понедельник, 5 сентября 2022 г.

ჯონ უმიწაწყლო და თავისუფლების დიდი ქარტია

ჯონ უმიწაწყლო ჰენრი II პლანტაგენეტის ვაჟი იყო. ჰენრი ინგლისის ისტორიაში ერთერთი ყველაზე განათლებული, ენერგიული და შრომისმოყვარე მმართველი იყო. დედის მხრიდან მას ინგლისი და ნორმანდია ეგრო, მამის მხრიდან კი ფრანგული საგრაფოები ანჟუ, მენუ და ტური. 1152 წელს ცოლად შეირთო ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მეფე ლუი VII-სთან განქორწინებული (ლუი მას ღალატს სწამებდა და თან უბრაზდებოდა მხოლოდ გოგოებს მიჩენო) აკვიტანიის ჰერცოგინია და პუატიეს გრაფინია ელენორა, რითაც ეს მხარეებიც თავის სამფლობელოებს შეუერთა. მაშინ ჰენრის წინაშე ქედი მოიხარეს ბრეტანისა და გასკონის ჰერცოგებმაც. შედეგად ანჟუელი პლანტაგენეტების ძალაუფლების ქვეშ ინგლისთან ერთად საფრანგეთის 2/3 გაერთიანდა.
    ინგლისის მეფობისას ჰენრიმ დაიმორჩილა უელსი და ირლანდიის დიდი ნაწილიც და შოტლანდიის დამონებასაც ცდილობდა.
პოლიტიკური წარმატებების პარალელურად ჰენრი გარყვნილი, სასტიკი და ყველაფერზე წამსვლელი პიროვნება იყო, რის გამოც ცოლ-შვილს არ უყვარდა. მას 5 კანონიერი ვაჟი ჰყვდა: უილიამი, ჰენრი, რიჩარდი, ჯიოფრი და ჯონი. 1189 წლისთვის ცოცხლები მხოლოდ რიჩარდი და ჯონი იყო.
 1189 წელს ჰენრის წინააღმდეგ მისი ორივე ვაჟი, ცოლი და ბარონები ამბოხდნენ. როდესაც მეფემ ეს შეიტყო ნერვიულობისგან გული გაუსკდა. ტახტზე რიჩარდ I ლომგული (1189-1199) ავიდა.
    რიჩარდი ტიპიური რაინდი იყო: უშიშარი, დიდი ფიზიკური სიძლიერით, ომის, ნადირობის, პოეზიისა და მუსიკის მოყვარული. თავადაც წერდა ლექსებსა და სიმღერებს. თავშეუკავებელი იყო სასიყვარულო ურთიერთობებში, თუმცა მამის პოლიტიკური ალღო არ დაჰყოლია.
    ბავშვობა საფრანგეთში, დედამისის მამულებში (პუატიე და აკვიტანია) გაატარა და მეფედ 32 წლის ასაკში გახდა, თუმცა რამდენიმე თვეც ვერ იგუა ტახტი და III ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1189-1192 წწ.) წავიდა (ათწლიანი მეფობიდან ინგლისში 1,5 წელი გაატარა), სადაც დაამარცხა სულთანი სალადინი, იერუსალიმის დამპყრობელი, და რამდენიმექალაქი წაართვა. ბიზანტიელებს გამოსტაცა . კიპროსი და ჯვაროსნულ სახელმწიფოდ აქცია. უკან დაბრუნებისას ტყვედ ჩაუვარდა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V-, რომელმაც იგი იმპერატორ ჰაინრიხ VI- გადასცა. მხოლოდ 1194 წელს გაათავისუფლეს ტყვეობიდან 100000 გირვანქა სტერლინგის ფასად
.
    რიჩარდმა ჰენრის მოხელეები გადააყენა და ინგლისის მმართველად ერთგული მსახური ჰუბერტ ვორტერი დატოვა, რომელმაც, ლაშქრობის დასაფინანსებელი თანხა ძირითადად ინგლისელებს გადაახდევინა ახალი გადასახადის სახით. ინგლისელებმა გაიღეს ასევე მეფის გამოსასყიდი და ნორმანდიაში გვალვიანობის გამო წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებელი თანხებიც, რამაც მოგვიანებით ბარონთა უშედეგო ამბოხებაც გამოიწვია.
    შინ დაბრუნებული რიჩარდი 1194 წლიდანვე ეომებოდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს საფრანგეთში პლანტაგენეტების მიწების შესანარჩუნებლად. მან მოკავშირედ გაიხადა ტულუზას გრაფი და ფლანდრიის გრაფს ინგლისის ვასალობა მიაღებინა; სამაგიეროდ სკოტლანდის მეფეს თანხის სანაცვლოდ უარი ათქმევინა ინგლისის მეფისთვის ვასალური ფიცის მიცემაზე და ჩრდილოეთ საზღვრებზე სიმშვიდე დაამყარა.
    1197 წელს გარდაიცვალა გერმანიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ VI, რომლიც ვაჟი, მომავალი ფრიდრიხ II მცირეწლოვანი იყო. ამით ისარგებლა რიჩარდმა და გერმანელი ფეოდალების დახმარებით თავისი დისშვილი ოტო ბრაუნშვაიგელი (საქსონიისა და ბაიერნის ჰერცოგის ვაჟი) გერმანიის მეფედ და აღვთო ომის იმპერატორად აარჩევინა
.
    1199 წელს რამდენიმე მარცხის განცდის შემდეგ ფილიპე ოგიუსტმა დაზავება გადაწყვიტა და აღიარა მისი უფლებები ყველა სამფლობელოზე.
    1199 წლის 26 მარტს რიჩარდი მიადგა ფრანგულ ციხესიმაგრე შალიუს, რომელიც საფრანგეთის მეფის მხარეს გადასულ ლიმოჟის ვიკონტს ეკუთვნოდა. ციხე-სიმაგრეს მხოლოდ ორი ფრანგი რაინდი სხვა ადგილობრივი მებრძოლები იცავდა. ერთ-ერთი რაინდი იყო პიერ ბაზილი, ის ასევე ცნობილია როგორც ბერტრან დე გუდრუნი, ჯონ სებროზი და დუდო. ციხესიმაგრე არ იყო კარგად დაცული. ბაზილს არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობაც, ამიტომ ტაფისგან გაკეთებული ფარი ეკავა. ინგლისელები ერთობოდნენ. რიჩარდმა მოიხსნა თანზე შემოსილი აბჯარი და ამ დროს პიერ ბაზილმა მას არბალეტით მიაყენა ჭრილობა კისრის არეში
.
    მეფის დაჭრით განრისხებულმა ინგლისელებმა შალიუს ციხესიმაგრე აიღეს, სხვა ტყვეებთან ერთად ტყვედ აიყვანეს რიჩარდ მეფის დამჭრელი რაინდი პიერ ბაზილი. მეფე რიჩარდმა გამოამჟღავნა უდიდესი სულგრძელობა და ბრძანა, რომ იგი სიკვდილით არ დაესაჯათ. მეტიც, ფრანგი რაინდი მეფემ 100 შილინგითაც კი დააჯილდოვა. მაგრამ, 1199 წლის 6 აპრილს, რიჩარდ I ლომგული, პიერის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, რადგან სისხლი მოეწამლა. იმავე დღეს (1199 წლის 6 აპრილი), მეფის სიკვდილით განრისხებულმა ინგლისელებმა პიერ ბაზილს ცოცხლად გააძრეს ტყავი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოახრჩვეს. ტახტზე ჯონ უმიწაწყლო (1199-1216) ავიდა.
*   *   *
    ჯონი 1167 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. სახელი მას იოანე ღვთისმეტყველის (იოანეს 12 მოციქულთაგანი) საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლის ხსენების დღე 3 დღის შემდეგ იყო. 1177 წელს მამამ სამფლობელოების განაწილებისას თავის ყველაზე საყვარელ და უმცოს შვილს სამფლობელოები ინგლისსა და ირლანდიაში გამოუყო, საფრანგეთში კი არა, რის გამოც ფრანგებმა დაცინვით მასუმიწაწყლოშეარქვეს.
 1185 წელს ჯონი ირლანდიაში გაემგზავრა, დაარსა რამდენიმე ციხე-სიმაგრე და განამტკიცა ინგლისელთა მმართველობა, თუმცა რამდენიმე თვეში უკან დაბრუნდა, შეუშინდა რა უგო დე ლეისისთან (ანგლო-ნორმანდიელი ბარონი, ხელძღვანელობდა ირლანდიის მიწების დაპყრობას და დიდი სამფლობელოები ჰქონდა ირლანდიაში) დაპირისპირებას, რადგან არ გააჩნდა საკმარისი სახსრები ომის საწარმოებლად.
    როდესაც რიჩარდი ტახტზე დაჯდა, ჯონს დაუმტკიცდა მამის დატოვებული სამფლობელოები, რომელთაც წლიურად 6000 ფუნტი შემოსავალი მოჰქონდა. ამასთან ჯონს შერთეს გლოსტერის საგრაფოს მემკვიდრე იზაბელა.
    1190 წელს უშვილო რიჩარდმა თავის მემკვიდრედ დაასახელა გარდაცვლილი ძმის ჯიოფრის ვაჟი არტურ ბრეტონელი და დაიძრა ჯვაროსნულ ლაშქრობაში. წასვლის წინ კი ჯონს აუკრძალა ინგლისში ჩამოსვლა მისი არყოფნის დროს. ჯონი მაინც დაბრუნდა ინგლისში და სცადა ინგლისის რეგენტის უილიამ დე ლონშანის (1189-1197) დამხობა ტახტის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ქვეყნის სრულად ხელში აღება ვერ მოახერხა სახალხო წინააღმდეგობის გამო. ამ ამბავზე შეიქმნა მოგვიანებით ლეგენდა რობინ ჰუდზე, რომელიც ეწინააღმდეგება ჯონის უსამართლო მმართველობას
.
    როდესაც ჯონმა შეიტყო, რომ რიჩარდ ლომგული, რომელიც ჯვაროსნული ომიდან ბრუნდებოდა, ტყვედ ჩაუვარდა გერმანიის იმპერატორ ჰაინრიხ VI-, მან სთხოვა ჰაინრიხს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი დაეყოვნებინა რიჩარდი ტყვეობაში, შეკრა კავშირი საფრანგეთის მეფე ფილიპე II-თან და მტკიცედ გადაწყვიტა ინგლისის მეფობა ჩაეგდო ხელთ. 1193 წელს ჯონი იძულებული გახდა ძმასთან დაზავებულიყო, მაგრამ არ გაუწყვეტია კავშირი ფილიპე II-თან და აჯანყებას ამზადებდა, რის გამოც რიჩარდმა ის განდევნა და მისი მამულების კონფისკაცია მოახდინა. 1195 წელს რიჩარდ ლომგულმა შეინდო თავისი ძმა და მამულები დაუბრუნა, შემდეგ კი მემკვიდრედაც გამოაცხადა.
    ჯონი ყოველმხრივ უარყოფითი პიროვნება იყო, რომელსაც ერთადერთი რაც შეეძლო, მტრების გამრავლება იყო. სხვადასხვა ხერხებით ვასალებს ართმევდა ქონებას, ითხოვდა უზარმაზარ გადასახადებსა და სუბსიდიებს; ლენების მემკვიდრე ქალიშვილებს მშობლის ნებართვის გარეშე ათხოვებდა და კანდიდატად იმას ირჩევდა, ვინც მეტს გადაუხდიდა. არ ინდობდა მეფის მოკავშირე ქალაქებსაც და გადასახადებსა და ბაჟებს ახდევინებდა. ნელნელა მეფის ოპოზიციაში თვით გლეხები და რაინდებიც გადავიდნენ, რომლებიც ადრე მეფის დასაყრდენნი იყვნენ
.
    პრეტენზია ტახტზე მის ძმისშვილს, ბრეტანის ჰერცოგ არტურ ჯიოფრის ძესაც ჰქონდა, მაგრამ დედოფალ ელეონორას მხარდაჭერით ინგლისის, ნორმანდიის, პუატუსა და აკვიტანიის ბარონებმა მეფედ ჯონი აღიარეს, ხოლო ანჟუ, მენი, ტურის ბარონებმა მეფედ არტური აღიარეს „ანჟუს სამართლით“, რადგან უფროსი მემკვიდრის ძე იყო. არტურს მამისგან რიჩმონდის გრაფობა, ხოლო დედისგან ბრეტანის ჰერცოგობა ეკუთვნოდა. არტური ჩავიდა კიდეც ანჟუში, და დანიშნა ანჟუ-მენი-ტურის სენეშალად გიიომ დე როში. ამ მხარეთა მმართველად არტური ცნო საფრანგეთის მეფე ფილიპემაც. როდესაც ინგლისური არჩევანის ამბავი ჩამოვიდა, ანჟუ-მენი-ტურის ბარონებმაც ჯონი აღიარეს და არტური საცხოვრებლად პარიზში მეფე ფილიპესთან გადავიდა 2 წლით.
1200 წლის 18 მაისს გულეს ხელშეკრულებით ფილიპემ ჯონ უმიწაწყლო ცნო პლანტაგენეტების ყველა სამფლობელოს მემკვიდრედ.
    1200 წელს ჯონი განქორწინდა პირველ მეუღლესთან, გლოსტერის გრაფის ასულთან, რომელთანაც შვილები არ ჰყავდა და ცოლად შეირთო თავისი ვასალის, ანგულემის გრაფის მემკვიდრე იზაბელა, რომელიც მეორე ვასალის, ლა მარშის გრაფის მემკვიდრე ჰუგოზე იყო დანიშნული. მაშინ ლა მარშის დიდი საგრაფო ფილიპეს მხარეზე გადავიდა. ამ ქორწინებით ანგულემი ინგლისის მეფის მამულად იქცა, თუმცა ჯონის სიკვდილიდან 4 წელში იზაბელა მაინც გაჰყვა ჰუგოს და ანგულემი საბოლოოდ დაიკარგა.
1201 წელს დედის სიკვდილის შემდეგ არტურმა მიიღო ბრეტანის ჰერცოგობა, ხოლო რიჩმონდი მის ნახევარდას, ალისს დედის მხრიდან გადაეცა. არტური იძულებული გახდა თავი ბიძის ვასალად ეღიარებინა.
    1202 წელს ფილიპე ოგიუსტმა მოიუწვია ჯონი თავისთან ვასალური ფიცის შეასრულებლად (ინგლისის მეფეები, როგორც საფრანგეთის მიწების ფეოდალები ავტომატურად საფრანგეთის მეფის ვასალებიც იყვნენ და წესის მიხედვით ერთხელ მაინც უნდა შეესრულებინათ ვასალური ფიცი) და ლა მარშის გრაფის საკითხზე პასუხის გასაცემად, რაზეც ჯონმა უარი თქვა. მაშინ ფილიპე შეიჭრა ნორმანდიაში, დაიკავა და გადასცა არტურს. ასე დაიწყო ინგლისსაფრანგეთის 12 წლიანი ომი.
    საომარი კამპანია ჯონს ძვირად უჯდებოდა, ამიტომ იგი იგონებდა ახალ გადასახადებს და ზრდიდა ძველს, პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში კი ბარონებს სასტიკად უსწორდებოდა.
    არტურმა ალყა შემოარტყა ციხე-სიმაგრე მირაბოს, სადაც მოხუცი ბებია ელენორა იმყოფებოდა. დედა დედოფალმა გაამაგრა თავდაცვა და მანამ გაუძლო ალყას, ვიდრე ჯონი ჯარით არ მოვიდა და არტური არ შეიპყრო. რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1203 წელს ნაწამები არტური სიცოცხლეს გამოსალმეს.
    ამის შემდეგ ჯონის საქმე უკან წავიდა. მას კამპანიისთვის ფინანსები არ ჰყოფნიდა. არტურისადმი მოქცევამ, საფრანგეთში მას ბევრი მომხრე ჩამოაშორა. ამით ისარგებლა ფილიპე ოგიუსტმა და კონტრშეტევა წამოიწყო. 1204 წელს დაეცა რუანი და თანდათან ფრანგთა ხელთ გადავიდა მთელი ნორმანდია, მენი, ანჟუ, პუატიეს ნაწილი და შემდგომ ტურიც. ამის შემდეგ ჯონი არაერთხელ შეიჭრა საფრანგეთში, თუმცა ყოველ ჯერზე მისი კამპანია მარცხით მთავრდებოდა, მიუხადავად იმისა, რომ გერმანიიის იმპერატორი მოკავშირედ ჰყავდა
.
    1207 წელს ამბიციურმა პაპმა ინოკენტი III-, რომელიც თავს დედამიწაზე ქრისტეს მოადგილედ აცხადებდა, კეტრერბერიის არქიეპისკოპოსად თავისი ერთგული სტივენ ლეგტონი დანიშნა. ჯონმა არ ცნო იგი, ამიტომ პაპმა ინგლისს ინტერდიქტი დაადო. საპასუხოდ ჯონმა ინგლისის ეკლესიის მიწები მიითვისა. პაპმა ჯერ ჯონი განკვეთა ეკლესიიდან (1209 .) და როცა ამანაც არ გამოიღო შედეგი, 1212 წელს მისი ქვეშევრდომები ვასალური ფიცისგან გაათავისუფლა (1212 .). 1213 წელს ინგლისის ტახტზე პრეტენზია ფილიპე ოგიუსტმა გამოთქვა და პაპის მხარდაჭერით ინგლისში შესაჭრელად დაიძრა, მაგრამ ფლანდრიის პორტ დამესთან ინგლისელებმა საზღვაო ბრძოლაში დაამარცხეს (სარდალი ჯონის უკანონო ძმა უილიამ ლონგესპი, სოლსბერის გრაფი).
    ჯონი საფრანგეთში მარცხს-მარცხზე განიცდიდა, ამიტომ პაპთან მორიგება გადაწყვიტა, ცნო თავი მის ვასალად და ყოველწლიურად 1000 მარკის გაგზავნას შეჰპირდა. ამიერიდან პაპები ჯონისა და მისი მემკვიდრეების მოკავშირეები იყვნენ ბარონებთან დაპირისპირებაში
.
    1214 წელს ინტერდიქტი მოიხსნა და ფილიპმაც დაჰკარგა ინგლისის ტახტის დაკავების იმედი, თუმცა კი საფრანგეთში ომი მისი სრული გამარჯვებით დასრულდა. 1214 წლის 27 ივლისს ფლანდრიის ქალაქ ბუვინთან ინგლის-ფლანდრია-გერმანიის ჯარებმა სასტიკი მარცხი განიცადეს და შედეგად პლანტაგენეტების ყველა სამფლობელო ლუარას ჩრდილოეთით საფრანგეთის სამეფო დომენად იქცა.
    1214 წელს შინ დაბრუნებულმა ჯონმა იმ ბარონებს, რომლებიც საფრანგეთში საომრად არ წაჰყვნენ, დასასჯელად დიდი გადასახადები დააკისრა ყოველ ლენზე 3 მარკა ანუ 40 შილინგ ვერცხლზე მეტი, რაც დიდი თანხა იყო. მაშინ ბარონები რობერტ ფიც-უოლტერის მეთაურობითა და კენტერბერიელი სტივენ ლეგტონის მხარდაჭერით შეითქვნენ 4 ნოემბერს ფიცი დადეს ედმონდსბერის სააბატოში, რომ იბრძოლებდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად. შემდეგ მეფესთან მოლაპარაკება წამოიწყეს. ისინი ითხოვდნენ ედუარდ აღმსარებლისა და ჰენრი I-ის დროს გამოცემული კანონების აღდგენას, რომლებიც ბარონებს გარკვეულ თავისუფლებებს უმტკიცებდა. ჯონმა დროს გაწელვა დაიწყო და უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, გამოაცხადა რა საეკლესიო არჩევნების თავისუფლება
.
    ბარონებმა მოლაპარაკების დროს პოზიციების განსამტკიცებლად ჯარის შეკრება იწყეს და სტემფორდში 2000 რაინდს მოუყარეს თავი. მეფემ მათთან მოსალაპარაკებლად არქიეპისკოპოსი სტივენ ლენგტონი და პემბროკის გრაფი უილიამ მარშალი (მეფის სარდალი) გაგზავნა. ბარონების მოთხოვნები კი მეფემ დასაცინად აიგდო: მათი სურვილები ტყუილებზეა დაყრდნობილი და ბარემ მთელი სამეფო მოითხოვონო.
    მაშინ ბარონებმა რობერტ ფიც-უოლტერი სარდლად აირჩიეს და ჯერ ნორთჰემფტოში ჩავიდნენ იქედან კი ბედფორდში. აქ მათ მოუვიდა ქალაქ ლონდონის მმართველი ელიტის წარმომადგენლები, რომელთაც მოუწოდეს დაძრულიყვნენ დედაქალაქზე.
    1215 წლის მაისში ისინი შევიდნენ ლონდონში და მოუწოდეს მხარდაჭერისკენ მთელი ქვეყნის ბარონებს, საგრაფოებსა და რაინდებს. ფეოდალთა უმეტესობა და რაიდთა უმეტესობა მათ მხარეზე დადგა. შედეგად მეფე დანებდა და დაიწყო მოლაპარაკება, რომლის მიხედვით შეიქმნა თავისთავისუფლების დიდი ქარტია“. 15 ივნისს მეფემ რანიმედში (ტემზის სანაპიროზე, სურეის საგრაფოში, ლონდონის ცენტრიდან დასავლეთით 20 კმ-ზე) ხელი მოაწერაბარონების სტატიებისმიხედვით შედგენილ დოკუმენტს. ამ ისტორიულ მომენტში მეფის წარმომადგენლების მხრიდან მონაწილეობდნენ კენტერბერიისა და დუბლინის არქიეპისკოპოსები, პაპის ლეგატი პანდულფი, სოლსბერის გრაფი უილიამ გრძელი ხმალი (ჯონის ნახევარძმა, ჰენრის უკანონო ვაჟი), უილიამ მარშალი, ვარენის გრაფი უილიამი, არუნდელის გრაფი უილიამ ობინი
.
    თავისუფლების დიდი ქარტიის პირველი რედაქცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1215 წლის 15-19 ივნისს. იგი ლათინურ ენაზეა შედგენილი (რადგან ბარონთა ერთი ნაწილი ფრანგულენოვანი იყო, მეორე კი ინგლისურენოვანი)და შეიცავს პრეამბულასა და 63 მუხლს. ეს დოკუმენტი დიდი ბრიტანეთის მმართველობის სისტემის ერთგვარი საფუძველია. ინგლისში Magna Carta Libertatum განიხილება, როგორც პირველი საკონსტიტუციო აქტი. დიდი ქარტიის ასლებიდან ორი ინახება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ლონდონში, ლინკოლნის ტაძარსა და სოლსბერის საკათედრო ტაძარში.
ნაწყვეტებითავისუფლების დიდი ქარტიიდან“:
    იმისათვის, რომ (ახალი გადასახადების შემოღებისას) სამეფოს საერთო საბჭო შევკრიბოთ, ჩვენ ვბრძანებთ არქიეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, აბატების, გრაფებისა და უფროსი ბარონების მოწვევას ჩვენი ბეჭდით დამოწმებული წერილებით
.
    ...და ყველა წერილში ჩვენ განვმარტავთ მოწვევის მიზეზს... დათქმულ დღეს შევუდგებით საქმეს იმათი მონაწილეობითად არჩევით, ვინც ადგილზე აღმოჩნდება, თუნდაც ყველა მოწვეული არ გამოცხადდეს...
    მას შემდეგ, რაც უფლისა და ჩვენი სამეფოს კეთილდღეობისათვის, ასევე ჩვენსა და ჩვენს ბარონებს შორის გაჩენილი განხეთქილების უფრო წარმატებულად მოგვარებისათვის ზემო აღნიშნული წყალობა მოვიღეთ და, რაკი გვსურს, რომ ამ წყალობით ისინი მყარად და დაურღვევლად სარგებლობდნენ მარადჟამს, ჩვენ ვუბოძებთ მათ ამ ქარტიას, რათა: ბარონებმა თავად აირჩიონ სამეფოში 25 ბარონი, რომლებიც დაიცავენ და სხვებისაგანაც მოითხოვენ მშვიდობისა და იმ თავისუფლებების დაცვას, რომლებიც ჩვენ ვუბოძეთ და ამ ქარტიით დავამტკიცეთ...
    ამიერიდან ბარონებს აღარ გაასამართლებენ სამეფო სასამართლოში. მათთვის შეიქმნება მათთვის წოდებრივად მათივე თანასწორი პერების სასამართლო. პერებისვე დასტურით მეფეს ბარონის კანონგარეშე გამოცხადება აღარ შეეძლო
.
    თუ ჩვენ, ჩვენი სასამართლო ან ვინმე ჩვენი მოხელეთაგანი... მშვიდობას ან ქარტიის მუხლთაგან რომელიმეს დაარღვევს და ამის შესახებ ხსენებული 25 ბარონიდან 4 შეიტყობს, ისინი უნდა გვეახლონ ჩვენ ან ჩვენს სასამართლოს, მიგვითითონ დარღვევაზე და მოგვთხოვონ მისი დაუყოვნებლივ გამოსწორება.
    და თუ ჩვენ არ გამოვასწორებთ ამ დარღვევას ან... ჩვენი სასამართლო არ გამოასწორებს მას... მითითებიდან 40 დღის ვადაში, მაშინ დასახელებული 4 ბარონი აცნობებს ამის შესახებ დანარჩენებს და ის 25 ბარონი მთელი მიწის თემთან ერთად ყოველ ღონეს იხმარს ჩვენი იძულებისა და შევიწროებისათვის... ციხესიმაგრეების, მიწებისა და სამფლობელოების მიტაცებითა და სხვა საშუალებებით... ვიდრე დარღვევა არ აღმოიფხვრება... ამ დროს ხელუხლებელი უნდა დარჩეს ჩვენი, ჩვენი ოჯახის სიცოცხლე, ხოლო როდესაც დარღვევა გამოსწორდება, ისინი კვლავ დაგვემორჩილებიან ისევე, როგორც გვემორჩილებოდნენ მანამდე
.
    ქვეყანაში ვისაც მოესურვება, ყველას შეუძლია დადოს ფიცი, რომ დაემორჩილება დასახელებული 25 ბარონის ბრძანებებს და მათთან ერთად შეძლებისდაგვარად შეგვავიწროებს ჩვენ... ჩვენ კი ღიად და თავისუფლად ვრთავთ თითოეულს ფიცის დადების ნებას და არასოდეს არავის ავუკრძალავთ ამას.
    მათ, კი ვინც თავისი ნებით არ შეჰფიცავს 25 ბარონს, ჩვენ ბრძანებით ვაიძულებთ ფიცის დადებას.
    თუ 25 ბარონიდან რომელიმე მოკვდება, ქვეყანას დატოვებს ან კიდევ სხვა რამ მიზეზით ვეღარ შეძლებს ზემოაღნიშნულის შესრულებას, დანარჩენები თავიანთი შეხედულებით აირჩევენ სხვას და დაადებინებენ ფიცს...
    თუ 25 ბარონი შეიკრიბება და რამეზე ვერ შეთანხმდება, ან თუ ზოგიერთი მათგანი... არ ისურვებს ან ვერ შეძლებს გამოცხადებას, ნებისმიერ საქმეში... გადაწყვეტილად ჩაითვლება ის, რასაც დამსწრეთა უმრავლესობა დაადგენს. ჩვენ კი არასოდეს ვეცდებით... რომ ამ უფლებათა და თავისუფლებათაგან რომელიმე გაუქმდეს ან შეიზღუდოს. და თუ რამე ამდაგვარი მაინც მოხდება, მას არ ექნება ძალა და მნიშვნელობა და ჩვენ არასოდეს ვისარგებლებთ ამით არც თავად და არც სხვათა საშუალებით
...
    ამიტომ ჩვენ გვნებავს და მკაცრად ვრძანებთ ჩვენი და ჩვენი მემკვიდრეების სახელით, რომ ინგლისის ეკლესია თავისუფალი იყოს და რომ ადამიანები ჩვენს სამეფოში თავისუფლად, მშვიდად, სრულად ფლობდნენ ზემოთ დასახელებულ უფლებებს, სამართალს და წყალობას, როგორც თავიანთთვის, ისე თავიანთი მემკვიდრეებისათვის ყველგან, ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდე“.
    ღვთის წინაშე პირობა დავდეთ და  ქარტიით სამარადჟამოდ დავამტკიცეთ, რომ... ინგლისის ეკლესია იყოს თავისუფალი და ჰქონდეს საკუთარი უფლებები;
არ უნდა აიკრიფოს გადასახადი სამეფო საბჭოს ნებართვის გარეშე;
    არ შეიძლება თავისუფალი ადამიანის დაპატიმრება, ციხეში გამოკეტვა, ქონების ჩამორთმევა, კანონგარეშე გამოცხადება ან გაძევება კანონიერი განაჩენის გარეშე.
ბარონებს ეკრძალებათ შეავიწროვონ რაინდები და აღარ მოთხოვონ მათ ზედმეტი გადასახადი და ადათით გაუთვალისწინებელი სამსახური
.
    ხელშეუხებლად ცხადდებოდა ვაჭრების ქონება და მათ მთელს ქვეყანაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალება ეძლეოდათ. მტკიცდებოდა ქალაქების პრივილეგიები და ლონდონის თვითმმართველობა.
    ქარტია ხაზს უსვამდა, რომ ის იცავდა ყველათავისუფალიადამიანის ინტერესებს, მაგრამ განსაკუთრებით მეფის ოჯახზე ზრუნავდა, რომელთა მოკვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. მეტიც, ბარონები ვალდებულებას იღებდნენ დახმარებოდნენ მეფეს ტყვეობიდან გამოხსნის შემთხვევაში და უფროსი ძისა და ასულის ქორწინების დროს.
*   *   *
    ცოტა ხანში, პაპის მხარდაჭერით გამხნევებულმა ჯონმა (24 აგვისტოს პაპმა ქარტიის ბარონები ეკლესიიდან განკვეთა და ქარტია გაუქმებულად გამოაცხადა) ქარტიის შესრულებაზე უარი განაცხადა, ნორვეგიელები და დანიელები დაიქირავა და ომი განაახლა. ლენგტონმა უარი თქვა პაპის დადგენილებები ინგლისში წაეკითხა, რის გამოც ლატერანის კრებაზე პასუხისსაგებად გამოიძახეს. მის გარეშე დარჩენილმა ბარონებმა ვერ შეძლეს ჯონის წინააღმდეგ ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა, რის გამოც ჯონი ნელნელა იკავებდა მათ ციხესიმაგრეებს. მაშინ ბარონებმა დამხმარედ საფრანგეთის პრინცი ლუი მოიწვიეს ინგლისის მეფედ. 1216 წლის მაისში ლუი კენტში გადმოსხდა. ჯონი უინჩესტერში გაიქცა და დედაქალაქი მეამბოხეებს მიანდო. ლუი ტრიუმფით შევიდა ლონდოში, სადაც ინგლისის მეფედ გამოაცხადეს (საეკლესიო კურთხევის გარეშე). მაშინ ჯონის ერთგულმა ბარონებმაც ლუის მხარეს გადასვლა იწყეს, რომელიცუმიწაწყლოსუკვე ფეხდაფეხ მისდევდა.
    1216 წლის სექტემბერში ჯონი ახალი ჯარებით გადავიდა შეტევაზე. კოტსუოლდ-ჰილიდან გასულმა სცადა ალყიდან უინძორის სასახლის გამოხსნა, ლონდონს აღმოსავლეთიდან შეუტია და გზა განაგრძო კემბრიჯისკენ, საიდანაც ლინკოლნშირსა და აღმ. ინგლისში შეკრებილი ბარონების განადგურებას აპირებდა. შემდეგ ჩრდილოეთით დაიძრა, მოხსნა ლინკოლნს ალყა, თუმცა კვლავ აღმოსავლეთით ლინისკენ დაიძრა რესურსების შესავსებად. ლინში მეფე დაავადდა დიზენტერიით. ამასობაში ჩრდილოეთში შემოიჭრა შოტლანდიის მეფე ალექსანდრე, რომელმაც აგვისტოში აიღო კარლაილი და დაიძრა სამხრეთში, რათა ინგლისის მეფედ გამოცხადებულ ლუი კაპეტისთვის გადაეცა ინგლისის სამფლობელოებში მოპოვებული ნადავლი. ჯონმა სცადა ალექსანდრეს შეპყრობა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამასობაში ინგლისელ ბარონებსა და ლუი კაპეტს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ზოგიერთი მათგანი ჯონის მხარეს გადავიდა
.
    ჯონი კვლავ ამოქმედდა და უოშის ყურის გადალახვით აპირებდა დასავლეთით წასვლას, თუმცა ცურვისას მთელი საგანძური დაკარგა. ამან მეფე საბოლოოდ გატეხა. 1216 წლის 18 თუ 19 ოქტომბერს დიზენტერიით დაავადებული ჯონ უმიწაწყლო ლინკოლნშირის ციხე-სიმაგრე ნიუარკში (დღევ. ნოტინგემშირში) გარდაიცვალა. იგი ვიუსტერის ტაძარში დაკრძალეს.
    ჯონის უფროსი ვაჟი ჰენრი ამ დროს 9 წლის იყო. ამის მიუხედავად უინჩესტერის ეპისკოპოსმა პიერ დე როშმა და რამდენიმე ბარონმა იგი გლოსტერის სააბატოში აკურთხა მეფედ, რომლის უზენაესობას ამდროისთვის მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ინგლისი და მიდლენდი აღიარებდა.
    12 ნოემბერს მცირე ცვლილებით განახლებულქარტიაზეხელი ჰენრიმ მოაწერა, რომელიც რეგენტმა უილიამ მარშალმა (პენბროკის გრაფი) საჯაროდ გამოაქვეყნა. მარშალი მოლაპარაკებას აწარმოებდა ბარონების გადმოსაბირებლად, ამის პარალელურად კი მისმა მოკავშირე პაპმა ლუი ეკლესიიდან განკვეთა. ფრანგი პრინცი ციხე-სიმაგრეების აღებას განაგრძობდა, მაგრამ ძალები თანდათან ელეოდა, ამიტომ 1217 წლის დასაწყისში შინ წავიდა და უკან დაბრუნებულს გაძლიერებული მოწინააღმდეგე დახვდა. 1217 წლის გაზაფხულზე რეგენტის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა ხმელეთსა და ზღვაზე რამდენჯერმე დაამარცხეს ლუი. შედეგად მეამბოხე ბარონებმაც ნელნელა დაიწყეს მისი მიტოვება. 11 სექტემბერს დადებული ზავით ფრანგმა პრინცმა უარი თქვა ინგლისის ტახტზე და შინ წავიდა. ინგლისი საფრანგეთთან შეერთებას გადაურჩა; ჰენრი ბოლო 150 წლის მანძილზე პირველი ინგლისურენოვანი მეფე გახდა, თუმცა ბარონებსა და მეფეებს შორის ბრძოლები გრძელდებოდა
.