воскресенье, 14 января 2024 г.

იემენი - გაუბედურებული ქვეყანა

     იემენი თანამედროვე პოლიტიკური გეგმით სამომავლოდ უნდა დაიყოს 6 ფედერალურ ავტონომიურ რეგიონად, რომელნიც თავის მხრივ დაყოფილი იქნებიან ამ წუთას არსებულ პროვინციებად. ცალკე იქნება ფედერალური დედაქალაქი სანაა. სამხრეთ იემენს ეყოლება 2 რეგიონი - ადენი და ჰადრამუტი და დანარჩენი 4 ჩრდილოეთიდან იქნება. ამის გათვალისწინებით ჩრდილოეთის მოსახლეობა აღწევს 2675000-ს, ხოლო სამხრეთის 5717000.
რეგიონები            დედაქალაქი                ფართობი               მოსახლეობა
ადენი                        ადენი                         34440                      3276000
ჰადრამუტი               მუკალა                     359944                      2441000
აზალი                       დჰამარი                     39139                      6089000
ჯანადი                       ტაიზი                        15560                      8466000
შება                           მარიბი                      66214                      2507000
ტიჰამა                     ალ ჰუდაიდა                 29979                      6395000
დედაქალაქი             სანაა                              126                       3293000
    ტერიტორიული თვალსაზრისით იემენი სამხრეთ-დასავლეთ აზიის საკმაოდ დიდი სახელმწიფოა: საუდის არაბეთის დათმობილი ტერიტორიით 555000 კვ.კმ., თუმცა საუდიასთან დაძაბული ურთიერთობისა და მოუწესრიგებელი საზღვრის გამო იემენი დღეს 530000 კვ.კმ-ს აკონტროლებს. მოსახლეობა 34,5 მილიონი კაცია, რომელთაგან 93% იემენელია, 3,7% სომალელი, ხოლო დანარჩენი სხვა ეთნოსები. რელიგიის მხრივ 99,1% მუსლიმია, რომელთაგან 56,36% სუნიტია, 42,1% ზაიდის მიმდინარეობის შიიტი, 1,51% სხვა შიიტი.
    ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მშრალი კლიმატია, რის გამოც იემენის ჩრდილო-აღმოსავლეთი სრულად უდაბნოებს უჭირავს და პრაქტიკულად დაუსახლებელია. სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწები კი მხოლოდ ზღვისპირა სანაპიროებზეა.
   2004 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში პერიოდულობით სამხედრო-სამოქალაქო დაპირისპირებებია, რამაც ისედაც არადემოკრატიულ და სუსტი განვითარების მქონე ქვეყანას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 617 დოლარია, რითაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას სჯობნის. 2014 წლისთვის, ვიდრე სამოქალაქო ომი ქვეყანას რამდენიმე ნაწილად დაგლეჯდა, მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა. ომის შემდეგ კი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 2013 წლისთვის ქვეყნის შემოსავლის მხოლოდ 30% მოჰქონდა წარმოებას და მისი უდიდესი ნაწილი (მშპ-ს 25%) ნავთობმოპოვებაზე მოდიოდა. ბოლო წლებში წარმოების წილი 11%-მდე შემცირდა. ასეთ ღატაკ ქვეყანაში კი საშინელ დღეშია განათლებისა და ზოგადად საზოგადოებრივი განვითარების დონე, რაც ხელს უწყობს სასულიერო ლიდერებს გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე და ქვეყანა შუასაუკუნეობრივი სისტემიდან გამოსვლის საშუალება არ მისცენ.
    იემენის მიწაზე სახელმწიფოებრიობა 3000-ზე მეტი წლის წინ გაჩნდა, თუმცა ასეთი გამოცდილების მიუხედავად, დღემდე თავი ვერ დააღწია ტომობრივ-კლანურ დაყოფას და კლანები დიდ გავლენას ინარჩუნებენ თავიანთ მხარეებზე და ამით ასუსტებენ ქვეყნის ერთიანობას. ამის მიზეზი არამარტო რელიგიური განსხვავებულობებია, არამედ ისიც, რომ უმეტესი დროის მანძილზე ქვეყანა ერთიანი არ ყოფილა, რის გამოც მოსახლეობის დიდ ნაწილს ერთიანობის და ერთ ერად არსებობის განსაკუთრებული მოთხოვნილება არ აქვს.
    VII საუკუნიდან იემენში ისლამი გავრცელდა. აქედან მოყოლებული, პერიოდულად იემენს სხვადასხვა მუსლიმური იმპერია იმორჩილებდა, თუმცა შემდეგ სახელმწიფოებრიობა ბრუნდებოდა, რომლის საზღვრები ზოგჯერ თანამედროვე იემენსაც კი სცილდებოდა. მაგ. XVII საუკუნეში ზაიდის სახელმწიფო მთელ თანამედროვე იემენს მოიცავდა მიმდინარე პროვინციებთან ერთად. XVIII საუკუნეში მას სამხრეთ იემენური მხარეები გამოეყო. ბოლოს, XIX საუკუნის შუა ხანებში ქვეყნის ჩრდილოეთი ოსმალეთმა დაიპყრო, ხოლო საუკუნის ბოლოს, სამხრეთ ნაწილში არსებულ სასულთნოებზე ბრიტანეთმა პროტექტორატი დაამაყარა, თუმცა სასულთნოები ბრიტანეთის გავლენის ქვეშ 1967 წლამდე არსებობდა. პირველ მსოფლიო ომში ოსმალების დამარცხების პარალელურად, ჩრდილოეთ იემენში 1918 წელს შეიქმნა იემენის სამეფო, რომელიც თეოკრატიული (მეფე სასულიერო ლიდერიც იყო) აბსოლიტური მონარქია იყო, რომელიც სხვა ქვეყნებიდან დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. მისი ტერიტორია თანამედროვე ჩრდილოეთ იემენს მოიცავდა, ზღვისპირა ზოლის გარდა.
    II მსოფლიო ომის შემდეგ იემენზე გაიზარდა ნასერისტული ეგვიპტის გავლენა და 1958-61 წლებში ჩრდილოეთ იემენი სირიასთან ერთად ეგვიპტის საკავშირო სახელმწიფოსაც წარმოადგენდა. შემდეგ ეს კოალიცია დაიშალა და ნასერმა ქვეყანაში მონარქიის მოსპობა გადაწყვიტა. 1962 წელს ერთი კვირის ასული იყო ტახტზე მეფე მუჰამად ალ ბადრი, როდესაც ეგვიპტის მხარდაჭერით აჯანყდა ჯარი აბდულა ალ სალალის მეთაურობით, რომელმაც გამოაცხადეს „ნასერული სახელმწიფოს“ „იემენის არაბული რესპუბლიკის“ შექმნა. მეფე გაიქცა მთებში და 8 წლიანი სამოქალაქო ომი დაიწყო საუდის არაბეთის, ბრიტანეთისა და სხვების მხარდაჭერით, ხოლო ამბოხებულებს ეგვიპტე და სსრკ ეხმარებოდა.
    1958 წლიდან ბრიტანეთმა სამხრეთ იემენში დაიწყო თავისი მარიონეტული სახელმწიფოს ფორმირება, რასაც ეწინააღმდეგებოდა ნასერი და სოციალისტები, რომლებმაც 60-იანი წლებიდან დაიწყეს ქვეყანაში აჯანყება. 1967 წელს ეგვიპტის მიერ სუეცის არხის ჩაკეტვის შემდეგ ბრიტანეთმა იემენისადმი ინტერესი დაკარგა და ჯარების გაყვანა დაიწყო. წლის ბოლოსთვის მთელი იემენი სოციალისტ აჯანყებულთა ხელთ აღმოჩნდა, რომელთაც გამოაცხადეს კომუნისტური სახელმწიფოს, „იემენის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა.
   იემენის სახალხო რესპუბლიკა (სამხრეთ იემენი) ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა იყო. მოსახლეობა ირჩევდა საკანონმდებლო კრებას 5 წლით, კრება კი ირჩევდა 5 წლით პრეზიდიუმს და ნიშნავთა მინისტრთა კაბინეტს. 1969 წლამდე ქვეყნის მეთაურის პოსტი იყო პრეზიდენტი, 1969-78 წლებში საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1978-1990 წლებში პრეზიდიუმის თავმჯდომარე. მმართველ პარტიას 1978 წლამდე ერქვა „ეროვნული გათავისუფლების ფრონტი“, ხოლო 1978 წლიდან „სოციალისტური პარტია“.
    სამხრეთის პირველ პრეზიდენტად დაინიშნა კაჰტან მუჰამად ალ შააბი, რომელიც მეთაურობდა ბრიტანელთა წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ომს. 1969 წლის ივნისში მართველი პარტიის რადიკალ-კომუნისტურმა ნაწილმა აბდალ ფათაჰ ისმაილისა და სალიმ რუბაის ხელმძღვანელობით ალ შააბი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს. შემდგომ წლებში კი შინა პატიმრობით გაათავისუფლეს. რუბაი პრეზიდენტი გახდა, ფათაჰი კი პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი. დაიწყო რადიკალური კომუნისტური ღონისძიებების გატარება. ქვეყანას 1970 წლიდან ეწოდა „იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“, როითაც გამოთქვა ამბიცია იემენის არაბული რესპუბლიკის შემოერთებაზე. ქვეყანა მჭიდროდ დაუკავშირდა სსრკ-ს, კუბას. დაიწყო წარმოების ნაციონალიზაცია და კომუნისტური „მიწის რეფორმა“. შარიათის კანონები სახელმწიფო კანონებმა ჩაანაცვლა. განათლებას ჩამოცილდა რელიგია. ქალები და კაცები გათანაბრდნენ უფლებრივად და შემოვიდა განქორწინების უფლება. ქვეყანაში სსრკ-ს სამხედრო ბაზები განთავსდა. 1975 წლიდან აიკრძალა ოპოზიციური პარტიები და ერთპარტიული სისტემა შეიქმნა.
    1967 წლის 5 ნოემბერს იარ-ის პრეზიდენტი სალალი უსისხლოდ გადააყენა პრეზიდენტის საბჭომ, მისივე მოადგილის აბდელ რაჰმან არიანის მეთაურობით, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკება მონარქისტებთან სამხედრო კომპლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ. ამ პროცესში მალე საუდის არაბეთი ჩაერთო. შედეგად, 1970 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდ. იემენის დიდი ნაწილი მეფის ჯარებსა და „იემენის არაბული რესპუბლიკის“ მოწინააღმდეგეებს ეკავათ, საუდის არაბეთმა ცნო იემენის არაბული რესპუბლიკა, მაშინ მას დაეთანხმა ბრიტანეთი და ჩრდილოეთ იემენი. შედეგად შეიქმნა ეროვნული თანხმობის მთავრობა სამხედროებისა და მონარქისტების მონაწილეობით. მეფე საუდის არაბეთიდან ინგლისში გადასახლდა.
        „იემენის არაბული რესპუბლიკა“ არადემოკრატიული სახელმწიფო იყო სამხედრო ხუნტის მმართველობით და ისლამის გავლენით.
    სამხრეთ იემენში ჩამოყალიბდა პროსაუდური სამხედრო დაჯგუფება „სამხრეთ არაბეთის ლიგა“, რომელმაც 1972 წელს წარუმატებლად სცადა სამხრეთის პრემიერ მინისტრის ალი ნასერ მუჰამედის მოკვლა. მალე საუდის წაქეზებით ჩრდილოეთის ჯარები შეიჭრა სამხრეთში. ჩრდილოეთს საუდია, ეგვიპტე, ბრიტანეთი და აშშ უჭერდა მხარს, ხოლო სამხრეთს კუბა, სსრკ და სხვა სოციალისტურები. 23 დღიანი ომი სექტემბერ-ოქტომბერში უშედეგოდ დასრულდა.
    1972 წელს პრეზიდენტმა არიანმა მიაღწია შეთანხმებას სამხრეთ იემენის მთავრობასთან ქვეყნების გაერთიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა. 1974 წელს სამხედროებმა პოლკოვნიკ იბრაჰიმ მოჰამედ ალ ჰამდის სარდლობით უსისხლოდ გადააყენეს არიანი.
    სამწლიანი მმართველობისას ალ ჰამდი ცდილობდა შეექმნა თანამედროვე სახელმწიფო, დამყარებული სრულ თანასწორობაზე, კანონსა და სამართლიანობაზე. განამტკიცა სახელმწიფო ინსტიტუტები და შეზღუდა ტომობრივი განკერძოება, რის დროსაც აჯანყების ჩახშობაც მოუწია. მოაწყო არმიის წმენდა, ებრძოდა კორუფციას და აკრძალა სახელმწიფო ავტომობილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება. მისი მმართველობის დროს ისტორიულად იემენს ყველაზე მაღალი ეკონოომიკური ზრდა ჰქონდა, საშუალოდ 6,5% წლიურად. აიგო ასობით სკოლა და საავადმყოფო, ათასობით კილომეტრი გზა, სსრკ-ს დახმარებით მიმდინარეობდა ქვეყნის ტექნიკური გადაიარაღება; გამოცხადდა პირველი ეკონომიკური ხუთწლედი.
    პარალელურად გაუმჯობესდა ურთიერთობა საუდის არაბეთთან და სამხრეთ იემენთან. დაიგეგმა 4 წლის შემდეგ ორივე იემენის გაერთიანება. 1977 წლის 13 ოქტომბრისათვის დაიგეგმა მისი ვიზიტი ადენში, რათა სამხრეთთან ერთობრივი თავდაცვის ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი, თუმცა ორი დღით ადრე მის ძმასთან ერთად სანააში მოკლეს. მაშინ ხელისუფლება ხელში აიღო გენერალთა საბჭომ აჰმად ალ ღაშმის მეთაურობით. ერთადერთი რაც ალ ღაშმმა მოასწრო, მოიწვია „დამფუძნებელი სახალხო კრება“, რომელშიც წევრთა უმეტესობა თვითონ დანიშნა. კრებას რჩევის მიცემის ფუნქცია ჰქონდა. 
    ამასობაში სიტუაცია დაიძაბა სამხრეთ იემენის ლიდერებს შორის. ფათახმა მემარცხენე დაჯგუფებებისგან შექმნა „სოციალისტური პარტია“, რომელიც უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა სსრკ-ს.
    1978 წლის 23 ივნისს სამხრეთის პრეზიდენტმა სალემ რუბეია ალიმ თხოვა ალ ღაშმის მიეღო მისი წარმომადგენელი გაერთიანების თაობაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრაზე მისულ სამხრეთის წარმომადგენლის ჩემოდანში ბომბი აღმოჩნდა, რომელმაც მოკლა ალ ღაშმი და სამხრეთ იემენელი ელჩი. ჩრდილოეთ იემენში სამხედრო მზადება დაიწყო სამხრეთის წინააღმდეგ საომრად. მაშინ რუბეიამ ჩაიფიქრა გადატრიალება, მაგრამ მომხრეები ვერ იპოვა და გადადგომა გამოაცხადა. ამის მიუხედავად, ფათახმა სალემ რუბეია დააპატიმრებინა და დახვრიტა. 2 წელი სამხრეთს ფათახი სოციალისტური პარტიის მეთაურის პოსტით მართავდა. პრეზიდენტის საბჭოს მეთაურად დაინიშნა ალი ნასერ მუჰამედი, რომელიც 1969-77 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო, ხოლო 1971 წლიდან პრემიერ მინისტრი და საპრეზიდენტო საბჭოს წევრი. დაიწყო სსრკს-თან ურთიერთობის გაღრმავება.
  ალ ღაშმის სიკვდილის შემდეგ, ჩრდილოეთ იემენში კრების თავმჯდომარე და ვიცე პრეზიდენტი აბდელ კარიომ აბდალა ალ-არაში დანიშნეს პრეზიდენტად, ხოლო სამხედროებმა შეადგინეს საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც მეთაურობდა გენშტაბის მეთაურად დანიშნული ალი აბდალა სალეჰი. 24 დღეში სამხედროებმავე არაში ისევ ვიცე პრეზიდენტად დააბრუნეს და სალეჰი იემენის პრეზიდენტი გახდა.
     დაარსების დღიდან იემენის არაბულ რესპუბლიკაში არსებობდა „ეროვნული დემოკრატიული ფრონტი“, რომელიც ქვეყნის სრულ სოციალიზმში გადასვლისათვის იბრძოდა და მას ეხმარებოდა პერიოდულად სამხრეთ იემენი, რაც ძაბავდა სიტუაციას ორ იემენს შორის. 1979 წლის თებერვალ-მარტში იემენებს შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა, რომელიც არაბული ქვეყნების ჩარევით მოგვარდა. აჯანყებულებთან ბრძოლა კი სალეჰმა ახლადშექმნილ „ისლამურ ფრონტთან“ ერთად განაგრძო და 1982 წელს წარმატებით დაასრულა. სოციალისტ მებრძოლთა გადარჩენილი ნაწილი სამხრეთში წავიდა.
        1980 წელს სამხრეთ იემენში მორიგი შიდაგადატრიალება მოხდა: ალი ნასერ მუჰამედი აირჩიეს სოციალისტური პარტიისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ხოლო ფათაჰი ავადმყოფობის მომიზეზებით გადააყენეს და 5 წლით მოსკოვში გაასახლეს.
        ალი ნასერმა სრულად შეცვალა პოლიტიკა: საგარეო პოლიტიკაში დაუახლოვდა ჩრდილოეთ იემენს, საუდის არაბეთსა და სხვა არაბულ ქვეყნებს; დაიწყო დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია. საშინაო პოლიტიკაში ხელი შეეწყო შიდა ბაზრის განვითარებას, მიმდინარეობდა ადგილობრივ ტომთა ლიდერებთან მჭიდრო კავშირების დამყარება, რომელთაც ადგილობრივ მმართველობაში პოზიციები განუმტკიცეს, რითაც ისინი აქტიურად ჩართეს ქვეყნის მოწესრიგებაში.
    სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ენერგეტიკა. ხელი შეეწყო სასმელი წყლით ქალაქების მომარაგებას. სოფლის მეურნეობის წარმოება გაიზარდა 65,7%-ით. სწრაფი ტემპით ვითარდებოდა ვაჭრობა, განსაკუთრებით სოციალისტურ და კაპიტალისტურ ქვეყნებთან. შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა. 1984 წლიდან მცირე საკუთრებაზე შემოვიდა კერძო საკუთრება და იყო მცდელობები უცხოური ინვესტიციების შემოსვლის.
    ამის მიუხედავად ქვეყნის განვითარება მაინც საკმაოდ სუსტი იყო. კოლექტივიზაცია, მშრალი კლიმატი და 1982 წლის დიდი მიწისძვრა აფერხებდა ეკონომიკის წამყვანი დარგის - სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  ალი ნასერის ასეთმა საქმიანობამ გამოწვია კონსერვატორი კომუნისტების ოპოზიციაში გადასვლა. 1985 წლიდან ფათაჰს მიეცა შინ დაბრუნების უფლება, ხოლო პრემიერ მინისტრობა ფათაჰის მომხრეთა მოთხოვნით ალი ნასერმა ჰაიდარ აბუბაქრს ალ ატასს მისცა. მალევე ფათაჰი პარტიის პოლიტბიუროში დააბრუნეს და მის ირგვლივ გაერთიანდნენ. 1986 წლის 13 იანვარს ალი ნასერმა ადენში ქვეყნის მმართველი პოლიტბიუროს სხდომა მოიწვია, რომელზეც ფათაჰი და ოპოზიციონერების უმეტესობა დახოცეს. მათი მომხრეთა დევნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. არმიის სპეციალურმა და სატანკო დანაყოფებმა ოპოზიციის მხარეს გადასვლა იწყეს.
    პრემიერ მინისტრი ატასი ერთი კვირით სსრკ-ში გაემგზავრა შიდაკონფლიქტის მოგვარებისთვის დახმარების სათხოვნელად. 24 იანვრის შეთანხმებით ატასი სამხრეთ იემენის მეთაური გახდა, ხოლო პარტიული ოპოზიციის გადარჩენილი ლიდერთაგანი ალი სალემ ალ ბეიდი 8 თებერვლიდან პარტიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ალი ნასერი ჯერ ჩრდილოეთ იემენში გადასახლდა და ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა; 2011 წლიდან იგი უკვე დემოკრატიული გარდაქმენებისა და შიდაომის დასრულებისთვის იბრძვის.
        ომმა დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა ქვეყანას. ალი ნასერის მომხრეებს ჯერ ამინისტია გამოუცხადეს, თუმცა მოგვიანებით 142 მათგანი მაინც დააპატიმრეს და დასაჯეს სხვადასხვა ფორმით. ოქტომბერში ჩატარდა „უმაღლესი სახალხო საბჭოს“ მეორე არჩევნები, რომლის შედეგად ალ ბეიდმა და ატასმა ხელისუფლება შეინარჩუნეს.
      სსრკ-ში გორბაჩოვის პოლიტიკის გამო სულ უფროდაუფრო მცირდებოდა ამ ქვეყნის დახმარება სამხრეთ იემენისადმი, რაც ძალიან ასუსტებდა მისი ეკონომიკას. მიუხედავად სხვა არაბული და დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა, მდგომარეობა სულ უფრო მძიმებოდა. ასეთ ვითარებაში ალ-ბეიდმა 1989 წლიდან აქტიური მოლაპარაკება დაიწყო ჩრდილოეთთან გაერთიანების თაობაზე.
    ჩრდილოეთში 1981 წლიდან სალეჰმა ინტენსიური ურთიერთობა დაამყარა სსრკ-სთან, რათა ისინი სამხრეთელებისგან ჩამოეშორებინა. ჩამოაყალიბა საკანონმდებლო კრება, რომელმაც სალეჰი 1983 და 1988 წლებში აირჩია პრეზიდენტად. 1981 წელს იემენებმა შეიმუშავეს კონსტიტუციის პროექტი, რომლის საფუძველზე დაიწყო მოლაპარაკება გაერთიანების თაობაზე, რაც წარმატებით დასრულდა 1990 წლის 22 მაისს სამხრეთ იემენის იემენის არაბულ რესპუბლიკასთან შეერთებით. გაერთიანებულის საპრეზიდენტო საბჭოს მეთაურად გამოცხადდა სალეჰი, ვიცე პრეზიდენტად სამხრეთის დეფაქტო ლიდერი ალ-ბეიდი, ხოლო პრემიერ მინისტრად სამხრეთის ლიდერი ჰაიდარ აბუ ბაქრა ალ ატასი. გაერთიანების პროცესები კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა. 
    ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთიანი იემენი საბოლოოდ გავიდა სოციალიზმისგან, შექმნა საერთო პარლამენტი და გარეგნულად ცდილობდა ცივილიზებული სახელმწიფოს ფორმირებას.
    1993 წელს იემენის პირველ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სალეჰის 1982 წელს დაარსებულმა „საყოველთა სახალხო კონგრესმა“ 28,69% ხმით, სამხრეთელი პრემიერის იემენის სოციალისტურმა პარტიამ 18,54%, ხოლო აბდულა ალ აჰმარის (ჩრდ. იემენის საკანონმდებლო კრების ლიდერი 1969-1975) ალ ისლაჰმა 17,14% აიღო. დანარჩენმა პარტიებმა 3 და ნაკლები პროცენტი მიიღეს. აბდულა ალ აჰმარი სალეჰთან კოალიციაში შევიდა და სიცოცხლის ბოლომდე (2007 წლამდე) პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
    ქვეყანა არსებითად საუდის არაბეთის გავლენის ქვეშ მოექცა. მისი ინსტრუქციით სალეჰთან და აჰმართან ერთად ქვეყნის მმართვაში მონაწილეობდა არმიის მეთაური ალი მოჰსენ ალ-აჰმარი. ამასთან ავტონომიას ინარჩუნებდნენ ტომების მეთაურები და რელიგიური ლიდერები.
    1994 წლის მაისში სამხრეთის ლიდერებმა გამოაცხადეს „იემენის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა და სოციალიზმის აღდგენა. ალ ატასი პრემიერ მინისტრად გამოაცხადეს. ივლისში სალეჰის ბრძანებით ჩრდილოეთის ჯარმა აღადგინა სამხრეთზე კონტროლი. ატასი იორდანიაში გაიქცა და მხოლოდ 2003 წლის ამინისტიის შედეგად იემენში დაბრუნება, თუმცა პოლიტიკაში აღარ იყო. ალ-ბეიდი ომანში გაიქცა, 2009 წლიდან კი „სამხრეთის მოძრაობის“ (დაარსდა 2007 წ.) ერთერთი ლიდერი გახდა.
    1994 წელს პარლამენტმა სალეჰი აირჩია ერთიანი იემენის პრეზიდენტად. მან დაიწყო თანდათან ძალაუფლების გამყარება. სოციალისტური პარტია განადგურდა, სხვა ოპოზიციას კი განვითარების საშუალება არ მიეცა. არჩევნები არსებითად სალეჰისა და მისი მარიონეტი პარტიის კონკურენციაში მიდიოდა, რომელიც წინასაარჩევნოდ აკრიტიკებდა ხელისუფლებას და ადანაშაულებდა კორუფციაში.
    1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სალეჰის კონგრესმა 43,1% მიიღო, ალ-ისლაჰმა 23,39%, 54 კანდიდატი იყო დამოუკიდებელი დეპუტატი, თუმცა ან კონგრესის მხარდაჭერით ან ალ-ისლაჰის. პარალელურად პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში სალეჰმა ხმების 96% მიიღო.
    კონსტიტუციით სალეჰს მეტი პრეზიდენტობა აღარ შეეძლო, ამიტომ 2001 წლის თებერვალში გამართა რეფერენდუმი კონსტიტუციის შესწორებაზე და დიდი დარღვევებით მიიღო 77,2%, რამაც დიდი სახალხო საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გამოიწვია.
    2003 წლის არჩევნებიც კონგრესმა და ალ-ისლაჰმა მოიგეს 57,8%-ითა და 22,5%-ით. „დამოუკიდებლებს ამჯერად 14 მანდატი მისცეს, ხოლო სოციალისტებს 7.
     2004 წლის ივნისში შიიტური სექტის ზაიდის ლიდერმა ჰუსეინ ბადრედინ ალ ჰუთიმ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება დაიწყო. სალეჰის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აჯანყებული „ჰუსიტები“ (ჰუთები) ქვეყანაში შიიტური შარიათის დამყარებისთვის იბრძვიან.
        ჰუსიტურ მოძრაობას ღრმა ფესვები ჰქონდა. ის საადის შიიტურ რეგიონში ჩამოყალიბდა, რომელიც ადრე ზაიდი იმამების დასაყრდენი იყო, რომელიც 1000 წელი მართავდა იემენს. იმამატის დამხობის შეგდეგაც იემენის არაბული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სუსტად მიუწვდებოდა ხელი რეგიონზე და არც მისი განვითარებისათვის ზრუნავდა. მეტიც ხელისუფლება ძალაუფლების გასამყარებლად ანტიშიიტურ ჯიჰადისტებთან და საუდის არაბეთთან თანამშრომლობდა. ალ-ჰუთიმ რეგიონიდან პარლამენტში გასვლაც კი მოახდინა, რის შემდეგაც შიიტებში მისი გავლენა სულ უფრო იზრდებოდა. ამასთან მისი დაფინანსება დაიწყო ირანმა. იგი სასტიკად აკრიტიკებდა სალეჰის ხელისუფლებას, ადანაშაულებდა მას კორუფციასა და უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულებაში. სალეჰმა სცადა ალ ჰუთის დაპატიმრება, რასაც მოჰყვა ჰუსიტების აჯანყება.
    იემენის ჯარებმა 10 სექტემბერს ჰუსეინ ალ ჰუთი მოკლეს, რის შემდეგაც მოძრაობის ლიდერად მისი ძმა აბდულ მალიკ ალ ჰუთი გამოცხადდა, ხოლო სულიერ ლიდერად მამამისი ბადრედინი.
    2005 წლის მარტში ომი განახლდა, თუმცა კვლავ ხელისუფლების ჯარებმა იმარჯვეს და ივნისში ახალი ზავი დაიდო. ნოემბერში ახალი შეტაკებები მოხდა. 2006 წლის დასაწყისში სალეჰმა წინასაარჩევნოდ ამინისტია გამოუცხადა ჰუსიტებს და 600 კაცი გამოუშვა ციხიდან.
    2006 წლის არჩევნებისთვის ალ-ისლაჰი, სოციალისტური პარტია და სხვა ოპოზიციურები გაერთიანდნენ და საერთო კანდიდატად დაასახელეს სამხრეთელი ყოფილი სოციალისტი პოლიტიკოსი ფაისალ ბინ შამლანი. წინასაარჩევნო კამპანიის ან სექტემბრის არჩევნების დროს არაერთი პოლკიტიკოსი და მხარდამჭერი მოკლეს. საბოლოოდ სალეჰმა 77,17% მიიღო, ხოლო შამლანმა 21,82%.
    2007 წლის იანვარ-მარტში; 2008 წლის მარტ-ივლისში; 2009 წლის აგვისტოდან 2010 წლამდე შიიტები აწყობდნენ თავდასხმებს ხან იემენის არმიასა და პოლიციაზე ხან საუდის არაბეთის საზღვრისპირა რეგიონებზე, რასაც საუდელთა და სალეჰის ძალების სადამსჯელო რეაქციებიც მოსდევდა. 2010 წლის 13 იანვარს სალეჰმა ქალაქ საადის აღების ოპერაცია დაიწყო. ჰუსიტებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და ირანის შუამდგომლობით ზავი ითხოვეს. 19 მარტს სალეჰმა ჰუსიტებთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა პერიოდული პატარა ამბოხებები სხვადასხვა რაიონებში მათ ისევ ჰქონდათ.
    2010 წლიდან იემენში აქტიური ტერორისტული საქმიანობა გააჩაღა ალ-ქაიდამ, რომელმაც არაერთი ადგილობრივი ისლამისტური ჯგუფი გააერთიანა თავის ფრთებქვეშ.
     2010 წლის 17 დეკემბერს ტუნისში ხელისუფლების გადადგომისა და ცვლილებების მოთხოვნით საყოველთაო გამოსვლები დაიწყო, რაც მთელ არაბულ ქვეყნებში სახალხო გამოსვლებსა და რევოლუციებში გადაიზარდა და „არაბული გაზაფხული“ ეწოდა. არადემოკრატიული სისტემა, კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანურ-ტომობრივი სისტემა, რელიგიის გავლენა, ცუდი კლიმატი და სხვა ფაქტორები იემენს ღარიბ ქვეყნად ტოვებდა.
    27 იანვარს ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა სანააში 16000 კაცის მონაწილეობით. 2 თებერვალს შეშინებულმა სალეჰმა გამოაცხადა, რომ 2013 წლის არჩევნებში მონაწილეობას არც თვითონ მიიღებს და არც მის შვილს ამონაწილევებს. 3 თებერვალს 20000 პროტესტანტი გამოვიდა სანააში, პროტესტები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. საპასუხოდ იმავ დღესვე ჯარისკაცებმა მმართველი პარტია სახალხო კონგრესის შეიარაღებულმა წევრებმა და სხვებმა სალეჰის მომხრე დემონსტრაცია გამართეს სანააში.
    27 თებერვალს ჰუსიტების ლიდერმა აბდულ მალიკმა დემოკრატიულ პროტესტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მოითხოვა რეჟიმის დამხობა ისე, როგორც ეს მოხდა ტუნისსა და ეგვიპტეში. მაშინ მთელი ჩრდ. იემენის შიიტებმა ჰუსიტებთან შეერთება დაიწყეს. 19 მარტს ჰუსიტების ჯარი შევიდა საადში და 5 დღეში აიღო ქალაქი. ერთ კვირაში მთელი პროვინცია საადი მათ ხელში აღმოჩნდა.
    ივლისში ჰუსიტებმა ომით დაიპყრეს ჯაუფის პროვინცია. ამ პერიოდიდან მათ ხელისუფლების, ალ-ისლაჰის და მათი მომხრე ტომების გარდა ალ ქაიდასა და სალაფიტებთანაც უწევდა ბრძოლები.
      ნოემბრიდან ჰუსიტები ჩრდ. იემენში წარმატებულ სამხედრო სვლას აგრძელებდნენ, მიაღწიეს წითელ ზღვას და მიუახლოვდნენ დედაქალაქ სანაას.
    4 ივნისს სახელისუფლებო რეზიდენციაზე პროტესტანტების თავდასხმის შედეგად სალეჰი დაშავდა და 23 სექტემბრამდე მკურნალობისთვის საუდის არაბეთში იყო, მის მოვალეობას კი ვიცე პრეზიდენტი აბდრაბუქ მანსურ ჰადი ასრულებდა.
        23 ნოემბერს სალეჰმა ერ რიადში სპარსეთის ყურის ქვეყნების შუამდგომლობით ხელი მოაწერა ძალაუფლების გადაცემას 30 დღეში მისი ვიცე პრეზიდენტისადმი, ბრალდებებზე იმუნიტეტისა და ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ. გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და ჰადი კვლავ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან არჩევნები 26 ნოემბერს 21 თებერვლისთვის დანიშნა.
    არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს ჰუსიტებმა და სამხრეთელმა სოციალისტებმა. წვრილმა პარტიებმა კი სამოქალაქო დაპირისპირების გაფართოების პირობებში თავისი კანდიდატურა არ წამოაყენეს და ჰადი ერთერთი კანდიდატი იყო არჩევნებზე. 2012 წლის 27 თებერვალს სალეჰმა პოსტი ოფიციალურად გადააბარა ჰადის, რომელიც 2 წლით აირჩიეს.
    ჰუსიტები შემოდგომამდე აგრძელებდნენ ახალ-ახალი რაიონებისა და ქალაქების დაკავებას ჩრდილოეთში და სანაას ძველი ქალაქიც დაიკავეს, თუმცა წინ ვეღარ წაიწიეს და ხელისუფლებასთან სამშვიდობო ხეშეკრულებით სანაა სრულად დატოვეს.
        2014 წელს ჰადიმ ერთი წლით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობა. 2014 წლის 18 აგვისტოს საწვავზე ფასების ზრდის გამო ჰუსიტებმა დიდი დემონსტრაციები დაიწყეს სანააში, რასაც ხელისუფლებამ რეპრესიები დაუპირისპირა. ეს 16 სექტემბერს სამხედრო ამბოხში გადაიზარდა და 21 სექტემბერს დედაქალაქი ჰუსიტებმა აიღეს. პრემიერ მინისტრი მოჰამად ბასინდავა გადადგა და ჰუსიტებმა ხელის მოაწერეს „ეროვნული ერთობის მთავრობის“ ჩამოყალიბებას.
    ჰუსიტების აჯანყებას კულისებიდან მართავდა პოლიტიკაში მობრუნებული ნაპრეზიდენტალი სალეჰი, რომლის მომხრეები აქტიურად შეუერთდნენ ჰუსიტებს ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.
    2015 წლის იანვარში დავა დაიწყო საკონსტიტუციო პროექტის გარშემო ჰადისა და ჰუსიტებს შორის. ჰადის პროექტით ქვეყანა 6 ფედერალურ ოლქად დაიყოფოდა და აკრძალებოდა პოლიტიკური პარტიები რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე. შიიტებს სურდათ ქვეყნის ორ ფედერალურ ოლქად გაყოფა, რაც მათ სრულად დაუქვემდებარებდა ჩრდილოეთს.
    2015 წლის 20 იანვარს ჰუსიტებმა აიღეს პრეზიდენტის სასახლე, 22 იანვარს ჰადის გადადგომა დააწერინეს და შიდაპატიმრობაში აიყვანეს, გამოაცხადეს რევოლუციური კომიტეტის შექმნა და თავის თავზე აიღეს ხელისუფლება და მმართველ პარტიასთან გაერთიანების პროცესი დაიწყეს. მხოლოდ გენერალმა ალი მოხსენ ალ-აჰმარმა (სალეჰის ნახევარძმა დედის მხრიდან) და პარტია ალ-ისლაჰმა გამოაცხადა ეს ფაქტი გადატრიალებად და ბრძოლა განაგრძო.
    ჰადი ერთი თვის შემდეგ გაიქცა მშობლიურ ქალაქ ადენში, სადაც გააუქმა გადადგომა და გააკრიტიკა სახელმწიფო გადატრიალება. ის ჩავიდა ერ რიადში და მისი თხოვნით საუდის არაბეთმა ინტერვენცია დაიწყო იემენში ჰადის ხელისუფლების მხარდასაჭერად.
    გაეროს შუამდგომლობით ჰუსიტებმა 21 სექტემბერს შექმნეს „ეროვნული ერთობის მთავრობა“, თუმცა მას არ აღიარებდა სამხრეთის გამოყოფის მსურველი სამხრეთის მოძრაობა, ალ ქაიდა და სხვა ჯგუფები. ქვეყანა მრავალწლიან ომში ჩაიძირა. ჰუსიტებს ირანი ამოუდგა მხარში, ჰადის კი, საუდის არაბეთი, აფრიკული ქვეყნები და დასავლეთი.
    2016 წლის 28 ივნისს ჰუსიტებმა ხელისუფლება ფორმალურად გადააბარეს პოლიტიკოსებისგან შექმნილ „უმაღლეს პოლიტიკურ საბჭოს“ ახალგაზრდა მაჰდი ალ მაშადის მეთაურობით, თუმცა ჰუსიტების დაკავებული ჩრდილოეთ იემენის რეალური ლიდერი კვლავ ჰუსიტების ოჯახია, რომლის ლიდერის დავალებით ფაქტობრივი პრეზიდენტის როლს ასრულებს საბჭოს წევრი, მისი ბიძაშვილი მოჰამედ ალი ალ ჰუსი. საბჭო 10 კაციანი იყო და მათგან სალეჰის თანამებრძოლი-თანაპარტიელი 5 კაცი იყო.
        სალეჰს ხელისუფლების დაბრუნება სურდა, ხოლო ჰუსიტები კი ძალაუფლების დამთმობნი არ ჩანდნენ, ამიტომ 2017 წლიდან სალეჰმა ფარული მოკავშირეობა გააბა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, რომლის დაფინანსებით ამავე წლიდან საუდიაში მცხოვრებ პრეზიდენტ ჰადის აუმბოხდა სამხრეთ იემენის რამდენიმე გუბერნატორი. როდესაც ჰუსიტებმა ამ კავშირზე შეიტყვეს ურთიერთობა დაიძაბა და შემოდგომაზე სანააში სალეჰისა და ჰუსიტების ჯარებს შორის შეტაკებები დაიწყო. 2 დეკემბერს სალეჰმა მოუწოდა მომხრეებს დაებრუნებინათ ქვეყანა და მზადყოფნა გამოთქვა ჰადის მფარველ საუდის არაბეთის შექმნილ კოალიციასთან თანამშრომლობაზე. 4 დეკემბერს საუდელთა კონტროლირებად ტერიტორიისაკენ მიმავალი სალეჰი ქალაქ მარიბში ჰუსიტებმა მოკლეს თავისივე მანქანაში მუხის გასროლით.
        როგორც აღინიშნა, 2017 წლის დასაწყისიდან არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაიწყეს თავისი მომხრეების მოძიება სამხრეთ იემენში. ამის მიზეზი გახდა ჰადის ახლობლობა პარტია ალ-ისლაჰთან, რომელიც თავის მხრივ არაბულ ქვეყნებში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება „ძმები მუსლიმების“ პარტნიორია. 2017 წლის 27 აპრილს პრეზიდენტმა ჰადიმ გადააყენა ადენის პოპულარული გუბერნატორი აიდარუს აზ-ზუბაიდი, პოსტიდან, რადგან იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა საემიროელებთან, რომლებიც ჰადის სიტყვით, ადენში ოკუპანტებივით იქცეოდნენ. ამას ქალაქში ზუბაიდის მომხრეთა დიდი დემონსტარაციები მოჰყვა.
    11 მაისს ზუბაიდიმ საემიროების მხარდაჭერით შექმნა „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“, რომელიც სამხრეთ იემენის მთავრობა უნდა გამხდარიყო. ჰადიმ ეს ნაბიჯი არალეგიტიმურად გამოაცხადა, თუმცა ხელი ვერ შეუშალა.
       2018 წლის 28 იანვრიდან მოყოლებული ზუბაიდის ჯარმა დაიკავა ადენი და დაიწყო ჰადის ხელისუფლების დამხობის პროცესი სამხრეთში. 2020 წლისთვის მათ თავიანთი ხელისუფლება გაავრცელეს სამხრეთის ნაწილსა და კუნძულ სოკოტრაზე და თანდათან შეასუსტეს ალ ქაიდას პოზიციები, რომელსაც ცოტა ხნით ადრე სამხრეთის დიდი ნაწილი ეჭირა. 26 აპრილს მათ თვითთმართველობის ოფიციალურად ჩამოყალიბება გამოაცხადეს.
    2020 წლის დეკემბერში საუდის არაბეთის ჩარევით ჰუსიტებისა და ალ-ქაიდას გარდა ყველა სხვა დაჯგუფებამ (ჰადის ხალხი, სალეჰის მომხრეები მისი ძმისშვილის მეთაურობით, „სამხრეთის მოძრაობა“, „სამხრეთის გარდამავალი საბჭო“) ხელი მოაწერა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას და დაიწყო მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკება.
    1 მარტს გაეროს შუამდგომლობით იემენის მეომარმა ძალებმა ძალებმა გამოაცხადეს ორთვიანი დაზავება, რაც შემდგომშიდაც გააგრძელეს.
    7 აპრილს ჰუსიტების გარდა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ხელი მოაწერეს ერთიანი იემენის მთავრობის „საპრეზიდენტო მმართველი საბჭოს“ შექმნას, რომელსაც ძალაუფლება გადასცა ჰადიმ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მას დიდად არ სურდა. 4-8 მაისის მოლაპარაკებით საბჭოში 8 წევრიდან 3 წევრი „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ მიეცა. იემენის ოფიციალურ პრეზიდენტად გამოცხადდა რაშად ალ ალიმი, რომელსაც 2001-2008 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეჭირა, 2006-2011 წლებში ვიცე-პრემიერის პოსტი, 2014 წლიდან კი პრეზიდენტ ჰადის მრჩეველი იყო. მმართველ საბჭოში შედიან სალეჰის ძმისშვილი ტარეკი, სამხრეთის ლიდერი აზ-ზუბაიდი და გავლენიანი ტომების ლიდერები.
    ჰუსიტები, რომელთაც ჩრდ. იემენის დიდი ნაწილი უჭირავთ არ ცნობენ მსოფლიოს აღიარებულ იემენის ამ დროებით ერთიან ხელისუფლებას. მყიფეა პოზიციები სამხრეთშიც, სადაც საზოგადოების სულ უფრო მეტი ნაწილი ემხრობა სამხრეთ იემენის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენას. 2023 წლის 9 მაისს ადენში გაიმართა სამხრეთ იემენის პარტიების, მოძრაობების, პროფკავშირების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ტომობრივი და სასულიერო ლიდერების წარმომადგენელთა 330 კაციანი საკონსულტაციო შეხვედრა, რომელთაც ხელი მოაწერეს ეროვნულ დადგენილებას სამხრეთ იემენის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფო იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა, რადგან პრობლემა არის როგორც ტერიტორიული ისე დემოგრაფიული, რომლის გამოც კრახი განიცადა ერთიანმა იემენის რესპუბლიკამ და გამოიწვია სამხრეთის ოკუპაცია იემენის რესპუბლიკის მხრიდან. სამხრეთის სახელმწიფო უნდა იყოს ფედერაციული, დემოკრატიული, სამოქალაქო, არაბული და მუსლიმანური სახელმწიფო. სახელმწიფოს სახელი უნდა შეირჩეს მომავალში რეფერენდუმით დამტკიცებული კონსტიტუციით.
        ჰუსიტების მძლავრობის პირობებში, სამხრეთელთა ასეთი გამოსვლის ფონზე იემენის გაერთიანების საკითხი ფაქტიურად სიკვდილის პირას მივიდა, მაგრამ 2023 წლის შემოდგომიდან ყველაფერი შეიძლება ამოყირავდეს. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედი არაბულმა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს და მრავალი დასახლება ააწიოკეს. საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ღაზას სექტორის სრული ოკუპაცია, ჰამასის საბოლოოდ გასანადგურებლად. ჰუსიტებმა ირანის წაქეზებით, მხარდაჭერა მხარდაჭერა ჰამასს გამოუცხადეს და დაიწყეს რაკეტების გაშვება ჯერ ისრაელის, ბოლოს კი ადენის ყურეში მცურავი საერთაშორისო ხომალდების მიმართ. შედეგად, 2024 წლის იანვარში აშშ-მ და ბრიტანეთმა დაიწყეს ჰუსიტთა სამხედრო ობიექტების დაბობვა ჩრდილოეთ იემენში.
    2024 წლის გაზაფხულიდან სერიოზულ ძალად იქცა ჰადრამის ელიტური ძალები ფაიეზ მანსურ ალ ტამიმის მეთაურობით. ეს არმია 2016 წ. შეიქმნა საუდიის, საემიროებისა და აშშ-ს დაფინანსებით ქალაქ ალ მუკალას ალ ქაიდასგან გასათავისუფლებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს არმია აღიარებს იემენის აღიარებულ თანხმობის მთავრობას, ბოლო თვეებში სულ უფრო მეტ ტერიტორიას ართმევს სამხრეთის გარდამავალ საბჭოსა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჯარებს და სულ უფრო დიდ ძალად ყალიბდება. ბოლო ხანებში ცალკე ძალად ჩამოყალიბებას ცდილობს ტარეკ სალეჰი, რომელიც უკვე საკუთარ არმიას ფლობს და წითელი ზღვის პირას 2 პატარა ქალაქსა და სოფლებს აკოტროლებს, თუმცა ისიც ოფიციალურად რჩება იემენის მთავრობის წევრად. ასე რომ ომს ბოლო არ უჩანს.



































Комментариев нет:

Отправить комментарий