ლიდიის სამეფო დასავლეთ მცირე აზიაში, მდინარე ჰერმოსის დაბლობში მდებარეობდა. ლიდიელები ხეთურ-ლუვიური ტომების მონათესავენი იყვნენ. ლიდიურ ენას (კარიულთან ერთად) ინდოევროპული ენების ანატოლიური (ხეთურ-ლივიური) ჯგუფის ხეთურ ქვეჯგუფს აკუთვნებენ. ლიდიას ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ჰქონდა. მდიდარი იყო ოქროს საბადოებით. ლიდიაში მაღალ დონეზე იდგა მიწათმოქმედება და ხელოსნობა; კერამიკული და საიუველირო ნივთების, ფერადი ქსოვილებისა და ტყავის ნაწარმის დამზადება. ლიდიას მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და კულტურული კონტაქტები ჰქონდა როგორც მცირე აზიის ხალხებთან, ასევე ეგეოსურ სამყაროსთან, მატერიკის საბერძნეთთან, ეგვიპტესთან, სირია-ფინიკიასთან და ბაბილონთან. ლიდიელებს მიაწერენ ძვ. წ. VII საუკუნეში პირველი მონეტის მოჭრას.
ძვ. წ. VIII საუკუნის დასასრულამდე ლიდია ფრიგიის ქვეშევრდომი იყო, ძვ. წ. VII ს. დამდეგიდან გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო (დედაქალაქი სარდესი). მას სათავეში მერმნადების დინასტია ედგა, რომლებმაც ბერძნული ტრადიციის თანახმად, ჰერაკლიდების ადგილი დაიკავა. ლიდიელებმა მოიგერიეს კიმირიელთა და თრაკიელ ტომთა რამდენიმე შემოსევა, შემდეგ მცირე აზიაში პირველობისათვის ბრძოლა დაიწყეს.
ლიდია განსაკუთრებით გაძლიერდა ალიატესის (619–560) მეფობის დროს. მან ომი გაუმართა მიდიის მეფე კიაქსარესს (625–585), რომელიც 585 წელს ჰალისზე გამართული უშედეგო ბრძოლით დასრულდა, რომელიც მზის დაბნელებამ შეწყვიტა. ამ მოვლენით შეშინებულმა მოწინააღმდეგეებმა ზავი დადეს და მიდია-ლიდიის საზღვარი ჰალისზე დადეს.
ალიატესმა კიმერილები გააძევა აზიიდან, აიღო სმირნა, რომელიც კოლოფონის ახალშენი იყო და კლაძომენში შეიჭრა, თუმცა მარცხი განიცადა. მეფობის დიდი ნაწილი ლიდიის აღნიშნულმა მეფემ მცირე აზიის დას. სანაპიროზე მდებარე უმდიდრეს ელინურ პოლის მილეტთან ომში გაატარა, თუმცა მისი დამონება ვერ მოახერხა.
ჰეროდოტე მოგვითხრობს:
„ალიატესის გარდაცვალების შემდეგ სამეფო დაიმკვიდრა კროისოსმა (560–546), ალიატესის ძემ, რომელიც მაშინ 35 წლის იყო. ელინთა შორის პირველები ეფესელები იყვნენ, რომელთაც ის დაესხა თავს. მის მიერ ალყაშემორტყმულმა ეფესელებმა ქალაქი გადასცეს არტემიდეს – გააბეს თოკი მისი ტაძრიდან ზღუდემდე. ძველ ქალაქსა, რომელიც მაშინ ალყაშემორტყმული იყო, და ტაძარს შორის არის 7 სტადიონი. კროისოსმა პირველებს მათ დაადო ხელი, ხოლო შემდეგ რიგრიგობით ყველა იონიელებსა და ეოლიელებს. სხვადასხვა ქალაქს სხვადასხვა მიზეზს მოსდებდა ხოლმე; ზოგის მიმართ ახერხებდა დიდი მიზეზის გამონახვას და მათ მძიმე ბრალდებას უყენებდა, ხოლო ზოგ მათგანს მცირედ ადანაშაულებდა.
კროისოსმა როგორც კი აზიაში მცხოვრები ელინები დაიმორჩილა და დახარკა, განიზრახა მის შემდეგ ხომალდების დამზადება და კუნძულების მცხოვრებლებზე თავდასხმა. როდესაც შეეკითხა კროისოსი, რა არის ახალი ელადაშიო, მოსულმა ისეთი რამ უპასუხა, რომ შეაჩერა ხომალდმშენებლობა: „მეფეო, კუნძულების მცხოვრებლებმა შეიძინეს 10000 ცხენი და გუნებაში აქვთ ლაშქრობა სარდესზე და შენს წინააღმდეგ“. კროისოსს ეგონა, რომ ის მართალს ლაპარაკობს და უთხრა: „ნეტავი კი ღმერთებმა ჩააგონონ ასეთი რამის გაკეთება კუნძულების მცხოვრებლებს და მართლაც წამოვიდნენ ისინი ლიდიელთა წინააღმდეგ ცხენებითაო“. მოსულმა მოუსმინა და უთხრა: „მეფეო, მე მეჩვენება, რომ შენ გულით გინდა ცხენოსანი კუნძულელების შეპყრობა ხმელეთზე და ვფიქრობ შენი იმედი უსაფუძვლო არ არის, მაგრამ იმას არ ითვალისწინებ, რომ კუნძულების მცხოვრებლები როგორც კი შეიტყობენ, რომ შენ აპირებ მათ საწინააღმდეგო ხომალდების აგებას, სხვას არაფერს არ მოინდომებენ თუ არა ლიდიელების ზღვაზე თავდასხმას, რათა სამაგიერო მოგიზღონ ხმელეთზე მოსახლე ელინთათვის, რომლებიც შენ მონობაში გყვანან“. ძალიან მოეწონა კროისოსს ეს მსჯელობა, რადგან ეჩვენა, რომ ისეა ნათქვამი, როგორც საჭიროა და დაჯერებულმა თავი ანება ხომალდმშენებლობას. ეგრე დაუმეგობრდა კროისოსი კუნძულებზე მცხოვრებ იონიელებს.
დროთა განმავლობაში კროისოსმა მდინარე ჰალისის აქეთ მცხოვრები თითქმის ყველა ხალხი დაიმორჩილა, გარდა კილიკიელებისა და ლიკიელებისა. სხვა ყველა თავის ხელში ჰყავდა კროისოსს. ხოლო ესენი არიან: ლიდილები, ფრიგიელები, მისიელები, მარიანდინები, ხალიბები, პაფლაგონელები, თრაკიელები, თინები, ბითინიელები, კარიელები, იონიელები, დორიელები და პამფილიელები.
როდესაც კროისოსმა ესენი დაიმორჩილა და ლიდიელებს შეჰმატა, მოვიდნენ სიმდიდრით აყვავებულ სარდესში ელადის სხვადასხვა ბერძენებიც, რომლებიც კი ამ დროს იყვნენ. სხვებთან ერთად მოვიდა ბრძენი სოლონიც, ათენელი კაცი, რომელმაც ათენელებს კანონები შეუქმნა მათივე განკარგულების თანახმად. სოლონმა ათ წელს იმოგზაურა სამშობლოს გარეთ ქვეყნების დათვალიერების საბაბით; სინამდვილეში კი იმიტომ, რომ არ გამხდარიყო იძულებული რაიმე შეეცვალა მის მიერ დაწესებულ კანონთაგან, თვითონ ათენელებს კი ამავეს გაკეთება არ შეეძლოთ, რადგანაც დიდი ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ ათი წლის განმავლობაში დაიცავდნენ კანონებს, რომლებიც მათ სოლონმა შეუქმნა.
სოლონი ამ მიზეზების გამოც და დათვალიერების მიზნითაც გაემართა სამოგზაუროდ და მივიდა ეგვიპტეში ფარაონ ამასისთან და სარდესში მეფე კროისოსთან. კროისოსმა ჩამოსული სასახლეში მიიღო. ხოლო შემდეგ, მესამე თუ მეოთხე დღეს, დაუძახა კროისოსმა სოლონს და მისი მსახურები დაატარებდნენ მას საგანძურებში და აჩვენებდნენ ყოველივეს, რაც კი იყო მნიშვნელოვანი და მდიდრული. მას მერე, რაც სოლონმა ყოველივე ეს ნახა და დაათვალირა, კროისოსმა შეურჩია დრო და უთხრა: „ათენელო სტუმარო, ჩვენამდეც მოაღწია შენმა დიდმა სახელმა შენი სიბრძნისა და მოგზაურობების შესახებ, რომ შენ მეცნიერების სიყვარულით და დათვალიერების მიზნით დაიარე მრავალი ქვეყანა. ახლა მინდა შეგეკითხოთ, მათ შორის, ვინც შენ შეგხვედრია, ვინ ნახე ყველაზე უფრო ბედნიერი? კროისოსი ამას რომ კითხულობდა, იმედოვნედა, რომ თვითონ იყო ადამიანთან შორის უბედნიერესი, ხოლო სოლონი მას არ მოეპირფერა და რაც მიაჩნდა სიმართლედ, ის უთხრა: „ტელოს ათენელი“. გაუკვირდა კროისოსს ნათქვამი და უთხრა მკვირცხლად: „რატომ მიგაჩნია შენ ტელოსი უბედნიერესად?“ სოლონმა უპასუხა: „ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტელოსს, რომლის ხელშიც მისი ქალაქი წარმატებული იყო, ჰყავდა კარგი და კეთილი შვილები. და ის მოესწრო იმას, რომ ყველა მის შვილს გაუჩნდა შვილები და ეს შვილები ყველანი ცოცხლები იყვნენ. მეორე – ჩვენის აზრით, მდიდრულად ცხოვრობდა და ცხოვრების აღსასრული ბრწყინვალე ჰქონდა: რადგან, როდესაც ათენელები მეზობლებს ებრძოდნენ ელევისნში, იგი დაეხმარა მათ, მტერი გააქცია, და თვითონ ლამაზად მოკვდა, ათენელებმა იგი სახელმწიფო სახსრებით დამარხეს იქ, სადაც ის დაეცა და დიდი პატივი სცეს“.
სოლონმა გააღიზიანა კროისოსი ტელოსის შესახებ მრავლისა და ბედნიერების მოთხრობით და კროისოსი შეკითხა მას: ვინ გინახავს ბედნიერი მეორე მას შემდეგ, რადგან ფიქრობდა, რომ მეორე ადგილი მაინც მას ხვდებოდა. ხოლო სოლონმა უპასუხა: „კლეობისი და ბიტონი. ესენი წარმოშობით არიან არგოსელები, ქონება მათ საკმარისი ჰქონდათ და ამას გარდა სხეულის ძალაც. ორივენი თანაბრად იყვნენ გამარჯვებული შეჯიბრებებში, ამის შესახებ მოგვითხრობენ ასეთ ამბავს: როდესაც არგოსელებს ჰერას დღესასწაული ჰქონდათ, მათი დედა აუცილებლად უნდა მისულიყო სალოცავში ურმით, ხარები ვერ მიუყვანეს მას დროზე და რაკიღა დრო აღარ იყო, ჭაბუკები თვითონ შეებმნენ უღელში და ეწეოდნენ ურემს, ურმით კი თავისი დედა მიჰყავდათ, 45 სტადიონი გაიარეს და მივიდნენ სამლოცველოში. მათ ეს გააკეთეს საზეიმო შეკრებულობის თვალწინ და სიცოცხლის აღსასრულიც შესანიშნავი ჰქონდათ, ამით ღმერთმა გვიჩვენა, რომ ადამიანისათვის უმჯობესია სიკვდილი, ვიდრე სიცოცხლე. ირგვლივ მყოფი არგოსელები ადიდებდნენ ჭაბუკების ძალას, ხოლო არგოსელი ქალები – მათ დედას, ასეთი შვილები რომ ჰყავდა. დედა კი დიდად იყო გახარებული შვილების საქმით და სახელით, იდგა ქანდაკების წინ და ლოცულობდა კლეობისისა და ბიტონისათვის – თავისი შვილებისათვის, რომლებმაც დედა დიდად ასახელეს და სთხოვა ღმერთქალს, მიენიჭებინა მათთვის, რაც კი რა საუკეთესოა ადამიანისათვის. ამ ლოცვის შემდეგ, როგორც კი შესწირეს მსხვერპლი და ინადიმეს, ჭაბუკებმა იმავე ტაძარში დაიძინეს და აღარ ამდგარან, ასეთი ბოლო ჰქონდათ მათ. არგოსელებმა მათი გამოსახულებები გააკეთეს და შესწირეს დელფოს, რადგანაც საუკეთესო ვაჟკაცები იყვნენ“.
ამრიგად სოლონმა ბედნიერების მხრივ მეორე ადგილი მიაკუთვნა მათ, ხოლო გაჯავრებულმა კროისოსმა უთხრა მას: „ათენელო სტუმარო, ჩვენს ბედნიერებას ეგრე არაფრად აგდებ, რომ კერძო პირების ბედნიერების დარადაც არ მიგაჩნია?!“ სოლონმა კი მიუგო: „კროისოს, მე, რომელმაც ვიცი, რომ ყოველივე ღვთაებრივი შურით აღსავსე და შფოთიანია, მე მეკითხები, ადამიანთა ყოფის შესახებ? ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბევრი რამ არის ისეთი, რასაც კაცი ნახულობს, რის ნახვაც მას არ სურს და ბევრსაც განიცდის. ადამიანისათვის ცხოვრების მიჯნად 70 წელი მიმაჩნია. ეს 70 წელი შეიცავს 25200 დღეს, დამატებითი თვე რომ არ იყოს. თუ კი ყოველ მეორე წელს გავაგრძელებ ერთი თვით, იმისათვის, რომ წლის დროები თავთავის ადგილზე მოხვდნენ, მაშინ 70 წელზე მოვა 35 დამატებითი თვე, ხოლო ამ თვეებისაგან შედგება 1050 დღე. მთელი ამ დღეებიდან, რომლებსაც შეიცავს 75 წელიწადი, და ეს არის 26250 დღე, ერთი დღეც კი არ მოიტანს არაფერს სავსებით მსგავსს მეორე დღესთან შედარებით. ამრიგად, კროისოს, ადამიანი მთლიანად შემთხვევითობაა. მე შენ ძალიან მდიდრადაც მეჩვენე და მრავალი ხალხის მეფეცა ხარ, მაგრამ, რასაც მეკითხები, ჯერ ვერაფერს გეტყვი, ვიდრე არ შევიტყობ, რომ კარგად დაასრულე შენი სიცოცხლე. რადგანაც, დიდად შეძლებული არაა უფრო ბედნიერი მასზე, ვისაც მხოლოდ „პური არსობისა“ აქვს, თუ კი ყოველივე სიკეთის პატრონს ბედმა არ გარგუნა ცხოვრების კარგად დასრულება; რადგან, ერთის მხრივ, ბევრნი, უაღრესაც მდიდარი ადამიანები უბედურები არიან, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალო შეძლების მქონენი – ბედნიერნი. ძალიან შეძლებულებს მაგრამ უბედურ კაცს ბედნიერების მიმართ მხოლოდ ორი უპირატესობა აქვს, იმას კი მდიდარისა და უბედურის მიმართ – მრავალი; მდიდარი სურვილს აისრულებს და დიდი უბედურება რომ დაატყდება, შეუძლია გადაიტანოს, ხოლო ღარიბს უპირატესობა აქვს მასთან შედარებით, რადგან, მართალია არ შეუძლია მასავით უბედურების გადატანა და თავისი სურვილების დაკმაყოფილება, მაგრამ მისი კარგი ბედი იცავს მას ყოველივე ბოროტისაგან: იგი არ სახიჩრდება და არ ავადმყოფობს, უბედურებას არაფერს განიცდის, ჰყავს კარგი შვილები და არის კარგი შესახედავი. თუ ამასთან ერთად იგი სიცოცხლესაც კარგად დაასრულებს (ეს ისაა, რასაც შენ ეძიებ), მაშინ ღირსია იმისა, რომ ბედნიერი ეწოდოს. ვიდრე კაცი არ აღესრულება, თავი შეიკავე იმისგან, რომ ბედნიერი უწოდო მას (მანამდე მხოლოდ ბედიანი უწოდე). ყოველივე ეს რომ თავმოყრილი იყოს ერთ ადამიანში, შეუძლებელია. ისევე, როგორც არც ერთი ქვეყანა არაა, რომ კმაყოფილდებოდეს იმით, რაც მას თვით აქვს. ერთი რომ აქვს, მეორე ესაჭიროება, ხოლო რომელსაც მეტი აქვს, ისაა მიჩნეული უმჯობესად, ასევე არც ერთი ადამიანის შვილი არ არის სრულიად დაკმაყოფილებული, რადგან ერთი რომ აქვს, მეორე აკლია. მათ შორის ვისაც ყველაზე მეტი აქვს თავისი სიცოცხლის განმავლობაში და შემდეგ სიცოცხლეს კარგად ამთავრებს, ჩემი აზრით, მეფეო, მისთვისაა სამართლიანი ამ სახელის ტარება, მაშასადამე, უნდა ვიხილოთ ყოველივე ამბების ბოლო. რადგან ღმერთი ბევრს პირდებოდა ბედნიერებას და მერე შეუბრუნა ყოველივე ძირფესვიანად“.
ესა თქვა სოლონმა, კროისოსს დიდად არაფრად ეპიტნავა. არც არაფერი უთხრა მას, ისე გაუშვა, რადგან იფიქრა, ძალიან უმეცარია ის, ვინც აწმყო სიკეთეს უყურადღებოდ სტოვებს და ყოველივე ამბის აღსასრულის ხილვას ბრძანებსო.
სოლონის წასვლის შემდეგ კროისოსს დიდი ღვთის რისხვა დაატყდა თავს, როგორც ჩანს, იმისათვის, რომ მას თავისი თავი ყველა ადამიანზე ბედნიერად მიაჩნდა. მან ძილში ნახა ჭეშმარიტების მაუწყებელი სიზმარი, რომ უბედურება მოელის მის შვილს. კროისოსს ჰყავდა ორი შვილი, რომელთაგან ერთი გაუბედურებული, ყრუ-მუნჯი იყო, ხოლო მეორე ყოველმხრივ პირველობდა თავის ტოლებში. სახელად ერქვა მას ატისი. სიზმარმა ამ ატისის შესახებ ანიშნა კროისოსს, რომ ის დაიღუპება რკინის შუბით დაჭრილი. რომ გაიღვიძა კროისოსმა და დაუფიქრდა ამ სიტყვას, შეეშინდა და შვილს ცოლის მოჰგვარა. ჩვეულებრივ ატისი მხედართმთავრობდა ლიდიელებს, ახლა მამა მას ამისთანა საქმეებზე აღარ უშვებდა, ხელშუბები, შუბები და ყველა სხვა მსგავსი იარაღი, რასაც ომში იყენებდნენ ადამიანები, დარბაზებიდან გაატანინა და საწყობებში დაალაგებინა, რომ რაიმე არ ჩამოვარდნილიყო და მის შვილს არ დასცემოდა.
როდესაც კროისოსს შვილის ქორწილი ჰქონდა, სარდეში კაცი მოვიდა, რომელსაც უბედურება შემთხვეოდა და ხელები არ ჰქონდა სუფთა. იგი წარმოშობით ფრიგიელი იყო, სამეფო გვარიდან, მოვიდა იგი კროისოსის სახლში და ადგილობრივი წესების მიხედვით ითხოვა გაწმენდა, ხოლო კროისოსმა იგი „გაწმინდა. მას შემდეგ, რაც კროისოსმა შეასრულა ის, რაც საჭირო იყო, გამოკითხა მოსულს თუ საიდან არის, ვინ არის და უთხრა შემდეგი: „ადამიანო, ვინა ხარ და ფრიგიის რომელი მხრიდან მოხვედი ჩვენთან სტუმრად? რომელი მამაკაცი ან ქალი მოჰკალი?“. მან უპასუხა: „მეფეო, მე ვარ გორდიესის, მიდესის ძის ვაჟი, მქვია ადრესტოსი, და ჩემი საკუთარი ძმა შემომაკვდა უნებურად, მოვედი აქ მამის მიერ გამოძევებული და დავკარგე ყველაფერი“. კროისოსმა უპასუხა: „შენ ჩვენი საყვარელი ადამიანების შვილი ხარ და მოსულხარ მეგობრებში, დარჩი ჩვენთან და აქ არაფერი გაგიჭირდება. ეს უბედური შემთხვევა, როგორც შეიძლება, იოლად გადაიტანე და საბოლოოდ დიდად გარგებს“.
მოსული ცხოვრობდა კროისოსის სახლში. ამ დროს მისის ოლიმპოზე, დიდი ტახი გამოჩნდა. ის ჩამოვიდოდა ამ მთიდან და მისიელების ყანებს ანადგურებდა. ბევრჯერ დაესხნენ მისიელები ამ ტახს თავს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს, ის კი არა, თვითონ დაზარალდნენ მისგან. ბოლოს მოვიდნენ კროისოსთან მისიელების მოციქულები და უთხრეს: „მეფეო, ჩვენს მხარეში დიდი ტახი გამოჩნდა, რომელიც ყანებს გვინაგდგურებს, რამდენს არ ვეცადეთ, ვერ შევძელით მისი დაძლევა. ახლა გთხოვთ, შენი შვილი, რჩეული ჭაბუკები და ძაღლები გაგვატანო თან, რომ ტახი გავაძევოთ ჩვენი მხარიდან“. ისინი ამას ითხოვდნენ, კროისოსს კი ახსოვდა სიზმარი და ასეთი სიტყვები უთხრა მათ: „ჩემს შვილს მეტს ნუღარ ახსენებთ, მაინც არ გაგატანთ იმას, რადგან ახლად დაქორწინებულია და ამჟამად ამ ამბებით არის გართული. რაც შეეხება რჩეულ ლიდიელებს, მონადირეებს და ძაღლებს, ყველას გაგატანთ და თან ვუბრძანებ, რომ ძალიან შეეცადონ და მოეხმარონ იმ მხეცის ქვეყნიდან გაძევებაში“.
მისიელები ამ პასუხით კმაყოფილები დარჩნენ. კროისოსის შვილიც აქ იყო და იმანაც მოისმინა, თუ რას ითხოვდნენ მისგან მისიელები. რაკი კროისოსმა არ უთხრა შვილს, რომ მასაც თან ატანდა მისიელებს, ჭაბუკმა მას უთხრა: „მამა, უწინ საუკეთესო და უკეთილშობილეს საქმედ მიგვაჩნდა საომრად და სანადიროდ წასვლა და ამითი სახელს მოხვეჭა. ახლა კი ორივე ამ საქმისაგან მაკავებ. თუმცა არც ჩემი სიმხდალე შეგიმჩნევია და არც სილაჩრე. ახლა მე რა პირით უნდა ვეჩვენო მათ აგორაზე მიმავალი და იქიდან დაბრუნებული? რას იფიქრებენ მოქალაქეები, როგორი ვარ, ან რას იფიქრებს ახლად შერთული ცოლი? რას იფიქრებს, როგორ ქმართან ვცხოვრობო? აი ამიტომ ან გამიშვი სანადიროდ, ანდა დამიმტკიცე, რომ ჩემთვის უმჯობესია ის, რაც ხდება“.
კროისოსმა მას უპასუხა: „შვილო, არც სიმხდალეს ვხედავ შენში და არც სხვას რამე არაკეთილშობილურს, ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძილში გამომეცხადა ჩვენება და მითხრა, რომ შენ დღეგრძელი არ იქნები, დაიღუპები რკინის შუბისაგან. ამ ჩვენების გამო იყო, რომ შენი ქორწილი დავაჩქარე და ამიტომაა, რომ გიკრძალავ ამგვარ საქმეებზე წასვლას, შეძლებისდაგვარად გიფრთხილდები, რომ ჩემს სიცოცხლეში შენი სიცოცხლე დავიცვა. შენ ხომ ერთადერთი შვილი მყავხარ, მეორე კი, რომელსაც სმენა არა აქვს, ვითომ არცა მყოლია“.
ჭაბუკმა ამაზე შემდეგი მიუგო: „მამა, ასეთი სიზმარი რომ ნახე, გეპატიება ჩემი მოფრთხილება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, გითხრა, რომ ზოგ რამეს ვერ მიმხვდარხარ და სიზმარში ვერ შეგიმჩნევია; შენ ამბობ, რომ სიზმარში გეჩვენა, თითქოს მე ბოლო მომეღება რკინის შუბით. აბა, ტახს სადა აქვს ხელები ან და რკინის შუბი, რომლისაც შენ ასე გეშინია? სიზმარში რომ გეხილა, თითქოს მე სიკვდილი ეშვებისაგან ან სხვა რამე მსგავსისაგან მომელის, მაშინ უნდა მოქცეულიყავი ისე, როგორც იქცევი. შენ კი ძილში გეუწყა, რომ შუბისაგან უნდა დავიღუპო. რაკიღა ადამიანებთან არ მოგვიწევს ბრძოლა, ამიტომ გამიშვი“.
კროისოსმა უპასუხა: „შვილო, სიზმრის შენი ახსნა სჯობია ჩემსას, ამიტომ რაკიღა მაჯობე ახსნაში, ვცვლი ჩემს გადაწყვეტილებას და ნებას გრთავ, რომ წახვიდე სანადიროდ“.
თქვა ეს კროისოსმა და დაუძახა ფრიგიელ ადრესტოსს; როდესაც მოვიდა ადრესტოსი მასთან, უთხრა მას კროისოსმა შემდეგი: „ადრესტოს, შენ რომ საშინელი უბედურება დაგატყდა თავს, მე არ გამიკიცხიხარ, გაგწმინდე, სახლში მიგიღე და ყოველგვარი ხარჯი ვიკისრე. ახლა კი რადგანაც შენს მიმართ სიკეთე მაქვს ჩანდეილი, შენ გმართებ კეთილითვე გადამიხადო. მე გთხოვ, შენ იყო ჩემი შვილის მცველი, როდესაც იგი სანადიროდ წავა, რათა გზაზე ვინმე ბოროტმოქმედნი არ გამოჩდნენ და ზიანი არ მოუტანონ. ამას გარდა შენ იმიტომაც გმართებს იქ წასვლა, რომ გამობრწყინდე შენი საქმიანობით. ეს ხომ შენი მამაპაპეული საქმიანობაა და ამასთანავე ძალაც შეგწევს“.
უპასუხა მას ადრესტორმა: „მეფეო, სხვა ვითარებაში მე არ წავიდოდი ამისთანა საქმეზე, რადგან, არც ამისთანა უბედურების ჩამდენს შემშვენის წარმატებულ ტოლებთან წასვლა და არც მინდა; თან ბევრი სხვა ამეც მაბრკოლებს, ახლა კი, რადგან შენ ასე ძალიან გინდა (მე კი მმართებს, გასიამოვნო, რადგან კეთილი უნდა მოგაგო შენ), მე მზადა ვარ დაგემორჩილო; იმედი იქონიე რომ შენი შვილი, რომლის დაცვაც მიბრძანე, მცველის წყალობით უვნებელი დაბრუნდება“.
მას შემდეგ, რაც ადრესტოსმა ასე უპასუხა კროისოსს, წავიდნენ ის და ატისი რჩეული ჭაბუკებისა და ძაღლების თანხლებით. მიდიოდნენ ისინი ოლიმპოს მთაზე და ეძებდნენ ნადირს, ხოლო როდესაც იპოვეს, გარს შემოეხვივნენ მას და შუბები დაუშინეს. როდესაც სტუმარმა, რომელიც მკვლელობისაგან განიწმინდა და რომელსაც ადრესტოსი ერქვა, სტყორცნა შუბი, შუბი ტახს ააცილა და მოარტყა კროისოსის შვილს. მან შუბით განგმირა ატისი და ასრულდა სიზმარში ნაწინასწარმეტყველები. ვიღაცა გაიქცა კროისოსთან იმის შესატყობინებლად, რაც მოხდა, და რომ მივიდა სარდესში, აუწყა მას ნადირობის და შვილის სიკვდილის ამბავი.
კროისოსი შვილის სიკვდილმა საშინლად შეაძრწუნა და განსაკუთრებით იმან, რომ მისი შვილი მოჰკლა იმ კაცმა, ვინც თვითონ კროისოსმა განწმინდა მკვლელობისაგან. უბედურებისაგან გულმოკლული, როგორც კი შეეძლო, მოუწოდებდა განმწმენდელ ზევსს და მოწმედ უხმობდა მას: ხედავ, რა მიყო სტუმარმა; მოუწოდებდა კერიისა და მეგობრობის მფარველს (ის სულ ერთსა და იმავე ღმერთს მიმართავდა), კერიის მფარველ ზევსს მოუწოდებდა იმიტომ, რომ მიიღო სახლში უცხოელი და ვერ მიხვდა, რომ შვილის მკვლელს მასპინძლობდა, ხოლო მეგობრობის მფარველ ზევსს მოუწოდებდა იმიტომ, რომ მცველად გაატანა შვილს კაცი და ყველაზე დიდი მტერი კი ის გამოდგა.
ამის შემდეგ მოვიდნენ ლიდილები და მოიტანეს გვამი, ხოლო უკან მოჰყვებოდა მას მკვლელი: იგი დადგა გვამის წინ, ჩაბარდა კროისოსს ხელებგაწვდილი და ეუბნებოდა, დამკალი ზედ ატასის გვამზეო. იგი ყვებოდა თავისი პირველი უბედურების ამბავს და იმასაც, თუ როგორ შემოაკვდა ის, ვინც განწმინდა იგი ამ უბედურებისაგან, ამდენად არც თვითონაა ამიერიდან სასიცოცხლო. კროისოსმა რომ ეს მოისმინა, შეეცოდა ადრესტოსი, (თუმცა საკუთარი უბედურებაც ჰყოფნიდა) და უთხრა მას: „სტუმარო, მე დაკმაყოფილებული ვარ, რადგანაც შენ თავს შენვე უსჯი სიკვდილს. ჩემი უბედურების მიზეზი კი არა ხარ შენ, არამედ მისი მხოლოდ უნებური შემსრულებელი; მიზეზი რომელიღაც ღმერთთაგანია, რომელმაც მე უწინ მანიშნა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა“. კროისოსმა შესაფერისი პატივით დაკრძალა თავისი შვილი. ადრესტოსმა, გორდეის მიდესის ძის ძემ, თავისი ძმისა და განმწმენდელის მკვლელმა, საფლავის ირგვლივ შემოჯარულთ თვალწინ თავი დააკლა საფლავს, იმიტომ, რომ თავისი თავი ადამიანთა შორის ყველაზე უფრო უბედურად მიაჩნდა.
კროისოსი შვილის დაკარგვას დაახლოებით ორი წელიწადს დიდად გლოვობდა, ხოლო შემდეგ, ასტიაგეს კიარქსარესის ძის ძალაუფლება რომ დაამხო კიროსმა (550 წელს სპარსეთის სატრაპმა კიროსმა მიდია დაიპყრო და მიდიისა და სპარსეთის მეფედ გახდა), კამბისესის ძემ და სპარსთა სახელმწიფო გაზარდა, ამან შეაწყვეტინა კროისოსს გლოვა. მან იფიქრა, რომ ვიდრე ძალიან მოღონიედებოდნენ სპარსელები, როგორმე მოეხერხებინა და შეეჩერებინა მათი მზარდი ძალა. ამ ფიქრების შემდეგ მაშინვე მოინდომა გამოეცადა მისნები, რომლებიც ელინთა ქვეყანაში და ლიბიაში არიან. დააგზავნა კაცები ზოგი სად, ზოგი სად: ზოგიერთები დელფოში წავიდნენ, სხვები ფოკიდის აბეში, დანარჩენები დოდონეში. ზოგი მათგანი წარგზავნილი იქნა ამფიარეოსის და ტროფონიოსის საკურთხევლებში, ზოგი კიდევ ბრანქიდეში, რომელიც მილეტელებს ეკუთვნის. ესენი ელინური სამისნოებია, სადაც დაგზავნა კროისოსმა კაცები წინასწარმეტყველების შესატყობად. ლიბიის ამონის სამისნოში კიდევ სხვები გაგზავნა გამოსარკვევად. კაცები დააგზავნა იმისათვის, რომ გამოეცადა მისნები, რას იტყოდნენ და თუ აღმოჩნდებოდა, რომ ისინი სწორად მიხვდნენ, მეორედ გაგზავნიდა კაცებს და შეეკითხებოდა მათ, წამოეწყო თუ არა სპარსელებზე ლაშქრობა.
ღვთის ნების გამოსაცდელად წარგზავნილ ლიდიელებს უბრძანა: სარდესიდან გასვლის დღიდან, აი აქედან იანგარიშონ დღეები დარჩენილი დროისათვის და მეასე დღეს მიმართონ სამისნოს, შეეკითხონ, თუ რას აკეთებს ლიდიელთა მეფე კროისოს ალიატესის ძე. რასაც კი თითოელი სამისნო უპასუხებს მათ, ის უნდა ჩაიწერონ და ჩამოუტანონ კროისოსს. თუ რა გამოაცხადეს სხვა სამისნოებმა, არავინ არაფერის ამბობს, ხოლო დელფოში, როგორც კი შევიდნენ ლიდილები ტაძარში, მიმართეს ღმერთს და ჰკითხეს, რაც ჰქონდათ ნაბრძანები. ამაზე პითიამ ჰეგზამეტრული საზომით უთხრა შემდეგი: „მე ვიცი ქვიშის რიცხვი და ზღვის ზომა, ვიგებ ყრუ-მუნჯისას და მესმის იმისა, ვინც ხმას არ იღებს. ჩემამდე მოვიდა სუნი მაგარჯავშნიანი კუსი, რომელიც იხარშება სპილენძის ჭურჭელში ცხვრის ხორცთან ერთად; მას სპილენძი აქვს ქვეშ დაფენილი და სპილენძი ახურავს ზემოდან“.
პითიამ რომ ეს გამოაცხდა, ლიდიელებმა ჩაიწერეს, წამოვიდნენ და დაბრუნდნენ სარდესში. როგორც კი სხვა ყველა გაგზავნილებიც მოვიდნენ და მოიტანეს ნათქვამი, მაშინ კროისოსმა ეს ჩანაწერების სათითაოდ გაშალა და ჩაიკითხა. დანარჩენთაგან არც ერთი არ მოეწონა მას, ხოლო როდესაც დელფოს პასუხი მოისმინა, მაშინვე ილოცა, მიიღო და გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ისაა სამისნო, რომელიც დელფოშია, რადგან მარტო მან გამოიცნო, თუ რას აკეთებდა კროისოსი. როდესაც კროისოსმა კაცები დაგზავნა ღვთისაგან შესატყობად, დაელოდა დათქმულ დღეს და შემდეგი მოიმოქმედა: დარწმუნებულმა, რომ შეუძლებელია ვინმემ გამოიგონოს ასეთი რამ, ან გამოიცნოს მისი საქმიანობა, კუ და ცხვარი ერთად დაჭრა და თვითონ მოხარშა სპილენძის ქვაბში, ზედაც სპილენძისავე ხუფი დაახურა.
დელფოდან ასეთი რამ ეუწყა კროისოსს. ამფიარეოსის სამისნოს პასუხის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, თუ რა გაიგეს ლიდილებმა, მას მერე რაც შეასრულეს ის, რაც ტაძრისათვის არის დაწესებული (რადგანაც არც ამის შესახებ ლაპარაკობენ), ის კია რომ კროისოსმა ეს სამისნოც უტყუარად მიიჩნია.
ამის შემდეგ კროისოსმა დელფოს ღვთაება დიდი შესაწირავებით მოიმადლიერა: შესწირა ყოველგვარი სამსხვერპლო საქონელი 3000, დიდ ცეცხლში დაწვა ერთად მოგროვილი სარეცლები, მოოქრული და მოვერცხლილი, ოქროს ფიალები, ძოწის ტანსაცმელი და ქიტონები, რადგანაც იმედოვნებდა, რომ ღმერთს ამით თავის სასიკეთოდ განაწყობდა. ხოლო ლიდიელებს გამოუცხადა, რომ ყველამ შესწიროს მსხვერპლი და თითოეულმა მათგანმა ის, რაც აქვს. როგორც კი მსხვერპლშეწირვას მორჩნენ, გადაადნობინა უამრავი ოქრო და მისგან გამოაჭედვინა 117 ნახევარფილა, რომელთაც სიგრძე ჰქონდათ 6 ციდა, სიგანე 3 ციდა, ხოლო სისქე ერთი ციდა. ამათგან 4 იყო წმინდა ოქროსი, თითოეული იწონიდა 2 ტალანტს, დანარჩენი ნახევარფილები თეთრი ოქროსი, თითოეული 2 ტალანტს იწონიდა. გააკეთებინა ლომის გამოსახულება სუფთა ოქროსი, რომელიც იწონიდა 10 ტალანტს, ეს ლომი, როდესაც იწვოდა დელფოში ტაძარი, ჩამოვარდა ნახევარფილებიდან რომელზეც იდგა და ახლა დგას კორინთელთა საგანძურში, ის ახლა იწონის 6 ტალანტს, რადგანაც ხანძრისგან მისი 3 ტალანტი დადნა.
ეს რომ გააკეთა კროისოსმა, ამათთან ერთად გაგზავნა დელფოში კიდევ შემდეგი შესაწირავები: დიდი ზომის ორი კრატერი, ოქროსი და ვერცხლისა, ამათგან ოქროსი მოთავსებულია ტაძარში შემსვლელთათვის მარჯვნივ, ხოლო ვერცხლისა – მარცხნივ. მაგრამ ამ ჭურჭლებმაც გადაინაცვლეს ტაძარს რომ ცეცხლი ეკიდა მაშინ და ოქროს კრატერი ახლა კლაძომენელთა საგანძურში დგას და იწონის 8 ტალანტს და 12 მნას, ხოლო ვერცხლისა დგას ტაძრის შესავლელში კუთხეში და შეიცავს 600 ამფორას. თეოფანიების დროს დელფოელები მასში აზავებდნენ ღვინოს. დელფოელები მის შესახებ ამბობენ, რომ იგი თეოდორე სამოსელის ნახელავი არისო და მეც ასე მგონია, რადგანაც ჩვეულებრივი ნამუშევარი არ მეჩვენება იგი. კროისოსმა გაგზავნა კიდევ 4 ვერცხლის პითოსი, რომლებიც კორინთელთა საგანძურში დგანან, შესწირა ორი სასხურებელი, ოქროსი და ვერცხლისა. ამათაგან ოქროს სასხურებელს აწერია, რომ ლაკედემონელები ამბობენ, ეს ნივთი ჩვენი შეწირულიაო. ეს არაა სწორი, რადგანაც ისინი კროისოსის საჩუქარია. ერთმა დელფოელმა მოინდომა ლაკედემონელთა სიამოვნება და ასე დააწერა. მე ვიცი სახელი ამ კაცისა, მაგრამ არ ვახსენებ. ლაკედემონელების შეწირულია ყრმის გამოსახულება, რომლის ხელიდანაც გადმოდის წყალი და არა რომელიმე ამ სახელურებელთაგან. სხვებთან ერთად სხვა შესაწირავებიც მრავლად გაგზავნა კროისოსმა, რომლებიც ცალკე არ არის აღნიშნული, მათ შორის ვერცხლის მრგვალი ჩამოსხმული ჭურჭლები, ქალის სამწყრთიანი ოქროს ქანდაკება, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ ეს კროისოსის პურისმცხობლის გამოსახულება არისო. ამას გარდა კროისოსმა შესწირა თავისი ცოლის ყელსაბამები და სამაჯურები.
კროისოსმა ესენი გაგზავნა დელფოში, ხოლო ამფიარეოსმა რომ შეიტყო მისი სიკეთე და განსაცდელი, შესწირა მთლიანად ოქროს ფარი, ასევე მაგარი, მთლიანად ოქროს შუბი, რომელსაც ტარიცა და პირებიც ოქროსი ჰქონდა. ეს ორივე ჯერ კიდევ ჩემ დროში იყო თებეში, თებელთა აპოლონ ისმენიონის ტაძარში.
ტაძრისათვის საჩუქრების მისართმევად წარგზავნილ ლიდილებს კროისოსმა უბრძანა, რომ შეჰკითხვოდნენ სამისნოს, – კროისოსს მარტოს ელაშქრა სპარსელების წინააღმდეგ, თუ რომელიმე ლაშქარი შემოეამხანაგებინა. როგორც კი მოვიდნენ ლიდიელები იქ, სადაც იყვნენ გაგზავნილები, შესწირეს შესაწირველები და შეეკითხნენ სამისნოს: „კროისოსი, ლიდიელთა და სხვა ხალხთა მეფე, ადამიანთა მხოლოდ ამ სამისნოს მიიჩნევს და მოგართმევთ თქვენი ახსნის შესაფერის საჩუქრებს; ახლა კი გეკითხებით: მარტოკა ილაშქროს სპარსელების წინააღმდეგ, თუ რომელიმე ლაშქარი გაიხადოს მოკავშირედ“. ხოლო ორივე სამისნომ ერთი და იგივე აზრი გამოთქვა. უწინასწარმეტყველეს კროისოსს, რომ თუ ილაშქრებს სპარსელებზე, დიდ სახელმწიფოს დაანგრევს, ამას გარდა ურჩევდნენ, რომ ელინთაგან უძლიერესი გამოერჩია და მეგობრად გაეხადა.
როდესაც ღვთის ნება კროისოსმა შეიტყო, ძალიან გაიხარა წინასწარმეტყველებით, რადგან დიდად იმედოვნებდა, რომ დააქცევდა კიროსის სახელმწიფოს; გაგზავნა კვლავ კაცები დელფოს პიოში, შეიტყო დელფოელების რიცხვი და დაასაჩუქრა თითოეული კაცი ორი ოქროს სტატერით. დელფოელებმა ამის სანაცვლოდ კროისოსსა და ლიდილებს ზოგი უპირატესობა მიანიჭეს სხვებთან შედარებით: ისინი მისნობას სხვებზე უწინ იღებდნენ, დელფოში გადასახადს არ იხდიდნენ, დღესასწაულებზე პირველ ადგილს იკავებდნენ. ამას გარდა, ლიდიელთა შორის მსურველებს სამუდამოდ შეეძლო დელფოელი გამხდარიყო.
დაასაჩუქრა დელფოელები კროისოსმა და საბოლოოდ მიმართა მისნობისთვის; მას მერე რაც ერთხელ ჭეშმარიტი მისნობა მიიღო დელფოსაგან, ხშირად მიმართავდა ხოლმე მას. უნდოდა მისნობის შეტყობა და მას შეეკითხა: ხანგრძლივად ექნება ძალაუფლება, თუ არა. ხოლო პითიამ მას მიუგო: „როდესაც მიდიელებს მეფედ ჯორი ეყოლებათ, მაშინ, ნაზფეხებიანო ლიდიელო, კენჭებმრავალ ჰერმოსისაკენ გაიქეცი, ნუ დარჩები, და ნურც იმის შეგრცხვება, რომ სიმხდალეს დაგწამებენ“.
ამ სიტყვების მოსმენა კროისოსს ყველაზე უფრო გაეხარდა, რადგანაც იმედი ჰქონდა, ჯორი ადამიანის მაგივრად არასოდეს გახდებოდა მიდიელთა მეფე, მაშასადამე არასოდეს დაჰკარგავენ ხელისუფლებას არც თვითონ და არც მისი მემკვიდრეები. ამის შემდეგ მან დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ გამოერკივა, ელინთა შორის ყველაზე ძლიერი ვინ იყო, რომ ისინი გაეხადა მეგობრად. მან გამოიკვლია და გამოარკვია, რომ ლაკედემონელები და ათენელები არიან უპირატესნი ელინ ტომთა შორის.
ეს რომ შეიტყო კროისოსმა, გაგზავნა ლაკედემონელთა დედაქალაქ სპარტაში დესპანები, რომელთაც წაიღეს ძღვენი და უნდა ეთხოვნათ მოკავშირეობა, თან უბრძანა მათ, რა უნდა ეთქვათ. ესენი რომ მოვიდნენ, თქვეს: „ჩვენ გამოგვაგზავნა კროისოსმა, ლიდიელთა და სხვა ხალხების მეფემ და შემოგითვალათ: ლაკედემონელებო, ღმერთმა გამომიცხადა მე, რომ ელინი დავიმეგობრო, და რადგანაც მე მწამს, რომ თქვენ თავკაცები ხართ ელადაში, ამიტომ მისნობის თანახმად თქვენ მოგმართავთ და მინდა, ჩემი მეგობარი და მოკავშირე გახდეთ ეშმაკობისა და ტყუილების გარეშე“. კროისოსმა დესპანების პირით ეს ამცნო ლაკედემონელებს, ხოლო ლაკედემონელებმა მოისიმინეს, თუ ღვთისაგან რა ეუწყა კროისოსს და გაიხარეს ლიდიელების მოსვლით, დადეს მათთან ფიცი მეგობრობისა და მოკავშირეობის შესახებ. მით უმეტეს, რომ კროისოსს მათ მიმართ ზოგი კარგი საქმე უწინ ჰქონდა გაკეთებული: მაგალითად ლაკედემონელებმა ერთხელ გაგზავნეს კაცები სარდეში ოქროს საყიდლად, ეს ოქრო მათ აპოლონის ქანდაკების გასაკეთებლად უნდოდათ, კროისოსმა კი მათ, საყიდლად მოსულებს, ოქრო საჩუქრად მისცა.
ლაკედემონელები ამის გულისთვისაც დასთანხმდნენ მოკავშირეობას და იმიტომაც, რომ კროისოსმა ისინი გამოარჩია და სხვებს ამჯობინა მეგობრებად. ამიტომ იყო, რომ ლაკედემონელებმა მიიღეს კროისოსის ეს წინადადება.
როდესაც კროისოსი ემზადებოდა სპარსელებზე სალაშქროდ, ერთმა ლიდიელმა (მისი სახელი იყო სანდანისი), რომელიც უწინაც ბრძენად იყო აღიარებული, ხოლო შემდეგ, ამ აზრის გამო დიდი სახელი მოიპოვა ლიდიელებში, ურჩია კროისოს: „მეფეო, შენ იმ კაცებზე ემზადები სალაშქროდ, რომლებიც ატარებენ ტყავის შარვლებს და დანარჩენ ტანსაცმელსაც ტყავისას ხმარობენ, იმდენს კი არ სჭამენ, რამდენიც სურთ, არამედ იმდენს რამდენიც აქვთ, და ეს იმიტომ, რომ ისინი სუსხიანი ქვეყნიდან არიან. ისინი ღვინოს კი არ ხმარობენ, არამედ წყალსა სხვამენ, არც ლეღვი აქვთ საჭმელად, არც სხვა რამ ხეირიანი. ჯერ ერთი, თუ შენ სძლევ მათ, რას წაართმევ, თვითონაც რომ არაფერი აქვთ? ხოლო თუ დაგძლიეს, იცი რამდენ სიკეთეს დაკარგავ, რადგანაც ისინი რომ ჩვენს სიკეთეს იგემებენ, ჩაეჭიდებიან და ვეღარ გავაგდებთ. მე ვმადლობ ღმერთს, რომელიც ლიდიელებზე სალაშქროდ არ აქეზებენ სპარსელებს“. ეს ილაპარაკა, მაგრამ კროისოსი ვერ დააჯერა, მართლაც ვიდრე ლიდიელებს დაიპყრობდნენ, სპარსელებმა არც ფუფუნება იცოდნენ და არც სხვა რამ სიკეთე.
კაპადოკიელები ვიდრე სპარსთა მმართველობაში გადავიდოდნენ, მიდიელთ ქვეშევრდომები იყვნენ, ახლა კი კიროსის. მიდიის საგამგებლოსა და ლიდიას შორის საზღვარი იყო მდინარე ჰალისი, რომელიც არმენიის მთებიდან გამოსული კილიკიაზე მოედინება, ხოლო ქვემოთ, მის მარჯვნივ სახლობენ მატიენები, მეორე მხარეს კი – ფრიგიელები. ამ ქვეყნებს რომ ჩაუვლის, ჰალისი მიედინება ზემოთ ჩრდილოეთისაკენ და იქ საზღვრავს კაპადოკიელებს, რომლებიც მარჯვნივ არიან მარცხნივ მოსახლე პაფალოგენელებისაგან. ამრიგად მდინარე ჰალისი გამოჰყოფს აზიის თითქმის მთელ ქვევითა მხარეს, რომელიც კიპროსის პირდაპირ მდებარე ზღვიდან ევქსინის პონტომდე აღწევს. ხოლო ეს არის მთელი ამ ქვეყნის ყელი: ამ გზას მსუბუქად შეიარაღებული კაცი ხუთ დღეს მოუნდება.
კროისოსი კაპადოკიაზე შემდეგი მიზეზის გამო ლაშქრობდა: მას უნდოდა თავისი წილისათვის შეემატებინა მათი მიწაც; განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ენდობოდა მისნობას და უნდოდა კიროსისათვის სამაგიერო მიეზღო, რადგანაც ასტიაგეს კიარქსარესის ძე, რომელიც კროისოსის მოყვარე და მიდიელთა მეფე იყო, დაიმორჩილა კიროსმა, კამბისესის ძემ. ამიტომ ჯავრობდა კროისოსი კიროსზე და გაგზავნა კაცები მისნობის გასაგებად, ილაშქროს თუ არა სპარსელებზე. როდესაც მიიღო ორაზროვანი პასუხი, იმედოვნებდა, რომ მის მხარეს იყო მისნობა და გაილაშქრა კიდევაც სპარსელთა ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც მიაღწია კროისოსმა ჰალისს, იქიდან გადაიყვანა ლაშქარი არსებული ხიდებით.
როდესაც კროისოსი მდინარეზე გადავიდა ჯართან ერთად, მიაღწია პტერიედ წოდებულ ადგილს კაპადოკიაში (ხოლო პტერიე არის ამ ქვეყანაში ყველაზე უკეთ გამაგრებული ადგილი, იგი მდებარეობს ქალაქ სინოპეს ქვემოთ, ხოლო სინოპე ზედ ევქსინის პონტოსთან არის), აქ დაიბანაკა მან და დაარბია კაპადოკიელთა მიწები. პტერიელთა ქალაქი აიღო და დაიმონა, აიღო აგრეთვე მთელი მის ირგვლივ მდებარე ადგილებიც, ხოლო სრულიად უდანაშაულო კაპადოკიელი სირიელები (ლევკოსირები) იქიდან აჰყარა. ხოლო კიროსმა შეაგროვა თავისი ლაშქარი, შემოიერთა ყველა ისინი, ვინც კი მათ შორის მოსახლეობდა და შემოხვდა კროისოსს. ხოლო ვიდრე გამოიყვანდა ლაშქარს, გაუგზავნა იონიელებს მაცნეები და შეეცადა ისინი კროისოსისათვის ჩამოეცილებინა. იონიელებმა არ დაუჯერეს; ხოლო კიროსი მოსვლისთანავე კროისოსის პირდაპირ დაბანაკდა, მაშინ ისინი ერთმანეთს სასტიკად შეეჯახნენ პტერიის მხარეში. სასტიკი ბრძოლა იყო და ორივე მხირდან ბევრი დაიღუპა, საბოლოოდ ვერც ერთმა მხრემ ვერ გაიმარჯვა და ღამე რომ დადგა, ერთმანეთს თავი ანებეს. ასე იბრძოდა ორი ბანაკი.
კროისოსს საკმარისად არ მიაჩნდა თავისი ლაშქარი (რადგან მას ბევრად უფრო ნაკლები ჯარი ჰყავდა შეგროვილი, ვიდრეო კიროსის იყო), ამით იყო უკმაყოფილო და მეორე დღეს, რომ აღარ დაესხა თავს კიროსი, კროისოსი წავიდა სარდესში; გუნებაში ჰქონდა დაეძახებინა ეგვიპტელებისათვის ხელშეკრულების თანახმად (რადგან მოკავშირეობის საკითხი ამისისთან, ეგვიპტის მეფესთან, უფრო უწინ ჰქონდა მოგვარებული, ვიდრე ლაკედემონელებთან), მოიწვია ბაბილონელებიც (რადგან ესენიც მისი მოკავშირენი იყვნენ, ხოლო ამ დროს ბაბილონელების ტირანი იყო ლაბინეტოსი) და შეუთვალა ლაკედემოლებს, რომ ამასთან ყოფილიყვნენ დათქმულ დროს. მან შეაგროვა ესენი, თავის ჯარიც შეუერთა და იფიქრა, რომ ზამთარში მოიცდიდა და გაზაფხულის დადგომისთანავე გაილაშქრებდა სპარსელეზე. ამ განზრახვით სარდესში მისვლისთანავე დაუგზავნა მაცნეები თავის მოკავშირეებს და შეუთვალა, რომ მეხუთე თვეზე შეკრებილიყვნენ სარდესში. იქ მყოფი ჯარი კი, რომლითაც ებრძოდა სპარსელებს და რომელიც უცხოელთაგან შედგებოდა, მთლიანად გაუშვა, რადგან არავითარ შემთხვევაში არ ეგონა, რომ კიროსი, რომელიც ბრძოლის დროს მის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა, გაბედავდა და თავს დაესხმოდა სარდესს.
ასე რომ ფიქრობდა კროისოსი, მთელი გარეუბანი გველებით აივსო. მათ გამოჩენისთანავე ცხენებმა დატოვეს საძოვრები, სადაც იმწყოსდნენ, მოვიდნენ და გველებს დაუწყეს ჭამა. კროისოსმა ეს რომ დაინახა, იფიქრა სასწაული არისო და ესეც იყო, მაშინვე გაგზავნა კაცები ღვთის განგების შესატყობად ტელმესელი განმარტელებლებისაგან. მივიდნენ მისნობისათვის და შეიტყვეს ტელემესელთაგან, თუ რას უნდა ნიშნავდეს სასწაული, მაგრამ ვეღარ მოხერხდა კროისოსისათვის შეტყობინება, რადგან, ვიდრე ისინი უკან მოაღწევდნენ სარდეში, კროისოსი უკვე დატყვევებული იყო. ტელემესელებმა კი შემდეგი გამოიცნეს კროისოსათვის ქვეყანაში უცხო ჯარია მოსალოდნელი და ეს ჯარი რომ მოვა, დაიპყრობს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რადგან ამბობენ, გველი მიწის შვილია, ხოლო ცხენი – მტერი და მომხდურიო. ტელემელებმა ასეთი პასუხი მისცეს კროისოსს, რომელიც უკვე დატყვევებული იყო, მაგრამ მათ ჯერ არაფერი იცოდნენ არც სარდესსა და არც თვით კროისოსის შესახებ.
პტერიეში მომხდარი ბრძოლის შემდეგ, როგორც კი კროისოსი წავიდა სარდესში, კიროსმა მაშინვე შიტყო, რომ კროისოსი თავისი ჯარის გაშვებას აპირებს. მან იფიქრა და გადაწყვიტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სარდეზე რაც შეიძლება ჩქარა წასვლა, მანამ ვიდრე მეორედ შეგროვდება ლიდიელთა ჯარი. როგორც კი გადაწყვიტა, სასწრაფოდ სისრულეში მოიყვანა თავისი გადაწყვეტილება, გაგზავნა ლაშქარი ლიდიაში და თვითონ მივიდა კროისოსთან ამ ამბის მოციქულად. მაშინ კროისოსი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ მოეწყო, ვიდრე თვითონ მოელოდა, მაგრამ მაინც დასძრა ლიდილები საბრძოლველად. ამ დროს აზიაში არ იყო არც ერთი ხალხი ლიდიელებზე უფრო მხნე და მამაცი. ისინი იბრძოდნენ ცხენებზე ამხედრებული, ეჭირათ დიდი შუბები და საუკეთესო ცხენოსნები იყვნენ.
ჯარები შეიყარნენ დაბლობზე, რომელიც არის ქალაქ სარდესის წინ და რომელიც დიდია და ტრიალი (ამ დაბლობზე მიედინება სხვა მდინარეებიცა და მათ შორის ჰილოსიც, რომლებიც ერთვიან უდიდეს მდინარეს, მას კი ჰერმოსი ეწოდება; ჰერმოსი მოედინება დედა დინდიმენეს წმინდა მთიდან და ერთვის ზღვას ქალაქ ფოკეასთან). როგორც კი დაინახა კიროსმა საბრძოლველად დაწყობილი ლიდიელები, შეეშინდა ცხენოსანი ჯარისა და მიდიელი ჰარპაგოსის რჩევით ასე მოიქცა: რაც კი ჯარში სურსათითა და ბარგით დატვირთული აქლემები ჰყავდა, ყველას ერთად მოუყარა თავი, ჩამოხსნა ტვირთი და ზედ შესხა კაცები, ჩაცმული ცხენოსნის ტანსაცმელში. მოაწყო ისინი ასე და უბრძანა მათ დანარჩენი ჯარის წინ გაძღოლა კროისოსის ცხენოსანი ჯარის შესახვედრად, ბრძანა აქლემებს ქვეითი ჯარი მიჰყოლოდა, ხოლო ქვეითის შემდეგ მთელი ცხენოსნობა უნდა დაძრულიყო. როდესაც ყველანი მოეწყვნენ, კიროსმა დაარიგა ისინი, რომ ლიდიელთაგან არ დაინდონ არავინ და მოჰკლან ყოველი, ვინც კი, შემოხვდებათ, ხოლო თვით კროისოსი არ მოჰკლან, მაშინაც კი თუ დაჭერილი თავის დაცვას მოინდომებდა. ასე დაარიგა, ხოლო აქლემები ცხენოსან ჯარს შემდეგი მიზეზის გამო დაუპირისპირა: ცხენს ეშინია აქლემისა და ვერ იტანს ვერც მის შესახედაობას და ვერც მის სუნს; ამ ხერხს სწორედ იმ მიზნით მიმართა კიროსმა, რომ კროისოსის ცხენოსანი ჯარი გამოუსადეგარი გაეხადა, ხოლო ლიდიელს კი განსაკუთრებული იმედი სწორედ ამ ცხენოსნებისა ჰქონდა. შეიყარნენ თუ არა საბრძოლველად, ცხენებმა აქლემების სუნი იკრეს, დაინახეს ისინი, უკან გაბრუნდნენ და კროისოსს იმედიც გადაუწყდა. მაგრამ ლიდიელები ამის გამო არ შეშინებულან, არამედ როგორც შეამჩნიეს ის, რაც მოხდა, ჩამოხტნენ ცხენებიდან და ქვეითად შეებნენ სპარსელებს. შემდეგ, როდესაც ორივე მხრიდან ბევრნი დაეცნენ, ლიდიელები გაბრუნდნენ და ზღუდის იქით შემწყვდეულებს სპარსელებმა ალყა შემოარყტეს.
ხოლო კროისოსს ეგონა, რომ ალყა დიდხანს გაგრძელდებოდა და სიმაგრიდან ახლა სხვა მოციქულები გაგზავნა მოკავშირეებთან. რადგან უწინ გაგზავნილების პირით შეთვლილი ჰქონდა მოკავშირეებისათვის მეხუთე თვეზე შეყრა სარდესში. ესენი კი გაგზავნა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოშველებოდნენ, რადგან ალყაშემორტყმული იყო.
კაცები დაგზავნა სხვა მოკავშირეებთანაც და ლაკედემონელებთანაც. სწორედ ამ დროს მოხდა ისე, რომ თვით სპარტელებს მტრობა ჰქონდათ არგოსელებთან იმ მხარის გამო, რომელსაც ეწოდება თირეე. ეს თირეე იყო არგოლიდის ნაწილი, ლაკედემონელებმა ჩამოაჭრეს ის და დაეპტრონენ. ამ დღეში იყვნენ სპარტელები, როდესაც მოვიდა მათთან სარდესელი მაცნე და ითხოვა, რომ მიშველებოდნენ ალყაშემორტყმულ კროისოსს. როდესაც ეს შეიტყვეს მაცნეთაგან, მათ მოინდომეს შველა, მაგრამ როცა უკვე მოეწყვნენ სალაშქროდ და ხომალდებიც გაამზადეს, მოვიდა სხვა ცნობა, რომ ლიდიელთა სიმაგრე აღებულია და კროისოსიც ტყვედ არის ჩავარდნილი. ამრიგად სპარტელებმა შეწყვიტეს სამზადისი, რაკი ეს დიდი უბედურება დაატყდათ თავს.
ხოლო სარდესი ასე აიღეს: როდესაც დადგა მეთოთხმეტე დღე, რაც კროისოსი ალყაშემორტყმული იყო, კიროსმა თავის ლაშქარში გაგზავნა მხედრები და შეუთვალა, ვინც პირველი ავიდოდა ზღუდეზე, მას საჩუქარს მისცემდნენ. ამის შემდეგ მთელი ლაშქარი შეეცადა ზღუდეზე ასვლას, მაგრამ ვერავინ მოახერხა; მაშინ, როდესაც სხვებმა თავი ანებეს, ერთი მარდი, რომელსაც ერქვა ჰირობადესი, შეეცადა ასვლას აკროპოლისის იმ ადგილას, სადაც დარაჯად არავინ იდგა, დარაჯი კი იმიტომ არ იდგა, რომ არ იყო საშიში, ოდესმე ვინმეს აეღო ეს ადგილი, რაკიღა აკროპოლისი აქ ციცაბო და მიუვალი იყო. მხოლოდ ამ ადგილზე არ გაატარა მელესმა, სარდეს პირველმა მეფემ, ლომი, რომელიც მას ხასამ უშვა: ხოლო ტელმესელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ლომს თუ შემოატარებდნენ ზღუდეს, სარდე აუღებელი იქნებოდა. მელესმა ლომი მთელი ზღუდის ირგვლივ შემოატარა, სადაც აკროპოლისის ადგილები იოლად მისასვლელი იყო. ეს ადგილი ქალაქ ტმოლოსისაკენ არის მიმართული. ამ ჰირობადესმა, მარდმა, წინადღით დაინახა, რომ რომელიღაც ლიდიელი ჩამოვიდა აკროპოლისიდან სწორედ ამ ადგილას მუზარადისათვის, რომელიც ზემოდან ჩამოუგორდა და აიღო. დაინახა ჰირობადესმა და დაიხსომა. მეორე დღეს კი თვითონ ავიდა ამ ადგილას და სხვა სპარსელებიც ავიდნენ. ბევრი სპარსელი დაესხა თავს სიმაგრეს. ასე აიღეს სარდესი და გაანადგურეს მთელი ქალაქი.
ამასობაში კროისოსს შემდეგი შეემთხვა: მას ჰყავდა შვილი, რომელიც უწინაც მოვიხსენიე, სხვაფრივ ღირსეული, მხოლოდ მუნჯი. განვლილი ბედნიერების დროს კროისოსმა ყველაფერი გააკეთა მისთვის, ყოველმხრივ ზრუნავდა მასზე და სხვათა შორის დელფოშიც გააგზავნა კაცები მის შესახებ მისნობის შესატყობად. ხოლო პითიამ მას შემდეგი უთხრა: წარმოშობით ლიდიელო, მრავალთა მეფევ, ბრიყვო, კროისოს, ნუ მოინდომებ, რომ შენს სახლში მოისმინო დიდი სასურველი ხმა შენი ალაპარაკებული შვილისა. შენთვის ბევრად უმჯობესია ის ისეთივე დარჩეს, რადგან ხმას იგი პირველად უბედურ დღეს ამოიღებს. როდესაც სიმაგრეს იღებდნენ, ერთმა სპარსელთაგანმა, ვერ იცნო კროისოსი და გაემართა მის მოსაკლავად. ხოლო კროისოსი ხედავდა მისკენ მომავალ სპარსელს და თავსდატეხილი უბედურების გამო მას ყურადღებას არ აქცევდა, არც ის ენაღვლებოდა, რომ მას დაარტყამდნენ და მოჰკლავდნენ. ხოლო ამ მუნჯმა შვილმა, როგორც დაინახა თავდამსხმელი სპარსელი, საშინელი შიშისაგან უეცრად ამოიდგა ენა და თქვა: კაცო, ნუ ჰკლავ კროისოსს. მან პირველად ახლა ამოიღო ხმა და ამის შემდეგ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ლაპარაკობდა.
სპარსელებმა სარდესი აიღეს და თვით კროისოსი ტყვედ ჩაიგდეს. კროისოსი 14 წელიწადს მეფობდა, 14 დღე იყო ალყაშემორტყმული და მისნობის მიხედვით თვითონ მოუღო ბოლო თავის დიდ სახელმწიფოს. სპარსელებმა შეიპყრეს იგი და წაიყვანეს კიროსთან. მან დიდი კოცონი დაანთებინა და მასზე ააყვანინა ბორკილებშეყრილი კროისოსი და მასთან ერთად შვიდი წყვილი ლიდიელი ყრმა. კიროსს გუნებაში ან ის ჰქონდა, რომ შეეწირა რომელიმე ღმერთთაგანისათვის ეს პირველი ნადავლი, ან უნდოდა შეესრულებინა რაღაც აღთქმა, ან იცოდა, რომ კროისოსი ღვთისმოსავი იყო და იმისი გულისათვის ააყვანინა კოცონზე, რომ უნდოდა ენახა, რომელიმე დემონთაგანი თუ შეეცდებოდა, რომ იგი არ დამწყვარიყო და გადარჩენილიყო. მან ეს გააკეთა, ხოლო კროისოსს, რომელიც კოცონზე იდგა, მოაგონდა, ამოდენა უბედურებაში რომ იყო, სოლონის ნათქვამი, თითქოს ღვთის მიერ შთაგონებული, რომ არავინ არის ცოცხალთა შორის ბედნიერი. მას რომ ეს გაახსენდა, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამოიოხრა, დაიკვნესა და სამჯერ დაიძახა სოლონ. ხოლო კიროსმა რომ გაიგონა, უბრძანა თარჯიმნებს შეჰკითხვოდნენ კროისოსს, თუ ამას ვის ეძახის, ესენიც მივიდნენ და შეკითხნენ. რომ ეკითხებოდნენ, კროისოსი ჯერ ჩუმად იყო, ხოლო შემდეგ, რომ აიძულეს, თქვა: „მე დიდ ქონებას გავიღებდი იმისათვის, რომ მას ესაუბრა ყველა ტირანთან“... რადგანაც კროისოსი მათ გაურკვევლად ელაპარაკებოდა, კვლავ შეეკითხნენ, რას ამბობო. რაკი სპარსელები ჩააცივდნენ და ძალიან შეაწუხეს, კროისოსმა უამბო, თუ როგორ მოვიდა მასთან თავდაპირველად ათენელი სოლონი, დაათვალიერა მთელი მისი სიმდიდრე და ასე ვთქვათ, არაფრად ჩააგდო; რომ მას ყოველივე აუხდა, რაც კი სოლონმა თქვა და არა მხოლოდ პირადად მის შესახებ თქმული, არამედ ადამიანთა მთელი მოდგმისა და განსაკუთრებით მათ შესახებ, ვისაც თავი მათ შორის ბედნიერად მიაჩნდა. კროისოსი ამას მოუთხროდა, ხოლო კოცონი უკვე ანთებული იყო და ნაპირებს ეკიდა. კიროსმა მოისმინა თარჯიმანთაგან ის, რაც კროისოსმა თქვა, დაუფიქრდა და ინანა, რომ თვითონ ადამიანია და სხვა ადამიანი, მასზე არანაკლებ ბედნიერი, ცოცხლად ცეცხლს უნდა მისცეს. ამას გარდა კიროსს შეეშინდა სამაგიეროს მიზღვის და განსაჯა, რომ არაფერი არის მკვიდრი ადამიანისთვის. მან განკარგულება გასცა, რომ სასწრაფოდ ჩაექროთ ანთებული ცეცხლი და ჩამოეყვანათ იქიდან კროისოსიცა და ისინიც, ვინც მასთან ერთად იყვნენ. სპარსელები შეეცადნენ ჩაქრობას, მაგრამ ცეცხლს ვერ აჯობეს.
როგორც ლიდიელები ამბობენ, კროისოსმა როცა შეიტყო, რომ კიროსმა გადაიფიქრა მისი დაწვა და დაინახა, რომ ამოდენა ხალხი აქრობს ცეცხლს, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაძლევას, მოუწოდა და შეღაღადა აპოლონს: თუ რაიმემ მისმა მიძღვნილმა ოდესმა ასიამოვნა აპოლონი, მოვიდეს და იხსნას იგი თავსდატეხილი ბოროტებისაგან. იგი მომტირალი მოუწოდებდა ღმერთს, ხოლო ამ დროს ნათელი, წყნარი ამიდნი შეიცვალა, გაჩნდა უცებ ღრუბლები და ქარიშხალი ამოვარდა, წამოვიდა ძლიერი წვიმა და ჩააქრო კოცონი. ეგრე შეიტყო კიროსმა, რომ კროისოსი ყოფილა ღმერთებისთვის სასურველი და კეთილი კაცი, ჩამოაყვანინა იგი კოცონიდან და შეეკითხა: კროისოსს, რომელმა ადამიანმა ჩაგაგონა ჩემს ქვეყანაზე საომრად წამოსვლა და ჩემს მტრად გახდომა იმის მაგივრად, რომ მეგობარი გამხდარიყავი? კროისოსმა უპასუხა: მეფეო, მე გავაკეთე ეს შენდა სასიკეთოდ და ჩემდა საუბედუროდ. ხოლო ამის მიზეზი იყო ელინთა ღმერთი, რომელმაც წამაქეზა სალაშქროდ. არავინაა ისე უგუნური, რომ ომი ერჩივნოს მშვიდობიანობას. მშვიდობიანობის დროს შვილები მარხავენ მამებს, ხოლო ომის დროს მამები შვილებს. მაგრამ ჩანს, დემონებს სურდათ, რომ ეს ასე ყოფილიყო.
მან ეს თქვა, ხოლო კიროსმა იგი შეახსნევინა, გვერდით მოისვა და ძალიან დიდი ზრუნვით ეკიდებოდა. უყურებდა მას კიროსი და თვითონაც უკვირდა და ყველა მათაც, ვინც მასთან იყვნენ. ხოლო კროისოსი დაღონებული იყო, და ჩუმად იჯდა. შემდეგ შებრუნდა და დაინახა, რომ სპარსელები ლიდიელთა ქალაქს ანადგურებდნენ და უთხრა: მეფეო, გითხრა თუ არა შენ, რასაც ვფიქრობ, თუ ჩუმად ყოფნა მმართებს შენთან? კიროსმა გაამხნევა და უბრძანა, ეთქვა, რაც კი უნდოდა. კროისოსი მას შეეკითხა: ეს ამოდენა ხალხი რასაა, რომ ასეთი მონდომებით აკეთებს? კიროსმა უპასუხა: შენს ქალაქს არბევს და შენს ქონებას იტაცებს. ხოლო კროისოსმა მიუგო: ეგენი არც ჩემს ქალაქს არბევენ და არც ჩემს ქონებას, რადგან აღარაფერია ამათგან ჩემი. მაგათ შენი ქონება მიაქვთ და შენსას ეზიდებიან.
კიროსი დაადარდიანა იმან, რაც მას კროისოსმა უთხრა. მოიშორა სხვები და ჰკითხა კროისოსს, თუ რას ხედავს საგანგებოს იმაში, რაც ხდება. კროისოსმა უთხრა: მას შემდეგ, რაც ღმერთებმა შენ ჩემი თავი მონად მოგცეს, სამართლიანად მიმაჩნია, თუ რამეს შენზე უკეთ ვხედავ, მიგითითო შენ. სპარსელები ბუნებით ამაყები არიან და ღარიბები. თუ შენ არ მიაქცევ ყურადღებას მათ, რომ არბევენ და ხელში იგდებენ დიდ ქონებას, ამას, ალბათ, შენთვის ცუდი შედეგი მოჰყვება: უნდა მოელოდე, რომ ის, ვინც მათგან ყველაზე მეტს ჩაიგდებს ხელში, შენს წინააღმდეგ გამოვა. ახლა, თუ კი ჭკუაში დაგიჯდება ჩემი ნათქვამი, ასე მოიქეცი: ყველა ბჭესთნ დააყენე შუბოსანი დარაჯები, რომლებიც ჩამოართმევენ ქონებას მათ, ვისაც გააქვს და ეტყვიან, თითქოს აუცილებელია გადასახადის აკრეფა მეათედის რაოდენობით ზევსისათვის შესაწირავად. ამრიგად შენ მათ არ შესძულდები, რადგან ძალით არ წაართმევ ქონებას, ისინი დაგეთანხმებიან, რომ შენ სამართლიანად იქცევი და ნებაყოფლობით მოგცემენ შენსასვე უკან.
მოისმინა ეს კიროსმა და დიდად ეამა, რადგანაც რჩევა მოეწონა. მან დიდად შეაქო კროისოსი და უბრძანა შუბოსნებს, კროისოსის რჩევა შეესრულებინათ. ხოლო კროისოსს ასე მიმართა: კროისოს, რაკიღა შენ, მეფე კაცი მზად ხარ კარგი საქმე აკეთო და კეთილი რჩევა მომცე, მომთხოვე საჩუქარი, განსაკუთრებით მასიამოვნებ, თუ ნებას დამრთავ, რომ ელინთა ღმერთს, რომელსაც მე ღმერთთა შორის განსაკუთრებულ პატივს ვცემდი, გავუგზავნო ეს ბორკილები და შევეკითხო – ნუთუ წესად აქვს მას მოტყუება იმისა, ვინც მას კარგს უკეთებს. კიროსი შეეკითხა, ამას რომ თხოულობს, რაში ადანაშაულებს ღმერთს. ხოლო კროისოსმა მოუთხრო მას ყველა თავისი განზრახვის შესახებ, მისნობის პასუხები და განსაკუთრებით კი თავისი შეწირულების ამბავი – და ისიც, როგორ წააქეზა ის ღმერთმა თავისი მისნობით სპარსელთა წინააღმდეგ სალაშქროდ. უთხრა ეს და მიმართა კვლავ თხოვნით, შემაძლებინე ღმერთს ეს ვუსაყვედუროო. კიროსმა გაიცინა და უთხრა: ამასაც გაგაკეთებინებ, კროისოს, და სხვა ყველაფერსაც, რასაც კი მთხოვ. როგორც კი ეს მოისმინა კროისოსმა, გაგზავნა ლიდიელთაგან კაცები დელფოში და უბრძანა მათ, დაედოთ ბორკილები ტაძრის ბჭესთან და შეჰკითხვოდნენ ღმერთს, არა სცხვენია, რომ მისნობით წააქეზა კროისოსი სპარსელების წინააღმდეგ სალაშქროდ, და აღუთქვა კიროსის ძლიერების დამხობა, რისი პირველი ნაყოფიც ესაა და ამასთანავე ეჩვენებინათ ბორკილები. გარდა ამისა უნდა შეჰკითხვოდნენ ელინთა ღმერთებს, წესად ხომ არა გაქვთ უმადურობაო.
დელფოში მოსულმა ლიდიელებმა თქვეს ის, რაც ნაბრძანები ჰქონდათ და ამბობენ, რომ პითიამ უთხრა მათ შემდეგი: ღმერთისათვისაც კი შეუძლებელია გაექცეს იმას, რაც უწერია. კროისოსს მეხუთე თაობის ცოდვა ეწია: მისი წინაპარი იყო ჰერაკლიდთა შუბოსანი, რომელმაც ცბიერ ქალს გაუგონა, მოჰკლა თავისი ბატონი და ხელთ იგდო მისი ადგილი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. ლოქსიესს ძალიან უნდოდა, რომ კროისოსის შვილების დროს მომხდარიყო სარდესის დამარცხება, და არა თვით კროისოსის დროს, მაგრამ არ შეიძლებოდა ბედისწერისათვის გვერდის ავლა. რამდენადაც ბედისწერა ამის საშუალებას იძლეოდა, ლოქსიესმა ის მის სასარგებლოდ წარმართა: სამი წლით გადასდო სარდესის აღება, და დეე იცოდეს კროისოსმა, რომ ამდენივე წლით გვიან მოხდა მისი შეპყრობა, ვიდრე მას ეწერა. მეორე, რაც მისთვის გააკეთა ლოქსიესმა, ისაა, რომ, იგი გადააჩინა დაწვისაგან. ყველაფერი მოხდა მისნობის თანახმად, ხოლო კროისოსი მართალი არაა, როცა ჰყვედრის ღმერთს, რადგან ლოქსიესმა უწინასწარმეტყველა მას, რომ თუ ილაშქრებს სპარსელებზე, იგი დაამხობს დიდ სახელმწიფოს. ამიტომ ის კარგად უნდა დაფიქრებულიყო და სამისნოში კიდევ გაეგზავნა კაცი და შეჰკითხვოდა, ამ ორი სახელმწიფოდან რომელს ეხებოდა ნათქვამი, მის სახელმწიფოს, თუ კიროსისას? კროისოსმა ვერ გაიგო წინასწარმეტყველება და აღარც იკითხა განმეორებით, ამიტომ თავისთავს დააბრალოს, რაც მოხდა; და ბოლოს, როდესაც კროისოსი შეეკითხა მისნობას, ვერც ის გაიგო, რაც უთხრა მას ლოქსიესმა ჯორის შესახებ. ეს ჯორი ხომ კიროსი იყო: იგი გაჩენილია ორი ისეთი ადამიანისაგან, რომლებიც ერთ ტომს არ ეკუთვნიან: დედა ეკუთვნის უკეთესს, ხოლო მამა – უარესს. მისი დედა იყო მიდიელი, მიდიელთა მეფის, ასტიაგესის ასული; ხოლო მამა იყო სპარსელი, რომელიც მიდიელთა ქვეშევრდომად ითვლებოდა და იგი ყოველმხრივ დაბლა იდგა თავის ქალბატონზე, რომელთანაც ცხოვრობდა“. ეს უპასუხა პითიამ ლიდიელებს, რომლებმაც სარდეში ჩამოიტანეს პასუხი და გამოუცხადეს კროისოსს. მან მოისმინა და აღიარა, რომ თვითონ არის დამნაშავე და არა ღმერთი.
ასეთი იყო კროისოსის სახელმწიფო და იონიის პირველი დამორჩილებაც ასე მოხდა. კროისოსს ელადაში სხვა შეწირულებაც ბევრი ჰქონდა და არა მხოლოდ ის, რომელთა შესახებაც უკვე ვთქვი. ასეთებია: ბეოტიელთა თებეში – ოქროს სამფეხი, რომელიც შესწირა აპოლონ ისმენიოსს, ეფოსში – ოქროს ძროხები და სვეტთა უმრავლესობა, ათენა – პრონებეს ტაძარში, რომელიც დელფოშია, ოქროს დიდი ფარი. ესენი ჩვენს დრომდე იყო, ნაწილი შეწირულებისა კი განადგურდა, როგორც მე შევიტყვე, კროისოსის შეწირულება მილეტელთა ბრანქიდესათვის იმავე წონისაა და იმის მსგავსია, რაც არის დელფოში. ნივთები, რაც შესწირა დელფოს და ამფიარეოსის ტაძარს, მისი საკუთარი იყო, ანდა საუკეთესო ნაწილი იყო მამისეული ქონებისა, ხოლო სხვა შეწირულებები მან მტრის ქონებიდან გაიღო: ეს კაცი, ვიდრე გამეფდებოდა კროისოსი, მისი მოწინააღმდეგე იყო და ეშველებოდა პანტალეონს, რომ ის გამხდარიყო ლიდიელთა მმართველი. ხოლო პანტალეონი იყო ალიატესის შვილი, კროისოსის ძმა, მხოლოდ დედით სხვა, კროისოსი ჰყავდა ალიატესს კარიელი ქალისაგან, ხოლო პანტალეონი – იონელი ქალისაგან. შემდეგ, როდესაც მამის მიერ გადაცმული ძალაუფლება კროისოსმა მოსათელ საჩეჩელზე ათრევინა და ისე დაღუპა, ხოლო მისი ქონება, რომელიც ჯერ კიდევ უწინ აღუთქვა, შესწირა ნახსენებ სამისნოებს, იმგვარად, როგორც ვთქვით. აი, ამდენი უნდა ითქვას შეწირულებათა შესახებ.
ლიდიის ქვეყანაში საოცრებანი, აღსაწერად რომ ღირდეს, არც იმდენია, როგორც სხვა ქვეყნებში, გარდა ოქროს ქვიშისა, რომლებიც ტმოლოსიდან ჩამოაქვს წყლებს. ამას გარდა, კიდევ ერთი უდიდესი ნამუშევარი აქვთ ლიდიელებს, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ეგვიპტელთა და ბაბილონთა ნამუშევრებს. აქ არის კროისოსის მამის, ალიატესის საფლავი, რომლის საფუძველი დიდი ქვებისაგან არის ნაკეთები, ხოლო დანარჩენი საფლავი წარმოადგენს მიწაყრილს. მას ეს საფლავი გაუკეთეს ვაჭრებმა, ხელოსნებმა და მეძავმა ქალებმა. ჯერ კიდევ ჩემს დრომდე საფლავზე ხუთი სასაზღვრო ნიშანი იყო აღმართული, რომლებზედაც წარწერები იყო ამოკვეთილი, იმის შესახებ, თუ თითოეულმა ამათგანმა რა გააკეთა. როცა გაზომეს, აღმოჩნდა, რომ საფლავის უმეტესი ნაწილი ამ ქალებს გაუკეთებიათ. ლიდიელი ხალხის ასულები ყველანი ეწევიან მეძავობას და ამით იგროვებენ მზითევს. ასე იქცევიან ისინი, ვიდრე გათხოვდებიან და თვითონ ითხოვებენ თავს. საფლავის გარშემოწერილობა 6 სტადიონი და 2 პლეთრონია, ხოლო მისი სიგანე არის 13 პლეთრონი. საფლავთან არის დიდი ტბა, რომლის შესახებაც ლიდიელები ამბობენ, რომ უშრეტელიაო. მას გიგესის ტბა ეწოდება. ეს ასეც არის.
ლიდიელებს ელინების მსგავსი წესები აქვთ, იმის გამოკლებით, რომ ლიდიელები მეძავებად აქცევენ თავის ქალიშვილებს. ადამიანთა შორის ლიდიელები პირველები არიან, ვინც კი ჩვენ ვიცით, რომლებმაც მოსჭრეს და გამოიყენეს ოქროსა და ვერცხლის ფული. ესენი იყვნენ პირველი წვრილვაჭრები. ლიდიელები ამბობენ, რომ მათ, ისევე როგორც ელინები თამაშობანი, მათი გამოგონილია. ამბობენ, რომ ეს გამოიგონეს მაშინ, როდესაც ტირსენიე დაასახლეს. ხოლო ამის შესახებ შემდეგს ჰყვებიან: მანესის ძის, ატისის მეფობის დროს მთელ ლიდიაში საშინელი პურის ნაკლებობა იყო, ლიდიელები ერთხანს ითმენდნენ, ხოლო შემდეგ, რადგანაც არ გათავდა ეს შიმშილობა, გამოსავალს ეძებდნენ, ზოგი რას იგონებდა და ზოგი რას. მაშინ იქნა გამოგონილი კამათლის, ზარის, ბურთისა და ყველა სხვა სათამაშოების სახეები, გარდა კოჭებისა; აი, ამის აღმოჩენას ლიდიელები არ იჩემებენ. შიმშილის წინააღმდეგ გამოიგონეს ეს და შემდეგნაირად იქცეოდნენ: ორი დღიდან ერთს მთლიანად თამაშობაში ატარებდნენ, რათა არ მოსდომებოდათ საჭმელი, ხოლო მეორე დღეს თავს ანებებდნენ და სჭამდნენ. ასე გაატარეს მათ 2 წელ ნაკლებ 20 დღე. მაგრამ გაჭირვება მაინც არ შენელებულა, ის კი არა, უფრო მეტად გამძაფრდა. ამიტომ მათმა მეფემ ყველა ლიდიელი ორ ნაწილად გაჰყო და კენჭი ხვდა მხოლოდ ერთს, ხოლო მეორე ნაწილს ერგო ქვეყნიდან წასვლა. იმ ნაწილს, რომელსაც წილად ხვდა დარჩენა, ის თვითონ დაუდგა მეფედ, ხოლო იმას რომელიც უნდა წასულიყო, მან მეფედ დაუყენა თავისი შვილი, სახელად ტირსენოსი. ის ნაწილი, რომელსაც ერგო ქვეყნის დატოვება, წავიდა სმირნაში და ააგო იქ ხომალდები, დააწყო ზედ ყოველივე, რაც კი ესაჭიროებოდა ცურვისათვის და გასცურა სარჩოსა და მიწის საძებრად. მათ ბევრ ხალხს ჩაუარეს და მივიდნენ ომბრიკებამდე. აქ მათ დაარსეს ქალაქები და აქვე ცხოვრობენ დღემდე. ლიდიელების ნაცვლად მათ ახალი სახელი დაირქვეს იმ მეფის ძის მიხედვით, რომელმაც ისინი თავის ქვეყანაში წამოიყვანა. მისი სახელწოდების მიხედვით იწოდებიან ისინი ტირსენებად. აი, ამგვარად დაიმონეს ლიდიელები სპარსელებმა.
როგორც კი ლიდიელები დაიმორჩილეს სპარსელებმა, კროისოსისა და სხვა ლიდიელთა ოქრო მიანდო პაქტიესს, ლიდიელს, თვითონ კი წავიდა ეკბატანაში, თან წიაყვანა კროისოსი; ხოლო იონიელებს თავდაპირველად არც კი მიაქცია ყურადღება, რადგანაც მას ჯერ ბაბილონი უშლიდა ხელს, ბაქტრიელი ხალხი, საკები და ეგვიპტელები, რომლებთან ომში თვითონ აპირებდა მხედართმთავრობას, ხოლო იონიელების წინააღმდეგ სხვა მხედართმთავარი გაგზავნა.
როდესაც კიროსი წავიდა სარდედან, პაქტიესმა ლიდიელები გადაუყენა ტაბალოსსა და კიროსს, თვითონ ჩავიდა ზღვასთან და რაკიღა მის ხელში იყო სარდელთა მთელი ოქრო, დაიქირავა დამხმარე ჯარი და დაარწმუნა ზღვისპირეთის მოსახლეობა, მასთან ერთად ელაშქრათ; სარდესის წინააღმდეგ რომ წავიდა, ალყა შემოარტყა ტაბლოსს და გამოიმწყვდია აკროპოლისში.
კიროსმა ეს ამბავი გზაში შეიტყო და უთხრა კროისოსს შემდეგი: „კროისოს, ამ ამბებს რა ბოლო ექნება ჩემთვის? როგორც ჩანს, ლიდიელები არ მოგვიშლიან საზრუნავს არც ჩვენ და არც თავის თავს. მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ დავიმონო ისინი. ახლა მგონია, თითქოს ისე ვიქცევი, როგორც ვიღაცა, რომელიც მოჰკლავს მამას და მის შვილებს შეიცოდებს. რადგანაც მე შენ, ლიდიელთათვის უფრო მეტი ვიდრე მამა, წამოგიყვანე და თან დაგატარებ, ხოლო თვით ლიდიელებს კი გადავეცი ქალაქი და ამის შემდეგ მიკვირს, რომ ისინი მე გადამიდგნენ“. კიროსი ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა, ხოლო კროისოსმა, რომელსაც ეშინოდა რომ სარდესი მთლად არ გაენადგურებინა კიროსს, უპასუხა შემდეგი: „მეფეო, ღირსეულად ლაპარაკობ, მხოლოდ მთლად ნუ მიჰყვები გულისთქმას და ნუ გაანადგურებ ძველ ქალაქს, რომელიც უდანაშაულოა როგორც უწინდელ, ისე ახლანდელ მდგომარეობაში. უწინდელი მდგომარეობა ჩემი შექმნილია და ამისათვის საკმარისადაც ვიწვნიე. რაც შეეხება ახლანდელ ვითარებას, – ამაში პაქტიესი არის დამნაშავე, შენ მას ჩააბარე სარდესი, ამიტომ მან უნდა აგოს შენთან პასუხი. ლიდიელებს კი აპატიე და ისეთი რამ დაუწესე, რომ არც გადაგიდნენ და არც საშიშარნი იყვნენ შენთვის: გაგზავნე კაცი და მისი პირით აუკრძალე მათ იარაღის ხმარება. უბრძანე, რომ კვართები ჩაიცვან ტანსაცმელს ქვეშ და კოთურნები ამოიბან, უთხარი მათ, რომ შვილებს ასწავლონ კითარაზე და ქნარზე დაკვრა და ვაჭრობა და მალე დაინახავ, მეფეო, რომ მამაკაცების წილ ქალებად იქცევიან ისინი ისე, რომ აღარ უნდა შეგეშინდეს, რომ გადაგიდგებიან“.
კროისოსმა მას ეს ურჩია, რადგანაც ფიქრობდა, რომ ლიდიელთათვის ეს უმჯობესია, ვიდრე დამონება. მან იცოდა, რომ თუ კიროსს მნიშნველოვან საბუთს არ წაუყენებდა, ვერ დაარწმუნებდა მას გადაწყვეტილება შეეცვალა. კროისოსს ეშინოდა, რომ ლიდიელები ოდესმე შემდეგში, ახლა თუ კი გადარჩებოდნენ, გადაუდგებოდნენ სპარსელებს და მაშინ კი დაიღუპებოდნენ. კიროსს კი მოეწონა რჩევა, სიბრაზემ გადაუარა და თქვა, რომ მას დაუჯერებს. დაუძახა მაძარესს, მიდიელს და დაავალა, რომ გამოეცხადებინა ლიდიელებისთვის ის, რაც მას კროისოსმა ურჩია. ამას გარდა, მონებად ექცია ყველა სხვა, ვინც კი სარდესზე ილაშქრა ლიდიელებთან ერთად, ხოლო თვით პაქტიესი უეჭველად ცოცხლივ მოეგვარათ მისთვის.
კიროსმა ეს ყოველივე ბრძანა გზაში და წავიდა სპარსელთა საცხოვრისისაკენ, ხოლო პაქტისმა შეიტყო თუ არა რომ ახლოს არის მასზე მომავალი ლაშქარი, შეეშინდა და გაიქცა კიმეში. მიდიელი მაძარესი კი წავიდა სარდეზე კიროსის ჯარის ნაწილით, რომელიც თან ჰყავდა. პაქტიესის თანამოაზრენი სარდეში რომ ვერ იპოვნა, ჯერ ლიდიელები აიძულა კიროსის ბრძანებები შეესრულებინათ, ამის მერე ლიდიელებმა სრულიად სხვაგვარი ცხოვრება მოიწყვეს. მაძარესმა ამის შემდეგ კიმეში გაგზავნა მოციქულები და შეუთვალა, რომ პაქტიესი გაეცათ. ხოლო კიმელებმა უარი თქვეს და ჯერ მიტილენეში გაგზავნეს, შემდეგ კი ქიოსზე. სპარსელების შიშით ქალაქის მფარველ ათენას ტაძრიდან ქიოსელებმა გამოათრიეს პაქტიესი და გადასცეს სპარსელებს. ქიოსელებმა ის გადასცეს ატარნევსის ფასად. ატარნევსი ადგილია მისიაში, ლესბოსის პირდაპირ. სპარსელებმა რომ მიიღეს, პაქტიესი, ჰყადათ ის საპყრობილეში, რადგან მისი კიროსისათვის ჩვენება უნდოდათ. ამასობაში კარგახანს არც ერთ ქიოსელს ამ ატარნევსიდან არც ერთი ღმერთისათვის ქერის მარცვალი არ დაუყრია, არც კვერი გამოუცხვია აქაური მოსავლისგან. და საერთოდ, რაც კი ამ ქვეყანაში მოდის, ყოველივეს არიდებდნენ ყოველგვარ მსხვერპლშეწირვას.
ამგვარად ქიოსელებმა პაქტიესი გასცეს, ხოლო ამის შემდეგ მაძარესმა ილაშქრა იმათზე, ვინც ალყა შემოარტყა ტაბალოსს, შემდეგ პრიენელები დაიმორჩილა, მერე გადიარა მთელი მაიანდროსის დაბლობი, რომელიც მოაალაფებინა ლაშქარს, ისევე როგორც მაგნესია. ხოლო ამის შემდეგ მალე მოკვდა მაძარესი ავადმყოფობისაგან.
მისი სიკვდილის შემდეგ მთავარსარდლობა მემკვიდრეობით ხვდა ჰარპაგოსს, რომელიც მიდიელი იყო წარმოშობით, ეს ის ჰარპაგოსი იყო, რომელსაც მიდიელთა მეფე ასტიაგესი გაუგონარი საჭმელით გაუმასპინძლდა და რომელიც დაეხმარა კიროსს ხელისუფლების მოპოვებაში. კიროსმა რომ ეს კაცი მხედართმთავრად დანიშნა, ის მივიდა იონიაში და ზოგი ქალაქი ომით, ზოგიც კი ნებით დაიმორჩილა.
ჰარპაგოსმა იონია რომ დაიმორჩილა, გაილაშქრა კარიელების, კაენიელებისა და ლიკიელების წინააღმდეგ და დაიმორჩილა ისინი, ხოლო კიროსი კი ქვეყნის შიდა მხარეების დასაპყრობად წავიდა და მთავარ მრჩევლად ნამეფარი კროისოსი გაიყოლა.
ძვ. წ. 545–539 წლებში კიროსმა დაიპყრო შუა აზიის მნიშვნლოვანი ნაწილი, ხოლო ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი. როდესაც კიროსმა მიზანში ამოიღო ბაბილონი, ის ყველაზე დიდებულ ქალაქად ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა მთელ იმდროინდელ მსოფლიოშიც კი. ბაბილონი მდ. ევფრატის სანაპიროზე იყო გაშენებული. ქალაქის მასიურ კედლებს გარშემოვლებული ჰქონდა წყლით სავსე თხრილები. ეს დამცავი საშუალებები ქალაქში შეღწევას შეუძლებელს ხდიდა. კიროსის მეომრებმა მდინარე ევფრატს მიმართულება შეუცვალეს, რის შედეგადაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ჯარისკაცებმა ფეხით გადაკვეთეს მდინარე და ასე მიაღწიეს ქალაქის კარიბჭეებამდე, რომლებიც ღია დარჩენოდათ.
530 წელს კიროსმა შუა აზიის მომთაბარე ტომების თავდასხმებისგან სახელმწიფოს ჩრდ-აღმ. საზღვრების დასაცავად მან გაილაშქრა მასაგეტების წინააღმდეგ, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.
„როდესაც კიროსმა მოინდომა, რომ მასაგეტები თავის ქვეშევრდომებად გაეხადა. ამბობენ, რომ ეს ხალხი მრავალრიცხოვანია და მამაცი, ხოლო სახლობენ ისინი აღმოსავლეთისაკენ. მზის აღმოსავლეთისაკენ, მდინარე არაქსის გადაღმა, ისედონელთა პირდაპირ. ზოგიერთები ამბობენ, რომ მასაგეტთა ტომი სკვითური ტომიაო.
ხოლო არაქსის შესახებ ზოგი ამბობს, რომ დიდია ისტროსზე (დუნაი), ზოგი კი ამბობს, რომ უფრო პატარააო. ამბობენ, რომ აქ ბევრი კუძნულებია, სიდიდით ლესბოსის ოდენა. აქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც თხრის ყოველგვარ ფესვებს და ზაფხულობით იმით იკვებება, ხოლო ხეებზე ჰკრეფენ და აგროვებენ მწიფე ნაყოფს და მას ჭამენ ზამთრობით. მათ ქვეყანაში მოიპოვება სხვა ხეებიც, რომლებიც რაღაც თავისებურ ნაყოფს ისხამენ. თვითონ ხალხი ერთ ადგილას გროვდება ხოლმე ჯგუფად ანთებენ ცეცხლს, ირგვლივ შემოუსხდებიან და ცეცხლში ჰყრიან ამ ნაყოფებს, ყნოსავენ ამ დამწვარ ნაყოფებს, რომლებიც ცეცხლშია ჩაყრილი და თვრებიან სუნისაგან. ისევე როგორც ელინები ღვინისაგან და რაც მეტ ნაყოფს აგდებენ, მით უფრო მეტად თვრებიან, ბოლოს კი დგებიან საცეკვაოდ და იწყებენ სიმღერას. მათ შესახებ ამბობენ, რომ ისინი ასეთ ცხოვრებას ეწევიან. ხოლო მდინარე არაქსი მომდინარეობს მატიანეთაგან, საიდანაც მოედინება გინდესიც, რომელიც კიროსმა გაჰყო 360 არხად და რომელსაც აქვს 40 შესართავი, ამათგან ყველა, ერთს გარდა, იკარგება ჭაობებში. ამბობენ, რომ ამ ჭაობებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იკვებებიან უმი თევზით და ტანსაცმლად ხმარობენ სელაპის ტყავებს. არაქსის შესართავთაგან ერთი მიმიდინაროებს გაშლილ ადგილებზე კასპიის ზღვისაკენ. კასპიის ზღვა დამოუკიდებელია, არ უერთდება სხვა ზღვას, ხოლო მთელი ის ზღვა, რომელზედაც ელინები ცურავენ და ის, რომელიც ჰერაკლეს სვეტებს გარეთა (ატლანტისად რომ იწოდება) და მეწამული ზღვა, არსებითად ერთია.
კასპიის ზღვა კი სხვაა და დამოუკიდებელია, მისი სიგრძის გადალხვას ნიჩბებიანი ნავი უნდება თხუთმეტ დღეს; სიგანისას კი, სადაც ყველაზე ფართოა, 8 დღეს. ამ ზღვის დასავლეთით გადაჭიმულია კავკასოსი, რომელიც მთებს შორის ყველაზე უფრო ვრცელია და მაღალი. ადამიანთა მრავალი სხვადასხვა ტომი ცხოვრობს კავკასოსის მთებში და მთელი ეს ხალხი იკვებება გარეული მცენარეებით. ამბობენ, რომ ამ ხეებს ფოთლები თავისებური მოყვანილობისა აქვთ. ამ ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წამალს და ამით ხატავენ ტანსაცმელს. ხოლო ეს ნახატები კი არ ხუნდება, არამედ ცვდება დანარჩენ შალთან ერთად, თითქოს თავიდანვე ჩაქსოვილია მასში. ამ ადამიანებს ისევე, როგორც ცხოველებს კავშირი აშკრად აქვთ.
ამ ზღვას, კასპიისად წოდებულს, დასავლეთის მხრივ კავკასოსი ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, თვალუწვდენელი დაბლობი ეკვრის. ამ დიდი დაბლობის არამცირედი ნაწილი უჭირავთ მასაგატებს, რომლებზედაც კიროსს განზრახვა ჰქონდა ელაშქრა. ბევრი და დიდი მიზეზები ჰქონდა კიროსს საამისოდ, რომ გაებედა და მათ წინააღმდეგ წასულიყო. უპირველეს ყოვლისა დაბადების მიხედვით მას თავისი თავი რაღაცით მეტი ეგონა ადამიანებზე, ხოლო შემდეგ – იმ ბედის გამო, რაც მას ომებში ჰქონდა. რადგან სადაც კი არ წავიდა სალაშქროდ კიროსი, იმ ხალხმა მას ვერაფერით დააღწია თავი.
მასაგატების დედოფალი იყო ქალი, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა. სახელად მას ტომირისი ერქვა. კიროსმა გაუგზავნა მას კაცები და შუთვალა, რომ უნდა მისი ცოლად შერთვა. ტომირის მიხვდა, რომ კიროსი მას კი არ თხოულობს, არამედ მასაგატების სამეფოს და უარით უპასუხა მის ამ წინადადებას. ხოლო კიროსი, ამის შემდეგ, რაკიღა არ გაუვიდა ეშმაკობა, წავიდა არაქსისაკენ და აშკარად გაილაშქრა მასაგატების წიანააღმდეგ, ხიდები გასდო მდინარეზე ლაშქრის გადასასვლელად და კოშკები ააგო ხომალდებზე, რომელთაც მდინარეზე გაჰყავდათ ჯარი.
როდესაც კიროსი ამ საქმიანობაში იყო, ტომირისმა გაუგზავნა მას მოციქული და შეუთვალა შემდეგი: „მიდიელთა მეფევ, შეეშვი იმ საზრუნავს, რაზედაც ზრუნავ, რადგან არ ვიცი, წარმატებით ასრულდება ეს შენი განზრახვა თუ არა. შეეშვი და იმეფე იმაზე, რაც შენი საკუთარია და დაკმაყოფილდი იმით, რომ გვიცქირო, თუ როგორ განვაგებთ იმას, რასაც განვაგებთ. თუ არ მოგინდება ამ რჩევის მიღება და მშვიდობიანად ყოფნას ყველაფერი გერჩივნება, თუ მაინცდამაინც მოგინდება მასაგატების გამოცდა, მიდი, მაგრამ მდინარის ნაპირების შეერთებაზე ზრუნვას თავი ანებე, და როდესაც ჩვენ მდინარისაგან 3 დღის სავალზე დავიხევთ, მაშინ გადმოდი ჩვენს მიწა-წყალზე. ხოლო თუ შენ ჩვენი მიღება გირჩევნია თქვენს მიწა-წყალზე, მაშინ შენ გააკეთე იგივე“. კიროსმა რომ ეს მოისმინა, დაუძახა სპარსთა თავკაცებს, შეკრიბა ისინი და გაანდო მათ, რაშიც იყო საქმე, თან რჩევას ეკითხებოდა, თუ რომელ გზას დასდგომოდა. ისინი ერთსა და იმავე აზრს დაადგნენ და ურჩიეს რომ ტომირისიცა და მისი ლაშქარიც თავის ქვეყანაში მიეღო.
იქვე იყო კროისოს ლიდიელი, რომელსაც არ მოეწონა ეს აზრი და წარმოდგენილი მოსაზრების საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა: „მეფეო, მე შენ ერთ რამეს გეტყვი, რადგანაც მას მერე, რაც ზევსმა მოგცა შენ ჩემი თავი, მე ვუყურებ, რომ შეცდომა არაფერი მოხდეს შენს სახლში და შეძლებისდაგავარად უნდა აგაცილო ის თავიდან. ჩემ თავს გადახდილი უბედურებები უსიამოვნო გამოცდილებად მექცა. თუ შენ ფიქრობ, რომ უკვდავი ხარ და ასეთსავე ლაშქარს განაგებ, მაშინ სულ არაა საჭირო, რომ ჩემი აზრი გამოგიცხადო. ხოლო თუ იცი, რომ ადამიანი ხარ და განაგებ სხვებს, ასეთსავე ადამიანებს, ჯერ ის იცოდე, რომ ადამიანთა საქმიანობას წრე საზღვრავს, ეს წრე ბრუნავს და არ დაუშვებს, რომ ერთნი და იგივენი იყვნენ ბედნიერნი. ამდენად მე ამ საქმის შესახებ იმის საწინააღმდეგო აზრი მაქვს, რაც აქ გამოითქვა. თუ მოგვინდება, რომ მტერი ჩვენს ქვეყანაში შემოუშვათ, აქ შენ ასეთი საფრთხე გელის: დამარცხების შემთხვევაში დაღუპავ მთელს სახელმწიფოს, რადგან ცხადია, რომ თუ გაიმარჯვებენ მასაგატები, ისინი უკან კი არ გაიქცევიან, არამედ შენი საგამგებლოსაკენ გაეშურებიან. ხოლო თუ კიდევაც შენ გაიმარჯვე, ვერ გაიმარჯვებ ისე, რომ გადახვიდე მათ მიწაზე და წარმატებით მისდიო გაქცეულ მასაგატებს. რადგან ამ შემთხვვაშიც იმას ვგულისხმობ, რასაც ადრე, – თუ გაიმარჯვებ მოწინააღმდეგეზე, უთუოდ მოინდომებ ტომირისის სამეფოსაკენ წასვლას. ეგეც არ იყოს, სამარცხვინო და აუტანელია კიროსისათვის, კამბისესის ძისათვის, რომ ქალმა დაახევინოს მას და თავისი ქვეყანა დაათმობინოს. ახლა, მე ვფიქრობ, რომ უნდა გადავიდეთ მდინარეზე და წინ წავიდეთ იმდენზე, რამდენზედაც ისინი უკან დაიხევენ. ამის შემდეგ უნდა შევეცადოთ, რომ დავამარცხოთ ისინი და აი რა უნდა გავაკეთოთ: როგორც მე შევიტყვე, მასაგატებმა არ იციან სპარსული კეთილდღეობა რაშია და ნამდვილი კარგი ცხოვრება მათ არ განუცდიათ. ამიტომ ამ ხალხს დაუნანებლად დაუკალით ბევრი ცხვარი, მოამზადეთ და გამართეთ ნადიმი ჩვენს ბანაკში, ამის გარდა დაუდგით უხვად ჭურჭლები გაუზავებელი ღვინითა და ყოველგვარი საჭმლით. გააკეთეთ ეს ყველაფერი და დატოვეთ ბანაკში ლაშქრის ყველაზე უარესი ნაწილი, ხოლო დანარჩენები კვლავ დაბრუნდით მდინარესთან. რადგან თუ მე რაიმე არ მეშლება, ისინი რომ დაინახავენ ასეთ სიუხვეს, გაემართებიან იქითკენ, ჩვენ კი დიდი საქმეები დაგვრჩება გასაკეთებელი“.
ეს აზრები ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო. ხოლო კიროსმა უარყო ადრინდელი აზრი და კროისოსისა მიიღო, შეუთვალა ტომირისს, რომ უკან დახეულიყო, რადგანაც თვითონ გადადიოდა მისკენ. ტომირსმა დაიხია, პირველად რომ აღუთქვა, იმის მიხედვით. ხოლო კიროსმა კროისოსი დაუტოვა თავის შვილს კამბისესს, რომლისთვისაც აპირებდა შემდეგ სამეფო ძალაუფლების მიცემსაც და დაარიგა ის, რომ პატივი ეცათ და კარგადაც მოქცეოდნენ კროისოსს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასაგატებზე ლაშქრობა არ გაუმართლდებოდათ: ეს დაარიგა და გაგზავნა ისინი სპარსელების ქვეყანაში, თვითონ კი გადავიდა მდინარეზე თავის ლაშქრიანად.
როდესაც კიროსი გადავიდა არაქსის მეორე ნაპირას და დადგა ღამე, მან, მასაგატების ქვეყანაში რომ ეძინა, ასეთი სიზმარი ნახა: კიროსს დაესიზმრა, რომ ხედავს ჰისტაპესის უფროს შვილს, რომელსაც მხრებზე ფრთები აქვს, ერთი ფრთით ის აზიას უჩრდილებს, ხოლო მეორეთი ევროპეს. ჰისტაპესის, არასამესის ძის, აქემენიდთა გვარის წარმომადგენლის შვილთა შორის უფროსი იყო დარიოსი, რომელიც მაშინ ასაკით დაახლოებით რაღაც ოციოდე წლისა იქნებოდა და დატოვეს სპარსელთა ქვეყანაში, რადგან ლაშქრობის ასაკისა ჯერ არ იყო. როდესაც გაიღვიძა კიროსმა, დაიწყო ფიქრი ამ სიზმრის შესახებ და რადგან მან გადაწყვიტა, რომ ჩვენება დიდი მნიშვნელობის არის, დაუძახა ჰისტასპესს, გაიმართოვა და უთხრა: „ჰისტასპეს, შენი შვილი ბოროტს იზრახავს და ჩემი და ჩემი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ლამობს. ეს ამბავი რომ დანამდვილებით ვიცი, ამას დაგიმტკიცებ. ღმერთები ჩემზე ზრუნავენ და მე ყველაფერს წინასწარ მიცხადებენ, რაც უნდა მოხდეს. ამრიგად, წასულ ღამეს მეძინა და ვნახე შენი უფროსი შვილი, რომელსაც მხრებზე ფრთები ჰქონდა და მათგან ერთით აზიას უჩრდილებდა, ხოლო მეორეთი ევროპეს. ამ ჩვენების მიხედვით სრულიად შეუძლებელია, რომ ის ჩემს წინააღმდეგ ბოროტს არ იზრახავდეს. ამიტომ შენ, რაც კი შეიძლება სასწრაფოდ წადი უკან სპარსთა ქვეყანაში და გააკეთე ისე, რომ როდესაც მე აქაურობას დავიმორჩილებ და მოვალ იქ, წარმომიდგინო შენი შვილი პასუხების საგებად“.
კიროსმა იფიქრა, რომ დარიოსი ბოროტს იზრახავდა მის წინააღმდეგ და იმიტომ თქვა ეს რომ მისი სახლმწიფო გადავა დარიოსის ხელში. ჰისტასპესმა მიუგო მას შემდეგი: „მეფეო, ნურც დაბადებულა ისეთი სპარსელი, რომელიც შენ წინააღმდეგ ბოროტს განიზრახავს, ხოლო თუ არის ასეთი სპარსელი, დაე დაიღუპოს ის, რაც შეიძლება მალე; ხომ შენი წყალობითაა, რომ მონების ნაცვლად სპარსელები თავისუფლები არიან, ხოლო იმის მაგივრად, რომ სხვებს ემართათ ისინი, თვითონ მართავენ ახლა ყველას. თუ ჩვენებამ განიშნა, რომ ჩემი შვილი რაღაცას გიპირებს, მე გადმოგცემ შენ მას და უყავი რაც გინდა“. ჰისტასპესმა ასე უპასუხა და გადავიდა არაქსზე, წავიდა სპარსთა ქვეყანაში, რომ თავისი შვილი, დარიოსი კიროსის გულისათვის დაეჭირა.
კიროსი წავიდა არაქსიდან წინ ერთი დღის სავალ გზაზე და გააკეთა ის, რაც კროისოსმა ურჩია. ამის შემდეგ კიროსი და სპარსელთა ჯარის ვარგისი ნაწილი უკან გაბრუნდა არაქსისაკენ, ხოლო გამოუსადეგარი ნაწილი ადგილზე დარჩა. მოვიდა მასაგეტების ლაშქრის მესამედი ნაწილი და მან ამოხოცა კიროსის ლაშქრიდან დარჩენილები, რომელბიც თავს იცავდნენ. როდესაც მასაგეტებმა დაინახეს გაშლილი სუფრა, თითქოს მოწინააღმდეგე დაემარცხებინოთ, დასხდნენ და ინადიმეს, ხოლო ჭამა-სმით რომ გული იჯერეს, დაიძინეს. ამ დროს მოვიდნენ აქ სპარსელები, ბევრი მათგანი ამოხოცეს, ხოლო ბევრად უფრო მეტი ცოცხლად დაატყვევეს, მათ შორის დედოფალი ტომირისის შვილი, რომელიც მხედართმთავრობდა მასაგეტებს, სახელად ერქვა მას სპარაგპისესი.
როდესაც ტომირისმა შეიტყო, რა მოუვიდა მის ლაშქარსა და მის შვილს, გაუგზავნა მოციქული კიროსს და შეუთვალა შემდგი: „სისხლით გაუმაძღარო კიროს, ნუ გაამაყდები ამ მომხდარი საქმის გამო, რადგანაც ვაზის ნაყოფით (რომლითაც თვით თქვენ გამოიბრუჟებით და დაგიჟდებით ხოლმე ისე, რომ ღვინო რომ სხეულში ჩადის, თქვენ ცუდი სიტყვები ამოგდით პირიდან), აი, ამგვარი წამლით იეშმაკე და დაძლიე ჩემი შვილი და არა ბრძოლაში აჯობე იარაღით ხელში. ახლა, როდესაც მე კარგს გირჩევ, დაიჯერე ჩემი სიტყვა: დამიბრუნე შვილი და წადი ამ ქვეყნიდან უვნებელი, შენ, რომელიც ასე თავხედურად მოეპყარი მასაგეტების ლაშქრის ერთ მესამედ ნაწილს: ხოლო თუ ამას არ იზამ, გეფიცები მზეს, მასაგეტების უფალს, რომ თუმცა გაუმაძღარი ხარ, მაგრამ მე მაინც მოვახერხებ შენ გაძღომას სისხლით“.
კიროსმა ტომირისის სიტყვებს არავითარი ყურადღება არ მიაქცია; ხოლო დედოფლის, ტომირისის შვილი, სპარგაპისესი, ღვინო რომ გამოუნელდა და შეიტყო რა უბედურებაშიც იყო, შეეხვეწა კიროსს, ბორკილები აეყარა მისთვის. როგორც კი აჰყარეს ბორკილები და ხელი ხელთ ჰქონდა, მაშინვე თავი მოიკლა სპარგაპისესმა.
ასე მოკვდა სპარგაპისესი, ხოლო ტომირისმა, რაკიღა კიროსმა არ გაუგონა, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და თავს დაესხა კიროსს. ეს ბრძოლა ბარბაროსთაგან გადახდილ ბრძოლებში, ყველაზე უფრო ულმობელი იყო. თავდაპირველად ისინი ერთმანეთისაგან დაშორებით მდგარან და მშვილდებიდან ესროდნენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ, თითქოს ისრები ყველა დახარჯეს და ერთმანეთს დაერივნენ შუბებითა და მახვილებით. კარგა დიდხანს იდგნენ ერთმანეთის პირდაპირ მებრძოლები და არც ერთ მხარეს არ უნდოდა გაქცევა. ბოლოს მასაგეტებმა აჯობეს. სპარსელთა ჯარის მეტი წილი ამ ადგილას ამოწყდა და თვით კიროსმაც აქ დაასრულა სიცოცხლე, იმეფეა მან მთლიანად ერთით ნაკლებ 30 წელს. ტომირისმა ადამიანის სისხლით აავსო ტიკი, მოძებნა დახოცილ სპარსელებს შორის კიროსის გვამი და რომ იპოვა, ჩააყოფინა თავი ტიკში. ტომირის შეურაცხყოფდა გვამს და შემდეგ ამბობდა: ცოცხალიცა ვარ და ბრძოლაში გამარჯვებულიც, მაგრამ შენ მომიკალი შვილი, წამართვი ის ვერაგობით. ამიტომ, როგორც დაგემუქრე იმას აგისრულებ და სისხლით გაგაძღებ“.
კიროსის სიკვდილის შემდეგ სპარსეთის ტახტზე მისი ძე კამბისე ავიდა. კროისოსი ამჯერად მისი მრჩეველი გახდა და მუდამ თან დაჰყვებოდა (მაგ. ეგვიპტის დაპყრობისთვის მოწყობილ ლაშქრობაში 525 წელს), თუმცა ფსიქიკურად არაჯანსაღი მეფე მის რჩევებს იშვიათად ითვალისწინებდა.
„ერთხელ კამბისესი ზოგიერთ სპარსელთან და კროისოსთან ერთად ბჭობდა, შეეკითხა მათ, თუ რას ფიქრობენ, როგორი კაცია ის, თავის მამასთან, კიროსთან შედარებით. ხოლო სპარსელებმა მიუგეს, რომ ის უკეთესია მამაზე, რადგან მას აქვს ყოველივე ის, რაც ჰქონდა მამას და ამის გარდა აქვს კიდევ ეგვიპტე და ზღვა. სპარსელებმა ეს თქვეს, ხოლო კროისოსს, რომელიც აქ იყო, არ მოეწონა მათი პასუხი და კამბისესს შემდეგი უთხრა: „მე კი ვფიქრობდი, კიროსის ძევ, რომ შენ არა ხარ მამის დარი, რადგან შენ ჯერ არ გყავს ისეთი შვილი, როგორიც დატოვა მან შენი სახით“. კამბისესს ესიამოვნა ეს და შეაქო კროისოსის სიტყვა.
ეს რომ გაიხსენა, გაჯავრებულმა უთხრა პრექსასპესს: „აბა, შენ თვითონ ნახე, სპარსელები მართალს ამბობენ, თუ თვითონ არიან ჭკუას გადამცდრები, ამას რომ ამბობენ. მე ახლა ვესვრი შენ შვილს, რომელიც კარებში დგას და თუ მოვარტყი შიგ გულში, მაშინ გამოჩნდება, რომ სპარსელებს სისულელეები უთქვამთ, ხოლო თუ ავაცდინე, მაშინ გამოჩნდება, რომ სპარსელებს სიმართლე უთქვამთ და მე არა ვარ ჩემს ჭკუაზე“. ეს თქვა, მოსჭიმა მშვილდი და ესროლა ყმაწვილს. ყმაწვილი რომ დაეცა, მეფემ ბრძანა გაეკვეთათ და ჭრილობა გაესინჯათ. როდესაც ისარი შუა გულში აღმოაჩინეს, კამბისესმა ყმაწვილის მამას სიცილით უთხრა გახრებულმა: „პრექსასპეს, ხომ ცხადია შენთვის, რომ გიჟი არა ვარ და სპარსელები ჭკუაზე არიან გადამცდრები. ახლა მითხარი, გინახავს ვინმე ადამიანთა შორის, რომელიც ასე კარგად ისროდეს მიზანში?“ პრექსასპესი ხედავდა, რომ კაცი არ იყო თავის ჭკუაზე, შეეშინდა, არაფერი მიყოსო და უთხრა: „უფალო, მე ვფიქრობ, რომ თვით ღმერთიც კი არ ისვრის ასე კარგად“. ასეთი რამ ჩაიდინა კამბისესმა მაშინ, ხოლო მეორედ, სრულიად უდანაშაულო 12 წარჩინებული სპარსელი შეაპყრობინა და ცოცხლივ ჩაამარხვინა მიწაში თავდაყირა.
ის რომ ასე იქცეოდა, ლიდიელმა კროისოსიმა მისი მორჯულება განიზრახა შემდეგი სიტყვებით:„მეფეო, ყველაფერში ასაკსა და გულისთქმას ნუ მიჰყვები, არამედ გაჩერდი და თავი შეიკავე ხოლმე. რადგან წინდახედუელბა კარგი რამაა, ხოლო სიფრთხილე კი სიბრძნეა. შენ ხოცავ ბავშვებს. თუ კვლავაც ასე მოიქცევი, ემანდ სპარსელები არ აღსდგნენ შენს წინააღმდეგ. ხოლო მე მამაშენი კიროსი ხშირად მეუბნებოდა, დამერიგებინა და მერჩია ის, რასაც კარგად მივიჩნევდი“.
კროისოსი ურჩევდა კამბისესს ამას, რადგან კეთილად იყო განწყობილი, ხოლო მან მიუგო შემდეგი: „შენ მიბედავ რჩევა-დარიგებებს, შენ, რომელმაც ასე კარგად მოუარა შენს სამშობლოს და ასე კარგად ურჩია ჩემს მამას, გადადი მდინარე არაქსზე და თავს დაესხი მასაგეტებსო, მაშინ, როდესაც ისინი თვითონ აპირებდნენ ჩვენს ქვეყანაში გადმოსვლას? შენ თვითონ დაღუპე შენი სამშობლო, რადგან მას ცუდად მართავდი და შენ დაღუპე კიროსი, რომელიც გიჯერედა შენ. მაგრამ ვეღარ გადამირჩები, დიდი ხანია ვეძებს საბაბს, რომ გაგისწორდე“. ეს თქვა და დასწვდა მშვილდს, რომ ესროლა მისთვის, მაგრამ კროისოსი წამოხტა და გარეთ გაიქცა. რადგან კამბისესმა სროლა ვერ მოასწრო, უბრძანა მსახურებს, რომ შეეპყროთ და მოეკლათ. მსახურებმა იცოდნენ მისი ზნე და დამალეს კროისოსი იმისთვის, რომ თუ კამბისესი შეინანებდა და მოიკითხავდა, ვინც გამოაჩენდა ცოცხალ კროისოსს, ის საჩუქარს მიიღებდა. ხოლო თუ არ შეინანებდა და არ შეწუხდებოდა, მაშინ მოჰკლავდა მას მართლაც. დიდ ხანს არ გაუვლია ამის შემდეგ, რომ კამბისესმა მოიკითხა კროისოსი, ხოლო მსახურებმა რომ შეიტყვეს ეს, ახარეს მას, ცოცხალიაო. კამბისესმა თქვა, რომ უხარია მისი გადარჩენა, მაგრამ ისინი, ვინც კროისოსი დაინდო, ვერ გადაურჩებიან და დაიხოცებიან. მან კიდევაც შეასრულა თავისი დანაქადები.
ბევრი ასეთი სიგიჟე ჩაიდინა მან სპარსელებისა და თავისი მოკავშირეების მიმართ, ხოლო მემფისში რომ დარჩა, ძველი სამარხები დახსნა და გვამები დაათვალიერა. როდესაც ჰეფესტოსის სალოცავში მივიდა. მწარედ დასცინა მის ქანდაკებას. ეს იმიტომ რომ ჰეფესტოსის ქანდაკება ძალიან ჰგავდა ფინიკიურ პატიაკეს, რომელსაც ფინიკიელები ტრიერების ცხვირზე სდგამდნენ“.
522 წელს სპარსეთში კამბისეს წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. იგი შინ გაბრუნდა სიტუაციის მოსაგვარებლად, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მასთან ერთად წყაროებში ქრება მოხუცი კროისოსის ხსენებაც.