понедельник, 10 апреля 2017 г.

იოანე ჰალიფონტელის ცნობები საქართველოს შესახებ (XIV ს.)

        არქიეპისკოპოსი იოანე ჰალიფონტელი, თემურ-ლენგის თანამედროვე, XIV– XV საუკუნეთა მიჯნაზე უამრავი საინტერესო მოვლენის მომსწრე გახდა. კავკასიაში მოგზაურობამ მას საშუალება მისცა უშუალოდ გაცნობოდა ადგილობრივ ხალხთა ზნე-ჩვეულებას, რელიგიას, ყოფას და სხვა ეთნოგრაფიულ თავისებურებებს.
1377 წლის 9 მარტს პაპმა გრიგორი XI-მ დომინიკანელი იოანე ჰალიფონტელი ნახჭევანის ეპისკოპოსად დანიშნა. ეს ქალაქი მაშინ თემურ-ლენგის სამფლობელო გახლდათ. პაპმა ბონიფაციუს IX-მ კი 1398 წლის 26 აგვისტოს იოანე არქიეპისკოპოსად აამაღლა და სულთანიიას ეპარქია ჩააბარა (ეს მხარეც თემურ-ლენგის იმპერიის ნაწილი იყო). არსებული მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებს, რომ 1398 წლის აგვისტოში იოანე უკვე რომში იმყოფებოდა. ამ პერიოდში იოანეს შუამდგომლობით რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ახალი ბულა გამოსცა: თემურ ლენგის მიერ სომხეთსა და საქართველოში დანგრეულ ეკლესიათა აღდგენისთვის თანხის შემომწირავს ინდულგენციას ანიჭებოდნენ. ეს ყველაფერი კათოლიკური ეკლესიის დიდ გეგმას ემსახურებოდა. ანუ იქმნებოდა თემურ-ლენგის მიერ დანგრეული აღმოსავლური ქვეყნების რომის პაპისადმი დაქვემდებარების პერსპექტივა. სწორედ ამიტომაა რომ იოანე ჰალიფონტელი აღმოსავლეთის ქრისტიანებს მეტისმეტად „ცოდვილად“ წარმოაჩენს და ბევრ ისეთ რამესაც მიაწერს რაც სინამდვილეში არ ყოფილა.
ძალზედ საყურადღებოა იოანეს ნაშრომი: „სამყაროს შეცნობის წიგნი“ («Libbellus de Notatia orbis»), რომელიც 1404 წელს დაიწერა. მასში ავტორმა აღმოსავლეთში თავისი მსახურების შედეგები შეაჯამა. ლაკონიზმის, ტექსტური დამახინჯებებისა და საკმაოდ რთულად სათარგმნი ლათინურის მიუხედავად ეს ხელნაწერი კავკასიონის მხარის ბინადართა ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შესახებ ცნობების ნამდვილი საგანძურია.
ძალზედ მნიშვნელოვანია ჰალიფონტელის მონაცემები საქართველოს შესახებ. ეპისკოპოსის აღწერის თანახმად, საქართველოს სამეფო იყო ვრცელი რეგიონი, ერთ-ერთი აზიის 14 ოლქთაგან, რომელსაც ერთი მეფე ჰყავდა. მისი თქმით, ქვეყანა ორ დიდ ნაწილად იყო გაყოფილი. ტერმინ საქართველოს(Ioriania) ჰალიფონტელი 3 მნიშვნელობით იყენებს:
1) საქართველოს სამეფო, რომელიც იყოფა ორ ნაწილად და ჰყავს ერთი მეფე
2) ქვეყნის ორი ნაწილიდან ერთ-ერთი (ეს უთუოდ აღმოსავლეთი ნაწილია)
3) თემუ, ანუ კუთხე (Terre), ეს უკანასკნელი ქართლის მხარეს შეეტყვისება.
ქართლის გარდა ჰალიფონტელი აღწერს სამეგრელოსა და აფხაზეთის მხარეებს. ამ უკანასკნელს ასევე 2 მნიშვნელობით ამბობს:
1) პატარა მიწა (Terre), რომელიც სამეგრელოს მეზობლადაა და როლის მაცხოვრებლებს საკუთარი ენა აქვთ;
2) საქართველოს სამეფოს ორი მხარიდან ერთ-ერთი (ეს უთუოდ დასავლეთ საქაართველოა).
სამეგრელო კი, ჰალიფონტელის სიტყვით, აფხაზეთის პროვინციაზე დიდი მხარეა, რომელიც აფხაზეთს „აფხაზეთის მთებით“ ესაზღვრება. ისტორიული წყაროების თანახმად, ამ დროს სამეგრელოს და საქართველოს საერისთავოების მიჯნა დღევანდელი გაგრის რაიონის სექტორზე გადიოდა. შესაბამისად „აფხაზეთის მთები“ გაგრის რაიონში არსებული ქედი უნდა იყოს. იმდროინდელი აფხაზეთის ოლქი მოიცავდა დღევანდელი სოჭისა და ტუაფსეს რაიონებს. აფხაზეთის პატარა მიწის აღწერისას ეპისკოპოსი ამბობს: „სულის პრობლემები მათ არ აღელვებთ და სარწმუნოების საკითხში ქართველებს მიჰყვებიან“. ამდენად, აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორია, როგორც პოლიტიკურად ისე სულიერად საქართველოს ნაწილი გახლდათ.
ეპისკოპოსი ერთგან ასევე ამბობს, რომ თემურ-ლენგმა ერთ-ერთი შემოსევის დროს დაანგრია საქართველოს მთავარი კათედრალი (იგი მას წმინდა სოფიას უწოდებს). თემურმა მართლაც დაანგრია მთავარი ტაძარი მცხეთაში – სვეტიცხოველი, თუმცა ამ ტაძარს წმინდა სოფია არ ერქვა. ჰალიფონტელის შეცდომის მიზეზი სხვა ევროპული დოკუმენტებიდან ირკვევა. ამ სახელით ევროპელები ბიჭვინთის ტაძარს მოიხსენიებდნენ. ეს ტაძარი ევროპულ რუკებზე ბიჭვინთისა და ბიჭვინთის კონცხის გვერდით არის მონიშნული როგორც Santha Sophia. ბიჭვინთის ტაძარი მართლაც იყო საკათალიკოსო. საქართველოში იმ დროს ორი კათედრა არსებობდა: მთავარი – მცხეთაში, ხოლო მეორე – ბიჭინთაში, რომელიც იმ დროს სამეგრელოს საერისთავოში ფარგლებში მდებარეობდა. როგორც ჩანს, ჰალიფონტელმა ერთმანეთში აურია ეს ორი ადგილი, რადგანაც ორივე საქართველოს ნაწილი იყო.

საქართველოს სამეფო და აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი)
საქართველო აზიის თოთხმეტ ოლქს შორის ერთ–ერთია [1]. ეს ვრცელი სამეფო ერთ მთლიანობას არ წარმოადგენს, არამედ ნაწილებადაა დაყოფილი. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ დასავლეთით კავკასიონს, ანუ იალბუზს [2] ესაზღვრება, სამხრეთით – სომხეთს და სპარსეთს, აღმოსავლეთით – ბაქოს, ანუ კასპიის ზღვას, ხოლო ჩრდილოეთით – სათათრეთს. ქვეყანა ორ ნაწილადაა განაწევრებული. აღმოსავლეთ ნაწილს იორიანიას უწოდებენ, ხოლო შიგნითა ნაწილს – აფხაზეთს. როგორც ამბობენ, დღემდე ერთი მეფე ჰყავთ [3], თუმცა უამრავ მმართველთაგან იმართებიან და მშვიდობა აქ არასოდეს სუფევს.
აქვთ საკუთარი ენა და დამწერლობა. ანბანი 38 ასოსგან შედგება. ბევრ რამეში ბერძნებს მიჰყვებიან. პატრიარქებს აქ კათოლიკოსებს უწოდებენ. მათი როგორც აღსაყდრება, ისე ტახტიდან ჩამოგდება მეფის ხელშია. ასეთი კათოლიკოსი სამი ოლქისთვის სამია და ერთმანეთის ავტორიტეტს არ ცნობენ [4]. სამაგიეროდ დიდ პატივს მიაგებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ემორჩილებიან კიდეც.
თემურ-ლენგმა, რომელმაც ეს ქვეყანა სამჯერ დალაშქრა, დაანგრია და გაძარცვა აქაურობა, ტყვედ წაასხა ბინადარნი, მიწასთან გაასწორა დიდებულად ნაგები ოცდაათამდე ტაძარი. მათ შორის წმიდა სოფიაც, რომელშიც აგების დღიდან უწმინდურს და სარკინოზს ფეხი არასოდეს შეუდგავს.
ქვეყნის ფარგლები ოცდღიან მოგზაურობას უტოლდება და მეჩხერადაა დასახელებული. აქ სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს: ქართველები, სომხები, სარკინოზნი და ებრაელნი, რომლებიც ვაჭრობას მისდევენ. საზღვარზე მთებში ცხოვრობენ დვალები, ალანები, ოსები და სხვანი. დომინიკანელებმა და ფრანცისკანელებმა ამ ქვეყანაში უამრავი ადამიანი მოაქციეს ქრიტიანებად და რამდენიმე კოლონია აქვთ. დიდი მდინარე კურა (მტკვარი), რომელიც კასპიის ზღვაში ჩაედინება...
დასავლეთი საქართველო – აფხაზეთი, სამეგრელო, სვანეთი
ჯიქეთად (Ziquia), ან ჩერქეზეთად (Tharquesia) წოდებული ქვეყანა მთების ძირთანაა გაშლილი. დასავლეთით ის შავ ზღვას ესზღვრება, ჩრდილოეთით – სათათრეთს, აღმოსავლეთით – კასპიის ზღვას, ხოლო სამხრეთით – საქართველოს (Iorianiam), ან აფხაზეთს (Apcasiam).[5]
ჩერქეზეთის დაბლა აფხაზეთია (Abcasia) მცირე, მთა-გორაკიანი ქვეყანა. [6] აქ უამრავი პირუტყვი და მშვენიერი ღვინოა. პურს და ხორბალს აქაური მაცხოვრებელნი არ იცნობენ და არც არასოდეს ჰქონიათ; თიხის ქოთნებში დაფქვილ ფეტვს უმარილოდ ხარშავენ და პურის მაგივრად შეექცვიან. სასულიერო პრობლემები არ აღელვებთ და სარწმუნოების საკითხში ქართველებს მიჰყვებიან.[7] მათ აქვთ საკუთარი ენა. მეტად მარჯვენი არიან შალის, ტილოსა და აბრეშუმის გამოყვანაში.
მათ აღმოსავლეთით, იორანიისაკენ (Iorianiam ქართლისკენ), მდებარეობს ქვეყანა, რომელსაც სამეგრელო (Mengrelie) ეწოდება. ეს საკმაოდ მოზრდილი მხარეა. მის ხალხსაც თავისი საკუთარი ენა აქვს, თუმცა რელიგია და დამწერლობა ყველაფრით ისეთია, როგორიც იორიანების (Ioriani). იქ მრავალი დაბლობია. მათი მაღალი მთები კი ესაზღვრება აფხაზეთის, კავკასიის და კასპიის მთებს. მათი სარწმუნოება და ყოფა-ცხოვრება ერესის ყველაზე ცუდი მაგალითია, რადგან მათ სწამთ, რომ ღვთიური დედოფალი - დიანა სწორედ მათ მაღალ მთებში ცხოვრობს თავისი ნიმფებით, ამაზონებით და სატირებით. იქ ნადიმობენ დღისითა თუ ღამით და თუ მიმართავ რაიმე სათხოვრით, აუცილებლად შეგისრულებენ. ვისაც სურს, რომ მსხვერპლი შესწიროს დიანას, მან უნდა მსხვეპლი აიყვანოს მასთან და მსხვერპლთშეწირვის შემდეგ უკან წამოიღოს. ეს ხდება ოც წელიწადში ერთხელ, მაგრამ ხანდახან უფრო იშვიათად ან უფრო ხშირადაც აკეთებენ ამას.
ზოგჯერ დიანა ამ ქვეყნის მმართველი დედოფალიც ხდება. მე ერთი გლახაკისგან მომისმენია, რომ დიანა მუდმივად წვეულებებს მართავდა შინაურებისათვის და გარშემო მცხოვრებლები პურს აღარ თესავდნენ. არ ჰქონდათ რა საკმარისი მარაგი, ისინი ბოლომდე ხარჯავდნენ რაც კი ებადათ და შემდეგი წლისათვის შიმშილისათვის იყვნენ განწირულნი. აქაური მოტყუებული მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ყველას, ვინც მთებში წავიდოდა შეეძლო მიეღო ყველაფერი საკმარისად. მე მომიყვა ერთმა მათგანმა, რომ ის თვითონ წავიდა მთებში და დასაჩუქრდა ღვინით, მაგრამ უკან გამობრუნებულმა მათი ბრძანებები აღარ შეასრულა და ყველაფერი დაკარგა. ასეთ სიცრუეში იმყოფებიან დიანას მიერ მოტყუებულები. იგივე ხდება, როცა დედოფლის ბრძანებით ზოგიერთები თავს ესხმიან იმ სოფლებს, რომლებზეც დიანაა გაბრაზებული. ისინი იჭერენ იქ მაცხოვრებლებს და სისხლს გამოსწოვენ მათ.
ის ხალხი, ვისაც სისხლი გამოსწოვეს ავადდებიან და იღუპებიან, თუკი ამ ავადმყოფების პატრონები ვერ იპოვიან ვინმე უფრო გამოცდილს მაგიაში, ვიდრე იყვნენ ისინი, ვინც მოვიდნენ ამ სოფელში და ჩაიდინეს ეს ავკაცობა. თუ ავადმყოფმა არ იცის ვინ შეამთხვია მას ეს ჭირი, მაშინ ჩამოსული გამკურნებელი შეკრიბავს მთელ სოფელს ერთ ადგილას და დაიწყებს თითოეულის დათვალიერებას, სანამ არ მიხვდება თუ ვინ გამოსწოვა ავადმყოფს სისხლი. შემდეგ ის მიდის მასთან და შეუბერავს მთელი ძალით, ასე შეუბერავენ მას სხვებიც. თუ ამგვარად დასჯილი ადამიანი აღიარებს, რომ მან გამოსწოვა სისხლი და განაცხადებს თანხმობას, რომ დაუბრუნოს სისხლი, ავდმყოფი მაშინვე გამოჯანმრთელდება. მაგრამ თუ სხვა თავისი სხეულიდან სისხლით ამოიგლიჯავს თავის მეგობარს, მაშინ მასზე შებერვას შეწყვეტენ, თუმცა ის უნდა მოკვდეს, ხოლო ავადმყოფი გამოჯანმრთელდება.
შეხედეთ, როგორ არიან შეცდენილი სატანის მიერ. მე ვეუბნებოდი ამის შესახებ იმ ხალხს, რომლებიც ნდობას იმსახურებდნენ, მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ამ ქვეყანაში და იგივეს განვიცდიდი. მაგრამ, როგორ კი ვცადე მათთვის თვალის ახელა, მათ მხოლოდ გაიცინეს ჩემზე და თქვეს: „ღირსეულ მამას არაფერი მსგავსი არ უნახავსო“.
ამ მთებში მრავალი სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს. ასეთებია მეგრელები, სვანები და ფრანკები, რომლებიც მაშინ საკუთარ ენაზე საუბრობდნენ. ისინი ივერიელთა სარწმუნოებას მისდევენ. სამეგრელოში შავი ზღვის სანაპიროს მაცხოვრებელნი დიდი ლოთები არიან, რამეთუ ღვინო არ აკლიათ. ხორბლის პურს არ ცნობენ და თუკი აქვთ უცხოელებზე ჰყიდიან. პურს ისინი არ ჭამენ და სამაგიეროდ თიხის ქოთნებში უმარილოდ მოხარშულ სიმინდს შეექცევიან ხორცით და თევზით.
ისინი მარხულობენ როგორც ბერძნები და შეიძლება უფრო ხშირადაც, მაგრამ მარხვის დროს ჭამენ ძალიან ხშირად, როცა კი მოშივდებათ. ისინი ამ დროს სვამენ კიდეც და ეს არ მიაჩნიათ ცოდვად. მათი ცხოვრების წესი დედამიწაზე ყველაზე უარესია, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი თავიანთ ცოლებსაც ჰყიდიან. ამას ისინი შემდეგნაირად აკეთებენ: თუკი მის ქვეყანაში ჩამოსულ რომელიმე უცხოელს მოეწონება სხვისი ცოლი და ქმარი შეიტყობს ამის შესახებ, ამ უკანასკნელმა უნდა მოუყვეს ამის შესახებ თავის მემამულეს. მემამულის პასუხი ასეთია: „ის რა თქმა უნდა მართალია, რადგან ქალი ნამდვილად ლამაზია და შენც უნდა გიყვარდეს იგი“. თუ ქმარი არ დაკმაყოფილდება, მას შეუძლია დაუთმოს უცხოელს ცოლის მხოლოდ მეოთხედი ან ნახევარი, ანუ მისი დღე ან ღამე, მაგრამ თუ იგი გადაუხდის სათანადო ფასს, მაშინ ქმარი მთლიანად დაუთმობს ქალს და თვითონ კი შეუძლია ახალი ცოლი იყიდოს.
როდესაც ისინი წაიჩხუბებიან, მათ შორის მშვიდობა მანამ არ დამყარდება, სანამ ერთი მეორის ნათლიმამა არ გახდება. ცხადია, ყველა ვერ მონათლავს ახალდაბადებულ ვაჟს, მაგრამ მათ შეუძლიათ უფროსი შვილებიდან ერთ-ერთის მონათვლა, რომელიც შეიძლება რამდენიმეჯერ იყოს მონათლული, იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა მშვიდობის დასამყარებლად.
მათ მრავალჯერ შეუძლიათ გაეხვნენ სასიყვარულო საქმეებში, მაგრამ ამის შემდეგ არ მიაჩნიათ რომ რაიმე ცუდი ჩაიდინეს.
შენიშვნები :
[1] შუა საუკუნეების ევროპული დოკუმენტების მიხედვით აზიაში 14 რეგიონი და სამეფო არსებობდა : 1) ხატაი, ანუ ჩრდილოეთ ჩინეთი 20 უიღურების სამეეფო ტარსისა 30 თურქესტანი 4) ხორეზმის დიდი სამეფო 5) ყუმანეთი ანუ ყივჩაღეთი 6) ინდოეთი 7) სპარსეთი 8) მიდია 9) დიდი სომხეთის რეგიონი 10 ) საქართველოს სამეფო 11) ქალდეა 12) მესოპოტამია 13) თურქეთი 14) სირია
[2] Album
[3] მეფე გიორგი VII (1393-1407)
[4] ეპისკოპოსი შეცდომას უშვებს, მხოლოდ 2 საკათალიკოსო იყო, ერთი მცხეთაში, ხოლო მეორე ბიჭვინთაში, რომელიც მცხეთას ემორჩილებოდა.
[5] აფხაზეთს, როგორც ქვეყნის ორი ნაწილიდან ერთ-ერთს გულისხმობს აქ ავტორი.
[6] აფხაზეთი აქ იგულისხმება როგორც მცირე პროვინცია.
[7] იმდოინდელი აფხაზეთი, როგორც პოლიტიკურად, ისე სულიერად საქართველოს ნაწილია.


Комментариев нет:

Отправить комментарий