სანამ დეტალების განხილვას შევუდგებით, თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით წყაროთა მონაცემები ძალიან ცოტაა, ხოლო იურიდიული დოკუმენტი, სადაც ამის შესახებ საუბარია, საერთოდ არ გვაქვს.
დავიწყოთ ჯერ უძველესი ქართული სახელმწიფოებით. დიაოხსა და კოლხეთზე მასალები იმდენად მწირეა, რომ წარმოდგენა არ გვაქვს იქ მეფობა როგორ გადადიოდა. ერთადერთი ანტიკურ წყაროებშია ზოგადი გადმოცემა, რომ კოლხეთში აიეტის შთამომავლები მეფოებენო, მაგრამ ეს უფრო ჰიპოთეტური გადმოცემა უნდა იყოს და არა რამე მყარ ცნობაზე დაფუძნებული. პლინიუს უფროსი: „კოლხეთში მეფობს სავლაკი, აიეტის შთამომავალი, რომელმაც სამფლობელოდ მიიღო ვრცელი ქვეყანა; ამბობენ უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა მან სუანთა მიწებსა და საერთოდ ოქროს საწმისებით განთქმულ ქვეყანაში“.
ძველ ქართლის სამეფოს შესახებ თანამედროვე ქართული წყაროს ცნობები არ გვაქვს. „ქართლის ცხოვრებაში“ შესული მასალები მრავალი საუკუნის შემდეგ არის შექმნილი და ბევრი აცნობა არეული ან ზეპირ გადმოცემაზეა დაფუძნებული, ამიტომ მისი მყარად ნდობა არ შეიძლება. ზოგადად კი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მამიდან შვილზე გადასვლა კი ხდება, თუმცა გვხვდება ქალიშვილის ქმარზე ან ქალიშვილის ვაჟზე გადასვლაც და ძმების ბრძოლებიც ტახტისთვის. მოკლედ, ამ ცნობებით იმის დადასტურება შეიძლება, რომ სამეფო დინასტიების მკვეთრი ცვლილება არ გვაქვს და ერთი მმართველ ოჯახში ხან კაცის და ხან ქალის ხაზით გრძელდება მეფობა. ეს რომ ასეა ამას ადასტურებს უცხოური წყაროთა მონაცემებიც:
სტრაბონი: „იბერიის ქვეყანაში... ადამიანთა ოთხი გვარი მოსახლეობს ამ ქვეყანაში: ერთი და პირველია, რომლისგანაც მეფეებს სხამენ ახლობელ ნათესაობის მიხედვით, და ასაკის მიხედვით უხუცესს; ამავე გვარიდან გამოდიან მოსამართლეები და მხედართმთავრები“.
სტრაბონის ეს ცნობა დამატებით გვაძლევს ცნობას, რომ მეფობის გადაცემა ხდება მმართველ სანათესაო გვარში უფროსობის მიხედვითო, ანუ ხდებოდა როგორც ძმაზე, ასევე ბიძაზე და ბიძაშვილზე ტახტის გადასვლა.
V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდი ქართლის მეფეებს ფარნავაზიანებს, ანუ ფარნავაზის შთამომავლებს უწოდებს: დაახლოებით 371 წელს სომხეთის „სპარაპეტი მუშეღი წავიდა იბერიელთა მეფეზე, შეავიწროვა და გაანადგურა იგი, დაიპყრო იბერიის მთელი ქვეყანა, ხმალს მისცა ყველა აზატი და ყველა ნახარარული გვარი, რომელიც იპოვა. სპარაპეტმა მუშეღმა ბრძანა ჯვარზე გაეკრათ იბერთა ქვეყნის ფარნავაზიანები, ხოლო გუგარქის ბდეშხი (მთავარი, ერისთავი, პიტიახში), რომელიც ადრე ემსახურებოდა არმენიის მეფეს და ბოლოს აუჯანყდა, შეიპყრო, თავი მოკვეთა, გაჟლიტა მის გვარში მამაკაცები, ქალიშვილები წაიყვანა ტყვედ. და საერთოდ ყველა ნახარარს ამ მხარისა თავი მოკვეთა, მთელი გავარი კვლავ დაიპყრო და წაიყვანა ტყვეები, ხოლო დანარჩენებს დააკისრა ხარკი. და დაიკავა ტერიტორია სასაზღვრო მხარისა, რომელიც იყო არმენიასა და იბერიას შორის, ეს არის დიდ მდინარე მტკვრამდე, და დაბრუნდა იქედან“.
ახლა ფეოდალური ეპოქის სამეფოებზე გადავიდეთ და შევეხოთ იმ ორ სამეფოს, რომელი დინასტიების შეერთებით მივიღეთ ერთიანი საქართველოს სამეფო დინასტია.
აფხაზეთის სამეფო დინასტიაზე მერვე საუკუნის ბოლომდე გარდა „აფხაზეთის მეფე დივანის“ მშრალი სიისა არაფერი გვაქვს. მეცხრე საუკუნიდან უკვე ჩნდება ცნობები ქართლის ცხოვრების წყაროებში, ვახუშტი ბაგრატიონთან, რელიგიურ წყაროებსა და უცხოურ წყაროებში. ახლა მათ საერთო ანალიზს მივყვეთ:
ლეონ II-ეს ჰყავდა მინიმუმ სამი ვაჟი. არ ვიცით მას ჰყავდა თუ არა ძმა. სამი ვაჟიდან ჯერ გამეფდა უფროსი თეოდოსი, შემდეგ მეორე ძმა დემეტრე, შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ წყაროებით დასტურდება დემეტრეს ორი ვაჟი ჰყავს, ამათგან უფროსი ტინენი (თუ კონსტანტინე) იმ ასაკისაა რომ ბიძამისი გიორგი I მას ჩიხას ერისთავად ნიშნავს, ხოლო თვითონ მეფდება.
7 წლიანი მეფობის შემდეგ გიორგი კვდება და მისი ქვრივი აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას: ქუთაისის ტახტზე აჰყავს თავისი საყვარელი, დიდაზნაური იოანე შავლიანი, კლავენ დემეტრეს ძე ჩიხას ერითავ ტინენს და დემეტრეს პატარა ძე ბაგრატს აძევებენ ბიზანტიაში.
დაახლ. 20 წლის შემდეგ ბაგრატი ბრუნდება ბიზანტიის დახმარებით და ძალით იპოვებს ეგრის-აფხაზეთის მეფობას, რომელიც ადრე მამამისსა და ბიძამისს ეკუთვნოდა.
ბაგრატის შემდეგ ეგრის-აფხაზეთის მეფედ ჯდება მისი ძე კონსტანტინე III. კონსტანტინეს ორი ქორწინებიდან ჰყავდა ორი ძე: უფროსი გიორგი და უმცროსი ბაგრატი. წყაროთა მცირე ჩვენებების ანალიზით კონსტანტინე უპირატესობას ანიჭებდა და შესაძლოა თანამეფედაც ჰყავდა ბაგრატი, მაგრამ გარდაიცვალა თუ არა კონსტანტინე მეფობისთვის ბრძოლაში ერთვება გიორგი, იმარჯვებს და ხდება მეფედ გიორგი II-დ.
გიორგი II-ს ჰყავდა 5 ძე და მინიმუმ ერთი ასული გურანდუხტი, რომელიც „ქართველთა მეფის“ უფროს ძეზე იყო დაქორწინებული. ძეებიდან 2 უმცროსი ბიზანტიაში ჰყავდა გაგზავნილი.
გიორგის უფროსი ძე ქართლის ერისთავად ჰყავდა დანიშნული. ჩვენთვის უცნობი მიზეზით, „დიდაზნაურთა რჩევით“ კონსტანტინე მამას განუდგა, რის გამოც მოაკვდინეს.
გიორგის შემდეგ გამეფდა შემდეგი ძე ლეონ III, რომელსაც ერთადერთი ასული ჰყავდა. შემდეგ გიორგის მესამე ვაჟი დემეტრე III და ბოლოს გიორგის შემდეგი ძე, ბიზანტიიდან დაბრუნებული თეოდოს III.
ამ მცირე ცნობების ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:
მეფობა კანონიერად ერთ საგვარეულოს ჰქონდა; აუცილებელი არ იყო მამის შემდეგ უფროსი ძე გამეფებულიყო, შეიძლება ეს გარდაცვლილი მეფის ძმა ან მეფის გადაწყვეტილებით უმცროსი შვილიც შეიძლება ყოფილიყო.
ახლა რაც შეეხება აშოტ ბაგრატიონის დაარსებულ ტაო-კლარჯეთის საკურაპალატოს:
პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა ბიზანტიის უშუალო ვასალი და მისი იმპერატორები წყვეტდნენ თუ ვინ იქნებოდა აქ „მეთაური კურაპალატები“. როცა ბიზანტიას ნაკლებად ეცალა, აქ ხშირი იყო ძალაუფლებისა და სამფლობელოებისთვის ომები საბიძაშვილოს შტოებს შორის, ასე რომ აქ მამაშვილის მემკვიდრეობა და უფროს-უმცროსობა არავის აინტერესებდა.
ახლა შევეხოთ ე.წ. ერთიანი საქართველოს მეფეებს.
ბაგრატ III-ს ისტორიული წყაროებით ერთი ვაჟი ჰყავდა, თუმცა რელიგიური წყაროს ცნობით მეორეც ჰყავდა, რომელიც მამას ადრევე ბერად აღეკვეცა.
გიორგი I-ს ორი ვაჟი ჰყავდა სხვადასხვა ქორწინებიდან. მეფის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლებას დაეუფლა უკვე მეფესთან გაცილებული მარიამ არწრუნი, რომელმაც ტახტზე თავისი ძე 9 წლის ბაგრატი აიყვანა, ხოლო მეორე ცოლი ოსი ალდე 1 წლის დემეტრესთან ერთად სასახლიდან გააძევეს. დიდაზნაურთა ნაწილი არ ეშვებოდა და ცდილობდა დემეტრეს ტახტზე აყვანას, რის გამოც დედამ იგი ქვეყნიდან ბიზანტიაში წაიყვანა. შემდეგ ლიპარიტ ბაღვაში ცდილობდა დემეტრეს ტახტზე აყვანას, ვიდრე უკანასკნელი არ მოკვდა.
ბაგრატ IV-ს ერთადერთი ვაჟი ჰყავს გიორგი II-ს სახით, რომელიც ქვეყანაში შექმნილი სამოქალაქო დაპირისპირების გამო მისსავე სიცოცხლეში აკურთხა მეფედ. აქედან იწყება თანამეფე-თანამოსაყდრეობის ხანა. ზუსტად რას ნიშნავს ეს მოვლენა ძნელი დასადგენია, თუმცა ისტორიკოსები არსებითად თანხმდებიან, რომ მამის დროს ნაკურთხი შვილი მეფე მამის თანასწორი არ არის და ეს ორმეფობა მხოლოდ ფორმალურ-იურიდიულად გამოდის.
გიორგიმ ასევე სიცოცხლეში აკურთხა ერთადერთი ძე დავით აღმაშენებელი.
დავით აღმაშენებელს სხვადასხვა ცოლისგან ორი ძე ჰყავდა: დემეტრე და ვახტანგ ცვატა. დავითის ანდერძით მეფე ხდებოდა დემეტრე, შემდეგ კი ვახტანგი. ანუ დავითი წყვეტდა თუ ვინ გამეფდებოდა და არანაირი დამკვიდრებული წესი სხვა არ არსებობდა.
დემეტრეს დროსაც იგივე მოხდა: დემეტრეს ორი ვაჟი ჰყავდა, დავითი და გიორგი. დემეტრეს უმცროსი გიორგი ერჩია სამეფოდ, ამიტომ დავითმა აჯანყება მოუწყო და მამა ტახტიდან ჩამოაგდო. დავითი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და ტახტზე ცოტა ხნით დაბრუნებულმა დემეტრე I-მა მეფედ გიორგი III დაამტკიცა და არა თავისი შვილიშვილი, დავითის ძე დემნა-დემეტრე.
ეს ფაქტები საკმარისია უკვე იმის სამტკიცებლად, რომ თუ ვინ იქნებოდა სამეფო ოჯახის წევრებიდან შემდეგი მეფე ამას თვითონ მოქმედი მეფე წყვეტდა და რაიმე სხვა კანონი ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა. იგივე წესი იყო არსებითაც ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებშიც.
გიორგის ცოლისგან ერთადერთი ასული, თამარი შეეძინა. რადგან ცოლმა შვილოსნობის უნარი დაკარგა, ხარჭა მოიყვანა და იმასთან სცადა მემკვიდრის შეძენა, მაგრამ კვლავ გოგო დარჩა. აქედან გამომდინარე, რადგან ქალის გამეფების ტრადიცია არ იყო, მეფის ერთადერთ მემკვიდრედ მისი ძმისწული დემნა-დემეტრე რჩებოდა, მაგრამ უკვე აღნიშნული წესის მიხედვით მემკვიდრის დასახელება მეფის პრეროგატივა იყო და აქედან გამომდინარე მაინც არსებობდა შანსი, რომ დემნა ვერ გამეფებულიყო, რამაც გამოიწვია კიდეც დემნას სახელით ივანე ორბელის აჯანყება. ქართველ დიდაზნაურთა შეერთება ამ ამბოხთან არა რაიმე ლეგიტიმიზმის წუხილით იყო განპირობებული, არამედ არაამბიციური ახალგაზრდა დემნას გამეფების სურვილით (წყაროთა ანალიზით ჩანს რომ დემნას აჯანყება არ აინტერესებდა და ის უბრალოდ გარემოების მსხვერპლი გახდა), რომელსაც ადვილად მოიყვანდნენ საკუთარ ჭკუაზე და მეფის ძალაუფლებას შეზღუდავდნენ, რაც განახორციელეს კიდეც უკვე თამარის მეფობისას.
გარდაუვალმა გარემოებამ გამოწვია ცვლილებების შეტანა ტახტზე ასვლის დაუწერელ წესში და ამიერიდან ქალის ასვლა დასაშვები გახდა, თუ ოჯახში კანდიდატი ვაჟი აღარ იყო. ლაშა გიორგიმ სცადა კიდევ ერთი ტრადიციის დამკვიდრება – ტახტის მემკვიდრედ უკანონო ვაჟის დასახელება, რაც პირადი ამბიციებიდან გამომდინარე მისმა დამ, რუსუდანმა არ დაუშვა, თუმცა ისტორიულმა სირთულეებმა დავით გიორგის ძე მაინც აიყვანა ტახტზე. შემდგომში ეს ფაქტი გამოიყენეს იმერეთის მეფეებმა არაერთხელ, როდესაც დინასტია შეწყვეტის პირას იყო და სამეფო გვარი უკანონო ძეებს განაახლებინეს.
შემდგომში, დავით რუსუდანის ძის ვაჟემბა ტახტისთვის მთელი იმერეთი ამოაგდეს. მონღოლთა ხელშეწყობით მეცამეტე საუკუნის ბოლოდან დემეტრე თავდადებულის შვილებიდან რამდენიმე სამეფო დინასტია შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოშიც.
შემდგომ საუკუნეებში, ბაგრატიონების გამრავლების შემდეგ ე.წ. „პროვინციელი მეფეების“ ხანა იწყება და სანამ საქართველო ოფიციალურად დაიშლებოდა, ბაგრატიონები უკვე იყვნენ დაშლილები და ბიძები, ძმები და ბიძაშვილები ერთდროულად აცხადებდნენ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში თავს მეფეებად, ისე რომ არავის აინტერესებდა უფროსობისა და მამის შემდეგ უფროსი შვილობის წესი, რომელსაც არასდროს უარსებია საქართველოში და მხოლოდ ჩვენი დიდი მეცნიერების შეცდომის გამო დამკვიდრდა ისტორიოგრაფიაში, რომ თითქოს ეს (ანუ პირმშოობის) წესი არსებობდა ტახტის გადაცემისას.
ე.წ ერთიანი საქართველოს ოფიციალური ბოლო მეფეების დროსაც ისევე არევით გრძელდებოდა. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი უფროსი ძე ვახტანგი. ის უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა და უფროსობის წესი რომ ყოფილიყო ტახტზე შემდეგი ძე დემეტრე უნდა ასულიყო, მაგრამ ალექსანდრეს მესამე ძე გიორგი VIII დაჯდა ტახტზე.
აზრი არ აქვს უკვე დაშლილ „საქართველოებში“ ტახტის გადაცემის წესის განხილვას, ტახტისთვის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბრძოლების გამო, მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოვიყვან ქართლის ისტორიიდან. მაგ დავით X-ს შემონაზვნების შემდეგ გამეფდა ქართლში მისი ძმა გიორგი IX, რომელსაც დაუპირისპირდა დავითის ძე ლუარსაბი, რომელმაც საბოლოოდ ბიძაც შეამონაზვნა და ქართლის მეფე გახდა. ლუარსაბის შემდეგ უფროსი 19 წლის სვიმონი გამეფდა, მაგრამ, როდესაც მისი უმცროსი ძმა დავითი დავაჟკაცდა, ეგრევე ძმას აუჯანყდა ტახტის გამო. კახეთისა და მითუმეტეს იმერეთში ფაქტების სიუხვის გამო განხილვაც არ ღირს. ყველაფერი ამტკიცებს იგივეს, რომ არანაირი დამკვიდრებული წესი უფროსი ვაჟის შესახებ არ არსებობდა. პირველი გადამწყვეტი ამ საკითხში მეფე იყო. თუ მოულოდნელად ანდერძით ან წინასწარი დატოვებით არავის აირჩევდა, მერე უკვე როგორც გადაწყდებოდა ოჯახში.
Комментариев нет:
Отправить комментарий