100);
როგორც ვხედავთ აღნიშნული დროისათვის ართვინსა და შემოგარენში საკმაო რაოდენობის ქრისტიანი ცხოვრობს. მათ შორის კათოლიკე 336 კომლი (1110 მამაკაცით) და გრიგორიანული 85 კომლი (274 მამაკაცით). ქრისტიანები ცხოვრობენ აგრეთვე არტანუჯის ხეობაშიც. მათ შორის სოფელ ციხაში 6 კაციანი ერთი კათოლიკური კომლია აღწერილი. არტანუჯის სოფელ ეშქნარში 3 კათოლიკური კომლია და 5 მამაკაცი ცხოვრობს. უნისხევში 5 კომლია 11 კათოლიკე მამაკაცით. არტანუჯის ციხის რაბათი მთლიანად ქრისტიანებით არის დასახლებული, მათ შორის კათოლიკეთა 79 (252 მამაკაცი) და სომხური 7 კომლით (29 მამაკაცი). სოფელ ტანძოთში 40 კომლი სომხურია და 12 კომლი კათოლიკური, შესაბამისად 126 და 37 მამაკაცით. სოფელ ფეთექირში, რომლის მეორე სახელწოდებაა იენი რაბათი დამოწმებულია 13 სომხური კომლი 40 მამაკაცით (NFშ.დ. 02779, 1835:101-148). მთლიანობაში არტანუჯის ხეობაში 150 ქრისტიანული კომლია აღწერილი, მათ შორის 100 კათოლიკურია 311 მამაკაცით და 50 გრიგორიანული 195 მამაკაცით. ქრისტიანთა აღწერის რეესტრში ისიც მითითებულია, რომ აღწერილთაგან 276 კომლი (614 მამაკაცით) აღნიშნული დროისათვის ადგილზე არ იმყოფება (NFშ.დ. 02779, 1835:5).
ამრიგად, ზემოთ მოხმობილი ყველა დოკუმენტის მონაცემთა შეჯამებით დგინდება, რომ XIX ს-ის 30-40-იან წლებში ისტორიული კლარჯეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 6300 მუსლიმური და 571 ქრისტიანული კომლი ცხოვრობს. ამ კომლებში დაფიქსირებულია 16500-ზე მეტი მუსლიმი და 1900-მდე ქრისტიანი მამაკაცი. მოსახლეობის რეალური რაოდენობის დასადგენად მამაკაცთა რიცხვს უნდა დაემატოს იმდენივე, ან ცოტა უფრო მეტი რიცხვი ქალებისა, რომლებიც რეესტრებში არ არიან აღწერილი. არსებობს აგრეთვე მოსახლეობის რაოდენობის გამოთვლის მეთოდი კომლთა რაოდენობის მიხედვითაც, რომლის დროსაც ერთ კომლში საშუალოდ იანგარიშება დაახლოებით 5,5 ადამიანი. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ ერთმანეთთან დაახლოებულ რიცხვს (18400ხ2=36800; (6300+571)ხ5.5=37790). ფაქტობრივად დგინდება რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული რიცხვი. აღნიშნულ პერიოდში კლარჯეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 37-38 ათას კაცს, რომლის 7 პროცენტიც ქრისტიანული იყო28.
1839 წლის 3 ნოემბერს, ოსმალეთის იმპერიაში ოფიციალურად გამოცხადდა თანზიმათის რეფორმების დაწყება. იგი მიზნად ისახავდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტების გზაზე მდგომი იმპერიის ძველი ძლევამოსილების აღდგენას. ამის ერთ-ერთ გზად რეფორმების შემოქმედნი ქვეყანაში ევროპული მმართველობის ფორმების დანერგვას მიიჩნევდნენ. რეფორმების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ახალ ადმინისტრაციულ კანონს, რაც ხელს უწყობდა სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციას და ცალკეული პროვინციების უფრო მეტად დაქვემდებარებას ცენტრალური ხელისუფლებისადმი.
გარკვეული ცვლილებები მოხდა პროვინციულ მმართველობაში. ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებდა არამუსლიმი თემის უფლებების გარკვეულწილად გაზრდას. ვილაეთებსა და სანჯაყებთან შეიქმნა სათათბირო ორგანო – მეჯლისი, რომელშიც მუსლიმებთან ერთად შედიოდნენ ქრისტიანული თემის წარმომადგენლებიც. შეიზღუდა პროვინციის გამგებელთა ძალაუფლებაც. მათ ჩამოერთვათ გადასახადების აკრეფის უფლება. პროვინციის გამგებელს (ვალი) დაენიშნა ყოველწლიური ხელფასი. დიდი ყურადღება მიექცა რეფორმას საადგილმამულო ურთიერთობებსა და საგადასახადო სისტემაში.
რეფორმები განხორციელება შეაჩერა 1853-1856 წწ. მორიგმა ომმა რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რომელიც ისტორიოგრაფიაში ყირიმის ომის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ ომის დროს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა არაერთხელ სძლია ოსმალებს, მაგრამ ომის შედეგები მასზე არ ასახულა. ყირიმის ომი ოსმალეთისათვის, სამხედრო წარუმატებლობის მიუხედავად, საბოლოო ზავის შედეგებით ბევრად უფრო უმტკივნეულო იყო, თუმცა აღნიშნული ომის შედეგები მისთვის მაინც არასახარბიელო აღმოჩნდა.
1856 წლის 30 მარტს გაფორმდა პარიზის ტრაქტატი, რომლის მიხედვითაც ხელის მომწერ ევროპის სახელმწიფოებს უფლება მიეცათ მფარველობა გაეწიათ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანებისათვის.
ოსმალეთთან დაკავშირებით აღიარეს, რომ იგი დაადგა ევროპეიზაციის გზას და ჩადგა ევროპული სახელმწიფოების რიგებში.
მართალია, ოსმალეთი იმყოფებოდა გამარჯვებულ სახელმწიფოთა რიგებში, ომის შედეგები ოსმალეთისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. მას მიადგა დიდი მატერიალური ზარალი. 1854 და 1855 წლებში ოსმალეთი იძულებული იყო აეღო პირველი კაბალური სესხები ინგლისისა და საფრანგეთის ბანკებისაგან. სწორედ აქედან იწყება ოსმალეთის ფინანსური დაკაბალება.
პარიზის ტრაქტატის ხელმოწერის წინ, 1856 წლის 18 თებერვალს, გამოიცა სულთნის ჰათი-ჰუმაიუნი (ბრძანებულება), რომლითაც იგი აძლევდა იმპერიის ყველა ქვეშევრდომს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებისა და კანონის წინეშე თანასწორობის გარანტიას, ეს ჰატი-ჰუმაიუნი შეტანილ იქნა პარიზის ტრაქტატის ერთ-ერთ მუხლად. ამით მან მიიღო საერთაშორისო ვალდებულების ხასიათი და დიდ სახელმწიფოებს უფლება მიეცათ, ჩარეულიყვნენ ოსმალეთის საშინაო საქმეებში ქრისტიანების უფლების დაცვის საბაბით.
ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ ოსმალეთის იმპერიაში თანზიმათის რეფორმების მეორე ეტაპი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თანზიმათის რეფორმების მიზანი ერთი იყო, პირველი და მეორე ეტაპები მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. პირველი ეტაპი თურქულ ნიადაგზე იყო აღმოცენებული, ხოლო მეორე ეტაპი ევროპული სახელმწიფოების მითითებებით მიმდინარეობდა. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა პარიზის ტრაქტატით გათვალისწინებულ რიგ საკითხებს, რის მიხედვითაც ევროპულ სახელმწიფოებს ეძლეოდათ საშუალება, ჩარეულიყვნენ ოსმალეთის საშინაო საქმეებში.
თანზიმათის რეფორმების მეორე პერიოდში გატარებული ღონისძიებები უმეტესად შეეხო საკანონმდებლო სფეროს.
მიღებულ კანონთა შორის მნიშვნელოვანი იყო 1858 წლის კანონი მიწისმფლობელობისა და მიწათსარგებლობის შესახებ. XIX ს-ის 30-იან წლებში სამხედრო-ლენური სისტემის გაუქმების შემდეგ ეს სფერო მოითხოვდა მოწესრიგებას. მიწის ძირითადი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა, რამაც მოშალა ტრადიციული საადგილმამულო ურთიერთობები.
თანზიმათის რეფორმების შედეგად მოხდა გარკვეული დადებითი ძვრები ქვეყნის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მაგრამ მიღებული შედეგები არ შეესაბამებოდა ქვეყნის მოთხოვნებს.
XIX ს-ის ოსმალეთის იმპერიის „ევროპეიზაციის“ პროცესი კვლავ შეაჩერა რუსეთ-ოსმალეთის მორიგმა ომმა.
1877-1778 წწ. ომის შედეგად რუსეთმა კვლავ გამოსტაცა ოსმალეთს რიგი ტერიტორიებისა როგორც ბალკანეთში, ისე კავკასიაში. 1878 წლის 19 თებერვალს (3 მარტს) ჯერ სან-სტეფანოს ზავით, ხოლო მოგვიანებით ბერლინის კონგრესზე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში სხვა ისტორიულ ქართულ ტერიტორიებთან ერთად კლარჯეთიც გადავიდა. ახლადშემოერთებული ტერიტორიები ბათუმის ოლქად ჩამოყალიბდა.
1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ახალი უბედურება დაატყდა თავს. ახლად შემოერთებულ ტერიტორიებიდან, რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკისა და ოსმალთა რელიგიურ-იდეოლოგიური აგიტაციის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის შიდა პროვინციებში, ცენტრალური და დასავლეთი ანატილიის ტერიტორიებზე გადასახლდა. ეს პროცესი მუჰაჯირობის სახელწოდებითაა ცნობილი. მუჰაჯირობა, სრულიად სამართლიანად, ქართველი ხალხის ისტორიაში ერთ-ერთ დიდ ტრაგედიად არის მიჩნეული.
მუჰაჯირობის პროცესს ისტორიკოსი ჯ. ვარდმანიძე ორ ეტაპად ყოფს. მისი თქმით, პირველი 1878 წლის აგვისტოდან 1879 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა და ძირითადი მიზეზი პორტას პოლიტიკა იყო. ხოლო მეორე ეტაპი პირდაპირ უკავშირდება რუსეთის იმპერიის პოლიტიკას (ვარდმანიძე, 2013:170-171).
მიუხედავად იმისა, რომ მუჰაჯირობის ოფიციალური ვადები რუსეთ-ოსმალეთის მოლაპარაკების მიხედვით 1879 წლის 3 თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე იყო (ვარდმანიძე, 2013:116), მცირე ნაკადებად გადასახლების პროცესი დიდ ხანს გრძელდებოდა. ბოლო პერიოდამდე ქართული ისტორიოგრაფიისათვის უცნობი იყო გადასახლებულთა რეალური რიცხვი, მათი შემდგომი ბედი. ირკვევა, რომ გადასახლებულთა რიცხვი ბევრად აღემატებოდა ადგილზე დარჩენილთა რიცხვს. განსაკუთრებით კლარჯეთის ტერიტორიაზე, არაერთი სოფელი და ხეობა გაუკაცრიელდა. გადასახლების საფუძველი და ძირითადი მიზეზი კი რელიგია იყო.
შენიშვნები
1. აღვნიშნავთ, რომ ამ ბოლო დროს ქართულ მეცნიერებაში გაჩნდა მოსაზრება შატბერდისა და მიძნაძორის ქართული წარმოშობის შესახებ.
2. ქართულ მეცნიერებაში დღეს აზრთა სხვაობაა თუხარისის ადგილმდებარეობის შესახებ. ერთი მოსაზრებით, ვფიქრობთ, სარწმუნო, თუხარისი ჭოროხის ხეობაში, აწინდელ სოფელ ჩევრელში (სოფ. ოთხთა ეკლესიის (შდრ. თ. დორთ ქილისა) ზემოთ) მდებარე ციხეა. აღსანიშნავია, რომ აქედან 35 კმ-ში, მთებში, ხეობის თავში დასტურდება ტოპონიმი თუხერისი (ასე გამოთქვა მთხრობელმა). ჩანს, თუხარისი საკმაოდ დიდი ტერიტორიის სახელწოდება იყო. თვით ციხე დგას ორი ხეობის ხერთვისში და კარგად აკონტროლებს ერთი მხრივ ჭოროხისპირებს, მეორეს მხრივ, მის წინ მდებარე მცირე ხეობებს.
3. აღვნიშნავთ, რომ V-VII საუკუნეების კლარჯეთის ისტორიის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის კლარჯეთის მკვიდრი ბასილი ზარზმელი თხზულებაში „ცხოვრება სერაპიონ ზარზმელისა“. ამ თხზულებებიდან ირკვევა, რომ კლარჯეთი ადრე შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იბერიის კულტურულ ცხოვრებაში. საზოგადოდ უნდა აღინიშნოს, რომ კლარჯეთი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრი ყოფილა მესხეთის მხარეებისა. კლარჯი მოღვაწეები აწარმოებდნენ კულტურულ მშენებლობას მესხეთის სხვადასხვა კუთხეში. ასე მაგალითად, კლარჯეთიდან იყვნენ წარმოშობით და კლარჯეთის სავანეებში მიუღიათ განათლება სერაპიონ ზარზმელს და იოანე კვიპრიანეს-ძეს, რომლებიც შემდეგ სამცხეში დააარსებენ სავანეებს – ზარზმასა და იოანე-წმიდას; ასევე კლარჯეთიდან არის, როგორც აღვნიშნეთ, მწერალი ბასილი ზარზმელიც, რომელიც შემდეგ სამცხეში მოღვაწეობს.
4. ოსმალეთის იმპერიაში იურთლუქისა და ოჯაქლიქის წესით სანჯაყის გაცემა ნიშნავდა მისი მემკვიდრეობით მართვის უფლებას და გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს.
5. ლივა არაბული ტერმინია და დროშას ნიშნავს. მისი თურქული შესატყვისია შანცაკ. ორივე ერთი და იგივე ტერმინია და ადმინისტრაციულ ერთეულს, სადროშოს აღნიშნავს.
6. აღნიშნული ტოპონიმი დოკუმენტში შესაძლებელია, სხვადასხვა სახით ამოვიკითხოთ. მის შესახებ საუბრის დროს ჩვენ დასაშვებად მიგვაჩნდა სახელწოდება მახსისიც (შაშიკაძე, 2014:134-141)
7. აღნიშნული კანუნ-ნამე ქართულად ნათარგმნი და კომენტარებით გამოქვეყნებული აქვს პროფესორ ნოდარ შენგელიას (იხ. შენგელია, 1960:157-165)
8. აღნიშნული ტერმინი გადასახადების შემთხვევაში აღნიშნავს უცოლშვილო მუსლიმის გადასახადს, რომელიც დაოჯახებულთან შედარებით ნაკლებია. ამ შემთხვევაში „მუჯერედი“ მხოლოდ დაუოჯახებელს უნდა აღნიშნავდეს, რადგან როგორც ვხედავთ ისინი იხდიან ქრისტიანებეზე დაწესებულ ისფენჯს და სახელებისაც ქრისტიანულს ატარებენ.
9. ისფენჯი – არამუსლიმზე დაწესებული სამეურნეო მიწის გადასახადია. მოცემულ შემთხვევაში 25 ახჩაა. ამავე შინაარსის გადასახადს დაოჯახებული მუსლიმი იხდიდა ბენაქის, ხოლო დაუოჯახებელი მუჯერედის სახით, შესაბამისად 18 და 12 ახჩას.
10. ქილა – მარცვლეულის საზომი ერთეული ოსმალეთის იმპერიაში. სტამბოლის ქილა XVI ს-ში 25,658 კგ. იყო.
11. მანი – თავრიზული მანი 812 გრამია.
12. გადასახადი მღვდელმსახურებაზე.
13. ბადჰავა - დაუგეგმავი, „ჰაერიდან“ შემოსული გადასახადები, ჯარიმები. არუსანე – საპატარძლო, სამზითვო ფულადი გადასახადი, რომელსაც მშობელი იხდიდა.
14. ისფენჯის ანალოგიური შინაარსის გადასახადი მიწაზე, რომელსაც მუსლიმები იხდიდნენ ნაკლები რაოდენობით.
15. ოსმალური გადასახადების შესახებ დაწვრილებით იხილეთ: შაშიკაძე, მახარაძე: 2011, 34-51.
16. მურად III-ის დროინდელ დავთარში მეთერთმეტე სოფლად ახიზას ნაცვლად რეგისტრირებულია მერკინი და ორივე შემთვევაში მითითებულია, რომ ,,ახლოსაა ვალისომანთან და ახიზაგერესთან”. ფაქტია, რომ ერთი და იგივე სოფელზეა საუბარი. მერკინი შესაძლებელია ახიზას უბანიც იყოს. ახიზა არტანუჯის ხეობის შესასვლელში, ჭოროხისპირას მდებარეობს და სრულიად შესაძლებელია, როგორც სანჯაყებს შორის სასაზღვრო სოფელი, ამ დროისათვის ორადაც იყოს გაყოფილი. აქ მოტანილ მონაცემებსაც ამ პირობით ვადარებთ ერთმანეთს. ცხრილში ოცდამეათედ დამოწნებული ქოჩბურუთიც სოფელ ახიზას ახლანდელი უბანი უნდა იყოს.
17. სოფლის სახელწოდებას მოცემული ფორმით ხვდებით სამეცნიერო ლიტერატურაშიც და ადგილობრივ მოსახლეობაც ასე გამოთქვამს. თუმცა დოკუმენტში იკითხება როგორც „ანჩგორა“, რაც შესაძლებელია, ტოპონიმის ადრინდელ ფორმას წარმოადგენდეს.
18. დოკუმენტში ციფრები შეცდომით უნდა იყოს მითითებული. კომლთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ თხუთმეტის მაგივრად 18 უნდა იყოს. ასევეა ჩრდილშიც.
19. ჟღერადობით ძალზე წააგავს სახელწოდებას „ჭიდილი“. ამ სახელწოდების სოფელი არტანუჯში ცნობილია (ახ. ბაღლიცა), დოკუმენტში აშკარად იკითხება ჩილდირი. შესაძლებელია, ის დროთა განმავლობაში შეიცვალა.
20. ანჩკორას მსგავსად, ეს გორაშეთის ფორმით არის ცნობილი, თუმცა დოკუმენტში იკითხება როგორც „გორაშუეთი“.
21. არტანუჯის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელი ეშკინარ-ია, აშკარად იკითხება მოცემული ფორმით.
22. აქვეა აღწერილი ხებაც.
23. სხვა დოკუმენტებისგან განსხვავებით, ბათუმის ლივის აღწერაში კომლთა რაოდენობა არ ფიქსირდება, მოცემულია მხოლოდ მამაკაცთა აღწერა. თუმცა სხვა დოკუმენტების მონაცემებთან თუ შევადარებთ და ციფრების შეფარდებას თუ გავითვალისწინებთ, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისათვის დაახლოებით 300 კომლი უნდა ყოფილიყო.
24. აღნიშნულის გამო მოცემული რეესტრი ცხრილის სახით აღარ წარმოვადგინეთ და მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო სოფლები და მათი მონაცემები მოგვაქვს.
25. დოკუმენტში სოფლის სახელწოდება იკითხება მოცემული ფორმით, თუმცა, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეს იყოს შხალბერის „გათურქულებული“ ფორმა.
26. მითითებულია, რომ სოფელი ბოსელთას მაჰალესთან ახლოს მდებარეობს.
27. აღნიშნული სახელწოდებას თანერ ართვინლის წიგნში ვხვდებით ქორზულის (კორძული) სახით. იგი ართვინის ამჟამინდელი უბნის ჩაიაღზის ძველი სახელწოდებაა (არტვინლი 2013:283). დოკუმენტში წავიკითხეთ როგორც „ქორძველი“ და ტექსტშიც ასეთივე სახით მოგვაქვს.
28. დიდი რაოდენობით ფიქსირდება ქრისტიანული მოსახლეობა შავშეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად იგი ჩვენი კვლევის ობიექტი არ გახლავთ, ვფიქრობთ, ცნობა ამის სესახებ ერთობ საინტერესო უნდა იყოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2011 წელს, მსგავსი ფორმატით კომპლექსური მონოგრაფია „შავშეთის“ გამოცემის დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ხელთ ზემოხსენებული დოკუმენტები. შავშეთში ქრისტიანები დასახლებულნი არიან (აღსანიშნავია, რომ აქაც მხოლოდ კათოლიკეები და გრიგორიანელები) სათლელის ციხის რაბათში, შავშეთის სამჯელის მაჰალეში (ახ. არმუთლუ) და ოქრობაგეთში (NFშ.დ. 02779, 1835:330-351).
Комментариев нет:
Отправить комментарий