მალიქ შაჰ-ჰუსაინ სისტანი სისტანელი მელიქების შთამომავალი იყო 1598 წ. პირველად ეახლა ხორასანში შაჰ-აბასს, ხოლო 1611 წლიდან იგი მუდმივად შაჰის ამალაშია და ახლავს მას სხვადასხვა სამხედრო კამპანიებში, მათ შორის საქართველოში. მისი „იახია ალ-მულუქი“ ესაა სისტანის ისტორია მითიური დროიდან 1622 წლამდე, მაგრამ მოიცავს არა მარტო სისტანის ისტორიას, არამედ მასში მრავალი ცნობაა დაცული საქართველოს შესახებ. მალიქ შაჰ-ჰუსეინი თვითმხილველი და მინაწილეა გადმოცემული ამბების. საინტერესოა, რომ იგი ერთ და იმავე ამბებს ორჯერ გვიყვება და ეს თხრობები რაღაც წვრილმანებით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ „იხია ალ-მულუქი“ ერთ-ერთი სანდო პირველწყაროა შაჰ-აბასის 1614-1615 წლების კახეთში ლაშქრობების შესახებ.
[ქართველ მეფეთა შესახებ]
... ქართველი მეფეები თავს მიიჩნევენ სპარსეთის მეფეების შთამომავლად და გადმოგვცემენ, რომ როცა ჰორმიზდის ძე ხოსრო (II) ფარვიზი მოვიდა სომხეთში მიხინ-ბანუსთან, მათ შორის აენთო ხოსროვისა და შირინის მსგავსი სიყვარული. ქართველებს სჯერათ, რომ მან შეირთო მიხინ-ბანუ, რომელსაც ქართულად ერქვა თამარ დიდიფალი და ქართველთა მეფეები მათი შთამომავლები არიან. ჰყვებიან სხვა ვერსიასაც: ხოსროვ ფარვიზმა შეირთო შირინი, მაგრამ რადგან ძლიერი მიდრეკილება ჰქონდა გართობისა და სიამოვნებისაკენ და ესწრაფოდა თავისი სურვილების დაკმაყოფილებას, როცა მზეთუნახავი მიხან-ბანუ სამეფო ტახტზე დაჯდა და ორივე ძალზედ პატივმოყვარე იყო, შეიძლება იმ დროს მათ შორის სიახლოვე დამყარდა, მათ შეეძინათ ვაჟი და ქართველთა მეფეები მათი ჩამომავლები არიან. ქართველები სხვანაირადაც ჰყვებიან: თამარი იყო მთელი საქართველოს მეფე ბაკრატის შვილიშვილი. ის არ იყო გათხოვილი და არც უნდოდა ქმარი. ქართველი ღვთისმსახურები და დიდებულები ეუბნებოდნენ მას: „თქვენ უნდა გათხოვდეთ, რომ გეყოლოთ ვაჟი, რომ სამეფო ტახტი სხვის ხელში არ გადავიდეს“. მაგრამ თამარი არ თანხმდებოდა. მაშინ ღვთისმსახურებმა და დიდებულებმა ერთაგ გადაწყვიტეს, რომ თამარის სუფრაჯი, ძალზე ლამაზი და დიდგვაროვანი წარმოშობის ჭაბუკი, შესულიყო მასთან კავშირში, როცა თამარი მთვრალი იქნებოდა. ასეც მოიქცნენ. თამარს ეოლა ვაჟი და დღევანდელი ქართველი მეფეები მისგან მომდინარეობენ. ნიზამი (XII ს. აზერბ. პოეტი) ამბობს:
„თამარა - არის იმ ბრძანებლის სახელი,
თამარა ითარგმნება როგორც მიხინ-ბანუ“
[საქართველოში გამართული მეჯლისები]
... იმ დროიდან გავიდა 35 წელი და თქვენმა მონა-მორჩილმა მოიარა მთელი ირანი დიდი მექის ჩათვლით და თურანის რამდენიმე ქალაქიც. არაერთხელ დასწრებია მისი უმაღლესობა სარწმუნოების ნავთსაყუდელი შაჰის მეჯლისებს, ესწრებოდა ვიწრო წრეში შეკრებებსაც და თურანის მბრძანებელ ვალი-მუჰამედ-ხანის საპატივცემულოდ მოწყობილ დიდ თავყრილობას, უნახია დიდი მეჯლისები, რომელზეც შაჰი მასპინძლობდა თურანის პრინც ნაიბ რუსტამ-მუჰამად-ხანს, დიდ სულთნებს და თათართა შაჰინშაჰ ნაიბ შაჰინ-გირეის. ამ შეკრებებს ესწრებოდნენ ქვეყნიერების სხვადასხვა ქვეყნების ელჩები - რუმის, ინდოეთის, ევროპის, უზბეკების ქვეყნის. ვესწრებოდი ფარიდუნივით სახელგანთქმული ამირების ალაჰვერდი-ხანის, ჰუსაინ-ხან შამლუს, ქერმანის მმართველ განჯ-ალი-ხანის და სხვა ემირების მეჯლისებს. ბევრჯერ დავსწრებივარ მეფურად მდიდრულ შეკრებებს სადრ აჯამ ყაზი-ხანთან, რომელიც შეიძლება საარაკო ამბად გახდეს ყველა მეფისა თუ სულთანისათვის თავისი სიდიადით და ბრწყინვალებით. ვყოფილვარ სახელგანთქმულ წრეებში ეთიმ ად-დაულე ჰათიმ-ბეკთან და ირანის დიდ ვეზირ მირზა კავამ ად-დინ მუჰამედთან, მუსტაუფი ალ-მამალიკთან, რომელიც ითვლება აღიარებულ ავტორიტეტად ნადიმებისა და მეგობრული საღამოების მოწყობის საქმეში, ხელმწიფის სანდო კაცის, აზერბაიჯანის ვეზირ ხოჯა მუჰამედ-რიზას მიერ მოწყობილ თავყრილობებზე, რომელიც ხშირად აწყობდა ნადიმებს საქართველოს სამოთხისმაგვარ სივრცეებში, სამოთხესავით მორთულ მდელოებზე გამჭირვალე ნაკადულებით საუკეთესო პოეტების აუცილებელი თანდასწრებით. იმ დროიდან მე შევხვედრივარ ბევრნაირ ხალხს, შევჩეხებივარ ბევრნაირ ხასიათს ჩემი დროიდ უმაღლესი თუ უმდაბლესი ადამიანებისა, დავკვირებივარ განსაკუთრებით გამორჩეული, თუ ჩვეულებრივი ადამიანების ქცევებს, მაგრამ არასდროს მინახია მეჯლისი ისე სასიამოვნო და მხიარული, ხოლო საზოგადოება ისე დახვეწილი და მიმზიდველი, როგორც 35 წლის წინათ.
[შაჰ-აბასის ლაშქრობები საქართველოში]
... სანამ მისი უავგუსტოესობის ამალა იმყოფებოდა ისფაჰანში, სისტანის მალიქიც შაჰს ახლდა. როცა კი მისი უავგუსტოესობის ჯარი დაიძრა საქართველოსკენ, მალიქი დააბრუნეს სისტანში. რიბათ პუშტ-ი ბადამში თქვენმა მონა-მორჩილმა შეიტყო მსოფლიოს მბრძანებლის ჯარის საქართველოზე გალაშქრებისა და მალიქის სისტანში დაბრუნების შესახებ. რადგან უმაღლეს ბანაკს გზა საქართველოსაკენ ეჭირა, თქვენმა მონა-მორჩილმა უარი თქვა ისფაჰანში გამგზავრების განზრახვაზე და დაშტ-ი ბიიაბანაკის გავლით გაემგზავრა ქაშანისაკენ. როცა კი მივედი ქაშანში, მისი უავგუსტოესობის ლაშქარი უკვე ყაზვინში მისულა, ხოლო ყაზვინში მისულს ჯარი იქიდანაც გასული დამხვდა. ერთი სიტყვით ლაშქარს მხოლოდ საქართველოსთან ახლოს, მდინარე კაბრი-ჩაის ნაპირზე დავეწიე და შაჰის ხალიჩის კოცნის პატივი მხვდა წილად. მისი უბრწყინვალესობის სამსახურში ყოფნის ცხრა თვის მანძილზე თქვენმა მონა-მორჩილმა მოიარა ყველა გზა და კუთხე-კუნჭული კახეთში თუ ქართლში და საქართველოს სხვა ქალაქებში, ხოლო 1023 წლის 15 შაბანს გამგზავნეს ქიჯის და მეკრანის მალიქებთან შესახვედრად და მათ დასამორჩილებლად. ამ უმაღლესი ბრძანების თანახმად, გავეჩქარე იმ მხარეებისაკენ და დიდი სიძნელეებისა და ავადმყოფობების შემდეგწამოვიყვანე ის ხალხი მათი მალიქითა და ამირ-მეჰამედ-უფროსით და სხვა ემირებით სისტანის საზღვართან. ნაგრამ მატყუარათა მიერ წაქეზებულები, უკანვე გაბრუნდნენ და მე სასწრაფოდ გავეშურე ისპაჰანში და მოვახსენე სიმართლე მალიქისა და მეკრანის ემირის უსირცხვილობაზე. მისმა უავგუსტოესობამ შეამჩნია რა ჩემ გარეგნობაში იმ მხარეში გადატანილი ავადმყოფობის კვალი და დაუძლურება, მკითხა თუ როგორ ვგრძნობდი თავს, დამამშვიდა და დამპირდა იმ მხარეების მართვის ჩემთვის გადმოცემას. შაჰმა მითხრა: „შენ რამდენიმე დღე ისფაჰანში დარჩი, ძალ-ღონე მოიკრიფე და შემდეგ ჩამოდი მაზანდარანში, სადაც გადავწყვეტავთ შენს საქმეებს. მისი ბრწყინვალება მაზანდარანში გაემგზავრა. ორმოცი დღის მერე თქვენი მონა-მორჩილიც გაემართა მაზანდარანისკენ და როგორც კი გამოცხადდა უმაღლეს სამსახურში ქალაქ აშრაფში, იმავე დღეს მას ებოძა კიჯი, დიზაკი და ჯალკი. გამოიცა შესაბამისი სიგელები.
ამ დროს მოვიდა ამბავი თაჰმურას-ხან გურჯის სიმამაცისა და მისი ბრწყინვალების მიერ იმ მხარეში დასმული ალი-ყული-ხანის დამარცხების შესახებ. ამ ამბის გამო არავის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ყველა დიდებულმა მირჩია უმაღლეს ბანაკს შევერთდებოდი და ასე მოხდა, რომ იმ ლაშქრობაში შაჰს ვახლდი. დავიპყარით თეიმურაზის ყველა სამფლობელო. სარწმუნოებისათვის მებრძოლთა ხელში დაახლოებით ორასი ათასი ტყვე ქართველი ჩავარდა, ხოლო თითქმის 30 ათასი ურწმუნო დაეცა მათი შეუბრალებელი ხმლით. ვერც კი მოასწრო ლაშქარმა საქართველოს საზღვრების დატოვება, რომ მისმა ბრწყინვალებამ შეიტყო არზრუმის სარდალ მუჰამად-ფაშის მოსვლის შესახებ. მისი ბრწყინვალება საქართველოდან თბილისის გზით ჩუხურ-საადის საზაფხულო სადგომებისაკენ გაემართა. ორი თვის განმავლობაში ის იმყოფებოდა იშიკ-მაიდანში, აგრიჩაში, გუკჩას ტბის ნაპირას და აკმისკალაში. როცა კი სარწმუნოებისათვის მებრძოლთა ცხენები მოღონიერდნენ, შაჰი გაემართა თურქების მოსაგერიებლად, რომლებმაც უკვე ერევნის ციხის მისადგომებს მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქების ჯარი შეადგენდა 300 ათას მხედარს, ხოლო ძლევამოსილი ლაშქარი მხოლოს 30 ათასს, საიდანაც ბრძოლისუნარიანი არ აღემატებოდა 12 ათასს, ოთხი თვის განმავლობაში ისინი გარს უვლიდნენ თურქებს, როგორც მშიერი მგლები უმწყემსო ცხვრის ფარას. ამ დროის განმავლობაში 60 ათასი თურქი დაეცა სარწმუნოებისათვის მებრძოლთა ხელით და ციხეზე იერიშის დროს, კიდევ 40 ათასი დაიღუპა სხვადასხვა ავადმყოფობით. დადგა კანიმ კუნის დღესასწაული, რომელიც მოდის 13 აკრაბას. თავიანთი კანინების თანახმად, თურქებმა, ვერ მიაღწიეს რა მიზანს, უკან დაიხიეს. დილით უმაღლესი ბრძანების თანახმად მისი ხალხი შეუერთდა იმამ-ყული-ხანის, მთავარსარდალ ყარჩიღაი-ბეკის, განჯ ალი-ხანის, ყარა-ჰასანის და სხვა ამირების ლაშქარს და სდიეს მოწინააღმდეგეს შვიდი გადასასვლელის მანძილზე. მისი უავგუსტოესობა პირადად შევიდა ერევნის ციხეში, ამირ გუნა-ხანს მიანიჭა „სარუ ასლანის“ ტიტული, ისფაჰანის მინბაშ ამირ ფათთახს აურაცხელი წყალობა უძღვნა. აჰმედ-სულთან მიჩაკის ტურშიზის ემირის თანამდებობა უწყალობა, მულლაზადე ბაფკის და სხვა საპატიო ხალხს, რომელთაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ციხის ალყის დროს, შაჰმა ძვირფასი საჩუქრები უძღვნა. გაამაგრა რა ციხე, შაჰი უდრუბადისა და ალი-დარრასის გზით მივიდა ბაგრუშადსა და ყარაბაღში. გაიშალა საზამთრო კარვები დანიკში, შირვანს დაქვემდებარებულ ადგილში. ის ზამთარი თქვენმა მონა-მორჩილმაც იქ გაატარა.
[მალიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანის დამსახურებები]
... რამდენიმე დღის შემდეგ დიდი მალიქი გაუშვეს და გაემგზავრა სისტანში. იმ დღეს მისმა უბრწყინვალესობამ მალიქს აცნობა თქვენი მონა-მორჩილისადმი თანაგრძნობისა და კეთილგანწყობოლების შესახებ, რითაც მისთვის დახმარებაზე უარის თქმის გზები მოუჭრა. შაჰი მადლობას ეუბნებოდა მალიქს მისი ამ მსახურის გამო: „ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში მე დამყვებოდა საქართველოში, ჩუხურ-საადში, აზერბაიჯანში და დაღესტანში და ღირსეულ სამსახურს ეწეოდა. შენ რომ არ გეწყინოს, მისი სამსახურის სანაცვლოდ ჩვენ მას დავუნიშნეთ ყოველწლიური 100 თუმანი ჯამაგირი და თიულები სისტანსა და ფარახში და გავუშვით ჰერათში, რათა ჰასან-ხანი თავის საქმეებს მართავდეს მისი აზრისა და რჩევების გათვალისწინებით. მას აქვს გავლენა ხორასანში და მიუხედავად იმისა, რომ ის მმართველად არ დაგვინიშნია, მაინც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს“.
[შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში]
... 1022 წლის 17 შაბანს თქვენი მონა-მორჩილი გაემართა ფარახიდან ისპაჰანისაკენ. კურთხეული რამაზანის თვის 10 დღის განმავლობაში ის დარჩა სოფელ ტიგაბ-ი კაინში, მირ-ნი მეთალაჰ რაზავის სახლში. იქიდან გაემართა ხუსფში, ღრმად განათლებულ უსტადუ მავლან მუჰამმად-შარიფ შიუნთან და გაატარა იქ ორი დღე ზემოხსენებულ ახუნდთან ერთად, რომელიც მართლაც ყსტადი და დამრიგებელი იყო მისი. მან გამომაცილა რამდენიმე ფარსანგის მანძილზე და ისე გამომეთხოვა, თითქოს იცოდა, რომ ამ ქვეყანაზე მეტად აღარ შევხვდებოდით. რამდენიმე დღის შემდეგ ერაყში მომივიდა ამბავი ამ ბრძენი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.
რამდენიმე დღე მივდიოდი თაბასის გზით, სანამ არ გამოჩნდა ბიიაბანაკი. იქ მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ შაჰის ბრწყინვალება დედაქალაქ ისპაჰანიდან გაემართა ნაინს, კუპას და არდისტანში სანადიროდ და რომ ალბათ ქაშანში მივლენ. როგორც კი ეს გავიგე, „მართლმორწმუნეთა სავანე“ ქაშანისკენ გავემართე და იქ რომ მივაღწიე, მისი უავგუსტოესობის ამალა ყაზვინისკენ გამგზავრებულ დამხვდა. ქაშანში რამდენიმე დღით გაჩერების შემდეგ ყაზვინისაკენ გავემართე. ცნობილი გახდა, რომ შაჰი აპირებს თავისი ბედაური საქართველოსაკენ მიმართოს. მე დავაპირე მის ამალას გავყოლოდი, მაგრამ ავად გავხდი და 15 დღით შეჩერება მომიწია. როგორც კი ცოტა მოვმაგრდი, გავეშურე „რჩევების სავანე“ ქალაქ არდებილისაკენ და მომეცა ბედნიერება სეფიანი შეიხების, ალაჰის კურთხევა და კეთილგანწყობა არ მოაკლდეს მათ, აკლდამების მონახულებისა. აქედან არშის გზით და მდინარე არაკეს ნაპირებით მივედი ყარაბაღში და შემდეგ განჯაში. გადავედი რა მდინარე მტკვარზე, რამოდენიმე გაჩერების შემდეგ, თქვენი მონა-მორჩილი შეუერთდა გამარჯვების მომტან ბანაკს საქართველოს კუთვნილ მდინარე კაბრი-ჩაის ნაპირებზე და ჰქონდა ბედნიერება შაჰის ფეხთა მთხვევისა. გამომკითხა რა ყველაფერი, შაჰი თბილად მომეპყრა და ბევრჯერ გაიმეორა, რომ „ყველა მათგანის სამსახური, რომელიც მე გამომყვება საქართველოში ურწმუნოთა წინააღმდეგ ომში, შექების ღირსია და შესაბამისად შეფასდება“. როგორც არ უნდა იყოს, ამ ლაშქრობის დროს:
„წელზე მისი მსახურების ქამარი შემოვირტყი,
ჩემი სიცოცხლე მისთვის მზადმყოფი გახდა“.
შაჰის ასეთი კეთილგანწყობის მიზეზი შემდეგია. კახეთის მმართველი ალექსანდრე-ხანი, მუხლმოდრეკისა და მორჩილების ქამრით შემოსილი ერთგულად ემსახურებოდა სამოთხეში განსვენებულ შაჰს. როცა კი მისი შვილიშვილი, თეიმურაზი, მისი უდიდებულესობის აღზრდისა და მცდელობების შედეგად კახეთის გვირგვინისა და ტახტის მფლობელი გახდა, მან გადაუხვია ერთგული ქვეშევრდომობის გზას. ისი შეუთანხმდა სიმონ-ხანის შვილიშვილ, ქართლის მმართველ ლუარსაბ-ხანს და ერთად გამოაცხადეს დაუმორჩილებლობის შესახებ. ფადიშაჰის წმინდა მოვალეობასა და მუსულმანის პატივისცემის საგანს წარმოადგენდა ამ ურწმუნოთა დასჯა.
შაჰის ბანაკი რამოდენიმე დღე კაბრი-ჩაის ნაპირზე იყო გაჩერებული და იქიდან გაგზავნა თეიმურაზთან ბაგრატ-მირზა, დაუდ-ხან გურჯის ვაჟი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იზრდებოდა მუდმივი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ.
თეიმურაზმა ბრწყინვალე შაჰს გაუგზავნა დედა და თავისი ვაჟები 60 რჩეული აზნაურით და აღუთქვა, რომ როგორც კი მისი ამალა დასტოვებდა ამ ადგილებს და მივა ყარაბაღში, მას ექნება პატივი გამოცხადდეს შაჰთან. ამ განცხადებამ შაჰის კიდევ უფრო მეტი რისხვა გამოიწვია. თეიმურაზის დედა და ვაჟები მან დაიტოვა, აზნაურები კი, რომლებიც იყვნენ ურწმუნოთა წინამძღოლები და მეთაურები და იმ ხალხში უმამაცესნი, უკან დააბრუნა და დააბარა: „თქვენ ამაყობთ თქვენი ჯარის მრავალრიცხოვნობით და თქვენი ციხე-სიმაგრეების სიმტკიცით. კარგი! ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით, რომ მთლიანად გაგანადგუროთ თქვენ!“.
მაღალი ლაშქარი კანიკის ხეობით შევიდა ქიზიყის ოლქში, რომელიც გადაჭიმულია ქალაქ ზაგემიდან მარტყოფის მთამდე და მთის კალთებიდან კანიკის მდინარემდე ყველგან დასახლებული ადგილები, დამუშავებული მინდვრები, ქალაქები, მაღალი და ღირშესანიშნავი ნაგებობები, ტაძრები და ეკლესიები იყო გადაჭიმული.
ზუსტად შუადღისას ავედით მთის მწვერვალზე აშენებულ მაღალ ეკლესიასთან, ჩამოვაგდეთ მისი კედლებიდან რამოდენიმე ქვა, დავამტვრიეთ ჯვარი, რომელიც მათი ნიშანია და იმ ტაძარში აზანი და იკამა აღვავლინეთ. თქვენმა მონა-მორჩილმა უმაღლესი ბრძანების თანახმად ხმამაღლა მოუწოდა ლოცვისაკენ. შაჰმა იქ შეასრულა ნამაზი, ადიდა ისლამი და მოუწოდა წმინდა სარწმუნოებისაკენ.
როცა კი თეიმურაზამდე მივიდა ხმა მისი უავგუსტოესობის ამალის მოსვლის შესახებ, შუაღამისას 200 ფარისეველთან ერთად წაიყვანა თავისი ოჯახი და გადავიდა ქართლში. მაგრამ ქართლშიც არ გაჩერებულა და იქაურ მმართველ ლუარსაბთან ერთად, გადავიდა ბაში-აჩუკის მხარეს, რომელიც ასევე საქართველოს ერთ-ერთი მხარეა. ბაში-აჩუკი მდებარეობს იმ ადგილებში, რომელიც უწინ რუმის ხონთქარს ეკუთვნოდა და არ აქვს კავშირი არც კახეთთან და არც ქართლთან, რომელიც ირანს ემორჩილება. დიდი მთებისა და გაუვალი ტყეების გამო იქითკენ გზა წარმოდგენაშიც კი არ არსებობს.
მისმა უმაღლესობამ შეიწყალა ქართველები და ის აზნაურები, რომლებიც თეიმურაზთან ერთად შევიდნენ გამაგრებულ ადგილებში (სიღნაღებში) და ბრძანა, რომ ყველანი თავიანთ ადგილებს დაბრუნებოდნენ. ქისიყისა და ალავერდის შემოგარენი, აგრეთვე მდინარე კანიკის იქითა ნაპირი, როგორიცაა მაგალითად თოღაი, ითილი, თორღა-ყალასი, ზაგემის მისადგომებამდე სულ მჭიდროდ იყო დასახლებული და კეთილმოწყობილი. სამი თვის განმავლობაში შაჰი მიმოდიოდა კახეთის სხვადასხვა ადგილებში და ნადირობით ერთობოდა. ყოველდღიურად მეცხრე ცის ხელა სასახლის აუდიენციაზე მოდიოდა იქაური ხალხის წარჩინებულები თავიანთი ულამაზესი ვაჟებით, მომხიბლავი ასულებით და მიმზიდველი გარეგნობის, კარგი მანერების მქონე საპატიო ქალბატონებით.
შემდეგ მივედით ალავერდში, საქართველოს საუკეთესო ადგილას თავისი სასიამოვნო და რბილი კლიმატით, იქ დგას იქაურ ეკლესიათა შორის უდიდესი ტაძარი. მისი ცასავით მაღალი გუმბათის გარშემო ააგო ციხე-სიმაგრე და გამგებლად დაინიშნა ისა-ხანი, ალექსანდრეს შვილიშვილი, რომელიც თეიმურაზს ბიძაშვილად ერგებოდა და რომელიც მუდმივად ფენიქსის კეთილგანწყობის ჩრდილქვეშ იმყოფებოდა. მთელმა ქრისტიანულმა მოსახლეობამ მოიწონა ეს დანიშვნა და ადგილობრივი ადათ-წესების მიხედვბით მოეწყო ისეთი ზეიმო, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია.
აქედან შაჰმა გაილაშქრა ყარაყალხანის მიმართულებით. ესაა ხალხი, რომელიც საქართველოს ორ ნაწილს შორის ცხოვრობს. ისინი არავის არ ემორჩილებოდნენ და არც ერთ ქართველ ხანს არ ემსახურებოდნენ. გამოიცა ბრძანება, რომ მთელი კვირის განმავლობაში თავს დასხმოდნენ, დაეხოცათ და გაეძარცვათ. თითქმის 10 ათასი განდგომილი გაიგზავნა ჯოჯოხეთში, ხოლო ტყვეებად ჩაიწერა 50 ათასი ლამაზი ქალი. გოგო და ბიჭი და ისინი გაიყიდნენ მუსულმანთა შორის.
აქედან გადავედით ქართლის ოლქში. შაჰმა ამ ოლქის მაცხოვრებელთა მიმართ უკიდურესი თანაგრძნობა და კეთილგანწყობა გამოავლინა. თითქმის ერთი თვე იდგა კარვები ისკანდერის კედლებთან, სადაც ჩამოდის უდიდესი მდინარე. მათ გაგზავნეს ბაში აჩუკში ელჩად ბრძენი მრჩეველი ხოჯა მუჰამად-რიზა, აზერბაიჯანის ვეზირი, რათა მას თავისი სასიამოვნო რჩევებით დაეყოლიებინა თეიმურაზი და ლუარსაბი მორჩილებაზე: „როგორც კი მათ ექნებათ ბედნიერება თავი დაუკრან უმაღლეს ზღურბლს, მათი სამფლობელოები მათვე დაუბრუნდებათ შესაბამისი ბრძანებით“.
ზემოხსენებული ხოჯა, მივიდა რა იქ, მრავალჯერ შეხვდა და ესაუბრა მათ. ისინი ხშირად ეკამათებოდნენ, მაგრამ ხოჯა მუდმივად ჯობნიდა მათ საუბარში, თუმცა მისმა სიტყვებმა მაინც ვერ მოახდინა მათზე გავლენა. გურგინ-ხანი და დიდიფალი, მისი მეუღლე, გაკვირვებული ხოჯის სიმამაცით და სიმართლით, ქვეშევრდომობის გზას დაადგნენ. თეიმურაზი იქიდან დადიანთან წავიდა. გურგინ-ხანი ხოჯასა და ლუარსაბთან ერთად მიჰყვნენ მას რამოდენიმე გადასასვლელის მანძილზე, მაგრამ მათმა რჩევებმა არ გასჭრა. ზემოხსენებულმა ხოჯამ საიდუმლოდ დადო შეთანხმება ლუარსაბთან და შეთანხმდნენ, რომ ლუარსაბი რამოდენიმე დღის შემდეგ შეუერთდებოდა მისი უავგუსტოესობის ამალას და თავისი გადაცდომების გამო პატიებას ითხოვდა.
50 დღის შემდეგ ზემოხსენებული ხოჯა გამოემართა იმ ხეობიდან და მისი უავგუსტოების ბანაკში მოვიდა.
ამ ხნის განმავლობაში მოყვანილ იქნა წესრიგში გორის ციხე, სურამის ციხე და რამოდენიმე სხვა ციხეც. რამოდენიმე ხნის შემდეგ, ლუარსაბ-ხანიც გახდა ღირსი მთხვეოდა შაჰის ზღურბლს. მისმა უმაღლესობამ რამოდენიმე დღე ნადირობაში გაატარა. [ამ დროს შაჰმა შეიტყო სისტანში მომხდარი არეულობის შესახებ. მისი ბრძანებით მალიქ შაჰ-ჰუსაინ სისტანი 1023 წლის 17 შაბანს (1614 წ. 22 სექტემბერს) შაჰის ბანაკიდან სისტანისკენ გაემართა].
[შაჰ-აბასის მეორე ლაშქრობა საქართველოში]
... [სისტანიდან დაბრუნებული მალიქ შაჰ-ჰუსაინი შაჰმა აშრაფში ქიჯის და მეკრანის მმართველად დანიშნა, მაგრამ სანამ ამის შესახებ ბრძანება გამოიცემოდა] მოვიდა ცნობა ყიზილბაშთა იმ არმიის განადგურების შესახებ, რომელიც ალი-ყული-ხან დივან-ბეგმა წაიყვანა საქართველოში. ამ ცნობამ მისი უბრწყინვალესობის ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია. მთელი დიდებულები და ემირები ურჩევდნენ თქვენ მონა-მორჩილს: „არ მიატოვო მისი უავგუსტოესობის ამალა, თუკი გსურს მერკანის მფლობელი გახდე“.
თქვენი მონა-მორჩილი უავგუსტოესის ამალასთან ერთად გაემართა აშრაფიდან საქართველოსკენ. გზაში ნადირობით გავიარეთ მთელი მაზანდარანი და გილანი. იქიდან ყიზილ-აგაჯით გავედით მუღანში, გავიარეთ მდინარე არაკის ნაპირზე. როცა ყარაბაღის ტერიტორია გახდა მდიდრული სამეფო კარვების სადგომი, ყიზილბაშთა მთელი ლაშქარი უკვე შეკრებილი იყო. ისინი გაემართნენ საქართველოსაკენ, შემოიარეს მთელი მთიანი მხარე, გზები და ქრისტიანი მმართველების სამფლობელოები, გააჩანაგეს კახეთის ოლქი, დახოცეს და გაძარცვეს მისი ხალხი. ასი ისეთი სიმაგრე აიღეს, რომელთა აღწერაც შეუძლებელია. თითქმის 60 ათასი ურწმუნო გაგზავნეს ჯოჯოხეთში, 200 ათასი ახალგაზრდა ქალი. ყმაწვილი გოგონა , კარგი შესახედაობის ჭაბუკი და ლამაზი ბავშვი ჩაუვარდა ტყვედ სარწმუნოებისათვის მებრძოლებს. კიდევ 100 ათასი ტყვე ქართველი ალბრუზის მთის მხრიდან წაიყვანეს ლეკებმა შირვანის სანახებში და იქ გაყიდეს.
ასეთი გამარჯვების შემდეგ შაჰი ქართლში გადავიდა და კეთილმოაწყო ეს მხარე. გაამაგრა თბილისის ციხე, რომელიც მთაზე იყო განლაგებული და შვიდი რიგი, ერთიმეორეზე ამაღლებული კედელით იყო შემოსაზღვრული. აქ მთიდან ოცი ცხელი წყლის წყარო ჩამოდის. შაჰმა ხანის ტახტზე, ძველი ქართველი მეფეების ადგილას დასვა ბაგრატ-მირზა და საპატიო მიმართვა „ბიძა“ უბოძა. აქედან ის დაიძრა ჩუხურ-საადის საზაფხულო იალაღებზე. ყველა ქალი და მაღალი ლაშქარი ერაყსა და აზერბაიჯანში გაუშვა, თვითონ კი გამოსაზაფხულებლად გაემართა. მოიარა საზაფხულო იალაღები აგრიჩას და აკმისკალის გუკჩას ტბის სანაპიროებამდე.
როცა თურქეთის დიდი ვეზირი მუჰამედ-ფაშა თავისი ურიცხვი ჯარით, რომელიც 400 ათას კაცს ითვლიდა, ერევნის ციხეს შემოადგა, შაჰმა თავისი ჯარის დათვალიერება მოაწყო და თურქებთან საბრძოლველად გაუშვა ირანის ჯარების მთავარსარდალი ყარჩიღა-ბეგი, ფარსის ბეგლარბეგ იმამ-ყული-ხანთან, ალიშკარის და ჰამადანის მმართველ ჰასან-ხანთან, განჯ ალი-ხანთან და სხვა სახელოვან ამირებთან, უძლიერეს ყორჩებთან, უშიშარ ღოლამებთან და ხორასნელ და ერაყელ მსროლელებთან ერთად. ამურ-გუნას დასახმარებლად სიმაგრეში გაიგზავნა მირ ფათახ ისპაჰანი, მულაზადე ბაფკი, აჰმად-სულთან ტურშიზი (ცნობილი მიჩაკის ნისბიდან), ერთგული იუზ-ბაშების რაზმების, ყველა ყაჯარი ყორჩისა და კიდევ 10 ათასი მეომრის თანხლებით. თვით შაჰი კი ბედნიერად ატარებდა დროს სეირნობასა და ნადირობაში. თქვენი მონა-მორჩილი რამდენიმეჯერ მივიდა შაჰთან და სთხოვა ნებართვა მთავარსარდალს გაჰყოლოდა ციხისაკენ, მაგრამ შაჰმა მას დარჩენა და საგუშაგო სამსახური დაავალა.
ორი თვის შემდეგ თურქების ჯარი ძალზე შეავიწროვეს გარეთა მხარეს მდგარი ყიზილბაშების ღამეული თავდასხმებისა და ციხეში მდგარი მეომრების ზარბაზნებისა და მუშკეტების სროლის შედეგად. მათ საცადეს რამოდენიმე იერიშის განხორციელება, მაგრამ ამ დროს მოკლულ იქნა იანიჩარების მეთაური. მოკლულ იქნენ ასევე ალეპოს მმართველი ჰასან-ფაშა, დიარ-ი რაბიას მმართველი დაუდ-ფაშა, ამ ლაშქრის ხმლისმტვურთველი თურქჩა ბილმიზი. დანარჩენი ლაშქარი დიდი ვეზირის მეთაურობით უკან გამობრუნდა, ხოლო უმაღლეს ბანაკში ელჩი გამოგზავნეს ზავის დასადებად. მისმა ბრწყინვალებამ არზრუმში მთავარსარდალთან კვლავ ყაზი-ხანი გაგზავნა, თვითონ კი ურდუბადის, ალი-დარასის და ბარგუშადის გავლით შირვანში შემავალი დანიკის საძოვრებისაკენ გაემართა. ის ზამთარი (1615-1616 წლების) შაჰმა იქ გაატარა.
Комментариев нет:
Отправить комментарий