воскресенье, 12 ноября 2017 г.

ჯუანშერი - ქართლი მეფობის დაცემიდან არჩილის წამებამდე


 მოკვდა მეფე ფარსმან და დაჯდა მეფედ ძე მისი  ბაკურ. ეს ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან განამრავლა ეკლესიანი და მღვდელნი სამეფოსა შინა თვისსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისაგან. და მოკვდა კათალიკოსი ევლავიოზ, და მანვე მეფემან დასვა კათალიკოსი მაკარი.
  ამასვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს რომელსაც ერქვა ურმიზდ (ჰორმიზდ IV, 579-590).
  და მოკვდა კათალიკოსი მაკარი, და მანვე მეფემან დასვა სვიმონ კათალიკოსად. და მოკვდა ბაკურ, და დარჩა შვილნი მისნი წვრილნი, რომელნიც ვერ იპყრობდენ მეფობასა. მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თვისსა რანი და მოვაკანი, რომელსაც ერქვა ქასრე ამბარვეზი (ხოსრო II ფავრიზი, 591-628). მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერისთავთა ქართლისათა: აღუთქვა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთაოთა მათთა მამულობა შვილითი-შვილამდე, და ესეთ გადაიბირა ლიქნითა. და განდგენ ერისთავნი და თვის-თვისად ხარკსა მისცემდნენ ქასრე ამბარვეზსა.
  და შვილნი ბაკურისნი დარჩნენ მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნიც მთავრობდენ კლარჯეთს და ჯავახეთს, ისინი დარჩნენ კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხვა ყოველი ქართლი, სომხითი და ვასპურაკანი დაიპყრეს სპარსთა და ებრძოდნენ ბერძენთა.
  შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა იქმნა შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა, რამეთუ შევიდა თურქთა მეფე სპარსეთს შინა; მოვიდენ ბერძენნი, ეწყვნენ სპარსთა შუა-მდინარესა, აოტეს და შევიდენ სპარსეთს, და იწყეს ტყვენვად სპარსეთისა. მაშინ ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი, და წავიდა შველად მამისა თვისისა.
  ესეთ რა უცალო იქმნენ სპარსნი, მაშინ შეითქვნენ ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქვემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენ ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერისთაოსა შეუცვლელად.
  მაშინ კეისარმა აასრულა თხოვნა მათი, და მოსცა მეფედ დისწული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსაც ერქვა გუარამ, რომელიც მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს.
 ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთას.
  და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, ისინი დარჩნენ კახეთს, დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორიდან, და დასხდენ უჯარმას და იყვნენ მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.
  მაშინ კეისარმა გამოუგზავნა განძი დიდი გუარამ კურაპალატისა თანა, და უბრძანა, რათა ამ განძითა გამოიყვანოს ჩრდილოეთის ლაშქარნი, და შეუერთოს თანა სპანი ქართველთანი, და შეგზავნოს სპარსეთს. ხოლო გუარამმა ჰყო ეგრე: გამოიყვანა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი, და წარუმძღვანა წინა ერისთავნი ქართლისანი. შევიდნენ ადარბადაგანს, დაუწყეს ტყვენვად. და ესე-ვითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწია სპარსთა ზედა.
  მაშინ გამოჩნდა სპარსეთს კაცი ერთი რომელსაც ერქვა ბაჰრამ ჩუბინი. ესე შეერბძოლა თურქთა, სპარსეთს შემოსულთა, როგორც წერილ არის გაცხადებულად ცხოვრებასა სპარსთასა, მოკლა საბა, თურქთა მეფე, და აოტა ბანაკი მათი. ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნიც შესულ იყვნენ სპარსეთს, შებრუნდნენ და წავიდნენ შინა. და ჩრდილონი ლაშქარნი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წამოვიდნენ იგინიცა შინა; რამეთუ ვინაიდან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდნენ, და დაეცა შიში და ძრწოლა ქართველთა სპარსთაგან. და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.
  და კვლავ წყალობა ჰყო ღმერთმან ქრისტიანეთა ზედა, და სხვა შუღლი ჩავარდა სპარსეთს: რამეთუ იგივე ბაჰრამ ჩუბინი განუდგა სპარსთა მეფესა, და დაწვეს თვალნი ურმიზდ მეფესა ცოლის ძმათა მისთა, და იწყეს ბრძოლად ჩუბინმა და ქასრემ. იოტა ქასრე ჩუბინისაგან, და წავიდა საბერძნეთს. და კეისარმა მავრიკმა მოსცა ასული თვისი ცოლად ქასრეს, და მოსცა სპა მისი და წარმოგზავნა ჩუბინსა ზედა. იოტა ჩუბინი სპარსეთიდან.
  მაშინ მავრიკ კეისარმან იშუამდგომლა ქართველთათვის ქასრეს თანა, და უთხრა: „იმ დროიდან რაც დაუტოვებიათ ქართველთა კერპთ-მსახურება, იქიდან მორჩილნი ბერძენთანი არიან; რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქვენისა იქმნა გარყვნილ ქართლი, თუ არა სამართალი თქვენი არა არის ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისათა, ვინაიდან სრულსა სიყვარულსა ზედა ვართ მე და შენ, და ქართლი ჩვენ შორის იყოს თავის-უფალ მშვიდობით: მე ვარ მწე და მოურავი ყოველთა ქართველთა და ყოველთა ქრისტიანეთა“.
  მაშინ დამორჩილდა სპარსთა მეფე კეისარსა, და განთავისუფლდენ ქართველნი. და ესე გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა. იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან იწყო ეკლესია ჯვარისა პატიოსნისა; და აქამომდე ჯვარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესია წელთამდე მხოლოდ. და მეფობდა კეთილად და უშფოთველად. მაგრამ ერისთავნი ქართლისანი ვერ სცვალა საერისთავოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდათ სიგელნი მკვიდრობისათვის საერისთავოთა მათთა, თუმცა იყვნენ მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა.
  და მოკვდა კათალიკოსი სვიმონ და დაჯდა სამოელ. და მოკვდა კათალიკოსი სამოელ და დასვეს სამოელვე.
  ამანვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა, რამეთუ ნათესავნი მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნი იყვნენ.
  და მოკვდა გუარამ კურაპალატი და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ.
  [სტეფანოზმა] მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, მაგრამ ერისთავთა-მთავრად გახადეს. და მოკვდა სამოელ კათალიკოსი, და ამან სტეფანოზ დასვა ბართლომე კათალიკოსად. ხოლო ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა. არა ემსახურა ღმერთსა, არცა ჰმატა რჯულსა და ეკლესიათა.
   და ამის დროს იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს: რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკა მხედართმთავარი, და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი. და დაიპყრა საბერძნეთი ფოკა მხედართმთავარმა.
   მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო ძებნად სისხლსა სიმამრისა და ცოლის ძმათა მისთასა, შესლვად და ტყვენვად საბერძნეთისა. გაძლიერდა ბერძენთა ზედა, და ვერ წინა-აღუდგა ფოკა კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა.
  მას ჟამსა მანვე მეფემან ქასრემ წარმოტყვენა იერუსალემი და წაიყვანა ძელი ცხოვრებისა; და შემდგომად ამისსა აიღო ღმერთმან ხელი წყალობისა ქასრესგან. შეიპყრა იგი ძემან თვისმან, შესვა იგი საპყრობილესა, და მოკვდა სენითა ბოროტითა.
  ხოლო ამის სტეფანოზისზე მცხეთას მოაკლდებოდა და ტფილისი გაძლიერდებოდა, არმაზი ოხრდებოდა და კალა შენდებოდა. და ძმა სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯვარისა პატიოსნისასა, რამეთუ სენიცა იყო მის თანა ბოროტი, და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა ზედა, და დაჯდა იგი ტფილისს, და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა.
  ხოლო შემდგომად ამისსა რამდენიმე წელიწადსა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი ერთი, სახელით ჰერაკლე. ამან მოკლა ფოკა კეისარი, და დაიპყრა საბერძნეთი. გაძლიერდა იგი და მოიყვანა დასავლეთ თურქნი, და შეკრიბა სპანი ურიცხვი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოვრებისასა. და მოვიდა პირველად ქართლს. ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრა ციხე-ქალაქნი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ჰერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქველი მხედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდოდა კართა ქალაქისათა, და ებრძოდა ბერძენთა. მაშინ უკვე მას ბრძოლასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმა ტფილისი.
  ხოლო ციხესა კალისასა დარჩნენ კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა; და ციხიდან გამოღმართ ციხის-თავმა აგინა მეფესა და უთხრა: „ვაცისა წვერნი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გაქვს“. მაშინ ბრძანა მეფემან: „მართალია კაცმან ამან ბასრობით მითხრა მე ვაცბოტობა, არა არის ცუდი სიტყვა მისი“. და მოიტანა წიგნი დანიელისი და პოვა მას შინა წერილი ესეთ: „გამოვიდეს ვაცი დასავლეთიდან და შემუსროს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი“. მაშინ გაიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველივე განემარჯვებოდა.
  მაშინ კეისარმა მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ნათესავსა ქართველთა მეფისა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელიც ერისთავობდა კახეთს, რომელსაც ერქვა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა. და დაუტოვა მის თანა ერისთავი, რომელსაც ერქვა ჯიბღუ, და უბრძანა ბრძოლა კალასა, და თვით წარემართა მეფე.
  ხოლო ამან ადარნასე, მთავარმა ქართლისა, და ერისთავმა ჯიბღუმ უწყეს ბრძოლად ციხესა კალასასა, და კეისარი წარემართა სპარსეთს. ხოლო მცირედთა დღეთა აიღეს კალა და შეიპყრეს ციხისთავი იგი. ამან ერისთავმა პირველად პირი დრაჰკნითა აუვსო, „სიტყვითა შენითა კეისარმა გაიხარა-ო“. და შემდგომად ამისსა ტყავი გაჰხადა, და კეისარსა უკანა მისწია გარდაბანს: კადრებისათვის მეფისა უყო ესე. და ესეთი სიკვდილითა მოკვდნენ სტეფანოზ და მსახურნი მისნი. ამისთვის უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა ცხოვნდებოდა: მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყვრობდა.
   მაშინ კვლავ წაიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვის-პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩნენ კლდეთა შინა კლარჯეთისათა, სხვა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემან მთავრობით, და მეფობისა სახელი ვერცა მან იკადრა. და ერისთავნი იგი თვის-თვისსა საერისთაოსა შინა მკვიდრობდენ შეუცვალებელად, და მორჩილებდენ ადარნასეს.
  ხოლო ჰერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, და დაამარცხა ხოსრო მეფე, და დაარბია სპარსეთი და წამოიყვანა ძელი ცხოვრებისა. უკმოიარა გზა ქართლისავე მეშვიდესა წელსა, რაიდან ჩაევლო. და ეკლესია ჯვარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა დაესრულებინეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.
   მაშინ ჰერაკლე კეისარმა წაიღო მანგლისიდან და ერუშეთიდან ფეხთა ფიცარნი და სამსჭვალნი უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესნი, რომელნიც მოცემულ იყვნენ კოსტანტინესგან მირიანისთვის. შეწუხდა ადარნასე ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რათა არა წაიღოს ნიჭნი იგი ღმრთისა-მიერნი. არა ისმინა კეისარმა ვედრება მისი და წაიღო.
  ხოლო ამის ადარნასესზე გარდაიცვალეს სამნი კათალიკოსნი: იოვანე, ბაბილა და თაბორ.
  მოკვდა ადარნასე, და დადგა მის წილ ძე მისი სტეფანოზ.
ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე, განმწმედელი რჯულისა და მაშენებელი ეკლესიათა. და მან მოადგინა ზღუდენი ეკლესიასა ჯვარისა პატიოსნისასა, და აღაშენა დარბაზნი, და დაუწერა კრება ყოველთა პარასკევთა, და იქ შეიკრიბოდნენ ყოველნი ეპისკოპოსნი და მღვდელნი მის ადგილისა და არისანი კათალიკოსის თანა, წინაშე პატიოსნისა ჯვარისა; ადიდებდნენ პარასკევს, როგორცა დიდი პარასკევი ხოლო საკათალიკოსოსა არიან კრებანი ყოველთა ხუთშაბათთა და ადიდებდნენ წმიდა სიონს, როგორცა დიდსა ხუთშაბათსა, საიდუმლოსა თანა ხორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საეპისკოპოსოსა არის ყოველთა სამშაბათთა კრება და ხსენება პირველ-მოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, დიდისა მისგან ძლიერებისა სპარსთასა რომელიც წამებულ იყვნენ, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელმაც მოაქცია უმრავლესნი მთიულნი არაგვისა აღმოსავლეთნი. ხოლო პატიოსანი გვამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეიკრიბებოდნენ და ადიდებდნენ ღმერთსა.
მათ ჟამთა შინა გამოჩენილ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღვარი სარკინოზთა რჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა. და მოკვდა იგი, და დადგა მის წილ აბობიქარ, და შევიდა სპარსეთს, რამეთუ ვინაიდან შესულ იყო ჰერაკლე მეფე სპარსეთს, და განერყვნა სპარსეთი; და აღარავინ იყო წინა-აღმდგომი სპარსეთს.
   ამან აბობიქარ აგარიანმა დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ქტესიფონს და მძლავრობით დაატევებინა უმრავლესთა ცეცხლის-მსახურება, და მოაქცივნა სარკინოზად.
   და მოკვდა იგი, და დადგა მის წილ ომარ, და უმეტეს განძლიერდა იგი. უთხრეს მეფესა ჰერაკლეს, რომ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელიც არის შუა-მდინარე. და გამოვიდა ჰერაკლე ფილისტიმად, რათამცა იბრძოდა იქ. ხოლო იყო იქ მონაზონი ვინმე, კაცი ღმრთისა, და მან უთხრა მეფესა: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელიც არის თარგმანი მისი სარას ძაღლთა“. და მონაზონისა მის სიტყვითა ესე უთხრეს ჰერაკლე მეფესა ვარსკვლავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. ააშენა ჰერაკლე მეფემან სვეტი და დაწერა მას ზედა: „მშვიდობა შუა-მდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდე წარხდეს შვიდნი შვიდეულნი“. შვიდეულისათვის ესეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათვის, რომელიც არის ორას ორმოცდაათი წელი. ხოლო მოჰმადის გამოჩინებამდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშვიდი წელი.
  მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდნენ ქვეყანათა შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და აღარა ნახონ ჭირი წაღებისა და კვლავ გამოღებისა.
  და აღმოვლო ჰერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად, და უთხრა ნათესავსა სპარსთასა, რომელნიც შემოლტოლვილ იყვნენ სარკინოზთაგან: „უკეთუ უწყით, რომ დასრულდა მეფობა თქვენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოხვედით ჩვენ თანა“. და მათ დაუტევეს ქვეყანა ესე, და დაფლეს განძნი მათნი; რომელნიმე წარჰყვენ და რომელნიმე დადგენ და შეიტანეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თვისი და ქვეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თვითოეულად განუყონ ქვეყნები და განძი.
  ხოლო სტეფანოსს ესხნენ ორნი ძენი არჩილ და მიჰრ. და განუყო ყოველი ხვასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვერცხლისა და თვალთა პატიოსანთა: და ნახევარი წაიღო ქვეყანასა ეგრისსა და წაიყვანა ძე თვისი პირმშო მიჰრ; და ნახევარი საქონელისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თვისსა. ხოლო არჩილმა დაჰფლა საგანძური უფროსი ხევსა კახეთისასა; ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვერცხლისანი ხევსა უჯარმასასა, და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხა გორს, რომელიც მანვე ჰერაკლემ განაჩინა სამალავად განძთა მათთვის, რომელნიც თანა ვერ მიჰქონდათ. სახელი გორისა მის არის ტონთიო, რომელიც არის თარგმანებით „მთა ოქროსა“. და დასვა მას ზედა ტილისმი, რათა ვერვინ შეუძლოს გამოღებად ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაფლა აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთისასა.
  და შემდგომად მცირედთა ჟამთა შევიდა არჩილიცა ეგრადვე, რამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსაც ერქვა მურვან ყრუ, ძე მოჰამადისი, რომელიც წარმოევლინა ეშიმს (ხალიფა ჰიშამი 724-743), ამირმუმლსა, ძესა აბდალ-მელიქისსა, ნათესავისაგან ამათისა. ამისთვის ეწოდა მეორედ ყრუ, რომ არა მიითვალვიდა სიტყვასა განმზრახთასა. და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერისთავთა და წარჩინებულთანი შეიხიზნენ კავკასიად, და დაიმალნენ ტყეთა და ღრეთა.
   და მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიალისა და დარუბანდისა, და შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა.
  და როდესაც გაიგო, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წავიდნენ ეგრისად და იქ მიიცვალნენ აფხაზეთად. შეუდგა კვალსა მათსა და შემუსრა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქვეყანისანი. და ციხე იგი სამ-ზღუდე, რომელიც არის ციხე-გოჯი, შემუსრა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი კლისურისა.
   და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ. და როცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელიც მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა, და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი. და მოადგა ციხესა ანაკოფისასა, რომელსა შინა არის ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა კაცობრივითა ხელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათვის არავინ უწყის – ვინა იგი მოსული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რომელსაც მოსდგამს სამხრეთით ზღვა და ჩრდილოეთით ჭალაკი მწყურნები. იქ შინა იყვნენ მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა. და ერისთავი კეისრისა ლეონ შესულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელიც არის გადასავალსა ოვსეთისასა. და ვერ-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა.
  მაშინ უთხრა არჩილ ძმასა თვისსა მირს: „მიწყვდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და უკეთუ შეგვიპყრნენ ჩვენ ხელად, გამოიკითხეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნიც დავფლენით ქვეყანასა ჩვენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივ-განბრძნობილისანი, და კვლავ ვახტანგ ღმრთივ-განბრძნობილისა მეფისანი, და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გვშვნეს ჩვენ. და იგიცა ითხოვოს, რომელიც დამალა ჰერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა გვირგვინთა ზურმუხტისა და იაგუნდისა ძოწეულისათა, რომელიც გამოიტანა მამამან ჩვენმან, დიდმან მეფემან ვახტანგ, ინდოეთიდან და სინდეთიდან, დავფლენით იგი უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი აღწერილ არის გონებასა ჩემსა. და შენ წაიღე ორნი იგი გვირგვინნი, ოქროსა და ანთრაკისანი: ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელიც მოუძღვნა სპარსთა მეფემან ვახტანგს, ყოველსა თანა ოქროსა და ვერცხლსა, რომელიც აჰკიდა სატვირთავსა ხუთასსა და მკვირცხლსა ორიათასსა; და შენ და მამამან ჩვენმან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს. ხოლო მე გვირგვინნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყვივისანი მარტოდ დავსხენ. აწ, უკეთუ მოვკვდეთ, განძი იგი ყოველი უცნაურად დარჩეს, და გამოსლვასა ბერძენთასა ძიება ყოს კეისარმან ნათესავისა ჩვენისათვის, და მოსცეს მეფობა და განძიცა იგი. აწ უკვე არა ვიქმნეთ ჩვენ მიზეზ მოოხრებისათვის ქართლისა და საბერძნეთისა, არამედ გავიდეთ და შევებრძოლოთ ზღვით-კერძოსა ამას გვერდსა შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა - ბევრი (=10000)“.
  და მივიდენ წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისასა, თაყვანი სცეს შევრდომით და იტყოდენ: „გავალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისათა, რომელიც იშვა შენგან, მისა შეწირე შესაწირავი ჩვენთვის, და თანა-მავალ მეყავ ჩვენ წყალობა შენი“.
   და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერისთავთა და პატიახშთა, ათასი ოდენ, ხოლო სპათაგან აფხაზთა მბრძოლი ორი ათასი. და ვიდრე გათენებამდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა რისხვა ერსა და ბანაკსა და ეტლებსა მისსა ზედა რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული მდინარესა მას ზედა, რომელსაც ქვია აბაშა, ხოლო უნები და ეტლები მდინარისა კიდესა, რომელსაც ქვია ცხენის-წყალი. და იქმნენ სასწაულნი ზეგარდამო, ქუხილნი და ელვანი; და ხორშაკი ბღვარისა, და გვემნა იგინი სატლითა სისხლისათა. და ეჩვენა მას ღამესა არჩილს ანგელოზი უფლისა, რომელმაც უთხრა მას: „წადით და ებრძოლეთ აგარიანთა, რამეთუ მიმივლენია მათ ზედა გვემა სასტიკად მომსრველი, კაციდან მიპირუტყვთამდე. და გახვიდეთ რა, გესმეს ბანაკით მათით ხმა ვაებისა და ტირილისა. ხოლო თქვენ მხნე იყავით და გაძლიერდით სასოებითა ღმრთისათა“.
   და როცა გათენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ხმა ტირილისა და გოდებისა. მაშინ უკვე გავიდენ სასოებითა ღმრთისათა წყობად მათდა: და ეწყვნენ, და მოსცა უფალმან ძლევა მცირედთა ერთა ქრისტეანეთა; და ამოწყდა სატლითა სარკინოზთაგან ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახვილითა სამი ათასი. და დაიჭრა მირ მაზრაკითა ფერდსა, ხოლო ქრისტიანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი, და სარკინოზთა ცხენი დაეცა როგორცა ჭალაკი და ჩაჰყრიდენ ყოველსა მას ზღვად.
  მაშინ იხილა აგარიანმა ვინმე ჩვენება, რომელსაც ეტყოდა რეცა მოციქული მათი: „მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩვენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, როგორცა უთხრა აბრაამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა წმიდათა და კაცთა ღმრთის-მსახურთა ეკრძალებოდეთ, როგორცა იგი გამცენ ყურანსა შინა ჩემსა“.
   მსწრაფლ აიყარნენ და უკუნ-იქცენ კვალსავე თვისსა. და როდესაც აიარეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და მოვიდა წვიმა ფიცხელი, აღდგენ მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და წაიღო მათგან მკვირცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მხედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალავე, რომელნიმე ივლტოდეს ადგილითა და რომელნიმე ხეთა ზედა გახდეს, და წაიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და ამიერიდან სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა - აბაშა.
  ხოლო იქმნა მას ჟამსა გარყვნილ ქვეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და აღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა ყოვლადვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მირ და არჩილ და ლეონ, ერისთავმან აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რაცა იქმნა ღმრთისა მიერ ხელითა მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გვირგვინი და გუჯარი მირსა და არჩილს, და მოსწერა მათ თანა: „თქვენი იყო მეფობა, სიმხნე და სიბრძნე ქართლსა შინა. აწ მართალია იდევნებით ჩვენთანა მსახურებისათვის ჯვარისა, მოქცევასა ჩვენსა, როგორცა აღმითქვა ჩვენ ღმერთმან, ჩვენ თანავე იდიდეთ. დადეგქით სიმაგრეთა შინა თქვენთა, ვიდრემდე გავიდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩვენსა, და შევმუსრეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი დამდაბლდენ, და ჩვენ თანა მდაბალნი ამაღლდენ“.
  და მოუწერა ლეონს ესე სახედ: „ყოვლადვე საზღვართა ქართლისათა ჩვენგან ქმნილ არის ვნება და მეფეთა მათთაგან ჩვენდა მომართ თანა-დადგომა და რგება. აწ ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩვენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად ნათელი მიიღეს ხელსა ქვეშე ჩვენსა; კვლავ შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოსა, და შორის ჩვენსა და შორის სპარსთა ყვეს მშვიდობა. რამეთუ იგივე ვახტანგ მეფე შუამდგომელ იქმნა, და ხმლითა მისითა უკ-მოსცა სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუმცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა ბოროტი ეგე მტერი, შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე, და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულის-ხმის-მყოფელი და მბრძოლი, როგორცა ესე მოგვითხრობს ჩვენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აფხაზეთისა შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. კეთილად პატივს-ცემდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერიდან ნუ-ღა-რა-მცა ხელგეწიფება ვნებად მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდე იყვნენ იქ, და ან გავიდენ იქიდან.
  ხოლო მიჰრ დამძიმდა წყლულებისა მისგან სასიკვდილოდ, და უთხრა ძმასა თვისსა არჩილს: „მე ესე-რა წავალ, ძმაო, მამათა ჩვენთა თანა; დაც წარმეც და დამფალ საფლავსა მამათავე ჩვენთა თანა და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩვენთა ნამალევთა სადა არის. და არა მყავს ძე-წული შვილი მკვიდრად, არამედ მყავს შვიდნი ქალნი. აწ შენ ხარ მკვიდრი სახლისაგან მეფობისა ჩვენისა, მირიან მეფისა. და შენ თვით უწყი, რომ ქალი, შვილი ჩვენი, არა მივსცეთ ერისთავთა ჩვენთა ცოლად. ან მივსცეთ მეფეთა, ან მო-ვინ-მე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, როგორცა ფეროზ, რომელსაც მისცა მირიან მეფემან ასული მისი ცოლად. და ჩვენ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ რადან მოიყვანდნენ მამათა ჩვენთა ცოლნი ასულნი ერისთავთა ჩვენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვენ მათ ქვეყანანი ქართლისანი: ნახევარი შენ და ნახევარი მათ ხოლო საუხუცესოდ რომელიც მქონდა, მომიცემია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სვანეთი, თაკვერი, არგვეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა იქ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამაცა ჩვენი მოკვდა შფოთსა ამას შინა და ვერ გავგზავნეთ იგი მცხეთას, გაგზავნონ ძვალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისსა, რათა იპოვოს იგი საწამებელად სამკვიდროსა ჩვენისა, და შენ დადექ აქა და ემოყვრებოდე ბერძენთა, ვიდრემდე განქარდეს ბნელი ესე“.
  ხოლო არჩილმა მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა, და მისცა ძმისწულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა, შთამომავალსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსაც ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი; მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელიც მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთავე ამათ გაუყო ზენა სოფელი, რომელიც არის ქართლი; მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანიდან ქურდის-ხევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელიც იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა; მეექვსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯვარი ხერკი და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ხევი და ტფილისი.
  ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ხევთაგან. და როცა იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა მცირედ რამე სხვათა მათ. და განუტევა მთავარნი ესე ცოლებითურთ თვის-თვისად ადგილად.
  ხოლო არჩილმა მოუწოდა ლეონს და უთხრა: „კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღვაწე სტუმრობა ჩვენი, და დამიცვენ ჩვენ ადგილთა შენთა მშვიდობით: აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩვენთა კლისურითგან აღმართ. წავალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათვის რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა“. ხოლო ლეონმა უთხრა: „მომცა მე კეისარმა ქვეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქვენითა. ხოლო ამიერიდან არის ესე მამულობით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურიდან ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთად, სადაც დასწვდება წვერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს“. მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გუარანდუხტ და გვირგვინი იგი, რომელიც ბერძენთა მეფესა წარმოეგზავნა მირისთვის. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, რომ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ემორჩილებოდა ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა.
  წამოვიდა არჩილ და დაემკვიდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და ააშენა ციხე საზღვარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და გავიდა ამათ შინა წელიწადი თორმეტი, და იწყო შენებად ქართლმან. ხოლო გარყვნილ იყო სამყოფელად მცხეთა. გადამოვიდა არჩილ ეგრისიდან, და დაჯდა ნაციხარსა ხიდრისასა.
   მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელიც იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მძახლებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა ჩასულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და იქ დარჩენილ იყო. ითხოვა არჩილისგან და უთხრა: „უკეთუ ინებო და მყო მე როგორცა მკვიდრი შენი, მომეც ქვეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი.
  ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, ააშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი ასული გუარამ კურაპალატისა, რომელიც იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა და დაჯდა წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ხევსა ლაკუასტისასა ააშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი.
   და იყო მაშინ რომელიც ერისთავობდა თუშთა და ხუნძთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და ააშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მხეცის-ბუნებისანი, და ყრუსა მოესრა სიმრავლე მათი. და იძულებით მონათლა არჩილმა იგინი. გაძლიერებულ იყვნენ სარკინოზნი ქვეყანასა რანისასა და ეპყრათ გაზირი და სომხითი, და ებრძოდა მასლამა ბერძენთა.
   ხოლო ძმისწულნი ადარნასე (აშოტ) ბრმისანი, რომელთა მამის ძმასა თვალნი დაწვეს, წამოვიდეს ტარონიდან შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკვიდრნენ იქ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანიდან მოყოლებული, უმკვიდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთუ დარჩენილ იყო, და დაემკვიდრნენ სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდე.
   მასვე ჟამსა პატიახშნი ვინმე არა შეეშვნენ კლარჯეთს, სხვად წავიდენ ნახევარნი მათგანნი, და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსაც ერქვა კალმახი, და ააშენეს ციხედ. ხოლო ზოგიერთნი მოვიდენ კახეთად არჩილის თანა. ერთსა მათგანსა მისცა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქვრივებულ იყო იგი და არა ესვა ქმარი ჟამთა მათ.
  და დაეცადნენ სარკინოზნი შემოსლვად ქართლად ყრუსა წასლვიდან წელიწადსა ოცდახუთსა. აქა ჟამამდე აღარა შემოვიდოდნენ, არამედ მიიღებდენ ხარკსა ერისთავთაგან. და ესხნენ არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გუარანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.
არჩილ მეფიდან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმა, ძმისწულის ქმარმა წმიდისა არჩილისმა, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან.


Комментариев нет:

Отправить комментарий