суббота, 13 августа 2016 г.

თუშეთი

თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვითთუშეთს უკავია ორი ხევი გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამბარის თუშეთისინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინიმთათუშეთიარც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში.
თუშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი კახეთის მთიანეთს ეკუთვნის და ის მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. IV -ში თუშეთი გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი ფხოველების თავშესაფარი იყო. ქართული მხარეებიდან თუშეთს საზღვარი მხოლოდ ფშავსა და ხევსურეთთან აქვს. სხვა მხრივ მას ჩრდილო-კავკასიელი მთიელები-ჩაჩნები და დიდოელები ესაზღვრებიან.
თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 -დან 2400 -მდე.
თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგოაწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, . . ვადაეთის ქედი.
თუშეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 ). თუშეთის ქედის პერპენდიკულარულად სამხრეთ მიმართულებით გამოიყოფა შემდეგი ქედები: ძველციხეთანის, ჭეროს, ცირბევის,დანოს, ლაროვანის, სანარის ქედი-სანარისა და აკაზმის ქედები.
მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3574 ), დიდგვერდი (3334 ) და პატარა ბორბალო (3180 ).

მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამოიყოფა უამრავი პერპენდიკულარული ქედები, რომელთა შორის აღსანიშნავია საჯინჭვლის, ნახიდურის, ალატოვანის, ოთხწყაროს, ენჭოს, ლაისა და სხვა.
თუშეთი XIX-XX სს-ის მიჯნაზე ოთხ ტერიტორიულ თემად იყოფოდა: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი. პირიქითის თემს ვახუშტი ბაგრატიონიფარსმის თუშეთსუწოდებს. გომეწრის, ჩაღმისა და პირიქითის თემის თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე მეტყველებენ, რაც შეეხება წოვებს, ისინი ორენოვანნი არიან. მათი საშინაო-საოჯახო სალაპარაკო ენა ბაცბური იყო; გარეთ კი ქართული ენის კახური დიალექტის მსგავს კილოზე მეტყველებენ. თუშების ეს ორი ჯგუფი სხვამხრივ კი თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეთნოგრაფიულად ისინი ერთნი არიან. დღეს თუშეთი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისაგან და კახეთის ბარში არიან ჩამოსახლებულნი. თუშების კახეთის ბარში ჩასახლება ერთდროულად მოხდა. XIX -ის 30-იან წლებში ჯერ მეწყერ-ნიაღვარისაგან შეწუხებული წოვები აყრილან, ხოლო XX -ის დასაწყისში ჩაღმა თუშები. თავდაპირველად, წოვებისაგან განსხვავებით, ჩაღმა თუშებს თუშეთში ბინადრობა არ მოუშლიათ: ხვნა-თესვას ეწეოდნენ მთაშიც და ბარშიც. „ამისდაკვალად შეიქმნა საქართველოს სინამდვილეში მხოლოდ თუშეთისათვის დამახასიათებელი ორგანბინადარი მოსახლეობის ტიპი, რასაც დაუკავშირდა სათანადო ტერმინებიც: „კახურაები საზამთროდ კახეთში მიმავალნი დათუშურაები ზამთარ-ზაფხულს მთაში მცხოვრებნი“.
მართალია, XX ს-ის დასაწყისში თუშეთში ოთხი ტერიტორიული თემი იყო, მაგრამ ეთნოგრაფიული მონაცემებით აქ ტერიტორიულ თემთა რაოდენობა უფრო მეტი ყოფილა და მათი გამსხვილება მომხდარა. გომეწრის თემს ივანაურთა და ხეცურთა თემები შეუერთებია, ჩაღმის თემს-ჭანჭახოვანის თემი, პირიქითის თემს კი სამციხის თემი. ამრიგად, ისტორიულ თუშეთში რვა თემი არსებობდა: ჭინჭახოვანი, ჩაღმა, ხეცუურთა, ივანაურთა, გომეწარი, პირიქითი (აღმა), სამციხი, წოვათა.
თუშეთში მეურნეობის დარგებიდან მეცხვარეობა იყო დაწინაურებული. კახეთის ბარში საზამთრო საძოვრებზე ცხვრის ჩამოყვანას ისინი უკვე საუკუნეებია მისდევენ. „თუშნი ინახავენ ცხოვართა სიმრავლესა, ვინაბთგან აქუთ ზაფხულსა თგსთა მთათა შინა საძოვარი და ზამთარს ჩამოვლენ გაღმამდარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა“. ვახუშტი ბაგრტიონი ხაზს უსვამდა, რომ თუშები საქართველოს სამეფო კარის მოლაშქრეები არიანო და განსაკუთრებით მათ ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა.
თუშეთში მაღალ განვითარებას მიაღწია რა გადარეკვითმა, მთაბარულმა მეცხვარეობამ, საუკუნეთა განმავლობაში თუშებმა ამ პირობებს შეგუებული ცხვრის განსაკუთრებული ჯიში – თუშური ცხვარი გამოიყვანეს. საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმულია თუში მეცხვარეების მიერ დამზადებული თუშური გუდის ყველი, რომელიც მაღალი ცხიმიანობითა და კარგი გემოთი გამოირჩევა (მისი ცხიმიანობა 35-39% უდრის). თუში ასევე გამოირჩევა ტილოების, ფარდაგების, წინდების ქსოვის მაღალი დონითა და ჩითების, ქუდების დამზდებით (თუშური ქუდი ქართლში „კახური ქუდის“ სახელით იყო ცნობილი.
თუშეთი გამოირჩევა ციხე-კოშკების სიმრავლითაც. ეს საგვარეულო და სასოფლო ხუთ-ექვს სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტერთა თავდასხმების დროს. ყველა სოფელს თავისი სალოცავი ჰქონდა. მაგრამ ზოგან ორი სოფელი ერთ სალოცავს ლოცულობდა. ორი და სამი მეზობელი სოფლის ან ჯვრის საყმოს წარმომადგენლები ერთიმეორეს „მეკოდენი“ იყვნენ და ამასთან განსაზღვრული მოვალეობანი ეკისრებოდათ ერთმანეთის მიმართ. ამრიგად, თუშეთში მეკოდე სოფლების სახით ტერიტორიული თემის განსაკუთრებული, თავისებური სახე არსებობდა. სახნავი და სათიბი მიწები თუშეთში საერთო საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც გვარში შემავალ ოჯახებს შორის დროდადრო ნაწილდებოდა.
***
ასე აღწერს თუშეთს ვახუშტი ბაგრატიონი:
ხოლო თუშეთი არის ლოპოტისა, თორღისა და პანკისის აღმოსავლეთით, კავკასის მთის ჩრდილოეთით კერძოთა შინა, და არის ორს ხევად და მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის შუადან აღმოსავლეთ-სამხრეთს შორის, და უდის შორის მდინარე თვისი, და მიერთვის სხვა მდინარეს, რომელიც განვლის ჩაჩანს და მიერთვის ბორაღანს თერგის მდინარეს. ხოლო პანკისის გარდასწორ, კავკასს იქით, არის წოვა; წოვას ქვევით გომეწარი და მის ქვეით ჩაღმა. და ჩაღმიდან გადადის გზა თორღასა და ლოპოტის ხევზე. და არიან დაბები ესენი უმჯობესნი, და სხვანი დაბები არიან ლზ (37). ამის ჩრდილოეთით არის ფარსმანის თუშეთის ხევი, რომელთაც უძევს შორის კავკასივე. და არის ფარსმანის თუშეთს დაბანი ლვ (36), და განჰყოფს ფარსმანსა და წოვა-გომეწარ-ჩახმართის ხევთა ქისტ-ღლიღვიდან წამოსული კავკასი, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთთ შუა მდებარე. და საზღვრის ორსავ თუშეთს: აღმოსავლეთიდან კავკასი ჰავარსა, ჩაჩანსა და ამას შორისი; სამხრეთიდან კავკასი, ამასა და დიდოეთს შორისი; დასავლეთიდან მთა კავკასი, ამასა და კახეთს შორისი; ჩრდილოეთიდან კავკასი, ამას და ღლიღვ-ქისტს შორის. არის ქვეყანა ესე ყოვლითავე, როგორც აღვწერეთ ოსეთი, სიმაგრით, მოსავლით, პირუტყვით, ნაყოფიერებით და ხელოვნებით. მაგრამ კახეთის თუშნი ინახვენ ცხვართა სიმრავლესა, ვინაიდან აქვთ ზაფხულს თვისთა მთათა შინა საძოვარი, და ზამთარს ჩამოვლენ გაღმა-მხარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა.
ხოლო ფარსმანი უფროს მწირ არის, თუმცა ამათ მიერ იგინიცა გამოიზრდებიან კახეთიდან, რამეთუ მათ მოჰყავთ და ვაჭრობენ. მაგრამ იგინი არა ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა, ხოლო ესენი მორჩილნი, მოლაშქრენი და მეხარკენი არიან; და არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი და უსაქციელონი, ბრიყვნი. რამეთუ, როდესაც შობს დედაკაცი, არავინ მიუახლოვდება, არამედ განუტევებენ შორს მარტოდ, და შობისა შემდგომად მ (40) დღეთა მოიყვანებენ შობილითურთ. ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ივლტოდეს ბრძოლასა შინა, ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობსა შინა ძაღლთასა და აღარა კაცთა თანა.
ხოლო სარწმუნოებითა და ენითა არიან ქართულითა. აწ მწყსის ალავერდელი, მიმტაცე ხარჭაშნისა. არის ეკლესია მცირე, აშენებული ძველითვე, და ჰყავთ ხუცესნი, მაგრამ უმეტესად უცნობელნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ აქვთ კლდე დიდი და მაღალი, და დღესა ილია წინასწარმეტყველისასა მივლენ და შესწირავენ მას კლდესა ცხვარსა და ძროხასა, და თაყვანისცემენ კლდესა მას, და რა იგი ესმის კლდისა მისგან, სწამთ უმეტეს ყოვლისა იგი. ხოლო რომელნიც არიან მხარეთა ქისტთა და ღლიღვთა, უწყიან ენანი უფროს მათნი. თუმცა ფარსმანის ხევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, როგორც ქისტნი. არა იქნება მათ შინა სიძვა ანუ მრუშება და, უკეთუ მძლავრის ვინმე და შეეყოს მის თანა, მოიკლავს თავს დედაკაცი იგი, და კაცსა მას მოჰკვლენ თემნი, და მცნობი არა ილტვის სხვათა ქვეყანასა.
***
თუშეთის ისტორია ჯერ გამოუკვლეველია და ბურუსითაა მოცული. არსებული მცირედი ისტორიული მასალაც სათანადოდ შესწავლილი არ არის და ამიტომ ძნელია მისი ისტორიული წარსულის მთლიანი სურათის აღდგენა.
პრეისტორიული ხანის ნაშთები თუშეთში მცირედ არის აღმოჩენილი და ისიც შემთხვევითი ხასიათისაა. არქეოლოგიური კვლევაძიება აქ არავის უწარმოებია და ამიტომ ჩვენ არ ვიცით, თუშეთის წიაღში რა მნიშვნელობის ნაშთებია ჩაფლული. მაგრამ თუშეთში უკვე აღმოჩენილი პრეისტორიული ხანის ერთეული ნივთები(1) აშკარად მოწმობენ, რომ ისტორიის წინა ხანაში ადამიანს თუშეთის აწინდელ ტერიტორიაზე უცხოვრია და თავისი კულტურული შემოქმედების ნიმუშებიც კაცობრიობისთვის უანდერძებია. თუშეთში აღმოჩენილ ნივთებს შორის საყურადღებოა: ბრინჯაოს ორი ირმის ქანდაკება, რომლებიც თავისი სტილით, ფორმით და ნაკეთობის ტექნიკით მიეკუთვენება კავკასიის ბრინჯაოს ხანას და დათარიღებულია დაახლოებით XII-IX საუკუნეებში ქრ. წინ. ძნელია ამ ფრაგმენტული ქანდაკების დანიშნულების გარკვევა, რომელსაც ქვემო ნაწილი აკლია. ყოველ შემთხვევაში, ირმის ეს ორივე ქანდაკება სამკაული არ უნდა იყოს. მისი დანიშნულება უფრო რიტუალურია, რომელსაც იმდროინდელი გაუთვიცნობიერებელი ადამიანი ალბათ თაყვანს სცემდა. 
შემდეგ საყურადღებოა აქ აღმოჩენილი უფრო გვიანდელი დროის ბრინჯაოს ბალთა, რომელიც დაფანჯრულია და ზედ გამოსახულია წაჩოქილი ცხენები. თავისი სტილით და ნაკეთობით ბალთა მიეკუთვნება სკვითურ-სარმატულ ხელოვნებას და დათარიღებულია  V–I საუკუნეებში. ამგვარი ბალთები ჩნდება ჩრდილოკავკასიის ფარგლებში, განსაკუთრებით დაღესტანში. 
ამავე ხანას უნდა მიეკუთვნოს თუშეთში აღმოჩენილი მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ხელში მოკლე კომბალი უკავია. ქანდაკება საყურადღებოა და უნდა იყოს ღვთაების კერპი.
ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენიდან ირკვევა, რომ თუშეთის ტერიტორიაზე ადამიანს პრეისტორიული ხანიდან უცხოვრია და კულტურულადაც უმოღვაწია. ეს კუთხე თავისი გეოგრაფიული  მდებარეობით ჩრდილო კავკასიას ეკვრის და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთებიც კულტურის ამ წრის ნიშნების მატარებელია.
ისტორიულ ხანაში თუშეთი პირველად იხსნება გეოგრაფ პტოლემაიოსის თხზულებაში; იგი ცხოვრობდა ახ.წ. II საუკუნეში. თავის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მას კავკასიის ტომებს შორის მოხსენიებული ჰყავს თუშებიც: კავკასიისა და კერაუნის მთებს შორის არიან ტუსკები („ტუსკოი“ – თუშები) და დიდური (დიდოელები)“(2).
ამასთანავე, პტოლემაიოსი თუშეთს, დიდოსთან და ჩრდილოეთის სხვა ტომებთან ერთად, მიაკუთვნებს აზიის სარმატებს და არა იმდროინდელ ალბანია-იბერიას, რომლის გეოგრაფიული აღწერაც მასვე მოეპოვება. ამ შემთხვევაში პტოლემაიოსი  ემყარებოდა თუშეთის მხოლოდ გეოგრაფიულ მოხაზულობას თუ აგრეთვე მისი მოსახლეობის პოლიტიკურ და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ დაჯგუფებას, ამაზე ცნობების უქონლობის გამო, რაიმე გარკვეული მოსაზრების გამოთქმა ძნელია. 
ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში თუშეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩვენთვის გაურკვეველია. მხოლოდ ვახუშტის თავის გეოგრაფიაში აქვს ნათქვამი: „ხოლო თუშნი და დიდონი უკეთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი... და მოხარკენი მათნი“ (გეოგრ, გვ. 103.) მაგრამ ვახუშტის ამ მოსაზრების უკომენტაროდ გაზიარება ძნელია. მით უმეტეს, რომ ავტორს ეს ცნობა არა აქვს უტყუარი ისტორიული ფაქტებით შემოწმებული (3). 
ქართულ მატიანეში თუშეთი პირველად იხსენიება წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევაში, როდესაც მირიან მეფემ (323 წ.) მთიელების გასაქრისტიანებლად გაგზავნა წმ. ნინო ერისთავის თანხლებით და „დადგეს ჟალეთსა და უქადაგეს ერწო-თიანელთა, ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელიღეს. ხოლო ფხოველთა (ფშაველთა) დაუტოვეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს. არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი ოდეს არა ინებეს ნათლისღება“-ო. (4). 
მემატიანეს ეს მოკლე ცნობა საყურადღებოა, საიდანაც ირკვევა, რომ რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის შევიწროება აიძულებდა ქართველ მთიელებს  და ამ შემთხვევაში ფხოველებს (ფშავ-ხევსურებს) გადახვეწილიყვნენ მეზობელ თუშეთში, სადაც ისინი მყუდრო თავშესაფარს პოულობდნენ. გახიზვნის ეს პროცესი საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, იგი ხელს უწყობდა ქართველი ტომების ჩრდილო კავკასიაში შეჭრას და იქ გაძლიერებას, განსაკუთრებით ბატონყმობის ხანაში, როდესაც მებატონეებისგან გაქცეული ყმები და მესისხლეობისგან დევნილი გლეხობა კავკასიონის მიუვალ ხევებში იხიზნებოდა. ამით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებაც, რომლის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მოითხოვდა ჩრდილოეთის საზღვრების შემომტკიცებას.
IV–VII საუკუნეებში ჩრდილოეთში ბატონობდნენ ხაზარები(5), რომლებიც შიშის ზარსა სცემდნენ მეზობელ სახელმწიფოებს. ხაზარები იბერიის სამეფოსაც უტევდნენ და საგულისხმოა, რომ ქართული მატიანის პირველი გვერდიც ამ „ხაზართა გამოსვლით“ იწყება.
იბერიის მეფეები ცდილობდნენ, ხაზართა წინააღმდეგ დაერაზმათ ჩრდილო კავკასიაში მობინადრე ტომები: ოსები, ძურძუკნი (ჩაჩან-ინგუშები) და ლეკები და ამით ერთგვარი საფარი შეექმნათ. ეს ტომებიც, თავდაცვის მიზნით, არა ნაკლებ იყვნენ დაინტერესებული იბერიასთან ასეთი კავშირით, რომლის განსამტკიცებლად იბერიის და შემდეგ ქართლის მეფეები ძურძუკთა ასულებსაც ირთავდნენ, გადმოჰყავდათ მათი მოლაშქრენი და ასახლებდნენ სამეფოს ჩრდილო საზღვარზე. ამას ქართველი მემატიანის არაერთი ცნობაც ადასტურებს: „საურმაგ (ქართლის მეფე) შეკრიბა დურძუკეთიცა და წამოემართა ქართველთა ზედა და ვერვინ წინაღუდგა მას და დაიპყრა ქართლი და მოსრნა განდგომილნი თვისნი. და განამრავლნა დურძუკნი, რომელნიცა ტყვევნასა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩომილიყუნეს, სიმაგრისაგან ქუეყანისა და ვეღარა იტევდა დურძუკეთი. მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა… და დასხნა მთიულეთს, დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თვისად“-ო. (ქართლის ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 41).
ჩრდილოეთის და, განსაკუთრებით, ძურძუკთა ტომების საქართველოში გადმოსახლების ეს პროცესი XIX საუკუნემდე გრძელდებოდა, როდესაც მათი მონათესავე ქისტები პანკისის ხეობაში გადმოსახლდნენ და აქ 1860-იანი წლებიდან გაშენდა მათი სოფელი: პანკისი, დუისი, ომალო და ჯოყოლო.(6) 
ამ ძურძუკთა ტომს ეკუთვნის თუშეთში გადმოსახლებული წოვა თუშები, რომლებიც თავიანთი ენით ენათესავებიან ძურძუკთა ტომს ღლიღვს (ღალღა) და დღესაც ამ ღლიღვურ ენაზე მეტყველებენ. (7) 
ვახუშტის  ცნობით: „ხოლო რომელნი არიან (თუშნი. ს. მ.) მხარეთა ქისტთა და ღლიღვთა, უწყიან ენანი უფროს მათნი, გარნა ფარსმანის ხევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, ვითარც ქისტნი“ (იხ. გეოგრაფია, გვ. 105). თუ როდის გადმოსახლდნენ წოვები თუშეთში, ამის დადგენა ძნელია. მხოლოდ წოვათაში ნასოფლარ წაროს აკლდამებიდან ამოღებული ნივთების შედარებითი შესწავლიდან ირკვევა, რომ საშუალო საუკუნეებში, დაახლოებით VIII-IX საუკუნეებიდან სოფ. წარო დასახლებული ყოფილა (8).
და ეს გარემოება ერთგვარ შესაძლებლობას იძლევა ამავე საუკუნით განვსაზღვროთ წოვების ღლიღვეთიდან თუშეთში გადმოსახლების დროც. თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიურ ნიადაგზე ხდებოდა წოვა თუშების ეს გადმოსახლება, უტყუარი ცნობების უქონლობის გამო, გარკვეული მოსაზრების გამოთქმა ძნელია. ზოგიერთ მკვლევართა აზრით, ძურძუკთა ტომების შინა განხეთქილებამ და თემობრივმა შუღლმა აიძულა წოვები, ღლიღვეთიდან გომეწრის ხეობაში გახიზნულიყვნენ.(9) 
ჩვენის აზრით, ამ ამ გადმოსახლების სტიმული უფრო პოლიტიკურ-ეკონომიური ხარისხისა უნდა ყოფილიყო. ძურძუკეთი (ჩაჩნეთ-ინგუშეთი) მწირი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. მომრავლებული და ეკომომიურად შევიწროებული მოსახლეობა საარსებო წყაროს მეზობელ კუთხეებში ეძებდა.
ამასთანავე, ღლიღვი ცნობილი იყო გულად და მეომარ ტომად (10), ამიტომ იბერიის იმდროინდელი ხელისუფლებისათვის, რომელიც მოლაშქრეებად ასეთ ტომებს ეძებდა, ხელსაყრელი იყო ამ ღლიღვების მოძმის, წოვების, თუშეთში, გომეწრის ალაზნის სათავეში, დასახლება და ამ ხეობის გამაგრება.
ადმინისტრაციულად თუშეთში, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, წუქეთის საერისთავოში შედიოდა; მის შესახებ ნათქვამია: „...შემდგომ მოვიდა არჩილ კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ ყუნა იგინი და დაჯდა წუქეთს… და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთა მიებოძა ვახტანგ მეფეს (V საუკ.) წუქეთი იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნძთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა სახელით აბუხურო (აბუხვასრო) და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი“ (ქარ. ცხოვრ. გვ. 209-210).
მემატინის ეს მოკლე ცნობა საყურადღებოა. აქედან ირკვევა, რომ თუშეთი ხუნძახთან (11) ერთად შეადგენდა წუქეთის (12) საერისთავოს, რომლის ერისთავად დასახელებულია აბუხვასრო. ამასთანავე ნათქვამია, რომ ეს ჩრდილოეთის ტომები, მათ შორის საგულისხმოა თუშებიც, წარმართნი ყოფილან. მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც საქართველოდან ვრცელდებოდა, მთაშიაც მალე შეჭრილა. ჩრდილოეთის ტომების შემოსამტკიცებლად  მათ გაქრისტიანებას უაღრესი პოლიტიკური მნიშვნელობა ეძლეოდა და კახეთ-ჰერეთის ხელისუფლებაც ამ საქმეს გულმოდგინედ შესდგომია.
ამას მოწმობენ ძველ ძურძუკეთში, დღევანდელ ჩაჩნეთ-ინგუშეთში, დღემდე დაცული ძველი ქართული ტაძრების ნანგრევები და თხაბა-ერდის 830 წლით დათარიღებული ქართული ტაძრები (13). ხუნძახშიც დაცულია ძველი ქართული ტაძარი „დათუნია“ და სხვ.
ერთი სიტყვით, ამ დათარიღებული ძეგლის მიხედვით ირკვევა, რომ IX საუკუნეში ჩრდილოეთის ტომების გაქრისტიანება მომხდარი ფაქტი ყოფილა. მთელი ამ კულტურულ-რელიგიური მოძრაობის გამტარებელი ტერიტორიულად უნდა ყოფილიყო თუშეთი, საიდანაც ძურძუკეთის ბილიკები გადიოდა. ამიტომ თუშეთის გაქრისტიანებაც ამავე ხანებში უნდა მომხდარიყო. თუშეთის სამწყსო თავდაპირველად ხარჭაშოს საეპისკოპოსოში შედიოდა: „თიანეთის წყლის სათავესა და საშიშის თვალივის იქით, თეთრის არაგვის მჭვრეტად არის ხარჭაშოს ეკლესია გუნბათიანი, კეთილშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ ხევსურისა და თუშეთისა“ (ვახუშტი, გეოგრ. გვ. 91).
1014 წელს, მას შემდეგ, რაც ბაგრატ მეფის მიერ დევნილმა კახეთის ქორიკოზმა კვირიაკე III კახეთი დაიპყრო და მოახდინა საერისთავოების ახალი განწესება, თუშეთი მოხსენიებულია პანკისის საერისთავოში. მისი მოცულობა ასეა განსაზღვრული: „მისცა ჰერეთის საზღვრის ზეითი კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ“ (14). პანკისის ერისთავად ამ დროს იხსენიება სტეფანოს, რომელიც ემხრობოდა კვირიკეს და ებრძოდა ბაგრატ IV. ბაგრატმა სტეფანოსს სძლია და შეიპყრო იგი.
XII–XIII საუკუნეებში, საქართველოს გაძლიერების და ფეოდალური მონარქიის ხანაში, თუშეთზე ქართველი მემატიანე დუმს. ეტყობა, თუშებს მონაწილეობა არ მიუღიათ თამარის დროს მომხდარ მთიელების ამბოხებაში, მაშინ, როდესაც მისი მეზობელი ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად საგანგებო ჯარიც კი იყო მთაში გაგზავნილი. თუშეთი არც შემდეგ საუკუნეებში იხსენიება, ვიდრე XV საუკუნემდე. ეს გარემოება იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ისტორიის ამ მანძილზე ჩრდილოეთის მხარემ დაკარგა თავისი პირვანდელი პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც საქართველოს სამეფოს ჩრდილოეთის ტომების მხრივ საფრთხე უკვე უკვე აღარ მოელოდა და თუშეთის პოლიტიკური როლიც პასიურია.
XV საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს დაცემისა და სამ სამეფოდ გაყოფის ხანაში, კახეთის მეფემ გიორგი I (1466–1476) საერისთავოები გააუქმა მოურაობა დააწესა: „გიორგიმ დაიპყრა სრულიად კახეთი, მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დახსნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა, ვითარც არიან დღემდე: მოურავი ქიზიყისა, ელისენის, წუქეთისა, დიდოეთისა, პანკისისა და სხვა… და განჰყო ოთხს სადროშოდ და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა, რათა არა განიმკვიდრონ მთავართა… ამათ არა მორჩილებდენ თუშნი და ფშავ-ხევსურნი, არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულობდენ ამათ და მსახურებდენ“-ო (ვახუშტი, საქარ. ცხოვრება, გვ. 158). ამგვარად, მემატიანეს ცნობით, გიორგი დავიის ძეს პანკისის საერისთავო, რომელშიაც თუშეთი შედიოდა, მოუსპია და იქ მოურაობა დაუწესებია. ამ ცვლილებებს, ეტყობა, თუშეთში უკმაყოფილება გამოუწვევია და გიორგი მეფისაგან ისინი გამდგარან. 
მაგრამ ეს განდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა და კახეთის მეფეს ლევან II (1520–1574) თუშეთი ისევ შემომუმტკიცებია: „ამას წინათა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპყრა არა ძალითა, არამედ აღუთქვა რათა ცხოვარი მათნი უვნოდ მძოვარიყუნენ კახეთს და მისცა შეწირულობა ლაშქარსა და ბეგარასა“ (ვახუშტი, საქ. ცხოვრ. გვ. 163). მემატიანის ეს მოკლე ცნობა ჩვენთვის საყურადღებოა; აქ გარკვევითაა ნათქვამი, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიურ ნიადაგზე მომხდარა განდგომილი თუშების შემორიგება.
მეცხვარე თუშებისათვის უაღრესი საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა ზამთრის საძოვრებს, როგორის იყო კახეთში ალონის (ალვანის) ველი, და მიტომ თუშები იძულებული იყვნენ, კახეთის ხელისუფლებასთან კეთილგანწყობილებაში ყოფილიყვნენ. თავის მხრივ, კახთა მეფეებიც ცდილობდნენ, მოლაშქრეთა და ბეგარის მიღების მიზნით, გულადი თუშების შემომტკიცებას. საყურადღებოა, რომ თუშებს ეს ისტორიული ფაქტი დღესაც ახსოვთ; მათგან ხშირად გაიგონებთ, ალვანის ველი თუშებს ლევან მეფემ უბოძაო.
შემდეგ, XVII–XVIII საუკუნეებში, როდესაც დაღესტნისა და ჩრდილოეთის სხვა ტომებიც ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ამოძრავდნენ და დაიწყო მათი გამანადგურებელი თარეში, თუშეთს, როგორც მოსაზღვრე პროვინციას, განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა მიეცა და თუშეთიც ამ პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ როლს თამაშობდა, მაგრამ სანამ ჩვენ ამის განხილვას შევუდგებოდეთ, საჭიროა ზოგადად მაინც შევეხოთ თუშეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ფორმაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ თუშეთის საზოგადოებრივი ყოფის ისტორია თემურ წყობილებას არ გასცილებია და საუკუნეების მანძილზე თუშეთი თემურ ცხოვრებას ეწეოდა. მისი დამოკიდებულება კახეთის სამეფოსთან ნომინალური იყო და განისაზღვრებოდა ომიანობის დროს მოლაშქრეთა დახმარებით.  ვახუშტის თქმით: „არამედ იგინი (თუშნი. ს. მ.) არა ჰყმობდნენ კახთა მეპატრონეთა, ხოლო ესენი მორჩილნი, მოლაშქრენი და მეხარკენი არიან. და არიან ბრძოლასა შემმართებულნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი და უსაქციელნი“ (იხ. გეოგრ. გვ. 105). ამაზე თუშები დღესაც ასე მღერიან:
თუშთ არ იციან, ვინ არის მონა, ბატონი.
თვითონ არიან თავისა ბრძანებელი და ბატონი
ადმინისტრაციულად თუშეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ შედიოდა წუქეთს საერისთავოში, შემდეგ პანკისის სამოურაოში, მაგრამ ამ ერისთავ-მოურავებს ხელი არ ჰქონდათ თუშების შინაურ წყობილებაში. თუშეთს თემური ადათებით ხევისბერები განაგებდნენ.
თუშეთი იყოფა სამ თემად: გომეწრისა, ჩაღმისა და პირიქითისა. თითოეული თემის სათავეში იდგა თემის მიერ არჩეული ხევისბერი, რომელიც თავის საქმიანობაში თემური ადათებით ხელმძღვანელობდა და ომის დროს ხელში სათემო დროშით ლაშქარს უძღოდა. მაგრამ თუშეთის საზოგადოებრივი წყობილების უზენაესი ორგანო სათემო ყრილობა იყო, სადაც სამივე თემის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ყრილობა აწესრიგებდა საგარეო საქმეებს და წყვეტდა ლაშქრობისა და ზავის საქმეს. თუშეთის სათემო ყრილობა იმართებოდა სოფ. ჩიღოს მახლობლად მდებარე ხევში – „ღელეში“, სადაც სამივე თემის ხევისბერები და გვარის უხუცესები ღამის თევით დგებოდნენ და სათემო საქმეებს არჩევდნენ. მაგრამ ამ თემურ ყრილობებს ფაქტიურად განაგებდნენ შეძლებულ გვართა მეუფროსენი, რომელთა წრიდან ირჩევდნენ ხევისბერებს და დეკანოზებს და ესენიც ხალხისა და თემის სახელით ამ შეძლებულ ჯგუფის ინტერესებს იცავდნენ.
თუშური ყრილობის საზრუნავი საგანი თავდაცვის საკითხები იყო, რადგან გაბატონებულ ჯგუფს მტრობა და შფოთი ჰქონდა ინგუშ-ჩაჩან-ლეკებთან და ის მუდამ მზად უნდა ყოფილიყო თავდაცვისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშნი ლეკები იყვნენ. ისინი სარგებლობდნენ კახეთის პოლიტიკური მოუძლურებით და თავისუფლად დათარეშობდნენ ქართლ-კახეთში XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე. ლეკების ეს თარეში გამოწვეული იყო კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის გართულებით სპარსეთსა, ოსმალეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც ცდილობდნენ კავკასიის ხელში ჩაგდებას. ამ მიზნით მათ, პირველ ყოვლისა, ნიშანში ამოიღეს ქართლ-კახეთი, კავკასიაში შედარებით ძლიერი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კუთხე. ამიტომ ამ სამ მოქიშპე სახელმწიფოთა დიპლომატიის ხლართები ქართლ-კახეთში იკვანძებოდა.
ქართლ-კახეთის დაპყრობის მიზნით სპარსეთი და ოსმალეთი მორიგეობით ამხედრებდნენ ლეკებს და სათარეშოდ უშვებდნენ.
ამ უცხო ძალის მიერ წაქეზებული და შეიარაღებული ლეკები ქართლ-კახეთსაც ანადგურებდნენ. ლეკების ეს თარეში შაჰ-აბასის შემოსევის (1616 წ.) შემდეგ უფრო გაძლიერდა. ქართლ-კახეთის აოხრების შემდეგ, შაჰ-აბასმა გაღმა მხარეს ელისენ წუქეთს და შაკიხის მცხოვრებნი სპარსეთში გადაასახლა. ამ დაცარიელებულ ადგილზე ლეკები გადმოსახლდნენ და ახლა მათ უმთავრეს ცენტრად ჭარი (ძველი ფიფინეთი) შეიქნა. სათარეშოდ ასული ლეკებისგან დიდ შევიწროვებას ჩვენი მთიელებიც განიცდიდნენ, განსაკუთრებით მათი მოსაზღვრე თუშეთი, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ებრძოდა ლეკებს. თუშეთის ამ პერიოდის ისტორიაც ამოიწურება ლეკებთან ბრძოლის ეპიზოდებით, რომელიც იწყება ბახტრიონის აღებით.
1658 წელს სპარსეთის შაჰმა კახეთის მმართველად დანიშნა სელიმ-ხანი, რომელმაც პოლიტიკური მოსაზრებით ბახტრიონში და ალავერდში თათრები დაასახლა. სელიმ-ხანი აგრეთვე ხელს უწყობდა ლეკების თარეშს: „მან სელიმ-ხან მოიყვანა ელნი და დახსნა შიგნით და კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიონი, ალავერდი და გარყვნეს წმინდანი ეკლესიანი. რამეთუ იყო ჭირი დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან" (ვახუშტი, საქარ. ცხოვრება, გვ. 189).
სელიმ-ხანის პოლიტიკა საფრთხეს უმზადებდა თუშების მეცხვარეობას, რომლის ზამთრის საძოვრები – ალონის ველი, ნაბოძები ლევან მეფის მიერ, მოქცეული იყო ამ ბახტრიონ-ალონის ფარგლებში. ამიტომ, როდესაც ერწო-თიანეთ-არაგვისა და ქსნის ერისთავებმა სელიმ-ხანის წინააღმდეგ გაილაშქრეს, თუშებმა მოიწვიეს ფშავ ხევსურები და ბახტრიონის აღებაში გმირულად იბრძოლეს. ეს ბრძოლა გალექსილია ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონში“.
ჩვენ აქ მოვიყვანთ ამ ლექსის ერთ ნაწყვეტს, სადაც გადმოცემულია ის სიდუხჭირე, რომელსაც კახეთის იმდროინდელი მოსახლეობა თათრებისგან განიცდიდა. ამის შესახებ აი, როგორ მოსთქვამს თუშების მიერ ფშავ-ხევსურეთში გაგზავნილი მეცხვარე.
საქმე გაჭირდა, დედილამ,
ურჯულო თათრებისგანა:
დათარეშობენ… კახეთი
მისცეს ქარსა და ნიავსა.
აწიოკებენ ქალ-რძალსა,
ნამუსსა ჰხდიან ძალადა.
ჰკრეფავენ ურჯულოები
სილამაზესა ღალადა.
არა ზოგავენ, დედილამ,
ვინც-კი მოუათ თვალადა.
მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილა ჩახდილ ქალადა.
არა სჩანს ხელის შამქცევი,
მტრის ამომყრელი ჯავრისა,
კაცი არ ჩნდება შამყრელი
და წინ გამძღოლი ჯარისა.
იქ, ჩვენთანამდიც, მოდიან
ცხვარსა ფართობით გვტაცებენ.
არავინ გადურჩით რჯულ-ძაღლსა,
ყველას ბეგარას ადებენ.
ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირზე,
თავებს მარგილზე აგებენ.
შადიან სხვისა სახლშია,
კარს უკრძალავად აღებენ.
დაჯავრდნენ თუშნი, რო ნახეს 
ქვეყანა ნაოხარია
პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის
ზეზვაი საოცარია.
სუყველამ ტანზე აისხა
აბჯარი საომარია,
მე გამომგზავნეს საჩქაროდ
ფშავს და ხევსურეთს გზირადა
და დამაბარეს ხვეწნითა
სიტყვა სათქმელი პირადა:
„ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ
სისხლით, ხორცით და რჯულითა,
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა.
უბაროდ, განა არ იცით,
მთანიც რო ვერა გვარობენ.
გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ბარზე თათრები ხარობენ.
თათრებისგან შევიწროებული თუშები ღელავდნენ. მათ საბრძოლველად ქალებიც კი მოუწოდებდნენ:
„ისმინეთ, თუშთა შვილებო, რას გამცნევთ თუშთა ქალები:
რად გახურავთ ქუდი, აიხსენთ თავსა ნამუსი კაცისა,
აჰა და თავსა დაიდვით მანდილი დედაკაცისა.
ურჯულო ოსმალთ დიაცნი, ბახტრიონს მომავლებია,
დაუტაცნია, დიაცთა ვერ დაუხსნიათ თავები.
რასა უყურებთ, ვაჟებო, რას დგეხართ დაღონებულნი,
მეფე სახლიდგან გაგვიგდეს, ვაკეა დატყვევებული".
ვაჟკაცთა შორის უცებად კაცი მრისხანე სახისა,
მოხუცი ბაკურ წამოდგა, ხელი წაავლო მახვილსა.
„ეს რაი გვესმის, ვაჟკაცნო, აღზდექით, თუშთა შვილებო,
მტერი კარს გვადგა მძლავარი, აღზდექით, თუშთა შვილებო,
ჩვენს მეფეს სდევნის მტერია, აღზდექითმ თუშთა შვილებო.
შორით ძმის სიკვდილს უყურებთ, ესე რა თუშთა ჯერია“.
აგერ ბაკურის კარზედა შეკრბა თუშების ჯარია,
ბაკურიც მალე გამოჩნდა, ხალხი გაიძრა წელშია,
გაიძრა, რაზმად გაეწყო, თოფი აიღეს ხელშია.
მოვიდა ბაკურ, შეფერხდა, ჯარს გადაავლო თვალია,
ასწონა თავით ფეხამდის, ასწონა თუშის შვილები,
უცებ შესძახა: „ვარგიხართ, ნამდვილ ხართ მამათ შვილები,
შეჭმადაც არას გვეყოფის მტერი რაზმ-გაწყობილები,
წავიდეთ, ნუღარ უყურებთ, მტერი ვაქციოთ მძოვრადა,
ვინც მტრის წინ წარბი შეხაროს, დედა შეერთოს ცოლადა!“
1659 წელს თუშ-ფშავ-ხევსურეთის ლაშქარი შეუერთდა ზაალ ერისთავის მხედრობას, აიღეს ბახტრიონის ციხე და დამარცხებული სელიმ-ხანი გაიქცა: „ზაალ ერისთავმან შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი და ერისთავი ქსნისა შალვა. შეკრიბნა ეს ყოველნი, წარუძღვანა ძე თვისი და მიუხდეს პირველად ბახტრიონს, მოსრნეს და მოსწყვიტეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყველასა კახეთსა შინა მოსწყვიტნეს, რამეთუ არცაღა-თუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი“ (ვახუშტი, საქარ. ცხოვრ., გვ. 189-190). ხალხური გამოცემით, ბახტრიონის ასაღებად პანკისით წამოსული თუშების ერთ რაზმს შეუნიშნავს, რომ ბაწარის წყლის ბოგირზე თათრის მდევრებს ნაცარი დაეყარათ, რომ ცხენების ნაფეხურებით შეეტყოთ თუშების რაზმის მოძრაობის მიმართულება, მაგრამ თუშებს ცხენები უკუღმა დაუჭედიათ, ხიდზე გადასულან და ბახტრიონისკენ მიმავალი გზის მახლობლად, რყეში დამალულან. მდევრებმა მეციხოვნე ჯარს თურმე აცნობეს თუშების კვალის მიმართულება. თათრის ჯარი ციხის გალავნიდან გამოსულა და ამ კვალს დასდევნებია. ტყეში დამალული თუშის რაზმი კი უბრძოლველად შესულა ციხის გალავანში, მაგრამ თვით ციხე დაკეტილი და შიგნიდან გამაგრებული დახვედრია. გმირ ზეზვას მეთაურობით თუშებს ბახტრიონის ციხე მალე გაუტეხიათ და თათრები ალვანის ველით გაქცეულან. მაგრამ თათრებს აქ დახვედრია ნაქერალით ამოსული თუშ-ფშავ-ხევსურების ლაშქარი და თათრებიც გაუწყვეტიათ. ამ ადგილსაც „გაწყვეტილა“ დარქმევია. ფშავ-ხევსურებს ნადავლი აუღიათ, თუშებს კი ალვანი რგებიაო. ეს ამბავიც ასე გაულექსავთ:
ბახტრიონს სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძნელსაო:
„ახმეტას ჩავჭრით ვენახსა, შიგ დავასახლებთ ელსაო.
შეიტყვეს თუშის შვილებმა, მაღლა შეირტყმენ ხმალსაო,
ჯერ შუაღამე არ ქნილა, ნაქერალს გროვდებიანო.
შველაო შველაიძეო, პანკისს გასტეხე წყალიო,
უკუღმ დავსჭედოთ ცხენები, დავამალვინოთ კვალიო,
საგათენებლოდ დავეცნეთ, ბახტრივანს გალავანზედა.
„გარეთ გამოდი, სულთანო, თუშნი გისხედან კარზედა,
თუ ნებით შენ არ გამოხვალ, გამოგიყვანენ ძალზედა“.
მეტი ვარ საღირაშვილი (15), ნუ მიმზერთ ტალავარზედა,
გადავალ, გადავფრინდები, ბახტრივანს გალავანზედა,
შვიდი არ მოვკლა ხმალდახმალ, გამცვალეთ თათრის ქალზედა.
გოხგავლებული ფრანგული კაბას რა კარგად სჭრისაო,
სისხლისა ნაგუბარზედა ფეხი რა ძრიელ სცურავსო,
ელთვეს და ჩალთვეს თათრები, წითელ ჩადიოდ წყალიო.
ალვანში ციხეს აგებენ ხოჯა თათრისა ძვლისაო,
ლიბოდ უგდებდენ მალასა, ნაწვრეთის ფრანგულისაო,
დააგდებინეს ალვანი თუშთ არის საკუთარიო,
ჯერ ღმერთი, მერე ბატონი, სხვა არვინ გყავს მცილავია,
ვინც ალვანს უარესობდეს, ცოლმა შემოხსნას ხმალია.
საყურადღებოა, რომ თუშები ფშავ-ხევსურებთან ერთად თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძეს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაშიც მონაწილეობას იღებდნენ და 1657 წელს მოსკოვში თავიანთ წარმომადგენლებს, ხევისბერებსაც კი გზავნიან და ალექსი მიხეილის ძეს ქვეშევრდომობასა და მფარველობას სთხოვენ. ჩვენ აქ მოვიყვანთ ამ 1657 წლის დიპლომატიური წერილის ტექსტს:
„ქ. დიდო და ყოვლის მპყრობელო ბატონო, დიდო მეფევ და ყოველთ ქრისტიანეთ ხელმწიფევ, ალექსი მიხაილის შვილო! ყოვლისა მპყრობელო! შენის ბრძანებითა ჩვენს დედოფალსა და ბატონის შვილსა კაცი ებოძა, და ჩვენი ქვეყნის კაცი დაებარებინა, რომე ჩვენც ამ დიდის ხელმწიფის ხელთა ვართო, და თქვენც ამისი ყმანი შეიქენითო და თქვენც ამას დაუკარით თავიო, აწე… ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფეც თქვენა… არის და ჩვენც თუშეთის და ხევსურეთის და ფშავის ქვეყანათა, სამთავ ქრისტიანთ ქვეყანასა პირობა გვიქნია და ზურგი მოგვიბამს ერთმანეთისათვინ და ელჩები გამოგვიგზავნია, ხევის ბერი სოზამე მაქსიმიჩი, და გრიგოლ სილორიჩ, და პავლე ივანიჩ და შენი ყმანი შევქნილვართ და თავი დაგვიკარგავს, როგორც თქვენი ბრძანება იქნება, ჩვენ იმისი მქნელნი ვართ: ჩვენა ერთი ღმერთი ვიცით და მეორე ხელმწიფე თეიმურაზ. ჩვენ მაგარს ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენც არც შემოგვიშვია ყაენის კაცი, და სადაც მოგვიხელებია, მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია: აწე დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფე ყაენმა წაახდინა, და ზურგი აღარსაით გვქონდა, და კაცი მოგვსვლიყო; აწე მოგვივიდა შენი ბრძანებაცა და ჩვენის დედოფალის კაციცა, და თქვენი ბრძანება გაგვითავებია, და შენ შემოგხვეწნივართ, და შენთვის თავი დაგვიკარგავს. გვიმსახურე და გვალაშქრე, ამ დღეშიოთ შენი ყმანი შევქნილვართ“.
ასეთივე ხასიათის წერილი გაუგზავნეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა მოსკოვის მეფეს ალექსი მიხეილის ძეს 1658 წელსაც:
„დიდო და ყოვლისმპყრობელო და ყოვლის-მპყრობელო ხელმწიფევ, ყოველი ქრისტიანეთ რჯულისა დამამტკიცებელო, სრულებ საქრისტიანოს საჭეთმპყრობელო და ყოველთ ურჯულოთ გამაქარვებელო, დიდის მოსკოვის ტახტზე მჯდომელო და სრულ საქრისტიანოს ზურგო და სიქადულო, დიდებულო ხელმწიფევ, ღვთივ გვირგვინოსანო, მეფეთ მეფევ, დიდო მეფევ, ბატონო ალექსი მიხაილის შვილო: თქვენმა მონდობილმა ქვეყანამა თუშეთმა, ხევსურმა და ფშავმა სრულ ერთობილთა თავი დაგვიკრავს და თქვენს ნადგომს მიწას ვმთხვევნივართ: აგრევე ამას წინათაც, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გაახელით და სრულად ერთობილთა თავი დაგიკარით და ასრე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ერთი ღმერთი ვიცით და მეორე საქართველოს ხელმწიფე, მეფე თეიმურაზ, და ჩვენ სხვას ურჯულოს კაცის ხელ-ქვეით არა ვყოფილვართ, თუ არ ქრისტიანს ხელმწიფის ყმანი ვყოფილვართ და გვიმსახურებია და ახლა, ჩვენს ხელმწიფესა ურჯულომ ყეენმა დასძლივა და რადგან ჩვენი ხელმწიფე თქვენ ხელთ ქვეშ არის, დიდო ხელმწიფე, ჩვენც თქვენს ხელთ ქვეშ შევიქნებით და არც უსიკვდილოდ ურჯულოს კაცის ყმობა არ შეგვიძლიან, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის. და ახლა, მაღალო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები რომ გამობრუნებულ იყო, და ჩვენი ბატონის რძლის კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და თერგზე რომ მოსულ იყუნეს, ჩვენი ხელმწიფე წინ შემოჰყროდა, და ერთი ჩვენი ელჩი იქ დაეჭირა და ორი კიდევ გამოუშო და ერთი თავისი კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და ასრე ებრძანა ჩვენს ხელმწიფესა ჩვენთვის, რომე ერთი ღმერთი იცოდეთო, და მეორე, ეს დიდ ხელმწიფეო. როგორც ამისმა ბრძანებამ დაგარიგოსთ, ისრე ქენითო, და სხვას კაცისათვის არამც თავი მოგიდრეკიათო, და ან სხვა კაცი თქვენსქვეყანაში შემოგიშვიათო. მოვიდა ჩვენი ელჩებიც და ჩვენის ხელმწიფის გამოგზავნილი კაციცა, და ჩვენთვის მრავალი წყალობა გებრძანებინა და მაგათი ბედნიერი ხელი დაუღებია, ასრე გებრძანა: ჩემი ყმანი შეიქენითო და მემსახურეთო და ვისაც გამტერო, უმტერეთო, თუ რამ დაგჭირდეს, შემატყობინეთო და ლაშქარს მოგაშველებო, და თუ ჩემი ლაშქარი გამოუძახო, ან ლეკზედა ან სხვაგნით, თქვენ მზას იყვენითო, რა ხან ჩემი ბძანება მოგივიდეს, შეიყარენით და ჩემს ლაშქარში გაერივენითო და მილაშქრეთო და სხვა მრავალი წყალობა გებრძანა ჩვენთვინა: ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირის სანაცვლონი გვამყოფოს, და მაგათი დღე ერთი ათასად იქნას: ჩვენ არა ღირს ვიყვენით, რომ ბედნიერს ხელმწიფეს ჩვენთვინ წყალობა ექნა: ეხლა კიდევ ელჩები ვაახელით დიდს ხელმწიფესა რვა კაცი: ნაუმ ივანეს შვილი, პეტრო ნაუმის შვილი, ალექსანდრე აბრამის შვილი, მიხაილ გრიგოლის შვილი, გრიგოლ მიხაილის შვილი, ივანე ივანეს შვილი, სვიმონ ზაქარიას შვილი, კუზმა სვიმონის შვილი გამოგვიგზავნია და შვევიტყვეთ, რომ ჩვენი ხელმწიფე თქვენთან წამოსულა და როგორაც თქვენი ბრძანება გამოვა, ისრე ვიქთ, და ისრე გემსახურებით“ (16)
რასაკვირველია, თუშ-ფშავ-ხევსურების ეს დიპლომატიური მიმოწერა მოსკოვის მეფესთან ნაკარნახევი იყო კახეთის მეფის თეიმურაზ I მიერ, რომელიც ისტორიული უკუღმართობის ორომტრიალში იყო ჩავარდნილი. შაჰ-აბასისაგან დევნილი თეიმურაზი ცდილობდა, მოსკოვის მეფის დახმარებით, კახეთიდან სპარსელები განედევნა და თავისი ტახტი აღედგინა. ამისათვის მას უნდოდა თუშ-ფშავ ხევსურეთი, სადაც ის ხშირად თავს აფარებდა, დიპლომატიური ენით აემეტყველებინა.
მაგრამ სპარსელებისა და ლეკებისაგან არც თუშებს ჰქონდათ მოსვენება. ლეკები იტაცებდნენ თუშების სარჩო-საბადებელს, საქონელს და ტყვეებად ადამიანებიც მიჰყავდათ, რომელთა დასახსნელად დიდ გამოსასყიდს მოითხოვდნენ. თუშური ხალხური პოეზია სავსეა ამ ლეკური ტყვეობის გოდებით. ამის შესახებ ქართულ მატიანეშიც მოიპოვება მოკლე ცნობები: „ჩამოვიდა კახეთში დიდი ჯარი ლეკის, მიუხდნენ თუშეთს, ბევრი ავნეს. ჩამოვიდა ამბავი, მოახსენა ბატონს, მაშინვე წაბრძანდა კახი ბატონი კახეთს, მიეშველა თუშეთს“ (17).
რასაკვირველია, არც თუშები ისხდნენ გულხელდაკრეფილი და ლეკებს სამაგიეროსაც უხდიდნენ. დავით III (იმამ-ყული-ხანი – 1703–1722) დროს, მემატიანის ცნობით, დროებით მშვიდობიანობა ჩამოვარდნილა კახეთსა და ლეკებს შორის, მაგრამ ეს ზავი თუშებს თურმე დაურღვევიათ: „ხოლო კახთა და ლეკთა ზავთა შორის წარვიდენ თუშნი, მოსრნეს რაოდენიცა ჰპოვეს ლეკნი და მწყემსნი და წარმოიღეს არვე დიდძალი, ეწივნენ ჭარელნიცა, არამედ მოსრნეს თუშთავე და აოტნეს იგინიცა და მოვიდნენ მშვიდობით. ამისთვის მოგზავნეს ჭარელთა: „არის მშვიდობა ჩვენ შორის, რად ჰყვეს თუშთა ესე“. განრისხდა იმამ-ყული-ხანი და ბრძანა მიცემა მონაღებისა. ხოლო თუშთა არა ინებეს. კვალად წავიდა მოურავი მათი და არც მას უსმინეს. ამხედრდა თვით იმამ-ყული-ხანი და მივიდა და უბრძანა ცემა თოფთა, არამედ მათ რა იხილეს იმამ-ყული-ხანი, შეაქციეს ზურგი და დასდგნენ უსაჭურვლონი, და მსროლელთაცა არღარა თუ იკადრეს მიხედვად. ამისთვის შეიწყალა მეფემან და არღარა მოსრნა, გარნა წარუხვნა ნატყვენავი და მისცა ლეკთა არვითურთ“ (ვახუშტი, საქ. ცხოვ. გვ. 206).
ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი საუკუნის მიწურულში ლეკების თარეშმა საშიში და მწვავე ხასიათი მიიღო და თუშეთის პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორც დაღესტნის მოსაზღვრე პროვინციისა, გაორკეცდა. თეიმურაზ II (1744–1762) და ერეკლე II (1744–1798) განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ თუშ-ფშავ ხევსურებს და მათგან ჰქმნიდნენ საიმედო და თავდადებულ რაზმებს, რომლებსაც პირველ ყოვლისა, ევალებოდათ ლეკებისაგან კახეთის ჩრდილოეთი საზღვრის დაცვა. და როდესაც ლეკების თარეშის ასალაგმავად ერეკლე II მორიგი ლაშქრობა განაღინა, მან ამ ბეგრისაგან თუშ-ფშავ-ხევსურნი გაათავისუფლა (18), რადგანაც ესენი ლეკების საზღვრების სადარაჯოზე მუდამ შეიარაღებულნი იდგნენ.
ამას გარდა, თეიმურაზ II და ერეკლე II ხშირად იხიზნებოდნენ თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ცხოვრობდნენ იქ და მათში ერთგვარი პატივი და სიყვარული ჰქონდათ მოპოვებული, ამიტომ მეფის სასახლის ამალაში თუშ-ფშავ ხევსურნიც ერივნენ. ერეკლე II-ზე თუშებში დღესაცაა შემორჩენილი მოგონებები. სხვათა შორის, ასეთი გადმოცემაც არსებობს: ერთი თუში თურმე მდგარა ერეკლეს სასახლის სადარაჯოზე; მას ღამის წყვდიადში სასახლეში შემავალი ერეკლე ვერ უცვნია და დაუძახია, ეი, ვინა ხარ? მეფეს ხმა არ გაუცია. თუში მივარდნილა და გაურტყამს. ამაზე გაბრაზებულ მეფეს დაუყვირია, რას სჩადიხარ, შე ბრიყვო, მეფეს რათა სცემ? თუში შემკრთალა და მის წინ მუხლი მოუყრია. ერეკლეს ის წამოუყენებია, მხარზე ხელი გადაუსვამს და უთქვამს: ყოჩაღ, თუშო, რომ ასე ერთგულად ყარაულობ ჩემს სასახლესო.
თუშების ასეთი ერთგულების სტიმული პოლიტიკურ-ეკონომიური ხასიათისა იყო. ერეკლეში ისინი ხედავდნენ ლეკებისაგან მფარველ ძალას. ამასთანავე, თუშების ცხვრის ზამთრისსაძოვართა ბატონ-პატრონი მეფე იყო. ამიტომ თუშებს მეფესთან საფერაო საქმე ჰქონდათ და მას ერთგულად იცავდნენ. ერეკლე II თუშებში ეძებდა ერთგულ და საიმედო ძალას, რომელიც არ იყო მოშხამული მონურ-ბატონყმული და მოღალატური სულისკვეთებით, რაც ახასიათებდა იმ დროის ბარის საქართველოს ბატონყმურ საზოგადოებას.
ამასთანავე, თუშების ცხვარი მეფის ხაზინას საგრძნობ შემოსავალს აძლევდა. ამ მხრივ რომ ხელისუფლების დაინტერესება დიდი ყოფილა, ამას მოწმობს თუშებისადმი მცემული 1757 წლის სიგელი (19), რომელსაც ხელს აწერენ მეფეთა მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე.
ამ 1757 წლის სიგელით ეს მეფეები სამემკვიდრეოდ და მუდმივ მფლობელობაში აძლევენ თუშებს „ალონს“ ან ალვანის მინდორს: „... არც ჩვენ და არც შვილმან ჩვენმან იქ (ალვანში) სოფელი არც დაასახლონ და არც ავაშენოთ ჩვენ და არც ალონის ადგილი და მიწა გავცეთ… თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის ამ რიგად გვიბოძებია… არ მოგეშალოსთ ჩვენგან და არც სხვათა ჩვენთა შემდეგთა მეფეთა და მეპატრონეთაგან… თქვენ როგორც ძველთაგან ან საბალახე და საფოთლე გერთმეოდესთ და საკომლო, ისე გამოგერთმეოდესთ. ამ რიგად ეს წყალობა გვიქნია, საცა ალონის ადგილში სოფელი არ ყოფილიყოს და დღეს არც ჩვენ და არც შვილმან ჩვენმან იქ სოფელი არც დაასახლოს და არც ავაშენოთ ჩვენ და არც ალონის ადგილი და მიწა გავცეთ. თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის იმ რიგად გვიბიძებია ჩვენად ერთგულობისათვის და სამსახურისათვის სამკვიდროდ. ასე გიბოძეთ რაგვარადაც ამ სიგელში დაგვიწერია. არ მოგეშალოსთ ჩვენგან და არც სხვათა ჩვენთანა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან“.
ამგვარად, ირკვევა, რომ ალონის ველზე, რომელიც თუშებს ჯერ კიდევ ლევან II დაუთმო ზამთრის საძოვრად, სოფლები შენდებოდა და ამით ვიწროვდებოდა საძოვრის ფართობი. ეს კი საფრთხეს უმზადებდა თუშეთის მეცხვარეობის განვითარებას და ამიტომ მისი ხრული დასაკუთრებისთვის საჭირო იყო მეფის ბრძანება და სიგელი, რომელიც 1757 წელს თუშებს უკვე ებოძათ.
სამაგიეროდ, თუშებს მეფის ხაზინაში შეჰქონდათ საბალახო და საკომლო გადასახადი და თავის ხმლითაც მეფეებს ერთგვარად ემსახურებოდნენ. მაგრამ 1757 წლის სიგელმა თუშებსა და მეზობლებს შორის (ბახტრიონელები, ფშაველები და ლალისყურელები) შუღლი დაბადა. ეს სოფლები ალვანის მინდორზე ხვნა-თესვას ეწეოდნენ და 1757 წლის სიგელით თუშებმა მათ ეს აუკრძალეს. ამას მოჰყვა ორივე მოწინააღმდეგე მხარის ერთმანეთზე მტრული გადაკიდება, მიხტომა, საქონლის მოტაცება, ქურდობა და სხვა. ხელისუფლება იძულებული გახდა საქმეში ჩარეულიყო და 1781 წელს ერეკლემ ბრძანება გასცა თუშთა მოურავის სახელზე, რომელსაც საქმის მოსაგვარებლად აძლევს სათანადო დარიგება-განმარტებებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუშები ფშავ-ხევსურებთან ერთად შეადგენდნენ მეფის ძლიერ და საიმედო რაზმებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ერეკლეს სხვადასხვა ბრძოლაში. სამწუხაროდ, ქართველ მემატიანეს ამის შესახებ ჩვენთვის ცნობები არ შემოუნახავს, მაგრამ ზეპირსიტყვაობაში ის დღემდეა დაცული, ამ შემთხვევაში ქართველი მემატიანე დუმს. იგი ვაჟკაცობას უქებს მაღალ და გაბატონებულ წოდებას და მდაბიო და ხალხის გმირობაზე სრულიად დუმს.
ამ მხრივ საყურადღებოა ასპინძის ომი (1770 წ.), სადაც ხევსურებთან ერთად თუშებიც იბრძოდნენ. თუშებში გმირობის სახელი მოუხვეჭიათ კოხიო ბობღიაშვილს, ნაკუდა ქუძეშვილს, დილოიძეს და სხვა. ამაზეა ნათქვამი ეს ლექსი:
თვალიც უჭირავს ქვეყანას, კოხიო გაირჯებაო,
დიდის ბატონის ჯარშიდა წინ ვერვინ დაუდგებაო,
ბატონის თვალი წყალობდა, ბატონს არ მოუკვდებაო.
ნაკუდა ქუიძეშვილი რა კანჯარივით ხტებაო,
შვიდი აკაფა ხმალდახმალ, რიგი ხანჯალზედ დგებაო (20).
ასპინძიდან გამარჯვებულ ჯარს წალკის სერზე შეუსვენია. ერეკლეს აქ უხმია დილოძე და უთქვამს: „ჩემო თუშო, გულადობისთვის აი ეს ხეობა შენთვის მიჩუქნია“. დილოიძეს წალკის ბოძებაზე უარი უთქვამს და მის ნაცვლად ერეკლესათვის ხევსურის ხმალი უთხოვია. მეფეს ხევსურისათვის ხმლის წონა ოქრო მიუცია და ის დილოიძისათვის უფეშქანია (21). 1785 წელს კახეთში გაილაშქრა ავარიის ცნობილმა თმარ-ხანმა, რომელმაც 11 000-იანი ჯარით გადმოლახა ალაზანი და უშიშრად დაიწყო კახეთში თარეში. ერეკლე იძულებული იყო, ომარ-ხანისთვის 10.000 მანეთი ჯამაგირი ეძლია.
ამ ომარ-ხანის რისხვა თუშებსაც არ ასცდენია. მისი ჯარი ნუცალის წინამძღოლობით თუშეთს შესევია და ხარკიც დაუდვია. მაგრამ ნუცალი ამასაც არ დაჯერებულა და თუშეთის შემოსამტკიცებლად მისი გამაჰმადიანება განუზრახავს. ნუცალისათვის თუშებს მიუგზავნიათ საპატიო მოხუცი ანთა დევდრისი და მოფიქრებისათვის დრო უთხოვიათ. ამავე დროს თუშებს მხედრები უფრენიათ ლევან ბატონიშვილთან და დახმარება უთხოვიათ. მეფის ჯარიც გადმოსულა ღამით და გირევის ღელეზე დაბანაკებულა. ნუცალს თურმე სინათლე შეუნიშნავს, მაგრამ ანთას დაურწმუნებია, ეს მეცხვარეთა ბანაკიდანააო. ნუცალი მაინც შიშობდა და, რომ დარწმუნებულიყო მის გულწრფელობაში, ცხენის ხორცის შეჭმა უბრძანებია. ანათამ ეს ბრძანება შეასრულა. ამ დროს ნუცალის ბანაკს თავს ესხმის მეფის ჯარი და ანადგურებს. ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია:
ქაჩუსა თავსა გადმოდის დიდი ნუცალის ჯარია,
ჩამოდგა გირევის ვაკეს, როგორც ნაგუბარ წყალია.
წოვათის დევდრის ანთაი ნუცალს მიუა კარზედა,
წინ დაუდგ ოქროს ტაბაკი, ზედ კვიცის ხორცი აწყვია, 
დანა ზედ უძევს ჯავარი, გიშრისა კარი აგია,
სჭამს და ვერა ძღებოდის, ღვთისგან მოელოდ შველასა.
შეიტყო ითაბანულმა, ლურჯას დააკრა ნალები,
საგათენებლოდ ჩავალის გრემის ბატონის კარზედა:
„ლევანო, ჩვენო ხელმწიფევ, ჩვენა გვიბოძე ყმანია“.
ლევანმა ჯარი შეყარა ათასი მეომარია,
აანთო მაშხალაები, ღამით გაიხნო გზანია,
გარდადის ნაყევეჩოსა, ღმერთო დასწერე ჯვარია.
ითაბანულის ლურჯაი ნაყავეჩს გდია მკვდარია,
გვერდთ უზის თავის პატრონი, დასტირის როგორც ქალია.
ვინ გახვალთ გირევის წყალსა, ვინ გაიმეტებთ თავსაო,
წინ გავიდ გირევის წყალსა ვაჟი ლურჯ პერანგიანი,
იქნებოდ საგინაშვილი, ვისაც ანდერაზ ჰქვიანო,
ჩავიდა, ჩამოერივა სალთხუცის ნარქაფითაო,
ნუცალს ჩაუჭრა კარავი ნაკუდაურის ხმლითაო.
ცოლი ნუცალის ტიროდა: „ნეტარ ნუცალ რა იქნა?“
ნუცალი ანდერაზმ მოკლა, ყორნებს ჩაქონდა მწკალითა“.
ლეკთა სტირიან ქალები, აღარ მოგვივლენ ქმარები,
ცხენებთ რა ვუყოთ ტიალთა, დაწყვიტეს ლაგამთ ტარები,
ზოგთა სთქვეს: „ბაშტეს შევყაროთ, მაგრა დავგულოთ კარები“,
ზოგთა სთქვეს: „მთაზედ გაუშოთ, თავზე წავყაროთ ლაგმები“,
ზოგთა სთქვეს: „უკუღმ შევკაზმოთ, ზედ თავათ შევსხდეთ ქალები,
გავიდეთ თუშისკენ, იქავ იქავ შევირთოთ ქმარები“.
საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და თვითმპყრობელობის ჩვენში დამყარების პირველ პერიოდში, იმპერიალისტური რუსეთი შეუდგა კავკასიის დაპყრობის საქმეს, რომელშიაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი თავადების დიდი ნაწილი. ამან გააღრმავა კავკასიაში მობინადრე ტომების საქართველოსადმი მტრული განწყობილება, განსაკუთრებით ლეკებ-ჩაჩან-ინგუშებში, რომლებიც გააფთრებით ებრძოდნენ თვითმპყრობელურ რუსეთს და კავკასიის ისტორიაში გმირობის სახელი მოიხვეჭეს. ამან უფრო გაართულა თუშეთის მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ თუშეთის პოზიცია ამ შემთხვევაში ლეკ-ჩაჩნ-ინგუშებისთვის გარკვეული იყო, მათ მოწინააღმდეგე ბანაკში იყო მოქცეული.
ამიტომაც ლეკების თავდასხმას ჩაჩან-ინგუშთა შემოსევა და თუშეთის აკლება დაემატა. ახლა თუშეთს ამ ფრონტზედაც უხდებოდა თავდაცვითი ბრძოლის წარმოება.
ამ მხრივ საყურადღებოა ქისტის ბელადის მურთაზის შემოსევა და ფარსმის ციხის გარემოცვა. ხალხური გამოცემით, ჩაჩან-ინგუშთა ნაიბს – მურთაზს დიდი ლაშქარი წამოუსხამს, რომლის აღრიცხვა მას გასჭირვებია. ანგარიშისთვის, მურთაზის ბრძანებით, მოლაშქრეებს თითო ქვა აუღიათ და ერთ ადგილზე დაუყრიათ, რომლისგან მთელი გორა დამდგარა.
მურთაზი ზარბაზანით გამოსულა და მისდგომია ფარსმის ციხეს. ციხეში თუშები გამაგრებულან და ვერაფერი დაუკლია. მაშინ მურთაზს ციხის სანგლით აფეთქება უბრძანებია. თუშებს ეს დროზე გაუგიათ და ერთ თუშის ქალს, კახოს თინას თავისი მანდილი ერბოში ამოუვლია, სანგალში გადაუგდია და ის აუფეთქებია. ამ თინას გმირობაზე ასეთი ლექსია გამოთქმული:
ფარსმის ბრძოლისა ციხეო, შიშით გაქანებს ქარიო,
შიგ სხედან თუშის შვილები, თოფთ პირებს ასდის ალიო.
თინაო, ღმერთმა გაცხონოს, სული ხომ ლაღად არიო,
თმას შემაიხვი მანდილი, წელს შემაირტყი ხმალიო.
გეერეოდი ლაშქარში, ჩალად დაყარე მკვდარიო,
უკან გამოგყვა მეკოპარ – ფარსმან ნარჩევნი ყმანია,
გაჰკვირვებოდა დღესტნელებს თინას ნაომარიო,
ან მკლავი როგორ უძლებდა ან სამღარიანი ხმალიო.
იქით გაიქცა მურთაზი, გადაირია მთანიო,
ქაჩუის ღელეს ჩასტირის, როგორც თმიანი ქალიო.
წინ ცოლი შემოეგება თურეშაულთი ქალიო.
– მურთაზ, რად გამოქცეულხარ, რად შეგვირცხვინე გვარიო?
– თუშთ გამიწყვიტეს ლაშქარი, მოველი სირცხვილიანი.
– სირცხვილიანის მოსვლასა სიკვდილ სჯობს ნამუსიანი.
ჩქარა თავიანთი დროშებით ხევსურებიც გამოჩენილან და ხევსურეთის კოპალეს მიჰგებებია ფარსმის წმ. გიორგი. ამტყდარა ჭექა ქუხილიც:
ცა  ჭეხდეს, ქუხდეს, წმ. გიორგი იქნება.
ნოგიროს წვერზე დაბრძანდა გიორგი დობილიანი,
მთის ძირში შემოეგება კოპალე ბოვრაყიანი.
მტერს შიშის ზარი დასცემია და ძლეული მურთაზი გაქცეულა. ბრძოლის ეს ეპიზოდი ასეა გალექსილი:
ქაჩუსა ძირსა შემოვიდ მურთაზ დიდითა ჯარითა,
ფარსმისა თავსა გადმოდგა დაფიან-ზარბაზნიანი,
ფარსმის ვაკეში ჩამოდგა ალმიან-დროშიანია.
ფარსმას ვერ გასტეხ, მურთაზო, ქევხაი ნაქსოვიანი,
რკინის ვერ დაღლეწ კარებსა, კოპალე დიჩინიანი.
ფარსმაში კოხტა ციხეებს შენ ვერ დაუღებ კარებსა,
შიგნით ვერ გამორეკავდი ლამაზ-ლამაზსა ქალებსა.
შიგა ზის ალოს ალუდა, ქორი აფეთებს თვალებსა,
უკანვე დაგაბრუნებსა, მტირალს გაგზავნის შინათა,
ხირიმებს არც კი გაკადრებს, მაჟრებით შეგიჯერებსა,
ტყვია-წამალი ბევრი აქვს, ასი ოსმალოს ტოლია.
უკან გამოგყვა მეკოპარ-ფარსმან ნარჩევნი ყმანია,
შემოგაბრუნებს პირ-აღმა, გატირეს, როგორც ქალია.
მთას გადატირის მურთაზი, ფარსმაში დამარცხებული,
ჯარ თუშებს გავაწყვეტინე, დაღესტანს შემრცხვენდებაო.
გზათ დედა მოგეგებების, მურთაზ, რა უყავ ჯარიო?
ჯერ თუშებს გააწყვეტინე, შინ მოხველ სირცხვილიანი.
მურთაზისათვის თუშებს წაურთმევიათ ზარბაზანი, რომელიც დღეს ინახება სოფ. ჭეშოში და აქვს ასეთი არაბული წარწერა: „ამალი აჰმად“ (აჰმადის საქმე ან ნაკეთები). უკან გაბრუნებისას დამარცხებულ მურთაზს, ლაშქრის დანაკლისის გამოსარკვევად, უბრძანებია სააღრიცხვოდ დაყრილი ქვის სათითაოდ აკრება. ქვის ერთი მესამედი ქაჩუს გადასავალზე დღესაცაა დარჩენილი და მას მურთაზის გოხს (ქვას) ეძახიან.
არც საისტორიო წყაროებიდან და არც ხალხური გადმოცემებიდან არა ჩანს, რომ თუშებს მონაწილეობა მიეღოთ მთიულების ამბოხებაში და აგრეთვე ალექსანდრე ბატონიშვილის შეთქმულებაში რუსეთის წინააღმდეგ. მართალია, ალექსანდრე სპარსეთიდან თუშებსაც მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასეთ ბარათსაც კი უგზავნიდა: „ქ. ჩვენ მაგიერად ერთობლივ თუშთ ასე ეუწყოსთ, მემრე ჩვენი ამბავი ესრეთ იუწყეთ. ჩვენს მოწყალეს ხელმწიფეს, როდესაც ვიახლეთდა ჩვენი საჩივარი მოვახსენეთ, ხელმწიფეს მაშინვე თვისის ურიცხვის მოწყალებით მთელს ერანში ბრძანებები გასცა და საქართველოში წამობრძანების თადარიგში შევიდა. სხვა რიგათაც მრავალი წყალობები მოიღო ჩვენზედა და ჩვენთან მყოფს თავადებზედა თეთრით ხალათებით, ცხენებით, იარაღებით თუ სხვა წყალობებით. ასეთი წყალობები მოიღო ჩვენზედ და ასეთი პატივი მოგვცა, რომ არა ერანის ხელმწიფეს ჩვენთა მამაპაპაზედ ამისთანა წყალობა არ მოუღია და არც ამისთანა პატივი მიუღიათ და არც სხვას დროს სხვას ხელმწიფისაგან თავადებს ამისთანა წყალობა არ მიუღიათ, როგორითაც ჩვენთან მყოფთ წყალობები მიიღეს. ყოველის ადგილებიდან ორმოცის დღის ნავროზს წინათ ჯარები მოიყვანეს და ჯარების სანი ნახა ხელმწიფემ და თავის უფროს აბაზ-მირზას დიდროვანი ჯარები უბოძა და ჩვენც თანგვაახლა და მარტის ოცდარვას თერანიდან გამოვედით და მანდეთკენ წამოვედით, ჩვიდმეტს დღეს უკან თითონ ხელმწიფეც დიდროვანის თავისის ზღვისებრის ჯარებით მანდეთკენ წამობრძანდება. ჩვენ ამას გწერთ, რომ რადგანაც ხელმწიფემ ურიცხვი მოწყალება მოიღო და ჩვენის ოჯახის ამამგდებლების მანდედამ გაყრა (იგულისხმება რუსები) ინება, თქვენ არამც და არამც ასეთი საქმე ჰქნათ, რომ დიდებულის ხელმწიფის რისხვა თქვენს თავზედა მოაწიოთ და საქართველოს წახდენის მიზეზი შეიქნათ და ან თქვენი ცოლი და შვილი დაატყვეოთ. ათას სამასი წელიწადი არის, რომ ჩვენი ოჯახი საქართველოს მეფენი ყოფილან და ერანის ხელმწიფის ყმანი. თქვენს მამათა და პაპათ ყოველთვის ჩვენის ოჯახისათვინ და ჩვენის მამაპაპათ წინ სისხლი დაუღვრიათ თქვენს მამაპაპას. თქვენ ასეთი საქმე არა ქნათ, რომ თქვენი ოჯახიც დაღუპოთ და თქვენი ნამსახურობაც და სისხლის დაღვრაც ჩატაროთ. ესენი ლეკები ხომ არ არიან. ხუთი ათასი კაცი არარი ათი ათასი და ოცი ათასი ყანდაარი და ყანდარ ზევით მთელი ერანი მანდ მოდის. ღმერთმა ხომ იცის, რომ ან უნდა მანდ ამოწყდნენ და ან მანდედან რუსები გარეკონ. თქვენ ახლავ ყველანი ჩვენთან წამოდით და წინ მოგვეგებენით ორპირად. მოდის ჯარები, ერთ ჯარში ყეენი ბრძანდება და მეორეს ჯარში შაჰზადა.
ერთი ყარაბაღის გზაზედ მოვა და ერთი გოგჩაზედ. ჩვენც იმ დროს ან ყეენთან ვიქნებით და ან შაჰზადასთან, რომელიც გზა გეახლოვდებოდესთ და ამჯობინოთ, იმ გზაზედ წამოდით და წინ მოგვეგებენით. ხემწიფის ფარვანიც მოგივათ ხათრიჯამობისა და დრო ეს არის. წამოდით, ხელმწიფის წყალობაც დიდი დაგემართებათ, რა როგორადაც რომ თქვენი მამაპაპანი ერთგულნი ყოფილან, უმეტესად ერთგულად თქვენ აღმოჩნდებით. თუ ამ ჩვენს რჩევას დაიჯერებთ და მოხვალთ, ხომ კარგია, თუ არადა თქვენ იცით. ღმერთმან ხომ იცის, რაც ამ წიგნში მოგვიწერია, სწორე და ჭეშმარიტია. ყოველივე თითო ამის პირი ქართლსა და კახეთში ყველასათვის მიგვიწერია და ჩვენი ვალი აგვიხდია. და ახლა თქვენ იცით. მარტის „ვ“ (6) ქრ-კს „უჟბ“ (492 = 1804 წ. აზის ბეჭედი. ალექსანდრე).
მეფის ძე თეიმურაზ სიყვარულით მოგიკითხათ. თუ ჩვენსა ანბავს იკითხავთ, ჩვენც ამათს უმაღლესობას ბიძა ჩვენსა ვახლავართ და ხემწიფისაგანა ასეთი მოწყალება მოადგა ბიძა ჩვენსა, რომ არას ჩვენს მამაპაპას ხემწიფის ასეთი წყალობა არ მისდგომიათ. ახლა თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ, ახლავ ამათს უმაღლესობას იახელით, ღმერთმან ხომ იცის, ხელმწიფისაგანაც და მამის ჩვენისაგანაც დიდი წყალობა დაგემართებათ და თუ ამ ჩვენს რჩევასა არ დაიჯერებთ და არ მოხვალთ, საუკუნოთ თქვენს ოჯახს დააქცევთ და ახლა თქვენ იცით“. (აზის ბეჭედი. ქ. მეფის ძე თეიმურაზ.).
ეტყობა თუშებს არ ჰქონიათ ალექსანდრეს გამარჯვების იმედი და ამ ავანტურისგან თავი შეუკავებიათ.
სამაგიეროდ, თუშები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ დაღესტნის დაპყრობისა და შამილის დატყვევების საქმეში. შამილს ღრმა კვალი გაუვლია თუშეთის ისტორიულ წარსულზე, რაც აღბეჭდილია თუშურ ხალხურ საგმირო ლექსებსა და მოგონებებში. აქ დღესაც  არიან შამილის მომსწრე მოხუცები, რომლებსაც მისი ტყვეობაც კი უგემიათ. ამიტომ შამილის ხსოვნა და მისი გმირული მოღვაწეობა ხალხში ჯერ არ გამქრალა და მის სახელს თუშები მუდამ ქებით იხსენიებენ.
თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ხანებში შამილი თუშეთთან მეგობრული დამოკიდებულების დამყარებას ცდილობდა და ამ მიზნით თუშებთან კაბუჭის მთაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებასაც თურმე აწარმოებდა. მაგრამ მათ შორის  შეთანხმება შეთანხმება არ მომხდარა.
მაშინ შამილს თუშეთის დასარბევად გაუგზავნია ხათილ მუხამა, რომელიც თავისი ლაშქრით ხისოს ლაცას მთაზე დაბანაკებულია. აქედან ხათილ მუხამას რაზმის ერთი ნაწილი სოფ. ხისოსკენ გაუგზავნია, მეორე კი ქუმელაურთაში. ამ ორ სოფელს მიშველებია პირიქითა და გომეწრის თემის სოფლები, მტერზე იერიში მიუტანიათ და დამარცხებული ხათილ მუხამა დიდის ზარალით უკანვე გაბრუნებულა.
ამ გამარჯვებისთვის მეფის მთავრობას თუშები სამი წლით გადასახადისაგან გაუთავისუფლებია და ამაზეა ეს ლექსიც გამოთქმული:
ერთხელ თურმე იმამ შამლის მუქარა სთხოვეს პირათა:
შენ მგონია დაიკვეხნე, თუშეთს წავალ საომრათა,
თუ მოხვალ, კი გიმასპინძლებთ თუშები ვაჟკაცურადა,
თუ გახსომს ფარსმის თაობა, ან თუ იცნობდი მურთაზსა,
შენცა ეგრე გიმასპინძლებთ, ისრე გაგგზავნით მტირალსა.
ლაცას რომ დავეჯახენით მაღლა ხისოსა მთაზედა,
სამოცი ლეკი მოგიკალთ, ხმალნი გილეწენთ თავზედა,
ჩვენის თოფების ნაბეჭდით სისხლი აწვიმეთ გზაზედა,
ჩვენმა მთავრობამ შეიტყო, წიგნი დასწერა წამზედა,
ფოშტის ფული გვაპატია სამ წელიწადი კვამლზედა.
მაგრამ თუშების ამ გამარჯვებას  ჩქარა მოჰყოლია ლეკების უფრო დიდი ჯარის თავდასხმა და ალდამის მიერ 1838 წელს სოფ. დიკლოსა და შენაქოს აკლება. ალდამი 10000 ჯარით პირველად დაღესტნის მოსაზღვრე სოფ. დიკლოს შესევია და ეს სოფელი გაუნადგურებია. აქ მოვიყვანთ ამ ბრძოლის გალექსილ მატიანეს:
ყური მომიგდეთ, მსმენელნო, ლექსად გეტყვით ყველაფერსა,
უწინ ჩვენ მამაპაპანი სისხლით რწყავდეს მთის კალთებსა,
მტერსა მტრულად უხვდებოდეს, ხმლით იცავდენ ჩვენს საზღვრებსა,
დაღესტნის იმამს უთვლიდეს: „მოდით, გელოდებით ჩვენცა,
თუ მოხვალთ, კი გიმასპინძლებთ, სისხლსა გასმევთ თქვენვე თქვენსა,
თქვენ მოსოქელებს გვეძახით, ქართველები-ჩვენ თუშებსა“.
ეგ რომ გაიგო შამილმა, თავსა თვსა გაიქნევსა:
„ეს როგორი ამბავია, ეუბნება ნაიბებსა,
„რატომ წმინდათ არ გაჟღმენტავთ მაგ მამაძაღლსა თუშებსა“.
შამილსა ჰყავს ერთი ლეკი, ცოტას ეტყვის, ბევრს ითქმევსა:
„ჩვენ თუშებს როგორ გავჟღმეტთ, გმირთა ლომსებრ მეომრებსა,
მათში ერთხელ ჯარათ გახლდით მოგვაფარეს სულ გოხებსა,
ტყვიას ხო არ გვაკმარებდეს, ელვა იდგა მათი ხმლისა.
თან დიაცნი დაჰკიოდნენ, ხელთ იხვევდნენ მანდილებსა:
– დახოცეთ, ნუღარ გაუშვებთ ჭაჭანებას მაგათ ძისა!
ბულათ ხანმა ბაგვაზელმა ყველა პირათმოახსენა:
„თუშებს ვერავინ ვერ დაიჭერს, ვერცა სხვა და ვერცა ჩვენა.
ერთხელ რომ ჯარათ გამგზავნე, ჯარიც მომე ყველა მხრისა,
ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები ამ შენ ნაქებ დაღესტნისა.
თუშურ მთებს რომ გადავდექით, მიწა გვექცეოდა ძირსა,
ერთ ალაგას დავბანაკდით, ჯარი სჭამდა ტკბილათ პურსა,
ზაქარ, ეგა ჰავარელი, ფიქრთ გართული რათმე ზისა,
უთხარ: „ზაქარ, რათა ფიქრობ, რაზე იყურები ძირსა?“
ამოიოხრა და მითხრა ნიშანია ფინთი მხრისა.
გაიხედა, დაინახა, ვინმე იჯდა კლდისა ძირსა,
მითხრა: „ნეტავ ის ვინ არი, თუ მზირია ჩვენი გზისა“
უთხარ: „მწყემსი ვინმე არი, დაღალული ჩრდილში ზისა“.
თურმე ჩვენი მზვერავია, ოთხი კაციც გვერდს უსხედსა.
ხუთმა სროლა აგვიტეხეს, ტყვია მოდის სეტყვასვითა,
ხუთმა თერთმეტი მოგვიკლა, იარაღი ვყარეთ ძირსა,
თურმე თუშებში წესია შერიგებას ნიშნავს ისა.
ახლა შორით დაგვიძახეს: „ჩვენ ხომ კიდევ ომი გვინდა.
იარაღი ხელთ აიღეთ, ახლა პირი ვცადოთ ხმლისა“.
„იარაღს თავი ვანებეთ, ბილიკი ვნახეთ ტყისა.
ჯერ ტყეზე ვისირბილევით, მემრე გზებზე მაღალ მთისა“.
ჯაჰი მურიმ ხუნზახელმა ყველა უთხრა იმამს პირსა:
„მე იმათში ვერ გადავალ, არც ბილიკი ვიცი მთისა,
ალდამს ჰკითხეთ დიდოელსა, იმან იცის იმათ მხრისა,
ის არი მათში ნავალი, რა წესი აქვთ თუშის შვილთა“.
ალდამს უთხრეს: „აბა გვითხარ, რა წესი აქვთ თუშთა შვილთა?“
ალდამ უთხრა: „მე ვყოფილვარ, დღენი იყვნეს ახალ წლისა,
პური, ალუდი, არაყი მეტად მიმღებნი სტუმრისა
ცალი მხრივ ვაჟკაცნი ისხდნენ, ლუდსა სვამდნენ ჯიხვის რქითა,
სადღეგრძელოსაც მოსთქმიდენ მტრის მებრძოლი ვაჟკაცისას.
ცალი მხრით დიაცნი ისხდნენ, ღმერთსა სთხოვდნენ მანდილ ხდითა:
„ღმერთო, უშველე თუშებსა, დაღესტნის იმამი ძირსა!“
ლუდისა მწდენი ქალები წვრილს ხმითა მღეროდიან,
და სიმღერაში მოსთქმიდნენ: „მტრის გამქცევსა არა ვსტირთა,
ჩვენ ყმა იგეთაი მოგვწონს, ვინცმტერს თავს აჭრიდეს ხმლითა,
მტრის მარჯვენებს მოიტანს ლაღი მოყმე კალთებითა,
მიაკრავს ციხის კედელზე, მუდამა ვხედოთ თვალითა“.
მიდგა და მოდგა იმამი, გუნებაში დაფიქრდისა:
„მოდი, იქ ჯარი გავგზავნო, როს დღენია ახალ წლისა.“
ალდამს უთხრა: „შენც წახველი, ჯარიც მოგცეთ დაღესტნისა,
ალდამ უთხრა: „მე კი წავალ, თუ დავბრუნდი ძვირფას ღირსა“.
ალდამი ჯარს გამოუძღვა, ჯარიც მოსდევს დაღესტნისა,
პირველად დიკლოს დაეცნეს, ორღობეა ჩვენ საზღვრისა.
სიტყვობდეს დიკლოელები: „რისხვა დაგვეყარა ცისა,
დაღისტნის ჯარი დაგვეცა, აწ ჩვენ მანსპინძლობა გვინდა.
თუშეთზე ნუ ვათარაშებთ, სირცხვილია ჩვენთვის ესა,
აქვე ჩვენ გაუმასპინძლდეთ, ვაჭამოთ სისხლის პურია,
თითომ თორმეტი მოუკლათ, მაშნ შენდობა გვეთქმისა“.
დიკლოში დიდი ომია და გრიალი თოფებისა,
თოფი ჭეხს, ტყენი უხმობენ, დამღერიან ბუჩქნი ტყისა.
გიოი მოზაიძეი ბექურიძეს ეძახდისა:
„ბერო, ბერო, როგორა ხარ, ხმაი მომდის შენ თოფისა“!
ბერომ წყრომით დაუძახა: „გაჯავრებულ ვარ მე დღესა,
გუშინ თერთმეტი მოვკალი, შვიდის მეტი ვერა დღესა“.
ახლა გიომ დაუძახა: „მაშ სახელი შენ დაგრჩესა“.
მე თორმეტისა მეტი ვერა და თოფიცა ახლა გამწყდა,
თოფი განზე გადააგდო, ხმალზე გაიკრავდა ხელსა,
ხმალდახმალ გამოუარდა, ორსავ თავი მოაჭრისა,
ახლა შორით თოფი დაჰკრეს, ლომი გიოც დეეცისა.
მისცვივდნენ და ხანჯლით სჭრიან: „შენგნით ბევრის დედა სტირსა“.
ომობდა ოსორაული, ვაჟი არ ზოგავს თავსაო,
ჯერ ხო თოფითაც ეომა, მემრ ხელი გაჰკრა ხმალსაო,
ხმალდახმალ გამოუვარდა, უწყალოდ სჭრიდა თავსაო.
ერთსა ლეკსა ხელი სტაცა: „მოდ, ძმობილო, შენ აქაო“.
შინათკენ მიარბენინებს, როგორც რომ ლომი ცხვარსაო.
შინ შეიყვანა ციხეში, მიუსვა სათოფარსაო:
„ლეკო, ესროლე ლეკებსა, თორო მოგაჭრი თავსაო“.
ლეკი ესროდა ლეკებსა, ცრემლები თვალთა ზდისაო,
„ოღონდ ნუ მომკლამ, თისოჯან, კიდევაც ვესვრი სხვასაო.
თისომა ხმალი შემოჰკრა, თავი მოშორდა ტანსაო,
შენ ცოცხალს ვინღა გაგიშობს, შენ ურჯულოსა ძაღლსაო“.
ნეტავი მოყმე ვინ ომობს, კოშკების მოდის ძგერაო,
თუშეთზე ვერ ითარეშებთ, აქვე გეყოფით ჩვენაო,
მასპინძლობასაც გაგიწევთ, სისხლის პურს გაჭმევთ თქვენაო“.
უჯბახიშვილიც ომობდა, მოყმე ლაღ თექიანიო,
ქურაზიშვილიც ომობდა, მათზე სულ ბრაზიანიო.
უზომოთ ლეკთა ხოცვიდეს, ეზონ აქვ სისხლიანიო.
სიტყვობდა ვარდიძის შვილი: დაჰკართ ვინც ხართ გულოვანი,
უწინ ჩვენ მამაპაპანი ყოფილან სახელოვანი.
აწ ჩვენც მათ გავედარნეთ, ნუ მოვკვდებით სირცხვილიანი!
ზემო უბანში ომია, თოფების მოდის გრიალი,
ნოჯარივით მკვდარი ჰყარეს, ლეკები გულშხამიანი,
ერთმანეთს ეუბნებიან: „ვაჟკაცობის ეს დრო არი;
რაც სოფელში ჯარი გვიდგა, დღეს მეთვრამეტე დღე არი“.
აბულ მოტყუვდა, მიენდო ლეკსა ვერცხლითა ძმობილსა,
ადგა და მათთან მივიდა ძმობილისა იმედითა.
ყველანი ფეხზე აუდგეს ჩვენებური მოგვივიდა,
იარაღი ჩამოართვეს, ჩვენთან შიში შენ არ გინდა,
გარშემო შემოეხვივნეს, ვისაც რომ მის ჯავრი სჭირდა,
ჰკითხვენ: „რამდენ მოგვიკალი“, ასე ეტყვის: ვინ გასთვლისა,
კოშკს გარშემო ბევრი ჰყრია თქვენისთანა ძაღლივითა.
მათ ჟიყჟიყი გააბევრეს, აბულ იცის, ტაც მათ უნდა,
უთხრა: „თქვენი ნება არის, მე მოვტყუვდი სირეგვნითა,
იარაღი ჩაგაბარეთ, ხელში დაგრჩით ქალივითა“.
მალვით თოკი მოიტანეს, გაახვიეს ქამანდითა;
ხელფეხი მაგრა შეუკრეს, დააწვინეს ხარივითა,
უწყალოთ ყელი გამოსჭრეს, გაიბერტყა ვეფხვივითა.
ალდამ უთხრა: „ეგ აკმარეთ, ნუღარ დასჭრით ხანჯლებითა,
ეგებ ბეროც მოვიყვანოთ ამისთანა თათბირითა“.
ალდამი ბეროს ეძახის: „ბერო, შენა ხარ ჭკვიანი,
კაცო, მოდი და შევრიგდეთ, ნუ ხარ სულ ხმალსისხლიანი,
ნუც გვხოცავთ, ნურც იხოცებით, კმარა ამდენი ზიანი“.
ბერომან ხმალი უელა: „არ მინდა შენი თქმანიო,
ამის წინაც არა მსურდეს ჩემი ძმების მომკლავნიო,
აწაც ისევე ბერო ვარ, რაც გინდოდეს ის ქენიო,
სოფელი შენ აგვიოხრე, ეს საქმე სულ შენ ქენიო
ახალ წლის დღეს შემოგვლახე, გაგვიმწარე სასმელიო,
უკაცობას დაგვიხედი, აქ არ გვყვანან მოძმენიო,
თექვსმეტი გეომებოდეთ, ვართ ორნიღა დამრჩალნიო.
ჩვენ თქვენ ხელად არ გამოვალთ, ხვთის ფიცი გვაქ ნათქვამიო,
ჩვენი ქართული ეს არის, რაც გინდა, ისა ქენიო“.
ალდამმა თავი დაღუნა, გულში იფიქრა ბევრიო,
დიდი შეშა ააგროვა, თორმეტ საჟენზე ბევრიო,
ციხეს გარშემო მიჰყარა, ცეცხლი მოადგა ცეცხლიო,
ციხის სათოფერებს ცეცხლი სცემს, მაღლა ავარდა ბოლიო,
ვეღარ ომობენ გმირები, შიგადან მეომრებიო,
ბერომ ხმალს უთხრა: „ტიალო, დღეს მოგვესწრაფა დღენიო,
ცეცხლისა ალით თვალ გვეწვის, ვერ გაჭრევინე მტერიო“.
კარში გამოდგა ბეროი, თვალის სინათლით ბნელიო,
ჯარმა ერთბაშ თოფ ისროლა, ალდამმა სთქვა: „აწ ვმღერიო,
გმირი ბერო რა მოვკალით, მთლად ჩვენ დაგვრჩა სოფელიო,
სავაჟეთი დავხოცენით, გამორეკეთ ქალ-რძლებიო“.
ღვთისოი ბექურიძეი მობრუნდა სათოფურთანა,
სათოფურებთან ცეცხლი სცემს, ვეღარ ომობდა ლეკთანა,
მობრუნდა გულბრაზიანი: „ბერო, მეც მოვალ შენთანა“.
დაი მუხლთა მოეხვია: „ძმაო, მომკალით თქვენთანა.
ვერ ვივლი საბუსრმანოში, ძმებო, თქვენს დამხოცვებთანა“.
– დაო, მამეცა იქითა, შე რაზე მოგკლავ ჩემთანა,
შენ რომ მოგკლა, დაო ჩემო, როგორ წავიდე ღმერთსთანა“.
ახლა ცოლმაც დაიკივლა: „მენაც მომკალით თქვენთანა!
თოფ-ხმალსა ხელი უტაცეს: „ორნივ დაგვხოცე ერთადა“.
იელა თისოს ხანჯალმა, დაი დეეცა ძმასთანა,
თვალცრემლიანი დაჰყურებს, ცოლ მიეფარა ბნელათა.
ნინო, შენ სად გაიქეც, აქ ახლოს მოდი ჩემთანა,
ღვიძლი დაი რომ მოვკალი, შენ ვინ გატარებს ლეკთანა.
იელა თისოს ხანჯალმა, ცოლიც მიაგდო დასთანა,
ახლა ლეკმა თოფი დაჰკრა თისოს მარჯვენა ბეჭთანა.
სამნივ ერთად დაიხოცნეს და მტერს მაინც არ დანებდნენ.
დიკლოჩი ქალნი ატირდეს, მოსთქვამდეს ცრემლთა ფრქვევითა:
ავაჰმე, ძმანო, დაღლილნო დიდისა ხნისა ბრძოლითა,
დღე და ღამ დაუძინარნო კოშკს სათოფრებთან ცქერითა,
პირშამურულნი წამლისგან, თოფის უწყვეტი სროლითა,
პურუჭმელებო, მშივრებო, წყურვილით პირგამომშრალნია.
თუშნო, რად არ გვიშველეთა, დღენი შეგვექმნეს შავადა,
ძმები გვერდით დაგვიხოცეს, ტბები გვიბრუნეს სისხლისა.
მივყევართ საბუსურმანოში, აწ ტყვე ვართ დაღესტანისა,
უკან დიდი ჯარი მოგვდევს, წინ ალდამი მიგვიძღვისა,
მობრუნდებ ხმალსა გვიღერს, თქვენივ დიდი ჯავრი მჭირსა,
დაჭრილი მყავს უთვალავი, შვიდოცი ხომ მანდ დამრჩა,
რით გადვიდე დაღესტანში, ან იმამს რა მოვახსენო.
ბაგვაზში ქალი ატირდა, ამბავი რომ უთხრეს ქმრისა,
შენი ქმარი დიკლოს მოკლეს, თუშმა თავი მოაჭრისა.
ქალმა სთქვა ასტამფირილა: „ნეტავ ვინ იყო ისა,
ჩემ ხალითაც რომ შაბედა, ვისა ჰქონდა გული ქვისა,
ან ხმალმან როგორ გაუჭრა ჩემ ხალითას თავი კლდისა.
აკი გითხარ, ხალითო, დადექ, ნუ წახვალ იქაო,
შენ ბაირაღი რა უყავ, ნეტარ ვის დარჩა ისაო,
რატომ არ გამომიგზავნეს, ნაჭერია ჩემი ქმრისა.
ნეტავ თუშნი რა ხალხია, რომ ამდენი დედა სტირსა,
ბევრი გულად ყმისა ცოლი დაღისტანსა ცრემლით სწვიმსა“.
თისო ბელადიშვილი, 71 წლისა. სოფ. დიკლო. 1931 წ.
დიკლოდან ალდამი სოფ. შენაქოში გადასულა, მაგრამ აქ დახვედრია თუშ-ფშავ-ხევსურეთის შეერთებული ჯარი და დამარცხებულა. ალდამი უკანვე გაქცეულა (22). ლეკებისაგან თავმობეზრებული თუშები მაინც იძულებული გამხდარან, შამილისათვის კომლზე ათი შაური ხარკი ეძლიათ.
შამილთან უკანასკნელ ბრძოლებში თავისი გმირობით თუშებში ცნობილია შეთე გულუხაიძე, რომელიც მონაწილეობას იღებდა 1852 წელს დიდოელების დამსჯელი რუსის ჯარის ექსპედიციაში. შეთესთან თურმე მისი სამი ვაჟიც იბრძოდა. უფროსი ვაჟი სასიკვდილოდ დაჭრილა. შეთე დაჭრილთან მისულა და უთქვამს, ვაჟკაცი შვილი მყოლიხარო. დაჭრილი ჩქარა გარდაცვლილა. შეთე მისულა ცხედართან და ზურგზე ხანჯლის წვერით 75 ნიშანი დაუსვამს, შემდეგ ცხედარი 75 ნაწილად აუკუწია და ნათესავებისთვის გაუგზავნია ნიშნად იმისა, რომ თითოეულ მათგანს ლეკებზე შური ეძია და მტრის მოკვეთილი მარჯვენა მისთვის მიეტანა. ერთი თვის შემდეგ მას მართლაც მიუღია 75 ლეკის მარჯვენა. თვითონაც 15 დაუმატებია და ამგვარად შვილის სისხლი აუღია 90 ლეკის დახოცვით (23). 
იმპერიალისტური რუსეთისა და დაღესტან-ჩაჩნეთის ბრძოლის ეს ეპოპეა 1859 წელს გუნიბის აღებით და შამილის დატყვევებით დამთავრდა. ამასთან, ბოლო მოეღო თუშ-ლეკების ერთმანეთის დალაშქვრას და ორივენი მონარქიის უხეში ბატონობის ქვეშ მოექცნენ. ამ დროიდან იწყება თუშეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა.
 რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმის დამყარებასთან ერთად თუშებშიც იჭრება სავაჭრო კაპიტალი, რომელსაც აქ იზიდავდა თუშური ცხვარი და მატყლის დიდი მარაგი. დატრიალდა ჩარჩული კაპიტალი და თუშებშიც ჩქარა დაადგნენ კაპიტალისტურ გზას. აქ თანდათანობით წარმოიშვნენ მსხვილი მეცხვარეები, რომლებიც თავიანთ ფარას ათასობით თვლიდნენ. ამ მსხვილ მესაკუთრეთა ხელში მოექცა საკმაო კაპიტალი და ცხვარ-მატყლის  დიდი მარაგიც, რასაც მოჰყვა თემური თუშეთის საზოგადოებრიობის დაშლა, ახალი სოციალური გადაჯგუფება და კლასობრივი ურთიერთობის დამყარება.
ამგვარად, XIX საუკუნეში თუშეთის თემობრიობა იშლება, გაბატონდა მონარქიის უხეში ძალა და საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში მსხვილ მესაკუთრეთა მცირე ჯგუფი. ოქტომბრის რევოლუციამ თუშეთის მშრომელი მოსახლეობა გაათავისუფლა გაბატონებული კლასებისგან და განახლებული თუშეთი დღეს ჩაბმულია სოციალისტურ მშენებლობაში.
შენიშვნები
1. აღმოჩენილი ნივთები დაცულია საქ. მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში (იხ. Колекции Кавказского музея, Тиф. 1902, გვ. 40-41, NN 976-982).
2. Клавдий Птоломей, Географическое руководство. Положение Азиатской Сарматии, кн. V. VIII (В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе, т. გვ. 239). 
3. თვით სახელწოდება „თუშ“ ან „თოშ“-ის განმარტებაც ძნელია. თუშები თავიანთ თავს თუშებს უწოდებდნენ. ყველა ქართველ ტომშიც ეს სახელია გავრცელებული. ლეკები თუშებს „მოსექ“-ებს ეძახდნენ, ქისტები კი - „ბაცუოი“-ს. თუშების თქმით, სახელი თუში მათ ლეკებმა უწოდეს და წარმომდგარია სიტყვა „დუშთ“-იდან, ნიშნავს დუშმანოს. შესაძლებელია, ამ სახელს კავშირი ჰქონდეს ქისტურ წარმართულ ღვთაება „თუშოლ“-თან, რომელიც ნაყოფიერების ღვთაებად ითვლებოდა და მას ჩაჩნეთ-ინგუშეთის თემები თაყვანს სცემდნენ (Б. К. Далгат, Первобытная религия чеченцев, Владикавказ, 1893 г. გვ. 61).
4. ქართლის ცხოვრება, მაგრამ დედოფლისეული ვარიანტი, ტფილისი, 1906 წ. გვ. 107.
5. Проф. Ю. Готье, Хозарская держава и ее культура, Железный век в Восточной Европе, Москва, 1930 г. გვ. 70 
6. ჯოყოლა იყო ქისტების მამაცი წინამძღოლი და რუსების მტერი. ჯოყოლას ბელადობით ქისტები ეცემოდნენ თუშებს და ცხვარ-საქონელს სტაცებდნენ. 1851 წ. ჯოყოლა თუშთ მოურავის ივ. ცისკარიშვილის შუამდგომლობით ურიგდება რუსის ხელისუფლებას და მის ქვეშევრდომობასაც იღებს. ჯოყოლა სახლდება პანკისის ხეობაში და იგი ხელს უწყობს ქისტების აქ გადმოსახლებას. ამის აღსანიშნავად ამ სოფელსაც ჯოყოლო ეწოდა. შემდეგ ჯოყოლა ჩაჩანში დაიჭირეს და მას შამილის შვილის ყაზი მაჰამას ბრძანებით, როგორც მოღალატეს, თავი მოჰკვეთეს.
7. A. Schiefner. Versuch uber die Thush-sprache oder die Khistische Mundart in Thuschetien (Зап. Имп. Акад. Наук, сер. VI, т. IX, 1856); Проф. Н. Яковлев, Языки и народы Кавказа, Тифлис, 1931 г. გვ. 20-21. 
8. სოფ. წაროში არქეოლოგიურ გამოკვლევას 1912 წელს აწარმოებდა ნ. მოლჩანოვი. წარო წოვების ნასოფლარია, დღეს იგი ნანგრევს წარმოადგენს. აქ დაცულია რამდენიმე მიწის ზემო ნაგები აკლდამები. ზოგიერთში მიცვალებულის დასასვენებელი ქვის ტახტებიც არის გამართული. მოლჩანოვის აღწერით, აკლდამები გაძარცული ყოფილა, ნივთები მიცვალებულის ნეშტში არეული, ამიტომ კულტურული ფენების გარკვევა და დადგენა შეუძლებელი გამხდარა. აკლდამებში ნაპოვნია ბრინჯაოს და რკინის სამკაულები. საყურადღებოა ორნამენტიანი სარკეები და ბრინჯაოს საყურე. კოლექცია დაცულია საქართველოს მუზეუმში (NN 92-12/1-57)
თუ ჩვენ წაროში აღმოჩენილ ამ ნივთებს შევადარებთ ჩრდილო კავკასიაში, სახელდობრ, დერგავსისა და კომუნტის არქეოლოგიურ აღმოჩენებს (იხ. Уварова, Материалы по археол. Кавказа, т. VIII, გვ. 105, 292), რომელიც დათარიღებულია VIII-IX საუკუნეებით, მათ შორის საგულისხმო მსგავსება არსებობს.
9. Р. Эристов, О Тушино-Пшаво-Хевсурском округе (Зап. Кавк. Отд ИРГ о-ва, Тиф, 1855 г, გვ. 80-81); И. Цискаров, Картина Тушетин, газ. Кавказ, 1846 г. N 50.
10. Ч. Ахриев, Ингуши (Сбор. Сведения о кавк. Горцах, вып. VIII, Тиф, 1875 г.).
11. ძველი ხუნძახი შეიცავდა დაღესტნის დასავლეთ ნაწილს, რომელშიც შედიოდა დღევანდელი ავარ-ანდო-დიდოელების ტერიტორია.
12. წუქეთი კაკისა და ელისენის მიდამოში იყო, დღევანდელ საინგილოში (ყოფილი ზაქათალის ოლქის, წუხურის უბანში). წუქეთში იჯდა ჩრდილო მთიელების ერისთავი, რომელიც ემორჩილებოდა კახთა მეფეებს (ვახუშტი, გეოგრაფია, გვ. 195).
13. В. Миллер, Археологич. Наблюдения в области Чеченцев (Мат. По археологии Кавказа, вып. 1, Москва, 1888 г. გვ. 8-24); Г. К, Мартиросян, нагорная Ингушетия (Изв. Ингуш. Научно-исслед. Института краеведения, Владик, 1928, გვ. 46-48). 
14. ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ტფილისი, 1913 წ., გვ. 151.
15. როდესაც თუშებმა ბახტრიონის ციხეს ალყა შემოარტყეს, საგონებელში ჩავარდნენ, თუ როგორ აეღოთ ეს მაგარი ციხე. მაშინ მეტი საღირაშვილს პალოები დაუთვლია, ციხის კედლებში ჩაურჭვია და ამით პირველად თვითონვე გადასულა ციხის კედელზე. ბახტრიონის აღებაში თუშებს ზეზვა ბელადობდა თურმე და გმირობით თავი უსახელია (ა. ხახანაშვილი, ბახტრიონის აღება, ივერია, 1888 წ., N 220; ურბნელი, ზეზვა და ბახტრიონის ციხე, ივერია, 1888 წ., N228)
16. М. Броссе, Переписка грузинских цфрей с Российскими государями от 1639 по 1770 г. СПБ, 1861 г. გვ. 74-75, 229.
17. საქართველოს ცხოვრება, პაპუნა ორბელიანისა (იხ. ზ. ჭიჭინაძე, საქარ. ცხოვრება, 1923 წ., გვ. 54).
18. Бутков, Материалы для истории Кавказа, Т. I, СПБ. 1869 г. გვ. 288. 
19. ამ სიგელის ტექსტის ნაწყვეტები მოყვანილია დ. ალბანელის წერილში „თუშების ორი გუჯარი“ (იხ. კვალი, 1897 წ., N 50, 51, 52), სადაც ავტორი შენიშნავს, რომ ამ გუჯრების პირები მან იფოვა ტფილისის საგუბერნიო მმართველობის არქივში 1808 წლის საქმეებში. ამ გუჯრების დედნები კი, მისივე განცხადებით, გაუტანიათ თუშებს: ფოცხვერს (ცისკარიშვილი), თათოს და ივანეს. ჩვენ გვინდოდა აღნიშნული გუჯრების პირების გადათვალიერება და ტექსტის აქ მოყვანა, მაგრამ მათი მოძებნა საქართველოს ცენტრარქივში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელი აღმოჩნდა.
20. რ.  ერისთავი, ასპინძის ომი, ტფილისი, 1870 წ., გვ. 15-16; მისივე ქართული სახალხო პოეზია (კრებული, 1880 წ, გვ. 27)
21. ზემო ალვანში მაცნობეს, რომ დილოძის ეს ხმალი გაბო აბაშიძის სახლში ინახებოდა. მე ხმალი გავსინჯე. ხმალი მოხრილა, მას ერთ გვერდზე ახატია პირდაღებული ლომი, მეორეზე კი – ჯვრიანი სფერო. გაბო აბაშიძის თქმით, ამ ხმლის გასასინჯად ხევსურები დღესაც მოდიან, რომ ისინი თურმე ეძებენ დილოძის ამ ხმალს და დიდ საფასურსაც იძლევიან. ხევსურები ხმალს რომ სინჯავენ, მის სინამდვილეში ეჭვობენ, ხმალი თავისი ფორმით და ნაკეთობით არ ჰგავს ხევსურულ ფრანგულას.
22. И. Цискаров, Дикло и Шенако, газ. «Кавказ», 1846 г. N 27. 
23. რ. ერისთავს თავის წერილში «Мои заметки (Кавказ, 1855 г. N 33)» აქვს აღწერილი ალვანში ნათლისმცემლის ხატობაში ამ შეთესთან შეხვედრის შემთხვევა. შეთე თურმე ყურს უგდებდა მეფანდურე ბრმა თუშის სიმღერას. მეფანდურეს ხოტბით უხსენებია თუშეთის ყველა გმირი, მაგრამ შეთეზე არაფერი გამოუთქვამს. შეთეს ეს სწყენია და უთქვამს, მეც ცოტა რამ ვაჟკაცობა ჩამიდენია და ჩემზე კი არაფერი სთქვიო. მეფანდურეს უპასუხნია, თუშებს წესად არ აქვთ გმირის სიცოცხლეში შექება, რომ არავინ იფიქროს, მეფანდურე მოსყიდულია, ეს კი გმირისთვის სირცხვილიაო.

















~

~
 

Комментариев нет:

Отправить комментарий