XV საუკუნის შუა ხანებისათვის საქართველოში სულ უფრო გამოიკვეთა მძაფრი შინაპოლიტიკური კრიზისის ნიშნები. პირველ რიგში, ეს, რასაკვირველია, გამოწვეული იყო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი მეტად მძიმე მდგომარეობით. მართალია, XV ს.-ის I ნახევარში ალექსანდრე I დიდის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველო რამდენადმე ეკონომიკურად მოღონიერდა, მაგრამ ამან მაინც ვერ შეაჩერა ფეოდალური მეურნეობის საერთო სტაგნაციის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა თემურ-ლენგის ამაოხრებელი ლაშქრობების შემდეგ. XV ს.-ის 50-იან წლებში საერთაშორისო არენაზე განვითარებულმა მოვლენებმა კი _ კონსტანტინოპოლის დაცემა და ბიზანტიის იმპერიის ადგილზე ახალი აგრესიული მაჰმადიანური სახელმწიფოს, ოსმალეთის იმპერიის წარმოქმნა _ მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობაც. საბოლოოდ, ყოველივე ამან ქვეყანა „ჩიხში“ მოაქცია და მოუსპო მას ნორმალური, აღმავალი განვითარების საშუალება. ნ. ბერძენიშვილის თქმით, „ჩიხი არის ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობათა ნიადაგზე წარმოქმნილი სტაგნაცია“.1 საქართველოს ერთიან ცენტრალურ ხელისუფლებას გამოეცალა ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები. აღებ-მიცემობის დაკნინებამ გამოიწვია ცალკეული მხარეების განკერძოება. ამან განაპირობა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის გამწვავება. ცენტრალური ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებდა ერისთავების მეშვეობით ქვეყნის მართვას, ვინაიდან ისინი უკვე თავიანთ საგანმგებლო ტერიტორიებზე თანდათანობით შეუზღუდველი მმართველები ხდებოდნენ და მოქმედებდნენ მხოლოდ პიროვნული ინტერესებით. ერთიანი საქართველოს დროს ერისთავი მეფის განკარგულების შემსრულებელი იყო. ერისთავებს ევალებოდათ მათდამი დაქვემდებარებულ მხარეში სამეფო გამოსაღების აკრეფა და ლაშქრის გამოყვანა. ერისთავის სახელო თავდაპირველად მემკვიდრეობით არ გადადიოდა. ის იყო პროვინციის მმართველად დანიშნული მეფის მოხელე, რომლის დანიშვნა-გადაყენება მეფის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული2.
ასეთი მდგომარეობა განპირობებული იყო მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლების სიძლიერით, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა ძლიერ ფეოდალურ ეკონომიკას, რომლის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი იყო ქვეყნის ცალკეულ მხარეებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირი. მაგრამ გაუთავებელმა შემოსევებმა გამოიწვია გლეხობის, როგორც სოციალური ფენის რიცხობრივი შემცირება. აგრეთვე მოხდა ამ მწარმოებლური ძალის ქონებრივი გაღარიბება, ამან კი გამოიწვია ბატონყმობის რიგის გადაგვარება, გადაგვარებულმა ბატონყმობამ კი ვერ წარმოშვა თავისუფალი მწარმოებელი3.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მიწათმფლობელთა ფენის შიგნით. XIII-XV საუკუნეთა განმავლობაში აზნაურთა ძველი საგვარეულოებიდან უმრავლესობა ამოწყდა ან სოციალურად დაქვეითდა. მათ უმრავლესობას ღრმად შეელახა თავისი აზნაურული ძირითადი ნიშანი _ პიროვნული თავისუფლება4, ე. ი. მოხდა აზნაურული ფენის არა კონსოლიდაცია, არამედ მისი დიფერენცირება. სამთავროთა ნიადაგზე წარმოიშვა მთავართა ცალკე წოდებულობა5. ნატურალურმა თვითკმარმა მეურნეობამ, მიწათმფლობელობის სამამულო სისტემის განვითარებამ მწარმოებელთა ფართო მასების დაყმევებისა და მათი ექსპლოატაციის გაძლიერების ვითარებაში განაპირობა ქვეყნის სამეფო-სამთავროებში ფეოდალთა უფლებების გაფართოება-განმტკიცება, გახელმწიფებისაკენ მათი მისწრაფება, იქამდეც კი, რომ ზოგიერთი მათგანი თითქმის დამოუკიდებელ პოლიტიკასაც კი აწარმოებდა. გაჩნდა მთავარი და მისი ხელისუფლება. იგი არის მეფის ყოფილი ერისთავი, რომელმაც მეფის მიერ მოსავლელად ჩაბარებული კუთხე თავისად დაიჩემა. მას მეფე ვერც სვამს და ვერც ცვლის. მასთან არ იკრიბება სამეფო გამოსაღები. ის არ ემორჩილება მეფეს, რომელიც, თავის მხრივ, მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მისგან მოკავშირეობის მეტს ვერაფერს მოითხოვს6.
XIII-XV საუკუნეებში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ, ქვეყნის ეკონომიკურმა დაცემამ ძირი გამოუთხარა ქვეყნის ერთიანობას. მართალია, მთელი ამ დროის მანძილზე მიმდინარეობდა ბრძოლა მეფესა და ქვეყნის ცალკეულ ერისთავებს შორის, ქვეყნის გაერთიანების მოსურნეთა და მოწინააღმდეგეთა შორის, რომელიც საბოლოოდ ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა. ეს პროცესი, ჩვენი აზრით, ლოგიკური შედეგი იყო ქვეყნის იმ საშინაო და საგარეო ვითარებისა, რომელშიც საქართველო მოექცა XIII-XVსს.-ში. თანდათანობით ჩამოყალიბდა ცალკეულ ფეოდალთა და მეფეთა მომხრე პოლიტიკური დასები, რომლებიც ამა თუ იმ „მეფის“ მომხრეობაში, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესებს აქსოვდნენ. მეფეთა პოლიტიკა კი არ განსაზღვრავდა უკვე ფეოდალების პოლიტიკას, პირიქით, უკანასკნელთა ინტერესები განსაზღვრავენ საბოლოო ანგარიშით პირველს7.
საკითხით, თუ რამ გამოიწვია ერთიანი ქართული სახელმწიფოს სამეფო-სამთავროებად დაყოფა, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაინტერესდნენ. ერთხანს გაბატონებული იყო აზრი, რომ ალექსანდრე I-მა (1412-1442) თავის შვილებს დაუნაწილა ქვეყანა. ალექსანდრე II კახთა მეფე 1589 წელს რუსთა ელჩებს ამის შესახებ უამბობდა: „Истари Иверское государтво было под одним царём, и прадед наш-то цар- ство Иверское разделил на три части“.8
არქანჯელო ლამბერტის ცნობით, „მეფე, ერისთავების შემწეობით, საქართველოს დიდხანს განაგებდა, ვიდრე ერთმა მეფემ, შვილებისძლიერ მოყვარულმა, სახელმწიფოს ყოველივე სარგებლობის წინააღმდეგ, არ გაუნაწილა შვილებს თავისი სამეფო“.9
თითქმის იმავე აზრს ავითარებდა დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი: „დროთა განმავლობაში ერთ მეფეს, რომელსაც ოთხი ვაჟიშვილი ჰყოლია, სიცოცხლეშივე თავისი სამფლობელო ოთხ ნაწილად დაუყვია. ერთი ე.წ. ქართლის პროვინციის ერისთავად ანუ მარკიზად დაუდგენია, მეორე კახეთის პროვინციის ერისთავად, მესამე გურიის პროვინციის ერისთავად და მეოთხე სამეგრელოს ერისთავად“.10
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი ერთგან ქვეყნის დაქუცმაცების მიზეზად იმას თვლის, რომ ერთმა მეფემ თავის ოთხ შვილს დაუნაწილა სამეფო11. ეჭვს გარეშეა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უცხოელი ავტორები ქვეყნის დაყოფის შესახებ საქართველოში იმ დროს გავრცელებულ შეხედულებებს გადმოსცემენ. მართლაც, მსგავსი მოსაზრება დაცულია „ქართლის ცხოვრების“ პირველ გაგრძელებაში. აღნიშნული მატიანის მიხედვით, ალექსანდრემ უფროსი შვილი ვახტანგი ქართლ-იმერეთის მეფედ დასვა, მასთან დააყენა ვახტანგის უმცროსი ძმა დიმიტრი, ხოლო დიმიტრის მომდევნო ძმა გიორგი „დასვა კახეთის მეფედ“.12 „ქართლის ცხოვრების“ მაჩაბლისეული ნუსხის არშიაზე გაკეთებულ მინაწერში ვკითხულობთ: „ამ ალექსანდრეს ესვა ძე სამი: უხუცესი ვახტანგ, რომელსა მისცა იმერეთი, საშუალო დიმიტრი, რომელსა მისცა ქართლი, და უმრწემესსა გიორგის მისცა კახეთი და შემდგომად თვით მონაზონ იქმნა, ამ გიორგის ალექსანდრეს შვილის ჩამომავალნი არიან ეხლანდელნი ბაგრატიონნი“.13
ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაყოფის საკითხს ვახუშტი ბაგრატიონიც შეეხო. მან სცადა დაემტკიცებინა, რომ ალექსანდრეს არ დაუნაწილებია სამეფო თავის შვილებზე: „როგორც იტყვიანო, ამან ალექსანდრემ განჰყო ძენნი თვისნი: უხუცესსა ბაგრატს მისცა იმერეთი, მეორესა გიორგის მისცა ქართლი, სომხითი და სამცხე-კლარჯეთი. მესამეს ამ დავითს მისცა ჰერეთი და კახეთი. არამედ ამას ვიხილავთ არა ესრეთ, რამეთუ ვინაითგან არა იყო ჩვეულება მეფეთა და უფროსღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა. გარნა უფროს განუხეთქელობასა მცდელობდნენ და არცა რიდებდნენ სისხლითა, ვითარცა საჩინო არს“.14
იოანე ბატონიშვილი კი აღნიშნავს: „მთელი საქართველო ამბობს ამ სამეფოს ასე სამად განყოფასა, ხოლო ვახუშტი შურითა კახთა მეფეთასა უარყოფს ზოგან და ზოგან კი დაამტკიცებს და ამისათვის არა არს ბევრი მისგან დაწერილი სარწმუნო“.15
როგორც ვხედავთ, ფეოდალური ხანის ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ალექსანდრე I (1412-1442) დროს მოხდა ქვეყნის დანაწილება. ჩვენი აზრით, აქ უნდა ვეძებოთ რაღაც რაციონალური მარცვალი. სახელდობრ, ისმის კითხვა: რატომ მაინცდამაინც ალექსანდრე დიდის მეფობას მიეკუთვნება გადმოცემა საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფის შესახებ? უეჭველია, ამ გადმოცემაში ასახვა ჰპოვა ალექსანდრე მეფის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა და იმ მძიმე საშინაო ვითარებამ, რომელმაც მოიცვა ქვეყანა ალექსანდრე I-ის მეფობის ბოლო პერიოდში, რამაც მეფე აიძულა, უარი ეთქვა ტახტზე და აღკვეცილიყო ბერად.
ალექსანდრე დიდის შვილებს, ეტყობა, მძაფრი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული ტახტისათვის. განსაკუთრებით საგულისხმოა სამეფო ოჯახის წევრთა და ბატონიშვილთა გავლენა სამეფო საქმეებზე, რომელთა ინტერესები მნიშვნელოვნად განსაზღვრავდნენ სახელმწიფო პოლიტიკას16.
ალექსანდრე I-მა, ჩვენი აზრით, რეალისტურად შეაფასა სამეფო კარზე მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ცალკეული რეგიონები სამართავად გადასცა თავის შვილებს და, როგორც ჩანს, აღჭურვა ისინი ერისთავის უფლებებით. ამიტომაც გვამცნობს ვახუშტი: „გარნა თუ ძეთა დასხმიდნენ არა მეფედ, არამედ ერისთავად და მორჩილად მეფეთა“.17 ეს იყო ალექსანდრე დიდის უკანასკნელი ცდა, რეფორმების მეშვეობით თავიდან აეცილებინა ქვეყნის დაშლა. ამავე მიზანს ემსახურებოდა ისიც, რომ მან თავის სიცოცხლეშივე თანამოსაყდრედ ტახტზე აიყვანა თავისი უფროსი ვაჟი ვახტანგი, რომელსაც ფაქტობრივად ამზადებდა მეფობისათვის. ალექსანდრე დიდის მიერ 1433წ. გაცემულ სიგელში ვკითხულობთ: „...მეცხედრისა: [ჩუენისა დედოფალთ დედოფლისა] თამარისაგან: და ძეთა: ჩუენთა: მეფისა: ვახ[ტანგი]“.18 ასევეა 1438წ. სიგელში: „მეფეთა, მეფემან, ალექსანდრე, თანა მეცხედრემან: ჩუენმან: დედოფალთა: დედოფალმან: თამარ და: ძეთა: ჩუენთა: მეფემან: ვახტანგ“.19 ი. ჯავახიშვილი ამ ფაქტს თანამოსაყდრეობით ხსნის და მიაჩნია, რომ ეს თანამოსაყდრეობა შემდგომში ჯერჯერობით ისტორიული მასალის სიმცირის გამო აუხსნელი მიზეზებით მოშლილა20. ამავე აზრს იზიარებს ჯ. ოდიშელი21, ხოლო ნ. ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ აქ ვახტანგი „პროვინციის მეფედ“ გვევლინება22. ამავე თვალსაზრისზე დგას დ. ნინიძე23.
ჩვენი აზრით, ვახტანგი მამის თანამოსაყდრე უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის ასეთი საშუალება სავსებით ესადაგებოდა საქართველოში შექმნილ ისტორიულ ტრადიციას24. ამიტომ ვფიქრობთ, ალექსანდრე I-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უფროსი ვაჟი ვახტანგი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ამით ის ცდილობდა, თავის სიცოცხლეშივე მოეგვარებინა ძმებს შორის არსებული დაპირისპირება და შეეჩერებინა ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესი.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დეცენტრალიზაციის პროცესის შესაჩერებლად ცენტრალური ხელისუფლება მიმართავდა სხვა ღონისძიებებსაც, კერძოდ: სამეფო სახლის ცალკეულ წარმომადგენლებს ნიშნავდა ამა თუ იმ მხარის ერისთავად და ამ გზით ცდილობდა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ერთიანობის შენარჩუნებას. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-მ (1446-1466) იმერეთს „დასუა ბაგრატ ერისთავად და იყო მორჩილებასა შინა მისსა“.25
საკითხი იმის შესახებ, ვინ უნდა იყოს ბაგრატ ერისთავი თავისი სახლიშვილობით, ისტორიოგრაფიაში ჯერჯერობით არ შეიძლება საბოლოოდ დაზუსტებულად ჩაითვალოს. „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების მიხედვით (მეორე ტექსტი), იგი ალექსანდრე I-ის ძმაა: „იქმნა ბრძოლა კახთა უფლისა გიორგისა და ბაგრატს შუა მეფობისათვის ქართლისა, რამეთუ იყო მეფის ალექსანდრეს ძმა ბაგრატ და შვილი რომელი ზემო ვახსენეთ გიორგი, კახთა უფალი“.26 ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, ბაგრატი იყო ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრე ბატონიშვილის ვაჟი. 1451 წელს მომხდარ მოვლენებში ვახუშტი აღნიშნავს, რომ „მოკუდა იმერთ ერისთავი დემეტრე და მეფემან დასუა ბაგრატ ძე მისი“.27 ვახუშტი ბატონიშვილი თავისი თხზულების სხვა ადგილასაც აკონკრეტებს ბაგრატის სახლიშვილობას: „განზრახვითა ყუარყუარე ათაბაგისათა, იწყო ზრახუად იმერთა ერისთავმან ბაგრატ ძემან დიმიტრისამან, რათა ჰყონ იგი მეფედ“.28 ს. კაკაბაძის აზრით, ბაგრატ VI ალექსანდრე მეფის ძმის ბაგრატის შვილიშვილია29. ი. ჯავახიშვილი კი წერს: „უნდა ვიფიქროთ, რომ ბაგრატი პირდაპირ თუ დედის მხრით ეგების რუსუდანის შთამომავლობის ბაგრატონიანთა საგვარეულოს იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც საქართველოს ორისავე ტახტისა და ლიხთიმერისა და ლიხთამერის გაერთიანების შემდგომ მეფობას მოაკლდა და ჩამომცრობილი იქმნა“.30 ნ. ბერძენიშვილის აზრით, ბაგრატი ალექსანდრეს შვილიშვილია _ დიმიტრის ძეა31.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ბაგრატ იმერთა ერისთავის სახლიშვილობასთან დაკავშირებით ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა ზოგიერთი დამატებითი მასალის მოძიება და გარკვეული სიცხადის შეტანა აღნიშნულ საკითხში. ბაგრატ VI-ის მოღვაწეობა, გარდა „ქართლის ცხოვრების“ მატიანისა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებისა, აისახა ზოგიერთ დოკუმენტში. პირველ რიგში, ესაა 1466 წლის მცხეთის სიგელი, რომლითაც ბაგრატმა აღაპი გაუჩინა თავს მამას _ გიორგის: „მე... მპყრობელმან ორისავე ტახტისა ლიხთ-იმერისა და ლიხტ-ამერისამან... მეფეთ-მეფემან ბაგრატ... შევსწირე (მცხეთას)... და ქკზ~ს დავითს... თქუენი ძუელითგან მკვიდრნი დიღომს გლეხნი ესაშური მზეოსძე და გეგელისშვილი მათითა მამულითა... ხელ-მოხსნით შემოგვიწირავს სააღაპედ და სამლოცველოდ პატრონისა მამისა ჩუენისა გიორგის სულისათვის“.32 ე.ი. გამოდის, რომ ბაგრატი გიორგის შვილია და არა დემეტრესი. ბაგრატ VI-ის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებით ჩვენს ყურადღებას იპყრობს აგრეთვე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორი აღაპი, რომელშიც მოხსენიებული არიან მეფის ძმა გიორგი და მეფე ალექსანდრე: #237 აღაპი _ „მეფის ძმასა გ(იორგ)ის შეუნდვენ ღმერთმან“, #238 აღაპი _ „მეფეთ მეფეს(ა) ალექსანდრეს შეუნდვენღმერთმან“. ე. მეტრეველის, ჩვენი აზრით, სავსებით საფუძვლიანი დაკვირვებით, აღაპები განკუთვნილია ალექსანდრეს ძმის გიორგისათვის და თავად ალექსანდრესათვის33. გამოდის, რომ ბაგრატ VI ყოფილა ალექსანდრე დიდის ძმისწული. უფრო მეტიც, ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ აღაპში ვკითხულობთ: „ალექსანდრეს ძმისწულმან ბაგრატ გოლგოთა იშოვა, გუნბადი აღაშენა ქრონიკონსა ას სამოცდა ოთხსა; შეუნდვნეს ღმერთმან“.34 ამ ცნობის კომენტირებისას მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რიგითი პიროვნება გოლგოთას ვერ იშოვიდა, ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო მეფე35, ე. ი. ამ შემთხვევაში ლაპარაკი უნდა იყოს სწორედ ბაგრატ VI-ზე, ვინაიდან იმ დროს სხვა მეფე ბაგრატი არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ბაგრატ იმერეთის ერისთავი _ იგივე მეფე ბაგრატ VI _ იყო ალექსანდრე დიდის ძმის _ გიორგის ვაჟი.
დაჯდა რა ბაგრატი იმერეთის ერისთავად, მან მაშინვე დაიწყო თავისი პოზიციების განმტკიცება. აშკარაა, რომ ის ერისთავობას არ სჯერდებოდა და „მეფობას ეძიებდა“. ცნობილია, რომ ამ პერიოდში ერთიანი ქართული სახელმწიფოს შიგნით ცალკეულ რეგიონებს „მეფის“ ტიტულით განაგებდნენ ცალკეული უფლისწულები. ისტორიოგრაფიაში ამ მოვლენას „პროვინციის მეფობას“ უწოდებენ36. ერთ-ერთი ასეთი „მეფე“ იყო ბაგრატ ერისთავის მამა _ გიორგი, რომელიც სამთავისის „მეორედ აღმშენებლის“ ბაგრატ VI-ის დის გაიანეს წარწერაში „მეფეთ-მეფის“ ტიტულითაა მოხსენიებული37.
დასაზუსტებელია ბაგრატის „იმერეთის ერისთავად დასმის“ თარიღიც. ცნობილია, რომ ალექსანდრე I-მა მისცა დიმიტრი ალექსანდრეს ძეს, რომლის სიკვდილის შემდეგ ერისთავობა უნდა მიეღო ბაგრატს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ფაქტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1451 წლით ათარიღებს38. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული თვალსაზრისით ბაგრატს იმერეთის ერისთაობა მისცა გიორგი VIII-მ. ამით ცენტრალური ხელისუფლება ცდილობდა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას და შესაძლებელია არ აცხადებდა პროტესტს იმაზეც, რომ ცალკეული ერისთავები „მეფის“ ტიტულითაც იწოდებოდნენ. ამასთან, „იმერეთის ერისთავის“ „მეფის“ ტიტულით მოხსენიება მიჩნეულია ლიხთ-იმერეთის აღმოსავლეთ საქართველოსთან გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების თავისებურ ფორმად39. მაგრამ ზოგიერთი დოკუმენტური მასალა იძლევა ბაგრატის მმართველობაში შესაძლო მოსვლის სხვა დათარიღების საშუალებასაც. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს „ავშანდაძეთა“ 1452 წლის გუჯარი, რომლის მიხედვითაც 1452 წელი არის მეათე წელი ბაგრატის მეფობისა40. თ. ჟორდანიას მიაჩნია, რომ ეს გუჯარი ყალბია, მაგრამ როგორც დ. ნინიძე მიიჩნევს ბაგრატის „პროვინციის მეფობას“ 1452 წლისათვის მაინც ჰქონდა გარკვეული რეალური საფუძველი, „რამდენადაც ჰყავდა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური საყრდენი _ ვასალნი, რომელნიც აღიარებდნენ მის „ხელმწიფობას“.41 მით უმეტეს, დიმიტრი ალექსანდრეს ძე არის დავით ნარინის შტოს წარმომადგენელი „და მცდელობდა მეფობას“. შესაძლოა, მისი პოლიტიკური ინტერესები რომ გაენეიტრალებინა, ალექსანდრე დიდმა სამოქალაქოს ერისთავად დანიშნა თავისი ძმისწული. აქ კრიტიკულად უნდა შევხედოთ ვახუშტის ცნობებს. იგი წერს, რომ „დასუა მეფემ გიორგი ძე მისი (ე.ი. დიმიტრის _ ე. გ.) ბაგრატ ერისთავად“.42 ჩვენ კი აღვნიშნეთ, რომ ბაგრატი არის არა დიმიტრის, არამედ გიორგის ძე, მაშასადამე, რატომ არ შეიძლებოდა დიდი ისტორიკოსი შემცდარიყო, როდესაც წერდა, რომ ბაგრატი გიორგი VIII-მ დასვა ერისთავად 1451 წელს და მიგვაჩნია, რომ იმერეთის ერისთავის სტატუსში ის ყოფილიყო 1442 წლიდან. ამ დროიდან ვიდრე 1453/1454 წლამდე ბაგრატი იკრებდა ძალებს და უკვე 1452 წლისათვის ქუთაისის მხარის ერისთავი „მეფედ“ განდიდდა. ყვარყვარე ათაბაგის წერილში 1460 წ. ვენეციის დოჟისადმი იგი „ბატონი ქუთაისის მეფე პანკრატიუსათ“ იწოდება43.
რა თქმა უნდა, იგი ამითაც ვერ დაკმაყოფილდებოდა. მის უპირველეს მიზანს ერთიანი საქართველოს მეფობა წარმოადგენდა და მას ამის ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა კიდეც. ამას მოწმობს ცალკეული სასისხლო სიგელები, სადაც ის თავს ორივე ტახტის მფლობელს უწოდებს: „შემდგომად ამისა ჩვენ ღვთივ გუირგვინოსანმან მეფეთ მეფემან ბაგრატ ნებითა ღ~თისათა დავიპყარით მეფობა ორისავე ტახტისა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა“.44 ბაგრატის სწრაფვას, დაეკავებინა გაერთიანებული საქართველოს ტახტი მხარს უჭერდა ქვეყნის გავლენიან ფეოდალთა გარკვეული წრეები, რომელთა პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა მისი თბილისის ტახტზე აღზევება, ვინაიდან ბაგრატი გაწეული მხარდაჭერის სანაცვლოდ მათ _ „დადიანსა, გურიელსა, შარვაშიძეს და სუანთა“ _ ჰპირდებოდა თავისუფლებას45.
ალექსანდრე დიდის მცდელობა, დიპლომატიური გზებით დაერეგულირებინა სამეფო სახლში შექმნილი კრიზისული სიტუაცია, როგორც ცნობილია, უშედეგოდ დამთავრდა. XV საუკუნის შუა ხანებში საქართველო ფაქტობრივად დაყოფილი აღმოჩნდა უფლისწულებს შორის. მართალია, ალექსანდრე I-მა თანამოსაყდრედ ვახტანგი აიყვანა, რომელიც 1442 წლიდან გახდა კიდეც მეფე, მაგრამ მისი ძმა დიმიტრიც მეფობას იჩემებდა. 1445 წლის მცხეთის სიგელში ის თავის თავს მეფედ მოიხსენიებს: „ჩუენ მეფეთა-მეფის ალექსანდრეს ძემან, მეფემან დიმიტრი“.46 ვახტანგსა და დემეტრეს შორის მძაფრ დაპირისპირებაზე მიუთითებს ჯავახიშვილების საჩივრის წიგნის ერთი ფრაგმენტი: „პირველ და თაობით[გან რომე] ვახტანგ მეფობა დაიჭირა. წყალს იქითი მისსა ძმასა, პატრონსა დემეტრეს მიანება. თაყას გარეთი და თაყა ამისათვის არა მიანება, რამეთუ მისი მამული და ციხე ჩიჟავასძისათვის უ[ნ]დოდა“.47 რაც უფრო დიდი იყო ამა თუ იმ უფლისწულის საგამგებლო ქვეყანა _ საუფლისწულო, მით უფრო დიდი იყო იმ უფლისწულის წონა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღზევებული უფლისწული ხშირად „კანონიერ“ მეფეს თავს აღარ უდებდა, თვითონ აცხადებდა პრეტენზიას მეფობაზე და ტახტის მომძლავრებისათვის არაფერს ერიდებოდა48. ცხადია, ამ ბრძოლაში მას გვერდით ედგნენ ცალკეული ფეოდალები, რომელთა ძალებზე დაყრდნობით წარმართავდა ესა თუ ის უფლისწული ბრძოლას ცენტრის წინააღმდეგ.
თავის მხრივ, ბუნებრივია, ფეოდალებსაც თავიანთი ინტერესები ამოძრავებდათ და ისინი ამ ინტერესების რეალიზაციას მათ რჩეულ უფლისწულს უკავშირებდნენ49. ფაქტობრივად მიმდინარეობდა დაუნდობელი ბრძოლა ხელისუფლებისათვის, მაგრამ, ამასთან, ამ ეტაპზე ტახტისათვის მებრძოლი არც ერთი უფლისწული არ იყო სეპარატისტი, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი სამეფო ტახტისათვის იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ ბრძოლამ მიიყვანა საქართველოს სამეფო დაქუცმაცებულობამდე, რაც რამდენადმე განაპირობა შექმნილმა ურთულესმა საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამაც.
ბიზანტიის იმპერიის დაცემამ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე ახალი მაჰმადიანური სახელმწიფოს აღმოცენებამ ქვეყანა ფაქტობრივად მოწყვიტა ქრისტიანულ ევროპას. ოსმალეთის გაბატონებამ შავ ზღვასა და მცირე აზიაში აიძულა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ეძებნათ ინდოეთისაკენ მიმავალი ახალი გზები კავკასიისა და მცირე აზიის გვერდის ავლით. საქართველოს გამოთიშვამ ამ გზებიდან ძლიერ დასცა მისი საერთაშორისო ფუნქცია.
ალექსანდრე I დიდის სიცოცხლეშივე გამეფებული მისი ძე ვახტანგ III (1442-1446) მალე გარდაიცვალა და ტახტზე ადის მისი ძმა გიორგი VIII (1446-1466)50. მას დაუპირისპირდა სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი, რომელმაც 1447 წელს წაართვა ათაბაგობა აღბუღას. გიორგი VIII-მ ყვარყვარეს წინააღმდეგ გაილაშქრა და აღბუღა ისევ მთავრად აღადგინა, მაგრამ ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ 1451 წელს მთავარი ისევ ყვარყვარე გახდა51. ვახუშტი ბატონიშვილი ყურადღებას ამახვილებს მის პიროვნულ თვისებებზე: „იყო ესე ყუარყუარე ქედმაღალი, დიდებისმოყვარე, მჩურჩნელი და მეშფოთე... ამან ყუარყუარემ იწყო მობირვად მესხთა და ქუეგამჭურეტილობა ფარულად გიორგი მეფისა“.52 მან მეფესთან ბრძოლაში დამხმარედ ირანის მბრძანებელი უზუნ ჰასანიც მოიწვია, რომელმაც 1462 წელს გაამარჯვებინა კიდეც. ამ დროიდან გააქტიურებას იწვევს სამოქალაქოს ერისთავი ბაგრატი. მას და გიორგი VIII-ს შორის მტრობა დიდი ხნის დაწყებული ყოფილა. ერთ-ერთი დოკუმენტის, მონაცემებით ირკვევა, რომ 1453/1454 წელს მეფე გიორგისა და ბაგრატს შორის ომი მომხდარა53. ამის შემდეგ ბაგრატ ერისთავი, მიისწრაფოდა რა მეფობისაკენ, ეძიებდა მოკავშირეებს. ასეთი, პირველ რიგში, აღმოჩნდა სამცხის მთავარი ყვარყვარე: „იგი ეზრახა ერისთავთ-ერისთავსა იმერთასა ბაგრატს, რათა განდგეს იგი გიორგი მეფისაგან“.54 1462 წ. ბაგრატმა, თავის მხრივ, დიპლომატიური გზებით შეძლო მიემხრო დასავლეთ საქართველოს მთავრები: „რათა ჰყონ იგი (ბაგრატი _ ე. გ.) მეფედ, და აღუთქუა თავისუფლება დადიანსა, გურიელსა, შარვაშიძეს და სუანთა“.55 ამის მეშვეობით ბაგრატმა „განიხარა და დაიპყრა იმერეთი“.56
ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მან დახმარება სთხოვა სამცხის მთავარს: „მაშინ ამისმან მსმენელმან გიორგი მეფემან უბრძანა ყუარყუარეს (რამეთუ ჰგონებდა სარწმუნოდ თვისად და არა მის მიერობასა) შემოკრებად სპათა სამცხე-კლარჯეთისათა და მოსვლად ფერსათის მთიდამ იმერეთსა შინა“.57 აქ უკვე აშკარაა სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის სრული მოშლა. მეფეს ისიც ვერ გაურკვევია, ვინ არის მისი მტერ-მოყვარე, მისთვის სრულიად უცნობია მთავართა და ერისთავთა ჭეშმარიტი ზრახვები. გაიმართა ბრძოლა ჯერჯერობით ქუთაისის ტახტის მაძიებელ ბაგრატსა და გიორგი მეფეს შორის 1463 წელს ჩიხორს: „ხოლო მეფე გიორგი და ბაგრატ ეწყუნენ ჩიხორს ურთიერთსა და ძლიერისა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი. შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს“.58 ჩვენთვის საინტერესოა, თუ როგორ პოზიციას იჭერს სამცხის მთავარი. მან სიფრთხილე გამოიჩინა, დაიცადა, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებდა, ამდენად პოლიტიკური მდგომარეობა არ გაირთულა: „ხოლო ყუარყუარე შემოკრებული სპითა წარვიდა ნელად, რათა იხილოს მეფე გიორგისა და ბაგრატს თუ რა იქმნების, და აღვიდა მთასა ჩასვლად იმერეთს, ესმა ძლევა ბაგრატისაგან გიორგი მეფისა, უკუმოიქცა და მოვიდა სამცხესვე“.59 დამარცხებული გიორგი გადავიდა ქართლში და ძალების მოკრების შემდგომ შურისძიების მიზნით „მივიდა სპითა სამცხეს“.60 ყვარყვარემ მასთან ბრძოლას თავი აარიდა და თავი შეაფარა გამარჯვებულ ბაგრატს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ათაბაგმა, ბაგრატის დახმარებით, ისევ ერთობლივი ძალებით დაიბრუნა სამცხე. იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა ისარგებლა ჩიხორთან გამარჯვებით, „აღიღო ქუთათისი და ეკურთხა მუნ მეფედ“,61 თუმცა იგი ვერ გასცდა „პროვინციის მეფის“ მდგომარეობას. მის კანონიერებას საქართველოს სამეფო ტახტი არ სცნობდა. მიუხედავად ამისა, ბაგრატმა კარგად გამოიყენა შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაცია და განაგრძო ბრძოლა ერთიანი საქართველოს ტახტის ხელში ჩასაგდებად. ბაგრატის წარმატებულ სვლას სამეფო ტახტისაკენ რამდენადმე აადვილებდა გიორგი VIII-ის სისუსტე და პოლიტიკური უნიათობა. მან ვერ გამოიყენა ცალკეული რეგიონების სწრაფვა თბილისის ტახტთან კონსოლიდირებისა და ფაქტობრივად ხელში ჩაუგდო ისინი თავის მოწინააღმდეგე ძალებს. მხედველობაში გვაქვს აჭარისა და ჭანეთის რეგიონები, რომელთა ერისთავები, როგორც ჩანს, მეფისა და ათაბაგის დაპირისპირებაში გიორგი VIII-ს უჭერდნენ მხარს: „ეშინოდა ყუარყუარეს ერისთავთაგან ამა ქუეყნისათა, რათა არა მიერთნენ კუალად გიორგი მეფესავე“.62 სამცხის მთავარმა კი გამჭრიახობა გამოიჩინა და გურიელს მისცა აჭარა და ჭანეთი, „რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა ამის ქუეყნისათა“.63 თავის მხრივ, კახაბერ გურიელმა „განიხარნა და მიიღო ქუეყანანი იგინი და ვინაითგან ბაგრატიცა მწე იყო ყუარყუარესი ამის მიერ, მოვიდა გურიელი სპითა თვისითა და ბრძოდნენ ერისთავთა, რომელნი არა ერჩდნენ ყუარყუარეს. მაშინ ვიეთნიმე მოსრნეს, ვიეთნიმე დაიმორჩილნეს და ვიეთნიმე ივლტოდნენ, ვითარცა ზაზა ფანასკერტელი წავიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა და სხუანიცა“.64 სრულიად აშკარაა, რომ აჭარა და ჭანეთი გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტის ერთგულნი არიან, მაგრამ გიორგი VIII-მ ვერ შესძლო მის ერთგულ ერისთავთა დაცვა ყვარყვარე ათაბაგისა და მისი მოკავშირეების მოძალებისაგან და დაკარგა კონტროლი ამ მხარეებზე.
გიორგი VIII-მ, მართალია, რამდენადმე დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეკრიბა ჯარი ყვარყვარეს წინააღმდეგ და დადგა „ტბა ფარავანსა ზედა“. სამცხის ათაბაგმა ღალატით „აქ 1465 წელს მეფე დაიჭირა ტყუეთ“.65 აქვე უნდა შევნიშნოთ მეტად საინტერესო რამ: გიორგი VIII და კონსტანტინე დიმიტრის ძე ერთად არიან ყვარყვარე ათაბაგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში, კონსტანტინე ჩანს „ტბა ფარავანთან“ ახლოს მაინც66. ამის დამადასტურებელი ჯავახიშვილების სიგელი, სადაც ისინი კონსტანტინეს მიმართავდნენ, რომ ყვარყვარე „ჩუენსაცა ღალატს აპირებდა“.67 კონსტანტინეს თავისათვის უშველია და გორის ციხისათვის შეუფარებია თავი68. საყურადღებოა ისიც, რომ მეფის დატყვევების შემდგომ იმავე 1465 წელს კონსტანტინე ბატონიშვილი ქართლში მეფობას შედგომია69. უეჭველია, ყვარყვარეს გამარჯვებით შეშფოთდებოდა ბაგრატი და ახლა მას მოკავშირე უნდა ეძებნა. ასეთი აღმოჩნდა კონსტანტინე დიმიტრის ძე, რომელსაც, როგორც ჩანს, დევნიდა ათაბაგი. ამიტომ იყო, რომ ბაგრატმა დაუბრკოლებლად შეუშვა კონსტანტინე „ქუთათისის ციხეს“.70
მაშასადამე, აშკარად ვხედავთ, რომ ბაგრატსა და კონსტანტინეს შორის მჭიდრო პოლიტიკური კავშირი მყარდება, რომელიც მიმართული არის ყვარყვარეს წინააღმდეგ. თავის მხრივ, ათაბაგიც იღებდა შესაბამის ზომებს და ტყვეობაში მყოფ გიორგი VIII-ს დამოყვრებია. ამ უკანასკნელს შეურთავს ათაბაგის ასული თამარი71. ბაგრატმა 1466 წელს გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, „შეკრიბა სპანი და შთავიდა ქართლს და დაიპყრა სრულიად ქართლი“.72 სწორედ 1466 წლის სიგელშია მოხსენიებული პირველად ბაგრატი ქართლის მეფედ: „მე... მპყრობელმან ორისავე ტახტის ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისანმან... მეფეთმეფემან ბაგრატ... შევსწირე (მცხეთას)... ქკზ~ს დავითს... თქუენი ძუელითგან მკვიდრნი დიღომს გლეხნი ესაბერი მზეოს-ძე და გეგელისშვილი მათითა მამულითა“.73
უნდა ვიფიქროთ, რომ „ქუთათისში თავშეფარებული“ კონსტანტინესა და ბაგრატ VI შორის ახალი პოლიტიკური გარიგება უნდა მომხდარიყო, რასაც უნდა ადასტურებდეს 1468 წლის სიგელი, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენ ორისავე ტახტისა და სახელმწიფოსა ლიხთ იმერისა, და ლიხთ ამერისა ღვთივ გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფენმან ბაგრატ და ძმამან ჩვენმან პატრონმან კონსტანტინე“.74 ამ ცნობას ერთგვარ უნდობლობას უცხადებდა ი. ჯავახიშვილი და აცხადებდა, რომ ამ დროს კონსტანტინე მეფე კი არ ყოფილა, არამედ მხოლოდ ბატონიშვილი75, მაგრამ მოგვიანებით, მკვლევართა ერთი ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ კონსტანტინეც მეფობდა 1466 წლიდან. როგორც ჩანს, ბაგრატ VI-მ რეალურად შეაფასა კონსტანტინე ბატონიშვილის პოტენციალი და მასთან თანამშრომლობა არჩია76, რაც თანამეფობაში გამოიხატა.
მოვლენების ამგვარ განვითარებას არ შეიძლებოდა არ დაეფრთხო ყვარყვარე ათაბაგი და მან სასწრაფოდ გაათავისუფლა გიორგი VIII77. იმის შიშით, რომ გიორგი VIII-ს არ დაებრუნებინა ტახტი, კონსტანტინე და ბაგრატ VI იძულებულნი გახდებოდნენ, რომ თანამეფობაზე წასულიყვნენ. თანამეფობა არის ორი მეფის შეთანხმებული მმართველობა, რომელიც მიღწეულია: 1. სამეფო ხელისუფლების საკითხებში; 2. სამფლობელო ტერიტორიებსა და მათ ლოკალიზაციაზე78. მაგრამ მისი განხორციელებისათვის საჭირო იყო ერთ-ერთის „ზემოჯდომა“, ასეთად კი ბაგრატი მოჩანს79. ეტყობა, მას მეტი ძალა გააჩნდა. ჩვენ ვიზიარებთ დ. ნინიძის აზრს, რომ ბაგრატ VI-სა და კონსტანტინე II-ს შორის ადგილი ჰქონდა თანამეფობას 1466-1468 წლებში80. ეს შეთანხმება, ცხადია, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, ვინაიდან ორთავეს სურდა ერთიანი საქართველოს მეფობა. 1469 წლიდან მათ შორის დაიწყო დაპირისპირება. სწორედ ამის შედეგი უნდა იყოს ის, რომ კონსტანტინე II 1469 წელს ხელმეორედ ეკურთხა მეფედ81. ბუნებრივია, ბაგრატ VI ემზადებოდა მოსალოდნელი ბრძოლისათვის და ამისათვის ყოველნაირ მეთოდს იყენებდა. 1466-1468 წლებში იგი იძულებული იყო, შერიგებოდა არსებულ მდგომარეობას, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს მთავრებთან არ ჰქონდა დარეგულირებული ურთიერთობა. განსაკუთრებით ეს ითქმის ოდიშის მთავარ ლიპარიტ დადიანზე, რომელიც ექიშპებოდა ბაგრატს. მაგრამ კონსტანტინე II-ის ქართლში ხელმეორედ გამეფების შემდგომ ბაგრატ VI, ბუნებრივია, ეცდებოდა ძალების მოკრებას, ვინაიდან „მეფე კონსტანტინე არა უტევებდა ბაგრატ მეფესა ლიხს აქეთს მთისძირობათა“.82 ამიტომ ბაგრატი ცდილობდა ძალების მოკრებას დაპირისპირებისათვის. ამაში მას ხელი შეუწყო ლიპარიტ დადიანის გარდაცვალებამ, რომელიც, ვახუშტის მიხედვით, მოხდა 1470 წელს83. ბაგრატმა ოდიშის ახალ მთავარ შამადავლესთან, როგორც ჩანს, შეძლო საერთო ენის გამონახვა. მათი პარტნიორული თანამშრომლობის შედეგი იყო საეკლესიო დოკუმენტის _ „მცნება სასჯულო“-ს მიღება84: „და მოიკითხეს ძუელით ვიდრე ახალამდე, ღმრთივ გვირგვინოსანმან ბაგრატ და დიდმან ერისთავთ-ერისთავმან დადიან-გურიელმან შამადავლა“.85
ბაგრატ VI, მიისწრაფოდა რა ერთიანი საქართველოს მეფობისაკენ, ცდილობდა დასავლეთ საქართველოს სასულიერო წრეების გული მოეგო და თავისი ლეგიტიმურობისათვის სამეფო ტახტზე მეტი საფუძველი მიეცა. მცხეთის კათალიკოსის გვერდით, როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის მოხსენიება ივარაუდება ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის დროიდან86, თუმცა ძნელია იმის გარკვევა, თუ როდიდან იწყებს ის ბრძოლას განკერძოებისაკენ. ისტორიოგრაფიაში დადგენილია, რომ უფლებრივად აფხაზეთის კათალიკოსი დამოკიდებულია ქართლის (მცხეთის) კათალიკოსზე87, ყოველ შემთხვევაში XV საუკუნის 60-იანი წლების მიწურულამდე დასავლეთ საქართველოს ეკლესიის სწრაფვა განკერძოებისაკენ არ ყოფილა პოლიტიკურ რანგში აყვანილი. XV საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ერთი შეხედვით, გაუგებარია, თუ რამ უბიძგა ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტისათვის მებრძოლ ბაგრატ VI-ს, გამოსულიყო ქართული ეკლესიის ერთიანობის მოშლის ინიციატივით. ხომ არ იყო ეს გამოწვეული იმით, რომ ბაგრატ VI-ის გაბატონებას თბილისის ტახტზე მცხეთის საკათალიკოსო წინააღმდეგობას უწევდა, მაშინ როდესაც, სავარაუდოდ, ბაგრატს ჰქონდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის მესვეურთა სრული მხარდაჭერა. „აფხაზეთის კათალიკოსის“ ქართლის კათალიკოსთან გათანაბრებით კი, რომელიც დაფიქსირდა „მცნება სასჯულო“-ში88, შესაძლებელია, ბაგრატ VI ცდილობდა „აფხაზეთის საკათალიკოსოს“ როლის წინა პლანზე წამოწევას საერთო ქრისტიანულ სამყაროში და მასზე დაყრდნობით თავისი პოლიტიკურიპოზიციების განმტკიცებას თბილისის ტახტზე.
როდის უნდა მიეღოთ „მცნება სასჯულო“? ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ აღნიშნული დოკუმენტი უნდა მიეღოთ 1470-1474 წლებში. იგი ძირითადად ემყარება ვახუშტი ბატონიშვილის მონაცემებს შამადავლე დადიანის შესახებ, კერძოდ, მისი გამთავრებისა და გარდაცვალების თარიღებს89. ჩვენი აზრით, „მცნება სასჯულო“ უნდა მიეღოთ 1470-1472 წლებში, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც, ხელმეორედ გამეფდა კონსტანტინე II ქართლში 1469 წელს, ბაგრატი იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას და იმ მიზნით, რომ დაასუსტოს მოწინააღმდეგე და თავისი უფლებები ლეგიტიმურად აღიარებინოს, ხელს უწყობს „მცნება სასჯულო“-ს მიღებას. 1471 წლისათვის ქართლის სამეფო ტახტზე ისევ კონსტანტინე II ზის. ამის დასტური უნდა იყოს 1471 წელს მისი მეფედ მოხსენიება. მხედველობაში გვაქვს 1471წ. 12 აპრილით დათარიღებული წერილი, რომელიც უნგრეთის ელჩის მიერ არის გაგზავნილი ვენეციიდან, მასში საუბარია მეფე კონსტანტინეს ელჩების ჩასვლაზე ვენეციაში90. ხოლო 1472 წლისათვის ბაგრატ VI-მ, მოიკრიბა რა ძალები, „აქა [ქართლი დაიჭირა] ბაგრატ მეფემ და კ~ე (ე. ი. კონსტანტინე _ ე. გ.) გარდ[ააგდო]“.91 მაშასადამე, ვხედავთ, რომ 1469-1471 წლებში, ბაგრატ VI ინტენსიურად ემზადებოდა კონსტანტინესთან ბრძოლისათვის, რაც საბოლოოდ წარმატებით დაამთავრა. ამრიგად, „მცნება სასჯულო“-ს მიღება განპირობებული იყო იმ დაპირისპირებით, რაც ბაგრატ VI-სა და კონსტანტინე II შორის არსებობდა. მართალია, ეს აქტი, ი. ჯავახიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უგნური საქციელია“,92 მაგრამ იგი განაპირობა იმ ურთულესმა საშინაო და საგარეო პირობებმა, რომელშიც XV საუკუნის 60-70-იან წლებში საქართველო მოექცა. სამწუხაროდ, ბაგრატ VI ვერ აღმოჩნდა ის პოლიტიკოსი, რომელიც სწორად გათვლიდა პოლიტიკურ სვლებს. იგი ტახტისათვის ბრძოლაში იმდენად ღრმად ჩაეფლო, რომ ვერ გაითვალისწინა ის დამღუპველი შედეგები, რაც მცხეთის საკათალიკოსოსაგან აფხაზეთის საკათალიკოსოს გამოყოფამ მოიტანა, ვინაიდან ახლა უკვე პოლიტიკურ დაქსაქსვას საეკლესიო ერთიანობის ჩაშლაც დაედო მტკიცე საფუძვლად93.
მიუხედავად წარმატებისა, ბაგრატ VI-ს უაღრესად გაურთულდა მდგომარეობდა დასავლეთ საქართველოში. ბუნებრივია, დასავლეთ საქართველოს დიდებულები და, პირველ რიგში, ოდიშის მთავარი დადიანი ვეღარ მოითმენდა გაძლიერებულ ბაგრატ VI-ს: „ვამეყ დადიანმან არღარა ინება განძლიერება, უმეტესად ბაგრატ მეფისა, შემოიკრიბნა აფხაზნი და გურიელი და უწყო კირთება, ოხრება და დაპყრობა იმერეთისა“.94 აქ აშკარად ჩანს, რომ დასავლეთ საქართველოს ფეოდალები არ დაუშვებდნენ მათთან ახლოს მყოფ „ქუთათისის ტახტის“ ისეთ გაძლიერებას, რომელიც მათ საფრთხეს შეუქმნიდა. ვინაიდან ოდიშის მთავარი დაკარგავდა იმ უპირატესობას, რაც გიორგი ბრწყინვალის ხანიდან ოდიშის ერისთავებს დასავლეთ საქართველოში გააჩნდათ. ეს იყო დასავლეთ საქართველოდან გამოყვანილი ლაშქრის მხედართმთავრობა95.
აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ძლიერ ფეოდალთა პოლიტიკა, არ გაძლიერდეს „ქუთათისის“ ტახტი, ვინაიდან ის მათთან, ამავე დროს, ტერიტორიულად ახლოსაა და, ამდენად, ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოდიან თბილისის ერთგულნი. სავსებით სწორად აღნიშნავს ნ. ბერძენიშვილი: „სანამ გამაერთიანებელი ძალები განსაზღვრავდნენ პოლიტიკურ გეზს, იმერთა მეფე არ იოცნებებდა „აფხაზეთით“ შემოფარგვლას, არამედ „ნიკოფსიით დარუბანდამდის“ პოლიტიკა იყო მისი სარბიელი“.96 მაგრამ ახლა უკვე სხვა დროებაა: მეფეთა პოლიტიკა კი არ საზღვრავს ფეოდალების პოლიტიკას, პირიქით, უკანასკნელთა ინტერესები განსაზღვრავდნენ პირველს97.
ბაგრატ VI-მ ამ შემთხვევაში არ დააყოვნა, სწრაფად შევიდა ოდიშში, გაიმარჯვა და „უძლიერესად მოვიდა ქართლსავე“.98 ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ დაინტერესებას იჩენდა ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი. მას ქართლის მნიშვნელოვანი ტერიტორია ჰქონდა დაპყრობილი და თბილისის ციხეში ჯარი ჰყავდა ჩაყენებული99. ეს ტერიტორია უშუალოდ ემეზობლებოდა კონსტანტინე მეფის სამფლობელოს. აქ კონსტანტინეს ერთგული ბარათაშვილები ცხოვრობდნენ და უშუალოდ დაუდგნენ მტერს: „იგი (უზუნ-ჰასანი _ ე.გ.) შემოვიდა ქართლს, სომხითს, მოვიდა ორბეთის ძირს და მძლედ დახუდენ მეფე კონსტანტინე ბარათიანთა“.100 ასეთი შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო უზუნ-ჰასანი იძულებული გახდა, მოენახა საერთო ენა კონსტანტინესთან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მისცა ციხე თბილისისა101. ამ დროს ბაგრატ მეფე წასული იყო „ლაზკსტანს მათთან საომრად და ჯავრის საყრელად, მისი ქვეყანა კი უპატრონოდ დარჩენილიყო“. 102 ამასვე იმეორებს ვახუშტიც103. ყოველივე ამას ზედ დაემატა ისიც, რომ „ამას შინა უკუდგნეს დადიანი, გურიელი და უკუიტანეს ოდიშარნი და აფხაზნი, შეიპყრნეს ერთად და არღარა მსახურებდეს ბაგრატ მეფესა. იწყინა მეფემან და შეიყარა და მივიდა და დაადგა ცხენისწყალს ზედა“.104 მართალია, ბაგრატმა გაიმარჯვა, მაგრამ ამ დროისათვის უზუნ-ჰასანს უკვე თითქმის მთელი ქართლი ჰქონდა დაპყრობილი. მწვავე პოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა ბაგრატი და ათაბაგი, პირადი უთანხმოებანი დროებით დაევიწყებინათ, ვინაიდან ორივეს დამარცხება ელოდა და ამიტომ ითხოვეს ზავი105, მაგრამ ზავი ვერ დადეს, ვინაიდან უზუნ-ჰასანმა საქართველოს დატოვებისათვის (თბილისის გარდა) 16 ათასი დუკატი მოითხოვა, რისი გადახდაც თავდაპირველად მათ ვერ შეძლეს. ამიტომ დამპყრობელმა ააოხრა სამცხე.
ბაგრატ VI და ყვარყვარე ათაბაგი იძულებული გახდნენ, მეტად მძიმე ზავზე დათანხმებულიყვნენ. ჯოვანი მარია ანჯოლელო მოგვითხრობს: „მეფე ბაგრატმა სამცხის ათაბაგთან ერთად გამოაგზავნა [ელჩები] ზავის დასადებად, შეთანხმდნენ, რომ [ისინი] გადაიხდიდნენ თექვსმეტ ათას დუკატს და უზუნ ჰასანი შეპირდა თავისუფალს დატოვებდა ქვეყანას, გარდა თბილისისა, რომელიც სურდა ჰქონებოდა გასასვლელ ადგილად“.106 აშკარად ჩანს, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფო დაშლილია. ასეთ მძიმე ვითარებაში კონსტანტინე არ ჩანს, საფიქრებელია, რომ ის იცავს ნეიტრალიტეტს, რათა ხელსაყრელ შემთხვევაში დასუსტებული ბაგრატი დაამარცხოს.
1478 წელს გარდაიცვალა უზუნ ჰასანი. ამან ირანში არეულობა გამოიწვია: „დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი და დაიჭირა მეფემან ბაგრატ“,107 მაგრამ იმავე 1478 წელს ბაგრატი რაჭაში გარდაიცვალა. აქ საყურადღებოა, თუ რატომ იყო მეფე რაჭას და არა თბილისს. ჩვენი აზრით, ამ დროისათვის გაძლიერდა კონსტანტინე II და ბაგრატი იძულებული გახდა, გადავიდეს რაჭაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც: „და ბაგრატ მეფე წარვიდა რაჭას და მუნ მოკუდა“.108
სავარაუდოა, რომ კონსტანტინე II ამ დროს ქართლს მთლიანად აკონტროლებდა. ამას უნდა ადასტურებდეს ვახუშტი ბატონიშვილის ცნობაც: „აღიღო (კონსტანტინემ _ ე. გ.) გორი და ყოველნი სხუანი ციხენი, გამოასხნა იმერნი და შეაყენა მცველნი თვისნი“.109
ბაგრატ VI-ის გარდაცვალების შემდეგ „ქუთათისის“ ტახტზე ასვლა მისმა ძემ ალექსანდრემ სცადა, რისთვისაც მოუწოდა დასავლეთ საქართველოს მთავრებს მხარდასაჭერად, მაგრამ მათ, განსაკუთრებით „დადიანმან არღარა ინება მოსვლა“.110 ამ მდგომარეობას კარგად აუღო ალღო კონსტანტინე II-მ: „ეზრახა დადიანსა ჩამოვიდა იმერეთს“. ვახუშტის მიხედვით, ყოველივე ეს მომხდარა 1479 წელს111. მნიშვნელოვანია ის, რომ დადიანი იმდენად ძლიერია, „რომ ამისთვის ვერღარა წინააღუდგა ალექსანდრე და წარვიდა სიმაგრეთა შინა“.112
კონსტანტინე II-მ ვამიყ დადიანის დახმარებით შეძლო ქართლ-იმერეთში გამეფება. უეჭველია, დადიანს თავისი პოლიტიკური და პირადი ინტერესები ამოძრავებდა, „ვინაითგან დაამდაბლა ბაგრატ დადიანი“.113 ჩვენი აზრით, „დაამდაბლა“ აქ უნდა გავიგოთ ისე, რომ მან დაარღვია დადებული პირობა და შეავიწროვა დადიანი.
კონსტანტინე II-ის მოკავშირე მოჩანს ვამიყ დადიანი სამცხის ათაბაგის წინააღმდეგ ბრძოლაში 1481 წელს114, რომელშიც ათაბაგმა მარცხი განიცადა. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვის მხარეზეც ოდიშის მთავარი გამოდის, სწორედ ის იმარჯვებს. ვამიყ დადიანის როლი რომ მნიშვნელოვანი იყო, ნათლად აჩვენა მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც კონსტანტინე II-მ პირველსავე შეტაკებაში მარცხი განიცადა სამცხის ათაბაგთან არადეთის ბრძოლაში 1483 წელს115. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ და „აღიღო ქუთათისი“ 1484 წელს. ამის საპირისპიროდ ლიპარიტ დადიანმა შამადავლას ძემ კვლავ მოიწვია კონსტანტინე მეფე და ალექსანდრე ბაგრატის ძე იძულებული გახდა, წასულიყო „კუალად სიმაგრეთა შინა“.116 მანაც რაჭა-ლეჩხუმს მიაშურა, სადაც ვერ შეაღწია კონსტანტინე II-მ, როგორც ვხედავთ, ძალთა განლაგება ასეთი იყო: ერთ მხარეს იდგნენ ლიპარიტ დადიანი და კონსტანტინე II, ხოლო მეორე მხარეს _ ალექსანდრე ბაგრატის ძე, რომელსაც მხარს უჭერდა რაჭა-ლეჩხუმი. კონსტანტინე II-ის მოქმედებიდან ჩანს, რომ იგი ერთიანი საქართველოსათვის იბრძვის. ამ ბრძოლაში მის გვერდით დგას, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ლიპარიტ დადიანი, მაგრამ გართულებულმა საერთაშორისო მდგომარეობამ კონსტანტინე II-ს ამ ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინების საშუალება მოუსპო. ირანის მმართველის იაკუბ ყაენის (უზუნ ჰასანის ძმა) დავალებით 1487 წელს ხალილ ბეგი თბილისის აღებას შეეცადა117. ამიტომ მიატოვა მეფემ იმერეთი, „წარვიდა ქართლს და ბრძოდა თათართა“. ერთ მომენტში, როგორც ჰასან რუმლუ გადმოგვცემს, ხალილ ბეგი დამარცხდა118, მაგრამ ქვეყანაში თავი იჩინა ფეოდალურმა ქიშპმა, რაც იმაში გამოიხატა, რომ „წარმოავლინა კუალად სპანი ყეენმან, ამისთვის ეზრახა მეფე კონსტანტინე კუალად ათაბაგსა და კახთა ჰყონ შეერთება თათართა ზედა ანუ მოსცნენ სპითა შეწევნა, არამედ მათ არა ინებეს, რამეთუ ენებათ დამდაბლება მეფისა“.119 ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ, „მოიმწო სუანნი, მოირთო რაჭა-ლეჩხუმი, ჩამოვიდა და დაიპყრა ქუთაისი“.120 ეს მოხდა 1489 წელს.
ამით ფაქტობრივად საბოლოო წერტილი დაესვა ერთიან ქართულ სახელმწიფოს. ალექსანდრე ბაგრატის ძე უკვე მყარად და საბოლოოდ დაეუფლა იმერეთს. საჭირო იყო ამ მოვლენის იურიდიული დადასტურება, რაც განხორციელდა კიდეც. მართალია, კონსტანტინე II კვლავ ცდილობდა ქვეყნის გაერთიანებას. ამ მიზნით მან 1490 წელს მოიწვია დარბაზის საგანგებო სხდომა, რომელსაც ქვეყნის წარჩინებულ პირებ- თან ერთად ესწრებოდნენ უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები, სადაც იდგა საკითხი ომის მეშვეობით ქვეყნის გაერთიანებისა, მაგრამ რეალური ვითარებიდან გამომდინარე, დარბაზმა შეუძლებლად ცნო ამ საქმის განხორციელება: „ვინაითგან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თვისთა რჩეულთა მეფეთათა იმერნი და კახნი და კუალად ათაბაგისა სამცხელნი, ამისთვის არა განგიზრახავთ ბრძოლასა; რამეთუ თუმცა მრე ვექმნათ ერთსა, არღარა მოგვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფობასავე შენსა“.121 კონსტანტინე II უკვე უძლური აღმოჩნდა მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების წინაშე და „აღირჩია მშვიდობა“.
ამრიგად, ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა თითქმის სამი საუკუნის მანძილზე ქვეყნის გამაერთიანებელ და მოწინააღმდეგე ძალებს შორის. ამ უკანასკნელთა სრული გამარჯვებით დამთავრდა. და ეს იყო ლოგიკური შედეგი იმ სოციალურ-პოლიტიკური პროცესებისა, რომელშიც საქართველო XIII-XV საუკუნეებში აღმოჩნდა. „ერთგულებასა ზედა თვისთა მეფეთა“ დაადგნენ ფეოდალები და ლიხთ-იმერეთის მეფის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ისევე შემოიფარგლა ლიხთ-იქითით, როგორც ქართლის მეფეთა ან კიდევ კახთ ბატონთა პოლიტიკა სათანადო კუთხეებით122.
შენიშვნები
1. ნ. ბერძენიშვილი. ყუთლუ-არსლანის გამოსვლა და ფეოდალური საქართველოს პერიოდიზაციის საკითხები, _ „საქართველოს ისტორიის საკითხები“, ტ. VII, თბ., 1974, გვ. 181.
2. ო. სოსელია. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან, _ მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, ნაკვ. 30, თბ., 1954, გვ. 172.
3. ბ. ლომინაძე. ცვლილებები საზოგადოებრივი კლასების მდგომარეობაში XIII-XVსს. _ წგნ.: „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 760.
4. იქვე, გვ. 777.
5. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. IV, თბ., 1967, გვ. 184.
6. ო. სოსელია. სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, _ მიმომხილველი, II, თბ., 1951, გვ. 174.
7. ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან XVს.-ში. _ წგნ.: „საქართველოს ისტორიის საკითხები“, II, თბ., 1965, გვ. 137.
8. С. А. Белокуров. Сношения России с Кавказом, вып. I, М., 1889, გვ. 169-170.
9. დონ არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა, _ იტალიურიდან თარგმნა ა. ჭყონიამ, გამოსცა და წინასიტყვაობა დაურთო ი. ანთელავამ, თბ., 1991, გვ. 18.
10. დონ ჯუზეპე ჯუდიჩი მილანელი. წერილები საქართველოზე XVII საუკუნე, იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბ. გორგაძემ, თბ., 1964, გვ. 80-81.
11. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 20.
12. მარიამისეული ქართლის ცხოვრება, ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტფ., 1906, გვ, 889-890.
13. ხელნაწერთა ინსტიტუტი, HD-14361.
14. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, _ ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 564.
15. ხელნაწერთა ინსტიტუტი, HD-15041, გვ. 239, 287.
16. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. III, თბ., 1966, გვ. 430.
17. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 564.
18. ს. კაკაბაძე. ისტორიული საბუთები, III, ტფ., 1913, გვ. 15.
19. იქვე, გვ. 20.
20. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. III, თბ., 1982, გვ. 252.
21. ჯ. ოდიშელი. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV-XVIსს.), _ კრებ.: `XIV-XVIIIსს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი~, თბ., 1964, გვ. 81.
22. ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, გვ. 134; მსკი, #1, 1937, გვ. 25.
23. დ. ნინიძე. „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995, გვ. 135.
24. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. III, გვ. 252.
25. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 805.
26. ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი, „ქართლის ცხოვრება“, _ ტექსტი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959, გვ. 476.
27. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285.
28. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285 (ხაზგასმა ჩვენია _ ე.გ.).
29. ს. კაკაბაძე. გენეალოგია ბაგრატ VI, ტფ., 1912.
30. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. III, გვ. 83.
31. ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან.., გვ. 19.
32. საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტ. I. ტფ., 1920, გვ. 88.
33. ე. მეტრეველი. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962, გვ. 170-171.
34. იქვე, გვ. 102.
35. იხ.: ე. მეტრეველი. მასალები.., გვ. 171; ჯ. ოდიშელი. აღმოსავლეთ საქართველოს.., გვ.83
36. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: დ. ნინიძე. „პროვინციის მეფეები“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში.
37. დ. ნინიძე. მცირე განმარტება სამთავისის „მეორედ აღმშენებლის“ წარწერასთან დაკავშირებით, _ „ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები“, XIX, თბ., 1993.
38. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285-287.
39. კ. კახაძე. დასავლეთ საქართველოს სოცილურ-პოლიტიკური სტრუქტურა და სამხედრო ორგანიზაცია XIII-XVIIIსს.-ში, _ დისერტაცია ისტ. მეცნ. კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხელნაწერის უფლებით, თბ., 1982, გვ. 31.
40. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, _ შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წ. II, ტფ., 1897, გვ. 265.
41. დ. ნინიძე. „პროვინციის მეფეები“.., გვ. 174-175.
42. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 804.
43. დ. პაიჭაძე. ლუდოვიკო და ბოლონია და ქართველთა ელჩობა დასავლეთ ევროპაში, _ მაცნე, #4, 1983, გვ. 60.
44. საქართველოს სიძველენი, ტ. I, გვ. 6.
45. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285.
46. ქრონიკები, II, გვ. 257.
47. ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა (1466-1470წწ.), წ. I, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა და საძიებლები დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1958, გვ. 15.
48. დ. გვრიტიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, II, თბ., 1965, გვ. 142.
49. იქვე, გვ. 143.
50. ბ. ლომინაძე. შინაური სიძნელეები. პოლიტიკური დაშლის დასაწყისი, _ „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 733.
51. იქვე, გვ. 734.
52. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 805.
53. ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან.., გვ. 123.
54. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 704.
55. იქვე.
56. იქვე.
57. იქვე.
58. იქვე.
59. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285.
60. იქვე, გვ. 704.
61. იქვე.
62. იქვე.
63. იქვე.
64. იქვე, გვ. 704-705.
65. ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), _ ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ., 1980, გვ. 39; ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 286-287.
66. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. 3, გვ. 314.
67. საქართველოს სიძველენი, ტ. II, ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტფ., 1909, გვ. 20.
68. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. 3, გვ. 314.
69. სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშტარაკანების) ცნობები საქართველოს შესახებ, _ ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და შენიშვნები დაურთო ა. აბდალაძემ, თბ., 1978, გვ. 82-83; ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან.., გვ. 125.
70. საქართველოს სიძველენი, II, გვ. 20.
71. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVIსს.), ტექსტები, პუბლიკაცია, გამოკვლევები და საძიებლები ქ. შარაშიძისა, თბ., 1961, გვ. 61.
72. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 806.
73. საქართველოს სიძველენი, I, გვ. 88.
74. იქვე, გვ. 40.
75. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. 3, გვ. 322.
76. ჯ. ოდიშელი. აღმოსავლეთ საქართველოს.., გვ. 85.
77. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285-286. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტი ბატონიშვილი შეცდომით მიიჩნევს 1466წ. გარდაცვლილად ყვარყვარე ათაბაგს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე _ 1498 წლამდე მთავარი იყო, _ იხ.: ქ. შარაშიძე. სამხრეთ საქართველოს ისტორიის.., გვ. 136.
78. დ. ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIIIXVIIIსს.), დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხელნაწერის უფლებით, თბ., 1998, გვ. 73.
79. იქვე.
80. იქვე.
81. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 383.
82. იქვე, გვ. 806.
83. იქვე.
84. მცნება სასჯულო, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, ი. დოლიძის რედაქციით, თბ., 1970; ს. კაკაბაძე. მცნება სასჯულო, ტფ., 1913.
85. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, გვ. 222.
86. ვრცლად ამ საკითხის შესახებ იხ.: ე. გვენეტაძე. „კათალიკოსთა ორთავე“-ს საკითხისათვის, _ „საისტორიო ძიებანი“, წელიწდეული, II, თბ., 1999,გვ. 72-76.
87. ნ. ბერძენიშვილი. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო წესწყობილება, _ საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. V, თბ., 1971, გვ. 100.
88. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, გვ. 222.
89. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 806-807; ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. 3, გვ. 341; ბ. ლომინაძე. ერთიანი სამეფოს დაშლა, _ „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 740.
90. ე. მამისთვალაშვილი. საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წაყროების მიხედვით), თბ., 1981, გვ. 63; ლ. ტარდი. უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, თბ., 1980, გვ. 22.
91. ქრონიკები, II, გვ. 290.
92. ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზ., ტ. 3, გვ. 341.
93. იქვე, გვ. 339.
94. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 285.
95. თ. ბერაძე. ოდიშის საერისთავო, წიგნში: სამეგრელო, ოდიში, კოლხეთი, თბ.-ზუგდიდი, 1999, გვ. 144.
96. ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან.., გვ. 28.
97. იქვე, გვ. 29.
98. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 384.
99. ბ. ლომინაძე. უზუნ-ჰასანის შემოსევები, _ „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 742.
100. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 385.
101. იქვე.
102. სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების.., გვ. 87.
103. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 384.
104. ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება, _ ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959, გვ. 342.
105. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, იტალიურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ე. მამისთვალაშვილმა, თბ., 1981, გვ. 61-62.
106. იქვე, გვ. 78.
107. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 479.
108. ქრონიკები, II, გვ. 299.
109. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 385-386.
110. იქვე, გვ. 808.
111. იქვე.
112. იქვე.
113. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 808.
114. იქვე, გვ. 286.
115. ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, _ „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II, თბ., 1959, გვ. 481.
116. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 808.
117. ბ. ლომინაძე. უკანასკნელი ცდები საქართველოს მთლიანობის აღდგენისათვის და მისი ჩაფუშვა, _ „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 439.
118. ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1960, გვ. 18.
119. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 388.
120. იქვე.
121. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 388.
122. ნ. ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან.., გვ. 137.
Комментариев нет:
Отправить комментарий