вторник, 24 апреля 2018 г.

დემოსთენე – ათენური ცივილიზაციის უკანასკნელი გიგანტი (ძვ.წ. 384-322)

ანტიკურ  სამყაროში  დემოსთენესის  სახელი სამშობლოს  უანგარო  სამსახურის სიმბოლოდ  იქცა, მისი  მჭევრმეტყველების ოსტატობით გამოწვეული აღფრთოვანება კი არ მინელებულა მრავალი საუკუნის შემდეგაც. როდესაც ერთხელ სახელოვანი რომაელი ორატორისთვის, ციცერონისთვის უკითხავთ, თუ რომელს მიიჩნევდა საუკეთესოდ დემოსთენესის სიტყვათაგან, „უდიდესსო“ –  ასე მიუგია.
ძველ სამყაროშივე უბრწყინვალეს ორატორად აღიარებული დემოსთენესი დაიბადა  ძვ.წ.  384 წელს  ათენში.  მისი  მამა, რომელსაც  ასევე  დემოსთენესი  ერქვა, ფლობდა  იარაღის სახელოსნოს  და  იყო  საკმაოდ შეძლებული  კაცი.  იგი  მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მომავალ ორატორს შვიდი წელი შეუსრულდა.  მისგან შვილებს (დემოსთენესს ორი წლით უმცროსი დაც ჰყავდა) დიდძალი მემკვიდრეობა დარჩათ.
ბავშვების აღზრდა მიენდოთ დედასა და მეურვეებს, მაგრამ  ეს მეურვენი  (ბიძები დედის მხრიდან) არაკეთილსინდისიერნი აღმოჩნდნენ. ისინი მოძღვრებს არ უხდიდნენ გადასახადსა და არ ზრუნავდნენ ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე. იმხანად დემოსთენესი სუსტი  და განუვითარებელი მოზარდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. როდესაც იგი სრულწლოვანი გახდა, მეურვეებმა მისთვის მხოლოდ სახლი გაიმეტეს მონებით, ხოლო ფულისა და ქონების დიდი ნაწილი თავად მიისაკუთრეს. ახალგაზრდა კაცი თავდაპირველად ლამობდა დაერწმუნებინა მეურვეები, საკუთარი ნებით დაებრუნებინათ მისთვის მემკვიდრეობა,  მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განიზრახა სამსჯავროსათვის მიემართა.  საქმე წარმატებით რომ წარემართა, აუცილებელი იყო ათენის კანონთა საფუძვლიანი ცოდნა და, რაც მთავარია, ორატორული ხელოვნების ფლობა.
იმხანად, დემოკრატიული წყობის პირობებში,  ათენის ყოველ მოქალაქეს  უხდებოდა სასამართლოსა თუ სახალხო კრებაზე გამოსვლა. ნიჭიერი ორატორები საყოველთაო აღიარებით სარგებლობდნენ; მათ ირჩევდნენ საპატიო თანამდებობებზე და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ ელჩებად. ათენში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ ორატორულ ხელოვნებაში გაეწაფათ მსურველები. 
მჭევრმეტყველების ყველაზე უფრო სახელმოხვეჭილ მოძღვრებად იმხანად ითვლებოდნენ ისოკრატესი და ისეოსი. ისოკრატესს შინ ჰქონდა მჭევრმეტყველების სკოლა გახსნილი,  მაგრამ დემოსთენესს  არ შეეძლო  იქ სიარული,  რამეთუ  სწავლის ქირა ერთობ დიდი   იყო.  მაშინ  მან მიმართა ისეოსს, რომელიც მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საქმეებში ყველაზე მეტად იყო დახელოვნებული. 
ოთხი  წელი გულმოდგინედ  მეცადინეობდა ახალგაზრდა  ჭაბუკი  ისეოსთან. მოძღვარს დიდძალი  თანხა  კი  გადაუხადა,  მაგრამ სანაცვლოდ  კარგად  გაეცნო სახელგანთქმულ მწერალთა ნაწარმოებებს. განსაკუთრებული ყურადღებით ეუფლებოდა ცნობილი ისტორიოგრაფოსის თუკიდიდესისა და ფილოსოფოს პლატონის თხზულებებს. თუკიდიდესის „ისტორია“ მომავალმა ორატორმა თითქმის ზეპირად  იცოდა,  რამეთუ  საკუთარი ხელით რვაგზის  ჰქონდა  გადაწერილი.  რო- გორც კი სათანადო განათლება მიიღო, დემოსთენესმა დაიწყო მეურვეებთან დავა. სასამართლო მთელი ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.  მეურვეები  ყოველნაირად არიდებდნენ თავს პასუხისმგებლობას: მათ მოსპეს მნიშვნელოვანი საბუთები, მათ შორის დემოსთენესის მამის ანდერძიც  კი. ბოლოს და ბოლოს მეურვეებს მსჯავრი დასდეს, მაგრამ ახალგაზრდა დემოსთენესმა მაინც ვერ მიიღო თავისი მემკვიდრეობა სრულად. 
მეურვეებთან ხანგრძლივმა და მძიმე ბრძოლამ მომავალი ორატორის ხასიათს სიმტკიცე შეჰმატა. ხალხის წინაშე გამოსვლაზე დემოსთენესი ბავშვობიდანვე ოცნებობდა და აი, რატომ: ერთხელ, ადრეულ ახალგაზრდობაში, დემოსთენესმა დაჟინებით სთხოვა თავის მოძღვარს,  წაეყვანა სასამართლოს სხდომაზე  სახელგანთქმული ორატორის სიტყვის მოსასმენად.  ჭაბუკმა იხილა, თუ როგორი ოვაციებით აცილებდა ბრბო ორატორს.  იგი გაოცებული იყო ენამჭევრობის  იმ ძალით, რომელმაც ესოდენ  მონუსხა  ყველა.  მას შემდეგ  დაივიწყა  ყველა  სხვა. საქმე თუ გასართობი  და დაიწყო გაძლიერებული ვარჯიში მჭევრმეტყველებაში.  მან  მიზნად დაისახა გამხდარიყო ორატორი. მაგრამ ვიდრე ხალხის წინაშე წარსდგებოდა, დემოსთენესი იძულებული  იყო,  თავისი მოძღვრის  მსგავსად,  სასამართლო სიტყვები ეწერა. ასეთ შრომას ათენში დიდი ანაზღაურება ჰქონდა და დამწყებმა ორატორმა მოახერხა არა მარტო საკუთარი დედისა და დის შენახვა, არამედ სახსრების დაზოგვაც. თუმცა მხოლოდ სიტყვათა თხზვას არ შეეძლო დემოსთენესის დაოკება:  იგი მხურვალე პატრიოტი იყო და ოცნებობდა, მთელი თავისი ძალები საზოგადოებრივი საქმიანობისათვის შეეწირა. 
ახალგაზრდა ორატორის პირველი საჯარო გამოსვლა წარუმატებლად  დამთავრდა: ბრბოს ხმაურმა, სიცილმა და სტვენამ მას სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. და ეს სავსებით გასაგები იყო: დემოსთენესს ჰქონდა ძალზე სუსტი ხმა, იგი გაურკვევლად მეტყველებდა,  ოდნავ ებმოდა  ენა,  ვერ  გამოთქვამდა  ასო  „რ“-ს, მხარს ათამაშებდა  და ყოველივე  ამასთან ერთად,  სავსებით  არ შეეძლო  ხალხის წინაშე თავის დაჭერა. 
ასევე წარუმატებელი იყო მისი მეორე ცდაც, გამოსულიყო სახალხო კრებაზე. დაღონებულმა  სახლისკენ ისწრაფა  და თავდაპირველად  ვერც  კი  შენიშნა,  რომ კვალდაკვალ მისდევდა მეგობარი, ცნობილი ათენელი მსახიობი. ისინი ერთად გა- უყვნენ გზას. დემოსთენესმა გულდაწყვეტით გაანდო მეგობარს თავისი წუხილის მიზეზი. უთხრა, რომ ხალხისთვის გაუგებარი დარჩა მისი სიტყვების სიღრმე. „რას იზამ,  – მიუგო მსახიობმა,  – მაგრამ მე შევეცდები ვუშველო შენს საწუხარს. აბა, წამიკითხე რაიმე სოფოკლეს  ან ევრიპიდეს ტრაგედიებიდან“. დემოსთენესმა წაიკითხა. როდესაც  კითხვა დაასრულა,  მსახიობმა  გაიმეორა  იგივე,  მაგრამ  ისეთი გამოთქმით,  რომ დემოსთენესს  მოეჩვენა,  თითქოს  სულ  სხვა  ლექსებს  ისმენდა. მისთვის ცხადი გახდა, თუ რაოდენ ამშვენებს სიტყვას გამოთქმა. 
დემოსთენესმა  განიზრახა,  რადაც  არ უნდა დასჯდომოდა,  გამოესწორებინა მეტყველების ყოველი ნაკლი. ხელი რომ არავის შეეშალა, განმარტოვდა. შემდეგ თავი სანახევროდ  გადაიპარსა,  სახლიდან რომ არ გამოსულიყო,  ვიდრე თმა  არ გაეზრდებოდა. დღეში რამდენიმე საათი დაუღალავად ვარჯიშობდა მეტყველების გამოსასწორებლად. პირს ივსებდა კენჭებითა და ლამობდა ხმამაღლა და ნათლად წარმოეთქვა სიტყვები. ასო „რ“-ს გამოსათქმელად შეიჩვია ლეკვი, დიდხანს უსმენდა  მის ღრენასა და იმეორებდა ბგერებს.  მან აიძულა თავი ხმამაღლა ეთქვა ლექსები მთაზე  ასვლისას  ან  ზღვის ნაპირზე სეირნობის  ჟამს.  ამასთანავე  ცდილობდა თავისი ხმით დაეფარა ტალღათა ხმაური. ზოგჯერ იგი თვეობით არ  გამოდიოდა სახლიდან.
ბოლოს და ბოლოს დემოსთენესი დაეუფლა საკუთარ  ხმასა  და  ჟესტებს.  ხანგრძლივი შრომითა და რუდუნებით მიაღწია კიდეც მიზანს:  მან დიდებული ორატორის სახელი მოიხვეჭა. 
აღსანიშნავია, რომ დემოსთენესი არასოდეს გამოდიოდა ხალხის წინაშე მოუმზადებელი. იგი ყოველთვის იზეპირებდა წინასწარ დაწერილ  სიტყვას.  ღამ-ღამობით, ლამპის შუქზე მონდომებით წერდა სათქმელსა და გულდასმით იაზრებდა ყოველ სიტყვას.  ყოველივე  ამან ორატორის მტრებს  საბაბი მისცა  ეთქვათ, რომ მას არ გააჩნდა ბუნებისაგან მიმადლებული ნიჭი და შთაგონება. ერთხელ ვიღაც არაკეთილმოსურნეს მისთვის ასეთი რამ წამოუძასნია: „შენს სიტყვებს ზეთის სუნი ასდითო“,  ანუ „ზეთის ლამპის შუქზე გაზეპირებულ სიტყვებს წარმოთქვამო“, რაზეც დემოსთენესს ასე მიუგია: „სიტყვის გულმოდგინედ მომზადება ხალხის პატივისცემის ნიშანია, რამეთუ მჭევრმეტყველისთვის არ უნდა იყოს სულ ერთი ის, თუ როგორ მიიღებს ხალხი მის გამოსვლას“. 
თავდაუზოგავმა შრომამ თავისი გაიტანა: მტრებიც  კი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ ორატორის ძალა  და მჭევრმეტყველების მაღალი ხელოვნება.  მის გამოსვლებში სათქმელის გამოხატვის არაჩვეულებრივ უბარლოებას თან ერწყმოდა გრძნობისა და აზრის გასაოცარი სიღრმე, სინათლე და დამაჯერებლობა. დემოს- თენესი არასოდეს გადაუხვევდა-ხოლმე ძირითად სათქმელს,  მას არ უყვარდა ფუჭი ყბედობა;  იგი  ხან მშვიდად საუბრობდა, რითაც იპყრობდა თავის  მსმენელთა ყურადღებას,  ხან მათ გრძნობათა მგზნებარებით იმორჩილებდა, შთააგონებდა რა ყოველ მათგანს აღძრული საქმის ქეშმარიტების ღრმა რწმენას. 
როდესაც დემოსთენესს 30 წელი შეუსრულდა, მან საზოგადოებრივ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და თავისი ორატორული ნიჭის მთელი ძალისხმევა ბერძენთა ყველაზე უფრო სახიფათო მტრის  – მაკედონიის მეფე ფილიპოსის წინააღმდეგ მიმართა. სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით შთაგონებული უდიდესი ორატორი მთელი ძალით იბრძოდა მაკედონელთა და მათ ბერძენ დამქაშთა წინააღმდეგ. 
ჯერ კიდევ მცირეოდენი ხნის წინ მაკედონია იყო სუსტი და ჩამორჩენილი  სახელმწიფო, რომელსაც  ბერძნები არაფრად  აგდებდნენ. მეფე ფილიპოსმა (ძვ.წ. 359-336 წწ.) გააერთიანა ქვეყანა და შექმნა დიდებულად შეიარაღებული უზარმაზარი ლაშქარი, რომელიც  ისეთი  ნიჭიერი მხედართმთავრის  ხელში,  როგორიც თავად იყო, მრისხანე ძალად გადაიქცა. 
იმხანად  საბერძნეთის დამორჩილება მაკედონიისათვის  ერთობ  ხელსაყრელი აღმოჩნდა: ბერძნები გამუდმებით აწარმოებდნენ შიდა ომებს, ათენელები ებრძოდნენ მოკავშირეებს, თებელები  – ფოკისელებს, ხოლო სპარტელები  – პელოპონესოსის სახელმწიფოებს.
მეფე ფილიპოსი ოსტატურად სარგებლობდა ბერძენთა შინაური აშლილობით; მას ყოველგან თავისი მომხრეები ჰყავდა, მოწინააღმდეგეთა შორის  კი – ჯაშუშები. იგი უკან არ იხევდა  იმ შემთხვევაშიც, თუკი აუცილებელი იყო ვინმეს მოსყიდვა. „ოქროთი დატვირთული ვირი ნებისმიერ ციხე-სიმაგრეს აიღებს“ – ამბობდა ფილიპოსი და ქედუხრელად მიიწევდა თავისი მიზნისკენ – მას განზრახული ჰქონდა მთელი საბერძნეთის დაპყრობა. 
თავდაპირველად ფილიპოსმა დაიმორჩილა თესალია  და გამაგრდა ჩრდილოეთ საბერძნეთში.  მაგრამ  ეს მხოლოდ  დასაწყისი  იყო.  რამდენიმე  ხნის  შემდეგ მაკედონელებმა  შეძლეს თრაკიულ სახელმწიფოთა  ხელში  ჩაგდება,  ისინი  შიდა საბერძნეთში შესაჭრელად ემზადებოდნენ. 
ფილიპოსის ასეთი სწრაფმავალი წარმატება განპირობებული იყო იმითაც, რომ საბერძნეთი მდიდართა  და ღარიბთა შორის წარმოებული ომებით ორ  ბანაკად იყო დაყოფილი. ღარიბები ყველგან აშკარად მოითხოვდნენ მდიდართა მიწებისა და ქონების დანაწილებას. მდიდარი მონათმფლობელები ფილიპოსისა  და  მაკედონელთა სახით ხედავდნენ მხსნელს ღარიბთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში, ამიტომ ხალხისთვის მიწების გადაცემას მაკედონელთა მორჩილებას ამჯობინებდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მაკედონელთა ბატონობის დროს უფრო მშვიდად დაეპატრონებოდნენ საკუთარ ქონებასა  და მონებს და აღარც ხალხის ამბოხების შიში ექნებოდათ. მხოლოდ უბრალო ხალხი და ღარიბები იყვნენ მზად დაეცვათ სამშობლო მაკედონელი დამპყრობლებისგან. 
დემოსთენესმა  იმთავითვე  განჭვრიტა,  თუ  რა  საფრთხეს უქადდა  ათენსა  და საბერძნეთს მაკედონია  და  მისი  მეფე. ამიტომ იგი სათავეში ჩაუდგა ფილიპოსის მოწინააღმდეგე პატრიოტთა პარტიას. 
ათენში იმხანად ძალაუფლება მაკედონიის მომხრეთა ხელში იყო. მაკედონური პარტიის სათავეში იდგნენ ევრიბულოსი და ცნობილი ორატორი ესქინესი. 
ევრიბულოსი  იყო მშვიდობის მომხრე  და  განგებ ხუჭავდა თვალს  იმ საფრთხის წინაშე,  რაც მაკედონელთა მხრიდან ემუქრებოდა  ქვეყანას.  მას სურდა ხალხის  დაშოშმინება სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე (ეგრეთ წოდებული „სანახაობითი ფულით“). 
დემოსთენესმა გამეფებული წყობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. იგი ხალხს მოუწოდებდა, დღევანდელი სიმშვიდე დაეთმო ხვალინდელი დღის ბედნიერებისა და სახელმწიფოს ხსნის ფასად.  „მდიდრები,  – ამბობდა  იგი,  – ხალხს სახელმწიფოს ხარჯზე უგდებენ ნასუფრალს, თავად  კი თავს არიდებენ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას“. ორატორმა შეძლო,  დაერწმუნებინა ხალხი, რომ  „სანახაობითი ფული“ მაკედონელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოეყენებინა. ეს იყო დემოსთენესისა და  მის მომხრე პატრიოტთა მნიშვნელოვანი გამარჯვება.
დემოსთენესი  უკვე  გამუდმებით გამოდიოდა სახალხო  კრებებზე  მგზნებარე სიტყვებით და ათენელებში პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ლამობდა.  მეფე ფილიპოსის წინააღმდეგ მიმართული მისი ცნობილი სიტყვები „ფილიპიკებად“ იწოდებოდა (ახლაც, მგზნებარე, მხურვალე სიტყვებს „ფილიპიკებად“ მოიხსენიებენ).
ფილიპოსი თრაკიის დაპყრობის შემდეგ ქალკიდიკეს მთავარ ქალაქ ოლინთოსს ემუქრებოდა. ათენში ჩამოვიდნენ ოლინთოსელი ელჩები დახმარების თხოვნით. დემოსთენესმა მათ გულწრფელად დაუჭირა მხარი:  მან ოლინთოსელთა სასარგებლოდ სახალხო  კრებაზე  სამი  სიტყვა წარმოსთქვა.  მაგრამ ათენელთა  დახმარება  ნაგვიანევი აღმოჩნდა:  მეფე  ფილიპოსმა დაიმორჩილა  ქალაქი,  მისი მკვიდრნი  კი  მონებად გაყიდა. 
შემდეგ ფილიპოსმა ათენელებს ზავი შესთავაზა. ათენელი ელჩები  – ფილოკრატოსი  და  ესქინესი  – მშვიდობიანი მოლაპარაკებების დროს  მეფემ მოისყიდა: დემოსთენესის წინააღმდეგობისდა მიუხედავად მათ დადეს  ზავი, რაც ათენისათვის ერთობ არახელსაყრელი იყო.  მალე ფილიპოსმა  ეს ზავიც დაარღვია და ათენელთა მოკავშირე ფოკისელები დაარბია. 
მაშინ კი, როგორც იქნა, ათენელებმა დაიწყეს მზადება ფილიპოსის მოსაგერიებლად. დემოსთენესი აირჩიეს პირველ სტრატეგოსად  და სახელმწიფოს  მეთაურად. ყოფილ ელჩს, ფილოკრატოსს, ბრალად დასდეს ღალატი და დაუსწრებლად გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. 
შემდეგ დემოსთენესმა გაილაშქრა მეორე ელჩის – ესქინესის წინააღმდეგ.  მასაც ღალატში დასდო  ბრალი.  ესქინესმა ოსტატურად  დაიცვა  თავი.  იგი  ხმათა უმნიშვნელო უმრავლესობით გაამართლეს. 
ეს იყო დიდი ორატორის მნიშვნელოვან წარმატებათა  და დიდების  ხანა.  მან მოახერხა გაეძლიერებინა ათენელთა მთავარი ძალა  – ფლოტი. მაგრამ ათენელებს არ შეეძლოთ მარტო გამკლავებოდნენ მრისხანე მტერს.  ამის გამო დემოსთენესმა მაკედონელთა წინააღმდეგ მიმართული საერთო ბერძნული კავშირის  დაარსება განიზრახა.  იგი სათავეში ჩაუდგა წარმომადგენლობასა და შემოიარა ბერძნული სახელმწიფოები. ყველგან გამოდიოდა მგზნებარე სიტყვებითა და ბერძნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. „მაკედონელთა ძალა,  – ამბობდა იგი,  – ბერძენთა სისუსტე და დაქსაქსულობაა; თუკი ბერძნები გავერთიანდებით, ფილიპოსი ჩვენზე თავდასხმას ვერ გაბედავს“. ბერძნულ სახელმწიფოთა მოსახლეობა აღფრთოვანებით ეგებებოდა დიდ ორატორს, მალე კორინთო, მეგარა და პელოპონესოსის სხვა ქალაქები ათენელთა კავშირში გაერთიანდნენ.
ამასობაში ფილიპოსი ყურადღებით ადევნებდა თვალს ათენელთა საქმიანობას. ვიდრე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ერთიანობის თაობაზე, მოვიდა საშინელი ამბავი: ფილიპოსის ჯარი შუა საბერძნეთშია,  მეფემ აიღო ბეოტიის საზღვართან მდებარე ციხე-სიმაგრე ელატეა  – თებესა და ატიკის გზაჯვარედინის მნიშვნელოვანი პუნქტი. გადამწყვეტი ბრძოლის დრო დადგა. ბევრი იყო დამოკიდებული იმაზე, თუ ვის მხარეს დაიკავებდა თებე  – შუა საბერძნეთის უძლიერესი სახელმწიფო. 
მაშინ დემოსთენესი ათენელ ელჩთა თანხლებით ჩავიდა თებეში ფილიპოსის წინააღმდეგ გაერთიანების წინადადებით.  მოხდა  ისე, რომ  იქ უკვე იმყოფებოდნენ მაკედონელი ელჩები  (მეფემ დაასწრო დემოსთენესს), რომლებიც დიდი მისაგებლის წილ ცდილობდნენ თებელთა მიმხრობას, მაგრამ დემოსთენესმა მათ აჯობა. მისმა მგზნებარე სიტყვებმა, რომლებითაც იგი ხალხს საბერძნეთის დიდებისა და ღირსების ამბებს შეახსენებდა  და სამშობლოსთვის თავდადებისკენ მოუხმობდა, თავისი საქმე გააკეთეს: თებელები ათენელებს მიემხრნენ. 
ძვ.წ. 338 წლის ზაფხულში ქერონეასთან საბედისწერო ბრძოლა გაიმართა. ფილიპოსის არმია 30 ათასი ქვეითისა და  2 ათასი ცხენოსნისაგან შედგებოდა. ათენელთა და თებელთა ლაშქარი რიცხობრივად უფრო მცირე იყო. 
გამთენიისას მოწინააღმდეგენი საბრძოლო მზადყოფნით ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მაკედონელთა ლაშქრის მარჯვენა ფრთას თავად ფილიპოსი მეთაურობდა, მარცხენას  –  მისი თვრამეტი წლის ვაჟიშვილი ალექსანდრე, რომელიც შემდგომ უდიადესი მთავარსარდლის  სახელს  მოიხვეჭს, ხოლო შუაში  იდგა  გამოცდილი მხედართმთავარი ანტიპატროსი. 
დაიწყო მრისხანე და ხანგრძლივი ბრძოლა. პირველი გადამწყვეტი წარმატება ალექსანდრემ მოიპოვა: მისმა მებრძოლებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს თებელთა „წმინდა რაზმს“. 
მარჯვენა ფრთაზე კი პირიქით, ათენელებმა გაარღვიეს მაკედონელთა რიგები და დაჯაბნეს მოწინააღმდეგენი.  „მომყევით!  – შესძახა ათენელთა სტრატეგოსმა, – ჩვენ გავიმარჯვეთ!“ წარმატებით თავბრუდახვეულმა მოიერიშე ათენელებმა დაშალეს მწყობრი რიგები. 
„მტერს  არ სცოდნია გამარჯვება!“  – თქვა ფილიპოსმა, რომელიც ბრძოლის მსვლელობას თვალ-ყურს ადევნებდა ბორცვის თხემიდან.  მან სწრაფად გადაალაგა თავისი ფალანგა და ათენელებს ეკვეთა. ათენელები შედრკნენ, ლაშქარმა უკან დახევა დაიწყო. 
ათენელ ჰოპლიტთა შეუპოვარი ბრძოლისა და თებელთა „წმინდა რაზმის“ თავგანწირვის მიუხედავად მაკედონელებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს. ამ ომში ათენელებმა დაკარგეს  1000 კაცი,  2000 ტყვედ ჩაბარდა.
დემოსთენესი იბრძოდა როგორც რიგითი ჰოპლიტი და  მან თავის ლაშქართან ერთად დაიხია უკან.  ამის გამო, ორატორმა ესქინესმა იგი სიმხდალეში დაადანაშაულა. მაგრამ ათენელებმა ყურად არ იღეს  ეს ცილისწამება და სახელოვან ორატორს ქერონეასთან დაღუპულ მებრძოლთა მოსახსენიებელი სიტყვის წარმოთქმა სთხოვეს, რაც უდიდეს პატივად ითვლებოდა. 
ქერონეასთან დამარცხების ამბავმა შეაძრწუნა ათენელები. დაუხანებლივ შედგა სახალხო კრება, რომელმაც მიიღო დადგენილება თავდაცვისათვის მზადებისა და სოფლებიდან ქალთა  და ბავშვთა ქალაქის კედლებში შემოხიზვნის თაობაზე. გარდა  ამისა,  ვიღაცამ მოუწოდა თანამოქალაქეთ, გაენთავისუფლებინათ მონები და უცხოელებისათვის მიენიჭებინათ მოქალაქეობა, რათა მათი არმიაში გაწვევის შესაძლებლობა შექმნილიყო.  ათენის სახალხო კრებამ სამშობლოსათვის ესოდენ დაძაბულ დროსაც  კი ვერ გაბედა  ამ უკიდურესი ზომების მიღება. 
დემოსთენესმა თავის მომხრეებთან ერთად რა არ იღონა ქალაქის გასამაგრებლად, მოქალაქეთა შესაიარაღებლად, კედლების შესაკეთებლად და არც დამშვრალა ამაოდ. მრისხანე საფრთხე მინელდა, შესაძლებელი გახდა ზავის დადება შედარებით ხელსაყრელ პირობებზე: ათენელების განმგებლობაში რჩებოდა ფლოტი და მთავარი სამფლობელოები; ათენის საზღვაო კავშირი  – მათი ძლიერების საფუძველი  – დაიშალა და ათენელები იძულებულნი გახდნენ შესულიყვნენ ფილიპოსის მეთაურობით შექმნილ ახალ საერთო ბერძნულ კავშირში. 
ქერონეას ბრძოლამ გადაწყვიტა საბერძნეთის ბედი: ბერძნულმა სახელმწიფოებმა დაკარგეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ყველგან ძალაუფლება მაკედონელთა მომხრე მდიდართა ხელში გადადიოდა. 
ათენში ხმა აღლიმაღლლეს მოღალატეებმა, ფილიპოსის აშკარა თუ ფარულმა მომხრეებმა. ისინი გამუდმებით სდევნიდნენ დემოსთენესსა და სახალხო პარტიის სხვა წარმომადგენლებს. 
მაგრამ აღმოჩნდნენ სამშობლოსათვის თავდადებული  ადამიანებიც,  რომლებიც დაუღალავად იღწვოდნენ სახელმწიფოს ძლიერების აღსადგენად.  მათ სათავეში ედგნენ დემოსთენესი, ლიკურგოსი და სხვა ბელადები. 
ლიკურგოსმა ოთხი წლის განმავლობაში მკაცრი მომჭირნეობის გზით წელიწადში 1200 ტალანტონით გაზარდა სახელმწიფოს შემოსავალი. დემოსთენესი განაგებდა „სანახაობით ხაზინას“, რომელიც იმჟამად ათენელ ღარიბთა ერთადერთი დასაყრდენი იყო. ქალაქი შემზარავი დამარცხების შემდეგ თანდათანობით წელში იმართებოდა.
ამასობაში მეფე ფილიპოსმა კორინთოში მოიწვია ბერძენთა გაერთიანებული ყრილობა, სადაც მაკედონიის მეფის მეთაურობით შექმნილი პანელინური კავშირი საზეიმოდ აღიარეს. 
ლაშქრობისათვის გაცხარებული მზადების ჟამს ფილიპოსი მოკლეს მისივე ქალიშვილის ქორწილში ქერონეას ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ  (ეს მოხდა  ძვ.წ. 336 წელს მაკედონიის ქალაქ ეგეში). 
დემოსთენესმა ფილიპოსის გარდაცვალების ამბავი უფრო ადრე შეიტყო, ვიდრე  ეს სახალხო კრებისთვის გახდებოდა ცნობილი. იგი გამოცხადდა საბჭოზე და სიხარულით განაცხადა, რომ იხილა ათენელთათვის დიადი ბედნიერების მაუწყებელი სიზმარი. მალე მოვიდა მაცნეც და ფილიპოსის გარდაცვალების ამბავი აუწყა თავშეყრილთ. სახალხო კრებამ დაადგინა, ღლმერთთათვის სამადლობელი მსხვერპლი შეეწირათ, ხოლო ფილიპოსის მკვლელობისთვის ლოცვა აღევლინათ. დიდი ორატორი  იმ დღეს სახალხო კრებაზე საზეიმოდ მორთული და დიადემით შემოსილი გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს უდიდესი უბედურება დაატყდა  თავს: რამდენიმე დლით ადრე გარდაიცვალა დემოსთენესის ქალიშვილი. მაგრამ სახალხო სიხარულს სახელმორჭმული ორატორი საკუთარ უბედურებაზე მაღლა აყენებდა. ხალხი ზეიმობდა, რადგანაც მაკედონელთა უღლიდან თავის დაღწევის იმედი გაუჩნდა. 
დემოსთენესი კვლავ მიიწვიეს სახელმწიფოს სათავეში. საბერძნეთის ყველა ქალაქი აღდსგა მაკედონელთა წინააღმდეგ. ათენელებმა თებესა და საბერძნეთის სხვა სახელმწიფოებში წარგზავნეს ელჩები მაკედონელთა წინააღმდეგ კავშირის  შექმნის წინადადებით. ათენელებმა ხმა მიაწვდინეს სპარსელებსაც და მოუწოდეს დაუყოვნებლივ დაეწყოთ ბრძოლა ალექსანდრესთან. დემოსთენესი ვარაუდობდა, რომ ფილიპოსის მემკვიდრე სულელ ბიჭუნას,  ასე უწოდებდა  იგი ალექსანდრეს,  იოლად გაუმკლავდებოდა.  მას აჯანყების წარმატების იმედი ჰქონდა. 
მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ალექსანდრემ მალე დააშოშმინა თავისი მეტოქეები მაკედონიასა და თესალიაში, ხოლო კორინთოს ბერძნები აიძულა ეცნოთ იგი სპარსეთთან მებრძოლი საერთო ბერძნული ლაშქრის ბელადად. ალექსანდრე იძულებული გახდა, გაელაშქრა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მოსახლე ტრიბალების წინააღმდეგ, რამეთუ ისინი მაკედონიის საზღვრებს ემუქრებოდნენ. 
ისარგებლეს რა ალექსანდრეს არყოფნით, უწინარესად ამბოხდნენ თებელები, მათ მიჰყვნენ სხვა ბერძნული სახელმწიფოებიც. თებელებმა ალყა შემოარტყეს მათ მიწაზე განლაგებულ  მაკედონელთა გარნიზონს  და მრავალი მებრძოლი  გამოასალმეს სიცოცხლეს.
ალექსანდრემ მუსრი გაავლო ტრიბალებს  და თავის ლაშქართან ერთად მოულოდნელად მიადგა თებეს კედლებს.  მან აიღო და დაარბია მთელი ქალაქი, ხელი არ ახლო ერთადერთ სახლს, რომელიც სახელოვან პოეტ პინდაროსს ეკუთვნოდა. გადარჩენილი მოსახლეობა, დაახლოებით  30 ათასი კაცი, მონად გაჰყიდა. 
ალყაში მომწყვდევის შიშით ძრწოდა ათენი. მაგრამ სრული მორჩილების ფასად შეძლო გამარჯვებულისაგან მოწყალება გამოეთხოვა. ალექსანდრემ დემოსთენესსა და მაკედონელთა სხვა მოწინააღმდეგეებს უხმო. 
დემოსთენესი გამოცხადდა სახალხო კრებაზე და ხალხს უამბო არაკი ცხვრებზე, რომლებმაც თავიანთი მფარველი ძაღლები მგლებს მიუგდეს.  საბედნიეროდ, ალექსანდრეს ყურადღება სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობის მზადებაზე ჰქონდა გადატანილი  და  მას აღარ გახსენებია დემოსთენესი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად ათენში დარჩა. 
ალექსანდრემ  5 ათასი მხედრითა და 30 ათასი ქვეითი ჯარისკაცით სპარსეთზე გაილაშქრა. ჯერ გრანიკოსთან და ისოსსთან მოიპოვა გამარჯვება  (ძვ.წ. 334-333 წწ.), ხოლო შემდეგ სპარსელთა ჯარი ერთიანად მოსრა გავგამელასთან (ტიგროსის სანაპიროზე), დაეუფლა ბაბილონსა და სპარსელ მეფეთა აღურაცხელ საგანძურებს.1
ამასობაში ათენის სახელმწიფოს  კვლავ მაკედონური პარტია ჩაუდგა სათავეში. ახლა დემოსთენესის მტრებმა დრო იხელთეს ანგარიშის გასასწორებლად. საქმე  ის იყო, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რესპუბლიკელთა პარტიის ერთერთმა წარმომადგენელმა შესთავაზა სახალხო კრებას, სამშობლოს წინაშე მაღალ დამსახურებათა გამო დემოსთენესი ოქროს გვირგვინით შეემკოთ. სახალხო კრებამ მიიღო ეს წინადადება და დაადგინა ათენის დიადი მოქალაქისათვის მიენიჭებინა  ეს პატივი.  რა თქმა უნდა,  მაკედონიის მომხრეები ალშფოთდნენ,  ესქინესმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში საჩივარიც  კი შეიტანა;  იგი  მიუთითებდა სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილების უმართებულობაზე და ქადაგებდა, რომ დემოსთენესი არ იმსახურებდა ასეთ მაღალ ჯილდოს. 
ორატორი იძულებული იყო, თავი დაეცვა. სასამართლო ათენის ორი ყველაზე მეტად სახელმოხვეჭილი მჭევრმეტყველის ორთაბრძოლის არენად გადაიქცა. მაგრამ დიდი დემოსთენესის მტრებმა ვერ გაითვალისწინეს განწყობილება იმ ხალხისა, რომელსაც არ სურდა შეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას. 
სამსჯავროზე მრავალრიცხოვანმა ხალხმა მოიყარა თავი, ესქინესმა წარმოთქვა უსამართლო ბრალდებებით აღსავსე სიტყვა. ხოლო დემოსთენესმა თავის საპასუხო სიტყვაში, რომელიც საქვეყნოდ გახდა ცნობილი სახელწოდებით „გვირგვინისათვის“, წარმოადგინა სამშობლოს საკეთილდღეოდ მიმართული მთელი თავისი მოღვაწეობა  და ნათლად დახატა  ესქინესის მოღალატეობრივი  სახე.  მოწინააღმდეგეთა გაძალიანებისდა მიუხედავად მსაჯულებმა სამართლიანი განაჩენი გამოიტანეს. ესქინესს უნდა გადაეხადა ფულადი ჯარიმა და დაეტოვებინა სამშობლო. წარმატება, რომელიც შედეგად მოჰყვა სიტყვას „გვირგვინისათვის“, იყო არა მხოლოდ დიადი ორატორის  გამარჯვება,  არამედ  ათენისა  და მთელი საბერძნეთის სამშობლოს მოყვარე ხალხთა ძალების ზეიმი. 
ამ გამარჯვების შემდეგ დემოსთენესის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა.  მწარე გამოცდილებამ  მის მოღვაწეობას სიფრთხილე შეჰმატა,  იგი კარგად ხედავდა მტრის ძალასაც  და  იმასაც,  რომ  ბერძენთა შორის  არ  იყო ერთიანობა.  ამიტომ ლამობდა მაკედონელთა წინააღმდეგ მოუფიქრებელ გამოხდომათაგან თანამოქალაქეთა შეკავებას. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც ათენელებმა, მისი რჩევით, მხარი არ აუბეს სპარტელთა ამბოხებას.  ეს ამბოხება უმალ ჩაახშეს მაკედონელებმა. 
იმხანად ალექსანდრე ერთიანად იყო ჩაფლული აზიურ საქმეებში.  საბერძნეთის სრულუფლებიანი განმგებლობა  კი თავის მხედართმთავარს  – ანტიპატროსს მიანდო. ალექსანდრემ საბერძნეთისთვის ორი განკარგულება გასცა: უპირველეს ყოვლისა, იგი მოითხოვდა მის ღმერთად აღიარებას, ამასთანავე ბრძანებდა, რომ ბერძნულ სახელმწიფოებს დაებრუნებინათ თავიანთი გაძევებულები. პირველი განკარგულება ბერძნებს სიცილადაც არ ჰყოფნიდათ, უკანასკნელმა კი დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც სამშობლოდან გაძევებულნი იყვნენ ხალხისგან მოძულებული მოღალატეები. სწორედ  ამ დროს მოხდა ისეთი რამ, რაც საბედისწერო აღმოჩნდა დემოსთენესისათვის. 
ალექსანდრეს ხაზინადარმა ჰარპალოსმა, ისარგებლა რა მეფის ბაბილონში ხანგრძლივი ყოფნით (მეფე იმხანად ინდოეთზე გასალაშქრებლად ემზადებოდა), სპარსეთის მეფეთა უზარმაზარი საგანძური მიიტაცა.  ამ ფულით  მან  6 ათასი მებრძოლი დაიქირავა და 30 ხომალდით მოულოდნელად მიადგა ათენის ნავსადგომ პირეოსს, ხაზინადარს სურდა ათენელ სახელმწიფო მოღვაწეთა ფულით მოსყიდვა, უქადაგებდა რა მათ საბერძნეთის დამოუკიდებლობის შესაძლებლობას. 
ზოგი ორატორი კრებას სთავაზობდა, აეღოთ ფული ჰარპალოსისგან და დაუყოვნებლივ დაეწყოთ საერთო ბერძნული აჯანყება ალექსანდრეს წინააღმდეგ. მაგრამ დემოსთენესმა და სხვა ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწეებმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრეს. 
ჰარპალოსი არ შემოუშვეს ათენში.  მან პელოპონესოსის სამხრეთით მდებარე ტენარონისკენ გასწია.  იქ დატოვა თავისი ჯარი  და საგანძურის ნაწილი. თავად კი 750 ტალანტონით ათენში დაბრუნდა. ახლა იგი მხოლოდ თავშესაფარს ითხოვდა.
ამასობაში ანტიპატროსმა და ალექსანდრეს დედამ  – ოლიმპიასმა ათენელებს მოსთხოვეს საგანძურის მიმტაცებლის  გაცემა. დემოსთენესის წინადადებით ჰარპალოსი დააკავეს, ხოლო  მის მიერ შემოტანილი ფული აკროპოლისზე  შეინახეს იმ განზრახვით, რომ შემდგომ იგი ალექსანდრესთვის დაებრუნებინათ. ჰარპალოსმა მოახერხა კრეტაზე გაქცევა, სადაც იგი მალე სიცოცხლეს გამოასალმეს. 
როდესაც ჰარპალოსის ფული აღნუსხეს, აღმოჩნდა, რომ მისგან დარჩენილიყო მხოლოდ  350 ტალანტონი. დანარჩენი ფული გაქრა. დემოსთენესმა ბრძანა  ამ საქმის მკაცრი ძიება, თავად კი თავს დებდა, რომ უბრალო იყო ამ საქმეში. მოეწყო მასიური ჩხრეკები, მაგრამ ფული არსად აღმოჩნდა. 
მაკედონური პარტიის წარმომადგენლებმა დემოსთენესი და  სხვა პირები დაადანაშაულეს ფულის მიტაცებაში, ქრთამის აღებასა და ჰარპალოსის გაქცევის მოწყობაში. მოწინააღმდეგეთა ძალისხმევით სასამართლომ დემოსთენესი დამნაშავედ სცნო და 50 ტალანტონით დააჯარიმა. რადგანაც ორატორმა ვერ შეძლო ამ უზარმაზარი თანხის გადახდა, საპყრობილეში  ჩასვეს. მალე მეგობრებმა ხელი შეუწყვეს  მას, გაქცეულიყო და თავშესაფარი ეპოვა ათენის მახლობლად მდებარე  კუნძულ ეგინაზე, საიდანაც მის წინ მშობლიური მიწის ხედი იშლებოდა. 
მოქიშპეთა წინააღმდეგ გამუდმებული ბრძოლით დათრგუნული დემოსთენესი მწვავედ განიცდიდა  ამ გაძევებას;  მისი ჯანმრთელობა შეირყა. იგი მწუხარებით უზიარებდა მეგობრებს თავის აზრებს განაჩენის უმართებულობაზე.  მაგრამ დიდებული ორატორის ეს  გაძევება ხანმოკლე  აღმოჩნდა: მოულოდნელად მოვიდა ცნობა, რომ ბაბილონში გარდაიცვალა ალექსანდრე  (ძვ.წ.  323 წლის ივნისი).  ეს ამბავი მთელ საბერძნეთში გამანთავისუფლებელი მოძრაობის მაუწყებელ ნიშნად იქცა. ამბოხებამ იფეთქა მცირეაზიელ ბერძენთა შორისაც. ამ ტალღამ აიყოლია მაკედონელთა მომხრე მდიდრებიც კი. ათენში მგზნებარე სიტყვებით გამოდიოდნენ ორატორები, რომლებიც თანამოქალაქეებს უქადაგებდნენ მაკედონური უღლის დამხობას. ათენიდან პელოპონესოსში წარგზავნეს ელჩები, რათა პელოპონესური სახელმწიფოებიც ჩაებათ გამანთავისუფლებელ ბრძოლაში. 
ათენის სახალხო კრებამ დადგენილება მიიღო დიდი ორატორის გაძევებიდან დაბრუნების თაობაზე. კუნძულ ეგინაზე მას გაუგზავნეს ხომალდი. როდესაც დემოსთენესი მშობლიურ მიწას მიუახლოვდა, ათენის ნავსადგომ პირეოსში  მას,  ვითარცა ჭეშმარიტ გმირს, საერთო-სახალხო ზეიმი მოუწყვეს. 
დემოსთენესი დაუხანებლივ ჩაუდგა სათავეში მაკედონელთა წინააღმდეგ  აღძრულ ამბოხებას. დაიწყო ომი, რომელიც თავდაპირველად ათენელთა წარმატებით მიმდინარეობდა. ათენელი მხედართმთავარი ლეოსთენესი, რომელიც ადრე სპარსეთის მიერ დაქირავებულ ბერძენთა ჯარს ედგა სათავეში და რომელიც ალექსანდრემ გაათავისუფლა,  8 ათასი მებრძოლით ანტიპატროსის წინააღმდეგ დაიძრა თესალიისკენ.  ათენელებს  გზად შემოუერთდნენ ეტოლიელები  და თესალიელები. მოკავშირეებმა დაამარცხეს ანტიპატროსი, რომელიც გადარჩენილ მეომრებთან ერთად ჩაიკეტა ლამიას ციხე-სიმაგრეში (თესალიაში). ლამიას აღების დროს ათენელებს დიდი უდებურება შეემთხვათ: ბრძოლის ველზე დაეცა ლეოსთენესი. 
მისი გარდაცვალების შემდეგ ომი გაჭიანურდა და ათენელთათვის არახელსაყრელად  წარიმართა.  მოკავშირეთა ლაშქარი შედგებოდა სხვადასხვა ბერძნული სახელმწიფოების მოქალაქეებისა და დაქირავებული მებრძოლებისაგან, რომელთაც გასამრჯელოს ცუდად უხდიდნენ. 
ალყაში მომწყვდეული ანტიპატროსის დასახმარებლად მოვიდა მხედართმთავარი ლეონატოსი თავის ლაშქართან ერთად. ათენელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მას და დაამარცხეს კიდეც. მაგრამ მაკედონიიდან კვლავ ისწრაფა დამხმარე ძალამ. ახლა უკვე მაკედონელები სჭარბობდნენ. ამას გარდა, ათენის ფლოტი ორგზის დამარცხდა, რამაც ათენელთა საზღვაო ძლიერებას ბოლო მოუღო. 
მაკედონელებმა შეძლეს ათენელთა მოკავშირეებთან ზავის დადება. ათენელები მრისხანე მტრის პირისპირ მარტო აღმოჩნდნენ, მაგრამ მაინც გაიბრძოლეს უკანასკნელად. 
ბრძოლა მოხდა ქალაქ კრანონთან  (ძვ.წ.  322 წლის აგვისტო). ათენელები დამარცხდნენ, მაგრამ არც  ისე მწარედ, როგორც ქერონეასთან. დაიდო ზავი, რომლის პირობებიც ერთობ მძიმე იყო: ათენის დემოკრატია დაემხო; მთელი პოლიტიკური უფლებები გადაეცა მხოლოდ მდიდრებს; დანარჩენ მოქალაქეებს შეეძლოთ დაეტოვებინათ სამშობლო  და გადასულიყვნენ თრაკიაში;  მაკედონურმა  გარნიზონმა დაიკავა ათენის ნავსაყუდარი. 
დემოსთენესსა და სხვა პატრიოტებს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. დემოსთენესმა მოახერხა კუნძულ კალამბრიაზე გაქცევა და  იქ პოსეიდონის ტაძარს შეაფარა თავი. 
გამოჩნდნენ მოღალატენიც, რომლებმაც საკუთარი ნებით დაიწყეს ლტოლვილთა ძებნა.  მათ შორის განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ვინმე არქიასმა, ყოფილმა მსახიობმა, რომელსაც მეტსახელად „ლტოლვილებზე მონადირეც“ კი შეარქვეს. გაიგო რა, რომ დემოსთენესი იმყოფებოდა კალაბრიაზე პოსეიდონის ტაძარში, ვითარცა „მფარველობისთვის მლოცველი“2.  არქიასი დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად იქ მიიჭრა. იგი ვერაგულად მოუწოდებდა დემოსთენესს, გამგზავრებულიყო ანტიპატროსსთან, თან არწმუნებდა, რომ ეს მგზავრობა არ იქნებოდა სახიფათო. დემოსთენესმა მას  ამ სიტყვებით მიმართა: „არქიას, როგორც ადრე არ მაღელვებდა შენი მსახიობური თამაში, ასევე ახლაც არა მჯერა შენი. მცირე ხნით დამიცადე, რაღაცას მივწერ ახლობლებს...“ დემოსთენესი ტაძარში შევიდა, აიღო პაპირუსის ნაგლეჯი  და ლერწმის  კალამი, თითქოს საწერად ემზადებოდა.  შემდეგ კალამი ბაგეებთან მიიტანა  და მოკვნიტა;  ასე იქცეოდა  იგი, როდესაც ფიქრობდა და საწერად ემზადებოდა. ლერწმის კალამში მოთავსებული იყო ძლიერი საწამლავი, რომელიც დემოსთენესმა წამისუმალ  შესვა. გადააბიჯა თუ არა ტაძრის ზღურბლს, იგი შექანდა და დაეცა სულამოხდილი.  ეს მოხდა  ძვ.წ.  322 წლის 12 ოქტომბერს. 
ასე გამოესალმა სიცოცხლეს დემოსთენესი, რომელმაც  არ ისურვა დალოდებოდა თავისი სამშობლოს იავარყოფას.  მალე ათენელებმა ქალაქის მოედანზე მას ბრინჯაოს ქანდაკება აღუმართეს: ნაღვლიან ორატორს შეუპოვრად მოემუჭა ხელები. ქანდაკების კვარცხლბეკზე კი ასეთი სიტყვები იყო ამოტვიფრული: „დიდო დემოსთენეს,  შენი გონების საკადრისი ძალაუფლებაც რომ მოგეპოვებინა,  მაშინ ელადას ვერ სძლევდა მაკედონური არესი“.
შენიშვნები
1. უფრო დაწვრილებით  ის. ალექსანდრეს ბიოგრაფია. 
2. ძველად ტაძარი წმინდა ადგილად ითვლებოდა. ამიტომ ის, ვინც ტაძარში შევიდოდა და ღვთაებას მფარველობას შესთხოვდა,  ხელშეუხებლად  ითვლებოდა. საკურთხეველთან  ან ღვთაების ქანდაკებასთან მდგომს ვერავინ შეიპყრობდა.  საბერძნეთის სახელგანთქმულ და პატივდებულ ტაძრებში თავშესაფარს პოულობდნენ დამნაშავენიც და გაქცეული მონებიც. მაგრამ შეფარებულის კვება არავის ევალებოდა. ამიტომ ხშირად ლტოლვილს  შიმშილი  აიძულებდა  დაეტოვებინა წმინდა ადგილი. მაშინ კი შესაძლებელი იყო მისი შეპყრობა.


Комментариев нет:

Отправить комментарий