воскресенье, 1 декабря 2024 г.

იოანე დრასხანაკერტელი (845/50-929) „სომხეთის ისტორია“

იოანე დრასხანაკერტელი იყო სომეხი ისტორიკოსი და სომხეთის კათოლიკოსი 897-929 წლებში. დაიბადა აირარატის მხარის დაბა დრასხანაკერტში. ძირითადი განათლება მიიღო სევანავანქის მონასტერში, მისი ნათესავის, სომხეთის კათალიკოს მაშტოც I ეღივარდეცის (897-898) ხემძღვანელობით. მისი წყალობით გახდა იოანე სომხეთის კათალიკოსად 898 წლიდან 929 წლამდე.
ძველი ამბების მოსათხრობად იოანე იყენებს მოსე ხორენელის, სებეოსის, ღევონდის, შაპუჰ ბაგრატუნის და სხვა უცნობი ისტორიკოსის შრომებს. ამას გარდა რელიგიურ ლიტერატურასაც: „ეპისტოლეთა წიგნს“, „ახალ აღთქმას“ და სომხეთის კათალიკოსთა ჩვენთვის უცნობ არქივებს.
სომხურ-ქართული ურთიერთობის ისტორიის განხილვისას ავტორი იჩენს მიკერძოებას და სომხეთის მეფეებს წარმოადგენს ქართველ-მეფე-მთავართა სენიორად და ზოგჯერ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მფლობელებად.
მისი შრომებიდან ცნობილია „სომეხი მამამთავრების რიგი“ და „სომხეთის ისტორია“, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაასრულა. ბოლო ნაშრომში აღწერილია სომხეთის ისტორია „ქვეყნის დასაბამიდან“ X საუკუნის I მეოთხედამდე. ნაშრომი შეიცავს საინტერესო ცნობებს შუა საუკუნეების სომხეთში კლასთა ბრძოლის, შინაფეოდალური ომების, პოლიტიკური წყობილების, საერთაშორისო ურთიერთობის, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, კულტურისა და, აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.
„სომხეთის ისტორიაში“ ძველი ეპოქის ამბებს 850 წლამდე, თხზულების 1/3 უჭირავს, ხოლო 2/3 მისი თანადროულია. იოანე დიდი სიფრთხილითა და სერიოზულობით ეკიდება სხვათა თხზულებებიდან, თუ ზეპირი გადმოცემების მეშვეობით მოპოვებული მასალის შერჩევასა და გამოყენებას საკუთარი თხზულებისათვის და მის სანდოობასა და უტყუარობასაც ხშირად სავსებით ვერ იღებს საკუთარ თავზე. იგი უმეტესად სომეხი ჭირვარამისა და უბედურების აღწერას ისახავს მიზნად და დანარჩენ ამბებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და მოკლედ გადმოგვცემს.
ამჯერად წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და ორიგინალურ ნაწილს, რომელიც IX საუკუნიდან მოყოლებული იოანეს სიკვდილამდე ამბებს მოიცავს და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ძვირფას ცნობებს მოიცავს, რომელიც თარგმნა და ქართული ტექსტი მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა, ხოლო თანამედროვე გატექსტება და განმარტებები დაურთო უჩა მურღულიამ. ზაფხულისთვის ვეცდები 1-23 თავებიც მოვიტანო, სადაც ამბების უმეტესობა საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოწერილია სხვებისგან, თუმცა არის ისეთი ინფორმაციებიც, რომელიც სხვა წაყაროებმა არ შემოინახა და ამდენად კავკასიის ისტორიოგრაფიისათვის საჭიროა.
სომხეთის ისტორია
24. სოფელ ბაგვანის ეკლესიის ჭურჭლისა და საპატრიარქოს მამულის მიტაცების შესახებ
    ამ დროს ვინმე ოსტიკანი ეზიტი1 ხალიფასაგან სომხეთს იყო გამოგზავნილი. როცა მან ქალაქ ნახიჭევანს მიაღწია, მხარეთ გამგებელნი და მოხელენი გავარებში დაგზავნა. რადგან ბაგრევანის გავარი მათ ჰქონდათ დაპყრობილი, ოსტიკანმა იქ ერთი საპატიოთაგანი გაგზავნა იგი გაემართა წმინდა გრიგორის მონასტრისაკენ, მივიდა სოფელ ბაგვნში და ღამე იქ გაათია. მან იქ იხილა ღვთივნაგები ტაძრის მშვენიერი და ფრიად ლამაზი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სსვადასხვა ფერის სიწმინდის ფარდები, შესამოსელი და მოსასხამები. იგი ბოროტი სიხარბით მოიხიბლა და ცბიერი გონებით ცდილობდა ეპოვნა მიზეზი, რომ ღმრთის ბოძებული მიეტაცა. უხამსი აზრით [შეპყრობილმა] ერთი თავისი უპატიო მსახურთაგანი ფარულად მოახრჩო, ჩააგდო ღამით მღვიმის დიდ ნაპრალში. და შესასვლელი ადგილი დაუხშო, დილით კი, სანამ საქმე გამომჟღავნდებოდა, თვითონ დაუწყო ძებნა ამ მომხრჩვალ კაცს, ყველა წმინდა მოწესე საპყრობილესა და საკნებში შეაყენა, თითქოს ისინი ყოფილიყვნენ მიზეზი მისი მსახურის დაღუპვისა. შემდეგ გაჩხრიკა ძმობის სახლები და სადგომები, წავიდა და გახსნა დახშული ნაპრალი, სადაც მისი მსახური იყო. კაცისმჭამელმა უეცრად ატეხა ყვირილი. წმინდა კაცები სასიკვდილოდ გაწირა, მან სასწრაფოდ შეატყობინა ოსტიკანს ის, რაც არ ენახა, ამრიგად, უბიწო სისხლი სხვებს დაადო კისერზე, ოსტიკანისაგან მან ბრძანება მიიღო, რომ სამსჯავროს ძიების გარეშე ამოეწყვიტა წმინდა კაცები. ურჯულო და ვაების მოყვარე ბოროტმა მტარვალმა მახვილის საზრდოდ აქცია წმინდანთა მთელი გუნდი – 40 კაცზე მეტი. შემდეგ მან მთელი მათი ჭურჭელი მიიტაცა და აივსო თავისი ბოროტი სიხარბე. მრავალთაგან მცირენი გადარჩნენ და გამოვიდნენ ღრმულებიდან. დაბრუნდნენ და ნახეს მრავლის მომსრველი მახვილით გაწყვეტილ წმინდანთა გვამები, ქრისტეს ეკლესია ბნელით მოცული და ამბიონის სამკაულებს მოკლებული. [ამიტომ] მათ სამხიარულო გალობის ნაცვლად საწყალობელი გოდება აღუტევეს, უფრო მეტად იმისათვის, რომ ვერ შეძლეს მათთვის თვალი დაეხუჭათ. მათ ერთ საფლავში მოათავსეს წმინდანები, რომლებმაც ნუგეშის საცემლად უბიწო სისხლი დაღვარეს. ამით მათი სახელები მარტვილებთან ერთად ცხოვრების წიგნში ჩაიწერა.
     იოაბ მამამთავრის აღსრულების შემდეგ სიწმინდის ტახტზე დაადგინეს სოლომონი2. იგი დაბა-ქალაქ გარნიდან იყო. მას სიყრმიდანვე ეტვირთა მოწესეობის უღელი და მაქენოელთა3 დიდ გმობაში მრავალ სამოღვაწეო საქმეებს ეწეოდა. იგი განსწავლული იყო ფილოსოფიაში და კარგად იცოდა. საეკლესიო გალობა. რადგანაც მამათა მამის სოლომონის დროს მაქენოელთა ძმობა ორად იყო გაყოფილი და მამათა მამა მოწესეთ დასის ერთ ნაწილთან ერთად იმყოფებოდა ზრესკში, რომელიც შირაკის გავარშია, სოლომონიც იქ წავიდა და მონაზვნის წესით დაიწყო ცხოვრება სენაკში და და მრავალი ღვაწლი და შრომა იკისრა. როცა ის სენაკიდან გარეთ გამოჰყავდათ და საკათალიკოსო ტახტზე მიჰყავდათ, აზნაურთაგან ზოგიერთები შეეკითხნენ მას: „რადგან მოხუცი ხარ და მოღვაწეობრივი ცხოვრებით უოკვ ძალამიხდილი, რისთვისღა ცდილობ სამამამთავროში მისვლას?“ მან უპასუხა: „მივდივარ, რომ მშეენივროად გამომსახველ მხატვრებს დავეხატვინო სხვა მამამთავრებთან ერთად ეკლესიის კედელზე“-. საქმეც სწორედ ასე აღსრულდა. იცოცხლა არა უმეტეს ერთი წლისა. შემდეგ მიიცვალა ამ სოფლიდან, დაესვენა თავის მამებთან და გამოიხატა კიდეც წმინდა ტაძარში
     მის შემდეგ მამამთავრად დააყენეს გეორგი4 არაგაწოტის გავარიდან. რადგან აგარიანელებმა დაიპყრეს მთელი სომხეთი და ქვეყნის დიდებულნი დაიმცრნენ, ხოლო გადარჩენილები მათი მონობის უღელ ქვეშ მოექცნენ, ამიტომ შემცირდა ამ ისტორიიდან ჩვენი მთავრების შესახებ ამბები, მაგრამ თუ კი აღმოჩნდება რამე, [ყოველივე] საკმარისად გადმოგეცემა მენ ჩემზე უფრო ადრე შაპუჰ ისტორიკოსისაგან.
    შემდეგ მამამთავრად დააყენეს იოსები5 წმინდა გრიგორის მკვიდრთაგან, არაგაწოტის გავარიდან. მის დროს ოსტიკანი, სახელად ხუზიმა6, მოვიდა ქალაქ დვინში და თავისი ხელქვეითნი დაიმორჩილა. მან ნახა საკათალიკოსო სახლის დიდ-დიდი მამულების სიმშვენიერე არტაშატი, კავაკერტი და ჰორომოც მარგი7 თავიანთი სოფლებითურთ, ბოროტი სურვილითა და ეშმაკისეული სიხარბით ითხოვდა იოსებ მამამთავრისაგან, რომ მიეცა მისთვის დიდი მამული, თითქოს გაყიდვის წესით ვერცხლის დიდმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და სრულიად უგულებელყო მისი ბოროტი და უხამსი სიტყვები, ბოღმამორეულმა ოსტიკანმა საპყრობილეში ჩასვა ღმრთის კაცი, შეკრა იგი ჯაჭვით და სცემა, რომ შეეშინებინა, რათა მიეცა მისთვის, რასაც ითხოვდა. მაგრამ მან არაფრად ჩააგდო ზედ მოწეული ტანჯვა და არაფრად ჩათვალა გვემა, [არამედ] პირიქით, მამაცურად ითმენდა [ყოველივეს], გაწირა რა თავი ღმოთისათვის, სანამ ოსტიკანს მამამთავარი ბრალს დასდებდა, მან განძით სავსე სამი გუდა დაადვა თავს თავის მსახურებს. მან ეს საჯაროდ მოიმოქმედა. [შემდეგ] ბრძანა საჯაროდ მიეტანათ მამამთავრისათვის [ეს განძი], შემდეგ კი ფარულად სხვა მხრიდან უკანვე წაეღოთ. ამის შემდეგ ოსტიკანმა ხმა გაავრცელა, რომ მას მამულები მიჰყიდეს. მან ღმრთის კაცი გაათავისუფლა საპყრობილიდან და თავის სახლში დააბრუნა. შემდეგ უკვე [კათალიკოსმა| უშიშრად დიდი ცდა და გარჯა გასწია სამსჯავროში და ძლივს შეძლო მამულების კავაკერტისა და ჰორომოც მარგის უკან დაბრუნება ბოროტი ოსტიკანის ხელთაგან. ამრიგად, უმიზეზოდ ჩამოართვეს მას არტაშატი და შემდეგშიც [ვერ დაიბრუნა|. ბოროტი შურის გამო ოსტიკანი მუდამ მტრულად იყო განწყობილი მამამთავრის მიმართ. მისი ბრძანებით მისმა მსახურებმა შეიპყრეს დიდი იოსების ძმა, იგი მდინარე მეწამორის8 სათავეში მოკლეს და ჩააგდეს ტბაში, რომელიც სათავის ჩრდილოეთ მხარესაა. იოსებ მამამთავარს ეპყრა წინამძღვრობა 11 წელი, შემდეგ კი გარდაიცვალა. მის შემდეგ წმინდა ტახტი დაიკავა დავითმა9, რომელიც მაზაზის გავარის სოფელ კაკალიდან იყო.
1. იაზიდ იბნ უსაიდ ას-სულამი, სომხეთის ოსტიკანი 752-754; 759-770. მანამდე ჯაზირას ამირა.
2. სოლომონ I გარნელი, სომხეთის კათალიკოსი 791-792 წლებში
3. მონასტერი გელარქუნის გავარში სიუნიქის ოლქში.
4. გეორგ I ბიურაკანელი, კაღალიკოსი 792-795 წლებში
5. იოვსეპ II ფარპეცო, კათალიკოსი 795-806 წლებში.
6. ხუზაიმა იბნ ხაზიმ ატ-ტამიმი, სომხეთის ოსტიკანი 803-806/7 წლებში.
7. მდებარეობდნენ აირარატის ვაკეზე მდ. რაზდანის ხეობაში.
8. მეცალიური, დღევ. სევ-ჯური, არაქსის მარცხენა შენაკადი.
9. დავიდ II კაკალელი, კათალიკოსი 806-833 წლებში.
 
25. სომეხთა ტომის გვემის, ამოწყვეტისა და მთავართა  წამების შესახებ
    ამ დროს ვინმე ოსტიკანი, სახელად ჰოლი10, მცირე გუნდით ხალიფასაგან სომხეთს იყო გამოგზავნილი. იგი მოვიდა და დაბანაკდა ქალაქ დვინში. ვინმე სევადა11, წარმოშობით კაისიკიდან, რომელსაც ცოლად ჰყავდა არუსიაკი ბაგრატუნიანთა სახლიდან და ამის გამო ქვეყნის დიდი ნაწილი მიმძლავრებით პქონდა დასაკუთრებული, განუდგა ჰოლს და შურით აღივსო მის მიმართ. მის წინააღმდეგ [სევადამ] დიდძალი ჯარი შეკრიბა. მათთან იყვნენ სომეხთა დიდი სპარაპეტი სმბატი12, სივნიელთა უფალი, და სხვა აზნაურნი: სევდა ცდილობდა ან შეეპყრა პოლი, ანდა მოეკლა, პოლმა დავით მამამთავარი მოციქულად გაუგზავნა სევადას, სმბატ სპარაპეტსა და სივნიელთა უფალს საჰაკს: „რისთვის ხართ ასე გაამაყებულნი და ბედავთ და მღალატობთ მე. თუ არ გსურთ, რომ შემიწყნაროთ მე, მომეცით მაგ ადგილთა გასასვლელები, რომ წავიდე თქვენგან უშიშრად და გაგშორდეთ“. მამამთავარიც ურჩევდა მათ, რომ ასე მოქცეულიყვნენ, [მაგრამ მათ] არ ისურვეს მოსმენა. ამან დაამწუხრა [მამამთავარი] და წავიდა. ხოლო ჰოლმა, როდესაც მიხვდა, რომ მათ ბოროტებას ვერ დააცხრობდა, მარჯვედ შეარჩია 2 ათასამდე გულმაგარი კაცი, შეჭურვა ისინი და სწრაფად გამოვიდა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი ბანაკი იდგა მდინარე ხურასტანის (დღევ. რაზდანი) ნაპირთან, დაბა კავაკერტის პირდაპირ. როდესაც ჰოლმა ძლიერი მარბიელი მიუსია მათ და ერთმანეთს ეკვეთნენ, მათი ჯარი გააქცია ჰოლის ჯარმა.13 მათი დიდძალი სისხლი დაღვარეს და გადათელეს [ისინი]. იქ მოკლეს სივნიელთა უფალი საჰაკი. სმბატ სპარაპეტმა და სევადამ ძლივს დააღწიეს თავი და გაიქცნენ. მათთან ერთად [გაიქცა აგრეთვე] სიკვდილს გადარჩენილი ჯარიც, ისინი გაიფანტნენ და წავიდნენ, ჰოლი კი კვლავ ქალაქ დვინში დაბრუნდა. სივნიელთა უფლის საჰაკის გვამი წაიღო დიდმა მამამთავარმა დავითმა წმინდა საპატრიარქოში და იქ დაკრძალა წმინდა ეკლესიის მახლობლად. საჰაკის შემდეგ მის სამფლობელოს დაეუფლა მისი შვილი გრიგორი14, რომელსაც საალერსოდ სუფანს ეძახდნენ. ამ დროს უკვე მამამთავარმა დაასრულა სიცოცხლე. მას წინამძღვრობა 27 წელს ეპყრა.
            მის შემდეგ მისი ტახტი დაიკავა იოვანემ15, რომელიც იყო კოტაიქის გავარის სოფელ ოვაიდან. მაგრამ მისი ხელდასხმიდან 8 წლის განვლის შემდეგ ვიღაც ცილისმწამებლებმა, რომლებიც იმავე საკათალიკოსოს სახლიდან იყვნენ, ბოროტი ენებით ცილისწამება შეთხზეს წმინდა მამამთავრის იოვანეს შესახებ, ისე როგორც [ჩაიდინეს ეს] ოდესღაც წმინდა ქალწულის შუშანის მიმართ მრისხანე მოხუცებმა, ან ნარკესოსის მიმართ უსამართლო ბოროტმა მოწმეებმა, ან თვით იგივე, ღმრთის სიტყვის მიმართ იუდამ და ურჯულო მღვდელმთავრებმა. მბრძანებელი და სომეხთა მთავართა-მთავარი ბაგარატ ბაგრატუნი16 იმ დროს მასთან აღმოჩნდა, მაშინ ღმრთის კაცის უღირსი და ცუდენა მაგინებლები წავიდნენ და თავიანთი ენები ქვეყანას მოჰფინეს და აძაგებდნენ [კათალიკოსს] მის წინაშე. [ბაგარატი] სატანისებურ ბოროტ მესიტყვეთაგან მოიხიბლა და მათი ბილწი ცილისწამება სიამით მიიღო. ყველას მისწერა წიგნი, რომ განდგომოდნენ აღიარებულ მწყემსმთავრს და განიზრახა თვითონ დაედგინა მამამთავარი. დიდმა კაცმა იოვანემ რომ გაიგო მთავრის სატანისებური წუხილი და რომ იგი შეპყრობილი იყო სულიერი გამგმირავი მახვილით, თვითონვე ადგა და წავიდა წმინდა საჰაკის სადგომში, ქვაბთა მონასტერში. იგი დაეყუდა იქ და სამარადისო ლოცვას მისცა თავი.
    ეს რომ შეიტყვეს დიდმა სპარაპეტმა სმბატმა17, სივნიელთა უფალმა გრიგორმა18 და სომეხთა სხვა ნახარარებმა, ერთად შეკრებილნი წამოვიდნენ და ეპისკოპოსთა კრება მოიწვიეს. მათ დაწვრილებით გამოიძიეს და შეიტყეს რა ბოროტ მაგინებელთა ცუდი და გესლიანი ბაგეების სიცრუე, სიწმინდის ტახტზე ღმრთის კაცი კვლავ დაამტკიცეს.19 ამიერიდან ქრისტეს ეკლესიამ, რომელიც ერთხანს მოკლებული იყო შვენებას, სიძის დევნის გამო, დაიბრუნა სიძე და ხელახლა გაბრწყინდა.
    ბაგრატ მთავარი უფრო მეტად გაბოროტდა იმის გამო, რომ მამამთავრის დამტკიცება მისი ნების გარეშე მოხდა. მან არც შეიწყნარა იგი და ეძებდა მარჯვე დროს, რომ მის ნაცვლად სხვა დაედგინა. ურჯულო ცილისმწამებლები მკაცრი წამებით სრულიად ამოწყვიტა ღმრთის რისხვამ. ზოგი მათგანი მაღალი გამოქვაბულებიდან ძირს ჩაინთქა, კლდეებმა ნაკუწებად აქცია მათი სხეული, ისე რომ ძვლებიც კი არ დაოჩა. ხოლო სხვები მაღალი ერდოებიდან ღამით ძირს ჩაგორდნენ და მათი სხეული დაიჩეჩქვა, დაიმსხვრა და ასე მოისპო. დანარჩენები ღვარის დინებას მიეცნენ ისე, რომ საფლავიც კი არ ეღირსათ. ასე ზეციური ბრძანებით გახდნენ ისინი შურისძიების მსხვერპლი ცუდ ენათა გამო იმათ განსასწავლად, რომლებიც უნდა მოსულიყვნენ, რათა მათ აღარ შეეხოთ ცოდვილი ხელები ღმრთის ცხებულისათვის.
            ამის შემდეგ, ხალიფა ჯაბრის20 მიერ გამოგზავნილი ოსტიკანი სახელად აპუსეთი21, მოვიდა სომხეთში. როცა მოაღწია ტარონის გავარს, მაშინვე შეიპყრო და წააყვანინა ხალიფასთან ბაგრატ მთავარი22, რომელიც წმინდა მამამთავარს უსამართლო [სასჯელს] უმზადებდა. ამრიგად, ბაგარატს შურისძიების სამართლიანი სასჯელი ღირსეულად ერგო. ამ დროს ტავროსის მთის23 მცხოვრებლები თავიანთი მეამბოხე ქცევის შესაბამისად ერთ ადგილას შეიკრიბნენ, ერთი მხედრობა შექმნეს და უეცრად ჯგუფად ზედ მიეტევნენ, მოკლეს აბუსეთ ოსტიკანი და ამით ბაგარატ მთავრისათვის შური იძიეს თავიანთი თავის საზიანოდ24. შემდეგ [აბუსეთის], ჯარის მხედრები გაიფანტნენ და წავიდნენ ხალიფასთან, რომ სამწუხარო ამბავი და საქმის უბედურად [დატრიალება] შეეტყობინებინათ მისთვის.
    ამ დროს სივნიელთა უფალი გრიგორი, რომელსაც მეტსახელად სუფანი ეწოდებოდა, და სისაკანეს ნახაპეტი ბაბგენი ბოროტად აღეგზნენ ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთზე საბრძოლველად მოამზადეს ჯარი, ამის შემდეგ სუფანი მოკლა ბაბგენმა25 და სამფლობელოს მის ნაცვლად დაეუფლა მისი შვილი, ვასაკი, რომელსაც მოფერებით გაბური26 ეწოდებოდა.
    როდესაც ხალიფამ შეიტყო აბუსეთის მოკვლის ამბავი, ჯარი შეკრიბა, რაზმი გააწყო, მეომართა გუნდი გაამზადა, მისცა იგი ხელთ თავის სახლიშვილს, რომელსაც ბუღა27 ერქვა, და სომხეთში გამოგზავნა, მან მტკიცე ბრძანება გასცა, რომ ქვეყნის მთავრები და უფალნი ერთად საკვრელებით შეპყრობილნი და აგრეთვე რამიკთა მხედრობა, რომელსაც შეეძლო ხმლის ტარება და საჭურელის ამოძრავება, მასთან მიეყვანათ, რომ ყველანი ამოეწყვიტა. ხოლო ვინც კი უმჯობესთაგან მაჰმადის რჯულის მსახურებაზე მოიქცეოდა, ისინი თან წაეყვანა. [ბუღა] დიდძალი ჯარით მოვიდა და მოაღწია ტარონის გავარს და როგორც მეხისტეხა თავს დააცხრა ქვეყანას; სწრაფად შეიპყრეს შეპყრობილი ბაგარატის შვილებიც: აშოტი და დავითი. [ისინი] თავიანთ ნათესავებთან ერთად საპყრობილეში ჩასვა, თავისი ჯარი კი მოჰფინა ტავროსის მთის ხევებსა და მთელ გავარს. მთის ღრმა ხევებში მცხოვრებნი, რომლებიც ადრევე შეიპყრეს, მიწაზე დასცეს უწყალო მახვილით. ხოლო გავარის მხედრობაგლეხობამახვილის საზრდოდ აქციეს, სხვები შეიპყრეს და საბლით შეკრულნი მიჰგვარეს მძლავრს [ამირას]. პირმშვენიერნი, სახოვანნი და ფერხორციანნი ხალიფას ბრძანებით სხვათაგან გამოარჩიეს, რომ ისინი თავიანთ ურჯულო რჯულზე მოექციათ სხვათ გადარჩენილების შესახებ ბრძანა, რომ ისინი მახვილით ამოეწყვიტათ. ასე მოვლო მან მრავალი გავარი, მრავალი დღე დაყო იქ, სანამ აშოტ მთავარი და მისი ძმა დავითი და ნათესავებით ხალიფასთან არ გაგზავნა. შემდეგ იგი იქიდან წავიდა და გაემართა ვასპურაკანის მხარეებისაკენ არწრუნთა სახლის დიდი მთავარი აშოტი28 თუმცა თვით შეემზადა და შეიარაღებული ჯარით შეიჭურვა ამირა ბუღასთან საბრძოლველად, მაგრამ მისი ნახარარები ბრძოლის საქმემი არ აღმოჩნდნენ მისი თანამოაზრენი. მაშინ იგი თავისი სურვილის გარეშე იძულებული შეიქნა წასულიყო ბუღასთან. ბუღამ იგი შეიპყრო მეომარ თანამემამულეებთან ერთად, რამდენიმე დღე საპყრობილეზი ამყოფა, შემდეგ კი გაგზავნა ხალიფასთან ცოლ-შვილითურთ. ამის შემდეგ [ბუღამ| ხელი მოჰხვია გავარებს. მან ბრძანა, რომ ყველა მებრძოლი მამაკაცი, რომელსაც ხელთ ხმალი ეპყრა, ან საჭურველს ამოძრავებდა, შეეპყროთ და მასთან მიეყვანათ. იგი აქაც ისევე მოიქცა, როგორც ტარონის მხარეებში გამოარჩია ლამაზი ტანისანი და ხელმარჯვენი თავისი სამსახურია და საჭიროებისათვის, სხვები კი მახვილს მისცეს საზრდოდ; სისხლით მორწყეს მთელი ბარი. თვითონ [ბუღა] წავიდა, რომ ავაზაკური რბევით მისულიყო დედაქალაქ დვინში.
    სომეხთა დიდმა სპარაპეტმა სმბატმა29, როდესაც კი დაინახა მისგან აღძრული მღელვარება და მის ხალხზე თავს დამტყდარი მომსრველი მახვილის სისასტიკე, თავისი ქვეყნის ხსნისათვის სიცოცხლე გაწირა: იგი მიეგება [ბუღას] დიდძალი ძღვნითა და საჩუქრებით. [ბუღამაც] იგი პატივითა და სიყვარულით მიიღო. სმბატი მის ნებას დაჰყვა ყველაფერში, წინ მიუძღოდა მას და გზას უხსნიდა ყველგან, სადაც კი იგი განიზრახავდა წასვლას. დიდი გონიერებით მისი დაუდეგარი აზრი თავისკენ მიიხიდა და იმდენად მიინდო, რომ [ბუღამ] იგი თავის თანამზრახველად ჩათვალა და დიდ სპარაპეტად დანიშნა. ისინი ერთად გაემართნენ და შევიდნენ ქალაქ დვინმი. შემდეგ მათ ხელი მიჰყვეს გარშემო გავარებს და ავაზაკი მარბიელები მოჰფინეს, ვისაც კი ნახავდნენ მეომართაგან ხმლიანსა და საჭურვლის მზიდველს, ზოგს ისმაიტელთა მახვილს აძლევდნენ საზრდოდ, სხვებს კი ბორკილს ადებდნენ კისერზე და მიერეკებოდნენ ამირასთან, იქ შემდეგ რჩეულებთან ერთად გამოიყვანეს ყველა ისინი, რომლებიც ტარონისა და ვასპურაკანის ოლქებიდან [იყვნენ და] თან წაიყვანეს. შეპყრობილთაგან კარგი შესახედაობისანი გამოარჩიეს და საპყრობილეში ჩასვეს, სხვები კი უწყალოდ მახვილის საზრდოდ აქციეს. მათ განიზრახეს, რომ ციხეში მყოფნი მაჰმადის რჯულისათვის დაემორჩილებინათ მაგრამ როდესაც ამირა ბუღამ მოითხოვა მათგან ქრისტეს უარყოფა და მათი მსახურების წესზე მოქცევა, ისინი თავდავიწყებით სიმტკიცის გულმოდგინეობას მიეცნენ და ამჯობინეს ქრისტესთან წასვლა ცოდვებით [სავსე] წუთიერ შვებას. ისინი ცხადყოფდნენ, რომ ეხლანდელი ვნება არაფერია მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელიც ჩვენ მოგველისო. ამიერიდან ბოროტ ამირას კიდევ უფრო გაუძლიერდა შური წმინდანების მიმართ, ისინი აწამეს საკვრელით, საპყრობილეში გდებით, გვემითა და შიმშილით, რომ ეგების შეშინებოდათ და სასტიკი წამების შემდეგ ამირას ნებას დაჰყოლოდნენ. მაგრამ ისინი ყველაფერს მხნედ ითმენდნენ ყვედრებასაც, ვნებასაც და ტანჯვა-წამებასაც, სანამ სრულიად არ გასძვრათ ტყავი. ამრიგად, შეურაცხყოფილნი და ამავე დროს მწუხარების არად ჩამგდებნი ითმენდნენ მრავალ ჭირსა და ვნებას. ეგებებოდნენ სიკვდილს სიხარულით, ძალას იკრებდნენ ცხოველი წყლის დინებით, რომელიც გამოვიდა ქრისტეს გვერდიდან და მათ ეპკურებოდა ამირა, როდესაც დაინახა მათი სიმტკიცე და სიკვდილისაკენ სწრაფვა ქრისტეს სარწმუნოებისათვის, რისხვითა და გულისწყრომით აღივსო მათ მიმართ, როგორც ბოროუტი მხეცი; მან ბრძანა მახვილის ლუკმად ექციათ ისინი ოღონდ არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. მოიყვანეს ისინი როგორც ცხვრები სასაკლაოზე, რომ ეგების ენანებინათ და გადაებირებინათ [თავის მხარეზე] მაგრამ ისინი უკვე მოქცეულნი იყვნენ არა სიკეთიდან ბოროტებისაკენ, არამედ ბოროტებიდან სიკეთისაკენ. ამრიგად, დიდი მწუხარება იტვირთე და დიდი მოთმინებით დამაშვრალთა თანამონაწილენი შეიქნენ. მახვილით აღსრულებელებმა ქრისტეს გვირგვინი დაიდგეს. მათ შორის იყო შვიდი სხვა კაცი, რომელთა მეთაურს სახელად ატომი ერქვა და რომელიც ალბაკის გავარის სოფელ ორსირანიდან იყო, რადგან ისინი მხიარული სახის, მშვენიერი შესახედაობისა და საჭურვლის მარჯვედ მომხმარებელი იყვნენ, [ამიტომ] სხვებთან ერთად მახვილით არ მოსლეს. იმედოვნებდნენ, რომ მათ მაინც ჩაყრიდნენ თავიანთ წარსაწყმედელ მღვიმეში. მრავალი კარგი ძღვენი და ოქროსა და ვერცხლის განძი დაუდგეს წინ, სხვა სოფლებისა და მამულის მიცემასაც შეპირდნენ, [აღუთქვეს] სამეფო კარზე განდიდება. მაგრამ ნეტარნი არ დათანხმნენ მათ განზრახვას, ისინი თავიანთი აღსარებით მხნე მოწამეთა მსგავსად კვლავ განახლდნენ. ქრისტე, წერილის თანახმად, აღიარეს, [მისთვის] სიკვდილი კიმოგებად. უფრო მეტად განრისხდა მათზე ამირა, ბრძანა, მიეყენებინათ მათთვის მწარე გვემა და მიეცათ ისინი ისეთი ვნების და ტანჯვა-წამებისათვის, რაც არც ენას შეუძლია მოგვითხროს და არც წერით შეიძლება გადმოიცეს. მაგრამ ხარების იმედმა, ქრისტეს სიყვარულმა და მოწამეობის სიხარულმა შეუმსუბუქა მთ ტვირთის წარმოუდგენელი სიმძიმე. [ყოველივე ეს] რომ შეიტყო ამირამ და [დაინახა] წმინდანთა მოუხიბლველი გონება, ბრძანა მათი ძელზე ჩამოკიდება. ვიდრე ისინი ჯვრის მსგავსად გაკრული იყვნენ, წმინდა ატომი მტკიცე ლოცვა-ვედრებით ამხნევებდა მეგობრებს: „ნუ გეშინიათ, ძმებო, – ამბობდა იგი, – წუთიერი სიკვდილისა, თუმცა ვეწამებით ქრისტესათვის, [მაინც] მოზიარენი ვართ ცხოველმყოფელი ღმრთისა“. შემდეგ მან თვალთა ნაცვლად თვისი გონება ზეცად აღაპყრო და თქვა: „იესო ქრისტე, ჩემო იმედო, აღგითქვი რა, დიდი მოწამის გიორგის წლიურ დღესასწაულზე შენი სახელისა და დიდებისათვის ვაცი შევწირე. აწ კი ჩემს თავს მოგართმევ შენ ვაცის ნაცვლად. შემიწირე მე შენ; რომელიც შესაწირავის შემწყნარებელი ხარ და შეგვრიე მე და ჩემთან მყოფნი შენს წმინდა მოწამეთა რიცხვს, რომლებმაც შეიყვარეს დღე შენი გამოჩინებისა და მოსვლისა“. ასე მათ ყველამ დიდი ბრძოლა გადაიტანეს და სძლიეს ყველას, შევედრეს თავიანთი სული და მიიღეს ქრისტესაგან უხრწნელი გვირგვინი. ხოლო ქრისტიანი მრევლი თუმცა წუხდა, რომ ღმრთის წმინდანები სასტიკი მახვილით ამოწყდნენ, მაგრამ ქრისტე მოწამეთა მიმართ დიდ ქებას აღასრულებდა.
       ყველა ეს წმინდანი, წინათ და შემდგომ [რომ იყვნენ], აღესრულნენ 302 წელს თორგომიანთა წელთაღრიცხვით (=853 .). ყველა ერთად 150 კაცზე მეტი [იყო], გარდა იმ წმინდანებისა რომლებიც სხვას გავარებსა და ქალაქებში ეწამნენ და რომელთა სახელები ცხოვრების წიგნში ჩაიწერა.
    იოანე მამამთავარმა დააწესა ყველა იმ წმინდანის მოსახსენებელი დღე, ყოველწლიურად პატივით დღესასწაულობდნენ მათ აღსრულებას მეჰეკის თვის 25- დღეს30 ყოვლისმპყრობელი ღმრთის სადიდებლად.
    იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ვერ შეძელეს აეტანათ ბრძოლა და მოშვებულნი და მოუძლურებულნი მიიქცნენ ისმაიტელი მძლავრის უკანონო რჯულზე და უარყვეს ქრისტიანული სარწმუნოება სატანის მსახურთა აგულიანებით. თავს დაიყარეს კერის ნაცარი; დღამწუხრებულებმა, ფერწასულებმა და შერცხვენილებმა ვეო მიაღწიეს ამქვეყნიურ მიზანს, დაკარგეს სახელი და სამარადისო ცხოვრება, რაც ყველაზე უფრო უმაღლესი და უდიდებულესიპატივია. ისინი ყველანი გეჰენიის ცეცხლის მემკვიდრენი გახდნენ.
10ჰოლი - ხალიდ იბნ იაზიდ იბნ მაზიად აშ-შაიბანი, სომხეთის ოსტიკანი 813, 829-832, 841, 842-845 წლებში.
11. სევად ბენ ალ-ამიდ ჯაჰაფი. 774-75 წლების სომეხთა აჯანყების დამარცხების შემდეგ, როდესაც ფაქტობრივად განადგურდა ამიკონიანთა გვარი, მათი მიწების ნაწილი წაიღეს ჯაჰაფიანებმა, რომლებიც დამკვიდრდნენ მანასკერტში. სამფლობელოების დიდი ნაწილი ერგოთ ბაგრატუნებს.
12. სმბატ ბაგრატუნი, აშოტ მსაკერის ძე, სომხეთის სპარაპეტი,  826-855 წლებში; სომხეთის მთავარი 851-855 წლებში.
13. კარაკერტის ციხესთან ბრძოლა მოხდა 832 წელს. ამ დროს ბაბექის აჯანყება იყო და ჰოლსაც არ ეცალა სომეხ აჯანყებულებთან საბრძოლველად.
14. გრიგორ I სუფანი, სიუნიქის ერისთავთ-ერისთავის ვასაკის შვილიშვილი და მისი უმცროსი ძის სააკის შვილი. ვასაკის შთამომავლები ფლობდნენ სიუნიქის დიდ ნაწილს: გელარქუნის გავარი მიმდებარე რაიონებით: სევანის ტბა, ბალკი, ვაიც-ძორი, ჩახუკი, ალბანდი.
15. იოვანეს IV ოვაიეცი, კათალიკოსი 833-855)
16. ბაგარატ ბაგრატუნი, სომხეთის მთავარი 826-855 წლეში. აშოტ მიასოედის ძე. აშოტის სიკვდილის შემდეგ სამფლობელოები ძეეებმა გაიყვეს: ბაგრატს ერგო ტარონი, სასუნი და ხლათი. დანარჩენი სმბატს ერგო. მას ხალიფამ სომეხთა ერისთავების მთავრობა უბოძა, შემდეგ კი ფორმალურად ალბანეთისა და ქართლის მთავრობაც.
17. ბაგარატ ბაგრატუნის ძმა
18. იგულისხმება მთავარი გრიგორ სუფანი.
19. ბაგარატ ბაგრატუნმა ძალაუფლების გასამყარებლად გადაწყვიტა კათალიკოსად ტავისი კაცი გაეყვანა და პატრიარქი იოვაენესი გადააყენა, რამაც გაანაწყენა სპარაპეტინსმბატი, გრიგორ სუფანი და სხვა ნახარარები, რომელთაც მოიწვიეს საეკლესიო კრება 841 წელს იოვანესის კათალიკოსობაზე დასაბრუნებლად.
20. ჯაბრი გულისხმობს ხალიფა ჯაფარ ალ მუთავაქილს (847-861)
21. აპუსეტი ნიშნავს აბუ საიდ მუჰამად იბნ იუსუფ ალ-მარზავი, სომხეთის ოსტიკანი 850-851 წლებში. სომეხ ისტორიკოსებს მისი და მისი შვილის იუსუფის ამბები შირად ერთმანეთში ერევათ.
22.  ბაგარატი შეიპყრო სინამდვილეში აპუსეტის შვილმა იუსუფმმა 851-82 წლებში
23. ტავრის მთებში იგულისხმება სომხეთის ტავრის ნაწილი, რომელიც მოიცავს მთა სიმს და მაღლდება ალძნიკისა და ტურუბერანის საზღვარზე.
24. სინამდვილეში მოკლეს აბუ საიდის ძე იუსუფი 852 წელს, რომელიც სომხეთში გამოაგზავნა ხალიფამ 851 წელს, რომ გამკლავებოდა აჯანყებულ სომხეთს. ის ჩავიდა ხლათში, სადაც მუხანათურად შეიპყრო ბაგარატი და გაგზავნა სამარაში. 852 წლის გაზაფხულზე დაიძრა სასუნებისა და ხუტანების აჯანყების წინააღმდეგ, რომელთაც მეთაურობდა ბაგარატის შვილები აშოტი და დავიდი და სასუნების მეთაური ოვანი. აჯანყებულები დაეშვნენ სასუნის მთებიდან, მოულოდნელად დაეცნენ . მუშს, გაანადგურეს არაბთა ჯარი და მოკლეს იუსუფი. ამის შემდეგ აჯანყება მოედო მთელს სომხეთს, ქართულ სამთავროებს და ალბანეთს.
25. გრიგორ სუფანი და ბაბგენი ბიძაშვილები იყვნენ და კლანის მიწებისთვის იბრძოდნენ, რასაც მოჰყვა ქალაქებისა და სოფლების აწიოკება და ხალხის გაჟლეტა 849-851 წლებში.
26. ვასაკ გაბური გრიგორ სუფანის უფროს ძე იყო გელარქუნის გავარის მფლობელი. ბაგრატუნების მოკავშირე იყო. მოკვდა 859 წელს.
27. ბუღა ალ-კაბირ აშ-შარაბი, სომხეთის ოსტიკანი 852-855 წლებში. ერთ-ერთი თურქი ღულამი, რომელმაც მიიღო თავისუფლება და ტალანტის წყალობით გახდა დაქირავებული თურქთა რაზმების სარდალი. ბუღას ლაშქრობაზე დეტალურად წერს ქართლის ცხოვრების ძველსომხური თარგმანი.
28. დიდი ერისთავი აშოტ არწრუნი დაატყვევეს ბუგონში და წაიყვანეს სამარაში 852 წელს. დაბრუნდა 859 წელს და მმართველობდა ვასპირაკანში 875 წლამდე.
29.
სმბატ ბაგრატუნი ბაგარატის ძმა იყო. მან ხალიფას მისწერა მორჩილების შესახებ და ბუღას შესახვედრად გაუგზავნა თავისი შვილი აშოტი მსახურების შეთავაზებით. თორგომოვის 302 წელი უდრის 583 წლის 27 აპრილიდან 854 წლის 26 აპრილამდე პერიოდს. ხეხეკანის 25 უდრის 853 წლის 17 ნოემბერს.
26. ბუღა ოსტიკანის სხვა უწყალოებათა და სმბატ სპარაპეტის მოწამეობის შესახებ
    ამირა ბუღამ, როდესაც დაინახა, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ წარიმართა, მარბიელნი დაგზავნა, რომ სივნიეთის მთავარი ვასაკი31, მისი ძმა აშოტი და მათი ქვეყნის სხვა უფალნი შეეპყროთ და სასწრაფოდ მიეყვანათ მასთან. მაგრამ ბევრმა უფალთაგანმა და მხარეთგამგებელმა ბალის მიუდგომელ სიმაგრეს32 მიმართეს, [იქ] შეიკრიბნენ და თავი იხსნეს მაჭირვებელთა ხელთაგან. ვასაკ მთავარმა ძლივს დააღწია მათ თავი, გაიქცა და წავიდა კოტაიქის გავარისაკენ. ეს რომ ბუდამ შეიტყო, საჩქაროდ ჯარი დაადევნა მას შესაპყრობად. როდესაც მიეწიენ მთავარს მარბიელი ავაზაკები, იგი უკან შემობრუნდა, აამოქმედა ხმალი და ყველანი ძირს დასცა და დააგორა, ხოლო თვითონ აღმოსავლეთისაკენ გაემართა გარდმანელთა ქვეყანაში, ამ ქვეყნის მთავართან, რომელსაც კტრიჭი (=მამაცი) ერქვა. ვასაკ მთავარმა იქაც ვერ დაიხსნა თავი მტრისაგან, რადგან გარდმანის მთავარი ეშმაკისაგან იყო მოსყიდული. მან შეიპყრო, შეკრა იგი და მისცა ხელთ ბუღას იმ ვარაუდით, რომ ამისათვის რაიმე სარგებელს მიიღებდა ბუღასაგან, მაგრამ, ამირამ მიიღო და შეიწყნარა იგი. შემდეგ მისი ძმა აშოტი და დიდი დედოფალი, მათი დედა: შეიპყრო მარბიელმა ჯარმა და საჩქაროდ მასთან მიიყვანა ქალაქ დვინში.
            დიდმა მამამთავარმა იოვანემ, მოვლო რა მისი წილხვდობილი გელარქუნის გავარის მხარეები, დაასრულა კიდევაც სიცოცხლე. იგი გარდაიცვალა მაქენოელთა დიდ მონასტერში, მოწესეთა სადგომში, და იმავე წმინდა მონასტერში დაასვენეს. მას წინამძღვრობა 22 წელი ეპყრა.
     ამირა ბუღამ თავისთან მყოფი შეპყრობილი და საპყრობილეში მყოფი [ტყვეები] აიყვანა, გაემართა აღმოსავლეთ მხარეებისაკენ33, სმბატ სპაარაპეტს მან ბრძანება გაუგზავნა, რომ საჩქაროდ გაჰყოლოდა და წამოსულიყო მასთან საქმის მოსაგვარებლად. მაგრამ [სმბატმა] ჯერ ბრძანა, მოეწვიათ ეპისკოპოსთა კრება დაბა-ქალაქ ერაზგავორში34 [და] სამამამთავროდ ხელი დაესხათ ზაქარიასთვის35, რომელიც კოტაიქის გავარიდან სოფელ ძაგიდან [იყო]. [სმბატმა] თავისი თავი მის ლოცვებს მიანდო [და] თვითონ ამირა ბუღასთან წავიდა.
    ამ დროს ბუღა წავიდა და შეიპყრო დიდი მთავარი ატრნერსე36, რომელიც დაბანაკებული იყო ხაჩენის ციხე-სიმაგრეში37, [შეიპყრო] სხვა მისი თანამემამულეებიც. იქიდან გამოემართა და წამოვიდა გარდმანის გავარისაკენ, ალყა შემოარტყა და მოიცვა გარდმანის ციხე38, შეიპყრო იქ გარდმანის მთავარი კტრიჭიც და შეკრული ციხეში ჩააგდო. აქედან წავიდა უტიის გავარში სოფელ ტუსში, შეიპყრო სტეფანოსი, რომელსაც კონი ერქვა და რომელსაც თავისი წინაპრის სევუკის გამო სევორდიელთა39 ნათესავს ეძახდნენ, შემდეგ ალბანთა მთავარი ესაიაც40 მზაკვრობით მოტყუვდა და [ბუღამ] ისიც იგდო ხელთ თავის თანამემამულეებთან ერთად. მასთან ერთად ალბანთა ქვეყნის სხვა უფალნი და მთავრებიც შეიპყრეს და შეკრეს. დიდძალი სისხლი დაღვარეს ამ ქვეყანაშიც.
    ამის შემდეგ ყველანი, რომლებიც შეკრული და ციხეში დატყვევებული იყვნენ, მასთან მოიყვანეს. მან კი ისინი ხალიფასთან წაიყვანა. სმბატ სპარაპეტიც თან წაიყვანა სამეფო კარზე ეგონა, რომ მას მისი ერთგულების და სიკეთის სანაცვლოდ რაიმეს მისცემდნენ, რომ ხალიფასაგან მოენიჭებოდა უფლება მთელი სომხეთის დაპატრონებისა და საჩუქარსა და პატივსაც მიიღებდა სამეფო [კარისაგან] და ასე დაბრუნდებოდა თავის ქვეყანაში, მაგრამ, როდესაც სამეფო კარს მიაღწიეს და წარუდგნენ ხალიფას, ისიც სხვა შეკრულებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს და არც მოჰგონებიათ მისი ერთგულება და სიკეთე მათ მიმართ.
    რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყეს გამოძიება სომეხთა და ალბანთა შეკრული მთავრებისა. უთხრეს, რომ ან მიქცეულიყვნენ მათ ურჯულო რჯულზე, უარეყოთ ქრისტეს მსახურება, მრავალი საჩუქარი და პატივი მიეღოთ მათგან და გამგზავრებულიყვნენ სამშობლო ქვეყანასა და თავიანთ სახლებში, ანდა სასტიკი წამებითა და ვნებით, წარმოუდგენელი სიკვდილით წარუკვეთდნენ მათ სიცოცხლის იმედს, აღძრავდნენ მათ მიმართ დიდ ტანჯვა-წამებასა და შიშს. ერთხანს განაგრძეს კიდეც მათი შევიწროება და შეჭირვება. ზოგიერთი მათგანი დაემორჩილა სამეფო სიტყვებს [და] მიიქცა მათ უღმრთო ღმრთის მეცნიერებაზე, ზოგმა თუმცა მაშინვე არ იტვირთა წინადაცვეთა, მაგრამ დათანხმდნენ, რომ ისინიც შესაფერის დროს შეასრულებდნენ ხალიფას ნებას.
    ხოლო სმბატ დიდი სპარაპეტი მხნედ შეიჭურვა სიცრუის წინააღმდეგ ჭეშმარიტებით, მხნე ჭაღარისა და სრული სარწმუნოების შესაბამისად, რომელიც ქრისტეს მიმართ ჰქონდა და [აგრეთვე] სამარადისო სიცოცხლის იმედით, რომელსაც ყოველთვის თავის თავში ინარჩუნებდა. იგი არა თუ არ დაემორჩილა მათ ბრძანებას, არამედ, უმჯობესად ჩათვალა სიკვდილი ქრისტესათვის, ვიდრე წუთიერი შვება ცოდვებით. იგი განმკითხველთ მიუგებდა ხოლმე, რომ წარმოუდგენელია მიატოვოს ქრისტიანული რჯული, რომელიც ემბაზის მადლით მიიღო სიკეთის ძღვნად, და ემსახუროს უცხო და უკანონო რჯულს, [სუმბატი] ამრიგად, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალგზის უშიშრად აღუდგა წინ მათ.
            როდესაც გამოსცადეს მისი ნება და შეიცნეს მისი მოუხიბლავი გონება, განიზრახეს მწარე ტანჯვით მოესპოთ იგი. ზეციერმა მოხილვამ ღირსი გახადა იგი ხორციელი სიკვდილისა, სამაგიეროდ იხსნა იგი სულის სამარადისო სიკვდილისაგან ასე აღესრულა იგი, ისე, რომ არ ხვდომია [წილად] ქრისტეს წმინდა სულის უარყოფა, მან თავისი ხორცით მოწამეობოივი სარბიელი შეავსო. ქრისტიანთა გუნდმა ასწია მისი სხეული და ფსალმუნითა და კურთხევით და სასულიერო გალობით წაიღო და დადვა სამარტვილეში წმინდა დანიელ წინასწარმეტყველისა, რომელიც ჩაგდებული იყო ლომთა მღვიმეში, ხოლო მის შემდეგ იმ დიდ სამფლობელოს დაეპატრონა მისი შვილი აშოტი.
    სხვა მთავრებიდან, მე მგონია, არც დარჩენილა, რომ არ ყოფილიყო ურჩი ღმრთისა და არ მიდრეკილიყო მაჰმადის უწესო რჯულისაკენ, რადგანაც შეძრწუნდნენ და შეშფოთდნენ წუთიერი სიკვდილის შიშით და ვერ შეიგნეს უკვდავი სიკვდილის სიმწარე. არ გაითვალისწინეს ქრისტე მაცხოვრის საშინელი ხარება, რომელიც უნდა გაისმას საშინელ სამსჯავროში: „ხოლო რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა“.
       სომეხ ნახარართა შემდეგ ბუღამ სამეფო კარზე ხუნდებით შეკრული წაიყვანა მხოლოდ სტეფანოსი, რომელიც ჩვეულებრივი თქმით კონად იწოდებოდა მდაბიოთაგან, იგი იქ აწამეს კიდეც მრავალგვარი წამებით, დატანჯეს და ქრისტეს სახელის აღიარებისათვის. მან გვირგვინი დაიდვა ნათლისა მამისაგან და ჩაწერა კიდეც თავისი სახელი ცხოვრების წიგნში. აღესრულა იგი რომაელთა წელთაღრიცხვის 608 წელს (=855 .).
31. იგულისხმება სიუნიკის იშხანი ვასაკი. აირარასა და სიუნიკში ლასქრობა ბუღამ დაიწყო 853 წლის გაზაფხულზე.
32ბალი ანუ ბალაბერდი, ციხესიმაგრე სიუნიკის სამტავროს ბალკის გავარში.
33. იგულისხმება ე.წ. აღმ სომხეთი ანუ უტიკი, არცახი და პაიტარაკანი.
34. ერაზგავორქი (შირაკავანი) - ქალაქი შირაქის გავარში, დღევ სოფელი ბაშ-შორაგიალი. იყო მეფე სმბატ I ბაგრატუნის რეზიდენცია.
35. ზაქარია I ძაგეცი სომხეთის კათალისკოსი 855-876 წლებში.
36. აჰრნერსე მცირე სიუნიკის ანუ ხაჩენის მფლობელი არანშაჰიდების გვარიდან. დაქორწინდა ალბანეთის მტავარ ვარაზ-თრდაჰ მიჰრანიდზე და მისი სიკვდილის შემდეგ (821/822) მიიღო ალბანეთის მთავრობა.
37. ხაჩენის ანუ კაჩალაკაბერდის ციხე იყო ხაჩენის გავარში.
38. გარდმანის ციხე იყო გარდმანის გავარში სევანის აღმოსავლეთით.
39. სევორდიკი იგივე სევუკი.
40. ალბანეთის მთავარი ესაია ცნობილია აგრეთვე აბუმუსას სახელითაც. თავიდან მამაცურად დაუპირისპირდა ბუღას, მაგრამ შემდეგ მორჩილება გადაწყვიტა, თუმცა ბუღამ დაატყვევა 852 წელს და სხვა არმენ ნახარარებთან ერთად გაგზავნა ბაღდადში.
27. აშოტ სმბატის ძის გამთავრებისა და სომეხ ნახარართა ტყვეობიდან დაბრუნების შესახებ
    ამიერიდან თუ კი შენ არ გაგიძნელდება მოსმენა [იოლად მიიჩნევ] მოხუცთაგან ნაამბობს [გადმოცემულ სიტყვას] უმარტივესიდან მწყობრად წარმოგიდგენ. საჭიროდ ვცანი, აღარ გამემეორებინა ჩვენი დროის ისტორიკოსის შაპუჰ ბაგრატუნის [მიერ აღწერილი] ამბები მან ნათლად გადმოსცა აშოტის (აშოტ I ბაგრატუნი, მეფე 884-890), სმბატ სპარაპეტის ძის, ჩამომავლობისა და მმართველობის ისტორია, მეფეთა ვითარებათა რიგი და ბუღას მიერ ტყვედ წაყვანილ სომეხ მთავართა და ნახარართა საკუთარ სამთავროში დაბრუნებისა და დამკვიდრების [ამბავი. მოგვითხრო აგრეთვე] თუ მათგან რომელნი აღმოჩნდნენ ახოვანნი, დიადნი და ძლიერნი მოცილეთა ბანაკის წინააღმდეგ, ან ვინ ვისგან იყო შევიწროებული და თითოეული მათგანის აღსასრული თავის ადგილს. თუმცა მან ვერ შეძლო წიგნობრული ხერხებით მოკლედ გადმოეცა განმსაზღვრელი სიტყვის ახსნის ჭეშმარიტება და დასაბუთებათა სრულიადი განყოფა, მაგრამ თავისი დროის მიხედვით ახლოს იყო რა ყველა იმ ამბავთან, მდაბიო ენით საკმარისად გაწვდის შენ ცნობებს.
            ამრიგად მე აქ ყოველივეს მას ვუტოვებ და რაც ეხლა აუცილებლობის გამო საჭიროა მოსათხრობად, მხოლოდ მას გადმოგცემ შენ მოკლედ, ვეცდები მცირედი შესავლის სახით, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, სმბატ სპარაპეტის ძის აშოტის ბავშვობიდან მის ახალგაზრდობამდე; მისი სიძლიერე და სიმხნე, ბრძოლები და თავდასხმები როგორც სხვებზე, ასევე სხვათაგან მასზე; ყოველივე ეს საკმარისად იქნება აღწერილი [ჩემ მიერ] შაპუჰისაგან ნაამბობის [მიხედვით].
            როდესაც თავისი მამის სმბატის ნაცვლად მემკვიდრეობით მიიღო სომხეთის სპარაპეტობა, ყველა თავის წინაპარზე მეტად [აშოტი] შეიქმნა ცნობილი. მან მიიღო პატივი და შეურაცხყო უპატიურობა. ყოვილთვის იწრთვნიდა თავს კარგი აღზრდის წესების მიხედვით. სულზე კეთელ ზემოქმედებას ახდენდა და ყველას მიმართ მტკიცე სიყვარულით იყო გამსჭვუალელი. იგი არ ებრძოდა მტრებს, არამედ კეთილათ მოქმედი სიტყვითა და დახმაოება-შემწეობით თავის ნებას უმმოჩილებდა მათ და სწორ გზაზე აყენებდა. ფუჭი გამორჩენის მიღებას [აშოტი] თავის თავისათვის საზიანოდ თვლიდა, იგი ყველას მიმართ ხელგაშლილი იყო. მან თავისი მოყვარული გულით მრავალთა ყურადღება მიიპყრო, ისე რომ მისით ყველა კმაყოფილი იყო და მოსწონდათ იგი. ასე წარმართავდა [აშოტი] სპარაპეტობას, ვიდრე მისი სიკეთის ამბავმა სამეფო კარს არ მიაღწია. მაშინ სომხეთს გამოგზავნილმა ვინმე ოსტიკანმა, სახელად ალი არმანმა41, ხალიფას ბრძანებით იგი სომხეთის მთავართა-მთავრად დაადგინა, მრავალი შესამოსლითა და სამეფო პატივით შეამკო და მიანდო მას სომეხთა ხარკისა და სამეფო ბეგარის [აკრეფა]. ამგვარად იგი ყველა სომეხ ნახარარზე უპირველესი და უპატივცემულესი შეიქნა. ყველა მათგანი მასთან ზავს დებდა, როგორიც ნამდვილ სამეფო გვარის [წარმომადგენელთან]. აგრეთვე ყველამ განიზრახა, რომ თუ რაიმე შემთხვევა მიეცემოდათ, [ეცადათ] ღირსი გამხდარიყვნენ მის ტომსსამეფო საგვარეულოსდაახლოებოდნენ და [ამით] ისინი ყოფილიყვნენ გამორჩეულნი იყო სხვა სანახარარო ტომთაგან.
    ამ დროს საშინელი მიწისძვრა მოხდა ქალაქ დვინში (863 .). მრავალი სახლი, ზღუდე და სასახლე დაინგრა და განადგურდა, საერთოდ მთელი ქალაქი რღვევამ და რყევამ მოიცვა. მრავალ ადამიანს სიკვდილი ეწია. იმდენად დიდი იყო საფრთხე, რომ [ხალხი] სახურავ ქვეშ ვეღარ ჩერდებოდა, ისინი მოედნებსა და ქუჩებში გამოსულნი ღონებანიხდილები კვნესოდნენ. ზამთრის მკაცრი ყინვა უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში აგდებდა მათ: მრავალი მათგანი მოიყინა, კიდურები მოსწყდათ. წმინდა მამამთავარმა ზაქარიამ განუწყვეტელი ლოცვა-ვედრებითა და ხვეწნა-მუდარით შესთხოვა კეთილმოწყალე ღმერთს [ხსნა]. მან ზეციური ზემოქმედებით განაშორა [ქვეყანას] უფლისაგან მოვლენილი რისხვა და უვნებლად დაიცვა ქრისტეს ეკლესია (იგულისხმება დვინის ტაძარი).
    მთავრები და ნახარარები, რომლებიც შეპყრობილნი და ტყვედწასხმულნი იყვნენ ბუღას მიერ, ამიერიდან უკვე ერთიმეორის მომდევნოდ მოემართებოდნენ თავიანთი სამფლობელოებისაკენ, უბრუნდებოდნენ თავიანთ საკუთრებასა და სახლკარს (ეს მოხდა 857-859 წლებში). [დაბრუნების] შემდეგ მათ განიშორეს მაჰმადის ბილწი რჯულის [მიერ] თავზე მოხვეული მოძღვოება, საერთოდ მაღლა აყენებდნენ ქრისტეს მშობლიურ რჯულს და არა თუ ფარული შიშით, არამედ [ცხადად] მაღალი ერდოებიდან ქადაგებდნენ ქრისტეს მსახურებას. ეს სათნოდ მიიჩნია უფალმა და სასოებით დაამკვიდრა ისინი. უფლის კურთხევით იკურთხნენ და მისითვე განდიდდნენ. მოხნეს ხნული, მაგრამ არა ეკლიანი. შემდეგ კი მათ ჭერქვეშ გაისმა ლხინისა და მხიარულების ხმა, ხმა რძლისა და სიძისა. შვეს შვილები და შექმნეს თითოეული თავის სამკვიდროში დამკვიდრდა, მოხედა მათ უფალმა და სასიკეთოდ წარუმართა [საქმე].
41. აშოტ ბაგრატუნი სომხეთის სპარაპეტი იყო 855-862 წლებში.იგი ნიჭიერი სარდალი, ადმინისტრატორი და დიპლომატი იყო და პრობლემებს ყოველთვის მშვიდობით აგვარებდა, ამიტომ ოსტიკან ალი არმანმა ხალიფას ბრზანებით აშოტი სომეხთა ერისთავთ ერისთავად დანიშნა.
28. სომხეთის დამშვიდებისა და ნახარართა შეთანხმების შესახებ
    ამ დროს ვასაკ ჰაიკაზუნკი, რომელსაც მეტსახელად გაბური ერქვა რაკი აშოტ მთავართა-მთავრის სიძე იყო, [აშოტმა] სივნიელთა მთავრად დაადგინა და სამეფო კარიდან პატივი მიაგო მას (მიათხოვა თავისი ასული მარიამი). [ვასაკმა] დიდი ძლევამოსილებით მართა თავისი სამთავრო-სამფლობელო და თანაც სისაკანის ტომსაც დაეპატრონა, სომხეთის დიდი სპარაპეტობა კი აშოტმა მისცა თავის ძმას, აბასს, რომელიც იყო კაცი მხნე და მხარგანიერი, მკვირცხლი და ტანად მშვენიერი, მამაცი და მარჯვე ბრძოლებში. იგი მხარში ამოუდგა თავის ძმას აშოტს და ყველა მისი მონობის უღელს დაუმორჩილა. მრავალ მხარეში ბევრჯერ გამოიჩინა მამაცობა და მრავალთა შორის სახელგანთქმული და საოცარი გამოჩნდა,
            არწრუნთა სახლის სახელგანთქმული და დიდი მთავრის აშოტის გარდაცვალებისა და მამათა დასვენების შემდეგ, სამთავრო-სამფლობელოს მემკვიდრე შეიქმნა მისი შვილი გრიგორი (875-885), რომელსაც მეტსახელად დერენიკი ეწოდებოდა. იგი იყო კაცი ლაღი, ფრთხილი და ამაყი, ძლიერი საქმითა და სიტყვით. მუდამ ზრუნავდა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონოდა. რადგან იგი აშოტ მთავართა-მთავრის სიძე (მეორე ასულის ქმარი) იყო, [აშოტი] მას მამობრივად გონიერი სიყვარულით მუდამ კეთილ რჩევას აძლევდა. [გრიგორ დერენიკი] კი იმთავითვე მორჩილად და მთელი გულისყურით იწყნარებდა ყოველივეს|. ყველა მის მტერს ამარცხებდა. იგი მშენებლობითა და მშვიდობიანი [საქმიანობით] იყო გართული, აწყობდა თავის სამშობლო-სამფლობელოს, რომ მოსახლეობა უზრუნველეყო თავდამსხმელთაგან. მაგრამ შემდეგ [გრიგორმა] თვითნებობა დაიწყო, წინანდელივით ყურს აღარ უგდებდა თავისი სიმამრის რჩევა-დარიგებებს, [ამიტომ] მან წარმატებას ვეღარ მიაღწია.
            სივნიეთის დიდი მთავარი ვასაკი კი, რომელსაც საალერსო სახელად იშხანიკი ერქვა42, გონიერებითა და სიმშვიდით, დიდი დაჯერებით ემორჩილებოდა აშოტ მთავართა-მთავარს, გულმოდგინედ ყურს უგდებდა მის რჩევა-დარიგებებს და როგორც კანონს ისე ინახავდა. მარად გულში. ამით კი მან უფრო: მეტად გააფართოვა თავისით სამფლობელო, მოაწყო ყოველმხრივ და [თვითონაც] იმყოფებოდა მშვიდობითა და კეთილმსახურებით.
            მეორე მთავარი ვასაკ სისაკანი კი, რომლის საალერსო სახელი გაბური იყო, ამ დროს გარდაიცვალა და დაიმარხა თავის მამათა საძვალეში. მის ნაცვლად სამშობლო სამფლობელოს მემკვიდრე შეიქმნა მისი ვაჟი გრიგორი, რომელსაც მეტსახელად სუფანი ერქვა.43 მან თავისი სიბრძნით, წარმატებითა და მრავალი აღმშენებლობით მამა-პაპას გადააჭარბა. იგი უმთავრესად ქრისტეს ეკლესიათა მშენებლობასა და განახლებას მისდევდა.
            ამ დროს დიდი და წმინდა მამა-მამთავარი ზაქარია, რომელმაც 22 წელი დაყო წინამძღვრობაში, გარდაიცვალა და დაესვენა წმინდა მამათა განსასვენებელში (დვინის ტაძარში). შემდეგ აშოტ მთავართა-მთავარი საკათალიკოსოდ სახლის წევრთაგან. შეარჩია ღირსეული კაცი, სახელად გეორგი (გეორგ II გარნეცი, კათალიკოსი 877-897), რომელიც დაბა-ქალაქ გარნიდან იყო და ბრძანა მისი ხელდასხმა თორგომის სახლის საწინამძღვროდ.
42. ვასაკი სიუნიქის მთავარი. მის არაბეთში ტყვეობისას სიუნიქს აშოტ ბაგრატუნის თანხმობით მართავდა ვასაკ გაბური. ვასაკის დაბრუნების მომენტში ვასაკ გაბური მოკვდა და ვასაკმა აშოტის წინააღმდეგობის გარეშე დაიბრუნა სიუნიქის მმართველობა და მათ შორის მეგობრობა სუფევდა.
43. გრიგორ სუფან II გელარკუნის მთავარი 859—912/913 წლებში, ვასაკ გაბურის ძე. მისი თანამმართველები იყვნენ უმცროსი ძმები საჰაკი და ვასაკი.
29. აშოტ მთავართა-მთავრის გამეფებისა და გრიგორ არწრუნის მოკვლის შესახებ.
    აქ ეხლა ჩემთვის არ არსებობს იმაზე უფრო სასიამოვნო რამ, ვიდრე აშოტ მთავართა-მთავრის ქება. იგი იყო შუახნის, ტანადი, გულადი, მხარგრძელი, მხიარული სახის, შავ თვალწარბა და თვალზე სისხლის ნიშნით როგორც წითელი იაგუნდი მარგალიტში გამობრწყინებული, [შემკული] ლამაზი ჭაღარით, დიდად ჭკვიანი და ტკბილად მოუბარი, სმა-ჭამის მიმართ თავდაჭერილი, არ შურდა მას უკეთესებისა და არც უმდაბლესთ შეურაცხყოფდა, არამედ ყველას თავისი მზრუნველობის კალთას  აფარებდა. სასწორით წონიდა უპირველეს ყოვლისა. თავისსა და შემდეგ ყველა სხვის ქცევას, ერთხელვე რომ ვთქვათ, კაცობრიობისათვის აუცილებელს არაფერს აფერხებდა.
            სომეხმა მთავრებმა და ნახარარებმა რომ დაინახეს [აშოტის] ასეთი კეთილშობილური სიდიადე, ერთხმად მოითათბირეს, დაედგინათ იგი თავიანთ მეფედ. [ეს გადაწყვეტილება] შეხის ძის, ისე ოსტიკანის44 პირით აუწყეს ხალიფას, რომელმაც მოსიყვარულე გულით შეიწყნარა ღირსად მისაჩნევი თხოვნა. მან აშოტს გაუგზავნა სამეფო გვირგვინი, რომელიც თვით ისე ოსტიკანმა მოიტანა სამეფო გვირგვინთან ერთად [მას მიართვეს] სამეფო სამოსელი და საჩუქრები, [მიაგეს] პატივი, მიჰგვარეს რაშები საჭურვლითა და სამკაულით. მოუხმეს დიდ მამამთავარს გეორგს, რომელმაც მის მიმართ ზეთის ცხების ნაცვლად სულიერ კურთხევათა საღმრთო ქება აღასრულა. ასე აკურთხეს აშოტი ასქანაზის ტომის მეფედ45. ამიერიდან მან თვალსაჩინო წესრიგი დაამყარა თავის სამფლობელო ქვეყანაში, [მოაწესრიგა] ნაგებობა სახლთა, ტომთა, ქალაქთა, დაბათა, სოფელთა, მთისა და კეთილშეზავებულ, ცხელ ჭალოვან ბარის მცხოვრებთ თანაბრად დაუდგინა წესი; ვაკე ადგილებში ყანები და ბოსლები გააშენა, ხოლო ვენახებსა და ბაღებში საგრილობლები მოაწყო. მეფობის წესს, როგორც სამეფოს შიგნით, ასევე მის გარეთ, არაფრით აფერხებდა. [მისი მეფობა] ყველა სხვათა მეფობასთან შედარებით უდიადესი და უგონიერესი აღმოჩნდა.
            ამრიგად, [აშოტი] ახლადბოძებულ სამეფოში განადიდებდა თორგომის ტომს. შემდეგ მან ხელი აღმართა ჩრდილოეთის მხარეზე, დიდი მთის კავკასიის ხეობებზე, მის ჭალებსა და გრძელწიაღოვან ხევებში მცხოვრები ტომები დაიმორჩილა. ასევე დაიქვემდებარა მან გუგარეთის ნარევი მოსახლეობა (887 .) და უტიის გავარის (მტკვარის მარჯვენა ნაირზე, ცენტრი პარტავი) ავაზაკობის მიმდევარი ხალხი. ხელი ააღებინა მათ კაცთმოღალატეობასა და ავაზაკობაზე და ყველა წესიერი და მორჩილი გახადა. წინამძღოლები და მთავრებიც კი დაუყენა. ასევე ერთობითა და სიყვარულით დაიკავშირა ეგრისის მეფეც, რომელიც ხშირად ნახულობდა [აშოტს], შვილობილის მოვალეობას იხდიდა მის წინაშე და ყოველთვის ერთგულ სამსახურს უწევდა.
    ბერძენთა დიდმა კეისარმა ბასილმაც (ბასილი I, 867-886) არანაკლები მშვიდობა, მორჩილება და სიყვარული დაამყარა ჩვენს მეფესთან, აშოტთან, საყვარელ შვილს უწოდებდა მას და თავის სახელმწიფოს მმართველობაში თანამონაწილედ ხდიდა. ამრიგად, ყოველმხრივ სრულყოფილი გახდა სათნო საქმეთა წესები მსგავსად იმ სასიქადულო წესისა, რომელიც მას ჰქონდა მიღებული.
            ამ დროს არწრუნთა სახლის დიდმა მთავარმა გრიგორმა, რომელსაც მეტსახელად დერენიკი ერქვა, ხელი აღმართა ჰერისა და ზარავანდის გავარებზე, ქალაქებსა და მხარეებზე და დაიმორჩილა ისინი ისმაიტელთა მეთაურები, რომელთაც დაესაკუთრებინათ იმ ქალაქებისა და გავარების საზღერები, თუმცა სიტყვით ნამდვილ თანასწორობასა და მორჩილებას უცხადებდნენ და უჩვენებდნენ გრიგორ მთავარს, მაგრამ გულით შორს იყვნენ მისგან. და აი, შემოდგომის ჟამს დიდი მთავარი გამოემართა და ჰერის მხრით წავიდა ქალაქის მთავართან შესახვედრად. როცა იგი მთავართან ვე მოვიდა, [ამ უკანასკნელმა] ღალატით ჯარები გადამალა ცვრიან ხევ-ხუვებში. მთავართან შეხვედრისას, ისმაიტელთა ჯარი უეცრად წამოიშალა თავისი ადგილებიდან და ზურგიდან დაესხა თავს მას: ბასრი მახვილით დაჭრეს და მიწაზე დაანარცხეს [გრიგორ] მთავარი. ასე მზაკვრულად მოიკლა იგი ურჯულოთაგან (885 . შემოდგომაზე პარტავის, მანაზკერტის და ჰერის ამირებმა). წაასვენეს და დაფლეს თავის მამათა საძვალეში. მის შემდეგ დიდ სამთავროს მემკვიდრეობით დაეუფლა მისი შვილი აშოტი, აშოტ მეფის შვილიშვილი. (ის მცირეწლოვანი იყო, რის გამოც მეფემ მას და მის ძმებს რეგენტები დაუნიშნა).
            რაც კი რამ სათქმელი დამრჩა აშოტის ძლიერების, სიმხნის, ბრძოლის, შერკინებისა და მრავალ კეთილ შემწეობათა შესახებ, ყოველივე აღწერილია შაპუჰ ბაგრატუნის ისტორიის წიგნში, რომელიც საკმაოდ დაწვრილებით წარმოგიდგენს იმ კაცის სიქველეს.
ამ დროს ვასაკი, სისაკანის მთავარი, რომლის საალერსო სახელი იშხანიკი იყო, საღმრთო გზითა და კეთილმსახურებით განვლო რა თავისი ცხოვრება, გარდაიცვალა და დაესვენა თავის მამათა საძვალეში (892/3 .). მის შემდეგ სამთავრო მისმა ძმამ აშოტმა დაიმკვიდრა. აშოტი იყო კაცი მშვიდი, მშვიდობის-მოყვარე; კეთილმსახური და ღმრთის მოშიში. იგი თავისი მშობლიური სამფლობელოს ყველა მშენებლობაში თვითონ იყო ჩაბმული.
44. ისა იბნ აშ-შაიხ იბნ ას-სალილ აბუ მუსა აზ-ზუხრი აშ-შაიბანი სომხეთის ოსტიკანი 870/871-882/883 ან 883/884 წლებში.
45. აშოტ ბაგრატუნი მეფედ გამოაცხადეს 884 წლის 26 აგვისტოს. გვირგვინი ჩამოიტანა ოსტიკანმა ისამ, რომელიც მოკგვდა არაუგვიანეს 883/884 წლებში.
30. აშოტ მეფის გარდაცვალების, აბას სპარაპეტსა და სმბატ მეფისწულს შორის უთანხმოების ჩამოვარდნისა და გეორგ კათალიკოსის შესახებ
    სომეხთა მეფე აშოტი, მას შემდეგ, რაც გამოაბრწყინა სომხეთის წესთა და საქმეთა ყოველივე წარმატება და გამარჯვება, დაავადდა მძიმე სენით და გარდაიცვალა კიდეც (890 . ბოლოს). [სასიკვდილო] სარეცელზე წოლის დროსაც კი იგი არანაკლებ ხორცზე ზრუნვისა სულიერი სიბრძნის ალორძინებასაც ცდილობდა. მოიხმო თავისთან დიდი კათალიკოსი გეორგი და მიიღო მისგან უკანასკნელ საგზლად მხსნელი ხოოცი და სისხლი უფლისა. ოქროსა და ვერცხლის დიდძალი განძი დავრდომილებსა და ღატაკებს გაუყო, სანოვაგით სავსე საუნჯეები, ცხენის ჯოგები საქონლის ნახირი და ცხვრის ფარა კი მამამთავარს გადასცა, რომ ყველაფერი სრულად გაეყო მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის წმინდა შესაწირავის მისართმევად, სადაც და ვისაც როგორ დასჭირდებოდა. ამრიგად, საჭირო სახმარს კაცის შინაგანი განახლებისა და სიწმინდისათვის უხილავად განაცხოველებდა. შემდეგ კი კეთილი სიბერით, მშვიდი ქცევით განისვენა ქრისტეს მიმართ. იგი გარდაიცვალა გზაზე, ფუნდუკში, ქარსპარად (დღევ. სოფელი ბაქრა, ბაგარანტან ახლოს) წოდებულ კლდოვან ადგილას. აიღეს [ცხედარი] გვამის მტვირთველი კუბოთი და წაასვენეს იგი სამეფო დაბას, ბაგარანს, ოქროქსოვილი ტანსაცმლით და ასევე მოოქრული დრომებით შემკული კუბოთი. ჯარის გუნდი საჭურვლითა და სამკაულით, გამორჩეულითა და სანიმუშოთი გარს ერტყა დიდ კათალიკოსს და მასთან ერთად ეკლესიის დასს, რომელიც წინ მიდიოდა და ჯვრისადმი ფსალმუნებსა და კურთხევის ხმებს გალობდა. მისი სამი შვილი, სამეფო სახლის მეთაურნი და კიდევ სხვა მეგობრები უკან მისდევდნენ კუბოს. [აშოტის დაკრძალვას არ ესწრებოდა] მხოლოდ სმბატი (სმბატ I 890-913) სომხეთის მთავართა-მთავარი, რადგან იგი იმ დროს წასული იყო გუგართა მხარეში ამ ტომის დასამორჩილებლად, [თუმცა] მან ეს საქმე ვერ შეასრულა (888 წელს გუგარქისა და უტიკის მთავრებმა მოაწყეს ამბოხება და მის ჩახაშობად იყო გაგზავნილი სმბატი). ასე მათ მიაღწიეს [დანიშნულ] ადგილს, იქ დახვდათ ქალწულთა გოდება, დედოფალთა ცრემლების ღვრა და მოთქმა, დიასახლისთა და სხვათა მრავალთა მდაბიოთა და არამდაბიოთა ტირილი. შემდეგ შეამზადეს სამეფო სამარე და დაასვენეს იგი თავის მამათა განსასვენებელში.
            როცა მეფის ძემ სმბატმა შეიტყო [მამის სიკვდილის] ამბავი, გამოემართა და დიდად დამწუხრებული კვნესითა და ოხვრით მოვიდა საკუთარ მამულში, ერაზგავორს, შირაკავანში. აქ მას სანუგეშებლად და დასამშვიდებლად ეახლა დიდი კათალიკოსი. რომ არ შეცვლილიყო სმბატის სათნო ბუნება, კათალიკოსმა დააცხრო მისი მწუხარება. სამძიმრის გამოსათქმელად [სმბატთან] ქართველთა დიდი მთავარი ადარნასეც (მეფე ქართველთა) მოვიდა.
    რადგან აშოტ მეფის ძმა, სომხეთის სპარაპეტი აბასი ვანანდის სამთავროს46 მხარეებში იდგა, [ადარნასემ] თანახმად წესისა ჯერ მასთან შეუხვია, რათა სანუგეშო სიტყვა ეთქვა მისი მწუხარე სულისათვის. [ადარნასე] პატივისცემით და კარგად მიიღეს. [აბასს] აღარც კი უნდოდა, რომ [ადარნასეს] გზა განეგრძო და სმბატთან წასულიყო, რადგან მას აფიქრებდა, რომ ისინი [ყველაფერს] გაიგებდნენ და, ფიცის გატეხისათვის [აბასს] სამაგიეროს მიუზღავდნენ და იგი ვერ შესძლებდა განეხორციელებინა თავისი სურვილიგამხდარიყო მეფე. [ადარნასემ აბასს] უპასუხა, რომ უფრო მეტად უადგილო იქნებოდა მისი იქ წაუსვლელობა, თანაც მღელვარების, შფოთისა და არეულობის რაიმე ფაქტისა და მიზეზის გარეშე. [ადარნასეს] ნება დართო და ისიც გაემართა, წავიდა და შეხვდა სმბატს, გახადა მას თალხი სამოსელი და სამეფო ტანსაცმლით შემოსა. თვით კი დიდი და საპატიო საჩუქრებით იქნა დაჯილდოებული სუმბატისაგან. [ადარნასე] შემდეგ კვლავ დაბრუნდა აბას სპარაპეტთან, რომელიც საშინლად იყო გაბოროტებული ზოგიერთ მოენეთაგან, თითქოს [ადარნასეს] სმბატთან ერთად მის მიმართ ბოროტი განეზრახოს, [აბასმა] შეიპყრო [ადარნასე|. შეკრა რკინის ჯაჭვებით და კარის ციხეში, საპყრობილეში ჩასვა. ამის შემდეგ. სმბატსა და აბასს შორის გაძლიერდა შუღლი და·მტრობა. აბასმა და სმბატმა გარს შემოიკრიბეს ჯარის გუნდები და ერთმანეთს შეებრძოლნენ. დიდი არეულობა და აოხრება მოედვა ქვეყანას. შუაში ჩადგა დიდი კათალიკოსი და განიზრახა მშვიდობა ჩამოეგდო მათ შორის. იგი სთხოვდა [აბასს] გაეთავისუფლებინა ადარასე და თავიდან აეცილებინა აღტყინებული რისხვის ნიაღვარი. სპარაპეტმა ცბიერებას მიმართა, ისე მოაჩვენა თავი, თითქოს თანახმაა და უთხრა: „გადმომცეს მე ადარნასემ ორი ციხე-სიმაგრე, რომლებიც მან ჩემი დის ქმარს გურგენს47 გამოსტაცა და [მომცეს] მძევლად თავისი შვილი დავითი და ამის შემდეგ გავუშვებ მე მას მშვიდობითო“.
    ამ სიტყვაზე მან დაბეჭდა ფიცის წიგნი და გადასცა დიდ მამამთავარს. ხოლო შემდეგ, როდესაც მიიღო ის, რაც სურდა, კვლავ ემუხთლა იმავე მზაკვარი ეშმაკისაგან, არ გაათავისუფლა ადარნასე და გააწბილა დიდი კათალიკოსი შუამდგომლობა. ამისგამო მწუხარებითა და გულისწყრომით შეპყრობილი დიდი მამა-მთავარი აღელვებული წავიდა შირაკის გავარისაკენ. როცა სპარაპეტმა გაიგო, რომ შეიძლება თავდამსხმელთა ბრბო კარს მოადგეს, გაეშურა, შევიდა და დადგა ზღუდე [შემოვლებულ] სიმაგრეში გარეზღუდის ქვეშ.
            ამ დროს სუმბატმა დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და მარბიელი [რაზმები] მოჰფინა სიმაგრის გარშემო განლაგებულ აბასის მრავალრიცხოვან სოფლებს. ციხეში იმ გავარის ლტოლვილნი იყვენენ თავშეფარებულნი. [სმბატმა] ხელთ იგდო მამაც კაცთა საჭურველი და ცხენთა [აკაზმულობა], შეიპყრო [აბასი] და გამოამწყვდია ციხის საკანში, როგორც საპყრობილეში, ამას ჩადიოდა იგი ზედიზედ მრავალი დღის განმავლობაში. [ამ დარბევის] შემდეგ, საფრთხეში ჩავარდნილი და გამოუვალ მდგომარეობამდე მისული [აბასი], რომელმაც ვერ პოვა სხვა რაიმე გამოსავალი, მიენდო ძმისწულის მშვიდობისმოყვარეობას. [აბასმა სმბატს] მოსთხოვა მძევლებად მისი შვილი, თავისი სეხნა, და თავისი ძმის შაპუჰის შვილი აშოტი, [სანაცვლოდ კი] ისიც გამოიყვანდა ადარნასეს და გადასცემდა [სმბატს]. მშვიდობისმოყვარე  [სმბატმა] არ აარიდა თავი მის თხოვნას მიეცა მისთვის მძევლები. [აბასმა] კი გამოიყვანა და გადასცა მას ადარნასე. [სმბატმა] დიდი პატივითა და დიდებით გაგზავნა ადარნასე თავის ქვეყანა.
    იქიდან (ყარსიდან) დაბრუნებისას [სუმბატს] ხალიფას ბრძანებით მოართვეს სამეფო გვირგვინი ისმაიტელთა მთავრის აფშინისაგან48, რომელიც ატრპატაკანში იმყოფებოდა. მასთან ერთად [მოართვეს] ოქროქსოვილი სამოსელი და ოქრონაჭედი სამკაულითა და საჭურვლით შემკული ჰაერში მოთამაშე რაშები49. [საჩუქარს] შეეგებნენ სანახაობის მოედანზე, შემდეგ კი გეორგ მამამთავართან ერთად დაბრუნდნენ წმინდა ეკლესიაში. იქ მან შეასრულა წირვა, შემოსა  [სმბატი] ოქროქსოვილი ტანსაცმლით და თავს დაადგა სამეფო გვირგვინი.
    შემდეგ [სმბატი] გამოვიდა წმინდა სეფადან მფლობელი სომხეთისა. ამის გამო აბას სპარაპეტი შურით აღივსო და უფრო მეტად კათალიკოსის მიმართ გაბოროტდა, რადგან მას თვლიდა იმის მიზეზად, რომ დაჰკარგა [გამეფების შესააძლებლობა], სმბატი კი გვირგვინოსანი შეიქმნა. შემდეგ შურითა და მტრობით [შეპყრობილმა აბასმა] კათალიკოსის გასაკიცხავად თავისკენ მიიზიდა ბოროტმესიტყვენი, რომელნიც მის სახლიდან იყვნენ და  რომლებმაც თავიანთი სულის ლაგამი ბოროტ ეშმაკს მისცეს და გათავხედებულებმა ცეცხლის საძოვარი-ცილისწამება შეთხზეს წმინდა კათალიკოსის შესახებ. ვიდრე ისინი თავიანთ ურჯულო ენებს მოსდებდენ ქვეყანას, და ზოგ უწესო ბოროტისმზრახველ ცილისმწამებლებს შეიკავშირებდენ, ფიქრობდენ, რომ შესილებდენ სისრულეში მოეყვანათ წმინდა კათალიკოსის ჩამოგდება.
    ამ დროს კი გამოცისკროვნდა და გამობრწყინდა ღმრთის წმინდა კაცი მაშტოცირომელიც სევანის კუნძულზე იმყოფებოდა ღმრთის დიდების უშრეტი სინათლით გასხივოსნებული. იგი საღმრთო გავრცობილობით, წმინდა ცხოველმყოფელი რჯულითა და სულიერი სიძლიერით სახილველში უხილავს ჭვრეტდა. ყველას მისკენ ჰქონდა მიპყრობილი. თვალი, რადგან მას შეეძლო სულიერ ნაწილთა გამორჩევა და შეცნობა ჭეშმარიტი გულისხმიერებით. სპარაპეტმა განიზრახ მოეხიბლა ღმრთის კაცი და თავისი ბოროტი გადაწყვეტილების მომხრედ ექცია, მან მაშტოცს წერილი მისწერა, რომელშიც დასაწყისში ქებას [ასხამდა] მას, ხოლო შემდეგ დიდი და შეურაცხმყოფელი დაბეზღებით [იხსენიებდა] კათალიკოსს. არ არის საჭირო ისმინო მის ბნელ საქმეთა უნაყოფობა და გაიხსენო დამღუპველ უკეთურებათა მოწმობანი. ამასთანავე [სპარაპეტმა] აუწყა [მაშტოცს], რომ მიანიჭებდა მამამთავრობის პატივს კათალიკოსის ნაცვლად, თუ კი იგი დასთანხმდებოდა უკეთურთა კრებას, მოვიდოდა და შეუერთდებოდა მას. [მაშტოცმა] რომ წაიკითხა [ეს წერილი], ფრიად განრისხდა და არ ისურვა გაეცა პასუხი, მაგრამ დუმილით რომ არ გაეძლიერებინა თავის მიმართ [მისი] უკეთურებანი, შემდეგი მისწერა [აბას სპარაპეტს]:
    მოაღწია ჩვენამდის შენმა, ძლიერი [ადამიანის] მოსარიდებელმა ბრძანებამ, რომელიც მე მივიღე სულიერი სიყვარულით, რადგან საღმრთო რჯულს ჩემთან ერთად სიყრმიდან შეეზარდე სარწმუნოების ერთგულების შესაფერისად აღგითქვი თქვენ თანამორწმუნეობა; ამის შესახებ პავლე იტყვის: „საყვარელ ხართ და არა მოძულებული“. დავეცი და მდაბლად თაყვანი ვეცი კარავს. მაგრამ თუ დამოუკიდებლად ანგელოზებრივი დასისა სხვა რაიმე გზით წავა და დატოვებს მიუწევნელობით ხარკთა უღელს, ნუ მივიჩნევით ამისათვის ურჩად, რადგან საღმრთო სიტყვა მოითხოვს ჩვენგან მორჩილებას უფრო მეტად ღმრთისას, ვიდრე კაცისას.
    შემდეგ შენი წერილის ყოველი თავი წარმოადგენს განდგომას დიდი მამამთავრისა და ქრისტეს მონაცვლისაგან. მაგრამ ვიდრე მას სიწმინდის ფილონი მოსავს და განდიდებულია ღმრთის მოწოდებითა და სამოციქულო საქმით, იგი ღმრთის ნაცვალია და ამ სახელს ვუწოდებ მე მას ყოველთვის...
            ხოლო ჩემი სასჯელის წყევლა უფრო სამართლიანი და ღირსი იყო, რადგანაც შევცდი
და შემცდარი დავეცი წმინდა მამათა პატივის გამორჩევაში, ჩვენსა და ქალკედონელთა შორის რომ არის, რის გამოც სინანულის ლოცვა-ვედრებითა და ღმრთის წინაშე დავარდნით გავაქარვე მისივე წმინდა ხელით ხელდასხმულობა ჩემზე, ხოლო ამ წერილის მთელი აზრი ცოდვათა შესახებ მოასწავებდა მათ გაკიცხვას, ისინი კი შეპყრობილნი არიან ეშმაკის მოძღვრებით, რომელიც კაცის მკვლელია დასაბამითგანვე, ან სულის მკვლელი, მატყუარა და ღვარძლის მთესველი. ამიტომ მეც გამაღვიძეთ, რადგან არ არის საჭირო დუმილი. ეხლა ესეც იხილე შენ, უფალო ჩემო, რადგან შეუძლებელია შეცოდებათა გაგება ისევე, როგორც კლდეში შემავალი გველის გზისა. ამის ქეშმარიტი მოწმეა წინასწარმეტყველი, რომელიც ამბობს: „გამოიძიეს უსჯულოება, განიხილეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა“. ეს ვიცი და მინდობილი ვარ უფალს, რომელიც უგულებელყოფს ცოდვას, უმზადებს სნეულს სიკვდილს და სძულს ძმა, როცა იგი მდაბიოსთან არის, ხოლო გამოჩენილი და მაღალ საფეხურზე მდგომი კაცი მცირედ ირყევა. საზოგადოდ ძლიერ დიდია ვნებანი ცდუნების გამო, თუ არას ვიტყვით უსაზიზღროებასა და საძაგელ უბედურებაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს. ხოლო მზე ცოდვილი და უსუსური კაცი ვარ და ჩემი ურჯულოება ჩემს თავს აღემატება და მძიმე ტვირთად მაწევს. არ შემიძლია შურით აღვიძრა ყოვლის მპყრობელის, უფალი-ღმრთის მიმართ, და დირით დაბრმავებულმა სხვების სიბნელე შევნიშნო.
    ეხლა კი მრავალი ცრემლის ღვრითა და გულის წუხილით დავწერე ყოველივე. ღმერთმა სიმართლის გზა გიჩვენოთ თქვენ, რომ ამ გზით იაროთ და აღსრულდეს ნება თქვენი მის ნებად და ითქვას თქვენ გულში სიმართლე და სამართალი. ნუ შეყოყმანდები გამოუძიებელი ამბით, ეს არ შეჰფერის თქვენს მეთაურობას. და [ყოველივე ეს] თქვენ ხომ უკვე ნახეთ. მოკვდეს და აღიგავოს სახელი და სახსენებელი ჩემი პირისაგან მიწისა, დამიბნელდეს თვალთა გუგები და ნუღარ იხილონ მათ სინათლე, დამეხშოს ყურები და დამიმუნჯდეს პირი, ხოლო ენა ჩემი მიეკრას სასას, ნისლმა და ცოდვათა წყვდიადმა და სიკვდილის აჩრდილმა მომიცვას მე სრულად, თუ კი აღვიძრები, ვიგრძნობ, ვიხილავ, მოვისმენ, ან ვიტყვი იმ მართალი კაცის უსამართლობას, მის უკეთურებას. ენა მოედვა ქვეყანას, ძვირის მთქმელი იქმნა და მკვეთრად გაისმა ბაგეთა შორის, ნუ აღიმართება ხელი ღმრთის ცხებულზე და ნუ განიდევნება როგორც დამნაშავე მიუტევებლად და განუკურნებლად. ნუ გავხდები მე კორხი და დადანი, მოცილე ღმრთის რჩეულისა, და თუ არა, გააღოს მიწამ პირი და შთამნთქასდა დამღუპოს მე აბირონის ბანაკთან ერთად, და ცოცხალი ჩავალ ჯოჯოხეთში. ასეთია ჩემი აზრი და მას ვერავინ შემაცვლევინებს, ვერც გეჰენიის შიშით, და ვერც სასუფევლის აღთქმით, ან სამსჯავროთი. დაიღვრება ჩემი გულის სისხლი მხილებითა და წყევლით შეურაცხმყოფელთა, რომლებმაც თქვენ შეგაშფოთეს.
    ყველაფერ ამასთან ერთად მოგახსენებთ თქვენსა ღმრთისაგან დაწერილ კანონს, რომელშიც სწერია, რომცხადნი კაცთათათვის და დაფარულნი ღმრთისა უფლისა“, ამისათვის დააწესა დღე, როდესაც თვით [ღმერთი] განსჯის კაცთა საიდუმლოებას იესო ქრისტეს მეოხებით. „აწ, თქვენ ანებეთ თავი, აზრით ნუ განსჯით და ნურც სიტყვით ამხილებთ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც განანათლებს ბნელეთის საიდუმლოებას და ყოველ საქმეს ცეცხლით გამოსცდის, რადგან აზრი და გონება მოჩვენებითი აჩრდილია და ფუჭია რეისით ჭეშმარიტების გარეშე, და არ ჩაითვლებიან სამსჯავროს მართალთაგან მოწმობანი ღმრთის მოთხოვნათა შესაფერისად, თუნდაცპირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცების ყოველი სიტყვას, რომელიც ძლიერ იქნა მოწონებული გარეშე ბრძენთაგან. ჩვენგან მოიპარეს, გადაასხვაფერეს და ალეგორიით წარმოგვიდგინეს, როგორც თავიანთი საკუთარი, მხოლოდ გვამცნეს ის, რაც უეჭველია, როგორც სახვნელი ყანაში, ან წამლის მიმცემი საწამლეში. აწ კი გევედრები, რომ არ დადუმდე და დაუდევრობა არ გამოიჩინო, არამედ გულს იდგინო სამართალიადამიანთა აზრი და მოქმედება თქვენი მსგავსია და მოუძლურებული და დახშულია შეცდომათა გამო. თუ კი მოგეცემათ შემთხვევა მიგიწვიონ, კათალიკოსოზი დააჯერეთ თქვენც და ნუ იქნება ცოდვათა აღიარება, ვინ წარმოდგება წინ ურცხვი პირით და ურჯულოების მოწმე ვინ იქნება? ვამბობ ამას ღმრთის რჩეულის მიმართაც. ამისთვის სულიწმიდის სიტყვამაც უჩინარი მის სულს მიაგდოს. ნუ ჩამოაგდებთ შფოთს და სიფიცხით დეზის წინააღმდეგ წიხლს ნუ ჰკრავთ, რადგან უფრო მეტად მოაკლდება მადლი მას, ვინც ასე განიზრახავს სარწმუნოების მიმართ. ვერ ეკურთხა ბაგრატ მთავარი, რომელმაც ამგვარი რამ განიზრახა უსარგებლოდ. ჩვენ ყველამ ვიცით დასაღუპავთა დაღუპვის [შესახებ]. ხოლო თუ ბრძანებთ კრების მოწვევას, ნუ იქნება ეს კრება ბოროტის მცველთა და შურისმაძიებელ თავდამსხმელთა, რომლებიც, როგორც მაშინ შეიკრიბნენ ანასა და კაიაფასთან უფლისათვის, ეხლაც [იკრიბებიან] მისი ცხებულისათვის. იგი მიიღო უფალმა დასაბამითვე თავის სამკვიდრო ნაწილში, რომლის შესახებ წინასწარმეტყველი მწყობრად ამბობს: „შეიკრიბენით სიონის მთაზე მღვდელნო და მოხუცნო მართალნო, იქადაგეთ მარხვა და ვედრება, გაწმინდეთ ეკლესია ტირილითა და ტყებით, რათა მოგხედოს თქვენ ღმერთმა. ამის მსგავსად მოიმოქმედეს თქვენს მიმართ ნიკეის წმინდა მამებმა, რომლებიც ქალამანმოსილნი გაემართნენ სიწმინდის ადგილისაკენ. მთელი წლის განმავლობაში დაყუდებულნი მარხულობდნენ და ლოცულობდნენ, ჭამდენ ჭირის ხმელ პურს და სვამდნენ შეჭირვების წყალს, მიწაზე ეფინათ საწოლი და მიწას ეკროდენ, მრავალი სინანულითა და სულთქმით წმინდა სახარება მეოხად გაიხადეს, რომ არ ჩაედინათ რაიმე თვითნებური. მათ მოხედა უღალმა და გაუნათლა ღირსი.
    ეხლა, მე უღირსი ვემორჩილები მართალთა განზრახვას, რათა სიკეთის მოყვარულთა კრებაზე მოვიდე და ავასრულო მათი შრომა ყოველწლიურად ლოცვითა და გარჯით. ღმერთი ძლიერი და ყოველის შემძლეა, რომ შეისრულოს თავისი სურვილი. გავკადნიერდები მაიძულებელთა უგუნურებაზე და თავდები ვარ, რომ, თუ ღმერთი როგორმე არ მოხედავს მათ, მე ბოროტმოქმედებსა და მესალიანელებთან ერთად გამომარჩიეთ სამარადისო მხილებისათვის, მხოლოდ, თუ კრებაც ჩემი შეხედულებისა იქნება. ხოლო ენების გამო ნუ ძრწით და ფიქრობთ, რადგან ენა ახლად კი არ არის გალესილი სიმწარით. იგი მოზიდული მშვილდია მოწინააღმდეგეთათვის ისართა სასროლად, რათა დასცეს და მოსპოს გულწრფელნი. ბოროტი ეშმაკები კი მიისწრაფიან და სწყურიათ წმინდანის პატივი რომ იზრახონ და მოხერხებით გააძეონ განრისხეაბულ კაცთა შვილები. სწორედ ამ ენებს |მოჰყვა, რომ წინასწარმეტყველები გაკიცხეს, ტანჯეს და ამოწყვიტეს ბასრი მახვილებით. ფარისეველთა შეგონებისა და ებრაელთა [გოდების შედეგი], რომ ღმრთის სიტყვის მიმართ ხმა ამოიღეს და სამარადღისოდ დაიღუპნენ. მღვდელთა სიცოფის |შედეგი იყო], რომ ღმრთის მებრძოლნი შეიქნენ. იუდას სიბრაზის [შედეგი იყო], რომ იგი დახუჭული თვალებით გაემართა, არ დაკარგა 30 ვერცხლი და მივიდა თავის ადგილს. ეს სიბრძნეა და მოაზროვნე ჭკუა, რომლებმაც შეიგნეს, რომ ღმრთად და კეისრად თანამდებად მიეჩნიათ ძე ღმრთისა და იგი კანონის თანახმად მისცეს მსაჯულს თავიანთ თავთა დასაღუპავად მოიგონეთ მოწამენი: სტეფანოსი, უფლის ძმა იაკობი და ნარკესოსი; და ნუ შესცდებით, რადგანაც შვილებს სჩვევიათ [ცუდის] ჩადენა ეშმაკის ნებით, ანცდუნებით. ამისათვის დაწერილიცაა მოსალოდნელ ბოროტებათა შესახებ ურჯულო მოწამეთა გასაფრთხილებლად, რომლებმაც, როგორც სამართებელი გალესეს და [გაამძაფრეს] ღალატი, რათა შეიყვარონ ბოროტება სიკეთეზე უფრო მეტად და დამღუპველი სიტყვები. ამის გამო წინასწარმეტყველი შესწირავს ვედრებას, რომ იცხოვრონ ბოროტ კაცთა შორის, რომლებმაც ისე დალესეს თავიანთი ენები, როგორც გველმა და იქედნემ შხამი ბაგეთა ქვეშ. დავსძენ იმასაც; რომ საძაგელი თავის თავის გამცემი არ არის მოწმე და არც შეუძლია მოვიდეს მართალთა სამსჯავროს წინაშე, არამედ განიდევნება, რადგანაც იგი მეძავი დედაკაცის ბილწი სახით არის გარეული ადამიანებში; მღვდლის წინა ძე აღსარებისას არცაა მოწმე საეკლესიო კრების წესისამებრ, სანამ წმინდა კანონთა ჟამი არ შესრულდება, რომ შენანებით დაიყენოს მოწმეებიეკლესიის წინამძღვრები  შეწყალებისა და შენდობისათვის.
    აწ მოვიდნენ და მოინანიონ ჯერ ცოდვილებმა ძაძითა და ნაცრით მოწესეობრივი გულისხმიერებით და მხოლოდ [გარკვეული] დროის შემდეგ გახდება სარწმუნო მათი სიტყვები. გარდა ამისა რჩეული ეპისკოპოსები და ზოგი მართალნიც შორიდან მოვიდნენ და მათ მიმართ არ შეიქმნება სიძულვილი. ასევე წმინდა მამებმა და უხუცესებმა გამოიძიონ, როგორც სურთ, და სანდონი შეიქნენ. და ამის შემდეგ. ისინი, რომლებსაც შეუძლიათ წმინდა საკურთხევლისა და წმინდა ტახტის ჭილოფით შემოსვა, თავიანთ სულს გლოვით მოიცვენ სიძის დაცემის გამო, რომელიც სცვლიდა ქრისტეს, ეკლესიის მორალს სიწმინდეთა შესასვლელში. შემეშინდა ამაზე მეტი სიმართლის დაწერისა. მაშინ იქნება ეს თქვენგან ნაბრძანები, თუ ინებებთ ვინმეს ამორჩევას, რომელიც [სხვა] არ შეიძლება იყოს, თუ არა ის, ვინც მტკიცე ძალით, ან ურჩი აზრით შეებრძოლება ღმერთს. ხოლო ეხლა თქვენ ზურგი მიეცით [. . მხარში ამოუდექით] ღმერთს ჩემი რჩევის მიხედვით, რათა თქვენი მომავალი სასჯელი ტკბილი იქნეს მსოფლიო სამსჯავროს წინაშე. დიდება და პატივი მიიღეთ ღმრთისაგან დღეგრძელობითი,
    როდესაც [სპარაპეტმა] წაიკითხა ეს წერილი, ძლიერ შერცხვა, რომ მოატყუა ბოროტი მზაკვრები, რადგანაც, სადაც კი მისწერა ამგვარი [რამ], ვერსაიდან ვერ პოვა სასურეელი პასუხი, არამედ მამხილებელთაგან მრავალი ბრალდებები [მიიღო]. ზოგიერთები თითქოს და ღმრთის რისხვით დაეცნენ და დაიღუპნენ შურით გაცოფებული ცილისმწამებლებისაგან. ზოგი მათგანის უსირცხვილო მატლდახვეული ბაგეები მიტოვებულ იქნენდა მრავალთათვის აშკარაგახდნენ ისინი და თვით ჩემთვისაც, ხოლო სხვებს მუცელი დაუუძლურდათ, დაუწყლულდათ სისაძაგლის აუცილებელი საჭიროების გამო და [მთელი შიგნეული] აემღვრათ და დასცვივდათ; დიდი სიმხურვალითა და მწველი ცეცხლით აენთოთ და აუდუღდათ სიმსივნე და დაიხოცნენ კიდეც. ხოლო დანარჩენები, სამართლიანი სასჯელით შეწუხებულნი და ათრთოლებულნი ფეხთ ჩაუცვივდნენ მამამთავარს ცოდვების აღიარებით და პოვეს კიდეც მისგან შეწყალება.
    ამის შემდეგ სპარაპეტიც ღმრთისაგან მოწევნილი სასჯელისაგან შეშინებული, გულშეძრწუნებული და აკანკალებული სულთქმით, ვედრებით და ცრემლებით ფეხთ ჩაუვარდა მამამთავარს და სთხოვდა ცოდვების პატიებას. [მამამთავარმა] უშურველი გულის სიყვარულით შეიწყნარა იგი ერთგული მაძიებელისამებრ და მიტევებისა და კურთხესიაო ვის ღირსი გახადა სარწმუნოების სისრულით.
    ყოველივე ეს დიდი შიშით აღვწერე მე თქვენთვის მომავალში მოსაგონებლად. ამიტოშვე გავიხსენე იმათი სასჯელი, რომლებიც თავიანთი ქცევის შედეგად უნდა დაღუპულიყვნენ. ნურავინ იღწვის, რომ იტვირთოს ტანჯვა-წამების გზა, გაკიცხვა და გვემა მათ მსგავსად. რომლებიც ჩავარდნენ იუდასთან და წავიდნენ თავიანთ ადგილას.
46. 888 წელს ვანანდში აჯანყდნენ ერისთავები. ამით ისარგებლა აშოტ ბაგრატუნმა, დაიკავა ვანანდი ცენტრ ყარსით და შემოუერთა თავის სამეფოს. შემდეგ დაუთმო თავის ძმას, სპარაპეტს სმბატს, რომელმაც აქ მოაწყო სომხეთის სპარაპეტების რეზიდენცია.
47. გურგენი უნდა იყოს გურგენ I კურაპალატი, ადარნასეს ძე ტაო-კლარჯეთიდან. ტაოში მდებარე კალმახიდან გადასახლდა შავშეთსა და არტანში. მაში მას დაუპირისპირდა მეფე ადარნასე და ბაგრატ არტანუჯელი. მოწინააღმდეგეთა ჯარები შეიკრიბნენ არტანუჯის ხეობის სოფელ მგლინავში. გურგენი დამარცხდა, გაიქცა დაჭრილი დაატყვევეს. მოკვდა ჭრილობებით 891 წელს.
48. აფშინში იგულისხმება მუჰამად იბნ აბუს--საჯ აფშინი, ხალიფას დანიშნული აზერბაიჯანის მმართველად 899-901 წლებში.
49. სმბატს გვირგვინი ხალიფამ გამოუგზავნა 891 წელს.
31. აფშინ ოსტიკანის სმბატ მეფესთან უთანხმოებისა და ქალაქ დვინის ამბოხების შესახებ
    სმბატ [მეფემ] განამტკიცა თავისი სამეფო და შეეცადა პავლეს მსგავსად, ყველასთან მშვიდობა და სიყვარული. დაემყარებინა. [სმბატმა] დაიცვა რა, მამისეული წესი და აღთქმა, არ განუდგა ბერძენთა კეისრის ლეონის50 სიყვარულსა და ერთგულებას, [არამედ] დიდძალი ძღვნითა და მოსაკითხ-მისართმევით პატივი სცა მას თავისი სიმშვიდითა და სათნოებით, რისთვისაც კეისარმაც არა მცირედი პატივი და, ძვირფასი საჩუქარი მიაგო; ლამაზი იარაღი, სამკაული, ოქროქსოვილი ტანსაცმელი, სასმისები, ჭიქები და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს სარტყელები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კეისარი სმბატს თავის საყვარელ შვილს უწოდებდა სიყვარულით აღსავსე პირობის დადებით. ხოლო როცა სმბატისთვის გვირგვირის მიმნიჭებელმა აფშინ ოსტიკანთა შეიტყო კეისრისა და სმბატის ურყევი სიყვარულისა და შეთანხმების შესახებ, გული დაეკოდა და შურითაც აღივსო იმის ფიქრით, რომ უღალატებდნენ მას, [ამიტომ] ჩქარობდა ჩაეშალა და გაეწყვიტა მათი სიყვარულისა და ერთობის კავშირი. მან დიდძალ ჯარს მოუყარა თავი და განიზრახა წამოსულიყო და მოეღწია სომხეთს. მეფე სუმბატმა სასწრაფოდ შეიტყო აფშინის ბოროტი განზრახვა, უმალვე გაგზავნა თავისი ჯარი მრავალი ნახარარით და მხნედ მებრძოლ კაცთა [და] საჭურვლის მარჯვედ მომხმარებელთა თანხლებით. დაახლოებით 30000 კაცი და წარუძღვა მათ წინ როტოკის გავარამდე, ატრპატაკანის მახლობლად. სანამ მიუახლოვდებოდა და მიაღწევდა მტრის ჯარს, მოციქულის საშუალებით აფშინს შემდეგი შეუთვალა; „რატომ მოემართები და მოდიხარ გაბოროტებული უმიზეზოდ. თუ კი მე კეისარს სიყვარულით დავუკავშირდი, ესეც თქვენი სარგებლობისათვის [გავაკეთე], რომ ეგების ის, რაც დიდი ხალიფასა და შენთვისაა საჭირო, ბერძენთაგან ადვილად მოვიპოვო და მოგართვათ თქვენ ძღვნად დიდებული ტანსაცმელი, სამკაული და მშვენიერი ჭურჭელი. [ასევე] დაეხმარონ ვაჭრებსაც, რომლებიც შენი თანამორწმუნენი არიან, რათა გახსნან გზა და შევიდნენ მათ ქვეყანაში და სიუხვით გაამდიდრონ თქვენი საგანძურები.
    როცა აფშინმა მოისმინა ასეთი საამო სიტყვები და დაინახა რჩეული მხედრები, რომლებიც მოსულიყვნენ და მის კარზე იდგნენ, ამის შემდეგ უკვე ბოროტი სიტყვები სიყვარულის მოციქულობით შეცვალა. შემდეგ კი ორივენი შესხდენ ქედფიცხელ ცხენებზე შეხვდენ ერთმანეთს და დიდი პატივი და სამეფო ძღვენი მიართვეს ერთმანეთს. [შემდეგ აფშინი] მობრუნდა და წავიდა ატრპატაკანში, ხოლო სმბატ მეფე უკანვე გაბრუნდა და მოვიდა დედაქალაქშიდვინში. რადგან [სუმბატმა] წინათ დადებული პირობისამებრ ვერ დაინახა მის მიმართ მორჩილება და [შეიტყო],  რომ სამეფო გამოსაღები, ხარკი და ბაჟი შემცირებულიყო და ქალაქის კარიც დაეხშოთ მისთვის, ამიტომ მან გარემოიცვა ქალაქი და არეულ-დარეულობა, ძარცვა-გლეჯა, ნერგთა ამოგდება და ცეცხლი მოჰფინა მათ. ასე მოქმედებდა იგი ზედიზედ ორი წლის მანძილზე (892-893 წლები). ამის შემდეგ შევიწროებულნი და შეძრწუნებულნი სასოწარკვეთილებას მიეცნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს გამოსვლა. მეთაურები, უფროსი ოსტიკანები და ქალაქის გამგებლებიორი ძმა, სახელად მაჰმედი და უმაია (. დვინის მმართველები 891-3 წლებში) – ღამით [ქალაქიდან] გარეთ გამოვიდნენ და გაიქცნენ. ეს რომ შეიტყეს, ჯარი უკან დაედევნა მათ, შეიპყრეს [ისინი] და მიჰგვარეს მეფეს.
    [სმბატ მეფემ] საბლითა და სახრით აწამა ისინი, წაართვა მათ ოქროსა და ვერცხლის დიდძალი განძი და რკინის ჯაჭვით [შეკრულნი] ლეონ კეისართან წარგზავნა. შემდეგ კი მოქალაქენი მტკიცედ დაუმორჩილა თავისი მონობის უღელს. თვით კი ხელი აიღო ამქვეყნიურ შეძენაზე, ყველასთვის იზრუნა, მოიყვანა ისინი მწყობრში და დაიმორჩილა ზოგი საამო სიტყვით, ზოგნი კი თავისკენ მიიმხრო და დააწყნარა ასევე ქართველთა დიდი კურაპალატიც და მისი თანამოაზრენი მშვენიერ წესთა მიმართულებით დაითანხმა და დაიმორჩილა. ზოგის მიმართ დიდი ძალა გამოიჩინა და განდგომილები ფეხზე დააყენა. ამგვარად, გაიზიდა და გაიზარდა მისი სამფლობელოს საზღვარი ჩრდილო-დასავლეთიდან ქალაქ კარინამდე და კიდევ უფრო იქით კლარჯეთამდე მიაღწია დიდი ზღვის (=შავი ზღვა) ნაპირამდე, ეგრისის ქვეყნის საზღვრამდეც და დიდი მთის კავკასიის ძირამდის, [დაიმორჩილა] გუგარქი და წანარქი ალანთა კარამდის (= დარიალს) და მათი მცველი კარის სიმაგრე თავად აიღო. იქიდან კი სამხრეთის მხარეს [დაჰყვა] და მდინარე მტკვრით ქალაქ ტფილისამდე [მოვიდა] [შემდეგ კი დაეუფლა] უტიის გავარს ქალაქ ჰუნარაკერტამდის51, ტუსამდისა52 და შამქორამდის. ასე ამგვარად განავრცო მან თავისი სამფლობელოს საზღვრები და სამეფო გამოსაღების, ბეგარისა და ბაჟის უღელს დაუქვემდებარა იგი და სიმხნის საჭურველი თავისი ბრძოლისა ძლევის ნიშნად აღმართა.
50. იმპერატორი ლეონ VI (886-912). ეს უნდა მომხდარიყო 891 წელსვე.
51. ხუნარაკერტი (ხნარაკერტი) იყო ქალაქი და სიმაგრე ეპისკოპოსის რეზიდენციით ალბანეთის, სომხეთისა და ქართლის საზღვარზე, ხრამის შესართავთან ახლოს.
52. ტუსი, ტოვუში, ტოვუსი ციხე ამავე სახელობის გავარში.
32. ქალაქ დვინში მიწისძვრისა და მაშტოც მოძღვრის მიერ მოქალაქეებისათვის
სანუგეშებელი წერილის მიწერის შესახებ
    ამ დროს ღამით, მოულოდნელ ჟამს საშინელი მიწისძვრა მოხდა ქალაქ დვინში (893 . დეკემბერი-894 . იანვარი). დიდმა ძრწოლამ, შიშმა და მღელვარებამ მოიცვა ქალაქის მოსახლეობა. [ქალაქი] საფუძვლითურთ დაინგრა, საერთოდ ჩამოინგრა დიდებულთა ზღუდეები, მეთაურთა სასახლეები და მდაბიოთა სახლები. თვალის დახამხამებაში [ყველაფერი] ისე გამოჩნდა, როგორც ველური, ქვიანი ადგილი. ასევე შეირყა, დაირღვა, დაინგრა და ჩამოიქცა საპატრიარქო ღვთივნაშენი ეკლესია და სხვა მტკიცედ [ნაგები] სამარტვილენი, რომლებსაც კლდეებისა და ოღროჩოღრო [სახე მიეღოთ], რაც შემზარავი იყო მნახველთათვის. ამას გარდა დაინახავდით სახურავის ქვეშ მომხრჩვალ, მიწაზე გართხმულსათუ მასში ჩაფლვით დახოცილი გვამების გროვას, რომელსაც გაქვავებული და ულმობელი გამომეტყველება მიეღო, იყო დიდი გოდება და მოთქმა. არას ვამბობ კაცთა ნათესავების ჭირისუფლებისა და მეუღლეთა შესახებ, რომელთა მოთქმა-გოდება, თავში ცემა უბედურების გამო, მომღერალ ქალწულთა და შავით მოსილ დედაკაცთა წივილ-კივილის უწყალო ხმები, მგლოვიარე, მწუხარე მამაკცთა ოხვრა-კვნესა ცამდე აღწევდა. გვამების უმრავლესობა ვერ შეძლეს დაეკრძალათ სასაფლაოზე. მრავალი გვამი ნაპრალებსა, ღრმულებსა და ხევებში ეყარა. ამრიგად, რისხვის შიშმა გააშეშა და მოიცვა გადარჩენილები. ღმრთის კაცმა წმინდა მაშტოცმა, რომელიც სევანის კუნძულზე ეწეოდა მრავალმხრივ მოღვაწეობას როდესაც გაიგო ღმრთის ასეთი რისხვის შესახებ, სანუგეშო წერილი მისწერა გადარჩენილ გვემულებს...
        ეს გამამხნევებელი სიტყვა მრავალთა წინაშე წაიკითხეს და უფლის რისხვას გადარჩენილმა ხალხმა მისი მოსმენით არამცირედი ნუგეში პოვა. ღირსად იმ ბოროტი რისხვისა, ურჯულოთა ცოდვებში გავერიეთ და ერთმანეთს ვეუბნებოდით: „ქრისტიანებიც კი ჭეშმარიტად წარმართთა რისხვის კვამლით ღონემიხდილნი სასჯელის ღირსნი აღმოვჩნდით, რადგანაც არ გამოვედით სეგოვრიდან, შევერიეთ აგარიანელებს და შევისწავლეთ მათი საქმე, რამაც ჩვენ ცდუნებაში ჩაგვაგდო“. აწ კი უბედურებების შესახებ საკმარისია ეს შენთვის, რათა ასცდეს მებრძოლ სასმენელთ ამაზე მეტი. ხოლო ჩვენ მას მივხედოთ, რაც წინ გვიდევს.
33. სმბატ მეფესთან აფშინის ბრძოლისა და კათალიკოსის შეპყრობის შესახებ
    მოღალატე ოსტიკანმა აფშინმა, რომლის შესახებაც ადრეც გვქონდა ლაპარაკი, დაინახა წარმატებები სმბატ მეფისა, რომელიც მტკიცედ დაეუფლა ჩრდილოეთის ტომებს, განსწავლა და თავის მორჩილებაში მოიყვანა მხეცის ბუნების მქონე ბრბოები. [ოსტიკანმა] განიზრახა ამიერიდან აღარ ჰქონოდა [სმბატ მეფესთან] თანხმობა და სიყვარული და აღარ მდგარიყო მორჩილებისა და აღთქმის პირობაზე. ამასთანავე კიდეც უფრთხოდა, ვაითუ აღარ გადამიხადოს [სმბატმა] ის გამოსაღები და ხარკი, რომელიც მას ჰქონდა დაკისრებული. [აფშინ ოსტიკანმა] ჯერ იჩქარა, რომ ჩამოეშორებინა ვნების გამომწვევი ტვირთი, რაც სუმბატისათვის იყო განზრახული. იგი ფარულად მერყეობდა, შემდეგ მან თავისთან შემოიკრიბა ჯართა სიმრავლე, ვითომ სხვა მხარეებში წასვლას აპირებდა და წამოვიდა საზარელი ხმაურით, წამოვიდა და წარღვნასავით ეკვეთა, რომ წაელეკა და დაემხო სიკეთისათვი დადებული საფუძველი. სმბატ მეფემ არაფერი იცოდა ამის შესახებ სანამ ოსტიკანმა ნახიჭევანს არ მიაღწია. სმბატმა როგორც კი შეიტყო ეს სამწუხარო ამბავი, სცადა სასწრაფოდ შემოეკრიბა თავისი ჯარი, მაგრამ ვერ დაეწია მას, როგორც სხვა დროს, – სანამ იგი ქალაქ დვინს არ მოვიდა. მეფემ გამაგრებულ ადგილებს შეაფარა თავი და ყოველ მხარეში ბრძანებები დაგზავნა. სასწრაფოდ მოვიდნენ და ჯგუფ-ჯგუფად შეიკრიბნენ სომეხი ნახარარები დიდძალი ჯარითურთ. ჩრდილოელთაგანაც ბევრნი მოვიდნენ მეფის დაძახილზემამაცი მშვილდოსნები და ლახვროსნები, შეჭურვილნი საჭქურვლითა და სამკაულებით.
    დააყენეს რა მეთვალყურე, ისინი შეიკრიბნენ სოფელ ვიჟანს, რომელიც არაგაწის მთის ძირასაა. დიდი კალათიკოსი გეორგი მიეგება ოსტიკანს, რომ ეგების მისი ქვის გული მოელბო და ეზრუნა უფლის პირმეტყველი სამწყსოსათვის. ოსტიკანმა პირველად კეთილგანწყობით მიიღო იგი და ეშმაკის თანამდგომობით მისი გონება თავისკენ მიიზიდა. [აფშინ ოსტიკანმა] იგივე შეუთვალა სმბატ მეფეს, მზაკვრული აზრით მოუხმო, რომ მასთან მოსულიყო მეფე. წრფელი გონების მქონე, გულმართალმა ღმრთის კაცმა არ იცოდა, რომ [აფშინ ოსტიკანი] ცდილობდა მახე დაეგო მეფისათვის და მოეტაცნა იგი. ხოლო როდესაც ნახარართა რჩევით მეფემ გონივრულად გადაწყვიტა, რომ არ წასულიყო [აფშინ ოსტიკანთან], კათალიკოსი მობრუნდა და გაემართა ოსტიკანისკენ. თუმცაღა მრავალჯერ სთხოვეს მას ხელმეორედ აღარ დაბრუნებულიყო ბოროტ წარმართთან, მაგრამ [გეორგ კათალიკოსმა] არ დაიშალა, რადგან არ უნდოდა ეცრუა მას პირობის გამო.
    ხოლო ოსტიკანმა, როდესაც შეიტყო, რომ კათალიკოსის მოციქულობით ვერ ჩაადენინა სუმბატს ღალატი, ბრძანა შეეპყრათ [გეორგ კათალიკოსი] და დაედოთ მისთვის ჯაჭვი და რკინის ხელბორკილები. თვით კი დაიძრა და გაემართა სუმბატ მეფესთან და მის ახლოს სოფელ დოლში დაიბანაკა. სამი დღის შემდეგ კი შეკრიბა რაზმი და გაგზავნა მეფის [წინააღმდეგ] საბრძოლველად. იქ, ხმალამოწვდილ მამაც ვაჟკაცთაგან და ფართო მშვილდიან მშვილდოსნების ისართაგან ისმაიტელთა ჯარს საშინელი შემაძრწუნებელი აღსასრულის დღე დაუდგა. [სმბატის ჯარებმა] თავიანთი მოწინააღმდეგე დასცეს, მიწას დაანარცხეს და ველებს მოჰფინეს, გადარჩენილები კი დაფანტეს, გააქციეს უცხო თესლთა ბანაკი, [ისე რომ] მათ ძლივს შეძლეს დაეცვათ თავიანთი ქარავნის სადგომი ადგილი.
            ამის შემდეგ ბოროტი ოსტიკანი, აქაფებულ მღელვარე ზვირთთაგან მთად ამდგარი, დაცხრა და ნაცვლად მხეცური რისხვისა, ალერსი მიაგო მას. მოსთხოვა [სმბატ მეფეს] მიეცა მისთვის სამეფო გამოსაღები და ფიცი და აღთქმა დაედო, რომ არ გაეთიშებოდა მის ერთობას. მეფემ მშვიდობა დაამყარა თავის ქვევყანაში დაუყონებლივ, შეასრულა მოთხოვნა და იშვიათი, ძვირფასი ძღვენი მიართვა [ოსტიკანს], და მანაც, მეფეთა წესისაებრ არამცირედი პატივი მიიღო ოსტიკანისგან. შემდეგ ოსტიკანი წავიდა. მან თან წაიყვანა ბორკილებგაყრილი დიდი კათალიკოსი. იქ, მტრებს შორის ფიზიკური წამებით [გეორგ კათალიკოსმა] იტვირთა მწუხარების სიმძიმე. მას არ მიუჩინეს ვინმე გამოცდილი მსახური, რომელიც მოუმზადებდა ლოგინს, ან წყალს დაუსხამდა, ანდა ხელსახოცს მიართმევდა, ან ფიალას დაუდგამდა წინ და სასმელი წყლით წყურვილს მოუკლავდა.
            ასე იტანჯებოდა [კათალიკოსი] შებორკილებულ წმინდანებთან ერთად და ცრემლით ალტობდა თავის სარეცელს, დაუცხრომლად ფსალმუნს იმეორებდა და მოუწყინებლად ლოცვებით მხნევდებოდა, რომ არ აცდენოდა და მიეღწია ცხოვრების ნავთსაყუდლისათვის. როდესაც მან ორი თვე დაყო საპყრობილეში, აგარიანელმა ოსტიკანმა დიდ კათალიკოსს ოქროსა და ვერცხლის განძი მოსთხოვა, თან დაბეჭდა მტკიცე ფიცის წერილი იმის შესახებ, რომ თუ [კათალიკოსი განძს] მისცემდა, [ოსტიკანი] საპყრობილიდან გაათავისუფლებდა მას და პატივით დააბრუნებდა თავის ტახტზე. [კათალიკოსმა] შეგვატყობინა ჩვენი საზრუნავი [ის, რაზედაც ჩვენ უნდა გვეზრუნა] ჩვენი კარის ეპისკოპოსსა და ეკლესიის სხვა მსახურთ, რომ შესაბამისად ტყვეთა კანონისა მივსულიყავით და მიგვემართა მთავარ ნახარართა და ქვეყნის მთავართათვის. შევაგროვეთ ის, რასაც მოითხოვდა ოსტიკანი და სმბატ მეფის ბრძანების თანახმად დაუყოვნებლივ გავუგზავნეთ აღმოსავლეთის53 დიდ მთავარ ჰამამს54. ოსტიკანმა სწორედ იმ დროს მიაღწია ქალაქ ფაიტაკარანს, მან თან წაიყვანა დიდი კათალიკოსი. რომ მივიდნენ, ჩვენებიც სასწრაფოდ ეახლნენ [ჰამამს], ხოლო [ჰამამმა] გამოითხოვა მამამთავარი და თავისთან მიიყვანა. შემდეგ გაგზავნა განძი, თავის მხრითაც დაუმატა ხარკის შესავსებად და გაატანა ოსტიკანთან. დიდი მამამთავრის ნახვისას მთავარი [ჰამამი] სარწმუნოების დაცვით, დიდი სურვილით შეეცადა მისი ხორციელი მოთხოვნილებების მთელი სისრულით დაკმაყოფილებას: შორეულ უცხოობაში მოემსახურა მას, შემდეგ კი გამოგზავნა იგი სომხეთში როდესაც ნახეს პირმეტყველი სამწყსოს მწყემსი, დიდი სიხარულით აღივსნენ; ყველა ეკლესიაში აღამაღლებდენ მსახურებას საქმის კეთილად მოგვარების გამო და განუწყვეტლივ აღასრულებდენ ლოცვის საუფლო კანონს ღმრთის სადიდებლად.
53. აღმოსავლეთ არმენიას სომხური წყაროები ეძახდნენ უტიკსა და არცახს, ზოგჯერ კი ალბანეთსაც.
54. გრიგოლ ჰამამი, შაქ-ჰერეთის მთავარი და ალბანეთის მეფე
34. აშოტ მთავრის განდგომისა და სმბატ მეფის აჰმატთან ბრძოლის შესახებ
    ამ დროს აშოტმა, ვასპურაკანის მხარეთა დიდმა მთავარმა, სმბატ მეფის დისწულმა, ყური ათხოვა ზოგიერთთა მზაკვრულსა და მაცდურ სიტყვას, მოიხიბლა მით და დაარღვია შეთანხმების პირობა, რომელიც სმბატ მეფესთან, თავის ბიძასთან ჰქონდა დადებული. იგი გაემართა და წავიდა აფშინ ოსტიკანთან იმ მიზეზით, რომ ძღვენი მიერთმია და მორჩილება და ერთგულება გამოეცხადებინა მისთვის. [აშოტმა] ადრე ვერ შენიშნა ის უკეთურება, რომელიც შესამჩნევი იყო საქმის არსში. წავიდა და მრავალი ძვირფასი საჩუქარი მიართვა ოსტიკანს. ამასთან ერთად დიდძალი ჭურჭელი აიკიდა და მის თითოეულ ნახარარს წაუღო ქრთამად. იგი ელოდა უფრო დიდ  ბალიშსა და პატივს. [ასევე ჰქონდა იმედი], რომ გახდებოდა [ოსტიკანის] ნაცვალი და მის თვითმფლობელ ნებათა [აღმსრულებელი], რათა მიეღო უფრო მეტი, ვიდრე ხელთ ჰქონდა. მაგრამ [ოსტიკანმა] მხოლოდ ძვირფასი სამკაულით შემოსა იგი და უკან გამოგზავნა, შორს დაიყენა. [ამრიგად, აშოტმა] მხოლოდ სასიკვდილო წყლული მიაყენა თავის თავს55.
    ხოლო სმბატ მეფემ დუმილი ამჯობინა. იგი ელოდა, რომ აშოტი გონს მოვიდოდა და მოიშორებდა უმეცრების სასირცხო სახეს, მაგრამ მან ამას გული არ დაუდო და არ დაუბრუნდა სიკეთის ნაყოფს. მცირეოდენი ხნის შემდეგ სივნიელთა დიდმა მთავარმაც იგივე მოიმოქმედა, წავიდა აფშინთან, მაგრამ მისგან, აშოტის მსგავსად, ისიც ხელცარიელი დაბრუნდა56. ამის შემდეგ მან ინანა მეფესთან განხეთქილება; გარშემო უტრიალებდა და ევედრებოდა, რომ არად ჩაეგდო მეფეს მისი დანაშაული და უარი არ ეთქვა წინანდელ ზრუნვასა და მამობრივ სიყვარულზე ხოლო სმბატ მეფემ არა თუ შეიცვალა შეხედულება, [არამედ] სავსე სიყვარულით შეიტკბო იგი, თავისთან მოიყვანა, როგორც საყვარელი შვილი და დიდი პატივითა და დიდებით შეამკო.
            ამ დროს სიბრძნით, მამაცობის ნიჭით, სიმხნითა და ძალის სიმტკიცით გამოჩენილი იყო გაგიკ არწრუნი57. იგი იყო დიდი მთავრის აშოტის სიმამრი, რომლის შესახებ ჩვენ ადრე გექონდა ლაპარაკი. [გაგიკმა] მიიტყუა დიდი მთავარი მზაკვრული განზრახვით, მან ბრალი დასდო სამივე ძმას ფუქსავატობაში, შეკრიბა ერთად თავისი სიძე აშოტი [და მისი ძმები:] გაგიკი და გურგენი. შემდეგ შეკრა ისინი რკინის ბორკილებით და ციხეში ჩაყარა. თვით კი დაიპყრო [აშოტის] სამფლობელო და მისი მხარეების მთავრად განეწესა მთელი სიდიადით. სმბატ მეფემ თუმცაღა ეჭვის თვალით შეხედა ამას და არ სურდა, რომ იგი ამგვარად ყოფილიყო, მაგრამ [მიუხედავად ამისა] მან გამთავრებული გაგიკი არ გამოიყვანა სასჯელთა განსაცდელიდან, მით უმეტეს რომ გაგიკი ერთგულად ემორჩილებოდა მეფის სამსახურის უღელს.
    ამის შემდეგ, როდესაც სმბატ მეფემ დაინახა, რომ სომხებში მტკიცე სიმშვიდე დამყარდა და რომ ნახარარები მასთან [უკვე] სიყვარულის პირობაზე იდგნენ... განიზრახა თავს დასხმოდა და შემოემტკიცებინა და დაემორჩილებინა ტარონის ქვეყანა და ალძნიელთა მხარეები, რომ ამ ხალხთა საკუთრება მის მკვიდრ სამფლობელოდან არ გამოცალკე ვებულიყო. [ამ დროს] ისმაიტელთა დიდმა მთავარმა აჰმატმა58, რომელსაც ეპყრა ასურთა შუამდინარეთი პალესტინამდე, შეიპყრო არწრუნთა სიძე აბულმახარი59, რომელიც ფარულად აღიარებდა ქრისტეს სარწმუნოებას და პიტიახშების ნაცვლად ფლობდა ალძნიელთა ქვეყანას. [აჰმატმა აბულმახარი] საპყრობილეში ჩასვა, თვით კი დაიპყრო იმ სახლის საკუთრება და სიმის მთის მოსახლეობა.
    რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა ტარონის დიდი მთავარი დავით ბაგრატუნი (878-895) და მის ადგილს დადგა მისი ძმისწული გურგენი (895 .). აჰმატმა მასთანაც გამართა ბრძოლა. ამ ბრძოლაში [გურგენი] მოკლულ იქნა, ხოლო აჰმატი ფეხდაფეხ მიიწევდა წინ; იგი ცდილობდა, რომ ერთმმართველი ყოფილიყო ამ მხარეებისა რადგანაც დიდი მთავრის დავითის შვილი მეფის ძმის შაპუჰის სიძე იყო და მისი განდგომის მიზეზი გაღრმავდა და ამასთანავე აჰმატის ბოროტება გაშიშვლდა და ცხადი შეიქმნა. [ამიტომ] მეფემ შეკრიბა სომეხი ნახარარები და მთელი თავისი ჯარი – 60000 კაცი. იგი გამოემართა და მივიდა იმ მთის პირდაპირ, რომელიც ტარონის აღმოსავლეთითაა, იქ დაბანაკდა, რათა თვალყური ედევნებინა იქაური ვითარებისათვის60. ხოლო მკაცრი მოძალადე აჰმატი ტარონის დასავლეთით დამკვიდრდა, მდინარე ევფრატის ნაპირი დაიპყრო და იქ დაბანაკდა. ვასპურაკანში გამთავრებულ გაგიკს საიდუმლო შეთანხმება ჰქონდა დადებული აჰმატთან. მან მზაკვრული ცდუნებით დაატკბო მეფე, ურჩია, რომ წასულიყო იქიდან სამხრეთით დაბა-ქალაქ ჰოლსის პირდაპირ, თითქოს იმ კუთხიდან ყოფილიყო მოსახერხებელი საქმის მოგვარება შფოთით, ან მშვიდობიანად. მეფეს ეჭვი არ შეჰპარვია მის ჯაშუშობაში და წავიდა მასთან.
    [გაგიკმა] ისწრაფა და ამ ცდუნების შესახებ მოახსენა აჰმატს და დროის შესაფერისი მომენტის შერჩევით მოუწოდა მას წასულიყო [სმბატზე], თვითვე წარუძღვა ჯართა სიმრავლეს მთიან მხარეში. უწყლო, კლდოვანი, ეკლოვანი, ქვიანი, უგზო და უვალი ადგილებით მიდიოდა, ბევრი მათგანი წყურვილისაგან დაუძლურდა და ამოწყდა. შემდეგ მთელმა ჯარმა, ძარღვებდაჭიმულმა, მოკვეთილმა, დაღლილ-დაქანცულმა, მოწყენილმა და სულშეხუთულმა ძლივს მიაღწია წყალს ერთ სოფელში, რომელსაც თულხი ერქვა. იქ ისინი ნაგვემნი და მუხლმოკვეთილნი დაცვივდნენ. ამ დროს კი აჰმატმა გაგიკთან დათქმული დროის თანახმად აიძულა თავისი ჯარი [აჩქარებულიყო] სანამ განთიადი ღამეს შეცველიდა, მარბიელი მოვიდა და იქაურობასს მოეფინა მარბიელთა მოსვლის შემდეგ აიყარა დარჩენილი ჯარი და სასწრაფოდ აღიჭურვა საჭურვლითა და სამკაულით და ამხედრდა ცხენებზე. ჯერ თვით მეფე გავიდა ასპარეზზე და სიმამაცე გამოიჩინა, მას მიჰყვნენ სხვებიც და ცხენებით შევიდნენ [მტრის რაზმში], უკუაქციეს და დალეწეს იგი.
            გაგიკმა რომ დაინახა ასეთი მამაცური წინააღმდეგობა, რამაც მის დამწუხრებულ გულს სიკვდილის სუნი აღმოუცენა; ბოროტ ზრახვებს ემსახურა და თავს დაესხა მთელ ბანაკს. მან ბრძანება გასცა, რომ მისი კარავი დაემხოთ, აეკიდათ ტვირთმზიდავთ და უკან დაეხიათ. ხალხმა ეს რომ დაინახა, სამართლიანად ჩასთვალა და ყველა ისე მოიქცა, [როგორც უბრძანეს]. მეფემ რომ დაინახა, და შეიტყო, რომ ამიერიდან მათი ბრძოლის საქმეს წარმატება არ ჰქონდა, თვითონაც უკან დაიხია, გაიქცა. მაშინ [იმ ლაშქრობის დროს] დაეცა გამოუცდელი და გაუწრთვნელი ახალგაზრდა, მშვენიერი აშოტი, მეფის დისწული, რომელიც სომეხთა დიდ სანახარაროდან იყო. მასთან ერთად [დაიღუპნენ] სხვა მებრძოლი მფლობელები, უჩინოთაგან 50-ოდე, მეტი და არა ნაკლები, სხვა ჯარი კი გაიფანტა და წავიდა თავ-თავის ადგილს (ბრძოლა მოხდა მდ. ტულხზე 896 .). ხოლო მეფე მოვიდა და დადგა ბაგრევანის გავარში, რათა მოესვენებინა გარჯისა და შრომისაგან. მოღალატე მთავარი გაგიკი [ამ დროს] ცდილობდა თავისი მზაკვრობა გულის სიღრმეში დაემალა. მან არ იცოდა, რომ არ არის საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება. როგორც კი მივიდა იგი . ვანში ტოსბის გავარის სადგომში, გამხიარულდა; მიეცა ლხინსა და შვებას, მსგავსად იმისა, როცა გულის მხიარულებას აჩვენებს პირი. მეორე დღეს კი შეიმოსა სამეფო სამოსით, შეჯდა თავის ჯორზე, გაქუსლა და დანავარდობდა მოედანზე. გაგიკი, დიდი მთავრის აშოტის ძმა, ხმალ დანდობილი, ორ თანამოაზრე კაცთან, ამატუნებთან ერთად უეცრად ეკვეთა გაამაყებულ მთავარს და იგი ხმლის კერძად აქცია. ასე დაენარცხა მიწას მთავარი, მოკვდა და დაეფლა თავის მამებთან ერთად (897 .). შეპყრობილი აშოტი კი გამოვიდა და ძმებთან ერთად განმტკიცდა საკუთარ სამთავროში.
            ხოლო ამაზე ადრე ორმა ჭაღარა დიდმა მთავარმამოკელთა მთავარმა მუშელმა და ანძეველთა (ვასპურაკანის გავარი) მთავარმა გურგენმაურთიერთშორის ძლიერი შუღლი გააჩაღეს და სასტიკი ბრძოლითა და შეჯახებით ერთმანეთს შეებნენ. ამ ბრძოლაში გურგენმა მოკლა მოკელთა მთავარი მუშელი (894-5). ერთ ორი წლის შემდეგ გურგენი შეჯდა სწრაფმავალ ცხენზე და სანადიროდ გაეშურა. მას მოუხდა ერთი მცირე ხევის გავლა, სადაც ცხენმა გაქუსლა ფრუტუნითა და წიხლების ყრით, მან აისროლა გადმოაგდო მთავარი. მკვდარი მთავარი წაიღეს და დაფლეს თავის მამებთან ერთად, მის დიდ სამფლობელოს კი მემკვიდრეობით დაეუფლა მისი შვილი ატომი (896 .).
55. ამ ამბების შესახებ დეტალურად მოგვითხრობს თომა არწრუნი.
56. სხვა ცნობით ვასაკ სიუნიქელს, მისთან მისულს, აფშინმა მისცა მეფის წოდება, მაგრამ არ სურდა რა აშოტთან ურთიერთობების დაძაბვა.
57. გაგიკ აბუმრვან არწრუნი, გრიგორ დერენიკის შვილების ბიძაშვილი და მეფე სმბატის დისშვილი.
58. ახმატ იბნ ისა ალ-შაიბანი (დაახლ 890-898) იყო ამიდაში დამკვიდრებული შაბანიანების გვარიდან არაბღა ემირი.
59. აპლამახრი ანუ აბუ--მაღრა არძნის გავარის ამირას (ალძნიკის ცენტრალური მხარე) მუსა იბნ ზურარის ძე, რომელსაც ცოლად ჰყავდა ბაგარატ ბაგრატუნის და. ახმადმა დაატყვევა აბულ მაღრა და დაეუფლა მის მიწებს. ამით არზნეში სომეხიზებული ზურარების ბატონობა 892-4 წლებში დასრულდა.
60. თომა არწრუნის ცნობით სმბატი წავიდა ვანის ტბის ჩრდ. და დას. სანაპიროების გავლით გაიარა აპაჰუნიკი და ტარონში, სოფელ ტულხში ამავე სახელის მდინარესთან, ქალაქ ხოლთან გაჩერდა.
35. აფშინის სმბატზე გალაშქრებისა და მისი ოჯახის დატყვევების შესახებ
ბოროტისმოყვარე აფშინ ოსტიკანმა შეიტყო მომხდარი ბოროტების შესახებ, სმბატის მოღალატეობრივი გაქცევა, სომეხთა ჯარის რღვევა და დაშლა, დიდ-დიდ უხუცესთა და სხვათა მზაკვრობა და მოულოდნელი განხეთქილება ურთიერთშორის. მან ეს დრო თავის სურვილთა აღსრულებისათვის მარჯვედ და შესაფერისად ჩათვალა. ოსტიკანმა ბოროტების ჩასადენად წარმართა თავისი აზრი და გონება, აბობოქრდა და წამოვიდა როგორც დიდი ნიაღვარი, რათა ბოროტი ღვართქაფით შეერყია და წაელეკა თორგომიანთა სახლი და თავისი მწარე გესლი მეფეზე დაენთხია. [აფშინ ოსტიკანი] გაემართა (897 წ.) უტიის გავარით და მოვიდა გუგარელთა და ქართველთა მხარეებში, რათა ჯერ ისინი დაემორჩილებინა, ანდა შფოთი და არეულობა ჩამოეგდო მათ შორის, რომ სმბატს არ შესძლებოდა მისგან სადმე გაქცევა. მაგრამ იმ მხარეთა ნახარარები არ შეუერთდნენ მას განდგომის პირობაზე და [ოსტიკანმაც] ვერ შეძლო ძალით შეხებოდა მათ მიუდგომელ სიმაგრეებს, [ამიტომ] იგი ვანანდის გავარით კვლავ სომხეთში გადავიდა და იქ გადაწყვიტა კვალდაკვალ დადევნებოდა სმბატს, ხოლო როცა [სმბატი] გადავიდა ტაოს ღრატეებიანი ხევის კლდოვან სიმაგრეებში და ოსტიკანი დარწმუნდა, რომ ვერც ვერაგობით მოერეოდა და ვერც ბრძოლით გაწრთვნიდა და მოიყვანდა მას გონს, [ოსტიკანი] წავიდა და მოიცვა კარის სიმაგრე ვანანდის გავარში, სადაც თავშეფარებული და დამალული იყვნენ ძაძებით მოსილი, შემონაზვნებული სომეხთა დედოფალი, სმბატის მეუღლე, მისი რძალი, ეგრისის მეფის ასული და სხვა აზნაურ კაცთა ცოლები. (აქ აგრეთვე სამეფო ხაზინაც იყო)
სიმაგრის მცველად იყო ქანანიტი, გნდუნის ტომიდან, სახელად ჰასანი, ძლიერ სანდო და გამგებელი მეფის მთელი სახლისა. განძი და მეფის დიდძალი ჭურჭელი ამ სიმაგრის საჭურჭლეში იყო დაცული. ეს გამოიძია და შეიტყო აფშინმა ზოგიერთებისაგან რომლებმაც აცნობეს მას [ყოველივე]. გაცოფებულმა [აფშინ ოსტიკანმა] გარემოიცვა სიმაგრე. ჰასანმა გონივრულად მოისაზრა და შეიგნო, რომ ვერაფრით იხსნიდა [ციხეში მყოფთ აფშინისაგან], რადგან ღია იყო დაღუპვის კარი. მას ძალი მიეცა ზეციური მოხილვით და მოსთხოვა აფშინს ფიცის წიგნი, რომ იგი მისცემდა [აფშინს] სიმაგრეს და [ამის ნაცვლად] ჰპოვებდა მისგან უშიშროებას სისხლისა და ყოველი ბოროტი გრიგალისაგან. [აფშინმა] მყისვე ეჭვის გარემე მისცა [ჰასანს] გამოთხოვილი ფიცის წიგნი; ციხის კარი გაუღეს და აფშინი შევიდა [ციხეში].
ციხის კაცები შეძრწუნებული იყვნენ საშინელი შემმუსრველი მხეცისაგან. [აფშინმა] არაფრით გამოარჩია ისინი, სიკვდილის საშიშროება შეუქმნა მათ, ანდა ჩაყარა საპყრობილეში, ხოლო მდაბიოთაგან შრავალი გამოიყვანა  და გაათავისუფლა ყველა თავდამსხმელთაგან, მხოლოდ დედოფალი, მისი რძალი, სამეფო სახლის გამგებელი ჰასანი და ზოგიერთი აზნაურ ქალთაგანი, საუნჯეებსა და საჭურჭლესთან ერთად წაიყვანა ქალაქ დვინში. [ჰასანი] წაყვანის შემდეგ არათუ რაიმე განსაცდელში ჩავარდა, არამედ მოკრძალებითა და პატივისცემით იქნა [ოსტიკანისაგან] მიღებული. რამდენიმე დღის შემდეგ კი [აფშინ ოსტიკანმა] გაათავისუფლა ჰასანი და ნება დართო, რომ წასულიყო თავის მეფესთან61. [ამ დროს] სმბატ მეფე დაბრუნდა, მოვიდა ციხეში და ნახა, რომ ყველაფერი მტერთაგან იყო დატაცებული. მაგრამ მას არ დაუკარგავს ზეციური ხსნის იმედი, და სრული კარის მადლობით ღმრთის ნებას მიანდო თავისი სიცოცხლის ხსნისა და მტრის უკვალოდ დაღუპვის [საქმე], რადგან მეფემ ვერ შეძლო ზამთარში იქ აერჩია სადგომი, წავიდა ერასხაძორის სიმაგრეებში, სოფელ კალზვანში, შემდეგ ორივე მხარე, სმბატი და აფშინი მოციქულს მოციქულზე უგზავნიდა ერთმანეთს. მათ გამოძიება მოუწყვეს ერთმანეთს, ცდილობდნენ ერთმანეთისათვის დაედოთ ბრალი მომხდარ საქმეში. შემდეგ ოსტიკანმა მოსთხოვა მეფეს მძევლებად მისი უფროსი ვაჟი და მეფის ძმის საჰაკის ვაჟი, მეფის უმცროსი ძმის შაპუპის ქალი კი ცოლად [ისურვა. ოსტიკანმა] სანდოდ არ მიიჩნია სმბატის ფიცის პირობა და ამიტომ მოსთხოვა [მძევლები] სანდო და ურყევი მშვიდობისათვის.
მეფემ რაკი ვერ ნახა თავის მიმართ ნახარართა შესაფერისი თანხმობა და ვერც სხვა რაიმე გამოსავალი პოვა, უნებლიეთ [აფშინ ოსტიკანის] ნებას დაჰყვა თავისი შვილი აშოტი და 
ძმისწული სმბატი მძევლებად მისცა, ხოლო თავისი უმცროსი ძმის შაპუჰის ქალი ცოლად შერთო. [აფშინმა] აისრულა საწადელი, გადაიხადეს ქოოწილი, გაიმართა ცეკვა. [აფშინმა] სუსხიან ზამთარში წასვლა აღარ ისურვა.
61. ერასხაძორი იყო გავარი აირარატში და შედგებოდა არშარუნიკისა და გაბელეანკის ოლქებისგან. VIII საუკუნის ბოლოდან არშარუნიქი შეიძინეს ბაგრატუნებმა.
36. მაშტოც მოძღვრისა და იოანე ისტორიკოსის კათალიკოსად დადგენის შესახებ
 ვასპურაკანის გავარში გარდაიცვალა დიდი მამამთავარი გეორგი (896-97 წლ ზამთარში), რომელიც წაასვენეს მთავრებმა და მღვდლებმა და დაასვენეს ვანაძორის ხეობის (ქ. ვანთან) განსასვენებელში. ეს განსასვენებელი მდებარეობს ტოსბში, ეკლესიის მახლობლად, სადაც, ჩვენმა წმინდა განმანათლებელმა დადვა თავისი კვერთხი და საუფლო საიდუმლოს საკურთხეველი, რომელსაც ადრე, ვიდრე სომხეთში წმინდა ეკლესიები დაარსდებოდა, თან ატარებდა. როდესაც ზამთრის მგლოვიარება გაზაფხულის კეთილშეზავებული ჰაერით შეიცვალა, ოსტიკანმა დიდი პატივით გაგზავნა მეფესთან მეფის ცოლი, ხოლო მეფის ძმა შაპუჰი თავისთან მოიხმო იზრუნა მასზე და განადიდა იგი. როგორც ღვიძლს, უწყალობა მას ძვირფასი ძღვენი და პატივი, [შაპუჰმა] გაგზავნა თავისი სიძე აფშინი თავისთი ასულითა და მძევლებითურთ, დედოფლითა. და მეფის რძლითურთ, თვით კი დაბრუნდა მეფე სმბატთან.
რადგან სიცოცხლეს გამოესალმა დიდი მამამთავარი გეორგი, მეფემ და მისმა თანამემამულეებმა სულიერი და ღმრთით მონიჭებული ღმრთის კაცი მაშტოცი აირჩიეს მამამთავრად. მან საღმრთო განფენით და სულიწმიდის ძლიერებით აღძრა სულიერი მოძრაობა, როგორც ნოყიერი ყანა, აღმოაცენებდა სულიერი ყვავილის სურნელებას. მან განაგდო და უარყო სასმელ-საჭმლით განცხრომა, გასცილდა და გაშორდა ჩვეულებრივ საჭმელს, პურსა და სასმელ წყალს და მცირედით, მხოლოდ მწვანილით იკმაყოფილებდა აუცილებელ მოთხოვნილებებს. მეფემ, ტახტაღზევებულმა მთავრებმა, პატივით მოსილმა კაცებმა და აზნაურებმა მოიწონეს მისი მშვენიერი და გონიერი ქცევა და დასვეს იგი წმინდა გრიგორ განმანათლებლის ტახტზე. ქებაზე და მისი კეთილად აღმოცენებული ნაყოფის მორჩის შესახებ, რაც ნოყიერ ყანაში ამოვიდა, ახლა არ გვექნება საუბარი, არამედ სხვა ადგილას და სხვა დროისათვის გადავდებთ. ღმრთის წმინდა კაცმა იმ დროს, როდესაც თავისი საკვირველმოქმედი და საქები მოძღვრებით აშენებდა, ამტკიცებდა და ამკობდა მისთვის რწმუნებულ სამწყსოს და მას სიკეთის გზასა და საქმეზე აყენებდა, ყოველგვარი მწუხარე კვნესის გარეშე განისვენა ქრისტეს მიმართ. მხოლოდ 7 თვე ეპყრა მას მამამთავრობის ტახტი. ამის შემდეგ მე საწყალი, უბედური და სულიერი სწავლით ავსების ძლიერი მოწადინე იოანე, – რომელმაც დავწერე ეს წიგნი, ღირსებისაებრ არ ავედი სიწმინდის ტახტზე. მაგრამ არ შემეძლო წინ აღვდგომოდი მეფისა და სხვა მრავალი ნახარარის ბრძანებას. სიყრმიდანვე არა მარტო მოწაფე ვიყავი წმინდა კაცის მაშტოცისა, არამედ მისი ღვიძლი და ხორციელი ნათესავი. ხოლო ჩემი ცოდვების დირით დაბრმავებულმა ვერ შევძელი შემენიშნა წველი ძმის თვალში, ანდა წინასწარმცნობი ვყოფილიყავი ისრაელის ამ ახალი სასამართლოსი. მაგრამ კვლავ თავს ვიდევ მორჩილება, რომელიც არის დედა ყოველგვარი სათნოებისა. [საჭიროდ] მივიჩნიე ჯეროვანი ყურადღება გამომეჩინა რჩეული მსხვერპლის მიმართ და წინააღმდეგობა არ გამეწია. მოვიწიე აქ და ჩემს თავს მხოლოდ იმედი დავუტოვე ღმრთის წინასწარი განსჯისა და კაცთმოყვარეობისა.
იმ დროს დიდ დაბა-ქალაქ ერაზგავორში დაამთავრეს ეკლისიის მშენებლობა, რომელიც წინათ მეფე სუმბატის მიერ იყო დაფუძნებული მისი სამეფო სასახლის მახლობლად, საღმრთო წესების თანახმად პატივი სცეს მას ენკენიობით და აღამაღლეს სამხიარულო მსახურებით. მშვენიერი და თვალსაჩინო სამკაულით, ოქროქსოვილი შესამოსლით, რიდითა და კრეტსაბმლით მოირთო და გაბრწყინდა იგი. ქრისტეს ტრაპეზზე დადგეს ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს სარტყელიც.
ხოლო ქართველთა დიდი კუროპალატი ადარნასე სმბატ მეფესთან ყველაფერში ერთობის, სიყვარულისა და მშვეიდობის ურყევსა და მტკიცე პირობას იცავდა, იგი მთელი თავისი შეგნებითა და ძლიერებით, დიდი მოკრძალებით, როგორც მამას, ანდა ამაზე უფრო მეტადაც, ემორჩილებოდა მას. როგორც მონამ თავისი უფლისაგან ნებით იტვირთა შიშის საზღვარი ზომიერი წადილით და თვალს არ აშორებდა მეფეს და მიაპყრობდა დიდი სიფრთხილით და საკუთარი თავიც მას მიანდო. ამის გამო სმბატ მეფე მეტად კმაყოფილი იყო [ადარნასეთი] და მოსწონდა იგი. მან დიდი მხრუნველობით [ადარნასე] თავისთან მიიყვანა და გაამხნევა. შემდეგ დიდი პატივითა და დიდებით გვირგვინი დაადგა მას, შესაფერისი ლამაზი სამკაულითა და საჭურვლით შეამკო მეფეთა წესის თანახმად, ქართველთა ქვეყნის მეფედ დაადგინა და თავისი სამფლობელოს მეორე პირად [მეფის შემდეგ] დაამტკიცა იგი. შემდეგ [ადარნასემ] მიიღო სამეფო პატივი და [მიაღწია] წარმატებებს, მაგრამ არა თუ გამედიდურდა, არამედ მუდამ თავმდაბლად ექცეოდა [სმბატს]. მეფე სმბატიც წყნარი გონებით იმავე პირობაზე იდგა და ანიჭებდა მას სიკეთეს წინანდელ. წესთა მიხედვით.
37. მეფის ოჯახის განთავისუფლებისა, აფშინის სმბატის წინააღმდეგ (საბრძოლველად) მომზადებისა და მისი დაღუპვის შესახებ
ამის შემდეგ აფშინ ოსტიკანმა კვლავ მზაკვრობას მიჰყო ხელი ზოგიერთ ბოროტ მოენეთა [წაქეზებით]. მან განიზრახა ვერაგობა და დაიწყო ზოგიერთი ქალაქების შემოვლა, ვითომდა მათი დამორჩილების მიზნით. შემდეგ წავიდა და მიაღწია ქალაქ ტფილისს, აქედან  კი როგორც ქარიშხალი, უეცრად გაემართა შირაკის გავარისაკენ (900 წ.). თავისი აზრი უგუნურებას მიაპყრო და მთელი იმედები საიდუმლო გრძნეულებზე დაამყარა, რომ იქნებ მოეხერხებინა სმბატ მეფისათვის მაცდური მანქანებით ევნო. ხოლო მეფემ სასწრაფოდ შეადგინა მცირედი გუნდი და დიდი სიჩქარით გადავიდა ტაოს მხარეთა სიმაგრეებში, თავისი მეგობრის ადარნასეს მამულში. როდესაც ოსტიკანმა დაინახა, რომ [ადარნასესაგან] შეუძლებელია [სმბატ] მეფის ღალატი, რადგან ერთგზის, ორგზის და სამგზის კიდეც გამოსცადა ეს, ამიტომ საჭიროდ ჩათვალა მისულიყო მეფესთან კეთილგანზრახვისა და სიყვარულით სავსე თანაგრძნობისათვის. იგი წამოვიდა და გასწია დედაქალაქ დვინისაკენ და იქ [სმბატს] არწმუნებდა [თავის ერთგულებაში] და იღწვოდა გულწრფელბა სიყვარულისა და შეთანხმებისათვის. [აფშინ ოსტიკანმა] თავის ნაცვლად აქ დატოვა თავისი ვაჟი დევდატი და დიდი საჭურისთ-მთავარი, თვითონ კი იჩქარა და ატრპატაკანისაკენ გასწია.
შემდეგ [ოსტიკანისაკენ] სწრაფად გაემართა დიდი დედოფალი, მეფის ძმის საჰაკის მეუღლე. მას თან გაატანეს ოქრო, ვერცხლი და მრავალი საჭურჭლე. [დედოფალი] შეხვდა ოსტიკანს შარურის ველზე და მიართვა მას თან წაღებული ძღვენი, მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლების ღვრითა და ქვითინით სთხოვდა თავის ვაჟს სუმბატს, რომელიც წინათ ოსტიკანს მძევლად ჰყავდა წაყვანილი  მეფე სმბატისაგან. წინ გადაუშალა მას თავისი ქვრივობის საცოდაობა და სთხოვა სიბრალული და ზრუნვა. ამით ძლიერ დამწუხრდა ოსტიკანის გული. მან შეიწყალა და შეიბრალა [დედოფალი], რადგან ხშირად ადამიანები, რომლებიც ბოროტი არიან, ზოგჯერ შემთხვევით კეთილიც ხდებიან. [ოსტიკანმა] მიიღო დედოფლისაგან საჩუქრები და დაუბრუნა შვილი. მან მიიღო უხვი საჩუქრები და დაბრუნდა შინ, ხოლო სუმბატ მეფე ტაოდან დაბრუნებისას წავიდა და ანისის სიმაგრის ახლოს, მდინარე ახურიანის ნაპირას შეხვდა დიდ საჭურისთ-მთავარს. ურთიერთ-სიყვარულის განწყობილებით მიეგებნენ [ისინი] ერთმანეთს. ამით უფრო მეტად კმაყოფილი საჭურისთ-მთავარი დარჩა. მეფე რომ იხილა, განუცხადა მას, რომ მისი მსგავსი არავინ ენახა. იმ დღიდან საჭურისთმთავარი მეფის თანამოაზრე და თანამოსაქმე გახდა. საჭურისთ-მთავარმა დიდძალი ძღვენი და პატივი მიიღო მისგან და წავიდა ქალაქ ფაიტაკარანში. ხოლო აფშინის შვილი დევდატი დარჩა ქალაქ დვინში. მეფე სმბატი მას საზრდოთი ამარაგებდა არა ნაკლებ ერთი წლისა.
როცა საჭურისთ მთავარი წავიდა მეფისაგან, გზაზე იგი გააბრაზა ზოგიერთების – ბოროტებისაკენ მიდრეკილთა – ცილისმწამებლურმა სიტყვებმა. [იგი] წავიდა დიდძალი ჯარით და თავს დაესხა სევორდიელთა ნახაპეტს გეორგის (რადგან მათ პაპას სევს ეძახდნენ, ამიტომ მთელი ტომიც სევორდიელთა სახელით იწოდებოდა}, შემდეგ მოულოდნელად ჯგუფად თავს დაატყდნენ. თუმცა მამაცმა კაცებმა მხნე ბრძოლა გამართეს საჭურისის წინააღმდეგ, მაგრამ [მტრის] უეცრად მოსვლის გამო ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. გეორგი შეიპყრეს თავის ძმასთან ერთად, რომელსაც არვესი ერქვა. [საჭურისმა] თან წაიყვანა [ისინი] ქალაქ ფაიტაკარანში შემდეგ მტარვალებმა მათ მწარე გამოძიება დაუწყეს: ცდილობდნენ მოექციათ ისინი ქრისტიანული რჯულიდან მაჰმადის უღმრთო რჯულზე ხოლო [გეორგმა] სრულიად არ შეიწყნარა მათი სიტყვები და არ დათანხმდა შეერყვნა, ან შეეცვალა ზეციერი ცხოვრება უსარგებლო, დამღუპველი და ამაო ცხოვრებით. ასე აღესრულნენ და ჩაწერეს თავიანთი სახელები ცხოვრების წიგნში (899 წ.).
ამის შემდეგ საჭურისთ-მთავარმა იჩქარა და ჩამოშორდა აფშინს, მან თან წაიყვანა მეფის შვილი ამოტი, რომელიც მძევლად იყო საპატიმროში საჭურისთან, ასევე მეფის ძმის მუშელის ცოლი, რომელიც ტყვედ იყო წაყვანილი კარის ციხიდან. [საჭურისი] სწრაფად გამოემართა, მოაღწია სუმბატ მეფესთან და გადასცა მას მისი ვაჟი და რძალი. [მეფე] გამხიარულდა ღმრთის მოხედვისა და ტყვეთა გამოხსნის გამო. [მან] დიდი პატივით თავისთან მიიყვანა საჭურისთ-მთავარი, სიყვარულითა და დიდი მადლობით მიიღო იგი, უხვი საჩუქრებითა და ძღვნით დააჯილდოვა და გაგზავნა ასურეთის მხარეებში, საჭურისი წავიდა და მიჰმართა ეგვიპტის საზღვრებს, სადაც იგი შეიპყრო და მოკლა მისმა ხალიფამ.
ყოველივე ეს შეიტყო აფშინ ოსტიკანმა და როგორც მძვინვარე მხეცი გააფთრდა და აღრიალდა სმბატის მიმართ, თითქოს იგი ყოფილიყო შემგულიანებელი და მიზეზი ამ ბოროტი საქმისა, რომელიც საჭურისმა ჩაიდინა. [აფშინი] იმუქრებოდა, რომ საშინელ ქარიშხალსა და ბოროტ ნიაღვარს ოაწევდა მეფეზე. მან თავისი სამეფოს ყოველ მხარეს მოჰფინა ბრძანებულება, რათა მყისვე მოსულიყვნენ მასთან მამაცი კაცები მხნე ცხენებით, საჭურვლითა და სამკაულით, ქვეითი ჯარის რაზმებით. სანამ მოვიდოდა, მოაღწევდა და შეიკრიბებოდა ჯართა სიმრავლე, [ოსტიკანი] მზად იყო წასულიყო და ბოღმით აღსავსე გულის სიმწარის გესლი მეფეზე დაენთხია, [მაგრამ] უეცრად აუტანელმა ტკივილმა და სენმა შეიპყრო იგი: გაუხურდა მუცელი, დაეხსნა წიაღი და გამოეწურა და გადმოსცვივდა მუცლიდან ნაწლავების ნაჭრები. და სიკვდილის სუნი გამოვიდა მისგან ჯერ კიდევ სულის გაყრამდე სხეულისაგან. ასე მოიშთო და ჩავიდა ჯოჯოხეთში წარმოუდგენელი სიმწარით (901 წ.). მასთან ერთად იმავე მწვავე და საძაგელი სატკივრით ამოწყდა მრავალი მისი ჯარიდან, დარჩენილები კი გაიფანტნენ სხვადასხვა ადგილას. შემდეგ სმბატ მეფემ და ყველამ ჩვენთან და ქრისტეს ეკლესიის მსახურებთან ერთად ლოცვა-ვედრებითა და ცრემლების ფრქვევით შესთხოვა შველა [ღმერთს], ისმინა ძალთა უფალმა [ეს] ვედრება და არ დაგვეცა თავზე [მტრის] ამპარტავნების ფეხი, ვერც მისმა რბილად შემხებმა [მაცდურმა] ხელმა შესძლო ჩვენი შერყევა. [ამიტომ] ვერ გამხიარულდა თავის სიცოცხლეში წყვდიადის მოყვარული მტერი, არამედ მოისპო უიმედობით, გაძლიერდა ქრისტეს სამწყსო წინამძღოლ მწყემსთან ერთად ქრისტეს მიერ, რომელსაც სურს, რომ ყოველმა, [ადამიანმა] იცოცხლოს და ჭეშმარიტების შეცნობა ჰქონდეს. აფშინის შვილი დევდატი, როცა გაიგო თავისი მამის დაღუპვის შესახებ ღამით ფარულად გამოვიდა და ატრპატაკანის ქვეყანაში გაიქცა (ძალაუფლების მოსაპოვებლად, თუმცა ბიძამის იუსუფთან დამარცხდა).
38. აშოტ და ჰასან არწრუნელების აშლილობისა და აშოტის სიკვდილის შესახებ
ამ დროს (901 წ.) არწრუნთა დიდი მთავარი აშოტი, რომელიც მეფე სენექერიმის შთამომავალთაგანი იყო, გაემართა და თავისი სამფლობელოს მხარეებს გარს შემოუარა მცირე გუნდით და მიაღწია ერთ ხევს, რომელსაც ლიმბის ფორაკი ეწოდებოდა, ღამე გაათია სოფელში, სადაც გაბავონელები ცხოვრობდნენ. ისინი ზამთრის გამო სახლებისა და სხვა ნაგებობათა ჭერქვეშ იყვნენ შეფარებული და დამკვიდრებული.
ჰასან არწრუნის, – ქრისტეს უარისმყოფლის ვასაკის (იგი ბუღას ლაშქრობის წინ ეწვია სამარაში და ისლამი მიიღო) შვილსა და იმავე აშოტ მთავრის მამიდაშვილს, – სამკვიდროდ და სადგომად ეჭირა სიმაგრე, რომელსაც სევანი ერქვა (ქ. ვანიდან 60 კმ-ზე). როცა მან შეიტყო [აშოტ] მთავრის ფორაკის ფუნდუკში მოსვლის შესახებ, ბოროტი ეშმაკისაგან შეცდენილმა ნებსითი სიბრმავე იტვირთა, ფარულად შეადგინა ჯარი და ავაზაკები შეამზადა. მშვილდოსნებმა, მახვილოსნებმა და ფარით შეჭურვილმა მხნე კაცებმა იარაღი აამოძრავეს, ჰასანმა კი მათთან ერთად ფეხთ შეიმოსა. უეცრად ღამით გამოვიდნენ, წავიდნენ და თავს დაესხნენ მთავარს, მათ ალყა შემოარტყეს და გარემოიცვეს სახლები, სადაც თავშეფარებული იყო აშოტ მთავარი თავისიანებთან ერთად, ხელთ იგდეს და დააპატიმრეს ისინი.
შემდეგ ჰასანი დაეყრდნო შუბს, რომელიც მას თან ჰქონდა, და როგორც ქურციკი, ჩახტა სახლის ერდოზე, რომელშიაც მთავარი იდგა და გაიქცა. ფეხთა ცემისაგან დაიგრიალა ჭერმა და ჩაინგრა, რის შემდეგაც ჰასანიც შიგ სახლში ჩავარდა. ჰასანი იცნეს ხმითა და მის მიერ წარმოთქმული სიტყვებით, უმალვე შეიპყრეს და მთავარს მიჰგვარეს. ჰასანის ჯარებმა კი რა შეიტყვეს არეულობისა და შფოთის შესახებ, ქარიშხლისაგან დევნილი კვამლის მსგავსად გაიფანტნენ და უკვალოდ ამოწყდნენ. ამრიგად ორმოში, რომელიც ამოთხარა ჰასანმა, თვითონ შთაინთქა. აშოტ მთავარმა საკვრელის ჯაჭვი დაადო მას და წაიყვანა სევანის ციხეში. [აშოტმა] მოითხოვა მისთვის ციხის გადაცემა. ხოლო ჰასანის დედამ და მისმა ძმამ – დედით და არა მამით – შევიწროებულებმა, არ ისურვეს გადაეცათ ციხე, [რადგან] არ შეეძლოთ დანდობოდნენ [აშოტ] მთავრის დაპირებას, რომ მრთელს გაუშვებდა შეპყრობილ ჰასანს. შემდეგ ეს აცნობეს სმბატ მეფეს, რომელმაც მაიძულა მე წავსულიყავი საქმის მოსაგვარებლად, რომ ეგების შესაძლებელი გამხდარიყო დამღუპველი კარის დახშობა, რომელიც ჰასანმა თავის თავს გაუღო. მე გავემართე, წავედი და დავარწმუნე დედოფალი მიეცა ციხე-სიმაგრე და ეხსნა ჰასანი სიკვდილის საშიშროებისაგან და უვნებლად გამოეყვანა იგი საპყრობილიდან. შემდეგ მივიღე [აშოტ] მთავრისაგან მტკიცე ფიცის წიგნი, რომ გაათავისუფლებდა პასანს მრთელსა და უვნებელს.
როცა მე მივიღე [ფიცის წიგნი], გადავეცი ციხე მთავარს, მაგრამ მთავარი შემდეგ ზოგიერთი აზნაურის ფუჭსა და ბოროტ რჩევას აჰყვა, თვალები დასთხარა ჰასანს და დააბრმავა იგი. [ამით მთავარმა] უგუნური და თავისი საკუთარი თავის დამღუპველი [საქმე ჩაიდინა], რადგან ისინი, რომელნიც არ ემორჩილებიან ფიცის წესსა და შუამდგომლების წინამძღვრობას და მერყევნი არიან და გულმოდგინეობით მიდიან მოწინააღმდეგეებთან, ამით თვითონ პოულობენ სიკვდილის საბაბს და არ შეუძლიათ დაიმკვიდრონ მტკიცე სიცოცხლე. ხოლო სახარება გამოვიყენე და განსაზღვრული სიტყვით შევკარი მთავარი. შემდეგ კი მწუხარე და ნაღვლიანი გავშორდი მას და წავედი. ერთი წლის შემდეგ თავხედობა და უგუნურება გადაეფარა აშოტის თვალს, როგორც მშვენიერი მოსაკრძალებელი და ბრწყინვალე რიდე. ამგვარად დასრულდა მისი ცხოვრება ახალგაზრდობაშივე. დიდმა მწუხარებამა და გლოვამ მოგვიცვა ჩვენ (904 წ.). მის შემდეგ მისი ძმა გაგიკი დაეუფლა მემკვიდრეობით ამ დიდ სამთავროს, მისი უმცროსი ძმა გურგენი კი სუმბატ მეფემ სომეხთა მარზპანად დანიშნა.
39. აფშინის ძმის იუსუფის ოსტიკანობისა და სმბატ მეფის ძმებ შაპუჰისა და დავითის სიკვდილის შესახებ
სუმბატ მეფემ როგორც კი შეიტყო, რომ იუსუფი62 დაეუფლა სამთავროს თავისი ძმის აფშინის ნაცვლად, განიზრახა კვლავ არ ჩაედინა ცდუნება მომსვრელი შიშის გამო და არ დაედო სიყვარულის პირობა მათთან, რომელთა პირისაგან აღხოცილია სამართალი და რომელთა ენათაგან სრულიად განშორებულია მართალი სიტყვა. მან დაწერა ბრძანება, მიავლინა მოციქულები და შესაფერისი ძღვენი მიართვა ისმაიტელთა ხალიფას (ალ-მუკტაფი, 902-908) ბაბილონში (იგულისხმება ბაღდადი) და ითხოვა გამოყოფა იმ ტომისაგან, რომელმაც ღმრთის სამართალი განაგდო და ჩამოშორდა მათ და სიკეთეს, და რომელიც მუდამ ბოროტისაკენ იყო მიდრეკილი. ხალიფამ, როგორც კი წაიკითხა წერილი და მოისმინა შემოთვლილი პირობა, მყისვე სიხარულით შეასრულა ყოველივე, რაც [მეფემ] ითხოვა. მსუბუქი სამეფო გამოსაღები დაუწესა, თავისთან მიიპატიჟა და მისი აზრი მოიწონა. შემდეგ კი ჩინებული სამეფო სამოსი, სამეფო გვირგვინი, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს ქამარი, ძვირფასი მახვილი და საჭურვლითა და მოკაზმულობით შეჭურვილი მონავარდე ცხენები გაუგზავნა სუმბატ მეფეს. მან მიიღო რა წესები, ფრიად გაიხარა და გამხიარულდა. ამიერიდან [სუმბატ მეფეც] სხვა დამორჩილებულთა მსგავსად, ხალიფას უღელში შეება. ამრიგად, იგი თავის ნება-სურვილს უეჭველად და უცილოდ სამეფო ინტერესებს უმორჩილებდა.
ამ დროს სუმბატ მეფის ძმამ, სომეხთა დიდმა სპარაპეტმა შაპუჰმა63 ცხოვრების შუა გზაზე დაასრულა თავისი სიცოცხლე, გარდაიცვალა და შეუერთდა თავის მამა-პაპას. სმბატ მეფე გამოემართა და მოვიდა თავისიანებთან ერთად, დაიტირა იგი და დაკრძალა თავის მამათა განსასვენებელში, რომელიც დაბა-ქალაქ ბაგარანშია. შემდეგ სმბატ მეფემ სომეხთა სპარაპეტად შაპუჰის ნაცვლად მისივე შვილი, მშვენიერი სანდო ახალგაზრდა აშოტი დაადგინა. აშოტმა თავიდანვე კეთილი განზრახვით მიჰყო სპარაპეტობის აღსრულებას: ააშენა ბაგარანის ბრწყინვალე ეკლესია, რომელიც მდინარე ახურიანის ნაპირზეა. შეამკო იგი მრავალი შესანიშნავი საეკლესიო სამსახურებელით და სათანადოდ გადაიხადა საღმრთო ენკენიობა.
შემდეგ დაბა-ქალაქ კოლბში დიდი ხარჯითა და სიუხვით საფუძველი ჩაუყარა ეკლესიას ცდილობდა საჩქაროდ დაემთავრებინა იგი, თუ კი უფალი ინებებდა. ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვალა [სმბატ მეფის] მეორე ძმა, დავითი, რომელიც იყო სომეხთა მთავართა-მთავარი, კაცი მშვიდი და ყოველგვარი კეთილი საქმის თანაბარი მონაწილე. [ძმის სიკვდილით] უფრო მეტად დამწუხრდა მეფე, სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ მწუხარებას მისცა თავი. მე ნუგეში ვეცი მას და გავამხნევე სამარადისო ცხოვრების იმედით, ვიხსენ იგი დაცემისაგან, რომ მოეკიდა ხელი სამეფო საქმეთა მართვისათვის და ეზრუნა წარმავალთა საჭიროებებზე, რადგან მას ღმრთისაგან ჰქონდა მინდობილი თავის საზწყსოზე ზრუნვა.
62. იუსუფ იბნ აბუ საჯ დევდადი, აფშინის ძმა, ქართული წყაროების აბულ კასიმი. 884 წელს დაინიშნა მექსი ვალად. აფშინის სიკვდილის შემდეგ მის შვილს დევდადს წაართვა „ირანის აზერბაიჯანის“ ემირობა და მართავდა 901-919 და 922-926 წლებში. აბასიანების გამორჩეული სარდლის ვაჟი.
63. მეფე სმბატის ძმა, გახდა სომხეთის სპარაპეტი მათი ბიზა აბას ბაგრატუნის სიკვდილის შემდეგ. რეზიდენციად აირჩია ქ. ყარსი. შაპუჰის სიკვდილის შემდეგ 904/5 წ. სპარაპეტი გახდა მისი ძე აშოტი.
40. იუსუფის წინააღმდეგ სმბატის გალაშქრებისა, დამშვიდებისა და ურთიერთ განდიდების შესახებ
იუსუფ ოსტიკანმა უფრო მეტ ბოროტებად ჩათვალა მისგან სმბატ მეფის ჩამოშორება. მან გონივრულად ასწონდასწონა თავისი საქმე და შეეცადა კვლავ თავისკენ მოებრუნებინა და [თავისი საქმეების] თანამონაწილედ ექცია იგი ისევე, როგორც ერთ დროს მის ძმასთან – აფშინთან იყო. მან ჯერ ხალიფას (ალ-მუკტაფის) მოსთხოვა დაებრუნებინა სმბატი მისთვის, [მაგრამ მის თხოვნას] ყური არ ათხოვეს. [იუსუფმა] ვერ აისრულა თავისი საოცნებო განზრახვა. ამის შემდეგ მან მღელვარებას მიმართა, ზურგი შეაქცია [ხალიფას], შეკრიბა დიდძალი ჯარი და გაემგზავრა. მან მიაღწია ქალაქ ფაიტაკარანს, იქიდან კი მყისვე გამოვიდა უტიის გავარით და ტაშრატაფის ვაკემდე მივიდა.
როგორც კი შეიტყო ეს მეფემ, დიდძალი ჯარი გამოიყვანა, გაემართა და დაიკავა აშოცისა და ტაშირის მხარეთა გზების ვიწრობი, რომ არ მიეცა მისთვის საშუალება ქვეითად გადასულიყო. ეს რომ იუსუფმა დაინახა, ფარულად შემოუარა მთას დასავლეთის მხრიდან დაბალი  ადგილებით და გადავიდა შირაკის გავარში, სადაც ღამე გაათია. [შემდეგ] კი ისწრაფა და მიაღწია ქალაქ დვინს.
მეფემ გვიან შეიტყო იუსუფის მთის დასავლეთის მხრიდან წასვლის შესახებ და თუმცა დაედევნა უკან, მაგრამ ვერ დაეწია. [მეფემ] არაგაწის მთის ხეობებში, დაბა-ქალაქ არუჭში დაიბანაკა. როცა იუსუფ ოსტიკანმა გაიგო, რომ მეფე მასთან ახლოს იმყოფებოდა, გაუგზავნა [მას] ერთი თავისი საპატიო მდივანთაგანი, ტომით ასური და სარწმუნოებით ქრისტიანი. მან სათნო სიყვარულით აღსავსე, საამო და წყნარი სიტყვებით და მრავალი პატივმოყვარე მზრუნველობით შეთანხმების პირობა აუწყა მეფეს და მისი გონებიდან ყოველგვარი შიში და ცილისწამება გააძევა და გააგდო. სამეფო გამოსაღებიც მისი შეძლებისა და ნების მიხედვით დატოვა, ოღონდ კი [მეფე] მასთან მშვიდობის პირობაზე მდგარიყო. როცა [სმბატ მეფემ] ასეთი კარგი ამბავი შეიტყო და სიკეთით სავსე სიტყვები მოისმინა, დათანხმდა [შემოთავაზებულ პირობას], გაეცალა საამო სიტყვებს და პასუხის ნაცვლად მიართვა მდივანს სიყვარულის მთელი ნაყოფი იმავე პირობისამებრ. მათ ფიცის ხელწერილი დაბეჭდეს და ერთმანეთს გადასცეს. მეფე კი კვლავ გაემართა და წავიდა ერასხაძორის თხემის წვერზე, სოფელ ნახჭრაძორში იქ დაიზამთრა, რადგან ოსტიკანის სურვილი იყო ჩრდილოეთის ცივი ზამთრის მკაცრ დღეებში დვინ მი გადასულიყო. სუსხიან ამინდში მათ სიყვარულითა და თანხმობით უხვად მიჰქონდათ ერთმანეთისათვის საჩუქრად ბევრი მშვენიერი რამ ზამთრის საჭიროებათა შესაფერისად. ხოლო ქართველთა მეფე, პირობის შესრულების მოყვარული ადაონასე, სწრაფად გაემართა სმბატ მეფის სანახავად, რათა ერთად ედღესასწაულათ დიდი აღვსება, ზატიკი, შემდეგ კი სმბატმა [ადარნასე] გამოისტუმრა დიდი საჩუქრითა და ჩინებული ძღვნით.
თვითონ მეფე, სმბატი კი გაემართა და წავიდა თავის სამეფო სასახლეში დაბა-ქალაქ ერაზგავორში. როცა კი ზამთრის თოვლი, ყინვა და სუსხი გავიდა და დაჰბერა გაზაფხულის სამხრეთის ქარმა, იუსუფ ოსტიკანმა ადგილი იცვალა. [იუსუფმა] მრავალი სწრაფმავალი, შმაგი და ქედფიცხელი ცხენი გაამზადა, მორთო ისინი სამკაულებითა და საჭურვლით, ოქროს ლაგმითა და ოქროთი მოხატული მოსართავებით. [ეს ცხენები] და აგრეთვე სოფერის ოქროსაგან დამზადებული გვირგვინი, რომელშიც ჩასმული იყო მარგალიტმიჯრილი თმის სამკაული, სხვა პატიოსანი თვლები მრავალი ოქროქსოვილი, თვალსაჩინო სამეფო სამოსი და უცხოდ მოხატული მოსასხამი, დიდი პატივით გაუგზავნა სმბატ მეფეს. ხოლო მეფის უფროსი ვაჟი აშოტი არაჩვეულებრივი პატივით შეამკო. [მისცა მას] ერთი ჰაერში მონავარდე რაში ლამაზი სამკაულით, საჭურვლითა და ბრწყინვალედ მორთული ფერადი სამოსით, წელზე კი ძვირფასი თვლებით მოოჭვილი სარტყელი შემოარტყა და სომხეთის მთავართა-მთავრად დაადგინა. მეც, ყველა ამ ამბის აღმწერს, დიდი პატივი მერგო ოსტიკანისაგან. [მომართვეს] სამოსელი წესის თანახმად, თან მომგვარეს ოქროთი მოვარაყებული სამკაულით მორთულ-მოკაზმული ჯორი. [სმბატ] მეფემ გაიხარა ოსტიკანის უხვი ძღვენით, დიდი მადლობით მიიღო [ყოველივე) და თავის მხრითაც. არამცირედი რამ მიართვა მას; მორთულობა, – ლამაზი, სახილველად საუცხოო და თვალსაჩინო; წვეულებისათვის ნაქარგი მოკაზმულობა, წითლად შეღებილი; თასები და კათხები, რომაელ ოსტატთა ნაკეთები, ფერადი მინით [შემკული] ოქროს სარტყელი. [ყოველივე ეს] ათმაგად მეტი იყო იმაზე, რაც [სმბატ მეფეს] იუსუფისაგან ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ იუსუფ ოსტიკანი წამოვიდა მეფისაგან და ატრპატაკანის მხარეებისაკენ გაემართა.
 მაშინ უფალმა მოჰხედა სომხეთის ქვეყანას, დაიცვა იგი და გაუმარჯვა მას ყოველგვარ სიკეთეში: ყველა თავის სამკვიდრებელში დამკვიდრდა, დაისაკუთრეს მიწა, დარგეს ვენახი, გააშენეს ზეთისხილის ბაღები და ბოსტნები, მოხნეს სახნავი უეკლოდ და დაკრიფეს ასეულობით. ნაყოფი. მკის დროს ბეღლები ხორბლითა და ყურძნის რთველის დროს ორმოები ღვინით აივსო. მთები კი მხიარულებამ მოიცვა, რადგან გამრავლდა მათზე მძოვარი საქონლის ჯოგი და ცხვოის ფარა. მეკობრეთა თავდასხმებისაგან უზრუნველყოფილმა და მოსვენებულმა ჩვენმა მთავარმა ნახარარებმა მონასტრებს, დაბებსა და სოფლებში სქელი ხსნარითა და კირით მტკიცე ქვის ეკლესიების შენება დაიწყეს. ყველა სხვა სომეხ [ნახარარზე] მეტად [შრომობდნენ] გრიგორ მთავარი და მისი ძმები საჰაკი და ვასაკი: რომლებიც ფლობდნენ მამის სამემკვიდრეო გელამის ტბის ნაპირზე განლაგებულ გავარებს.
ამნაირად, ღმრთის მადლით, ყველას ერგო უხვი ნაყოფითა და ნოყიერებით სავსე სასურველი ხვედრი. და მისივე უფლის, სახლის შესაფერის ნაგებობათაგან აღმოცენდებოდა სიკეთის წყარო წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ და რწყავდა მამულის ხევს. ამ ბედნიერებასთან ერთად სმბატ მეფის მიმართ არამცირედ მზრუნველობას იჩენდა ბერძენთა მეფე ლეონ (ლეონ VI): როგორც საყვარელ შვილთან დებდა მასთან ურღვევი სიყვარულისა და ერთობის აღთქმას, პატივისცემით ეკიდებოდა და ყოველწლიურად დიდ ძღვენსა და საჩუქრებს უგზავნიდა მას. ხოლო სმბატი ბერძენთა მეფის ქველმოქმედების სამადლობელად უხვი საჩუქრებით ათწილად მომეტებულ მისაგებელს მიართმევდა მას, როგორც თავისთავთან შედარებით უზენაესსა და ღვიძლ მამას.
41. ეგრისის მეფის კონსტანტინეს ბრძოლისა, მისი შეპყრობისა და სმბატთან ადარნასეს მტრობის შესახებ
ამ დროს ეგრისის მეფემ კონსტანტინემ მეტად უჩეეულო და ურცხვი ქცევით იმუხთლა და არა თუ აღაპყრო თვალები სიწრფელით, არამედ ბოროტი განზრახვით შეკრიბა ჯარი და გაემართა ჩრდილოეთის მხრით კავკასიის მთის ხევებით, რათა გუგართა ქვეყანა და ალანთა კარის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ერთხელვე თავის ხელქვეით დაემორჩილებინა. რადგან ეს ხალხი სმბატ მეფეს ჰყავდა დამორჩილებული და ხელქვეითად ქცეული, [ამიტომ] ქართველთა მეფემ ადარნასემ სასწრაფოდ მისწერა ეგრისის მეფეს, თავის სიძეს, რომ გაეფანტა, დაეშალა და ამოეგდო გულიდან ეს ფუჭი, უსამართლო და ამაო გადაწყვეტილება და არ გაეწია წინააღმდეგობა მასზე უფრო დიდისათვის. მაგრამ [კონსტანტინეს] დაეხშო სასმენელი, არ მიაქცია ყურადღება [ადარნასეს] სიტყვებს და გონს არ მოვიდა. მაშინ სმბატ მეფემ დიდი ჯარით შეუტია და თან წაიყვანა ქართველთა მეფე [ადარნასე]. ისინი ერთად წავიდნენ კონსტანტინეზე თავდასასხმელად. [კონსტანტინემ], როცა დაინახა, რომ არ შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, უკანვე გაბრუნდა გამაგრებულ ადგილებში და იქ დაბანაკდა, რათა ეთხოვა [სმბატ მეფესთან] შერიგება.
მეფემ სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის [კონსტანტინესთან] მისი სიმამრი ადარნასე და ზოგიერთი თავისი ნახარართაგანი გაგზავნა. ისინი შეხვდნენ რა ერთმანეთს პირისპირ, გაერთვენ საუბრით, [ამ დროს კი] უეცრად ადარნასეს ბრძანებით მეფის ნახარარებმა შეიპყრეს ეგრისის მეფე და მოიყვანეს მის წინაშე, როგორც თხის ერთი თიკანი, რომელიც თავისი ბუნაგიდან გამოსული ლომის მსგავსად დახეტიალობს, დევნის და ფანტავს ხალხს. სმბატ მეფემ მრავალი სიმაგრე დაიპყრო ვურის (გურიის?) ქვეყანაში და იმ მხარეებში თავისი გამგებელნი დააყენა, ხოლო ეგრისის მეფე კონსტანტინე თავისთან წაიყვანა და შეაგდო ანისის ციხეში, [შეკრა]  რკინის ჯაჭვებით, მაგრამ კი არ შეურაცხყო, არამედ, პირიქით, ორმაგი პატივი მიაგო მას: [უბოძა] მთელი მორთულობა, საზრდო და სახმარი თაეისი კეთილი გონების შესაფერისად. [სმბატ მეფემ] ამნაირად ოთხი თვე დაიცვა იგი საპყრობილეში, [სმბატმა] დაინახა განხეთქილება ეგრისელთა, რომლებიც სასწრაფოდ დაიყვნენ და უკვე მომზადებული იყვნენ სხვა ვინმე კონსტანტინეზე უფრო მძლავრი დაეყენებინათ თავიანთ მეფედ. [სმბატი] არც კი შეკრთა, საჩქაროდ გაათავისუფლა [კონსტანტინე] და დაამკვიდრა წინანდებურად თავის სამფლობელოში, ჯერ-ერთი [იმიტომ], რომ იგი იყო ქართველთა მეფის სიძე, და მადლი მოიღო მის მიმართ, და მეორეც, ეგების როგორც მისი აღზრდილი ამიერიდან [მაინც] დარჩენილიყო მის მორჩილებაში ერთად გატარებული კეთილი დღეების მოსაგონრად. შემდეგ [სუმბატმა] შემოსა [კონსტანტინე] სამეფო ტანსაცმლით, დაადგა მას თავზე მარგალიტით მოჭედილი ოქროს გვირგვინი და წელზე ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს სარტყელი შემოარტყა. მგზავრობისათვის საჭირო სხვა მშვენიერი მორთულობით შეამკო, შეუკრიბა ჯარი და თავის სამფლობელო ქეეყანაში გამოგზავნა. [კონსტანტინე] გაემართა, განმტკიცდა და გააერთიანა თავისი სამფლობელო. იგი სმბატ მეფეს მორჩილებით, მეგობრული სამსახურითა და თანაზრახვით ეკიდებოდა მისი მამობრივი მზრუნველობის გამო, და სათნო და სასურველ ადამიანად თვლიდა მას. ქართველთა მეფე უფრო მეტად გაბოროტდა კონსტანტინეს განთავისუფლების გამო, თითქოს მასთან მოცილეობისა და უთანხმოების მიზეზით ჩაედინოს სმბატს ეს. [ადარნასე] ამიერიდან თავისი უშურველი მოწყალის სმბატის წინააღმდეგ აიარაღებდა და ამხედრებდა მეომრებს, თუმცა არც აშკარად. სმბატს უკვირდა მისი არაგონივრული გადაწყვეეტილება, [მაგრამ] არად აგდებდა მისი ნების მიდრეკილებას ბოროტებისაკენ და მისი სიყვარულის გამო ყოველთვის თავისთავს სძლევდა, რადგან თავის გონებას მშფოთვარე აზრს არ აკარებდა.
42. ჰასანისა და ადარნასეს ბოროტების შესახებ სმბატ მეფის მიმართ რომ მოეკლათ იგი
ამ დროს იუსუფ ოსტიკანი შეიჭურვა დიდი ხალიფას წინააღმდეგ ამბოხებისათვის და დიდი ბოროტება ჩაიდინა მის მიმართ; უკუაგდო და გათელა სამეფო ბრძანება (907-8 წ.). ეს რომ ხალიფამ შეიტყო, მყისვე ბრძანება და ელჩები გაგზავნა თავის სამფლობელოს ყველა მხარეში, რათა შური ეძიათ იუსუფზე ამ უსამართლო აჯანყებულზე. ამავე მიზეზით მან სუმბატ მეფესთანაც გაგზავნა ერთი საპატიო მდივან-მწიგნობარი სასწრაფო ბრძანების წიგნით, რათა [სმბატიც] ჩარეულიყო თავისი ჯარით და წასულიყო იუსუფზე შურის საძიებლად, თან აღუთქვა ერთი წლის სამეფო გამოსაღების პატიება. მეფე თუმცაღა იძულებით მდგომარეობაში აღმოჩნდა იუსუფთან დადებული სასიყვრულო კავშირის გამო, მაგრამ მაინც ვერ შეძლო სამეფო ბრძანების უკუგდება. ძალაუნებურად მან მდივნის თანდასწრებით შეკრიბა ჯარი, შეადგინა რაზმები, საჭურვლითა და სამკაულით აღჭურა ყველა და ყველაზე აქტიურად თვით ჩაება აჯანყებულის წინააღმდეგ შურისძიებაში. შემდეგ კი თითქმის ათასიოდე კაცი აღრიცხა და თავის წინამორბედად გაგზავნა ვასპურაკანის მხარეში, რომლითაც მას უნდა გაევლო. როგორც კი მდივან-მწიგნობარი მისგან წავიდა, მეფემ ფარულად იუსუფ ოსტიკანს წერილი გაუგზავნა [რომლითაც ატყობინებდა], ვითომ მისი ზურგის გასამტკიცებლად შეკრიბა ჯარი და არა მტრობის მიზეზით. ოსტიკანმა თუმცა კი წაიკითხა მეფის წერილი, [მაგრამ] ყური არ უგდო მის სიტყვებს, არამედ ბოროტ ენათაგან წაქეზებული ბოროტებისაკენ გადაიხარა. მობრუნდა გამაგრებულ ბუნაგში და დადგა იქ ძველი ვეშაპი თავის ბოროტ ზრახვაზე. იგი მარჯვე დროს ეძებდა, რათა გესლი გადმოენთხია მეფეზე და მის ქვეშევრდომებზე, დაემხო, დაექცია, ცეცხლისა და მახვილისათვის მიეცა ყველა. ამავე დროს [იუსუფმა] არ მოინდომა მაშინვე გაემჟღავნებინა თავისი ბოროტება და მისწერა სმბატს წერილის პასუხი, რომლითაც გარეგნულად სიცოცხლეს ახარებდა, ხოლო შიგნით კი სიკვდილსა და სიმწარეს [უქადდა]. ამის შემდეგ იუსუფმა ერთსულოვანი მორჩილება განუცხადა ხალიფას და თავისი სამთავრო, რაც ეპყრა, კვლავ მას დაუბრუნა და დაუმორჩილა. ამრიგად, ამიერიდან მეფის მიმართ ორივე მხრიდან ხალიფასა და იუსუფ ოსტიკანისაგან – გახშირდა მოციქული: ისინი ითხოვდნენ ორმაგად „გადაეხადა [სმბატს] სამეფო ხარკი. მონობის უღელი განუწესეს მძიმე ტვირთად.
სმბატმა, რადგან ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და [თან] სასწრაფოდ დაინახა ზიანი და ვნება რომელიც მათგან უნდა შემთხვეოდა, გამოსავალი იმაში პოვა, რომ შეეცადა შეევსო ერთი წლის ხარკი და მაშინვე მოეშორებინა ბოროტების ქარიშხალი, მომავალზე კი შემდეგ ეზრუნა ღმრთის მოხილვითა და მისი ძლიერების მზრუნველობით. შემდეგ თავის სამფლობელოს ყველა მხარეში დაგზავნა ბრძანება ცხენთა მთელი ჯოგის, საქონლის ნახირისა და ცხვრის ფარის გახუთკეცებისა და ხარკის უკანონო ჯარიმის გადახდის შესახებ. თავისთვის კი [სმბატ მეფემ] ის განიზრახა, რომ ერთით მშვიდობას დაიმკვიდრებდა სამეფო კარზე, ხოლო ოთხით ადვილად შეძლებდა მოეპოვებინა საზრდო. მაგრამ თუ კი მშვიდობა არ იარსებებს, ვერც ხუთით [გახდებოდა რამეს] და ვერც მიიღებდა რაიმე მონაწილეობას კაცთა ცხოვრებაში. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ წლის გამოსაღები აეღო (ანუ გადასახადები გაზარდა).
მეფის ნახარარებმა ყოველივე ეს მეტად მძიმედ მიიჩნიეს, უგუნურად შეშინდნენ მომავალში მოსალოდნელი დაცინვისა და გაკიცხვის [გამო]. ერთი საპატიო ნახარართაგანი სახელად ჰასანი64 იყო მთავარი და მბრძანებელი მეფის მთელ სამფლობელოში და არავინ მოიპოვებოდა, ვინც გაბედავდა მისი ხელიდან გამოსვლას, არამედ თვით მეფეც ყოველთვის უსმენდა მას; [ჰასანმა] აკიტოფელის ბოროტი ვნებანი იტვირთა და ხელი მიჰყო მარცხიანსა და თვითნებურ საქმეებს: მან მეფის მოკვლა განიზრახა და [ამიტომ] ბოროტი განხეთქილება ჩამოაგდო, ჩამოაცილა მეფეს ზოგიერთები და სხვანიც ვანანდელ და ჰავნუნელ ნახარართაგან და თავისი გვარისანიც – მეთაურნი, სულ თხუთმეტიოდე კაცი. [ჰასანმა] თავისი დამღუპველი ფარისევლობის შესახებ ფარულად ქართველთა მეფესაც აცნობა. მათ გადაწყვიტეს მოეკლათ სმბატი და მის ნაცვლად სომხეთის ბრძანებლად დაედგინათ [ადარნასე], მხოლოდ თუ [იგი] მათ ბოროტ საქმეში მონაწილეობას მიიღებდა. [ადარნასე] უეცრად მოიხიბლა მათგან. ამიერიდან [მათ] მეფის მოკვლის საქმეს ერთობლივად მიჰყვეს ხელი.
შემდეგ ვინმე ჰავნუნი, ჰასანის სიმამრი, რომელიც მათ ბოროტ ზრახვაზე იდგა, გაამხნევეს და გაგზავნეს მეფის მოსაკლავად. მასთან ერთად გაგზავნეს შეთქმული სხვა თანამოაზრენიც; ისინი გაემართნენ და წავიდნენ მეფის მომსახურების მომიზეზებით, თავისი ბნელი ზრახვები კი როგორც ხვიმირის ქვეშ დამალეს და მარჯვე დროს უცდიდნენ. ხოლო ქართველთა მეფემ და მეორე აკიტოფელმა ჰასანმა და სხვა მასთან შეთქმულებმა ჰავნუნისთან ერთად დათქვეს დღე მეფის მოსაკლავად, მათ გაგზავნეს ჰავნუნი იმ ფიქრით, რომ როგორმე თავი მოებათ მკვლელობისათვის, მაგრამ სულმოსწრაფებულებმა ვეღარ მოითმინეს და საჩქაროდ გავიდნენ დიდძალი ჯარით შირაკის გავარში. ჰასანმა მაშინვე ჩააბარა ადარნასეს ანისის ციხე, თვით ისინი კი გამტკიცდნენ და დადგნენ ერაზგავორის სამეფო სასახლეში, რადგანაც სმბატ მეფე ტაშირის საზღვრებში იმყოფებოდა. შემდეგ მეფემ ერთი მეორეზე მიყოლებით შეიტყო ადარნასე, ჰასანისა და მათი თანამოაზრეების მიერ ჩადენილი ღალატის შესახებ, რომლებიც სახელდახელოდ მოვიდნენ და დადგნენ ერაზგავოროში. როდესაც საქმე დანამდვილებით გამომჟღავნდა, [სმბატმა] მყისვე აჩქარებით, მარბიელის სისწრაფით შირაკის გავარს მიაღწია. ადარნასემ და ჰასანმა დაინახეს, რომ მკვლელობის განზრახვა ვერ შესრულდა და შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ისინი. მათ სასწრაფოდ ალაფად წაიღეს, რაც კი რამ ხელთ ჩაუვარდათ, აგრეთვე მრავალი საჭურჭლე, რომელიც ანისის სიმაგრეში ინახებოდა. ლტოლვილებმა ტაოს სიმაგრეებს მიმართეს და იქ გადაცვივდნენ. როდესაც არეულობისა და შფოთის ამბავი მეფის სამფლობელოს კიდეებს მოედვა, ყველა მეომარი, მთელი ჯარი გამოვიდა ბრძოლის ასპარეზზე. საერთოდ ყველანი ერთ აზრს დაადგნენ ერთ მხედრობად გაეწყვნენ ჭეშმარიტების აბჯრით შეიმოსნენ, ერთი სარტყელი შემოირტყეს და, თავიანთი სიკვდილი ჩასთვალეს როგორც აუცილებელი სიცოცხლე მეფისათვის შურის საძიებლად.
შემდეგ ისინი ერთობლივად მოვიდნენ და შემოიკრიბნენ მეფის გარშემო: [მეფე] გამოემართა და წავიდა, რათა შებმოდა ბოროტ მოცილეს და სხვა გამამწარებელ მეამბოხეებს. როდესაც ადარნასეს სამფლობელო ქვეყანას მიაღწიეს; ყველა სათითაოდ დავითის მსგავსად შეიჭურა სამოქმედოდ, რომ შურდულით ესროლათ არა მარტო ერთი ხორციელი ბორცვისათვის, არამედ მრავალი მეომარი კაცის სისხლი დაეღვარათ, მაგრამ მეფემ მათ ნება არ დართო, რადგან „კაცი, რომელიც სცოდავს თითონვე იღუპება“. მან გაიყვანა [ისინი] მოაცილა მახვილი უდანაშაულო კაცებს და მოითხოვა მხოლოდ  მკვლელთა გადაცემა. ადარნასემ შემდეგ აღიარა ცდუნება ბოროტგანმზრახველობისა და მეფეს პატიება სთხოვა. [სმბატმა] მშვიდი და წყნარი გონებით შეიწყნარა [ადარნასე], შეურიგდა მას. მისი უფროსი ვაჟი კი მძევლად წაიყვანა, თავისი მოღალატე ნახარარები კი ჩამოართვა და ყველა დააბრმავა, შემდეგ კი ზოგი მათგანი ბერძენთა მეფეს გაუგზავნა, ზოგი კი ეგრისის მეფეს და ამგვარად ღმრთის მოხელვით კვლავ განამტკიცა თავისი მეფობა.
64. ჰასან ნგნდუნი განაგებდა მეფის ხაზინას და იყო ყარსის გარნიზონის მეთაური, თავის დროზე დანებდა აფშინს.
43. გაგიკ არწრუნის (სმბატის] საწინააღმდეგოდ გამეფების შესახებ. რაც გახდა მიზეზი დიდი არეულობისა
ამ დროს დიდმა და წარჩინებულმა მთავარმა გაგიკ არწრუნიმ65 მეფე სმბატს სთხოვა მისთვის ქალაქი ნახიჭევანი დაებრუნებინა, როგორც მისი მამა-პაპისა და გვარის კუთვნილი, რომელიც მას ეპყრა. იგი უსამართლოდ თვლიდა ამ ქალაქის ჩამოშორებას. [სმბატ] მეფეს ადრევე ძღვნად ჰქონდა მიცემული იგი სისაკანის მთავრის სმბატისათვის (904 წ.), რომელმაც უკუაგდო პატივმოყვარეობა და სიამაყე და ერთგულად ასრულებდა მეფის ყოველგვარ სამსახურს. [ამიტომ სმბატმა] არ ისურვა თავისი ხელწერილის მთავრისათვის წართმევა და მისთვის ბოძებული პატივის შეურაცხყოფად და უპატიობად ქცევა. ამ ამბავმა უფრო მეტად განარისხა გაგიკ მთავარი და მზაკვრობით მეფის ბოროტგანმზრახველი შეიქმნა. მან დიდძალი ძღვენი და საჩუქარი მოამზადა და გაემართა იუსუფ ოსტიკანისაკენ სპარსეთში. მიართვა მას საიდუმლო ძღვენი და მეფისაგან განდგომისა და ჩამოცილების ამბავი გაავრცელა. [ოსტიკანმა] კმაყოფილებით მიიღო [ყოველივე], მისცა [გაგიკს] სამეფო გვირგვინი და მეფური პატივი და ძღვენი მიაგო. ასე მოქმედებდა [ოსტიკანი] მათი ერთიანობის დასარღვევად, რომ ამიერიდან ორივესთვის ადვილი ყოფილიყო აღთქმის დარღვევა. [ოსტიკანმა] ფარულად შეაფარა თავი, როგორც ქვეწარმავალმა კლდის ხვრელში. მან მაშინვე არ განაცხადა მომხდარი საქმე. როცა მეფედ ნაკურთხი გაგიკ მთავარი თავის სამფლობელოში დაბრუნდა, დიდი მღელვარება და მწუხარება მოეფინა ყველას, რადგან უკვე შეტყობილი ჰქონდათ ოსტიკანის ბნელი ზრახვები: იგი მზად იყო გაეხსნა დაღუპვის კარი, რომლის დახშობა არავის შეეძლო, თუ არა ღმერთს.
ხოლო მეფემ განიზრახა, რომ ბოროტზე სიკეთით გაემარჯვა. იგი არ უშლიდა ხელს [გაგიკს] მოეხადა [მის წინაშე] ჩვეული სამსახური და მიერთმია ხარკი, სანამ სავსებით არ გამომჟღავნდა მისი ბოროტება. მაგრამ ეხლა, როდესაც გაიხსნა რიდე და გვემცნო ჩვენ ვერაგი აგარიანელი მხეცის მძვინვარება და მუქარა. სიკეთის მოსურნე სმბატ მეფისა და ნახარართა აგულიანებით გავემგზავრე სპარსეთის ატრპატაკანში მრისხანე ოსტიკანთან დიდძალი ძღვნითა და საჩუქრით სამეფო ძვირფასეულების საცავიდან, თვალსაჩინო ოქროქსოვილი ტანსაცმლით და ქალების მიერ ნაქარგი ქსოვილებით მრავალი მეინახე მოირთო და მრავალი ცხენი და ჯორი სამკაულითა და საჭურვლით აღიჭურა. აგრეთვე [მივართვი] ოქროსა და ვერცხლის განძები, ამას გარდა ჩვენი უწმინდესობის სახლიდან მეც ხელდახელ საკმაოდ ავიღე და წავუღე მას ძღვენი, რათა ეგების, მისი გესლის აღმონთხევამდე, წმინდა ეკლესიის ქვების დარღვევამდე და ქრისტეს ხალხის დამღუპველ ტყვეობაში [ჩავარდნამდე], შემძლებოდა მასთან მშვიდობის დამყარება, რომ დედა სიონი დედის მსგავსად სრულიად არ დარჩენილიყო უშვილოდ. თუმცა [ოსტიკანმა] დასაწყისში კარგად მიმიღო: სამეფო პატივითა და საუკეთესო მომსახურებით განმადიდა, ამავე დროს თავს იდვა ქვეყნისას და მეფისათვის სიმშვიდე და მყუდრო ცხოვრება მიენიჭებინა მაგრამ ვფიქრობ, ჩვენიანებისვე აგულიანებით მოხდა, რომ მან Iშემდეგ| გამოიჩინა პატივმოყვარეობა, ამპარტავნობა და ურცხვობა და არც წინამდებარე სიტყვათა შესაბამისად თავის ზრახვას შეთანაბრებით აწონასწორებდა. მან მომაკვდინებელი ვერაგობით განმიშორა: შემიპყრო და საპყრობილეში, ბნელ ადგილს მომათავსა. მრავალი მცველი შემომარტყეს გარს, შემაძრწუნებელი აურზაური [ისმოდა] ჩემს გარშემო, [ამან ყველაფერმა] გაოგნებულ მდგომარეობაში ჩამაგდო.
ვიდრე აღსრულდებოდა ჩემს მიმართ ოსტიკანის ამაო ზვიადობა (ქადილი), უეცრად მონავარდე ფრინველის მსგავსად მოვიდა ოსტიკანთან სომხითის მარზპანი გურგენი, ახლადგამეფებული გაგიკის ძმა, რათა გამოუცდელი და უწრთენელი გონებით დაეთანხმებინა ოსტიკანი ჩვენს ქეეყანაში ამოსვლაზე, შემდეგ კი გონივრულად აწონ-დაწონა პატივისცემა, მიაგო მას ძღვენი და მისგანაც მიიღო პატივისა და პირობის სანაცვლო. დაბრუნდა და ოსტიკანისაგან მაწვეველი გაუგზავნა თავის ძმას, რომ მასთან წასულიყო. რამდენიმე თვის შემდეგ მივიდა გაგიკ მეფე [ოსტიკანთან], აღთქმულ სიტყვათა ოანახმად შეასრულა საქმე და ცდისა და წრთვნის წესრიგისამებრ საშინაო გადასახადიც გადაიხადა და სავსე საგანძურებიდან ძღვენი მიართვა მას. მათი ზრახვები და ყოველი სიტყვა მხოლოდ იმაში პოებდა [თანხმობას], რომ გაეხსნათ გზა, გაემხადებინათ გადასასველველი სომხეთში და საერთოდ შური ეძიათ სმბატ მეფეზე. [მათ] არ იცოდნენ, რომ აგზნებული ცეცხლი, რომელ მხარესაც კი შესძლებდა ეპოვნა წასაკიდებელი ნივთი, მოედებოდა [მას] განურჩევლად დასაწვავად და წასახდენად. შემდეგ [ოსტიკანისაგან| ორგზის გვირგვინდადგმული და პატივით განდიდებული [გაგიკი] დაბრუნდა და სამზადისს შეუდგა ოსტიკანის სომხეთში შესახვედრად, ხოლო მე ველოდი მეფე გაგიკის მოსვლას, რომ ეგების მისი შეწევნით გამომეხსნა თავი საპყრობილიდან, როგორც ამას ქრისტიანული ვალი მოითხოვს. მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა, ჩემი ცოდვების გამო უფრო მეტად შემკრეს.
როცა გაზაფხულის სამხრეთის ქარმა ზამთრის სიცივე განაგდო, ოსტიკანმა გააწყო დიდძალი ჯარი, დაიძრა და გამოემართა ჩვენი ქვეყნისაკენ (909 წ. გაზაფხული), გულაღშფოთებულმა და განრისხებულმა თან მეც წამომიყვანა ბორკილდადებული. მან მოაღწია ქალაქ ნახიჭევანს, იქ რამდენიმე დღე შეჩერდა, სანამ წინდაწინ გაგზავნილი მაწვეველნი გაგიკი და გურგენი  მოვიდოდნენ და რაზმებად განეწყობოდნენ. შემდეგ კი მოთარეშეთა მსგავსად გამოემართა და პირველად სივნიეთის ქვეყნის მხარეებში ამოვიდა (909 წ. აპრილში).
სივნიეთის წარჩინებულმა და დიდმა მთავარმა თავის თანამეტომე ძმებთან და შეკრებილ ჯართან ერთად ისწრაფა და ხელთ იგდო შემოსასვლელ-გასასვლელები და გზათა ვიწროები; [მათ] მამაცობით, სიმხნითა და დიდი სახელგანთქმულობით იარაღი აღმართეს, შეიჭურვენ ოსტიკანის წინააღმდეგ. მათ მრავალი დააგორეს და დაანარცხეს მიწას, მაგრამ რადგან ღმრთის მოხილვამ უგულებელყო ისინი, ვერ შესძლეს, რომ განედევნათ გაცოფებული მტერი. არამედ გაიქცნენ და გამოქვაბულთა სიმაგრეებსა და მაღალი მთების ხევებში ჩაცვივდნენ, ხოლო ურჯულო უკან მობრუნდა და ვინც კი შეხვდა, ქვეყნიდან ლტოლვილი, გაძარცული და უკან ჩამორჩენილი, ზოგი მახვილის ლუკმად აქცია, სხვანი-კი ტყვედ წაასხა. და ეს მოხდა დიდ დღესასწაულს, ზატიკის პასექს, თორგომიანთა წელთაღრიცხვით 358 წელს.
გაათია რა ოსტიკანმა იქ 12 ღამე, წავიდა ჩრდილო-აღმოსავლეთით დედაქალაქ დვინში და დაბანაკდა მდინარე ერასხის ნაპირას. [ამ დროს] საჩქაროდ მოვიდა და ეახლა მას სივნიელთა მფლობელი სუფანი და შესთავაზა თავისი სამსახური. ამან გააოცა ოსტიკანი და კიდევ უფრო მეტად წააქეზა, რომ ბოროტებით აღიძრულიყო მეფის წინააღმდეგ. შემდეგ კი მზაკვრული აზრებით შეიჭურვა, გაგზავნა [კაცი] სმბატ მეფესთან [დავალებით]: თუ იგი 12 წლის გამოსაღებს მთლიანად გადაიხდიდა, ოსტიკანი მას მშვიდობის მტკიცე პირობას დაუდებდა და წავიდოდა. [სმბატ მეფე], თუმცა იცოდა, რომ სიხარული არ მოჰყვებოდა ბნელეთის მოყვარული მტრის შემოთვლილ სიტყვებს, მაგრამ საღმრთო და კაცობრივი ბრალდება რომ აეცილებინა თავიდან, მან მყისვე გადაიხადა მოთხოვნილი 60 ათასი ოქროს დრაჰკანის წონა. იუსუფი ფულის მიღებისთანავე უკან დაედევნა სმბატს, ქართველთა ქვეყნამდის მიჰყვა და სდია მანამდე, ვიდრე კლარჯეთის მიუვალ სიმაგრეებში შეეხიზნებოდა.
ხოლო მე ქალაქ დვინის საპყრობილეში დამამწყვდია და რკინის საკვრელებით [შემკრა]. [იქ მე] გადავიტანე მტარვალთაგან ბევრი მომაკვდინებელი შეურაცხყოფა, გვემა, შებორკილება და პყრობილება ბნელსა და ვიწრო ადგილებში. მაგდებდნენ გვირაბებსა და ღრმა ხაროებში, [მაწამებდნენ) სასტიკად და მწარედ. მცველთა საშინელი ხმაური და შემაწუხებელი ღრიანცელი მწუხრიდან გათენებამდის არ სცილდებოდა ჩემს ყურებს, და ამის გამო მომესპო თვალთა რული და სხეულის მოსვენება.
65. გაგიკ არწრუნი ანუ ხაჩიკ-გაგიკი, გრიგორ დერენიკის უმცროსი ძე, ვასპურაკანის არწრუნთა სამეფოს დამფუძნებელი. სამეფო გვირგვინი მიიღო იუსუფ საჯისგან 908 წელს.
44. აშოტ სპარაპეტის იუსუფისადმი (ნებით) დამორჩილებისა და იოანე კათალიკოსის განთავისუფლების შესახებ
იუსუფ ოსტიკანი მთელი ზაფხულის განმავლობაში (909 წ.), როგორც მძვინვარე ლომი ღრიალებდა და ემზადებოდა სმბატზე სანადიროდ. დიდხანს შფოთავდა, მაგრამ იმჯერად მაინც ვერ შეძლო რაიმე ზიანი მიეყენებინა [სმბატისათვის] მისი მაღალ მთებში, ღრმა ხევებსა და გამოქვაბულების სიმაგრეებში გამაგრების გამო. იგი გამოემართა და კვლავ ქალაქ დვინში მოვიდა. მას აქ დიდძალი ძღვნით მიეგება მშვენიერი, გულუხვი და ხელგამლილი აშოტი – სომხეთის სპარაპეტი, სუმბატ მეფის ძმისწული. იგი თავისი ნებით გაბედულად მოვიდა და დანებდა აგარიანელებს; მას ახსოვდა იუსუფის გულუხვობა [და ფიქრობდა] ეგების მასაც მსგავსადვე რგებოდა მეორე ფარაონის მადლი და იმგვარადვე მოექცია სიკეთისაკენ  ბოროტი ოსტიკანი თავისი ხალხის მიმართ. ახდა ჩვენებათა სილვის მსგავსად ეგების მიეღო და შეეგროვებინა საიდუმლო ხორბალი გამძევინვარებული შიმშილისაგან სასიცოცხლო წესრიგის გადასარჩენად და ახალი ისრაელის სასიკვდილო დაღუპვისაგნ [გადასარჩენად], რაც ელოდათ.
მაგრამ [აშოტმა] როცა ნახა აგარიანელი ფარაონი, რომელიც არ იცნობდა იოსებს, შეიტყო მისი მზაკვრული განზრახვა – ევნო ჩვენი ხალხისათვის, თუმცა რასაც ეძიებდა, ვერ მიაღწია. [აშოტი] შეაშინა მოძალადის მომაკვდინებელმა ცბიერებამ. ამავე დროს იგი სიკვდილის შიშმაც [შეიპყრო), მაგრამ ვეღარ შეძლო რაიმე გამოსავალი ეპოვნა და ჩამოსცილებოდა მას. ამიერიდან იგი ნებსით თუ უნებლიედ იძულებული გახდა ყოველნაირად ოსტიკანის ნებას დაპყოლოდა საქმით, ზრახვით, სიტყვითა და მახლობლობით. იგი მიჰყვა მის ნება-სურვილის ასრულებას. თუმცა ვერ შეძლო სავსებით დანდობოდა გულით დაუდეგარს, ცრუსა და მატყუარას. ამ დროს ოსტიკანი შეჩერდა და დადგა ქალაქ დვინში, რომ ზამთრის მკაცრი დღეები იქ გაეტარებინა.
ხოლო ამიერიდან იძულებული გავხდი მეძია გამოსავალი – ოსტიკანისაგან პატიების ბრძანება, როგორც ოდესღაც ვიღაცამ პროტირიადის უფსკრულიდან. და ეს [გავაკეთე] არა წუთიერი სიკვდილის შიშით ღმრთისაგან, არამედ იმიტომ, რომ [ოსტიკანმა] გამოსაღები ოქრო დაგვიწესა და მრავალთა შემწეობით მრავალი მივართვი ვალი უსამართლო განძისა. სხვა მეტი არაფერი მქონდა რომ მიმერთმია, და არც არავინ იყო, რომ შემწეოდა მე. ამის გამო ამას ვეწიე და ზეციურმა ძალამ მე გამომგლიჯა მას, რომლის ხელები სავსე იყო სისხლით. გულფიცხელი ფარაონისაგან შეშინებული გავიქეცი მოსეს მსგავსად მადიამში და როგორც მეორე იზაბელა ელიას მსგავსად სიდონის სარეფთაში. და რადგანაც ბოროტი მარბიელი წარმტყვევნელები ჯერ კიდევ ძლიერად იყვნენ მოდებული ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მეც უფლის ბრძანებით დევნილი ალბანეთის აღმოსავლეთი მხარეებისაკენ წავედი, ქალაქიდან ქალაქში სიარულით მივედი დიდ მთავარდ საჰაკთან (საჰაკ სევადა ჰერეთის მეფე გრიგორ ჰამამის უმცროსი ძე) და მათ მეფე ადარნასესთან (გრიგორ ჰამამის უფროსი ძე) რომელიც კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, რადგან ისინიც ჩვენი ხალხთაგანი იყვნენ და ჩვენი სამწყსოს ცხოვართაგანნი, [ამიტომ] თითოგულ ჩვენთაგანს მათგან არა მცირე ულუფა და ხარჯი დაგვიწესდა თითოეული ჩვენთაგანის საჭიროების მიხედვით. ისინი მოვალისებურად გვიხდიდნენ ყველას საკმარისს. შემდეგ იქედან წავედით და გავსწიეთ გუგარელთა მხარეებისაკენ, იქ დავბინავდით და ველოდით. უფლისაგან ხსნას.
45. მეფისწულების აშოტისა და მუშელის სიმხნისა, სევორდიელთა ღალატისა და მუშელის შეპყრობის შესახებ
როცა ოსტიკანი დვინში ჩამოვიდა, სმბატ მეფეც დაბრუნდა ლტოლვილებიდან და მოვიდა თავის სამფლობელოში საკუთარ მამულ ერაზგავორში. ხოლო როცა გაზაფხულმა კარი შემოაღო თბილი დღეები დადგა, დიდძალი ჯარი გაამზადა ოსტიკანმა, როგორც მარბიელი, სმბატ მეფის წინააღმდეგ, მისცა-იგი ხელთ გაგიკ მეფესა და თავის სხვა ნახარარებს და ფარულად გაგზავნა მოღალატენი [სმბატის] წინააღმდეგ (910 წ. გაზაფხული). სმბატმა შეიტყო ზოგიერთების ვერაგული ღალატი, ამიტომ იძულებული გახდა შეეკრიბა დიდძალი ჯარი და მიეცა თავისი შვილებისათვის – აშოტისა და მუშელისათვის. ამასთან უბრძანა ფრთხილად ყოფილიყვნენ გზებზე. ისინი გაემართნენ და მიაღწიეს ნიგის გავარს. დაინახეს, რომ უცხო ტომთა ბანაკი განლაგებულიყო ჭალებში ერთ ვაკე ადგილას, მთის ძირას და მათთან ერთად იმყოფებოდა გაგიკ მეფეც. როცა ამნაირად ისინი პირისპირ შეეჯახნენ ერთმანეთს, ძალაუნებურად საბრძოლველად გაეწყვნენ. მათ არ იცოდნენ მზაკვრობა თავიანთი ჯარისა, უტიის გავარის მცხოვრებელებისა. აშოტი და მუშელი გამოვიდნენ ასპარეზზე და შეუტიეს [მტერს]. მათ გამოიჩინეს ვაჟკაცობა და მრავალმხრივი ბრწყინვალე სიმამაცით გაარღვიეს ალყაშემორტყმული რაზმი და შეებნენ მას. ხოლო როდესაც გამწვავდა ბრძოლა და რბევა და [მებრძოლები] ერთმანეთს შეერივნენ, მოულოდნელად უტიელთა ჯარი უკუიქცა მზაკვრული განზრახვით და უკანმოუხედავად წავიდა საკუთარი ნებით.
რადგან იმ მხარეს ჯარს სათავეში ედგა აშოტი, იგი უნებურად იძულებული შეიქნა მათთან ერთად უკუქცეულიყო. უცხოთესლთა რბევა კიდევ უფრო გაძლიერდა და გამწვავდა. ამ დროს მუშელი მტრებს შორის მოექცა, მან დიდი და წარმოუდგენელი მხნეობა გამოიჩინა, რითაც ყველა განცვიფრებაში მოიყვანა, მაგრამ ორთა ბრძოლით ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია მრავალთათვის. იგი შეიპყრეს და მოჰგვარეს ოსტიკანს. [ოსტიკანმა] გაიხარა, შვებასა და მხიარულებას მისცა თავი მეფის წულის მუშელის შეპყრობის გამო და დიდი ლხინი გაუმართა თავის ჯარს. და ამნაირი ძლევით იპოვა რა მიზეზი [მასალა] ცეცხლებრ აგზნებული გულის რისხვისა, [ოსტიკანმა] ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს მოსდვა და მოჰფინა დიდი ხანძარი და შუადღისას ღამის წყვდიადმა და ნისლმა, ბურუსმა და უკუნმა სიბნელემ მოიცვა ასქანაზის ტომი. და სასწორის უღელს დაედვა სატკივარი ურვისა და მწუხარებისა. დაგვედვა აგარის უღელი, ნაქოვრის ხევის ქვებზე უფრო მძიმე და აუტანელი. მარბიელთა ისრები და უფლის შუბები გვაწვიმდა ჩვენ. ძირი სიმწარისა, რომელიც ოდესღაც აღმოფხვრა უფალმა თორგომის სახლიდან, კვლავ მორჩად იქცა და დაინერგა ჩვენს გონებით წარმოსადგენ ბაღში, ეკლიან ბუჩქად აღმოსცენდა იგი [ჩვენს] დასამხობად და წასახდენად.
 და მის შემდეგ ეჭვებით შეპყრობილი ჩემი გული წუხს და იგვემება, მიუძლურდება მუცელი ტირილისაგან, რადგანაც ჩვენი ურჯულოებისათვის უგულებელგვყო უფლის მოხილვამ და ჩვენი დაბნელებული საქმეების გამო ალმაცერად დაგვიწყო ცქერა [თვით] ჭეშმარიტმა მზემაც. ხელთ ჩაუვარდით გულფიცხელ მეორე ფარაონსა და მის მრისხანე მოხელეებს, რომლებიც ალიზის გამოსაწვავი ქურის უღელზე უფრო მძიმე ტვირთად გვექცენ, დაგვამხვეს ჩვენ წარმოუდგენელი ცემა-გვემით ქარიშხლის მსგავსად მოგვბერა ჩვენ ისმაიტელთა მომაკვდინებელმა სასტიკმა 2 ქარმა, როგორც გრიგალმა მტვერი გაგვფანტა და გაგვაძევა ჩვენი სამკვიდროდან და ნიაღვრის სიმძაფრის მსგავსად წარღვნა, წალეკა და საერთოდ უგუნურებით დაათრო [ჩვენი] სული, ცხვრებივით მიგვრეკეს ჩვენ დასაკლავად და აწ ამისთვის, რაც კი გონების ჩემს საუნჯეში არის ხედვა დაბინდდა და უქმი შეიქმნა, აღარ შეუძლია სიტყვით გაუწიოს დახმარება ზრახვას ჩვენზე მოწევნილ საგრძნობ უბედურებათა გამო. ხოლო ჩემს დასახმარებლად გაბედულად მეტყველ ესაიას მოვიხმობ, რათა ასწავლოს  სიბრძნისმოყვარეობა და გოდება, უფლის მოწყალების მოძღვრება და რისხვის მახლობელ გვემათა სიყალბე: „აღდეგ; – იტყვის, – აღდეგ, აღემართე იერუსალიმ, მსმელო ხელისაგან უფლისა სასუმელსა, გულისწყრომისა მისისასა, რამეთუ სასუმელი დაცემისა, ბარძიმი გულის წყრომისა ჩემისა შესვი და წარმოაცალიერე; და არა იყო ნუგეშინის-მცემელი შენი ყოველთაგან შვილთა შენთა. სხვის მიხედვით: „ველოდე მე თანამჭუანსა, არავინ იყო ნუგეშინის-მცემელ ჩემდა, და მე არა ვპოვე, ხოლო სხვაგან „ვინ შეწუხდეს შენ თანა, დაცემა და შემუსრვა, სიყმილი და მახვილი“.
 და ჭეშმარიტად, წინასწარმეტყველი მხილველის მსგავსად ჩვენი ნუგეშისცემა არ შეუძლიათ ჩვენს შვილებს. ისინი სასოწარკვეთილი, ტყვედწასხმული, განდევნილი, მოკლული და მიძინებული არიან ყოველ გზაჯვარედინზე. ჭეშმარიტად, ჩვენს მიმართ აღმოცენდა რისხვის მომაკვდინებელი სუნი, რადგანაც პატივი გეცეს. და დავტკბით ღმრთის ნებათა სიტკბოს კურთხევით, [მაგრამ] ვერ შევიცნეთ ღირსეულად იგი, რისგანაც სიკეთე მოვისთვლეთ და არც შევწირეთ მადლი ნუგეშის მომცემს, რასაც ვალი მოითხოვდა. და შემდეგ ამით განვისწავლეთ და შვიდკეცად მოგვეზღო ჩვენი ცოდვებისათვის. გლოვობს და, ჩვენთან ერთად წინასწარმეტყველებას ამბობს „ჰურიასტანი და ემხო და დიდება სიონისა დაქვეითდა, რადგან მიტოვებულ იქნენ მაღალთა შინა მყოფის ზრუნვისგან ქრისტეს ღვთივ ნაშენი ეკლესიები, როგორც ტალავარი ვენახში და როგორც ხილის მცველთა საგრილობელი ნესვოანში. ცულებითა და ჩაქუჩებით დაამხვეს მისი კარები და ცეცხლს იმისცეს მისი სიწმინდე. წაბილწეს მისი სახელობის კარავი. უფლის საბრძანებელი დაითრგუნა ბილწთა ტერფთაგან და ღორებრივ მიწას დამყურე მოხეტიალე პირუტყვთაგან. ეკლესიის მსახურთა უბიწო სისხლი უბრალოდ დაიღვარა, როგორც წყალი იერუსალემის გარშემო.
სიმწრის ძირი უფრო სახლიდან აღმოსცენდა, ვიდრე უცხოთაგან, რადგანაც ზოგიერთები, საყრდენად მიჩნეულნი, განუდგნენ უფალს (იგულისხმებიან იუსუფის მხარეს გადასული გაგიკ არწრუნი დაშაპუჰის ძე აშოტი, აგრეთვე ქართველთა მეფე ადარნესე) და თავიანთი ენები ამაოებითა და ურჯულოებით შეჭურეს: მათ ჩვენს მთავრებს მრუდი და საცთური მიუთხრეს, მატყუარებმა და შემაცდენლებმა. შეცვალეს მართალი და გულწრფელი ადამიანები. ჩვენს მხედართ მთავართა და დიდ მთავართა მიერ გაკიცხული და შეურაცყოფილი იქნენ უფლის სამწყსოს ჭეშმარიტი მწყემსები. [მთავრებმა] მრავალი თავიანთი შემაცდენელი მწყემსი შეიძინეს ამის გამო საყვედური მივიღეთ ცრუ და უგუნურ კაცთაგან და ჩვენს გარშემო მყოფი ხალხის დასაცინი შევიქენით, სასტიკმა მეამბოხეებმა წაგვართვეს სამწყსო მწყემსებითურთ, ტყვეობას მიგვცეს და მონებად გაგვყიდეს. სხვებმა კი წმინდა ხელისა და უბიწო გულის მქონეებმა განიცადეს მრავალი ცემა, ტანჯვა, პყრობილება, გვემა ციხე და წარმოუდგენელი გაჭირვება. ისინი გაეცალნენ იმათ უსამართლო პირებს, რომლებმაც შესძინეს თავიანთ თავს უპატიოება და უმეცრება. ღმრთის მსახურთა გვამები დაყარეს და ცის ფრინველთა საკორტნად აქციეს, ხოლო მაღალთა შინა მყოფის წმინდანთა სხეულები მხეცებს მისცეს საჭმელად. არავინ აღმოჩნდა, რომელიც თავს იდებდა ყოვლისმპყრობელი უფლისათვის შურისძიებას და ჩამოაცილებდა უფლის სახლს ურჯულოების მოქმედთ. ამგვარი საქმის მოსურნეები ნამდვილად თვითონ გახდნენ უპატიოებისა და ცდუნების მტვირთველი.
46. იუსუფს დანებებული მთავრებისა და მუშელის დახოცვის შესახებ
მე ისევ გლოვით მივაქცევ ჩემს სიტყვებს და დამწუხრებული გულით არ დავცხრები, რომ ზრახვად მქონდეს ჩვენ სახიფათო ვნებათაგან პაერში გატყორცნილი ლახვარი, ზაქარიას იგავთაგან, ორპირი მახვილი, გაწმენდილი ჩვენი ქვეყნის შვილების სისხლით და მრავლის მომსვრელად [მიმართული] შურის საძიებლად მპარავთა და მპარავების თანამდგომთა, ცრუთა და ცრუმოფიცართა. და ვიხილეთ ჩვენ სამხრეთიდან აღტყინებული ბოროტება და მრავლის მომსპობი სატანჯველი ჩვენი ხალხის შვილებს შორის, რომლებიც დაეცენ და მოიწყლენ შიმშილითა და მახვილით და მაცდური ვერაგობით, სანამ ხორცს, ძვლებსა და ტვინს არ გაუარა. ნუ უგულებელმყოფს ამიერიდან სხვა წინასწარმეტყველებაც, რომელიც იტყვის, რომ როგორც ვეფხი შეხვდაო გზად იმათ, რომლებიც ბოროტებით არიან შემოსილნი, როგორც ოდესმე კერპთაყვანისმცემელი ასურესტანელები. წარმომიდგეს მე მოსეც, ღმრთის კაცი, რომელიც ჩვენ შურისსაძიებელ საქმეთა მისაგებელს საქვეყნოდ აცხადებს ჩვენი შურისიიების დღეს. ელვისებრ ლესავს მახვილს, რომ ზედ მიეწიოს და არ გაძღეს ჩვენ ტყვედ წაყვანილ უფროს მთავართა მოწყლულ სხეულთა ჭამით. ხოლო ისინი რომლებიც ზოგჯერ უმაღლეს საფეხურზე ისხდენ და სამთავრო კარვებში უაღრესად მდიდრდებოდნენ, ახლა მოტყუვდნენ და მზაკვრობაში ჩაცვივდენ და სიკვდილის ზღვევის თანამდებნი შეიქნენ ბოროტი ოსტიკანისაგან.
[ოსტიკანმა] ზოგიერთები საპყრობილეში ჩაყარა და მათ წილად არგუნა მახვილი, შიმშილი და გვემა. ხოლო იმათ, რომლებსაც საპტიო [ადამიანებად] თვლიდნენ, [ოსტიკანი] ფარულად ღალატით სასიკვდილოთ მახეს უგებდა. ჯერ გაასამართლა და ფიცი გაუტეხა გრიგორ მთავარს (გრიგორ II სუფანი), რომელიც ჰაიკის ჩამომავალი და სუმბატ მეფის დის შვილი იყო. იგი, როგორც უკვე გიამბეთ, ნებით დაემორჩილა ოსტიკანის სამსახურს, მაგრამ შესვა საწამლავი და ურვასა და მწუხარებაშივე გარდაიცვალა. მისი გვამი წაიღეს და დაფლეს მის მიერვე გაშენებულ წმინდა სვიმეონის ტაძარში. ასევე [მოუვიდა] მამაც ჭაბუკს მუშელს – სუმბატ მეფის შვილს, რომელიც უტიის გავარის მცხოვრებლებმა მზაკვრული ღალატით შეიპყრეს. მასაც ისეთივე სატანჯველი ხვდა წილად: სასიკვდილო წამალი შეასვეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს. მისი გვამი აშოტ სპარაპეტმა გააგზავნა ბაგარანში წინაპართა განსასვენებელში დასასვენებლად.
ასევე მოტყუებითა და ღალატით დაიღუპა სრულიად ახალგაზრდა სუმბატი (საჰაკის ძე), სუმბატ მეფის ძმისშვილი, რომელმაც თავისი ნებით გაბედულად მიმართა აგარიანელთა მსახურებას. იგი წაასვენეს და დაფლეს ტარონში, თავის მამა-პაპასთან. და აწ მეც ამის გამო ვიწყებ საყვარელ [ადამიანთა] გლოვას და აღვძრავ ხმას ტირილით, ვედრებითა და სახის ხოკვით. ჩვენი ცოდვების გამო იყო, რომ ჩვენი დღეები ასე სამარცხვინოდ და სასოწარკვეთით დასრულდა.
ამგვარადვე მოსპეს სხვა აზნაურებიც. მე არ შემიძლია ეხლა ისინი სათითაოდ ჩამოვთვალო. საპატიოთაგან და დიდებულთაგან, რომლებიც ოსტიკანს დანებდნენ, ან ხელთ ჩაუვარდნენ, თითქმის ვერვინ გადაურჩა ბოროტ და ვერაგულ სიკვდილს, გარდა გონიერი მეფის გაგიკისა და ლამაზ აშოტ სპარაპეტისა; მათ კარგად განსაჯეს და გონივრულად გაითვალისწინეს თავიანთ მოწმეთა და უფალთა ხვედრი. ისინი შეაშინა ესოდენ წარმოუდგენელმა სიკვდილმა, ამიტომ მთლიანად მიენდვნენ ოსტიკანს და დაჰყვნენ მის ნება-სურვილს. მათ ისწრაფეს თავიანთი სიტყვისა და ზრახვის შესრულება. [ოსტიკანმა] საპყრობილეში ჩააგდო ჭაბუკი ვასაკი, სივნიეთის დიდებული მთავრის აშოტის შვილი, რომელიც [ადრე] თავისი ნებით დაემორჩილა ოსტიკანს, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ღამე ჩამოწვა, ვასაკმა ფოლადის მახვილი აამოქმედა: მცველები დახოცა, საკმაო მანძილი გაირბინა, ქალაქის ზღუდეს ჩამოეკიდა და გაიქცა.
ხოლო როცა მცველებმა ყვირილი ატეხეს და მდევრები უკან დაედევნენ, ის უკვე ვენახებით წავიდა და თავისი მშობლიური ქვეყნის სიმაგრეებს მიაშურა (დაიღუპა 920 წ. გოხტნის ოლქის ამირასთან ბრძოლაში). ამის შემდეგ ბოროტებას რიდე აეხადა, საპატიო აზნაურთაგან ზოგი მრავლისმომსრველ მახვილს მისცეს საზრდოდ, ხოლო სხვები ლტოლვილნი ხევებსა და კლდის ნაპრალებში ჩაამწყვდიეს; შეირყა მთელი ქვეყანა, შეძვრნენ მღვიმეებში, მიიმალნენ ტყეებში, ავიდნენ გამოქვაბულებში დედაკაცებსა და საპატიო დედოფლებს, რომლებიც შეიპყრეს წარმტყვევნელებმა, უფრო მძიმე ტვირთი ერგოთ თავიანთი სხეულის შეჭირვებით, მათ არც კი ახსოვდათ შვებისა და თავისუფლების სახელი...
ასე გაძლიერდა სიკვდილი და შთანთქა მრავალი [ადამიანი]. [ბევრი] ცრემლი დაედინა და მთელ ქვეყანას მოედო, შენ ეს იკმარე, მე კი ისევ თხრობის რიგს დავუბრუნდები და არ გავწყვეტ სიტყვას. 
47. საჰაკისა და ვასაკის საქმეებისა და იუსუფის ულმობელობის შესახებ
ჰაიკის ჩამომავლებმა, საჰაკმა და ვასაკმა, იმ გრიგორის (სუფანის, ვასაკ გაბურის შვილები) ღვიძლმა ძმებმა, რომელსაც ბოლო მოეღო ოსტიკანისაგან, სიმტკიცე გამოიჩინეს და დევნის დროს შეეცადნენ თავი დაეხსნათ მაჭირვებელთაგან: გამაგრებულიყვნენ თავიანთი სამფლობელოს სიმაგრეებში და არ წასულიყვნენ უცხო ქვეყანაში,  სანამ, ეცადნენ თავი დაეხსნათ მაჭირვებელთაგან: გამაგრებულიყვნენ თავიანთი სამფლობელოს სიმაგრეებში და არ წასულიყვნენ უცხო ქვეყანაში, სანამ როგორც ამბობენ, არ გადაივლიდა უფლის რისხვა. რადგან ისინი ნავების მშენებლები იყვნენ, სწრაფად გამკვეთი ნიჩბებით, როგორც ერთი რაიმე კიდობნით გასწიეს, მიიმალნენ და გამაგრდნენ სევანის კუნძულზე თავიანთი ქრისტეს მორწმუნე და განდეგილი დედით, ცოლებით, შვილებით და აზნაურთა მხედრობით, რადგან ისმაიტელ მეკობრეთა ღვარივით წამლეკავი ამძვინვარებული დინება უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ეკვეთებოდა ქვიშის საფუძვლის მქონე ჩვენს საცხოვრებელ სახლს. ეს [ამბავი] შეიტყო ქალთა მოტრფიალე ულმობელმა აგარიანელმა, მან ჯარი შეკრიბა და მათ წინააღმდეგ გაგზავნა.
ჯარმა მიაღწია ტბის ნაპირს და მტრის მახვილი ზღუდედ შემოერტყა და გარემოიცევა [ისინი]. მოყვარულმა ძმებმა დაინახეს, რომ, თუ მტრებისაგან პირს იქცევდენ, წყლით მოცულ უფსკრულში ვერ მოძებნიდნენ გასაქცევ ადგილს და ხელთ ჩაუვარდებოდნენ წარმართ მოძალადეებს და მათ ბილწ ბოროტებას. ამიტომ მენავეები განმტკიცდნენ, ნავით გასწიეს და წავიდნენ თავიანთ დედასთან და სახლეულებთან ერთად თავისი ავლადიდებით, რაც კი შეიძლებოდა იმ დროს თან წაეღოთ. [ისინი] სასწრაფოდ გადაცვივდნენ და [შეაფარეს თავი] მიაფორის გავარის სიმაგრეს. ამ დროს ისმაიტელთა მხედართმთავარი გავიდა კუნძულზე, სიმაგრეში დარჩენილი არამცირედი ნადავლი შეაგროვა და საპატიმროში დატოვა, [გაქცეულებს] კი რაზმი დაადევნა, გასწია და ცდილობდა დასწეოდა მათ. [ძმები] შემობრუნდნენ და პირისპირ შეებნენ მტერს; მრავალი დაჭრეს, დაკუწეს და მახვილს მისცეს საკვებად. [დადევნებული მტერი] გააქციეს, თვითონ კი წავიდნენ [და] თავი შეაფარეს გარდმანისა და არცახის სიმაგრეთა უდაბურ ტყეებს და იქ ელოდნენ იწ ღმრთის მოხილვას. იქ გარდაიცვალა ქრისტეს მიერ პატიოსნად და წმინდა რჯულით აღზრდილი დიდი მეუდაბნოე მათი დედა – სუმბატ მეფის და. [შვილებმა] უკან დაბრუნებისა და საკუთარი მამეული სამეფოს დაუფლების რამდენიმე წლის შემდეგ, მისი გვამი წაიღეს და დაასვენეს თავის განსასვენებელში – მათ მიერ აგებულ ეკლესიის მახლობლად შოლაგაში.
ურჯულო ოსტიკანმა, როდესაც დაინახა, რომ ნაპირთ მპყრობელებმა და მხარეთა მცველებმა, იძლივნენ რა, ხელი აიღეს ჩვენი ქვეყნის მხარეთა გამგებლობაზე და რომ [ამავე დროს] არავინ იყო მისთვის წინააღმდეგობის გამწევი, ბოროტ ავაზაკთა რაზმი მოეფინა ყველა მხარეს: სისაკანის ტომს, ტაშირისა და კანგარის გაღმა მხარეს და გეღამის ტბის ნაპირს. შემდეგ [ოსტიკანმა] თავისიანებთან, ნახარარებთან და დიდ ჯართან ერთად გამოგზავნა გაგიკ მეფე, რომ შემორტყმოდა, მოეცვა და აეღო ვალარშაკერტის ციხე-სიმაგრე. ისინი გამოემართნენ და მრავალი დღის განშავლობაში ებრძოდნენ ციხეს, მაგრამ ვერაფრით ვერ შესძლეს მისთვის ვნების მიყენება. თუმცა ციხეში მყოფთაგან მრავალი დაიჭრა და დაეცა მტერთაგან, მაგრამ [მიუხედავად ამისა] ფიცხელის ბრძანებას ვერ გადაუდგნენ, ისხდნენ და იცავდნენ სიმაგრეს მრავალი დღის განმავლობაში, ხოლო ის რომელიც [სხვადასხვა] მხარეებში იყო გაგზავნილი მეამბოხე ოსტიკანისაგან როგორც ნაკვერცხლად ქცეული ცეცხლი ჩვენი ქვეყნის კიდეებს „მოეფინა, ავარდა აგიზგიზებული ალი, რათა გაეფანტა, მოემკო და გაეწყვიტა არამის ტომი. აზნაური და უაზნო, ძლიერი და მებრძოლი, ერგასის თავი და მსაჯული, მზრახველი და გამომძიებელი, გონიერი და ბრძენი, მოხუცი და ყრმა, დიდი და პატარა ყველა მოძალადე წარმტყვევნელთ ჩაუვარდა ხელთ, მსგავსად წინასწარმეტყველებისა: „მაცთურნი გეუფლნენ თქვენ“. უფლის ძლიერების შური თავს დაგვატყდა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი შურისძიება უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ კი თითოეულმა მათგანმა თანამგლოველად გაიხადა იერემია და ეძიებდა თავისი თავისათვის ზღვას და თვალებისათვის ცრემლთა წყაროებს, რათა არ მიატოვონ წარმოუდგენელ უბედურებათა გლოვა, მოთქმა და ტყება, რადგან ისმაიტელ ავაზაკთა თავდასხმები, როგორც ხანძარი ტყესა და შამბნარს, ისე მოედვა ალის საზრდოდ [ქცეულ] ჩვენ ხალხს. ყველა დაავადდა და ყველას გული დამწუხრდა.
48. სმბატ მეფის უმწეოდ დარჩენის, იუსუფისადმი მისი დამორჩილებისა და გაგიკის გაქცევის შესახებ
გაგიკ მეფემ თავის ძმასთან გურგენთან ერთად ნახა და აწონ-დაწონა, რომ მათი წინამძღოლობის წყალობით ბოროტების ქარიშხალი, სიმწარე და ვერაგობა მოედვა და მოეფინა ქრისტეს ეკლესიასა და ღმრთის მორწმუნე ხალხს. სხვებმაც იგრძნეს [მოსალოდნელი] ვერაგული სიკვდილი და შეშინდნენ მოძალადის ზარით. ამიტომ მათ ღმრთის შიშით შეპყრობილებმა დაუწყეს მხილება და ყვედრება თავიანთ თავს, ისინი გულში ნანობდნენ [თავიანთ საქციელს] მომნანიებლის წესით მოინანიეს და განიზრახეს ჩამოშორებოდნენ [ოსტიკანს] და წასულიყვნენ თავიანთ სამფლობელოებში, თუმცა მათ მაშინვე ვერ განახორციელეს ეს განზრახვა.
ეს სასიკეთო აზრი მათ განუცხადეს სმბატ მეფეს და ფარულად შეუერთდნენ მას, ეძებდნენ შესაფერის დროს საიდუმლო აზრის განსახორციელებლად, რომ ჩადენილი ბოროტება სახილავად მშვენიერი კეთილმსახურებით თავიდან მოეშორებინათ. სმბატ მეფე წავიდა და დაიმალა ერასხაძორის გამაგრებულ ადგილებში, იგი [შესაფერის დროს] უცდიდა, რომ დაეცხრო ბოროტის აგზნებული ცეცხლი, რომელიც მოსდებოდა ასქანაზის ტომს. თავისი გადაწყვეტილების თანამონაწილედ მან გაიხადა სომეხთა დიდი და გონიერი მთავარი გრიგორი (ბაგრატუნი, ტარონის მთავარი 898-923). იგი ხალიფასაგან თხოულობდა მშვიდობას მთელი ქრისტეს სამწყსოსათვის და [სურდა], რომ ჩაექრო ურჯულო ოსტიკანისაგან მოდებული ხანძარი. დიდი მთავარი თუმცა მთელი გულითა და სულით შეეცადა, მაგრამ რადგანაც სამეფო კარზე (ანუ სახალიფოში) იმ დროს არეულობა იყო ეგვიპტელთა განდგომის გამო (შიიტი კარმატების აჯანყება 910 წ.) მზაკვარი მთავრის ჩარევით, [ამიტომ] ვერ შეძლეს დახმარებოდნენ სუმბატ მეფეს.
როცა ბერძენთა მეფემ ბასილმა (უნდა იყოს ლეონი) შეიტყო ჩვენზე მოწეული მძვინვარე ბოროტების შესახებ, დიდძალი ჯარი გამოგზავნა სმბატის დასახმარებლად, [მაგრამ მას] უეცრად მოეწია კაცობრივი ცხოვრების აღსასრული. ბასილის (ლეონის ძმა ალექსანდრე გამეფდა 912 წ. მაისში) ნაცვლად გამეფდა მისი ძმა ალექსანდრე. შემდეგ კი არეულობა და შფოთი დაიწყო აჯანყებულთაგან და ალექსანდრემ ვერ შესძლო დასახმარებლად წამოსულიყო.
როგორც წინათ მოგითხრობდით, ჩვენი მეფის თანამემამულენი, – მთავრები, მხარეთმპყრობელები და ზოგიერთი გამგებლები, – მოღალატურად ამოწყვიტა ოსტიკანმა. ზოგიერთები კი იძულებით, ხოლო სხვანი იძულებისა და რაიმე მიზეზის გარეშე, როგორც ახლობლები ისე შორეულნი, განუდგნენ სმბატს საქმითა და ზრახვით და მასზე უფროო მეტად უცხოებს შეეთვისნენ. ისინი, რომელთაც მეგობრებად თვლიდა, ჩამოსცილდნენ და შეერივნენ მტრებს. მეამბოხეები კი უფრო მეტად გააფთრდნენ და მის წინააღმდეგ შეურაცხყოფით სასიკვდილოდ გამოვიდნენ აგარიანელთა წაქეზებით, როგორც ერთხელ ჩვენი ტრდატის მიმართ (ტრდატ III ერთი ცნობით ნახარარებმა მოწამლეს).
როდესაც მეფემ შეიგნო, რომ ყველამ მიჰყო ხელი ბოროტებით ტკბობას, სასოწარკვეთილებას მიეცას კაცთაგან ხსნის იმედი კი დაკარგა და მხოლოდ ზეციერ მოხილვას ელოდა. ამის შემდეგ იგი წავიდა კაპუეტის გამოქვაბულის სიმაგრეებში, ერასხის ხევში და იქ შეაფარა თავი, ეს ციხე შეუვალი იყო კაცთაგან. ისმაელის ხელი ჩვეულებრივზე მეტად დამძიმდა. ერთი წლის შემდეგ მტერმა გარემოიცვა ციხე. ოსტიკანის ფიცხელი ბრძანების თანახმად რამიკებმა გააჩაღეს შფოთი ბრძოლის [დაწყებითა] და მრავალთა დახოცვით შემმუსვრელ მხეცთა საშინელი გრგვინვის მსგავსად. სიმაგრის ხალხი რჩეული აღმოჩდა და სიმხნით გამოსცადა მანქანათა სროლა, ფართოუბიან მშვილდთაგან ისრისა და შურდულებით ქვების ტყორცნა და შეუბრალებლად ამოწყვეტა მებრძოლი ჯარისა. აგარიანელთა ხელქვეით მრავალი იყო ქრისტეს მორწმუნე მეომარი. ისინი ოსტიკანს მუდმივად შეჭურვილი ჰყავდა. [მათ გზავნიდა] სიმაგრის წინააღმდეგ საბრძოლველად, თავისიანებს კი ზოგავდა. სმბატ მეფემ რომ დაინახა ეს ბოროტება და დაღუპვა ქრისტიანებისა, რომლებსაც მტარვალები იქვე ჰკუწავდნენ, მიზნად დაისახა ხორციელი სიკვდილი და თავად გადაწყვიტა ეზრუნა სხვათა გადარჩენაზე. მან უგულებელჰყო თავისი თავის ხსნა. უფლისადმი იოსების წინასწარმეტყველური სიტყვისაებრ მან თავის ვალად ჩასთვალა, რომ თვითონ მომკვდარიყო, არ დაღუპულიყო მთელი ხალხი და ელიაზარის მსგავსად სიმხნით სიკვდილი ამჯობინა საცოდავ სიცოცხლეს.
[სმბატმა] ფიცის წიგნი მოსთხოვა ოსტიკანს, ჩავიდა მასთან და ამგვარად იხსნა ქრისტეს მორწმუნე ხალხი უდანაშაულო. სიკვდილის საფრთხისაგან, [იხსნა აგრეთვე] სიმაგრეში მყოფი თავისი ხელქვეითები და აგარიანელთა ხელქვეით მყოფი შეჭურვილი ქრისტიანები, მოღალატე ოსტიკანი როგორც ცბიერი ეშმაკი ევასთან, ვაჭრობდა გონიერ კაცთან საალერსო სიტყვებით. მან ოქროქსოვილი აბრეშუმით და ლაკონური სამკაულითა და თავსაბურველი საჭურვლით შეამკო [სმბატი] და ცდილობდა შემმუსვრელი ღალატი შეემთხვია მისთვის სარწმუნო აღთქმის ჩვენებით. თავისი ხარბი ზრახვების შესაბამისად ქონების მოპოვების სურვილით იყო შეპყრობილი და ფიქრობდა, რომ თუ მეფის საჭურველთ საცავში კიდევ იყო რაიმე, ამგვარი კეთილმსახურებით გამოემჟღავნებინა და წაეღო. მან ფარულად დააგო ბოროტი მახე და სურდა, რომ იგი კეთილნაყოფიერ ხედ მოეჩვენებინა, ცბიერებდა დამღუპველი შვილის მსგავსად. გონიერი ყურისმგდებელი არ ანდობდა მას თავს, გულისხმიერებით ადევნებდა თვალს ტკბილ მლიქვნელობას და მწარე აღსასრულს. ამის შემდეგ ცოტათი დაცხრა [ოსტიკანის] შურის მაძიებელი ვერაგული ქცევა. იგი წავიდა შირაკის გავარში და მზირი დანა გველის მსგავსად ამაოდ ჩაუარა ვერაგულმა განზრახვამ.
გონიერმა გაგიკმა გადაწყვიტა შეწყალება, რადგან სირცხვილმა მოიცვა იგი ამაოდ გარჯის [გამო]. დაუძლურდა მეფის გული; სასოწარკვეთილებას მიეცნენ მთავართა გულებიც. [გაგიკი] სასწრაფოდ ამხედრდა, გაიქცა და გადავიდა თავის ქვეყანაში. თუმცა ოსტიკანმა მას სომხეთის მეფობა უბოძა, მაგრამ მან საიდუმლო სიბრძნით იცოდა მისი, მოწყალო რისხვისა და სიკვდილის მომფენი ვერაგული საბურვლის შესახებ და ისიც, რომ ვინც თავისი ნებით კისრულობს სიბრმეს, სიმრთელეს ვერასდროს ეწევა.
49. ერნჯაკის ციხის გარემოცვისა, ნეტარი სმბატ მეფის დიდებული მოწამეობისა და იმ საკვირველებათა შესახებ, რომლებიც მას შეემთხვა
გაგიკ [მეფის] წასვლის შემდეგ ოსტიკანი მოვიდა ქალაქ დვინში. მან უსამართლოდ დაუწყო დევნა სმბატ მეფეს, შემდეგ კი განიზრახა მისი მოღალატური სიკვდილი: სიცოცხლეს სიკვდილი შერია, [სმბატი] ციხეში შეაყენა, შებორკა იგი რკინის ჯაჭვებით და ციხედ ჯოჯოხეთური სადგომი მიუჩინა. იობის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ნისლში განუფინეს მას ლოგინი და დღე და ღამე მასზე იწვა“. სინათლე აღარ გაჰკარებია მის სახეს სადგომის წყვდიადის გამო. წამების, ბორკილებისა და ტანჯვის ეს ვითარება თითქმის მთელი ერთი წელი გაგრძელდა (912 წელი). ამის შემდეგ ოსტიკანი აღენთო ბოროტი განზრახვით, როგორც ადუღებული ქვაბი. მან მიმართა ციხეს, რომელსაც ერნჯაკი ერქვა (დღევ. ალინჯა-კალა), სურდა დაენგრია, მოეთხარა და დაექცია იგი, რადგან იქ თავშეფარებული და გამაგრებული იყვნენ კეთილმსახური დედოფლები – სივნიელთა დიდი მთავრის სმბატის დედა, ცოლი, რომელიც გაგიკის და იყო, და სმბატის ძმის საჰაკის ცოლი და სსვა საპატიო აზნაურები – კაცები და ქალები. მან წაიყვანა ბორკილდადებული სმბატ მეფე, შემდეგ კი ციხე საშინელი ბრძოლით გარემოიცვა და დაუცხრომელი და განუწყვეტელი შფოთი და ალიაქოთი დაატეხა თავს.
ოსტიკანმა სმბატ მეფისათვის წარმოუდგენელი სიკვდილი მოიწადინა. ჯერ იწყო მისი წამებით განკითხვა. მრისხანებით და შურისგებით აღჭურვილი კბილებს იღრჭენდა მის მიმართ, მისცა იგი ურჯულო ჯალათებს, რომლებმაც [სმბატს] საშინელი ტანჯვა განაცდევინეს თავიანთი რისხვის გესლი დაანთხიეს [მეფეს]. შეჭურვილი მეომრები ამას ზედ ურთავდნენ გვემას. შეკრეს [იგი] ხუნდებით და დასამსხვრევად დაადვეს მარწუხები. სასტიკი შიმშილითა და წყურვილით დაუძლურდა სმბატის და დასუსტდა, [რადგან] გარდა იმისა რომ ჯალათები არ აძლევდნენ მას საჭირო საჭმელს, თვითონ თავისი ნებითაც უფრო მეტად შიმშილობდა, თავის საზრდოს ღმერთს სწირავდა, როგორც ერთ დროს დავითი წყურვილისას წყალს, რომელიც ბეთლემის ჭიდან იყო. ამრიგად არ ჰქონდა მას მტრებისაგან ოდნავი დაზოგვაც კი. თუ ზოგჯერ მარტო დარჩებოდა, ან რაიმე დრო მიეცემოდა ჯალათებთან შერკინების შემდეგ, (დროს] მუდამ უხმო ვედრებასა და ქრისტეს ქება-დიდებაში ატარებდა. თავისი ურყევი რწმენით, რომელიც ქრისტეს მიმართ ჰქონდა, იგი საღმრთო საიდუმლო მადლის ღირსი შეიქმნა – ზიარებულიყო უფლის რჯულის ზედამდგომელისაგან, რომელიც უფლის განგებით იქ შეხვდა.
როცა სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს მისი წამება მხილველთათვის უფრო საწყალობელი და შემზარავი გახდა, ვიდრე საქმენი, რომელთაც მე ვამხილებ ჩემი მოსახსენებლით და დავტირი, მანკიერმა და კაცისმჭამელმა მხეცებმა გველის შხამის მზაკვრული სუნი დაატრიალეს, რამაც მას არაადამიანური სიკვდილი აღმოუცენა. [ოსტიკანმა] ეშმაკის სიყვარული მწუხარებისა და ბოროტების მოყვარული დამღეპველი წამლით შესცვალა: გამოსტაცეს [სუმბატს] ხელმანდილი და მით ამოუვსეს პირი. კისერი სახრით მოახრევინეს და შიგნით თითქვის გულის ეზომდის ჩაუზნიქეს. ასე ცდილობდნენ შეეჩერებინათ მისი სასიცოცხლო სუნთქვა. იგი, რაკი ამდენი ტანჯვის მიუხედავად შემდეგ საკვრელი და მარწუხი დაადვეს ყბასა და კისერზე და შეკრეს წმინდა თოკებით, როგორც სუროების ტვიფრით, მრავალი ჭურჭელი გადაამსხვრიეს მას თავზე, ათზე მეტი კაცი ლოდების მსგავსად მრავალჯერ ეცემოდა მას. ამრიგად მომაშთობელი მანქანებით ცდილობდნენ მოესპოთ სმბატი მაინც გამობრუნდა და განაგრძო სუნთქვა, მაშინ უკვე მის სასირცხო ასოს დაუწყეს უწყალო და ენით მოუთხრო ტანჯვა-წამების მიყენება. [აწამებდნენ სუმბატს] უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ამგვარი აუტანელი და მწარე ტანჯვა-წვალებითა და მძიმე ოფლისმღვრელი ჯაფის შემდეგ მახვილით მოჰკვეთეს თავი, და მოუსპეს სიცოცხლე მას, რომელმაც 22 წელი იმეფა.
სიბილწითა და გახრწნილებით აღსავსე ოსტიკანმა ბრძანა, რომ მისი გვამი არ დაეფლათ და მიწისათვის არ მიებარებინათ, არამედ ძელზე გაეკრათ ლურსმნებით ქალაქ დვინში. იგი დაეფლა ქრისტესთან ნათლისღებით და სიკვდილით და ჯერ იყო მისთვის, რომ მასთან ერთად ჯვარცმულიყო და არ განეგდო მოწამეობრივი სიმხნე იმისგან; რომელშიც არის დიდ სასყიდელთა მისაგებელი. ხოლო იმ ადგილას, სადაც ნეტარი და ბედნიერი მეფე მაღალ ძელზე იყო მიმსჭვალული, ზოგიერთები მორწმუნეთაგან და ურწმუნოთაგან ამბობდნენ; თითქოს ენახოთ მეფის თავზე სხივოსანი ნათელი, აგზნებული როგორც გასხივოსნებული და მოელვარე სანთელი. ვინც ამას ამბობდა ჭეშმარიტად სარწმუნო სიტყვებს მოგვითხრობდა, ჩვენ კი ამას მხილველთ ვუტოვებთ და არ დავაყოვნებთ გადმოგცეთ მხოლოდ ის, რაც თვალით ვიხილეთ. იმ მიწამ, რომელსაც პატიოსანი სხეულიდან ჩამონადენი წუთხი წვეთებად ეცემოდა, მრავალი სნეული, საფრთხეში ჩავარდნილი და დავრდომილი განკურნა. ამგვარი სასწაულების გამო ზოგი წარმართთაგანი გადმოვიდა ქრისტეს სარწმუნოებაზე და ემბაზის ნათლის [ძალით] კვლავ იშვებოდდენ სული წმინდის მიერ.
50. ერნჯაკის სიმაგრის აღებისა და დაცემის, სმბატის ძის აშოტის სიმხნის, სიმამაცისა და მისი გამეფების შესახებ
ურჯულო ოსტიკანი ქვად იქცა და ერნჯაკის ციხის გარშემო ბრძოლა გამართა, არ გაშორდა მას, სანამ მალულად არ დაიპყრო და არ მიიტაცა (913 წ.). [ციხის] მკვიდრთ სიცოცხლის დამღუპველი კარი გაუღო. მათგან მრავალი მომსვრელ რკინას მისცა საზრდოდ, ხოლო სხვები სოდომელთა მსგავსად ბოროტი ზრახვით ტყვედ წაასხა. დედათა შორის სახელგანთქმული და ნეტარი სივნიელთა მთავრის სმბატის (909-940) დიდად გონიერი დედა, მისი კეთილმსახური ცოლი თავის ძუმუმწოვარ შვილთან ერთად და მისი ძმის, სივნიელთა უფლის საჰაკის ცოლი ტყვედ წაიყვანეს სიმაგრიდან და ქალაქ დვინში ჩაიყვანეს. დიდი გაჭირვება და ტანჯვა-წამება [შეხვდათ] მათ, ისე რომ ვერ გაარჩევდით ვინ იყო დედოფალი და ვინ მოახლე. ისინი, ვინც წინათ ნებიერად და ფუფუნებით განისვენებდნენ თავიანთ სარეცლებში, დღეს საკუთარი თითებით ირჯებოდნენ და სულის საზრდოს მით შოულობდნენ, რადგან მათ წაართვეს განძი, მიიტაცეს მათი სამკაული და სახლის მოწყობილობა.
ამგვარად, დიდი მოთქმა და გოდება, წივილ-კივილი გაისმოდა სამეფო სასახლეში. როცა სამწუხარო ამბავმა მოაღწია ამაგდარი მთავრის სმბატისა და მისი ძმის საჰაკის ყურამდე ერთი ვასპურაკანის მხარეს იდგა, მეორე კი გუგარელთა მხარეს, – მათ მხნედ შეკრიბეს ჯარი მტრებზე თავდასასხმელად და ტყვექმნილ სახლეულთა გამოსახსნელად. მაგრამ ვერ მოასწრეს ჯარის სასწრაფოდ გაწყობა, ვერც შორიდან მოახერხეს საქმის მოგვარება, სანამ საპყრობილის ხუნდებში ჩაგდებულთ მტკიცე დაცვას მოუმზადებდენ. შემდეგ იქ სმბატის დედა, დიდი დედოფალი, და მისი შვილიც, მთავარი, გარდაიცვალნენ, დაკრძალეს ისინი ერთად დედაქალაქის, დვინის ეკლესიის კართან. ხოლო [სმბატისა და მისი ძმის] ცოლები წაიყვანეს სპარსეთში, ატრპატაკანში და ჩაყარეს ციხე-სიმაგრეში. გამოჩენილი და ბრძოლებში მარჯვე აშოტი – სუმბატ მეფის შვილი – დევნის დროს დიდ მხნეობასა „და გამბედაობას იჩენდა ძლიერი ბრძოლით. იგი მამაცობითა და სიმხნით სჭარბობდა ყველას, ვინც კი მისი ტოლი იყო,
აშოტი ადრევე, თავისი მამის მოწამებრივ აღსასრულამდე, როგორც ფრთაგაშლილი არწივი აფრინდა, სწრაფად გაემართა და დაედევნა მტაცებელ უცხო თესლთ, რომლებსაც მარბიელი გამოეშვათ და მოსდებოდნენ ჩვენს ქვეყანას. უწინარეს ყოვლისა [აშოტმა] მოკლე ხანში დაიპყრო და დაიმორჩილა თავისი მამის სამფლობელოს ყველა სიმაგრე, რომლებიც ოსტიკანს ჰქონდა დაპყრობილი: სადაც კი სარკინოზთა მცველს შენიშნავდა, მახვილის პირზე აგებდა. მან ზღუდით, მცველებითა და დიდძალი საზრდოთი გაამაგრა და მოამარაგა ციხე-სიმაგრეები, თვითონ კი მტრებს დაედევნა. სადაც კი ისმაიტელ ავაზაკ მარბიელებს შენიშნავდა, გულუშიშრად ელვისებურ ბრძოლას უმართავდა [მათ] თავის ღვიძლ ძმასთან აბასთან ერთად. შემდეგ მან საჭედ იპყრა თავისი აზრი და ღმერთს მიენდო, მიეწია ბაგრავანდის გავარში მდგომ ისმაიტელთა ჯარს, ყველა ისინი მახვილის საზრდოდ აქცია, მათი მეთაურები კი შეიპყრო. ბრძანება გასცა ტიკებივით გაებერათ ისინი და ციხეების ზღუდეებზე ჩამოეკიდათ სხვათა დასანახავად და შესაშინებლად. თვითონ კი გასწია შირაკის გავარისაკენ, დაეწია ჯარს, რომელიც იქ იყო დაბანაკებული. ისინიც მახვილს მისცა, ხოლო დარჩენილები მიმოფანტა.
აქედან აშოტი კვლავ, როგორც ჰაერში მონავარდე, წავიდა გუგარეთის მხარეებისაკენ და თავისი სამფლობელოს სიმაგრეებიც დაიპყრო და დაიმორჩილა. შემდეგ კი საფრთხედ მოევლინა აგარიანთა ლაშქარს, რომელიც იმ დროს ქართველთა დედაქალაქში, ტფილისში იდგა. მათგან ზოგი მახვილის საზრდოდ აქცია და ზოგიც საპატიოთაგანი შეიპყრო [და] რკინის საკვრელით საპყრობილეში ჩასვა [იმ მიზნით], რომ მათზე გაეცვალა და დაეხსნა ბოროტ ოსტიკანის მიერ დატყვევებული ქრისტიანები. იქიდან მან თან წამოიღო მრავალი ნაძარცვი და ნადავლი და დაბრუნდა ტაშირის გავარში. აქ შეიტყო, რომ ისმაიტელთა ჯარს თავი შეეფარებინა და დამდგარიყო ალისტევის ხევის სიმაგრეებში. მან შემდეგ წაიყვანა თავისი რჩეული ჯარი – 200 კაცი, წავიდა და თავს დაესხა აგარიანელთა ჯარს, მხნე და წარმოუდგენელი ბრძოლა [გაუმართა] მათ, ყველა ისინი მახვილის საზრდოდ აქცია, წამოიღო
ნადავლ-ნაძარცვი და დაბრუნდა თავის ბანაკში. [აქედან] იგი სასწრაფოდ გაემართა და წავიდა დიდად საყვარელ მთავართან – გურგენთან (ქართველთა მეფე ადარნესეს დისწული; კლარჯეთის შტო). მათ იქ ერთად საიდუმლოდ განიხილეს საზოგადო საზრუნავი. ამის შემდეგ აშოტმა მოვლო არშარუნელთა სიმაგრეები. ამიერიდან უკვე მისი სამფლობელოს დამრბევნი ვეღარ ბედავდნენ მის წინააღმდეგ გამოსვლას.
ქართველთა მეფემ [და] მისმა ჯარმა, რა დაინახეს, რომ მოჰხედა უფალმა, დაიცვა ისინი და [მათი საქმე] სასიკეთოდ წარმართა, ამიერიდან გულწრფელად ერთ ნებასა და აზრს დაადგნენ, დაადგეს აშოტს გვირგვინი და გაამეფეს იგი მამამისის ნაცვლად (914 წ.). ჩასთვალეს იგი თვითმპყრობელობის პატივის ნიშნად და ყოვლის მპყრობელ ღმერთს მოსალოდნელი [მომავალი] მიანდვეს.
51. გაგიკ მეფის სიმამაცისა, ჩვენი ქვეყნის მწარე გვემისა და მრავალთა მხნეობის შესახებ
ამ დროს გაგიკ მეფემ თავის მშვენიერ და კეთილმსახურ ძმასთან გურგენთან ერთად დიდი ბრძოლა და ჭირი განუმზადა მტრებს, რომლებიც იუსუფის ბრძანებით ატრპატაკანის მხარეებში ჯგუფებად შეკრებილიყვნენ. [ძმებმა] ვაჟკაცობა და სიმამაცე თვითონაც გამოიჩინეს სპასალარებისა და დიდგვარიანთა გუნდთან ერთად. აგარიანელთაგან მრავალი მიწას განართხეს და ეს [მოხდა] არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, ხშირად ჩადიოდნენ ამას კორდუკის ქვეყნის დაბლობებში, როტაკელთა და ატრპატაკანის [მხარეებში]. მათგან როგორც მომსრველ მხეცთა საშინელი ხმისაგან შეძრწუნდნენ მტრები, [დაცხრა] მათი ავაზაკური და სასტიკი რბევა-თარეში. დიდი არეულობა მოედვა ოსტიკანისაგან სისაკანის ხალხებსა და უფალთ, რომლებიც იმ დროს ღრმა ხევებსა და გამოქვაბულებში იყვნენ გამაგრებული. ისინი მრავალჯერ დაესხნენ თავს მტრებს, [ირგვლივ] თავიანთი რაზმები მოჰფინეს და სისხლის ღვარი დააყენეს.
ეს მტკიცე ძალა დაინახა ბოროტმა ოსტიკანმა ყოველ მხარეში და საშინელი რისხვით აღენთო. თავისი ბოღმა მათზე გადმოანთხია და [გამძვინვარებული] დაედევნა მათ. უცხოტომთა მხარეთ-მპყრობელთაგან [თავის დასაღწევად] გაიქცა რამიკი და არარამიკი. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა კვნესა-ვაებით ძლივს შეძლო სისხლიანი მახვილისაგან თავის დაღწევა, ცოდვათა ვნება გაძლიერდა ყველას სხეულში ჩვენთვის სიკვდილის მოტანით. ხევების, მთების, უდაბნოების, კლდეების და სიმაგრეების დიდ გამგებელთ არ ეცალათ, ხოლო ხალხის უმრავლესობა – ფეხშიშველი ტანშიშველი, მოხეტიალე და შიმშილით, წყურვილითა და სნეულებით დალეული და ნაგვემი გაფანტული იყო მთებსა და ველებში. ზოგიერთები ზამთრის სიცივის, თოვლისა და ყინულისაგან გათოშილნი დაიძრნენ და დაიხრჩვნენ, ხოლო სხვები ზაფხულის მწველი მხურვალებისა და ხორშაკისაგან იწვოდენ და იდაგებოდენ.
სწრაფი ლტოლვისაგან დაუძლურებულნი მოღალატეებს ხელთ უვარდებოდნენ და მათი მახვილით უწყალოდ და დაუზოგავად იხოცებოდნენ, სისხლით მოირწყო დედამიწა. ზოგს უგუნური პირუტყვივით ტყვედ მიერეკებოდნენ,  სხვები კი – ძალაგამოლეული ქალები და კაცები, ჩვილი ბავშვები, – როგორც მგლებში მოხვედრილი ბატკნები, სასაკლაოზე მიჰყავდათ. მათ, რომლებსაც მონად გაყიდვას უპირებდნენ, სხვებისაგან აცალკევებდნენ. [ერთმანეთს აშორებდნენ] შვილსა და მამას, ძმასა და ძმას, ცოლსა და ქმარს, დედასა და ასულს, რძალსა და დედამთილს, ძუძუმწოვარა ბავშვს დედის მკერდიდან გლეჯდნენ. იყო იქ საწყალობელი სანახაობა, აუტანელი გლოვა, ტირილი, მკერდის ცემა, თმისა და წამწამის გლეჯა, ძრწოლა, შიში, გულისხეთქა, მოთქმა, კივილი და სახის ხოკვა. ვაჭრობასა და სოდომურ სამსახურში გამოუყენებლებს, ზოგს აძევებდნენ, ზოგსაც საპყრობილეებსა და ციხეებში ყრიდნენ, მძიმე და მტანჯველი იარაღებით აწამებდნენ. ჰომერული უცხო კანონის მიხედვით მდიდარსა და ღარიბს ერთნაირად სთხოვდენ ოქროსა და ვერცხლის განძს ერთი და იმავე წონით. დიდსა და მცირეს ასევე ერთნაირად უსჯიდნენ სიკვდილს და აცილებდნენ ამ ქვეყანას. სხვებს სოლომონის წურბლის მსგავსად ნელ-ნელა სწუწნიდნენ სისხლს და სიხარბის ბოროტი განზრახვით [შეპყრობილნი] ვერ იოკებდნენ თავს.
ზოგიერთები ამოწყდნენ მოტყუილებულნი საწამლავის შესმით, თითქოს ეს მოწყალება ყოფილიყო [მათ მიმართ, სინამდვილეში] კი ამით ბოროტებას ჩადიოდნენ. სხვებს გამოგონილი სახრჩობელებით ახრჩობდნენ, ზოგიერთებს [ცოცხლად საშინელ ტანჯვას] აყენებდენ: სანამ ფეხხე დგომა შეეძლოთ, ჯალათები მათ მკერდიდან ძირს დაყოლებით მახვილით მუცელს უფატრავდნენ და ვიდრე სული ამოხდებოდათ, გამოგლეჯდნენ ღვიძლს და ნაწილ-ნაწილ თვითონ მათვე აძლევდნენ თავიანთი ბილწი მსახურების სისრულეში მოსაყვანად. ხოლო სხვების მიმართ, რომლებიც მათ თვალში უმნიშვნელო და უჩინარ [ადამიანებს] წარმოადგენდნენ, [უფრო მეტ] გამბედაობას იჩენდნენ. მიმავალთ მალულად უკან დაედევნებოდნენ მახვილითა და ცულებით და როგორც რტოებ გაცლილ ნერგებს, ისე კვეთდნენ კიდურებს: ხელებს, ფეხებს და სხეულის სხვა ნაწილებს. ზოგიერთებს თოკს აბამდნენ თავსა და ფეხებზე და მრავალი ღონიერი ადამიანი ერთად აქეთ-იქით ეზიდებოდა მანამდე, სანამ [მსხვერპლს] არ გაწყვეტდნენ. შემდეგ კი ორპირი მახვილით ეკვეთებოდნენ და შუაზე ჰკვეთდნენ. სანამ ედგათ სული პირში  მწვავე საფრთხისა, ან სხვათა ხელთაგან გადარჩენილთ, მათი თავის მხრიდან ამართული რაღაც ნაწილი [ჯერ კიდევ] კადნიერობდა ელაპარაკა უბედურების [შესახებ], ან ვედრების მსგავსად [რაიმე წარმოეთქვა] და თუმცა სიჩქარემ [და] საფოთხემ მოიცვა ენა, მაგრამ ვერ შეძლო სიტყვა სრულად გამოეთქვა.
[ოსტიკანმა] ბრძანა, რომ დანარჩენები შეეკრათ და დაუზოგავად ეცემათ მათრახითა და შოლტით, მათი გვერდები და მუცელი ღრმად დაეწყლულებინათ. სანამ ცოცხლებს სული ედგათ, მიწაზე ყრიდნენ და ათრევდნენ. ზოგს ცხვირსა და ყურებს აჭრიდნენ, სხეულის ნაწილებს ჰკვეთდნენ და კუწავდნენ, ან კიდევ თითის წვერებს აჭრიდნენ, სხვებს წარმოუდგენელი გვემის შემდეგ ფეხებს უხვრეტდნენ და ხუნდებს ადებდნენ. მათ დაჯდომა, ან გვერდზე მიწოლა, ან [ტკივილის] მცირედ შემსუბუქებაც კი არ შეეძლოთ. [ამას ემატებოდა] სიცხით [გამოწვეული] სისუსტე და დაღლილობა, ბევრი მათგანი ქრისტეს სარწმუნოებისათვის მრავალგზის ჩავარდა განსაცდელსა და განკითხვაში მათ უხვ საჩუქრებსა და დიდძალ პატივს აღუთქვამდნენ, მორთულ-მოკაზმულ ტანსაცმელსა და მშვენიერ სამკაულებს უმზადებდნენ და მით თვალის მოსაჭრელად ამკობდნენ, საპატიო ადამიანებს კი განძსა და მამულს სთავაზობდნენ, ოღონდ მათ მიერ პატივცემული ფუჭი კულტი ეღიარებინათ.
ხოლო ქრისტემ მათ არსებაში გააღვიძა ცხოველმყოფელი ნება და საამო განსვენების იმედი და საღმრთო ცეცხლით გაათბო ისინი. ღმრთის წმინდა სიყვარულითა და მხურვალე სარწმუნოებით აღიჭურვნენ [მტრის] წინააღმდეგ, რათა დაეთრგუნათ ეშმაკის ბოროტგანზრახულება და განებანათ მტრის შურის ლურჯად ქცეული ფერით აღმოეფხვრათ სულიერ ბრძოლაში სიხარბის ძირი. ამნაირად არაფრად ჩათვალეს სატანისებური მისნობის კულტი, არ გაჰყვნენ მათ მლიქვნელურ ცდუნებას, არ შეუშინდნენ საშინელ ქადილსა და სატანჯველს, რასაც მათ უმზადებდნენ. ისინი ამგვარად მოვიდნენ გონს ქრისტეს დიდებისა და სახარების ძალით და ყურით მოსმენილს მაღალი ერდოებიდან ქადაგებდნენ: „ქრისტიანები ვართ და თქვენ უღმრთო რჯულს არ დავემორჩილებითო“. ამის გამო უდანაშაულოებს ექცეოდნენ ისე, როგორც დამნაშავეებს; მსაჯულებმა მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. მახვილით მოსპეს ისინი, რომლებმაც ღმრთისაგან ძლევის გვირგვინი [დაიდგეს თავზე].
სხვაგან კიდევ ზოგიერთები შეიპყრეს, წაიყვანეს და მსაჯულთ წარუდგინეს. [მსაჯულებმა] დაჰკითხეს და მრავალი საალერსო და ტკბილი სიტყვა უძღვნეს მათ იმ პირობით, რომ მუჰამედის ყურანის მსახურებას დამორჩილებოდნენ და მისკენ მიქცეულიყვნენ. მათ კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს მსაჯულები, არამედ მხოლოდ გულებში თავიანთ ღმერთს ესაუბრებოდნენ გულით სიმართლის მორწმუნენი და პირით ხსნის მოსურნენი. მტრები არ აკლებდნენ მათ ცემას ზურგსა და კისერში, სილებს – ყბებში და მიჰყავდათ ისინი სასიკვდილო ასპარეზზე. წმინდანები ერთად შეაგროვეს და ხმლიანი ჯალათები ზღუდღესავით შემოერტყნენ მათ. აღმართეს მახვილი და გაწწყვიტეს ისინი. [ამ დროს] მტრებმა, რომლებიც [ტყვეების] გარშემო იდგნენ, დაინახეს წმინდანთა შორის ერთი ყრმა მხიარული და ლამაზი სახისა, სახელად მიქაელი (მიქელ-გობრონი ყველიდან), გუგარქის ქვეყნიდან. მას ჯერ არც კი ამოსვლოდა და წამოზრდოდა ღაწვებზე წვერის ღინღლი. მათ თითქოს კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს მის მიმართ, ხელი წაავლეს და ძალით თავისკენ მიიზიდეს, რომ ისიც სხვებთან ერთად არ დაღუპულიყო, მიქაელმა ცრემლმორეული ქვითინით ცისკენ აღაპყრო თვალები, ძალა მოიკრიბა ზეგარდმოს შემწეობით, თავი იხსნა მათგან და აჩქარებით და გაბედულად გაეშურა თავისი ამხანაგებისაკენ საკუთარი სურვილით მახვილს მისცა თავი. ამგვარად მსხვერპლად მიუძღვნა თავისი თავი ქრისტეს სხვა უმანკო შესაწირავსა და საკლავთან ერთად ზეციერი მამის სასულნელად.
იმ დროს იყო ორი ძმა გნუნელები, დავით და გურგენი. ისინი შეიპყრეს ტყვედ წამსხმელებმა და მიიყვანეს მოძალადე ოსტიკანთან. ოსტიკანმა, მათ გამოჰკითხა, აღუთქვა თავისი სამფლობელოს თითქმის ნახევრის მიცემა, მრავალი ტანსაცმელი, მოოქრვილი სამკაული, ძოწეული და მშვენიერი ლაკონიის ბისონები მიართვა მათ, აგრეთვე სარტყლები, ოქროს მანიაკი და მონავარდე რაშები, უხვად მორთულ-მოკაზმულნი საჭურვლითა და სამკაულით. შემდეგ გაუწოდა ხელი, მოეხვია ყელზე და საამბოროდ [მკერდზე] მიიკრა ისინი. ასე ფარისევლობდა მლიქვნელური სიტყვებით, რათა დაემორჩილებინა ისინი, რომ დაეცვათ თავიანთი სიყრმე და მიეღოთ უღმრთო რჯული, რომელსაც თვითონ ემსახურებოდა. [ძმები] ქრისტეს მწედრობის საჭურვლით შეიჭურნენ და გაბედული ხმით კეთილ სარწმუნოებას ქადაგებდენ ყველას წინაშე; „თუ ქრისტიანები ვართ და არსებობს ღმრთის ჭეშმარიტება, რომელსაც აქვს უკვდავება და დამკვიდრებულია მიუწვდომელ სინათლეზე, არ შეგვიძლია შევცვალოთ იგი თქვენი სიცრუით, რომელიც არარაობაა და არაფრადაც მიიჩნევა“.
როდესაც მტერმა დაინახა მათი ამგვარი გადაწყვეტილება, ქრისტეს მოწამეობრივი სიყვარულით განმტკიცებული, ბრძანა მათი მახვილით გაწყვეტა. როდესაც მიაღწიეს მოედანს, როგორც დასაკლავი ცხვრები, ლოცვა-ვედრებას სწირავდნენ ღმერთს, რომ ჩაეწერა ისინი იმ წმინდა მოწამეთა რიცხვში, რომლებმაც შეიყვარეს დღე მისი გამოჩინებისა და მოსვლისა; როცა ჯალათები მოემზადნენ უფროსი ძმის მოსაკლავად, [უფროსი ძმა] შეევედრა მათ, რომ ჯერ უმცროსი [ძმა] მიეცათ მახვილისათვის საზრდოდ. იგი ფიქრობდა, რომ თუ [უმცროსი ძმა] მის შემდეგ [ცოცხალი] დარჩებოდა, სიჭაბუკის გამო – რადგან ღაწვებზე წვერის ღინღლი ჯერ კიდევ არ ამოსვლოდა – შეეშინდებოდა ისმაიტელთა მახვილისა და მუქარის. იგი მობრუნდა ძმისკენ და უთხოა: „საყვარელო ძმაო, ჯერ შენ შეეწირევი ქრისტეს, ჩვენს იმედს მიართვი შენი თავი პირმეტყველ მსხვერპლად და შესაწირავ საკლავად, რადგან იგი ჩვენთვის მოკვდა და ჩვენ სიცოცხლე გვიბოძა“. [უმცროსმა ძმამ] არად ჩააგდო თავისი უბედურება და არც წარმოიდგინა აუტანელი სიკვდილი. მან გულმოდგინედ მიმართა მახვილს. ასე მოეკვეთა მას თავი და ქრისტესაგან უჭკნობი გვირგვინით შეიმკო.
 უფროსი ძმაც კარგად ბრძოლისა, დღეთა აღსრულებისა და რწმენის დაცვის შემდეგ იმავე აზრით გაიმსჭვალა. (მასაც) უწყალო მახვილმა მოუსპო სიცოცხლე, (მაგრამ] გაცოცხლდა სასუფევლის დაუსრულებელ შვებასა და ნეტარებაში. ყველა წმინდანს, რომელთა შესახებაც მე მოგითხრობდით, სამართლიანად ყოველწლიური დღესასწაულით პატივს სცემენ წმინდანთა ეკლესიებში, მათი ხსენების დღედ დაწესებულია მარერის თვის :კზ: (27 = 914 წლის 2 თებერვალი), რადგან ისინი [ამ დღეს] ეწამნენ და დაეწერნენ შვილად ზედა სიონისა, წრფელი სარწმუნოებით სძლიეს მათ [მტრის] ვერაგობას, მოჭრეს და მოკვეთეს მათი „სიკვდილის მომტან ნაყოფთა რტოები, რადგან არაფერია საშინელი, სადაც მამის სიყვარულია და არც ის, რაც ტკივილს მოჰგვრის, სადაც ქრისტეს დიდება არის. ამგვარად საღმრთო სიბრძნით განიშორეს ყოველივე ურჩი და ველური და განიწმინდეს თავი ბილწ და დამღუპველ კაცთაგან; განაცხოველეს საჭირო ხორციელი სიკვდილი და ცხვრებივით, თავისი ნებით მივიდნენ დასაკლავად. მცირე გაჭირებამ, უფლის წუთიერმა შიშმა და ძრწოლამ მოიცვა ისინი, ტკივილით შეპყრობილებმა შვეს ხსნის მომცემი სული. მათმა წმინდა თხოვნამ ჩამოიყვანა ანგელოზები მათ დასახსნელად და იმავე სიმდაბლით მიაღწიეს ზეციურ სიმაღლეს. შორიდან გაისმა ხარება და მხიარული გულით დათრგუნეს ტანჯვა და სიკვდილი, როგორც უხორცო რამ. ემსგავსნენ მხნე მოწამეებს და მივიდნენ ღმრთის წინაშე მშვიდობით. მიიღეს ძლევის გვირგვინი (ბრაბიონი) და დამკვიდრდნენ ზემო იერუსალიმის შვილთა შორის როგორც დაიწყეს მხნედ, ისევე მხნედ დაასრულეს მოწამეობრივი ასპარეზი, აღსავსე ზეციური სიყვარულით. მზესავით გამობრწყინდნენ ქვეყანაზე და მათი სახელები ცხოვრების წიგნში ჩაიწერა.
ზოგიერთები, უბედურნი და ეშმაკისაგან დათრგუნვილნი, შეუშინდნენ წუთიერ სიკვდილს, დაუდვეს გული [მტრების] ამაო და ფუჭ აღთქმას. თავიანთი თავები გარემოიცვეს მომაკვდინებელი ცოდვებით და მოირწყეს ურჯულოების ნიაღვრით: ასცდენ ჭეშმარიტ სინათლეს, დაბრმავდენ ბნელი წყვდიადით და სამეფო გზასა და საღმრთო საიდუმლოს წმინდა სიტკბოებას განშორებულებმა საკმაოდ შესვეს სიმწრის ნალექი რომელიც ბოლოა ბოროტებისა და დასაწყისი კერპთთაყვანისმცემლობისა. სარწმუნოება უარყვეს და ურწმუნოებზე უარესნი გახდნენ. თავიანთი სიცოცხლისათვისაც კი მათ ვერაფერი მისცა მტრების აღთქმამა და დაპირებებმა არამედ ნაგვემნი, შეძრწუნებულნი, შეურაცყოფილნი და ყოველმხრივ დაგლახებულნი იყვნენ. აზნაური ხალხი ამგვარად უარყოფილი, გაკიცხული და მძიმე სიღატაკეში [ჩავარდნილი] არმქონეთა და უპოვართა კარზე დადიოდა და პურს თხოულობდა. მათ მხოლოდ უპატივისცემლობისა და დამღუპველი ცდუნების [დამთესველთა] სახელი დაიმკვიდრეს, მათ ბაგეებს არ წარმოუთქვამს ალსარება, ისე ჩავიდნენ წარმოუდგენელი სიმწარე [ხვდათ მათ წილად] და მიზეზი გახდნენ გეენიის ცეცხლისა. მე ეს იმათ საყვედრებლად და სამხილებლად დავწერე, რომლებიც ფიქრობდნენ ყოფილიყვნენ [მოღალატეების] საქმეთა მოტრფიალენი.
52. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ტომების გამოლაშქრებისა და ჩვენს ნახარართა შორის უთანხმოების შესახებ
ეხლა მე მჭმუნვარე და სევდიან ამბავს მოგითხრობთ: ჩვენმა მეზობლებმა და ხალხებმა, ჩვენს გარშემო რომ არიან, ბერძნებმა, მეგრელებმა, გუგარელებმა და უტიელებმა – კავკასიის ძირას მოსახლე ჩრდილოელმა ტომებმა გადაწყვიტეს საკუთარი ძალით ეხსნათ თავი, [რადგან] ბოროტი ოსტიკანი თუ კი სადმე გაშენებულ ქალაქს, დაბასა და სოფელს წააწყდებოდა. მაშინვე აღმოსაფხვრელად, მოსათხრელად, მოსასპობად და დასაქცევად გაემართებოდა, თითოეული [ამ ტომთაგანი] თავისი ქვეყნის მისადგომთან ცდილობდა [წინააღმდეგობა გაეწია ოსტიკანისათვის]. მაგრამ შემდეგ მათ ავაზაკები და მეკობრეები შეერივნენ [და] ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოვიდნენ. ყველაზე [დიდი უბედურება] მაინც ის იყო, რაც მათ თავს გადახდა ღმრთივნაშენ ეკლესიებს: გარემოედვნენ მათ და დაარღვიეს, წაახდინეს და გააუქმეს, მრავალი ქვეყანა უდაბნოდ, გაუვალ და ურწყულ [ადგილად] აქციეს, თითქმის ისეთ ქვეყნად, სადაც არ გაუვლია კაცს და არც ძე კაცისა [იქ ოდესმე] დამკვიდრებულა. ამრიგად გაშენებული დაბა უდაბნოდ იქცა. ერთმანეთთან შეტაკების დროს დიდძალი სისხლი დაიღვარა, ჩეენი ქვეყანა გვამებით აივსო. საერთოდ დიდძალი ალაფი და ნადავლი წაიღეს თითოეული ქვეყნისათვის თანაბრად. ასე გაუკაცრიელდა, უმემკვიდროდ დარჩა, გაპარტახდა და დაკარგა ბრწყინვალება ჩვენმა დაბებმა და სოფლებმა. ისინი ნარეკლიან ყანებად იქცნენ. გადახმა ყანები და საძოვრები. ჩვენი ქალაქები კი დაემხო მოსახლეობის გადაშენების გამო. მიწათმოქმედნი დაძაბუნდნენ. გლოვამ მოიცვა [ყველა]. ასე ამგვარად მოგვეზღო ჩვენ ჩვენი უპატიობის გამო და ასრულდა ჩვენზე ესაიას წინასწარმეტყველება: „ქვეყანა თქვენი ოხერ არს, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწვარ, საყოფელსა თქვენსა წინაშე უცხონი შეშჭამდენ, და მოოხრებულ არს და დაქცეულ ერისაგან უცხო თესლთასა“.
ამგვარად განვიცადეთ რა ჭირი და უმწეობა უცხო ავაზაკთაგან, ჩვენი ქვეყნის მეფეებს, მთავრებს, თავკაცებსა და ნახარარებს დავუწყეთ ცქერა [იმედის თვალით]. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ აღარ შევცდებოდით მათგან და აღარ ჩავცვივდებოდით განსაცდელში, არამედ ყოველ ღონეს ვიხმარდით და გასაჭირისაგან გამოსავალს გამოეძებნიდით, საერთო ძმობით ღირსეულად დავუკავშირდებოდით ერთმანეთს და გავერთიანდებოდით, როგორც ერთი კაცი. დავითის ნაცვლად ჩვენ ვტყორცნიდით შურდულს ახალი გოლიათის ხორციელ გოდოლს, გედეონისებრ დაგორებული პურის მსგავსად უფლის მახვილით გავდევნიდით მტერთა ბანაკს, ან იაიელსებრ რძის შესმის შემდეგ პალოთი მივმსჭვალავდით სისარის საცოხნელებს, ან როგორც მაკაბეს, ვიხსნიდით გარემოცული ბრძოლისაგან და ამგვარად გავათავისუფლებდით კათოლიკე ეკლესიას და მორწმუნეებს მოვხსნიდით ქედიდან უღელს და შევიძენდით დახოცილთა შვილებს. მაგრამ ვერ ვეღირსეთ ჩვენ ყოველივე ამას, არამედ ამის საწინააღმდეგო განვიცადეთ, რადგანაც უმცროსები დიდებულებზე მეტად ცდილობდნენ ყოფილივენენ თაოსანნიი ხოლო მონებს სოლომონისებრ სურდათ, რომ ქალამნიანი პატრონები მიწაზე ეტარებინათ, თვითონ კი განდგომილნი, გაამაყებულნი და გამედიდურებულნი შემსხდარიყვნენ ქედფიცხელ და ფეხმარდ ცხენებზე. ხოლო ჩვენი მეფეები, თავკაცები და მთავრები, რომლებიც ჩამომავლობით ნახარარები იყვნენ, ცდილობდნენ ამოეგდოთ და აღმოეფხვრათ თითოეული სამკვიდროდან დიდგვარიანები და სპასალარები და თვისი სურვილისამებრ ხელახლა დაედგინათ ისინი. ასევე ძმა ძმას, ნათესავი ნათესავს ეურჩებოდა და შურითა და სიხარბით ეკიდებოდა. ისინი ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ივსებოდნენ ყველანი ერთმანეთს თავს ესხმოდნენ და ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდიოდნენ. ყოველთვის ხმალი ერტყა წელზე ერთმანეთის სისხლს უფრო მეტს ღვრიდნენ, ვიდრე მტრებისას, თავიანთ ქალაქებს, სოფლებს, დაბებს, ყანებს, სახლებს საკუთარი ხელით ანგრევდნენ. სწორედ ეს მოცილეობა გახდა მიზეზი ავაზაკთა [ბრბოების] ჩვენზე წამოსვლისა. სოლომონის თქმით „სიძულვილმან აღადგინის რისხვა“. სხვა წინასწარმეტყველებაც აგვისრულდა: „დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ, და კაცი მოყვასისა მიმართ მისისა, წარეკვეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატიო პატიოსნისს მიმართ“. ამგვარად, ყოველი სიმხნე, მშენებლობა და მშვიდობა დაირღვა [და დაიშალა].  ნგრევამ და წახდენამ შეცვალა იგი. ამის გამო წინასწარმეტყველიც ჩვენთან ერთად გლოვობს წინანდელ შემკულობას და ახლანდელ შეუმკველობას, „წინაშეთა მისთა სამოთხე საშუებელისა და უკანანი მისნი ველი უჩინო ქმნისა“.
53. სტიქიის განრისხებისა, შიმშილისა, მტრებისაგან მიყენებული გვემისა და კაციჭამია მხეცთა შესახებ
მძიმე ტანჯვასთან ერთად სტიქიონმაც წარმოქმნა ჩვენში ბოროტება: კეთილად შეზავებული ჩრდილოეთის ჰაერი სამხრეთის მძაფრ ქარად გადაიქცა, ტკბილი და სასიამოვნო გაზაფხული ზამთრის გლოვად შეიცვალა. ჩვენი მიწათმოქმედნი ერთ დროს მეტად ხელუხვნი იყვნენ თავიანთ ხელმონაგარზე, ეხლა კი დასუსტდნენ, გახევდნენ და უგრძნობელნი გახდნენ. სავსე ბეღლები დაცარიელდა. ერთ დროს წალკოტში მობალახე ფარა დამჭლევდა და შეთხელდა. ნოყიერი და უხვი მინდვრები დამწუხრდა. ჭალები, რომლებიც მრავლად იძლეოდნენ ხორბალს, სეტყვითა და ბოროტი ნიაღვრებით წაილეკა. საამო და სასარგებლო წვიმები უსარგებლო თქეშმა და თქორმა [შეცვალა] სამკალისა და კალოს წასახდენად, თუ კი სადმე ბარაქა მოიპოვებოდა. გალაღებული მთები დაუშნოვდა, რადგან აღარ ჩანდა იქ მობალახე საქონელი. ათი უღელი ხარისა დავამუშავეთ და მივიღეთ მხოლოდ ერთი სარწყული. დავთესეთ და ვერ მოვიმკეთ, დავნერგეთ და ვერ მოვისთვლეთ. ლეღვმა აღარ მოგვცა ნაყოფი, ვაზმა და ზეთისხილმა კი თავიანთი ნაყოფი. თუ კი რამე გვქონდა შემონახული, ისიც სხვებს დავუტოვეთ. აგვისრულდა უფლის სიტყვები: „ჩვენ დავშუერით და ჩვენს ნაშრომსა სხვანი შევიდეს“. ამგვარად მოვაკლდით კეთილ იმედებს და ჩვენმა სირცხვილმა ჩვენვე მოგვიცვა.
ამგვარად მტრის ძარცვა-გლეჯას, მოუსავლიანობასა და ავადმყოფობას დაემატა შიმშილიც, რაც ძლიერ გამძვინვარდა. ცეცხლი, ნაკვერცხალს რომ გვაწვიმდა და მეომართა უწყალო მახვილი, რომელსაც ნიადაგ სიკვდილის სუნი მოჰქონდა, მეიდ წლამდის გაიზიდა და გაგრძელდა. ვინც გადავრჩით, თავშეფარებული ვართ კედარის კარავში. გავჩანაგდით და დავცარიელდით ქონებისა და სარჩო-საბადებლისაგან, არ გაგვაჩნია საჭმელიც კი. ამიერიდან ფეხი მოიკიდა ჩვენში მომსვრელმა შიმშილმა, განადგურდნენ არარატის ქვეყნის შვილები. ქალაქების დაბებისა და სოფლების [მოსახლეობა] ფერდაკარგული, დახსნილ-დარღვეული მიცვალებულთა გვამებივით ირყეოდა, ზოგიერთებმა მდიდართაგან თავისი ქონება თანდათანობით დახარჯეს ყოველდღირი სარჩოზე, [რის შედეგადაც] ისინი უკიდურეს დავრდომილებას, სიღატაკესა და მონატრულობაში ჩაცვივდნენ. ზოგი შიმშილისაგან იძულებული გახდა ბალახით გამოეკვება თავი. მოლეხინდსა და სხვა მავნებელ მხალეულს, რაც კი შეხვდებოდათ, [არ ერიდებოდნენ] და ჭამდნენ, რისგანაც სიკვდილის პირს აღწევდნენ. შიმშილის საფრთხე აღძრავდა მათში ნატვრას, რომ ყველაფერი საჭმლად ქცეულივო. [ამიტომ იყო, რომ] ზოგიერთები გაჭირვების გამო თავიანთ საყვარელ შვილებს მცირეოდენი ულუფისათვის მტრებზე პყიდდენ. მათ აღარ ახსოვდათ მშობლიური გულშემატკივრობა და მზრუნველობა.
გაჭირვების გამო დიდებულმა დედებმა მოიხადეს თავსაბურავები, გაიძრეს ტანსაცმელი და უსირცხვილოდ გამოვიდნენ მოედანზე. გაჭირვების გამო ისინი მათხოვრებივით დადიოდნენ, ზოგიერთები, ღონეზიხდილნი, შიმშილისაგან მოხრილნი და ჩამომხმარნი მომაკვდავებივით დაბარბაცებდნენ, დაუძლურებულნი აქეთ-იქით ცვივოდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ და აქცევდნენ. სხვები გროვასავით ერთად დახსნილნი გვამების ეყარნენ მოედანზე. ისინი სულის ამოხდომამდე იყვნენ მისული. ევედრებოღნენ გამვლელთ, რათა მიეწოდებინათ მათთვის პურის ნატეხი და [ამგვარი წამებით] ამთავრებდნენ ისინი თავიანთ სიცოცხლეს. თუ მდიდართაგან ვინმე მოწყალებას გაიღებდა, შემდეგ იგი უწყალოდ და სასტიკად მოექცეოდა მთხოვნელს შიშის გამო, რომ [მათხოვრის ხვედრი თვითონაც არ რგებოდა]. შემდეგ კი მათგან სუფრის გაშლა სრულიად აღიკვეთა, რადგან ზოგიერთები გაჭირვების გამო დაუფქვავსა და მოუზელელ ხორბალს ჭამდნენ. ხოლო სხვები ცეცხლიდან ნახევრად უმცხვარს იტაცებდნენ და ჭამდნენ. თუ კი სადმე მოიპოვებოდა საჭმელი ისიც ტანჯვის და ცრემლის ღირსი იყო, გაჭირვებისა და ტანჯვისა იყო ეს ხემსი. თრთოლა, შიში და ძრწოლა მიპყრობს იმ სიტყვების გამო, რომლებიც აწ უნდა მოგახსენოთ: სანდო კაცებმა დაგვიდასტურეს ეს ჭეშმარიტი სიტყვები, რომ ზოგიერთმა დამშეულმა დედამ საკუთარი შვილის სხეული თავის საჭმლად შეამზადა, სხვებმა კი თავიანთი ამხანაგები ღალატით, ცხვრებსავით წაასხეს დასაკლავად და მათგან საჭმელი მოიმზადეს.
ეს ყველაფერი ღირსია ჩაითვალოს უფრო დიდ და აუტანელ მწუხარებად, ვიდრე იერუსალემის შურისძიება იყო, რადგანაც მოწყალე დედათა ხელებმა მოხარშეს შვილები და თავიანთ კერძად აქციეს. ხოლო [ისინი], რომლებიც [ჯერ კიდევ დედის] მკერდს იყვნენ ჩაკრული, ეკვროდნენ სანეხვეს, დაბორიალებდნენ, გორაობდნენ და როგორც საჭმელს, ისე შეექცეოდნენ [ამ სიბინძურეს]. ძუძუმწოვარ ბავშვებს წყურვილისაგან ენა სასაზე მიეწებათ, რადგან აღარ პქონდათ მათ საწოვარი დედათაგან. ბავშვები გამხმარ პურს თხოულობდნენ, ცრემლები ღაწვებზე ჩამოსდიოდათ და არავინ იყო, რომ მათთვის მიეცა [საჭმელი]. ასე ამნაირად სუსტდებოდნენ და სულს ღაფავდნენ [ისინი] თავიანთი დედების კალთაში. საერთოდ, როგორც შობილნი, ისე მშობელნი დაცვენილი, გაფანტული და გაბნეული იყვნენ სხვადასხვა, ქალაქებში. ასე იღუპებოდნენ ჩვენი ხალხის შვილები ჩვენი ურჯულოების გამო. ისინი ერთ წამში სრულიად ამოწყდნენ და [განადგურდნენ]. მაგრამ უფრო მეტად მათ მეამბოხეთაგან [მიყენებული] ტანჯვა-წამება ღუპავდა, რადგან ხელთ ჰყავდათ რა შეპყრობილი, წარმოუდგენლად აწამებდნენ და გვემით ტანჯავდნენ მათ [იმ მიზნითაც], რომ რაიმე საჭმელი ეპოვათ მათთან. და თუ სადმე აღმოაჩნდებოდათ [საჭმელი], ორმაგსა და ნაირ-ნაირ გვემას ატეხდნენ მათ თავს: ზოგს ჯოხებს ურჭობდნენ შიდა ასოებში, სხვებს კი წამახვილებულ შეშას უყრიდნენ საჯდომში, [ზოგსაც] ნაღვერდალშერეულ ღუმელის ნაცარს აყრიდნენ უბესა და თავზე. მამაკაცებს სასირცხვო ასოებს უკრავდნენ აპეურით და მით ჰკიდებდნენ მაღლობზე ასოს მოგლეჯამდისა და აღმოფხვრამდის. [ამგვარი წამებისაგან] მრავალთაგან მცირედი თუ გადარჩებოდა [ცოცხალი] და ყოველივე ამას იხილავდით არა მარტო მტერთან, არამედ მახლობელ ადამიანთა, მეგობართა და ნაცნობთა შორისაც. დიდმა მღელვარებამ მოიცვა ქალაქები და სიკვდილით აღსავსე ღამეები დაეუფლა სოფლებსა და სახლებს. შიშველი გვამები ეყარა ქუჩებსა და მოედნებზე და შეურაცყოფის საშინელ სურათს უმშლიდა [თვალწინ] მნახველთ. არავინ იყო ისეთი, ვინც შეძლებდა მათთვის სამარის გათხრას. ამგვარად, ისინი ძაღლების, ლეშის მჭამელი მხეცებისა და ცის ფრინველთა კერძი ხდებოდნენ. ამიერიდან [ადამიანთა ლეშის ჭამა] ჩვეულებად იქცა მტაცებელ მხეცთათვის. მომრავლდნენ და გაძლიერდნენ ქვეყნის მჭამელი მგლები და გვამების ნაცვლად უკვე ცოცხალ ადამიანებს, როგორც უგონო პირუტყვებს ეშვებით დაუწყეს მსხვრევა, ფქვა და ჭამა. მხეცის ბრჭყალთაგან ერთნაირად იმკებოდა საპატიო და არასაპატიო, რადგან უცოდველნიც ცოდვათა ნისლში გაეხვივნენ და დაესხვნენ. ერთი გამოსავალიღა რჩებოდა ყველასათვის ამქვეყნიური სტიქიონისაგან [გადასარჩენად] – დაეცვათ განსაზღვრული დღიური ხვედრის პატივიცა და სასჯელიც. ასე, მცირე ხნის განმავლობაში სიკვდილი გავრცელდა და აღმოფხვრა ასქანაზის ტომი. ყველამ იწვნია განსაცდელი ბოროტი ქარიშხლისაგან. ჩვენი ცოდვების გამო. [მოწეულმა] სიკვდილის აჩრდილმა ჩვენც დაგვფარა; რაკი არ დავდექით უფლის აღთქმაზე, მანაც უგულებელგვყო ჩვენ, იმდროინდელი დევნის გამომე, როგორც მწირი, გუგარელთა  და ქართველთა შორის ვიმყოფებოდი დიდად ბრძენ ადარნასესთან, რომელიც მეფედ იყო იმ მხარეში. თუმცაღა მისგან დიდი სტუმართმოყვარეობითა და ხელუხვი ულუფით ვიყავი პატივცემული, მაგრამ ჩემი ხანგრძლივი მწირობისას იქ, როგორც ერთ დროს ისრაელი კედარის კარავში, უფრო მეტად ვწუხდი და ვიტანჯებოდი, [თანაც] ვიმედოვნებდი და ველოდი ხსნას უფალი ღმრთისაგან.
54. კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნიკოლოზის წერილი იოანე კათალიკოსთან და [იოანეს] წერილი კონსტანტინე კეისართან
არეულობისა და შფოთის შესახებ ჩვენს ქვეყანაში შეიტყო კონსტანტინეპოლის დიდმა პატრიარქმა ნიკოლოზმა (901-907; 912-925), რომელმაც შემდეგი სახის წერილი მონწერა: „უდიდეს ღმრთისმოყვარეს, სულიერ უფალსა და მარად ჩვენს საყვარელ ძმას, დიდი სომხეთის კათალიკოსს იოანეს, ღმრთის მოწყალებით ნიკოლოზ არქიეპისკოპოსისაგან კონსტანტინეპოლელისა და ღმრთის მონათა მონისაგან უფლისმიერი სიხარული.
„უფალო ჩემო. შენი ღმრთისმოყვარეობისათვის ვგონებ არ არის გაუგებარი ჩვენი გულის დიდი წუხილი და დაუნელებელი ტკივილი სოჩეხთა, ქართველთა და ალბანელთა შენდამი რწმუნებული ერთობლივი სამწყსოსათვის მწარე ვნებისა და ჭირის გამო, რომელიც თავს დაგატყდათ სარკინოზ ისმაიტელ მოძალადეთაგან. მართალია, ხორციელად დაშორებული ვართ ერთმანეთისაგან და თვალითაც არ გვინახავს თქვენი სამწყსოს ჭირი, მაგრამ მაინც, როცა გვესმის, რომ ბოროტთაგან ეწამება თქვენი ქვეყანა, ფრიად ვიტანჯებით პირადად და სულს ვღაფავთ დიდი მწუხარებით. და თუ ჩვენ, თქვენგან შორს მყოფებმა მხოლოდ გაგონილით ასე განვიცადეთ სიმწრის გლოვა, მაშინ რაოდენ უფრო ძლიერად [იგრნობდით] თქვენ, რომლებიც თქვენი მოევლის წამების მონაწილენი ხართ, განდევნილნი, ტანჯულ-გვემულნი ურჯულოსა და ბილწ მეამბოხეთაგან. რა შეეფერება, ან რა ნუგეშისცემა უნდა ესოდენ ბოროტებას? ან რა მიმართულება უნდა გამოვნახოთ იმ ცდუნების თავიდან ასაცილებლად, რაც მოგველის?
აწ, თუ თქვენი უწმინდესობა მართებულად მიიჩნევს, უპირველესად ყოვლისა საჭიროა ღმრთის მოხილვისა და შემწეობის ყოველ ჟამს მოხმობა, ხელთა ზე აპყრობა და მოწყალებისა და შებრალებისათვის მთელი, გულით ყოვლისმპყრობელი ღმრთის მიმართ ვედრება სომეხთა, ქართველთა და ალბანელთა შენი სამწყსოსათვის და საზოგადო სარგებლისათვის ფიქრი. შემდეგ კი აღარ შეეგუო მათ დაღუპვას და იზრუნე, რომ განსწავლო ისინი ყველაფერში საღმრთო მეცნიერებით და შეკრა და ათავისუფლო ქრისტეს სიტყვებით. მიიღეთ მცნებად [ქრისტეს] ხელმწიფებით ცასა და ქვეყანაზე და ეგების დააცხროთ ის ბოროტი მოცილეობა, რომელიც ურთიერთშორის აქვთ. ნუ დართავ ნებას, რომ ველურ სიმხეცეში დარჩნენ ისინი, რომლებიც განრისხებულნი ერთმანეთის ამოწყვეტას ლამობენ. დაე მიიღონ [მათ] კაცობრივი გონიერება და ქრისტიანული მოთმინება, რომელიც მისცემს ხსნას შენი ქვეყნის, სომხეთის ხალხისა და ქართლისა და ალბანეთის გადარჩენილ ნაწილს.
ჩემმა სიმდაბლემ წინათაც მასწრაფა წერილით მომემართა და სიყვარულით მერჩია რაიმე გასამხნევებლად. ამის გამო წერილი გამოვუგზავნეთ კურაპალატსა (ადარნესე ქართველთა მეფე) და აფხაზთა მეთაურს (მეფე კონსტანტინე) და ვარიგებდი, რომ მათ ესმინათ თქვენი დარიგება, დაევიწყებინათ ურთიერთ მტრობა, ჩამოეგდოთ სიყვარული, ერთობა, ზავი და მშვიდობა ერთმანეთს შორის და საერთოდ სომხეთისა და ალბანეთის მთავრებს შორის, რომ შეერთებულიყვნენ და საერთო ძალით ებრძოლათ მუხანათი მტრის აბუ-საჯის შვილების წინააღმდეგ. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ არ დაიღუპოთ თქვენ და თქვენი ქვეშევრდომნი და მახლობელმა ხალხმაც არ განიცადოს რყევა. ახლა კი საჭიროა რომ თქვენი უწმინდესობა შეეცადოს და ზეპირად, წერილობით, მოციქულებით, ეპისკოპოსების, მღვდლებისა და წმინდა კაცების [დახმარებით] აღმოფხვრას მათ შორის ბოროტი მოცილეობა. 
დაუზარებლად და უსიტყვოდ უნდა მიჰყვეთ ამნაირ მოღვაწეობას და ილოცოთ, რომ მოიქცნენ უკეთესისაკენ, მხსნელი ზრახვისა და საქმისაკენ. თუ იქნებით ერთზრახვითა და თანხმობით ვეღარ წაახდენს თქვენს ქვეყანას ბოროტები. სანამ თქვენ ერთმანეთს შორის შეთანხმდებით, თვითმპყრობელი და ღვთივგვირგვინოსანი ჩვენი მეფე თქვენდა დასახმარებლად შესაფერის დროს დიდძალ ჯარს გამოგიგზავნით, რომ კურაპალატი, აფხაზთა მეთაური, სომეხთა მთავრები და დიდებულნი, ჩვენს ჯართან შეერთებული ღმრთის დიდი შეწევნით და თქვენი დიდი მღვდელმსახურებით შეებრძოლონ მტერს, დაღუპვის მომასწავებლის ეშმაკის მსახურს და სძლიონ მას.
მაშინ თქვენ და ჩვენ მივუტევებთ მათ შეცოდებას იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც ურთიერთ შორის გააჩაღეს უსამართლოდ. მიაგეთ თითოეულს სამართალი, როგორც ეს თქვენ უწმინდესობას შეშვენის უპირველეს ყოვლისას თითოეული მათგანი დამტკიცდეს მღვდელთმსახურების წესით. ამიერიდან ქრისტეს მშვიდობა დამყარდეს თქვენთან და თქვენი წმინდა ლოცვა იქმნეს ჩვენს სიმდაბლესთანი.
მე რომ ეს წავიკითხე და შევიწყნარე ქრისტეს სიყვარულით, იმავე აზრსა და ზრახვაზე დავითანხმე ქართველთა მეფეც. მან აღიარა, რომ მშვიდობას, სიყვარულსა და მტკიცე ერთობას გაჰყვებოდა ყველას – სომეხ და ქართველ მთავრებთან და მფლობელებთან. ამის შესახებ უტყუარი ფიცის წიგნიც მოგვცა. მაგრამ შემდეგ მესმა, რომ ჭირმა, მწუხარებამ და მღელვარებამ იწვიმა უფლის ხალხზე და სასტიკმა გლოვამ მომიცვა. ჩემმა თვალებმა გადმოადინა ცრემლთა ნაკადი, რადგან დავინახე რომ უფლის სახლს განშორებოდა მშვენიერება და მისი სიწმინდე წარმართთაგან შებილწულიყო. [დავინახე] ისიც, რომ მისი მღვდლები უძლურდებოდნენ, ოხრავდნენ და სულს ლევდნენ. მომაგონდა დღე ჩემი ჭირისა და განშორებისა და [მწუხარება], როგორც ბადე, გადაეკრა ჩემს გულს; როდესაც კი ძალა მოვიკრიბე, ცოტა მოვმაგრდი და წელში გავიმართე, წავედი ტარონის ქვეყანაში. იქ ჩემმა ახლობლებმა, მთავრებმა და ხალხმა ნუგეში სცეს ჩემს ჭირსა და მწუხარებას, გაცოცხლდა და განახლდა ჩემი სული.
ამ დროს ჩვენი მტერი, რომელმაც დათრგუნა უფლის სიწმინდე, ჯერ კიდევ განაგრძობდა ჯდომას დედაქალაქ დვინში, ღმუოდა წარმოუდგენელი რისხვით, მიმოდიოდა, ეძებდა შთასანთქმელს. მან ჩვენი ქვეყნის ყველა მხარეს თავისი მარბიელი ჯარი მოჰფინა; ცდილობდა, რომ თავისი ბოროტი აზრი სხვებთან შედარებით უფრო მეტად გაგიკ მეფეზე გადმოენთხია. [გაგიკმა] რომ შეიტყო მისი მზაკვრული და მაცდური საქმიანობის შესახებ და დაინახა კარს მოსული და მოახლოებული ავაზაკები, გადახიზნა თავისი სახლეულობა და ნადავლი განძი, ერთიან რაზმად გააწყო თავისი სამფლობელოს სოფლის კაცობა, კორდუელთა და მოკის მთების გამაგრებულ ხევებში წაიყვანა და იქ დააბანაკა. თვითონ კი თავის ძმასთან და მოწინავე შეჭურვილ რაზმთან ერთად ქვეყნის შუაგულში დადგა. იქ იჩენდა რა სიფრთხილეს ველური მხეცის მიმართ, მუდამ ფხიზლად ეჭირა თვალი. მათთან იყო სივნიეთის დიდი მთავარი სმბატიც, [რომელიც] სიმშვიდეს ღმრთისაგან ელოდა.
სომეხთა სპარაპეტი აშოტი (მეფე სმბატ I-ის ძმის შაპუჰის ძე) ჯერ კიდევ ბოროტების დინებას იყო მიცემული. მას არ შეეძლო იუსუფს ჩამოშორებოდა, რადგან მასზე ნიადაგ ფხიხლად და ფარულად თვალი ეჭირათ, სპარაპეტი კი დიდად გონივრული ქცევით ყოველ თავის საქმეს ოსტიკანის ნებას უმორჩილებდა, [მაგრამ ამავე დროს] ზრუნავდა, რომ მისგან ეხსნა თავი. აშოტ სუმბატის ძე, რომელიც გაამეფეს სომხეთში ქართველთა მეფემ და მისმა ჯარმა, აქეთ-იქით მიმოვიდოდა თავისი სამფლობელო ქვეყნის სიმაგრეებში მამაცურ სიმხნეს იჩენდა ბრძოლით და დიდ წინააღმდეგობას უწევდა ყველა მტერს, არა მარტო სარკინოზებს, არამედ ქართველებსა და გუგარელებსაც, რომლებიც მას ცუდს უპირებდნენ.
მე რომ დავინახე მარბიელთა მღელვარე და დაუცხრომელი ლაშქრობა, ვიმყოფებოდი რა ტარონის გავარში, რომაელთა კეისარს კონსტანტინეს (IX) შემდეგი სახის წერილი მივწერე:
 „უმაღლესო და თვითმპყრობელო რომაელთა კეისარო, უაგვისტოესო კონსტანტინევ, ღმრთისაგან გვირგვინოსანო, განდიდებულო მსოფლიოს მძლეო მეფეო, ღმრთისმოყვარეო და კეთილმსახურო, ცხოვრების სარბიელზე ყოველთა ნათელთა ზედამდგომელო. ყველას მიმართ ჭეშმარიტი მშვიდობის მოქმედო, ზეციურ ცხრა დასის მიმსგავსებულო, სულიერი მშენებლობის მიზეზო, ყოველი ტომისა და ხალხის ჭეშმარიტო წინამძღვარო, ნამდვილო საღმრთო ფინიკო, უფლის სახლში დანერგილო, მოკითხვა და მშვიდობა თქვენ, დიდი სიხარული და სიყვარული დამყარდეს კათოლიკე ეკლესიაში, რომელიც თუმცაღა მტერთაგან წარტყვევნილი და მოსპობილია ურწყული უდაბნოსავით, მსგავსად დედისა, რომელიც უშვილოდ დარჩა, მაგრამ იმყოფება და იქნება ღმრთის დიდების სიყვარულით. მოგიკითხავ მეც მდაბალი კათალიკოსი დიდი სომხეთისა იოანე. მშვიდობა და მადლი გამრავლდეს მამა ღმრთისა და უფლის იესო ქრისტეს მიერ.
ჩემთან ერთად [მოკითხვას გითვლიან] ეპისკოპოსები და წმინდა ეკლესიის მთელი კრებული; ნაგვემ-ნაცემი, დატანჯული და დევნილი შევიქენით ამალეკის მომაკვდინებელი და მაცდური სუნთქვისაგან რომელმაც აღმოაცენა კაცთაშთანმთქმეელი ბოროტება და შური, და თავისი ველურობითა და სიცოფით თავს დაგვატეხა რისხვის ჭექა-ქუხილი და წარმოუდგენელ შურისძიებათა გულისწყრომა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ უფლის სიყვარულსა და სიხარულის მადლს, რომლითაც პავლე [მოციქული] ლოცულობდა. უწინარეს ყოვლისა აღვავლენთ განუწყვეტელ ლოცვა-ვედრებას, მოწყალების თხოვნასა და ღირსეულ მადლობას თქვენთვის, უძლეველი თვითმპყრობელისა და ღმრთივგვირგვინოსანი მეფისათვის, რომ იცოცხლოთ თქვენ მრავალჟამიერ ცხოვრების სიმართლის ნაყოფით და ზეციური მეუფის ჭეშმარიტი მშვიდობითა და კეისრის პალატის ლამაზი და მშვენიერი მსოფლიო სამკვიდროთი. მომზადებული და მშვიდი იყოს თქვენი სვლა. სიცოცხლის მომნიჭებელ საღმრთო ზრახვებით, ღმრთის მსახურებით უაღრესი უბიწოებით, ჭეშმარიტი მხიარულებითა და დიდი სიხარულით შეგემკოთ თქვენ თქვენი ცხოვრების ღმრთივ- მშვენიერი ასპარეზი. მიიღეთ კიდეც საჩუქარი თქვენი სახიერებისაგან ღირსად ბრწყინვალე სიუხვისა და თქვენი ძლიერი რჯულისა, რომლითაც ხართ მორწმუნენი და საყვარელნი და შეჭურვილი ხართ მხრებამდე უღმრთოთა მიმართ შურის საძიებლად. ღმრთის მსახურო და ჩვენთვის სიკეთის მომნიჭებელო, თვითმპყრობელო და ქრისტეს მიერ გვირგვინოსანო, რომაელთა კეისარო. ეხლა შე ვკადნიერდები და იძულებული ვარ გადმოგცე საკვირველების თხრობით ის გაჭირვება და უბედურება, რომელიც გვეწია ჩვენ ჩვენი სასოების დაკარგვის გამო, რასაც თვითონ აღვიარებთ მეტყველთა აზრი. თქვენსკენაა [მოპყრობილი] შვების იმედით, სიმშვიდითა და სიწყნარით, როგორც გვისწავლია. არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ხმა მისი; თქვენს ღვთიურ სასმენელს რაიმესს შესატყობრად იმდენად  არ დასჭირდება ხმა, რამდენადაც თქვენს.შორის ზეციური სიბრძის აღსაბეჭდავად, [იმისათვის], რომ იცნოთ საძიებელი.
ეხლა მადლობას ეწირავ მას, ვინც მოგამზადა და გაგაძლიერა უაგვისტოესო და თვითმპყრობელო მეფეო, ჩვენდა იმედად გატყობინებ ჩვენი გაჭირვების ამბავს, თქვენთვის ღმრთისმოსავი [ადამიანისათვის] მოსასმენლად. მთელი სიძლიერით აღიძრა ჩვენს მიმართ ჭეშმარიტების მტრის ფარული შური და როგორც მრუში ვნებიანი ტრფიალებით გათავხედდა და მიმართა ეკლესიის რძლის უბიწო კრეტსაბმელს, უფლის მემკვიდრეობის წასახდენად და მისი წმინდა ტაძრის შესაგინებლად, უფლის ხალხის ამოსაწყვეტად, დასათრგუნავდ, დასამხობად, დასამცრობად დასამორჩილებლად და მოსასაობად, ახალი ისრაელის შთასანთქმელად და შესაჭმელად და მისი სახელისა და დიდების ადგილის ასაოხრებლად. ხალხისათვის აშკარა იყო ძალა შიშისმომგვრელი თქვენი სიმაგრის ზღუდისა, რომელიც მტრისვე წინააღმდეგ იყო [აღმართული], უზრუნველად ვიდექით თქვენი, თვითმპყრობელის ფრთების მფარველობის ქვეშ, როგორც მშვენიერ ქალაქში, იმ დროს ეკლესიის რძლის კრეტსაბმელი არ შებღალულა კედარის მკვიდრისაგან, რომელმაც შეიძულა კიდეც სიწმინდის პატივისცემა და მებრძოლი ბელიარის მომძლავრებამაც ვერ შეძლო მშვიდობიანი სიძის გაძევება.
ხოლო როდესაც მოვიცალეთ, რომ თქვენთვის შემწეობა გაგვეწია, სამართლიანად გამსჯელი თქვენი დიდება არ გამოეხმაურა მზირალი დანას – გველის გესლს, [მაგრამ] ჩვენს ძვირის მეტყველზე შური არ იძია, კვლავ იწყო წყეულმა ამაო ხოხვა, ცოცვა და ძრომა, რომ თავისი თავი სულიერად ზღუდეშემოვლებულ უფლის ძლიერების ვენახში ჩაეგდო. ცეცხლმა, რომელიც ოდესღაც არად იქნა ჩაგდებული და დაშრტა, კვლავ  იწყო გაცხოველება და დიდ აგიზგიზებულ ხანძრად დაინთო, ქრისტიანულ საორწმუნოებას გაუჩნდნენ ვერაგები და ცბიერები ქრისტეს მიმართ და დაუწყეს დევნა წმინდა ეკლესიას, აქციეს იგი ხილისმცველთა ქოხად, ტყესავით დაჩეხეს ცულით მისი კარები და ცეცხლით დაწვეს უფლის სიწმინდე, წაბილწეს მისი სახელობის კარავი, ურჯულოების საკლავი დაკლეს, სიბილწის მსხვერპლი შესწირეს მართალთა სადგომში, შეურაცხყვეს უფალი ღმრთის მსასოებელნი. მხეცთა საჭმლად და ცის ფრინველთა მძორად დაყარეს მაღალთა შინა მყოფის წმინდანთა გვამები, ეკლესიის დასის უბრალო სისხლი დაიღვარა, როგორც წყალი იერუსალიმის გარშემო. მებრძოლ ხელთა სიმტკიცე მოიშალა დიდი ჟლეტისა და სისხლისღერის შედეგად, თორგომიანთა ტომის ნახარარები, მოქალაქენი და სოფლელნი შეუბრალებლად გაფანტეს და განდევნეს.
ზოგი საპყრობილეს, ჯაჭვებსა და აუტანელ ტანჯვა-წამებას მისცეს, ზოგი კი ამოწყდა და განადგურდა (სისხლს) მოწყურებული მახვილით  სხვებს ვერაგულად ტყვედ წაასხეს, რომ მონებად გაეყიდათ. ბოროტი [ადამიანების] ბოროტ მსახურებას გადარჩენილნი – დიდნი და მცირენი – აქეთ-იქით გაიფანტნენ და დედამიწის [სხვადასხვა მხარეს] მოეფინენ, თავი შეაფარეს მთებს, გამოქვაბულებსა და ღრანტეებს. სიშიშვლით, შიმშილით, შიშით, კანკალითა და ძრწოლით, დიდი შრომითა და ოფლის ღვრით, გაჭირვებისა და სიკვდილის საფრთხეში ჩაცვენილნი ცოცხალ-მკვდარნი ირხეოდნენ და ირყეოდნენ, როგორც ხმელი ჩალა ქარისაგან. ამალეკის ხელი არ დაღლილა: რომ მრავლის მომსვრელი რკინა სისხლით დაეთრო. მისი მზაკვრული სუნთქვა ყველგან სიკვდილს აღმოაცენებდა. ზოგიერთები მან მომაკვდინებელი წამლის შესმით ფარულად დაღუპა, სხვები კი ცეცხლის წაკიდებით მოსპო. ზოგი მოაშთო და ისე გაჟლიტა, ზოგი კი ხმლის რისხვით დაამხო, მოკლულებით  აივსო ჩვენი მიწის სიღრმეები. აქ რა შეიძლება ვთქვა მთელი აღმოსავლეთის მთავრის სუმბატ ბაგრატუნის შესახებ, რომელიც ღირსი გახადეთ თქვენს ძედ და თქვენს მონად წოდებულიყო. მტრისაგან ყველაზე მეტი ბოროტება სწორედ ქველმოქმედსა და ეკლესიის მზრუნველ (სუმბატს] მიეგო. ქრისტეს სამწყსოს მზრუნველი ჩვენი ცოდვების გამო მიეცა ექსორიობას ურცხვი და ურჯულო მტრისაგან. [ამ უკანასკნელმა] საფრთხეში ჩააგდო და სასტიკად აწამა ის, ვინც მოხუცებულობაში სულიერი სიმშვიდე მიანიჭა ასქანაზის ხალხს, ბოროტებისა და ყოველივე შფოთისაგან [იხსნა იგი] თქვენი თვითმპყრობელი მეფის დახმარებით და შეკრიბა ქრისტეს პირმეტყველი სამწყსო ღმრთის სადიდებლად და საქებრად.
საპყრობილის საკანში, ბნელ ადგილებში, საშინელ მღვიმეებსა და ნაპრალებში [გდებით] სასტიკი უბედურება [განაცდევინეს] და შეაწუხეს და შეაჭირვეს [სუმბატის] სიბერე. შემდეგ კი ტანჯვითა და სასიკვდილო გვეემით მისცეს იგი ბოლოს მოსაღებად სისხლმოწყურებულ მახვილს. ამგვარად ჩვენ მოგვაკლდა თქვენი ერთგული მსახურის ზრუნვა-მფარველობა. ამჟამად მეტად გვაწუხებს შინაური ბრძოლები და ზევიდან [მოვლენილი] საშინელებები. თქვენი საიდუმლო შვილობილი არ არის ჩვენს შორის, რომ რჩევა მოეცა და ყველა მებრძოლი საბრძოლველად მოემზადებინა. სედეკია ტყვედ წაიყვანეს და აღარც ზორაბაბელი ჩანს, რომ სომეხთა შერყეული სამეფო განაახლოს. აზაიელი მიწვეულია ისრაელის ამოსაწყვეტად და ჩვენ ბრძოლით გარემოგვიცვეს. მაკაბე ღალატით მოიკლა უბოროტეს მტარვალთაგან და არ შეუძლია ჩვენი ხსნა ჩვენს შემვიწროებელთაგან. ანტიოქოსი (ანტიოქოს IV ეპიფანე, ძვ.წ. 174-163) გვაიძულებს მივატოვოთ ჩვენი ქრისტიანული რჯული და წესი, მატათეა არ არის ცოცხალი, რომ შეებრძოლოს ბოროტ მოძალადეს. ამნაირად დაცარიელდა ქრისტეს ეკლესია, დაქვრივდა და მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩა, შეწყდა ყოველწლიური დღესასწაული. ქრისტეს სამწყსოსაც მოაკლდა მშობლიური შეწევნა და საკუთარი ზედამხედველი. საწყლად და საბრალოდ დარჩენილი ჩვენი აღმოსავლეთის ქვეყანა განუწყვეტელი რყევის გამო კვნესის, [მაგრამ] ცრემლებსა და გოდებას მხოლოდ ბოროტება და განუწყვეტელი უბედურება მოაქვს. მან მოგვიცვა ჩვენ და განვიცადეთ მწარე ტანჯვა-წამება.
სათვალავში რა ჩასაგდებია ჩემი, მდაბალი იოვანეს გაჭირვება, რადგან ღირსად არ ვთვლი ჩემს თავს ვიყო მართალთა ტანჯვის მოზიარე. ჩემი ცოდვების გამო მერგო მე განდევნა, გაჭირვება და შევიწროება, [თუმცა შემდეგ] თავი დავაღწიე იმ განსაცდელს, რომელიც მე ნებსით ვიკისრე. პავლეს მსგავსად მაიძულებენ ვიქადო უძლურებით, რადგან ზოგიერთები მოთმინებით შეეგუენ მავნებელთ. დიდი მწუხარება და ტანჯვა განვიცადე აგარის შვილთა ხელთაგან ბნელი საპყრობილით, ლაფიან თხრილში გდებით, რკინის ბორკილებით, ხუნდებით, გვემით და კიდევ სხვა ნაირ-ნაირი ღონეობით, რაც კი საკმარისი იყო ჩემი სულის ამოსახდელად. თუმცა მე ერთი უბადრუკი კაცი ვარ, მაგრამ ჩვენმა იმედმა ქრისტემ, რომელიც ცნობილია ძლიერებით და არა სახით, მიხსნა მე ხორციელი სიკვდილისაგან და თავი დამახსნევინა ტყვეობისაგან ჩემთან მყოფებთან ერთად, როგორც სამხრეთის ღვარი გამომგლიჯა ვეშაპის ეშვებს, ლტოლვილი შევიქმენ ელიას მსგავსად წინასწარმეტყველთა მომსრვეელის იზაბელისაგან სიდონის სარეფთაში. პავლეს მსგავსად კალათით ჩამოვეკიდე დამასკოს ზღუდეს და გავექეცი არეტელთა მთავარს. ყველაფეორი ეს ვიტვირთე ჩემი ღირსებისა და საუფლო ბრძანების თანახმად. ვიდევნებოდი ქალაქიდან ქალაქში. ეხლა მივაღწიე და ვდგევარ თქვენი უძლიერესობისა და უმაღლესობის თვითმპყრობელი მეფის კარზე, რათა შორიდან ვითხოვო მოწყალება და თქვენი მზრუნველობა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ასქანაზის მთელი ხალხისათვის, რათა დაიცვათ თქვენ თქვენ მოკლულ მსახურთა შვილები, რომლებმაც რისხვის სასმისი შევსვით სამხრეთის მოძალადეობისა. შევსვით და ამოვწურეთ რისხვის ნალექი და შფოთის სასმისი ჩვენი გამაუბედურებლებისაგან.
ამას გევედრები, რომ როგორც თქვენს სიბრძნესა და სიკეთეს [შეეფერებოდეს], აღმართეთ ხელი მტრის ამპარტავნობის წინააღმდეგ და იხსენით თქვენი სამკვიდროს წილი, აღავსეთ ხელგაშლილობით მაღალთა წინა მყოფის ღმრთის უმშვენიერესი ტაძარი, რომელიც წარტყვევნილი და გაძარცულია მეამბოხეთაგან. განდევნეთ მძვინვარე მხეცები, მტაცებელი მგლები, წარმართი მეამბოხეები, ველური ბარბაროსები, დაეუფლეთ ამ მხარეებს, რომლებიც დასაბამიდანვე თქვენი საამო და მოწყალე რჯულის გამო თქვენ შეიძინეთ. მოგვაშორეთ ის მიწა, რომელიც წელთ გვარტყია, ჩამოგვხსენით ქედისაგან უღელი, რომელიც მოძალადის ხელით ასე დაგვიმძიმდა სიკვდილამდე. გაწმინდეთ ეს ქვეყანა და ქალაქი, რომელიც ბილწ, დამღუპველ და ღმრთის მოძულე ბოროტ მთავართაგან საცილობელი და საშურველი გახდა. წინასწარმეტყველურად დაიმკვიდრეთ ნეტარება, მიაგეთ იგი ბაბილონის საწყალობელ ასულს, რომელიც შემდეგ მან ჩვენ მოგვაგო. ამისათვისს გამოგირჩიათ ღმერთმა თქვენ, – კეთილადმძლე მეფე, და თქვენი ნების კეთილმოქმედებათა საშუალებით [ღმერთი] მშვიდობას მიანიჭებს მათ, რომლებსაც უყვართ ღმერთი, ხოლო თქვენ – თვითმპყრობელს – მშვიდობიანი ცხოვრებით მოგაგებენ სათანადო სამსახურს და მშვიდობით მივლენ ღმერთთან.
უფლისაგან ჩემდამი რწმუნებულ პირმეტყველ სამწყსოსათვის ლოცვა-ვედრება წარმოვთქვი თქვენს წინაშე. საგულისხმო ის არის, რაც თქვენ ქრისტეს მიერ გვირგვინოსანსა და კეთილად მძლე მეფეს – უნდა მოგახსენოთ: შევიწროებამ, მწუხარებამ, დევნამ, წამებამ, შიმშილმა, მახვილმა, ტყვეობამ და სამხრეთის ძალადობამ დატანჯა და გვემა ჩემი სიბერე. ამჟამად ბაბილონის მდინარის პირას ვზივარ და ცრემლებად ვიღვრები, როდესაც ვიხსენებ სიონის ტყვეობას. თქვენს, მოწყალისა და თვითმპყრობელი კეისრის მზრუნველობას მივენდე, მოვიწიე და ვდგევარ თქვენს ფეხთა წინაშე და გევედრებით. ყველაზე ადრე იყო ეს სამკვიდრო და სადგომი იმ წმინდა მოსაყდრეთა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ და რომლებსაც სარწმუნოების დასაბამს თქვენ წინაპართა ფრთათა ქვეშ ჰქონდათ სამკვიდრო და უზრუნველი იყვნენ წმინდა ჯვრის უფლებისა და ძალის თქვენი – უძლეველი მეფის – განგებიანი მოწყალების შემწეობით. დაუზარელი ზრუნვით, გულმოდგინებით და უშიშარი რწმენით აძოვებდნენ მათდამი რწმუნებულ სამწყსოს თავთავის დროს და მეც იმასვე გთხოვ, შუამავლად მიპყრია რა სიცოცხლის მომნიჭებელი მხსნელი ჯვარი.
ნუ მომაკლებ მე და ჩემთან მყოფთ მაგ საღმრთო ჯვრის თაყვანისცემას და თქვენი, ღმრთივგანწესებული მეფის შეხვედრას. მრავალი წელია თქვენთან მოსვლის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ აქამდე შემიფერხდა. მინდა მშვიდობიანი ცხოვრება და მოსასვენებელი სადგომი მოვუპოვო ჩემიანებს თქვენი, უავგუსტოესი, სასიქადულო, დიდებული და ძლიერი მეფობის შესაფერისად, დავაღწიოთ თავი ისმაიტელთაგან და თქვენს ფრთათა ქვეშ შეფარებულებმა ვაძოვოთ ჩვენდამი [რწმუნებული] ღმრთის სამწყსო. სამარადისო ლოცვას შევსწირავთ ღმერთს მშვიდობისა, უზრუნველობისა და თქვენი, თვითმპყრობელი და ქეეყნად განთქმული მეფის სიმტკიცისათვის. თქვენი დიდი შემწეობით, დიდებითა და წყალობით განვსწავლით სომხეთის ხალხს, რომელიც შეეკრიბა ჯერ უფალს, ხოლო შემდეგ ღმრთის ნებით თქვენ. ყოველივე ეს ცხადია თქვენი ტახტის დიდების წინაშე. და თუ მე სამწყსოთა უმრწემესი მწყემსი დავემკვიდრები მაგ წმინდა და ძლიერი ჯვრის საფარველ ქვეშ და თქვენი თვითმპყრობელი მეფის მოწყალებით, [მაშინ] ღმრთის სამწყსო და ქრისტეს სამკვიდრო გამომყვებიან მე და წარიმართებიან, რომ გამოვიდნენ ფარასთან ერთად და მსოფლიო პირმეტყველ საცხოვართან და წავიდნენ და გამოიკვლიონ რომაელთა საბრძანებელს ქვეშ მყოფი, როგორც იტალია, ისე მთელი აზია. ხოლო ისინი, რომლებიც არ მოვლენ და უფლის სამწყსოს ეზოს გასცილდებიან, დე დაისაჯონ თქვენგან, თუ კი ვინმე იქნება ასეთი. მე კი უცოდველი და ბრალდების გარეშე [მინდა] დავრჩე.
აწ, ცად ამაღლებულმა ნათელმა და ბრწყინვალე წმინდა ჯვარმა, რომელიც მზის მსგავსად ზეციურ არსებებთან ერთად მაგ დიდებულ და მსოფლიო ქალაქშია დამკვიდრებული, იხსნას თქვენი სასახლის მკვიდრნი ბოროტების, გამხრწნელი მანქანებისა და ყოველგვარი განსაცდელისაგან. ვერც ზღვის მსგავს ქარიშხალს წარმოშობენ უცხო ავაზაკთა მღელვარე ტალღები და ძლიერი ურჯულო ქარიც ვერ გაგაძევებს და ვერ მოგგვრის გამხრწნელ ზამთარს. ვერც მთის მსგავსი ზვირთები და საქებარ ადამიანთა მტრები შესძლებენ რყევის შიშით თქვენს დამხობას და ვერც გიღალატებენ ქრისტიან მეფეს, რომლის სახელიც სამყაროს კიდით კიდემდე ამაღლებული და განდიდებულია. იხარეთ და იმხიარულეთ თქვენს მშვენიერ მოსასვენებელში მშვიდობით, სიხარულით და შვებით, რათა მეტად აღარ მოგაკლდეთ მაღალთა შინა მყოფის მოწყალება და მიეწიოთ მისი სიტკბოების კურთხევას რომელმაც გვირგვინოსან გყო თქვენ საუცხოო, ელვარე, პატიოსანი ქვით (შემკული! გვირგვინით. ამაღლდეს თქვენი სიმართლე ქრისტეს ძლიერებამდე და ჩვენც დიდებით ვაქებდეთ შენს სახელს, თვითმპყოობელო და კეთილადმძლეო, სიკეთის ღირსო მეფეო, უაგვისტოესო კონსტანტინევ, რომთა კეისარო“.
55. აშოტ მეფის კეისართან წასვლისა და გაგიკ მეფის წინაშე იუსუფის დამორჩილების შესახებ
როდესაც ეს წერილი წაუკითხეს კეისარს, მან შეიტყო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვახვევია გარს სამხრეთის ბოროტი განსაცდელი, [გაიგო აგრეთვე] ჩვენი რყევა და დამხობა და სიცოცხლის აღსასრული ნეტარი და სიკეთის ღირსი სუმბატ მეფისა, რომელიც მოწამეობრივი ხვედრის შემწყნარებლად მიაჩნდათ; [კეისარმა] სასწრაფოდ გამოგზავნა ჩემი და გამეფებული მეფისწულის აშოტის მოსაძებნად ვინმე თეოდოროს ვასილიკოსი დიდი პატივით, თან მოაგონა [აშოტს] იმ სიყვარულის განმტკიცება, რომელიც არსებობდა მამამისს ბასილსა და აშოტის მამას სუმბატს შორის. მან იჩქარა წამოსვლა, რათა [აშოტთან] ერთად მოეგვარებინა საერთო სარგებელი. მაგრამ რადგან მეფისწული აშოტი თავის სამფლობელოს სიმაგრეებში იდგა და მე კი ტარონის გავარში ვიმყოფებოდი, ამიტომ ვასილიკოსმა ჯერ მე მომმართა და ჩემთან მოვიდა. მე თვითონ მოვიპატიჟე იგი, მეფისწულ აშოტთან კი შემდეგ ჩემგან გაემგზავრა. [ვასილიკოსი] მივიდა [აშოტთან] და კეისრის ბრძანება მიართვა. გულმოდგინედ მიიღო ეს ბრძანება აშოტმა, შემდეგ კი იგი სწრაფად გაუდგა გზას [კეისრისაკენ]. მას დიდი სტუმართმოყვარეობითა და სამეფო პატივით ხვდებოდნენ გზის სადგურებში. ასე წავიდა დიდ კეისართან შესახვედრად (914 წელს), შვილს უწოდებდა.
[კეისარმა აშოტი], სხვა დიდებულებთან შედარებით, უფრო საპატიო ტახტზე დასვა. [აშოტმა] მიიღო [აგრეთვე] დიდება და სიმდიდრე, არა როგორც სხვა ზოგიერთ პატივის მქონემ, არამედ როგორც სამეფო გვარის შთამომავალმა. კეისარი მას თითქმის თავის თანასწორად მიიჩნევდა და სამეფო წესთა მიხედვით სცემდა პატივს; ამავე დროს მას მოწამის წულს და კეისრის საყვარელ შვილს უწოდებდა. შეამკო იგი ძოწეულის სამოსითა და დიდებით, საუცხოო ოქროქსოვილი ტანსაცმლითა და ოქროსკიდეებიანი მოსართავებით. რამდენჯერმე თვლებით მოჭედილი სარტყელი შებოარტყა წელზე. მშვენიერი საჭურვლითა და სამკაულით მორთული ქედფიცხელი და სწრაფად მორბენალი რაშები მიართვეს მას და ამასთან ერთად სხვა მრავალი სასმისი და ჭურჭელი, მრავალი ოქროსა და ქეერცხლის ნაკეთობაც გაუმზადეს. არამცირედი დიდება და პატივი მიაგეს აშოტის მიერ თანწაყვანილ ნახარარებსაც. მრავალი საჩუქარი და უხვი ულუფა გაუმზადეს მათ [აშოტის] უკან დაბრუნებამდე.
მე კი გავემართე და წავედი დერჯანის (დღევ. თერჯანი) გავარში და ერთი თვე დავყავი იქ. თუმცა ხშირად მაწვეველი მომდიოდა და სიყვარულით აღსავსე სურვილით მიწვევდა კეისართან სასახლეში, მაგრამ მე არ ვისურვე, რადგან ვფიქრობდი, რომ შეიძლება გამოჩენილიყო ვინმე, ვინც თავისი თვალით მნახავდა და ჩემს იქ მისვლას ჩემი ქალკედონიტობით [ახსნიდა] და მე გადაბირებულად მიმიჩნევდა. ასე ამგვარად არ ვისურვე წავსულიყავი უძლურ გონებათა ცდუნებით. შემდეგ ჩემი ნებითა და სურვილით წავედი წმინდა გამოქვაბულში, სადაც ადრე წმინდა დედა მანი და შემდეგ სამგზის ნეტარი ჩვენი განმანათლებელი იყო დამკვიდრებული, სადაც [ადამიანებმა] უძლური სხეულით უხორცონი [ანგელოზები] შემოიყვანეს თავიანთ ცხოვრებაში სძლიეს ვნებათა მიმძლავრებას და თავიანთი სიმხნის სარბიელი ბრწყინვალე და ცხოველმყოფელი რჯულით აღავსეს. [ისინი] შეუდარებელი ნეტარების ღირსი გახდნენ და ქრისტეს მიერ დიდების გვირგვინით შეიმკვნენ. იქ ერთ კლდეში ვნახე პატარა გამოქვაბული ძნელად შესავალი კარებით და საცხოვრებლად არამიმზიდველი დიდი კლდეების გამო, იქ შეწირულ მსხვერპალთათვის ქრისტეს მკვიდრთაგან აღმართული იყო საუფლო საკურთხეველი.
გულის კანკალით წავედი და დავდექი კლდესთან, სადაც ჩვენი განმანათლებელი ორი დღე იდგა და ელოდა წმინდა მანის აღსასრულს, იქ ქრისტეს უძლიერეს სამფლობელოს თაყვანი ვეცი და გავეშურე [ერთი] პატარა და საამური  წყაროსაკენ, რომელიც [შვებას ჰგვრიდა] და აგრილებდა წმინდანებს იოფლისმომგვრელი გარჯისა და სულიერ შრომათა სიცხისაგან. [წყარო] ქვით იყო გარშემორტყმული და კარით შემკული, ამ ადგილიდან გრიგორის წმინდა და უბიწო ხელი სასმელით ამარაგებდა წყველას. მე საწყალობელიც ღირსი გავხდი პეშვით შემესვა წყაროს წყალი ჩვენი განმაახლებლისა და მაცხოვრისა, რომლის ტახტიც მე მივიღე. ნეტამც [მისი] სახე [მიმეღო]. ავიღე ნაკურთხი მიწა დარღვეული ბორცვიდანაც, სადაც პატიოსანი სულიერი საუნჯე იყო დამალული მწყემსთაგან და რომელზედაც აეშენებიათ ეკლესია უწინარეს იმ ეკლესიისა, რომელიც საფლავის ძეგლთაგან ჩემი ბრძანებით არის კირით შეძერწული. ვნახე იქ ხევებსა და მაგარ გამოქვაბულებში დამკვიდრებული მოწესე კაცები, ძაძა მოსილნი, მიწაზე მწოლარენი, ფეხშიშველნი, განურჩევლად მჭამელნი, მუდამ მლოცველნი, ხვეწნით მავედრებელნი, კეთილსინდისიერი შრომის მოწაფენი, სათნოების შვილნი. ესენი არათუ ერთად დამკვიდრებულიყვნენ, არამედ გაბნეულთ მთის ძირას ჰქონდათ თავთავიანთი სადგომი. ისინი დიდი მრომითა და ოფლის ღვრით შოულობდნენ ხორცისათვის აუცილებელ სახმარს.
ამგვარად, მათგან კურთხევა მიღებული, გავემართე სოფელ თორდანისაკენ, სადაც არის წმინდა გრიგორის პატარა ბაღი, სასეირნო ადგილი, და სადაც ინახება უკედავებისა და სიბრძნის საუნჯეები, ე.ი. იმ წმინდანთა ცხოველი ძვლები, რომლებმაც განვლეს ეს სოფელი ჭეშმარიტი [ცხოვრებით], მიუწვდომელი სინათლითა და ელვარებით გამოჩნდნენ როგორც მზე და სულიწმიდის ცეცხლით ანთებულნი უშრეტი სინათლით გამობრწყინდენ ღმრთის სადიდებლად. იქ გავათიე ღამე, საუფლო თაყვანი მივაგე [წმინდა ადგილს], მოვკვეთე ნეშტი პურის იმ ხისაგან, რომელიც წმინდა განმანათლებელს თავისი ხელით დაერგო. შემდეგ უკან გამოვბრუნდი მთიან მხარეში, მონასტრებში და იქ ცხრაოდე თვე ვლოცულობდი. შემაცდინა ჩვენი მეფეების მლიქვნელურმა და ძვირისმეტყველმა სიტყვებმა, მოვტყუვდი მათი კეთილი დაპირებებით და ეს ყველაფერი ღმრთისაგან იყო. დავბრუნდი სომეხთა ქვეყანაში, მათი დაპირებებიდან არაფერი მინახავს შესრულებული, [პირიქით] ამაო ზრახვებითა და ბნელით მოცული გონებით მიდრკენ უსამართლოებისაკენ. შეირყა და შეიძრა ჩვენი მიზეზით ეს ჩვენი საცოდავი ქვეყანა და მე კვლავ იძულებული გავხდი გავცლოდი ჩემს სამკვიდროს. მომიხდა იმავე წმინდა ქვაბში დამკვიდრება. თუ კი სიკვდილი დამაცლიდა [განზრახვის] შესრულებას, როცა კი ამას უფალი ინებებდა.
მაგრამ მძვინვარე ჯარბი ჯერ კიდევ ქალაქ დვინში იყო დაბუდებული. იგი განმსჭვალული ბოროტი ზრახვებით [მზად იყო] ბოროტი გესლით დაეკბინა გაგიკ მეფე, ან მასთან მყოფი ყველა ნახარარი და წაეხდინა და დაეღუპა ისინი. უფლის მსასოებელმა [გაგიკმა] არანაკლები შფოთი და ალიაქოთი დაატეხა მას თავს, აღენთო და მოედვა მხარეთმპყრობელთ, საქმეთა გამგებელთ, პერის, ზარევანდის, მარანდისა და ნახიჭევანის კუთხეების მხედრობასა და მხედართმთავრებს. მრავალი დღის განმავლობაში მარბიელთა მხედრობისა და მხედართმთავრების წინააღმდეგ მამაცური ბრძოლით შეიჭურა და სისხლის ღვარს აყენებდა.(914 წ. გაზაფხული)
ეს სიმტკიცე დაინახა ბოროტმა ოსტიკანმა, რომელიც როგორც უპატიო და შეურაცხი ვინმე ყოველთვის მისგან ფეხქვეშ ითელებოდა. შურით აღვსებული ოსტიკანი გამძვინვარებული ღმუოდა, [შემდეგ] გაემართა და შემოიკრიურიცხვი ჯარი, წავიდა და მიაღწია მარგასტანისა და ტოსბის გავარებს, იგი მედიდურობდა და [იმუქრებოდა], რომ აღმოფხვრიდა, დაფშვნიდა, დალეწავდა, დაამსხვრევდა, აკუწავდა, მოსპობდა და მახვილით გაცვეთდა [სომეხთა] თესლტომს. როდესაც [სომხებმა] დაინახეს არაბთა ჯარის სიმრავლე, გუნდად მომავალი და წარმოიდგინეს ზოგიერთ თავისიან მხდალთა მოშვებული ხელები საბრძოლველად. [ამიერიდან] გაითვალისწინეს შეუძლებლობა მათ წინააღმდეგ ბრძოლისა. ამრიგად გაგიკის [მხედრობა] წავიდა და გადაიხვეწა. ისინი ფრთხილად დაიცვეს, თვითონ კი ერთ მხედრობად გაერთიანებული და იარაღითა და სამკაულით შეჭურვილნი გაემართნენ მთების ძირას, ღრმა ხევებსა და გამოქვაბულთა სიმაგრეებში; შეჭურვილნი და შეკაზმულნი მიქროდნენ მტრების კვალდაკვალ, მათ უკან.
ამგვარი მიმოსელისა და მიმოქცევისაგან ზვირთიდან ზვირთამდის სწრაფი დაბრმავებულობიისა და [გაბნეულობის გამო], როგორც სოლომონი იტყვის „ვითარცა თიკანნი ქურციკთანი მოვლენან ხლდომით მთათა ზედა ბეთელისათა“, ვერ შესძლეს მტრებზე იერიშის მიტანა და ვერც თავიანთი ნება-სურვილის შესრულება. მტაცებლობით ჭკუა-დაკარგულნი და გიჟური აზრებით აღსავსენი დაახლოებით ორი თვე [დარჩნენ იქ]. შემდეგ წავიდნენ როსტაკის ქვეყნის სამხრეთ მხარეებით და ჰერსა და სალამასისაკენ გასწიეს. იქიდან კი ქალაქ ატრპატაკანში გადავიდნენ ღმრთის მოხედვით. აშოტ სპარაპეტის ერთგულება და მუდმივი სამსახური დაივიწყა ბოროტმა მოძალადემ იუსუფმა, მისი ურცხვი გული ვერაფრით ვერ მოიგეს, რადგან იგი მუდამ ბოროტ ზრახვებს ემსახურებოდა როგორც კი იგი გაემზადა ვასპურაკანის მხარეებისაკენ წასასვლელად, მაშინვე დიდი და კეთილმსახური დედოფალი, სპარაპეტის დედა და მისი ორი და ნახიჭევანის მხრით სპარსეთის ატრპატაკანაში გაგზავნა და საპყრობილეში შეაყენა, როგორც მძევლები.
ცოტა ხნის შემდეგ მან თავისთან სასწრაფოდ მოიხმო აშოტ სპარაპეტი, რომელიც მყისეე გაემართა მისკენ სახლეღლთათვის შიშის გამო. ოსტიკანმა პატივით მიიღო იგი, უხვი ულუფა დაუწესა და საჩუქრებითა და პატივით შეამკო. გაგიკ მეფემ, მისმა თანამოგვარეებმა და ნახარარებმა, როდესაც დაინახეს ბოროტების ფუჭად მომდინარე ნიაღვრები, უკვე დამშრალი და გადასული, ადიდებდენ განგებიან ღმერთს, ისინი დაბრუნდნენ თავიანთ გავარებს, ქალაქებს, მამულებსა, სოფლებსა და სახლებში, არ განუცდიათ რა ბოროტი მტრის მტაცებლობისაგან არავითარი ზიანი, [თუ არ მივიღებთ მხედველობაში] მათ უმცირეს ნაწილს, რომლებიც შეფერხდნენ მტრებისაგან და ვერ შეძლეს სახიზნავში თავის შეფარება.    დიდად ბრძენი, კეთილმზრახველი და ალალ-მართალი ალძნიელთა მთავარი ატომი დიდძალი ჯარით ეახლა გაგიკ მეფეს დასახმარებლად, თვითონ კი ბრძნული გამოცდილებით, განსაკუთრებით კი ღმრთის მოხედვით შეძლო უბრძოლველად განედევნა თავისი ქვეყნიდან და მამის სახლიდან ბოროტ ავაზაკთა ბოროტების ღვარი. იგი მტკიცედ იცავდა თავს იუსუფის ცეცხლის მფრქვეველ ბოროტებისაგან, იდგა რა ღმრთის ფრთათა საფარველ ქვეშ. ასევე [მოიქცა] მოკელთა მთავარი გრიგორი თავის ძმასთან გურგენთან ერთად. მან მრავალი [მეომარი] მოამზადა და მონობის ხარკიც მიართვა გაგიკს. მისი დევნილების დროს, თვითონ კი თავისი გამოქვაბულებიან, კლდოვან და მტკიცე ქვეყანაში უვნებლად დაიცვა თავი შემავიწროებელი წარმტყვევნელებისაგან.
56. აშოტ მეფის თავის სამშობლოში დაბრუნებისა, აშოტ სპარაპეტის გამეფებისა, მათი ბრძოლისა და იოანე კათალიკოსის მიერ მათი დამშვიდების შესახებ
მოესმა რა ყოველივე ეს ქვეყანაში მყოფ უფლისწულ აშოტს, მან დიდი მადლიერებითა და კეთილმზრახველი მონური აღთქმით სთხოვა კეისარს მშობლიურ ქვეყანაში გაშვება და უკან დაბრუნება, [თან] განუცხადა მას, რომ უფალმა მოხედა და სასიკეთოდ გაუმარჯვა სომეხთა ქვეყანასო. კონსტანტინე კეისარმა სიკეთის სისავსით, მოსიყვარულე გულით შეიწყნარა აშოტის თხოვნა, შემდეგ კი მოუმზადა მას მრავალნაირი საჩუქარი. მრავალი ჭურჭელი, საუცხოო სამკაული და საჭურველი, ოქროშეჭურვილი რაშები, ოქროს ლაგმები და დიდძალი განძით გაამდიდრა იგი, მრავალი რომაელი მხედართმთავარი და მხედრობა შემოუკრიბა და საკუთარ ქვეყანაში ისე გამოგზავნა. აშოტი წამოვიდა და მრავალი სადგურის გამოვლის შემდეგ მოაღწია თავის ქვეყანას. (915 წ. ზაფხული) მან ბევრი დაამცრო და დაიმორჩილა, ბევრზე კი თვალი ეჭირა და მოელოდა ახალ განდიდებას. რადგან კოლბის დიდი დაბა (შაპუჰის ძის აშოტის ერთადერთი სამფლობელო) აშოტის [ბატონობის] წინააღმდეგი იყო და მისდამი დამორჩილების აზრს ვერ ეგუებოდა, [აშოტმა] იგი ბერძენთა ტყვეობას მისცა66.
სწორედ ამ დროს იუსუფ ოსტიკანისაგან დაბრუნდა სომეხთა სპარაპეტი აშოტი, მოვიდა, მოაღწია და შევიდა დედაქალაქ დვინში. რადგან ცბიერ ოსტიკანს საიდუმლოდ განზრახული პქონდა, რომ მძაფრი უთანხმოება ჩამოეგდო [ამ ორ აშოტს შორის], ამიტომ განზრახ გვირგვინი დაადგა სომეხთა სპარაპეტს, შემოარტყა ხმალი წელზე და ისე გამოგზავნა თავის ქვეყანაში. ერთმანეთს შეერკინენ და ეკვეთენ [აშოტ სპარაპეტი] და მისი თანამოსახელე მეფის წული. აშოტ სპარაპეტს თავისი ქვეყანა დახვდა დაცარიელებული და ამოწყვეტილი, ხალხი მონებად გაყიდული, დარჩენილები კი გაბნეული და უცხო თესლთა შორის გაფანტული, თავისი საყვარელი დაბა მიტაცებული და დაპყრობილი აშოტ მეფისწულისა და რომთა მხედრობისაგან, მისი სხვა მამულები და სოფლები კი გაძარცული და გაუკაცრიელებული. ამიერიდან ისინი, როგორც უცხო თესლ-ტომის მტრები ეკვეთენ ერთმანეთს ჩხუბითა და ბრძოლით. ისინი ცდილობდნენ ეჯობნათ ერთმანეთისათვის ბრძოლასა და ჩხუბში. რადგან ორივე სამეფო სახელს ატარებდა, [ამიტომ] ერთმანეთის მიმართ ბოროტებითა და შურით აღივსნენ. ამან უფრო მეტად განარისხა და გაააფთრა ისინი. თითოეული თავისი თავის გამეფებისათვის ზრუნავდა.(915-916 წლები)
 ამ დროს აშოტ მეფისწულთან ვასპურაკანის მხრიდან მოვიდა სივნიეთის დიდი მთავარი სუმბატი. [აშოტმა] დიდი პატივითა და მტკიცე ერთგულებით მიიღო იგი და დიდად სასიქადულო პატივით შეამკო. მოვიდა დიდი სომეხი [ჰაიკაზუნი] ვასაკიც, უშვილო მთავრის გრიგორის ძმა; ისიც იმავე სიუხვითა და პატივით, სათანადო წესით იქნა მიღებული. შემდეგ ორივე სეხნიამ, დაიმკვიდრეს რა მეფის სახელი, უფრო მეტად გააძლიერეს ურთიერთ შორის შფოთი და არეულობა. ამ დროს მე შემთხვევით, სწორედ შესაფერის დროს ჩამოვედი და მოვაღწიე შორეული დევნილებიდან (915-6 წლების მიჯნა). ვმოციქულობდი მათ შორის, ვარწმუნებდი და ვცდილობდი კარგი ძმური ურთიერთობა დამემყარებინა მათ შორის. ორივე მოვიდა ჩემს ყურისსაგდებლად და შეიწყნარეს კიდეც ჩემი სარწმუნო აზრი. მათ მშვიდობის, სიყვარულისა და ერთობის პირობა დავადებინე.
66. როგორც ჩანს იგულისხმება ბიზანტიის რაზმები, რომელიც ახლდა აშოტს ტახტზე განსამტკიცებლად ბიზანტიიდან მოსვლისას. ამ დროისთვის (915 წლის 17 ივლისი-916 წლის 4 ივლისი) არაბული წყაროების ცნობით ბიზანტიელთა ლაშქრობა იყო მარაშის, სამოსატას და ჰისნ-მანსურის მიმართულებით სომეხი მლეხის სარდლობით.
57. აშოტ მეფეზე ვასაკისა და აშოტის თავდასხმისა და (აშოტის მიერ) მათი დამარცხების შესახებ
მეფისწული აშოტ მეფე გაემართა, წავიდა და მიაღწია გუგართა მხარეს, დიდი სიმაგრის მახლობლად, რომელსაც ქართულად შამშულდე ე.ი. სამი მშვილდი ეწოდება (სამშვილდე). მამამისს ის ხალხი, ციხესთან რომ ცხოვრობდა, დასაკუთრებული ჰყავდა, ხოლო ორი ძმა – ვასაკი და აშოტი – გნდუნთა ტომისაგან – ციხის მცველებად და იმ ოლქის ზედამდგომელად ეყენა, ამიტომ [აშოტმა] მათგან მორჩილება თავის მიმართაც მოითხოვა, რომ მოსულიყვნენ სამსახურის ერთგულებაზე, ჯარს საზრდო მოკლებული და შემცირებული ჰქონდა, ამიტომ მან თავისი ჯარი მახლობელ გავარებში გაგზავნა, რომ თავიანთი საზრდო თვითონვე მოეპოვებინათ იმ დრომდე, სანამ იქიდან უკან გაბრუნდებოდა. თვითონ თავის მშვენიერ ძმასთან, ამასთან ერთად 250 კაცით წავიდა და დაბანაკდა სიმაგრის მახლობლად, რომელსაც საკურეთი ერქვა (სამშვილდის ახლოს).
ვასაკმა და აშოტმა, როდესაც დაინახეს, რომ ჯარის სიმრავლე შეუმცირდა [აშოტს] და არც არავისაგან ახლო ხანში არ ელოდა შემწეობას, გაამაყდნენ, გადიდგულდნენ და ურჩობა დაუწყეს მას. ფარულად შეკრიბეს თავიანთი ჯარი. [მათ] საქმის მოსაგვარებლად თან ჰყავდათ თავიანთი მომხრეებიც, ჯარის ნაწილები ტფილისისა და კავკასიის ხევებისა, ოთხიათასზე მეტი კაცი ხმალამოწედილი, ფაროსანი, ლახვროსანი და მახვილებით შეიარაღებული მოულოდნელად თავს დაესხა და დაარბია [აშოტის ჯარი].
როდესაც [აშოტის ჯარმა] დაინახა ასეთი სასტიკი თავდამსხმელები და დიდძალი ჯარი, რომელსაც ალყა შემოერტყა მათთვის, დიდად მავედრებელი ცრემლებით შეწევნისათვის დაუწყო მოხმობა უფალი ღმრთის ძლიერ მკლავს, რომელსაც შეუძლია ერთით ათასის ძლევა. მათ გადაიწერეს პირჯვარი და ძლიერი გრგვინვითა და ბრძოლით ეკვეთნენ მოწინააღმდეგეს. შეიარაღებული კაცი და ცხენი მხნედ და მამაცურად შეება [მტერს]. მათ თვალის დახამხამებაზე, საჩქაროდ გააპეს შუაზე ფაროსანი რაზმის გუნდები, უკუაქციეს და მხოლოდ ორასი კაცით მათი ოთხიათასი მხედარი ამოხოცეს, შემუსრეს, განდევნეს და გაფანტეს. ზოგი მათგანი მახვილის, ისრისა და შუბის წვერებით დაადნეს, გასცვითეს და ამოწყვიტეს, ზოგი კი შეიპყრეს, სარკინოზებს ხოცდნენ. სხვებს კი ნესტოებსა და ყურებს აჭრიდნენ. ქრისტიანებს ზოგავდნენ, მარტო ძარცვავდნენ მათ და ისე უშვებდნენ, რომ წასულიყვნენ და გაშორებოდნენ მათ. [ცოცხლად გაშვებულთაგან] თითქმის ვერცერთი ვერ გადარჩა, გარდა ვასაკისა, [რომელიც] მცირე ამალითურთ გაიქცა და გადაიხვეწა შამშულდეს სიმაგრეში. როცა ეს ასე მოხდა, როგორც გედეონის ღვეზელი მიიქცა და დატრიალდა უცხო ტომთა ბანაკში. და ისინი სრულიად აღმოფხვრა. თვითონ აშოტი თავის ძმასთან ერთად გამარჯვებით გახარებული, დიდი ნადავლით წავიდა ქართველთა ქვეყნის მხარეებით თავის მარად საყვარელ მთავართან გურგენთან.
ამ დროს სივნიელთა მშვიდი მთავარი (სმბატ I) უფლისწულისაგან კვლავ უკუიქცა, არაგაწის მთიდან წავიდა და შეხვდა თავის სამ ძმას: სივნიელთა უფალს საჰაკს, ბაბგენს და ვასაკს. ისინი ახალი დაბრუნებული იყვნენ თავიანთ სამფლობელო. ქვეყანაში ლტოლვილებისაგან რაც იუსუფის მათზე ლაშქრობამ [გამოიწვია. ძმები] სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს და ერთი ზრახვით შეპყრობილები დაეუფლნენ თავიანთ საკუთარ სამთავროს. ისინი ცდილობდნენ აეშენებინათ და განეახლებინათ მტერთაგან დაცემული და დამხობილი მშობლიური სამფლობელო. ასევე თითოეული ძმის ცოლებმა, რომლებიც ტყვედ ჩაცვენილები იყვნენ, თავი დააღწიეს წარმტყვევნელთა ხელთაგან. [ისინი] ორი წლის შემდეგ დაბრუნდნენ და მოისვენეს თავიაწთ ტახტზე და თავიანთ უფალთა სადგომებში. ამ დროს ჰაიკის თესლნი, ძმები საჰაკი და ვასაკი, მკვიდრნი და მფლობელნი გეღამის ტბის გარშემო მდებარე გავარებისა, იმავე დღეებში დაბრუნდნენ შორეულ დევნილებიდან, დაეპატრონენ და დაეუფლნენ თავიანთ სამფლობელო ქეეყანას.
58. აშოტ მეფის აშოტთან ბრძოლისა და ამ [უკანასკნელის] დამარცხების შესახებ
აშოტ მეფემ, რომლის შესახებაც ეხლახან გვქონდა საუბარი, შეიტყო რომ მეორე მეფე, თავისი თანამოსახელე და ბიძაშვილი, არა თუ დარჩა მათ შორის [დადებულ] აღთქმაზე, არამედ მან დაიმორჩილა დაბები და სოფლები ქალაქ ვალარშაპატის გარშემო. ამის გამო [ორივე აშოტი] ერთმანეთის მიმართ სამტროდ განეწყო. მათ მებრძოლთა სიმრავლე და ავაზაკთა გუნდი განამზადეს. სანამ აშოტი უშიშრად თავშეფარებული იმყოფებოდა სოფელ ვალავერში, მოულოდნელად, განთიადისას მას თავს დააცხრა [აშოტი]. ამ გუნდმა მისი ჯარი დაანგრია და დაარღვია. თვით იგი შეჯდა ცხენზე და ტანსაცმლის ამარა თავის გუნდთან ერთად გაიქცა. საერთოდ კი ალაფად წაიღო მთელი მათი ნადავლი, საჭურველი, სამკაული, მრავალი ცხენი და ჯორი, თვითონ კი უკუიქცა ქალაქ ვალარშაპატში და იქ დადგა. მეორე აშოტი კი წავიდა და ქალაქ დვინში დაჯდა.
ამ დროს მე მივედი მათთან და მხილების არაერთი სიტყვა, მკაცრი გაკიცხვა და აღშფოთება გამოვხატე მეფისწულის მიმართ ცრემლმწთოლვარე აღგზნებით იმ დამღუპველი ვერაგობისათვის, რომელიც მან ჩაიდინა თუმცა ვევედოებოდი და ვცდილობდი მომესპო მათ შორის ბოროტი მთესველის ღვარძლი დამეხსნა ისინი სატკივართა საფუარის გაღვივებისაგან, რომელმაც დროებით ადგილი დაუთმო ჩემს სარწმუნო სიტყვებს და [ამის შედეგად] ისინიც თავიანთ ნება-სურვილს შერიგებისაკენ წარმართავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ დადგნენ წესიეო სიტყვებზე, არამედ მყისვე კვლავ მიდრკნენ ბოროტი შურისაკენ, კიცხავდნენ ერთმანეთს ძვირის ყვედრებითა და აგზნებული შურით. შემდეგ ისინი კვალში ჩაუდგნენ ერთმანეთს და ერთმანეთს გარს უტრიალებდნენ. შეირყა, შეიძრა, აოხრდა, დაიქცა და დაემხო მათი სამფლობელოები. თავიანთი დიდება უცხო ტომს ანაცვალეს, სხვათა გასამდიდრებლად და თავიანთი თავის დასაღარიბებლად გააფართოვეს თავიანთი გზა. ასე ამგვარად ორი წლის განმავლობაში ისინი [განუწყვეტლივ] ავაზაკურად ესხმოდნენ თავს ერთმანეთს.
ხოლო მე ამ დროს აფსუს საწყალო ჩემო თავო-თქო – ვიძახდი, რადგანაც მრავალჯერ მომიხდა ყოფნა მათთან, რომლებსაც სძულდათ მშვიდობა, მე კი მშვიდობის მოქმედი ვიყავი. როცა კი [რჩევას ვაძლევდი], ისინი მებრძოდნენ მე. მეფისწული [აშოტი] წავიდა და ცოლად შეირთო საჰაკ დიდი მთავრის ასული, რომელსაც მეტსახელად სევადა ერქვა. იქ ჩააბეს ფერხული და გამართეს ცეკვა. იუსუფ ოსტიკანმა მას გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი, ძვირფასი, ბრწყინვალე და მშვენიერი ტანსაცმლის სამკაული, ოქროს ლაგმიანი ცხენები, ძვირფასი საჭურვლითა და სამკაულით [მორთული], ზის დასახმარებლად [გამოგზავნა აგრეთვე] ისმაიტელ მხედართა გუნდი, [აშოტმა] დაიდგა გვირგვინი, რომელიც ოსტიკანმა გამოუგზავნა და [თავის მხრითაც] მრავალი ჭურჭელი და განძი უძღვნა ოსტიკანს. შემდეგ მან თავის ჯართან ერთად წაიყვანა თავისი სიმამრის საჰაკ მთავრის ჯარი, წავიდა და მიაღწია ქალაქ დვინის კარს, რადგან იქ იდგა მეორე მეფე, მისი თანამოსახელე. ჯარი საბრძოლველად გაიშალა. მე კი კვლავ მშვიდობისაკენ მოვუწოდებდი მათ, როგორც მანამდე არაერთგზის.
 მეფისწული აშოტი მიენდო ჯარის სიმრავლეს და ჰქონდა რა თავისი სიმხნის იმედი, დაიწყო ამპარტავნობა და მედიდურობა. ეს, [რა თქმა უნდა], არ იყო უფლის მოსაწონი. როცა საბრძოლველად ეკვეთნენ ერთმანეთს მეფისწულის სიმამრის გრიგორისა და სევად მთავრის შვილის აღელვებისა და აღგზნების მიზეზით, აშოტ უფლისწულის ჯარი უკუიქცა მათგან მრავალი ჯარისკაცი მახვილის ლუკმად იქცა. ბრძნის სიტყვების მიხედვით, უფალი ამპარტავანთა მტერია. მეფის წული შემდეგ გაემართა ქართველთა დიდ მთავართან გურგენთან და მისგან დიდძალი ჯარი წამოიყვანა. აქედან იგი მოვიდა ქალაქ ვალარშაპატში. იმჯერად უკვე არ დავრთე ნება რომ ისინი ბრძოლით შებმოდნენ ერთმანეთს, არამედ ვეკვეთე მათ ცნობიერებას. მათ ბრძნულად ყური მიუგდეს [ჩემს] კეთილ დარიგებას და სიყვარულით განეწვყვნენ ერთმანეთეს მიმართ. (ეს ამბავი მოხდა 917 წელს)
ამ დროს სივნიეთის მთავარი საჰაკი, რომელიც საკუთრად ფლობდა გელამის ტბის კიდეთა გავარებს, გარდაიცვალა, მას მემკვიდოედ დარჩა ერთი ძე, ჩვილი ყრმა. იგი დაასვენეს სოფელ ნორატუნში განსასვენებელში მის მიერ აგებულ ეკლესიის კარს.
59. აშოტ მეფესწულისა და მოსე მთავრის ბრძოლისა და ამ [უკანასკნელის) დამარცხების შესახებ
მეფისწული აშოტი (სმბატის ძე) გაემართა თავის სიმამრთან, დიდ მთავარ საჰაკთან, ხოლო შემდეგ თავისი ჯარით ისიც თან წაიყვანა და უტიის გავარისაკენ გასწია, რათა დაეთრგუნა სასტიკი განდგომილება მოსესიი რომელიც მას მთავრად და მბრძანებლად ჰყავდა დაყენებული უტიის გავარის ურჩხულის ჩვევების მქონე ტომებში. დიდი ქორეპისკოპოსი, რომელიც ალანთა კარის ახლოს გუგარეთის ნაწილს ფლობდა, მოვიდა დიღძალი ჯარით მეფის დასახმარებლად. მოსემ რომ დაინახა ჯართა სიმრავლე მასზე გროვად წამოსული. შეკრიბა ფიცხელი და უზარმაზარი ჯარი, დაქანებით მომდინარე ღვარის მსგავსად ამხედრდნენ და ჩქარობდნენ, რომ გაეშავებინათ და უკუეგდოთ თავიანთი მეფე. მეფემ კი მოსეს მოციქული გაუგზავნა რომ მოელბო მისი სიამაყე, რათა კვლავ დამორჩილებოდა და მასთან ერთად მშვიდობითა და დაწყნარებით ეცხოვრა.
მაგრამ მოსემ შემოთვლილ სიტყვებზე [მეფეს] გოროზი და მკაცრი პასუხი გასცა. მაშინ გონიერმა და ჭკვიანმა მეფემ საჰაკ მთავართან ერთად მტკიცედ შეაიარაღა თავისი ჯარი მშვილდებით, მახვილებით, ლახვრებითა და შუბებით. რჩეული ჩინებული კაცები, მეწინავენი და მემარცხენეები გაგზავნეს მარბიელად. მათ სწრაფად მიაღწიეს ხევის ნაპირს, სადაც გამაგრებული იყო მოსე თავის ჯართან ერთად. [იქ ისინი] საშინელი გრგვინვით დაესხნენ თავს და შემაძრწუნებელი შიში მოჰფინეს [მოსეს ჯარს]. მოსეს ჯარმა როდესაც დაინახა ასეთი სიმტკიცე და ძალა, უეცრად გაიფანტა აქეთ-იქით და გაიქცა. მათ მარტო დატოვეს მოსე. მაშინ შეშინებული [მოსე] მყისვე გამოვიდა პატარა ხევიდან დასავლეთის მხარეს, სასწრაფოდ გაიქცა და წავიდა სივნიეთის ქვეყანაში სუმბატ მთავართან, რომ როგორმე მისი დახმარებით მოეხერხებინა გასაჭირისაგან თავის თავის დაღწევა. სანამ მეფე უტიის გავარში იდგა, რომ დაემორჩილებინა ქედფიცხელი და ავაზაკი ხალხი ამ ქვეყნისა, მოსე უეცრად გამოვიდა სისაკანის მხარეებიდან და განიზრახა წანართა დიდ ქორეპისკოპოსთან წასვლა. სიკეთის აღთქმით [მოსეს] სურდა იგი თავის მოკავშირედ ექცია და ამით ეხსნა თავისი სამფლობელო.
ასეთი უბედურება რომ ეწია მეფეს, იგი შეეცადა სასწრაფოდ დასწეოდა [მოსეს. მეფემ] შეიყვანა ცხენი მოსესაგან მტკიცედ შეჭურვილ [ჯარში], მივიდა მასთან ახლოს, ჩამოიცვა რკინის ჩაფხუტი, დასცა ხმალი, შუაზე გაუპო მაგარი ჩაფხუტი და მიწაზე დაანარცხა იგი. [შემდეგ] მობრუნდა უკან და თან წამოიყვანა მოსე, ამოუწვა მას თვალები და დააბრმავა; რადგანაც ვინც ნებსით თვით იტვირთავს სიბრმეს, ვეღარასოდეს ვერ შესილებს გამომრთელებას. როდესაც ეს ამბავი ასე სასურველად დამთავრდა, მაშინ წავიდა მეფე შირაკის გავარში და მოსიყვარულე გულით მოუხმო თავისთან თავის ძმას აბასს, რომელიც მთავართა-მთავრად იყო დადგენილი, აგრეთვე ქართველთა მთავარს გურგენს – თავის სიმამრს. მან არ იცოდა, რომ ისინი მის მიმართ ბოროტი შურით ღალატს ქსელავდნენ. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ ორმანისში. აშოტმა მათ დიდი პატივი მიაგო სიუხვითა და სიკეთით შეფეთა წესის შესაფერისად.
რადგან არ გაუმარჯვდათ იმ ადგილს, რომ გაეღოთ მათ დაღუპვის კარი, ზეგარდამო მოხილვის ძალით გაემგზავრა და ეჭვი რომ არ აეღოთ, დაბა-ქალაქ ერაზგავორში მივიდა. მათ სიყვარულის ნიღაბქვეშ განიზრახეს მეფის ღალატი, დაუგეს მას მახე და მოულოდნელად თავს დაესხნენ, რომ ფარულად აეკუწათ იგი. მეფემ ცოტა ხნით ადრე შეიტყო ეს. მან საჩქაროდ წაიყვანა თან თავისი ძმის აბასის ძე, ერაზგავორის ხიზნები და ძლივს გადაურჩა ვერაგ მონადირეებს. იგი უტიის გავარისაკენ გაემართა.
როდესაც ისინი მოვიდნენ და ვერ შესძლეს იმის განხორციელება, რაც სურდათ, სირცხვილმა შეიპყრო. მათ იქ დარჩენილი დახიზნული ხალხი  გაძარცვეს და უკან ისე დაბრუნდნენ, ამის შემდეგ ჩამოვარდა მათ შორის სასტიკი მტრობა. [ისინი ერთმანეთის მიმართ] წინასწარ მოფიქრებული მომაკვდინებელი ბოროტებით განეწყვნენ ვასაკს, რომელიც საკუთრად განაგებდა გელაქუნის სამფლობელოს, მეფის შიში ჰქონდა, მან მოსთხოვა [მეფეს) ფიცის წიგნი, რომ მასთან შესვლისა და გამოსვლის დროს უშიშრად ყოფილიყო. [ამ დროს] მივიღე მეფის წერილი და გადავეცი ვასაკს. [ვასაკი] წავიდა მეფესთან. [მეფემ] იგი პირველად დიდი პატივით მიიღო, როგორც ერთგული შემწე და თავისი სარწმუნო და საყვარელი ძმა. ხოლო შემდეგ იგი აცდუნეს ზოგიერთებმა, რომლებიც ამბობდნენ, თითქოს ვასაკთან აღმოჩენილიყო წერილი მეორე აშოტ მეფისა და თვისი სიმამრის გურგენისა, ერთი შიკრიკის ხელით [მოტანილი] და ათასგვარი ვერაგული ზრახვებით აღსავსე. ამის გამო [აშოტ მეფემ] შეიპყრო [ვასაკი], შეკრა იგი რკინის საკვრელებით და ჩასვა ციხეში, რომელსაც კაენი ეწოდება. მე სასტიკი სიტყვებით ვამხილე მეფე, ავავსე იგი დიდი ყვედრებით ფიცის დარღვევისა, ვასაკის შეკვრისა და მისი სამფლობელოს დაპყრობის გამო. [აშოტ მეფეს] ვასაკისათვის [ფიზიკური] ზიანი არ მიუყენებია, მხოლოდ ცოტა ხნით დატოვა [ციხეში], შემდეგ კი თავს იდვა მისი საპატიმროდან გაშვება და თავის სამფლობელო ქვეყანაში დაადგინა. მე დავეთანხმე მის სურვილს მაშინვე, რომ მერე ბავშვურად არ მოქცეულიყო და არ ჩაედინა მხეცური საქმე. დანარჩენი კი სხვა დროისათვის მოვიტოვე საზრუნავად და ზეციურ მოხედვას მივანდე.
60. საჰაკ მთავრის აშოტ მეფის მიმართ ურჩობის, [აშოტის] მიერ მისი შეპყრობისა და სხვა მთავრების საქმეების მესახებ
ამ დროს სომხეთში ვინმე აგარიანელი, სახელად ფარკინი67 ხალიფამ ოსტიკანად გამოგზავნა (917 წ.), მან თან ჩამოიტანა გვირგვინი, [რომელიც] თავზე დაადგა გაგიკ მეფეს. [ამრიგად გაგიკი] სომხეთში სამგზის იკურთხა მეფედ. [ოსტიკანმა იგი] სხვა მშვენიერი სამკაულებითაც შეამკო.  მეფემაც არამცირედი პატივი და უხვი ძღვენი მიაგო მას. მან ხალიფასაც ოქროსა და ვერცხლის დიდძალი განძი გაუგზავნა, ზოგი სამეფო ხარკად, სხვა კი შესაწევრად. იუსუფ ოსტიკანი ამან უფრო მეტად გააბოროტა, საშინლად იღრჭენდა კბილებს გაგიკ მეფის მიმართ, ემუქრებოდა სრული მოსპობით და საშიში სიტყვებით.
დიდი და ჩინებული საჰაკ მთავარი (საჰაკ სევადა), რომელსაც აშოტ მეფე დასიძებით ეშვილა, მოტყუვდა ზოგიერთ ბოროტგამზრაზველ მისანთაგან, დანთქა თავისი დიდი სიბრძნე და დაიწყო ბოროტების ქსელვა მეფის, როგორც უცხო მტრის მიმართ. როდესაც ზამთრის ყინვები და სიცივეები გავიდა, მათ ორივემ ჯარი შეკრიბეს ერთმანეთთან საბრძოლველად. ისინი ჩავიდნენ ერთ ადგილს, სოფელ ახაიანში, სადაც მებრძოლთა რაზმს ერთმანეთის წინააღმდეგ ამზადებდნენ. დიდგვარიანებმა ამხილეს ორივე, რომ ამაყი და თავმოყვარენი ხართ და მხოლოდ თქვენი თავი მიგაჩნიათ ყოველგვარი სიკეთისა და სიმხნის დასაბამადო. ასე დაამშვიდეს ისინი და მათ შორის სამშვიდობო ზავი ჩამოაგდეს.
შემდეგ მათ ფიცი და მრავალი პირობა წერილობით მისცეს ერთმანეთს ქრისტესაგან დადებული საზღვრითა და ჯვრის წმინდა ნიშის მეოხებით. ამის შემდეგ მეფე უკან გამობრუნდა და გასწია ქალაქ დვინის კარით, აქ მან [დვინელთა] სისხლის ღვარი დააყენა, სრულიად გაძარცვა [მოსახლეობა] და დათრგუნა მათი ძლიერი, დიდი და სასტიკი განდგომილება და დაუმორჩილა თავისი მონობის უღელს.(917 წ.)
შემდეგ იქ სისაკანის ტომის დიდი მთავარი სუმბატი თავის სამ ძმასთან ერთად განრისხდა აგარიანელის მიმართ, რომელიც იმ დროს გოლთანის გავარს მიმძლავრებით ფლობდა. ძმებმა მას მოსთხოვეს, რომ დაებრუნებინა მათთვის თავიანთი საკუთარი სიმაგრე ერნჯაკი და მის ძირას [მდებარე] გავარი, რომლებიც იუსუფ ოსტიკანს აეღო და გოლთან ტირანისათვის გადაეცა. მან კი ისინი ხალიფას კარიდან მისთვის ნაწყალობევად მიიჩნია, ამიტომ არ ისურვა მათი დაბრუნება ამის. შემდეგ ორივე მხარემ შეკრიბა ჯარი, გააწყო რაზმი და მარბიელებივი გრგვინვით შეებნენ ერთმანეთს. რაზმებად განეწყვნენ და მარბიელებად მოეფთინნენ ერთმანეთს. აგარიანელთა გუნდი შეძრწუნებული  უკუაქციეს. ამ დროს გაბავონელ სუმბატ მთავრის ჯარი ზურგით ედგა მის ძმას ვასაკს. მარცხენა ფრთიდან უეცრად ბოროტი განზრახვით, ვითომ ვასაკის შემწემ, [სუმბატმა მის რაზმში] ცხენი შეიყვანა. [ისინი] თავს დაესხნენ, დააგორეს და ძირს დასცეს ძლიერი ვასაკი, თვითონ კი ზურგი აქციეს და გაემართენ ქალაქ ნახიჭევანისაკენ. მშვენიერი ახალგაზრდის გვამი ძმებმა გამოიტანეს ბრძოლის ველიდან, წაიღეს, დაასვენეს თავიანთ მამებთან და დიდად დაიტირეს.
აშოტ მეფემ დამორჩილებული ქალაქი დვინი თავისთვის მოამზადა, შემდეგ ზურგი აქცია მათ და მიჰმართა ქართველთა ქვეყანას. იქ მან თან წაიყვანა ქართველთა მეფე ადარნასე. მათ ორივემ ბრძოლა დაუწყეს გურგენ მთავარს. თითოეული მათგანი შურს იძიებდა მზაკვრობით [და] ბოროტებით. მას უმართებულო შიში მიაყენეს და ქვეყანა დაუქციეს და დაუმხეს. თუმცა მეორე მეფე აშოტი და მეფისწულის ძმა აბასი მიესივნენ გურგენს, მაგრამ ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ბრძოლის წესისამებრ [და] ღრმა ჭალები და ტყიან ხევებში გამაგრდენ, მაგრამ ადგილთა სივიწროვემ არათუ შეაჩერა მტაცებელთა რბევა, არამედ ფაროსანი ჯარის სიმრავლე მუდამ, როგორც ზღუდე, მათ წინააღმდეგ [იყო] აღმართული. მშვილდითა და მახვილით შეჭურვილნი დაჭრილებს [ძირს] აქცევდნენ, სანამ ისინი არ ალაპარაკდებოდნენ მორჩილებასა და მშვიდობაზე; რაც მათგან ქვეყანას აოხრება და შეძრწუნება ხვდა წილად, ორმაგად ახლა განაახლეს იგი. როდესაც უკვე მშვიდობა უნდა დამყარებულიყო მათ შორის, სწორედ იმ დროს აშოტ მეფეს სამწუხარო ამბავი მოუვიდა უტიის გავარიდან. მას უამბეს მისი სიმამრის საჰაკ მთავრის უტიის გავარში გადმოსვლის და იმ სიმაგრეების გაძარცვისა და მიტაცების შესახებ,  რომლებიც ძოროფორს იყო. [აცნობეს აგრეთვე] მის მიერ ხიზნების თავის სამფლობელო ქვეყნის სიმაგრეებში წაყვანისა და მისი გავარის მთიან მხარეებში დადგომისა და გამაგრების შესახებ.
ეს რომ შეიტყო ყოვლად ძლიერმა და დიდად ჭკვიანმა ქართველთა მეფემ ადარნასემ, მიატოვავა თავისი დისწულის გურგენის საქმეები, რომლებსაც ის [უძღვებოდა], თითქოს [ამ საქმეებზე] სხვა დროისათვისაც ზრუნვა შესაძლებელი იქნებოდა. მან საჩქაროდ მოამზადა და გაგზავნა სომეხთა მეფე აშოტი საჰაკ მთავართან საქმის მოსათავებლად. თვითონ კი თავისი ჯარი ზურგში დაიტოვა, შეარჩია მხოლოდ 300 კაცი. ისინი სისწრაფით გაემართნენ და მიაღწიეს ძოროფორს. აქ ჯერ კაენის ციხე ინახულეს, რომელიც მიტაცებული იყო საჰაკ მთავრის მიერ და რომლის საპატიმროშიც იმყოფებოდა სივნიელთა უფალი ვასაკი. [აშოტ მეფემ] გამოიყვანა იგი და გაუშვა თავისი მამის სახლში, [გაათავისუფლა] აგრეთვე სხვა აზნაური ქალებიც, იქ რომ იყვნენ, როგორც ტყვეები. [ამის შემდეგ] ის გაშორდა [ციხეს], ციხეში კი თავისი მცველები დააყენა. შემდეგ მან მიმძლავრებით დაიპყრო სხვა ციხეც, რომელიც კაენის ციხესთან ახლოს იყო, მახვილს მისცა ციხის მცველები, ხოლო მოსახლეობა მთელი თავისი ავლა-დიდებით ხიზნად წაასხა თავის სამფლობელოს სიმაგრეებში. მათი ყანები, რომლებიც მკის პირს იყო მიწეული, უდროოდ მოცელა, აღაგზნო ცეცხლი და გადაწვა, რომ არ შებრძოლებოდნენ მას და არ შეეშალათ ხელი მეფისათვის იქ დამკვიდრებაში.
როდესაც მეფემ დაინახა, რომ ამგვარი მძიმე უბედურება, შფოთი და ალიაქოთი მოედვა მის სამფლობელო ქვეყანას, აღარ შეუშინდა მთავრის ჯართა სიმრავლეს. მან არც თავისი გუნდის სიმცირე გაითვალისწინა, გაემართა და წავიდა [მტერთან] შესახვედრად, რომელიც დაბანაკებული იყო ერთი მცირე მთის ხევებში ტავუშის ხევის დასავლეთით. [ისინი იქიდან] უთვალთვალებდნენ, რომ მიეტაცათ და ჩაეგდოთ მეფე თავიანთ მახეში. მათ აქ იპოვეს ერთი მცირე ბორცვი, რომელსაც კლდე ეკრა გარშემო. ამ ბორცვზე ავიდა და დაბანაკდა მთელი ჯარი ღამით. შემდეგ [მეფემ] ერთი ეპისკოპოსთაგანი მოციქულად გაუგზავნა საჰაკ მთავარს და შეუთვალა: „რა ბოროტება, ან რა ვნება მოგაყენე მე შენ, რომ მის ნაცვლად ღირსი შევიქენ შენგან ამგვარი მძიმე უბედურებისა რომელიც აღსრულდღა [ჩემზე] შენმა ფიცის წიგნმაც კი არ მოგიყვანა შენ სინანულად. რატომ ხარ ამჟამად ფუჭი მაძიებელი ჩემი უდანაშაულო სისხლის დაღვრისა. აწ შეაქციე ზურგი მაგ რისხვას და მიიქეც სიკეთისაკენ რადგან ამაოდ დაგიმალავს ეგ მახე ჩემს წასახდენად. ორი სიმაგრე, რომლებიც მიიტაცე, მომეცი მე და ჩემი ქვეყნის ხიზნებიც დამიბრუნე. ამის შემდეგ დამყარდება ჩვენს შორის ურყევი მშვიდობა, როგორც ალალ მამასა და საყვარელ შვილს შორის“.
მთავარმა, როდესაც მოისმინა მოციქულის ამგვარი სიჭტყეა, არათუ პასუხის ღირსად ჩათვალა იგი, არამედ უფრო მეტად განრისხდა და ეპისკოპოსს უთხრა: „შენ აქ ჩემს კარავში დაჯექი, მე კი წავალ მასთან და ჩემი მახვილით სწრაფად მივართმევ მას შემოთვლილ სიტყეებზე პასუხსო“. თქვა რა ეს, შეკრიბა მთელი თავისი ჯარი 8 ათასზე მეტი კაცი და გაგზავნა წინ მცირე ბორცვის მიმართულებით, რომელზედაც მეფე იდგა. ქვეითად მებოძოლ ჯგუფს უბრძანა ფარები აღემართათ, რომ უძლეველი ზღუდის შესახედაობა პქონოდათ, მათი ზურგის მხარეს კი ცხენოსანი გუნდი დააყენა, შეჭურვილი და შეკაზმული იარაღითა და სამკაულით. მოწინავე დამცველები ფაროსანი ჯარის წინ სწრაფმავალი ცხენებით დაიძრნენ. ისინი აქეთ-იქით მიდი-მოდიოდნენ. უკვე მთიების ამოსვლეს ხანს ელვა იფრქვეოდა ქარქა გაშიშვლებულ ხმლოსანთა სიმრავლისაგან, ასევე ჩაფხუტთაგან, ზურგისა და მკერდის საცავ სპილენძის ფიცართაგან და მკლავთა და თეძოთა ჯავშანთაგან. მეფემ როდესაც დაინახა მტკიცედ შეიარაღებული დიდძალი ჯარი, გარს შემომდგარი, უკან მოიტოვა თავისი ასეული, რომელიც გრძელი გზის |გავლის გამო| დაცვივდა, თვითონ კი მხოლოდ ორი ასეულით დაეშვა მცირე ბორცვიდან მათ წინააღმდეგ.
მაშინ მთავარმა ღმრთის წინაშე გაშალა ფიცის წიგნი და თავისთვის თქვა: „თუ მე რაიმე შევცოდე, ანდა ვუმტყუნე ამ ფიცს, უფალო ღმერთო, მომაგე მე ვნება ჩემი სიცრუისათვის და თუ მთავარი არ დაემორჩილა [ფიცის წიგნს], მიაგე მას ვნება და მიხსენ უდანაშაულო სიკვდილისაგან, რომელსაც ქსელავენ და თავს მატეხენ“. შემდეგ მან ფიცის წიგნი წმინდა ჯვრის მტვირთველ სახედარს შეაბა. მას ჩვეულებად ჰქონდა ამ [სახედრის] თავის წინ ტარება. უეცრად ერთ მხედრობად შეჭურვილმა ორმა ასეულმა დიდი ხმით დასძახა და ცხენები [მტრის რაზმში] შეაგელვა. თავდაპირველად ესენი შეიჭრნენ საბრძოლო ასპარეზზე და ერთი თვალის დახამხამებაბი ქარივით გაფანტეს ისინი. აღარავინ დარჩა საბრძოლო მოედანზე, ორსაც კი ვერ ნახავდით მათგან ერთად; მიმობნეული იყვნენ ზვირთებსა, ჭალებსა, ღრმა ხევებსა და მაღნარებში. მათგან გზას არავინ ასცდენია მცირედან დიდამდე, გარდა ორი საჰაკ მთავრისა და მისი შვილის გრიგორისა, რომლებიც შეიპყრეს და წაიყვანეს. ამის შემდეგ მეფემ თვითონ დაიჭირა გარდმანის სიმაგრე და მთელი ქვეყანა დაიპყრო და დაიმორჩილა.
სიკვდილის შიშით შემკრთალი მეფე ფიქრობდა, რომ თუ გაათავისუფლებდა მთავარსა და მის შვილს, ეს მისი სიკვდილის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ თუ ასეთ გამოჩენილ კაცებს საპატიმროში ჩასვამდა და სხვათა ხელთაგან ექნებოდათ ხსნა, როგორც ვასაკს, მაშინ მისი სიკვდილი აუცილებლად კარს იქნებოდა მომდგარი, ამნაირად, უგუნური შიშით შეპყრობილმა დაუბრმავა მათ ორივეს თვალები, უგულებელყო ღმრთის მოხედვა, რომელმაც იმჯერად იგი იხსნა და [არ დაუფიქრდა], რომ ასევე შემძლებელი იყო იგივე ღმერთი ნება არ მიეცა მისთვის კვლავ ღალატის ჩადენის შიშისაგან. ასე ჩაიდინა მან [ღმრთის] განმარისხებელი [საქმე] ყველამ გული აიყარა მასზე და გაშორდნენ მას. ყველა ეს ომები თარიღდება 917-919 წლებით).
67. ფარკინი - აბდ ალაჰ ბენ მუჰამად ალ-ფარიკი, არაბი სარდალი, რომელიც ჩამოვიდა ვასპურაკანში აზერბაიჯანის გამოვლით 919 წლის მეორე ნახევარში. მაშინ აკურთხა მეფედ გაგიკი. ამ ამბის თხრობისას იოანე კათალიკოსი უკან იხევს და გვიყვება 917 წლიდან 9169 წლის პირველ ნახევრამდე ამბებს.
61. იუსუფის განდგომისა, სბუკის ოსტიკანობისა და მის საქმეთა შესახებ
ამაზე ცოტა უფრო ადრე იუსუფ ოსტიკანი აუჯანყდა და განუდგა ისმაიტელ ხალიფას. მან არად ჩააგდო შთამომავლობის სიუხვე. ხალიფამ მასთან მარბიელად გაგზავნა ერთი თავისი ნახარართაგანი დიდძალი ჯარით. თუმცა [იუსუფი] ერთი-ორჯერ შეიჭურვა მათ წინააღმდეგ და დარტყმაც მიაყენა სამეფო ჯარებს, მაგრამ მაინც ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა68. შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და შეკრული მიჰგვარეს ხალიფას. ამრიგად, ღმრთის მადლთა მოხედვამ იხსნა გაგიკ მეფე მისი მხეცური და ბოროტი მუქარისაგან. როცა იუსუფი შეპყრობილ იქნა ამირას მიერ, იმ დროს მისი ერთი მსახურთაგანი, უფრო მეტად საპატიოთაგანი, სახელად სბუკი, რომელიც იყო მთავრი და მბრძანებელი მთელი მისი სახლისსა, ძალადობით დაეუფლა იუსუფის სამფლობელო ქვეყანას.
მცირე ხნის შემდეგ კი იგი ხალიფამ იუსუფის ნაცვლად ოსტიკანად დაამტკიცა, მანაც [სანაცვლოდ| იუსუფთან შედარებით უფრო მტკიცე აღთქმა დაუდო აშოტს მშვიდობასა და ერთობაზე. აშოტს იგი შაჰანშაჰს უწოდებდა. სბუკ ოსტიკანმა ჯერ კიდევ ვერ ამოიგდო გულიდან ბოროტი გესლი და შური, რასაც მუდამ ცდილობდნენ დაენთხიათ გაგიკ მეფეზე. რამდენიმე დღის შემდეგ თავისი ჯარი გაგზავნა ჭუაშის გავარის მხარეებში; თუმცა ამ გავარის მცხოვოებლებმა წინასწარვე შეიტყვეს ბოროტი მტრის ლაშქრობის შესახებ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რომ ყველანი შეხიზნულიყვნენ სიმაგრეებში. მტრები ელვასავით ეკვეთნენ მათ და მარბიელი მოჰფინეს გავარებს. გაძარცვეს და დიდძალი ნადავლი წაიღეს. ისინი, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამაგრებულ ადგილებში თავის შეფარება, ტყვედ წაიყვანეს, ესენი იყვნენ ღონემიხდილი კაცები და ქალები და ჩვილი ბავშვები. ეს რომ დაინახა გაგიკმა, როგორც გონიერი მეფე მიხვდა, რომ არ შეუძლია სბუკის წინააღმდეგ ბრძოლა და მასთან თავისი სიტყვა მორჩილების დაპირებით შეცვალა. შემდეგ მან ვინმე გეორგ ჰავნუნი მოწესეთა რიგიდან დიდი ღვნითა და საჩუქრით სბუკ ოსტიკანს გაუგზავნა და შერიგება სთხოვა. [ოსტიკანმა] შეიწყნარა იგი და ფიცის წიგნი მისცა, რომ მეტად აღარ გაეგრძელებინა მეფის წინააღმდეგ იმავე შეურიგებელ აზრზე დგომა.
ამგვარად, შეწყდა მტრის ლაშქრის თავდასხმები. გაგიკ მეფის სამფლობელოში, თავიანთ მოსასვენებელ სადგომებში ლაღად და მოსვენებით იყო ხალხი. მათ აღარ ეშინოდათ გარეშე თავდასხმებისა.
68. იუსუფმა დაამარცხა ხალიფას ალ-მუკტადირის გამორჩეულმა სარდალმა მუნისმა, რომელიც ხალიფას კარზე დიდ როლს თამაშობდა. იუსუფი დაატყვევეს  არდებილის ახლოს 919 წლის 19 ივნისს.
62. ვასაკის განდგომისა და აშოტის მიერ მისი დამორჩილების შესახებ.
ამის შემდეგ უკვე გამოაშკარავდა განდგომის [ამბავი] ქანანიტ ვასაკ გნდუნისა, რომელსაც მინდობილი ჰქონდა შამშულდეს სიმაგრის დაცვა. ღალატის განზრახვამ მას ამაოდ ჩაუარა. [ვასაკ გნდუნმა] ზურგი შეაქცია აშოტს (აშოტ II ერკათი), რომელსაც შაჰან შაჰი ეწოდებოდა და მიენდო ქართველთა მთავარს გურგენს (კლარჯელი გურგენ IV დიდი), აღუთქვა მას დიდი სიმაგრის მიცემა, ოღონდ [სამაგიეროდ] თავისი ოლქიდან სხვა სიმაგრე კრუსტი დაეთმო მისთვის. მან ვასაკის თხოვნა სწრაფად შეასრულა, ფიცის წიგნი დაბეჭდა და გაუგზავნა. [ვასაკმა] როდესაც დაინახა] მისი სარწმუნო სიტყვა ფიცის წიგნში, გამოვიდა სიმაგრიდან და გაეშურა გურგენ მთავრისაკენ. რადგან ამაზე ადრე ვასაკის ძმა აშოტი გურიის(?) ქვეყნის ლაშქარმრავალმა ძალამ იმსხვერპლა, ამიტომ [ვასაკმა] გამგზავრებისას თავის გამოზრდილ უმცროსებს ჩააბარა ხელთ ციხე. ხოლო, როდესაც იგი გურგენ მთავარს შეხვდა, იქვე შეაბრუნა და მიიყვანა სიმაგრის კარს, [რომლის] მიცემას თხოულობდა. მაგრამ სიმაგრის მცველებმა არ ისურვეს [ციხის] გადაცემა მანამდე, სანამ ვასაკს არ მოიყვანდნენ.
როდესაც მთავარმა ციხის მცველებს ბრძოლა გაუმართა, მათ მყისვე აცნობეს შაჰანშაჰს,  ისიც სწრაფად გამოემართა საქმის მოსაგვარებლად; როდესაც აშოტ შაჰანშაჰი ადგილზე მოვიდა, გურგენი მაშინვე გასცილდა ციხის კარს, მაგრამ მცველებმა არც აშოტს დაანებეს სიმაგრე, სანამ არ მოიყვანდნენ ვასაკს. მაშინ აშოტმა სიმაგრეს ალყა შემოარტყა და მის ასაღებად მარჯვე დროს ელოდა. [ამ დროს] გურგენმა მრავალი ფიცით დაითანხმა მცველები და [დაჰპირდა], რომ ვასაკს მოჰგვრიდა, ისინი დათანხმდნენ [გურგენს] რომ გამოეგზავნა ჯარი და ჯარს გადასცემდნენ სიმაგრეს, ხოლო მთავარმა სამასიოდე მხნე და გულადი კაცი გაგზავნა მშვილდოსნები, ფაროსნები და მახვილოსნები. მათ როგორც კი მიაღწიეს საიდუმლო კარის შესასვლელ ადგილს, გააღეს იგი და მოედვნენ სიმაგრეს. სიმაგრის მცველებმა როდესაც იგრძნეს მათი მზაკვრობა, რომელიც მათ აღსასრულს უქადდა, მიატოვეს შიდაციხე და ერთად მიმართეს ზედა ციხეს, [სადაც] სასტიკი ბრძორა გაუმართეს გურგენის ჯარს. [ისინი] ცდილობდნენ გარეთ გამოეძევებინათ [გურგენის ჯარისკაცები. ამ დროს] აშოტმა არ იცოდა საქმის ვითარება. მას ასე მოეჩეენა, თითქოს ციხე-სიმაგრის ხალხი ქება ერთმანეთს და თვითონაც გარედან ზედა ციხესთან გააჩაღა ბრძოლა. [ციხის მცველებმა] ძახილით [მიაწვდინეს] ზემოდან ხმა [და] შეატყობინეს მეფეს საქმის ვითარება. [მათ დაარწმუნეს მეფე] თითქოს გურგენის ჯართან ომს მისი გულისათვის აწარმოებდნენ. მეფემ შესძახა მათ: „თუ ჩემთვის იღწვით ამ ბრძოლაში, რატომ მე არ გამიღეთ ეგ კარი, რომ შემოვსულიყავი და [მანდედან] ადვილად მომეგვარებინა საქმე. [ამისათვის მე თქვენ] მრავლად მოგანიჭებდით ყოველგვარ სიკეთესო“. ამის შემდეგ გაუღეს მას სიმაგრის კარი. [აშოტმა] შესვლისთანავე დაატყვევა გურგენის მთელი ჯარი. რამდენიმე დღის შემდეგ მათ ყველას თვალები, ცხვირი და ყურები დააცალა. ამგვარად [აშოტმა] დაიპყრო და დაუმორჩილა თავის ძალაუფლებას ჩრდილოელი ხალხი. ასე გაძლიერდა ღმრთის გამმარჯვებელი მოხედვით. (ეს ამბები უნდა მომხდარიყო 921 წელს)
63. ამრამ მთავრის განდგომისა და მისგან აშოტ შაჰანშაჰის ძლევის შესახებ
მომხდარი ამბების შემდეგ შაჰანშაჰად წოდებული იქიდან გაემართა და უტიის გავარს მიაღწია. იქ მან მის მიერ დაპყრობილნი მკაცრი სიტყვებით დაარწმუნა, თუ ვინმე [გამოჩნდებოდა ისეთი], ვისაც უყვარდა მზაკვრულ ზრახვათა გამომჟღავნება, იგი [მაშინვე] შეამჩნევდა და სასიკეთო სიტყვით, როგორც აღვირით ალაგმავდა  მის ველურ  საქციელს და მოიყვანდა გონივრულ აზრზე. შემდეგ მან მათგან შეაგროვა ჯარი, გასწია და მიაღწია კოტაისის გავარს. იქიდან აშოტმა მაშინვე გაუგზავნა საჩქარო წიგნი მეორე აშოტ მეფეს (შაპუჰის ძე), თავის ბიძაშვილს და [სთხოვა], რომ აღედგინათ წინანდელი სიკეთე, დაბრუნებოდნენ სასარგებლო წესს და შეხვედროდნენ ერთმანეთს სიყვარულისა და მშვიდობის ნაყოფით, არ უარეყოთ საუფლო ცხოვრება საერთოდ, რათა მათი ქვეყანა არ გატიალებულიყო, არ ქცეულიყო ეკლოვანად და ძეძვიანად და ავაზაკთა დასასადგურებელ ადგილად. მან წერილი მეც გამომიგზავნა, რომ არ დამეყოვნებინა, წავსულიყავი და დამეწყნარებინა ისინი და შემემზადებინა მათ შორის მშვიდობა, არ მიმეცა ნება ერთმანეთისათვის მახის დაგებისა და არეულობის შექმნისა.
აშოტ მეფემაც დაიჯერა, გულითადად შეიწყნარა ის სიტყვა და დაუყოვნებლივ გაუდგა გზას. ჩვენ ორივენი გავემართეთ შაჰანშაჰად წოდებულთან შესახვედრად. იქ შემდეგ ჩემი კარნახისა და დარიგების მიხედვით, რაც მიმართული იყო მსმენელთა სასმენელისაკენ და ცხრებოდა, განიგდეს გარს შემოხვეული ბურუსი და ბოროტი აზრებისა და უგუნურების ნისლი, ყოველმხრივ დაუჭირეს ერთმანეთს მხარი, რომ დაემყარებინათ სრული სამშვიდობო ზავი და ფიციც დაედოთ. ისინი ორივენი მამინვე მოვიდნენ დედაქალაქ დვინში და დათრგუნეს წარმართ მსახურთა ცდუნება. დაიპყრეს და დაიმოოჩილეს [ქალაქი] და დიდი თამაში და შვევების ლხინი გამართეს. შაჰან შაჰად წოდებული უკუიქცა და გაემათა იქვე თავის საყვარელ უტიის გავარისაკენ. გზად მიმავალმა ცუდი ამბავი შეიტყო იმ მხრიდან; ამრამად წოდებულმა, რომელსაც თავისით ღონის გამო მეტსახელად მრავალთაგან ცლიკი შერქმეოდა, რომელიც შაჰანშაჰს ქვეყნის საქმეების გამგებლად ჰყავდა დაყენებული, გონება ბოროტების წყვდიადით დაიფარა და გაამაყდა. მან გადაწყვიტა განდგომოდა შაჰანშაპად წოდებულის მორჩილებას. დაგმო და შეურაცხყო თავისი სკვიდრი სამფლობელო და უმჯობესად მიიჩნია უმკვიდრო გურგენის (გურგენ IV დიდი კლარჯი) მონობის უღელქვეშ შესვლა, რომელიც გამირქის ქვეყნის მთავართა მთავარი იყო. ყველა სხვა იმ ოლქის ნახარარობაც თავისთან წაასხა [და] ამბოხებაში თავის მხარეზე გადაიბირა.
[ცლიკმა] შემდეგ საჩქაროდ აიღო ტავუშის სიმაგრე, მასში მტკიცედ დაიცვა თავისი ოჯახი, რომ თვითონ და მისიანები. როცა კი მოიცლიდნენ, მოსულიყვნენ და თვით ეტვირთათ საქმის, მოგვარება და ადვილად მოესპოთ დამალული მახე.
ხოლო აშოტი გაემართა და მიაღწია უტიელთა ქვეყანას. მან დაინახა, რომ [იქაურები] მას გასდგომოდნენ და ზურგი შეექციათ. ვერავინ ნახა თავისი მომხრე, გარდა უმნიშვნელო, მცირეოდენი ხალხისა. ამგვარად მას შეუცნობელი დაურჩა [თავისი] საქმის უბედურად [დატრიალების] ამბავი. შემდეგ იგი გაემართა ეგრისის მეფისაკენ. გული დაიიმედა უეჭველი იმედით, რომ აღადგენდა წინანდელი სიყვარულის კავშირს, რომ იქნებ მისგან მოემკო სანუკვარი ეგრისის მეფემ აშოტი მრავალი ძღვნითა და სიყვარულით აღსავსე გულით მიიღო, ყველაფერში თანაგრძნობა გაუწია მთელი გულით, სულითა და ძალით. შემდეგ კი დიდი დახმარება აღმოუჩინა მას. შეუკრიბა დიდძალი ჯარი, შეჭურვილი ჰაერში მონავარდე რაშებით, რკინა-ნაჭედი ჯავშნით, შიჭმის მომგვრელი ჩაფხუტებით მკერდის დასაფარავი რკინის ლურსმნებით მოჭედილი ფიცრებითა და მაგარი ფარებით, სამკაულებით, შუბებითა და ლახვრებით. ყველაფერი ეს მისცა მას ხელთ მტრებზე შურის საძიებლად. ისიც სასწრაფოდ დიდი ლაშქრით ჯგუფებად გამოემართა. როგორც ერთ კაცს ყველას ამხნევებდა. მას ეჩქარებოდა საქმის დასასრული და რომ თავისი მხედრობის საჭურველი მტრებისათვის დაეშინა. ხოლო ამრამმა, რომელსაც მეტსახელად ცლიკი ერქვა, და მასთან ერთად სხვა განდგომილმა ავაზაკებმა თავიანთ დასახმარებლად დიდძალი ჯარი შეკრიბეს ყველგან და დაბუნაგებული და გამაგრებული იყვნენ გაუვალ ტყეებში მდინარე მტკვრის ნაპირას. აშოტმა, როდესაც [დაინახა, რომ] ვერ შეძლო ბრძოლის წარმოება მტრებთან, თავისი ჯარი წინ გაიგდო და უგუნურად გადაეშვა ერთ-ერთი სიმაგრის ვიწრო და ძნელად გასასვლელ ადგილებში. იქიდან ამოსვლას ვერავინ შეძლებდა, რადგან ირგვლივ ძეძვები და დაჭაობებული საფლობები იყო. [ერთადერთ გზას წარმოადგენდა] ის ვიწრო და ძნელად გასასვლელი ადგილი, რომლითაც შევიდნენ.
ამგვარად თავისი ნებით ჩაცვივდნენ საპყრობილეში. მათ ვერ შეძლეს გარედან შიგნით შეეტანათ საზრდო საჭმელად, ან წყალი გასაგრილებლად, ანდა ცხენებისათვის თივა. აზრთა მერყეობისაგან შევიწროებული, გაწამებული, გვემული და შეცბუნებული იყო საერთოდ მთელი ჯარი. მათ გონება იმდენად მოუუსუსურდათ, რომ მტრებმა ყური მოჰკრეს მათ ფარულ განზრახვას: შეპყრობილსა და შეკრულს გადასცემდენ აშოტს, რის შემდეგაც. თითოგული მათგანი ყოველგვარი ვნების გარეშე გამოვიდოდა და თავთავის ადგილს გასწევდა. ეს რომ აშოტმა გაიგო, დიდმა შიშმა შეიპყრო. ფარულად თავისი ახლობლები და მოჩევლები შემოიკრიბა ფიცის პირობით. ჰაერში მონავარდე ცხენები მოამზადა და მოულოდნელად შუა ღამისას ამხედრდა. გაჰკვეთა ლაშქარმრავალი ჯარი და გაემართა სიმაგრისაკენ რომელსაც კაქავაქარი ეწოდებოდა (წოფოფორში, გუგარქში, დღევ. მარნეულის რაიონი). იქიდან უკვე შეეძლო წასვლა. ეს რომ მტრებმა დაინახეს, ვიწრო შესასვლელი გზები ჩაკეტეს, ჯარი სრულიად გაძარცვეს ისე, რომ ვერავინ შეძლო თავის დაღწევა. მაგრამ კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს მათ მიმართ, როგორც ამას ქრისტიანული წესი მოითხოვს, და არც ერთი მათგანი არ მოკლეს,
და შემდეგ იმ დღიდან, როგორც წინათ, აღარ გაუმარჯვია აშოტის ლაშქარს, ჩემი აზრით იმიტომ, რომ გონიერება, რომელიც მას ადრე ჰქონდა შედენილი, უწმინდური ავხორცობით შეიცვალა, ღმრთის მსახურების სიტკბოება განაგდო და ფარისევლის მსგავსად ამპარტავნობას მიეცა. ამიტომ დაისაჯა და ვერ ეღირსა ხსნას.
64. გაგიკ მეფის კეთილგანგებულების, იუსუფ ოსტიკანის გაშვებისა და მისი ბოროტების შესახებ
ამიერიდან გაგიკ მეფემ წმინდა ზრახვით, როგორც წმინდა რამ, ფრთხილი გონება შეიძინა, არაარსი არსად აქცია და თავისი საკუთარი სიცოცხლე სხვათა სარგებლობისათვის გაწვრთნა, მას გულმი მუდამ მიზნად ჰქონდა, რომ უკეთურებას არ გაყროდა და მიმღებელს დამსგავსებოდა, სამოციქულო სიტყვების თანახმად „უკეთუ შესაძლებელი იყოს, ქონდეს ყოველთა კაცთა თანა მშვიდობა“. ამრიგად, მან ჩვეული სიბრძნით მიიზიდა და ერთიანად დაიმორჩილა თავისი მეზობლები და მახლობლები, სასურველი ერთგულებითა და თანამოაზრეებით სიყვარულსა და მორჩილებაზე მოიყვანა ისინი, იგი დიდ სიუხვეს იჩენდა მტრების მიმრთ თავის საყვარელ ძმასთან გურგენთან, თანამემამულეებთან და სხვა პატივცემულებთან ერთად. ზოგი უხვი ძღვენით მიიზიდა და მშვიდობიანად დაიმორჩილა, ხოლო ველურებსა და უგრძნობელებს, სიკეთის მოძულეებს ძვრების მომხდენი ომი გაუმართა, პირისპირ შეეტაკა და იძულებით თავის წინაშე წამოაჩოქა. ხალიფას მიმართ შიში და ზარი არა თუ დამალა, არამედ მის იძულებით ხარკს შეეგუა და დაემორჩილა და მოძალადის მოვალე შეიქნა. საფრთხესა და მწუხარებასთან ერთად მან გამოძებნა შესაძლებლობა თავისთვის საზრდოსი და სხვათათვის სარგებლობის მოპოვებისა. მრავალი წლის განმავლობაში იქცეოდა იგი ამგვარად, ეკლესიის წმინდა საფუძვლები უცვლელად და მტკიცედ იდგნენ. ქვეყნის მზენებლობა, მშვიდობა, განახლება და უზრუნველი ცხოვრება ბუნებრივად გრძელდებოდა. სიუხვე და ნაყოფიერება ღმრთის მადლით მოენიჭებოდა ქვეყანას. როგორც უშიშარ ნავთსადგურში, დამკვიდრდა ხალხი თავის მოსასვენებელ სამყოფელში ბრძნის სიტყვების მიხედვით: „სიბრძნე გამოსავალთა იქების ბჭეთა ზედა ძლიერთასა. კადნიერად იტყვიან“.
იმ დროს არანაკლები არეულობა და შფოთი დაატყდა თავს აგარიანელ მოძალადეს, რომელსაც ხალიფა ეწოდებოდა. მისი მოცილე მტრები აშკარად გამოვიდნენ ეგვიპტის ოლქიდან, არაბეთის მხარეებიდან და თურქესტანის იმ კუთხიდან მებრძოლთა რაზმები, ცხენოსანი ჯარი, ავაზაკები და მარბიელები ერთად გამოემართნენ ხალიფაზე შურის საძიებლად. შურს იძიებდნენ მოძალადეზე მათთვის მიყენებულ მწუხარებათა გამო. ისინი მოედვნენ ხალიფას სატახტო ქალაქ ბაბილონსა და თითქმის მის მთელ სამფლობელოს. დიდი კვეთება და სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს. ამოწყვეტილთა სისხლის ღვარით რწყავდნენ მთელ დაბლობს. მრავალი [ხალხი] ტყვედ წაიყვანეს, გავარები და სოფლები, გაშენებული ადგილები უდაბნოდ აქციეს. სამეფო კარის მბრძანებლებმა და მრჩევლებმა რომ დაინახეს კარს მომდგარი ამგვარი უბედურება, შეეცადნენ ერთმანეთისათვის გადაებრალებინათ გაჭირვებისა და გნების მიზეზი, და ერთი მხარე მეორეს მუშტებით ეძგერა. ასპარეზზე გამოვიდნენ შფოთის ამტეხი მდაბიონიც. მათ ჯანყი მოახდინეს. ყოველმა მამაკაცმა ხმალი შემოირტყა წელზე და დიდძალი სისხლი დაადინეს ერთმანეთს. მათმა უგუნურებამა და უკეთურებამ სიმწრისა და ნაღვლის მტევანი დაწურა სოდომის საწნახელში.
ამ დროს სამეფო კარის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელსაც მათ ენაზე მონოსი69 ერქვა, შუამდგომლობა იკისრა. მან ხალიფას მოხერხებულად დასაზუსტებული რჩევა მისცა, სთხოვდა, რომ სპარსთა, სომეხთა, ქართველთა და ალბანთა ოსტიკანი იუსუფი, რომელიც თვით მან შეიპყრო და მიჰგვარა ხალიფას, გაეთავისუფლებინა საპყრობილიდან და საკვრელთაგან და მისთვის წინანდელი გამგებლობის ტახტი დაემტკიცებინა, რადგან ის – ეუბნებოდა მონოსი, – ჭკვიანი, მებრძოლი კაცია, ჩინებული და შიშის მომგვრელი მსმენელთა და მხილველთათვის იგი გამოწრთობილია თქვენი დარიგებისა და წრთვნის დარიჯაგში, ასე რომ მეტად არ შესცოდავს და არ გადაიხრება განდგომისაკენ. სამაგიეროდ კი დააცხრობს მტრების დარიგებისა შემოტევებს და ავაზაკობას თავის სამთავრო მხარეებშიო. [მონოსმა] ასე დააჯერა ხალიფა და კიდეც მიიღო ბოძანება, რომ გაეთავისუფლებინა იუსუფი და გაეგზავნა დიდძალი ჯარით თავის წინანდელ საგამგებლო ტახტზე (922/3 წ. რეის, ყაზვინის, აბხარის, ზენჯანისა და აზერბაიჯანის მართველად). ამ გზით მონოსმა დაიახლოვა იუსუფი და იგი თანამოაზრედ, თავისი ნების აღმსრულებლად და შემწედ [გაიხადა] თავისი მტრების მიმართ ბოროტ შურისძიებაში. ხოლო [იუსუფი] გრიგალივით გამძვინვარდა და ასურეთის შუამდინარეთის გავლით სწრაფად გაემართა, სხვა მრავალი სადგურიც გავლო და მივიდა კორდუელთა ქვეყანაში.
გაგიკ მეფემ ადრევე, სანამ შეიტყობდა მის მოსვლას, მთელი თავისი სამეფო გახიზნა, თვითონ კი წაიყვანა ლტოლვილი ჯარი და კოგოვიტისა და წალკოტის მთების ხევებში გაამაგრა. მან განიზროახა მათი გამხნევება: „თუმცაღა ვირყევით და ვიცელებით რხევით –ამბობდა [გაგიკი], მაგრამ ქრისტეს ხალხი არ ჩაუვარება ხელთ წარმტყვევნელთ და არ იქცევა მხეცის ბუნების მქონე ისმაიტელთა მახვილის საზრდოდ, ქრისტეს რჯულის კანონი არ შეიცვლება აგარის უკანონო რჯულით“.
ამრიგად, მეფემ და მისმა ძმამ გურგენმა ლტოლვილი ჯარი ზურგის მხრიდან დაიყენეს, თვითონ კი აზნაურთა ლაშქრითა და ცხენოსანთა გუნდით, საჭურვლით, სამკაულითა და შუბ-ლახვრით შეჭურვილი მუდამ წინა რიგებში იყვნენ, მოუხუჭავი თვალითა და დიდი სიფრთხილით [მოქმედებდნენ] ასევე მოიქცა ანძეველთა დიდი მთავარი ატომი. მან გონიიერი მოსაზრებით და მომავალზე მზრუნველი ზრახვით თავისი სამფლობელოდ თავისივე ქვეყნის მთების მწვერვალებზე აიყვანა და მტკიცედ დაიცვა იგი ხევებსა, კლდოვან ნაპრალებსა და ბორცვთა ღელე-ღულეებში, თვითონ კი თავისი შეჭურვილი ჯარით ლტოლვილების მოწინავე მცველი შეიქნა.
იუსუფ ოსტიკანი მცირე ხანს შეჩერდა კორდუკის საზღვრებში, შემდეგ კი წავიდა და დაბანაკდა ანძეველთა ქვეყანაში. იქ მას უკეთური შფოთი არ მოუხდენია, გველის გესლი გვერდზე გადადო და მოციქულები გაუგზავნა ატომ მთავარს, რომ მას მისთვის სამეფო ხარკი და ჩვეულებრივი წესით შესაწევარი მიეცა. [ოსტიკანი მას ჰპირდებოდა], რომ მიიღებდა თუ არა ყოველივე ამას, მოშორდებოდა მას და უვნებლად და უზიანოდ დატოვებდა ქვეყანას. ხოლო [ატომმა] ბრძნულად გაითვალისწინა რა მოსალოდნელი ჩაგვრა და ძალადობა, [გადაწყვიტა] მრავალთა სასარგებლოდ ემოქმედნა, არ დაზოგა განძი და ჭურჭელი და მაშინვე მიართვა ოსტიკანს ხარკად ორჯერ მეტი ვერცხლი. ასევე უხვად მიართვა მას ძღვენი და საჩუქარი და დარჩენილი ხარკი კი მაძიებლის [მოთხოვნათა] სიმძიმის [გათვალისწინებით]. [გარდა ამისა] მისცა მას. აგრეთვე მძევლები აზნაურთაგან. [იუსუფმა] რომ მიიღო ყველაფერი ეს, წავიდა აკანის მთის მიმართულებით ალბაკის გავარში. იქ მას მთელი ქვეყანა დაცარიელებული და მოსახლეთაგან უკაცრიელი დახვდა. მან ჭეშმარიტი ცნობით შეიტყო, რომ ვერ შესძლებდა იმ ბოროტი განზრახვის სისრულეში მოყვანას, რომელიც გულში ჩაიდვა გაგიკ მეფის მიმართ. ამიტომ როგორც ინდოელმა სიშავე და გარუჯულობა, მოიშორა [ეს აზრი] და თავისი [ბნელი] სურვილი გულის სისპეტაკით შეცვალა. მან მოციქულები გაუგზავნა მეფეს, რომ გულმოწყალეობა გამოეჩინა, და შერიგებოდა მას. მაგრამ რადგან ხარბი და გაუმაძღარი იყო, მოითხოვა აგრეთვე მიეცათ მისთვის მრავალი წლის სამეფო ხარკი და შესაწევარი განსაკუთრებული ძღვენის სახით. თან მოაგონა მისთვის გაწეული სიკეთე გვირგვინის დადგმისა და მთელი სომხეთის დასაუფლებლად მისი უფროსად აღიარების ამბავი.
მეფემ შეიტყო იუსუფის ნამდვილი განზრახვა, რომელსაც მოესპოთ შესაძლებლობა მიდრკეს ცუდისაკენ, ან გამოასწოროს უკეთური ზრახვების მიზანი. [მაშინ მეფემ] გონიერებით თავისი მტკიცე აზრი დაიცვა ბოროტებისაგან და ორჭოფებთან ერთად ირჩია მეორე ორმაგად და სამმაგად გადაეხადა ხარკი და მთელი სამეფო ბეგარა, ოღონდ არ დარეოდნენ ერთმანეთს მახვილით და არ გაეჟლიტათ შურისძიების მიზეზით ერთმანეთი: „რადგან ბრძოლების ნაყოფი სიკვდილია – ამბობს და სიკვდილის მოწოდება ჯოჯოხეთის ძირს დასცცქერის“. მან თავისი ქონება დაუზოგავად დაუდო წინ ოსტიკანს, და საერთოდ ყველასგან – ახლობელთაგან, აზნაურთაგან, მდაბიოთა და არამდაბიოთაგან – შეკრიბა ვერცხლი, ოქრო, დიდძალი ჭურჭელი და ცხენი და ჯორი და გაატანა, რომ მიერთმიათ [ოსტიკანისათვის] უხვ ძღვნად. იუსუფმა ყველაფერი ეს მიიღო დიდი  მადლობით და სწრაფად გაემართა ჰერისა და ზარევანდის გავარის მხარეებით როტოკთა ოლქისაკენ. რადგან თვითონ სპარსეთის დიდ ქალაქ რაში წავიდა სომხეთში გაგზავნა სხვა ოსტიკანი სახელად ნისრი, რომელსაც მეტსახელად სბუკს (ნასრ სერპუჰი/სუბუკი) ეძახდნენ. თვითონ დარჩა იქ, ვიდრე ოსტიკანებს, მეთაურებსა და ზედამხედველებს მოაწყობდა და დაადგენდა ალბანთა და ატრპატაკანის მხარეებში.
იმავე წელს აჯანყებულმა ტომებმა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვლაპარაკობდით, შეარჩიეს შურისძიების დღე. მათ შეკრეს მგზავრთა ვიწრო გასასვლელი ადგილები აგარის უდაბნოში, რომელიც ადრე მათგან მაცდური აბრაამის სახლმა [მიიტაცა]. აჯანყებულებმა მახვილის პირით მოსრეს ისინი, როგორც ამბობენ, 30000 სულზე მეტი გაწყდა ამ დროს, ხალიფას ცოლები და სხვა საპატიო ხალხი, რომლებიც ამაო უძილობით მიაცილებდნენ [ცოლებს] დაუსრულებელი გზით, ტყვედ წაიყვანეს, მრავალი ნაძარცვი ჭურჭლეულობა და ოქროსა და ვერცხლის განძეულობა მიიტაცეს და წაიღეს თავიანთ ქვეყანაში. (ესენი მოხდა 923-924 წლებში)
ცოტა უფრო ადრე, ვიდრე ამას მოგითხრობდით, იუსუფის ერთი საპატიო მსახურთაგანი, სახელად სბუკი, ის, რომელსაც იუსუფის საპყრობილეში ჩაგდების შემდეგ მისი გამგებლობა და ოსტიკანობა ეპყრა და ქონებით ივსებოდა, მოკვდა ქალაქ არდაველში, სადაც დროებით იმყოფებოდა. იუსუფმა მიითვისა მისი განძი და დიდი საჭურჭლე, რათა თავისი სიხარბე ამოევსო.
69. მონოსი ანუ მუნისი, ხალიფა ალ-მუტადიდის (892-902) ერთგული მსახური და ცნობილი სარდალი. მან ჩაახშო შეთხმულება 908 წელს, რომლის მიზანი ხალიფა ალ-მუკტადირის (908-932) დამხობა იყო. საჩუქრად მან მიიღო შეუზღუდავი ძალაუფლება და ტიტული ალ-უმარის ემირი.
65. სისაკანის მთავრების საფრთხეში ჩაცვენისა და იოანე კათალიკოსის გაჭირვების შესახებ
ამ დროს ნისრმა, რომელსაც საალერსო სახელად სბუკს ეძახდნენ და რომელიც იუსუფის მიერ ოსტიკანად იყო გამოგზავნილი სომხეთში, მიაღწია ქალაქ ნახიჭევანს. იქ იგი რამდენიმე დღე დარჩა, რადგანაც იქ მისი ცოლი იმყოფებოდა, მან ადგილი დაუთმო და შეურიგდა წარმართულ ჩვეულებას. [სბუკს] მიეგება ბაბგენი, სისაკანის მთავრის სუმბატის უმცროსი ძმა, რომელმაც სიზმრის ჩვენება [შესასრულებელ მიზნად დაისახა] მისი ფიქრით, თუ აღთქმას დადებდა სიკვდილთან, მიიღებდა მამისეულ მემკვიდრეობას რომელსაც იმ დროს მხოლოდ მისი ძმა საჰაკი ფლობდა. ეს ამბავი [ბაბგენს] თავის დაჩაგვრად მიაჩნდა. ნისრმა მაშინვე გაუღო მას მოწყალების კარი, ცბიერი ზრახვებითა და [დაპირების] მცირე და მოკლე სიტყვებით აღუთქვა სამკვიდროს ნაწილის მიცემა. ამაე დროს [ნისრს] თვალი ეჭირა და ელოდებოდა რომ [ბაბგენის] ძმა საჰაკიც ისევე მოვიდოდა მასთან და იგი მათ ორივეს მოატყუებდა და გაძარცვავდა, ამიტომ მან სივნიეთის უფალი საჰაკიც სიყვარულით აღსავსე გულით მიიპატიჟა.
საჰაკს ესიამოვნა და როგორც სამეფო წვეულებაში, სწრაფად გამოემართა და მოვიდა ნისრთან დიდძალი შესაწევარი ძღვენით. მან დაკარგა გონიერება და დაუკავშირდა ჯოჯოხეთს, ვერ გამოიჩინა რა სიბრძნე და ვერ გაითვალისწინა ამ მოლაპარაკების ბოლო. ნისრმა მზაკვრობას მიმართა. იგი მათ ორივეს სიტყვით დაუკავშირდა და არა გულით. მიიწვია ისინი დედაქალაქ დვინში ერთად წასასვლელად. „თითოეულნი – ამბობდა იგი – იქ უზრუნველყოფილნი ვიქნებით და შევძლებთ ერთმანეთის სარგებლისათვის ზრუნვასო“. ასე შემდეგ მზაკვრობასა და ვერაგობას მიჰყო ხელი. ისინი ერთად გაუდგნენ გზას. როდესაც მიუახლოვდნენ დაბა-ქალაქ ქარუნჯს, გამოეგებნენ დიდებულები და ქალაქ დვინში მცხოვრები მისივე ტომის გამოჩენილი მეთაურები. ნისრმა როდესაც დაინახა, რომ მისი საქმე სასურველად იყო მოგვარებული, მოიშორა რიდე, რომელიც მის უკეთურებას ფარავდა, და შეიპყრო [ძმები], რკინის საკვრელებითა და ჯაჭვებით შეკრა და 40-ზე მეტი კაცი ჩააგდო საპყრობილეში. მან ის ღამე იქ გაათია და დაისვენა.
როგორც კი ინათა, მაშინვე აქლემებსა და ჯორებს აჰკიდა შეპყრობილები და ქალაქ დვინში შეიყვანა, თან წაიყვანა სივნიელთა მფლობელი საჰაკი თავისი ძმით ბაბგენით. ხოლო ქალაქში შესვლისას, საპყრობილეში ჩაყარა შეკრული წარმართები, საჰაკი და ბაბგენი კი ერთად წაიყვანა ბორკილებითა და რკინის ჯაჭვებით შეკრული და საპყრობილეში ჩასვა. ამრიგად, შიშისმომგვრელმა სამხრეთის ქარმა მზაკვრულად მისცა ისინი საპყრობილეს, საკვრელებსა და სიკვდილით სასჯელს.
ჩემამდეც მოაღწია იმ არეულობის, უბედურებისა და ჩვენ მორწმუნე უფალთა და წარმართთაგან სიმწრის ნალექის შესმის ამბავმა, რაც მოჰყვა აგარიანელთა უკეთურ გრიგალს. მეც არანაკლებ შემიპყრო გულის წუხილმა, რაც კაცობრივი ბუნებისათვისაა დამახასიათებელი. შფოთის სამწუხარო ამბავი სარწმუნო ადამიანებმა მომიტანეს და მირჩიეს, რომ ავჩქარებულიყავი და მოვრიდებოდი ზღუდის გარემოცვას, რომელიც ჩვენც გვემუქრებოდა: ჩემთან მყოფი ეკლესიის დასი, შიშის ზარით შეპყრობილი, ჩემი სახლის კარებთან შეკრებილიყო და მევედრებოდნენ, რომ გავცლოდი მოსალოდნელ რისხვას. მომაგონდა უფლის ბრძანება, დევნა ქალაქიდან ქალაქს და არა დგომა ბოროტის წინააღმდეგ. მაგრამ მე არა თუ შევუშინდი წუთიერ სიკვდილს და გავერიდე, არამედ წარმოვიდგინე მოსალოდნელი წარმართული ცდუნება, ვაი თუ მისი ეშმაკური ცდუნების დამალული მახე შეხებოდა ეკლესიის მსახურთ, ანდა შფოთი და არეულობა შეგეხვედროდა წარმართთა შეურაცხყოფისათვის, რომელიც ყოველგვარი სათნოების გარეთაა. ამგვარად, ჩვენ გონებადაუძლურებულებმა მოვუხმეთ ღმერთს [სწორი გზის] საჩვენებლად. როგორც კი ღამის წყვდიადი გაიფანტა და დილის სინათლე გაზობრწყინდა, მოულოდნელად თვალის დახამხამებაში კვლავ ღამის წყვდიადმა მოგვიცვა. ამან ჩვენ ყველა განგვაცვიფრა: დილის ჟამს მზე დაბნელებულიყო. მაშინ გამოირკვა, რომ იმ დროს მზის დაბნელების დრო არ იყო. ვიცანით სარწმუნო ნიშანი, რომელიც ცხადად გვეჩვენა უფალი ღმრთისაგან. ამის შემდეგ არეულობამ და შფოთმა ჩვენ საერთო ძმობა გვაიძულა, რომ თითოეული ჩვენთაგანი გავცლოდით განსაცდელს და საფრთხეს.
მე მაშინ არ დამზარებია გაჭირვების დარღვევა და არც მათ ცოდვათა ნაკვალევს შევკვრივარ, მაგრამ მაინც ვისწრაფე წავსულიყავი და მოვშორებოდი იქაურობას, სანამ საფრთხე მომეწეოდა. პირველ მაგალითად მყავდნენ ელია წინასწარმეტყველი და მოციქულთა თავი პეტრე. შემდეგ ქვაბთა მონასტრიდან წმინდა ისააკის სახელობის ადგილს მივედით. ეს მონასტერი გელის მთის ერთ პატარა ხევშია. ჩვენ პირდაპირ წავედით და ავედით ზედა მონასტერმი, სადაც პირუტყვთა სადგომები იყო. იქიდან გავემართეთ მონაზონთა და მოწესეთა მონასტრისაკენ, რომელიც სევანის კუნძულზეა. არ გაგვაჩნდა რა არავითარი ქონება – მეტყველი და პირუტყვი, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის ხსნაზე ვზრუნავდით. იქ საერთო ძმობის ენა აღგვეძრა ღმრთის სადიდებლად. მტკიცე იმედით დავყავით იქ ოთხი დღე. მაშინ ყველა ჩვენთაგანის აზრი აღვიდა როგორც რაიმე ნავში, და თითოეულმა თავისი გულის ზრახვათ შორის წარმართა ნავი; სწრაფად, როგორც რაიმე საუნჯიდან დაფარული წინ გამოივიტანეთ სიტყვით, რათა გამოგვემჟღავნებინა ღრმა სადგონში. [მოვითათბირეთ], რომ ჩვენ ისევ უკან უნდა დავბრუნებულიყავით ცალკე ადგილს, წმინდა საპატრიარქო ეკლესიის ახლოს, და რაც ძალაუნებურად დავტოვეთ ქონება, მონაგები და პირუტყვი საქონელი. ყოველივე ეს ჩვენივე ნებით ძღვნად უნდა მიგვეცა აგარიანელ ნისრისათვის რომ იქნებ იგი ღმრთის ნებას დაჰყოლოდა და უშვილოდ არ დაეტოვებინა დედა სიონი საქორწინო ყრმათაგან. ჩვენ კი ჩვენს ტაძარში დავდგებით და ვადიდებთ ჩვენი ღმრთის სახელს.
მახლობლებმა, რომლებმაც ნახეს და მოისმინეს ამის შესახებ, შეიწყნარეს ეს აზრი. ჩვენ კვლავ გავუდექით გზას და წავედით ჩემს მიერ ნაგებ ბიურაკანის სიმაგრისაკენ, რომელიც მე ჩემი განძის ფასად მქონდა შეძენილი. იქ მე აშენებული მქონდა ეკლესია, მორთული მკვრივი და თლილი ქვებით, მდიდრული მოკაზმულობითა და ფერად-ფერადი სამკაულებით და მონაზონთა და მოწესეთა მონასტრად დამტკიცებული. [ბიურაკანის ციხეში] მისვლისთანავე წერილი გავუგზავნე ნისრს, რომლითაც მოვაგონებდი მას მისი და სხვების მიერ ჩადენილ შემაძრწუნებელ საქმეებს, საპყრობილეს, ხუნდებსა და ტანჯვა-წამებით წარმოუდგენელ სიკვდილს. ამ ამბებმა – ვატყობინებდი მას თავზარი დამცეს და [ამიტომ] წავედი. მაგრამ ამიერიდან თუ მომცემ მე ფიცის წიგნს, უშიშრად დავდგები დავრჩები ჩემი სახლის ეკლესიის კარზე და ვადიდებ ღმერთს და მის სიწმინდეს. [ამავე დროს] მუდამ საკმარისად და შეუნელებლად გამოგიგზავნი შენ სიკეთის ძღვენს. როდესაც [ნისრმა] წაიკითხა ჩემი წერილი, მან დაუყონებლივ დაწერა ფიცის წიგნი თავიანთი ყურანის კანონთა შესაბამისად, რომ ერთთავად სანდონი არიან მათი მოძღვრების სიტყვები. ამრიგად, ჩემი გონება განთავისუფლდა საშიში ფიქრებისაგან, [რაც გამოწვეული იყო] გარეშეთა ბრძოლებისა და შინაურთა საფრთხისაგან. მათგან [ზოგი] ხორციელადაა მავნე და ზოგი ხორცის გარეშე. მე დარწმუნებული ვიყავი: რომ ამიერიდან ეს წიგნი შვებას მომანიჭებდა და დავდგებოდი და დავისვენებდი ჩვენი ეკლესიის კარზე ღმრთის ნებით.
66. ბიურაკანის ციხის აღებისა და იმ უბედურების შესახებ, რომელიც იქ მოხდა
მუჰამედის უწესო რჯულის ერთი მსაჯული, რომელსაც თავისი ცხოვრება ბოროტებაში ჰქონდა გატარებული და რომელიც მუდამ იმას ცდილობდა, რომ ქრისტიანული რჯული დაერღვია და წარმართული განემტკიცებინა, [შეუჩნდა ნისრს] და თავისი ველური აზრები და გულის მწარე გესლი შეასმინა, მას: „არ არის წესი შენთვის ეუბნებოდა იგი ნისოს, – და არც შეგფერის, რომ მშვიდობის აღთქმა დასდო ბილწ ქრისტიანებთან, განსაკუთრებით კი მათი მაცდუნებელი მოძღვრების. სჯულმდებელთან, რომელიც მუდამ ქადაგებს ჩვენი სარწმუნოების გინებას და მუჰამედის მოწაფე არაბებს ძაღლებსა და მგლებს უწოდებს. შენ ასე რად გწადია მშვიდობის აღთქმით [ყოფნა] და მათი მოძღვლების გავრცელებას რატომ უწყობ ხელს? და თუ გსურს ძღვენი, ათკეცად მიიღებ მას, ოღონდ გაგზავნე დიდძალი ჯარი, რომ უპირველეს ყოვლისა ქვაბის ციხის მონასტერი ააღო, რადგან მასში ინახება დიდძალი განძი და ჭურჭელი და მწვალებელი კათალიკოსის ეკლესიათა სამკაულები.
შემდეგ კი ააჩქარე ლეგიონი ძალა მებრძოლი ხალხისა, ცდომილი ქრისტიანების წინამძღვრის მოსაძებნად, რომ შეიპყრან, შეკრან და მოგგვარონ იგი, მასთან ერთად მიიტაცონ და მოგართვან მისი ქონება და მონაგარი. და თუ ხალხის მასა წინააღმდეგობას გაგიწევს დიდი სისხლის ღვრა  და ჟლეტა მიაგონ მათ უწყალოდ“.
ამას ეუბნებოდნენ [ნისრს] ისინიც, რომლებიც მისი თანამოაზრე და თანამზრახველები იყვნენ. ამრიგად, მას, როგორც ბოროტ მხეცს, ისე აღიზიანებდნენ, რომ დაეგლიჯა [ირგვლივ ყოველივე] და აგულიანებდნენ, რომ შეურაცხეყო წარმართული სარწმუნოება. მანაც სწრაფად გაგზავნა დიდძალი ჯარი მხედრებითა და შეიარაღებული ლეგიონით ბერ-მონაზონთა მონასტერში, რომელიც ქვაბში, დაბა-ქალაქ გარნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ისინი მოულოდნელად წავიდნენ, შევიდნენ ქვაბმი, შეიპყრეს იქ მყოფი მონაზვნები, აუტანელ გვემასა და ტანჯვას მისცეს ისინი. გადამალულ ქონებას მოითხოვდნენ მათგან, სანამ ზოგიერთებმა ტანჯულთაგან, თუმცა არა მაშინვე, არამედ მრავალგზის ზღვევის შემდეგ შეავედრეს თავიანთი სული ქრისტეს და მიაღწიეს ნეტარ სასოებას რომელიც იცავს ღმრთის მოყვარულთ.
ქრისტეს ეკლესიის მთელი მორთულობა, სახარებისა, წინასწარ-მეტყველებისა და სამოციქულო წმინდა აღთქმანი [შეურაცხყეეს]. მთელი მონაგარი: მრავალი პირუტყვი, საქონელი და ფუტკართა სკების დიდძალი წყება მიიტაცეს და მშვენიერი შენობები, რომლებიც დედათა მონასტერში იყო, ცეცხლს მისცეს და გადაწვეს. ამის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ. როდესაც წარუდგნენ ნისრს და მიუთხრეს მათგან ჩადენილ საქმეთა შესახებ, მან სულელური ქცევა ცოფიანი აზრებით შეცვალა: მიზნად დაისახა სასწრაფოდ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაეჩაღებინა. დიდძალი ჯარი გაგზავნა, რომ ფარულად ბიურაკანის მცირე ციხეს დასხმოდნენ თავს და შევეკარ ბორკილებით და წავეყვანე მე ეკლესიის სხვა მსახურებთან ერთად. მცირე ციხის სხვა მცხოვრებნი კი მახვილით ამოეწყვიტათ, გაეძარცვათ და წაესხათ. მე ადრევე შევიტყე მათი ნისლით მოცული, ბნელი გადაწყვეტილების შესახებ და როგორც პირველად, ეხლაც გადავწყვიტე გავრიდებოდი ბოროტს საუფლო ბრძანების აღსასრულებლად.
წავედით და გავემართეთ ბაგარანის სამეფო სასახლისაკენ აშოტ მეფესთან (შაპუჰის ძე), რომ დედა სიონის მსახურნი სრულად არ წალეკილიყვნენ წარმართთა სამხრეთის ქარის მაცდურებისაგან.
ჩვენი კარის წმინდა ეპისკოპოსი საჰაკი, ორი მღვდლით, დიაკვნებით და მოწესე მონაზვნებით იქვე დარჩა. მათ ეპისკოპოსისა და ზოგიერთ სხვათა ფიზიკური უძლურებისა, თუ დროის სიმცირის გამო ვერ შეძლეს ჩვენ დაგვწეოდნენ. ის ამბავი, რომ ღმრთისათვის შეწირულების მოწოდებამ და მისმა წინასწარმა ცნობამ ისინი ბრძოლის ასპარეზზე მიიყვანა ნეტარების გვირგვინების [მისაღებად], მე სათქმელად მელის და კიდეც ვიტყვი გარკვევით მცირე ხნის შემდეგ.
როდესაც ისმაიტელთა ჯარმა შეიტყო, რომ მათ ფარულ ისართა გატყორცნას ჩემთვის შეუმჩნევლად აო ჩაუვლია და მათი დამალული მახეები არ დაიფარა და ცხადი გახდა ჩემი თავის მირიდება, ცოტახნით დაცხრა. და დაიწყეს დიდძალი ჯარის შეკრება, რომ უფრო მომზადებული წამოსულიყვნენ და ამგვარად შეჭურვილთ [უნდოდათ] იქედნის მსგავსი ბოროტების გესლი ქრისტეს მორწმუნეებზე დაენთხიათ. ამ დროს ბიურაკანის მცხოვრებლებმა შეიტყეს წარმართთა განუკურნებელი აზრისა და ძლიერი და სასტიკი ღვარის შესახებ, რომელიც თავს უდა დასტყდომოდათ. [მათ დაინახეს აგრეთვე], რომ არ შეეძლოთ თავის დახსნა გაქცევით დედაკაცების, ჩვილი ყრმებისა და უძლურ მოხუცთა სიმრავლის გამო, რომლებსაც არც გაქცევა შეეძლოთ და გასაქცევი ადგილიც აღარ პქონდათ. მაშინ წერილისაებრ თითოეული მათგანი წავიდა და თავის სამყოფელში გაიხიზნა, დახშეს კარები თავის წინ, გაიქცნენ და თავისი ზღუდის სახურავ ქვეშ უღმრთოების ბუქს დაემალნენ, მიენდვნენ რა ყოვლადძლიერი ღმრთის შეწევნას.
აქ ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდნენ ამ ქვეყნის მპყრობელ მთავართა შეიარაღებული მეომრები. როგორც კი შეიტყეს ისმაიტელთა ბოროტი და უწყალო განზრახვის შესახებ, ისინი სხვადასხვა მხრიდან გამოემართნენ, შევიდნენ სიმაგრეში, რომ დახმარება აღმოეჩინათ მორწმუნეებისათვის მანამ, სანამ ბრძოლა დამთავრდებოდა და სრულიად არ გაწყდებოდნენ. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „აქამდე ჩვენ მხოლოდ მხედართმთავართათვის ვიყავით სასარგებლონი, ეხლა კი, როგორც კეთილი მებრძოლები, ქრისტესა და მისი მორწმუნე ხალხის მწუხარების მოზიარენი უნდა გავხდეთ“. ამგვარად, მათ სიკვდილი სიცოცხლეს შეურიეს და ისწრაფოდნენ სიკეთისათვის საბრძოლველად.
ამ დროს ისმაიტელთა ჯარი ქარბუქივით დაიძრა და გრიგალივით წამოვიდა. მათ მოაღწიეს მცირე ციხე-სიმაგრის კარამდე საშინელი გოგვინვით და შეურაცხი წარმართული ცდუნებით. ქვეითი ჯარის ლეგიონი ფარებით იყო შეიარაღებული, მათ იცავდა შეჭურვილი ცხენოსანი ჯარი, რომელიც შუაში გაიჭრა. ისინი მხეცურად წინ გარბოდნენ. როცა სიმაგრეში შეფარებულმა ხალხმა დაინახა ამგვარი მომაკვდინებელი ბოროტება, იძულებული გახდნენ ერთმანეთს შეშველებოდნენ და ზღუდეებზე გადასულიყვნენ. იმ დღეს დაღამებამდე ერთმანეთს მხოლოდ ნაწილ-ნაწილ შეეტაკნენ, მეორე დილით, სანამ კარგად ინათებდა, ციხის ხალხმა წმინდა ეკლესიის კარს მიაღწია. მათ წმინდა ეპისკოპოსისაგან მოითხოვეს, რომ მიეცა ცოდვათა შემამსუბუქებელი ხორცი და სისხლი უფლისა. მან აღძრა ანგელოზებრივი ბაგეები და სათნო ხმით ჩვენს სიტყვებზე უფრო მეტად დამოძღვრა ისინი, რომელთაც დამოწაფებოდა ჭეშმარიტება. მან ეკლესიის დასი მებრძოლთა გუნდით და სხვა საერო ხალხით გააწყო მღვდელთ-მსახურებისათვის, რომ მათ მიემართათ თავიანთი გონება [ღმრთისადმი] ყოველგვარი ვნების გარეშე და ეთხოვათ მისთვის ქრისტესმიერი სარწმუნოების განმტკიცება. „ნუ უღალატებს თქვენი გულები ქრისტეს ერთგულებას მაგ ბრძოლის გამო, რომელმაც ჩვენ გაჭირვებაში [ჩაგვყარა]. და ნუ დაგვადგამთ თქვენს ფეხს ჩვენ ცოდვილთ, როგორც სამარადისოებს, მაშინ უფალი მოგიხილავთ თქვენ თვისი ხორცითა და სისხლით, რომელიც უნდა მიიღოთ თქვენ. ცოდვათა ეჭვი განიკითხოს თავისი ხორცისათვის, რაც არის  ეკლესია, რომელიც თქვენ ხართ, მოგცემთ თქვენ სიფხიზლეს, რომ სძლიოთ წყვდიადისა და ბოროტების მპყრობელს რომელიც გარს გვახვევია. ნუ წაგვიხდენენ სინათლის სამოსელს, რომლითაც ქრისტე შევიმოსეთ [ნაცვლად] პირველი ჭამის სიშიშვლისა. და ნუ მიიტაცებენ თქვენგან წმინდა ემბაზის ქრისტეს მიერ გამოსახულ ბეჭედს“.
ამგვარად, მან ცეცხლივით აღაგზნო მათი გონება, ყველა მათგანის ენა აღძრა ღმრთის საქებრად და განამტკიცა ისინი მარადიული ლოცვით, შესწირა ქრისტეს საშინელი შესაწირავი და კაცთა მხსნელი საიდუმლო გაუნაწილა მამაკაცებს, დედაკაცებს, მოხუცებს, ყრმებსა და ყველას, ვინც ასაკს იყო მიწევნილი საიდუმლო მოძღვრებით უკანასკნელი საგზლის მსგავსად. ამ დროს მათ ღაღადებასთან ერთად ისმაიტელთა ჯარის ბრძოლაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მათი საჭურვლისა და ფარების ხმაური, ფერხული და როკვა გაისმოდა მკვიდრთა შორის ციხეში შეფარებული ხალხი ზღუდეთა თავებზე შემოკრბა და სასოებით მოელოდა ღმრთის დახმარებას მაჭირვებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ წარმართთა ეშმაკურ ცდუნებას არ შეერყია ისინი, ამრიგად, გაჩაღდა ბრძოლა ზემოდან ქვემოთ, მტრის დიდძალი სისხლი იღვრებოდა, მრავალი დაჭრილი მოეფინა მიწას.
ამ დროს წმინდა ეპისკოპოსი ეკლესიის სხვა სამღვდელო დასის წევრებთან ერთად განუწყვეტლივ ლოცულობდა და ევედრებოდა [ღმერთს], რომ სისხლისმსმელ და მძვინვარე მხეცებს არ განედევნათ და გაეფანტათ სიფხიზლე ღმრთის სამწყსოსი რომელიც უფალმა თავის სამემკვიდრეოდ და საკუთარ ხალხად გამოირჩია და თავის სხეულის ნაწილად მიაჩნდა იგი. იგი ყოველმხრივ აგულიანებდა და ამხნევებდა ხალხს: „ნუ შეიკვრებით ცოდვების საბლით და უკან ნუ დაიხევთ წუთიერი სიკვდილის შიშით, არამედ სულის სიფხიზლე გაწმინდეთ და მიახედეთ საკუთარ სვლის შედეგს და იყავით ქრისტეს ტანჯვის მონაწილე და ღმრთის სარწმუნოების შესაფერისი“. თეოდოროს დიაკონიც, რომელიც ეკლესიის ზედამდგომელი და კაცთა მწრთვნელი იყო, არამცირედ დარიგებებს აწვდიდა მათ და ეუბნებოდა: „სასიკვდილოდ განწირულ სნეულებსაც კი სიმრთელის იმედით შვება ეძლევათ. ნუ აჩქარდება სნეულების საფრთხე, რომელიც ჩვენს გარშემოა: იგი ტყუილუბრალოდ მოგაკვდინებთ თქვენ ხორცით, მაგრამ [სამაგიეროდ] სულით განგამტკიცებთ და აგასწრაფებთ საბრძოლველად, რაც ქრისტეს რჯულისამებრ არის და მიიღებთ თქვენ ძლევის გვირგვინს საუკუნო სიცოცხლის იმედითბ. ამიერიდან ისინი თავიანთ თავს მოსვენებას არ აძლევდნენ, რაც ხორცისათვის არის შესაფერისი, არამედ საკვირველი ძალით ეწეოდნენ ბრძოლას ქრისტეს სასწყსოსა და თავიანთი შვილებისათვის, იყვნენ რა აღჭურვილნი თავიანთი უფლის სულის ძლიერებით.
ამ დროს მტრებმა, რომლებსაც გონება შურისძიების ბნელი წყვდიადით პქონდათ მოცული, თუმცა 7 დღე განუწყვეტლივ იბრძოდნენ, მაგრამ სიმაგრეს მაინც ვერ სძლიეს. მაშინ ვიღაცამ ციხე-სიმაგრის ლეგიონიდან განიშორა სიცოცხლის მომცემი იმედის სახე და შეწყალება, უარყო სარწმუნოება და ციხე-სიმაგრე ურიცხვსა და ურჯულო აგარიანელებს სწრაფად გადასცა. ამით მტრებმა მეტად გაიხარეს. ისინი სასწრაფოდ თავს დაესხნენ ციხე- სიმაგრეს და კიბეებით შევიდნენ შიგნით. მაშინ გამომჟღავნდა დაფარული მახეები. [აგარიანელები] მხეცურად ეკვეთნენ ხალხს. ბოროტი და უკეთური აზრით შეპყრობილებმა [ციხეში შეფარებული] ხალხი შეუბრალებლად მახვილს მისცეს. მათმა უდანაშაულო სისხლის ღვარმა მორწყო მთელი ბარი, დაცემულთა გვამები გროვად ერთმანეთზე ეყარა.
წმინდა ეპისკოპოსი ამ დროს ეკლესიის სამღვდელო დასთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მრავალი ცრემლითა და ვედრებით ლოცვას აღავლენდა ღმრთის მიმართ, რომ მას თავისი მოხილვის გარეშე არ დაეტოვებინა [თავისი მრევლი]. ასეთი ქცევა სწორედ წმინდანს შეშვენის. ურჯულო ჯალათები წმინდა ეკლესიაშიც მოვიდნენ. ისინი თავზე წაადგნენ მლოცველებს და შეეცადნენ შეეშინებინათ [მლოცველები] ხმლების ელვარებით, ფარების ჯახუნით, კბილთა ღრჭენითა და სახეთა ცეცხლისებრი აწითლებით. მაგრამ მათ არაფრის არ შეეშინდათ და არც მათი გულები შეკრთა გაცოფებულთა შიშისაგან, რადგან მათ ჰფარავდა და იცავდა უფლის მოხედვა. მაშინ ისინი ყველანი ერთად ეკლესიიდან გარეთ გამოიყვანეს, გააძვრეს ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გაამზადეს. წყვდიადითა და ნისლიანი აჩრდილით დახშეს მათი გულები და თვალები და მიესიენ მათ. პირველად წმინდა ეპისკოპოსს დაჰკვეთეს ხმლებით ძარღვები, ისე როგორც დაჰკვეეთენ მჭრელი ცულებით ხეს, შემდეგ კი ხმლით თავი მოჰკვეთეს: წმინდა ხუცები, მოწესე მონაზენები და მეფსალმუნეები კი ცხვრებივით წარეკეს სასაკლაოზე ქრისტეს სურნელოვან შესაწირავდ და ძღვნად და თითოეულ მათგანს თავი მოჰკვეთეს.
ამრიგად, ყველა ისინი შეიჭურვნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, როგორე ჯავშნით, და შეიმოსნენ დიდებისა და ნათლის სამკაულით, გაბრწყინდნენ უჭკნობი გვირგვინებით. მათი აღსრულების ჟამს თეოდორე დიაკონი მათთან არ იყო. იგი ადრევე მტრების ისრებისაგან მოწყლული ძირს დაეცა. ბოროტმა ჯალათებმა ისიც მოძებნეს, რომ თავი მოეკვეთათ. იგი არ დამწუხრებულა ამის გამო და არც სულმოკლეობით შეპყრობილა ახალგაზრდულ დღეთა შესაბამისად პირიქით, უფრო მონდომებული გულსმოდგინებით შეუშვირა [მახვილს] ქედი. ასე მოპკვეთეს მას თავი. ამგვარად მან თავისი სიკვდილი თავისი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და სიმართლის ბეჭდად დასდო, თვითონ კი ღმრთის შვილად ჩაიწერა. ციხე-სიმაგრის სხვა მცხოვრებლები მოდრიკეს და წამების ადგილას მოიყვანეს, როგორც დასაკლავად [განწირული] ცხვრები. შემდეგ კი საზრდოდ მისცეს ისმაიტელთა მახვილს, რომელიც ვერ ძღებოდა [სისხლით]. მათ ყველას მოჰკვეთეს თავები, რომ მიერთმიათ ოსტიკანისათვის და მით სიმხნე და სიამაყე შეეძინათ.
აღსასრულის დროს ყველა ისინი მიმართავდნენ [ღმერთს]: „უფალო ღმერთო, ყოვლის მპყრობელო, ყოვლად მოწყალეო, ყოვლად მზრუნველო, გმადლობთ შენ, რომ მოგვეცი მოთმინება და ამტანობა ბრძოლებში. ჩვენ შენ არ დაგივიწყეთ, არ ვეცრუეთ შენს აღთქმას და არც უკან დაგვიხევია. [ამიტომ] შენ ჩვენ ღირსი გაგვხადე წმინდანთა ნათელი ხვედრისა. აწ შეიწყნარე ჩვენი ერთობა მშვიდობით და მიიღე შენი ამოწყვეტილი შვილები. ასე ამრიგად, ისინი ღირსად ცნო ღმრთის სახიერებამ ქველმოქმედებისა და სიკეთისა. იმ ადგილის მკვიდრთა შორის იყვნენ წარმართებიც, რომლებიც მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და ჩვენ ხარკს გვიხდიდნენ. როცა ეს [ამბავი] მოხდა, ისინი ერთად შეიკრიბნენ და მტრებს თავიანთ ენახე ხმა მიაწვდინეს: „ჩვენ თქვენს მსგავსად მუჰამედ მოციქულის ხალხთაგანი ვართო“. ჯალათებმა, რა მოისმინეს ეს, თავიანთი მახვილები მათგან შეაბრუნეს, ისე რომ არცერთი მათგანი არ დაღუპულა. იგივე წარმართები ვედრებით სთხოვდნენ თითოეულ მორწმუნეს, მისულიყვნენ და შერეოდნენ მათ და თავი ეხსნათ წარმოუდგენელი სიკვდილისაგან. მაგრამ ისინი მისცილდნენ [წარმართებს] და უთხრეს: „ჩვენი ცხოვრება ქრისტეა და მისთვის სიკვდილი სასარგებლოა ჩვენთვის“. ამრიგად, ერთობას მოწყურებელმა მახვილმა ვერცერთი მათგანი ვერ ჩამოაცილა ქრისტეს სიყვარულს.
ამრიგად, ერთ დღესა და ერთდაიმავე დროს ყველა ისინი, როგორც საკლავი, შეეწირნენ ქრისტეს სურნელოვან შესაწირავად. წმინდა ეპისკოპოსმა საჰაკმა, რომელმაც სიტკბოების ნაყოფის სახელი დატოვა თავის ქვეყანაში, თავს დაიდვა ქრისტეს გვირგვინი. ასევე მოიქცნენ წმინდა მღვდლები, რომლებიც მასთან ერთად იღწოდნენ მოსე – უცოლოთაგან, მეორე მოსე – დაქორწინებულთაგან, და დაქორწინებული მოსეს ძმები – დავით მღვდელი მოწესეთა რიგიდან და სარგისი საეროთაგან. საჰაკი, რომელიც თუმცა სიყრმიდანვე ბრმა იყო, მაგრამ სრული მეცნიერებითა და ყოველგვარი სათნო შრომით ბრწყინავდა, ცხვარივით მოიყვანეს დასაკლავად. იგი შეუხებელი და უკვდავი სინათლით განათლდა. [ასეთივე ბედი ეწია] ღმრთის ნეტარ კაცს სოლომონს, რომელიც საგასტანის ქვეყნიდან მოვიდა და დამკვიდრდა ჩვენთან მკაცრი ცხოვრებით. იგი საკვირველი წესით მოქალაქობდა ხორცით, როგორც უხორცო. მასაც იმავე დროს მოჰკვეთეს თავი, ისიც ღმრთივ ბრწყინვალე და ნათელი გვირგვინით შეიმკო. ყველა მათ შემდეგ [სიკვდილით დასაჯეს] თეოდოროს დიაკონიც, რომლის შესახებაც ადრევე გექონდა საუბარი. ისიც დიდი მოთმინების გამო წმინდანთა რიცხვში ჩაეწერა. ყველა ისინი ერთად რვანი იყვნენ.
 კაცთა რიცხვი, რომელიც იმ დღეს ამოწყდა ჯარისკაცთა რიგებიდან და საეროთაგან, 200 სულს აღემატებოდა. მათი სახელებიც ცხოვრების წიგნშია ჩაწერილი. თითქმის არავინ გადარჩენილა იმ ადგილიდან, გარდა რამდენიმე კაცისა, რომლებიც ადრევე წავიდნენ სამუშაოდ თავიანთი ხელობის მიხედვით და მახვილს გადაურჩნენ ეკლესიის მსახურთაგან ერთი დიაკონი, სახელად გეორგი, გადარჩა წარმოუდგენელ სიკვდილს. იგი ეკლესიის სამღვდელო დასში მშვენიერ კაცად იყო ცნობილი, [გეორგი] ბოროტების მხურვალე ბრძმედში არ ჩააგდეს [იმ განზრახვით], რომ იმედი ჰქონდათ, რაიმე მიეღოთ მისგან და წურბელასავით გამოეწოვათ მისი სისხლი. იგი წინ არ აღუდგა ბოროტს, არამედ მათ დაუტოვა მთელი თავისი საცხოვრებელი, თვითონ კი გამოემართა და მოვიდა ჩვენთან. მან მათი საუბრის შინაარსი ჩვენ მთლიანად გადმოგვცა. ეს მოხდა 372 წელს თორგომიანთა წელთაღრიცხვით აჰეკის თვის 10-ს. (=923 წლის 15 დეკემბერი)
ბოროტ ისმაიტელთა ჯარმა მოკლულთა  ნადავლ-ნაძარცვი, მითვისებულ-მიტაცებული, დიდძალი პირუტყვი საქონელი ერთ ადგილას შეკრიბა და შეაგროვა, მოკლულთა ჩვილი ბავშვები და ქალები ტყვედ წაასხეს, ამომწყდართა პატიოსანი თავები სახედრებს აჰკიდეს, რომლებსაც ურცხვი სიმღერითა და ცეკვით ამხნევებდნენ. ასე მიპქონდათ ყველაფერი, რასაც კი იპყრობდნენ, უკან რჩებოდა და ისმოდა ხმა ღაღადებისა, აუტანელი გლოვა და ცრემლიანი მოთქმა. დედაკაცთა და ჩვილ ბავშვთა ძლიერი ვედრება და ნაცემთა საშინელი ძრწოლა აღაგზნებდა ყველა მსმენელის გულს და მწარე ცრემლით აღვივებდა. მათ გულის ტკივილს სხვა ვერაფერი გაამხნევებდა, თუ არა მათი მამების, ძმების, ქმრებისა და შვილების ამაო სისხლის ღვრა, რომლებიც ქრისტეს შეეწირნენ. ამგვარი იმედით განმტკიცებულნი ხელაპყრობილნი ითხოვდნენ ღმრთისაგან ურჯულო წარმტყვევნელთაგან ხსნას, რომ არ წაბილწულიყვნენ მათგან. ისინი ამბობდენ: „ნუ გაგვთელავს ჩვენ ამპარტავანთა ფეხები. ცოდვილთა ხელები ნუ შეგვარყევს ჩვენ“. ისმაიტელთა ჯარს ტყვეებთან ერთად თან ჰყავდათ ორი ტვირთმზიდავი, ერთი ჯარისკაცი, მეორე კი საერო. მათ ორივეს კირაკოსი ერქვათ.
როცა ბილწ ოსტიკანს წარუდგნენ და მიართვეს ღმრთის რჩეულთა პატიოსანი თავები და ნადავლ-ნაძარცვი, მან მეტად გაიხარა და გამხარულდა. მაშინვე ბრძანა ტყვეების განთავისუფლება, რომ სადაც ისურვებდნენ, იქ წასულიყვნენ. მოკლულ წმინდანთა ვედრება მოიხსენეს ღმრთის წინაშე და მისმა მოხილვამ გამოიხსნა ისინი „მოწყალებით წარმტყ-ვევნელთა ხელიდან. მცირენი, ასე 10 კაცი, – ყრმები, რომლებიც დაემალნენ მტრებს, ცოტაოდენი ხნის შემდეგ მე შევიძინე ვერცხლის ფასად. და ასე განთავისუფლდნენ ისინი მათი უკანონო რჯეულისაგან, მეორე დღეს [ოსტიკანმა] ბრძანა, რომ ორი კაცი თანა-მოსახელე ტვირთმზიდავები, რომლებიც ტყვეებთან ერთად მოეყვანათ, წარედგინათ მსაჯულთა წინაშე დასასჯელად, მათ ან უკანონო რჯულის სამსახური უნდა მიეღოთ, ანდა მახვილით უნდა ამომწყდარიყვნენ როდესაც მოიყვანეს და მსაჯულებმა გამოკითხვა დაუწყეს, ისინი გამხიარულდნენ და სიკვდილი გადაწყვიტეს. ისინი ამბობდნენ: „არ გვმართებს ჩვენ ქრისტიანებს, უარვყოთ ქრისტეს ღმრთისმსახურება და მაჰმადის უღმრთო ღმრთის მეცნიერებაზე, და ჩვენ „ქრისტეს სახელისათვის“ მზად ვართ მოვკვდეთ და არ ვცოცხლობდეთ სინდისის ქენჯნით“. მსაჯულებმა, როდესაც დაინახეს მათი მოუხიბლავი გონება, გამოიყვანეს ორივე მოედანზე და უწყალო მახვილს მისცეს საზრდოდ ამრიგადდ მათ გავარვარებულ ბრძმედში ნებსითი სიკვდილი განიცადეს, გახალასდნენ და განიწმინდნენ, როგორც გაიწმინდება ვერცხლი, ამაღლდნენ მაღალ ცათა სიმაღლეში და ანგელოსების თანამოდასენი გახდნენ, თავს დაიდგეს ნათლისა და ცხოვრების გვირგვინი. ამ წმინდანთა აღსასრული აჰეკის თვის მე-17 დღეს მოხდა. (923 წლის 22 დეკემბერი)
ის ჯარისკაცები, რომლებმაც წარმართებს გადასცეს სიმაგრე, ტყვეებთან ერთად წაიყვანეს და ოსტიკანს მიჰგვარეს, რომ მას მათთვის მიეგო იმ სიკეთის სანაცვლო, რაც მათ თავის მხრივ აჩვენე, აგრეთვე მიენიჭებინა მათთვის წლიური დრაჰკანი. ისინი წარუდგნენ ოსტიკანს და ელოდნენ სასყიდლისა და სანაცვლოს მიგებას, მაგრამ მან ბრძანა მაშინვე მახვილით ამოეწყვიტათ. ამრიგად ისინი შესაფერისად გვემეს წარეკვეთათ მათ სასო 30 ცხორებისა მათხე აღსრულდა ბრძენი პოეტის სარწმუნო სიტყვა: „იმედი სიცოცხლისა უიმედოდ კედება“.
67. ბაბგენ და ვასაკ მთავრების საფრთხეში ჩავარდნის შესახებ
დიდი იუსუფ ოსტიკანისაგან ნისრს მოუვიდა ბრძანება, წასულიყო ატრპატაკანის ქვეყანაში (923-924 წლების მიჯნა) და იმ მხარეთა გამდგარი გაბავონელები ან მის მორჩილებაში მოეყვანა, ან ბრძოლით ამოეწვვიტა. მან ერთი თავისი საპატიო მსახურთაგანი, სახელად ბშირი (ბეშირი), ქალაქ დვინის ოსტიკანად დაამტკიცა, მას მიანდო სისაკანის გამგებელნი, საჰაკი და ბაბგენი, რომ პატიმრობასა  და ბორკილებში პყოლოდა მის დაბრუნებამდე. თვითონ კი იუსუფ ოსტიკანის ბრძანებისამებრ წავიდა. ხოლო ბშირმა, რომელიც უკან ჩამორჩა, შეყარა დიდძალი ჯარი, გამოვიდა მაზაზის გავარის გელამაშენის მხარეებით, რომ შური ეძია შაჰანად წოდებულ შაჰზე იმისათვის, რომ ისინი მას არ დაემორჩილნენ (924 წლის დასაწყისი). რადგან შაჰანი სევანის კუნძულის უძლეველ სიმაგრეში იდგა, ბშირი, რასაც ეძიებდა, ვერ ეწია. ამის შემდეგ მან განიზრახა ხელი მიეყო გავარებისათვის და ხალხის მცირერიცხოვანი ნაშთი ტყვედ წაესხა, იავარ ეყო და ხმლის საზრდოდ ექცია.
თუმცა მთელი ქვეყანა ამ დროს უკვე აოხრებული და გაუკაცრიელებული იყო მტერთა ალაფობისაგან მაინც მას მზაკვრობის ბოროტი ზრახვები არ აუსრულდა. შაჰად წოდებულის შაჰანის ერთი ვინმე დიდებულთაგანი, სახელად გეორგი, გამოვიდა და შემოვლო გავარები, რათა მტერთა რბევისაგან იმ ქვეყნის მცირე ნაგებობა დაეცვა. ბშირი მოულოდნელად შეეტაკა მას. შიშმა შეიპყრო გეორგი (მარზპეტუნი), რადგან მას 20 კაცზე მეტი არ პყავდა, ბშირი კი 1000 კაცით იყო მოსული. უფლის მოიმედემ, მან მაინც გაბედა მათი წინააღმდეგობა და იბრძოდა კიდეც მათ წინააღმდეგ მხნედ და მამაცურად. ცხენი შეიყვანა შუა ბრძოლაში და [მტრის ჯარიდან] მრავალი დააგორა და ძირს დასცა. თუმცა მისი კაცებიდანაც ზოგიერთები მტრისაგან დევნილი დაეცნენ, მაგრამ ისმაიტელთა გონების მაცდურმა ცდუნებამ ისინი მასთან უკანვე მოაბრუნა.
მათ შეუფერხებლად სიხელით წყვდიადის აჩრდილთა ნისლი მოიხვიეს და რასაც კი ერთბაშად გზაზე წააწყდებოდნენ, მახვილის საზრდოდ ხდიდნენ: მშვიდსა და უდანაშაულო მღვდლებს, მიწის მუშაკებს, მწყემსებს, მგზავრებს და აგრეთვე ღატაკებს. ამრიგად, უდანაშაულოებსაც სასიკვდილოდ წირავდნენ და თავებს ჰკვეთდნენ. მან ეს თავები ამაყად თან წაიღო ქალაქ დვინში, თითქოს პირადად თავისსი მხნეობითა და დიდი ბრძოლით ყოფილიყო ეს ყველაფერი მოპოვებული. უდანაშაულოდ მოკვეთილი ეს თავები ოცზე მეტი იყო. მან რამდენიმე დღე შეისვენა, [შემდეგ] კი კვლავ დიდძალი ჯარი, პირველზე ორჯერ მეტი, შეუსია. ისინი ცხენისა და კაცის აბჯრით შეჭურა და ტბის ნაპირას სევანის კუნძულის სიმაგრის პირისპირ გაემართა,  რომ ეგების მოულოდნელად იქ მოსულს შესძლებოდა შაჰად წოდებულ შაჰანის მოკვლა, ან შებორკილება. როდესაც მან ეს დაინახა, ძალა მოიკრიბა, გარეთ გამოვიდა, სწრაფად გაამზადა თერთმეტი ნავი, აიყვანა ნავზე 70-ოდე კაცი, აზატი და მონა – ფართო მშვილდებით შეიარაღებულნი, ისინი მხნეები და მცოდნენი იყვნენ ისართა ტყორცნის საქმისა, ისე რომ თითქმის თმასაც კი არ აცდენდენ.
შემდეგ იგიც მათთან ერთად ნავზე ავიდა და გაემართნენ მტრებთან ზღვაზე საბრძოლველად. შიგ შეიჭრენ [მტრებში] მარჯვე ისრის ტყორცნით. მტერთაგან ზოგს თვალი წამოსთხარეს, სხვები კი მძიმედ დაჭრეს და გაწყვიტეს. ასე გაჰკვეთეს და გააქციეს მტერთა სიმრავლე. ბშირმა ეს საკუთარ სირცხვილად მიიღო და შეეცადა შური ეძია. იგი პირდაპირ წავიდა გელას სიმაგრეში, რომ იქნებ მოულოდნელი თავდასხმით რაიმე ზიანი მიეყენებინა მისთვის. მაგრამ იგი იქიდანაც ხელცარიელი წამოვიდა. ის გეორგი, რომლის მამაცური ბრძოლის შესახებაც ადრე გიამბეთ, შემთხეევით იმ სიმაგრეში დახვდა. [გეორგიმ] რომ დაინახა ეს ბრბო, ახლოს მოსული სიმაგრის კარს, საქურვლით, სამკაულითა და შუბ-ლახვრით აღჭურვილმა სხვა მცირეოდენი რაზმი წაიყვანა თან და სიმაგრიდან გარეთ მტრის მიმართულებით გამოვიდა. იგი შეერკინა რიცხვმრავალ ჯარს, ჯერ ბშირის ცხენს ძარღვები დაჰკვეთა ხმლით, ისე რომ მან ძლივს მოახერხა სხვა ცხენზე გადაჯდომა და გაქცევა. სხვას თანამებრძოლებმაც მხარი მისცეს გეორგის, და მის მრავალი მებრძოლი დაამხვეს და გააქციეს. მას თან ახლდა ერთის ძლიერება მრავლის წინააღმდეგ, თქმულის მსგავსად: „დავითი გეთელებზე უმამაცესი იყო“. მტრის რაზმი ასე მასხრად აგდებული წავიდა და შევიდა ქალაქ დვინში ისინი იმუქრებოდნენ, რომ სიმაგრის მცხოვრებლებზე შურს იძიებდნენ.
იმ დროს მე გავემართე სამეფო საგვარეულოს შთამომავალთან აშოტთან (შაპუჰის ძესთან, 923 წ. შემოდგომაზე) და მასთან დავრჩი, ვიდრე ზაფხული შემოდგომით შეიცვლებოდა. მრავალნაირი სარგებელი, სიკეთე და სრული სიყვარული. ხელუხვად მივიღე მისგან საჭიროებისამებრ. შემდეგ მან გამგზავნა და მეც გავემართე გაგიკ სომეხთა მეფესთან მისი მუდმივი მიპატიეებისა და მიწეევის თანახმად. სამამამთავრო სახლი სოფლებითა და მამულით ნისრს დაეპყრო და ჩვენ უსახლკაროდ დავრჩით, არავინ იყო, რომ სულით და გულით მოჰკიდებოდა დედა ეკლესიის აღდგენის საქმეს. და რომ სულიერი მუშაკობით ეღვაწნა ახალი სიონის ტყვეების დასაბრუნებლად. მებრძოლი ხელის ნაკლულევანება და მოუძლურება იგრძნობოდა. მე მივედი დიდ მეფესთან გაგიკთან. მან მიგვიღო და იზრუნა ჩვენთვის სულიერი სიყვარულით და ერთგულებით, მტკიცე რწმენით, შეურყევილი სასოებითა და უშიშარი დაგვიცვა თავის ძმასთან გურგენთან ერთად. უხვად მოგვანიჭა ხორციელი საჭიროებანი, შემდეგ ჩეეული სიბრძნით მტკიცედ დაგვაიმედა, რომ სულით და გულით შეეცდებოდა და იზრუნებდა ჩვენს სამკვიდროში ჩვენს დაბრუნებაზე, ამასთანავე მთელი ქვეყნის მშვიდობისა და წმინდა ეკლესიათა განმტკიცებზე, როგორც ამას ქრისტიანული წესი მოითხოვს: წმინდა სარწმუნოების ძლიერება დავიცვათ, როცა ამას უფალი ისურვებს.
ამ დროს ნისრ ოსტიკანი გამოვიდა სპარსეთის ატრპატაკანიდან და რიცხვმრავალ მებრძოლ ჯართან ერთად წავიდა სივნიეთის მხარეს. რადგან სივნიელთა მთავარი სუმბატი თავის საკუთარ გავარში ვაიოც ძორში იდგა და ისვენებდა, ოსტიკანმა უკუღმართ აზრთა შესაბამისად დროულად მიიჩნია ფარულად და სწრაფად წასულიყო მთავრის შესაპყრობად, ანდა შეჭურვილი მებრძოლებით თავს დასხმოდა და ტყვედ წაეყვანა იგი. მაგრამ როდესაც დაინახა, რომ იგი დიდძალი ცხესნოსანი გუნდითა და ადგილთა სიმაგრეებით იყო გარშემორტყმული; მასთან მშვიდობის [ჩამოგდებაზე] დაიწყო საუბარი. მან დიდძალი საჩუქარი მიიღო სუმბატ მთავრისაგან და თავს იდვა სააპყრობილიდან გაეთავისუფლებინა მისი ძმები, თვითონ კი ქალაქ დვინში წავიდა. სასწრაფოდ უმცროსი ძმის ბაბგენისაგან დრაჰკანთა უსამართლო გადასახადი და გააგზავნა იგი სუბატ მთავართან. მისი ძმა საჰაკი კი ჯერ კიდევ საპყრობილეში დატოვა, მანამდე, ვიდრე მისგანაც არ აიღებდა ვალად დაპირებულ დრაპკანებს, მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლებდა და მისცემდა მას ხელთ თავის საკუთარ სამფლობელოს.
როდესაც ციხე ქელის მცხოვრებლებმა შეიტყვეს ოსტიკანის მოსვლა და გაითვალისწინეს მისი ძლიერი მუქარა მათ მიმართ ზარდაცემულები და შიშით შეპყრობილები საგონებელში ჩაცვივდნენ, რომ თუ ციხეს ოსტიკანს მისცემდნენ, წარმოუდგენელ ტანჯვასა და სიკვდილს მიეცემოდნენ. ასე ამრიგად, მათ მოულოდნელ შიშს მისცეს თავი. ციხე მცხოვრებთაგან სრულიად დაცარიელდა იარაღასხსმული ჯარიც გამოვიდა და წავიდა თავის სურვილითა და ნებით. ოსტიკანმა კი [მხოლოდ] ორი წლის შემდეგ შეიტყო მცხოვრებთაგან ციხის ასხის დაცარიელების შესახებ, მან დაიპყრო და დაიმორჩილა ციხე ყოველგვარი გარჯის გარეშე და გარემო სოფლებს, დაბებსა და მამულებს დაეუფლა.
ამიერიდან, დაე ნუ დარჩება შეუმჩნეველი ჩვენგან თუნდ ბოროტ მუშაკთა მუდმივი სამკალი, რომელიც ჩვენ გვმკის ნისლითა და ბურუსის მოცვით. ჩვენ რომ შემოქმედის განსაზღვრების თანახმად ზეცას მოგვემზადებინა ჩვენი სათხოვარი და მომგებლის მსგავსად წავსულიყავით, მაშინ უფლის მაცოცხლებელი ძალით გადავრჩებოდით და მტრებს ხელთ არ ჩაუვარდებოდით, პირიქით თვით დავამხობდით მოწინააღმდეგეს, მოვაუძლურებდით, წავახდენდით და დავცემდით მიწაზე და მრავალთაგან აღიარებული ნეტარი ვიქნებოდით ამ ქვეყნად. ჩემს ხალხს – ამბობს – რომ ესმინა ჩემი, ან ისრაელი ჩემი გზით წასულიყო, არარად ვაქცევდი მე მის მტრებს და მის შემავიწროებლებს მოხვდებოდა ჩემი ხელი; რადგან პირუტყვთა და უგუნურ საქონელთა მსგავსად მიწას დავცქერით და თვითონ ჩვენ სხვადასხვაგვარად ვაჩვენეთ უფლის მსგავსებისა და ხატის საზე, ამიტომ უფლის სახლის მტრებმა ჩვენ მოგვატყუეს. და ტყის ლორთა და გზად გამვლელთაგან გავითელეთ, როგორც ქუჩის თიხა და თავს გადაგვეყარა ნაქოვრის ხევის ქვები.


Комментариев нет:

Отправить комментарий