ხუფუ ფარაონ სნეფრუს ვაჟი იყო და მეფობდა დაახლოებით 2589-2562 წლები. მისი ცხოვრებისა და მეფობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. დედამისი ჰეტეფერესის საფლავი ხუფუს უდიდეს პირამიდასთანაა. დიდ პირამიდის წარწერებში არაერთხელ არის ნახსენები სნეფრუც. ხუფუს იხსენიებს ძვ.წ. XVIII-XIII საუკუნეებში შედგენილი ყველა ძველეგვიპტური სამეფო სია და ქრონიკა. ე.წ. „ტურინის სამეფო სია“ მის მეფობას 23 წლიანად თვლის, თუმცა დაახლ. 27 წელი მაინც უნდა ემეფა. ბოლო წლებში აღმოჩენილი ერთი სამეურნეო წარწერა სწორედ ხუფუს მეფობის 27 წლით იქნა დათარიღებული.
ხუფუს ცოლებიდან ცნობილია მხოლოდ 2. პირველი და მთავარი ცოლი იყო მისი ნახევარდა მამის მხრიდან მერიტიტეს I. მეორე ცოლი იყო ვინმე ჰენუცენი. ორივენი დიდ პირამიდასთან მდებარე პატარა პირამიდებში უნდა იყოს დაკრძალული.
ხუფუს მინიმუმ 8 დადასტურებული ვაჟი (მათგან 2 გამეფდა - ჯედეფრე და ხაფრა) და ერთი დადასტურებული ასული (ჰეტეფერესი) ჰყავდა, რომელიც ჯერ ტახტის მემკვიდრე უფროს ძმაზე დაქორწინდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი მერე ძმაზე, ფარაონ ჯედეფრეზე. ვარაუდობენ რომ ხუფუს კიდევ ერთი ვაჟი და 4 ასული უნდა ჰყოლოდა, თუმცა ტექსტებში საკმარისი მტკიცებულებები არ გვაქვს.
ხუფუს მეფობა მშვიდობიანი ცხოვრების ხანაა. მეფე იშვიათად მიმართავს ლაშქრობას და ძირითადად უცხოელებთან სამეურნეო კავშირებით შემოიფარგლება. სინას მთაზე, ვადი მაღარეში, კლდეზე ამოკვეთილ წარწერაზე გამოსახულია ხუფუ ორმაგი გვირგვინით, რაც მის ერთიანი ქვეყნის მეფობასაც ადასტურებს. ხუფუმ რამდენიმე ექსპედიცია გაგზავნა აქ ფირუზისა და სპილენძის საბადოების მოსაძებნად. სხვა მეფეების მსგავსად, ისიც ამ ორ ძვირფას მასალას ეძებდა. აქვე აღმოჩენილ რელიეფურ მხატვრობაში ჩანს, რომ მეფეს ერთხელ მოუწია ადგილობრივთა ამბოხების ჩახშობა.
ხუფუმ ასევე შეინარჩუნა კონტაქტები ბიბლოსთან. მან რამდენიმე ექსპედიცია გაგზავნა ბიბლოსში, რათა სპილენძის იარაღები ძვირფასი ლიბანის კედრის ხეზე გაეცვალა. ამ ტიპის ხე აუცილებელი იყო დიდი და სტაბილური დაკრძალვის ნავების ასაშენებლად. დიდ პირამიდაში აღმოჩენილი ნავები მართლაც მისგან იყო დამზადებული.
ხუფუ იყო პირველი, ვინც დღევ. სოფელ გიზას ტერიტორიაზე, უდაბნოში უდიდესი პირამიდებია აგება დაიწყო. ამისათვის, დღეს უკვე დამშრალი ნილოსის ერთი ტოტიდან მომავალი პირამიდის ასაგებ მიწამდე ხუფუს ბრძანებით გაყვანილ იქნა არხი, რათა სამხრეთით მდებარე კარიერებიდან უზამრამზარი სამშენებლო ქვები ნავებით აქამდე მოეტანათ.
ბოლო წლების აღმოჩენებმა და კვლევებმა გამოავლინა უამრავი პაპირუსი, რომლებიც ხეოფსის პერიოდის სამეურნეო ცხოვრებას ეძღვნება. ერთი ნაწილი მოგვითხრობს ამ პერიოდში ვადი ალ-ჯარფის ტერიტორიაზე, წითელ ზღვაზე გამავალი პორტის მშენებლობაზე. როგორც ირკვევა, ამ პორტიდან მიდიოდა სანაოსნო გზა სინაიმდე, სადაც საპირისპირო ნაპირზე ასევე პორტი იყო მოწყობილი.
ვადი ალ-ჯარფში აღმოჩენილი პაპირუსებიდან ერთ-ერთი უძვირფასესია „მერერის დღიური“. ეს დოკუმენტი დაუწერია ხეოფსის მეფობის 27-ე წელს მერერს, საშუალო რანგის მოხელეს, ინსპექტორის (sḥḏ, sehedj) ტიტულით. ტექსტი ძირითადად შედგება მერერისა და მისი ეკიპაჟის ყოველდღიური საქმიანობის სიებისგან. საუკეთესოდ შემონახული ნაწილები აღწერს თეთრი კირქვის ბლოკების მოჭრას ტურას კარიერებიდან და გიზაში ნავით ტრანსპორტირებას.
ხუფუ ჩვენთვის ცნობილია ძირითადად მისი სახელობის უდიდესი პირამიდით, რომლის სიმაღლე თავდაპირველად 146,60 მეტრი იყო, ახლა კი 138,75 მეტრია. არსებობს ვერსია, რომ ამ პირამიდის 8 მეტრიანი წვერო, რომელიც მოტყდა, მოოქროვილი იყო. პირამიდის არქიტექტორად ითვლება ჰემიუნ ნეფერმაატის ძე, ხუფუს ძმისშვილი. მერერის დღიურის გარდა დიდი პირამიდის შესახებ ინფორმაციას ჰეროდოტემდე არავინ იძლევა, რომლის ცნობები უფრო ზეპირ გადმოცემებზეა დაყრდნობილი და გაზვიადებული. მისი ცნობით პირამიდა 20 წელი შენდებოდა და 100000 კაცი აშენებდა, სამ სმენად განაწილებულიო. ჰეროდოტეს სხვა გაზვიადებული ან გამოგონილი ამბებიც აქვს ხეოფსისა და პირამიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც ეხნატონის საქმიანობას უფრო მოგვაგონებს.
მერერის დღიურით პირამიდას ახეტ-ხუფუ ეწოდებოდა, რაც ხუფუს ჰორიზონტს ნიშნავს. სიგრძე-სიგანე თავიდან 230 მეტრი იყო, ახლა კი 225 მეტრია დარჩენილი. დაახლ. 1,65 მილიონი ბლოკით არის ნაგები, რომელთა საშუალო სიმძიმე 2,5 ტონაა, ხოლო ყველაზე მძიმე 35 ტონის არის, და იგი სამეფო კამერაშია განთავებული. ბლოკები თავიდან 210 წყობად იყო სიმაღლეზე დალაგებული და დღეს 203 წყობა (საფეხური) არის დარჩენილი.
პირამიდაში აღმოაჩინეს ფარაონ ხუფუს ცარიელი სარკოფაგი, თავად ფარაონის ქანდაკება და, რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ჭა. XX საუკუნეში აღმოაჩინეს ნაწილებად დაჭრილი ნავი, რომლითაც მოჰქონდათ ქვები საშენებლად. როგორც დასაკრძალავი კამერის კვლევამ დაადასტურა, იქ ფარაონი დაკრძალული არც არასდროს ყოფილა, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ფარაონის ძირითადი შემოქმედება სწორედ ეს ნაგებობა იყო.



.jpg)


Комментариев нет:
Отправить комментарий