пятница, 12 декабря 2025 г.

სარგონ აქადელი - პირველი იმპერიის დამაარსებელი

სარგონ აქადელის ბიოგრაფიული წარწერა შუმერულ ქალაქ ნიფურიდან
    „შარუქინი1,  აქადის  მეფე,  ღვთაება  ინანას2  ზედამხედველი, ქიშის მეფე, ანუსგან დანიშნული,  სამყაროს   მეფემ3,  ქვეყნების  მეფემ,  ღვთაება ენლილის (მიერ  ხელდასხმულმა) მმართველმა  ქალაქი  ურუქი დაამარცხა  და  მისი კედელი  დაანგრია. ურუქთან  ბრძოლის  დროს  მან  იარაღით  მოიპოვა ზემოური  ქვეყნებიც. ლუგალზაგესი,  ურუქის  მეფე,  ბრძოლაში  დაატყვევა  და  ქედზე  ჯაჭვდადებული  ღვთაება  ენლილის  (ტაძრის)  ჭიშკართან  მიიყვანა4.
    შარუქინი,  აქადის  მეფე,  ბრძოლაში გაიმარჯვა ქალაქ ურზე, დაიპყრო ქალაქი და დაანგრია მისი გალავანი.  (შემდეგ) ქალაქი  მარი  დაამარცხა  და  მისი კედელი  დაანგრია.  ქალაქი ენინმარიც  დაამარცხა  და  მისი კედელი  დაანგრია.  მისი  ქვეყანა და  (სხვა  ქვეყნებიც) ქალაქ  ლაგაშიდან  ზღვამდე5  დაამარცხა.  თავისი მახვილი  ზღვაში  განბანა.  ქალაქი  უმა  ბრძოლაში  დაამარცხა  და  დააქცია,  მისი კედელი  (კი)  დაანგრია.
    შარუქინს, ქვეყნების  მეფეს, ენლილმა, (რომელმაც) ტოლი  მეტოქე   არ  გაუჩინა  მას, მისცა  ზემო  და  ქვემო ზღვები.  იმის  შემდეგ,  რაც (ხალხებზე)  ქვემო  ზღვიდან  (მოკიდებული)  აქადის  მოქალაქეების  (ჩათვლით)  მმართველობა  დაამყარა,  ქვეყნების  მეფის – შარუქინის  წინაშე   (მორჩილად)  დადგნენ  მარი  და  ელამი.  შარუქინმა,  ქვეყნების  მეფემ,  ქალაქი  ქიში  აღადგინა და შეუშვა მისი მოსახლეობა ქალაქში.
    შარუქინი, სამყაროს მეფე, 54 ბრძოლის  გამარჯვებით  გადამხდელი, ზღვათა სანაპიროებამდე (ქალაქთა) კედლების დამანგრეველი. (მის  დროს)  მელუხას, მაგანისა  (და)  დილმუნის6  გემები  აქადის  ნავსაყუდელში  უშვებენ ღუზას.  მეფე  შარუქინმა ქალაქ დუდულში ღვთაება  დაგანის7  წინაშე  ფიცი  დადო  და  (მისადმი)  ლოცვა  აღავლინა,  რადგანაც  მან  მისცა  მას  ზემოური  ქვეყნები  –  მარი,  იარმუთა  (და) ებლა8  კედრის  ტყემდე  და  ვერცხლის  (მადნების) მთებამდე.  (ასეთია) შარუქინი,  მეფე,  (რომელსაც)  ენლილმა  ტოლი  მეტოქე  არ  გაუჩინა: 5400  კაცი ყოველდღე  მის  წინაშე  ჭამს პურს9. 
ვინც  ეს  წარწერა  გადაშალოს  მისი  (შარუქინის)  სახელის  წაშლის მიზნით,  (დაე), ენლილმა  მისი სახსენებელი  ამოაგდოს.
შენიშვნები
1. სარგონი მეფის სახელის მოგვიანო ფორმაა. თავდაპირველ წყაროებში მოიხსენიება როგორც შარუქინი, რაც აქადურად ნიშნავს „ნამდვილ მეფეს“. ანუ სინამდვილეში სარგონ აქადელის ნამდვილი სახელი დაკარგულია. სარგონის მეფობის ხანად მიჩნეულია დაახლ. 2334-2279 წლები. 
2. ინანა, აქადურად  იშთარი, ითვლებოდა აისისა და დაისის  განმასახიერებელ ღვთაებად,  ცხოველთა  მეუფედ  და  სიყვარულის  მფარველ ქალღმერთად. 
3.  სიტყ.  „ქიშის მეფე“ აქადის დინასტიის  ხანაში  ეს ტერმინი  იხმარებოდა „სამყაროს  მეფის“  შინაარსით.
4.  ლუგალ-ზაგესი უმასა და ურუქის მეფე იყო დაახლ ძვ.წ. 2358-2334 წლებში და თითქმის მთელს შუმერს აკონტროლებდა მოღვაწოების ბოლო წლებში, ვიდრე სარდგონმა არ გაამარცხა. ლუგალზაგესი  გამარჯვებულმა  მეტოქემ  სიკვდილით  დასაჯა. ერთი სტელის სურათის მიხედვით სარგონ აქადელმა იგი თავში კვერთხის ჩარტყმით მოკლა.
5. იგულისხმება  იმდროინდელი  ტერმინოლოგიით  „ქვემო  ზღვა“  –  დღევანდელი  სპარსეთის  ყურე.
6   ეს  ქვეყნები  მდებარეობდა  სპარსეთის  ყურის  სანაპიროებზე. 
7. სემიტური  ტომების  ღეთაება  ითვლებოდა  მარცვლეულის  მფარველად.
8. ებლა  მდებარეობდა  ჩრდილო-დასავლეთ  სირიაში,  თანამედროვე  თელ  მარდინის  ადგილას.
9. ამ  შემთხვევაში  უნდა იგულისხმებოდეს  მეფის  მუდმივი  ჯარი.

    სარგონის წარმოშობის შესახებ გადმოცემები ლეგენდარულ ხასიათს ატარებს და არასრულადაა მოღწეული. რაც გვაქვს კი იმითი ვგებულობთ: რომ ჯერ მსახურობდა ქიშის მეფე ურ-ზაბაბას კარზე, შემდეგ კი როგორღაც ხდება ჯერ ქიშის მეფე და შემდეგ ამარცხებს ურუქისა და უმის მეფე ლუგალ-ზაგესს. რამდენიმე წლის შემდეგ აარსებს სატახტო ქალაქ აქადს, ან უკვე არსებულ აქადში გადააქვს სატახტო ცენტრი.
    სარგონის შესახებ გადმოცემები ძველი ბაბილონის დიდების ეპოქაშიც იქმნებოდა. ერთი ცნობით, თითქოს მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა, მცირე აზიის ქალაქ ქალაქ პურუშანდას წინააღმდეგ, რათა დაეცვა თავისი ვაჭრები. გადაკვეთა დასავლეთის ზღვა (ხმელთაშუა ზღვა) და აღმოჩნდა კუპარაში.
    ბევრ ცნობებს იძლევა ე.წ. „ადრეულ მეფეთა ქრონიკები“, რომელიც ძვ.წ. 1500 წლისთვის შეიქმნა ბაბილონში:
    „[სარგონს] არც მეტოქე ჰყავდა და არც თანასწორი. მისი ბრწყინვალება, იმ მიწებზე, რომლებსაც ის აფართოებდა. მან აღმოსავლეთით ზღვა გადაკვეთა. მეთერთმეტე წელს მან დასავლეთის მიწა მის ყველაზე შორეულ წერტილამდე დაიპყრო. მან ის ერთიანი ხელისუფლების ქვეშ მოაქცია. მან იქ თავისი ქანდაკებები აღმართა და დასავლეთის ნადავლი ბარჟებით გადაიტანა. მან თავისი კარის მოხელეები ხუთი ორმაგი საათის ინტერვალით განალაგა და ერთიანობით მართავდა მიწების ტომებს. ის კაზალუსკენ გაემართა და კაზალუ ნანგრევებად აქცია, ისე, რომ ჩიტისთვისაც კი არ დარჩენილა დასაჯდომი ადგილი.
    შემდეგ, მის [სარგონის] სიბერეში, ყველა ქვეყანა აჯანყდა მის წინააღმდეგ და ალყაში მოაქციეს აქადში; სარგონი საბრძოლველად წავიდა და დაამარცხა ისინი; მან დაამარცხა ისინი და გაანადგურა მათი გაფანტული ლაშქარი. შემდეგ მან თავისი ძალით შეუტია სუბარტუს მიწას და ისინი მის იარაღს დაემორჩილნენ, სარგონმა კი ეს აჯანყება ჩაახშო და დაამარცხა ისინი; მან დაამარცხა ისინი და გაანადგურა მათი გაფანტული ლაშქარი და მათი ქონება აქადში შეიტანა. ბაბილონის თხრილებიდან მიწა მოაშორა და აქადის საზღვრები ბაბილონის საზღვრებს დაემსგავსა. მაგრამ ჩადენილი ბოროტების გამო, დიდი მბრძანებელი მარდუკი განრისხდა და შიმშილით გაანადგურა თავისი ხალხი. მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ისინი მას ეწინააღმდეგებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ“.




Комментариев нет:

Отправить комментарий