вторник, 24 апреля 2018 г.

ალექსანდრე მაკედონელი

ოცდახუთი  წლისაც  არ  იქნებოდა  მაკედონიის  მეფე  ალექსანდრე,  როდესაც  ეგვიპტელმა  ქურუმებმა  მზის  ღმერთის,  ამონის  ძედ  აღიარეს. ეს მოეწონა  მეფეს, რადგანაც მუდამ ლამობდა სარწმუნო გაეხადა ლეგენდა თავის ღვთაებრივ წარმომავლობაზე. მან შექმნა პირველი დიდი მსოფლიო იმპერია, დაიმორჩილა რა ბერძნული სახელმწიფოები: სპარსეთი, ეგვიპტე,  ბაბილონი, შუა აზია და ინდოეთი.  ეს იმპერია გადაშლილი იყო დუნაიდან ინდოსამდე, კავკასიიდან ეგვიპტემდე. ალექსანდრეს უფრო მეტი სურდა, მხოლოდ ნაადრევმა სიკვდილმა შეუშალა ხელი განეხორციელებინა „დიადი ოცნება“. თავისი დაპყრობითი ომების ბოლოს (ბოლო თუ იყო ალექსანდრემ ეს არ იცოდა, რადგანაც მაშინ ოცდაათი წლის იქნებოდა), როდესაც არისტოტელეს მოწაფე  მეფემ ინდოეთში ათი ბრძენი ასკეტი ტყვედ ჩაიგდო, ისურვა მათგან მოესმინა პასუხი ფილოსოფიურ შეკითხვებზე. ერთ-ერთი შეკითხვა ასეთი იყო: „ძალუძს თუ არა ადამიანს გაღმერთება?“ ბრძენმა მიუგო:  „დიახ, თუ შეძლებს აღასრულოს  ის, რისი აღსრულებაც ადამიანს არ შეუძლია“. ძნელი წარმოსადგენია, რას ფიქრობდა იმხანად დიდი დამპყრობელი. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყვეს, რომ მის გრანდიოზულ ოცნებებს აღსრულება არ ეწერათ.
ალექსანდრე ოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაიბადა კი ზუსტად იმ დღეს, როდესაც ავადსახსენებელმა ბერძენმა ჰეროსტრატოსმა, საკუთარი  სახელის რაიმეთი-მაინც განთქმის მოსურნემ, მცირე აზიის ქალაქ ეფესოსში ცეცხლს მისცა ღმერთქალ არტემისის ტაძარი, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად აღიარებდნენ. წინასწარმეტყველთა განმარტებით, ტაძრის დაწვა იმის მაუწყებელი იყო, რომ სწორედ ალექსანდრეს ეწერა ბედად  აზიის ძლევამოსილი  სახელმწიფოს, სპარსეთის განადგურება. ზუსტად იმავე დღეს მამამისმა, მაკედონიის მეფე ფილიპოს მეორემ, ეტლით სრბოლაში გაიმარჯვა ოლიმპიურ ასპარეზობებზე; სამეფო ჯარმა ბრძოლით აიღო ბერძნული ქალაქი პოტიდეა, ხოლო მისმა მთავარსარდალმა  პარმენიონმა ბრწყინვალე  გამარჯვება  მოიპოვა  ილირიელებთან ბრძოლისას. მისნებმა ასე ამცნეს ფილიპოსს: „სამი გამარჯვების დღეს შობილ შენს  ძეს ქვეყნად ვერავინ დაამარცხებსო“.
 მაკედონელებმა, დაამყარეს რა თავიანთი მმართველობა საბერძნეთში, ამ დიდებული ქვეყნის ტრადიციებიც შეისისხლხორცეს. ბერძნული არისტოკრატული გვარის ჩამომავლები უბრალო ხალხისგან გამოსარჩევად და საკუთარი ძალაუფლების დასამკვიდრებლად ლამობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ისინი ღმერთებისა და გმირების მოდგმისა იყვნენ. მაკედონელმა მეფეებმაც, ბერძენთა მსგავსად, თავიანთი წარმომავლობა მითოსურ გმირებს დაუკავშირეს. სწორედ ამიტომ ალექსანდრე მაკედონელი მამის მხრიდან თავს ბერძენთა დიადი გმირის, ჰერაკლეს ჩამომავლად მიიჩნევდა, დედის მხრიდან კი – ეაკოსისა, რომელსაც თვლიდნენ ტროას ომის ერთ-ერთი მთავარი გმირის, აქილევსის წინაპრად. 
ალექსანდრეს მამა, ფილიპოს მეორე, ისტორიაში შევიდა, როგორც მაკედონური მმართველობის საფუძველის დამდები საბერძნეთში, ხოლო დედა, ოლიმპიასი1, როგორც ამაყი და დემონური დედოფალი, რომლის ძალაუფლებისადმი დაუნდობელმა ლტოლვამ და შურისძიების მძაფრმა წადილმა მრავალი სიცოცხლე შეიწირა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიასმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალექსანდრეს ცხოვრებაში. 
ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მეფისწული უსამანო პატივმოყვარეობით,  გამბედაობითა და საკუთარი თავისადმი რწმენით. თუმცა იგი, თავისი მამის მსგავსად, ყოველგვარ დიდებას როდი ესწრაფოდა. ფილიპოსი ერთნაირად ამაყობდა სამხედრო ღირსებებით, ბრწყინვალე ორატორული ნიჭითა და ოლიმპიურ  ასპარეზობებზე თავისი ცხენების გამარჯვებებით. მისი ძე კი ქედმაღლობით გამოირჩეოდა: ერთხელ,  როდესაც  მეგობრებმა  ჰკითხეს  ალექსანდრეს,  მიიღებდა  თუ  არა მონაწილეობას ოლიმპიურ ასპარეზობებში, ჭაბუკმა  ასე უპასუხა:  „სიამოვნებით, თუ მეფეებს შევებრძოლები!“ 
ყოველთვის, როდესაც მოვიდოდა ცნობა ფილიპოსის მეთაურობით მაკედონელთა გამარჯვების თაობაზე, ალექსანდრე ნაღვლიანად მიმართავდა თავის  მეგობრებს:  „მამაჩემი ყველა  ქვეყანას დაიპყრობს  და  მე აღარაფერს დამიტოვებს, თქვენთან ერთად საგმირო და ბრწყინვალე საქმენი რომ აღვასრულო!“
ჯერ კიდევ ადრეულ წლებში გამოამჟღავნა ალექსანდრემ ხაისათის სიმედგრე. ერთხელ ფილიპოსს შესთავაზეს  ეყიდა  ცხენი, რომელიც  თავით  ისე  მოჰგავდა  ხარს,  რომ სახელად ბუკეფალოსი2 შეარქვეს. ფილიპოსი ცხენის  სანახავად ალექსანდრესთან ერთად  გაემგზავრა.  ცხენი გაუხედნავი  იყო, წამდაუწუმ ყალყზე დგებოდა, ჩლიქებს სცემდა და მხედარს ახლოსაც არ იკარებდა. ფილიპოსმა უარი თქვა ცხენის ყიდვაზე და ბრძანა, გაეყვანათ იგი.  მაშინ ბრაზმორეულმა ალექსანდრემ  მამასა  და  მის მახლობლად მდგომთ  შესძახა: „სიმხდალისა და უმეცრების გამო თქვენ უარს ამბობთ დიდებულ ცხენზე!“ ფილიპოსმა შვილს დუმილით უპასუხა. მაგრამ ალექსანდრე რომ აღარ გაჩუმდა,  ასე მიმართა:  „შენ ისე კიცხავ უფროსებს, თითქოს მათზე უკეთ შეგეძლოს ცხენის დაურვება!“  „მე დავიმორჩილებ ამ ცხენს!“ – ამაყად წამოიძახა უფლისწულმა. „რომ ვერ მოახერხო, რით დაგსაჯოთ  მაგ თავხედობისთვის?“  – ხუმრობით იკითხა  მეფემ.  „ვფიცავ ზევსს, ცხენის ფასს გადავიხდი!“  – თქვა ალექსანდრემ და მედგრად გაემართა ცხენისკენ,  აღვირში ჩაავლო ხელი  და  მზისკენ მიაბრუნა,  რადგან  შენიშნა, რომ იგი საკუთარ ჩრდილს უფრთხოდა. შემდეგ კარგა ხანი ხელით ეფერებოდა და მასთან ერთად მირბოდა,  რათა ცხოველი შეჩვეოდა. ხოლო როდესაც  შეამჩნია, რომ ცხენი დაიღალა და მძიმედ სუნთქავდა, მოიხსნა მოსასხამი და მორბენალს ზურგზე  მოექცა.  გამძვინვარებული  ცხენი  წინ გაიჭრა,  თან  მხედრის  ჩამოგდებას ლამობდა. მაგრად ეკავა რა სადავეები, ალექსანდრემ ცხენი ნებას მიუშვა და მის მოქანცვას დაელოდა. როდესაც ცხენი შეეგუა თავის ტვირთს, ალექსანდრემ აიძულა  იგი სადავეებსაც დამორჩილებოდა.  ასე მოთვინიერდა  ბუკეფალოსი, რომელიც შემდგომ, ბრძოლათა  ჟამს მაკედონელი დამპყრობლის ერთგულ მეგობრად გვევლინებოდა.
ფილიპოსი და მისი ამალა შიშითა და მდუმარებით ადევნებდნენ თვალს კაცის და ცხენის  ამ ორთაბრძოლას; როდესაც ალექსანდრემ მოაბრუნა ბუკეფალოსი  და სიამაყით  გაბრწყინებული  მამას მიუახლოვდა,  ყველამ შეჰყვხრა  აღფრთოვანებით, ფილიპოსს ცრემლებიც  კი გადმოსცვივდა სიხარულისგან.  მან თავისი ძე გულში ჩაიკრა, ეამბორა და ასე მიმართა: „შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა ეძიო, შვილო,  შენ ვერ დაგიტევს მაკედონია!“ 
ფილიპოსი ცდილობდა, დარწმუნებით უფრო  ემოქმედა შვილზე, ვიდრე ბრძანებითა და მუქარით, რადგანაც ფილიპოს შენიშნა,  რომ ალექსანდრე ძალდატანებას ქედუხრელად მაკედონელთ ხვდებოდა, კეთილ რჩევას კი იოლად ნებდებოდა. 
მაკედონელმა  მეფემ თავისი  ძის განათლება ადგილობრივ მოძღვრებს  კი  არ მიანდო,  არამედ  საბერძნეთიდან მოიწვია  იმ დროისათვის უდიდესი სწავლული არისტოტელე.3 იგი თავის მოწაფეს ამეცადინებდა პატარა ქალაქ მიეძას ბორობან ხეივნებში სეირნობისას.  ამ დიდად განათლებულმა კაცმა შეძლო ალექსანდრეში გაეღვივებინა არა მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო საქმეებისადმი, არამედ მედიცინისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესიც. შემდგომში მეფე ყოველთვის ყურადღებით ეპყრობოდა სნეულ ახლობლებს, წამლობდა მათ და სათანადო საკვებსაც  კი ურჩევდა. 
ალექსანდრემ ბავშვობიდანვე შეიყვარა ლიტერატურა და ურთულეს ლაშქრობათა ჟამსაც  კი პოულობდა დროს საყვარელი წიგნის წასაკითხად. ჰომეროსის პოემა „ილიადა“ მუდამ თან ჰქონდა მაკედონელ დამპყრობელს,  მას თავად არისტოტელემ შეუდგინა „ილიადას“ ნუსხა, რომელსაც მდიდრულ კოთხოში ინახავდა სასთუმალთან. ალექსანდრე თვლიდა, რომ  ომების წარმოებისთვის უკეთესი  სახელმძღვანელო არსად ეგულებოდა. ჭაბუკი მეფისწული ხარბად ითვისებდა ბრძენი მოძღვრის ყოველ  სიტყვას. მოგვიანებით  იგი იტყვის:  „მამაჩემის მადლიერი ვარ იმით, რომ ვცოცხლობ, არისტოტელესი  კი იმით, რომ ღირსეულად ვცოცხლობ“. 
არისტოტელეს გარდა ალექსანდრეს ჰყავდა აღმზრდელები მაკედონელთა არისტოკრატიული წრიდანაც.  ისინი ცდილობდნენ გამოეწრთოთ  ბავშვი,  მიეჩვიათ იგი ზომიერებას. ალექსანდრე მოგვიანებით იგონებდა, თუ როგორ მოდიოდა მასთან საწოლ ოთახში აღმზრდელი ლეონიდასი, როგორ ათვალიერებდა მის საძინებელს, რა თა წაეღო ის ტკბილეული, რომლითაც დედა ანებივრებდა ხოლმე საყვარელ შვილს. 
მოძღვრები  ამაოდ  არ დამშვრალან.  მეფისწული  თავის  ასაკთან  შედარებით ბევრად უფრო განათლებული  და განვითარებული იყო. ერთხელ,  მამის არყოფნის დროს ალექსანდრემ მიიღო სპარსეთიდან ჩამოსული ელჩები. სპარსელები გაოცებულნი იყვნენ ჭაბუკის გონების მოქნილობითა და ფართო განათლებით. ისინი იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ფილიპოსი, თავისი ბრწყინვალე თვისებებით, ბევრად ჩამოუვარდებოდა  შვილს,  რომელიც  უბადლო  ნიჭიერებით გამოირჩეოდა. 
ჯერ კიდევ ჭაბუკმა ალექსანდრემ თავი გამოიჩინა როგორც შეუდრეკელმა მებრძოლმა და გონიერმა მმართველმა. თექვსმეტი წლის იყო იგი, როდესაც სალაშქროდ მიმავალმა ფილიპოსმა მთელი მაკედონიის განმგებლობა მიანდო.  ვაჟიშვილმა  გაამართლა  მამის  იმედები:  მან  ჩაახშო თრაკიელთა ამბოხებები და დამორჩილებულ ქვეყანაში დააარსა რამდენიმე ქალაქი, რომელთაც ალექსანდროპოლისები (ალექსანდრეს  ქალაქები) უწოდა. 
ქერონეასთან ბრძოლის  ჟამს (ძვ.წ.  338  წ.), როდესაც ფილიპოსმა  ბერძენთა გაერთიანებული ძალები გაანადგურა და საბერძნეთის სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა დაასამარა, ალექსანდრე მაკედონიის არმიის მარცხენა ფრთას მეთაურობდა. 
მეფე ხარობდა ვაჟიშვილის წარმატებებით  და სულს  არ იშურებდა მისთვის. მაგრამ მალე ფილიპოსსა და ალექსანდრეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ფილიპოსი გაეყარა ალექსანდრეს დედას – ოლიმპიასს და დაქორწინდა მაკედონელთა წარჩინებული გვარის ჩამომავალ კლეოპატრაზე. 
პატივმოყვარე ალექსანდრე, რომელიც თავს ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ თვლიდა, მძვინვარებამ მოიცვა: ფილიპოსს შეეძლო მეორე ქორწინებისას შეძენილი ვაჟიშვილისთვის ისე ებოძებინა სამეფო ძალაუფლება, რომ ანგარიში არ გაეწია უფროსი ძისთვის.  ეს აზრი ალექსანდრეს დედამ, ოლიმპიასმა შთააგონა. 
მამასა და შვილს შორის  ისე გამწვავდა ურთიერთობა, რომ ალექსანდრე იძულებული გახდა დედასთან ერთად გასცლოდა მაკედონიას.  ამ გამგზავრებამ მაკედონიის სამეფო კარის ზნეზე მრავალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამიტომ ფილიპოსი უფრთხილდებოდა რა თავის კეთილ სახელს, შუამავალთა მეშვეობით ცდილობდა  დაერწმუნებინა  ალექსანდრე,  არ  გამოემჟღავნებინა  მამისადმი  აშკარა მტრობა და შინ დაბრუნებულიყო. ალექსანდრე დაბრუნდა მაკედონიაში, მაგრამ ურთიერთობა მამასა და შვილს შორის კიდევ უფრო დაიძაბა. 
იმხანად ალექსანდრე ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა სპარსელებთან და მამისგან დაუკითხავად  სპარსეთის მეფისნაცვლის ქალიშვილზე დასაქორწინებლად ემზადებოდა. როდესაც ეს ფილიპოსმა გაიგო, მაკედონიიდან გააძევა ალექსანდრეს მომხრეებიცა და  ამ მოლაპარაკების თანამონაწილეებიც. 
არავინ  იცის,  რა  ზომებს  მიიღებდა ფილიპოსი თვით ალექსანდრეს  წინააღმდეგ,  იმ დროისათვის რომ  არ მოეკლათ. მკვლელი, წარჩინებული მაკედონელი, მეფის მცველებმა ადგილზევე განგმირეს. 
ამ დანაშაულის მიზეზები აუხსნელი დარჩა. მაშინ  ამ სიბნელით მოცულ საქმეზე დიდი მიეთ-მოეთი ატყდა. ერთნი ვარაუდობდნენ, რომ მკვლელი მოსყიდული იყო სპარსეთის მეფის მიერ, რამეთუ მას შეატყობინეს ფილიპოსის განზრახვა მაკედონელთა  და ბერძენთა აზიაში ლაშქრობის თაობაზე.  მეორენი ფიქრობდნენ, რომ მკვლელმა შური იძია ფილიპოსზე რაღაც პირად შეურაცხყოფათა გამო. მაგრამ მრავალნი თავდასხმის მომწყობებად იდუმალ ასახელებდნენ ალექსანდრესა და მის დედას, რადგანაც მათ მხოლოდ  ამ გზით შეეძლოთ დაებრუნებინათ უწინდელი ძალაუფლება სახელმწიფოში. მართალია, ალექსანდრემ დაუხანებლივ დასაჯა ყოველი, ვისზეც კი ეჭვი მიიტანეს ფილიპოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში, მაგრამ მაინც ზოგიერთები თვლიდნენ, რომ ეს მეფისწულმა განზრახ მოიმოქმედა სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაეჩუმებინა ისინი, ვინც კი რაიმე იცოდა  ამ საქმეში მისი მონაწილეობის თაობაზე. ყოველი შემთხვევისათვის, ფილიპოსის გარდაცვალებისთანავე მოკლეს მისი შვილიც მეორე ქორწინებიდან, ხოლო საპყრობილეში ჩაგდებულმა კლეოპატრამ თავი ჩამოიხრჩო. ასე რომ, ალექსანდრე ფილიპოსის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ რჩებოდა. 
ტახტზე ასვლისას მეფე მხოლოდ ოცი წლის იყო. მაკედონიის ძლიერებას ყოველი მხრიდან ემუქრებოდა საფრთხე. დაიწყო თრაკიის ველურ ტომთა ამბოხებები. სამხრეთით ფილიპოსის მიერ დამონებული  საბერძნეთი ემზადებოდა  თავისუფლების დასაბრუნებლად. ალექსანდრე მაკედონიის ლაშქართან ერთად ჩრდილოეთისაკენ გაემართა. სულ რამდენიმე ბრძოლით  მან იოლად ჩაახშო თრაკიელთა  ამბოხებები  და  ისტროსის  (დუნაის)  სანაპიროზე  გაანადგურა  მათი  მომხრე თავისუფალი ტომები. 
ამის შემდეგ მეფე გაემართა მის წინააღმდეგ აღმდგარი  საბერძნეთისკენ.  მან უსწრაფესი სვლით მიაღწია თერმოპილეს – ჩრდილოეთიდან შუა საბერძნეთისკენ გამავალ ერთადერთ გასასვლელს. დაასწრო ბერძნებს და თავდაცვისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ადგილას მოხერხებულად დაბანაკდა. შემდეგ შეიჭრა შუა საბერძნეთში და ალყა შემოარტყა ქალაქ თებეს, რომელიც ათენთან ერთად სათავეში ედგა მაკედონელთა წინააღმდეგ ამბოხებულ ბერძნულ სახელმწიფოებს. მიუხედავად თებელთა თავგანწირული ბრძოლისა, ალექსანდრემ ქალაქი აიღო და ერთიანად დაარბია;  მის წინააღმდეგ შემართული მოქალაქენი მონებად  გაყიდა.  ხელი  არ ახლო მხოლოდ  ქურუმებს,  მაკედონელთა ახლობლებსა  და  სახელოვანი პოეტის,  პინდაროსის შთამომავლებს.  ამ  შემზარავი მოქმედებით ალექსანდრეს სურდა  სხვა ბერძნულ სახელმწიფოთა  დაშინება.  გადმოგვცემენ,  რომ  დაიხოცა დაახლოებით ექვსი ათასი თებელი, სამი ათასმა  კი მონობის მწარე ხვედრი იწვნია. 
ამ საშინელებით შეძრული ბერძნები დაცხრნენ. სპარსეთში სალაშქროდ  გამზადებულ ალექსანდრეს ეშინოდა, რომ  მის არყოფნაში ბერძნები  ისევ აღსდგებოდნენ მაკედონელთა წინააღმდეგ.  ამან აიძულა მეფე მძვინვარე სიმკაცრე  ყოვლად შემწყნარებლური კეთილგანწყობით შეეცვალა. იგი თავაზიანად იღებდა მის კარზე მისულ სახელმწიფო მოღვაწეებსა და სწავლულებს, ყოველნაირად ლამობდა მათ მიმხრობას.  მან მოწყალება გამოიჩინა ათენისადმიც კი, რომელიც  ამ ამბოხებას წინამძლოლობდა. 
ალექსანდრე გაემართა ქალაქ კრანიოში (კორინთოს მახლობლად), რათა მოენახულებინა იქ მცხოვრები ფილოსოფოსი დიოგენესი, რომელიც ქადაგებდა, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ იქნებიან ბედნიერნი და თავისუფალნი, როდესაც შეძლებენ პირად მოთხოვნილებათა დაოკებას.  ეს  მათ საშუალებას  მისცემს,  არ  იყ- ვნენ დამოკიდებულნი საზოგადოებასა და სახელმწიფოზე. დიოგენესი პირადი მაგალითით (ცდილობდა თავისი მოძღვრების გამართლებას: მან უარი თქვა თავის სიმდიდრეზე,  საკუთარ  ჭერზე;  სადგომი დაიდო დიდ თიხის კასრში, რომელიც იდგა ქალაქ კრანიოს ბაზრის მოედანზე; მას ეცვა დაძონძილი სამოსი, გაცვეთილი სანდლები; იკვებებოდა  იმ ნარჩენებით, რომლებსაც იქვე, მოედანზე პოულობდა. დიოგენესის მოძღვრებასა და ცხოვრების წესზე ხმა მთელ საბერძნეთს მოსდებოდა. ზოგიერთი მას ბრძნად მიიჩნევდა, ზოგი კი, მისი საქციელით აღშფოთებული, ცხოვრების  ამ წესს „ძალღლურს“ უწოდებდა. 
 ალექსანდრე კრანიოში ჩავიდა, დიოგენესი, ჩვეულებისამებრ, თავისი კასრის წინ მტვერში იწვა შუა მოედანზე და მზეზე თბებოდა. ხმაურზე ფილოსოფოსმა თავი მიაბრუნა, თვალი შეავლო მოახლოებულ ალექსანდრეს,  მის მრავალრიცხოვან ამალას  და კვლავ განაგრძო  მზეზე ნებივრობა. ალექსანდრე მიესალმა დიოგენესს და ჰკითხა, ხომ არ ისურვებდა რაიმეს: ნებისმიერი მისი სურვილი დაუყოვნებლივ აღსრულდებოდა. 
„მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს,  – მიუგო ბრძენმა,  – რომ განზე გადგე და მზე არ დამიჩრდილო“.  ამ სიტყვებით დიოგენესმა ზურგი შეაქცია ალექსანდრეს და მზეს მეორე გვერდი მიაფიცხა. მეფე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ალექსანდრემ  ამ ღარიბ  კაცს ყველა სურვილის აღსრულება აღუთქვა, ხოლო  მან  კი, მადლობის ნაცვლად ძლევამოსილ მბრძანებელს სთხოვა, გაცლოდა იქაურობას, რამეთუ  მზე  არ დაეჩრდილა  მისთვის! 
ალექსანდრეს ამალამ ალშფოთება  ხმამაღალი შეძახილებითა და ფილოსოფოსისადმი დამცინავი სიტყვებით გამოხატა. მაგრამ მეფემ ამ უხერხულ მდგომარეობას დიდებულად  დააღწია  თავი. ნაცვლად იმისა, რომ დაესაჯა თავხედი ბრძენი,  რითაც  მას წამებულის  დიდებას მოუხვეჭდა, ალექსანდრემ გაიღიმა და თქვა: „ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენე ვიქნებოდიო“.
ალექსანდრემ, დაიმედებულმა, რომ ბერძნები მაკედონელთა ბატონობას შეეგუენ, შეკრიბა ბერძნულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები და სპარსელთა წინააღმდეგ გალაშქრება შესთავაზა. მეფემ სცადა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ეს ომი საერთო ბერძნული საქმე იყო, შურისძიება იყო ელინთა  იმ სიწმინდეების წაბილწვისათვის, რაც ძვ.წ. 480 წელს სპარსელთა ბერძნებზე გამარჯვებას მოჰყვა, ბერძნულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ, მიეღოთ მეფის ეს წინადადება. 
ლაშქრობის  წინ ალექსანდრე დელფოს სამისნოს  ეწვია, რათა აპოლონის ქურუმისაგან მოესმინა წინასწარ თქმული სიტყვა ომის დასასრულზე. მეფე იმ დღეს ჩავიდა დელფოში, როდესაც,  კანონის თანახმად,  პითია (აპოლონის ქურუმი  ქალი) არ მისნობდა. მიუხედავად ამისა, ალექსანდრემ ბრძანა მისი ტაძრად მოყვანა, ხოლო როდესაც პითია არ დამორჩილდა, თავად გაემართა მისკენ.  მეფის ხილვისას ქურუმს აღმოხდა: „დაუმარცხებელი ხარ, შვილო ჩემო!“ „სწორედ ამის მოსმენა მსურდა!“  – წამოიძახა ალექსანდრემ და დელფო დატოვა. 
ჯერ კიდევ ფილიპოსის სიცოცხლეში დაწყებული მზადება ლაშქრობისათვის დასასრულს უახლოვდებოდა. არმია, რომელსაც ალექსანდრე  წვრთნიდა სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, შედგებოდა ოცდაათი ათასი  ქვეითი მეომრისა და ხუთი ათასი მხედრისაგან.  იგი თავისი სამხედრო ღირსებებით დიდად აღემატებოდა  იმ ლაშქარს, რომელსაც სპარსელები დაუპირისპირებდნენ მაკედონელებს. 
ყველაზე ცუდად ფულის  საქმე ჰქონდა ალექსანდრეს.  ომის  დასაწყისისთვის მისი სურსათის  მარაგი მხოლოდ ერთ თვეს თუ  გასტანდა,  ხაზინაში  კი სულ  70 ტალანტონი რჩებოდა. ალექსანდრესთვის აუცილებელი იყო გადამწყვეტი გამარჯვებების მოპოვება პირველივე ბრძოლებში, რათა მიტაცებული ტერიტორიების მკვიდრთა ხარჯით დაეფინანსებინა შემდგომი ლაშქრობები. ყოველი წარუმატებლობა დაღუპვას უქადდა მაკედონიის არმიას, რომელსაც  არ გააჩნდა საარსებო სახსრები. ალექსანდრეს კარგად ესმოდა ჩაფიქრებული ლაშქრობის მთელი  სიმწვავე: ომს მაკედონიისათვის  ან სრული გამარჯვება უნდა მოეტანა,  ან დაღუპვა. ამიტომაც  წინა დღეებში  მან მთელი თავისი ქონება მეგობრებსა  და ახლობლებს დაურიგა. ერთ-ერთმა მათგანმა, ასეთი გულუხვობით გაოცებულმა, ჰკითხა ალექსანდრეს:  „კი მაგრამ, შენთვის რაღას იტოვებ, მეფეო?“ „იმედს“,  – ასეთი იყო მეფის პასუხი. 
ალექსანდრე  ვარაუდობდა,  რომ  იმ  სიმდიდრესთან  შედარებით,  რასაც  იგი მტერზე გამარჯვებით მოიხვეჭდა, მაკედონიის საგანძური არარაობად გამოჩნდებოდა, დამარცხებულს კი აღარაფერი დასჭირდებოდა.
ძვ.წ, 334 წლის გაზაფხულზე ალექსანდრემ თავისი არმია ჰელესპონტოსისაკენ წარმართა  და სითავხედით გაუგონარი ომი დაიწყო. მაკედონელი დამპყრობელი აღსავსე იყო ბრძოლის წადილით და ხელიდან არ უშვებდა უმნიშვნელო წვრილ- მანსაც  კი, რომელიც  მას წაადგებოდა გასამარჯვებლად. 
მცირე აზიის ჩრდილო  და დასავლეთ სანაპიროებზე განლაგებული იყო ბერძენთა ქალაქები, რომელთა მრავალი მკვიდრი მსახურობდა სპარსეთის მეფის არმიაში.  მომავალ ბრძოლებში  მათი მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვანი იყო ბერძენთა პატრიოტული გრძნობების გამოღვიძება. ამის მისაღწევად საუკეთესო  საშუალებად ჩანდა მაკედონელთა ლაშქრობის წარმოსახვა ევროპასა და აზიას შორის წარმოებული საუკუნეობრივი ბრძოლის გაგრძელებად. ალექსანდრემაც დაუხანებლივ მოიშველია ისტორიაც და მითოლოგიაც. 
მცირე აზიის სანაპიროზე გადასული მეფე უპირველეს ყოვლისა მიემართება ტროას ნანგრევების მოსანახულებლად,  აწყობს ბრწყინვალე  ზეიმს ტროას  გმირების პატივსადებად. განსაკუთრებით გამოარჩევს  იგი აქილევსს, რომელიც  მაკედონიის მეფეთა წინაპრად ითვლებოდა.  ამ ზეიმების არსი ყოველისათვის იყო ნათელი: აქილევსის ჩამომავალი  აგრძელებს წინაპრის საქმეს და სათავეში უდგება ბერძენთა ლაშქარს, რათა ოდესღაც ელინთა მიერ აზიელთა წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა კვლავ გამარჯვებით დააგვირგვინოს. აზიელ-ტროელთა ნაცვლად ახლა სპარსელები წარმოსდგებიან. 
ამასობაში სპარსელმა სატრაპებმა თავი მოუყარეს დიდძალ ლაშქარს და ხელსაყრელი პოზიცია დაიკავეს მდინარე გრანიკოსის ციცაბო ნაპირებთან, რომლებზეც მაკედონელები უნდა გადასულიყვნენ, რათა ქვეყნის შიგნით შეეღწიათ. სპარსელთა მიერ გამაგრებული მდინარის გადალახვა მეტად რთული და სახიფათო აღმოჩნდა. 
ალექსანდრეს ყველა მხედართმთავარი წინააღმდეგი იყო თავდასხმისა. ისინი მიუთითებდნენ მდინარის სიღრმესა და მისი დინების სისწრაფეზე, სპარსელთა მიერ დაკავებული პოზიციის უპირატესობაზე, ურჩევდნენ ბრძოლის გადადებას და მოითხოვდნენ  სხვა, ნაკლებად სახიფათო გზების  ძიებას,  „ამ თვეში  – ეუბნებოდნენ  ისინი ალექსანდრეს, – მაკედონელები არ იბრძვიან, ასეთია ჩვენი ადათი!“ მაშინ მეფემ ბრძანება  გასცა,  შეეცვალათ  სახელი  თვისთვის.  კარგად იცოდა  მან, რომ მცირეოდენი დაყოვნებაც კი მისი ხაზინისათვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ, ყველას რჩევისდა მიუხედავად,  გადაწყვიტა  შეეტია  სპარსელებისთვის  და რადაც  არ  უნდა  დასჯდომოდა, გაერღვია მათ მიერ დაკავებული პოზიცია. ალექსანდრე სათავეში ჩაუდგა მაკედონელ არისტოკრატთა რჩეულ მხედრიონს და გრანიკოსის გადალახვას შეუდგა. ამ შეტევის მხილველები გვამცნობენ, რომ ალექსანდრეს ეს ნაბიჯი სრულ უგუნურებად ჩანდა. მრავალი მხედართმთავარი თვლიდა, რომ ალექსანდრეს თავისი ლაშქარი დასაღუპად ჰყავდა განწირული: მას არ სურდა იმის დაჯერება, რომ მდინარის ნაპირი იყო ციცაბო და კბოდე, რომ ზღვის დინებას თან მიჰქონდა უამრავი კაცი და ცხენი, რომ მომაკვდინებელი ისრები სეტყვასავით ცვივოდა მათზე. 
თავგანწირული და მძვინვარე შეტევა წარმატებით დაგვირგვინდა; მაკედონელთა მხედრიონის ნაწილმა მეფის წინაძღოლობით შეძლო ლამით მოლიპულ ნაპირამდე მიღწევა. სწრაფმა დინებამ მიმოფანტა მაკედონელთა მწყობრი რიგები, მტრის მიერ დაკავებულ სანაპიროზე  მხედრები პატარ-პატარა ჯგუფებად,  ზოგჯერ  კი თითო-თითოდ გამოდიოდნენ. სარგებლობდა რა ამით, სპარსეთის ცხენოსანთა ჯარი თავს ესხმოდა მაკედონელებს და კვლავ წყლისკენ მიერეკებოდა უადრეს, ვიდრე ალექსანდრე შეძლებდა თავისი გაფანტული მხედრიონის შეგროვებას. 
მდინარის ციცაბო ნაპირებთან უწესრიგო საკავალერიო ბრძოლა გაიმართა, მოწინააღმდეგეებმა პირველივე შეტევისას გადატეხეს შუბები და მახვილები იშიშვლეს. სპარსელები ცდილობდნენ მიეღწიათ მეფემდე, რომელიც გამოირჩეოდა თავისი აღსაჭურველითა და მუზარადზე მიმაგრებული თეთრი, დიდებული ჯიღით. სპარსელთაგან ვიღაცამ მეფეს სტყორცნა ხელშუბი, რომელმაც გახვრიტა ჯავშანი, მაგრამ ვერა დააკლო რა სხეულს. 
იმავე წამს ალექსანდრეს თავს დაესხა ორი სპარსელი მხედართმთავარი: რესაკოსი და სპითრიდატესი. მეფემ ზურგი აქცია სპითრიდატესსა და რესაკოსს სტყორცნა ოროლი.  იგი გადატყდა  ისე, რომ სპარსელისთვის ზიანი არ მიუყენებია. მეფემ მახვილი იშიშვლა და კვლავ რესაკოსისაკენ გაექანა. ამ დროს სპითრიდატესმაც მოაბრუნა  ცხენი  და  უკნიდან  მოუქნია  ალექსანდრეს  მახვილი,  რომელმაც, მხოლოდ თეთრი ჯიღა მოკვეთა  მის მუზარადს. სპარსელმა კვლავ მოიქნია  მახვილი, რათა უფრო ზუსტად დაერტყა, მაგრამ  იმავ წამს  მას თავს დაესხა ალექსანდრეს ძუძუმტის  ძმა კლიტოსი, მეტსახელად „შავი“ და შუბით განგმირა სპითრიდატესი. იმავდროულად მეფის მახვილმა მიწას განართხო რესაკოსიც. 
ვიდრე მაკედონელთა მხედრიონი თავგანწირული ბრძოლით ცდილობდა ნაპირზე გამაგრებას, გადმოსვლა იწყო ალექსანდრეს ქვეითმა ლაშქარმაც. როგორც კი მაკედონელთა მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარი ბრძოლაში  ჩაება,  მოწინააღმდეგის ცხენოსნებმა პირი იბრუნეს და უკუიქცნენ. მხოლოდ სპარსელთა მიერ დაქირავებულმა ბერძენთა ჯარმა  არ ისურვა უკან  დახევა. ამიტომ მაკედონელებმა ბრძოლა დაიწყეს  ამ მედგარ და კარგად გაწვრთნილ ქვეით ჯართან. 
ალექსანდრე კვლავ თავის მხედრიონს ედგა სათავეში. ამჯერად  მას მოუკლეს ცხენი, მაგრამ ეს არ იყო ბუკეფალოსი. როგორც იქნა, დაქირავებული ბერძნებიც დამარცხდნენ, მაკედონელები  კი ბრძოლის ველზე დაბანაკდნენ. 
გადმოგვცემენ, რომ  ამ ბრძოლაში სპარსელებმა დაკარგეს ოცი ათასი ქვეითი და ორნახევარი ათასი მხედარი. ალექსანდრეს დანაკარგი კი თითქოს სულ ოცდათოთხმეტ ადამიანს შეადგენდა. მათ შორის ცხრა იყო მხოლოდ ქვეითი. მაგრამ ეს ციფრები არ არის სანდო, რამეთუ მაკედონელ დამპყრობელს, მრავალი მხედართმთავრის მსგავსად, საკუთარი დანაკარგის მცირედ, ხოლო მტრისა კი გადაჭარბებით წარმოდგენა სჩვეოდა. 
გამარჯვებულებს წილად ერგოთ დიდი ნადავლი, რომლის ნაწილიც ალექსანდრემ გაუგზავნა ათენის მკვიდრთ, რადგანაც სურდა, მათი კეთილგანწყობის დამ- სახურება საბერძნეთში რომ დასაყრდენი ძალა ჰქონოდა. 
გრანიკოსთან გამარჯვებამ მაკედონელ დამპყრობელს მცირე  აზიაში შესაღწევი გზა გაუხსნა. ერთი მეორის მიყოლებით, წინააღმდეგობის გაუწევლად  ნებდებოდნენ ალექსანდრეს მცირე აზიის ბერძნული ქალაქები. მაკედონელთა წინარე ქედის მოდრეკა არ ისურვეს მხოლოდ მილეტოსმა და ჰალიკარნასოსმა, მდიდარმა და ძლევამოსილმა ქალაქებმა, რომელთა მკვიდრნიც სპარსელთა ბატონობის პერიოდში განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდნენ.  ეს ქალაქები მაკედონელებმა იერიშით აიღეს. 
მალე  მცირე  აზიის სიღრმეში  მდებარე  მხარეც ალექსანდრეს  ხელში  აღმოჩნდა. გორდიონში,  ფრიგიის ერთ-ერთ  ქალაქში,  მაკედონიის  მეფემ იხილა ოთხთვალა, რომლის ხელნაზეც სხვა ნაწილები მიმაგრებული იყო რთული კვანძით.  ეს კვანძი დრო-ჟამს  კიდევ უფრო  გაემყარებინა. არსებობდა  გადმოცემა,  რომ  ის, ვინც ამ კვანძს გახსნიდა, ვინც ხელნასა და უღელს ერთმანეთისგან განაცალკევებდა, სამყაროს მბრძანებელი შეიქნებოდა. პატივმოყვარე და ამპარტავანმა ალექსანდრემ განიზრახა, რადაც  არ უნდა დასჯდომოდა,  კვანძი  გაეხსნა. მაგრამ ყოველგვარი ცდა ამაო იყო. ბოლოს ალექსანდრემ მახვილი იშიშვლა და კვანძი გააპო4.  მეფესთან დაახლოებულმა პირმოთნეებმა  ეს კეთილ უწყებად აღიარეს  და ალექსანდრეს მთელი სამყაროს მბრძანებლობა უწინასწარმეტყველეს. 
ამასობაში მოვიდა ამბავი, რომ სპარსეთის მეფე დარიოს III უზარმაზარი არმიით დაიძრაო მაკედონელთა  წინააღმდეგ.  ალექსანდრემ  მის შესახვედრად  ისწრაფა. სირიისა და მცირე აზიის საზღვართან მაკედონიისა და სპარსეთის ჯარები ღამით უღელტეხილზე გადასვლისას ერთმანეთს ასცდნენ, რამეთუ სხვადასხვა გზას დასდგომოდნენ. მხოლოდ დილით აღმოაჩინეს მეფეებმა თავიანთი შეცდომა და  კვლავ ერთმანეთისკენ  იბრუნეს  პირი.  ალექსანდრე მოხარული  იყო  ამ  შემთხვევითობისა: მისთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი, თუკი სპარსელთა სახელოვან ცხენოსნებს  სირიის გაშლილ  ველებზე შეებრძოლებოდა.  ამიტომ ალექსანდრემ სასწრაფოდ გადაისროლა თავისი არმია ჩრდილოეთით, რათა სპარსელებისათვის მთის ვიწრობებიდან გამოსვლის საშუალება არ მიეცა. 
ორივე ლაშქარი ერთმანეთის პირისპირ დადგა სირიის ქალაქ ისოსის მახლობლად.  აქ მთები ზედ ზღვის ნაპირთან არიან აღმართულნი, შუაში მოქცეულია ვიწრო ვაკე, რომელზეც მდინარე პინაროსი მიედინება. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის  არმია  ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი  იყო,  დარიოსმა  ვერ შეძლო ამ უპირატესობის გამოყენება. ალექსანდრემ, ჩვეულებისამებრ, პირველ რიგებში რომ იბრძოდა,  უკუაქცია  მეფის დამცველთა  რაზმი, რომელიც ურჩეულესი  მებრძოლებისგან შედგებოდა. 
დარიოსმა ვერ გაუძლო მაკედონელთა მოიერიშე მხედრიონის ხილვასა და ბრძოლის ველი მიატოვა. მეფის გაქცევის ამბავი სპარსელთა უკუქცევის ნიშნად იქცა. სპარსეთის არმია სასტიკად დამარცხდა. გამარჯვებულთა ხელში აღმოჩნდა სპარსელების მთელი აღალი  და  ამ აღალის  ყველა თანმხლები.  აგრეთვე  სპარსეთის მეფის მდიდრული  ეტლი,  მისი  კარავი,  აღსაჭურველი,  ძვირფასი ჭურქული  და ფული. ტყვეთა შორის იყვნენ დარიოსის დედა, მეუღლე და ორი ქალიშვილი. 
უზარმაზარმა ნადავლმა საშუალება მისცა გამარჯვებულ ალექსანდრეს გულუხვად დაესაჩუქრებინა ლაშქარი და დიდი განძი გაეგზავნა სამშობლოში ახლობლებისა და მეგობრებისთვის. თავის ალმზრდელ ლეონიდასს კი გაუგზავნა კეთილსურნელებანი, რომელთა ღირებულებაც 600 ტალანტონს შეადგენდა.  ეს იყო  იმ ფიცის აღსრულება, რომელიც ალექსანდრემ, ჯერ კიდევ ჭაბუკმა,  საკუთარ  თავს აღუთქვა: ერთხელ, მსხვერპლშეწირვისას მან ორივე ხელით მობოქა გუნდრუკი და ცეცხლში ჩაყარა. ლეონიდასმა, რომელმაც ვერ მოასწრო ყმაწვილის შეკავება, წარბები შეკრა და დატუქსა თავისი აღსაზრდელი: „არ გმართებს იმის განიავება, რაც თავად არ მოგიპოვებია.  აი, როდესაც კეთილსურნელოვანი ხეებით მდიდარ ქვეყანას დაეპატრონები,  მაშინ  ყარე ცეცხლში გულუხვად საკმეველი“. ლეონიდასისადმი  გაგზავნილი ამ ძღვენით პატივმოყვარე ალექსანდრეს სურდა შეეხსენებინა მისთვის ეს ნათქვამი და თავი მოეწონებინა თავისი წარმატებებით. ძღვენს ალექსანდრემ თან ეს სიტყვებიც მიაყოლა: „მოძღვარო, სამყოფად გიგზავნი გუნდრუკსაც და სხვა საკმეველსაც, რათა ღმერთების წინაშე აღარ იძუნწო!“ 
დარიოსის ძვირფასეულობებს რომ ინაწილებდნენ, ალექსანდრეს მიართვეს ერთი საუცხოო ყუთი. მეფემ მეგობრებს ჰკითხა:  მათი აზრით,  რა შეიძლებოდა ყოფილიყო  ამ ყუთში ჩადების ღირსი. მათგან  სხვადასხვა პასუხი  მოისმინა  და  ბოლოს თავად დასძინა, რომ შიგ მოათავსებდა ჰომეროსის „ილიადას“, თავის საყვარელ წიგნს.
ისოსთან სპარსელთა დამარცხების შემდეგ ალექსანდრემ დაიმორჩილა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირზე მდებარე ქვეყნები: სირია, ფინიკია და პალესტინა. ზღვისპირა ქალაქთა დიდი ნაწილი მაკედონელებს უბრძოლველად დანებდა. კუნძულ კვიპროსის მეფენიც  კი გამოცხადნენ ალექსანდრესთან თხოვნით, მიეღო კვიპროსი და მფარველობა გაეწია მისთვის. 
არ ნებდებოდა ფინიკიის მდიდარი ქალაქი ტიროსი, რომლის მცხოვრებლებსაც ხელთ ეპყრათ სპარსეთის სამეფოს საზღვაო ვაჭრობის სადავეები, რითაც ისინი დიდებულად სარგებლობდნენ.  ქალაქის ნაწილი კუნძულზე იყო განლაგებული. ტიროსი ბატონობდა ზღვაზე და ამიტომ მისი მცხოვრებნი თვლიდნენ, რომ ალექსანდრე ვერ შეძლებდა მათ დამონებას. 
ტიროსის ალყა ნახევარ წელზე მეტ  ხანს გაგრძელდა  (ძვ.წ.  332  წ.). ალექსანდრემ ბრძანა,  ზღვაში  ჩაეყარათ  ქვიშა, რაც კუნძულზე განლაგებულ ქალაქთან მიახლოების საშუალებას მისცემდა. მაკედონელები განუწყვეტლივ უტევდნენ  ქალაქს,  მაგრამ  მცხოვრებნი მედგრად  ეწინააღმდეგებოდნენ. მხოლოდ უდიდესი მსხვერპლის წილ იქნა შესაძლებელი ქალაქის აღება.  განრისხებულმა  ალექსანდრემ ბრძანა ტყვედ ჩაგდებულ მოქალაქეთა ნაწილის მონებად გაყიდვა, ნაწილისა  კი  – ჯვარზე გაკვრა. 
ალექსანდრე კინაღამ შეეწირა ტიროსის ალყას, მხოლოდ საკუთარმა წარმოუდგენელმა სიმამაცემ იხსნა იგი: სირიელი არაბები ხშირად ესხმოდნენ თავს მაკედონელებს.  მათი თავიდან მოცილების მიზნით ალექსანდრემ მთების დალაშქვრა განიზრახა. მთებში დაკარგა თავისი ლაშქარი და იძულებული შეიქნა მცირე რაზმთან ერთად გაეთია ლამე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლის გაჩაღების საშუალებაც არ ჰქონდათ, მთებში  კი საკმაოდ ციოდა, ალექსანდრემ დააყენა გუშაგები,  თავად  კი  მშვიდ  ძილს  მიეცა.  შუაღამისას შეშინებულმა  გუშაგმა  გააღვიძა მეფე და დაანახა ყოველი მხრიდან აღმართული ჩირაღდნები. ცხადი იყო, რომ მათ გარშემო არაბები იმყოფებოდნენ. საკმარისი იყო, არაბებს აღმოეჩინათ მაკედონელები, რომ ალექსანდრეს ლაშქრობა დასაღუპად განიწირებოდა. 
გაიცნობიერა რა საფრთხე, მეფემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: იგი მიიჭრა უახლოეს კოცონთან, მოკლა ცეცხლს მიფიცხებული ორი არაბი, ხელი დაავლო მუგუზალს და კვლავ თავის რაზმთან მობრუნდა. ამ მუგუზალით ალექსანდრეს თანამგზავრებმა მტრის ბანაკის ირგვლივ მრავალი კოცონი დაანთეს, ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს მაკედონელებმა, ისარგებლეს რა სიბნელით, მათ ალყა შემოარტყეს. არაბები დაფრთხნენ და გაიქცნენ  ისე, რომ არც  კი დაუცადეს გათენებას. ალექსანდრე და მისი თანამგზავრები გადარჩნენ. 
ტიროსის აღების შემდეგ ალექსანდრე სამხრეთით, ეგვიპტისაკენ დაიძრა.  ეგვიპტის მოსახლეობა დიდი ხანია გმინავდა სპარსთა უღელქვეშ და ხშირად ამბოხებებსაც აწყობდა. ეგვიპტელები სიხარულით შეხვდნენ მაკედონელებს, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ მათი შემწეობით თავს დაიხსნიდნენ მძიმე უღლისგან. აიღო თუ არა ეგვიპტე  (ძვ.წ.  332  წ.), ალექსანდრემ ხალხის კეთილგანწყობის დამსახურება განიზრახა, დააინტერესა ისინი ვაჭრობით, რაც მათ ახლად შექმნილი უზარმაზარი სახელმწიფოს სამფლობელოში შესვლის უფლებას მისცემდა. ეგვიპტის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩასაბმელად მეფემ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ახალი ნავსადგომის დაარსება განიზრახა. 
გადმოგვცემენ,  თითქოს ალექსანდრეს  ძილში  გამოეცხადა თავად  ჰომეროსი და უჩვენა ადგილი, სადაც ქალაქი უნდა გაეშენებინა. მეფე იმავე დილას გაემართა სიზმრად ხილული ადგილისაკენ, მოეწონა და ალფრთოვანებულმა წამოიძახა: „ჭეშმარიტად,  ჰომეროსი დიდებული პოეტი  კი  არ  არის მხოლოდ,  იგი დიდებული ხუროთმოძღვარიც გახლავთ!“ მან  იქვე ისურვა ქალაქის სავარაუდო  გეგმის  დახატვაც. ცარცი რომ ვერ აღმოაჩინეს, მიწაზე ფქვილით შემოხაზეს მომავალი ქუჩები. მოულოდნელად მოფრინდნენ  ჩიტები  და მთელი ფქვილი აკენკეს. ცუდად ენიშნა მეფეს ფრთოსანთა მოვლინება, მაგრამ წინასწარმეტყველებმა დააწყნარეს ასეთი სიტყვით: „შენი ქალაქი დიდების სახელს მოიხვეჭს და ასაზრდოებს მრავალ ქვეყანას!“ მისანთმისნობა გამართლდება. სულ მალე ახლად დაარსებული ქალაქი აღმავლობის გზას დაადგება და ეგვიპტის სავაჭრო, სამეცნიერო თუ კულტურულ ცენტრად  იქცევა.  იქ აღმართავენ მსოფლიოს საოცრებათა შვიდეულიდან  ერთ-ერთს: ალექსანდრიის შუქურას. მაგრამ  ეს მოხდება მოგვიანებით. 
მისანთაგან გამხნევებულმა ალექსანდრემ თავდაპირველად ნილოსის ორ განშტოებას შორის მიწის ფართო ზოლი შეარჩია. იქვე, სანაპიროსთან მდებარეობდა კურძული ფაროსი, რომელიც მისი ბრძანებით ხმელეთს მიწაყრილით შეუერთეს. მიწაყრილიან კუნძულთან კეთდებოდა საკმაოდ ვრცელი ზღვის უბე,  სადაც ერთდროულად მრავალ ხომალდს შეეძლო  დგომა.  არხები,  რომლებიც  ნავსადგომს სამხრეთით მდებარე დიდ მარიოტისის ტბასთან აერთებდნენ, უზრუნველყოფდნენ მეზღვაურებს ხომალდთა აგებისა და შეკეთებისთვის საჭირო დოკებით და ეგვიპტეში შესაღწევი ხელსაყრელი გზებით. 
მეფემ თავად დახაზა ქალაქის სავარაუდო  გეგმა, განსაზღვრა მთავარ  ქუჩათა, ბაზართა და ტაძართა ადგილები და ბრძანა ახალშენისათვის ეწოდებინათ ალექსანდრია, რათა მისი სახელი არასოდეს დაევიწყებინათ ეგვიპტეში. იდგა ძვ.წ.  331 წელი. 
ალექსანდრე მოსახლეობის კეთილგანწყობის დამსახურების მიზნით ყოველნაირად ცდილობდა გამოეხატა თავისი მოწიწება ეგვიპტელთა ადათისა და რელიგიისადმი. ალექსანდრიის დაარსებისთანავე იგი გაემართა ეგვიპტის დასავლეთით მდებარე ლიბიის უდაბნოსაკენ. აქ ნილოსის დაბლობიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, უდაბნოს მხურვალე ქვიშით გარემოცული ოაზისი  მდებარეობდა.  ეს იყო ნაყოფიერი მიწის მადლით ამწვანებული პატარა ადგილი.  ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ  აქ დავანებული იყო მზის ღვთაება ამონი, რომელსაც ბერძნებიც  სცემდნენ  თაყვანს  და  ზევსთან  აიგივებდნენ.  ამ ოაზისში  იყო ამონის ტაძარი,  სადაც ქურუმები მომავალს წინასწარმეტყველებდნენ. ურწყულ  უდაბნოში მრავალდღიანმა ლაშქრობამ კინაღამ იმსხვერპლა ალექსანდრეს თანმხლები ჯარი. როდესაც, ბოლოს და ბოლოს,  მეფემ ოაზისს მიაღწია და ტაძარს უძღვნა დიდებული საბოძვარი, ქურუმმა იგი ზევსი-ამონის ძედ აღიარა და მთელი სამყაროს გამგებლობა უწინასწარმეტყველა. 
ამის შემდეგ ალექსანდრე თამამად საუბრობდა თავის ღვთაებრივ წარმომავლობაზე და არ უკვირდა, როდესაც ღმერთის ძედ იხსენიებდნენ. მეფეთა გაღმერთება აღმოსავლეთში ჩვეულებრივი მოვლენა იყო:  ეგვიპტის ფარაონები, ბაბილონისა და სპარსეთის მეფეები ღმერთებად მიიჩნეოდნენ მათი ტახტზე ასვლისთანავე. აღმოსავლეთის ხალხს იმის ქადაგება, რომ ალექსანდრეს მამა იყო არა მეფე ფილიპოსი, არამედ თავად უზენაესი ღვთაება ზევსი-ამონი, მაკედონელი დამპყრობლის სამეფო ძალაუფლების დამკვიდრებად მიაჩნდა და არა უაზრო მზვაობრობად. მეფეს ეგვიპტელ ქურუმთა ლეგენდა თავის ღვთაებრივ წარმომავლობაზე მოსწონდა  კიდეც, რამეთუ ამით მისი ძალაუფლება კიდევ უფრო ძლიერდებოდა აზიაში. 
თავდაპირველად ალექსანდრე მეგობართა წრეში თავადვე მხიარულად იცინოდა იმ უაზრობაზე, რომ იყო უკვდავი და ყოვლისშემძლე ღმერთი. მაგრამ როდესაც იმრავლეს წარმატებებმა, რასაც მოჰყვა საყოველთაო პირფერობა, პატივმოყვარე მბრძანებელმა მართლაც ირწმუნა,  რომ  მას ღმერთები მფარველობენ  და რომ  არ არსებობს მისი წინაღმდგომი რაიმე ძალა. 
პირველად ალექსანდრემ ჯერ კიდევ ეგვიპტის დაპყრობამდე განაცვიფრა ყველა თავის განზრახვათა სითამამით. მალე ისოსთან დამარცხებულმა დარიოსმა, რომელიც წუხდა თავის ოჯახზე, ალექსანდრეს მიუგზავნა ელჩები და ზავის დადება შესთავაზა. იგი მაკედონიის მეფეს აღუთქვამდა თავისი ასულის ხელსა და მდინარე ევფრატის ჩრდილოეთით მდებარე სპარსეთის მიწებს. სპარსეთის მეფე თანახმა იყო დაეთმო არა მხოლოდ ის, რაც დაიპყრო მაკედონიამ, არამედ კიდევ  სხვა მიწებიც. დარიოსი დატყვევებული დედის, მეუღლისა და ქალიშვილების გამოს ყიდვის ფასად უზარმაზარ დათმობებზე მიდიოდა. 
სათათბიროდ შეკრებილი ახლობლები ერთხმად ურჩევდნენ ალექსანდრეს, მიეღო ეს წინადადება. სიტყვა ითხოვა ხანდაზმულმა პარმენიონმა, ფილიპოსის უახლოესმა თანამოაზრემ, რომელიც ცვლიდა-ხოლმე მეფეს არყოფნის  ჟამს,  „ალექსანდრე რომ ვყოფილიყავი,  – თქვა  მან,  – დავთანხმდებოდი“. „მეც დავთანხმდებოდი,  – სწრაფად მოუჭრა ალექსანდრემ,  – პარმენიონი რომ ვყოფილიყავი!“ 
მოხუცი დადუმდა. ყოველისათვის იყო ნათელი, რას გულისხმობდა ახალგაზრდა მეფე: მხოლოდ მას ძალუძს იმის აღსრულება, რაც მიუღწეველია ნებისმიერი მთავარსარდლისათვის. პარმენიონისათვის წარმოუდგენელია მთელი სპარსეთის დამორჩილება. ალექსანდრე კი არ დათანხმდება თუნდაც უომრად მიღებულ ნახევარ სპარსეთს,  მას მთელი სპარსეთის დამონება სურს. 
მაკედონიის  არმიას მდიდარი, ნაყოფიერი  ეგვიპტის  მიწად  ერთი წელიც არ დაუყვია.  ძვ.წ.  331 წლის გაზაფხულზე ალექსანდრემ თავისი მეომრები გამოიყვანა ნილოსის ხეობიდან და წინა აზიის უდაბნოს გავლით მესოპოტამიისკენ გაემართა. იგი იმედოვნებდა, რომ  იქ შეხვდებოდა სპარსეთის ლაშქარს. 
დარიოს III ხვდებოდა, რომ მისი სახელმწიფოს ბედი წყდებოდა, ამიტომ დიდი გულმოდგინებით ემზადებოდა  ამ ბრძოლისათვის.  მან ალმოსავლეთის ქვეყნებიდან დიდძალი ჯარი შეაგროვა. გადაწყვიტა,  არ ეჩქარა მაკედონელებთან  შებმა, რათა თავს არ დასტეხოდა  ის, რაც ისოსთან მოხდა. სპარსელთათვის არახელსაყრელმა პირობებმა იმხანად მაკედონიას გამარჯვება მოაპოვებინა. 
ამჯერად დარიოსმა თავად შეარჩია ბრძოლის ველი. მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ  სანაპიროსთან,  ასირიის  ძველი დედაქალაქის,  ნინევიას  ნანგრევების მახლობლად, პატარა დაბა გავგამელასთან მდებარეობდა ვრცელი  ველი,  სადაც სპარსელები ჩაუსაფრდნენ აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ალექსანდრეს არმიას. 
ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ძვ.წ. 331 წლის სექტემბრის ბოლო დღეს. როდესაც მაკედონელები მიუახლოვდნენ წინა ხაზზე განლაგებულ სპარსელებს, უკვე საღამო ხანი იყო. დარიოსმა მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად თავისი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. მეჩირაღდნეებით გარემოცული მეფე მთელი ლამის განმავლობაში ამოწმებდა მებრძოლთა რიგებს. მთელი ღამის დაძაბულობით განაწამები მებრძოლები გამთენიისთვის ძლივს იდგნენ ფეხზე. 
ალექსანდრეს არ სურდა პირდაპირ გზიდან დაეწყო ბრძოლა. მძიმე ლაშქრობის შემდეგ მებრძოლებისათვის აუცილებელი იყო დასვენება. მეფემ, ღრმად დარწმუნებულმა, რომ სპარსელები არ დათმობდნენ მათ მიერვე შერჩეულ ველს,  იქვე, მახლობლად ბრძანა ღამის გათევა. 
მაკედონელი მთავარსარდლები შიშით უმზერდნენ უზარმაზარ ველს, რომელსაც ტალღათა ხმაურივით ეფინებოდა ადამიანურ ხმათა ყრუ გუგუნი. სპარსთა კოცონების სწორი მწკრივები იქვე, სულ ახლოს იწყებოდა და ყოველ მხარეს ვრცელდებოდა, იმ სიშორეზე, რასაც კი თვალი მისწვდებოდა. მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვნებით თავზარდაცემული მხედართმთავრები პარმენიონის მეთაურობით ალექსანდრეს ეახლნენ და ევედრებოდნენ, თუკი მას მტკიცედ ჰქონდა უკვე გადაწყვეტილი სპარსელებთან  ამ ველზე  შებმა, დილას აღარ დალოდებოდა, ესარგებლა სიბნელით, რომელიც მტრის რიცხობრივ უპირატესობას მაინც დაფარავდა. 
„მე გამარჯვებებს არ ვიპარავ!“  – მიუგო მათ ალექსანდრემ და გაისტუმრა რა ისინი, მშვიდ ძილს მიეცა.  ისე ღრმად ეძინა მეფეს, რომ გამთენიისას ჩვეულებისამებრ ვერც გაიღვიძა. როდესაც გაოცებულმა მთავარსარდალმა, ხანდაზმულმა პარმენიონმა  გაბედა  მისი გამოფხიზლება, უსაყვედურა, ისე გძინავს, თითქოს უკვე გაიმარჯვეო. ალექსანდრეს გაეღიმა და ასე მიუგო:  „განა ხელთ არ გვაქვს გამარჯვება? დარიოსი ხომ  ჩვენს  წინ არის,  სად გაგვექცევა!“ 
ბრძოლა დაიწყო. ალექსანდრეს ეშინოდა ალყისა და ამიტომ თავისი ლაშქარი ორ მწკრივად განალაგა. თუკი მტერი გარს შემოევლებოდა პირველ მწკრივს,  მეორე მწკრივი უკან გაბრუნდებოდა, შექმნიდა კარეს და ორ ფრონტზე შეძლებდა ბრძოლას. 
სწორი აღმოჩნდა მეფე. ბრძოლის დასაწყისშივე სპარსელთა მძლავრმა მხედრიონმა შეავიწროვა მაკედონელთა მარცხენა ფრთა, რომელსაც პარმენიონი მეთაურობდა. სპარსელთა ფრონტი გაცილებით უფრო ფართო იყო, ვიდრე მაკედონელებისა. ამით ისარგებლეს ცხენოსნებმა, გვერდი აუარეს პარმენიონს და მის ზურგს უკან აღმოჩნდნენ,  სადაც აღალი  იდგა. მდგომარეობა სავალალო  იყო,  მოხუცმა მხედართმთავარმა მეფესთან აფრინა  კაცი დახმარების თხოვნით,  თან გააფრთხილა  – აღალს ვკარგავთო. 
ამ ბრძოლამ ნათლად გამოავლინა ალექსანდრეს ხასიათის უმთავრესი თვისება – რისკისადმი ლტოლვა. მოსალოდნელი საფრთხე უფრო ფრთხილ მთავარსარდალს აიძულებდა გაეგზავნა ძალები პარმენიონის დასახმარებლად – აღალის  გარეშე მაკედონიის არმია ვერ გაძლებდა მტრულ ქვეყანაში. მაგრამ ალექსანდრეს არ სურდა  მის მიერ განზრახული შეტევიდან მოეხსნა თავისი მებრძოლები.  „ხომ არ გაგიჟდა პარმენიონი, რა დროს აღალზე ფიქრია. თუ დავიღუპეთ, აღარც აღალი დაგვჭირდება,  თუ გავიმარჯვეთ,  ჩვენი აღალის ნაცვლად მტრისას დავეუფლებით. თუკი პარმენიონი თვლის, რომ დამარცხდა, ვურჩევ ქონების გადარჩენაზე კი არ იფიქროს, არამედ იმაზე, თუ როგორ დაიღუპოს დიდებით!“ 
ამ სიტყვისთანავე ალექსანდრემ ბრძანა, მოეტანათ მისთვის აღსაჭურველი და დაიწყო ბრძოლისთვის  მზადება.  შალის მჭიდრო პერანგზე ჩამოიცვა ტილოს  უხეში, ორმაგი ჯავშანი, რომელიც ისოსთან ბრძოლაში ხელთ ჩაიგდო, ალექსანდრეს მუზარადი რკინისა იყო, მაგრამ ისეთი ოსტატობით ნაკეთი, ისე ბზინვარე, რომ ვერცხლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მუზარადზე მიმაგრებული იყო ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ლითონის საყელო. მაგრამ ყველაზე ძვირფასი  მეფის აღსაჭურველში იყო დიდებულად გამოწრთობილი, უმსუბუქესი მახვილი, რომელიც მას კვიპროსის  განმგებელმა უბოძა.  ეს მახვილი ალექსანდრეს უსაყვარლესი იარაღი იყო. 
მეფეს მოჰგვარეს ბუკეფალოსი. ჩვეულებრივ, ალექსანდრე სხვა ცხენზე იჯდა, რადგანაც ბუკეფალოსი  უკვე  25 წლისა იყო  და  მის ძალებს უფრთხილდებოდა. მაგრამ ამჟამად თავის საყვარელ ცხენზე ამხედრება ისურვა მეფემ. 
სწორედ  ამ დროს სპარსეთის არმიის მარცხენა ფრთაც გადავიდა შეტევაზე. ცხენოსანთა ნაწილი გამოეყო სპარსელთა ძირითად მასას და იქით გაემართა,  სადაც იმყოფებოდა ალექსანდრე მაკედონიისა და თესალიის მხედრებთან ერთად. 
ამ გადაადგილებამ ერთგვარი დერეფანი შექმნა მტრის რიგებში.  ამით ისარგებლა ალექსანდრემ და მთელი ძალით შეიჭრა  ამ რღვეულში. მან შორს  თვალი მოჰკრა სპარსეთის მეფეს. მაღალ ეტლზე ამხედრებული დარიოსი გარშემორტყმული იყო საგულდაგულოდ შერჩეული ახოვანი მცველებით. მზეზე ბზინავდა მათი იარაღი. ალექსანდრემ თავის რაზმთან ერთად გააფრთებული იერიშით ისწრაფა მეფისკენ. შედრკნენ მცველები, მრავალმა მათგანმა გაქცევაც კი იკადრა,  მაგრამ დარჩენილები თავგანწირულად იბრძოდნენ.  დაიბნა სპარსეთის მეფე.  მის თვალწინ მაკედონელები უმოწყალოდ ჟლეტდნენ მეომრებს. ისეთი ალიაქოთი შეიქნა, რომ დარიოსმა თავისი ეტლის შემობრუნებაც კი ვერ მოახერხა, ბორბლებთან ოხრად ეყარა დაღუპულთა გვამები. ცოტაც და ალექსანდრე, რომელიც პირველრიგებში იბრძოდა,  მახვილით მისწვდებოდა  თავის  მეტოქეს.  საბედისწერო  შიშმა აიტანა დარიოსი,  იგი შეახტა ერთ-ერთი მცველის  ცხენს  და ბრძოლის ველიდან უკანმოუხედავად გაქუსლა. 
გაქცეულ მთავარსარდალს უკან მიჰყვა მისი ლაშქარიც. მარჯვენა ფლანგსა და ცენტრში მაკედონელებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს. მხოლოდ მარცხენა ფლანგის მდგომარეობა რჩებოდა  მძიმე.  პარმენიონი დახმარებას ითხოვდა.  ალექსანდრემ მიატოვა დარიოსის დევნა და დაიწყო მარცხენა ფრთის გამაგრება. მტერმა უკან დაიხია. 
გავგამელასთან ბძოლამ საბოლოოდ შეარყია სპარსელთა ძალმოსილება. ალექსანდრეს ახლა უკვე აღარ ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები. მიუხედავად  იმისა, რომ აღმოსავლეთის ზოგი სახელმწიფო კვლავაც განაგრძობდა ომისთვის  სამზადისს,  მაკედონელ დამპყრობელს სრული უფლება  ჰქონდა  გამოეცხადებინა  თავი აზიის მეფედ. სპარსეთის დიდებულთაგან მრავალი ისწრაფოდა დაემტკიცებინა მორჩილება ალექსანდრესათვის და მეფეც ხალისით ნიშნავდა მათ მმართველებად.
ალექსანდრეს თავისი უფლებების გასამყარებლად დარიოს  III თავიდან მოცილება სურდა.  ამისათვის საჭირო იყო  ან მოეკლა იგი, ან იძულებული გაეხადა, დაეთმო ძალაუფლება. მაგრამ ვიდრე აღმოსავლეთისაკენ მცირე რაზმით გაქცეულ დარიოსს დაედევნებოდა, ალექსანდრემ განიზრახა თავისი გამარჯვების სიტკბო შეეგრძნო. მთელი აზია  მის ფერსთ იყო განრთხმული. მბრძანებელმა, უპირველეს ყოვლისა,  გადაწყვიტა, ხელთ ეგდო სპარსეთის მთავარი ქალაქები,  რომლებსაც აღარ იცავდა ჯარი.
მაკედონიის ლაშქარი შევიდა აღმოსავლეთის უბრწყინვალეს ქალაქ ბაბილონში, რომლის ზღაპრულ სიმდიდრეებზეც ესოდენ ბევრს წერდნენ ბერძენი მოგზაურები. ალექსანდრე ჩქარობდა, თუმცა იძულებული გახდა,  აქ დაესვენებინა თავისი მებრძოლები, რათა ისინიც დამტკბარიყვნენ ცხოვრებისეული სიამეებით  იმ მძიმე განსაცდელის  წინ, რაც ელოდათ. 
შემდეგ მაკედონელებმა ხელთ იგდეს სუსა  – სპარსეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია.  აქედან,  ძვ.წ. 331 წლის მიწურულისთვის ლაშქარი გაემართა სპარსელთა უძველესი სამოსახლოსკენ. ქალაქ  პერსეპოლისში მდებარეობდა სამეფო სასახლე და დარიოსის წინაპართა სამარხები. ამ სასახლის სარდაფები საუკუნეთა განმავლობაში ივსებოდა  იმ სიმდიდრით, რომელსაც სპარსელები დამორჩილებულ ხალხებს ართმევდნენ. ახლა  ამ საგანძურს დაეუფლა ალექსანდრე. პერსეპოლისისა და სუსას სასახლეებში მოპოვებულ მონეტათა წონა რამდენიმე ათასი ტონა ყოფილა. გამარჯვებულ მეფეს დანარჩენ ძვირფასეულობათა გასატანად დასჭირდა ათი ათასი ჯორი და ხუთი ათასი აქლემი. 
ალექსანდრეს გასაოცარ გულუხვობას, უდარდელ დამოკიდებულებას სიმდიდრისადმი, რომლის მოპოვებაც მას არასოდეს გასძნელებია, საზღვარი არ ჰქონდა. 
როდესაც სასახლიდან გაჰქონდათ სპარსული ოქრო, მეფემ თვალი მოჰკრა მისთვის უცნობ მეომარს, რომელიც ტვირთის სიმძიმით იზნიქებოდა. ალექსანდრემ მის გასამხნევებლად შესძახა: „ტვირთი აღარ მოგეჩვენება მძიმე, თუკი მას ურმისკენ  კი  არა,  შენი  კარვისკენ  წაიღებ!“  ამ სიტყვებით  მეფემ  ბრძანა,  ეჩუქებინათ მეომრისათვის მთელი  ის ოქრო, რაც მას ზურგზე ჰქონდა წამოკიდებული. 
უფრო გულუხვად ასაჩუქრებდა ალექსანდრე თავის მეგობრებსა და ახლობლებს. როდესაც ეს დედამისს შეატყობინეს,  მან შვილს ასეთი წერილი გაუგზავნა: „უწინ, როდესაც  არ  იყავი  ასე მდიდარი, საჩუქრებით მეგობრებს  იძენდი.  ახლა კი,  შენი განუზომელი გულუხვობის გამო  ისინი სიმდიდრით მეფეებს გაუტოლე და მეგობრების შეძენის ნაცვლად მტერს იმრავლებ“. პატივმოყვარე ალექსანდრემ დედის რჩევა ყურად არ იღო. ოლიმპიასი ერთადერთი იყო,  ვისი საყვედურებიც რისხვას  არ გვრიდა დიდ დამპყრობელს. მიუხედავად ამისა მეფის  საქმეებში  ჩარევის ნება მასაც არ ჰქონდა. 
სპარსეთის ძველი დედაქალაქის დაპყრობისთანავე ალექსანდრემ მეფის სასახლე დაიკავა. ბერძნები და მაკედონელები აღტაცებით შეხვდნენ ბალდახინში სამეფო ტახტზე მჯდომ ალექსანდრეს. მხოლოდ ზოგიერთები ხვდებოდნენ, რომ შორს არ იყო  ის დრო, როდესაც მაკედონიის მეფე ისეთივე დესპოტად იქცეოდა,  როგორიც იყო მისი წინამორბედი მბრძანებელი სპარსეთისა. 
სპარსელთა დამცირებისა თუ შურისძიების წადილმა უბიძგა ალბათ ალექსანდრეს ისეთი რამ ჩაედინა, რამაც მის სახელსა და დიდებას ჩრდილი მოჰფინა: ქსერქსესის ლაშქრობათა ჟამს დაფერფლილი ათენისა და საბერძნეთის დარბეული ტაძრების წილ ალექსანდრემ გაანადგურა სპარსული ხელოვნების ბრწყინვალე  ძეგლი – პერსეპოლისის სასახლე. არავინ იცის, იყო ეს მისი შეგნებული და წინასწარგანზრახული სისასტიკე თუ სპარსთა მოძულე თანამეინახეთაგან წაქეზებული წამიერი  სისუსტე. ლაშქრობის  მონაწილეთა  გადმოცემით, გვირგვინდარქმულმა ალექსანდრემ საკუთარი ხელით მიიტანა სასახლეში ანთებული ჩირაღდანი.  გაშმაგებული ყვირილით მისდევდა მას უკან მაკედონელთა და ბერძენთა აღვირახსნილი ბრბო. ცეცხლმა მოიცვა დარბაზები, სადაც ინახებოდა მრავალ თაობათა ღვაწლით შექმნილი  ხელოვნების დიდებული  ნიმუშები. და სულ  რამდენიმე  საათში სპარსეთის დედაქალაქის უმშვენიერესი ნაგებობიდან დარჩა ფერფლი და ნანგრევები. 
რა აზრი ჰქონდა ხელოვნების რაღაც ნიმუშებს, თვით ადამიანთა ცხოვრებასაც კი ალექსანდრესთვის, რომელმაც დაამხო „დიადი მეფის“ სამფლობელო და  მისი ტახტი დაისაკუთრა!  სისასტიკემ, რომელიც უცხო იყო უწინ ახალგაზრდა  მეფისათვის, ახლა უკვე მყარად გაიდგა ფესვი ყოვლისშემძლე მბრძანებლის სულში. 
მიდიაში გაქცეული დარიოსის დევნის ჟამს ალექსანდრემ აიღო  ამ ქვეყნის დედაქალაქი ეკბატანა. მის გარეუბანში მეფეს აჩვენეს უფსკრული, საიდანაც განუწყვეტლივ ამოდიოდა ცეცხლი. იქვე, ახლოს მოედინებოდა ნავთობი.  იმ ადგილების მკვიდრებმა აუხსნეს მეფეს, რომ  ეს სითხე ფისივით იწვის და რომ უფსკრულიდან ამოხეთქილი ცეცხლი არ ქრება, რადგანაც მას სწორედ ამ ნავთობის წყაროსთვალი ასაზრდოებს. ალექსანდრემ ისურვა იქვე გამოეცადა ნავთობის  ეს თვისება. 
მეფის მსახურთა შორის იყო პატარა ბიჭი სახელად სტეფანოსი, სასაცილო და შეუხედავი, მაგრამ სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული. ალექსანდრემ ბრძანა, ეს ბიჭი ამოეთხვარათ ამ ნავთობში და წაეკიდებინათ ცეცხლი, რათა  ენახა,  აალდებოდა თუ არა  იგი ადამიანის სხეულზე.  და თუ  ეს  ასე მოხდებოდა,  ამ ნავთობის ბრძოლებში გამოყენების შესაძლებლობა ისახებოდა. 
არ ელოდა რა თავისი მბრძანებლისაგან ბოროტებას, სტეფანოსი ხალისით დათანხმდა, საკუთარ თავზე გამოეცადა უცნობი სითხის თვისებები.  და მხოლოდ მაშინ, როდესაც ცეცხლის ძალით შეშინებულმა ალექსანდრემ უკან დაიხია, მიხვდა სტეფანოსი, რომ იგი გაწირეს. ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ ბიჭუნა დასახიჩრდა  საბედისწეროდ. 
მიდიიდან ალექსანდრემ ისწრაფა პართიისაკენ, სადაც სპარსელები ძალას იკრებდნენ ახალი ბრძოლებისათვის.  აქ იყო დარიოსიც, განცდილი მარცხების გამო საბოლოოდ დასუსტებული.  ხმა დაირხა, თითქოს დარიოსი მზად იყო ეცნო ალექსანდრე აზიის მეფედ, თუკი სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. 
ამ საშიშროებამ აიძულა აღმოსავლეთის სამეფოთა მმართველები, რომლებსაც არ სურდათ მაკედონელთა საკუთარ სატრაპიებში შემოშვება, ჩამოეგდოთ მეფე. ამბოხებულებს სათავეში ჩაუდგა ბაქტრიის სატრაპი ბესოსი. შეთქმულებმა შეიპყრეს დარიოსი და განიზრახეს მისი ბაქტრიაში წაყვანა.  აქ მას საკუთარი  ნებით უარი უნდა ეთქვა სამეფო ძალაუფლებაზე. 
ცნობამ იმის თაობაზე, რომ დარიოსი ხელთ იგდო ბესოსმა, აიძულა ალექსანდრე ეჩქარა.  აღმოსავლეთის  სატრაპთა  გეგმების განხორციელება  ომის  გახანგრძლივების საშიშროებას ქმნიდა. 
მხედართა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ალექსანდრე დაედევნა ბაქტრიელებს, რომლებსაც მიჰყავდათ ტყვედ შეპყრობილი დარიოსი.  მეფემ განიზრახა, რადაც  არ უნდა დასჯდომოდა, დაწეოდა გაქცეულებს.  ამის გამო დღე  და ღამე გასწორებული ჰქონდათ  მის მხედრებს. თავაწყვეტილი სრბოლითა  და წყურვილით გაწამებული მეომრები და ცხენები მოიქანცნენ. ერთხელ, შუადღის პაპანაქების ჟამს, მხედრიონს გზად შემოეყარნენ მეხრეები, რომელთაც მცირეოდენი წყალი ჰქონდათ გადანახული. მწყურვალი მეფე რომ იხილეს, მეხრეებმა მუზარადით მიართვეს მაცოცხლებელი წყალი. ალექსანდრემ ორთავე ხელით ფრთხილად  აიღო მუზარადი და ის-ის იყო წყალს უნდა დასწაფებოდა, რომ თვალი ჰკიდა გარეშემო მყოფთა გათანგულ სახეებს. მეფემ წყურვილის მწველი გრძნობა დაძლია და უკანვე მიუბრუნა  მეხრეებს მუზარადი  ამ  სიტყვებით:  „მე რომ დავლიო  წყალი, ისინი სულით დაეცემიან.  დაე,  ჩვენ ერთად დავიტანჯოთ!“ ალექსანდრეს დიდსუ- ლოვნებამ მის თანხმლებთა აღტაცება გამოიწვია. მეფე დარწმუნდა, რომ მისი  მეომრები ყველაფერს იღონებდნენ, რაც  კი ადამიანურ ძალებს არ აღემატებოდა. 
დევნა გრძელდებოდა, მაგრამ ცხენები იღუპებოდნენ უწყლო უდაბნოში. მხოლოდ  60 მებრძოლი ახლდა ალექსანდრეს, როცა მოწინააღმდეგეთ დაეწია. 
ბაქტრიელებს მიეტოვებინათ ბანაკი. მიწად ეყარა მტვერში ამოგანგლული ოქროსა და ვერცხლის ნივთები. ურმებიდან ქალთა და ბავშვთა ტირილის  ხმა ისმოდა. იმდენად დიდი იყო შიში ალექსანდრეს წინაშე, რომ შეთქმულებს არც უფიქრიათ შებრძოლება.  მათ ბედის ანაბარა მიატოვეს ყველაფერი და გაიქცნენ. 
ერთ-ერთ ოთხთვალაზე მაკედონელებმა აღმოაჩინეს მომაკვდავი დარიოსი. ბაქტრიელებმა იგი განგმირეს, რამეთუ ცხადი გახდა, რომ ალექსანდრე არ შეწყვეტდა დევნას, ვიდრე ხელთ არ ჩაიგდებდა მეფეს, ცოცხალსა თუ მკვდარს. 
ალექსანდრემ  თავი  ისე  მოაჩვენა  ყველას, თითქოს ღრმად  შეძრა  სპარსეთის მეფის სიკვდილმა. მან თავად მიაფარა მიცვალებულს ძოწისფერი მოსასხამი, ბრძანა, გადაეტანათ  მისი  ნეშტი პერსეპოლისში  და საზეიმოდ დაეკრძალათ  წინაპართა საფლავებს შორის. 
დარიოსს არ დაუნიშნავს თავისი მემკვიდრე, ამიტომ ხალხის უმეტესმა ნაწილმა ტახტის მემკვიდრედ აღიარა ალექსანდრე, რომელსაც, ვითარცა გამარჯვებულს, უნდა გადასცემოდა უზარმაზარი საბრძანებელი. ბესოსსთან ბრძოლა  მან  განაგრძო უკვე არა როგორც სპარსეთის სამფლობელოს გადარჩენილი აღმოსავლეთის სახელმწიფოების დამპყრობელმა,  არამედ, როგორც  კანონიერი  ძალაუფლების წარმომადგენელმა, რომელსაც სურდა დაესაჯა მეფის მკვლელი.  სპარსეთის მოსახლეობის  ის ნაწილი, რომელიც დარიოსის ერთგული  იყო, ალექსანდრეს  მხარეს გადავიდა. მაკედონიის მეფემ თავისი ლაშქარი სპარსთა მიწაზე მოსახლე  მეომრებით შეავსო. 
ახლა, როდესაც დარიოსი გარდაიცვალა, ხოლო მისი საბრძანებელი ალექსანდრემ დაისაკუთრა,  მაკედონელებსა  და ბერძნებს აღარ სურდათ  იმ  მძიმე ლაშქრობაში მონაწილეობა, რომლის მიზანიც მათთვის სავსებით გაუგებარი იყო. სულ უფრო ხშირად ითხოვდნენ მაკედონელი მეომრები სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ ალექსანდრემ კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა ჩაეხშო მათი ამბოხი. 
მან შეარჩია მისთვის თავდადებული და ბრძოლებში გამობრძმედილი მეომრები და მიმართა თხოვნით,  არ მიეტოვებინათ მეფე უცხო ქვეყანაში. ალექსანდრემ შეახსენა  მათ,  თუ რაოდენი სიმდიდრე  ჰქონდათ მოხვეჭილი  და  აღელვებულმა ჰკითხა, ნუთუ შეძლებდნენ ისინი იმ მეფის მიტოვებას, რომელმაც მათთვის მთელი სამყარო დაიმორჩილა. ალექსანდრე კარგი ორატორი იყო. როდესაც იგრძო, რომ მსმენელთა ყურადღება მიიპყრო,  ისიც თქვა: „ძალით არავის შევაკავებ, ნებას მივცემ ყოველს, ვისაც მეგობართა დატოვების გამო არ შეაწუხებს სინდისი, შინ დაბრუნდეს!“ მეომრები ხმამაღალი შეძახილებით გამოხატავდნენ  ალექსანდრესადმი მორჩილებას,  არავის  ეყო  გამბედაობა, გამოსულიყო  მეფის  წინააღმდეგ ან თავისი გულისნადები გამოეთქვა. დაიყოლია რა მეომართა დიდი ჯგუფი, ალექსანდრემ იოლად აიძულა სხვანიც, გაეგრძელებინათ ბრძოლა. 
მან თავისი ლაშქრის ნაწილი პარმენიონის მეთაურობით მიდიაში დატოვა, თავად კი, რჩეულ მეომრებთან ერთად ირანის ერთ-ერთ ცენტრალურ მხარეს,  პართიას მიადგა. აქედან ალექსანდრეს ჯარები ბაქტრიაში შეიჭრნენ. ბესოსი ჩრდილოეთისკენ გაიქცა; ადგილობრივმა მოსახლეობამ არ ისურვა ალექსანდრეს რისხვის დამსახურება და გასცა ბესოსი, რომელსაც,  მეფის ბრძანების თანახმად,  წამებით სიკვდილი მიუსაჯეს. 
აღმოსავლურ ლაშქრობათა  ჟამს ალექსანდრეს თანმხლებთა შორის სულ უფრო ხშირად გაისმოდა მოწოდებები, დასრულებულიყო ბრძოლა, დასჯერებოდნენ უკვე დაპყრობილს. შორსმჭვრეტელთ კარგად ესმოდათ, რომ ახალ დაპყრობით ომებს წარუმატებლობა მოჰყვებოდა; დაპყრობილი ხალხები ამბოხდებოდნენ და ყოველივე,  რაც  მახვილითა  და სისხლით  იყო მოპოვებული,  დაიკარგებოდა. მაგრამ წარმატებებით თავბრუდახვეულ ალექსანდრეს აღარ ესმოდა  ხმა კეთილგონიერებისა. ბაქტრიის დაპყრობა  მას დიად ლაშქრობათა დასაწყისად მიაჩნდა მხოლოდ. ჯერ კიდევ  წინ იყო მთელი აზია, მთელი სამყარო. 
მეფეს ესმოდა, რომ  ამ გეგმათა განხორციელებისათვის საკმარისი არ იყო  მაკედონიაში შეგროვებული ლაშქარი. მაგრამ არც სპარსეთის ჯარს, რომლის  სისუსტეც ყველაზე კარგად უწყოდა ალექსანდრემ, ძალუძდა მის განზრახვათა აღსრულება. ამიტომ ბრძანა, მოეგროვებინათ 30 ათასი სპარსი ბიჭუნა, ესწავლებინათ მათთვის ბერძნული  ენა და მაკედონური სამხედრო ხელოვნება. 
ალექსანდრე ცდილობდა კეთილად განეწყო ადგილობრივი მოსახლეობა.  იგი დაქორწინდა სახელოვანი სპარსი დიდებულის უმშვენიერეს ქალიშვილ როქსანაზე, უარი თქვა მაკედონურ ჩაცმულობაზე და სპარსულად შეიმოსა. 
თავდაპირველად ალექსანდრე ერიდებოდა მდიდრული სამეფო სამოსის ტარებასა და  მას მხოლოდ ზეიმებისას  ან სპარსთა თავყრილობებისას იცვამდა.  მაგრამ მალე მიეჩვია ახალ ჩაცმულობას. მაკედონელი მეომრები აღშფოთდნენ, რადგანაც მეფის ამ საქციელში ისინი ჭვრეტდნენ ალექსანდრეს სწრაფვას,  ჩამოეცილებინა ძველი თანამზრახველები, რომელთა შემწეობითაც იგი აზიის მბრძანებელი შეიქნა. 
პატივმოყვარე დამპყრობლის ჩაცმულობითა და საქციელით გაღიზიანება თავდაპირველად გამოიხატებოდა ფარული  დაცინვებით, რომელიც შემდეგ  გადაიზარდა ამბოხებებსა  და თავდასხმებშიც  კი. ალექსანდრეს წინააღმდეგ პირველი შეთქმულება მოაწყო მაკედონელმა დიმნოსმა. მეფის საქციელით შეურაცხყოფილმა მისი მოკვლა განიზრახა და  ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად თავისი უახლოესი მეგობარი ნიკომაქოსი მოიწვია.  ნიკომაქოსმა  ეს ამბავი თავის  ძმას გაანდო, რათა რჩევა  ეკითხა.  ძმამ  კი ყველაფერი ალექსანდრეს აუწყა. მეფემ დამცველთა რაზმი გაგზავნა დიმნოსის შესაპყრობად. მამაცმა შეთქმულმა  არ ისურვა ალექსანდრესთან გამოცხადება, რის გამოც ადგილზევე იქნა მოკლული. ისე  ჩანდა, თითქოს დიმნოსის მოკვლით ამ  საქმის ყველა  ძაფი გაწყდა;  შეუძლებელი იყო შეთქმულების  სხვა მონაწილეთა  ძიება. 
ამის შემდგომ ალექსანდრემ დაიწყო იმ შედარებით გავლენიან მაკედონელ მხედართმთავართა დევნა, რომლებიც მისი პოლიტიკით უკმაყოფილონი იყვნენ. შეთქმულების სულისჩამდგმელად გამოაცხადეს მაკედონელთა შორის  ყველაზე  პატივდებული უხუცესი პარმენიონი და მისი ძე ფილოტასი, მაკედონური მხედრიონის უმამაცესი მეთაური. მიუხედავად  იმისა, რომ ფილოტასმა უსასტიკესი წამების  ჟამსაც თავი  არ სცნო დამნაშავედ, მაინც დასაჯეს. პარმენიონი კი გასამართლების გარეშე მალულად მოკლეს მეფის ბრძანებით. 
მალე ალექსანდრემ თავად  განგმირა კლიტოსი, სწორედ ის კლიტოსი, რომელმაც იხსნა იგი გრანიკოსთან ბრძოლის ჟამს. ეს მკვლელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც ალექსანდრე სოგდიანას5 დამორჩილებას ლამობდა: მიუხედავად გამოვლენილი სისატიკისა, მაკედონელებმა ვერ დაიმონეს ადგილობრივი მოსახლეობა. სამხედრო წარუმატებლობამ მეფის პოლიტიკით უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამწვავა. 
ერთ დღეს ალექსანდრეს მიართვეს საბერძნეთიდან ჩამოტანილი დიდძალი ხილი. გაიმართა ნადიმი. ყველამ მოილხინა. სუფრასთან მღეროდნენ სიმღერებს, სადაც მასხრად იყო აგდებული ის მაკედონელი მხედართმთავრები, რომლებმაც მარცხი განიცადეს იქ მოსახლე ტომებთან ბრძოლაში. კლიტოსი აღაშფოთა იმან, რომ მეფე სპარსელთა თანდასწრებით მაკედონელთა დაცინვის ნებას რთავდა მომღერლებს. ატყდა  დავა. ალექსანდრემ, რომელსაც სიმღერა მოეწონა,  შესძახა,  კლიტოსი იმიტომ ექომაგება მხდალებს, რომ ეს გრძნობა მისთვისაც არ არისო უცხო. „სწორედ  ჩემმა სიმხდალემ გიხსნა  შენ, ღმერთთა შვილო, როცა სპითრიდატესის ხმალს ზურგი  უჩვენე!  – აღშფოთდა კიდევ უფრო მეტად კლიტოსი,  – სწორედ მაკედონელთა სისხლითა  და იარებით აღზევდი  შენ ეგზომ  მაღლა,  რომ ფილიპოსს მამად აღარა სცნობ და თავს ამონის მოდგმად ასაღებ!“ 
ეს სიტყვები ალექსანდრემ გამოწვევად მიიღო. ვაშლი, რომელიც  იქვე ხელთ მოხვდა, ესროლა კლიტოსს, მოითხოვა მახვილი და მებუკეს უბრძანა მიეცა განგაშის ნიშანი. 
ამაყი მაკედონელი წარჩინებული უკან არ იხევდა: „თუკი გსურს მხოლოდ  საამო სიტყვების მოსმენა  და ისეთი ხალხის დანახვა, რომლებიც ქედს იხრიან  შენი სპარსული ჩაცმულობის წინაშე,  ნუ მოიწვევ სუფრასთან ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან თავისუფლებას!“ – ასე მიმართავდა კლიტოსი მეფეს. 
მეგობრებმა, რომლებსაც სურდათ ჩაეხშოთ დავა, აიძულეს იგი, გასულიყო დარბაზიდან. თუმცა ამაოდ დაშვრნენ, კლიტოსი უკანვე შემობრუნდა, დადგა კარებში და წაიკითხა ნაწყვეტი სახელოვანი ევრიპიდეს ტრაგედიიდან „ანდრომაქე“: 
„რა ცუდი  ზნე გვაქვს! საბერძნეთში გამარჯვების ძეგლს 
მტერთა მომსვრელი როს აღმართავს დიდი ლაშქარი, 
ვინც ღვაწლი დასდო, როდი ხდება დიდების ღირსი, 
ხოტბას ბელადი იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ“, 
არც დაფიქრებულა, ისე გამოსტაცა ალექსანდრემ ერთ-ერთ მცველს შუბი და სტყორცნა კლიტოსს, რომელიც  იქვე  ჩაიკეცა სულამოხდილი.  ასე მოკლა ალექსანდრემ თავისი მეგობარი, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გამოექომაგა თავის თანამებრძოლებს და დაუფარავად უთხრა  მეფეს ის, რასაც დიდი ხანია ვერ ამბობდნენ დანარჩენები. უმალ მოეგო გონს ალექსანდრე. მის ირგვლივ დადუმებული მეგობრები რომ დაინახა, სწრაფად ამოაძრო კლიტოსის გვამს შუბი და თავის მოკვლა სცადა. პირადმა მცველებმა ხელები გაუკავეს და ძალით შეიყვანეს საწოლ ოთახში. სამი დღე და ღამე თვალი არ მოუხუჭავს ალექსანდრეს, არც ჭამდა, წყალსაც არ იკარებდა. გოდებისაგან ღონემიხდილი უსიტყვოდ იწვა და ხანდახან თუ ამოიოხრებდა. ძლივს მოახერხეს მეგობრებმა მისი დამშვიდება. 
მალე ალექსანდრეს წინააღმდეგ მიმართული მეორე შეთქმულებაც გამომჟღავნდა. მაკედონური არმიის საბჭოსთან არსებობდა დიდგვაროვან ჭაბუკთა ჯგუფი, რომელიც სამხედრო ხელოვნებას ეუფლებოდა, იმავდროულად ემსახურებოდა მეფეს  და  მის დავალებებს აღასრულებდა.  ჭაბუკებს ამზადებდნენ იმისთვის,  რომ დროთა განმავლობაში დაეკავებინათ უმაღლესი სამხედრო თანამდებობები. ისინი სამეფო სუფრასთან სადილობდნენ  და მუდამ თან ახლდნენ  მეფეს,  ვითარცა მისი პირადი მცველები. ერთხელ, ნადირობისას ერთ-ერთმა ამ წარჩინებულ ჭაბუკთაგან, ჰერმოლაოსმა მოკლა ტახი, რომელიც მეფეს უნდა მოეკლა. განრისხებულმა ალექსანდრემ  მისი  გაროზგვა  ბრძანა.  დასჯილის მეგობრები აღშფოთდნენ  და შეთქმულება მოაწყვეს მეფის მოკვლის მიზნით. მაგრამ ერთ-ერთმა გასცა ისინი. 
ალექსანდრემ იმზაკვრა, უარი თქვა ჭაბუკთა დასჯაზე და ეს საქმე თავის მეომრებს მიანდო. ცდილობდნენ  რა მეფის გულის მოგებას, მეომრებმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს და ქვებით ჩაქოლეს. 
ამჯერადაც ალექსანდრე დამნაშავეთა დასჯით კი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ, არამედ ისარგებლა  შემთხვევით  და თავიდან მოიცილა  მისთვის არასასურველი ადამიანიც.  ეს ამბავი  კი  ასე მოხდა: მეფის თანმხლებთა შორის იყო ფრიად განსწავლული ბერძენი კალისთენესი, დიდი არისტოტელეს ახლობელი და ნათესავი. იგი იზრდებოდა თავისი მოძღვრის სახლში. სწორედ არისტოტელემ ურჩია ალექსანდრეს, თან ჰყოლოდა  ეს უნიჭიერესი კაცი ლაშქრობათა ჟამს. 
კალისთენესი იმიტომ ახლდა მეფეს, რომ დაწვრილებით აღეწერა  მისი ბრძოლები, რათა თაობათა მეხსიერებაში შემორჩენილიყო ალექსანდრეს საგმირო საქმეები. სწავლული დიდის გულმოდგინებით წერდა ლაშქრობის ისტორიას და ალექსანდრეს შეუპოვრობითა  და  გამბედაობით აღფრთოვანებული  ყოვლისშემძლე მბრძანებლის კეთილგანწყობას იმსახურებდა მუდამ. მაგრამ როდესაც ალექსანდრემ სპარსული ზნეჩვეულებანი შეისისხლხორცა, როდესაც იგი უმოწყალო დესპოტად იქცა, კალისთენესი თავს არიდებდა მასთან შეხვედრებს. ვითარცა ჭეშმარიტი ბრძენი და პატიოსანი ადამიანი, იგი ცდილობდა გამოეყენებინა თავისი გავლენა, დაუფარავად იმაღლებდა ხმას იმ აღმოსავლურ ჩვევათა წინააღმდეგ, რომლებიც აკნინებდნენ მაკედონელთა ღირსებებსა და რყვნიდნენ თავად ალექსანდრეს სულს. 
როდესაც მლიქვნელები მეფის წინაშე ფორთხავდნენ, რათა  მისი ყურადღება დაემსახურებინათ, ალექსანდრეს  ეს  ისე მოსწონდა,  რომ ამბორის  ნება დართო მათ,  ვინც ფერხთა ქვეშ განერთხმებოდა. 
კალისთენესმა არ ისურვა ქედის მოდრეკა.  მეფემ შერისხა  იგი და არ დართო ამბორის  ნება.  „რას იზამ,  – თქვა ამაყად ფილოსოფოსმა,  – მოგაკლდებათ ერთი ამბორი!“
ამ შემთხვევის შემდეგ ალექსანდრეს ამალა კალისთენესისადმი უსაზღვრო პატივისცემით განიმსჭვალა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ იგი „ერთადერთი თავისუფალი ადამიანი იყო მეფის თანმხლებთა შორის. 
კალისთენესი, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულთაგან არავის წარმოუთქვამს მისი სახელი, ვითარცა შეთქმულების მონაწილე დააკავეს და მეფის ბრძანებით  ჩასვეს  ციხეში,  სადაც გარდაიცვალა  კიდეც.  მაგრამ  ამანაც  ვერ დააცხრო მეფის რისხვა. შინ გაგზავნილ წერილებში ალექსანდრე დასჯით ემუქრებოდა თა- ვის მოძღვარს, დიდ არისტოტელეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი რჩევით თან ჰყავდა კაცი, რომელმაც გაბედა და ესოდენ აშკარად ამხილა მეფე. 
დაახლოებით ოთხი წელი გავიდა გავგამელასთან ბრძოლის შემდეგ. ალექსანდრე ახალი დაპყრობითი ომებისათვის ემზადებოდა. ამჯერად  იგი ოცნებობდა, ხელთ ეგდო მდინარე ინდოსის მდიდარი მხარე და მიეღწია დიადი მდინარის, ოკეანოსის6 ნაპირებამდე, რომელიც,  ძველების აზრით, სამყაროს დასალიერი უნდა ყოფილიყო. 
გადალახეს რა ჰინდუკუშის ქედი, რომელიც კავკასიონად მიიჩნიეს, მაკედონელები აღმოჩნდნენ ინდოეთში.  ეს იყო მდიდარი ქვეყანა ულამაზესი იალაღებითა და დიდებული ხეხილით სავსე. თუმცა  ამ მშვენიერი ქვეყნის ჰავა მაკედონელთათვის მძიმე და უჩვეულო აღმოჩნდა. საშინელი სიცხე ისეთი ძლიერი წვიმებით იცვლებოდა, რომ მდინარეები დიდდებოდნენ და ნაპირებიდან გადმოდიოდნენ.  მოსახლეობა დანაწილებული იყო პატარა სახელმწიფოებად, რომელთა მმართველებს განუწყვეტელი შუღლი ჰქონდათ ერთმანეთში. 
ალექსანდრეს ლაშქარმა გადალახა მდინარე ინდოსი და შეიჭრა იმ მიდამოებში, რომელსაც  ამ მძლავრი მდინარის შენაკადები ასაზრდოებდნენ. აქ, ინდოსსა და მის მარცხენა შენაკადს ჰიდასპეს7 შორის მდებარეობდა ძლევამოსილი მეფის, ტაკსილას სამეფო, რომელიც ნებაყოფილობით შეუერთდა ალექსანდრეს,  რათა მასთან ერთად გაელაშქრა თავის მუდმივ მტერზე, პოროსზე, ვისი სამფლობელოებიც მდინარე ჰიდასპეს აღმოსავლეთით იწყებოდა. 
მიუახლოვდა რა მდინარეს  (ძვ.წ.  326  წ.), ალექსანდრემ მოპირდაპირე ნაპირზე დაინახა პოროსის დიდძალი ლაშქარი, რომელიც ითვლიდა არა მხოლოდ ქვეითებსა და მხედრებს, არამედ მრავალრიცხოვან საბრძოლო ეტლებსა და რამდენიმე ასეულ სპილოს. წარმოუდგენელი იყო მეორე ნაპირზე გასვლა, ვიდრე იქ ასეთი ძალა იდგა. ალექსანდრე იძულებული იყო ხერხი ეხმარა.  მან თავი ისე მოაჩვენა პოროსს, თითქოს ზუსტად იმ ადგილას აპირებდა მდინარის გადალახვას, სადაც ეს ძალა იყო ჩასაფრებული; სინამდვილეში კი ქვეითი ლაშქრის ნაწილი და რჩეული მხედრიონი შეუმჩნევლად აიყვანა მაღლა, მდინარის გასწვრივ და  იქ გავიდა მეორე ნაპირზე. 
როდესაც გონს მოსულმა პოროსმა მაკედონელთა წინააღმდეგ მიმართა თავისი კავალერია და საბრძოლო ეტლთა  ნაწილი,  გვიანღა  იყო.  ალექსანდრემ შეძლო იერიშის  მოგერიება.  შემდეგ პოროსი  თავად შეებრძოლა ალექსანდრეს მთელი თავისი ლაშქრით. ბრძოლა შეუპოვარი იყო და რვა საათს გრძელდებოდა. ინდოელებმა დაკარგეს რამდენიმე ათასი მებრძოლი და თითქმის ყველა მთავარსარდალი.  თავად  პოროსი,  რომელიც საბრძოლო სპილოზე ამხედრებული იბრძოდა, მძიმედ დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. მისმა თავგანწირულმა ბრძოლამ მოხიბლა ალექსანდრე. „ერთი მითხარი, როგორ მოგექცე?“  – ჰკითხა ტყვედქმნილს. „მეფურად“! – მიუგო პოროსმა. „ასეც მოხდება,  – შეჰპირდა ალექსანდრე,  – მაგრამ მაინც მითხარი, როგორ გამოვხატო  ჩემი პატივისცემა?“  „აკი გითხარი, მეფურად-მეთქი,  ამ სიტყვაში ყველაფერი იგულისხმება!“  – არ ცხრებოდა პოროსი. 
ალექსანდრე მიხვდა, რომ აუცილებელი იყო დამარცხებულთა შეწყნარება და ადგილობრივ მმართველთა გადმობირება, რათა მთელი ინდოეთი არ აღმსდგარიყო მის წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა სოგდიანაში. ამიტომ მეფე პოროსი კი არ დასაჯა, არამედ დანიშნა  იმ მხარეთა მმართველად, რომელთაც იგი უწინაც განაგებდა. პოროსის ერთგულების იმედი რომ ჰქონოდა, ალექსანდრემ გააფართოვა მისი სამეფო, დაუმორჩილა  სხვა დამოუკიდებელი ტომები, რომლებმაც, დაკარგეს რა თავისუფლება, შეიძულეს ახალი მმართველი. პოროსი კი, თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას მაკედონელთა გარეშე ვეღარ შეძლებდა. 
ალექსანდრემ  თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰიდასპეს ხეობაში დატოვა პოროსისა და ტაკსილას მეშველ ძალად.  მათი უშიშროების უზრუნველსაყოფად მეფემ რამდენიმე ციხე-სიმაგრე ააგო.  იქ, სადაც მაკედონელებმა დაამარცხეს პოროსი,  აშენდა  ქალაქი, სახელად  ნიკეა  (რაც ბერძნულად  „გამარჯვებას“ ნიშნავს); უფრო ჩრდილოეთით  კი,  სადაც მაკედონელმა  მეომრებმა  გადალახეს მდინარე,  დასაბამი  მიეცა ახალი ქალაქის მშენებლობას.  მას ბუკეფალია ეწოდა ალექსანდრეს საბრძოლო ცხენის სახელის მიხედვით, რომელსაც ხანდაზმულობის გამო იქვე აღმოხდა სული. 
პოროსთან ბრძოლამ შეარყია მაკედონელთა ძალა  და სიმედგრე.  ისინი დარწმუნდნენ,  რომ ინდოეთი  სავსე იყო მრავალი ტომით, რომელთაც შეეძლოთ მათ წინააღმდეგ აღდგომა. 
ქანცგაწყვეტილ მეომართა გამოსაფხიზლებლად ალექსანდრემ უმოწყალო სიმკაცრეს მიჰყო ხელი. იგი სიკვდილით სჯიდა ყოველს, ვინც  კი არღვევდა კანონით მიღებულ  წესებს,  მიუხედავად  მათი ადრეული დამსახურებებისა თუ წოდებისა. ალექსანდრე ცდილობდა მეომართა სულის ამაღლებას საკუთარი თავგანწირვით. არასოდეს ჩაუგდია მას თავი ისეთ საფრთხეში, არასოდეს მიუღია იმდენი  იარა, რაც ინდოეთში ლაშქრობის ჟამს. ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის იერიშისას იგი კინაღამ  მოკლეს. წინ მიუძღოდა  რა თავის მეომრებს, ალექსანდრე მცირერიცხოვან მცველთა თანხლებით პირველი აცოცდა გალავანზე და ციხის ეზოში გადავიდა.  ამ დროს კიბე, რომელსაც სხვები მოჰყვებოდნენ, ჩატყდა და მეფე თავის ორ მცველთან ერთად მარტო აღმოჩნდა მტრის პირისპირ. მაკედონელები თავგანწირულად იბრძოდნენ.  მალე ერთ-ერთი მცველი განგმირული დაეცა  მიწაზე,  თავად  ალექსანდრემ რამდენიმე  მძიმე ჭრილობა მიიღო  და კედელთან ჩაიმუხლა. ახლა უკვე მისი მამაცი მეაბჯრე პევკესტოსი იბრძოდა მხოლოდ და მედგრად იცავდა მეფეს. ამასობაში მაკედონელებიც გამოჩნდნენ  და უკანასკნელ  წამს მტერს გამოსტაცეს გონმიხდილი ალექსანდრე.  ამის შემდეგ  მეფემ დიდხანს იავადმყოფა.  მისი ჯან მრთელობა შეირყა. 
დამორჩილებულ ხალხთა წინაღობისდა მიუხედავად ალექსანდრე სულ უფრო მეტ სისასტიკესა  და მზაკვრობას იჩენდა. ერთ-ერთ ქალაქში ინდოელ მეომართა დაქირავებული  რაზმი მედგრად იცავდა  თავს  მანამ,  ვიდრე მაკედონელებმა  არ შესთავაზეს  დაზავება. ინდოელებმა  ირწმუნეს ალექსანდრეს  სიტყვა.  დატოვეს გამაგრებული ადგილები  და ის-ის იყო დაშლა დაიწყეს, რომ მაკედონელმა დამპყრობელმა დაარღვია პირობა და ერთიანად მოსრა ისინი. 
სხვა დროს ალექსანდრემ დაარღვია ომის კანონი, ბრძანა მშვიდობიან მაცხოვრებელთა, ინდოელ ქურუმთა, ჩამოხრჩობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ხალხს არწმუნებდნენ, დაეცვათ ქვეყნის დამოუკიდებლობა. 
ამგვარმა სისასტიკემ კი არ დააფრთხო ინდოელები, პირიქით, გააძლიერა მათში თავისუფლებისათვის ბრძოლის სურვილი. 
ალექსანდრე ფიქრობდა, რომ მდინარე ინდოსის ხეობათა მიღმა ქვეყნის დასალიერი უნდა ყოფილიყო. ახლა  კი, ინდოელთა გამოკითხვის შედეგად ცხადი გახდა, რომ სამყაროს დასასრულამდე ჯერ კიდევ შორი იყო. ჯარებმა მიაღწიეს  ინდოსის აღმოსავლეთ  შენაკადთაგან  უკიდურესს – მდინარე  ჰიფასისს.  ალექსანდრეს მოახსენეს, რომ  ამ მდინარის იქით გადაჭიმულია უდაბნო, რომლის შემდეგ იწყება მდინარე განგის ხეობა, სადაც მრავალი ტომი სახლობს და სადაც მდებარეობენ მდიდარი და ხალხმრავალი სახელმწიფოები. 
ალექსანდრეს ფიქრადაც არ მოსვლია ის, თუ როგორ შეძლებდა განახევრებული არმიით დედამიწის დანარჩენ ხალხთა დამორჩილებას. თავისი დიდებით თავბრუდახვეულს  მიაჩნდა,  რომ  განგების ძალით  იგი,  ვითარცა  ამონის  ძე,  მთელი სამყაროს მბრძანებელი უნდა ყოფილიყო.  მეფემ აღმოსავლეთით დაძვრის ბრძანება გასცა. მაგრამ  აქ, ჰიფასისთან,  მან პირველად იგრძნო თავი უძლურად თავისი მოწინააღმდეგის წინაშე და  ეს მოწინააღმდეგე  იყო მისივე საკუთარი არმია.  შეუძლებელი აღმოჩნდა  მეომართა სალაშქროდ  გაყვანა  მუქარითა  თუ  დაპირებებით. შემდგომი ბრძოლების უაზრობა ალექსანდრეს გარდა ყველასთვის ნათელი იყო.  მეფე მიხვდა, რომ დათმობაზე უნდა წასულიყო. 
სამი დღით ჩაიკეტა ალექსანდრე თავის კარავში. მხედართმთავართაგან  არავის ხილვა არ სურდა. ბოლოს იგი მეომართა წინარე წარსდგა და განაცხადა, რომ ლაშქარი გაემართება დასავლეთისკენ.  ალექსანდრეს  არ  შეეძლო  დაეშვა,  რომ შექცეული გზა უკანდახევად გამოჩენილიყო.  ასე ითქვა, რომ მეფეს სურდა ოკეანეს ხილვა და ინდოსის შესართავთან მოსახლე ტომთა დამორჩილება. 
ააგეს ორი ათასამდე  ნავი და ტივი, სადაც მოათავსეს ქვეითი ჯარის ნაწილი. ქარავანი მდინარის დინების მიმართულებით გაემართა „გარე ზღვისაკენ“, ასე უწოდებდნენ იმხანად ინდოეთის ოკეანეს. დანარჩენი მეომრები მდინარის ორთავე ნაპირიდან მიაცილებდნენ ხომალდებს. გზა არ ყოფილა მშვიდი: მეომრებს ხშირად უწევდათ ხმელეთზე გადმოსვლა და  იქ მოსახლე ხალხებთან მძიმე ბრძოლების წარმოება. 
ერთხელ ალექსანდრემ ტყვედ ჩაიგდო ათი ინდოელი ფილოსოფოსი-ასკეტი, რომლებიც მოუწოდებდნენ ადგილობრივ მმართველს,  ებრძოლა მაკედონელთა წინააღმდეგ. ბერძნები  ამ ფილოსოფოსებს  „გიმნოსოფისტებს“, ანუ  „შიშველ ბრძენთ“ უწოდებდნენ. ალექსანდრეს გაგონილი ჰქონდა ამ ასკეტთა სიბრძნის ამბავი, ამიტომ იხმო ისინი და შესთავაზა, პასუხი გაეცათ რამდენიმე ფილოსოფიურ შეკითხვაზე. თან გააფრთხილა, პირველი დაისჯებოდა  ის, ვინც ყველაზე უმეცარი აღმოჩნდებოდა, მას მიჰყვებოდა დანარჩენიც.  ამ პაექრობის მსაჯული უხუცესი გიმნოსოფისტი უნდა ყოფილიყო.
პირველ ბრძენს ჰკითხეს:  „ვინ უფრო მეტია დედამიწაზე  – ცოცხალი  თუ მკვდარი?“ „ცოცხალი,  –  იყო  პასუხი  – რადგანაც მკვდრები აღარ არიან“.
მეორეს ჰკითხეს:  „ვინ შობს ყველაზე დიდ ცხოველებს  – მიწა თუ ზღვა?“  „მიწა, რადგანაც ზლვა დედამიწის ნაწილია“.
მესამეს  ჰკითხეს: „რომელი ცხოველია ყველაზე უფრო მოხერხებული?“  „ის, რომელსაც  ადამიანი ჯერ არ იცნობს“.
„რატომ აქეზებდი შენს მბრძანებელს ჩემს წინააღმდეგ?“ – ჰკითხა ალექსანდრემ მეოთხეს.  „მსურდა, პატივით რომ ეცხოვრა,  ან ღირსეულად  მომკვდარიყო“,  – მიუგო ბრძენმა.
მეხუთეს ჰკითხეს:  „რა იყო უფრო ადრე  – დღე თუ ღამე?“ „დღე, რადგან დღე ერთი დღით ადრე იყო ღამეზე“,  – იყო პასუხი.
მეექვსეს ჰკითხეს:  „რა უნდა მოიმოქმედო, სიყვარული რომ დაიმსახურო?“ „ძლიერი უნდა იყო, ოღონდ  ისე, რომ შიშს არ იწვევდე“.
მეშვიდეს ჰკითხეს:  „ძალუძს თუ არა ადამიანს გაღმერთება?“ „დიახ, თუ შეძლებს აღასრულოს  ის,  რისი აღსრულებაც ადამიანს  არ შეუძლია“.
„სიცოცხლე უფრო ძლიერია  თუ  სიკვდილი?“ – ჰკითხა ალექსანდრემ შემდეგ ბრძენს. „სიცოცხლე. მას ხომ მრავალი უდიდესი ტანჯვის დათმენა შეუძლია“.
„როდემდე უნდა იცოცხლოს ადამიანმა?“ – ასეთი იყო ბოლო შეკითხვა. „ვიდრე არ გაიაზრებს, რომ მის სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს“.
ალექსანდრემ  იხმო მსაჯული, რომელმაც  აღნიშნა,  რომ  მისი მეგობრები  პასუხობდნენ ძალიან ცუდად. მაშინ მეფემ განაცხადა, რომ ასეთი განაჩენის გამომტანი მსაჯული პირველი მოკვდებაო. „მართალი ხარ, მეფეო, – არ აღშფოთებულა მსაჯული, – შენ  ხომ პირობა დადე, რომ პირველი  ის მოკვდებოდა,  ვინც ყველაზე ცუდად გიპასუხებდა“. ალექსანდრეს მოეწონა ინდოელი გიმნოსოფისტები, რომელთაც ყველა შეკითხვაზე დაეძებნებოდათ ბრძნული პასუხი. თავისუფლება მიანიჭა მათ და უხვადაც დაასაჩუქრა. 
შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ მაკედონელებმა მიაღწიეს ინდოეთის ოკეანეს.  აქ ლაშქარი  გაიყო. ალექსანდრეს მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ინდოეთიდან სპარსეთის ყურემდე საზღვაო გზის გამოკვლევა.  მან ხომალდები ჩააბარა გამოცდილ წინამძღოლს, ბერძენ ნეარქოსს და ევფრატის შესართავისკენ გამგზავრება უბრძანა.  არმიის დიდი ნაწილი თავად  მეფის მეთაურობით  დაიძრა  ჩრდილოეთისკენ, ინდოეთის ოკეანეს სანაპიროთა  გასწვრივ, ორი  თვე მიუნდა ალექსანდრე უწყლო და ხორშაკიანი უდაბნოს გადალახვას.  ამ ხნის განმავლობაში ქანცგაწყვეტილმა ლაშქარმა საშინელი დანაკლისი განიცადა: უზარმაზარი, ასი ათასიანი არმიიდან, რომელთან ერთადაც ალექსანდრემ ინდოსის ხეობის დალაშქვრა დაიწყო, მეოთხედიღა  გადარჩა.  უმძიმესმა ავადმყოფობებმა, საშინელმა სიცხემ და შიმშილმა უფრო მეტი მეომარი იმსხვერპლა, ვიდრე ყველაზე სისხლისმღვრელმა ომებმა. 
მაკედონელები მიემართებოდნენ  იმ  ქვეყანათა  გავლით, რომლის მოსახლეობაც, მიწათმოქმედების უმეცარი, იყო ისეთი ღარიბი, რომ ადგილობრივთაგან ყველაზე მდიდრებს თითო-ოროლა ცხვარი თუ დაეძებნებოდათ და  მათაც, ბალახის უკმარისობის გამო თევზით კვებავდნენ. 
დაძონძილმა მაკედონელებმა უიარაღოდ, უცხენებოდ და  სასაპალნე ჯოგის გარეშე მიაღწიეს სპარსეთის სატრაპიის, გედროსიის (დღევანდელი ბელუჯისტანი), მთავარ ქალაქს. 
გედროსიას დედაქალაქში წინასწარ იყო მომზადებული ყველაფერი დაბრუნებული არმიის დასახვედრად. ალექსანდრემ დაასვენა ჯარი, შემდეგ  კი სპარსეთის გავლით ბაბილონისკენ დაძვრის ბრძანება გასცა. მეფე ცდილობდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ადამიანები ამაოდ არ კვდებოდნენ და რომ ინდოეთის ლაშქრობა გრანდიოზული წარმატებებით დაგვირგვინდა. 
ალექსანდრეს ბრძანებით, არმიის დაბრუნებას საზეიმო სვლის ელფერი უნდა ჰქონოდა. ჯარი, ხშირ-ხშირი შეჩერებებით, ნელა მიდიოდა.  წინ,  რვა ცხენშებმული ეტლით, მიბრძანდებოდა  მეფე, მდიდრული ამალით გარემოცული. უკან მიჰყვებოდა უთვალავი ეტლი, რომლებზეც ისხდნენ მეფის მეგობრები  და მხედართმთავრები. ბოლოს მისდევდა მთელი ლაშქარი. არსად მოსჩანდა მუზარადი, ფარი, მახვილი. მეომრები თასებითა და ფიალებით უზარმაზარი თიხის ჭურჭლებიდან  ხაპავდნენ ღვინოს  და ლაშქრობის წარმატებით დასრულების სადღეგრძელოებს სვამდნენ. ზოგი მათგანი განაგრძობდა სვლას, ზოგი კი, მთვრალი,  ძირს ეცემოდა და მანამ იყო მიწად განრთხმული, ვიდრე ვინმე არ წამოაყენებდა. ყველგან ისმოდა ფლეიტისა და სიმღერის ხმები. პროცესია ღვინის ბერძენი ღვთაების, დიონისე-ბაკქოსის ზეიმს უფრო ჰგავდა, ვიდრე არმიის შინ დაბრუნებას. 
ასე გასრულდა ალექსანდრეს აღმოსავლეთის ლაშქრობა. მეომრები დაბრუნდნენ ბაბილონში, სადაც მდინარე ევფრატით ჩამოვიდა ნეარქოსიც თავისი ფლოტით. 
ალექსანდრეს ხანგრძლივი არყოფნისა და მისი დაღუპვის თაობაზე არაერთგზის გავრცელებული ხმების გამო ქვეყანაში გახშირდა ამბოხებები მაკედონელთა წინააღმდეგ. ალექსანდრესვე მიერ უზარმაზარ სატრაპიათა სათავეში დაყენებულმა სპარსმა დიდებულებმა  და მაკედონელმა მხედართმთავრებმა უღალატეს  მეფეს.  ისინი თავიანთ სამფლობელოებში დამოუკიდებელი მმართველობისათვის იღვწოდნენ. 
ინდოეთიდან  დაბრუნებისთანავე  მაკედონელმა  დამპყრობელმა  გაილაშქრა აჯანყებულ  ტომთა  და დაუმორჩილებელ სატრაპთა წინააღმდეგ. ალექსანდრეს ქმედება, ჩვეულებისამებრ, გამოირჩეოდა სისწრაფითა და სისასტიკით:  მან დასაჯა მრავალი წარჩინებული სპარსი, ბერძენი თუ მაკედონელი; დაიმორჩილა ამბოხებული ტომები. 
თუმცა უზარმაზარი იმპერიის რღვევამ ცხადი  გახადა,  რომ მართვის  ძველი, სპარსული სისტემა  არ იყო საიმედო,  მეფემ მაინც გადაწყვიტა  მისი უცვლელად შენარჩუნება.  იგი  იმედოვნებდა,  რომ ესოდენ ხანგრძლივად არსებული  სახელ- მწიფოს  ეს მოდელი უზრუნველყოფდა მისი სამფლობელოს სიმტკიცეს. 
ალექსანდრე  ბაძავდა  ძველ  მბრძანებლებს.  სპარსეთის  მეფეთა  ჩვეულებისამებრ, ინდოეთიდან დაბრუნებულმა ყოველ ქალს ოქროს მონეტა უბოძა, აღადგინა სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის, კიროსის სამაროვანი, რომელიც მაკედონელებმა დაარბიეს.  გამარჯვებულთა  და დამარცხებულთა შორის შუღლის  მო- სასპობად და მათი ერთ ხალხად გაერთიანების მიზნით ალექსანდრემ უბრძანა თავის მეომრებსა და მხედართმთავრებს, შეუღლებოდნენ სპარსელ ქალებს. 
სუსაში ალექსანდრემ გრანდიოზული ქორწინება მოაწყო. სპარსელთა ადათის თანახმად,  მან მეორე ცოლად შეირთო სტატირა, მის მიერვე განწირული  მეფის, დარიოს III-ის ქალიშვილი. იმავდროულად, ალექსანდრეს უახლოესმა მეგობრებმა და თანამზრახველებმა, დაახლოებით 80 კაცმა, იქორწინეს წარჩინებულ სპარს ქალწულებზე.  ათი ათასმა მეომარმაც იმ დღეს იზეიმა ქორწინება. მათ მეფემ  ვალების გაუქმება აღუთქვა. გაიმართა მდიდრული ნადიმი. ყოველ სტუმარს ალექსანდრემ ოქროს თასი უძღვნა საჩუქრად. 
ამაოდ ლამობდა მეფე მაკედონელთა  და ბერძენთა სპარსელებთან დაახლოებას. სპარსელებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვდათ საკუთარი სამეფოს დამოუკიდებლობა და სიდიადე, სძულდათ დამპყრობელი და ყოველნაირად მტრობდნენ მას.  ბერძენთა  და მაკედონელთა უკმაყოფილება დღითი დღე იზრდებოდა.  მეომართა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ალექსანდრეს  გადაწყვეტილებამ, ჩაერიცხა ლაშქარში ის 30 ათასი სპარსი ჭაბუკი, რომლებიც, მისი ბრძანებით, ბერძნებთან ემზადებოდნენ სამხედრო საქმისთვის.
როდესაც მეფემ ბაბილონის მახლობლად მდებარე ქალაქ ოპისში სამშობლოში გასაგზავნ ავადმყოფ და დაჭრილ მებრძოლებთან გამოსამშვიდობებელი ზეიმი მოაწყო, მაკედონელთა ლაშქარი აჯანყდა და ყველა მეომრის შინ დაბრუნება მოითხოვა. ალექსანდრეს ეს გასაოცარ უმადურობად მოეჩვენა. იგი ჯარის წინაშე წარდგა, ამოარჩია  13 მეომარი, რომლებიც,  მისი აზრით, ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ და მათი იქვე დასჯის ბრძანება  გასცა. როდესაც ცხადი გახდა, რომ ჯარისკაცები არ შეშინდნენ  და შფოთი ამბოხებაში გადაიზარდა, ალექსანდრემ შეცვალა ტაქტიკა. ახლა იგი მებრძოლთა გადაბირებას, ძველ თანამზრახველთა დანამუსებას შეეცადა. 
–  „წადით,  – მიმართავდა  იგი ჯარისკაცებს  –  და  ყველას  უამბეთ,  თუ როგორ მიატოვეთ საკუთარი მეფე  იმ მტრის ანაბარა, რომელსაც სულ ახლახანს ებრძოდით!“
ალექსანდრემ  პირობა  მისცა  მებრძოლებს,  რომ გულუხვად დაასაჩუქრებდა და კიდევ ერთხელ შეძლო მათი დიდი ნაწილის დაყოლიება. მხოლოდ ათი ათასი ჯარისკაცი დაუბრუნდა თავის სამშობლოს. 
წარმოუდგენელ ჩანაფიქრთა აღმსრულებელი ალექსანდრე თავს სავსებით ეულად გრძნობდა.  მას საფუძველი ეცლებოდა. უზარმაზარი იმპერია, რომლის  განუსაზღვრელი უფლებებით მოსილი მბრძანებელიც  იყო  იგი,  მოჩვენებითი  სიმშვიდისა და მორჩილების მიუხედავად, თავის თავში მრისხანე და მტრულ ძალებს ასაზრდოებდა. საკმარისი იყო ერთი მცდარი ნაბიჯი, მცირე შეცდომა, უმნიშვნელო მარცხი და ყველგან საყოველთაო ამბოხება იფეთქებდა. და რადგანაც  ამ საფრთხეს გრძნობდა, ოდესღაც  ეს შეუდრეკელი  და შეუპოვარი მაკედონელი  დამპყრობელი გახდა მხდალი და ცრუმორწმუნე.  მას აწამებდა შიში. იგი ცდილობდა შეეცნო თავისი ბედი  და განეჭვრიტა მომავალი. სამეფო სასახლე  სავსე  იყო  ქურუმებით, მკითხავებით, მისნებითა და სხვა ჯურის მოლავბეებით, რომლებიც სარგებლობდნენ მეფის სულიერი სიძაბუნით. 
ალექსანდრე არ ენდობოდა უახლოეს მეგობრებსაც კი. მას ყოველგან შეთქმულება  და ღალატი ელანდებოდა.  იგი უფრთხოდა  მამამისის  სიყრმის მეგობარს, მთავარსარდალ ანტიპატროსს, რომელსაც, სპარსეთში გამგზავრების წინ, საბერძნეთისა და მაკედონიის გამგებლობა მიანდო. 
ალექსანდრე თვლიდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა ძალაუფლებას, თუკი  ქვეშევრდომებს მისი შიში ექნებოდათ, თუკი დამორჩილებულ ხალხებს გააოგნებდა გრანდიოზული საქმეებით, თუკი ახალი გამარჯვებებით მათ საკუთარი ყოვლისშემძლეობის რწმენას შთაუნერგავდა.  იგი იმედოვნებდა,  რომ ეს ერთადერთი საშუალება იყო  მის მიერ დამონებულ მრავალრიცხოვან ხალხთა დასაოკებლად. იმპერიის დიდ მბრძანებელს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა;  მას არ შეეძლო შეჩერება, შესვენება, უკან მიხედვა. იგი სულ უფრო თამამსა და ფანტასტიურ მიზნებს ისახავდა.  და  აი, ალექსანდრე ჩაიფიქრებს დიდ საზღვაო  ექსპედიციას, ნეარქოსის მეთაურობით.  მის ფლოტს გარს უნდა შემოევლო არაბეთისთვის, აფრიკისათვის და ჰიბრალტარის სრუტის გავლით ხმელთაშუა ზღვად შეეღწია. მეფე ამზადებდა გრანდიოზულ ლაშქრობას დასავლეთით – ჩრდილო აფრიკის, იტალიისა და ესპანეთის დასამორჩილებლად.  ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად  მას განზრახული ჰქონდა საჰარის უდაბნოში გზის გაყვანა და ქების გათხრა. სამი ათასი ბერძენი სწავლული და ხელოსანი თავდაუზოგავად მუშაობდა  მდინარე ევფრატის კალაპოტის გასაღრმავებლად,  რათა  ქალაქი ბაბილონი ნავსადგომად გადაექციათ. 
არქიტექტორმა სტასიკრატესმა განიზრახა თრაკიაში  მდებარე  ათონის  მთის ალექსანდრეს გიგანტურ ქანდაკებად გარდაქმნა.  ამ ქანდაკების მარცხენა ხელის გულზე  უნდა გაშენებულიყო ათასკაციანი  ქალაქი,  მარჯვენა  ხელიდან  კი  მთის ნაკადულს უნდა ეჩქეფა, რომელიც მერე ზღვას მიერთვოდა. 
ეს გეგმები ნათელს ხდიდნენ, რომ საკუთარი წარმატებებით გონგადასულ მაკედონელ დამპყრობელს რეალობის გრძნობა განლტვოდა.  მეფის თანამზრახველებს ესმოდათ, რომ  ამ ჩანაფიქრთა განხორციელების ცდა მხოლოდ გააუარესებდა ისედაც დაღმავლობის გზაზე დამდგარი სახელმწიფოს მდგომარეობას.  საჭირო იყო არა ახალ ქვეყანათა დაპყრობაზე ფიქრი, არამედ  უკვე დაპყრობილ ტერიტორიათა შენარჩუნება, თუნდაც ზოგიერთ შორეულ და მეამბოხე მხარეთა დათმობის ფასად.  მაგრამ ალექსანდრე  უკვე აღარ იღებდა  ყურად  სხვათა  რჩევებს, თუმცა მეფისაგან განსხვავებულ აზრთა გამოთქმას ვეღარავინ ბედავდა. ალექსანდრე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ბედი სწყალობდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ უცილობლად განახორციელებდა ყველა ჩანაფიქრს.  იგი თვლიდა, რომ ბუნებასაც  კი უნდა დაეთმო მისთვის.  და ამაში რომ დაერწმუნებინა სხვებიცა და საკუთარი თავიც, მან აფრიკის ლაშქრობის დასაწყისად ზაფხულის ყველაზე მცხუნვარე თვე  შეარჩია.  მაგრამ ალექსანდრეს  ოცნებას აღსრულება  არ  ეწერა.  ძვ.წ. 323 წლის პირველ ივნისს მეფემ ხურვება იგრძნო, თუმცა არ შედრკა და გააგრძელა დაწყებულ საქმეზე ზრუნვა. მაშინაც  კი, როდესაც ციებ-ცხელებამ ლოგინად ჩააგდო,  თავის საწოლთან შემოიკრიბა მხედართმთავრები  და სამომავლო  ლაშქრობებზე  გაებაასა. დღითი-დღე უარესდებოდა  მისი ჯანმრთელობა. 
13  ივნისს მეფე გარდაიცვალა. მაშინ ალექსანდრე  33 წლის იყო და თითქმის  13 წელი იმეფა. ამ საოცრად მცირე დროის მანძილზე  მან აღასრულა  ის,  რისი აღსრულებაც  მანამდე ვერავინ შეძლო  – შექმნა პირველი უზარმაზარი იმპერია. 
ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე უმალ დაიწყო დავა იმაზე, თუ  ვის უნდა რგებოდა ძალაუფლება. მეფეს არ დაუტოვებია მემკვიდრე. მისი მეუღლე, როქსანა, ფეხმძიმედ იყო მხოლოდ, ნახევარძმა კი გონებაჩლუნგი აღმოჩნდა.  მეფე არც იყო დაკრძალული, რომ დავა  მის ცხედართან შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა. სულ დაავიწყდათ ალექსანდრე და მისი გვამი ოცდაათი დღის განმავლობაში არ დაუმარხავთ. ბოლოს მისანმა სასახელში ხმა გაავრცელა: „განდიდდებაო ის ქალაქი, სადაც დიადი ალექსანდრე დაიკრძალება! რადგან არ იყო სხვა მეფე მასზე აღმატებული ბედნიერებით, ვიდრე ცოცხლობდა და გარდაცვლილიც სხვებზე უფრო ბედნიერია!“ ითქვა თუ  არა  ეს,  იმ წამიდან დაიწყო ბრძოლა მისი გვამისთვის. ყველას აჯობა ალექსანდრეს მხედართმთავარმა პტოლემაიოსმა, რომელმაც მოიპარა მისი ნეშტი, მალულად წაიღო ალექსანდრიაში და  იქ დაკრძალა. 
ძალაუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა სამეფო ოჯახი. სამფლობელო კი დაინაწილეს მთავარსარდლებმა, რომლებსაც დიადოქოსები (ბერძნ. „მემკვიდრეები“) უწოდეს. ალექსანდრეს მიერ შექმნილი ვეებერთელა იმპერია დაიშალა.  მას დიდი ხანი არც ეწერა, იმიტომ რომ შიშითა და ძალით იყო მორჩილადქმნილი. 
ასეთი იყო ალექსანდრეს ცხოვრების  გზა.  ასე იცვალა დიდმა დამპყრობელმა სახე, როდესაც ძალის მეოხებით ხელთ იგდო განუსაზღვრელი უფლებები, როდესაც გახდა მილიონობით მისივე მსგავსის ბედის განუსჯელი გამგებელი. ეჭვნეულობა და სისასტიკე, გარეშემომყოფთადმი ზიზღი და შეთქმულების შიში ალექსანდრეს გაუჩნდა მხოლოდ  მას შემდეგ,  რაც მიაღწია ისეთ უფლებამოსილებას, მიწიერთაგან მანამდე რომ არავის ღირსებია. ალექსანდრეს სასიქადულო თვისებებმაც  კი პირფერობისა  და საყოველთაო თკყვანების გამო ნირი იცვალეს:  მისი სიქველე გარდაისახა  უსამანო პატივმოყვარეობად,  სიმამაცე  – განუსჯელობად, სიამაყე  კი  – განდიდების მანიად. 
ალექსანდრეს თავისი ბიოგრაფოსები ჰყავდა. მისი ცხოვრება აღუწერია მისივე თანამებრძოლს, მხედართმთავარ პტოლემაიოსს; ბრძოლათა სურათები არისტობულოსის ჩანაწერებით შემორჩენია ისტორიას. სახელოვანმა პლუტარქოსმა კი თავი მოუყარა ყველა მართალ და არამართალ ამბავს, რაზედაც ხელი მიუწვდებოდა და იმდროინდელი სამყაროს პირველი იმპერლის დიადი მბრძანებლის დაუვიწყარი პორტრეტი დაუტოვა შთამომავლობას. 
შენიშვნები: 
1. ოლიმპიასი ელადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ეპიროსის განმგებლის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. 
2. ბუკეფალოსი ბერძნულად „ხარისთავას“ ნიშნავს. 
3. არისტოტელე  (ძვ.წ.  384-322  წწ.)  – ძველი სამყაროს უდიდესი ფილოსოფოსი.  მისი  მამა ფილიპოს მეორის კარის  ექიმი  იყო. შესაძლოა,  ეს გახდა არისტოტელეს უფლისწულის აღმზრდელად მოწვევის საბაბიც  (ძვ.წ.  343 წ.).  მას  შემდეგ   რაც ალექსანდრე  სამეფო სკიპტრის მპყრობელი  გახდა, არისტოტელემ ათენში დააარსა სკოლა სახელწოდებით ლიკეიონი (გიმნაზია აპოლონ ლიკეიელის ტაძრის მახლობლად). ამ სახელს უწოდებდნენ სკოლებს ახალ დროშიც. თუმცა მას შუა საუკუნეების ლათინურისთვის დამახასიათებელი გამოთქმით მოიხსენებენ: ლიცეუმი. 
3. სახელწოდება „კინიკური“ ანუ „ცინიკური“ (სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით  – „ძაღლური“) დაამკვიდრეს  იმ ფილოსოფოსებმა, რომელთაც დიოგენესიც ემხრობოდა.  კინიკოსები  თავისებურად  გამოხატავდნენ  ღარიბთა  და უუფლებო თავისუფალთა პროტესტს მონათმფლობელურ საზოგადოებაში სიმდიდრის  არათანაბარი  განაწილების  გამო.  მოგვიანებით  „კინიკოსი“ („ცინიკოსი“) სალანძღავ სიტყვად იქცა. 
4. სწორედ ამ გადმოცემას უკავშირდება თანამედროვე გამოთვმა: „გორდიონის კვანძის გახსნა“, რაც ნიშნავს ძლიერ დახლართული ამოცანის ამოხსნას უმარტივესი  გზით,  ურთულესი  საქმის აღსრულებას  ერთი,  გადამწყვეტი მოქმედებით. 
5. სოგდიანა,  სპარსეთის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე  სატრაპია, მდებარეობდა მდინარეების, ამურ-დარიასა და სირ-დარიას შორის (ახლა  იქ ტაჯიკეთისა და უზბეკეთის სახელმწიფოებია განლაგებული). 
6. ძველების რწმენით, მდინარე ოკეანოსით იყო გარშემორტყმული ხმელთაშუა ზღვაში მდებარე მიწები. ვარაუდობდნენ, რომ ეს მდინარე სათავეს იღებდა დასავლეთ  ევროპაში  (ატლანტის  ოკეანე),  მიედინებოდა  აფრიკისა  და არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით,  შემდეგ გარს უვლიდა ინდოეთსა და ჩრდილოეთიდან ბრუნდებოდა ევროპაში. ალექსანდრეს დროს მატერიკების ზომებზე შედარებით შემცირებული წარმოდგენა ჰქონდათ.  ალბათ ამით  აიხსნება  ის,  რომ ჰინდუკუში  კავკასიონის გაგრძელებად  მიაჩნდათ, ხოლო არალის ზღვა  – კასპიის ზღვის ნაწილად და მას ჩრდილოეთ ოკეანის ყურეს უწოდებდნენ. 
7. თანამედროვე მდინარე ჯელამი.


Комментариев нет:

Отправить комментарий