пятница, 3 ноября 2023 г.

მიკელე მემბრეს (1509-1594) ცნობები საქართველოს შესახებ

ვენეციელი ვაჭარი და დიპლომატი მიკელე მემბრეს რელაციო (1539-1542)
რელაციონის ნაწილი (ეხება ანატოლიაში, ყირიმსა და საქართველოში მის მოგზაურობას – გზად ირანისკენ).
   მიკელე მემბრე დაიბადა ვენეციაში 1509 ან 1503 წელს. მამამისს ერქვა დავიდე. მიკელემ განათლება მიიღო კიპროსზე მის ნათესავ, უმდიდრეს ვენეციელ ვაჭარ ბერნარდო ბენედეტისთან. სირიისა და ანატოლიის ბაზრებზე ისწავლა თურქული და არაბული ენები. როდესაც ვენეციაში დაბრუნდა, ამტკიცებდა, რომ ჩერქეზი მშობლები ჰყავდა. 1538 წელს ვენეციის მმართველმა საბჭომ ბენედეტის რეკომენდაციით მიკელე თავის წარმომადგენლად გაგზავნა ირანის შაჰთან., რათა მიეღწია კავშირს ოსმალეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში. სმირნის (იზმირის) გავლით ჩავიდა შაჰის საზაფხულო რეზიდენცია მარანდში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს თამაზ შაჰთან, ვიდრე არ გაიგო, რომ 1540 წლის ზაფხულში ვენეციამ საზავო მოლაპარაკებები დაიწყო ოსმალეთთან. შემდეგ ორმუზის და ინდოეთის გავლით ჩავიდა ლისაბონში 1541 წლის ზაფხულში. ვალიადოლიდში იგი შეხვდა იმპერატორ კარლ ჰაბსბურგს, რომელსაც შაჰის წერილი გადასცა. შემდეგ ავინიონის, მარსელისა და გენუის გავლით დაბრუნდა ვენეციაში 1542 წლის იანვარში, სადაც მოამზადა რელაციო სპარსეთის შესახებ.
    1543 წელს მემბრე წავიდა სტამბულში სხვა ვენეციელ ბაილო სტეფანო ტეპოლოსთან ერთად. 1550 წლიდან დაინიშნა ვენეციის რესპუბლიკის ოფიციალურ მთარგმნელად თურქული ტექსტების სათარგმნად და პირიქით.
***
    „ეს მოხდა 1539 წლის აპრილში. ამ ადგილას არის სასტუმრო, რომელსაც ქარავანსარაი ეწოდება და მისგან მარცხნივ, შემაღლებაზე დგას ქვის ციხესიმაგრე. ამბობენ, რომ ციხესიმაგრეში დაახლოებით 50-ოდე იანიჩარია განთავსებული. შემდეგ დღეს ჩვენ ავიყვანეთ სასაპალნე ჯორები, დავტვირთეთ ზემოხსენებული ინით1 და გავეშურეთ ქალაქისკენ, რომელსაც ეწოდება ვურულა2, სადაც ნახსენები ქრისტიანი ვაჭრების3 სახლები მდებარეობდა. ამ გზაზე გადაადგილებისთვის დაგვჭირდა დღენახევარი. შემდგომ, ჩვენ დავტოვეთ ეს ადგილი და ჯორების გამრეკებთან ერთად მივაშურეთ ქალაქ მანისიას4, სადაც ცხოვრობდა სულთანი მუსტაფა, დიდი თურქის5 უფროსი ვაჟი. აღნიშნული ქ. ვურულადან ამ ქალაქში მისასვლელად ორი დღის მოგზაურობა დაგვჭირდა. ჩვენ აქაც დავბანაკდით ქარავანსარაიში. ეს სასტუმრო აღმოსავლეთით სკვერს გაჰყურებს, ჩრდილოეთით კი არის მეჩეთი, რომელშიც ნახსენები სულთანი მუსტაფა აღავლენს ხოლმე ლოცვას ყოველ პარასკევს. რაც შეეხება სულთან მუსტაფას, ის გახლავთ ოდნავ შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი, მაღალი, უწვერო, მუქი ულვაშებით. მას თან ახლავს ცხენოსანთა რაზმი, დაახლოებით 35-40 კაცი, კარგად ჩაცმულნი, რომელნიც წინ მიუძღვიან ხოლმე. შემდეგ მოდის თავად მუსტაფა თავის ლალასთან ანუ აღმზრდელთან ერთად, რომელიც თეთრწვერა მოხუცია. მის [მუსტაფას] წინ მიდის ასევე 9 ქვეითი, თითოეული შემოსილი ძალიან გრძელი და განიერი ხალათითა და ბუმბულით თავშემკობილი, ყოველ მათგანს უჭირავს მშვილდი და 50-60 ისარი. ამგვარად, როცა მხედრები, რომელთაც სიფაჰები6 ეწოდებათ, მიაღწევენ აღნიშნული მეჩეთის კარიბჭეს, ისინი ჯგუფდებიან ორ რიგად და, ასე ვთქვათ, კორიდორს აკეთებენ. შემდეგ მუსტაფა ჩამოივლის თავის ლალასთან და ქვეითებთან ერთად და შედის მეჩეთში. სანამ ის ჩაივლის, სიფაჰები, რომლებიც აქეთ-იქით დგანან, ყვირიან – „ალაჰ, ალაჰ, დევლეთლუ ხუნდკარ უმრინი ზიადე ეილესინ“, – რაც ნიშნავს: „ღმერთო, დღეგრძელი ჰყავ მისი მამის სიცოცხლე“, – რომელსაც ეწოდება ხონთქარი7, შემდეგ ყველა ისინი დახრიან თავს, სანამ ის [მუსტაფა] არ ჩაივლის. მას შემდეგ, რაც ის მოილოცებს, ამხედრდება ხოლმე და თავის სასახლეში ამ ხალხთან ერთად მიდის.
    მისი სასახლე დგას ბაღში, რომელიც გარშემორტყმულია მაღალი გალავნით, რომლის ჩრდილო-დასავლეთით არის დიდი კარიბჭე, კარის მცველი გუშაგებით. კარიბჭის პირდაპირ არის ცხენების საჯირითო ოთხკუთხა სკვერი, რომელსაც მაიდანი ეწოდება. ამ მაიდნის შუაგულში დგას ხის ძალიან მაღალი ანძა. მის წვერზე წამოცმულია მოოქროვილი სპილენძის ვაშლი. დროდადრო, ჯირითისას ისინი [მუსტაფა და მისი მხედრები] ესვრიან ხოლმე ისრებს ამ ვაშლს8.

1. აღმოსავლური თმის საღებავი.
2. ვურულა – ბერძნული დასახელება: (Βουρλά, Vourlá), დღევანდელი ქალაქი ურლა იზმირის პროვინციაში, თურქეთში, მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან.
3. ამ დროსაც აქ ძირითადი პოპულაცია, ვფიქრობთ, ბერძნები იქნებოდნენ.
4. მანისია – თანამედროვე მანისა. სმირნას, რომელიც პირდაპირ მანისას გზაზეა, როგორც ჩანს, გვერდი აუარეს, ისევე, როგორც სხვა ქალაქებს, მოგვიანებით, ანატოლიაში გადაადგილებისას.
5. დიდი თურქი – ევროპელები ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ ოსმალეთის სულტანს (ამ შემთხვევაში იგულისხმება სულეიმან კანუნი).
6. სიფაჰები – თურქული მძიმე შეიარაღებული კავალერია.
7. ხონთქარი – სპარსული სიტყვაა, იგივეა, რაც მეფე, სულტანი.
8. მიუხედავად იმისა, რომ მემბრე თავად არ აზუსტებს, მსგავსი სამიზნე, რომელიც მან შემდგომში თავრიზში აღწერა, ზუსტად იგივე დანიშნულების იყო. როგორც თურქეთში, ასევე სპარსეთში ამ სამიზნეს ეწოდებოდა ქაბაქი – რაც თურქული წარმოშობის სიტყვაა.

    ამგვარად, ამ ქალაქ მანისიაში ჩვენ ვცადეთ გაგვეყიდა ინა, რომელიც საერთო გვქონდა, თუმცა მისი ხელიდან გაცლა ვერც ისე მალე შევძლით. ეს რომ დავინახე, ვუთხარი ჩემს კომპანიონებს, რომ ყაბულს ვიქნებოდი, მცირე მოგებითაც რეალიზება გამეკეთებინა საქონლისთვის, ვინაიდან მსურდა საკუთარ სახლში და ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. ჩემ მიერ მოხსენიებულმა კომპანიონებმა მომცეს მე საქონელი, პატარა ხალიჩა და 50 ასპერი1, როგორც მოგება. და, ვინაიდან გზები ყაჩაღებით სავსე და ფრიად სახიფათო იყო, აგრეთვე იმ მიზნით, რომ არავისთვის მიმეცა ჩემში დაეჭვების მიზეზი, გადავწყვიტე, მეყიდა 8 შეკვრა დაჩეჩილი ბამბა მანისიაში, იმიტომ, რომ ქალაქში, რომლისკენაც მინდოდა წასვლა, ბამბეული არ იშოვებოდა და ვაჭრები მას მანისიიდან ეზიდებოდნენ. ვინაიდან მსურდა ვყოფილიყავი აგოსატებთან – რაც ნიშნავს ჯორების გამრეკებს – ერთად, ამიტომ გადავწყვიტე, მეც მეყიდა ის [ბამბა], რათა ვაჭრად ვყოფილიყავი აღქმული. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შევიძინე ბამბეული, დავტვირთე ისინი ჯორებზე და სხვა მოქარავნეებთან ერთად გავეშურე ქალაქ ყარაისარში2, სადამდე მიღწევასაც მოვანდომეთ 8 დღე. მთელი გზა მუდმივად მაღლობებზე და მთებზე გადიოდა და მხოლოდ ძალიან პატარა მონაკვეთი – დაბლობზე. ბამბეულის მარაგი მე შევინახე ქარავანსარაიში ანუ სასტუმროში, სადაც იყო სასწორი თუ კარგი ხის ქანქარა, რითაც ისინი წონიან ყველა სახის ბამბეულსა და სხვა საქონელს. მე წავედი სხვა ქარავანსარაიში, რომელსაც ეწოდებოდა პესეჩანი3, სადაც ბამბის ქულები/ფთილები იყიდება. 4-5 დღის შემდეგ მე გავყიდე აღნიშნული ბამბეული ისეთ ფასად, რომ დავკარგე დაახლოებით 6 დუკატი.
    აღნიშნული ქალაქი მთის ძირასაა და ამ მთის თხემზე არის ქვის პატარა ციხესიმაგრე, რომელშიც იანიჩრები4 დგანან. ამავე ქალაქში ცხოვრობს თავად სანჯაყიც5 და ასევე ბევრი სომეხი ქრისტიანია. აღნიშნული ქალაქის ასპერები [აქჩეები] მიჩნეულია ძალიან უხარისხოდ – 75 [ერთი] ოქროს დუკატის6 ღირებულებისაა. ამიტომ მე ვიყიდე ვირი ამ ქალაქში და ზოგიერთ სომეხ ვაჭართან და თურქებთან ერთად გავეშურე ანგურისკენ7, სადაც მზადდება ქამლეტები8. გზად ძალიან გვეშინოდა ყაჩაღების. ჩვენ ჩავუარეთ ქალაქ სუვერასარს9, და შემდეგ შევედით აღნიშნულ ქალაქ ანგორაში (გზად დავყავით 10 დღე, როდესაც სულ აქლემებით ვმგზავრობდით; მე დავბანაკდი ქარავანსარაიში, რომელსაც ეწოდებოდა ყურსი-ხანი. [ანგორა] დიდი ქალაქია, ბაღებით გარშემორტყმული. ამ ქალაქის მიმდებარედ, ჩრდილოეთით არის ქვის ციხესიმაგრე. ქალაქიდან ერთი მილის დაშორებით, თუ მდინარეს გადავკვეთთ, დგას სომხური მონასტერი, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, წმინდა პეტრეს სახელობისაა10. მონასტერში არის ფრანგი კაცის სამარხი, რომელიც, როგორც სომხები მომიყვნენ, ანგორაში მოკლეს, როდესაც ის ინდოეთიდან ბრუნდებოდა, იმიტომ, რომ დიდძალი ძვირფასი სამკაული ჰქონდა11. მონასტრის გარეთ არის ბევრი მარმარილოს საძვალე, თითოეულს აქვს წარწერა გარდაცვლილის სახელით, წარწერების ნაწილი ბერძნულია და ნაწილიც – ლათინური.
    ქალაქ ანგორიდან სხვა თურქ ვაჭრებთან ერთად გავეშურე სხვა ქალაქისკენ, რომელსაც ერქვა ჩანკრია12. აქ ვიყიდე ქამლეტები და მოხერები13 25 ცალი, რაც დავტვირთე ერთ-ერთი მექარავნის ჯორებზე, ხოლო მე თავად გზა ჩემი ვირით გავაგრძელე. გზაზე ვიარეთ დაახლოებით 5 დღე. შემდეგ მივაღწიეთ ქალაქ ჩანკრიას და დავბანაკდით ქარავანსარაიში, იგივე სასტუმროში. აღნიშნული სასტუმროს ოთახების უმეტესობა ფიცრული იყო. კარების გარეთ, ეზოში იყო პატარა სამჭედლო ცხენებისთვის და მოპირდაპირედ ან დასავლეთით იდგა ტავერნა, სადაც იყიდებოდა ღვინო. აღნიშნული ქალაქი არის პატარა და მდებარეობს დაბლობში, გარკვეული ბაღების მიმდებარედ.

1. ასპერი – აქჩე, ოსმალური ვერცხლის მონეტა, მოჭრილი ბიზანტიური ვერცხლის ასპრონის დარად.
2. ყარაისარი – თანამედროვე აფიონყარაჰისარი ან აფიონი.
3. მემბრეს ტექსტის ინგლისურად მთარგმნელი და კომენტატორი ა.ჰ. მორტონი აზუსტებს, რომ ევროპულ ენებში „ჩან“ – ხან-ის მნიშვნელობით იხმარება, სახელწოდება – პესეჩანი
– ალბათ სპარსელ ხანს ნიშნავს, თუმცა დაზუსტებით უცნობიაო. გაუგებარია, რატომ უნდა ერქვას ოსმალურ სივრცეში ფუნდუკს/სასტუმროს „სპარსელი ხანი“.
4. იანიჩრები – ელიტარული ქვეითები ოსმალურ სამხედრო ძალებში, ძირითადად დაკომპლექტებული ბალკანეთიდან და კავკასიიდან ბავშვობაში წაყვანილი და გამუსლიმებული ვაჟებისგან. ითვლება, რომ მათი კორპუსი მურად I-ის (1362-1389 წწ.) სულტნობის დროს შეიქმნა და სულტნის პირადი გვარდიის ნაწილს წარმოადგენდა.
5. სანჯაყი – ადმინისტრაციული დანაყოფი ოსმალურ იმპერიაში, პროვინციის (თურქ.: ვილაიეთის) შემადგენელი ნაწილი. აქ იგულისხმება სანჯაყის უფროსი, მეთაური, რომელიც პრაქტიკულად ციხის გარნიზონის უფროსიც იყო.
6. დუკატი – გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ვენეციური დუკატი (ოქროსი ან ვერცხლის) საერთაშორისო ვაჭრობაში მთელ ევროპაში მიმოქცევადი ფული იყო.
7. ანგური – ანგორა, თანამედროვე ანკარა.
8. ქამლეტი – ძვირფასი ქსოვილი, ძირითადად აქლემის ან თხისა; მოგვიანებით ანგორული თხის ბეწვისა და აბრეშუმის შენარევით მზადდებოდა.
9. სუვერასარი – ქალაქი სივრიჰისარი.
10. მოგვიანო ცნობები ამ მონასტერს ღვთისმშობლის სახელობის მონასტრად მოიხსენიებენ (ა.ჰ. მორტონი).
11. ფრანგი სამკაულებით მოვაჭრე უნდა იყოს სწორედ ის ადამიანი, რომლის სიკვდილის შესახებაც მოისმინა პორტუგალიელმა ანტონიო ტერნეირომ აღმოსავლეთში მოგზაუ- რობისას – ალეპოში, 1528 წლის მიწურულს. მოკლული ფრანგის სამკაულები მიითვისა სულტანმა სულეიმანმა. მხოლოდ ეს ფაქტიც მიუთითებს, რა ძვირფასი სამკაულები მოჰქონდა მოკლულს.
12. ჩანკრია – თანამედროვე ქ. ჩანკირი.
13. მოხერი – ანგორული თხის მატყლისგან დამზადებული ძაფი ან ქსოვილი.
    ნახსენებ ქალაქში მოვიდა ქარავანი ერზინჯანის1 მხრიდან, აჯამიის2 მიმდებარე ტერიტორიიდან. ქარავანში იყო ბევრი თურქი და სომეხი ვაჭარი, რომლებიც აბრეშუმის საქონლით [დატვირთულები] კონსტანტინოპოლში მიეშურებოდნენ. მათგან მოვისმინე, როგორ არ უშვებენ არც ერთ ქარავანს აჯამიის გავლით; ასევე [ის, რომ] ყველას, ვინც აჯამიის მიდამოებიდან მოდიოდა, ოტომანებმა3 წაართვეს სავაჭრო საქონელი, როგორც კონტრაბანდული. ყველასგან, ვისაც წილად ხვდა ამ მიდამოებში ყოფნა, როგორც ვაჭრებისგან, ასევე უბრალო უცხო პირებისგან ისინი ითხოვდნენ გირაოს. ვისაც გირაოს გადახდა არ შეეძლო, ციხეში აგდებდნენ. ასე რომ, ეს მხარე დიდ არეულობაში იმყოფებოდა. ასევე, საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ვინც კი აჯამიისაკენ მიმავალ გზებზე აღმოჩნდებოდა მმართველის ნებართვის გარეშე, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუკი დაიჭერდნენ, თავს მოკვეთდნენ და მისი ქონების კონფისკაციას მოახდენდნენ. ამიტომაც, ამ ამბების გამგონემ, დავასკვენი, რომ შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულ გზებზე გამევლო. მაგრამ უფალ- მა ღმერთმა მაშინვე გამომიჩინა სხვა უსაფრთხო გზა მარ მაგგიორის4 გავლით.
    ასე რომ, მე დავტოვე ქალაქი ჩანკრია და გავეშურე ქალაქ ნამისოს5 მიმართულებით, რომელიც შავ ზღვასთან მდებარეობს. გზად ჩვენ ჩავუარეთ ქალაქს, სახელად მარზივანს6, რომელიც მთლიანად გარშემორტყმული იყო ბაღნარებით. ჩვენ გზას, თუ არ ვცდები 4 დღე მოვანდომეთ.

1. არზინჯანი – ტექსტში arzincan, თანამედროვე თურქულად: Erzincan – ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქი დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში.
2. აჯამია – XVI ს-ის უცხოურ წყაროებში სეფიანთა სახელმწიფოს ხშირად „აჯემიის“ სახელით
მოიხსენიებდნენ.
3. ოტომანები – ასე უწოდებენ ევროპელები ოსმალო თურქებს.
4. იგულისხმება: შავი ზღვის.
5. ნამისო – ქალაქი სამსუნი.
6. მარზივანი – ქალაქი მერზიფონი.
    აქედან ორი დღე კარგ გზაზე ვმგზავრობდით, ორი დღე კი – შავი ზღვის მიდამოებში. ჩვენ ვიმგზავრეთ ბევრი მთის გავლით, რომლებიც დაფარული იყო ტყეებითა და სავსე იყო წყლებით. ზემონახსენებ ქალაქ ნამისოში მე დავბანაკდი ქარავანსარაიში, რომელიც იყო ქვის და ძალიან ახლოს მდებარეობდა სანაპიროსთან – გემების ნავსაყუდელთან. ამ ქალაქის სახლების ნახევარი ხისაა. ქარავანსარაის ჭიშკართან არის მჭედელი, ვინც ნალებს ადებდა ცხენებს. ამავე ქუჩაზე არის მოედანი, რომლის ორივე მხარეს მაღაზიებია ჩამწკრივებული. ასევე, ზღვის პირას, ტრაპიზონის მიმართულებით გზაზე მდებარეობს ციხესიმაგრე. ეს ქალაქი [ნამისო] არის ძალიან პატარა და მის დასავლეთით, ზღვის გასწვრივაა ხის სასადილოები და ტავერნები, სადაც იყიდება ღვინო. ეს ყოველივე ბერძენი ქრისტიანების ხელშია.
    აქ მე ვიპოვე გემი, რომელიც კაფაში1 გასამგზავრებლად იყო გამზადებული და დატვირთული იყო ადანადან2 და თარსუსიდან3 ჩამოტანილი ბამბის ქულებით. ამ გემზე იყვნენ თურქი და ბერძენი ვაჭრები, ხოლო მეზღვაურები კი – ბერძნები. მე მაშინვე გემის კაპიტანი მოვძებნე და შევთანხმდი მასთან. ვინაიდან მეზღვაურები ბერძნები იყვნენ, მეთაური ჩემ მიმართ კეთილად განეწყო. დაუყოვნებლივ ავტვირთე [გემზე] ჩემი ანგორაში ნაყიდი ქამლეტები, ჩემი ვირი კი გავყიდე. შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ კაფასკენ (თუ არ მეშლება, ეს უნდა ყოფილიყო 1539 წლის ივნისის თვე). გაშლილ ზღვაში 18 დღის განმავლობაში ცურვის შემდეგ ჩვენ პირდაპირ კაფაში მივედით, [ცურვისას] არ გვქონდა სიმშვიდე და ზურგის ქარი. კაფაში დიდი რაოდენობით ბამბეულს მოიხმარენ, რადგან აქ სამღებროებია. სხვა ვაჭრებთან ერთად ჩვენც დავბანაკდით ქარავანსარაიში, რომელსაც ყურსი-ხანი4 ერქვა. ამავე დღეს მე მოვძებნე სხვა ბერძნული გემი, დატვირთული მარილითა და სხვა ტიპის საქონლით, რომლის კაპიტანი იყო ხოჯა რაისი სინოპიდან, და მზად იყო სამეგრელოში გასამგზავრებლად. შემდეგ დღესვე დაუყოვნებლივ მოვიძიე კაპიტანი ათენელ დალაქთან და მოველაპარაკე მას, რომ წავეყვანე სამეგრელოში. მან მიპასუხა, რომ სიხარულით გააკეთებდა ამას. ასე რომ, მესამე დღეს ის დარჩენილი ცოტაოდენი მოხერი და ქამლეტი ავტვირთე და უკვე მეოთხე დღეს გამოვემგზავრე ნახსენები გემით. იქედან ჩვენ სულ მოვცურავდით ისე, რომ მიწა გვქონდა მხედველობის არეში და 18 თუ 16 დღეში მივაღწიეთ ადგილს, სახელად ანაკლია5, რომელიც წარმოადგენს სამეგრელოს მეფის6, დადიანის ტერიტორიას. აქ არის დიდი მდინარე, რომელშიც შედიან გემები, როცა არ არიან დატვირთულები. გემი ჩერდება აღნიშნულ სანაპიროსთან და სხვა გემთან აწარმოებს ვაჭრობას, ოღონდ ყველაფერი ბარტერზეა (გაცვლა-გამოცვლითაა) – ისინი იღებენ ქსოვილებს და ყიდიან ასევე ქსოვილებს. მეგრელები გემთან თავიანთი ნავებით მოდიან და თითოეულს მოაქვს თავისი ქსოვილის ბოღჩა. ამგვარად წარმართავენ ისინი ვაჭრობას.
    სამეგრელოში მარილი არ მოიპოვება. ტყავი, ცხვრის ბეწვი და სხვა საქონელიც არის საკმაოდ ძვირადღირებული. სამეგრელოში მოიპოვება დიდი რაოდენობით ყვითელი ცვილი, სელის/(ტილოს) ძაფი და ზაგემიდან37 მოტანილი აბრეშუმი. ასევე, ისინი ყიდიან ბევრ მონას. მომდევნო დღეს დაიწყო აღნიშნული გემიდან მარილის ჩამოტვირთვა და ნავებზე დატვირთვა, რომ გაეგზავნათ ბაზრობაზე, რომელიც ამ დღეებში უნდა გამართულიყო ფაზისთან8 მდებარე ადგილზე, სახელად კულაუროპაში9. მე წავყევი ამ ნავებს იმ ადგილამდე, სადაც ბაზრობა იმართებოდა. ჩვენ ამ ნავებით სულ მოვუყვებოდით მდინარეს, რომელსაც ფაზისი ჰქვია, დაახლოებით 8 დღე. მდინარის გასწვრივ არის აურაცხელი ხეები, ორივე მხარეს დაბლობია. ასე რომ, ყოველღამე ნავი ჩერდებოდა ნაპირთან და დილით ვაგრძელებდით სანაოსნო მოგზაურობას. ამ ადგილებში ბევრი ბუზი და კოღოა, და უეჭველად ვერ გადავრჩებოდი, სახე, ტანი და ხელები სამოსით მთლიანად რომ არ დამეფარა.

1. კაფა – გენუელთა ფაქტორია ჩრდილო შავიზღვისპირეთში, დღევანდელი ყირიმის ტერიტორიაზე; ამ კონკრეტულ პერიოდში უკვე ოსმალთა დომინიონია.
2. ადანა – ქალაქი ანატოლიის სამხრეთში, ისტორიულ კილიკიაში. დღევანდელი თურქეთის ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
3. თარსუსი – ქალაქი სამხრეთ ანატოლიაში, ზღვასთან ახლოს, ისტორიულ კილიკიაში. ოდითგანვე მნიშვნელოვან სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარეობდა.
4. ყურსი-ხანი – სავარაუდოდ, ყურშუნლუ-ხანი, ისევე, როგორც მანამდე ანგორაში მოხსე- ნიებული პირი.
5. ტექსტის ორიგინალში ნახსენებია, როგორც არაკლია, თუმცა უეჭველია, რომ იგულისხმება ანაკლია, მდინარე ენგურის შესართავთან.
6. რელაციონის ავტორი ასე მოიხსენიებს სამეგრელოს მთავარს.
7. ზაგემი – ძაგემი, კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ისტორიულ ჰერეთში, ამჟამად ბელაქნის რაიონში.
8. მდ. რიონი
9. სავარაუდოდ, იგულისხმება თანამედროვე დაბა კულაშის ადგილას მდებარე დასახლება.
    ეს ისეთი რაღაცნაირი კოღოებია, თუ დაინახეს დაუფარავი ხორცი, ისე იკბინებიან, რომ ნაკბენიდან სისხლი ისე მოთქრიალებს, თითქოს ფლებოტომიასთან1 გვქონდეს საქმე. მეგრელები ფრიად ღარიბულად ჩაცმულნი დადიან, ყველა – მოკლე ბამბის იაფფასიანი სამოსითაა და ფეხშველა. თუმც ის კი ცხადია, რომ მათ, ყველას, ფეხები ფუფხებით აქვს დაფარული. ისინი თავზე ატარებენ თექის საბურავს, რაღაც მიტრის მსგავსს, თუმცა ძალიან პატარას. ჩრდილოეთით არის დიდი მთები. მეგრელი დიდგვაროვნები იმოსებიან გრძელ სამოსით და ცხვრის ტყავის ფეხსაცმელს ატარებენ, რომელსაც არა აქვს ტყავის ლანჩები, მხოლოდ ცხვრის ტყავისგანაა. ასევე ხმარობენ თექის ფერად თავსაბურავს. ისინი არ ატარებენ წვერს, არამედ – მხოლოდ გრძელ ულვაშებს, როგორიც ასევე აქვთ იბერიელებს2.
    ამ კოღოების გამო, რაზეც ვისუაბრე, ჩვენ დიდი უბედურება გადავიტანეთ, ვიდრე მივაღწევდით ბაზრობის ადგილამდე, ანუ კულაუროპამდე. ეს ადგილი მდინარე ფაზისის ნაპირას, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის, დაბლობზე, ტყიანში, სადაც დაახლოებით 50-მდე ხის სახლია. ამ ადგილზე სახლების მფლობელთა უმრავლესობა ებრაელები არიან. ეს ებრაელები ყიდულობენ მეგრული წარმოშობის მონებს და აქცევენ მათ ებრაელებად. ამ საქმეში მეგრელები მათ უარს არ ეუბნებიან. მოედნის შუაგულში, სადაც ბაზრობაა გამართული, დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სპილენძის თაღითა და ორი პატარა სამრეკლოთი. იბერები ატარებენ წირვას. ეკლესიის გარეთ დგას ხის ანძა, რომელშიც სამი თუ ოთხი ხანჯალი {...} და ორი ხმალია ჩარჭობილი. ამ კულაუროპაში მე ვიპოვე კაცი სკიოდან3, სახელად ზანე, რომელიც დაქორწინებული იყო აქ ასაკოვან მეგრელ ბანოვანზე. ამიტომაც დამპატიჟა თავის სახლში. მე ასევე აღმოვაჩინე სხვა კაცი, ვენეციელი, რომელიც დაოჯახებული იყო მეგრელზე. მას ერქვა ბერნარდო მოლინერი4, იქნებოდა ასე 45 წლისა, მან მიამბო, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და რომ სამეგრელოში ჰყავს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთიც ქალი, რომელიც ასევე მეგრელზეა გათხოვილი.

1. სისხლის გამოშვებით მკურნალობა.
2. გულისხმობს ზოგადად დანარჩენ ქართველებს, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მცხოვრებთ, როგორც ჩანს, მათ გარკვეულწილად ანსხვავებს მეგრელებისგან.
3. იტალიური სახელწოდება ეგეოსის ზღვაში ზომით მეხუთე დიდი ბერძნული კუნძულისა, ქიოსი/ხიოსისა, რომელიც ახლოს მდებარეობს ანატოლიის დასავლეთ სანაპიროსთან.
4. ორიგინალური ტექსტის კომენტატორის განმარტებით, ეს ნიშნავს მეწისქვილეს.
    ამ ბაზარში ბევრი ღარიბი ადამიანი მოდის, ასევე, სხვა იბერიელი ვაჭრები აბრეშუმით, რომელსაც ისინი ცვლიან ქსოვილს ქსოვილზე, ყოველგვარი ფულის გამოყენების გარეშე. ეს ბაზრობა სამ დღეს გრძელდება და მერე ყველა მიემგზავრება. აქ რჩებიან მხოლოდ ის მოხსენიებული ებრაული ოჯახები და 10 თუ 12 მეგრული ოჯახი. როგორც კი აღნიშნული ბაზრობა დამთავრდა, მე წამოვედი ტრაპიზონელი ბერძენი ვაჭრის, კალოჯეროს თანხლებით. ჩვენ გადავკვეთეთ აღნიშნული მდინარე ფაზისი ნავით და მივედით იბერიელთა ქალაქ ქუთაისში, რაც მეფე ბაში-აჩუკის1 სამფლობელოა. გზაზე, რასაც 2-დღენახევარი მოვანდომეთ, მივუყვებოდით დაბლობს, რომელიც სულ ბაღებით იყო დაფარული. ჩვენ შევედით ქუთაისში მდინარეზე გადებული ხის ხიდით. ეს მდინარე ქალაქს ჩამოუდის. ჩრდილოეთით, მაღლობზე, დგას ციხესიმაგრე, რომელშიც არის ეკლესიაც. მეორე მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით, არის მინდორი, სადაც მეფე ჯირითობს თავისი ცხენებით. მდინარის გასწვრივ ის აშენებს ქვის სახლებს საცავებით/სარდაფებით, რომლებიც, როგორც ამბობენ, თავად მეფისთვისაა განკუთვნილი. თუმცაღა, აღნიშნულ ქალაქში უმეტესობა სახლებისა უმეტეს უბნებში ხისაა და აქ ასევე ბევრი ბაღებია.
    მე დავბანაკდი ერთი ტრაპიზონელი ოქრომჭედლის სახლში, რომელმაც გამიწია კარგი კომპანია ნახსენებ კალოგეროსთან ერთად. აღნიშნულ ქალაქში ხუთი ფუთა ქსოვილით იხდი გადასახადს. აქაური მონეტები ჰგავს თურქულ ასპერს და ეწოდება თანგა. მათზე შტამპი დატანილია იბერიული ასოებით. მეფეს, როგორც ამბობენ, უნდა ჰყავდეს 7000 მხედარი, რომელთაც აზნაურები ეწოდებათ. ეს აზნაურები ტანად ბევრად დიდები არიან, ვიდრე ჩვენ, დანარჩენნი ვართ, და აქვთ გრძელი, შავი ულვაშები, წვერს კი იპარსავენ. მათ მოსავთ საკმაოდ უხეშად დამუშავებელი ბამბის ქსოვილის მაღალყელიანი წინდები, ზემოდან ტილოს შარვალი, ცხვრის ტყავის ფეხსაცმელები, უხეში ბამბის ქსოვილის ხალათი და ბამბისავე ქსოვილის ძალზე გრძელი დოლმანი2. თავზე ატარებენ თექის ქუდს, რომელსაც წოწოლა დაბოლოება აქვს. ეს თექის ქუდები შეღებილია. მათ საბრძოლო იარაღს წარმოადგენს: ხმლები, შუბები, ფარები, მშვილდ-ისარი, რკინის კვერთხები, მუზარადი, რომელიც სანახევროდ ფარავს თავს, ლითონის დამცავი სამკლაურები, კარგი ცხენები კარგი აბრეშუმის საფარებით, რომელშიც ისარი ვერ ატანს. ამგვარად, როცა აზნაური მიდის ბრძოლის ველზე, ამ ყველაფრითაა აღჭურვილი. ზემონახსენები ქუთაისი ძალიან პატარა ქალაქია.
    7 თუ 8 დღის შემდეგ ჩვენ გზა სხვა ქალაქის, სახელად გორის, მიმართულებით გავაგრძელეთ, სადამდეც 4 დღე დაგვჭირდა გზაში. ვმგზავრობდით მუდმივად ძალიან მაღალი მთების გადავლით3, რომლებიც იყო ტყით დაფარული და წყლიანი. ამ გზებზე იყო ჭანჭრობი და ტალახი. დაახლოებით ერთი დღის სავალზე ნახსენებ ქალაქ გორამდე, ჩვენ ჩავუარეთ ციხესიმაგრეს, რომელიც მთის მწვერვალზე იდგა და უმეტესწილად დანგრეული იყო4. შემდგომ ჩვენ მივედით ადგილზე, სადაც ასე 70-იოდე სახლობა ცხოვრობდა, ყველანი ებრაელები, ამ ადგილის მიმდებარედ იყო არხი. ამგვარად, მდინარე5 გადის ქალაქ გორში. ჩვენ ცხენებით გადავლახეთ ეს მდინარე, შევედით ქალაქში და დავბანაკდით ერთი ტრაპიზონელის სახლში. ქალაქის სახლების ნაწილი არის ხის, ნაწილი – მიწური და ნაწილიც ქვისგან ნაშენია. ეს ქალაქი არის პატარა და მის ჩრდილოეთით მდებარეობს ნაწილობრივ დანგრეული ქვის ციხესიმაგრე6. აღნიშნული ადგილის მეფე არის ლუარსაბი7. მას ჰყავს აზნაურებად წოდებული ცხენოსნები, დაახლოებით 5000 კაცი. აღნიშნულ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ნახევარი სომხებია და ნახევარი – იბერიელები. მათ არა აქვთ მარილი, გარდა იმისა, რაც მოდის სუფის8 მიწებიდან. 8 დღის შემდეგ ჯორები დავტვირთე და, ლორეს მკვიდრ სომეხთან ერთად, იქიდან ქალაქ თბილისისკენ წავედი. ეს ქალაქიც ლუარსაბის სამფლობელოშია და იქამდე მიღწევას დღე-ნახევარი მოვანდომეთ. თბილისი ძალიან დიდი ქალაქია, თუმცა უმეტესი ნაწილი დანგრეულია, იმ ბევრი ომის შედეგად, რასაც ქართველები ერთმანეთში აწარმოებდნენ.

1. უნდა იგულისხმებოდეს იმერეთის მეფე ბაგრატ III (მეფობის წლები – 1510-1565 ), ალექსანდრეს ძე. აქტიურად იბრძოდა „ტყვის სყიდვის“ წინააღმდეგ.
2. გრძელი თურქული ხალათი, წინ ღია, უშესაკრავო.
3. უდავოა, რომ მემბრეს ლიხის ქედი გადმოუვლია.
4. არმისული გორამდე რა ციხე შეიძლება ენახა გზად და შთამბეჭდავად დასამახსორებელი.
5. როგორც ვიცით, გორი მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან მდებარეობს, აქ რომელ მდინარეს გულისხმობს, ზუსტად თქმა ძნელია.
6. სავარაუდოდ, აქ უკვე გორის ციხეზეა საუბარი.
7. ქართლის მეფერ ლუარსაბ I (1527-1556 წწ.).
8. (Sophy) – ასე მოიხსენიებდნენ ევროპელები სეფიან შაჰს.
2. რელაციონის ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ირანის ტერიტორიაზე მოგზაურობას, სამეფო ბანაკსა და შაჰ-თამაზის კარს, აგრეთვე, შაჰთან მის აუდიენციას ეხება
    შემდეგ დღეს ჩვენ კიდევ ხუთ სომეხ კაცთან ერთად გავეშურეთ ლორესკენ1. [რომელიც] სეფიანთა შაჰის პირველი ქალაქია, იბერიასთან მოსაზღვრე. იქიდან [თბილისიდან] ჩვენ ვმგზავრობდით სულ სამხრეთ-აღმოსავლეთის ან სამხრეთის მიმართულებით, გზაზე დაახლოებით 7 დღის განმავლობაში [დავყავით], რომელიც სავსე იყო ყაჩაღებით, მთებითა და ტყით დაფარული მაღლობებით. ზემონახსენები მეფე ლუარსაბი 1000 დუკატს2 უხდის ხარკის სახით სეფიანს ყოველ წელს. ქალაქი ლორე ქვის ციხესიმაგრეა და მისგან მახლობლად, ჩრდილოეთით, მდინარე ჩამოედინება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ქალაქი მთლიანად გარშემორტყმულია სოფლებით, რომელთა მკვიდრნი სულ სომხები არიან. ამათგან ნაწილი ექვემდებარება სეფიანთა შაჰს და ნაწილი კი – იბერიის მეფე ლუარსაბს. როგორც კი მოვაღწიეთ ამ ციხე-ქალაქ ლორემდე, მე თავი წარვუდგინე ლორეს მეციხოვნეთა უფროსს, სახელად მუჰამად ხალიფას*, რომელიც იყო შაჰ ალი სულთან ჩაპნის*** (ბუნებრივია, სახელების სპარსული ჟღერადობა საერთოდ დამახინჯებულია, მთარგმნ.) ვაჟი, და ვთხოვე დახმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივევლინებინე მის ბატონთან – სეფიანთა შაჰთან, რადგან ამას შესაძლოა, დიდი მნიშვნელობის შედეგები ჰქონოდა. როგორც კი ეს მოისმინა, მეციხოვნეთა უფროსმა მყისიერად გამოყო 7 კაცი ჩემს მხლებლად შაჰის კარამდე და ცხენიც მომცა, რადგან ჩემი ცხენი უკვე ძალიან ქანცგაწყვეტილი იყო და ვეღარ მატარებდა.

1. ქ. ლორე, რომელიც მდ. ძოგარეთის ნაპირზე, შემაღლებაზეა და ბუნებრივ გამაგრებას წარმოადგენს; შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (დღეს სომხეთშია).
2. ზუსტად ძნელია თქმა, ეს ირანულ ფულზე რამდენია, ბუნებრივია, მემბრე ხარკის ეკვივალენტს თავისთვის ნაცნობ ფულში საზღვრავს.
    იმ ღამეს ზემოხსენებულმა მეციხოვნეთა უფროსმა დიდი პატივი მომაგო და დილით გამაგზავნა ჩემს გზაზე მათთან ერთად, ვისზეც მოგახსენეთ. გზა, რომელსაც დაახლოებით 3 დღე მოვანდომეთ, ყოველთვის ტყით დაფარულ მაღალ მთებზე გადიოდა. შემდეგ ჩვენ შევუდექით სხვა გზას, მუდმივად ფერდობებზე გამავალს, რომელსაც 2 დღე მოვანდომეთ. შემდეგ, დაახლოებით 4 დღე, ჩვენ ვმგზავრობდით დაბლობში, რა დროსაც გზად გავიარეთ ქალაქი ნახჯავანი1, სადაც ამ დროისთვის აშენებდნენ ახალ სახლებს სულთან მანთაშასთვის, რომელიც ერევანშია. აღნიშნული ქალაქიდან ჩვენ უკვე სხვა ქალაქში – მარანდში მივედით, რომელიც ძალიან პატარა, მაგრამ ბევრი ბაღით სავსე ქალაქია. მთელ ამ სივრცეში, რაც გამოვიარეთ ქალაქ მარანდამდე, არსებული სოფლები სულ ქრისტიანი სომხებითაა დასახლებული, რომლებიც სეფიანთა ქვეშევრდომები არიან.
    შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ შაჰი, რომელიც დაბანაკებული იყო მდელოზე, დაახლოებით ორი ლიგის2 მოშორებით ქალაქ მარანდიდან, თავის ურდოსთან ერთად, რაც წარმოადგენს ჯარს თავის კარვებიანად. ჩემმა გამყოლმა კაცებმა მიმიყვანეს ლორეს მეციხოვნეთა უფროსის, მუჰამად ხალიფას მამის – ალი სულთანის სადგომთან. როცა დამინახა, შაჰ ალი სულთანმა ფრიად გაიხარა და გამხიარულდა. ის სასწრაფოდ ამხედრდა და გაეშურა შაჰ-თამაზის სამეფო კარვისკენ, რათა ჩემი ჩამოსვლის შესახებ ემცნო. სიახლის მოსმენით შაჰი ძალზე ნასიამოვნები დარჩა და უთხრა შაჰ ალი სულთანს, რომ სამი დღე მასთან უნდა გავეჩერებინე, კარგად მომპყრობოდა, როგორც წესია, და მერე წარვედგინე მის წინაშე, ყველაზე სახელმოხვეჭილი სინიორიის წერილიანად. ეს მოხდა 1539 წლის აგვისტოში.
    შემდეგ დღეს ანატოლიიდან, კერძოდ, არზინჯანის პროვინციიდან3 შაჰთან ალის თურქომანები4 მოვიდნენ, თავიანთი ოჯახებითა და პირუტყვით, დაახლოებით 800 ოჯახი.

1. ქალაქი ნახიჭევანი ( დღევანდელ სომხეთში).
2. სიგრძის ძველებური საზომი, სხვადასხვა ადგილას განსხვავებული მანძილს უჩვენებდა, გალო-რომაული ვარიანტით 1 ლიგა : უდრის 2200 მეტრს.
3. ეს სწორედ ის ოსმალური პროვინციაა, რომლის გავლითაც ვეღარ გამოიარა მემბრემ და მარშრუტის შეცვლა მოუწია.
4. მემბრეს ინგლისელი მთარგმნელი და კომენტატორი, ა. მორტონი, აზუსტებს, რომ ტერმინი – ალის თურქომანები – არსად გვხვდება და მისი მნიშვნელობა უცნობია, შესაძლოა, ის იყო თურქმანული ტომის სახელწოდება, მაგალითად ტაკკალუ-ო. საინტერესოა, ხომ არ იგულისხმება ელის ტომი, რომელიც, მოგვიანებით, მაგალითად, კახეთში იყო ჩამოსახლებული და ბახტრიონის აჯანყებისას განდევნეს? ამ ეჭვს მიძლიერებს ისიც, რომ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, შაჰ-თამაზი მათ სამ სხვადასხვა პროვინციაში გაგზავნის. შაჰ-აბასმა მკვეთრად შეზღუდა თურქმანი ტომების თვითნებობა და სცადა სამხედრო საქმეში მათი სხვებით ჩანაცვლება. შეიძლება სპარსეთის პროვინციებში ჩასახლებული ეს თურქმანი ტომები იქაურ ბინადარ მოსახლეობასთან კონფლიქტში იყვნენ, შაჰებს ბოლომდე არც მათი სამხედრო პოტენციალი ეთმობოდათ და ამიტომ ურჩ პროვინციებში უშვებდნენ, ამჯერად კახეთში(?)
    ეს თურქომანები, თავიანთი იარაღითა და შუბებით, 6000-მდე მხედარი, რომლებიც განლაგდნენ სეფიანთა შაჰის კარვის წინ გარკვეულ დისტანციაზე, წრიულად ჯირითობდნენ შეძახილებით: ალაჰ, ალაჰ! ეს მოხდა იმის მეორე დილით, რაც მე მივაღწიე სეფიანი შაჰის სამეფო ბანაკამდე. როგორც აღვნიშნე, ალის თურქომანები, ცხენებზე ამხედრებულები, ყვიროდნენ: ალაჰ, ალაჰ, სანამ თავისი საცხოვრებლიდან შაჰი არ გამოვიდა მათ წინაშე. მან უბრძანა უმთავრეს წინამძღოლებს, ხლებოდნენ მას. და, რიგრიგობით, თითოეული მიდიოდა და ემთხვეოდა შაჰს ფეხზე. ამგვარად, ყველა ასე მოიქცა. შაჰმა თითოეულს უბოძა შესამოსელი ხალათი და ქუდი, რასაც ისინი ტაჯს1 ეძახიან. შემდგომ, ამ თურქომანებმა შაჰს საჩუქრები მოართვეს: თითოეულმა, თავისი შესაძლებლობის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ურიცხვი პირუტყვი: ზოგმა მოჰგვარა ცხენები, ზოგმა – ჭედილები, ზოგმაც – აქლემები. ამის შემდგომ შაჰმა თავისი მიწების სამ ადგილზე მიავლინა ისინი: მათი ნაწილი გაგზავნა ხორასნის პროვინციაში, ნაწილი – შირვანში და ნაწილიც – ერაყის პროვინციაში2.
    კარვები, რომელიც თავის ამალაში ჰქონდა შაჰ-თამაზს, იყო ბევრი: რაც მე შევძელი დამეთვალა თავად, დაახლოებით 5000-მდე უნდა ყოფილიყო. მისი მხედრიონი, ჩემი ვარაუდით, მოითვლებოდა 14000 კაცამდე, მსახურების გარეშე. ცხენებისა და ჯორების რაოდენობა იმდენი იყო, რომ დათვლაც შეუძლებელი იყო. მთელი მინდვრები სავსე იყო პირუტყვით.
    როგორც აღვნიშნე, მესამე დღე მიიწურა თუ არა, შაჰის ბრძანებისამებრ, ნახსენებმა შაჰ ალი სულთანმა მე წარმადგინა სეფიანის წინაშე, რომელსაც ხელიდან ხელში გადავეცი სახელგანთქმული სინიორიის წერილი, როგორც [ამის შესახებ] მათ დიდებულებას უკვე მივწერე დეტალურად, ჩემს პირველ წერილში, პორტუგალიის შესანიშნავი მეფის ქალაქ ლისაბონიდან. ამის შემდგომ, შაჰ-თამაზმა ეს ადგილი დატოვა თავის ურდოსთან ერთად, რომელიც მის ჯარს წარმოადგენს, და მარაღას3 მიმართულებით წავიდა.

1. ქუდი ერთგვარი, სეფიანების სიმბოლო.
2. იგულისხმება: ანუ მიწები მისცა საძოვრებად და სამომთაბარეოდ.
3. ქალაქი ირანის ჩრდილოეთში, ირანის პროვინცია აზერბაიჯანში (ისტორიულ ადარბადაგანში) მდ. სუფი-ჩაის ნაპირზე. თავრიზის შემდეგ, ამ პროვინციის მეორე ქალაქია მოსახლეობით, და უმეტესად ირანის აზერბაიჯანლებითაა დასახლებული.
    [შევეცდები] თქვენს სახელგანთქმულ უგანათლებულესობას უფრო დაწვრილებით მოვაწოდო ინფორმაცია, ნახსენები სეფიანი შაჰის კარის ჩვევებისა და ყოფის შესახებ, თუ ცხოვრების რაგვარობაზეა საუბარი: იქ [ბანაკში] იყო თოკი, თითის სიმსხო, რომლითაც იკვრებოდა მთელი წრე, ისევე, როგორც ციხე-დარბაზის შიდა ეზო, კედლებით გარშემორტყმული, რომელსაც ორი შესასვლელი აქვს. ყოველ სამ ნაბიჯზე ხის ბოძი იყო თოკში ჩაბმული. ამ ბოძის წვერში იყო რკინის რგოლი, რომელშიც ეს თოკი იყო გატარებული. მის ბოლოში კი – რკინის წვეტი, რომელიც მიწაში იყო ჩარჭობილი. ეს ბოძები იყო ნახევარი შოლტის სიგრძე. ასეთია მისი ბანაკი. ამ ბაწრის შიგნით არის მისი ფანჩატურები. ამ ბაწრით მოზღუდული შესასვლელის გავლით შეხვალთ პირველ ნაწილში, რომლის პირდაპირვეა ფანჩატური, სადაც იგი აუდიენციას იღებს. ამას ისინი დივანხანას უწოდებენ. ეს „სასახლე“ სამი ფანჩატურისგან შედგება, რომელიც ერთიმეორის უკანაა განლაგებული. მეორე კარავი ძალიან დიდია. იქვე დგას ე.წ. უთაქი, რაც გაკეთებულია მოოქროვილი ხის წკნელებისგან, კამარისებური ფორმისაა და გადაფარებული აქვს ალისფერი ნაჭერი. ნაჭრის ზემოდან არის ფოთლები, გამოჭრილი და გაკეთებული აბრეშუმისგან. იქვე, მიწაზე დაგებულია წითელი თექა, რომელიც დაზოლილია რაღაც შალისებრი ტილოთი. ამ თექაზე დაგებულია ძალიან ძვირფასი აბრეშუმის ხალიჩები, რომლებიც მოჩითულია სხვადასხვა ცხოველისა და ფოთლების გამოსახულებით. მისაღები „სასახლის“ მესამე კარავში მას სძინავს, თუკი ძალიან არ ცივა. და ვინაიდან მესამე კარავი მისი პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, ჯოხებზე გადაჭიმული ნაჭრით გაკეთებული, მოგრძო ფორმის ოთახივითაა. ამგვარია მისი კარი.
    აუდიენციისთვის განკუთვნილ პირველ ფანჩატურში ის ზის თავის ვასალებთან ერთად. ამ კარვის ოთხივე მხარეს, სულთნები – მათ შორის, ყველაზე დიდებულები – მწკრივად სხედან. ამ სულთნების უკან, ახლო დისტანციაზე, შედარებით დაბალი რანგის სულთნები სხედან. მათ უკან კი – ქურჩები1 ანუ ცხენოსნები სხედან მწრივმწკრივად. ამგვარად, აუდიენციის ადგილი გარშემორტყმულია მიწაზე მსხდომი ადამიანებით. იმას, ვინც უფრო წარჩინებულია, აქვს დიდი საჩრდილობელი, რასაც ეწოდება საიაბანი, რომლითაც ის [წარჩინებული პირი] მზისგან იცავს თავს. დანარჩენები სხედან მიწაზე მთელი დღე, სანამ მეფე არ წავა თავის მოსასვენებელში. მის მხლებელთაგან კარისკაცებად ფანჩატურს გარეთ დგანან ე.წ. იასაულები, ორი იდაყვის ან მეტი სიგრძის, თითის სიმსხო ჯოხებით, რომლის დაბოლოება ვერცხლისაა, დაფერილი კოპებითა თუ პატარა ვარაყებით.
    ამათგან [შაჰის ამალა] ექვსი თუ შვიდია, რაც მე ვიცი, ვინც დგას მეფესთან ყველაზე ახლოს, დანარჩენი გუშაგები კი ფანჩატურის შესასვლელის გარეთ დგანან. როცა შაჰს სურს ვინმეს გაესაუბროს, ესენი მიდიან და უხმობენ მას სასაუბროდ. ეს ექვსი თუ შვიდი ადამიანი იწოდება მუსაჰიბად, რაც ნიშნავს შაჰის რჩეულსა და მეგობარს. ესენი არიან: ყარა ხალიფა შამლუ, რომელიც არის შავწვერებიანი კაცი, არც ძალიან შავგვრემანი და არც ღია ფერის. ის კარგი ცხენოსანია, მამაცია და შაჰი მისადმი გამორჩეულად კეთილგანწყობილია. ამ ყარა ხალიფას ჰყავს ორი ძმა, რომლებიც არიან შაჰის ძმის, ბაჰრამ მირზას სამსახურში. ყარა ხალიფას ერთ-ერთი ძმა ატარებს ისრის წვერს ტურბანის2 ზემოდან და არის ბაჰრამ მირზას ასევე ჰყავს ვაჟი, [რომელიც] იმ დროისთვის ერთი წლის იქნებოდა. იასაქი** (ვერ დავადგინეთ რა ფუნქციის მატარებელია, სავარაუდოდ, ქართულად მისი დასახელება სხვაგვარია – მთარგმნ). მეორე კი არის მისი ქურჩი. ამ ყარა ხალიფას ჰყავს ორი ცოლი – ერთი თავრიზიდან და მეორე შირვანიდან. თავრიზელი ცოლისგან მას ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ასული, რომელიც მიათხოვა ქურჩისა და/თუ იასაულის შვილს. მისი ერთი ვაჟი, 19 წლის ახალგაზრდა, სახელად აჰმადი, შაჰმა თავის ქურჩად გახადა. მეორე ვაჟი – ხან მოქასალი, პატარაა და კითხვას ახლა სწავლობს. შირვანელი ცოლისგან მას ამ ყარა ხალიფას ადრე სხვა ცოლიც ჰყოლია და ის მიუტოვებია. ვაჟი მას ამ ქალთანაც ჰყავდა, იმ დროისთვის შვიდიოდე წლისა. მისი [ყარა ხალიფას] საცხოვრებელი თავრიზის მაიდანზეა, რაც მოედანს ნიშნავს, იმის მახლობლად, სადაც ბუგჰრა (იდენტიფიცირება ჭირს, რას გულისხმობს მემბრე – მთარგმნ.) იყიდება. გვერდით იყო ჭიშკარი, ვიწრო ქუჩაზე გამავალი, რომელიც დასავლეთით მიუყვებოდა, და მის მოპირისპირედ, მისი საცხოვრებლის გვერდით ცხოვრობდა ქურჩი, სახელად ჰუსეინ იბრაჰიმ აღა. ამგვარად, მისი საცხოვრებლის ეზოში, როგორც კი შეხვალ ჭიშკარში, იქვეა სასახლე, სადაც ის აუდიენციას იღებს და მის უკანაა სამზარეულო. სამზარეულოს უკან ნახევრად დანგრეული კედელი და ფუნდუკი/სასტუმრო მდებარეობს, მარცხნივ კი – თავლებია ცხენებისთვის. ეზო პატარაა და გარს აკრავს პატარა ბაღი, მეორე მხარეს კი მოსასვენებელია, სადაც მას შუადღით სძინავს ხოლმე.
    როგორც უკვე აღვნიშნე, ეს იასაულები სტუმრების მისაღებ სასახლეში არიან ხოლმე. ასე 30 თუ 25 ნაბიჯზე სასახლის ფანჩატურე- ბის უკან არის ოთახები, სადაც მას [შაჰს?] სძინავს. ეს ოთახები სხვებს ჩამოჰგავს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დამატებით არის აბანო, კამარული ფორმისა, იმდაგვარი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. იგი გადახურულია თეთრი თექით, ხანდახან ნახევრად წით- ლით. შესასვლელის3 წინ დგანან მოხუცი კარისკაცები, ასე, ხუთიოდე. დასავლეთით კიდევ ერთი ალისფრად დაფარული თაღოვანი [კონსტრუქციაა], რაც ზემოთ აღვწერე, მასში მხატვრები არიან. მე- ფის კარის გარეთ მდებარეობს სამზარეულო, და აგრეთვე სხვა კარვები მისი მარაგებისთვის. იქვე, ახლოს, დგას ყველაზე ახლობელი ბატონების კარვები, მისი ძმების – ბაჰრამ მირზასი და სამ მირზასი, საიიდს უსკუსი და სხვებისა. სანამ კაცის თვალი სწვდება, იქაურობა ამნაირად – კარვებითაა მოფენილი, ყველაფერი კარგად ორგანიზებულია, თავისი ქუჩებითაც კი.

1. ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში იხმარება: ყორჩი. სამეფო მცველი სეფიანთა სამეფოში, თავად სახელწოდება შემოსულია სპარსულში მონღოლურიდან: ყორჩი ნიშნავდა მშვილდოსანს.
2. ევროპული ტერმინი აღმოსავლური თავსაბურავისა, წარმოდგება სპარსული სიტყვისგან – დოლბანდ.
3. რელაციონის ეს ნაწილი ბუნდოვანია და სუსტად ებმის მანამდელ თხრობას, არის განცდა, რომ ნაწილი დაკარგულია, იმდენად ალოგიკურია ბმა. კომენტატორი თვლის, რომ აქ ქალების ოთახებში შესასვლელი და მისი მცველები უნდა იგულისხმებოდნენ.

    შაჰის კარზე, როცა მეფე ზის, ყველანი სხედან. როცა ის ფეხზეა, მთელი კარი ფეხზე დგას. დილაობით, როდესაც ის თავისი მოსასვენებლიდან მიდის შეხვედრების ადგილისკენ, მას ახლავს ორი ადამიანი, რომელთაგან თითოეულს ხელში ფოლადის დოლი უჭირავს. [ისინი] ყვირიან, ადიდებენ ღმერთს, შეაჩვენებენ უმარს, უტმანსა და აბუბექრს1 და ამბობენ: „სად ჰაზარ ლა’ნატ ბარ’ ‘უმარ, უტმან, აბუბექრ“ და ასე აგრძელებენ შეძახილებს, სანამ მეფე არ დაჯდება. შემდეგ ისინი ჩუმდებიან. როდესაც ის თავის განსასვენებელში დაბრუნებას გადაწყვეტს, [გაცილებისას] იგივეს გაჰყვირიან, სანამ კარავში არ შევა. მის ძმასაც, როცა სურს თავის საცხოვრისში წასვლა, აგრეთვე ჰყავს ასეთი ადამიანი, რომელსაც ტაბარა’ის2 ეწოდება და რომელიც გაჰყვირის იგივეს, სანამ ის არ მოვა და არ დაჯდება. [შაჰის ამალაში] ასევე არიან საიიდს უსკუ და ყადი-ი ჯაჰანი – მისი მინისტრი და ხალიფა; და, ასევე შაჰ ყული ხალიფა, მუჰრდარი, ეს უკანასკნელი ამოწმებს ბეჭდით მეფის საქმიან წერილებს. ეს მუჰრდარი ძალიან მსუქანი კაცია, გარკვეული მცირე თვალის დეფექტით და მოკლე წვერით. მას ჰყავს ვაჟი, რომელიც არის შაჰის ფარვანაჩი*. (ვერ დგინდება ვინაა და რა უნდა, რა ფუნქცია აქვს - მთარგმნ.) მისი საცხოვრებელი თავრიზის აღმოსავლეთ ნაწილში, აბანოსთან ახლოს მდებარეობს, მდინარეს გადაჰყურებს მარჯვენა სანაპიროდან; [შაჰის ამალის წევრია] ასევე ქურჩიბაში3, თეთრწვერა კაცი, რომე- ლიც ყოველთვის დადის ტაბარა’ისთან წინ ხმამაღალი შეძახილებით. მისი საცხოვრებელი თავრიზის დასავლეთ ნაწილშია, აბანოს გვერდით და მისი ეზო-კარმიდამო მართლაც მშვენიერი ბაღნარია. ყველა ამ დიდებულს, თითოეულს ჰყავს ერთი ან ორი ეს ნახსენები ტაბარა’ის-ები, ვინც კრულვას უთვლიან ოტომანებს.
    როგორც მოგახსენეთ, რომ დავუბრუნდე ჩემს თხრობას, შაჰის ნაბრძანები სამი დღე როცა გავიდა, ნახსენებმა შაჰ ალი სულთანმა მე მის წინაშე წარსადგენად წამიყვანა. ის იყო მაშინ შეხვედრების ადგილას, იმ მშვენიერ ფანჩატურებში, რომელიც მთლიანად მორთული იყო შიგნით [ნაჭრისგან] გამოჭრილი ფოთლებით და დაგებული იყო ძვირფასი ხალიჩებით. მეფე იჯდა ე.წ. ტაკია-ნამადზე, რომელიც იყო ძალიან ძვირფასი ხორასნული თექა და გვერდით ედო ხმალი, რომლის ქარქაში ჰგავდა ლომის ტყავისას; აგრეთვე, საკუთარი მშვილდი და ოთხი-ხუთი ისარიც ედო. მისგან ერთ მხარეს ისხდნენ მისი ვასალები, ხოლო მეორე მხარეს, თუ სწორად მახსოვს, – ისეთი დიდებულები, როგორებიცაა მისი ძმა ბაჰრამ მირზა, საიიდს უსკუ, ყადი-ი ჯაჰანი, გუკჩა სულთანი, შაჰ ყული ხალიფა, ყორჩიბაში და სხვები, რომლებიც არ მახსოვს. რაც შეეხება იასაულებს, ესენი გახლდნენ ტაჩიატან მასური[?], ყარა ხალიფა, სულეიმან ჩელები.

1. იგულისხმება: ომარი, ოსმანი და აბუბექრი – პირველი სამი ხალიფა, ოღონდ მათი ხალიფობის თანმიმდევრობა არაა დაცული.
2. ვვარაუდობთ, რომ შიიტური ისლამის დოქტრინისა და წეს-ჩვეულებების მცოდნეზეა საუბარი.
3. ქართულად ყორჩიბაში ეწოდება – სეფიანი შაჰის პირადი გვარდიის მეთაური.
    ტაჩიატან მასური არის ჩასხმული აღნაგობის მოკლეწვერიანი კაცი, ასე, 36-იოდე წლის. იქ იყო სხვა იასაულიც, ე.წ. კუპიკ-კირანი, რაც ძაღლების მჟლეტავს ნიშნავს. ის იყო ძალიან ჯმუხი და დაბალი კაცი, მოკლე წვერით, დიდღიპიანი. იყო კიდევ ერთი იასაული, სახელად კაჩალ შარვირდი, და ასევე კიდევ ერთი – სახელად ფარუხზად ბეგი, იასაულების უფროსი, ჩაფსკვნილი, შეჭაღარავებული წვერით. იყო ასევე ნარანჯი ხანი, კაცი მოკლე შავი წვერით, რომელიც შედარებით თხელი აღნაგობისა გახლდათ და მუქი, ღია არ ეთქმოდა. ის ქურთია და ნარინჯისფერი მოსავდა, კარგად იცოდა ინსტრუმენტებზე დაკვრა და ასევე კარგად მღეროდა. მას ჰყავს ვაჟი, ახალგაზრდა კაცი, 19-იოდე წლის, სახელად შაჰ ყურამი, რომელიც ბაჰრამ მირზას სამსახურში იყო. შაჰმა ის წამოიყვანა და თავისი ფარვანაჩი გახადა. როგორც ითქვა, ეს ნარანჯი ხანი იასაული იყო. მას ასევე ჰყავს და, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავს ქალ-ვაჟი. ამ ვაჟს, რომელიც 20 წლისაა, შაჰ ყული ბეგი ჰქვია. იგი ბაჰრამ მირზას სამსახურშია და მისი ფარვანაჩია. ამ ნარანჯი სულთნის დის ქმარი არის მანთაშა სულთანთან ერთად ერევანში, ამიტომაც და ნარანჯისთან ცხოვრობს. ნარანჯი სულთნის ტანისამოსი სულ ნარინჯისფერია; მისი კარვები, აქლემები, ხმლები, წკირები, რითიც წერს ფურცელზე, – ასევე ყველაფერი ნარინჯისფერია. კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ჰუსეინ ბეგი ერქვა, იყო შაჰ-თამაზის ყორჩი მუსაჰიბი1. კიდევ იყო სხვა, გრძელი თეთრი წვერით – შაჰ ყული. მისი სახლი იყო საიიდს უსკუს საცხოვრებლის მიმართულებით და ის იყო ყარა ხალიფას სიმამრი. რაც შეეხება სხვა იასაულებს, მე ვერ ვიხსენებ მათ სახელებს. ერთი იყო კიდევ, შაჰვირდი ბეგი, ქალაქ თავრიზის დარუღა2.

1. არაბულ-სპარსულიდან mosāheb – მეგობარი, თანამოსაუბრე, დაახლოებული პირი. მუსაჰიბობა წარმოადგენდა ტიტულს, რომელიც ენიჭებოდა მეფის რჩეულ პერსონას – მას ევალებოდა მეფისთვის სხვადასხვა საკითხში რჩევის მიცემა.
2. სპარსულში შემოსულია მონღოლური სიტყვიდან: დარღა – ნიშნავს უფროსს, კომენდანტს. იყო წესრიგის დამცველთა უფროსი.
    ზემოხსენებულ სულთან შაჰ ალი ჩაპნის თანხლებით მე შევედი შაჰის იმ ფანჩატურში (რომელზედაც უკვე მოგახსენეთ), და სალმის ნიშნად მის წინაშე ქედი მოვიხარე. ვინაიდან ყველანი ისხდნენ, მივიღე ბრძანება, დავმჯდარიყავი. როდესაც დამსვა, მან [შაჰმა] მკითხა, საიდან ჩამოვედი. მე ვუპასუხე, რომ ყველაზე სახელგანთქმულ სინიორიას1, რომელიც არის ყველაზე კეთილგანწყობილი და მეგობრული, აქვს სურვილი მოიპოვოს მისი მეგობრობა, რამეთუ აცნობიერებს და მიიჩნევს მას ნამდვილ იმპერატორად; შესაბამისად, მან მე გამომაგზავნა გარკვეული ბრძანებულებებით მის წინაშე – [კერძოდ,] რათა გადმომეცა მისთვის დანაბარები და წერილი, რომელიც შეიცავს ფრიად სასიამოვნო ინფორმაციას – სასარგებლოს მისთვის და საზიანოს მისი მტრების, ოტომანებისთვის, რაც უფრო სრულად არის განმარტებული ნახსენებ წერილში. ასე რომ, როცა სეფიანმა შაჰმა გაიგო ჩემი მიზანი, დიდად ნასიამოვნები დარჩა. მას მაშინვე ვაჩვენე წიგნი, რომლის შიგნითაც იდო წერილი, ყდაში დამალული, და ვუთხარი, ეს წერილი სადაც იდო. მისმა ძმამ, ბაჰრამ მირზამ აიღო ყარა ხალიფას მიწოდებული ეს წიგნი2 და იკითხა, რომელ ნაწილში იდო წერილი, რადგან ორივე ყდა თითქმის ერთნაირი იყო. მე ვუჩვენე. ყარა ხალიფამ ამოიღო პატარა დანა და გაჭრა წიგნის ყდის ტყავი. დაინახეს რა იქ წერილი, კარგად მიმაგრებული წებოთი, ყველა ნასიამოვნები დარჩა და წიგნიდან გამოაძვრინეს. მან დაიწყო მეორე ყდის გაჭრაც, რადგან ეგონა, რომ იქაც იქნებოდა სხვა წერილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხის მასალა შერჩა. შემდეგ მან წიგნი დამიბრუნდა და წერილი დაიტოვა. ამ დროს ყორჩიბაშმა თქვა: კარგად უთქვამთ, ყველა ხალხს აქვს ერთი თვალი, ფრანკებს კი – ორიო.
    სეფიანმა შაჰმა გამომკითხა, რა გზით ვიმოგზაურე. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მე დავუსხლტი ამდენ განსაცდელს, განსაკუთრებით კი იმან, როცა მოისმინა, რა მოწადინებას იჩენდნენ თურქები საზღვარზე, სადაც არავის ატარებდნენ. ასე რომ, მე მოვუყევი ჩემი მოგზაურობის შესახებ, რაც მას ძალიან მოეწონა. შემდეგ მან მკითხა რა კაცი ვიყავი3. მე ვუპასუხე, რომ ვენეციელი გახლდით; მკითხა, მყავდა თუ არა დედა და მამა, ძმები ან დები; ასევე, გამოიკითხა ჩემი მდგომარეობისა და ასაკის შესახებ. მე ვუპასუხე, რომ მყავდა დედ-მამა, ასევე ძმა, რომ ვიყავი ვენეციელი კეთილშობილი, 30 წლისა, რაც მას ჩემი შეხედულებითაც შეეძლო დაენახა. ამას რომ მორჩა, მან სახლში გამიშვა დასასვენებლად და ჩემი თავი ზემოთ მოხსენიებულ შაჰ ალი სულთანს ჩააბარა. ასევე ბრძანა, რომ მოეცათ ჩემთვის სამოსი, 80 დუკატი და ცხენი.

1. იგულისხმება: ვენეციის (მისი ზედწოდებასავით: La Serenissima)
2. რელაციონის პირველი ნაწილიდან ვიცით, რომ ეს გახლავთ ბერძნულენოვანი ბიბლია.
3. იგულისხმება: სადაურობა და წარმომავლობა.
წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98


შაჰ ისმაილის მიმოწერა კარლ V ჰაბსბურგთან

1. შაჰ ისმაილის წერილი კარლ მეხუთისადმი კარლს, ფილიპეს ვაჟს, დიდება ალაჰს ზეცაში და სალამი ყველას დედამიწაზე.
    თუ ღვთის ნებით ეს წერილი მოაღწევს თქვენამდე, მაშინ შეიტყობთ, რომ ვინმე პეტრემ მოაღწია ჩვენამდე წერილით, რომელიც გამოგზავნილი იყო უნგრეთის მეფის მიერ. ჩვენ ამ მონარქის წერილი სიამოვნებით წავიკითხეთ და ამჯერად უკვე ჩვენ ამავე პეტრეს ხელით გიგზავნით წერილს და ვიმედოვნებთ, რომ მისი მიღება თქვენს სიამოვნებას გამოიწვევს. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ყურადღებით გაეცნობით ჩვენს თხოვნას. ჩვენ აპრილის დასაწყისში (გაზაფხულის პირას) ორივე მხრიდან უნდა დავესხათ თავს ჩვენს საერთო მტერს – ოსმალო სულთანს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ომი აპრილიდან და ვაწარმოოთ მანამ, სანამ გამარჯვება ჩვენ არ დაგ- ვრჩება. ჩვენ გვესტუმრა ასევე თავრიზის გავლით სუზიტანის მეფის ელჩი და მისი მეშვეობით ჩვენ იმ მეფეს გავუგზავნეთ წერილი, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია. როგორც ოსმალთა ქვეშევრდომებისგან გავიგე, ქრისტიანი ხელმწიფეები ერთმანეთში ომობენ. ეს გაკვირვებას იწვევს, რადგანაც ამ დაპირისპირების შემხედვარე, მტრები უფრო თავხედდებიან.
    აქედან გამომდინარე, მე გავუგზავნე წერილი უნგრეთის მეფეს, სადაც მოვუწოდებდი, რომ თავი შეეკავებინა სხვა ევროპელ მმართველებთან მტრობისაგან. ვიცი, რომ მან შეკრიბა ჯარი, რათა ეომოს მის დიდებულებას (იგულისხმება კარლ მეხუთე) და ელჩის ხელით ჩემთან გამოგზავნილი წერილით სურს თავის თანამზრახველად მაქციოს. თუმცაღა, მე მუდმივად უარით ვისტუმრებდი მას, იმიტომ, რომ როგორც ამბობთ, მსურს ვიყო თქვენი მეგობარი ბედნიერებასა თუ უბედობაში და ის, ვინც მიატოვებს მოკავშირეს და უღალატებს მას, იმსახურებს ყოვლისშემძლე ღვთის რისხვას. ამიტომაც თქვენ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ჯარის სამზადისს. მე ვფიქრობ, აღარაა საჭირო კიდევ ერთხელ მოწერა, რათა ამისკენ მოგიწოდოთ. მანძილი დიდია და წერილების გადაგზავნა სირთულეებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ოსმალო სულთანი ზღვებზე ბატონობს, სხვა ელჩის გამოგზავნა კი, ვიდრე ეს ელჩი არსებობს, შესაძლებელი არ არის.
    რა თქმა უნდა, არ უნდა ენდოთ ოსმალო სულთანს. სულთანი, რომელიც არად აგდებს კავშირს, ერთგულების ფიცს, არაფერზე დაიხევს უკან, რომ გაგანადგუროთ. ეს ძველი მტერი იმდენად ღვთის გარეგანია, რომ არ დაიწყებს გულახდილად საუბარს დიდებულ შაჰინშაჰთან, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე მეფობს. დიდება ალაჰს, სამყაროთა მმართველს. ამინ. ამინ. დაწერილია შავალში 924 წელს. თქვენი ერთგული და მოსიყვარულე შაჰ ისმაილ სეფევი, შეიხ ჰეიდარის ვაჟი.

2. საპასუხო წერილი კარლ მეხუთისა შაჰ ისმაილ პირველს
    უმაღლეს პრინცს და ძლევამოსილ მბრძანებელს, ისმაილ სუფის, ირანის შაჰინშაჰს, ძმას და ჩვენს საუკეთესო მეგობარს.
    კარლი, უმაღლესი პრინცი, რომელიც ღვთის ნებით რომისა და კათოლიკური  სამყაროს  იმპერატორს  წარმოადგენს,  არის  მეუფე გერმანიისა და ესპანეთის, სიცილიის მიწებისა და ნავარის, გრანადის, ბალეარის და ბედნიერი კუნძულების,  ინდოეთის, ახლად აღ- მოჩენილი ოქროს ქვეყნის, შორეული აფრიკის, გერმანული სამთავ- როებისა, საფრანგეთისა და ა.შ.
ღვთისმოსავ და ბედნიერი შაჰ ისმაილ სეფიანს, ირანის ფადი- შაჰს, ძმას და საუკეთესო მეგობარს.
    ვევედრებით ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც სამსახოვანია, შევთხოვთ ბედნიერებასა და წარმატებას. ო, დიდო ხელმწიფევ და ძვირფასო ძმაო! შარშან ვინმე სახელად პეტრემ, მარონიტმა მღვდელმა ლიბანის მთებიდან, მოგვიტანა თქვენი დიდებულების წერილი, რომელშიც თავშესაფარი დიდებულებისა (იგულისხმება ისმაილი) გვთავაზობს, აპრილიდან მოყოლებული, ვიყოთ მზად, ერთობლივი ბრძოლისათვის ჩვენს საერთო მტერთან – ოსმალო თურქთა სულთანთან. საუბედუროდ, წერილი ჩვენ ვერ მივიღეთ სათანადო დროს, რა დროისთვისაც თქვენმა დიდებულებამ დათქვა, რომ მშვიდად მიგვეღო სათანადო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ აღნიშნულ წერილზე არ იყო არც ბეჭედი, არც ხელმოწერა, როგორც ეს დამახასიათებელია ხელმწიფეთა მიწერ-მოწერისას. რაღა დასამალია, რაღაც პერიოდი ჩვენ ვეჭვობდით, შეგვეძლო თუ არა სარწმუნოდ მიგვეჩნია წერილი და მისი მომტანი. მაგრამ თქვენი უდიდებულესობისა და იმ სურვილების გამო, რაც არსებობდა, ჩვენ მივიღეთ წერილი მისი მომტანითურთ განსაკუთრებული სიხარულით. და თუ დაგვიგვიანდა პასუხი, ეს იმიტომ, რომ ყოველდღიურად ველოდით რაიმე სხვა შეტყობინებაც ხომ არ მოჰყვებოდა და გამოჩნდებოდა, როგორ მოვქცეულიყ- ავით ასეთ მნიშვნელოვან ამბავთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ღონისძიებების მიღებაზე. განვლილი დროის მანძილზე აღარ ყოფილა არავითარი ცნობა თქვენგან, გარდა იმისა, რომ შევიტყვეთ, თქვენს  დიდებულებას  ჰქონია  ფიზიკური  ტრავმა  [აპოპლექსიური დარტყმა] და თქვენ შეგიდგენიათ ანდერძი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ცნობა ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. ჩვენ ვართ შეშფოთებულნი, რადგან შეგროვება და გადაადგილება ამგვარი ჯარისა დიდ სირთულეს წარმოადგენს. მეორე მხრივ, ჩვენც ასევე მძიმე ავადმყოფობამ დაგვრია ხელი. ყველაფერთან ერთად, საფრანგეთის მეფემ (ფრანსუა პირველმა) დაგვიწყო ომი და ამ ომში მან განიცადა მარცხი. დაბოლოს, მას შემდეგ, რაც თითქმის მთელი მისი ჯარი დაწვა ბრძოლის ველზე, ის ცოცხლად ტყვედ ჩაუვარდა ჩვენს მხედართმთავრებს. ახლა, როდესაც ღვთის შეწევნით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, და ასევე, იმის გამოც, რომ ჩვენ მუდმივად გვსურდა მშვიდობა და საყოველთაო სიმშვიდე ქრისტიანთა მიწაზე, ვთვლით, რომ ჩვენს გადაუდებელ საქმედ უნდა იქცეს, ჩვენი ორმხრივი სურვილისა და ნების შესაბამისად, დავძრათ ჩვენი ჯარები თურქების წინააღმდეგ. ამ მიზნით მე უკან ვაგზავნი თქვენი დიდებულების წინაშე   თქვენთვის უკვე ცნობილ შიკრიკს (იგულისხმება მარონიტი მღვდელი პეტ- რე), რათა მან თქვენამდე მოიტანოს ჩვენი გადაწყვეტილება ომისთვის მზადყოფნისა. თქვენ როგორმე თქვენი შეხედულება უნდა გაგვაგებინოთ, და გამოგზავნოთ შიკრიკი, რომელიც მთლიანად იმსახურებს თქვენს ნდობას. ამ საქმეში სიჩქარე სასარგებლო იქნებოდა, ვინაიდან ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, საკუთარი და თქვენი უდიდებულესობის მოკავშირე ჯარებით საომარი მოქმედებები დავიწყოთ მტერთან, რომელიც მართლაც უსირცხვილო და თავხედია. დაე, ჰფარავდეს ყოვლისშემძლე მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობას და დაე, გადაწყვიტოს ყველა საქმე, რომელიც მას აღელვებს. დაწერილია 25 აგვისტოს, 1525 წელს. იესო მხსნელია ჩვენი. ჩვენი ქალაქი ტოლედო.

წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98


მარინო სანუტო უმცროსის (1466-1536) ცნობები საქართველოს შესახებ

    ვენეციის რესპუბლიკის სახელმწიფო მოღვაწისა (სენატორი 1498 წლიდან) და ისტორიკოსის, მარინო სანუტოს (უმცროსი, 1466-1536) დღიურები („I Diari“) 1496-1533 წლების ვენეციის საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და დასახელებული ქრონოლოგიური პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ უძვირფასესი, დღემდე უნიკალური მნიშვნელობის მქონე ცნობების შემცველი წყაროა, რომელსაც არასოდეს დაეკარგება სამეცნიერო მნიშვნელობა და აქტუალობა. ამ საოცრად მომზადებულმა ავტორმა მიზნად დაისახა დღიურების შედგენა, რომელიც 58 ტომს (თითოეულის გვერდების ოდენობა 500-დან 2000-მდეა) და, როგორც ითქვა, 1496-1533 წლებს მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, მასში მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა თავმოყრილი. საერთო ჯამში, ამ 58 ტომში თავმოყრილია 40 ათასზე მეტი წერილი (Cantu P. I Diarii di Marino Sanuto, Arch. stor. lomb. serie II, fasc. XVII (Milano, 1888), 508).
პერა, 20 მარტი, 1502
    „პორტაში ჩასული ამბროსო ბუძარდო (Ambruoso Buzardo), ბატონ ლუდოვიკოსთან და სხვებთან ერთად, ჯერ კიდევ იქ [ე.ი., კონსტან- ტინოპოლში, ავტ.] იმყოფებიან; მათგან იტალიაში დაბრუნდა ლუდოვიკო და გვამცნო: მათი არავის სჯერა. იქვე, საფრანგეთის ელჩს ჯერ კიდევ არ ჩაუღწევია პორტაში. ასევე, პორტაში უნგრეთის მეფემ გაგზავნა თავისი ამალიდან 4 პერსონა: ის [საფრანგეთის ელჩი ] 7 მარტს ჩავიდა ადრიანოპოლში და ჩაინიშნა, რომ ქრისტიანთა ელჩები მოვიდნენ და უთხრეს, რომ არ უნდოდათ მუსლიმთა [თურქთა, ავტ.] გაღიზიანება, რადგან ამით შეიძლება დაეჩქარებინათ ომი ქრისტიანების წინააღმდეგ. ერთ-ერთმა კი მოაღწია წერილით, რომელიც იუწყება, რომ უნგრელები წავიდნენ, გააგზავნეს ერთი კურიერი და სამი სახლის მცხოვრებნი აიყვანეს. თურქი ბატონი [ოსმალეთის სულტანი, ავტ.] უზრუნველყოფს თავის ჯარს და აძლიერებს მას, რაც არასოდეს გაკეთებულა, და აგზავნის მას ლეპანტოსა და ტრაბიზონში: თითოეულს აძლევს 110 ასპრსა და მეტს“.
დულჩინოდან, 1501 წლის 9 ივლისი
„დიმიტრი კარარამ [ივლისის, ავტ.] 6-ში სკუტარიდან გამოაგზავნა წერილი კონვერტით. ის წერს, რომ ახლახან კვლავ მოვიდა ყადი და ვოევოდა, ეძებს იარაღს ლეპანტოსათვის, და რადგან 50 გალერი მოვიდა ნეგროპონტედან, რომელიც გაიგზავნა ტრაპიზონიდან ციებ-ცხელების გამო, და აქედან 7 კურიერთან ერთად მივიდა მუსტაფასთან, ვალონის ბეგთან და ეძებს გალერებს ჩვენ წინააღმდეგ“.
ფამაგუსტა, 1501 წლის 13 სექტემბერი
„ის [ბატონი ტროილო მალპიერო, ავტ.] აგზავნის შეტყობინებას ერთ-ერთი კონსტანტინე ლასკარისა, რომელიც განუდგა სამეფოს და თავის ცოლისძმას კვიპროსიდან შიმშილით დაუძლურებული წერს. კარგი პატივისცემის ნიშნად ის მას სწერს: მე, კაპიტანი, მოვედი აქ, რათა მისთვის მეპასუხა და ვიყო ყარამანიის კაცი, რომელიც ამხნევებს თავის სენიორს და მოუწოდებს, მიჰყვეს წამოწყებას, რათა სენიორია არ იქნეს ძლეული და სენიორიის ჯარი იყოს უძლიერესი; მას არ სურდა ჩარევა, ამიტომ არ ითხოვს არტილერიას. ეს მოხდა იქ რვა დღის უკან, ის წავიდა უზუნ ჰასანთან (Uson Gassan) და აჩვენა  მას  ყალბი  წერილი,  რომელსაც  ხელს  აწერდა  ზუან  ჯაკონო (Zuan Jacono), და კიდევ ერთი, ტყვიით დაპლომბილი [წერილი, ავტ.]. ამიტომ ეს სრულიადაც არ აღმოჩნდა დამალული. მას სურდა იგი გაეგზავნა ჯეიზთან (Jayza) [ჩავუშთან], თანაც ახლოს იყო მასთან ლეპო [ალეპო? ავტ.]: მას არ სურდა, მაგრამ ითხოვა, რომ გაეგზავნათ ბარუტში (a Baruto) და ეს გააკეთა კიდევაც. ნოლო (Nolo), კონსტანტინე ლასკარის ცოლისძმა, გიორგი ტრაკინიოლად წოდებული ადინიდან [1501 წლის, ავტ.] 20 აგვისტოს წერს. ანდა ამავე წერილში ის წერს მორეაში თურქების მოძრაობის შესახებ და გააგზავნა კურიერი ადნას (di Adna) სენიორთან, სახელად რამადანოღლისთან (Ramadanogli), რომელიც იმედოვნებს უფლის შემწეობას და აქედან 3 წელში მივა ვენეციამდე და მუდმივად ამაზე ფიქრობს ეს ადამიანი. ყარამანია იყო თურქების კონომდე (Cogno – კონია, ავტ), და თუკი მას დავეყრდნობით და იგი 6000 ადამიანით გაძლიერდებოდა, ყარამანიას ხელი მისწვდებოდა ლარენდოსა (Larendo) და ბრუსას (brusoe), რაც 8 დღეს შეადგენს; თუკი ის თურქების გამარჯვებას ყურს არ მიუგდებდა, ამ ყარამანიასა და ვიერას სინიორს შორის, ის ხელთ იგდებდა თურქების დიდ ქვეყანას და დაელოდებოდა ტრაპიზონში. ყარამანიელები ქმნიან ონგაროს ბრწყინვალე კავალერიას და სი- ნიორია მოძრაობაში მოვა და, ცხადია, ყარამანიელბი ბურსაში გაემართებიან, რაც დიდად შორს არაა კონსტანტინოპოლიდან. ამ სიახლემ თითოეულ მათგანს მარცხი მიაყენა“.
კონსტანტინე ლასკარი ვენეციის კონსულს, 1501 16 ოქტომბერი
„...დიდი ბატონის [ოსმალეთის სულტნის, ავტ.] დაუძინებელი მტერი არ ცხრებოდა. მათ შორის [ოსმალეთის სულთნისა და საქართველოს მეფეს შორის, ავტ] ბრძოლოს შედეგად ტრაპიზონის ქვეყანა (მხარე) ისე განადგურდა, რომ უდაბნოს დაემსგავსა. ბატონი [სულტანი, ავტ.] საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი მტრები იყვნენ კურჯები [ქართველები, ავტ] და უზონ გასანი [უზუნ ჰასანი]     კურჯების ქვეყანაში არის ქალაქები და დიდებულთა სასახლეები, თუმცა ისინი დიდი ბრწყინვალებით არ განირჩევიან, თუმცა ამ ქვეყნის მკვიდრნი ტანადობით არიან მკვრივნი და მშვენიერი აგებულებისანი და სისხლით კეთილშობილნი “
ვენეცია ფხიზლად ადევნებდა თვალს ოსმალების მოძრაობას ტრაპიზონში
„ებრაელი ლაზარო პადოანო [პადუელი?] 1501 წლის 3 იანვარს საიდუმლოდ აცნობებდა მმართველს, რომ ის აღმოჩნდა სალონიკში, სადაც გაიგო, რომ თურქთა ჯარი კონსტანტინოპოლისკენ მიემართება. ის სალონიკიდან წავიდა თავისი საქმეების გამო და მივიდა თურქების ბატონთან [ოსმალეთის სულტანთან, ავტ], რომელიც მოდონის ბანაკიდან [campo da Modoni] დაბრუნდა და იპოვა ის ვარდანოს [Vardano] საზღვრებში 30 მილზე ზიტონიდან [Ziton]; სადაც [ბანაკში, ავტ.] მან იპოვა თურქი ბატონი და შეიტყო სიმართლე, რომ თურქმა ბატონმა გაგზავნა ტრაპიზონში, [?] რათა კონსტანტინოპოლში ჯარი განამტკიცოს“.
1501 წლის 12 დეკემბერს გალიპოლიდან მიღებული მოკლე ცნობა
„როგორც სამსალა, ისე შევიდა ომისთვის მოუმზადებელ კონსტანტინოპოლში ჯარი და არაფერს ამბობენ იმაზე, მზად არის თუ არა. ტრაპიზონსა და სხვა ადგილებში გაგზავნილებს სასო სრულად წარეკვეთათ, ასევე კაფას 4 მხარეს; ასევე ამბობენ, რომ უნგრელებმა თურქები დაამარცხეს და მრავალი დაბა ხელთ იგდეს“.
კვიპროსიდან მიღებული წერილის ასლი; მოგვითხრობს ირანის მიერ ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედებაზე. ლევკოსია, 1502 წლის 7 სექტემბერი
„დიდმა მღელვარებამ, სპარსეთის მხრიდან თურქეთამდე რომ მიაღწია, დიდი ოდენობით ჯარები მოიყვანა მოძრაობაში. ის ქრისტიანულ რესპუბლიკას [ვენეციას, ავტ.] ესაზღვრება და საჭიროა ზღვაზე იარაღის მომარჯვება, რაც თქვენს სიბრძნეზე, თქვენს აღმატებულებაზე დიდად იმეტყველებს. ამასთან, ნებისმიერი კონკრეტული ცნობა გადმოგვცემს მოვლენებს, რომელიც ამ თანამედროვე აღმოსავლეთში ხდება. ახლა, რადგან ვრცლად მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა, რაც ირანში ხდებოდა, გუშინ აქ ჩამოსულმა სომხებმა გვაუწყეს ბედნიერი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ჩვენ სიმშვიდეს მოგვგვრის. რამდენადაც სოფის [ირანის შაჰს, ავტ.] სურდა შურისძიება თავისი მამის სიკვდილის გამო, რომელიც დაიღუპა უზუნ ჰასანთან ბრძოლაში 40 ათას ადამიანთან ერთად, სურდა გამოესყიდა ყველა ირანელი, რომლებიც თურქებს ჰყავდათ. მათ ყველაფერი შეიტყვეს თურქების წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის შესახებ, რის გამოც დატოვეს არდებილი, თავრიზიდან 12 დღის სავალზე და თუკი [შაჰი] უზუნ ჰასანის მიწებიდან ჯარში გაიწვევდა ადამიანებს, მათი რიცხვი 100 [ათასს?] მიაღწევდა. ამ საზეიმოდ მორთულ ჯენტლმენს მან ისეთი იმპროვიზირება მოუწყო, როგორც მეგობარსა და თავისი დედის ნათესავს, რომელიც იყო უზუნ ჰასანის და. მან [შაჰ ისმაილმა, ავტ.] 15 დღის განმმავლობაში შეკრიბა 16 ათასი ადამიანი და ძალით შევიდა არსინიანოს მიწაზე და დიდსა და პატარას ჟლეტდა. სხვა ღირსეულ საქმეებს შორის, მან [შაჰ ისმაილმა, ავტ.] დიდი ყურადღება მიაქცია მაჰმადიანურ სარწმუნოებას და მრავალი მეჩეთი ააგო. ჭეშმარიტად ქრისტიანული ტაძარი, რომელიც სხვა დროს თურქებმა წაბილწეს, დამშვენდა და მოირთო. აქედან ის მუდმივად ზრდიდა თავის ძალებს და ჯარით გადავიდა შირვანის პროვინციაში, რომელიც დაშორებული იყო უზუნ ჰასანის სამფლობელოს, სადაც ის ცხოვრობდა დიდ მხარეში და ეწოდებოდა შირვან სეკეი (Syrvan Sekei) და იარაღის ძალით დაუხანებლად გაჟლიტა იქაური ადამიანების უმეტესობა“.
1503 წლის 26 აგვისტოს თავრიზიდან კვიპროსში ჩამოსული მორატი [Morati] იუწყებოდა
„აზიმანის [ირანის,ავტ.] დედაქალაქში 18 დღე დაჰყო [მორატიმ, მ.პ.] სოფის [ირანის შაჰის, ავტ.] განკარგულებით. ეს ქალაქი  ოზონ გასანის [უზუნ ჰასანის, ავტ.] ძმისწულს, მორატის წაართვა სოფიმ. მან ჩამოართვა ქონება და მმართველობა, რადგან მას 70-ათასიანი ჯარი ჰყავდა და ძლევამოსილი იყო. მის ჯარში უმრავლესობას Curgi-ები [ქართველები, ავტ.] წარმოადგენდნენ. ესენი კარგად შეიაღარებულნი იყვნენ და ძალზე სასტიკ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი თავრიზიდან ერთი თუ ორი დღის სავალზე ცხოვრობენ. ამ ხალხთან ჩამოვიდა მორატი აზიმანიაში იმ განზრახვით, რომ თავისი სამფლობელო დაებრუნებინა. სოფიმ შეიტყო თუ არა მისი [მორატის] მოსვლა, მაშინვე თავის ქალაქ ერზინჯანში გაგზავნა ხალიფა, რომელიც მის სარწმუნოებას აღიარებდა, რათა მას 6 ათასი ჯარისკაცი შეეგროვებინა. თავრიზისკენ მიმავალს მას თავს დაესხნენ კურჯები [ქართველები, ავტ.], 10 ათასი კაცი და 5 ათასი ადამიანი გაუჟლიტეს, ხოლო დანარჩენმა გაქცევით უშველეს თავს. ამდენად, მორატიმ მთელი თავისი ძალები სოფისკენ მიმართა, რომელიც ამ დროს თავრიზში იყო დაბანაკებული. ორი დღის განმავლობაში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. სოფიმ ამ ბრძოლაში 40 ათასი კაცი დაკარგა, ხოლო მეორე მხარემ – 25 ათასი. კურჯები ისე მამაცურად იბრძოდნენ, რომ სოფიმ დარჩენილი ჯარით გაქცევა ამჯობინა ბრძოლას. მან თავი გილანის მხარეს შეაფარა და ახლა მისი მფარველი ბუნებრივი გარემო იყო...“
1511-1512 წლებში აღმოსავლეთიდან ვენეციის რესპუბლიკის სენატს აცნობეს
„...ქრისტიანთა [ე.ი., ვენეციისა და საფრანგეთის (ფრანკების)] სავაჭრო გემებს ეგვიპტის ტირანი სულტანი უზომო გადასახადებით ბეგრავდა... სრულიად უმიზეზოდ არ ერიდებიან მთელი ქონების ჩამორთმევასაც. ამასაც არ სჯერდებიან, ვაჭრებს აუტანელ დილეგებში აგდებენ და ამ უკანასკნელთ პროტესტის გარდა სხვა არაფერი რჩებათ. ამ უსამართლობას ბოლო არ უჩანს და მშველელიც არსაიდან ჩანს. ამით კი კარგად ხეირობს დიდი ბატონი [ოსმალეთის სულტანი, ავტ.] და დღითი დღე უფრო და უფრო მდიდრდება. მიზანი ბატონისა ის არის, რომ ევროპელი ვაჭრები ამგვარი ხერხებით გააჩანაგოს. მისი თვალთმაქცობა იმაშიც ჩანს, რომ თითქოსდა პირატებს ებრძვის, მათ წინააღმდეგ კატარღებსაც კი აგზავნის, თითქოსდა უნდა გაანადგუროს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ეს იმიტომ, რომ ეს [ღონისძიება] არააა თანმიმდევრული და უსისტემოდ ხორციელდება, ხოლო ამასობაში კორსარები ნაძარცვი ქონებით უფრო და უფრო მეტ სიმდიდრერს აგროვებენ...“.
1515 წლის სომხეთის ეპისკოპოსის რელაციონი იუწყებოდა
„...პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სომხეთის ეპისკოპოსის მიერ გადმოცემული ამბავი სინამდვილეს ასახავს, რომელიც სხვა წყაროებითაც დადასტურდა. დიდმა ბატონმა [ოსმალეთის სულტანმა, ავტ.] ურიცხვ ჯარს მოუყარა თავი, 300 ათასამდე. მისი მიზანი იყო დაეპყრო თავრიზი. სოფის [ირანის შაჰის, ავტ.] ჯარი არ აღემატებოდა 60 ათასს. ამიტომ სოფიმ დახმარებისათვის მიმართა კურჯების [საქართველოს, უფრო სწორად, ქართლის, ავტ.] მეფეს, საიდანაც რჩეული ჯარი მოვიდა. ამის წყალობით სოფიმ სასტიკად დაამარცხა დიდი ბატონის ჯარი და ამ უკანასკნელმა უკან დაიხია, ანატოლიისკენ. ბატონმა ბრძოლის დაწყებამდე [იგულისხმება ირანის შაჰთან ბრძოლის წინ, ავტ.] დახმარებისათვის მიმართა ეგვიპტის მმართველს, რათა 20 ათასი მამელუკით დახმარებოდა, მაგრამ ეს დახმარება არ გამოჩნდა...“
ნიქოზიიდან მიღებული ცნობა, რომელშიც მოთხრობილია 1515 წლის მარტ-აგვისტოში მომხდარი ამბების შესახებ
„ბატონი [ოსმალეთის სულტანი, ავტ.] თავისი ჯარით თავრიზთან რომ მივიდა, მან აქ იგი სამ ნაწილად გაყო. ყოველივე ეს ისე იყო გაკეთებული, რომ ამ ნაწილებს ერთმანეთის მიშველება არ შეეძლოთ ადიდებული მდინარეების გამო. ასეთ შემთხვევაში სოფის [ირანის შაჰის, ავტ.] მხედართმთავარმა [სარდალმა] გადაწყვიტა 30-ათასიანი ჯარით თავს დასხმოდა თურქების იმ ნაწილს, რომელშიც პირადად დიდი ბატონი [ოსმალეთის სულტანი, ავტ.] იმყოფებოდა. პირველსავე შეტევაზე ბერძენთა მთელი ბანაკი მოიშალა. სულტანმა დაუყოვნებლივ ბრძანა, არტილერია დაეშინათ. ამ ბრძოლაში ბევრი დაიღუპა, როგორც ბატონის, ასევე სოფის მხარეს. ასეთ დროს იანიჩრები დაესივნენ არტილერიისაგან უწესრიგოდ მიმოფანტულ ცხენოსნებს და ერთიანად ამოჟლიტეს. სოფის სარდალი თავის მამასთან და 30 ათას კაცთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა. ამის შემდეგ ბატონი თავრიზში შევიდა და სოფის ტახტზე დაჯდა. სოფის მეუღლე და ჰარემის ყველა ქალი წაართვა. თან წაიღო 400 საპალნე აბრეშუმი, ასევე წაიყვანა 300 ვაჭარი, სოფის [შაჰის, ავტ.] 300 ოსტატი, ძირითადად, იარაღის მკეთებელი ოსტატები. როცა ესენი ევფრატზე გადადიოდნენ, მათ თავს დაესხნენ კურჯები [ქართველები, ავტ.] და ორ მესამედზე მეტი გაანადგურეს. აქვე გვაუწყებენ, რომ 15 ათასი თურქი კაცი წყალში ჩაიხრჩო და  11 ქვემეხი წაართვეს. ამასიაში უკან დაბრუნებულმა ბატონმა [ოსმალეთის სულტანმა, ავტ.] მთელი თავისი ჯარი დაითხოვა“.
1520 წლის 22 მარტს კვიპროსიდან მიღებული წერილის რეზიუმე
„1520 წლის 4 მარტს სირიიდან მიღებული წერილის თანახმად, სულტანმა მცირეოდენი შეიარაღება გაგზავნა შავ ზღვაზე, რათა გაგზავნოს იბერების წინააღმდეგ, რომლის მოსახლეობა სოფის [ირანის შაჰის, ავტ.] მეგობრები იყვნენ და რომ მას ჯერ კიდევ მხედველობაში ჰქონდა ადენისა და თერსოს ( Therso) დაპყრობა.
წყარო: https://www.academia.edu/82442343/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVI_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A_%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98

четверг, 2 ноября 2023 г.

ფაზლი ბეგ ხუზან ესფაჰანი (XVII ს.) - კონსტანტინე მირზას მიერ მამისა და ძმის მოკვლა (თ. ლეკვეიშვილი)

    ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის XVII საუკუნის ირანული წყარო შაჰ აბას I­-ის (1587-1629) მმართველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ფაზლის დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის, „აფზალ ალ­თავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს. თხზულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა.
    წარმოშობით ისფაჰანელი ფაზლი ბეგ ხუზანი ირანული ბიუროკრატიის მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა. მის ნათესავებს ძირითადად მაღალი თანამდებობები ეკავათ. ფაზლის კარიერაც თავიდანვე კავკასიასთან და, კერძოდ, საქართველოსთანაც იყო დაკავშირებული. 1608 წელს შაჰ აბასმა ბარდავის მმართველად დანიშნა ფეიქარ ბეგი, (იგივე ფეიქარ ხანი, კახეთის მმართველი (1616-1625) რომლის ვეზირი გახდა ფაზლის უფრო ძმა, მუჰამად ბეგი. ფაზლი ხუზანიმ თექვსმეტი წლის ასაკში ფეიქარ ბეგის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი თავად გახდა ფეიქარ ბეგის ვეზირი. ეს თანამდებობა მას ათი წლის განმავლობაში ეკავა (1616-1625). ფაზლის საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი შაჰ აბასის მმართველობის პერიოდი და, განსხვავებით ისქანდერ ბეგ მუნშისგან, ნაკლებად პანეგირიკულია შაჰ აბასთან მიმართებით.
    როგორც  ზემოთ  აღვნიშნეთ,  ზემოთ  დასახელებული  ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი გახლდათ. სწორედ ამიტომ, როგორც სეფიანთა ირანისა და საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი, ქართველების შესახებ მრავალი ცნობის ავტორადაც გვევლინება.
    „აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნელოვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდისა (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის ისტორიის შესასწავლად. 
    ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიპეტიებს. 
    თხზულებაში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიისთვის დღემდე უცნობი არაერთი ფაქტი. იგი მოიცავს ისეთ პასაჟებს, რომლებიც ინფორმაციულად ავსებს და განსხვავებული კუთხით გვაჩვენებს საქართველოს ისტორიისთვის უკვე ნაცნობ მოვლენებსაც.
კონსტანტინე მირზას მიერ მამისა და ძმის მოკვლა
    ამ დროს მოვიდა ამბავი იმის შესახებ, რომ კონსტანტინე ხან ქართველი, რომელიც მამამის ალექსანდრე ხანთან და სულთნებთან ერთად, როგორც ეს დაიწერა გასულ წელს, გურჯისთანის ველაიათში გაეშურა. ასე შეთანხმებულან, რომ ნოურუზის შემდეგ შეკრებდა რა ლაშქარს, სულთნებთან ერთად შირვანისკენ წავიდოდა. 
    ამ ამბავმა მაჰმუდ ფაშას ყურამდე რომ მიაღწია, ისიც აღიჭურვა საბრძოლველად. [მათ] შირვანიდან და დაღესტნიდან ემატებოდათ ხალხი. ნოურუზის დღესასწაულის შემდეგ კონსტანტინე მირზამ, რომელიც წლების განმავლობაში მამის სამფლობელოში არ ჩასულიყო, რამდენიმე ქართველ დიდებულთან და აზნაურთან ერთად, რომელთაც [ასევე] სწყუროდათ ხანთან [ალექსანდრესთან] ლაპარაკი (ხანსაც [კონსტანტინეს] ძალიან უნდოდა ქართველებთან, მამასა და ძმასთან შეხვედრა), პატივისცემით შეუთვალა თავის დიდებულ მამას: „აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ქვეყანა ვმართო. გამომდინარე თქვენი მსახურებიდან მისი უდიდებულესობისადმი [და პირობისგან], დაე, იყოს მყარი ეს სიტყვა, თუკი გარკვეული რაოდენობის ქართველებს მოგვაშველებთ, ისინიც [შაჰის ხალხი], საქართველოს გასათავისუფლებლად იმოქმედებენ, რათა ჩვენ, მონებმა, შევძლოთ, ოსმანთა ტომს სული ამოვხადოთო“.
    ალექსანდრე ხანი დროს განზრახ აჭიანურებდა და დღეები ასე გაჰყავდა. ერთი თვის შემდეგ კონსტანტინემ სულთნებს უხმო და თავისი მამისა და ძმის უმადურობის შესახებ უამბო, რომელთაც [როგორც ჩანს] წინასწარ შეუტყვიათ რა ამბავი მისი უდიდებულესობისა და ჯეღალისგან (შირვანის ბეგლარბეგი), გამარჯვების კვალის მატარებელი ლაშქარი შეუყოვნებიათ. [კონსტანტინემ] საკუთარი მამისა და ძმის მოკვლა გადაწყვიტა. ალექსანდრე ხანის ვეზირი, ხოჯა ზია ედ დინ ქაში, ჯალალ ესფაჰანისთან (ხანის მოდიროლმულქი – თურქ. ობერ­ცერემონმაისტერი) ერთად უფროსთან გაგზავნა, რათა დახმარება და [შემდგომი] განკარგულება მიეღო. მათ, მიუხედავად ბევრი სჯა­ბაასისა, აშკარა პასუხი არ ჩამოუტანიათ. ჯალალ ესფაჰანიმ, რომელიც მისი უდიდებულესობის კარზე მიღებული გონიერი კაცი იყო, მოახსენა [მას], რომ ხანის მიზანი დიდებული ლაშქრის მორჩილების მიხედვით ქმედებაა. გადაწყვიტა, დილით ალექსანდრე ხანი, შაჰმირ ხანი, (კონსტანტინე ხანის ხელქვეითი ამირა, რომელიც წარმოშობით შაქის ველაიათის ძველ ვალიებს ეკუთვნოდა) ალი ხან სოლთანი და მამამისის მაჯლესის სხვა წევრები შეეკრიბა, რათა დალაპარაკებოდა მათ. უეცრად, უზრდელად მიმართა მამას. ალექსანდრე ხანი მოლბა და მშვიდად დაპირდა, ალაჰის შეწევნით ლაშქარს მოვუხმობ და გამოგიგზავნიო. ხანი აღელვებული იყო და უხეშად ელაპარაკებოდა მამამისს. გორგინ მირზა [უფლისწული გიორგი], რომელიც მისი უფროსი ძმა იყო, შეეწინააღმდეგა კონსტანტინეს, დატოვა შეკრება, ქართულად უთხრა მას, ნეტავ, საერთოდ არ დაბადებულიყავიო და თავისი კარვისკენ წავიდა. კონსტანტინე მირზა უკან გაჰყვა, შევიდა მის კარავში და [ხმლით] აკუწა იგი. შემდეგ მივიდა მამასთან და შაჰმირ ხანსა და ალი ხან სოლთანს, რომლებიც ალექსანდრე ხანის მახლობლად ისხდნენ, თბილად ესაუბრებოდნენ მას [ალექსანდრეს] და საბრძოლო საკითხებს განიხილავდნენ, უთხრა: „რას დამდგარხართ, მოკალით ეს ბებერი ურჯულო და მისი ორგულობის სასჯელი აჩვენეთ! მე მოვუღე ბოლო გორგინ ხანს!“ და მაშინათვე შაჰმირ ხანმა გადაუგდო რა ხმალი ალი ხან სოლთანს, ამ უკანასკნელმა ბოლო მოუღო ალექსანდრეს.
    როდესაც ქართველებმა ალექსანდრე და მისი ვაჟი კონსტანტინე მირზას ხელით მოკლულნი იხილეს და შეხედეს, რომ აღარ არსებობდა მემკვიდრე ხალხის თვალში, გორგინ ხანის ცოლი (ავტორს ეშლება. ქეთევან დედოფალი გიორგის ძმის, დავითის ცოლია.), იმ დროის ყველაზე ბრძენი ქალი, ქეთევან დედოფალი, რომლის შვილები, უფლისწული თეიმურაზი და ქალიშვილი ელენე ბეგუმი მის უდიდებულესობასთან იმყოფებოდნენ, არ ჰქონდა რა მას სხვა გზა გარდა სიმშვიდისა და კეთილგანწყობისა, თავისი ქმრის ძმას დამორჩილდა. კონსტანტინე ხანმა კეთილგანწყობა გამოიჩინა რა მის მიმართ, ბრძანა, შეეკრიბათ ქართველები და მზის სხივის სადარი კეთილგონიერებისა და კეთილსინდისიერების მქონე საქართველოს გონიერი მეფის, მისი ქმრის, ადგილას მალე გამოეგზავნათ თეიმურაზი. 
    დედოფალმა  შეკრიბა  ის  ქართველები,  რომლებისთვისაც  მუსლიმი მეფე მიუღებელი იყო და რომლებიც დავითის ტახტზე მორასა გვირგვინით შემკულს დასვამდნენ ქალს იმ შემთხვევაში, თუკი არ ეყოლებოდათ მამაკაცი მეფე. დედოფალმა ეს გარემოება მოახსენა რა ხანს, მიხვდა, რომ [შესაძლოა] ხანს [კონსტანტინეს] ამეფებდნენ, მის წინაშე დაიჩოქა, როგორც ამას ეტიკეტი მოითხოვდა, და [მას] პატივი და მორჩილება აღუთქვა.
    უავგუსტოესის ნახიჩევანისკენ გამგზავრება, კონსტანტინე ხანის მორჩილების გზიდან აცდენა, შემახის ციხის ძირში კონსტანტინეს ლაშქარზე, შუა ღამით, დედოფლისგან თავდასხმა, კონსტანტინეს არდებილში, სამეფო კარზე მისვლა და საქართველოში მისი ძმისშვილის, თეიმურაზ ხანის მეფობა. კონსტანტინე ხანის საქართველოში დაბრუნება, თეიმურაზ ხანთან შებრძოლება, კონსტანტინეს მოკვლა და თეიმურაზის მმართველობა.
    ამ ამბების შემდეგ ნახჭევანისკენ წაბრძანდა, რათა თუკი ჯეღალისგან ამბავი მოვიდოდა, მაშინ თავრიზში ინებებდა წასვლას. ჯერ კიდევ გზაში იყო, რომ მეჰმანდარისგან (კარის მოხელე – უცხოელი სტუმრების მიმღები და გამცილებელი) ჯანყის შესახებ შეატყობინეს და ყარაბაღისკენ წავიდა, აიღო რა განჯისა და ბარდავის ველაიათები, ღვთის შეწევნით, დიდებით მოსილი და გამარჯვებული შირვანში ჩავიდა რა, კონსტანტინე ხანისკენ დახმარება გაგზავნა. ამბავი მოუვიდა, რომ მისი [კონსტანტინეს] მამის სიკვდილისა და გლოვის შემდეგ, შირვანის ამბების და მაჰმუდ ფაშას შემახას ციხეში გაქცევისა და მისი [კონსტანტინეს] მმართველობის შემდეგ, საქართველოსა და შირვანის ველაიათებში, გარემოება შეიცვალა. დიდგვაროვნები, რომლებიც მას გვერდში ედგნენ, ნაცვლად სიკეთის გამომჟღავნებისა, მოიძულა. თვლის რა თავის თავს ამ ველაიათის ბატონ­პატრონად, ხშირად შეურაცხჰყოფასაც აყენებს მათ! თავისი ძლიერი და მკაცრი ხელი დაატყო რა იმ ველაიათს, მოსახლეობისგან უამრავ საჩუქარს ღებულობს. დაახლოებით ათას თუმანს, ათ ხარვარ (წონის საზომი ერთეული, რომელიც 300კგ­ის ტოლია) აბრეშუმს, ოცი ხარვარის რაოდენობის მოსავალს. ამგვარი ვითარების გამო, შემახას ციხის აღების შემდეგ, უკვე ამბოხის სუნი დადგა. ის ვეღარ იქნება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მისმა უდიდებულესობამ შეიყვარა, ახლობლად მიიჩნია და სიკეთე აჩვენა. 
    ქართველები და მისი უდიდებულესობის [ფრთის ქვეშ] მყოფი საქართველოს მნიშვნელოვანი მმართველის, [ქეთევან] დედოფლის, შვილი და კონსტანტინე [ხანის] ძმისშვილი – თეიმურაზ ხანი, მამისა და ძმის მკვლელ კონსტანტინე ხანს და, ასევე, კონსტანტინეს მხარეს მდგომ იმ დაწყევლილ ქართველებს, რომლებიც ამ უკანასკნელმა თავადვე გამოწვრთნა, ერიდებოდნენ. 
    რადგან კონსტანტინე არ ენდობა თავადებს, აზნაურებსა და თავის ნათესავებს, ამან კიდევ უფრო მეტად გაააბრაზა დედოფალი და აზნაურები. მათ იცოდნენ, რომ კონსტანტინეს ნდობა არ შეიძლებოდა. საქართველოში მუსლიმ მეფეს კანონიერად არ ცნობდნენ. და დედოფალმა, რომელსაც ეშინოდა, ლუარსაბ ხანის და დავითის მოდგმის დინასტია არ დამარცხებულიყო, თავისთან იხმო ალექსანდრე ხანის ეშიკაღასიბაში (თურქ. ობერ ცერემონმაისტერი) ქაიხოსრო ბეგი, გვარამის ძე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოსი იყო, ალავერდის მღვდლები, აზნაურები, მოურავები და მხარის ქედხოდები. მათ ერთმანეთთან მოითათბირეს [თქვეს], რომ, თანახმად დავით წინასწარმეტყველისა, რომლის წინასწარმეტყველებასაც მიაწერენ თავიანთი [ბაგრატიონთა] სამეფო შტოს წარმოშობას, არ შეიძლება, კახეთის მეფე მუსლიმი იყოს, თანახმად – უფლისა, რომელსაც ისი ღმერთს უწოდებენ, მამისა და უფროსი ძმის მკვლელი არ ეგების, გამეფდესო! 
    მისი უდიდებულესობის ბრძანების თანახმადაც, ქართველებისგან კონსტანტინე ხანის მორჩილება მართებულად არ მიიჩნეოდა რა, მისი [კონსტანტინეს] ახლობელი დიდგვაროვნებიც განაწყენებულები არიან მასზე, ერთხმად  კონსტანტინეს  მოკვლაზე  შეთანხმდნენ  რა,  ალექსანდრე  ხანის დიდი ხნის ქვეშევრდომს , ხოჯა ზია­ედ­დინ ქაშის, რომელსაც ქართველები ემორჩილებოდნენ, მალულად შეატყობინეს ამ ამბოხის შესახებ და იმ ღამეს, როცა ქაიხოსრო ბეგი და ირაკლი ბეგი ქეშიკად (ქეშიკი – მცველი, ყარაული) იდგნენ, თვითონ არ მივიდა და აზნაურებსაც აუკრძალა [მისვლა]. 
    ერთმა ღოლამმა, შეიტყო რა ეს ამბავი, ხანს მოახსენა, ქართველები აჯანყებას აპირებენო. პატივმოყვარე ხანმა ხოჯა ზია ედ-დინი იხმო და ჰკითხა [ამ ყველაფრის შესახებ]. ხოჯამ, რომელიც არ თვლიდა რა, რომ ხანის საქმე შემოქმედის, სამყაროსა და კაცობრიობის წესის თანახმად მიდიოდა, უთხრა, რომ, შესაძლოა, გემდურიან იმის გამო, რომ ფულს ართმევდი მათ და ავიწროებდიო და მას გარკვეული ხარჯის გაღება ურჩია.
    ხანი დათანხმდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჯალალ ესფაჰანის, რომელიც ხანის მოდიროლმულქი იყო და ხოჯა ზია­ედ დინის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად, რამდენსაც ხოჯა მოისურვებდა, იმდენს მისცემდა ხაზინიდან. რადგანაც ბრძენმა ვეზირმა ქართველებს სიმართლე უთხრა და აუკრძალა მათ მისვლა [როგორც უკვე ითქვა], ყველა ის აზნაური, რომელიც იმ ღამეს ქეშიკში იდგა, დაეთანხმნენ ხოჯას, რომ გარიჟრაჟზე ხანის ხაზინიდან აიღებდნენ ფულს. ღამე კი გადაწყდა, რომ, როცა ხანი ამ გარემოებას შეიტყობდა, მეტი გზა, გარდა მისი მოკვლისა, აღარ რჩებოდა. ღამის გუშაგები ყვირილით (ყიჟინით) გარს შემოეხვივნენ მას და, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ, შეცვივდნენ ხანის კარავში. ფირი ბეგ ჩაქერლუმ, (მოლაზემი ყარაბირი­ასეა ნახსენები ეს პიროვნება ისქანდერ მუნშისთან) რომელიც მის უდიდებულესობას ხანის ამბის გასაგებად გამოეგზავნა, შეიტყო რა ეს ამბავი, მივიდა ხანის კარავში და ალი ხანის (მოვაფეყის) კარავში გადაიყვანა იგი [კონსტანტინე]. ალი ხანი რუმელი (თურქი) იყო და მის უდიდებულესობასთან ერევანში მსახურბოდა. როდესაც ყიზილბაშებმა ქართველები დაინახეს, იფიქრეს, თურქების მხარეს გადავიდნენო, ქარნას დააძახეს და ხანი მხედარზე შესვეს. ქართველებმა რომ ქარნას ხმა გაიგონეს, მიხვდნენ, რომ ხანი ცოცხალია და დაიქსაქსნენ. დედოფალი და თავადები საქართველოს გზას გაუდგნენ. ხანმა მათ მთელი ღამე სდია უკან, მაგრამ ვერ დაეწია. თურქებმა იფიქრეს, ქართველები და ყიზილბაშები თურქების ციხესიმაგრიდან გამოჰყავთო და ღამით ციხიდან არ გამოსულან. დილით ხანი ქართველებს დაეწია. ქაიხოსრო ბეგი და შარმაზან ბეგ ვაქილი მასთან მივიდნენ და უთხრეს, ჩვენი დევნა კარგს არაფერს მოგიტანს, სანამ კიდევ ერთი კაცი მაინცაა ცოცხალი ჩვენგან, უკან არ დავიხევთო! სულთნებიც, მიხვდნენ რა, რომ ვერ შეებრძოლებოდნენ, გაბრუნდნენ. დილით, როდესაც თურქებმა ყიზილბაშთა ბანაკი შეამჩნიეს და ლაშქრის კვალი ვერ დაინახეს, ყალაყჩიები, რომლებიც შიშით ციხის ძირას მისულიყვნენ, ცოტა ხანში მაჰმუდ ფაშასთან მივიდნენ. 
    როდესაც ქართველების დაპირისპირების შესახებ დაიწყეს ლაპარაკი, გარკვეულ ჯგუფს ხანის ბანაკის დაცვა დაავალეს რა, რბევა დაიწყეს. დაჭრილმა თიზრუ­სულთანმა და მისმა ხალხმა ათასი უბედურების მერე, მიმოფანტულებმა და გაბნეულებმა, სოლთნებთან და ხანთან არდებილში ჩააღწიეს.
    ყარაფირ ჩაქერლუ, რომელიც მაღალ წრეს მიეკუთვნებოდა და კონსტანტინე ხანის ამბის გასარკვევად ხოჯა ზია ედ­დინთან ერთად ბანაკში მოსულიყო, გადასცა რა მათ ხანის თხოვნა (ბოდიში), თავადაც მოიბოდიშა. მისმა უდიდებულესობამ, რაყამები და თბილი [თავაზიანი] წერილები გააგზავნა და საქმე ხსენებული სარდლის, ჯაღალ ოღლის, მოსვლაზე რომ მიდგა, ხანს არავინ დაეხმარა.
    კონსტანტინე ხანმა ვაჭრებისგან ისესხა ფული და ხსენებულ სულთნებთან ერთად შირვანში წავიდა. მისი უდიდებულესობა ავის მომასწავებელ ფიქრებს შეეპყრო, ღმერთმა ნუ ქნას, ხანი მღალატობდეს და მოჰამად ფაშასთან იყოს გაერთიანებულიო. რაყამი დაწერა და გაგზავნა, რომ [კონსტანტინე] შირვანში არ წასულიყო და უკან გამობრუნებულიყო. კონსტანტინეს თავისი სიამაყისა და ამპარტავნების გამო შერცხვა, ვერ მივიდა ქვეყნიერების ორბიტის ბანაკში და შირვანისკენ დაიძრა. 
    დედოფალმა და ქართველმა დიდებულებმა გლოვის შემდეგ მისი უდიდებულესობის სახელზე არზა დაწერეს, აზნაურ ფარამარზ ბეგს გაატანეს და თეიმურაზ ხანის ჩამოყვანას სთხოვდნენ [შაჰს]. ხოლო თავად, ეშინოდათ რა იმის, რომ ხანი თავს დაესხმოდათ, ლაშქართან ერთად ზაგემიდან ჯანალის სანახებსა და გრემში წავიდნენ. კონსტანტინე ხანი, რომელმაც ქართველების დახოცვა და ამ მხარის დაპყრობა გადაწყვიტა, იორს გადმოვიდა და საქართველოში შემოვიდა. ქართველებს ეშინოდათ მისი, თანაც არც მისი უდიდებულესობისგან მოსულიყო პასუხი. ამასობაში ფარამარზ ბეგი მისი უდიდებულესობისგან დაბრუნდა. [შაჰმა] თეიმურაზ ხანს ხანობა და ოლქის მმართველობა უბოძა. ქართველებმა კონსტანტინესთან შებრძოლება გადაწყვიტეს. როდესაც პატივმოყვარე ხანმა ძმისშვილის მოსვლის ამბავი შეიტყო, გაბრაზდა და გრემის ველზე საბრძოლველად დაბანაკდა. ყარჩიღა ბეგს (კონსტანტინეს ღოლამი, იგივე ყარჩირა სულთანი), რომელსაც იგი ძალიან ენდობოდა, ავანგარდი ჩააბარა და გარკვეული რაოდენობის ყიზილბაშებიც მიაშველა. იმის გამო, რომ [კონსტანტინე] მისი უდიდებულესობის ნებართვის გარეშე მოვიდა, შაჰმირ ხანი, ალი ხან სოლთანი და დანარჩენი სულთნები გაბრაზდნენ და განუდგნენ მას. ყარჩიღა ხანსა და მის ჩარხჩიებს (ცხენოსანი მეომრების ავანგარდი) ნაძირალა ქართველებიც შეუერთდნენ, რომელთაგანაც ქვეითი ჯარი შეიქმნა. 
    ცოტა ხანში ყარჩიღა ბეგმა მამაც ქართველებთან ბრძოლა გააჩაღა, ქართველები დიდი სიმამაცით იბრძოდნენ. კონსტანტინე ხანმა დაინახა რა, რომ ყიზილბაში სულთნები სუსტები იყვნენ და ვერ იბრძოდნენ, ვეღარ მოითმინა და შუბით შევარდა ბრძოლის ველზე. მამაცმა ქართველებმაც უკან აღარ დაიხიეს და გაჩაღდა ბრძოლა. 
    დედოფალი, თეიმურაზ ხანის დედა, ქვეით ჯარს მიუძღოდა და ხანის მოკვლის ბრძანება გასცა. როგორც ქართველებს სჩვევიათ, სასტიკად იბრძოდნენ. ალი ხან მოვაფეყი, სოლთან ჩაქერლუ და, ასევე, სხვა ახალგაზრდა ყიზილბაშები თავგანწირვით უტევდნენ და ძალიანაც კი უნდოდათ, მაგრამ ვერა და ვერ ამარცხებდნენ ხანს. განწირული იყო კონსტანტინე ... ასე ჰქონდა მას გადაწყვეტილი... არ იხევდა უკან, შეუტია ქართველებს და დედოფალს შეურაცხყოფდა და აგინებდა. ამ დროს ერთ­ერთმა ცხენზე ამხერდრებულმა გმირმა აზნაურმა ხანი შებოჭა და, რადგანაც ამ უკანასკნელს არავინ მიეშველა, ყიზილბაშთა ლაშქარიც გატყდა. ყიზილბაშმა სულთნებმა სადავეები მიაბრუნეს და გაიქცნენ. ერთი ფარსახის მანძილზე სდიეს მათ ქართველებმა. ხანის მოკვლის შემდეგ დეოფალმა მუსლიმებსა და ქართველებს ერთმანეთის ხოცვა აუკრძალა. ვისაც ნახავდნენ ქართველები, გააშიშვლებდნენ და ასე ტოვებდნენ. ხოლო თავად [დედოფალი] თეიმურაზთან ერთად კონსტანტინეს [ცხედრისთვის] წავიდა. იქ მყოფმა რამდენიმე მუსლიმმა და ხოჯა ზია – ედ­დინმა, რომელიც იმ დროს მისი მრჩეველი იყო, ხანის ცხედარი კუბოში ჩადეს და არდებილის გზას გაუყენეს. როგორც ამ მისრაში წერია: „თავად კლავ ჰაფეზს და თავადვე გლოვობ?!“ თავად [დედოფალი] ზაგემისკენ წავიდა, ძველი წესისამებრ მისი უდიდებულესობის სახელზე მონეტა მოჭრა და ხუტბა აღავლინა. გაძარცვულ ვაჭრებს დაუყვავა რა, მათ ფული მისცა და დაჭრილ და უმწეო ყიზილბაშებს მცველად და ხარჯებისთვის კაცი მიუჩინა, ხოლო თუკი გამოჯანმრთელების შემდეგ დარჩენა მოუნდებოდათ, დედოფლის მემკვიდრის, თეიმურაზ ხანის ამალაში აიყვანდნენ რა [მათ], გასამრჯელოს მისცემდნენ, თუ არა და, მისცემდნენ ჯიბის ფულს და გაისტუმრებდნენ.
    ებრაელი ხოჯა იაყუბის ვაჟმა, ხოჯა ლალეზარმა, რომელიც იმ ველაიეთის ვაჭართა თავი და ძალზედ კეთილშობილი კაცი იყო, იმ დღეს სამი ათასი ხელი პერანგი და საცვალი შეკერა. ზოგს კაბა და თავსაბურავი, ზოგსაც ცხენი და ჯიბის ფული მისცა და გაძარცვული ხალხი და მუსლიმები ქალაქ ზეგამიდან გაისტუმრა. ასე რომ, ხოჯამ იმ დღეს ხუთი ათასი თუმანი გაიღო. 
    ამ ამბების შემდეგ დედოფალმა ხოჯა ზია­ედ­დინი და ფარამორზ ბეგი მის უკეთილშობილებასთან გაგზავნა, [რომელთაც მას]მომხდარის შესახებ მოახსენეს. 
    მაშინ, როცა ჯალალ ოღლი ხოიში (ქალაქი ირანის აზერბაიჯანში), ხოლო მისი უდიდებულესობა თავრიზის სუფიანში (დასახლება ქ.თავრიზის მახლობლად ირანის აზერბაიჯანში) მისულიყო, ხოჯა ზია­ედ­დინისათვის ვეზირობა სთხოვეს. 
    მისი უდიდებულესობის ბრძანებით მას საქართველოს კახეთის ვეზირობა მისცეს და გაისტუმრეს. ძვირფასი ხალათები უბოძეს [ასევე] თეიმურაზ ხანს, მის თავადებსა და აზნაურებს. 
    მოულანა შარმი ყაზვინის თავის მატიანეში უთქვამს:
„ქართველმა კონსტანტინემ [საკუთარი] მამა მოკლა,
ამისათვის ის განგებამ დასაჯა,
წინ აღუდგა რა იგი მურშიდის (სულიერი მოძღვარი) ბრძანებას,
მისი თავი ტანს მოშორდა.
მის სიკვდილზე ბრძენს უთქვამს,
ოდეს ყოფილა, მამის მკვლელი ცოცხალი დარჩენილიყოს!“