воскресенье, 12 мая 2019 г.

ევროპული წყაროები საქართველოს შესახებ (1662-1692 წლ.)

1663 წელს ქართლის სამეფოში, კერძოდ თბილისსა და გორში, ერთხანს ქუთაისშიც, ბინა დაიდეს კაპუჩინთა ორდენის მისიონერებმა, რომლებმაც საქართველოში 182 წლის მანძილზე იღვაწეს. მათ ერთგვარად გააგრძელეს თეათინელ მისიონერთა ტრადიციები და დიდი ამაგი დასდეს საქართველოს პოლიტიკურ, რელიგიურ, კულტურულსაგანმანათლებლო, სამეურნეო და დიპლომატიურ ცხოვრებას. ამ ორდენის საქართველოს მისიონის პრეფექტებმა, ვიცე-პრეფექტებმა და მამა-მისიონერებმა 1662-1692 წლებში მრავალი ათეული დიდი თუ მცირე რელაციონი გააგზავნეს საქართველოდან. მათში ასახულია დღემდე უცნობი უამრავი ფაქტი და მრავალფეროვანი ისტორიული მოვლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებასა და, რასაკვირველია, კათოლიკე მამების საქმიანობაზე. ასევე ეს მასალები გვაძლევენ საინტერესო დაკვირვების საშუალებას ქართულ-ევროპული იდენტობის მახასიათებლებზე, ქართველ პოლიტიკოსთა მიერ დასავლური ფასეულობებისადმი დამოკიდებულებაზე, დასავლურ სივრცეში საქართველოს ადგილზე.
ნაშრომში წარმოდგენილი 31 რელაციონი პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. იგი დიდ სამსახურს გაუწევს აღნიშნული თემებით დაინტერესებულ მკვლევრებს, ასევე მკითხველთა ფართო წრეს.
იტალიური და ლათინური ტექსტები თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა, ელდარ მამისთვალიშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა.
შინაარსი
1. მოკლე ცნობა სამეგრელოში ქრისტიანული სარწმუნოების არასრულყოფილი მდგომარეობის შესახებ. 1662 წლის 19 სექტემბერი.
2. ჰელიოპოლიტანიის ეპისკოპოსის ფრანცისკეს მიერ ისპაჰანიდან 1662 წლის 19 სექტემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
3. [პაპი კლემენტე IX-ის წერილი] სპარსეთის ყოვლად ძლიერი და უგანათლებულესი მეფისადმი.
4. საქართველოში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას მიერ თბილისიდან 1674 წლის 18 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდესადმი“ მიწერილი წერილი.
5. საქართველოში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას მიერ თბილისიდან 1674 წლის 29 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
6. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1675 წლის 15 აგვისტოს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
7. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1675 წლის 1 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი
8. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1675 წლის 1 დეკემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი
9. ბერნარდო მარია და ნაპოლი-საცნობარო ბარათი (1676 წლის 10 მარტი)
10. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ გორიდან 1677 წლის 1 აპრილს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მაღალი პირისადმი მიწერილი წერილი.
11. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ გორიდან 1677 წლის 1 მაისს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისად მიწერილი წერილი.
12. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ გორიდან 1677 წლის 1 ივნისს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისად მიწერილი წერილი
13. ბერნარდო მარია და ნაპოლის მიერ მარსელიდან 1677 წლის 14 სექტემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირისადმი მიწერილი წერილი.
14. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1677 წლის 1 დეკემბერს წმ. კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდეს ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
15. უფროსი-მოქადაგის, ფრა’ ბერნარდო მარია და ნაპოლის, საქართველოს მისიონის ყოფილი ვიცე-პრეფექტის, აზრი საქართველოს მისიონის მიღწევებისა და გაუმჯობესების შესახებ.
16. ბერნარდო მარია და ნაპოლის მიერ ნეაპოლიდან 1680 წლის 18 იანვარს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირისადმი მიწერილი წერილი.
17. საქართველოში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის, ფრა’ სოლვესტრო და პანიკალეს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მაღალი სასულიერი პირისადმი მიწერილი წერილი
18. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ თბილისიდან 1686 წლის 6 სექტემბრს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი
19. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ თბილისიდან 1686 წლის 7 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
20. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ თბილისიდან 1686 წლის 25 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
21. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ თბილისიდან 1686 წლის 22 დეკემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
22. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ თბილისიდან 1687 წლის 1 ნოემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მაღალი სასულიერო პირებისადმი მიწერილი წერილი.
23. საქართველოს მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 27 მარტს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
24. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 30 აგვისტოს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი
25. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 6 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
26. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1690 წლის 22 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
27. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 22 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
28. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 26 ნოემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
29. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 28 ნოემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.
30. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1691 წლის 28 ნოემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი და მას თანდართული ანგარიში კარდინალებისადმი გადასაცემად.
31. კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის ჯულიო და კრემონას მიერ თბილისიდან 1692 წლის 10 მარტს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი.

შესავალი
XVII საუკუნის 60-იან წლებიდან წმინდა ტახტსა და საქართველოს ტრადიციულ ორმხრივ რელიგიურ-დიპლომატიურ ურთიერთობში ახალი დინამიკური პროცესი დაიწყო, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსიურობით XIX ს-ის შუა ხანებამდე გაგრძელდა. ურთიერთობის ამ პროცესის მახასიათებლებიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მისიონერთა მიერ საქართველოს პოლიტიკურ და რელიგიურ მესვეურთა კათოლიკობაზე მოქცევის მცდელობა, რომლის პრაქტიკული შედეგი ეკლესიათა უნია უნდა ყოფილიყო. ყველა შემთხვევაში ამაზე ფოკუსირდებოდა საქართველოსთან წმინდა ტახტის ურთიერთობები. ცხადია, ამაში საქართველოს კათოლიკურ თემს თავისი როლი ენიჭებოდა და, ბუნებრივია, მისიონერთა უპირველესი საზრუნავი საქართველოს მოსახლეობას შორის კათოლიკობის გავრცელება იყო. ამ ამოცანების განხორციელებას საქართველოში, წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ 1661 წლის 13 ივნისის დეკრეტის1 გადაწყვეტილებით, 1663 წელს კაპუჩინთა ორდენის მისიონერები შეუდგნენ.
თავდაპირველად კაპუჩინი პატრები თბილისში დამკვიდრდნენ. მათ ერთგვარად გააგრძელეს 1638 წელს2 აღმოსავლეთ საქართველოში თეათინელი მამების მიერ შეწყვეტილი საქმიანობა. ახლა, თეათინელების მსგავსად, კაპუჩინი მისიონერებიც დასავლეთთან დამაკავშირებელ თავისებურ დიპლომატიურ არხად იქცნენ, რადგან მათ, წმინდა ტახტის გარდა, შეეძლოთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიური კონტაქტების დამყარებაში დახმარებოდნენ ქართველ პოლიტიკოსებს. ამას ევროპას მოწყვეტილი ქართული სამეფო-სამთავროებისათვის, რომელთაც დასავლეთის სახელმწიფოების ჯგუფთან უკიდურესად შეზღუდული კავშირები ჰქონდათ, სასიცოცხლი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან პოლიტიკური იზოლაციის გარღვევა და მოწინავე დასავლური მეცნიერულ-ტექნიკური იდეების დანერგვა ქვეყანაში მხოლოდ მისიონერთა შემწეობით იყო შესაძლებელი. ქართული სახელმწიფოების ეს ტრადიციული
ევროპული საგარეო პოლიტიკა, რომელიც საეკლესიო-რელიგიურ ასპექტს ეფუძნებოდა, მისიონერთა საქმიანობის მკვებავ წყაროს წარმოადგენდა. ამ კონტექსტში მათი საქმიანობის პერსპექტივები ძირითადად ქართველ საერო და სასულიერო მესვეურთა კეთილგანწყობასა და მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული.
1. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902, გვ. 222-223; Michel Tamarati, L’Eglise georgienne des origins jusqu’a nos Jours, Rome, 1910, p. 562; მისივე, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 617; მ. პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა, თბ., 1995, გვ. 201.
2. 1638 წელს თეათინელმა მისიონერებმა დატოვეს გორის მისიონი, ხოლო 1634 წლიდან ოდიშის სამთავროში დამკვიდრებულმა თეათინელებმა აქ საქმიანობა 1701 წლამდე გააგრძელეს (მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 198).
1663 წელს თბილისში დაფუძნებული კაპუჩინთა მისიონი წარმატებით შეუდგა საქმიანობას. ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა (1658-1675) კაპუჩინები განამტკიცა იმ უფლებებში, რაც თავის დროზე თეათინელებს თეიმურაზ I-მა უბოძა1. Uუფრო მეტიც, მხოლოდ სახელდებით მუსლიმმა ვახტანგ V-მ, წმინდა ტახტის მოლოდინის მიუხედავად, პატრებს თბილისის ცენტრში უყიდა2 ორი სახლი და საჩუქრად გადასცა: ერთი საცხოვრებლად, ხოლო მეორე წირვა-ლოცვის დასაყენებლად3. ვახტანგ მეფე პატრების მიმართ უდიდეს პატივისცემასა და ყურადღებას იჩენდა4. და საერთოდ, „გამაჰმადიანებულმა ვახტანგ V-მ უფრო მეტი პატივი მიაგო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ვიდრე ქრისტიანად ყოფნის დროს“5. საკუთრივ დედოფალი მარიამ დადიანი, როგორც თეათინელებს, ისე კაპუჩინებსაც გარდაცვალებამდე (1682) მფარველობასა და თანაგრძნობას არ აკლებდა6.
მიუხედავად დიდი მატერიალური სიდუხჭირისა7, დასახელებული ფაქტორების ხელშეწყობით, კაპუჩინების პირველი ნაბიჯები შთამბეჭდავი იყო. მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას8 ენერგიული მოქმედებით მისიონერებმა, პირველ რიგში, დაიწყეს ქართული ენის შესწავლა, უმალვე დაიმსახურეს ხალხის პატივისცემა და ერთ წელში (1664 წელს) დაიწყეს ეკლესიის აგება9. მას შემდეგ რაც თბილისში 1669 წლისათვის თითქმის ათამდე მისიონერმა მოიყარა თავი, ამავე წელსვე გადაწყდა კაპუჩინთა მისიონის დაარსება გორში. აქ პატრების წარმატებებს წინ აღუდგნენ სომხური ეკლესიის სასულიერო პირები და დაიწყეს მათი დევნა10, რადგან მამა-მისიონერების ქადაგებების შედეგად ქართველები „ტოვებდნენ სომხურ ეკლესიას და კათოლიკურ ეკლესიაში მოდიოდნენ“11. შეუძლებელია ეს ფაქტი ისე გავიგოთ, რომ ქართველებმა კათოლიკურ დოგმებსა და თეოლოგიურ პრინციპებში საკმაოდ გარკვევისა და გაცნობიერების შედეგად მიატოვეს სომხური ეკლესია12. თუმცა უდავოა, რომ კათოლიკური რიტის მიღებით აღნიშნული კატეგორიის ქართველები ეროვნულობის შენარჩუნებას ადვილად შეძლებდნენ და ამიტომ ისინი სომეხთა მხრიდან დევნის დროს მისიონერ-მამებს უჭერდნენ მხარს, რადგან შესაძლებელია, მათში მართლმადიდებელთა მფარველებიც დაენახათ.
1. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 229; Michel Tamarati. Op., cit. p.
563; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 619.
2. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 223.
3. Michel Tamarati. Op., cit. p. 563; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 619.
4. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 239.
5. Peyssonel Ch. Fils de council de France a Smirne. Essai sur les Troubles Actuels de Perse et de Georgie, Paris, 1754, p. 21.
6. მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 202.
7. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 224-226; Michel Tamarati. Op., cit. p. 564; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 620.
8. კაპუჩინთა თბილისის მისიონის პირველი პრეფექტი სერაფინო და მელიკოკა მისივე ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 1650 წლიდან ეწეოდა მისიონერობას (Archivio di Propaganda Fide, Scritture Fiferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, f.163). შესაძლებელია, სერაფინო თავიდან სამეგრელოს მისიონში მოღვაწეობდა თეათინელებთან და როცა თბილისში კაპუჩინებმა დაიდეს ბინა, აქ გადმოვიდა სამოღვაწეოდ და პრეფექტიც გახდა. ეს უკანასკნელი 1675 წლს გარდაიცვალა თბილისში (Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, f.107)..
9. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 227-229; Michel Tamarati. Op., cit. p. 565; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 620.
10. ე. მამისთვალიშვილი, გორის ისტორია I (1801 წლამდე), თბ., 1994, გვ. 321.
11. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 235; ე. მამისთვალიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 321; მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 207.
12. მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 207.
გორის გარდა, 1669 ან 1670 წელს კაპუჩინთა მისიონი დაარსდა ქუთაისშიც, თუმცა აქ მათი საქმიანობა ხანმოკლე აღმოჩნდა. დასავლეთ საქართველოში განუწყვეტელი სისხლისმღვრელი შინაფეოდალური ომები მათ საქმიანობას გასაქანს არ აძლევდა და, ბუნებრივია, პატრების საქმიანობაც შეწყდა. ირკვევა ისიც, რომ მამა-კაპუჩინებს 1677 წელს გურიის სამთავროშიც იწვევდნენ. გურიის მთავარი გიორგი III გურიელი (1664-1684) „გარდა ეკლესიებისა და ქონებისა, რომელიც მამა-თეათინელებს ეკუთვნოდათ...“ მათ ჰპირდებოდა „... სოფელს 20 სახლითა და ქვეშევრდომებით“1.
მამა-კაპუჩინებისათვის საქართველოში მოღვაწეობის ათი წელი წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდას ფიდეს“ წინაშე ერთგვარი საანგარიშო პერიოდი იყო. როგორც წყაროებიდან ირკვევა, ამ ხნის მანძილზე მათ მუხლჩაუკეცავად იღვაწეს და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს. კათოლიკე მამებს თბილისში ჰქონდათ ორი სახლი და ერთი ეკლესია, რომლის აშენება 1670 წლისათვის დაასრულეს; ასევე ჰქონდათ გორში ერთი სახლი და ეკლესია; ისწავლეს ქართული ენა, შვიდი საიდუმლოს შესახებ შეადგინეს წიგნი ქართულ ენაზე, თბილისის კათოლიკურ ეკლესიასთან გახსნეს სკოლა და ბავშვებს წვრთნიდნენ სარწმუნოებასა და მორჩილებაში. აქ ასწავლიდნენ ლათინურ და იტალიურ ენებს, ეწეოდნენ უანგარო სამკურნალო საქმიანობას და საკმაო მრევლიც გაიჩინეს2. საგანმანათლებლო საქმიანობისადმი მისიონერთა ტრადიციული დამოკიდებულება დიდ ნდობასა და ავტორიტეტს უხვეჭდა მათ ხალხში და უმთავრესად ახალგაზრდებში. პატრების სკოლაში იტალიურ ენაზე კათოლიკური დოგმატების ხატოვნად და ყველაზე მისაწვდომ ფორმაში სწავლება მტკიცედ აკავშირებდა “მოსწავლეებს კათოლიკურ სარწმუნოებასთან“3.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, f..115.
2. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 224-225.
3. Michel Tamarati. Op. cit., p. 562;
მიუხედავად ამისა, კაპუჩინთა საქმიანობის ფართო გაშლას ხელს უშლიდა მატერიალური ხელმოკლეობა. მათი ღარიბული ცხოვრების წესის გამოყენება საქართველოში არაეფექტიანი გამოდგა, რადგან „აკიდებული ტომრებით კარდაკარ სიარული საჭირო სურსათის სათხოვნელად“1 მისიონერთა ავტორიტეტს ხალხში, კერძოდ, მათი სულიერი გავლენის ქვეშ მყოფ ქართველებში, შეარყევდა. ეს ადვილი შესაძლებელი იყო, რადგან ქართველებს შეიძლება ვერ აღექვათ კაპუჩინთა ორდენის მათხოვრული წესის ფილოსოფია.2 ვინაიდან ისინი „...ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ გარეგნობისადმი...“3. ჩანს, ამ წარმოდგენა-განწყობილებას ემყარებოდა ქართველთა ის აზრი, რომ რომის „პაპი საქართველოში არ გამოაგზავნიდა არც მენახირეს და არც მწყემსებს“4. ეს აღქმა, ალბათ, საქართველოში თეათინელებზე დამკვიდრებული მაღალი ავტორიტეტიდან მომდინარეობდა.
კაპუჩინები, როგორც წყაროებიდან ჩანს, განიცდიდნენ უკიდურეს მატერიალურ სიდუხჭირეს, ხოლო წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდე“ მათ კუთვნილ ჯამაგირს ქრონიკულად წლობით აგვიანებდა. ამიტომ პატრების რჩენის ერთგვარ წყაროს, ღარიბების გარდა5, მათ მიერ საექიმო საქმიანობიდან გასამრჯელოს აღება წარმოადგენდა. ამან მისიონს დიდი ზიანი მიაყენა, რადგან გასამრჯელოზე მკურნალობამ მოსახლეობის პატრებისადმი დამოკიდებულებაზე ცუდად იმოქმედა6, რაც წმ. პროპაგანდის უკმაყოფილებას იწვევდა. ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი კი, ლევან II დადიანივით, მისიონერებს მატერიალურ დახმარებას ვერ უწევდა.
ასეთ ვითარებაში, როგორც წინამდებარე წყაროებიდან ირკვევა, წმინდა კონგრეგაციამ 1672 წლის მაისში გადაწყვიტა, რომ კაპუჩინთა მისიონი საფრანგეთის მისიონის პატრებისათვის გადაეცა. მართალია, ამის შესახებ კონგრეგაციის ხსენებული გადაწყვეტილების ნამდვილი მიზეზი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ უდავოა, რომ ეს დაკავშირებული იყო აღმოსავლეთთან საფრანგეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარებასთან. სწორედ აღნიშნულ დეკრეტამდე, ერთი წლით ადრე (1671 წელს), ირანის შაჰმა სულეიმან I (1666-1694) ფრანგ ვაჭრებსა და მისიონერებს სპარსეთის იმპერიაში თავისუფალი გადაადგილების უფლებები მიანიჭა7. როგორც ამ კრებულში მოთავსებული წყაროებიდან ირკვევა, სწორედ ამ დროიდან საქართველოს ტერიტორია, როგორც სატრანზიტო გზა, საფრანგეთის ირანთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში გარკვეულ ადგილს იჭერს. უდავოა თვალსაზრისი, რომ მაშინ, როცა ევროპიდან აფრიკის შემოვლით ირანსა და ინდოეთისაკენ მიმავალი მთავარი საზღვაო გზა ინგლისსა და ჰოლანდიას ჰქონდა დაკავებული, „სპარსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას საფრანგეთი ცდილობდა ჩრდილოეთიდან, საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით“8. შესაძლებელია, ლუი XIV-ის ამ მიზანს განეპირობებინა საქართველოში საფრანგეთის მისიონის დაარსების გადაწყვეტილება, რომლის განხორციელების შემთხვევაში ფრანგი მისიონერები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის განვითარების მისიონერები იქნებოდნენ. ამასთან კავშირში შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მოგზაურობა საქართველოში 1672-1673 წლებში, რომელმაც ევროპისათვის, კერძოდ საფრანგეთისათვის, საქართველოს გაცნობის საქმეში დიდი როლი შეასრულა9.
1. იქვე, გვ. 225.
2. Archvio di Propaganda Fide, Scritture Fiferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, f.442 r.
3. Ibid.
4. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 225; მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 202-203.
5. „ღარიბებს მადლობაზე მკურნალობდნენ“ (Archvio di Propaganda Fide, Scritture Fiferite
nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, ff. 108-109).
6. Archvio di Propaganda Fide, Scritture Fiferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, f.167.
7. საბუთები საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან (1707 წლის მარტი-1714 წლის დეკემბერი), ნაწილი I. შესავალი, თარგმანი და განმარტებები დაურთო ილია ტაბაღუამ, თბ., 1975, გვ.76-77.
8. ვ. გაბაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი როგორც დიპლომატი, - წიგნში: სულხან საბა ორბელიანი 1658-1958. საიუბილეო კრებული. თბ., 1959, გვ. 63.
9. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ). ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1975.
წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ აღიშნულ გადაწყვეტილებას საკმაოდ საფუძვლიანი არგუმენტები დაუპირისპირა თბილისში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტმა სერაფინო და მელიკოკამ. საქართველოში თითქმის 27 წლის მანძილზე ნამსახურობის გამოცდილებით, ცხადია, მას შეეძლო კარგად შეესწავლა ქართული სამეფო-სამთავროების დამოკიდებულება რომის პაპის კარიდან გამოგზავნილი სამოციქულო მისიონერებისადმი და დაასკვნიდა, რომ ქართველები ფრანგების სავაჭრო-მისიონერულ საქმიანობას მოწონებით არ შეხვდებოდნენ1. ამასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ მთელ შუა საუკუნეებში, ადრეულ ახალ დროსა და ახალ დროში ქართველები, სამხედრო-საბრძოლო საქმიანობასთან შედარებით, მეტად ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ სავაჭრო პოლიტიკისადმი. ასეთ შემთხვევაში მთელს აღმოსავლეთში ყველაზე ნაყოფიერი თბილისისა და გორის მისიონი დაინგრეოდა2. როგორც ჩანს, პროპაგანდა ფიდეს პირველ გადაწყვეტილებას შედეგი არ მოჰყვა და მან 1677 წელს, ხელმეორედ, გამოსცა დეკრეტი საქართველოს მისიონის ფრანგებისათვის გადაცემის შესახებ3. ამ საკითხთან მიმართებაში მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას ხაზი ახლა გააგრძელა ჯუზეპე ანტონიო რომანომ და ძალზე მოხერხებული სვლებით, ფრანგ მისიონერებს საქართველოში ჩამოსვლა გადააფიქრებინა4.
ქართლის სამეფოში კაპუჩინი მამა-მისიონერების საქმიანობა ახალი ძალებით გიორგი XI-ის მეფობის პირველ პერიოდში (1676-1688) გაიშალა. ამ უკანასკნელმა თავის წინამორბედ ქართლის ყველა მეფეს გადააჭარბა მისიონერებისადმი მფარველობასა და საქართველოში კათოლიკეთა ეკლესიის პატივისცემაში. ამან უშუალო ასახვა პოვა თბილისისა და გორის მისიონის წინსვლაში. კაპუჩინთა საგანმანათლებლო საქმიანობამაც
კონკრეტული შედეგი გამოიღო. 1679 წლისათვის თბილისის კაპუჩინთა მისიონის პრეფექტმა ჯუზეპე და ბოგონიანომ5 პროპაგანდის კოლეჯში სასწავლებლად სამი ყმაწვილი გაგზავნა6. 1681 წლისათვის კი ამავე კოლეჯში შესვლის ნებართვა „...ითხოვა ერთმა გამოჩენილი ქართველი ოჯახის შვილმა, რომელიც ნეაპოლში სამოქალაქო მეცნიერებას სწავლობდა“7. სავარაუდოა, ამ ახალგაზრდამ კაპუჩინთა თბილისის სკოლა
დაამთავრა და აქვე ისწავლა იტალიური ენა8. ამასთან კავშირში მეტად საგულისხმოა პრეფექტის მიერ 1686 წელს, ლათინური რიტის, 22 წლის, ქართველი კათოლიკე ანჯელოს9, ანუ მიხეილის, რომელმაც განათლება თბილისის კათოლიკეთა სკოლაში მიიღო და კარგად იცოდა იტალიური ენა, წმ. კონგრეგაციის კოლეჯში სასწავლებლად გაგზავნა10. 1687 წელს კიდევ ერთი ქართველი ყმაწვილი, სოლომონ თუმანიშვილი, გააგზავნა მეფე გიორგი XI-მ პროპაგანდის კოლეჯში სასწავლებლად11.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol.I, f.167-168.
2. Ibid.
3. Ibid, f. 107-108.
4. Ibid.
5. კაპუჩინი მისიონერი ჯუზეპე და ბოგონიანო თბილისის მისიონში მოღვაწეობდა 1663 წლიდან (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 223) და, ჩანს, სერაფინო და მელიკოკას გარდაცვალების შემდეგ (1675 წ.), მან დაიკავა პრეფექტის ადგილი.
6. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 253-254; Michel Tamarati. Op. cit., p. 571; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ.629.
7. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 254.
8. მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 216.
9. „…questo giovane per nome Angelo latore della presente è giorgiano cattolico di rito latino…“ („…წერილის მიმტანი ეს ახალგაზრდა, სახელად ანჯელო, არის ლათინური რიტის ქართველი კათოლიკე...“). მ. თამარაშვილი, ისტორია
კათოლიკობისა..., გვ. 261, 685.
10. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 261.
11. იქვე, გვ. 268; მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 222.
წინამდებარე წყაროები ეჭვმიუტანლად ადასტურებენ, რომ მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა (სომეხ სასულიერი პირთა მიერ 1679 წელს კაპუჩინთა ხელახალი დევნის დაწყებისა1, თბილისსა და გორში 1684 წელს ჟამიანობის2 გაჩენისა, პროპაგანდისაგან მუდმივად გასამრჯელოს დიდი ხნით დაგვიანებისა, უნარიანი პატრების უკმარისობისა) მამა-მისიონერების წარმატებებმა ქართველ საერო და სასულიერო პირთა ხელშეწყობით
მიზანმიმართული ხასიათი მიიღო. ირკვევა კაპუჩინმა მამებმა ხელში აიღეს ინიციატივა და მათი ზეგავლენით, უდიდესი მონდომებით, როგორც საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტი ჯუსტინო და ლივორნო წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ აცნობებდა, 1687 წლისათვის კათოლიკობისკენ გადაიხრა „ფილიოკვეს“ აღიარებით ქართლის მეფე გიორგი XI. მისივე თქმით, აღნიშნულ წელსვე კათოლიკობაზე გადავიდნენ დიდი სულხან-საბა ორბელიანი და ქართლის ჯარების მხედართმთავარი თამაზ ყაფლანიშვილი, ღვიძლი ბიძა გიორგი XI-ისა.3 ქართლის მეფის, უმაღლესი ხელისუფლის, გიორგი XI-ის კათოლიკობისკენ გადახრა ისეთი უდიდესი მნიშვნელობის ფაქტორად მიიჩნია ჯუსტინო და ლივორნომ, რომ მას მეორე წმინდა გიორგი უწოდა4. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ კათოლიკე მამა-მისიონერებმა, უწინარეს ყოვლისა, მისიონის პრეფექტებმა, ქართლის სამეფოს ზედა ფენებში მაღალი ავტორიტეტი მოიხვეჭეს და მათგან დიდი ნდობა დაიმსახურეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალ საერო წრეებთან ახლო და ნდობით აღსავსე ურთიერთობის ჩამოყალიბებაში არანაკლები როლი პატრების მიერ ქართული ენის ცოდნამ და მათმა ადგილზე ნატურალიზაციამ შეასრულა.
სრულ იზოლაციაში მოქცეული საქართველოსათვის, კერძოდ ქართლის სამეფოსათვის, დასავლეთთან ურთიერთობის ძიებისას, მისიონერებთან ასეთი კავშირი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ამის გამო იყო, რომ ქართველი საერო და სასულიერო მესვეურები კათოლიკე მამების საგანმანათლებლო საქნიანობას არა მარტო რელიგიური მოტივებით ხსნიდნენ, არამედ მას დასავლეთის მეცნიერულ-კულტურულ მიღწევებთან ზიარების საშუალებად მიიჩნევდნენ. ამ ჭრილში ძალიან საინტერესოდ გამოიკვეთა ქართულ-ევროპული იდენტობის ერთი მახასიათებელი. კათოლიკე მამის ბერნარდო მარია და ნაპოლის დახასიათებით, ქართველები აღმოსავლეთის ყველა ხალხს შორის ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე უფრო განათლებული, ყველაზე უფრო კეთილშობილური, ყველაზე უფრო გამჭრიახი გონებისანი არიან5.
1689-1692 წლებში კაპუჩინთა მისიონი თბილისში აღმავლობასა და აყვავებას განიცდიდა. ეს, ერთი მხრივ, გულმოდგინე და ღვთისმოსავი კაპუჩინი მამების დაუღალავი შრომისა და, მეორე მხრივ, კათოლიკობისადმი მიდრეკილი ქართლის მეფის გიორგი XI-ის მხარდაჭერის შედეგი იყო. ამ უკანასკნელ ფაქტორთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ გიორგი XI-მ თბილისის კათოლიკეთა ეკლესიის აღდგენა-განახლებაში (1687-90 წწ.) დიდი მატერიალური დახმარება და სულიერი მხარდაჭერა აღმოუჩინა მამა-მისიონერებს. ეს პროლათინი მეფე ქართველ სწავლულებთან ერთად ხშირად სტუმრობდა კათოლიკეთა ეკლესიას და მას საერთო ქრისტიანული ფასეულობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა6. საკუთრივ თბილისის კათოლიკეთა ეკლესია წარმოადგენდა იმ ქმედით ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობით ვითარდებოდა უპირატესად დასავლეთთან საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობები.
ამრიგად, წინამდებარე ნაშრომში მოთავსებული წყაროები, რომელიც აღებულია ვატიკანის არქივიდან, პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე. ისინი ასახავენ 1662-1693 წლების საქართველო წმინდა ტახტს შორის ურთიერთობაში ზემოთ განხილულ პრაქტიკულ შედეგებს. ასევე რელიეფურად წარმოგვიდგენს, ერთი მხრივ, საქართველოს როლსა და ადგილს პაპობის აღმოსავლურ რელიგიურ პოლიტიკაში და, მეორე მხრივ, წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ სივრცეში.
1. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 252.
2. იქვე, გვ. 259-260.
3. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, f. 393 r.
4. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. vol. I, f. 393 v.
5. Ibid, 224 r.
6. Ibid., ff. 431v.

1. მოკლე ცნობა სამეგრელოში ქრისტიანული სარწმუნოების არასრულყოფილი მდგომარეობის შესახებ1. 1662 წლის 19 სექტემბერი
ბარონიუსის2 მტკიცებით, კონსტანტინე იმპერატორის3 დროს, სამეგრელოსა და გარშემო მდებარე ქვეყნებში გაგზავნეს წმინდა მამები, რათა ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინათ და ესწავლებინათ ქრისტიანული სარწმუნოება იმ ხალხისათვის, რომლებიც ამას საჭიროებდნენ. ისინი4 ნაწილობრივ უკვე ზიარებულნი იყვნენ მის5 საიუდუმლოს ერთი მონა6 ქალის მიერ, რომელსაც წმინდა ნინოს უწოდებდნენ და რომელმაც ერთი ჯვრის ნიშნით განკურნა უძლურნი. მაშინ იმ ხალხმა7 ქრისტიანული სარწმუნოების, რომლის სახელით ასეთი სასწაული ხდებოდა, მიღება გადაწყვიტა.
ძველი ნანგრევების8 მიხედვით ვხედავთ, რომ მათ წარმართული ტაძრების ნგრევა დაიწყეს და კონსტანტინოპოლელი, ასევე ხერსონელი და ტრაპიზონელი ქრისტიანების დახმარებით დაიწყეს სიდიდითა და სილამაზით არაჩვეულებრივი ეკლესიების9 აგება. შეუდგნენ შიგნით მათ10 მოხატვას ძველი და ახალი აღთქმის საიდუმლოებების გამოსახვით. როგორც კონსტანტინოპოლში, მათ11 სამეგრელოს საზღვარზე აღმართეს საუცხოო ტაძარი და იგი მიუძღვნეს წმინდა სოფიოს12. სამეგრელოში ჩვეულებად არის ზარის რეკვა, რომელიც თურქებს შორის გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, რომელთაც ეს წესი არა აქვთ, სულსა და სმენას ესალბუნება.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I,ff. 56-75. წერილი დაწერილია ლათინურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. ბარონიუსი კეისარ (1538-1607), კარდინალი, რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი. კათოლიკურ ეკლესიაში ითვლება „საეკლესიო ისტორიის მამად“.
3. მოციქულთასწორი, წმინდა კონსტანტინ I დიდი, რომის იმპერატორი (306-307).
4. იგულისხმება საქართველოში მცხოვრებნი.
5. ქრისტიანული სარწმუნოების.
6. უფრო სწორია ტყვე.
7. ამ შემთხვევაში იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებნი.
8. ძნელია ივარაუდო, რელაციონის ავტორმა რომელი წარმართული ტაძრის ნანგრევები ნახა მაშინდელ სამეგრელოში.
9. ამ შემთხვევაში რელაციონის ავტორი ზოგადად საუბრობს და მხედველობაში არა აქვს კონკრეტული ეკლესიები.
10. ეკლესიების.
11. იგულისხმება დასავლეთ საქართველოს ქრისტიანები.
12. იტალიაში მცხოვრები, დიდებულთა გვარის წარმომადგენელი წმინდა სოფიო და მისი სამი ქალიშვილი ქრისტიანობის გამო დაასმინეს რომის იმპერატორ ადრიანესთან (117-136). ამ უკანასკნელმა სოფიოს აყურებინა თავისი შვილების წამება. ნაწამები შვილების საკუთარი ხელით დაკრძალვის მესამე დღეს თავად სოფიოც აღესრულა. სახელი Αγία Σοφία (აია-სოფია) ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ: Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს. ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.
ამ მხარეებში ხალხის გასანათლებლად გაგზავნეს ბერძნული წესის მღვდლები. ისინი გულთბილად მიღეს. როგორც ბარონიუსი მოგვითხრობს, ერესსა და ღვთის გმობას არავინ იკარებდა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა წმინდა მამების ქება დაიმსახურეს. საეჭვოა, რომ სარწმუნოების საქმეში ბერძენ მღვდლებს ადამიანები ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინოთ, რადგან კათოლიკურ წეს-ჩვეულებებს აქაური ხალხი ძნელად ითვისებს1. სწორედ ამის გამო უმძიმთ დიდად ჩვენს მისიონერებს და ამიტომაა მათი სამწყსო, როგორც ეს გვსურს, არც ისე დიდია.
და მაინც, კათოლიკე მამების შრომის ნაყოფი უფრო დიდი იქნებოდა, თუკი [სამეგრელოში] ეცოდინებოდათ2, პასექის უქმესა და სხვა წეს-ჩვეულებებში რაში განსხვავდება ჩვენი საიდუმლოებები, ასევე თუკი ბერძნები3 არ ჩააგონებდნენ მათ4, რომ ჩვენს ქვეყნებში5 ჭამენ ბაყაყებს, ლოკოკინებს, ზღარბებს და სხვა ქმნილებებს6, რაც მათში მკრეხელობად ითვლება. მგონია, მომავალში მათში7 უფრო იმძლავრებს რწმენა, როცა ერთ დღეს დარწმუნდებიან, რომ ჩვენი სარწმუნოება ერთიანია8. ასევე გაიგებენ, რომ ვცდილობთ მხოლოდ ზოგიერთი შეცდომის გასწორებას და ჩვენი დარიგება არაფრით განსხვავდება იმათგან9, ვისგანაც ადრე მიიღეს ეს, მაგრამ დაივიწყეს ისინი ანდა დროთა განმავლობაში დაამახინჯეს, რადგან მათ არ ჰყავდათ კარგი მღვდლები. ამის მიზეზი ბევრია: ომები, შინა არეულობები, ასევე თურქების მიერ კონსტანტინოპოლისა და მისი მეზობელი ქვეყნების დაპყრობა. ეს რომ არ მომხდარიყო, ღვთის წყალობით ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო იქნებოდა.
1. ცხადია, რელაციონის ავტორმა ვერ შეძლო გარკვეულიყო იმის არსში, თუ რატომ არ იღებდნენ სამეგრელოში კათოლიკობას. პრობლემის რეალური მხარე იყო შემდეგში: ცხადია, სამეგრელოში, და არა მხოლოდ აქ, არამედ სრულიად საქართველოში, მისიონერთა ნებისმიერი ქადაგება აღიქმებოდა, როგორც მართლმადიდებლობისაგან გადახვევა და რომელი იყო ჭეშმარიტი, ეს ხალხს, ალბათ, ნაკლებად აინტერესებდა. მორწმუნეებმა მაშინ, შესაძლებელია დღესაც, ნაკლებად იცოდნენ რა განსხვავება იყო ქრისტიანობის ამ ორ, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ მიმდინარეობას შორის. უბრალოდ ხალხს, რასაც ტრადიციულად მისდევდა, იგი მიაჩნდა ჭეშმარიტად. მაშ, როგორ უნდა დაერწმუნებინა მისიონერს უბრალო მართლმადიდებელი მორწმუნე კათოლიკობის ჭეშმარიტებაში? აქ, მაშინდელ საქართველოში, ქართველ სასულიერო პირებთან შედარებით, კათოლიკე მისიონერთა უფრო განსწავლულობა და თეორიული მომზადება იყო გადამწყვეტი. უბრალო ადამიანი, როცა ხედავდა, რომ კათოლიკე მამები ჯაბნიდნენ ადგილობრივ მღვდლებს ბჭობაში, ცხადია, მათში იწყებოდა დაეჭვება, რამდენად სწორად ეწეოდნენ ისინი მღვდელმსახურებას, მაგრამ ძალიან ძნელი იყო ჩაწვდომოდნენ კათოლიკობის არსს. ამიტომ ისინი ისევ მტკიცედ რჩებოდნენ მართლმადიდებლობაზე.
2. იგულისხმება სამეგრელოს მოსახლეობა.
3. იგულისხმება ბერძენი სასულიერო პირები.
4. სამეგრელოს მაცხოვრებლებს.
5. ამ შემთხვევაში კათოლიკური აღმსარებლობის ქვეყნებში.
6. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ერთი ფაქტი: 1628 წლის მიწურულს გორში დამკვიდრებულ თეათინელ მისიონერებს, მომდევნო წლისათვის, მძიმე სასურსათო პირობები შექმნიათ. საკვების ნაკლებობით შეწუხებულ მორჩილ ძმას კლავდიოს ერთ პატარა ტბაში ბევრი კუ დაუჭერია, ტომრით მოუტანია და პატრებს მოუხარშავთ, რათა ეჭამათ. ამის შესახებ ხალხში ხმა ელვისებურად გავრცელებულა და თავიდანვე მისიონერთა მოწინააღმდეგე, ქვემოთ დასახელებულ, ეპისკოპოს ალავერდელს თავად მოუნდომებია მათი მხილება. მისიონერთა სამზარეულოში საკუთარი თვალებით ნახა რა, როგორ იხარშებოდა კუ, ალავერდელმა იქ შეკრებილი ხალხის გასაგონად პატრების მისამართით თქვა: „ვაჰ, რას ჭამენ ეს ურწმუნოები“. შეშინებულმა მისიონერებმა ალავერდელს ვერაფერი შეასმენინეს და არც არავის უნდოდა იმის გაგება, რომ შიმშილი აიძულებდათ მათ ამ საქციელს. საქმეს ვერც პატრების მიერ სახარების, წმიდა პეტრეს სიტყვების ოსტატურად მოშველიებამ უშველა, რომ წმინდა იოანე შიმშილით რომ არ მომკვდარიყო, უდაბნოში კალიებს ჭამდა. ალავერდელს ამის მოსმენა არ სურდა. მან მისიონერები იძულებით გაიყვანა გორის მოედანზე და ხალხს გააგებინა, რომ ისინი კუს ჭამდნენ. მთელი ქალაქი სიძულვილით განეწყო მისიონერების მიმართ. „მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ პირში ეუბნებოდნენ...,რომ ისინი თათრებზე უარესნი არიან, რომლებიც ცხენის ხორცს ჭამენ. ზოგი ზიზღით აფურთხებდა მისიონერებს. ბავშვებიც კი დასცინოდნენ მათ“ (Bartolomeo Ferro. Istoria delle Missioni de’Chierici Regolari Teatini.. Tomo primo, Roma, 1703, pp. 102-103; ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ., 1987, გვ. 100).
7. სამეგრელოში.
8. ცხადია, ავტორი გულისხმობს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ წეს-ჩვეულებათა განსხვავებების მიუხედავად, ამ ორ კონფესიას შორის უფრო მეტ ერთიანობას, ვიდრე სხვაობას.
9. იგულისხმება ბერძენი სასულიერო პირები.
ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებლობისადმი გულმოდგინების ნათელ მაგალითს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არეულობებისა და ომების დროს, მღვდლებისა და თითქმის სასულიერო წიგნების გარეშე, მათ შეინარჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოების ბევრი ნიშანი და მას ისეთი თავგამოდებით აღმსარებლობენ, რომ უმალ სიცოცხლეს დათმობენ, ვიდრე შეელიონ [ქრისტიანულ] სარწმუნოებას. ეს1 ორი წლის წინათ ცხადად დაამტკიცა მთავარმა გურიელმა2. მას ოსმალეთის სულთანი3 ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფის სანაცვლოდ დაპირდა მთავრის ტახტზე აყვანას, რომელსაც ის უსამართლოდ მოკლებული აღმოჩნდა გარდაცვლილი დადიანისაგან. ასევე დაპირდა ფაშად დასმას და სხვა პროვინციებით დასაჩუქრებას, მაგრამ მთავარმა გურიელმა უარი განაცხადა. ამბობდა რა აღსარებას და მიეტევა ცოდვები, მთავარმა სიკვდილი არჩია, ვიდრე მიეღო ოსმალეთის სულთნის წინადადება.
სამეგრელოში არ იწყნარებენ რა არც ერთ სხვა სარწმუნოებას, არც მუსლიმურს, არც იუდეურს, გაგრძნობინებენ, რომ აღიარებენ მხოლოდ ქრისტიანულ სარწმუნოებას და ამასთან ქართულად იმეორებენ: „მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამენ“. ამჯობინებენ, ეს ლათინური მანერით4 გააკეთონ და პირჯვარს ისახავენ.
დოკუმენტის დამოწმება ხდება ჯვრის [ბეჭდით]. თვით ჯვარს ეკლესიის ცენტრში დგამენ, მაგრამ მათ ეკლესიებში5 არ არის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვარცმა.6
მდიდართა სახლებსა და ზოგიერთი ბატონის კარ-მიდამოში, თუმცა არა ყველაში, ისინი დგამენ ხის მომცრო სამლოცველოებს და მათ უწოდებენ საჯვაროს, რაც ნიშნავს ადგილს, სადაც იდგმება ჯვარი. აქ7 დილიდან საღამომდე მიდის ხალხი და ლოცულობს. როცა ჯვარს გვერდით ჩაუვლიან, თავის გარშემო რამდენჯერმე შემოტრიალდებიან და პირჯვარს ისახავენ. იგივეს აკეთებენ ისინი, როცა ეკლესიას გვერდით გაუვლიან. თუ ცხენით მიდიან, ეკლესიას ირგვლივ შემოუვლიან, ლოცულობენ ხატთან, რათა მან დაიცვას, ხმამაღლა წარმოთქვამენ აღთქმას, ამავე დროს ფიქრობენ, ხატი ვერ ხედავს და არ იცის, რა აქვთ მათ სულში.
1. ქრისტიანული სარწმუნოებისადმი შეუვალი სიმტკიცე.
2. თუ რელაციონის დაწერის თარიღს (1662 წელს) ავიღებთ ამოსავლად, მაშინ საუბარი უნდა იყოს დემეტრე გურიელზე (1658-1664 გურიის მთავარი; 1660-1664 იმერეთის მეფე). ავტორი ამბობს, რომ მის მიერ მოტანილი ამბავი მოხდა ორი წლის წინათ, ე. ი. 1660 წელს. ამ ქრონოლოგიის საფუძველზე უდავო უნდა იყოს, რომ საუბარია დემეტრე გურიელზე.
3. ამ დროს ოსმალეთის სულთანი იყო მეჰმედ IV (1648-1687).
4. ე. ი. ლათინური წესით. თუ ამას ვირწმუნებთ, ისე გამოდის, რომ სამეგრელოში ლათინური წესით ასრულებდნენ პირჯვრის გამოსახვას, რაც სწორი არ უნდა იყოს.
5. იგულისხმება მართლმადიდებლურ ეკლესიებში.
6. სამეგრელოში რელიეფური სახის ჯვარცმა ეკლესიაში პირველად თეათინელმა მამა-მისიონერმა დონ ჯუზეპე ჯუდიჩემ გამოფინა, რომელიც აქამდე აქ ნანახი არ ჰქონდათ. „წმინდა გამოსახულების სანახავად მოვიდა უბრალო ხალხი, დიდებული ბატონები, თვით მთავარიც (ლევან II დადიანი - ავტ.) და ამ შემთხვევაში ჩვენ მას ავუხსენით ხორცშესხმის წმინდა საიდუმლო“ - წერდა დონ ჯუზეპე ჯუდიჩე თავის ერთ-ერთ ვრცელ რელაციაში (დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. რელაცია საქართველოზე (XVII საუკუნე), იტალიური ტექსტი თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა, თბ., 2014, გვ. 49). ქრისტეს და სხვა წმინდანების რელიეფურ გამოსახულებებს კრძალავს მართლმადიდებლობა.
7. ამ მომცრო სამლოცველოებში.
უყვართ მათ1 დაფიცება წარმოთქმით „იესო ქრისტე მე“, ე.ი. იესო ქრისტეს სახელით. ისინი ხშირად მოდიან ჩვენს ეკლესიაში2, რომელიც ქვისაგან ავაგეთ და კარგად ვინახავთ. ხედავენ რა ვეშაპის კბილებისაგან [გაკეთებულ] ბრწყინვალე ჯვარცმას, რომელიც ჯვარის თავზე მოვათავსეთ, ცნობისმოყვარეობით გვეკითხებიან, რა არის ეს? ვუხსნით მათ ჯვარცმის საიდუმლოს და გრძნობენ, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვების გამო ეწამა, ხოლო ჯვარცმა არის სიმბოლო ჯვრის გაღმერთებისა, რომელსაც ისინი ეთაყვანებიან. კმაყოფილდებიან რა ასეთი პასუხით, სინანულით მკერდზე ირტყამენ ხელს და ამ დროს ხმამაღლა ქვითინებენ.
თუმცა ჩანს, ბევრს არ სჯერა, რომ ის3 მოკვდა. ამბობენ, რაკი ღმერთი იყო, ყველა თავისი მტერი უნდა გაენადგურებინა.4 მაგრამ კარგად ჩანს, რომ იესო ქრისტეს თაყვანს სცემენ, დღესასწაულობენ შობას და ასრულებენ წირვას, თუმცა ერთხელ დღესასწაულამდე. მაშინ მთელი ღამე ზარებს რეკვავენ. ზარის დარეკვისათანავე ყველა ქალი და მამაკაცი წირვაზე მიდის. დგებიან ეკლესიის პირდაპირ ანთებული სანთლით ხელში, არასოდეს შედიან რა შიგნით, რჩებიან კარებთან და თითოეული ცდილობს მღვდელს მისცეს საკმეველი, რათა ის დადოს საცეცხლურზე. ფიქრობენ, რომ ამგვარად გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს.
მიდიან რა სადღესასწაულო პარაკლისზე, წინასწარ შუა ღამე მიირთმევენ ქათამს, რაც სამკურნალო საშუალებად ითვლება5. ამასთანავე ჯერ თავის გარშემო შემოტრიალდებიან და ლოცულობენ, რომ ღმერთმა ყველა სიკეთე მისცეს. მათთან ამას ეწოდება ხვამერი6, ე.ი. ლოცვა. ამნაირად სრულდება მათთან საშობაო მარხვა, რომლის დროსაც ჭამენ თევზს, თუმცა ღარიბი და დაბალი წოდების ადამიანები არ ერიდებიან ჭამონ ყველაფრი, რაც ხელში მოხვდებათ. ამისაგან განსხვავებით, წმიდა დიდ მარხვას7 ძალიან მკაცრად იცავენ: არ ჭამენ უბრალო რამესაც კი. მაშინ ისინი დღეში ერთხელ ჭამენ ღამით, შაბათის გარდა. როცა ორჯერ ჭამენ, მიირთმევენ მხოლოდ ლობიოს, მწვანილსა და ამის მსგავს საკვებს. თავს იკავებენ თევზისა და ნივრისაგან, მათ მხოლოდ ვნებისა8 და ბზობის კვირას, ასევე ხარებისას მიირთმევენ. მარხვის დასრულების დღესვე მიდიან ეკლესიაში წირვაზე და მომდევნო დღეს ნებისმიერ სჭმელს გეახლებიან.
1. სამეგრელოს ქრისტიანებს.
2. ალბათ, წიფურიას ეკლესიაში.
3. იესო ქრისტე.
4. რაციონალური აზროვნების წარმოსაჩენად, მნიშვნელოვანი ცნობაა.
5. ძნელია გარკვევა, თუ რა იგულისხმება ამაში. ვერ ხერხდება ასეთი წესის არსებობის დადგენა.
6. უნდა იყოს „ოხვამერი“ ანუ „სალოცავი“, ხოლო მეგრულად „ხვამუა“ არის „ლოცვა“.
7. დიდი მარხვა იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და აღდგომამდე გრძელდება.
8. თუ ეს სწორია, მაშინ სამეგრელოში დარღვეული ყოფილა თევზით ხსნილის მარხვა, რადგან იგი ხსნილია მხოლოდ ხარების და ბზობის დღესასწაულზე.
დიდი მარხვა მათთან შვიდი კვირა გრძელდება. პირველ კვირას ისინი მხოლოდ რძის პროდუქტებით იკვებებიან, ხოლო ზოგიერთნი, უმთავრესად ეპისკოპოსები და მღვდლები, თავს იკავებენ ღვინოსაგან, განსაკუთრებით ბოლო კვირას, როცა სანადიროდ წასვლის ნება ეძლევათ. დანარჩენ კვირეებში სანადიროდ წასვლა მხოლოდ პარასკევობით შეიძლება. გამონაკლისია წმინდა ხუთშაბათი, როცა ყველა მუხლმოყრით ეკლესიაში ლოცულობს ცოდვების მიტევების შესახებ. ამ დღეს ისინი თავიანთ ღვთისმოსაობას იმაში გამოხატავენ, რომ ზურგით მოაქვთ საკუთარი სხეულის თანაზომიერი ქვა და გარს შემოუვლიან რა ეკლესიას, მას აგდებენ და ცრუმორწმუნედ ფიქრობენ, რომ ამით მძიმე ცოდვა მოიხსნეს. პასექის დღეს ყველა მიდის ეკლესიაში წირვაზე. ქალები მიდიან ანთებული სანთლებით ხელში, მათ უკან მისდევენ მამაკაცები ხატებით და სპილენძის საყვირის გუგუნით, საგალობლის გალობით, სამჯერ შემოუვლიან ეკლესიას. პროცესიის დასრულების შემდეგ მღვდელი ადის ამაღლებულ ადგილზე და აცხადებს პასექის დადგომას. ამ დროს კაცები და ქალები ცალ-ცალკე გამწკვრივდებიან. ამის შემდეგ ისინი ხელში იღებენ ქვებს და სხვადასხვა მხარეს ისვრიან, თითქოსდა სურთ სხვა რჯულის ებრაელებს თავები გაუჭეჭყონ, ხოლო შემდეგ მიდიან სახლებში, კლავენ საკლავს და ჭამენ ხორცს. მარიამობის მარხვას მეგრელები 30 დღის1 განმავლობაში მკაცრად ინახავენ. ამ დღესასწაულზე მიდიან ეკლესიაში და გალობენ ღმრთისმშობლის [ხატის] წინ. მარხვა 30 დღე2 გრძელდება. მარხულობენ ასევე წმ. პეტრეს3 დღესასწაულის წინ, მაგრამ არა ისეთი მკაცრია, როგორც დიდი ანუ წმინდა მარხვაა. გარდა ამისა, როგორც ჩვენ4, მარხულობენ წმ. მოციქულთა დღეებშიც, სამშაბათსა და ხუთშაბათს, მაგრამ, როგორც შაბათის, ასევე სხვა დღესასწაულთა მარხვებს, არ ინახავენ. შაბათისა და სხვა დღეების მარხვისადმი, რომელიც მათთანაც დღესასწაულად ითვლება, ჩვენმა ერთგულებამ აქ კარგი რეპუტაცია შეგვიქმნა5.
აქაური ხალხი6 თაყვანსცემს ანგელოზებსა და მთავარანგელოზებს და ზოგჯერ მათ იფიცებენ კიდევაც. ხშირად ღვინით სავსე ჭურჭელს მათ სახელზე აკურთხებენ, შესთხოვენ, რომ ღვინო არ გაუფუჭდეთ და დღესასწაულამდე მას დახურულს ინახავენ. არავის, თვით მთავარსაც7 კი, არ შეუძლია ქვევრისათვის ხელის ხლება. საზეიმო დღეს მათ8 ხსნიან საკმეველის კმევითა და ლოცვების კითხვით. მაშინ მოდის მღვდელი, რომელიც პირველი სინჯავს ღვინოს, ხოლო შემდეგ თავის [სულიერ] შვილებს აძლევს გასასინჯად.
აქაური ხალხი9 თაყვანსცემს მრავალ სხვა წმინდანს, როგორიცაა იოანე ნათლისმცემელი, წმ. ლორენცო10, წმ. ნიკოლოზი11, ბასილი ნეტარი. აქ განსაკუთრებით თაყვანსცემენ წმინდა გიორგის და ბევრი ეკლესია მისადმია მიძღვნილი. მათ ეკლესიებში მოაქვთ ვერცხლით ან ოქროთი მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ჩვენს, რომაულსა ჰგავს. ზოგიერთ ადგილას ეს ცერემონია ხალხის დიდი თავშეყრისას ზარების რეკვით მიმდინარეობს. ამ ცერემონიის დროს ხშირად ეგზეკუციებს აწყობენ. სჯიან ურჩებს, რომელთაც [ამ] მხარეს ზიანი მიაყენეს. მათ სცემენ გალერის ნიჩაბის მსგავსი გრძელი ხელკეტით. ზოგჯერ სასიკვდილოდაც სცემენ, განსაკუთრებით მას, ვინც წმინდა გიორგის სახელით იფიცებოდა, მაგრამ სინამდვილეში მოიტყუა. სწორედ ამიტომ ეშინიათ ამ წმინდანის და მისი სახელით არ იფიცებიან. სახლში, ცრურწმენისა და შიშის გამო, არ ინახავენ ღმრთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატებს, რადგან თვლიან, რომ ისინი ძალიან მკაცრები არიან. ხდება ისეც, რომ დიდმარხვისას მათთან12 მიდიან მღვდლები, რათა აკრიფონ საეკლესიო გამოსაღები, მარილი, ბრინჯი, ლობიო და ცვილი. ამ დროს თან მოაქვთ ეს ხატები და ადამიანებს ისე ეშინიათ ცოდვის ჩადენისა, რომ ამ ხატებს ათავსებენ სარდაფში, სადაც არავინაა. ამ შემთხვევის გამო გარშემო ადგილებიდან მოდიან წარჩინებული ადამიანები, ღამეს ატარებენ სარდაფის გვერდით, სადაც მოთავსებულია ხატი და მას იცავენ.
ყოველ წელს იკრიბებიან ადგილობრივი დიდებულები, რათა ეწვიონ წმინდა გიორგის ეკლესიას.13 თან მოაქვთ ცვილი და ღვინო, რომელსაც საეკლესიო ჭურჭლებში ასხამენ. პროცესიის დროს წმინდა გიორგის ხატს თან მიჰყვებიან ქალები, რომლთაც უქორწინობის აღთქმა დადეს და საგანგებოდ ხატებს მიუჩინეს.
სამეგრელოში არის ქალთა მონასტერი. აქაურ მონაზონთა ცხოვრების წესი მაღალი უბიწოებით გამოირჩევა. თითქმის მთელი დრო ისინი მარხულობენ და გალობენ არა მხოლოდ დღისით, არამედ-ღამითაც. მათ შორის არსებობს ცრურწმენითი გადმოცემა, რომ წმინდა გიორგის, დღესასწაულის წინა ღამეს, ხარი შეჰყავს მისადმი მიძღვნილ კარებდაკეტილ ეკლესიაში. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, კარებს კეტავს მთავარი14 და ბოქლომს საკუთარ ბეჭედს ამაგრებს. ვერ ვიტყვი, ხარი როგორ უნდა აღმოჩნდეს შიგნით ეკლესიაში. რამდენჯერაც ვნახე ეს შემთხვევა15 ვერაფრით შევძელი ამ საიდუმლოს გამოცნობა. როცა ხარს ეკლესიის შიგნით ნახავენ, ყველა გარბის და იწყებენ მის კოცნას. ხარის თავის მოჭრის დროს, მისი ბალნის მდგომარეობისა და მოძრაობის მიხედვით ასკვნიან, ეს წელი ბედნიერი იქნება თუ არა. [შემდეგ] ამ ხარის ხორცს არიგებენ. საუკეთესო ნაწილი ერგებათ მდიდრებს, რომლებიც ახლო სოფლებში ცხოვრობენ. წმინდა ხარის ხორცი ძალიან ფასობს: აჭმევენ მას ავადმყოფებს, რათა გამოჯანმრთელდნენ. მას მიაწერენ მაგიურ თვისებებს. თუ სურთ ვინმეზე შური იძიონ ანდა ვინმე გალანძღონ, ხშირად ამბობენ: „წმინდა გიორგის ხორცმა დაგაქციოსო“16.
1. აქ აშკარა შეცდომაა. მართალია, მარიამობის მარხვა მძიმე მარხვაა, მაგრამ იგი 30 დღე კი არა, ორი კვირა გრძელდება.
2. ცხადია, ეს შეცდომაა. იგი ორი კვირა გრძელდება.
3. საუბარია პეტრე-პავლობის ცვალებადი ხანგრძლივობის მარხვაზე, რომელიც მძიმე მარხვა არ არის.
4. ე. ი. კათოლიკეები.
5. ეს ფაქტი ნიშანდობლივია იმით, რომ, როგორც ჩანს, მორწმუნეებს ორ კონფესიას შორის მსგავსების შემჩნევის საფუძველზე მისიონერებისადმი ნდობა უჩნდებოდათ.
6. იგულისხმება სამეგრელოში მცხოვრებნი.
7. ზოგადად იგულისხმება ოდიშის სამთავროს მთავარი.
8. ღვინით სავსე ნაკურთხ ჭურჭელს.
9. მხედველობაშია სამეგრელოს მოსახლეობა.
10. წმ. ლავრენტი, ანუ სან ლორენცო († 258), კათოლიკეებისა და მართლმადიდებლების წმინდანი, მოიხსენიებენ 10 მარტს.
11. წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) მართლმადიდებელი, კათოლიკური, ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღეა, 9 დეკემბერი და 22 მაისი.
12. ე.ი. ხალხთან.
13. უნდა იყოს ილორის წმინდა გიორგის ეკლესია.
14. იგულისხმება ოდიშის მთავარი.
15. როგორც ჩანს, რელაციონის ავტორი არაერთხელ დაესწრო აღნიშნულ ცერემონიას ილორში.
16. ასეთი წყევლა არ დადასტურება.
მიიჩნევენ, რომ პატრონს, რომელმაც ამ ხარში თავისი [ხარი] ამოიცნო, წმინდა გიორგი მფარველობს და ამიტომ ის ვალდებულია, შეუკვეთოს წირვა და მღვდლებისთვის მოაწყოს ვახშამი [ეკლესიისათვის] 18 ფუნტი ცვილის მირთმევით. სამი დღე-ღამის განმავლობაში წმინდა გიორგის ეკლესიაში იმყოფება ადამიანი, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, გამოეცხადება წმინდანი, რის გამო ის, თითქოსდა სრულ ჭკუაზე არმყოფი, განუწყვეტლივ კოჭლობით მოძრაობს და მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა უნდა დალიოს და ჭამოს. ასეთ ადამიანს უწოდებენ კანდელაეტრის1. კანდელაეტრად ყოველ წელს ერთი და იმავე ოჯახის წევრებიდან ნიშნავენ, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან. ასეთი ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობს. ამბობენ კიდევ, რომ წმინდა გიორგის ხატს არ სურს, მიცვალებულები თვით ეკლესიასა და მის მიდამოებში დაიკრძალონ. ამიტომ მათ [ეკლესიიდან] მოშორებით ასაფლავებენ, ხოლო საფლავებს [ქვის] დიდი დაფებით ხურავენ.
როგორც სხვა, ასევე ამ ეკლესიაში2, მხოლოდ ერთხელ წირავენ, მაგრამ არანაირ მორთულობას არ იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის კარი დაკეტილია, მსახურება ქუჩაში ტარდება. მსახურებაზე მაცხოვრებლებს თან მოაქვთ ღვინო, ოდნავ მოსვამენ და სხვას გადასცემენ. ასევე ცოტას მოატეხავენ პურსაც. დარჩენილ ნაწილს აწყობენ ჩანთაში, რომელიც წელზე აქვთ მიმაგრებული. ამას ასე იმიტომ აკეთებენ, რომ აქაურმა ხალხმა პროდუქტების შენახვის სხვა ხერხები არ იცის. მაცხოვრებლები დიდი ღვთისმოსაობით უსმენენ წირვას. ბევრი უკვეთავს წირვას ნათესავთა სულის მოსახსენებლად, ასევე უხვი მოსავლის მისაღებად. ეკლესიაში ხშირად მიაქვთ პური, რათა აკურთხონ, მაგრამ უწინ, ვიდრე მას აკურთხებენ, კალათს დგამენ იატაკზე და მღვდელს სთხოვენ მასზე გადააბიჯოს.
წირვის დროს ბევრი ხმას აყოლებს, ხოლო როცა მღვდელი სახარებას კითხულობს, ყოველი ნაწყვეტის შემდეგ, თითოეული მკერდზე [ხელს] იცემს და იმეორებს: „დედი ბაგონკო“3, ე.ი. დიდება, ქება უფალს.
არსებობს წესი, რომ წირვისათვის მღვდელს ვახშამით გაუმასპინძლდნენ. მაგრამ მარხვის დროს, ანდა იმ პერიოდში, როცა ღვინო არ არის4, არ სურთ მღვდლებმა წირვა აღასრულონ, რადგან მიაჩნიათ, რომ სამარხვო წირვას სარგებელი არ მოაქვს.
ამ მხარეში არიან ეპისკოპოსები, რომლებიც დღესასწაულებზე ასრულებენ წირვას ბერძნული წესითა და მდიდრული მორთულობით.
1. ჯერჯერობით ვერ ხერხდება რელაციონის ავტორის მიერ მოტანილი ფაქტის დადასტურება. რაც შეეხება ტერმინ „კანდელაეტრის“, იგი ამგვარი ფორმით გადმოცემული „კანდელაკი“ უნდა იყოს. „კანდელაკი“ - მნათე, მესანათე.
2. ალბათ, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
3. რას ნიშნავს ეს სიტყვა მეგრულად, დამახინჯებულად გადმოცემის გამო, ძნელი გასაგებია.
4. იგულისხმება, როცა ყველას გამოელია ღვინო და ახალი ჯერ კიდევ არ არის.
აქაურ ადამიანებს1 მოსწონთ ჩვენი კათოლიკური წეს-ჩვეულებები, რადგან ეს მათ სულს ამხნევებს და ამაღლებს2, თუმცა არ აღიარებენ ნაკურთხი ღვინოს დალევას და არ ესმით, მესას3 დროს რატომ არ ვაკმევთ საკმეველს. მაშინ, რომ აღმოგვეფხვრა უკმაყოფილების მიზეზები, მსახურებაში შევიტანეთ საკმეველის კმევის წესი და ამას ვაკეთებდით შემაღლებულ ადგილას4, რათა ყველას დაენახა.
[სამეგრელოს] მაცხოვრებლები ბერძენ მღვდლებს წირვის ნებას აძლევენ, ვინაიდან ეჭვობენ, რომ კათოლიკური წეს-ჩვეულებები ბერძნულისგან განსხვავდება. ამიტომ ყოველთვის თანახმანი არიან, თუკი ვინმე ჩვენი ღირსი მამებიდან ბერძნელი წესით წირვას აღასრულებს. და თუკი აქ მისიონერები საბერძნეთიდან ჩამოვლენ, ბევრ სარგებლობას მოიტანდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ აქ5 წმინდა საიდუმლო ყოველთვის არ სრულდება: სიკვდილის პირას მყოფს, მისი სული რომ დამშვიდდეს, ყოველთვის არ აზიარებენ და აღსარებას არ ათქმევინებენ. ერთადერთი, რასაც მღვდლები აკეთებენ მომაკვდავთათვის, ეს არის თასით ღვინის კურთხევა, მასზე ლოცვების თქმა, რასაც სანერობას6 უწოდებენ. შემდეგ ამ თასს უგზავნიან მომაკვდავს, რათა მან იგი დალიოს.
შეძლებულები აღსარებისათვის იწვევენ ეპისკოპოსებს, რომელთაც ამისათვის ბევრ ფულს აძლევენ. ისინი ეპისკოპოსებისაგან იღებენ ბარათს7, რომელსაც სამოთხეში შესვლის ნებართვად მიიჩნევენ. სამოთხის კარიბჭესთან საჭიროა მისი ჩვენება. ბარათის შინაარსი ასეთია: „ჩვენ, ამა და ამ ეკლესიის ეპისკოპოსი, ვადასტურებთ, რომ ესა და ეს მუდამ ცხოვრობდა ისე, როგორც ეკადრებოდა ქრისტიანს, იცავდა დიდმარხვას, ამბობდა აღსარებას და ყოველთვის კარგად იქცეოდა. გადავცემთ ამ ბარათს, რომლის მიხედვით ის სამოთხეში მოხვდება“8. ისე კვდებიან ისინი, რომ ეს წერილი ხელში მაგრად უჭირავთ. მათ შორისაა ეპისკოპოსი სკანიდჯიკელი9, ეპისკოპოს ალავერდელის10 მოწაფე, რომელიც ჩვენმა მამებმა კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოაქციეს. ეკლესიის დასიდან ის11 ყველაზე განათლებულია12 და სარგებლობს დიდი პატივისცემით.
როცა ის13 სულთმობრძავთან მიდის, რათა აღსარება ათქმევინოს და აზიაროს, ყოველთვის თან მიაქვს კოლოფით წმინდა ზიარება. აქ14 მას15 საეკლესიო იერარქიაში უმთავრეს პირად თვლიან და ამიტომ ქრისტეს ეკლესიისათვის მისგან ბევრი სასარგებლო რამაა მოსალოდნელი. ის დაუნდობლად გმობს მღვდლების უვიცობას. მას16 ესმის ნათლისღების წესების სწორად დაცვის აუცილებლობა და ამიტომ გამუდმებით თვითონ ნათლავს ბევრ თავის ნათესავს. არ ანდობდა თავის ოჯახს უვიც მღვდლებს, მეორეჯერ გადანათლა ყველა.
1. ოდიშის სამთავროს მაცხოვრებლებს.
2. ძნელია ზუსტად ითქვას, ოდიშის სამთავროს მაცხოვრებლებს კათოლიკეთა რომელი წესი მოსწონდათ და ეს რატომ იწვევდა მათ სულიერ ამაღლებას. თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ მოსწონდათ კათოლიკეთა მიერ შეთავაზებული ღვთისმსახურება.
3. მესა - წირვა.
4. ცხადია, ეკლესიაში შემაღლებულ ადგილას.
5. იგულისხმება სამეგრელოში.
6. ვერ გავარკვიეთ ამ სიტყვის მნიშვნელობა.
7. ეს ცოდვათა მონანიების ერთგვარი საბუთია, ანუ იგივე ინდულგენცია.
8. სამეგრელოში ასეთი წესის არსებობის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
9. ცხადია, იგულისხმება წალენჯიხელი ანუ წალენჯიხის ეპისკოპოსი.
10. ეპისკოპოსი ალავერდელი 1633 წელს ირანელების ქართლში შემოსევის შემდეგ თეიმურაზ I-თან ერთად გადავიდა იმერეთის სამეფოში. აქ ის წაეკიდა თეიმურაზს (Archivio della SCPF, SOCG, vol. 209, f.388 r) და ჯერ გურიაში, ხოლო შემდეგ სამეგრელოში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე წალენჯიხის ეპისკოპოსი იყო (პატრიცია ანა ლიჩინი, კრისტოფორო კასტელი და მისი მისია საქართველოში, იტალიურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო მურმან პაპაშვილმა, თბ., 2009, გვ. 51, 99-105).
11. პროფ. თ. ჯოჯუას სწორი გამოთვლით 1661-1667 წლებში წალენჯიხის ეპისკოპოსი იყო ილარიონი, რომელიც 1657-1658 წლებში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად იჯდა (თემო ჯოჯუა, აფხაზეთის კათალიკოსი ილარიონი (1657-1658, 1669/1672-1673 წწ.), გვ. 167, 177.)
12. პროფ. თ. ჯოჯუას სწორი ვარაუდით, 1667 წლისათვის წალენჯიხის საეკლესიო სენიორიაში, „...მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან ფუნქციონირებდა გარკვეული ტიპის სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელიც, უფრო ზუსტად კი „მოძღვართმოძღვარი“..., ილარიონი იყო“ (თ. ჯოჯუა, დასახ., ნაშრ., გვ. 179). რელაციონის ავტორის ხაზგასმა, რომ წალენჯიხის ეპისკოპოსი ოდიშის სამთავროს საეკლესიო დასიდან „ყველაზე განათლებულია“, ილარიონის მიერ „მოძღვართმოძღვრის“ წოდების ტარებითაც დასტურდება. ეს ის ილარიონ წალენჯიხელი უნდა იყოს, რომელმაც 1661 წელს იერუსალიმში მიიტანა შესაწირავები, მაგრამ პატრიარქ ნექტარიოსთან კონფლიქტის გამო, ის საქართველოში დაბრუნდა და შესაწირავებიც უკან წამოიღო. (თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 199-200; ე. მამისთვალიშვილი, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი, თბ., 2016, გვ. 270-272).
13. წალენჯიხის ეპისკოპოსი.
14. ალბათ, ოდიშის სამთავროში.
15. წალენჯიხის ეპისკოპოსს.
16. წალენჯიხის ეპისკოპოსს.
მეგრელთა ოჯახებში ნათლობის წესები ყველაზე საზეიმოდ ითვლება. ამ საზეიმო შემთხვევისათვის აწყობენ ნადიმს, იწვევენ მეზობლებს, რომელთაც მოაქვთ პური, ღვინო და მარილი. მთელი ღამე სვამენ და ცეკვავენ. საღამო ჟამს მღვდელი და ყველა მოწვეული იკრიბება სათავსში, სადაც ხდება ნათლობა. ამ დროს მღვდელი დგას კართან, მის გვერდით დგამენ ღვინით სავსე ჭურჭელს, რომელსაც ის დრო და დრო ეყრდნობა, რადგან ორი საათის მანძილზე კითხულობს ლოცვანს იორდანეში იესო ქრისტეს ნათლისღების მოთხრობით. მაგრამ ამ ლოცვანში არ არის ნათლისღების საჭირო ფორმულა, ამიტომ მღვდელი არ ასრულებს ჩვილის განბანვას. თანაც, ხანდახან ზოგიერთი შვიდი წლისაა, როცა ნათლავენ. სანამ მღვდელი საღვთო წერილს კითხულობს, ჩვილი ოთახის მეორე ბოლოს არის ნათლიის მეთვალყურეობის ქვეშ. ნათლიას უწოდებენ მორდილს. ის ბავშვს თავიდან ფეხებამდე ზეთს უსვამს, რომლის შესახებ კიდევ ბოლოს ვისაუბრებთ. შემდეგ ნათლია ზეთს ჩამოჰბანს, მაგრამ ხანდახან სამი კვირა ტოვებენ. ფიქრობენ, რომ ამაში მდგომარეობს ნათლისღების წესები. მღვდელი ჩვილამდეც კი ვერ აღწევს და ნათლისღების ფორმულას არ წარმოთქვამს. ისინი ძალიან კარგად იცნობენ თავიანთი სულიერ ნათესავებს და ძალიან ფრთხილობენ, რომ ასეთი ნათესავების მიმართ ცოდვები არ ჩაიდინონ.
თავის დროზე ნათლისღების ასეთი პრაქტიკა დაგმობილი იქნა. მათმა1 მღვდლებმა არაფერი იციან და არც არაფრის სწავლა შეუძლიათ, რადგან არა აქვთ წიგნები გარდა იმისა, რაც ხელითაა დაწერილი და ისინიც დროისაგან გაცვეთილია. ბევრი ილაპარაკეს2 ამ არასწორი ნათლობის შესახებ. ამით ამოძრავებულმა მთავარმა ლევან დადიანმა3 აირჩია სამი ყველაზე განათლებული ადამიანი, რომლებიც წარმოშობით ნახევრად ბერძნები იყვნენ, რათა მათ გადაესინჯათ ის წიგნები, რომლითაც მღვდლები სარგებლობდნენ. მათ4 ეს წიგნები არასწორად მიიჩნიეს და მღვდლებს აუკრძალეს უწინდელი წესით მონათვლა. როცა თითქმის არავის დარჩა წიგნი და ნათლისღება შეუძლებელი გახდა, რეფორმა ჩაატარეს. თუმც მთავარ ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ, მღვდლებმა შეძლეს უკან დაებრუნებინათ თავიანთი წიგნები. მიუხედავად იმისა, რომ უწიგნურნი არიან ეს მღვდლები, უბრალო ხალხს მაინც სჯერა მათი.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამ მღვდლების უწიგნურობა გასაგებია და პატიებაც შეიძლება. რადგან ძალიან ღარიბები არიან. იძულებულნი ხდებიან მოატყუონ ადამიანები და მიმართავენ სხვადასხვა ხრიკებს, რათა საზრდო მოიპოვონ. მათ მიწების დამუშავებაც კი უწევთ. თუკი [მღვდლებს] რაიმე ფულადი შემოსავალი ექნებოდათ, ისწავლიდნენ და მისიონერების დახმარებით თავიანთ წეს-ჩვეულებებს შეცვლიდნენ. ამისაგან დიდი სარგებელი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მათ აქვთ უნარი და ზოგიერთ მათგანს ვასწავლეთ ნათლობის სწორი წესები.
1. ე. ი. მეგრელთა.
2. იგულისხმება კათოლიკე მისიონერებმა.
3. იგულისხმება ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657).
4. ლევან II დადიანის მიერ არჩეულმა სამმა პირმა.
კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელსაც ამ ქვეყანაში1 ვაწყდებით, ეს მდგომარეობს იმაში, რომ გაურკვეველია, როგორ არის ორგანიზებული აქაური სამღვდელოება. ცხადია, კარგი მოწესრიგების შესახებ საუბარი არ არის. რაც შეეხება ეპისკოპატს, ამ ეპისკოპოსების მთელი სასულიერო არსი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არასოდეს არ ჭამენ ხორცს და იცავენ დაუქორწინებლობას. არაფერი მეთქმის, ძალიან ადევნებენ თვალს, რომ უღირსი საქციელი არავინ ჩაიდინოს, რადგან სხვარიგად მთელი სამღვდელოების რეპუტაციას ძირს მოუთხრიდნენ. ამას მთელი სამეგრელოს მოსახლეობა უხამსობად ჩათვლიდა. ამიტომ, როცა გარდაიცვალა მღვდელი სახელად პსედიელი2, რომელმაც ერთხელ ცოდვა ჩაიდინა, ყველას სჯეროდა, რომ წმინდა გიორგიმ ის დასაჯა, მით უმეტეს, რომ უცნაური ავადმყოფობით გარდაიცვალა.
ამ ხალხის ჩვენს სარწმუნოებაზე მოქცევა ადვილია. ამის დასტურს წარმოადგენს ის, რომ მშობლებს ძალიან სურთ შვილები ჩვენ მოუნათლოთ3. მათი ღვთისმოსაობა და თავმდაბლობა ყოველნაირი ქების ღირსია.
მაგრამ საზიზღრობად გვეჩვენება ის სისასტიკე, რომელსაც ზოგიერთი მშობელი იჩენს საკუთარი შვილის მიმართ. თუ მათში4 ბავშვი დაიბადა კოჭლი, ანდა სხვა ფიზიკური ნაკლით, ან უბრალოდ ულამაზო სახის, მაშინ მას მოაშთობენ ანდა ცოცხლად დამარხავენ მიწაში და მიაჩნიათ, რომ ეს დიდი ცოდვა არ არის. ამასთან ერთად ფიქრობენ, რომ ახალდაბადებულს ჯერ არ უცხოვრია და სულ ერთია, ზეცაში მაინც არ მოხვდება. ამგვარად ექცევიან ისინი ორშაბათს დაბადებულ ჩვილებსაც. სწამთ, რომ ამ დღეს დაბადებულნი ოჯახის კერიის დამანგრეველნი იქნებიან. მათ წეს-ჩვეულებად აქვთ მესამე ქალიშვილი არ დაიტოვონ.
ხდება ისიც, თუ ცოლი ახალგაზრდაა, სიყრმის შვილს იშორებენ, რადგან არ სურთ მის აღზრდაზე ზრუნვა იკისრონ. ზუსტად ასევე კლავენ ჩვილებს, გრძნობენ რა, როცა ისინი გაიზრდებიან, მათი ბატონი გაყიდის. ასევე იშორებენ ახალდაბადებულს, როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ხოლო მათი შენახვის საშუალება არ გააჩნიათ.
1. იგულისხმება ოდიშის სამთავროში.
2. სახელი გაურკვეველია.
3. თუ ეს ინფორმაცია სწორია, ჩანს, მოსახლეობამ ირწმუნა, რომ ადგილობრივი მღვდლების მიერ ჩატარებული ნათლობა ნაკლოვანი იყო, რასაც თვით სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერები ამხელდნენ.
4. მეგრელებში.
ამ უბედურებაში მისიონერები მხოლოდ მაშინ ეხმარებიან, როცა ისინი ამის შესახებ დროზე გაიგებენ. ამ შემთხვევაში ცოდვას არ ჩადიან. მაგრამ თუკი ვერაფერს შველიან, მონათვლით გადაარჩენენ სულს, რადგან სხეულის ხსნის შესაძლებლობა უკვე აღარ აქვთ. აქამდე ამ ადგილების1 მრავალი მაცხოვრებელი ასეთ საშინელ ცოდვას სჩადის. ვცდილობდით ისინი დაგვეყოლიებინა, რომ ასეთი საზარელი დანაშაული არ ჩაედინათ, მაგრამ მათ ცრურწმენას საზღვრები არა აქვთ. მაგალითად, ამბობენ, რომ საჭიროა ბავშვების მოშორება, რომლებიც ცხენებს კუდებს უწნავენ, რომ თითქოსდა ისინი არა ადამიანები, არამედ ბოროტი სულები არიან. აქ ძალიან ბევრ მსგავს სისულელეებს ამბობენ, მაგრამ ჩვილის მოშთობის წინ მაცხოვრებლები გვიხმობენ, რათა მოვნათლოთ ის.
ამ სამწუხარო საქმეებშიც კი, ჩვენგან სარგებელი არის, რადგან ბევრი ბავშვი ჩვილ ასაკში კვდება და გვეძლევა შესაძლებლობა მათი სულები ვიხსნათ. პირადად მთავარმა შვიდი ოჯახი მომამაგრა, რათა წმინდა ზიარება შევასრულო. გარდა ამისა, ბევრი მოზრდილი ადამიანი ჩვენს სარწმუნოებას2 სიკვდილის სარეცელზე იღებს. აცხადებენ რა, რომ სურთ უფლის წინაშე წარსდგნენ წმინდა პეტრესა და პავლესა და... წმინდა გიორგის სარწმუნოებაში3. ისინი მთელი გულით ემორჩილებიან და კვდებიან რა, მტკიცედ სასოებენ ღმერთზე. ჩვენს გარდა, აქ ადგილობრივ მაცხოვრებლებს აზიარებს ერთი კათოლიკე საფრანგეთიდან, მისი ცოლი და ბავშვები (არ იკითხება), ასევე კათოლიკური სარწმუნოების რამდენიმე ბერძენი.
რაც შეეხება მათ ძველ ჩვეულებას, მონებად გაყიდონ თავიანთი მსახურები, ამაში ადგილობრივი დიდკაცობა დიდ ცოდვას ვერ ხედავს. პირიქით, ცოდვად მიიჩნევენ იმას, ვინც რაიმე მიზეზის გამო გაყიდვას არ ექვემდებარება. ადრე საკუთარ მსახურებს ყიდიდნენ თურქეთში, მაგრამ მრავალმა4 იმდენი ისაუბრა ამ ბოროტმოქმედებაზე, რომ ახლა ბევრი გაყიდვისაგან თავს იკავებს. მათ შორის ორი ან სამი ეპისკოპოსია, რომელთაც არასოდეს არავინ გაუყიდიათ. არსებობს მთავრის მკაცრი ბრძანებაც, რომელიც მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც თავის ქვეშევრდომებს თურქეთში ყიდის. ახლა უკვე ბევრი ლაპარაკობს ამ უმსგავსოების შესახებ და თუკი ამჟამად ვინმეს ყიდიან, იმავე სარწმუნოების5, ანდა სომხები არიან.
1. ე.ი. სამეგრელოს.
2. ცხადია, კათოლიკობას.
3. ეს ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანია. როგორც ირკვევა, კათოლიკე მისიონერთა ქადაგების შედეგად ბევრმა ირწმუნა, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირების ღვთისმსახურება ნაკლოვანია, ხოლო კათოლიკე მამებისა უნაკლო. თუ ეს სწორია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მორწმუნეთა ამ ნაწილმა იწამა კათოლიკობის უფრო სისრულე, ვიდრე მართლმადიდებლობისა, მაგრამ მაშინ შიშის გამო ვერ მიიღო, ახლა კი, სიკვდილის სარეცელზე, ეს შიში დაძლეული იყო და, მათი შეგრძნებით, „უნაკლო“ კათოლიკობის მიღება უფლის წინაშე სრულყოფილად წარსდგომის საშუალებად მიაჩნდა.
4. იგულისხმება კათოლიკე მისიონერმა.
5. იგულისხმება მუსლიმები.
რომ იხსნან ვაჟიშვილები გაყიდვისაგან, მათ ადრეულ ასაკში აქორწინებენ. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ ღარიბი ადამიანები და ცოლისათვის ხარს, ძროხას ან ღორს აძლევენ, ხოლო აქ, ამ წესით, ბევრი ქორწინდება. ჯვრისწერის წესი ასეთია: მღვდელს მოჰყავს სიძე და პატარძალი ეკლესიაში, ორივეს თავზე ერთად ახურავს ერთ საბურველს. მათ ტანსაცმელს ერთმანეთზე გადანასკვავს, ხოლო თავზე ადგამს ერთმანეთში გადაწნული ყვავილების ორ გვირგვინს. შემდეგ მღვდელი მათ მიართმევს ღვინოში ჩაწობილ პურს და ბოლოს მღვდელი პატარძალს აძლევს ბეჭედს და ლოცვებით ასრულებს წესს.
აქ თითქმის ყველა ქორწინდება. ის ვინც ქვრივდება, დაიტირებს რა მიცვალებულს, უცებ ისევ ხელახლა ქორწინდება, რადგან დიდ სირცხვილად ითვლება უცოლოდ ყოფნა. ამიტომ აქ არ არიან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. გარყვნილება არ არსებობს და მას ვერ იტანენ. მათში არ არის მიღებული რამდენიმე ცოლის ყოლა და დიდებულებიც კი ამაზე არ ფიქრობენ, თუმცა იყო შემთხვევა, როცა კაცს მრავალი ცოლი ჰყავდა. ისინი იმართლებდნენ თავს და ამბობდნენ, რომ საშინაო მეურნეობის წარმოებისათვის საჭირო იყო რამდენიმე ქალის ყოლა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ქალები ქორწინების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს გაგვეზვიადებინა და ვამბობდით: ეს მოხდა იმის გამო, რომ მრავალი ცოდვა იქნა ჩადენილი. ამიტომ ახლა ამისაგან თავს იკავებენ. თვით მთავარსაც1 არ მოსწონს ასეთი ჩვეულება, რადგან იცის, რომ იგი ქრისტიანულ სარწმუნოებასთან შეუთავსებელია.
მათში ქორწინდებიან მღვდლებიც, მაგრამ ცოლად მოჰყავთ მხოლოდ ქალწულები და თუ პირველი ცოლი მოუკვდებათ, მაშინ მეორედ არ ქორწინდებიან. აქ ყველამ ბრწყინვალედ იცის სისხლით ნათესაობის ხარისხი და აკურატულად მისდევენ მას, როცა დაქორწინება სურთ. ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა მათი ეკლესიის მეთაურის2 დაყოლიება, ძვირფასი საჩუქრებითაც კი, როცა ვიღაცა თხოვდა ახლო ნათესავზე დაქორწინების ნება დაერთო. ამაში ძალიან პრინციპულნი არიან ქალები, რომელთაც ეშინიათ ამ კანონისა და დანაწესის წინააღმდეგ ცოდვის ჩადენისა. რომ არ ჩაიდინონ ხორციელი ცოდვა, ისინი3 იცხებენ ზეთს, რომელიც მირონის მსგავსია. ამ ზეთს იყენებენ მღვდლებიც, როცა ეჭვობენ, რომ მათი მრევლთაგანი ცოდვაშია ჩავარდნილი. აიძულებენ მათ პირჯვარი გარდაისახონ შუბლზე წმინდა ზეთით. ეს ცერემონია სრულდება ყოველ მე-12 წელს პიჯორში4 ალი მოკაზის5 ბრწყინვალე ეკლესიაში, რომელიც მიძღვნილია წმინდა ანდრიასადმი.ამ დღეს ამ ადგილას6 იკრიბება დიდძალი ხალხი. ასევე ჩამოდიან ეპისკოპოსები სამეგრელოდან და საქართველოდან7. ამ ცერემონიაზე ადამიანები ერთმანეთთან სულიერ ნათესაობაში შედიან.
1. იგულისხმება ოდიშის მთავარი.
2. ალბათ, გულისხმობს დასავლეთ საქართველოს კათალიკოსს.
3. ე.ი. ქალები.
4. ვერ ხერხდება ამ ადგილის იდენტიფიკაცია. შესაძლებელია სახელწოდების ჟღერადობის მიხედვით, ეს იყოს „ფიჩორი“?
5. ასეთი სახელწოდების ეკლესია დღეისათვის უცნობია.
6. ე.ი. პიჯორში.
7. ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოდან.
რაც შეეხება ქურდობას, აქაური ხალხი ცოდვილია. მათ ასევე უყვართ მოყვასის სახელის გატეხა. თუკი ვინმე ავად გახდება, მაშინვე ფიქრობენ, რომ მას თვალი ეცა, იგონებენ ხან ერთ, ხან მეორე მიზეზს და ერთმანეთს ლანძღავენ სიტყვებით „მასაკვალი“1, რაც ნიშნავს კუდიანს. თუმცა ვფიქრობთ, რომ ცრურწმენა მათ ბევრი აქვთ, მაგრამ კუდიანები ცოტაა. ქურდობა დიდწილად შეიძლება მათ აპატიო, ვინაიდან ძალიან ღარიბები არიან და შიმშილი აიძულებთ ამის ჩადენას. ბუნებრივია, ამ ცოდვას არ სჩადიან დიდკაცები და მდიდრები, რომელთაგან დიდი ნაწილი თავის ქვეშევრდომებს ქურდობას უკრძალავს. მიზეზი ნათელია: თუკი ქურდს დაიჭერენ და მას არაფერი აბადია თავი გამოისყიდოს, მაშინ ზარალი პატრონმა უნდა აანაზღაუროს.
აქ თვალი იმაზეც უჭირავთ, რომ ქურდებმა, მათდამი საერთო თანაგრძნობის გამო, ღარიბები არ გაანაწყენონ. ადგილობრივი მღვდლები ქადაგებენ, რომ აუცილებელია ეკლესიებს მოპარული ქონება დაუბრუნონ, თუმცა თვითონ მრევლში არ ქადაგებენ და შეუძლებელია აიძულო ქურდი, ასეთი საქციელი ჩაიდინოს.
უბრალო ადამიანები სიკვდილის წინ ანდერძს არ ადგენენ, რადგან საკუთარი ავლადიდების განკარგვა არ შეუძლიათ. მთელი მათი ქონება ბატონს მიაქვს.
ადამიანის მკვლელობა გამოუსყიდავ ცოდვად ითვლება. ამიტომ თუ ერთმანეთს შორის წაიკინკლავებენ მაშინ ჩხუბობენ და ერთმანეთს სარღას2 დახმარებით სცემენ, რომელსაც ყოველთვის კისერზე ატარებენ.
დამატებით უნდა ვთქვა, რომ მათი3 მართლმსაჯულება დამნაშავეს სიკვდილით არასოდეს სჯის, არამედ მას4 აჭრიან ტერფს ანდა თვალებს თხრიან. მეგრელები გმობენ ჩვენი ქვეყნების5 მართლმსაჯულებას დამნაშავეების [სიკვდილით] დასჯის გამო. სასამართლო განხილვას ისინი აკურატულად და მკაცრად ატარებენ. საჭიროების შემთხვევაში მთავარი6 ადგილზე ნიშნავს ორ მოსამართლეს, რათა მათ გამოარკვიონ საქმის ყველა გარემოება და მოისმინოს ორივე მხარის დასაბუთებული მოსაზრებები. გააკეთებენ რა ამას, მოსამართლეები მთავარს მოახსენებენ და გამოაქვთ განაჩენი, რომელსაც მთავარი ჩვეულებრივ ამტკიცებს. თუკი მოწმეები არ არსებობენ, მოსამართლეები [დამნაშავეს] აიძულებენ ღმრთისმშობლის ხატის, ან უფრო ხშირად წმინდა გიორგის ხატის წინ, დაიფიცონ. იგი7 შემდეგნაირად ხდება: მსჯავრდებული მუხლებზე დგება, იღებს ხატს, რომელიც ორივე ხელით უჭირავს და აფიცებს, მოუვლინოს მას სიკვდილი, თუ დანაშაული, რომელშიც მას ბრალს სდებენ, ჩაუდენია. ამბობენ, რომ ვიღაცა ცრუ დაფიცების შემდეგ, უცებ ადგილზე მოკვდა, მაგრამ ამის დაჯერება არ შემიძლია, თუმცა, სინამდვილეში, ცოტა ხნის შემდეგ, მრავალი [დამნაშავე] დაავადდა ანდა გარდაიცვალა. ხატის წინ ცრუ დაფიცების ბევრი შემთხვევა დაითვალეს. ამიტომ ფიცის წარმოთქმისას ზოგიერთს8 ხელში უჭირავს სკორე9, რადგან მიაჩნია, რომ ხატი იგრძნობს რა ცუდ სუნს, გაშორდება და არ მოისმენს ფიცს. ჩვენ საკმაოდ გადმოვეცით მეგრელთა ჩვეულებებისა და ადათის შესახებ.
თხრობის დასასრულს ვიტყვით დაკრძალვის წესებზე და იმაზე, თუ მეგრელებში რა არის მიღებული, როცა ადამიანი კვდება. როცა ვინმე სასიკვდილოდ დაავადდება, მაშინ ისინი არ ეძახიან მღვდელს, რათა მან მომაკვდავისაგან აღსარება მიიღოს. გარდაცვალების შემდეგ, მღვდელი ადგენს განსვენებულის დაკრძალვის ადგილს. გათხრიან რა საფლავს, დგამენ ჯვარს, ხოლო საფლავში ასხამენ თხილის ანდა ზეითუნის ზეთს, თუკი ასეთი გააჩნიათ. მიაჩნიათ, რომ ზეთს აქვს სასწაულმოქმედი თვისებები (არ იკითხება). ამასობაში ისინი ბანენ მიცვალებულს, აცმევენ და 5-6 დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე დასტირიან განსვენებულს. მაშინ მისასამძიმრებლად ყველა მეზობელი მოდის. მათ უმასპინძლდებიან სამარხვო საჭმელით, რომელზეც ლოცვებს წარმოთქვამენ.
1. „მასაკვალი“ უდავოდ მეგრული „მაზაკვალია“, რაც ნიშნავს „მზაკვარს“, „კუდიანს“.
2. „სარღა“ მეგრულად ხის დიდი გობია, მაგრამ გაუგებარი ხდება, ეს გობი რატომ ეკიდათ მამაკაცებს კისერზე.
3. ე. ი. სამეგრელოს.
4. დამნაშავეს.
5. იგულისხმება დასავლეთ ევროპის ქვეყნების.
6. იგულისხმება სამეგრელოს მთავარი.
7. ე.ი. დაფიცება.
8. ე.ი. ზოგიერთ დამნაშავეს, რომელიც ხატის წინ ფიცს დებს.
9. ამ ფაქტის დაზუსტება ვერ მოხერხდა.
დროდადრო იმ ადგილზე, სადაც მიცვალებული ასვენია, საკმეველს აკმევენ. განსვენებულისათვის მთელი წლის მანძილზე მაგიდაზე საჭმელს ალაგებენ. ამის შემდეგ მიცვალებულს მიასვენებენ საფლავზე საკაცით, რომელიც გაკეთებული უნდა იყოს თხილის მასალისაგან; ეს სავალდებულოდ ითვლება. მღვდელს მიაქვს რკინის ჯვარი და ლოცვანს კითხულობს. ხანდახან მამაკაცები ქვითინებენ, ხოლო ქალები გაშმაგებით იკაწრავენ სახესა და მკერდს. ყველაზე ახლო ნათესავები [მიცვალებულ] ქალებს აჭრიან დალალს და საკაცეს ჩაუშვებენ საფლავში.
სახლში დაბრუნებისას, განსვენებულის ოჯახი ისევ უმასპინძლდება იმათ, ვინც მონაწილეობა მიიღო დაკრძალვაში. ამ დროს აუცილებელია მღვდლის დასწრება, რომელსაც გადასცემენ გარდაცვლილის ტანსაცმელს, რათა მან შვიდი წირვა შეასრულოს. სიკვდილიდან მე-40 დღეს მეორდება ხსენება. ამ დღეს განსვენებულის საფლავზე მოჰყავთ მისი ცხენი, რომელსაც გადაფარებული აქვს ასალი1. განსვენებულის ხსენების დღეს, რომელიც მათში პასექის მეორე დღეს აღინიშნება, ყველა ეკლესიასთან იკრიბება, სხდებიან და იწყებენ ჭამას, ერთმანეთს უმასპინძლდებიან და ადგილებს უცვლიან.
ამ დღეს ისინი ასრულებენ მსხვერპლშეწირვას. გარდაცვლილის საფლავზე კლავენ მტრედებს, თხებს, ბატკნებს. საფლავზე დებენ განსვენებულისათვის ნებისმიერ საჭმელს, რომელიც ეკლესიაშია ნაკურთხი. ამასთან მღვდელი იღებს იმას, რაც მოესურვება. მიცვალებულის ნათესავები საფლავზე მოასხამენ ასევე ღვინოს. ყველაფერი ეს განსვენებულისათვის კეთილ საქმედ ითვლება და თუკი ვინმე მათ შეედავება, რომ ეს ასე არ არის, ისინი ასეთ ადამიანს სასტიკ მხეცად ჩათვლიდნენ, რომელსაც სურს მიცვალებულს ასეთი ნუგეში წაართვას. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მხოლოდ იმას მივაღწიეთ, რომ ზოგიერთმა შეწყვიტა ეკლესიაში ზვარაკის დაკვლა. ახლა მას სახლში კლავენ, როგორც ეს გააკეთა ლევან დადიანმა2, რომელმაც გარდაცვლილი ვაჟიშვილის ხსოვნას შესწირა 100 ხარი და 20 კამეჩი. დადიანმა ეკლესიაში მსხვერპლშეწირვისაგან თავი შეიკავა და ისინი ქალაქგარეთ დაკლეს, ხოლო ხორცი, როგორც გასაკითხი, ღარიბებს დაურიგა. ტანსაცმელი, ძროხები და ცხენები, რომელიც გარდაცვლილ შვილს ეკუთვნოდა, მან ასევე ღარიბებს ჩამოურიგა.
ძნელია, ისინი ამ წეს-ჩვეულებებს გადააჩვიო, რადგან ამტკიცებენ, რომ არაფერია იმაზე მეტად ღირსეული, ვიდრე მშივრები დააპურო. გარდა ამისა, ამ წეს-ჩვეულებას მოსახლეობაში აქეზებენ მღვდლები, რომლებიც მას3 საკუთარ ინტერესებში მხარს უჭერენ. ჩანს, რომ ეს საცოდავები გამოუსწორებელ უმეცრებასა და დაბნეულობაში ჩაყარეს4, რომელიც კიდევ იმაში ვლინდება, რომ ისინი წლობით მარხულობენ თავიანთი მცირეწლოვანი გარდაცვლილი შვილის ხსოვნას. ამას სხვა მიზეზს ვერ უძებნიან, გარდა იმისა, რომ ამ წეს-ჩვეულებას იცავდნენ მათი წინაპრები. ბევრს ვიცნობდი, რომელთაც თავიანთი გარდაცვლილი ცოლების ხსოვნის პატივსაცემად შვიდი წელი იმარხულეს და ამასთან ერთად ცხოვრობდნენ უხეირო სადგომში.
1. ასალი - ცხენის ზურგზე გადასაფარებელი ქსოვილი.
2. იგულისხმება ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი.
3. მსხვერპლშეწირვას.
4. იგულისხმება ბერძენმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ინახავენ თავიანთი გარდაცვლილი ნათესავის ხსოვნას და დროდადრო საფლავზე მიაქვთ ეკლესიაში ნაკურთხი შემწვარი ქათამი, ღვინო, თევზი და სხვა საჭმელი, ყველაფერ ამას სასაფლაოზე ჭამენ და განსვენებულს იგონებენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი დახმარებით ამ ხალხის ხსნა შეიძლება, ვინაიდან მათ არა აქვთ ცდომილებები, რომელთაც მტკიცედ და ჯიუტად დაიცავდნენ. ეს შეცდომები აიხსნება საყოველთაო უმეცრებითა და მისიონერების უკმარისობით. ყველაფერი ეს კარგადაა ცნობილი. ამასთან ერთად მათ აქვთ კარგი წეს-ჩვეულებებიც, თუმც უფრო უკეთესი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებშია1. ამაში მათ ყოველნაირად ვეხმარებით. ამ ხალხს ადვილად შეეძლო კათოლიკური ეკლესიის ჭეშმარიტი კულტი მიეღო. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მათ ბევრი კარგი ტრადიცია შეინარჩუნეს. ისინი სიამოვნებით უსმენენ საუბრებს ღმერთზე. ჩვენ გვექცევიან კეთილად, რადგან მიგვიჩნევენ უფლის სიტყვების მატარებელ წესიერ ადამიანებად. მათ მხურვალედ სურთ გულკეთილ ქრისტიანებად დარჩენა.
მართლაც, სამეგრელოში ყოფნის მანძილზე მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ისიც წარჩინებულთაგანმა, მოგვიწყო ხრიკი იმაზე, რომ ეკლესიაში, რომელსაც ის თავისად თვლიდა, ჩვენ ლათინურად ვმსახურებდით. ამისათვის ის ღმერთმა დასაჯა: განიერ მდინარეში თავის ცხენთან ერთად დაიხრჩო. მის კვალსაც ვერ მიაგნეს, რაც ამ ხალხში ნათელი ნიშანი გახდა იმისა, რომ ის ღმერთმა დაწყევლა. ყოველნაირად უნდა ეცადონ2 ამ მხარეში3 შესაფერისი ადამიანების4 გამოგზავნას, რომლებიც სიტყვითა და საქმით თავს მიუძღვნიდნენ ხალხს, რომელთაც მარადიული წყევლა აწევთ მძიმე ტვირთად და იხსნიდნენ მათ ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან. სიბრალულის გამოჩენა - ეს ხომ საუკეთესი საშუალება იმ სულის ხსნისთვის, რომელიც ქვეცნობიერი სიმტკიცით ცხოვრობს. რა ბედნიერი იქნებოდნენ, თუკი ეცოდინებათ, რომ ამ უბედურებისაგან თავის დაღწევაში მათ დაეხმარებიან.
1. იგულისხმება დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნები.
2. იგულისხმება წმინდა კონგრეგაცია “დე პროპაგანდა ფიდე”.
3. ამ შემთხვევაში იგულისხმება ოდიშის სამთავროში.
4. იგულისხმება მამა-მისიონერები.
რადგან ეს მხარეები ღარიბია, ბუნებრივია, აქ ხალისით წამომსვლელები ძნელად მოიძებნებიან. აღთქმული ქვეყანა რომ იყოს, აქ ნებისმიერი გამოემგზავრებოდა, იმიტომ რომ თითოეული (არ იკითხება). დიახ, უფალი არ დაუშვებს, რომ ამ ხალხს1 ის შეემთხვეს, რაც დაემართა ჩერქეზებს2, სადაც ოდესღაც ქრისტიანობა ყვაოდა. [ჩერქეზები] მკერდზე წმინდა ჯვარს ატარებდნენ, ხოლო ახლა ქრისტიანული სამყაროს სასირცხვოდ ისინი მუსლიმური სარწმუნოების ძალის ქვეშ არიან, ვინაიდან იქ მისიონერები თურქეთიდან მოვიდნენ.
და ის, ვისაც არ უნდა სამეგრელოში წასვლა, დაე, გაემგზავროს აბრასიოში 3, გულიოში 4 ანდა სვანეთში. ამ ხალხმა5 შეინარჩუნა უზადო მდგომარეობა და ქრისტიანად ყოფნის სურვილი, ვინაიდან იქ, შიშის გამო, არც ბერძნები და არც თურქები6 არ მიდიან. ამ ხალხმა შეიძლება დაკარგოს შემორჩენილი ქრისტიანული სარწმუნოება, თუკი იქ ჩვენი მისიონერები არ გაემგზავრებიან.
აწ კარგად ჩანს, რა ნაყოფი გამოიღო ჩვენმა შეუპოვრობამ სამეგრელოში, სადაც ქრისტიანულ სარწმუნოებას ადამიანებში არა მხოლოდ ხელი წავაშველეთ, არამედ, იქ ადამიანები [ჩვენი დახმარებით] საკმაოდ ცივილიზებული და ჭკვიანები გახდნენ. და თუკი კათოლიკეებს7 ოდესმე მოუნდებათ თურქებთან ბრძოლაში ჩაბმა, იპოვიდნენ დაჩაგრულ ხალხებს8, რომელთაც სურთ გამდიდრება და ერთსულოვნად ქრისტიანული სარწმუნოებისადმი დახმარება9. მათ10 შეუძლიათ ერთბაშად გამოიყვანონ 200 ათასი ჯარისკაცი11, როგორც ეს ერთხელ მალტის ისტორიაში მოხდა12.
1. იგულისხმება ოდიშის სამთავროს მოსახლეობა.
2. ამაში რელაციონის ავტორი გულისხმობს ჩერქეზების მიერ მუსლიმობის მიღებას. დონ არქანჯელო ლამბერტის 1649 წლის 21 აგვისტოს რელაციონის თანახმად, ჩერქეზები ჯერ კიდევ თავს ქრისტიანებად მიიჩნევდნენ. ჩერქეზებს „...ქრისტიანული მხოლოდ ჯვარი აქვთ და პირჯვარს ბერძნული წესით იწერენ... არ გააჩნიათ ეკლესია და არ ჰყავთ მღვდლები, მაგრამ არის განსაკუთრებული მინდორი, სადაც ისინი ლოცულობენ...ამ ქვეყანაში ეშმაკმა შეძლო დაფუძნება და ახლა ამ ხალხის გათურქება დაიწყო...“ (დონ არქანჯელო ლამბერტი. რელაცია საქართველოზე (XVII საუკუნე), იტალიური ტექსტი თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა, თბ., 2015, გვ. 71).
3. ალბათ, იგულისხმება აფხაზეთი.
4. ალბათ, იგულისხმება გურია.
5. იგულისხმება სვანები.
6. იგულისხმება თურქი მუსლიმი სასულიერო პირები.
7. იგულისხმება დასავლეთის კათოლიკური ქვეყნები.
8. იგულისხმებიან დასავლეთ საქართველოში მაცხოვრებელი ქართველები და აფხაზები.
9. ავტორის ეს აზრი ცალსახად გვიჩვენებს ქართველთა ანტითურქულ განწყობილებას და რეალურ ვითარებაში დასავლეთთან ერთად ქრისტიანული ნიშნით თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის მზაობას.
10. იგულისხმება დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები.
11. ძნელია ივარაუდო, თუ რას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ავტორის მიერ მოტანილი ეს ციფრი.
12. რელაციონი ხელმოუწერელია. იგი მისმა ავტორმა, როგორც ჩანს, გააგზავნა წმ. კონგრეგაციაში, მაგრამ ხელი რატომ არ მოეწერა ძნელი ასახსნელია. იმის გათვალისწინებით, რომ მასში მოტანილი ფაქტები და აღწერილობანი, ასევე თხრობის მანერა, მოტანილი ფაქტობრივი მასალა, წინადადებათა ერთნაირი წყობა და გადმოცემა სრულ მსგავსებას ავლენს თეათინელი მისიონერის, სამეგრელოში მისიონის პრეფექტის დონ ჯუზეპე ძამპის მიერ ჟან შარდენისათვის გადაცემულ ვრცელ თხზულებას სამეგრელოს შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელმა თავის ნაშრომში შეიტანა (იხ: ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ). ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1975, 132-200 გვ.). რელაციონის ძამპისათვის მიკუთვნების სასარგებლოდ ის არგუმენტიც მეტყველებს, რომ მისი დაწერის დროს, ე.ი. 1662 წელს სამეგრელოში მხოლოდ დონ ჯუზეპე ძამპი და დონ ანდრეა ნესტა დი მოლტეტა იმყოფებოდნენ. ძამპი სამეგრელოში ჩამოვიდა 1652 წელს და იტალიაში დაბრუნდა 1665 წელს. ის ისევ დაბრუნდა სამეგრელოში 1669 წელს და აქ დარჩა 1679 წლამდე. რაც შეეხება დონ ანდრეა ნესტა დი მოლტეტას, ის სამეგრელოში 1652 წელს ჩამოვიდა და აქ დარჩა 1663 წლის 7 დეკემბრამდე (Ilia M. Tabagua. I rapport tra la Georgia Cristiana e la Santa Sede, vol.I. Tbilisi, 1996, pp. 279, 307; ამ ორი მისიონერის სამეგრელოში ჩამოსვლისა და წასვლის შესახებ მოკლე ცნობები პროფ. ი. ტაბაღუას აღებული აქვს: Le Immagini di alcuni uomini e alcune donne per pieta illustri della Congregazione de’Cherici regolari. Dal Padre Don Ignazio Lodovico Bianchi, in Venezia, 1767; მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 263-265). ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა იყოს ამ რელაციონის ავტორი, რადგან ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია მისი რომელიმე წერილი. თუმცა მ. თამარაშვილი წერს, რომ 1667 წლის იანვრის თვეში იმერეთის სამეფოს მიერ ოდიშის სამთავროს აკლების შესახებ პატრ ანდრია ნესალს (უნდა იყოს ანდრია ნესტა-ავტ.) რომში წერილი გაუგზავნია იმავე წლის 15 სექტემბერს. ვიმეორებთ, რელაციონის გარეგნული და შინაგანი ატრიბუტებით იგი უნდა ეკუთვნოდეს დონ ჯუზეპე ძამპის.

2. ჰელიოპოლიტანიის1 ეპისკოპოსის ფრანცისკეს მიერ ისპაჰანიდან 1662 წლის 19 სექტემბერს წმ. კონგრეგაცია “დე პროპაგანდა ფიდეს” ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი2.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ
დიდი ხნის წინათ ფრიად პატივცემულ ბატონ მდივანსა3 და ბატონ ლესლის ვწერდით იმის შესახებ, რომ ისპაჰანში ჩვენ 24 ივლისს ჩამოვედით; აქ მოგვიწია დავლოდებოდით ხელსაყრელ ამინდს გემების ცურვისათვის, რომლებიც ბასორა4 და სურატიდან5 ბრუნდებოდნენ. ხვალ ვემზადებით პორტ ბენდერ-აბასში6 წასასვლელად, სადაც ჩვეულებრივ მოადგება ინგლისის გემი, რადგან ეს გაცხოველებული სავაჭრო ცენტრია. ეს გზა სრულებით უხიფათოა, ხოლო პორტუგალიელებს სურატში არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი იქ სულს ღაფავენ; ცუდია მხოლოდ ის, რომ მომქანცველი გზაა და აქ მაწყინარი ჰაერია, რის გამოც ყველა რაღაცით ავადმყოფობს. თქვენს მაღალუწმინდესობას ვერაფერს მივწერთ ამ ქალაქის შესახებ, გარდა ისპაჰანში რელიგიური მდგომარეობისა. ამჟამად [ისპაჰანში] დარჩა 7 ინგლისელი და ჰოლანდიელი მისიონერებთან [ერთად], ხოლო დანარჩენი ქრისტიანები [ირანის შაჰის] ბრძანებით აქედან წავიდნენ.
ისპაჰანის გვერდით არის ოთხი ქალაქი, უფრო გარეუბნები, რომლებიც ერთმანეთში გადადიან. მათ ეწოდებათ ჯულფა, ერევანი, თკხაბონა7 და გრაბრატალი8; პირველ სამში სულ სომხები ცხოვრობენ; როგორც ამბობენ, ჯულფაში მოსახლეობა 8 ათას
ადამიანს ითვლის, ხოლო ერევანში - 4 ათასს, თკხაბონაში - ორი ათასს. ამ ქალაქებში დადგენილია ეპისკოპოსი, რომელსაც ჰყავს თანაშემწე, 8 ბერი და 80 მღვდელთმსახური; ისინი ექვემდებარებიან აიხმიაზინის9 პატრიარქს. მათ აქვთ 20 ეკლესია და ერთი მონასტერი, რომელიც უფრო სახელს ატარებს, ვიდრე სინამდვილეშია; თანაც, ამ მონასტერში ვერ აღმოაჩენთ ისეთ რამეს, რომელიც კეთილ ზნე-ჩვეულებებს ეწინააღმდეგება. გარდა კათოლიკეებისა, რომლებიც ცხოვრობენ ისპაჰანში, ასევე რამოდენიმე კათოლიკე დარჩენილია ჯულფაში. [მათგან] ვიცით მხოლოდ 6 სომხური ოჯახი, რომლებიც აღმსარებლობით კათოლიკეები არიან. გრაბრატალში ძველ სპარსელთა შთამომავლები სახლობენ, რომლებიც, როგორც ამბობენ, ცეცხლს სცემენ თაყვანს; მაგრამ ისინი, ვინც უფრო დაწვრილებით ინტერესდებიან მათი რელიგიით, ამტკიცებენ, რომ ისინი პატივს მიაგებენ ცეცხლს, რომელსაც უკვე რამდენიმე საუკუნეა ინახავენ, მაგრამ არ ეთაყვანებიან მას და ლოცულობენ მხოლოდ ერთ ღმერთზე. ქალაქ ჯულფასთან10 ახლოს არის ორი დასახლება, რომელშიც ქრისტიანები ცხოვრობენ. არის კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი დასახლება, რომელიც ისპაჰანიდან ორი დღის სავალზეა. მათ უწოდებენ გუენდს და ჯაგაკსურს; აქ ცხოვრობს 1000 ოჯახი, რომელთაც ჰყავთ ეპისკოპოსი და 30 მღვდელი; ეპისკოპოსი ფარულად აქეზებდა კათოლიკობას, თუმცა აშკარად აღიარებას ვერ ბედავდა მორწმუნეთა მხრიდან დევნის გამო.
1. ჰელიოპოლიტანია, ანუ ჰელიოპოლისი - ქალაქი ძველ ეგვიპტეში, კაიროს ჩრდილო აღმოსავლეთით. აქ იყო კათოლიკური ეკლესიის რეზიდენცია და ეგვიპტის ჰელიოპოლისის სამოციქულო ვიკარიატი.
2. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 142 r- 143 v; წერილი დაწერილია ლათინურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
3. იგულისხმება წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მდივანი.
4. ბასორა - დღეს ერაყის მთავარი ნავსადგური შათ ალ-არაბზე, სპარსეთის ყურეში.
5. სურატი - ქალაქი ინდოეში არაბეთის ზღვის სანაპიროზე.
6. ბენდერ-აბასი - საპორტო ქალაქი სამხრეთ ირანში, სპარსეთის ყურესთან.
7. ვერ ხერხდება ზუსტი სახელწოდებისა და ადგილმდებარეობის დადგენა.
8. ვერ ხერხდება ზუსტი სახელწოდებისა და ადგილმდებარეობის დადგენა.
9. ეჩმიაძინის.
10. ჯულფა-ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, მდინარე არაქსის მარჯვენა სანაპიროზე. მოსახლეობდნენ ძირითადად სომხები.
ისპაჰანიდან ოთხი ან ხუთი დღის სავალზე სპარსეთის მთებში არის 80-ზე მეტი სოფელი, რომელშიც მხოლოდ სომხები ცხოვრობენ; მათ ჰყავთ ეპისკოპოსი, სამი ან ოთხი ბერი და 50-ზე მეტი მღვდელი. ამ მთებისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით [ისპაჰანიდან] ორი დღის სავალზე არის ორი სომხური სოფელი, რომელთა დიდი ნაწილი ეკუთვნის აბრეს (არ იკითხება) კათოლიკეებს. როგორც ზოგიერთი ამბობს, მათ შორის ძლივს აირჩევა 20 ოჯახი, რომელიც აქტიურად იცავენ საკუთარ სარწმუნოებას. კათოლიკური რელიგიის საქმეს ყოველნაირად ხელს უწყობს ავგუსტინელთა ორდენის ორი პორტუგალიელი ღირსი მამა, ორი კარმელიტი1 ფრანგი ღირსი მამა, რომელთაგან ერთი ხანდაზმულია და გონება ძლივს შერჩენია; ორი კაპუჩინი, რომელთაგან ერთი იტანჯება ნიკრისის ქარით და ხშირად საჭიროებს სხვების დახმარებას, რის გამოც საქმეს დიდი ზიანი ადგება; [არის] კიდევ ერთი იეზუიტი ბერი. მაგრამ უფრო სავალალო ისაა, რომ მათ შრომას არავითარი შედეგი არ მოაქვს, რადგან სპარსელებს შორის, რომელთა მოსაქცევად მუშაობს მისიონი, რამდენადაც ვიცით, მხოლოდ ერთია ჭეშმარიტი კათოლიკე; რაც შეეხება სომხებს, ისინი არა მხოლოდ გადმოდიან ჩვენს სარწმუნოებაზე2, არამედ ყოველდღიურად ტოვებენ მას და უკვე 150-ზე მეტი ოჯახი გადავიდა სპარსულ რელიგიაზე3. ეს მოხდა იმ კანონის მიხედვით4, რომლის თანახმად, ოჯახის ქონება საკუთრებაში იმას რჩებოდა, ვინც მაჰმადიანურ სარწმუნოებას მიიღებდა. გვაგონდება როგორც სპარსელებში, ასევე სომხებში ფესვგადგმული ბევრი მიზეზი, რომელთა აქ მოტანას საჭიროდ არ მივიჩნევთ; შეიძლება მხოლოდ ერთის მტკიცება: ამ უბედურებაში მისიონერების დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან ტყუილია კიდევ იყოს სადმე ასეთი მისიონი5, რომელსაც ამდენი კეთილსინდისიერი მუშაკი ჰყავდეს; იმ არცთუ ისე ბევრი მისიონერიდან, რომელნიც ამჟამად ცხოვრობენ ამ ქალაქში6, უმეტესობა სრულიად გამოსადეგია მუშაობისათვის და მათ უხვი ნაყოფის მოწევა შეუძლიათ: ისინი გაწაფულნი არიან თეოლოგიაში, მეცნიერებაში, იციან ენები; შეიძლება, გამონაკლისს წარმოადგენენ პორტუგალიელები, მაგრამ მათაც, როგორც სხვებს, გამოარჩევთ ღვთისმოსაობა.
1. კარმელიტები - მათხოვრული კათოლიკური ბერმონაზვნური ორდენი. დაარსდა XII ს-ის შუა ხანებში და დღემდე არსებობს.
2. ე.ი. კათოლიკობაზე
3. ე.ი. მუსლიმობა მიიღო.
4. შაჰის კარზე მიღებული კანონის თანახმად.
5. იგულისხმება კათოლიკეთა მისიონი ირანში.
6. ე.ი. ისპაჰანში.
მართალია, ეს მისიონი არ არის ნაყოფიერი, მაგრამ ეკლესიის პრესტიჟის1 გამო მისი დახურვა არ ეგების (ეკლესიის დიდებისათვის ცოტა როდია ურწმუნოებს შორის საჯაროდ ქადაგებდეს სარწმუნოებას, ასევე აქ გყავდეს მისიონერები, რომლებიც ცხოვრების წმინდა სახითა და კეთილზნეობით გამოირჩევიან). ეს იმიტომ, რომ არ შეიძლება სომხებს შორის ნაყოფის მომკაზე იმედი დავკარგოთ, განსაკუთრებით, თუკი უფლის შემწეობით, მოვახერხებთ მათი ერეტიკოსი-ეპისკოპოსის მოშორებას, რომელიც ღიად აცხადებს თავის შეურიგებლობასა და მტრობას ღვთის ეკლესიის2 მიმართ და ყველა ძალის გამოყენებით წინააღმდეგობას უწევს მისიონერებს. საჭიროა მხოლოდ, რომ წმინდა კონგრეგაცია დათანხმდეს ქვემოდასახელებულ წინადადებებს, სახელდობრ:
პირველი, დაევალოს მისიონის პრეფექტებს, რომ მისიონიდან უკან დააბრუნონ ისინი, ვინც გამოავლინა სუსტი ზნე-ჩვეულებები. ამგვარი მისიონერების საკუთარ რიგებში არსებობით მისიონი ბერდება და კვდება; ასეთი ტვირთი მისიონის საზიანოდ მოქმედებს;
მეორე, აუცილებელია მისიონერთა რიცხვის გაზრდა, რათა მათ შეძლონ მუშაობა როგორც ისპაჰანში მავრთა შორის3, სადაც მათ აქვთ საცხოვრებელი ადგილი, ასევე ჯულფასა და ქრისტიანთა სხვა საცხოვრებელ ადგილებში, სადაც შეძლებდნენ მუდმივად დაფუძნებას;
მესამე, აუცილებელია, თურქსა4 და სომეხს, რომელთაც მიიღეს კათოლიკური სარწმუნოება, არ ეწოდოს ფრანკი; ეს სახელი მათ სძულთ და დაე, არ შეწყვიტონ თავიანთი ხშირი მარხვა, როგორც ეს ხდება ახლადმოქცეულთა უმეტესობაში. სომეხთა შორის ეს მოსწონთ; აუცილებელია მათ უთხრან, რომ ისინი არა იმისთვის გახდნენ კათოლიკენი, რომ აღვირახსნილ ცხოვრებას მისცენ თავი;
მეოთხე, დაე, გაკათოლიკებულმა სომხებმა იქადაგონ, რომ მათ არ შეუცვლიათ რელიგია, არამედ ეზიარნენ მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგიის5 საიდუმლოებებს, აღმსარებლობენ და ახლაც მისდევენ იმ სარწმუნოებას, რომელიც უხსოვარი დროიდან ჰქონდათ სომხებს. მათ შორის, ვინც ეს უკეთ იცის, ისინი აღმსარებლობენ თუ ღიად არა, ბაგეებით, ხანდახან გულითა და სულით. ამ გარემოებას განსაკუთრეებით უნდა გაესვას ხაზი, რადგან მეფემ6 ამას წინათ ბრძანა, რომ [კათოლიკობაზე] ახლადმოქცეული ბევრი სომეხისთვის ძალით ჩაეტარებინათ წინადაცვეთა და [მუსლიმობის] მიღება დაეძალებინათ. ამგვარად, ეს მხოლოდ იმას7 ამტკიცებს, რომ რელიგია, რომელსაც ისინი8 აღმსარებლობენ ჭეშმარიტი არ არის, რაზეც ასე მუქარით ყვირიან ვართაბეტები9.
მეხუთე, თუკი (გაურკვ.) მისიონერები იცხოვრებენ სომხებს შორის, მათ უნდა დაარსონ სკოლები (არ იკითხება), სადაც ისინი ასწავლიან ბავშვებს. ამ სახით მისიონერები მოიპოვებენ [მოწაფეთა] მშობლების კეთილგანწყობას და მიიღებენ შესაძლებლობას, რომ მათ შორის რწმენის მარცვლები დათესონ.
მეექვსე, დაე, სომეხ-კათოლიკეებს შორის, მისიონერები ნუ გამოვლენ საჯაროდ, განსაკუთრებით კათოლიკური რელიგიის საკამათო საკითხებთან დაკავშირებით; უნდა იყოს საუბარი მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის არსებით პუნქტებზე და ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება სულების ხსნას; (არ იკითხება) დაე, [მისიონერები] გამოვიდნენ მორალის, ცხოვრების წესის საკითხებზე ქადაგებებით, დაე, დააყენონ სხვა მსგავსი საქმეები, რადგან სომეხთა უმეტესობა (არ იკითხება) სრულიად ბრიყვია და უუნარო10, გაიგოს და განსაჯოს უფრო რთული, ღრმა საიდუმლოებები, რომელთაც თავისთვის შესაფერისად ჩათვლიან.
მეშვიდე, მისიონერებს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ მესასთან დაკავშირებულ ზეიმებს შორის, ანდა მათ შემდეგ წარმოთქვან სიტყვა ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად; ეს შეიძლება დროდადრო გაკეთდეს მოედნებსა და ქუჩებზე.
თქვენი ყოვლადუწმინდესობა ხედავს, იმსახურებს თუ არა სპარსეთის მთები საგანგებო მისიონს (არ იკითხება). ამაზე განსაკუთრებულად დაფიქრებაა საჭირო, რადგან ამ მთებში ცხოვრება მეტად ძნელია საშინელი სიცივისა და მთელი ექვსი თვის მანძილზე განუწყვეტელი თოვლიანობის გამო. ამისათვის, უდავოა, საჭიროა, როგორც კანადაში, განსაკუთრებით ძლიერი და ამტანი მისიონერები.
1. კათოლიკური ეკლესიის პრესტიჟის გამო.
2. ე.ი. კათოლიკური ეკლესიის.
3. ამ შემთხვევაში მუსლიმთა შორის.
4. ამ შემთხვევაში იგულისხმება მუსლიმი.
5. ე.ი. კათოლიკურის.
6. ირანის შაჰმა.
7. ე.ი. მუსლიმობა.
8. ე.ი. ძალით წინდაცვეთილი და გამუსლიმებული სომხები.
9. ვართაპეტი - სწავლული ბერი სომხურ ეკლესიაში, არქიმანდრიტი.
10. ჰელიოპოლიტანიის ეპისკოპოსი უკიდურეს ტენდენციურობას იჩენს სომეხთა უმრავლესობის გონიერების შეფასებაში.
და ბოლოს, ორი სოფელი, რომელშიც დაცულია არაერთი რელიკვია კათოლიკე-აბრენებისა1, უსათუოდ იმსახურებს სანახავად მისვლას, (არ იკითხება) თუ ნახიჩევანის ეპისკოპოსს არა, (არ იკითხება) მაშინ დომინიკელ-აბრენებმა2 წმ. კონგრეგაციის სპეციალური განკარგულებით უნდა აღჭურვონ ექსპედიცია, ასევე ყოველწლიურად მათთან მყოფი ორი მისიონერი უზრუნველყონ ჯამაგირით. რაც შეეხება ჩვენს მისიონს (არ იკითხება), გარდა იმისა, რასაც ვწერდით ალეპოდან მისი მმართველობის გაუმჯობესების შესახებ, კიდევ ერთი რამ გვეჩვენება დიდმნიშვნელოვნად. სახელდობრ, საუბარია განსაკუთრებული მისიონის დაარსების შესახებ (არ იკითხება) სიამის, კამბოჯის სამეფოში, (გაურკვეველია), იამპესა და პეგუში; ამისათვის მრავალი საფუძველი გაგვაჩნია, რომელსაც სხვა ადგილას გადმოვცემთ; ძალიან მოხერხებული იქნებოდა, თუკი (არ იკითხება) ჩვენი მისიონის ცენტრი განლაგდებოდა ქალაქ სიანში3 და ეს, თუ აქ შეუძლებელი იქნება, მაშინ ხსენებული კამბოჯას სამეფოს რომელიმე ზღვისპირა ქალაქსა და სიამპაში, რომელთანაც გვექნება კარგი მიმოსვლა, როგორც ევროპიდან, ასევე ჩვენი მისიონის ყველა სხვა ადგილიდან.
ისპაჰანი, 1662 წლის 19 სექტემბერი.
თქვენი უერთგულესი და უმორჩილესი მსახური ფრანცისკე, ჰელიოპოლიტანიის ეპისკოპოსი.
1. ალბათ, იგულისხმება ნახიჩევანიდან 5 მილზე არსებულ სოფელ „აბრენერში“ მაცხოვრებელი სომეხი კათოლიკეების რელიკვიები.
2. იგულისხმება სოფელ აბრენერში მოღვაწე დომინიკელი მამები.
3. სიანი - ქალაქი ჩინეთში, შენსის პროვინციაში.

3. [პაპი კლემენტე IX -ის1 წერილი] სპარსეთის ყოვლად ძლიერი და უგანათლებულესი მეფესადმი2 პაპი კლემენტე IX3 რეკომენდაციას უწევს სტეფანე დე ამერიას4, რომელიც კაპუჩინ ამხანაგებთან ერთად მიემართება საქართველოში.
ყოვლად ძლიერო და უგანათლებულესო მეფევ, გიძღვნით სალამს და რომის პონტიფექსის ღვთაებრივი წყალობის სხივს. სიყვარული, რომელიც მომდინარეობს ადამიანთა მოდგმის უზენაესი შემქმნელის უფლისაგან, გვაიძულებს არ ვუარყოთ ადამიანთა არანაირი გაერთიანება, როგორადაც არ უნდა გვიყვარდეს საკუთარი [ერი] და აღტაცებით არ მივიღოთ პატიოსნება, სამართლიანობა და სხვა დიადი სათნოებანი, სადაც არ უნდა აკიაფდეს იგი.
ჩვენი წინამორბედნი5 ყოველთვის პატივით ეკიდებოდნენ და მოწყალე თვალით უყურებდნენ სპარსეთის დიდებულ მეფეებს და განსაკუთრებით თქვენს აღმატებულებას, რომელიც უხვადაა დაჯიდლოებული ამ სიკეთით და სახელგანთქმულია მთელს მსოფლიოში. ჩვენი მხრიდანაც გპირდებით ასეთივე კეთილგანწყობას და გთხოვთ თქვენი უდიდებულესობის რწმუნებით სურვილს, რათა დაიცვას მამა სტეფანე დე ამერია და მისი ამხანაგი-კაპუჩინები, რომლებიც საქართველოში მიემართებიან უფლის დიდებისა და სულების სახსნელად. ისინი არ ეძიებენ საკუთარ სარგებლობას, არამედ იცავენ სულებს ბერძნული მწვალებლური წესების ხელყოფისაგან.
იმ მხარეებში6 მცხოვრები [მისიონერები] საჭიროებენ თქვენს ძალაუფლებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და დაუბრკოლებლად, თავისუფლად აღასრულონ უფლის სამსახური და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება. ასევე ვთხოვთ თქვენს მაღალ მოწყალებას, საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანოთ ყველა კათოლიკე, რომლებიც თქვენს ვრცელ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და იმედს ვიტოვებთ, რომ აღასრულებთ ჩვენს მხურვალე თხოვნას. ჩვენი მხრივ, გულის სიღრმიდან აღვავლენთ ლოცვას უფლისადმი, რათა მან თავისი ყოვლად ძლიერი მარჯვენით თქვენს უდიდებულესობას მიანიჭოს სრულიად ღვთაებრივი ჭეშმარიტება და უხვი სიკეთე, როგორც სულიერი, ასევე საერო, ასევე მტკიცე კეილდღეობა.
რომი, სანტა მარია მაჯორეს ტაძარი, მებადურის ბეჭდის ქვეშ.
1666 წლის 18 მარტი. ჩვენი მღვდელმთავრობის პირველი წელი7.
1. პაპი კლემენტე IX პონტიფექსად იყო 1667-1669 წლებში.
2. რადგან პაპის წერილი დაწერილია 1666 წლის 18 მარტს, რომის პონტიფექსმა კლემენტე IX-მ, უდავოა, იგი მისწერა ირანის შაჰს აბას II-ს, რომელიც ტახტზე იჯდა 1642 წლის 15 მაისიდან 1666 წლის 26 ოქტომბრამდე.
3. Archivio della SCPF, SOCG, vol. 209, f. 316; წერილი დაწერილია ლათინურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
4. „Stephanum de America“
5. იგულისხმება ზოგადად რომის პაპები.
6. იგულისხმება საქართველო.
7. რომის პაპი კლემენტე IX პონტიფექსად აირჩიეს 1667 წლის 20 ივნისს. ირანის შაჰისადმი პაპის ეს წერილი კი დათარიღებულია 1666 წლის 10 მარტით. ამის მიხედვით, კლემენტე IX-ის პონტიფიკობის პირველი წელი მოდის 1667 წლის 10 მარტამდე, რაც აშკარა შეუსაბამობაა. კლემენტე IX-ის პონტიფიკობის პირველი წელი შესრულდა 1668 წლის 20 ივნისს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, პაპის წერილის დათარიღებაში დაშვებულია შეცდომა. იგი ვერ დაიწერებოდა 1668 წლის 10 მარტამდე ადრე.

4. საქართველოში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას მიერ თბილისიდან 1674 წლის 18 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდესადმი“ მიწერილი წერილი1
ღრმად პატივცემულო და დიდად თაყვანსაცემო ბატონო არახელსაყრელ შემთხვევათა გამო ვერ შევძელი, რომ თქვენი მოწყალების 1673 წლის 2 სექტემბრის წერილსათვის ადრე მეპასუხა. ახლა გაუწყებთ: ნამდვილად არ მახსოვს, ვთხოვდი თუ არა წმინდა კონგრეგაციას [ავადმყოფთა] მკურნალობისათვის რაიმე გასამრჯელოს აღებაზე ნებართვას. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამგვარი გასამრჯელოსი და განკარგულება გავეცი, რომ არავის მოეთხოვა იგი.
ასეთ წესს მხარს ვუჭერდი ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედის მოსვლამდე და მას შემდეგაც, როცა მისიონის ხელმძღვანელობა მივიღე. რადგან ბოლო წლებში არ მიგვიღია ჩვენთვის განკუთვნილი ყოველწლიური სარჩო (ზედიზედ 4 წლის მანძილზე არაფერი მიგვიღია), უკიდურესმა გაჭირვებამ გვაიძულა, გასამრჯელო აგვეღო, რაზედაც თვალს ვხუჭავდი და ამან მისიონს დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ჩვენი სიღატაკისა და სინდისის ქენჯნის გათვალისწინებით არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი თხოვნა წარმედგინა, ან ეს ჩემმა წინამორბედმა გააკეთა; როგორც არ უნდა იყოს, თქვენი მოწყალების ნებისმიერ ბრძანებას დავემორჩილები.
რაც შეეხება იმას, თუ რა სჭირდება ჩვენს მისიონს, ამის შესახებ არაერთხელ ვწერდი. გასულ წელს2 ამ მიზნით გავაგზავნეთ ფრა’ ანჯელო და ვიტერბო3, რათა წმინდა კონგრეგაციისათვის ზეპირად მოეხსენებინა; ვფიქრობ, ამ დროისათვის ის აუცილებელი მარაგით უკან გზაზეა. რაც შეეხება ჩვენი მისიონის4 წარმატებებს, [ამის შესახებ] ხსენებული ძმა ანჯელოს წასვლამდე (არ იკითხება), ხოლო შემდეგ მას გავატანე მოკლე ანგარიში; [ნათქვამი] ბევრი რომ არ გამომივიდეს, სიმოკლისათვის გამოვტოვებ იმას, რასაც ადრე თქვენს ბრწყინვალებას ვწერდი. ახლა შემიძლია მას დავამატო. ამ წელს თბილისის მთავარი ოჯახებიდან წმინდა კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდა რამდენიმე სომეხი ქალი და მამაკაცი; კერძოდ ქალები, რათა ადგილობრივი მღვდლებისა და ნათესავებისაგან თავიდან დევნა აეცილებინათ, ჩვენს ეკლესიაში ღამით მოდიოდნენ ზოგიერთი მათი ნათესავი კათოლიკეს თანხლებით, რომლებიც ჩვენს მისიონერებთან ამბობდნენ აღსარებას, ანდა მათ მიერ იყვნენ მონათლულნი; ისინი აღიარებდნენ რწმენის სიმბოლოს5, ჩვენთან ამბობდნენ აღსარებას და იღებდნენ ზიარებას. ღმრთისმშობლის ამაღლების წინა ღამეს, იგივე ქალები ისევ მოვიდნენ ჩვენს ეკლესიაში, რათა ქალწული მარიამის ზეიმის საპატივცემლოდ ეთქვათ აღსარება და ზიარება მიეღოთ. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც კი იცოდნენ, რომ კათოლიკურ სარწმუნოებას აღიარებდნენ; მათ დიდი გრძნობით მიიღეს წეს-ჩვეულებები და განმტკიცდნენ წმინდა კათოლიკურ რწმენაში. მე და მამა ბერნარდო მარია და ნაპოლი6 ვეწევით ჩვეულებრივ მსახურებას, ე.ი. ვამბობთ აღსარებას, ვასრულებთ სხვა წმინდა საიდუმლოებებს, ვასწავლით კატეხიზმოს, დარიგებებს ვაძლევთ სარწმუნოებაში, ვკამათობთ7, ვკითხულობთ ლოცვებს, სკოლაში ვასწავლით ბავშვებს. ამათგან ზოგიერთს შეუძლია ეკლესიაში დაგვეხმაროს, იგალობონ ფსალმუნები, როგორც ნამდვილმა კათოლიკეებმა, შეასრულონ ეკლესიაში მსახურება. მე მხოლოდ საკუთარ თავზე და მამა ბერნარდო მარიაზე ვთქვი, თუმცა აქ თბილისში ჩვენ 6 მღვდელი, უფრო კი 7 ვართ, თუ ჩავთვლით მამა ჯუზეპე ანტონიო რომანოს (ის გაემგზავრა იტალიაში, ხოლო ახლახან მოგვწერა თავრიზიდან, სადაც ის ჩავიდა, რათა სპარსეთის შაჰის კარს ეწვიოს). სხვები კი არ ეხმარებიან მისიონს, არამედ ტვირთად აწევს, რადგან არ სურთ მისიონის საკეთილდღეო საქმეებში მონაწილეობა. თუმც გამონაკლისია მამა ჯუზეპე კორსო8, ღირსეული მისიონერი და ძმა ჯუსტინო და ლივორნო, რომელიც პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას; ეს ორი გორის მისიონში მსახურობს. რაც შეეხება დანარჩენთ, მისიონისათვის და მათთვისაც დიდი შვება იქნება, თუკი უკან გაიწვევენ ორდენში, რომლისადმი სამსახურის გაწევა კიდევ შეუძლიათ, რადგან აქ მისიონში უქმად9 არიან.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 178 r-179 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. ე.ი. 1673 წელს.
3. ფრა’ ანჯელო და ვიტერბო, ანუ ვიტერბოელი 1669 წელს ჩამოვიდა საქართველოში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235). შემოკლებული იტალიური - ფრა, მომდინარეობს ლათინური ფრატერ-დან - ძმა. ფრა ნაწილაკი ერთვის კათოლიკე ბერის სახელს და ნიშნავს - „ძმას“.
4. იგულისხმება თბილისის კათოლიკეთა მისიონი.
5. იგულისხმება „ფილიოკვე“.
6. კაპუჩინი მისიონერი ბერნარდო მარია და ნაპოლი, ანუ ბერნარდო მარია ნეაპოლელი საქართველოში ჩამოვიდა 1670 წლის ბოლოს (Clemente da Terzorio, Le Missioni dei Minori Cappuccini Turchia Asiatica, Roma, 1925, t. VII, p. 48).
7. იგულისხმება, რომ კამათობდნენ თეოლოგიურ საკითხებზე, როგორც ქართველ მართლმადიდებელ, ასევე სომეხ გრიგორიანელ სასულიერო პირებთან.
8. პატრი ჯუზეპე კორსო სამისიონერო საქმიანობას ეწეოდა გორში. მას უცდია ოსებში კათოლიკობის ქადაგება (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 238; Michel Tamarati, Op. cit., p. 569; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 625).
9. არაერთხელ ვაწყდებით წყაროებში, რომ იყვნენ ისეთი მისიონერები, რომელთაც ან სიზარმაცე ერეოდათ, ან საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდათ, ან მატერიალურ სიდუხჭირეს ვერ უმკლავდებოდნენ, ან დაუმთავრდათ სამისიონერო საქმიანობის ვადა საქართველოში, ან აქ მსახურება მათი მომავალი კარიერისათვის არასახარბიელოდ მიაჩნდათ. ასეთი მამები მისიონს მძიმე ტვირთად აწვებოდა და მეტწილად პრეფექტები მათ უკან გაწვევას სთხოვდნენ პროპაგანდას.
შვიდი მისიონერ-მღვდელი, თუკი ისინი კარგი მისიონერები არიან, საკმარისია იმისათვის, რომ მისიონში გყავდეს არა ორი, როგორც ეს ჩვენთანაა... (არ იკითხება), მით უმეტეს მათ დაუმთავრდათ 7 წლიანი ვადა და ამბობენ, რომ არ სურთ [აქ] დარჩენა. ანჯელო და ვიტერბო1 თქვენს მოწყალებას გადასცემს რამდენიმე ჩვენს წინადადებას, უფრო სწორედ შეხედულებას, რომელიც ემყარება მისიონში ხანგრძლივად ყოფნასა და მცირეოდენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას; თუ თქვენი მოწყალება მას2 ყურადღების ღირსად გახდის, მაშინ შეუძლია მათგან გამოარჩიოს ისინი, რომელთაც შესაფერისად ჩათვლის წმინდა კათოლიკური სარწმუნოების შემდგომი გაზრდისა და აყვავებისათვის; თქვენს მოწყალებას მხოლოდ ვთხოვ, რომ მალე გამოაგზავნოს უკან ხსენებული მამა ანჯელო ჩვენს მისიონში, რომელიც მის დაბრუნებასა და დახმარებაზე მეტად ამყარებს იმედებს.
თქვენი მოწყალება საკუთარ წერილში მიუთითებს, რომ უკვე მიღებულია სათანადო გადაწყვეტილება3 (არ იკითხება) და ჯერ კიდევ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გამოგვიგზავნეს ფული და საგნები. აქამდე არაფერი მოსულა, გარდა წმინდა კონგრეგაციისაგან წერილისა, რომელიც რამდენიმე განკარგულებას შეიცავს; მასში საუბარია იმაზეც, რომ გამოგზავნილია ჩვენი გასამრჯელო, ტანსაცმელი და რამდენიმე წიგნი; გარდა ამისა, ჩვენმა მამამ, მთავარმა პროკურატორმა, გვაუწყა და გამოგვიგზავნა დეკრეტის ასლი იმის შესახებ, რაც გასული წლის მაისში4 წმინდა კონგრეგაციამ დაადგინა: ჩვენი მისიონი გაიცვალოს კვიპროსის მისიონზე და გასცა განკარგულება, რომ ფრანგი მამა-მისიონერების ჩამოსვლისას მათ უნდა გადავცეთ ჩვენი მისიონი. წმინდა კონგრეგაცია უფლებამოსილია გააკეთიოს ყველაფერი, რასაც იგი ჩათვლის მიზანშეწონილად, ხოლო ჩვენ ვალდებული ვართ მას დავემორჩილოთ. თუმცა ჩვენს მისიონერობაზე ყველაზე უფრო ამ მისიონზე ვწუხვარ და განვიცდი, რადგან მასში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი დაახლოებით 24 წელი. მიუხედავად ამისა, მე პირველი დავემორჩილები ასეთ გადაწყვეტილებას. თუმცა უმორჩილესი თავმდაბლობით უნდა გითხრათ, რომ ასეთი გაცვლა ძალიან არახელსაყრელია იტალიელებისათვის და ამ მისიონის შემდგომ წარმატებებს ხელს შეუშლის, ასევე წმინდა კონგრეგაციის ახალ ხარჯებს გამოიწვევს.
1. პატრი ანჯელო და ვიტერბო, რომელიც კაპუჩინთა თბილისის მისიონში დასწყისიდანვე მოღვაწეობდა (1663 წ.), ირკვევა მიჰქონდა ეს რელაციონი პროპაგანდაში.
2. იგულისხმება სერაფინო და მელიკოკას შეხედულება თუ წინადადება მისიონში მისიონერის 7 წლიან ვადაზე მეტხანს მსახურების შესახებ.
3. საქართველოს მისიონის საფრანგეთის მისიონერებისათვის გადაცემის შესახებ.
4. ამ ინფორმაციის მიხედვით გამოდის, რომ 1673 წლის მაისში.
ვალდებულად მივიჩნევ თავს თქვენს მოწყალებას ამის შესახებ ღიად განვუცხადო, რადგან მე ეს უკვე გავაკეთე თვით წმინდა კონგრეგაციაში: პირველი, [ეს] არახელსაყრელი და საზიანოა იტალიელი ერისათვის, რადგან საქართველოს მისიონი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, ნაყოფიერი და თავისუფალია მთელს აღმოსავლეთში. იგი არის ქრისტიან, თუმცა სქიზმატიკოს1 ხალხს შორის, რის წყალობითაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ყველა კათოლიკური მსახურება წარვმართოთ, ზარები ვრეკოთ, მსვლელობა მოვაწყოთ და სხვა (რასაც ჩვენ ღვთის წყალობით ვაკეთებთ), რომლის გაკეთება აღმოსავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ შეუძლიათ; ყველაფერს ვიკლებდით, ყველა საჭიროებაზე უარს ვამბობდით, რათა სახლი და ეკლესია2 აგვეშენებინა, ოღონდაც უბრალო ფორმით მოგვეწყო ჩვენი სულიერი ყოფა. და პირიქით, აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, კვიპროსში მისიონი ერთ-ერთი ყველაზე უნაყოფო და უსარგებლოა, აბუჩად აგდებული და არახელსაყრელია. ამის გამო ფრანგ მამა-მისიონერებს არა აქვთ, უფრო სწორად რომ ვთქვა, არ შეუძლიათ იპოვონ ადამიანები, რომლებიც იქ ისურვებდნენ სამსახურს, რადგან იგი ნამდვილად მიყრუებული ადგილია მისიონერებისათვის; ამ კუნძულზე მათ სამი სახლი აქვთ, მაგრამ ბინადრობენ მხოლოდ ერთში, სადაც საფრანგეთის კონსული ცხოვრობს (რომელსაც ისინი კაპელანებად ემსასახურებიან და სხვა მსახურება არ იციან). სულ სამი ბერია, ხოლო ორი სახლი დაკეტილი აქვთ.
ეს გაცვლა3 მნიშვნელოვნად დააბრკოლებს ჩვენს მისიონში4 კათოლოკობის შემდგომ გავრცელებას, რადგან ის მისიონერები, რომლებიც კვიპროსში გაემგზავრებიან, ასევე ისინი, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ (სადაც ძნელად შესასწავლ ენაზე ლაპარასკობენ), მათთვის სავსებით უცხო იქნება ამ ახალი ქვეყნის წეს-ჩვეულებები. მათ 14 წელი მაინც დასჭირდებათ, რომ კეთილსასურველი დამოკიდებულება მოიპოვონ, რაც სარწმუნოების გავრცელების საქმეში წარმატებისათვის აუცილებელია, რომელიც (ღვთის წყალობით) ჩვენ უკვე გვაქვს. გარდა ამისა, მისიონის მსგავსი გაცვლა გაოცებასა და უკეთურ ბიძგს გამოიწვევს ქვეყანაში5, სადაც ისინი6 იმყოფებიან და მე არ ვიცი აქ როგორ მიიღებენ ახალ მისიონერებს.
1. ამის მიხედვით ჩანს, რომ სერაფიონო და მელიკოკა, ანუ მელიკოკელი საქართველოში ჩამოსულა 1650 წელს.
2. იგულისხმება ბერძნული სქიზმის (1054 წ.) მიმდევარი ხალხი.
3. იგულისხმება თბილისის თავშესაფარი და თბილისის კათოლიკეთა ეკლესია, რომლის აგება 1670 წელს დაასრულეს.
4. იგულისხმება თბილისისა და გორის მისიონი.
5. როგორც ჩანს, დაიწყო ფარულად ბრძოლა ირანში ფრანგ მისიონერებსა და საქართველოში მოღვაწე კაპუჩინებს შორის. წყაროებიდან ირკვევა, რომ სერაფინო და მელიკოკამ ყველაფერი იღონა, რათა ფრანგი მისიონერები არ დაეშვა საქართველოში.
6. იგულისხმება საქართველოში.
არ ვიცნობ რომელიმე სხვა ერს, გარდა იტალიელებისა, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ უზომო ტვირთი, უზარმაზარი მზრუნველობა, როგორიც ჩვენ ვიტვირთეთ, რათა მოგვეხვეჭა ქვეყნის1 მადლიერება და კეთილგანწყობა, რათა მუშაობაში წინააღმდეგობა არ გაეწიათ; ყველას, ვინც აქ2 მოდიოდა, მღვდლები იყვნენ თუ საერო პირები, გაოცებას იწვევდა ჩვენი ცხოვრების წესი. ისინი ჩვენთან აღიარებდნენ, რომ არც ერთ მისიონში არ უნახავთ იმდენი შრომა, როგორც ჩვენთან; მხოლოდ ასეა შესაძლებელი, თუკი რწმენის გავრცელების საქმეში წარმატებების მიღწევა გინდა.
მოწყალეო ხელმწიფევ, ვის შეუძლია კვიპროსში სამი მარხვა დაიცვას, ე.ი. პარასკევსა და შაბათს, როგორც ამას ეკლესია ითხოვს, ასევე ოთხშაბათს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ გააღიზიანო; ასევე ყველა სხვა მარხვის დაცვა (თუკი ყველა არა, დიდი ნაწილი მაინც), რომელიც ამ ქვეყანაში3 არსებობს. მისდიო იმას, რომ მარხვის პერიოდში არ ჭამო კარაქი, კვერცხი, ყველი, თევზი, ხოლო საქონლის კარაქის ნაცვლად გამოიყენო სელის ზეთი, რომლისგანაც ნებისმიერი საჭმელი მწარდება, მაგრამ სხვა საკაზმის გამოყენება არ შეიძლება; და თუ ამ მარხვას დაარღვევ, უფრო უარეს მტრად ჩაგთვლიან, ვიდრე მუსლიმი და ებრაელია. ვინ ისურვებს საკუთარ თავზე აიღოს ზრუნვა გუნდსა და ეკლესიაზე, იმსახუროს მასში დღითა და ღამით, ჩაატაროს საზეიმო წირვა და სხვა მსახურება გარდა იტალიელისა? და თუ ამას არ გააკეთებ, არც ერთი სული არ შემოიხედავს ეკლესიაში, მისიონერებს არავინ მიაქცევს ყურადღებას.
ფრანგებს სურთ, რომ ჩვენი ეს მისიონები მიიღონ, რათა მათმა სოვდაგრებმა აქ ადვილად ივაჭრონ. ასევე სურთ სავაჭრო გზა გაკვალონ შავი ზღვით სამეგრელომდე, აქედან აღმოსავლეთ საქართველოს გავლით სპარსეთამდე. თუმცა უფალმა ვაჭრებს აქეთ გზა დაუკეტა, რომ აქ მეტად არ შემოიხედონ; მათგან ერთი შფოთი და წამება ადგათ საწყალ მისიონერებს, როცა ისინი ჩვენთან მოდიან და ჩერდებიან ბინაში; თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი, როგორც წესი ჰუგენოტები ანდა ლუთერანები არიან, ძნელი წარემოსადგენია თუ რა ზიანი მოაქვთ თავიანთი ქცევით; როგორ ჭამენ, სვამენ და ლაპარაკობენ. ჩვენ არაერთხელ გამოვცადეთ საკუთარ თავზე მათთან ურთიერთობის საზიანო შედეგები, როცა ისინი ჩვენთან მოდიოდნენ სარეკომენდაციო წერილებით და ბინად ჩერდებოდნენ; ვიფარავდით და მათ საქონელს მრავალი საფრთხისაგან ვიცავდით, ხოლო შემდეგ ისინი ცუდ რამეებს ამბობდნენ ჩვენზე და ფარულად რომის პაპის ძალაუფლებისა და ავტორიტეტის წინააღმდეგ ქადაგებდნენ, თვით რომის ძაგებაში იყვნენ და ა.შ. რომლისგანაც დღის სინათლეზე ქრისტიანული სარწმუნოების4 გამოყვანას დიდი სისხლი და ოფლი სჭირდებოდა, რადგან ახლად მოქცეულ კათოლიკებსა და სხვა დანარჩენ მოსახლეობას არ ეფიქრა, რომ ჩვენც ისეთები ვართ, როგორც ისინი არიან.
1. იგულისხმება საქართველო.
2. საქართველოს მისიონში.
3. იგულისხმება საქართველო.
4. იგულისხმება კათოლიკობის.
მისიონების გაცვლა წმინდა კონგრეგაციას ახალ ხარჯებსა და საზრუნავს გაუჩენს, რადგან თუკი ჩვენ არ გვყოფნის გამოგზავნილი გასამრჯელო ქრისტიანულ ქვეყანაში, მაშინ ის უფრო არ ეყოფა კვიპროსში, რომელიც თურქ-ოტომანებს ეკუთვნით, რომლებიც არიან ხარბები და გაუმაძღრები, ევროპელების წყეული მტრები, რომელთა წინააღმდეგ მუდმივად აწყობენ ხრიკებს და ცდილობენ მოატყუონ, რათა გამოსძალონ ფული და გააჩანაგონ; ამიტომ, გარდა ყოველწლიური დახმარებისა, საჭირო გახდება გაუთვალისწინებელი საფრთხეებისათვის ფული, რათა უსამართლო დევნა აიცილო თავიდან, რომელიც ხშირად ხდება იმ ქვეყანაში1 საწყალი მისიონერების წინააღმდეგ. გარდა ამისა, რამდენადაც კვიპროსში მისიონერები საფრანგეთის კონსულთან მსახურობენ კაპელანებად2, ძნელი იქნება ურთიერთობები დაამყარო ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა ხალხებს მიეკუთვნებიან. ასე რომ, დღეისათვის უფრო მეტი საბუთია იმის სასარგებლოდ, რომ თითოეული ერი დარჩეს იმ მისიონში, სადაც მას თავდაპირველად მოწყალე უფალმა მოუხმო და წმინდა კონგრეგაციამ გააგზავნა; თუმცა მე ყოველთვის დავემორჩილები წმინდა კონგრეგაციის განკარგულებას, ასევე იმას, რასაც თქვენი მოწყალება დაადგენს. ამას დავამატებ იმ მოსაზრებასაც, რომ საქართველო ასე ახლოს არ მდებარეობს სპარსეთთან... ამბობენ, რომ იგი ისპაჰანიდან სამი თვის სავალ გზაზეა და მას კავშირი არა აქვს მათ მისიონთან.
თუკი ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ფულის გამოგზავნის შესაძლებლობა არაა, მე შემიძლია თქვენს მოწყალებას ვუთხრა, რომ იგი შეიძლება გააგზავნონ ალეპოში ჯოვანი მარიას სახელზე, რომელსაც აღმოსავლეთში მრავალი მისიონისაგან მინდობილობა გააჩნია; მას შეუძლია გადმოაგზავნოს ფული ... ანდა თავრიზში; აქედან ფული მოვა ჩვენამდე, რადგან ყოველ კვირას ქალაქ თავრიზიდან ჩამოდიან ვაჭრები საქონლით; ანდა შეიძლება ვინმე ვაჭარ-გემფლობელთან ლივორნოში, ვენეციაში ანდა სხვა ქალაქში, რომელსაც კავშირი აქვს აქაურ სახელმწიფოებთან. გარდა ამისა, ძმა ანჯელომ, რომელიც ზემოთ ვახსენე, გამონახა ხერხი ჩვენთან ფულის გამოგზავნისა და ეს ხერხი ძალიან მარტივია. დაე, უფროსებმა გადაწყვიტონ, რომელია უფრო კარგი. ველოდები თქვენი მოწყალებისაგან კეთილგანწყობას, სრულ სამართლიანობას და ამიტომ არ ვამბობ სხვა რამეს. უმდაბლესად გიხრით თავს, ვეამბორები თქვენს წმინდა ხელებს და უფალს ვთხოვ ყველა სიკეთეს თქვენთვის.
საქართველო, ტიფლისი, 1674 წლის 18 ოქტომბერი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური, ფრა’ სერაფინო და მელიკოკა, უფროსი მქადაგებელი და საქართველოს პრეფექტი.
1. იგულისხმება კვიპროსში.
2. კაპელანი - მღვდელმსახური, რომელსაც მყარად აქვს მინდობილი სამწყსო მზრუნველობა, ან თუნდაც ნაწილობრივ მაინც, მორწმუნეთა ცალკეულ ჯგუფსა თუ საკრებულოზე.

5. საქართველოში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას მიერ თბილისიდან 1674 წლის 29 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ კარდინალ პრეფექტისადმი მიწერილი წერილი1
დიდად პატივცემულო და წმინდა ბატონო თქვენი ყოვლადუწმინდესობისაგან მივიღე 1673 წლის 21 აგვისტოს დაწერილი წერილი, რომელშიც მოცემულია განკარგულება, რომ რომის წმინდა სასულიერო სასაწავლებელში გაიგზავნოს ის ახალგაზრდა, რომელმაც არ ისურვა სპარსეთის მეფის2 სამსახურში წასვლა და ცხვირი მოიჭრა. თქვენს ყოვლადუწმინდესობას უნდა ვაუწყო, რომ მე მაშინათვე ვიზრუნე იმაზე, რომ ეს ყმაწვილი მისი კეთილშობილური საქციელის გამო, ჩვენს სახლში დამებინავებინა, რაზეც წინასწარ შეგატყობინეთ. თუმცა მასზე მთავარს (პრენციპე)3 თანაზომიერი გამოსასყიდი შევთავაზე, მაგრამ ის არ დათანხმდა; უფრო მეტი, მან არ ისურვა ის გადაეცა საკუთარი შვილისთვისაც კი, როცა ამ უკანასკნელმა ის თავისთვის მოითხოვა. ხოლო შემდეგ, როცა მივიღე განკარგულება თქვენი ყოვლადუწმინდესობისაგან, მე ერთი ჩემი სანდო პირის მეშვეობით მოველაპარაკე ყმაწვილს და მივუთითე იმაზე, თუ რაოდენ დიდ სიკეთეს მოუტანდა რომში გამგზავრება; მან ამაზე მიპასუხა, რომ მან მოიჭრა ცხვირი, რათა არ წასულიყო სპარსეთში და არ დაეტოვებინა მშობლები და საქართველო. რამდენადაც უფალმა მას არგუნა ასეთი მადლი (საქმე იმაშია, რომ აქაურმა მთავარმა ის მშობლებთან ერთად ჩამოიყვანა იმერეთიდან და დაასახლა ისინი თავისთან ახლოს), მას არავითარი რომი არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, გავაგრძელებ მცდელობას, დავარწმუნო ის, რათა თქვენი ყოვლადუწმინდესობის სურვილი დავაკმაყოფილო და შედეგების შესახებ გაცნობებთ. რაც შეეხება იმას, რომ რომში გავგზავნო დავითისა და ალოიჯის რომელიმე შვილი ანდა შვილიშვლი, რომელთაც ბევრი სიკეთე მოუტანეს ჩვენს მისიონს და ამით დაიმსახურეს ის, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ჩაირიცხონ რწმენის პროპაგანდის რომის წმინდა სასაულიერო სასწავლებელში, ვპასუხობ, რომ [თბილისში] ასეთი კეთილისმყოფელები4 არ ცხოვრობენ. როგორც საერთოდ, აქ ასეთი გვარის ბატონი5 არ არის; ჩემს კითხვაზე მამა ჯუზეპე ანტონიო რომანომ, რომელმაც თქვენს ყოვლადუწმინდესობას ასეთი ბატონი შესთავაზა, მიპასუხა, რომ ისინი (დავითი და ალოიჯი-ავტ.) ცხოვრობენ სპარსეთში, ქალაქ ისპაჰანში. თქვენი განზრახვის პასუხად გონივრულად მივიჩნიე, რომ არ გავაგრძელოთ ეს საქმე. მიმაჩნია, რომ ეს არ დააკნინებს არც ერთის დამსახურებას და არც სხვათა სიკეთეს.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707, vol. I, ff.180r- 183 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. ირანის შაჰის.
3. ქართლის მეფეს ვახტანგ V შაჰნავაზ ხანს, რომელიც მეფობდა 1658-1675 წწ.
4. იგულისხმება დავითი და ალოიჯი.
5. ამ ინფორმაციის თანახმად, კათოლიკეების მიმართ დავითისა და ალიოჯის მიერ გაწეული კეთილი საქმეების შესახებ წმინდა კონგრეგაციას აცნობა თბილისში მოღვაწე კაპუჩინმა მისიონერმა ჯუზეპე ანტონიო რომანომ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 1669 წლიდან ეწეოდა სამისიონერო საქმიანობას. (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235).
რაც შეეხება ჩვენს ყოველწლიურ ჯამაგირს, უკვე გავიდა 4 წელი, რომ არ მიგვიღია გასამრჯელო. ეს არის ჩვენს მისიონში მრავალი მღელვარებისა და წუხილის მიზეზი; იმაზე, თუ როგორ ვიტანთ აქ დიდ ხელმოკლეობას, განსასჯელად თქვენი ყოვლადუწმინდესობის გულმოწყალებისთვის მიმინდვია; ამიტომ ყველანი მუხლმოყრით გევედრებით, არ მოგვაკლოთ თქვენი ოდინდელი კეთილგანწყობა, რათა საწყალმა მღვდელმა-მისიონერმა თავისი ვალდებულება დაუბრკოლებლად შეასრულოს. (გაურკვ.) მამა ფრანჩესკო მარია და მონტეკატინოს1 რელიგიის წიაღში დაბრუნებისათვის, რამდენადაც თქვენმა ყოვლადუწმინდესობამ (არ იკითხება) ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ხოლო ამ მღვდლის მისიონში შემდგომი გაჩერება ძლიერ უშლის [მისიონს] ხელს მუშაობაში, როგორც ამის შესახებ უკვე ვაუწყე სხვა წერილში.
არაერთხელ შევეცადე და ძალა არ დამიკლია დამეარსებინა მისიონი ქუთაისისა და გაჯეტის2 ქვეყანაში, რადგან წმინდა კონგრეგაციას მრავალი ხარჯების გამო არ შეუძლია, გამოყოს სახსრები ხსენებული ქვეყნების მმართველების3 საჩუქრებისათვის. ჩვენ კი იქ მიგვიწვიეს, თანაც თვით მმართველებმა, რომელთა წერილებს ჩემთან ვინახავ. და ახლა იმერეთში ანუ ქუთაისში ჩვენი დავალებით იმყოფება ერთი ჩვენი კათოლიკე, რომელსაც ამ დავალების შესრულება დავავალე; როგორც კი ჩვენი ჯამაგირი და ასევე მისიონერები ჩამოვლენ (არ იკითხება)... შევეცდები თუ ორივე არა, თუნდაც ქუთაისში დავაფუძნო მისიონი, რომელიც ბევრი იმედის მომცემია. ასევე დავამატებ თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ მისიონში ამდენი უსარგებლო მისიონერი მხოლოდ ტვირთია, საკმარისი იქნება არა მხოლოდ (არ იკითხება) 7 შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი მისიონერი იმისათვის, რომ შევინახოთ უკვე მოქმედი ორი მისიონი, არამედ იმ საერთო თანხით დავაფუძნოთ კიდევ ერთი. მათ შესანახად ყოველწლიური ჯამაგირის სახით საკმარისია 220 სკუდო, რომელიც თქვენმა ყოვლადუწმინდესობამ ჩვენ დაგვინიშნა ოთხი წლის უკან.
1. კაპუჩინი მისიონერი ფრანჩესკო მარია და მონტეკატინო, ანუ მონტეკატინოელი საქართველოში ჩამოვიდა 1669 წელს (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 235).
2. გაჯეტი - ვერ ხერხდება იდენტიფიკაცია. შესაძლებელია ჯიქეთი?
3. იგულისხმებიან დასავლეთ საქართველოს მეფე და მთავრები.
ვასრულებ რა თქვენი ყოვლადუწმინდესობის განკარგულებას, გპასუხობთ, რომ აქამდე არ ჩანს თქვენი თხოვნის შედეგები აქაური ქრისტიანი მთავრებისაგან (სახელმწიფოში, რომელშიც ცხოვრობენ სომხები), რომელთა ტერიტორიაზე მოქმედებს ჩვენი საქართველოს მისიონი.
რაც შეეხება მდგომარეობას, წარმატებებს და ჩვენი მისიონის საჭიროებებს, თქვენს ყოვლადუწმინდესობას სხვა წერილებში ვაცნობე. გარდა მცირედი ანგარიშისა, რომელიც ჯერ წერილით, ხოლო შემდეგ მამა ანჯელო და ვიტერბოს (რომელიც მისიის საჭიროებისათვის გასულ წელს გაემართა რომში) ხელით გამოგიგზავნეთ. მასში სიმოკლის გამო ბევრი რამ გამომრჩა და ახლა ისევ მინდა გაცნობოთ, რომ ამ წელს წმინდა კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოექცა 20 ადამიანი, ქალები და კაცები. ისინი თბილისის სომეხთა ცნობილი გვარეულობიდან არიან; ადგილობრივი მღვდლების1, ასევე ნათესავების მხრიდან დევნის თავიდან აცილების გამო, ისინი ჩვენს ეკლესიაში მოდიოდნენ ღამით რამდენიმე თავიანთი ახლადმოქცეული ნათესავი-კათოლიკეს თანხლებით. ისინი წარმოთქვამდნენ წმინდა რწმენის სიმბოლოს2, როგორც ეს მიღებულია წმინდა ეკლესიაში3 (არ იკითხება), ამბობდნენ აღსარებას და იღებდნენ ზიარებას, ხოლო შემდეგ გვიან, ისევ ამბობდნენ აღსარებას და იღებდნენ ზიარებას ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე. ისინი ღამით ისევ მოდიოდნენ ჩვენს ეკლესიაში ისე, რომ ერთმა არ უწყოდა მეორე (არ იკითხება) და როცა ერთად მოიყარეს თავი მეტად გაუხარდათ და კიდევ უფრო განმტკიცდნენ (არ იკითხება)...ასე რომ, არ ეშინდათ წინააღმდეგობა გაეწიათ საკუთარი დედებისათვის, რომლებიც მათ კიცხავდნენ და ლანძღავდნენ კათოლიკური სარწმუნოების მიღების გამო; არ ეშინოდათ და შეარცხვინეს ერთ-ერთი მათი მღვდელი, რომელიც დაუბრუნდა საძაგელ მწვალებლურ წესს4 და თანაც ეს მოხდა ხალხის წინაშე თვით მათი ეკლესიის წინ. ამ ქალების რწმენა იმდენად მხურვალეა, რომ ისინი უკვე თვით უქადაგებენ სხვა ქალებს და არც ისე წარუმატებელად. დიდი გულმოდგინებით ვცდილობთ ეს ჩვენი ბაღი დავამუშაოთ და დღე და ღამე ვმსახურობთ ეკლესიაში (რაც ნამდვილად საჭიროა ამ მისიონში კეთილი მაგალითის მისაცემად). შეძლებისამებრ საზეიმოდ აღვნიშნავთ დღესასწაულებს, ვქადაგებთ ხალხის ნებისმიერ თავყრილობაზე, ვასწავლით საღვთო მოძღვრებას, ვკითხულობთ ლოცვებს, ეკლესიაში ყოველ კვირას ვმეცადინეობთ კატეხიზმოში და სკოლაში ვატარებთ ყოველდღიურ მეცადინეობას, ვმონაწილეობთ კამათში, ვამბობთ აღსარებას, ვიღებთ ზიარებას, ადგილოიბრივი კათოლიკეებისათვის წმინდა საიდუმლოებათა წესებს ვაგზავნით; და ყოველივე ამას ჩვენ ვაკეთებთ იმ მიზნით, რომ უფრო განვამტკიცოთ უფლის წყალობა; გასულ კვირას კიდევ სამი მოექცა წმინდა კათოლიკურ სარწმუნოებაზე, ერთი ქართველი და სამი სომეხი.
1. იგულისხმებიან სომხური ეკლესიის მღვდლები.
2. იგულისხმება „ფილიოკვე“, რომელიც მიღებულია კათოლიკურ ეკლესიაში. ლათინური გამოთქმა „ფილიოქუე“, რომელიც ითარგმნება „და ძისაგან“ სულიწმიდას გამოსვლასგან მიმართებაში („სულიწმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან, ანუ „ფილიოკვე“) დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიათა შორის ერთ-ერთი უმწვავესი თეოლოგიური კამათის საგანი გახდა. მოძღვრების თვალსაზრისით, გამოთქმა „ფილიოკვე“ აღმოსავლური სქიზმის (1054) ერთ-ერთ მიზეზად იქვა. იგი დღემდე მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიების ეკუმენურ გზაზე დაუძლეველი თეოლოგიური დოქტრინაა.
3. ე.ი. კათოლიკურ ეკლესიაში.
4. იგულისხმება გრიგორიანულს.
მივიღეთ გასული წლის მაისში1 დაბეჭდილი კონგრეგაციის დეკრეტის ასლი, რომელიც ეხება საქართველოს მისიონის კვიპროსის მისიონზე გაცვლას; ერთდროულად წმინდა მამა პროკურატორმა2 გვაცნობა, რომ ფრანგი მამა-მისიონერების მოსვლისას, უნდა გადავცეთ მათ [თბილისის] მისიონი და ყველა დავბრუნდეთ იტალიაში. თქვენი ყოვლადუწმინდესობა თავისუფალია ბრძანოს, ხოლო ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გვიბრძანებენ; სხვებს შორის, მე კი უფრო მეტად მტკივა და განვიცდი ამ მისიონს, რადგან დასაწყისიდანვე აქ ვზიდე მძიმე ტვირთი და თითქმის 24 წლის მანძილზე მასში დიდი შრომა ჩავაქსოვე. მიუხედავად ამისა, ფრანგი მამების მოსვლისთანავე პირველი წავალ. და მაინც, თუ ნებას დამრთავთ, გავბედავ ვთქვა, რომ ფრანგმა მამებმა (მათ საწყენად არ ვამბობ) ისე მიაღწიეს ხსენებული დეკრეტის მიღებას, რომ არ უთქვამთ სრული სიმართლე და არ უჩვენებიათ ერთი ან მეორე მისიონის თავისებურებები.
თქვენს ყოვლადუწმინდესობას ვაცნობებთ, რომ ასეთი გაცვლა ძალიან არაკეთილსასურველია იტალიელი ხალხისათვის და მას დიდ ზიანს მიაყენებს. ეს ვნებს მისიონსაც და რწმენის გავრცელებაში შემდგომ წარმატებებს ხელს შეუშლის, გამოიწვევს წმინდა კონგრეგაციის ახალ ხარჯებს და ზიანს მიაყენებს იტალიელებს.
საქართველოს მისიონი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, ნაყოფიერი და თავისუფალია მთელს აღმოსავლეთში. აქ ჩვენ საეკლესიო მსახურებას ისე თავისუფლად ვეწევით, როგორც ეს დაწესებულია რომის წმინდა ეკლესიის მიერ: ვრეკავთ ზარებს, ვიწვევთ ხალხს, ვაწყობთ ჯვრის მსვლელობას; უარს ვეუბნებით საკუთარ თავს მეტად საჭირო საგანზეც კი. [თბილისში] ავაშენეთ სახლი და ეკლესია, რათა როგორმე მოგვეწყო ჩვენი ცხოვრება; თვით უკანასკნელ დრომდე დიდი ძალა შევალიეთ იმას, რომ დიდებულებსა და უბრალო ხალხს შორის კეთილგანწყობა, ავტორიტეტი და სახელი მოგვეხვეჭა. მისიონი კვიპროსში, პირიქით, არის წარუმატებელი, უნაყოფო და მეტად უგულებელყოფილი თვით ფრანგი მამების მიერ. საკუთრივ ამ მისიონის სახელწოდებაც და მასში მსახურებაც ერთნაირ ზიზღს იწვევს; სამი სახლიდან, რომელიც ფრანგმამებს იქ უკავიათ, მხოლოდ ერთში, სახელდობრ იმაში, რომელშიც ცხოვრობს საფრანგეთის კონსული, ბინადრობს ორი თუ სამი მღვდელი, რომლებიც კონსულის კაპელანებად მსახურობენ, ხოლო დანარჩენი ორი სახლი დაკეტილია.
1. ე.ი. 1673 წლის მაისში.
2. პროკურატორი - ამჯერად წარმომადგენელი.
კვიპროსი უკიდურესად დამყაყებული და ხრწნილი ჰაერით, მისიონერებისათვის ნამდვილი სასაფლაოა; თუკი არ გსურს მოკვდე ჯოხების დარტყმისაგან, ანდა ათასი სკუდო გადაიხადო, იქ შეუძლებელია საჯარო მსახურებისათვის ეკლესიის შენახვა და ასევე ქადაგება; ამიტომ, აი, უკვე 8 წელია, რომ ფრანგი მამები განუწყვეტლივ ცდილობენ ან დატოვონ იგი, ანდა გაცვალონ საქართველოს მისიონზე, რადგან ვერ პოულობენ მისიონერებს, რომლებიც იქ წასვლას ისურვებენ; და, აი, ახლა სიყალბეში გაწაფულებმა1 იმას მიაღწიეს, რომ ამ ჭირს უგზავნიან იტალიელ მღვდლებს. არა, ასეთი გაცვლა დიდი ზიანის მომტანია იტალიელი ხალხისათვის.
სარწმუნოების გავრცელების2 შემდგომ გზაზე იგი3 დიდ დაბრკოლებად იქცევა, რადგან იმ მისიონერებს, რომლებიც წავლენ კვიპროსში და ისინი, რომლებიც მოვლენ საქართველოში (სადაც შესასწავლად ძალიან რთულ ენაზე ლაპარაკობენ) სრულიად არ ეცოდინებათ ადგილობრივი ხალხის ადათები, ხასიათი და ენა. ამისათვის მათ დასჭირდებათ 14 წელი, რათა აითვისონ ქვეყანა, მოიპოვონ მაცხოვრებელთა კეთილგანწყობა, მიიღონ მათ სახლებში შეღწევის საშუალება და მიაღწიონ იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენ ახლა უკვე გაგვაჩნია; თუკი მისიონი მუშაობას ცარიელ ადგილზე დაიწყებს, მაშინ სარწმუნოებას4 ახლად მოქცეულები დაეკარგებიან; არც ის ვიცი, თუ როგორ მიიღებენ ახალ მისიონერებს ადგილობრივი მმართველები, რადგან ამ გაცვლამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს მათ რეპუტაციაზე; ახლა უკვე დაიწყეს საუბარი, მაგრამ იგი შევაწყვეტინე და განვაცხადე: ჩვენი მისიონი აქედან არ წავა. იტალიელების გარდა, კიდევ რომელ ერს შეუძლია თავის თავზე აიღოს ამდენი ტვირთი და საზრუნავი, რომელიც აქ გვაქვს ადგილობრივი ხალხისა და მათი მმართველების მიმართ, რათა მოგვეხვეჭა მათი კეთილგანწყობა და მადლობა, გვეიძულებინა ისინი პირში ეცქირათ ჩვენი სამოციქული რწმენის მქადაგებლებისათვის, სხვაგვარად სწრაფად გაგვაძევებდნენ [ქვეყნიდან]; ანდა რომელი ერის წარმომადგენელი დათანხმდება სამი მარხვის დაცვას კვირაში ისე, რომ მაგიდაზე არ ელაგოს არც საქონლის ხორცი, არც თევზი, არც კვერცხი, არც სხვა მსგავსი პროდუქტი, ხოლო სანელებლის სახით ისარგებლოს სელის ზეთით, რომლისაგან ნებისმიერი საჭმელი მწარდება; და თუკი ამას ყველაფერს არ დაიცავ, მუსლიმზე უფრო დიდ მტრად ჩაგთვლიან. იტალიელის გარდა, სხვა არავინ არ აიღებს თავის თავზე დღე და ღამე იმსახუროს ეკლესიაში, მოაწყოს დიდებული ზეიმები, რაც მეტად საჭიროა ამ ქვეყნებში, სადაც აქამდე ნებისმიერ ამინდში (გაურკვ.), მიუხედავად წვიმისა და თოვლისა, დგანან და ლოცულობენ.
1. იგულისხმება ფრანგი მისიონერები.
2. უნდა გავიგოთ კათოლიკობის გავრცელება.
3. მისიების გაცვლა.
4. კათოლიკობას.
ნეტავ, უფალმა გზა დაუგმანოს აქეთ ფრანგ ვაჭრებს, რომ ისინი აქ არასოდეს გამოჩნდნენ; უმეტესად ისინი ჰუგენოტები1 ანდა კალვინისტები2 არიან. ძნელია აღნუსხო ყველა ის ზიანი, რომელიც მათ მოაქვთ მისიონერებისათვის თავიანთი უხეშობით და იმ ჩვევით, რომ აკრძალულ დღეებში ხორცს სჭამენ. ეს თვით არაერთხელ გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როცა მათ ვაძლევდით თავშესაფარს ჩვენს სახლებში, ვიფარებდით და ვიცავდით მათ საქონელს დიდი საფრთხისაგან. შემდეგ ერთი [ფრანგი] ფარულად ჩვენს ახლადმოქცეულ კათოლიკეს აქეზებდა რომის პაპისა და მისი უზენაესი ხელისუფლების წინააღმდეგ. ასეთი შფოთია მათ გონებაში და ისინი ამით დიდ ზიანს მოუტანენ ჩვენს მისიონს. ასევე ფრანგ ვაჭრებს სურთ, რომ ეს მისიონი საკუთარ ერს მოუპოვონ, რათა გაკვალონ სავაჭრო გზა კონსტანტინოპოლიდან სამეგრელომდე, აქედან საქართველომდე3 და შემდეგ - სპარსეთამდე4. მაშინ უკვე ამას მისიონი არ ერქმევა.
ეს გაცვლა ახალ ხარჯებსა და საზრუნავს გამოიწვევს. თუკი ჩვენთვის უკმარია შემწეობა, რომელსაც კონგრეგაცია გვიგზავნის ქრისტიანულ ქვეყანაში, სადაც არ გვდევნიან, ეს საშუალებები უფრო უკმარი იქნება კვიპროსში, რომელიც ოტომანთა თურქებს ეკუთვნის. ისინი (თურქები-ავტ.) არიან ხარბნი, ევროპელთა მტრები და ამიტომ, გარდა ყოველწლიური ჯამაგირისა, საჭირო იქნება კიდევ ფული, რათა შევიწროებასა და დევნას წინ აღვუდგეთ, რომელიც გარდაუვლად დაემუქრებათ მისიონერებს. გარდა ამისა, კვიპროსში, სადაც მისიონერები უნდა ემსახურონ კაპელანებად საფრანგეთის კონსულს, ეროვნული განსხვავების ნიადაგზე, შეიძლება კინკლაობა და უთანხმოება გაჩაღდეს. ჩვენი მისიონი სპარსეთიდან შორსაა. იგი ისპაჰანიდან ორნახევარი თვის სავალზეა, იმ დროს, როცა კვიპროსის მისიონი ალეპოსთან არცთუ შორსაა და ძალზე ახლოს მდებარეობს საფრანგეთის მისიონთან. თუმც სრულიად მზად ვარ დავემორჩილო თქვენი ყოვლადუწმინდესობის ბრძანებებს. მდაბლად გიკრავთ თავს და ვეამბორები თქვენი წმინდა სამოსელის კალთებს, შევთხოვ უფალს თქვენთვის ყველა სიკეთეს. ტიფლისი, 1674 წლის 29 ოქტომბერი.
თქვენი ყოვლადუწმინდესობის უერთგულესი მსახური და ქვეშევრდომი ფრა’ სერაფინო და მელიკოკა, უფროსი მოქადაგე და საქართველოს პრეფექტი.
მოწყალეო ხელმწიფევ, დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ მუდმივი საჭიროების გამო იძულებული ვართ ეკლესიაში მზად გვქონდეს უწმიდესი საიდუმლო5 როგორც ავადმყოფებისათვის, ასევე ჩვენს სარწმუნოებაზე პირველად მოქცეულთათვის, რომელთაც მიიღეს წმიდა საიდუმლოს წესები, ხშირად მოდიან საღამოს ზიარების მისაღებად, შემდეგ კი დღისით; რამდენადაც მესას დროს არ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ხალხის დასწრების გამო, ყოველთვის გვიწევს უწმიდესი საიდუმლო მზად გვქონდეს. ამ მიზნით ჩვენ ძლივს მოვიმარჯვეთ ერთი იონი. ახლა შეიძლება წესი ჩავატაროთ საღამოსაც ანთებულ კანდელზე, მაგრამ ეს არც ისე ლამაზია, როგორც ჩვენ გვინდოდა; ამიტომ გთხოვთ მოწყალებას, ამ მიზნით გამოგვიგზავნოთ პატარა სანაწილე6 და თქვენი ...................
1. ჰუგენოტები - XVI-XVII საუკუნეების ფრანგი პროტესტანტების (კალვინისტების) სახელწოდება. ერთ-ერთი თვალსაზრისით წარმოსდგება ჟენეველი მოქალაქის ჰუგოს სახელისაგან. სხვა მოსაზრებით-ფრანგული რუგუენოტს, ან გერმანული აიდგენსედან-დან („მოკავშირე“). მოძრაობა წარმოიშვა XVI საუკუნის 40-იანი წლებიდან ჟან კალვინის იდეების გავრცელების შედეგად და 1560 წელს ფრანგ პროტესტანტებს ჰუგენოტები უწოდეს. ჰუგენოტების სისხლიანი დევნის განსაკუთრებული გამოვლენა იყო ე. წ. „ბართლომეს ღამე“, როდესაც კათოლიკობის მომხრეებმა 1572 წლის 24 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყეს ჰუგენოტების მასობრივი ჟლეტა, რის შედეგადაც უამრავი გამოჩენილი ჰუგენოტი მოკლეს. XVII საუკუნის ბოლოსათვის დაახლოებით 200000 ჰუგენოტი განდევნეს საფრანგეთიდან.
2. კალვინიზმი - პროტესტანტული რელიგიური მოძღვრება, რომელიც შექმნა ჟან კალვინმა, მიმართული იყო როგორც კათოლიციზმის, ასევე სახელმწიფო რეფორმაციის წინააღმდეგ. კალვინიზმის თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროს და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს ბიბლია, საღვთო წერილი; მას უნდა შეესაბამებოდეს რელიგია, მორალი, პოლიტიკა, საეკლესიო ორგანიზაცია. საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ექვემდებარებოდეს „ჭეშმარიტ“ ეკლესიას (კალვინისტური თეოკრატიის პრინციპი).
3. იგულისხმება აღმოსავლეთ სქართველომდე.
4. XVII საუკუნის I მეოთხედში შაჰ-აბას I-ის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ოსმალეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დასუსტებას. რადგან ევროპის სახელმწიფოების აღმოსავლეთთან სავაჭრო სახმელეთო გზები ძირითადად გადაიოდა ოსმალეთის ტერიტორიაზე და სატრანზიტო ვაჭრობა ოსმალეთს დიდ შემოსავალს აძლევდა, საჭირო იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის განხორციელება ოსმალეთის სამფლობელოების გვერდის ავლით. ეს გეგმა ასახავდა ევროპისა და ირანის ინტერესებს. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა მასში საქართველოს მონაწილეობა. ირანისა და რეჩ-პოსპოლიტას ხელისუფალთა აზრით, (ორივე სახელმწიფო მტრულად იყო განწყობილი ოსმალეთის მიმართ), მნიშვნელოვან როლს ანიჭებდნენ საქართველოს. სავარაუდოა, რომ ამ გეგმის არსებობის შესახებ ინფორმირებული იყო თეიმურაზ I. მისი დაკავშირება რეჩ პოსპოლიტასთან რომის ინტერესებშიც შედიოდა. ამიტომ იყო, რომ პიეტრო დელა ვალეს ჩაფიქრებული ჰქონდა ქართველი მეფე წაექეზებინა სავაჭრო ურთიერთობა დაემყარებინა რეჩ პოსპოლიტასთან, რაც ხელს შეუწყობდა უკანასკნელის ირანთან კავშირის განმტკიცებას. შემუშავებული გეგმის მიხედვით, საქართველო-რეჩ პოსპოლიტას კავშირის განმტკიცებაში გარკვეული წვლილი უნდა შეეტანათ კათოლიკე მისიონერებს. (ვრცლად იხ. ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, გვ. 124, 129, 130, 278, 402, 403).
5. ევქარისტიის არსებითი ნიშნები - პური და ღვინო.
6. კათოლიკურ ეკლესიაში წმ. ზიარების შესანახი ყუთი.

6. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1675 წლის 15 აგვისტოს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1

ფრიად პატივცემულო და დიდად თაყვანსაცემო ბატონო ჩემო ის დაფასება, რომელსაც თქვენი ფრიად პატივცემულება ჩემდამი თავის 1674 წლის 25 ნოემბრის წერილში იჩენს, მეტისმეტად დიდი პატივია ჩემნაირი არარაობისათვის, მით უმეტეს იმ დროს, როცა წმ. კონგრეგაციაში ჩემს შესახებ ყველა მხრიდან ცილისწამების ნიაღვარი მიედინება. როგორც ჩანს, [წმ. კონგრეგაცია] მხოლოდ სანახევროდ აქცევს ყურადღებას ჩემს სიმართლეს...ყოველივე ამის გათვალისწინებით, თქვენი წერილი - ეს ღირსეული საბაბია, ყველაზე მძიმე ჯვარი ვიტვირთო და ყოველთვის მზად ვიყო, რათა ჩემი ცხოვრება თქვენს სამსახურს მივუძღვნა; ასეთი მზადყოფნის დასამტკიცებლად თქვენს ფრიად პატივცემულებას შემიძლია ვუთხრა, რომ 8 წლის მანძილზე [წერილებში] არასოდეს მიხსენებია მშობლები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ერთადერთი, რაც გულს მტკენს ის არის, რომ [წმ. კონგრეგაციის] უფროსებისაგან ნდობა ვერ დავიმსახურე. ყოველთვის ვცდილობდი თავიდან ამეცილებინა ზიანი, რომელსაც მისიონერების უსარგებლო მოქმედებით მისიონები განიცდიდნენ. ამას აზიაში წინააღმდეგობას ვუწევდი დიდი იმედის მომცემი [თბილისის] მისიონის გამო ხან თხოვნით, ხან შეგონებით, მაგრამ მხოლოდ სასტიკი სიძულვილი დავიმსახურე. ამასთანავე მხოლოდ იმის ვცდილობდი, რომ [მისიონერის] ცხოვრება მიმესადაგებინა წესდებასთან, რათა წმ. კონგერეგაციისათვის ზიანი თავიდან ამეცილებინა.
ამრიგად, მივიღე რა განკარგულება უძრავი ქონების შესახებ, რომელიც როსტომის, საქართველოს ამ პროვინციის ვიცე-მეფის2 დროიდან პორტუგალიელ მამა ავგუსტინელებს და იტალიელ თეათინელ მამებს ეკუთვნოდათ, სახელდობრ სახლი, ვენახები და სახნავი მიწები, ეკლესიები რომ არ ჩავთვალოთ, აღმოვჩნდი მძიმე მდგომარეობაში მისი აღმატებულება საფრანგეთის ლეგატის3 მხრიდან მოულოდნელი წინააღმდეგობის გამო. მან4 საქმის წარმატებით დაგვირგვინებას ხელი შეუშალა, მაგრამ უფალმა ახალი მარჯვე შესაძლებლობა მომცა. ფრიად პატივცემულ მამა პისკოპოს, გენერალურ ვიზიტატორს5, სპარსეთის მეფესთან მიჰქონდა ჩვენი ხელმწიფე პაპისა6 და სხვა ქრისტიანი მმართველების წერილები, რომელიც გადასცა სომეხ მამადომინიკელებს აზარიასა და ანტონიოს, რათა ისინი დიდი პატივით მიეღოთ ელჩის რანგში. ჩემმა მრევლთაგანმა ბატონმა აზარია ავაკმა მოიცადა, სანამ ვიცე-მეფე7 არი... (არ იკითხება) არ დაატუსაღეს, რადგან, თუ ის8 თავისუფლებაში იქნებოდა, მისი რისხვის გამო, წერილების მიტანა [შაჰის კარზე] შეუძლებელი იქნებოდა. შაჰის კარზე წერილების წარდგენა ჩემს გარეშე შეუძლებელი იყო, რადგან 6 წლის მანძილზე, სპარსეთის ერეტიკოსთა9 მხრიდან ყველაზე მძვინვარე თავდასხმების დროს, მხარს ვუჭერდი მის სახლს. სპარსეთის ერეტიკოსთა ამ მძვინვარებისას, სომხეთის პატრიარქს წინ აღუდგა სამღვდელოების ორი ბელადი10, ერთი [ჯა]კომო, მეორე ონოფრიო და თუ ჩვენგან დახმარება უზრუნველყოფილი იქნებოდა, მას მალე [ეკლესიათა] გაერთიანება მოჰყვებოდა; დიდი სომხეთის პირველმა მინისტრმა მირზა ებრაიმმა ბატონ აზარია ავაკს უბრძანა, რომ წერილი მიეტანა სასახლეში11, რადგან ამ დროს იგი (წერილი-ავტ.) მასთან იყო. ამიტომ ყველა ერთად, ე.ი. ბატონი აზარია, ონოფრიო ვართაპეტი და მე, გავემგზავრეთ აბრანელოში, რათა მოვთათბირებოდით მამა პისკოპოს, უღირსეულეს ადამიანს, ნამდვილ მღვდელს და ყოველნაირი სათნოების მაგალითს, რომლის მიმართ გამოვხატავ მორალურ კმაყოფილებას; მას ბრწყინვალედ ესმოდა, რომ ჩვენი ერთადერთი იმედი მათ12 უთანხმოებაში მდგომარეობდა და თუკი ისინი ოდესმე ერთმანეთს არ დაშორდებოდნენ, მათ ჩვენთან გაერთიანებას ვერ ვიხილავდით. მან მოიწონა ჩვენი განზრახვა, დაგვპირდა დახმარებას და გვითხრა: რადგან ჩვენ დავიწყეთ ამ ქვეყნის ათვისება, მას ყაზვინში დავლოდებოდით, სადაც იმ დროს სპარსეთის მთელი კარი იმყოფებოდა, მაგრამ არ იყო არც ერთი მისიონერი, რომელიც ერთმანეთს შორის ურთიერთობებს გაარკვევდა.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 189 r-196 v. წერილი დაწერილია ლათინურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება. ამ წყაროს მიხედვით, ჯუზეპე ანტონიო რომანოს საქმიანობა სომხური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანების საქმეში, რომელიც ავტორის მიხედვით, ერეტიკოსი სომეხი სამღვდელოების შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ ჩაიშალა, მის მოღვაწეობას მთელ რიგ ჩრდილს აყენებს. თუ რომანოს ვერწმუნებით, მას ეს ჩრდილოვანი მხარეები არ ეხება, მაგრამ გადაჭრით ამ ეტაპზე რაიმეს დაზუსტებით მტკიცება ძნელია. მოკლედ, აღნიშნულ საქმეში, როგორც ჩანს, რეალაციონის ავტორი აქტიურად ჩართული იყო. განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო წმ. კონგრეგაციის წინაშე ჯუზეპე ანტონიო რომანო სულ თავის მართლებაშია.
2. ცხადია, როსტომ-ხანი ანუ ხოსრო მირზა, ქართლის მეფე (1633-1658).
3. ამ შემთხვევაში საფრანგეთის სამეფოს წარგზავნილი, დესპანი.
4. საფრანგეთის ლეგატმა.
5. ვიზიტატორი - სასულიერო პირი, რომის პაპის რწმუნებული, რომელიც ახორციელებს ეკლესიების, მონასტრების და სხვ. საქმიანობაზე კონტროლს. ამ შემთხვევაში ორდენის გენერალი, რომელიც ახორციელებს ორდენისადმი დაქვემდებარებული მონასტრების ზედამხედველობას.
6. ამ რელაციონიდან ჩანს, რომ დღის წესრიგში იდგა სომხური გრიგორიანული და რომაულ-კათოლიკური ეკლესიების უნიის საკითხი. ამ მიზნით პაპმა კლემენტე X-მ (1670-1676) ირანის შაჰის სულეიმან I-ის კარზე ვიზიტით გაგზავნა ნახიჩევანის არქისაეპისკოპოსოს ვიკარიუსად დადგენილი, დიდი ავტორიტეტის მქონე პადრე ფრანჩესკო პისკოპო, რომლის მიზანი იყო ნახიჩევანის კათოლიკეთა სახელმწიფო ვალისა და ეკლესიათა გაერთიანების საკითხის მოგვარება შაჰის კარზე. 1675 წლის 2 აპრილს პისკოპო ჩავიდა ეჩმიაძინში და ხალხის წინაშე გამოვიდა სიტყვით. აქ ამოქმედდა ეკლესიის უნიის მოწინააღმდეგენი და დაიწყეს ლეგატის რწმუნებულობის დაკნინება. მათ სურდათ, პისკოპო შაჰის კარზე წარედგინათ, არა როგორც რომის საღვთო იმპერიის იმპერატორისა და სხვა ევროპელ მმართველთა ელჩი, არამედ, როგორც უბრალო რელიგიური წარმომადგენელი. შექმნილ ვითარებაში პისკოპო უკიდურესად ფრთხილად მოქმედებდა. საბოლოოდ შაჰმა საკუთარი ინიციატივით მიიწვია პისკოპო. საზეიმო მიღებას ესწრებოდა ირანში მყოფი ერეკლე უფლისწული, რომელიც შემდეგში საქართველოში კაპუჩინი სამოციქულო მისიონერის ანტონიო რუფინოს მეშვეობით, რომელიც იმხანად ყაზვინში იმყოფებოდა, შეეცადა პისკოპოსთან დაკავშირებას, რათა მას ერეკლე რომის ეკლესიის წიაღში მიეღო (Raguaglio del Viaggio fatto da’Padri dell’Oriente de’Predicatori, inviati della Sagra Congregazione de Propaganda Fide. Missionari Apostolici nella Tartarie Minore l’anno 1662. Aggiuntavi la nuova spedizione del P. Maestro Fra’ Francesco Piscopo in Armenia e Persia. Napoli, 1695, pp. 311-328). როგორც ვიცით, პისკოპოს ელჩობის დროისათვის ირანის კარზე კახეთის სამეფოს ტახტის მაძიებელ ერეკლე ბატონიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი მიეღო თუ არა მუსლიმობა. ამ უკანასკნელის დაკავშირება ფრანჩესკო პისკოპოსთან რომის ეკლესიის წიაღში მიღების თხოვნით, მიმართული იყო იქითკენ, რომ ესარგებლა ამ მაღალი ელჩობით და რომის პაპის სახით მოკავშირე შეეძინა შაჰის წინაშე. ასევე საფიქრებელია, კათოლიკობისადმი მიდრეკით მას შეიძლება სურდა შაჰისათვის, რომელიც სრულად იწყნარებდა იმპერიის ტერიტორიაზე კათოლიკე მისიონერებს, ეჩვენებინა, რომ ზურგი აქცია მართლმადიდებელ რუსეთს, ემხრობა ირანის კარის დასავლურ კურსს და თავისი გაკათოლიკებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია შაჰის კარისათვის, ვიდრე გამუსლიმებით. საკუთრივ კი, კათოლიკობაზე გადასვლით ისევ ქრისტიანად რჩებოდა.
7. იგულისხმება ერევნის ხანი.
8. ვიცე-მეფე.
9. ალბათ, ირანში მცხოვრები სომეხი გრიგორიანები.
10. როგორც ირკვევა, სომხეთში ორი საეკლესიო ჯგუფი ერთმანეთს დაეჯახა სრულიად სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რომის კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანების გამო. თუ რამდენად სწორია ეს ცნობა, დამატებით კვლევას საჭიროებს. ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება, რომ ჯუზეპე ანტონიო რომანოს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, რომ ორი ეკლესიის, წმიდა ტახტიდან აუცილებელი დახმარების შემთხვევაში, გაერთიანება გარდაუვალი იქნებოდა. ასევე გაურკვეველია, რა სახის დახმარებას გულისხმობდა მისიონერი.
11. ე.ი. ირანის შაჰის კარზე.
12. იგულისხმება ეკლესიის უნიის მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
ამრიგად, ჩვენ განვაგრძეთ მგზავრობა: მეორე პატრიარქი ჯაკომო, რომელიც მთელი გულით მალავდა თავის მტრობას პაპის ტახტისადმი, უკვე [შაჰის] კარზე იმყოფებოდა და გარემოცული იყო მრავალრიცხოვანი კრედიტორებით, რომელთა 2 ათას სკუდოზე1 მეტი ვალი ემართა; მას არ ეყო ისინი2 ერთხელ მოეტყუებინა და ახლა მათი მეორედ გაცურება უნდოდა. გაიგო [პატრიარქმა ჯაკომომ], რომ სამეფო კარისაკენ გზას ვადექით და იცოდა, როგორც კი ჩავიდოდით (არ იკითხება), ჩვენ შეგვეძლო ის გვემხილებინა, სახელდახელოდ 10 თუ 12 ათასი სკუდო შეკრიბა და იგი მთავარ მოსამართლეს3 აჩუქა. ამით იმას მიაღწია, რომ სამეფო ოფიცერი 15 ჯარისკაცით ჩვენს შესაგებებლად გამოაგზავნეს, რათა როგორც უნდოდათ ისე მოგვცეოდნენ. კერძოდ, ონოფრიო ციხეში ჩაესვათ და ცოცხლად დაემარხათ (სპარსეთში კანონად ითვლება: ის, ვინც მეფესთან თხოვნით მიდის ანდა მისთვის წერილი მიაქვს, მას არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო). კაზუინოდან 4 ოთხი დღის სავალზე ჯარისკაცები შეგვხვდნენ, დაგვაკავეს და ციხეში ჩაგვსვეს, მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ მე და ბატონ აზარიას წერილი მიგვქონდა მეფისადმი5, ისეთი სახე მიიღეს, თითქოსდა ჩვენს მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ონოფრიოს ციხიდან გამოშვება არ სურდათ და დააკავეს, ხოლო ჩვენთან ორი კურიერი გამოაგზავნეს, რათა უმაღლესი მოსამართლისათვის მომხდარის შესახებ გვეცნობებინა. ეს უკანასკნელი ჯაკომოსთან ერთად შიშობდა, რომ ეს ამბავი შაჰის ყურამდე მივიდოდა და განკარგულება გასცა, ონოფრიო გაეთავისუფლებინათ, რათა სამეფო კარზე დაბრკოლებების გარეშე მისულიყო.
ახლა (არ იკითხება) თქვენმა მოწყალებამ წარმოიდგინოს ის გულისწყრომა და სიძულვილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჯაკომომ თავის დამქაშებთან და მომხრეებთან [ერთად] განიზრახა, უშედეგო აღმოჩნდა და 12 ათას სკუდოზე მეტი გადაყარეს. მიუხედავად ამისა, [ჯაკომო] მალავდა თავის ბოროტ ზრახვებს და ისე მოიმოქმედა, რომ ონოფრიოსა და ბატონ აზარიას გადაეხვია, აღმოუჩინა უდიდესი პატივი, მოელაპარაკა მათ, რომ ჩვენი ხელმწიფის პაპის წერილი დაემალა. მან უჩემოდ უპასუხა, რომ ვერაფერს დაპირდებოდა. ამ მიზნით ჩემი გაჩხრეკა არ ინდომეს (არ იკითხება)... მწვალებლების, ჩვენი მტრების მიღებით6 გაერთიანების იმედი დაკარგეს, მაგრამ ღმერთმა ჩემს სუსტ ძალებს შემწეობა აღმოუჩინა (არ იკითხება), რადგან გამომჟღავნდა, რომ ჯაკომოს ვალები ჰქონდა და ახლა შაჰის კარზე ის არავის აინტერესებდა. ჯაკომო მოურიგდა ონოფრიოს (არ იკითხება). მას დააკავებენ იმ ქალაქში, რათა აღსასრული არ პოვოს (არ იკითხება) სამ საპატრიარქო ეკლესიაში, რადგან, სპარსეთის კანონების თანახმად, ასეთ შემთხვევაში მათ დაევალებათ კრედიტორებზე ვალის გადახდა, რომელთა დიდი ნაწილი ოსმალეთის სულთნის სახელმწიფოში ცხოვრობს. ამიტომ ამ მინისტრებს არ სურთ, რომ ამდენი ფული გაედინოს სპარსეთის სახელმწიფოდან. ონოფრიო ჩქარა მომჯობინდა და ნაცვლის მეშვეობით გააგებინა, რომ იღწვის არა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის, არამედ საკუთარი ინტერესებისათვის. ამდენად, უცნობია, ერთის ან მეორის დაკავებით, რა მიზნები აქვთ სპარსელებს; კარგად თუ დავაკვირდებით, ისინი, როგორც ჩანს, ჯაკომოს სიკვდილს ელოდებიან, რომელიც სპარსეთს მისი ვალებისაგან გაათავისუფლებს; ჯიუტი მწვალებლები ამაში ადანაშაულებენ არა საკუთარ სიკერპეს, არამედ ბატონ აზარიასთან ერთად [სპარსეთში] ჩასვლას (არ იკითხება) და, რადგან ისინი ვერ გვიტანენ, რა საზიზღრობებს არ ამბობენ ჩვენზე, რა ხრიკებს არ აწყობენ, ხოლო ჩვენ სულ ორნი ვართ მთელი ხალხისა და განადგურებული სამღვდელოების წინააღმდეგ.
1. სკუდო - XVI-XVIII სს. იტალიის რიგ სახელმწიფოებში ვერცხლისა და ოქროს მონეტა. უტოლდება 5 ლირას.
2. ე.ი. კრედიტორები.
3. ალბათ, ისპაჰანის მთავარ მოსამართლეს.
4. ცხადია, ყაზვინი-ქალაქი ირანში, თეირანიდან 165 კმ-ზე.
5. ცხადია სპარსეთის შაჰ სულეიმან I-სადმი (1666-1694).
6. ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ ეკლესიათა გაერთიანების მოწინააღმდეგე ჯაკომოს ჩასწრება ირანის შაჰის კარზე.
თქვენი მოწყალება არ მინდა დავღალო [გრიგორიანი სომხების] მომდევნო თავდასხმების მოყოლით, მაგრამ აქ ყველაზე ნათლად გამოაშკარავდა მათი სისასტიკე. როცა დაინახეს, რომ მუქარებს არ შეუშინდით, საკუთრივ მათ წინააღმდეგ არ ვმოქმედებდით, ისინი შეეცადნენ [შაჰის] გვარდიის კაპიტნის მოსყიდვას, რომელიც ბატონი აზარიას თვისტომია1 იმისათვის, რომ აეტეხა დავა ბატონ აზარიას დიდი კარმიდამოს, ერთადერთი მამულის გამო, რომელიც დარჩა ამ კეთილ ადამიანს, მას2 ცრუმოწმედ დადგომის სანაცვლოდ დედამიწაზე ყველაფერს დაპირდნენ. ჭეშმარიტად, ვინც უფალს რწმენით არ ემსახურება, ის ადამიანებს რწმენით ვერ მოემსასხურება; ის ხალისით დათანხმდა ასეთ წინადადებას და, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეს ძალზე სუსტი საფუძველი ჰქონდა სასამართლოსთვის გადასაცემად, მან3 მთავარი მოსამართლისაგან დოკუმენტი მიიღო. მის თანახმად, ბატონი აზარია სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო; მათთვის ეს საკმარისი არ იყო და მანამ დაიცადეს, სანამ სასახლიდან წავიდოდით და ქალაქიდან გავიდოდით, რათა, როგორც მართლმსაჯულებისაგან დამალულნი, დავეპატიმრებინეთ. ამასობაში ჰამადანში, რომელიც კაზუინოდან4 ექვსი დღის სავალზეა, გარდაიცვალა ერთი თურქი5, რომლის მეუღლე იყო ბატონი აზარიას და. მას მემკვიდრე არ დარჩა. სპარსეთში არსებობს კანონი, რომლის თანახმად, ვინც თურქულ სარწმუნოებაზე6 გადავა, მთელი ქონება მემკვიდრეობით ნათესავებს ეკუთვნით; ამიტომ საბრალო ბატონმა აზარიამ გადაწყვიტა, ეს სული საშიშროებისაგან ეხსნა, მაგრამ მას არ შეეძლო მიემართა (არ იკითხება)... არც ქონებაზე. რაც შეეხება პიროვნებას7, გადავწყვიტეთ ნახევარი დღის სავალზე (არ იკითხება) სოფელში გამგზავრება, სადაც ის რამდენიმე ხანი დარჩებოდა, რათა დახმარება აღმოეჩინა (არ იკითხება), ხოლო მე ჰამადანში ინკოგნიტოდ ამ სოფლის მოძებნა გადავწყვიტე (არ იკითხება)...ასეც გავაკეთეთ; ბიწიერმა მწვალებლებმა8 არ იცოდნენ, რომ უნდა დავბრუნებულიყავით და ღირსეული მამა პისკოპო გველოდებოდა; ერთი დღის შემდეგ ჩვენ (არ იკითხება)... უკან კაპიტანის გვარდიის 7 ჯარისკაცი, რათა მართლმსაჯულებისათვის, როგორც მისგან დამალულები, წარვედგინეთ; ჩვენი სახელის გასატეხად და უფრო მეტი ტანჯვის მოსაყენებლად, იმავე კაპიტანის გვარდიამ სამ სოფელს შორის დაგვაპატიმრა. ასე რომ, ჩვენ არა მხოლოდ შვიდი ჯარისკაცის გარემოცვაში მივდიოდით, არამედ ამ სამი სოფლის მოსახლეობა გვიყურებდა; თანაც ნება არ მივეცით [ხელები] შეეკრათ, არაფერი გადავიხადეთ და უმჯობესად ჩავთვალეთ დღეში 50 ჯოხი დაერტყათ; ოთხი დღის მანძილზე ვიმყოფებოდით მოწინააღმდეგის ხელში. შუა ზამთარში ისეთ ცივ ოთახში დაგვამწყვდიეს, თუ არ მოვკვდებოდით, ავადმყოფობა არ აგვცდებოდა; როგორც ეს უფალმა ინება, 8 დღის შემდეგ ყაზვინამდე მივაღწიეთ, სადაც, როგორც ვფიქრობდით, ბედნიერება არ გველოდა, მაგრამ მე ქალაქში შესვლისას გამათავისუფლეს. ღამით საკუთარი ნებით ციხეში წავედი, რათა ბატონი აზარია მარტო არ დამეტოვებინა; ორ დღეში მართლმსაჯულებას შაჰის ოფიცრების, ფრანგი კათოლიკების9 დახმარებით იმდენი საშარო საქმე გავუჩინე, რომ ბატონი აზარია მალე გაათავისუფლეს. მისი საქმე განსახილველად გადაეცა თურქის10 სასამართლოს, რომლის მეთაურს სადრი (შადრი)11 ეწოდება. ამ სადრიმ12 განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ შეუძლია ბატონ აზარიას ფიცის დადება აიძულოს. ამ მომენტში ჩამოვიდა ღირსი მამა პისკოპო და ელჩის რანგში დიდი პატივით მიიღეს; უფალმა იცის, ბატონი აზარია პისკოპოს მიმართ თუ რა პატივისცემას იჩენდა ნიადაგ, მაგრამ ეშმაკი, ჩვენი საერთო მტერი, ყველგან აღწევს, სარგებლობს გულუბრყვილობითა და უმეცრებით. ორივე სომეხმა მღვდელმა, მამა აზარიამ და მამა ანტონიომ, რომელთაც ჩამოიტანეს [შაჰის კარზე] ქრისტიან მმართველთა წერილები, დაინახეს რა ჩვენი მოკრძალებული ურთიერთობა მამა პისკოპოსადმი და არ იცოდნენ, რომ ეს მოწიწება თანაბრად ეხებოდა,
როგორც მათ, ასევე მათ რელიგიასაც, გამოავლინეს შური და მტრობა13, ითხოვდნენ პირმოთნეობას ელჩების მიმართ. ღიადაც აცხადებდნენ, რომ არ სურთ შაჰს ასევე გადასცენ ჩვენი ხელმწიფის პაპის წერილი ბატონი აზარიას სასარგებლოდ. მე აღტაცებული ვიყავი ღირსი მამა დესპანის ურყევი მოთმინებით და თვით მეც ვივარჯიშე ამაში; მისი გულკეთილობის გამო არ წარვადგინე ეს წერილი (არ იკითხება), რათა მათ სცოდნოდათ, როგორ ნაკლებად ვსაჭიროებ მსგავს ელჩებს და, პირიქით, რამდენად დიდია შაჰის კარზე მათი საჭიროება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი: ღირსმა მამა დესპანმა პირველ აუდიენციაზე (არ იკითხება)... ასევე სხვა დანარჩენთან ერთად ჩვენი ხელმწიფის პაპის წერილი ბატონი აზარიას სასარგებლოდ (არ იკითხება). შაჰმა მეორე დღეს მოისურვა გაეგო, თუ რა ეწერა ამ წერილებში და მთავარმა მდივანმა მთელს ქალაქში დაუყოვნებლივ გაგზავნა სამი თუ ოთხი კაცი ჩემს მოსაძებნად, რათა მის სახლში14 მივსულიყავი. ამიერიდან არ მსურდა ამ საქმეში ჩარევა, რადგან ვგრძნობდი ახალ უსიამოვნებებს. ეს ბარბაროსები თხოვნის შემდეგ უცებ გადადიან ძალმომრეობაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც წავედი შაჰის მდივანთან, სადაც მივიღე ყოველგვარი (არ იკითხება)... თარჯიმანი ჩემი ქართული და თურქული ენის შესაბამისად (არ იკითხება) და მთხოვეს ამ წერილების თარგმნა; მხოლოდ ღმერთმა უწყის რა შრომა დამჭირდა პაპის, ჩვენი ხელმწიფის15, გამოთქმების სათარგმნელად. ასე მაგალითად, „ დაე, უფალმა ღირს გყოს ჭეშმარიტი სარწმუნოების სინათლით, რომლის გარეშე შეუძლებელია საუკუნო ცხოვრების მიღწევა“.შაჰისადმი წერილებს შორის იყო ერთი თქვენი ფრიად პატივცემულების16 წერილი და უღირსეულესი მამისაგან17 წერილი (არ იკითხება), დომინიკელთა ორდენიდან. რამდენადაც ეს იყო პირველი შემთხვევა, შაჰის მინისტრებს, რომელთათვის უცნობია კარდინალების ანდა ორდენის გენერლების რანგები, მოეჩვენათ, რომ ეს წერილები სპარსეთის მეფის ღირსებისათვის შეუფერებელია. და უფალმა უწყის რამდენი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ ისინი პირუკუ დამერწმუნებინა; და თუკი თქვენი წერილის [მიმართ შაჰის კარის] დამოკიდებულებისადმი დიდად კმაყოფილი არ დავრჩი, სამაგიეროდ წმ. დომენიკეს ორდენის გენერლმა ამ კარზე ისეთივე მოპყრობა დაიმსახურა, როგორც თქვენი მოწყალებისამ. ამის გამო შაჰის ორი ხელქვეითი სომეხისაგან დიდი მადლობა დავიმსახურე. მათ18 უნდოდათ მამა პისკოპოს ისე მოკიდებოდნენ, როგორც სომხებს და შაჰის ქვეშევრდომებს; ჩემი მოვალეობა იმაში მდგომარეობდა (რაც მათ გარკვევით განვუცხადე), რომ ამომეცნო ბეჭედი19 და წერილის ევროპული წარმომავლობა20 დამედგინა, ხოლო სინამდვილეში, სად იყო დაწერილი რომსა თუ აბრანელოში, არ მაინტერესებდა. ჩემი დადასტურება მიიღეს; და, აი, აქ, სომეხ მღვდლებს თავში მოუვიდათ, თითქოსდა მე ყველა დანარჩენი წერილი წარვადგინე როგორც ღირსი მამა დესპანისაგან გადმოცემული, ხოლო მათ წერილებს ჯეროვანი ყურადღება არ მივაქციე და ამგვარად მათმა ელჩობამ იმ მიზანს ვერ მიაღწია, რასაც ისახავდნენ. ამიტომ კი არ მინავლდა შურიანობისა და მტრობის თავდაპირველი მოტივები, არამედ უკიდურესად აგიზგიზდა განსაკუთრებით მაშინ, როცა სამეფო კარზე21 ერეკლე, საქართველოს ნამდვილი მემკვიდრე, იმ თეიმურაზის შვილიშვილი22,
რომელმაც პაპ ურბან VIII არაერთი წერილი გაუგზავნა (არ იკითხება), მოსკოვიდან ჩამოვიდა. მოსკოვის მხარდაჭერით ის ჩამოვიდა და ითხოვს იმას, რომ მისი სამეფოს სათავეში დააყენონ; პირველად, როცა ის მიიწვიეს შაჰთან მაშინვე მიიწვიეს ღირსი მამა პისკოპოც; სომეხ მღვდლებს ძალიან უნდოდათ, რომ ისინიც მიეწვიათ, მაგრამ შაჰმა განკარგულება გასცა მათი არმოწვევის შესახებ; ისინი კინაღამ მოკვდნენ ბოღმისაგან, ხოლო ამაში ბრალი მე დამდეს, თითქოსდა როგორც საჭირო იყო ისე არ წარვადგინე მათი წერილები; მათ ისე გამიწყალეს გული, რომ ასე ვუპასუხე: წმ. კონგრეგაციის ათი წლის მომსახურების შემდეგ რომში დაბრუნებული პაპთან ერთი-ერთზე მაგიდასთან დასმას თუ მოვითხოვ, გიჟად ჩამთვლიან?; რა გნებავთ თქვენ, სპარსეთის შაჰის მინისტრებმა იცოდნენ სოფელი, საიდანაც ხართ წარმოშობით, თუ ეს ერთ-ერთი ყველაზე საცოდავი სოფელია სომხეთში? არ არის უკვე საკმარისი, რომ ერთხელ იჯექით და შაჰთან ერთად ჭამდით? ასეთმა ბარბაროსობამ23 ღირსი მამა პისკოპო დიდად დაამწუხრა, პატიებას მთხოვდა და უნდოდა მერწმუნა, რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვიმყოფებით, სადაც ამას ვერაფერს ვუშველით, რომ მან თავის დროზე ნახა მოვალეობის განუხრელი დაცვის შედეგი. ში (არ იკითხება) ცნობილი გახდა, რომ ბატონი აზარიას სასარგებლოდ წერილი გადაეცა (არ იკითხება)... ძალიან მარტივი აღმოჩნდა მათ მხარეზე სომეხი მღვდლების გადაყვანა, რომლებმაც ღირს მამა დესპანს ამდენი უსიამოვნება მიაყენეს, რადგან მათ წინააღმდეგ (არ იკითხება), და თუ ის წინდახედული ადამიანი არ იქნებოდა, ამას შეიძლება მრავალი უსიამოვნება მოჰყოლოდა. მოთმინებისაგან წელში გაწყვეტილმა ბატონმა აზარიამ ათაჯერ დაიფიცა, რომ მოიტანა ეს წერილი, წამოვიდა სახლიდან, მხოლოდ თავის პირად ინტერესებს მისდევდა და მარტოოდენ საკუთარი რწმენის ღირსებას იცავდა.
1. ირანის შაჰის გვარდიის ეს კაპიტანი, ჩანს, წარმოშობით სომეხი იყო.
2. ირანის შაჰის გვარდიის კაპიტანს
3. ე.ი. სპარსეთის შაჰის გვარდიის კაპიტანმა.
4. ე.ი. ყაზვინი.
5. უნდა გავიგოთ, როგორც მუსლიმი.
6. უნდა გავიგოთ, როგორც მუსლიმობაზე.
7. იგულისხმება აზარია ავაკის (ავაქის? ავაქიანი?) და.
8. იგულისხმება სომეხი გრიგორიანები
9. სპარსეთის იმპერიაში მყოფი კათოლიკე მისიონერების.
10. ალბათ, მუსლიმთა სასულიერო სასამართლო იგულისხმება.
11. „Sadri, ალბათ, „ყადი“, მუსლიმთა სასულიერო მსაჯული.
12. ე.ი. ყადიმ.
13. ჩანს, მამა ანტონიო შურით განიმსჭვალა აზარიას მიმართ, რაც მტრობაში გადაიზარდა.
14. ალბათ, მთავარი მდივნის რეზიდენციაში.
15. იგულისხმება რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი ლეოპოლდ I (1658-1705).
16. ე. ი. ფრანჩესკო პისკოპოს მოჰქონდა ასევე ამ რელაციონის ადრესატი ერთერთი კარდინალის წერილი ირანის შაჰისადმი.
17. ე. ი. ფრანჩესკო პისკოპოს ასევე მოჰქონდა დომინიკელთა ორდენის გენერლის წერილი ირანის შაჰისადმი. ამ დროს ორდენის გენერალი იყო ხუან ტომას დე როკაბერტი (1670-1677).
18. ეკლესიათა უნიის მოწინააღმდეგე სომეხ პირებს.
19. რომის პაპისა და ევროპის მმართველთა წერილებზე დასმული ბეჭდის.
20. „attestava ch’era europeano“ - ითარგმნება: „მოწმობს, რომ ევროპულია“.
21. იგულისხმება სპარსეთის შაჰის კარზე.
22. საუბარია თეიმურაზ I-ის შვილიშვილზე ერეკლე I დავითის ძეზე, რომელიც ამ
რელაციის შედგენის დროს, ე.ი. 1675 წელს, ირანის შაჰის კარზე იმყოფებოდა.
23. იგულისხმება უცოდინრობა.
ამასობაში შაჰმა განკარგულება გასცა, რომ მოეძიათ ცნობები ბატონი აზარიას შევიწროების შესახებ. რამდენადაც მწვალებელ მღვდლებს1 ეშინოდათ, რომ გამოძიების შედეგად საქმე მათთან მივიდოდა, რადგან ისინი იყვნენ მისი2 უბედურების ნამდვილი მიზეზი და ამაზე მოუწევდათ პასუხი. [ამიტომ] მათ ჩვენი შეშინება დაიწყეს. ქალაქში დაყარეს ხმები, რომ მთავარმა სადრიმ3, მუსლიმთა მართლმსაჯულების მეთაურმა, ბატონი აზარიას დაწვის განკარგულება გასცა, რადგან მან მათი4 წამებულების საფლავზე ეკლესია ააშენა, ხოლო ჩემთვის ხუნდების დადება ბრძანა, რადგან მე მოვიტაცე ერთი ქალი, რომელიც ქრისტიანობას განუდგა და ვაიძულე ხელახლა მონათლულიყო; ამის შესახებ ქვემოთ ვიტყვი. მათი ცილისმწამებისათვის ბოლო რომ მომეღო, გადავბარგდი ქალაქის ისეთ ადგილას, საიდანაც ჩემი სათქმელი ყველგან სწრაფად გავრცელდებოდა. სპარსულად ოთხი ბრწყინვალე განცხადება დაიწერა. პირველში ვაუწყებდი: მღვდლები ბატონ აზარიას იმიტომ დევნიდნენ, რომ მან არ ისურვა ხელი მოეწერა ყალბ დოკუმენტზე, რომელიც ამ მღვდლებმა შეადგინეს შაჰის ზოგიერთი ინტერესის საზიანოდ; მეორეში დავაყენე მოთხოვნა, რომ ქვეყნის ჩვეულების შესაბამისად სისხლით იქნას ანაზღაურებული ფრანგი მამა გაბრიელის სიკვდილი5, რომელსაც სამი ეკლესია ჰქონდა და მოწამლეს; მესამეში საუბარი იყო იმაზე, რომ ემანუელმა, პატრიარქის6 ღვიძლმა ძმისწულმა ეკლესიაში ცემა კათოლიკე ვართაბეტო7 ბაზილიო და რომის პაპი შეურაცხყო, რომელსაც სპარსეთის შაჰის კარზე პატივისცემით ეკიდებიან; მეოთხეში, სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მრცხვენოდა რაც დავწერე, თუმცა ისინი ამ ჩემს სირცხვილს არ იმსახურებდნენ. სომხებს შორის უკლებლივ ყველა, დათრობას განსაკუთრებულ გაბედულებად მიიჩნევს; ერთხელ საღამოს ყველა სომეხი მღვდელი დათვრა, ატყდა დანებით ჩხუბი, სამმა მძიმე ჭრილობა მიიღო; ეშინოდათ რა ამის შესახებ [შაჰის] კარზე არ გაეგოთ, მათ ვერავინ იპოვეს ჩემს გარდა, ვისაც ენდობოდნენ და ეს იმ დროს, როცა დაუნდობლად მდევნიდნენ. მსურდა რა მათთვის მეჩვენებინა, როგორ უნდა დაიცვა სახარებისეული მცნება, სწრაფად განვკურნე მათი ჭრილობა და მომხდარის შესახებ არავის გაუგია; მეოთხე, განცხადებაში ამისა (არ იკითხება) და ფულების შესახებ ვწერდი, რომელიც უნდა გადაეხადათ ქირურგისათვის. თუკი ეს ცნობა მივიდოდა [შაჰის] კარამდე, მათ ათასი სკუდოც არ ეყოფოდათ. [სომეხი] მღვდლები დადიოდნენ, როგორც გაშმაგებული ვეფხვები და დარწმუნებულებმა იმაში, რომ დაგვაშინებდნენ, თვითონ დარჩნენ დამფრთხალნი. მეორე დღეს თავს ისე აჩვენებდნენ, რომ ყველას გაკათოლიკება სურდა და მიმართავდნენ არა (არ იკითხება) ორ სომეხ მღვდელს, არამედ ღირს მამა დესპანს, რათა მისთვის პატივი მიეგოთ (არ იკითხება)... მე არა მხოლოდ შევინახე ჩანაწერები, არამედ დავპირდი, რომ (არ იკითხება) ბატონ აზარიას ინტერესებში მოსვენებას არ მივცემდი მათ8 სამღვდელოებას (არ იკითხება), არ შევკრავ პირს თურქებთან9, როგორც ეს არაერთხელ იყო. და ბოლოს, როგორც უფალს სურდა, ბატონი აზარია ერთ დილას სასამართლოში გამოიძახეს; მასთან ერთად წავედი მეც; ერევნელმა თურქებმა10, რომლებმაც მისი სახლი გააჩანაგეს, განაცხადეს, რომ 8 წლის წინათ ყველა სომეხმა მღვდელმა ბატონი აზარია დაადანაშაულა სპარსული კანონების დარღვევაში, რომ მან თურქი11 წამებულების საფლავზე ააგო ეკლესია, რისთვისაც იმსახურებს დაწვას, მაგრამ თავის დროზე დატოვეს ცოცხალი, რადგან ეს უფლება ფულზე იყიდა. მაშინ ვუპასუხე, რომ ამ თაყვანსაცემ ადგილს ფლობდა არა ბატონი აზარია, არამედ მე. სპარსეთში არსებული სამართლის ძალით, იგი ჩვენ გადმოგვეცა 40 წლის წინათ და ამ ადგილზე, სადაც უწინ იყო საღორე, მე ვადიდე უფალი. მთავარმა მსაჯულმა მიპასუხა: ეს სიტყვა არაფერს ნიშნავს და ბატონ აზარიას უბრძანა ეთქვა, რა თანხა გამოართვეს მას; მან უპასუხა, რომ ძალიან ცოტა (არ იკითხება)... იმ გამოცდილებით, რომ ერთხელ თქვა „ათასი“, ძლივს გამოვიდა ასი; ჩემი მოლოდინის წინააღმდეგ თურქები12, რომლებმაც პირი შეკრეს სომხებთან, უკანასკნელთა მოწმობას დაეთანხმნენ, მაგრამ ბატონმა აზარიამ მათ, როგორც თავის მტრებს, წინააღმდეგობა გაუწია და ღიად განაცხადა: სპარსეთში რელიგიის შეცვლა ეს ცხოვრების საკითხია და თუ არ გადავა თურქულ სარწმუნოებაზე13, მას დევნას დაუწყებენ. რადგან რომაელი კათოლიკე ვარ, ასეთად მსურს მოვკვდე; ასეთი საქციელის ჩადენა არც ერთ სულს არ შეეძლო არა მხოლოდ სამეფო სასახლეში, სადაც მუსლიმური კულტის ყველაზე თავგამოდებული მსახურები ესწრებოდნენ, არამედ არავისთვის უცნობ ფარულ ადგილზეც კი. პირველი განხილვის დასრულების შემდეგ ჩვენ გაგვიშვეს. მსაჯულები არ ჩქარობდნენ სომეხი მღვდლების, აზარიასა და ანტონიოს საქმეზე მიბრუნებას. ნახეს რა ეს, დაშინებული მწვალებლები შეეცადნენ ღირსი მამა დესპანის ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებას, რომელიც მთელი ძალებით გვიცავდა და გვამხნევებდა. ეს ორი, როკაპის მსგავსად, თავისი უფროსის თანდასწრებით ჩვენ მატყუარებსა და თაღლითებს გვიწოდებდა; ამიტომ უბრალოდ გაქცევამ მოგვიწია, რადგან ამის გადატანა მეტად არ შეგვეძლო და ბატონ აზარიას ინტერესები ბედის ანაბარად დარჩა. რაც შეეხება თურქის14 თაყვანსაცემ ადგილს, იქ სამლოცველო არა მე, არამედ ფრანგმა მღვდელმა მამა გაბრიელემ ააგო და, რამდენადაც მან იქ გადაიხადა პარაკლისი, მეც წარვადგინე ყალბი მოწმობა, რათა თურქული მართლმსაჯულების15 წინაშე ერთადერთი დაუცველი კათოლიკე არ აღმოვჩენილიყავი. არასოდეს მიფიქრია, რომ აბრანელოდან ჩემი მოწინააღმდეგე იქნებოდა ის ორი მღვდელი; ამიტომ სწორად მოვიქეცი, რომ არასწორი მოწმობა მოვიტანე; ამას არასოდეს გავიმეორებ, ოღონდ მამა პისკოპოს წინაშე, რომელსაც ჩემი საქციელი არ მოეწონებოდა (არ იკითხება)... მე მაინც წმ. კონგრეგაციის წიაღში ამ ლაქას ტარებით კმაყოფილი ვიქნები. თქვენი მოწყალება ჩემი ხანგრძლივი მოყოლით იმისთვის დავღალე, რომ დამერწმუნებინა, ასეთი მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების პირობებში, არ შემეძლო ღირსი მამა პისკოპოსთვის მეთხოვა წმიდა კონგრეგაციის საქართველოში კუთვნილი ქონების შესახებ [ირანის შაჰისათვის] არზა წარედგინა, რადგან ბატონი აზარია ავაკის საქმე გადაუწყვეტელი რჩებოდა, რომელიც გვთავაზობს სახლს, ვენახს, პურს მთელი მისიონისათვის (არ იკითხება) და ყველაფერს, რაც გააჩნია, წმ. კონგრეგაციის განკარგულებაში გადასცემს.
1. სომეხ გრიგორიანელ მღვდლებს.
2. აზარიას.
3. ცხადია, ყადიმ.
4. მუსლიმთა.
5. ჩანს, ფრანგი მამა გაბრიელის მოწამვლა სომეხ გრიგორიანელ სასულიერო პირებს ბრალდებოდა.
6. იგულისხმება სომეხთა პატრიარქი.
7. სომხური სიტყვა “ვართაპეტი” - მოძღვარი.
8. ე.ი. სომხების
9. ე. ი. მუსლიმებთან.
10. ე.ი. ერევანში მცხოვრებმა მუსლიმებმა.
11. ცხადია, იგულისხმება მუსლიმი წამებულის საფლავზე.
12. ე.ი. მუსლიმები.
13. ე.ი. მუსლიმურ სარწმუნოებაზე.
14. ცხადია, მუსლიმის.
15. ე.ი. მუსლიმური მართლმსაჯულების.
ამ დროს ქართველთა სახლს1, რომელიც ემსახურება ზემოხსენებული მთავარს2, საქართველოს ნამდვილ მემკვიდრეს, რაღაც ჭირის ეპიდემია შეეყარა და ამიტომ მე, სამსახურებრივი მოვალეობისამებრ, დავთმე წმ. კონგრეგაციის სათხოვარი და თურქის3 ბრძანებით მათი მკურნალობა დავიწყე; დავემორჩილე აუცილებლობას, ლოცვით ვევედრე წმ. სამსონ რომაელს, რომელიც ასევე იყო ექიმი4 (არ იკითხება)... და ერთ თვეში ღვთის შეწევნით მათი სახლი განვკურნე და ასზე მეტი ადამიანი ფეხზე დავაყენე; ამ დროს ჩემი ამხანაგებისაგან საქართველოდან წერილი მივიღე. ისინი მაცნობებდნენ, რომ მისიონის დატოვებას აპირებდნენ და ამიტომ დაუყოვნებლივ დავბრუნდი მისიონში, რათა ისინი გამეჩერებინა, რაც არაერთხელ გამიკეთებია; მთავარმა5 მთელი გზის ფული მომცა. მხოლოდ სამი მისიონერის გაჩერება მოვასწარი, ესენიც წასვლას აპირებენ, მაგრამ (არ იკითხება) ეს არ მოხდება. წამოსვლის6 წინ მთავარს7 სამახსოვრო ბარათი დავუტოვე, რომელშიც ვამბობდი, რომ მისი სახელმწიფოს ერთერთ პროვინციაში პაპის ტახტი ადგილობრივი ქრისტიანების სამსახურისათვის ფლობს სახლს, ვენახს და მიწას. ამ ქონების ჩვენთვის დაუბრუნებლობა მისი მთავრული ღირსებისათვის შეუფერებელი იქნებოდა. მან გულთბილად მიპასუხა, რომ (არ იკითხება)..., როცა ამ პროვინციებს ფლობდა, მაშინ იქ ჯერ კიდევ მისიონერები არ იყვნენ და თუკი (არ იკითხება)... მეფეს8 ჩავაგონებთ9, რომ აუცილებელია მას10 სახელმწიფო დაუბრუნოს, მაშინ ის11 ყველა ქონებას12 გადმოგვცემს. ამასთანავე, თუ აქ ორი ახალი მისიონერი ჩამოვა - ერთი ექიმი, მეორე ქირურგი, მაშინ ის13 თავისი სახლისა და კარისათვის წამლების შესაძენად მათ წელიწადში რეგულარულად 100 სკუდოს გადაუხდიდა. ამის შესახებ მას უნდა ჩვენს ბატონ პაპს მისწეროს. უმჯობესად მიმაჩნია დაცდა; რა პასუხს გასცემს სპარსეთის კარი, სადაც ერთსულოვნად თვლიან, თუ მას საქართველოში14 არ გააგზავნიან, მაშინ ის მეორე სახელმწიფოს15 მიიღებს, სადაც ჩვენს წმიდა სარწმუნოებაზე აღსარების თქმას თავისუფლად შეძლებს. ეს არის პირველი პირობა მისიონერების გაგზავნისა და მისიონების დაფუძნებისათვის. მამა ავგუსტინელებმა ასევე გორში იყიდეს და ფლობდნენ სხვა ქონებასაც და უფლის წყალობით მოვახერხეთ უკან დაგვებრუნებინა ეკლესია და სახლის ნაწილი; ეს ქალაქი აქაური ვიცემეფის მფლობელობაშია, რომელმაც რომში მამა რაფაელე და პარმას16 წასვლით ისარგებლა და ჩვენს ხელმწიფე პაპს თხოვნით მიმართა, რომ მისი ეს ექიმი უკან დაებრუნებინა; თუკი [პაპი] მას უპასუხებს, უკან ამ მღვდელს რაიმე მცირედი საჩუქრით დააბრუნებს, ასევე აუხსნის, რომ სამართლიანობა მოითხოვს იმის უკან დაბრუნებას, რომელიც ოდესღაც ჩვენმა წინამორბედმა მისიონერებმა შეიძინეს და, აი, უკვე 40 წელია ამ ქონებისგან სარგებელს სხვები იღებენ, მიმაჩნია ასეთ საქმეს წარმატება ექნება. ასეთ შემთხვევაში ვიცე-მეფე17 ნიადაგ იფიქრებდა, რომ ოფიციალური თხოვნა შაჰისათვის გადაეცა და ასეთ შემთხვევაში მასთან ვალდებულებით არ იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ის უკვე 70 წელზე მეტი ხნისაა. ვთხოვ თქვენს ფრიად პატივცემულებას მერწმუნოს, რომ ამაზე მეტის გაკეთება ჩემმა სუსტმა ძალებმა ვერ შეძლო. იძულებული ვიყავი არა მხოლოდ ერეტიკოსთა ბობოქარი ნაკადის, არამედ რელიგიაში საკუთარი ძმების წინააღმდეგაც მებრძოლა. აქამდე არ კმაროდა მტრების სახით მღვდლები აბრანელოდან მყოლოდა, ხოლო ამიერიდან ჩემს სისუსტეს მიაწერენ აზარიას ბრალს, რომ კათოლიკური და სომხური ეკლესიების გაერთიანება არ შედგა. მათ არ იციან სომეხი თეოდორო ვართაპეტი რას იუწყება, რომ ჯაკობე პატრი[არქმა] რომის ეკლესია მასხარად აიგდო და თქვა: მინდა ვნახო, შევძლებ თუ (არ იკითხება) პაპის ვალის დაბრუნებას; საკმარისია; ყველა ჩემზე უკეთესად მსახურობს; ვფიქრობდი, ჩემი გამამართლებელი წერილების ნაწილის გაგზავნას, მაგრამ (არ იკითხება) უკეთესია თუ დავიტანჯები, სანამ დღის სინათლეზე ღვთის საძაგლები გამოვლენ, შესაძლოა, (არ იკითხება) ბარბაროსებს შორის ჯერ კიდევ უცნობები და არა ისეთნი, როგორც ბარბაროსები თურქებს18 შორის, მაგრამ არა ისეთნი, როგორც თურქები19 (არ იკითხება). დაე, იმდენხანს დამაყოვნონ აქ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის თქვენი დიდად პატივცემულება თავისი გადაწყვეტილებით, რათა სხვა მღვდლებმაც არ დატოვონ მისიონი. უკვე 10 წელია ვემსახურები წმ. კონგრეგაციას; არ მეეჭვება, რომ მფარველობს სულიწმიდა; სრულიად ვენდობი უფროსთა ნებას, როგორც ეს ეკადრება მონაზონ-მისიონერს და უბრალო და გულკეთილ მორჩილებაზე ხელს არასოდეს ავიღებ. თუკი ჩემი ორდენის წიაღში დაბრუნების ნებას დამრთავენ, მოსკოვიას20 გავლით დავბრუნდები, რადგან გამაფრთხილეს, რომ ყველა დიდ ქალაქში, რომელიც დიდი ბატონის21 ხელთ არის, სომხები მდარაჯობენ, რომლებიც ციხის კარამდე მიმიყვანენ; პირისპის შეხვედრისას მემუქრებოდნენ, ხოლო მათ მუქარას ვუპასუხე, რომ დაგელოდებით ვენეციაში, გენუასა ანდა ლივორნოში. ამასობაში ბატონ აზარიას თავისი და ფარულად ჩავუყვანე სასახლეში. აქ მცირეოდენი თანხის გაღების შემდეგ, მან წმიდა სარწმუნოებაზე დაბრუნების უფლება მიიღო და ახლა ნამდვილი კათოლიკეა; თურქის22 ხელიდან, რომელთაც არ უნდოდათ [აზარიას დის] გაშვება, მისი გამოგლეჯა ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ უფლის ნება იყო. ამის შესახებ მწვალებლებმა თავის დროზე ვერ გაიგეს, რათა თავდასხმა მოეწყოთ, მაგრამ ახლა ჩემს ღირსებას ფეხქვეშ თელავენ, მაგრამ ხალისით დავთმობდი სიცოცხლეს და პატივს წმ. კონგრეგაციის გულისათვის, როგორც მისი თავდადებული და უმორჩილესი მსახური. ფრა’ ჯუზეპე ანტონიო რომანო, კაპუჩინი მისიონერი საქართველოში.
ტიფლისი, 1675 წლის 15 აგვისტო.
1. იგულისხმება ერეკლე ბატონიშვილი.
2. იგულისხმება ერეკლე ბატონიშვილი.
3. შინაარსის მიხედვით, ალბათ, ირანის შაჰის.
4. საუბარია წმინდა სამსონ რომაელზე, რომელიც იყო ექიმი, ხოლო შემდეგ მღვდელი. ის უსასყიდლოდ მკურნალობდა სასოწარკვეთილ ავადმყოფებს. ღრმა მოხუცი გადაიცვალა კონსტანტინოპოლში (დაახლ. 530 წელს). რომაული მარტიროლოგიის თანახმად, მისი საფლავიდან დენა დაიწყო საოცარმა ძირტკბილამ, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა (Teatro Farmaceutico, Dogmatico e Spagirico, del dottor Giuseppe Donzelli. In Venezia, MDCCXXVIII).
5. უფლისწული ერეკლე ბატონიშვილი.
6. იგულისხმება სპარსეთიდან.
7. იგულისხმება უფლისწული ერეკლე, რომელიც ამ დროს შაჰის კარზე იმყოფებოდა.
8. საუბარია ირანის შაჰ სულეიმან I-ზე (1666-1694).
9. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი: ჩანს, ერეკლე ბატონიშვილმა სცადა, რომ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა კათოლიკე მისიონერებისა და პაპის გალენა შაჰის კარზე. კერძოდ, რომის კურიასა და შაჰის კარს შორის არსებულ ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობების ფარგლებში მოსინჯა ნიადაგი რომის პაპი გაეხადა შუამავლად შაჰის კარზე, რათა ამ უკანასკნელს ის ქრისტიანად დაესვა ქართლის, ან კახეთის ტახტზე.
10. შინაარსის მიხედვით, უნდა იყოს ირანში მყოფი ერეკლე უფლისწული.
11. იგულისხმება ერეკლე ბატონიშვილი.
12. იგულისხმება გორში თეათინელთა და ავგუსტინელთა ყოფილი ქონება.
13. ერეკლე უფლისწული.
14. ცხადია ქართლის სამეფოში.
15. იგულისხმება კახეთის სამეფო.
16. კაპუჩინი მისიონერი რაფაელე და პარმა, ანუ რაფაელო პარმელი საქართველოში ჩამოვიდა 1669 წელს (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235).
17. უეჭველად იგულისხმება ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი.
18. ე.ი. მუსლიმებს.
19. ე.ი. მუსლიმები.
20. ე.ი. რუსეთის გავლით.
21. ოსმალეთის სულთნის.
22. ე.ი. მუსლიმების.

7. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1675 წლის 1 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ღრმად პატივცემულო და ფრიად ღირსეულო ბატონო, თაყვანსაცემო პატრონო ღრმად პატივცემული პატრონებისაგან ჩემს სახელზე რაიმე განკარგულება ანდა უბრალო გადაკრული სიტყვა არ მოსულა, რაც მათ სწრაფად შესრულებას ხელს შეუშლიდა. არის მხოლოდ შიში იმისა, რომ ყველაფერი ჯეროვნად ვერ შესრულდება; ასეთ დროს ჩემს წინააღმდეგ მდინარე ტიბრივით დაიძრა ჩირქის ნაკადები. უნდათ საბოლოოდ ცილი დამწამონ, ყურადღება ჩემს გაუწაფავ წერილებზე გადაიტანონ და საპატიო მისწრაფებები ჩემს სუსტ უნარად წარმოადგინონ. მიუხედავად ამისა (დაე, უკეთესია მე ვიტანჯო, ვიდრე მისიონმა, რომელსაც ისედაც უკიდურესად მძიმე დრო უდგას) ვიმედოვნებ, რომ დადგება სიმართლის დღე, როცა წმიდა კონგრეგაციის წინაშე ჩემს ვალს მოვიხდი და საწყალი მღვდლის ღირსებას აღვიდგენ.
თქვენს მოწყალებას ვპირდები, რომ არ განვრისხდები. მე მხოლოდ ვამბობდი იმ ზოგიერთ მისიონერზე, რომელთაც 1672 წელს ხელი შემიშალეს დამედო ხელშეკრულება თეათინელი და ავგუსტინელი მამების ქონების2 დაბრუნებაზე. ასევე ვამბობდი აბრანელოდან3 ორი მამის დიდ სისულელეზე, რომელიც 1675 წელს მივიღეთ (მართალია, არა იმდენად ისინი, რამდენადაც ღირსი მამა პისკოპო, მათი უფროსი) სპარსეთის სამეფო კარის ელჩების სახით და იმდენად ავნეს საქმეს, რომ მოგვიწია უარი გვეთქვა საერთო ხელშეკრულებაზე და შევთანხმდით წვრილმანებზე, თუმცა არა იმდენად უმნიშვნელოზე, რადგან ვითვალისწინებდით ჩვენს მწირ შესაძლებლობებს. რაც უფრო ნაკლებ ადამიანურ დახმარებას ვიღებ, მით უფრო დიდი გულმოდგინებით ვაგრძელებ მარტო ამ საქმეს4. სინამდვილეში [მეხმარება] მხოლოდ ბატონი აზარია ავაკი, რომელიც ჩემთან აღსარებას ამბობს. ამიტომ თქვენს მოწყალებას ვთხოვ კეთილინებოს, სულიერი გულუხვობით მიაქციოს ყურადღება ჩემს უთავბოლო მოსაზრებებს, რომელიც ნაკარნახევია წმიდა კონგრეგაციისადმი ერთგული სამსახურის გაწევით; უღრმესი ერთგულების გრძნობით გთხოვთ თვალი მიაპყროთ სინამდვილეს... (არ იკითხება) თქვენი გონებით, რომელიც ჩემს სუსტ ძალებს აღემატება.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 263 r- 265 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან მისი სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება. წინამდებარე წერილის ავტორი კაპუჩინი მისიონერი ჯუზეპე ანტონიო რომანო საქართველოში უნდა ჩამოსულიყო 1669 წელს (იხ. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235; მ. პაპაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 206). როგორც წინამდებარე რელაციონიდან ირკვევა, ამ პატრს თბილისის მისიონის წევრებს, ასევე სომხეთსა და ირანში მოღვაწე მისიონერებთან დალაგებული ურთიერთობა არ ჰქონდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ გორში ავგუსტინელი და თეთინელი მამების ეკლესიის დაბრუნებაზე მიღწეული შეთანხმების სისრულეში მოყვანა მას ისპაჰანის მისიონის უფროსმა ჩაუშალა; მეორე მიზეზად იმის დასახელება შეიძლება, რომ პროპაგანდა ჯეროვან დახმარებას არ უწევდა საქართველოში კაპუჩინთა წარმატებულ მისიონს და იგი უშედეგო ხარჯებს ეწეოდა აღმოსავლეთის სხვა მხარეებში. რწმენის პროპაგანდის ასეთი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, რომანოს გულისწყრომას იწვევდა, რაც, რასაკვირველია, მის უფროსებს არ მოსწონდათ. კიდევ ერთ მიზეზად იმის დახასელება შეიძლება, რომ საქართველოს კაპუჩინთა მისიონს (თბილისი, გორი, ქუთაისი) მრევლის მოსავლელად პატრები არ ჰყოფნიდათ, ხოლო პროპაგანდა უნარიან და გამრჯე მისიონერებს ვერ აგზავნიდა. შესაძლებელია, საქართველოს მისიონის მიმართ რწმენის პროპაგანდის დამოკიდებულებით უკმაყოფილო ყოფილიყო ჯუზეპე ანტონიო რომანო, რომელსაც, როგორც ჩანს, მოშურნეები და დამსმენები გამოუჩნდნენ რომში. სხვას არ უნდა ნიშნავდეს მისი შემდეგი სიტყვა: „ზოგიერთი პირი ჩემს წინააღმდეგ წერს და წერს ისეთ რამეს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ჯოჯოხეთზე წერო“. ერთ-ერთ მიზეზად იმის დასახელებაც შეიძლება, რომ ჯუზეპე ანტონიო რომანო, ალბათ, თავისი ზოგიერთი ამხანაგი-მისიონერის უინტერესო საქმიანობას კიცხავდა.
წინამდებარე რელაციის მცირე ნაწილი პირველად თავისუფალი  თარგმანის სახით გამოაქვეყნა პატ. მ. თამარაშვილმა (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 249-250). ჩვენს მიერ დედნიდან შესრულებული თარგმანი დიდ სხვაობას ავლენს მ. თამარაშვილის თარგმანთან შედარებით. ამდენად, წინამდებარე რელაცია სრული სახით პირველად ქვეყნდება.
2. საუბარია გორში თეათინელი და ავგუსტინელი მისიონერების კუთვნილ ქონებაზე.
3. ეს უნდა იყოს ნახიჩევანიდან 5 მილზე ჩრდილოეთით მდებარე სოფელი „აბრენერი“, რაც თარგმანში ნიშნავს ნაყოფიერ მინდორს. ამ და სხვა ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები რომაულ-კათოლიკურ სარწმუნოებას მისდევდნენ. მათი ეპისკოპოსები და სამრევლო მღვდლები დომინიკელთა ორდენის მოწესენი იყვნენ. მსახურებას სომხურ ენაზე ეწეოდნენ.
4. იგულისხმება გორში ავგუსტინელი და თეატინელი მამების მემკვიდრეობის დაბრუნება.
საქართველოს მისიონი მთელს აზიაში თვით ინდოეთამდე ყველაზე უხვ ნაყოფს იძლევა. ეს იმიტომ, რომ იგი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელიც გარემოცულია თურქ-ოსმანებითა და სპარსელებით (უფრო ამ უკანასკნელით, ვიდრე პირველით). ამ ქვეყნის ბევრ ადგილას ქრისტიანი მთავრები ხელმწიფობენ. ამიტომ აქ კულტის სრული თავისუფლებაა, შეიძლება თავისუფლად იქადაგო, ზარები რეკო, ეკლესიები ააგო; მაგრამ რატომ არ მივმართავთ სხვა საქმიანობას, უსაფრთხოს, საიმედოს და საპატიოს, რისთვისაც საჭიროა გონების დაძაბვა, კალმით მუშაობა, სისხლის გაღება, სიცოცხლის დათმობა, როგორც წმ. პეტრე ნოლანელმა1, წმ. პაულინმა2, რომლებიც ჩვენ ქრისტიანული სიყვარულის კიდევ უფრო ბრწყინვალე მაგალითს დაგვიტოვებდნენ, თუკი ისინი დაინახავდნენ უდანაშაულო ბავშვების საშინელ სანახაობას, რომელთაც ცხვრების მსგავსად ბაზარებზე მუქთად ყიდიან, რათა თურქების უტიფარი სიხარბე დაეკმაყოფილებინათ; თუკი ისინი3 მოისმენდნენ მათ ყვირილსა და ტირილს, თუკი ისინი გაიგებდნენ, რომ ზოგი მათგანი მდინარეში ვარდება, სხვები თვალს ითხრიან, ცხვირს იჭრიან... (არ იკითხება), არ არსებობს ისეთი მუსლიმი მყიდველი, რომელიც მათ არ აიძულებდა წმიდა სარწმუნოებაზე ხელის აღებას. ამგვარად, ამ საქმის სიადვილე იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება გამოისყიდო ეს მონათლული სულები და ფულის მოგებითაც კი ისინი გაგზავნო იქ, სადაც ქრისტიანად სიცოცხლესა და სიკვდილს შეძლებდნენ. რადგან მყიდველი შეიძლება იყოს თურქი, ბერძენი, სომეხი ანდა ნამდვილი ევროპელი, საკმარისია მხოლოდ მან სხვებზე მეტი გადაიხადოს; საბაზრო ფასი აქ შეადგენს 25 ანდა 30 რომაულ სკუდოს და ისინი საქართველოდან შეიძლება გაგზავნო სავაჭრო ქარავანის მეშვეობით სამყაროს ნებისმიერ ადგილას. ჩემი აქ ყოფნის პირველ წლებში არაერთხელ ვაცნობე ამის შესახებ და ფრიად პატივცემულმა მდივანმა ბალდესკიმ4 მაღირსა წერილი, რომელიც 1671 წლის 3 იანვარს იყო დაწერილი. მასში მარწმუნებდა, რომ მის მაღალ პატივცემულებას შესაბამის თხოვნას წარუდგენდა; უკანასკნელთა კეთილმოწყალებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ დაეჭვება გამოიწვია საკუთარი შემოსავლების ხარჯვამ სამყაროს სხვა მხარეებში; ამ საბუთმა დამარწმუნა, მაგრამ ვბედავ ახლა შემდეგი გამოსავალი შემოგთავაზოთ: მამა ანტონიო მარია ნეაპოლელი, აქ ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილ დენტიჩთა გვარიდან, აი, უკვე 20 წელია ატარებს ჩვენს ორდენში მქადაგებლის წოდებას. დაბადებით, როგორც ყველა რელიგიური სათნოების ნიშნით აღჭურვილი, ასევე დაჯილდოებული იმით, რომ მრავალი სიმდიდრის მემკვიდრეა და ყველა ისინი წყალობად გაიღო; მისმა განსვენებულმა მშობლებმა და სხვა ნათესავებმა მემკვიდრეებს დაავალეს ყოველწლიურად გადაეხადათ ასი პიასტრი იმ მონასტრისათვის, სადაც ეს მამა იცხოვრებდა. უკვე მრავალი წლის მანძილზე მამა ანტონიო თავის მოწოდებად მიიჩნევს, სამუშაოდ ჩვენს მისიონში5 წამოვიდეს და ამას წინათ ამის შესახებ მხურვალედ ისურვა, რომელიც მაძლევს საკმაოზე მეტ საფუძველს ვთხოვო თქვენს მოწყალებას, უარი არ უთხრათ ამ მღვდელს, როცა ის ჩემი რეკომენდაციით მოგმართავთ. [ანტონიო] ითხოვს რა კურთხევას, სრულ მორჩილებას აცხადებს. მიეცეს მას შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთარი მშობლების გულუხვობით და შეადგენს ანდერძის პირობებს, რომელიც იმოქმედებს მისი სიკვდილის შემდეგ; ამის შემდეგ დაევალოს მას, რომ ნეაპოლში, თავის სახლში, საქართველოდან ყოველწლიურად ერთი ან ორი ყმაწვილი მიიღოს. მონა, რომელიც საქართველოში ღირს 25 ანდა 30 სკუდო, ალბანელოსა6 და ისპაჰანში, სადაც ბევრი კათოლიკე ცხოვრობს, უკვე 100 სკუდო ღირს; კონსტანტინოპოლში, სმირნასა და ალეპოში ის შეიძლება 150 სკუდოდ გაყიდო, ხოლო ინდოეთსა და ევროპაში – 200-ად. ჩემს ცხოვრებას ბედნიერად ჩავთვლიდი, თუკი შევძლებდი მის დაგვირგვინებას და თქვენი მოწყალება უფრო მეტ ქება-დიდებას მოუტანდა უფალს; მის წმინდა ტუნიკას შეამკობდა და სამარადისო ხსოვნას დაიმსახურებდა, რადგან უფალს დაუბრუნა მონათლული სულები, უფლის ძვირფასი სისხლით გამოისყიდა, გამოგლიჯა ისინი ურცხვ და ამ ავხორც მგლებს. თქვენი მოწყალებისა და იმათი სულების გულუხვობის შეუზღუდავად, რომლებიც ქრისტიანული სიყვარულის იდეალებით არიან შთაგონებულნი, შემოგთავაზებთ ამ მღვდელისათვის არანაკლებ მნიშვნელოვან ასპარეზს: ერევანი სომეხთა პატრიარქის ადგილსამყოფელია. აქ ცხოვრობს მათი სწავლულების დიდი ნაწილი, ეპისკოპოსები, აქვეა ბატონი აზარია ავაკის სახლი; თუმცა ამდენი მისიონერის სასირცხვილოდ, რომლებიც აზიაში მუშაობენ, მათგან ერევანში არავინ ჩადის. და, როგორც მეჩვენება, სომხეთში ჩვენი ხარჯები ამაოა, თუკი მიზნად არ გვექნება მათი მთავარი ციხე-სიმაგრის7 აღება, რომელშიც ახლა დიდი უთანხმოებაა და ისინი ოდესღაც სომხების რომის წმიდა ეკლესიასთან გაერთიანებით დაასრულებენ; გარდა ამისა, ეს8 ის ქალაქია, რომელიც ცნობილ მთებს შორის დგას, სადაც ნოემ თავისი კიდობანი საბელით მიაბა; აქ ყველა სახის საკვები პროდუქტი უხვად არის. იგი თბილისიდან ოთხი ან ხუთი დღის სავალზეა. ბატონმა აზარია ავაკმა წერილობითი ნებართვა მიიღო მეფისაგან9, რათა აქ10 მისიონი განალაგოს. ის მოგვცემს სახლს ვენახითა და სხვა კეთილმოწყობილობებით; მაგრამ თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სომხეთის დედაქალაქია და საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ხარჯები. ასე რომ, თუკი წმ. კონგრეგაცია მიზანშეწონილად ჩათვლის ეს მღვდელი გამოიყენოს ამ მნიშვნელოვან და ძალზე ბევრის მომცემ მისიონში სამუშაოდ, მას შეუძლია აქ ჩამოვიდეს და შეინახოს კიდევ სამი მისიონერი წმ. კონგრეგაციისათვის დიდი ჯაფისა და დამატებითი ხარჯების გარეშე; ამასთან ერთად, მისიონის ნორმალური მუშაობისათვის, აუცილებელი იქნება ხელისუფალთა მოსამართლეებთან, ასევე - დიდებულთა სახლებსა და მწვალებლებში, მისასვლელი გზის მონახვა. [ამიტომ] მღვდელთაგან ერთი იყოს ქირურგი, მეორე ექიმი, ან თუნდაც მღვდელი იყოს ფელდშერი, თუ ეს შესაძლებელია; ასევე საჭიროა, რომ მამა ანტონიო მარიამ, თუ ეს განსაკუთრებით არ დაამძიმებს თავის ნათესავებს, თვითონ შეინახოს პირველი სამი წლის მანძილზე [მისიონერები], ხოლო შემდეგ აზარია ავაკი დააფუძნებს მუდმივ მისიონს; საქართველოში ასევე ყოველწლიურად შეიძლებოდა სამი ან ოთხი სულის ხსნა და ამით დაიწყებოდა ნაყოფიერი, წმინდა და სასარგებლო გამოსყიდვა11.
თქვენს მოწყალებას თავს მეტად არ შევაწყენ; მე აქ მოვედი, რათა დარჩენილი სიცოცხლე საუკუნო სიმტკიცის მაგალითად ვაქციო, მაგრამ შევიცვალე საკუთარი ძალების უკმარისობის მიზეზით, ასევე იმის გამოც, რაც ვნახე, როგორ მსახურობს აზიაში წმ. კონგრეგაცია. ეს ხშირად მაიძულებდა სიკვდილი მესურვა, მეძებნა ხიფათი, რათა [წარუმატებლობა] არ დამენახა; სრული დარწმუნებით უნდა ვთქვა, რომ ყველა ხარჯი და შრომა ფუჭი იქნება, თუ მისიონერებს ვერ უზრუნველყოფენ ასატანი პირობებით და არ დატოვებენ მათ მისიონში სულ მცირე 7 წლით, სადაც მისიონერებად ხდებიან მხოლოდ 10 ანდა 12 წლით ყოფნის შემდეგ; ამის შედეგად წმ. კონგრეგაციას უფრო ნაკლები ხარჯების გაღება მოუწევს, მცირე ზიანი მიადგება ჩვენს რელიგიას, მისიონერებსაც ნაკლებად დაკარგავს, რადგან მისიონის გზაზე ბევრი იხოცება; რწმენის გავრცელების საქმე უფრო მოიგებს, თუ გავითვალისწინებთ ენამზე და მუნჯ მისიონერებს შორის განსხვავებას. კვლავ წესისამებრ მივყვები უფროსთა განკარგულებებს, მაგრამ გთხოვთ, არ გააჭიანუროთ გადაწყვეტილება და გაითვალისწინეთ აქამდე შორი გზა. არ გავბედავ არც ერთი დაწყებული საქმე და მისიონი მივატოვო, სანამ არ გადმომეცემა გარკვეული მითითება, რომელიც ამის გარეშეც დაცემის პირასაა. ღმერთმა ინებოს ორი ჩვენი ახლანდელი სამწყსო12 ახალი მისიონერების მოსვლამდე შეინახოს. აი, უკვე 8 წელია და კარგად ვიცი, რომ ზოგიერთი პირი ჩემს წინააღმდეგ წერს და წერს ისეთ რამეს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ჯოჯოხეთზე წერო; მუდამ მზად ვარ თავი ვიმართლო როგორც ღმერთის, ასევე ადამიანების წინაშე, რადგან მზად ვარ ჩემი ღირსება და სიცოცხლე მივუძღვნა წმ. კონგრეგაციას, ოღონდ ამან მას13 სარგებლობა მოუტანოს და არა ზიანი მომავალში; დრო გამოაჩენს სიმართლეს, რომელსაც კალამი მალავს, ხოლო ღმერთი აქ და იმ სამყაროში მიუზღავს იმათ, რომელიც ამას იმსახურებს; მართლაცდა ვინ არის იმდენად უმწიკვლო, რომ არ თქვას „აქ მე ნუ დამინდობ, ხოლო სამუდამოდ დამინდე“, რათა არ დაეყრდნო სრულად ბრძენი პატრონების განკარგულებებს, რომლთაც მუდმივად მფარველობს და ამხნევებს სულიწმიდა, რომელთა წინაშე პირქვე ვემხობი, ვარ გვამი და მიწა და ვთხოვ მათ წმინდა კურთხევას, რომელიც შემდეგ სიცოცხლეში წინ წამიძღვება. ერთგული მსახური და ქვეშევრდომი, ფრა’ ჯუზეპე ანტონიო რომანო, უღირსი კაპუჩინი.
ტიფილისი, 1675 წლის 1 ოქტომბერი.
1. წმ. პეტრე ნოლას ეპისკოპოსი (186-218).
2. წმ. პაოლინო ნოლას ეპისკოპოსი (409-431).
3. წმ. პეტრე ნოლანელი და წმ. პაულინი.
4. ფედერიკო ბალდესკი კოლონა (1625-1691) წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მდივანი იყო 1668-1673 წლებში.
5. იგულისხმება თბილისის კაპუჩინთა მისიონში.
6. ალბათ, კავკასიის ალბანეთი.
7. სომეხთა კათალიკოსის.
8. ქალაქი ერევანი.
9. სპარსეთის შაჰისაგან.
10. ერევანში.
11. იგულისხმება ტყვეების გამოსყიდვა.
12. იგულისხმება თბილისისა და გორის მისიონი.
13. წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“.

8. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1675 წლის 1 დეკემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ფრიად პატივცემულო და დიდად თაყვანსაცემო ბატონო, საყვარელო პატრონო
თუკი აქამდე ჩემი ცოდვების გამო, საქართველოდან [გაგზავნილი] ჩემი წერილები ღრმად პატივცემულ პატრონებს მხოლოდ გულისტკივილს ჰგვრიდა, ბოლოს და ბოლოს სხვა მამების ლოცვები შესმენილი იქნა და ამან სასიკეთოდ შეცვალა ჩვენი მდგომარეობა. ახლა ჩვენს ანგარიშებში მისიონების შესახებ შეგვიძლია სრულიად სხვა პირად წარმოვსდგეთ. იმედი გვაქვს, ამ ანგარიშებს მშვიდად მიაპყრობთ მზერას და იგი არ გამოიწვევს არც მრისხანებას, არც ზიზღს, არამედ-აღძრავს უკეთ გაცნობისა და გაგების სურვილს.
სრული სიმართლეა, რომ ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი ვიყავი მე, მაგრამ ძალაუნებურად მივმართე ამ მამების კეთილგანწყობას, რომლებიც აცხადებენ, რომ სხვაგვარად მათ არ ძალუძთ გორის მისიონის შენარჩუნება. რაკი მფარველობას მიწევს თვით სულიწმიდა, წმინდა კონგრეგაციას ყოველთვის შეუძლია იმედი ჰქონდეს ჩემს მზადყოფნაზე, მის წინაშე თანაყოფნაზე, როცა მისი ნებისმიერი განკარგულება ჩემს მიერ
შესრულებული იქნება უსიტყვო ერთგულებითა და გულმოდგინებით. ძალიან ვწუხვარ, რომ ცოცხალთა შორის აღარაა მამა სერაფინო და კალაბრია (შერაფინო დი ჩალაბრია), რამეთუ სხვაგვარი სამსჯავრო მელის, რომლის წინაშე წარსდგომისა არ უნდა მეშინოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიანია და მეც ვამჩნევ, რანაირიც არ უნდა იყოს ჩემი საქციელი, სამართლიანი ანდა უსამართლო, მას არ უნდა განსჯიდეს ხალხის სასამართლო; ისინი უნდა გაირჩეს იმ უზენაეს სასამართლოზე, რომლის წინაშე ვერც დავამატებ და ვერც დავაკლებ იმას, რასაც მაშინ ვწერდი. მიუხედავად ამისა, მინდოდა ასეთი სასამართლო თავიდან ამერიდებინა, რადგან თუ გაცრუებული ვიქნები, მაშინ არ ვიცი, მაპატიებენ თუ არა ამას და კარგად ვიცი, რომ გადავრჩები და ვფიქრობ, რომ სიკვდილამდე იმავე აზრსა და მრწამსზე დავრჩები. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი აზრები და მრწამსი, როგორც ვხედავ, დასტურდება. მისიონს იმდენი მისიონერი მოაკლდა, რომ წმნდა კონგრეგაცია იძულებულია ახალი ხარჯები გაიღოს, ხოლო ჩვენს რელიგიას ახალი ზიანი მიადგება ახალი მისიონერების გამოგზავნით, თუკი ისინი მისიონისათვის სიცოცხლის გაწირვის მტკიცე განზრახვით არ მოდიან. [წინააღმდეგ შემთხვევაში] ისინი დაემსგავსებიან იმათ, რომელთაც შემოიარეს ზღვები და მიწები და მხოლოდ სამუდამო წყევლა დაიმსახურეს. ვინაიდან ეს ყველაფერი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაიცავს მისიონს პრეფექტი, რომელსაც უნდა გამოარჩევდეს სიბრძნე, სიმშვიდე, წინდახედულობა და კეთილმოწყალება. ვთხოვ თქვენს მოწყალებას, ყველაფერი იღონოს, რათა გამოაგზავნონ ახალი პრეფექტი, რადგან ჩვენმა მისიონერებმა, რომლებიც სულ მცირე ორ აღმოსავლურ ენას ფლობენ, ხელი არ აიღონ სულების ხსნის საქმეზე. ჯერ კიდევ ჩვენს მისიონს არასოდეს განუცდია ამდენი საფრთხე და, თუ უფლის ხელი არ ჩაერია, უიმედოდ ვართ, რადგან ველით ომს თურქეთისა და სპარსეთის მხრიდან; მაგრამ, როგორც ღვთის ადამიანები, ერთმანეთთან ვცხოვრობთ მშვიდობასა და თანხმობაში და უმალ სიცოცხლეს დავთმობთ, ვიდრე დავტოვებთ მისიონს; მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ თურქი-მუსლიმების თავდასხმები, გვინდა დროებით იქ დავიმალოთ, საითკენაც უფალი მიგვითითებს, ან ერევანში ანდა სამეგრელოში. ვინაიდან მამა პრეფექტის გარდაცვალების შემდეგ, იძულებული გავხდით ვალი აგვეღო, ხოლო [ვალის] დაბრუნების შემდეგ უფულოდ დავრჩით; საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი უკიდურესი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგვიძლია კიდევ ავიღოთ ცოტაოდენი ვალი, მაგრამ არა 15 რომაულ სკუდოზე2 მეტი, რომელიც ფრა’ ბართოლომეო და ჯულიანოს3 თადარიგიანობის წყალობით, თუკი ის კიდევ საქართველოში დარჩება, ჯერჯერობით უნდა გვეყოს. მომავალში, როცა ყველა ეს საომარი გრიგალი მინავლდება, შეიძლება იმდენი გამოვიმუშაოთ, რომ ვალების აღება არ გახდეს საჭირო. ამის შესახებ თქვენს მოწყალებას რამდენიმე სქელტანიან წერილში დაწვრილებითი ანგარიში მივეცი; რადგან გადაუხდელია ჩვენი ჯამაგირი, არ ვფიქრობ, რომ შეუწყნარებელია ვალის აღება სარგოს ანგარიშზე. სხვაგვარად მამა-მისიონერები ერთი წელია უცდიან ჯამაგირს, კიდევ ერთი წელი არ დაელოდებიან [მას] და, თუკი ისინი წავლენ, როგორც წარმომიდგენია, მხოლოდ ახალი მისიონერების საგზაო ხარჯი სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე ახლანდელი ჩვენი ჯამაგირი დაუჯდება წმინდა კონგრეგაციას. ამიტომ, რათა წმინდა კონგრეგაციამ თავისი თვალით ნახოს, თუ რით ვცხოვრობთ, ყველა ერთად ვუგზავნით ერთსულოვნად დადასტურებულ იმის დაწვრილებით ანგარიშს, აქამდე რამდენი მივიღეთ4 და რამდენი გვრჩება უკანასკნელი დეკრეტის5 შესაბამისად, რომლის თანახმად ერთ ადამიანზე მოდის 15 სკუდო; ჩვენ ვაგზავნით მას6 კარის7ღირსი მამა პროკურატორის, სამოციქულო მოქადაგის, სახელზე, რათა თქვენს მოწყალებას შემდგომი შრომა თავიდან ავარიდოთ; თქვენი მოწყალება იოლად დარწმუნდება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ჯამაგირის მოსვლა არ დაყოვნდება, შეიძლება აიძულო მამა-მისიონერები არ აიღონ ვალი. [ამასთანავე] მათ გარკვევით უნდა აუხსნან, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება იმის მსგავსად, რომ მისიონერი შვიდწლიანი ვადის, ე.ი. მორჩილების პერიოდის დამთავრებამდე ვერ წავა [მისიონიდან], როგორც ეს მათ არაერთხელ გააკეთეს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ წმინდა სიმართლით გულს გატკენთ, რადგან ყოველთვის გულმოდგინედ ვენდობი უფროსთა გადაწყვეტილებას; არასოდეს ვიწონებდი იმ მისიონერებს, რომელთა ვალი 15 სკუდოს აღემატებოდა და ვაფრთხილებდი სასჯელის შესახებაც. ძალიან ვეჭვობ, რომ ჩვენს მისიონში ახალი მისიონერების ჩამოსვლამდე რაიმე დახმარება აღმოგვიჩინონ; კიდეც, თუკი ჩვენი რელიგია წელიწადში ერთ მღვდელზე ასი მესას6 ჩატარებას მოითხოვდა, ეს დიდ თანაგრძნობას არ იწვევდა ჩვენდამი, ვიდრე ევროპაში თავისი მეორე შვილებისადმი ვლინდებოდა. ამ თვეში, რაკი მივემგზავრები თბილისიდან, რათა დახმარება აღმოვუჩინო გორისა და საქართველოში სხვა მისიონებს, გიგზავნით ამ ჩემს წერილს მხოლოდ იმისათვის, რათა დავარწმუნო წმინდა კონგრეგაცია, რომ ახალი განკარგულებებისა და დანიშვნების მოსვლამე არ დავტოვებ ჩვენს ორ ეკლესიასა და თავშესაფრებს. ვაუწყებ თქვენს მოწყალებას იმაზეც, რომ გასულ თვეს9 გამოგიგზავნეთ ორ პაკეტად ოთხი ვრცელი ანგარიში, ასევე ერთი ცალკე პაკეტი კონსტანტინოპოლის გავლით წერილის სახით, რადგან თუ ერთი რომელიმე დაიკარგებოდა, ძალიან დამენანებოდა. ამასობაში რომში მოსკოვის გავლით მიემგზავრება ღირსი მამა პისკოპო, გამოჩენილი მღვდელი, წმინდა ცხოვრების წესის, უმწიკვლო ზნე-ჩვეულების, დიდად განსწავლული და სათნო საქციელის ადამიანი. უეჭველია, მას კარგად იცნობს წმინდა კონგრეგაცია, რომლის მეშვეობით შევიცანი ის, რის შესახებაც ბევრჯერ გაცნობეთ; ის ძალიან დამიახლოვდა და მისადმი ღრმა პატივისცემით აღვივსე; მაგრამ მზეს არ ბილწავს თავისი სხივები, თუ ხანდახან ისინი უწმინდურობას ეცემიან; მისი გულისთვის, იმ დროს, როცა სამეფო კარზე10 დავამდაბლე სომეხი მღვდლები არა შურის გამო, მომექცია ისინი ჩვენს სარწმუნოებაზე (გაურკვ.) იმიტომ, რომ უმჯობესია მუსლიმი გახდე, ვიდრე დარჩე სომეხად. ისინი მეტად რომ არ იხილო, უნდა განადგურდეს იმათი სახლები, რომლებიც თავს მხოლოდ კათოლიკეებს უწოდებენ (არ იკითხება) მე ეს არ გავაკეთე არა იმიტომ, რომ არ მქონდა იმედი მომექცია [კათოლიკურ სარწმუნოებაზე] ისინი ასეთი მღვდლის დახმარებით, არამედ იმისთვის, რომ წმინდა კონგრეგაციას ცხადად დაენახა (არ იკითხება) ვისთან მიდიან ისინი და მათდამი მხოლოდ სიმკაცრეა საჭირო. არ მინდა მეტად თავი შეგაწყინოთ, ვრჩები თქვენი მოწყალების უერთგულეს მსახურად და ქვეშევრდომად, ფრა’ ჯუზეპე ანტონიო, უღირსი კაპუჩინი.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 208 r- 211 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. სკუდო - XVI-XVIII სს. იტალიის რიგ სახელმწიფოებში ვერცხლისა და ოქროს მონეტა.
3. ვერ დგინდება ბართოლომეო ჯულიანოს რა პოზიცია ეჭირა საქართველოს მისიონში.
4. იგულისხმება ჯამაგირი.
5. იგულისხმება წმინდა კონგრეგაციის დეკრეტი, თუმცა ვერ ხერხდება მისი გაცემის დროის დადგენა.
6. იგულისხმება დაწვრილებითი ანგარიში.
7. იგულისხმება პაპის კურია.
8. მესა - წირვა კათოლიკურ ეკლესიაში.
9. ე.ი. 1675 წლის ნოემბერს.
10. როგორც ჩანს, ირანის შაჰის კარზე.
ფრიად პატივცემულო და დიდად თაყვანსაცემო ბატონო, საყვარელო პატრონო
როცა ეს წერილი რომში მოხვდება, ბედი გამიღიმებს და ჩემს უხეშ წერილებს თქვენი მოწყალება კეთილგანწყობით შეხედავს; ცხრა თუ ათი წელია ვემსახურები წმინდა კონგრეგაციას და მთელი ამ ხნის მანძილზე ისე უხვად მიხდიდნენ სამაგიეროს, რომ არ მაქვს მეტი სურვილი, გარდა უფროსთაგან მეტი ყურადღებისა, რათა შესაფერის შემთხვევაში ისინი ისხენებდნენ, რომ მე, რამდენადაც საშუალება მომცა ჩემმა სუსტმა ძალებმა, არასოდეს უკან არ დამიხევია საკუთარი რწმენიდან, თუმცა შეიძლება მითანაგრძნონ, რომ ამ ჩემმა რწმენამ არაფერი მომიტანა; მაგრამ უფრო მეტად საწყენი ის იქნებოდა, თუკი ვნახავდი, როგორ ინგრევა აზიაში ყველაზე დიდი იმედის მომცემი მისიონი, რომლის შენარჩუნებისათვის მრავალმა მისიონერმა და ნამდვილმა მღვდელმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო. გარდაიცვალა მამა პრეფექტიც1, რომელიც გარეგნულად ჯან-ღონით სავსე იყო. მოკვდა ის მას შემდეგ, როცა ბოლო ოთხი მისიონერი გააძევა. სხვადასხვა დროს კი მან ათი ადამიანი გააგდო, რის დავიწყებასაც სიკვდილიც კი ვერ მაიძულებს; როგორც ახალბედა მორჩილმა, ვერ ავიკიდე ახალი მძიმე ჯვარი, თუმცა შევინარჩუნე გორის მისიონი, სადაც თავიდან მრავალი წლის მანძილზე მუშაობდნენ მამა-თეათინელები2 და აგოსტინიანები3, ხოლო შემდეგ ჩვენ; არ ვნანობ ამაზე4, რადგან ჩვენ ერთმანეთში მშვიდად და მეგობრულად ვცხოვრობთ და სიყვარულით ვეკიდებით ერთმანეთს; და როგორც ეს აშკარად ჩანს, ამ გრძნობების5 დაშრეტა მათ მაღალუწმინდესობებს ყოველთვის აწუხებდა. ამის შესახებ6 ჩვენი უფროსები დროულ გაფრთხილებას იღებდნენ, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ თავიდან აეცილებინათ ზომაგადასული ხარჯები და ურვა, რაც დაკავშირებული იყო ახალი მისიონერების შერჩევასა და აქ გამოგზავნასთან; აკი, აქ ორ თავშესაფარსა და ეკლესიაში7, არაფერს ვამბობ ოთხი დიდი პროვინციის ფორმალურ მრევლზე, დავრჩით მხოლოდ ოთხი ავადმყოფი მღვდელი. თუკი არ გამოინახება საშუალება, რომ გარდაცვალებამდე აქ მისიონერები გაჩერდნენ, ხოლო ეს უმთავრესად მამა პრეფექტის სიბრძნესა, გულმოდგინებასა და კეთილმოწყალებაზეა დამოკიდებული, მაშინ მისიონი მისიონი კი არ იქნება, არამედ შვიდწლიანი კატორღა; ამ ხნის8 მანძილზე მხოლოდ შესაძლებელია ენის9 ისე შესწავლა, რომ აღასრულო საიდუმლო, მაგრამ ქადაგებისათვის, დისკუსიის წარმართვისა და გამოცდილებით გამდიდრებისათვის საჭიროა მომდევნო შვიდწლიანი ვადაც; მაშინ რა უნდა ვთქვათ იმაზე, ვინც აქედან სამი, ოთხი, ხუთი წლის წინათ წავიდა! მე ვერ შევურიგდები წმინდა კონგრეგაციის ასეთ ხარჯებს და ჩვენი სარწმონოების ასეთ დანაკარგებს. ჰო, მაპატიოს თქვენმა მოწყალებამ უდიერი კადნიერება და მოწყალების თვალით შეხედოს იმ უბედურებებს, რომელიც თავს დაგვატყდა. რადგან ძალმიძს შევასრულო ჩემი უკანასკნელი ვალდებულება და არ ვიცი მოახერხებს თუ არა სიკვდილი, რომელიც რამდენჯერმე მომიახლოვდა, ისე ჩამაწვინოს მიწაში, რომ საფლავის მოპოვების იმედი არ მქონდეს.
1. ის უნდა იყოს სერაფინო და მელიკოკა, რომელიც 1675 წელს, ცხადია, ამ წერილის დაწერამდე, გარდაიცვალა თბილისში (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა... გვ. 248).
2. თეათინელთა ორდენის მისიონერები გორში მოღვაწეობდნენ 1628 წლის 14 დეკემბრიდან, სავარაუდოდ, 1638 წლამდე.
3. იგულისხმება ავგუსტინთა ორდენის პორტუგალიელი მისიონერები. მათ გორში ბინა დაიდეს 1628 წლის 11 მაისს და სანამ იქ თეატინელები იყვნენ, მათთან ერთად მოღვაწეობდნენ. სავარაუდოდ, ავგუსტინელები გორში 1641 წლამდე ეწეოდნენ საქმიანობას.
4. იგულისხმება გორში საქმიანობაზე
5. ალბათ, მეგობრობისა და სიყვარულის.
6. იგულისხმება საქართველოში მოღვაწე კაპუჩინ მისიონერებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და სიყვარულით დამოკიდებულების გაქრობა.
7. გორისა და თბილისის კათოლიკეთა თავშესაფარი და ეკლესია
8. სამისიონერო საქმიანობის შვიდი წლის მანძილზე.
9. იგულისხმება ქართული ენის, რომლის შესწავლა თითქმის ყველა მისიონერს უჭირდა.
დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უფლისწული ერაკლე1, პაპის კარისათვის ცნობილი თეიმურაზის შვილიშვილი, მოსკოვიდან დაბრუნდა2 და ამ უკანასკნელის წაქეზებით ირანში3 გაემართა, სადაც მეფეს4 სთხოვა თავისი სახელმწიფოს5 სათავეში დაეყენებინა (ის ამ პროვინციის ნამდვილი და ერთადერთი მემკვიდრე იყო); ამასობაში გაჩნდა ეჭვი ამ ქვეყნის6 ვიცე-მეფის7, ხსენებული უფლისწულის8 მოწინააღმდეგის, შეთქმულების შესახებ, რომელიც სპარსელებში სიმპათიით არ სარგებლობდა; მან თავისი ორი ვაჟიშვილი9 გააძევა, რომლებიც საქართველოს ყველაზე დიდ პროვინციებს მართავდნენ დიდი ბატონის სამფლობელოების მხრიდან. ასე რომ, თუ მოვიდა სპარსეთის ცხენოსანი ჯარი, ისიც ასევე ამ სამფლობელოებს შეაფარებს თავს; ახლა კი ქალაქი ემზადება მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად; თუ სპარსელები მოვლენ, იმედი მაქვს იღბლიანად გადავიტანთ ყველაფერს და თავშესაფარს არ დავტოვებ, მაგრამ თუ თურქები მოვლენ, მაშინ დარჩენა სახიფათო იქნება, ხოლო გასწრება ძალიან ძნელი, თუმცა ყველაფერ ამაზე ახლა საუბარი შეუძლებელია; ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებით ანგარიშს წარმოგიდგენთ.
1. საუბარია ქართლის მეფე ერეკლე I-ზე (1688-1703), რომელიც იყო კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილიშვილი.
2. ერეკლე ბატონიშვილი ათი წლის იყო, როცა დედამის ელენესთან ერთად თეიმურაზ I-მა რუსეთის მეფე ალექსი I მიხეილის ძესთან (1645-1676) მძევლად გაგზავნა. 1662 წელს ერეკლე საქართველოში ჩამოვიდა და როგორც კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე, მის დაკავებას შეეცადა. ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანების პროგრამის მქონე ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (1658- 1675) ერეკლე ბატონიშვილის გეგმები ჩაშალა და დედა და შვილი 1666 წელს ისევ რუსეთში წავიდნენ.
3. პირველი მარცხის შემდეგ, 1674 წელს ერეკლე ბატონიშვილი, ირანის შაჰისაგან გამეფებას შეპირებული, ისევ დაბრუნდა რუსეთიდან კახეთში, სადაც მეფობდა მისი სიძე არჩილი. ამ უკანასკნელმა იცოდა რა, შაჰი ერეკლეს უჭერდა მხარს, მას არაჩვეულებრივი შეხვედრა მოუწყო, საჩუქრებით აავსო და კახელი თავადების ამალით ირანში გაისტუმრა. აქ ერეკლემ 12 წელი გაატარა, მიიღო მაჰმადიანობა და ეწოდა სახელად ნაზარალი-ხანი.
4. ირანის შაჰს სულეიმან I-ს (1666-1694).
5. ცხადია, კახეთის სამეფოს სათავეში.
6. იგულისხმება ქართლის სამეფო.
7. ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი (1658-1675).
8. იგულისხმება ერეკლე ბატონიშვილი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი.
9. ალბათ, საუბარია ვახტანგ V-ის შვილებზე არჩილსა და ლუარსაბზე. 1661 წელს ვახტანგ V-მ იმერეთის ტახტზე დასვა არჩილი, რომელიც ოსმალეთის მოთხოვნით იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა. მეორე ვაჟიშვილი ლუარსაბი ახალციხეში გაიქცა, რათა სულთნის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა. 1675 წელს კახეთის მეფე არჩილმა ტახტი ერეკლე ნაზარალი-ხანის სასარგებლოდ დათმო და ახალციხის ფაშასთან გადავიდა. ამდენად, კაპუჩინი მისიონერი ჯუზეპე ანტონიო რომანო სწორად გადმოსცემს ისტორიულ ფაქტებს.
ამასობაში ჩვენგან აქ არის ორი მღვდელი და თითოეული თავისას გაიძახის. ერთი ამბობს, რომ საჭიროა გავიქცეთ, ხოლო მეორე - უნდა დავრჩეთ. ყველაფერი წესრიგს მოითხოვს და ქვეშევრდომმა უფროსის დიდი სიმკაცრის უფლება რომ აღიაროს, გადავწყვიტე, წაგართვათ დრო და ამ შემთხვევისათვის გიგზავნით წერილის თანხლებით ოთხ დიდ პაკეტს; მათი გამართვისთვის დრო არ მქონდა; თუკი დონ ჯოვანი ბაპტისტა (გაურკვ.) უფრო იმედი მაქვს წმინდა კონგრეგაცია. მან1 ძალიან დამიჭირა მხარი და შემეძლო საკუთარ თავზე ამეღო მათი გამართვა2, ვიდრე თქვენს მოწყალებას წარმოუდგენდი, მაგრამ მათ უმაღლეს გადაწყვეტილებას ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს. ეს წერილები შედგენილია იმისათვის, რომ ამ მისიონს სარგებლობა მოუტანოს. ისინი შეიცავენ ქონების იმ საგანთა ჩამონათვალს, რომელსაც შეძენის ანდა ჩუქების გზით ფლობდნენ მამა-თეატინელები და მამა-ავგუსტინელები; იქვე მითითებულია, თუ რა გაკეთდა ამ ქონების დასაბრუნებლად, რაზეც რჩება (გაურკვ.) ამ პროვინციების უფროსი მამის ეს წერილი; მათში3 საუბარია იმაზეც, რა ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ჩვენი რელიგიისათვის, თუკი დავიწყებდით იმ ყმაწვილების დახსნას, რომელთაც თურქებზე ყიდიან; მასში4 [ასევე] საუბარი მიდის: რამდენად აუცილებელია საქართველოს მისიონისათვის ერევნის მისიონის დაარსება და მათი მუდმივი კავშირებით შეერთება; სპარსელთა მიერ იმ უცხოელების, კერძოდ ელჩების, მიღების წესზე, რომელთაც მოაქვთ ევროპის მთავარებისაგან5 წერილები; სომეხი სამღვდელოების აუტანელ ქედმაღლობაზე და (არ იკითხება) სხვების, რათა დაისაჯონ ისინი. მაქვს სხვა ჩანაწერებიც, მაგრამ ისინი სხვა თავშესაფარშია და თუკი მოვიძიებ, არ დამავიწყდება მათი გამოგზავნაც.
1. იგულისხმება დონ ჯოვანი ბაპტისტა.
2. იგულისხმება ოთხ დიდი პაკეტს თანდართული წერილები.
3. იგულისხმება ოთხ დიდ პაკეტს თანდართული წერილები
4. იგულისხმება ოთხ დიდ პაკეტს თანდართულ წერილებში.
5. მეფეებისა და სუვერენებისაგან.
რაც შეეხება წარსული ზიანის გამოსწორების სხვა განწესებებს, მე ვიხსნი პატრის ყველა პასუხისმგებლობას და იგი გადამაქვს მამებზე, რომლებიც ბოლოს წავიდნენ ჩვენგან, უწინარეს ყოვლისა, მამა ფრანცესკო მარია და მონტეკატინოზე. [ეს უკანასკნელი] არის ყველაზე უფროსი და ყველაზე სწავლული. საკმარისია ერთხელ ნახო და მოუსმინო, რომ სამუდამოდ დაგამახსოვრდეს; მას ძალიან ორიგინალური, ჯანსაღი აზრები და ჩანაწერები აქვს. ვთხოვ თქვენს მოწყალებას არ დაუშვათ, რომ ის1 გამოიძახონ და მოუსმინონ, რადგან ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს წმინდა კონგრეგაციას, რადგან დაწვრილებით დაიწყებს ჩემს გამართლებას. და ვაცხადებ, ის ამას გააკეთებს ჩემი ნების წინააღმდეგ, რადგან უკეთესია, დავრჩე ცილისწამებით ჩირქმოცხებული, ვიდრე ზედაპირზე ამოვიდეს ყველა სისასტიკე, რომელიც ჩემს მიმართ გამოიყენეს; ძალიან ვწუხვარ, რომ მოვიდნენ ჩემი მტრები და მთელი აზია მომისიეს. როგორ არ ეცადნენ, რა ხრიკები არ გამოიყენეს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ჩემს წინააღმდეგ ღირსი მამის პისკოპოს ამხედრება. იმის მაგივრად, რომ ჩემზე განრისხებულიყო, [მამა პისკოპო] მათზე განრისხდა. განა ერთი ან ორი დღის გაცნობილი ვყავდი, არამედ მთელი ორი წელი მიცნობდა. ასე რომ, თუკი თვალწინ არ მექნებოდა მისი2 ბრწყინვალე მაგალითი, ასევე დიდად პატივცემული პატრონის უკანასკნელი განკარგულებები, ვიჯდებოდი წყნარად და მშვიდად სენაკში. მაგრამ მშვიდობა და მყუდროება ჩემთვის ყოველთვის იქნება ომზე უფრო მძიმე, როცა მოვა შეუსიტყვებელი ბრძანება წმინდა კონგრეგაციისაგან წმინდა მორჩილებაზე, რომლის ფეხებს ვეამბორები და ვთხოვ თქვენს მოწყალებას, არ დაუშვათ გადაწყვეტილების მეტი გადადება; გადავიტან ყველა ომს, ყველა თავდასხმას, არ წავალ აქედან არც საომარ და არც მშვიდობიან დროს, სანამ არ მოვა ახალი განკარგულება და არასოდეს (არ იკითხება) უფროსების განზრახვები; ამ გრძნობებით ვრჩები უერთგულესი მსახური და თქვენი მოწყალების ქვეშევრდომი. ფრა’ ჯუზეპე ანტონიო რომანო, უღირსი კაპუჩინი.
ტიფლისი, 1675 წლის 1 დეკემბერი.
1. მამა ფრანცესკო მარია და მონტეკატინო.
2. იგულისხმება ღირსი მამა ფრანჩესკო პისკოპო.

9. ბერნარდო მარია და ნაპოლი - საცნობო ბარათი1 (1676 წლის 10 მარტი) საქართველოს მისიონის ერევანთან, საითკენაც ახლა ჩვენს მისიონერებს გახედვაც არ სურთ, კავშირის დამყარების აუცილებლობის, ამ ქალაქში2 მისიონის დაარსებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
აზიის ერთ ყველაზე მოშორებულ კუთხეში საქართველო განცალკევებულად დგას, რომელსაც შავი ზღვა ეკვრის; სამეგრელოდან მას გამოყოფს მდინარე ფასო3. [მისი] საზღვრები გადის მცირე და დიდ სომხეთთან დაბალ მთებს შორის; იგი ვიწრო ზოლით გადაჭიმულია კასპიის ზღვამდე. მასში4 ცხოვრობს მეომარი ხალხი, რომელთა დამორჩილება, უძველესი დროიდან რომ არ ვთქვათ, ვერ შეძლო თავისი მრავალრიცხოვანი, შეუპოვარი და გაშმაგებული ჯარებით ვერც დიდმა თემურ ლენგმა და ვერც სხვა თურქებმა; მაგრამ ბოლოს და ბოლოს ახლანდელი სპარსეთის მეფის5 წინაპრებმა დაიმორჩილეს ორი პროვინცია6, თუმცა მათი ასეთი დაქვემდებარების შესახებ შეიძლება თქვა, რომ იგი უფრო თავისუფალია, ვიდრე დაპყრობილი სახელმწიფო; ორი სხვა (გაურკვ.) უფრო პატარა პროვინცია7 თურქ-მუსლიმებზე აღმოჩნდა დამოკიდებული.
ქართველები, როგორც მათი წინაპრები, არასოდეს ეწეოდნენ ვაჭრობას; აქ ბაჟისაგან თავისუფლებისა და მცირეოდენი ფულის გადახდის გამო გამოივლიან უცხოელი ვაჭრები. ბოლო ჟამს სპარსელებმა საქართველოს დედაქალაქი თბილისი გააფართოვეს, დაასახლეს აქ სომხები და გაჩნდა სავაჭრო და სასაქონლო მიმოცვლა; მაგრამ ეს სუსტი სავაჭრო კავშირები, ძირითადად ევროპასთან, და ნამდვილი ვაჭრების არარსებობა, არის იმის მიზეზი, რომ აქამდე ჩვენი საბრალო მისიონერები განიცდიან დიდ სიძნელეებს იმ საზრდოს მიღებაში, რომელსაც გულმოწყალე წმინდა კონგრეგაცია გვაძლევს. ასევე [ევროპასთან სუსტი სავაჭრო კავშირების გამო] ხშირად ვერ ვიღებთ დიდი ხნის ნანატრ წერილებს, რომლებიც ან გზაში იკარგება, ან ძალიან დაგვიანებით ჩამოდის.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, ff. 214 r-218 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება ერევანში.
3. ე.ი. მდინარე რიონი.
4. საქართველოში.
5. ირანის შაჰის, რომელიც ამ წერილის დაწერის დროს იყო სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი სულეიმან I (1666-1694).
6. იგულისხმება კახეთისა და ქართლის სამეფო.
7. ალბათ, გულისხმობს სამცხე-საათაბაგოსა და აჭარას.
ასეთ უბედურებაში დახმარება ძალიან იოლია. თბილისიდან ცხენით ოთხი დღის სავალზე არის დიდი სომხეთის დედაქალაქი ერევანი, სადაც სამყაროს ყველა კუთხიდან ჩამოდის ურიცხვი ვაჭარი. ეს1 არის სომეხი სამღვდელოების ცენტრი, აქ ინდოეთიდან, სპარსეთიდან და თურქეთიდან მომავალი ქარავანი ჩერდება; საქართველოში, ჩვენი მისიონისათვის, აქ მოდის ყველა ტვირთი და ფოსტა. მაგრამ ვაჭრებს, რომლთა დიდი ნაწილი გადაუხვევს სპარსეთის მხარეს, თან მიაქვთ ეს ტვირთი და ფოსტა. ამგვარად ისინი2 აღმოჩნდება საფრანგეთის მამა-მისიონერების3 ხელში, რომლებიც შემდეგ მათ გვაძლევენ ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში. ამიტომ, თუ იქ4 გვექნება მისიონი, რაც ახლა არ არის, მაშინ არ მოგვიწევს ერთი თვე, კვირაც კი, დაველოდოთ წერილებს, ტანსაცმელს, ნებისმიერ ამანათს, რადგან სომხებისა და ბერძნების აქ5 ჩამოსულ ქარავანში არიან ვაჭრები ევროპიდან და ისინი დაუყოვნებლივ გამოაგზავნიდნენ მათ ახლო მდებარე თბილისში. არ მოეძებნება გონიერი გამართლება იმას, რომ იტალიელმა მისიონერებმა ეს მისიონი6 დატოვეს; აი, უკვე ექვსი წელია, რაც რეგულარულად ჩავდივარ იქ და არც ერთხელ არ მინახავს არც ერთი მისიონერი, გარდა ღირსეული მამა პისკოპოსი, რომელიც აქ გავლითაა. სხვათა შორის იქ7 ცხოვრობს ბევრი კათოლიკე და, პირველ ყოვლისა, ბატონი აზარია ავაკი, რომელმაც აღსარება თქვა ჩემთან. მართალია, ის მომხდარი ცნობილი შემთხვევის გამო გაღატაკდა, მაგრამ სამეფო კარისაგან8 მიიღო თანხმობა იქ9 მისიონის დაარსებაზე და სხვა ხარჯების წინაშე უკან არ დაიხევს. ჩვენი ყველა სხვა მისიონერი, რომლებიც საქმიანობენ სპარსეთში, ასე მაგ., ტაურისში10, ათი დღის სავალზე იმყოფებიან და ეს ყველაზე მცირე მანძილია; ამრიგად, ფრანგ მისიონერებს გავათავისუფლებდით ჩვენს ტვირთებსა და ფოსტაზე ზრუნვისაგან, რაც ვაჭრების არყოლის შედეგია, თუკი მათ მივიღებდით თბილისიდან სულ ოთხი დღის სავალი ერევნიდან. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წამლების მიღებასაც, რადგან საქართველოში მათი შეძენა შეიძლება მხოლოდ ორი ან სამი თურქისაგან და იგი იმდენად ძვირია, რომ ყველაზე მდიდრებს თუ შეუძლია [წამლების] ყიდვა; იძულებული ვართ ამაზე დავხარჯოთ ჩვენი ჩვეულებრივი მოწყალება მარცვლის, ფქვილის და სხვ. სახით, რადგან საქართველოში მხოლოდ ექიმობით შეგვიძლია არსებობა და მასპინძელთა კეთილი განწყობით სარგებლობა.
1. ე.ი. ერევანი.
2. ტვირთი და ფოსტა.
3. ირანში მოღვაწე ფრანგი მამა-მისიონერების.
4. ერევანში.
5. ერევანში.
6. იგულისხმება ერევნის მისიონი.
7. ერევანი.
8. ირანის შაჰის კარისაგან.
9. ერევანში.
10. ე.ი. თავრიზში.
წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა წამლების დიდი ტვირთის გაგზავნა ერევნიდან, სადაც ისინი ჩამოაქვთ მთელი აზიიდან და ინდოეთიდან და სულ მცირე ფასად იყიდება; ამგვარად, ჩვენი მამამისიონერები შეძლებდნენ ისე ექიმობას, რომ არ მოუხდებოდათ მძიმე შრომის გადატანა, არაფრის შეეშინდებოდათ, ხოლო წამლებისა და მკურნალობის სანაცვლოდ, შეეძლოთ არ გამოერთვათ ფული, არამედ ეთხოვათ სხვა, ადვილად მისაწვდომი საგნები, როგორიცაა ბრინჯი, ზეთი და სხვ., რომელიც აქვთ ღარიბებსაც და მდიდრებსაც; იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოინახებიან ისეთები, რომელთაც ჭეშმარიტი სარწმუნოების სინათლისა და მადლის აღქმის უნარი გააჩნიათ. რაც შეეხება ჩვენს სასულიერო საქმეებს, ყველასათვის ცნობილია, რომ სპარსეთის მეფეზე1 დაქვემდებარებულ ყველა სახელმწიფოში, საქართველოს ჩათვლით, მოქმედებს ჩვენი მისიონი, მაგრამ სომხეთში, სადაც ასევე, თუნდაც სხვა სექტის წარმომადგენელი, ქრისტიანები ცხოვრობენ, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა. ნება მიბოძეთ გკითხოთ, რატომ იხარჯება ამდენი მისიონერის ძალა, თუკი ერევანში, სადაც პატრიარქი ეპისკოპოსებთან და მღვდლებთან ერთად ცხოვრობს (თუმცა ეპისკოპოსები მხოლოდ სახელწოდებით არიან, ხოლო მეორენი თაღლითებია), სულაც არ არიან მისიონერები? შეიძლება მეორე ადგილას თავაუღებლად იმუშაო, ხოლო შემდეგ მოვა რომელიმე თაღლითი ერევნიდან ანდა ეუმაზიიდან2, ერთი ხელის მოსმით დაანგრევს ყველაფერს, რაც მრავალი წლის შრომის შედეგად აშენდა, გააძევებს ყველა რომაელ კათოლიკეს3 და ჩვენი მისიონერების მოწაფეებს, ხოლო მათ მშობლებს დასწყევლიან; ხშირად განაახლებენ დიდი ხნის წინათ მივიწყებულ ჯოვანი აინიონძესა და გრეგორიო დატუნიენძეს4 ერესებს იქ, სადაც სამოციქული რწმენის მისიონერები მუშაობენ.
1. ირანის შაჰის.
2. ალბათ, ეჩმიაძინი.
3. იგულისხმება ლათინური რიტის კათოლიკები.
4. ვერ ხერხდება ამ პირების იდენტიფიცირება. გვარის დაბოლოების მიხედვით ქართველები ჩანან, მაგრამ ასეთი გვარები დღეს არ იძებნება. შესაბამისად არც მათი ერესია ცნობილი.
მეორე მხრივ, თუკი უფლის შემწეობით მოხერხდება პატრიარქის, ეპისკოპოსებისა და მღვდლების1 ჩვენს სარწმუნოებაზე2 მოქცევა, რამდენი სარგებლობა მოჰყვება ამას! მაშინ სომხეთში ჩვენი მისიონერები საკმარისი იქნებოდა (ისინი ოთხნი არიან). ისარგებდებდნენ რა პატრიარქის გაკათოლიკებითა და მისგან ნებართვით, [ისინი] იქადაგებდნენ მათ ეკლესიებში, ილაპარაკებდნენ რაზეც უნდოდათ და მოიმკიდნენ იმ ნაყოფს სარწმუნოების გავრცელებისთვის, რაც აქამდე არ ჩანდა. ვიცი, რომ კალმის დახმარებით ვერ მიიღწევა სრული კმაყოფილება, მაგრამ მამა-პრეფექტის გარდაცვალების შემდეგ, ახალ ბრძანებამდე, არ გვექნება შესაძლებლობა, ვიფიქროთ [ერევნის მისიონის] დაბრუნებაზე. [ამიტომ] არ შემიძლია არად ჩავაგდო სომხებთან ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და დაე, ღმერთმა ნუ ინებოს ბატონი აზარია ავაკი მოკვდეს, რადგან შემდეგ უსარგებლო და დამატებითი ხარჯების გაღება მოგვიწევს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ერევანში ცხოვრობს პატრიარქი თავისი ეპისკოპოსებით, რომლებიც, მიუხედავად ყველა ლოცვისა, მარხვისა და სიფხიზლისა, მუდმივად ავადმყოფობენ; აქვე მდებარეობს დიდი სომხეთის ვიცე-მეფის რეზიდენცია და ბევრი წარჩინებული სპარსელი ცხოვრობს. მაშ ასე, ჩვენს სარწმუნოებაზე3 რომ მოვაქციოთ ერთნი და სხვების კეთილგანწყობას მივაღწიოთ, მეტად აუცილებელია იქ4 დავაბინავოთ ორი მამა მისიონერი და ბერები, რომლებიც მედიცინისა და ქირურგიის მცოდნენი იქნებიან; სხვა წერილებში ვწერდი, ჩემი აზრით, ერთი განსაკუთრებული ნიჭის მქონე და უნიკალურ ადამიანზე, სახელდობრ, დენტიჩთა კეთილშობილური საგვარეულოს წარმომადგენელ ანტონიო მარია და ნაპოლიზე, შეუპოვარ და კეთილგონიერ ადამიანზე, რომელიც თავისი გარდაცვლილი მშობლების გულუხვობის წყალობით ფლობდა მამულებს, რომელსაც წელიწადში 100 სკუდოზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა. მას შეეძლო შეენახა სამი მისიონერი, ეკლესია. მსახურები და სხვ., და ამით წმინდა კონგრეგაციისათვის ახალი ხარჯები და საზრუნავი აეცილებინა. მთელს აზიაში ერევანზე უფრო ბარაქიანი მხარე არ არსებობს; ბოლოს და ბოლოს ნოემ ჩაყარა აქ თავისი ვენახი. ამასობაში აზარია ავაკი აღიდგენს ცოტაოდენ ძალებს, ხოლო უფალი თვით იზრუნებს ამ მისიონზე, რათა წმინდა კონგრეგაცია ახალ ხარჯებში არ ჩააგდოს; როგორც ვხედავ, ამ ხარჯის ღირსეულად გამოყენებაზე განსაკუთრებით არ ზრუნავენ და თვლიან მათ იმგვარ მოწყალებად, რომელზეც ჩვენი მამა წმ. ფრანცისკე4 ამბობდა: „ჩვენ ვზივართ დუქანში და ვჭამთ ხალხის ცოდვებს“6; აკი ეს ხარჯები - ეს ის ფასია, რომელიც უნდა გადაიხადო, რათა მეორედ იხსნა ქრისტეს სისხლით გამოსყიდული სულები. მამა ანტონიო მარია და ნაპოლი ჯერ კიდევ იმყოფება ნეაპოლში და გვაუწყა იმაზე, რომ უფლის შთაგონებით ითხოვა ჩვენს მისიონში ჩარიცხვა. ერევნის მისიონი, როგორც სხვა მისიონი უნდა დაექვემდებაროს მამა პრეფექტს და იყოს მისი ხელმძღვანელი.
1. იგულისხმება სომეხთა პატრიარქი, სომეხი ეპისკოპოსები და სომეხი მღვდლები.
2. იგულისხმება კათოლიკურ სარწმუნოებაზე.
3. ე.ი. კათოლიკობაზე.
4. ერევანში.
5. საუბარია ფრანცისკე ასიზელზე, კათოლიკე წმინდანზე, ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებელზე (1182-1226).
6. „siamo all’osteria e mangiamo i peccati de’popoli“.
უგანათლებულესო და დიდად თაყვანსაცემო ბატონო, ფრიად პატივცემულო მამავ, ღირსეული მამა პისკოპოს მეშვეობით მივმართავ თქვენს მოწყალებას ჩვენი საქართველოს მისიონის საჭირიებებისთვის. [მამა პისკოპომ] სპარსეთის მეფის (სულეიმან I 1666-1694) კარზე უმაღლეს დონეზე, ღირსეულად და სასარგებლოდ დაიცვა ნახიჩევანის კათოლიკეთა ინტერესები. იტალიაში დიდებითა და შარავანდით მოსილი ბრუნდება; მან ბრწყინვალედ იცის საქართველოს მისიონის საქმეები. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, ისევ განვაახლებ არაერთგზის გამეორებულ თხოვნას ამ მისიონიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ, რადგან დასარულს უახლოვდება შვიდწლიანი მსახურების ვადა. [ასევე] არ შემწევს უნარი მასში მეტად გავაგრძელო მუშაობა. ახლა საქმეზე, რომელსაც, როგორც წარმომიდგენია, პირველრიგოვანი მნიშვნელობა აქვს:
პირველი, არაფერს ვამბობთ რა მისიონის ეკლესიის შენახვასა და სხვა ხარჯებზე, წელიწადში 15 სკუდო სრულიად არ კმარა მისიონერის თუნდაც უხეშ და ძუნწ საკვებზე; წლიური შენახვის ხარჯების ოდენობა აუცილებელია გაიზარდოს მართებულ დონემდე, ან 225 სკუდომდე, რომელიც [წმინდა კონგრეგაცია დე პროპაგანდის] 1670 წლის დეკრეტითნ დაინიშნა 15 მისიონერის შენახვაზე. მომავალში [ეს თანხა] უნდა დაენიშნოს რვა, ან ყველაზე დიდ ათ, მისიონერ-მოქადაგეს. და თუკი ყველა ეს მოქადაგე დაკავებული იქნება მხოლოდ სულების ხსნით, ეს რიცხვი [მისიონერებისა] სრულიად საკმარისი იქნება მთელი საქართველოსთვის.
მეორე, ჩვენს ყოველწლიურ შენახვაზე განკუთვნილი ფული ან გაიგზავნოს ალეპოში ბატონ ჯოვანი მარია მინეს სახელზე, რომელიც შემდეგ მათ გადმოუგზავნის გაცვლითი ოპერაციისთვის გამოქვითვის გარეშე, ან თუ მიეცემათ ასეთი შესაძლებლობა-აზარია ავაკის სახელზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცვლის დროს დანაკარგი ბევრი იქნება.
მესამე, მომავალში აქ გამოსაგზავნი მისიონერები შეკრიბონ ერთსა და იმავე პროვინციაში, რათა მათ უფრო მეგობრულად იმუშაონ მისიონის კეთილდღეობისათვის; გარდა ამისა, ყველა ისინი უნდა იყვნენ მოქადაგენი და არა უბრალო მღვდლები, ანდა საერო ბერები.
მეოთხე, აუცილებელია პრეფექტს მიეცეს უფლება, უკან დააბრუნოს ის მისიონერები, რომლებიც ორწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, მისიონის ორი უფროსი წევრის რეკომენდაციით, უვარგისად იქნებიან მიჩნეულნი მსახურებისათვის ანდა მისიონისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენენ.
მეხუთე, წმინდა კონგრეგაციამ თავისი ავტორიტეტის წყალობით იტალიის ზოგიერთი მთავრისა და რესპუბლიკისაგან, რომელთაც ამ ქვეყნების1 მბრძანებლებთან აქვთ ურთიერთობები, მიაღწიოს იმას, რომ მათ კონსულებს საზღვაო პორტებზე კაპელანის2 სახით ჰყავდეთ ამ მისიონიდან3 ერთი იტალიელი მისიონერი, რომელიც ყველა სამსახურს წარმართავდა; როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ფრანგი თანამდებობის პირებს არ სურთ (რა მიზეზიც არ უნდა იყოს) ჩვენს იტალიურ მისიონებს დახმარება აღმოუჩინონ.
მეექვსე, საჭიროა ჩვენს მისიონში გამოაგზავნოთ სომხურ ენაზე საღმრთო წერილი, სომხური ენის გრამატიკა და ლექსიკონი, ასევე სხვა წიგნები ბერძნულ, სომხურ, არაბულ ან თურქულ ენებზე, რომლებიც წმინდა კონგრეგაციის ტიპოგრაფიაში იბეჭდება. [გამოაგზავნეთ] წიგნები სადავო საკითხებზე და გრამატიკაზე, რადგან ჩვენს მისიონებში მრავალი ენის გამოყენება გვიხდება.
ასეთია ის საკითხები, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა გადაწყდეს პირველ რიგში მისიონის კეთილდღეობისათვის, განსაკუთრებით 1, 3 და 5 [პუნქტები], რის გარეშეც ამ მისიონის4 არსებობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ დაბეჯითებით ვთხოვ თქვენს მოწყალებას, რომ გამოიყენოთ თქვენი გავლენა მათი უწმინდესობების5 წინაშე, რათა ზემოხსენებული საკითხების გადაწყვეტაში დახმარება აღმოუჩინონ ჩვენს ღარიბ მისიონს. თქვენი მზრუნველობა, რათა ჩვენმა წმინდა სარწმუნოებამ6 გავრცელება და წარმატება იპოვოს, მინერგავს იმედს თქვენს დახმარებაზე. თქვენს მოწყალებას გულწრფელად ვუსურვებ წმინდა ეკლესიაში1 ყველაზე მაღალ ჩინს, ერთგულებით გიკოცნით ხელებს.
ტიფლისი, 1676 წლის 10 მარტი
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური ბერი ბერნარდო მარია და ნაპოლი, საქართველოს ვიცე-პრეფექტი.
1. ალეპოს გარდა, ძნელია ზუსტად ითქვას, კიდევ რომელ ქვეყანას გულისხმობს წერილის ავტორი.
2. კაპელანი - მღვდელმსახური, რომელსაც მყარად აქვს მინდობილი სამწყსო მზრუნველობა, ან თუნდაც ნაწილობრივ მაინც, მორწმუნეთა ცალკეულ ჯგუფსა თუ საკრებულოზე.
3. იგულისხმება კაპუჩინთა მისიონიდან.
4. იგულისხმება თბილისის მისიონი.
5. კარდინალების.
6. იგულისხმება კათოლიკური სარწმუნოების.

10. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ გორიდან 1677 წლის 1 აპრილს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მაღალი პირისადმი მიწერილი წერილი2
ღრმად პატივცემულო და ფრიად ღირსეულო ბატონო, თაყვანსაცემო პატრონო
ყოველთვის გულწრფელად მიმაჩნდა, რომ წმ. კონგრეგაციას მფარველობს და ხელმძღვანელობს სულიწმიდა; სწორედ ამიტომ ეს-ესაა საიმედო მეგობრებისაგან მივიღე ცნობა, რომ ჩვენი მისიონი3 ხელმეორედ გადაეცა მამებს, რომლებიც ტურენიდან4 არიან. ამან გამომაცოცხლა, რადგან გორის მისიონში მხოლოდ მე დავრჩი, ხოლო თბილისის მისიონში-მამა ჯუზეპე კორსო და მამა ჯუსტინო და ლოვორნო. ალეპოში, იერბეხიერში5, თავრიზსა და ისპაჰანში მივწერე წერილი და [ფრანგ პატრებს] ძმურად ვიწვევდი. ასევე ვარწმუნებდი, რომ მათ ყველა შესაძლებელი პატივითა და ღირსებით მივიღებდით. საქმით ვაჩვენებდით, თუ როგორ ვცემთ პატივს, როგორ მოვუსმენთ და დავემორჩილებით, რათა არ ეფიქრათ, რომ ჩვენ მათ მიმართ ისეთი გრძნობები გვაქვს, როგორც მამა სერაფინოს6. დაე, მსუბუქი იყოს მასზე მიწა, ვინც განაცხადა, რომ არ გვსურს მათი არანაირი სახით მიღება და ისინი ისე დააშინეს, რომ ჩამოსვლაზე უარი თქვეს.
უკვე პირველი აპრილია7 და მათგან ჯერ კიდევ პასუხი არ ისმის. არ ვიცით მათ იქ რა გადაწყვიტეს; თუკი ფიქრობენ, თავს დაგვატყდენენ მოულოდნელად, საეკლესიო ჭურჭლეულობით კმაყოფილნი დარჩებიან, თუმცა ჩვენი სიღარიბით გაოცდებიან და საკუთარ თვალებს არ დაუჯერებენ; ეკლესიაც არა გვაქვს, მწვალებლებმა ყველაფერი წაგვართვეს8. მე მარტო ვინახავ მთელ ჩემს მრევლს და გადავეცი 40 პიასტრი, რომელიც მეგობრებმა უკან მობრუნებისას მომიგროვეს. მეორე მრევლის შესანახად არ მაქვს რაიმეს მიღების იმედი. აქ9 ჩამოსვლით ისინი10 დიდ რისკს ეწევიან, რადგან ახლახან გარდაიცვალა აქაური ვიცე-მეფე11, რომელიც სპარსელებმა მოწამლეს; მისმა ორმა ვაჟიშვილმა განაცხადა, რომ დიდი ბატონის მხარეზე დადგებოდნენ, სხვა ორი კი სპარსეთის მეფის12 კარზე იმყოფება და ამ სახელმწიფოს13 მღელვარებები, აჯანყებები და ომები შეარყევს და, როგორც ვხედავ, მას ვერავითარი ადამიანური და ღვთაებრივი სიბრძნე ვერ უშველის; თუ სპარსელები გაიმარჯვებენ, ფრანგ მამა-მისიონერებს ჰყავთ მფარველები (არ იკითხება)... ში და საფრანგეთის სამეფოს ინდოეთის კომპანიის კაპიტანი, თუკი მოერევიან (არ იკითხება)14 ... კონსტანტინოპოლში მოიძებნებიან ელჩები, კონსულები, რომლებიც მათ15 დაიცავენ. ასეთი მღელვარე და საშიშ დროში ვმუშაობთ ჩვენს მისიონში და არანაირი ადამიანური და ფულადი დახმარება არ მიგვიღია. თუ ისინი16 დანიშნულ დროზე მეტს დააყოვნებენ და არ გამოგვიგზავნიან ჩვენს გასამრჯელოს, მაშინ ვფიქრობ, უფრო ღირსნი ვიქნებით არა საყვედურისა, არამედ თანაგრძნობისა, რადგან სამმა საწყალმა მისიონერმა, თუნდაც გორში მრევლის დატოვების ფასად, შეძლოს მისიონის დაცვა თბილისში, რომელიც დაცემისის წინაშე დგას. წმ. კონგრეგაციის წინაშე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საკუთარი ვალდებულების პირნათლად შესრულების მიზნით თქვენს მოწყალებას ვთხოვ, აუწყოს მათ17, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენს ღარიბ მისიონში. შეგწევთ ძალა მხარდაჭერა აღმოგვიჩინოთ, ხოლო მე თქვენი მოწყალების უმორჩილეს ქვეშევრდომად დავრჩები. ფრა’ ჯუზეპე ანტონიო რომანო, უღირსი კაპუჩინი.
გორი, 1677 წლის 1 აპრილი.
წმ. კონგრეგაცია დე პროპაგანდა ფიდესადმი კაპუჩინ მისიონერი ჯუზეპე ანტონიო რომანო.
1. კათოლიკურ ეკლესიაში.
2. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 234 r-137 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
3. იგულისხმება კაპუჩინთა მისიონი საქართველოში.
4. ისტორიული ოლქი საფრანგეთში.
5. ვერ დგინდება ადგილის ლოკალიზაცია.
6. ალბათ, საქართველოს მისიონის პრეფექტი სერაფინო და მელიკოკა.
7. იგულისხმება ამ წერილის დაწერის თარიღი, ე.ი. 1677 წლის 1 აპრილი.
8. ალბათ, „მწვალებლების“ ქვეშ კათოლიკეთა მუდმივი მოქიშპე სომეხი გრიგორიანელი სასულიერი პირები იგულისხმებიან. ქართველი მართლმადიდებლების მიმართ ტერმინი „მწვალებლები“ კათოლიკე მამებს არასოდეს გამოუყენებიათ.
9. ე.ი. საქართველო.
10. ტურენელი მამები.
11. საუბარია ქართლის მეფე ვახტანგ V-ზე ანუ შაჰნავაზზე.
12. ე.ი. სპარსეთის შაჰის.
13. იგულესხმება საქართველო.
14. კონტექსტის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, ოსმალები ანუ თურქები.
15. იგულისხმება ფრანგი კათოლიკე მისიონერები.
16. ალბათ, წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ხელმძღვანელები.
17. ცხადია, „მათ“-ში იგულისხმება წმ. კონგრეგაციაში ის პირები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ დასახელებული საკითხის გადაწყვეტაში. საერთოდ ამ წერილიდან ჩანს, თუ რა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ კაპუჩინი მისიონერები საქართველოში. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე პროპაგანდაც არ იჩენდა საქართველოში მოღვაწე კაპუჩინი მისიონერების საქმიანობის მიმართ დიდ ინტერესს და შესაბამისად საჭირო მატერიალურ დახმარებას დიდი დაგვიანებით უგზავნიდა.

11. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ გორიდან 1677 წლის 1 მაისს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ღრმად პატივცემულო და ფრიად ღირსეულო ბატონო, თაყვანსაცემო პატრონო
სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, რომ თქვენმა მაღალპატივცემულებამ ჩვენი მისიონი2 ფრანგ მამებს მეორედ გადასცა. მაშინვე შევეცადე ახალი ხელმძღვანელების გულის მოგებას, თუმცა გორის მისიონში მარტო დავრჩი. მივწერე მათ3 და ვაგრძელებ წერილების მიწერას ალეპოში, იერბეხიერში4, თავრიზსა და ისპაჰანში. მხურვალედ ვთხოვდი მათ მოსვლას, ვუცხადებდი მორჩილებას, ვპირდებოდი მისიონიდან5 დაშორებულ ადგილზე სრული სამოსელით, ჯვრითა და მორწმუნეთა გარემოცვით დახვედრას, რათა შემდეგ ისინი აქ მოგვეყვანა, სადაც ჩვენ ქვებით გვხვდებოდნენ. გავაკეთებ ყველაფერს, რათა იმ სიძნელეებმა, რასაც ისინი აქ წააწყდებიან სამოქალაქო და საგარეო ომების, სახელმწიფოს რყევების გამო, რადგან გარდაიცვალა ვიცე მეფე6 და საფრთხე მომდინარეობს არა მხოლოდ სპარსელებისაგან, არამედ თურქოსმალებისა და მათი მომხრეებისაგან, ასევე მეზობელი ქრისტიანი სახელმწიფოებისგანაც, მათ [ჩამოსვლა] არ გადააფიქრებინოს. ეს იმიტომ, რომ შემდეგ არ ეთქვათ, რომ ჩვენ მათი მიღება არ გვინდოდა, როგორც ეს განსვენებულ მამა პრეფექტს არ უნდოდა. გორში მხოლოდ მე ვარ, თბილისში კი ორი [მამა] დარჩა. ყოველგვარი სახსრების გარეშე ვართ დარჩენილნი. არანაირი ადამიანური დახმარება არა გვაქვს. ვფიქრობ, ისინი7 არ მოვლენ და თუ მოვლენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნახონ რა მდგომარეობაა საქართველოში. ჩვენ ისეც დამოკიდებულნი ვიქნებით მათ მოწყალებასა და კეთილგანწყობილებაზე, რადგან ბედის ანაბარა ვართ დარჩენილნი, ხოლო ისინი8 კი, პირიქით, სპარსეთის მეფისა9 და დიდი ბატონის10 კარზე არხეინად იცხოვრებენ ელჩებისა და კონსულების მფარველობის ქვეშ.
ღირსეულო ბატონო, რას გვიბრძანებთ ისეთ ვითარებაში, როცა უკან გზაზე ჩემმა მეგობრებმა 40 პიასტრი მომიგროვეს და ისიც უფროსს გადავეცი ორი მრევლის შესანახად, რაც უკვე დახარჯულია. საექიმო საქმიანობა ვერ დაგვეხმარება, რადგან ყველა დიდებული [ქალაქიდან] წავიდა და თავის მამულში ჩაიკეტა. ქალაქიდან გასვლა საშიშია, ღარიბებს მადლობაზე ვმკურნალობთ და, აი, ვალებში ჩაძირვას ვიწყებთ. ვიმედოვნებდით, რომ მამები აღდგომაზე მოვიდოდნენ, მაგრამ უკვე მაისია და მათგან არაფერი ისმის. არც წერილი, არც ფული და არც განკარგულება ჩანს. მათი მოსვლის დროისათვის ვალებში ვიქნებით ჩაძირულნი, რადგან აქ ორმაგი გირაოს უზომო პროცენტის გარეშე სესხს არ იძლევიან. ამის გამო მისიონი დაზარალდება და ჩვენს პოზიციებს დავკარგავთ. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამა პრეფექტი გარდაიცვალა11 და ვალად არც ერთი გროში არ აგვიღია, ვცხოვრობთ იმ შემწეობით, რასაც წმ. კონგრეგაცია გვიგზავნის, მაგრამ ახლა მეგობრებმაც შეგვაქციეს ზურგი, რომლებიც გველოდებიან და არ იციან, რომ (არ იკითხება) გათავისუფლება დაიწყო. ვფიქრობ, თქვენს მოწყალებას უნდა სცოდნოდა ამიერიდან რა სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით აქ და ამის შესახებ უკვე მეორედ ვწერ. დიდად დაგვიანდა [სარჩოს გამოგზავნა] და თუ ეს კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდება, ამაში დამნაშავე არავინ იქნება; იქნებ ცოტა ფული გამოეგზავნათ. ყველაფერი ეს ჩემი ცოდვის გამოა.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 135v-137 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს მისიონი.
3. იგულისხმება საფრანგეთის მისიონის ფრანგი მამების ხელმძღვანელები.
4. ვერ ხერხდება იდენტიფიკაცია. ალბათ, გორის მისიონიდან.
5. ალბათ, გორის მისიონიდან.
6. ცხადია, იგულისხმება ქართლის მეფე ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზი.
7. საფრანგეთის მისიონის ფრანგი მისიონერები.
8. საფრანგეთის მისიონის ფრანგი მისიონერები.
9. ირანის შაჰის.
10. იგულისხმება ოსმალეთის სულთნის კარზე.
11. იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს კაპუჩინთა მისიონის პირველი პრეფექტი სერაფინო და მელიკოკა, რომელიც 1675 წელს გარდაიცვალა თბილისში.
მეორე, არანაკლებ სერიოზული, მიზეზი შემდეგში მდგომარეობს: ერევნის მისიონი სრულიად მიტოვებულია და ბატონმა აზარია ავაკმა შიკრიკი გამომიგზავნა წერილით, რომელშიც მთხოვს, რომ იქ გავემგზავრო, რათა საკუთარ თავზე ავიღო მზრუნველობა, ვიდრე ნაყოფი, რომლის მომკა მომავალში შეიძლება. ასევე მისიონის მწვალებლების1 ხელში გადაცემა არ ივარგებდა. თუკი მამა ჯოვანი ბაპტისტა გონებას დაძაბავს და გაიხსენებს წინა ორი წლის მანძილზე ჩემს უთავბოლო წერილებს, არ გაუჭირდება გაიხსენოს, როგორ დავდიოდი სპარსეთის მეფესთან2 პაპის წერილებით, რომელიც ეხებოდა ჩვენი მისიონის ინტერესებს. რათა ხსენებული მამა აქედან რომში არ გაქცეულიყო, ვხარჯავდი ფულს და ბევრ ხიფათს წავაწყდი; წმ. კონგრეგაციამ ამ წერილის გაგზავნა კეთილინება და იგი სწორედ დროზე მოვიდა, რათა საგანგებო ელჩის3 მეშვეობით სპარსეთის მეფეს გადაცემოდა. იმ კარზე4 მცხოვრები მამა-მისიონერები ჩემს გამოჩენას იქ5 შეეწინააღმდეგენ. მე მათი სურვილის წინააღმდეგ არ წავედი არა იმიტომ, რომ მამა-მისიონერების შემეშინდა, არამედ თურქებსა6 და მწვალებლებს7 ხეირი არ ენახათ. მით უმეტეს ვგრძნობდი, რომ ეს უკანასკნელნი იმდენად არ გამოადგებოდნენ საქმეს, როგორც წერილში იყო გადმოცემული, რამდენადაც თვით ისინი8 იყვნენ უბედურებისა და ზარალის მიზეზი, რომელზეც წერილში იყო საუბარი; წერილის გადაცემა მაინც ვერ მოხერხდა. მომდევნო წელს მეფე9 ყაზვინში იმყოფებოდა, სადაც მისიონერები არ არიან; ღირსმა მამა-ელჩმა პისკოპომ, დომინიკელმა ბერმა, უპატიოსნესმა ადამიანმა, რათა პაპის ტახტის ელჩის რანგში მიეღოთ, ეს წერილი10 სხვა წერილებთან ერთად [სპარსეთის სამეფო კარს] გადასცა, ხოლო მე სამეფოს11 მრჩევლებმა თარჯიმნად ამირჩიეს. რამდენადაც მამებმა აბრანელოდან12, მამა აზარიამ და მამა ანტონიომ, ელჩად თავის მოჩვენება დაიწყეს, მე მათი სიტყვები უნდა მეთარგმნა, რის გამოც (არ იკითხება)... ნამდვილი არამზადას სახელს დავიმსახურებდი; თურქებთან13 და მწვალებლებთან14 ერთად მათ აზარიას ისეთი დევნა დაიწყეს, რომ ამისაგან არა მხოლოდ წერილში15 წარმოდგენილმა ინტერესებმა იზარალა, არამედ შეიძლება ეს ნამდვილი კათოლიკეც დაგვეკარგა, თუკი ის ცოცხალი წამებულის სულით არ იქნებოდა შემოსილი; ამიტომ არც სინდისი, არც (არ იკითხება)... არ მაძლევს ნებას მას რომში გადასვლა გადავათქმევინო. (არ იკითხება)... მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებით უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა, რომელშიც ყოველთვის შეიძლება მისაყვედურონ, რადგან მხოლოდ ცოტა ვინმე (არ იკითხება) თუ მიუბრუნდება სოვდაგარობას16, ინდოეთის სამეფო კომპანიაში მონაწილეობას (არ იკითხება), რომლის თანაშემწეები მადლობას სწირავენ უფალს იმისათვის, რომ ასეთი ადამიანი იპოვეს; შეიძლება ეს ღვთის ნებაა, რადგან წმ. კონგრეგაციამ იცოდეს, თუ ამ ქვეყნებში როგორ ემსახურება მას ზოგიერთი პირი; მაინც ვეცდები, წინ აღვუდგე იმ ზარალს, რომელიც წმ. კონგრეგაციას აყენებს; დაე, ელოდოს (არ იკითხება)..., წმ. კონგრეგაციის სასწავლებლისათვის რამდენიმე მოწაფის გაგზავნას (არ იკითხება) პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც17 ბევრი ეწევა და როცა შეეძლებათ წინააღმდეგობას გაუწევენ.
თავს მეტად არ შეგაწყენთ, მინდა წმ. კონგრეგაცია დავარწმუნო, რომ უმალ სიცოცხლეს დავთმობ, ვიდრე ამ მისიონს მწვალებლებს დავუტოვებ; მაგრამ, როგორც თვით თქვენი მოწყალება ხედავს, ხანგრძლივად დაყოვნება18 მისიონისათვის დამღუპველი იქნება; სანამ ახლ ვიცე-მეფეს19 არ აირჩევენ მამა-თეათინელებისა და ავგუსტინელების ქონების დაბრუნებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, ასევე (არ იკითხება) მისიონის შესახებ (არ იკითხება)... ასევე დავუტოვებ ამას.
თქვენი მოწყალების უმორჩილესი მსახური, ფრა’ ჯუსტინო ანტონიო რომანო, უღირსი კაპუჩინი.
გორი, 1677 წლის 1 მაისი.
1. ყველა ალბათობით „მწვალებლების“ ქვეშ სომეხი გრიგორიანები იგულისხმებიან.
2. ირანის შაჰთან.
3. ყველა შემთხვევაში უნდა იყოს პისკოპო.
4. იგულისხმება ირანის შაჰის კარზე.
5. იგულისხმება ირანის შაჰის კარზე.
6. ე.ი. მუსლიმებს.
7. ამ შემთხვევაში უნდა იგულისხმებოდეს სომეხი გრიგორიანები.
8. ალბათ, იგულისხმებიან მწვალებლები, ანუ სომეხი გრიგორიანები.
9. იგულისხმება ირანის შაჰი სულეიმან I (1666-1694).
10. საუბარია პაპ ინოკენტი XI-ის (1676-1689) წერილზე.
11. ირანის შაჰის კარის მრჩევლებმა.
12. ალბათ, „აბრენერი“ სოფელი ნახიჩევანიდან 5 მილზე. ირანის შაჰის კარის მრჩევლებმა.
13. ე.ი. მუსლიმანებთან.
14. ამ კონტექსტში სომეხი გრიგორიანები.
15. იგულისხმება რომის პაპის ინოკენტი XI-ის წერილი.
16. ამ ფაქტის მიხედვით ჩანს, რომ აზარია ავაკის (ავაქის?, ავაქიანის?) ოჯახის წევრები სოვდაგრობას ეწეოდნენ და კავშირი ჰქონდათ საფრანგეთის ოსტინდოეთის კომპანიასთან.
17. ე.ი. პოლიტიკას.
18. ალბათ, იგულისხმება კუთვნილი სარგოს დაყოვნება.
19. იგულისხმება სანამ სპარსეთის შაჰი ქართლის ტახტზე ახალ მეფეს არ დასვამს.

12. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ გორიდან 1677 წლის 1 ივნისს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
უგანათლებულესო და ღირსშესანიშნავო ბატონო, დიდად პატივცემულო პატრონო
თვენს მოწყალებას ზედმეტი მიტევებისაგან თავს არ მოვაბეზრებ. ვფიქრობ, თვით ეს წერილი საკმარისია. ყველა ღონე მიმართულია იქითკენ, რომ წმ. კონგრეგაციის უკანასკნელი დეკრეტები2 შესრულდეს, თუმცა მათ საქართველომდე არ ჩამოუღწევიათ3; თუ ასეთი იყო ღმერთის სურვილი, ხელს არ ავიღებ უფლის წმიდა ნებაზე და პატივად მივიღებ კიდევ უფრო მძიმე ჯვარს. ამის შესახებ დაწვრილებით ანგარიშში გაუწყებდით და სრულად ვეყრდნობოდით თქვენს გულმოწყალებას, თანაგრძნობასა და დახმარებას.
დაახლოებით ოთხი თვე გავიდა, რაც ჩვენი მისიონიდან მამა ფრანჩესკო მარია და მონტეკატინო4 პაპის კარზე დაბრუნდა და გვაუწყა იმის შესახებ, რომ მისმა ყოვლადუწმინდესობამ5 საქართველოს ყველა მისიონი მეორედ გადასცა ფრანგ მამა-მისიონერებს. მან6 უკვე ნახა ხსენებული დეკრეტები7. ამ ცნობამდეც ვუწყოდით, რომ ფრანგებს უნდა მიეღოთ განკარგულება ჩვენს მისიონში გადმოსვლის შესახებ, ხოლო ჩევენ - მათ დაყენებაზე. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი წინდახედული ადამიანი8 დათანხმდა ასეთ დოკუმენტს, თუ ეს წმინდა სიმართლე არ იქნებოდა. ეს ასეც რომ არ იყოს, ჩვენი საერთო მტერი9 სულ ერთია რაიმე მაცდურ ხრიკს გამოიყენებდა, ანდა უმდაბლეს ვერაგობას მიმართავდა, რათა ეს მისიონი დაინგრეს, რომელიც მთელს აზიაში უხვ ნაყოფს იძლევა. ეს იმიტომ, რომ აქ მხოლოდ სამნი დავრჩით ისეთ არეულ დროში, როცა ირგვლივ მღელვარება, აჯანყებები და ომები მიმდინარეობს და ბარბაროს10 ხალხს შორის საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდით; მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ჩვენს ორ სამწყსოს, ეკლესიასა და თავშესაფარს ვინახავთ, რომელიც მრავალი მილით არის ერთმანეთს დაშორებული. მათში თითო-თითოდ, ორ-ორად ცხოვრობენ. ხსენებულ მამებს11 რამდენიმე წერილში ჭეშმარიტი მორჩილების ნიშანს ვაძლევდით, მივიღებდით ისე, რომ ეგრძნოთ ჩვენი პატივისცემა წმ. კონგრეგაციის განკარგულებებისა და მისიონერებისადმი12, რომელთაც შეუძლიათ [ჩვენი] შეცდომების გამოსწორება; მათ მხოლოდ ვთხოვდით, რომ დეკრეტის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ წამოსულიყვნენ ჩვენს მისიონში, რადგან უკვე ვალებში ვეფლობოდით. ახლა გვეჩვენება, რომ ისინი, ალბათ, არ მოვლენ. სპარსეთიდან ისინი ნამდვილად არ მოვლენ, რადგან თავრიზში ერთი მღვდელი და ერთი საერო ბერი დარჩა, ხოლო ისპაჰანში - მხოლოდ ორი მღვდელი; როგორც ჩანს, ისინი ამთავითვე მოიცდიან იმის მოლოდინში, თუ რას გადაწყვეტენ სპარსელები (არ იკითხება) პროვინციის13 მიმართ; ჯერჯერობით ჩვენი ვიცე-მეფის14 გარდაცვალების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო მისი მოწამვლით, საქართველოს ყველა დიდებულისა და გარდაცვლილი მთავრის15 შვილების მოწვევა უზომო ზოზინითა და დაუდევრობით მიმდინარეობს. რამდენადაც პირმშო (არ იკითხება) არ ემორჩილება და, პირიქით, ჯარით დგას დიდი ბატონის16 საზღვრებთან, ყველასათვის ცხადია, რომ ეს მღელვარება ომის გარეშე არ დაცხრება. თუკი ფრანგი მამა-მისიონერები ყოველივე ამის შემდეგ მოვლენ, მათ ექნებათ ბევრი (არ იკითხება)... მაგრამ ამასობაში ჩვენი ყოველგვარი დახმარებისა და ფულის გარეშე დატოვება არ ივარგებს, მით უმეტეს გვეჩვენება, რომ რომში დაგვივიწყეს; შეიძლება იქ ფიქრობენ, რომ ციებცხელება შეგვეყარა (არ იკითხება)..., როცა თურქეთის ციხეში ჩაგვყრიან ანდა ომიდან გარიდებულთ შიმშილით ამოგვძვრება სული მთებში. მიუხედავად ყოველივ ამისა, ჩვენი დიდი მწუხარება და უბედურება, ვიცე-პრეფექტის ჯუზეპე კორსოსა და მამა ჯუსტინო და ლივორნოს, ალერსიანი, მშვიდი და წინდახედული ხასიათის წყალობით ცხრება. ისინი ჩემი ნაკლოვანებების მიმართ შემწყნარებლობას იჩენენ; სრული სიმტკიცით ათასჯერ დავთმობთ სიცოცხლეს, ვიდრე დანაშაულებრივად გადავცეთ ეს  მისიონი17, რომლის შექმნა წმ. კონგრეგაციას ამდენი გარჯა და ხარჯები დაუჯდა.
ამიტომ არ გავიხსენოთ ორი წლის მანძილზე ჯამაგირის დაგვიანება; ამ პერიოდის განმავლობაში არც ჩვენი უფროსებისაგან, არც ფრანგი მამებისაგან და არც სხვისგანაც არც ერთი წერილი არ მიგვიღია; არ გვსმენია არც ერთი სიტყვა, არც ერთი გადაკრულად ნათქვამი, რომლის წყალობით ჩვენს ახლანდელ გასაჭირზე ღირსეულ გადაწყვეტილებას მივიღებდით; ასეთია მისიონერის ცხოვრება: რაც უფრო ხელს აიღებენ მასზე, უფალი მით უფრო ანდობს [მამა-მისიონერს] ადამიანებზე მზრუნველობას. გთხოვთ, მხოლოდ გახსოვდეთ, ადამიანური არსებობის სისუსტის შესახებ, რომელსაც ბუნებრივი უმტკიცობა სჭირს; საკმარისია, სამიდან მხოლოდ ერთი [მისიონერი] გახდეს ავად, ან ჩააგდონ ციხეში, ან შეემთხვეს უბედურება, მაშინ მოგვიწევს ერთი ჩვენი ეკლესია მწვალებლებს18 გადავცეთ, რომლებიც სამოციქულო სარწმუნოების უფრო დიდი მტრები არიან, ვიდრე თურქები.
ასეთია შეულამაზებელი სინამდვილე და საქართველოს მისიონის ღარიბული ცხოვრება; მაგრამ არ ვჩივი, არ მჯერა, არ ვიხვეწები; ჩემი სურვილი მხოლოდ ის არის, რომ ბრმად დავემორჩილო და არა ის ვარკვიო, ვინ და რატომ არის უფროსი. წმ. კონგრეგაცია, როგორც ყოველთვის, ყველაზე მძიმე ჟამს, ახლაც თავის მოწყალებას არ მოგვაკლებს; გავკადნიერდებით და თქვენს მოწყალებას ვთხოვთ, რაც შეიძლება მალე, ჩვენს სახელზე ერთი წერილის მოწერას, რათა მასზე დაყრდნობით, ასეთ მკაცრ დროში, უფლის სადიდებლად საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ.
სწორედ ამ დღეებში გურიის19 მთავარმა ოთხ მსახურთან ერთად თავისი დიდებული გამოგვიგზავნა და გვთხოვდა მის სახელმწიფოში ჩასვლას. [გურიის მთავარი] გარდა ეკლესიებისა და ქონებისა, რომელიც მამა-თეათინელებს ეკუთვნოდათ, გვპირდებოდა სოფელს 20 სახლითა და ქვეშევრდომებით. მათ ერთჯერადად დაევალებოდათ მამების მომსახურება და ჩვენი მეურნეობის მართვა; ამაში ჩვენი ერთადერთი ხარჯი მხოლოდ წამლების შეძენაში მდგომარეობდა. მათთვის (არ იკითხება)... თუ სამზე მეტი ვიქნებოდით, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდით, მით უმეტეს ომს დავემალებოდით; (არ იკითხება)... ვაძლევთ, რომელიც რომში შეიძლება გამოჩნდეს, სადაც ადრე თუ გვიან სიმართლე ზედაპირზე ამოტივტივდება; უფრო სიცოცხლეს დავთმობთ, ვიდრე წმ. კონგრეგაციის წინაშე ჩვენი მოვალეობა არ შევასრულოთ. უმორჩილესი მსახური ფრა’ ჯუზეპე ანტონიო რომანო, უღირსი კაპუჩინი.
გორი, 1677 წლის 1 ივნისი.
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 237 v- 239 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება დეკრეტები, რომლის ძალითაც საქართველოს მისიონი საფრანგეთის მისიონის ფრანგ მამებს უნდა გადასცემოდა.
3. საგულისხმოა, რომ წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდაფიდეს“ ხსენებული დეკრეტები საქართველოში კაპუჩინი მამებისათვის არ გამოუგზავნია. როგორც ჩანს, წმ. კონგრეგაციამ კი მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მისიონი ფრანგი მამებისათვის გადაეცა, მაგრამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, არ ჩქარობდა, ხოლო შემდეგ, როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაიფიქრა.
4. კაპუჩინი მისიონერი ფრანჩესკო მარია და მონტეკატინო საქართველოში მოღვაწეობდა 1669 წლიდან (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235).
5. უნდა ვიგულისხმოთ წმ. პროპაგანდის კარდინალ-პრეფექტი.
6. ე.ი. მამა ფრანჩესკო მარია მონტეკატინომ.
7. ე.ი. წმ. კონგრეგაციის დეკრეტები, რომლის ძალითაც საქართველოში კაპუჩინთა მისიონი ფრანგი მისიონერების ხელში უნდა გადასულიყო.
8. უნდა ვიგულისხმოთ წმ. პროპაგანდის კარდინალ-პრეფექტი.
9. ცხადია, იგულისხმება ეშმაკი.
10. აქ სიტყვა „ბარბაროსი“ გამოიყენება ურწმუნო, ჩამორჩენილი ხალხის აღსანიშნავად და იგი არ მიემართება ქრისტიანებს.
11. იგულისხმება ფრანგი მამა-მისიონერები.
12. ე.ი. ფრანგი მისიონერებისადმი
13. ცხადია, ქართლის სამეფოს მიმართ.
14. იგულისხმება ქართლის მეფე ვახტანგ V ანუ შაჰნავაზი.
15. იგულისხმება ქართლის მეფე ვახტანგ V ანუ შაჰნავაზი.
16. ე.ი. ოსმალეთის სულთნის.
17. ამ შემთხვევაში რომის კურიის სამისიონერო უწყებაში.
18. იგულისხმება გორის ან თბილისის მისიონიდან ერთ-ერთი.
19. ამ რელაციონის დაწერის დროს გურიის მთავარი იყო გიორგი III გურიელი (1664-1684).

13. ბერნარდო მარია და ნაპოლის მიერ მარსელიდან 1677 წლის 14 სექტემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირისადმი მიწერილი წერილი1
დიდად პატივცემულო ბატონო და უგანათლებულესო მამავ
საქართელოს მისიონიდან მარსელში ჩემი ჩასვლის შესახებ თქვენი მოწყალებისათვის ადრე უნდა მეცნობებინა, მაგრამ ციებ-ცხელებით გამოწვეულმა საშიშმა უძლურებამ, რომელიც 36 დღე გაგრძელდა და აქამდე მტანჯავს, არ მომცა საშუალება წერილი მომეწერა. თუკი ეს ბატონები2 ისურვებენ იმ მისიონის3 მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, ნეაპოლში გზად მიმავალი შევივლი რომში, თუ მივიღებ ჩვენი მამა პროკურატორის კარისაგან განკარგულებას. ყოველ შემთხვევაში, ეს მისიონი4 საჭიროებს ახალ მისიონერებს, რადგან მასში დარჩა არაუმეტეს სამი მღვდლისა, თანაც ორი - მორჩილია და მათაც თავინთი დრო5 დაასრულეს. დამატებით გიგზავნით კვიპროსის ლარნეკადან6 მამა-წინამძღვრის წერილს, რომელიც გადმომცა მან, როცა გზად გავიარე მასთან. ამით ვასრულებ და თქვენს დიდად პატივცემულებას მოწყალებით თავს ვუხრი და მოწიწებით ვუკოცნი ხელებს.
მარსელი, 1677 წლის 14 სექტემბერი
თქვენი დიდად პატივცემულებისა და მაღალღირსების წყალობის უმორჩილესი და უერთგულესი მსახური მამა ბერნარდო მარია და ნაპოლი7 (გაურკვ.)
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, f. 242 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება წმ. კონგრეგაციის სასულიერო პირები.
3. საქართველოს მისიონის.
4. საქართველოს მისიონი.
5. იგულისხმება მისიონერად მოღვაწეობის ვადა.
6. ალბათ, ქალაქი ლარნაკა, სიდიდით მესამე ქალაქი კვიპროსში.
7. ჩვენში კარგად ცნობილი ბერნარდო მარია და ნაპოლი 1628 წელს დაიბადა ნეაპოლში. 24 წლის ასაკში ბერად შედგა კაპუჩინთა მონასტერში. 1653 წლის 14 იანვარს დაასრულა საღვთისმეტყველო კურსი და დაიწყო ქადაგება. გამოირჩეოდა ერუდიციითა და მჭევრმეტყველებით. 1670 წლის ბოლოს სხვა თანამოძმეებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. 1671 წლის სექტემბრამდე საქართველოს მისიონში გაწეული მუშაობის შესახებ კონგრეგაციაში გაგზავნა ანგარიში. მასში აღწერილია რელიგიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები საქართველოში. სხვა მამა-მისიონერებისაგან განსხვავებით, ბერნარდომ ბრწყინვალედ იცოდა ქართული ენა, რომელზეც თარგმნა კათოლიკური ლოცვებისა და ერთგულების ტექსტები, ბიბლია და ქრისტიანის მოკლე დოქტრინა ანუ კატეხიზმო. ეს უკანასკნელი მოგვიანებით (1681 წელი) დაიბეჭდა რომში პროპაგანდა ფიდეს მიერ. საგულისხმოა 1675 და 1676 წლებს შორის საქართველოში მისი დიალოგის ფორმით დაწერილი ნაშრომი - „გასამართლება ფრანგების რჯულისა“. მასში ორი წარმოსახვითი გმირი, თბილისის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი თეოფილე და კათოლიკე მისიონერი დიმიტრი, რომელშიც იმალება ბერნარდო, სამების დოგმატზე კამათობენ მართლმადიდებლური და კათოლიკური დებულებებით. ასევე ბერნარდო მარია და ნაპოლი, ჩვენში ბერნარდო ნეაპოლელად ცნობილი, დაუვიწყარია, როგორც იტალიურ-ქართული (360 გვ.) და ქართულ-იტალიური (628 გვ.) ლექსიკონის შემქმნელი. ეს ლექსიკონები „...წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო ქართული ენის შესწავლის საქმეში“ (თ. უთურგაიძე, ქართული ენის შესწავლა იტალიელ მისიონერთა მიერ და მათი მეცნიერული ნააზრევის ურთიერთმიმართება, - „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXIX“, თბ., 1990, გვ. 46). ბერნარდო ღრმად იცნობდა აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ტრადიციებს, რელიგიურ პრობლემებს, მოსახლეობის სულიერ განწყობილებას. ბერნარდო მარია და ნაპოლი 1677 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ნეაპოლში ჩასული ფილოსოფიასა და თეოლოგიას ასწავლიდა კაპუჩინთა პროვინციაში ახალბედებს, ანუ მორჩილებს. სამი წელი (1686-1689 წწ.) ის პროვინციალ მამად, ანუ სამონასტროების მმართველად დაინიშნა. გარდაიცვალა ნეაპოლში 1707 წლის 2 თებერვალს უბიწო ჩასახვის მონასტერში Bonaventura da Sorrento, I Cappuccini della provincial monastic di Napoli e Terra Lavoro. Memoire Storiche, Sorrento, 1879, pp. 23-27; Clemente da Terzorio, Le Missioni dei Minori Cappuccini Turchia asiatica, Roma, 1925, t.VII, pp.48, 57, 59-60; მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 238, 247; Michel Tamarati, Op. cit, 568, 572; მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 624, 629).

14. კაპუჩინი მისიონერ ჯუზეპე ანტონიო რომანოს მიერ თბილისიდან 1677 წლის 1 დეკემბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
უგანათლებულესო და ღირსშესანიშნავო ბატონო, დიდად პატივცემულო პატრონო
დიდად პატივცემულო ჩემო ბატონო, არც თუ მცირე სირცხვილს განვიცდი, რადგან იძულებული ვარ თავი მოგაბეზრეთ ჩემი გაუნათლებლობით და უმეცრებით, რომელიც მაიძულებს აგრეთვე მივმართო წმინდა კონგრეგაციას თხოვნით ახალი მისიონერების გამოგზავნის, ახალი ხარჯებისა და საზრუნავის შესახებ. მე ოდნავად მაინც არ ვარ დამნაშავე იმაში, რომ მისიონი მიატოვა ამდენმა მისიონერმა, ნამდვილმა მღვდელმა, რომლებსაც სამუშაო ეყოფოდათ ათი წელი! ვიმეორებ, მე არა ვარ დამნაშავე, პირიქით, მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, რამდენადაც მყოფნიდა ჩემი სუსტი ძალა; მაგრამ სიდუხჭირე, რომელშიც აქ ვიმყოფებოდი ისეთი იყო, რომ არ ვიცი როგორ შეეძლო წინაღსდგომოდა მას [ჩემი] სუსტი ადამიანური ბუნება. ახლა ჩვენს მისიონში გარდაქმნების შედეგად ვცხოვრობთ მშვიდობასა და სიყვარულში, თითქოს აღმოვცენდით მომაკვდინებელი საშიშროებების შემდეგ ნამდვილ ცხოვრებაში.
ჩვენი ერთობის კეთილ მაგალითს მოაქვს კარგი ნაყოფი, რომლის წყალობით ჩვენი მისიონი, როგორც ვფიქრობ, არ არის ცუდი აზიაში. ამიტომ თქვენს მოწყალებას ვთხოვ სრული ნდობა გამოუცხადეთ ჩემს სიტყვებს, მოგვიტევეთ ჩვენი ადრინდელი ცოდვები, ყურადღებით და თანაგრძნობით მოეკიდეთ ჩვენს უნებურ ცდომილებას; იმედით აღსავსეს მსურს გაცნობოთ ზოგიერთი საქმიანობის შესახებ.
მათი ყოვლადუწმინდესობა დათანხმდა დაიწყოს ის მოლაპარაკება, რომელსაც მოვითხოვდი მრავალი წლის განმავლობაში, იმ ქონების დაბრუნების შესახებ, რომელიც შეიძინეს და მფლობელობაში ჰქონდათ თეათინელ და ავგუსტინელ მამებს საქართველოს სამ პროვინციაში - კახეთში2, გორსა და გურიაში - შავი ზღვის სანაპიროზე.
1677 წლის 27 ნოემბერს მივიღე შესაბამისი განკარგულება მოლაპარაკების დაწყების შესახებ, რომლზეც უნდა წარმედგინა შესაბამისი ანგარიში. მეგონა, რომ ბატონები კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემი განზრახვისადმი, რადგან გამოვცხადდი თუ არა სპარსეთის მეფის კარზე ყაზვინში, რათა მიმერთმია თხოვნა (აქ არ იმყოფებოდნენ სხვა მისიონერები, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ ჩემთვის, როგორც წარსულში), მაშინვე გამოჩნდა და ჩვენი მთავრების ელჩად მიიღეს ღირსი მამა პისკოპო, დომინიკანელი, ჭეშმარიტად განსხეულებული ანგელოზი თავისი იშვიათი თვისებების გამო. მაგრამ ჩემდა საუბედუროდ და ჩემი ცოდვებისათვის დასასჯელად, სპარსელმა მინისტრებმა მაიძულეს ვყოფილიყავი ადგილობრივ ენებზე3 მთარგმნელად და გადამეთარგმნა ის წერილები, რომლებიც წმინდა მამას4 მიჰქონდა მეფისათვის5 გადასაცემად. მას ახლდა ორი სომეხი მღვდელი, რომლებსაც გაუჩნდათ აზრი თავიანთი თავები წარედგინათ ელჩებად. მე არ შემეძლო ერთი ელჩის მაგიერ წარმედგინა სამი და გამეგრძელებინა ეს სულელური კომედია. რას იტყოდნენ ორივენი ჩემზე რომში, მხოლოდ იმას, რომ ვარ უკეთური? სომეხი მამები გაბრაზებულნი ჩემზე იმის გამო, რომ წმინდა მამა-ელჩს მათ უფროსად, თითქმის მიტროპოლიტად წარვადგენდი, ისეთი დევნა დამიწყეს, რომ (არ იკითხება.), თუმცა ეს მე სრულიად დავიმსახურე, კიდევ უფრო ცუდიც, ასე რომ, მეტს აღარ ვამბობ (არ იკითხ.).
1. Archivio di Propaganda Fide, Scritture Riferite nel Congressi, Giorgia 1626-1707, vol I, ff. 246 r-248 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. მამა-მისიონერი ანტონიო რომანო აქ შეცდომას უშვებს. კახეთის სამეფოში არც თეათინელებს და არც ავგუსტინელ პატრებს ქონება არ ჰქონიათ, რადგან ისინი აქ არასოდეს დაფუძნებულან.
3. იგულისხმება ქართული, სომხური და თურქული, რადგან ეს ენები იცოდა პატრმა ანტონიო რომანომ.
4. იგულისხმება ფრანჩესკო პისკოპო.
5. სპარსეთის შაჰი.
ასეთ წარუმატებელ ვითარებაში წახდა აზარია ავაკის საქმეებიც, რომელიც ჩემთან ამბობდა აღსარებას. ეს არ მოხდებოდა, თუ შევძლებდი ჩვენი მისიონის ინტერესების დაცვას. რამდენადაც წმინდა მამა-ელჩი1 არ ფლობს ადგილობრივ ენებს, სომეხი მამები კი, არ აძლევდნენ მას შესაძლებლობას ესარგებლა თარჯიმნის დახმარებით. ვფიქრობ, ამ დროისათვის ის უკვე იმყოფება რომში და მოგიყვებათ მთელ სიმართლეს შელამაზების გარეშე, ისე, როგორც მიიჩნევს უკეთესად. არ ვეძებ სხვა მოწმეებს, და არ ვზრუნავ იმის შესახებ (არ იკითხება). ასეთი უბედურებებისგან გულდამძიმებულმა დავიწყე მკურნალობა მთავარ ჰერაკლეს2, დიდი თეიმურაზის ნათესავის და ერთი დიდებული ქალის, რომელიც მოკვდა შირაზში3, რადგან არ ინება თავისი სარწმუნეობისაგან განდგომა. ეს მთავარი არის საქართველოს ჭეშმარიტი მემკვიდრე. ის მოსკოვიიდან გაემგზავრა სპარსეთში, იმედოვნებდა, რომ შაჰი გახდიდა მას ამ ქვეყნის [საქართველოს] მბრძანებლად. მისი მთელი ოჯახი ავად იყო შავი ჭირის მსგავსი დაავადებით. მე შევთხოვე წმ. სამსონს4 (გაურკვ.) ექიმი, მისიონერი და ყველანი გამოჯანმრთელდნენ. ამიტომ, თუ ის [საქართველოში] დაბრუნდება, მე არა მხოლოდ ვპირდები, რომ ვისარგებლებ მისი კეთილგანწყობით ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად, არამედ ვიმედოვნებ უფრო მეტზე, რადგან ის ძალიან ღვთისმოსავია და დიდ პატივს სცემს სამოციქულო სარწმუნოებას5.
1. ე. ი. ფრანჩესკო პისკოპო.
2. ერეკლე I, ქართლის მეფე (1688-1703), თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ბატონიშვილი დავითის ვაჟი. რუსეთის კარმა 1649 წელს თეიმურაზ I-სათვის დახმარების გაწევის სანაცვლოდ მოითხოვა ერეკლეს მოსკოვში გაგზავნა „აღსაზრდელად“. 1652 წლის აგვისტოში ყმაწვილი ერეკლე და მისი დედა ელენე თეიმურაზმა მოსკოვში გაგზავნა. ერეკლე, ფათერაკიანი მგზავრობის შემდეგ, რუსეთის სატახტოში ჩავიდა 1653 წლის 27 დეკემბერს, 1662 წელს ერეკლე დაბრუნდა საქართველოში და სცადა კახეთის ტახტის დაუფლება. მას თუშები და კახელები ეხმარებოდნენ. მაგრამ მარცხი განიცადა და იმავე წელს იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო, სადაც კიდევ 10 წელი გაატარა. 1674 წელს ერეკლე დაბრუნდა კახეთში, სადაც მას კვლავ მხარი დაუჭირეს კახელებმა და თუშებმა. ამჯერად შაჰმა სულეიმან I-მა (1666-1694), გაითვალისწინა კარისკაცების რჩევა და ერეკლე კახეთის მეფედ დანიშნა. შაჰმა ერეკლეს კახეთის ტახტის სანაცვლოდ გამუსლიმანება მოთხოვა. ერეკლე თავს იკავებდა. ერეკლე I, ვიდრე ქრისტიანად დარჩენის მინიმალური შანსი არსებობდა, მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. „ამას შეუკრბნენ მის თანა მყოფნი კახნი და უმეტეს მოძღვარი მისი, მონაზონი ნაცვლიშვილი, და ესენი იტვირთვიდნენ ცოდვასა მას, რათა დაუტეოს ქრისტე. ამისთვის გამაჰმადიანდა ცოლშვილითა სრულიად და უწოდეს ნაზარ-ალიხან და წარმოავლინეს ნიჭითა ქართლს მეფედ“ (ქართლის ცხოვრება IV, გვ. 463). შაჰმა ერეკლე 14 წლის განმავლობაში ირანში დატოვა. 1688 წელს იგი ქართლის მეფედ დაამტკიცეს გიორგი XI-ის მაგიერ. ერეკლე, მართალია, კაკხეთის მეფე გახდა, მაგრამ შაჰმა იგი ირანში დაიბარა. ერეკლე I ირანში გარდაიცვალა 1703 წელს.
3. ჯუზეპე ანტონიო რომანო გულისხმობს თეიმურაზ I-ის დედას კახეთის სამეფოს დედოფალს ქეთევანს. ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624, შირაზი) - კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. თავისი ვაჟის ტახტის მემკვიდრე თეიმურაზის (შემდეგში თეიმურაზ I) მცირე ასაკის გამო მართვდა კახეთის სამფოს 1605 წლიდან. 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს. თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოას ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა დაგრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, თ. კრუსინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.
4. საუბარია წმინდა სამსონ რომაელზე, რომელიც იყო ექიმი, ხოლო შემდეგ მღვდელი. ის უსასყიდლოდ მკურნალობდა სასოწარკვეთილ ავადმყოფებს. ღრმა მოხუცი გადაიცვალა კონსტანტინოპოლში (დაახლ. 530 წელს). რომაული მარტიროლოგიის თანახმად, მისი საფლავიდან დენა დაიწყო საოცარმა ძირტკბილამ, რომელიც ავადმყოფებს კურნავდა (Teatro Farmaceutico, Dogmatico e Spagirico, del dottor Giuseppe Donzelli. In Venezia, MDCCXXVIII).
5. ე.ი. კათოლიკურ სარწმუნოებას.
უკანასკნელი სიახლეები არის შემდეგი: ერთ-ერთი ძვირფასი წვეულების დროს [შაჰმა] მოუწოდა მას1 გადასულიყო მუსლიმურ სარწმუნოებაზე, რაზეც მან ამაყად უპასუხა, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ჩაიდინოს ასეთი საქციელი. შაჰმა შეაფურთხა მას და გაარტყა სახეში. შემდგომ დილას მან2 მოინანია თავისი საქციელი, გაუგზავნა ოქროს თასი და სთხოვა ნუ გურისხდებოდა, ამბობდა, რომ ასე მოიქცა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო მთვრალი. ამას გარდა სპარსელებს ჰქონდათ ეჭვი, რომ აქაურ ხანს ანუ საქართველოს ვიცე-მეფეს განზრახული აქვს აჯანყება. სხვადასხვა დაპირებებით ჩაიტყუეს ის სასახლეში და იქვე მოწამლეს3. ეს ვიცე მეფე იყო ყოველთვის კეთილი ჩვენს მიმართ, უფრო მეტიც, ის იყო ჩვენი ნამდვილი მამა. [მეფე] რაფაელე დე პარმას საშუალებით უგზავნიდა წერილებს პაპს.
1. იგულისხმება ერეკლე ბატონიშვილი.
2. ირანის შაჰმა.
3. ჯუზეპე ანტონიო რომანოს გადმოცემა ვახტანგ V შაჰნავაზის გარდაცვალებასან დაკავშირებით ნათელს ხდის, რომ შაჰის კარზე და საქართველოშიც ის ცნობილი იყო, როგორც ყიზილბაშებისადმი ოპოზიციონერი. მივყვეთ არსებულ ცნობებს: ვახუშტის მიხედვით, ახალციხის ფაშამ ვახტანგ V-ის ძე ლუარსაბი ახალციხეში წაიყვანა იმ პირობით, რომ იმერეთის ტახტს დააპყრობინებდა. ძმის კვალს დაადგა არჩილიც. მეფემ არჩილს კათალიკოსი დაადევნა, „რათა მოიქცეს და აცადოს დღე სიკვდილისა მეფესა და შემდგომად რა იგი ენებოს ჰყოს. გარნა არჩილ არღარა ისმინა, არცა შეიგონა ვედრება მამისა თვისისა“. ვახტანგ V-მ იცოდა რა შაჰის განწყობილება ქართლელი ბაგრატიონების იმერეთში გამეფებისადმი, რომ ირანის მბრძანებელი არჩილისა და მისი ძმის მოქმედებას ორ მუსლიმურ ქვეყანას შორის კონფლიქტის პროვოცირებად ჩაუთვლიდა, მან თვითონვე აცნობა შაჰს თავისი შვილების დაუმორჩილებლობის შესახებ და თავისი უცოდველობის დასამტკიცებლად ყაზვინში ჩასვლა შესთავაზა. შაჰნავაზის ისპაჰანში გამგზავრების შესახებ საინტერესო ცნობებს გვთავაზობს ამბის თანამედროვე ფარსადან გორგიჯანიძე. შაჰმა ვახტანგი თავისთან დაიბარა. ახლა კი შაჰნავაზმა „შეპატიჯება ინანა“ და როგორც შეიძლება ფარსადან გორგიჯანიძის ნათქვამი გავიგოთ, მეფემ მრჩევლებს დააბრალა მის მიერ შაჰისათვის შეთავაზებული წინადადება თავისი ისპაჰანში ჩასვლის შესახებ. მაგრამ უკვე გვიან იყო, უნდოდა თუ არა შაჰს უნდა ხლებოდა და დიდი ამალით გაემგზავრა. გამგზავრების წინ შაჰნავაზმა შვილებს გიორგისა და ლევანს დაუბარა: „მე რომ ყაენის წინაშე წავიდეო, თქვენ იასე ერისთავს მიუხედითო და რაც ავი იყოს ის უყავითო“. ბატონიშვილებმა მეფის დანაბარები უმაღლეს დონეზე შეასრულეს: ჯერ იასეს ქვეშევრდომები გადმოიბირეს, შემდეგ დიდი ჯარით შეიჭრნენ საერისთავოში. იასემ ჯალაბი გახიზნა და თვითონ კახეთზე გავლით შაჰთან წავიდა. ამ დროს შაჰნავაზ მეფე უკვე ყაზვინში იმყოფებოდა. „იქ მოახსენეს - ქსნის ერისთავს იასეს ჩაუვლიაო და ყაენთან წასულაო. თავად ავად იყო და მერმე ეს ანბავი დიდად ეწყინა. ყაზმინით ავადმყოფი წავიდა და ხოშკარუს ქარვანსარაში ძლივს ჩაწივა... ხოშქარუს ქარვან სარაში მიაწია და იქ მიიცვალა და ეს ანბავი ყაენს მისწერეს“.
განსხვავებულია ვახუშტი ბატონიშვილის მონათხრობი: ვახტანგმა შაჰს მისწერა თავისი შვილების უღირსი საქციელის შესახებ და მისადმი ერთგულებისა და თავისი უცოდველობის დამტკიცების მიზნით მზად იყო მის წინაშე წამდგარიყო. შაჰ სულეიმანს მოეწონა მისი წინადადება. „წარვიდა მეფე დიდებითა დიდითა და ხელმწიფურითა, რათა იყო მდიდარ ფრიად და არა რა დაუტევა ძეთა თვისთა ურჩებისათვის მათისა, ვინაითგან რისხვიდა ფრიად“. შემდეგ ვახუშტი მოგვითხრობს ბატონიშვილების მიერ ქსნის საერისთავოს აკლებას და იესეს გაძევებას. „და დასვეს დათუნა ერისთავად. ხოლო მეფე შანაოზ შთავიდა ხოშკარს, მუნ სალმობიერ იქმნა და მოკუდა“. შაჰნავაზის უცბად, რაღაც უცნაური დაავადება (მას „სალმობიერება“ - მუცლის ტკივილი) დაემართა, რომელიც, გავრცელებული ხმის მიხედვით, მოწამვლასთან გააიგეს. ვახტანგ V შაჰნავაზი დაკრძალეს ყუმში, იქ სადაც განისვენებდა მისი მამობილი როსტომ მეფე.
ამგვარად, დაველოდები რა ჩვენი შესანახი [ფულის რომიდან] სწრაფად გადმოგზავნას, მთელ ძალას წავმართავ იმის შესასრულებლად, რაც აღვუთქვი წმინდა კონგრეგაციას, რისთვისაც არ დავიშურებ საკუთარ სიცოცხლესაც კი. მაგრამ ამავე დროს არ ვკარგავდი დროს ტყუილად და მოვინახულე საქართველოს ის ნაწილი, რომელშიც გამაგრდნენ თურქი-ოტომანები1. მე დავდიოდი ჩემს ტანისამოსში და არ განმიცდია რაიმე განსაკუთრებული შეურცხყოფა. ეს თურქები სინამდვილეში არ არიან არც თურქები2, არც ქრისტიანები. მეუბნებოდნენ, რომ მათ თავი შეხვეული აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ სტკივათ, ესე იგი ისინი ატარებენ ტურბანს3, მაგრამ არ არიან თურქები. აქ არც ისეთი მკაცრი კანონებია, როგორიც ამ ქვეყნის სხვა ადგილებში. ქრისტიანების უმეტოსობა არიან ქართველები და სომხები, მაგრამ ჯერჯერობით არ შეიძლება თქმა იმისა, რომ მალე მოვალთ მათ დასახმარებლად, რადგან ჩვენ ძალიან მცირენი ვართ. კურთხეული მისიონერები, როცა მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება, მაშინვე ევროპაში დაბრუნება სურთ.
შემდეგ დავბრუნდი თბილისში, საიდანც გავემგზავრე გურიის მთავრისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც ლაპარაკობენ ამ [ქართულ] ენაზე. ისინი გამოჯანმრთელდნენ და მაჩუქეს მშვენიერი ვეცხლის ვაზა, რომელიც გადავეცი ჩვენს მამებს იმისათვის, რათა შეენახათ და საჭიროების დროს ჩაედოთ [გირაოდ] საეკლესიო ჭურჭლის სანაცვლოდ. სწორედ აქ, გურიაში, 40 წლის წინათ თეათინელი მამები ფლობდნენ ეკლესიას და სოფელს თორმეტი კომლით, მაგრამ ერთი კომლი (არ იკითხ.) ოთხი ევროპაში. წარვადგინე თხოვნა, რომ მიმეღო დანარჩენი და (არ იკითხება) მე გავეშვით ამ წერილით. ჯორჯო4, გურიის მთავარი, უმაღლესი მიტროპოლიტი და მთავრის ძმა კორამზე (ჩორამზე), მათი დედა (არ იკითხ.) მთავარი, რომის პაპის ქვეშევრდომ მამებს, რომელთაც ხელეწიფებათ ექიმობა და იციან ქირურგია, შეეძლოთ თავისუფლად დაბრუნებულიყვნენ [საქართველოს] ამ სახელმწიფოში (არ იკითხება) დაუბრუნებენ სახლს, ეკლესიას, ბაღს, ოც კომლს ქვეშევრდომებით, ათ ცხენს, ღორებს და ცხვრებს. ამ მისიონს სამეგრელოსგან ჰყოფს მდინარე ფასო5, ხოლო იქ სხვა იყენებენ; ეს თბილისიდან დაშორებულია ათი დღის მანძილით, ხოლო მამა- თეათინელების სახლიდან სამი დღის მანძილით. თუ თქვენი მოწყალება ასე ინებებს, მე შევასრულებ ყველაფერს, რასაც მიბრძანებს წმინდა კონგრეგაცია; თუკი ეს ჩვენს რელიგიას შეშვენის, ვითხოვთ აქ6 გამოაგზავნოთ სამი მამა, რომელთაც შეუძლიათ მკურნალობა, ან ორი მღვდელი და ერთი საერო ბერი ქირურგის სახით. ამ ქვეყანაში7 ჯანსაღი ჰაერია, უხვადაა თევზი და ხორცი, პური და ღვინო. ვთხოვ წმინდა კონგრეგაციას და ჩემს უფროსებს ნუ განრისხდებიან და ნუ გაკვირდებიან იმის გამო, რომ მოვითხოვე ათი ცხენი. აქ ბევრია მდინარეები და თუ მღვდელი არ ფლობს სულიერ სიმტკიცეს, მაშინ ერთი ცხენი მდინარზე გადასასვლელად ცოტაა: ერთი ცხენი მის წინ წავა, სხვა ორი კი მას დაიჭერს გვერდებიდან და იცურებენ გვერდიგვერდ. მე ჩემი უკიდურესი სიღატაკის გამო არა ერთხელ გადამილახავს ეს მდინარეები, რაც გაკიცხვას იმსახურებს, რადგან ხშირად სტიქიას შეჭიდებული, დაღუპვის პირას აღმოვჩენილვარ. რაც შეეხება სოფლის მმართველობას (არ იკითხება), შეიძლება გამოყენებულ იქნეს ან თურქული სამართალი, როდესაც დამნაშავეს მიუსჯიან ას ან ორას ჯოხის დარტყმას შიშველ ფეხებზე. რადგან ქვეყანაში8 არ არსებობს აპელაციის უფლება, ბატონს შეუძლია მოეპყროს თავის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ქონებას (აქ ყველაზე მეტად იყენებენ თურქულ მართლმსაჯულებას, რამდენადაც ქართველები უაღრესად სასტიკი ხალხია და შეუძლიათ დაწვან ადამიანები და მოკვეთონ სხეულის ნაწილები), ან მიიღონ ჩვენი ბერული მართლმსაჯულება. ამ შემთხვევაში როგორი კარგი ცხოვრება ექნებათ იმ ქვეშევრდომებს, რომლებიც მოხვდებიან ჩვენი მისიონერების ხელში. მაგრამ ყველაზე მეტ სიკეთეს მოიტანს რეგულარული გამოსყიდვა ბავშვების, რომლებსაც ისინი ჰყიდან თურქებზე. თუ წმინდა კონგრეგაცია ინებებს მიიღოს ეს მისიონი9 თავის მზრუნველობაში, მაშინ მისი გასავალი იქნება მხოლოდ მისიონერების გზის ფული. მე მიზანშეწონილად მიმაჩნია სამი წლის განმავლობაში დაეხმაროს მისიონს ორმოცდაათ-ორმოცდაათი პიასტრით წელიწადში, რადგან თავიდანვე თუ არ უჩვენებს ყველას, რომ ჩვენ გვინახავს წმინდა კონგრეგაცია, მაშინ მისიონერები ვერ ისარგებლებენ ვერავითარი პატივისცემითა და ავტორიტეტით. ამასთან ერთად, თუ საქართველოს მ[ამა] პრეფექტი მოგვამარაგებს წელიწადში ორი საპალნე წამლებით, მაშინ მისიონერები მოიკრებენ ძალას და ახალი ხარჯებით არ დაამძიმებენ წმინდა კონგრეგაციას. დაკმაყოფილდებიან ამ ქვეყნის დიდებულებიც და მოვიპოვებთ მათს კეთილგანწყობას.
1. უნდა იგულისხმებოდეს სამცხე.
2. ალბათ, იგულისხმებიან მაჰმადიანი ქართველები.
3. ტურბანი - სპარსულად დულბანდი, თავსაბურავის ერთ-ერთი სახეობა. ჰქონდა სხვადასხვა ვარიაცია, გავრცელებული იყო აღმოსავლეთის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში.
4. გიორგი III გურიელი - გურიის მთავარი 1664-1684 წლებში, იმერეთის მეფე 1681-1683 წლებში. მისიონერები ხშირად მიტროპოლიტობით მოიხსენიებდნენ პატრიარქს (ამ შემთხვევაშიც მისიონერი პატრირქს უნდა გულისხმობდეს), მაგრამ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია გიორგი III გურიელის პატრიარქობის შესახებ. 1673-1696 წლებში დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო დავითი (ნემსაძე).
5. მდ. ფასო - მდ. რიონი
6. იგულისხმება გურიის სამთავროში.
7. ე.ი. გურიის სამთავროში.
8. ე.ი. გურიის სამთავროში.
9. იგულისხმება გურიის სამთავროს მისიონი.
[გურიის] სამთავრო ზომით იქნება ერთი ჩვენი პროვინციის ტოლი, დანგრეული მრავალი ომების შედეგად. ოთხია მიტროპოლიტი ანუ მთავარეპისკოპოსი, ექვსი ეპისკოპოსი, სხვადასხვაგვარი მღვდლების დიდი რაოდენობა, რომლებიც იცავენ ბერძნულ რიტს და არიან ბერძნებისაგან მოტყუებულნი. რადგან იმედი მაქვს მივიღო სხვა ქონებაც სხვა პროვინციებში, ნება იბოძოს წმინდა კონგრეგაციამ ჯერჯერობით გამოაგზავნოს მედიცინაში გარკვეული სამი მისიონერი მაინც, რადგან სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ცდუნება ღმერთისა. მე მოვიძიებ მათი გამოყენების საშუალებას ისე, რომ არ გამოვიწვიო ახალი ხარჯები და საზრუნავი. ისინი დაინახავენ, რომ მე მათ ვწერ წმინდა სიმართლეს, და თუ თქვენი მოწყალება ინებებს გადასცეს ჩემი თხოვნა უფროსებს, ისევ გთხოვთ დამიჯეროთ, რომ ამ პროვინციაში1 არ შეიძლება სხვაგვარად ცხოვრება, თუკი ქრისტიანული სიყვარული არ დასძლევს სიღარიბეს, მე არ შემაწუხებდა სინდისის ქეჯნა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე. შეიძლება წმინდა მამა დ[ონ] ანდრეა ბორომემომ მოინახულა ეს პროვინცია ან, უკიდურეს შემთხვევაში, მას წარმოიდგენს კარგად. ის2 იმსახურებს სრულ ნდობას და მე სრულიად ვენდობი მას. მას შემდეგ რაც სხვადასხვა საჭიროებამ, მეურნეობის მოწყობამ და სხვ. აიძულა მამა მისიონერები საქართველოში დაეწყოთ ფულის აღება მკურნალობისათვის. მას შემდეგ, რაც თითქოს მე გავხდი მთავარი ექიმი (მართალია, არა აფორიზმთან თანხმობით: „ექიმო უმკურნალე შენს თავს“), მე არასოდეს არავითარ პირობას ვაყენებდი და არაფერს ვითხოვდი მკურნალობისათვის. უბრალოდ ვიღებდი ყველაფერს, რასაც მაძლევდნენ, მათ შორის ფულსაც. ვფიქრობ, ასეთი მოქცევა პასუხობს წმინდა კონგრეგაციის მისწრაფებას უზრუნველჰყოს მშვიდი არსებობა. სხვათა შორის, თქვენს მოწყალებას ვთხოვ პატიებას ასეთი გრძელი და მოსაწყენი წერილის გამო. სხვაგვარად ვერ დავმშვიდდებოდი, თუ არ ჩაგაბარებდით დაწვრილებით ანგარიშს. ვიცი რამდენს წერდნენ, წერენ და დაწერენ ჩემ წინააღმდეგ. ისიც ვიცი, რომ უმცირეს ნიშანზე ყველა დამესხმის და არ მომცემენ თავის გამართლების საშუალებას. ვთხოვ უფროსებს, ნუ დამინდობენ, დაე, ღმერთმა მაპატიოს იმ ქვეყნად, ის მოწყალეა. კარგად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან სიმართლე მიაღწევს წმინდა კონგრეგაციამდე, ხოლო მე კი დამრჩება მხოლოდ კუბო.
დავამთავრებ მწარე დაკვირვებით: მისიონერები, რომლებიც ასე სწრაფად უნდათ სახლში დაბრუნება ცერცვის შეჭამადის მისართმევად, ემსგავსებიან მათ, რომელთაც მოიარეს ზღვები, მთები და იქცნენ მხოლოდ ჯოჯოხეთის მოციქულებად. თუ ისინი არ ფიქრობენ დარჩნენ მისიონში შვიდ წელზე მეტ ხანს, უკეთესია საერთოდ არ ჩამოვიდნენ. მე ამის შესახებ მათ არ ვთხოვ. გთხოვთ თქვენს წმინდა დალოცვას, რომლითაც მე ყოველთვის (არ იკითხება).
თქვენი და წმინდა კონგრეგაციის უერთგულესი ქვეშევრდომი, ფრა’  ჯუზეპე ანტონიო რომანო, უღირსი კაპუჩინი.
ტიფლისი, 1 დეკემბერი, 1677 წელი.
1. გურიის სამთავროში.
2. თეათინელი მისიონერი დონ ანდრეა ბორომეო მილანელი სამეგრელოს მისიონში მოღვაწეობდა 1652-1661 წლებში. სამი წელი 1658-1661 წლებში იყო მისიონის პრეფექტი. 1661 წელს სამეგრელოდან დაბრუნდა რომში (Ilia M. Tabagua. Op. cit., p. 279).

15. უფროსი-მოქადაგის, ფრა’ ბერნარდო მარია და ნაპოლის, საქართველოს მისიონის ყოფილი ვიცე-პრეფექტის, აზრი საქართველოს მისიონის მიღწევებისა და ნაკლოვანებების შესახებ1
მისიონებს შორის, რომელიც წმინდა პროპაგანდის კონგრეგაციას აქვს აღმოსავლეთში, საქართველოს მისიონი არა მხოლოდ ყველაზე საუკეთესოდ ითვლება, არამედ, ჩემი აზრით, მისიონერების თავისუფალი საქმიანობის მიხედვით მას უნდა მიენიჭოს პირველი ადგილი. [ეს იმიტომ, რომ] აქ ნებადართულია ქრისტიანულ სამყაროში არსებული ყველა რელიგიის მსახურება; ასევე კონკრეტული შედეგებით, რომელიც აქ ყოველწლიურად მიიღწევა და მომავალშიც წარმატებული იქნება, თუკი ამ მისიონს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ; დაბოლოს, ამას ყველაზე უფრო ხელს უწყობს, აღმოსავლეთის ყველა ხალხს შორის, აქაური ხალხის2 ცივილიზებული, ყველაზე უფრო განათლებული და ყველაზე უფრო კეთილშობილური ხასიათი, ასევე ყველაზე უფრო გამჭრიახი გონება და ამის ძალით სარწმუნოების ჭეშმარიტების აღქმისადმი3 ყველაზე უფრო კეთილად განწყობა, როცა მათ არწმუნებ არგუმენტებისა და საღვთო წერილის ავტორიტეტით.
მაგრამ თავისი ბუნებით ნოყიერმა ამ ყანამ4, თუკი მოიტანა დიდი ნაყოფი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მისიონმა აღმოსავლეთში, არ [ნიშნავს იმას, რომ მან] მოგვცა ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია მისი ბარაქიანი ნიადაგიდან და რასაც ყველაზე მეტად ელოდნენ გამოცდილი მისიოინერები. ამ მისიონის მუშაობას თავიდანვე ხელს უშლიდა ზოგიერთი ნაკლოვანება და არასრულყოფილება, თუმცა მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ზომები არ გატარებულა. ამ მისიონიდან კეთილსინდისიერი მისიონერები ყოველთვის წუხილით მიუთითებდნენ ოთხ ძირითად უწესრიგობაზე, რაც სხვა უამრავი [ნაკლოვანების] წყაროს წარმოადგენდა.
1. ეს წერილი უთარიღოა. ჩანს, იგი ბერნარდო მარიამ საქართველოში დაწრა და გააგზავნა წმინდა კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეში“. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, f. 224 r-227 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან მისი სრული თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება ქართველი ხალხის.
3. ბერნარდო მარია და ნაპოლის ამ აზრში, რომელიც ავტორის ღრმა დაკვირვების შედეგია, კარგად იკითხება ის, რომ ისტორიულად, ქართველი სასულიერო და საერო მესვეურები ორი კონფესიის, მართლმადიდებლობისა და კათოლიკობის განმასხვავებელ დოქტრინებზე მწვავედ, შეურიგებლად, მტრულად, სიძულვილით, როგორც ეს დამახაიათებელი იყო ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, არასოდეს დაობდნენ.
4. თბილისის მისიონის.
პირველი ეხება მისიონში გასაგზავნ პირთა შერჩევას; ყველა მათ კრებენ იტალიის არა ერთ, არამედ ბევრ და სხვადასხვა პროვინციაში, სადაც განსხვავებული ზნე-ჩვეულებები და მიდრეკილებებია. ამიტომ მისიონერები ერთმანეთს არ იცნობენ და რაც ყველაზე ცუდია, ისინი უცნობია მამა გენერალური პროკურატორისათვის, რომელიც მათ კანდიდატურას სთავაზობს წმინდა კონგრეგაციის უწმინდეს ბატონებს მხოლოდ იმ ცნობების საფუძველზე, რომელსაც ღებულობს პროვინციალური პროკურატორებისაგან; ამ უკანასკნელთ კი არასოდეს სურთ, თავიანთ პროვინციას მოაკლონ საუკეთესო ადამიანები, როცა მათ მისიონში აგზავნიან. აქედან მომდინარეობს ის, რომ დაახლოებით 32 მისიონერი, რომელიც 20-წლიან პერიოდში წმინდა კონგრეგაციამ გამოგვიგზავნა რწმენის გავრცელების მსახურებისათვის, ჩვენი ძირითადი მიზნისათვის, პირველი შვიდი წელი მსახურებისათვის გამოსადეგი აღმჩნდა მხოლოდ ორი, ხოლო შემდეგ მათგან დარჩა ორი ან სამი; მხოლოდ ოთხი ან ხუთი აღმოჩნდა კათოლიკური რწმენის გავრცელებისათვის სასარგებლო მუშაკი. სხვებმა ან მედიცინას მოჰკიდეს ხელი, რათა მთელ თემს თავისი გასამრჯელოთი შეწეოდნენ, ან სრულიად უსარგებლონი აღმოჩნდნენ და მხოლოდ ტანჯავდნენ და აგულისებდნენ კეთილსინდისიერ მისიონერებს.
ამ სიავეს, თანაბრად მასთან დაკავშირებულ სხვასაც, ადვილია წინ აღვუდგეთ: წმინდა კონგრეგაციამ ყოველთვის ამ მისიონებში უნდა გააგზავნოს იტალიის ერთსა და იმავე პროვინციაში შეკრებილი პირები. მათ პრეფექტად დაინიშნოს იმავე პროვინციის პროვინციალური პროკურატორი, რომლის ვალდებულებას საქართველოში შეასრულებს შემდეგ მისიონერებიდან ერთი, რომელიც აქ გაიგზავნება დამცველინსპექტორის ანდა ვიცე-პრეფექტის თანამდებობით. პროვინციალურ პროკურატორს პრეფექტის სახით ექნება ვალდებულება მისიონისათვის შეკრიბოს სიცოცხლით სავსე ზნე-ჩვეულებების მქონე ბერები, რომლებიც იქნებიან უნარიანი ახალგაზრდები, ჯანმრთელნი და სწავლულნი, უარს იტყვიან უსწავლელი მღვდლების კანდიდატურაზე, რადგან ისინი არ გამოდგებიან პაექრობისათვის, რაც საქართველოს მისიონებში ძალზე ხშირად წარმოიშობა. მოხუცებისათვის, როგორც უუნაროებისთვის, ამ ქვეყნის ენის შესწავლა განსაკუთრებით ძნელია, ასევეა სუსტებისა და ავადმყოფებისთვისაც, რომლებიც მისიონისათვის მხოლოდ ტვირთი იქნება. განსაკუთრებულ უპირატესობას მიანიჭებენ მათ, რომელთაც შესთავაზებენ მცველ-ინსპექტორობას ანდა ვიცე-პრეფექტობას. ისინი შეძლებენ საკუთარ პროვინციებში ბერების შესახებ ინფორმაციები მიიღონ და [შეარჩიონ] უფრო გამოსადეგნი იმისათვის, რომ კარგი მისიონერები დადგნენ. თუკი ასეთი გულდასმითი არჩევისას მაინც მოხვდებიან ნაკლებად შესაფერისი ანდა უსარგებლო პირები, ვიცე-პრეფექტს ანდა მცველს შეუძლია ისინი უკან გააგზავნოს იტალიაში, რათა მისიონს არ მიადგეს ზიანი მათ შენახვასა და საკვებზე გაწეული ხარჯებით. აუცილებელია ასეთი უფლებამოსილება ებოძოს მცველს ანდა ვიცე-პრეფექტს და მით უფრო პროვინციალ პროკურატორს.
იმისათვის, რომ ასეთი უფლებამოსილების შემოღებით არ გაიზარდოს იმ მისიონერებზე გადასაცემი სამგზავრო თანხა, რომლებიც საჭიროებენ შეცვლას, ასევე უკან გაგზავნილთა სანაცვლოდ გამოგზავნას, შესაძლებელი იქნება (მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე პროვინციაში შეკრებილი მისიონერები პირველად გაიგზავნებიან იმავე სამგზავრო ხარჯებით, რომელიც მათ გადასცა წმინდა კონგრეგაციამ) მომავალში სამგზავრო თანხის გაცემის ვალდებულება დაეკისროს პრეფექტს და ამისათვის მას უნდა გამოეყოს ყოველწლიურად იგივე თანხა, რომელსაც წარსულში ამ საჭიროებისათვის გამოყოფდა წმინდა კონგრეგაცია. საქართველოს მისიონში კაპუჩინთა მსახურების ოცი წლის მანძილზე სამგზავრო ხარჯებმა ორი ათას სკუდოზე მეტი შეადგინა. თუ ამას წლების მიხედვით გავანაწილებთ, წელიწადში 100 სკუდო გამოდის. მაშასადამე, პრეფექტს ყოველწლიურად მისიონერების სამგზავრო ხარჯად შეიძლება 100 სკუდო გადაეცეს; მაშინ ის თვითონ გადაწყვეტს, რამდენი მისიონერის შერჩევაა საჭირო და გათავისუფლებულთა ნაცვლად რამდენი გაგზავნოს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველად მისიონერების გაგზავნაზე სამგზავრო ხარჯები აუცილებელია გაიღოს წმინდა კონგრეგაციამ, რადგან კაპუჩინები ფულს სხვაგან ვერსად აიღებენ; ხსენებული 100 სკუდო წელიწადში არასაკმარისია იმისათვის, რომ მისიონში გაგზავნილ ყველა მისიონერს სამგზავრო ხარჯები გადაუხადონ.
მეორე ნაკლოვანება ეხება ყოველწლიური დოტაციის უკმარისობას, რომელსაც წმინდა კონგრეგაცია მისიონერებს კვებასა და თბილისისა და გორის მისიონის შენახვაზე აძლევს. იგი არათანაშეზომილად დაბალია ყველა ელემენტარულ ხარჯებზე, რომელსაც იქ (ხარჯების ჩამონათვალს გადმოგცემთ ცალკე ჩანაწერში, რათა ეს მეტისმეტად არ გაგრძელდეს) მისიონერები აკეთებენ. აქ ვიტყვი მხოლოდ შემდეგს: თუ ეს მდგომარეობა  არ გამოსწორდება (ამას ვამბობ უფლის წინაშე), ამ მისიონის შენახვა შეუძლებელი იქნება, ვინაიდან მასში მსახურებას ვერ შეძლებენ მისიონერები, რომლებმაც სარწმუნოების საქმეში ჯერ კიდევ შეინარჩუნეს სინდისი და გულმოდგინება.
როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, ასეთი მდგომარეობის გამოსწორება არცთუ ძნელია; ამისათვის საჭიროა მხოლოდ წმინდა კონგრეგაციამ წელიწადში იმავე თანხას1 დაამატოს 15 სკუდო, რომელიც 1670 წელს იქ გაგზავნილ 15 მისიონერზე გამოყო; ამით მნიშვნელოვანწილად დაკმაყოფილდება ამ ორი უკიდურესად საბრალო მისიონის ყველაზე აუცილებელი საჭიროებანი.
ზემოხსენებულ 1670 წელს, საქართველოში გაგზავნილ 15 მისიონერს, წელიწადში 225 სკუდო გამოეყო. თუ ამ თანხას დავამატებთ არა უმეტეს 15 სკუდოს, გამოვა 240 სკუდო. ეს თანხა მომავალში უნდა განეკუთვნოს არა 15, არამედ 6 მისიონერს (გორისა და თბილისის მისიონისათვის ეს საკმარისი რიცხვია); ადამიანზე 40-მა სკუდომ შეიძლება მინიმალურად დააკმაყოფილოს მამათა მოთხოვნილებები, ასევე ორი სახლისა და ორი ეკლესიის შენახვის ხარჯები; ამით მრავალი პრობლემა მოიხსნება. და თუკი ეს მიუღებელი იქნება, ანდა წმინდა კონგრეგაცია მეტ თანხას ვერ გაიღებს, ვიდრე მას, რომელსაც ის ხარჯავს ერთ მისიონზე, ე.ი. 120 სკუდოს, ამას ექნება ცუდი დასასრული, რადგან გორიის მისიონი გაუქმდება. შეინარჩუნებს რა მხოლოდ თბილისის მისიონს იმავე 120 სკუდოთი, მაშინ ამ მისიონში იმდენმა მისიონერმა უნდა იმსახუროს, რამდენიც შეძლებს აქ ამ თანხით არსებობას. ყველა ხარჯი და შრომა, რომელიც ამ მისიონებში იქნა გაწეული, ამაო იქნება და ჩემი გამოანგარიშებით დავკარგავთ 800 სკუდოზე მეტს, რომელიც დაიხარჯა კოლონიისა და ნაგებობების გასამართად. ეს ჩვენმა ბერებმა გამოიმუშავეს და შეიძინეს, ხოლო წმინდა კონგრეგაციას 25 სკუდოზე მეტი ხარჯი არ გაუღია.
მესამე ნაკლოვანებას წარმოადგენს საექიმო საქმიანობით დაკავება, რომელიც ამ მისიონებში მეტად საჭიროა, ვიდრე სხვაგან. ეს მისიონერებს აძლევთ საშუალებას, რომ ამ ხელოვნებით დაუახლოვდნენ იქაურ ხალხს, რომლებიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უკიდურესად საჭიროებენ და ძალიან სურთ დასავლეთის ექიმების დახმარება, თუმცა ეს ხალხი მხარს უჭერს მწვალებლობას2 და მტრულად არიან განწყობილნი ჩვენი სარწმუნოების მიმართ. [ექიმობას] ასევე [მისდევენ] იმისათვის, რომ მკურნალობის საბაბით აწარმოონ საუბრები ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაგრამ ეს მეტად საჭირო საშუალება გვაშორებს საბოლოო მიზანს. და რამდენადაც მისიონერები მოსწყდნენ საბოლოო ყოფით მიზნებს, ისინი იძულებულნი გახდნენ ეძებათ თავისთვის საზრდო; ამ მიზნით ექიმობას ეწევიან უმეტესწილად ან საერო ბერები, ან მღვდლები, რომლებმაც ნაკლებად იციან საღვთო წერილი, თეოლოგია და არა აქვთ უნარი აწარმოონ კამათი და აზრი შეაცვლევინონ იმ დაბნეულებს, რომლისკენაც გზა გაუხსნა მედიცინამ და, რომლებიც მათ3, როგორც ექიმებს, მეტად ნასწავლ და ბრძენ მამებად თვლიან. აქედან მომდინარეობდა ის, რომ საქართველოს მმართველთა და მათ კარს შორის (სადაც მისიონიდან, გარდა ექიმებისა, არავის ჰქონდა შეღწევის საშუალება და სხვა მისიონერები არ სარგებლობდნენ პატივისცემით) ჩვენი წარმატებები ძალიან მოკრძალებული იყო, თუმცა ხშირად სწორედ მათთან წარმოებდა საუბარი სარწმუნოებრივ თემებზე. ასეთი მდგომარეობის გამოსწორების ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ მისიონერებს მიეცეთ კუთვნილი წლიური საზრდო, რომელზეც ზემოთ მქონდა საუბარი. თუკი ეს გაკეთდება, მაშინ მომავალში მისიონერებს შეიძლება აეკრძალოთ რაიმე გასამრჯელოზე ექიმობა, ხოლო ავადმყოფების მკურნალობისათვის მათთვის მირთმეული საჩუქრები უნდა გადაეცეს თემის წინამძღვრს და ამ უკანასკნელმა იგი თემის საჭიროებისაათვის გამოიყენოს. გარდა ამისა, მცველ-ინსპექტორსა და ვიცე-პრეფექტს საჭიროა დაევალოს, ყველმხრივ შეუწყოს ხელი იმას, რომ საუკეთესო და მეტად განათლებული მუშაკები შეუდგნენ სპეციალურად ექიმობას, ხოლო სხვა დანარჩენს - მხოლოდ დიდი საჭიროების დროს. მოკლედ, საჭიროა იმის მიღწევა, რომ შეძლებისამებრ ყველას შეეძლოს ექიმობა და არა მხოლოდ ორ ან სამ კაცს, როგორც ეს უწინ იყო.
მეოთხე პრობლემა ეხება ახალგაზრდების აღზრდას და იგი დაკავშირებულია იმ გამოუვალ მდგომარეობასთან, რომელიც უკვე არაერთხელ გამოვცადეთ. საქართველოდან წმინდა კონგრეგაციის სასულიერო სასწავლებელში ყმაწვილების გაგზავნა სასწავლებლად და აღსაზრდელად შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ დიდი ხარჯების მიზეზით, არამედ უფრო მეტად საშიშროების გამო (გაურკვ.) და უთუოდ ძალით მოიტაცებდნენ და თურქთა ტყვედ აქცევდნენ, რომელთა ტერიტორიაზე გადის გზის ძლიან დიდი მონაკვეთი, თანაც სხვა გზა არც არსებობს. მეორე მხრივ, თვით საქართველოს სკოლებში4, რომელიც ჩვენმა მამამისიონერებმა მოაწყვეს, სადაც მეცადინეობა წარმოებს კარგი მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ადგილობრივი ბავშვები იღებენ ბრწყინვალე აღზრდას. მიუხედავად ამისა, ისინი როგორც კი მიაღწევენ რვა, ანდა ყველაზე დიდი ათი წლის ასაკს, მშობლებს ისინი [სკოლიდან გაჰყავთ], რათა რაიმე ხელობა ისწავლონ. ამგვარად, ისინი დაკარგულნი არიან სწავლისათვისაც და ღმერთისთვისაც. მაგრამ ამ მიზეზით ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ [საქართველოს] ახალგაზრდების დახმარებაზე, რომლებიც თავიანთი ხასიათით, გონებით, ყველა სასარგებლო დისციპლინის ათვისების უნარით დანარჩენ აღმოსავლელებს აღემატებიან.
1. ე.ი. 100 სკუდოს.
2. ამ შემთხვევაში უმთავრესად იგულისხმებიან სომეხი გრიგორიანები და მართლმადიდებლებიც.
3. ექიმ მისიონერებს.
4. უმთავრესად იგულისხმება კათოლიკე მისიონერთა მიერ თბილისში დაარსებული სკოლა.
ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი შემდეგში მდგომარეობს: დაე, წმინდა კონგრეგაციამ გასცეს განკარგულება, რომ თვით საქართველოს მისიონის სახლებში საუკეთესო მისიონერებს შორის არჩეულმა კარგმა მასწავლებლებმა აღზარდონ და ასწავლონ ჰუმანიტარული და საღვთო დისციპლინები ოთხ ან მეტ ყმაწვილს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათითა და უნარით. მათ შესანახად დადგინდეს იგივე თანხა, რაც წმინდა კონგრეგაციის სასულიერო სასწავლებელში საქართველოდან ორი ან ოთხი სტუდენტისათვის იხარჯებოდა. გარდა იმისა, რომ ამით დაიზოგება სამგზავრო ხარჯები, ამ თანხით შესაძლებელი იქნება საქართველოში ორჯერ მეტი სტუდენტის შენახვა, ვიდრე რომში.
ასეთია ჩემი აზრით, ძალზე აუცილებელი და ყველაზე უფრო მეტად შესაფერისი საშუალებები, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოს ორი მისიონი და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წარმატებებს; ეს ჩემი აზრია. მთლიანად და სრულად დავემორჩილები გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჩემი წინადადებების განხილვის შედეგად წმინდა კონგრეგაციის ღრმად პატივცემული ბატონები მიიღებენ.
ბერი ბერნარდო მარია და ნაპოლი, მთავარი მოქადაგე.

16. ბერნარდო მარია და ნაპოლის მიერ ნეაპოლიდან 1680 წლის 18 იანვარს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირისადმი მიწერილი წერილი1
დიდად პატივცემულო ბატონო და და დიდად თაყვანსაცემო ჩემო მამავ
ახალმა ამბავმა, რომელიც აქ გავრცელდა იმის შესახებ, რომ მალე თქვენს პატივცემულებას გადაიყვანენ უფრო მაღალ თანამდებობაზე, ერთი მხრივ, აღმავსო ენით უთქმელი სიხარულით იმ თავდადების2 გამო, რომელსაც თქვენდამი განვიცდი და, მეორე მხრივ, იძულებულს მხდის ვწუხდე იმ დანაკარგზე, რომელიც მიადგებათ მისიონებს3, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს მისიონს, რომელიც სრული მოწყობისათვის თქვენგან ელოდებოდა შემწეობას. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებ, რომ თქვენ ნებისმიერ თანამდებობაზე არ დატოვებთ მას მფარველობის გარეშე. ახლა ვიკრებ ძალას, რათა ვთხოვო თქვენს მოწყალებას, საქართველოს მისიონის შესახებ ჩემი პოლემიკური ჩანაწერი უკან დამიბრუნოს, რადგან იგი არ გამოუქვეყნებიათ და ახლა მიმდინარე ცვლილებების გამო შეიძლება დაიკარგოს; მას კი მე შევინახავ ჩვენი კონგრეგაციისათვის, რათა გავუგზავნო იგი და, თუკი ოდესმე ჩათვლიან საჭიროდ, თავის ტიპოგრაფიაში დაბეჭდონ. მე არ მაქვს ამ ჩანაწრის ასლი და თუ ის ეგზემპლარი დაიკარგება, მაშინ ყველაფერი გაქრება; აკი მისი შედგენა ძალიან დიდი შრომა დამიჯდა. არ ვსაუბრობ იმაზე, რომ, რამდენადაც იმ დროს [ჩანაწერი] რომში სასწრაფოდ ჩავიტანე, არ მქონდა საკმარისი დრო იგი ისე გამემართა, როგორც მსურდა; ხოლო გვიან, ნეაპოლში დაბრუნებულმა, ასევე სწრაფად დავიწყე მის იტალიურ ენაზე თარგმნა. იმედი მაქვს თქვენი მოწყალება ამ ჩემს თხოვნას შეასრულებს; ჩანაწერი შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ან მამა ჯუზეპე რომანოს, ან მამა ანჯელო და ვიტერბოს ხელით. გამოვთქვამ თქვენი მოწყალების უფრო მეტი დიდების სურვილს, ვკოცნი თქვენი წმინდა სამოსელის კალთებს და მდაბლად გიკრავთ თავს.
ნეაპოლი, 1680 წლის 18 იანვარი.
თქვენი დიდად პატივცემულებისა და მაღალღირსების წყალობის უმორჩილესი და უერთგულესი მსახური ფრა’ ბერნარდო მარია და ნაპოლი უფროსი-მოქადაგე4.
1. Archivio di Propaganda Fide. Scritture Riferite nel Congressi, Georgia 1626-1707. Vol. I, f.. 277 r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. მიმართვის ფორმის მიხედვით, წერილის ადრესატი უნდა იყოს წმ. კონგრეგაციაში დიდი თანამდებობის პირი, რომელიც მისიონერებისადმი მფარველობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით საქართველოს მისიონის მიმართ, და ახლა უფრო მაღალ სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.
3. საქართველოს მისიონებს.
4. ამ მოკლე წერილიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი დიდი პატივისცემითა და სიყვარულით იყო გამსჭვალული საქართველოსა და აქ მოღვაწე კაპუჩინთა მისიონის მიმართ ბერნარდო მარია ნეაპოლელი. მან კათოლიკე მამამისიონერებს შორის, საერთოდ, ყველაზე უკეთ დაინახა ქართველების, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდების, გამორჩეული ნიჭიერება, უნარ-თვისებები, რასაც ზემომოტანილი რელაციონებიც ნათლად ადასტურებს. ის დიდი სიყვარულით სარგებლობდა ქართველ კათოლიკეებში. ამის უტყუარი ფაქტია ქართველი კათოლიკე ქალბატონის რომელიმე ასთანდარა გოგინაშვილის მიერ 1682 წელს ბერნარდოსადმი ნეაპოლში მიწერილი წერილი, რომელშიც ის დიდ წუხილს გამოთქვამს პატრის წასვლის გამო და სულიერ მამას მოკითხვას უთვლიდა. საკუთრივ ბერნარდოც არ ივიწყებდა თავის სულიერ შვილებს და მოკითხვის წერილებს უგზავნიდა მათ (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 256-257).

17. საქართველოში კაპუჩინთა მისიონის პრეფექტის1, ფრა’ სილვესტრო და პანიკალეს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ მაღალი სასულიერი პირისადმი მიწერილი წერილი2
ღრმად პატივცემულო ბატონო, ფრიად ღირსეულო და დიდად თაყვანსაცემო პატრონო
მას შემდეგ რაც თქვენი მოწყალებისთვის დავწერე წერილი და კონსტანტინოპოლით გამოვაგზავნე, დავწერე სხვებიც, ვისარგებლე რა იმით, რომ მისიონერი ელია მოდიოდა სპარსეთის შაჰის პასუხით. მასთან ერთად გამოემგზავრა ერთი ჩვენი მისიონერი, რომელიც ბრუნდებოდა თავის პროვინციაში, რამდენადაც დაასრულა თავისი [მსახურების] ვადა. ამჟამად, იმან, ვინც იტვირთა ამ წერილის თქვენთან ჩამოტანა, განიზრახა მოიხილოს წმინდა ადგილები. გაჩდა სიახლეები, რამაც მაიძულა კიდევ მოგწეროთ: მკაცრი დევნა3, რომელიც გრძელდებოდა წელიწადზე მეტხანს, ახლა შეწყდა მონსინიორ ანჩირის ეპიკოპოსის4 დახმარებით. მან გვიშოვა დაცვის სიგელი, რომელიც გვანიჭებდა არნახულ თავისუფლებას და როცა ვიმედოვნებდით, რომ შემდეგშიც საბოლოოდ ვიცხოვრებდით მშვიდად, ხელახლა დაგვიწყეს შევიწროება, მაგრამ პირადად ჩვენ და ჩვენი ეკლესია კი არა, რადგან ჩვენს თავისუფლებას იცავენ. დაცვის სიგელი აქამომდე ინარჩუნებს თავის ძალას. მაგრამ ეშმაკმა გამონახა სხვა საშუალება ჩვენს შესავიწროებლად. რადგან ადგილობრივი დიდკაცობა5 [ფულის] ხარბია, დაიწყეს ჩვენი კათოლიკების წამება. იმათგან, ვინც ჩვენს ეკლესიაში დადიოდა, ითხოვდნენ ათას ცეხინზე6 მეტს და იმოწმებდნენ შაჰის ბრძანებას. მაგრამ ამბობენ, რომ შაჰის ასეთი ბრძანება არ არსებობს. ამას ჩვენც ვხვდებით, რადგან მთავარი დაყაბულდა ას ორმოცდაათ ცეხინს და საწყალი კათოლიკეები იძულებული იყვნენ დამორჩილებოდნენ [გადაწყვეტილებას]. თხუთმეტი დღის შემდეგ მთავრის ცოლმა იმავე საბაბით ციხეში ჩაყარა ორი კათოლიკე, ხოლო [კათოლიკეთა] ხუთ სახლში გაგზავნა თავისი ჩაფრები, რადგან იქ არ იყვნენ მამაკაცები. ამის შემდეგ, რადგან ჩაფრები გარკვეული დროის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ იმ სახლებს, როგორც ადგილობრივი ჩვეულება მოითხოვს, იმ კომლებს მოუხდათ ზედმეტი ფულადი ხარჯები გაეღოთ.
1. წერილი გაგზავნილი უნდა იყოს დაახლოებით 1683 წელს. ამაზე მიუთითებს პანიკალეს წერილის ზოგიერთი ეპიზოდი, კერძოდ, სომეხთა ვართაპეტის იმ საქმიანობას ასახავს, რომელიც მიმართული იყო კათოლიკების წინააღმდეგ. (იხ: მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 278-279).
2. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, ff.474r-475r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
3. ალბათ, იგულისხმება სასტიკი დევნა, რომელიც 1679 წელს აღდგომის წინ გრიგორიანელმა და მართლმადიდებელმა სომხებმა გააჩაღეს თბილისში კათოლიკე მამების მიმართ (იხ: მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 252-253).
4. ანჩირი, ანჩირა არის ძველი ანკირა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ანკარას. ანჩირის ეპარქია მოიცავდა დღევანდელი ანკარის ოლქს. XVII საუკუნიდან იგი იყო კათოლიკური ეკლესიის ტიტულარული არქიეპისკოპოსის სამყოფელი.
5. იგულისხმება კათოლიკობის მოწინააღმდეგე სომეხი დიდკაცობა.
6. ცეხინი, ანდა დუკატი-ვენეციის ოქროს მონეტა.
ამ ახალმა ეშმაკურმა ხრიკმა ყველა ძლიერ შეაშინა, განსაკუთრებით კი ღარიბები. მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ეს მათი მოგონილია და სიცრუეა, რადგან შაჰის ბრძანება რომ ჰქონოდათ, ისინი ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ, ხოლო ღარიბ კათოლიკეებს ჯოხებით გაროზგავდნენ. მაგრამ ღვთის წყალობით ეს არ მოხდა, თუმცა ისიც იყო, რომ ადგილობრივ კათოლიკეებს ჯოხებით როზგავდნენ. მთელი დიდმარხვის დროს აქ იმყოფებოდა ის ვართაპეტი, რომელიც გამოირჩეოდა [კათოლიკების] განსაკუთრებული დევნით. მან ჩვენს წინააღმდეგ აამხედრა და გააბოროტა მთელი ქალაქი1, რადგან გამოდიოდა ქადაგებით ყველა ეკლესიაში, თითო კვირის განმავლობაში თითო ეკლესიაში. მისი ყველა ქადაგება მიმართული იყო, ჩვენი, პაპისა და ფრანკების2 წინააღმდეგ, გვწყევლიდა და ითხოვდა ჩვენს განდევნას. მან ისე აღაგზნო ქალაქი ჩვენი და ადგილობრივი კათოლიკეების წინააღმდეგ, რომ ძნელია წარმოდგენაც კი. კათოლიკეები არასდროს ყოფილან ასე ათვალისწინებულნი ამ ქალაქში, როგორც ეხლა. ეს ხდება ეკლესიის ამ მტრის ხრიკების შედეგად. ის იმყოფება მთავართან და ისე განაწყო მისი გული ჩვენს წინააღმდეგ, იგონებდა რა ყოველგვარ სისაძაგლეს. ასე რომ, სადაც წინათ ჩვენთვის ყველა კარი იყო ღია, ეხლა უსიამოვნოა ჩვენი გამოჩენა, რადგან აღარ არის ის გულთბილობა, როგორითაც გვხვდებოდნენ წინათ. ახლა ამ ქვეყანაში ვართ ნეხვზე უარესნი. ამაზე მეტს აღარ ვიტყვი, რადგან დაწვრილებით მოგიყვებათ ამ წერილის მომტანი, რომელიც ფლობს იტალიურ ენას. მიუხედავად ასეთი დევნისა, ჩვენს ეკლესიაში დადის რამდენიმე კათოლიკე. მაგრამ ერეტიკოსების ბავშვები, ყველანი წავიდნენ ჩვენი სკოლიდან და ადრე თუ ჩვენთან იყო ორმოცი და მეტი მოსწავლე, ახლა დარჩა ოთხი ან ხუთი. ამ დიდმარხვაში ვფიქრობდით, რომ ჩვენი საქმე გამოსწორდებოდა, მაგრამ ერეტიკოსებმა გააძლიერეს თავიანთი მზაკვრობა და იმავე ვართაპეტმა დაარიგა ბავშვები, რომ ქუჩებში ეყვირათ პაპისა და მისიონერების წყევლა-კრულვა. ღმერთი თუ არ შეგვეწევა და პაპი არ გამოგზავნის კიდევ ერთ ელჩს პაპისა და იმპერატორის3 ენერგიული პროტესტის წერილით, არ ვიცი გადარჩებიან თუ არა ეს უბედური კათოლიკეები, რადგან ადგილობრივი დიდკაცობა ფულის ხარბია, ფული კი არ გვაქვს.
1. იგულისხმება ქალაქ თბილისის სომხური მოსახლეობა.
2. ე.ი. კათოლიკეების.
3. იგულისხმება რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის.
[გადავწყვიტე] ყოველივე ეს მეცნობებინა თქვენთვის, რათა გცოდნოდათ ყველაფერი. მისგან შეიძლება დაწვრილებით გაგება, ვინც გადმოგცემთ ამ წერილს. საჭირო [ყოველივე] გააგებინოთ პაპს და ამის შემდეგ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები. ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოგიტანთ და გადმოგცემთ ამ წერილს, დიდად დაგვეხმარა ჩვენს მისიონში. ის გაიზარდა ჩვენს სახლში და ქალაქში სარგებლობს საკმაო პატივისცემით თავისი კარგი ქცევისა და კეთილი მაგალითის გამო. მართალია, მისი მისიონში არ ყოფნა ამ დროს არასასურველია, რადგან არ არის ცნობილი რა შეიძლება მოხდეს აქ. მიუხედავად ამისა, ჩვენი რწმენისადმი მისი ერთგულებისათვის ჯილდოდ მე დავთანხმდი გამეშვა რომში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოწყალების წინაშე არ მაქვს რაიმე წონა, გავბედავ გთხოვოთ, რომ ის ღირსი გახადოთ დაემხოს პაპის ფეხებთან და მოეპყარით მოწყალედ, რათა სახლში დაბრუნების შემდეგ, უფრო მეტი მონდომებით გაანაყოფიეროს ჩვენი ღმერთის ვენახი, რასაც ის აკეთებდა წინათ. გამოიჩინეთ ჩემს მიმართ თანაგრძნობა, თუ ამ წერილის კითხვამ თქვენში გამოიწვია მოწყენილობა, მითუმეტეს, რომ ის დაიწერა ჩვენი უბედურების ნიშნით. გთხოვთ მომავალში გამოიჩინოთ მამობრივი ზრუნვა ჩვენი მისიონის მიმართ. კრძალვით ვეამბორები თქვენს წმინდა სამოსელს, ვრჩები თქვენი მოწყალების ერთგულ და მორჩილ მსახურად ქრისტეში, ფრა’ სილვესტრო და პანიკალე, საქართველოს პრეფექტი.

18. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ 1686 წლის 6 სექტემბრს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ღრმად პატივცემულო ბატონო, ფრიად ღირსეულო და დიდად თაყვანსაცემო პატრონო
ვიცი, რომ თქვენს წინაშე უკვე აღმოჩნდა მრავალი წერილი თხოვნით, გამოაგზავნოთ ხალხი ამ მისიონში2, რომელზეც უკვე წავიდა მათი მაღალ ყოვლად სამღვდელოთა ამდენი ხარჯები და შრომა, რომელმაც ასევე მოიტანა არცთუ მცირე ნაყოფი. მაგრამ ან ეს მისიონი აღარავის აინტერესებს, ან ეს ჩემი უბედურებაა, ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზი, მაგრამ მისიონი უაღრესად დაექვეითდა.
გავიდა უკვე სამი თვე და ორი დღე მას შემდეგ, რაც თოთხმეტი დღის ავადმყოფობის მერე გარდაიცვალა ფრა’ ბართოლომეო და ჯულიანო3 ნეაპოლის პროვინციიდან, ხოლო მიმდინარე თვის სამ რიცხვში4 წმინდა მამა პრეფექტმა ჯუზეპე და ბოგონიანომ5, კორსიკის პროვინციიდან, სამი თვის განმავლობაში მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ მიაბარა უფალს თავისი ნეტარი სული. ის უფალმა მიიღო ისეთი სიყვარულით, რომ ამის გადმოცემა მიჭირს, ისევე როგორც ძნელია სიტყვებით გადმოსცე ორივე სქესის და ყოველგვარი შეძლების ადამიანების თავმოყრა მის დაკრძალვაზე. მას უკანასკნელი პატივი მიაგეს, აგრეთვე, სომეხმა და ქართველმა მღვდლებმა. ამის გამო მისიონი დაობლდა. მხოლოდ ერთი მე, უბედური, დავრჩი მთელ ამ ქვეყანაში6 სარწმუნოების გავრცელების საქმის სათავეში. დიდი ცოდვა აწევს ჩემ სულსაც, რომელიც ითხოვს დიდ სალხინებელს.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, ff.358r-358v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. იგულისხმება თბილისის მისიონი.
3. ბართოლომეო და ჯულიანო თბილისის მისიონში ჩამოვიდა 1669 წელს (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 235).
4. ე. ი. 1686 წლის 3 სექტემბერს.
5. კაპუჩინი მამა-მისიონერი ჯუზეპე და ბოგონიანო, ანუ ჯუზეპე ბოგონიანოელი 1663 წელს კაპუჩინ მისიონერთა პირველ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. (მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 223). ამ რელაციონის თანახმად, ჯუზეპე და ბოგონიანო 1686 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისში. ამრიგად, მამა ჯუზეპემ საქართველოში 23 წელი დაჰყო და, ჩანს, დიდი სიყვარულით სარგებლობდა ყველა კონფესიის სასულიერი პირთა შორის.
6. იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კი ქართლის სამეფოში.
წმინდა მამა ბონავენტურა და რეკანატიმ1, [პაპის კურის] პროკურატორმა, გამოგვიგზავნა მისი ღირსებისათვის შესაფერისი 1684 წლის 29 ივლისის ორი წერილი. ის გვიცხადებს თანაგრძნობას და გვპირდება მალე გამოგვიგზავნოს ახალი მუშაკები. ხოლო ფრიად ღირსეული მამა ლორენცო და კაპრინიკა, ამ მისიონის2 ახალი პრეფექტი (როგორც ის წერს), გვაცნობებს, რომ იანვრის ბოლოს ჩვენ დასახმარებლად გამოგზავნიან ხუთ მისიონერს, მაგრამ ეს იქნება დახმარება მხოლოდ ჩემთვის, რადგან სხვა ორი ღმერთმა უკვე იხმო თავისთან, მე კი მაშინ შევძლებ დავბრუნდე ჩემ პროვინციაში, რაც იქნება ნუგეში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ ჩამოვლენ ჩვენთან ეს მისიონერები, როგორც ეს ხდება ხოლმე, რაც თქვენი მოწყალებისთვის ცნობილია. მხოლოდ ისე ნუ მოვლენ, როგორც სხვები იქცევიან ხოლმე, რომლებიც ჯერ შემოივლიან აღმოსავლეთის ყველა გზას, შემდგ კი მოდიან ჩვენთან შიშველ-ტიტველნი მთელი მისიონის გასართობად. ასეთი შემთხვევები კარგად იყო ცნობილი, როგორც განსვენებული მ[ამა] პრეფექტისათვის, ისე ჩემთვისაც. თავრიზში დარჩა მხოლოდ ორი მღვდელი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რადგან აქ სასტიკი შავი ჭირი3 მძვინვარებს, თუ პრეფექტი მოკვდება, მაშინ დახმარებისათვის უნდა მივმართოთ მის უსამღვდელოესობა მონსინიორს, არქიეპისკოპოს სებასტიანო და აბრანელოს4, დომინიკანელს, რაც სინამდვილეში უკვე გავაკეთე, რათა ვთხოვო გულმოწყალებით გამომიგზავნოს ორი თუ არა ერთი [მისიონერი] მაინც (არ იკითხება). თუ დავინახავ, რომ მათ ძლიერ აგვიანდებათ, მაშინ უარს ვიტყვი მისიონზე, რადგან ასეთი ყოფაში ცხოვრება არ შემიძლია. სულის სიღრმეში ვწუხვარ [ასე რომ მოვიქცე], დიდად პატივცემულო ბატონო, იმიტომ, რომ ცხრამეტი წლის5 განმავლობაში, რომელიც ვიმსახურე ამ მისიონში, მინდოდა, რომ (არ იკითხება) ქონება ან სიცოცხლე, დავინახო იგი6 უფრო ღირსეულთა ხელებში. მაგრამ, რამდენადაც ვხედავ, მისი ბედი დიდად არავის ანაღვლებს, მეც ვიბან ხელებს.
1. წმ. ფრანცისკეს ორდენის კაპუჩინი მამა ბონავენტურა რეკანატი (1614-1691) ორდენში ფლობდა ყველა სადავეს. იყო სამონასტროების მმართველი, ვიკარიუსი, პაპის კურიის პროკურატორი. 1676 წელს არჩეული იქნა წმინდა კოლეჯის მოძღვრად. 16 წელი პაპის მოქადაგე იყო (Memoire Istoriche della citta di Recanati nella Marca d’Ancona. In Messina, 1711, p.337).
2. იგულისხმება კაპუჩინთა მისიონის პრეფექტი.
3. ამ რელაციონიდან ვიგებთ, რომ 1686 წელს თბილისში შავი ჭირი მძვინვარებდა.
4. უნდა იყოს აბრენერი. ნახიჩევანიდან 5 მილზე დაშორებული ჩრდილოეთით მდებარე 20-ზე მეტი დასახლების სახელწოდება.
5. აქედან ირკვევა, რომ ჯუსტინო და ლივორნო აღმოსავლეთ საქართველოს კაპუჩინთა მისიონში, კერძოდ თბილისის მისიონში, ჩამოვიდა 1667 წელს.
6. ალბათ, საქართველოს მისიონი.
ჩვენს მისიონს შეემთხვა კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი: წმინდა მამა ინსპექტორმა ალეპოში ჩვენი შესანახი ფული ოდენობით ასი [სკუდო] (არ იკითხება) და ორი ნაჭერი თითოეული რვა ნახევარი [ზომის]. ის გადასცა ერთ ქართველ ბერს, რომელიც იერუსალიმიდან ბრუნდებოდა. როცა აქ მოვიდა, ყველაფერი დამალა. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ერთმა ჩვენმა მეგობარმა ყველფერი გვითხრა, რის შემდეგ მღვდლის შესახებ მოვახსენე მთავარს1. მღვდელი თავიდან ყველაფერს უარყოფდა (არ იკითხება), მაგრამ მთავარი2 დასჯით დაემუქრა და მაშინ, შეშინებულმა მღვდელმა მას საკუთარ ხელში მისცა წერილი, რომელიც მთავარს მე წავუკითხე და ყველაფერი ავუხსენი, განსაკუთრებით ფულის თაობაზე. ბერმა სთხოვა მთავარს3 ფულის შესაგროვებლად მიეცა მცირეოდენი დრო, რაც მთავარმა დააკმაყოფილა. მაგრამ ბერი ამის შემდეგ გაიქცა და ამ ქვეყნის კათალიკოსთან4 შეაფარა თავი. რამდენადაც ეს კათალიკოსი არის ძალიან ბოროტი და აქვს დიდი ძალაუფლება, ამიტომ იმ ფულს ვერასოდეს ვნახავთ. მართალია, მთავარი5 სთხოვს იმ ფულის დაბრუნებას, რადგან ბერის ეს საზიზღარი საქციელი გახდა მისი სირცხვილის მიზეზი. უკვე გავიდა ორი თვე, მას შემდგ რაც ბერი დაბრუნდა ამ ქვეყანაში6. ვფიქრობ, ფული არ დაიკარგება, მაგრამ მის დაბრუნებას მალე ვერ შევძლებთ. ამაში არის ალეპოს ინსპექტორის ბრალიც, რომელმაც თავისი გამოუცდელობით ფული გადასცა არა ისე, როგორც აკეთებდა მისი წინამორბედი (არ იკითხება) წერილში მითითებულია მისი სახელი, ვისაც გადასცა მან ფული. მაგრამ გულმოწყალე ღმერთი აქაც დაგვეხმარა, ფარდა ახადა სიცრუეს. არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავარწმუნოთ ეს მისიონი თქვენი მოწყალების უსაზღვრო სიკეთეში, რომლისაც ყველაფერში მჯერა და ვემხობი თქვენს ფეხებთან, სიმდაბლით ვეამბორები თქვენს სამოსელს და ვითხოვ თქვენს წმინდა კურთხევას.
ტიფლისი, ძველი კალენდრით 1686 წლის 6 სექტემბერი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური და ქვეშევრდომი ფრა’ ჯუსტინო და ლივორნო, უფროსი მქადაგებელი, სამოციქულო მისიონერი და ვიცე-პრეფექტი.
1. მეფე გიორგი XI.
2. მეფე გიორგი XI.
3. მეფე გიორგი XI-ს.
4. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იყო ნიკოლოზ IX (იოთამის ძე ამილახვარი, 1678-1688, 1692-1695).
5. მეფე გიორგი XI.
6. აღმოსავლეთ საქართველოში.

19. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ 1686 წლის 7 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ღრმად პატივცემულო დაფრიად ღირსეულო ბატონო, დიდად თაყვანსაცემო პატრონო
ჩემს წინა წერილში თქვეს მოწყალებას ვაცნობებდი მ[ამა] პრეფექტის2 გარდაცვალების შესახებ. 30 აგვისტოს აქ მოვიდნენ ახალი მღვდლები ამ მისიონისათვის3 და გადმომცეს ის ყველაფერი, რაც თქვენმა გულმოწყალებამ გამოგზავნა მისიონის საჭიროებისათვის, გარდა ჩვენი შესანახი ფულისა, რომლის შესახებ არაფერი ვიცი, არ მინახავს, რამდენი იყო და სად არის. ძმა მიკელემ გადმომცა თქვენი მოწყალების წერილი და მზად ვარ დაუყოვნებლივ აღვასრულო ყველაფერი, რასაც მიბრძანებთ. ახლა შემახაში შავი ჭირი მძვინვარებს. დავიცდი მანამ, სანამ ახალმოსული მამები მცირეოდენ ენას არ შეისწავლიან, გავაცნობ ამ მისიონის საქმიანობას, დაველოდები, აგრეთვე, მთავრის4 გადაწყვეტილებას აღმსარებლობის არჩევის შესახებ, შემდეგ კი დაუყოვნებლივ გავემგზავრები შემახაში. ვვარაუდობ, რომ ძალიან ადვილია იქ მისიონის დაარსება, იმავე დროს მისი შენახვა არ მოითხოვს დიდ ხარჯებს, სარგებელს კი ბევრს მოიტანს. ამგვარი დასკვნა გამოდის იმ ფაქტიდან, რომ აქაურ მთავარს5 აქვს მჭდრო კავშირი შემახიის მთავართან.
შემახიაში ცხოვრობს ბატონი გორიელა, რომელიც მრავალი წელია არის პოლონეთის სამეფო ტახტის სამსახურში6. აქაური მთავრის7 ქვეშევრდომები მუდმივად დაიარებიან შემახაში, სადაც კათოლიკეებიც ცხოვრობენ. იმ ქალაქში8 მე თვითონ მოვაქციე ისინი ჩვენს რწმენაზე, როგორც მღვდლები, ისე საერონი. და ბოლოს, იმ ქალაქში ხშირად იმყოფებიან ევროპელები და აღმოსავლეთის სხვა ხალხთა წარმომადგენლები.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, ff.360r- 361r. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. საუბარია ჯუზეპე და ბოგონიანოზე, რომელიც 1686 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისში.
3. იგულისხმება შემახიის მისიონი.
4. ალბათ, შემახიის ხანის.
5. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
6. მისიონერი უნდა გულისხმობდეს ბოგდან გურჯიცკის, რომელიც ცნობილი იყო სხვადასხვა სახელით (ბუხტამ ბეგი, ბურბი ბუგდან-ბეგი, ბოგდან ირანი, ბოგდან გურჯი, სამეფო ჯარების როტმისტრი). იმყოფებოდა რეჩ პოსპოლიტის სამსახურში, შემდეგში დიპლომატი, წარმოშობით ქართველი. თავდაპირველად ის ქართლის მეფის სამსახურში იყო, ხოლო მე-17 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისიდან უკვე რეჩ პოსპოლიტში იმყოფებოდა, სადაც 1662 წელს მიიღო სამეფო ჯარის როტმისტრის წოდება. როგორც ჩანს, ამ წლების სამხედრო კამპანიების დროს მან გამოიჩინა სამაგალითო ვაჟკაცობა, რადგან 1666 წლის სეიმზე სამეფო ჯარის წარმომადგენლები სამხედრო დამსახურების ჯილდოდ მისთვის აზნაურობის მინიჭებას მოითხოვდნენ (Reychman Jan, Bohdan Gurdziccki. Polski Slovnik biograficzni, t. 9, Warszava, 1960, p. 40-41). როსტომ მეფის დროს, XVII ს. 40-50-იანი წლების მიჯნაზე, ბოგდან გურჯიცკი საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო 50-იანი წლების მეორე ნახევარში რეჩ პოსპოლიტშია და მონაწილეობს ომებში, როგოც სამეფო ჯარების უცხოელთა ნაწილების ერთ-ერთი მეთაური. 1662 წლი დოკუმენტებში იგი მოიხსენიება როტმისტრის წოდებით. ის ცნობილი იყო როგორც მამაცი მეომარი. ამავე დროს ბოგდან გურჯიცკი, როგორც ჩანს, რეჩ-პოსპოლიტის სამეფო კარზე ითვლებოდა აღმოსავლეთის, კერძოდ ირანისა და კავკასიის, ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპერტად.
რუსეთ-რეჩ პოსპოლიტის ხანგრძლივი ომის (1654-1667) დასრულებისა და ოსმალეთის წინააღმდეგ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შემდეგ, რუსეთის მთავრობის რჩევით, დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობის მოსაგვარებლად, 1668 წელს ვარშავიდან ირანში გაიგზავნა ელჩობა ბოგდან გურჯიცკის ხელმძღვანელობით. გურჯიცკის ჰქონდა საიდუმლო დავალებაც: ირანი შეერთებოდა პოლნეთსა და რუსეთს ოსმალთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ირანისაკენ მიმავალი ბოგდან გურჯიცკი თბილისში ვახტან V-ს რომ ეწვია და რეჩ პოსპოლიტის მეფის სიგელი გადასცა, ამის შესახებ ჟან შარდენმაც გვაცნობა. პირველწყაროებიდან ირკვევა, რომ ბოგდან გურჯიცკი კვლავ იმყოფებოდა საქართველოში და როცა უკან გაბრუნდა თან წაიღო ვახტანგ მეფის რეჩ პოსპოლიტის მეფე იან კაზიმეჟისათვის დაწერილი სიგელი6. როგორც გ. ზედგინიძე ვარაუდობდა, ბოგდანმა ირანთან და საქართველოსთან რეჩ პოსპოლიტის სავაჭრო ურთიერთობის მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ბოგდან გურჯიცკი რომ თბილისელი უნდა ყოფილიყო ამაზე მიგვანიშნებს ჰოლანდიელი მოგზაური იან იანსენ სტრეისი (1630-1694). (Стрейс Ян, Три путешествия, перевод Э. Бородиной, М., 1935, с. 248-250, 254-255). 1675 წლის მაისში ბოგდან გურჯიცკის ელჩობა რეჩ პოსპოლიტში დაბრუნდა. მას და მის ძმას ფარსადანს 1676 წელს სეიმმა რეჩ პოსპოლიტის აზნაურობა - შლიახტიჩობა მიანიჭა, ხოლო მეფე იან სობიესკიმ სახელმწიფოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის, მათ ლენჩიცის მაზრაში მამულები უბოძა (გ. ზედგინიძე. ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე, 140).
1676 წლის 26 აპრილს მეფემ ბოგდან გურჯიცკი დანიშნა რეჩ პოსპოლიტის რეზიდენტად ირანის შაჰის კარზე, სადაც მან 23 წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში ირანში რეჩ პოსპოლიტის ელჩის მოვალეობას მისი ძმა ფარსადანი ასრულებდა. ბოგდანი, რომელიც ძირითადად შემახაში იმყოფებოდა, რეჩ პოსპოლიტის ხელისუფლებას საჭირო ინფორმაციას უგზავნიდა. 1699 წელს შაჰ სულთან ჰუსეინის დავალებით ბოგდან გურჯიცკი ელჩად მიემგზავრება რეჩ პოსპოლიტში, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. ის 1700 წლის 12 იანვარს მოსკოვში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს (იქვე, გვ. 164- 165).
7. იგულისხმება მეფე გიორგი XI-ის.
8. იგულისხმება შემახაში.
უმოწყალესო ხელმწიფევ, უკვე გავიდა 20 წელი იმ დროიდან, როცა მე ვქადაგებდი ანსონაში1, საიდანაც წამოვედი ყველა იმ ღირსებით, რომელიც მომანიჭა მოწყალე და უგანათლებულესმა ჰერცოგმა2, თქვენი მოწყალების ძმამ, მისმა მთელმა კეთილშობილმა ოჯახმა, რის შემდეგ მაშინვე ჩამოვედი აქ [საქართველოში]. მე შევიყვარე მისიონი, აქ დავბერდი. მოწყალე უფალმა საჩუქრად მომცა 3 ენის ქართულის, სომხურის და თურქულის ცოდნის უნარი. შევეცადე საქმეში გამომეყენებინა ეს უნარი3, რომელმაც, როგორც კარგად ვიცი, ბევრში გამოიწვია შური, რის გამოც გამრიცხეს მისიონიდან, რამაც, რა თქმა უნდა, ვნება არ მომიტანა. ჩემთვის დიდ ღირსებად მიმაჩნია დავბრუნდე ანტონას4 კათედრაზე, ვიდრე ვიყო პატრიარქი საქართველოში. თუ უფალი დაუშვებს, თქვენ მნახავთ ისეთს, როგორიც ვიყავი 20 წლის წინათ თქვენს ბრწყინვალე სახელმწიფოში. იმ დროის განმავლობაში ვიდრე მე აქ ვიმყოფებოდი, შეიცვალა სამი პრეფექტი. არც ერთი მათგანისგან არ მომისმენია გაკიცხვა და ყოველთვის მამწესებდნენ უფროს [მქადაგებლად]. დავაარსე გორში მისიონი5, ავაშენე, გავაფართოვე და შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მისი მეთაური, ხოლო რწმენის გავრცელებაში წარმატებების შესახებ იცის ყველამ. მ[ამა] სერაფინოს6 გარდაცვალების შემდეგ, გადამიყვანეს თბილისში, სადაც თითქმის ყველა დროში, კანონის საფუძველზე ღირსეულად მეკავა უფროსის თანამდებობა, არასოდეს ვაწუხებდი მათს მაღალ უსამღვდელოესობას და ასევე თქვენს მოწყალებას, არასოდეს ვავიწროებდი მისიონერებს, ყოველთვის ვიღებდი მხოლოდ მადლობას და პატივისცემას, როგორც მისიონერებისგან, ისე თქვენი მოწყალებისა და მათი მაღალ უსამღვდელოესობისაგან. იმედი მაქვს, რომ მათი უმაღლესი სიკეთე კიდევ უფრო ღირსმყოფს მომავალში. მაგრამ ამჟამად, ჩემი აზრით, მისიონი დარჩა ხელმძღვანელობისა და ძალაუფლების გარეშე. თუმცა ახალმოსული მამები ჩემს მიმართ ამჟღავნებენ ყოველგვარ პატივისცემასა და მოწიწებას და მიცხადებენ, რომ მოვეპყრო მათ ჩემი შეხედულებისამებრ მისიონის სასიკეთოდ. მაგრამ მე, ჩემი მხრივ, ასე მოქცევა არ შემიძლია, რამდენადაც ვიმყოფები მისიონიდან გარიცხულის მდგომარეობაში. მაგრამ ღმერთის იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ ზუსტად ისევე, როგორც ფრა’ პოლიკარპო და ნაპოლი ნეაპოლიდან გამოგზავნილი წერილით უარყოფდა ყოველივე იმას, რასაც იქ ლაპარაკობდა და პატიებას სთხოვდა მისიონში მცხოვრებ კატებსაც კი. ასევე ჩემი კეთილისმყოფელები იძულებული იქნებიან ასევე მოიქცნენ. მე ვასწავლი მათ, ან ვაიძულებ ისწავლონ, როგორც ამ მამებმა; მათ ასე უფრო მოეწონებათ ენა (არ იკითხ.), გაჩნდება ბუნებრიობა; შემდეგ კი ვაიძულებ მათ ხორცსა და სისხლში გაუჯდეთ მისიონი და გავემგზავრები აქედან, როგორც კი მიბრძანებენ.
1. უნდა იყოს (ანტონა).
2. სავარაუდოდ, ლაპარაკია ტოსკანის ჰერცოგზე.
3. იგულისხმება ქართული, სომხური და თურქული ენების ცოდნა.
4. ანტონა-პატარა დასახლება ფრიგიდოს დაბლობზე, იმავე სახელწოდების მთა ანტონადან ნახევარ გზაზე, აპუანის ალპებში. ტოსკანაშია, მასა-კარარას პროვინციაში. ჩანს, რელაციონის ავტორი გულისხმობს სან-ჯემინიანოს ეკლესიას, რომელიც 1297 წლიდან არსებობს.
5. მამა-კაპუჩინთა გორის მისიონი დაარსდა 1669 წელს.
6. იგულისხმება მამა-მისიონერი სერაფინო და მელიკოკა, რომელიც 1675 წელს გარდაიცვალა თბილისში.
გამოვთქვამდი რა პროტესტს, მთელი ამ დროის განმავლობაში ვიქცეოდი ისე, როგორც უბრალო, ყველაზე საცოდავი კათოლიკე, მივანდობ მათ (არ იკითხება) განსაკუთრებით მისიონს1, რათა იგი კვლავ არ დაჩაჩანაკდეს, ისე, როგორც არა ერთხელ მოხდა წარსულში. ვიცი რა თქვენი უსაზღვრო ადამიანურობა, თქვენს წინაშე რეკომენდაციას ვუწევ ორ მღვდელს, რომელთა სახელებია მინას ვასტაბიეტო კიუსტისტანელო და ავეტიკ არზერუმელი, რომლებიც ჩემი მონდომებით ჩვენს სარწმუნოებაზე მოექცნენ. განსაკუთრებული გრძნობით გაიარეს მათ აღმსარებლობის მიღების წეს-ჩვეულბა, რომელსაც ესწრებოდა მ[ამა] აბრამო, ქართველი კათოლიკე მღვდელი და ბატონი ესტატე, მთავრის2 გადამწერი, კათოლიკე. შემდეგ მათ აღსარება სთქვეს და მ[ამა]. აბრამოსთან ერთად ეზიარნენ, რის შემდეგ მე ვაზიარე კათოლიკური ჭეშმარიტების წმინდა საიდუმლოებების მადლს. მათ განზრახული აქვთ ევროპაში წასვლა, რათა თავი დააღწიონ საშინელ დევნას აქაური მტრებისგან, რომლებიც, ენა არ მიბრუნდება ვთქვა, რომ არიან წმინდა ვაკტან ვაკტანის მოწაფეები (არ იკითხება). და როდესაც ისინი თქვენი მოწყალების წინაშე დაემხობიან, მოუწყეთ თბილი მიღება, დამახასიათებელი თქვენი მუდმივი სიკეთისა. მინდოდა მათთან ერთად გამომეგზავნა წმინდა კონგრეციაში ორი ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილური წარმოშობის, მაგრამ მერე აღარ ჩავთვალე საჭიროდ, ღვთის შეწევნით მათ თვითონ ჩამოვიყვან, თუ მანამდე არ გამოჩნდება სხვა შესაძლებლობა.
1. იგულისხმება თბილისის მისიონი.
2. გიორგი XI-ის.
თანახმად თქვენი მითითებისა, ანგარიშს ამ და სხვა მისიონების შესახებ, ასევე იმასაც, რასაც ვიტყვი ან დავწერ და უცილობელ ჭეშმარიტებად ჩავთვლი, ზეპირად ან წერილობით წარმოგიდგენთ. ჩემი სიკვდილის შემდეგ კი ის, ვინც ნამდვილად აღიარებს ამ მისიონსა1 და ამ ქვეყანას, დაამტკიცებს ჩემს სიმართლეს, რადგან ვიცი და ამაზეც ვლაპარაკობ ჩემ მოხსენებებში, რომ თქვენმა ღრმად პატივცემულებამ, მათ ფრიად ღირსეულმა პატრონებმა და სხვა დანარჩენებმა უბრალოდ არ იციან ამ მისიონის შესახებ, არ იციან ენა, ან იციან ცუდად, მტრული დამოკიდებულება აქვთ ამ ქვეყნების2 მიმართ და არ უყვართ ეს მისიონი. თუ მე ვერ შევძლებ ყოველივე ამის დამტკიცებას, მაშინ მატყუარა ვიქნები. აღსარების საიდუმლოს დაცვა შემიძლია, რადგან ეს ვისწავლე თქვენი მოწყალებისაგან, წმინდა კონგრეგაციისა და მ[ამა] პრეფექტის ჯუზეპე ბოგონიანოს წყალობით, რომელიც უკვე 37 დღეა რაც ზეცაში დაიმკვიდრა წმინდა სახელი. მთელი ქალაქი იყო მის დაკრძალვაზე, რის შესახებაც უკვე ვწერდი. მან თქვა: „უფალო სასწრაფოდ შეწყვიტე ჩემი სიცოცხლე, ნუ მანახვებ ამ მისიონის3 დაკარგვას“. მე მას ვუპასუხე: „მამაო პრეფექტო, ამას რას ამბობთ?“, მან მიპასუხა: „ჩემო მამაო ჯუსტინო, დაიღუპა ჩვენი მისიონი. უფალი მოგცემს სიცოცხლეს და მოთმინებას“. ღმერთმა განსაჯოს მისი სიტყვების ჭეშმარიტება. მაგრამ მე მივმართავ თქვენს ოდინდელ მოწყალებას და გთხოვთ მონიშნოთ მისი გარდაცვალების დღე. ამ ჩემი უღირსი წერილის გაგზავნის და მიღების რიცხვი. დაე, ეს სიტყვები შენახული იყვეს ბეჭედის ქვეშ, რომელიც დაიფარავს აღსარების საიდუმლოებას, რომელსაც თქვენი მოწყალება ღირსეულად შეინახავს, მე კი თქვენთვის შევთხოვ ზეცას ყოველგვარ სიკეთეს, რომელსაც მხოლოდ ინებებს თქვენი ნათელი ანგელოზისებური გული. დავრჩები ისეთად, როგორსაც ყოველთვის მიცნობდით, პატივს მცემდით და გიყვარდით.
ტიფლისი, ძველი კალენდრით 1686 წლის 7 ოქტომბერი.
თქვენი მოწყალების უერთგულესი მსახური და ქვეშევრდომი, ფრა‘ ჯუსტინო და ლივორნო, უფროსი მქადაგებელი, სამოციქულო მისიონერი და ვიცე-პრეფექტი.
1. იგულისხმება თბილისის მისიონი.
2. ცხადია, „ამ ქვეყნებში“ საქართველო არ იგულისხმება.
3. იგულისხმება თბილისის მისიონი.

20. საქართველოს მისიონის ვიცე-პრეფექტის ჯუსტინო და ლივორნოს მიერ 1686 წლის 25 ოქტომბერს წმ. კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდეს“ ერთ-ერთი კარდინალისადმი მიწერილი წერილი1
ყოვლადუწმინდესო ბატონო და თაყვანსაცემო პატრონო
კიდევ ორი წერილი გამოვაგზავნე თქვენი ყოვლადუწმინდესობის სამსჯავროზე. გაცნობებდით მ[ამა] პრეფექტისა2 და ფრა’ ბართოლომეოს3 გარდაცვალების თაობაზე, ასევე მამების - სილვესტროს, ანჯელოს და მიქელანჯელოს ჩამოსვლის შესახებ, რომლებმაც გადმომცეს თქვენი ყოვლადუწმინდესობის თანაგრძნობით აღსავსე წერილი. მე შემიძლია დაუყოვნებლივ აღვასრულო მასში გადმოცემული ყველა თხოვნა, და თუ აქამდე არ შევასრულე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემეძლო ბედის ანაბარად დამეტოვებინა ეს საცოდავი სულები; ამის მეორე მიზეზი იყო შემახაში მძვინვარე შავი ჭირი; მესამე კი ის, რომ კიდევ მაქვს იმედი ჩვენს რწმენაზე მოვაქციო აქაური მთავარი4, რის გამოც დავხარჯე და ვხარჯავ ამდენ ძალას. მიუხედავად ამისა, თქვენი ყოვლადუწმინდესობის ბრძანება ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ახლა გავიგე კარგად, რომ მისიონს აღარ ვჭირდები. ამიტომ, რათა ღმერთის წინაშე დიდად არ შევცოდო, რომ მოვიქცე მისი ანგელოზისებური ნების მიხედვით, აქ დავრჩები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყო აქაური კათოლიკეების მოძღვარი, თუმცა ახალმოსული მამები კეთილი ხასიათის გამო მე მთვლიან უფროსად და ვიცე-პრეფექტად და მეპყრობიან პატივისცემით, მთავაზობენ გამოვიყენო ისინი მისიონის სასიკეთოდ. მაგრამ მე ამას აღარ ვიმსახურებ და აღარც მაქვს სურვილი ვუხელმძღვანელო მისიონს. ეს მღვდლები, მას შემდეგ რაც გადმომცეს ყველაფერი ის, რაც წმინდა კონგრეგაციამ აქ გამოაგზავნა მისიონის სიკეთისა და საჭიროებისათვის, რამდენიმე დღის წინათ გადმომცეს ფულიც. როგორც დადგენილია, მე მათ დავუწერე ხელწერილი ვენეციური ცეხინის მიღების შესახებ. ხოლო როდესაც ეს მამები შეძლებენ რამენაირად დამოუკიდებლად მართონ მისიონი, ან როდესაც აქ მოვა ახალი უფროსი, დაუყოვნებლივ ჩავაბარებ მისიონს. სულიერად და ხორციელად, აღვასრულებ თქვენი ყოვლადუწმინდესობის ბრძანებას, წამოვიღებ საინვენტარო წიგნებს, რომლებიც, როგორც კარგად ვიცი, გამოდგება მომავალში.
1. Archivio della Sacra Congregazione per l’Evangelizzazione dei Popoli, Georgia, vol.31, ff.362r-362 v. წერილი დაწერილია იტალიურ ენაზე და ორიგინალიდან თარგმანი პირველად ქვეყნდება.
2. საუბარია ჯუზეპე და ბოგონიანოზე, რომელიც 1686 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა თბილისში.
3. ალბათ, იგულისხმება ბართოლომეო და ჯულიანო.
4. იგულისხმება ქართლის მეფე გიორგი XI.
ახალმოსული მამებისაგან შევიტყე, როგორი მდგომარეობაა ახალი მისიონერების გამოგზავნის თაობაზე და ვინ არის შერჩეული ამ მისიონში გამოსაგზავნად. არა ვარ ღირსი, რომ თქვენმა ყოვლადუწმინდესობამ იკითხოს ჩემი წერილები და რამდენადაც თქვენ ჩემთვის ღმერთის მაგივრობას ეწევით, თუ ღმერთის წინაშე ვიცრუებ, მაშასადამე ვიქნები მატყუარა ღმერთისა და თქვენი ყოვლადუწმინდესობის წინაშე. იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც ვიმყოფები აქ, მე უნდა დამეგროვებინა დიდი გამოცდილება, მაგრამ ჩემმა უმეცრებამ არ მომცა საშუალება ამ გამოცდილებიდან შემენარჩუნებინა ძალიან ბევრი. მაგრამ მაინც, ეს ჩემი მოკრძალებული გამოცდილება მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ საქართველოს მისიონი ინგრევა, მაგრამ თუ აქ ჩამოვლენ [ახალი] მისიონერები, თუნდაც [ქართული] ენის ცოდნის გარეშე, მაშინ შესაძლებელი იქნება მისიონის გადარჩენა. მაგრამ აქ1 თუ ჩამოვლენ დ[ონ] ჯოვანი2 და დ[ონ] პიეტრო3, მაშინ თქვენი ყოვლადუწმინდესობა იგრძნობს მისიონის4 კატასტროფულ მდგომარეობას. ისინი პირველები დაიწყებენ ჩვენი მისიონერების დევნას, ჩაუდგებიან სათავეში ამ დევნას. (არ იკითხება) ყოველმხრივ გაუწევენ წინააღმდეგობას კათოლიკობის გავრცელებას. მე მათ ვიცნობ, ვიცი მთელი სიმართლე. დამსაჯოს უფალმა, თუ მოვიტყუებ თქვენი ყოვლადუწმინდესობის წინაშე. (არ იკითხება) სხვა მაღალი პიროვნებისაგან მომდის მხურვალე მოწოდება [მისიონში] დარჩენის შესახებ. მე თუნდაც ვყოფილიყავი მისი უღირსი, ხომ მასში დავბერდი, გავატარე მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები, ვცდილობდი მემსახურა ღმერთისთვის და მესიამოვნებინა თქვენი ყოვლადუწმინდესობისათვის, ვყოფილიყავი სასარგებლო ჩემთვის და ახლობლებისათვის. მაგრამ რამდენადაც ვერც ღმერთს და ვერც თქვენს ყოვლადუწმინდესობას ვასიამოვნე, ამიტომ დიდად მოხარული ვარ, რომ ვბრუნდები, რათა დავემხო თქვენს ყოვლადუწმინდესობის ფეხებთან, და თუ (არ იკითხება) მინდა მხოლოდ პატიება, თუ კი დავიმსახურე, ვიდრე (არ იკითხება), რათა შევინარჩუნო ყველა თქვენი მაღალი კეთილგანწყობილება, დაგინახოთ აღიარებული ყველა იმ სიკეთეში, რომელთა ღირსიცაა თქვენი მაღალი დამსახურება. უერთგულესად ვეამბორები [თქვენი სამოსელის] კალთებს, ვითხოვ თქვენს კეთილგანწყობილებას.
ტიფლისი საქართველოში, 1686 წლის 25 ოქტომბერი.
თქვენი ყოვლადუწმინდესობის მორჩილი მსახური, ფრა’ ჯუსტინო და ლივორნო, უფროსი მქადაგებელი, სამოციქულო სარწმუნოების მისიონერი და უღირსი ვიცე-პრეფექტი.
1. იგულისხმება თბილისში.
2. ვერ ხერხდება იდენტიფიცირება.
3. ალბათ, დონ პიეტრო ჯამბო.
4. ალბათ, თბილისის მისიონი.


Комментариев нет:

Отправить комментарий