воскресенье, 10 сентября 2017 г.

ლეონტი მროველი - „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ (ქართლის სამეფო ძვ.წ. IV - ახ.წ. V ს-ში)

ვიწყო მოთხრობად ცხოვრებასა ქართველთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა
ქართველთა წარმოშობის ლეგენდარული ამბავი შეთხზულია პოლიტ-იდეოლოგიური დატვირთვით XI ს-ში არსებული პოლიტიკური სიტუციის გათვალისწინებით.
                                                     ამბავი რვათა ძმათა
   პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი. და იყო ესე თარგამოს კაცი გმირი. და შემდგომად განყოფისა ენათასა, როდესაც აღაშენეს ბაბილონს გოდოლი (იგულისხმება მარდუქის ტაძარი), და განიყვნენ იქ ენანი და გაიბნივნენ იქიდან ყოველსა ქვეყანასა. და წამოვიდა ესე თარგამოს ნათესავითურთ მისით, და დაემკვიდრა ორთა მათ მთათა შუა კაც-შეუვალთა, არარატსა და მასისსა (არარატი მთა მდებარეობს მდ. არაქსის შუა წელის მარჯვენა ნაპირზე, თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა /სომხური სახელწოდება მასისი, თურქული - ბუიუქ-აღრი-დაღი/, სიმაღლე 5165 მ და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ). და იყო ნათესავი მისი დიდი და ურიცხვი, რამეთუ ესხნენ ცოლ-მრავალ ძენი და ასულნი, და შვილნი და შვილის-შვილნი ძეთა და ასულთა მისთანი, რამეთუ ცხოვნდა იგი ექვსას წელს. და ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა.
  ხოლო ქვეყანა იგი, რომელიც წილით ხდომოდა, ესე არის საზღვარი ქვეყანისა მისისა: აღმოსავლეთით ზღვა გურგენისა (კასპიის ზღვა), დასავლეთით ზღვა პონტოსა (შავი ზღვა), და სამხრეთით ზღვა ორეთისა (ს. ყაუხჩიშვილის ვარაუდით  ტექსტში უნდა იყოს „ორეთის მთები“, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი ძველი მიდიის ტერიტორიაზე ათავსებს), და ჩრდილოეთით მთა კავკასია.
   ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდნენ კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არის: პირველსა ერქვა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკოს, მეექვესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნენ გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არასოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღვნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმხნითა.
  ხოლო ვერღარა იტევდა ქვეყანა არარატისა და მასისისა, განუყო თარგამოსმა ქვეყანა და ნათესავი თვისი რვათა ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქვეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შვიდთა ამათ მისცა ხვედრი მათი პატივისამებრ მათისა: წამოიყვანა შვიდნი იგი ჩრდილოეთით და განუყვნა ქვეყანანი ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლეთით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი (ძეგამჩაი ან დებედა); დასავლეთით ზღვა პონტოსი; სამხრეთით მთა, რომელიც მიჰყვება ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელიც მიჰყვება დასავლეთით, რომლისა წყალი გადმოდის ჩრდილოეთით და მიერთვის მტკვარსა, რომელიც მიჰყვება მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღვამდე; და ჩრდილოეთით საზღვარი ღადო (ლიხის ქედის სამხ. ნაწილი), მთა მცირე, რომელიც გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წვერი დასასრულსა ღადოსა, რომელსაც აწ ჰქვია ლიხი. და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.
   ხოლო ბარდოსს მისცა მტკვარს სამხრეთით, ბერდუჯის მდინარიდან ვიდრე სადაც შეიკრიბებიან მტკვარი და რახსი (დღევ. არეზი, არაქსი). ამან ბარდოსმა აღაშენა ქალაქი ბარდავი (დღევ. ბარდასთან ქალაქის დაარსება ივარაუდება აქ ახ.წ. IV ს-ში, V ს-ში აქ გაშენდა პეროზაპატი, რომელსაც მოგვიანებით ბარდა ეწოდა) და დაეშენა იქ.
  ხოლო მოვაკანს მისცა მტკვარსა ჩრდილოეთით, მცირისა ალაზნისა (იორი) შესართავიდან ვიდრე ზღვამდე. და ამან აღაშენა ქალაქი მოვაკნეთი, და დაემკვიდრა იქ.
 ხოლო ჰეროსს მისცა ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოეთით, მცირისა ალაზნისა (იორი) შესართავიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსაც აწ ჰქვია გულგულა (თელავის რ-ნში, ტელავიდან 6 კმ-ზე). და ამან ჰეროსმა აღაშენა პირველად ქალაქი შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა და უწოდა სახელი თვისი ჰერეთი. და მის გამო ჰქვია ჰერეთსა ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქვია ხორანთა.
  ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლეთით მთა მცირე, რომელსაც აწ ჰქვია ლიხი; დასავლეთით ზღვა; ჩრდილოეთით მდინარე მცირისა ყუბანი, სადაც წასწვდება წვერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქვია ბედია.
  ხოლო კავკასიათა ჩრდილოეთით არა იყო ხვედრი თარგამოსისა, მაგრამ არცა იყო კაცი კავკასიასა ჩრდილოეთით; და უმკვიდრო იყო ქვეყანა იგი კავკასიიდან ვიდრე მდინარემდე დიდად, რომელიც შესდის ზღვასა დარუბანდისასა. ამისთვის გამოიყვანა მრავალთა გმირთაგან ორნი გმირნი, ლეკან და კავკასი. და მისცა ლეკანს ზღვიდან დარუბანდისათ ვიდრე მდინარემდე ლომეკისა (თერგი), ჩრდილოეთით ვიდრე მდინარემდე დიდად ხაზარეთისად (ვოლგა). და მისცა კავკასის ლომეკის მდინარიდან ვიდრე დასასრულადმდე კავკასისა, დასავალეთით.
  ხოლო ჰაოს დაემკვიდრა საყოფელთა მამისა თვისისა თარგამოსისთა, და დაიპყრა ქვეყანა ჩრდილოეთით, როგორც დამიწერია: სამხრეთით მთით ორეთისიდათ, აღმოსავლეთით ვიდრე ზღვამდე გურგანისა, და დასავლეთით ვიდრე ზღვამდე პონტოსა. და ამათ შვიდთავე გმირთა ზედა იყო განმგებელ და უფალ ჰაოს. და ესე ყოველნი იყვნენ მორჩილებასა ჰაოსისა. და ესე რვანი-ვე ერთობით ჰმონებდენ ნებროთს (იმროდინიმრუდინიმვროდი - ბიბლიური გმირი, ქამის ძის ხუსის (ქუშის) მითური შვილი, სწორუპოვარი მონადირე და „გამომგონებელი“ ომისა.) გმირსა, რომელიც იყო პირველი მეფე ყოვლისა ქვეყანისა.
  შემდგომად ამისა მცირედთა წელიწადთა მოუწოდა ჰაოს შვიდთა მათ გმირთა, შემოიკრიბა და უთხრა მათ: „მოგვცა ღმერთმან მაღალმან ძალი და სიმრავლე ნათესავისა ჩვენისა. აწ შეწევნითა დამბადებლისათა ვიყვნეთ არავისა მონა, და არავის ვემსახუროთ გარდა ღმრთისა დამბადებელისა“. დაემოწმეს შვიდნი იგი გმირნი, და დაუმტკიცეს განზრახვა იგი; და განუდგნეს ნებროთს და არღარა მისცეს ხარკი. და ეზრახნენ სხვათა ვიეთმე ნათესავთა, და დაუორგულდეს სხვანიცა ნათესავნი.
  მაშინ განუწყრა ნებროთ, და შემოიკრიბა გმირნი მისნი და ყოველნი რომელნიც ერჩდნენ სპანი მისნი, და მომართა თარგმანოსიანთა. ხოლო ჰაოს მოუწოდა შვიდთავე გმირთა და ყოველსავე ნათესავსა თარგამოსისსა. და შეეწივნენ სხვანი-ცა ვინმე ნათესავნი დასავლეთისანი: შეკრიბა ჰაოსმა ესე ყოველნი და დადგა ძირსა მასისისასა. და როცა მოადგა ნებროთ ქვეყანასა ადარბადაგანისა, და დადგა იქ და წარავლინა გმირნი სამოცნი და მათ თანა სპანი ძლიერნი წყობად თარგამოსიანთა.
  ხოლო როცა მოიწივნენ სპანი იგი ნებროთისნი, მაშინ მიეგებნენ შვიდნი იგი გმირნი ძმანი ჰაოსისნი სპითა ძლიერითა. ხოლო ჰაოს სპითა უძლიერესითა დაუდგა უკანიდან, ზურგიდან. იქმნა მათ შორის ბრძოლა სასტიკი, რომელიც ემსგავსა სასტიკებასა ჰაერისასა. რამეთუ მტვერი ფეხისა მათისა როგორცა ღრუბელი სქელი; ელვა აბჯრისა მათისა როგორცა ელვა ცისა; ხმა პირისა მათისა როგორცა ხმა ქუხილისა; სიმრავლე ისართა და ტყორცა ქვისა მათისა როგორცა სეტყვა ხშირი, და დათხევა სისხლისა მათისა როგორცა ღვარი სეტყვათა. გაძლიერდა ბრძოლა მათ შორის, და ამოსწყდა ორმხრითვე ურიცხვი.
  ხოლო ჰაოს უდგა ზურგად გმირთა მისთა, ძალ-სცემდა და ნუგეშისცემდა ხმითა საზარელითა, რომელიც მსგავსი იყო მეხის ტეხისა. მაშინ სძლიეს თარგამოსიანთა და მოსრეს სამოცნი იგი გმირნი ნებროთისნი და სპანი მათნი. ხოლო შვიდნი ესე გმირნი თარგამოსიანნი - ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ჰეროს, ლეკან, კავკასან, ეგროს - ესენი დარჩნენ ცოცხლებად გარეშე წყლულებისა, და ძლევა-შემოსილნი ჰმადლობდნენ ღმერთსა.
  ხოლო როცა ესმა ნებროთს, განწყრა და წარმოემართა მათ წინააღმდეგ ყოვლითა ძალითა მისითა. ხოლო ჰაოსს არ ჰყავდა სპანი ნებროთის სპათა ოდენნი: გამაგრდა იგი ღირღალთა შინა მასისისათა. მიუდგა ქვეშე კერძო ნებროთ; და იყო იგი შეჭურვილი რკინითა და რვალითა ტერფთაგან ვიდრე თხემამდე. და აღხდა გორასა ერთსა ზედა ზრახვად ჰაოსისა და ეტყოდა დამორჩილებასავე მისსა, რათა სურდა მიქცევა მისი. ხოლო ჰაოსმა უთხრა გმირთა მისთა: „განმიმაგრეთ ზურგით კერძი ჩემი, და მივეახლო ნებროთს“.
  და წავიდა და მივიდა პირისპირ მახლობელად ნებროთისა, და სტყორცნა ისარი და ჰკრა მკერდსა ნებროთისსა, ფიცარსა ზედა რვალისასა, და განავლო ზურგში. მაშინ დაეცა ნებროთ, და იოტა ბანაკი მისი. და განთავისუფლდნენ ნათესავნი თარგამოსისნი. და მაშინ ჰაოსმა ჰყო თავი თვისი მეფედ ძმათა თვისთა ზედა და სხვათაცა ნათესავთა ზედა, მახლობელთა საღვართა მისთასა. ხოლო შვიდნივე ესე ძმანი წავიდნენ თვის-თვისად ქვეყანად, და იყვნენ მორჩილად ჰაოსისა. ხოლო აქამომდე დავწერეთ ამბავი ესე რვათავე ძმათა.
                                                           ამბავი ქართლისა
   ხოლო აქედან ვიწყოთ და წარმოვთქვათ ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, და ცხოვრება მათი ვიდრე დღეთა ჩვენთამდე, და როგორ განუყო ქვეყანა თარგამოსმა ნათესავსა მისსა და რვათა-ვე შვილთა მისთა.
  და მისცა ქართლოსს ქვეყანა, რომელიც ზემო აღვწერეთ. და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადაც შეერთვის ერაგვი მტკვარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსაც ეწოდება არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და აიშენა იქ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თვისისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე იქ-ზედა კერპი არმაზისი ერქვა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა (შავი ზღვა).
  შემდგომად ამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვია სამშვილდე. და კვლავ აღაშენა მტვერის-ციხე, რომელსა აწ ჰქვია ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთა და განმრავლდა ნათესავი მისი.
  ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდნენ ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არის: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნენ გმირნი. მაგრამ მცხეთოს უგმირეს იყო სხვათა მათ.
  მოკვდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსაც აწ ეწოდება არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმა მისმა აღაშენა დედა-ციხე. და მან-ვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვია რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.
  გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლეთით მდინარე ბერდუჯისი, დასავლეთით ქალაქი გაჩიანი, და სამხრეთით მთა ზემოთ ხსენებული, და ჩრდილოეთით მტკვარი.
  ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკვირეთის მდინარიდან (ვერე) ვიდრე თავამდე აბოცისა. და ამან გაჩიოსმა აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსაც მაშინ ერქვა სანადირო ქალაქი.
  ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვია რუსთავი, მისცა არაგვიდან ვიდრე ჰერეთამდე, ....... შესართავადმდე, მთასა კახეთისასა და მტკვარსა შუა.
  ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელიც არის საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხვედრი იყო. და მისცა კახოსს შეწევნისათვის და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსაც ბერ ერქვა პირველად აღშენებულსა კახეთისასა.
  ხოლო მცხეთოს, რომელიც უგმირეს იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსაც აწ ჰქვია არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა, და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. და დაიპყრა ქვეყანა ტფილისიდან და არაგვიდან დასავლეთით ვიდრე ზღვამდე სპერისა.
  და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთა-ვე ძმათა ზედა და ესე ოთხნივე იყვნენ მორჩილ მისა. ესე არიან გაყოფილნი ქართლოსის ძეთანი და რომელნიც გაყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკვდილისა ქართლოსისა. ხოლო მრავალთა წელთა და მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი.
  ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდნენ სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არის: პირველსა უფლოს, და შემდგომსა ოძრხოს, და მესამესა ჯავახოს. გაუყო მათ ქვეყანა და ნათესავი ათი ყოველი.
  ოძრხოსს მისცა ტაშისკარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. ამან ოძრხოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: ოძრხე და თუხარისი.
  ხოლო ჯავახოსს მისცა ფარავნიდან ვიდრე თავადმდე მტკვრისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტანისა, რომელსაც მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვია ჰური.
  ხოლო უფლოს დარჩა სამყოფელსა მამისა მათისა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა ქვეყანა არაგვიდან და ტფილისიდან ვიდრე ტაშისკარამდე და ფარავნამდე. და ამან აღაშენა უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი, არაგვიდან და არმაზიდან ვიდრე ტაშისკარამდე უწოდა ამას ქვეყანასა ზენა-სოფელი, რომელსაც აწ ჰქვია შიდა ქართლი.
  ხოლო ვიდრე სიკვდილამდე მცხეთოსისა ესე ყოველნი ნათესავნი თარგამოსისნი იყვნენ სიყვარულსა ზედა ერთმანეთისასა; და შიში ქონდათ ნებროთიანთა, და ჰგონებდნენ იგინი ნებროთიანთაგან ძებნასა სისხლისა ნებროთისსა. და ისწრაფდნენ იგინი მაგრებასა ციხე-ქალაქთასა შიშისათვის ნებროთიანთასა.
  ხოლო როცა მოკვდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, ჩავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისთა: იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს, ძესა მცხეთოსისათა, არა ერჩდნენ, არ-ცა ხადოდენ უფლად, რომელიც დატოვებულ იყო საყდართა ქართლოსისათა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლობა ქართლოსიანთა. იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას; და გააგრძელეს მათ შორის ბრძოლა, რომელიც ჟამსა-მე აღდგიან ამათგანნი ორნი ნათესავნი ერთსა ზედა, და სხვანი შეეწეოდიან რომელნიმე მას; და რომელნიმე კვლავ სხვანი აღდგნენ ერთმანეთსა ზედა და სხვანი შეეწეოდნენ რომელსამე ჟამსა იქმნებოდა მშვიდობა მათ შორის, და კვლავ შეიშალებოდნენ და ებრძოდნენ.
  და გაგრძელდა მათ შორის ესე-ვითარი საქმე, და არავინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, ხოლო ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან. ხოლო ვინცა იყო მცხეთას, რეცა თავადი იგი იყო ყოველთა მათ სხვათა ზედა. და არცა სახელ-ედებოდათ მეფედ, არცა ერისთავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი იყო მაზავებელ და ბჭე სხვათა ქართლოსიანთა. რამეთუ ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა, და უწოდეს დედა-ქალაქად.
  და მას ჟამსა დაივიწყეს ღმერთი, დამბადებელი მათი, და იქმნენ მსახურ მზისა და მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისი.
                                                  გამოსლვა ხაზართა
  მას ჟამსა შინა გაძლიერდნენ ხაზარნი (ხაზარები კავკასიაში ახ.წ. VII ს-ში გამოჩნდნენ) და დაუწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკისათა და კავკასიოსთა და ესე თარგამოსიანთა ყოველნი მას ჟამსა იყვნენ მშვიდობით სიყვარულსა ერთმან-ერთისასა.
  ხოლო შვილთა ზედა კავკასისთა იყო უფალ დურძ, ძე ტირეთისი. ეზრახნენ ესე ექვსთავე ნათესავთა თარგამოსიანთა, და ითხოვდენ შველას ხაზართა ზედა. ხოლო შეიკრიბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია. და მოტყვენეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი, და აღაშენეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა, და წამოვიდნენ (ეს საქმე სინამდვილეში არაბებმა გააკეთეს).
  ამისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნენ ყოველნი ხაზარნი მეფესა მას ჩინებულსა მათსა. და წარმოიძღვანეს იგი და გამოვლეს ზღვის-კარი, რომელსაც აწ ჰქვია დარუბანდი. ვერ წინააღუდგენ თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხვი ხაზართა, წარტყვენეს ქვეყანა თარგამოსიანთა, და შემუსრეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოსანი. და დარჩათ ციხე-ქალაქნი თუხარისი, სამშვილდე და მტვერის-ციხე, რომელიც არის ხუნანი, შიდა-ქართლი და ეგრისი.
  და ისწავლეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელიც არის ზღვის-კარი დარუბანდი და არაგვის-კარი, რომელ არის დარიალი. და განამრავლეს ხაზართა გამოსლვა და ტყვენვა მათი და ვერ-ღა-რა წინააღუდგნენ. და ამიერიდან იქმნენ ესე ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე ხაზართა.
  როდესაც პირველად გამოვიდა ხაზართა მეფე და მოტყვენა ქვეყანანი, რომელნიც ზემოთ დამიწერია, და გარდავლო მთა კავკასია. და იყო ძე მისი სახელით უობოს, და მისცა ძესა თვისსა ტყვე სომხეთისა და ქართლისა. და მისცა ქვეყანა კავკასის ნაწილი, ლომეკის მდინარისა დასავლეთიით, დასავლეთამდე მთისა.
  და დაეშენა უობოს და მათნი ნათესავნი არიან ოვსნი, და იგი არის ოვსეთი, რომელიც ნაწილი იყო კავკასისა. ხოლო დურძუკ, რომელიც უწარჩინებულეს იყო შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, და უწოდა სახელი თვისი დურძუკეთი. და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა.
  ხოლო მასვე გზობასა მისცა მამის ძმისწულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკანისა, აღმოსავლეთიით ზღვიდან დარუბანდისა მდინარემდე ლომეკისა. და მისცა ტყვე რანისა და მოვაკნისა. და დაეშენა იგი იქ, რომელიც ნაწილი იყო ლეკანისა.
  ხოლო ხოზონიხ, რომელიც უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი (შუა საუკუნეებში ჩრდილოეთ დაღესტანის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს - სერირის ძველი ქართული სახელწოდება.).
  და გარდახდა მას შინა ჟამნი მრავალნი. და ესე ყოველნი ნათესავნი იყვნენ მოხარკე ხაზართა.
  ხოლო ამიერიდან გაძლიერდნენ სპარსნი მიერ მზისა აღმოსავლიდან, ნათესავნი ნებროთისნი. და გამოჩნდა ნათესავთა შორის ნებროთისთა კაცი ერთი გმირი, რომლისა სახელი აფრიდონ, „რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფი გველთა უფალი, და დააბა მთასა ზედა, რომელ არის კაცთ შეუვალიო“.
  ესე-ვითარი წერილ არის ცხოვრებასა სპარსთასა. აფრიდონ ეუფლა ყოველსა ქვეყანასა სპარსთასა: ხოლო რომელთამე ქვეყანათა შეგზავნნა ერისთავნი, ხელადნი მისნი, და რომელიმე ქვეყანა მოხარკე ეყო. ამან წარმოგზავნა ერისთავი თვისი სპითა დიდითა, რომელსაც სახელი ერქვა არდამ, შვილი ნებროთის ნათესავთა. მოვიდა ქართლად და შემუსრა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი. და მოსრა ყოველი რამდენი ხაზარი პოვა ქართლსა შინა.
  ამან არდამ ერისთავმან აღაშენა ქალაქი ზღვის-კარს, და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელიც ითარგმანება „დახშა კარი“. და მანვე მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქვითკირითა. და აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისა. და ამის გამო დაისწავლეს ქვითკირი. ამანვე არდამ მოჰკიდა კირი-ზღუდე ციხესა არმაზისასა და აქეთ მტკვრამდე, და წარმოზღუდა ცხვირი არმაზისი ვიდრე მტკვრამდე.
  და ერისთავობდა არდამ მრავალთა წელთა. ხოლო როდესაც განუყო აფრიდონ ყოველი ქვეყანა სამთა ძეთა მისთა, მაშინ რომელსაცა ძესა მისცა სახლად სპარსეთი, და მასვე ხვდა წილად ქართლი, რომელსაც სახელად ერქვა იარედ.
  ხოლო შემდგომად არდამ ერისთავისა გარდაიცვალნენ დ (4) ერისთავნი. ამიერიდან უცალო იქმნენ ძენი აფრიდონისნი, რამეთუ იწყეს ბრძოლად ურთიერთას. და მოკლეს ორთა ძმათა იარედ, ძმა მათი. მაშინ პოვეს ჟამი მარჯვე ქართლოსიანთა, ეზრახნენ ოვსთა, გადმოიყვანეს ოვსნი და პოვეს ერისთავი სპარსთა ველსა გარე, და კნისობდა, და მოკლეს იგი. და რომელიც პოვეს სპარსი, ყოველი ამოსწყვიდეს ოვსთა და ქართველთა, და განთავისუფლდნენ ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა.
  და შემდგომად ამისსა მრავალთა წელიწადთა კვლავ გაძლიერდნენ სპარსნი. და განდიდდა მეფე სპარსთა, რომელსაც ერქვა ქეკაპოს.
  ხოლო მას ჟამსა იყო ვინმე ლეკეთს, კაცი მგრძნებელი, ნათესავი ხოზანიხიზისი და მან გრძნებითა თვისითა დააბრმავა ქეკაპოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუ-მოიქცა და მაშინღა გაუნათლდა თვალები. ამან ქეკაპოს კვლავ მოხარკე ყვნა ქართველნი და წავიდა.
  შემდგომად ამისსა რამდენთა-მე წელიწადთა მოვიდა ამბავი, რომ მოსემ განვლო ზღვა ისრაელთა, და იზრდებიან იგინი უდაბნოს მანანათა. განკვირდენ ყოველნი, და მათ ყოველთა წარმართთა აქეს ღმერთი ისრაელთა.
  და შემდგომად ამისსა რამდენთა-მე წელიწადთა უცალო იქმნა ქეკაპოს, მეფე სპარსთა, რამეთუ იწყო ბრძოლა თურქთა. მაშინ პოვეს ჟამი მარჯვე სომეხთა და ქართველთა, და განუდგნენ სპარსთა და განამაგრეს ციხენი და ქალაქნი მათნი და შეერთდნენ ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი.
  შემდგომად ამისსა რამდენთა-მე წელიწადთა გამოგზავნა ქეკაპოს, სპარსთა მეფემან, ძე მისი, რომელსაც ერქვა ფარაბოროტ, სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა ზედა. ხოლო შეიკრიბნენ ესე ყოველნი თარგამოსიანნი, მიეგებნენ და დაეწყვნენ ადარბადაგანს, და იოტეს ფარაბოროტ, და მოსრეს სპა მისი. შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა კვლავ გამოგზავნა ამანვე ქეკაპოს ძისწული მისი, ძე შიოშ ბედნიერისა, რომელიც მოიკლა თურქეთს, როგორც წერილ არის წიგნსა სპარსთა ცხოვრებისასა.
  წარმოემართა ესე ძე შიოშისი, სახელით ქაიხოსრო. ვერ წინააღუდგენ მას სომეხნი და ქართველნი, რამეთუ დიდი იყო ძალი მისი. მოვლო ყოველი სომხეთი და ქართლი, მოტყვენა ყოველივე, იავარყვნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და დაუტევნა ერისთავნი, და აღაშენა ადარბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა, და წავიდა.
  და შემდგომად ამისსა რამდენთა-მე წელიწადთა უცალო იქმნა ქაიხოსრო მეფე, და იწყო ბრძოლად თურქთა, ეძიებდა სისხლსა მამისა მათისასა. და პოვეს ჟამი სომეხთა და ქართველთა, განუდგნენ სპარსთა და მოსრნენ ერისთავნი სპარსთანი, და განთავისუფლდნენ.
  ხოლო მასვე ჟამსა მოვიდნენ თურქნი, ოტებულნი მისვე ქაიხოსროსგან. გამოვლეს ზღვა გურგანისი, აღმოყვნენ მტკვარსა და მოვიდეს მცხეთას სახლი ოცდარვა. და ეზრახნენ მამასახლისსა მცხეთისასა, აღუთქვეს შეწევნა სპარსთა ზედა. ხოლო მამასახლისმან მცხეთელმან აუწყა ყოველთა ქართველთა. ინებეს დამეგობრება მათ თურქთა, რამეთუ ქონდა შიში სპარსთა, და შემწეობისათვის დაიმეგობრეს თურქნი იგი გამოსხმულნი, და განიყვანეს ყოველთა ქალაქთა შინა.
  ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდენ და იპოვეს ადგილი ერთი მცხეთას, დასავლეთით კლდეთა შორის გამოკვეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისაგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ, და ეწოდა მას ადგილსა სარკინე.
  და იყვნენ ესე თურქნი და ქართველნი ნების-მყოფელ ერთმანეთისა, მოელოდეს მოსლვასა სპარსთასა, ამაგრებდენ ციხეთა და ქალაქთა. მას ჟამსა შინა სადათაც ვინ მივიდოდა ძვირის-მოქმედთაგან საბერძნეთიდან, გინა ასურეთიდან ოტებული, გინა ხაზარეთიდან, ყოველივე დაიმეგობრებდნენ ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა.
  და გამოხდა ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყვენა იერუსალემი, და იქიდან ოტებულნი ურიანი მოვიდნენ ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქვეყანა ხარკითა. მისცა და დასხა არაგვსა ზედა, წყაროსა, რომელსაც ჰქვია ზანავი. და რომელიც ქვეყანა ქონდა მათ ხარკითა, აწ ჰქვია ხერკი ხარკისა მისთვის.
  აქამომდე ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსაც ზრახვიდნენ. ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დატოვეს ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული.
  და იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლ-ქმრობისათვის არა უჩნდათ ნათესაობა; და ყოველსა სულიერსა ჭამდნენ; საფლავი არა იყო, მკვდარსა შესჭამდნენ.
  შემდგომად ამისსა რამდენთა-მე წელიწადთა აღმოვიდა ძე სპარსთა მეფისა ვაშტაშაბისი, სახელით სპანდიატ-რვალი, გოლიათი იგი და სახელოვანი. ხოლო ვერ წინააღუდგნენ სომეხნი და ქართველნი, მაგრამ განამაგრეს ციხენი და ქალაქნი, და მოელოდნენ მოსლვასა მისსა. ხოლო მოვიდა რა იგი ადარბადაგანს, ეწია ამბავი სპარსთა, რამეთუ მოკლეს მამის მამა მისი თურქთა და შემოვიდნენ თურქნი სპარსეთად. მაშინ დატოვა სპანდიატმა ბრძოლა სომეხთა და ქართველთა, შეიქცა თურქთა ზედა ძებნად სისხლსა მამის მამისა მისისასა. და განთავისუფლდნენ სომეხნი და ქართველნი.
  შემდგომად ამისსა რამდენთა-მე წელიწადთა მეფე იქმნა სპარსეთს ძე სპანდიატისი, რომელიც არის სახელით ბარამ, რომელიც იცნობება არდაშირობით (არდაშირი და ბაჰრამი სპარსეთის სასანიდური დინასტიის მეფეები იყვნენ ახ.წ. III ს-დან). ესე განდიდა უფროს ყოველთა მეფეთა სპარსთასა. ამან დაიპყრა ბაბილოვანი და ასურეთი, მოხარკე ყვნა ბერძენნი და ჰრომნი. და მაშინ ქართველნი მოხარკე იყვნენ მისდავე. და იყვნენ ქართლს ესეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექვსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა.
                                                       შემოსლვა ალექსანდრესი
  ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქვეყანასა საბერძნეთისასა, ქვეყანასა, რომელსაც ჰქვია მაკედონი, ძე ნიკტანებისი, ეგვიპტელისა, როგორც წერილი არის ამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა.
  ამან ალექსანდრემ დაიპყრა ყოველნი კიდენი ქვეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლეთიდან, და შევიდა სამხრეთით, შემოვიდა ჩრდილოეთიდან, გარდამოვლა კავკასნი და მოვიდა ქართლად. და იპოვა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათვის არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდნენ, მკვდარსა შესჭამდნენ, ვითარცა მხეცნი და პირუტყვნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უხმ არის. და იხილა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩვენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდეებენ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკვრისასა მიხვევით, გაუკვირდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდენ მას და ენება რათამცა აღმოფხვრა იგინი ქალაქებისა მისგან, მაგრამ მას ჟამსა ვერ უძლო, რამეთუ იპოვა ციხენი მაგარნი და ქალაქნი ძლიერნი. კვლავ გამოვიდენ სხვანი ნათესავნი ქალდეველნი, და დაეშენნენ იგინი-ცა ქართლს.
  შემდგომად ამისსა გაძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქვეყანა, და აღმოვიდა ქვეყანასა ქართლისასა. და იპოვა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერთვისი მტკვრისა, ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსაც ჰქვია ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშვილდე, და მტვერის-ციხე, რომელიც არის ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა იპოვნა კაცნი სასტიკად მებრძოლნი. და გაუყო ლაშქარი თვისი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა, და თვით დადგა მცხეთას. და დაუდგინა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქვემოთ, და თვით დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსაც ჰქვია ნასტაკისი.
  ხოლო მტვერის-ციხესა და თუხარისსა არა ებრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხვანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრა ექვს თვეში. ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და აღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და უთხრა მათ: „ვინაიდან მაგინეთ მე, ესე არის ნაწილი თქვენი, რათა დაგხოცნე ყოველნი“. და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა სადმე განერიდა ერთიცა კაცი. ხოლო სარკინელთა გაუჭირდათ, რამეთუ ებრძოდა თერთმეტი თვე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და გახვრიტეს კლდე იგი, რომელიც ლბილ იყო და ადვილად სახვრეტელი. და განიკრიბნენ ხვრელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდნენ კავკასიად, და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.
  დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყვევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქვეყნიდან მაკედონიდან, და მისცა ასი ათასი კაცი ქვეყანიდან ჰრომიდან, რომელსაც ჰქვია ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნენ კაცნი ძლიერნი და მხნენი, და ეკირთებოდნენ ქვეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა.
  და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივს სცემდენ მზესა და მთვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მსახურებდნენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყველი და მოძღვარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანცა ასწავლა და ამხილა, არამედ თვით მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქვეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წავიდა ალექსანდრე.
  ხოლო ამან აზონმა მოარღვია ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნიც მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელიც არის არმაზი; და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლეთით, მცხეთა მტკვარსა ზედა. და ესენი მომტკიცა, და გაავსო იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღვია ზღუდენი, და დაიპყრა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთიდან და ბერდუჯის მდინარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისიცა, და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი.
  და როცა წავიდა ალექსანდრე ეგვიპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდე მოვლო ყოველი ქვეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქვეყანისანი. და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკვდაო იგი, უსწორო დიდი ხელმწიფე და ვიდრე მოკვდებოდა იგი, სიცოცხლესავე შინა მისსა განუტევა ყოველნი მთავარნი, რომელნიც შეპყრობილ და დამონებულ იყვნენ მისგან. და იგინი წავიდნენ თვის-თვისად ქვეყნად, როგორც ბრძანებულ იყო.
   მერე მოიყვანა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნიც იყვნენ სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ.
  და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხეთი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია.
  ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი.
  და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერისთავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსაც აწ ჰქვია კოსტანტინეპოლი. ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას. და მოკვდა ალექსანდრე.
  ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად, და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა. იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა: „ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი“. და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესეთ ქართველთა ზედა, და ვინ-ცა-ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა. და ესე აზონ მათ ჰრომთა-ცა ზედა იყო მესისხლე, და მოესრნენ მრავალნი მათგანნი.
  ცხოვრება ფარნავაზისი, რომელიც იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი
  მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსაც ერქვა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილიყო. ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წაეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და იქ აღზრდილ იყო და მოსულ იყო მცხეთას, მამულსა თვისსა.
  ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი. და იმალებოდა იგი სიკეთესა თვისსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყვარა იგი აზონმა მონადირეობისათვის. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: „შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკვე მოგკლან შენ“. და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა.
   და რადგან გამრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, უთხრა ფარნავაზს დედამან მისმან: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წამიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერიდე შენ ცოცხალი ხელისაგან აზონისა. და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წასლვა ასპანისა. უჭირდა ფარნავაზს დატოვება სამყოფელსა მამათა მისთასა, მაგრამ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წასლვა.
   მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, რომ იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულებოდა განსლვა და ვერ გავიდა. მაშინ შემოვიდა სარკმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და გაიყვანა სარკმელსა მას. და როცა გავიდა ველად, იხილა მზე ქვე-მდაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოჰხოცა ცვარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისსა. გაიღვიძა ფარნავაზმა და გაუკვირდა, და თქვა: „სიზმარია იგი, ესე არის, მე წავალ ასპანს, და იქ კეთილსა მივეცემი“.
  ხოლო მას დღესა შინა გავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდნენ ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი იყო მწუხრი, გადახდა, და დაჯდა ირემსა მას თანა, რათამცა დაყო იქ ღამე და დილეულმცა წავიდა.
  ხოლო კლდისა მის ძირსა ქვაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქვითა ძველად, და სიძველითა შეჰქმნოდა დარღვევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზმა ამოიღო ჩუგლუგი და გაარღვია კარი ქვაბისა მის, რათამცა იქ შიგა დაიმშრალა წვიმისაგან, და შევიდა ქვაბსა მას. და იხილა იქ-შინა განძი მიუწვდომელი, ოქრო და ვერცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვერცხლისა მიუწვდომელი. მაშინ ფარნავაზ განკვირდა და აივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქვაბითა ეგრეთვე. და მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედასა თვისსა და ორთა დათა მისთა. და მასვე ღამესა წამოვიდნენ სამნივე იგი სახედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯვესა თვისსა. ხოლო როცა გათენდებოდა, კვლავ ეგრეთვე აღმოქმნიდნენ კარი ქვაბისა მის. და ესე გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამეში და დაიგულეს სიმარჯვესა მათსა მრავალგან.
  მაშინ ფარნავაზმა წარგზავნა მონა თვისი ქუჯის თანა და უთხრა: „მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმისწული სამარა მამასახლისისა, და არის ჩემთანა ხვასტაგი დიდძალი. აწ ინებო, რათა მით ხვასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩვენ ძმა და ვიხმაროთ ჩვენ ხვასტაგი იგი ორთავე. გამოუჩნდეთ ჩვენ მტერად აზონ ერისთავსა, და სვემან ჩვენმან გვცეს ჩვენ ძლევა კეთილი“. მაშინ გაიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და უთხრა: „აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა, და ხვასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყვედილთა მისგან და მიწყვდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნიცა გამოგვერთნენ. რამეთუ ურიცხვნი აწყვედილ არიან მათგანნიცა აზონისგან“.
  მაშინ ფარნავაზ ფარულად წავიდა სიხარულითა, და რომელიც შესაძლებელ იყო განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედაცა და დანი მისნი მისთანა. და მივიდა ქუჯის თანა და უთხრა მას ქუჯი: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხვასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგვეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“.
   მაშინ შეერთნენ და ეზრახნენ ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ არა მოსწონდათ ხარკისა მიცემა აზონისა და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლეს სპანი. ეგრისიდან შეკრიბეს ურიცხვნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმა მოუწოდა სპათა თვისთა და შეკრიბა.
   მაშინ ათასი მხედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგნენ აზონს და მოვიდენ წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგნენ აზონს. ხოლო სპანი რომელიც დარჩა აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წავიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა.
  ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი. და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი გარდა კლარჯეთისა.
  ამან ფარნავაზ წარავლინა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა (იგულისხმება სელევკ I ნიკატორი 312-280 ან მისი ძე ანტიოქე I სოტერი 293-261), და გაუგზავნა ძღვენი დიდძალი. და აღუთქვა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოსმა შეიწყნარა ძღვენი მისი, და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი. და უბრძანა ერისთავთა სომხეთისათა, რათა შეწეოდნენ ფარნავაზს.
  ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთიდან, გაძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნენ მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და ოვსთა. და შეიკრიბენ ესე ყოველნი, და მოერთნენ ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხეთიდან. და ესე ყოველნი შეკრიბა ფარნავაზმა და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსაც ერქვა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელიც არის ჰური. და ეწყვნენ იქ, და იქმნა ბრძოლა დიდძალი. და ამოსწდნენ ორმხრითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნენ ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხვნი სპანი მათნი მოსრეს და ტყვე ქმნეს.
   და წავიდა ფარნავაზ და მოტყვენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა (ისტორიკოსთა ვარაუდით ნაზიანზი კაპადოკიაში), და ეკლეცით (აკილისენა) შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წამოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხვასტაგი აზონისცა, და იქმნა სიმდიდრე გადარეული.
  ხოლო ეგრის წყალს ქვემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა და თვისი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე და თვისი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვიდან მთამდე, რომელსა შინა არის ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა იგი ერისთავად იქ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.
  მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ენგურსა ზედა. და განამრავლა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი, განაწესა ერისთავნი რვანი და სპასპეტი.
  ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად, და მისცა მცირე მთიდან, რომელიც არის ლიხი, ვიდრე საზღვრამდე ეგრისისა, რიონს ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.
  და გაგზავნა მეორე კახეთისა ერისთავად, და მისცა არაგვიდან ვიდრე ჰერეთამდე, რომელიც არის კახეთი და კუხეთი.
  მესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად, და მისცა ბერდუჯის მდინარიდან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანამდე, რომელიც არის გარდაბანი.
  მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთისა მდინარიდან ვიდრე მთამდე, რომელიც არის ტაშირი და აბოცი.
  მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფარავანიდან ვიდრე თავამდე მტკვირისა, რომელიც არის ჯავახეთი და კოლა და არტანი.
  მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტაშისკარიდან ვიდრე არსიანამდე, ნოსტის თავიდან ზღვამდე, რომელიც არის სამცხე და აჭარა.
  მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანიდან ზღვამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა.
  ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისიდან და არაგვიდან ვიდრე ტაშისკარამდე და ფანვარადმდე, რომელიც არის შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.
  ესეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.
  და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი.
  ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოხრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენა.
  და ვერ-ღა-რა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნენ ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა.
  და ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა: ესე არის არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და ამიერიდან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა.
  ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამოცდახუთ წელს მეფობდა ნებიერ. და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რა დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.
  ხოლო თვენი გაზაფხულისა და სთულისა (შემოდგომისა) არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თვენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თვენი ზაფხულისა - წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.
  ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მხედარნი, რომელნიც აზონისგან მოერთნენ ფარნავაზს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იგინი გაყვნა ხევთა და ქვეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მხნედ იყვნენ. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.
  და რა წავიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდენ კაცსა გარდა რომელსაც შესწირვიდნენ კერპსა მსხვერპლად. იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათვის ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: „ვჰმადლობთ სვესა ჩვენსა, რამეთუ მოგვცა ჩვენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩვენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქველითა, სიმხნითა და სიმდიდრითა.
  ესვა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.
  და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა გარდა ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.
  და მოკვდა ფარნავაზ, და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.
                                                  მეორე მეფე საურმაგ
    და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ.
  მას ჟამსა შინა ზრახვა ყვეს ერისთავთა ქართლისათა და თქვეს: „არა კეთილ არის ჩვენდა, რათამცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩვენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩვენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩვენ თავის-უფალ, როგორც ვიყავით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინ-ცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესეთ ყოფითა უფრო განვისვენებთ“. განამტკიცეს განზრახვა და მოკლვა საურმაგისი.
  ხოლო იგრძნა საურმაგ, და წავიდა ფარულად და ივლტოდა, წარიტანა თანა დედა მისი და მივიდა ქვეყანასა დურძუკთასა დედის ძმათა მისთა თანა.
  მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წავიდნენ და მივიდენ დურძუკეთს-ვე, და უთხრეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩვენ ზედა მამისა შენისა. ამისთს ვართ ჩვენ მტკიცე ერთგულებასა შენსა“.
  მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დისწულსა მისსა, და ითხოვა შეწევნა. ხოლო იგი სიხარულით წავიდა შველად მისა და საურმაგ შეიკრიბა დურძუკეთიცა, და წარმოემართა ქართველთა ზედა. და ვერავინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ქართლი, და მოსრა განდგომილნი მისნი; და რომელთამე შეუნდო, ხოლო დაამდაბლა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი. ხოლო ტყვენვასა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩენილ იყვნენ, სიმაგრისაგან ქვეყანისა, და ვერ-ღა-რა იტევდა დურძუკეთი.
  მაშინ ამან საურმაგ წამოიყვანნა იგინი ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხვანი დასხა მთიულეთს, დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე, რომელიც არის სუანეთი, და ესენი დაიპყრა მისანდობელად თვისად, დედულნი.
  და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ. და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა. და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და აღმართა გზასა ზედა მცხეთისასა.
  და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველის ერისთვისა. და ესხნენ მის თანა ორნი ასულნი, და არა ეშვა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთიდან შვილი ნებროთისი, ნათესავიდან ცოლისა მისისა, დედის დისწული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსაც ერქვა სახელი მირვან. და მისცა ასული თვისი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშვილდისა და ერთი ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამის დისწულსა თვისსა.
  მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა. და მოკვდა საურმაგ, და მეფე იქმნა მის წილ შვილებული მისი მირვან.
                                        მესამე მეფე, მირვან, ნებროთიანი
  ესე მირვან იყო ტანითა სრული, მშვენიერი, ძლიერი, მხნე და ქველი. ამისსა მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყვარული ფარნავაზისი და საურმაგისი; და გადმოვიდნენ დურძუკეთს მყოფნი, და შეუერთდნენ თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოტყვენეს კახეთი და ბაზალეთი.
  მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, და შემოიკრიბა ყოველნი სპანი, მხედარი და ქვეითი, და ყოველნი კავკასიანნი იყვნენ სარწმუნოდ მორჩილებასა ზედა მირვანისსა, რომელნიც გადმოვლინებულ იყვნენ საურმაგ მეფისაგან, გარდა ჭართალთასა. შემოიკრიბა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს. შეიკრიბენ დურძუკნი და დაუდგნენ სიმაგრეთა ზედა გადასავალთა გზასა მას.
  მაშინ მირვან გადახდა ცხენისაგან, მივიდა ქვეითთა თანა თვისთა, და წარუძღვა წინა ქვეითთა, ზურგიდან შემოადგინა მხედარნი, და მოვიდა კართა მათ შინა, როგორც ჯიქი სიფიცხითა, როგორც ვეფხი სიმხნითა, როგორც ლომი ძახილითა. იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი. ხოლო მირვანს ვერ ჰკვეთდა მახვილი დურძუკთა, როგორც კლდესა სიპსა, და იდგა უძრავად, როგორც კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნენ დურძუკნი და ივლტოდნენ, მიუდგნენ უკან ქართველნი, მოსრეს და ტყვე ქმნეს.
   და შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბა კარნი ქვიტკირითა, და უწოდა სახელად დარუბალ.
   და დაჯდა მირვან მცხეთას, მეფობდა ნებიერად და უშიშად. იყო კაცი მიმნიჭებელი კეთილისა უხვად, და შეიყვარეს იგი ყოველთა მკვიდრთა ქართლისათა. და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.
  ამის ზე მიიცვალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს. და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხეთს რომელსაც ერქვა არშაკ. ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თვისი ძესა არშაკისსა, არშაკს. და მოკვდა მირვან, და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარნაჯომ.
                            მეოთხე მეფე, ფარნაჯომ, ნებროთიანი
  ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელიც არის ნეკრესი.
  ამისა შემდგომად შეიყვარა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანა სპარსეთიდან ცეცხლის-მსახურნი და მოგვნი, და დასხა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსაც აწ ჰქვია მოგვთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთვის მოიძულეს იგი მკვიდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი შიში ქონდათ კერპთა მიმართ. მაშინ შეითქვეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და უთხრეს: „მეფე ჩვენი გადახდა სჯულსა მამათა ჩვენთასა, არღარა მსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, შემოიღო სჯული მამული და დაუტევა სჯული დედული. აწ არღარა ღირს არის იგი მეფედ ჩვენდა მოგვეც ძე შენი არშაკ, რომელსაც უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩვენთა. გვაშველე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლის სჯულისა, და იყოს მეფედ ჩვენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩვენდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩვენთა.
  მაშინ მოეწონა სომეხთა მეფესა განზრახვა ესე. გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და უთხრა მათ: „უკეთუ ჭეშმარიტად უბიწოთა გულითა გნებავთ მეფედ თქვენდა ძე ჩემი, თქვენ ყოველთა ერისთავთა მომეცით მე მძევალი, და მოგცემთ ძე ჩემი მეფედ თქვენდა, და ყოვლითავე ნიჭითა აღგავსნე“.
  მაშინ ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი. მაშინ, სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს. ხოლო ფარნაჯომ მეფემან მოუწოდა სპარსთა და მოიყვანა სპარსნი ძლიერნი და რომელნიც დარჩენოდეს შემოიკრიბა ქართველნიცა. ხოლო ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი მიეგებნენ სომეხთა მეფესა ტაშირს, და იქ შეიკრიბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთა. ხოლო ფარნაჯომ მიეგება იქვე ტაშირს.
  იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, ამოსწყდა ორმხრითვე ურიცხვი, და იძლია ფარნაჯომ სომეხთა და ქართველთაგან. და მოიკლა ფარნაჯომ და მოსრეს სპა მისი. ხოლო ძე ფარნაჯომისი მირვან, წლისა ერთისა ყრმა, წაიყვანა მამა-მძუძემან მისმან, და ივლტოდა სპარსეთს. ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე თვისი არშაკ.
                                      მეხუთე მეფე, არშაკ, არშაკუნიანი
  დაჯდა მეფედ არშაკ, და დაიპყრა ყოველი ქართლი; და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა. და უმეტეს მოამტკიცა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას.
  მოკვდა არშაკ, და მეფე იქმნა ძე მისი არტაგ.
                                         მეექვსე მეფე. არტაგ. არშაკუნიანი
  და ესე მეფე არტაგ ორ წელს ოდენ მეფობდა. და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდნენ ერისთავნი სპარსთანი, სპითა დიდითა, ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა მათ სპარსთასა, რომელნიც აწყვედილ იყვნენ ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთა, რამეთუ დიდ იყო ძალი სპარსთა, მაგრამ განამაგრა ციხენი და ქალაქნი. და მოვლეს სპარსთა ყოველი ქართლი, და მოაოხრეს ველნი, თუმცა ციხე-ქალაქნი ვერცერთი წაიღეს, და წავიდნენ.
  მოკვდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი ბარტომ.
                                      მეშვიდე მეფე. ბარტომ, არშაკუნიანი
  ამან მეფემან ბარტომ უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა.
  ხოლო აღზარდეს სპარსთა ძე ფარნაჯომისი მირვან, რომელიც სიკვდილსა მას ფარნაჯომისსა წაეყვანა მამა-მძუძესა მისსა, რომელიც ვახსენეთ ზემოთ. ესე მირვან იყო კაცი ქველი, მხნე, მხედარი, და მრავალგზის გამოიცადა იგი ბრძოლასა თურქთა და არაბთასა.
  ამან მირვან შეკრიბა სპანი ძლიერნი სპარსეთს, წარემართა ქართლს, და მოუგზავნა მოციქული ერისთავთა ქართლისათა, და უთხა მათ: „მოიხსენეთ სიყვარული მამის მამისა, მირვანისი, და კეთილი მისი თქვენდა მომართ. დაღაცათუ მამამან ჩემმან შემოიღო სჯული უცხო თქვენ შორის და მისგანცა გქონდათ კეთილი. სამართლად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქვენთა, და აწ ნუ არის საურავი და შიში გულსა თქვენსა სიკვდილისათვის მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისათვის მოჰკლავენ მამანი შვილთა და ძმანი ძმათა, და არა იძიება სისხლი სჯულისა დატევებისათვის მოკლულთა. მე ვარ შვილი მეფეთა თქვენთა ფარნავაზიანთა დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, მაგრამ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქვენთასა, და ვესავ მე ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა, აწ ითვალეთ ჩემგან დიდება და კეთილი“.
  ხოლო ერისთავთა ქართლისათა არა შეიწყნარეს ბრძანება მირვანისი, არამედ ყოველნი მივიდნენ წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედნი ვინმე ქართველნი, არა წარჩინებულნი, წავიდნენ და მიერთნენ მირვანს.
  ხოლო მეფემან ბარტომ შემოკრიბა ყოველნი სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხეთდან, და მიეგება იგი ხუნანს. და იპყრა იგი ზურგად, ქალაქი ხუნანი. მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ბერდუჯისასა. და იწყეს ბრძოლად, და გამოჩნდნენ ორთავე შორის იქ ბუმბერაზნი. იყვნენ ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი თვესა ერთსა: როდესაც მათ სძლევნენ, და ოდესმე ამათ სძლევდნენ.
  ხოლო ამას თვესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი. და არავინ გამოჩნდა ქართველთაგანი და სომეხთაგანი მძლე მირვანისი; და ვერ-ცა-ღა თვით ბარტომ მეფე ებრძოდა მას, რამეთუ არა იყო ბარტომის თანა გოლიათობა.
  მაშინ ბარტომ მეფემან განაწყო სპანი თვისნი, და მიმართა ყოვლითა სპითა მირვანს, და იქიდან მირვან მოეგება სპითა ყოვლითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი. და იძლივნენ სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან, და მოკლეს ბარტომ, მეფე ქართველთა.
  ხოლო ამას ბარტომ მეფესა არა ესვა ძე, არამედ ასული ერთი, და სიცოცხლესა-ვე მისსა მოეყვანა ეგრისიდან ძისწული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსაც მოსდგმიდა ფარნავაზიანობა, ფარნავაზის დისა ქუჯის ცოლისაგან და დედისა მისისა, საურმაგის ასულისა ქუჯის ძის ცოლისაგან. და ამის ქართამისდა ეგრისიდან მიეცა ასული თვისი ცოლად ბარტომ მეფესა, და აეღო ესე შვილად. და ესე ქართველთა სათნოებისათვის ექმნა ბარტომს, რამეთუ ქართველთა დიდი სათნოობა ქონდა ფარნავაზიანთა მიმართ; და არა უნდა სხვისა ნათესავისა მეფობა რომელსამცა არა მოსდგმიდა ფარნავაზიანობა.
  ხოლო ესე ქართამ, ძედ შვილებული ბარტომ მეფისა, მასვე წყობასა მოიკლა ბარტომის თანა. ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა, ივლტოდა და წავიდა სომხითს და იქ შვა ყრმა და უწოდა სახელად ადერკი, და იზრდებოდა იგი იქ.
  ხოლო როდესაც მოკლა მირვან ბარტომი, და შემოვიდა ქართლად და დაიპყრა ყოველი ქართლი; და რომელნიც დარჩენილ იყვნენ ერისთავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქმა, და გამოიყვანა ყოველნი; და მძლავრებით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშვილდით და შეირთო ცოლად, რომელიც შვილი იყო არშაკუნიანთავე. და დაჯდა იგი მცხეთას.
                                                 მერვე მეფე. მირვან
და ნებიერად მეფობდა მცირედ-ჟამ და მოკვდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ.

                     მეცხრე მეფე, მეორე არშაკ. ძე მირვანისი. ნებროთიანი
  ხოლო ესე არშაკ მეფე იყო დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი და ფარნავაზიანი. ამან არშაკ განამშვენა ნელქარ, ქალაქი კახეთისა, რომელიც არის ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლის-ციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.
  ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა, რომელიც ვახსენეთ ზემოთ, აღზარდეს სომხითს. და იყო კაცი ასაკით მშვენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალგზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი, და სახელოვან ქმნილ იყო იგი.
  ამან ადერკი მოითხოვა სპანი სომეხთა მეფისაგან, და მოსცა მას, და წარმოემართა არშაკს ქართველთა მეფესა ზედა, დედის ძმასა თვისსა. ხოლო არშაკ შეკრიბა ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, მოირთო ძალი სპარსეთიდან და მიეგება წინა.
  და შეიკრიბნენ ორნივე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობელად ერთმანეთისა. სთხოვა ბრძოლა თავის-თავ არშაკ ადერკის, ხოლო ადერკი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა მშვენიერითა, და აღჯდა ტაიჭსა და უთხრა სპათა თვისთა: „განმიმაგრეთ ზურგი ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით“. და გავიდა ეგრეთვე არშაკ, შეიჭურვა და გავიდა განწყობილთა შორის.
  აღიზახეს ორთავე ხმითა სასტიკითა, და მიეტევნენ ურთიერთს. და იწყეს ორთა-ვე გვრემად ოროლითა, და ვერა ჰკვეთდნეს საჭურველსა ერთმანეთისასა. და ბრძოლისა სიგრძესა შინა გაუტყდათ ოროლები, ამოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა. როდესაც უხეთქავდნენ ჩუგლუგი იგი საჭურველსა ზედა მათსა, ჰგავდა ხმა იგი ხმასა მას უროს მჭედლისასა, რომელიც ეცემა გრდემლსა; და ხმა ძახილისა მათისა მსგავს იყო ქუხილისა.
  მაშინ ვერ სძლეს ურთიერთას, დაშვრეს და უკუ-დგეს იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და განისვენეს ორთავე, და დილეულ კვლავ გამოვიდნეს და აიღეს მშვილდები, და იწყეს რბევად და სრვად ერთმან-ერთისა. ჰკრა ადერკი ისარი მკერდსა არშაკისსა და ვერ-ღა-რა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან; გავიდა ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან.
  შემოიქცა ადერკი მსწრაფლ, და მივიდა სპათა თანა სომხითისათა, და უთხრა მათ: „გაფიცებ ღმერთთა თქვენთა, ნუ განმარტებთ მახვილთა თქვენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი არიან ჩემნი. და აწ მე ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქვენითა“. ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დადგნენ ადგილსა ზედა.
  შემოიქცა და მოვიდა ადერკი მახლობელად ქართველთა სპათასა. და ხმა უყო ხმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქვენთა, და სვესა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა ესე-რა აღარა მოუშვნე სპანი სომეხნი თქვენ ზედა“.
  მაშინ მიუგეს ქართველთა: „შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა შორის ნათესავთა ფარნავაზისთა. რათგან მოკვდა მეფე ესე ჩვენი, აწ შენ ხარ მეფე ჩვენი; და ვმადლობთ სვესა ჩვენსა, რამეთუ მოგვეცა საზღვარად მეფისა ამის ჩვენისა შვილივე მეფეთა ჩვენთა, გოლიათი და სახელოვანი“.
  და გარდახდნენ ყოველნი ქართველნი, დაცვივეს პირსა ზედა თვისსა და თაყვანის-სცეს ადერკის. და მშვიდობით შეიკრიბეს ერთად სომეხნი და ქართველნი და სპარსნი რანისანი, და მოიღეს ქართველთა გვირგვინი არშაკისი, და დაადგეს ადერკის და წარმოიყვანეს.
                          მეათე მეფე, ადერკი, ძე ბარტომისი. არშაკუნიანი
  და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქვეყანა ქართლი და ეგრისი. და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თვისი ცოლად და დაჯდა მცხეთას და მეფობდა კეთილად: ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა.
  ხოლო პირველსავე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა. და მოვიდეს მისსა მოგვნი ძღვნისა შეწირვად, და მათ მოგვთა შესლვასა იერუსალემს მოვიდა ამბავი მცხეთას: „სპარსთა იერუსალემი წარტყვენესო“. და ურიანი რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვა და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა სხვა მოვიდა ამბავი: „სპარსნი იგი არა წარტყვენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ ქონდა ძღვენი ყრმისა ვისმე შობილისათვის“. და განიხარეს ურიათა მცხეთელთა.
  და შემდგომად ამისსა, ვითარ გარდახდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ურიათა იერუსალემით ურიათა თანა მცხეთელთა: „რომლისათვის-იგი მოვიდეს მოგვნი და შეწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყვის თავსა თვისსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგვივლენიან ჩვენ მოციქულნი ყოველთა თანა ურიათა, რათა მოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი, და განვიკითხოთ და განვბრჭოთ მას ზედა. და აწ თქვენგან-ცა წარმოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი მანდით.
  ხოლო ამისვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კვლავ მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყვნა სპარსეთი, აქა ჟამადმდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერისთავნი სპარსეთისა.
  მაშინ შეიკრიბეს ერისთავნი სპარსეთისანი და დასვეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა, და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი.
  ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქვა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქვეყანა თვისი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქვეყანა მტკვარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკვარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თვისსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკვარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკვრისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თვისსა. და მოკვდა ადერკი.
   მეთერთმეტე მეფენი ბარტამ და ქართამ, ძენი ადერკი სომეხთ მეფისა. არშაკუნიანნი
  და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი. ხოლო ამათსა მეფობასა ვესპასიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყვენა იერუსალემი, და იქიდან ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძველთავე ურიათა თანა, რომელთა თანა ერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯვარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩვენისა იესოს წილ.
  და მეფობდა ესე ბარტომ და ქართამ მშვიდობით და სიყვარულსა ზედა ერთმან-ეთისასა. ესვა ძე ბარტომს, რომელსა ერქვა კაოს, და ქართამს ესვა ძე სახელით ფარსმან. და მოკვდეს ადერკის ძენი ბარტომ და ქართამ. და შემდგომად მათსა მეფე იქმნეს შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან და შიდა ქალაქსა - კაოს.
  მეთორმეტე მეფენი ფარსმან და კაოს, ძენი ბარტოსი და ქართამისა, არშაკუნიანნი
  ხოლო ადერკისითგან ვიდრე ამათ მეფობამდე იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა. და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა. მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ. და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე და დასხნა წუნდას შინა კაცნი მხეცნი, ნათესავნი დევთანი, და უწოდა წუნდასა სახელად ქაჯატუნი, რომელი-ესე ითარგამნების დევთა-სახლად. და ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარი, და მოკვდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს.
  და დასხდეს მეფედ შემდგომად მათსა შვილნი მათნი, არმაზს აზორკ და შიდა ქართლსა არმაზელ.
  მეცამეტე მეფენი აზორკ და არმაზელ, ძენი ფარსმანისი და კაოსისა, არშაკუნიანნი
  ხოლო ესე მეფენი არმაზელ და აზორკ იყვნეს კაცნი მხნენი და შემმართებელნი. და შეითქვნეს ესენი, და განიზრახეს ძიება საზღვართა ქართლისათა. მაშინ მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, მეფე სომეხთა, და დასვა მეფედ ძმა იარვანდისი, რომელსა ეწოდებოდა სახელად არტაშან. მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა აზორკ და არმაზელ მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გარდამოიყვანნეს ოვსთა მეფენი ძმანი ორნი გოლიათნი, სახელით ბაზუკ და აბაზუკ, სპითა ოვსეთისათა. და მათ გარდამოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი. და გარდამოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი. და ამათ მეფეთა ქართლისათა შემოკრიბნეს სპანი თვისნი და შეიკრიბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხვი. და სიმარჯვით ფარულად შეიკრიბეს, ვიდრე შეიკრიბებოდეს სპანი სომეხთანი. და შევიდეს ესენი სომხითს და უგრძნეულად წარმოსტყვენეს შირაკვანი და ვანანდი ბაგრევანამდე და ბასიანამდე, და შეიქცეს და ჩატყვენეს დაშტი ვიდრე ნახჭევანამდე, და აიღეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, და აივსნეს ყოვლითავე ხვასტაგითა, და გამოვლეს გზა ფარისოსისა.
  მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხითისათა, და შეიკრიბეს მსწრაფლ სომეხნი და დევნა უყვეს. ხოლო ესე ყოველნი ჩრდილონი განსრულ იყვნეს მტკვარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოანს, და დაებანაკათ იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყვესა და ნატყვენავსა. მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და უთხრა: „რომელი აღგიღიათ ნატყვენავი სომხეთიდან, პირუტყვი, ოქრო, ვეცხლი და ნაქსოვი, ყოველი მომინიჭებია თქვენდა; და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთა თქვენ მიერ, იგიცა უძებნელ იყოს თქვენ ზედა; გარნა რომელი აწე გყავს კაცი ტყვედ, განუტევეთ და წარვედით მშვიდობით, განმდიდრებულნი და აღსავსენი ყოვლითავე. ხოლო მათ პასუხი მიუგეს ესრეთ: „არა სხვად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა და ვერა გპოვეთ შენ. და აწ მოვედ ჩვენდა, მიიღე ნაწილი შენი, თუ-არა მოვიდეთ შენდა, სადაცა იყო და ვერ განერე ხელთაგან ჩვენთა ცოცხალი“. მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან განვლო მტკვარი. და ბაზოკ ოვსთა მეფემან შეუთვალა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და ითხოვა თავის-თავ ბრძოლა. ხოლო სუმბატ აღიჭურა და აღჯდა ვარსამატსა თვისსა და გავიდა განწყობილთა შორის. და იქითა გამოხდა ბაზოკ. და აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს. და სცა სუმბატ ჰოროლნი სარტყელსა ზედა, და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აიღო ცხენისაგან და დასცა ქვეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ანბაზუკ შველად ძმასა თვისსა, ხოლო ამოსწვადნა სუმბატ ჰოროლნი იგი, მიეგება და ეგრეთვე მასცა სცნა და განავლო, აიღო და დასცა ქვეყანასა ზედა. და თქვა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა, ყრმათა ჩვილთათვის, რომელნი თქვენ მოსრენით“. მაშინ სპათა მათ ყოველთა ოვსთა, ლეკთა და ქართველთა, და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა ერთ-პირად აღიზახნეს და თქვეს: „ვინაითგან მოკლნეს ძმანი ისი ორნი, თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკვდილი ჩვენი არად შესარაცხელ არის“.
  და უფრო მეტად გაბოროტნეს და შეიკრიბეს ყოველნი სპასალარობასა ქვეშე არზოკ და არმაზაელისსა, ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნეს სუმბატს და სპათა სომხითისათა. მაშინ იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი მათ შორის, და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა სამ ჟამითგან ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და ამოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და აღხდა მტვერი, და დღე ბნელ იქმნა ვითარცა ღამე. და აღრეულ იყვნეს ერთგან და ვერ-ღა-რა იცნობდეს ერთმან-ერთსა მტვერისა მისგან.
  მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოისა სომეხთაგან, მეოტ იქმნეს და დაიფანჩნეს ყოველნივე, მიუდგა სუმბატ, მრავალთაგან მრავალთა მოწყლული, და სდევნა ღამემდე და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედნი დაურჩეს; ხოლო ქართველნი უფრო დარჩეს სამეოტოთა გზათა მეცნიერებისაგან და შემოიხვეწნეს ორნივე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი.
  მაშინ სუმბატ გამარჯვებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელი პოვა ციხეთა და ქალაქთა გარე; ხოლო ციხე-ქალაქთა არა ებრძოდა, რამეთუ არა მზა იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქვია დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა. და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთა და მაბრძოლად ოძრხეველთა და წარვიდა.
  ხოლო მეფენი ესე ქართლისანი, არზოკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი თვისნი, გაწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა.
  და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნეს ერთად ოვსნი და ქართველნი. და მარადის ბრძოდეს სომეხთა.
  და იყო ოძრხეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი, და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწეოდეს მეგრელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმან-ერთსა, და დაუცხრომელად იბრძოდეს და უფროსი ბრძოლა მათი იყვის მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვია ნოსტე.
  და იყო კლარჯეთს ერისთავი არზოკ მეფისა, აზნაურთავეგანი. და იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქვეყანასა პარხლისასა, რომელ არს ტაო, და ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხნი და მხედარნიცა.
  ხოლო თვით მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართოდიან სომხითს გზასა აბოცისსა, და მარადის ესრეთ იკრფებოდნენ ქართველნი. მაშინ წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა არტაშან, მეფე სომეხთა, და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი. ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით და განავსნეს ციხენი და ქალაქნი და მოვიდეს სომეხნი და დადგეს მცხეთას, და ებრძოდეს ხუთ თვე. და დღეთა ყოველთა იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა. მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა, ითხოვეს მშვიდობა, და აღუთქვეს მორჩილება და არღარა ძიება სისხლისა და ზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი. და ქმნეს ფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფემან, და წარვიდა.
  ხოლო გარდახდეს ამას შინა წელნი რამდენიმე. და აღშენდა ქართლი მოოხრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნეს სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და ბერძენთა. და იპოვეს მას შინა ჟამი მარჯვე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა. რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნეს ბრძოლად სპარსთა. და ვითარ განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშან მეფემან შეკრიბა სპანი, რომელნი შინა დარჩენოდეს, და მისცა ძესა თვისსა ზარენს, და წარმოგზავნა ქართველთა ზედა.
  ხოლო შეიკრიბეს ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნეს ქვეყანასა ჯავახეთისასა. და ეწყვნეს და სძლიეს ქართველთა და ოვსთა, და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, და მოსრეს სპა მისი ყოველი და სდევნეს საზღვარამდე სომხითისა; მიეწივნეს ზარენს, ძესა მეფისასა, და შეიპყრეს იგი ტბისა მის პირსა, რომელსა რქვია ცელი, და უკმო-იყვანეს.
  ხოლო ოვსთა ჰნებვიდა მოკლვა მის ზარენისი სისხლისათვის მეფეთა მათთასა, არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათვის საზღვართა მათთასა, და დასვეს პყრობილად ციხესა დარიალანისსა. ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იყვნეს სპარსთაგან.
  მაშინ წელსა მესამესა მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ორნი ძენი მეფისანი, არტავაზ და ტიგრან, ყოვლითა სპითა სომხითისათა. მაშინ მეფეთა ქართლისათა უბრძანეს ქვეყანასა მათსა შელტოლვა ციხეთა და ქალაქთა, და მთეულეთთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდეს სომეხნი და დადგეს თრიალეთს. და აღდგეს მათ შორის მოციქულნი და დაიზავნეს; მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი, და აღუთქვეს შეწევნა ესრეთ: „უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქვენ ზედა და მოღმართ გებრძოდის, ჩვენ ორნივე მეფენი თავითა ჩვენითა და სპითა ჩვენითა თანა-დაგიდგეთ და გიშველოთ; და უკეთუ კვლავ ვისმე მიღმართ ებრძოდით, ათას-ათასითა მხედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით“. და ესეცა აღუთქვეს ქართველთა: „ქალაქსა ამას ჩვენსა დრამა არტაშან მეფისა ხატითა დავსცეთო“.
  ხოლო ამისთვის სომეხთა უკმო-სცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და ამიერითგან იქმნეს მოყვარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი. და სამნივე ერთობით ებრძოდეს მტერთა.
  და აღესრულეს არზოკ და არმაზაელი, ნუგეშინის-ცემულნი დიდად. რამეთუ სიმხნითა მათითა უკუ-მოისუნეს საზღვარნი ქართლისანი.
  და შემდგომად მათსა მეფობდეს შვილნი მათნი: არმაზს - ამაზასპ და შინა ქართლს - დეროკ.
მეთოთხმეტე მეფენი, ამაზასპ და დეროკ, ძენი აზორკ და არმაზელისნი, არშაკუნიანნი
  და შემდგომად მათსა მეფობდნენ შვილნი მათნი: არმაზს - ფარსმან ქველი და შინა ქართლსა - მირდატ.
მეთხუთმეტე მეფენი, ფარსმან ქველი და მირდატ. ძენი ამაზასპისა და დეროკისი, არშაკუნიანნი
  აქამომდე ესე მეფენი ყოველნი ორ-ორნი იყვნეს მოყვრობასა ზედა: ერთგან მოყვარენი ვისნი-მე და ერთგან მტერნი ვისნი-მე. მაშინ ამან მირდატ ქართველმან მოიყვანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა, და წვევითა სპარსთათა მტერ ექმნეს ფარსმან ქველსა არმაზელსა, და განიზრახა მუხთლად სიკვდილი ფარსმან ქველისა. და მოხადა მირდატ ფარსმან ქველსა სახლსა თვისსა რეცა მიჯლიშად და განცხრომად. რომელი-ესე უთხრა ვინმე ფარსმანს და განაკრძალა. ხოლო იგი არღარა მივიდა.
  ამიერითგან იქმნეს მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს სომეხნი. და ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მოსისხლე, ხოლო ფარსმან ქველი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა მშვენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნენ უწინარეს მისსა. ესე უყვარდა მირდატის კერძთა-ცა ქართველთა და სძულდა მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათვის და გამოერთნეს უმრავლესნი მირდატისა-ცა კერძნი, ემძლავრა ფარსმან ქველი და აოტა მირდატ მეფე. და წარვიდა მირდატ სპარსეთად.
  ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქველისა, ეგრეთვე ქველი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ, ესე ფარნავაზ ძუძუს-მტე იყო ფარსმანისი, სარწმუნო, ერთგული და მისანდობელი. და იგი დაადგინა შიგა ქართლსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლადვე იყვის ფარნავაზ სპასპეტი ქართლსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან ქველი იარებოდის და განაგებდის სამეფოსა თვისსა.
  მაშინ მირდატ გამოიყვანნა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მომართა ფარსმანს, ხოლო ფარსმანმა შემოკრიბა სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება ვიწროთა რკინის-ხევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა დღეთა მრავალთა; და უკეთუ გამოჩნდის ბუმბერაზი სპარსთა შორის, რომელსა ვერ ებრძოდიან ბუმბერაზნი ქართლისა და სომხითისანი, მას ზედა განვიდის თვით მეფე ფარსმან, ანუ სპასპეტი მისი ფარნავაზ, და ესრეთ აჯობიან და სძლიან. და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩვიდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმან მისმან ფარნავაზ მოკლა ოცდასამი.
  მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუმბერ, რომელი ლომსა ხელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან ქველი სიხარულით აღიჭურვა და განვიდა. და აღიზახნეს ორთავე ხმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას, და იწყეს ბრძოლად ხმლითა. და ხმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ხმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმან, ჩამოაგდო და მოკლა, და მოიქცა სპისა თვისისა კერძო, და ხმა-ყო ხმითა მაღლითა და უთხრა მათ: „აჰა, ლომნო მძვინვარენო, ცხოვარნი დასეტყვილნი!“
  მაშინ მიეტევნეს ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტნეს და ამოსწყვიდნეს და ტყვე ყვნეს ურიცხვნი, და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთადვე. და წელსა მეორესა კვლავ მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა. ხოლო ფარსმან ქველმან შემოიკრიბა სპანი თვისნი, მხედარნი და ქვეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არა ჰყვნეს სპანი მირდატის სპათა ოდენნი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭვს, და ეგრეთ ყოველთა დღეთა იბრძოდიან ბუმბერაზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა ფარსმან მეფემან თავის-თავ თორმეტი ბუმბერაზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ თექვსმეტი ბუმბერაზი.
  მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თვისისათა არად აგდო სიმრავლე სპარსთა, არამედ განვიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თვისითა, და დაესხა. და მოსცა სვემან მისმან ძლევა: აოტა ბანაკი მათი და ამოსწყვიდნა ურიცხვნი. და წარვიდა მირდატ მეოტი სპარსეთადვე. და ამიერითგან განითქვა სახელი ფარსმან ქველისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინა-მძღვარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა. და იწყო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს. და ვერ-ღა-რა-ოდეს ვინ წინა-აღუდგა ფარსმან ქველსა.
  მაშინ სპარსთა გება-ყვეს სიმარჯვე ესე, რამეთუ მოიყვანეს მზარეული ერთი, და აღუთქვეს მას კეთილი დიდი, და უთხრეს ესრეთ: „წახვედ და შემწყნარე ფარსმან ქველსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკვდინე, და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე“. ხოლო წარვიდა მზარეული იგი და ჰყო ეგრეთ, ვითარცა უთხრეს სპარსთა მათ. და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქველი.
  მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან ვიდრე გლახადმდე. და იტყებდეს ყოველნი თავთა თვისთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბნებთა, რამეთუ დასხდიან მგოსანნი გლოვისანი, და შეიკრიბიან ყოველნი და ახსენებდიან სიმხნესა და სიქველესა, და სიმშვენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქველისასა, და იტყოდიან ესრეთ: „ვაი ჩვენდა, რამეთუ დაგვიძინა სვემან ბოროტმან მეფე ჩვენი, რომლისაგან ხსნილ ვიყვენით მონებისაგან მტერთასა, მოიკლა იგი აცთა მგრძნებელთაგან, და აწ მივეცენით ჩვენ წარტყვენვად ნათესავთა უცხოთა“.
  მაშინ გამოვიდეს სპარსნი, და გამოიტანეს თანა მირდატ, და დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი მისი. ხოლო ნაწილი ფარსმანისი თვით დაიჭირეს, და დაუტევეს ერისთავი არმაზს. ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წაიყვანა ცოლი და ძე ფარსმან ქველისა, და ივლტოდა, და მივიდა სომხითს. რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი ფარსმანისი. და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერისთავმან სპარსთამან. ხოლო მეგრნი დადგეს ერთგულობასა ფარსმანის ძისასა.
  ხოლო მას ჟამსა მოყვარე იყვნეს სომეხნი და ბერძენნი. მაშინ სომეხთა მეფემან მოირთო ძალი ბერძენთაგან, და წარმოემართა ბრძოლად სპარსთა და ქართველთა. მიერთნეს მეგრნი, და შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი. მაშინ მირდატ და ერისთავმან სპარსთამან მოირთეს ძალი სპარსეთით. ხოლო სომეხნი და ბერძენნი და მეგრნი ჩავიდეს შიგა ქართლს, და იქ მიეგებნეს სპარსნი და ქართველნი მდინარესა ზედა, რომელსა ჰქვია ლიახვი. და იქ იქმნა ბრძოლა მათ შორის ადგილსა, რომელსა ჰქვია რეხაჲ. და ამოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, იძლივნეს სპარსნი და ქართველნი, და მოკლეს მირდატ და ერისთავი სპარსეთისა, და მოსრნეს სპანი მათნი.
                    მეთექვსმეტე მეფე, ადამი, ძე ფარსმან ქველისა, არშაკუნიანი
  და დასვეს მეფედ ძე ფარსმან ქველისა, რომელსა ერქვა ადამი. და სამ წელ ოდენ მეფობდა და მოკვდა. და დარჩა ძე მისი წელიწდისა ერთისა ყრმა; და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმა იგი, მეფობდა დედა ადამისი, ცოლი ფარსმან ქველისა, რომელსა სახელი ერქვა ღადანა.
  და ვითარ აღიზარდა ძისწული ფარსმან ქველისა, სახელით ფარსმანვე, მეფობდა იგი.
                            მეჩვიდმეტე მეფე, ფარსმან, ძე ადამისი, არშაკუნიანი
ხოლო მეფობდა ესე ფარსმან ყოველსა ქართლსა ზედა, და ესვა ძე, და უწოდა სახელად ამაზასპ. და შემდგომად ამისსა მოკვდა ფარსმან, და შემდგომად მისსა მეფობდა ძე მისი ამაზასპ.
                            მეთვრამეტე მეფე, ამაზასპ, ძე ფარსმანისი. არშაკუნიანი
  ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქველისა. და ამისსა მეფობასა გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ იგრძნა ამაზასპ მეფემან გარდამოსლვა ოვსთა ვიდრე გარდამოვლამდე მთისა. მოვიდეს ოვსნი და დადგეს ლიახვსა ზედა რვა დღე განსვენებად, და არა სადა განვიდა მარბიელი, რამეთუ ქალაქისა მცხეთისა შემუსრვად მოსულ იყვნეს.
  მაშინ ამაზასპ მოუწოდა ყოველთა ერისთავთა ქართლისათა. და მოვიდეს ერისთავნი აღმოსავალისანი: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, ერისთავი სამშვილდისა. და შემოიკრიბეს მხედარნი სპასპეტისანი; და ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერისთავისა, მოვიდეს ოვსნი ჩრდილოთ კერძოთა ქალაქისათა, რომელ არს მუხნარი.
  მაშინ ამაზასპ მეფემან განავსნა ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქვეითთა მცხეთელთა, რომელნი კართა და ზღუდეთა სცვიდეს; მათგან კიდე რომელი გარე მეომრად განვიდოდეს, იყო ოცდაათი ათასი ქვეითი ყოვლადვე. და მაშინ სხვა რომელი ჰყავდა მხედარი ათი ათასი, და განვიდა ამაზასპ და განაწესნა ქვეითნი იგი არაგვსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა, ხოლო მხედრითა ლაშქრითა განვიდა ადგილსა, რომელსა ჰქვიან საფურცლე. და იპყრა ზურგად ქალაქი და ქვეითნი იგი, რომელ დაეყენნეს კართა შინა.
  და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. და განვიდა ამაზასპ მშვილდითა, და იწყო სროლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა; ეზომ შორით ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეიტყუებოდა და არცა ინახვებოდა სიშორითა, თუ ყოვლად აქვს მშვილდი. და მან ჰკრის ისარი, რომელსა ვერ დაუდგის სიმაგრემან საჭურველისამან. და მას დღესა შინა ამაზასპ თავის-თავითა მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხვათაცა ბუმბერაზთა ამაზასპისათა მოკლნეს ბუმბერაზნი მრავალნი ოვსთანი; და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა.
  მას დღესა შინა შემოვიდა ამაზასპ ქალაქად მხედრითა სპითა, ხოლო ქვეითნი იგი დგეს იქვე ადგილსა ზედა კართა შინა. და ღამესა მას მოემატნეს მხედარნი, რომელნი ვერ მოეტანნეს თანა ერისთავთა მათ სისწრაფითა.
  და ვითარ გათენდა, კვლავ განვიდა იქვე ამაზასპ და აღიხუნა ოროლნი. და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, რომელსა ერქვა სახელი ხუანსუა; იგი გამორჩეულ იყო სპათა შორის ოვსთასა. აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს ურთიერთას; და პირველსავე მისლვასა სცნა ოროლნი ამაზასპ, და განავლო ზურგით, და მოკლა იგი. და აღმოიხადა ხმალი, და მიეტევა სხვათაცა ბუმბერაზთა, და მოკლა ორნი სხვანი-ცა, შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მხედრებითურთ. ხოლო ქვეითნი იდგეს იქვე კართა შინა, და მას ღამესა კვლავ მოემატნეს მხედარნი.
  ხოლო განიზრახეს დასხმა ოვსთა; და განვიდა და დაესხა ოვსთა, განთიადისა ჟამსა, მხედრითა და ქვეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი, და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.
  და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხითით, და შეიკრიბა სპანი თვისნი ყოველნი, და გარდავიდა ოვსეთს. და ვერავინ წინა-აღუდგა და მოტყვენა ოვსეთი, და მოვიდა შინა გამარჯვებული.
  და შემდგომად ამისსა შეექმნა სილაღე, და იწყო მესისხლეობად, და ამოსწყვიდნა მრავალნი წარჩინებულნი. და ამისთვის მოიძულეს იგი ერმან ქართლისამან. და მტერ ექმნა იგი სომეხთა, და შეიყვარნა სპარსნი.
  მაშინ განდგეს ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორნი ერისთავნი ეგრისისანი, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ეზრახნეს ესე სომეხთა მეფესა, და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დისწული იყო ამაზასპისი. მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წარმოემართა ქართლად, და მოირთო ძალი საბერძნეთითცა. და ეზრახნეს ოვსთაცა, ხოლო ოვსნი სიხარულითა წარმოვიდნეს, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი. და გარდამოვლეს გზა თაკვერისა, და მოვიდეს ერისთავთა თანა ეგრისათა.
  მაშინ ამაზასპ მოუწოდა სპარსთა, და მოვიდნეს სპარსნი ძლიერნი. და შეიკრიბა ქართველნიცა, რომელნი დარჩენოდეს. მაშინ ოვსთა და მეგრთა გარდამოვლეს მთა მცირე, და შეიკრიბეს იგინი და ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდეს ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა.
  ხოლო წარმოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთის-ხევს და არავინ იპოვა ეგე-ოდენთა მათ სპათა შინა ბერძენთა, სომეხთა, ოვსთა, მეგრთა და ქართველთა მარტოდ-მბრძოლი ამაზასპისი, არამედ ეწყვნეს ურთიერთას სპანი იგი. და იქმნა ბრძოლა მათ შორის: იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპა მისი. და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპა მისი, და დაიპყრეს ქართლი. და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თვისი ქართლისა მეფედ, რომელსა სახელი ერქვა რევ, დისწული ამაზასპისი.
                                     მეცხრამეტე მეფე, რევ, არშაკუნიანი
  ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.
  ესე რევ მეფე მართალია იყო წარმართი, მაგრამ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რამე სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და ქონდა რამე სიყვარული ქრისტესი. და ამან მეფობასა შინა მისსა არღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა-იგი ამისსა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდნენ მსხვერპლად ყრმათა; და ვიდრე იგი იყო მეფედ, არღარავინ კვლიდა ყრმათა კერპთათვის, არამედ ცხვრისა და ძროხისა შეწირვა განუწესა. ამისთვისცა ეწოდა მას რევ მართალი. და მეფობდა ესე რევ კეთილად. და მოკვდა რევ.
                           მეოცე მეფე, ვაჩე, ძე რევისა. არშაკუნიანი
  და შემდგომად ამისსა მეფობდა ძე მისი ვაჩე.
                         მეოცდაერთე მეფე, ბაკურ, ძე ვაჩესი. არშაკუნიანი
  და შემდგომად ვაჩესსა მეფობდა ძე ვაჩესი ბაკურ.
                        მეოცდაორე მეფე, მირდატ, ძე ბაკურისი, არშაკუნიანი
  და შემდგომად ბაკურისა მეფობდა ძე ბაკურისი, მირდატ
             მეოცდასამე მეფე, ასფაგურ, ძე მირდატ მეფისა, არშაკუნიანი
  და შემდგომად მირდატისა მეფობდა ძე მისი ასფაგურ.
  ამან ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა.
  ხოლო ალექსანდრეს მეფობითგან ესე ყოველნი მეფენი მეფობდეს ქართლს და იყვნეს კერპთ-მსახურ. და ესე ასფაგურ იყო უკანასკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისა. და ამისზე მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი, რომელმან მოსრნა მეფენი აჟღალანიანნი, რომელი იცნობების არდაბირობით, ვითარცა წერილ არს ცხოვრებასა სპარსთასა.
  ხოლო სომხითს მეფე იქმნა კოსარო. და ამან კოსარო სომეხთა მეფემან უწყო ბრძოლა ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანდა ოვსებს, ლეკებსა და ხაზარებს და მივიდოდა კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა.
  და პირველსავე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და ამიერითგან ვერ-ღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყვენვა სპარსეთისა.
  ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი.
              შემოსლვა სპარსთა ქართლს და მეფობა მირიანისი ქასრეს ძისა
   როდესაც იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთს და ოხრება სპარსეთისა; და ვერ-ღა-რა ოდეს წინა-აღუდგა მეფე სპარსთა. მაშინ მეფემან სპარსთამან, სავსემან მწუხარებითა, მოუწოდა მთავართა სოფლებისათა პიტიახშთა და ერისთავთა სოფლებისათა, და ჰყო განზრახვა. და ეძიებდა ღონებასა ბოროტისა მის მოწევნულისასა, და აღუთქმიდა ნიჭსა დიდსა და პატივსა, რომელმან უძლოს და უძიოს ღონე შურისგებისა.
  ხოლო კრებულსა მას შორის იყო წარჩინებული ერთი მთავარი, სახელით ანაკ, ნათესავისაგან კოსაროს სომეხთა მეფისა. აღდგა იგი, წარმოდგა და თქვა: „ოტებულ არს სპა ჩვენი კოსაროს სომეხთა მეფისაგან, აწყვედილ არიან მხედარნი ჩვენნი, და დასდებია შიში და ძრწოლა მათი სპარსთა ზედა, და განძლიერებულ არიან იგინი, და ვერ ძალ-გვიც წინა-აღმდგომად მათდა. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მშვიდობითა და ვედრებითა და ხარკისა მიცემითა დავამშვიდოთ კოსარო მეფე“. ესე რომელ თქვა ანაკ, არა გულითა თქვა, არამედ სიმრავლესა მას უფარვიდა გულისა მისისა განზრახვასა. მიეახლა მეფესა და უთხრა თვისგან: „უწმოდე, რამეთუ არა ესე არს განზრახვა ჩემი, რომელ ვთქი, მაგრამ ღირს მყავ მარტოდ ზრახვად შენ წინაშე, და ვაუწყო მეფობასა შენსა გულის-ზრახვა ჩემი“. მაშინ წარჩინებულთა მათ იზრახეს თვის-თვისად წინაშე მეფისა და წარვიდნენ. მაშინ ფარულად მოუწოდა მეფემან ანაკს, და უთხრა მეფესა ანაკ: „მეფე, ცხოვნდი უკუნისამდე, მე გიძიო ღონე შურის-გებისა კოსაროს ზედა. წარვიდე მის თანა დედა-წულით ჩემითურთ, და მომენდობის იგი ნათესაობისათვის, და სვემან შენმან მოავლინოს კეთილად, და მოვკლა მეფე იგი, და დავდვა თავი ჩემი შენთვის“.
   მოეწონა განზრახვა ესე მეფესა. და მოკლეთა დღეთა წარმოვიდა ანაკ და ძმა მისი დედა-წულითა მათითა რეცა განდგომად სპარსთა მეფისაგან. და მოვიდა საზღვართა სომხითისათა, ქალაქსა, რომელსა რქვია ხილახილა, საზამთროთა ადგილთა სომეხთა მეფეთასა. იხილა რა მეფემან კოსარო, დიდითა პატივითა შეიწყნარა, რამეთუ ყოვლითა-ვე სიმარჯვითა მოსლვასა მისსა სარწმუნოდ აჩვენებდა; და ხედვიდა მეფე, რამეთუ ყოვლითა სახლეულითა მისითა მისდა მოემართა, მაშინ მეფემან მისცა მას პატივი, მეორედ მისსა საყდარსა აიყვანა სიხარულით და განსვენებით დაყვნეს რა დღენი ზამთრისანი, და მოიწივნეს დღენი ზაფხულისა არისანი, და განდიდნეს მდინარენი, წარმოვიდა მეფე იქიდან და მოვიდა არატსა ქალაქსა, და განმზადებულ იყო კოსარო მეფე კვლავ შესლვად სპარსეთს. მაშინ დღესა ერთსა განვიდა მეფე ნადირობად, და გაჰყვეს თანა ანაკ და ძმა მისი, და იპყრნეს მახვილნი ლესულნი ფარულად საწვიმარსა ქვეშე სტეოედსა; და იპოვეს დრო და მოკლეს მეფე და ივლტოდეს. ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხითისათა, და მოუსწრეს ვიეთ-მე ხიდსა და რომელთამე მოუსწრეს ფონსა, და იწყვდინეს იწროსა შინა; და ვერვინ წაუვიდეს, და მოკლეს იგინიცა. და მოსრეს ყოველნი ნათესავნი მათნი, გარდა დარჩნეს ორნი შვილნი მათნი, რომელნიცა აღიხუნეს მამა-მძუძეთა მათთა: ერთი შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა და მეორე საზღვართა სპარსეთისათა.
   როცა ესმა ამბავი ესე სპარსთა მეფესა ქასრეს სასანიანსა, აივსო სიხარულითა და წარმოემართა ყოვლითა ძალითა მისითა; მოვიდა პირველად სომხითს და დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყვე ყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა. ხოლო ერთი ძე კოსარო მეფისა, მცირე ყრმა, შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა, და იქ იზრდებოდა, რომელსა ერქვა თრდატ. მაშინ ვითარცა დაიპყრა სომხითი სპარსთა მეფემან და შემოვიდა ქართლად, წარვიდა ასფაგურ ქართველთა მეფე ოვსეთს, რათამცა მოიმატნა სპანი ოვსეთით და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. ხოლო რაჟამს შევიდა ასფაგურ ოვსეთს, ეწია სიკვდილი და მოკვდა იქ.
   ამას ასფაგურს არა ესვა ძე, არამედ ასული ერთი მაშინ შეიკრიბეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი მცხეთას ქალაქსა სპასპეტისა თანა, რომელსა ერქვა მაეჟან. ზრახვა ყვეს ერთბამად სავსეთა მწუხარებითა და თქვეს: „არა ვაუფლოთ გულთა ჩვენთა მწუხარება, რათა არა მიგვეღოს გონიერება, გარნა ვიძიოთ ღონე ჭირთა და განსაცდელთა ჩვენთათვის“. მაშინ თქვა მაეჟან სპასპეტმან: „უკვე თუმცა იყო ჩვენ თანა ძალი ეზომი, ჩვენ-მცა მესამედთა სპარსთა შევესწორებოდეთ, დამცავსხენით თავნი ჩვენნი სიკვდილად და წინა-აღუდეგით მათ, და თუმცა დარჩენილ იყო მკვიდრი მეფისა ჩვენისა ანუ ნათესავი მეფეთა ჩვენთა, რომელიცა ღირს იყო მეფობასა, დავდეგითმცა ციხე-ქალაქთა შინა, დავსხენითმცა თავნი ჩვენნი სიკვდილად და ვჭამეთ-მცა ხორცი კაცისა, ვითარცა პირველ მამათა ჩვენთა. მაგრამ მოწევნადსა ჟამსა ესრეთ მოუვლენია, რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩვენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქვეყანისა. არავინ არს ჩვენ თანა წინა-აღმდგომი მისი და დარჩენილ ვართ ჩვენ ობლად, ვითარცა ცხვარნი უმწყემსონი. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა მივაგოთ წინა მეფესა სპარსთასა მორჩილება და ვითხოვოთ მისგან წყალობა და ვითხოვოთ მისგან ძე მისი მეფედ ჩვენდა, და ვევედრნეთ, რათა შერთოს ცოლად ძესა მისსა ასული მეფისა ჩვენისა ასფაგურისი. ვაუწყოთ ქალისა მის ნათესაობა ქართლოსიანთა და ნებროთიანთა და დიდებულთა არშაკუნიანთა და მეფეთა ჩვენთა ფარნავაზიანთა, და ვითხოვოთ მისგან დამჭირვა სჯულსა ზედა მამათა ჩვენთასა, და ვითხოვოთ ჩვენ თანა არა აღრევა სპარსთა და წარჩინებულად პყრობა ჩვენი. ნუ უკვე შეიწყნაროს ვედრება ესე ჩვენი, და ყოს ესე ყოველი ჩვენ ზედა და უკეთუ სჯულსა მამათა ჩვენთასა მიგვიღებდეს, და ჩვენ ზედა სპარსთა წარჩინებულ ჰყოფდეს, და ნათესავსა მეფეთა ჩვენთასა ამოსწყვედდეს, მაშინ სიკვდილი უმჯობეს არს თავთა ჩვენთათჳს ვიდრე მონახვასა ესე-ვითარისასა. დავსხნეთ თავნი ჩვენნი ციხეთა და ქალაქთა შინა და ამოვსწყდეთ ყოველნი“.
  მაშინ დაემოწმნეს ყოველნი ერისთავნი ზრახვასა მაეჟან სპასპეტისასა, და წარგზავნეს მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, და მოახსენეს ესე ყოველი, რომელი განეზრახა.
   ხოლო გამოიკითხა სპარსთა მეფემან პირველად ქალაქისა მცხეთისა, და უთხრეს. სივრცე და სიმაგრე მისი და მახლობელობა ხაზართა და ოვსთა. და კვლავ გამოიკითხა გვარნათესაობა ასფაგურის ასულისა, და უთხრეს ნათესაობა ნებროთიანთა და არშაკუნიანთა და ფარნავაზიანთა. კეთილად მოეწონა სპარსთა მეფესა, და შეიწყნარა ვედრება ქართველთა. რამეთუ თვითცა უკუთესად გამოარჩია მცხეთას დასვმა ძისა მისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისათა, რანისა და მის კერძოთა, ყოვლისა უფროსად და უმაგრესად გამოარჩია და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა, რათა ჰბრძოდის მათ იქით და იპყრობდეს ყოველთა კავკასიანთა. აღუსრულა ყოველი იგი სათხოველი ქართველთა, და მისცა ყოველსა ზედა ფიცი და აღთქმა. და მოვიდა მცხეთას და მიეგება მაეჟან სპასპეტი და ყოველნი ერისთავნი ქართლისანი. მაშინ მოიყვანეს ასული ასფაგურ მეფისა სამშვილდიდან, რომელსა ერქვა აბეშურა, და შერთო იგი სპარსთა მეფემან ძესა თვისსა, რომელი იქ თანა ჰყავდა შვიდისა წლისა, ნაშობი მხევლისა, რომელსა ერქვა სპარსულად მიჰრან, ხოლო ქართულად მირიან. ესე მირიან იგი არს, რომელმან ჟამსა სიბერისა მისისასა იცნა ღმერთი დამბადებელი, და შეიწყნარა სახარება მოციქულთა წმიდისა ნინოს მიერ, და იქმნა აღმსარებელ წმიდისა სამებისა და თაყვანის-მცემელ ჯვარისა პატიოსნისა.
                 მეოცდაოთხე მეფე მირიან, ძე სპარსთა მეფისა. ხოსროიანი
    აწ ვახსენოთ ცხოვრება მირიანისი, ძისა ქასრე არდაშირისი სასანიანისა
   ვითარცა შეიწყნარა მეფემან ქასრე ვედრება ქართველთა, და შეჰრთო ძესა მისსა მირიანს ასული ქართველთა მეფისა და მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი და დასვა მცხეთას. და მისცა ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი. და იყო მირიან მაშინ წლისა შვიდისა. და თანა ჰყავდა ქასრე მეფესა დედა მირიანისი და არა დაუტევა იგი მირიანის თანა, რამეთუ უყვარდა დედა იგი მირიანისი ვითარცა თავი თვისი, არამედ დაუტევა მამა-მძუძედ და განმგებელად წარჩინებული ერთი, რომელსა ერქვა სახელად მირვანოზ. და დაუტევა ორმოცი ათასი მხედარი სპარსი რჩეული, და არა დასხნა ქართლისა საზღვართა სპარსნი იგი ფიცისა მისთვის, რომელ ფიცებულ იყო ქართველთად, და დასხნა ჰერეთს და მოვაკანს და სომხითს. ხოლო უბრძანა მირვანოზს, რათა სპარსთა მათგანი რჩეული შვიდი ათასი მხედარი ყოვლადვე ქალაქსა შინა იპყრას მცველად ძისა მისისა. და ესრეთ დამზავა ქართველთა, რათა კარნი და ციხენი და ქალაქნი ყოველნი იპყრნეს ლაშქრითა სპარსითა: და სხვა სიმრავლე სპარსთა არა იყოს ქვეყანასა შინა ქართლისასა თანა-აღრეულად; „და იყოს შვილი ჩემი ორსავე სჯულსა ზედა: მამათა ჩვენთა ცეცხლის-მსახურებასა და თქვენთა კერპთასა“, რამეთუ პირველვე ამას ზედა მოეცა ფიცი.
  და წარვიდა მეფე და წარიხუნა ყოველნი ხევნი კავკასიანთანი და დასხნა ყოველგან მთავარნი, და უბრძანა მათ ყოველთა, რათა იყვნენ მორჩილ ძისა მისისა მირიანისსა, და უბრძანა მირიანს, ძესა თვისსა, და მამა-მძუძესა მისსა მირვანოზს, რათა ჰბრძოდიან ხაზართა, და წარვიდა მეფე სპარსეთად.
  ხოლო ამან მირვანოზ ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცნა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი. და აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. ხოლო შეიყვარნა ქართველნი, და დაივიწყა ენა სპარსული და ისწავლა ენა ქართული. და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი კერპთანი, და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქართველთა სათნოებისათვის ქმნა, და კეთილად იპყრნა ქართველნი ნიჭითა და ყოვლითა დიდებითა. და შეიყვარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა. და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთით გაღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს.
  ხოლო იქმნა რა მირიან თხუთმეტისა წლისა, მოუკვდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისა, და ამას ზედა დაესრულა ქართლს შინა მეფობა და დედოფლობა ფარნავაზიანთა მეფეთა. მაშინ შეწუხდეს ყოველნი ქართველნი სიკვდილსა ზედა დედოფლისა მათისასა, მაგრამ დაადგნეს ერთგულებასა ზედა მირიანისსა, რამეთუ არღარა ვინ იყო ყოვლადვე ნათესავი ფარნავაზიანთა, რომელიცა ღირს იყო მეფობასა ქართველთასა. და ესრეთ შეიტკბეს ამის მიზეზისათვის მეფობა მირიანისი.
  ხოლო მირიან მეფემან ჰმატა კეთილსა ქართველთასა, და მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა. და იწყო ბრძოლად ხაზართა, და მარადის ჰბრძოდის: ოდესმე გაადგიან მირიანს ლეკნი და მათ გამოიყვანიან რა ხაზარნი თანაშემწედ მათდა, მიეგების მათ წინა მირიან ჰერეთს ანუ მოვაკანს და იქ ეწყვის მათ; და ოდესმე დურძუკთა და დიდოთა მოირთნიან და გამოიყვანიან ხაზარნი, მაშინ ეწყვის და ვერასოდეს სძლეს ხაზართა, და ყოვლადვე მირიან სძლის. და ესრეთ მრავალგზის გარდაიხადა წყობა ხაზართა.
  და უფროსი ლაშქრობა მისი იყვის დარუბანდს. რამეთუ მოვიდიან ხაზარნი და მოადგიან დარუბანდს, რათამცა წარიღეს და განაღეს კარი ფართო, და იქიდან იწყეს გასლვად სპარსთა ზედა. ხოლო ოდეს მოვიდიან ხაზარნი დარუბანდს, მაშინ წარვიდის მირიან შველად დარუბანდისა: ოდესმე უომრად მიჰრიდიან ხაზართა მათ მირიანს, და ოდესმე ბრძოლითა აოტნის.
  ხოლო ვითარ იქმნა მირიან წლისა ორმეოცისა, მაშინ მოკვდა მამა მისი, სპარსთა მეფე, და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ სპარსეთს ძმა მირიანისი ურწემესი, რომელსა ერქვა ბარტამ. და ვითარცა ესმა ესე მირიანს, მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა, შეიკრიბა და წარემართა ბაღდადს, რათამცა დაჯდა საყდართა მამისა მისისათა. მაშინ ძმამან მისმან შეიკრიბა სპანი ურიცხვი და მიეგება ბრძოლად ხევსა მას ზედა ნასიბისასა. და ვითარცა იხილეს მოხუცებულთა და მარზაპანთა სპარსეთისათა, ვითარმედ მახვილი დაეცემის ურთიერთას, აღდგეს მათ შორის მოციქულად და ბჭედ, და დასჯერდეს ორნივე მეფენი ბჭობასა მათსა. და დასხდეს რა ბჭობად, მაშინ მირიან იტყოდა სარჩლად: „პირმშო შვილი ვარ მე მამისა ჩემისა და საუფლისწულოდ ებოძნეს ქვეყანანი უცხონი მკლავითა წახმულნი, და იქ ყოველნი დღენი ჩემნი დამიყოფიან ბრძოლასა შინა ხაზართასა, და მრავალგზის სისხლითა ჩემითა დამიცავს სპარსეთი ხაზართაგან. ამისთვის ჩემი არს საყდარი მამისა ჩემისა“.
  ხოლო ბარტამ იტყოდა ამისთვის: „თუმცა პირმშო მირიან არს, არამედ ნაშობი არს მხევლისა, და ნაშობსა მხევლისასა ეყოფის სვედ რომელ მას მიხდომიან სამეფონი. ხოლო მე ნაშობი ვარ ჰინდოთა მეფისა ასულისა, სპარსთა დედოფლისა, და მოგისმენია ანდერძი მამისა ჩემისა, და მოგინახავს, რამეთუ ხელითა მისითა დამადგა გვირგვინი თავსა ჩემსა“.
  ხოლო მათ გაბჭეს და მისცეს მეფობა სპარსეთისა ბარტამს, ხოლო მირიანს გულის-სადებად მისცეს ბარტამისგან ჯაზირეთი, და შამის ნახევარი, და ადარბადაგანი. და ესე ყოველი ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს. და წარმოვიდა მირიან. ხოლო ვიდრეღა მირიან ჯერეთ იყო იქ, გარდამოვლეს ოვსთა ფეროშ და კავტია და განრყვნეს ქართლი. ხოლო მირიან გარეს-გარ გარდავიდა ოვსეთს, მოტყვენა ოვსეთი და მიუწია ხაზარეთამდი, და გარდამოვლო გზა დვალეთისა და მოვიდა შინა.
  და შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელთა ჩვეულებისაებრ მოვიდეს ხაზარნი ბრძოლად დარუბანდისა. ხოლო მირიან წარვიდა შველად დარუბანდისა, და ვიდრე იგი იქ იყო წყობად ხაზართა, მაშინ უკვე მეფე გუთთა სპითა ურიცხვითა შევიდა საბერძნეთს. ხოლო მეფე ბერძენთა შეკრიბა სპითა დიდითა და წინა-აღუდგა. მაშინ მეფემან გუთთამან სთხოვა თავის-თავ ბრძოლა კეისარსა. ხოლო კეისარსა ვერ ძალ-ედვა ბრძოლა მისი. ხოლო მაშინ იქ იყო სპათა თანა ბერძენთასა ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ, რომელი ვახსენეთ ზემო: აღზრდილ იყო იგი საბერძნეთს, და იყო იგი გოლიათი. მას ჟამსა შინა იყო იგი სპასა თანა ბერძენთასა, და იგი გამოარჩიეს ყოველთა სპათა ბერძენთა, და შემოსეს იგი შესამოსლითა და საჭურველითა კეისრისათა, და კეისრის სახედ გაუგზავნეს ბრძოლად გუთთა მეფესა. გამოვიდა იქიდან გუთთა მეფე და მიეტევნეს ურთიერთას ბრძოლად: სძლო თრდატ და ხელად შეიპყრა, და იოტეს ბანაკი გუთთა. ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა თვისსა. გამოვიდეს სომხითს და გამოასხნეს სპანი ერისთავნი მირიანისნი.
  მაშინ მირიან შეიქცა წყობისაგან ხაზართასა, და მოიყვანა სპარსეთით თვისი მისი, ნათესავი მეფეთა, სახელით ფეროზ; და მან მოიტანა თანა სპა დიდი. და ამას ფეროზს მისცა მირიან ასული თვისი ცოლად და მისცა ქვეყანა ხუნანითგან ბარდავამდე, მტკვარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერისთავად იქ. და სხვაცა ძალი მოირთო სპარსეთით და უწყო ბრძოლად თრდატს. ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალ-ედვის წინა-აღდგომად, და გაამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქვეყანა მისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინა-აღუდგის თრდატ, და მოვლის მირიან სომხითი. და ესრეთ დაუცხრომელად იყვის შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა, და არავინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ-მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა იგი ყოველსა ქვეყანასა, და სძლო ყოვლადვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი ცხორებასა სომეხთასა.
  შემდგომად ამისსა მეფე იქმნა სპარსეთს მესამე ძმა მირიანისი და ბარტამისი, რომელმან მოუვლინა მირიანს მოციქული და უთხრა: „რათა შევიკრიბეთ, გარდავლოთ სომხითი, და შევიდეთ საბერძნეთად“. მაშინ გამოვიდა სპარსთა მეფე, და მიეგება მირიან, და შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი, ვითარცა თივანი ველთანი და ფურცელნი ხეთანი სიმრავლითა. და გარდავლეს სომხითი და ვერ წინა-აღუდგა თრდატ, მაგრამ განამაგრნა ციხე-ქალაქნი. და წარტყვენეს სომხითი და შევიდეს საბერძნეთად. და ვერ წინა-აღუდგა მათ ბერძენთა მეფე კოსტანტინე და ჩავარდა მწუხარებასა დიდსა.
  და ვითარ იწყეს ტყვენვად საბერძნეთისა, მაშინ არწმუნეს მეფესა კოსტანტინეს კაცთა ვიეთმე ღმრთის-მსახურთა და თქვეს: „ვიხილეთ საკვირველება ქრისტესი და ძლევა მტერთა მოსავთა მისთაგან, ვითარ ყოველნი მოსავნი ქრისტესნი წარძღვანებითა ჯვარისათა სძლევენ მტერთა მათთა“. ხოლო კოსტანტინე მეფემან ირწმუნა მათი, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ბერძენთასა, ნათელ-იღო კოსტანტინე, და წარმოიძღვანა სახე ჯვარისა, და ეწყო მტერთა სპარსთა მათ ურიცხვთა სპითა მცირითა, და ძალითა ქრისტესითა აოტა ბანაკი მათი, და მოსრა სიმრავლე მათი.
  და ივლტოდეს ორნივე იგი მეფენი მცირედითა მხედრითა, და მიუდგა უკანა კოსტანტინე, და შევიდა საზღვართა მათთა. და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა სრულიად ოტებასა ქართლით, რამეთუ აწყვედილ იყვნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართველნი. და ამისთვისცა წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა მისგან მშვიდობა, და აღუთქვა მას მსახურება და განდგომა სპარსთაგან და შემოდგომა მისდა. რომელი-ესე მოეწონა კოსტანტინეს, რამეთუ შიში ქონდა კვლავადცა სპარსთა მეფისაგან და შემწეობისათვის დაეზავა მირიანს. და აღიყვანა შვილი მირიანისი მძევლად, რომელსა ერქვა ბაქარ, და დაამოშურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას. რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქვა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქვა რევ. და განუჩინა საზღვარი მირიანს და თრდატს ესრეთ: რომელთა ქვეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან რახსსა, ესე ქვეყანანი თრდატის კერძად დაყარა; და რომლისა ქვეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკვარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა. და ესე რა განუგო კოსტანტინე მეფემან და შუამდგომელ ექმნა მათ, და წარვიდა თვისად სამეფოდ.
  და მეფობდა მირიან იქ ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს. და ქონდა ეგრისიცა ვიდრე ეგრის წყლამდე; და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასვა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს იგინი უჯარმას. ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, ქონდა ქვეყანა, რომელი ზემო თავსა ვახსენეთ მიცემულად მირიანისგან, და იყო იგი იქ ერისთავად.
  მას ჟამსა მოსულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩვენი ნინო, და დაეყო მცხეთას შინა სამი წელი და განეცხადა ქება ქრისტეს სჯულისა, და იქმოდა კურნებათა გარეშე წამლისა, და ხმა-მაღლად იწყო ქებად სჯულსა ჭეშმარიტსა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისასა.
*      *      *
„წმინდა ნინოს ცხოვრება“ და მირიანის მეფობა დეტალურად არის ბლოგზე ცალკე სტატიად, ამიტომ აქ აღარ მოვიტანთ.
მეოცდახუთე მეფე, ბაქარ, ძე მირიანისი. ხოსროიანი
  და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამა მისი. და ამან მოაქცია უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა. და ჩავარდა შორის მისსა და სომეხთა მტერობა. რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმისწულის, რევის ძისა, თრდატ სომეხთა მეფის ასულის-წულის მეფობასა ლამოდეს ქართლსა. ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამის ძმისწულსა მისსა, დაემოყვრა და გაუცვალა ქვეყანა სიძესა მისსა ფეროზს, რომელსა ქონდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშვილდითგან მიღმართ ქვეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა. მაშინღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან. და მოირთეს ძალი ხოსროთაგან და ეწყვნეს სომეხთა ჯავახეთს: სძლეს და აოტნეს სომეხნი.
  მაშინ მეფემან ბაქარ, შუამდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისათა, დაწერა ხელით-წერილი ძმისწულთა მისთა და დედისა მათისა სალომესგან ესრეთ: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა. მისი იყოს მეფობა, და არასოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“.
  მაშინღა მოიყვანა ძმისწულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერისთავად. ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად. ამან აღაშენა ეკლესია წილკნისა. მოკვდა და დაეფლა ძმასავე თვისსა თანა.
მეოცდაექვსე მეფე, მირდატ. ძე ბაქარისი. ხოსროიანი
  და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ xევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და იქ შინა დაადგინა მღვდელნი მოძღვრად კლარჯთა. და მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა.
  მაშინ ამის მირდატის მეფობასა იწყეს ქართველთა სვეტისა ცხოველისაგან ნაწილის გამოღებად და ქმნად ჯვარად, რამეთუ დიდი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდა, სადაცა იყო ნაწილი სვეტისა ცხოველისა. და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა გამოღებად, რამეთუ ეპისკოპოსმანცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერ იჩინა და თქვა: „მინიჭებულ არს უფლისაგან და ჯერ არს სვეტისა მის ღმრთივ-აღმართებულისა ქმნა სახედ ჯვარისა“. და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სვეტისა ცხოველისა.
  მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სვეტისაგან შექმნა ჯვარი ზომიერი და რომელი დარჩა სვეტისა მისგან ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა, და აღამაღლა ქვიტკირი პირველ სვეტისა ოდნად; და თავსა მის სვეტისასა აღმართა ჯვარი იგი, ძელი განმაცხოველებელი. და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულნა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის-ზე მოკვდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი. და მოკვდა მირდატ მეფე.
მეოცდაშვიდე მეფე, ვარაზ-ბაქარ, ძე მირდატისი. ხოსროიანი
  და დაჯდა მეფედ ძე მისი ვარაზ-ბაქარ. და შეირთა ორნი ცოლი: ერთი - ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძისწულისა; და ერთი - ძისწული ფეროზისი, მირიანის ასულის-წულისა.
    და უშვნა რევის ძისწულმან ორნი ძენი, რომელთა სახელები ერქვა მირდატ და თრდატ; ერთი უშვა ფეროზის ძისწულმან, რომელსა ერქვა ფარსმან.
  ესე ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, და ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულილისა, რამეთუ მოქცეულ იყო ქართლი და დიდსა სარწმუნოებასა შინა იყვნეს აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისა. და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა; არა სადა აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და ყოვლითავე იქცეოდა უსჯულოდ.
  ამისზე გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დადებად. მაშინ სომეხთა მოგზავნეს ვარაზ-ბაქარისსა მოციქული და უთხრეს, რათა შეიკრიბონ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განაღონ კარნი კავკასიანთანი, გამოიყვანონ ოვსნი და ლეკნი, და წინააღუდგენ სპარსთა. და წარჩინებულნი თვისნიცა ეტყოდნენ წინა-აღდგომასა სპარსთასა. არა ისმინა არცა სომეხთა, არცა წარჩინებულთა თვისთა, რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მოშიში: უკუ-ჯდა იგი ხევსა კახეთისასა, და აღაშენა ციხე ხიდარს, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და უბრძანა ყოველთა, რათა დამალნენ ჯვარნი.
  და მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოხრეს სომხითი, და შემოვიდეს ქართლს, და აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის ციხედ მცხეთისად. მაშინ ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშვიდობა. ხოლო ერისთავმან სპარსთამან უთხრა მას: „პირველად მომეც რანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა სპარსეთისაგანთა არს, და მათი არს, რომელნი სრულიად შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი და სხედან საყდართა მამათა მათთასა; და თქვენდა კმა არს ქართლი, რომელნი ნაშობნი ხართ მხევლისანი. გქონდეს უკვე ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა ხოსროვანთა“.
  მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერ-ღა-რა პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა მისცა რანი და მოვაკანი, და განუკვეთა ხარკი, ხოლო ერისთავმან სპარსთამან მოსცა ციხე ტფილისისა და წავიდა. და ამიერითგან იქმნნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი.
  და ამისა შემდგომად განდგნეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვითგან არსიანთამდე. და დარჩა ვარაზ-ბაქარს ქართლი გარდა კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი. მანვე ერისთავმან სპარსთამან წაიყვანნა ტყვედ შვილნი ფეროზისნი, ასულის-წულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქვეყანა მათი საზღვარი ქართლისა მოსცა ვარაზ-ბაქარსვე. და მოკვდა ვარაზ-ბაქარ, და დარჩეს ძენი მისნი სამნი წვრილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.
მეოცდარვე მეფე. თრდატ. სიმამრი ვარაზ-ბაქარისი. ხოსროიანი
  მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახვა ყვეს და დასვეს მეფედ სიმამრი ვარაზ-ბაქარისი, ძე რევისი, ძისწული მირიანისი, კაცი მოხუცებული, სახელით თრდატ, და მისცნეს შვილნი ვარაზ-ბაქარისნი საზრდოდ, ასულის-წულნი მისნი. ხოლო მესამესა შვილსა, მეორისა ცოლისასა, ზრდიდა ერისთავი სამშვილდისა, რომელსა ერქვა სახელი ფარსმან. ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდნა სპარსნი, გამოაჩინნა ჯვარნი და შეკაზმნა ეკლესიანი. და ამისზე მოკვდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასვა მის წილ ელია. და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფესა. ხოლო მან გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია; და მანვე აღაშენა ეკლესია ნეკრესისა. და მეფობდა უშფოთველად, და მოკვდა სარწმუნოებასა შინა დიდსა.
მეოცდაცხრე მეფე. ფარსმან. ძე ვარაზ-ბაქარისი. ხოსროიანი
  და დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძის-წულის წული ფეროზისი, სახელით ფარსმან. რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათა მისთა. და მოკვდა ელია ეპისკოპოსი, და დასვეს სვიმონ. ესე ფარსმან იყო კაცი მორწმუნე, მხედარი შემმართებელი. ეზრახა მეფესა ბერძენთასა და ითხოვა მისგან შეწევნა; და აღასრულა თხოვა მისი კეისარმან. მაშინ განდგა და არღარა მისცა სპარსთა ხარკი; და განამრავლა ჯვარნი, და განაახლა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა, და აღაშენა ეკლესია ბოლნისისა. და მცირედ-ჟამ მეფობდა და მოკვდა.
მეოცდაათე მეფე. მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა. ხოსროიანი
  და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითა-ვე მირიანის ძეთა ნათესავი და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მხედრობასა თვისსა. არა მსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა. მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა ერისთავი, რომელსა ერქვა უფრობ, სპითა ძლიერითა, მირდატის ზედა. მაშინ მირდატ, სილაღითა თვისითა, არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო: იოტეს და შეიპყრეს სპარსთა; მოვიდეს ქართლად, დაიპყრეს ქართლი და განრყვნეს ეკლესიანი. ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ხევსა კახეთისასა, და სვიმონ ეპისკოპოსი მათ თანავე. ხოლო მირდატ წაიყვანეს ქტესიფონს და იქ მოკვდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий