вторник, 25 июля 2017 г.

ციხე-ქალაქ აფსაროსში გოთების ლაშქრობის ისტორიისათვის (კ. ფიფია)

ახ.წ. III საუკუნეში რომაული სამყარო უკიდურეს კრიზისში აღმოჩნდა. იმპერიის შინაგან დასუსტებას, ცენტრალური ხელისუფლების არასტაბილურობას, პოლიტიკურ დეცენტრალიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ სტაგნაციას თან დაერთო ბარბაროსთა გააქტიურება თითქმის ყველა საზღვარზე. იმპერიის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ბარბაროსულ სივრცეში ისტორიის ასპარეზზე გამოდიან ტომთა ახალი გაერთიანებები. გერმანული ტომების ერთმა ნაწილმა _ გოთებმა, ვანდალებმა, ბურგუნდებმა და ლანგობარდებმა, რომლებიც ბალტიის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, სამხრეთისაკენ დაიწყეს გადაადგილება. გზადაგზა მათ სხვა ტომებიც უერთდებოდნენ და, საბოლოო ჯამში, ბარბაროსთა ეს უზარმაზარი, მოძრავი მასები რომის საზღვრებში შეიჭრა1.
რომაულ სამყაროში მიმდინარე ამ მოვლენებმა გავლენა იქონია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ისტორიული კოლხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც და აქ არსებული, რომის პროტექტორატის ქვეშ მყოფი ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებები იმპერიის ყველაზე საშიში მტრების _ გოთების თავდასხმის არეალში მოექცა.
გოთების გერმანული ტომი რომის იმპერიასთან უშუალოდ შეხებამდე ანტიკური ცივილიზაციის პერიფერიაში იმყოფებოდა. სამხრეთისაკენ მოძრავი გოთები III ს. დასაწყისში მიადგნენ იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრებს და დაიწყეს გამანადგურებელი თავდასხმები როგორც ხმელეთზე _ ქვემო დუნაის მხრიდან, ასევე ზღვით _ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროდან2. პერმანენტული ომების შედეგად გოთები IIIს. შუახანებში გაბატონდნენ ყირიმსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. რომაელები იძულებული გახდნენ, დაეცალათ ეს რეგიონი, ბოსფორი კი მოთარეშე გოთების ძირითად ბაზად იქცა. ბოსფორის მმართველმა წრეებმა, რომლებსაც არავითარი ძალა არ გააჩნდათ გოთების წინააღმდეგ საბრძოლველად, მომთაბარეებთან შეთანხმება დადეს, რის საფუძველზეც გოთებმა აზოვის ზღვიდან შავ ზღვამდე თავისუფლად გადაადგილების უფლება მიიღეს.
ამასთან, მათი გადაადგილება ბოსფორელებს საკუთარი ხომალდებით უნდა უზრუნველეყოთ3. ამან საშუალება მისცა ბარბაროსებს, მოეწყოთ საზღვაო ლაშქრობათა მთელი სერია კავკასიის სანაპიროზე, მცირე აზიასა და დასავლეთ შავიზღვისპირეთში4.
გოთების წარმატებებს ხელს უწყობდა ისიც, რომ ამ დროისათვის შავ ზღვაში რომაული სამხედრო ფლოტი ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობდა. მართალია, IIIს. შუახანებისათვის რომაული ფლოტი _ კლასსიკ ფლავია მოესიკა გორდიანა _ რამდენჯერმე იხსენიება შავი ზღვის დასავლეთ რაიონებში, მაგრამ მთელი ამ ხანგრძლივი ბრძოლების დროს მას არაფრით გამოუჩენია თავი და იგი უკვე აღარ წარმოადგენდა რეალურ სამხედრო ძალას5.
აზოვის ზღვიდან შავ ზღვაზე პირველი მარბიელი ექსპედიცია 255/256 წელს, იმპერატორების ვალერიანესა (253-260წწ.) და გალიენეს (253-268წწ.) ერთობლივი მმართველობის დროს მოეწყო6. V-VI საუკუნეების ბიზანტიელი ავტორის ზოსიმეს ცნობით, შავ ზღვაში შემოსული გოთები პიტიუნტის რაიონში გადასხდნენ, მაგრამ იქ დისლოცირებულმა რომაულმა გარნიზონმა სასტიკად დაამარცხა ბარბაროსები7. თუმცა ამ წარუმატებლობამ ვერ დააფრთხო მეოტური ტომები და 257 წლის შემოდგომაზე მათ უფრო დიდი ძალით შემოუტიეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებს. ამჯერად, გოთ-ბორანებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ ოსტგოთებიც8. ბარბაროსებმა პირველი იერიში ქალაქ ფასისზე მიიტანეს, მაგრამ რომაულმა გარნიზონმა, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, შეძლო მათი უკუგდება, რის შემდეგაც გოთებმა კვლავ პიტიუნტისაკენ აიღეს გეზი. ბარბაროსებმა სასტიკად ააოხრეს პიტიუნტი, ხოლო იქ მდგომი რომაული გარნიზონი მთლიანად ამოწყვიტეს. გოთებმა ხელთ იგდეს უამრავი ხომალდი, რომლებზედაც ნიჩბების ხმარების მცოდნე ტყვეები დასვეს და ტრაპეზუნტისაკენ გაემართნენ. ბარბაროსებმა აიღეს ტრაპეზუნტი, გაძარცვეს და მდიდარი ალაფით დატვირთულები ისევ უკან, ბოსფორში დაბრუნდნენ9.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გოთების ლაშქრობის კვალი ნათლად ჩანს პიტიუნტის არქეოლოგიურ მასალებში. ნაქალაქარის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება ხანძრისა და ძლიერი ნგრევის კვალი10. მართალია, წერილობითი წყაროები არაფერს ამბობენ ბარბაროსთა მიერ კოლხეთის სხვა ქალაქების აღების შესახებ, მაგრამ მკვლევრები, არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ გოთების შემოსევების შედეგად პიტიუნტის ბედი გაიზიარეს აფსაროსმა და სებასტოპოლისმა11.
აფსაროსის კულტურულ ფენებს აშკარად ემჩნევა ნგრევის კვალი. ნახანძრალი ფენები დაფიქსირებულია სებასტოპოლისის კასტელუმის მიმდებარე ტერიტორიაზეც12. თუმცა ჩვენ აფსაროსის დანგრევა და სებასტოპოლისის ხანძრის დაკავშირება ზემოაღნიშნულ მოვლენებთან საეჭვოდ მიგვაჩნია. ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოსიმეს, რომელიც საკმაოდ დაწვრილებით აღგვიწერს 255/56 და 257 წლების გოთების აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ლაშქრობის პერიპეტიებს, გაკვრით მაინც არ აღენიშნა ბარბაროსთა მიერ აფსაროსისა და სებასტოპოლისის დალაშქვრა.
ჩვენ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით სებასტოპოლისის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ საფიქრებელია, რომ სებასტოპოლისში სამხედრო ოპერაციებს ადგილი ჰქონდა არა ამ პერიოდში, არამედ უფრო მოგვიანებით, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305წწ.) მმართველობის დროს, როდესაც მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს მეოტურმა ტომებმა _ სარმატებმა. რაც შეეხება აფსაროსს, ვფიქრობთ, გოთებს იგი უნდა დაელაშქრათ 275 წლის კამპანიის დროს, რასაც გარკვეულწილად ადასტურებს არქეოლოგიური მასალებიც. აფსაროსის ციხის სტრატიგრაფიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ციხეს ფუნქციონირება დროებით შეუწყვეტია III ს. მიწურულს13.
იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270წწ.) მმართველობის დროიდან თანდათანობით იწყება იმპერიის სამხედრო ძლიერების აღდგენა. 269წ. ნაისასთან ბრძოლაში რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს გოთები14, ხოლო მომდევნო იმპერატორმა _ ავრელიანემ (270-275წწ.) არა მარტო აღკვეთა გოთების თავდასხმები რომაულ სამფლობელოებზე, არამედ მოახერხა იმპერიის მთლიანობის აღდგენაც15. მაგრამ 275 წლის შემოდგომაზე ავრელიანეს დაღუპვისთანავე, აზოვის ზღვიდან მოეწყო კიდევ ერთი, მკვლევართა აზრით, უკვე უკანასკნელი დიდი ექსპედიცია მცირე აზიაში16. ბარბაროსები, ძირითადად ჰერულები და ოსტგოთები, შეიკრიბნენ და მცირე აზიაში გადმოვიდნენ იმ საბაბით, თითქოს ისინი ავრელიანეს მიერ სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ მოხმობილი17.
ზოსიმეს ცნობით, გოთები ფასისის შესართავთან გადმოვიდნენ, აქედან სანაპიროს გავლით პონტოში შევიდნენ, შემდეგ კი შეიჭრნენ გალატიასა და კილიკიაში18. მცირე აზიის ტერიტორიაზე გოთების წინააღმდეგ ომი ერთ წელს გაგრძელდა და ისინი ჩრდილოეთში მხოლოდ 276 წლის შემოდგომაზე დაბრუნდნენ.
როგორც ვნახეთ, შავ ზღვაში შემოსული გოთები მდ. ფასისთან გადმომსხდარან. მაგრამ ზოსიმე არაფერს ამბობს ფასისის აღების შესახებ და აღნიშნავს, რომ აქედან გოთები მცირე აზიაში გადასულან. 275წ. ბარბაროსთა ამ ლაშქრობასა და მათი ექსპედიციის მარშრუტში, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ გოთები შავი ზღვის სანაპიროს გავლით გაემართნენ პონტოსაკენ. ასეთ შემთხვევაში, მათ აუცილებლად უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მიწაწყალი, სხვანაირად ისინი პონტოში ვერ მოხვდებოდნენ. ფასისიდან წამოსულ, სამხრეთისაკენ მოძრავ გოთებს ყველა შემთხვევაში უნდა გაევლოთ მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე არსებული აფსაროსის ციხე-სიმაგრე, სადაც დისლოცირებული იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი.
როგორც ცნობილია, კოლხეთის რომაული საფორტიფიკაციო სისტემის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთგვარი კონტროლის დაწესება და ამ მხრიდან „მეოტიდა-კოლხეთის“ გზით მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებში ბარბაროსთა მოულოდნელი შემოჭრის აღკვეთა19.
აფსაროსის ციხე-სიმაგრეს კავკასიაზე სტრატეგიული მეთვალყურეობისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა და პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემაში იგი ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა. ჭოროხის შესართავთან მდებარე აფსაროსი კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა. იქ დისლოცირებული ჯარები ერთდროულად კეტავდნენ სანაპირო ზოლს და, სხვა კასტელუმებთან ერთად, ზღვასაც აკონტროლებდნენ. ამდენად, აფსაროსის ძირითად დანიშნულებას სწორედ ჩრდილოეთის მომთაბარეთა შეკავება და მცირე აზიის რომაულ პროვინციებზე მათი შემოსევის თავიდან აცილება წარმოადგენდა20.
ამრიგად, 275წ. ფასისთან გადმომსხდარ და მცირე აზიაში სალაშქროდ მიმავალ ბარბაროსებს წინ უნდა აღსდგომოდა რომაული ციხე-სიმაგრე აფსაროსი, რომელმაც, როგორც ჩანს, შეასრულა თავისი პირდაპირი მოვალეობა, წინააღმდეგობა გაუწია გოთებს და ამ თავდასხმის დროს დაინგრა კიდეც.
შენიშვნები
1. Т. Моммзен. История Рима. V. М., 1949, გვ. 205-206; С. И. Ковалев, Е. М. Штаерман. Очерки истории Древнего Рима. М., 1956, გვ. 272-273; История Европы. Т. I. М., 1988, გვ. 598-599; А. Х. М. Джонс. Гибель античного мира. Ростов-на-Дону, 1997, გვ. 20; В. И. Кузищин, И. Л. Маяк и др. История Древнего Рима. М., 2000, გვ. 315-320.
2. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 206; А. Р. Корсунский, Р. Гюнтер. Упадок и гибель Западной Римской Империи и возникновение германских королевств. М., 1984, გვ. 30; Г. А. Цветаева. Боспор и Рим. М., 1979, გვ. 19; В. М. Зубарь. Северное Причерноморье и Септимий Север. – Вестник древней истории, 1993, №4, გვ. 35-37.
3. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 31; ზოსიმე. ახალი ისტორია. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. I. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1961, გვ. 265-266.
4. А. М. Ременников. Борьба племен Северного Причерноморья с Римом в III веке. М., 1954, გვ. 91; А. М. Ременников. Война между Римской империей и племенами Северного Причерноморья в 250-251 гг. н.э. – Вестник древней истории, 1951, №2, გვ. 210; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство. М.-Л., 1949, გვ. 441-445; H. ჭოლფრამ. Gესცჰიცჰტე დერ Gოტენ. Müნცჰენ, 1979, გვ. 10-15.
5. А. М. Ременников. Борьба племен.., გვ. 92; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 446.
6. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 444; А. М. Ременников. Борьба племен.., გვ. 93; И. Т. Кругликова. Боспор в позднеантичное время. М., 1966, გვ. 19; Г. А. Цветаева. Боспор и Рим, გვ. 20.
7. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 32. ზოსიმე ამ ბარბაროსულ ტომებს კრებით სახელს _ „სკვითებს“ უწოდებს, თუმცა მათ შორის ცალკეულ გოთურ ტომებსაც _ ბორანებს, კარპებსა და ურუგუნდებს იხსენიებს (ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 27; I, 31).
8. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 32-33; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 445.
9. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 32-33.
10. რ. ფუთურიძე. ბიჭვინთის შიდაციხის ცენტრალური ნაწილის არქეოლოგიური გათხრების შედეგები. _ დიდი პიტიუნტი, I. თბ., 1975, გვ. 142-143.
11. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ. 52; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006, გვ. 90.
12. ე. კახიძე, მ. ხალვაში. გონიო-აფსაროსი წერილობითი წყაროებისა და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით (I-IVსს.). _ კულტურის ისტორიის საკითხები, V, 1988, გვ. 29; ე. კახიძე. რომის იმპერია და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ახ.წ. I-Vსს. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2002, გვ. 96; მ. ხალვაში. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გვიანანტიკურსა და ადრე შუასაუკუნეების ხანაში (კერამიკული ტარა გონიო-აფსაროსიდან). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2000, გვ. 12; შ. მამულაძე. აჭარისწყლის ხეობა უძველესი დროიდან გვიან შუასაუკუნეებამდე (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2002, გვ. 158; Ю. Н. Воронов. Диоскуриада–Себастополис–Цхум. М., 1980, გვ. 83.
13. ე. კახიძე, მ. ხალვაში. გონიო-აფსაროსი.., გვ. 29; მ. ხალვაში. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება.., გვ. 12; შ. მამულაძე. აჭარისწყლის ხეობა.., გვ. 158.
14. თრებ. Pოლლ., Vიტა ჩლაუდ., V, 1-2; Aურ. Vიცტ., Dე ჩაეს., ჩლაუდ., XXXIV, 5; Eუტრ., Bრევ., IX, 11, 2; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 213-214.
15. Fლავ. Vოპ., Vიტა Aურ., XXXII, 4; Eუტრ., Bრევ., IX, 13, 1; Aურ. Vიცტ., Dე ჩაეს., Aურელ., XXXV, 2-5; История Древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 279; А. М. Ременников. Борьба племен Подунавья с Римом в 70-х годах III века н.э. – Античное общество, М., 1967, გვ. 188-192. 16. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 448; Г. А. Цветаева. Боспор и Рим, გვ. 21.
17. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 63-64; Fლავ. Vოპ., Vიტა თაც., XIII, 2-3; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 448.
18. ზოსიმ, Hისტ. Nოვა, I, 63-64; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 448-449; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 277.
19. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 37; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 237; გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი გვ. 50; კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-IIსს. პოლიტიკური ურთიერთობები. თბ., 2005, გვ. 92.
20.კ. ფიფია. რომიდააღმოსავლეთშავიზღვისპირეთი I-II სს.., გვ. 132;Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Иберии. – Вестник древнейистории, 1991, №4, გვ. 39.

Комментариев нет:

Отправить комментарий