პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ზეაღმავალი საქართველოსათვის, რომლის საშინაო და საგარეო გეგმები სულ უფრო მზარდი და მრავლისმომცველი იყო, აუცილებელს ხდიდა ლაშქრის გამრავლებისათვის ქმედით, გონივრულ ზრუნვას. სახელმწიფოსა და მისი მეფის მიერ დასახული დიდი ამოცანების გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო ის ღონისძიებები, რაც დავითმა თავისი მეფობის პირველ ეტაპზე სამხედრო საქმის ორგანიზაციის მიზნით გაატარა.
ლაშქრის სიმრავლე განსაკუთრებით საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დავითმა ზედიზედ აიღო მრავალი ციხე-ქალაქი. რა თქმა უნდა გამუდმებულმა ბრძოლებმა ქართული ლაშქარი დაღალა და რიცხობრივადაც შეამცირა. ამასთან მოპოვებული გამარჯვების განმტკიცების მიზნით ლაშქრის ერთი ნაწილი ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად იქნა გამწესებული.
დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქართველოს გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არ იყო საკმარისი ქართული ლაშქარი. „ხედავდა რა მეფე დავით ესე-ოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისა მიერ წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და გამარჯვებათა თვისთა, და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა ქვეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათა-მცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კვლავ თვით მის თანა მყოფად და მოლაშქრედ-მცა კმა ეყვნენ დაუცხრომელად მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ ამისთვის-ცა მოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით, სულისა მიერ წმიდისა, აიღო მაღლად თავი თვისი და მიმოავლო თვალი გონებისა თვისისა და განიცადა კეთილად, განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელიც არა კმა იყვნენ სამეფოსა მისისანი თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა“.
რა მოთხოვნებია დასმული ლაშქრის წინაშე? დავითს ლაშქრის ერთი ნაწილი მის თანამყოფად ესაჭიროებოდა, მეორე დიდი ნაწილი დაუცხრომელად მიმოსვლასა ლაშქრობასა მისცა ზამთარ და ზაფხულ. ე. ი. ეს ლაშქარი ფაქტობრივად მუდმივი იყო, რადგან წლის ყოველ დროს დაუცხრომელ ლაშქრობა ისახავდა მიზნად. მესამე ნაწილი ლაშქრისა როგორც ზემოდაც აღინიშნა აღებული ციხე-ქალაქების დასაკავებლად და შემდგომ შინა მდგომად იყო საჭირო.
ამოცანა დიდი და მნიშვნელოვანი იყო. ლაშქარი რიცხობრივად ისე უნდა გამრავლებულიყო, რომ ქვეყნის ზეაღმავალი ეკონომიკის განვითარება არ უნდა შეწყვეტილიყო. ე. ი. მატერიალური დოვლათის მწარმოებელი მასა არ უნდა მოწყვეტილიყო თავისი ძირითადი სამუშაოდან.
დავითმა და საქართველოს სამეფო კარმა ქვეყნის ფეოდალური ლაშქრის გამრავლება არაქართული წარმოშობის მოლაშქრეთა გადმოსახლების გზით გადაწყვიტა.
საქართველოში უცხოელთა ჯარის მოწვევა არ ყოფილა უჩვეულო მოვლენა. კავკასიის მთიანეთში ან იმიერკავკასიაში ხდებოდა ასეთი ლაშქრის დაქირავება, თანაც გარკვეული პირობით, დათქმულ დროს მტრის წინააღმდეგ ალაშქრებდნენ ხოლმე და მერე ისევ შინ გაისტუმრებდნენ.
XII ს I მეოთხედში როცა საქართველო ესოდენ გაძლიერების გზას ადგა ბუნებრივია დროებითი დაქირავება ჯარისა ვერ დააკმაყოფილებდა ქვეყნის მოთხოვნებს. დღის წესრიგში დგებოდა საჭირო რესურსების გამონახვა და მუდმივი ჯარის შექმნის საკითხი. საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა ყივჩაყთა გადმოსახლებისაკენ აიღეს გეზი.
დავითი როცა რეფორმებს ატარებდა, მათ შორის როცა მუდმივი ლაშქრის შექმნაზე ზრუნავდა დაინტერესებული იყო იმითაც, რომ რაც შეიძლება მეტად შეეზღუდა დიდგვაროვან ფეოდალთა პოლიტიკური უფლებები და გაეძლიერებინა მეფის ხელისუფლება.
უცხოელთა გადმოყვანითა და მუდმივი ჯარის შექმნით მეფე ფეოდალებისაგან სრულიად დამოუკიდებელი ხდებოდა, ამდენად უცხოელთა გადმოსახლების ძირითად მიზეზად უნდა ჩაითვალოს 2 ფაქტორი: ფეოდალური საქართველოს მთავრობის ზრუნვა ეკონომიკური ძლიერების შენარჩუნებისა და შემდგომი აღმავლობისათვის და სამეფო კარის ბრძოლა ძლიერი ფეოდალური მონარქიის შექმნისათვის.
რაც შეეხება დავითის ისტორიკოსის იმ თქმას, რომ „არა იყო ესოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა“, ეს მხოლოდ რეალური სურათის წარმოდგენისათვის არ არის განცხადებული, არ არის გამორიცხული, რომ ვინმე წინ აღუდგა იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ უცხო ეროვნების ხალხის სამუდამო ჩამოსახლებას საქართველოში და სამეფო კარმაც თავისი მოქმედების დასასაბუთებლად მკვეთრად წარმოაჩინა ეს მხარე. დავითის ისტორიკოსმაც რა თქმა უნდა შეიტანა იგი თავის თხზულებაში. ამ თხზულებიდან ჩანს, რომ მაბრალობელნი ყივჩაღთა გადმოყვანაში სამეფო კარის ხარვეზს ხედავდნენ, არასწორად მიაჩნიათ ეს ნაბიჯი.
საკითხი ისმება ასე, რატომ მაინცდამაინც ყივჩაღების გადმოყვანა და მათგან მუდმივი ლაშქრის შექმნა გადაწყდა? ამ კითხვის ახსნა დავითის ყივჩაღებთან მოყვრობით ვერ იქნება მთლად დამაკმაყოფილებელი მეცნიერული თვალსაზრისით. ყივჩაღების ყოფა-ცხოვრებაში საქართველოს მეფემ და სამეფო კარმა შენიშნა ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს სწორედ ყივჩაღებისაკენ გეზის აღება.
ყივჩაღები კავკასიონის ჩრდილოეთით მდ. დონიდან მოკიდებული კასპიის ზღვის ნაპირებამდე ცხოვრობდნენ. ისინი განვითარების დაბალ საფეხურზე იდგნე. მათში XII საუკუნეში ჯერ კიდევ გვაროვნული წყობილება იყო და ტომებად ცხოვრობდნენ. ისინი ცნობილი იყვნენ კარგი საბრძოლო თვისებებით, ამასთან ნების დამყოლნი და უპრეტენზიონი იყვნენ. დავითმაც კარგად უწყოდა კეთილად ყივჩაღთა ნათესავისა სიმრავლე, წყობათა შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირველობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თვისისა.
ყივჩაღებთან მსოფლიოს არაერთი ხალხისა და სახელმწიფოს (ბიზანტია, კიევის რუსეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სხვა) წარსულია დაკავშირებული. ცენტრალური და შუა აზიის ველებიდან მოსულ ამ მომთაბარე ტომებს წილად ხვდათ ტერიტორიულად მოცილებულ სხვადასხვა ხალხებთან ურთიერთობა; ზოგთან მტრული, ზოგთან კეთილმეზობლური. ყივჩაღები თურქული მოდგმისანი იყვნენ. XI ს. მათ ეკავათ დიდი ტერიტორია დნეპრიდან თურანის მთიანეთამდე. ისინი ჩრდ. კავკასიაშიც მრავლად იყვნენ. მათ ორგანიზაციაც შესაბამისი ჰქონდათ, ისინი ურდოებად ცხოვრობდნენ ზამთრობით სადგომებში მდინარეთა პირას.
XI ს. ისინი პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და კლასობრივი საზის შექმნის სტადიაზე იყვნენ. ყივჩაღები სწრაფი და მარჯვე მეომრები იყვნენ, არაერთხელ დასცეს შიშის ზარი აღმ ევროპის ქვეყნებს. მათი ერთი ნაწილი, რომელსაც სივჩანი მეთაურობდა დონს გაღმა გადავიდა, მეორე ნაწილი კი რომელსაც მისი ძმა ოტროკი (ქართული წყაროებით ათრაქა) ედგა სათავეში ჩრდ. კავკასიაში მოვიდა ოსების მეზობლად.
ყივჩაღებსა და ოსებს შორის იმთავითვე იჩინა თავი უთანხმოებამ. ყივჩაღების მეჯოგურმა მეურნეობა შეუთავსებელი იყო ოსთა დაწინაურებულ მიწათმოქმედებასთან. მათ ურთიერთქიშპს თავიდან ალბათ საქართველოს სამეფო კარიც შეუწყობდა ხელს, რადგან ჩრდ. კავკასიაში ახალი მეომარი ტომის გამოჩენა მთელს ამიერკავკასიას შეუქმნიდა საფრთხეს, ოსებს კი მათი შეჩერება კავკასიის ცენტრალური გადასასვლელებისაკენ უფრო ადვილად შეეძლოთ.
სამხრეთ რუსეთის სტეპებში ყივჩაღები პირველად XI ს. შუახანებში გამოჩნდნენ. მათი თავდასხმები რუსებზე ამ საუკუნის 50-80-ან წლებში არც ისე ხშირი იყო და დიდი ზარალიც არ მოჰქონდა.
1091 წელს კი ყივჩაღებმა ბიზანტიის იმპერიასთან, ალექსი კომნინოსთან ერთად შეკავშირებულებმა გაანადგურეს პაჭანიგები და აქედან მოკიდებული მოსვენებას არ აძლევდნენ კიევის რუსეთს.
ყივჩაღთა წინააღმდეგ ძალზედ ქმედითი ზომები ჩაატარა პერეიასლავის, შემდგომში კიევის მთავარმა ვლადიმერ ვსევოლოდის ძე მონომახმა, რომელმაც შეძლო მომთაბარეთა ფაქტობრივი განადგურება, რუსეთის საზღვრების გარეთ განდევნა. ვლადიმერმა ყივჩაღთა წინააღმდეგ რამდენიმე დიდი ლაშქრობა მოაწყო 1103, 1107, 1109, 1111 და 1116 წლებში, რომელთა შემდეგ ოტროკი (ათრაქა) და მასთან ერთად ყივჩაღთა 40000 ოჯახი გადასახლებულან საქართველოში.
როგორც ვხედავთ ყივჩაღთა გადმოსახლებას საქართველოში ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ისინი ძალზედ შევიწროებულნი იყვნენ კიევის მთავრის ვლადიმერ მონომახისაგან და მათ ქმედით წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ.
ყივჩაღთა დაბალი განვითარების საფეხურზე ყოფნა სასარგებლო იყო საქართველოსთვის; აი რატომ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საქართველოს სამეფო კარს გადაწყვეტილი ჰქონდა არა დროებითი დაქირავება ჯარისა (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს დასაქირავებელი ხალხის განვითარების დონეს), არამედ მუდმივი ჯარის შექმნა გადმოსახლებული ხალხის ბაზაზე უნდა მომხდარიყო, ასეთ შემთხვევაში დაბალი განვითარების ხალხის მითუმეტეს ისეთის, რომელიც თითქმის მომთაბარულ ცხოვრებას ეწეოდა, იმიტომ იყო ხელსაყრელი, რომ ეს უკანასკნელი ადვილად შეეგუებოდა ახალ გარემოს, გარდა ამისა, როგორც წესი მოექცეოდნენ მათზე გაცილებით უფრო მაღალი კულტურის მქონე ხალხის – ქართველების გავლენის ქვეშ და თვითონაც გაქართველდებოდნენ. ე. ი. საქართველო მათთვის სამშობლო გახდებოდა და მათი ერთგულებაც ამ ქვეყნისათვის ბრძოლისათვის დიდი იქნებოდა.
საქართველოს სამეფო კარს კარგად უნდა ჰქონოდა გათვალისწინებული ყველა ზემოდ ჩამოთვლილი დეტალი, როცა გეზს ყივჩაღთა გადმოსახლებისაკენ იღებდა, გათვალისწინებული უნდა ჰქონოდა ისიც, რომ ყივჩაღების ერთგულება მხოლოდ 1 ნებისადმი დავითისადმი საკმარისი არ იყო და ამიტომ თავიდანვე იფიქრებდნენ მათ გაქართველებაზე რათა ეს უკანასკნელნი საერთოდ ქვეყნის ერთგულნი ყოფილიყვნენ და არა მხოლოდ მეფისა. ამდენად საქართველოს სამეფო კარის მიერ სწორედ ყივჩაღების გადმოსახლებაზე გეზის აღების მიზეზი მათ კარგ საბრძოლო თვისებებთან, ადვილად დასამჭირვებელსა და ყოვლითურთ მომზავებლებელთან ერთად განვითარების დაბალი დონე იყო, რაც ყივჩაღების უმტკივნეულოდ ჩამოსახლებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას იძლეოდა.
საქართველოს სამეფო კარს ყივჩაღთა თანხმობა გარანტირებული ჰქონდა იმითაც, რომ რუსეთის მთავრობისაგან შევიწროებული და დარბეული თავიანთი საცხოვრებლიდან გამოდევნილი ყივჩაღებისათვის საქართველოში გადმოსახლება შველას უდრიდა.
როგორც დავინახეთ ყივჩაღთა ჩამოსახლება მათგან მუდმივი ლაშქრის შექმნის მიზნით საქართველოს სამეფო კარს ღრმად ჰქონდა აწონ-დაწონილი, რადგან მის გატარება-შესრულებას დიდი წინდახედულება და დაკვირვება სჭირდებოდა.
დავითის ისტორიკოსი მოგვითხრობს: „და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმხნე, სიმსუბუქე და მიმოსლვა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თვისისა. და ამათ თანა უადვილეს იყვნენ მოსლვად მახლობელობითა-ცა და უპოვარებითა, და რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თვისად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა. ამისთვის-ცა წარავლინა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თვისსა.
ხოლო მათ სიხარულით მიითვალეს, ოღონდ ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთვის-ცა ბრძანა მეფემან წასლვა ოვსეთს, და სიტყვასა-ვე თანა წარემართა და თან წაიყვანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობართუხუცესი თვისი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა. შევიდნენ ოვსეთს და მოეგებნენ მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და როგორც მონანი დადგნენ წინაშე მისსა. და აიღეს მძევალნი ორთაგან-ვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ასე ადვილად შეაერთა ორნი-ვე ნათესავნი. და ჰყო შორის მათსა სიყვარული და მშვიდობა როგორც ძმათა. და დაიკავა ციხენი დარიალსა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშვიდობისა ყივჩაყთათვის, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი; და სიმამრი და ცოლის ძმანი თავისი არა ცუდად დაიღალდნენ; არა ცუდ იქმნა გამოყვანა მათი, არამედ მათითა ხელითა მოსრა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა, და მათითა თანადგომითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქვას წაღმართ.
ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათვის; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და იქ დაემარხა. რომელიც იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითა მამა და უმეტეს-ცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმოც დღე, ვიდრემდე იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიხსნა გლოვა“.
გიორგი ჭყონდიდელის გარდაცვალების შემდეგ (1118 წ.) მწიგნობართუხუცესად მეფემ გიორგი ძმისწული სვიმონ ბედიელ-ალავერდელი დანიშნა, რომელსაც 1124 წ. ჭყონდიდლობაც მიუმატეს.
„ხოლო ყივჩაყი დააყენა ადგილთა მათ მარჯვეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულა ცხენებითა და საჭურველითა“. ყივჩაყების ნაწილი დავით აღმაშენებელმა დაასახლა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, თურქ-სელჩუკთა შედეგად დაცარიელებულ შიდა ქართლში, ჩრდილო სომხეთში, ჰერეთში, საქართველოს სასაზღვრო-სანაპირო ზოლში, სადაც მათ მოვალეობას სახელმწიფო საზღვრის გამაგრება შეადგენდა.
„თვით ყივჩაყთა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდნენ დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ასე შემოიკრიბა, და დააწყვნა გვარად-გვარად და დაუდგინა სპასალარნი და მმართებელნი; და ეგრეთ-ვე თვისისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირ-შეუქცეველნი; და საშუალ მათსა თვით იგი უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძველისა ქაიხოსროსთვის მოთხრობილთა, წინა-უძღოდა, და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაღლებოდა, არ-ცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინ-ღა-მცა იყო წინა-მდგომი მისი, და ანუ მიმმართი ომისა მის წინაშე“.
ამდენად საქართველოს სამეფო XII საუკუნის 20-ანი წლებისათვის სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო.
როგორც ზემოთ ვნახეთ ყივჩაღები თავიანთი ოჯახებითურთ იქნენ გადმოსახლებული. ამასთან თითოეული ოჯახის ფეოდალური ვალდებულება იყო თითო მოლაშქრე მუდმივად მიეცა ქვეყნისათვის. ყივჩაღებს მეომრისათვის ყველა საჭირო ატრიბუტთან ერთად მიეცათ მიწა, ბუნებრივია, რომ ამ გზით შექმნილი ჯარი ჩვეულებრივი დაქირავებული გვარდია არ იყო, იგი არსებითად განსხვავდებოდა ისეთი დაქირავებული ჯარისგან როგორიც როქის სპა იყო.
ყივჩაღები უშუალოდ ჩაებნენ ფეოდალური საქართველოს ცხოვრებაში. მათი განსხვავება ქართველი გლეხებისაგან სახელმწიფოსადმი ვალდებულება-დამოკიდებულებაში უნდა გამოხატულიყო, კერძოდ ყივჩაღთა ვალდებულება მხოლოდ სამხედრო სამსახურში უნდა ყოფილიყო, სხვა მხრივ კი ყივჩაღი მოსახლეობა ალბათ თავისუფალი იყო. არ არის გამორიცხული ისიც, რომ სამხედრო სამსახური ბეგარის სახით დაწესებულიყო.
ყივჩაღთა გადმოყვანისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარება დავითმა 1118 წლის II ნახევარში დაიწყო ლორისა და აგარანის აღების შემდეგ და უნდა ვიფიქროთ, რომ 1119 წელს მთლიანად მოაგვარა ეს საქმე დაასრულა ყივჩაღთა ჩამოსახლება.
ამგვარად 1118–19 წლებში ძირითადად გადაწყდა მუდმივი ლაშქრის შექმნის პრობლემა, ამ ლაშქრის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ ყივჩაღები. დავითის ისტორიკოსის მიხედვით ისინი 40000 იყვნენ, მათ გარდა მუდმივ ლაშქარში როგორც დასტურდება ქართველებიც იყვნენ.
ვახუშტის და იოანე ბატონიშვილის მტკიცებით დავითს ჰყავდა 60000-ანი მუდმივი ლაშქარი, აქედან თუკი 40000 ყივჩაყი იყო ბუნებრივია დანარჩენი 20000 ქართველი იქნებოდა. ვახუშტი ამ ლაშქარს მარადის მცველს უწოდებს, იოანე ბატონიშვილი კი აღნიშნავს, რომ დავითს ყოველთვის მზად ჰყვა როჭიკით 60000 მხედარი კაცი.
ნიშანდობლივია, რომ დავითმა მუდმივი ლაშქრის წევრებს წინანდელთან შედარებით განსხვავებული პატივი მიაგო. როგორც ჩანს დავითი ლაშქარს როჭიკით-კვებდა ანუ ჯამაგირით ინახავდა. მან აკრძალა ომების დროს წამოღებული ნადავლის მოლაშქრეთა შორის განაწილება.
როგორც ირკვევა დავითმა საგანგებო გადასახადიც შემოიღო – „საყივჩაღო“, რომელსაც შესაბამისი მოხელეები მესაყივჩაღეები კრეფდნენ. ეს სრულიად კანონზომიერი მოვლენა იქნებოდა. ახლადგადმოსახლებულ ყივჩაყებს ესაჭიროებოდათ გასრულება ცხენებითა და საჭურვლით. ამასთან ყივჩაყთა ლაშქრის შენახვა-გამოკვებაც მნიშვნელოვანი ტვირთი, დამატებითი ეკონომიკური პრობლემა იყო საქართველოსათვის.
საქართველოსა და ყივჩაღებს შორის გარკვეულ დროს კეთილი დამოკიდებულება სუფევდა. ფაქტია, რომ დავითს ყივჩაღთა ერთერთი ტომის ათრაქა შარაღანის ძის ქალი გურანდუხტი ჰყავდა ცოლად და ისიც ფაქტია, რომ ჩამოსახლებული ყივჩაღები კარგად შეეგუენ საქართველოს მოსახლეობას, სწრაფად გაქრისტიანდნენ და გაითქვიფნენ ქართულ მოსახლეობაში, მოხდა ასიმილაცია.
საგულისხმოა, რომ ყივჩაღთა ჩამოსახლებიდან სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ტერმინი ყივჩაღი შეცვალა ტერმინმა ნაყივჩაღარმა. ესეც ასიმილაციის გარკვეული მაუწყებელია.
ამდენად საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოში გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად 1120 წლისათვის შეიქმნა სამოცათასიანი მუდმივი ლაშქარი, რაც უპრეცენდენტო მოვლენა იყო საქართველოს მთელს ისტორიაში. ამას გარდა დავითს ჰყავდა 5000-ანი პირადი „მცველად მისად“ გვარდია, მონა-სპა. ქვეყნის ლაშქრის ერთ ნაწილს შეადგენდნენ სამეფოსა სპანი, რომელნიც მუდმივი ლაშქრისაგან განსხვავებით იყო ქვეყნისგან გამოყვანილი და ერისთავთა თვეში დაწესებული. ამ ლაშქარს შეყრიდნენ დროდადრო, საჭიროების შემთხვევაში, ლაშქრის ეს ნაწილი ავტორიტეტითა და სიმპათიით სარგებლობდა. შემთხვევითი არ არის, რომ ისინი დავითის ისტორიკოსის თხზულებაში წარმოდგენილნი არიან როგორც რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენკეთილნი და პირშეუქცეველნი. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ლაშქარს ემატებოდა „როქის-სპა“ – უცხოელთა დაქირავებული ჯარი.

Комментариев нет:
Отправить комментарий