მსოფლიო ისტორიაში ვერაგობითა და სისასტიკით გამორჩეულ დამპყრობელთა შორის თემურ ლენგს გამორჩეული ადგილი უკავია. ლენგი - კოჭლს ნიშნავდა. გათურქებული მონღოლური ტომის - ბარლასთა შთამომავალი ერთ-ერთი ბრძოლის დროს ფეხში დაჭრილა და დაკოჭლებულა. XX საუკუნეში, როცა მეცნიერებმა სამარყანდში მისი საფლავი გათხარეს და ჩონჩხი შეისწავლეს, გაირკვა, რომ ცალი ხელიც გაშეშებული ჰქონია. ხეიბარ დამპყრობელს ეს სულაც არ უშლიდა ხელს წარმოუდგენელი სისასტიკის ჩადენაში. მას სისთანის ციხის კედელში 2000 კაცი ჩაუყოლებია, ისფაჰანში 70000 კაცი სიკვდილით დასაჯა და მოჭრილი თავებით გორაკები ააგო, ინდოეთში ცოლ-შვილის თვალწინ 100000 ტყვე დახოცა, სივაში 4000 სომეხი ცოცხლად დამარხა.
ასეთი სისასტიკით ცნობილი დამპყრობელი 1386-1403 წლებში რვაჯერ შემოესია საქართველოს. თემურ-ლენგის კარის ისტორიკოსი შერეფ ედდინ ალი იეზდი საქართველოს დაპყრობის მიზეზად „ყაენის სარწმუნოებრივ გულმოდგინებას ასახელებს“... „სწადდა ქვეყანა გასათათრებლადო“ - აღნიშნავს ბერი ეგნატაშვილი (1: 336). თემურის საქართველოში თარეშის ძირითადი მიზეზი მაინც თეთრი ურდოს ყაენთან თოხთამიშთან დაპირისპირება იყო, „მათმა ორთაბრძოლამ მოიყვანა თემური პირველად საქართველოში 1386 წ. ე.წ. „სამწლიანი“ ლაშქრობის დროს“ (5: 60). „საქართველო აღმოჩნდა ორ მოწინააღმდეგე მხარის - თემურ-ლენგის და თოღთა27 მიშის პოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთის ცენტრში“ (7:95).
თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად იავარქმნილი და განადგურებული იქნა სოფლები, ქალაქები. გაჩნდა ტერმინები „ნასახლარი“, „ნავენახარი“, „ნაფუძარი“, „ნასოფლარი“, „ნაქალაქარი“, „პარტახი“... „აოხრდა და განადგურდა მთელი საქართველო: სხვაფრივ ნაწილობრივ დაზიანების გარდა 700 სოფელი და ქალაქი მიწასთან იქნა გასწორებული“ (10: 315). ქართველთა მეფე „დაჭრილი ვეფხვივით იბრძოდა ტყეებსა და ვიწროებში“, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა ისედაც სისხლით გახელებულ ავაზაკს.
1400 წლის გაზაფხულზე, საქართველოში მეექვსედ შემოსევის დროს, თემურ ლენგმა ქსნის ხეობაშიც ილაშქრა. ქვემო ქართლის, თბილისისა და მუხრანის მოოხრების შემდეგ, თემურის ურდო ქსნის ხეობაში ერისთავ ვირშელის წინააღმდეგ დაიძრა. „ისტორიკოსი ფასიჰი ხაფი ამ ხეობაში თემურლენგის ლაშქრის შესვლას აქაური ხალხის ხელიდან „მუსლიმანი ტყვეების“ გამოხსნის საჭიროებით ხსნის. ასეთი ტყვეები მართლაც შეიძლებოდა ყოფილიყო აქ, რადგან ერისთავი ვირშელი თან ახლდა გიორგი მეფეს ნახიჩევანის ლაშქრობაში, საიდანაც საქართველოს ლაშქარი დაბრუნდა დიდი ალაფითა და ტყვეებით“ (6: 696).
ქსნის ერისთავთა საგვარეული მატიანის „ძეგლი ერისთავთას“ ცნობით: „მოვიდა თემური სამანგანელი ყოვლითა სპითა ჩაღანელ-ქაშანელ საყალბელ-ნაჰრომელ ინდუსტანელითა და ყოვლითა სპარსეთისა და აღმოსავლისა ლაშქრითა, დიდი რისხვითა და გულის წყრომითა. მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისას დედა-წულითა და ჯოგითა და თანაყვა კათალიკოზი ელიაზ ყოვლითა საყდრიშვილითურთ და ხიზნითა დიდითა და ჯოგითა და ცხურითა“ (4:359).
ბეხუშე პატარა ლიახვის სათავეებთან არსებული კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე იყო. როგორც ჯ. გვასალია შენიშნავს, „თემურ ლენგის შემოსევის დროს ბეხუშე ფიგურირებს როგორც ერისთავის და ქართლის კათალიკოსის თავდაცვის მთავარი პუნქტი“ (2: 69).
როცა მტერი პატარა ლიახვის სათავეებს მოადგა, „ვირშელმა უკუაყენა ხიზანი და დედაწულნი და თვით დადგა ბეხუშეს გარეშე ციხესა“ (4: 359).
თემურ-ლენგის მოწინავე მარბიელ ჯარს ადვილად გაუსწორდნენ ვირშელის მშვილდოსნები და უკან დაახევინეს. განრისხებული მტერი მრავალრიცხოვანი ჯარით გადავიდა იერიშზე. ვირშელ ერისთავი აზნაურიშვილებთან ერთად პირადად დახვედრია მტერს, „ჩამოეგებნეს აზნაურიშვილები და იწყეს სროლად ისრითა და დაუხოცეს ცხენები და დაკოდეს მრავალი ისრითა და გამოხსნეს ჰომითა“ (4: 359). გადამწყვეტი ბრძოლის წინ მომხდური იმ სიმრავლით შეესია ბეხუშეს, რასაც ვიწრო ხეობა დაიტევდა: „ჰკრეს ქოსსა და შეკრბეს სიმრავლითა დიდი და წამოემართნენ ხევთა, ტყეთა, კლდეთა და მოჰმართეს ციხესა ბეხუშისასა“. ქართველებმა ხმლები იშიშვლეს და ხელჩართულ ბრძოლაში მტერს უკან დახევინეს. „მრავალი მოკუდა მათგანი“. გამარჯვებული ერისთავი ქნოღოს გაემგზავრა ოჯახის სანახავად.
შეუტყვია რა ვირშელის სტუმრობა ვინმე ქნოღოელ ხარებას, დვალებისათვის უცნობებია ერისთავის სტუმრობის შესახებ. მეფისა და ერისთავის მოღალატე დვალელები იმავე ღამეს ჩასულან ქნოღოში, მაგრამ ვირშელი დროზე გასცილებია ქნოღოს. როგორც ვ. ღუნაშვილი შენიშნავს „ქნოღოში ვირშელი სამხედრო რაზმის გარეშე უნდა ასულიყო, რასაც წაუქეზებია ქნოღოელი ხარება“ (8: 97). მოგვიანებით, გიორგი VII-მ დვალელებს რამდენიმე გზის ღალატი არ აპატია და ორგულობისათვის ერისთავ ვირშელსა და არაგვის ერისთავ სურამელთან ერთად დვალეთში გაილაშქრა. შეერთებულმა მხედრობამ ხელთ იგდო დამარცხებული დვალების დიდი დავლა და „დაფლული მრავალი განძი“. ვირშელმა სასტიკად იძია შური ხარებაზეც, ქნოღოს თემურთან ბრძოლაში გადარჩენილი ლაშქრით შეესია, ხარება და მისი მომხრეები „შეაწყუდვინა ციხესა შინა და დახოცნა ყოველნივე და დააქცივნა ციხენი მათნი და დაწუა ქუეყანაი მათი“ (4: 360).
ვირშელს მაინც გამოუჩენია გულმოწყალება და სიკვდილით არ დაუსჯია ხარებას სამი წლის შვილი, ცოლი და ძმა. „განუტევა შვილი ხარებისა სამისა წლისა ყრმაი და მისცა დედასა მისსა და ერთი ძმაი ხარებაისაი“ (4: 360). ცხრაზმის ერისთავთან დამარცხებული თემურ ლენგი კი საამილახვროს შეესია. ჯანიბეგ ზედგენიძეს დიდი წინააღმდეგობა გაუწევია მტრისთვის, მაგრამ ბოლოს გატეხილა და ტყვედ დანებებულა... საამილახვროდან სამთავისის გზით გორისკენ დაიძრა დამპყრობელი. გზად ჩვეული სისასტიკით ანადგურებდა ყველას და ყველაფერს.
გამარჯვების მიუხედავად მძიმე დაღად დააჩნდა თემურ ლენგის ლაშქრობა ცხრაზმის საერისთავოს. მტერს დაუნგრევია ერისთავ იოანეს აშენებული ლარგვისის ეკლესია. კ. ტაბატაძის აზრით, თემურ-ლენგი ლარგვისამდე უნდა ასულიყო (6: 696). პ. ზაქარაიას მიხედვით კი მტერს ქარჩოხის ხეობაშიც ულაშქრია და დაუნგრევია ქარჩოხის (ცხმორის) ციხის გარკვეული ნაწილიც (3: 68). რაც შესაძლებლად მიაჩნია ვ. ღუნაშვილს, „სრულად შესაძლებელია თემურის ლაშქრის ერთი რაზმი აჰყოლოდა მდ. ქსნის ხეობას, დაენგრიათ რაც ადვილად დასანგრევ-გასაპარტახებელი იყო, მათ შორის ქარჩოხის გარკვეული ნაწილი“ (7: 100).
„ძეგლი ერისთავთას“ ავტორი ავგაროზ ბანდაისძე იმ მძიმე შედეგებზე მიგვანიშნებს, რაც თემურ-ლენგის ლაშქრობას მოჰყვა ცხრაზმის საერისთავოში. ცხრაზმელთა ერისთავს დარჩენია „ზემოი თავადი ციხე ქუენიფნევს და სახლები: ი (ათი - დ.ა.) და ციხე ქოლოთისაი, ციხენი ისროლისანი, ციხე ბეხუშისაი, ციხენი უკანუბნისანი, სახლი ნაკაფოვნისაი და სახლი წინუბნისაი და სხუა ყოველი აღაოხრეს“ (4: 360).
თემურ-ლენგის ლაშქრობის შედეგებზე საუბარია ლარგვისის პარაკლიტონის მინაწერშიც, სადაც „ძეგლი ერისთავთას“ ავტორის ავგაროზ ბანდაისძის შვილი გრიგოლი მოგვითხრობს მომხდურთა ლაშქრობისა და მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ: „დააქცივნეს საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი და აღუხუნეს ყოველნი ციხენი. მას ჟამსა შინა დამიცვა ღმერთმან ხელთაგან მათთა და ვტიროდი თავსა ჩემსა მე, გრიგოლ ბანდაისძე ავგაროზის შვილი. დაწვისაგან მოოხრებული აღვაშენე ხუთი სახლი... და საფლავსა ზედა ჩემსა აღვაშენე კარიბჭე და დავხატე ხელითა ჩემითა... შიგნით ეკლესია მოვხატე და შევამკე ყოველი მოშლილი ხატები...“ (9: 204-205).
რბევის, აოხრების, განადგურების და, რაც მთავარია, დიდი მსხვერპლის ფასად ბეხუშესთან ბრძოლაში თემურლენგის დამარცხება სიამაყის განცდას გვიტოვებს.
დამოწმებანი:
1. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, „ქართლის ცხოვრება“, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959.
2. გვასალია ჯ., აღმოსაველთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.
3. ზაქარაია პ., სიმაგრეთა ერთი უცნობი სახე, კრებულში „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, XVIII, 1962.
4. მესხია შ., „ძეგლი ერისთავთა“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ისტორიისათვის, ნაკვ. 30, 1959.
5. ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, 1974.
6. ტაბატაძე კ., თემურ-ლენგის მეხუთე (1399წ.) და მეექვსე (1400წ.) შემოსევები საქართველოში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, 1979.
7. ღუნაშვილი ვ., ნარკვევები ქსნის ხეობის წარსულიდან, I, 1997.
8. ღუნაშვილი ვ., ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია, თბ., 2005.
9. ჟორდანია თ., ქრონიკები, II, 1899.
10. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, III, 1966.
Комментариев нет:
Отправить комментарий