суббота, 24 мая 2025 г.

ლისანდრე – სპარტელი მხედართმთავარი (დაახლ. ძვ.წ. 454-395 წ.)

გადმოგვცემენ, რომ ლისანდროსის მამა, არისტოკრატი, მართალია, მეფეთა მოდგმას არ მიეკუთვნებოდა, მაგრამ სპარტელი ჰერაკლიდების1 წარჩინებულთა გვარის ჩამომავალი  კი იყო. თავად ლისანდროსი სიღარიბეში გაიზარდა მამის ზედამხედველობით. იგი ბავშვობიდანვე მიაჩვიეს წინაპართა და კეთილშობილ ადამიანთა პატივისცემას, ყოველგვარ უბედობათა ღირსეულად დათმენასა და დიდებულ საქმეთა აღსრულებისაკენ სწრაფვას.
ყმაწვილი ლისანდროსი გამოირჩეოდა მტკიცე ნებისყოფით, გონიერებით, ჩინებული ფიზიკური მონაცემებითა და იშვიათი პატივმოყვარეობით. ადრევე გამოამჟღავნა  მან ხასიათის მდარე თვისებებიც: პირფერობა და მზაკვრობა. მას შეეძლო ფარისევლობა მაღალი წოდების ადამიანებთან; მზად იყო აეტანა ნებისმიერი შეურაცხყოფა, თუკი  ეს მის საქმეს წაადგებოდა.
იმხანად ლისანდროსის სამშობლო სპარტა ათენის სახელმწიფოს ებრძოდა საბერძნეთში ბატონობისთვის. ბრძოლამ დიდხანს გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე  მხარემ აუნაზღაურებელი დანაკლისი  განიცადა, საბოლოო გამარჯვებას ვერცერთმა  მიაღწია. 
მართალია, ათენელებმა სიცილიის საბედისწერო ექსპედიციას შესწირეს  მთელი ფლოტი  და  ლაშქარი,  იმედი  მაინც  არ  დაკარგეს.  მათი საზღვაო ძალმოსილება ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული. ათენმა ახალი ფლოტის შენება იწყო.
სპარტელმა ეფოროსებმა ათენელთა წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებისათვის სპარსელებს მიმართეს. სპარსეთის მეფემ დიდძალი თანხა გაუგზავნა მათ ლაშქრის შესანახად და ფლოტის ასაგებად.
იმ დროისათვის ლისანდროსს ნიჭიერი მხედართმთავრისა  და მოქნილი  დიპლომატის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. სწორედ ამიტომ ანდეს მას ფლოტის მეთაურობა და, რაც მთავარია, სპარსელებთან მოლაპარაკების წარმოება. ლისანდროსმა შეადგინა საბრძოლო გეგმა, რომლის თანახმადაც სპარტელებს უარი უნდა ეთქვათ ბრძოლაზე მტრის უპირატესობის ხილვისთანავე და დაეწყოთ თავდასხმა მაშინ, როდესაც ირწმუნებდნენ საკუთარ ძალმოსილებას. 
თავდაპირველად ლისანდროსი ესკადრით ეფესოსისკენ გაემართა. სპარსელებთან მოლაპარაკება კეთილად დასრულდა. მან ლიდიის მეფისნაცვალ კიროს უმცროსისაგან2 მიიღო დიდძალი თანხა. უფრო მეტიც,  მას ნება დართეს, თავად  კიროსის სახელით აეღო ხარკი მცირე აზიის მოსახლეობისაგან.  ამ ფულით ლისანდროსმა  დაუხანებლივ  გაუორმაგა  თავის მეხომალდეებს  გასამრჯელო.  შემდეგ გამოაცხადა, რომ თუ ათენის დაქირავებული მეომრები მის მხარეს გადმოვიდოდნენ, მათაც მსგავს გასამრჯელოს დაუნიშნავდა. სწორედ იმხანად ათენელებმა ვერ შეძლეს თავის მეხომალდეთათვის კუთვნილი საზღაურის გადახდა.  ათენის დაქირავებული  მეომრები ჯგუფებად  გადადიოდნენ ლისანდროსის  მხარეს  და  სულ მცირე ხანში ათენის ფლოტი მეხოფურთა გარეშე დარჩა. 
ათენელმა მხედართმთავარმა ანტიოქოსმა, ალკიბიადესის ბრძანების მიუხედავად, წინდაუხედაობა გამოიჩინა  და მტერს შეუტია.  იგი იოლად დაამარცხა ლისანდროსმა იონიის საპორტო ქალაქ ნოტიონთან  (ძვ.წ.  407  წ.).  ათენის სახალხო კრებამ  ეს მარცხი ალკიბიადესს დააბრალა,  რის გამოც  იგი იძულებული  გახდა, გადახვეწილიყო.
ასე მოიცილა თავიდან ლისანდროსმა ყველაზე ნიჭიერი და სახიფათო მტერი. ლისანდროსმა ეფესოსში მიიწვია მოკავშირე ბერძნული და მცირეაზიული ქალაქების არისტოკრატიული  წრეების წარმომადგენლები.  იგი გულუხვად  ურიგებდა არისტოკრატებს ფულს იმ საიდუმლო კავშირების შესაქმნელად, რომლებსაც დემოკრატიის დამხობა უნდა მოემზადებინათ.  ამით  მან არისტოკრატთა  კეთილგანწყობა და ერთგულება დაიმსახურა. 
ამასობაში ლისანდროსის განმგებლობის დრო ამოიწურა და მის ადგილზე სპარტიდან გამოაგზავნეს სხვა მეთაური სახელად კალიკრატიდასი. ეს იყო პირდაპირი და მართალი, მაგრამ გონებაშეზღუდული კაცი. ლისანდროსი განაწყენებული იყო კალიკრატიდასის გამოჩენით და ყოველი ხერხით ლამობდა მის ჩამოცილებას. ერთხელ  მან  მორჩენილი ფული  უკან დაუბრუნა  კიროს  უმცროსს,  ხოლო  შემდეგ შესთავაზა კალიკრატიდასს თავად გამოეთხოვა უკან  ეს ფული, ანდა სხვა გზებით მოეპოვებინა. მეზღვაურები, მეთაურები და მოკავშირეებიც ასევე უკმაყოფილონი  იყვნენ მთავარსარდლის შეცვლით.
კალიკრატიდასი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამაყი სპარტელი დამამცირებლად თვლიდა სპარსელთაგან ფულის  აღებას. მეზღვაურთა შორის მღელვარებამ  იჩინა  თავი.  მათთვის გასამრჯელო აღარ  იყო სახელმწიფოში.  მაშინ  მთავარსარდალმა ძალა მოიკრიბა და კიროს უმცროსისაკენ გასწია სარდეში. 
სასახლეში მისულმა მსახურთ უბრძანა,  მოეხსენებინათ კიროსისათვის,  რომ სპარტელ კალიკრატიდასს სურდა მისი ნახვა. ერთ-ერთმა კარისკაცმა დაცინვით აუწყა: „კიროსი დაკავებულია, ის სვამს. დაცდა მოგიწევს“. კალიკრატიდასმა უპასუხა: „კარგი, დალიოს,  მე დავიცდი“. სპარსელმა კარისკაცებმა სასაცილოდ აიგდეს იგი. კალიკრატიდასი გაბრაზდა და იქაურობას გაეცალა. 
მეორე  დღეს  იგი კვლავ  ეწვია კიროსს  და  ისევ  ვერ  მოახერხა  მასთან  შესვლა. მიხვდა, რომ კიროსი მასხრად იგდებდა და განრისხებული დაბრუნდა ეფესოსში, თან თავის თანამოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა კი ლისანდროსს კიცხავდა იმის გამო, რომ „ბარბაროსებს“ თავი გაუყადრეს და ბერძნებზე მბრძანებლობას შეაჩვიეს. მან დაიფიცა, რომ სპარტაში ჩასვლისთანავე ყოველგვარ ღონეს იხმარდა  ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომის შესაწყვეტად.  „მაშინ,  – ამბობდა  იგი,  – ელინები, ისევე როგორც უწინ, კვლავ ბარბაროსთა რისხვად იქცევიან და აღარასოდეს მიირთმევენ მათ ნასუფრალს ერთმანეთის გასანადგურებლად“. 
მალე კალიკრატიდასი ათენელთა წინააღმდეგ საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა და თავადაც დაიღუპა ბრძოლის ველზე. 
მაშინ სპარტელთა მოკავშირეებმა, კიროს უმცროსის ჩათვლით, სპარტაში გაგზავნეს ელჩები, რომლებიც ითხოვდნენ ფლოტის სათავეში კვლავ ლისანდროსის დაყენებას.
უბრალო მეზღვაურები კმაყოფილნი კი იყვნენ ლისანდროსის გულუხვობით, მაგრამ  მაინც  არ  იწონებდნენ ბრძოლის  მის  მიერ შემოთავაზებულ  წესს.  ისინი მთავარსარდალს  შეახსენებდნენ,  რომ  ჰერაკლეს ჩამომავალ წარჩინებულ  სპარტელს არ ეკადრებოდა მზაკვრული ხერხებით ბრძოლა. ამის პასუხად ლისანდროსი მათ ასე მიუგებდა ხოლმე სიცილით: „სადაც ლომის ტყავი ვერ გაეტევა, მელიის ტყავით უნდა შეიცვალოსო“.  ამ სიტყვათა აზრი ასეთი იყო: თუ ვერ იძალე, ხერხს უნდა მიმართო. 
სპარტელმა ეფოროსებმა კიროს უმცროსისა და მოკავშირეთა მოსამადლიერებლად კვლავ ლისანდროსი დანიშნეს ფლოტის მთავარსარდლად. თუმცა რადგანაც კანონით იკრძალებოდა ერთი და  იმავე პირის მაღალ თანამდებობაზე ორგზის ზედიზედ არჩევა, ლაშქრის განმგებლად ვინმე არაკოსი იხმეს. 
ლისანდროსმა ხელთ იგდო თუ  არა ძალაუფლება,  ყველა მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატიული წყობის გაუქმება და არისტოკრატიული მმართველობის შემოღება იწყო.  მაგრამ ყოველგან როდი მოქმედებდა  იგი ძალითა და მუქარით, ყველაზე ხშირად ხერხსა და ხრიკებსაც მიმართავდა. 
აი, რა მოხდა მილეტოსში: იქ ხალხსა და არისტოკრატებს შორის ცხოველი ბრძოლა იყო გაჩაღებული. არისტოკრატებმა ლისანდროსის მეშვეობით  გაანადგურეს დემოკრატები და მოწინააღმდეგენი ქალაქიდან  გააძევეს.  შემდეგ არისტოკრატები ისევ შეურიგდნენ დემოკრატებს.  მაშინ ლისანდროსმა საჯაროდ გამოხატა სიხარული ამ შერიგების თაობაზე, სინამდვილეში კი დემოკრატებს მასხრად იგდებდა. მან აიძულა არისტოკრატები  ამბოხებულიყვნენ. შემდეგ ჯარით ქალაქში შეიჭრა და ამბოხებულებს დასჯით დაემუქრა, რა თქმა უნდა ფარისევლურად, ფარულად  კი ხელს უწყობდა დემოკრატთა განადგურებას. 
ლისანდროსი ხშირად იძლეოდა დაპირებებსა და დებდა ფიცს, მაგრამ არასოდეს იწუხებდა თავს მათი აღსრულებით. „ბავშვების მოტყუება,  – ამბობდა იგი, – შესაძლებელია სათამაშოებით, მოზრდილებისა  კი  – ფიცით“. ასეთი იყო ლისანდროსი  – გაიძვერა, უნამუსო და ორპირი ადამიანი. 
კიროს უმცროსმა სარდეში მიიწვია ლისანდროსი, ფულად  დახმარებასა  და ფლოტს შეჰპირდა. კიროსმა თავის სპარტელ მეგობარს ხარკის აკრეფა და მცირე აზიის ბერძნული ქალაქების მართვაც კი ანდო მისი არყოფნის დროს. 
ახლა კი მართლაც უხვად გაიღო საზღაური სპარტელმა მთავარსარდალმა თავისი მეზღვაურებისათვის და ესკადრის თანხლებით დაბრუნდა ჰელესპონტოსში, სადაც იერიშით აიღო ქალაქი ლამფსაკოსი. 
ათენის ას ოთხმოცი ტრიერისაგან შემდგარი ესკადრა საბრძოლო მზადყოფნაში იდგა თრაკიის ხერსონესთან. გაიგეს თუ არა ლამფსაკოსის აღების ამბავი, ათენელები დაიძრნენ ეგოსპოტამოსისკენ  და ფლოტი მტრის პირისპირ  განალაგეს. ათენელებს რამდენიმე სტრატეგოსი მეთაურობდა,  მათ შორის  იყო ფილოკლესიც.  მან სახელი გაითქვა იმით, რომ ათენის სახალხო კრებას შესთავაზა – ყოველი სპარტელი ტყვისათვის მოეკვეთათ მარჯვენა ხელის დიდი თითი, რათა მას აღარასოდეს შეძლებოდა შუბისა და მახვილის ხმარება. 
მტრულ ესკადრათა ხომალდებზე მთელი დღე არავის დაუსვენია: ყველა მომავალი დღის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ათენელებმა იცოდნენ, რომ მათთვის დამარცხება სამშობლოს დაღუპვის ტოლფასი იყო  და ამიტომ  გადაწყვიტეს,  ან გაემარჯვათ,  ან ბრძოლის ველზე დარჩენილიყვნენ. 
ლისანდროსმა ხერხს მიმართა. მან მეზღვაურებსა და მესაჭეებს უბრძანა, ბრძოლისთვის მზად ყოფილიყვნენ, რათა ინათებდა თუ არა მტერს შებმობდნენ, ხოლო ქვეითი ლაშქარი ხმელეთზე დატოვა.
მეორე დღეს, მზის ამოსვლისთანავე, ათენის ფლოტი დაიძრა სპარტელთა  წინააღმდეგ. ლისანდროსმა არ მიიღო ეს გამოწვევა.  მან წინა ხაზზე მდგომ ხომალდებს უბრძანა, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და არ დაეწყოთ ბრძოლა. საღამოსათვის ათენელებმა უკან დაიხიეს, მეზღვაურები ხმელეთზე ჩავიდნენ; ლისანდროსმაც დართო ნება თავის მეზღვაურებს ხმელეთზე გადასულიყვნენ. 
მომდევნო ოთხი დღის განმავლობაშიც ათენელები ცდილობდნენ, ლისანდროსი გამოეწვიათ საბრძოლველად, მაგრამ ამაოდ. მეხუთე დღეს ათენელებმა დაიწყეს მათთვის ჩვეული მოძრაობა – მეზღვაურების ხმელეთზე გადმოსხმა და დილით ისევ ხომალდებზე  აყვანა  უკვე ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე,  მიიჩნიეს  რა, რომ მტერი ვერ გაბედავდა მათზე თავდასხმას. მაშინ ლისანდროსმა უბრძანა ლაშქარს გადასულიყო შეტევაზე ზღვაზეც და ხმელეთზეც. 
სპარტელთა ფლოტი სასწრაფოდ დაიძრა მოპირდაპირე ნაპირისაკენ (სრუტის სიგანე იქ 2 კილომეტრამდე აღწევდა), ხოლო ქვეითმა ჯარმა ხმელეთზე თანდათანობით დაიკავა უმჯობესი პოზიცია. ერთ-ერთმა ათენელმა სტრატეგოსმა როგორც კი თვალი მოჰკრა მოწინააღმდეგის მოახლოებულ ფლოტს, მეზღვაურებს ხომალდებზე ასვლა უბრძანა.  მაგრამ ხომალდთა საბრძოლო შემადგენლობა დაშლილი იყო: ზოგს მშვიდად ეძინა კარვებში, ზოგი ვახშამს ამზადებდა, ზოგიც სასეირნოდ იყო გასული. 
სტრატეგოსების დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო ათენელთაგან არავინ ელოდა თავდასხმას,  არავის ეგონა, რომ ლისანდროსი შეტევაზე გადმოვიდოდა. ათენელთა ზოგი ხომალდი ხმელეთზეც იყო გამოტანილი. ბრძოლამ საათზე  ნაკლებ  ხანს გასტანა.  ამ  ხნის განმავლობაში ლისანდროსმა გაანადგურა ათენელთა მთელი ფლოტი. გადარჩა მხოლოდ რვა ტრიერი კონოსის მეთაურობით, რომელმაც კუნძულ კვიპროსს შეაფარა თავი. 
ამ ბრძოლის შედეგი ის იყო, რომ ათენელთა საზღვაო ძლიერებას ბოლო მოეღო. ახლა უკვე ათენს აღარც ფლოტი გააჩნდა, აღარც ფული, აღარც მეზღვაურები. ტყვედ ჩავარდა 3000 მებრძოლი სტრატეგოსებთან ერთად. ლისანდროსმა ტყვეები ხომალდებზე აიყვანა და კვლავ ლამფსაკოსისკენ გასწია. 
სპარტის ხელისუფლებამ  და  მოკავშირეთა  საბჭომ  გადანყვიტეს,  დაესაჯათ ტყვეები.  ლისანდროსმა  გამოიძახა  ტყვე ფილოკლესი  და  ჰკითხა:  „რა სასჯელს იმსახურებ შენ, რომელმაც ათენის სახალხო კრებას მიაღებინე დადგენილება ყოველი სპარტელი ტყვისთვის მარჯვენა ხელის დიდი თითის მოკვეთის თაობაზე?“ ფილოკლესმა, რომელიც ვერ გატეხა უბედურებამ,  ასე მიუგო: „სასწრაფოდ  დასაჯე  ტყვეები,  შენც  ხომ  მსგავსი  ბედი გეწეოდა,  ჩვენ რომ  გაგვემარჯვა“,  –  და პირველი გაემართა სასიკვდილოდ.
ტყვეთა დასჯის შემდეგ ლისანდროსმა დიაწყო სანაპირო ქალაქების  შემოვლა.  იგი ყველგან ახშობდა დემოკრატიულ სულისკვეთებასა და აწესებდა  არისტოკრატიულ მმართველობას, რომელსაც სათავეში უყენებდა სპარტელ  განმგებელს. დაუხანებლივ იწყებოდა დემოკრატიის მომხრეთა დასჯა და  გაძევება.
ათენის ხელში ჩასაგდებად ლისანდროსმა ისევ მზაკვრობა ჩაიდო გულში.  მან გამოაცხადა, რომ ქალაქგარეთ მყოფი ყოველი ათენელი დაუყოვნებლივ დაისჯებოდა.  იგი იმედოვნებდა,  რომ ხალხის სიჭარბე ქალაქში შიმშილს  გამოიწვევდა და ათენი ვეღარ გაუძლებდა ხანგრძლივ ალყას. 
ლისანდროსის ვარაუდი გამართლდა:  მალე  ათენში უკიდურესმა  გაჭირვებამ დაისადგურა.  მაშინ იგი ესკადრის თანხლებით პირეოსისკენ გაემართა და ქალაქს უსიტყვო მორჩილება მოსთხოვა. 
დამარცხებულები იძულებულნი  გახდნენ,  მიეღოთ სპარტელთა  მძიმე  და  სამარცხვინო პირობები: ათენელებს უნდა დაენგრიათ თავისი ნავსადგომი პირეოსი და „გრძელი გალავანი“, ამასთანავე უკან უნდა დაებრუნებინათ გაძევებული არისტოკრატები.  ათენის საზღვაო კავშირს ბოლო ეღებოდა.  ამაყმა  ათენმა დაკარგა ყველა საზღვაო სამფლობელო. ათენელებს შერჩათ მხოლოდ ატიკა და კუნძული სალამისი. 
ლისანდროსი დაეპატრონა ათენელთა გადარჩენილ ხომალდებს (დამარცხებელებს დაუტოვეს მხოლოდ თორმეტი მომცრო გემი) და ქალაქში შევიდა სწორედ იმ  დღეს,  როდესაც სპარსეთზე  ათენის დიადი გამარჯვების წლისთავი  აღინიშნებოდა.  ეს მოხდა  ძვ.წ.  404 წელს. 
სპარტელებმა დაუხანებლივ დაამხეს ათენში დემოკრატთა და 30 კაცის მმართველობა დააწესეს (მათ ოცდაათ ტირანად იხსენიებდნენ). ისინი ხალხის აშკარა მოწინააღმდეგენი იყვნენ. ახალი ხელისუფლება ათენში სპარტის გარნიზონს ეფუძნებოდა. 
ათენელებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გრძელი გალავანი მოთხრილი, რომ ლისანდროსმა  მოკავშირეთა  საბჭო  მოიწვია,  რათა პირობების შეუსრულებლობისათვის ათენელთა დასჯის საკითხი გადაეწყვიტა. მოკავშირეებში  ათენის  სავსებით დანგრევის ხმაც  კი დაირხა. ზოგი იმასაც მოითხოვდა, რომ დედა-ბოძიანად ამოეძირკვათ  ეს ქალაქი, მოსახლეობა მონებად გაეყიდათ, ხოლო ათენის მიწა საქონელთა საძოვრებად გადაექციათ. 
მაგრამ სპარტელებმა ვერ გაბედეს დიადი ქალაქის განადგურება. ათენელების დასამდაბლებლად ლისანდროსმა ბრძანა, დაენგრიათ გრძელი გალავანი, რაც აღასრულეს კიდეც საგანგებოდ შეკრებილი მოკავშირეების ყიჟინის, მხიარული შეძახილებისა და ფლეიტის ჰანგთა თანხლებით, ათენის ფლოტის გადარჩენილი ნაწილი დაწვეს.
ათენში დაიწყო ძალადობა, დევნა და დემოკრატიის მომხრეთა განადგურება. მაგრამ ათენის ხალხი, რომელმაც ყველანაირი დამცირება და შეურაცხყოფა  და-ითმინა, სულით არ დაეცა,  რისხვა დაიცხრო და სულ მალე აღსდგა სპარტელთა და მათი დამქაშების – 30 ტირანის წინააღმდეგ. 
ლისანდროსმა თავისი ფლოტით თრაკიისაკენ გასწია. მთელი ნადავლისა  და ფულის სპარტაში ტომრებით გაზიდვა  კი დაავალა ჰილიპოსს  – თავის თანაშემწეს. მან, ათენელების წინააღმდეგ ბრძოლებში დიად გამარჯვებათა მომპოვებელმა და ყველასგან ერთობ დაფასებულმა კაცმა, ცთუნებას ვერ გაუძლო და სამარცხვინო რამ ჩაიდინა, ფულის ნაწილის მითვისება განიზრახა: ტომრების გარღვევა  და იქიდან დიდძალი თანხის ამოღება  ბრძანა.  მაგრამ ჰილიპოსმა არ იცოდა, რომ ყოველ ტომარაში იდო ნუსხა ფულის აღწერილობით.  მან სპარტაში ჩამოსვლისთანავე  ეს ფული თავისი სახლის სხვენზე, კრამიტების ქვეშ გადამალა. ეფორებმა გახსნეს ტომრები და ნახეს, რომ ბეჭდები ხელუხლებელია, თუმცა ფული კი დიდძალი რაოდენობით აკლია. 
დაჰკითხეს ჰილიპოსის მსახურები. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მისი მბრძანებლის სახლის კრამიტების ქვეშ მრავალმა ბუმ დაიბუდა. ამით მას სურდა ეთქვა, რომ ჰილიპოსის სახლის სახურავზე ინახება ათენური მონეტები, რომლებზეც გამოსახულია სახელმწიფო გერბი  – ღვთაება ათენას ფრთოსანი  – ბუ. ჰილიპოსი გაჩხრიკეს და მოპარული ფული აღმოუჩინეს. 
ჰილიპოსის საქციელმა სპარტელთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. კვლავ  აიკრძალა ოქროს და ვერცხლის მონეტები. მოქალაქეებს მხოლოდ რკინის მძიმე მონეტებით უნდა ესარგებლათ, რათა ცალკეულ პირთა ხელში ფულის დიდი რაოდენობით დაგროვება ალკვეთილიყო.  სხვა კანონით, ლისანდროსის მიერ შემოტანილი ფული მხოლოდ სახელმწიფოს საჭიროებებისთვის უნდა დახარჯულიყო. სიკვდილით დასჯა ელოდა  მას,  ვის ხელშიც  ეს ფული აღმოჩნდებოდა. 
მაგრამ ამ ზომებმა ვერ დააოკეს სპარტელთა სწრაფვა სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ. გავლენიანი მოქალაქეები არ ეპუებოდნენ ამ აკრძალვებს და დიდძალი სიმდიდრის მოხვეჭას ლამობდნენ. თავად ლისანდროსს კი, ასე ამბობდნენ, არაფერი მიუთვისებია  მის მიერ მოპოვებული უზარმაზარი განძეულიდანო. 
ლისანდროსი საბერძნეთის ქალაქებში მის მიერ დაყენებულ მმართველთა შემწეობით მთელი საბერძნეთის განმგებელი გახდა. პირმოთნეები, მლიქვნელები და ყველა ჯურის ვიგინდარები  მას  მხსნელ ლვთაებად აღიარებდნენ  და მსხვერპლს სწირავდნენ, ვითარცა ღმერთს. 
ახლა უკვე მთელი სავსებით გამომჟღავნდა მისი ხასიათის უსაზარლესი თვისებები: დაუცხრომელი, უმოწყალო სისასტიკე და ვერაგობა.  იგი თავად ესწრებოდა ხოლმე დემოკრატთა სიკვდილით დასჯას. ერთ-ერთ დიდ ქალაქში, მილეტოსში,  მან დაიფიცა, რომ უკანონოდ არ მოიქცეოდა და პირობა დადო, თუ დემოკრატები ჩაბარდებოდნენ, მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა.  ამ სიტყვებს მინდობილმა დემოკრატებმა მიატოვეს თუ არა თავშესაფარი, ლისანდროსმა მათგან 800 კაცის დასჯა ბრძანა. ქალაქის ზოგიერთი მკვიდრი ლისანდროსმა საერთოდ გააძევა და მათი მიწა და ქონება თავის მომხრეებს გადაულოცა. 
დასმენა და ცილისწამება გამეფდა ირგვლივ. სპარტელ მმართველთა  ანგარებამ ისეთი საოცარი სახე მიიღო, რომ საყოველთაო სიძულვილი გამოიწვია. ახლა უკვე სპარტელი საბერძნეთში ნიშნავდა მოძალადეს, მკვლელსა და ტირანს. 
ლისანდროსი ანგარიშს  არ უწევდა თავის მოკავშირე სპარსელებსაც  კი:  იგი არბევდა  და აცარიელებდა სპარსელ სატრაპთა სამფლობელოებსაც;  მისმა  უახლოესმა ხელქვეითებმა დიდძალი სიმდიდრე მოიხვეჭეს. 
სპარტაში ყოველი მხრიდან მოდიოდა ხმა ლისანდროსის უკანონობაზე, ძალადობაზე, უმოწყალეობაზე. მაგრამ ეფოროსები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ.
ბოლოს ლისანდროსის საქციელი თავად ეფორებისთვისაც სახიფათო აღმოჩნდა: ლისანდროსის ხელში თავი მოიყარა მთელმა სამხედრო ძალამ, მას შეეძლო ნებისმიერ დროს გამხდარიყო ტირანი. გადაწყდა, ლისანდროსი დაებრუნებინათ სპარტაში. 
გამოძახების საბაბი იყო სპარსეთის სატრაპის, ფარნასოსის საჩივარი იმის თაობაზე,  რომ ლისანდროსი  მის სამფლობელოს  ძარცვავდა. ეფოროსებმა  ლისანდროსს უბრძანეს, დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო  შინ. 
უწყების მიღებისთანავე ლისანდროსი სატრაპ ფარნასოსისკენ გაეშურა იმ იმედით, რომ მოლაპარაკების გზით შეძლებდა მის მოლმობიერებას. მან სთხოვა სატრაპს  ახალი წერილი გაეგზავნა ეფოროსებისთვის და უკან წაეღო თავისი საჩივარი. მაგრამ გაქნილმა და ვერაგმა სპარსმა უმუხთლა გამოცდილ და მზაკვარ ლისანდროსს.  მან თავაზიანად  მიიღო სპარტელი  და  მისივე თანდასწრებით  ისეთი წერილი შეადგინა, როგორიც  მის სტუმარს სურდა.  სატრაპმა მთავარსარდლის თვალწინ დალუქა წერილი და იქვე მოახერხა მისი შეცვლა მეორე, წინდაწინ  დაწერილით, რომელსაც სულ  სხვა შინაარსი ჰქონდა. 
ლისანდროსი სპარტაში ჩავიდა თუ არა, ეფოროსებისკენ გაემართა წერილის გადასაცემად  იმ იმედით, რომ შეძლებდა თავის მართლებას. ეფოროსებმა  წერილი წაიკითხეს და ლისანდროსი მიხვდა, რომ ამჯერად მწარედ მოტყუვდა. 
რამდენიმე დღის შემდეგ ლისანდროსმა სპარტა დატოვა თითქოს  იმ  მიზნით, რომ  ზევს  –  ამონის3  ტაძარში მსხვერპლი შეეწირა.  ეფოროსებმა  ვერ  გაბედეს მისი  დაკავება.  მაშინ სპარტის  მეფეებმა ისარგებლეს ლისანდროსის არყოფნით და სცადეს მისი სახელის შებღალვა. ისინი შორიდან უმზერდნენ ოცდაათი ტირანის წინააღმდეგ ამბოხებულ ათენელებს,  მათ  მიერ ტირანიის დამხობასა  და  დემოკრატიის აღდგენას. 
დაბრუნდა თუ არა ლისანდროსი, დაუყოვნებლივ გაემართა ათენელთა  დასამორჩილებლად.  მას თან ახლდა სპარტის ერთ-ერთი მეფე პავსანიასი, რომელმაც სცნო ათენელთა უფლება, თავად აერჩიათ განმგებელი.  მან არ ისურვა ამბოხების ჩახშობა.
ლისანდროსი სპარტაში უშედეგოდ უნდა დაბრუნებულიყო. ეფოროსებმა აღარ მოიწონეს პავსანიასის საქციელი და ლისანდროსის გამართლება სცადეს. მაგრამ უკვე  გვიანი  იყო:  ათენელებს  ძალით  ვეღარავინ  აარჩევინებდა საძულველ მბრძანებლებს.
ლისანდროსის უფლებები ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ შერყეული: იგი კვლავ განაგრძობდა ბერძნულ სახელმწიფოთა თვითნებურ  განმგებლობას,  მის ხელში იყო ძალა. როდესაც არგოსელები ეახლნენ მას და წართმეული მიწების დაბრუნება სთხოვეს, ლისანდროსმა თავის მახვილზე მიუთითა და ასე მიუგო:  „ვის ხელშიც არის მახვილი, სამანებსაც  ის განაგებსო“.
ამასობაში სპარტაში გარდაიცვალა მოხუცი მეფე აგისი. ლისანდროსმა, ისარგებლა რა თავისი გავლენით, მეფედ გამოაცხადა აგესილაოსი, რომელსაც ტახტზე ასვლის კანონიერი უფლებები არ გააჩნდა. ლისანდროსი იმედოვნებდა, რომ აგესილაოსი მისი ყურმოჭრილი  ყმა შეიქნებოდა. მან მოახერხა მისი დანიშვნა სპარტის ლაშქრის მეთაურად სპარსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომში  იმ  იმედით, რომ ბრძოლათა მთავარსარდალი თავად იქნებოდა, ისევე როგორც უწინ, ათენის დამორჩილების ჟამს. 
მაგრამ ლისანდროსს ახალმა მეფემ იმედები არ გაუმართლა.  იგი ისეთივე  პატივმოყვარე აღმოჩნდა, ვით ლისანდროსი და ვერ იტანდა მეტოქეებს. მეფემ ლისანდროსი თან წაიყვანა მრჩევლად და თავდაპირველად დიდი პატივითა და მოკრძალებით ექცეოდა. 
მცირეაზიელი ბერძნები, რომლებიც იცნობდნენ ლისანდროსსა და მიჩვეულნი იყვნენ მის მთავარსარდლობას,  აგესილაოსის გვერდის ავლით ყველაფერზე  მას მიმართავდნენ.  მაშინ აგესილაოსმა ლისანდროსის ჩამოცილება და მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება განიზრახა. მან ლისანდროსს დამამცირებელი საქმე დაავალა  – მოკავშირეთათვის ხორცის დარიგება.  „დაე,  ამ ხალხმა თაყვანი სცეს ჩემს მეხორცეს“, – თქვა მეფემ და  იმ იონიელ ბერძნებზე მიანიშნა, რომლებიც ლისანდროსს პატივით ეპყრობოდნენ. 
მაშინ ლისანდროსმა აგესილაოსსთან მოლაპარაკება  განიზრახა.  მათ შორის მოკლე საუბარი შედგა: „აგესილაოს, – მიმართა ლისანდროსმა, – შენ შეგძლებია მეგობართა დამცირება“. „დიახაც, – მიუგო აგესილაოსმა, – თუკი ისინი ისურვებენ ჩემს მაღლა დგომას; ხოლო მათ, ვინც ჩემი ძალაუფლების გამყარებას ემსახურება, მუდამ მივაგებ კუთვნილ პატივს“. შემდეგ აგესილაოსმა უმნიშვნელო დავალება მისცა ლისანდროსს, ჰელესპონტოსისკენ გაისტუმრა  და მთელი  ომის  განმავლობაში  სხვა არაფერი დაუკისრებია. 
ლისანდროსი აგესილაოსზე და ეფოროსებზე ერთობ გალიზიანებული და განრისხებული დაბრუნდა სპარტაში.  იგი თვლიდა, რომ სპარტისთვის ესოდენ თავდადებული დიადი მთავარსარდლის დამსახურება ჯეროვნად არ იყო დაფასებული.  მან განიზრახა თავისი დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება: მეფობა სურდა.  ამ მიზნით სახალხო კრებას შესთავაზა მიეღო ახალი კანონი კანონიერ მეფეთათვის ძალაუფლების ჩამორთმევისა  და  ახალ მეფეთა არჩევითობის  თაობაზე. მაშინ, ფიქრობდა იგი, თანამოქალაქეები მას აირჩევდნენ მეფედ, როგორც ყველაზე ძლევამოსილსა და სახელმორჭმულ კაცს მთელ სპარტაში. 
მორწმუნე სპარტელებზე რომ ემოქმედა, ლისანდროსმა დაიწყო ყოველნაირ წინასწარმეტყველებათა გავრცელება, სადაც  იგი წარმოდგენილი  იყო სპარტისა და მთელი საბერძნეთის მხსნელად.  მან სცადა თავად დელფოს მისნის მოსყიდვაც, რათა  მიეღო  მისთვის საჭირო  წინასწართქმა.  ეგვიპტეში  მდებარე  ზევს-ამონის ტაძრის ქურუმთა მოსყიდვის ცდა  კი იმით დასრულდა, რომ წინასწარმეტყველმა მისნებმა სპარტაში გაგზავნეს ელჩები ლისანდროსის უღირსი საქციელის  სამხილებლად. იგი სამსჯავროზე გაიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა სახელმორჭმულ მთავარსარდალს მსჯავრი ვერ დასდეს  და გაამართლეს. 
ამასობაში სპარტელთაგან გაწამებულმა ბერძნულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ათენში ოცდაათი ტირანის დამხობის  შემდეგ  სპარტას  თებე  აუმბოხდა.  მის წინააღმდეგ წარგზავნილ დიდძალ ლაშქარს სათავეში ჩაუდგა ლისანდროსი და ბეოტიისკენ გაემართა. დასახმარებლად მომავალ მეფე პავსანიასს შეხვედრა დაუნიშნა ქალაქ ჰალიარტოსსთან. მაგრამ ქალაქს მიახლოებულმა პავსანიასი რომ ვერ იხილა,  ვერ გაბედა იერიშზე გადასვლა. აღმოჩნდა, რომ პავსანიასსთან წარგზავნილი ელჩი ხელთ იგდეს თებელებმა  და  ქალაქის გამაგრებაზე იზრუნეს. 
მცირე  ხნის შემდეგ ლისანდროსმა  მაინც გადაწყვიტა ბრძოლის დაწყება.  მან განალაგა ლაშქარი და თავად წარუძღვა მოწინავე რაზმს. თებელებმა ლისანდროსი  ქალაქის კედლებთან  მიუშვეს,  შემდეგ  კი, მოულოდნელად  გახსნეს  ქალაქის კარიბჭე და მტერს გამოუხდნენ.
ლისანდროსი ბრძოლის  ველზე  დაეცა.  მეთაურის დაღუპვისთანავე  სპარტელებმა უკან დახევა  განიზრახეს,  მაგრამ  ამ დროს  მათ ზურგიდან თავს დაესხნენ თებელთა ახალი რაზმები. ალყაში მოქცეული სპარტელები დამარცხდნენ.
პავსანიასმა როგორც  კი შეიტყო  ამ უბედურების  ამბავი, ჰალიარტოსისაკენ ისწრაფა, მაგრამ თებელთა და ათენელთა გაერთიანებული ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ გაბედა.  მან მტერს დაზავება შესთავაზა დაღუპულთა დაკრძალვის მიზნით და იქაურობას გაეცალა. 
ასეთი  იყო ცხოვრება  იმ  კაცისა, რომელიც ბუნებამ ბრწყინვალე ნიჭით  დააჯილდოვა, და რომელმაც მთელი თავისი უნარი შესწირა არა სამშობლოს კეთილ-დღეობას, არამედ პირადი დიდებისათვის ბრძოლას. 
ლისანდროსი დაკრძალეს ბეოტიის საზღვართან, იმ ქვეყნის მიწად, რომელიც სპარტასთან კეთილმეგობრულ დამოკიდებულებაში იყო. სპარტაში  კი  მას ისეთი პატივი მიაგეს, როგორც  ეს დიად მთავარსარდალს ეკადრებოდა.
შენიშვნები:
1. სპარტელი წარჩინებულები თავიანთ წინაპრად თვლიდნენ ლეგენდარულ გმირს, ჰერაკლეს – უზენაესი ღმერთის, ზევსის ძეს. 
2. სპარსეთის  სახელოვანი  მეფის,  დარიოსის  ძე  კიროსი (უმცროსი) არტაქსერქსეს  II-ის  ძმა იყო.  იგი, ვითარცა სატრაპი, განაგებდა ლიდიას, ფრიგიასა და კაბადოკიას. კიროსი ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით ძმას აუმხედრდა და შეეწირა კიდეც  ამ ბრძოლას.  იგი  ძვ.წ.  401 წელს გარდაიცვალა. 
3. ამონი – ეგვიპტურ მითოსში მზის ღმერთის ერთ-ერთი სახეა. ამონ-რაე ითვლებოდა ყოველივე არსებულის  შემოქმედად. ბერძნები  ხშირად  სტუმრობდნენ  ხოლმე  ეგვიპტეს  და მრავალი მათი ზნე შეისისხლხორცეს. ეგვიპტელებმაც მიიღეს ზოგი რამ ბერძენთა რელიგიიდან, ალბათ ამიტომ ეგვიპტურ ამონსა  და  ბერძენთა  უზენაეს  ღვთაებას,  ზევსს  მრავალი საერთო ფუნქცია ჰქონდათ. ზევს-ამონის ტაძარი ეგვიპტეში მდებარეობდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий