среда, 24 февраля 2021 г.

ლენინი და დამფუძნებელი კრება (თ. ანთელავა)

პირველად რუსეთში დამფუძნებელი კრების მოთხოვნით დეკაბრისტები გამოვიდნენ. დამფუძნებელი კრების ფართო პროპაგანდას ეწეოდა პლეხანოვის „ზემლია ი ვოლია“, ხოლო XIX საუკუნის ბოლოსათვის ის გახდა „ნაროდნაია ვოლიას“ საპროგრამო მოთხოვნა. XX საუკუნის დასაწყისში დამფუძნებელი კრების მოწვევის ლოზუნგმა მიიღო ფართო გავრცელება თვითმპყრობელობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში.
ამ დროს ლიბერალები, სოციალისტები დამფუძნებელ კრებაზე იმედებს უკავშირებდნენ საზოგადოების რადიკალურ დემოკრატიზაციას, ძირეული პოლიტიკური და სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას.
რუსეთის პოლიტიკური პარტიების ავტორიტეტი და გავლენა ბევრად იყო დამოკიდებული მათ დამოკიდებულებაზე დამფუძნებელი კრების მოწვევის იდეასთან.
ლენინი თხუთმეტი წლის განმავლობაში გამოდიოდა დამფუძნებელი კრების მოწვევის მოთხოვნით. დამფუძნებელი კრების პრობლემას ლენინი შეეხო 30-ზე მეტ სტატიაში და გამოსვლაში. ჯერ კიდევ 1902 წელს, როდესაც დაიწერა რსდმ პარტიის პროგრამის პროექტი გაზეთ „ისკრის“ რედკოლეგიის ხუთი წევრის მიერ, ლენინი ხაზგასმით წერდა, რომ „რუსეთში პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნები შესაძლებელია მხოლოდ თვითმპყრობელობის დამხობითა და დამფუძნებელი კრების მოწვევით“.1 მაშინ ლენინი თვლიდა, რომ „ბურჟუაზიულ რევოლუციაში დამფუძნებელი კრება არის დემოკრატიზაციის უმაღლესი ფორმა“.2 დამფუძნებელი კრების მოწვევის აუცილებლობა რსდმ პარტიამ 1903 წელს პარტიის მე-2 ყრილობამ თავის პროგრამაში ჩართო. განსაკუთრებით საინტერესოა ლენინის 1905 წლის წერილი „საერთაშორისო სოციალისტური ბიუროს“, სადაც ვკითხულობთ: „რუსეთში მიმდინარეობს... რევოლუცია, ბრძოლა თავისუფლებისათვის, რომ ამ ბრძოლის ამოცანაა დამფუძნებელი კრების მოწვევა, რომელსაც მოითხოვს ყველა პროგრესული პარტია, განსაკუთრებით რსდმპ“.3
თებერვლის რევოლუციის შემდეგ დამფუძნებელი კრება სანუკვარ ლეგალურ მიზნად იქცა, რომელსაც უკავშირებდნენ ომისა და მშვიდობის, მიწის, სოციალურ, ეროვნულ და სხვა იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც განაპირობდნენ დემოკრატიული რუსეთის შემდგომ განვითარებას. ამით აიხსნება ის, რომ დროებითმა მთავრობამ 1917 წლის 13 მარტს დაადგინა დამფუძნებელი კრების საარჩევნო კანონის პროექტით გათვალისწინებული განსაკუთრებული თათბირის შექმნა, ხოლო 15 მარტს გამოაქვეყნა განცხადება მისი მოწვევის შესახებ4. მიუხედავად ამისა, ლენინი 19 მარტს წერს: „დამფუძნებელი კრების არჩევნები ჯერ კიდევ არის მხოლოდ ცარიელი დაპირება“.5 ის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციიდან ოქტომბრის გადატრიალებამდე, თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში („როგორ უზრუნველვყოთ დამფუძნებელი კრების მოწვევა“, „კონსტიტუციური ილუზიების შესახებ“, „რევოლუციის გაკვეთილები“ და სხვა) სისტემატურად აკრიტიკებდა, აკრავდა „სამარცხვინო ბოძზე“ დროებით მთავრობას დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და მოწვევის ვადების გაჭიანურების გამო.
ჯერ კიდევ შვეიცარიიდან რუსეთში გზად მიმავალი ლენინი წერს მოწოდებას „დამფუძნებელი კრების დაუყოვნებლივ მოწვევის შესახებ“.6 „აპრილის თეზისების“ საფუძველზე დაწერილ სტატიაში _ „პროლეტარიატის ამოცანების შესახებ ამ რევოლუციაში“ _ ლენინი მკითხველებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „მე მომაწერენ შეხედულებას, თითქოს დამფუძნებელი კრების უსწრაფესად მოწვევის წინააღმდეგი ვიყო! მე ამას ბოდვით გამოთქმას ვუწოდებდი“.7
ვინაიდან დამფუძნებელი კრების ლოზუნგი პოპულარული იყო მოსახლეობის ფართო ფენებში, იგი ლენინმა ოფიციალურად, საჯაროდ ვერ უარყო. მას ოქტომბრამდე დამფუძნებელი კრების მოწვევისათვის თანამიმდევრულ მებრძოლად მოჰქონდა თავი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლენინს კარგად ესმოდა _ თუ დამფუძნებელი კრება მოწვეული იქნებოდა დროებითი მთავრობის მიერ, ის გადაწყვეტდა რუსეთის მომავალი სახელმწიფოებრივი მოწყობის, მიწათსარგებლობის, ეროვნული და სამართლიანი ზავის დადების საკითხებს, რაც თავისთავად მოხსნიდა ყოველგვარ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს, ბოლშევიკებისათვის აუცილებელი ახალი რევოლუციური ტალღის აზვირთების შესაძლებლობას. ამიტომ მან 10 ოქტომბერს ცკ-ს დახურულ სხდომაზე ღიად და გულახდილად განუცხადა თანამებრძოლებს: „მოვუცადოთ დამფუძნებელ კრებას, რომელიც აშკარად ჩვენთან არ იქნება, უაზრობაა, ვინაიდან ეს ნიშნავს გავარ- თულოთ ამოცანა“.8
საბჭოთა ისტორიკოსები გვარწმუნებდნენ, რომ ლენინი თანამიმდევრულად იბრძოდა დამფუძნებელი კრების მოწვევისათვის და ამის ერთ-ერთ საბუთად იმოწმებდნენ გაზეთ „პრავდიდან“ შემდეგ ციტატას, რომელიც ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში გვხვდება: „ამხანაგებო, თქვენ თქვენი სისხლით უზრუნველყავით ვადაზე მოგეწვიათ რუსეთის მიწის მეპატრონის _ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება“.9 აღნიშნულ პერიოდში საბჭოურ ისტორიოგრაფიას ბრუნვაში შემოჰქონდა ის დიდძალი ფაქტობრივი მასალა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, დაერწმუნებინა მკითხველი დამფუძნებელი კრების კონტრრევოლუციურ არსში, რის გამოც თითქოს ლენინი იძულებული გახდა, კანონგარეშედ გამოეცხადებინა ის. ოფიციალური პარტიულ-სახელმწიფოებრივი კონიუნქტურა აიძულებდა საბჭოთა მკვლევარებს, ტენდენციურად გაეშუქებინათ საბჭოური სინამდვილის ნეგატიური მოვლენები. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო დამფუძნებელი კრების მოწვევა-დათხოვნის საკითხი10.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოურ ეპოქაში გამოქვეყნებული დოკუმენტებისა და მასალების კრებულები მოიცავენ დიდძალ ფაქტობრივ მასალას, ისინი მაინც არ იძლევიან საშუალებას, სრულად და ობიექტურად შევაფასოთ მოვლენები და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები დასმული პრობლემების შესახებ11.
პოსტსაბჭოურ ხანაში გამოცემულ განმაზოგადებელ ნაშრომებშიც მკვლევარები, ჯერ კიდევ იმყოფებიან რა ბოლშევიკური იდეოლოგიის ტყვეობაში, ძირითადად ამართლებენ ლენინის ქმედებას დამფუძნებელი კრების მიმართ12.
საარქივო მასალების, იმდროინდელი პრესის, გამოქვეყნებული დოკუმენტებისა და ნაშრომების შესწავლამ გვაჩვენა, რომ დამფუძნებელი კრების გარეკვის ინიციატორი იყო ლენინი, რომელმაც გახლიჩა რუსეთის საზოგადოება ორ მტრულ ბანაკად, მოახდინა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების სრული პოლარიზაცია, რამაც გამოიწვია სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი.
გადაწყვეტილება დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარების შესახებ, როგორც უკვე აღინიშნა, მიიღო დროებითმა მთავრობამ ჯერ კიდევ 1917 წლის გაზაფხულზე. მთავრობის დადგენილებას დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარების შესახებ ხელი მოაწერეს თავადმა ლვოვმა და იუსტიციის მინისტრმა პერევერზევმა 1917წ. 14(27) ივნისს და საარჩევნო ხარჯებისათვის გამოყოფილი იქნა 6 მლნ მანეთი13. ამ დადგენილებით განისაზღვრა დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება 17(30) სექტემბერს, ხოლო მისი მოწვევა _ 30 სექტემბერს (13 ოქტომბერს).
1917 წლის 13(26) მარტს მოიწვიეს განსაკუთრებული თათბირი, რომელსაც უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების არჩევნების კანონი. თათბირმა მუშაობა დაიწყო 25 მაისს (7 ივნისი) და დაამთავრა სექტემბრის დასაწყისში. თათბირს თავმჯდომარეობდა კადეტი ფ. ვ. კოკოშკინი, მისი მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ბოლშევიკური პარტიიდან (ჯერ მ. კოზლოვსკი, შემდეგ პ. კრასიკოვი). მან მოამზადა დებულება, რომელიც შეიცავდა ცივილიზებულ ქვეყნებში განმტკიცებულ პრინციპებს. რუსეთის ისტორიაში პირველად არჩევნები ტარდებოდა როგორც საყოველთაო, პირდაპირი, ფარული, პარტიული სიების მიხედვით, რაც საშუალებას იძლეოდა, გამოევლინათ მასების პოლიტიკური განწყობის მთელი სპექტრი14.
დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ ნ. ავინოვი (თავმჯდომარე), გ. ლორთქიფანიძე, ვ. მაკლაკოვი, ვ. ნაბოკოვი, ბარონი ბ. ნოლდე, ვ. გესსენი, ვ. გომბერგი, მ. ვიშნიაკი და სხვ15. მოგვიანებით, კერენსკის, რომელიც დროებითი მთავრობის თავმჯდომარე გახდა, და იუსტიციის ახალ მინისტრ ზადორნის მოუხდათ არჩევნების 12 ნოემბრისათვის, ხოლო დამფუძნებელი კრების მოწვევის 28 ნოემბრისათვის გადადება16.
არჩევნების თარიღი დაადასტურა 1917 წლის 27 ოქტომბერს სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტმა. ყველა ადგილობრივ საარჩევნო კომისიას, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებას, საბჭოებს მოუწოდეს, „დაეძაბათ მთელი ძალისხმევა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად“.17
კენჭისყრაში მონაწილეობდა 67 ოლქის 44 მლნ-ზე მეტი ამომრჩეველი. სულ იყო 79 ოლქი 90 მლნ-მდე ამომრჩევლით. ერთ დღეში არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდა. ბევრ ადგილას ისინი მიმდინარეობდა ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, ცალკეულ ოლქებში კი _ 1918 წლის დასაწყისში18.
არჩეული 715 დეპუტატიდან უმრავლესობა მხარს უჭერდა სოციალისტურ პარტიებს (მემარცხენე ესერებს _ 370, მენშევიკებს _ 40, სახალხო სოციალისტებს _ 2). პირველ ადგილზე გავიდნენ ესერები. ბოლშევიკებმა მიიღეს სადეპუტატო ადგილების მხოლოდ მეოთხედი (175), ბურჟუაზიულ პარტიებს (კადეტები და სხვ.) ხმა მისცა ამომრჩეველთა 13% (კადეტებმა მიიღეს 17 ადგილი, ნაციონალურმა ჯგუფებმა _ 86)19.
რევოლუციური აღმავლობის ტალღაზე ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარების სოციალისტურ გზას, მაგრამ სოციალისტური პერსპექტივა სხვადასხვანაირად ესმოდათ. რადიკალურ-ექსტრემისტულ გზას მხარი დაუჭირა უმცირესობამ, დიდმა ნაწილმა კი აზრი გამოთქვა იმ პოლიტიკური პროგრამის სასარგებლოდ, რომელიც სთავაზობდა დემოკრატიის, კერძო საკუთრების განმტკიცებას, რეფორმირებას, თანდათანობას, მომავალ სოციალიზმზე ევოლუციურ გადასვლას.
ლენინმა იცოდა, რომ დამფუძნებელი კრება არ იქნებოდა ბოლშევიკების მხარეზე. ასე რომ, ლენინი სულაც არ აპირებდა, შეესრულებინა თავისი დაპირება, რომელიც მისცა 26 ოქტომბერს საბჭოების II ყრილობას, რომ არჩევნებზე დამარცხების შემთხვევაში მისი პარტია დაემორჩილებოდა ხალხის ნებას20.
ტროცკი თავის წიგნში „ლენინის შესახებ. მასალები ბიოგრაფიისათვის“ იხსენებს: „პირველივე დღეებში, თუ საათებში არა, გადატრიალების შემდეგ, ლენინმა წამოაყენა საკითხი დამფუძნებელი კრების შესახებ: უნდა გადავდოთ არჩევნები... შესაძლებლობა უნდა მივცეთ, განაახლონ საარჩევნო სიები. ჩვენი საკუთარი სიები არაფრად არ ვარგა“: „შემთხვევითი ინტელიგენციის სიმრავლეა, ჩვენ კი გვჭირდება მუშები და გლეხები. კორნილოველები, კადეტები კანონგარეშე უნდა გამოვაცხადოთ“.
„უხერხულია ახლა გადადება. ამას გაიგებენ ისე, როგორც დამფუძნებელი კრების ლიკვიდაციას, მით უმეტეს, რომ ჩვენ თვითონ ვადანაშაულებდით დროებით მთავრობას დამფუძნებელი კრების გაჯანჯლებაში“. „წვრილმანია! რატომ არის გადადება უხერხული? თუ დამფუძნებელი კრება კადეტურ-მენშევიკურ-ესერული აღმოჩნდება, ეს მოხერხებული იქნება?“
„დიდხანს დამფუძნებელი კრების საკითხზე ლენინი მარტოობაში რჩებოდა. იგი უკმაყოფილოდ იქნევდა თავს და იმეორებდა: აშკარა შეცდომა, რომელიც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს! ვაი, თუ ამ შეცდომას რევოლუცია გადაჰყვეს“.
„ერთი სიტყვით, ლენინი ცალსახად უჭერდა მხარს დამფუძნებელი კრების „გარეკვას“. მას მხოლოდ ის აცბუნებდა, როგორ მოიქცეოდნენ ამ შემთხვევაში მემარცხენე ესერები. ბოლშევიკებთან ვიწრო წრეში ამ საკითხის განხილვის შემდეგ, მემარცხენე ესერები დათანხმდნენ კრების „გარეკვაზე“, მაგრამ ლენინი არ ცხრებოდა“: „აშკარა შეცდომაა: ძალაუფლება უკვე მოვიპოვეთ, ჩვენ კი იძულებული ვართ, მივიღოთ სამხედრო ზომები, რომ კვლავ მოვიპოვოთ იგი“.21 ლენინის განკარგულებით, პეტროგრადის გარნიზონი გააძლიერეს ლატვიელთა ერთგული პოლკებით.
ზედიზედ იხურებოდა ოპოზიციური ჟურნალ-გაზეთები. სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, სახკომსაბჭოს, პეტროგრადის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის დეკრეტებით ფართოვდებოდა საბჭოების უფლებამოსილებანი, ამავე დროს იზღუდებოდა ერობის, ქალაქის სათათბიროების საქმიანობა, რომლებსაც შეეძლოთ ორგანიზაციული და პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოეჩინათ დამფუძნებელი კრების მემარჯვენე ფრთისათვის.
23 ნოემბერს (6 დეკემბერი) თავრიდის სასახლეში მორიგი სხდომის დროს, სახკომსაბჭოს ბრძანებით დააპატიმრეს დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისიის წევრი კადეტები და მემარჯვენე ესერები, რომლებიც გაათავისუფლეს 27 ნოემბერს (10 დეკემბერი), ე. ი. ოთხი დღე-ღამის განმავლობაში ისინი გამომწყვდეული ჰყავდათ. დაპატიმრების მიზეზი გახდა დროებითი მთავრობის სახელით ხალხისადმი საარჩევნო კომისიის ბიულეტენში გამოქვეყნებული მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: „ოქტომბრის 20-იან რიცხვებში ძალაუფლების ხელში ჩაგდების პოლიტიკის განხორციელებამ მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში ჩაშალა არჩევნების ჩატარების საქმე... დროებითმა მთავრობამ, რომელმაც შეუძლებლად ჩათვალა დამფუძნებელი კრების მოწვევის დღის გაუქმება, მისი გახსნა თავრიდის სასახლეში დანიშნა 28 ნოემბერს დღის 2 საათზე“.22
ლენინის მითითებით, დამფუძნებელი კრების საარჩევნო კომისია ლიკვიდირებული იქნა. არჩევნების კომისრად დაინიშნა ურიცკი. თავისუფლად დარჩენილმა კომისიის ზოგიერთმა წევრმა პროტესტით მიმართა ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარს. სტალინთან შემდეგი საუბარი გაიმართა:
_ რატომ დააპატიმრეს კომისია? _ ეკითხებოდა სახალხო კომისარს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
_ იმიტომ ხომ არა, რომ იგი არ ცნობს სახალხო კომისართა ძალაუფლებას? სტალინმა მისთვის დამახასიათებელი უკმეხობით უპასუხა: თქვენ ეწეოდით გაყალბებასა და ფალსიფიკაციას...
_ არავითარი გაყალბება არ ყოფილა! ეს სიცრუეა!
_ განა თქვენ შეგიძლიათ გარანტია მოგვცეთ, რომ კადეტები და ობორონცელები არ აწყობდნენ თქვენგან გასაიდუმლოებულ სხდომებს... ჩვენ ნებას არ მივცემთ კონტრრევოლუციას, დამფუძნებელი კრების შირმა თავისი მიზნებისათვის გამოიყენოს23.
ტროცკიმ, რომელმაც კადეტებისა და მემარჯვენე ესერების გამოსვლები შეაფასა, როგორც პეტროგრადში შეიარაღებული აჯანყების ცდა, განაცხადა, რომ კადეტების ხელმძღვანელობა კონტრრევოლუციის ნამდვილი კერაა. ანტისაბჭოურ გამოსვლებში კადეტების პარტიის მთელი რიგი ლიდერების მონაწილეობის საბაბით, სახკომსაბჭომ დაამტკიცა დეკრეტი „პარტიის ცენტრალური კომიტეტის24 ყველაზე გამოჩენილი წევრების, ხალხის მტრების დაპატიმრებისა და რევოლუციური ტრიბუნალის სასამართლოსათვის მათი გადაცემის შესახებ“.25
კადეტთა პარტიის საქმიანობა კანონგარეშე გამოცხადდა. დაიწყო დამფუძნებელი კრების ლიდერებისა და კადეტი დეპუტატების დაპატიმრებები. პეტროგრადი გამოცხადდა საალყო მდგომარეობაში; დაინიშნენ ქალაქის დაცვის საგანგებო კომისრები და შეიქმნა სამხედრო შტაბი, რომელშიც შევიდნენ ი. სვერდლოვი, ვ. ბონჩ-ბრუევიჩი, ნ. პოდვოისკი, პ. პროშიანი, ურიცკი და სხვები.
თავრიდის სასახლის დასაცავად გამოწვეული იქნა კრეისერ „ავრორას“ რაზმი, ჯავშნოსან „რესპუბლიკის“ ორი ასეული და სხვა ნაწილები, ადგილი ჰქონდა შეჯახებას, იყო მსხვერპლიც.
ლენინი მეთოდურად, მიზანმიმართულად განაგრძობდა ფართო კამპანიას დამფუძნებელი კრების წინააღმდეგ. ეს მაშინ, როდესაც ლენინი საბჭოების სრულიად რუსეთის II ყრილობაზე თითოეული დეკრეტის განხილვისა და მიღებისას ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მათ დროებითი ხასიათი აქვს _ დამფუძნებელი კრების მოწვევამდე. ასე, მაგალითად: მან მოხსენებაში „დეკრეტი ზავის შესახებ“ განაცხადა, რომ ჩვენ განვიხილავთ ზავის ყოველგვარ პირობას. განხილვა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას მივიღებთ. ჩვენ ამ საკითხს განსახილველად შევიტანთ დამფუძნებელ კრებაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს რისი დათმობა შეიძლება ან არ შეიძლება26. გარდა ამისა, მან „დეკრეტის მიწის შესახებ“ მიღებისას ერთხელ კიდევ დაადასტურა დამფუძნებელი კრების მოწვევის აუცილებლობა და საყოველთაოდ განაცხადა: „Как демократическое правительство, мы не можем обойти постановление народных низов, хотя бы мы с ним не были согласны... И если даже крестьяне пойдут дальше за социалист-революционерами и если этой партии дадут в Учредительном собрании большинство, то и тут мы скажем: пусть так“.27
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საბჭოების II ყრილობაზე თვით ლენინის მთავრობა დამტკიცებული იყო დროებით. დადგენილებაში მთავრობის შექმნის შესახებ ვკითხულობთ: „Образовать для управления страной, впредь до созыва Учредительного собрания, временное (ხაზგასმა ჩვენია _ თ.ა.) рабочее и крестьянское правительство, которое будет именоваться Советом Народных Комиссаров“.28
ლენინი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად დაესუსტებინა კრების მენშევიკურ-კადეტური ნაწილი ურჩი დეპუტატების გაწვევის გზით და მათ ადგილას აერჩიათ ბოლშევიკებისადმი ერთგული პირები. ამ მიზნით, ლენინი სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მეშვეობით იღებს დეკრეტს „ამომრჩეველთა უფლების შესახებ“, გაიწვიონ ის დეპუტატები, რომლებმაც ნდობა ვერ გაამართლეს29. ბოლშევიკების ინიციატივით დაიწყო გაწვევების ხმაურიანი კამპანია. „კონტრრევოლუციური ელემენტების“ სიაში მოხვდნენ და დეპუტატობის მანდატი ჩამოერთვათ რუსეთის ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ ნ. ავქსენტიევი, ე. ბრეშკოვსკაია, ა. გოცი და სხვები. ბოლშევიკური სადეპუტატო ფრაქციიდან გარიცხეს ლ. კამენევი, გ. ზინოვიევი, ა. რიკოვი, ი. ლარინი (მ. ლურიე), ვ. მილიუტინი, დ. რიაზანოვი30 (ლენინმა მათ არ აპატია „ვიკჟელთან“ დაკავშირებული ინციდენტი), რომლებსაც დამფუძნებელი კრება რევოლუციის დამამთავრებელ ეტაპად მიაჩნდათ და წინადადებას იძლეოდნენ, არ გაეკონტროლებინათ მისი მომზადება.
12 დეკემბერს ლენინმა დაწერა 19 თეზისი დამფუძნებელი კრების შესახებ. მან თეორიულად დაასაბუთა დამფუძნებელი კრების მოწვეევის შესახებ თავდაპირველი ლოზუნგებისაგან ბოლშევიკების გამიჯვნის მიზეზები. მან მთავარ არგუმენტად წამოაყენა თეზისი იმის შესახებ, რომ საბჭოები წარმოადგენენ დემოკრატიის ერთადერთ ფორმას, დგანან უფრო მაღლა ყოველგვარ პარლამენტებზე, ყოველგვარ დამფუძნებელ კრებებზე31. ლენინი მოითხოვდა დამფუძნებელი კრებისაგან საბჭოთა ხელისუფლების, მისი პოლიტიკის ზავის, მიწისა და მუშათა კონტროლის შესახებ ცნობას. ლენინის თეზისები საფუძვლად დაედო ბოლშევიკების პრაქტიკულ პოლიტიკას დამფუძნებელი კრების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ინტერესს იწვევს ევროპული სოციალდემოკრატიის პატრიარქის კარლ კაუცკის ბროშურა „პროლეტარიატის დიქტატურა“, სადაც მან ზუსტად არგუმენტირებულად დაასაბუთა ლენინის ღრმა ანტიდემოკრატიზმი. მსჯელობდა რა ლენინის პოზიციის შესახებ დამფუძნებელი კრების შესახებ, იგი შენიშნავდა: „სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ამ დასკვნამდე მივიდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდნენ დამფუძნებელი კრების უმცირესობაში. ადრე არავინ არ მოითხოვდა ამას ლენინზე მგზნებარედ“.32
ლენინმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, ეპასუხა მისთვის წიგნში „პროლეტარული რევოლუცია და რენეგატი კაუცკი“.33 არ არის აუცილებლობა, ვილაპარაკოთ ამ წიგნის შინაარსის შესახებ, დავასახელებთ მხოლოდ სალანძღავ სიტყვებს კაუცკის მისამართით: „იუდუშკა კაუცკი“, „გაიძვერა“, „ბრმა ლეკვი“, „ბურჟუაზიის სიკოფანდი“, „არამზადა“, „უნამუსოთა და სისხლისმსმელთა ბანდის დამქაში“, „ფილისტერი მეშჩანი“, „ნაგვის ორმოს რენეგატი“. დღეს, როდესაც გავთავისუფლდით მარქსისტული დოგმატიზმისაგან, გვიკვირს, როგორ შეეძლო ეხმარა ასეთი სალანძღავი სიტყვები ადამიანს, რომელიც უზარმაზარ ქვეყანას მართავდა.
ყველაზე მთავარი სიურპრიზი დამფუძნებელი კრებისათვის იყო „მშრომელი და ექსპლოატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაცია“, რომელიც სასწრაფოდ მიიღო 1918 წლის 3 იანვარს სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა34, ეს იყო საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც განამტკიცებდა ოქტომბრის გადატრიალების ძირითად შედეგებს. ცხადდებოდა საბჭოების უმაღლესი ხელისუფლება ცენტრში და ადგილებზე, რუსეთის ფედერაციული მოწყობა. დასტურდებოდა ოქტომბრის შემდეგ მიღებული ყველა კანონი. „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაცია“ დამფუძნებელი კრებისაგან მოითხოვდა დეკლარაციის მიღებას და თვითდათხოვნას. ბოლშევიკური მთავრობის მტკიცების თანახმად, ძველი სიები არ ასახავდნენ კლასობრივი ძალების ახალ განლაგებას. „გლეხობას, _ წერდა ლენინი. _ ჯერ კიდევ არ შეეძლო სცოდნოდა სიმართლე მიწასა და ზავზე, არ შეეძლო განესხვავებინა თავისი მეგობრები მტრებისაგან, ცხვრის ტყავში გამოწყობილი მგლებისაგან“.35
ვინ უშლიდა ხელს ლენინს ყოველივე ეს, გამოესწორებინა დემოკრატიული, საარჩევნო გზით? სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი და კომისიის წევრი მ. ვიშნიაკი აღნიშნავდა კიდეც: „ლენინს მაშინ უნდა დაეთხოვა დამფუძნებელი კრება, რომელიც აირჩიეს ნოემბერში ოქტომბრის სიებით. იქვე უნდა დაენიშნა და ჩაეტარებინა ახალი არჩევნები“.36 მაგრამ ლენინმა უკვე გამოუტანა განაჩენი დამფუძნებელ კრებას _ პოლიტიკური სიკვდილი. თუმცა მან გადაწყვიტა, დაეცვა ფორმა. სახკომსაბჭომ დაადგინა, „დაინიშნოს დამფუძნებელი კრების გახსნის ვადად 5 იანვარი 400 ადამიანის ქვორუმის შემადგენლობით“.37 გამოყვეს 233000 მანეთი კრების მუშაობის ხარჯებისათვის, დარწმუნებულებმა იმაში, რომ ეს თანხები არ დაიხარჯებოდა მისი ხანმოკლე მუშაობის გამო.
დამფუძნებელი კრება გახსნა ერთ-ერთმა უხუცესმა დეპუტატმა ს. შევცოვმა. ხმათა უმრავლესობით კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ვ. ჩერნოვი. კრება მიმდინარეობდა საგანგებო ვითარებაში. ტავრიდის სასახლე არა მარტო გარშემორტყმული იყო ჯარებით, არამედ სავსე იყო მეზღვაურებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც არ ფარავდნენ თავიანთ ბოლშევიკურ სიმპათიებს. ჩერნოვს არ აძლევდნენ საშუალებას, ნორმალურად წარემართა სხდომა. დარბაზში გამაყრუებელი ხმაური იდგა _ უსტვენდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, ყვიროდნენ. ამის მიუხედავად, მიღებულ იქნა დამფუძნებელი კრების მუშაობის დიდი პროგრამა, რომელიც შეიცავდა საკითხებს ხელისუფლების, მიწისა და ზავის შესახებ.
ლენინი წავიდა დამფუძნებელ კრებაზე (თან წაიღო პისტოლეტი, რომელიც შემდეგ მოპარეს პალტოდან დაცვის სამსახურის მეზღვაურებმა). იგი უხალისოდ ხან სავარძელში იჯდა, ხან ფიცარნაგის საფეხურზე თვლემდა, მაგრამ ი. წერეთლის ხმის გაგონებაზე ყურადღება დაძაბა, ვინაიდან იცოდა, რომ ცნობილი ორატორის მჭევრმეტყველება ერთგვარად შეცვლიდა მის სცენარს. ცოტა ხნის შემდეგ მან შეუმჩნევლად დატოვა მკვდრადშობილი დამფუძნებელი კრება, რომლის ბედი წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი.
სვერდლოვმა, სრულიად რუსეთის აღმასრულებელი კომიტეტის სახელით, წინადადება წამოაყენა, მიეღოთ ლენინის მიერ ულტიმატურად შედგენილი „მშრომელი და ექსპლუატირებული ხალხის უფლებათა დეკლარაცია“. კრებამ უარყო ბოლშევიკების ცდა, თავისი სცენარი თავს მოეხვია და განხილვიდან მოხსნა „უფლებათა დეკლარაცია“. მენშევიკებმა და ესერებმა სცადეს, რამდენადმე შეეზღუდათ ბოლშევიკების რადიკალიზმი და საუბარი სხვა სიბრტყეში გადაეტანათ.
„დამფუძნებელ კრებას, რომელიც ინტერნაციონალს მღეროდა, _ ამბობდა ი. წერეთელი. _ არ სჭირდება დაამტკიცოს, რომ სოციალიზმი კაპიტალიზმზე უკეთესია, მაგრამ არ გაუგია ბოლშევიკებისაგან არც ერთი დადებითი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სოციალიზმის დაუყოვნებლივი განხორციელება დადებით შედეგებს იძლევა“.38 წაიკითხეს რსდმ პარტიის დეკლარაცია მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის შესახებ. რსდმ პარტიის (გაერთიანებულ) დეკლარაციაში ნათქვამი იყო: „დამფუძნებელი კრება, მაშინ, როცა მთელი ქვეყანა გახვეულია სამოქალაქო ომის ხანძარში, როცა დათრგუნულია ყველა დემოკრატიული თავისუფლება, არ არსებობს არც პიროვნების, არც საცხოვრებლის ხელშეუხებლობა, არც სიტყვის, არც არც კრებების, არც კავშირების თავისუფლება, არც გაფიცვების თავისუფლებაც კი, როცა ციხეები გადავსებულია პატიმრებით, გამოცდილი რევოლუციონერებითა და სოციალისტებით, თვით დამფუძნებელი კრების წევრებითაც კი... ხელისუფლება, რომელსაც არ ცნობს ხალხის უმრავლესობა, მოლაპარაკებას აწარმოებს ზავის შესახებ ისეთ საფუძვლებზე, რომლებიც რევოლუციურ რუსეთს გადააქცევენ გერმანიის იმპერიალიზმის მოხარკედ. მუშათა კლასი უნდა მოითხოვდეს, რომ ხელისუფლების ყველა ორგანომ, წარმოშობილი სამოქალაქო ომის ნიადაგზე, აღიაროს დამფუძნებელი კრების უმაღლესი ხელისუფლება, გადასცეს მას მთლიანად რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მოწყობის საქმე“.39 ბოლშევიკები კი არ აპირებდნენ, დიდხანს ეკამათათ ან კომპრომისები ეძებნათ. ისარგებლეს რა ლენინის მიერ შემუშავებული სცენარით, ბოლშევიკებმა და შემდეგ მემარცხენე ესერებმა დატოვეს თავრიდის სასახლე. მიუხედავად ამისა, დარჩენილმა დეპუტატებმა დამფუძნებელი კრება გამოაცხადეს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებად და მიიღეს კანონი მიწის შესახებ. დამფუძნებელი კრების სხდომა დაიხურა 1918 წლის 6(19) იანვარს თავრიდის სასახლის დაცვის უფროსის, ბალტიის ფლოტის მეზღვაურის ა. ჟელეზნიაკოვის40 მოთხოვნით, რომელიც საბჭოთა მთავრობის ბრძანებით, დილის 5 საათზე ავიდა ტრიბუნაზე და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ჩერნოვს აცნობა პ. დიბენკოს ინსტრუქცია, რომ ყველა დამსწრემ დატოვოს სხდომათა დარბაზი იმ საბაბით, რომ „ყარაული დაიღალა“, ცოტა უბიძგა ტრიბუნაზე მყოფ ორატორს და წინადადება მისცა დეპუტატებს, დაშლილიყვნენ. თავრიდის სასახლის კარები გამოკეტეს41. იმ დროიდან 70 წლის განმავლობაში იქ არ შესულან თავისუფლად არჩეული დეპუტატები.
პროლეტარიატის ბელადი, იმისათვის, რომ გაამართლოს თავისი დამოკიდებულება დამფუძნებელი კრების მიმართ, ამახინჯებს ისტორიულ ფაქტს _ რსდმპ მეორე ყრილობის მასალებს. საქმე იმაშია, რომ ლენინმა 1917 წლის 22 დეკემბერს გაზ. „პრავდაში“ გამოაქვეყნა სტატია „პლეხანოვი და ტერორი“. ამ სტატიაში მას სურდა, გამოეყენებინა პლეხანოვის ავტორიტეტი დამფუძნებელი კრების გარეკვის საქმეში. ამისათვის ლენინს მოჰყავდა მისი გამონათქვამი ყრილობაზე: „თუ რევოლუციური ენთუზიაზმის პერიოდში ხალხმა აირჩია კარგი პარლამენტი, მაშინ უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ (ასეა ტექსტში _ თ.ა.) ხანგრძლივ პარლამენტად, მაგრამ არჩევნები თუ გამოდგა წარუმატებელი, ჩვენ უნდა მოვინდომოთ გავრეკოთ ის არა ორი წლის შემდეგ, არამედ, თუ შეიძლება, ორი კვირის შემდეგ“.42 აქ ლენინმა შეგნებულად აუარა გვერდი ყრილობის დელეგატის პოსადოვსკის შესწორებას, რომელსაც მხარი დაუჭირა პლეხანოვმა. პოსადოვსკის შესწორება ითვალისწინებდა: „Все демократические принципы должны быть подчинены исключительно выгодам нашей партии, включая и неприкосновенность личности“.43 ლენინი არაფერს ამბობდა, რომ ყრილობის დელეგატთა დიდმა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პოსადოვსკის შესწორებას. პირიქით, ის ამტკიცებდა, რომ პლეხანოვს მხარი დაუჭირა „დღევანდელი მენშევიკების დიდმა უმრავლესობამ“.44 როგორც ყრილობის მასალებიდან ჩანს, პლეხანოვის წინადადება და პოსადოვსკის შესწორება მკაცრად გააკრიტიკეს ყრილობის დელეგატებმა და დიდი უმრავლესობით მიიღეს მარტოვის შესწორებული პარაგრაფი არჩევნების შესახებ, სადაც ნათქვამია: „Всеобщее, равное и прямое избирательное право при выборах, как в избирательное собрание, так и во все местные органы самоуправления всех граждан и гражданок“.45
ლენინისათვის არ იყო უჩვეულო ისტორიული ფაქტების დამახინჯება, მასალების ფალსიფიცირება. სავსებით მართალი იყო პლეხანოვი, როდესაც ამბობდა, რომ ლენინთან უნდა ილაპარაკო მხოლოდ ნოტარიუსის თანდასწრებით.
გარეკა რა დამფუძნებელი კრება, ლენინი აუცილებლად თვლიდა, რაც შეიძლება ჩქარა განემტკიცებინა მისი პოლიტიკური შედეგები. მან მაშინათვე დაწერა დეკრეტის პროექტი და სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში თავისი სიტყვის თეზისები. 1918 წლის 7 იანვარს, ღამით, გაიმართა სრულიად რუსეთის საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც ლენინი თავისი ათწუთიანი სიტყვით დამსწრეთ არწმუნებდა, რომ ბოლშევიკები იძულებულნი იყვნენ, დაეთხოვათ დამფუძნებელი კრება მისი კონტრრევოლუციური ხასიათის გამო46. იგი აშკარად ცრუობდა, არ თაკილობდა დემაგოგიურ ხერხებს. „ხალხს სურდა, მოეწვია დამფუძნებელი კრება, _ ამბობდა ლენინი. _ და ჩვენ მოვიწვიეთ ის. მაგრამ მაშინვე ვიგრძენით, თუ რას წარმოადგენს ეს დამფუძნებელი კრება“.47
სინამდვილეში ბოლშევიკებმა დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელიც შეიკრიბა თავრიდის სასახლესთან დამფუძნებელი კრების დაცვის მიზნით (მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტისას მსხვერპლი სხვადასხვა მონაცემებით იყო 8-დან 21 ადამიანამდე.).
ლენინმა „უყურადღებოდ“ არ დატოვა ჩერნოვისა და წერეთლის გამოსვლები დამფუძნებელ კრებაზე. მან მათ მიუძღვნა სპეციალური სტატია „ადამიანები იმ ქვეყნიდან“, რომელიც უკვე იანვარში გამოქვეყნდა. აკრიტიკებდა რა ჩერნოვსა და წერეთელს მათი მოწოდებებისათვის _ „და არც იქნება სამოქალაქო ომი“, „რუსეთი იქნება დემოკრატიული პარლამენტური რესპუბლიკა“ _ ლენინი პირიქით ამტკიცებდა: სოციალისტურ რევოლუციას „არ შეიძლება არ მოჰყვეს სამოქალაქო ომი, ან გამარჯვება სამოქალაქო ომში, ან რევოლუციის დაღუპვა“.48 ამართლებდა რა „პირველ ბელადს“ _ ლენინს, „მეორე ბელადი“ ტროცკი წერდა: „ჩერნოვი არის ძველი ტრადიციის _ რევოლუციური ინტელიგენტური ტრადიციის ეპიგონობა, ხოლო ლენინი _ მისი დამთავრება და სრული დაძლევა“.49
მარტოვს, ჩერნოვს, წერეთელს და არაბოლშევიკური ყაიდის რუსეთის სხვა სოციალ-დემოკრატებს თავიანთი ნირითა და იდეური მრწამსით არ შეეძლოთ იმ უფლების უზურპირება, რომ ყველაფერი შეექმნათ ხალხის სახელითა და ნებით, მიემართათ მასობრივი ტერორისათვის, ჩაეთრიათ თავისი ხალხი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის მორევში. ლენინი, როგორც ულმობელი პრაგმატიკოსი, არ ერიდებოდა არაფერს, არ იხევდა არაფრის წინაშე ხელისუფლების გულისათვის, არ უშვებდა ოდნავ გადახვევას. ლენინის წინადადების საფუძველზე, სრულიად რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა 7 იანვარს დაამტკიცა დადგენილება დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ. მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების III ყრილობამ 1918 წლის 10 იანვარს მოიწონა დამფუძნებელი კრების გარეკვა და მიიღო „უფლებათა დეკლარაცია“. 13 იანვარს ყრილობას შეუერთდა გლეხთა საბჭოების III ყრილობა. შეიქმნა მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატთა საბჭოების ერთიანი სისტემა.
ლენინმა, დამფუძნებელი კრების გარეკვით, შეგნებულად გაუშვა ხელიდან კიდევ ერთი შანსი, შემოებრუნებინა რევოლუციური რუსეთი პარლამენტარიზმისაკენ, ეროვნული თანხმობისაკენ და ამით ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის გლობალიზაციას. იგი პრაქტიკულად ახორციელებდა ცხოვრებაში თავის თეზისს _ „სოციალისტურ რევოლუციას არ შეიძლება არ მოჰყვეს სამოქალაქო ომი“. ლენინი აბსოლუტურად არ უგდებდა ყურს პლეხანოვს, რომელიც აფრთხილებდა მას, რომ „პოლიტიკური ძალაუფლების უდროოდ ხელში ჩაგდებით რუსეთის პროლეტარიატი ვერ მოახდენს სოციალისტურ რევოლუციას, არამედ მხოლოდ გამოიწვევს სამოქალაქო ომს... ხელისუფლება უნდა ემყარებოდეს ქვეყნის ყველა ცოცხალი ძალის კოალიციას, ე. ი. ყველა იმ კლასს და ფენას, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ძველი წყობილების აღდგენით“.50
ლენინს კარგად ესმოდა, რომ იურიდიული ძალაუფლება, რომელიცმან მიიღო საბჭოების II ყრილობისაგან, იყო დროებითი და მისი მომავალი ბედი დამოკიდებული იყო დამფუძნებელი კრების პოზიციაზე. მას ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ბოლშევიკებს ძალაუფლებას ჩამოართმევდა. ამიტომ ლენინმა ძირფესვიანად შეცვალა თავისი დამოკიდებულება დამფუძნებელი კრებისადმი. მისი გარეკვით მან მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლების უზურპაცია, რომელსაც ტროცკი ცინიკურად „დამატებით რევოლუციას“ უწოდებდა. დღეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია ითვლება მძიმე სახელმწიფო დანაშაულად, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
შენიშვნები
1. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 6, გვ. 210.
2. იქვე, ტ. 31, გვ. 162.
3. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 7, გვ. 274.
4. ციტ.: ჟურნ. „Огонёк“, 1990, №11, გვ. 21.
5. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 31, გვ. 8.
6. იქვე, გვ. 65.
7. იქვე.
8. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 34, გვ. 392.
9. გაზ.: „Правда“, 26 октября 1917г.
10. Н. В. Святницкий. Итоги выборов во всеросийское учредительное собрание. – В сб.: Год русской революции (1917-1918), М., 1918; Е. Игнатов. Тактика большевиков и учредительное собрание. – Газ. „Правда“, 1928, №4; Н. Л. Рубинштейн. К истории учредительного собрания, М.-Л., 1931; Н. Л. Рубинштейн. Большевики и учредительное собрание, М., 1938; А. С. Динес. Большевики в предвыборной кампании в учредительное собрание. – „Ученые записки Саратовского Государственного Университета", кафедра общ. наук, 1956, т. 58; А. С. Динес. Некоторые итоги выборов учредительного собрания. – „Ученые записки Саратовского Государственного Университета", кафедра общ. наук, 1957, т. 62; А. С. Динес. Ленинская тактика в отношении учредительного собрания в период его созыва и роспуска. – „Ученые записки Саратовского Государственного Университета“, кафедра общ. наук, 1964, № 214; О. Е. Знаменский. Конец учредительного собрания, Л., 1957; О. Е. Знамен кий. О стенограмме заседания учредительного собрания 5-6 января 1918. – В сб.: Вспомогательные исторические дисциплины, Л., 1969; О. Е. Знаменский. В. И. Ленин об итогах выборов в учредительное собрание. – В. кн.: История и историки, М., 1970; И. И. Минц. История великого октября, в 3-х томах, т. 1-2, М., 1967-68; И. И. Минц. Международное значение октябрской революции, М., 1952; Г. И. Голиков. Очерк истории великой октябрской революции, М., 1952; Г. И. Голиков. Революция, открывшая новую эпоху, М., 1967; Л. Д. Троцкий. К истории русской революции, М., 1990; История СССР. Эпоха социализма, М., 1974 და სხვ.
11. Учредительное собрание (В докладах и материалах), М.-Л., 1930; Третий всероссийский съезд советов рабочих, солдатских и крестьянских депутатов, М., 1918; Сборник указаний и распоряжений рабочего и крестьянского правительства, П.-М., 1917-1924; Декрет советов власти, – сб. документов, т. 1-4, М., 1965-68; Сборник документов и материалов по истории СССР советского периода (1917-1958гг.), М., 1966; Сборник законов и распоряжений рабоче-крестьянского правительства СССР, М., 1924-1937; История государства и права СССР, – сб. документов, ч. 1-2, М., 1958; Коммунистическая партия СССР в резолюциях и решениях съездов, конференций и пленумов ИК, ч. 1, 1915-1924, М., 1954; Второй всероссийский съезд советов рабочих и солдатских депутатов, – сб. документов, М.-Л., 1928; Второй всероссийский съезд советов рабочих и солдатских депутатов, – сб. документов, М., 1957 და სხვ.
12. История России, т. 2 (рук. авт. колл. А. Данилов), М., 1995; История отечества.
XX век (авт. колл.: В. П. Есаков, В. П. Дмитриенко, В. А. Шестаков), М., 1995; История России с древнейших времён до конца XX века, ред. А. Н. Сахаров, М., 1996;
История России (авт. колл.: А. С. Орлов, В. А. Георгиев, Н. Т. Георгиева, Т. А. Сивохина), М., 1997; И. А. Исаев. История государства и права России, М., 1996 და სხვ.
13. Известия всероссийской комиссии по делам о выборах в учредительное собрание, 1917, №1, გვ. 2-6.
14. იქვე.
15. იქვე.
16. იქვე, გვ. 7.
17. იქვე, გვ. 2-6.
18. იქვე.
19. იქვე.
20. Великая октябрская социалистическая революция, под ред. П. Л. Голубева, М., 1997, გვ. 549.
21. Л. Д. Троцкий. О Ленине. Материалы для биографии, М., 1924, გვ. 91-93.
22. Известия всероссийской комиссии по делам о выборах в учредительное собрание, 1917, №1, გვ. 7.
23. Известия всероссийской комиссии по делам о выборах в учредительное собрание, 1917, №1, გვ. 6.
24. იგულისხმება კადეტების პარტიის ცენტრალური კომიტეტი.
25. Сборник указаний и распоряжений рабочего и крестьянского правительства, П.-М., 1917-1924, გვ. 126.
26. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 35, გვ. 17.
27. Второй всероссийский съезд советов рабочих и солдатских депутатов, сб. документов, М., 1957, док. №326, გვ. 407-408.
28. იქვე.
29. Декреты советской власти, сб. Документов, т. 1, М., 1965.
30. Великая октябрская социалистическая революция, გვ. 550.
31. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 35, გვ. 162-164.
32. ციტ.: ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 33, გვ. 117.
33. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 33, გვ. 117.
34. Газ. „Правда“, 1918, 4 января.
35. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 35, გვ. 153-154.
36. „Новый журнал“, 1958, №52, გვ. 227.
37. ГАРФ, ფონდი 130, აღწერა 1, საქმე 1, ფურცელი 46.
38. Учредительное собрание. Стенографический отчёт, П., 1918, გვ. 9.
39. იქვე, გვ. 43-44.
40. ა. ჟელეზნიაკოვი (1895-1919) 1915 წლიდან იყო ბალტიის ფლოტის მეზღვაური, 1917წ. ეკუთვნოდა ანარქისტების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბოლშევიკებს. ოქტომბრის გადატრიალების წინ ჩამოვიდა პეტროგრადში მეზღვაურების რაზმით, იყო სამხედრო-საზღვაო რევოლუციური კომიტეტის წევრი. ზამთრის სასახლის „შტურმის“ დროს სათავეში ედგა რაზმს. 1918-1919 წლებში მეთაურობდა პოლკს, შემდეგ კი – ჯავშნოსან მატარებელს. დაიღუპა სამოქალაქო ომის დროს.
41. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 35, გვ. 241.
42. იქვე, გვ. 185.
43. Второй съезд РСДРП, Июль-август 1903, протоколы, М., 1959, გვ. 181.
44. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 35, გვ. 185.
45. Второй съезд РСДРП.., გვ. 186.
46. ვ. ლენინი. თხზულებათა სრული კრებული, ტ. 35, გვ. 241.
47. იქვე.
48. იქვე, გვ. 229-230.
49. Л. Д. Троцкий. О Ленине, გვ. 95.
50. Г. В. Плеханов. „Власть должна опираться на коалицию всех живых сил страНы“. Письмо к Петроградским рабочим, – газ. „Единство“, 1917, 28 октября.