воскресенье, 22 апреля 2018 г.

პერიკლე (ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და სტრატეგოსი (დაახლ. ძვ.წ. 495-429 წლ).

ანტიკური წყაროების მიხედვით მოამზადა ნანა ტონიამ
ისტორიკოსები პერიკლესს ათენური დემოკრატიის  მამად  აღიარებენ.  იმ  დროს,  როდესაც  ეს დიდებული  ელინი  მოღვაწეობდა,  ათენის პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი ძირითადი ძალა მონაწილეობდა. ერთი  მიიჩნევდა, რომ ქვეყნის სწორად მართვა მხოლოდ წარჩინებულებს შეუძლიათ, რადგანაც ისინი შეძლებულნიც არიან, განათლებულნიც და ღირსეულთა ჩამომავალნიც; მეორე ძალა დემოსს ეყრდნობოდა და ქადაგებდა, რომ საკუთარი თავის მიუკერძოებელი შემფასებელი თავად ხალხი იყო. ჯერ კიდევ ბერძენ-სპარსელთა ომებამდე ათენში კლისთენესის სახელით ცნობილი რეფორმები განხორციელდა  (ძვ.წ. 540  წ.). მისი წინადადებით სახელმწიფოს მმართველობა გადაეცა მოქალაქეთა შორის კენჭისყრით არჩეულ  „ხუთასთა  საბჭოსა“  და  ათ სტრატეგოსს,  რომელთაც სახალხო კრება ირჩევდა. უმაღლეს ხელისუფლებას სახელმწიფოში განაგებდა სახალხო საბჭო, რომელიც ყველა თავისუფალ მოქალაქეს აერთიანებდა. კლისთენესის რეფორმებმა საბოლოოდ დაასუსტეს ათენში დიდგვაროვანთა უპირატესობა და  დაამყარეს დემოკრატია,  ანუ  სალხის  მმართველობა.  არ  უნდა დავივიწყოთ ისიც,  რომ იმხანად  „ხალხის“  ცნება  არ გულისხმობდა  მონებს,  ქალებსა  და  სხვა სახელმწიფოებში მოსახლე ბერძნებს.  ასე რომ,  ეს „ხალხი“ მთელი მოსახლეობის ერთ მერვედზე მეტს არ შეადგენდა.
პერიკლესის მშობლები, ქსანთიპოსი  და აგარისტე ათენის ყველაზე ცნობილ გვართა ჩამომავლები  იყვნენ. ქსანთიპოსმა  სახელი მოიხვეჭა ბერძენ-სპარსელთა ომების დროს. იგი მეთაურობდა ათენის ფლოტს, რომელმაც მცირე აზიის სანაპიროსთან მდებარე მიკალესთან ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. აგარისტე ალკმეონიდების  იმ გვარის ჩამომავალი იყო, რომელსაც მიეკუთვნებოდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე კლისთენესი, სწორედ  ის,  ვინც ტირანია დაამხო,  კანონები დაამკვიდრა  და  შექმნა სახელმწიფო  წყობილება, რომელშიც საუკეთესოდ  იყო ერთმანეთთან შეხამებული თანხმობა და კეთილდღეობა.
დაბადებისთანავე პერიკლესმა, ძლიერმა და ჯანსაღმა ბავშვმა, ყველა გააოცა იმით,  რომ თავი ჰქონდა უჩვეულო სიდიდისა  და ფორმის.  ეს ნაკლი  მას მთელი ცხოვრების მანძილზე შერჩა და რომ დაეფარათ იგი, სახელოვან სტრატეგოსს მუდამ მუზარადით გამოსახავდნენ ხოლმე. სამაგიეროდ, კომედიოგრაფოსებს ჰქონდათ ყბადაღებული მისი საოცრად დიდი თავი. ატიკელი პოეტები მას სქინოკეფალოსს,  ანუ „ზღვის ხახვისთავას“ უწოდებდნენ.
პერიკლესმა ჩინებული განათლება მიიღო. მას ასწავლიდნენ მუსიკასაც და ლექსთწყობასაც. ისმენდა იგი ფილოსოფოს ძენონის ლექციებსაც. ძენონი კამათის დიდოსტატად ითვლებოდა. მას შეეძლო მახვილგონივრული დავით გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეგდო  მოპაექრე.  მაგრამ ყველაზე მეტად პერიკლესმა  დაიახლოვა მცირე აზიიდან ათენში ჩამოსული ფილოსოფოსი ანაქსაგორასი, რომელსაც „გონება“ უწოდეს მისივე თანამედროვეებმა.  იგი ამტკიცებდა, რომ მოვლენებს  განაგებს არა ღმერთთა დასი, არამედ გონება, რომლის ძალითაც შესაძლებელია მთელი გარემომცველი სამყაროს შეცნობა. 
ამ სწავლულმა თავის თხზულებაში „ბუნებისათვის“, შეძლო ეჩვენებინა, მატერიის თუ რა მცირე ნაწილაკებისაგან შეიქმნა მიწა, ზღვები და მნათობებიც კი, რომლებიც, მორწმუნე ბერძენთა აზრით, მაშინ ჩნდებოდნენ, როდესაც ღმერთები ცად აღაზევებდნენ ხოლმე მიწაზე გამორჩეულ რომელიმე გმირს. 
მნათობთა ბუნება რომ შეეცნო, ანაქსაგორასმა შეისწავლა მეტეორიტები  და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვარსკვლავთა ნათება დაკავშირებულია სწრაფად მფრინავ  „ქვათა ნატეხების“ ფრენით გამოწვეულ სიმხურვალესთან.  მზე,  ანაქსაგორასის აზრით, გავარვარებული  ქვის ნატეხია და არა ღმერთი. სიშორის გამო  ჩვენ იგი მცირედ გვეჩვენება, სინამდვილეში  კი სიდიდით მთელ საბერძნეთს აღემატება.  ის, რასაც ჩვენ მთვარის ნათებად მივიჩნევთ, მზის სინათლის ანარეკლია  მხოლოდ. რამდენადაც მთვარე არ არის გავარვარებული სფერო, უნდა ვივარაუდოთ, რომ  იგი დედამიწის  მსგავსია  და შესაძლოა,  ქადაგებდა ანაქსაგორასი,  მასზეც ცხოვრობენ ადამიანები. 
ანაქსაგორასის წიგნში არაფერი იყო ნათქვამი ღმერთებზე. ამიტომ რელიგიურად განწყობილნი  ვერ იტანდნენ  ამ სწავლულსა  და  მის ათენიდან  განდევნაზე ოცნებობდნენ. მაგრამ პერიკლესი აღფრთოვანებული იყო ფილოსოფოსით და მისი ხელმძღვანელობით საფუძვლიანად დაეუფლა ციურ მოვლენათა მოძღვრებას, 
დიდი ცოდნისა და თანდაყოლილი ნიჭიერების წყალობით პერიკლესის სიტყვები გამოირჩეოდა სიღრმითა და დიდებულებით. იგი დადიოდა დინჯად, სამოსი მის სხეულს სწორ ნაკეცებად ეფინა მუდამ, საუბარი ჰქონდა მშვიდი და თავშეკავებული. 
არავის შეეძლო მისი აღელვება. ერთხელ, ვიღაც ვიგინდარა და თავხედი კაცი განურისხდა. მთელი დღის მანძილზე ლანძღავდა და აგინებდა. პერიკლესი დუმი- ლით ითმენდა  ამას მოედანზე  და  თან რაღაც საქმით იყო დაკავებული.  საღამო-ჟამს, როდესაც შინ ბრუნდებოდა,  ეს ვიგინდარა დაედევნა  და მთელი  გზა  წყევლითა და კრულვით აიკლო. სიბნელე  იყო, პერიკლესი რომ სახლს მიუახლოვდა. მონას უბრძანა, აეღო სანათური და უცნობი სახლამდე მიეცილებინა. 
პერიკლესი,  ისევე როგორც მისი მოძღვარი ანაქსაგორასი,  არ იყო ცრუმორწმუნე. ერთხელ მასთან მივიდა მისანი, რომელსაც ხელში ცალრქა ვერძის მოკვეთილი თავი  ეკავა  და უწინასწარმეტყველა, რომ უმოკლეს  ხანში სახელმწიფოში მთელი ძალაუფლება ერთი კაცის ხელში მოიყრიდა თავს. მართლაც, მალე პერიკლესმა შეძლო თავისი მოწინააღმდეგის ჩამოცილება და მთელი სახელმწიფოებრივი საქმეები  მის ხელთ აღმოჩნდა.  მაგრამ სტრატეგოსი  მაინც  არ უჯერებდა  მისანს, რომელიც  ისევ  არწმუნებდა,  რომ  წარმატება დაკავშირებული  იყო  კეთილისმაუწყებელ ნიშანთან.  მან ანაქსაგორასს დაავალა, გაერკვია ვერძის სიმახინჯის მიზეზი. სწავლულმა დაამტკიცა, რომ თავის ქალის არასწორი აგებულების გამო მეორე რქა ვერ ამოიზარდა და ამიტომაც არ იყო საკვირველი ის, რომ ვერძს ერთი რქა ჰქონდა მხოლოდ. 
ახალგაზრდობისას პერიკლესს ეშინოდა ოსტრაკისმოსისა, რამეთუ წარჩინებულთა მოდგმისა  იყო  და  თანაც მდიდარი,  მისი მეგობრები  კი სახელმწიფოში ყველაზე გავლენიან ხალხად ითვლებოდნენ. გარდა ამისა, იმასაც ამბობდნენ, რომ პერიკლესი ჩამოჰგავდა ათენის ოდინდელ განმგებელს, ტირან პისისტრატოსს. ხანდაზმულები განცვიფრებას ვერ მალავდნენ,  ისე ემსგავსებოდა იგი ხმითა და ლაპარაკის მანერით ათენელ ტირანს. 
გაძევების შიშმა აიძულა პერიკლესი ჩამოსცილებოდა სახელმწიფო  საქმეებს. მაგრამ იგი მრავალი ლაშქრობის მონაწილე იყო და სიქველით და სიმამაცით  გამოირჩეოდა. 
იმხანად ათენში აღარ იყვნენ სახელმორჭმული სახელმწიფო მოღვაწეები: არისტიდესი გარდაიცვალა, თემისტოკლესი გააძევეს, ხოლო კიმონი მუდამ შორეულ ლაშქრობებში იმყოფებოდა. ისე მოხდა, რომ პერიკლესი მისდა უნებლიეთ ჩაითრიეს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში და მაღალ თანამდებობაზე აირჩიეს.  მიუხედავად დიდგვაროვნებისა, პერიკლესი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ათენის სახელმწიფოს ღარიბ მოქალაქეთა უფლებებისათვის. როდესაც დემოკრატიული პარტიის ბელადად აღიარეს,  მან მკვეთრად იცვალა ცხოვრების  ნირი:  შეწყვიტა თავის ნათესავებთან სიარული და წარჩინებულებთან მეგობრობა.
პერიკლესი იშვიათად გამოდიოდა სახალხო კრებებზე. იგი გაურბოდა უმნიშვნელო საკითხებზე  სჯაბაასს,  რადგანაც  არ სურდა,  მის გამოსვლებს  შეჩვეოდა ხალხი. პერიკლესის სიყტვა ყოველთვის იყო ხატოვანი და შთამაგონებელი. ნიჭიერებისა და ღრმა განათლებულობის წყალობით მისი გამოსვლები მჭევრმეტყველების მაღალი ხელოვნებით გამოირჩეოდნენ. პოეტთა თქმით, როდესაც  იგი  ხალხის წინაშე სიტყვას ამბობდა, „ქუხდა“ და „ელავდა“, ხოლო ენაზე მეხი ეკიდა.  ამის  გამო,  ასე თვლიდნენ ზოგიერთები,  მას „ოლიმპიელი“ უწოდეს,1 თუმცა, უფრო  სარწმუნოა, რომ  მან  ეს სახელი დაიმსახურა  არა იმდენად ენამჭუვრული ნიჭისათვის, რამდენადაც სახელმწიფოში მოპოვებული უფლებებისთვის.  პერიკლესს  გააჩნდა დარწმუნების გამაოგნებელი უნარი. ერთხელ სპარტის მეფემ სახელოვან  მოასპარეზე თუკიდიდესს  ჰკითხა,  ვის თვლიდა უფრო ძალმოსილად  – თავის  თავსა თუ პერიკლესს. თუკიდიდესმა ასე მიუგო: „ორთავე ბეჭითაც რომ დავცე მიწად პერიკლესი, მაშინაც კი დაამტკიცებს, რომ  მე დავმარცხდი და ხალხიც მას დაუჯერებს!“ 
პერიკლესს თავად ეშინოდა საკუთარი მჭევრმეტყველებისა. როდესაც სიტყვა გაიტაცებდა, შეეძლო საკუთარი თავის საზიანოდაც კი ესაუბრა. ამიტომ ყოველი გამოსვლის წინ იგი ღმერთებს ევედრებოდა, ბაგეთაგან არ დასცდენოდა მოუფიქრებელი  სიტყვა.  იმხანად  გამოსვლებს  არ  იწერდნენ.  სულ,  რაც  შემორჩა  მისი ბრწყინვალე მჭევრმეტყველებიდან, ეს არის მისივე სიტყვების საფუძველზე მიღებული დადგენილებები. 
როდესაც პერიკლესი ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, დემოკრატიული პარტიის სათავეში იდგა ეფიალტესი,  ვისი წინადადებითაც არისტოკრატთა საბჭოს – არეოპაგს ჩამოერთვა უფლებები. პერიკლესი მისი უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო. ეფიალტესი საშიში იყო წარჩინებულთათვის და უმოწყალო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც ხალხის წინაშე შეეძლოთ, ჩაედინათ დანაშაული. ერთი არისტოკრატი მწერლის ხატოვანი თქმით, ეფიალტესი ხალხს „განუზავებელი თავისუფლებით“ გაუმასპინძლდა. ამ ულუფის მერე კი ამავე  ხალხმა აღარ ისურვა  ესმინა  ძველი ბელადებისთვის.2
მტრებმა ეფიალტესს დაქირავებული მკვლელი მიუგზავნეს და დემოკრატთა ბელადი მისი ხელით განგმირეს. დემოკრატიული პარტიის სათავეში დარჩა მხოლოდ პერიკლესი. არისტოკრატთა ბელადი კიმონი ოსტრაკისმოსის წესით განდევნეს, რამეთუ იგი სპარტული წყობის მომხრე იყო და ხალხს მოუწოდებდა მეამბოხე ჰელოტებთან მებრძოლ სპარტელთა დასახმარებლად  გალაშქრებას.  არად  ჩააგდო  ხალხმა მისი სპარსელებთან ბრძოლის ჟამს მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებიც. 
კიმონის გაძევების ვადა ჯერ არც კი იყო გასული, როდესაც გაჩაღდა ბრძოლა სპარტასა და ათენს შორის. სპარტელთა დიდძალი ლაშქარი შეიჭრა ატიკის მოსაზღვრე ბეოტიაში. ათენელები მაშინვე გაეშურნენ სპარტელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. შეიტყო რა ეს ამბავი, გაძევებული კიმონი თვითნებურად დაბრუნდა ათენში, რათა ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა. ამით სურდა, დაემტკიცებინა, რომ სამშობლოს ინტერესები უფრო ძვირფასი იყო მისთვის, ვიდრე სპარტა. მაგრამ პერიკლესის მომხრეებმა კიმონს, ახსოვდათ რა მისი გაძევების მიზეზები, მწყობრში  ჩადგომის  ნება  არ  დართეს.  ტანაგრასთან,  ბეოტიისა  და  ატიკის  სამანთან უმოწყალო ბრძოლა  გაჩაღდა  (ძვ.წ.  457  წ.).  პერიკლესი  თავს  არ ზოგავდა  და განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდა.  და მაინც, ათენელები დამარცხდნენ. 
გამოცდილი მხედართმთავრის, კიმონის გაძევება სანანებელი გაუხდათ ათენელებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ იგი მათ ქალაქს ამ სამარცხვინო მარცხამდე არ მიიყვანდა.  პერიკლესი გრძნობდა  მოქალაქეთა უკმაყოფილებას  და  განიზრახა, თავად დაჰყოლოდა მათ ნებას.  მან ურჩია ხალხს, დაებრუნებინათ კიმონი ათენში. ასეც მოიქცნენ. კიმონი დაბრუნდა და მიაღწია ზავს ათენსა და სპარტას შორის. ათენელებში ხმა დაირხა, თითქოს პერიკლესმა მხოლოდ მას შემდეგ შეიწყალა კიმონი,  რაც კიმონის  დამ,  ელპინიკემ ალუთქვა, რომ  მისი  ძმა დაბრუნებისთანავე ჩაებმებოდა  სპარსეთის წინააღმდეგ საზღვაო ბრძოლაში. ხოლო  ამას შედეგად მოჰყვებოდა  ის, რომ მთელი ძალაუფლება ათენში კვლავ პერიკლესის ხელში  მოიყრიდა თავს.  ამ ლაშქრობის  ჟამს, კუნძულ კვიპროსზე, როდესაც ათენელები ალყაში იქცევდნენ სპარსეთისათვის კუთვნილ ქალაქებს, კიმონი დასნეულდა და გარდაიცვალა (ძვ.წ. 449 წ.). კიმონის სიკვდილმა დაასუსტა  არისტოკრატები, რომლებმაც აღარ იცოდნენ, ვინ დაეპირისპირებინათ უკვე სახელმოხვეჭილი პერიკლესისათვის.  არისტოკრატებმა თავის ბელადად აირჩიეს კიმონის სიძე თუკიდიდესი, მელესიასის  ძე, კაცი შეუბღალავი სახელით.3
მართალია, მას არ ჰქონია კიმონისმაგვარი სამხედრო ნიჭი, მაგრამ თავისი დიდებული მჭევრმეტყველებით შეძლო არისტოკრატთა გაერთიანება და მათი ინტერესების წარმატებით დაცვა სახალხო კრებაზე.
კიმონის მსგავსად, თუკიდიდესიც ლამობდა მოქალაქეთა  გადაბირებას  სხვადასხვაგვარი საჩუქრებითა და ღარიბებისადმი დახმარების გაწევით. 
სულ სხვაგვარად მოქმედებდნენ დემოკრატები.  ისინი თვლიდნენ, რომ ღარიბებს  ისეთივე უფლებები  უნდა  ჰქონოდათ, როგორც შეძლებულ  მოქალაქეებს. მართალია, ათენში სიმდიდრე არ მოეთხოვებოდა თანამდებობის პირს, მაგრამ ღარიბ კაცს არ შეეძლო სახელმწიფოებრივ საქმეებში მონაწილეობის მიღება, რადგანაც მთელი მისი დრო ოჯახისათვის ზრუნვას ხმარდებოდა. პერიკლესის წინადადებით, სახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის დაწესდა გასამრჯელო. თავდაპირველად სახალხო სამსჯავროს ნაფიც მსაჯულებს, შემდეგ  კი სხვა თანამდებობის პირებსაც საზოგადოებრივი სამსახურისთვის ეძლეოდათ საზღაური. მაგრამ გასამრჯელოიანი თანამდებობა ყოველი ღარიბი მოქალაქისათვის როდი იყო ხელმისაწვდომი. მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად პერიკლესმა საბჭოს შესთავაზა, ყოველწლიურად ზღვაზე გაეგზავნათ სამოცი ტრიერი, რომლის  ეკიპაჟიც ექვსი თვის განმავლობაში მიიღებდა საფასურს. ახალგაზრდები უნდა დაუფლებოდნენ საზღვაო საქმეს, რომლის ცოდნაც ომის დროს გამოადგებოდათ. ამას გარდა,  ათენის კავშირში შემავალ სახელმწიფოებში უნდა დაარსებულიყო ათენური დასახლებები, სადაც ყოველ ათენელეს შეეძლო, მიეღო მიწის ნაკვეთი.  ამ  დასახლებებით ერთდროულად ორი  საქმე კეთდებოდა: ატიკის ფარგლებს გარეთ  იქმნებოდა გარნიზონები  და უბრალო ხალხს მდგომარეობა უმსუბუქდებოდა. 
ათენში დარჩენილ ღარიბთა გასართობად პერიკლესი ხშირად აწყობდა საერთო სახალხო ნადიმებს, საზეიმო სვლებსა და თეატრალურ სანახაობებს, თეატრს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ პერიკლესის წინადადებით, სადღესასწაულო დღეებში ღატაკებს ფულსაც კი ურიგებდნენ, რათა მათთვის წარმოდგენებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. 
პერიკლესმა იზრუნა იმაზეც, რამაც ათენს სამარადისო სახელი მოუხვეჭა,  სხვა სახელმწიფოებში  კი ერთდროულად გამოიწვია შურიც და აღტაცებაც: მისი განმგებლობის წლებში ათენის აკროპოლისი არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების დიდებული ნიმუშებით შეიმკო. პერიკლესის მიერ აღსრულებულ სახელმწიფოებრივ საქმეთა შორის  ამ მშენებლობამ გამოიწვია მოწინააღმდეგეთა გააფთრებული თავდასხმები. 
„ათენის ხალხი – გაჰყვიროდნენ ისინი  – თანდათან კარგავს  სხვა ბერძენთა  პატივისცემას. მოკავშირეები გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ საერთო ბერძნული ხაზინა  კუნძულ დელოსიდან  ათენში გადმოვიტანეთ.  ადრე  თავს  იმით  მაინც  ვიმართლებდით, რომ საკავშირო ხაზინას  აქ უფრო მეტად დავიცავდით, ვიდრე  ნებისმიერ  სხვა ადგილას. ახლა პერიკლესმა თავის მართლების უფლებაც წაგვართვა. ომების წარმოებისთვის შეგროვებული ფული  ჩვენ თავად დავხარჯეთ იმისთვის, რომ ქალაქი ოქროთი და ძვირფასი ქვებით დაგვემშვენებინა“. 
ბრალმდებლებს პერიკლესი  ასე უპასუხებდა: „ვალდებულნი როდი ვართ  ანგარიში ჩავაბაროთ ვინმეს საერთო ხაზინის ხარჯებისათვის. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებას მოკავშირეთა მიმართ – მათ მტერთა თავდასხმებისგან ვიცავთ. განა ყველასთვის ნათელი არ არის, რომ თავდაცვისათვის გაღებული თანხა ეკუთვნის არა  იმას, რომელმაც  გასცა,  არამედ  იმას,  ვინც მიიღო,  თუ  იგი თავის მოვალეობას ასრულებს.  მას შემდეგ,  რაც  ეს კავშირი4 შეიქმნა,  ჩვენ არასოდეს დაგვირღვევია პირობა. სახელმწიფო ომისთვის მზად არის და სწორადაც ვიქცევით, მოკავშირეთაგან შემოსულ ფულს რომ ვახმართ იმას, რაც ჩვენს ქალაქს  მარადიულ დიდებას  მოუპოვებს,  რაც  ჩვენს  ხალხს არსებობის წყაროთი უზრუნველყოფს.  იმ სამუშაოთა წყალობით, რომელიც ათენში მიმდინარეობს, არცერთი ხელობა არ რჩება გამოუყენებელი, არცერთი ხელი – დაუსაქმებელი. სამხედრო სამსახურისთვის გამოსადეგი მოქალაქეები ხომ ლაშქრობათა და სწავლებათა ჟამს იღებენ სახელმწიფო ხაზინიდან საზღაურს. ხელოსნებსაც, რომლებიც სამხედრო საქმეებით არ არიან  დაკავებულნი,  უფლება  აქვთ მხარდაჭერა მოითხოვონ  სახელმწიფოსაგან. უქმად მყოფთათვის რომ არ გვერიგებინა ფული, დიახაც, საჭირო იყო ისეთი საქმის წამოწყება, სადაც ყოველი ოსტატისათვის გამოიძებნებოდა მისი ნიჭისა და უნარის შესაფერისი სამუშაო“. 
პერიკლესმა ხალხს შესთავაზა დიად მშენებლობათა გეგმა, რომლის განსახორციელებლად აუცილებელი იყო მრავალგვარი ხელობის ხანგრძლივი გამოყენება. დასაქმდნენ ხუროთმოძღვრებიცა  და მოქანდაკენიც, თოქმაჩებიცა  და ქვის მთლელებიც,  მღებავები,  ოქრომჭედლები,  სპილოს  ძვლის  ოსტატები, მხატვრები, მემინანქრენი და თერძები. ყველა იღვწოდა: ზღვის გზით – ვაჭარნი, მეხომალდენი თუ მესაჭენი; ხმელეთის გზით – ფორან-ურემთა მეპატრონენი თუ მეეტლენი; მათ შორის იყვნენ მებაგირე – მეთოკენი, სირაჯები,  გზათა ოსტატნი თუ მემთამადნენი. მიგნებული სამუშაო ყოველი  ასაკისა  და უნარის შესაბამისად ანაწილებდა  და თესდა კეთილდღეობას. 
პერიკლესის დროს აღმართული ნაგებობები გამოირჩეოდნენ  არა მხოლოდ გრანდიოზულობით, არამედ განუმეორებელი მშვენიერებითაც. ყოველი მშენებელი ცდილობდა თავისი დახვეწილი ოსტატობით გასჯიბრებოდა მეორეს.  გასაოცარი მაინც საქმის აღსრულების სისწრაფე იყო. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს თითოეული ნაგებობის აღმართვას თაობათა შრომა უნდა მოხმარებოდა. სინამდვილეში  კი ყველაფერი  იმ მცირე ხანში აღსრულდა, ვიდრე ათენის სახელმწიფოს სათავეში იდგა პერიკლესი.
აღმშენებლობით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ფიდიასი,5 მაგრამ ათენის აკროპოლისის შესამკობად სხვა უდიდესი ხუროთმოძღვრები და მშენებლებიც იღვწოდნენ. ქალაქის მფარველი ღვთაების, ქალწულ ათენას ტაძარი  – პართენონი6 ააგეს კალიკრატესმა და იქტინოსმა, ათენისა და პირეოსის შემაერთებელი „გრძელი კედელიც“ კალიკრატესის ნახელავია. 
პირველად პერიკლესმა მიიღო სახალხო კრებაზე დადგენილება,  რომ  პანათენური7 დღესასწაულები ჩატარებულიყო  არა მხოლოდ გიმნასტიკური,  არამედ მუსიკალური ასპარეზობებითაც. აირჩიეს რა ამ აგონთა განმკარგულებლად, მან შემოიღო წესები ზეიმში მონაწილე მომღერალთა და მუსიკოსთათვის და სწორედ  მაშინ  აღაშენა  მათი  ხელოვნების  უკეთ  წარმოსაჩენი  მრგვალი  შენობა  – ოდეონი.8
საყოველთაო აღტაცება გამოიწვია აკროპოლისის კოლონებით დამშვენებულმა შესასვლელმა – პროპილეებმა.  მისი მშენებლობა ხუთი წელი გრძელდებოდა. ჩვენამდე შემორჩენილი  ეს ნაგებობა  იმდენად  მშვენიერია,  იმდენად  ჰარმონიულად ერწყმის იგი აკროპოლისის  სხვა ნაგებობებს, რომ მარად არსებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. 
თუკიდიდესი და მისი მომხრეები გამუდმებით კიცხავდნენ პერიკლესს აღმშენებლობითი ხარჯებისათვის.  ისე გამწვავდა ბძროლა  მათ შორის,  რომ სახალხო საბჭოზე ოსტრაკისმოსის საკითხი დაისვა. პერიკლესი საფრთხეში აღმოჩნდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა  მას ემხრობოდა; თუკიდიდესი გააძევეს. 
ამით გასრულდა შიდა ბრძოლები. წინამძღოლის გარეშე დარჩენილმა არისტოკრატებმა ყოველგვარი გავლენა დაკარგეს სახალხო საბჭოზე. პერიკლესს აღარ ჰყავდა მოწინააღმდეგეები. ხალხი ყველა მნიშვნელოვან საქმეს: ლაშქარს, ფლოტს, სახელმწიფო ხაზინას მას ანდობდა. 
ორმოცი წელი იდგა პერიკლესი სახელმწიფოს სათავეში. თუკიდიდესის  გაძევების შემდეგ  მისი გავლენა ისე გაიზარდა, რომ სახელმწიფოს მართვის საქმეში სრული უფლებამოსილებით სარგებლობდა,  ხალხი თხუთმეტი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ირჩევდა მას სტრატეგოსად. იგი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის ზრუნავდა, ყურად არ იღებდა არც ცალკეულ მოქალაქეთა ახირებას, არც ბრბოის სურვილს, თუ  ამ ბრბოს სურდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება.  ჩვეულებრივ,  მისი განმგებლობა ხალხის მხარდაჭერას ეფუძნებოდა; მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ  იგი ხალხს თავის ნებაზე იყოლიებდა, თუკი სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე წყდებოდა.  ამ დროს პერიკლესი მოჰგავდა ექიმს, რომელიც ლმობას აყენებდა ისედაც დასნეულებულ ავადმყოფს, ანდა აძლევდა მწარე, მაგრამ უებრო წამალს.
სრული ძალაუფლება პერიკლესმა მოიპოვა არა იმდენად თავისი მჭევრმეტყველების წყალობით,  რამდენადაც  ხალხის  ღრმა  რწმენით,  რომ  მისი მოღვაწეობა მუდამ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ წარიმართებოდა. ყველამ იცოდა, აქცია რა ათენი უმდიდრეს ქალაქად,  მას არაფრით გაუუმჯობესებია საკუთარი საბადებელი. პერიკლესი სიმდიდრეს არ ესწრაფოდა. მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მდიდარი მამული მოხერხებულად გამოიყენა: მინდვრებში მოწეულ მთელ  მოსავალს ყიდდა, ხოლო ყველაფერს, რაც საჭირო იყო მეურნეობისათვის, ყიდულობდა ბაზარზე. ასეთი ცხოვრება უაზრო ხარჯის საშუალებას არ აძლევდა ოჯახის წევრებს. მის სახლში არ იგრძნობოდა ფუფუნება, ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული წესით ხორციელდებოდა. პერიკლესის ჩინებულად ორგანიზებულ მეურნეობას უძღვებოდა მისი ერთგული მოურავი. 
პერიკლესი  არ იყო ძუნწი.  იგი ფულს ხალისით ხარჯავდა ღატაკთა დასახმარებლად.  ეს კარგად ჩანს ანაქსაგორასსთან დაკავშირებული ამბიდანაც: უკვე სიბერეს მიტანებული ფილოსოფოსი დასნეულებული  იწვა უპატრონოდ.  ყველასგან მიგდებული ბრძენი სიკვდილს ნატრობდა.  მან უარი თქვა საკვების მიღებაზე, თავზე საბურველი გადაიფარა და აღსასრულის დღეს დაუწყო ასე ლოდინი. როგორც  კი პერიკლესმა  ეს შეიტყო, შეძრწუნებულმა  მისკენ ისწრაფა  და სთხოვა, ხელი აეღო განზრახვაზე, თან არწმუნებდა, რომ გაუჭირდებოდა  იმ ბრძენის  გარეშე ცხოვრება,  ვისი რჩევებიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.  მაშინ  ანაქსაგორასმა თავიდან მოიხადა საბურველი და მიუგო: „ვისაც ლამპარი სჭირდება, ზეთს თვითონ ასხამს შიგაო“. პერიკლესმა კარგად გაიგო ნათქვამი და ბრძენი მოძღვრისათვის უხვად გაიღო წყალობა. 
მეცნიერებითა და ფილოსოფიით გატაცებამ პერიკლესი ჰეტერა ასპასიასთან დააახლოვა.  ვინ იყო  ეს ქალი, რომელსაც ისეთი ძალა გააჩნდა, რომ სახელმწიფო მოღვაწეთაგან რჩეულ  თავკაცებს  ითვინიერებდა  და ფილოსოფოსებსაც  უხვად აქებინებდა თავს.
ძველ მწერალთა აღიარებით,  იგი მილეტოსის მკვიდრი ყოფილა, მაგრამ გადმოსახლებულა ათენში, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებიდან  ჩამოსული მეცნიერები, ლიტერატორები, ფილოსოფოსები თუ მხატვრები.  მათივე თქმით,  იგი ერთ იონიელ დიაცს,  ვინმე თარგელიას ჰბაძავდა  და ყველაზე დიდი ძალის პატრონ მამაკაცებს ეძლეოდა. ასე იყო თუ ისე, ასპასიამ პერიკლესი თავისი სიბრძნით და სახელმწიფოებრივი ინტერესების ზუსტი აღქმის უნარით მოხიბლა. ეს მშვენიერი ჰეტერა გატაცებული ყოფილა მჭევრმეტყველებითაც. სახელმორჭმული ათენელი ბრძენკაცები, მათ შორის სოკრატეც, თავიანთი მოწაფეებით მოდიოდნენ ასპასიასთან, რათა მისი სიტყვებისათვის ესმინათ. ასპასია ფილოსოფიასაც ეუფლებოდა.  მის სახლში მუდამ შეხვდებოდით  გამოჩენილ ფილოსოფოსებს, მწერლებს, სახელმწიფო მოღვაწეებს.
ასპასია მკვეთრად გამოირჩეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეულ ათენელ ქალთაგან, რომელთათვისაც სააუგოდ ითვლებოდა ოჯახის გარდა სხვა საქმეებით გატაცება.  პერიკლესი აღფრთოვანებული იყო  ამ ნიჭიერი ქალითა  და მის გამო გაცილდა კიდეც თავის პირველ ცოლს, რომლისაგანც ორი  ძე  ჰყავდა  – ქსანთიპოსი  და პარალოსი.  ამ დიდი სახელმწიფო მოღვაწის  ასპასიასადმი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ უფლებას აძლევდა მას დაერღვია ათენის ადათი: ასპასიას შეეძლო, გამოსულიყო ქმრის სტუმრებთან, ესაუბრა მათთან და ეკამათა კიდეც. პერიკლესზე ამბობდნენ, რომ იგი ქალის კალთას იყო გამოკერებული, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არცერთ საქმეს არ წყვეტდა მის გარეშე. ამის გამო უმოწყალოდ დასცინოდნენ მტრები. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ახლა უკვე ათენი ომებსაც იმიტომ აწარმოებს, რომ უცხოელ ასპასიას ასიამოვნოს და მისი სამშობლო მილეტოსი განადიდოსო. 
ათენის აღმავალი ძლიერება მოსვენებას უკარგავდა სპარტას, რომელიც ბერძენ-სპარსელთა ომებიდან მოყოლებული პირველობდა ელინურ სამყაროში.  კიდევ უფრო მეტად რომ განედიდებინა თავისი სამშობლო, უფრო მეტად რომ გაეზარდა მისი მნიშვნელობა მთელ საბერძნეთში, პერიკლესმა განიზრახა სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლობის ათენში მოწვევა. ამ თავყრილობას უნდა გადაეწყვიტა ბერძენ-სპარსელთა ომების დროს დარბეული ტაძრების აღდგენის, ეგეოსის ზღვის უსაფრთხოებისა და ბერძნულ სახელმწიფოთა შორის მშვიდობის დამყარების საკითხები. 
მაგრამ სპარტელები მიხვდნენ, თუ პერიკლესის გეგმა განხორციელდებოდა, ათენი საბერძნეთის რელიგიურ  და პოლიტიკურ ცენტრად გადაიქცეოდა.  ამიტომ  სპარტამ მასზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს აუკრძალა ამ თავყრილობაზე თავის წარმომადგენელთა გაგზავნა. ასე რომ, პერიკლესის ცდა დასაბამიდანვე განიწირა, თუმცა ნათელი იყო, თუ რა ფართო ინტერესები ამოძრავებდა მის შემოქმედს. 
უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა პერიკლესი, ვითარცა მხედართმთავარი. იგი არასოდეს გაირჯებოდა წარუმატებელი  საქმისათვის,  არასოდეს  იწყებდა ბრძოლას, თუ  მისი ბოლო  საეჭვოდ  ეჩვენებოდა, ლაშქარი პერიკლესის  წინამძლოლობით არასოდეს დამარცხებულა. მის მოწონებას არ იმსახურებდნენ ისეთი სტრატეგოსები, რომლებიც თავის საფრთხეში ჩაგდებით შემთხვევით აღწევდნენ თუნდაც ბრწყინვალე გამარჯვებას.
ერთხელ მხედართმთავარმა ტოლმიდესმა, რომელიც უწინდელმა  სამხედრო წარმატებებმა მეტისმეტად თვითდაჯერებული გახადა, გადაწყვიტა, ყოვლად არახელსაყრელ დროს შეჭრილიყო ბეოტიაში. მან დაიყოლია ათასობით წარჩინებული ათენელი  მასთან ერთად მიელო მონაწილეობა  ამ ლაშქრობაში. პერიკლესმა სცადა მისი შეკავება, მაგრამ დაინახა რა, რომ ტოლმიდესს გაგონებაც არ სურდა მისი, უთხრა:  „თუ  შენ  არ გსურს ერწმუნო პერიკლესს,  კარგი  იქნება, ყოვლად ბრძენ მრჩეველს – დროს თუ  შეარჩევ“.  მაშინ  არავის მიუქცევია ყურადღება  ამ სიტყვებისთვის, მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და ათენში მოვიდა ცნობა ტოლმიდესისა და მის თანამზრახველთა დაღუპვის თაობაზე. მაშინ კი დააფასეს ათენელებმა პერიკლესის ჭკუა და წინდახედულება. 
პერიკლესი არაერთგზის მდგარა ლაშქრის სათავეში. ყველაზე მნიშვნელოვანი მის ლაშქრობათა შორის იყო თრაკიული: თრაკიელთა ხერსონესის ვიწრო ნახევარკუნძულზე, რომელიც ჰელესპონტოსის სრუტის შესასვლელს ფარავდა, ცხოვრობდნენ ათენელები.  ამ ნახევარკუნძულს უდიდესი მნიშნველობა ჰქონდა,  რამეთუ  მისი მფლობელი ათენის ხომალდებს გზას უხსნიდა ნებისმიერ დროს შემოეტანა იაფფასიანი პური შავიზღვისპირეთის მდიდარი კოლონიებიდან. თრაკიელები ხშირად ესხმოდნენ თავს ათენელებს და კოლონისტებს განადგურებით ემუქრებოდნენ.  პერიკლესმა  დაამარცხა თრაკიელები  და სრუტე ზღვიდან ზღვამდე გადატიხრა სიმაგრეებით, რომელთა წყალობითაც კოლონიაზე თავდასხმები  შეუძლებელი გახადა.  ამას გარდა, პერიკლესმა ხერსონესზე დაამკვიდრა ათასი მოსახლე, რითაც გააძლიერა ბერძენთა ლაშქარი. 
ათენელები გამუდმებით ზრუნავდნენ ევქსენოს პონტოს ნაპირებზე საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. ევქსენოს პონტოს, ანუ სტუმართმოყვარე ზღვას ისინი უწოდებდნენ  შავ ზღვას,  საიდანაც გამოჰქონდათ პური. იმისათვის, რომ ათენის სახელმწიფოს სიძლიერე ყველასათვის ცხადი გაეხადა და შავიზღვისპირეთის ბერძნული სახელმწიფოები ათენის კავშირში მიეზიდა, პერიკლესმა შორეული საზღვაო ლაშქრობა მოაწყო. დიდი, მდიდრულად მორთული ესკადრა სრუტეთა  გავლით შევიდა  შავ  ზღვაში.  პერიკლესმა სანაპიროზე  მცხოვრებ  ბერძენთა  ყველა სურვილი აღასრულა, გაუწია მათ სამხედრო დახმარება, ხოლო ბარბაროს ტომთა მბრძანებლებს დაანახა, რაოდენ დიადი იყო ათენის ძალმოსილება. 
პერიკლესი ყოველთვის როდი უჭერდა მხარს თავის თანამოქალაქეთა დამპყრობლურ მისწრაფებებს. მას ხშირად უწევდა მათი დაოკება. როდესაც სამხედრო წარმატებებით  გამხნევებულმა ათენელებმა  ეგვიპტის  ხელში  ჩაგდება  ისურვეს,  პერიკლესმა ხელი ააღებინა მათ ამ სახიფათო განზრახვაზე. ხოლო როდესაც ზოგიერთმა უმეცარმა  სიცილიისა  და  შემდეგ  უკვე თვით კართაგენის დაპყრობაზეც დაიწყო ოცნება,  მან მთელი ძალით გაილაშქრა მათ წინააღმდეგ, თითქოს წინასწარ ჭვრეტდა მოსალოდნელ უბედურებას. 
პერიკლესი ყოველნაირად ცდილობდა ათენელთა დამპყრობლური მისწრაფებების მოთოკვას. სახელმწიფოს მთელი ძალები მან უკვე კუთვნილი მიწების დასაცავად მიმართა.  იგი შიშობდა, რომ ათენის მორჩილი სახელმწიფოები ამბოხდებოდნენ, თუკი მის ჯარებს ზღვის მიღმა, შორეულ ლაშქრობაში დაიგულებდნენ. 
პერიკლესის  შიში გამართლდა.  ათენის  კავშირის წევრებისათვის  საკმარისი იყო ტოლმიდესის ბეოტიაში დამარცხების ამბის გაგება, რომ ამბოხებულიყვნენ. თავდაპირველად  აჯანყდნენ კუნძულ  ევბეაზე  და პერიკლესიც დიდძალი  ლაშქრით გაეშურა მათ დასამორჩილებლად  (ძვ.წ.  446  წ.). 
მალე სტრატეგოსს აცნობეს, რომ ატიკის სამხრეთით მდებარე მეგარა აუჯანყდა ათენს და დასახმარებლად მიმართა სპარტას, რომელმაც სასწრაფოდ გაუგზავნა მას ჯარი პლეისტოანაქსის მეთაურობით. პერიკლესმა დაუხანებლად  მიატოვა  ევბეა,  მაგრამ  ვერ  გაბედა სპარტის წინააღმდეგ გალაშქრება.  ივარაუდა რა, რომ სპარტელთა ჯარი უძლიერესია, პერიკლესმა ხერხს მიმართა.  მან იცოდა, რომ პლეისტოანაქსი ჯერ კიდევ ახალგაზრდა  იყო  და ყველაფერში ენდობოდა მრჩეველს, რომელიც თან ახლდა. პერიკლესმა სცადა მისი მრჩევლის მოსყიდვა და მოახერხა კიდეც. სპარტელებმა შეწყვიტეს თავდასხმა და დატოვეს  ატიკა.  წლის ბოლოს, როდესაც პერიკლესი სახალხო  საბჭოს ხარჯების ანგარიშს  აბარებდა, ისიც აღნიშნა, რომ ათი ტალანტონი „საჭირო საქმისთვის“ გაიღო; ხალხს სწამდა პერიკლესის კეთილსინდისიერებისა და ყოველგვარი განმარტების გარეშე მიიღო ეს ანგარიში. 
სპარტის განმგებელნი  კი აღშფოთებულნი იყვნენ მეფე პლეისტოანაქსის  საქციელით და ისეთი დიდი თანხით დააჯარიმეს, რომ მან ვერ შეძლო მისი გადახდა. ბოლოს  კი, იძულებული გახდა საკუთარი ნებით დაეტოვებინა სამშობლო.
მას შემდეგ,  რაც  ატიკას საფრთხე განარიდა, პერიკლესი ორმოცდაათი  ხომალდითა და ხუთიათასიანი ლაშქრით  ისევ ევბეას მიადგა,  ამბოხება ჩაახშო  და კუნძულის სახელმწიფოები კვლავ ათენის კავშირს დაუქვემდებარა. 
მალე ათენსა და სპარტას შორის ოცდაათი წლით დაიდო ზავი. 
იმხანად მეგარის კავშირის ორი მონაწილე  – სამოსი და მილეტოსი ერთმანეთს ეომებოდა  მცირე  აზიის სანაპიროზე მდებარე პატარა სახელმწიფოსთვის.  მაშინ, როდესაც გამარჯვება სამოსელების მხარეს იხრებოდა,  ათენელებმა  ბრძანეს,  შეეწყვიტათ ომი, რათა სადავო საკითხები სამედიატორო სასამართლოზე განეხილათ. სამოსელებმა ყურად არ იღეს ეს ბრძანება. მაშინ პერიკლესმა სახალხო საბჭოს მიაღებინა დადგენილება კუნძულ სამოსზე დამსჯელი რაზმების გაგზავნის თაობაზე.
ათენელთა შეუვალობის მთავარი მიზეზი  ის  იყო, რომ კუნძულ სამოსს  განაგებდნენ არისტოკრატები. პერიკლესს კი კარგად ესმოდა, თუ ათენსა და სპარტას შორის ომი დაიწყებოდა, არისტოკრატები ამ უკანასკნელს მიემხრობოდნენ. 
პერიკლესი თავად წინამძლოლობდა სამოსისაკენ დაძრულ 40 ათენურ ხომალდს. მან შეძლო კუნძულზე დემოკრატიის დამყარება. ხოლო  მისი წასვლის შემდგომ რომ  იქ კვლავ  ძველი წესრიგი  არ აღედგინათ,  მძევლებად  აიყვანა  50 ყველაზე წარჩინებული მოქალაქე და 50 ჭაბუკი მდიდართა ოჯახებიდან. მაგრამ იმის გამო, რომ მძევლები ათენში ვერ გაამგზავრეს, არისტოკრატებმა შეძლეს მათი გათავისუფლება. კუნძულზე  კვლავ იფეთქა  აჯანყებამ.  ათენის ფლოტი დაბრუნდა  და კუნძულ სამოსის ახლოს უმოწყალო ბრძოლა გამართა.  აქ პერიკლესმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად  იმისა, რომ 44 ხომალდი ჰყავდა 70-ის  წინააღმდეგ. გამარჯვებული მტერს დაედევნა და მალე მათი ნავსაყუდელიც აიღო. ამასობაში ათენიდან მოვიდა მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი ესკადრა  და  დაიწყო კუნძულის დაპყრობა. 
სამოსზე ბრძოლა ხანგრძლივი იყო, იგი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ალყაშემორტყმული კუნძულელები მხოლოდ მეცხრე თვეზე დანებდნენ (ძვ.წ. 440 წ.). პერიკლესმა მოანგრია ქალაქის კედლები, ხელთ ჩაიგდო მისი ხომალდები და სახელმწიფოს უზარმაზარი გადასახადი დააკისრა. მისი ნაწილი სამოსელებმა მაშინვე გაიღეს, ნაწილი  კი თანდათანობით უნდა ეხადათ. 
ათენში დაბრუნებისთანავე პერიკლესმა სამოსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა საზეიმო დაკრძალვა მოაწყო.  აქ მან წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც იგი ტრიბუნიდან ჩამოდიოდა, მრავალი ისწრაფოდა  მისკენ ხელის ჩამოსართმევად, ხოლო ქალები გვირგვინებითა და ყვავილწნულებით ამკობდნენ გამარჯვების ნიშნად. 
სამოსის დაპყრობამ  კიდევ უფრო  გაამყარა პერიკლესის  ძალა  და  გავლენა. სულ რაღაც ცხრა თვის განმავლობაში მან შეძლო, დაემორჩილებინა საბერძნეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, რომელმაც კინაღამ წაართვა ათენს ზღვაზე ბატონობის უფლებები. 
სპარტასთან დამოკიდებულება თანდათან იძაბებოდა. პერიკლესი თვლიდა, რომ ათენისათვის აუცილებელი  იყო მოკავშირეები  არა მარტო აღმოსავლეთ საბერძნეთიდან, არამედ დასავლეთიდანაც. იმხანად, დიდი ფლოტის მქონე კუნძულ კერკირას9 მკვიდრნი ებრძოდნენ კორინთოელებს. პერიკლესმა დაარწმუნა საბჭო, ათი ხომალდი გაეგზავნა კუნძულ კერკირას დასახმარებლად.  ამ ესკადრას ევალებოდა,  არ ჩარეულიყო ომში  და ბრძოლა დაეწყო მხოლოდ  იმ შემთხვევაში, თუ  პელოპონესელები შეეცდებოდნენ კუნძულის დაპყრობას.
ათენელები ვარაუდობდნენ,  რომ უმნიშვნელო დახმარება  კერკირას  ვერ  იხსნიდა  დამარცხებისგან.  პერიკლესს ბრალი დასდეს  იმაში,  რომ  მან  არ  გაუწია სათანადო დახმარება მოკავშირეებს და ამით მტერს ათენელების საზავო ხელშეკრულების დარღვევაში დადანაშაულების შესანიშნავი საბაბი მისცა. 
მაშინ პერიკლესმა კიდევ 20 ხომალდი გაგზავნა კერკირელთა მისაშველებლად. მათ ზუსტად  იმ დროს მიაღწიეს კერკირას სანაპიროს მახლობლად მდებარე კუნძულებს, როდესაც მიმდინარეობდა დიდი საზღვაო ბრძოლები  (ძვ.წ. 433 §.). კორინთოელები იმარჯვებდნენ და უკვე ემზადებოდნენ კიდეც კუნძულზე გადასასვლელად, როდესაც გამოჩნდნენ ათენის ხომალდები, რის გამოც იძულებულნი იყვნენ უკან დაეხიათ. 
კორინთოელები პელოპონესოსის კავშირის წევრები იყვნენ  და ათენის ფლოტის გამოჩენა მათ შორის დადებული საზავო ხელშეკრულების დარღვევად  ჩათვალეს. კორინთოელებმა მიმართეს სპარტას საჩივრით, მათ შეუერთდნენ მეგარელებიც. საქმე ის იყო, რომ ათენელებმა აუკრძალეს მეგარელებს ათენის კავშირში შემავალ სახელმწიფოებთან ვაჭრობა  (ძვ.წ. 432  წ.), რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა მეგარელთა გაკოტრება, უკეთეს შემთხვევაში ისინი ათენს უნდა დამორჩილებოდნენ. 
იმავე დროს, კორინთოელთა მიერ დაარსებულმა, მაგრამ იმხანად ათენს დაქვემდებარებულმა ქალაქმა პოტიდეამ კავშირიდან გასვლა ისურვა, რის გამოც ამ ქალაქს ათენის ჯარმა ალყა შემოარტყა. კორინთოელები მოუწოდებდნენ პელოპონესელებს დახმარება  გაეწიათ პოტიდეასთვის.  მაგრამ სპარტა  არ  იყო  ომისთვის მზად. მეფე არქიდამოსი ლამობდა მოკავშირეთა დამშვიდებას. 
შედარებით მძაფრად იდგა მეგარის საკითხი. ვაჭრობის აკრძალვა მეგარელებს შიმშილით სიკვდილს უქადდა. არქიდამოსს ან უნდა გაეუქმებინა ეს დადგენილება, ან ბრძოლა უნდა დაეწყო. ათენში რამდენიმეგზის  გაგზავნეს წარმომადგენლობა,  მაგრამ პერიკლესი შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა დადგენილების  შეცვლას, ამიტომაც მხოლოდ მას დაეკისრა ომის მთელი პასუხისმგებლობა.
პერიკლესს გადაწყვეტილი ჰქონდა, არ დაეთმო სპარტელებისთვის. „თუ თქვენ დაუთმობთ პელოპონესელებს  – ამბობდა  იგი  –  ისინი დარწმუნდებიან  რომ  შეშინდით და კიდევ უფრო მძიმე მოთხოვნებს წამოგიყენებენ“. 
პერიკლესის ასეთ სიმტკიცეს ზოგი  მის პირად ინტერესებს უკავშირებდა.  ნათელი იყო, რომ მხოლოდ სამხედრო წარმატებებს შეეძლო მისი შერყეული ავტორიტეტის აღდგენა. 
პერიკლესის მტრებს ეშინოდათ მის წინააღმდეგ აშკარა ბრძოლა. ამიტომ მათ დევნა დაუწყეს სტრატეგოსის მეგობრებს, ფიდიასი, რომელიც აკროპოლისის აღმშენებლობით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, დაადანაშაულეს პართენონის ტაძრად აღმართული ქალწულ ათენას ქანდაკებისთვის განკუთვნილი ოქროს მითვისებაში.  მაგრამ  ეს ცილისწამება  მალე  მოიხსნა.  პერიკლესის  რჩევით,  ფიდიასმა ისე შეამკო ქანდაკება ოქროთი, რომ იოლი იყო მისი მოხსნა და აწონა. შემოწმებამ ცხადყო დიადი მოქანდაკის პატიოსნება.10
მიუხედავად  ამისა, ფიდიასს მრავალი მოშურნე ჰყავდა, რადგანაც თავისი ქმნილებებით უდიდესი სახელი და დიდება მოიხვეჭა. მტრებმა მას მკრეხელობაში დასდეს ბრალი: ათენას ფარზე გამოსახული იყო ბრძოლა ამორძალებთან. ამბობდნენ, რომ ფიდიასმა მებრძოლთა შორის გამოსახაო თავისი მფარველი პერიკლესი და საკუთარი თავი მელოტი მოხუცის სახით, რომელსაც ქვა ეპყრა ზეცისკენ აღმართულ ხელში.11 
ფიდიასმა ვერ შეძლო თავის მართლება და იგი საპყრობილეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც ავადმყოფობით. თუმცა იმასაც ამბობენ,  ეს უდიდესი ხელოვანი პერიკლესის მტრებმა მოწამლესო. 
ფიდიასის სამსჯავროს შემდეგ პერიკლესის მოწინააღმდეგეებმა დევნა დაუწყეს მის მოძღვარს,  ანაქსაგორასს. ათენელებმა მიიღეს დადგენილება იმათი დასჯის თაობაზე, რომლებიც არ სცნობდნენ ღმერთებსა და სწავლობდნენ ციურ მოვლენებს. ნათელი იყო, რომ  ეს დადგენილება ანაქსაგორასის წინააღმდეგ იყო მიმართული და პერიკლესმა ხელი შეუწყო  მას, გაქცეულიყო ათენიდან. 
სახელოვანი სტრატეგოსის  მტრებმა  ძალა შეიგრძნეს  და  ახლა  სცადეს  მისი მეუღლის, ფილოსოფოსი ქალის, ასპასიას სამსჯავროზე წარდგენა. იგი უღვთოობაში დაადანაშაულეს. მის გასამართლებლად პერიკლესს თავად  მოუხდა  სამსჯავროს წინაშე წარდგომა  და თავის დამცირება  იმის სათხოვნელად, რომ  მისი მეუღლე არ დაესაჯათ. 
სპარტელები როდი ცდებოდნენ, პერიკლესის სახით რომ ათენის ხალხის ბრძენ წინამძღოლს ჭვრეტდნენ.  ისინი ვარაუდობდნენ, რომ, თუ შესაძლებელი იქნებოდა მისი თავიდან მოცილება, ათენელებს იოლად დაიმორჩილებდნენ.  მათ ათენში გაგზავნეს წარმომადგენლობა  იმ მიზნით, რომ ათენელებისათვის შეეხსენებინათ ამბავი პერიკლესის წინაპართა თაობაზე. საქმე ის იყო, რომ ალკმეონიდების მოდგმას მკრეხელობაში ადანაშაულებდნენ და, ამდენად, ცოდვა პერიკლესზეც გადადიოდა.12 ეს კი მისი სახელმწიფოდან განდევნის საბაბს იძლეოდა.  მაგრამ ათენელები მიუხვდნენ სპარტელებს. მოწინააღმდეგეთა მტრობამ არა თუ ავნო პერიკლესს,  რასაც  ესოდენ ესწრაფოდნენ  სპარტელები,  არამედ  პირიქით,  აღუდგინა ოდინდელი დიდება. 
მალე დაიწყო პელოპონესოსის ომი.13 სპარტელები მოკავშირეებთან ერთად ატიკაში შეიჭრნენ  (ძვ.წ.  431 წ.), დაარბიეს, მიაღწიეს აქარნეს და იქ დაბანაკდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ  ამას  ვერ მოითმენდნენ ათენელები, გამოვიდოდნენ ქალაქის გალავნიდან და ბრძოლას დაიწყებდნენ. მაგრამ პერიკლესს პელოპონესოსის უზარმაზარი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლა სახიფათოდ მიაჩნდა. იგი ქალაქში შემოხიზნულ გლეხებს, რომლებიც თავიანთ განადგურებულ ბაღებს მისტიროდნენ,  ამშვიდებდა  და არწმუნებდა, რომ გადაბუგულ  ხეთა ნაცვლად შესაძლებელი იქნებოდა ახლების გაზრდა, ხოლო დაღუპულ მეომართა შეცვლა  კი – შეუძლებელი. 
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე პერიკლესმა იცოდა, რომ სპარტელთა  მხედართმთავარს, მეფე არქიდამოსს, ათენელთა განმგებლის სახელის დაკნინების მიზნით განზრახული ჰქონდა  მიწის პირისგან  აღეგავა მთელი ატიკა  ისე,  რომ  ხელი  არ ეხლო მხოლოდ მისი მამულებისთვის. პერიკლესმა მტრის ვერაგული გეგმა  ჩაშალა,  განუცხადა  რა სახალხო  კრებას,  რომ თუ სპარტელები  მის მამულებს  არას ავნებდნენ,  მათ სახელმწიფოს საკუთრებაში  გადასცემდა. 
როდესაც სპარტელებმა ათენს ალყა შემოარტყეს, პერიკლესმა განიზრახა დროებით არ ჩაეტარებინა სახალხო კრებები, რათა სასოწარკვეთილ ხალხს არაკეთილგონივრული გადაწყვეტილებები არ მიეღო. როგორც ხომალდის მეთაური,  ქარაშოტის  ჟამს აფრების აწევასა  და ბაგირთა მოჭიმვას ბრძანებს ოლონდ  ისე,  რომ არად აგდებს ზღვის სნეულებით შეძრწუნებულ მგზავრთა მუდარას, ზუსტად ასევე პერიკლესიც  იმას იქმოდა,  რაც საჭიროდ  მიაჩნდა, ყურადღებას  არ აქცევდა  რა ათენელთა მუქარასა და მძვინვარებას. 
პერიკლესს  არად  მიაჩნდა  ის,  რომ  თავისივე მეგობრები  საყვედურობდნენ, მტრები ემუქრებოდნენ, ხოლო თანამოქალაქეთაგან მრავალი მშიშარასა და უღირსს უწოდებდა. ღარიბთა ბელადი კლეონი  მას ადანაშაულებდა  იმაში,  რომ  მტერს თავს  არ ესხმოდა  და  ომის წარმოების მთელს ინიციატივას სპარტას უთმობდა. კომედიოგრაფოსები ირწმუნებოდნენ, რომ კლეონი უკვე მახვილს ლესავდა, რათა პერიკლესი განეგმირა. ერთ-ერთ კომედიაში პერიკლესს ასეთი სიტყვებით  მიმართავდნენ: 
„რად არ აღმართავ შუბს, სატირთა დიდო მეფეო, 
ომზე ნათქვამი ცხარე სიტყვა რის მაქნისია? 
მახვილს ლესავენ ბასრ სალესზე,  შენ  კი წკმუტუნებ 
კლეონისაგან შერისხული და დაკბენილი“.14
მაგრამ  ეს თავდასხმები  არ აღელვებდა პერიკლესს.  იგი თავდაჭერილად  და მშვიდად იტანდა შეურაცხყოფებს.  მან პელოპონესელთა წინააღმდეგ ასი ხომალდი  გაგზავნა, თუმცა თავად  არ გაჰყოლია. სამაგიეროდ სათავეში ჩაუდგა  ქვეით ჯარს, შეიჭრა მეგარის სამფლობელოებში და დაარბია. პელოპონესოსის ირგვლივ გაგზავნილმა  ათენის ფლოტმა  კი მრავალი ქალაქი  და დასახლება  გაანადგურა. და თუ სპარტელებმა ათენის გლეხთა ბაღები გაკაფეს, რითაც დიდად დაამწუხრეს მოქალაქენი, ახლა თავადაც იწვნიეს დიდი გასაჭირი. 
სპარტელები იძულებულნი გახდებოდნენ, შეეწყვიტათ ბრძოლა, მოულოდნელ უბედურებას რომ არ ჩაეშალა პერიკლესის გეგმები. ომის მეორე წელს ათენს ეწვია საშინელი სტუმარი  – შავი ჭირი, რომელმაც უფრო მეტი მოქალაქე იმსხვერპლა, ვიდრე ყველაზე სისხლისმღვრელმა ბრძოლამ. 
ეპიდემიით გამოწვეულმა უბედობამ გააბოროტა ათენელები. მათი რისხვა  სახელმწიფოს წინამძლოლ პერიკლესს დაატყდა  თავს. ავადმყოფობით გონდაკარგულნი უსამართლოდ რომ შეურაცხყოფენ ხოლმე მკურნალ ექიმს, ანდა შვილები – მამას, ისე დაიწყეს ათენელებმა პერიკლესზე იერიშის მიტანა. ხალხის გაუცნობიერებელი რისხვით ისარგებლეს პერიკლესის მტრებმა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ჭირი სოფლის მოსახლეობის ქალაქში თავმოყრით არისო გამოწვეული; როდესაც უსაქმური ხალხის დიდი რაოდენობა ცხოვრობს უჰაერო კარვებში  ან პირდაპირ ქუჩებში,  არ არის გასაკვირი, რომ ეპიდემიამ იფეთქოსო. დამნაშავეა ერთადერთი პერიკლესი, რომელმაც სოფლელები  ქალაქის კედლებში  შემოხიზნა. ვითარცა ბოსელში შეყრილი საქონელი, ხალხი ერთმანეთს ასენიანებს, რამეთუ არა აქვს ცხოვრების წესის შეცვლისა თუ გაქცევის საშუალება. 
მოქალაქეთა დასამშვიდებლად  და მტერთან საბრძოლველად პერიკლესმა 150 ხომალდი აღჭურვა, დიდძალი ლაშქარი შეაგროვა და პელოპონესოსში გასამგზავრებლად მოამზადა. ათენელებს გამარჯვების იმედი აღეძრათ. როდესაც  პერიკლესი გემბანზე იდგა და ის-ის იყო გამგზავრების ბრძანება უნდა გაეცა, დაიწყო მზის დაბნელება.  ამ უჩვეულო მოვლენამ ცრუმორწმუნე ათენელები შეაძრწუნა. 
მათ  ეს სიბნელე ღვთის მრისხანე უწყებად მიიღეს. 
მაშინ პერიკლესი მიუახლოვდა შეშინებულ მესაჭეს, თავისი მოსასხამი გადააფარა და ჰკითხა: 
– შეგეშინდა? 
– რა თქმა უნდა არა!  – მიუგო მესაჭემ. 
– სხვათა შორის,  – განაგრძო პერიკლესმა,  – ეს მოსასხამი,  შენ რომ სინათლე დაგიბნელა, იმისგან, რამაც ჩვენი ხალხი ასე შეაშფოთა, მხოლოდ ზომით თუ განსხვავდება.  მზე მხოლოდ  იმიტომ  გაუჩინარდა,  რომ  იგი უფრო  დიდმა  საგანმა დაფარა, ვიდრე ჩემი მოსასხამია! 
ლაშქრობამ არ გაამართლა იმედები. მომდევნო წელს (ძვ.წ. 430 წ.) პერიკლესი სტრატეგოსად აღარ აირჩიეს.  მის წინააღმდეგ საქმეც  კი აღიძრა სამსჯავროში. მტაცებლობაში სდებდნენ ბრალს და თუმცა იგი ცნობილი იყო თავისი უანგარობით, წინამძღოლობაც აღუკვეთეს და ფულადი ჯარიმაც დაადეს.
არც ოჯახში ჰქონია სიმშვიდე პერიკლესს.  მის უფროს  ძეს,  ქსანთიპოსს  ბავშვობიდანვე უყვარდა ფლანგვა. დაქორწინების შემდეგ  კი სულ უფრო და უფრო მეტი თანხები სჭირდებოდა. ცხოვრება  იმ სახლში, სადაც ფული კანონზომიერად იხარჯებოდა,  მას აღარ მოსწონდა.
ერთხელ ქსანთიპოსმა, ვითომცდა მამის დავალებით, პერიკლესის მეგობრისაგან ისესხა ფული. როდესაც პატრონმა ვალის დაბრუნება მოითხოვა, პერიკლესმა უარით გაისტუმრა. ქსანთიპოსი თვლიდა, რომ მამამისი უსამართლოდ იქცეოდა. იგი დადიოდა მთელ ქალაქში და მასხრად იგდებდა პერიკლესს.  ეს შუღლი მამასა და შვილს შორის ქსანთიპოსის ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა. გარდაიცვალა კი იგი ჟამიანობის დროს. იმხანად დაკარგა პერიკლესმა დაც და მრავალი ახლობელი თუ მეგობარი. 
უბედურებებმა ვერ გატეხეს დიდი ათენელი. არავის უნახავს იგი ატირებული, ვიდრე  არ დაკარგა უმცროსი  ძე პარალოსი.  ამ უბედურებამ შეძრა  პერიკლესი. იგი თავს იმაგრებდა,  მხნედ იდგა, მაგრამ როდესაც გვირგვინს ჰკიდებდა მიცვალებულს, ვეღარ გაძლო და მწარედ აქვითინდა, პირველად თავის სიცოცხლეში.
ხალხმა  ვერავინ  ნახა  ისეთი,  რომელიც პერიკლესის  მსგავსად,  ღირსეულად აღასრულებდა პირველი სტრატეგოსის საპასუხისმგებლო მოვალეობას:  ათენელებმა  ეს შეიგნეს და გადაწყვიტეს მისი სახალხო საბჭოზე მოწვევა.
პერიკლესი თავს დატეხილი უბედურების გამო სახლიდან არ გამოდიოდა. ალკიბიადესი  და  სხვა მეგობრები ურჩევდნენ,  ხალხში გამოჩენილიყო.  მას ბოდიში მოუხადეს უმართებულო ჯარიმისათვის და კვლავ სტრატეგოსად აირჩიეს.  მაშინ მან ხალხს მიმართა თხოვნით, გაეუქმებინათ კანონი უკანონოდ შობილთა თაობაზე, რათა პირდაპირი მემკვიდრის უყოლობით მთლად არ გადაშენებულიყო მისი მოდგმა.  საქმე  ის იყო, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც პერიკლესს კანონიერი შვილები ჰყავდა, მისივე ბრძანებით მიიღეს კანონი, რომლის ძალითაც ათენელებად მხოლოდ  ისინი ჩაითვლებოდნენ, რომელთა მშობლებიც წარმოშობით ათენელები იყვნენ.
რამდენადაც პერიკლესს პირველი ცოლისაგან ნაშობი ორივე ძე დაეღუპა და სხვა მემკვიდრე არ გააჩნდა, ათენელები დათანხმდნენ, რომ მისი ვაჟი ასპასიასგან ათენელად შეერაცხათ.
მოვლენები  ისე დატრიალდა, რომ პერიკლესს აღარ ეწერა ათენის სახელმწიფოს სათავეში დგომა. მალე  მას ჭირი შეეყარა,  სენი ნელ-ნელა აცლიდა ძალას და როდესაც პერიკლესი უკვე სიკვდილის პირზე იყო,  მის სარეცელთან თავი მოიყარეს საუკეთესო მოქალაქეებმა და მეგობრებმა. ისინი მსჯელობდნენ მისი ადამიანური სრულყოფილებისა  და ძალმოსილების თაობაზე. ორმოცი წელი იდგა  იგი სახელმწიფოს სათავეში და ათენის მტრებს ამარცხებდა, აშენებდა დიდებულ ტაძრებსა და მშობლიურ ქალაქს ალამაზებდა. მეგობრები საუბარს განაგრძობდნენ, მათ ეგონათ, რომ მომაკვდავს გონება ჰქონდა უკვე დაბინდული და მათი არ ესმოდა.  მაგრამ პერიკლესი ყველაფერს ყურს უგდებდა თურმე. მოულოდნელად  იგი საუბარში ჩაერია:  „მიკვირს ამდენს რომ მაქებთ  და მოიხსენიებთ ისეთ დამსახურებებს, რომლებიც უბრალოდ ბედის განგებით აღმისრულებია სხვა სტრატეგოსთა მსგავსად, მაგრამ არაფერს ამბობთ  იმ უმშვენიერესსა და უდიდეს დამსახურებაზე, რომ  ჩემი განმგებლობის ჟამს არცერთი ათენელი  არ დასჯილა  ჩემი ბრძანებით!“ 
მხოლოდ პერიკლესის გარდაცვალების შემდეგ შეიგრძნეს ათენელებმა, თუ რაოდენ დიდებული მბრძანებელი  დაკარგეს.  მოწინააღმდეგენიც  კი იძულებულნი იყვნენ, ელიარებინათ, რომ  ამ ბრძენკაცის უდიდესი სახელი, ხალხის სიყვარულსა და მხარდაჭერაზე რომ იყო დაფუძნებული, სახელმწიფოს მხსნელ ბურჯად ედგა.
აი, როგორ ახასიათებს მას პლუტარქოსი: „საოცარი იყო  ეს კაცი არა მარტო თავისი სიმშვიდითა  და ლმობიერებით, რომელსაც მრავალფეროვანი სახელმწიფო მოღვაწეობის ჟამსა თუ მტრებთან მეტოქეობისას ინარჩუნებდა, არამედ საღი აზროვნებითაც. თავის საუკეთესო თვისებად იგი თვლიდა  იმას, რომ ესოდენ  დიდი ძალაუფლების მქონეს არასოდეს აღძვრია შური,  მრისხანება  და მტერთაგან არცერთი შეურიგებელ მტრად არ მიუჩნევია“.
შენიშვნები:
1. ბერძენთა წარმოდგენით, ოლიმპოსის მთაზე ცხოვრობდნენ ღმერთები, რომელთაც „ოლიმპიელებს“ უწოდებდნენ. 
2. წყურვილის მოსაკლავად ბერძნები წყალთან განზავებულ ღვინოს სვამდნენ. განუზავებელი ღვინის  სმა არ  იყო  მიღებული  და თავისუფალი კაცისთვის უღირს საქციელად  ითვლებოდა. არისტოკრატები, რომლებიც ლამობდნენ შეენარჩუნებინათ  საკუთარი პრივილეგიები, ამტკიცებდნენ, რომ სრული, განუსაზღვრელი უფლებების ხალხისთვის მინიქება ისევე  საზიანოა  და  მიუღებელი, როგორც განუზავებელი ღვინის  სმა. 
3. ეს თუკიდიდესი არ უნდა აგვერიოს სახელოვან ისტორიოგრაფოს თუკიდიდესში, იგი ოლორესის  ძე იყო. 
4. საუბარია ათენის კავშირზე, რომლის დაარსებასაც არისტიდესს მიაწერენ. 
5. ფიდიასი  (დაახლ.  ძვ.წ.  500-43!  წწ.)  – კლასიკური  საბერძნეთის უდიდესი მოქანდაკე და არქიტექტორი, ათენა-პალასისა და ოლიმპიელი ზევსის საქვეყნოდ ცნობილ ქანდაკებათა ავტორი.  სამწუხაროდ,  ჩვენამდე  ამ ცნობილ  ქანდაკებათა ასლებია შემორჩენილი. თავდაპირველი სახით მოაღწიეს მხოლოდ  იმ სკულპტურულმა გამოსახულებებმა, რომლებიც  ამ უბრწყინვალესი მოქანდაკის ხელმძღვანელობით სრულდებოდა. 
6. ამ   დიდებული  ტაძრის  სახელწოდება  წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „პართენოს“, რაც „ქალწულს“ ნიშნავს.
7. ატიკის ეს უმთავრესი დღესასწაული სამ წელიწადში ერთხელ იმართებოდა ქალღმერთ ათენას პატივსადებად. ზეიმისას ტარდებოდა საერთობერძნული ასპარეზობები, რომელთა გამარჯვებულებსაც მშვენიერი ლარნაკებით აჯილდოებდნენ. ეს ე.წ. პანათენეური ლარნაკები გამარჯვებულებს მიჰქონდათ შინ,  სამშობლოში.  დაკრძალვისას  ლარნაკს  თან  ატანდნენ მიცვალებულს.  რამდენიმე პანათენეური ლარნაკი ნაპოვნია შავი ზღვის სანაპიროზეც. ისინი ინახება ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმში. 
8. ბერძნული  სიტყვა  „ოდეონი“  წარმოსდგება  სიტყვისგან „ოდე“  – სიმღერა. 
9. კერკირა (ახლა საბერძნეთის კუნძული კორფუ) მდებარეობს შუა საბერძნეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, 
10. ქანდაკების ოქროს სამოსი ტონაზე მეტს იწონიდა. იგი  სახელმწიფოს ოქროს ფონდს განეკუთვნებოდა  და  შესაბამისად,  შესაძლებელი  იყო  მისი  მოხსნა  და  საჭიროებისამებრ გამოყენება. 
11. მითის თანახმად, ამორძალები, ანუ მებრძოლი ქალები, თავს დაესხნენ ატიკას. მათზე გამარჯვება ათენის ლეგენდარული მეფის, თესევსის, უდიდეს გმირობად ითვლებოდა. ფიდიასის ათენას ქანდაკება არ შემორჩენილა, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია მისმა ასლებმა. ზოგიერთ მათგანზე მართლაც არის შესაძლებელი  ფიდიასისა  და პერიკლესის პორტრეტების  გარჩევა. ფიდიასის  ხელით შესრულებული  სამკაული  ათენას  თავის გამოსახულებით ნაპოვნია ყირიმის კულ-ობის სამარხში და იგი სახელმწიფო ერმიტაჟის საგანძურს ამშვენებს. 
12. აღწერილ ამბებამდე დაახლოებით 200 წლის წინ ალკმეონიდები სასტიკად გაუსწორდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ათენის ამბოხებას მეთაურობდნენ.  მათ საკურთხეველს თავშეფარებული ხალხი ამოხოცეს, რის გამოც გაძევებულ  იქნენ  ქალაქიდან.  მაგრამ  ალკმეონიდები  მალე დაბრუნდნენ  და  მათი  გვარის  წარმომადგენლებს  ხშირად ეკავათ ათენში უმაღლესი თანამდებობები. 
13. პელოპონესოსის  ომი  (ძვ.წ.  43-404  წწ.) მიმდინარეობდა პელოპონესოსის კავშირსა და ათენს შორის. ომმა თანდათანობით ჩაითრია საბერძნეთის ყველა სახელმწიფო.  ამ ომისა და სპარტელთა გამარჯვების თაობაზე უფრო დაწვრილებით მოთხრობილია ალკიბიადესისა  და ლისანდროსის ბიოგრაფიებში. 
14. პლუტარქოსის  თქმით,  ეს  სიტყვები ეკუთვნოდა  ძველი ატიკური კომედიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ჰერმიპოსს.


Комментариев нет:

Отправить комментарий