суббота, 15 июня 2019 г.

ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობა – ისტორიის იდეოლოგიური ხედვა თუ ბალდუინ IX ფლანდრიელის და ბიზანტიის ორი იმპერატორის ამბავი. ა. თვარაძე

    ბასილი ეზოსმოძღვარი, ან თამარის მეორე ისტორიკოსი გვთავაზობს ტრაპიზონის იმპერიის, ბიზანტიის, საქართველოს და IV ჯვაროსნული ლაშქრობის ისტორიისათვის მნიშვნელოვან ცნობას, რომელიც საქართველოს ისტორიის სპეციალისტებისთვის კარგად არის ცნობილი.1

თამარის ისტორიკოსი იქვე მოგვითხრობს ბიზანტიის იმპერატორის, ალექსი III-ის სიკვდილზე ბულგარეთის მეფის კარზე, რასაც, ჩემი აზრით, სამეცნიერო ლიტერატურაში სათანადო ყურადღება არ დათმობია. ტრაპიზონის იმპერიის დაარსების შესახებ თამარის მეორე ისტორიკოსი სავარაუდოდ გვთავაზობს საკმაოდ რთულ იდეოლოგიურ კონსტრუქციას, რის შესახებაც ასევე მინდა ვისაუბრო წინამდებარე სტატიაში. ზოგადი კონტექსტისთვის სასურველია ტრაპიზონის ექსპედიციასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის გათვალისწინება: თამარის მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება იმ დროის რეეგიონალური პოლიტიკის კონტექსტში; დავით კომნენოსის ლაშქრობის ქრონოლოგია და სავარაუდო მიზანი. კარგად არის ცნობილი, რომ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება უშუალოდ უკავშირდება IV ჯვაროსნულ ლაშქრობას. ეს უკანასკნელი შუა საუკუნეების ისტორიის ერთი ყველაზე საინტერესო, რთული და პრობლემატური მოვლენაა, რომელიც უშუალოდ არის გადაჯაჭვული ჩვენს ისტორიასაც. სტატიაში განსახილველი საკითხების უკეთ გააზრებისთვის სასურველი იქნება მოკლედ გადმოიცეს IV ჯვაროსნულ ექსპედიციასთან დაკავშირებული მთავარი მოვლენები.
თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობა ტრაპიზონის იმპერიის დაარსების შესახებ
აქვე მოვიტან ზემოხსენებულ ამონარიდს ბასილი ეზოსმოძღვარის თხზულებიდან. თამარის მეორე ისტორიკოსი მოგვითხრობს ბასიანის ბრძოლაზე, გამარჯვების დღესასწაულთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე, შემდეგ თამარის არაჩვეულებრივ სამართლიანობასა და შემწყნარებლობაზე. ამას მოსდევს მთელი ქვეყნიერების ქრისტიანების დახმარების ამბავი და, ჩემი აზრით, უკვე ეს ცნობა უშუალოდ უკავშირდება მომდევნო, ტრაპიზონის ექსპედიციის პასაჟს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი: „არა ოდენ თვისსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათვის. და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყვარულითა მისითა. წარავლენდის სარწმუნოთა თვისთა და დაავედრის ესრეთ:
_ იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისა. და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მოიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათვის რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა. [აქ ჩართულია ერთი წინადადება ტყვეთა, სავარაუდოდ, ქრისტიანების განთავისუფლებაზე. შემდეგ გრძელდება:] კვალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კვალად ისავრიას, კურუხეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კვიპრისათა. ესე ყოველნი აღავსნა ქველის საქმითა, რომლისათვის ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა.[ამ, ფაქტიურად, შესავალს, მოსდევს სამხრეთ შავიზღვისპირეთის ზოლის დაპყრობის ცნობა:]
მოიწინეს ოდესმე ჩვეულებისამებრ ქველისმოქმედებათათვის ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩვეულებისაებრ, ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა. მერმე მისცნა ყოველთა დიადი და აღავსნა ყოვლითა სახმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო, თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კონსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თვისსა ისაკს თვალნი დასწვნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო და შეუტყვებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათვის საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს, და წარუღო მათ მონაზონთა.
ცნა რა ესე თამარ მეფემან, ნაცვლად სხვა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ და ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ იქითნი და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი. და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხვეწილი.
ხოლო ესმა ესე ფრანგთა, რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით. გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი მეფობისა თანა. და შეიხვეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თვისისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა და დაუფინა წინაშე მისსა ოქრო დიადი და რქვა ესრეთ:
აჰა, ალექსი, გულისსათქმელი იგი შენი ოქრო. ესე მიიღე თვინიერ სხვისა რომლისამე საზრდელისა და წყლისა წილ, რამეთუ ამისთვის წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა და დახსენ თვითმპყრობელობა ბერძენთა.
და ესრეთ მოკვდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.
ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა. და კვალად ესეოდენ ტკბილ და ძვირუხსენებელ, ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთვის ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით აქვნდეს, არა იპყრობს დიდხან. გარნა თამარ უცხოსასა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა“.2
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა
როგორც ბასილი ეზოსმოძღვარის აღნიშნულ ცნობას, ისე ტრაპიზონის იმპერიის დაარსების პრობლემას, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა.3 აქ მოკლედ შევაჯამებ ძირითადად ქართულ და, ნაწილობრივ, რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში დამუშავებულ იმ საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სტატიაში განხილული მასალისთვის სასურველია:
ტრაპიზონის იმპერიის შექმნის მიზეზები; მცირე აზიაში მოწყობილი ექსპედიციის ქრონოლოგია და მიზანი; ბიზანტიის იმპერატორ ალექსი III ანგელოსის დაღუპვის ცნობა ქართულ მატიანეში.
ტრაპიზონის იმპერიის შექმნის მიზეზები, ქრონოლოგია, მიზანი.
სამეცნიერო ლიტერატურაში ბიზანტიის იმპერატორის მიერ თამარისგან დასაჩუქრებული სასულიერო პირების გაძარცვა განიხილება როგორც ერთ-ერთი კონკრეტული საბაბი ტრაპიზონის ექსპედიციის დაწყებისთვის.4 თუმცა ზურაბ ავალიშვილმა ეჭვი გამოთქვა ქართული წყაროს ცნობის მართებულობასთან დაკავშირებით: რადგან ალექსი III ტახტზეა 1203 წ-------
ქართველებსაც არ დაუწყიათ მოქმედება ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შედეგად; ალექსი III-ის მიერ ქართველი ბერების გაძარცვა იყო კარგი საბაბი ომისთვის, რათა კომნენოსების მონათესავე დინასტია გაემეფებინათ საქართველოს მეზობელ მხარეში; ალექსის მიერ მძარცველური ოპერაციების წარმოებას ადასტურებს ნიკიტა ხონიატეც:
ალექსიმ ვინმე ფრანგოპულოსს დაავალა გემით შესულიყო შავ ზღვაში, თითქოს ეძებდა ფაზისიდან წამოსულ ერთ სავაჭრო გემს, რომელმაც კატასტროფა განიცადა. სინამდვილეში ფრანგოპულოსს უნდა გაეძარცვა იქ საქონლით დატვირთული სავაჭრო გემები; შესაძლოა დაზარალებულთა შორის იყვნენ ქართველი ბერებიც, რაკი ისინი ალბათ სწორედ ზღვით მიდიოდნენ ფოთიდან.6 შოთა ბადრიძე აგრეთვე იხსენიებს ქართველი ბერების გაძარცვის ფაქტს და ვარაუდობს, რომ ტრაპიზონის კამპანია არის ქართველების პასუხი საუკუნოვან ბიზანტიურ აგრესიაზე;
ამ კონკრეტულ მომენტში კი ისარგებლეს ბიზანტიის სისუსტით.7 ზურაბ ავალიშვილის მოსაზრებას მოგვიანებით იმეორებს ჯემალ სტეფნაძეც: ქართული წყაროს ცნობა სასულიერო პირების გაძარცვის შესახებ, რასაც შედეგად მოჰყოლია ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, შეუსაბამოა; რადგან ამის ჩამდენი ალექსი III ტახტიდან გადააგდეს 1203 წლის ივლისში, ხოლო ტრაპიზონს და მის მიმდებარე ტერიტორიებს იპყრობენ 1204 წელს.8
აქვე მოკლედ შევეხები ტრაპიზონის ექსპედიციასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენების ქრონოლოგიას და თვითონ ლაშქრობის შესაძლო მიზნებს სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით. ტრაპიზონის იმპერიის დაარსების პრობლემას (ფალმერაიერის შემდეგ) პირველი ფუნდამენტური გამოკვლევა მიუძღვნა რუსმა მეცნიერმა ა. კუნიკმა, რომლის ბევრ მოსაზრებას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
კუნიკის მიხედვით, მცირეწლოვანი ალექსი და დავით კომნენოსები საქართველოში გამოხიზნეს უკვე 1185 წლის მერე, როდესაც კონსტანტინეპოლში სიკვდილით დასაჯეს მათი ბაბუა, იმპერატორი ანდრონიკე; თვითონ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებისთვის გადამწყვეტი იყო ბაგრატიონების და კომნენოსების დინასტიური კავშირი;9 თამარის კარზე მყოფმა კომნენოსებმა ლაშქრობისთვის მზადება 1203-04 წლის ზამთარზე ადრე დაიწყეს;10 ახალგაზრდა კომნენოსებს, რომლებიც თავიანთი აღზრდით ბიზანტიელ პრინცებზე უფრო ქართველ დიდებულებს გავდნენ, სურდათ თავიანთი წინაპრების ტახტის დაკავება კონსტანტინეპოლში. ისააკ და ალექსი III ანგელოსებს ისინი ალბათ, როგორც თამარი, უზურპატორებად თვლიდნენ. თამარს ხომ ალექსი III-მ პირადი შეურაცხყოფა მიაყენა;11 რაკი ალექსი კომნენოსი შემდგომში მმართველის თვისებებს ვერ გამოავლენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრაპიზონის ლაშქრობის იდეა გაუჩნდათ თამარს და მის გენერლებს. გარდა კომნენოსებზე ნათესაური ზრუნვისა, გამომდინარე თამარის მაჰმადიანებთან დაპირისპირებებიდან, ქრისტიანების განსაკუთრებული მფარველობიდან, შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ სამომავლოდ კონსტანტინეპოლის ახალ, მეგობრულ დინასტიასთან ერთად შეძლებდა სელჩუკების დამხობას;12 კუნიკი ეხება ასევე დავით კომნენოსის დასავლეთისკენ ლაშქრობის დეტალებს; პაფლაგონიაში დავითის შეჯახებას ნიკეის მომავალ იმპერატორთან, თეოდორ ლასკარისთან;13 ტრაპიზონის მმართველი კომნენოსების ხელში იყო ასევე ყირიმი. ხერსონესის მხარის გარდა ალექსი კომნენოსის ძალაუფლებას ცნობდნენ ნახევარკუნძულის სამხრეთი პროვინციებიც.14
თედო ჟორდანიას ვარაუდით, თუ ტრაპიზონის იმპერია დაარსდა 1204 წლის აპრილში, როგორც ამას მიქელ პანარეტოსი გვატყობინებს, საბერძნეთში ქართველებს პირველად უნდა ელაშქრათ უკვე 1203 წლის ზაფხულში. რადგან ამდენი მხარის დაპყრობას 5-6 თვეზე ნაკლები დრო არ ეყოფოდა.15 ზურაბ ავალიშვილის აზრით, ქართველების ინტერვენციას ხელს უწყობდა არაბერძნული (ქართველთა მონათესავე) მოსახლეობა;16 საქართველოს მიზანი არ უნდა ყოფილიყო ძლიერი ბიზანტიის აღდგენა. ქართველებს ჰქონდათ უფრო მცირე მასშტაბის რეგიონული მიზნები და ლათინთა თავდასხმის დროს მართლმადიდებელ ბერძენთა ერთგვარ დამცველებადაც გამოდიოდნენ;17 ტრაპიზონის სახელმწიფოს დაარსებაზე იმოქმედა როგორც დინასტიურმა ფაქტორებმა, ასევე რეგიონის ეთნიურმა შედგენილობამაც; ავალიშვილი ასევე ეხება დავით კომნენოსის მარშს დასავლეთისკენ,18 შემდეგ ლათინ იმპერატორთან მის კავშირს19 და 1214 წელს ალექსი კომნენოსის რუმის სულთანის ვასალად ქცევას.20 ტრაპიზონის იმპერიის შექმნისთვის მთავარ საფუძველად პორფირი უსპენსკიმაც მიიჩნია კომნენოსების და ბაგრატიონების დინასტიური ნათესაობა; კონსტანტინეპოლის ხანგრძლივი ალყა და აღება ჯვაროსნების მიერ იყო ის ხელის შემწყობი გარემოება, რომელიც კომნენოსებმა გამოიყენეს; დავით კომნენოსი ქართველების და სხვა მომხრეების დახმარებით ლაშქრობს ტრაპიზონიდან დასავლეთით. დავითს ჰქონდა მიზანი: ლასკარისის ჩამოგდება და ნიკეის დაკავება. თუმცა თავისი მხედართმთავარის, სინადენოსის მარცხის შემდეგ იძულებულია დაუკავშირდეს ლათინებს.21 მ. კახაძესთან აგრეთვე ვხვდებით შეხედულებას, რომ მცირეწლოვანი ალექსი და დავითი 1185 წელს ანდრონიკეს ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ საქართველოში წამოიყვანეს. მათ მოქმედებისთვის შესაფერისი დრო დაუდგათ, როდესაც ლათინებმა კონსტანტინეპოლი აიღეს.22
ირაკლი ბერაძის მონოგრაფიაში, რომელიც ტრაპიზონის იმპერიის დაარსების საკითხს მიეძღვნა, აღნიშნულია, რომ ბიზანტიის იმპერიაში შექმნილი მდგომარეობის შედეგად საქართველო შეეცადა იმ ტერიტორიების დაბრუნებას, სადაც ძირითადად ქართული ტომები მოსახლეობდნენ. თუ ვერ მოხერხდებოდა მათი შემოერთება, მაშინ აუცილებელი იქნებოდა მათთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა;23
ქართველთა მეფე მომხრე იქნებოდა ბიზანტიის იმპერატორად ალექსი კომნენოსის ხილვის;24 ნიკიტა ხონიატე გვაწვდის ცნობას იმ გეგმის შესახებ, რომელთა მიხედვითაც ჯვაროსნებს სხვადასხვა ქვეყნების გადანაწილება სურდათ. ამ ქვეყნებს შორის მოხსენიებულია საქართველოც;25
მცირე აზიაში მცხოვრებ თანამემამულეთა სელჩუკი თურქებისგან დასაცავად თამარმა თავისი მხედრობა გაგზავნა მცირე აზიაში. ქართველებმა სავარაუდოდ კონსტანტინეპოლის აღებამდე დაიწყეს საომარი მზადება;26
საქართველოს მიზანი იყო მცირე აზიაში ჰეგემონია. დავით კომნენოსის გვიანდელ ბრძოლებში საქართველოს მონაწილეობა აღარ მიუღია;27 უკვე 1206 წელს ტრაპიზონელი კომნენოსები ვასალურ დამოკიდებულებაში არიან კონსტანტინეპოლის ლათინ იმპერატორთან;28
ბადრიძის მიხედვით, თამარის მხედრობამ დაიპყრო ძირითადად ქართული ტომებით დასახლებული ტერიტორია, სადაც ბუფერული სახელმწიფო შექმნა. საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით გამოიყენა IV ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგები.29 თამაზ ნატროშვილი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს კომნენოსების და ანგელოსების დინასტიურ დაპირისპირებაზე. ალექსის და მისი ძმის საბოლოო მიზანი იყო კონსტანტინოპოლში დაბრუნება და კომნენოსთა დინასტიის აღდგენა.30 ნ. შენგელია აღნიშნავს, რომ ბასიანის გამარჯვებამ და ბიზანტიის იმპერიის დასუსტებამ საქართველოს გაუადვილა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე თავისი გავლენის გამტკიცება.31 სტეფნაძე დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველოს და ჯვაროსნებს შორის არსებობდა ფარული კავშირი. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღება და ქართველთა მიერ ტრაპიზონის მიწების შემოერთება შესაძლოა იყო შეთანხმებული მოქმედება.32
ალექსი III-ის დაღუპვის ამბავი თამარის მეორე ისტორიკოსთან. აღნიშნული ცნობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში შევხვდი ორ გამოხმაურებას. ზურაბ ავალიშვილი მიუთითებს, რომ ალექსი III-ის სიკვდილის აღწერისას ბასილი ეზოსმოძღვარმა გამოიყენა მეფე მიდასის კარგად ცნობილი მოტივი.33 ვარლამ დონდუა თავიდან აღნიშნავს, რომ ბერების გაძარცვის ფაქტი 1202-03 წლებზე გვიან ვერაფრით მოხდებოდა, იმ დრომდე ვიდრე ალექსი III არის ტახტზე. დონდუა ეხება ასევე იმ ფაქტს, თუ როგორ გააძარცვინა ალექსი III-მ გემები შავ ზღვაზე. ვარლამ დონდუა ხაზს უსვამს იმ შეუსაბამობას, რომ ქართული წყაროს მიხედვით ალექსი III დასაჯა თავისმა სიძემ, ბულგარელთა მეფემ. ბიზანტიური წყაროების მიხედვით მას ანგარიშს უსწორებს მისი სიძე, კონსტანტინ ლასკარისი.34
IV ჯვაროსნული ლაშქრობა
ლაშქრობისთვის მზადება და ექსპედიციის დასაწყისი
1198 წელს რომის პაპად აირჩიეს ინოკენტი III35. სურდა რომის პაპის ინსტიტუტი ყოფილიყო ყველა საერო ხელისუფლებაზე უზენაესი. პაპის ველტბილდიდან გამომდინარე, ჯვაროსნული ომების ხელმძღვანელობა აღარ უნდა ეტვირთათ მხოლოდ მონარქებს. მისი იდეების პოლიტიკურ რეალიზაციას თითქოს ხელს უწყობდა ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმი. იმპერატორ ჰაინრიხ VI-ის გარდაცვალების (1197) შემდეგ გერმანიაში, თვითონ ინოკენტი III-ის ხელშეწყობითაც, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. საფრანგეთის და ინგლისის მეფეები ტერიტორიალური საკითხების გამო ამ დროს მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს. ამასთან, უკანასაკნელი ჯვაროსნული ლაშქრობები ევროპელმა მონარქებმა სრული კრახით დაასრულეს. 1198 წლის აგვისტოში პაპმა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა. არ მიუმართავს დასავლეთის არცერთი მეფისთვის. IV ჯვაროსნული ლაშქრობის ძირითად ბირთვს თავიდან შეადგენდნენ ფრანგი და ფლანდრიელი რაინდები. 1199 წლის ნოემბერში შამპანის ტურნირზე ჩამოყალიბდა პირველი სამხედრო კონტინგენტები. მეთაურებს შორის იყვნენ გრაფი ტიბო შამპანელი, ლუი დე ბლუა, ასევე შამპანის მარშალი და ლაშქრობის ქრონისტი ჟოფრუა დე ვილარდუენი. მალევე მათ შეუერთდნენ ფლანდრიის და ჰენეგაუს გრაფი ბალდუინი (IX), თავის ძმა ანრისთან ერთად, ასევე შენაერთები რაინლანდიდან. ლაშქრობის საერო ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო გრაფი ტიბო.
გაგზავნეს ელჩები ვენეციაში, რათა მოლაპარაკებოდნენ ჯარის საზღვაო გზით გადაყვანაზე. ვენეციის დოჟთან, ლეგენდარულ ენრიკო დანდოლოსთან (რომელიც ამ დროს დაახლოებით 90 წლის არის) გააფორმეს ხელშეკრულება: ვენეციელები გადაიყვანდნენ 4500 რაინდს, 9000 მეომარს (Knappe, საჭურველმთვირთველი, ანუ რაინდების თანმხლები მებრძოლები) და 20 000 ფეხოსანს, რის სანაცვლოდაც მიიღებდნენ 85 000 ვერცხლის მარკას. ვენეციის რესპუბლიკა დამატებით გამოყოფდა 50 გალერას და სამხედრო შენაერთებს, იმ პირობით, თუ დაპყრობათა ნახევარი ვენეციის კუთვნილება იქნებოდა. დამატებით საიდუმლო ხელშეკრულებაში ლაშქრობის მიზნად დასახელდა ეგვიპტე. ამ დროს გარდაიცვალა გრაფი ტიბო შამპანელი. მაშინ ბარონებმა ლაშქრობის მეთაურად 1201 წლის ივნისში, სუასონში, აირჩიეს წარმოშობით იტალიელი (გერმანულ შტაუფენების საიმპერატორო დინასტიასთან დაახლოებული პირი) მარკიზი ბონიფაცი მონფერატი. მონფერატების ლომბარდიულ ოჯახს ჰქონდა ჩინებული კავშირები აღმოსავლეთში. ბონიფაცი იყო იერუსალიმის მეფე კონრად მონფერატის და კესაროს რაინერ მონფერატის, მანუელ I კომნენოსის სიძის, ძმა.
1202 წლის აპრილისთვის სალაშქროდ დათქმული ვადა ჯვაროსნებმა ვერ დაიცვეს. 1202 წლის ივნისისთვის ვენეციაში ნავარაუდევზე სამჯერ ნაკლები ჯარი, მხოლოდ 11-12000, შეგროვდა. ენრიკო დანდოლო მაინც მოითხოვდა კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის გადახდას. ჯვაროსნებმა გაიღეს მაქსიმალური, მაგრამ 34000 მარკა მაინც დააკლდათ. მაშინ დოჟმა შესთავაზა მათ, დახმარებოდნენ ვენეციელებს ქალაქ ზარას დაპყრობაში.
ზარა (დღევანდელი ზადარი სამხრეთ ხორვატიაში) დალმაციის სანაპიროზე მდებარეობდა და ვენეციის სავაჭრო კონკურენტი იყო. ამის შემდეგ შეეძლოთ ერთად გაეგრძელებინათ ჯვაროსნული ლაშქრობა. მაგრამ ზარა ემორჩილებოდა უნგრეთის ქრისტიან მეფეს, რომელიც მანამდე თვითონაც აპირებდა ჯვაროსნულ ომში მონაწილეობის მიღებას. ფრანგი რაინდების ნაწილი ჩამოშორდა არმიას, რაკი ჯვაროსნული არმიის ქრისტიანულ ქალაქზე თავდასხმა გაუგონარ ცოდვად მიაჩნდათ. 1202 წლის 24 ნოემბერს ზარა აიღეს და გაძარცვეს. ინოკენტი III-მ მთელი არმია განკვეთა. ფრანგებმა და ფლანდრიელებმა დიდი გაჭირვებით მიაღწიეს იმას, რომ რომის პაპს მოეხსნა მათთვის საეკლესიო სასჯელი. ვენეციელები განკვეთილები დარჩნენ და ასევე გააგრძელეს მთელი ჯვაროსნულ ლაშქრობა. ეგვიპტეში წასვლა უკვე დაგვიანებული იყო, რაკი ზამთარი ახლოვდებოდა და ზარაში დარჩნენ. 1202-1203 წლების მიჯნაზე ჯვაროსნების ბანაკში გამოჩნდნენ გერმანიის მეფე ფილიპ შვაბიელის (1198-1208) და ბიზანტიელი უფლისწულის ალექსი (შემდომში ალექსი IV) ანგელოსის ელჩები. ეს უკანასკნელი იყო ბიზანტიის ყოფილი იმპერატორის ისააკ II ანგელოსის შვილი. ისააკი ტახტიდან ჩამოაგდო და დააბრმავა მისმა ძმამ, ალექსი III-მ, 1195 წელს. ალექსი III ტახტზე ავიდა 1195 წლის 8 აპრილს.
ისააკი და მისი შვილი ალექსი კონსტანტინეპოლში ისხდნენ ციხეში. მაგრამ ალექსიმ 1201 წელს გაქცევა მოახერხა (ალექსი ამ დროს სავარაუდოდ 17 წლის არის. სხვა ვერსიით ალექსი გაიქცა არა ციხიდან, არამედ ერთერთი სამხედრო კამპანიის მსვლელობის დროს, როდესაც ის თან წაიყვანა ბიძამ, ალექსი III-მ). მართალია ჯვაროსანთა უმრავლესობამ ახალგაზრდა ალექსი ანგელოსის წინადადების შესახებ პირველად გაიგო, მაგრამ ჯვაროსნების ლიდერები სავრაუდოდ 1201 წლიდან ჩართული უნდა ყოფილიყვნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ალექსი (IV) ანგელოსი უკვე 1201 წლის შემოდგომაზე ითხოვდა რომის პაპისგან მხარდაჭერას.
ინოკენტიმ მისი პრეტენზიები საკმარისად სამართლიანად არ ჩათვალა, რაკი მამამისს, ისააკს, გვირგვინი მემკვიდრეობით არ ჰქონდა მიღებული, ხოლო თვითონ ალექსი დაიბადა იქამდე, ვიდრე მამამისი ტახტზე ავიდოდა. გარდა ამისა, ალექსი იყო ფილიპ შვაბიელის ცოლისძმა (ალექსის და, ისააკის ქალიშვილი ირინე, იყო ფილიპ შვაბიელის ცოლი). ფილიპთან კი ინოკენტი ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში იმყოფებოდა და 1201 წელს ეკლესიიდან განკვეთა კიდევაც ის.
იტალიიდან ალექსი (IV) წავიდა ფილიპ შვაბიელთან. ამ უკანასკნელმა ანტიბიზანტიური განწყობა მემკვიდრეობით მიიღო მამისგან და ძმისგან. კონსტანტინეპოლი ჯერ კიდევ III ჯვაროსნული ლაშქრობის დროს კინაღამ დაიპყრო ფრიდრიხ I ბარბაროსამ, იმდენად უგუნურად უპირისპირდებოდა გერმანელ ჯვაროსნებს ისააკ ანგელოსი. ჰაინრიხ VI თავისი, გერმანიის და სიცილიის გაერთიანებული სამეფოდან, პირდაპირ ემზადებოდა კონსტანტინეპოლზე სალაშქროდ. ბიზანტიის იმპერია დროებით იხსნა მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა 1197 წელს. ფილიპს, რომელიც იმ დროს ჩაბმული იყო ოტო IV ბრაუნშვაიგელთან (1198-1218), ველფების პარტიის წარმომადგენელთან, გერმანიის ტახტისთვის ბრძოლაში, აქტიური დახმარების აღმოჩენა არ შეეძლო. ალექსი გაგზავნა ჯვაროსნების არმიასთან. ალექსის ტახტზე აღდგენასთან დაკავშირებით ბონიფაცი მონფერატის, ფილიპ შვაბიელის და ახალგაზრდა ალექსის შეხვედრა შესაძლოა შედგა 1201 წლის შობას, ჰაგენაუში. მაშინ იქვე შეიმუშავებდნენ გეგმას: ჯვაროსნები ეხმარებიან ალექსის ბიზანტიის ტახტის მოპოვებაში, ალექსი შემდეგ დააფინანსებს ეგვიპტის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობას. 1202 წელს ბონიფაცი მონფერატი რომში თითქოს წარუმატებლად ცდილობდა, რათა ინოკენტი III-ის მხარდაჭერა მოეპოვებინა ალექსისთვის. სავარაუდოდ 1202 წლის სექტემბერში ფილიპ შვაბიელის ემისრები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ვენეციელებთან იგივე საკითხზე.
ვენეციის დოჟი იდეას (თუკი ეს იდეა თავიდანვე მას არ ეკუთვნოდა) აღფრთოვანებით უნდა შეხვედროდა. ენრიკო დანდოლოს თითქოს პირადი შურისძიების მიზეზიც ჰქონდა ბიზანტიელების წინააღმდეგ. 1171 წელს, იმპერატორ მანუელ I-ის დროს კონსტანტინეპოლში ვენეციელების დარბევისას, ენრიკო დანდოლო ან მთლიანად დააბრმავეს, ან მან სანახევროდ დაკარგა თვალის ჩინი, როდესაც შუშიდან აყურებინეს მზეს. მართალია თუ არა ეს ისტორია, ნებისმიერ შემთხვევაში, მოხუცი, ბრმა დოჟი, რომელმაც დაამხო ბიზანტიის იმპერია, იქცა იტალიის ისტორიის ლეგენდად.
დოჟმა თავიდან ნებით თუ უნებლიედ მთავარი როლი დაუთმო ფილიპ შვაბიელს. შემდეგ ყველაფერი ვენეციელების კარნახით წარიმართა. დანდოლო ტრანსპორტით უბრალოდ უზრუნველმყოფის ნაცვლად ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერად მოგვევლინა.
ბონიფაცი მონფერატი ზარას ალყის დროს სავარაუდოდ გერმანიაშია, რაკი ამ საჩოთირო დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება არ სურდა. 1203 წლის დასაწყისში ჩნდება ზარაში, დაახლოებით ფილიპ შვაბიელის და ალექსის ელჩებთან ერთად, რომელთაც ზარაში მყოფ ჯვაროსნებს შესთავაზეს, დახმარებოდნენ ტახტის კანონიერ მაძიებელს. სანაცვლოდ პრეტენდენტი პირდებოდა ოქროს მთებს: საეკლესიო გაერთიანება რომთან; 200000 მარკის გადახდა ვენეციელებისა და ჯვაროსნებისთვის; ჯვაროსნული ლაშქრობისთვის 10000 ბიზანტიელი ჯარისკაცის გამოყოფა; წმინდა მიწაზე 500 რაინდის მუდმივად შენახვა.
მიმართულების მორიგი შეცვლის იდეას ლაშქარში ისევ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. მაგრამ ძირითადმა ბირთვმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ენრიკო დანდოლო და შტაუფენების პარტიის მომხრე ბონიფაცი მონფერატი, შეძლო წინადადების გატანა. პაპმა კვლავ გააპროტესტა ლაშქრობის მიმართულების მეორეჯერ შეცვლა, თუმცა მხოლოდ 1203 წლის ივნისში, როდესაც ფლოტი ზარადან გავიდა 1203 წლის აპრილში. არმიას აგრეთვე შეუერთდა ტახტის პრეტენდენტი, ახალგაზრდა ალექსი.
IV ჯვაროსნული ლაშქრობის მიმართულების შეცვლის მიზეზები
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მარშრუტის შეცვლის მიზეზებზე დღემდე დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს.36 შუა საუკუნეების ისტორიიდან ცოტა პრობლემას გამოუწვევია მეცნიერთა შორის აზრთა იმგვარი სხვადასხვაობა, როგორც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის „მიმართულების შეცვლას“. საბოლოო სიმართლე ალბათ ბოლომდე უცნობი დარჩება. მეცნიერები აქ იყოფიან „შემთხვევების თეორიის“ და „ინტრიგების თეორიის“ მომხრეებად თუ მოწინააღმდეგეებად. „შემთხვევების თეორიის“ წარმომადგენლებისთვის ამოსავალი წერტილია ჟოფრუა დე ვილარდუენის ქრონიკა, რომლის მიხედვითაც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ერთგვარად შემთხვევით მოხდა: ჯვაროსნებს არ ჰქონდათ მგზავრობის გადასახდელი ფული და ამიტომ დასთანხმდნენ ვენეციელებს ზარას შტურმზე; კონსტანტინეპოლიდან შემთხვევით გაიქცა ალექსი (IV); ჯვაროსნების ზარაში გამოზამთრებას დაემთხვა ფილიპ შვაბიელის და ალექსი ანგელოსის ელჩების მოსვლა; რაკი ვენეციელებისთვის გადასახდელი და სრულმასშტაბიანი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობისათვის აუცილებელი ფული რაინდებს ისევ არ ჰქონდათ, ამიტომ გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ ტახტის პრეტენდენტის სამართლიანი მოთხოვნისათვის.
„ინტრიგების თეორიის“ მხარდამჭერთა მიხედვით ლაშქრობამ მიმართულება შეიცვალა წინასწარ კარგად მოფიქრებული და დაგეგმილი ინტრიგის შედეგად. ამ შემთხვევაში დანარჩენი მოვლენების გადაფასება ხდება იმის მიხედვით, ვის ჩავთვლით ინტრიგის ორგანიზატორად. აქ უკვე ყველა მოვლენა, იქნება ეს მაგალითად ზარაში გამოსაზამთრებლად დარჩენა თუ ფილიპ შვაბიელის ელჩების მოსვლა, ინტრიგის მომწყობი მხარის მიერ არის ორგანიზირებული და ინსცენირებული მისთვის ხელსაყრელ დროს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარის დასაწყისში მთავარ დამნაშავეებად ითვლებოდნენ ვენეციელები. მათ თითქოს სავაჭრო ხელშეკრულება ჰქონდათ ეგვიპტელებთან დადებული და სულთანისგან შეპირებული პრივილეგიების სანაცვლოდ შეუცვალეს ლაშქრობას მიმართულება. რაკი ამგვარი ხელშეკრულება შემდგომში არ აღმოჩნდა, ბრალდებას სრული დამაჯერებლობა არ ჰქონია. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვენეციელები დაინტერესებულნი ყოფილიყვნენ ლაშქრობის მიმართულების შეცვლაში. ალბათ ვერასდროს დადასტურდება, რომ ენრიკო დანდოლოს უკვე ზარაში, ან მანამდე, ვენეციაში, ჰქონდა ბიზანტიის იმპერიის სრული განადგურების გეგმა. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ: ვენეციელებმა განზრახ მოითხოვეს სრული თანხა გადაყვანისთვის ჯარის მესამედისგან, რაკი იცოდნენ, რომ ისინი ამ თანხას ვერ გადაიხდიდნენ; შემდეგ იძულებული გახადეს დასხმოდნენ თავს ქრისტიანულ ზარას, რითაც ქრისტიანებზე ლაშქრობის მცირე პრეცენდენტი შექმნეს; ამის მერე განზრახ გააჩერეს ჯარი ზამთრის განმავლობაში ზარაში და ალექსის ელჩების მოსვლის სპექტაკლი დადგეს, როდესაც მანამდე ყველაფერი უკვე დიდი ხნის შეთანხმებული იყო; შემდეგ ალექსი IV კი აიყვანეს ტახტზე, მაგრამ წინასწარ იცოდნენ, რომ შეპირებულ ოქროს მთებს ვერ გადაიხდიდა, რასაც მოყვა კონსტანტინეპოლის შტურმი და ასე შემდეგ.
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ძირითად შეთქმულებად გამოცხადდნენ ფილიპ შვაბიელი და მისი გიბელინი ნათესავი ბონიფაცი მონფერატი. ფილიპმა მართლაც გაგზავნა ელჩები ჯვაროსნებთან და თხოვა მათ, დახმარებოდნენ ტახტის პრეტენდენტს. შესაბამისად, მიმართულების შეცვლაში მისი ხელი ნამდვილად ერია. როგორც ზემოთაც ითქვა, მიმართულების შეცვლის იდეა პირველად შეიძლება 1201 წლის შობაზე ფილიპ შვაბიელის, ბონიფაცის და ალექსის შეხვედრისას გაჩნდა. ბონიფაცის მამას, ვილიამ მონფერატს, ცოლად ჰყავდა სოფია, ფრიდრიხ ბარბაროსას ქალიშვილი და ფილიპ შვაბიელის ნახევარდა. შესაბამისად, შობის დროს ეს შეხვედრა ალბათ დაახლოებით ოჯახურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ალექსი იყო სუსტი ნებისყოფის ახალგაზრდა, რომელსაც იყენებდა ფილიპი, ან ბონიფაცი. ამ უკანასკნელს ოჯახური ინტერესები ჰქონდა ბიზანტიაში და კონკრეტულად თესალონიკიში.
შესაძლოა მიმართულების შეცვლის იდეა მოდიოდა ფილიპის ცოლის და ალექსის დისგან, ირინესგან. მით უმეტეს, რომ ისააკისგან ცოტა ხნის წინ დახმარების სათხოვნელი წერილი მიიღო. თუ „ინტრიგების თეორიას“ უკიდურესობამდე მივყვებით, მაშინ შეიძლება მივიღოთ შემდეგი კონსტუქცია: ფილიპ შვაბიელი თავიდანვე დაეხმარა ალექსის კონსტანტინეპოლიდან გაქცევაში, რაკი შტაუფენების დინასტია ანტიბიზანტიურად იყო განწყობილი და ჯერ კიდევ მისი ძმა, იმპერატორი ჰაინრიხ VI, გეგმავდა კონსტანტინეპოლის შტურმს; შემდეგ წინასწარ მოელაპარაკა ვენეციელებს და ერთად, ფრთხილი და გამოზომილი ნაბიჯებით შეცვალეს ლაშქრობის მიმართულება. ამ შემთხვევაშიც გადაჭრით რაიმეს მტკიცება ძნელია. თუმცა როდესაც გიბელინი ბონიფაცი მონფერატი აირჩიეს ჯვაროსნების არმიის მეთაურად, ეს უკვე შესაძლოა გარკვეულ წინასწარ გეგმებთან ყოფილიყო დაკავშირებული. მაგრამ ფილიპ შვაბიელს ამ დროს დაუნდობელი ომი ჰქონდა გამართული ტახტისთვის ოტო ბრაუნშვაიგელთან და ამგვარი რაფინირებული ინტრიგებისთვის ალბათ ნაკლებად ეცალა. შესაძლოა მან უბრალოდ მხარი დაუჭირა თავის ცოლისძმას იმ საქმეში, საიდანაც მოგვიანებით გარკვეული სარგებელის ნახვას ელოდა. თუმცა ვენეციელებისთვის და ჯვაროსნებისთვის ლაშქრობის მიმართულების შეცვლისას ფილიპ შვაბიელის თანხმობა ერთგვარი ლეგიტიმაცია იყო მათი გეგმებისთვის, რაკი რომის პაპი, გარეგნულად მაინც, ამის წინააღმდეგი გახლდათ.
რომის პაპის, ინოკენტი III-ის მისამართითაც გამოითქვა ბრალდებები, რომ დიდი ხნით ადრე მონაწილეობდა IV ჯვაროსნული ლაშქრობის მიმართულების შეცვლის დაგეგმვაში. მაგრამ რომის პაპი ზარას აღების ნამდვილად წინააღმდეგი ჩანს, რაკი ქალაქი ემორჩილებოდა უნგრეთის ქრისტიან (კათოლიკე) მეფეს. ზარას გადახვევა ვენეციელების თვითშემოქმედება გახლდათ, როდესაც უშუალო სავაჭრო კონკურენტი გაანადგურეს. ინოკენტი III-ზე უფრო რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ მომენტში მას ჯვაროსნული ლაშქრობის მართვის სადავეები ხელიდან გაექცა.
ინოკენტის დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობით შემდეგ მანიპულირებენ მისი მოსისხლე მტერი ფილიპ შვაბიელი და ვენეციელები, რომლებიც პაპისადმი დიდი ლოიალურობით არ გამოირჩეოდნენ. პაპი თითქოს მუდამ რჩება შექმნილი ფაქტების პირისპირ და აქედან ცდილობს შემდეგ საუკეთესო გამოსავალის ნახვას. ინოკენტი III ამ დროს თან მთლიანად ჩართული იყო გერმანიის და სიცილიის სამეფოთა არეულ შიდა პოლიტიკაში და ჯვაროსნულ ლაშქრობაზე ზრუნვისთვის ცოტა დრო რჩებოდა.
როდესაც ზარას დაპყრობის ამბავი გაიგო, სავარაუდოდ ჯვაროსნული ლაშქრობის გადარჩენის სანაცვლოდ გაწირა პრინციპები. დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების გაერთიანება რომის პაპების სანუკვარი ოცნება იყო. ამიტომ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ პაპის სიხარული არ არის გასაკვირი, რაკი ის ორთოდოქსული ეკლესიის კათოლიკურთან მოსალოდნელ შეერთებას ზეიმობდა. სხვა საქმეა, რამდენად მონაწილეობდა ინოკენტი III მანამდე მოვლენათა დაგეგმვაში. ყოველ შემთხვევაში, ბიზანტიის ტახტის პრეტენდენტს მისი გეგმების მხარდაჭერაზე პაპმა უარი უთხრა.
სამეცნიერო ლიტერატურაში დღეს მეტ მხარდაჭერას პოულობს ეგრეთ წოდებული „შემთხვევების მოდიფიცირებული თეორია“: ჯვაროსნები მართლაც ემზადებოდნენ ეგვიპტეზე ლაშქრობისთვის; შამპანის გრაფი ტიბო მოულოდნელად გარდაიცვალა; ჯვაროსნების ნაწილი უბრალოდ დამოუკიდებლად, ბონიფაცის არჩევამდეც, გაემგზავრა წმინდა მიწაზე და ვენეციაში ამიტომაც მოგროვდა ჯვაროსნების ნაკლები რაოდენობა; ალექსი IV-ც სავარაუდოდ დამოუკიდებლად გამოიქცა ბიზანტიიდან. ამის შემდეგ უკვე ძნელი გასარკვევია, სად მთავრდება შემთხვევები და სად იწყება ინტრიგები. ალექსი IV-ის წინადადება ჯვაროსნების მეთაურებს პირველად ზარაში ნამდვილად არ შეუტყვიათ, როგორც ვილარდუენი აღწერს მოვლენებს.
ბონიფაცის, ვენეციელებს და ალექსის შორის გარკვეული მოლაპარაკება თუ შეთანხმება უკვე ზარას მოვლენებამდე საკმაო ხნით ადრე შედგა. ფაქტიურად რამდენიმე დამთხვევის შემდეგ ყველა მხარე ცდილობდა არსებული რეალობიდან მისთვის სასარგებლო შედეგის მიღებას. ამასთან, კონსტანტინეპოლის აღება იყო დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკუნეზე მეტ ხანს არსებული საკმაოდ მძაფრი ანტაგონიზმის შედეგი. ფაქტიურად დასავლეთში ყველასთვის მისაღები და სასურველი იყო კონსტანტინეპოლის დაცემა: ფილიპ შვაბიელისთვის, ვენეციელებისთვის, ცალკეული ჯვაროსნებისა და რომის პაპისთვისაც, რამდენადაც კონსტანტინეპოლში ტახტზე ავიდოდა რომაული კათოლიკური დინასტია და პატრიარქიც ასევე კათოლიკე იქნებოდა. უბრალო ჯვაროსნებთან ერთი მამოძრავებელი ფაქტორი აგრეთვე იყო ის აურაცხელი რელიქვია, რომელსაც ლათინთა პოზიციიდან უკანონოდ ფლობდნენ სქიზმატიკოსი ბერძნები. შეიძლება ესეც ითქვას, რომ ყველა მონაწილე ძალას ჰქონდა მიმართულების შეცვლის ინტერესი და მეტად თუ ნაკლებად ყველა იყო კიდეც პასუხისმგებელი მიმართულების შეცვლაზე. მოვლენების ძირითად წარმმართველებად რჩებიან ვენეციელები და მათი დოჟი ენრიკო დანდოლო. IV ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგადაც მთავარი მოგებულები ვენეციელები იყვნენ. აქედან ეყრება საფუძველი ვენეციის საზღვაო იმპერიას. თუმცა IV ჯვაროსნული ლაშქრობის მიმართულების შეცვლის ისტორიას ის თვისება აქვს, როდესაც გვგონია, რომ ყველაფერი მწყობრად დალაგდა, გამოჩნდება ხოლმე ახალი ფაქტი, რომელიც მთელს თეორიას თავდაყირა აყენებს.
კონსტანტინეპოლის პირველი ალყა, გარდამავალი პერიოდი, ქალაქის საბოლოო დაცემა
1203 წლის 17 ივლისს ჯვაროსნებმა პირველი იერიში მიიტანეს კონსტანტინეპოლზე.37 კონსტანტინეპოლი ინგლისელი და დანიელი მეომრების ვარიაგული გვარდიის სიმამაცემ იხსნა. მაგრამ ალექსი III ანგელოსი იყო უაღრესად სუსტი მმართველი. ჯერ კიდევ ჰაინრიხ VI-ის და გერმანელების მუქარის დროს გამოსავალი ის ნახა, რომ დააწესა გადასახადი „ალამანიკონი“, რათა როგორმე თავის დაეხსნა საფრთხისგან.38 ქვეყნის შიგნით არეულობა სუფევდა და საქმეებიც თავისი ცოლისთვის, ეფროსინესთვის, ჰქონდა მინდობილი. ლათინების დასახვედრად არავითარი მოსამზადებელი სამუშაო არ ჩაუტარებია. ალექსი III იმდენად იყო ნადირობით გატაცებული, რომ მეტყევეებს გემების საშენ მასალად ხის მოჭრა ჰქონდათ აკრძალული. ხოლო მისი ფლოტის ადმირალი ლურსმნების, ღუზების და აფრების გაყიდვით იყო დაკავებული. ბიზანტიის ფლოტი ამ დროს დაახლოებით ოც დამპალ და ჭიებისგან შეჭმულ გემს ითვლიდა.39 მოქირავნეების მამაცური ბრძოლის მიუხედავად ალექსი III-მ დაკარგა მხნეობა, თავისი ძვირფასეულობით და თავის ქალიშვილთან (სხვა ვერსიით საყვარელთან), ირინესთან ერთად გაიქცა თრაკიის ქალაქ მოსინოპოლისში და გარკვეულ ხანს იქვე დარჩა.40
იმპერატორის გარეშე დარჩენილმა მოხელეებმა გააკეთეს სწრაფი და ჭკვიანური სვლა: ციხიდან გამოიყვანეს ბრმა ისააკი და იმპერატორად გამოაცხადეს. დოჟს და ჯვაროსნებს შეუთვალეს, რომ იმპერატორად აღადგინეს პრეტენდენტის მამა და ბრძოლის აუცილებლობა აღარ იყო. ახალგაზრდა ალექსი აქამდე ისააკის არსებობას მაინცდამაინც ანგარიშს არ უწევდა, მაგრამ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მან და ლათინებმა გაგზავნეს ქალაქში ელჩი: ისააკს ცნობდნენ იმპერატორად, თუკი ბიზანტიელები თანახმა იქნებოდნენ მისი შვილის, ალექსის, თანაიმპერატორად აღიარებაზე, ხოლო ისააკი თანაბრად იტვირთებდა ლათინების წინაშე იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც აიღო მისმა შვილმა. შეთანხმება შედგა და 1203 წლის 1 აგვისტოს ახალგაზრდა პრეტენდენტი ალექსი IV-ის სახელით აკურთხეს ისააკის თანაიმპერატორად. ისააკი და ალექსი IV მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ ქალაქის წინ დაბანაკებულ ჯვაროსნებზე.
ალექსი იყო ახალგაზრდა და სუსტი ნებისყოფის მმართველი, ხშირად მიდიოდა ჯვაროსნების ბანაკში, მონაწილეობას იღებდა მათ გართობასა და ღრეობაში: მთვრალი ლათინი ჯარისკაცები ხშირად თავს უფლებას აძლევდნენ, იმპერატორისთვის გვირგვინი მოეხადათ და თვითონ დაეხურათ თავზე. ადვილი წარმოსადგენია, რომ ბერძნული მოსახლეობის ძირითად ნაწილს ლათინთა მეგობარი იმპერატორები სძულდა. ალექსი IV-მ ლათინებს დიდი ოდენობის თანხა გადაუხადა, მაგრამ მალევე ნათელი შეიქნა, რომ ის ზარას შეთანხმებას ვერ შეასრულებდა. მაშინ ალექსი IV ჯვაროსნების ლიდერების ძვირფასი საჩუქრებით დამშვიდებას ცდილობს. თუმცა ამგვარი ქცევით ალბათ მხოლოდ მათი სიხარბე გააღვიძა. რაკი ხაზინა ცარიელი იყო, შემოიტანა ახალი გადასახადები, რასაც ხალხის აღშფოთება მოჰყვა: ყველამ იცოდა, სად მიედინებოდა ფულის დიდი ნაწილი. სასულიერო პირები შოკირებულნი იყვნენ, როდესაც ალექსი IV მათ საეკლესიო ვერცხლს დაეპატრონა და მისი გადადნობა დაიწყო.41 შეიტყვეს აგრეთვე მისი გეგმების შესახებ, რომ ორთოდოქსული ეკლესია რომის ეკლესიას უნდა შეერთებოდა. რასაც ორთოდოქსული სამღვდელოების მხრიდან გააფთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა.
ალექსი IV-მ 1203 წლის ზაფხულის დასასრულს და შემოდგომაზე ჯვაროსნებთან ერთად მოაწყო მცირე სამხედრო ექსპედიცია გაქცეული ალექსი III-ის წინააღმდეგ, ამ დროს კონსტანტინეპოლში მოთარეშე ცალკეულმა ჯვაროსნებმა დაწვეს მეჩეთი. მაგრამ ცეცხლი გავრცელდა და ხანძარის შედეგად დაიწვა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ალექსი IV უკან დაბრუნდა ნოემბრის დასაწყისში და დედაქალაქი დახვდა სანახევროდ განადგურებული. გამწარებულ ხალხში სულ უფრო მატულობდა ანტილათინური განწყობილებები. ალექსი IV-მ თანდათანობით ლათინებისგან დისტანცირება დაიწყო. ბოლოს თანხის გადახდის პროცესიც შეაჩერა. ის იდგა დილემის წინაშე: რაც უფრო დიდ ხანს დარჩებოდნენ ჯვაროსნები, უფრო შესძულდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას; მეორეს მხრივ, არ ჰქონდა მათი გასასტუმრებელი ფული; ამასთან, ჯვაროსნების გარეშე ის დასაყრდენის გარეშე რჩებოდა, რაკი ადგილობრივი მოსახლეობა მხარს არ უჭერდა. თავის მხრივ უკმაყოფილებას აღარ მალავდნენ ჯვაროსნებიც, რომლებიც ხედავდნენ, რომ ალექსი IV-მ დანაპირები არ შეასრულა.
კონსტანტინეპოლში გამეფებული ანტილათინური განწყობილება გავრცელდა პიზელებზე, გენუელებზე და სხვა ადგილობრივ ლათინებზე, რომლებიც ქალაქის პირველი ალყისას იბრძოდნენ ბერძნების მხარეს. ისინი იძულებულნი გახდნენ ქალაქიდან გაქცეულიყვნენ. დაახლოებით 15000 ადამიანი გადავიდა ჯვაროსნების ბანაკში.
ჯვაროსნების ელჩობაზე ალექსი IV-მ უპასუხა, რომ მან უკვე საკმარისი ფული გადაუხადა ლათინებს. ნოემბრის ბოლო დღეებში დოჟი კიდევ ერთხელ შეხვდა ალექსის და დაემუქრა, თუ ის პირობას არ შეასრულებდა. ალექსიმ უხეშად უპასუხა, რაზეც დოჟმა მიმართა: ჩვენ ამოგათრიეთ ქუჩის ტალახიდან და ჩვენვე ჩაგაგდებთ უკან. თუმცა ბონიფაცი ბოლომდე ცდილობდა ალექსი IV-სთან საერთო ენის პოვნას. რადგან ლათინების მდგომარეობა არ იყო საუკეთესო. იყვნენ მტრულ ქვეყანაში, ევროპიდან ახალი ძალების მოსვლის იმედი არ იყო, ქალაქიდან პროვიანტით მომარაგება შეუწყვიტეს.42 შემოდგომაზე ალექსი III-ის ქალიშვილის, ევდოკიას, საყვარელმა ალექსიმ, მეტსახელად „მურზუფლოსმა“ (თავისი სქელი წარბების გამო), მოახერხა ალექსი IV-ის კეთილგანწყობის მოპოვება, მიიღო პროტოვესტიარიოსის ტიტული და ძალაუფლების ძირითადი ნაწილიც მის ხელში აღმოჩნდა თავმოყრილი.
1203 წლის დეკემბრის დასაწყისში ლათინები და ბიზანტიელები უკვე საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ვენეციელების ფლოტის გადაწვა ალექსი IV-ის თუ მისი გარემოცვის მითითებით სცადეს ორჯერ: დეკემბრის შუაში და 1204 წლის 1 იანვარს, როდესაც ალმოდებული გემები გაუშვეს ლათინთა ფლოტის მიმართულებით. ვენეციელებმა ძლივს შეძლეს თავიანთი ფლოტის გადარჩენა.
ფლოტის განადგურების შემთხვევაში ჯვაროსნები მძიმე ვითარებაში იქნებოდნენ, რადგან ვეღარ დაბრუნდებოდნენ უკან და ვეღარ შეძლებდნენ ქალაქის აღებას, რაკი ალყისას ძირითადი დარტყმა სწორედ ფლოტის და გემებზე მყოფი სამხედროების მეშვეობით ხორციელდებოდა.
1204 წლის 28-29 იანვარს კონსტანტინეპოლში დაიწყო სახალხო ანტილათინური გამოსვლები. არეულობის დროს ზომიერი პარტია ითხოვდა ხელი არ ეხლოთ ალექსი IV-ისთვის, რაკი მაშინ ლათინებს სრულიად ეხსნებოდათ ხელი, ემოქმედათ მთელი ძალებით ბიზანტიელთა წინააღმდეგ. არეულობებს შესაძლოა ფარულად აქეზებდა და მხარს უჭერდა ალექსი მურზუფლოსი. ბრბომ თავიდან გაანდგურა ფიდიასის შექმნილი ათენას ქანდაკება, რომელიც მათი წარმოდგენით იყურებოდა დასავლეთისკენ და თითქოს ხელით უხმობდა დამპყრობლებს (სინამდვილეში ქანდაკება უყურებდა სამხრეთს). შემდეგ შეიკრიბნენ აია სოფიაში და დაიწყეს ახალი იმპერატორის არჩევა: შეთავაზებაზე ყველა უარს ამბობდა. ერთი არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა დიდებული, ნიკოლაუს კანაბუსი, აიძულეს, დათანხმებოდა იმპერატორობას. ალექსი IV ბოლოს შეეცდება დასახმარებლად უხმოს ძველ მხარდამჭერს, ბონიფაცი მონფერატს. მაგრამ მურზუფლოსმა მისი ეს განზრახვა გაუმხილა ბერძნებს. სავარაუდოდ ამ ფაქტს მოყვა გამოსვლები, ან ამის შემდეგ ბრბო - მოითხოვდა შეესრულებინა ალექსი IV-ის მიერ აღებული ნებისმიერი ვალდებულება.
თებერვალში მურზუფლოსი ღია სივრცეში ერთი ერთზე შეხვდა ენრიკო დანდოლოს, სადაც დოჟმა პრაქტიკულად შეუსრულებელი მოთხოვნები წაუყენა, რითიც სავარაუდოდ მოვლენების დაჩქარება სურდა. შეხვედრის დამთავრებისას მოულოდნელად შორიდან დაიძრნენ დოჟის თანმხლებლები და ვერაგულად შეეცადნენ მურზუფლოსის ხელში ჩაგდებას. მაგრამ მურზუფლოსმა გამოასწრო მდევრებს (ლათინების ამგვარი მოქმედება ალბათ იყო პასუხი მურზუფლოსის მიერ თავისი პატრონის ასევე ვერაგულ მოკვლაზე. პატრონის ორგულობა ლათინებთან ყველაზე დიდ ცოდვად ითვლებოდა). ვენეციელები უკვე დიდი ხანია მოითხოვდნენ კონსტანტინეპოლის შტურმით აღებას და იქ ლათინი იმპერატორის დასმას.
მორალურად ჯვაროსნებს უკეთესი პოზიცია ეკავათ: ალექსი IV მაინც სამართლებრივი იმპერატორი და მათი ყოფილი მოკავშირე იყო. ალექსი V-ის შემთხვევაში საქმე ჰქონდათ უზურპატორთან, რომელიც მკვლელიც აღმოჩნდა. ყველა სირთულის მიუხედავად, როგორც ჩანს, ჯვაროსნებს წარმატების ურყევი რწმენა მაინც ჰქონდათ. 1204 წლის მარტის თვეში ვენეციელებმა და ჯვაროსნებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ბიზანტიის იმპერიის გაყოფასთან დაკავშირებით. ჯვაროსნების ნაწილი მომხრე იყო, იმპერატორად აერჩიათ ფილიპ შვაბიელი, რითაც დასავლეთის და აღმოსავლეთის იმპერიები გაერთიანდებოდა. მაგრამ ფილიპი კონსტანტინეპოლიდან შორს იყო. გარდა ამისა, იმ დროს ეკლესიიდან განკვეთილი გახლდათ რომის პაპის მიერ და არც ვენეციელებისთვის იყო ძლიერი ერთიანი იმპერიის იდეა მომხიბვლელი. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ექვსი ვენეციელისა და ექვსი ფრანკისაგან შემდგარი საბჭო კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ აირჩევდა იმპერატორს. თუ იმპერატორი იქნებოდა ფრანკი, პატრიარქი მაშინ ვენეციელი უნდა ყოფილიყო. ვენეციის დოჟს იმპერატორის ტიტულის ინტერესი არ ჰქონია. ურწმუნოთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა აღარავის ახსოვდა.
ალექსი V ენერგიული მმართველი აღმოჩნდა. აამაღლებინა ქალაქის გალავანი რამდენიმე, შედარებით დაუცველ ადგილას. შეეცადა აგრეთვე მოსახლეობის თავდაცვისთვის ორგანიზირებას. კონსტანტინეპოლზე საბოლოო შტურმისთვის ჯვაროსნებს მთლიანობაში ჰყავდათ დაახლოებით 20000 მეომარი. 1204 წლის 6 აპრილს ჯვაროსნების პირველი თავდასხმის მოგერიება შეძლეს. თუმცა ალექსი V-ის მცდელობა საბოლოოდ ამაო გამოდგა. ლათინები კონსტანტინეპოლში შეიჭრნენ 1204 წლის 12 აპრილს. ქალაქი მთლიანად დაიკავეს 13 აპრილს, რის მერეც ბარბაროსულად გაძარცვეს ის. ეს იყო ბედის ირონია, რომ აღმოსავლეთ ქრისტიანობის იმპერია, რომელიც ამდენ ხანს აკავებდა ისლამს, დაამხეს ჯვარის ნიშნით აღჭურვილმა მეომრებმა.45
ბიზანტიის იმპერიის გაყოფა ჯვაროსნების მიერ და ლათინთა იმპერიის დასაწყისი პერიოდი
ქალაქის აღების შემდეგ აირჩიეს იმპერატორი. ვენეციელებს არ სურდათ პიროვნულად უფრო ძლიერი ბონიფაცი მონფერატის მმართველობა.46 ამასთან, ბონიფაცი დაკავშირებული იყო შტაუფენებთან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ვენეციის მტრებთან, გენუელებთან და მისი სამფლობელოები გაცილებით ახლოს იყო ვენეციასთან, ვიდრე ბალდუინის ფლანდრია. ფრანკების ხმები გაიყო, სამმა მხარი დაუჭირა ბონიფაცის, სამმა – ბალდუინს. დოჟის მითითებით ვენეციელები ერთხმად მიემხრნენ ბალდუინს, რომელიც 1204 წლის 9 მაისს აირჩიეს და 16 მაისს აკურთხეს იმპერატორად. ეს არჩევანი დამარცხება იყო ფილიპ შვაბიელისთვისაც. მემკვიდრეობაზე მის პრეტენზიებს არავითარი ყურადღება არ მიაქციეს და ფილიპს არ ჰქონდა ძალა, რომ ისინი დაეცვა. იმპერატორის ძალაუფლება თავიდანვე უაღრესად შეზღუდული იყო, ხოლო ბიზანტიის იმპერია სამად გაიყო იმპერატორს, ვენეციელებს და არავენეციელ ჯვაროსნებს შორის. დოჟის ვასალები იმპერატორის ერთგულებაზე დებდნენ ფიცს, თვითონ დოჟს არავითარი იურიდიული ვალდებულება იმპერატორის წინაშე არ ჰქონდა. ნამდვილი გამარჯვებულები გამოვიდნენ დოჟი და ვენეციელები. ქალაქის დაპყრობის შემდგომი მოვლენები შესაძლოა მიგვანიშნებდნენ, ვინ მართავდა მოვლენებს მანამდეც. ინოკენტი III-სთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე პატრიარქად აირჩიეს ვენეციელი ტომაზო მოროზინი.
ბერძნების წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრი იყო ნიკეის იმპერია, რომლის ჯერ მმართველი და მალევე იმპერატორი გახდება თეოდორ ლასკარისი. ლასკარისი იყო ალექსი III-ის ქალიშვილის, ანას, ქმარი და ეს დაუდო საფუძვლად თავისი ტახტზე ყოფნის ლეგიტიმურობას.47 გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ჩრდილოეთ საბერძნეთში აღმოცენებულ ეპირუსის დესპოტატს, რომელსაც ანგელოსთა დინასტიის წარმომადგენელი მართავდა. კონკრეტულ ძალას წარმოადგენდა ბულგარეთის სამეფო.
ბულგარეთმა IV ჯვაროსნულ ლაშქრობამდე ცოტა ხნით ადრე ბიზანტიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. აქვე შევეხები კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ განვითარებულ რიგ მოვლენებს და რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის ბედს, რისი გათვალისწინებაც ქართული მასალის ანალიზისთვის აუცილებელია.
ალექსი V მურზუფლოსი.
მურზუფლოსმა კონსტანტინეპოლის აღების ღამეს დატოვა ქალაქი ალექსი III-ის ქალიშვილთან, ევდოკიასთან ერთად, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. თან წაიყვანა აგრეთვე ალექსი III-ის ცოლი, ეფროსინე. გაემართნენ თრაკიისკენ, სადაც ევდოკიაზე იქორწინა.48 ალექსი V თავიდან იყო ძურულონში. მაგრამ ჯვაროსნები კონსტანტინეპოლიდან თრაკიის მიმართულებით წავიდნენ სალაშქროდ. წინ გაუშვეს ახალი იმპერატორის, ბალდუინის, ძმა ანრი, რომელმაც გაწმინდა გზა ადრიანოპოლამდე და ეს ქალაქიც დაიკავა.
ალექსი V-მ ძურულონში თავი მშვიდად ვეღარ იგრძნო. გაიქცა ცოლთან და სიდედრთან ერთად მოსინოპოლისისკენ, სადაც იმყოფებოდა მისი სიმამრი ალექსი III. მათ შორის მოლაპარაკება შედგა და თითქოს შერიგდნენ კიდეც. მურზუფლოსი მაინც ქალაქის გარეთ დარჩა, თუმცა რამდენიმე დღეში სიმამრმა სიძე (კონკურენტი ექს-იმპერატორი) სტუმრად მიიწვია ქალაქში. ალექსი V მიენდო მიწვევას და წავიდა რამდენიმე კაცის თანხლებით. მაგრამ აბანოს ოთახში თავს დაესხნენ ალექსი III-ის მსახურები და დააბრმავეს. აბანოს კარებში იდგა ევდოკია და მამამისს წყევლიდა. ეს უკანასკნელი კი ქალიშვილს უსირცხვილოს უძახდა. დაბრმავებული მურზუფლოსი თავიდან მოსინოპოლისის გარშემო დახეტიალობდა. მისი გარემოცვა გაიფანტა.49
ალექსი V-ის შემდგომი ბედიც უაღრესად ტრაგიკულია. მოსინოპოლისის უბედურების შემდეგ მან დაბრმავებულმა გადალახა დარდანელი, დახეტიალობდა მცირე აზიაში და აქ დაახლოებით 1204 წლის ნოემბერში ხელში ჩაუვარდა ლათინებს, სახელდობრ გრაფ დიტრიხ ფონ ლოოსს. ამ უკანასკნელმა გაგზავნა კონსტანტინეპოლში, სადაც ბალდუინის ბრძანებით დაუნდობლად დასჯიან სიკვდილით. დოჟის წინადადებით ტაუროსის მოედანზე აიყვანენ თეოდოსიუსის სვეტზე და ხალხის თანდასწრებით გადმოაგდებენ იქიდან ისედაც ხეიბარ ადამიანს, რომელიც პრინციპში სამშობლოსთვის იბრძოდა.50
ბალდუინ IX ფლანდრიელი, კონსტანტინეპოლის პირველი ლათინი იმპერატორი. ბულგარელებისთვის უფრო მისაღები იქნებოდა ლათინებთან მშვიდობიანი დამოკიდებულება, მაგრამ ჯვაროსანმა იმპერატორმა პრეტენზია გამოაცხადა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მანამდე დაიკავა ბულგარელთა მეფე კალოიანმა, იგივე იოანიცამ.
1205 წლის 25 მარტს ბალდუინი კონსტანტინეპოლიდან დაიძრა მხოლოდ 140 რაინდის თანხლებით, ისე რომ არ დაელოდა აზიიდან რაზმების გადმოსვლას. უნდოდა ადრიანოპელი დაებრუნებინა კალოიანის გამოჩენამდე. 29 მარტს მივიდნენ ადრიანოპელთან. 1 აპრილს იქვე ჩავიდა დოჟი ვენეციელებთან ერთად, დაახლოებით იგივე რაოდენობის მეომრებით, რაც ბალდუინს ჰყავდა. ორ აპრილს მათ შეუერთდათ ჯვაროსანი კნეხტების კიდევ ერთი რაზმი. ადრიანოპელის მცხოვრები ბერძნები ბულგარელებისგანაც არ ელოდნენ უკეთესს. მზად იყვნენ დანებებოდნენ ბალდუინს და არა საძულველ ვენეციელებს. ბალდუინმა დანდოლოს შესთავაზა მიწების გაცვლა, რათა ვენეციელებს დაეთმოთ ადრიანოპელი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის გადანაწილებისას მათ ერგოთ. დოჟი არ დათანხმდა და ბალდუინი იძულებული გახდა, ბერძნებთან მოლაპარაკება შეეწყვიტა. ქალაქი სწრაფად ვერ აიღეს. თვითონ მოალყეებს შემოაკლდათ პროვიანტი. 13 აპრილს გამოჩნდნენ კალოიანის ყივჩაღები.
14 აპრილს გაიმართა ცენტრალური ბრძოლა. ყივჩაღებმა გააკეთეს ბრძოლის ველიდან გაქცევის იმიტაცია. ამ დროს გამოჩნდნენ ბულგარელები და ვალახები. ჯვაროსნებს უკან დახევის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ რაინდული ღირსების გამო ბრძოლა გააგრძელეს. დამარცხდნენ და ბალდუინი ტყვედ ჩავარდა. ბრძოლაში ასევე დაიღუპა ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი მეთაური ლუდოვიკო დე ბლუა.51
ბალდუინი სავარაუდოდ მოკლეს კალოიანის ბრძანებით. თავიდან დიდებულ ტყვეს მისი მდგომარეობის შესაფერისად ეპყრობოდა. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბალდუინის ფაქტორის გამოყენება სურდა. მაგრამ 1205 წლის ზაფხულში კალოიანმა ვერ შეძლო ფრანკების თრაკიიდან და მაკედონიიდან ერთი დარტყმით განდევნა. ასევე ბერძნებმაც, რომელთაც კალოიანს თავიდან იმპერატორის გვირგვინი შესთავაზეს, პოზიცია შეიცვალეს. ბულგარელთა მეფე შეიპყრო დაუოკებელმა მძვინვარებამ. ამას დაემატა ინოკენტი III-ის წერილი 1205 წლის ზაფხულში, სადაც ლათინთა იმპერიის და უნგრეთის ალიანსით ემუქრებოდა, ასევე კონსტანტინეპოლში ახალი ჯარის გაგზავნით. კალოიანმა თავისი ტყვე სავარაუდოდ რისხვის ერთჯერადი აფეთქებისას მხეცურად მოკლა თავის დედაქალაქ ტირნოვოში. ლეგენდის მიხედვით, ბალდუინის თავის ქალას იყენებდა სასმისად. მალე ინანა, რადგან ძვირფასი კოზირი დაკარგა და ყოველგვარი მოლაპარაკება უაზრო გახდა. ბულგარელებთან ბრძოლიდან მალე, 1205 წლის ივნისში გარდაიცვალა ვენეციის დოჟიც.52
ბონიფაცი მონფერატი. ბონიფაცი მონფერატმა უარი თქვა მცირე აზიაზე, რომლის დაპყრობაც დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამის სანაცვლოდ მიიღო მაკედონია და თესალია, სადაც დააარსა თესალონიკის სამეფო.53 ბონიფაციმ ცოლად შეირთო იმპერატორის, ისააკ ანგელოსის, ქვრივი მარგარიტა, უნგრეთის მეფის და. ამგვარად ბონიფაცი გახდა გარდაცვლილი ალექსი IV-ის ძმის, მანუელ ანგელოსის, მამინაცვალი.54 ბონიფაცის მოუვა დაპირისპირება ბალდუინთან, რაკი იმპერატორს თესალონიკის მითვისება სურდა. ბონიფაცი ბალდუინისგან ითხოვდა, შეეწყვიტა დასავლეთისკენ ლაშქრობა და ერთად წასულიყვნენ კალოიანის წინააღმდეგ. ბოლოს ვენეციელების შუამავლობით შედგა შეთანხმება: ბონიფაცის თავი უნდა დაენებებინა ადრიანოპელის ალყისთვის, რომელიც მან ბალდუინის მოქმედების საპირისპიროდ დაიწყო, დაბრუნებულიყო დიდიმოტიხონში და თესალონიკის ბედის გადაწყვეტა მიენდო ოთხი მსაჯულისთვის. თუმცა თესალონიკის ბედი ამ დროისთვის (1204 წლის 12 აგვისტო) უკვე გადაწყვეტილი იყო. ბონიფაციმ ვენეციელებთან დადო საიდუმლო შეთანხმება და მიყიდა კრეტა, რის სანაცვლოდაც ვენეციელებმა ბონიფაცის დაუჭირეს მხარი. ვენეციელებს დაპყრობილი ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიებიდან არ ჰქონიათ ინტერესი შიდა მხარეებზე, სამაგიეროდ დასავლეთიდან კონსტანტინეპოლამდე მათს ხელში აღმოჩნდა ფაქტიურად ყველა საკვანძო ნავსადგური. მსაჯულებიდან სამი ფრანგი იყო და ერთი ვენეციელი, მაგრამ რაკი ფრანგებსაც მშვიდობის დამყარება სურდათ, თავისდა უნებურად ხელი შეუწყვეს ვენეციელებს. თუ დოჟმა იმპერატორად არჩევისას ბალდუინს დაუჭირა მხარი, როდესაც მან უკვე რეალური ძალაუფლების მოპოვება დაიწყო, მაშინვე ბონიფაცის მხარეს გადავიდა კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას.55 ბონიფაციმ ილაშქრა ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში, სადაც მისი მხარდაჭერით წარმოიქმნა მთელი რიგი ლათინური სამთავროები: ატიკასა და ბეოტიაში ათენის საჰერცოგო, მორეის ნახევარკუნძულზე აქაიის სამთავრო. ათენის საჰერცოგო ბონიფაციმ ლენად მისცა ფრანგ ოტო დე ლა როშს, ხოლო აქაიის სამთავრო – ასევე ფრანგს, გიიომ შამპლიტს.56
ბალდუინის დამარცხების შემდეგ ბულგარელთა მეფე თავს დაესხა თესალონიკის სამეფოს, როდესაც ბონიფაცის დაპყრობითი ექსპედიცია ჰქონდა მოწყობილი ნახევარკუნძულის სამხრეთში. ბონიფაცი სწრაფად წამოვიდა უკან და თესალონიკის დაცვა შეძლო. კალოიანი 1205 წლის ზაფხულში დაბრუნდა ბულგარეთში.57
ბონიფაცის ხელში თესალონიკის სამეფო იქცა ანგარიშგასაწევ ძალად. ახალი ლათინი იმპერატორი ანრი და ბონიფაცი მარტივად მორიგდნენ ერთმანეთთან.58 ბონიფაციმ თაყვანი სცა იმპერატორს, როგორც მასზე უზენაესს.
ლათინებს შორის საყოველთაო მხიარულება სუფევდა. ოქტომბერში კალოიანის წინააღმდეგ საერთო ლაშქრობა დათქვეს. ბონიფაცი შემდეგ ხუთი დღე მოსინოპოლისში გაჩერდა. ბერძნების თხოვნით, ეს ხდება 1207 წლის სექტემბერში, ახლოს მდებარე მთებში გაილაშქრა ბულგარელების წინააღმდეგ. მაგრამ ბულგარელები მოულოდნელად დაესხნენ თავს და სასიკვდილოდ დაჭრეს. შემდეგ ბონიფაცის თავი მოკვეთეს და კალოიანს გაუგზავნეს.59
ბულგარელთა მეფე კალოიანი.
1204 წლის ზაფხულში კალოიანის მცდელობას, საერთო ენა გამოენახა ჯვაროსნებთან, შედეგი არ მოჰყვა, რაკი ლათინები ქედმაღლურად უყურებდნენ. 1204 წლის შემოდგომაზე ჯერ კიდევ სიმშვიდე სუფევდა. თუმცა ფრანკებმა მტრული მოქმედება დაიწყეს, როდესაც დააარსეს ფილიპოპელის საჰერცოგო. კალოიანი აღნიშნულ ტერიტორიას თავის საკუთრებად თვლიდა. დაახლოებით ამ ხანებშივე თრაკიელმა ბერძნებმა ბულგარელთა მეფეს ბიზანტიის იმპერატორის ტახტი შესთავაზეს.60 ამას მოჰყვა უკვე დაპირისპირებები ბალდუინთან, შემდეგ – ბონიფაცისთან. 1206 წლის ზაფხულში კალოიანმა გაძარცვა თრაკიის დიდი ნაწილი და კონსტანტინოპოლის კედლებამდეც მივიდა.61 1207 წლის 7 მარტს კალოიანმა ხელახლა შეკრიბა ბულგარელების, ვალახების, ყივჩაღების ჯარი და კონსტანტინეპოლის კედლებთან გამოჩნდა. მთავარი ძალით დაიწყო ადრიანოპელის ალყა.
იმავე დროს, მცირე აზიაში სამხედრო კამპანია განაახლა ლასკარისმა. ლათინმა იმპერატორმა ანრიმ შეძლო აზიაში დაკავებული პუნქტების ნაწილობრივი დაცვა. აპრილში ადრიანოპელი დაცემის პირას იყო, მაგრამ თრაკიის გაძარცვის შემდეგ ყივჩაღებმა გამოაცხადეს, რომ უკან სურდათ გაბრუნება და კალოიანიც იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა.62 ბონიფაცის მოკვლის შემდეგ კალოიანს სურდა არეულობით ესარგებლა და თესალონიკი აეღო. მაგრამ შეთქმულებმა კალოიანი თავისივე კარავში მოკლეს 1207 წლის ოქტომბერში. შეთქმულებს მეთაურობდნენ კალოიანის ყივჩაღი ცოლი და ძმისშვილი ბორილი, რომელსაც ეს ყივჩაღი ქალი რამდენიმე კვირაში ცოლად გაჰყვა. მოკლეს სავარაუდოდ 8 ოქტომბერს.63
ბიზანტიის იმპერატორი ალექსი III. ალექსი III 1203 წლის ზაფხულში, მას მერე, რაც კონსტანტინეპოლიდან გაიქცა, რაკი ფილიპოპელში არ შეუშვეს, გაჩერდა მოსინოპოლისში.64
1204 წლის ზაფხულის კამპანიის დროს, რომელიც მოაწყო ბალდუინმა, ალექსი III დასავლეთ თრაკიიდან გარბის.65 ეს ხდება მისი სამარცხვინო საქციელის შემდეგ, როდესაც დააბრმავებინა ალექსი V მურზუფლოსი. ალექსი III ცოლთან და ქალიშვილთან ერთად გაემართა თესალონიკიში, რაკი აქ ბონიფაცის და ბალდუინის დაპირისპირებისგან გამორჩენას ელოდა. ბონიფაციმ ნება მისცა, წასულიყო თესალიაში და იქ, სადაც დედოფალ ეფროსინეს მნიშვნელოვანი მამულები ჰქონდა, ეცხოვრა როგორც კერძო პირს. 1204 წლის იმპერიის გაყოფის ტრაქტატის მიხედვით, ეფროსინეს სამფლობელოები ერგო ძირითადად ბალდუინს. ბონიფაცი ალექსი III-ის მეშვეობით ბალდუინს უმზადებდა სირთულეებს. მაგრამ მარკიზმა თავისი ახალი პროტეჟეს ინტრიგანი ბუნება სათანადოდ ვერ შეაფასა. ალექსი მალევე დაუკავშირდა ლეონ სგუროსს, პელოპონესის დამორჩილების ბერძენ პრეტენდენტს. მიათხოვა თავისი ქალიშვილი ევდოკია, ალექსი V მურზუფლოსის ქვრივი. მაგრამ ინტრიგებს ბოლო მოუღო ბონიფაცის ლაშქრობამ, როდესაც სგუროსმა თავიდან სამხრეთ საბერძნეთში გაქცევით უშველა თავს. მაშინ ალექსი III-მ მიმართა ეპირუსის დესპოტს, მიხაელ I-ს, და ძაფები გააბა თესალონიკის ბერძნული მოსახლეობის იმ ნაწილთან, რომელიც შექმნილი რეალიებით არ იყო კმაყოფილი.
ბონიფაცის სავარაუდოდ არ სურდა ალექსი III-ის მკაცრი დასჯა. რაკი მონფერატი თავისი ბერძენი ქვეშევრდომების მიმართ, განსხვავებით ბალდუინისგან, გაცილებით ლოიალურ პოლიტიკას ატარებდა და ბიზანტიის ყოფილი იმპერატორის სამაგალითო დასჯას შეიძლებოდა მისი მშვიდი და გააზრებული პოლიტიკისთვის ზიანი მიეყენებინა. მაგრამ ბოლოს ბონიფაციმ მოთმინება დაკარგა და მაოხრებელი ექს-იმპერატორი თავის მეუღლესთან ერთად დასავლეთში გაისტუმრა. გაბრაზებული ბონიფაცი ცოლ-ქმარს სავარაუდოდ ფილიპ შვაბიელს და მის მეუღლეს უგზავნიდა საჩუქრად. ირინეს მამა ისააკი ხომ ალექსი III-მ ჩამოაგდო ტახტიდან. ფილიპმა, როგორც ჩანს, უარი თქვა მათ მიღებაზე. გაუარესებული პოლიტიკური ვითარების ფონზე დამატებითი პრობლემები არ სჭირდებოდა. მაშინ ბონიფაციმ წყვილი გაუშვა მონფერატში. ამის შემდეგ ალექსი III-ის ბედთან დაკავშირებით გვაქვს ორი ვარიანტი: ან გზიდან გაიპარა, ან მონფერატშიც აუტანელი სტუმარი იყო და გამოსასყიდის სანაცვლოდ, რომელიც ეპირუსის დესპოტმა მიხაელ I-მა გადაიხადა, ის გაუშვეს.66
მთლიანობაში ალექსი III-ს ნამდვილად უკეთესი ბედი შეხვდა, ვიდრე იმსახურებდა. მონფერატის და საბერძნეთის შემდეგ მას ვხედავთ მცირე აზიაში, რუმის სულთანთან, ღიას ად-დინ ქაი ხუსრაუ I-თან. ღიას ად-დინი ალექსი III-ის მმართველობის ხანაში იმალებოდა კონსტანტინეპოლში, როდესაც გაექცა თავის ძმას. აქედან ალექსი III-ს შემდგომში რუმის სულთანად აღზევებულ ღიას ად-დინთან კარგი ურთიერთობა დარჩა. ალექსის იმედი ჰქონდა, რომ რუმის სულთანის დახმარებით დაიბრუნებდა ტახტს.
ქაი ხუსრაუმ გადაწყვიტა, თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა სტუმარი. გაგზავნა ელჩები ნიკეაში და თეოდორ ლასკარისს ალექსი III-ის იმპერატორად აღიარება მოსთხოვა, რაზეც მოსალოდნელი უარი მიიღო. მცირეაზიელი ბერძნები ლასკარისის ერთგულნი დარჩნენ და სულთანმა ასეთი ფორმით ვერ შეძლო მის წინააღმდეგ აღნიშნული კარტის გათამაშება. მაშინ ქაი ხუსრაუ სამხედრო ექსპედიციით დაიძრება ლასკარისის წინააღმდეგ, რათა უზურპატორი შეცვალოს „სამართლებრივი“ იმპერატორით.
გადამწყვეტი ბრძოლა ლასკარისს და თურქებს შორის გაიმართა 1210 წლის ზაფხულში. ბერძნები მარცხდებოდნენ, მაგრამ შემთხვევამ იხსნა ისინი. ქაი ხუსრაუ და ლასკარისი ომის დროს ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. სულთანთან ბრძოლაში დაჭრილი ლასკარისი ცხენიდან ჩამოვარდა, მაგრამ მოახერხა ქაი ხუსრაუს ცხენისთვის უკანა ფეხების მოკვეთა. ცხენიდან ჩამოვარდა ღიას ად-დინიც, რომელიც იქვე მოკლა ლასკარისის თანმხლებმა ერთ-ერთმა ბერძენმა.67
ბრძოლის ველზე ლასკარისს ხელში ჩაუვარდა ალექსი III. წყაროთა უმრავლესობის მიხედვით, ის ყოფილ იმპერატორს მაინც პატივით მოეპყრო. ამის მერე ალექსი III ცხოვრობდა ნიკეაში იაკინთეს მონასტერში და იქვე დაასრულა თავისი სიცოცხლე.68 ერთადერთი წყარო, რომელიც ალექსი III-ის გარკვეულწილად განსხვავებულ ბედზე მოგვითხრობს არის ერთი ანონიმური ქრონიკა, სადაც ალექსის დააბრმავებენ სენატის გადაწყვეტილებით.69 ალექსი III ლასკარისის სიმამრი იყო და ლასკარისს თავისი იმპერატორის ტახტზე ყოფნის ლეგიტიმურობა, როგორც ითქვა, სწორედ აქედან გამოჰყავდა.70 ამიტომ, ალბათ უფრო სარწმუნოა წყაროთა იმ უმრავლესობის მონაცემები, რომ ლასკარისი ალექსი III-ს შედარებით ლმობიერად მოექცა. შესაძლოა ანონიმური ქრონიკის ავტორმა აქ შეცდომით ალექსი III-ის მიერ ალექსი V მურზუფლოსის დასჯის ფაქტი გადმოიტანა.
ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, ბიზანტიის იმპერიის გაყოფის ტრაქტატი, დავით კომნენოსი.
ტრაპიზონის იმპერიის დაარსების საკითხს ასევე დეტალურად შეეხო ცნობილი, წარმოშობით რუსი ბიზანტინისტი ალექსანდრ ვასილიევი სპეციალურ სტატიაში. ვასილიევიც აგრეთვე თვლიდა, რომ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებისთვის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო კომნენოსების დინასტიური კავშირი ბაგრატიონებთან. ეს გარემოება ხსნის ქართული მმართველი დინასტიის ინტერესს, მხარი დაეჭირათ ალექსი კომნენოსისთვის;71 ტრაპიზონის დაპყრობა არ არის 1204 წელს კონსტანტინეპოლის დაცემის შედეგი; თამარის ინიციატივით მოწყობილ ექსპედიციას ალბათ ბიძგი მისცა კონსტანტინეპოლზე პირველმა შეტევამ 1203 წელს.72
დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში, მხოლოდ ორი მაგალითი რომ მოვიტანოთ, უკვე ერნსტ გერლანდი აღნიშნავდა, რომ თამარმა გამოიყენა კონკრეტული შემთხვევა, რათა თავისი ნათესავისთვის შეექმნა ახალი სამეფო.73 ვასილიევის მსგავსა ჯონ იულიუს ნორვიჩიც აღნიშნავს, რომ ნიკეისა და ეპირუსისგან განსხვავებით, ტრაპიზონის იმპერია არ წარმოშობილა კონსტანტინეპოლის დაცემის შედეგად.74
როგორც ზემოთ ითქვა, 1204 წლის მარტში ჯვაროსნებმა მიიღეს ზოგადი შეთანხმება ბიზანტიის იმპერიაში ძალაუფლების გადანაწილების შესახებ. კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, დაახლოებით 1204 წლის ოქტომბერში, უკვე შედგა დეტალური დოკუმენტი ბიზანტიის იმპერიის მიწების დაყოფის შესახებ, ეგრეთ წოდებული „პარტიტიო რომანიაე“.75 ტრაქტატის შედგენაში მონაწილეობდა კომისიის 24 წევრი, 12 ვენეციელი და 1 --------ნი, რომლებიც, ვასილიევის მიხედვით, დავითმა დაიკავა 1205 წელს, ტრაქტატში ეკუთვნის ლათინ იმპერატორს;
ტრაქტატი არ ახსენებს აგრეთვე ყირიმის ტერიტორიებს, რომლებიც ამ დროს სავარაუდოდ ექვემდებარება ტრაპიზონს; თუ როგორ მოახერხეს ტრაპიზონის მმართველებმა ყირიმის გარკვეული ნაწილის კონტროლისთვის დამორჩილება, ზუსტად არ ვიცით; ტრაპიზონის დაკავების შემდეგ ალექსი, თამარის საწყისი იდეის შესაბამისად, ალბათ არ აპირებდა შემდგომ ექსპანსიას.77 უილიამ მილერი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბიზანტიის იმპერიის გაყოფის ტრაქტატის მიხედვით, აქ შედიოდა ტრაპიზონის ახალი იმპერიის დიდი ნაწილი: პაფლაგონია, ოინაიონი (უნიე), სინოპი, სამსუნი.78 ბულგარელებთან ბრძოლაში დამარცხების და ბალდუინის დატყვევების შემდეგ კონსტანტინეპოლში ლათინთა შორის პანიკა დაიწყო. ბალდუინის არყოფნის პერიოდში რეგენტი გახდა მისი ძმა, ანრი, რომელმაც შეძლო კატასტროფის პირას მყოფი ლათინთა იმპერიის გადარჩენა.
ანრი კონსტანტინეპოლშია 1205 წლის მაისის დასაწყისიდან. დაპყრობილი ტერიტორიებიდან ლათინებს ლამის მხოლოდ დედაქალაქი ჰქონდათ დარჩენილი.79 ანრი იბრუნებს გარკვეულ ტერიტორიებს. 1206 წლის გაზაფხულზე ბულგარელები ხელახლა შემოესიენ ლათინთა იმპერიას, გაძარცვეს და გადაწვეს მთელი თრაკია.80 მას მერე, რაც ბულგარელთა ტყვეობაში ბალდუინის დაღუპვის ამბავი გაიგეს, 1206 წლის 20 აგვისტოს იმპერატორად აკურთხეს ანრი. ახალმა იმპერატორმა გადაწყვიტა, თავდაცვა ექცია თავდასხმად და 1206 წლის ზაფხულის მიწურულს კალოიანი აიძულა, ადრიანოპელისთვის ალყა მოეხსნა. შემდეგ ანრი წარმატებით შეიჭრა ბულგარელთა ტერიტორიებზე.81
ნიკეის მმართველის, თეოდორ ლასკარისის, მდგომარეობა თავიდან მძიმე გახლდათ. 1204 წლის 6 დეკემბერს ფრანკებმა გამანადგურებლად დაამარცხეს ის.82 1205 წლის 19 მარტს ლასკარისი ხელახლა დამარცხდა ფრანკებთან და უიმედო მდგომარეობაში იყო.83 1205 წლის გაზაფხულზე ლასკარისი იხსნა თრაკიის აჯანყებამ და ბულგარელების თავდასხმამ ლათინთა იმპერიაზე.84 1205 წლის გაზაფხულზე ლათინებმა მცირე აზია პრაქტიკულად დაცალეს. მხოლოდ მას მერე, რაც ახალმა იმპერატორმა, ანრმ, ძალების მოკრება შეძლო, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ხელახლა დაიწყეს საომარი ოპერაციები მცირე აზიის ტერიტორიაზე.85
თამარის მეორე ისტორიკოსი 1204 წლის ექსპედიციას სახავს ერთიან ლაშქრობად, როდესაც ქართულმა მხედრობამ დაიპყრო ბიზანტიის შავიზღვისპირეთის ტერიტორია ჰერაკლეამდე. ამ მიწებზე დააარსეს ტრაპიზონის იმპერია და მის სათავეში თამარმა დააყენა ალექსი კომნენოსი. მის ძმას, დავით კომნენოსს, ქართული წყარო არ ახსენებს. ბიზანტიური და დასავლური წყაროებით მართლაც დასტურდება, რომ ქართველთა შენაერთი (პაფლაგონიელებთან ერთად) არა მარტო ჰერაკლეამდე, არამედ ლამის კონსტანტინეპოლის სიახლოვეს ჩანს. ოღონდ ეს შენაერთი აქ ექვემდებარება დავით კომნენოსს, ხოლო ალექსი კომნენოსი ტრაპიზონის მიდამოებში რჩება. არაქართული წყაროები (თუ არ ჩავთვლით მიქელ პანარეტოსის თარიღს 1204 წლის აპრილში ტრაპიზონის იმპერიის დაარსების შესახებ), აღნიშნული ლაშქრობის ზუსტ ქრონოლოგიას არ გვთავაზობენ. გაურკვეველი რჩება მთავარი საკითხი: 1204 წლის აპრილში კომნენოსებს დაკავებული აქვთ ტერიტორია ჰერაკლეას ჩათვლით (როგორც ქართულ წყაროში ჩანს ეს ლაშქრობა ერთიან ექსპედიციად), თუ მხოლოდ ტრაპიზონის მიდამოებამდე; ხოლო ჰერაკლეამდე უკვე შემდეგ დავით კომნენოსი მივიდა. ეს გაურკვევლობა აისახება სამეცნიერო ლიტერატურაზეც.
ვასილიევის მიხედვით, საქართველოდან ექსპედიციის დაწყებისას არც თამარს და არც მის პროტეჟეებს არ ჰქონიათ კონსტანტინეპოლის ლათინებისთვის წართმევის იდეა. როდესაც დავითმა 1205 წელს დაიწყო თავისი კამპანია (ანუ ტრაპიზონიდან დასავლეთით), მას მიზნად ჰქონდა კონსტანტინეპოლის აღება და ბიზანტიის იმპერიის აღდგენა. დავითის წარმატების შემხედვარე, იგივე იდეა გაუჩნდა მის ძმასაც, ალექსი კომნენოსს. დავითი მხოლოდ ლასკარისის საფრთხის გამო შეეცადა შემდეგ ლათინებთან დახმარების პოვნას.86 ჯონ იულიუს ნორვიჩთან ვკითხულობთ, რომ დავითმა შავი ზღვის გასწვრივ თავისი ლაშქრობა გააგრძელა 1204 წელსვე.87 ერნსტ გერლანდი ასევე თვლიდა, რომ დავითის მიზნები მიდიოდა უფრო შორს და ის ფიქრობდა მთელი საბერძნეთის კომნენოსებისთვის დაბრუნებას. ჰერაკლეაში მყოფისთვის გაჩნდა ახალი იმედები, როდესაც ფრანკებმა მცირე აზიიდან უკან დაიხიეს. დავითსა და ლასკარისს შორის ბრძოლები გაიმართა სავარაუდოდ 1205 წელს, როდესაც დავითი შეეცადა კონსტანტინეპოლის ახლოს მდებარე ქალაქ ნიკომედიის დაკავებას. ამისთვის დავითმა გაგზავნა თავისივე თანატოლი, მისი შენაერთების მეთაური სინადენოსი. მაგრამ ლასკარისი წინასწარ ჩაუსაფრდა მათ და დაამარცხა ისინი. დავითი იძულებული გახდა ჰერაკლეაში შეჩერებულიყო და დასავლეთით მსვლელობა შეეწყვიტა.88 დავით კომნენოსის დასავლეთით მსვლელობას ასევე ეხება რობერტ ლი ვოლფი. ის აღნიშნავს, რომ დავითმა დაიკავა ოინა- იონი და სინოპი, რომლებიც ტრაქტატის მიხედვით ეკუთვნოდა ლათინ იმპერატორს ბალდუინს.89
დავით კომნენოსთან დაკავშირებით 1206 წლიდან შედარებით სანდო ქრონოლოგიას ვფლობთ. 1206 წლის გაზაფხულზე ლასკარისი შეეცადა, დავითი უკვე ჰერაკლეადან გაეძევებინა. დავითმა დახმარება სთხოვა ლათინთა იმპერატორს. ლათინები მიეშველენ მას, როდესაც ნიკომედიას შემოარტყეს ალყა. ლასკარისი იძულებული გახდა ჰერაკლეასთვის თავი გაენებებინა და თავისი ქალაქები დაეცვა. მადლობის ნიშნად დავითმა ლათინებს გემებით პროვიანტი გაუგზავნა. ამ დროიდან დავითმა თავი ცნო ლათინი იმპერატორის ვასალად. 1206 წლის ნოემბერში ბრძოლა განახლდა. ბულგარელების წინააღმდეგ ომიდან დაბრუნებულმა ანრიმ ორი რაზმი გაგზავნა მცირე აზიაში. თავის მხრივ დავითმა გადალახა მდინარე სანგარიოსი და დაარბია ლასკარისის ტერიტორიები. თუმცა მალევე დაბრუნდა ჰერაკლეაში. დავით კომნენოსის მოკავშირე ლათინების დამარცხება შეძლო ლასკარისის გენერალმა ანდრონიკოს გიდოსმა. 1208 წლის აგვისტოში ან სექტემბერში, მას მერე რაც ანრიმ ხელახლა დაამარცხა ბულგარელები, მასთან მივიდნენ დავითის ელჩები და შეატყობინეს, რომ მათ ბატონს ლასკარისი ისევ ავიწროებდა. 1207 წლის ზავის მიხედვით, რომელიც ლათინებს და ლასკარისს შორის დაიდო, დავითი იყო ფრანკების მფარველობაში. თუმცა ლასკარისისთვის ამგვარი ვითარება არ იყო მისაღები. ანრი ჯარით წავა მის დასახმარებლად და ლასკარისი უკან დაიხევს ნიკეაში. ლასკარისმა დავითის დამარცხება შეძლო 1214 წელს: ამ დროს ნიკეის იმპერატორმა დაიკავა ჰერაკლეა, ამასტრისი და სხვა ქალაქები. იმავე წელს სელჩუკებმა შეუტიეს სინოპს და დავითი მათთან ბრძოლაში დაიღუპა. ასევე 1214 წელს ალექსი კომნენოსი გარკვეული დროით თავს ცნობს იკონიის სულთანის ვასალად.90
ტრაპიზონის იმპერიის დაარსება და ბიზანტიის იმპერიის გაყოფის ტრაქტატი
როდის დაიწყო ქართველთა ლაშქრობა. ტრაპიზონის ექსპედიციის მსვლელობის შესახებ ქრონოლოგიური მონაცემები პრაქტიკულად არ გვაქვს. ერთადერთი მიქელ პანარეტოსი გვაწვდის ზემოხსენებულ ცნობას, რომ ტრაპიზონში ალექსი კომნენოსი მმართველი გახდა აპრილში.91
თამარის მეორე ისტორიკოსი გვეუბნება, რომ ეს იყო შურისძიება ალექსი III-ზე. ხოლო ალექსი III ბიზანტიას მართავდა დაახლოებით 1203 წლის 17 ივლისამდე. ამასთან, ბასილი ეზოსმოძღვარი ჩამოთვლის დაპყრობილ ქალაქებს ჰერაკლეას ჩათვლით. ანუ ეს არის სამხრეთ შავიზღვისპირეთის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია კონსტანტინეპოლის სიახლოვემდე. ამიტომ ქართულ ისტორიოგრაფიაში, როგორც ზემოთაც ვნახეთ, ლაშქრობის დაწყების შესაძლო თარიღად 1203 წლის ზაფხულიც კი დასახელდა. მაგრამ ერთადერთი ქრონოლოგიური ცნობა ლაშქრობის ფინალზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ პანარეტოსისგან: ის კი საუბრობს 1204 წლის აპრილზე და ტრაპიზონში შესვლაზე. ტრაპიზონის დასავლეთით მდებარე ქალაქების დაპყრობას პანარეტოსი არ ეხება. ტრაპიზონის დასავლეთით გამართული ექსპედიცია, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, ყველა ნიშნის მიხედვით, მოეწყო კომნენოსების ტრაპიზონში შესვლიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდგომ. თამარის მეორე ისტორიკოსმა კი ყოველივე ეს ერთ ექსპედიციაში გააერთიანა. ისევე როგორც, არ ჰყავს მოხსენიებული დავით კომნენოსი. რაც შეეხება ისტორიკოსის მიერ ტრაპიზონის კამპანიის ალექსი III-ის წინააღმდეგ შურისძიებად დასახვას, ეს გადაულახავი წინააღმდეგობა ნამდვილად არ არის.
რაკი ერთმანეთის მიყოლებით 7 თვის განმავლობაში ბიზანტიის იმპერატორის ტახტზე ზის ერთბაშად სამი ალექსი (ალექსი III, ალექსი IV და ალექსი V), ისტორიკოსს შეიძლებოდა ისინი ელემენტარულად ერთმანეთში შეშლოდა (როგორც ეს მას ნაწილობრივ შეიძლება დამართნოდა ალექსი III-ის გარდაცვალების ცნობაში, სადაც IV ჯვაროსნულ ლაშქრობასთან დაკავშირებული ლამის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის აღსასრულის დეტალები შეიტანა, გარდა თვითონ ალექსი III-ისა. ამის შესახებ იხილეთ ქვემოთ). ამას გარდა, თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობა მთლიანობაში არის ერთგვარი იდეოლოგიური კონსტრუქტი, რომელშიც ალექსი III ერთგვარად საჭირო იყო, რასაც ასევე შევეხებით. ალექსი III-ის შემდეგ ტახტზე მყოფი ორივე იმპერატორი (ალექსი IV და ალექსი V) უშუალოდ დაკავშირებულია კომნენოსების მოწინააღმდეგე ანგელოსების დინასტიასთან. ალექსი IV პირდაპირ ანგელოსია, ალექსი III-ის ძმისშვილი, ისააკ ანგელოსის შვილი (ისააკმა გადმოაგდო ტახტიდან ანდრონიკე კომნენოსი, ალექსი და დავით კომნენოსების ბაბუა). ხოლო ალექსი V თავიდან ალექსი III-ის ერთგვარად არაოფიციალური სიძეა, მისი ქალიშვილის საყვარელი. ყველა ამ გარემოებამ სავარაუდოდ ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ ბასილი ეზოსმოძღვართან ალექსი III, ალექსი IV და ალექსი V გაერთიანდა ერთ, საძულველ ალექსი III-დ (ანუ იმ ალექსიდ, რომელმაც, ბასილის მიხედვით, გადმოაგდო ტახტიდან ისააკი). ეს ალექსი III ბასილის სჭირდებოდა, რაკი მან გაძარცვა თამარის მიერ დასაჩუქრებული ბერები.
ამასთანავე, თანადროული ისტორიული პროცესების ძველი მოვლენებით ლეგიტიმაცია ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში არის ჩვეულებრივი მოვლენა. მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელთან ჰელესპონტის გადალახვის ერთერთი მიზეზი იყო შემდეგი – შური ეძია სპარსელებზე, რომელთაც 200 წლის წინ შეურაცხყვეს ბერძენთა ტაძრები.92 თვითონ IV ჯვაროსნულ ლაშქრობის მონაწილეთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც კონსტანტინეპოლის აღებას თვლიდა, არც მეტი, არც ნაკლები, ბერძნებზე შურისძიებად, მათ მიერ ტროას დაპყრობის გამო! რაკი კონსტანტინეპოლის ტახტზე ალექსი III-ის შემდეგ იყვნენ ანგელოსებთან დაკავშირებული პირები (რომელთაგან ერთის მმართველობა თითქმის სრულიად უკანონო იყო), ალექსი III-ის მიერ ჩადენილ ბოროტებაზე შურისძიება, გამომდინარე შუა საუკუნეების ველტბილდიდან, აღნიშნულ პერიოდში ყოველთვის შეიძლებოდა ლეგიტიმური ყოფილიყო.93
1203 წლის არც ზაფხულში, არც შემოდგომაზე, საქართველოს მხრიდან ტრაპიზონის მიმართულებით არავითარი სამხედრო აქტივობის კვალი არ ჩანს. აქ შევეცდები შემდგომი მოვლენების რეკონსტრუქციას, რამდენადაც წყაროების მწირი ცნობები ამის საშუალებას გვაძლევენ. ნამდვილად მართებულია გამოთქმული შეხედულება, რომ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება არ არის 1204 წლის აპრილში ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შედეგი. რაკი ეს ორივე მოვლენა პრაქტიკულად ერთდროულად ხდება. მაგრამ ტრაპიზონის იმპერიის შექმნას აშკარად ბიძგი მისცა IV ჯვაროსნულმა ლაშქრობამ, უფრო სწორედ IV ჯვაროსნული ლაშქრობის ფარგლებში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც დაიწყო 1203 წლის ივლისში ჯვაროსნების პირველი შეტევით კონსტანტინეპოლზე. ჩემი ვარაუდით, ალექსი კომნენოსის თამარის სამხედრო კონტინგენტთან ერთად გაგზავნა გადაწყდა 1204 წლის იანვრის მოვლენების მერე: როდესაც გადააგდეს ალექსი IV და ტახტზე ავიდა უზურპატორი ალექსი V მურზუფლოსი.
რაკი ალექსი IV-ის მმართველობა მაინც გარკვეული ლეგიტიმურობის ნიშნით მიდიოდა: ბიძამისმა უკანონოდ მიითვისა ტახტი. ჯვაროსნებიც ლეგიტიმურ კანდიდატს უჭერდნენ მხარს, იურიდიული შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, ალექსი IV-ის მმართველობის დროს ტრაპიზონში შესვლა თეორიულად და რეალურად იქნებოდა დაპირისპირება როგორც ბერძნებთან (ყოველ შემთხვევაში არსებული დინასტიის მხარდამჭერ წრეებთან მაინც), ასევე ლათინებთან. თუ ჯვაროსნებს და ქართველებს შორის რაიმე სახის შეთანხმება არსებობდა, თეორიულად ამგვარი ინტრიგის მოწყობა შეიძლებოდა უკვე 1203 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ალექსი IV-სა და ჯვაროსნებს შორის მკვეთრად გაფუჭდა ურთიერთობა. ამ შემთხვევაში პოლიტიკურ თამაშში თამარს ეყოლებოდა ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ლათინების სახით. თეორიულად თამარს შეეძლო ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც გაეგზავნა თავისი შენაერთები ტრაპიზონის დასაკავებლად. მაგრამ ალექსი IV-ის მმართველობის პერიოდში ლაშქრობის დაწყება მაინც ნაკლებად სავარაუდო მგონია, მით უმეტეს, რაკი ქრონოლოგიურადაც მაინცდამაინც მწყობრ სურათს არ უნდა ვიღებდეთ ამ შემთხვევაში.
უფრო სავარაუდოა, რომ ბიზანტიის იმპერიაში მყოფი ქართველების მეშვეობით თამარი და მისი მინისტრები დეტალურად აკვირდებოდნენ მიმდინარე მოვლენებს და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებისთვის, ბუნებრივია, წინასწარ იქნებოდნენ მზად. 1204 წლის იანვრის მიწურულს ალექსი IVის დაპატიმრების შემდეგ ბიზანტიაში შეიქმნა ძალაუფლების სრული ვაკუუმი: ტახტზე ავიდა უზურპატორი, დედაქალაქთან დაბანაკებული იყო უკვე გაურკვეველი ფუნქციის მქონე უცხოელების არმია, რომელიც კონსტანტინეპოლის აღებით იმუქრებოდა. კონსტანტინეპოლიდან ამ ინფორმაციის საქართველოში მოსასვლელად ერთი თვე საკმარისზე მეტი დროა. ანუ თებერვლის ბოლოს, თუ უფრო ადრე არა, თამარის კარზე ალექსი IV-ის ტახტიდან ჩამოგდების და კონსტანტინეპოლში გამეფებული არეულობის შესახებ ინფორმაცია ექნებოდათ. სავარაუდოდ ამ დროს თამარმა სწრაფად „წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ იქითნი“ ალექსი კომნენოსთან ერთად. საქართველოდან ტრაპიზონამდე სამხედრო ექსპედიციისთვის, როდესაც მოსახლეობა კარგად შეხვდა აქედან შესულ კომნენოსებს, რომლებიც თავიდანაც და მერეც პრაქტიკულად უბრძოლველად იკავებდნენ ტერიტორიებს, ერთი თვე ისევ საკმარისზე მეტი დრო იქნებოდა. მარტის დასაწყისში, ან შუა რიცხვებში საქართველოდან წასული მხედრობა ასეთ ვითარებაში ტრაპიზონში იქნებოდა სწორედ 1204 წლის აპრილის დასაწყისისთვის, ან, შესაძლოა, მარტის ბოლოსთვისაც.
ვის წინააღმდეგ იყო ტრაპიზონის ლაშქრობა მიმართული და ექსპედიციის მიზანი.
ჩემი აზრით, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება არ იყო ანტი-ლათინური აქტი. რადგან ჯვაროსნები და თამარის მიერ გაგზავნილი კონტინგენტი ერთ დროს, სხვადასხვა მხრიდან უტევს სხვა ქვეყანას. თუ 1204 წლის აპრილში სახელმწიფო დაარსდა მხოლოდ ტრაპიზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ ეს ამ ეტაპზე მით უმეტეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ანტი-ლათინური მოქმედება. ხოლო ანტი-ბიზანტიური მოქმედება ტრაპიზონის იმპერიის დაარსება იყო ნებისმიერ შემთხვევაში. რაკი რეალურად საქართველო მონაწილეობას იღებს ბიზანტიის დაშლაში. ის მიზეზი, რომ ეს ექსპედიცია მოხდა კომნენოსების მხარდაჭერით, აქ რეალობას ვერ ცვლის. ამ ეტაპზე საქართველოს სამეფო კარმა კომნენოსები უბრალოდ გამოიყენა საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
ქართველების ლაშქრობა თავიდანვე მიმართული რომ ყოფილიყო კონსტანტინეპოლის აღებასა და იქ კომნენოსთა დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელის ინსტალაციაზე, მაშინ შეიძლებოდა აღნიშნული მოქმედებისთვის სხვა შეფასება მიგვეცა. მაგრამ რეალობიდან აშკარაა, რომ თავიდან ტრაპიზონის ექსპედიციას ამგვარი მიზნები არ ჰქონია. თუმცა თვით კომნენოსთა დინასტიის მმართველობის ფაქტი ბიზანტიის გარკვეულ ტერიტორიაზე, როდესაც კონსტანტინეპოლში ისხდნენ ლათინები, ლოკალურ კონტექსტში მართლაც გამოდიოდა ადგილობრივი ბერძნების ეთნიკური თუ რელიგიური ინტერესების დაცვა.
ტრაპიზონის იმპერიის დაარსების საწყისი მოვლენების შეფასებისთვის სავარაუდოდ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ლათინების მიერ 1204 წლის შემოდგომაზე შედგენილი ბიზანტიის იმპერიის გაყოფის ტრაქტატი, სადაც ქალაქი ტრაპიზონი, როგორც ითქვა, არ არის მოხსენიებული.94 აღმოსავლეთ მცირე აზიის ტერიტორიიდან ნაცნობი სახელებიდან მოხსენიებულია პაფლაგონია, ოინაიონი და სინოპი.95 ტრაქტატი აგრეთვე არ ახსენებს, ზემოთაც აღინიშნა, ამ დროიდან ტრაპიზონის იმპერიის კუთვნილ ყირიმის ნახევარკუნძულის რიგ ტერიტორიებს. რაკი ტრაპიზონი ამ რეგიონის ცენტრალური ქალაქია, ასევე კარგად იყო ცნობილი ყირიმის ტერიტორიების მნიშვნელობაც ვაჭრობისთვის, XIII საუკუნის დასაწყისში თუნდაც რეგიონული მასშტაბით, ბიზანტიის გაყოფის ტრაქტატში მათ გამოტოვებას სავარაუდოდ უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზეზი: ან ლათინებმა კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ აღიარეს სტატუს-კვო ალექსი კომნენოსთან და მისი ტრაპიზონის თუ ყირიმის მიწებთან დაკავშირებით; ან 1204 წლის აპრილამდე არსებობდა გარკვეული შეთანხმება ლათინებს და თამარს შორის, რის სანაცვლოდაც ჯვაროსნებმა დათმეს შესაბამისი ტერიტორიები. ნებისმიერ შემთხვევაში, ტრაქტატის ეს ინფორმაცია ადასტურებს ლათინების კეთილგანწყობას ტრაპიზონის მმართველის და მისი მხარდაჭერი ძალისადმი,96 რასაც 1204 წლის შემოდგომაზე ადგილი არ ექნებოდა, თუკი კომნენოსები საქართველოს დახმარებით კონსტანტინეპოლში დაბრუნებას და იქიდან ლათინების განდევნას გეგმავდნენ.97 ამგვარი წინასწარი შეთანხმების არსებობა მე შესაძლებლად მიმაჩნია, იმდენად ერთ დროს ხდება, თან ორი სხვადასხვა მხრიდან, კონსტანტინეპოლის აღება და ტრაპიზონში შესვლა.98 როგორც ითქვა, ჯვაროსნების მდგომარეობა 1203-1204 წლების ზამთარში, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო იდეალური. კონსტანტინეპოლში მყოფი ქართველების მეშვეობით მათ მარტივად შეეძლოთ თამარის სამეფო კართან კონტაქტის დამყარება. თუ ეს სავარუდო ინიციატივა ქართველებისგან მოდიოდა, ჯვაროსნებისთვის ამ ვითარებაში ის მხოლოდ მისაღები უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ მოსაზრების შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ ვარაუდთან, რომლის დამადასტურებელი უშუალო ფაქტები არ გვაქვს.
თამარის მეორე ისტორიკოსი თითქოს ეხმიანება ლათინურ ტრაქტატში მოცემულ იმ არაპირდაპირ ინფორმაციას, რომ ტრაპიზონის მმართველს და მათ მხარდამჭერებს ლათინებთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. რადგან ბასილი ეზოსმოძღვარის შემდეგი ცნობა – „ხოლო ესმა ესე ფრანგთა [როდესაც თამარის მიერ გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტი ბიზანტიის ტერიტორიაზე შევიდა], რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით. გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი მეფობისა თანა“99 _ ლათინების და ქართველების შეთანხმებულ მოქმედებას გულისხმობს. შესაბამისად, ქართული წყაროს ეს მონაცემები გამორიცხავს იმ გეგმას, რომ თავიდან თამარს შეიძლებოდა ნდომოდა კონსტანტინეპოლის აღება და იქიდან ლათინების განდევნა. სხვა საქმეა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის ცნობა, რომ ჯვაროსნებმა ქართველების ლაშქრობაზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ მიიტანეს იერიში კონსტანტინეპოლზე. ქრონოლოგიურად აქ დიდ შეუსაბამობასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე.
რაკი თამარის ისტორიკოსი აქ აშკარად გულისხმობს კონსტანტინეპოლის აღებას 1204 წლის აპრილში და არა პირველ თავდასხმას ბიზანტიის დედაქალაქზე 1203 წლის ივლისში. თეორიულად დასაშვებია, რომ ქართველების შენაერთს მარტის დასასრულისთვის დაეწყოს შესვლა ბიზანტიის ტერიტორიაზე. მაშინ ჯვაროსნებამდე ეს ინფორმაცია მოასწრებდა მისვლას იმ დრომდე, ვიდრე ისინი აპრილის დასაწყისში კონსტანტინეპოლის შტურმს დაიწყებდნენ.
თუ ლათინური ბიზანტიის გაყოფის ტრაქტატის ანალიზის მონაცემებს სარწმუნოდ მივიჩნევთ, რომ გარკვეული შეთანხმება ჯვაროსნებს და თამარს შორის შედგა, მაშინ ჯვაროსნები ტრაპიზონის ლაშქრობის დაწყებისთანავე მიიღებდნენ ინფორმაციას და ქართული წყაროს ცნობა შესაძლოა გარკვეულ რეალობას ასახავდეს. მაგრამ აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჯვაროსნებისთვის ის ძალა, რაც თეორიულად შეიძლებოდა გაენეიტრალებინა ტრაპიზონის ექსპედიციას. ბიზანტიის იმ დროის მმართველები არათუ პროვინციებში არსებული კონტინგენტების, თვითონ კონსტანტინეპოლში არსებული რესურსების მობილიზებას ვერ ახერხებდნენ. ამ დროის წყაროებიდან არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ კონსტანტინეპოლის ალყამდე ბიზანტიელებს რაიმე სახის სამხედრო შევსება მიეღოთ ახლოს მდებარე პროვინციებიდან. შორეული ტრაპიზონი კი, რომელიც ამ მოვლენებამდეც ლამის ნახევრად დამოუკიდებელი იყო ბიზანტიისგან, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით კონსტანტინეპოლისთვის რაიმე მნიშვნელობის მქონე ვერ იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ერთგვარ მორალურ მხარდაჭერაზე, თუკი ჯვაროსნები მას საჭიროებდნენ. რადგან ჯვაროსნების სულიერ სიმხნევეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კონსტანტინეპოლზე შტურმის წინ, 1204 წლის მარტში, უკვე ბიზანტიის დანაწილების შეთანხმებას იღებენ.
ტრაპიზონის იმპერიის დაარსებაზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უაღრესად პრაგმატული და რეალისტური პოლიტიკის ნიმუში, როდესაც ინიციატორები მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას და მოვლენებში ჩართული პოლიტიკური სუბიექტების ძალებს თუ მდგომარეობას. ჩემი აზრით, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება არის კომნენოსებთან დინასტიური ნათესაობის გამოყენება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების რეალიზაციისთვის. ბიზანტიის იმპერიაში დროის მცირე მონაკვეთში წარმოშობილმა ძალაუფლების ვაკუუმმა და არასტაბილურობამ თამარს და მის გენერლებს ინტერვენციის საშუალება მისცა.
დავით კომნენოსის ლაშქრობა
ქართული წყაროსგან განსხვავებით, როგორც ითქვა, ბიზანტიურ წყაროებში ფიგურირებს ორი ახალგაზრდა კომნენოსი: ალექსი და დავითი. მაგალითად, ნიკიტა ხონიატეს მიხედვით დავითი განაგებდა პონტოს ჰერაკლეას და პაფლაგონიას, ხოლო მისი ძმა ალექსი – ოინაიონს, სინოპს და ტრაპიზონს.100 დავითის შენაერთებში აგრეთვე ვხედავთ იბერიელ მეომრებს.101
დავითის ლაშქრობის შემთხვევაში ჩნდება უკვე ნახსენები კითხვები: დავითი ჰერაკლიის ჩათვლით ტერიტორიას ფლობს უკვე 1204 წლის აპრილში; ტრაპიზონის და სინოპის დასავლეთით მდებარე ტერიტორია მან დაიკავა 1204 წელს, აპრილში ტრაპიზონის აღების შემდეგ, თუ 1205 წელს. წყაროებში შესაბამისი ფაქტების არარსებობის გამო სამეცნიერო ლიტერატურაში ვხვდებით სხვადასხვა მოსაზრებებს.102 1204 წლის აპრილში ჰერაკლეას ჩათვლით ტერიტორიის დაკავება იმ მიზეზითაც შეიძლება გამოირიცხოს, რომ იგივე ნიკიტა ხონიატესთან დავითის ლაშქრობები ერთგვარ დამოუკიდებელ ექსპედიციებად ჩანს.
არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავითი 1204 წლის აპრილში ფლობდა ტერიტორიას ჰერაკლეას ჩათვლით. ყველა ნიშნის მიხედვით, დავითსა და ლასკარისს შორის პირველი ბრძოლები გაიმართება 1205 წელს, როდესაც კომნენოსი შეეცდება ნიკომედიის დაკავებას და მისი ჯარი დამარცხდება ლასკარისთან.103
ამასთან, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს 1205 წლის მეორე ნახევარი. რადგან ნიკეის მმართველის, თეოდორ ლასკარისის მდგომარეობა 1205 წლის მარტის ბოლოსთვის უიმედოა: ფრანკებმა ის გამანადგურებლად დაამარცხეს 1204 წლის 6 დეკემბერს და 1205 წლის 19 მარტს.104 ლასკარისი იხსნა თრაკიელების აჯანყებამ და ლათინების თავდასხმამ.105 ჩნდება მარტივი კითხვა: თუ დავითს ჰერაკლეა 1204 წლის აპრილიდან ჰქონდა დაკავებული, რატომ არ გამოიყენა მან ის ხელსაყრელი შესაძლებლობა, როდესაც ლასკარისი ლათინებისგან უაღრესად შევიწროებული იყო და რატომ მაშინვე არ დაიწყო მოქმედება, რათა ლასკარისის ტერიტორიების თუნდაც ნაწილი დაეკავებინა.
აქ კვლავ ჰიპოთეზის ფორმით შევეცდები მოვლენების რეკონსტრუქციას. 1204 წლის აპრილში ალექსი კომნენოსმა დაიკავა ტრაპიზონი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ძნელი სათქმელია დავითი რა ფუნქციით ახლდა მას თან. ისიც აშკარაა, რომ ძმებიდან უფრო აქტიური და ენერგიული დავით კომნენოსია. აქაც არ ვიცით, მხოლოდ ალექსი კომნენოსის ასაკმა განაპირობა მისი ტრაპიზონის იმპერატორად არჩევა, თუ თამარის სამეფო კარზე თავიანთი მიზნებისთვის ის უფრო შესაფერის კანდიდატად ესახებოდათ. მართალია ჯვაროსნებს ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთი პროვინციები არ დაუკავებიათ, მაგრამ 1205 წლის აპრილამდე ლათინების პოზიცია კონსტანტინეპოლში მყარია. ვითარება იცვლება 1205 წელს ბულგარელებთან დამარცხების შემდეგ, როდესაც, თუ არ ჩავთვლით ერთ გარნიზონს, ჯვაროსნები მცირე აზიას მთლიანად დაცლიან.106 ლასკარისი ამ დროს ლათინებისგან დამარცხებულია და მისი პოზიცია ანგარიშგასაწევი არ არის.
ამ დროს ტრაპიზონში მყოფი კომნენოსებისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ტრაპიზონის დასავლეთით მდებარე ბიზანტიურ ტერიტორიებზე კვლავ ძალაუფლების სრული ვაკუუმია შექმნილი. სავარაუდოდ სწორედ ამ დროს დაიწყო ენერგიულმა დავით კომნენოსმა დასავლეთით ლაშქრობა. ჰქონდა და ჭირდებოდა თუ არა ამისთვის საქართველოდან თანხმობა, არ ვიცით. ძნელი განსასაზღვრია, მისი თანმხლებელი ქართველები უბრალო მოქირავნეები არიან, თუ თამარის სახელმწიფოს მიერ გაგზავნილი გარკვეული კონტინგენტია. რაკი თამარის მეორე ისტორიკოსი ჰერაკლეას ჩათვლით დაპყრობილ ტერიტორიებს ერთიან ქართულ ლაშქრობად მოიხსენიებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დავითს გარკვეული კავშირი თამარის სამეფო კართან ჰქონდა. შეიძლება დავითს ერთგვარი მოქმედების თავისუფლება მისცეს, რასაც შემდგომ განვითარებული მოვლენები უნდა გვაფიქრებინებდეს, რაკი ქართული სამეფო კარი 1206 წლიდან კონსტანტინეპოლის გარშემო განვითარებულ მოვლენებში თითქოს უშუალოდ აღარ ერევა.
არც ის ვიცით, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი დავით კომნენოსს კონსტანტინეპოლში მყოფ ლათინებთან. რადგან დავითი ამ შემთხვევაში იპყრობდა ტერიტორიებს, რომლებსაც ლათინები თავიანთ საკუთრებად თვლიდნენ. ფაქტია, რომ ლათინთა იმპერატორის ვასალად დავით კომნენოსი თავს აღიარებს მხოლოდ ლასკარისთან დამარცხების შემდეგ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ 1205 წლის გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში დავითმა დაიკავა ტერიტორია ჰერაკლეას ჩათვლით. როდესაც ნიკომედიის აღებაც დააპირა (1205 წლის შემოდგომაზე?), ამ დროისთვის ლასკარისს ძალები საკმარისად ჰქონდა მოკრებილი და დავითის ძალების დამარცხება შეძლო. შემდგომ მოვლენებზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.
ვასილიევის მიხედვით, დავითს მიზნად ჰქონდა კონსტანტინეპოლის აღება და ბიზანტიის იმპერიის აღდგენა; დავითის წარმატების შემხედვარე, იგივე იდეა გაუჩნდა მის ძმასაც, ალექსი კომნენოსს.107 გერლანდი ასევე თვლიდა, რომ დავითი ფიქრობდა მთელი საბერძნეთის კომნენოსებისთვის დაბრუნებას.108 შესაძლოა დავითს ამგვარი აზრები მართლაც ჰქონდა, მაგრამ ჰერაკლეადან ის თავს დაესხა ლასკარისს, და არა ლათინებს. ამასთან, თუკი ის კონსტანტინეპოლის დაბრუნებაზე ფიქრობდა, გაუგებარია ლასკარისთან ერთი დამარცხების შემდეგ რატომ ხდება პირდაპირ ლათინი იმპერატორის ვასალი. ალექსი კომნენოსის შემთხვევაში ამგვარი მოსაზრებისთვის საბუთი არ სჩანს, რაკი ალექსის ტრაპიზონი არ დაუტოვებია და, საერთოდ, მისი აქტიურობა დასავლეთის მიმართულებით არ ფიქსირდება. კომნენოსების შემთხვევაში ლათინებისადმი კეთილგანწყობილი ურთიერთობა თავიდანვე ჩანს და ეს უნდა იყოს თამარის სამეფო კარის მიერ თავიდან მონიშნული საერთო ხაზი.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ტრაპიზონის იმპერია მოიაზრება ერთგვარ ბუფერულ სახელმწიფოდ. ჩემი აზრით, 1206-1214 წლებისთვის ეს მოსაზრება კორიგირებას საჭიროებს. ამ პერიოდში ტრაპიზონის სახელმწიფოს დასავლეთით ტერიტორიას ჰერაკლეას ჩათვლით მართავს დავით კომნენოსი. რამდენად იყო უშუალოდ თავის ძმაზე დამოკიდებული არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ 1206 წლიდან ლათინთა იმპერატორის ვასალი გახდა (ეს დამოკიდებულება ყველა ნიშნის მიხედვით არ ვრცელდებოდა ტრაპიზონის იმპერატორზე, ალექსი კომნენოსზე, რადგან მას ლასკარისისგან არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა).
დავითის მიერ მართული ტერიტორიისთვის სამუშაო ტერმინად შეიძლება გამოვიყენოთ „პაფლაგონიის სამთავრო“. ეს პერიოდი ბუფერული წარმონაქმნი გახლავთ სწორედ ეს ეგრეთ წოდებული პაფლაგონიის სამთავრო, რომელსაც მართავს საქართველოდან წასული უფლისწული, რომლის გარემოცვაში ქართველებიც იმყოფებიან. მაგრამ ის ლათინთა იმპერატორის უზენაესობას აღიარებს. თუმცა საქართველოს სამეფოს როლი აღნიშნულ პროცესებში, ცხადია, გადაჭარბებულად არ უნდა შევაფასოთ. ისიც არ ვიცით რეალურად, ლათინთა იმპერატორის უზენაესობა დამოუკიდებლად ცნო, თუ თავისი ძმის უფლება სჭირდებოდა საამისოდ. ამასთანავე, დავითს მმართველობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მუდამ ავიწროებენ ლასკარისი და თურქ-სელჩუკები. ქართველები მას თითქოს არაფრით დახმარებიან. ასეა თუ ისე, პაფლაგონიის სამთავრომ არსებობა დაასრულა თამარის გარდაცვალების შემდეგომ პერიოდში, 1214 წელს.
თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობა ალექსი III-ის გარდაცვალების შესახებ
როგორც აღინიშნა, თამარის მეორე ისტორიკოსის მიხედვით, ალექსი III-მ თავი შეაფარა ბულგარეთს, სადაც ის ფაქტიურად სიკვდილით დასაჯა მისმა სიძემ, ბულგარელთა მეფემ.109 ზემოთ მოტანილი მასალიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ ალექსი III-ის სიკვდილის ეს ვერსია რეალური არ არის. ბულგარელთა მეფე არ ყოფილა ალექსი III-ის სიძე; ბულგარელთა ის მეფე, რომელსაც აქ ისტორიკოსი შეიძლება გულისხმობდეს, ცნობილი კალოიანი, ვინც აქტიურად იყო ჩაბმული კონსტანტინეპოლის გარშემო პროცესებში, გარდაიცვალა ალექსი III-ზე ადრე, 1207 წელს. ისევე როგორც, პრობლემატურია თამარის მიერ ალექსი III-ის გარდაცვალების გლოვა, როგორც დედოფალის უსაზღვრო შემწყნარებლობის ნიმუში. რადგან, ყველა ნიშნის მიხედვით, ალექსი III გარდაიცვალა თამარზე გვიან. ჩემი აზრით, ბასილი ეზოსმოძღვარის აღნიშნულ ცნობაში რამდენიმე ამბავის გამოძახილი შეიძლება ჩანდეს:
1. ლათინი იმპერატორის, ბალდუინის დატყვევება ბულგარელთა მეფე კალოიანის მიერ და მისი ტყვეობაში დაღუპვა;
2. შესაძლოა აქ გვქონდეს გარკვეული გამოძახილი ბონიფაცი მონფერატის აღსასრულისაც, რომელსაც კლავენ ბულგარელები და მის მოკვეთილ თავს უგზავნიან კალოიანს; სხვათა შორის, ბონიფაცი გარკვეულწილად გამოდის ალექსი III-ის სიძე. რადგან კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ ბონიფაციმ ცოლად შეირთო ალექსი III-ის ძმის, გარდაცვლილი ისააკ კომნენოსის ქვრივი;
3. ალექსი V მურზუფლოსის დაუნდობელი დასჯა თავისი სიმამრის მიერ, როდესაც ის ალექსი III-სთან მივიდა სტუმრად;
4. რაც შეეხება თვითონ ალექსი III-ის ბედს, უფრო სარწმუნოა ცნობა, რომ კონსტანტინე ლასკარისი, თავისი სიძე, შედარებითი პატივით მოეპყრო, როდესაც 1210 წელს ტყვედ ჩაუვარდა რუმის სულთანთან ბრძოლის შემდეგ. თუმცა, სავარაუდოა, რომ თამარის ისტორიკოსისთვის ეს აქტუალური ინფორმაცია, ბიზანტიის ყოფილი იმპერატორის დატყვევება სიძის მიერ, მალევე გახდა ცნობილი. ალექსი III-ის გარდაცვალების თარიღი არ ვიცით. შესაძლოა ის კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ბასილი ეზოსმოძღვარმა თავისი თხზულება დაასრულა. ყველა ნიშნის მიხედვით, ალექსი III-ის ამგვარი აღსასრულის ამბავი მემატიანემ ააგო ზემოხსენებული რამდენიმე ცნობის საფუძველზე.
ჩნდება კითხვა: რაკი მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა, თან აქ ჩართული იყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ფიგურა, ისტორიკოსს ელემენტარულად ერთმანეთში ხომ არ აერია ყოველივე ეს. ამგვარი ვარაუდი, თუ არ ვცდები, შეიძლება ნაწილობრივ დასაშვები იყოს. თუმცა ბასილის ცნობა ასევე შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მემატიანეს გარკვეული მიზნისთვის სჭირდება ალექსი III და ამიტომაც ვერ ელევა ვერაფრით ბიზანტიის ყოფილ იმპერატორს.
ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობა – ისტორიის იდეოლოგიური ხედვა
ტრაპიზონის ექსპედიცია ფაქტიურად არის ლათინ ჯვაროსნებთან ერთად ბიზანტიის იმპერიის დანგრევაში მონაწილეობის მიღება.110 ღრმად მორწმუნე ქრისტიანი დედოფალის, თამარის, სამხედრო შენაერთები, მონაწილეობას ღებულობენ ქრისტიანული, მართლმადიდებლური ბიზანტიის განადგურებაში კათოლიკე ლათინებთან ერთად. კათოლიკეთა მიმართ ანტაგონიზმი, განსხვავებით ბიზანტიისგან, იმ დროის საქართველოში არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ბიზანტიის წინააღმდეგ მოწყობილი ექსპედიცია გარკვეულ იდეოლოგიურ გამართლებას საჭიროებდა და სწორედ ამას აკეთებს თამარის მეორე ისტორიკოსი. რაკი თხზულება „ქართლის ცხოვრების“ ნაწილია, ბასილი ამ შემთხვევაში ალბათ სახელმწიფო ვერსიასაც უწევდა პროპაგანდას.
ვიდრე ტრაპიზონის ამბავის შესახებ მოგვითხრობდეს, თამარის ისტორიკოსი ეხება თამარის პიროვნებას: „არა ოდენ თვისსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათვის. და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყვარულითა მისითა“.111 ანუ თამარი ზრუნავს უკვე მთელს საქრისტიანოზე და მისი განსაკუთრებით უნდა ეშინოდეთ ქრისტიანების მტრებს. თუ დავაკვირდებით შესავალს, თავიდანვე იქმნება სურათი: ყოველივეზე აღმატებული თამარი, რომელიც ქრისტიანებს მფარველობს. იქ, სადღაც ქვემოთ, ბიზანტიის ვიღაც იმპერატორი ამ ჰარმონიას დაარღვევს. შემდეგ ბასილი გვეუბნება, თუ ვის პატრონობს თამარი: „წარავლენდის სარწმუნოთა თვისთა და დაავედრის ესრეთ: „იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისა“. და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მოიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათვის რადღა სახმარ არს თქმად, რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა. [...] კვალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კვალად ისავრიას, კურუხეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კვიპრისათა“.112
ამ ცნობაში არ არის საუბარი მხოლოდ ქართული მონასტრების დახმარებაზე. ჩამოთვლილი ადგილების უმრავლესობა ან ბიზანტიის ტერიტორიაზე მდებარეობს, ან ისინი ბიზანტიას ეკუთვნოდნენ ადრე და მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენდნენ (როგორც მაგალითად ალექსანდრია). აქ ვიღებთ შემდეგ კონტექსტს: როდესაც ეს სათნო დედოფალი ალექსი III-ის სახელმწიფოში ლამის ყველა მონასტერს ეხმარება, ნახეთ რითია დაკავებული იმპერატორი. რასაც მოსდევს კიდეც ალექსი III-ის მიერ ბერების გაძარცვის ცნობა: „მოიწინეს ოდესმე ჩვეულებისამებრ ქველისმოქმედებათათვის ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩვეულებისაებრ, ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა. მერმე მისცნა ყოველთა დიადი და აღავსნა ყოვლითა სახმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო, თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კონსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თვისსა ისაკს თვალნი დასწვნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო და შეუტყვებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათვის საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს, და წარუღო მათ მონაზონთა“.113 თამართან ამ შემთხვევაშიც დახმარების სათხოვნელად მოდიან სასულიერო პირები ფაქტიურად თუ იურიდიულად (მაგ. ანტიოქია) ბიზანტიის (ანუ ალექსი III-ის) კუთვნილი ტერიტორიებიდან. აქ თითქოს ისტორიკოსი უსიტყვოდ მიმართავს თავის მკითხველს თუ მსმენელს: როგორ არ უნდა დაესაჯა თამარს იმპერატორი, რომელიც მას საშუალებას არ აძლევდა, მისივე ტერიტორიებზე დახმარებოდა ქრისტიანებს. ალექსი III აქ ლამის გვიან ანტიკურ ხანაში ქრისტიანების მდევნელ იმპერატორებს გამოდის გათანაბრებული. ამასთან, საინტერესოა, რომ ბიზანტიის იმპერატორის სამართლიან მსაჯულად გამოაცხადა მაინცდამაინც კალოიანი, რომელმაც ბალდუინის თავის ქალიდან სასმისი გააკეთებინა. მაგრამ აქ ის ნიუანსი შეიძლება იყოს ჩადებული, რომ ამ დამნაშავე იმპერატორს, რომელიც ქრისტიანებს დევნის, სწორედ მართლმადიდებელ მეფეს ასჯევინებს საბოლოოდ. ბულგარელთა მეფე ალექსი III-ს მთავარ ბრალდებად, თამარის ისტორიკოსის მიხედვით, წაუყენებს სწორედ ქრისტიანთა სამეუფო სახლის ოქროს გამო წარწყმედას. ამასთან, ლათინთა გამოსვლაც ერთგვარ ღვთის სასჯელად მოიაზრება. მას მერე, რაც მართლმადიდებელი დედოფალი აღსდგა და დასაჯა უღირსი ალექსი III, სწორედ ამის შემდეგ დაესხენ თავს ლათინები ბიზანტიას და არა პირიქით.
ტრაპიზონის ამბავის ფინალურ მონაკვეთში ბასილი აღნიშნავს: „რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით აქვნდეს, არა იპყრობს დიდხან“.114 ისტორიკოსის ეს ფრაზა სავარაუდოდ მიემართება არა ალექსი III-ს, არამედ გულისხმობს თამარს და მის მიერ მოწყობილ აქციას. აქ ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს სამართლიანი ომის იდეასთან. რაკი თამარი მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის და ჭეშმარიტებით აკეთებდა ყოველივეს, ამიტომაც მისი ყოველი ქმედება გამართლებული და ხანგრძლივი არსებობის მქონე იყო.
ჭეშმარიტება და ღმერთი შუა საუკუნეების ველტბილდში განუყოფელია. შესაბამისად, ქვეყნიერების ეკლესიათა დასაჩუქრების აღწერის შემდეგ ისტორიკოსი ამბობს: „ესე ყოველნი აღავსნა ქველის საქმითა, რომლისათვის ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა“115. ამ კეთილი საქმეებისთვის ღმერთმა მიაგო სანაცვლო და არც მეტი, არც ნაკლები, დააპყრობინა ბიზანტია. თამარის მეორე ისტორიკოსისთვის ტრაპიზონის კამპანია არის რელიგიური ომი, როდესაც ქრისტიანობის მტრები უნდა დაისაჯონ. ალექსი III, როგორც ასეთი, ისტორიკოსს უბრალოდ სჭირდება. ბერების გაძარცვის ფაქტით ქმნის მთელს თავის იდეოლოგიურ შენობას. რეალური მოვლენების ნაწილი ამ დროს ისტორიკოსის ყურადღების მიღმა რჩება.
დასკვნა
დასკვნის სახით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ IV ჯვაროსნული ლაშქრობა უაღრესად რთული და კომპლექსური მოვლენაა, რომელსაც ერთგვარი ფატალური ისტორიის ელფერიც დაკრავს. კონსტანტინეპოლის აღებიდან მალევე ლათინთა მხრიდან იღუპება ექსპედიციის თითქმის ყველა პროტაგონისტი: ბალდუინ ფლანდრიელი, ბონიფაცი მონფერატი, დოჟი ენრიკო დანდოლო. ბიზანტიელების თუ ზოგადად ორთოდოქსების მხრიდანაც ასევე პროტაგონისტების დიდი ნაწილი იმ დროსვე გადის სცენიდან: ისააკ ანგელოსი, ალექსი IV, ალექსი V მურზუფლოსი. ცოცხალი რჩება ალექსი III და თამარის მეორე ისტორიკოსმა დროზე ადრე მაინცდამაინც ის გაისტუმრა საიქიოში. უშუალოდ ტრაპიზონის იმპერიის გარდა, 1206-1214 წლებში არსებობდა ბუფერული სახელმწიფო, პაფლაგონიის სამთავრო, რომელიც ქართველთა მხარდაჭერითაც შეიქმნა. თამარის მეორე ისტორიკოსი გვთავაზობს რთულ იდეოლოგიურ კონსტრუქციას, როდესაც ქართველების ტრაპიზონზე ლაშქრობა ლამის ჯვაროსნულ ომად არის მასთან გამოცხადებული.
შენიშვნები
1. თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულების გამოცემებისთვის იხ.: ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება, გამომც. სიმონ ყაუხჩიშვილი, ტ. 2, (თბილისი, 1959), გვ. 115-150; თამარ მეფის დროინდელი მატიანე („ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“), გამომც. მარინე ქადაგიძე (თბილისი, 2001), გვ. 155-202, იქვე იხ. თხზულების ავტორთან, დაწერის თარიღთან და რიგ სხვა საკითხებთან დაკავშირებული მიმოხილვა და ბიბლიოგრაფია: გვ. 9-25, 75-101. ბასილი ეზოსმოძღვარის ავტორობის შესახებ გამოთქმული სხვადასხვა მეცნიერთა ეჭვები უდავოდ გასათვალისწინებელია. მაგრამ რაკი სტატიის პრობლემატიკისთვის ამ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს და ის, ჩემი აზრით, მაინც უფრო დეტალურ შესწავლას მოითხოვს, ძველი ტრადიციის შესაბამისად, „ბასილი ეზოსმოძღვარს“ და „თამარის მეორე ისტორიკოსს“ სინონიმებად ვიყენებ სტატიაში. თხზულების დათარიღების ორი ვარიანტიდან: 1) 1210-1213 წლები, ან XIII საუკუნის პირველი მეოთხედი და 2) 1236 წლის შემდეგ, უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია პირველი, ივანე ჯავახიშვილის და პავლე ინგოროყვას მიერ შემოთავაზებული თარიღი (იხ. იმავე წიგნში, გვ. 15). თხზულების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით იხ.: ივანე ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი ქართლის ცხოვრება და თამარ მეფის მეორე აქამდე უცნობი ისტორიკოსის თხზულება, წიგნში: მისივე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8 (თბილისი, 1977), გვ. 373-395 (პირველად დაიბეჭდა: ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, 3, 1923, გვ. 186-216); ალ. გამყრელიძე, თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულების ერთი ადგილის გარკვევისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 30 (1954), გვ. 181-183; კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, ცხოვრება მეფეთ მეფის თამარისა, მათივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, ძველი ქართული ლიტერატურა, V-XVIII სს. (თბილისი, 1954), გვ. 158-160; ივანე ლოლაშვილი, რუსთაველი და თამარის ისტორიკოსთა ვინაობის პრობლემა [= რუსთველოლოგიური ძიებანი 3] (თბილისი, 1961), გვ. 26-39; ა. შანიძე, ბასილი ეზოსმოძღვრის ისტორიული თხზულების ერთი შერყვნილი ადგილის გამართვისათვის, თსუ შრომები, 99, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 3 (1962), გვ. 247-250; კ. გრიგოლია, თამარის მეორე ისტორიკოსის ვინაობისა და მისი თხზულების დათარიღებისათვის, თსუ შრომები, 108 (1964), გვ. 359-375; ვ. დონდუა, „ვეფხისტყაოსანი“ და თამარის ისტორიკოსები, მისივე, საისტორიო ძიებანი, ტ. 2 (თბილისი, 1973), გვ. 99-113; ნიკო ბერძენიშვილი, თამარის ეპოქა ბასილი ეზოსმოძღვარის მიხედვით, მისივე, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 7 (თბილისი, 1974), გვ. 211-233; მარიამ ლორთქიფანიძე, XI-XII სს. ისტორიის წყაროები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, საქართველო XI-XV საუკუნეებში, ტ. 3 (თბილისი, 1979), გვ. 11-18.
2. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
3 ტრაპიზონის იმპერიის დაარსებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე იხილეთ: მარი ბროსე, საქართველოს ისტორია, ტ. 1, ნათარგმნი სიმ. ღოღობერიძის მიერ (ტფილისი, 1895), გვ. 173; დ. კარიჭაშვილი, საქართველო მეთორმეტე საუკუნეში (ტფილისი, 1902), გვ. 135; ნიკო ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 6 (თბილისი, 1973), გვ. 81; მამისა ბერძნიშვილი, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები XIII საუკუნის დამდეგს, საქართველო რუსთაველის ხანაში რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული (თბილისი 1966), გვ. 54; ალ. გამყრელიძე, გიორგი აკროპოლიტესი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, 31 (1954), გვ. 230-232; გოჩა ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში (თბილისი, 1995), გვ. 157-158; თედო დუნდუა, სევასტოსები და მართლმადიდებელი სიმახია. დავით აღმაშენებელი და თეოდორე გაბრასი (თბილისი, 2003), გვ. 6.
4. Трапезундская хроника Михаила Панарета, Изд. А. Хаханов (Москва, 1905), გვ. X-XII; მოსე ჯანაშვილი, თამარ მეფე (ტფილისი, 1917), გვ. 58-61; ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, მისივე, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2 (თბილისი, 1983), გვ. 272-273, 379-380; ლევან მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2 (თბილისი, 1980), გვ. 221-222; Тамаз Берадзе, Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии (Тбилиси, 1989), გვ. 73; როინ მეტრეველი, მეფე თამარი (თბილისი, 1991), გვ. 193-199.
5. ზურაბ ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან: ოთხი საისტორიო ნარკვევი (თბილისი, 1989), გვ. 52-61.
6. ალექსანდრე გამყრელიძე, ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ზოგიერთი საკითხი, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, ეძღვნება ნიკო ბერძენიშვილის დაბადების 70 წლისთავს (თბილისი, 1966), გვ. 252-254.
7. შოთა ბადრიძე, საქართველო და ჯვაროსნები (თბილისი, 1973), გვ. 30-31; შოთა ბადრიძე, საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან (X-XIII სს.) (თბილისი, 1984), გვ. 137-138.
8. ჯემალ სტეფნაძე, საქართველო XII საუკუნესა და XIII საუკუნის პირველ მეოთხედში (თბილისი, 1985), გვ. 146-147.
9. А. Куник, Основание Трапезунтской империи в 1204 году, Ученные Запи¬ски Императорской Академии Наук (по первому и третьему отделениям), т. 2, вып. 5 (Санкт-Петербург, 1854), გვ. 710-724.
10. Куник (იხ. შენიშვნა 9), გვ. 725.
1. Куник (იხ. შენიშვნა 9), გვ. 726.
2. Куник (იხ. შენიშვნა 9), გვ. 727-728.
3. Куник (იხ. შენიშვნა 9), გვ. 729-731.
4. Куник (იხ. შენიშვნა 9), გვ. 732-733.
5. თედო ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 1 (თბილისი, 2004; ახ. გამოცემა), გვ. 291.
6. ავალიშვილი (იხ. შენიშვნა 5), გვ. 69.
7. ავალიშვილი (იხ. შენიშვნა 5), გვ. 70-71.
8. ავალიშვილი (იხ. შენიშვნა 5), გვ. 72.
9. ავალიშვილი (იხ. შენიშვნა 5), გვ. 73.
20. ავალიშვილი (იხ. შენიშვნა 5), გვ. 75.
21. Ф. И. Успенский, Очерки из истории Трапезундской империи (Ленинград, 1929), გვ. 28-33.
22. მ. კახაძე, ქართველები ბიზანტიის პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში (თბილისი, 1954), გვ. 30-32.
23. ირაკლი ბერაძე, ტრაპიზონის იმპერიის დაარსების საკითხისათვის (თბილისი, 1971), გვ. 13-14.
24. ბერაძე (იხ. შენიშვნა 24), გვ. 18.
25. ბერაძე (იხ. შენიშვნა 24), გვ. 12.
26. ბერაძე (იხ. შენიშვნა 24), გვ. 36.
27. ბერაძე (იხ. შენიშვნა 24), გვ. 37.
28. ბერაძე (იხ. შენიშვნა 24), გვ. 38.
29. ბადრიძე (იხ. შენიშვნა 7), გვ. 30-31; ბადრიძე (იხ. შენიშვნა 7), გვ. 137-138.
30 თამაზ ნატროშვილი, ლტოლვილნი ბიზანტიიდან, მისივე, მაშრიყით მაღრიბამდე (თბილისი, 1974), გვ. 22-30.
31. ნ. შენგელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი თამარის მეფობაში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, საქართველო XI-XV საუკუნეებში, ტ. 3 (თბილისი, 1979), გვ. 332-333.
32. სტეფნაძე (იხ. შენიშვნა 8), გვ. 146-147.
33. ავალიშვილი (იხ. შენიშვნა 5), გვ. 62.
34. ვ. დონდუა, ომი ტრაპიზონისათვის, წიგნში: ვ. დონდუა, საისტორიო ძიებანი, II, თბილისი 1973, გვ. 62-68, აქ გვ. 63-68.
35. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის წინ შექმნილ წინაპირობებზე და მისთვის მზადებაზე, ბიზანტიელების და ჯვაროსნების ურთიერთმიმართებაზე, ინოკენტი III-ის ჯვაროსნული იდეის შესახებ იხ.: Adolf Waas, Geschichte der Kreuzzüge, Bd. 1 (Freiburg, 1956), gv. 242-247; Werner Ohnosrge, Abendland und Byzanz. Gesammelte Aufsätze zur Geschichte der byzantinisch-abendländischen Beziehungen und des Kaisertums (Darmstadt, 1958); Heinrich Kretschmer, Geschichte von Venedig, Bd. 1 (Stuttgart, 1964) [Neudruck der Ausgabe Gotha 1905], gv. 280-296; Joan M. Hussey, Byzantium and the Crusades, in: A History of the Crusades, General Edit. Kenneth M. Setton, Vol. 2, The Later Cru¬sades, 1189-1311, Ed. by Robert Lee Wolff and Harry W. Hazard (Madi¬son, Milwaukee and London, 21969), gv. 144-150; Edgar H. McNeal, Ro¬bert Lee Wolff, The Fourth Crusade, in: A History of the Crusades, General Edit. Kenneth M. Setton, Vol. 2, The Later Crusades, 1189-1311, Ed. by Robert Lee Wolff and Harry W. Hazard (Madison, Milwaukee and London, 21969), gv. 153-169, 173-177; Helmut Roscher, Papst Innocenz III. und die Kreuzzüge [= Forschungen zur Kirchen- und Dogmengeschichte, Bd. 21] (Göttingen, 1969), gv. 114-115, 268-271; Kenneth M. Setton, Innocent III, the Fourth Crusade, and the Establishment of the Latin States in Greece, in: Id., The Papacy and the Levant (1204-1571), Vol. 1, The Thirteenth and Fourteenth Centuries [= Memoirs of the American Philosophical Society, Vol. 114] (Philadelphia, 1976), gv. 4-9; Donald E. Queller, The Fourth Cru-sade: the Conquest of Constantinople 1201-1204 (Philadelphia, 1977), gv. 8-78; John Godfrey, 1204. The Unholy Crusade (Oxford, 1980), გვ. 48-49, 64-69, 76, 85-87; Ralph-Johannes Lilie, Byzanz und die Kreuzfah¬rerstaaten. Studien zur Politik des byzantinischen Reiches gegenüber den Staaten der Kreuzfahrer in Syrien und Palästina bis zum vierten Kreuzzug [1096-1204] (München, 1981); Michael Angold, The Byzantine Empire 1025-1204, An political history (London, 1984), გვ. 284-288, 291-293; John Julius Norwich, Byzanz, Verfall und Untergang 1072-1453 (Zürich, 1996), გვ. 202-203; Steven Runciman, Geschichte der Kreuzzüge (Mün¬chen, 21997), გვ. 883-893; Peter Wirth, Grundzüge der Byzantinischen Geschichte (Darmstadt, 1997), გვ. 118-124; Hans Eberhard Mayer, Gesch¬ichte der Kreuzzüge (Stuttgart, 102005), გვ. 231-236.
36. აღნიშნული შეხედულებების შეჯამებისას მივსდევ შემდეგ ლიტერატურას: Waas (იხ. შენიშვნა 36), გვ. 243-245; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 296, 480-488; Sibyll Kindlimann, Die Eroberung von Konstantinopel als politische Forderung des Westens im Hoch¬mittelalter. Studien zur Entwicklung der Idee eines lateinischen Kaise¬r¬reichs in Byzanz, Dissertation (Zürich, 1969) [მონოგრაფიაში განხილულია საკითხი, როგორ მზადდებოდა სხვადასხვა პროცესების შედეგად, განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან, 1204 წელი თითქმის საუკუნეების განმავლობაში]; McNeal, Wolff (იხ. შენიშვნა 36), გვ. 169-173; Roscher (იხ. შენიშვნა 36), გვ. 100-101, 103, 111-114, 116-119; Godfrey (იხ. შენიშვნა 36), gv. 68-69, 86; Angold (იხ. შენიშვნა 36), gv. 288-289; Peter Schreiner, Byzanz (München, 21994); Ralph-Johannes Lilie, Byzanz, Geschichte des oströmischen Re-iches 326-1453 (München, 1999), gv. 89-90; Mayer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 235-238.
37. აღნიშნულ ქვეთავთან დაკავშირებით იხილეთ შესაბამისი ლიტერატურა: Waas (იხ. შენიშვნა 36), gv. 247-249; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ 297-312; Hussey (იხ. შენიშვნა 36), გვ 150-151; McNeal, Wolff (იხ. შენიშვნა 36), გვ. 176-185; Roscher (იხ. შენიშვნა 36), გვ. 120; Steven Runciman, Byzanz. Von der Gründung bis zum Fall Konstantinopels [= Kindlers Kulturgeschichte des Abendlandes, Bd. 8] (München, 1976), გვ. 72; Setton (იხ. შენიშვნა 36), გვ. 9-12; Queller (იხ. შენიშვნა), გვ. 85-148; Godfrey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 113-125; An¬gold (იხ. შენიშვნა 36), გვ. 293-295; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 204-211; Runciman (იხ. შენიშვნა 36), გვ. 888, 893-900; Wirth (იხ. შენიშვნა 36), გვ. 124-125; Ralph-Johannes Lilie, Byzanz, Geschichte des oströmischen Reiches 326-1453 (München, 1999), გვ. 90-95; Mayer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 238-240.
38. Peter Schreiner, Byzanz (München, 21994), 25.
39. McNeal, Wolff (იხ. შენიშვნა 36), გვ. 176.
40. McNeal, Wolff (იხ. შენიშვნა 36), გვ. 179; Angold (იხ. შენიშვნა 36), გვ. 294.
41. Queller (იხ. შენიშვნა 36), გვ. 116.
42. Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 304.
43. Waas (იხ. შენიშვნა 36), გვ. 247-249.
44. Queller (იხ. შენიშვნა 36), გვ 136.
45. Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 217.
46. 1204 წლის აპრილში კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით შდრ.: Waas (იხ. შენიშვნა 36), გვ. 249-253; Alice Gardner, The Lascarids of Nicaea: The story of an empire in exile (Amsterdam, 1964) [Unchanged Repr. of the Ed. London 1912], გვ. 35-51; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 313-321; Ernst Gerland, Geschichte des lateinischen Kaiserreiches von Konstantinopel, Bd. 1: Geschichte der Kaiser Balduin I. und Heinrich 1204-1216 (Darmstadt, 1966) [Unveränd. Nachdr. der Ausg. Homburg von der Höhe 1905], გვ. 20-47; Hussey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 123-151; Robert Lee Wolff, The Latin Empire of Constantinople, 1204-1261, in: A History of the Crusades, Gen. Ed. Kenneth M. Setton, Vol. 2, The Later Crusades, 1189-1311, Ed. by Robert Lee Wolff and Harry W. Hazard (Madison, Milwaukee and London, 21969), gv. 187-195; Setton (იხ. შენიშვნა 36), გვ. 13-25; Godfrey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 138; Donald E. Queller, A Century of Controversy on the Fourth Crusade, in: Id., Medieval Diplomacy and the Fourth Crusade (London, 1980), გვ. 235-277; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 212-223; Runciman (იხ. შენიშვნა 36), გვ. 900 -907; Wirth (იხ. შენიშვნა 36), გვ. 126-129; Mayer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 240-244.
47.Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ 35.
48. Queller (იხ. შენიშვნა 36), გვ 147; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 311; Godfrey, 1204 (იხ. შენიშვნა 36), გვ. 123; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 212.
49. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 21-22; შდრ. ასევე: Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 216; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 319-320.
50. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 32-33; შდრ. ასევე: Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), gv. 319-320; Gardner (იხ. შენიშვნა 47), გვ. 63; Hussey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 151; Godfrey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 138; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 216.
51. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 45-50; შდრ. ასევე: Gardner (იხ. შენიშვნა 47), გვ. 66; Setton (იხ. შენიშვნა 36), გვ. 20; Schreiner (იხ. შენიშვნა 39), 27; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ 216; Runciman (იხ. შენიშვნა 36), გვ. 903.
52. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 57, 91-92; შდრ. ასევე: Waas (იხ. შენიშვნა 36), გვ. 251; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ 320; Setton (იხ. შენიშვნა 36), gv. 20; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 221; Runciman (იხ. შენიშვნა 36), გვ. 903.
53. Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 317.
54. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 20-21; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 317; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 214.
55. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 22-25; შდრ. ასევე: Schreiner (იხ. შენიშვნა 39), გვ. 26.
56. Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 317; Wirth (იხ. შენიშვნა 36), გვ. 129.
57. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 56.
58. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 97.
59. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 116; შდრ. ასევე: Gardner (იხ. შენიშვნა 47), გვ. 74; Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 317.
60. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 43-44.
61. Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 222.
62. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 110-112.
63. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ 117; Schreiner (იხ. შენიშვნა 39), გვ, 27; Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 222.
64. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 21.
65. Setton (იხ. შენიშვნა 36), გვ. 16.
66. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 22, 104-106; კონსტანტინეპოლიდან გაქცევის შემდეგ ალექსი III-ის თავგადასავალთან დაკავშირებით შდრ. ასევე: Gardner (იხ. შენიშვნა 47), გვ. 63-64, 82, 83 (შენ. 2); Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 319-320; Hussey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 151; Setton (იხ. შენიშვნა 36), გვ. 22, შენ. 93; Godfrey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 138.
67. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 114, 213-214; ალექსი III-ის რუმის სულთანთან ჩასვლასა ქაი ხუსრაუ I-ის ლასკარისთან ბრძოლის შესახებ შდრ. ასევე: Gardner (იხ. შენიშვნა 47), გვ. 63-64, 82, 83 (შენ. 2); Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ 222-223.
68. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 213-214; შრდ. ასევე: Kretschmer (იხ. შენიშვნა 36), გვ. 319-320; Hussey (იხ. შენიშვნა 36), გვ. 151; Nor¬wich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 222-223.
69. Gardner (იხ. შენიშვნა 47), გვ. 63-64, 82, 83 (შენ. 2).
70. Wirth (იხ. შენიშვნა 36), გვ. 129.
71. A. A. Vasiliev, The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222), in: Speculum 11 (1936), გვ. 4.
72. Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 19.
73. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ 35.
74. Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ 220; შდრ. ასევე: William Miller, Trebizond, the Last Greek Empire (Amsterdam, 1968) [Repr. of the edit. New York, 1926], გვ. 14-17; S. P. Karpov, Trapezunt, in: Lexikon des Mittelalters, Bd. 8 (München, 1997), გვ. 958-959.
75. ტრაქტატის ქართულ თარგმანს ახლო მომავალში შევთავაზებ მკითხველს სპეციალურ მონოგრაფიაში.
76. Wolff (იხ. შენიშვნა 47), გვ. 191-192; Setton (იხ. შენიშვნა 36), გვ 18.
77. Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 20-21.
78. Miller (იხ. შენიშვნა 75), გვ 16.
79. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 51, 55.
80. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 83, 84, 89.
81. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 96, 101-102; Wolff (იხ. შენიშვნა 47), გვ. 204-206.
82. Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 221.
83. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 39.
84. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 102-104.
85. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 106-110.
86. Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 30.
87. Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 220. დავით კომნენოსის ლაშქრობასთან დაკავშირებით შდრ. აგრეთვე: Miller (იხ. შენიშვნა 75), გვ. 14-17.
88. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 102-104; შდრ. ასევე: Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 22-26.
89. wolff (იხ. შენიშვნა 47), გვ. 200-201.
90. Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 22-26, 28; შდრ. აგრეთვე: Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 35, 106-110, 159-160, 246; Georg Ostrogorsky, Gესცჰიცჰტე დეს ბყზანტინისცჰენ შტაატეს (მიუნხენი, 1952), გვ. 339-340, 344; Gარდნერ (იხ. შენიშვნა 47), გვ. 75, 86; ჭოლფფ (იხ. შენიშვნა 47), გვ. 204-206.
91. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი, ტ. 7 (თბილისი, 1967), გვ. 161-166; მიქელ პანარეტოსი, ტრაპიზონის ქრონიკა, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა ალ. გამყრელიძემ, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის 33 (1960), გვ. 16.
92. Hარტმუტ Lეპპინ, Dას Eრბე დერ Aნტიკე (Müნცჰენ, 2010), გვ. 92.
93. ალექსი III-ის მიერ კონსტანტინოს ფრანგოპულოსის შავ ზღვაზე გემების გასაძარცვად გაგზავნა, რომლის მსხვერპლნიც შესაძლოა გამხდარიყვნენ თამარის მიერ დასაჩუქრებული სასულიერო პირები, შეიძლება დათარიღდეს დაახლოებით 1200-1201 წლებით, რაკი ნიკიტა ხონიატეს ტექსტში აღნიშნულ ამბავს უშუალოდ მოსდევს ალექსი III-ის მიერ რუქნ ად-დინთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ეს უკანასკნელი კი გაფორმდა 1201 წელს (Dიე Kრეუზფაჰრერ ერობერნ Kონსტანტინოპელ, Dიე ღეგიერუნგსზეიტ დერ Kაისერ Aლეხიოს Aნგელოს, Iსააკ Aნგელოს უნდ Aლეხიოს Dუკას, დიე შცჰიცკსალე დერ შტადტ ნაცჰ დერ Eინნაჰმე სოწიე დას „Bუცჰ ვონ დენ Bილდსäულენ“ [1195-1206], Aუს დემ Gესცჰიცჰტსწერკ დეს Nიკეტას ჩჰონიატეს üბერს. ვ. Fრანზ Gრაბლერ [Bყზანტინისცჰე Gესცჰიცჰტსსცჰრეიბერ, ჰრსგ. ვ. Eნდრე ვ. Iვáნკა, Bდ. 9], [Gრაზ 1958], გვ. 102).
94. ტრაქტატის ტექსტი იხ.: Uრკუნდენ ზურ äლტერენ Hანდელს- უნდ შტაატსგესცჰიცჰტედერ ღეპუბლიკ Vენედიგ, Mიტ ბესონდერერ Bეზიეჰუნგ აუფ Bყზანზ უნდ დიე Lევანტე, Vომ ნეუნტენ ბის ზუმ Aუსგანგ დეს ფüნფზეჰნტენ ჟაჰრჰუნდერტს, ჰრსგ. ვ. G. L. Fრ. თაფელ უნდ G. M. თჰომას, I. თჰეილ (814-1205) [Aმსტერდამ, 1964], გვ. 464-488; Fრიედრიცჰ ჭილკენ, Gესცჰიცჰტე დერ Kრეუზზüგე ნაცჰ მორგენლäნდისცჰენ უნდ აბენდლäნდისცჰენ Bერიცჰტენ, Bდ. 5 (Lეიპზიგ, 1829), გვ. 3-8.
95. Uრკუნდენ ზურ äლტერენ Hანდელს- უნდ შტაატსგესცჰიცჰტე დერ ღეპუბლიკ Vენედიგ (იხ. შენიშვნა 95), გვ. 476.
96. არსებობს აგრეთვე 1204 წელს ჯვაროსნების მიერ პეტრიწონის მონასტრის დარბევის ცნობა (მენაბდე [იხ. შენიშვნა 4], გვ. 274), რომლის ნახვის საშუალებაც მე არ მქონია. ასეთ შემთხვევაში 1204 წლისთვის ბიზანტიაში ლათინების და ქართველების მეგობრული დამოკიდებულების თეზა შეიძლება გარკვეული ეჭვის ქვეშ დადგეს, თუ აქ საქმე არ გვაქვს ცალკეული მძარცველური ჯგუფის ერთჯერად და შემთხვევით მოქმედებასთან.
97. ნიკიტა ხონიატე ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის იმპერიის ტერიტროიის გადანაწილების შესახებ გვაწვდის შემდეგ ცნობას: „როდესაც იმათ [ჯვაროსნებმა] დაიწყეს წილის ყრა ქალაქებისა და ქვეყნების გასანაწილებლად, უნდა გენახათ და გაგკვირვებოდათ ამ ბისტგადაკრულ კაცთა შეუდარებელი უგუნურება, უფრო შესაფერისად რომ ვთქვათ, სიგიჟე. თითქოს უკვე მეფეთ-მეფეები გამხდარიყვნენ და მთელი დედამიწა ხელში ჰქონოდათ, რომაელთა სამფლობელოების აღმწერლები დანიშნეს იმ სურვილით, რათა წინასწარ სცოდნოდათ რა ყოველწლიური გადასახადები შემოუვიდოდათ, და ამრიგად შემდეგ ისინი გაეყოთ ერთმანეთში წილისყრით, ხოლო სხვა ტომებსა და მეფეებთან არსებული მოხარკე სამფლობელოები და სახელოები მაშინვე გაინაწილეს; ასეთ ბედში მოხვდნენ: მდიდარი და ნილოსის გასწვრივ მდებარე ალექსანდრია და ლიბია, ლიბიიდან ნუმიდიამდე და ღადირამდე გადაჭიმული მხარეები, პართელები და სპარსელები, შემდეგ აღმოსავლელი იბერები და ასირიის ქვეყანა, ჰირკანელები და რაც კი აღმოსავლეთით უდიდესი მდინარეების წყლებით არის შემოსაზღვრული“ (გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, გამომც. სიმონ ყაუხჩიშვილი, ტ. 6 [თბილისი, 1966], გვ. 137-138). ნიკიტა ხონიატეს, როგორც ბიზანტიელის პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია კონსტანტინეპოლის საშინელი ტრაგედიის შემდეგ. შესაძლოა ნიკიტას ცნობა გამოძახილი იყოს ლათინთა მომავალი გეგმების, როდესაც ისინი ეგვიპტეზეც აპირებდნენ თავდასხმას თუ ჯვაროსნულ ლაშქრობას. მაგრამ ბიზანტიის გაყოფის ლათინურ ტრაქტატში მოხსენიებულია მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიები.
98. ამ ვარაუდს შეიძლება ისიც უმყარებდეს ზურგს, რომ დასტურდება მანამდე IV ჯვაროსნული ლაშქრობის მეთაურის, ბონიფაცი მონფერატის, ორი ძმის კავშირი ქართველებთან. კესაროს რაინერ მონფერატის მეუღლე, მანუელ I-ის შვილი მარია, 1180-1181 წელს გამოდის მანუელის ბოლო ცოლის, ლათინი მარიას და პროტოსევასტოს ალექსის წინააღმდეგ, რომელთაც მანუელის გარდაცვალების შემდეგ და ალექსი II-ის მცირეწლოვნების პერიოდში ხელში ჩაიგდეს ქვეყნის მართვის სადავეები. მარიას რაზმში ვხედავთ დაქირავებულ ქართველებს, რომლებიც გარკვეული დავალებებით იყვნენ ჩასულნი კონსტანტინეპოლში (გეორგიკა [იხ. შენიშვნა 97], გვ. 128). XII საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში კონრად მონფერატი ეხმარება ისააკ I ანგელოსს ალექსი ვრანას აჯანყების ჩახშობაში. ამისთვის კონრადის მიერ დაქირავებულ მეომრებს შორის იყვნენ კონსტანტინეპოლში მყოფი იბერებიც (გეორგიკა [იხ. შენიშვნა 97], გვ. 129).
99. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
100. Die Kreuzfahrer erobern Konstantinopel (იხ. შენიშვნა 95), გვ. 220. რაკი ოინაიონი და სინოპი უშუალოდ ალექსის – და არა დავითის – სამფლობელოში შედიოდა, ეს ისევ ეჭვს ქვეშ შეიძლება აყენებდეს ლათინთა და ქართველთა თანამშრომლობის თეზას ამ დროს. მაგრამ ფაქტია, რომ ბიზანტიის გაყოფის ტრაქტატი ტრაპიზონს და ყირიმის ტერიტორიებს არ ახსენებს. შეიძლებალათინებმა თავისი პოზიციიდან დათმეს გარკვეული ნაწილი. ხოლო კომნენოსებმა დაიკავეს ელემენტარულად უფრო მეტი. ძმებს შორის ტერიტორიების გადანაწილებისას კი ის ქალაქებიც აღმოჩნდა ალექსის ხელში, რომლებიც ტრაქტატის მიხედვით ლათინი იმპერატორისთვის იყო განკუთვნილი.
101. Die Kreuzfahrer erobern Konstantinopel (იხ. შენიშვნა 95), გვ. 207-208; გეორგიკა (იხ. შენიშვნა 97), გვ. 130-131.
102. იხ. ზემოთ შენიშვნა 87, 88 და 89.
103. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 102-104; შდრ. ასევე: Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 22-26.
104 Norwich (იხ. შენიშვნა 36), გვ. 221; Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 39.
105. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 102-104.
106. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 106-110.
107. Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 30.
108. Gerland (იხ. შენიშვნა 47), გვ. 102-104; შდრ. ასევე: Vasiliev (იხ. შენიშვნა 72), გვ. 22-26.
109. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
110. აღნიშნული აქციის შეფასება, ბუნებრივია, ამ სტატიის მიზანი არ არის.
111. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
112. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
113. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
114. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.
115. ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გამომც. ს. ყაუხჩიშვილი (იხ. შენიშვნა 1), გვ. 141-143.

Комментариев нет:

Отправить комментарий