понедельник, 26 июля 2021 г.

ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის (თან. აფხაზეთის) ახ. წ. I ათასწლეულის არქეოლოგიის საკითხები (ვ. ჯაფარიძე)

კოლხეთის, მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის (თან. აფხაზეთის) არქეოლოგიურ მშესწავლასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. ეს, პირველ რიგში, ეხება პრეისტორიული ხანის ძეგლებს, რადგან აქ არქეოლოგიური კულტურებისა და მათი ვარიანტების გამოყოფის მეტი შესაძლებლობა არსებობს. თანამედროვე აფხაზეთის ფარგლებში უკანასკნელ ათწლეულებში საველე სამუშაოების მნიშვნელოვნად შეზღუდვის მიუხედავად, მაინც გვხვდება სამეცნიერო ლიტერატურასა და, განსაკუთრებით, საინფორმაციო ველებში. ამ საკითხებისადმი მიძღვნილი სტატიები და ცალკეული ნაშრომები. კერძოდ, ინტერესს იწვევს კოლხური კულტურის ლოკალური ვარიანტების გამოყოფის ცდები. იგი სამაროვანთა შესწავლის ახალ მონაცემებს ეყრდნობა. ნაკლებად გვხვდება ინფორმაცია სამოსახლოების ტოპოგრაფიისა და ხასიათის შესახებ, რასაც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, დიდი მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიური კულტურების განსაზღვრისა და მისი წყაროებით ცნობილ ცალკეულ ეთნიკურ ერთეულებთან იდენტიფიკაციის თვალსაზრისით.
ჩვენი კვლევა ეხება ახ. წ. I ათასწლეულის (ანუ გვიანანტიკური და ადრებიზანტიური ხანის) ძეგლების შესწავლის მდგომარეობას და ამის მიხედვით, არქეოლოგიური კულტურების კვლევის შესაძლებლობას. თუ მხედველობაში არ მივიღებთ უცხოელ, ძირითადად რუს მკვლევართა, ადრეულ ცნობებს აფხაზეთის ძეგლებზე და სოხუმში მოღვაწე, ასევე არაადგილობრივ, მოღვაწეთა ცდას შეეგროვებინათ ინფორმაცია ძეგლებზე, ადგილობრივი სამეცნიერო დაწესებულებები მნიშვნელოვნად გვიან, გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ჩაერთვნენ საველე კვლევებში.
აქ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ შევძლებთ მეტ-ნაკლებად ვრცლად შევეხოთ, როგორც საველე სამუშაოების ყველა შედეგებს, ასევე, სათანადო ვრცელ სამეცნიერო ლიტერატურას. საჭიროა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლის შესახებ, რომლებიც თავიდანვე იქცევდნენ ყურადღებას და მოექცნენ კიდეც კვლევის სფეროში, სხვა შემთხვევაში ძეგლების მნიშვნელოვანი ჯგუფის კვლევა ახალმშენებლობებს დაუკავშირდა. ჩვენი დაკვირვების სფეროში ძირითადად ძეგლების სამი ჯგუფი ექცევა: I. ნაქალაქარები (ციხე-ქალაქები) _ ჩრდილო-აღმოსავლეთ ზღვისპირისა _ სებასტოპოლის-ცხუმი (ანტიკური ხანის დიოსკურია), ძველ ბერძნულ კოლონიზაციასთან დაკავშირებული პუნქტი; გიენოსი (თან. ოჩამჩირესთან) და ასევე ცნობილი ბერძნული წყაროებით (ფსევდო სკილაქსი და სხვ.), სადაც გათხრები პორტის მშენებლობის გამო; უკვე გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო იქ; პიტიუნტი-ბიჭვინთა, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროს უკიდურესი, მნიშვნელოვანი, რომაულ-ბიზანტიური სტრატეგიული პუნქტი და ვრცელი დასახლება; II. საფორტიფიკაციო ნაგებობები _ წყაროებით ცნობილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და, ზოგ შემთხვევაში, ეთნიკური ერთეულების ცენტრები (მაგ. წიბილიუმი); ცალკეული ციხეები და, რიგ შემთხვევაში, მათთან დაფიქსირებული ნასახლარები; III. სამაროვნები, ძირითადად ადგილობრივ დასახლებებთან (წიბილიუმი და სხვ.) დაკავშირებულნი და, ჩვენი საკითხისთვის ასევე მნიშვნელოვანი, რომაული და ადრებიზანტიური ხანის ერთეული სამარხები.
გასულ საუკუნეებში, ძირითადად 60-იანი წლებიდან, შედარებით ფართო მასშტაბის გათხრებმა სებასტოპოლისსა და პიტიუნტში მნიშვნელოვანი არქიტექტურული, ძირითადად საფორტიფიკაციო, საკულტო და საქალაქო ცხოვრების ძეგლები გამოავლინა. ამათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პიტიუნტის რომაულ-ბიზანტიური კასტელის ფარგლებს გარეთ, მნიშვნელოვან, რიგ შემთხვევაში, სატაძრო კომპლექსების შემცველ დასახლებათა ნაშთების გამოვლენა, რაც მათი ხასიათის განსაზღვრის აუცილებლობის საკითხს აყენებს. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გამოგვეთქვა დამოკიდებულება შავიზღვისპირეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქის, მაგ. ოჩამჩირე-გიენოსისა (ჯაფარიძე 2006, 218_246) და სებასტოპოლის-ცხუმის (ჯაფარიძე 2010, 216-236) განვითარების ცალკეული ეტაპების შესახებ. ამის შესაძლებლობას იძლევა გასული საუკუნის 60-იან წლებში აქ განხორციელებული არქეოლოგიური ძიება. შემდეგ, უპირატესად 80-იანი წლებიდან, აღნიშნულ ნაქალაქარებზე აფხაზეთის სამეცნიერო დაწესებულებები და სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციები, რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომელთა მონაწილეობით, აგრძელებდნენ კვლევებს. მოპოვებულია დამატებითი არქეოლოგიური მონაცემები გიენოსისა (შამბა 1988) და სებასტოპოლისის ნაქალაქარის შესწავლისათვის (შამბა 2005). მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა, კვლევების მეორე ეტაპზე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ექსპედიციის მუშაობა ბიჭვინთის ნაქალაქარზე, რომელმაც შესაძლო მიეკვლია, აგრეთვე, სამაროვნისთვის (ლორთქიფანიძე 1991, 117-156).
საინტერესო მონაცემებია გამოვლენილი ზღვისპირის ნაქალაქარების, პირველ რიგში კი, დიოსკურია-სებასტოპოლისის პოლიტიკური თუ ეკონომიკური რადიაციის ზონაში (ვორონოვი 1979, 49-36). ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ეშერის ანტიკური ხანის ნაქალაქარის მრავალწლიანი გათხრების მონაცემები (შამბა 1980). ცნობილი სოხუმის სტელა (ლორთქიფანიძე 1966, 93-106) დღემდე რჩება ქ. დიოსკურიის ფარგლებში ანტიკურ სამაროვანთან დაკავშირებულ ერთადერთ მეტყველ ძეგლად. აქ დიდ ინტერესს იძენს ადრეული, ძვ.წ. VI ს, იონურ-როდოსული კერამიკის ახალ აღმოჩენათა შემთხვევები, თვით სოხუმშიც და, ჩანს, დიოსკურიის რადიაციის ზონაშიც; ამასთან, ცხადია, ეს მასალა მიუთითებს გზებზეც. სავარაუდოა, რომ დიდი მონაკვეთი გზისა, მთისწინა ზოლის გავლით, კოდორის ხეობისა და წებელდისაკენ მიემართება.ამმონაკვეთში, უკვე ამ დროს, მას სდარაჯობს ე. წ. პაცხირის ციხე (თუ ი. ვორონოვს სწორად აქვს განსაზღვრული ძირითადი ნაგებობის შესაბამისი კულტურული ფენა და არ ცდება მასალის დათარიღებაში, რადგან ფენები, სტატიის მიხედვით ჩანს, აღრეული იყო). შესაძლოა, ამ გზითაც ხვდებოდა წებელდაში უკვე რომაული ხანის იმპორტი, გვიანელინისტური და ახ. წ. I საუკუნეებისა, რაც გათხრებითაც არის დოკუმენტურად დადასტურებული; ამანაც განაპირობა წებელდის (და კოდორის ხეობის) მნიშვნელოვან სტრატეგიულ მონაკვეთად ჩამოყალიბება. ამავე დროს, ჩვენთვის აშკარაა, კოდორის შესართავიდან (სკურჩა) ფუნქციონირებს, კავკასიონის გადასასვლელებისკენ მიმართული გზა (სათანადო ძიების ჩატარებაა საჭირო ამ გზის შესასწავლად).
ახ.წ. პირველ საუკუნეებში, ზღვისპირეთის სტრატეგიული პუნქტებიდან დიდ მნიშვნელობას იძენს პიტიუნტი (აფაქიძე 1975, 13-17). ჩვენ აქ არ ვეხებით მისი და სხვა პუნქტების გამაგრების სისტემებს, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გამოვლენილი და შესწავლილია; ახლა მეტ ინტერესს იწვევს ქალაქის „ხორისა“ და უფრო ვრცელი რეგიონის („ქვეყნების“) ადგილობრივი დასახლებები. ასეთი კვლევები კი, მიზანმიმართულად, სამწუხაროდ, ჯერ სათანადოდ არ ჩატარებულა. ეს გარკვეულად ართულებს სებასტოპოლისისა და სხვ. ნაქალაქარებისა და მათთან მიმდებარე დასახლებების ეთნიკური ატრიბუციისა და სოციალური რაობის რკვევას. ასეთ ვითარებაში დიდ მნიშვნელობას იძენს მიმდებარე სამაროვნები, რაც, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ პიტიუნტთან არის დადასტურებული, თუმცა იგი, თავისი ხასიათით, ძირითადად, თითქოს, რომაულ-ადრებიზანტიურ ციხიონთან დაკავშირებული კონტიგენტისთვის ჩანს გამართული; ამასთან, შეინიშნება ადგილობრივი ელემენტის მონაწილეობაც. სხვა პუნქტების, მაგ., ქ. გიენოსის, გათხრების პროცესი, ძირითადად აქ არსებულ ბორცვს დაუკავშირდა და, ჩანს, არ იყო ნაქალაქარის ხორისა და სამაროვნის ძიების შესაძლებლობა. მაინც, ახ. წ. VI ს. ქრისტიანული ტაძრის კვლევის დროს გამოვლენილი იყო კრამიტით ნაშენი, ძირითადად გვიანანტიკური ხანით დათარიღებული, მნიშვნელოვანი ინვენტარის შემცველი სამარხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე რომაულ-ადრებიზანტიური ხანით უნდა დათარიღდეს სოხუმის სახელმწიფო მუზეუმის, ოჩამჩირის ფონდში დაცული მასალის მცირე ჯგუფი (გამოვლენილია გიენოსში გასული საუკუნის 30-ან წლებში განხორციელებული გათხრებით) მთელი, ამიტომ, შეიძლება, სამარხეული რიგი ჭურჭლებისა, რაც აქ უკვე ნამდვილად ადგილობრივი მოსახლეობის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს.
ძეგლების მეორე ჯგუფში _ საფორტიფიკაციო ნაგებობები _ ზღვისპირის აღნიშნული ნაქალაქარების სასიმაგრო ნაგებობების (კასტელუმების) გარდა, ადგილობრივი ციხე-სიმაგრეებიც შედის. შესწავლილთაგან მნიშვნელოვანია, ისევ ზღვისპირთან ახლოს მდებარე, მაგრამ განსხვავებული ტოპოგრაფიის მქონე ანაკოფიის ციხე-სიმაგრე (თრაპში 1961, 88_148), აფხაზეთის საერისთავოს ცენტრი. აქ გამოვლენილია მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობები (ზღუდე-კოშკები); ციტადელის მონაკვეთი კი ცნობილია სხვადასხვა, მათ შორის, სატაძრო ნაგებობით. სამაროვანი, რამდენადმე მნიშვნელოვანი სამარხები, ჯერჯერობით, აქ გამოვლენილი არ არის.
როგორც საფორტიფიკაციო, ასევე სამაროვნების კვლევის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობისაა კოდორის ხეობაში, კერძოდ წებელდის მონაკვეთში შესწავლილი საფორტიფიკაციო ნაგებობები და მათთან დაკავშირებული ნასახლართა ნაშთები, აგრეთვე, სამაროვნები, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს ძეგლების კომპლექსური კვლევების დროს.
დიდია პირველი აფხაზი არქეოლოგის მ. თრაპშის დამსახურება წებელდის ძეგლების, კერძოდ კი სამაროვნების შესწავლის საქმეში (თრაპში 1971). შემდგომ, 1980 წლიდან დიდი მასშტაბის გათხრებს წებელდაში (ციბილიუმის ციხეზე და მიმდებარე რეგიონში) წარმატებით აწარმოებდა დ. გულიას სახ. ენის, ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ექსპედიცია ი. ვორონოვისა და ა. ბღაჟბას ხელმძღვანელობით. წიბილიუმზე, ადრე, მ. მილერის ნაწილობრივ გათხრილ ქრისტიანულ ტაძარს და სხვასაც შეისწავლიდა ლ. ხრუშკოვა (ხრუშკოვა 1982, 147-177). დღეს, როგორც აღნიშნავენ, ამ ციხის გათხრები დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. გამოვლენილია საფორტიფიკაციო და საზოგადოებრივი ნაგებობები, ტაძრები და სხვ. დიდ ინტერესს იწვევს მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი, კულტურული ფენების სხვადასხვა დონეებთან დაკავშირებული არტეფაქტები, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ნაწარმი. ამ მონაცემების საფუძველზე ი. ვორონოვი საფორტიფიკაციო კომპლექსის წარმოქმნას ზოგადად ახ.წ. VI ს. შუა წლებით განსაზღვრავს. აქ არ შევეხებით წიბილიუმის ციხის ქრონოლოგიის საკითხებს, იგი ცალკე მსჯელობის საგანია. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ წიბილიუმის და მასთან სისტემით დაკავშირებული ციხე-სიმაგრეების (შაპკა, ახისთა, ბათი, აფუშთა, პალი და სხვ.) არქეოლოგიური გათხრებისა და დაზვერვითი სამუშაოების წინასწარი, ძირითადი მონაცემები გამოქვეყნებულია.
აღინიშნა, რომ თითქმის ყველა ამ სასიმაგრო ნაგებობებთან დაზვერვებით დადასტურებულია ნასახლართა ნაშთები და, რაც მნიშვნელოვანია, სამაროვნები. დღეისათვის, წებელდის სამაროვანის გარდა, ლიტერატურით ცნობილია ახაჩარხუს, ალარხუს, აბგიდძრახუს და სხვა სამაროვნები. სამაროვანი გამოვლენილია და შესწავლილია სოფ. აფხაზეთის ათარასთან (გუნბა 1978, 5-7, 109_114).
სათანადო კვლევების შედეგად დადგენილი დაკრძალვის წესისა და ინვენტარის მიხედვით გამოიყო სპეციფიკური არქეოლოგიური კულტურა _ „წებელდის კულტურა“. აქ არ შევუდგებით ამ არქეოლოგიური კულტურის ზოგი მახასიათებელი ელემენტების შესახებ მსჯელობას. იგი ფართოდ არის განხილული სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში და მითითებულია აქ წარმოდგენილ სტატიაშიც; ჩვენც გამოვხატეთ დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ი. ვორონოვის წიგნზე _ „Тайна цебельдинской долины“ დაწერილ რეცენზიაში (ჯაფარიძე 1973). ვფიქრობთ, ამ კულტურის გამოყოფა და აფსილებისადმი მიკუთვნება, ძირითადად, რეალობას მოკლებული არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაშინვე ვუჩვენეთ თუ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ამ კულტურის ზოგი ელემენტის დადასტურებით. თუნდაც მომიჯნავე რეგიონში, განისაზღვროს, ზოგადად, კულტურის გავრცელების არეალი და მისი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების (ტომების) ვინაობა.
დიდ მნიშვნელობას იძენს, წებელდის კულტურის შესწავლის თვალსაზრისით მასში ადრეული _ ახ. წ. I_III სს და მოგვიანო _ ახ. წ. VI _ Vსს კომპლექსების გამოყოფა. წებელდის სამაროვნების მონაცემები კვლავ საჭიროებს გაღრმავებულ კვლევას. ეს ეხება ქრონოლოგიის, კოლხეთის სხვა რეგიონებთან კონტაქტების და, რაც მთავარია, კულტურის გენეზისისა და კონტინუიტეტის საკითხების შესწავლას; მდ. კოდორის ხეობაში ამ მნიშვნელოვანი კულტურის ელემენტები შემჩნეულია ისტორიული მისიმიელების განსახლების ფარგლებში (და უფრო ჩრდილოეთით). ამავე ხეობაში შუა საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნასახლარებისა და ქრისტიანული ტაძრების ნაშთებია აღმოჩნილია. ისინი კი, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ შეუსწავლელია და ჩვენი ცოდნა ამ ძეგლებზე, ძველ მკვლევართა (მაგ. დ. ბაქრაძე, პ. უვაროვა და სხვ.) მონაცემებზეა დამყარებული. ეს აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი ხარვეზია.
შემდეგი რეგიონი, რომელსაც მკვლევარები რომაული ხანის სამარხების აღმოჩენების გამო მიაქცევენ ყურადღებას _ ისტორიული წყაროების პიტიუნტისა და დღევანდელი ქ. გაგრის მონაკვეთია. პიტიუნტის ნეკროპოლის შესახებ უკვე აღინიშნა. როგორც ითქვა, შედარებით ღარიბად წარმოდგენილი აქ გამოვლენილი სამარხები, სამაროვნის ხასიათის გამო არქეოლოგიური კულტურის განსაზღვრისთვის უმნიშვნელო მონაცემებს იძლევიან. გაგრის რეგიონით ამ შემთხვევაში მკვლევართა დაინტერესება განპირობებულია ისტორიულ წარსულში მისი სავარაუდოდ მჭიდრო ეთნიკური და კულტურული კონტაქტების გამო, მომიჯნავე, კავკასიონის ქედს გადაღმა არსებულ მონაკვეთთან. აქ ყურადღება ექცევა ქ. სოჩისა და მის აღმოსავლეთით, აღმოჩენილ ძეგლებს (მაგ. „Красная поляна“-სა და სხვ.); შავიზღვისპირეთში ადრევე გამოვლენილ ძეგლთაგან ხშირად უთითებენ ა. სპიცინის (სპიცინი 1907) გამოქვეყნებულ მონაცემებს, აქ აღმოჩენილი V ს. სამაროვანის შესახებ. ვიმეორებთ, ეს მონაცემები ძალიან ნაკლულია და ამაზე მიგვანიშნებს გასული საუკუნის 70-80-იანი წლების ლიტერატურაც (ვორონოვი 1969, 43-58, ვორონოვი, ბღაჟბა, 1962). ამ მხრივ ყურადღებას იქცევს გ. შამბას (შამბა 1974, 48-65) დაზვერვა გაგრის რაიონში; შეისწავლებოდა მდ. ხაშუპსის, აჩმარდასა და ლაფსთას მთის წინა რეგიონი. აქ გამოირჩევა ხაშუპსის სამაროვანი. იგი იქვე არსებული ციხის კომპლექსს უნდა უკავშირდებოდეს (ადრე აქ დაზვერვა ჩაუტარებია მ. თრაპშსა და ო. ჯაფარიძეს). ინტერესს იწვევს გაგრის დარღვეული სამარხის კომპლექსიც, რომელიც ე. წ. წებელდური ტიპის ცულს შეიცავდა. ამგვარი ცული ნაპოვნი იყო ხაშუპსის სამარხშიც, წაგრძელებულ ფოთლისმაგვარ შუბისპირთან ერთად, რომელიც ასევე დამახასიათებელია წებელდის სამაროვნების კომპლექსებისათვის.
შემდეგ ამ მონაცემებზე ყურადღება საგანგებოდ გაამახვილა ი. ვორონოვმა (ვორონოვი 1979, 49-61), რომელმაც სანიგების არქეოლოგიური კულტურის ძიების დროს შედარებით ახლადგამოვლენილ მასალებზე გაამახვილა ყურადღება; კერძოდ, გაგრის ციხესთან ახლოს, ჩანს, შემთხვევით გამოვლენილ სამარხის ნაშთებზე. აქ აღმოჩენილი იქნა ფერადი მინით ინკრუსტირებული სატევარი და ასევე ინკრუსტირებული აბზინდა; ნაპოვნია ე. წ. წებელდური ცულიც; აქვე, ტექსტში (ვორონოვი, 1979, 54) და ტაბულაზეც მოცემულია ჩვენ მიერ უკვე მითითებული ა. სპიცინის მიერ გათხრილი მდიდრული სამარხის მრავალრიცხოვანი ინვენტარი, რომლის თარიღი, ზოგადად, ახ. წ. VI-VII ს. პირველი ნახევრით არის დათარიღებული (ვორონოვი 1979, 54, სურ. 37). ინტერესს იწვევს ჩრდილო კავკასიაში უღელტეხილებით გარდამავალი გზის მონაკვეთში, კერძოდ „Красная Поляна“-ში შემთხვევით გამოვლენილი სამარხის ინვენტარი, რომელშიც შაპურ I (243-273 წწ.) დროინდელი ირანული ტორევტიკის ნიმუშთან ერთად ვერცხლის კესარიული მონეტები, კერძოდ, ადრიანეს (121-122) პერიოდის დიდრახმაც, იყო ნაპოვნი. დასახელებული ავტორი და სხვებიც ყურადღებას ამახვილებენ ე. წ. წებელდური ტიპის ძაბრისებურპირიან დოქზე (ვორონოვი 1979, 56, სურ. 39). სამარხთა ეს კომპლექსები სხვა მხრივაც იქცევს ყურადღებას; კერძოდ, აქ გამოვლენილი, იტალიკურ ცენტრში (ახ. წ. I დასაწყისში) დამზადებულ ვერცხლის სურისა და ამავდროულად სამაროვანზე ნაპოვნ ვერცხლის სასანური თასის (შაპურ I-ის დროისა) გამო. ეს კი ამ რეგიონში ორი სხვადასხვა სამყაროს, ერთდროულად, კულტურულ და, შესაძლოა, პოლიტიკურ ნაკადებზე მიუთითებს. რატომღაც ი. ვორონოვი საგანგებოდ მიაქცევს ყურადღებას ბრინჯაოს რკალზე პრიზმატულად გამსხვილებულ სამაჯურებს, როგორც კულტურის განმსაზღვრელ ერთერთ ძირითად ელემენტს (ასეთებს, იგი, აღნუსხავდა დასახელებული „Красная поляна“- დან მნიშვნელოვნად (20-კმ-დე) დაცილებულ ადგილებშიც კი (ვორონოვი 1979, 56)).
ინტერესს იწვევს მაცესტის დასახლებაში 1966 წ. გათხრილი დაზიანებული სამარხი და ამიტომ, შესაძლოა, ნაკლული ინვენტარით. იგი საინტერესო ინვენტარი _ ვერცხლის რომაული მონეტები, ისევ ადრიანესი და ვერცხლის თასია აღმოჩენილი (შამბა 1970, 232-237). აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს სამარხი არაფერს ისეთს არ შეიცავს, რითაც შეიძლებოდა მასში დაკრძალულის ეთნიკური ვინაობის დადგენა.
საყურადღებოა ქ. სოჭის შემოგარენის ის მასალები, რომლებიც შემთხვევით არის გამოვლენილი და დაცულია ქ. სოჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ვორონოვი 1979, 5).1
1. (ჩვენ გვქონდა კარგი შესაძლებლობა პირადად გავცნობოდით ამ მასალას, ისევე როგორც, გამთხრელთა ხელისშეწყობით, ს. ლოოს ბრწყინვალე აღმოჩენებს რომელსაც ჩვენ ქვემოთ შევეხებით.ს. ლოოს აღმოჩენის შესახებ იხ. ივანოვა, გოლუბევი 1961, გვ. 284_292.
ნაპოვნია: ვერცხლის ჭურჭლების ფრაგმენტები; ოქროს ფირფიტებისგან ნაკეთები, ფრინველებით შემკული სამკაული, რომლებიც ძალიან გვაგონებს ამგვარ სამკაულს კლდეეთიდან (ლომთათიძე 1957, 30_36, ტაბ.1); ასევე, ოქროს სხვა ნივთებს, მათ შორის გემმიან ბეჭედს, მინის ნაკლულ ჭურჭელს ბერძნული წარწერით, რომელიც ალექსანდრიულ ნაწარმად არის მიჩნეული და თარიღდება ახ. წ. I-II ს. მეორე ნახევრით. ამის მიუხედავად, სამარხში ნაპოვნი ერთწილადი ვერცხლის მშვილდსაკინძის მიხედვით, ა. ამბროზის ტიპოლოგიაზე დაყრდნობით, კომპლექსის თარიღი ახ. წ. II ს-ის ბოლო-III ს. პირველი ნახევრით არის დათარიღებული (ვორონოვი 1979, 57) და დაკავშირებულია სანიგებთან. ჩვენი აზრით, სამარხის თარიღი, დაზუსტებას საჭიროებს; ამასთან, სამარხის მდიდრული ინვენტარი რომის აღმოსავლურ, პროვინციალურ სახელოსნოებში (ბოსფორზე?) უნდა იყოს დამზადებული, რასაც ფართო გავრცელება ჰქონდა; ამის მაგალითია გონიოს განძიც (ლორთქიფქნიძე, მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1980, 19-23 (ანალოგიებს ასახელებენ მცხეთის არმაზისხევის მდიდრული სამარხების ინვენტარშიც). ამას გარდა, არეალი ამგვარი ნაკეთობებისა, სარმატულ კულტურასაც რომ უკავშირებენ, ტერიტორიულად შეიძლება კიდევ უფრო ფართო არეალშიც მოვიაზროთ (ამაზე სხვა დროს). ასეთ ვითარებაში როგორღა შეიძლება ეს მონაცემები სანიგების ეთნიკური ვინაობის განმსაზღვრელი იყოს?
ინტერესს იწვევს სოჭთან ახლოს დაფიქსირებული, შეიძლება ითქვას, სულ ახალი აღმოჩენები, რომელთა შესახებ ინფორმაციას ვხვდებით ჩვენი აფხაზი კოლეგების 2008 წ. იზმირში (თურქეთი) დაგეგმილ პაფლაგონია-პონტოს საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალებში. მასში აღინიშნება სანიგების განსახლების არეალში ადრე გამოვლენილი მასალებისა და ახალი საინტერესო აღმოჩენების შესახებ. კერძოდ, გამახვილებულია ყურადღება ახ. წ. III ს. პირვ. ნახევრის მდიდრულ სამარხზე, იქ ნაპოვნ _ ოქროსა და ვერცხლის სამკაულზე, ვერცხლის ჭურჭელზე, ბერძნული წარწერით, სადაც, წინასწარული განსაზღვრით, იხსენიება „მეფე ბაკური..“ (ვ. ბჟანია, დ. ბჟანია 2008, 21-22). ეს ინფორმაცია, ძეგლების გადარჩენის მიზნით გაკეთებული, ცხადია, ინტერესს იწვევს.
დასასრულ, აქ აღძრულ პრობლემატიკის გამო, კვლავ დავუბრუნდებით მდ. კოდორის ხეობის ძეგლებისა და „წებელდური კულტურის“ საკითხებს. აღნიშნულ რეგიონში, მართლაც, სახეზეა კულტურის თავიასებური ხასიათი. ისევე, როგორც სპეციფიკურია დაკრძალვის წესი; იგი მნიშვნელოვნად მრავალფეროვანია (ძირითადად გავრცელებულია ინჰუმაცია, დადასტურებულია კრემაციაც და სხვ.). დაკრძალვის წესი, მისი კონსერვატულობა, არქეოლოგიური კულტურის ერთ ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს. მაგრამ მიუხედავად წებელდის რეგიონისთვის დამახასიათებელი ეს წესი ჯერ-ჯერობით მაინც, არ არის დადასტურებული აფხაზეთის იმ რეგიონში, სადაც ი. ვორონოვი და სხვებიც ხედავენ აფსილთა მონათესავე ტომებს _ სანიგებსა და სხვ. შეუსწავლელია აღნიშნული რეგიონის სამოსახლოების ტოპოგრაფია და ხასიათი, საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომ არაფერი ვთქვათ მეურნეობის ხასიათზე, ხელოსნობის დარგებზე და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია წებელდის კულტურის ზოგიერთი ელემენტის გავრცელება ისტორიული აფსილიის ფარგლებს გარეთ; კერძოდ, უკანასკნელ ხანებში წებელდის სამარხებისთვის დამახასიათებელი კერამიკა (მაგ. ძაბრისებურპირიანი დოქები) და ცულები ნაპოვნია ფიჭვნარის (ქობულეთთან) ანტიკური ხანის სამაროვნის რომაულ-ადრებიზანტიური ხანის სამარხებში, ასევე დასავლეთ საქართველოში, არაერთგან დადასტურებულია კოდორის ხეობის სიღრმეში, სავარაუდოდ, მისი მისიმიანთა განსახლების ფარგლებში და უფრო ჩრდილოეთით. ე. წ. წებელდური ცულების ერთგვარ ანალოგიად ევროპულ „ფრანცისკებსაც“ ასახელებენ (ი. ვორონოვი). მათ უფრო ახლო ანალოგიად ჩვენ ევროპულ „ბარტახტებს“ მივიჩნევთ. გვაქვს გარკვეული ასევე ევროპული, რომაულ-ბიზანტიური კერამიკის ცალკეული ელემენტების მსგავსებისა წებელდურ მასალასთან. იქნებ ეს ანალოგიები უფრო ლაზიკის (და აფსილიის) რომაულ-ბიზანტიურ სამყაროსთან შედარებით ფართო ეკონომიკურ და სამხედრო კონტაქტებზე მიუთითებდეს.
არც ის არის გამორიცხული, რომ მასალის ერთი ნაწილის შედარებით ერთგვაროვნება და დაკრძალვის წესის მრავალფეროვნება (ერთი სამაროვნის ფარგლებშიც კი) წებელდის რეგიონში, სამხედრო (თუ გასამხედროებული) კონტინგენტების არსებობითა და ეთნიკური სიჭრელითაც იყოს განპირობებული. გასათვალისწინებელია აღნიშნული ძეგლები პირველი გამთხრელის, არქეოლოგ მ. თრაფშის მოსაზრება, რომ კოდორის ხეობაში დადასტურებულ კულტურას გენეტიკური კავშირი აქვს კოლხური კულტურის ადრეულ, წინაანტიკურ კულტურასთან (თრაპში 1971, 12-13). ზემოთ აღნიშნული საკითხები გაღრმავებულ კვლევებს საჭიროებენ.
დასასრულ, მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთში, პარიზის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის პროფ. მიეშლ კაზანსკის ინიციატივით ფრანგულ ენაზე გამოიცა ი. ვორონოვის ნაშრომი „Могилы Аспилов“ (ვორონოვი, 2007), ხოლო სამარხების ქრონოლოგიისა და ცალკეული საკითხების კვლევას მიეძღვნა ნაშრომის II ტომი (კაზანსკი/მასტიუკოვა 2007), ეს კი კოლხეთის (თანამედროვე აფხაზეთით) ახ. წ. I ათასწლეულის არქეოლოგიის საკითხების კვლევებს მნიშვნელოვნად წასწევს წინ.
ლიტერატურა
აფაქიძე 1975: ა. აფაქიძე, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინტაში. პიტიუნტი, I. თბილისი.
ბჟანია, ბჟანია 2008: V. Bზჰანია, D. Bზჰანია, თჰე Eარლყ Mედიაევალ Mონუმენტს ფრომ ტჰე Lანდ ოფ ტჰე შანიგეს. თჰე Pაპჰლაგონია ანდ Pონტუს ჩონფერენცე, 2008/Iზმირ, თურკეყ.
გუნბა 1978: М. М. Гунба, Новые памятники цебельдинской культуры. Тбилиси
ვორონოვი 1969: Ю. Н. Воронов, Археологическая карта Абхазии. Сухуми.
ვორონოვი, ბღაჟბა 1982: Ю. Н. Воронов, О. Х. Бгажба. История изучения археологии Абхазии (до 1975 г.), Тбилиси
ვორონოვი 1979: Ю. Н. Воронов, Материалы по археологии Абазгии и Санигии (II-VII вв.). Материалы по археологии Абхазии. Тбилиси.
ვორონოვი 1979: Ю. Н. Воронов, Ахул-Абаა население античного времени в окрестностях Сухуми. Материалы по археологии Абхазии. Сухуми. Материалы по археологии Абхазии. Тбилиси.
ივანოვა, გოლუბევი 1961: М. И. Иванова, П. М. Голубეв, Находка в Лоо, СА, 1961, №3, Москва
ლომთათიძე 1957: გ. ლომთათიძე, კლდეეთის სამაროვანი. თბილისი.
ლორთქიფანიძე 1966: ო. ლორთქიფანიძე, ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი. თბილისი.
ლორთქიფანიძე, მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1980: ო. ლორთქიფანიძე, თ. მიქელაძე, დ. ხახუტაიშვილი, გონიოს განძი, თბილისი.
ლორთქიფანიძე 1991: გ. ლორთქიფანიძე, ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბილისი. ვ. ჯაფარიძე
თრაპში 1961: М. М. Трапш, Археологические раскопки в Анакопии в 1957-1958 гг. ВВ, XIX, 1961.
თრაპში 1971: М. М. Трапш, Культура цебельдинских некрополей, труды, том 3, Тбилиси.
შამბა 1974: Г. К. Шамба, Погребение в II в. н. э. из Мацести. СА, 2. Москва.
შამბა 1980: Г. К. Шамба, Эмерское городище. Тбилиси.
შამბა 2005: Г. К. Шамба, Древний Сухум. Сухум.
შამბა 1988: Г. К. Шамба, Гиэнос. Тбилиси.
ჯაფარიძე 2006: ვ. ჯაფარიძე, ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ანტიკური ქალაქების დემოგრაფიული სიტუაციის საკითხი. ოჩამჩირე-გიენოსი. საისტორიო ძიებანი, VIII-IX, თბილისი.
ჯაფარიძე 2010: ვ. ჯაფარიძე, ცხუმის (ცხომის) ქალაქისა და მისი „ქვეყნის“ არქეოლოგიისათვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები (კრებ. „თეიმურაზ მიბჩუანი-70“), თბილისი.
ხრუშკოვა 1982: Л. Г. Хрушкова, Три церкви в горной Абхазии (раскопки 1977-1979 гг.). ВВ. 43. Москва.
Kazansky 2007: Mastykova A., Tsibilium II La nécropole apsile de Tsibilium.

понедельник, 12 июля 2021 г.

კონსტანტინე I და „აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა“ (ე. გვენეტაძე)

XIV საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოს სახელმწიფოს შინა პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დავით IX-ის (1346-1360) ტახტზე ასვლის შემდეგ, ქვეყანაში კვლავ იძალა პოლიტიკური დეცენტრალიზაციის ტენდენციებმა, რაც უპირველესად იმით გამოიხატა, რომ ოდიშის ერისთავი გიორგი II დადიანი, როგორც წყაროები მოწმობენ, „მეფობამდეც“ კი განდიდებულა. არაბი ავტორები წერენ: „ქართველებს ჰყავთ ორი მეფე. ერთი მათგანი ზემოთხსენებული თბილისის გამგებელი, რომ მისი სახელი მაშინ იყო დავითი“. მეორე _ „სუხუმისა და აბხასის გამგებელი. ეს არის ყირიმის ზღვის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი, როგორც აღინიშნა ზემოთ, „ჩრდილოეთის მხარის გზებისა და სახელმწიფოების თავში. მაშინ მის გამგებელს ეწოდებოდა დადიანი“.1 ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობდა დავით ნარინის შთამომავლებს, მეტადრე კი ბაგრატ მიქელის ძეს, რომელიც გიორგი ბრწყინვალეს მიერ დამცრობილ იქნა იმერეთის ერისთავად, კვლავ განეახლებინათ ბრძოლა დასავლეთ საქართველოს ტახტისათვის. ამას, ვფიქრობთ, უნდა ადასტურებდეს ავგაროზ ბანდაისძის მიერ გადაწერილი პარაკლიტონის ცნობა: „ვიწყე წერად დიდსა სიგლახაკესა და ეტრატის სიძვირესა და შფოთსა და უცალობასა შინა, წელსა მას, რომელსა იყო დიდი სიკუდილობა: ქორონიკონი იყო ლფ“ (1348).2
როგორც წყაროები მოწმობენ ეს შინა შფოთი უნდა გაგრძელებულიყო 1348-1358 წლებში, ვინაიდან 1358 წელს ბაგრატ მიქელის ძემ „მოიყვანა ცოლად ასული ყვარყვარე ათაბაგისა და იქორწინა „მის თანა ნებითა დავით მეფისათა“, 3 რითაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ამოიწურა კონფლიქტი.
ბაგრატ მიქელის ძეს ჰყავდა სამი ვაჟი: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე, რომელთაგან სამივე ცდილობდა დასავლეთ საქართველოში გამეფებას, რასაც თითოეულმა მათგანმა მეტნაკლები სისრულით კიდევაც მიაღწია XIV საუკუნის 80-90-იან წლებში. ეს აშკარად მეტყველებდა ცენტრალური ხელისუფლების დაუძლურებაზე.
1360 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატ V ავიდა (1360-1363). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოზნი, დიდებულნი და წარჩინებულნი და აკურთხეს ქუთათისს“.4 ბაგრატის „ქუთაისს“ კურთხევა შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში არსებული სეპარატისტული ძალები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და ეტყობა სერიოზულ ძალასაც წარმოადგენდნენ. ამის დამადასტურებელია სვანთა აჯანყება 1361 წლისა: „გარდმოვიდნენ მოსტყუვნეს ქუთაისი და მოწუეს“.5 მეფემ შეძლო ამ გამოსვლის ჩახშობა და თემურ-ლენგის შემოსევამდე მდგომარეობის სტაბილიზაცია. თუმცა, როგორც ირკვევა, ბაგრატ V მაინც არ ენდობოდა დასავლეთ საქართველოს დიდებულებს და მისი უფროსი ძე გიორგი გამწესებული ჰყავდა დასავლეთ საქართველოში, სადაც იგი მეფისნაცვლის უფლებებით ყოფილა აღჭურვილი.
როგორც აღვნიშნეთ, ლიხთ-იქით მყოფი დავით ნარინის შთამომავლები ხელსაყრელ შემთხვევას უცდიდნენ, რათა გაემჟღავნებინათ თავიანთი ინტერესები. ეს განსაკუთრებით ითქმის ალექსანდრე ბაგრატის ძის მიმართ, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ 1372 წელს დადგენილ იქნა იმერეთის ერისთავად6.
დასავლეთ საქართველოში შინაპოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა XIVს. 80-იანი წლებიდან, რაც გამოწვეული იყო კავკასიაში თემურ-ლენგის გამოჩენით. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თემურ-ლენგთან ბრძოლაში მამას ვერ ეხმარებოდა უფლისწული გიორგი, ვინაიდან იგი იმერეთში იყო „რათა არა იქმნეს მუნცა განდგომილება“.7 როგორც ცნობილია, ბაგრატ V საშინელ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა მეუღლესთან ერთად. გიორგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთში გადმოსულიყო, რათა მამა გაეთავისუფლებინა. მისი იმერეთში არყოფნით მაშინვე ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ და თავი მეფედ გამოაცხადა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მას მხარი არ დაუჭირეს დადიანმა, გურიელმა, „აფხაზთა და სუანთა“8 და მხოლოდ პროვინციის მეფობას“ დასჯერდა9. იგი ასეთი სტატუსით მოღვაწეობს 1387-1389 წლებში, გარდაცვალებამდე.
თუმცა ამის შემდეგაც ვერ ხერხდება თბილისის მიერ ვითარების სტაბილიზაცია იმერეთში და „ტახტზე“ ადის ალექსანდრე ბაგრატის ძის ძმა _ გიორგი, რომელიც დასავლეთ საქართველოში კათალიკოზსაც კი სვამს. მიუხედავად ამისა, გიორგის პოზიციები მაინც არ იყო მყარი. მის წინააღმდეგ კვლავ ამხედრდნენ გავლენიანი დიდებულები, რომელთაც არ აწყობდათ „ქუთათისის ტახტის“ გაჩენა და იგი 1392 წელს „აფხაზთა შეწევნით მოკლეს მეგრელთა“. განსაკუთრებით საინტერესოა დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანთა დამოკიდებულება ცენტრალური ხელისუფლებისადმი. როგორც წყაროებიდან ჩანს, ისინი მხარს არ უჭერენ დავით ნარინის შთამომავლებს და ცენტრის ერთგულნი რჩებიან, მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი, რიგ შემთხვევებში, თბილისის ტახტსაც უყენებენ პრეტენზიებს და ცდილობენ თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილებას.
ვამიყ I-ის დადიანის მხარდაჭერით გულმოცემულმა ბაგრატ V-მ და გიორგიმ შეძლეს, აეძულებინათ დავით ნარინის მემკვიდრეები: კონსტანტინე ბაგრატის ძე და მისი ძმისწული, იმერთა ყოფილი მეფის ალექსანდრეს ძე _ დიმიტრი, დაეტოვებინათ დასავლეთ საქართველო და გაქცეულიყვნენ „ბასიანს და იმყოფებოდნენ წელსა ოთხსა მუნ მწირად“.10
ვამიყ I დადიანის გარდაცვალების შემდეგ კვლავ გააქტიურდა ნარინის მემკვიდრეთა მომხრეები და იმერეთში გაამეფეს კონსტანტინე ბაგრატის ძე (ბაგრატ მიქელის ძის ვაჟი).11 მისი გამეფებაც დროებით გახდა შესაძლებელი და ისიც მოკლეს „ჩალიანში“.12 ამის შემდეგ გიორგი VII, დადიანის, გურიელის, შარვაშიძის და სუანთა პოლიტიკური მხარდაჭერით, გადადის შეტევაზე და ამცრობს ლიხთ-იქითს ბაგრატიონთა შტოს, რაც იმით გამოიხატა, რომ დიმიტრი ალექსანდრეს ძე „წარავლინა ქართლს და დაისადგურა სომხითს სარჩოთი“.
გიორგი VII შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა კონსტანტინე I (1407-1412). როგორც ვახუშტი გვაუწყებს, მის დროს „იმერეთი ეპყრა კონსტანტინეს ნებასა შინა თვისსა“. 13 ჩვენამდე არ მოუღწევია ცნობებს იმის შესახებ, თუ სად ეკურთხა მეფედ კონსტანტინე, თუმცა, საფიქრებელია, რომ ის სეპარატისტული ძალები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ და მხარს უჭერდნენ დავით ნარინის მემკვიდრეებს, კვლავ არსებობდნენ და მათი მოქმედების გასანეიტრალებლად საჭირო იყო ისეთი ისტორიულ-პოლიტიკური დოკუმენტის წარმოჩენა, რომელიც დას. საქართველოში მეტ ლეგიტიმიურობას მიანიჭებდა კონსტანტინე I-ს. შემთხვევითი არ უნდა იყოს სწორედ ამ დროისათვის ცენტრალურ ხელისუფალთა მიერ ქუთაისში „აფხაზეთის ისტორიის“ ამსახველი ძეგლის „პოვნა“, რომელიც იწოდება „აფხაზეთის ისტორია, ბაგრატ მეფისა“ ანუ ე.წ. „აფხაზ მეფეთა დივანი“, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული ბაგრატიონთა “მთავარი” შტოს კანონიერება აფხაზეთზე (ე. ი. დასავლეთ საქართველოზე).
მასში ვკითხულობთ: „ქ. სახელითა მღ~იათა მე კონსტანტინე მეფემან, ძემან საკურთხევლისა ბაგრატ აფხაზთა მეფისამან, ვპოე საჭურჭლესა ქუთათის მდივანი მეფეთა შინა ეწერა სახელები მეფეთა და დაძველებულ იყო და ახლად გარდავარწერინე: პ˜ი მეფე აფხაზეთისა იყო ანოს. მეორე შვილი მისი სოზარ: მესამე შვილი ისტვინე: მეოთხე შვილი მისი ფინიკტიოს: მეხუთე შვილი მისი ბარუკ. მეექვსე შვილი მისი დიმიტრი: მეშვიდე შვილი მისი თეოდოსი: მერვე შვილი მისი კონსტანტინე: მეცხრე შვილი მისი თეოდორე: მეათე შვილი მისი კონსტანტინე: მეათერთმეტე ძმა მისი ლეონ: რ˜ნ დაყო მეფობასა შინა თBსსა წელიწადი ორმოცდახუთი: მეათორმეტე (შვილი მისი) თეოდოსი, რ˜ლნ დაყო მეფობასა შინა თვისსაა წელიწადი ოცდაშვიდი, მ(ე)ათსამეტე ძმა მისი დემეტრე. მეფობდა ოცდათექვსმეტ წელს; მეათოთხმეტე ძმა მათი გიორგი მეფობდა, რომელს საუფლისწულოდ აღწუფი ჰქონდა: და ამისთვის ეწოდა მას გიორგი აღწუფელი; ამან იმეფა შვიდ წელს: მეთხუთმეტე შვილი დემეტრესი ბაგრატ, მეფობდა თორმეტ წელს: მეათექვსმეტე შვილი(მისი) კონსტანტი. მეფობდა ოცდაცხრამეტ წელს მეათჩვიდმეტე შვილი მისი გიორგი. მეფობდა ორმოცდახუთ წელს; მეათვრამეტე შვილი მისი ლეონ. მეფობდა ათ წელს; მეაცხრამეტე ძმა მისი დიმიტრი. მეფობდა რვა წელს; მეოცე ძმა მისი თეოდოსი თვალ-დამწვარი, მეფობდა სამ წელს, და ამათსა შ˜დ ინება ღ˜თნ და დავიპყარ მე ქ˜ყანა (ქვეყანა) აფხაზეთისა, დედული ჩემი ბაგრატ ბაგრატიონმან, ძემან სულ-კურთხეულსა გურგენისა-მან, და ასულის წულმან გიორგი აფხაზთ მეფისამან“.14
ამით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არა მარტო სეპარატისტულ ძალებს, არამედ მთელ იმდროინდელ პოლიტიკურ სპექტრს შეახსენებდა თავის კანონიერ უფლებებს აფხაზეთზე (ე. ი. დასავლეთ საქართველოზე). როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, კონსტანტინე I-ის ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ლიდერი თავს თითქმის დამოუკიდებლად გრძნობდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო მეტად იკვეთებოდა ეს ტენდენცია.
კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ალექსანდრე I (1412-1442), მისი მეფობის პირველსავე წელს დამოუკიდებლად მოქმედება დაუწყია ოდიშის მთავარ მამია II დადიანს (1396-1414), როდესაც იგი თავს დაესხა აფხაზეთს. მეფე იძულებული გამხდარა, მიეღო სასწრაფო ზომები, რომელთაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა აფხაზეთიდან „ქუთათისს“ მობრუნებული ალექსანდრეს ოფიციალური კურთხევა მეფედ. ვფიქრობთ, ეს პოლიტიკური ნაბიჯი არსებული მდგომარეობით იყო გამოწვეული. ამით კიდევ ერთხელ იკვეთება ის რეალური სურათი, რომელიც შექმნილი იყო დასავლეთ საქართველოში და უპირველესად გამოიხატებოდა მეფის ხელისუფლების შესუსტებით. ამასთან, აღსანიშნავია ის უკმაყოფილება, რომელიც ლიხთ-იქითის დიდებულებს ცენტრის მიმართ ჰქონდათ თბილისში ტახტის გადმოტანის დროიდან, რადგან მათ დაკარგეს ძველი პრივილეგიები, რამაც გამოიწვია ფაქტობრივად „აფხაზთა“ მეფეების დროინდელი წესების წაშლა. ამას დროდადრო მეტად მტკივნეული რეაგირება ხვდებოდა „დასავლელთა“ მხრიდან, რის დადასტურებად მიგვაჩნია ჯერ კიდევ 1191 წლის აჯანყება, როდესაც მეფე თამარს თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო განუდგა.
ამრიგად, კონსტანტინე I-ის მიერ „აფხაზ მეფეთა დივანის“ გამომზეურება გამოწვეული იყო შექმნილი მწვავე შინაპოლიტიკური მდგომარეობით და ემსახურებოდა ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ამ ისტორიულ-პოლიტიკური დოკუმენტით თბილისის ტახტი შეახსენებდა ქვეყნის დეცენტრალიზაციის მოსურნე ძალებს თავის ლეგიტიმურობას დასავლეთ საქართველოზე.
შენიშვნები
1. XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსები საქართველოს შესახებ. არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დ. გოჩოლეიშვილმა. თბ., 1988, გვ. 53-56.
2. Описание рукописей Тифлииского церковного музея Карталино-Кахетинского духовенства. Составленое Ф. Д. Жордания. Кн. II. Тифлис, 1902, გვ. 93.
3. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973, გვ. 302.
4. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 261.
5. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 261.
6. ე. გვენეტაძე. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის ისტორიიდან. თბ., 2003, გვ. 77.
7. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 263.
8. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 265.
9. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 265.
10. დ. ნინიძე. „პროვინციის მეფეების“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში. თბ., 1995, გვ. 77.
11. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 804.
12. ე. გვენეტაძე. იმერეთის სამეფოს.., გვ. 83.
13. დ. ნინიძე. ვინ მოკლეს „ჩალაღანს“ _ „ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები“, XVII. თბ., 1989.
14. ე. თაყაიშვილი. საისტორიო მასალანი. _ „ძველი საქართველო“, ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტ. II. ტფ., 1913, გვ. 46_47.