понедельник, 28 мая 2018 г.

სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება (ბასილი ზარზმელი)

ოცდაცხრა ოქტომბერს
ჩვენი ღმერთშემოსილი ნეტარი მამის, სერაპიონის, ცხოვრება და მოქალაქეობა
1. მართლაც მეტად მშვენიერი, მრავალსაწადელი და საღვთო ქებისა და ბრწყინვალედ ხოტბის შესხმის ღირსნი არიან ღვთის მოყვარულნი და მისი საღვთო მცნებების აღმსრულებელნი, რადგან თვით ჩვენი მეუფე და ღმერთი ნეტარყოფს მათ სახარებისეულ ბრძანებულებებში, ამბობს რა: ‘ნეტარ იყვნენ სულით გლახაკნი” (ასეთივეა შემდეგ და შემდეგ ყველა სხვა ნეტარება), ამასთან ნეტარებათა დაბოლოებას, როგორც რამ ბრწყინვალე ძღვენსა და გვირგვინს, წინ დაუდებს მათ და ამას მიჰმადლებს გარჯილობათა საზღაურად, ეტყვის რა: ‘გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან თქვენი საზღაური დიდია ცათა შინა”, და სხვა ადგილას ამბობს: იმაზე ნუკი იხარებთ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებათ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები აღწერილია ცათა შინა”; და კიდევ, ღვთის მამა დავითი ამბობს: ‘ამისთვის გაიხარა ჩემმა გულმა და გალობდა ჩემი ენა”, და: ‘როგორც შენდამია ყველა მხიარულის მკვიდრობა”, ხოლო ეს სიხარული მოდის იმ საღვთო ნეტარებიდან, რასაც იგივე წინასწარმეტყველი ფსალმუნთა დასაწყისში ადამიანის ნეტარებად წერს, ადამიანისა, ‘რომელიც არ მიდის უღმრთოთა გზაზე”; და კიდევ: ‘ნეტარნი არიან უბიწოები, მავალნი უფლის სჯულის გზაზე”, და ყოვლადბრძენი მამის ყოვლადბრძენი ძე სოლომონი ამბობს:‘ნეტარია ის ადამიანი, რომელმაც შეიძინა გონიერება, და ის მოკვდავი, რომელმაც ჰპოვა ცოდნა”, ხოლო ეკლესიის ოქროიადონი პავლე ამბობს: ‘გიხაროდეთ მარადის უფლის მიერ და კვლავ გეუბნებით: გიხაროდეთ”, რადგან თქვენი სარწმუნოება სამარადისო ნეტარებას მოგიპოვებთ თქვენ. აი, ამ იმედით განმტკიცებულმა ძველი და ახალი აღთქმის წმინდანებმა ისწავლეს მოთმინება და ისინი სარწმუნოებით რბოდნენ ზეციური ხმობის გვირგვინისკენ, როგორც ამბობს ამას იგივე პავლე, ქრისტეს პირი: ‘რადგან სარწმუნოება მისდამი მსასოებელთა საფუძველია, დაუნახავ საქმეთა გამომააშკარავებელია, რადგან ამაში მიიღეს დასტურყოფა უხუცესებმა”, რომლებიც საღვთოდ გაბრწყინდნენ ძველსა და ახალ აღთქმაში, რადგან ისევე როგორც ერთი უხვად ამომჩქეფარე წყაროდან ბევრი ყვავილნარი, ბაღი და ნაირგვარ მცენარეთა სიმრავლე ირწყვება, ასევე საღვთო მადლისა და საბოძვარისგან სათითაოდ მიეფინება ყველას მადლთა განფენა, როგორც ხმობს ამას იგივე პავლე: ‘მადლთა განფენანი არისდა ენათა გვარეობანი. და კვლავ ამბობს იგი: პირველად მოციქულები, შემდეგ კი მწყემსები, მოძღვრები და მამები დადგინდნენ”, რადგან შემდეგ და შემდეგ არ შეამცირებს სულის მადლი ემბაზის შვილთა აღმოშობას, როგორც ამბობს ამას სიტყვა: ‘მოიმოწაფეთ ყველა წარმართი და მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულის სახელით”, და: ‘აჰა, მე თქვენთან ვარ” (და მომდევნო), და სხვაგან: იზარდეთ, გამრავლდით და აავსეთ მიწა”; და კიდევ, მოციქული ამბობს: ‘იესო ქრისტე გუშინ და დღეს, და თავად იგი არის უკუნისამდე”, რომელმაც ახლაც ამოაბრწყინა ამ ახალ მნათობთა ელვაცისკროვნების მსგავსი რამ წმინდა ეკლესიის ახალ სამყაროში, რომ მთიებისებრ ბრწყინავდნენ ისინი მთელი ქვეყნის წინაშე და ყველა მოწადინის გულს საღვთო მოქალაქეობის ბაძვისკენ აღძრავდნენ, რადგან აჰა, ღვთის განზრახულებით ჩვენს დროშიც გამოჩნდნენ ახალი მნათობები, - მოძღვრები და მასწავლებლები, - როგორც ძველ აღთქმაში ელია და იოანე, მათ შემდეგ კი: პავლე თებელი, დიდი ანტონი, მაკარი, ექვთიმე, საბა და გერასიმე (ან კი რად გვინდა თითოეულად დასახელება?) - ყველანი, მათი მსგავსნი და მბაძველნი, რომლებმაც წადიერად განვლეს ვიწრო და ძნელი გზა, მიმყვანი ზეცის ქალაქამდე, რომლის ხუროთმოძღვარი და შემქმნელი ღმერთია.
ხოლო ამბობენ ზოგიერთები, რომამ ჩვენს დროში აღარავის შეუძლია პირველ მამათა მსგავსება, რადგან საღვთო რამ განგებით მიფარულია ეს, მაგრამ შენ ისმინე გულმოდგინედ, საყვარელო, იმის შესახებ, ვისთვისაც ახლა სიტყვაა აღძრული, რამეთუ ყოველგვარად მიემსგავსა იგი ამ წმინდა მამებს. ესაა ყოვლადბრწყინვალე და ზეციური ხმობის ღირსი ყოვლადწმინდა მამა და მოძღვარი, ნეტარი სერაპიონი.
მხოლოდ ნაწილობრივ ვისაუბრებთ მისი ცხოვრებისგან შენაკრებთა შესახებ, აღწერითი თხრობის სახით, რომ მოვახსენოთ ეს ყოველივე თქვენს სიწმინდეს, მოყვარულს საღვთოთა შესახებ სმენისა, - ჰოი პატიოსანო და საღვთო კრებულო, მწყობრი განლაგებით ზეციურ დასებს მიმსგავსებულო, - თქვენ, რომლებიც ხმობილნი ხართ მის მიერ ნამუშაკევ კარავთა მემკვიდრეებად, დიდი ზარზმის უდაბნოს მღვდელნო და მამანო, რომლებსაც კარგი წილი გხვდათ - ეს დიდი მნათობი, მამა მამათა, მოძღვარი და მასწავლებელი - რათა გვესმოდეს მისი სწავლებანი, მისი საღვთო საქმენი და ღვწანი და ვადიდებდეთ ზეცათა მამას, როგორც ამბობს უფალი: ‘ასე ბრწყინავდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რომ იხილონ მათ თქვენი კარგი საქმეები” (და მომდევნო). მაგრამ გვმართებს ჩვენ, ძმანო, რომ ჩვენც შეძლებისდაგვარი მბაძველობა გამოვიჩინოთ ამ დიდი მოძღვრისა და მწყემსის მიმართ. ახლა კი გულმოდგინედ და შრომისმოყვარედ ვისმინოთ მისი მეტად საწადელი ვრცელი ცხოვრების და ამჟამინდელი აქ შემოკრებილობის ეს მცირედსიტყვისმიერი გამოხატვა; ამასთან, ცრემლით ვევედრები თქვენს სიყვარულს მე, ყოვლადუღირსი, რომ თანაუგრძნოთ ჩემს უძლურებას, რათა უსიტყვოთა სიტყვიერმყოფელი და უძლურთა გამაძლიერებელი სიტყვის მიერ მომეცეს ღირსეული სიტყვა ჩემი პირის გახსნისას, რადგან შეუდგება სიტყვა დაწყებას მისი ცხოვრებისას.
2. ეს ნეტარი და ყოვლადქებული სერაპიონი დაიბადა კლარჯეთის ქვეყანაში ღირსეული მშობლებისგან, რომლებიც პატიოსნად და უბრალოდ ცხოვრობდნენ, თავს ირჩენდნენ შრომით და მიწის დამუშავებით. ისინი თავისი ნაშრომისგან უხვად აპურებდნენ გლახაკებს, უძლურებს შეძლებისდაგვარად ხელს უმართავდნენ და სიმშვიდით და სიმდაბლით მყოფობდნენ, მსგავსად საწინასწარმეტყველო სიტყვისა: ვის მივხედავ, თუ არა მშვიდსა და მდაბალს? (და მომდევნო).
ნეტარი სერაპიონის მამას ერქვა კვიპრიანე, ხოლო მისი დედის სახელი არ ვიცით, თუმცა არა რაიმე უკეთურსახეობის გამო, არამედ დროჟამისგან დაფარვის მიზეზით, ვინაიდან დაუშვებელია, რომ ამგვარი ნაყოფის გამომღები უსახურად და უგვანად დაღუპულიყო, როგორც ამბობდა უფალიც: ‘არ ძალუძს კარგ ხეს უკეთური ნაყოფის გამოღება”.
ასე რომ, ნეტარი სერაპიონის დედა სახელმოუხსენებლად მიეფარა ამ სოფლიდან, მას შემდეგ, რაც სინათლეზე გამოიყვანა მან ეს წმინდა ნაშობი, თავის ორ ძმასთან ერთად, რომელთაგან ერთი უფროსი იყო, ერთი - უმცროსი (რომლის ხსენება მრავალგზის მოუწევს სიტყვას), რადგან შვა რა მან ეს სამი ნაშობი და გაიხარა შვილიერებით (როგორც წერს მეფსალმუნე: დედა შვილთათვის მოხარული”), თვით იგი, ამათი სინათლეზე გამომყვანი, წარუვალი სინათლისკენ მიიქცა.
ხოლო უმცროსი ძე იოანე დარჩა სრულიად ჩვილი და აუმეტყველებელი. იგი გაზარდა მისმა მამამ კვიპრიანემ, როგორც შეჰფერის ეს შვილთმოყვარე მამას, თუმცა არცთუ ბევრი წლის შემდეგ აღესრულა ამ ნეტართა მამაც და მიიცვალა იგი ღვთის წინაშე, კარგი სიბერით დამშვენებული, სამივე ბავშვი კი დარჩა, ბაბილონელი ბავშვებივით, სიღარიბის ალში შეცვენილი.
მაგრამ აქ სიტყვას განზრახული აქვს მცირედით სხვა მხარეს გადასვლა, რომ უფრო მეტად წარმოჩნდეს ამ კარგი ნერგების ნაყოფთაღმომაცენებლობა და ამის შემდეგ, კიდევ, არა მხოლოდ ასწილად, არამედ უფრო მეტადაც რტოგადაშლით მათი გადაფენილობა ოცდაათეულად, სამოცეულად და ასეულად, რომ თხრობის დასასრულს შეიცნოთ, თუ როგორი ტკბილი და მშვენიერი მტევანი დამწიფდა მათი მოძღვრების ნამუშაკევთაგან.
3. მაგრამ ახლა დიდ უდაბნოთა და მონასტერთა შესახებ გვმართებს მოხსენიება, კერძოდ, თუ როგორ მოხდა მათი აშენება ანდა ვინ იყვნენ მაშენებლები (პირველად - საღვთო სული და მადლი, შემდეგ კი - მის მიერ აღძრული წმინდა მამები), რადგან როდესაც აშენდა წმინდა და დიდი უდაბნო ოპიზა მონაზონთა მიერ, რომლებსაც ერქვათ: ამონა, ანდრია, პეტრე და მაკარი, ამის შემდეგ აქედან მოვიდა ის, ვინც საღვთო უწყებით ააშენა მცირე ეგვტერი და ცოტა ძმის შესაკრებელი კლდოვან და ადამიანთაგან გაუვლელ ადგილას, რომელსაც პარეხს უწოდებენ (ხოლო ეს გადმოცემა მამებიდან არის მოსული ჩვენამდე, რომ მისი ამშენებელი იყო მიქაელი, მაღალ და დიდ სასწაულთა და ნიშთა მოქმედი, რომელიც იყო მოწაფე დიდი და საკვირველთმოქმედი შიოსი, ქართლის მხარეში რომ ბრწყინავდა ცისკრის ვარსკვლავისებრ).
ამ ნეტარი მიქაელისკენ გაემართა ყოვლადბრძენი სერაპიონი (რომელსაც თან ახლდა ასაკით პატარა ძმა), რადგან სწორედ მას, დიდ მიქაელს, როგორც სულთა მამას და ობოლთა გამზრდელს, შეავედრა მან თავისი თავი, თუმცა ნეტარ მიქაელს სხვა მოწაფენიც ბევრი ჰყავდა, სათნოებით სრულნი და ბრწყინვალენი. კერძოდ, ისევე როგორც ჰყავდა დიდ ანტონის ილარიონი და მაკარი, ასევე ჰყავდა მიქაელს ბასილი და მარკელაოზი. აი, ამათთან შერთო მან ნეტარი სერაპიონი ძმასთან ერთად და ჩარიცხა ისინი მოწაფეთა დასში (რაც შეეხება სერაპიონის უფროს ძმას, იგი, ამქვეყნიური წესისამებრ, დაეუფლა მამისეულ სამემკვიდრეოს და იგივე მადლი შეიტკბო - უცხოთა და გლახაკთა მოვლა-პატრონობა).
ამის შემდეგ, როდესაც მოვიდა დრო, ჩვენი წმინდა მამა, როგორც ღირსი, მიქაელის ბრძანებით მღვდლობის პატივით სრულიქმნა და გახდა საღვთო საკურთხევლის ღირსეული მსახური, ხოლო ამ ყოვლადსახელგანთქმულმა და დიდ საკვირველებათა მოქმედმა მიქაელმა აღზარდა ისინი და აიყვანა სათნოების სრულქმნილებამდე, რადგან ხედავდნენ მის საღვთო მოღვაწეობას და მის მიერ აღსრულებულ დიდ ნიშებსა და სასწაულებს, რაც მისი სიკვდილის შემდეგ აღწერეს მისმა მოწაფეებმა. და ხედავდნენ რა ამ ყოველივეს ეს წმინდანები, დახელოვნებულ მხატვართა მსგავსად კარგ მაგალითად ჭვრეტდნენ მას და მისეულ მადლთა შეძენით მისვე სწავლებათა საფუძველზე აშენებდნენ არა ლერწამ-ბალახს, არამედ ოქროს, ვერცხლს და ანთრაკის თვლებს. ამასთან, მისგან შეყვარებულნი იყვნენ როგორც მისეულ სწავლებათა კარგად შემთვისებლები.
აი, ამგვარი ღვწით დაჰყვეს მათ დიდი ხანი მის წინაშე და ყოვლითურთ მისი მბაძველნი გახდნენ.
4. მაგრამ გვმართებს ჩვენ, რომ ამბის დარჩენილი ნაწილი გულმოდგინედ მოვისმინოთ და ვთქვათ, თუ როგორ მოაღწიეს მათ სამცხის ქვეყნის მხარეებში.
რამეთუ როდესაც იყო დიდი მამა და მოძღვარი მიქაელი ღამის ლოცვაზე დამდგარი, რაღაც გაუცნაურება დაემართა მას, ატაცებულ იქნა ზეცად და იხილა ვიღაც, სამღვდელო ღირსებისამებრ შემოსილი, რომელიც ეუბნებოდა მას, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე, დაუყოვნებლივ გაეგზავნა სამცხის მხარეში, ამასთან უჩვენებდა რაღაც ნიშნებსა და სიმბოლოებს იმისას, თუ რომელ ადგილას უნდა მისულიყვნენ ისინი, ხოლო როდესაც მივიდოდნენ და იპოვიდნენ აღნიშნულ ნიშანს, იქ დაეწყოთ მონასტრის აშენება და შეეკრიბათ მასში მრავალი სული სადიდებლად ღვთისა და ყოველთა მეუფისა.
ეს ხილვა აქამდე იყოს.
როდესაც მოეგო გონებას წმინდანი, რომელსაც მრავალი საღვთო ნიში ჰქონდა ნანახი, მოუხმო ხსენებულ წმინდანებს და მჭმუნვარე სახით უთხრა სერაპიონს: ‘საყვარელო შვილო და ქრისტეს მიერ ძმაო სერაპიონ! ძალიან მძიმედ მეჩვენა ეს ბრძანება, რადგან სულს ძალიან უყვარს თანშეზრდილობა და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც საღვთო სიყვარულით არიან შეკავშირებულები. ახლა, რადგან საღვთო ბრძანებაა ეს, უნდა წახვიდე აქედან და ააშენო სულთა მოსავლელ-საპატრონებელი ადგილი, სადაც გიჩვენებს შენ ღმერთი”. გაიგონა რა წმინდანისგან ეს, სერაპიონი მის ფერხთით დაეცა და კარგა ხანს უხმოდ იყო დაწოლილი, მაგრამ წმინდანმა მოჰკიდა ხელი, წამოაყენა და უთხრა: ‘გამხნევდი, შვილო, რადგან შეუძლებელია საღვთო ბრძანებასთან მცირედითაც დაპირისპირება და ესეც ბრძანებაა, რადგან ის, ვინც გეუბნებოდა, რომ მარტოოდენ ჯვარი გეტვირთა, იგივე გეუბნება, რომ იტვირთო მისი განკაცების ცხოველი ხატი და ასე წახვიდეთ, რათა წმინდა ეკლესიის აშენების შემდეგ მასში აღმართოთ იგი თაყვანსაცემად, აგრეთვე სნეულებათა და უძლურებათა განმდევნელად და მრავალი სულის გამოსახსნელად”.
როდესაც ამგვარი ბევრი მოისმინა წმინდა სერაპიონმა, პასუხის ნაცვლად ცრემლთა სიმრავლე გადმოადინა და უთხრა: ‘თუ ეს გესათნოება შენ, მამაო, ევედრე ღმერთს ჩემთვის, რომ არ გამაშოროს შენს წმინდა კრებულს და რომ მარადის ვხედავდე შენს წმინდა სახეს”. მან კი მიუგო და უთხრა: ‘იმისათვის, რომ არ დააკლდე მორჩილთა საღვთო გვირგვინს, ამის შემდეგ შეაჩერე შეპასუხებანი და მოამზადე შენი ძმა იოანე და ამ ძმათაგან ოთხნი”. ამასთან, აუწყა იმ ადგილის რამ ნიშნები, რომ ადვილად ეცნოთ ის ადგილები, რომლის აშენების ბრძანება ჰქონდა მიღებული. თან ესეც უთხრა: ‘იცოდეთ, შვილებო, რომ მრავალ სულს გაუხდებით საუკუნო ცხოვრების მიზეზი, რომ, მოციქულის თქმისებრ, ‘საყვირის ხმასთან ერთად შენს მიერ ცხონებულებთან ერთად წარუდგე მეუფეს”.
წმინდანისგან ამგვარ სიტყვათა მოსმენის შემდეგ სერაპიონმა აღარ შეჰბედა შეწინააღმდეგება. პირიქით, ცრემლით შეუვრდა მას, და წმინდანებმა სიყვარულით შეიტკბეს ერთიმეორე, ისევე როგორც - ყველა ძმამ, და წმინდა მიქაელის ლოცვა საგზლად წაიღეს მათ.
5. ხოლო როდესაც გამოემართნენ, თან იტვირთეს ფერისცვალების ცხოველი ხატი ყველა ქრისტიანის შემწედ და იმედად. ამასთან, სიარულისას ისე გაუჭირვებლად მიდიოდნენ როგორც სამეფო პალატებში. ასე მიაღწიეს მთას თითქოსდა ცის სიმაღლემდე ასულებმა და გაჩერდნენ იმ ადგილას, რომელსაც ‘ბერასჯვარი” ეწოდება, ხოლო წმინდანმა, თითქოსდა თითით, უჩვენა მათ ის ადგილი, სადაც განზრახული იყო მონასტრის აშენება; და როდესაც ჩამოვიდნენ ხევის ბოლოში, რომელიც არის ‘უტყვისა”, მივიდნენ რაღაც ადგილთან, რომელსაც ერქვა ‘ძინძე”, მიმოიხედეს, დააკვირდნენ და ნახეს, რომ უდაბური იყო იგი და შემორტყმული ტყეებითა და ხევებით. შეუყვარდათ ეს ადგილი ძმებს, მაგრამ წმინდანი ეუბნებოდა მათ: ‘ამ ადგილას არ არის ის ნიშნები, რაც გვამცნო ჩვენმა გამომგზავნმა მოძღვარმა”. მიუხედავად ამისა, მაინც დაიწყეს და შეუდგნენ ისინი მცირე ტალავრისა და მონასტრის ადგილის შენებას, და დაჰყვეს იქ არცთუ მცირედი დღე.
ხოლო როდესაც ეცნობათ იმ დაბის პატრონებს, რომ ვიღაც უცხო მონაზვნებს ნებავთ იმ ადგილას მონასტრის აშენება, მათ ეს არ ინებეს, რადგან ყოვლითურთ მხეცის მსგავსნი იყვნენ, „უწირავნი“ და ბოროტნი, რამეთუ არ ინებეს ამ წმინდანთაგან კურთხევა. ამის გამო თავს დაესხნენ მათ.
და ისევე როგორც ნაზარეველ კაცთა შესახებ არის დაწერილი, რომ ‘მოიყვანეს ქრისტე იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო დაშენებული”, ასევე ეს წმინდანებიც მიიყვანეს იმ მდინარის პირამდე, რომელიც არის ხსენებული ადგილის აღმოსავლეთით.
და როდესაც გადალახეს მდინარე, მივიდნენ მის დასავლეთით, დაახლოებით სამ კილომეტრში, ყოვლად ტყიან და ადამიანთაგან გაუვლელ ადგილებამდე, ხოლო მიმოდიოდნენ რა გაჭირვებითა და ჯაფით ვიწრო ადგილებში, ნახეს მათ დიდი მოძღვრისგან ნაუწყები ნიშები და სასწაულები, რის გამოც დიდი სიხარულით გაიხარეს და დარწმუნებით შეიცნეს, რომ ფუჭი და ამაო არ ყოფილა გზა მათი ნაჯაფარი მსვლელობისა.
ნახეს მათ მცირე რამ ბორცვი, სხვა ადგილებზე უფრო მაღალი, და ამ ბორცვის აღმოსავლეთით - ამომდინარე წყალი, მჩქეფარე და საამური, რაც სარწმუნოს ხდიდა მათი მგზავრობის წადილს. ამასთან, როდესაც მიმოიხილეს და დააკვირდნენ, და ვერ ჰპოვეს მინდვრიანი ადგილი, რაც თავისუფლად დაიტევდა მათ, ბრძანა წმინდანმა, რომ წყაროსა და ბორცვის შუაში დამუშავებულიყო ადგილი და აშენებულიყო მცირე ტალავარი, რაც გახდებოდა მათი თავშესაფარი უცხოობაში და მის შიგნით მათ მიერ თაყვანცემული იქნებოდა ის ცხოველი ხატი.
6. აქ კი ჩვენ სიტყვას განვაგრძობთ და ცხადად წარმოვუჩენთ თქვენს სიყვარულს, თუ როგორ ხდებოდა იმ ადგილის დამუშავება ან კიდევ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც, თითქოსდა ღვთისმიერი ბრძანებით, ყველაფერი კარგად მოუგვარა მათ.
ვინაიდან ამ მხარეში იყო ერთი ვინმე დიდი და წარჩინებული მთავარი, ყველაზე აღმატებული სიმდიდრით და ხალხისა და მინდორ-ველების სიმრავლით, რომელთა სივრცეც ფართოსაზღვრებიანი და დიდი იყო.
მას არა მხოლოდ ამქვეყნიური და მიწიერი სიმდიდრე ჰქონდა, არამედ აღემატებოდა იმათაც კი ყველას, რომლებიც ღვთისმსახურებით ცხოვრობდნენ, როგორც ეს დაწერილია იობის შესახებ: ‘ჭეშმარიტად მართალი და უბრალო”.
აი, ამგვარი ადამიანი იყო იგი, რომელიც ბევრ სასახლესა და ტალავარში ცხოვრობდა. სახელად ერქვა მას გიორგი, მეორედ - ჩორჩანელი, რომლის სასახლეები აშენებული იყო ‘ჩორჩანისა” და ‘ზანავის” მხარეებში, თუმცა ბევრად უფრო ხშირად იგი ნადირობდა ‘ცხროჭად” წოდებულ ადგილებში, რადგან იქ იყო თხებისა და სხვა ველური ნადირების სიმრავლე, და იმ არემარეში აშენებული ჰქონდა მას სახლი, რომ თუ როდისმე ღამე წამოეწეოდა, იქ დაესვენათ ღამის სიბნელისა და ტყეების გაუვალობისა და სიხშირის გამო.
როდესაც წმინდანებმა ზემოხსენებულ ადგილას დაიბანაკეს და კარავი გამართეს ბორცვის ახლოს, დაანთეს მათ ცეცხლი და როგორც კი ავარდა დიდძალი კვამლი, დაინახარა ეს მორწმუნე გიორგიმ, რომელიც ნადირებს იყო დადევნებული, გაუკვირდა ძალიან და უთხრა მსახურებს: ‘საიდან არის იმ ადგილას ხშირი კვამლი ანდა ვის რად დასჭირდა ცეცხლი? თუ ვინმე ნადირებს ეძებს, რატომ გათავხედებულა და არ ერიდება? ხოლო თუ სხვა რამ აუცილებელი სჭირდება ვინმეს, ჩვენ როგორ არ ვიცით ეს?”
რადგან ვერავინ უპასუხა მას, ამიტომ მყისვე უბრძანა ერთ-ერთ მონას და უთხრა: ‘წადი სწრაფად, ზედმიწევნით გაიგე საქმის არსი და გვაუწყე ჩვენ, თუ რა არის ეს სანახაობა”.
დაუყოვნებლივ წავიდა მონა და გაჭირვებით და ჯაფით მიჰყვა იგი ცეცხლის კვამლს, ხოლო როდესაც მიაღწია იქ, ნახა ტალავარი და ადამიანები, რომლებსაც ემოსათ უცხო მეუდაბნოეთა ტყავები.
შეცბუნდა ის კაცი. ამათაც გაუკვირდათ. ეკითხებოდა გაგზავნილი მონა მათ სადაურობას და იმას, თუ რა იყო მათი საქმე, ჩანდნენ რა ესოდენ სიგლახაკეში და თანაც ესოდენ ველურ ადგილას.
ამათაც მიუგეს და უთხრეს: ‘და შენ კი, საყვარელო, ვინ ხარ ან რად გესაჭიროება ზედმიწევნით გაიგო ჩვენი მდგომარეობა?”
ის კაცი უპასუხებდა: ‘მე ვეკუთვნი დიდ მთავარს, რომლის სახელი არის გიორგი, ვისგანაც გამოვიგზავნე მე, რადგან გაუკვირდა მას ასეთ ადგილას ცეცხლის კვამლი და საერთოდ ადამიანის აქ ყოფნა”.
როდესაც შეიტყო წმინდანმა, რომ მთავარი და ამ ადგილთა პატრონი ყოფილა ახლომახლო, გამოწვლილვით გამოიკითხა მთელი მისი საქმიანობა და როგორც კი გაიგო ზედმიწევნით, რომ მართლაც ამ ადგილთა პატრონია იგი და მთელი იმ მხარეების მფლობელი, დაუყოვნებლივ დაიწყო წმინდა სერაპიონმა და მყისვე მოუთხრო მას, თავიდან ვიდრე ამ დრომდე, თუ რა მიზეზით მოვიდნენ ამ ადგილას და რომ განიზრახავენ მონასტრის აშენებას. დასძინა კიდეც შემდეგი: ‘საღვთო ბრძანებაა ეს და მოწაფეები ვართ ნიშებითა და სასწაულებით გაბრწყინებული მიქაელ პარეხელისა”.
გაიგო რა იმ კაცმა და ნახა რა ეს ყოველივე, ყველაფერი ამცნო დიდ მთავარს და ყველა მსახურს, რომლებიც მთავართან ერთად შიშმა და გაკვირვებამ შეიპყრო და მოჩვენებად ჩათვალეს ეს ამბავი,
მაგრამ ის კაცი ეუბნებოდა მათ: ‘ადამიანები ვნახე, ყოვლად ხორცში მყოფნი, მონაზონთა ხატითა და სახით, არა მოჩვენებით, არამედ ცხადად”. როდესაც გათენდა, კვლავ უბრძანა მთავარმა ორ თავის ახლობელს, რომლებიც გონებითაც ფრთხილნი იყვნენ, რომ ზედმიწევნით გაეგოთ ყოველივე.
წამოვიდნენ ეს კაცები და როდესაც მოვიდნენ ისინი წმინდა მამის წინაშე, წმინდანმა კი შეხედა მათ და შეიტყო, რომ მთავარნი არიან და იმ დიდი მთავრის ახლობლები, მიეგება და სიყვარულით მოიკითხა. შემდეგ ხატის წინ წარადგინა ისინი და მათაც, თაყვანი სცეს რა, კურთხევა მიიღეს და გაიხარეს მეტისმეტად.
მაშინ ამ მთავრებმა უთხრეს წმინდა სერაპიონს და სხვა ძმებს:
‘ვმადლობთ ღმერთს, წმინდა მეუფენო, რომელმაც ამჟამად მოიხედა ჩვენზე და მიწაზე გვიჩვენა ზეცის ადამიანები, ახლა კი ის გვითხარით სარწმუნოდ, თუ რის გამო ინება თქვენმა სიწმინდემ ამ ველურ და გაუვალ ადგილებში მოსვლა”.
მაშინ წმინდა მამა სერაპიონმა გამოსახა პატიოსანი ჯვარის სახე, სულის სიღრმიდან ამოიკვნესა და ასე უთხრა მათ: ‘ჩვენ, ჰოი საყვარელნო, თუმცაღა ცოდვილები ვართ, ადამიანები ვართ ქრისტიანები და გვწამს ქრისტე ღმერთი, ჩვენი ცხონებისთვის განკაცებული, და მოველით ყველას აღდგომას და წმინდანებისთვის გამზადებულ ნეტარებას. ამიტომ, არაფერს ვიტყვით ჭეშმარიტებისგან დაშორებულს, რადგან მოწაფეები ვართ დიდი და სახელგანთქმული მიქაელ პარეხელისა და მის მიერ წარმოგზავნილები საღვთო ბრძანებით, რომ ამ ადგილას ავაშენოთ სიტყვიერ (ე.ი. გონიერ, მოაზროვნე) ცხვართა შესაკრებელი”. და ასე მოუთხრო, შემდეგ და შემდეგ, ყველაფერი, ხოლო მათ, როგორც კი შეიცნეს, რომ ჭეშმარიტია მისი სიტყვები, და დიდი მოძღვრის სახელიც ესმათ, თაყვანი სცეს ცხოველ ხატს, მოიკითხეს ეს წმინდანები, შემდეგ კი წამოვიდნენ და წარდგნენ ღვთისმსახური გიორგის წინაშე, რომ ეთქვათ მისთვის ყველაფერი, რაც ნახეს და გაიგონეს, მან კი როდესაც შეიტყო, რომ მიქაელის მოწაფეები არიან, ირწმუნა მათი სიტყვების ჭეშმარიტება, გაიხარა და წავიდა თავის სახლში, სურვილი ჰქონდა რა მათი ნახვისა.
7. სამი დღის შემდეგ ბრძანა მან, რომ გაემზადებინათ იმ ადგილამდე მისასვლელი გზები, სადაც იყვნენ წმინდანები. შემდეგ შეიკაზმა იგი, აიღო მცირე რამ მოსაკითხი, რაც შეეფერებოდა ამ მეუდაბნოე ადამიანებს, თავისთან წაიყვანა ხუცესებიც საცეცხლურ-საკმევლებით და წინ გაუშვა მალემსრბოლები, რომ მათ გზები მოემზადებინათ. როდესაც მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც წმინდანები იყვნენ, და ამ წმინდანებმაც გაიგეს რა, მყისვე წინ მიეგებნენ მთავარს და გავიდნენ იმ ადგილას, სადაც წყაროა. ის კი ჩამოქვეითდა სახედრიდან და შეუვრდა ცხოველ ხატს, ასევე, მოიკითხა წმინდანები და იკურთხა მათგან. მაშინ უთხრა მთავარმა ნეტარ მამებს, ეუბნებოდა რა მდუღარე სულით: ‘ვმადლობ ღმერთსა და მეუფეს, ჰოი წმინდანებო, რომელმაც არ უგულებელყო ჩვენი უღირსება და ჩემს სიცოცხლეში მოახდინა ჩემთან სასწაული, რომელმაც ახლა ღირსი გამხადა მე, ყოვლად არაღირსი, ჯერ თავისი ცხოველი ხატის თაყვანისცემისა, შემდეგ კი - თქვენი წმინდა სახეებისა”.
სანატრელი სერაპიონი აივსო სულიწმინდით. იგი თაფლადმწვეთი ენით მდინარისებრ ამოადინებდა საღვთო სწავლებებს და როგორც ედემის მდინარე, თავისი ოქრონაკადულიანი პირიდან ამოუწყაროებდა მათ ამ ყოველივეს, რამაც განაცვიფრა მთავარი და ყველა მსახური. ამის გამო ისინი ფერხთით შეუვრდნენ მას და ეუბნებოდნენ: ‘როგორც ერთ-ერთი მოციქული, ასე მოგავლინა შენ ქრისტემ. ამიტომ ახლა ის გვიბრძანე, მამაო, თუ რის გაკეთება გვმართებს”.
წმინდანებმაც უთხრეს, რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო, ნუ დააყოვნებდნენ საღვთო ბრძანებას, რათა ამ ადგილას, როგორც საჭიროა, აშენებულიყო მონასტერი ღვთისმოყვარე სულების შესაკრებად. მთავარი შეუვრდა მათ და ეუბნებოდა: ‘გევედრებით, ჰოი წმინდანებო, ნუ დაამძიმებთ ჩემზე თქვენს სათხოვარს, რადგან, აჰა, ვხედავ, თუ როგორ ყოვლითურთ ფუჭია და ველური ეს ადგილი და თქვენც ყოვლად არასმქონედ გხედავთ მსგავსად მოციქულთა, ხოლო რადგან ღმერთს ჩემთან მოუვლინებიხართ სამოღვაწეოდ, ეს საქმე, თქვენ რომ ამბობთ, ჩემს გარეშე არ გაკეთდება. ამიტომ, რადგან არის ადგილი, რომელიც ამ საქმისთვის მოსახერხებელია და შესაფერისი, ბრძანოს თქვენმა სიწმინდემ, რომ იქ ავაშენოთ მონასტერი, რადგან აქ ყოვლად შეუძლებელია რაიმე ამგვარის გაკეთება”.
კი ამას ეტყოდა: ‘ღმერთი, რომელმაც უბრძანა მოსეს ზღვის გაპობა კვერთხით და კიდევ, უდაბნოს ფრიალო კლდისგან წყლის გადმოდინება, ხალხს კი საჭმლის მიღებისას მანანა უწვიმა, იგივე არის აქაც, რომელიც შენი ნებით და საღვთო შეწევნით სიძნელეებს გააადვილებს, ხოლო ის, რომ საღვთო ბრძანებას შევეწინააღმდეგოთ და ეს ადგილი სხვით შევცვალოთ, შეუძლებელია, რადგან ნიშები და მონათხრობები ამ ადგილს ემოწმებიან”. მთავარმა უთხრა: ‘განა ეგების, მამაო, რომ ადამიანმა ნებაყოფლობით მისცეს გაჭირვებას თავი, ბოლოს კი შერცხვენილი და ფუჭად დამაშვრალი აღმოჩნდეს?” წმინდანი უპასუხებდა: ‘გონივრულად ისმინე, ჰოი მთავარო, ეს იგავი: თუკი მარგალიტები და პატიოსანი თვლები გაიფანტებიან და მიწას შეერევიან, ისე როდი იბრწყინებენ ხილვისმოყვარეთა თვალწინ, როგორც მაშინ, როდესაც კარგ მჭედელთაგან გამოიწვებიან, განიწმინდებიან და ოქროთხზულად შეიწყობიან. სწორედ მაშინ გამოჩნდება მათი ბრწყინვალება და შეიქება ოსტატიც და მათი მშვენიერებაც. ასევე, როდესაც დახელოვნებული ოსტატები დაამუშავებენ ამ ადგილს, მაშინ ნახავს დამნახველი თვალი ამ ადგილის მშვენიერებას. ამიტომ, ნუ გვაიძულებ ამ ადგილის დატოვებას და სხვაგან გადასვლას, რადგან არ ეგების ეს ჩვენგან”.
როდესაც მთავარმა მოისმინა ეს, დახარა თავი და დადუმდა. ამის შემდეგ ადგა იგი, ილოცა და უთხრა მათ: ‘ილოცეთ ჩვენთვის, წმინდანნო, რადგან მე არ მშურს ეს ადგილი, სხვა მხრივ კი თანალმობა და შეწევნა ყოვლად შეუძლებელია”. და მოუყვანეს მას სახედარი და წავიდა, თან ეს მიუგო და უთხრა წმინდანებს: ‘ნუთუ არ ვიყავი ღირსი თქვენი ლოცვისა?”, და წავიდა დამწუხრებული, ხოლო როდესაც მივიდა იგი მდინარესთან, მათ წინაშე რომ იყო, ნახა მცირე რამ კლდე, გადავიდა მასზე და დაჯდა. შემდეგ მოუხმო ერთ-ერთ მონას და უთხრა მას: ‘მიდი, ძმაო, და უთხარი იმ წმინდანებს, რომ მოვიდნენ ამ ადგილას”, ხოლო როდესაც გაგზავნა ისინი, უთხრა თავის ახლობლებს: ‘რადგან არ ინებეს იმ წმინდანებმა ზანავის ადგილები, რომ იქ აგვეშენებინა დიდი და მაღალი უდაბნო, ამჯერად რაღა უნდა ვქნათ?” მათ მიუგეს: ‘ის, რომ არ დავაბრკოლოთ მათი გულმოდგინება”.
მთავარმა უთხრა: ‘საღვთო ძალის განგებულების გარეშე ადამიანთაგან არ ხდება ეს საქმე. ამიტომაც საჭიროა, რომ შეძლებისდაგვარი შემწეობა გამოვიჩინოთ”; და როდესაც მოვიდნენ წმინდანები იმ ადგილთან, კვლავ უთხრა მათ მთავარმა: ‘გევედრებით, ღვთის წმინდანებო, რომ ერთი რამ მომმადლოთ მე, რამეთუ არის მრავალი ადგილი, კარგი და ძლიერად მოშენებული. ნახეთ ისინი და თუ ძალიან ესათნოება თქვენს სულს, აჰა ადგილები, შესასვლელები და ყოველგვარი სახსარი უხვად”.
მაგრამ ნეტარმა სერაპიონმა კვლავ მიუგო: ‘მოციქულის მსგავსად ვიტყოდი: თუნდაც რომ ანგელოზი მახარებდეს იმის გარდა, რაც გვეხარა, არ გვწამს”.
მაშინ გიორგიმ მოუხმო ვიღაცას, ასაკით (ესე იგი შემძლეობით) ჭაბუკს და უთხრა: ‘საყვარელო შვილო, უმეგზურე ამ წმინდანებს და ხვალ განთიადიდან საღამომდე რამდენსაც შემოწერითად შემოვლიან, მიმიცია მათთვის, ვინაიდან ამ ადგილის მსურველნი არიან, და თუ აღმოჩნდება ვინმე ხელისშემშლელი მათთვის, რადგან უცხოები არიან, ყველას აუწყე, რომ ისინი თავისუფლად და ნებისამებრ აშენებენ მონასტერს ჩვენს საბრძანებელში”, წმინდა მამებს კი ეუბნებოდა: ‘დარწმუნებული იყავით, რომ მთელი ძალით თანაშემწე ვარ თქვენი და მზრუნველი, და არავინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე ამ ადგილებში, რომელთა დაპატრონებაც განიზრახეთ, თუმცა სამი დღის შემდეგ კვლავ გნახავთ, თუ უფალი ინებებს”. ამის გამო ძალიან გაიხარეს წმინდანებმა და სამადლობელი აღმოთქვეს.
შემდეგ ის ღამე კლდეზე გაათიეს მამებმა.
და ეს სიტყვაც, ჩვენამდე მოსული, ჭეშმარიტია, რომ ამ ღამეს ანგელოზის გამოცხადება იხილა სერაპიონმა, რომელიც განაძლიერებდა მას და გულმოდგინე შრომას უბრძანებდა, რისთვისაც ორი დღის შემდეგ წმინდანმა გააკეთა ორი ჯვარი თავისი ხელით და იმ კლდეზე აღმართა მთავარანგელოზთა სახელზე, მოგვიანებით კი მცირე ეგვტერიც აშენდა, რადგან ნიშები და სნეულთა განკურნებები ხდება წმინდა მთავარანგელოზთა საღვთო მადლით.
8. მაგრამ ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ პირველ სიტყვას და შეძლებისდაგვარად ვფლობდეთ თხრობის წესს.
ვინაიდან როდესაც გაათიეს მათ ის ღამე და მზე ამობრწყინდებოდა, ადგა წმინდანი, მისი ძმა იოანე და ერთ-ერთი ძმათაგანი, რომელთა რაოდენობაც იყო ექვსი, და ეს სამი წავიდა იმ ჭაბუკთან ერთად, ხოლო სამი ადგილზე დარჩა; იმათ კი მსვლელობა დაიწყეს მდინარეს პირზე დასავლეთისკენ.
იარეს რა, მიაღწიეს ორი წყლის შესაკრებელს, სადაც იყო წისქვილი, - რაღაც სახლი წყალთა შესაკრებლის შუაში, რასაც ‘საძმო” ეწოდებოდა. მის შიგნით იყვნენ ვინმე უკეთური ადამიანები, ყოვლად მხეცისმსგავსნი, როგორც უკაცრიელი და უცხო ადგილის მკვიდრნი.
... და როცა მივაღწიეთ იმ ადგილს, მაშინ ჩვენმა წინამძღოლმა ჭაბუკმა გვითხრა: ‘ღვთის წმინდანებო, საითკენ გნებავთ წასვლა?”
ჩვენ კი გვსურდა, რომ გარეშეწერითად შემოგვევლო იმ ადგილთა წრე, რის გამოც სამხრეთისკენ ვიბრუნეთ პირი, რომ თან ავყოლოდით ერთ-ერთ მდინარეს, მაგრამ როდესაც დაგვინახეს იმ დაბა-წისქვილის ადამიანებმა, დაიწყეს ჩვენი შეჩერება და როგორც ცოფიანები წინ დარბოდნენ. ჭაბუკი აჩერებდა მათ და მრისხანედ ემუქრებოდა, წმინდანი კი მიუბრუნდა და რისხვით უთხრა წინასწარმეტყველურად: ‘ვნახე უღმერთო ამაღლებული ლიბანის ნაძვებამდე და ჩავუარე, და არ აღმოჩნდა მისი ადგილი”.
ხოლო შენ, საყვარელო, ნახე, თუ როგორ სავსე იყო ეს წმინდანი საღვთო სულით, ანდა სხვას რაღას მოასწავებდა იგი საწინასწარმეტყველო სიტყვით იმ ადამიანებისთვის, თუ არა ცოტა ხნის შემდეგ მათი ადგილის დაქცევას და სრულ მოსპობას, რასაც ცოტა ხნის შემდეგ, - მადროვე საყვარელო და, - სიტყვა წარმოგიჩენს.
ახლა კი თავდაპირველ სათქმელს შევეხოთ, რადგან ‘ავყევით მდინარის პირს და მივაღწიეთ რაღაც ღრმა და ფრიალო ხევს, რომელსაც ‘გოდერძისა” ეწოდება, და ძალისძალად შევედით შიგნით, ისე რომ სიხშირის გამო კარგა ხანს ვეღარ დავინახეთ ცა თუ მზის სხივი. ამის გამო, გაჭირვებით და ჯაფით დაყოვნებულები, როგორც არმურის სისქისგან ანდა ჭაობის სიღრმისგან აღმოშობილები, ავედით ხევის თავზე და ვნახეთ მცირე რამ ყანები და მცირე დაბა.
იქიდან მყისვე შემოგვეგება მხცოვანი ვიღაც კარგი კაცი, რომელიც სიყვარულით მოიკითხავდა წმინდანს და ეხვეწებოდა, რომ ცოტათი დაესვენა ამ ჯაფისგან, რადგან ჩვენი მოსვლა გახმაურებული იყო მთელ იმ მხარეებში. გვეკითხებოდა ის კაცი, თუ რად გვჭირდებოდა უგზო და გაუვალ ადგილებში სიარული. ჭაბუკმა იცნო იგი და მთელი ჩვენი ამბავი ზედმიწევნით აუწყა მას, ხოლო რადგან მრავალგზის გვევედრებოდა ის ადამიანი, რომ იმ ღამეს მის სახლში მოგვესვენა, წმინდანმა მადლიერებით მიიღო მისი ეს კარგი განზრახვა, ჰკითხა სახელი და უთხრა: ‘შეუძლებელია, რომ არ მივიდეთ ჩვენ „დროსის“ ადგილას”. და ის კაცი ეუბნებოდა: ‘ჩემი სახელია ია, ხოლო თქვენი მისვლა იმ ადგილას, რომელსაც ამბობთ, დაგვიანებულია”.
მაგრამ წმინდანი მიუგებდა: ‘საყვარელო ძმაო ია, ღვთისთვის გასწიე ჯაფა და ცოტა ხნით ჩვენი თანამგზავრი გახდი”. ხოლო მიიღეს მათ ცოტაოდენი პური, მარილი და ყველი, და რომლებსაც უნდოდათ, ჭამეს, ხოლო წმინდანს საერთოდ არაფრის გემო არ გაუსინჯავს.
ამრიგად, ის კაცი, ია, თანამგზავრად გაგვიხდა ჩვენ და გავემართეთ აღმოსავლეთისკენ. მივდიოდით რაღაც მაღალ, ტყიან და კლდოვან ქედებში და როდესაც ავედით უმაღლეს ადგილებში, ჰკითხა იმ კაცს წმინდანმა: ‘საყვარელო ია, რა ეწოდება ამ ადგილს?”
მან მიუგო: ‘რადგან ეს არის ველის ნადირთა შესაკრებელი, ამიტომ „ბაკთა“ ეწოდება”.
წმინდანმა აიღო თავისი ხელით რკინის ორთოხი და დიდ-დიდ რამ ლოდებზე გამოაქანდაკა ჯვრები, რომლებიც დღევანდელ დღემდე ჩანან.
კიდევ, გაიხედა წმინდანმა და დაინახა აღმოსავლეთ მხარეს ქედზე ლალით შერეული ტბა, რაც ჭაობისფრად ჩანდა. გაგვიკვირდა ჩვენ ძალიან და ვკითხეთ იმ კაცს: ‘რა არის ამ უცნაური წყლის ადგილი?” იამ მოგვიგო ჩვენ: ‘ესაა მთლიანად მღვრიე ტბა, რომელსაც ეწოდება „სათახვე“, და არის მასში თახვებისა და სხვა ნადირთა სიმრავლე, რის გამოც მშფოთვარებათა და ბრძოლათა დედაა იგი, რადგან ამ დროს აქ ჩნდებიან და ყოველი მხრიდან იკრიბებიან ნადირთა მდევრები, ურთიერთმდევარნი უმსგავსი საქმეებისა, რომლებიც თითოეული მათგანის მოსაკლავადაც მზად არიან”.
როდესაც გავემართეთ იმ ტბისკენ, ის კაცი, ია, შეუვრდა წმინდანს და ღმერთს სამადლობელს აღუვლენდა ჩვენი ნახვის გამო, თან ასე გვეუბნებოდა, რომ უთუოდ გვებრძანებინა, რაც კი მოგვესურვებოდა მისგან. წმინდანმა უთხრა მას: ‘ნუ წახვალ ჯერ, ძმაო, რადგან ამ ჭაბუკმა არ იცის ეს ადგილები”.
ია უპასუხებდა: ‘მომმადლოს ქრისტემ, რომ მუდამ თქვენს სიწმინდესთან ვიმყოფებოდე, მამაო”.
და როდესაც ჩავედით ტბის პირას, ვკითხეთ იმ კაცს საათი დღისა, მან კი მოგვიგო: ‘საღამოა და გადახრილია დღე”.
ხოლო წმინდანმა ჰკითხა: ‘რა არის იმ ტყიანი ქედების იქით ანდა როგორია სიმაღლე ამ დიდი მთისა, რაც ჩვენს ზევითაა?” მან უპასუხა: ‘ეს მთა მაღალია, თავია ყველა ამ ქედისა, მას ჰქვია „თავი შეშათა“, რადგან ყველა ამ ტყის თავია იგი. ამიტომ „შეშისთავი“ ეწოდება მას და თავისი სიმაღლის გამო მიუვალია ადამიანთა და პირუტყვთაგან, ხოლო ჩვენს წინ არის მცირედით დასახლებული ადგილები და რადგან თქვენ იმას ესწრაფვით, რომ „დროსის“ ადგილას მიხვიდეთ, არ შეიძლება დაყოვნება, ღამე რომ უდროოდ არ წამოგვეწიოს”. ამიტომ სურდა წმინდანს, რომ ის ტბა მარჯვნიდან გაგვევლო და წავსულიყავით ღელეების გასწვრივ, რომლებიც ჩვენ წინ იყო.
და როდესაც მივდიოდით, აჰა მოვიდნენ ვიღაც უკეთური ადამიანები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ შეგვეჩერებინა სვლა იმ მხარეს, საითკენაც მივემართებოდით, რადგან ნადირთა დროაო, რომლებიც ტბასთან უნდა მოსულიყვნენ, და მონადირეებიც გზად არიანო ამ ადგილებში, თქვენს გამო კი არ მოხდეს მათი შეცდენაო. ამიტომ, არანაირად არ დაგვანებეს იმ მხარეს წასვლა. ის ჭაბუკი, ჩვენი წინამძღოლი, ძლიერ ეწინააღმდეგებოდა მათ, მაგრამ არავინ უსმინა მას, პირიქით, შემოგვაბრუნეს და იმ ზღვის ნაპირი დასავლეთისკენ გადავიარეთ, რითაც მივედით იმ ქედის ჩასასვლელის თავთან, სადაც არანაირი კვალი არ იყო არც ნავალისა, არც გზისა.
ხოლო ის კაცი, ია, გვიჩვენებდა მცირე რამ დაბას და ასახელებდა სახელოვან და კარგ კაცს, რომელსაც ეწოდებოდა გარბანელი, და გვეუბნებოდა: ‘მიდით იმ ადგილას ამ ვიწრო გზით და ის კაცი ადვილად მიგიყვანთ იმავე ადგილზე, საიდანაც დაიწყო თქვენი მსვლელობა განთიადისას”.
9. მაგრამ, საყვარელო ძმებო და გულმოდგინედ სმენისმოყვარე მამებო, უფრო მეტად ის გვმართებს, რომ ვისმინოთ საკვირველი საქმეები და ვადიდოთ ღმერთი, რომელმაც ამგვარი მამა და მოძღვარი მოგვმადლა ჩვენ.
როდესაც მოვედით იმ ადგილას, რომელსაც ‘ბაბგენს” უწოდებენ, ვნახეთ პატარა ველი ‘ბობხად” წოდებულ ადგილას, და გვითხრა ჩვენ იამ ყველაფერი იმ კაცზე, გარბანელზე. მაშინ ია შეუვრდა წმინდანს და სიყვარულით მოიკითხა, წმინდანმა კი ჯვარი გადასწერა და უთხრა მას: ‘ღმერთმა მოგაგოს შენი თანამგზავრობის სანაცვლო, ძმაო! გეტყვი კი შენ, რომ მალე ნახავ იმ ბოროტი და შფოთისმოყვარე ადამიანების მისაგებელს”.
როდესაც გაგვშორდა და წავიდა იგი, ჩვენ ჩავედით იმ თითქოსდა წყალთა ჩასაქანებელში და როცა მივედით იმ დაბაში, აჰა ზემოხსენებული კაცი მიდიოდა თავის სახლში თავის ორ ძესთან ერთად, და როდესაც დაგვინახა ჩვენ ამგვარი რამ შესახედაობით, განცვიფრდა, სიყვარულით მოგვიკითხა და დაგვათვალიერა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ სწორედ ისინი ვიყავით, რომლებიც მოვედით ამ ადგილებში მონასტრის ასაშენებლად, ამასთან ნახა რა, რომ აღარ იყო ჩვენზე ჩვენს შესამოსელთა ნასახი და რომ მთლიანად დამსკდარი იყო ჩვენი სხეულის ნაწილები, ცრემლით მოეხვია იგი წმინდანს და ეამბორა მის ფეხებს, ხოლო წმინდანმა, ნახა რა ეს კაცი, უთხრა: ‘საყვარელო და ქრისტეს მიერ ძმაო გარბანელო, მოდი ცოტაოდენი თანალმობით შეეწიე ახლა ჩვენს მგზავრობას და გაგვიძეხი მდინარემდე, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთითაა”, ის კი გულმოდგინედ და ცრემლით მიუგებდა: ‘არ ეგების ეს, ჰოი ღვთის წმინდანო, რადგან, აჰა, მზის ჩასვლისას მოგიყვანათ ღმერთმა თქვენს ცოდვილ მონასთან და ვხედავ თქვენს ფეხთა წყლულს, რის გამოც გევედრებით, მცირედით დაისვენოთ თქვენი მგზავრობის დაქანცულობისგან, რათა ზედმიწევნით გავიგო, თუ რა არის თქვენი სულის ესოდენი მდუღარება, რამაც აგრერიგად გაიძულათ თქვენ, რომ გადაგეწყვიტათ ამ ფრიალო და გაუვალ გზებზე სვლა”. წმინდანმა უთხრა მას: ‘შეუძლებელია ჩემთვის, რომ არ მივიდეთ დაწესებულ ადგილას”. მაშინ შეირბინა შინ იმ კაცმა და კვლავ გამოვიდა მეუღლესთან ერთად. ისინი სარეფთელისა და სომანიტელის მსგავსად ფერხთით შეუვრდნენ წმინდანს, მაგრამ რადგან ვერ გადაარწმუნეს, ამჯერად ჩვენი წინამძღოლი ჭაბუკი შეუვრდა მის ძმას იოანეს და უთხრა: ‘აჰა, აღარ არის დარჩენილი ჩვენთან სული და დავემორჩილოთ ამ კაცს, რადგან აღარაა სიარულის დრო”. მაგრამ წმინდანი მიუგებდა: ‘რომელმაც გაბაონში ისო ნავეს-ძეს შეუჩერა მზე და კიდევ - წმინდა ბერ ბესარიონს, იგივე გაგვხდის იმის ღირსს, რომ ამ მზესთან ერთად ვნახავთ და თაყვანს ვცემთ მის წმინდა ხატს”. მაშინ გამოუძღვა ის კაცი და როდესაც გამოემართნენ, ჭაბუკმა უთხრა წმინდანებს: ‘ილოცეთ ჩემთვის, წმინდანნო, რადგან ხვალ, თუ ღმერთი ინებებს, შევეხები თქვენს წმინდა ფეხებს”. ხოლო ეს მოხდა ღვთის განგებით, რომ თანამოწამე ყოფილიყო იგი იმ დიდებული სასწაულისა, რისი წარმოთქმაც ცოტა ხნის შემდეგ აქვს განზრახული სიტყვას.
და როდესაც წამოვედით, გამოჩნდა ჩვენს წინ რაღაც გზა, ვიწრო და ძალიან საძნელო. გარბანელმა უბრძანა თავის ძეს, რომ თანამგზავრობა გაეწია ჩვენთვის ვიდრე მდინარის პირამდე. როდესაც იქ ჩავედით და კვლავ ზევით ავედით, დაგვინახეს ძმებმა და შემოგვეგებნენ.
შენ კი, საყვარელო, დაუკვირდი ამ საკვირველებას! როდესაც იმ კაცისგან წამოვედით, სანამ აქ მოვიდოდით, მზე კვლავ იმ ადგილზე იმყოფებოდა წმინდანის სიტყვისებრ, რაც გვიკვირდა და ვადიდებდით ღმერთს, რომელიც მარადის ადიდებს თავის მადიდებლებს, ხოლო როდესაც გვნახეს იქ მყოფმა ძმებმა, აცრემლდნენ ჩვენს გამო, რადგან ჩვენი სამოსი საერთოდ აღარ არსებობდა, ჩვენი ფეხები კი დაჩეჩქვილი და დამსკდარი იყო. მცირე რამ ნუგეშისცემად მივიღეთ საჭმელი, რაც აღმოჩნდა მათთან, ხოლო როდესაც გათენდა, შევწირეთ ლოცვები, ხოლო წმინდანმა თავისი ხელით აიღო შეშა და, როგორც ადრე ვთქვით, გააკეთა ჯვრები და აღმართა წმინდა მთავარანგელოზთა სახელზე.
როდესაც იყო დრო მესამე ჟამისა, ვლოცულობდით რა იმ ადგილას, აჰა ის კაცი, გარბანელი, და ჩვენი წინამძღოლი ჭაბუკი, აგრეთვე ორი ადამიანი (უცხო კაცები) აჩქარებით მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ კი, დავინახეთ რა, გავიხარეთ, ხოლო ისინი შეპყრობილები იყვნენ რაღაც დიდი შიშით, ხოლო ის უცხო ადამიანები შესახედავად იყვნენ როგორც მკვდრები. ჩვენ ვეკითხებოდით მიზეზს, თუ რატომ მოვიდნენ ისინი კვნესით და ოხვრით, ანთუ ვინ იყვნენ ეს კაცები, მკვდართა მსგავსად უხმონი და უსიტყვონი.
მაშინ დაიწყო თხრობა გარბანელმა და უთხრა წმინდანებს: ‘როდესაც წამოხვედით თქვენ, ეს ჭაბუკი იყო ძალიან დაქანცული; თან ღამე იყო და მივიღეთ საჭმელი, გვიკვირდა რა თქვენი მეტისმეტი მხნეობა. ვადიდეთ ღმერთი და დავიძინეთ, ხოლო როდესაც გათენდა, თქვენკენ წამოსასვლელად ვემზადებოდით და აჰა მოხდა რაღაც რყევა და ქარისებრ ხმაური, რაც ძალიან გაგვიკვირდა. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდნენ ეს კაცები, როგორც თქვენ ხედავთ, და ძლივს დაიწყეს ლაპარაკი.
როდესაც ვეკითხებოდით, თუ რა იყო ეს ხმა და რყევა, ამათ მოგვიგეს და გვითხრეს: ‘გაიპო კლდე, რომელიც იმ ტბის დასავლეთით იყო, და გადადინდა მღვრიე წყალი, ხოლო ჩვენ, რომლებიც იმ ადგილის გარშემო აღმოვჩნდით, ძლიერი შიშისგან გავიფანტენით და ჩამოვედით ამ კაცთან, რადგან გვიცნობდა ჩვენ”.
როდესაც ისინი ამას ამბობდნენ, მათი სიტყვების მოწმედ ჩანდა მდინარე, რადგან ვეღარ იტევდა მას კალაპოტი, რამეთუ ყოველ მხარეს გადაედინა მღვრიე წყალი როგორც ლაფი, რის გამოც გაკვირვებამ შეგვიპყრო ყველა.
ხოლო ის ჭაბუკი ეუბნებოდა წმინდანს: ‘აჰა ვხედავ, რომ შენი სიტყვები საქმეა, რადგან მახსოვს გუშინდელი, როდესაც უბრძანებდით იმ კაცს, რომელიც თანამგზავრად გაგვიხდა „სათახვის“ ტბამდე, მალე ნახავთო მისაგებელს ამ შფოთისმოყვარე კაცებისთვის და კიდევ იმ კაცებისთვის, ეშმაკებივით წინ რომ დარბოდნენ წყალთა შესაკრებელთან, რადგან ვფიქრობ, რომ კვალიც კი არ აღმოჩნდება იმ ადგილისა”.
როდესაც დაცხრა მდინარის წყალდიდობა, გავიგეთ სინამდვილე, რომ ტბის ადგილი ჩანდა კლდოვან ველად, ხოლო წისქვილ-სახლთა ადგილი კი წალეკილიყო და გაუჩინარებულიყო. ამის შემდეგ შეუვრდა წმინდანს ჭაბუკი, მიიღო დალოცვა და უთხრა მას: ‘უფალი თუ ინებებს, მალე გნახავთ, ხოლო თუ რაიმე გსურთ მთავრისგან, მიბრძანეთ, რადგან მასაც სურს თქვენი მალე ნახვა”. წმინდანმა მიუგო: ‘საღვთო კურთხევის გარეშე არაფერს შევკადრებთ მას, რადგან თვითონ უფრო კარგად იცის ყოველივე, სოლომონის სიტყვისებრ: ‘ბრძნის ყურნი მუდამ მზადაა საღვთო სიტყვებისთვის”.
და წავიდა ის ჭაბუკი და ჩვენ დავრჩით იმ ადგილას.
როდესაც მიაღწია ჭაბუკმა მთავართან და თანამიმდევრულად მოუთხრო ყოველივე, ყველამ, ვინც გაიგონა, გაცბუნდა, თავზარი დაეცა და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ღვთისმსახური მთავარი შიშით და სიხარულით აივსო და მთელ თავის საბრძანებელთან ერთად გაემართა სასწაულთა და ნიშთა სანახავად, ისევე როგორც - იმ ადგილების მეზობელი მხარეები, რომლებსაც კი გაეგონათ ეს დიდი საკვირველება. მყისვე დიდძალი კრებული შეიკრიბა იმ ადგილას, სადაც წმინდანები იყვნენ, ხოლო როდესაც მოვიდა მთავარი, ეამბორა იგი ცხოველ ხატს და შევრდომით მოიკითხა ისინი, თან გაკვირვებით გამოიკითხა სასწაულთა შესახებ და ყველაფერი ზედმიწევნით გაიგო იმ კაცთაგან, რომლებიც მას გაეგზავნა; კერძოდ, თუ როგორ ქცეულიყო ველად ტბის ადგილი და როგორ დაფარულიყო ქვიშით და ლოდებით წყალთა შესაკრებელი, რასაც იმ უბედურებას გადარჩენილი ადამიანები თვითვე ამბობდნენ.
მოვიდნენ აგრეთვე მღვდლები და მონაზვნები ყოველი ადგილიდან და სიხარულით მოიკითხავდნენ წმინდანებს. სხვა მონაზვნებიც ბევრნი შეიკრიბნენ და მდინარის პირას იმ ადგილიდან ლოცვით და ლიტანიით ადრე ხსენებული ბორცვის ადგილას ავედით. მთავრის ბრძანებით დამუშავდა ის ადგილი და ველობი გახდა.
მეზობელი ადგილებიდან სხვა მთავრებიც მოვიდნენ და ყოველი მათგანი ამცნობდა წმინდანებს მოსახერხებელ სამონასტრო ადგილთა შესახებ. ის კაციც, რომელიც ადრე განდევნა მან ‘ძინძედ” წოდებული ადგილისგან, სიყვარულით შეუვრდებოდა და ეხვეწებოდა, რომ იქ ეშენებინათ, რომელსაც წმინდანმა ასე მიუგო და უთხრა: ‘უკეთურ სულში ღვთის შიში არ მკვიდრდება, არც შეიძლება მარგალიტების დაყრა ღორების წინ30, რადგან ბრმაც გვერდს უვლის მის წინ დადებულ ორმოს, მაგრამ შეგენდოს შენი ადრინდელი შეცდომა, ჩვენ კი ნურავინ გვაიძულებს ადგილის სხვაგან შეცვლას”.
მთელი ის კრებული მეტად განადიდებდა მას: ‘ეს სასწაულები თანაზიარია მოსესგან ქმნილი ზღვის გაპობისა და კლდისგან წყლის აღმოდინებისა, აგრეთვე კიდობნის მიერ იორდანის გაპობისა და კიდევ გრიგოლ საკვირველთმოქმედის მიერ იმ ტბის გახმობისა, რაც იყო ძმათა ურთიერთმტრობის მიზეზი. ასევე გახმა ამ წმინდანთა მიერ ეს ტბაც, მიზეზი მშფოთვარებათა და კაცისკვლათა”.
მაგრამ წმინდანი შორს იყო ამპარტავნებისგან და, ამიტომ, მიუგო და უთხრა მათ: ‘ნუ იფიქრებთ, მთავარნო და ხალხო, რომ თითქოს ჩვენი რამ ძალით მოხდა ეს სასწაულები, არამედ ქრისტე ღმერთმა ადიდა ხატი თავისი პირისახისა, რათა ირწმუნოთ თქვენ, რომ არ არის სიცრუე და ამაოება ეს საქმეები, რასაც თქვენ ხედავთ”. ამის შემდეგ ეწოდა ხსენებულ ადგილს საქმეთა შესაფერისი, რადგან ‘ზარზმა” დაარქვა მას იმ ხალხმა, რომელიც აუწერელი შიშით და ზაფრით იყო შეპყრობილი. ლოცვით და გალობით გაათიეს მათ ის ღამე, განთიადისას კი მოიკითხეს წმინდანები და სიხარულით წავიდნენ თავიანთ სახლებში.
10. ხოლო ღვთისმსახური გიორგი დარჩა მათთან და უბრძანა, რომ მოეძიათ ადგილი, სადაც ისურვებდნენ ეკლესიის აშენებას. ამასთან, უხვად მისცა მათ, რაც კი საჭირო იყო, და წასვლისას უბრძანა, კვლავ მისულიყვნენ მასთან.
ამის შემდეგ დაიწყეს მათ ადგილის ძებნა, თუ სად აეშენებინათ ღვთისთვის სადიდებლად ეკლესია.
წმინდანს სურდა, რომ უფრო მაღალ ბორცვზე აეშენებინა ეკლესია, მაგრამ მისი ძმა იოანე და სხვები ეუბნებოდნენ: ‘ამ ადგილას არა, წმინდაო მამაო, რადგან მაღალია იგი და ცივი, ეს ძმები კი შიშვლებია და ღარიბები”. ამის გამო კამათი წარმოიქმნა მათ შორის. ამიტომ, ისევე როგორც გედეონმა საწმისი დადო საქმეთა გამოსაცდელად და კიდევ ისევე, როგორც დიდმა თევდოსიმ ნახშირით მოიძია ის ადგილი, სადაც უნდა აეშენებინა მონასტერი, ამგვარადვე გააკეთეს ამ ნეტარებმაც, რადგან აავსეს ორი კანდელი თანაბარი ზეთით და დადგეს ისინი საცილობელ ადგილებზე, რამეთუ იყო პატარა ღელე უფრო მაღალი ადგილის სამხრეთით და იქ დაიდგა იოანეს კანდელი თვით იოანესგან, ხოლო ხსენებულ ბორცვზე - წმინდა სერაპიონის მიერ.
შემდეგ ორივე ლოცვად დადგა და როდესაც გათენდა, ნახეს სერაპიონის კანდელი ჩამქრალი, ხოლო იოანეს კანდელი ბრწყინავდა შუა სამხრობამდე, რადგან ღვთის განგება იყო ეს, რომ არა ნაჩქარევად, არამედ თავის დროზე მეტად მშვენივრად აშენებულიყო საყდარი იმ მაღალ ადგილას. ამიტომ, როდესაც მათ ნახეს მომხდარი, გადაწყვიტეს, რომ იქ (ღელესთან, სადაც იოანემ აანთო სანთელი) დაეწყოთ ეკლესიის შენება.
მაგრამ წმინდანმა თაფლადმწვეთი ენით უთხრა თავის ძმას: ‘ძმაო იოანე, ღმერთმა გიჩვენა ეს დიდებული საკვირველება, რადგან იხილა შენი გონების სინაკლულე, თუმცა ეს იცოდე, რომ ცოტა ხნის შემდეგ ამ ადგილას (მაღალ ბორცვზე) აშენდება მეტად მშვენიერი საყდარი”. მათ კი მოამზადეს ის ადგილი.
ხოლო ძმათა რიცხვს ემატებოდა, რადგან ამ ღვთისკაცის სახელგანთქმულობა ბევრს იზიდავდა, რომლებიც მდინარისებრ ირწყვებოდნენ მისი ტკბილი სიტყვებით. ამასთან, ზემოხსენებული კაცი გარბანელი და მისი ორი ძმა, რომლებიც ტბის დანთქმას გადაურჩნენ, წმინდანის ხელით მონაზვნებად ეკურთხნენ. ვინაიდან ამ ახალ მოსეს ებრძანა ახალი ისრაელის წინამძღვრობა, ამის გამო ესაჭიროებოდა მას კარვის შენების საქმეში თანაშემწეებად ახალი ბესელიელი და ელიაბი, რადგან არათუ ნისლში შევიდა იგი და ქვის ფიცრები მიიღო, რომლებზეც სჯული და მცნებები იყო დაწერილი, არამედ თვით ამათ დამწერს ატარებდა გონებით, ვინც იმავე მოსეს, კლდის ნაპრალში დაფარულს, ეუბნებოდა: ‘მე ვარ, რომელიც ვარ”, და ვინც თაბორის მთაზე მოსესთან და ელიასთან ერთად მეტყველებდა მოწაფეთა კორიფეებთან ერთად; სწორედ იგი, აქ ხორცით გამოსახული, მხრებზე იტვირთა მან და აღმართა მორწმუნეთა თაყვანსაცემად, რისთვისაც დაიწყეს ეკლესიის შენება და საძირკველი დადეს იმ ადგილას, რომელიც იოანემ გამოარჩია, თუმცა გაძნელდა მისი შენება, რადგან იმ ადგილებზე ქვები ტყეებით იყო დაფარული. ამიტომ, წყლისგან თუ ახერხებდნენ რამეს და იქიდან გამოჰქონდათ უშვერი რამ ქვები.
ხუროთმოძღვარნი და ამ საქმის ზედამხედველნი იყვნენ გარბანელი და ის ორი ძმა, ხოლო როდესაც გავარდა ხმა, რომ ასეთი ადამიანები ამგვარად აშენებენ ეკლესიას, დაიწყეს მდინარისებრ მოსვლა ეკლესიის საშენებლად, მაგრამ რადგან ვერანაირად ვერ მოიპოვეს ქვა, მდინარიდან გამოჰქონდათ იგი გაჭირვებით და ჯაფით. ამიტომ, კვლავ მივიდა იქ ღვთისმსახური გიორგი, რომელიც დააკვირდა მთელ მათ საქმიანობას და წუხდა რა იმაზე, რომ კარგად აშენებულიყო ეკლესია, ერთი აზრი გაუჩნდა და უთხრა წმინდანებს: ‘ქრისტეს მიერ გაბრძნობილო მამებო, თუკი ესათნოება თქვენს სიწმინდეს, არის ადგილი, სადაც დაცემულია იქაური ეკლესია მიწისძვრისგან და ახლა, თუ ბრძანებთ, ადვილია მისი წამოღება”.
გაიგეს რა წმინდანებმა, რომ გამოუყენებლად იყო დადებული ის ეკლესია, ბრძანეს, რომ მალე დაეწყოთ საქმე. მყისვე დაიწყეს იმდენის წამოღება, რამდენიც სჭირდებოდათ ეკლესიისთვის.
რამდენადმე შეიცნობა კიდეც ეს ქვები კუთხეებითა და კამარებით. თვით იმ ადგილის სახელია „უმწა”, რომელიც მოშორებულია დაახლოებით თვრამეტი კილომეტრით.
დასრულდა ეკლესია სამი წლის შემდეგ და შეიმკო იგი ყოველგვარი წესით, რაც კი შეჰფეროდა იმ დროს. აღმართეს მასში ფერისცვალების ცხოველმყოფელი ხატი, ხოლო ამის შემდეგ ძმებმა სენაკებიც აიშენეს. შეიკრიბა ძმათა დიდძალი კრებული, რადგან სულიწმინდის მადლი და ამ ღვთის კაცის სახელგანთქმულობა იზიდავდა ყველას, რადგან ამბობს უფალი: ‘სადაც იქნება ორი ანდა სამი, შეკრებილი ჩემი სახელისთვის, იქ ვარ მე მათ შორის”, და თუ ორთან და სამთან არის იგი, რამდენად უფრო - ბევრთან ერთად, რომლებიც შეიკრიბნენ ღვთისმსახურებისათვის? ღვთისმსახურმა გიორგიმ მისცა მათ ყოველივე მოსახმარისი, ჯორები, ვირები და რაც კი რამ სჭირდებოდა ძმათა სიმრავლეს.
წმინდანმა განაჩინა საეკლესიო წესები და კანონები, რაც საღვთო მადლით რწყავდა მათ, ღვთის კაცმა გიორგიმ კი სოფლებიც მიუბოძა, იმ ზომამდე, რომ მოსურნე იყო ამ ადგილისთვის გაეღო ყოველივე. ამასთან, ბევრმა დაიწყო მისი მიბაძვა და როგორც ძველად მოსეს კარვისთვის გასცემდნენ თვლებს, მარგალიტებს და სხვა ნივთებსაც, რომ აშენებულიყო ეს კარავი, ამგვარადვე ძალისამებრ აჩენდნენ შესაწირავს ამ ახალი კარვისათვის, რაც არის ქრისტეს ეკლესია.
11. მაგრამ აქ სხვა მხარეს იცვლება სიტყვათშეწყობა, რომ უფრო ზედმიწევნით ითქვას ამ კაცის სასწაულთა შესახებ და ღვთისმსახური გიორგის ცხოვრებაც უფრო მეტად გაცხადდეს.
ხოლო გვეუწყა ეს არათუ ვინმე უმნიშვნელო ადამიანების, არამედ ძალიან გამოჩენილთა და ბრწყინვალეთა მიერ. კერძოდ, ვამბობ გიორგის, მაწყვერელ ეპისკოპოსს, რომელიც დაიბადა ‘შუარტყლის” ხევში, წარჩინებული და ღვთისმოშიში მშობლებისგან, ხოლო აღიზარდა ოპიზის განთქმულ უდაბნოში, რადგან ამბობდა ეს ღმერთშემოსილი თავისი უტყუარი პირით:
‘როდესაც ვიმყოფებოდი ოპიზის უდაბნოში, წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემლის სავანეში, აქედან ავედი დიდ მამასთან, მიქაელთან, და ვიყავი რა მის წინაშე, წარგზავნა მან თავისი ორი მოწაფე და მისწერა ეპისტოლე სერაპიონს და მის ძმას იოანეს, რომ სასწრაფოდ მოსულიყვნენ მასთან (რადგან იცოდა თავისი მიცვალების ჟამი), რომ ენახათ მათ ერთიმეორე და, ამასთან, ისიც ზედმიწევნით შეეტყო, თუ როგორ მოხდა აშენება ზეციდან უწყებული ადგილისა.
‘სერაპიონიც, რადგან იყო მორჩილი მოძღვრის ბრძანებისა, სწრაფად მოვიდა თავის ძმასთან ერთად, ახლდა რა კიდევ ბევრი სხვა ძმაც, და როდესაც ნახეს ერთიმეორე დიდმა მიქაელმა და სერაპიონმა, როგორც შესაფერისია, გაიხარეს მხიარულებით, ჰმადლობდნენ რა ღმერთს ცრემლთა თანაშერევით. ყველა ძმამ ერთიმეორისგან კურთხევა მიიღო. ‘როდესაც გავიდა ორი დღე და მოვისვენეთ, მესამე დღეს შეუდგა დიდი მიქაელი იმის გამოკითხვას, თუ როგორ წარემართებოდა საქმე და რა ვითარება იყო იმ ადგილთან დაკავშირებით, ანთუ ვინ იყო მათი თანაშემწე და მეურვე. ‘ნეტარმა სერაპიონმა დაიწყო თავიდან და ყოველივე აუწყა, თუ როგორ გაუხდა მათ თანაშემწედ დიდი მთავარი გიორგი ჩორჩანელი, თუ რა გადახდათ საერთოდ მათ თავს, თუ როგორ იზრდება ძმათა სიმრავლე; უამბო ტბის დაშრობისა და ურჩი ადამიანების დანთქმის დიდ სასწაულთა შესახებ, აგრეთვე ყველაფერ იმაზე, რაც თანდათან მოხდა.
‘ამით გაიხარა წმინდანმა, აღუვლინა მადლობა ღმერთს და აკურთხა ის კურთხეული კაცი - გიორგი ჩორჩანელი.
‘სერაპიონმა ამცნო ისიც, თუ როგორ უწოდა საკვირველი სასწაულებით თავზარდაცემულმა ხალხმა იმ ადგილს შესაფერისი სახელი ზარზმა.
‘ისმინა რა წმინდანმა ეს ყოველივე, იხარებდა სულით.
‘ამის შემდეგ მოუწოდა მამა მიქაელმა მნეს და უთხრა, რომ გაემზადებინა ვახშამი.
შემდეგ წარმოთქვეს მეცხრე ჟამის დროს დაწესებული ფსალმუნები, დასხდნენ სავახშმოდ, შესვეს ღვინო და სულიერი და ხორციელი სიხარული განაზავეს.
მაშინ წმინდა მამა მიქაელმა, დიდი ნიშებითა და სასწაულებით ბრწყინვალემ, შეხედა ნეტარ სერაპიონს და უთხრა: ‘ჰოი საყვარელო შვილო და ძმაო სერაპიონ, ჭეშმარიტად მწამს ღვთისა იმ სასწაულთა გამო, შენ რომ აღასრულე; ამასთან, თუ როგორ აშენდება ის ადგილი, ამაში დარწმუნებული მაშინ ვიქნები, ეს თუ მოხდება”.
ხოლო საღვთო განგებით იყო ეკლესიის კედელთან ბაიის ძველი ტოტი, რაც აიღო თავისი ხელით მამა მიქაელმა, მისცა წმინდა სერაპიონს და უთხრა: ‘შვილო, დარგე ეს ეკლესიის ახლოს და თუ განედლდება, ჭეშმარიტად იცოდე, რომ ნაყოფიერება ექნება იმ ადგილს. წადი და გულმოდგინედ აშენე”.
ამის გამო გაკვირვებამ შეიპყრო ყველა იქ მსხდომი, რომლებმაც უთხრეს ერთმანეთს: ‘განა ორივე მათგანისგან დიდი არ არის ამ სასწაულის სიდიადე?”
მაგრამ იყო რა სერაპიონი ცუდმედიდობისგან ყოვლითურთ განშორებული, შეუვრდა წმინდანს და უთხრა: ‘ღვთის წმინდანო, შენს წინაშე არაფერია შეუძლებელი, რადგან მიღებული გაქვს ძალაუფლება თვით მთების შეცვლამდე”.
და გამოართვა ხელიდან ის ტოტი და ჩარგო მიწაში, რაც ცოტა ხნის შემდეგ განედლდა და როტგადაშლით ქადაგებდა ამ დიდებულ სასწაულს.
როდესაც ყველამ ნახა იგი, გაუკვირდათ და ადიდეს ღმერთი, ხოლო როგორც კი ცნობილი გახდა ეს სასწაული ახლომდებარე უდაბნოებისთვის, ყველას თავზარი დაეცა და ადიდეს მათ ღმერთი, საკვირველებათა მოქმედი.
12. ხოლო სასწაულს მიჰყვა სასწაული, რის თქმასაც აპირებს სიტყვა, კვლავ მიუბრუნდება რა იგი თავის საზღვრებს.
ვინაიდან სანამ ისინი გარკვეული დროით იყვნენ ასე მხიარულნი სულით და ლხენით, და ყველანი აღივსებოდნენ საღვთო მადლით, ერთ დღეს, როდესაც ლოცულობდნენ მესამე ჟამის განგებას, აჰა, გაუცნაურდა წმინდა მიქაელი და კარგა ხანს იდგა განცვიფრებული.
ამის შემდეგ მან, თითქოსდა ღრმა ძილისგან გაღვიძებულმა, შეხედა ნეტარ სერაპიონს და უთხრა: ‘იჩქარე, ძმაო, და წადი შენს ნამუშაკევ ადგილებში, რადგან რაღაც მშფოთვარებანი ატყდება გარკვეული ხნით, ხოლო თუ ღმერთს ენდომება, მალე მოხდება მათი დაცხრომა, თუმცა მე ვეღარასოდეს მნახავ ამ სოფელში, რადგან მალე წავალ აქედან, იმ საყოველთაო შეკრებისას კი ღვთის ნებით გნახავ მხიარულს და გაბრწყინებულს, როგორც კარგ მშრომელს, საზღაურით გამდიდრებულს, ხოლო შენი ძმა იოანე სხვა ადგილას წავიდეს, რომელიც ენიშნება რა, მის შენებაზე გულმოდგინედ იზრუნოს იმ ადამიანებთან ერთად, ხსენებულ ადგილას რომ იპოვის, სადაც მონასტერი უნდა ააშენოს”.
და მისცა მას იმ ადგილის სასწაული და ნიში, სადაც უნდა მისულიყო იოანე.
წარმოთქვა რა ეს ტკბილი ანდერძი და ყოველივე სამომავლო წინასწარ მოასწავა რა მათთვის, ამის შემდეგ გაუშვა ისინი, რომლებიც ცრემლით სავსე იყვნენ, და ეს - უფრო იმიტომ, რომ აღარ ეიმედებოდათ კვლავ მისი ნახვა.
როდესაც კლარჯეთის დიდ უდაბნოს, ოპიზას მიაღწიეს, მოეგებნენ მამები, რომლებმაც წადიერად და სიყვარულით მოიკითხეს ისინი და შესაფერისი პატივი მიაგეს, ხოლო როდესაც დაჰყვეს იქ რამდენიმე დღე ... (აქ ტექსტს აკლია).
მაგრამ რადგან წმინდა სერაპიონი იყო თავმდაბალი და არათავმოთნე, საეკლესიო ხუროებთან მდგომად ხედავდნენ მას თავისი ტკბილი და საამური ხელით, იყო რა სხვა სათნოებებთან ერთად, საეკლესიო სჯულთა მცოდნეც და ხუცობის წესით მეტად შემკული.
ამიტომ, ასეთი სახით როდესაც ნახა იგი ვიღაც ამპარტავანმა და სიამაყით შეპყრობილმა, დაიწყო წმინდანის გმობა და თქვა: ‘აჰა დიდი და სახელგანთქმული სერაპიონი როგორ უსიტყვო და უხმო ჩანს და საერთოდ არანაირად არ არის იგი ამგვარ პატივთა ღირსი”.
ამბობდა რა ამას და იყო რა ეშმაკეული შურით აღვსილი, - ჰოი შენს საკვირველებებს, ქრისტე, - აღსრულდა სიტყვა წინასწარმეტყუელისა, რომელიც ამბობს: ‘უფალი მიაგებს მათ უსჯულოებას მათსას”, და კიდევ: ‘უტყვი გახდეს ენა მზაკვარი, რომელიც მართლისთვის უსჯულოებას მეტყველებს”, ხოლო რადგან ეკლესიაში იდგნენ, მყისვე ყველას თვალწინ დაეცა ის კაცი, გახდა უხმოდ მდებარე, გადმოაგდო გასიებული ენა, საშინლად წამოუვიდა დუჟი და გორავდა.
მაშინ გაკვირვებამ შეიპყრო მგალობელთა მთელი დასი, ხოლო რომლებსაც გაეგონათ ამ კაცისგან წმინდანის გმობა, ერთიმეორეში ამბობდნენ: ‘ნუთუ მის მიერ დაემართა ამას ეს მყისიერი მხილება?”
ის კაცი კი გონს მოეგო, მიხვდა თავის ცთომილებას და თუმცა ენით ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც შეუვრდა მამათა მწყობრს და მათ წინაშე აღიარა თავისი შეცდომა. მაშინ ყველანი შეუვრდნენ წმინდანს, რომ მიეტევებინა მისთვის ცოდვა.
წმინდანი კი ასე ეუბნებოდა მათ: ‘წმინდა კრებულო და რჩეულო მწყობრო, ნუ მოხდება ისე, რომ ჩემს გამო ჰქონდეს რაიმე შემთხვეული ამ ძმას, არამედ იაკობ მოციქულის სიტყვისებრ ‘გვმართებს, რომ ყველას ვულოცოთ ძმათმოყვარეობით, და უფალმა მისცეს შვება ამ უძლურს”.
მაგრამ უფრო მეტად შეუვრდა წმინდანს ყველა: ‘მიუტევე, ღვთის წმინდანო, და შეიწყალე ეს საბრალო”.
წმინდანი მიუგებდა: ‘აჰა თქვენთან ერთად მზად ვარ მეც”.
მოიდრიკა მან მუხლები და თქვა: ‘უფალო იესო, მამაღმერთის ძეო, რომელიც მოხვედი სოფლად შეცდენილთა მოსაძიებლად, ისევე როგორც სიტყვით აამეტყველე ყრუ და უტყვი, ამგვარადვე, მეუფეო უფალო ღმერთო, განკურნე ეს ჭაბუკიც, რომელიც შეცდა ეშმაკის სივერაგის გამო”. როგორც კი თქვა მან ეს, მყისვე დაუცხრა იმ კაცს ენის მძაფრი ტკივილი და კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს, ხოლო ვინც ნახა იგი, გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს.
ეს სასწაული ყველასთვის ცნობილი გახდა. ასე ამბობდნენ: ‘რომელმაც ბაიის გამხმარი ტოტი ფურცლის გამომღებად გამოაჩინა მსგავსად იმ გამხმარი ხელისა, რომელიც განკურნა უფალმა, აგრეთვე მსგავსად იმ კვერთხისა, აჰრონის მიერ რომ განედლდა, ან კიდევ მსგავსად იმ ხისა, რომელიც დიდმოწამე ხარალამპის მიყრდნობით განედლდა და მყისვე ნაყოფიერი გახდა, ანდა მსგავსად აგრიგანტელთა ნათლისმცემლის გრიგოლისა, - ამ სასწაულებზე არაფრით უდარესი არ არის ყოველივე ის, რაც წმინდა სერაპიონის მიერ აღსრულდა, რადგან უფალი ამბობს: ‘ვინც მე მირწმუნებს, ჩემზე უფრო მეტს გააკეთებს”. „ღმერთი ხომ საკვირველია თავის წმინდანთა შორის”. ამას და ამის მსგავსს ეუბნებოდნენ ყველანი ერთიმეორეს და ადიდებდნენ ღმერთს.
13. აქედან კვლავ განვაგრძობთ დარჩენილ ამბავს და პირველ სიტყვას დავუბრუნდებით.
როდესაც ეს სასწაულები მოხდა წმინდანის მიერ იმ ადგილებში, სადაც თვითონვე იყო აღზრდილი, და იმ მოძღვრის წინაშე, რომელიც იყო თავი და წარმმართველობა ყველა მისი საქმისა, სერაპიონმა და იოანემ ნახეს და წადიერად მოიკითხეს თავიანთი უფროსი ძმაც, რომელიც ადრე ვახსენეთ და რომელიც მათი იქ ყოფნისას სულ მათ გვერდით იყო.
მაგრამ წმინდანებმა დატოვეს ის უდაბნო, გამოემშვიდობნენ იქაურ წმინდა მამებს და წავიდნენ.
როდესაც გადაიარეს მათ მთა, რომელსაც ერქვა ‘არსიანი” და მივიდნენ ‘ყველის” ხევში, იქაც მოხდა რაღაც სინაკლულის სრულყოფა განგებულებითად, რადგან აჰა მოეგებნენ მათ ვიღაც მონაზონი ადამიანები და უთხრეს: ‘კარგად მოხვედით, ქრისტეს ვენახის საღვთო მუშაკნო, რადგან ნაბრძანებია, რომ ამ ადგილებში თქვენს მიერ აშენდეს მონასტერი, რომლის გამო დამაშვრალნი ვართ ჩვენც, და მოგელით თქვენ, რადგან ნაუწყები გვაქვს, რომ აქაც თქვენვე ხართ ამ საქმეთა წინამძღვრები და მასწავლებლები”.
და უჩვენეს მათ ადგილი, რომელზეც ჩანდა დიდი მიქაელის მიერ ნაბრძანები ნიშები. მაშინ უბრძანა წმიდა სერაპიონმა თავის ძმას, რომ გულმოდგინედ დაეწყო და აეშენებინა მონასტერი წმინდა მიქაელის ბრძანებისამებრ. იოანეს ძალიან დაუმძიმდა ეს საქმე, მაგრამ ვერ იკადრა წინააღმდეგობის გაწევა ორივე ბრძანებისათვის და მხოლოდ ეს უთხრა სერაპიონს: ‘თუ შესაძლებელია, რომ დრო და დრო ვნახო თქვენი საღვთო სახე, მზად ვარ აღვასრულო შენი ბრძანებები”. წმინდანმაც აღუთქვა, რომ ყოველთვის ნახავდნენ ერთიმეორეს. და აშენდა ის მონასტერი დიდი მოძღვრის ბრძანებისამებრ. შეამკო იგი იოანემ ყველა სამკაულით, როგორც ეს შესაფერისი იყო, და უწოდა მას თავის თანამოსახელედ, რადგან ‘იოანეწმინდა” ჰქვია იმ ადგილს. ამასთან, მიდიოდა იგი ჟამიჟამ თავის ძმასთან და სწავლობდა მისგან მონასტრის ყოველგვარ განგებას.
მაგრამ აქ პირუკუ შევცვალეთ სიტყვის დარჩენილი ნაწილი, რადგან შეეზავა სიტყვა სიტყვას და ვეღარ გავკვეთეთ იოანეს სახელზე აგებული მონასტრის აშენების ამბავი. როდესაც წავიდა აქედან წმინდა სერაპიონი და მივიდა თავის კრებულთან, ყველანი სიხარულით მიეგებნენ და წადიერად მოიკითხეს. სერაპიონმა მოიხილა ისინი, შემდეგ კი ნახა, თუ რამდენი რამ აეშენებინა ახალ ხუროთმოძღვარს და როგორ ასულიყო დიდ სიმრავლემდე ძმათა რაოდენობა. როდესაც იხილა მან ეს ყოველივე, გამხიარულებული ჰმადლობდა ღმერთს.
14. მაგრამ აქ კვლავ სხვა მხარეს მიბრუნებას აპირებს სიტყვა:
ვინაიდან შეატყობინეს ღმერთშემოსილ მამა სერაპიონს იმ ადგილის ამშენებელი დიდი მთავრის გიორგის სიკვდილი, ხოლო მან, გაიგონა რა ეს, დიდად იგლოვა, როგორც შესაფერისი იყო; დაღვარა ცრემლიც, ისევე როგორც მაცხოვარმა ლაზარეს გამო; და უფრო მეტადაც, რადგან ვერ დაესწრო მის სიკვდილს. ამიტომ უთხრა იკონომოსს, ხუცესებს და ყველა ძმას, რომ მეორე დღეს მისულიყვნენ გიორგის საფლავზე, ზანავის ადგილას, სადაც აშენებულია მშვენიერი მონასტერი, რომლის პირველმაშენებლები იყვნენ ამასპო და ქურდია, ახლა კი ხელმეორედ - გიორგის და, რომელიც იყო ბეშქენ ბაჰლაუნდის ძის, დიდი მთავრის მირიანის ცოლი. თვით გიორგი შვილებისგან დაკლებული და მარტოდშთენილი იყო, რადგან ორი შვილი ჩვილობაშივე მოკვდომოდა მას, იმათ შემდეგ კი გარდაცვლილიყო მათი დედაც, რომელმაც სინათლეზე გამოიყვანა ისინი, ხოლო გიორგის სხვა მეუღლის შერთვა აღარ უვალდებულებია.
ასე რომ, როდესაც გარდაიცვალა, როგორც უკვე ვთქვით, ყოვლადკურთხეული გიორგი, ყველაფერი, რაც მას ჰქონდა - მამული, ყველა ეკლესია და თავისი შენაძენი, - თავისსავე დას მიაბარა და საკუთრად განუკუთვნა მის შვილებს, რომლებსაც ერქვათ: სულა, ბეშქენ და ლაკლაკი.
მაშ, როგორც ვთქვით, მის საფლავზე მივიდა წმინდანი, სიყვარულით და თანალმობით იტირა, შემდეგ, წესისამებრ მოიკითხა და ნუგეში სცა გიორგის დას ლატავრის, რომელსაც მოგვიანებით თეკლა ეწოდა, და საღვთო კურთხევით აკურთხა სამივე ის ყრმა მსგავსად სამი აბრამიანი ყრმისა.
ამის შემდეგ აიღო მან დიდი მთავრის გიორგის ანდერძი, წაიკითხა იგი ცრემლით სავსემ, ილოცა გიორგისთვის და აკურთხა ეს კურთხეული კაცი, რადგან უშურველი სიუხვით ებოძებინა მას მონასტრისთვის ყველაფერი: გადასახადისგან თავისუფალი მიწები, მრავალგვარი საქონელი, სიმრავლე სახედრებისა და ნახირისა. წმინდანმაც სასოებით შეავედრა უფალს ამ კაცის სული. ასე გავიდა წლები, ის ადგილი კი ძალიან აღორძინდებოდა და წარემატებოდა.
მაგრამ მივედით რა ამ სიტყვამდე, საჭიროა ყურადღებით ვისმინოთ იმის შესახებ, თუ რაგვარ მადლთა ღირსი გამხდარიყო დიდი მამა მიქაელი, რადგან აჰა ესაა ის ადგილი, რომლის გამოც უწინასწარმეტყველა მან ნეტარ სერაპიონს (რომ ‘შფოთი და განსაცდელი შეემთხვევაო იმ ადგილს, შენს ნამუშაკევს”); ამაზე უნდა წარმოვთქვათ ახლა:
როდესაც დიდ სიწყნარესა და სიმშვიდეში იყო ეს ადგილი დიდი მთავრის გიორგის გარდაცვალების შემდეგ, კარგი წინსვლა ჰქონდა რა მთელ მის საბრძანებელს, მისგანვე დატოვებულს თავისი დის თეკლას და მისი შვილებისთვის, ეშმაკისმიერი გადაბირებით შეიქნა უწესო არეულობა, რადგან მოკლა ლაკლაკმა თავისი დის ქმარი, რომელიც შემტევად ეუბნებოდა: ‘ამ თქვენს დასაც აქვს წილი თქვენს მამულში, რადგან თქვენც დედისგან გაქვთ იგი”. ამის გამო გახშირდა ურთიერთშეპასუხებანი. შედეგად, მოკლა ლაკლაკმა თავისი დის ქმარი, ხოლო მოხდა რა ასე, გაჭიანურდა ეს საქმე სამი წელი.
ხოლო ამ მოვლენების მეოთხე წელს გამოაბრწყინა ღმერთმა დიდი მღვდელთმოძღვარი გიორგი შუარტყლელი, რომელმაც დაიკავა აწყურის საყდარი, რადგან არ იყო მართებული საწოლის ქვეშ დაფარვა სანთლისა.
მან ხელში აიღო სამცხის მმართველობა, წესისამებრ დააწყნარა მთელი თავისი საბრძანებელი და დაიკავა პირველ შფოთისმოთავეთა მთელი მამული და ეკლესიები.
ხოლო ის ადგილი, ზარზმად წოდებული, ყოვლითურთ შეუძრავად ნარჩუნდებოდა ღვთის შეწევნით და ნიშებშემოსილი მამის სერაპიონის სასწაულთა მადლით.
როდესაც გავიდა შვიდად აღრიცხული წელიწადი, დაცხრა და დაწყნარდა ყველა მშფოთვარება და უწესრიგობა ამ წმინდა მღვდელთმოძღვრის გიორგის მიერ, ხოლო ყველა ამ მრავალრიცხოვანი საქმის მაუწყებელი პირი და ენა დიდ გიორგი მაწყვერელთან ერთად იყო ნეტარი მამა სერაპიონიც. ამიტომ, ყველა ეს სასწაული და საქმე, რაც კი ეპისკოპოსობამდე და ეპისკოპოსობის შემდეგ ენახა მას, - ვამბობ გიორგი მაწყვერელს, - მანვე, უტყუარმა პირმა, მოგვითხრო ჩვენ. კერძოდ, თუ როგორ განედლდა ბაიის ტოტი ანდა როგორ განიკურნა ეშმაკისმიერი გადაბირებით ცთუნებული ამაყი და ამპარტავანი ენა, რადგან ამ ყოველივეს თვითმხილველი იყო იგი.
15. მაგრამ ახლა ჩვენი სიტყვა თანდათანობით კვლავ უნდა დაუბრუნდეს ადრე დაწყებულ სიტყვებს. როდესაც მოხდა მშფოთვარებათა დაწყნარება, დღითი-დღე მატულობდა წარმატება მონასტრისა. სერაპიონის ძმა იოანეც გამუდმებით მოდიოდა და კურთხევას იღებდა მისგან, ამასთან სწავლობდა ყველაფერს, რაც თავისგან აშენებულ მონასტერს აკლდა, ხოლო იმ ნეტარმა მამებმა ასეთი წესი დაუდეს საკუთარ თავს: ღამის ლოცვაზე ხელაღპყრობით უნდა მდგარიყვნენ მგალობელთა დასთან, ცისკრის მოახლებისას კი განშორებოდნენ მათ ქვისსატყორცნ მანძილზე და იქ შეეწირათ ვედრებანი მყუდროებით და ცრემლით, რომ ამითაც მიმსგავსებოდნენ თავიანთ მეუფეს. ამ სახით დღითიდღე განამრავლებდნენ ისინი ტალანტს (ე.ი. ფულს), რომ შენამატითურთ მიერთმიათ იგი მადლთა გამყოფისთვის. ასე გავიდა წელთა სიმრავლე. ისინიც ‘კარგი სიბერით გამშვენდნენ” და საღვთო ცოდნით ‘შვებულნი და დაჩვილებულნი გახდნენ”. ამის შემდეგ გარდაიცვალა თეკლაც, გიორგის და; დარჩა მისი სამივე ძე, რომელთა მფლობელობაც წარმატებული გახდა და იკურთხა მათი თესლი, როგორც აბრაამისა და იაკობისა.
16. მაგრამ ახლა საჭიროა, ძმანო, რომ გულმოდგინედ ვისმინოთ, რასაც ახლა ვიტყვით, ამასთან გაიგონებთ რა ნეტარი სერაპიონის ცხოვრების დასაბამსა და აღსასრულს, გიკვირდეთ და ადიდებდეთ ღმერთს.
ვინაიდან როდესაც იგი მიუახლოვდა ამსოფლიდან წასვლას და მწუხარებისგან სიხარულთან მისვლას, მოუხმო ძმათა კრებულს და უთხრა:
‘ძმანო და მამანო! მსურს მე, რომ მოციქულისებრ ვთქვა: ‘სრბოლა აღსრულებულია და სარწმუნოება დაცული მაქვს”. ვამბობ კი არათუ ცუდმედიდობით, არამედ იმედი მაქვს, რომ ‘ამიერიდან მომელის მე სიმართლის გვირგვინი”, - არა მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მისი გამოჩინება, ვინაიდან ასეა გამზადებული გვირგვინები მისი მოყვარულებისთვის, როგორც ამას თვითვე ამბობს თავად: ‘მოდით ჩემთან ყველა დამაშვრალი და ტვირთმძიმე და მე მოგისვენებთ თქვენ. ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი”. თქვენ კი, შვილნო, ისწავლეთ მისგან, ვინც ამბობს: ‘შეიყვარე შენი უფალი ღმერთი მთელი შენი გულით, მთელი სულით და გონებით, და - მოყვასი, როგორც საკუთარი თავი”. და კიდევ ამბობს: ‘რაც გინდათ, რომ გაგიკეთონ ადამიანებმა, ასევე გააკეთეთ თქვენც მათ მიმართ, და ამ მცნებებზე ჰკიდია მთელი სჯული და წინასწარმეტყველები”, და ‘ამით გაიგოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გეყვარებათ ერთიმეორე”. ხოლო თქვენ, ძმანო, დაიცავით პირველყოვლისა ღვთის და მოყვასის სიყვარული, როგორც თავი სჯულისა და წინასწარმეტყველებისა, და მუდმივად ლოცულობდეთ, რომ არ შეხვიდეთ განსაცდელში, ვინაიდან ლოცვა მიმაახლოებელია ღმერთთან და კარიბჭეა სასუფევლისა, ანგელოზებთან შემაერთებელია და დამცემია ეშმაკებისა, რამეთუ წმინდა და ღმერთშემოსილმა მამებმა ლოცვა საჭურველად თქვეს, მარხვა - გალავნად, წმინდა ცრემლები - განსაბანელად, ხოლო მორჩილება - მოწამეობად, რაც ღვაწლშემოსილ მოწამეებთან ერთად გვირგვინოსანს ხდის ადამიანს სისხლის დაღვრის გარეშე”.
ამგვარი რამ ბევრი ამცნო წმინდანმა ოქრონაკადულიანი პირით თავის მოწაფეებს და კიდევ უთხრა: ‘მე, ძმანო, აჰა მივდივარ რამდენიმე დღის შემდეგ, ხოლო თქვენ მოძებნეთ მამა და წინამძღვარი, ვინც შეძლებს, რომ დაგმწყსოთ თქვენ როგორც შვილები და ძმები”.
ისინი კი ყველანი, ცრემლით ავსებულნი, მეტისმეტად ტიროდნენ და ამ მეტისმეტი ტირილის გამო ვერავინ უპასუხა მოძღვარს, მაგრამ როდესაც გონს მოეგნენ, ასე მიუგეს და უთხრეს: ‘ჩვენ, მამაო, ვინაიდან ტკბილი და ყოვლადმოწყალე მამისგან ობოლნი ვხდებით, არ ვიცით რა მოგიგოთ”.
წმინდანმა კი უთხრა: ‘რადგან, შვილნო, არაფერს მეუბნებით მე, გლახაკს, მმართებს, მევე ვთქვა საჭიროებისამებრ”.
იყო ვიღაც მღვდელთაგანი, ადამიანი, მბრწყინავი კარგი სათნოებით, ტკბილი სიტყვითა და საქმით, სახელად გიორგი. მას უხმო წმინდანმა და უთხრა: ‘ჰოი საყვარელო შვილო გიორგი, კარგი წილი გხვდა შენ, რომ ჩემს შემდეგ ჯეროვნად დამწყსო ეს ქრისტეს სამწყსო როგორც სულთმოყვარე მამამ, ისინი კი გამოჰყვნენ შენს ხმას, როგორც შეჰფერით მამისმოყვარე შვილებს”.
როდესაც ეს სიტყვები გაიგონა გიორგიმ, ცრემლით ავსებულმა უთხრა: ‘მძიმეა, ჰოი წმინდაო, ჩემს ბეჭებზე დასადებად ეს ძნელად საზიდი ტვირთი. ამიტომ გევედრები, რომ ლმობიერება გამოიჩინო და მეტად აღარ მიბრძანო”.
წმინდანი კი უპასუხებდა: ‘არა მე, არამედ ქრისტე გიბრძანებს ჩემს მიერ”.
ამ სიტყვით დაარწმუნა მან იგი, რომ ეწინამძღვრა ძმათათვის. ამის გამო ყველამ გაიხარა, ვინაიდან მთელი ის კრებული ხედავდა მას, როგორც სერაპიონის მსგავსს.
და მას შეავედრა სერაპიონმა თავისი სამწყსო, ამასთან დაუდგინა იმდენი მნე ეკლესიისა, რამდენიც დასჭირდებოდა, და ძმათა კრებულს განუწესა საღვთო და მეტად მშვენიერი განგება.
ხოლო ყველა ამგვარ ღვწათა მეშვიდე დღეს მცირედით დასნეულდა იგი და მიწვა ლოგინზე, თუმცა მეხუთე დღეს ადგა როგორც ახლად გაჭაბუკებული, მივიდა წმინდა საკურთხეველთან, მიეახლა წმინდა ტრაპეზს და ქრისტეს განკაცების ცხოველმყოფელ ხატს, ამასთან უბრძანა, რომ ეზიარებინათ იგი ქრისტეს ხორცთან და სისხლთან, გადაიბეჭდა საუფლო ჯვარი, თითოეულად გამოემშვიდობა ძმათა სიმრავლეს და უთხრა: ‘ილოცეთ ჩემთვის, ძმანო, და იცოცხლეთ, ვინაიდან ამიერიდან ვეღარ მნახავთ ამ სოფელში”. და წავიდა იგი და მივიდა ლოგინთან მეექვსე ჟამს (იგულისხმება ლიტურგიული ჟამი ანუ საათი), მეცხრე ჟამს კი მიაბარა თავისი სული ღვთის ხელებს, რომელიც სურდა მას ყოველთვის.
ლავრის მამებმა არამცირედ იგლოვეს წესისამებრ და ცრემლით.
მაშინ მოვიდა მისი ძმა იოანე, ვინაიდან სულიწმინდისგან ჰქონდა მას ნაუწყები და მისგანვე იყო, როგორც ღრუბლით, ზეატაცებული. შეიკრიბა მახლობელი მონასტრების და სოფლების სიმრავლე, მოვიდა ღმერთშემოსილი გიორგი მაწყვერელიც ჯვრით ეკლესიის ყველა დასთან ერთად, და ესეც უნდა ვთქვათ, რომ ანგელოზთა დასებიც ყველა წმინდანის გუნდთან ერთად მოვიდნენ მასთან როგორც მათსავე თანამკვიდრთან და თანამოსაგრესთან. ყველა ანგელოზმა სიხარულით ‘შემოჰკრა ტაში” და მათ ზეცად აიყვანეს მისი ყოვლადსანატრელი სული.
ზეცისანი გამხიარულებულები ადიდებდნენ ღმერთს, ხოლო მიწაზე მყოფნი მის წმინდა სხეულთან შეხებით სნეულებებისა და ტკივილებისგან თავისუფლდებოდნენ და მადლობასა და თაყვანისცემას აღავლენდნენ. წესისამებრი გალობით, სანთლების სიმრავლითა და საკმეველთა სურნელებით შემურეს იგი და ჩაასვენეს საფლავში, რაც თვით მას ჰქონდა გამზადებული საკურთხევლის აღმოსავლეთით (რომ ამ საფლავის ყოველდღიური ხილვით გაეხსენებინა სიკვდილი, რაც მუდამჟამს თვალთა წინაშე ჰქონდა).
ასე შეასრულეს დამარხვის წესი და ბევრი ვინმე მისი დასაფლავების დროს განიკურნა სხვადასხვა სენისგან, რათა ყველას სცოდნოდა, რომ სიკვდილის შემდეგაც ცოცხალია იგი და მეურვეობს მისდამი სარწმუნოებით შევედრებულებს. ხოლო მისი სასწაულების სიმრავლე გონებისგან მიუწვდომელია, თუმცა ზოგიერთსა და მცირეოდენს ვახსენებთ და შემდეგ დუმილს განვუკუთვნებთ სიტყვას:
ჯერ კიდევ ლოგინზე იყო წმინდანის მრავალმოღვაწე სხეული, როდესაც მოვიდა ვიღაც კაცი მთლიანად გამხმარი, რომელიც რაღაც მეტისმეტი სისასტიკით განირღვეოდა ტკივილის სიმძაფრისგან, ვინაიდან სისხლი მისდიოდა მის სარცხვენელს, და ისიც გაჰყვიროდა უმსგავსი ხმით. როდესაც კი მოაღწია მან, სიყვარულით მოეხვია მის ლოგინს და აჰა ეს კაცი გახდა როგორც მკვდარი. მყისვე ყველას დასანახად მის თესლმდინარე ასოს დასცვივდა შემაშინებელი სიდიდის ორი ქვა და ეს კაცი გახდა მთლიანად ჯანმრთელი, ისე თითქოს არასოდეს შემთხვეოდა ხსენებული ვნებულება. ყველამ, ვინც ეს ნახა, ადიდა ღმერთი, თავის წმინდანთა მადიდებელი.
ამის გამო იყო, რომ იმ დროს მოვიდა სხვადასხვა სახის სნეულთა სიმრავლე. ყველა იკურნებოდა და ადიდებდა ღმერთს. წმინდანის დასაფლავებისა და მიწაში დაფარვის შემდეგ კი, ვიდრე დღევანდელ დღემდე, მიუწვდომელია ყოველ სნეულზე მის მიერ აღსრულებული ნიშები და სასწაულები, და ადამიანური ენისგან შეუძლებელია წარმოთქმა და აღწერა ყველა იმ სასწაულისა, რაც კი სარწმუნო კაცებმა ფიცით მოგვითხრეს ჩვენ.
ან კი ამ ჩვენს დროში ნანახი და გაგონილი როგორ ვუამბოთ თქვენს სიყვარულს, ვინაიდან უშურველად სურნელობს მის ნაწილთა მადლი სარწმუნოებით მვედრებელთათვის, რაც მარადის აღესრულება ღვთის სადიდებლად.
17. მაგრამ ამის შემდეგ ვახსენოთ, თუ როგორი წინასწარმეტყველური მადლის ღირსი გამხდარიყო იგი, ვინაიდან აჰა აპირებს სიტყვა გახსენებას იმ სიტყვისას, როდესაც უთხრა მან თავის ძმას იოანეს: ‘გავა დრო და ამ ბორცვზე აშენდება მეტად მშვენიერი ეკლესია”.
მართლაც, აჰა, დადგა დრო მისი წინასწარმეტყველებისა, ვინაიდან ჯერ კიდევ ცოცხალი იყო წმინდანი, როდესაც მას, როგორც ყველასგან საყვარელს, ყველას მეგობარს და მოძღვარს, დაემოწაფა ვიღაც სრულიად უცნობი კაცი. ეს კაცი იყო პატარა ადგილიდან, რომელსაც ‘ძარღუასსოფელი” ეწოდება.
იგი ყოველ დღე მოდიოდა წმინდანთან და ეუბნებოდა მას: ‘მაკურთხე მამაო, შენი წმინდა ხელით და შემაერთე შენს წმინდა კრებულს”, ის კი აფერხებდა მას გარკვეული დროით, რომ უფრო მეტად გამოჩენილიყო საკვირველება ამ კაცის ერისკაცობაში დაყოვნების გზით.
ის კი მაინც ეუბნებოდა: ‘მაკურთხე, მამაო, მიიღე მცირედი შესაწირავი და დახარჯე იგი მონასტრის ასაშენებლად”. წმინდანიც კვლავ უბრძანებდა, რომ დაეხანებინა და შემდეგ თავისთავად მოვიდოდა დრო იმისა, რომ მონაზონი გამხდარიყო იგი, მაშინ კი ეს შესაწირავი, რაც გამზადებული ჰქონდა, ძალიან დასჭირდებოდა.
და როდესაც დადგა დრო და მიიცვალა წმინდანი, დადგა მესამე დღე მისი მიცვალებისა და ჩასვენდა წმინდანი ზემოხსენებულ საფლავში, რაც თვითვე აეშენებინა საკურთხევლის აღმოსავლეთით, პირდაპირ სარკმლის ქვეშ.
მაშინ მოვიდა ის კაცი, რომელიც ვახსენეთ, მისი მიცვალების მესამე დღეს, იტირა ძალიან და თან ედავებოდა წმინდანს როგორც ცოცხალს, თავისი ხელით რომ არ აღკვეცა იგი. ამის გამო ეუბნებოდა მას, რომ არ განშორდებოდა საფლავს, ვიდრე არ გახდებოდა მონაზონი და რომ იმ შესაწირავს დადებდა მისი სამარხის ადგილას.
იყო რა ეს კაცი აგრერიგად მდუღარე, უბრძანა მამასახლისმა ეკლესიის მნეებს, რომ მოეტანათ სამხრე და კუნკული და აღეკვეცათ იგი. მნეებმა მყისვე მოადევნეს სიტყვას საქმე, აღკვეცეს ის კაცი და შეასრულეს მასზე მთელი სამონაზვნო წესი.
როდესაც წავიდა ეს კაცი თავის სოფელში, იცნეს იგი იქაურმა ადამიანებმა და მეგობრებმა, შეცბუნდნენ, ნახეს რა იგი უცხო სამოსლით შემოსილი, და უნდოდათ, რომ კვლავ ერისკაცად ექციათ იგი, მაგრამ ვინაიდან ვერ შეძლეს მისი დამორჩილება, უთხრეს ეს ამბავი მის ბატონს, ვინაიდან იყო ეს კაცი საჭირო პირი და შორი გზების შიკრიკი.
მაგრამ როდესაც ამ კაცმა იგრძნო, რომ არ უშვებენ თავის ნებაზე, აიღო ის შესაწირავი და თავისი სახლიდანაც, რაც შეეძლო, და გაქცევა ირჩია, რის გამოც უკან გამოედევნენ მას, მაგრამ წმინდანის შეწევნით ვერ დაეწივნენ. და როდესაც შევიდა ის კაცი მონასტერში, მდევრებიც უკანვე მიჰყვნენ, რომლებსაც უნდოდათ, რომ შეეპყროთ იგი და წაერთმიათ, რაც ჰქონდა. ის კაცი კი მივიდა პირდაპირ ეკლესიის სარკმელ ქვეშ და შეაგდო შიგ, რაც ჰქონდა მას ხელსახოცში გამოკრული.
როდესაც ასე უძლური გახდნენ მდევრები, შეევედრნენ ისინი წინამძღვარ გიორგის, გაეხსნა ეკლესიის კარი, რომ თაყვანი ეცათ წმინდანისთვის და მათაც ენახათ, თუ რა შესაწირი გაეღო იმ კაცს.
ეჰა საღვთო განგებულებას, რაც აღსრულდა, რათა ყველას გაეგო, რომ მიცვალების შემდეგაც ძალუძს წმინდანს იმის გაკეთება, რაც ნებავს.
როდესაც გახსნეს კარი, შევიდნენ წმინდა ეკლესიაში, ავიდნენ საკურთხეველთან და ძებნეს ის, რაც ყველას დასანახად იქნა შეგდებული, თუმცა ვეღარ იპოვეს, რის გამოც შიშმა და გაკვირვებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს.
18. როდესაც გავიდა მრავალი წელი და გარდაიცვალა წინამძღვარი გიორგი, მის მონაცვლედ დადგა ვინმე მიქაელი, რომელსაც გიორგიმვე ამცნო:
‘დაიწყეთ ეკლესიის შენება მამა სერაპიონის ბრძანებისამებრ, ხოლო ხარჯებისთვის ნუ იწუხებთ, ვინაიდან ხილვაში მაუწყა წმინდანმა, რომ ის შესაწირავი, იმ კაცმა რომ მოიტანა, დამარხულია ჯვრის ქვეშ, რაც იყო წმინდანის თავით. ამოიღეთ იგი და მიეცით ყველა მუშას, ხოლო ის კარგი კაცი გახდეს ყველაფრის გამგე, ისევე როგორც ჩემს მიერაც გამგე იყო მონასტრის ყველა საჭირო სამსახურისა”.
ამ მიქაელის დროს ივნისის თვის ოთხში, ხუთშაბათ დღეს დაიწყეს ის ეკლესია, რაც წინასწარ გამოსახა წმინდანმა, ვინაიდან მიქაელმა, პატრონთა ბრძანებით, მოუხმო ოსტატობით სახელგანთქმულ ადამიანს ბერძენთა ქვეყნიდან, იმ ადგილისგან, რომელსაც ‘ხუფათი” ჰქვია. მას თანაშემწედ ჰყავდა კალატოზი შუარტყლის ხევიდან. ორივე მათგანი იყო მუშათა სიმრავლის მოძღვარი და მასწავლებელი.
მამა მიქაელმა, მამა გიორგის უწყებისამებრ, ძებნა ის შესაწირავი, ვინაიდან მოვიდნენ მღვდლები სახარებითა და სანთლებით საკმევლითურთ, და თვით ის კაციც, შესაწირავის მომტანი.
როდესაც მათ წაიკითხეს იოანეს თავის სახარება: ‘პირველად იყო სიტყვა”, მოიდრიკეს მუხლი, ევედრნენ წმინდა სერაპიონს და გადაუსვენეს ჯვარი, როგორც ეს ნაუწყები იყო მამა გიორგისთვის. ეჰა შენს საკვირველებებს, ქრისტე, ვინაიდან აღმოჩნდა ყოვლად შეუძრავად ბეჭედი, და როდესაც ნახა იგი იმ კაცმა, გაუკვირდა. ყველამ მადლობა გადაუხადა ღმერთსა და წმინდა სერაპიონს.
ამასთან გამოიკითხეს იმ კაცისგან რაოდენობა და ხარისხი ოქროსი. მან კი თქვა: ‘ეგ ოქრო არის თლილი და წმინდა ოქროსგან პირველ მეფეთა გამოსახულებით, ხოლო რაოდენობით ამ ბეჭდის შიგნით იყო სამასი ოქროს ფული და კიდევ ხუთი”.
როდესაც გახსნეს მათ მანდილი, რაშიც გამოკრული იყო შესაწირავი, აღმოჩნდა ისე, როგორც წინდაწინ ეთქვა ამ კაცს. მაშინ დაიწყეს გულმოდგინე მშენებლობა.
და ის კაცი გაამწესეს გამგედ არა მხოლოდ კალატოზებისა, არამედ მასვე მიენდო აგრეთვე ძმათა იკონომოსობაც. ასე წარიმართა ეკლესიის შენება. ამიტომ, საძირკვლიდან და საფეხურებიდანვე ყველა მუშის ხარჯს ის კაცი სწევდა გარდა სანოვაგისა.
როდესაც აშენდა ეკლესია სარკმლებამდე, სტოვას ჩათვლით, დაილია იმ კაცის ოქრო, რასაც თვითვე ქადაგებს, იმ ადგილას გამოქანდაკებული: ‘აქ დაილია ჩემი ქონება, სადაც მდგომარე ვარ და მიტვირთავს ქრისტეს ჯვარი”.
ხოლო როდესაც სარკმლებამდე დასრულდა შენება, გამოხატეს იქ თვით მიქაელიც იმ ორ კალატოზთან ერთად აღმოსავლეთ სარკმელთან.
ამასთან, წმინდანის მადლი მუდამჟამს გამოუჩენდა მათ სახარჯო სახსრებს, ვინაიდან მდინარისებრ შემოსდიოდათ ქონება. და აშენდა ეკლესია სამხრემდე მიქაელის მამობაში, რომელმაც დატოვა ეს ცხოვრება და წავიდა უფალთან.
ამის შემდეგ დადგინდა მონაცვლედ ვინმე პავლე ხუცესი, კაცი დაფასებული მთელი ერისგან, ვინაიდან ამ პავლემ დაასრულა ეკლესია და შეამკო იგი ყველა სამკაულით.
მაშინ აღმართეს მის შიგნით ფერისცვალების ხატი და აკურთხეს ეკლესია სრული კურთხევით პავლეს მამობაში. და ის კაციც, შესაწირავის მომტანი, კარგი სიბერით დამშვენებული წავიდა უფალთან. და ეს აქამდე იყოს.
19. ხოლო ჩვენ ამის შემდეგ სხვა რამეც ვახსენოთ და ასე დავადოთ ბეჭედი სიტყვას, ვინაიდან ბასილი, ვინც წმინდანის ეს ცხოვრება აღწერა, თვით წერს და ამბობს შემდეგს:
‘მე, ბასილი, წმინდა სერაპიონის ძმისწული, ყველა მოწესეზე უდარესი, იმ დროთა შემდეგ, როდესაც იგი მიიცვალა, მივედი მის წმინდა სამარხზე და ვნახე ყოვლადბრწყინვალედ და კარგად მთელი მისი ნაშრომი, რითაც შვება მივიღე და გავიხარე, მაგრამ როდესაც ვნახე მისი საფლავი დაფარულ ადგილას, რომლისგანაც ყველა უძლური იღებდა ყოველდღიურ კურნებას, ამის გამო უფლის ბრძანებით შევუდექი და შევამზადე ქვის კუბო. შემდეგ გავხსენი მისი საფლავი, საიდანაც გამოვიდა მიუწვდომელი სურნელების სუნი და ყველა ავივსეთ მადლითა და საკვირველებებით. მაშინ ჩვენ, ქმნილებებმა, ვადიდეთ ღმერთი, ვინაიდან ბევრი უძლური, შეეხო რა მის წმინდა ძვლებს, მრავალი სენისგან გათავისუფლდა, რომლებიც გამხიარულებულები ბრუნდებოდნენ უკან და ადიდებდნენ საკვირველებათა ღმერთს. ამრიგად, სანთლების სიმრავლით და მგალობელთა მადლით დავასვენეთ წმინდანის ძვლები ახალ კუბოში და აღვმართეთ მასზე ჯვარი (იოანე წინამორბედის სახელზე) ახალი ეკლესიის გამოსაჩენ სტოვაში და დავადგინეთ, რომ ერთ-ერთ მღვდელს ეწირა მასში საუფლო მსხვერპლი, რომ წმინდანის მოსახსენებელი აღნიშნულიყო ოცდაცხრა ოქტომბერს სულიერი გალობით, ხოტბის შესხმით, ღამისთევითა და დღესასწაულობით, აგრეთვე ჟამისწირვის შემდეგ სულიერთან ერთად ხორციელ სანოვაგეთა მიერ მდიდრული და უხვი შვება-ლხენით, რათა ორივე მხრივ მხიარულებს გვედიდებინა ღმერთი, რომელიც ადიდებს თავის წმინდანებს”.
ჩვენ კი მისი სასწაულებიდან კიდევ ერთი განვუკუთვნოთ თხრობას და შემდეგ შევეფაროთ მყუდროებითი დუმილის ნავსაყუდელს.
ვინაიდან როდესაც მხოლოდ წმინდანის კუბო გვედგა და ყველას პირზე გალობა იყო, აჰა მოვიდა ადამიანი, რომელსაც დიდი ხნიდან სტკიოდა მარჯვენა თვალი, ვინაიდან მთლიანად მოკლებული იყო სინათლეს, ხოლო მეტისმეტი ტკივილი მეორის დაბრმავებასაც მოასწავებდა.
როდესაც ყველამ ვნახეთ იგი, ყველას გვტკიოდა მასთან ერთად (ეს კაცი იყო იმ დაბიდან, რომელსაც „ბობღა” ჰქვია). როდესაც მოვიდა ხსენებული კაცი, შეუვრდა იგი წმინდანის კუბოს და ვნახეთ ყველამ დიდი საკვირველება, ვინაიდან მყისვე მთლიანად ჯანმრთელი გამოჩნდა ეს კაცი. ყველამ ვადიდეთ ღმერთი, რომელიც სულ აღასრულებს ყოველდღე წმინდანის კუბოზე ნიშებსა და სასწაულებს. ხოლო ამის შემდეგ ბასილიმ მიიღო წინამძღვრობა, რომელმაც რამდენიმე ხანს კარგად უპატრონა თავისი მამის ძმის ნაშრომ ადგილს.
20. მაგრამ ჩვენ, გლახაკები და უსწავლელები, შენსკენვე მოვაბრუნებთ ჩვენს სიტყვას, ჰოი მამათა მამაო, დიდო მოღვაწევ ყველასათვის (როგორც ჩვენს უწინარესთა, ასევე შემდგომთა და შემდგომთა); ამჟამადაც, ჩვენ, უძლურებსა და უღირსებს, რომლებიც შენს შვილად ვართ წოდებულები, ნურასოდეს დაგვივიწყებ და ნურც უკან მიაბრუნებ მეოხებისა და მეურვეობისთვის გამზადებულ შენს სახეს ჩვენი ცოდვების სიმრავლის გამო.
ანკი ჩვენ რა ხოტბა უნდა გიძღვნათ, ვინაიდან აღმატებულია ადამიანთა ბუნებაზე შენი ცხოვრების ბრწყინვალედ წარმატებულობა. ამიტომ შენივე მოღვაწეობის აღმწერ სიტყვებს შევწირავთ შენდამი და ვედრებით შეგივრდებით, რომ შენი მეოხებით შენდობილ ჰყო ჩვენი შეცოდებები, ჰოი ანგელოზთა თანამბჭობელო, წმინდა სამების სარწმუნო მონაო, რომელმაც ასმაგად გაზარდე შენდამი რწმუნებული „ტალანტი“ (ფული). ჰოი, უძლურთა მკურნალო, შეჭირვებულთა შემწეო, ხომალდდანთქმულთა ნავსაყუდელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უცხოთა და მოგზაურთა მანუგეშებელო, მოღვაწეთა სამკაულო, მონაზონთა რჩეულობაო, მამათა სიამაყეო, წინამძღვართა დიდო მნათობო, ყველასთვის მშვიდო ნავსაყუდელო, ვინც კი შენდამი მოილტვის, ხოლო მორჩილთათვის საღვთო შურის მასწავლებელო, მამათა დიდებაო და, მოკლედ რომ ვთქვათ, ჰოი ყოველი კარგი სახელისა და საქმის ღირსო, შეიწირე შენეულ სათნოებათა ჩემმიერი სიტყვითგამოსახვანი, უღირსი ბაგეებით აღმოთქმულნი, და ვინაიდან ხარ ღვთის სიტყვის მონა, მიემსგავსე მეუფე ქრისტეს, რომელმაც ქვრივის წვრილი ფულიც მიიღო, ნუ განიშორებ უღირს ბაგეთა სანელსაცხებლე ჭურჭელს, ისევე როგორც არ განიშორა ქრისტემ სანელსაცხებლე ჭურჭელი მეძავისა, დაივანე ჩვენთან, ჰოი წმინდაო, როგორც უფალმა - ზაქეს სახლში, გვიხსენ ჩვენ თქვენი ლოცვით მტრის ყოველგვარი მზაკვრობისაგან და როგორც ვართ ჩვენ ამ სოფელში წოდებულნი შენს მოწაფეებად, ამგვარადვე მეუფის დიდებით მოსვლის იმ სამერმისო უკანასკნელ დღეს ჩვენ, შენი უღირსი მოწაფეები, მოზიარენი გაგვხადე შენს ახლოს დგომისა ყველა წმინდანთან ერთად, უფლისა და ღვთის მარჯვნივ, სამგზის სანატრელო მამაო, წმინდაო სერაპიონ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, აგრეთვე შენი, წმინდა მოციქულების, წინასწარმეტყველების, მოწაფეების და ყოვლადქებული მღვდელთმოძღვრებისა და მამების მადლითა და ლოცვით, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენ, უღირსები, სადღესასწაულო ხმის სმენისა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომლებიც სამწმინდაარსობით ადიდებენ ერთარსება სამებას, რომელსაც შეჰფერის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.

Комментариев нет:

Отправить комментарий