суббота, 7 июля 2018 г.

მირზა აბუ’ლ-ჰასან ხან შირაზი ილჩის მოგზაურობა საქართველოში 1814 წ.

მირზა აბუ-ჰასან ხან შირაზი, ცნობილი ლაყაბითილჩი“ („საჰიბი ილჩი“), დაიბადა 1776 წელს შირაზში. ის ნადირ შაჰის მდივნის მირზა მოჰამად ალის მეორე ვაჟი იყო. ახალგაზრდობიდანვე ბობოქარი ცხოვრება ჰქონდა. ჯერ იყო და, ნადირ შაჰის ბრძანებით, მამამისი კოცონზე უნდა დაეწვათ, მაგრამ დასჯის წინა ღამეს შაჰის მკვლელობამ მოჰამად ალი სიკვდილს, მისი ოჯახი კი აწიოკებას გადაარჩინა. სამეფო კარის რისხვა მეორედ უკვე სიმამრის - ფათჰალი შაჰის პირველი მინისტრის ჰაჯი ებრაჰიმის გამო დაატყდა თავს. როცა შაჰმა ჰაჯი ებრაჰიმი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ციხეში ჩასვა, მის ახლობელთაგან ზოგი დაატყვევეს, ზოგი მოკლეს, ზოგს თვალები დასთხარეს, დანარჩენები კი ქვეყნიდან გააძევეს.
აბუ-ჰასანი, რომელიც იმ დროს შუშთარის გუბერნატორი იყო, დაიჭირეს და თეირანში ჩაიყვანეს. შაჰს მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ სახელმწიფო მოხელეების თხოვნით შეიწყალა. შეშინებული აბუ-ჰასანი თეირანში აღარ გაჩერდა, ჯერ მექას მოსალოცად გაემგზავრა, მერე კი ინდოეთში წავიდა და გარკვეული ხანი კალკუტაში, ჰეიდარაბადსა და ბომბეიში ცხოვრობდა. შაჰის მიერ გაგზავნილმა დაბრუნების ბრძანებამ მას ბომბეიში ჩაუსწრო და იძულებული გახდა, ირანში ჩასულიყო. თავდაპირველად შირაზში დასახლდა და შირაზის გენერალ-გუბერნატორის ჰოსეინ ალი მირზას ესაულის თანამდებობა დაიკავა. პირველი მინისტრის ჰაჯი მოჰამად ჰოსეინ ხან ამინ ად-დოულეს დახმარებით ის თანდათან დააწინაურეს და 1809 წელს ინგლისში ირანის ელჩად დანიშნეს. ინგლისში აბუ-ჰასანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა: მას ხატავდნენ ცნობილი მხატვრები, მასზე წერდნენ ლონდონის გაზეთები და ლონდონის მაღალი საზოგადოების ნებიერად“ (darling of London high society) მოიხსენიებდნენ. იგი ჯეიმს მორიერის თხზულებისჰაჯი ბაბა ისფაჰანელის თავგადასავლებისგმირის - ექსცენტრული სპარსელი ელჩის მირზა ფირუზის პროტოტიპი გახდა1. 1809-1810 წლებში აბუ-ჰასანის ინგლისში მოგზაურობა და თავგადასავლებით აღსავსე უკანა გზა (კურსიდან აცდენის გამო გემი ბრაზილიისა და ინდოეთის გავლით ჩავიდა ირანში და გზაში თექვსმეტი თვე დაჰყო) აღწერილია ილჩის მოგზაურობის პირველ წიგნშიჰეირათ-ნამე“ („საოცრებათა წიგნი“).
ლონდონიდან დაბრუნებულ აბუ-ჰასანს ფათჰალი შაჰის კარზე დიდი პატივით დახვდნენ. აქედან იწყება მისი თავბრუდამხვევი დიპლომატიური კარიერა. 1813 წელს მან მონაწილეობა მიიღო გოლესთანის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალში.
1814 წელს ხელშეკრულებით უკმაყოფილო ირანის ხელისუფლებამ ზავის პირობების გადასასინჯად პეტერბურგში რუსეთის იმპერატორის კარზე გააგზავნა მისია, რომელსაც აბუ-ჰასანი ჩაუდგა სათავეში. რუსეთში მან ორი წელი დაჰყო და როგორც გზაში, ისე რუსეთის სამეფო კარზე ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია.
1817 წელს საჰიბი ილჩი ფათჰალი შაჰმა დიპლომატიური მისიით გააგზავნა ინგლისში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. 1820 წელს იგი თეირანში დაბრუნდა და 1823 წელს ირანის ისტორიაში პირველ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს თანამდებობა მას 11 წელი ეკავა. 1834 წელს ფათჰალი შაჰის გარდაცვალებასთან, მოჰამად შაჰის გამეფებასა და, განსაკუთრებით, მასთან დაპირისპირებული მირზა აბუ-ყასემ ყაიემ მაყამის პირველ მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით აბუ-ჰასანმა თანამდებობა დატოვა და სამეფო კარზე მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა პირველ მინისტრად ჰაჯი მირზა აყასი დანიშნეს. იგი ჯერ იშიქაყასიბაშის (მთავარი ცერემონმაისტერის) მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 1838 წელს ხელმეორედ დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და გარდაცვალებამდე ეს თანამდებობა ეკავა. აბუ-ჰასან ხან შირაზი ილჩი გარდაიცვალა თეირანში 1846 წელს.
წიგნი, რომლის პირველი ნაწილის თარგმანიც ქვემოთ არის მოტანილი, საჰიბი ილჩის რუსეთის იმპერიაში მოგზაურობის დეტალურ ანგარიშს წარმოადგენს. მისი ავტორი ილჩის მდივანი და თანამგზავრი მირზა მოჰამად ჰადი ალავი შირაზია. თხზულება სადა, მარტივი ენით არის დაწერილი და კარგად იკითხება. მასში ერთმანეთშია გადახლართული ჰადი ალავისა და საჰიბი ილჩის ურთიერთსაწინააღმდეგო და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები და მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რუსეთის პოლიტიკაზე კავკასიაში, დასავლურ ცივილიზაციაზე და, განსაკუთრებით, ქალის ადგილზე საზოგადოებაში, ამიტომ თხზულების ორმაგ ავტორობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. „მოგზაურობის წიგნიპირობითად ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი (თხზულების დაახლოებით ერთი მესამედი) თეირანიდან თბილისამდე მოგზაურობისა და აქ გატარებული რვა თვის შთაბეჭდილებებს ასახავს და XIX საუკუნის დასაწყისის საქართველოს და, განსაკუთრებით, თბილისის ცოცხალ სურათს იძლევა.
მირზა აბუ-ჰასან ხან შირაზი ილჩის
რუსეთში მოგზაურობის წიგნი (1814)
თავი II
თბილისის ქვეყანაში შესვლა და მოულოდნელი შემთხვევები დღეს, 1229 წლის შაბანის თვის ათში (1814 წლის 28 ივლისს), ხუთშაბათს რვა ფარსანგის 2 გავლის შემდეგ მივუახლოვდით ჰამამლოს, საიდანაც რუსი ხალხის მიერ დაპყრობილი თბილისის ქვეყანა3 იწყება. ერევნიდან ჰამამლომდე გზაზე სულ მდინარეები, აყვავებული მინდვრები და ბაღებია. ჰამამლოდან მდინარე ბამბაკამდეც4 იმდენი ტყე, წყალი, მცენარე, გემრიელი წყარო და წარმტაცი ბაღია, რომ ვერ მოთვლი. აქ მთა და ბარი მწვანეშია ჩაფლული და ყვავილები და რეჰანი ერთმანეთში გადახლართულა. დასახლებიდან ორ-სამ ფარსანგში გენერალ ბასანავიჩის ძმა კნიაზ 5 ზიხანი და კნიაზ მაიორი ოფიცერთა მრავალრიცხოვან ჯგუფთან და ყარას6 ას ცხენოსანთან ერთად დაგვხვდნენ და თავიანთი წესისამებრ მოგვესალმნენ. რამდენიმე ნაბიჯში გზაზე ხუთასამდე სალდათი, რამდენიმე ოფიცერი, არტილერისტი და ქვემეხი იდგა. ცოტაც რომ გავიარეთ, ბასანავიჩის თანაშემწე და ყარაქილისას გამგებელი შეფ7 ლაბდილი, ამ ქალაქის დარუღა8, დიდებულები და უხუცესები შეგვეგებნენ და დიდი პატივით მიგვიღეს. კიდევ რამდენიმე ნაბიჯში დაგვხვდა რუსული ჯარის სარდალი ყაფლან ოღლი ლიდნაია, რომელიც შარშან აყა ავალანის ციხესიმაგრეში მსახურობდა. მას იოსიფ ანდრეიჩი და რუსი დიდგვაროვნები ახლდნენ. ისინი თავიანთი წესისამებრ მოგვესალმნენ და ჩვენდამი დიდი პატივისცემა გამოხატეს. ყველანი ცხენებიდან ჩამოხდნენ და საჰიბი ილჩის კარავში ეახლნენ. აქ მათ ჩაითა და ტკბილეულობით გაუმასპინძლდნენ. რუსი დიდებულების წასვლის შემდეგ საჰიბი ილჩის ბრძანებით ჰამამლოს მოსახლეობისგან სურსათი ძალიან მაღალ ფასად შევიძინეთ და ბევრი ფული დავხარჯეთ.
ასი რუსი სალდათი კარვის შესასვლელთან საგუშაგოზე დააყენეს. ისინი დილამდე კარვის გარშემო დადიოდნენ და გვდარაჯობდნენ. პარასკევ ღამეს მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის 9 კარისკაცი ისმაილ ბეგი, რომელიც ამ მოგზაურობაში თან გვახლდა, თავრიზში დაბრუნდა და მის ბრწყინვალება ყაიემ მაყამთან10, მის თანმხლებ პირებთან და სხვა კალმის ხალხთან11 წერილები წაიღო.
დილით ჰამამლოდან წამოვედით და სამი მეჰმანდარის 12, ცხენოსანი კაზაკების და სალდათების თანხლებით დარბაზისკენ გავემართეთ.
2. ფარსანგი/ფარსახი - სიგრძის ერთეული = 6 კმ.
3. თბილისის ქვეყანაში თბილისის გუბერნია იგულისხმება.
4. ბამბაკი ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარეა, რომელიც მდინარე დებედას სათავის მთიან ხეობას მოიცავს. სავარაუდოდ, ავტორი მდინარე ბამბაკში სწორედ დებედას გულისხმობს. შენარჩუნდა და ისინი იტალიკით არის გამოყოფილი.
6. იგივე ყარაქილისა, ქალაქი დღევანდელი ბოლნისის რაიონში, რომელსაც ავტორი ხან სრული სახელით მოიხსენიებს, ხანაც შემოკლებით - ყარა‘ (Qარა‘) ან ყარა (Qარა).
7. სავარაუდოდ, ფრანგული სიტყვიდან shef, რაც უფროსს ნიშნავს.
8. დარუღა სამოხელეო ტერმინია და პოლიციის უფროსს, იგივე პოლიცმაისტერს ნიშნავს.
9. ვალიაჰდი, ზოგადად, სამეფო ტახტის მემკვიდრე-უფლისწულის ტიტულია. აქ იგულისხმება ფათჰალი შაჰის ვაჟი აბას მირზა, რომელიც ირანის აზერბაიჯანის გენერალ-გუბერნატორი იყო.
10. იგულისხმება მოჰამად შაჰის დიდი ვეზირი ანუ პრემიერ-მინისტრი მირზა აბუ-ყასემი.
11. ტერმინიკალმის ხალხი“ (სპარსულიაჰლ- ყალამ”/“შახს- ყალამ") აერთიანებს მწერლებს, გადამწერებს, კანცელარიის თანამშრომლებს, ჩინოვნიკებს ანუ მათ, ვისაც კალამთან და წერასთან აქვს საქმე.
12. მეჰმანდარი სამოხელეო ტერმინია და აღნიშნავს მესტუმრეს, ოფიციალურ პირს, რომელსაც სახელმწიფოს ოფიციალური სტუმრების მიღება და მასპინძლობა ევალება.
1229 წლის13 11 შაბანი (29 ივლისი), პარასკევი:
ორი ფარსანგის გავლის შემდეგ დარბაზში შევედით. ერთ მინდორში, სადაც მშვენიერი ჰაერი იყო, კარავი გავშალეთ და დავბანაკდით. გუშაგები და სალდათები გუშინდელივით სადარაჯოზე დადგნენ. ციხესიმაგრის მცხოვრებთაგან სურსათი ვიყიდეთ: 1 მანი ქერი 400 დინარი, 1 სული ცხვარი 7000 დინარი, 1 მანი კარაქი 4000 დინარი და 1 ქათამი 1000 დინარი ღირდა. დარბაზში მისი ბრწყინვალება ჰოსეინ ხან სარდარ- ერევანის14 იშიქაყასი 15 ჯაფარ ხანი და ჩუფან-ქარას რამდენიმე მოსახლე, რომლებიც მისი ბრწყინვალების ბრძანებით თან გვახლდნენ, გაუშვეს და ისინი ერევანში დაბრუნდნენ. საჰიბის მითითებით, ჯაფარ ხანს, შეთანხმებისამებრ, არაბული წაბლა ცხენი და ათი თუმანი ნაღდი ფული მისცეს. მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის ჩალვადარი 16 ალი ბეგიც, რომელიც თავრიზიდან ცხენებს გამოჰყვა, უკან გაბრუნდა. ტახტრევნიანმა ვირმა, რომელიც გამორჩეულ პატივში ჰყავდათ, მოულოდნელად წელი დაიზიანა და დაკოჭლდა. იმ საღამოს ყარაქილისას მფლობელი შეფ ლაბდილი დიდებულების თანხლებით გვესტუმრა. მათ კარავში ჩაი და ტკბილეულობა მიირთვეს, მერე გარეთ გავიდნენ, ძველი გუშაგები და სალდათები ახლებით შეცვალეს და თავისთვისაც ჩვენ ახლოს გააშლევინეს კარავი. მოგვიანებით რუსი დამკვრელები და მომღერლები მოვიდნენ და თავიანთი მელოდიები შეასრულეს. საჰიბი ილჩის ბრძანებით მათ ცოტა ფული მისცეს, რის შემდეგაც ისინი სახლებში წავიდნენ.
13. ტექსტში შეცდომით 1329 წერია.
14. ჰოსეინ ხან სარდარ- ერევანი (1742/43-1829/30) - ერევნის ბეგლარბეგი.
15. იშიქაყასი სამოხელეო ტერმინია და ცერემონმაისტერს, ადრინდელ მანდატურს აღნიშნავს.
16. ჩალვადარი - იგივე ფორეიტორი ანუ მხედარი, რომელიც ერთ უზანგში შებმულ ცხენებს მიუძღვება და პირველ ცხენზე ზის.

12 შაბანი (30 ივლისი), შაბათი:

დილით დარბაზიდან გავემგზავრეთ. შეფმა გზის დიდ ნაწილზე გაგვაცილა. ათას რამეს გვიყვებოდა. მათ შორის, გვიამბო: “როცა რუსები სალაშქროდ მიდიან და შვილები არ ჰყავთ, უკან დაბრუნებულებს, როგორც წესი, სამი, ოთხი, ხუთი შვილი?!17 ხვდებათ. კითხვაზე, ეს ბავშვები საიდანო, მათი ცოლები პასუხობენ: ამა და ამ ღამეს სიზმარში ვნახეთ, რომ ერთად ვიწექით. იმ ღამის შემდეგ დავფეხმძიმდით და ეს ბავშვი გვეყოლა. ასეთი სიზმარი კიდევ რამდენჯერმე განმეორდა და ყოველ ჯერზე თითო ბავშვი გვიჩნდებოდაო. ქმრები მათ ისე ენდობიან, რომ უჯერებენ, იმ ბავშვებს საკუთარ შვილებად თვლიან და ასეთი ქცევა მათში უხამსობად არ ითვლება”18. მე შეფის მონაყოლისგან გაოგნებული ვიყავი, საჰიბი ილჩიმ კი ბრძანა, რომ ევროპაში და რუსეთში ასეთი შემთხვევები ხშირია და არ უკვირს. მოკლედ, შეფმა ბევრი ასეთი ისტორია გვიამბო, მერე ბოდიში მოიხადა და უკან გაბრუნდა. ჩვენ კი კაზაკების, კნიაზების და მეჰმანდარების თანხლებით ბუზაბდალი და მდინარე ლორი გავიარეთ და ლორის შემოგარენს19 მივადექით.
დარბაზიდან ლორიმდე ხუთი ფარსანგია. თავიდან, დაახლოებით ერთი ფარსანგი, გზაზე ბევრი ოღროჩოღრო, ქვა-ღორღი და წყალია. მერე ორი-სამი ფარსანგი ხან ზევით მიდიხარ და ხან ქვევით ეშვები და ამ აღმართ-დაღმართებს ბოლო არ უჩანს. შემდეგ, დაახლოებით ერთი ფარსანგი, ვაკეა. არემარე სულ ამწვანებული და აყვავებული იყო. ისეთი ჯიშის მცენარეები და ფერადი ყვავილები ვნახეთ, რომლებსაც ირანში ვერ ნახავ. გზაზე და ღრანტეებში უთვალავი ხე იზრდებოდა. უმრავლესობა 50-60 ზარ 20 სიმაღლის და 2-3 ზარ სისქის იყო, მაგრამ ნაყოფი არ ესხა. მდინარე ლორი ქვის ლოდებით შემოჯარულ ღრმა ხევში მიედინება. მისი სიგანე 200 ზარამდეა, ხოლო სიღრმე მიწიდან წყლის ზედაპირამდე 1000 ზარ აღწევს. მდინარეზე ხის ხიდია აგებული და მასზე გადადიან. ლორის წყალი ერევნის მდინარე ზანგას21 წყალს ჰგავს და ძალიან სასიამოვნო და გემრიელია. შუა გზაზე, იქ, სადაც მდინარის კალაპოტი ყველაზე ღრმა და განიერია, ლორის ციხესიმაგრე დგას. ის სამი მხრიდან მდინარით არის გარშემორტყმული, მეოთხე მხრიდან კი გადაჰყურებს მინდორს, რომელზეც კედლები და ბურჯებია ამოყვანილი. ლორის ციხე ოსმალთა პერიოდშია აგებული.
აქაური მოსახლეობა, ძირითადად, სომხები და რუსებია, თუმცა ცოტა მუსლიმსაც შეხვდები. გზაზე ერთი რუსი, სახელად ფარსადანი ლორის მამასახლისებისა და დიდებულების თანხლებით დაგვხვდა და არსენ ბეგ არმანის სამფლობელომდე მიგვაცილა. არსენ ბეგი რუსების მიერ ბორჩალოსა და დემირჩი-ჰასანლოს თემის უფროსად არის დანიშნული და მთელი ამ მხარის ბატონ-პატრონია. ის ბორჩალოსა და დემირჩი-ჰასანლოს მოლების, თავისი თანაშემწის, მდივნისა და ქალანთარის22 თანხლებით შეგვეგება და მოგვახსენა, რომ რუსეთის მთავარსარდლის გამოგზავნილი იყო. გზაში ნაპოლეონთან ომში რუსების გამარჯვებასა და ტრიუმფზე და ფრანგების დამარცხებაზე გვესაუბრა. ცოტა ხანში არსენ ბეგის მამულში მივედით და ყველა მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაბინავდა. საჰიბი ილჩი საკუთარ კარავში გაჩერდა, დიდებულებთან ერთად ისადილა და დასასვენებლად განმარტოვდა.
რადგან სასაჩუქრე სპილოები თან გვახლდა, ხოლო იქაურებს სპილო ნანახი არ ჰყავდათ, მათ სანახავად უამრავი ქართველი, სომეხი და რუსი ქალი შეიკრიბა. მათი უმეტესობა თავშიშველი იყო, ნაწნავები აეკეცა, ევროპული ტანსაცმელი ეცვა და გულ-მკერდი უჩანდა. ზოგიერთი ძალიან ლამაზი გახლდათ. ქალები სპილოებს მუცლების ქვეშ უძვრებოდნენ იმ იმედით, რომ ეს მათ დაფეხმძიმებაში დაეხმარებოდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ მათი კაცებიც ასევე იქცეოდნენ, სპილოებს სასქესო ორგანოებზე ხელს ჰკიდებდნენ, სახესთან და თავთან მიჰქონდათ და ამბობდნენ, ახლა კი ნამდვილად გვეყოლება ბავშვიო. უეჭველია, იმ ღამეს იმ სოფელში ათასობით კაცსა და ქალს ბავშვის გაჩენის მიზნით სქესობრივი კავშირი ჰქონდა. რუსი დიდებულების თანხლებით რამდენიმე სახლში შევედით და მოსახლეობისგან სურსათი მაღალ ფასად შევიძინეთ.
ერთ დღეს საჰიბი ილჩისთან ყარაქილისას მფლობელი შეფ ლაბდილი და დიდებულები მობრძანდნენ და სასაუბროდ დასხდნენ. საუბარი ორივე ხალხის ეტიკეტისა და წეს-ჩვეულებათა შესაბამისად წარიმართა. საჰიბი ილჩიმ აღნიშნა:ევროპელ ხალხებს შორის ეტიკეტს ყველაზე მეტად ინგლისელები იცავენ და მათ ქვეყანაში ჩასულ ელჩებსა და სხვა [ოფიციალურ] პირებს გამორჩეულად კარგად ხვდებიან”. რუს დიდებულებს მოერიდათ, რომ სათანადო პატივით არ დაგვხვდნენ და სურსათი არ მოგვცეს და შეცბნენ. საჰიბი ილჩიმ მათ განუცხადა:ჩვენი კმაყოფილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ სურსათს მოგვცემთ. თქვენგან კი ვერაფერი მივიღეთ და რა გვექნა? ძალიან შერცხვათ.
17. პუნქტუაცია ავტორისეულია.
18. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ისტორიას ჰყვება ალ. პუშკინიც თავისსამგზავრო ჩანაწერებში“: სამწლიანი ლაშქრობიდან სახლში დაბრუნებული კაზაკი ჯარისკაცი იგებს, რომ მის არყოფნაში მის ცოლს ბავშვი გაუჩენია. ის ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება ახალ ამბავს („უცოდველი არც მე ვარო“) და მეგობრების კითხვაზე, ბავშვს რას უპირებო, პასუხობს, რომ საკუთარივით გაზრდის. რაც შეეხება ცოლს, ჯარისკაცი ამ საკითხს პრაქტიკულად უდგება: თუ ზამთრისთვის თივა მოიმარაგა, ვაპატიებ და თუ არა, ვცემ. ჯარისკაცების საუბრებიდან ირკვევა, რომ ასეთი ფაქტები მეფის რუსეთის ჯარში ხშირი იყო.
19. ლორი/ლორე - შუა საუკუნეების ისტორიული მხარე და ციხე-ქალაქი ტაშირში (ახლანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, . სტეფანავანის ახლოს).
20. ზარ - სიგრძის ერთეული = 104 სმ.
21. ზანგა მდ. რაზდანის ძველი სახელია. ტექსტში შეცდომით რანქა წერია. „ზანგადარანქა გრაფიკულად მსგავსად გამოისახება და განსხვავება მხოლოდ დიაკრიტიკულ ნიშნებშია, რაც შეცდომის მიზეზი გახდა.
22. ქალანთარი სამოხელეო ტერმინია და ქალაქის თავს, ქალაქის პოლიციის უფროსს აღნიშნავს.
13 შაბანი (31 ივლისი), კვირა:
ხუთი ფარსანგის გავლის შემდეგ სოფელ ჩანახჩიში შევედით. გზაზე მდინარე ახქერფი23, მთები, თავშიშველას ტყე24 და პირღებულის25 შემოგარენი გავიარეთ. ლორიდან ჩანახჩიმდე ბევრი ხე, დაბლობი, მაღლობი, ხევი, მთა და გორაკია. ამ გზაზე ბორჩალოსა და დემირჩი-ჰასანლოს ოთხ-ხუთ ათასამდე კომლი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი მკვიდრი მოსახლეა, ზოგი კი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა და ცხვრებს, კამეჩებს და ძროხებს მწყემსავს. აშკარად ჩანდა, რომ აქაურები დიდძალი ქონებისა და საქონლის პატრონები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ცხვარი და ძროხა ჰყავდათ, ერთი მისხალი რძე, მაწონი ან ყველიც კი არ მოეპოვებოდათ, რაც ძალიან უცნაური იყო. მაგალითად, ირანში ერთ მოსახლესაც ვერ ნახავ, სახლში დუღი 26, მაწონი, რძე და ყველი რომ არ ჰქონდეს. ამათ კი, მიუხედავად ამდენი დოვლათისა, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ვერაფერი ვუპოვეთ. ამ მხარეში ბალახიც კი არ იზრდება, ამიტომ რამდენიმე კაცი წავიდა და ჩვენი სასაპალნე ცხოველებისთვის ბალახი სხვა ადგილებიდან მოიტანა. სოფლის შესასვლელთან კნიაზ აფხაზოვი, რომელიც შარშან ირანში იყო ჩამოსული და კაპიტანი პალიმავიჩი ოფიცრების, ცხენოსანი კაზაკების და ქვეითი სალდათების თანხლებით დაგვხვდნენ და მასპინძლობის ეტიკეტის დაცვით დიდი პატივით შეგვეგებნენ. ბორჩალოს თემის უფროსი არსენ ბეგი, ყარაქილისას დარუღა და სხვა [ოფიციალური] პირები, რომლებმაც აქამდე გამოგვაცილეს, სალდათებთან და გუშაგებთან ერთად საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. ჩვენი მასპინძლობა და მფარველობა ამჯერად კნიაზ აფხაზოვმა27 და მისმა თანამგზავრებმა ითავეს. საჰიბი ილჩიმ ისინი საკუთარ კარავში დაპატიჟა და გაუმასპინძლდა. შეხვედრა ოფიციალური ეტიკეტის შესაბამისად წარიმართა. ახალი დაღამებული იყო, იქიდან რომ წამოვედით და სოფელ ალგეთისკენ გავემართეთ.
23. ახქერფი - მდინარე ბოლნისის რაიონში ლორი-ჩანახჩის გზაზე, ბოლნისისწყლის შენაკადი. ტექსტშიარვადარ-ქერფი“- ხმარება ან ავტორის შეცდომაა, ან ადრე ამ მდინარეს ასე ერქვა.
24. თავშიშველა - შუა ხრამის მთათა კვანძის ერთ-ერთი შტოქედი. აღსანიშნავია, რომ ავტორმა ის ტოპონიმად არ გაიაზრა და თარგმნა, როგორცშიშველი ტყე“, რამაც გამოიწვია ტექსტის გამომცემლის მცდარი შენიშვნა: „შიშველი ტყე უნაყოფო და უფოთლო ტყეს ნიშნავს“.
25. სპარსულ ტექსტშიააღიზბიუქი“ (თურქ. „დიდი, ფართო პირი“), რაც ქართულ ტოპონიმ პირღებულის თურქული შესატყვისია. ტექსტის სქოლიოში მისი სპარსული სახელიც არის მოყვანილი: დაჰანბოზორგ. პირღებული ადგილია თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, რომელიც XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექსით არის ცნობილი. კომპლექსის გარშემო კლდეებში ბერების საცხოვრებელი გამოქვაბულები იყო, საიდანაც, სავარაუდოდ, მოდის ამ ადგილის სახელიც.
26. დუღი - ადღვებილი წყალნარევი მაწვნისგან დამზადებული გამაგრილებელი სასმელია.
27. გენერალი .. აფხაზოვი / აფხაზი (1784-1831) 1810 წლიდან კავკასიის გრენადერთა პოლკის მეთაური, ხოლო 1829 წლიდან მუსლიმური პროვინციების (ყარაბაღის, ნუხის და შირვანის) მმართველი იყო.
14 შაბანი (1 აგვისტო), ორშაბათი:
შვიდი ფარსანგის გავლის შემდეგ აფხაზოვისა და სხვა პირების თანხლებით ალგეთს მივუახლოვდით. გზა ტყეში მიდიოდა და ისეთი ვიწრო იყო, რომ გავლა ჭირდა. ამ მიდამოებში უამრავი ხე, ნაკადული და მდინარეა, რომლებიც ცხენს თოქალთომდე სწვდება. ტყე და მდინარეები გავიარეთ და ალგეთში შევედით. არსენ ბეგი მოვიდა და თავისი სამსახური შემოგვთავაზა.
საჰიბი ილჩის მითითებით, ეტიკეტის თანახმად, მას ერთი ცალი ქუშანჯის28 შალი, ერთი ყალამქარი 29 და ერთი ...30 ვაჩუქეთ და აფხაზოვს შევუთანხმდით, რომ თბილისამდე გაგვაცილებდა.
რადგან მეორე დღეს თბილისში უნდა შევსულიყავით, იმ საღამოს საჰიბი ილჩის ბრძანებით სპილოები მორთეს, ტახტრევანი და სხვა აღკაზმულობა დაადგეს და სასაჩუქრე ცხენებიც შეკაზმეს. ისინი მცველების თანხლებით ღამით გაუშვეს, საჰიბი კი გამთენიისას გაემგზავრა. ალგეთიდან თბილისამდე ოთხი ფარსანგია და სწორი გზა მიდის. აქა-იქ ნაკადულები და მდინარეები მოედინება, მაგრამ არც ერთი ღრმა არ არის.
28. იგივე ქუშანგი - ქაშმირის შაჰრესთანის ერთ-ერთი სოფელი.
29. ყალამქარი - ხელით დაჩითული ნაჭერი, ძირითადად, ტილო, ჩითი ან აბრეშუმი.
30. სპარსული გამოცემის სქოლიოში აღნიშნულია, რომ ხელნაწერში აქ სიტყვა არ იკითხება.
თავი მესამე
ქალაქ თბილისში შესვლა
15 შაბანი (2 აგვისტო), სამშაბათი:
ოთხი ფარსანგის გავლის შემდეგ თბილისს მივუახლოვდით. ქალაქიდან ორ ფარსანგში მთავარსარდლის იშიქაყასიბაში 31 და რუსი გენერლები, წარჩინებული მოხელეები და დიდგვაროვნები, რომელთა სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ორ-სამათასიან ქვეით და ცხენოსან რაზმთან ერთად დაგვხვდნენ. ერთი ფერის ცხენზე ამხედრებული, ერთნაირ ტანსაცმელსა და იარაღში გამოწყობილი მხედრები და, ასევე, ერთ ფორმაში ჩაცმული ქვეითი სალდათები მწყობრში იდგნენ. ისინი საჰიბი ილჩის ოფიციალური ეტიკეტის დაცვით შეეგებნენ. თბილისის მთავარსარდალმა ექვსცხენშებმული კარეტა და მეეტლეები დაგვახვედრა. რადგან წვიმამ იკლო, [საჰიბი ილჩიმ] გზის ნაწილი კარეტით, ნაწილი კი ცხენით გაიარა და თავის მხლებლებთან ერთად თბილისში შებრძანდა. ქალაქის მისადგომებთან მთელი მოსახლეობა, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, გამოსულიყო. მთავარსარდლის სასახლე ციხე-ქალაქის გარეთ, ზედ გზაზე იდგა, ამიტომ მან ჩვენს შესახვედრად დიდგვაროვნები გამოგზავნა, თავად კი ჭიშკართან შეგვეგება და საჰიბი ილჩი ძალიან გულთბილად და თავაზიანად სახლში ჩაის დასალევად შეიპატიჟა.
საჰიბიმ ჭიშკართან გამოსულ მასპინძელს უარი ვეღარ უთხრა, მიპატიჟება მიიღო და ცხენიდან ჩამოვიდა. როგორც წესია, სრულუფლებიანი ელჩის გამოჩენას ქვემეხიდან 21 გასროლით შეხვდნენ. მთავარსარდალმა სტუმარი, ოფიციალური ეტიკეტის შესაბამისად, დიდი პატივით მიიღო, ხელი მოჰკიდა, სახლში შეიყვანა და თავის წინ დაისვა.
რადგან [მთავარსარდალს] სპილოების ნახვა ძალიან სურდა, საჰიბი ილჩიმ მათი მოყვანა ბრძანა. სპილოების დათვალიერების შემდეგ მთავარსარდალი და საჰიბი სასაუბროდ განმარტოვდნენ. მთელი რუსი დიდებულები ამ სახლში შეკრებილიყვნენ. აყა ბეგ დერბენდი, რომელიც თბილისში წინა დღეს ინგლისის ელჩს ჩამოჰყვა, საჰიბი ილჩის ეახლა. ამ შეხვედრაზე ის დილმაჯის მოვალეობას ასრულებდა. ჩაის დროს მთავარსარდალმა მის უდიდებულესობა ირანის შაჰინშაჰს წყალობისთვის დიდი მადლობა მოახსენა. ერთი საათის შემდეგ მან კარეტა იხმო, საჰიბი ხელმარჯვნივ დაისვა, თვითონ მარცხენა მხარეს დაჯდა და სტუმარი მისთვის განკუთვნილ სახლამდე მიაცილა.
მიუხედავად იმისა, რომ საჰიბი ილჩის კარავი უკვე დაედგათ და იქაურობა მოეწესრიგებინათ, მთავარსარდლის დაჟინებული თხოვნით ის ამ სახლში გაჩერდა და მისთვის მომზადებულ ოთახებში დაბინავდა. სასაუბროდ დასხდნენ. მთავარსარდალმა საჰიბი ილჩის თავისი მეფის კეთილგანწყობის [დამადასტურებელი] სასიხარულო ამბავი ამცნო და უთხრა, მისი უდიდებულესობის ბრძანებით, თქვენს ჩამოსვლასთან დაკავშირებით ესა და ეს [ღონისძიებები] არის დაგეგმილიო. მერე თავისი დიდგვაროვნებიდან ათ კაცს ჩვენი მეჰმანდარობა დაავალა და საჰიბის განუცხადა, თქვენს ერთ-ერთ მეჰმანდარად მეც მიგულეთო. სტუმრობის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ მთავარსარდალი სახლში დაბრუნდა. მისი ბრძანებით, საგუშაგო რაზმის სალდათები მოვიდნენ და სახლის გარშემო სადარაჯოზე დადგნენ.
საჰიბი ილჩიმ ერთი საათი დაისვენა, მერე კი ირანის სახელმწიფოს თავკაცებს წერილები მისწერა და თბილისში ჩვენი ჩამოსვლის ამბავი შეატყობინა. მეორე დღეს მისი უდიდებულესობა ირანის ვალიაჰდის კარისკაცი ფულად ბეგი, რომელიც თან გვახლდა, უკან გაუშვეს. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ თბილისში ღვინის სმა გავრცელდა და აქაურმა ქალებმა უწინდელი უმანკოება და პატიოსნება დაივიწყეს. ამიტომ ზოგიერთმა ირანელმა, რომელიც აქ ჩვენამდე ჩამოვიდა, აყა ბეგ დერბენდის ხელშეწყობით ბევრი უმსგავსობა ჩაიდინა და ქვეყანა შეარცხვინა. იმის შიშით, რომ ჩვენს ერევნელ მეგზურებსა და მსახურებს ეს ამბავი არ გაეგოთ და ეშმაკის ცდუნებას არ აჰყოლოდნენ, საჰიბი ილჩიმ მათ ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და მეორე დღეს, მიუხედავად მათი პროტესტისა, ყველა ერევანში გაისტუმრა. იმ საღამოს მთავარსარდლისგან საჰიბი ილჩისთან აყა ბეგ დერბენდი და ორი დიდგვაროვანი მოვიდნენ, რათა მეორე დღისთვის დანიშნული წვეულების დროზე შეთანხმებულიყვნენ. რადგან მათთან ეს32 ცოდვად არ ითვლება, საჰიბი ილჩიმ ბრძანა, რომ საჭმელი მისთვის სახლში მოემზადებინათ და ხვალინდელი წვეულებისთვის მთავარსარდლის სახლში წაეღოთ. მას შემდეგ, რაც დრო დათქვეს, დიდებულები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ეს დღეც დამთავრდა. თბილისის ვილაიეთი მას შემდეგ, რაც განსვენებული შაჰის დროს დაიწვა33, დღეს სრულიად განახლებული და აყვავებულია. ქალაქში დიდებული სახლები, ორსართულიანი შენობები და ხის ბაზრის რიგები აშენდა. მაგრამ ბაზრისა და ქუჩების სივიწროვისა და ხალხის დიდი რაოდენობის გამო აქაურობა ისეთი ჭუჭყიანია, რომ ნაგვისა და სიბინძურის სუნისგან გავლა ჭირს. ამ მიზეზით, რუსული ოკუპაციიდან დღემდე, რამდენჯერმე ქოლერა და შავი ჭირი გავრცელდა და უამრავი ხალხი დაიღუპა.
თბილისის დანარჩენი შენობები და დუქნები საკმაოდ უხარისხოა. ქალაქში ორი-სამი აბანოა, რომლებშიც ბუნებრივი ცხელი წყალი მოდის. ის ცეცხლისა და საცეცხლეს გარეშე სხვა აბანოების წყალზე უფრო ცხელია. აბანოებში აშენებულ აუზებში ცხელი წყალი მილებით შედის. ეს წყალი ცოტა მლაშე და მწარეა, მაგრამ ერთი დაბანაც საკმარისია, რომ სხეული რბილი და ნაზი გახდეს. თბილისში ბევრი სახლი, ქარვასლა, მოედანი, ეკლესია, მეჩეთი, სასეირნო ადგილი და ყველა სახის დუქანი და ბაზარია. დუქნები და ბაზრები ორსართულიანია და გრძელი და მსხვილი ხის მორებით არის აშენებული. ქალაქი მჭიდროდ არის დასახლებული და მასში, ძირითადად, სომხები, ქართველები და რუსები ცხოვრობენ, თუმცა ცოტა მუსლიმსაც შეხვდები. თბილისის ციხე-ქალაქი ხეობაში მდებარეობს. მას სამი მხრიდან მთები, მეოთხედან კი ქუჩები აკრავს. ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ბევრი ბაღი, ბოსტანი და ხეა. ხეები მსხმოიარეა და სხვადასხვა ჯიშის ნაყოფს ისხამს. განსაკუთრებით ბევრია ყურძენი, რომლის რამდენიმე სახეობა იზრდება. მთებიდან ნაკადულები გადმოდის, ერთმანეთს უერთდება და ჩაედინება დიდ აუზში, რომელიც წარმტაცი სანახავია. ამ წყალს ძირითადად ბოსტნების, ზოგჯერ კი ნათესების მოსარწყავად იყენებენ. ამას გარდა, აქ მდინარე მტკვარიც მოედინება. მისი ერთი განშტოება ქალაქში შედის და მას შუაზე კვეთს. მდინარეზე ხის ხიდია აგებული და მასზე გადადიან. მტკვრის წყალი მღვრიე, მაგრამ სასიამოვნო და გემრიელია. ძალიან ჩქარა მოდის. ზოგან მისი სიღრმე ხუთ ყადის 34 აღწევს, ზოგან კი უფრო მეჩხერია. აქაურები ამ წყლით ნათესებს რწყავენ. ციხე-ქალაქის გალავნის საფუძვლები და ბურჯები მაინცდამაინც მყარი არ არის და ზოგიერთი დანგრეული და ჩამოშლილია. გალავანი მთიდან იწყება, ნელ-ნელა ქვევით ეშვება და მიწას ებჯინება. ციხის შუაში, მთის წვერზე დგას ერეკლე ხანის სასახლე, რომელიც პატარა კოშკის ფორმისაა და მის ახლოს წყარო გადმოდის.
დღეს ზოგი მორღვეული ადგილი უკვე შეკეთებულია. რუსების მიერ თბილისის დაპყრობის შემდეგ ქართველი ბატონიშვილები ოჯახებით პეტერბურგში გადასახლდნენ და ახლა ამ კოშკში რუსების საპყრობილეა. თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მას, აქაურ ხელისუფალთა ბრძანებით, საპყრობილეში ამწყვდევენ. პატიმრებს საგუშაგოზე მდგარი სალდათები დარაჯობენ და ცოტა საჭმელსაც აძლევენ. პატიმრების სიკვდილის შემთხვევაში, მათი ცხედრები კოშკიდან გააქვთ და სადმე სხვაგან მარხავენ. რუსების [აშენებულ] ნაგებობათაგან აღსანიშნავია რუსი მთავარსარდლის სასახლე, საავადმყოფო, არტილერია, არსენალი და კიდევ რამდენიმე შენობა, რომელიც ციხე-ქალაქიდან 2000-3000 ნაბიჯში მდებარეობს. მთავარსარდლის სასახლე ევროპული წესისამებრ ორ-სამ სართულიანია და ყველა მხარეს მინის ფანჯრები აქვს. პირველ სართულზე მთავარსარდალი და მისი ხელქვეითები ცხოვრობენ, ქვევით კი თავლა, ამბარი და მსახურების ოთახებია. თბილისში ბევრი მაღალი და განიერი ხეა, ამიტომ ქალაქის შემოგარენში საგუშაგოები, ყაზარმა, საავადმყოფო, არტილერია და საჭურველთსაწყობი ხით არის აშენებული. ციხის გარეთ მშვენიერი ადგილებია, სადაც მოსახლეობა ჰაერის გამოსაცვლელად, სასეირნოდ და დროს გასატარებლად დადის. ციხის მოპირდაპირე მთის ფერდობზე აკლდამაა აგებული. ამბობენ, რომ მასში შეიხ სანაანის35 საფლავია, თუმცა იქ კიდევ ბევრი დიდგვაროვანია დაკრძალული.
თბილისში მცხოვრები რუსი დიდგვაროვნებიდან და ციხესიმაგრეში განთავსებული სალდათებიდან ზოგი საკუთარ, ზოგი კი ქართველების და სომხების სახლებში ცხოვრობს. ამიტომ აქაურმა ქალებმა სულ დაივიწყეს პატიოსნება და ზნეობა და ქმრები მათ ვეღარ იმორჩილებენ. რუსები ადგილობრივების ცოლებთან დაუფარავად დადიან და მათთან ურთიერთობა აქვთ. ქალები და კაცები, როგორც დიდები, ისე პატარები, აბანოში ერთად შიშვლები შედიან და ყოველგვარ სისაძაგლეს სჩადიან. ეს გარყვნილება რუსებისგან ქართველებსა და სომხებს გადაედოთ და თბილისელ მუსლიმებშიც გავრცელდა. მე თვითონ მოვისმინე აქაური შეიხ ალ-ესლამის მოლა ნარ ქორდის36 ნათქვამი, რომ „მე თბილისში ...37 არ გამიკეთებია და ცოტა ..., რომელთანაც არ ვყოფილვარ“. ამ სიტყვების სიმართლეზე პასუხისმგებელი თავად მთქმელია. თუმცა ბაზარში, ქუჩებსა და შესახვევებში ქალების ქცევით, სიარულით და გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, პატიოსანი და უმანკო მათში ცოტაა. არაერთხელ დავინახე მორთულ-მოკაზმული ქართველი და სომეხი ქალები, რომელთაც სახეზე ფერუმარილი და სურმა ესვათ. ისინი კაცებთან ერთად ბაღებსა და ქუჩაბანდებში ღვინოს სვამდნენ და უხამსად იქცეოდნენ. ამ ქალებმა სრულიად აითვისეს რუსული ქცევის წესები, რადგან რუსებს მათზე დიდი ზეგავლენა აქვთ. ამგვარად, აქ ნებისმიერი რუსი ნებისმიერ სახლში რასაც უნდა, იმას აკეთებს და ვერავინ ხმას ვერ იღებს. ქართველები კი დღე და ღამე ირანის შაჰინშაჰის დღეგრძელობისთვის ლოცულობენ და მას რუსებისგან განთავისუფლებას შესთხოვენ. ისინი ამბობენ: „ჩვენი ბატონიშვილები და დიდებულები რუსებს სრულიად დაემორჩილნენ, ისინი ჩვენს ქვეყანაში შემოუშვეს, თავად კი ოჯახებთან ერთად პეტერბურგში ტყვეობაში ცხოვრობენ და მათხოვრობენ. მაგრამ ჩვენ რა გვეშველება?“ ასეა თუ ისე, ამ ქვეყანაში უზნეობა და გარყვნილება დიდია და ლოთობა იმდენად მოდებულია, რომ ღვინო ბაზარსა და ქუჩებშიც კი იყიდება და ქალი და კაცი, ყველა სვამს. მას შემდეგ, რაც საქართველო რუსებმა და ყიზილბაშებმა38 დაიპყრეს, მათში ... გავრცელდა და ბევრმა ამ საქმეს მიჰყო ხელი. ქალები რუსული წესისამებრ გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან და თბილისის მთავარსარდლის ცოლსაც კი ცუდი რეპუტაცია აქვს. აქ ერთი კაცია, სახელად მანდარკინი, რომელიც მთავარსარდლის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელქვეითია. ირანსა და რუსეთს შორის ზავის დადების წელს39 მისი აღმატებულება სადრ ა'ზამის 40 რწმუნებულმა მოჰამად ალი ბეგმა ის თბილისში ჩამოიყვანა, რათა საჰიბი ილჩის ჩამან-ე გოლესთანში41 გაჰყოლოდა. ამ კაცს მაიორსა და გენერალს ეძახიან, თუმცა, როგორც ცნობილია, მთავარსარდლის ტრაპეზის დროს, როცა დიდი და პატარა სუფრას უზის და საჭმელს შეექცევა, მას დაჯდომის ნება არა აქვს. მანდარკინს მთავარსარდლის ცოლთან აქვს კავშირი და, როცა მასთან ოთახში იმყოფება და საუბრითა და უკადრისი საქმეებით არის გართული, ოთახში შესვლის უფლება თავად მთავარსარდალსაც კი არა აქვს და მან უნდა მოიცადოს, სანამ მანდარკინი გამოვა და მერე უნდა შევიდეს.
რადგან, რუსული წესებით, ქალს დიდი ძალაუფლება აქვს, რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, სად წავა და ვისთან იქნება, მის ქმარს არ ეხება. ის ვერც აუკრძალავს და ვერც გაუბრაზდება. აქ ქალი თავისი თავის ბატონ-პატრონია და რომელ კაცთანაც მოისურვებს, იმასთან იქნება. ახლა ეს წესი თბილისის მოსახლეობამაც გადმოიღო და რუსული ხელისუფლების პირობებში ცოლს ვეღარავინ იმორჩილებს. ქალიც, სადაც უნდა, იქ მიდის და რასაც უნდა, იმას აკეთებს. კიდევ კარგი, ირანელებმა არაფერი იციან რუსული ქცევის წესების შესახებ. მაგალითისთვის ავიღოთ რუსი მთავარსარდლის მინისტრი პალივანიჩი42, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზავო ხელშეკრულების ხელმოსაწერად ირანში იყო ჩამოსული. მას ძალიან ლამაზი ცოლი ჰყავს. ადრე ის ქართველი მეწაღის ცოლი იყო. როცა პალივანიჩმა მისი სილამაზის ამბავი შეიტყო, ქალი შეაცდინა. მან ძველი ქმარი მიატოვა, საცხოვრებლად პალივანიჩთან გადავიდა და ახლა, ფაქტობრივად, მისი ცოლია. ქმარი კი ხმის ამოღებასაც ვერ ბედავს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: მირზა სადეყ დერბენდის ვაჟი აყა ბეგ დერბენდი დიდი ხანია, რაც თბილისის მთავარსარდლის სამსახურშია და დილმაჯის 43 მოვალეობას ასრულებს. საჭიროდ მიმაჩნია, მოკლედ გიამბოთ მისი ქცევისა და საქმიანობის შესახებ, რათა ცხადი გახდეს, რუსების მოსვლამ და მათ მიერ ირანის ზოგიერთი ვილაიეთის დაპყრობამ ხალხს რა უქნა. ეს კაცი მუსლიმია, დერბენდის დიდგვაროვანთა წრიდან არის და ძალიან განსწავლულ და განათლებულ ადამიანად ითვლება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისე ცხოვრობს, რომ, როგორც ჩანს, მუსლიმური ადათ-წესები სრულიად დაივიწყა და რუსივით იქცევა. დღე და ღამეს მათთან ერთად ატარებს, ღვინოს სვამს და ყოველგვარ უწესობასა და უზნეობას სჩადის. მუსლიმის ნიშანწყალიც არ შერჩენია და ერთ მუსლიმთანაც კი არა აქვს ურთიერთობა. რუსული რჯული და წეს-ჩვეულებები იმდენად გაითავისა, რომ არანაირი ზღვარი და შეზღუდვა აღარ დარჩა. მან რიტუალურ სისუფთავესა და გარეგნულ ღვთისმოსაობაზეც კი უარი თქვა. არაერთხელ დაინახეს, რომ შარვლის უბე გაიხსნა, ძაღლივით და რუსივით ფეხზე დამდგარმა მოშარდა და გზა გააგრძელა. საპირფარეშოშიც დასაბანი წყლის გარეშე შედიოდა და, რუსული წესისამებრ, ქუდში შენახული ქაღალდის ნაგლეჯით იწმენდდა. საუბრებშიც გაუთავებლად რუსულ ხელისუფლებას აქებდა და ერთგულებას ეფიცებოდა, ხოლო მუსლიმებს აკრიტიკებდა და კიცხავდა. ერთხელ ეს კაცი საჰიბი ილჩისთან მოვიდა და მისი თანდასწრებით რუსული უტიფრობითა და ყოყოჩობით განაცხადა: „ფათჰალი ხან დერბენდიმ მე და მამაჩემი პეტერბურგში გაგვაგზავნა. მას შემდეგ, რაც რუსულ ხელისუფლებას ჩვენი ერთგულება და მეგობრობა ვაჩვენეთ, ისინი ირანში ჩამოსასვლელად შევაგულიანეთ. ყიზილ აიაყი ჩვენ ჩამოვიყვანეთ და მის ჩამოსვლამდე ესა და ეს რუსი მთავარსარდალი ირანში ჩვენ წავიყვანეთ. ფათჰალი ხან დერბენდის მერე შეიხ ალი ხანი, რატომღაც, მამაჩემს შემოსწყრა. ამგვარად, პირველები, ვინც რუსებს ირანის გზა გაუხსნა, მე და მამაჩემი გახლდით“.
საუბრისას ასევე, თქვა: „ერევანზე ღამეული თავდასხმის44 დროს მეც მათთან ერთად ვიყავი და ესა და ეს გავაკეთე. რუსი არტილერისტები ქალაქს დილამდე ბომბავდნენ. ახლა ერევანიც ჩვენს ხელშია და განჯაც დავიკავეთ“. სხვა დროსაც გავიგე, საჰიბი ილჩის თანდასწრებით თურქულად როგორ ამბობდა: „ღმერთმა გაანათლოს უჩ ფახთარი, დღეს რომ [ცოცხალი] ყოფილიყო, რუსეთი მთელ ირანს დაიპყრობდა“. ამ მოღალატე არაკაცისგან ასეთი ლაპარაკი არაერთხელ მსმენია. მუსლიმური აკრძალვის მიუხედავად, 21 რამაზანის45 ღამეს ღვინოს სვამდა და ღორის ხორცს ჭამდა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ამტკიცებდა, ჯაფარ ყოლი ხან დენბელის ღორის ხორცის ჭამა ცოდვად არ მიაჩნია და თვითონაც მიირთმევსო. ამ სიტყვების სიმართლეზე პასუხისმგებლობა თავად მთქმელზეა. მოკლედ, აყა ბეგ დერბენდის საქმეების, ურჯულოების, რუსებისადმი მეგობრობისა და სიყვარულის, ხოლო მუსლიმებისადმი მტრობისა და სიძულვილის დაწვრილებით აღწერა რომ მოვინდომო, მთელი ცხოვრება არ მეყოფა.
მიუხედავად ამ ვითარებისა და მისი ამგვარი ქმედებებისა, მადლობა უზენაესს, რომ ეს კაცი მთავარსარდლისა და სხვა რუსების წრეში არც პატივისცემით და არც მაღალი მდგომარეობით არ სარგებლობს. პირიქით, საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს და სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობს.
ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი აზერბაიჯანელებისგან, რომელთაც ღირსება და სარწმუნოებრივი ერთგულება დაივიწყეს და რუსებს ირანში შემოსვლაში ხელი შეუწყვეს.
ცხადია, რომ რუსებმა აზერბაიჯანის ვილაიეთი ძალითა და ბრძოლით კი არ დაიმორჩილეს, არამედ, ნაწილობრივ, რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველების46, ნაწილობრივ კი აყა ბეგ დერბენდისნაირი ხალხის დახმარებით ისარგებლეს. მაგალითად, განჯის ვილაიეთში ჯალილ ყაჯარის შთამომავალმა ჯავად ხანმა, რომელიც ვაჟკაცობის, სიმამაცის და ღირსების განსახიერება იყო, თავი შეაკლა, მაგრამ იქაურმა სომხებმა მას უღალატეს და რუსეთს მფარველობა სთხოვეს. მას შემდეგ იქ რუსების ძალაუფლება დამყარდა. სხვა ვილაიეთების დამორჩილებაც თავად ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობით მოხდა და ახლა ამ რეგიონში
საკუთარი ცოლ-შვილისა და ქონების ბატონ-პატრონი აღარავინ დარჩა. თუ, დავუშვათ, ვინმე გაიბრძოლებს, მას დაუყოვნებლივ გადაასახლებენ რუსეთის ერთ-ერთ საპყრობილეში ციმბირში, საიდანაც ვერავინ ვერ ბრუნდება. ასე, მაგალითად, შაქისა და შირვანის მცხოვრებნი სულ უბრალო დანაშაულის გამო ციმბირში გააგზავნეს. ბევრი მათგანი უკვე ცოცხალი აღარ არის და ვერც სხვები გადარჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ზნედაცემული ხალხი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიცანი, თბილისელების მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, ვაი იმათ, ვისაც რუსებთან ურთიერთობა უწევს და მათ დაქვემდებარებაშია.
31. იშიქაყასიბაში - სასახლის მთავარი ცერემონმაისტერი, ადმინისტრაციული აპარატის ხელმძღვანელი, ადრინდელი მანდატურთუხუცესი.
32. სავარაუდოდ, იგულისხმება მუსლიმებისთვის მიუღებელი საკვები.
33. იგულისხმება 1795 წელს აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის გადაწვა.
34. ყადი - სიგრძის ერთეული, დაახლოებით შუა ტანის ადამიანის სიმაღლის (ძირითადად, იხმარება სიღრმის გასაზომად).
35. ლეგენდა შეიხ სანაანზე, რომელმაც რუმელი ქრისტიანი ქალის სიყვარულით უარყო ისლამი და გაქრისტიანდა, ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთში. ჩამოყალიბდა ამ ამბის საქართველოსთან დაკავშირებული ლოკალური ვერსიაც, რომელშიც შეცვლილია არა მარტო გეოგრაფიული არეალი (მოქმედება რუმიდან საქართველოშია გადმოტანილი), არამედ ამბის ბოლოც: თუ სპარსულ ვერსიაში შეიხ სანაანი ისლამს დაუბრუნდა, თბილისურ ვერსიაში იგი ქრისტიანად დარჩა, მეტიც, დიდი სასულიერო მოღვაწე მამა დავით გარეჯელი გახდა და იგი მამადავითის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული (ვრცლად შეიხ სანაანის კავშირზე თბილისთან იხ.: მ. ალექსიძე, სპარსელები და სპარსული კულტურა XIX საუკუნის საქართველოში, თბილისი, 2009.
36. შემდგომში ავტორი თბილისის შეიხ ალ-ესლამს სხვა სახელით მოიხსენიებს: თარივერდი. რადგან „ნარ ქორდი“ და „თარივერდი“ სპარსულად გრაფიკულად ერთნაირად გამოისახება და განსხვავება მხოლოდ დიაკრიტიკულ ნიშნებშია, უეჭველია, ერთსა და იმავე ადამიანზეა ლაპარაკი და ერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ პირველში, სახელი შეცდომით წერია.
37. აქაც და შემდგომაც მრავალწერტილი ავტორისეულია.
38. ყიზილბაშები თურქული წარმოშობის ტომებია, რომლებსაც გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ ირანში სეფიანთა დინასტიის დროს. განსხვავებით ქართული ტრადიციისაგან, რომელიც „ყიზილბაშებში“ ზოგადად ირანელებს გულისხმობს, ყაჯარული ეპოქის ავტორი მკაფიოდ მიჯნავს თავისდროინდელ ირანს ყიზილბაშური ირანისაგან.
39. იგულისხმება 1813 წელს სოფელ გოლესთანში/გულისთანში (ყარაბაღი) ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულება, რითაც დასრულდა 1804-1813 წლების რუსეთ-ირანის ომი.
40. სადრ ა'ზამი სამოხელეო ტერმინია და დიდ ვეზირს, პრემიერ-მინისტრს აღნიშნავს.
41. იგივე გოლესთანი.
42. სპარსულ ტექსტში ბალივანიჩი წერია, მაგრამ სხვაგან იგივე მინისტრი პალივანიჩად არის მოხსენიებული. რადგან რუს მოხელეებში ასეთი გვარის არავინ ჩანს, ხომ არ არის სახელისა და მამის სახელის პაველ ივანოვიჩის შემოკლებული ფორმა, რაც ირანელ მოგზაურს გვარი ეგონა.
43. დილმაჯი/დილმაჩი (გერ.Dolmetscher, რუს. толмач) სამოხელეო ტემინია და თარჯიმანს ნიშნავს.
44. იგულისხმება 1804 წელს ეჩმიაძინისა და განჯისთვის ბრძოლა.
45. რამაზანის თვეში მუსლიმები სავალდებულო მარხვას (Rouze-ye vajeb) იცავენ.
46. სავარაუდოდ, გულისხმობს გენერალ ციციანოვს, რომლის მეთაურობითაც რუსულმა არმიამ 1804 წელს ეჩმიაძინთან ბრძოლაში დაამარცხა აბას მირზას ლაშქარი.
16 შაბანი (3 აგვისტო), ოთხშაბათი:
დილით საჰიბი ილჩისთან მთავარსარდლის გამოგზავნილი აყა ბეგი მოვიდა და მოახსენა: „დღეს მთავარსარდალი თავის სასახლეში სადილს მართავს და იმედს გამოთქვამს, რომ მასზე სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის ფირმანების 47 ხილვის პატივი ექნება. გთხოვთ, უზენაესი ფირმანები და მისი უდიდებულესობის წერილები თან იქონიოთ და მის აღმატებულებას გადასცეთ“. საჰიბი ილჩიმ თანხმობა მოახსენა. ნაშუადღევს 4 საათზე მის წასაყვანად და მისი უდიდებულესობა შაჰინშაჰის მიერ მინისტრ პალივანიჩისა და დილმაჯ აყა ბეგისთვის გამოგზავნილი ლომისა და მზის ორდენების48 წასაღებად სპეციალური კარეტა მოვიდა. საჰიბი ილჩიმ მისი უდიდებულესობის ნაწყალობევი უზენაესი ფირმანები და წერილები აიღო და მხლებლებთან ერთად მთავარსარდალთან წაბრძანდა. სასახლის ჭიშკართან მას თავად მთავარსარდალი და მისი დიდებულები შეეგებნენ, სახლში შეუძღვნენ და საპატიო ადგილზე დასვეს. მისალმების შემდეგ მთავარსარდალმა საჰიბი ილჩის ჰკითხა: „როგორც გავიგე, თქვენ შარშან ორი ქვეყნის დაზავების ცერემონიალიდან წახვედით და ჩამან-ე გოლესთანიდან თავრიზში დაბრუნდით, რითიც მისი მოწყალება ყაიემ მაყამის გულისწყრომა დაიმსახურეთ. მითხარით, რა მოხდა?“ საჰიბი ილჩიმ უპასუხა: „ეს ამბავი მტკნარი სიცრუეა. მისი მოწყალება ყაიემ მაყამი ჩემდამი ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო და ახლაც არის. ხოლო ის, ვინც ეს ამბავი აქ ჩამოიტანა, მატყუარაა. მას ადრე არ ვიცნობდი, ახლა კი შევხვდი და მივხვდი, რომ ცბიერი დავერაგი კაცია და მისი ასეთი საუბრების მიზანი მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის მოხელეებსა და თქვენი სახელმწიფოს თავკაცებს შორის უთანხმოების ჩამოგდებაა. მე მას საკადრისი პასუხი გავეცი და იმედია, ამიერიდან ასეთ ფიქრებსა და ოცნებებს თავს დაანებებს”. მთავარსარდალმა მისი უმაღლესობა სადრ ა'ზამის ამბები იკითხა. საჰიბი ილჩიმ მის ყველა კითხვას მოკლედ უპასუხა.
ამის შემდეგ მთავარსარდალმა უზენაესი ფირმანების ნახვა ისურვა. საჰიბი ილჩიმ მას გადასცა ფირმანი სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის ბოძებული 500 მანი 49 აბრეშუმის გილანში გაგზავნის შესახებ და, აგრეთვე, მეორე ფირმანი, რომელიც დაზავებასა და საჰიბი ილჩის რუსეთში მის უდიდებულესობასთან გამგზავრებას შეეხებოდა. [მთავარსარდალი] წამოდგა, ფირმანები აიღო და მისი უდიდებულესობის ბეჭედს ემთხვია. როცა მათ შინაარსს გაეცნო, სამყაროს მფარველ შაჰინშაჰს დიდი მადლობა გადაუხადა. საჰიბიმ მას ფირმანები და პალივანიჩისა და აყა ბეგისთვის განკუთვნილი ლომისა და მზის ორდენები გადასცა. მთავარსარდალი ადგა და მოხელეებს ორდენები საკუთარი ხელით გაუკეთა. შემდეგ საჰიბი ილჩის ხელი მოჰკიდა და გაწყობილ მაგიდასთან მიიყვანა. ყველანი დავსხედით და ჭამა დავიწყეთ. სუფრა მათი წესისა და ეტიკეტის შესაბამისად იყო გაშლილი. მოიტანეს საჰიბი ილჩის სადილი, რომელიც მან ორი დღის წინ საგანგებოდ შეუკვეთა. ის სხვადასხვა სახეობის პურისგან, შემწვარი ხორცისგან და ტკბილეულობისგან შედგებოდა. მაგიდას ას კაცამდე დიდგვაროვანი და ორი მღვდელი უჯდა. ისინი თავიანთი წესისამებრ ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ, ხოლო ჩვენ ჩვენს საჭმელს შევექცეოდით. სადილის ბოლოს მთავარსარდალმა, დიდებულებმა და მღვდლებმა ფიალები ღვინით აავსეს, წამოდგნენ და სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის სადღეგრძელო დალიეს. ამ დროს დაზავების აღსანიშნავად ქვემეხიდან 33-ჯერ გაისროლეს, რის შემდეგაც ყველანი დაიშალნენ.
მთავარსარდალი და საჰიბი ილჩი ისევ სასაუბროდ განმარტოვდნენ და ბევრი საკითხი განიხილეს. მთავარსარდალმა ბრძანა: „უმჯობესი იქნებოდა, ჩვენი მიპატიჟების მიღებისთანავე ჩამოსულიყავით, რადგან საფრანგეთთან ომში რუსეთის იმპერატორის გამარჯვებისა და მისი პარიზში შებრძანების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერა გაჭიანურდება და თქვენი გამგზავრებაც გადაიდება“. საჰიბი ილჩიმ ამ თავხედური განცხადების საპასუხოდ უთხრა: „ირანიდან ამ ხელშეკრულების ტექსტის ჩამოტანა უფრო რთული იყო, ვიდრე მისი ხელმოწერაა. მაგრამ რადგან ხელმოწერა იგვიანებს, მზად ვართ, რომ დაველოდოთ“.
მთავარსარდალმა ამ სიტყვების გაგონებაზე ბოდიში მოიხადა და საჰიბი საღამოს თავისთან დაპატიჟა. მერე საჰიბი ილჩი მასპინძლის თანხლებით გარეთ გამოვიდა, კარეტაში ჩაჯდა და სახლში დაბრუნდა. რადგან იმ დღეს რუსების დღესასწაული იყო, მთელი ხალხი ზეიმობდა და ერთობოდა. როცა მოსაღამოვდა, ქალაქი და შემაღლებული ადგილები გაანათეს და სახლის სახურავებზეც ჩირაღდნები დაანთეს. მთავარსარდლის სასახლის წინ ფართო მოედანზე ფეიერვერკები მოეწყო და მის სანახავად ხალხი შეიკრიბა. ცოტა ხნის დაღამებული იყო, რომ საჰიბი ილჩის და მის თანამგზავრებს მთავარსარდლის მინისტრმა და აყა ბეგმა გამოუარეს და სასახლეში წაიყვანეს. მასპინძელი მათ გუშინდელივით კარებთან შეეგება და დიდი პატივით მიიღო. მთავარსარდალმა საჰიბის ხელი მოჰკიდა და თავისი ცოლის გასაცნობად წაიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ საჰიბი ილჩის ამ ქალთან შეხვედრა ზიზღს ჰგვრიდა, იძულებული გახდა, ერთი საათით მაინც სწვეოდა. მერე ყველანი გარეთ გამოვიდნენ, სასახლის აივანზე დასხდნენ და უყურებდნენ, როგორ უშვებდნენ ფეიერვერკებს, უკრავდნენ და მღეროდნენ. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ოთახში შებრუნდნენ, ჩაი დალიეს, მერე კი სახლში წავიდნენ და დაიძინეს.
47. ფირმანი - შაჰის ბრძანება, განკარგულება.
48. ლომისა და მზის ორდენი დააარსა 1808 წელს ფათჰალი შაჰმა. არსებობდა 1925 წლამდე. ორდენს მაღალი თანამდებობის პირებს და მათ შორის უცხოელებსაც ანიჭებდნენ.
49. მანი - მასის ერთეული, ირანის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია: თავრიზული მანი = 3 კგ., შაჰის მანი = 6 კგ., რეის მანი = 12 კგ.
17 შაბანი (4 აგვისტო), ხუთშაბათი:
აყა ბეგი საჰიბი ილჩის ეახლა და მოახსენა: „მთავარსარდალს სურს, რომ სახლში გეწვიოთ, რათა ერთმანეთს განმარტოებით შეხვდეთ“. საჰიბი დათანხმდა და ცოტა ხანში მთავარსარდალი მოვიდა. სტუმარს ჩაით, ყავითა და ტკბილეულობით გაუმასპინძლდნენ. მთავარსარდალმა საჩუქრების ნახვა მოისურვა. ყველაფერი მოიტანეს, აღნუსხეს და მის წინ გაშალეს. მას შემდეგ, რაც ძღვენი კარგად დაათვალიერა, მთავარსარდალმა განაცხადა: „ჯერ ერთი, საჩუქრების ნაკრები ძალიან მწირია და ბევრი აუცილებელი ნივთი აკლია. გარდა ამისა, თუ ხელმწიფის ძმას კონსტანტინეს ჩამოუტანეთ საჩუქარი, მისმა დედამ, ცოლმა და დამ რა დააშავეს? მით უმეტეს, რომ მეფეს ისინი ძმაზე მეტად უყვარს. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, მარგალიტის კრიალოსანი, მოსასხამი და ნაჭრები ჩამოატანინეთ, რადგან ამ ქალბატონებს ხელმწიფეზე დიდი ზეგავლენა აქვთ. ჩემი მიზანია, რომ მათ ირანისადმი მეგობრული და თბილი გრძნობები გაუჩნდეთ, რათა ამ საქმის მოგვარებაში თანადგომა გაგვიწიონ და, როცა მეფის კარზე ჩახვალთ, მათი დახმარებით თქვენი მისია წარმატებით დაგვირგვინდეს. აჯობებს, თუ სამი-ოთხი კვირა თბილისში დარჩებით, სანამ ირანში გაგზავნილი თქვენი შიკრიკი საჩუქრებს ჩამოიტანს. ამასობაში მეც ჩემს ხელმწიფესთან კურიერს გავაგზავნი, რომ საზავო ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერინოს და ჩამოიტანოს. ამის შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრებით“. მთავარსარდლის დაჟინებულ თხოვნას საჰიბიმ თანხმობით უპასუხა: „საქმის ვითარებას ჩემს მბრძანებელს შევატყობინებ და როგორც მეტყვის, ისე მოვიქცევი“.
მერე მთავარსარდალმა თქვა: “რადგან თქვენ ირანის სრულუფლებიანი ელჩი ბრძანდებით, ამიტომ რუსეთის სატახტო ქალაქში ჩასვლისას იქაურ სახელმწიფო თავკაცებს თავადაც უნდა დაურიგოთ საჩუქრები. ამისთვის თან რა გაქვთ?” საჰიბი ილჩიმ უპასუხა, რომ 130 ცალი ქაშმირის შალი მიჰქონდა, მაგრამ, მთავარსარდლის განცხადებით, ამ საქმეს ორასი-სამასი ცალიც კი არ ეყოფოდა. საჰიბი გაოგნებული ფიქრობდა: ეს სადაური წესია, რომ მთავარსარდალი ასე დაჟინებით მოითხოვს საჩუქრებს! ვის გაუგია, კაცი პრეტენზიას აცხადებდეს, ჩემს ხელმწიფეს, რაც შეიძლება, მეტი ძღვენი მიართვითო. მთავარსარდლის წასვლის შემდეგ საჰიბი ილჩიმ საქმის ვითარება ირანის სახელმწიფოს თავკაცებს მისწერა და თავრიზიდან ჩამოსულ ებრაჰიმ ბეგს იმავე საღამოს წერილი უკან თავრიზში გაატანა.
18 შაბანი (5 აგვისტო), პარასკევი:
ნაშუადღევს სამ საათზე საჰიბი ილჩის მთავარსარდალი ეწვია, თავაზიანად მოიკითხა და უთხრა: “სანამ აქ იქნებით, ყოველდღე გინახულებთ და მასპინძლობას გაგიწევთ”. მეგობრობითა და სიყვარულით აღსავსე ამ თბილი სიტყვების შემდეგ მთავარსარდალმა მოისურვა, რომ ძღვენი კიდევ ერთხელ ენახა. საჰიბი ილჩიმ ბრძანა, რომ საჩუქრები მოეტანათ და მის წინ გაეშალათ. მთავარსარდალმა გულდასმით დაათვალიერა და თქვა: “გამიგია, რომ ირანში ძალიან კარგ ხალიჩებს ქსოვენ. თუ რამდენიმე ცალს ხელმწიფის საჩუქრებს დაუმატებთ, ურიგო არ იქნება”. საჰიბიმ უპასუხა: “ეს ადვილი საქმეა”.
მთავარსარდალი ზრდილობისთვის ცოტა ხანს შეყოვნდა და მერე სურვილი გამოთქვა, მოშორებით გაშლილი საჰიბის კარავიც ენახა. საჰიბი ილჩი დასთანხმდა და მთავარსარდალს და მხლებლებს კარვის სანახავად გაუძღვა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კარავი რუსეთის ხელმწიფისთვის ფეშქეშად 50 მიერთმია. მართლაც რომ საუცხოო კარავი იყო და მთელი მისი ინვენტარი - მოხატული ბოძები, მომრგვალებული ტიხრები, ტილო, თოკი, ყაითანი, ტყავი, დოლი და ა. შ. - ისეთი მდიდრული იყო, რომ კაცი უკეთესს ვერ წარმოიდგენდა. კარავი იმხელა იყო, რომ მგზავრობის განმავლობაში რამდენჯერმე იქ გაშლილ ხალიჩაზე ოცდაათი- ორმოცი კაციც კი შეიკრიბა. მთავარსარდალმა კარავი კარგად დაათალიერა, შეაქო და იკითხა, ვისთვის ჩამოიტანეთო? როცა გაიგო, რომ რუსეთის ხელმწიფის ძღვენი იყო, აღარაფერი უთქვამს, ისე წავიდა. საჰიბიც სახლში დაბრუნდა და ირანის სახელმწიფოს თავკაცებს წერილები მისწერა, რომ ხალიჩები გამოეგზავნათ. ცოტა ხანში დილმაჯი აყა ბეგი მოვიდა, ამ მთისა და იმ ბარის ამბები მოჰყვა და ბოლოს განაცხადა: “მთავარსარდალი თქვენი კარვით აღტაცებულია და ძალიან უნდა, რომ მას აჩუქოთ”.
საჰიბი ილჩი ამ ახლადაღმოცენებული მეგობრული ურთიერთობების გაფუჭებას და მთავარსარდლის წყენინებას მოერიდა და დაყაბულდა. მაშინათვე ბრძანება გასცა, რომ ხალიჩები აეკეცათ და კარავი მთელი ინვენტარით მისთვის მიერთმიათ.
მთავარსარდალს საჩუქარი ძალიან გაუხარდა და კარვის მიმტანებს გასამრჯელოდ ხუთი ბაჯაღლოს აშრაფი 51 მისცა. მათ საჰიბის რისხვის შეეშინდათ, ფული აიღეს და წამოვიდნენ. ამ ამბის გამგონე გაოგნებული დავრჩი, რომ ასეთ ძვირფას კარავში მხოლოდ ხუთი ბაჯაღლო გადაიხადეს. საჰიბიმ თქვა: “ამ ხალხის სიხარბესა და წუწურაქობას საზღვარი არა აქვს. როცა ამასწინათ ორ ქვეყანას შორის საზავო ხელშეკრულების დასადებად ჩამან-ე გოლესთანში ვიყავი, წამოსვლის დღეს მთავარსარდალი და სხვა რუსები კარგად დავასაჩუქრე და მთავარსარდლის ცოლს ცხრა ცალი ქაშმირის შალი, ძვირფასი ზურმუხტის ბეჭედი და კიდევ სხვა ნივთები გავუგზავნე. მან კი საპასუხოდ ყუთში ჩადებული ცხრა ცალი ძალიან ცუდი ფაიფურის ჩაის ჭიქა გამომიგზავნა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ როცა ჭიქები მოიტანეს, იქ მყოფმა აყა ბეგ დერბენდიმ მოულოდნელად გამოაცხადა: როგორ, ამ კაცს, რომელმაც მთავარსარდლის ცოლის საჩუქარი მოგიტანათ, გასამრჯელოდ მხოლოდ ათი ბაჯაღლოს აშრაფი მიეცით? იძულებული გავხდი, კიდევ ათი აშრაფი დამემატებინა. ეს ისეთი ხალხია, რომ ამათგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს”. იმ დღემ ასე გაიარა.
50. ფეშქეში - საჩუქარი, ძღვენი, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებს მიართმევენ.
51. აშრაფი - ირანული ოქროს მონეტა = 1 თუმანი.
19 შაბანი, შაბათი - 21 შაბანი, ორშაბათი (6-8 აგვისტო):
ამ დღეებში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ერთხელ საჰიბი ილჩი ყაფლან ოღლის საპასუხო ვიზიტით ეწვია და ერთ საათში უკან დაბრუნდა. მეორე დღეს ჰამადანის მცხოვრებლებმა ბარგით დატვირთული საპალნე ცხოველები ჩამოიყვანეს. თითოეულის ქირა თეირანიდან თბილისამდე ექვსი თუმანი და 5000 დინარი იყო. მას შემდეგ, რაც მათ ფული გადაუხადეს და ჩალვადარსაც ერთი ხიფთანი აჩუქეს, ისინი უკან გაბრუნდნენ.
ამ დღეებში საჰიბი ილჩის ბარგით დატვირთული სახედრები ჩამოუვიდა. თანმხლებ ფარაშებსა52 და მსახურებს შეთანხმებისამებრ ხარჯები აუნაზღაურეს, გასამრჯელოც მისცეს და ირანში გაუშვეს. მთავარსარდალი ყოველდღე მოდიოდა და მასპინძლობის ეტიკეტის შესაბამისად ერთ საათს საჰიბი ილჩისთან ატარებდა. ერთ დღეს ამბავი მოვიდა, რომ მოსტაფა ხან თალიში53, რომელმაც რამდენიმე მუსლიმი რუსებს გადასცა და დაახოცინა, ამ საწყლების სიკვდილისა და უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლისთვის დაიჭირეს.
52. ფარაში - წარჩინებული პირის დაცვის ჯარისკაცი.
53. 1786-1814 წლებში თალიშის სახანოს ემირი, რომელმაც სახანო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეიყვანა.
22 შაბანი (9 აგვისტო), სამშაბათი:
დილით საჰიბი ილჩის მთავარსარდალი ეწვია, თავაზიანად მოიკითხა და უთხრა: „ის დღე, როცა თქვენ ვერ გხედავთ, ჩემთვის ბნელია“. ერთი საათი დარჩა, ჩაი და ტკბილეულობა მიირთვა და სახლში დაბრუნდა. ცოტა ხანში თავრიზის რეზიდენციიდან ორი ჩუბანქარელი მხედარი ჩამოვიდა და ირანის სახელმწიფოს თავკაცების წერილები ჩამოიტანა. წერილებში აღწერილი იყო საქართველოს მმართველის საქმეები და მღელვარების დროს ორივე მხრიდან დაკავებული სალდათებისა და ჯარისკაცების განთავისუფლების ამბები. საჰიბის მთავარსარდალთან საპასუხო ვიზიტი უგვიანდებოდა, ამიტომ კარეტა იხმო და ამ შემთხვევაზე მოსალაპარაკებლად სასახლეში წაბრძანდა. მთავარსარდალმა, როგორც ყოველთვის, სტუმარი დიდი პატივით მიიღო. საჰიბიმ მას წერილების შინაარსი გააცნო. მთავარსარდალმა საქმის ვითარება აუხსნა. მას შემდეგ, რაც მოილაპარაკეს და სხვადასხვა თემებზეც ისაუბრეს, საჰიბი სახლში დაბრუნდა. იმავე საღამოს მან მოლაპარაკების შედეგები ირანის სახელმწიფოს თავკაცებს მისწერა და მეორე დღეს ჩუბანქარელ მხედრებს თავრიზში გაატანა.
1229 წლის 23 შაბანი, ოთხშაბათი - 29 შაბანი, სამშაბათი (1814 წლის 10-16 აგვისტო):
ამ დღეებში ღირშესანიშნავი არაფერი მომხდარა და საჰიბი ილჩი ხან სპილოებისა და ცხენების სანახავად დადიოდა და ხან თავისი სახლის წინ ბაღში სეირნობდა.
ერთ დღეს შეგვატყობინეს, რომ თბილისში ფულის საშოვნელად ჩამოსული ირანელი ჯამბაზები აქაური კომენდანტის (ანუ ქალაქის თავის) ბრძანებით დაეკავებინათ და სატუსაღოში ჩაემწყვდიათ. საჰიბი ილჩიმ კაცი გაგზავნა, კომენდანტი მოაყვანინა და ჰკითხა: “ირანელი ჯამბაზები რატომ დააპატიმრეთ?” ყალაბეგმა უპასუხა: “ვიფიქრე, ღმერთმა ნუ ქნას, ყაჩაღები ხომ არ არიან ან ირანში რაიმე დანაშაული ხომ არა აქვთ ჩადენილი და ჩვენთან გადაცმულები იმიტომ ხომ არ ჩამოვიდნენ, რომ აქედან სხვა ქვეყანაში წავიდნენ-მეთქი. მერე ირანიდან ბრძანება რომ მოსულიყო, ესა და ეს ხალხი უკან დააბრუნეთო, რა პასუხი გაგვეცა? მე ისინი ცოტა ხნით დავაკავე და, თუ ბრალი არ გამოუაშკარავდათ, გავათავისუფლებ, მაგრამ, თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, საპყრობილეში დარჩებიან”.
საჰიბი ილჩის მისი გონივრული მსჯელობა ძალიან მოეწონა. მართლა ჭკვიანი კაცი ჩანდა. საჰიბიმ სთხოვა, დაკავებულები ისევ ირანში დაებრუნებინათ. კომენდანტი დათანხმდა, ჯამბაზები მოაყვანინა და ერთი კაცის თანხლებით ირანში გაუშვა.
მეორე დღეს სასაჩუქრე ცხენების ჩალვადარები და მეჯინიბეები უღირსად მოიქცნენ და ერთმანეთში იჩხუბეს. როცა ეს ამბავი საჰიბიმ გაიგო, ისინი თავისთან დაიბარა და საკადრისად დასაჯა. შემდეგ დღეს ყველანი სახლში ვიყავით, რომ უცებ საშინელი ხმა გაისმა. გაირკვა, რომ საჰიბის ოთახის მცველებიდან ერთ-ერთმა თურმე გატეხილი მოაჯირი ვერ შენიშნა, მიეყრდნო და ძირს ჩავარდა. რადგან საჰიბის ოთახები ბალახანაში 54 იყო, საწყალი კარგა დიდი სიმაღლიდან გადავარდა და ასეთი ხმა იმიტომ ჰქონდა. ჯარისკაცი ერთი საათი უგრძნობლად იწვა და მერე მოსულიერდა. ასე ბედნიერად დასრულდა ეს უბედური შემთხვევა.
54. ბალახანა - ოთახი ზედა სართულზე, ანტრესოლი.
1 რამაზანი (17 აგვისტო), ოთხშაბათი:
კალენდრის მიხედვით, დღეს ახალი მთვარეა, მაგრამ ისეთი მოღრუბლულია, რომ მთვარე არ ჩანს. საჰიბი ილჩი საღამოს მთავარსარდალთან იყო დაპატიჟებული. წავიდა, მაგრამ არაფერი უჭამია, ისე დაბრუნდა. გვიან ღამით სახლში ივახშმა, მარხვის დაწყების სურვილი გამოთქვა და დაიძინა. დღეს ორი ცხენი, ერთი არაბული და მეორე თურქმენული, რომლებიც მთავარსარდალმა ნახა და მოისურვა, მას საჩუქრად გაუგზავნეს. მთავარსარდალმა ძღვენი ყურადღებით დაათვალიერა, კმაყოფილი დარჩა და მსახურებს ათი ბაჯაღლოს აშრაფი აჩუქა. მეტი არაფერი მომხდარა.
2 რამაზანი, ხუთშაბათი - 3 რამაზანი, პარასკევი (18-19 აგვისტო):
რადგან რამაზანის დღეები იყო, ყურანის კითხვის გარდა, სხვა არაფერი გვინდოდა. მთიდან გადმომდინარე წყაროების თავშეყრის ადგილზე დიდი აუზია აშენებული და, როცა იქ ზიხარ, თვალწინ სულ ბაღებსა და ხეებს ხედავ. საჰიბი ხან აუზთან მიდიოდა და ყურანს კითხულობდა, ხან კი სახლში წიგნებს ათვალიერებდა და ინგლისურად წერილებს წერდა.
4 რამაზანი (20 აგვისტო), შაბათი:
დილით აყა ბეგ დერბენდი მოვიდა და გვითხრა, რომ სპილოები და ცხენები პეტერბურგში უნდა გაგვეგზავნა. საჰიბი ილჩიმ სპილოების მარეკები და ცხენების ჩალვადარები და მეჯინიბეები დაიბარა და უბრძანა, სამგზავროდ მომზადებულიყვნენ. მათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მისცეს და იმავე საღამოს ცხენოსანი კაზაკების და მეჰმანდარების თანხლებით კარანტინში წაიყვანეს. კარანტინი ერთი ადგილია, რომელიც თბილისიდან პეტერბურგში მიმავალმა ყველამ და ყველაფერმა უნდა გაიაროს. იქ ორ-სამ დღეს აჩერებენ და კვამლში ამყოფებენ. ერთ ოთახში ცეცხლში რაღაცებს ყრიან და, როცა ბოლი დგება, ხალხი და მათი საქონელი იმ ოთახში შეჰყავთ, კვამლში ატარებენ და მერე უშვებენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ, აქაურების მტკიცებით, თუ ვინმე ცუდად არის, ან რაიმე სენი სჭირს, ან იმ ვილაიეთიდან ჩამოვიდა, სადაც ქოლერა და შავი ჭირია მოდებული, ეს კვამლი ყველა დაავადებას მოსპობს და ეპიდემია სხვა ქვეყანაში აღარ გავრცელდება. მოკლედ, კარანტინში წაყვანის და კვამლში გატარების მიზანი ეს არის. სპილოების მარეკებს და ცხენების მომვლელებს და მათ ბარგს კარანტინში რამდენიმე დღე აკვირდებოდნენ და მერე გამოუშვეს. დანარჩენმა 6დღემ სხვა დღეებივით გაიარა.
5 რამაზანი (21 აგვისტო), კვირა:
დღეს რუსების ზეიმია და მთავარსარდალი ეკლესიაში წაბრძანდა. უკანა გზაზე რუს დიდებულებთან და წარჩინებულებთან ერთად გვესტუმრა, საჰიბის თავისი მეგობრობა და სიყვარული დაუდასტურა და გამგზავრების დაყოვნებისთვის ბოდიში მოუხადა. შუა საუბარში ირანის სამეფო კარის შიკრიკი შემოვიდა და შაჰინშაჰის უზენაესი ფირმანი მოიტანა. ფირმანი თურქმენი ხალხის დამარცხებას, ისლამისთვის მებრძოლი ძლევამოსილი მეომრების გამარჯვებას, ხორასანში ვითარების მოწესრიგებას და მისი უდიდებულესობის მიერ ჰერათისა და მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობის დამორჩილებას შეეხებოდა. შიკრიკმა საჰიბის ფირმანთან ერთად მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის და სახელმწიფო დიდმოხელეების წერილებიც გადასცა.
წერილების შინაარსმა გული სიხარულით აგვივსო. საჰიბი ისეთი ბედნიერი იყო, რომ აღტაცებას ვერ მალავდა. ამ ამბის შემსწრე მთავარსარდალმა და მისმა დიდებულებმა გამარჯვება მოგვილოცეს, საჰიბის ფირმანი და წერილები გამოართვეს და სახლში დაბრუნდნენ, რომ მათი რუსული ასლი გაეკეთებინათ და პეტერბურგში გაეგზავნათ. ამ დღემ ახალი ამბის გამო მხიარულად ჩაიარა.
6 რამაზანი, ორშაბათი - 12 რამაზანი, კვირა (22-28 აგვისტო):
ამ დღეებში ღირშესანიშნავი არაფერი მომხდარა. დღისით საჰიბი ილჩი ხან ყურანს კითხულობდა, ხან ბაღში სეირნობდა და ხან მასთან სტუმრად მოსულ მეგობრებს ესაუბრებოდა. ერთ დღეს წერილები დაწერა, გამარჯვების ამბის მომტან შიკრიკს შესაბამისი მითითებები მისცა და ირანში გაუშვა. მთავარსარდალი თითქმის ყოველდღე მოდიოდა და საჰიბის თბილისში დაყოვნების გამო თანაგრძნობას უცხადებდა.
მომდევნო დღეს თბილისში აბედინ ბეგ მაზანდარანი ჩამოვიდა. მას ჰყავდა მსახური, სახელად იოსები, რომელმაც გაქურდა და ირანიდან გაიქცა. ამ უკანასკნელმა წლების წინ ისლამი მიიღო, მერე კი ისევ სომხურ რჯულს დაუბრუნდა, სომეხი ცოლი მოიყვანა და თბილისში დასახლდა. საჰიბიმ მას ქონება ჩამოართვა და პატრონს დაუბრუნა. შემდეგ ირანის სახელმწიფოს თავკაცებს წერილები მისწერა და ირანში მიმავალ აბედინ ბეგს გაატანა.
13 რამაზანი (29 აგვისტო), ორშაბათი:
თბილისის მთავარსარდალი ავად გახდა და საჰიბი ილჩიმ მასთან მოსაკითხად აყა ბეგი გაგზავნა. დღეს საჰიბისთან მთავარსარდლის მინისტრი და გადამწერი მირზა ებრაჰიმი მოვიდა. ჩამან-ე გოლესთანში ორ ქვეყანას შორის ზავის დადების დროს უადგილო კირკიტის, უსაფუძვლო განცხადებების და ხელშეკრულების ტექსტში სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის ლაყაბების 55 შეცდომით ჩაწერის გამო საჰიბი მასზე გაბრაზებული იყო. მირზა ებრაჰიმმა უწინდელი უპატივცემულო მოპყრობისთვის ბოდიში მოიხადა და ირანისადმი თავის ერთგულებასა და სიყვარულზე ბევრი ისაუბრა. სახეზე ეწერა, რომ გულწრფელად ლაპარაკობდა და მართლა თავაზიანი და ზრდილი კაცი აღმოჩნდა. ამიტომ საჰიბი ილჩი დაჰპირდა, რომ ირანის ხელისუფლებასთან უშუამდგომლებდა, რომ მისთვის ლომისა და მზის ორდენი მიეცათ. ამ დაპირებითა და ორდენის მიღების იმედით აღტაცებული მირზა ებრაჰიმი ირანისადმი კიდევ უფრო კარგად განეწყო. ამასობაში აყა ბეგი შემოვიდა და მირზა ებრაჰიმს შეხვდა. რადგან მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, აყა ბეგს ხასიათი გაუფუჭდა და წავიდა. ცოტა ხანში მირზა ებრაჰიმიც სახლში დაბრუნდა.
დღეს გავიგეთ, რომ სარხაი ხან ლეზგის, რომელიც თეირანსა და თავრიზში სტუმრობის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად საკუთარ ვილაიეთში ბრუნდებოდა, მდინარე მტკვარზე გადასვლისას თავს მთავარსარდლის დაცვის კაზაკები და სალდათები დაესხნენ და მისი ცოლი, ვაჟი და რამდენიმე თანამგზავრი დახოცეს. თავად სარხაი ხანმა გაქცევა მოახერხა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. საჰიბი ილჩი ამ ამბავმა ძალიან დაამწუხრა. ეს დღე ასე სევდიანად დასრულდა.
55. ლაყაბი - 1. მეტსახელი, შერქმეული სახელი; 2. ტიტული, წოდება.
14 რამაზანი, სამშაბათი - 15 რამაზანი, ოთხშაბათი (30-31 აგვისტო):
ამ დღეებში ახალი არაფერი მომხდარა. მისი აღმატებულება სარდარ-ე ერევანის გამოგზავნილი კაცი ჩამოვიდა და საჰიბი ილჩის ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. საჰიბის მისი ნახვა არ უნდოდა, მაგრამ გაითვალისწინა თანამგზავრების რჩევა, მისი უკან გაბრუნება შეურაცხყოფააო, და სტუმარი მიიღო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მისი აღმატებულება სადრ ა'ზამის რწმუნებული მთავარსარდალი ესქანდერ ბეგი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში გამოაგზავნეს, ისევ ირანში გაიწვიეს. ამ ორმა დღემ წინა დღეებივით გაიარა.
16 რამაზანი, ხუთშაბათი - 17 რამაზანი, პარასკევი (1-2 სექტემბერი): ამ დღეებში, ესქანდერ ბეგის გამგზავრებასთან დაკავშირებით, საჰიბი ილჩიმ ირანში გასაგზავნი წერილები და არზები მოამზადა და მას გადასცა. ქართველი და სომეხი ქალების უზნეობამ შედეგად ის გამოიღო, რომ მათ მიერ შეცდენილმა ფარაშმა მოჰამად თაყიმ, სასაჩუქრე ცხენების ჩალვადარმა სომეხმა აბუ’ლ-ყასემმა და კიდევ ერთმა-ორმა კაცმა მდაბიოთაგან გამოაცხადეს: ჩვენ აქ ვრჩებით და სომხურ რჯულზე გადავდივართო. მათ ქართველებსა და სომხებს მიბაძეს და, მათი წესისამებრ, რამდენჯერმე ეკლესიაშიც წავიდნენ. ეს ამბავი საჰიბის მოახსენეს. საშინლად განრისხდა და უნდოდა დაესაჯა, მაგრამ თანამგზავრებმა გადაათქმევინეს. ორი დღის მერე ამ ხალხს ცოტაოდენი ფული მისცეს და კაზაკების თანხლებით შებოჭილები ერევანში გაუშვეს, რომ იქიდან ირანში წასულიყვნენ.
კიდევ ერთი უცნაური ამბავი მოხდა. როცა ესქანდერ ბეგმა გამგზავრების ბრძანება მიიღო და საჰიბის წერილებიც ჩაიბარა, თბილისელ მუსლიმთა შეიხ ალ-ესლამი56, ჩვენ მიერ ადრე ნახსენები მოლა თარივერდი, მასთან მივიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დავალებული არ ჰქონდა, ქაღალდის დალუქული გრაგნილი გადასცა და უთხრა: “ეს რუსი ხალხის საქმეთა ამსახველი წლიური ანგარიშია. რუსეთის დედაქალაქიდან თბილისამდე ამ ერთ წელიწადში რაც რამ მოხდა, აქ წერია”. ამბობენ, რომ ესქანდერ ბეგის თბილისში ყოფნის განმავლობაში ეს კაცი მასთან ყოველდღე მიდიოდა და ამ ჩანაწერებს ჰპირდებოდა. როცა გამგზავრების დღე დადგა, გრაგნილი მიუტანა და უთხრა: “ამ დღიურში ყველაფერი აღნუსხულია, მაგრამ აქ ნუ გახსნით და, თბილისიდან ერთ-ორ სადგურს რომ გაივლით, მერე ნახეთ. ახლა კი ამ სამსახურის გასამრჯელოდ ერთი ძვირფასი ქაშმირის შალი მომეცით და წავალ”. ესქანდერ ბეგს ძალიან გაუხარდა და უთხრა: “შალი უკვე ბოხჩაში დევს. ერთ საათში მობრძანდით და წაიღეთ”. ახუნდი57 დათანხმდა და წავიდა. ესქანდერ ბეგს ჩანაწერების ნახვის დაუძლეველი სურვილი დაეუფლა, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და გრაგნილი გახსნა, მაგრამ შიგ მარტო სუფთა ფურცელი დახვდა. ძალიან გაბრაზდა, გრაგნილი დაახვია და დადო. ამასობაში ახუნდი დაბრუნდა და შალი მოითხოვა. ესქანდერ ბეგმა უთხრა: “ახუნდ, ამ გრაგნილში თეთრი ფურცლის მეტი არაფერია”. ახუნდმა შესძახა: “დიდება ალაჰს! ოთახში თაროზე ორი გრაგნილი იდო და, როგორც ჩანს, შეცდომით სხვა წამოვიღე. მომეცით, წავალ და ნამდვილს მოვიტან”. გრაგნილი აიღო და წავიდა. სამი დღე იმალებოდა, ელოდებოდა, სანამ ესქანდერ ბეგი ქალაქს დატოვებდა და ორ-სამ სადგურს მაინც გაივლიდა.
მისი აღმატებულება ნეზამ ად-დოულეს58 გულუხვობისა და დიდსულოვნების ამბავმა რუსი მთავარსარდლის ყურამდეც მიაღწია. რადგან მათ შორის მეგობრობის ძაფები იყო გაბმული, მთავარსარდალმა მას ესქანდერ ბეგის ხელით ერთი ჩინებული სამოვარი გაუგზავნა.
56. შეიხ ალ-ესლამი - მაღალი რანგის მუსლიმი სასულიერო პირი; ამიერკავკასიაში შიიტ მუსლიმთა წინამძღოლი.
57. ახუნდი - მუსლიმი სასულიერო პირი.
58. ნეზამ ად-დოულე ჰოსეინ ხანი (? – 1866/67) - ფათჰალი შაჰის, მოჰამად შაჰის და ნასერ ად-დინ შაჰის დიდმოხელე, ირანის ელჩი ლონდონში, პარიზსა და ვენაში, ფარსის გუბერნატორი.
18 რამაზანი, შაბათი - 25 რამაზანი, შაბათი (3-10 სექტემბერი):
ღირშესანიშნავი არაფერი მომხდარა. საჰიბი ილჩი, ძირითადად, ყურანს კითხულობდა, ხანდახან კი სახლის წინ ბაღში და აუზის პირას სეირნობდა, ინგლისურ წერილებს წერდა და წიგნს კითხულობდა. მთავარსარდალი და დიდებულები თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ და მას სხვადასხვა თემაზე ესაუბრებოდნენ. ერთი-ორჯერ საჰიბიც საპასუხო ვიზიტით მთავარსარდალთან ბრძანდებოდა. მთავარსარდალმა ის დიდი პატივით მიიღო და ახარა, რომ მალე რუსეთის სამეფო კარიდან ხელმოწერილი დოკუმენტი ჩამოვიდოდა და ის პეტერბურგში გამგზავრებას შეძლებდა.
ერთ დღეს საჰიბი ილჩის აყა ბეგ დერბენდი ეწვია და უთხრა: “მესიზმრა, რომ ჩემკენ უზარმაზარი ყვითელი ძაღლი მორბოდა. მე ვიდექი, მის მოახლოებას ველოდებოდი და ვფიქრობდი, თავი როგორ დამეცვა, რომ არაფერი დაეშავებინა. უცებ ძაღლი გაქრა და რამდენიც არ ვეძებე, ვეღარ ვიპოვე”. ამ საუბარში იყვნენ, რომ მოსტაფა ხან თალიშის გარდაცვალების ამბავი მოიტანეს. ეს კაცი რუსების თავგასულობისა და გახრწნილობის მოთავე იყო. აყა ბეგი, რომელიც მასთან მეგობრობდა, ძალიან დანაღვლიანდა და მოთქმა-გოდება დაიწყო. საჰიბი ილჩიმ უთხრა: “შენსავით სწრაფად სიზმარი არავის ახდენია. ყვითელი ძაღლი მოსტაფა ხანი იყო და ძაღლის გაუჩინარება მის გარდაცვალებას ნიშნავდა”. აყა ბეგს სიზმრის ასეთი ახსნა არ მოეწონა, ადგა და სახლში წავიდა. არადა, არც ერთ მისანს არ აუხსნია ასე ზუსტად სიზმარი.
26 რამაზანი (11 სექტემბერი), კვირა:
გამთენიისას საჰიბი ილჩის მთავარსარდლის იშიქაყასი ეახლა და მოახსენა: “რუსეთის სამეფო კარიდან საზავო ხელშეკრულების ხელმოწერა და თქვენი პეტერბურგში გამგზავრების ბრძანება მოვიდა”.
საჰიბი ილჩიმ მას ერთი ცალი რეზაიეს59 შალი აჩუქა. ახალი ამბავი ყველას ძალიან გაუხარდა. ამ დროს მთავარსარდალი და მისი მოხელეები შემოვიდნენ. მთავარსარდალს სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის ნაბოძები ლომისა და მზის ორდენი ეკეთა, რომელიც თავისი ხელმწიფის ნებართვის მისაღებად პეტერბურგში ჰქონდა გაგზავნილი და სწორედ დღეს სხვა ორდენთან ერთად ჩამოუვიდა. მის აღმატებულებას მადლობა მოახსენა და თქვა: “როგორც წერილის შესავლიდან გავიგე, ეს რუსეთის სამეფო კარიდან გამოგზავნილი მესამე ხელმოწერაა. პირველი ერთ კაცს გამოატანეს, მაგრამ კაციცა და დოკუმენტიც ორივე გზაში დაიკარგა და მათი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო. მეორე ჯერზე შიკრიკი ფრანგებმა დაიჭირეს და მხოლოდ მესამემ ჩამოაღწია დანიშნულების ადგილამდე. მე, ამ ქვეყნის მთავარსარდალი, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ირანის ხელისუფლებისა და თქვენს წინაშე არ შევრცხვი”. და დასძინა: “ჩვენი ხელმწიფის ბრძანებით, ბასანავიჩი, რომელიც ირანში გულადი მაიორის სახელით არის ცნობილი, და სხვა [ოფიციალური] პირები პეტერბურგამდე გაგაცილებენ და გზაში თქვენ სამსახურში იქნებიან. გარდა ამისა, ას კაცამდე კარგად შეიარაღებული მხედარი, მსახურები და სხვა მხლებლებიც გამოგყვებიან, რომ სათანადო პატივით იმგზავროთ, რადგან ჩემი ხელმწიფე ამ სამშვიდობო შეთანხმებასა და თქვენს სტუმრობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სულ მალე თქვენი მისია წარმატებით დასრულდება და ირანში კმაყოფილი დაბრუნდებით”.
კიდევ ბევრი ასეთი სიტყვა ითქვა და ჩვენ დავმშვიდდით. მთავარსარდალმა ხელშეკრულების ხელმოწერის მშვიდობიანად ჩამოსვლასთან დაკავშირებით სასახლეში ნადიმი გამართა და საჰიბი ილჩი დაპატიჟა. საჰიბიმ, მიუხედავად იმისა, რომ მარხულობდა, მიპატიჟება მიიღო. კმაყოფილი მთავარსარდალი თავაზიანად დაგვემშვიდობა და წავიდა. საჰიბიმ მაშინათვე ბრძანება გასცა, რომ ირანში გასაგზავნი არზები და წერილები მოემზადებინათ და მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის კარისკაცის აყა ბაბა ბეგისთვის თავრიზში გაეტანებინათ, რისთვისაც ეს უკანასკნელი ღირსეულად დაასაჩუქრეს. შიკრიკის გამგზავრების შემდეგ სპეციალური კარეტა მოვიდა და საჰიბი ილჩი თანამგზავრების თანხლებით სასახლეში წავიდა.
მთავარსარდალმა სტუმარი სათანადო პატივითა და ცერემონიებით მიიღო. სასიხარულო ამბავთან დაკავშირებით დიდი მხიარულება იდგა და მუსიკა უკრავდა. საუცხოოდ გაშლილ მაგიდას დიდებულები და სხვა წარჩინებული პირები უსხდნენ და ქეიფობდნენ. ლხინის ბოლოს სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის სადღეგრძელო დალიეს და ზეიმის ნიშნად ქვემეხიდან 33-ჯერ გაისროლეს. სტუმრობის შემდეგ საჰიბი ილჩი სახლში დაბრუნდა. წინა დღეებისგან განსხვავებით, როცა ხელმოწერის დაგვიანებისა და თბილისში დაყოვნების გამო გულშეჭურვილი იყო, დღევანდელი დღე და საღამო მხიარულად გაატარა. მთავარსარდალმა ბრძანება გასცა, რომ იმ ღამეს თბილისი და მისი შემოგარენი გაეჩირაღდნებინათ და მთელი მოსახლეობა, კაციცა და ქალიც, ილხენდა და ლაღობდა.
რამდენიმე დღის წინ, მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის ბრძანებით, თბილისში მოჰამად ბეგ განჯევი ჩამოვიდა. მან ცოტაოდენი რუსული იცოდა და რუსული ენის თარჯიმნის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. საჰიბი ილჩისთან შეხვედრისა და მისთვის წერილების გადაცემის დროს ის უზრდელად იქცეოდა და თავხედურად ლაპარაკობდა. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ რამაზანის დღეებია, ღვინო დალია და მთვრალი ბაზარში წავიდა. როცა ეს ამბავი საჰიბიმ გაიგო, იქ მყოფ ბაბა ბეგს უბრძანა: “წადით და უთხარით, რომ ამ ქვეყანაში ასეთი უმსგავსო ქცევა მიღებული არ არის. სასწრაფოდ დატოვოს აქაურობა”. ბაბა ბეგი წავიდა და მოჰამად ბეგს დანაბარები გადასცა, რის გამოც მან კამათი და ჩხუბი დაუწყო.
59. ირანის ქალაქ ურმიის ძველი სახელი.
27 რამაზანი, ორშაბათი - 29 რამაზანი, ოთხშაბათი (12-14 სექტემბერი): ამ დღეებში ახალი არაფერი მომხდარა, რომ აღნიშვნის ღირსი იყოს. [საჰიბი] დღისით ყურანსა და წიგნს კითხულობდა და სახლის გარშემო სეირნობდა. ერთ დღეს მისი უმაღლესობა სარდარ-ე ერევანის გამოგზავნილი სომეხი კურიერი ჩამოვიდა და საჰიბი ილჩის მოკითხვის ბარათი ჩამოუტანა. საჰიბიმ პასუხი დაწერა, მას მისცა და ერთი აშრაფიც აჩუქა. დანარჩენი დღეები უწინდებურად სახლში გაატარა.
30 რამაზანი (15 სექტემბერი), ხუთშაბათი:
საჰიბი ილჩიმ ეს დღე ყურანის კითხვასა და თანამგზავრებთან საუბარში გაატარა. შემდეგ მისი უდიდებულესობა ვალიაჰდის მსახური აყა ბაბა ბეგი მოვიდა და საჰიბის თავისი ბატონის ბრძანებულებები, მოხელეების წერილები, [რუსეთის] ხელმწიფისთვის ძღვნად მისართმევი ორი მარგალიტის კრიალოსანი და სახარჯო ათასი თუმანი ნაღდი ფული გადასცა. ბაბა ბეგმა ორი მსახური, რომლებიც მას ჩამოჰყვნენ, დასასვენებლად გაუშვა, თავად კი დღის დარჩენილი ნაწილი და საღამო საჰიბისთან გაატარა.
1229 წლის 1 შავალი (1814 წლის 16 სექტემბერი), პარასკევი:
დღეს მარხვის დასრულების ზეიმია. საჰიბი ილჩიმ სადღესასწაულო ნამაზი შეასრულა და თანამგზავრებთან ერთად ისადილა. მთავარსარდალი და მისი დიდებულები მოსალოცად მოვიდნენ. მათ ჩაითა და ტკბილეულობით გაუმასპინძლდნენ. საჰიბიმ სტუმრებს აყა ბაბა ბეგის ჩამოსვლის და მისი უდიდებულესობის ბრძანებულებების და მარგალიტის კრიალოსნების ჩამოტანის ამბავი ამცნო. ერთსაათიანი საუბრის შემდეგ რუსი დიდგვაროვნები სახლებში წავიდნენ. დარჩენილმა დღემ სხვა დღეებივით გაიარა.
2 შავალი (17 სექტემბერი), შაბათი:
როგორც რუსებმა გვითხრეს, დღეს ხელმწიფის დედის დაბადების დღეა. ეს თარიღი მათთვის დღესასწაულია და მას დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. მთავარსარდალი მხლებლებითურთ საჰიბი ილჩის ეწვია და სთხოვა, რომ მათთან ერთად ეკლესიაში წასულიყო და რუსების ადათ-წესები ენახა.
საჰიბი ილჩიმ მიპატიჟება მიიღო და მთავარსარდალთან და თავის თანამგზავრებთან ერთად ეკლესიაში წაბრძანდა. იქ უამრავი ხალხი შეკრებილიყო, მათ შორის ქალები, მღვდლები და პადრი, რომელსაც მოჯთაჰედად 60 თვლიან. მღვდლებს, პადრის და სხვა სასულიერო პირებს სხვადასხვა ფორმის ფარჩის ტანსაცმელი ეცვათ, ხელში წიგნები ეჭირათ, წინ და უკან დადიოდნენ და რაღაცას კითხულობდნენ, მოკლედ, ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. პადრიმ ხელში ჯვარი აიღო და, ვისკენაც გაიშვირა, ყველამ მის წინაშე მუხლი მოიყარა. ეს ცერემონიალი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ერთი საათის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა თეფში აიღო და ხალხს ჩამოუარა. ყველა რაღაცას აძლევდა. საჰიბიმაც თეფშზე რამდენიმე აშრაფი დაუგდო და მთავარსარდალთან ერთად მათი მთავარი პადრის 61 სახლში წავიდა.
იქ მაგიდა გაეშალათ და მასზე სხვადასხვა ღვინო დაელაგებინათ. ყველანი დასხდნენ. პადრიმ ფიალა თავად შეივსო და დალია. მას სხვებმაც მიბაძეს. სანამ ხალხი ჭამა-სმით იყო გართული, საჰიბი თავის თანამგზავრებს ესაუბრებოდა. ნადიმის დასრულების შემდეგ სტუმრები წამოიშალნენ და სახლებში წავიდნენ. დარჩენილმა დღემ სხვა დღეებივით გაიარა.
60. როგორც ტექსტიდან ჩანს, ავტორი კათოლიკურ „პადრის“ და მუსლიმურ „მოჯთაჰედს“, ზოგადად, მაღალი რანგის სასულიერო პირების აღსანიშნავად ხმარობს, რომ განასხვაოს რიგითი მღვდლებისგან (keshīsh).
61. სავარაუდოდ, ეგზარქოსს გულისხმობს.
3 შავალი, კვირა - 11 შავალი, ორშაბათი (18-26 სექტემბერი):
ამ დღეებში საჰიბი ილჩი ხან წიგნს კითხულობდა, ხან ინგლისურ წერილებს წერდა და ხან თავისი სახლის წინ ბაღში სეირნობდა. თბილისში დაყოვნებისა და ხელშეკრულებების გაცვლის [ცერემონიალის] გაჭიანურების გამო ის მეტწილად მოწყენილი და აღელვებული იყო. ერთ დღეს მთავარსარდალმა მასთან მეჰმანდარი ბასანავიჩი, რომელიც აქამდე არ გვენახა, და მინისტრი პალივანიჩი გამოგზავნა და შეუთვალა: “ჩვენი ხელმწიფის განკარგულებით, გენერალი ბასანავიჩი გზაში თქვენი მეჰმანდარი იქნება და გთხოვთ, მისდამი სითბო და სიყვარული გამოიჩინოთ”. საჰიბიმ გენერალი ძალიან ალერსიანად და თავაზიანად მიიღო. მან ჩვენი მეგზურობისთვის მზადყოფნა გამოხატა და სახლში წავიდა.
მეორე დღეს მთავარი პადრი, რომელიც აქაურ სასულიერო პირთა მეთაურია, საპასუხო ვიზიტით საჰიბი ილჩის ეწვია. მისალმების ცერემონიალის შემდეგ ჩაი და ტკბილეულობა მიირთვა და წავიდა. ამ კაცის შესახებ ერთი ისტორია გავიგე, რომელსაც მოგიყვებით: რუსების ადათ-წესების მიხედვით წელიწადში ერთხელ, განსაზღვრულ დღეს, ქალები და კაცები ეკლესიაში პადრისთან და მღვდლებთან მიდიან და მათ საიდუმლოდ თავიანთ ცოდვებს უყვებიან. ისინი ზოგიერთს პატიობენ, ზოგს კი ცოდვათა მონანიებისკენ მოუწოდებენ და მომავალში პატიების იმედს აძლევენ. ეს ხალხი ეკლესიიდან გახარებული გამოდის და შემდეგ წლამდე ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობს. მათი წესისამებრ, მას შემდეგ, რაც კაცი მღვდელი ან პადრი გახდება, ცოლი აღარ უნდა ჰყავდეს და სქესობრივ ურთიერთობაზეც უარი უნდა თქვას. თუ, ვთქვათ, ვინმე აღნიშნულ წესს დაარღვევს და ეს ამბავი გახმაურდება, მას ეკლესიაში აღარ შეუშვებენ. წელსაც დათქმულ დღეს, ჩვეულებისამებრ, ხალხი პადრისთან მივიდა, აღსარება უთხრა და შენდობა მიიღო. ჯერი ერთ ახალგაზრდაზე მიდგა. რადგან ამ დროს ვალდებული ხარ, რომ სიმართლე თქვა და არ უნდა იცრუო, ამ კაცმა ყველაფერი, რაც ჩადენილი ჰქონდა, პადრის უამბო, მერე მორცხვად თავი დახარა და ერთი საქციელის გამხელაზე უარი თქვა. პადრი ჩააცივდა, ნუ გრცხვენია, თქვიო, და ახალგაზრდამაც აღიარა: მე თქვენს ქალიშვილთან მქონდა კავშირიო. რაზეც პადრიმ უპასუხა: მე კი დედაშენთან მქონდა კავშირი, მაგრამ არა უშავს, ორივეს შეგვენდობაო. მოკლედ, ამ ხალხს ბევრი სანაქებო თვისება აქვს.
ერთ დღეს საჰიბი ილჩის მთავარსარდალი ეწვია, თავაზიანად მიესალმა და უთხრა: “მირზა ებრაჰიმ არმანიმ ხელშეკრულების ტექსტი სპარსულად მშვენივრად თარგმნა, ამიტომ თქვენს მბრძანებელთან უშუამდგომლეთ, რომ ლომისა და მზის ორდენით დააჯილდოვონ”. საჰიბი ილჩი, რადგან პირობა ადრევე ჰქონდა მიცემული, დათანხმდა. მეტი ამ დღეებში არაფერი მომხდარა.
12 შავალი (27 სექტემბერი), სამშაბათი:
დილით მთავარსარდალმა თავისი დიდებულები გამოგზავნა და შეგვატყობინა: დღეს ხელშეკრულება და მისი ხელმოწერის აქტი უნდა გავცვალოთო. მისი ბრძანებით, ჩვენი სახლის ჭიშკრიდან მთავარსარდლის სასახლემდე მთელი რუსი დიდგვაროვნები, წარჩინებული მოხელეები, ოფიცრები და ქვეითი და ცხენოსანი სალდათები გამწკრივდნენ. ისინი თავიანთი წესისამებრ უკრავდნენ, მღეროდნენ და მხიარულობდნენ. მთავარსარდალმა საჰიბი ილჩისთან ექვსცხენშებმული სპეციალური კარეტა და დიდებულები გამოგზავნა. ისინი საჰიბის ეახლნენ და მოახსენეს: “მის აღმატებულებას სურს, რომ სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის ბეჭდით დალუქული უზენაესი ხელშეკრულების დედანი, რომელიც თქვენთან ინახება, მასთან წაიღოთ. გზად ჩვენი ხელმწიფის ხელმოწერის აქტსაც ავიღებთ, ორივეს სასახლეში მივიტანთ და გავცვლით”. საჰიბი ილჩიმ, მისი თხოვნის შესაბამისად, ოქროს ჩარჩოში ჩასმული უზენაესი ხელშეკრულების დედანი კარეტაში დააბრძანა და თანამგზავრებთან ერთად მთავარსარდალთან წავიდა. ხალხი დიდი პატივით გვხვდებოდა. შუა გზაზე რუსი დიდებულები შემოგვიერთდნენ და სასახლემდე ერთად ვიარეთ. მისალმების ცერემონიალის შემდეგ მთავარსარდალმა და საჰიბი ილჩიმ ხელშეკრულება და ხელმოწერის აქტები გაცვალეს.
გაცვლის ცერემონიალის დასრულების შემდეგ საჰიბი ილჩის გაახსენდა, ამ დესპოტებმა აზერბაიჯანის ვილაიეთი რა ტყუილუბრალოდ მიითვისეს და რომ ახლაც მათ ხელშია. ამ ფიქრებისგან გული ისე დაუმძიმდა, რომ ყველა იქ მყოფმა შეამჩნია და მისი უგუნებობა ძალიან გაუკვირდათ. მთავარსარდალიც გაოცებული იყო და მიზეზის გარკვევა სცადა. საჰიბიმ არაფერი უპასუხა, ხელმოწერის აქტი აიღო და თანმხლებ პირებთან ერთად სახლში დაბრუნდა. მთავარსარდალმაც ხელშეკრულება აიღო, რუს დიდებულებთან ერთად ეკლესიაში წავიდა და იქ თავისი წესისამებრ ილოცა და ღმერთს მადლობა შესწირა. მერე ისინიც სახლებში დაიშალნენ.
იმ დღეს საჰიბი ილჩი მთავარსარდალთან სადილზე იყო დაპატიჟებული. სამი- ოთხი საათის შემდეგ კარეტა მოვიდა და ყველანი სასახლეში წავიდნენ. საჰიბი და მისი მხლებლები დიდი პატივით მიიღეს. სასახლეში რუსი მღვდლები, პადრი და დიდებულები შეკრებილიყვნენ. ცოტა ხანში მაგიდას მიუსხდნენ. საჰიბის= საგანგებოდ მისთვის მომზადებული საჭმელი მოუტანეს და მაგიდაზე დადეს. ყველა ჭამას შეუდგა. სადილის ბოლოს მთავარსარდალი და სხვა იქ მყოფები წამოდგნენ და სამყაროს მფარველი შაჰინშაჰის სადღეგრძელო დალიეს. ზეიმის აღსანიშნავად ქვემეხიდან 33-ჯერ გაისროლეს და მუსიკოსებმა დაკვრა და სიმღერა დაიწყეს. საჰიბი ილჩი ცოტა ხანს დარჩა, მთავარსარდალს ესაუბრა, მერე სახლში დაბრუნდა და ერთი საათი დაისვენა. მთავარსარდლის ბრძანებით, იმ ღამეს თბილისი და მისი შემოგარენი გააჩირაღდნეს და ფეიერვერკებისთვის ემზადებოდნენ. ქალაქის მთელი მოსახლეობა, ქალი და კაცი, ზეიმობდა და ილხენდა. საღამოს საჰიბი მთავარსარდალთან იყო მიწვეული, ამიტომ დაღამებისას კარეტა მოიყვანეს და ყველანი სასახლეში წავიდნენ. მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ აივანზე გავიდნენ. სასახლის პირდაპირ მოედანზე ფეიერვერკი და კონცერტი გაიმართა. ილუმინაციების საშუალებით ჰაერში ირანის სამეფო გერბი - ლომი და მზე, მის თავზე შაჰინშაჰის დიდებული სახელი და, ასევე, რუსეთის სამეფო გერბი და რუსი იმპერატორის სახელი გამოსახეს. ეს საოცარი სანახაობა, რომელიც შორიდანაც კარგად ჩანდა, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. წარმოდგენის დასრულების მერე ყველანი შებრუნდნენ ოთახში, სადაც როგორც რუსი, ისე სხვა ეროვნების კაცები და ქალები ირეოდნენ. ერთი საათის საუბრის შემდეგ ყველანი წამოიშალნენ და სახლებში წავიდნენ. საჰიბი ილჩიც კარეტაში ჩაჯდა, სახლში დაბრუნდა და დაისვენა.
13 შავალი, ოთხშაბათი - 14 შავალი, ხუთშაბათი (28-29 სექტემბერი):
მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ერთ დღეს მთავარსარდალმა გენერალი ბასანავიჩი მოიყვანა და საჰიბი ილჩის მოახსენა: “ჩვენი ხელმწიფის ბრძანებით, ეს კაცი გზაში თქვენი მეჰმანდარი იქნება და გთხოვთ, მისდამი სითბო და სიყვარული გამოიჩინოთ”. საჰიბიმ უპასუხა: “თუ ის მეგობრობას გაგვიწევს და გზაში კარგად მოიქცევა, ჩვენც სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებთ”. გენერალმა ჩვენი მეგზურობისა და სამსახურისთვის მზადყოფნა გამოხატა და საჰიბი ილჩი სტუმრად დაპატიჟა. შემდეგ საღამოს მთავარსარდლის კარეტა მოვიდა და საჰიბი და მისი თანმხლები პირები წავიდნენ ბასანავიჩის სახლში, რომელიც მის სიმამრს, სახელმწიფოს დიდმოხელეს და ასტრახანის საბაჟოს უფროსს ეკუთვნოდა. იქ შეკრებილი მთავარსარდალი, დიდებულები, წარჩინებული მოხელეები და მათი ცოლები საჰიბის და მის მხლებლებს დიდი პატივით მიეგებნენ. ცოტა ხანში მაგიდას მიუსხდნენ. სუფრა მათი წესისამებრ იყო გაწყობილი. სადილის შემდეგ სტუმრები ერთი-ორი საათი კიდევ დარჩნენ და დაიშალნენ. იმ საღამოს მთავარსარდალმა გვითხრა: თქვენი გამგზავრების დღე ახლოვდება და, თუ რამე საქმე დაგრჩათ, დროზე დაასრულეთო.
15 შავალი (30 სექტემბერი), პარასკევი:
დილით ოთხთვალა და კალიასკა მოიყვანეს და საჰიბი ილჩის მთელი ბარგი, ასევე, მსახურები და ობლები გაუშვეს კარანტინში, რომლის დანიშნულებაზეც ზემოთ უკვე გესაუბრეთ. იქ საჰიბის კარავი გაშალეს, მთელი მისი მოწყობილობა კვამლში გაატარეს და დაკეცეს. საღამოს საჰიბი კარეტით წავიდა€არტილერიის შენობაში, რომელიც მტკვრის პირას, კარავთან ახლოს, იყო და იქ დაბინავდა. ერთი საათის შემდეგ მთავარსარდალი და დიდებულები მოვიდნენ, საჰიბის ახალსახლობა მიულოცეს, ცოტა ხანს სასაუბროდ დასხდნენ და წავიდნენ. ის ღამე ახალ ბინაში გავატარეთ.
16 შავალი (1 ოქტომბერი), შაბათი:
საჰიბი ილჩიმ სახლის გარშემო გასეირნება ინება. თავრიზიდან შიკრიკი აყა ბაბა ბეგი და კიდევ ერთი კაცი ჩამოვიდნენ, რუსი ხელმწიფისთვის მისართმევი თივთიკის რამდენიმე შალი, საუცხოო ფარჩის ქსოვილები და სამი ხალიჩა, აგრეთვე, მისი უდიდებულესობის ბრძანებულებები და წერილები ჩამოიტანეს და საჰიბის გადასცეს. ამ წერილების მიღება ძალიან გაგვიხარდა, რადგან ჩვენს თბილისიდან გამგზავრებას შეეხებოდა. საჰიბიმ მირზა ებრაჰიმი და აყა ბეგი იხმო, მათ წერილების შინაარსი გააცნო და უთხრა: “წადით და ეს ამბავი მთავარსარდალს შეატყობინეთ, იქნებ მასზე იმოქმედოს და ჩვენი გამგზავრება დააჩქაროს”.
მოგვიანებით საჰიბი ილჩისთან მთვრალი მოჰამად ბეგ განჯევი მოვიდა და განაცხადა: ჩემს ხარჯებში, ვფიქრობ, შეცდომააო. საჰიბიმ უპასუხა: “მე ბრძანება გავეცი, რომ რაც გეკუთვნოდათ, მოეცათ”. მაგრამ მოჰამად ბეგი იმდენად უგონოდ იყო, რომ თავხედურად შეეპასუხა. მერე მთავარსარდალთან წავიდა და სასახლის წინ თურქულად აყვირდა: “შენ ... ზავი დადე და ჩვენ ზავი არ დაგვიდია”. მთავარსარდალმა მისი ყვირილი გაიგო და იკითხა: რას ამბობსო? იქ მყოფებმა უპასუხეს: თავის ამხანაგებს უჩივისო. მთავარსარდალმა კაცი გაგზავნა და ის საჰიბისთან წაიყვანეს. როცა საჰიბიმ ეს ამბავი გაიგო, ბრძანა, მოჰამად ბეგი შეეკრათ და ერევნის გავლით თავრიზში გაეგზავნათ. ეს დღე ასე დამთავრდა.
16 შავალი, შაბათი - 23 შავალი, შაბათი (1-8 ოქტომბერი):
ამ დღეებმა მგზავრობის თადარიგსა და მზადებაში გაიარა. საჰიბი ილჩი ხან წიგნს კითხულობდა, ხან კი სახლის გარშემო და მდინარის პირას სეირნობდა. ერთ დღეს მან მთავარსარდლის თხოვნით მინისტრ პალივანიჩს, რომელიც უზენაესი ხელშეკრულების ხელმოწერის აქტის ხელახლა დასამოწმებლად ირანში მიემგზავრებოდა, ირანის სახელმწიფოს თავკაცების სახელზე სარეკომენდაციო წერილები დაუწერა.
პალივანიჩის მიერ აქტის ხელმოწერის და სხვა საკითხების შესახებ ილჩიმ ბევრი ბრძანებულება და წერილი მოამზადა, აყა ბაბა ბეგსა და მის თანამგზავრებს, რაც ეკუთვნოდათ, გადაუხადა და კორესპონდენცია ირანში გაატანა. მეორე დღეს მთავარსარდალი გვეწვია, ახლად ჩამოტანილი ხალიჩები და შალები დაათვალიერა და ძალიან აქო. განსაკუთრებით ერთი ვარდისფერი რეზაიეს შალი მოეწონა. საჰიბი ილჩიმ აჩუქა და მთავარსარდალი ძალიან კმაყოფილი წავიდა.
შემდეგ დღეს საჰიბი კარეტაში ჩაჯდა და საპასუხო ვიზიტით მთავარსარდალთან წაბრძანდა. მთავარსარდალმა უთხრა: “რუსეთის სახელმწიფოს თავკაცებს წერილები მივწერე, რომ თქვენი საქმეები, რაც შეიძლება, სწრაფად მოაგვარონ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე თქვენი მისია წარმატებით დასრულდება და იქიდან კმაყოფილი დაბრუნდებით”. იმავე დღეს მთავარსარდალი საჰიბის პირისპირ შეხვდა და ბარათი მისცა, რომელშიც ეწერა, პეტერბურგში შესვლისას ამ ხალხს პატივისცემით მოექეცითო. მეორე დღეს მთავარსარდალმა სპეციალურად საჰიბის მგზავრობისთვის ნაყიდი და გამართული კარეტა გამოგზავნა. საჰიბიმ ეტლი დაათვალიერა და მის მომყვანებს გასამრჯელო გადაუხადა. სხვა ღირშესანიშნავი ამ დღეს არაფერი მომხდარა.
24 შავალი, კვირა - 25 შავალი, ორშაბათი (9-10 ოქტომბერი):
თბილისიდან გამგზავრების დრო მოახლოვდა. საჰიბი ილჩის ბრძანებით, მეჰმანდარებს, ყალაბეგს, დარუღას, რომელიც, ასევე, ჩვენი მეჰმანდარი იყო, აგრეთვე, კარანტინის ექიმს, დაცვის ოფიცრებს და სალდათებს, მეეტლეებს, მუშებს და ყველას, ვინც თბილისში ყოფნის დროს გვემსახურებოდა, რეზაიესა და ქუშანჯის შალები, არაბული ცხენები, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული, კარავი და სხვა ნივთები აჩუქეს და ყველამ რაც დაიმსახურა, ის მიიღო. საჰიბი ილჩიმ ირანის სახელმწიფოს თავკაცებს პალივანიჩის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის აქტის ირანში წაღების და ჩვენი [პეტერბურგში] გამგზავრების ამბები მისწერა და მისი უდიდებულესობის მსახურს ბაბა ბეგს მისცა. ბაბა ბეგი და მისი თანამგზავრები არაბული ცხენითა და ცოტაოდენი ნაღდი ფულით დაასაჩუქრეს და პალივანიჩის დახვედრის მითითებები გადასცეს. შემდეგ ყუთი, რომელშიც ხელმოწერის აქტი იდო, დალუქეს და პალივანიჩსა და ბაბა ბეგს გაუგზავნეს.
ამგვარად, მეორე დღისთვის, როცა გამგზავრება იგეგმებოდა, ყველაფერი მოგვარებული იყო და თბილისში აღარაფერი გვაყოვნებდა. შემდეგ მთავარსარდალი, გუბერნატორი და სხვა დიდებულები გვეწვივნენ. მთავარსარდალმა განაცხადა: “ჩემი ქვეყნის თავკაცებს თქვენი საქმეების სასწრაფოდ მოგვარების მითითებები გავუგზავნე. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე თქვენი მისია წარმატებით დასრულდება”. მერე ბარათი, რომელშიც ეწერა, პეტერბურგში ამ ხალხს პატივისცემით მოექეცითო, გადასცა და წავიდა. მეორე დღეს ბარგისა და ობლებისთვის თორმეტი ოთხთვალა მოიყვანეს. გზაში ჩვენს დასაცავად გამოყოფილი ოფიცრები და სალდათებიც მოვიდნენ. საჰიბიმ ბრძანა, რომ მთელი ბარგი იმ დღესვე შეეკრათ, ყველასთვის თავ-თავისი ადგილი მიეჩინათ და დაუმთავრებელი საქმეები დაესრულებინათ, რათა ხვალ დილისთვის ყველაფერი მზად ყოფილიყო და მგზავრობა აღარაფერს შეეყოვნებინა.
ამ დღეს საჰიბი ილჩისთან ყაფლან ოღლი და სხვა დიდებულები მოვიდნენ. ვიზიტი ოფიციალური ეტიკეტის მიხედვით წარიმართა და შემდეგ სტუმრები დაიშალნენ. მეტი არაფერი მომხდარა.
26 შავალი (11 ოქტომბერი), სამშაბათი:
დღეს თბილისიდან მივემგზავრებით. შუადღისას საჰიბი ილჩის თბილისის ალანშეფ სარდალი62 და ერევნისა და ასტრახანის საზღვრების მფლობელი გენერალი რტიშჩევი63, ქალაქ თბილისის გუბერნატორი სიმონოვიჩი და სხვა დიდებულები ეწვივნენ. მისალმების ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ [სტუმრებმა] ორი ბოთლი ღვინო ამოიღეს, საჰიბის გზა დაულოცეს და მისი სადღეგრძელო დიდი მოწიწებით დალიეს. ამასობაში სპეციალური კარეტა, რომელიც მთავარსარდალმა საჰიბი ილჩის მგზავრობისთვის შეიძინა, მოიყვანეს და საჰიბი შიგ ჩაჯდა. მისი თანამგზავრები უფრო პატარა ეტლებში მოთავსდნენ და ელჩის კორტეჟი დაიძრა. მთავარსარდალი და მისი მხლებლები ცხენებზე შესხდნენ და გამოგვყვნენ. ცოტა ხნის მგზავრობის შემდეგ მთავარსარდალი შეუძლოდ გახდა და საჰიბის დაჟინებული თხოვნით უკან გაბრუნდა, პალივანიჩმა და სხვა დიდებულებმა კი ორ ფარსახზე მეტ მანძილზე გაგვაცილეს. [ქალაქიდან] ორ ფარსახში მდინარე მტკვრის პირას დაახლოებით 2000 სალდათი დაბანაკებულიყო და გზას იცავდა. იქ ცოტა ხანს გავჩერდით და ჩაი დავლიეთ. მუსიკოსები მოვიდნენ და ჩვენთვის დაუკრეს და იმღერეს. მათ რამდენიმე აშრაფი აჩუქეს.
მეჰმანდარი ბასანავიჩი საჰიბი ილჩის კარეტაში ჩაჯდა და მათ გზა ერთად გააგრძელეს. გზა სულ მდინარე მტკვარს მიუყვებოდა. თბილისიდან სამი ფარსახის გავლის შემდეგ მივედით პატარა ციხე-ქალაქში, რომელსაც მცხეთას ეძახიან. ძველ დროში ის საქართველოს დედაქალაქი იყო. მცხეთასთან მდინარე ყარაყალხანი64 უერთდება მდინარე მტკვარს, რომელიც მასზე ორჯერ უფრო წყალუხვია. ამ ციხე-ქალაქში დიდი ეკლესია დგას. მცხეთაში დაახლოებით ორმოცი კომლი სომეხი ცხოვრობს. ქალაქთან ახლოს მდინარეზე ხიდია აშენებული და მასზე გადადიან. როგორც გვითხრეს, ეს ეკლესია ემირ თემურის65 შემოსევების დროს დაინგრა და სამოთხის მკვიდრ შაჰ აბასის66 დროს, მას შემდეგ, რაც ქართველებმა ხაზინაში ხარკი გადაიხადეს, მისი აღდგენის ბრძანება გაიცა.
ერთი-ორი ფარსახის გავლის შემდეგ მივადექით ლამაზ მინდორს, რომლის ფართობი ორი კვადრატული ფარსახი იქნებოდა. ამ მთასა და კორომს ქართულად ღართისკარს ეძახიან. იქაურობას დაახლოებით ორასი სალდათი იცავდა. რადგან კარავი და ბარგი ჯერ არ ჩანდა, ბასანავიჩის ცოლი, ცოლისდა და სხვები, რომლებიც მოზდოკამდე ჩვენთან ერთად მგზავრობდნენ და იქიდან ასტრახანში მიდიოდნენ, გზის პირას ჩამოხდნენ და ბანაკი მოაწყვეს. მათი დაჟინებული თხოვნით საჰიბი ილჩი ეტლიდან გადმოვიდა და ჩაი მიირთვა. მერე კარავი გაშალეს და იქ შევისვენეთ. ეს ადგილი თავიდან ბოლომდე 4,5 ფარსახი თუ იქნება. ის ქართლის რეგიონს ეკუთვნის და ქართველებს უკავიათ. ღართისკარში გაირკვა, რომ ტვირთი და ობლები თორმეტ ოთხთვალაში ვერ ეტეოდნენ, რაც ჩვენი შეფერხების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. გენერალმა ბასანავიჩმა ორი ოთხთვალა დაგვიმატა და დავმშვიდდით. ის დღე და ღამე იმ ადგილას გავატარეთ.
62. ალანშეფ სარდალი (alanshef sardar) - (ფრ. სიტყვიდან enchef - მთავარი) - რუსეთში პეტრე I- ის მერე ასე ეძახდნენ მთავარსარდალს.
63. გენერალი ნ.თ. რტიშჩევი (1754-1835) 1812-16 წლებში კავკასიის მთავარმართებელი იყო.
64. სეფიანთა დროში და შემდგომაც მდინარე არაგვს ყარაყალხანს ეძახდნენ.
65. იგულისხმება შუააზიელი მხედართმთავარი ემირ თემურ გურაქანი, იგივე თემურლენგი (1336-1405).
66. შაჰ აბასი - სეფიანთა დინასტიის მეხუთე მეფე (1587-1629).
27 შავალი (12 ოქტომბერი), ოთხშაბათი:
დილით ღართისკარიდან წამოვედით და გეზი დუშეთისკენ ავიღეთ. იქამდე ოთხი ფარსანგია. გზაზე ბევრი აღმართ-დაღმართი შეგვხვდა. დუშეთის ახლოს ღვთივკურთხეული მდინარე მოედინება. აქ კარგი შენობები დგას. საქართველოს მეფის მმართველობის დროს მისი ერთ-ერთი ვაჟი67 ამ ციხე-ქალაქში დასახლდა და ის ყარაყალხანის68 დედაქალაქად აქცია. ახლა მას შვიდი-რვა სოფელი აკრავს. ციხის ახლოს სომხების ასამდე კომლი ცხოვრობს და ასორმოცდაათი დუქანი დგას.
იქაურობა დავათვალიერეთ და გზა განვაგრძეთ. ორი ფარსანგის (ანუ დღეს დილიდან ექვსი ფარსანგის) გავლის შემდეგ სოფელ ანანურში შევედით. ანანურის კომენდანტი ანუ ციხის უფროსი ორასი სალდათის თანხლებით გამოგვეგება. ეს სოფელი ოთხი მთის ქვაბულშია მოქცეული. იქვე მოედინება პატარა მდინარე, რომელშიც ძალიან გემრიელი წყალია. ანანურში პატარა ციხე და ეკლესია დგას და სომეხი და სხვა ეროვნების ასამდე კომლი ცხოვრობს. კომენდანტმა საჰიბი ციხის გარეთ მდებარე თავის სახლში დაპატიჟა. საჰიბი მასთან ერთი საათი დარჩა, მაგრამ რადგან ცუდი ამინდი იყო, ბასანავიჩმა გაუარა და მინდორში გაშლილ კარავში მიიყვანა.
ამასობაში აყა ბეგი მოვიდა და საჰიბის განუცხადა: „მთავარსარდლის ცოლის ხაზინადრებისა და მსახურებისთვის თივთიკის შალების ჩუქება დაგავიწყდათ. მე ერთი კაცი მახლავს, იმას მიეცით და წაუღებს”. საჰიბიმ უპასუხა: “მე მთავარსარდლის ცოლის მსახურებსა და ხაზინადრებს არ ვიცნობ და არავითარ შემთხვევაში მათ შალებს არ მივცემ”. აყა ბეგი იმედგაცრუებული გაბრუნდა. გაჩერება გამოაცხადეს და ჩვენც დასასვენებლად შევჩერდით.
67. იგულისხმება მეფე ერეკლეს ვაჟი ალმასხან (ვახტანგ) ბატონიშვილი (1762-1814), რომელსაც 1782 წელს მეფე ერეკლემ საუფლისწულოდ გადასცა მთიულეთისა და არაგვის საერისთავო. რეზიდენცია ჰქონდა დუშეთში.
68. იგულისხმება არაგვის ხეობის მიმდებარე რეგიონი.
28 შავალი (13 ოქტომბერი), ხუთშაბათი:
გამთენიისას ანანურიდან წამოვედით და კაიშაურისკენ გავემართეთ. იქამდე რვა ფარსანგია. ოთხი ფარსანგის გავლის შემდეგ სოფელ ფასანაურში შევედით. აქ რუსებს სანგრები და ფაცხები აუშენებიათ, რომლებშიც სალდათები ცხოვრობენ. ეს ადგილი ყარაყალხანის რეგიონს ეკუთვნის.
ფასანაურში გავჩერდით, ვისადილეთ და გზა განვაგრძეთ. გზას მარცხნიდან მთელ გაყოლებაზე მაღალი მთები აკრავს. აქ უამრავი ხეა, რომელთა სიმაღლე 40-50 ზარ‘ს აღწევს. მარჯვნივ მოედინება მდინარე ყარაყალხანი, რომელსაც მეორენაირად არაგვს ეძახიან. ამ მდინარის წყალი ძალიან გემრიელია. გზაზე ბევრი მთა და ხევია. მდინარეზე რამდენიმე ადგილას ხის ხიდია აშენებული და მასზე გადადიან. ხიდის თავში მდგარ ხის სახლებში რუსი გუშაგები არიან. გზის მარცხნივ კახეთის, ხოლო მარცხნივ ქართლის რეგიონია და მათ ერთმანეთისგან 130-140 ზარ‘ი სიგანის ქედი ყოფს. მთა ორგან, დაახლოებით 100 ნაბიჯის ინტერვალით, გაბურღულია და შიგ გვირაბია გაყვანილი. გვირაბის სიგანე 12 ნაბიჯამდეა, ხოლო სიგრძე 100 ნაბიჯს აღწევს. მიწის პირიდან მთის წვერამდე 4-5 ზარ‘ი თუ იქნება. ამ ადგილს მაქსიმუმ 20 არტილერისტი თუ გაივლიდა, თორემ ორასათასიანი ჯარი ნამდვილად ვერ დაეტეოდა.
ღმერთმა და მისმა მოციქულმა დასწყევლოს ის ხალხი, ვინც რუსებს აქაურობის გზა ასწავლა. მთების ძირში უზარმაზარი მდინარე მოედინება და, გარდა ამ ორი გვირაბისა, აქაურობას სხვა ვერსაიდან ვერ მიუდგები. მოკლედ, ეს გზა დიდი წვალებით გავიარეთ, ერთ სოფელში გავჩერდით და დილამდე იქ დავრჩით. მეორე დღეს გზა განვაგრძეთ და სხვა სოფელში შევედით.
29 შავალი (14 ოქტომბერი), პარასკევი:
დილით ბასანავიჩმა და აყა ბეგმა გამოაცხადეს: “დღეს ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი, ამიტომ ჩვენ ცოტა მოვიცადოთ და ბარგი წინ გავუშვათ, რომ შემდეგ პუნქტში ჩქარა ჩავიდეთ”. საჰიბიმ ბარგი გაგზავნა, თავად კი ცოტა ხანი შეიცადა და ჩაი მიირთვა. მერე გზა განვაგრძეთ და სოფელ კობში შევედით. ამ სოფლამდე 3 ფარსახია და გზა შემდეგნაირია: მარჯვნივ მთა გადაჭრილია და ზედ გზაა გაყვანილი. დაახლოებით ორი ფარსახი აღმართში მიდიხარ და მას ბოლო არ უჩანს. გზის ორსავე მხარეს იალბუზის მთებია, რომლებიც ისეთი მაღალია, რომ თვალს ვერ შეაწვდენ. ის შავი ზღვიდან იწყება და ქაბულამდე გრძელდება. ამ მთებს შორის მოედინება მდინარე თერგი, რომელიც მოზდოკში ჩადის. მთიდან ნაკადულები გადმოდის და მდინარეში ეშვება. მდინარესთან ახლოს ორ-სამ ადგილას წყაროს წყალი შადრევანივით გადმოჩქეფს. ეს წყალი მჟავე და შუშხუნაა და, მდინარის გემრიელი წყლისგან განსხვავებით, უცნაური გემო აქვს. აქაურობა გავიარეთ და მივადექით ერთ მაღლობს, საიდანაც გაშლილი სივრცე და მინდვრები მოჩანს. მარცხნივ ღრმა ხევია, რომლის ძირშიც მდინარე მოედინება. ეს გზა მთაში ადის და ადგება ხის ხიდს, რომელზეც სალდათები, გუშაგები და არტილერიაა თავმოყრილი. მთის წვერზე ციხე-სიმაგრეა აღმართული. ამბობენ, რომ ის დარიოსის69 აგებულია. ძალიან, ძალიან მიუვალი ადგილებია და რამდენიმეათასკაციანი ჯარის შეკავებას ათი გუშაგიც კი მოახერხებს, რადგან გზა არ არის. წინ მაღალი მთა და მდინარეა, გარშემო კი - იალბუზის მთები. ცოტა ხანში კაიშაურის სოფლებს მივადექით. ერთი რიალის ცხვარი ერთ თუმნად ვიყიდეთ, მინდვრის პირას დავსხედით, ვისადილეთ და გზა განვაგრძეთ. მარჯვნივ უამრავი სოფელია და შიგ კერპთაყვანისმცემელი რუსები ცხოვრობენ. დაახლოებით 10-20 ათასი კომლი იქნება. რამდენიმე ადგილას რუსი სალდათები დგანან და ორგან არტილერიაც შევნიშნეთ. მიუხედავად მთების, უღელტეხილების, ბორცვებისა და ხევების სიმრავლისა, აქ, კაიშაურისგან განსხვავებით, ტყე არ არის და საწვავი შეშა ცოტაა, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ის წინა სოფლიდან მოაქვთ.
ამ რეგიონის რუსები, 10-20 ათასი კომლი, სხვადასხვა ჯურის ხალხისგან შედგება, მაგრამ ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს და იალბუზის შემოგარენში ცხოვრობს. ამ მთიდან უამრავი ნაკადული გადმოდის და მდინარეში იღვრება. კობში შედარებით ცოტა სალდათი და არტილერია იყო. ის დღე და ღამე კობში გავატარეთ და მეორე დღეს ლარსისკენ გავემართეთ.
69. ავტორი ძველი სპარსეთის მეფე დარიოს პირველს (522-486) გულისხმობს.
1229 წლის 1 ზუ ლ-კადა (1814 წლის 15 ოქტომბერი), შაბათი:
დილით სოფელ კობიდან წამოვედით და გავემართეთ ლარსისკენ, რომელიც აქედან 6 ფარსანგში მთის წვერზე მდებარეობს. გზა გუშინდელივით იალბუზის მთებში მიდის და გარშემო ბევრი გორაკი და ხევია. რამდენიმე ადგილას მთა დენთით აუფეთქებიათ და შიგ 10 ზარ‘ი სიგრძის გზა გაუყვანიათ. შუა გზაზე ერთ სოფელს მივადექით, რომელსაც ყაზბეგს ეძახიან. აქ მცხოვრები გენერალი და მისი სალდათები გამოგვეგებნენ. ეტლებიდან გადმოვედით, ჩვენთვის მომზადებული სადილი შევჭამეთ და გზა განვაგრძეთ. გენერალმა ცოტა გაგვაცილა და სახლში დაბრუნდა.
მთა კიდევ რამდენიმე ადგილას გაეჭრათ და ზედ გზა გაეყვანათ. ამ სამუშაოებს მართლაც რომ დიდი ოსტატობა და ხარჯები დასჭირდებოდა. ცოტაც გავიარეთ და მივადექით მდინარეზე გადებულ ხის ხიდს, რომლის სიგანე 7, ხოლო სიგრძე 15 ზარ‘ი იქნებოდა. ხიდის თავში უამრავი სალდათი იდგა. მარცხენა მხარეს ბევრი სოფელია, სადაც რუსები და ქართველები ცხოვრობენ.
მთის წვერზე ეკლესიაა აღმართული. ხის ხიდზე გადავედით. რამდენიმე ადგილას მთა გადაჭრილია და 30-40 ზარ‘ი სიგრძის გზაა გაყვანილი, რომელზეც ცხენოსნები, ქვეითები და კარეტები გადადიან. აქ მართლა დიდი სამუშაოებია ჩატარებული.
უწინ ამ ადგილებში უამრავი ხის ხიდი იყო, მაგრამ რუსებმა ოთხთვალების სასიარულოდ ძველი ხიდები მოშალეს, მთები გაჭრეს და ზედ გზები ააშენეს და ახლა ეს ერთი ხიდიღა დარჩა, რომელიც ძალიან მყარია.
შუა გზაზე ერთი სოფელია, რომელსაც კალთას ეძახიან. ის საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. ამ უღელტეხილით საქრთველოს ტერიტორია თავდება. წინა დღეს გავლილი ადგილებისგან განსხვავებით, აქ მთები ტყით არის დაფარული. იალბუზის შემოგარენში და ამ გზაზე მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა - ოსები, ჩერქეზები და ჩეჩნები - რუსებს თავს ესხმის, ძარცვავს და მათ ქონებას იტაცებს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა რუსები დახოცეს, ცოცხლები კი ტყვედ აიყვანეს.
უკვე 14-15 წელია, რაც რუსები ამ მხარეში მოვიდნენ და აქ დასახლდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს, რომ ამ გზაზე გავლა უსაფრთხო იყოს. ახლა რუსებმა დააწესეს, რომ კავკასკაია ლინიაზე70 მოძრავი ქარავნები და მოგზაურები კვირაში ორჯერ მოზდოკში იკრიბებიან, კარგად შეიარაღებული სალდათები მათ ამ გზაზე აცილებენ და მერე თავიანთ ადგილს უბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა ზემოხსენებული ხალხები გამვლელებს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ატყვევებენ. დაცვის გარეშე ამ გზაზე ჩაფარიც კი ვერ დადის. ჩვენს კორტეჟს 300-400 სალდათი და 4 ქვემეხი აცილებდა და იცავდა და გუშაგების მეთვალყურეობის გარეშე ერთი წუთითაც არ ვრჩებოდით.
ჩვენ წინ მიმავალ სასაჩუქრე სპილოებსა და ცხენებსაც შეიარაღებული სალდათები მიჰყვებოდნენ. მაგრამ, მიუხედავად გამცილებლების დიდი რაოდენობისა და კარგი შეიარაღებისა, რუსები ამ ხალხის წინაშე უძლურები არიან და მათგან საშველი არ არის.
70. კავკასიის ხაზი (Кавказская линия) იყო XVIII-XIX საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი თავდაცვის ნაგებობათა სისტემა, რომელსაც რუსები თურქებთან და მთიელებთან საბრძოლველად იყენებდნენ. ის აერთიანებდა ყიზლარის, მოზდოკის და სხვა ხაზებს და შედგებოდა ციხე-სიმაგრეების, სტანიცების, ფორტების და საგუშაგოებისაგან. 1832 წელს ჩამოყალიბდა კავკასიის კაზაკთა ჯარი (Кавказское линейное казачье войско), რომელიც ამ გზაზე მოსიარულეებს იცავდა. მაგრამ როგორც ტექსტიდან ჩანს, ამ ჯარის ჩანასახი ჯერ კიდევ 1814 წელს არსებობდა.
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანიკომენტარებიდა გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება,კომენტარები)

Комментариев нет:

Отправить комментарий