ლეგენდარული ქალი, რომელიც თურქეთში ჰიურემის, ხოლო ევროპაში როქსოლანას სახელით არის ცნობილი, დღემდე სადავო ფიგურად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ მსოფლიოს არაერთი ძლევამოსილი და ცნობილი ქალი “აზანზარებდა”, მათ შორის ეკატერინე მედიჩი, დედოფალი მარგო ან დედოფალი ელიზაბეტ I, როქსოლანამ თავისი გასაოცარი კარიერით, ჰარამხანის მონობიდან ოსმალეთის იმპერიის დედოფლობამდე, ტოლი არავის დაუდო.
ეს სწორედ ის ჰიურემია, რომლის დრამატული ცხოვრებაც ასახულია თურქულ სატელევიზიო სერიალში «დიდებული საუკუნე». ეს სერიალი დღესაც პოპულარულია როგორც თურქეთში, ისე სხვა ქვეყნებში, ქართველ სერიალების მოყვარულთა შორისაც.
XVI საუკუნის დასაწყისში უკრაინაში მოტაცებული და ოსმალეთის იმპერიაში მონად გაყიდული როქსოლანა მალევე გახდა სულთან სულეიმან დიდებულის (1520-1566) საყვარელი ხასა, მოგვიანებით კი მისი კანონიერი მეუღლე და ძლევამოსილი სულთანი. სულეიმანისა და როქსოლანას ორმოცწლიანი სასიყვარული ურთიერთობა 1558 წლამდე, როქსოლანას გარდაცვალებამდე გაგრძელდა. როქსოლანა არა მხოლოდ სულეიმანის გულის მბრძანებელი გახდა, არამედ უდიდესი ძალაუფლება მოიპოვა იმპერიის მმართველობაში, როგორც სულეიმანის უმთავრესმა პოლიტიკურმა მრჩეველმა.
სულეიმანზე როქსოლანას გავლენის ასახსნელად წლების განმავლობაში სხვადასხვა თეორია და ინტერპრეტაცია შემუშავდა. მისი უპრეცედენტო აღზევების განმაპირობებელ ფაქტორთა შორის ასახელებენ მის სილამაზეს, გრაციოზულობას, მომხიბვლელ ღიმილს, გონებამახვილობასა და სხარტ აზროვნებას, ულმობელ პრაგმატიზმსა და პოლიტიკურ გენიალობას, ოსტატურ მანიპულაციებსა და უზნეო ხასიათს, მის მუსიკალურ ნიჭს, ასევე მისნობისა და სასიყვარულო წამლების გამოყენებას და მრავალი სხვა. ამგვარი ვარაუდების მთავარი პრობლემა ის არის, რომ როქსოლანას პიროვნული თვისებებით ცდილობენ ახსნან მისი აღზევება, რომელიც ქალისთვის თითქმის შეუძლებელი იყო მაშინდელ ოსმალეთში. ბუნდოვანებას როქსოლანას ცხოვრებასთან დაკავშირებით ისიც იწვევს, რომ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი სასახლეში მისი ცხოვრების ადრეული წლების შესახებ. სულეიმანის ჰარამხანა მიუწვდომელი იყო როგორც ოსმალებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვისაც. ძირითადი ოსმალური წყაროები ჰიურემის შესახებ არის მისი და სულეიმანის მიმოწერა, ჰარამხანის სახაზინო ჩანაწერები, სულეიმანის დღიურები და სასიყვარულო ლექსები, რომლებიც ჰიურემს მიუძღვნა, ასევე სულეიმანისა და ჰიურემის წერილები პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტისადმი. ეს წყაროები წარმოდგენას იძლევა როქსოლანას ქცევისა და პიროვნების შესახებ. თუმცა ისინი მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ XIX და XX საუკუნეებში გახდა.
როქსოლანას დახასიათებები, რომლებსაც XVI და XVII საუკუნეების ოსმალეთის ისტორიკოსები, ევროპელი დიპლომატები თუ მოგზაურები გადმოგვცემენ, სპეკულაციურია და უტრირებული. არც ერთ მათგანს სულეიმანის საიმედოდ დაცულ ჰარამხანაში არ შეუღწევია. ისინი ძირითადად მოახლეებისა თუ შიკრიკების მონათხრობსა და სტამბოლის მოსახლეობაში გავრცელებულ ჭორებს ეყრდნობოდნენ. თვით ვენეციელი ელჩების ჩანაწერებიც კი სულეიმანის საიმპერატორო კარის შესახებ, რომლებიც დასავლურ სამყაროში როქსოლანაზე ყველაზე სანდო და ობიექტურ პირველწყაროს წარმოადგენს, ხშირად ეყრდნობოდა ჰარამხანაზე გავრცელებულ მითქმა-მოთქმას. ევროპული წყაროები, ერთი მხრივ, როქსოლანას მონსტრად წამოსახავენ, შეუბრალებელ ინტრიგანად, რომელიც მუდმივად უწამლავდა გონებას სულეიმანს თავისი მაქინაციებით, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა თურქების რწმენას, რომ მან სულეიმანს თავი მისნობით შეაყვარა. ინგლისელი ისტორიკოსი რიჩარდ ნოლესი, რომელმაც როქსოლანას «აღმოსავლეთის უდიდესი იმპერატრიცა» უწოდა, მას ახასიათებს როგორც ბოროტ, ცოდვილ და ინტრიგან ქალს, რომელიც სულეიმანს მთლიანად აკონტროლებდა. როქსოლანას ასეთი უარყოფითი დახასიათება დასავლურ წყაროებში რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. პირველ რიგში, ასეთი დამოკიდებულება გამოიწვია ევროპელი დამკვირვებლების მონათხრობმა, რომლებზეც გავლენა მოახდინა თავად ოსმალების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ჰიურემისადმი. რა თქმა უნდა, დასავლეთში ერთგვარი შიშიც არსებობდა ქალ ხელისუფალთა მიმართაც.
XVII საუკუნის მიწურულს ევროპაში როქსოლანასადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა, რაც ოსმალთა იმპერიის დასუსტებით იყო გამოწვეული. ამან შეცვალა ევროპელების დამოკიდებულება საკუთრივ თურქების მიმართაც. თუმცა როქსოლანას დემონური იმიჯი ევროპასა და თურქეთში მაინც შენარჩუნდა.
როქსოლანასთვის წაყენებული მრავალი ბრალდების მიუხედავად, პიროვნული ძლიერება, ნიჭი, ნებისყოფა და სხვა უნარები დაეხმარა მას არა მხოლოდ გადარჩენილიყო სასტიკი ოსმალეთის საიმპერატორო ჰარამხანაში, არამედ ტრიუმფატორი გამხდარიყო და არნახული წარმატებისთვის მიეღწია. ჰიურემმა დიდძალი ქონება და სიმდიდრეც დააგროვა.
როქსოლანა, სავარაუდოდ, 15 წლისა იყო, როცა ჰარამხანაში აღმოჩნდა, 1517-დან 1520 წლამდე, სანამ სულეიმანი სულთანი გახდებოდა. ქალის აღმავლობა ჰარამხანის მსახურიდან სულეიმანის ჰასეკამდე, ანუ საყვარელ მიჯნურამდე, კიდევ უფრო დააჩქარა იმან, რომ 1521 წელს მან სულეიმანს ვაჟი - მეჰმედი გაუჩინა, შემდეგ კი კიდევ ოთხი ვაჟი: აბდულა, სელიმი, ბაიაზიდი, ჯიჰანგირი და ერთი ქალიშვილი - მიჰრიმაჰი.
საიმპერატორო ჰარამხანის ძველი ტრადიციის თანახმად, როქსოლანას მხოლოდ ერთი ვაჟის გაჩენის უფლება ჰქონდა, რათა ამით თავიდან აეცილებინათ როგორც უფლისწულის დედის გავლენა სულთანზე, ასევე ძმების დაპირისპირება ტახტისთვის. მან კი ოთხი უფლისწულის გაჩენით ეს ტრადიცია დაურიდებლად დაარღვია, რაც უკვე მიანიშნებდა, რომ სულეიმანის იმპერიაში ძლევამოსილი ქალი აღზევდებოდა.
ევროპელი ისტორიკოსები და დამკვირვებლები როქსოლანას სხვადასხვა სახელს ეძახდნენ, მათ შორის, როქსელანას, როსელანას, როქსას, როსას ან ლაროსას, რადგანაც წარმოშობით რუსად მიიჩნევდნენ. როქსოლანას უკრაინულ წარმოშობას მისი სახელიც აჩვენებს. იმ დროს ევროპაში როქსოლანიას უწოდებდნენ რუტენიის პროვინციას დასავლეთ უკრაინაში, სხვადასხვა დროს მას მეწამულ რუსს, გალისიასა და პოდოლიასაც ეძახდნენ.
1621-1622 წლებში პოლონეთის საელჩოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ოსმალეთის იმპერიაში სამუელ ტვარდოვსკი წერდა, რომ ოსმალების გადმოცემით, როქსოლანა თანამედროვე ლვოვთან ახლოს მდებარე ქალაქის, როგატინის მართლმადიდებელი მღვდლის ქალიშვილი იყო. ამ ფაქტს კიდევ უფრო ამტკიცებს ბუკოვინას რეგიონის ძველი ფოლკლორული სიმღერა, რომელიც ახალგაზრდა ლამაზი ქალის - ნასტუსენკას (იგივე ანასტასიას) ამბავს გადმოგვცემს, რომელიც ყირიმელმა თათრებმა როგატინიდან მოიტაცეს და თურქულ ჰარამხანაში გაყიდეს. ძველი უკრაინული ნაამბობის თანახმად, როქსოლანას სახელი იყო ანასტასია (ან ალექსანდრა) ლისოვსკა, გავრიილ ლისოვსკის ქალიშვილი, თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ ეს სახელი გამოგონილია.
მაშინ, როცა უკრაინული და პოლონური ლეგენდები და წყაროები ხაზს უსვამენ როქსოლანას სილამაზეს, რომელმაც ძლევამოსილი სულეიმანი მოხიბლა, ვენეციური ჩანაწერების თანახმად, იგი არცთუ ლამაზი ყოფილა. ბრწყინვალე ღიმილისა და თამამი ტემპერამენტის გამო სულეიმანმა მას ჰიურემი დაარქვა, რაც მხიარულსა და პირმცინარს ნიშნავს. იგი ცნობილი იყო თავისი სასიმღერო და მუსიკალური შესაძლებლობებით, აგრეთვე ქარგვის ნიჭით. თუმცა მთავარი მაინც მისი უდიდესი გონიერება და ნებისყოფა იყო, რაც ჰარამხანის სხვა ქალებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა. მისი თანამედროვე ევროპელები ადასტურებდნენ, რომ სულეიმანი შეპყრობილი იყო თავისი ახალი ხარჭით. ჰიურემმა მალევე ჩამოაშორა რჩეული ხარჭის სტატუსი ჩერქეზ გიულბაჰარს (იმავე მაჰიდევრან სულთანს), რომელმაც სულეიმანს პირველი უფლისწული - მუსტაფა გაუჩინა.
სულეიმანის უდიდესი სიყვარული ჰიურემისადმი მის სასიყვარულო ლექსებშიც გამოიხატებოდა. 1558 წელს ჰიურემის გარდაცვალების შემდეგ სულეიმანი დიდხანს იყო მარტო, რადგანაც ჰიურემი იყო მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული, მისი სულიერი მეგობარი და კანონიერი ცოლი.
სულეიმანის დიდი სიყვარული ჰიურემ ჰასეკისადმი მისდამი განსაკუთრებულ მოპყრობაშიც გამოიხატებოდა. სულთანმა ჰიურემზე დაქორწინებით იმპერიაში იქამდე არსებული სამასწლოვანი მორიგი ტრადიცია დაარღვია, რომლის მიხედვითაც ოსმალეთის სულთნები თავიანთ ხარჭებზე არ ქორწინდებოდნენ. იქამდე არც ერთ ყოფილ მონას სულეიმანის კანონიერი ცოლის სტატუსისთვის არასოდეს მიუღწევია. იმავდროულად, ჰიურემზე დაქორწინებით სულთანი პრაქტიკულად მონოგამიური გახდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო ოსმალეთის ისტორიაში. XVI საუკუნის ისტორიული წყაროების მიხედვით, სულეიმანს სხვა ქალის სახელის გაგონებაც კი აღარ სურდა, რაც უჩვეულო გახლდათ თურქი მამაკაცებისთვის.
ჰიურემი იყო პირველი ქალი, რომელიც სულთნის სასახლეში სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, რითაც კიდევ ერთი ტრადიცია დაირღვა. სამეფო ტრადიციის თანახმად, ხარჭა სულთნის სასახლეში რჩებოდა მანამ, სანამ მისი ვაჟი 16-17 წლის გახდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქიდან მოშორებით პროვინციის სამართავად გზავნიდნენ, დედასთან ერთად. სტამბოლის საიმპერატორო სასახლეში კი მხოლოდ ვალიდე სულთნის ანუ სულთნის დედის სტატუსით დაიშვებოდა, ცხადია, თუ მისი ვაჟი სულთანი გახდებოდა. ამ ტრადიციის დარღვევით ჰიურემი ჰარამხანაში დარჩა თავის კუზიან ვაჟ ჯიჰანგირთან ერთად. მისი სამი ვაჟი კი იმპერიის შორეული პროვინციების სამართავად გაგზავნეს.
ბუნებრივია, ოსმალეთის საზოგადოებას არ მოსწონდა სულეიმანის ამგვარი გატაცება ერთი ქალით და ჰარამხანის იერარქიის ძველი ტრადიციების მკვეთრი ცვლილება, რის გამოც იმპერიაში სძულდათ ჰიურემიცა და მისი შვილებიც. უპირატესობას სულეიმანის პირველ უფლისწულსა და მაჰიდევრან სულთანს ანიჭებდნენ, მაგრამ რადგანაც ჰიურემი სულეიმანს უყვარდა, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. საზოგადოება ჰიურემის ძალაუფლებას სულეიმანზე ჯადოსნობით ხსნიდა და მას კუდიანსაც კი უწოდებდნენ. როქსოლანას ასეთი უარყოფითი იმიჯი დასავლელი დიპლომატების მეშვეობით ევროპაშიც გავრცელდა და შიში ქალთა მმართველობისადმი კიდევ უფრო გაიზარდა. 1553 წელს სულეიმანის გადაწყვეტილებით უფლისწულ მუსტაფას სიკვდილით დასჯის შემდეგ, რის პროვოცირებასაც ჰიურემსა და მის სიძეს, მიჰრიმაჰის ქმარს - რუსტემ ფაშას მიაწერდნენ, იგი კიდევ უფრო შეიძულეს როგორც თურქეთში, ასევე დასავლეთში და მისი უარყოფითი იმიჯი კიდევ უფრო გამყარდა. მუსტაფას სიკვდილმა დიდი მწუხარება გამოიწვია იმპერიაში, რადგანაც იგი რჩეული უფლისწული იყო და მომავალ სულთნად მიიჩნევდნენ. მაგრამ ჰიურემის მიმართ სიძულვილის უმთავრესი მიზეზი მაინც სულეიმანის მიერ მის გამო საუკუნოვანი ტრადიციების უგულებელყოფა იყო.
როცა კრიტიკოსები ჰიურემს მანიპულაციებსა და უმთავრესი მეტოქეების - მაჰიდევრანის, დიდვეზირ იბრაჰიმ ფაშას, უფლისწულ მუსტაფასა და დიდვეზირ აჰმედ ფაშას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებენ, ხშირად არ ითვალისწინებენ, რომ საიმპერატორო ჰარამხანის ველურ გარემოში იგი იძულებული იყო, საკუთარი თავისა და შვილების გადარჩენისთვის ებრძოლა.
სულეიმანის ბუნებას ჰიურემი ძალიან კარგად იცნობდა და ამას მოხერხებულად იყენებდა საკუთარი კეთილდღეობისთვის. როცა მაჰიდევრანმა ეჭვიანობის გამო ჰიურემს სახე დაუკაწრა, მან წინდახედულება გამოიჩინდა და იმ ღამით სულეიმანს საძინებელში არ ეახლა. მას შემდეგ, რაც ეს სულეიმანმა გაიგო, მაჰიდევრანი სასახლიდან მანისას პროვინციაში გააძევა მეფისწულ მუსტაფასთან.
ჰიურემის ძალაუფლება წლიდან წლამდე იზრდებოდა. სულთნის სასახლეში მან ისეთი გავლენა მოიპოვა, როგორიც მანამდე არც ერთ ქალს არ მოუპოვებია. არა მარტო უდიდესი გავლენა ჰქონდა სულეიმანზე, არამედ უნარი შესწევდა, მამრობითი სქესის მეტოქეებისთვისაც გაეწია წინააღმდეგობა და უნარიანი მმართველი და მბრძანებელი ყოფილიყო. გახდა სულეიმანის მთავარი პოლიტიკური მრჩეველიც. როცა სულთანი სტამბოლიდან შორს, სხვადასხვა სამხედრო ლაშქრობაში მიემგზავრებოდა, ჰიურემი მუდმივად უგზავნიდა წერილებს, რომლებშიც სიყვარულის ახსნასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე მოვლენებს ატყობინებდა. ამ გზით იგი სულეიმანის ინტერესებს იცავდა და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეიტანა მისი მმართველობის წარმატებაში. უდავოა, რომ სულეიმანი ჰიურემს უფრო ენდობოდა, ვიდრე თავის მამაკაც მრჩევლებს.
სხვა ხარჭებისგან განსხვავებით, რომლებიც საიმპერიო საქმეებში არასოდეს ერეოდნენ, ჰიურემს პოლიტიკური ამბიციები გააჩნდა. მას მტკიცედ გადაეწყვეტა, მიეღწია მაქსიმალური ძალაუფლებისა და თავისუფლებისთვის, რაც კი იმ პერიოდის ოსმალეთის იმპერიაში ქალისთვის შესაძლებელი იყო. იგი ბედავდა, თავისი სიტყვა ეთქვა ხელისუფლებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სულეიმანის დიპლომატიურ გადაწყვეტილებებში, ხშირად კი მისი სახელითაც მოქმედებდა.
როგორც საზოგადო ფიგურა, ჰიურემი ცნობილი გახდა, როგორც დიდი მშენებელი, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მისი სტატუსი. ტრადიციულად ხარჭებს, რომლებიც სულთანს ვაჟს გაუჩენდნენ, შეეძლოთ შენობა-ნაგებობები პროვინციულ ქალაქებში აეშენებინათ, სტამბოლში მშენებლობის უფლება კი მხოლოდ სულთანს ჰქონდა. ჰიურემმა კი არა მხოლოდ სტამბოლში მშენებლობის, არამედ იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში მშენებლობის პრივილეგიაც მოიპოვა. მისი სახელით ანკარაში, ადრიანოპოლში, იერუსალიმსა თუ მექაში არაერთი მედრესე, დაწყებითი სკოლა, სასადილო, აბანო თუ შადრევანი აშენდა.
ჰიურემი აქტიურობდა ოსმალეთის საგარეო პოლიტიკაში. ითვლება, რომ მან უდიდესი როლი შეასრულა პოლონეთთან ურთიერთობების მოგვარებაში. 1525 და 1528 წლებში ოსმალეთის იმპერიასა და პოლონეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სწორედ ჰიურემის სახელს უკავშირდება. იმ პერიოდში, როცა თათრებისა და თურქების გამუდმებული თარეში და ადამიანთა გატაცება ქვეყნისთვის დამღუპველი იყო, პოლონეთის მეფეებმა ოსმალეთთან მეგობრული ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს. თუმცა, არ არის ბოლომდე ცნობილი, რა როლი მიუძღოდა ჰიურემს საკუთარ სამშობლოში გაჩაღებულ მონობით ვაჭრობასა და პოლონელი და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში. ჰიურემსა და პოლონეთის მეფეს შორის გამართული მიმოწერა ადასტურებს მათ მეგობრულ ურთიერთობას, რაც ოსმალეთისა და პოლონეთის მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობაში გადაიზარდა. არსებობს ვარაუდი, რომ ჰიურემის კეთილგანწყობა პოლონეთის მეფეებისადმი ერთგვარი დიპლომატიური ფანდი იყო, რადგანაც მაშინ როქსოლანას მშობლიური მხარე უკრაინაში პოლონეთის მეფეების დომინიონს წარმოადგენდა და სურდა, საკუთარ მხარეს დახმარებოდა.
უკრაინულ და პოლონურ ისტორიულ წყაროებში როქსოლანა ძლევამოსილ მმართველად და უჩვეულო ნიჭის მქონე ადამიანად არის შერაცხილი. მაშინ, როცა რეგიონს თათარ-თურქების გამუდმებული თარეში და მონებით ვაჭრობა ანადგურებდა, მოტაცებული და მონად გაყიდული გოგონას სამეფო ტრიუმფი მათში აღფრთოვანებას იწვევდა.
სარწმუნო ინფორმაცია როქსოლანას შესახებ მაინც მწირია. ერთ-ერთი ყველაზე ახალი წყარო არის უკრაინელი მწერლის პავლო ზაგრებელნის 1979 წელს დაბეჭდილი რომანი «როქსოლანა», სადაც ავტორი იცავს და ამართლებს მის მოქმედებებს და მათ ბედნიერებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით ხსნის...
Комментариев нет:
Отправить комментарий