21. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ 1686 წლის 22 დეკემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ღრმად პატივცემულო ბატონო, ფრიად ღირსეულო და დიდად თაყვანსაცემო პატრონო
ვიცი, რომ თქვენი მოწყალება არის ჩიბოს2 კეთილშობილთა საგვარეულოდან, რომელიც ჩემს რელიგიურ გრძნობებს ყოველთვის გულკეთილობით ასაზრდოებდა. არაერთხელ განვიცადე თქვენი მოწყალებისა და თქვენი ძმის, უგანათლებულესი ჰერცოგის, ასევე მთელი თქვენი მოდგმის სიკეთის მასულდგმულებელი ძალა, სწორედ იმ წელს, როცა თქვენი წყალობით ანტონაში3 ვქადაგებდი. აქედან გავემგზავრე ამ მხარეებში, რომელშიც დავტოვე სიყმაწვილე, ჯანმრთელობა და ნუთუ აქ ავაღორძინებდი უმადურობას დედა-რელიგიისადმი. ყოველთვის მწამდა, რომ ვიქცევი ისე, როგორც ღმერთს სურდა, როგორც ესიამოვნებოდა მის მაღალ უსამღვდელოესობას, ჩემს პატრონებს, უფრო კი თქვენს მოწყალებას და ჩემი და მოყვასის სულების სასარგებლოდ ღირსეულად ვექცეოდი ყველა მათ მიერ წარმოდგენილ და გამწესებულ [მამებს]. თუ ასე არ ვირწმუნებდი, უცნობ საქართველოში, მიუხედავად შვიდი წლის მანძილზე მძიმე პირობებისა, მე უფრო, ვიდრე სხვა რომელიმე დან (არ იკითხება), 20-ზე ნაკლები დღეც საკმარისი იქნებოდა ყველა მტკიცე კვანძები ჩამეჭრა, რათა უკან გავბრუნებულიყავი, სახელოვან გმირად წარვმდგარიყავი და ამ მისიონს4 შვიდი წელი არ მივეჯაჭვებოდი. მე საწყალი! იმდენად უმეცარი ვარ, რომ უფლისაგან მეტ დიდებასა და პატივს მივიღებ, თუკი 20 წლის მტკიცე ძღლუმადურ ჭაპანს ბოლოს მოვუღებ იმ დროს, როცა იტალიის საუკეთესო ქალაქებში შემეძლო ჭეშმარიტად თავის მოწონება იმდენი ენის [ცოდნის]5 წყალობით, რომელიც მოწყალე ღმერთმა გამომიგზავნა. ისე კი, ამიერიდან თითოეულს, როგორც მოესურვება ისე შეუძლია ჩირქი მომცხოს და თქვენი მოწყალების წმინდა სასმსჯავროს წინაშე ჩემი საქციელი უკუღმა წარმოადგინოს. თუმცა ვიცი, რომ თქვენი ანგელოზური და სამართლიანი მსჯელობის წინაშე ჭეშმარიტება არ დაიჩრდილება; არ ვაპირებ საკუთარი თავის გამამართლებელი საბუთების მოტანას; პირიქით, ვგრძნობ როგორ ხარობს ჩემი გული, როცა თქვენს მოწყალებას ყველა ჩემს კეთილისმყოფელთა ყურადღებით მოსმენას ვთხოვ, თუკი ეს მისიონს სასარგებლო სამსახურს გაუწევს. ნუ მომაჭრიან თავს ათჯერ, რადგან გორის მისიონი - ჩემი დამსახურებაა. მე იგი დავაფუძნე, ავაგე, შევინარჩუნე და ვმართავდი 7 წელზე მეტხანს; ამის მოწმენი არიან ღირსეული მამა
სტეფანო დ’ამ6 (არ იკითხება), მამა რაფაელე და პარმა7 და ფრა’ ანჯელო და ვიტერბო8. მათ იციან, თუ როგორ ვხელმძღვანელობდი [გორის მისიონს] და როგორ მოვაქციე [კათოლიკურ] რწმენაზე 150 სული, რაც ჩვენი ეკლესიის დიადი ჯილდო იყო; დაე, ჰკითხონ მამა ფრანჩესკო მარია და ტორინოს, მამა ბერნარდო მარია და ნაპოლის და ძმა პოლიკარპო და ნაპოლის, რადგან მათ დამამტკიცებელ საბუთებს ვენდობი9. იმ მისიონის
ხელმძღვანელობიდან გათავისუფლება მე მოვითხოვე; შემდეგ არა ერთხელ ვიხვეწებოდი, რაზეც დამემოწმება მამა ბერნარდო მარია, რომელსაც ვენდობი, რათა [გორის მისიონს] თავისი წინანდელი დიდება არ დაეკარგა. მე იქ არ დავდივარ და არ მინდა რამე დავწამო მას, ვინც [გორის მისიონს] მართავდა და [ახლა] მართავს. მამა ბონავენტურა და ლუკას და (არ იკითხება) მამების დიონიზიო და პიაჩენცას და კარლო პეშას მოსვლის შემდეგ როგორ ვამარაგებდი მას (გორის მისიონს-ავტ.) ხანგრძლივად სურსათით და სხვა საჭიროებებით ისე, რომ დამატებითი ხარჯები არ მომითხოვია; ვერც იმას დავადასტურებ (არ იკითხება), გამოიღო თუ არა მან ნაყოფი. ამის მიზეზი უნდა ახსნას მამა დიონიზიომ, რომელიც ყველაზე მეტხანს ედგა მას10 სათავეში; მამა ბერნარდო მარიას წასვლის შემდეგ, მამა ჯუზეპე და ბოგონიანო მისიონიდან გაქცევას აპირებდა, თუკი მე არ დავთანხმდებოდი მისი ხელმძღვანელობის ხელში აღებას. ავადმყოფი, თითქმის მკვდარი, საჯარო და ნამდვილი ნებართვის საფუძველზე (არ იკითხება), რამდენიმე თვის გამოკლებით, მამა ბერნარდო მარიას წასვლის შემდეგ, მისიონს მუდამ მე ვმართავდი. თქვენმა მოწყალებამ მამა ბერნარდო მარიასაგან11 იცის, რომ მისი უფროსობის დროს ჩვენს სარწმუნოებაზე ახალ მოქცეულთა რიცხვმა ძლივს მიაღწია 30-ს და თუ ახლა მე, ვისაც გადავცემ მისიონს, ის 300-ზე მეტ კათოლიკეს მიიღებს, რასაც თქვენს წმინდა ლოცვებსა და კურთხევას ვუმადლი; დაე, მხოლოდ ოთხი თვის გასვლის შემდეგ თქვენს მოწყალებას გადასცენ დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მიდის სარწმუნოების გავრცელების საქმე და ვნახოთ, მოიმატებს თუ არა [კათოლიკეთა რიცხვი]. ვნახე და ვიცი ყველა მისიონერი, რომლებიც ჩემამდე, ჩემთან ერთად და ჩემი [გარიცხვის] შემდეგ ამ მისიონში იყვნენ. მათი რიცხვიდან პრეფექტებმა მამა სერაფინომ12 და მამა ჯუზეპემ13 [ქართული] ენა ვერ ისწავლეს და მისიონისათვის არავითარი სარგებლობა არ მოუტანიათ; მათგან, ვინც ჩემთან იყო და ჩემს შემდეგ არის, მხოლოდ მამა ბერნარდო მარიაა, რომელმაც [ქართული] ენა იცის და ისიც ძლიერ იბნეოდა; ვერ იტყვი, რომ [ქართულ] ენას ფლობდა მამა რაფაელე [და პარმა] და მამა ბონავენტურა [და ლუკა], რადგან მათი ცოდნა იმის იქით
არ მიდიოდა, რაც ექიმობისათვის არის აუცილებელი; ისინი იქ, თქვენს გვერდით იმყოფებიან და შეგიძლიათ ჰკითხოთ, აღსარება მიუღიათ თუ არა თუნდაც ერთი პირისაგან; სხვა დანარჩენთ, თავშიც არ მოსვლიათ ქართული ენის სწავლა, მათ მისიონი არ უყვართ და ახლა მთებში დაეხეტებიან. თქვენმა მოწყალებამ და ჩემმა უფროსებმა იციან, რომ ისინი არასოდეს გამიხელებია წერილებით ანდა საჩივრებით. დაე, მოინახოს თუნდაც ერთი მისიონერი, რომელიც თავისუფლად გეტყვით, რომ მე მას ვეჩხუბებოდი ანდა ვაძაგებდი; თქვენი მოწყალება ასეთ ადამიანს უფრო უნდა ერწმუნოს, ვიდრე იმას, ვინც ჩემზე არ ლაპარაკობს. კურთხეული ღმერთის იმედი მაქვს, რომ ჩემი მოქიშპეები, უფრო სწორად მისიონის მოწინააღმდეგეები, როცა მოინდომებენ სამოთხის კარის გავლას, იძულებულნი გახდებიან ერთ-ნახევარი ფურცელი მოანდომონ მონანიების წერილს, როგორც პოლიკარპო და ნაპოლიმ, რომელმაც უარყო ყველაფერი ის, რაც მისიონერების წინააღმდეგ ჰქონდა ნათქვამი და თავისი ბოროტი საქციელის გამო ყველას, მათ შორის კატებსაც კი, პატიება სთხოვა; სწორედ ასე წერს ძმა პოლიკარპო და შეგიძლიათ თვით მას ჰკითხოთ. და თუკი, მისიონში ყოველთვის მბრძანებლობას ვიჩენდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მსახურება ითხოვდა; ენების14 ცოდნამ ავტორიტეტი მომიხვეჭა და ეს აუცილებელი იყო იმის გამო, რომ სხვადასხვა წოდების ადამიანებს შორის ვტრიალებდი. მათ შორის იყვნენ წარჩინებულები და უბრალო ადამიანები და ყოველთვის პირველ ადგილზე მისიონის ინტერესებს ვაყენებდი. არასოდეს უსაქმოდ არ ვყოფილვარ და თუ ამბობენ, რომ ოდესმე მისიონერების მიმართ უხეში ანდა უსამართლო ვიყავი, დაე, ზუსტად მიუთითონ, როდის, სად და როგორ იყო ეს; და თუ ჩემზე ჩივიან მიწიერი ბერები, მაშინ მზად მაქვს პასუხი. ამ სამყაროში შური ყოველთვის ძლიერია და თავისი გააქვს; მე ვმუშაობდი სამი პრეფექტის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელთაგან ერთ-ერთი მამა სტეფანო აქამდე ცოცხალია; არც ერთი მათგანისაგან საყვედური არ მიმიღია, პირიქით, ისინი მავალებდნენ მისიონების მართვას და სამჯერ, როცა აქედან წასვლა დავაპირე, მათ გამიწიეს წინააღმდეგობა. დაე, თქვან მამებმა სტეფანომ15, ბერნარდო მარიამ16, რაფაელემ17, ხოლო სხვებმა კი დაწერონ. ქართულ ენაზე არსებობს ერთი ანდაზა, რომელიც დამახასიათებელია [ქართული] სიბრძნისათვის: „რაც გონებისთვის გაუგებარია, იგი დაუჯერებელია“18; კაპუჩინი, უფრო ზუსტად მისიონერი, რომელიც არ მიუტევებს ამხანაგს, არაფერს თაკილობს. საიდან შემეძლო ისეთი ძალის მოკრება, რომ მისიონიდან მისიონერები გამეძევებინა ანდა რა ადამიანი, რა მღვდელი ვიქნებოდი მაშინ, თუ ასეთი რამ აზრად მომივიდოდა. ამაზეა ქართული ანდაზაც: რაც გონებისთვის გაუგებარია, მისი დაჯერება არ შეიძლება. მამა რაფაელემ19 იცის,რამდენი ვეხვეწე მას წერილობით, რომ არ წასულიყო; მამა ბერნარდო მარიამ20 იცის, რამდენი ვთხოვე მას, მისიონი არ დაეტოვებინა, თუმცა მორჩილების ორი აღთმა დავდე; ასევე ვარწმუნებდი ძმა პოლიკარპოს21. დაე, დაადასტუროს მამა ბონავენტურამ22, როგორ ვთხოვე მთავარს23 ჩარევა, რათა მას წასვლაზე ხელი აეღო და როგორი ტაქტითა და მორჩილებით შეასრულა მთავარმა24 ჩემი თხოვნა. დაე, ამის შესახებ თქვას მამა ბონავენტურამ25; მაგრამ არაფერმა უშველა. მამა დიონიზიოს26 სახელით მისიონის დესპანად წარვსდექი სპარსეთში, ასევე რომის ეკლესიასთან გაერთიანების ინტერესებში წარმოვადგენდი აქაურ მთავრსაც27. სწორედ ამ დროს მამა დიონიზიომ მისიონი დატოვა. არ ვიცი, რის გამო მახლავს მცირე წარმატებები წმინდა კონგრეგაციის მსახურებაში და ვაწუხებ თქვენი მოწყალების წმინდა თავს, რომელსაც, დე, ღმერთმა მეწამული კაპორი აღირსოს, რადგან იგი ჩემთვის ყოველთვის იქნება სიყვარულისა და წყალობის წყარო, როგორც ეს იყო ადრე და ახლაც გრძელდება. და თუ ვინმესთვის უსარგებლო ვარ, დაე, უარი მითხრან; დე, აქ ჩამოვიდნენ ყველაზე საუკეთესონი, დაე, ქართულ მიწაზე ეწვალონ და მაშინ ვნახავთ, ვინ რად ღირს. თუკი უფალი ოდესმე თქვენს წმინდა საზღვრებში მოსვლის წყალობას მაღირსებს, ან გავაღწიო ამ მხარეებიდან, ევროპის ყველაზე ველური კუთხე ჩემთვის ტაძარი იქნება. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი მოწყალების ბრძანებებს, როგორც ეს ჩემს გულს სურს, ისე სწრაფად ვერ ვასრულებ: პირველი, იმიტომ, რომ შემახასა და მის მეზობელ მხარეებში შავი ჭირი მძვინვარებს, რის შესახებაც მწერენ წერილებში და საუბრობენ [ქართლის სამეფოს] კარზე; მეორე, ვერავის ვუტოვებ ამ საბრალო სულებს და არ მინდა დავუშვა, რომ ფუჭმა ლაპარაკმა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებაში ჩემი ძალისხმევა ნულამდე დაიყვანოს; დე, ვინც აქ უნდა ჩამოვიდეს, მალე მოვიდეს და მისიონი თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანოს; მესამე, იმ შეთანხმების გამო, რომელიც მაქვს აქაურ მთავართან28 და მის დიდებულებთან ჩვენს სარწმუნოებაზე მათი მოქცევისა და ჩვენს ეკლესიასთან გაერთიანების შესახებ; თუკი ეს მოხდება, მით უკეთესი, დიდად გავიხარებ. როგორც კი კურთხეული ღმერთი და თქვენი მოწყალება აქ მისიონის ახალ მეთაურს გამოაგზავნის, დაუყოვნებლივ გადავცემ მას მისიონის მეურნეობას, მრევლს და ვიქნები მის განკარგულებაში. სხვა წერილში ვიუწყებოდი, თუ რა ადვილად შეიძლება შემახაში მისიონის დაფუძნება და მისი შენახვა.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol. 31, f. 364r-367 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. უდავოა, წერილის ადრესატია სახელმწიფო მდივანი, კარდინალი ალდერანო ჩიბო-მალასპინა, რომელსაც ეს თანამდებობა ეკავა 1676-1689 წლებში.
3. ანტონა-პატარა დასახლება ფრიგიდოს დაბლობზე, იმავე სახელწოდების მთა ანტონადან ნახევარ გზაზე, აპუანის ალპებში. ტოსკანაშია, მასა-კარარას პროვინციაში.
4. იგულისხმება გორის მისიონი.
5. აღმოსავლური ენებიდან მან იცოდა ქართული, სომხური, თურქული.
6. უნდა იყოს სტეფანო და ამელია, ანუ სტეფანე ამელიელი, რომელიც 1669 წელს ჩამოვიდა თბილისის კაპუჩინთა მისიონში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235).
7. რაფაელე და პარმა, ანუ რაფაელე პარმელი, თბილისის კაპუჩინთა მისიონში ჩამოვიდა 1669 წელს (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235).
8. ანჯელო და ვიტერბო, ანუ ანჯელო ვიტერბოელი 1663 წელს ჩამოვიდა საქართველოში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235). ამ წერილის დაწერის დროს მას საქართველოში 23 წელი ჰქონდა ნამსახურები.
9. იგულისხმება გორის მისიონის.
10. ჩანს, ჯუსტინო და ლივორნოს შემდეგ გორის მისიონს სათავეში ჩაუდგა დიონიზიო და პიაჩენცა.
11. ცხადია, ბერნარდო მარია და ნაპოლი.
12. საუბარია კაპუჩინ მისიონერ სერაფინო და მელიკოკაზე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 1663 წელს და მისიონის პრეფექტი იყო 1663-1675 წლებში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 223, 248). 12 წლის მანძილზე, ირკვევა, სერაფინომ ქართული ენა ვერ ისწავლა.
13. საუბარია კაპუჩინ მისიონერ ჯუზეპე და ბოგონიანოზე, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 1663 წელს და მისიონის პრეფექტი იყო 1675-1686 წლებში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 223, 261). 23 წლის მანძილზე საქართველოში ყოფნით, ირკვევა, მან ქართული ენა ვერ ისწავლა.
14. ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენებიც იგულისხმება. ჩანს ჯუსტინომ, ქართული ენის გარდა, იცოდა სომხური და თურქული ენა.
15. ალბათ, სტეფანო და ამელია.
16. ალბათ, ბერნარდო მარია და ნაპოლი.
17. ალბათ, რაფაელე და პარმა.
18. „che non confà al cervello, è incredibile“.
19. ალბათ, რაფაელე და პარმა.
20. ალბათ, ბერნარდო მარია და ნაპოლი.
21. ალბათ, პოლიკარპო და ნაპოლი.
22. ალბათ, ბონავენტურა და ლუკა.
23. ცხადია, იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI (1677-1688).
24. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-მ.
25. ალბათ, ბონავენტურა და ლუკამ.
26. ალბათ, დიონიზიო და პიაჩენცა.
27. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ს.
28. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-სთან.
17 თვის წინ გორის პროვინცია ალაგოჯიდან1 ვწერდი, რომ მის მფლობელთან ანუ ხანთან ჩემი კარგი ურთიერთობის წყალობით, მოსაწონი იქნებოდა იქ მისიონის გამართვა და დასაწყისში ორი მღვდელი საკმარისია; ახალი მისიონერების ჩამოსვლის დიდი იმედი მქონდა, რადგან მათი დახმარებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მათ იმედი სრულად გამიცრუეს და გორში ხელახლა მისიონის გახსნასაც ვერ ვახერხებ. ვითვალისწინებდი, რომ ამ მამებიდან ძმა მიკელესთან ერთად ცხოვრება არავის სურდა, ხოლო მისი მარტო დატოვება იქ არ შემიძლია; აქედან თვით განსაჯეთ, როგორ გვჭირდება მისიონერები. და თუ თქვენი მოწყალება არ გამოგვიგზავნის ახალ მისიონერებს, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ.
მამა სილვესტრო და პასიკოლე და მამა ანჯელო და ფილინე თავიანთი საქციელით ადასტურებენ იმას, რომ ისინი ნამდვილი და ღირსეული მღვდლები არიან. ეს მამები დაუღალავად სწავლობენ ქართულ ენას და ყოველთვის ვეხმარები ჩემი მოკრძალებული ცოდნით; ისინი მისიონის მიმართ დიდ ინტერესსა და სიყვარულს ავლენენ. მაგრამ ძმა მიკელე შეიძლება აქ არ გამოეგზავნათ, თუმცა ვნახოთ, როგორ მოიქცევა შემდეგში. დიდი მწუხარებითა და თვალებზე მომდგარი ცრემლებით გავიგე იმის შესახებ, რომ აქ სურთ გამოაგზავნონ2 (ან თვითონ ითხოვენ ან ვინმემ შესთავაზა მათი კანდიდატურა [პროპაგანდას] დონ პიეტრო იარალაშვილი და დონ ჯოვანი ენიბეგაშვილი იმ მიზნით, რომ ისინი წარმოშობით ამ ქვეყნიდან3 არიან და აქ რწმენის გავრცელების საქმეში დიდ სარგებლობას მოიტანენ. მან, ვინც ეს კანდიდატურები წარადგინა, სრულიად არ იცის ამ მხარეებისა და ქალაქების ცხოვრება ანდა სურს წმინდა კონგრეგაცია ბოროტი განზრახვით მოატყუოს. პირველი, როგორც კი დამშვიდებული და ბედნიერი დონ ჯოვანი [ენიბეგაშვილი] აქ ჩამოვა, ის მაშინვე გამოცდის იმას, რაც იგემა ადამიანმა, რომელსაც გვერდებზე ჯოხები მოხვდა და ფეხებზე ბორკილები დაადეს, რადგან მას აქ ბევრი ვალი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამა-მისიონერებს მოუწევთ დიდი ძალისხმევა, რათა მას დაეხმარონ, რაც არაერთხელ მომხდარა და საკუთარი გამოცდილებიდანაც კარგად ვიცი.
1. „..da Alagogi nella provincia di Gori..“. „...გორის პროვინცია ალაგოჯიდან...“ ძნელია ზუსტად ითქვას „ალაგოჯი“ რომელი ადგილია დღეს. შესაძლებელია, ეს იყოს „ალაგირი“?
2. იგულისხმება რომიდან გამოგზავნა წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მიერ.
3. ე. ი. საქართველოდან.
ეს ადგილობრივი გაიძვერა და გაქნილი მღვდლები ნებას მისცემენ საკუთარ თავს, ქალაქში1 აქეთ-იქით იარონ და მღვდლებად იწოდონ; ბევრ მათგანს არა ერთხელ გახადეს ტანთ, სცემეს და ქვებით დასდევდნენ თვით დიდი წოდების მღვდლები და ხელისუფალნი. ამის შესახებ შეუძლიათ თქვან პარციგ ვართაპეტმა, ტომას ვართაპეტმა, ვართან ვართაპეტმა, მინას ვართაპეტმა, ავეტიკმა, ალექსანდრემ, გრიგორიმ და სხვა მღვდლებმა, რომელთა მიმართ საკუთარი ნათესავებიც ცუდად არიან განწყობილნი, რადგან ისინი კათოლიკობის აშკარა მოწინააღმდეგეები გახლავთ; რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ნადირობა და დევნა იმის მსგავსად, რაც ჩვენ არა ერთხელ გადავიტანეთ; და აქ ენის ცოდნა ვერ გიშველის, რადგან კვალი იმათ სხეულზეა, ვისაც ამ ცოფიანთა წინაშე თავი დარჩა მთელი; ეს რამდენჯერმე გამოვცადე და ვიცი, რასაც ვამბობ. და ამგვარად, გარდა ჩვენი სახლისა, მამა ჯოვანისა და პიეტროს სხვა თავშესაფარი არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ დაიწყება საშინელი კინკლაობა, რომელიც წარსულში ჯოვანის მამის ზალინას გამო ბევრჯერ მოხდა პატრებს შორის, რადგან ის ყოველთვის უკიდურესი უპატივცემლობით ეკიდებოდა მისიონერებს.
ჩვენს ქვეყნებში ქრისტეს სრულქმნილების (არ იკითხება) და განსაკუთრებით მათ გულითად მღვდელთმსახურთა წმინდანობასა და (არ იკითხება) წმიდა ეკლესიაზე, უწინარეს ყოვლისა, გარეგნულად იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ როგორ გამოვლინდება ეს რომში; მაგრამ არ იციან, რომ მამა ჯოვანიმ თავის დედას საკუთარი ხელით ყველაზე უღირსი წერილი მისწერა, რომლის შეთხზვა შეეძლო მხოლოდ სასოწარკვეთილ ადამიანს; მასში ის წყევლის იმ დღეს, როცა გაჩნდა ამ ქვეყანაზე და იმ საათს, როცა კათოლიკე მისიონერებს შეხვდა, წყევლის ნავსადგურს, საიდანაც გაემგზავრა იტალიაში, სადაც მას ისე ექცევიან, როგორც ძაღლს; ბოლოს ის წერს, რომ დედამისს ნუ ექნება ამ მატყუარებისაგან2 კარგის მოლოდინი და დააგდოს კათოლიკური სარწმუნოება. ეს წერილი ხელში ჩაუვარდა მამა პრეფექტს3, რამაც ძლიერ დაამწუხრა; ამ წერილმა კარგად დაგვაფიქრა და დავადგინეთ მისი დაწვა. ახლა, რადგან მამა პრეფექტს არ შეუძლია ამ ფაქტის დადასტურება, ფიცით ვდებ აღთქმას მის უტყუარობაზე, თუმცა იესო ქრისტეს უღირსი მღვდელი ვარ, მაგრამ თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური. და ამგვარად, თუკი ეს მღვდლები4 აქ ჩამოვლენ, ისინი პირველნი ჰკრავენ ფეხს კათოლიკურ სარწმუნოებას, დაარიგებენ წყევლას და ეკლესიისაგან განკვეთას, რადგან მისიონერებს მათი უზომო მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ; საკმარისია ისიც, თუკი ისინი ისეთნი დარჩებიან, როგორებიც სასკოლო ასაკში იყვნენ. მისი5 მეუღლე წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა; მას შეუძლია დარჩეს იქ, სადაც ამჟამად იმყოფება და რწმენაში სრულყოფას მიაღწიოს. დონ პიეტროს მისი უსამღვდელოესობა უნდა გაეცნოს; ის აქ გაუწონასწორებლობით გამოირჩეოდა; ქალაქში ამბობენ, რომ, თუ ის რომიდან ბევრ ღირსებას არ (არ იკითხება), დაანგრევს მთელ კათოლიკობას ამ ქვეყნებში და თუ ის აქედან შორს იქნება, ვერაფერს ავნებს. წარმომავლობით ის ქალაქში ყველაზე ცნობილი გვარეულობიდანაა, მაგრამ სიღარიბითაც ერთ-ერთი პირველია და დიდი გაჭირვებით გააქვთ თავი. თუკი ისინი აქ ჩამოვლენ, ძალიან შეიცვლებიან. პირველი, მისიონში მე არ ვიქნები; მთელი არსებით ვუთანაგრძნობ გაჭირვებაში მყოფ (არ იკითხება) საწყალ მისიონერებს და აქაურ კათოლიკეებს, რომელთაც მათთან ექნებათ საქმე.
თქვენს მოწყალებას შეუძლია მენდოს, რადგან აქ დავბერდი და მთელი სიგრძე-სიგანით ვიცნობ აქაურობას. მეც გამოვცადე მათი საშინელი დევნა; დაე, მოწყალე ღმერთმა მათხოვრად მაქციოს ამქვეყნად და ეს ჩემთვის დიდი ნუგეში იქნებოდა. თხოვნა, რომელიც თქვენს მოწყალებას გავუგზავნე ალაგ(არ იკითხება)დან6 ეხებოდა იმ ვითარებას, რომ აქაური ადგილების (არ იკითხება) ყველა ერმენიზმი (ერმენისმო)7 ითხოვს წირვის დაყენებას სომხურ ენაზე და თავისი შეხედულებისამებრ გამორიცხავენ ლოცვას მოწყალებაზე. თუკი ეს მათთვის რთულია, მე (არ იკითხება) მის უსამღვდელესოება ეპისკოპოსს აბრანელოდან8 ამ ენაზე გამოცდა [ჩავაბარე]; და (არ იკითხება) მამა-დომინიკელების შესახებ სხვა წერილში ვწერდი და არაერთხელ ველაპარაკე მამა პრეფექტს, თუ როგორ შეიძლება მარტივად ჭეშმარიტი პროვინციის შექმნა. ჩვენ მასთან მაშინ ყველაფერზე შევთანხმდით, მართალია, იმ პირობით, რომ მისიონერები გვეყოლებოდა, რომლებიც ღმერთის, მისიონისა და რელიგიის მიმართ თავდადებულნი იქნებოდნენ.
ახლა ჩვენთვის ძალიან ადვილია ოსებში შეღწევა, რადგან აქაურ მთავარს9 მათი მრავალი სოფელი ექვემდებარება. ასევე იმის გამოც, რომ ის10 დაუმოყვრდა ჩერქეზების მთავარს, რომლის ქალიშვილი მის ვაჟიშვილს ცოლად შერთეს; ეს ქალიშვილი უკვე აქაა, რომლის წყალობით ამ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო კავშირი და მეგობრული ურთიერთობები დამყარდა. მე ხშირად მქონდა საქმე ამ და სხვა ხალხთან.
1. იგულისხმება ქალაქი თბილისი.
2. ე. ი. კათოლიკე მამა-მისიონერების.
3. იგულისხმება თბილისის კაპუჩინთა მისიონის პრეფექტი ჯუზეპე და ბოგონიანო.
4. ცხადია, იგულისხმებიან დონ პიეტრო იარალაშვილი და დონ ჯოვანი ენიბეგაშვილი.
5. ე.ი. ჯოვანი (ანუ ივანე) ენიბეგაშვილის.
6. ე.ი. „ალაგოჯიდან“.
7. იგულისხმება გრიგორიანული მოძღვრების მიმდევარი ყველა სომეხი.
8. ე. ი. აბრენერიდან.
9. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
10. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI.
გარდა ამისა, უკვე შევთანხმდით იმაზეც, რომ მის სახელმწიფოში1 გადავიდეთ, რადგან ახლა სავსებით მშვიდად შეიძლება ჩერქეზეთსა და ამაძონებში დაფუძნება. ამის შესახებ ვესაუბრე მთავარს2, რომელიც ყველაფერზე თანახმაა. მე მინდოდა ასე გამეკეთებინა: მისიონები თბილისში, გორში, ალში, საციციანოში, კირსილვანიში3, საერისთავოებსა და სომხითში - ყველა ესენი აქაური მთავრის4 სამფლობელოა და მის საზღვრებშია; შემდეგი მისიონები - ლორეში, განჯაში, შემახაში, კახეთში, სხვა ახლომდებარე მხარეებში, ქუთაისში, რაჭაში, გურიაში - ყველა ამ ქალაქში ვიყავი, ვცხოვრობდი და სარწმუნოებას ვავრცელებდი.
შემახასა და განჯაში სომხური ან თურქული ენის ცოდნა აუცილებელია; აქ მცირე ხარჯებით მისიონის ორგანიზება ძალიან ადვილია და აქაური მთავრის5 მხარდაჭერით სულაც არ იქნება ხარჯი საჭირო; ლორესა და სომხითში სომხური ენის გარეშე ვერაფერს გააწყობ. სომხითი ამ მთავარს6 ეკუთვნის, ხოლო ლორეს ხანი თავისი გულითადობით ჩემთან ძალიან კარგ ურთიერთობაშია. ასე რომ, ამ მხარეებში ძალიან ადვილად შეიძლება ვადიდოთ ჩვენი უფალი და რომის წმინდა ეკლესია. სხვა დანარჩენ ადგილებში, გარდა ოსეთისა და ჩერქეზეთისა, სადაც საკუთარ და თანაც ძალიან რთულ ენაზე ლაპარაკობენ, ქართული ენის7 ცოდნა აუცილებელია. ყველა ამ მისიონში საკმარისია ორ-ორი მისიონერი, ოღონდ ისინი იყვნენ რწმენაში მტკიცენი, ჰუმანურები და არა მკაცრნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწყალეო ხელმწიფევ, თბილისის მისიონის შენარჩუნებასაც ვერ შევძლებთ. ამას ვწერ ნამუსის მოსაწმენდად. როცა სხვები მეთაურობდნენ, მე მხოლოდ ჩემზე მინდობილი მისიონით ვიყავი დაკავებული; ახლა, როცა სხვა მოვა, რომელიც ჩემზე უფრო კარგი იქნება, ის უკეთ წარმართავს საქმეს, ვიდრე მე. თუკი კეთილმოწყალე უფალი მომანიჭებს წყალობას და მალე ვიხილავ აქაური მთავრის8 რომის ეკლესიასთან შეერთებას, დაუყოვნებლივ ვაუწყებ ამის შესახებ თქვენს მოწყალებას; ღმრთისმშობლის უბიწო ჩასახვის დღეს მან მიიღო რწმენის სიმბოლოს წარმოთქმის წესი, რაც მისთვის უდიდესი ნუგეში იყო, ხოლო ჩემთვის გამოუთქმელი სიხარული. მაგრამ მე ბევრად უფრო მეტი მინდა, მასაც გონების პირველი ნაყოფის მოკრეფა სწყურია, ხოლო ამის შემდეგ დაუფარავად გამოვიდეს; ამჯერად ის9 წმინდა საიდუმლოს მისაღებად ემზადება.
1. ე.ი. ჩერქეზეთში.
2. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ს.
3. უფრო სავარაუდებელია იყოს „ქრცხინვალი“ ანუ ცხინვალი.
4. მეფე გიორგი XI-ის.
5. ე.ი. ქართლის მეფის გიორგი XI-ის.
6. მეფე გიორგი XI-ს.
7. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმ თვალსაზრისით, რომ ამ პერიოდში ქართული ენა, როგორც ჩანს, კავკასიაში „ლინგვა ფრანკას“ როლს ასრულებდა.
8. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ს.
9. ე.ი. ქართლის მეფე გიორგი XI-ის.
ჩვენი ბატონი პაპის მადლი და კურთხევა, წმინდა კონგრეგაციისა და თქვენი მოწყალების უდიდესი მზრუნველობა მომცემს საშუალებას, რომ ეგზომ მნიშვნელოვანი დღე ვიხილო. ხოლო შემდეგ ბეჩავ არარაობას ჯანდაბამდე გზა მქონია, ოღონდ ამობრწყინდეს ჩვენი უფლის, ჩვენი დედაეკლესიის, წმინდა კონგრეგაციისა და თქვენი მოწყალების გამარჯვება და დიდება, რომლის წყალობით მინდოდა ასეთი ბედნიერი დღის დადგომა გამომეცხადებინა; ეს დღე, როგორც ვიმედოვნებ, შორს არ არის. თუ თქვენი მოწყალება ჩემს წინააღმდეგ არ არის განწყობილი, მსურს გამოგიგზავნოთ რუკა, რომელზეც გიჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება აქაური მისიონების გაფართოება, რათა კიდევ უფრო გაბრწყინდეს რომის წმინდა ეკლესიის დიდება. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან იგი მცირე ხარჯებით შესაძლებელია. თუ ყურს დამიგდებენ და დამეხმარებიან, ხოლო მე ამ საქმეს წარმატებით ვერ განვახორციელებ, მაშინ, დაე, როგორც უნდათ ისე მომექცნენ; თუკი აქ მყოფი მისიონერებიდან რომელიმეს აქვს უნარი და იცის, როგორ შეინარჩუნოს ეს მისიონი, დაე, გამოჩნდეს, რაც ჩემთვის დიდი შვება იქნებოდა. მაშინ მეცოდინებოდა, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია; გიკოცნით ფეხებს, თუ ღირსი ვარ თქვენი წმინდა ტანსაცმლის ჩრდილს ვეამბორები; თავს ვხრი თქვენი ლოცვა-კურთხევით, რომელიც ასე სწყურია ჩემს გულს; თქვენთვის ვევედრები ღვთიური მადლის საგანძურიდან ყველა იმ წყალობას, რომელთაც მხოლოდ თქვენი ანგელოზური გული ისურვებს.
ტიფლისი, 1686 წლის 22 დეკემბერი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური და ქვეშევრდომი, ფრა’ ჯუსტინო და ლივორნო, უფროსი მოქადაგე, სამოციქულო რწმენის მისიონერი და საქართველოს მისიის უღირსი ვიცე-პრეფექტი.
22. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ თბილისიდან 1687 წლის 1 ნოემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მაღალი სასულიერო პირებისადმი მიწერილი წერილი1
ყოვლადუწმინდესო ბატონებო და დიდად თაყვანსაცემო პატრონებო მოწყალეო ბატონებო, ვგრძნობ, როგორ მეკუმშება გული იმის გამო, რომ მან თქვენი მაღალი კეთილგანწყობილება დაკარგა. ახლა არაფერი მანუგეშებს, რადგან ვატარებ მხოლოდ ადამიანის მძიმე ჯვარს, რომელმაც ნდობა დაკარგა. დაე, უფალმა დააჯილდოვოს მამა დიონიზიო და პიაჩენცა ჩემი საქციელის გააკრიტიკების გამო, თუმცა ჩემი დუმილი და გამართლების უსურველობა ამ მისიონს, ამ ჩემს მისიონს, ღირსეული წარმატებებით დააჯილდოვებს. რაც არ უნდა ილაპარაკონ მანდ, ეს მისიონი თავს გამოიჩენს. თუკი თქვენი ყოვლადუწმინდესობისაგან და მისი დიდად პატივცემულებისაგან, ანდა ჩემი ორდენის უფროსებისაგან მივიღებდი თუნდაც ერთ გაფრთხილებას, საყვეედურს, ან მუქარას, როგორც ამას ვაკვირდებოდი სხვა დროს სხვა მისიონერების მიმართ, როცა წმინდა კონგრეგაცია თანაგრძნობის დიდ ძალას ავლენდა, 20 წლის მანძილზე მისიონის დაცვისა და კეთილდღეობისათვის გაღებული შრომა ასე ძირს არ დაეშვებოდა თქვენი წყალობით; ჩემი ვერც ენების ცოდნა, ვერც სარწმუნოების გავრცელების საქმეში თავდადება თვით მისიონს დაკნინებისაგან ვერ იხსნის, რის გამოც მამცირებენ მეც. ვიცი, მოწყალეო ბატონები, ჩემდამი რწმენა დაგეკარგათ იმის გამო, რომ ზოგიერთი მისიონერისადმი გადამეტებულ სიკეთეს ვიჩენდი. ვერ მოვისაზრე, მათი ცხოვრების წესზე კვალდაკვალ შემედგინა მოკლე შეფასებები და თქვენთვის გამეგზავნა. თუმცა უთუოდ ვიცოდი, თქვენი ყოვლადუწმინდესობები როგორ აფასებენ ენის მცოდნე, სიკეთის აქტიურად მოქადაგე მისიონერებს.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, ff.392r- 394r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება. ამ რელაციონიდან მ. თამარაშვილმა თავის წიგნში მოიტანა მხოლოდ ის მცირე ადგილი, რომელიც ეხება ქართლის სამეფოს მდივანბეგის შვილის სულხანის მიერ კათოლიკობის მიღებას (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 262).
აღმოსავლური ენებისადმი მიდრეკილება ყოველთვის მქონდა, მაგრამ სხვა ადამიანებზე ჭორების გავრცელება ჩემი ჩვევა არასოდეს ყოფილა. ახლა ამაზე არ ვწუხვარ, ღმერთმა დამიფაროს ამისაგან და დაე, უფალმა დააჯილდოვოს ყოველი უსაზღვრო მოწყალებით, ვინც აღწერა და წარადგინა ჩემი საქციელი თავისებურად და აიძულა ეს ერწმუნა; ვემთხვევი თქვენი ყოვლადუწმინდესობების ფერხთ და მოგმართავთ თანაგრძნობისათვის, ვინაიდან ვიცი, რაც უფრო ცუდად წარმოადგენენ ჩემს საქციელს, მით უფრო გამოვლინდება თქვენი ყოვლადუწმინდესობების სიბრალული ჩემდამი. მე ყველაფერში თქვენზე ვარ დამოკიდებული (არ იკითხება) და რომელთაც მინდა მივანიჭო სიმშვიდე, რისთვისაც მსურს (არ იკითხება) ცხოვრება და სიკვდილი.
მე გავიგე, რომ თქვენს ყოვლადუწმინდესობებს სურთ, რომ მისიონი დავტოვო. თუკი დავინახავდი, რომ ეს სურვილი ბრძანება გახდა, თვითნებურად უპირატესობას მივანიჭებდი ახალ მამა პრეფექტს, რომელიც ოთხი დღის წინათ ჩამოვიდა ფრა’ ბართოლომეო და მილანოსთან ერთად; ის პირველადაა ამ ქვეყანაში1 და სრულიად არ იცის ენა; ასევე მამა სილვესტროს2 ამჟამად (არ იკითხება) აქაური საწყალი სულებისთვის სულიერი საზრდოს მიცემის უნარი არ გააჩნია. და ძალიან ვშიშობდი, საყვედურს დავიმსახურებდი, თუკი უნუგეშოდ მივატოვებდი ჩვენი ეკლესიის3 ახალ შვილს, გიორგი მეორეს4, საქართველოს მეფეს, რომელიც, როგორც ვიცი, დიდ ყურადღებას დაუთმობდა (არ იკითხება) ჩემი მოქმედებების კრიტიკას და ეს დიდი ნუგეში იქნებოდა ჩემი გულისათვის; იგი5 გამოიგონეს, რათა თქვენი ყოვლადუწმინდესობების კეთილგანწყობის, მოწყალე უფლის, ადამიანური თანაგრძნობის მამის, წმინდა ტახტის წინაშე ჩემი თავი დაემცირებინათ (არ იკითხება) და მამა ანჯელო და ფილინე6 თქვენ ამის შესახებ მოგიყვებათ; მე კი, ვიცი რა საკუთარი დიდი უბედურების შესახებ, დამშვიდებას უფალში ვპოულობ, ასევე თქვენი ყოვლადუწმინდესობის უდიდეს წყალობაში, რომლის პირით თვით უფალი ლაპარაკობს. იმედი მაქვს მომიტევებთ ღმერთისა და მისიონის უაღრესი დიდებისათვის. [მისიონიდან] მამა ანჯელოს7 წასვლის შემდეგ, განუხრელად (არ იკითხება) ვასრულებდი ჩემს ვალდებულებას და ამ წერილს ვურთავ დანართს, რომელშიც კათოლიკურ სარწმუნოებაზე ახლად მოქცეულებია ჩამოთვლილი მათი წარმოშობისა და ოჯახის მითითებით. ასევე - იმ მისიონერების სახელები, რომელთაც ისინი ჩვენს სარწმუნოებაზე8 მოაქციეს, რათა თითოეულს მივაგოთ პატივი სარწმუნოების გავრცელების საქმეში პირადი დამსახურებისათვის; გარდა ამისა, მე (არ იკითხება) განვაახლე ჩვენი აქაური თავშესაფარი9, მოვაწყვე მასში რამდენიმე ოთახი და სახელოსნო. ახლა აქ უეჭველად შეუძლია ცხოვრება კეთილშობილ მფლობელსა და მისიონერ-ბერს.
1. ე.ი. საქართველოში.
2. ალბათ, სილვესტრო და პანიკალე, რომელიც შემდეგში პრეფექტი გახდა.
3. იგულისხმება, ზოგადად კათოლიკური ეკლესიის.
4. გიორგი XI, ქართლის მეფე, რომელიც პირველად მეფობდა 1676-1688 წლებში. ძნელი ასახსნელია, რატომ მიიჩნევს ჯუსტინო და ლივორნო (ლივორნოელი) მას გიორგი მეორედ. ხომ არ ვიფიქროთ, კათოლიკობას მიმხრობილი ქართლის მეფე, წმინდა ტახტისთვის ამ ფაქტის უჩვეულო მნიშვნელობის გამო, ქრისტიანთა საერთო წმინდანის, წმინდა გიორგის დარად მიიჩნია ჯუსტინო და ლივორნომ?
5. უსამართლო ჭორები.
6. პატრი ანჯელო და ფილინე 1687 წლის გაზაფხულზე რომში სპეციალური დავალებით გაგზავნა მეფე გიორგი XI-მ პაპ ინოკენტი XI-სთან (მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 221-222; 226-229).
7. ალბათ, ანჯელო და ფილინეს.
8. ე.ი. კათოლიკობაზე მოაქციეს.
9. იგულისხმება კაპუჩინი მამების თბილისის თავშესაფარი.
ამას ვურთავთ მეტად სარწმუნო სიას: ქალბატონი ლალინა, მთავრის1 სუფრაჯის2 ძმისშვილი, სომეხი, [კათოლიკობაზე მოექცა] 1687 წლის 1 ივნისი; იაკუნდინა შიტანდარას ძმისშვილი, სომეხი, [კათოლიკობაზე მოექცა] იმავე წლის 6 ივნისს; ჩვენს ეკლესიაში საჯაროდ მოვნათლე გიორგი, ბაღდინასა და შავიბანას შვილი, [მოინათლა კათოლიკურად] იმავე წლის 22 ივნისს, ნათლიმამა იყო ნასყიდა, ქართველი; ქალბატონი თინათინი (თინატინა) პეტრე ვაკტაბიკტის ძმისშვილი, [კათოლიკობაზე მოექცა] იმავე წლის 28 ივნისს; ქალბატონი მხიტრიკ ჯულფელი, [კათოლიკობაზე მოექცა] იმავე წლის 1 ივლისს; ბატონი თამაზა3, ჯარის სარდალი და მთავრის ბიძა, კეთილშობილური წარმოშობის ქართველი, კაპელანიართა გვარიდან, [კათოლიკობაზე მოექცა იმავე წლის 25 ივლისს; შასადა, ბატონ შაინას ქალიშვილი, სომეხი, [კათოლოკობაზე მოექცა] იმავე წლის 27 ივლისს; ჩვენს ეკლესიაში მოვნათლე მარიამი, კათოლიკების, ბატონი ესტატესა და ალამსულთამის ქალიშვილი, იმავე წლის 1 აგვისტოს, სომეხი, ნათლიმამა იყო ნადიას მამა, ქართველი; ხანუმი, ბატონ შაინას ქალიშვილი, სომეხი, იმავე წლის 4 აგვისტოს; ბატონი სულხანი, დიდი კანჩილიერის4 შვილი, მთავრის5 ღვიძლი ბიძაშვილი, კაპელანიართა6 ქართველ დიდებულთა გვარეულობიდან. მან უღირსეულესად წარმოადგინა თავი ქრისტიანული მოძღვრების ცოდნაში, რომლის მიხედვით თვით მე შევადგინე კითხვარი, მოინათლა იმავე წლის 25 აგვისტოს7; მამა არაქელი, სომეხი მღვდელი შემახიიდან, იმავე წლის8 22 სექტემბერს; იმავე წლის9 22 ოქტომბერს საჯარო და საზეიმო მესით10 ჯვარი დავწერე და წმინდა კავშირებით შევაერთე გიორგის ქორწინება. ის იყო ჩვენი მისიონის ქვეშევრდომი და იცავდა კათოლიკურ წესებს. ასევე მოწმეებისა და კათოლიკური წესის დაცვით [ჯვარი დავწერე და წმინდა კავშირებით შევაერთე] შასადასა და შაინას ქორწინება; ბატონი კოჯა სოფარა, კერუიტას11 ნაზუალეს12 ვაჟიშვილი, [კათოლიკობაზე მოექცა] იმავე წლის 29 ოქტომბერს; იმავე წლის (ე.ი. 1687 წლის. ავტ.) 2 ნოემბერს მშვიდობით ჩამოვიდა მამა ჯულიო და კრემონა13, ამ მისიონის ახალი პრეფექტი, ფრა’ ბართოლომეო და მილანოსთან ერთად; ბატონი სიმონე კოჯა (შიმონე ჩჰოგგია)14, სომეხი ჯულფიდან, [კათოლიკობაზე მოექცა] იმავე წლის 2 ნოემბერს.
1. უნდა იყოს ქართლის მეფის გიორგი XI-ის.
2. სუფრაჯი - გვიან ფეოდალურ საქართველოში საფარეშოს მოხელე. მას ევალებოდა მეფის სუფრის გაშლა.
3. „Il Signore Tamasa, generale delle armi e zio del Principe, nobilissimo giorgiano de’Chapellaniarti, 25 luglio et anno ut supra“. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, სპასპეტი (მხედართმთავარი) თამაზ ყაფლანიშვილი, (სწორედ ეს იხსენიება მოცემულ რელაციონში, როგორც „კაპელლანიარტი“) იყო ღვიძლი ბიძა ქართლის მეფე გიორგი XI-ისა. მოგვიანებით თავისი სიძის, გიორგი არაგვის ერისთავის, ინტერესებში უღალატა გიორგი XI-ს (ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ.455, 461).
4. ტექსტში ასე იკითხება - „კანცილლიერი“. უდავოა, ეს არის თან. იტალიურში სიტყვა -
„კანცელლიერე“, რაც ნიშნავს მდივანს. უდავოა, ამ შემთხვევაში მოხელის აღმნიშვნელი ეს ტერმინი - „დიდი მდივანი“ გამოყენებულია XVII-XVIII სს. საქართველოში არსებული „მდივანბეგის“ მნიშვნელობით, რაც ნიშნავს „უფროს მოსამართლეს“, „მსაჯულთუხუცესს“. აქედან გამომდინარე, სულხანი იყო ქართლის სამეფოს მდივანბეგის ანუ მსაჯულთუხუცესის შვილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულხანი იდენტიფიცირდება დიდ სულხან-საბა ორბელიანთან იყო მდივანბეგ ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანის შვილი და დედის მხრიდან ქართლის მეფე გიორგი XI-ის ბიძაშვილი.
5. ქართლის მეფე გიორგი XI.
6. ალბათ, „ყაფლანიანთა“, ე.ი. ყაფლანიშვილთა, იგივე ორბელიანთა ცნობილი საგვარეულო.
7. ე.ი. სულხანმა.
8. თუ ყოველივე ისეა, როგორც ზემოთ ითქვა, მაშინ გამოდის, რომ სულხან-საბა ორბელიანმა 1687 წლის 25 აგვისტოს მიიღო კათოლიკობა.
9. ე.ი. 1687 წლის.
10. ე.ი. წირვა.
11. ვერ ხერხდება „კერუიტას“ იდენტიფიცირება.
12. უსათუოდ „ნაცვალი“ - ქალაქის მმართველი
13. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაპუჩინი მისიონერი ჯულიო და კრემონა (ე.ი. კრემონელი) 1687 წლის 2 ნოემბერს ჩამოვიდა თბილისში მისიონის პრეფექტად.
14 ალბათ, „ხოჯა“, ანუ „მასწავლებელი“, „ვაჭარი“, „საჭურისი“, „მოლა“.
კათოლიკური სარწმუნოების სახლი და ოჯახები, რომლებიც მხოლოდ ჩვენი მისიონის მისიონერების მზრუნველობის ქვეშ არიან:
1. ბაინდურას შვილები, ჩვენი მისიონის პირველი ახლადმოქცეულები სტეფანე, ჯუზეპე, ფრანჩესკო და ნინო. სახლი მამა სერაფინოსა და ჯუზეპეს მზრუნველობის ქვეშაა; სულები...............
2. დავითი, კათოლიკე ბატონი ადამოს ვაჟიშვილი, წარმოშობით პოლონელი, დედა მარიამი; სულები.............
3. მათეო, მეუღლე ხანსადათი (ჩჰანსადა) და ვაჟიშვილი პაოლოთი, სომეხი, სახლი მამა სერაფინოს მზრუნველობის ქვეშაა; სულები.............
4. ბატონი ესტატე, მთავრის1 გადამწერი მეუღლე გულქანთან, დედასთან, ძმა გასპაკთან, მსახურ ქალ ტიტიასთან და მსახურ ვართანასთან, სომხები. სახლი მამა ჯუზეპეს მზრუნველობის ქვეშაა; სულები........
5. ნასყიდა, თავის დედა დაუჯანასთან, ძმა მარტიროსთან, საცოლე დაუჯანასთან, სომხები. სახლი მამა ჯუზეპეს მზრუნველობის ქვეშაა. სულები...........
6. ასატურა მეუღლე ხანსადათი, შვილებით პაპუა, ჯუზეპე, ნერსესი, გაბრიელი, მარიამი და ანა, სომხები; სახლი მამა ჯუზეპეს მზრუნველობის ქვეშაა. სულები.............
7. ზალინა მეუღლე მარიამით, დედა ასთანდარათი, შვილი ანდრეათი, ძმა მამაჯანათი, სომხები; სახლი მამა ჯუზეპესა და მამა ჯუსტინოს მზრუნველობის ქვეშაა; სულები.......... მათგან დონ ჯოვანი ამჯამად იმყოფება რომში; სამი წლის უკან მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი დაუბრუნდა სომხურ რიტს; ვფიქრობ, ამაში მამა ჯუზეპეს ბრალი არ მიუძღვის, რადგან მათთან შეთანხმების წერილი მისგან არ მინახავს2.
8. ბატონი ელია მეუღლე ხადუნსადასთან და ვაჟიშვილ იერემიასთან, სომეხი; სახლი მამა ჯუსტინოდ მეურვეობის ქვეშაა. სულები........
9. გიორგი დიდებაშვილი მეუღლე ეთერისთან და დედამის მინგულისთან, ქართველები; სახლი მამა ჯუსტინოს მზრუნველობის ქვეშაა. სულები.............
10. ხუსტესი დედა თამართან, დებთან ანა, ხანუმი, შანუბანა და მარიამი, ქართველები; სახლი მამა ჯუსტინოს მზრუნველობის ქვეშაა. სულები..........
11. გიორგი მეუღლითა და ცოლისდით, სომეხი; სახლი მამა ჯუსტინოს მზრუნველობის ქვეშაა; სულები..............
12. პირვასი, მარტოხელა სომეხი, სახლი არაა მამა ჯუსტინოს მზრუნველობის ქვეშ, სულები....
1. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
2. ვერ ხერხდება დაზუსტება, თუ რაზე უნდა დაედო შეთანხმება მამა ჯუზეპეს ზალინას ოჯახთან.
ასე ღირსეულად ყვავის მისიონი ჩემი მზრუნველობის ქვეშ და კმაყოფილებით გადავავცემ მას ახალ პრეფექტს მამა ჯულიო და კრემონას; თვითონ მე ამ დროის განმავლობაში, სანამ აქ ვიქნები, უკიდურეს შემთხვევაში თქვენი უწმინდესობებისაგან არ მივიღებ პასუხს მამა ანჯელოს1, აქაური მთავრის2 წარგზავნილის მეშვეობით, შევეცდები გულმოდგინებით გავაგრძელო საქმე. წერილს გავაგზავნი მოსკოვის გავლით, სადაც ჩემი საყვარელი შვილი გიორგი, საქართველოს მეფე3 აგზავნის შიკრიკს თავისი ძმის არჩილის4, კახეთის მთავრის5 სახით, რომელიც ცხოვრობს მოსკოვის დიდი ჰერცოგის6 კარზე. ასევე უნდა გაუწყოთ იეზუიტი ღირსი მამის, შემახაში მისიონერის, მოღალატურად მკვლელობის შესახებ. [ის] ღამით თურქებმა7 და სპარსელმა სომხებმა8 მისი ქონების დაუფლების მიზნით მოკლეს; ახლა მიმდინარეობს გამოძიება და მე თვითონ მივწერე წერილი სპარსეთში მეფის9 მეორე მრჩეველს ფარსადან ბეგს10 და მის ძმას ალეფ ბეგს, სამეფოს დიდ მთეგავს, ჩემს დიდ მეგობარებს. ასევე წერილი მივწერე ფრიად პატივცემულ ეპისკოპოსს11; დიდი სიმტკიცით გავაგრძელებ შემახაში მისიონის დაფუძნებისათვის გარჯას. ვემთხვევი თქვენი უწმინდესობების ფეხებს და გთხოვთ ყველანაირ მოწყალებას, როგორც უფლის კურთხევას ღირსეული სამოციქულო ძმობისათვის.
ტიფლისიდან, საქართველო, 1687 წლის 1 ნოემბერი ძველი კალენდრით.
თქვენი უწმინდესობების უერთგულესი მსახური ფრა’ ჯუსტინო და ლივორნო, უღირსი კაპუჩინი და სამოციქული რწმენის მისიონერი.
1. ქართლის მეფე გიორგი XI-მ თბილისის კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს (ლივორნოელი) რჩევით, 1687 წლის გაზაფხულზე რომში პაპ ინოკენტი XI-სთან სპეციალური მისიით გაგზავნა მამა ანჯელო და ფილინე (ფილინელი). მას მიჰქონდა გიორგი მეფისა და ეპისკოპოს ექვთიმე რატიშვილის წერილები პაპ ინოკენტი XI-სთან (1676-1689) და მიჰყავდა 19 წლის ქართველი ახალგაზრდა, სახელად სოლომონი პროპაგანდის კოლეჯში სასწავლებლად. მეფე გიორგი XI პაპს წერილობით აუწყებდა, რომ ჩარიცხოს ის კათოლიკე მეფეთა რიგში, ასევე ავედრებდა თავის პირმშოს ბაგრატს, რათა ისიც პაპს თავისი ლოცვა-კურთხევით წმინდა ტახტის ქვეშევრდომად მიეღო. (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ.261-268; Michel Tamarati. Op. cit., pp.. 574-575; მისივე, ქართული ეკლესია.., გვ. 634-637; მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.121-222).
2. იგულისხმება გიორგი XI-ის.
3. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
4. არჩილი (1647-1713), შვილი ვახტანგ V შაჰნავაზისა, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი.
5. არჩილი კახეთის მეფე 1664-1675 წლებში.
6. რუსეთის მეფის.
7. ანუ მუსლიმებმა.
8. უნდა იყოს სპარსეთში მცხოვრებმა სომხებმა.
9. ირანის შაჰის.
10. საფიქრებელია, ეს ის ფარსადან ბეგი ხომ არ არის, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო და ვახტანგ VI-მ, ირანში ტყვეობის დროს, კერძოდ, 1718 წელს, ფარულად გაგზავნა დესპანის სახით ირანში ჩასულ რუსეთის ელჩ არტემი ვოლონსკისთან (Бушев П. П. Посольство Артемия Волинского в Иран в 1715-1718 гг. Москва, 1978, С. 220-222; მ. პაპაშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი (XVIII საუკუნის I მეოთხედი, თბ., 1992, გვ.62-63).
11. იგულისხმება კათოლიკეთა ეპისკოპოსი.
23. საქართველოს საქართველოს მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 27 მარტს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
უგანათლებულესო ბატონო, დიდად პატივცემულო პატრონო
მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, რომლისაგან კინაღამ მოვკვდი, ჯერ კიდევ სრულიად არ ვარ მოღონიერებელი, ნაწილობრივ ვასრულებს ჩემს მოვალეობას და გწერთ სახელდახელოდ, რადგან ამ საღამოს აქედან მიემგზავრება ქარავანი. თქვენმა მოწყალებამ უნდა იცოდეს, რომ აქამდე უფალი განუწყვეტლივ მცდიდა დაუსრულებელი ტანჯვისა და დევნის ქურაში, რომელიც ხალისით მივიღე და ავიტანე უზენაესის მფარველობით. მიუხედავად ამისა, ჩემი რეპუტაციისათვის ვერ შევძელი ზიანი ამეცილებინა, როგორც ამ მხარეებში მცხოვრები მისიონერების თვალში, ასევე ნახიჩევანის მონსინიორ2 არქიეპისკოპოსის3 წინაშე.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 411r-411v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. მონსინიორი - რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში საპატიო წოდება. იგი ენიჭება განსაკუთრებული ღირსების მატარებელ ეპისკოპოსებს, პრელატებს, კანონიკოსებს. ერთ დროს ასე მიმართავდნენ აგრეთვე პაპებს, მონარქებსა და კარდინალებს.
3. ალბათ, კათოლიკეთა არქიეპისკოპოსი.
როგორც ერთმა, ისე მეორემაც ჩემს შესახებ იმდენი ზეპირი და წერილობითი ცილისწამება მოისმინეს, რომ მათი განუწყვეტელი საყვედურებისა და ჭკუის სწავლების უბრალო მიზანი გავხდი, განსაკუთრებით არქიეპისკოპოსის მხრიდან, რომელიც არად მიიჩნევდა ფაქტებს, მალავდა სიმართლეს და წმინდა კონგრეგაციაში ჩემს წინააღმდეგ წერილებს წერდა; იმავე წერილში ის1 მხარს უჭერდა მამა ჯუსტინოს, რომელიც ითხოვს ნებართვას, ხოლო თავს ისე აჩვენებს, რომ თითქოსდა იტალიაში მიდის, რათა ამნაირად შეასრულოს მიცემული განკარგულება. თვით [ჯუსტინო] შეყოვნდა განჯაში და თვითნებურად აგებს იქ ოცნების კოშკის მსგავს მისიონს და საკუთრივ იმავე არქიეპისკოპოსის თვალში აგრძელებს უგუნურად ქცევას და ამით ცდილობს თავისი ზრახვების აღსრულებას. მიუხედავად ჩემი განადგურების მიზნით [მოწყობილი] დაბრკოლებებისა და ხრიკებისა, მაინც შემიძლია თქვენს მოწყალებას ვაცნობო, რომ მსგავსად იმისა, როგორც ავდრის შემდეგ ყოველთვის მზე გამოანათებს, ჩვენმა მისიონმა თავისი წარმატებები გაამრავლა: მოგვემატა გულმოდგინე კათოლიკეთა რიცხვი, რომელთა შორისაა ერთი ძალიან ცნობილი ქართველი ქალბატონი, მეფე გარჯას2 გარეთა ბიძაშვილი, ერთი ცნობილი თურქი ქალი3, ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი სწავლული, რომელიც უწინ აღიარებდა თურქულ სარწმუნოებას4, ასევე ორი პირველი ქალის ბავშვები, ქალიშვილები და ვაჟიშვილები; არის კიდევ ერთი მთავარი ქართველი თავადი, ქალაქის აივან ბეგი5, რომელიც ისეთი სიყვარულითა და გულითადობით გვეკიდება, რათა ჩაწვდეს ჩვენი წმინდა სარწმუნოების არსში6, ვფიქრობ, რომ მალე მისი7 წყალობით შეიძლება განხორციელდეს უწმინდესი საიდუმლო8 და საერთოდ პაპის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ ამ ქალაქის სომხები9 და ბერძნები10.
1. ნახიჩევანის არქიეპისკოპოსი მისიონერი.
2. უნდა იყოს ქართლის მეფე გიორგი XI.
3. ალბათ, მუსლიმი ქალი.
4. იგულისხმება წინათ იყო მუსლიმი.
5. უნდა იყოს მდივან-ბეგი, ანუ ქალაქის უფროსი მოსამართლე, მსაჯულთუხუცესი. გიორგი XI-ის დროს გაკათოლიკებული მდივან-ბეგი იყო გიორგი არაგვის ერისთავი, მაგრამ პატრი, ამჯერად, გიორგის ძმას, ბარძიმს გულისხმობს, რომელმაც კათოლიკობა აღიარა. მის შესახებ იხ. // გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული, №14, თბ., 2016.
6. იგულისხმება კათოლიკური რწმენის.
7. მდივან-ბეგის.
8. ანუ ევქარისტია.
9. იგულისხმება გრიგორიანები.
10. იგულისხმება მართლმადიდებლები.
დე, სამარადისოდ იდიდოს უფალმა, რომელიც გვიგზავნის თოვლს, როგორც ქურქს. ახლა ჩვენი მისიონი უფრო ყვავის, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გვექცევიან დიდი პატივისცემით, ვიდრე ეს იყო უწინ, მსახურებას ვატარებთ ღია კარებში, თითოეული კათოლიკე მოდის ჩვენთან შიშის გარეშე და ოდნავადაც კი არ განიცდიან დევნას. დიდი დანახარჯებით აღვადგინე ჩვენდამი მოყენებული ზიანი. აღვადგინე მისიონი გორში და განსაკუთრებით შევაკეთე ეკლესია თბილისში, რომელიც უკიდურესად იყო გავერანებული. ახლა იგი ბრწყინვალე მიწიერ სამოთხედ მოსჩანს. მართალია, მე არ მეკუთვნის მისი ქება, მაგრამ თუ სიმართლეს ვიტყვით, იგი მთელს საქართველოში1 ყველაზე ლამაზი ეკლესიაა2. ამიტომ ვთხოვ თქვენს მოწყალებას, რომ შეავედროთ უფალს ჩვენი მისიონი3, რათა ღმერთმა არ მოაკლოს მას თავისი მადლი და მისი წმინდა ეკლესიის ციხე-სიმაგრემ იმძლავროს; და კიდევ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, მე ჯერ კიდევ არ გთხოვთ პრეფექტის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას, რომლის აღსრულება ჯეროვნად და სრულად არ ძალმიძს. ასევე მდაბლად გიკრავთ თავს, ვეამბორები თქვენი წმინდა სამოსელის კალთებს და გთხოვთ ლოცვა-კურთხევას, რომელშიც განმტკიცებული ვზიდავ ჩემს ჯვარს.
დონ პიეტრო ჯამბო დიდიხნის არყოფნის შემდეგ დღეს ჩამოვა თბილისში; ეპისკოპოსის წოდების მისაღებად ის ფეხით ჩავიდა ექსემიაზის4 პატრიარქთან (არ იკითხება) იქადაგოს და ა.შ. არ ვიცი ის როგორი ჩამოვა, რადგან რამდენი ხნის მანძილზე მას არც ერთხელ მოუცლია (არ იკითხება), ასევე არ მოვალ. გთხოვთ რჩევას, როგორ მოვიქცე. ასევე გთხოვთ მაცნობოთ თურქების5 შესახებ.
ტიფლისი, 1690 წლის 27 მარტი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ქრისტეში, ფრა’ ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი.
1. იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოში, უმთავრესად ქართლში.
2. იგულისხმება კათოლიკეთა ეკლესია თბილისში.
3. იგულისხმება თბილისის მისიონი.
4. ალბათ, ეჩმიაძინის.
5. ჩანს, რომ რელაციონის ავტორს, ჯულიო და კრემონას აინტერესებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა დიდი თურქული ომები „საღვთო ლიგასთან“ (ავსტრია, ვენეცია, პოლონეთი, რუსეთი მალტა), რომელიც დაიწყო 1683 წელს და მიმდინარეობდა 1699 წლამდე. სწორედ რელაციონის დაწერის დროისათვის დაიწყო ოსმალეთის იმპერიის მთელი მუსლიმური მოსახლეობის მობილიზიცია „საღვთო ლიგასთან“ საბრძოლველად.
24. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 30 აგვისტოს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ
მივიღე თქვენი მოწყალების მიერ
1690 წლის 26 იანვარს დაწერილი წერილი, საიდანაც გავიგე, რომ თქვენმა შრომამ ნაწილობრივ პოვა
აღიარება ქალაქის პატრიარქის კათედრის მიღებით, რომელსაც მსოფლიოში სწორი არა
ჰყავს2. დაე, შეგეწიოთ უფალი, რომ
იგი3 სწრაფად დაიკავოთ; მას შემდეგ რაც
მოვინახულე წმინდა სოფია4, გამიჩნდა მგზნებარე სურვილი იქ
ვიქადაგო სარწმუნოება5, რათა ვადიდო ქრისტეს ძლევამოსილი სიყვარული მუჰამედის შესარცხვენად; რა
ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი შევძლებდი ამის
გაკეთებას თქვენს წინაშე შერაცხვით.
რაც შეეხება ჩვენი მისიონის, ინტერესებს, მამა ჯუზეპე მარია ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ისპაჰანიდან. ვფიქრობ, რომ მალე დაბრუნდება შემახაში და იმედი მაქვს, იქ იცხოვრებს, რადგან არ მყავს ბერები, რომ იმ მისიონში გავგზავნო; ვშიშობ, ეს მისიონი6 ვერ გაძლებს, თუ უახლოეს დროში რომიდან7 სპარსეთის მეფეს8 არ გაუგზავნიან წყალობის სიგელს, რომელსაც იქ9 წაიღებს მამა ანჯელო და სილინე10,, რადგან აქამდე პოლონეთის ელჩის გარდაცვალების გამო ვერ მოხერხდა სხვა ნებართვის მიღება; მან ასეთივე ნებართვა უნდა მიიღოს განჯისთვისაც. მე ვერ ავიღებ საკუთარ თავზე განჯაში მისიონის მოწყობის საქმეს, რადგან ამის შესახებ ჩემთვის ცნობილია წმ. კონგრეგაციის აზრი; ამ საქმეს ხელი მოკიდა მამა ჯუსტინომ, რომელიც თავს აჩვენებდა, რომ მორჩილია, შეყოვნდა ამ ქალაქში და საკუთარ თავზე აიღო მისიონის მოწყობაზე ზრუნვა, რის შესახებაც ჩემთვის არაფერი უცნობებია. და ცდილობდა რა ჩემგან თანხმობის მიღებას, მომხდარი ფაქტის წინაშე დამაყენა; მე თანხმობა არ მივეცი, რადგან მან არ ისურვა ჩემს გზავნილზე ეპასუხა. რაც შეეხება ამ მისიონს11, შემიძლია ვთქვა, რომ განჯა უფრო მდიდარი და სავაჭრო ქალაქია, ვიდრე თბილისი, თუმცა სიდიდით ასეთივეა. იგი მისიონის დასაფუძნებლად ძალიან მოხერხებული ადგილია, რადგან აქ ცხოვრობს ბევრი ძალიან მდიდარი სომეხი, რომელთაც დიდად ვესიმპათიურებით; გარდა ამისა, ვიტყვი კიდევაც, ეს მისიონი12 მეტად აუცილებელია, რადგან ქალაქი მდებარეობს თბილისსა და შემახას შორის და მგზავრები, რომლებიც მიდიან ერთი ქალაქიდან მეორეში, საჭიროებენ თავშესაფარს, სადაც ისინი დასვენებას შეძლებენ. აქამდე განჯაში მისიონერები არ ყოფილან და თუკი მომავალში აქ მისიონს არ გავმართავთ, თითქოსდა ცხენების ანდა მუშაკების უკმარისობის გამო, შემიძლია თქვენი ყოვლადუწმინდესობა დავარწმუნო, რომ ამ მისიონის13 გარეშე ვერ შევინარჩუნებთ შემახას თბილისიდან სიშორის გამო (არ იკითხება)... და თუკი მამა ჯუსტინო ასე წინდაუხედავად არ იმოქმედებდა, არ მიმართავდა სიცრუეს და ძალადობას, გადმომცემდა ვალდებულებას, რომელიც ისედაც მეკუთვნოდა, მაშინ დავთანხმდებოდი მის საქციელს, რადგან ვუწყოდი, რამდენად საჭიროა (არ იკითხება) ამ ადგილის14 დაკავება, თუ მივიღებდით ჩვენთვის განკუთვნილ ჯამაგირს. რაც შეეხება იმას, რომ წმ. კონგრეგაციისადმი წინასწარი შეტყობინების გარეშე არ დაფუძნდეს სხვა მისიონები, თუ ნება მექნება ჩემი აზრი გამოვხატო (დაე, მეპატიოს უმეცრება) ვიტყვი, თუკი იქნება საშუალება სადმე ახალი მისიონის გახსნისა, არ ღირს ამის გაჭიანურება, გადაწყვეტილების გადადება იმ მომენტამდე, სანამ წმინდა კონგრეგაციისაგან არ იქნება რეზოლუცია მიღებული და ა.შ. ეს ამ ბარბაროსულ ქვეყნებში15 დიდ ზიანს აყენებდა რომის წმინდა სარწმუნოების გავრცელების საქმეს და თუკი ერთხელ გავუშვებთ შესაძლებლობას, ხშირად ამას იმისკენ მივყავართ, რომ ჩვენს სარწმუნოებას ავიწროებენ და მის ადგილს სხვა რელიგიები იკავებენ.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 413r-414 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. ალბათ, საუბარია კონსტანტინოპოლის ლათინთა კათედრაზე.
3. იგულისხმება ქალაქის პატრიარქის კათედრალის დაკავება.
4. ალბათ, აია-სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში.
5. კათოლიკობა.
6. იგულისხმება მისიონი შემახაში.
7. წმინდა ტახტის კურიიდან.
8. იგულისხმება ირანის შაჰი.
9. ისპაჰანში.
10. „Padre Angelo da Siline“.
11. იგულისხმება მისიონის დაფუძნება განჯაში.
12. მისიონი განჯაში.
13. განჯის მისიონის.
14. იგულისხმება განჯა.
15. იგულისხმება მუსლიმურ ქვეყნებში.
რაც შეეხება თბილისის მისიონს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ჯოჯოხეთის ყველა ბოროტმა ძალამ შეკრა პირი, რათა იგი დაანგრიოს და დაღუპოს, შემიძლია მადლობა შევსწირო უფალს იმისათვის, რომ მისი შემწეობით ეს მისიონი1 უფრო და უფრო ყვავის, როგორც ღვთისმსახურების, ასევე ძალზე ცნობილ ერეტიკოსთა2 ჩვენს სარწმუნოებაზე3 მოქცევის საქმეში; და მაინც, შვიდი წლის წინათ ერთმა სომეხმა შეშლილმა მღვდელმა თითქმის სრულიად გაანადგურა ეს მისიონი4. თანაც მას სურდა აღეგავა პირით მიწისგან იგი და ამისათვის თითქმის 300 სკუდო დახარჯა, რათა მიეღო ცბობილ პირთა5 შემწეობა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო; უფრო მეტიც, მისი6 დევნა ჩვენი მისიონისათვის აღმოჩნდა, როგორც მასულდგმულებელი ტენი, რომლით გაჟღენთილი კიდევ უფრო განმტკიცდა. ვერ უშველა მას იმათი [ეკლესიიდან] განკვეთამ, ვინც მოდიოდნენ ჩვენს ეკლესიაში ანდა არც იმათიც, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში გვესალმებოდნენ ანდა გვესაუბრებოდნენ, რადგან ჩვენს ეკლესიაში ახლა უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვიდრე ოდესმე.
კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოექცნენ ყველაზე მოურჯულებელი ერეტიკოსები, ხოლო უწინდელი ჩვენი მორწმუნეები7 უფრო განმტკიცდნენ საკუთარ რწმენაში. ასე რომ, ერთმა პოლონელმა იეზუიტმა მღვდელმა, რომელმაც ჩვენთან შემოიარა და 25 დღე ცხოვრობდა, გულაჩუყებულმა იტირა კიდევაც, როცა დაინახა ჩვენი ეკლესია, თავშესაფარი და ქონება, რომელიც უწინ უკიდურესად სავალალო მდგომარეობამდე იყო მისული; ახლა მას8 შეეძლო დარწმუნებულიყო, თუ რამდენად შეიცვალა ყველაფერი უკეთესობისაკენ, როგორ კარგად მიდიოდა სარწმუნოების საქმე. ამის შესახებ მან წერილი მისწერა კარდინალ პალავიჩინოს9, რომელსაც ვურთავ ამ ჩემს ეპისტოლეს (ამ მღვდელმა10 დატოვა სხვა ჩანაწერებიც და ამ წერილის ასლიც); მაქვს სურვილი, რომ თქვენი ყოვლადუწმინდესობა გაეცნოს მის შინაარსს, არა ჩემდა საქებრად (ვინაიდან ვიცი ყველაფერში ჩემი არარაობა), არამედ როგორც მოწმობა ცოცხალი მხილველისა, თანაც ერთ-ერთი გამოჩენილი და სწავლულისა თავის ორდენში, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოსაობის დიდი გონებით.
1. იგულისხმება თბილისის კაპუჩინთა მისიონი.
2. იგულისხმებიან სომხური გრიგორიანული სარწმუნოების მიმდევრი ცნობილი პირები.
3. ე.ი. კათოლიკობაზე.
4. საუბარია თბილისის კაპუჩინთა მისიონზე.
5. იგულისხმება ქართლის სამეფოს ცნობილ პირთა.
6. სომეხი მღვდლისა.
7. ანუ კათოლიკები.
8. პოლონელ იეზუიტ მღვდელს.
9 .ალბათ, ოპიციო პალავიჩინო, რომელიც კარდინალი იყო 1686-1700 წლებში.
10. იგულისხმება პოლონელი იეზუიტი მღვდელი.
დონ პიეტრო ჯამბო ჩამოსვლიდან1, ორ წელიწად ნახევრის მანძილზე თბილისში ხეტიალის შემდეგ, ასევე შეეცადა მისიონისათვის2 ზიანი მიეყენებინა. ეს მიზანი მას აქ ჩამოსვლამდე ჰქონდა და შეძლებდა მის მიღწევას, რადგან მას ეხმარებოდა პატრიარქი3 და მისი მომხრეები, თუკი უფალი გონებას არ დაუბნელებდა და არ აიძულებდა ჩაედინა დიდი სისულელეები, რის გამოც ის ახლა საყოველთაო დაცინვის საგანია, თვით მისი მეგობრების მიერაც აბუჩად აგდებულია; ის იძულებული გახდა მოენანიებინა და მორჩილი გამხდარიყო. დაე, შეეწიოს უფალი ასეთი დარჩეს და შემდეგში მისი საქციელის გამო მოყვასთა რჩევა-დარიგების შემსმენელი.
ამით ვასრულებ. თქვენს მოწყალებას ყველა წმინდანის სახელით მივმართავ სამი თხოვნით: პირველი, გთხოვთ, მიშუამდგომლოთ წმინდა კონგრეგაციის წინაშე, რომ ჩვენს მისიონში ანაზღაურების სახით გამოაგზავნონ ფული. აქამდე ბევრი [ფული] დაიხარჯა იმაზე, რომ არ შერცხვენილიყო უფლის სახელი და პატივი და ჩვენს მისიონს განეგრძო აყვავება; მეორე, ამიერიდან მისიონმა4 ისევ რომ შეინარჩუნოს კარგი მდგომარეობა, აღმოიფხვრას დაბრკოლებები, რომელსაც ჩვენი სარწმუნოების მტრები აწყობდნენ, რათა ხელი შეეშალათ რომის წმინდა ეკლესიის დიდებისათვის, გთხოვთ გამოაგზავნოთ ახალი პრეფექტი, რომელიც შეძლებდა შემდეგში ამ ტვირთის ტარებას. მე [ეს] არ ძალმიძს, რადგან ადრე მძიმე ტვირთი ვატარე და მრავალი ავადმყოფობა გადავიტანე. ასევე ამ მისიონის5 წესრიგში მოსაყვანად განუწყვეტელმა მზრუნველობამ მეტად დამაუძლურა. აუცილებელია მხოლოდ პრეფექტი იყოს განსწავლული, გონიერი და უშიშარი ადამიანი; თქვენს უწმინდესობას აღვუთქვამ, რომ ყოველმხრივ დავეხმარები მას6 რითაც შემიძლია, როგორც ენის შესწავლაში, ასევე სხვა დანარჩენშიც, რაშიდაც ჩემი დახმარება იქნება საჭირო. მესამე, გთხოვთ წმინდა კონგრეგაციამ არ გამოაგზავნოს ამიერიდან ბერები ან ამ, ან სხვა რომელიმე გარკვეული ადგილისათვის, რადგან ისინი, არ ერგებიან ამ ადგილს, ანდა აქ სხვები, უფრო გამოსადეგნი უნდა გამოეგზავნათ. ზოგიერთმა აქ არ ისურვა მუშაობა, თუმცა ენა იციან და ამგვარად, საწყალი პრეფექტი სულელის როლში რჩება. მისიონს ზიანი ადგება, რომელშიც ბერები ისედაც არ ხვდებიან (არ იკითხება), იქმნება უწესრიგობა, რომლის შედეგად შეუძლებელი ხდება ჩვენი მოთხოვნილებისა და საჭიროებედბისადმი ჯეროვნად დახმარების გაწევა; გარდა ამისა, ბერები თბილისში საერთოდ არ ჩამოდიან, არამედ იმ მხარეებში მიემართებიან, სადაც დაინიშნენ. თან მიაქვთ ფული, რომელიც მათ გადასცეს და ამით თვით მისიონი რჩება მისთვის განკუთვნილი და გამოგზავნილი სახსრის გარეშე; ხდება ისეც, რომ ბერები, რომლებიც ამ მხარეებში ცხოვრობენ, წინასწარ წერენ ალტერონეში, რომ ახლად გამოგზავნილმა ბერებმა არ შეიარონ თბილისში, აძლევენ რჩევებს, რომელიც არ ეხება მისიონის კეთილდღეობასა და აყვავებას. მათ სიხარბეს მხოლოდ მათივე სულის ხსნისთვის მოაქვს ზიანი, ასევე მათ გვერდით მცხოვრებ მისიონერებში თესავს შფოთს (არ იკითხება). მაშასადამე, მამა ამადიო და ბერი ნიკოლო გაემგზავრნენ შემახაში და როგორც წასვლისას ებრძანათ, უნდა დაბრუნებულიყვნენ თბილისში, რადგან შემახას მისიონში საკმაოდ იყვნენ მუშაკები მაშინ, როცა გორის მისიონში ადამიანები არ კმაროდა; აი, შემახაში ამ უსარგებლო მგზავრობისათვის თითოეულ ადამიანზე დაიხარჯა 12-12 პიასტრი, რომელიც მისიონისათვის დიდი დანაკარგი იყო. სხვა სიახლეებს თქვენი მოწყალება გაიგებს წერილიდან, რომელიც ამას ერთვის მისი ყოვლადუწმინდესობა პალავიჩინოსათვის; არ მინდა მეტად მოგაბეზროთ თავი, მდაბლად გიხრით თავს, ვკოცნი თქვენი ტანსაცმლის კალთებს და გიცხადებთ სამუდამო ერთგულებას, გავედრებთ თავს თქვენს წმინდა ლოცვებში.
ტიფლისი, 1690 წლის 30 აგვისტო
თქვენი ყოვლადუწმინდესობის უერთგულესი მსახური ძე-ქრისტეში, ფრა’ ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი, პრეფექტი.
1. ძნელი დასადგენია ამ შემთხვევაში საიდან არის ჩამოსული. სავარაუდებელია, ირანში მოღვაწეობდა და იქიდან ჩამოვიდა თბილისში.
2. იგულისხმება თბილისის მისიის.
3. ალბათ, სრულიად სომეხთა პატრიარქი.
4. ცხადია, საუბარია საქართველოს მისიონზე.
5. იგულისხმება საქართველოს მისიონი.
6. რომიდან საქართველოს მისიონის პრეფექტად გამოგზავნილ პირს.
25. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 6 ოქტომბრის წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ
თქვენი მოწყალების იმაში დასარწმუნებლად, თუ რა სიკეთე მოიტანა, მოაქვს და მოიტანს მომავალში მამა ჯუზეპე მარია, გიგზავნით ამ უსტარისადმი დამატებას, რომელიც მომწერა მამა ჯუსტინომ, რომელიც ამიერიდან მუშაობს განჯის მისიონში. ჩემო ღრმად პატივცემულო პატრონო, ეს მღვდელი2 აუცილებელია მოშორდეს აქედან, თუკი გვსურს, რომ ჩვენი სხვა მისიონერების შრომა დავიცვათ, რადგან მის გონებაში მხოლოდ ამ ჩვენი მისიონის დანგრევა და ქარისთვის გატანებაა დაბუდებული; ის განცხრომაშია, ხლართავს ინტრიგებს, მეგობრობს ნებისმიერ საერო პირთან, რომლებთან შემდეგ თავს აბერზებს საწყალ ბერებს. აქამდე ამ ბედკრულმა მხოლოდ ბევრი ბოროტება მოიტანა. ის ყველგან შფოთსა და უწესრიგობას თესავს; სურს ერთს თავი მოაჭრას, ხოლო მეორე - ნაწილებად დაგლიჯოს, მეც კი დამემუქრა, რომ მთელ ქალაქს, როგორც ღორს, შემომატარებდა. აქამდე ის3 ისპაჰანში პოლონეთის ელჩთან ცხოვრობდა, მაგრამ ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ შემახაში დაბრუნდა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა; ახლა მას4 სურს თბილისში მოსვლა, რათა თავისი ბოროტი საქმეები აღასრულოს.
გავიგე, რომ ის5 ისპაჰანიდან წასვლას აპირებდა ბაბილონში6, ხოლო იქიდან იტალიაში, მაგრამ ეშმაკმა ისე მოაწყო, რომ მას მოჰპარეს 10 სკუდო, რომელსაც უსამართლოდ ფლობდა. ასე რომ, მას უკან დაბრუნებამ მოუწია, მაგრამ უკეთსი იქნებოდა, არ დაბრუნებულიყო. მე უკვე მადლობას ვწირავდი უფალს მისი სიკეთისათვის, რადგან ისეთი მუშაკები, რომლებიც არ ფლობენ [ადგილობრივ] ენას, არც რაიმე სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლიათ, მე არ მჭირდება. უკეთესი იქნება, თუკი მისიონერს გონება ეყოფა, აქ საერთოდ არ ცხოვრობდეს და არც მოვიდეს. შედეგად ამ მხარეებში, მისიონები შვიდი წელი ტირიან სარწმუნოების გავრცელების საქმისადმი მიყენებული ზიანის გამო და არ არსებობს არავითარი შესაძლებლობა, რომ ამას წინ აღვუდგეთ. დიდად პატივცემულო პატრონო7, ადრე ვწერდი, რომ ეს მღვდელი გასულ წლამდე თავისი ცუდი საქციელით მეტოქეობდა მამა ჯუსტინოს. გარდა ამისა, ცოტა დააკლდა, რომ ამ უკანასკნელს8 მორეოდა; აი, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მან რამდენადმე გადააჭარბა ჯუსტინოს; თუნდაც მამა ჯუსტინოს აქვს კარგი თვისება, რომ ის თავისი საქციელით ბევრ ხმაურს არ იწვევს და ყურადღებას არ იქცევს, მაგრამ ჯუზეპე მარიასთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. ოღონდაც კი თავისას მიაღწიოს და მას არაფრის არ ეშინია. სრული იმედი მაქვს თქვენი მოწყალებისა და წმინდა კონგრეგაციის გადაწყვეტილების, რომ ალაგმავს ამ მღვდელს და შეაჩერებს მის შემდგომ ბოროტებას, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩაუდენია; მის ადგილას უმჯობესია კარგი და კეთილზნეობრივი მისიონერის გამოგზავნა, რათა განვაგრძოთ ჩვენი წარმატებები, რომელიც უფლის წყალობით დღითიდღე მრავლდება.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 421 r-422 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. საუბარია ჯუზეპე მარიაზე.
3. იგულისხმება ჯუზეპე მარია.
4. ჯუზეპე მარიას.
5. ჟუზეპე მარია.
6. ძველი ქალაქი ბაბილონი, რომელიც 80 კილომეტრითაა დაშორებული ბაღდადს. ამ დროს ბაბილონს უწოდებდნენ ბაღდადს, ხანდახან კაიროს.
7. იგულისხმება პროპაგანდა ფიდეს კარდინალ-პრეფექტი.
8. მამა ჯუსტინო.
მიუხედავად გადატანილი მკაცრი დევნისა1, მადლობას ვწირავ უფალს იმისათვის, რომ ჩვენი საქმეები კარგად მიდის; ამჟამად საოცარ სიმშვიდესა და აყვავების ხანაში ვცხოვრობთ. დონ პიეტრო ჯამბომ ყველა განსაცდელის შემდეგ სამართლიანი გზა იპოვა. ახლა დასტირის თავის წინანდელ ცუდ საქციელს და ამით ღირსეულ მაგალითს იძლევა; თუკი მომავალშიც ასე ივლის, ის მისიონს კეთილ სამსახურს გაუწევს; მაგრამ თუკი ხელს აიღებს, ახლა ის ადვილად დაისჯება. ამჟამად ის ჩვენთან სახლში ცხოვრობს, ვაჩვევ მონანიებას, ადგილობრივ ენებზე2 თარგმნაში ვსარგებლობ მისი დახმარებით, ასევე სხვა საქმეებშიც, რომელიც ეხება რწმენის გავრცელებას; საკუთარ თავზე ვიღებ მასზე ხარჯებს, თუმცა არ (არ იკითხება), მიმაჩნია, რომ მისი სიკეთისათვის ასე აჯობებს, ასევე მისიონისთვისაც (არ იკითხება), რადგან ისე არ მოიქცეს მეტად, როგორც წარსულში.
თქვენს ყოვლადუწმინდესობას ქრისტესა და მისი წმინდა ეკლესიისადმი, რომელიც გვაერთიანებს, სიყვარულის სახელით ვთხოვ, მიმართოთ წმინდა კონგრეგაციას, რათა დააჩქაროს ჩვენდამი ფულის გამოგზავნა, რაც აქ ერთობ საჭიროა; აქამდე ყველა ფული, რაც თან ჩამოვიტანე, დავხარჯე არა პირადი საჭიროებისათვის, არამედ საბრალო მისიონის კეთილდღეობისა და აყვავებისათვის; ყოველივე ამისათვის დავსტიროდი საკუთარ თავს, ვცხოვრობდი უკიდურესად ღარიბულად, რათა დამეზოგა ფული და იგი გამომეყენებინა იმ მიზნით, რომ განადგურებული და დაცარიელებული თავშესაფარი და ეკლესია მომეწყო არა მხოლოდ გორში, არამედ თბილისშიც, ასევე გამემართა მისიონი შემახაში. ყველაფერზე უარს ვამბობდი, ისეთ საგანზეც კი, რომელიც ელემენტარულად საჭიროა მისიონერისათვის და მხოლოდ [ფულს] იმაზე ვხარჯავდი, რაც უკიდურესად აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ წმინდა კონგრეგაციამ არ უნდა დამტოვოს უკიდურეს გასაჭირში, არ უნდა ჩამაგდოს საფრთხეში, რათა დავტოვო ყველა ის მისიონი, რომლის აღსადგენად ამდენი ძალა და სახსრები დავხარჯე. ღრმად მჯერა თქვენი მოწყალებისა და ზრუნვის, რომელსაც მიაქცევთ თქვენდამი ერთგულ და ამ წერილის დამწერ მღვდელს იმით, რომ არ დავკარგო საკუთარი ავტორიტეტი და ვზიდო აკიდებული ტვირთი. წელიწად ნახევარი გავიდა, რაც რომიდან ფული არ ჩამოსულა და რა უნდა გავაკეთო, თუკი იგი შემდეგშიც არ ჩამოვა? მუდამ მეშინია, თუკი ფული გამოგზავნეს, არ დაიკარგოს; ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე ამის შესახებ არაფერი შემიტყვია; უცნობია ჩემთვის ისიც, გამოაგზავნეს თუ არა აქეთკენ ახალი მისიონერები, რომლებიც ძალიან გვჭირდებიან შემახიისა და განჯის მისიონებისათვის. მიიღეთ ჩემი ღრმა მოკითხვა, ვკოცნი თქვენი წმინდა ტანსაცმლის კალთებს, სამუდამოდ ვანდობ თავს თქვენს წმინდა ლოცვებს.
ტიფლისი, 1690 წლის 6 ოქტომბერი
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ქრისტეში, ფრა’ ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი, პრეფექტი.
1. იგულისხმება კაპუჩინი მამების მიმართ 1690 წელს სომეხ გრიგორიან სასლიერო პირთა მიერ დაწყებული დევნა.
2. ჩანს, დონ პიეტრო ჯამბომ იცოდა სომხური და სპარსული ენები.
26. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 22 ოქტომბრის1 წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი2
დიდად პატივცემულო და ფრიად ღირსშესანიშნავო ბატონო,
დევნის3 შემდეგ, რომელიც ვიწვნიეთ სომეხი სამღვდელოების მხრიდან და რომლიდანაც ტრიუმფით გამოვედით, უფალმა არ დააყოვნა და ეს უბედური ხალხი შავი ჭირით დასჯა4; ეშინოდათ რა სიკვდილის და სინდისის ქენჯნაც აწუხებდათ, ისინი აქეთ-იქით გაიქცნენ და ამ ქალაქში5 სრულ პატრონებად დავრჩით, საიდანაც ჩვენი განდევნა ჰქონდათ განზრახული. შავი ჭირი, რომელმაც ისინი ასე შეაშინა, სინამდვილეში არ აღმოჩნდა არც ასეთი საშინელი და ამით კიდევ უფრო გამოვლინდა უფლის სამართლიანობა, რომელმაც მთელი ხალხი ისე დააბრმავა, რომ ვერ ამჩნევდა სისულელეს ჩადიოდა. ამასთან ერთად მათ მიადგათ გამოუთქმელი ზიანი და თუ აქამდე სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ახლა ღატაკნი გახდნენ, რადგან სამი თვის მანძილზე ქალაქი სრულიად გაიძარცვეს ქურდებმა და გაჭირვებულებმა. რამდენადაც არ მოვისურვე თავშესაფრისა და ეკლესიის დატოვება, ჩვენ აღმოვჩნდით დიდ გასაჭირში, მაგრამ სამაგიეროდ სრული დიდება [ვპოვეთ], რადგან არც ერთი ჩვენიანი არ დაავადებულა, გარდა მამა ანჯელო და სილინესი6 და ისიც დაავადდა დაუჯერებლობის გამო. თანაც მას ჰქონდა ციებ-ცხელება. მამა ჯუსტინომ განჯის მისიონი დატოვა; როგორც მაცნობეს, ის იქიდან გააგდეს, თუმცა ზუსტი ცნობა ამის შესახებ არ გამაჩნია; და რამდენადაც საქართველოდან მისი გაძევების უფლებამოსილება არა მაქვს ოთხი საკანონო აღთქმის ძალით, რომელიც მივეცი წმინდა კონგრეგაციას, მე ახლა ის უნდა ვიხმო თბილისში, სადაც მალე ჩამოვა, რათა დაასრულოს ის საქმე, რომლის სხვაგან დასრულება ვერ შესძლო. ვერაფერს გააწყობ. იმედი მაქვს უფლის შემწეობის; ვფიქრობ, რომ ყველაფერს დავალაგებ, თუკი გიორგი მეფე7 მოვა, არ მეშინია მოვიქცე ისე, როგორც ეს საჭიროა, რადგან ნათლად ვხედავ მამა ანჯელოსა და მისი თანამგზავრის გადაადგილებას.
აქ მოღწეული ხმების მიხედვით ვიცი, რომ საფრანგეთის მეფე მილანის8 სახელმწიფოში შევიდა და ის უკვე მილანის კედლებთან დგას; თუ ეს ასეა, მე, ასევე მთელი მისიონერების სახელით, თქვენს მოწყალებას ვთხოვ, გვაუწყოს ამის შესახებ რაიმე ცნობა, რადგან მინდა ვიცოდე, ვისი მბრძანებლობის ქვეშ ვიმყოფები და ვინაა ჩემი მთავარი. ახლა სხვას ვერაფერს გაუწყებთ, გარდა იმისა, რომ სპარსეთის მეფე9 დიდად სწუხს (არ იკითხება), რომ ის მთელს სპარსეთში თავისი ჯარის ნაღებს აგროვებს, რათა განდევნოს ის, თუკი შესძლებს. მდაბლად გიხრით თავს და ვკოცნი წმინდა კალთებს (არ იკითხება) სამარადისოდ, მთელი გულით ვანდობ თავს თქვენს ლოცვებს.
ტიფლისი, 1690 წელი, 22 ოქტომბერი ძველი სტილით.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ქრისტეში, ფრა’ ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი, პრეფექტი.
1. ამ რელაციონის მხოლოდ დასაწყისი აბზაცი აქვს პატ. მ. თამარაშვილს მოტანილი თავის ნაშრომში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 284).
2. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 429 r-429 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
3. ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს 1690 წლის 30 აგვისტოს სრულიად სომეხთა პატრიარქის მიერ გამოგზავნილი ვართაპეტის მიერ დაწყებულ დევნაზე, რომელსაც 300 სკუდოზე მეტი დაუხარჯავს ქართველ გავლენიან პირთა მისამხრობად, მაგრამ ვერაფერი გაუწყვია (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ.28—281).
4. ამ რელაციონის მიხედვით ჩანს, რომ 1684 წლის ჟამიანობის შემდეგ, შავი ჭირი 1690 წლის 30 აგვისტოს შემდეგაც გაჩენილა.
5. ალბათ, ქალაქი თბილისი.
6. „Padre Angelo da Ziline“. უნდა იყოს ანჯელო და სილინე, რომელსაც ვხვდებით ამავე მისიონერის 1690 წლის 30 აგვისტოს რელაციონში.
7. იგულისხმება იმერეთში გადასული გიორგი XI-ის მიერ ქართლის სამეფოს დაბრუნება.
8. აქ ნაგულისხმებია საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის ომი აუგსბურგის ლიგასთან, რომელიც მიმდინარეობდა 1688-1697 წლებში. 1690 წელს ომის ერთ-ერთი არენა იტალია იყო.
9. ირანის შაჰი სულეიმან I (1666-1694).
27. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 22 ოქტომბრს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ
დევნის2 შემდეგ, რომელიც თავს დაგვატეხეს სომხებმა და საიდანაც უფლის წყალობით ღირსეულად გამოვედით, მე, ერთი მხრივ, ვხედავდი რა, თუ როგორ მფარველობდა საყვარელი უფალი, დამეუფლა ერთგვარი ნუგეში, რომ ღმერთი გასაჭირში არ ტოვებს იმას, ვინც ერთგულად ემსახურება; მეორე მხრივ, მუდამ მეუფლება მღელვარება იმის გამო, რომ სრულიად არ გამაჩნია სახსრები, რათა ვასაზრდოო ჩემი საწყალი მისიონერები.
მამა ანჯელოს3 მოსვლის შემდეგ წმინდა კონგრეგაციისაგან ფული არ მინახია, ხოლო 1690 წლის სარგო 160 პიასტრი, რომლის შესახებ მომწერა კარის მამა პროკურატორმა, დაიკარგა. ამაში თქვენს ყოვლადუწმინდესობას შეუძლია დარწმუნდეს წერილის ასლიდან, რომელიც მამა ხაზინადარმა გამომიგზავნა ალეპოდან; ეს წერილი შემდეგია: როგორც თქვენ, ალბათ, იცით 1690 წლის 22 ივნისს გამოგიგზავნეთ 161 პიასტრი. იგი გადაეცა ვინმე სომეხს, რომელმაც ამ მიზნით ჩვენ წარმოგვიდგინა თქვენი მაღალღირსების მინდობილობის წერილი. ამიერიდან, რამდენადაც მე იძულებული ვარ რამდენიმე ხნით წავიდე ბაღდადში, წმინდა კონგრეგაციის დავალებით თქვენი მისიონისათვის ფულის გადაგზავნას, აწარმოებს ჩვენი ბერი-პროკურატორი. ასეთია წერილის ზედმიწევნითი ტექსტი, რომელმაც დიდად დამაღონა, რადგან ერთ-ერთმა ბერმა ბოროტად იოხუნჯა. მიუხედავად ამისა, მთელი ძალებით ვცდილობ ჭეშმარიტება დავადგინო; მაგრამ საქმე იმაშია, ჯერჯერობით არავითარი ფული არ ჩანს. მისიონერები სრულიად გაწამდნენ და მისიონიდან წასვლით მემუქრებიან; სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება, მაგრამ ჩვენი ასეთი მდგომარეობა თვით შეუპოვრებსაც აშინებთ, როდესაც ხედავენ, რომ ასე შორეულ ქვეყანაში არსებობისათვის აუცილებელი სახსრების გარეშე დარჩნენ და მხოლოდ უფლის წყალობის იმედად უნდა იყვნენ. თანაც ეს ქვეყნები ღარიბია და უწყალო, რაც უფრო უარესი, უმადურია და ეს ნაკლი თითქოს ბუნებიდანაა. მაშასადამე, ჩვენ უკვე დავკარგეთ იმედი, რომ აქ შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ მოისურვებენ ჩვენს მოტყუებას და ხეირის ნახვას, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ყოფილა.
ორ წელზე ნაკლებ დროში, მამა ანჯელომ შემახიის მისიონზე ძალიან ბევრი დახარჯა. ამას უნდა დაემატოს კიდევ წლიური სარჩო სამ ბერზე, თუმცა მთელი ერთი წლის მანძილზე ის მარტო ცხოვრობდა იქ; ახლა ჯუზეპე მარია მარტო ცხოვრობს, ხარჯავს [ფულს] თავდავიწყებით და მას შემდეგ, როცა მან 6 თვეში გახარჯა 46 სკუდო (გაურკვეველია). არ ვისურვე მისთვის გამეგზავნა 64 სკუდო, რომელსაც ის ითხოვდა. მან მამა-იეზუიტებს განუცხადა, რომ არ უნდა მეტად მომწეროს, რომ ჩემი ნაცნობობაც არ სურს და ა.შ.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 417r-418 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება სომეხი გრიგორიანი სასულიერო პირებისაგან კათოლიკე მამამისიონერების დევნა, რომელიც პერმანენტულად ხორციელდებოდა.
3. მამა-მისიონერი ანჯელო და ფილინე 1687 წლის გაზაფხულზე რომის პაპ ინოკენტი XI სთან მისიით გაგზავნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. მას მიჰქონდა მეფისა და ეპისკოპოს ექვთიმე რატიშვილის წერილები პაპისადმი და მიჰყავდა 19 წლის ქართველი ახალგაზრდა, სახელად სოლომონი პროპაგანდის კოლეჯში სასწავლებლად. (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 270-275; მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 222). ანჯელო და ფილინე რომიდან ზუსტად, თუ როდის დაბრუნდა თბილისში უცნობია. ირკვევა ის, რომ 1688 წლის მაისის მიწურულს ანჯელო ჯერ კიდევ რომშია (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 273). ამ რელაციაზე დაყრდნობით, რომ თბილისის მისიონს 1690 წელს 160 პიასტრი გამოუგზავნეს, მამა ანჯელო და ფილინეს ჩამოსვლის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უკანასკნელი რომიდან თბილისში დაბრუნდა 1688 წლის ბოლოს ან მომდევნო წელს.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მე თან მქონდა რაღაც თანხა, რომელიც ჩამოვიტანე ჩემი ქვეყნიდან1, რათა წმინდა რწმენისა და რომის ეკლესიის დიდებისათის დამეხარჯა და არა საკუთარი საჭიროებისათვის; რაც თან მქონდა, ყველა დავხარჯე, რადგან აუტანელი იყო მეხილა ეკლესია2, რომელიც გადაქცეული იყო საშინელი სახის სამჭედლოდ. ამის აღწერა და წარმოდგენა შეუძლებელია; ამ მიზნით არ დამიხარჯავს არც ერთი სკუდო, რომელიც ჩვენ წმინდა კონგრეგაციამ გამოგვიყო. იმედი მქონდა, რომ წმინდა კონგრეგაცია დაეხმარება იმას, ვინც მხოლოდ ფიქრობს მის3 პატივსა და დიდებაზე, ჩამორეცხს დიდ სირცხვილს [კათოლიკურ ეკლესიას], ერეტიკოსების4 მხრიდან მუდმივი დაცინვის მიზეზს. ისინი5 ამბობდნენ, რომ ჩვენს ეკლესიაში6 არ არის არაფერი, რაც წააქეზებდა [ადამიანს] ჩვენს სარწმუნოებაზე7 გადასვლას, პირიქით, ასეთი ეკლესია მხოლოდ ჩამოაშორებდა სარწმუნოებისაგან8. ჩვენი ეკლესიის დანახვაზე როგორ შეიძლებოდა მოკრძლებული გრძნობით საუბარი, როცა იგი იყო გატიალებული, შავი, როგორც ნახშირი, ნახევრად დანგრეული, საკურთხევლის რაიმე მორთულობის გარეშე, შიშველი და უგვანო? როცა მე ჩამოვედი [თბილისში] და შევედი ეკლესიაში და ვნახე იგი რა მდგომარეობაშია, კინაღამ მოვკვდი გულისტიკივილისაგან. როცა გავიგე ჩვენი ზარების რეკვა, რომელთაგან ყველაზე დიდი გაბზარული იყო და ცუდად დადგმული, მაშინ ვთქვი: ძალიან კარგი, ყველაფერი მიდის კარგად, ეკლესია უშნოა, ზარი გაბზარულია, თავშესაფარი აკლებულია და დანგრეული, მისიონი უფულოდაა, უკეთესს ვერ ინატრებ; ამიტომ მისიონერთა სახიდან ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად უნდა შეწყდეს ეკლესიაზე დაცინვა, რათა შევარცხვინოთ ერეტიკოსები9 და წავართვათ აბუჩად აგდების საბაბი. ჩემს ბერებთან ერთად საჭიროებისამებრ გავისარჯე, რათა აღმედგინა დანგრეული, ხელი მიმეშველებინა ნგრევის პირას მყოფისათვის, გადამეხურა უგვანო და ღვთაებრივი კულტისთვის დამებრუნებინა ის საუცხოობა, რომელიც დამახასიათებელია იტალიური ეკლესიისათვის. და ეს შევძელი უფლისა და ჩვენი კათოლიკური ეკლესიის დიდებისათვის, სარწმუნოების გავრცელების სარგებლობისათვის.
1. ცხადია, იტალიიდან.
2. საუბარია თბილისის კათოლიკეთა ეკლესიაზე.
3. წმინდა კონგრეგაციის.
4. იგულისხმება სომხების.
5. სომეხი ერეტიკოსები.
6. იგულისხმება თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში.
7. იგულისხმება კათოლიკურ სარწმუნოებაზე.
8. იგულისხმება კათოლიკური სარწმუნოებისაგან.
9. იგულისხმება სომხები.
ახლა მე მინდა წმინდა კონგრეგაციისაგან მივიღო ნებართვა შემდეგ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია მისიონების მმართველობისათვის.
1. ერთი ბერი-მისიონერი, რომელიც შეუერთდა მამა ჯუსტინოს ამტკიცებს, რომ ბერი, უკვე იმ ფაქტის წყალობით, რომ ის მისიონერია, არ საჭიროებს პრეფექტს, რადგან თითოეული მისიონერი სარგებლობს რწმუნებებითა და პრივილეგიებით, რომელიც თვით პრეფექტს გააჩნია.
2. შეუძლია თუ არა პრეფექტს მისიონში უფროსად დანიშნოს ბერი, რომელსაც არა აქვს ორდენში ყველა მისიონერს შორის ხანგრძლივი [მსახურობის] ვადა; ზემოხსენებული ბერი ამტკიცებს, რომ პრეფექტს არ შეუძლია ორდენში ყოფნის ვადა შეცვალოს, როგორც არ შეუძლია შეცვალოს ვადების იერარქია, დანიშნოს ბერი უფროსად, რომელსაც ნაკლები ვადა აქვს [ნამსახური].
3. ეს ბერი ამტკიცებს, რომ თითოეულ მისიონერს შეუძლია პირადი საჭიროებისათვის ჰქონდეს ფული. [ასევე] ამბობს ეს პრივილეგია პაპის კურიამ მისცა მაროკოში მისიონერ-მინორიტებს.
ხსენებული ბერის მიერ ნაქადაგებმა მტკიცებებმა და ყოველნაირად დასაბუთებებმა, ზოგიერთ ვინმეზე ეფექტი მოახდინა, თუმცა არა ყველაზე; მიუხედავად ამისა, ის1 თავს არ ანებებს, და ყველა საშუალებით ცდილობს პრეფექტის ავტორიტეტი შეარყიოს, მოაკლოს მას პატივისცემა და მისიონერების მხრიდან მორჩილება და ამით გაიკვლიოს გზა ყოველგვარი თავაშვებულობისაკენ. სიღარიბის აღთქმის საწინააღმდეგოდ უარს არ ამბობს მორჩილებაზე და სხვა რამეზე, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს მისიონერმა მისიონის კეთილდღეობისა და ერეტიკოსთა შერცხვენისათვის. ეს მაშინ, როცა ჩვენი ღვთისმოსაობით დამარცხებულნი და შეგონებულნი2, რომელიც ამ მხარეში ადრე გაუგონარი იყო, მოექცნენ ჩვენს სარწმუნოებაზე3, თანაც ჩვენი წმინდა ეკლესიის წიაღში მოვიდნენ ქართველებიც და თურქებიც4. მეფე5 ოთხჯერ მოვიდა ჩვენთან თავისი გამოჩენილი სწავლულებით. გარდა ამისა, ყველაზე გამოჩენილი ქართველი სწავლულები მოდიოდნენ ჩვენთან ცალ ცალკე, ასევე ყველაზე დიდგვაროვანი ქალბატონებიც; როცა მათ ნახეს ჩვენი კარგად მორთული ეკლესია, ლამაზი საკურთხეველი და შესანიშნავად დალაგებული და მოწყობილი გარემოება, ყველა უკლებლივ ადიდებდა უფალს, გვეუბნებოდნენ, რომ კათოლიკური ეკლესია6 - ეს ნამდვილი დედაა ქრისტიანების, რომ მხოლოდ კათოლიკეები ზრუნავენ ჭეშმარიტად უფლის დიდების ამაღლებისათვის და მისი კულტის სილამაზისათვის. [ასევე გვეუბნებოდნენ], რომ [კათოლიკეები] არ აქცევენ ყურადღებას საერო საზრუნავს, როგორც ამას სხვა სექტებში აკეთებენ, სადაც სხვა მიზანია და საკუთარი ხეირის გარდა სხვას არას ეძებენ.
მაშ ასე, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ვხედავ ბედის ანაბარა დამაგდეს, თუმცა არ მინდა სულით დავეცე, ასევე არ მინდა ხელიდან გავუშვა შესაძლებლობა თქვენს ტერფებს ვემთხვიო უმორჩილესი თხოვნით: პირველი, უფლის დიდების გაძლიერებისათვის არ დავკარგოთ ის, რაც უკვე მიღწეულია, არამედ, პირიქით, ხელი შევუწყოთ მის კიდევ უფრო გაზრდას; მეორე, არ მივცეთ მისიონერებს სულით დაცემის საშუალება. მე არ ვწერ ჩემი ბერების შესახებ, რადგან მწამს თქვენი ნამდვილი დახმარებისა, წმინდა ეკლესიის დიდებაზე მიმართული თქვენი სულის ძალისა, რომელიც არის ყველა მისიონერის საყვარელი მამა და ამიტომ მსურს ამაზე დავამყარო იმედი.
1. ხსენებული ბერი.
2. იგულისხმებიან ერეტიკოსი სომხები.
3. იგულისხმება კათოლიკურ სარწმუნოებაზე.
4. ალბათ, მუსლიმები.
5. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
6. იგულისხმება თბილისის კათოლიკური ეკლესია.
გთხოვთ, როგორმე აღმომიჩინოთ ფულადი დახმარება, როგორც ეს უკვე ორჯერ გთხოვეთ. მერწმუნეთ, ამ ფულიდან ყველა სოლდო1 დაიხარჯება წმინდა ეკლესიიის სასარგებლოდ, რომელიც ამ მხარეებში დიდებით შეიმოსება, თუკი უფალი გიორგი მეფის2 იარაღს წარმატებას მოუტანს; ეს მეფე3 ამჟამად დაეუფლა იმერეთს და დაიკავებს კოლხიდას4 და ამგვარად იმზადებს ნიადაგს საქართველოში5 შემოსაჭრელად და დასაკავებლად, მით უფრო, რომ მის მხარეზე არის ყველა დიდი მოაზროვნე. თქვენს მაღალ გულმოწყალებაზე ვამყარებ ყველა ჩემს იმედს, ვკოცნი თქვენი წმინდა სამოსელის კალთებს, ერწმუნეთ ჩემს სამუდამო ერთგულებას და ვანდობ თავს თქვენს წმინდა ლოცვებს.
ტიფლისი, 1691 წლის 22 ოქტომბერი ძველი სტილით.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ბერი ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი, პრეფექტი.
1. იტალიური სპილენძის ფული. იჭრებოდა XII საუკუნის დასასრულიდან.
2. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
3. ქართლის მეფე გიორგი XI-მ.
4. იგულისხმება სამეგრელოს სამთავრო.
5. იგულისხმება ქართლის სამეფო.
28. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას 1691 წლის 26 ნოემბერს თბილისიდან წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ
გიგზავნით ყოველივეს, რაც ჩემგან წმინდა კონგრეგაციამ მოითხოვა. ეს იმ სახით მოვამზადე, როგორც შესაძლებელი აღმოჩნდა დროის ამ მოკლე შუალედში. ვთხოვ თქვენს მოწყალებას, გამოიჩინოთ ცოტაოდენი მოთმინება, რათა ნახოთ, ეს ბერი რამდენად აღივსო მორჩილებით, რომლის გულთბილად მისაღებად მზად ვიყავი, თუკი ის ნამდვილად მოინანიებდა და სიკეთის კეთების განზრახვა ექნებოდა; რაც შეეხება მის ანგარიშს ხარჯების შესახებ, რა შემეძლო მე აქ გამეკეთებინა? როცა მან შემახაში გამგზავრებამდე წარმომიდგინა ნაწილობრივი ანგარიში, ხარჯების საერთო თანხა შეადგენდა 1008 სკუდოს, რომლის ნაწილი დაიხარჯა უსარგებლო ნაგებობაზე, ნაწილი ორი ბარონის2 დაქორწინებაზე, ნაწილი საჩუქრებზე, ნაწილი სახელოსნოს მოწყობილობაზე, ხოლო სხვა დანარჩენი მას არც ახსოვს. როგორც ის ამბობს, ჩანაწერები არ გაუკეთებია. ის ფული, რომელიც ჩამოიტანა ბერმა მიკელემ, მისი სიტყვებით, ყველა დაიხარჯა. რის გაკეთება შემეძლო? ის დაფუძნდა განჯაში და უკვე ერთი წელია იქ ცხოვრობს. როგორც მეჩვენება, ალეპოში მისიონის ფულის მოპარვა - მისი ნახელავია. მიუხედავად ამისა, თუკი ვიმოქმედებთ სიკეთის ჩადენის მცნების შესაბამისად, ვევედრები წმინდა კონგრეგაციას, აპატიოს მას ეს საქციელი, მით უფრო, რომ ვიპოვე ხერხი ამ ფულის დაბრუნებისა, თუკი მას იგი ალეპოდან არ გაუტანია. მდაბლად გიხრით თავს, ვკოცნი თქვენი წმინდა სამოსელის კალთებს და გთხოვთ, ყველაფერი უკეთესად რომ დამთავრდეს, მომხსენით პრეფექტის ვალდებულება.
ტიფლისი, 1691 წლის 26 ნოემბერი ძველი სტილით.
თქვენი მოწყალების ერთგული და უვარგისი მსახური ბერი ჯულიო და კრემონა, საქართველოს პრეფექტი.
შენიშვნა მინდორზე: თქვენი ყოვლადუწმინდესობა მაპატიებს, რომ ასეთ ქაღალდზე ასეთ ცოტას ვწერ, რადგან ამ დროს ამაზე უკეთესი აქ არ არის.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, f. 435 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. თავადის.
29. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 28 ნოემბერს1 წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი გაგზავნილი წერილი2
დიდად პატივცემულო ბატონებო
ვალდებული ვიყავი თქვენი ყოვლადუწმინდესობისათვის მეუწყებინა თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ. აუცილებლად მივიჩნევ, პირველ რიგში, გაუწყოთ მისიონების მდგომარეობაზე, რომელიც საწყალი და უძლური მღვდლის ზედამხედველობის ქვეშაა იმისთვის, რომ თანაბრად ყველამ იზეიმოს სამართლიანობა. ვფიქრობ, შემახაში მისიონი საჭირო იქნება მხოლოდ იმისათვის, რომ უცხოელმა ვაჭარ-კათოლიკეებმა თქვან აღსარება და ზიარება მიიღონ, რომლებიც ამ ქალაქში მრავლად ჩამოდიან, სადაც ძალიან გაცხოველებული ვაჭრობა [მიმდინარეობს]. ჩვენს სარწმუნოებაზე3 ადგილობრივი მაცხოვრებლების მოქცევა არ მოხდება, რადგან ამ ქალაქში მთლიანად თურქები4 და ცოტაოდენ სომხები ცხოვრობენ. უცხოელი ვაჭრებისათვის, რომლებიც აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან, ასეთი მისიონი საჭირო იქნება, მაგრამ იგი თავის მხრივ ვერ შეედრება თბილისის მისიონს. იგივე შემიძლია ვთქვა განჯისა და სხვა მისიონებზე, რომელთა დაარსებაც შესაძლებელი იქნება სპარსეთში. ამასთან ერთად, სხვებთან შედარებით, ამ ორ მისიონს შემახასა და განჯაში შეუძლიათ უფრო მეტი სარგებლობა მოიტანონ, რადგან ამ ორ ქალაქში ხშირად ჩამოდიან თბილისის, გორისა და კახეთის მაცხოვრებლები. გარდა ამისა, მათ5 ხშირად აქვთ საკუთარი სახლი და დიდხანს ცხოვრობენ იქ6 და ყველა ქართულად ლაპარაკობს. მაგრამ ამ მისიონებზე არასოდეს დახარჯულა ათას ნაწილზე მეტი, რაც საჭიროა თბილისის მისიონისათვის. გორშიც კი არაა საჭირო ამდენი, თუმცა აქ ბოლო დროს მტრობის გამო ფუფუნებამდე ვის ეცალა, რადგან ჩვენი ბერების წინააღმდეგ ამხედრდნენ სომეხი მღვდლები, რომელთაც ჩვენმა მისიონერებმა ძალით წაართვეს ეკლესია და სახლი, რომელიც იმ დროს უზურპირებული ჰქონდათ; გორში ეს მისიონი საჭიროებს გიორგი მეფის7 მოსვლას, რადგან დიდი ხარჯის გარეშე ეკლესიის წესრიგში მოყვანა და მასში მსახურება შეუძლებელია; საქმე აქამდეც რომ მივიდეს, სულ ერთია, ეს არ შეედრება იმ ხარჯებს, რაც იმავე გარემოების8 წყალობით თბილისის მისიონის შენახვაზეა საჭირო.
1. ამ რელაციონის ძალიან მცირე ნაწილი, თითქმის ერთ გვერდამდე, მოტანილი აქვს პატ. მ. თამარაშვილს თავის ნაშრომში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 285-286; 706-707).
2. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 436r-437 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
3. იგულისხმება კათოლიკურ სარწმუნოებაზე.
4. იგულისხმებიან მუსლიმები.
5. თბილისის, გორისა და კახეთის მაცხოვრებლებს.
6. შემახასა და განჯაში.
7. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI, რომელიც 1691-1695 წლებში ქართლის დიდ ნაწილს დაეუფლა; თუმცა ქართლის სამეფოს მთავარი ქალაქები - თბილისი და გორი მისი მოწინააღმდეგეების ხელში იყო. ჯულიო და კრემონას, როგორც ამ, ისე სხვა რელაციონებიდან ჩანს, მისიონერები თანაუგრძნობდნენ გიორგი XI-ს, რაც ბუნებრივი იყო. მეფის გამარჯვება მათ მიაჩნდათ კათოლიკობის გავრცელებისა და განმტკიცების საწინდრად. საკუთრივ, გიორგი მეფის მიერ გორის დაუფლება, ჯულიო და კრემონას იქაური მისიონის წარმატების გარანტად მიაჩნდა.
8. იგულისხმება ქართლის მეფის გიორგი XI-ის მისიონერებისადმი დახმარება.
ამ ქალაქში1 თითქმის სულ სომხური მოსახლეობაა, აქვეა სამეფო რეზიდენცია და საერთოდ ეს ის ადგილია, სადაც ყველა სამეფოებიდან ჩამოდიან; აქ აუცილებელია ყველა ხალხს ვანახოთ ჩვენი კულტის2 ბრწყინვალება, მსახურების სილამაზე და საეკლესიო მოკაზმულობა, რათა ყოველივე ამით განვამტკიცოთ ჩვენი რწმენის ქადაგება და მასზე გადასვლა. ასე რომ, ვეყრდნობი რა ქვეყნების შესახებ ჩემს ცოდნას, შემიძლია მთელი რწმუნებით განვაცხადო, რომ თბილისის მისიონი აღმოსავლეთში არსებულ მისიონებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ასეთი აზრი მომისმენია ძალიან გამოცდილი მრავალი ადამიანისაგან, რომლებიც იყვნენ და კარგად იცნობდნენ აღმოსავლეთს; შემდეგ, ასეთივე აზრი შეიძლება ჩამოაყალიბდეს ჩვენი ბერების მსჯელობის მიხედვითაც, რომლებიც არიან ზრდილობიანები და ნასწავლნი. მათ მიმართ ქართველები, დიდ პატივისცემას იჩენენ, მფარველობენ და მიაგებენ უზომო პატივს. რაც უფრო წარჩინებულ ქართველებს აქვთ [მისიონერებთან] საქმე, მით უფრო გვცემს [ხალხი] პატივს. ასევე პატივითა და ღირსებით გვეპყრობა ქალაქში3 მაცხოვრებელ სომეხთა დიდი ნაწილი, რომელთა რიცხვი 30 ათასამდე4 აღწევს. ეს ადამიანები ძალიან რბილი ხასიათისანი არიან და თუკი მათ არ ეყოლებოდათ გონებასუსტი მღვდლები, მალე ჩვენს სარწმუნოებაზე5 მოვაქცევდით მთელ ქვეყანას6.
1. ე.ი. თბილისში.
2. კათოლიკური ეკლესიის.
3. იგულისხმება თბილისი.
4. შეუძლებელია, ამ ციფრს დაუეჭვებლად ვენდოთ, რადგან არ ვიცით რაზე დაყრდნობით მოყავს ავტორს იგი. რადგან ამ ეტაპზე სხვა საკონტროლო მასალა არ გაგვაჩნია, მასზე მსჯელობა გვიჭირს.
5. იგულისხმება კათოლიკური სარწმუნოება.
6. იგულისხმება თბილისში მცხოვრები სომხები.
თბილისში ჩვენი ბერები დადიან, სადაც უნდათ, ყოველგვარი შიშის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ამას იტალიაში აკეთებენ; ჩვენი ბერული ტანსაცმელი1 არ იწვევს არავისგან დაცინვას. აქ ჩვენ ღვთისმსახურებას ვეწევით ღია კარებში, ვაწყობთ ჯვრის მსვლელობებს საჯაროდ, ასევე ჯვრის მსვლელობას წმინდა შესაწირავით, ვასამარებთ შიშის გარეშე შეურაცხყოფას. აქ ბერებს დიდებულთა კარზე, კერძო სახლებსა და სხვა ეკლესიებში2 შესვლა შეუძლიათ. მათ ყველგან ძალუძთ დაუბრკოლებლად იქადაგონ. საჯარო სკანდალის საფრთხე არ ემუქრებათ როგორც თურქებს3, ასევე ქართველებსა და სომხებს შორის. როცა ჩვენი მისიონერი მიდის ქალაქში, არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც მას გზას არ დაუთმობდა და თუკი მათგან რომელიმეს ძალიან აქვს განვითარებული პატივმოყვარეობა, ბერს არ სჭირდება ინადიროს დიდებაზე, რადგან მას4 ყველა, ამის გარეშეც, ეთაყვანება და პატივს მიაგებს.
აქაური5 კათოლიკეები გამოირჩევიან ღვთისმოსაობით, უბრალოებით, ხშირად მოდიან აღსარების სათქმელად, ზიარების მისაღებად და გულდასმით იცავენ ჩვენს წესებს; მაშ, ისინი ეკლესიაში არ მისდევენ აღმოსავლურ წესებს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თავდახურულნი6 დგანან ეკლესიაში, არამედ დგანან მუხლებზე, ჩუმად, თავდაუხურავნი; იგივეს ჩვენს ეკლესიაში აკეთებენ ერეტიკოსებიც7, როგორც ჩანს იმის შიშით, რომ სხვაგვარად მათ დევნას დაუწყებენ. ყოველივე ამის მნახველმა იეზუიტმა მამა კოსტკოვსკიმ აღტაცებით წამოიძახა: ნეტარი ხართ თქვენ, ვინაიდან იმყოფებით ბარბაროსულ8 ქვეყანაში, სარგებლობთ ასეთი თავისუფლებით და აკვირდებით დღითიდღე როგორ უფრო და უფრო იზრდება რწმენა9, ვიდრე ჩვენს იტალიაშიო. ასევე იეზუიტმა მამა ლაპოლსკიმ, რომელიც გვეწვია მამა კოსტკოვსკის ერთი წლის შემდეგ, უფრო მეტი აღტაცება გამოხატა ჩვენს მიმართ; მან ჩვენთან გაატარა 25 დღე, ყველაფერს
ყურადღებით აკვირდებოდა და აღტაცებული დარჩა უკვე აღდგენილი ეკლესიით, მაგრამ ის ყველაზე მატად გააოცა ჩვენს მისიონში ხალხის მოწყდომამ; უწმინდესი მარიამ ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დღეს, როცა ნახა, ეკლესიაში ჩვენთან აღსარებაზე სრულიად თავისუფლად და ღიად მოვიდა 80 კაცზე მეტი, მან გულაჩუყებულმა ტირილით გვითხრა: „უფალო, სად ვიმყოფები, პოლონეთშიც კი არ მინახავს, რომ ამდენი ქრისტიანი მოსულიყო აღსარების სათქმელად და ზიარების მისაღებად, როგორც ამ ეკლესიაში“. ის10 შეგვეკითხა: რამდენი ადამიანი მოდიოდა აღსარების სათქმელად და ზიარების მისაღებად. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ნახა და უფრო მეტი მოვა ზიარებისათვის მომავალში, რადგან ეს ესაა დასრულდა დევნა11 და ბევრმა ადამიანმა ვერ გაბედა ღიად მოსვლა, რადგან არ აღმოჩენილიყვნენ ყურადღების ცენტრში; მან გვიპასუხა: დიახ, ვიცი, რომ სამივე ყოველ დილას დაკავებული იყავით მორწმუნეთა აღსარებით, მაგრამ ეს თუკი მხოლოდ ყვავილია, მაშინ როგორი იქნება ნაყოფი! გვიან, როცა მიდიოდა გვითხრა: გული მწყდება, რომ ვტოვებ ამ კურთხეულ ადგილს, მაგრამ კიდევ ბევრს დავწერ და მოვყვები ამ მისიონთა12 დედოფლის შესახებ. ამიტომ ვეუბნები თქვენს ყოვლადუწმინდესობას13, რომ თბილისში ერთი მღვდლით მეტი უნდა იყოს, ვიდრე სხვა მისიონებში, როგორც იმისათვის, რომ ეკლესიაში იმსახუროს და აღსარება მიიღოს, ასევე იმ შემთხვევისათვის, თუკი სხვა მისიონებს სასწრაფო დახმარება დასჭირდება, ან, როცა ერთ-ერთი რომელიმე ბერი არ იქნებოდა და საჭირო იყო ის სხვას შეეცვალა. მეორე, გთხოვთ დახმარებას. მესამე, ახალ პრეფექტს; მე ვიმსახურე საკმარისად და ცოტა როდი იყო წინ აღვდგომოდი იმათ ხრიკებსა და მზაკვრობებს, ვინც ჯოჯოხეთის ბნელმა ძალებმა შექმნეს და დაარიგეს, რომ გავენადგურებინე; საკმარისია ისიც, რომ ამდენი წლის მანძილზე ვიბრძვი სამართლიანობისათვის, როგორც საკუთარი ორდენის წმინდა ეკლესიის დიდებისათვის, ასევე სხვადასხვა მისიონებში რეციაშიც და მოვიხვეჭე ამ ბრძოლაში კეთილის სახელი, ხოლო ეს კეთილი სახელი აქ დავკარგე. უკვე მეექვსედ გთხოვთ, რომ გამოაგზავნოთ ახალი პრეფექტი და ყველა ჩემი წინანდელი თხოვნა უპასუხოდ დარჩა, რადგან წმინდა კონგრეგაციისათვის უცნობია, რამდენად სუსტი და უსარგებლო ვარ ეს ტვირთი კიდევ ვზიდო; ეს ტვირთი უნდა მიენდოს ადამიანებს, რომლებიც გამოირჩევიან სათნოებით, გონებით და არა მე, უბადრუკ და უიღბლო ბერს, რომელიც მოკლებულია ამ წმინდა ნათებას, სწავლულობას და ყველა იმ თვისებას, რომლითაც უნდა იყოს დაჯილდოებული ხელმძღვანელი-მღვდლები. ამიერიდან ჩვენი მისიონის მუშაობისათვის ყველა დაბრკოლება მოხსნილია, ერეტიკოსები შერცხვენილნი არიან, შფოთის ამტეხნი მიყუჩდნენ; აღდგენილია და საკმაოდ მოკაზმული ეკლესია, გორში მისიონი აღდგენილია. ვფიქრობ, რომ ჩვენი დაბნეული ბერი უკვე სამართლიან გზას დაადგა. ამიტომ გამოაგზავნეთ ახალი პრეფექტი, რათა ბოლოს ამდენი შრომის შემდეგ შევძლო მივხედო საკუთარ თავს, ენით (არ იკითხება) სხვა აუცილებელი საქმეებით, რათა რომის ეკლესიის ეს ნაყოფიერი ნიადაგი უკეთ დამუშავდეს და არ მოსწყდეს იმ საზრუნავსა და შფოთს, რომელიც მოსდევს პრეფექტის თანამდებობას.
1. იგულისხმება კაპუჩინი ბერების მათხოვრული წესების შესაბამისი სამოსელი.
2. ე. ი. ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ უნიატურ ეკლესიებში.
3. იგულისხმება მუსლიმები.
4. კათოლიკე მისიონერს.
5. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ქართველი, სომეხი თუ სხვა ეროვნების კათოლიკე.
6. აქ, ალბათ, იგულისხმება მუსლიმური წესი.
7. რელაციონის ავტორი ერეტიკოსის ქვეშ გულისხმობს სომეხ გრიგორიანებს.
8. აქ სიტყვა „ბარბაროსი“ გამოიყენება ჩამორჩენილი ხალხის მნიშვნელობით.
9. იგულისხმება კათოლიკური სარწმუნოება.
10. პოლონელი იეზუიტი მამა ლაპოლსკი.
11. იგულისხმება სომეხთა მიერ კათოლიკე მისიონერთა დევნა.
12. იგულისხმება თბილისის კათოლიკეთა მისიონი.
13. წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს კარდინალს.
ყველა საზეიმო დღესასწაულზე წირვისას ექვსი ჩირაღდნის თანხლებით ყოველთვის გალობენ, ასევეა შობის დღეს და ა.შ. მირქმის დღეს1 1 სოლდოს2 ღირებულების სანთლები რიგდება, ხოლო განსაკუთრებული და საპატიო დამსწრეებისათვის მზადდება 3 ან 4 სოლდოს ღირებულების სანთელი. იგი ეძლევა ყველას, ვინც მიდის საკურთხეველთან ასეთი სანთლით და ეამბორება მღვდელს ხელზე. ვნების კვირის მანძილზე საკურთხეველზე 6 ანთებული სანთლითა და სამკუთხედად განლაგებული 15 სანთლით ყველა მსახურება გალობით აღესრულება; მზადდება გარდამოხსნა 10 სანთლითა და ამდენივე კანდელით.
წმიდა ხუთშაბათს წირვა აღესრულებაა 6 დიდი სანთლით, შემდეგ ეწყობა ჯვრის მსვლელობა და წმიდა ევქარისტიის გარდამოხსნაზე დადება. ამასთან ყველა მორწმუნეს ეძლევა დიდი და ლამაზი სანთელი, რომელიც მსახურების დასრულების შემდეგ ჩამოერთმევა. ეკლესიაში საღამოს მსახურების წინ ეწყობა მორწმუნეთა თანდასწრებით ემბაზი, საკურთხეველზე ინთება 6 სანთელი და ორი მორჩილი დგას ხელში ჩირაღდნით.
წითელ პარასკევს იგალობება წირვა და ევქარისტია ხალხის თანდასწრებით, ყველა ფეხზე დგას ხელში ანთენული სანთლით, როგორც ზემოთ აღიწერა.
წმიდა შაბათს აღესრულება ემბაზის ლოცვა-კურთხევა 4 ჩირაღდნით, საზეიმოდ იგალობება წირვა 4 ანთებული ჩირაღდნითა და 12 დიდი სანთლით.
პასექზეც იგივეა, რაც შობაზე. 18 დიდი სანთელი და 6 პატარა 4 უნციის3; მომდევნო დღესასწაულებზეც ისევე, როგორც ზემოთ აღიწერა. სულიწმიდის მოფენაზე ისევეა, რაც პასექზე, ხოლო მის წინ ისევეა, რაც წმინდა შაბათზე, რადგან იგალობება იგივე ღვთისმსახურება, იგივე ხარჯის ცვილის სანთლით; ასეთივეს მიეკუთვნება შემდეგი დღესასწაულები. მარიამ ღმრთისმშობლის ზეცად აღყვანება, წმ. ფრანცისკეს, წ. იოსების [ხსენების დღე], [საუფლო დღესასწაული] ხარება, წმ. პეტრესა და წმ. პავლეს, წმ. იოანე ნათლისმცემლის [ხსენების დღე]. თითოეულ ამ დღესასწაულზე იხარჯება 12 დიდი სანთელი და 4 ჩირაღდანი.
რომაულ-კათოლიკური კალენდრით ყოველ კვირას, ასევე ყველა სხვა დღესასწაულზე იხარჯება 4 უნციის 6 სანთელი და 2 ჩირაღდანი, გარდა მოციქულთა დღესასწაულისა, როცა 6 დიდი სანთელი და დიდი ჩირაღდნები იხარჯება.
თვით საზეიმო დღესასწაულის წინა საღამოს ლოცვა იგალობება 6 სანთლით. ასეთ დღესასწაულებს მიეკუთვნება ამაღლება, მიძინება და სხვ., როგორც ზემოთ ითქვა.
1. მირქმას ანუ უფლისადმი მიგებებას ყველაზე ძველ დღესასწაულს კათოლიკები ზეიმობენ 2 თებერვალს, ხოლო მართლმადიდებლები 15 თებერვალს.
2. სოლდო-სპილენძის იტალიური მონეტა-უდრის 1/20 ლირას.
3. წონის ერთეული ძველ რომში.
ყველაზე საზეიმო დღესასწაულების წინ ღამის ლოცვა იგალობება 6 სანთლით, ხოლო ზეიმის დღეს აღესრულება მწუხრის ლოცვა და ლიტანია ყველა ანთებული სანთლითა და 6 დიდი ჩირაღდნით.
ყველა საზეიმო დღესასწაულებიდან ყველაზე საზეიმოდ იდღესასწაულება ქრისტეს სხეულის1 დღე, როცა საკურთხეველზე ინთება ყველაზე მცირე 20 ყველაზე ლამაზი სანთელი, ეწყობა ჯვრის სვლა წმინდა შეწირულობით ხალხის მონაწილეობით, რომლებიც მიდიან ჩვენ მიერ მიცემული სანთლებით ხელში; პროცესიის დასრულების შემდეგ ამ სანთლებს უკან ვართმევთ. საღამოს იგალობება მწუხრის ლოცვა ლიტანიით, გამოიდგმება წმიდა შეწირულობები, რომელიც აღესრულება ლოცვა-კურთხევით ყველა ანთებული სანთლითა და 6 ჩირაღდნით.
ყველა ამ დღესასწაულის, ლოცვა-კურთხევის, პროცესიის, წმინდა შეწირულობების გამოდგმის ზეიმის, სხვა ზეიმებისა და საკვირაოს დროს დიდი ოდენობით იხარჯება საკმეველი, რომელიც უნდა იყოს გამორჩეული ხარისხისა და ახალი, ხოლო საკმეველი ამ ქვეყანაში2 ძალიან ძვირია. თუკი ვინმეს სინამდვილეში უნდა კარგი საკმეველი ჰქონდეს, როგორც ჩვენ, მასზე დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
შემდეგ ნათლისღების, ბავშვების გაჩენის, სამგლოვიარო და სხვა მრავალი ღვთის მსახურებისას აუცილებელია სანთლები, რომელსაც ხშირად ბერები ბოროტად იყენებენ.
და ბოლოს, არის კიდევ კანდელი, რომელიც დღე და ღამე ანთია წმიდა საიდუმლოს წინა საღამოს, ასევე დგას ხალხის წინ სანაწილე3; ესეც შეადგენს საკმაოდ დიდ ხარჯს.
1. ლათინურად კორპუს ქრისტი - „ქრისტეს სხეული“. კათოლიკურ ეკლესიაში დღესასწაული, რომელიც ეძღვნება ქრისტეს სხეულისა და სისხლის თაყვანისცემას და სრულდება პურითა და ღვინით ევქარისტიის დროს. აღინიშნება წმ. სამების დღის მომდევნო ხუთშაბათს, აღდგომის მე-60 დღეს. დღესასწაულის არსი მდგომარეობს ევქარისტიის პატივისცემაში. დღესასწაული აღმოცენდა XIII საუკუნეში.
2. იგულისხმება საქართველო.
3. სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ხშირად ძვირფასი მორთულობით შემკული ბუდე, რომელშიც მოწამის ან წმიდანის რელიკვიებია დაცული.
გარდა ამისა, როცა შუა წელს წირვაზე გვესწრება მთავარი1 ანდა რომელიმე დიდგვაროვანი მეუღლით, მაშინ [ისეთი] მსახურება ეწყობა, როგორც თვით საზეიმო დღესასწაულის დროს. ეს წელიწადში 5 ან 6 ჯერ ხდება.
ამგვარად, არც ერთი სხვა მისიონი არ ხარჯავს ამდენს საკმეველის, ზეთისა და ცვილის სანთლის შეძენაზე; როგორ შეიძლება იმავე 25 სკუდოდ თბილისის მისიონის შენახვა? ნებისმიერი დაგვემოწმება, რომ ეს შეუძლებელია იმის მიხედვით, რაც ზემოთ ითქვა საკმეველზე, ზეთსა და ცვილის სანთელზე, ასევე სხვა საჭიროებებზე; შემეძლო მომეთხრო სხვა აუცილებლობებზე, მაგრამ არ მინდა თქვენს უწიმინდესობას ზედმეტი ხვეწნით თავი მოვაბეზრო. როცა მეფე იყო გიორგი2, წინანდელ მისიონერებს შეეძლოთ იმდენი ცვილის სანთელი ეხარჯათ, რამდენსაც მოისურვებდნენ, რადგან ეს გულუხვი ბატონი3 ყოველ დღესასწაულზე მათ ჩუქნიდა 36 სანთელს, თითოეული 6 უნციის, მაგრამ მე ასეთი გულუხვობით სარგებლობა ვერ შევძელი, რადგან ის გააძევეს4; უკვე შეუძლებელი იყო ამდენი სანთლის, ამ მოძველებული წესის გამოყენებაზე უარის თქმა, რათა ამას არ გამოეწვია კათოლიკეთა უკმაყოფილება, მითქმა-მოთქმა და ა.შ.
ამით ვასრულებ, უმდაბლესად ვუხრი თავს თქვენს უწმინდესობას და გამოვხატავ სამუდამო ერთგულებას.
ტიფლისი, 1691 წლის 28 ნოემბერი ძველი სტილით.
თქვენი უწმინდესობის უერთგულესი მსახური, ფრა’ ჯულიო და კრემონა, პრეფექტი.
1. ალბათ, მეფე.
2. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
3. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
4. მეფე გიორგი XI-ის მთელი პოლიტიკური საქმიანობა თავისი შინაარსით ირანის საწინააღმდეგო ხასიათის ატარებდა. ირანის შაჰი ჰუსეინ I (1694-1722) ინტრიგების ქსელს აბამდა გიორგის წინააღმდეგ. ამ საქმეში მას საიმედო მოკავშირეებად ქართლის თავადთა ის ჯგუფი მიაჩნდა, რომელიც გიორგის წინააღმდეგ იყო განწყობილი. რენეგატი თავადები ხარბად დაეწაფნენ შაჰ ჰუსეინის ქრთამს. გიორგი არ შეუშინდა შაჰის რისხვას და რენეგატ თავადთა წინააღმდეგ სასტიკი ზომები გაატარა. ახლა შაჰის კარზე მიზეზს ეძებდნენ გიორგის გადასაყენებლად. იგი ირანში დაიბარეს, მაგრამ მან ეს თხოვნა არ შეასრულა და 1688 წელს იმერეთში გადავიდა. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ დიდი ყოყმანის შემდეგ ირანში მყოფმა ერეკლემ მაჰმადიანობა მიიღო და ამავე წელს ქართლის ტახტზე ავიდა ნაზარალი-ხანის სახელწოდებით. ასე ჩაიშალა 1688 წელს გიორგი XI-ის ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანების გეგმა. (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, თბ., 1993, გვ. 280; დ. გვრიტიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), ტ.2, თბ., 1965, გვ. 458-46-) რელაციონის ავტორი სწორედ ამ ამბებს გულისხმობს.
30. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 28 ნოემბერს1 წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირისადმი მიწერილი წერილი და მას თანდართული ანგარიში კარდინალებისადმი გადასაცემად2
დიდად პატივცემულო ბატონო და ფრიად თაყვანსაცემო პატრონო
წარსულში არაერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ თქვენს ხელში მოხვედრილ წერილებს კეთილმოსურნე დახვედრა ელის და უარს არ ეუბნებიან. ამ ჯერზეც ვაგზავნი წმინდა კონგრეგაციის მიერ მოთხოვნილ ცნობებს და განდობთ ამ ანგარიშზე თქვენს ზრუნვას, რადგან ვიცი, რომ ამგვარად იგი3 სწრაფად მოხვდება დანიშნულ ადგილზე და არ დაიკარგება. დიდად ვთხოვ თქვენს მოწყალებას, მიადევნოს მას თვალყური, რათა ადრესატამდე მივიდეს, რადგან ძალიან მინდა მათმა ყოვლადუწმინდესოებებმა4 ნახონ, რომ ასეთ მოკლე დროში რამდენი ჯაფა დამჭირდა და ა.შ. და გაიგონ მთელი სიმართლე. ვფიქრობ, ვიღაცამ დამადანაშაულა იმაში, რომ წმინდა კონგრეგაციის ფულები ცუდად განვკარგე და ვიცი, ეს ადამიანი, რომელმაც ჩემს შესახებ ასეთი რამ დაწერა, შემდეგ ჩამოვიდა თბილისში და პირდაპირ საწინააღმდეგო ნახა იმისა, რაც მას ბოროტმა ენებმა ჩააგონეს; მან მაშინ იტირა კიდევაც და ახლა წერს ჩემს გამართლებაზე, მაგრამ გაოცებული ვარ წმინდა კონგრეგაციისაგან, რომელმაც, სანამ თბილისში დამნიშნავდა5 [პრეფექტად], ბრწყინვალედ იცოდა, თუ რამდენი სასარგებლო საქმე გამიკეთებია ჩვენი წმინდა ეკლესიისათვის. მან6 ისიც იცოდა, რომ იმ მისიონერისაგან, რომელთანაც ჩვენ მტრულ დამოკიდებულებაში ვართ, ჩემი მისამართით მხოლოდ უსამართლო საყვედურები იყო მოსალოდნელი. თქვენს მოწყალებას ვუგზავნი ღია პაკეტით ანგარიშის მთელ ტექსტს, რათა უწინ თქვენ წაიკითხოთ, ხოლო შემდეგ გააგზავნოთ [ადრესატთან]; თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება და კეთილინებებთ, იქნებ [ანგარიშის] გაგზავნის წინ თან დაურთოთ მას რამდენიმე სიტყვით [წერილი], არა ჩემი გამართლებისათვის, არამედ სამართლიანობის აღდგენისათვის. მწამს, მამა …….. მოინანიებს და ამიერიდან მხოლოდ სიკეთეს იქმს; მას რიგიანად მოვთოკავ. ხოლო დონ პიეტრო7, ვფიქრობ, კიდევ ბევრ ბოროტებას ჩაიდენს; ის8 გადავიდა სომხი მღვდლების მხარეზე და იცავს მათ ერესს9; მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიქცა ჩვენი მისიონიდან, მასთან არ მისაუბრია და ის, რაც ვიცი მის შესახებ, სხვა საიმედო ადამიანებისაგან გავიგე. შავმა ჭირმა10 ბევრის სიცოცხლე შეიწირა და აგრძელებს შეწირვას, მაგრამ არც ერთი კათოლიკე არ გარდაცვლილა; ამით უფალი გვიჩვენებს, რომ სჯის ერეტიკოსებს11 კათოლიკეების ახლახან გაჩაღებული დევნის12 გამო. მდაბლად და მოწიწებით გიხრით თავს, ვეამბორები თქვენი სამოსელის წმინდა კალთებს, მერწმუნეთ სამუდამო ერთგულებასა და სიყვარულში და ვავედრებ თავს თქვენს წმინდა ლოცვებს.
ტიფლისი, 1691 წლის 28 ნოემბერი ძველი სტილით.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ქრისტეში, ფრა’ ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი, პრეფექტი.
1. ამ რელაციონის მცირე ნაწილი, რომელშიც საუბარია გორის მისიონსა და იეზუიტ მამა ლაპოლსკის მიერ საქართველოში კათოლიკობის წარმატების შეფასებაზე, გამოაქვეყნა მ. თამარაშვილმა. (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 285-286).
2. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 438 r-447r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
3. იგულისხმება ანგარიში.
4. ე.ი. კარდინალებმა.
5. პროპაგანდამ მისიონის პრეფექტის თანამდებობაზე ჯუსტინო და ლივორნოს ნაცვლად დანიშნა ჯულიო და კრემონა და ეს უკანასკნელი 1687 წლის 2 ნოემბერს ჩამოვიდა თბილისში (Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, f.393 r.). ჯულიო და კრემონა პრეფექტად ჩანს 1692 წელსაც (მ. თამარაშვილი, ისტორის კათოლიკობისა..., გვ. 288) სხვა დამსახურებებთან ერთად მას მიეწერება ქართლის მდივან-ბეგის ბარძიმ ერისთავის (1688-1692) 1689 კათოლიკობაზე მოქცევა. (მ. თამარაშვილი, ისტორის კათოლიკობისა..., გვ. 288; Michel Tamarati. Op., cit. p. 580; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 638).
6. ე.ი. წმინდა კონგრეგაციამ.
7. ალბათ, ეს დონ პიეტრო ჯამბოა, რომლის შესახებ ქვემოთ იქნება საუბარი ამ რელაციონში.
8. დონ პიეტრო.
9. საფიქრებელია დონ პიეტრო ჯამბო წარმოშობით სომეხი იყო.
10. უნდა იგულისხმებოდეს 1684 წლის გაზაფხულსა და ზაფხულზე თბილისსა და გორში გაჩენილი შავი ჭირი, რომელიც შვიდი თვე მძვინვარებდა. როგორც ჩანს, მისი სუსხი მომდევნო წლებშიც იგრძნობოდა. ჟამმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გორის მისიონში დარჩენილი ერთადერთი მამა-მისიონერი კარლო და პეშა 1685 წელს შავმა ჭირმა იმსხვერპლა. ამის შემდეგ გორის მისიონი უპატრონოდ დარჩა (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 260; მ.პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 218-219). ახლა კაპუჩინთა მონასტერი და ქონება სომხების ხელში გადავიდა (მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 231).
11. სომეხ გრიგორიან სასულიერო პირებს.
12. ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს 1679 წელს დაწყებული დევნა (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 252).
მინდორზე: წაიკითხავთ რა ანგარიშს, ნუ გაკვირდებით ჩემი დაწვრილებითი ახსნა-განმარტებებით; როცა წმინდა კონგრეგაციას აქვს სურვილი იცოდეს, რომელი ფულით გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, ჩემი თუ სხვისი ფულით, ანდა შეიძლება მოწყალების გაღებით, ანდა რატომ გავაკეთე ყველაფერი ეს, ვპასუხობ პირდაპირ და ღიად, როგორც მიბრძანებს უფალი და სინდისი მთელი გულწრფელობით, რათა შემდგომ სინდისმა არ მქენჯნოს.
ყოვლადუწმინდესო ბატონებო,
თქვენი უწმინდესობათა სურვილის თანახმად, რომ წარმოგიდგინოთ უტყუარი ანგარიში, დიდი გულწრფელობით უნდა ვთქვა შემდეგი: პირველი, წმინდა კონგრეგაციამ უნდა იცოდეს, რომ იმ 30 სკუდოდან, რომელიც გადმომეცა მეფისათვის1 რაიმე საჩუქრის შესაძენად, არაფერი დამიხარჯავს, არამედ შევინახე. იმ 60 სკუდოდან, რომელიც გადმომეცა გზის ხარჯებისათვის, ასევე 50 სკუდო, რომელიც გადმომეცა ჩემი თანამგზავრისათვის, ჩვენ დაგვრჩა 65 სკუდო; მთელი გზა იტალიიდან დავფარეთ ფეხით, არც ერთხელ არ ჩაგვიცვამს ფეხსაცმელი, არც ლანჩი გამოგვიცვლია; მოვდიოდით საბრალონი და შიშველნი, გვქონდა მხოლოდ ერთი სამოსელი, ლაბადა და ქვედა საცვლები; გზაზე იტალიიდან თბილისამდე, მთელი 9 თვის მანძილზე, ხანგრძლივი მოგზაურობისას ვჭამდით მოხარშულ ანდა შემწვარ საკვებს მხოლოდ [იმ] ადგილებზე, სადაც მისიონერებს ვხვდებოდით, ანდა, როცა მას გვაძლევდნენ მოწყალების სახით. მხოლოდ ტრაპიზონში, გრძნობ რა, როგორ აპროტესტებს ჩვენი ბუნება შავ ზღვაზე გადატანილი უბედურების შემდეგ, ორჯერ ვიყიდეთ ცოტაოდენ შემწვარი ხორცი; სხვა ხარჯი არ გვქონია. ვცდილობდით მისიონის საჭიროებისათვის შეგვენახა ფული, თითქოსდა ვგრძნობდით, რაც იქ გველოდა. მესამე, მორწმუნეთა მიერ მორთმეული საჩუქრებიდან, ასევე წირვისათვის მოწყალების სახით გაღებული ძღვენიდან, მე დავაგროვე დიდი თანხა, რომელიც შემდეგში გავზარდე; მაგრამ, როდესაც ნეაპოლში ჩამოვიდა მამა ბერნარდო მარია2 და გაიგო, რომ მე თან მიმაქვს ბევრი ნივთი, მან მითხრა, უმჯობესია მეტი ფული წაიღო, რადგან მოგზაურობის დროს ნივთები მხოლოდ ზედმეტი ტვირთია, აძნელებს გადაადგილებას და მოაქვს დამატებითი ხარჯები; ამიტომ დაუყოვნებლივ დავიწყე ნივთებისაგან გათავისუფლება, რათა მეტი ფული დამეგროვებინა. და ამგვარად, ეკონომიის, საჩუქრების, მოწყალების და სხვ. წყალობით დამიგროვდა ჯამში 298 სკუდო, რაც გამომადგა იმისათვის, რომ მხარში ამოვდგომოდი მისიონს, რომელიც თითქმის სრულად დანგრეულ მდგომარეობაში ვნახე. [საჭირო იყო] განადგურებულის აღდგენა, ყველაზე აუცილებელი საარსებო პირობების დაკმაყოფილება, უფლის დიდებისა და რომის წმინდა ეკლესიის გამრავლებისათვის ხელშეწყობა, ე.ი. ყველაფერი იმის გაკეთება, რაც ჩემს მიერ იქნა შესრლებული და როგორც ეს შემდეგში გამოჩნდება. ცუდ დღეში ჩავვარდებოდი, თუკი თან არ მექნებოდა ამდენი ფული და საწყალ მისიონს გაუჭირდებოდა, რომელსაც თავს დევნა დაატყდა. ახლა ნახეთ და გაკეთებულის საფუძველზე თვითონ განსაჯეთ, ყველაფერი ეს გაკეთდა იმ ფულით, რომელიც მე თან მომქონდა, ან იმ ფულით, რომელიც საბრალო ბერებმა აქ დიდი გაჭირვებით დავზოგეთ, ან გაკეთდა ეს რომელიმე სხვა საშუალებით. ამასთან ერთად მიწევდა შემენახა მისიონერები და უზრუნველმეყო მისიონი და ა.შ.
1. იგულისხმება ქართლის მეფისათვის გადასაცემი საჩუქრისათვის.
2. იგულისხმება ბერნარდო მარია და ნაპოლი, რომელიც 1677 წელს დაბრუნდა მშობლიურ ნეაპოლში.
მაშ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ თავშესაფარი1, როგორიც მე2 აქ ჩამოსვლისას ვნახე, სრულიად დაქცეული იყო. მას არანაირი მოწყობილობა არ გააჩნდა. მეორე, გორის თავშესაფარი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან მამა კარლო და პეშას გარდაცვალების შემდეგ, მასში ბერები არ ცხოვრობდნენ და იგი უკანონოდ მიიტაცეს წყეულმა სომეხმა მღვდლებმა. მესამე, მისიონში ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი გროში ანდა რაიმე მინიმალური მარაგი. ახლა წმინდა კონგრეგაციას შეუძლია, ნათლად ნახოს, [თუ] რამდენი [რამე] გავაკეთე, რა მიზეზით გავაკეთე და რომელი ფულით; ვთხოვ თქვენს ყოვლადუწმინდესობებს, განიხილეთ ეს ყველაფერი, კარგად აწონ-დაწონეთ ის თანხები, რომელიც წმინდა კონგრეგაციამ გამოუყო ამ საწყალ მისიონებს. ყველაფერი ის, რაც ზემოთ ვთქვი და შემდეგ ვიტყვი, ემსახურება მხოლოდ იმას, რათა ვაჩვენო, სხვა ვინმეს შეეძლო უკეთ მოქცევა, ვიდრე მე, ან კიდევ ვინმეს ძალუძდა ჩვენი წმინდა ეკლესიისათვის ასეთი სამსახური გაეწია. აკი მთელი ამ დროის მანძილზე ველოდი მისიონის წლიურ შენახვაზე ფულს, რომელიც ასე არ გამოჩნდა არც 1690 წელს, არც 1691 წელს, ხოლო ის ფული, რომლის შესახებ მამა პროკურატოპმა [პაპის] კარს მისწერა და გამოაგზავნეს, როგორც კი ალეპოში მოვიდა, მაშინვე მოიპარეს ყალბი მინდობილობის მქონე წერილის მეშვეობით, ვის მიერ არ ვიცი, მაგრამ შევეცდები მალე გავიგო; და მიუხედავად ამისა, მისიონები ყვაოდნენ, მრავლდებოდა ჩვენი უფლის დიდება.
1. საუბარია თბილისის თავშესაფარზე.
2. თბილისში.
თბილისის თავშესაფრის წესრიგში მოსაყვანად გაღებული ხარჯების ანგარიში [იმ] მიზეზების ჩვენებით, რომლის მიხედვით ეს ხარჯები იქნა გაწეული. თავშესაფარი დაუმთავრებელი დარჩა, სინამდვილეში მხოლოდ კედლები იყო ამოყვანილი, მსუბუქად იყო მიწით დაფარული, რომელიც წყლისაგანაც კი ვერ იცავდა. [ახლა] დამთავრდა სამზარეულოს აგება, მორჩა სახურავი და სხვა სათავსოები. ძველ სამზარეულოს ყოველთვის სტუმრობდნენ ერისკაცნი. ასე რომ, აუცილებელი იყო პირველ რიგში მისი დასრულება. დაიხარჯა ერთ ნახევარი პისტრი. გაკეთდა ფურნე და პურის გამოსაცხობად ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი იქნა შეძენილი და ა.შ., სახელდობრ, ორი დიდი ბადია1, ორი პატარა, ორი ნიჩაბი, საჩხრეკი, სამი საცერი, ბადიასთვის საფხეკი. ეს გაკეთდა იმისათვის, რათა დაგვეზოგა პურის საყიდელი ხარჯები, რაც ყოველდღე იყო საჭირო, ასევე იმისათვის, რათა ჩვენი ევროპული წესის მიხედვით გამოგვეცხო პური, რადგან აქაური პური მეტად არაჯანსაღია და გამოუმცხვარი. სულ დაიხარჯა 14 პიასტრი. საძინებლისა და სხვა სენაკებისათვის გაკეთდა იატაკი, რადგან წინანდელი ნაჭრებად იყო დამტვრეული. სენაკებში გააკეთდა თაროედები, ბზარები ამოივსო, კედლები შეთეთრდა; ადრე თაროედები არ იყო, ყველაფერი იყო გაშავებული, დამსკდარი და უშნო. სულ 9 პიასტრი. ძველი სამზარეულო საცხოვრებელ ოთახად გადაკეთდა, რადგან სტუმრების მოთავსება რიგიან ადგილას შეუძლებელი იყო, ხოლო წინანდელი სახით სამზარეულოს დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა. სულ 3 პიასტრი.
ყველა საჭირო ადგილზე თავშესაფრები შეკეთდა, შეთეთრდა საძინებლისა და სატრაპეზოს კედლები და ჭერი. ეს აუცილებელი გახლდათ, რადგან ყველა კედელი დაღრღნილი იყო, ანდა გაიქერქა, ანდა კვამლისაგან გაშავდა და ამგვარად უგვანო ჩანდა. სულ 2 პიასტრი და 20 სოლდო.
აუცილებელი საჭიროებისათვის საწყობსა და ორ სხვა სათავსს გაუკეთდა საიდუმლო საკუჭნაო, რადგან აჯანყების ან ომის შემთხვევაში არ გვქონდა ადგილი, სადაც შევძლებდით თუნდაც ერთი წიგნის დამალვას, არას ვამბობთ სასულიერო სამოსელზე და სხვ. ეს იმდენად საჭირო გახდა, რომ მომზადებისთანავე პოვა მან გამოყენება. ასე რომ, ჩვენი ქონება შენახვისას არ გაფუჭდებოდა. დაიხარჯა 4 პიასტრი. ყველა სახურავი შეკეთდა და სხვენი ისე იქნა აღდგენილი, რომ იქ ადრე ამაოდ არსებული ცარიელი სენაკის გამართვა შესაძლებელი ყოფილიყო. ყველა სახურავი დახვრეტილი იყო, აწვიმდა, რის გამოც ყველაფერი ლპებოდა, ხოლო ზედმეტი სენაკი ჩვენთვის აუცილებელი იყო შემთხვევისათვის, თუკი მოგვიხდებოდა შემთხვევითი სტუმრის შეფარება. სულ 8 პიასტრი.
1. ბადია - ქუსლიანი დიდი ჯამი.
გვქონდა რა ბოსტანი, მისთვის დამზადდა აუზი, რადგან ყველა ბერი თვლიდა, რომ ასეთი აუზი მეტად აუცილებელი იყო. იგი ჩვენთვის არანაკლები ნუგეშია და შველა; უწყლოდ ბოსტნის შენახვა შეუძლებელია. მართლაც, ამ ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეული მნიშვნელოვნად ამცირებს მისიონის კვებაზე ხარჯებს. გარდა ამისა, ბერებისათვის ბოსტანი გასართობ ადგილსაც წარმოადგენს, რათა უმიზნოდ იხეტიალონ მის ირგვლივ. დაიხარჯა თოთხმეტი პიასტრი.
გაითხარა ჭა, შეძენილი იქნა წყლის ამოსაღები ინსტრუმენტები, მახლობლად სარეცხისათვის დამზადდა ვარცლი, რადგან ადრე წყლის საყიდლად და ყოველ კვირას ჭუჭყიანი თეთრეულის გასარეცხად მეტად დიდი ფული იხარჯებოდა. 4 პიასტრი და 40 სოლდო. დამზადდა ხუთი ლეიბი და ცხრა საბანი. საბანი გაკეთებულია ბამბაზიისაგან, რადგან ამ ქვეყანაში საბნისათვის სხვა მატერიას არ იყენებენ და ყველაზე ჩვეულებრივი საბანი სამი პიასტრი ღირს. ამის გაკეთება საჭირო იყო, რადგან ბერებს შიშველ დაფებზე ეძინათ და არაფერი ეფარათ. სულ ოცდაათი პიასტრი.
დამზადდა პირსახოცი და მაგიდის 24 პატარა სუფრა, 8 მრავალჯერადი ცხვირსახოცი; ადრე, განით ხელისგულის ოდენა, ოთხი პატარა სუფრა იყო და ყველა დახეული გახლდათ, ხელსახოცი და ცხვირსახოცები სრულიად არ იყო და არც არავის შეეძლო ეჩუქებინა ანდა შეეკერა ჩვენთვის. სულ სამი პიასტრი და 10 სოლდო.
საჭიროებისამებრ ნაყიდია ორი დიდი ლარნაკი, ასევე პატარა ლარნაკები და ქოთნები, რადგან არ გაგვაჩნდა არაფერი, სადაც შევძლებდით რაიმეს ჩადებას. ერთი პიასტრი და ორი შაური.
მარცვლისა და ფქვილისათვის ნაყიდია ოთხი ტომარა, ოთხი დიდი და ოთხი პატარა ჭურჭელი მარცვლისა და ფქვილისათვის, ადრე არც ერთი არ გვქონდა, მაგრამ ისინი აუცილებელია, მათ გარეშე იოლად ვერ გახვალ. სამი პიასტრი.
ნაყიდია სამი თეფში, ტაფები, ჯამები, ქვაბები და სპილენძის სხვა ჭურჭელი სამზარეულოსა და მაგიდისათვის, სულ 31 დასახელების საგანი, რადგან ადრე ასეთი რამ არ გაგვაჩნდა, გარდა ოთხი ჯამისა, ექვსი პატარა თეფშისა, თუჯის პატარა ტაფისა, სიდიდით ხელისგულის ოდენა, და ორი ქვაბისა. სულ 6 პიასტრის.
დამზადდა ოთხი გრძელი და ორი მოკლე სკამი, სამი ან ოთხი ტაბურეტი, რადგან არაფერი გაგვაჩნდა დაგვესვა საერო პირები ანდა სტუმრები, სენაკებშიც არ გვქონდა დასაჯდომი. ერთი პიასტრი.
ამ ხარჯებს უნდა დაემატოს ისიც, რაც გაწეული იქნა გორის თავშესაფრის აღსადგენად, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, მამა კარლოს [და პეშა] გარდაცვალების მომენტიდან სრულიად ცარიელი დარჩა, რის გამოც მიიტაცეს სომხებმა და იმ მდგომარეობამდე დაიყვანეს, რომ ძნელია აღიწეროს. სომხების განდევნის1 შემდეგ [იქ] გაიგზავნა ორი ბერი. [მათ] სულ რვა თვეში მივეცი 84 სკუდო ისე, რომ არ ითვლება ჭურჭელი, ე.ი. ორი ჯამი, სპილენძის ორი ჭურჭელი, ორი ტაფა, ორი სპილენძის თეფში, ასევე ხელსახოცი, პატარა სუფრა, ბრინჯი, ტანსაცმელი ორი ბავშვისათვის, ცხვირსახოცები, აბრეშუმის ახალი შესამოსელი ოქრომკედით ნაქარგი, საბანი და სხვა მრავალი ნივთი, რომლებმაც გზაზე იქით-აქეთ, რამდენჯერმე ცხენითა და მსახურით, წასვლა წამოსვლასთან ერთად, 8 თვეში ორ ბერზე, სულ 100 სკუდო შეადგინა. ეს ხარჯები გარდაუვალი იყო. ამასთან ერთად ის ორი ბერი, რომელიც იქ2 გავაგზავნე, თუ თავისი მხრიდან არ გამოიჩენდა სათანადო გულმოდგინებას და არ დაიჭერდა თადარიგს ის ფულები გადაენახა, რომელსაც ისინი მკურნალობით გამოიმუშავებდნენ, ვერასოდეს ვერ შევძლებდით ამ თავშესაფრის წესრიგში მოყვანას, რომელზეც შეიძლება ითქვას, კი არ აღვადგინეთ, არამედ სრულიად ხელახლა ავაგეთ.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემს ანგარიშში არ შემიტანია ხარჯები, რომელიც წავიდა დღიური მუშებისა და მასწავლებლების ანაზღაურებაზე, ხოლო მათ, გარდა განაღდებისა, როგორც ამ ქვეყანაშია მიღებული, აუცილებელია კიდეც აჭამო; ყოველ სამუშაო დღეს მათ დილით 10 და საღამოს 10 სოლდო3 ეძლევათ და, რამდენადაც ზუსტად არ ვიცი მათ მიერ გამომუშავებული დღეების ოდენობა, არ მინდა წმინდა კონგრეგაცია მოვატყუო. თუმცა ამ დღეების რაოდენობას, განსაკუთრებული შეცდომის გარეშე, ასი დღით განვსაზღვრავთ, მაშინ ხარჯი იქნება თექვსმეტი პიასტრი.
არ შემიტანია სხვა ხარჯებიც დღიურ მოქირავნეებზე, ასევე ხარჯები ბოსტნის წესრიგში მოყვანაზე და სხვა წვრილმანები, რომლებიც არ გამითვალისწინებია; ვიტყვი მხოლოდ: იმისათვის, რათა დონ პიეტრო ჯამბოს, რომელიც მუდმივად იყო თავისი უგუნურებითა და ჭკუანაკლებობით შეგულიანებული, არც ჩემთვის და არც მისიონისათვის მღელვარება რომ არ მოეგვარა, იძულებული გავხდი ჩვენთან სახლში ამეყვანა და მთელი ერთი წელი შეგვენახა. უკვე მას შემდეგ, რაც შევუკერე ახალი ლაბადა, რომელიც ათი პიასტრი ღირდა, მან4 კავშირი გააბა სომხებთან5 და ვფიქრობ, ამისაგან არ იქნება არაფერი კარგი თვით მისთვის და არც ჩვენთვის. ასე რომ, თავი დავანებოთ ხარჯებს მის6 კვებაზე და შევიტანოთ მხოლოდ ის, რაც წავიდა ლაბადის შეკერვაზე, რომელიც მე იმის სანაცვლოდ გავაკეთე, რომ ის7 არასოდეს წასულიყო ჩვენგან. გარდა ამისა, არ ესარგებლა სომეხი ვართაპეტის8 სამოსელით და ჩვენი წესდებით ეცხოვრა; მისგან9 ასეთი დაპირება ჩვენთვის აუცილებელი იყო, რადგან დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ ის ამიერიდან არ მოაწყობდა სიგიჟეებს ანდა თავისი ჩვეულებრივი ჭკუათხელობითა და თავშეუკავებლობით გამართავდა სკანდალებს.
გარდა ამისა, როცა შემახაში გავაგზავნე მამა ჯუსტინო მარია რომანო, მას მივეცი ათი პიასტრი, საბანი და ნოხი, რომელიც ღირს 4 პიასტრი. არ ვთვლი პურს, ღვინოს, ზეთს, ყველს, ხორცსა და სხვ, რომელთა ღირებულება დაახლოებით 2 პიასტრს შეადგენს.
გარდა ამისა, მამა ჯუსტინოს10, როცა ის ცხოვრობდა შემახაში, გავუგზავნე შვიდი პიასტრი, რადგან ის ამბობდა, რომ ფული არ ჰქონდა და არ იცის შემდეგში როგორ იცხოვროს.
დამატებით, ამ წელს მამა ჯუზეპე მარია რომანოს კიდევ გავუგზავნე 16 პიასტრი, რადგან მწერდა, რომ მას არა აქვს მეტი ფული, რომელსაც ის ჩვეულებისამებრ ძალზე უთავბოლოდ ხარჯავდა. გარდა ამისა, მომპარეს კიდევ 38 პიასტრი, რომლის შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან არ შეიძლება გამოიყენო ძალადობა სახლის წინააღმდეგ, სადაც კათოლიკეები ცხოვრობენ, თუნდაც ისინი ცუდები იყვნენ.
გარდა ამისა, დევნის დროს11 მომიწია კიდევ 40 პიასტრის დახარჯვამ. ეს ხარჯი გარდაუვალი და აუცილებელი იყო და სასწაულია, რომ ჩვენ თავი იაფად დავაღწიეთ, რადგან სომხებს ეს თითქმის სამი ათასი სკუდო დაუჯდათ.
შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დედაქალაქია, სადაც მღვდლები ყველა ადგილიდან თავს იყრიან, ხარჯები სხვა მისიონებთან შედარებით ორჯერ მეტია, როგორც ცხენებით მგზავრობაზე, ასევე სარჩოზეც; ამიტომ კარგი მარაგის გარეშე ეს მისიონი, რომელიც უნდა ყვაოდეს, ყველაზე ღარიბული დარჩება; ამის გამო პრეფექტმა, ან უნდა შეინახოს ეს მისიონი, როგორც საჭიროა, ან მისგან გაიქცეს, თუკი არ სურს მისი საქმე სრულად მოშლილი იხილოს. გარდა ამისა, მეფე გიორგისათვის12 დამიმზადეს 8 პიასტრის ღირებულების ოქროს ბეჭედი.
1. ეს ინფორმაცია გვარწმუნებს, რომ ამ რელაციონის დაწერის დროს, ე. ი. 1692 წლისათვის გორის მისიონი კაპუჩინმა მამებმა უკან დაიბრუნეს.
2. ე.ი. გორში.
3. სოლდო-იტალიური სპილენძის მონეტა, რომელიც 1/20 ლირას უდრის.
4. დონ პიეტრო ჯამბომ.
5. უნდა ვიფიქროთ გრიგორიანელ სომეხ სასულიერო პირებთან.
6. დონ პიეტრო ჯამბოს.
7. დონ პიეტრო ჯამბო.
8. ვართაპეტი-სწავლული ბერი სომხურ ეკლესიაში, არქიმანდრიტი.
9. დონ პიეტრო ჯამბოსაგან.
10. იგულისხმება მამა ჯუსტინო მარია რომანო.
11. იგულისხმება სომეხი სასულიერო პირების მიერ მისიონერთა დევნა.
12. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
უგულწრფელესი ანგარიში თბილისის ეკლესიაზე [გაწეული] ხარჯების შესახებ.
ეკლესია1 საზარელი გამოქვაბულის მსგავსი იყო, სულ მთლად შავი, ცარიელი, უპატრონოდ მიტოვებული და, ცხადია, ეკლესიას არ ჰგავდა; ის სრულ აღდგენას საჭიროებდა. პირველ რიგში ყველა ფანჯარა გამოვცვალეთ, გამოვიყენეთ უფრო თხელი ტილო, რათა მეტი სინათლე გაეტარებინა; მაგრამ ამან მხოლოდ ის მოიტანა, რომ ეკლესია კიდევ უფრო უშნოდ გამოიყურებოდა და მეტად შესამჩნევი გახდა მისი სიმახინჯე, რადგან წინანდელ ნახევრად დაბნელებულში ეს არ ჩანდა. პოლაბებმა2 გაგვიკეთეს ახალი ფარდები ფერად-ფერადი ბამბაზიისაგან, რადგან ძველები ძალიან ჭუჭყიანი და დახეული იყო. დამზადდა ქაღალდისა და აბრეშუმისაგან ნაირ-ნაირი ყვავილები, შირმა, საკურთხეველზე კიბე, კარტა გლორიას შანდლები3, ლარნაკები ყვავილებისათვის საკურთხევლის მოხატულობით, რადგან ადრე საკურთხეველი ცარიელი იდგა; მაგრამ ყველა ეს მორთულობა უხეირო იყო, რადგან სხვა დანარჩენი იმდენად უშნო იყო, რომ ყველაფერს ჩრდილავდა. ამიტომ გადავწყვიტე მთელი საკურთხევლის ნაწილი ბათქაშით შემელესა და გამეთეთრებინა, მაგრამ ამანაც არ უშველა, რადგან ეკლესიის დანარჩენი ნაწილი ჭუჭყიანი და ურიგო იყო. ყველა პირველადი ხარჯი, რომელიც პირველ წელს იქნა გაღებული სულ 8 პიასტრს შეადგენდა, რადგან მე, სხვა ბერების დახმარებით, ბევრი რამ ჩემი ხელით გავაკეთე. არ მსურდა ჩვენი სირცხვილისაგან მეტად მეტანჯა ქვეყანაში, სადაც ისედაც მრავალი რამეა მანკიერი და უღირსი; ბევრს ვფიქრობდი იმაზე, როგორ შემეკავებინა ჩვენი ბერი-მისიონერები ამ მისიონში. მქონდა უფლის ყოველმხრივი იმედი და მივისწრაფოდი შარავანდედით შემემოსა მისი დიდება, რომელიც, როგორც ამაში დავრწმუნდი, ნებისმიერის გულში ანთია, ვინც წმინდა კონგრეგაციას ემსახურება.
მე შევუდექი უფლის განდიდებას, რათა დიდებით შემემოსა მისი წმინდა ეკლესია; განვიზრახე საქმის გაკეთება, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ხანგრძლივი და სანაქებო, ყველა ხალხს გამოადგებოდა მაგალითად და ჭკუის სასწავლებლად წყეული და საძაგელი არმენიზმის4 შესარცხვენად, რათა ის გამოვიყვანო სამართლიან გზაზე ჩვენს სარწმუნოებაზე მოსაქცევად, რაკი მარჯვე შესაძლებლობა მომეცა.
1. იგულისხმება თბილისის კათოლიკეთა ეკლესია.
2. „Polabbi“ - პოლაბებმა. ამ შემთხვევაში, ალბათ, პოლონეთში.
3. კარტა გლორიას შანდლები - საკურთხევლისათვის განკუთვნილი ოთხი შანდალი, რომელთა გვერდით დაგანან წმინდა მოციქულები - ანდრეა, იოანე, პეტრე და პავლე.
4. „…del maledetto e perverso armenismo…“. უეჭველია, „არმენიზმის“ ქვეშ მისიონერი გულისხმობს სომხურ გრიგორიანული ეკლესიის მოძღვრებას.
ორ ცეხინად1 და ერთ აბაზად2 ვიყიდე ბევრი ჯიღჯიღა ოქრო. ტაბერკულუმის3 მოსართავად და საკურთხევლისათვის მოვერცხლილი ქაღალდებისაგან ყვავილების დასამზადებლად ვიყიდე ორასი ვერცხლის ფირფიტა.
ამოვაშენეთ [ეკლესიის] გვერდითი ფანჯარა, სამაგიეროდ შესამჩნევად გავაფართოვეთ ფასადის ფანჯარა, საიდანაც ბევრად მეტი სინათლე აღწევს. ხელახლა დაიგო ფილები, რადგან ძველებისაგან მხოლოდ ნატეხებიღა დარჩა; მთელი ეკლესია შევათეთრეთ, რაც ამ მხარეებში არასოდეს გამოუყენებიათ არქიტექტურის დიდ ოსტატებსაც კი. ამის შემდეგ გავაკეთე კარავი, რომელიც საკურთხევლის მთელ სივრცეს ფარავს; ამის დასამზადებლად გამოვიყენე მაგარი და სქელი ქერელის ქსოვილი, რომელსაც კარგი წებო წაესვა და სამი თუ ოთხი ფენა ცარცით დაიფარა. მასზე შემდეგ გავაკეთე ყვავილის ორნამენტი და, სადაც ეს აუცილებელი იყო, მოვრთე ჯიღჯიღა ვერცხლითა და მინის კილიტებით, რათა იგი მდიდრული და საუცხოო ქსოვილის მსგავსი ყოფილიყო. ეს ნაგებობა ისეთივე ხერხით გაკეთდა, როგორსაც თანამედროვე ოსტატმლესავები იყენებენ. თვით წვერზე არის დიდი მოვერცხლილი გვირგვინი, რომელზეც ჩამოკიდებულია ეს ნაგებობა. ეს გვირგვინი საკურთხეველზე ბალდახინის მაგიერია; მის სიღრმეში გამოსახულია სულიწმიდა მტრედის სახით, რომელიც ციდან ეშვება საკურთხეველზე ოქროს სხივებს შორის. თითქმის მთლიანად გადაკეთდა სალარო4. მასში ხელახლა დაიგო იატაკი და ზემოდან ქვემოთ შეილესა. კანდელებისათვის დამზადდა ლითონის დიდი მხრეული.
ამის შემდეგ მთელი ეკლესია ჭერიდან იატაკამდე მოვხატე5. დავიწყე საკურთხევლის ნაწილიდან და მთელ ეკლესიაში დაიკიდა ფრიზითა და ირგვლივ კუწუბებით მორთულ ჩარჩოში ჩასმული რვა ფერწერული სურათი. შემდეგ ფიცრისაგან გაკეთდა სამი სააღსარებო6, ორი ქალებისათვის და ერთი მამაკაცებისათვის, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს იტალიურ წესს. ამან უმეტესად დაამშვენა ჩვენი ეკლესია და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ კათოლიკეებზე, არამედ
ერეტიკოსებზეც7, ბერძნული წესის მიმდევარ ქართველებსა და სომხებზეც8, რომლებიც დაუღალავად აქებდნენ აღსარების ასეთ წმინდა წესს, განსაკუთრებით ქალების მიმართ. აქამდე მღვდლები აღსარებას პირისპირ ამბობდნენ. ახლა, როცა სააღსარებო გაჩნდა, ყველას იმდენად მოეწონა ეს ახალი წესი, რომ ვფიქრობ, ერეტიკოსებიც9 იგივეს შემოიღებენ, რადგან ესენი შიგ გულში მოხვდათ.
ჩვენი ეკლესიის ყველა ნაწილიდან მეტად უგვანო მდგომარეობაში იყო ბაპტისტერიუმი10; ჩვენ მოვხსენით მას ეკლესიისაგან გამყოფი ტიხარი, დავაყენეთ მაგარი კარი და მთელი ბაპტისტერიუმის სივრცე მოვრთეთ ფრიზითა და ნაზი ძერწული სამკაულებით; მისი11 კარი და სარტყელი დავფარეთ ვერცხლით; ეფექტი იმდენად აშკარა და განმაცვიფრებელი აღმოჩნდა, რომ ამან ვეებერთელა შთაბეჭდილება მოახდინა მორწმუნეებზე, რადგან ისინი ხედავდნენ, რამდენად პატივს სცემენ და კეთილშესაფერობა აქვთ ფრანკებს12 მოსანათლი წყლის მიმართ. ამის შემდეგ მოიხატა მთელი გისოსიანი ზღუდე და ვერცხლით დაიფარა მწეკოჭი. ამრიგად, მთელს ეკლესიაზე დიდი ზომის 1200 ვერცხლის ფირფიტა დაიხარჯა. აქედან 800 საჩუქრად მივიღე ჩვენი ახალი კათოლიკე დივანბეგისაგან13.
წესრიგში მოვიყვანეთ მოვერცხლილი ქსოვილისაგან [დამზადებული] საზეიმო ფარდა, რადგან იგი გაცვეთილი იყო და დღესასწაულისათვის არ ვარგოდა. საზეიმო დღესასწაულებისათვის ძვირფასი მატერიისაგან დამზადდა ორი სუფრა. ერთფეროვანი მანტიისათვის ვერცხლის ქსოვილისაგან დამზადდა ფუმფულა სამოსელი, მსგავსი იმისა, რომელიც გამოყენებული იქნა საზეიმო ფარდისათვის. ეს ვერცხლის ქსოვილი მაჩუქა იმავე დივანბეგმა, მაგრამ ხარჯები სარჩულზე, შეკერვასა და სხვ. მე თვითონ გავიღე.
1. ცეხინი, ანდა დუკატი - ვენეციური ოქროს მონეტა.
2. ვერცხლის მონეტა, იყენებდნენ საქართველოსა და, საერთოდ, აღმოსავლეთის ქვეყნებში, უტოლდებოდა 4 შაურს. თუ გამოვალთ ზემომოტანილი ანგარიშიდან, რომ ერთი შაური ღირდა 10 სოლდო, გამოდის, რომ აბაზი უტოლდებოდა 40 სოლდოს, ე. ი. ორ ლირას.
3. „Tabernacolo“ - კათოლიკურ ეკლესიაში წმ. ზიარების შესანახი ყუთი.
4. საეკლესიო სამოსელისა და ჭურჭლის საცავი.
5. „Dipinsi poi tutta la chesa dalla cima sino al fondo“. ჩანს, ჯულიო და კრემონას ხატვა კარგად ეხერხებოდა.
6. ადგილი, სადაც ხდება მონანიების საიდუმლო. იგი ამჟამინდელი სახით XVI საუკუნიდან დამკვიდრდა.
7. იგულისხმება სომეხი გრიგორიანები.
8. იგულისხმება მართლმადიდებელი ქართველები და სომხები.
9. გრიგორიანი სომხები.
10. ნათლობის აღსრულებისათვის განკუთვნილი საგანგებო შენობა.
11. ბაპტისტერიუმის.
12. ე.ი. კათოლიკე მღვდლებს.
13. „…dal nostro novo chatolico il Divan Begi“. ვახუშტი ბატონიშვილი 1691 წელს ქართლის სამეფოს დივანბეგად ასახელებს ბარძიმს, რომელიც ჩაება მეფე გიორგი XI-ის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში (იხ: ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ. 855). ამავე რელაციონიდან ჩანს, რომ მან მიიღო კათოლიკობა. ამ ფაქტის შესახებ საუბარია ამავე ჯულიო და კრემონას 1692 წლის 10 მარტის წერილში. ბარძიმ დივანბეგის მიერ კათოლიკობის მიღებისა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებსა და საკითხებზე (იხ. ვრცლად: მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 279-288).
შეკერილი იქნა ოქროთი ჩაწინწკლული აბრეშუმის მანტია1, ასევეიმავე ქსოვილისაგან სამოსელი, კიდევ ერთი სამოსელი აბრეშუმისაგან ოქროთი, კიდევ უფრო ლამაზი და ნაირფერი; ამავე [ქსოვილისაგან] გაკეთდა დროშა, რომელიც ჯვარით მსვლელობის დროს ჯვარზე ეკიდება; უწინ იყო ორი ძველი და თანაბარი [სიდიდის] ხისაგან [დამზადებული] დროშა. ასევე ზემოთ დასახელებული ქსოვილისაგან2 საკურთხევლისათვის დამზადდა ორი ბალიში. მანტია და შესამოსელი მომზადდა საკვირაო და ჩვეულებრივი საზეიმო მსახურებისათვის, რადგან სხვა უფრო ძვირფასი [სამოსელი], რომელიც ზეიმისათვის იყო შესაფერისი, არ გაგვეცვითა. ეს ქსოვილი ჩვენ გვაჩუქეს ექიმობისათვის, მაგრამ სარჩულზე, ორნამენტსა და შეკერვაზე ხარჯები მე გავიღე.
უწმიდესი საიდუმლოს გამოსადგმელად დამზადდა ბალდახინი. თვით ქსოვილს შეადგენს აბრეშუმი ოქროთი და [აქვს] არანამდვილი ვერცხლისაგან სამი თითის სისქის მაქმანები; ქსოვილი უფრო კოხტა და ძვირფასია, ვიდრე ის, რომელიც ზემოთ იქნა აღწერილი. ამავე ქსოვილისაგან ჯამისათვის ლამაზი გადასაფარებელი და საკურთხევლისათვის იმავე ვერცხლის მაქმანებით ორი ბალიში დამზადდა. ეს ქსოვილიც ასევე გვაჩუქეს ექიმობისათვის, მაგრამ სიგრძით დაახლოებით ათი წყრთის მაქმანები, აბრეშუმი და შეკერვა ჩვენს ანგარიშზეა.
აღსარების, ზიარებისა და ლოცვა-კურთხევისათვის შეკერილი იქნა ორი ოლარი3. ლოცვა-კურთხევისა და უწმიდესი საიდუმლოებით ჯვრით მსვლელობისათვის მოეწყო საგუშაგო. წირვისათვის დამზადდა ვერცხლის ლანგარი. მართალია, ეს საგნები ადრეც არსებობდა, მაგრამ იყო ძველი, უშნო სახის, დამტვრეული ანდა გატეხილები. საკურთხევლისათვის დამზადდა ნაირ-ნაირი ყვავილები, ხოლო ბოლო ჟამს მოვერცხლილი ქაღალდისა და აბრეშუმისაგან დამზადდა ყვავილის 80 თაიგული. 30 დიდი ზომის თითოეულ თაიგულში 10-10 და 12-12 ყვავილი იყო, ხოლო დანარჩენში 6, 4, 3 ყვავილი. როცა მე თბილისში ჩამოვედი, აქ იყო ორი ზარი, ერთი პატარა, წონით 25 ფუნტი 12 უნციის, მეორე 140 ფუნტი 12 უნციის, მაგრამ გაბზარული [გახლდათ] და შესაბამის ხმას გამოსცემდა; ძალიან ვწუხდი, რომ ამ ქვეყანაში არ იყო სამსხმელო საქმის ოსტატები, რათა ზარი გადამეკეთებინა; მეტისმეტად მრცხვენოდა ზარის ასეთი ბგერადობის გამო, რადგან მასზე თავს იქცევდნენ ერეტიკოსებიც4. სირცხვილი იყო მისი საშინელი ზრიალი და უცებ გასულ წელს5 ბედმა გამიღიმა: მოსკოვიდან ერთმა სომეხმა მღვდელმა ჩამოიტანა ორი ახალი და ძალიან კარგი ზარი. რამდენადაც ის იძულებული გახდა ზარები გაეყიდა, რათა ვალები გაესტუმრებინა, მე ისინი მისიონერთა სრული თანხმობითა და მოწონებით ვიყიდე. მათ მირჩიეს ხელიდან არ გამეშვა ასეთი შესაძლებლობა, რადგან ამ მხარეებში ასე იაფად მას ვერ შევიძენდი. ორივე ზარი, 350 ფუნტი წონის, სულ მცირე 38 ცეხინი ღირდა და საერთოდ, აქ ზარი უფრო ძვირია, ვიდრე იმავე წონის ოქრო; რამდენადაც ასეთ ბრწყინვალე ზარებსა და ასეთი მშვენიერ ეკლესიას აკლდა სამრეკლო, უწინდელს დაემატა და ავაგეთ ზარების წონის შესაბამისი სამრეკლო. სამრეკლოს აგება სულ მცირე 6 პიასტრი დამიჯდა, რადგან მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ ხუთი ან ექვსი ადგილობრივი კათოლიკე. ასევე ბევრი კათოლიკე მუშაობდა სხვა ნაგებობების მშენებლობაში, რადგან ხედავდნენ, რომ ამას უფლის დიდებისათვის ვაკეთებდი; ასე მაგ., მათ საკურთხევლის გადასაფარებელისათვის მომიმზადეს ვერცხლის მაქმანები, ბალდახინი, ე.ი. ისინი მიქსოვდნენ ყველაფერ ამას მუქთად და მზად იყვნენ უფრო მეტიც გაეკეთებინათ. დასასრულს, შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესია პატარა სამოთხეს ჰგავს და იგი თვით უფრო მეტს ქადაგებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა მისიონერი; შეიძლება ითქვას,რომ თვით ჩვენმა საეკლესიო ნაგებობამ კათოლიკურ ეკლესიას ბევრი ახალი მორწმუნე შესძინა, ვიდრე მისიონერებმა თავიანთი ქადაგებებით. საქმე იმაშია რომ, რამდენადაც არც ერთი ჩვენგანი არ ფლობდა ადგილობრივ ენას6 საკმარისად, ე.ი. თავისუფლად, [ასეთ შემთხვევაში] ჩვენი ეკლესია უფრო არწმუნებს [ადამიანს], ვიდრე ჩვენი სიტყვა. ასე რომ, არ არის ისეთი ქალი და კაცი, რომელ სექტასაც არ მიეკუთვნებოდნენ ისინი, რომლებიც ჩვენი ეკლესიის დანახვისას აღტაცებაში არ მოსულიყვნენ, არ ედიდებინათ უფალი და არ ეთქვათ: ნამდვილად, ფრანკების7 სარწმუნოება - ეს ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, სხვები თავიანთი ეკლესიებით შოულობენ უკეთს საჭმელსა და ცხოვრებას, ხოლო ფრანკები8 ყველაფერს უფლის დიდებისათვის აკეთებენ. ყოველივე აქედან ჩანს, რომ მათმა სარწმუნოებამ9 სინამდვილეში იცის ჭეშმარიტი ღმერთი, უკეთუ მათი მღვდლები10 ყველა ფულს ეკლესიისა და საკურთხევლის მოწყობაზე ხარჯავენ. არც შეპასუხება მჭირდება, როცა ამბობენ, რომ ჩვენ კაპუჩინები ვართ და ყველა ეს მდიდრულობა, ყველა ეს ოქრო და ვერცხლი სიღარიბის აღთქმას, რომელსაც ვდებთ, არ ეკადრება; აკი რეციაშიც11 და მეზოლჩინაშიც12, სადაც არიან კაპუჩინიმისიონერები, ვნახე საუცხოო შესამოსელი და ბევრი ძვირფასი ნივთი, რომელიც უფლის დიდებისა და ერეტიკოსთა, რომელთა გვერდით უწევდათ [მისიონერებს] სარწმუნოების ქადაგება, შესარცხვენად დამზადდა. და თუკი წმინდა კონგრეგაცია აგზავნის საწყალ კაპუჩინებს, რომ მათ ნებისმიერი დაშვებული საშუალებებით მოაქციონ კათოლიკურ სარწმუნოებაზე, ვფიქრობ, რომ ეს საშუალება ყველაზე ქმედითია, რადგან გარეგნული საუცხოობა ყველას ხიბლავს, აიძულებს მათ ადიდონ უფალი, ჩვენი წმიდა სარწმუნოება13 და ასევე მიიღონ იგი. მაშინ როგორ არ უნდა ვისარგებლოთ ამ საშუალებით, მით უმეტეს, როცა ამ მხარეებში14 სრულიად უცნობია ჩვენი წესდება; აღმოსავლელი ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან გარეგნობისადმი, ვიდრე სხვა რამისადმი, თუმცა ზოგიერთი რეაგირებს, როცა მას ეუბნებიან, რომ ჩვენ მივიღეთ სიღარიბის აღთქმა უფლის სიყვარულისათვის და სხვ., მაგრამ შეუძლებელია უწინდებურად გლახაკნი დავრჩეთ, ხოლო ისინი15 არასოდეს სარგებლობენ უბრალი საკულტო საგნებით, არამედ მხოლოდ ლამაზსა და ძვირფასს იყენებენ. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ, თუ გამოგვიგზავნით შესამოსელს, ან უბრალო მანტიას, ან სხვა რაიმეს ეკლესიისათვის, ეს უნდა იყოს ლამაზი, განსაკუთრებით შესამოსელი, რომელიც ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს აბრეშუმისაგან და არა (არ იკითხება), როგორც უწინ გვიგზავნიდით მანტიას, რადგან აქ ასეთის გამოყენება არ შეიძლება. ასეთი საგნების გამოყენება [აქ] ძალიან სამარცხვინოა, თუ სასკანდალო არა. და თუკი არ არის საშუალება ასეთი ლამაზი საგნების გამოგზავნის, მაშინ უმჯობესია ფულის გამოგზავნა, რომელზეც აქ ყველაფრის შეძენა და დამზადება შეიძლება.
1. სამოსელი ქრისტიანულ ეკლესიაში.
2. ე.ი. აბრეშუმის ქსოვილისაგან.
3. მღვდელმსახურის შესამოსელი.
4. იგულისხმებიან სომეხი გრიგორიანები.
5. ანგარიში დაიწერა 1691 წლის 28 ნოემბერს. თუ ამას ავიღებთ ამოსავლად, მაშინ გამოდის რომ ზარები შეუძენიათ 1690 წელს.
6. იგულისხმება ქართული ენა.
7. ე.ი. კათოლიკეების.
8. იგულისხმება დასავლელი მისიონერები.
9. კათოლიკურმა სარწმუნოებამ.
10. კათოლიკეთა მღვდლები.
11. პროვინცია ჩრდილოეთ ლომბარდიაში.
12. მეზოლჩინა - ალპების სამხრეთით მდებარე ხეობა, იტალიურ შვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონი. ძირითადად იტალიელები ცხოვრობენ.
13. ე.ი. კათოლიკური სარწმუნოება.
14. ამ შემთხვევაში იგულისხმება აღმოსავლეთი.
15. ალბათ, იგულისხმება სომეხი და ქართველი სასულიერო პირები.
ყოვლადუწმინდესო ბატონებო, ყოველივე ამის გამო გთხოვთ, ყველა წმინდანის გულისათვის, დაეხმაროთ საბრალო ბერს. მას არა აქვს სხვა საზრუნავი, გარდა რომის წმინდა ეკლესიის განდიდებისა და, რაც გააკეთა, უფლის სიყვარულისთვის გააკეთა. ახლა ითხოვს, რომ ის არ გაკიცხონ, არამედ შეაქონ, რადგან საკმაოდ უწყობდა ხელს სარწმუნოების გავრცელების საქმეს და ყველაფერი იცის, რაც გაუკეთეს. გარდა ამისა, წყეული ერეტიკოსების ძაგებას მე აღვუმართე საიმედო ზღუდე; სხვა ხერხებით, ვიდრე ეს მე გავაკეთე, ეკლესიის აღდგენა შეუძლებელი იყო და თუკი უფრო მეტი ფული მექნებოდა, გულწრფელად გეტყვით, ყველას დავხარჯავდი, რადგან კარგად ვიცი, რომ ყველაფერი ეს ხმარდება უფლის დიდებას, რომელზეც მუდამ ვლოცულობ, რათა ღმერთი თავისი კეთილისმყოფლობით შეეწიოს თქვენს ყოვლადუწმინდესობას უფლის წმინდა პატარძლის, რომის სამოციქულო ეკლესიის, დიდების სამსახურში.
ამრიგად, ეკლესიაზე ხარჯებმა შეადგინა 225 სკუდო, ხოლო თავშესაფარსა და სხვ., 280 სკუდო, რაც ჯამში შეადგენს ხუთას ხუთ სკუდოს, ხაზს ვუსვამ 505-ს. მასში არ ითვლება მცირე ხარჯები, რომელიც არ დამითვლია ჩემი პრეფექტობის მნანძილზე, ასევე ის ხარჯებიც, რაც გაწეული იქნა მთავრისა და სხვა ცნობილი ადამიანების მიღებისას, როცა ისინი გვსტუმრობდნენ.
იმისათვის რომ თქვენ დარწმუნდეთ, თუ რა შრომის გაწევა მომიხდა წმინდა ეკლესიის დიდების გაზრდისათვის და ჩემს ბერებთან ერთად როგორ ვცდილობდი წმინდა კონგრეგაციისთვის ჯეროვნად მემსახურა, თან ვურთავ ამ მისიონში თაფლის სანთელზე ხარჯების ანგარიშს; ამ ხარჯებს თავს ვერავინ აარიდებს, რადგან ეს წესი დიდი ხანია დამკვიდრდა და ჩვენ არაფერი დაგვიმატებია, პირიქით, ვთვლი, რომ თაფლის სანთელზე ხარჯი ზომაგადასულია და სხვ. უფლის შობის დღეს ინთება 18 სანთელი, თითოეული 8 უნციის, ხანდახან 10 ან 12 უნციის, 6 პატარა სანთელი სამი ან ოთხი უნციის წირვისას ანდა ცისკრის ლოცვისას, არ ვთვლი წირვისათვის 6 ჩირაღდანს. შობის მანძილზე წირვის აღსრულებისას ინთება 6 დიდი სანთელი და ჩირაღდანი, ასევე 6 პატარა ჩირაღდანი ჩვეულებრივი წირვისას. შობის დღეს იგალობება საზეიმო მწუხრის ლოცვა ყველა ანთებული სანთლითა და ექვსი ჩირაღდნით, როგორც ზემოთაა აღწერილი.
როგორც ზემოთ მივუთითეთ, წლის პირველ დღეს და ნათლობაზე საზეიმო წირვის აღსრულებისას ანთია ყველა სანთელი. გარდა ამისა, ნათლობის დღეს ინთება კიდევ 6 სანთელი და ოთხი ჩირაღდანი წყლის კურთხევისათვის და ეს ლოცვა-კურთხევა ერთი საათი გრძელდება. კურთხევის ცერემონიის მანძილზე ყველა დამსწრე კათოლიკესა და ერეტიკოსს სათითაოდ ეძლევა ერთი პატარა სოლდოს ღირებულების სანთელი, რომელიც საკმარისია, სანამ კურთხევა გრძელდება.
31. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1692 წლის 10 მარტს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
დიდად თაყვანსაცემო ბატონო და ფრიად პატივცემულო პატრონო2 ვშიშობ, ჩვენმა მამებმა შენიშნეს, რომ ჩემი წერილები მხოლოდ თქვენი მოწყალების ხელში ხვდება და ვფიქრობ, ისინი განაწყენდნენ; ასე იმიტომ ვმსჯელობ, რომ ისინი3 ამიერიდან ამ მხარეების შესახებ წერილებს არ წერენ. რაც არ უნდა იყოს, რადგან თავიდან გავყევი თქვენი მოწყალების რჩევებს, ასე გავაგრძელებ მომავალში. ვხედავ, რომ ასეთი სახით ყველა წერილი, როცა ისინი თქვენი ხელიდან გადის, უდავოდ სწრაფად და ზუსტად აღწევს [ადრესატამდე]. საწუხარია, რომ უფალმა არ ინება ქარავანი, როცა დავწერე წერილი ჩვენს სარწმუნოებაზე4 დივან-ბეგის5 მოქცევის შესახებ; იმ მომენტში ქარავანი ალეპოში წავიდა და არა ტრაპიზონში, თორემ, დიდად სამწუხაროდ, ჩვენი წერილები ორი წელი არ დაიგვიანებდა და თუკი რომში დივან-ბეგის, ყველაზე წარჩინებული ქართველი პირის, მოქცევის შესახებ ადრე გაიგებდნენ, ჩვენდამი უფრო კეთილგანწყობილი ურთიერთობა იქნებოდა; თვითონ ეს, ბუნებით კეთილი, ბატონი6 არ ეჭვობდა, რომ ის უბრალოდ მოატყუეს, თუმცა თავისი კეთილი ბუნების გამო მისგან სიმპათია არ მოგვკლებია. ყოველთვის გვიღებდა, როგორც საკუთარ ძმებს, განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას იჩენდა ჩვენდამი, გვეხმარებოდა და გვმფარველობდა სახელმწიფოში მღელვარებების დროს, რომლის დროსაც ჩვენ გულისა და თავისი სარწმუნოების7 გამო ბევრი სიმდიდრე დაკარგა, აიმხედრა თითქმის მთელი საქართველო მასში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ეროვნების ჩათვლით. ამის შესახებ ჩემს წერილებზე პასუხი არ მიმიღია და ამას არც ველი ახალი მისიონერების მოსვლამდე, ხოლო იმ წერილებზე, რომელიც თქვენს მეშვეობით გადავეცი, უკვე მივიღე ორი პასუხი, თუმცა ისინი დავწერე ზემოხსენებულ [წერილზე] მოგვიანებით; გარდა ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ წერილზე, რომელიც თქვენს მზრუნველობას მივანდე, პასუხს დიდხანს არ დაუყოვნებია. მესმის, უსასრულოდ გაიზარდა თქვენი მოწყალების წინაშე ჩემი ვალი, მაგრამ, სანამ არსებობს თქვენი მოწყალე ნებართვა, არ დავაყოვნებ თქვენდამი მიმართვას, რადგან ვიცი თქვენი მისწრაფება რომის წმინდა ეკლესიის განდიდების შესაახებ და ვაღიარებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი მისიონების კარგი მმართვა. ამჟამად, გარდა შემახიის მისიონისა, დაგვემატა მისიონი განჯაში. ორივე ეს ქალაქი სპარსეთში მდებარეობს; განჯა თბილისიდან და შემახიიდან ხუთი დღის სავალზეა, ხოლო აქედან განჯის იქით 5 დღის სავალია, მაგრამ სულ ვაკე ტერიტორიაა და გამოირჩევა ბრწყინვალე პეიზაჟებითა და უხვი მოსავლიანობით.
ბევრჯერ მივწერე წმინდა კონგრეგაციას, ხოლო ჩემს ორდენს - შვიდჯერ, რომ გამანთავისუფლონ პრეფექტის თანამდებობიდან, მაგრამ მოსმენაც კი არ ისურვეს; ვთხოვ თქვენს მოწყალებას, რომ დამეხმაროს ჩემი თხოვნის დაკმაყოფილებაში. აქამდე მხოლოდ ქართული ენა ვისწავლე და არ შემიძლია სხვა ენების სწავლა დავიწყო დაუსრულებელი გარჯისა და ურიცხვი საზრუნავის გამო, რასაც პრეფექტის თანამდებობა მავალებს; თუკი ამისაგან გამათავისუფლებენ, ვფიქრობ, უფლის დიდება უფრო მეტად გაიზრდება. ახლა საქმე მისიონში მიდის ისევე, როგორც სახელმწიფოში მღელვარებამდე იყო, ე.ი. საკმაოდ კარგად. მიუხედავად იმისა, რომ ის მოკვეთილი და განდგომილი ვართაპეტი ცდილობს, ჩვენი ეკლესიიდან მორწმუნეები მიიქციოს, მაგრამ უფლის სამართლიანი სამსჯავროს წყალობით მას მისი მომხრეებიც კი არ უსმენენ. ამგვარად, ის თვითონ აღმოჩნდა იმ ჯვარზე გაკრული, რომელზეც ჩვენს გაკვრას ცდილობდა. და დიდება უფალს. მდაბლად გიკრავთ თავს, თქვენი წმინდა ტანსაცმლის კალთებს ვეამბორები, ერწმუნეთ ჩემს სამარადისო ერთგულებას და ვანდობ თავს თქვენს წმინდა ლოცვებს. ტიფლისი, ძველი სტილით 10 მარტი 1692 წელი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ქრისტეში, ფრა’ ჯულიო და კრემონა, კაპუჩინი, პრეფექტი.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 417 r-418 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 446r-447r.
3. ე.ი. მისიონერები.
4. იგულისხმება კათოლიკურ სარწმუნოებაზე.
5. გიორგი XI-ის დივან-ბეგი ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი.
6. დივაან-ბეგი.
7. კათოლიკური სარწმუნოების მიღების გამო.
Комментариев нет:
Отправить комментарий