1. როგორ გადასცა სტალინმა ლორე სომხებს
სომხეთი უძველესი დროიდან საქართველოს სამხრეთი მეზობელი იყო. სომხეთის სამეფოს თავისი სიძლიერის ხანაში (ძვ.წ. II-I სს.) რამდენჯერმე ჰქონდა დაპყრობილი ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები, XI საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული კი, სამხრეთ კავკასიაში სომხური სამეფო აღარ არსებობს. საუკუნეების განმავლობაში სომხური სამეფო-სამთავროების ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდა.
1918 წელს სომხებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დაკარგული სახელმწიფოებრიობა აღიდგინეს. ახალდაარსებულმა სომხეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი პოლიტიკის ძირითად მიმართულებად „დიდი სომხეთის“ შექმნის იდეა წამოაყენა. სომეხი ნაციონალისტები ყველა იმ ტერიტორიას ითხოვდნენ, სადაც ოდესმე ფეხი დაედგა სომეხს.
ვიქტორ ნოზაძე იგონებდა: „სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო - თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი“.
1918 წლის დეკემბერში სომხეთის სამხედრო ნაწილებმა ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელეს ქვემო ქართლისა და სამხრეთ საქართველოს მიმართულებით. ქართულმა ნაწილებმა მოახერხეს მტრის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი განდევნა ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-საქართველოს შორის გაფორმდა საგანგებო შეთანხმება, რომლითაც სადავო - ბორჩალოს მაზრის, ლორეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში იდგებოდა ქართული არმია, ხოლო სამხრეთ ნაწილში - სომხეთის.
მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც ცდილობდა საქართველოსთან შეერთებას და ამ ხელშეკრულებას უკანონოდ მიიჩნევდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შედგენილ ლორეს რაიონის სოფლის მოსახლეობის მიმართვაში ვკითხულობთ:
„უხსოვარ დროს მართლმორწმუნეთა ტაძრები, ძეგლები და სასაფლაონი, რომლებიც ჩვენში აქამდე უვნებლადაა დაცული, უეჭვოდ ამტკიცებს, რომ ლორეს სამუსლიმანო რაიონი მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო საქართველოსი და ამ რაიონის მოსახლენი ბურჯად ედგნენ საქართველოს საზღვრებს სიმტკიცისათვის. საქართველოს მთავრობა ლორეს რაიონს რატომღაც, ვითომდა სადავო ტერიტორიად თვლის საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც ძლიერ დამღუპველ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ტფილისთან ვართ დაკავშირებული ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სულიერად და ყოველმხრივ. ამიტომ მისგან ჩამოშორება არ შეგვიძლიან, ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ყოველგვარი ზომები მიიღოს ჩვენს დაუყოვნებლივ საქართველოს ტერიტორიისთვის მისაერთებლად“.
მიმართვას ხელს აწერენ ლორეს რაიონის ექვსი სოფლის მცხოვრებნი.
მიუხედავად ამისა, ლორეს ოლქთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უყოყმანოდ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სადავო ტერიტორია მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში დაიკავა, ისიც სომხეთის მთავრობის თხოვნით.
სომხეთის გასაბჭოების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ალექსანდრ ბეკზადიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო ნოტით მოსთხოვა ქართული ჯარის მიერ ლორეს ოლქის დატოვება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ სომეხი კომუნისტების ამ პრეტენზიას დასაბუთებული პასუხი შეუთვალა.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ჩვენში ლორესთვის უკვე აღარავის ეცალა. ამით ისარგებლეს სომეხმა ბოლშევიკებმა და ოლქის შენიღბული ინკორპორაცია მოახდინეს.
გაზეთი „კომუნისტი“ ამავე წლის 15 მარტს იუწყებოდა: „4 მარტს დაიწყო მოქმედება სომხეთის კომპარტიის ცკ-ის ბიურომ. სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა გადადგა ნაბიჯი რევოლუციური წესრიგის მოსაწყობად ლორეს რაიონში, რომლის ცენტრად არჩეულია სადგური ალავერდი, დანიშნულია რევკომის თავმჯდომარისა და სამხედრო რევოლუციური კომიტეტის რწმუნებულად ამხ. საფრაზბეკოვი“.
სამწუხაროდ, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ლორეს ოლქის მითვისებისა. დასაწყისში სომხეთის ახალჩამოყალიბებულმა საბჭოთა რეჟიმმა ლორეს ოლქში თავისი რწმუნებული დანიშნა. ფაქტობრივად, ეს ტერიტორია ამიერიდან სომხეთის მთავრობის გავლენის ზონაში მოექცა.
ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის არსებული ტერიტორიული საკითხის სირთულეს კარგად ხედავენ ბოლშევიკები და ამიტომ უკვე 1921 წელს რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ 1921 წლის 2 მაისს შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც დაევალა მოემზადებინა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრების გამიჯვნის საკითხი.
ამ კომისიის პირველი სხდომა გაიმართა 1921 წლის 25-27 ივნისს, თბილისში. ჩვენამდე მოაღწია ამ მეტად საინტერესო სხდომის ოქმმა, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, ვ. მურადიანის მიერაა შედგენილი. სადემარკაციო კომისიის 25 ივნისის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის სსრ წარმომადგენელი „ამხ. ბეკზადიანი“. იგი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებზე ისე საუბრობს, არ შეიძლება მისმა გამონათქვამებმა მკითხველს ღიმილი არ მოჰგვაროს.
სხდომის ოქმში ვკითხულობთ:
„სიტყვა ეკუთვნის ამხ. ბეკზადიანს, რომელმაც განაცხადა: სომხეთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მან თავისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაკარგა ეკონომიკურ რესურსებიანად. ამხ. ბეკზადიანს უაღრესად საჭიროდ მიაჩნია, რომ მეზობელ აზერბაიჯანსა და საქართველოს რესპუბლიკებს ჩამოეჭრათ ტერიტორია სომხეთის სასარგებლოდ. როცა მოსკოვში ამხ. მიასნიკოვმა და ბეკზადიანმა ამხ. სტალინი ინახულეს, ამ უკანასკნელმა ეს თვალსაზრისი სავსებით გაიზიარა.
ყოველივე ზემონათქვამის საფუძველზე, სომხეთის დელეგაცია სთხოვს ამხ. ქართველებს, თათრებს, გაითვალისწინონ სომხეთის განსაკუთრებული მდგომარეობა და საერთო სოლიდარობის გულისათვის, ერთხელ და სამუდამოდ, უაღრესად გულწრფელი, მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების დამყარების გულისათვის დაგვთანხმდნენ განსაზღვრული ტერიტორიების დათმობას“.
სომეხი ბოლშევიკები არა მარტო ლორეს ოლქს ითხოვდნენ საქართველოსგან, არამედ ახალქალაქის მაზრასა და ბორჩალოს მაზრის ნაწილს. სადემარკაციო კომისიამ საბოლოო შეთანხმება ვერ მოახერხა, ამიტომ შიდა საზღვრების გამიჯვნის საკითხი რესპუბლიკების ცენტრალურმა კომიტეტებმა რკპ(ბ) კავბიუროს მიანდეს.
1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ იოსებ სტალინის მონაწილეობით ეს საკითხი საგანგებოდ განიხილა და დაადგინა, რომ ე.წ. ნეიტრალური ზონა - ლორეს ოლქი - გადაეცეს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. რაც შეეხება ხრამისა და ახალქალაქის რაიონებს, ეს საკითხი კავბიურომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიანდო გადასაწყვეტად, რომლის დასკვნა შემდგომ ისევ კავბიუროს უნდა დაემტკიცებინა.
ამდენად, 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით ლორეს ოლქზე საქართველოს პრეტენზიები საბოლოოდ გაუქმდა. ამ ეტაპზე ლორეს ოლქი კი არა, ხრამისა და ახალქალაქის რაიონები იყო შესანარჩუნებელი. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში გავრცელებული მოარული ხმები, თითქოსდა, სტალინმა არაფერი იცოდა საქართველოს ტერიტორიის გასაჩუქრების შესახებ და რომ ეს ყველაფერი სერგო ორჯონიკიძის ნამოქმედარი იყო, დოკუმენტებით არ დასტურდება. მეტიც, „ხალხთა დიდი ბელადი“ არათუ ყველაფრის საქმის კურსში იყო, არამედ თავად მონაწილეობდა ამ პროცესში.
ამიერკავკასიის კავბიუროს დადგენილების საფუძველზე, 1921 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, რომელმაც განიხილა ორი საკითხი: 1. ნეიტრალური ზონისა და 2. ახალქალაქისა და ხრამის რაიონების საბჭოთა სომხეთისადმი გადაცემის საკითხები. პოლიტბიუროს დადგენილებაში ვკითხულობთ:
„1. დადასტურდეს რკპ ცკ-ის კავბიუროს დადგენილება საბჭოთა სომხეთისათვის ამ ზონის გადაცემის შესახებ.
2. პოლიტიკური მოსაზრებებისა და იმის საფუძველზე, რომ ახალქალაქის რაიონი ეკონომიკურად თბილისთან არის დაკავშირებული, ამხანაგი სომხების წინადადება მიუღებლად მიგვაჩნია“. იგივე საკითხი 1921 წლის 3 აგვისტოს განიხილა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისადმი გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: „იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ, ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში“.
მიუხედავად ქართველი კომუნისტების პრინციპული მოხოვნისა ლორეს ნეიტრალურ ზონაში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, კავბიურომ არ გაითვალისწინა პლენუმის ეს გადაწყვეტილება. მთლიანობაში, მართალია, ახალქალაქისა და ხრამის რაიონები დარჩა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ, სამაგიეროდ, ლორეს ოლქი ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე სომხეთის სსრ-ს გადაეცა.
ამდენად, 1921 წელს კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის კავბიუროსა და საქართველოს კომპარტიის პოლიტბიუროს დადგენილებით სომხეთს გადაეცა ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი, ე.წ. „ლორეს რაიონი“ - 2367 კვკმ ფართობით. მოგვიანებით, 1925 წელს სომხეთს ასევე გადაეცა ბორჩალოს მაზრის კიდევ ერთი ნაწილი 207,94 კვკმ ფართობი. ერთობლიობაში 1921-1925 წლებში სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 2575,38 კვკმ.
2. ვინ გადასცა ლორე სომხეთს?
ნეიტრალური ტერიტორიის სომხეთისთვის გადაცემას ქართველი ბოლშევიკებიც კი ეწინააღმდეგებოდნენ.
(ახალი დოკუმენტები)
კავბიურომ 1921 წლის 7 ივლისს, იოსებ სტალინის მონაწილეობით, საგანგებოდ განიხილა ლორეს ნეიტრალური ზონის სტატუსი და დაადგინა, რომ ლორეს ყოფილი ნეიტრალური ზონა სომხეთის სს რესპუბლიკას შეუერთდა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ქართველი ბოლშევიკები რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდნენ საზღვრების დემარკაციის კომისიისა და კავბიუროს გადაწყვეტილების შესაცვლელად. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს პოზიცია განსხვავებული იყო ამ საკითხის მიმართ. ეს კარგად ჩანს იმ დოკუმენტებით, რომელშიც ასახულია ქართველ ბოლშევიკთა ბრძოლა, რათა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში საქართველოს იურისდიქცია შეენარჩუნებინათ. 1921 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ქართველი ბოლშევიკები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ნეიტრალური ზონის სომხეთისთვის გადაცემა არ დაეშვათ, თუმცა იოსებ სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის პოზიცია ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივში მიკვლეულია საკმაოდ საინტერესო დოკუმენტების კრებული სათაურით: „რა ბედი ეწია ნეიტრალურ ზონას და ვინ გადაწყვიტა ეს დიდი საკითხი“. აქ შეკრებილია ბრძანებები, გადაწყვეტილებები და კორესპონდენცია, რომელიც ეხება ნეიტრალურ ზონაში მიმდინარე მოვლენებს 1921 წლის სექტემბერ-ოქტომბერში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტები პირველად ქვეყნდება, გთავაზობთ მათ სრული სახით.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტისთვის ნეიტრალური ზონის სომხეთისთვის უპირობო გადაცემა რომ მიუღებელი იყო, ეს გამოჩნდა 1921 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პლენუმის სხდომაზე. ქართველი კომუნისტების გაფართოებულმა შემადგენლობამ კვლავ დაადასტურა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, მაგრამ პლენუმზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლორეს ოლქის უყოყმანოდ სომხეთისთვის გადაცემამ. სწორედ ამიტომ პლენუმის დადგენილებაში გაჩნდა ახალი მუხლი: „იმის გამო, რომ ნეიტრალური ზონის საკითხის განხილვის დროს კავბიუროში არ ჰქონდათ საქართველოს კპ ცკ-ის აზრი, ეთხოვოს კავბიუროს, ხელახლა განიხილოს ეს საკითხი. თავის მხრივ ცკ-ს საჭიროდ მიაჩნია რეფერენდუმის მოწყობა აღნიშნულ ზონაში“.
ქართველი ბოლშევიკების ასეთი განსხვავებული მოსაზრება ცხოვრებაშიც აისახა. არავის ეგონოს, რომ ეს იყო მხოლოდ „დოკუმენტებით ბრძოლა“. როგორც ჩანს, საქართველოში ფიქრობდნენ, რომ რამენაირად შეაცვლევინებდნენ კავბიუროს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველი ბოლშევიკები ცოტა ინერტულები ჩანან. ამის მიზეზიც არსებობდა, მათსა და სტალინს შორის უკვე შეიმჩნეოდა ერთგვარი დაპირისპირება. პარტიის კურსიდან გადახვევაზე, ე.წ. „უკლონიზმზე“ სტალინმა სწორედ 1921 წლის ზაფხულში გაამახვილა ყურადღება და ეს ტერმინი პირველად გამოიყენა კავკასიაში მოღვაწე იმ ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომლებიც საბჭოთა რესპუბლიკების ხელოვნური გაერთიანების წინააღმდეგ წავიდნენ. სტალინთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას, როგორც ჩანს, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი მოერიდა.
ნეიტრალურ ზონასთან დაკავშირებით ქართველ ბოლშევიკებს შორის ერთსულოვნება არ ყოფილა. რეფერენდუმის ჩატარებას პლენუმზე მხარი დაუჭირა ხუთმა წევრმა და წინააღმდეგი წავიდა ხუთი. აშკარაა, კავბიუროს გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას საქართველოში ბევრი წინააღმდეგი ჰყავდა. ეს კარგად ჩანს იმ დოკუმენტების საფუძველზეც, რომელიც ქვემოთ ქვეყნდება.
1921 წლის 15 სექტემბერს რკინიგზის სამმართველო სთხოვს რევკომს (მიმართვა #754590), განუმარტოს: „სადგური სანაინი საქართველოს რესპუბლიკაში შედის თუ სომხეთის, რადგანაც დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი სომხეთის ათი ათასიან მან. მიღება არ მიღების გარშემო სადგურ სანაინთან (სტილი ყველგან დაცულია)“. ამავე პერიოდშია გაგზავნილი რევოლუციური კომიტეტის სახელზე რკინიგზის უფროსის მოადგილის, ლიდერისა და გზების კომისრის, ვოსკანოვის წერილი.
„საქართველოს ს.ს.რ. რევოლუციონერ კომიტეტს.
სადგურ სანაინის მილიცია დაუყოვნებლივ მოითხოვს სომხეთის რესპუბლიკის 10.000 მან. ნიშნების მიღებას სადგურის ოპერაციების დროს იმ მოტივით, რომ სადგური სანაინი სომხეთის საზღვრებში შედისო. მოგახსენებთ, რა ამას, გთხოვთ განმიმარტოდ სადგური სანაინი შედის სომხეთის რესპუბლიკაში თუ საქართველოში.
ხელს აწერს: რკინის გზის უფროსის მოადგილე ლედერი, გზების კომისარი ვოსკანოვი“.
ამ წერილის პასუხად რკინიგზის სამმართველოს სპეციალური განკარგულება მიეცა.
„ამიერ-კავკასიის რკინის გზების სამმართველო # 740.სადახლოდან სანაინამდე „დს“
საქართველო-სომხეთის საზღვრების საკითხის გამორკვევამდე სომხეთის ფულის ნიშნების მიღება შეჩერებულ იქმნას განსაკუთრებულ განკარგულებამდე.
ბელოვისამხ. კომის.
კალანდია
სწორეა (ხელის მოწერა)“.
ამასთანავე სანაინის რკინიგზის სადგურზე შეიქმნა საკმაოდ მწვავე პრობლემა ტვირთების გაგზავნასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოსა და სომხეთის მთავრობები ერთმანეთს ედავებოდნენ, ვისი ნებართვა იყო საჭირო გადაზიდვის განხორციელებისას.
27 ოქტომბერსაც კი ეს საკითხი გადაწყვეტილი არ ყოფილა. ამ საკითხზე საქართველოს რევკომის თავმჯდომარე სიტყვიერ განკარგულებას იძლევა:
„27/10-21 წ. საქართველოს რევკომის მდივანმა ტელეფონით გადმომცა მე თქვენთვის გადმოსაცემად, რომ საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ჯერ-ჯერობით ეყრდნობა არსებულ დადგენილებებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან ტვირთების გაზიდვის საქმეში. ე.ი. ტვირთი შეიძლება გაზიდულ იქნას მხოლოდ რესპუბლიკის სათანადო კომისარიატების ნებართვით.
ნ.ს. მალიანსკი“.
რაც შეეხება ფულის ნიშნების მიღებას, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემაც თითქმის ოქტომბრის მიწურულამდე საკმაოდ მწვავედ იდგა. ნეიტრალურ ზონაში არსებული რკინიგზის სადგურები უარს ამბობდნენ მიეღოთ სომხეთის ფულის ნიშნები და ფინანსურ ოპერაციებს კვლავინდებურად ქართული ბონის მეშვეობით აწარმოებდნენ.
ერთ-ერთ შეტყობინებაში აღნიშნულია:
„უჩ“/4 ცნობით თქვენ არ იღებთ კასაში სომხურ ფულის ნიშნებს 10.000 მან. ვთვლი რა ამ მოვლენას მომავალში დაუშვებლათ, წინადადებას გაძლევთ დაუყოვნებლივ მიიღოთ სადგურების კასაში სომხური ფულის 10.000 მან. ნიშნები.
მოროზოვი“.ამ თემაზე მიმოწერა წარმოებდა საქართველოს საბჭოთა მთავრობასთან:
„სანაინიდან # 496
28/9-18 ს.
ბ ასლი დნ/2 - დ.ნ. ალექსანდროპოლი „უნ“ მიღებულია დაჟინებითი მოთხოვნა სანაინის „უნ“-სა სომხური ფულის ნიშნების მიღების შესახებ. მესამეჯერ გთხოვთ თქვენს განკარგულებას.
# 21129 დ.ს. გურგენიძე“.
რამდენიმე დღეში გურგენიძის შეკითხვაზე წერილობითი შეტყობინება გაიგზავნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქავთარაძის მიერ:
„სანამ საქართველოს-სომხეთის საზღვრების საკითხი გამოირკვეოდეს სომხური ფულის ნიშნების მიღება შეწყვიტეთ. 3/10 ს. ქავთარაძე“.
ვითარებაში გარკვევას ცდილობდნენ ნეიტრალურ ზონაში მოქმედი მეწარმეები, რომელთაც არსებული რეალობა მხოლოდ პრობლემებს უქმნიდა.
„თფილისი სომხეთის სრულუფლებიან წარმომადგენელს.
ეს მეორე შემთხვევაა, რომ სანაინის სადგურის უფროსი უარს ამბობს ალავერდის ქარხნიდან ბარგის მიღებაზე ერევანში გასაგზავნათ სომხეთის უმაღლეს სამეურნეო საბჭოს სახელზე და ითხოვს ნებართვას საქართველოს საზღვრებიდან გაზიდვის შესახებ. დაბეჯითებით გთხოვთ გამოარკვიოთ ეს გაუგებრობა და მოახდინოთ სათანადო განკარგულება რკინის გზებზე, რათა სომხეთის საზღვრებში ალაგი არ ჰქონდეს ისეთ მოთხოვნილებებს, რომლებიც, ალბათ, ემყარებიან საქართველოს ყოველ მენშევიკურ მთავრობის განკარგულებაზე. # 149.
ალავერდის ქარხნის მმართველი ზორაბიანი.
დედანთან სწორეა: (ხელმოწერა)“.
იმავდროულად ვითარებაში გარკვევას ცდილობდა კავბიურო, რომელმაც საგანგებოდ კავკასიის რკინიგზის უფროსი მიავლინა სომხეთში.
„საიდუმლო
ამიერკავკასიის ს.ს. რესპუბლიკების რკინის გზების უფროსისა და კომისარის მიმართვის ასლი, 28/10-21 წ. # 1545, რ.კ.პ.ც.-კ. კავბიუროს.
ამასთანავე გირდგენთ მიწერ-მოწერას ახლად წამოჭრილ საქმის შესახებ საქართველო-სომხეთის საზღვრების სადაო საკითხის გამო, ვინაიდან ამ საქმის გამო მიღებულია ბევრი შეკითხვები, როგორც უშუალოდ ისე მომართვის ასლები თქვენგან ჩემს სახელზე.
საკითხის არსებითი მხარის შესახებ შემდეგს გატყობინებ: ფულების მიღების შესახებ სომხეთის მილიციის რაიონულ უფროსისაგან სამმართველოში მიღებულია ცნობა, რომ ნეიტრალურ ზონის ფარგლებში სადგურების უფროსები არ იღებენ სომხურ ფულის ნიშნებს. ჩემი სომხეთში ყოფნის დროს 3/10 სომხეთის სახ. კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება სომხეთის ადმინისტრაციის ძალაუფლების გაფართოების შესახებ სადგურ ......მდე; დადგენილებას აქვე ვურთავ. ამ დადგენილებამდე სომხეთის სახ.კომის. საბჭოს თავმჯდომარესთან - ამხ. მიასნიკოვთან მოლაპარაკების თანახმად და თანახმად კავბიუროს დადგენილებისა მე გავეცი განკარგულება სომხურ ნიშნების მიღების შესახებ შემდეგ სადგურებში: სანაინი, ალავერდი, ახპატი და აირუმი. მაგრამ ვინაიდან ესევე საკითხი დადგა თფილისშიაც სამმართველოში, - ჩემი მოადგილე ამხ. ოსკანოვი შეეკითხა ამის გამო საქართველოს რევკომსა და საგ. საქმ. სახ. კომისარს, რაზედაც პასუხი არ მოსულა; მაგრამ 4/10 სამმართველოში მოვიდა სანაინის სადგურის უფროსის დეპეშის ასლი ამ საკითხის შესახებ საქართ. რევკომის თავმჯდომარის მოადგილის ამხ. ქავთარაძის წარწერით იმის შესახებ, რომ სანამ სომხეთ-საქართველოს შორის საზღვრების საკითხი გადასწყდებოდეს, - აიკრძალოს ნიშნების მიღება სადგ. სანაინში.
ზემოდაღწერილის გამო შეიქმნა დახლართული მდგომარეობა. ამის შემდეგ იწყო შემოსვლა შეკითხვებმა გაუგებრობის შესახებ ალავერდის ქარხნიდან სომხეთში ბარგის გაზიდვის გარშემო, ვინაიდან სადგურების უფროსები საქართველოს განკარგულების თანახმად, საქართველოს სათანადო კომისარიატების ნება დაურთველად გადასაზიდათ საქონელს არ იღებენ.
უკანასკნელის შესახებ 26 ამ თვეს მე შევეკითხე საქ. რევკომს.
მომავალში გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლათ, გთხოვთ განმარტოდ - დაუვყოვნებლივ გაატაროს ცხოვრებაში რკინის გზებში კავ-ბიუროს დადგენილება, თუ უნდა საქართველოს რევკომის სათანადო დადგენილებას და როგორ მოვიქცეთ დღეს სხ. შემთხვევებში.
ამ.კავკ.ს.ს.რ.რკ.გზ. უფროსი და კომისარი“.
ბუნებრივია, ნეიტრალური ზონის დასაკუთრების საქმეში ყველაზე მეტად სომეხი ბოლშევიკები აქტიურობდნენ. ეს უკანასკნელნი უპირველესად იშველიებდნენ კავბიუროს 7 ივლისის გადაწყვეტილებას და ამ თემაზე განსხვავებული პოზიციის გაგონებაც არ სურდათ. 3 ოქტომბერს სომხეთის სახალხო კომისართა საბჭოზე განიხილეს ნეიტრალურ ზონაში არსებული ვითარება.
„ამონაწერი სომხეთის სახ. კომ. საბჭოს სხდომის ოქმიდან 18-60, 3/10-დან.1921 წ.
მოისმინეს.
სომხურ ადმინისტრაციის ზონის შესახებ.
დაადგინეს.
თანახმად ფაქტიურ მდგომარეობისა გავრცელებულ იქმნას სომხეთის ადმინისტრაციის ძალაუფლება სადგ. სადახლომდე უკანასკნელითურთ.
დედანთან სწორეა: საქმ. მწარმოებელი (ხელის მოწერა)“.ამონაწერი კავბიუროს სხდომის ოქმიდან (# 13-7/7).
„1921 წ. დაესწრნენ: რ.კ.პ.ც.-კ. წევრი ამხ. სტალინი, კავბიუროს წევრები: ამხ. ამხ. ორჯონიკიძე, მახარაძე, კიროვი, ნარიმანოვი, მიასნიკოვი, ნაზარევიანი, ორახელაშვილი, ფიგატნერი, საქ. ს.ს.რ. საგ. საქ. კომ. სვანიძე, სომხ. ს.ს.რ.საგ.საქ. კომ. მრავიანი.
მოისმინეს:ნეიტრალურ ზონის შეერთების შესახებ საქართველოსთან თუ სომხეთთან.
დაადგინეს:
მთელი ნეიტრალური ზონა შედის სომხ. ს.ს. რესპუბლიკის საზღვრებში.
დედანი სათანადო ხელწერით.
დედანთან სწორეა: რუს. კ.პ.ც.-კ. კავბიუროს საქმ. მმართვ. მოადგილე (ხელწერა)“.
როგორც ვხედავთ ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა, შეენარჩუნებინათ ნეიტრალურ ზონაზე საქართველოს იურისდიქცია, უშედეგოდ დამთავრდა. ამ საქმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ სტალინი და ორჯონიკიძე და მათი პირდაპირი მითითებით გადაეცა ლორეს ოლქი სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკას.
****
****
ლორე
-
ძირძველი ქართული
მხარე. ლორეს
ისტორიულ რეგიონს
საუკუნეების მანძილზე
ხან ქართველი,
ხან სომეხი
მონარქები აკონტროლებდნენ.
XIX საუკუნის განმავლობაში
ლორეს ტერიტორია
თბილისის გუბერნიის
ბორჩალოს მაზრაში
შედიოდა. 1918 წელს
საქართველოს და
სომხეთის დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდეგ,
ლორე საქართველოს
შემადგენლობაშია, როგორც
თბილისის გუბერნიის
ნაწილი. პროვინციის
მოსახლეობის უმრავლესობას
ამ დროს
სომხები შეადგენდნენ.
1918 წლის დეკემბერში,
სადავო ტერიტორიების
მითვისების მიზნით,
სომხეთი თავს
დაესხა საქართველოს
დემოკრატიულ რესპუბლიკას.
სომხეთ-საქართველოს
ომი, ლორეს
ტერიტორიის ნეიტრალურ
ზონად გამოცხადებით
დასრულდა. ჩრდილოეთ
ნაწილში ქართული
არმია, ხოლო
სამხრეთ ნაწილში
სომხეთის არმია
უნდა მდგარიყო.
საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობამ
მიიღო წინადადება
ომის შეწყვეტის
შესახებ, მაგრამ
მოითხოვა სტატუს
ქვო ანტებელუმის
აღდგენა, ე.ი.
ომის დრომდე
არსებული მდგომარეობის
დამტკიცება, ასევე,
სადავო საზღვრების
შეთანხმებით გამორკვევა.
1918 წლის 25 დეკემბერს
ინგლისელმა გენერალ-მაიორმა
რაიკფორტმა, ფრანგმა
პოლკოვნიკმა შარდინიმ
და საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის
მთავრობის მეთაურმა
ნ. ჟორდანიამ
დაადგინეს: ინგლისელ,
ფრანგ, ქართველ
და სომეხ
წარმომადგენელთა შერეული
კომისია სასწრაფოდ
გაემგზავრება ფრონტზე,
რათა შემდეგი
შეთანხმება განახორციელოს:
კომისია განსაზღვრავს
გარნიზონების რიცხვს,
რომელიც უნდა
დატოვონ ქართველებმა
ბორჩალოს მაზრის
ჩრდილო ნაწილში
და რამდენი
უნდა დატოვონ
სომხებმა ბორჩალოს
მაზრის სამხრეთ
ნაწილში. ინგლისური
პიკეტები ჩადგებიან
რკინიგზაზე ქართულ
და სომხურ
ჯარებს შორის.
ამ სადავო
ნაწილში ადმინისტრაცია
იქნება შერეული.
1918 წლის 30 დეკემბერს,
სომხეთის მთავრობამ
ეს დადგენილება
მიიღო და
31 დეკემბერს 12 საათზე
საქართველო-სომხეთის
ომი შეწყდა.
(იხ. პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკა,
აკაკი რამიშვილის
არქივი, საქმე
#254). ადგილობრივი მოსახლეობა,
ლორეს რაიონის
საქართველოსთან შეერთებას
მოითხოვდა, რასაც
დამფუძნებელი კრებისადმი
არაერთი მიმართვა
ადასტურებს. ლორეს
ნეიტრალურ ზონას
შერეული (ქართულ-სომხური)
ადმინისტრაცია განაგებდა.
1920 წლის 13 ნოემბერს,
მთავრობათა შეთანხმებით
გადაწყდა, რომ
ლორეს ნეიტრალურ
ზონას სამი
თვით მთლიანად
საქართველოს ჯარები
დაიკავებდნენ. სამი
თვის მანძილზე
თუ სადავო
ტერიტორიის გამიჯვნაზე
შეთანხმება ვერ
მოხდებოდა, მაშინ
საქართველოს ჯარი
ნეიტრალურ ზონას
დატოვებდა და
იქ შერეული
ადმინისტრაციის მმართველობა
აღდგებოდა. აღნიშნული
შეთანხმების შემდეგ,
სომხეთი საბჭოთა
რუსეთმა დაიპყრო
და საბჭოთა
სომხეთის მთავრობამ,
რუსეთის ხელისუფლების
მითითებით, ქართულ
მხარეს ლორეს
ნეიტრალური ზონიდან
ჯარების გაყვანა
მოსთხოვა. 1921 წლის
13 თებერვალს, ლორეს
რაიონში ქართული
ჯარის ყოფნის
ვადა იწურებოდა,
რის გამოც
რუსეთს აჯანყების
ინსცენირება უნდა
მოეხდინა. ლორეს
რაიონში აჯანყების
მოწყობა რკპ
(ბ) ცენტრალური
კომიტეტის კავკასიის
ბიურომ, ასევე,
პირადად ორჯონიკიძემ
სომხეთის კომუნისტური
პარტიის ცენტრალურ
კომიტეტს დაავალა.
1920 წელს საქართველოს
მთავრობამ, სომხეთის
გასაბჭოების გამო,
ორთვენახევრით შეძლო
ლორე-ტაშირის
ტერიტორიაზე თავისი
დე-ფაქტო
და დე-იურე
იურისდიქციის აღდგენა.
საქართველოს გასაბჭოების
შემდეგ, 1921 წლის
7 ივლისს, რკპ
(ბ) კავკასიის
ბიურომ, იოსებ
სტალინის მეთაურობით,
დაადგინა: ე.წ.
ნეიტრალური ზონა
-
ლორეს ოლქი
სომხეთის საბჭოთა
სოციალისტურ რესპუბლიკას
გადაეცეს. აღნიშნული
დადგენილებით, ლორეს
ოლქზე ქართული
მხარის პრეტენზიები
საბოლოოდ გაუქმდა.
1921 წელს კომუნისტური
პარტიის ამიერკავკასიის
კავბიუროსა და
საქართველოს კომპარტიის
პოლიტბიუროს დადგენილებით,
სომხეთს გადაეცა
ბორჩალოს მაზრის
სამხრეთ ნაწილი
ე.წ.
ლორეს რაიონი
– 2367 კვ.კმ
ფართობით. მოგვიანებით,
1925 წელს სომხეთს
ასევე გადაეცა
ბორჩალოს მაზრის
კიდევ ერთი
ნაწილი 207,94 კვ.კმ
ფართობი. ერთობლიობაში
1921-1925 წლებში სომხეთს
საქართველოს ტერიტორიის
2575.38 კვ.კმ
დაუთმეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий