вторник, 24 апреля 2018 г.

ალკიბიადე – ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და სტრატეგოსი (დაახლ, ძვ.წ. 450-404 წწ.)

ევრიპიდე ამბობდა, ყოველი მშვენიერი შემოდგომაზეც მშვენიერიაო.  ეს სიტყვები ყოველ პიროვნებაზე როდი ითქმის, მაგრამ ალკიბიადესს ნამდვილად შეეფერება.  მისი ცხოვრების ყოველ  ასაკში, დროის ყოველ მონაკვეთში – ბავშვობაშიც, სიყმაწვილეშიცა და მოწიფულობაშიც სხეულის მოხდენილი და მომხიბლავი აღნაგობის გამო იგი მუდამ მშვენიერი იყო,  – ასე ახასიათებდა პლუტარქოსი ალკიბიადესს,  თანაც დასძენდა,  რომ  „მას თურმე  ენა ებმოდა  და  ეს  ენაბრგვილობა უხდებოდა კიდეც, რადგანაც  მის ლაღ მეტყველებას დამაჯერებელსა და მადლიან ძალას ჰმატებდა“.
ალკიბიადესი იყო მდიდარი  და წარჩინებული ათენელის, კლინიასის  ძე.  მისი დედა საბერძნეთის ისტორიაში ცნობილი ალკმეონიდების გვარიდან იყო და  ნათესავად ერგებოდა სახელოვან სახელმწიფო მოღვაწეს, პერიკლესს.
კლინიასმა სახელი მოიხვეჭა ბერძენ-სპარსელთა ომების დროს დაბა არტემისიონთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში, სადაც მტერს საკუთარი სახსრებით აგებული ტრიერით შეება. დაიღუპა კი  იგი ბეოტიელებთან ბრძოლისას.  მისი  გარდაცვალების  შემდეგ ალკიბიადესს მეურვეობდა  სახელოვანი  პერიკლესი  თავის ძმასთან ერთად.  ასე რომ, ალკიბიადესი იზრდებოდა პერიკლესის სახლში, სადაც იმ დროის მრავალ გამოჩენილ ადამიანს ხვდებოდა. მათ შორის ფილოსოფოს ანაქსაგორასს, პოეტ სოფოკლეს, სახელმოხვეჭილ  ასპასიას, რომელიც იმხანად  უგანათლებულეს ქალად ითვლებოდა და სხვებს. 
ჭაბუკმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. გარეგნულად მშვენიერი,  გონიერებითა  და არაჩვეულებრივი ნიჭიერებითაც  გამოირჩეოდა.  ბედმა  მას  უხვად  მიამადლა მრავალი სიკეთე. ალბათ, ამის გამო ხასიათიც თავისებური და წინააღმდეგობრივი ჰქონდა. იგი მეტისმეტად პატივმოყვარე ყოფილა. უფრო ცუდი კი ის იყო, რომ სახელმწიფოს ინტერესებისადმი გულგრილობას იჩენდა და არც ხალხის ბედი აწუხებდა.  ეს მაშინ, როდესაც თავს მბრძანებლობისთვის დაბადებულად მიიჩნევდა. 
ალკიბიადესის პატივმოყვარეობა და პირველობისკენ მისწრაფება ცხადად ჩანს მისი ბავშვობის ხანის ამსახველ მოგონებებში: ერთხელ იგი თანატოლს ეჭიდავებოდა. როდესაც იგრძნო, რომ ვერ ერეოდა, ტანშებოჭილმა მეტოქის ხელები პირთან მიიტანა და კბენა დაუწყო. გამწარებულმა მოწინააღმდეგემ ხელი შეუშვა და შესძახა:  „ეი, შენ რა ქალივით იკბინები!“ – „ქალივით კი არა, ლომივითო!“ – უპასუხა ალკიბიადესმა. 
ერთხელ იგი ქუჩაში კამათელს თამაშობდა. ის-ის იყო გააგორა კიდეც, რომ  ამ დროს გამოჩნდა ეტლი, რომელიც დიდი სისწრაფით უახლოვდებოდა მოთამაშეებს. ალკიბიადესმა შესძახა მეეტლეს, რომ შეეჩერებინა ეტლი და დაეცადა, ვიდრე ბიჭები არ ნახავდნენ, რამდენი ქულა დაგროვდა გაგორებულ კოჭებზე.  მეეტლეს ყურადღება არ მიუქცევია მოთამაშე ბიჭებისათვის, სვლაც არ შეუნელებია. მაშინ ალკიბიადესი წინ გაუწვა ეტლს და შეჰყვირა, რომ უფრო მალე თავს გაასრესინებს, ვიდრე კამათლებს. ზარდაცემული შედგა მეეტლე,  და მხოლოდ  მაშინ, როდესაც კოჭები აიკრიფა, საშუალება მიეცა  მას, გაეგრძელებინა თავისი გზა. 
ნიჭმა  და მშვენიერებამ, ირგვლივ მყოფთა ალფრთოვანებას რომ იწვევდა  და პირფერობამ ახალგაზრდა ალკიბიადესს თავბრუ დაახვია. მან გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაფერი ნებადართულია და ამიტომ კეთილშობილი კაცისათვის უღირს საქციელსაც კი კადრულობდა, ოღონდაც ყურადღება მიეპყრო და ხალხი აელაპარაკებინა. ერთხელ ალკიბიადესმა ბრძანა, კუდი მოეჭრათ მისი დიდი და ლამაზი ძაღლისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სალაპარაკო გამხდარიყო. 
ერთხელ  იგი ქუჩაში შეხვდა  ნაცნობ გრამატიკოსს, სკოლის მოძღვარს,  რომელსაც ჰომეროსის პოემები სთხოვა. როდესაც მოძღვარმა მიუგო, რომ არ ჰქონდა  ეს ქმნილებები, ალკიბიადესმა  მას სილა გააწნა. 
საერთოდ,  ალკიბიადესი იოლად აძლევდა  თავს უფლებას,  ეხმარა ხელი თვით საპატიო ადამიანებთან  დავისას.  ერთხელ  მან  ყველას თანდასწრებით შემოარტყა მდიდარ ჰიპონიკოსს არაფრის გამო, სეირისათვის. მომდევნო დღეს კი დარცხვენილი გამოცხადდა მასთან და სთხოვა, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით გაეროზგა. მაგრამ ჰიპონიკოსმა მას მიუტევა, მოგვიანებით  კი თავის ასულიც მიათხოვა. 
სრულწლოვანი ალკიბიადესი ისეთი მდიდარი იყო, რომ ჰქონდა უზარმაზარი თავლა ცხენებით და საყოველთაოდ ცნობილ ოლიმპიურ ასპარეზობებზე ეტლთა შეჯიბრებებში მონაწილეობდა.
ძველი ბერძნების წარმოდგენით, ოლიმპიურ ასპარეზობათა გამარჯვებულს სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდა. ძვ.წ. VII-VI საუკუნეების საბერძნეთის მრავალი განმგებელი (ტირანი) ყოველნაირად ცდილობდა, გამარჯვების დიდება მოეხვეჭა ოლიმპიაში.  იქ ტირანები დიდძალ თანხებს ხარჯავდნენ ხალხის გასამასპინძლებლად და თუკი გაიმარჯვებდნენ, სადიდებელ ჰიმნს უკვეთავდნენ თავისი დროის საუკეთესო პოეტებს. ალკიბიადესმა ოლიმპიურ თამაშობებზე ერთდროულად  სამი ჯილდო  დაიმსახურა  –  პირველი,  მეორე  და  მეოთხე (რაც არავის ხვდომია წილად),  და  მანაც, ტირანთა მსგავსად გადაწყვიტა,  განეცვიფრებინა ხალხი  თავისი გულუხვობით:  გამარჯვების სადიდებელი შეუკვეთა  სახელმოხვეჭილ პოეტ ევრიპიდეს, ხოლო საუკეთესო მხატვრებს – სურათები თავის გამარჯვებათა გამოსახულებით.  ათენის მოკავშირე მრავალმა ბერძნულმა  სახელმწიფომ, წინასწარ განჭვრიტა რა ალკიბიადესის მომავალი, უხვად ჩამოიტანა მდიდრული სანოვაგე მის მიერ მოწყობილი ნადიმისათვის. 
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ალკიბიადესის ახალგაზრდობაში იყო მისი შეხვედრა, შემდგომ კი მეგობრობა ცნობილ ფილოსოფოს სოკრატესთან.1 იგი დიდი გავლენით სარგებლობდა ათენის ახალგაზრდობაში და მალე ალკიბიადესის მოძღვარიც გახდა. პელოპონესოსის ომის ერთ-ერთი ლაშქრობისას სოკრატე თავის მოწაფესთან ერთად ცხოვრობდა კარავში, მასთან ერთად იბრძოდა  და სიკვდილისგანაც  იხსნა. ალკიბიადესიც,  თავის  მხრივ,  იცავდა სოკრატეს  და რამდენიმეჯერ ააცილა კიდეც საფრთხე თავიდან. ბოლოს  და ბოლოს, ალკიბიადესი  ისე მიეჩვია სოკრატეს, რომ თავისი ბრძენი მეგობრისა და მოძღვრის გარეშე დიდხანს ვეღარ ძლებდა. ყველა გაოცებული იყო იმით, რომ ალკიბიადესი ვახშმობდა და ვარჯიშობდა და საერთოდ, ცხოვრობდა მასზე ბევრად ხნიერ ფილოსოფოსთან ერთად. 
სოკრატე არ ერიდებოდა ალკიბიადესის ნაკლოვანი მხარეების საჯაროდ მხილებას. იგი ლამობდა, თავისი ახალგაზრდა მეგობრისათვის ჩამოეცილებინა  ფარისეველნი, მოქეიფენი და მდიდარი უსაქმურები. მაგრამ, მიუხედავად სოკრატესადმი დიდი მოწიწებისა, ალკიბიადესი ვერ გათავისუფლდა თავისი მავნე  ჩვევებისაგან. 
იმხანად, ათენში სახელის მოსახვეჭად და მაღალი თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელი იყო, კაცს ჰქონოდა მჭევრმეტყველებისა და სახალხო კრებაზე გამოსვლის უნარი. ათენის სახელოვანი ორატორის, დემოსთენესის ცნობით, ალკიბიადესი გამოირჩეოდა ბრწყინვალე მჭევრმეტყველებით.  მას შეეძლო  ხალხის დარწმუნება თავისი სიტყვის ძალით და გააჩნდა იშვიათი უნარი, მოუმზადებლად ესაუბრა ოსტატურად.  იგი არასოდეს იბნეოდა  და ყოველთვის პოულობდა  აზრისთვის შესაბამის გამოთქმას.
ალკიბიადესი საკუთარ მისწრაფებათა განხორციელების მიზნით ათენში  მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათაგან ხან ერთს ემხრობოდა, ხან მეორეს. ჯერ კიდევ ჭაბუკი ოცნებობდა, ყოფილიყო ათენის სახელმწიფოს განმგებელი, ხოლო შემდეგ კი  – მთელი საბერძნეთისა. ალკიბიადესი  ვერ იტანდა ხალხს  და  მიიჩნევდა,  რომ დემოკრატია უნდა შეიცვალოს ერთმმართველობით. ერთხელ  იგი  შინ  ეწვია  პერიკლესს, რომელიც მრავალი წელი განაგებდა ათენის სახელმწიფოს. პერიკლესი თავისი მოღვაწეობის ანგარიშს წერდა.  „განა უმჯობესი  არ  არის,  – უთხრა  მას ახალგაზრდა სტუმარმა,  – იფიქრო იმაზე, რომ საერთოდ არ წარუდგინო ანგარიში ათენელებს“. 
ათენელები იმხანად არისტოკრატულ სპარტას ებრძოდნენ.  ათი წელი სრულდებოდა, რაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ამ დროის განმავლობაში სენმა იმსხვერპლა პერიკლესი, ბრძოლის ველზე დაეცა ათენის დემოკრატიის მეორე შესანიშნავი ბელადი კლეონი. მაგრამ ვერც ათენმა  და  ვერც სპარტამ  ვერ შეძლეს გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. „ზომიერთა“ პარტიის ბელადის,  ნიკიასის რჩევით,  ათენელებმა  ზავი დადეს  (ძვ.წ. 421 წ.), რომლის თანახმადაც მოწინააღმდეგენი ომამდელ მდგომარეობას უნდა დაბრუნებოდნენ. 
ათენის გლეხობას გულწრფელად სურდა მშვიდობა. მათ ყველაზე მეტი იწვნიეს მტრისგან, რომელმაც ერთიანად გაანადგურა მთელი ბაღები და ვენახები.  მაგრამ ქალაქის ხელოსნები, ვაჭრები  და მეზღვაურები  ომის გაგრძელებაზე ოცნებობდნენ, რამეთუ ბრძოლების დროს მათ დიდ საზღაურს უხდიდნენ.  გამარჯვების შემთხვევაში  კი იმედი ჰქონდათ, რომ გამდიდრებული სახელმწიფო მოქალაქეებს უფრო მეტ პურსა და ფულს დაურიგებდა. 
ასეთი იყო მდგომარეობა სახელმწიფოში, როდესაც ალკიბიადესმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. 
წარჩინებულმა წარმომავლობამ, გავლენიანმა მეგობრებმა და მჭევრმეტყველებამ მას სახელმწიფობრივი თანამდებობისკენ გზა გაუხსნეს. ახალგაზრდა კაცს კარგად ესმოდა, რომ ომის მოწინააღმდეგე წარჩინებულნი წარმატებას ვერ მოიპოვებდნენ სახალხო კრებაზე. ამიტომაც მიემხრო ქალაქის მოსახლეობის ომის მოსურნეთა პარტიას, რომლის ბელადიც იყო ჰიპერბოლისი.  თავისი ენამჭევრობის მთელი ძალისხმევით ცდილობდა იგი ხალხის დარწმუნებას ომის აუცილებლობაში.
ალკიბიადესის მოწინააღმდეგე იყო ნიკიასი, რომელიც იღვწოდა სპარტასთან ზავისა და კავშირისათვის. ალკიბიადესი ნიკიასისა და მის მომხრეთა წინააღმდეგ იბრძოდა მთელი ძალებით და გაიმარჯვა კიდეც. 
ძვ.წ. 420 წელს იგი აირჩიეს პირველ სტრატეგოსად და სახელმწიფოს განმგებლად.  ახალმა მთავრობამ  გადაწყვიტა,  მტრისთვის დაერტყა  თავად პელოპონესოსში. ალკიბიადესმა შეძლო ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაეყოლიებინა ზოგიერთი პელოპონესური სახელმწიფო (მათ შორის არგოსი – სპარტის ოდინდელი მტერი), შემოსულიყო ათენის კავშირში. ამის პასუხად სპარტელებმა დაუხანებლად გაილაშქრეს არგოსზე. 
ამ დროს ალკიბიადესი ათენში შეცვალა ნიკიასმა, რომელმაც არ ისურვა, თუ ვერ მოასწრო ახალი მოკავშირეებისათვის სათანადო მხარდაჭერა გაეწია, თუმცა მან ნება დართო ათენელ მოხალისეებს, ალკიბიადესის მეთაურობით წასულიყვნენ მეამბოხე პელოპონესელების დასახმარებლად, გადამწყვეტ ბრძოლაში  მანტინეასთან  (ძვ.წ.  418  წ.) სპარტელებმა იოლად გაიმარჯვეს. არგოსელები იძულებულნი იყვნენ  ისევ დაედოთ ზავი სპარტასთან. მთელ რიგ პელოპონესურ სახელმწიფოებში არისტოკრატული წყობა დამყარდა. 
მანტინეასთან დამარცხებამ ომის მოსურნე ალკიბიადესის პარტიას კრახი  განაცდევინა.  ათენის ადათის თანახმად, დამარცხებული პარტიის ბელადს ოსტრაკისმოსი ელოდა. ალკიბიადესის გაძევება გარდაუვალი ჩანდა.  მაგრამ  მან, დროულად შეაფასა  რა შექმნილი მდგომარეობა,  წინასწარ განჭვრიტა საფრთხე  და მოახერხა შეთანხმებოდა  ნიკიასს. ალკიბიადესისა და ნიკიასის მომხრეები  გაერთიანდნენ, გაძევებული მოულოდნელად აღმოჩნდა ყოვლად უდანაშაულო ჰიპერბოლისი.  მის მიმართ ჩადენილი უსამართლობა იმდენად ცხადი იყო ყველასთვის, რომ დაიწყეს ოსტრაკისმოსის წესის გამასხრება, მალე კიდეც უგულებელყვეს იგი. კოლეგიაში სტრატეგოსებად არჩეული ალკიბიადესი  და  ნიკიასი სახელმწიფოს მართვის სათავეში მოექცნენ. 
მეორედ ჩაიგდო რა ძალაუფლება ხელში, ალკიბიადესმა სახელმწიფო მოღვაწისა  და მხედართმთავრის ბრწყინვალე თვისებები გამოამჟღავნა. თავისი ცხოვრების წესითა და საქმიანობით იგი ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ის იშვიათი ადამიანი იყო, რომელიც ღმერთებმა მოავლინეს მოქალაქეთა მბრძანებლად.  დიდი კომიკოსი პოეტის, არისტოფანეს თქმით, „ხალხს უყვარდა კიდეც და სძულდა კიდეც ალკიბიადესი და არ სურდა მის გარეშე ყოფნა“. მოქალაქეთაგან გონიერნი კარგად ხვდებოდნენ, ვინ იყო  ეს  კაცი.  ისინი ცდილობდნენ, დაენახვებინათ ხალხისთვის, რომ მათი რჩეული ერთმმართველობისკენ ისწრაფოდა.  იმავე არისტოფანეს ერთ-ერთ კომედიაში ათენელები ასეთ აზრს გამოთქვამდნენ: 
„რა საჭიროა, იზრდებოდეს ქალაქში ლეკვი, გალომებული გაიძულებს დაემორჩილო“.2 
ამ სიტყვებით ავტორს სურდა, შეეხსენებინა თანამოქალაქეთათვის, რომ ვიდრე ალკიბიადესს არ ჩაუგდია ხელში მთელი ძალაუფლება და არ დაუმხია დემოკრატია,  საჭიროა  მისგან  თავის დაღწევა.  მაგრამ ალკიბიადესის მიერ გაღებული შეწირულობანი,  გულუხვი  ქორეგია,3  ქალაქისათვის მირთმეული უბადლო  საჩუქრები, წინაპართა პატივისცემა, მჭევრმეტყველება, გარეგნული მშვენიერება, ძალა, სამხედრო გამოცდილება და სიმედგრე ათენელებს აიძულებდა,  ყველაფერი მიეტევებინათ  მისთვის. უხუცესებს ალკიბიადესი  არ მოსწონდათ,  რადგანაც მასში  მომავალ  ტირანს  ხედავდნენ. სტრატეგოს არქესტრატოსს  უთქვამს:  „ორ ალკიბიადესს ელადა ნამდვილად ვეღარ აიტანსო“. 
იმხანად ათენში ცხოვრობდა ვინმე ტიმონი, პირქუში და ადამიანთაგან განდგომილი  კაცი. ერთხელ იგი გამოცხადდა სახალხო კრებაზე, რაც მისგან მოულოდნელი იყო და ალკიბიადესის ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ დარბაზი კი არ დატოვა, არამედ მიუახლოვდა ორატორს, მიესალმა და უთხრა: „კარგია ასე რომ იზრდები. ბოლოს და ბოლოს უდიდეს ბოროტებად გადაიზრდები“. ზოგმა გაიცინა, ზოგმაც გალანძღა ტიმონი. ზოგიერთი კი ამ ნათქვამმა ღრმად ჩააფიქრა. და მართლაც, ალკიბიადესმა მალე დიდი ბოროტება მოუტანა თავის სამშობლოს.  მან განიზრახა, მთელს საბერძნეთსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში ათენის მმართველობა დაემყარებინა.  ამ საქმის აღსასრულებლად პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო სიცილიის დაპყრობა, შემდეგ  კი სამხრეთ იტალიისა, კართაგენისა და აფრიკისა. 
ალკიბიადესი ენერგიულად არწმუნებდა ხალხს, რომ საჭირო იყო დაუყოვნებლივ გაელაშქრათ სიცილიაზე, დაუფლებოდნენ  მის სიმდიდრეს და მერე  სხვა, უფრო დიდი ჩანაფიქრები აღესრულებინათ.  მან შეძლო,  ისე ხატოვნად წარმოედგინა სიცილიისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ზღაპრული სიმდიდრე, რომ თავბრუ დაახვია ახალგაზრდობასა და ათენის ნავსადგომ პირეოსში თავშეყრილ მეზლ ვაურებს.  ალკიბიადესის  მომხრეები ავრცელებდნენ ყველანაირ  წინასწარმეტყველებას იმაზე, რომ ათენელები სიცილიის ხელში ჩაგდების შემდეგ მთელი სამყაროს მბრძანებლები შეიქნებოდნენ. მთელი დღეების განმავლობაში ახალი  ამბების  მოსასმენად აგორასა  თუ სადალაქოებში თავშეყრილი  ხალხი მსჯელობდა  მომავალ ლაშქრობაზე, დიდი თუ პატარა ქვიშაზე ხაზავდა სიცილიის, აფრიკისა თუ კართაგენის რუკებს, მრავალი შედიოდა არმიასა და ფლოტში მდიდარი ნადავლის მოპოვების მიზნით. ნიკიასი და მისი მომხრეები ამაოდ მოუწოდებდნენ ხალსს, უარი ეთქვათ ლაშქრობაზე. ისინი მიუთითებდნენ სიცილიის სიდიდეზე,  მისი მოსახლეობის სიმრავლეზე, ბრძოლის სიძნელეებზე და ა.შ. მრავალი გამჭრიახი მოქალაქე ლაშქრობის წინააღმდეგი იყო.  ასე მაგალითად, ფილოსოფოს სოკრატეს და ასტრონომ მეტონს არ სჯეროდათ გამარჯვებისა და ყოველნაირად ცდილობდნენ მოქალაქეთა გადარწმუნებას. მეტონმა სიგიჟეც კი მოიგონა, ცეცხლი წაუკიდა თავის სახლს, ხოლო დილას  კი გამოცხადდა სახალხო  კრებაზე  და  თავს დატეხილი უბედურების გამო თავისი შვილის ჯარიდან გათავისუფლება ითხოვა. 
ბოლოს და ბოლოს სახალხო კრებამ გადაწყვიტა, სიცილიაზე გაეგზავნა დიდი ესკადრა მრავალრიცხოვანი ლაშქრით,  სტრატეგოსებად დაასახელეს  ალკიბიადესი, ნიკიასი და ლამაქოსი. ნიკიასი მისი სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს სტრატეგოსად, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი სერიოზულობითა  და კეთილგონიერებით შეეკავებინა ახალგაზრდა და ფიცხი მხედართმთავრები. 
ყველაფერი მზად  იყო გამგზავრებისთვის,  რომ მოულოდნელად  მოხდა  საიდუმლოებით მოცული რამ, რამაც არსებითად შეცვალა ომის ბედი: ათენის ქუჩებში აღმართული  იყო ათენელთათვის  წმინდა  და ხელშეუხებელი ჰერმები, გზათა ღვთაება ჰერმესის უხეშად გამოთლილი გამოსახულებები, ფლოტის გამგზავრების წინაღამეს უცნობმა ადამიანებმა  ეს ჰერმები დაჩეხეს. 
ბრალი ედებოდათ კორინთოელებს. თითქოსდა მათ იმიტომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომ იძულებული გაეხადათ ათენელები  ან გადაედოთ ექსპედიცია,  ანდა სულაც ხელი აეღოთ მათი თანატომელი სირაკუსელების წინააღმდეგ გალაშქრებაზე.  ისინი იმედოვნებდნენ,  რომ ცრუმორწმუნე  ათენი ჰერმების დაჩეხვას  ბოროტ უწყებად მიიღებდა  და ექსპედიციას ჩაშლიდა.  მრავალი  ამ საქციელს  დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა ღალატად აღიქვამდა. დაიწყო მკაცრი გამოძიება, რომელმაც ცხადი გახადა რელიგიის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული.  გამოირკვა,  რომ ათენელ ახალგაზრდათა  ერთმა  ნაწილმა  ნადიმის დროს განიზრახა ღვთაება დემეტრეს მისტერიის4 გათამაშება.  ხმა დაირხა, რომ მისტერიების,  ამ წმინდა წესის შეურაცხყოფაში მონაწილეობდნენ ალკიბიადესი და მისი მეგობრები. ზოგიერთი პირდაპირ ადანაშაულებდა ალკიბიადესს ჰერმების წაბილწვასა და სიწმინდეთა შეურაცხყოფაში. 
ალკიბიადესი და  მისი მეგობრები დაიბნენ. ხომალდზე ასულმა მეზღვაურებმა,  მეომრებმა  და მოკავშირეებმა  კი  განაცხადეს,  რომ  არ წავიდოდნენ  სალაშქროდ თავიანთი ბელადის გარეშე. 
ალკიბიადესმა, დარწმუნებულმა, რომ დიდ გავლენას მოახდენდა სახალხო კრებაზე, საქმის დაუყოვნებლივ განხილვა მოითხოვა. მოწინააღმდეგეები შიშობდნენ, რომ იგი მოახერხებდა თავის გამართლებას და ამიტომ ხერხს მიმართეს. „ახლა არ არის იმის დრო, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე გავარჩიოთ,  – ამბობდნენ ისინი,  – დაე, ალკიბიადესი გზას გაუდგეს, ჩვენ მას მშვიდობით მგზავრობას ვუსურვებთ. ომი რომ გასრულდება,  მაშინ გამოცხადდეს სამსჯავროზე თავის გასამართლებლად!“
საქმის  ამ მზაკვრული გადადების აზრს ალკიბიადესი იმთავითვე ჩასწვდა და განაცხადა: „გონივრულია  განა,  ამ უზარმაზარი ლაშქრის სათავეში მყოფი კაცი საომრად გაგზავნოთ  ისე,  რომ  მის წინააღმდეგ აღძრული ბრალდებანი  და  ცილისწამებანი მოუხსნელი დატოვოთ? სჯობს მოვკვდე, თუ თავს არ ვიმართლებ. ჰოდა, როდესაც გავმართლდები, მაშინ ცილისმწამებელთა შიში აღარ მექნება და ხალისით გავემართები სალაშქროდ!“ 
ალკიბიადესმა თავისი ვერ გაიტანა. სახალხო კრებამ  მას სხვა სტრატეგოსებთან ერთად ზღვაში გასვლა უბრძანა.
ძვ.წ.  415 წლის მაისში ალკიბიადესის 134 ტრიერისა და 5000 მძიმედ შეიარაღებული მეომრისაგან შემდგარი ფლოტი, როგორც იქნა, სიცილიისკენ გაემგზავრა. იტალიის ნაპირებთან ათენის ესკადრას პირველი უბედურება შეემთხვა: სამხრეთ იტალიის ბერძნულ სახელმწიფოთა უმეტესობა ათენელებს მტრულად  შეხვდა. უზარმაზარი ესკადრის გამოჩენამ ჩრდილოეთით მცხოვრებ ბერძენთა მღელვარება გამოივწია. მათ ესმოდათ, რომ ათენელები მოვიდნენ არა მათ დასახმარებლად, არამედ იტალიის დამოუკიდებელ ბერძნულ სახელმწიფოთა დასამორჩილებლად.
ალკიბიადესმა აიღო ქალაქი რეგიუმი, შემდეგ კი გადავიდა სიცილიაზე. ხელში ჩაიგდო ქალაქი  კატანე  და  ის-ის  იყო სირაკუსას  ალყას იწყებდა,  რომ მოუ- ლოდნელმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. 
საქმე  ის იყო, რომ ათენში ალკიბიადესის ფლოტის გამგზავრების შემდეგ, სახალხო კრებაზე მის მოწინააღმდეგეთა განწყობილებამ იმძლავრა, მტრები არ ცხრებოდნენ. „ჰერმების დამახინჯება და მისტერიების შეურაცხყოფა, – ამბობდნენ ისინი,  – ეს საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. ურწმუნო დამნაშავეთა მთავარი მიზანი ათენის დემოკრატიის განადგურებაა“. დაიწყო ეჭვმიტანილთა დევნა,  წამება, დასჯა. 
დაპატიმრებულთა შორის იყო  ვინმე ანდოკიდესი, დემოკრატიის აშკარა  მოძულე.  იგი მხოლოდ  იმიტომ მოხვდა მსჯავრდებულებში,  რომ  მისი  სახლის  წინ აღმართული უზარმაზარი ჰერმა არ იყო დაზიანებული. ციხეში ანდოკიდესმა გაიცნო კიდევ ერთი მსჯავრდებული, სახელად ტიმეოსი, რომელმაც დაარწმუნა იგი, 
მიეცა ყალბი ჩვენება  მის ამხანაგებზე.  „ვინც თავს დამნაშავედ სცნობს  და  თანამზრახველებს გასცემს, შეწყალებული იქნება,  – ამბობდა ტიმეოსი,  – სამსჯავროს დასკვნა არავინ იცის, ხალხი დევნის დემოკრატიის მტრებს.  ჩვენ, ალბათ, ყველას სასიკვდილო  განაჩენს  გამოგვიტანენ.  უმჯობესია,  – განაგრძობდა  იგი,  –  თავი ვიხსნათ თუნდაც სიცრუით, გავწიროთ ზოგი ეჭვმიტანილი, თუკი მრავალ პატიოსან კაცს ხალხის რისხვისგან ვიხსნით“. 
ტიმეოსისგან დარწმუნებულმა ანდოკიდესმა თავის თავსა და სხვებზეც ყალბი  ჩვენება მისცა. თავად გადარჩა, მაგრამ მის მიერ დასმენილი უდანაშაულო ხალხი დაისაჯა.
სახალხო კრება ისევ მძვინვარებდა. ახლა უკვე ხალხის რისხვა ალკიბიადესისკენ წარიმართა.  ყველაფერი  იმით დასრულდა,  რომ  გადაწყვიტეს,  გაეგზავნათ მისთვის ხომალდი  „სალამინია“,  ჩამოეყვანათ  იგი ათენში  და დაუყოვნებლივ  წარედგინათ სამსჯავროზე.
ალკიბიადესს შეეძლო არ დამორჩილებოდა ამ განაჩენს და დარჩენილიყო მისი ერთგული ფლოტისა  და ლაშქრის  სათავეში,  მაგრამ  მან  გადაწყვიტა,  დაეთმო მთავარსარდლის უფლებები. ათენისაკენ მომავალი  ის გაიქცა. 
ალკიბიადესი დაუსწრებლად გაასამართლეს.  მას ბრალად დასდეს ჰერმების წაბილწვა,  მისტერიების შეურაცხყოფა  და სასიკვდილო  განაჩენი  გამოუტანეს, ქონება ჩამოართვეს; სამსჯავროს გადაწყვეტილებით, ქურუმებს უნდა შეეჩვენებინათ იგი, ვითარცა მოღალატე და სიწმინდეთა წამბილწველი. როდესაც  ეს ალკიბიადესს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მალე იგრძნობენ ათენელები, რომ ცოცხალი ვარ!“ 
ახლა უკვე სამშობლოში დაბრუნების იმედი საბოლოოდ დაკარგული იყო. იმის შიშით, რომ ათენელებისათვის არ გადაეცათ, ალკიბიადესმა ღალატი განიზრახა. მან სპარტელებს თავშესაფარი სთხოვა,  სამაგიეროდ შეჰპირდა, რომ ამიერიდან მათ გაცილებით მეტ სიკეთესა და სარგებლობას მოუტანდა, ვიდრე  ის ვნება იყო, რომელიც მტრობის  ჟამს  მიაყენა. სპარტელებმა თანხმობა განაცხადეს  მის მიღებაზე და ალკიბიადესიც უხიფათოდ ჩავიდა სპარტაში.
უპირველეს ყოვლისა,  მან სპარტელებს ურჩია, სირაკუსელთა დასახმარებლად მეომრები გაეგზავნათ, ხოლო შემდეგ  კი დაეკავებინათ და გაემაგრებინათ დეკელეა – ატიკის მნიშვნელოვანი პუნქტი.  ამ რჩევით ალკიბიადესმა საშინელი უბედურება დაატეხა თავს ათენელებს.
მან სპარტელთა კეთილგანწყობა დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ყოველთვის უნდობლად ხვდებოდა უცხოელებს. ალკიბიადესი ცდილობდა, ეცხოვრა სპარტული ცხოვრების  წესით.  მან გრძლად  მოუშვა  თმა,  ბანაობდა  მთის მდინარეთა ცივ წყალში, მიირთმევდა ცნობილ სპარტულ შავ წვნიან კერძს. სპარტელებს: არ სჯეროდათ,  რომ  ეს  კაცი მიჩვეული  იყო გემრიელ  საკვებს  და რომ ათენში იგი ოდესმე მედიდურად მიაბიჯებდა მილეტური ქსოვილის ძვირფასი მოსასხამით მოსილი.
ალკიბიადესს  ჰქონდა  იშვიათი  ნიჭი,  მიეზიდა  სხვადასხვა ჯურის  ხალხი  და თანაც მათი ცხოვრების წესი და ჩვევები მიეღო.  მას ერთნაირად შეეძლო კარგისა და ცუდის შეგუება. იგი სპარტაში ბევრს ვარჯიშობდა, იყო უბრალო, სერიოზული, სიტყვაძუნწი;  მცირე აზიის იონიელებში მდიდრულად ცხრვრობდა, ერთობოდა თავდავიწყებით; თრაკიაში უგონოდ სვამდა, თრაკიელთა წესისამებრ; თესალიაში ჯირითით იყო გატაცებული, მაგრამ ტისაფერნესის კარზე ისეთი ბრწყინვალებითა  და განცხრომით ცხოვრობდა,  რომ ფუფუნებას მიჩვეულ  სპარსელებსაც  კი აკვირვებდა.  ეს შინაგანი გარდასახვანი ალკიბიადესისათვის ნიღბები იყო, რომელთაც მხოლოდ იმიტომ ირგებდა, რომ ხალხისთვის თავი მოეწონებინა,  მათგან  ის მიეღო, რაც სჭირდებოდა. 
ალკიბიადესის მეგობრობა სპარტელებთან დიდხანს არ გაგრძელებულა. მისმა რჩევებმა მტერს სარგებლობა მოუტანა. სპარტამ იძალა. სიცილიური ექსპედიცია დასრულდა ათენელთა მწარე დამარცხებით. დაიღუპა მთელი ფლოტი, მთელი ლაშქარი,  ყველა სტრატეგოსი.  მარცხისდა მიუხედავად ათენელები ჯიუტად  განაგრძობდნენ ბრძოლას. 
სპარტელები მიხვდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გაანადგურებდნენ  ათენის სამხედრო ძლიერებას და დახმარებისათვის მიმართეს სპარსელებს. სპარსეთის მეფემ აღუთქვა სპარტელებს, რომ დაეხმარებოდა ფულითა და მეომრებით. სპარტელები სპარსული ფულით აწარმოებდნენ ომს, გასამრჯელოს  უხდიდნენ დაქირავებულებს;  ამავე ფულით მათ ააგეს უზარმაზარი ფლოტი, რომელიც ზღვაზე ბატონობაში ეცილებოდა ათენელებს. 
სპარტის განმგებელთ ახლა უკვე აღარ სჭირდებოდათ ალკიბიადესი. ერთ-ერთი მეფე,  აგისი,  რომელიც პირადად შეურაცხყო ალკიბიადესმა,  მისი  დაუძინებელი მტერი  გახდა.  მრავალი წარჩინებული  და გავლენიანი სპარტელი  მას შურითა  და უნდობლობით ეპყრობოდა.  ამას კარგად გრძნობდა ალკიბიადესი და გაქცევა  განიზრახა.  ამ ჩანაფიქრის აღსასრულებლად მალე  მას ჩინებული შემთხვევა მიეცა. 
ალკიბიადესმა ესკადრასთან ერთად იონიისკენ  გასწია ქიოსელების დასახმარებლად  და თითქმის  ყველა  ბერძნული სახელმწიფო  ათენისაგან  განსადგომად განაწყო.  ამ დროს  მას გააგებინეს, რომ სპარტელებს მისი მოკვლა განეზრახათ. 
მაშინ იგი გაიქცა სპარსეთის მეფისნაცვალ სატრაპ ტისაფერნესსთან.  ეს ეშმაკი და გაიძვერა ადამიანი ბერძენთა მოსისხლე მტერი იყო. სატრაპმა თავაზიანად მიიღო ალკიბიადესი, რომელიც მალე  მის კარზე ყველაზე უფრო გავლენიან  კაცად იქცა. ვერავინ უძლებდა ალკიბიადესის მაცდუნებელ ხიბლს. 
სპარტელებზე განაწყენებულმა ალკიბიადესმა ახლა მათი მტრობა ჩაიდო გულში. მან ურჩია ტისაფერნესს, სპარტელებისადმი დახმარების შესუსტებით თანდათან  დაესუსტებინა ერთმანეთთან  მოქიშპე  ქვეყნები.  „ასე  ამოწყვეტენ  ბერძნები ერთმანეთს,  –  ამბობდა  იგი,  –  და  მოქნილ იარაღად  აღმოჩნდებიან  სპარსეთის მეფის ხელებში“. 
მზაკვარი სატრაპი ხვდებოდა, რომ ალკიბიადესის რჩევა სპარსეთს ერთობ წაადგებოდა და ყოველთვის მისი მითითებისამებრ იქცეოდა.
მალე სპარტელებმაც და ათენელებმაც შეიგნეს, თუ რამდენი რამ იყო ალკიბიადესზე დამოკიდებული და სცადეს მისი გადმობირება. 
ალკიბიადესს მშვენივრად ესმოდა, რომ ათენელების ძალებს აღემატებოდა ერთდროული ბრძოლა  ისეთი ძლევამოსილი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ სპარტა და სპარსეთი. ამიტომ ათენელთათვის ერთადერთ გამოსავალს იგი სპარსეთთან დაახლოებაში ხედავდა. ალკიბიადესს ახლა მიეცა ხელსაყრელი შემთხვევა სპარსეთთან დაეზავებინა  ათენი,  რაც  მას სამშობლოს ერთგულ შვილად წარმოაჩენდა. 
ამასობაში ათენელმა არისტოკრატებმა და მდიდრებმა ისარგებლეს იმით, რომ დემოკრატიის მომხრენი საბრძოლველად იყვნენ წასულნი და სახელმწიფო გადატ- რიალება განიზრახეს. 
იმხანად ათენის ფლოტი კუნძულ სამოსთან იდგა. მიუხედავად ყველა უბედურებისა, იგი ჯერ კიდევ მრისხანე ძალად რჩებოდა. მაგრამ ათენელებს ეშინოდათ ტისაფერნესისა,  რომელიც სპარტელებს  შეჰპირდა  150 ფინიკიურ5 ტრიერს:  ეს სპარტელთათვის გამარჯვებას ნიშნავდა. 
როდესაც ალკიბიადესმა ყოველივე შეიტყო, საიდუმლო მოლაპარაკება გამართა სამოსთან მდგომი ათენის ესკადრის მთავარსარდლებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ არისტოკრატებს. მოაჩვენა რა თავი არისტოკრატთა მომხრედ, ალკიბიადესი მათ ტისაფერნესსთან დაზავებას შეჰპირდა:  „არა იმიტომ, რომ ათენის ხალხს გამოვადგე, – ამბობდა იგი, – არამედ იმიტომ, რომ მსურს გაიმარჯვოს არისტოკრატიამ, რომელსაც ერთადერთს  ძალუძს დაღუპვის  გზად  მიმავალი  სახელმწიფოს ხსნა“. 
ათენის ესკადრის მეთაურთაგან  ალკიბიადესის  მომხრეებმა  მეზღვაურებისაგან ფარულად გაგზავნეს ათენში ერთ-ერთი თანამოაზრე.  მას უნდა ენახა გავლენიანი მოქალაქეები და ერჩია, დაემხოთ დემოკრატია, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ალკიბიადესის მიერ აღთქმული ზავი ტისაფერნესსთან. არისტოკრატიული წყობის მომხრე სპარტელებიც უფრო მეტად იქონიებდნენ კავშირს არისტოკრატებთან, ვიდრე დემოკრატებთან.  ასე დაწესდა ათენში  400 მდიდარი  და გავლენიანი მოქალაქის ბატონობა. 
როდესაც  ეს ამბავი სამოსის ესკადრის დემოკრატმა ზღვაოსნებმა გაიგეს, თავიანთ სტრატეგოსებზე  განრისხებულებმა მოიწვიეს ალკიბიადესი და  სთხოვეს ფლოტის მთავარსარდლობა, მათ სურდათ,  დაუხანებლივ გაეცურათ პირეოსისკენ ტირანიის დასამხობად. 
მაგრამ ალკიბიადესი თვლიდა, რომ თუ იგი ათენისკენ გაემართებოდა, მტერი ხელთ იგდებდა  იონიას,  ჰელესპონტოსის  სანაპიროებსა და  ქალაქი ვეღარ  მიიღებდა პურს შავი ზღვიდან;  მაშინ ომი წაგებული იქნებოდა.  ამას გარდა,  აუცილებელი იყო ფინიკიური ესკადრისა და სპარტის ფლოტის შეერთების ჩაშლა, 
ალკიბიადესმა მიიღო ათენის ფლოტის მთავარსარდლობა, დაუყოვნებლივ  გავიდა ზღვაში  და  ტისაფერნესი დაიყოლია,  განერიდებინა  ფინიკიური  ესკადრა სპარტელთა ფლოტისგან.
მალე ათენში „ოთხასთა“ მმართველობა დაეცა. ალკიბიადესის მეგობრები დიდად ეხმარებოდნენ სახალხო პარტიას. ათენელები ახლა  უკვე ალკიბიადესს  უხმობდნენ. მაგრამ  მან განიზრახა, მხოლოდ როგორც გამარჯვებული და  სამშობლოს მხსნელი ისე დაბრუნებულიყო ქალაქში. 
იმხანად ათენის ფლოტი ებრძოდა სპარტის ფლოტს. ალკიბიადესი რამდენიმე ხომალდით დაიძრა თანამემამულეთა მისაშველებლად.  იგი ზუსტად  იმ დროს მიადგა აბიდოსს, როდესაც გამარჯვებულმა სპარტელებმა  დევნა დაუწყეს  ათენელებს.  მაშინ ალკიბიადესი თავს დაესხა სპარტელებს  და უკუაქცია  ისინი.  ათენელებმა მტრის მიერ ხელში ჩაგდებული ხომალდები დაიბრუნეს, ბევრი სპარტული ხომალდი ჩაძირეს, ოცდაათი  კი ტყვედ ჩაიგდეს. 
წარმატებებით აღფრთოვანებული ალკიბიადესი ტისაფერნესსთან გაემართა, რათა ათენელთათვის დახმარების გაწევაზე მოლაპარაკებოდა. მაგრამ მზაკვარმა სატრაპმა მისი შეპყრობა და სარდეს საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. ერთი თვის შემდეგ ალკიბიადესმა გაქცევა და კვლავ ათენის ფლოტთან დაკავშირება მოახერსა. 
ქალაქ  კიძიკოსის6 მახლობლად ალკიბიადესმა სპარტის ფლოტი  აღმოაჩინა. იგი თავისი 40 ხომალდით თავს დაესხა სპარტელებს. ხომალდები ერთმანეთს  შეებნენ.  ამ დროს გამოჩნდნენ ათენის მთავარი ძალებიც. შეშინებული სპარტელები უკუიქცნენ და ხმელეთზე ეძიებდნენ ხსნას. მაშინ ალკიბიადესმა გადასხა დესანტი და შეუტია სპარტელთა  და სპარსელთა მთავარ ძალებს, რომელთაც მეთაურობდნენ მინდაროსი და სატრაპი ფარნაბაძოსი. 
ათენელებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს. მამაცურად მებძროლი  მინდაროსი ბრძოლის  ველზე  დაეცა, ხოლო ფარნაბაძოსი  უკუიქცა.  მტრის  ყველა ხომალდი  ტყვედ  ჩაბარდა,  სპარტის ფლოტი ერთიანად  დაიღუპა; ათენელებმა კვლავ დაიბრუნეს ზღვაზე ბატონობა. მათ კიძიკოსიც  კი დაიპყრეს, რითაც  უზრუნველყვეს ათენის პურით მომარაგება ჰელესპონტოსიდან. 
ათენელთა ხელში სპარტელთა წერილი აღმოჩნდა.  იგი მათთვის დამახასიათებელი ლაკონიურობით  იყო დაწერილი:  „ყოველი  სიკეთე  დაიღუპა.  მინდაროსი მკვდარია. ხალხი შიმშილობს.  არ ვიცით,  რა ვიღონოთ“. 
ალკიბიადესი შეუდგა ათენისაგან გამდგარ სახელმწიფოთა დამორჩილებას. ათენის სტრატეგოს თრასილოსსთან ერთად  მან დაამარცხა ფარნაბაძოსის დიდძალი ლაშქარი და მისი სატრაპიის ძარცვა დაიწყო. შემდეგ ქალაქ ქალკედონში7 ალყაში მოიმწყვდია სპარტული გარნიზონი, რომლის მისაშველებლადაც ისწრაფა ფარნაბაძოსმა. ალკიბიადესმა დაამარცხა ისინი. სპარტელთა მხედართმთავარი ბძროლაში დაეცა, ფარნაბაძოსმა  კი კვლავ მოახერხა გაქცევა. 
ამის მერე ალკიბიადესი ბიძანტიონისკენ გაემართა და ქალაქს ალყა შემოარტყა. შემდეგ ხმა დაარხია, რომ ხსნის ალყას და მთელი თავისი ფლოტით ზღვაში გავიდა. ღამით კი ისევ მობრუნდა და ჰოპლიტთა დესანტი გადასხა ხმელეთზე. ნაპირს მთელი ესკადრა მიუახლოვდა. ათენელთა მომხრეებმა ქალაქის კარიბჭე გახსნეს. 
ამასობაში ქალაქში მყოფმა პელოპონესელმა, ბეოტიელმა და მეგარელმა  მეომრებმა მოიგერიეს დესანტის თავდასხმა  და ხომალდებისკენ განდევნეს მტერი. შემდეგ კი თავს დაესხნენ ათენელებს. მაგრამ ალკიბიადესმა  ეს სისხლისმღვრელი ომიც მოიგო. ბიძანტიონი დაეცა. 
ახლა  კი, რვაწლიანი განშორების შემდეგ,  იგი მდიდარი ნადავლით ბრუნდებოდა ათენში, ვითარცა გამარჯვებული და სამშობლოს მსხნელი.  მას თან მიჰქონდა მტერთან ბრძოლის  ჟამს ხელში ჩაგდებული მრავალი ხომალდი. ალკიბიადესის ტრიერებზე გამოფენილი იყო მოწინააღმდეგეთა ჩაძირული ხომალდების  კიჩოთა აღსაკაზმავი. 
მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი ბრბო მას გვირგვინებით ეგებებოდა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდა ხალხი მისასალმებელი შეძახილებით. ხანდაზმულები ახალგაზრდებს მოარბენინებდნენ  მის სამზერად. 
მაგრამ ხალხის სიხარულს დათმენილ უბედურებათა ნაღვლიანი მოგონება აუფერულებდა. მრავალი მოქალაქე მიიჩნევდა,  რომ სიცილიის ექსპედიციას ასეთი სავალალო ბოლო არ ექნებოდა,  მის სათავეში ალკიბიადესი რომ დარჩენილიყო. 
სახალხო  კრებაზე  ალკიბიადესი აცრემლებული  ჰყვებოდა  თავის უბედურებებზე. შემდეგ შეეცადა ათენელებში მტერზე საბოლოო გამარჯვების იმედი აღეძრა. მისმა სიტყვამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. სახალხო კრებამ იგი განუსაზღვრელი უფლებებით აირჩია სტრატეგოსად ხმელეთსა და ზღვაზე ომებისათვის.  ამას გარდა, ალკიბიადესი შეამკეს ოქროს გვირგვინით, დაუბრუნეს ჩამორთმეული ქონება და საზეიმოდ მოხსნეს ის წყევლა, რომლითაც იგი შეაჩვენეს,  ვითარცა სამშობლოს მოღალატე. 
ალკიბიადესი ბედნიერების მწვერვალზე იყო. ხალხი მხოლოდ მას ენდობოდა, მხოლოდ  მას  მიიჩნევდა  მხსნელად.  მრავალი  მომხრე არწმუნებდა ალკიბიადესს დაეშალა სახალხო კრება,  განედევნა სახელმწიფოს დამღუპველი მოლაყბე ორატორები  და თავი ტირანად  გამოეცხადებინა.  მაშინ  მისმა მოწინააღმდეგე არისტოკრატებმა განიზრახეს, რაც შეიძლება სწრაფად გაეძევებინათ იგი ათენიდან.
100 ტრიერისგან შემდგარი ფლოტით ალკიბიადესმა ათენიდან გაცურა და თავს დაესხა ანდროსს.  მან დაამარცხა ანდროსელები, სპარტის ჯარი,  მაგრამ ქალაქების  აღება  ვერ  მოახერხა.  ალკიბიადესის  მტრებმა  სცადეს,  გაეზვიადებინათ  ეს უმნიშვნელო მარცხი. ხალხს კი ძველებურად სჯეროდა მისი და მიიჩნევდა, რომ ამ კაცისთვის არაფერი იყო შეუძლებელი. ელოდნენ დიად გამარჯვებებს, თანაც დაუყოვნებლივ, ქიოსისა  და მთელი იონიის დამორჩილებას. როდესაც გაიგეს, რომ საქმე არც თუ ისე სწრაფად მიიწევდა წინ, მრავალმა უკმაყოფილება გამოხატა და ალკიბიადესი დაუდევრობაში დაადანაშაულა. 
სხვათა შორის; ალკიბიადესს თავის მეზღვაურთა შესანახი სახსრები არ ჰქონდა.  მას ხშირად უხდებოდა ფულისა  და სანოვაგის მოსამარაგებლად ლაშქრისა და ფლოტის მიტოვება ხანგრძლივი დროით. 
ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს ალკიბიადესი კარიის ნაპირებისკენ გაემართა. ფლოტის მეთაურობა სტრატეგოს ანტიოქოსს დაავალა.  იგი შესანიშნავი ზღვაოსანი იყო, მაგრამ ამასთანავე გულზვიადი და გონებაშეზღუდულიც. ალკიბიადესისგან მას ნაბრძანები ჰქონდა, მტრებს სულ ახლოსაც რომ მოეცურათ თავდასასხმელად, არამც  და არამც ზღვაზე ბრძოლაში არ ჩაბმულიყო.  მაგრამ  მან არად ჩააგდო  ეს ბრძანება, მოამზადა ერთი თავისი  და ერთიც  სხვა ტრიერი,  მიცურდა ეფესოსსთან და მტრის ხომალდების წინ თავმომწონედ გაცურა. მაშინ სპარტის ფლოტს მეთაურობდა ლისანდროსი, რომელიც დაედევნა უგუნურ  ანტიოქოსს და დაამარცხა. შემდეგ ხელთ იგდო მრავალი ხომალდი,  ტყვე და ტროპეონიც აღმართა. 
გაიგო თუ არა  ეს ამბავი ალკიბიადესმა, დაბრუნდა სამოსზე  (იქ იდგა ათენის მთელი ფლოტი), ღუზა  აუშვა  და სომალდები სპარტელთა  წინააღმდეგ  დაძრა, მაგრამ ლისანდროსი, რომელმაც კარგად უწყოდა ალკიბიადესის საბრძოლო  ხე- ლოვნების სიდიადე, ბრძოლას განერიდა.
იმხანად ფლოტში მსახურობდა ალკიბიადესის პირადი მიტერი,  ვინმე თრასიბულოსი.  ამ მარცხის შემდეგ იგი ათენში დაბრუნდა, რათა სახალხო კრება ალკიბიადესის წინააღმდეგ განეწყო.  მისი თქმით, ალკიბიადესი იმიტომ იყო დამნაშავე,  რომ ფლოტის განმგებლობა უნიჭო  ხალხს  გადააბარა,  თავად  კი  აქეთ-იქეთ მოგზაურობდა, ფულს აგროვებდა და მხიარულად ატარებდა დროს,  მაშინ, როდესაც მტერი კარზე ჰყავდა მომდგარი.
სახალხო კრებამ ირწმუნა ეს და სხვა ბრალდებებიც და ალკიბიადესს უნდობლობა გამოუცხადა: აირჩია სხვა სტრატეგოსები. 
ალკიბიადესმა სახალხო კრების ეს გადაწყვეტილება მაშინ შეიტყო, თრაკიაში რომ იმყოფებოდა ფულის შესაგროვებლად. იგი შეშინდა  და  ათენის ფლოტთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. შეაგროვა დაქირავებული ჯარი და თრაკიული ტომების წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ თავზე აიღო. 
ამასობაში ალკიბიადესის შემცვლელმა სტრატეგოსებმა შეაგროვეს ათენის მთელი ფლოტი და საბრძოლველად შეიკრიბნენ ეგოსპოტამოსსთან. დილით ისინი მიუახლოვდნენ ლისანდროსის ესკადრას, რომელიც მეორე ნაპირზე იდგა ლამფსაკოსის ყურეში. ათენელებმა ბრძოლად იხმეს მტერი, ხოლო შემდეგ უწესრიგოდ დაიხიეს უკან. 
ათენის ფლოტის  ეს უწესრიგობა შენიშნა ალკიბიადესმა, რომელიც შემთხვევით  იქვე იმყოფებოდა.  იგი ცხენზე ამხედრებული მიიჭრა სტრატეგოსებთან  და აუწყა, რომ მათ არახელსაყრელი პოზიცია ჰქონდათ შერჩეული. ურჩია, გადაეყვანათ ფლოტი სხვა ადგილზე. ისიც უთხრა, რომ ისინი მეზღვაურებს სულ ამაოდ აძლევდნენ უფლებას დიდი ხნით დაეტოვებინათ ხომალდები  ან გაეყვანათ ისინი მტრის  ნაპირზე.  პასუხად  ალკიბიადესს ერთ-ერთმა სტრატეგოსმა  უხეშად  უბრძანა, გასცლოდა იქაურობასა  და სხვის საქმეში არ ჩარეულიყო. 
მალე დრომ ნათელყო, რომ ალკიბიადესი მართალი  იყო: ლისანდროსი მოულოდნელად  თავს  დაესხა  ათენის ფლოტს  და  ერთიანად  გაანადგურა.  გადარჩა მხოლოდ  8 ხომალდი კონონოსის მეთაურობით. ათენელებს აღარ დარჩათ ფლოტი, ბრძოლის გაგრძელება უიმედო იყო. მალე ათენელებმა თავი დამარცხებულად სცნეს და მტერს დანებდნენ. 
ახლა  უკვე ხმელეთსა  და ზღვაზე სპარტელები მბრძანებლობდნენ.  ალკიბიადესი გაემგზავრა ფრიგიაში, სატრაპ ფარნაბაძოსსთან და მის კარზე ცხოვრობდა დიდი პატივით. 
სამარცხვინო  და დამამცირებელი  იყო  იმხანად  მძიმე  გასაჭირში ჩავარდნილ ათენელთა  მდგომარეობა.  ახლა,  როდესაც ყველაფერი დაღუპული  იყო,  ხალხი ცრემლებით იგონებდა თავის  შეცდომებს.  უმძიმეს ცოდვად  მიიჩნევდნენ  ათენელები  იმას,  რომ უმნიშვნელო წარუმატებლობის გამო სახელმწფიოს განარიდეს ყველაზე მოხერხებული და ნიჭიერი ბელადი. ბევრი ფიქრობდა, რომ ვიდრე ალკიბიადესი ცოცხალი იყო, ათენს ჯერ კიდევ უნდა ჰქონოდა ხსნის იმედი. 
მაგრამ სპარტელები არ ასვენებდნენ ალკიბიადესს.  არ არის ზუსტად ცნობილი,  თუ როგორ დაიღუპა  იგი. ზოგიერთები გადმოგვცემენ, რომ ლისანდროსმა ელჩი აახლა ფარნაბაძოსს ალკიბიადესის მოკვლის მოთხოვნით. ფარნაბაძოსმა  კი მკვლელები გაგზავნა თრაკიის  იმ პატარა სოფელში, სადაც ცხოვრობდა ალკიბიადესი. მკვლელებმა ცეცხლს მისცეს მისი სახლი, და როდესაც გარეთ გამოვარდა ალკიბიადესი, ისრებით განგმირეს. სხვები ამბობენ, რომ ალკიბიადესი უღირსი საქციელისთვის ხალხმა მოკლაო ფარნაბაძოსის წაქეზებით.
შენშვნები: 
1. სოკრატე  (ძვ.წ. 469-399 წწ.) – სახელოვანი ათენელი ფილოსოფოსი, იდეალისტი, პლატონის მოძღვარი. დემოკრატიისათვის  მიუღებელი  შეხედულებების  ქადაგების  გამო  იგი სიკვდილით დასაჯეს. 
2. ბაყაყები“, სტრ.  1425;  1432-1433, 
3. საკუთარი სახსრებით საზოგადო სანახაობათა მოწყობა.
4. მისტერია – ღვთაებისადმი მიძღვნილი საიდუმლო წესი, რომელსაც მხოლოდ განდობილები აღასრულებდნენ ხოლმე. ყველაზე  მეტად ცნობილი  იყო ელევსინური  მისტერიები, რომლებიც ღვთაება დემეტრესა  და  მის ასულ პერსეფონეს ეძღვნებოდა.  იგი ატიკის ქალაქ ელევსინში იმართებოდა. 
5. ფინიკია  – ქვეყანა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ახლანდელი – სირია  და ლიბანი). ფინიკიელებს  იცნობდნენ,  როგორც  დახელოვნებულ  ზღვაოსნებსა  და ხომალდმშენებლებს. 
6. კიძიკოსი  – ქალაქი მცირე აზიის ფრიგიაში. 
7. ქალკედონი – ქალაქი ბითვინიაში (მცირე აზია), ბოსფორის სრუტის გასასვლელში.


Комментариев нет:

Отправить комментарий