среда, 13 сентября 2023 г.

ავღანეთის ომი (1979-1989)

  ავღანეთი მრავალეთნიკური სახელმწიფოა. ავღანეთის ჩრდილოეთში მცხოვრები უზბეკური და ტაჯიკური წარმოშობის მოსახლეობა მტრულად იყო განწყობილი სამხრეთში მცხოვრები პუშტუნების მიმართ. ავღანეთში მოსახლეობის 80% სუნიტი იყო და ძლიერ ავიწროებდა შიიტ უმცირესობას. ავღანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდოდა, რომ ავღანეთი შარიათის კანონებით მართული ისლამური რესპუბლიკა ყოფილიყო. მეორე ნაწილი სოციალიზმის იდეებს ემხრობოდა და ქვეყანაში ფეოდალური ჩამორჩენილობის აღმოფხვრა და რეფორმების განხორციელება სურდა.
1973 წლის ივლისში ავღანეთში სამხედრო გადატრიალების შედეგად მთელი ხელისუფლება ხელთ იგდო გენერალმა, პრემიერ მინისტრმა მუჰამედ დაუდ ხანმა, რომელიც დამხობილი მეფე მუჰამედ ზაჰირ შაჰის ბიძაშვილი იყო. დაუდ ხანმა თავი 1977 წელს პრეზიდენტად გამოაცხადა. ბევრი პოლიტიკური დაჯგუფება მის გალიდერებას არ შეეგუა და სამოქალაქო ომი წამოიწყო.
სიტუაციით ისარგებლა სსრკ-ს მთავრობამ 1978 წლის აპრილში მისი ჩარევით ავღანეთში დაუდ ხანი დაამხეს და ხელისუფლებაში სახალხო-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნურ მუჰამედ თარაკი მოვიდა, რომელმაც დაიწყო მიწის, სოციალური და საგანმანათლებლო რეფორმები. რელიგია მეორე პლანზე გადავიდა. დამყარდა გენდერული თანასწორობა. წერა-კითხვის საყოველთაო გავრცელების პროგრამა გულისხმობდა სკოლებში გოგო-ბიჭების სავალდებულო განათლებას. ისლამურ თემში ამ პროცესმა აღშფოთება გამოიწვია. ნაჩქარევი აღმოჩნდა მიწის რეფორმაც. მოსახლეობამ მიიღო მიწა, რომლის დამუშავების ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდა.
მუსლიმმა ლიდერებმა მოსახლეობა ათეისტი მთავრობის წინააღმდეგ განაწყეს და „ჯიჰადის“ დაწყებისკენ მოუწოდეს. 1979 წლის აპრილში დაიწყო საყოველთაო აჯანყება. აჯანყებულებს ეხმარებოდა მუსლიმანური ქვეყნები და ჩინეთი. სამოქალაქო ომში გამოირჩეოდნენ მუსლიმი მოჯაჰედები (არაბ. „წმინდა საქმისთვის მებრძოლი“).
1979 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ჰაზიფულა ამინმა ახალი გადატრიალება მოაწყო, ნურ მუჰამედ თარაკი მოკლეს. საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელსაც ეშინოდა ავღანეთში გავლენის დაკარგვის (სსრკ-ში თვლიდნენ, რომ ჰაზიფულა ამინი ამერიკასთან დაახლოებას ცდილობდა, თანაც ფუნდამენტალური ისლამი აქ გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება მეზობელ საბჭოთა რესპუბლკიკებშიც შეიძლება გავრცელებულიყო), მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში თავისი ჯარები შეეყვანა. ინტერვენცია დაიწყო 1979 წლის 25 დეკემბერს. საბჭოთა მედესანტეებმა ამინი მოკლეს, ხოლო სახელმწიფოს მეთაურად დაინიშნა სსრ კავშირის მომხრე ბაბრაქ ქარმალი.
სისხლიანმა გადატრიალებებმა და საბჭოთა აგრესიამ უფრო დაძაბა ვითარება ავღანეთში. საბრძოლო მოქმედებები უფრო ინტენსიური გახდა. ერთ მხარეს მონაწილეობდა ავღანეთის სოც. მთავრობის და სსრკ-ს ჯარები, ხოლო მეორე მხარეს ავღანელი მოჯაჰიდები, რომლებსაც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აშშ, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ჩინეთი და ირანი უწევდა. ქარმალის სამთავრობო ჯარების ბრძოლისუნარიანობა დაბალი იყო და ოპოზიციის რაზმებთან ბრძოლაში მთავარი სიმძიმე საბჭოთა სამხედრო კონტინგენტს დააწვა, რაც იწვევდა მისი რიცხოვნობის ზრდას (1985 საბჭოთა ჯარების რაოდენობამ ავღანეთში მაქსიმუმს მიაღწია – 108,7 ათ. კაცს).
1980 წლის იანვარში აშშ გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოვიდა ინიციატივით, შეეფასებინათ საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლა, როგორც სამხედრო ინტერვენცია. საბჭოთა მხარემ რეზოლუციას ვეტო დაადო. თუმცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიაზე 108 ხმით 14-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია. ეს სსრკ-ს დიპლომატიური მარცხი იყო. სსრკ-ს წინააღმდეგ ჩამოყალიბდა დასავლეთისა და განვითარებადი ქვეყნების ერთიანი ფრონტი. განსაკუთრებით დიდი იყო უკმაყოფილება მუსლიმურ ქვეყნებში. თვით ერაყიც კი, რომელიც სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას იღებდა სსრკ-სგან, ყოფილი მფარველის წინააღმდეგ წავიდა. შედეგად, პროტესტის ნიშნად ნახევარმა მსოფლიომ მოსკოვში გასამართ 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა. იგივე გააკეთა სსრკ-ს დაქვემდებარებულმა ქვეყნებმა 1984 წლის ლოს ანჯელესში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე.
1981 წელს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მსოფლიოში მშვიდობის დაცვის ახალი დევიზით – „ძალისმიერი მშვიდობა“. რეიგანმა საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად“ გამოაცხადა და დასავლეთს მის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ“ მოუწოდა (1982 დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას). პრეზიდენტი არ ზოგავდა სახსრებს სახელმწიფო შეიარაღების გაზრდასა და მის მოდერნიზაციაზე (1982-96 გამოიყო 1,6 ტრილიონი დოლარი). უზარმაზარი სახრები მიმართა მან აჯანყებული ავღანელების დასახმარებლად, რომელთაც პაკისტანში ამერიკელები წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ.
საბჭოთა ჯარებმა მხოლოდ ურბანულ დასახლებებზე შეძლეს კონტროლის დამყარება. ავღანეთის წინააღმდეგობის მოძრაობამ (მოჯაჰედებმა) პარტიზანული ომი გაუმართა დამპყრობელს. ისინი მთებსა და მიუდგომელ ადგილებში იმალებოდნენ, გამოირჩეოდნენ ომის წარმოების სასტიკი მეთოდებით, არ ინდობდნენ ტყვეებს და საბჭოელებთან კოლაბორაციონიზმში შემჩნეულ ავღანელებს. მოჯაჰედებს იარაღს აწვდიდა და ჩინეთიც.
საბჭოთა არმიამ პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლის არანაკლებ სასტიკ მეთოდებს მიმართა. ხალხს უწვავდნენ მოსავალს და აიძულებდნენ, აყრილიყვნენ საცხოვრებელი ადგილებიდან, რომ პარტიზანებს დასაყრდენი არ ჰქონოდათ ადგილობრივ მოსახლეობაში. ომი გაჭიანურდა. საბჭოთა არმია, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული და ავღანეთში მოტყუებით წაყვანილი ახალგაზრდებისგან შედგებოდა, დემორალიზებული იყო. ჯარისკაცებს არ სურდათ ომი და სიკვდილი უცხო მიწაზე.
ავღანეთის გაწელილი ომი სსრკ-ს სუსტ ეკონომიკას აკოტრებდა. ამ დროისათვის საბჭოთა კავშირში უკვე დაწყებული იყო გორბაჩოვის გამოცხადებული ე.წ. გარდაქმნა და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას მოითხოვდა. აშშ-სთან შეთანხმებით 1986 წლის თებერვალში გორბაჩოვი კომპარტიის 27 ყრილობაზე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას ადგენს. 1987 წელს ავღანეთის პროსაბჭოური რეჟიმის სათავეში მოვიდა მოჰამად ნაჯიბულა, მაგრამ მოჯაჰედების პარტიზანული მოძრაობის ჩახშობა ვერ ხერხდებოდა. ოპოზიციის ძალები ავღანეთის ტერიტორიის 75% აკონტროლებდნენ.
1989 წლის თებერვალში უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა ქვეყანა. ომში მონაწილეობა მიიღო 500000 საბჭოთა და 300000-ზე მეტმა ავღანელმა ჯარისკაცმა ერთი მხრივ და 200000-მდე მოჯაჰიდმა მეორე მხრივ. საბჭოთა არმიელებიდან 50000 დაიჭრა, 6700 ინვალიდად დარჩა, 14000 დაიღუპა.
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ (1991) ნაჯიბულას რეჟიმს ყოველგვარი დახმარება შეუწყდა, რამაც დააჩქარა მისი დამხობა (1992).

















Комментариев нет:

Отправить комментарий