воскресенье, 22 апреля 2018 г.

ლიკურგოსი; სპარტას სახელმწიფო სისტემა

ანტიკურ წყაროთა გათვალისწინებით შეადგინა ნანა ტონიამ
პელოპონესოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა  მხარე,  რომელსაც ლაკონიას უწოდებდნენ ბერძნები. როგორც სახელმწიფოს, მას ლაკედემონად მოიხსენიებდნენ, ხოლო მის ცენტრს – სპარტად. ძვ.წ. VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე იქ საბრძოლო-საზოგადოებრივი ერთობა დაარსდა, რომელსაც  მოგვიანებით სპარტული კოსმოსი შეარქვეს ჟამთააღმწერლებმა. მის შექმნას  კი ტრადიცია ლეგენდარულ კანონმდებელს, ლიკურგოსს მიაწერდა. მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით, ცნობები სპარტის ამ პირველ კანონმდებელზე იმდენად ურთიერთგამომრიცხავია,  რომ  მისი ისტორიულ პიროვნებად  მიჩნევის საფუძველი თითქმის არ არსებობს. კანონები, რომელთა შექმნაც მიეწერება ლიკურგოსს, სპარტაში ნაწილობრივ  ძვ. წ. VIII საუკუნეში გატარდა, ძირითადად კი ძვ.წ.  VII საუკუნის  II  ნახევარში მიუხედავად  იმისა, რომ  ამ პირველი კანონმდებლის ცხოვრების აღწერილობა ნდობას  არ  იწვევს,  მასში მოიპოვება ერთობ  საინტერესო  მასალა  სპარტელთა ყოფასა და კანონებზე მათი სახელმწიფოს უმაღლესი ძალმოსილების ჟამს. 
ლიკურგოსის წარმომავლობის, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა თუ გარდაცვალების თაობაზე მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს. ყველაზე მეტ დავას იწვევს  ამ კანონმდებლის ცხოვრების დათარიღების საკითხი. ძველ სწავლულთაგან უმეტესობას მიაჩნდა, რომ იგი ცხოვრობდა მაშინ, როდესაც დაწესდა ოლიმპიური ასპარეზობები. უფრო მეტიც,  მათივე აზრით, თავად ლიკურგოსს მიუძღვის უდიდესი წვლილი  ამ საერთო-ბერძნულ შეჯიბრთა კანონების შექმნაში.
ლიკურგოსის მმართველობამდე რამდენიმე ხნით ადრე სპარტაში დაიწყო შფოთი. ხალხი არ ემადლიერებოდა მმართველებს, მდიდრები ჩაგრავდნენ ღარიბებს, ქუჩებში ხშირად გამოდიოდნენ ამბოხებულები. ერთ-ერთი შეტაკების დროს მოუკლავთ ლიკურგოსის  მამა, რომელიც ლამობდა მოჩხუბართა გაშველებას. იგი სპარტის მეფე იყო და, ადათის თანახმად, მისი ძალაუფლება გადაეცა უფროს ვაჟს, ლიკურგოსის ძმას, პოლიდექტესს, მაგრამ რამდენადაც იგი მალე უშვილოდ გარდაიცვალა, ლიკურგოსი დარჩა სამეფო ტახტის ერთდაერთ მემკვიდრედ. მეფედ ნაკურთხმა მალე შეიტყო, რომ დედოფალი, გარდაცვლილი ძმის მეუღლე, შვილს ელოდა. ლიკურგოსმა გამოაცხადა, რომ თუ მისი ძმისშვილი იქნებოდა  ვაჟი, მას გადასცემდა სამეფო სკიპტრას. თავად  კი,  ვიდრე  ბავშვი გაიზრდებოდა, განაგრძობდა სახელმწიფოს მართვას ისე, როგორც  ეს მეურვეს ეკადრებოდა.
ძმის ქვრივმა შეიყვარა ლიკურგოსი და ქორწინება შესთავაზა. იგი ვარაუდობდა,  რომ  მის მაზლს გაუძნელდებოდა უარი ეთქვა იმ სამეფო ძალაუფლებაზე, რომლის მოსაპოვებლადაც ბევრი იბრძოდა, ღირსეულიც  და უღირსიც.  დედოფალმა აღუთქვა ლიკურგოსს, რომ თუ იგი დათანხმდებოდა  ამ ქორწინებას, მოკლავდა თავის შვილს და ამგვარად აღარ ეყოლებოდა  მას სპარტის ტახტის მოცილე. მაგრამ ლიკურგოსმა არ ისურვა უწმინდური გზით მოპოვებული ძალაუფლება, თუმცა პირდაპირ უარის თქმასაც მოერიდა, რადგან შიშობდა, რომ სიყვარულისგან გონს გადასული ქალი მართლაც მოკლავდა მისთვის საძულველ შვილს.
ლიკურგოსმა დაარწმუნა დედოფალი, რომ თავად შეძლებდა მათი ბედნიერების გზად აღმდგარი ბავშვის ჩამოცილებას. ამგვარად დაიმედებულ დედოფალს მიუგზავნა შევრდომილთაგან რამდენიმე კაცი, რათა დაბადებისთანავე მოეცილებინათ დედისთვის ახალშობილი და მასთან მიეყვანათ.
დედოფალმა  შვა ტახტის მემკვიდრე. როდესაც ჩვილი  მიჰგვარეს  მეფეს,  მან დააწვინა იგი ტახტზე და შეკრებილთ ასე მიმართა:  „აი, თქვენი მეფე, სპარტელებო! მოდით,  მას ვუწოდოთ ქარილაოსი1 და იყოს იგი ჩვენი მბრძანებელი ხალხის საკეთილდღეოდ!“ განცვიფრებულნი იყვნენ დედოფლის ნათესავები, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ.
თავისი მმართველობის მცირე ხნის განმავლობაში ლიკურგოსმა მოასწრო თანამოქალაქეთა სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურება.  მას ხალხი ემორჩილებოდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იყო სახელმწიფოს მმართველი, არამედ იმიტომაც, რომ მასში ბრძენსა და სამართლიან კაცს ხედავდა; თუმცა ლიკურგოსს ჰყავდა მოწინააღმდეგენიც. განსაკუთრებით სძულდათ იგი მის მიერ უარყოფილი დედოფლის ნათესავებსა და ახლობლებს.  ისინი ყოველნაირად ცდილობდნენ  მის დამდაბლებას და ხმებს ავრცელებდნენ, თითქოსდა მეფის მეურვე თავად ლამობდა ტახტის ხელში ჩაგდებას.
ლიკურგოსი შიშობდა, ახალგაზრდა მეფეს რაიმე რომ შემთხვეოდა, მას მიიჩნევდნენ ბრალეულად. ამიტომ მოსალოდნელ ცილისწამებას რომ განრიდებოდა, განიზრახა გადახვეწილიყო სამშობლოდან  და  არ დაბრუნებულიყო  მანამ,  სანამ ქარილაოსს  არ  შეეძინებოდა  მემკვიდრე.  აი,  მაშინ  კი ქარილაოსს თუკი  რაიმე შეემთხვეოდა, ლიკურგოსი ვერ იქნებოდა ტახტის მემკვიდრე და აღარავის შეეძლებოდა მისი დადანაშაულება.
თავდაპირველად ლიკურგოსი ეწვია კრეტას. მან ყურადღებით შეისწავლა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობა, რათა სამშობლოში დაბრუნებულს თანამოქალაქეთათვის  შეეთავაზებინა კრეტულ  კანონთაგან უაღრესად  მნიშვნელოვანნი სპარტაში დასაწესებლად. ლიკურგოსის კრეტაზე მოგზაურობის აღწერით  ძველი მწერლები ცდილობდნენ აეხსნათ  ის დიდი მსგავსება, რაც კრეტისა და სპარტის სახელმწიფო წყობათა შორის არსებობდა.
კრეტადან ლიკურგოსი აზიაში გაემგზავრა. მას სურდა, კრეტელთა სადა, მკაცრი ცხოვრების ნირი იონიელთა ფუფუნებისა და განცხრომისათვის შეედარებინა, მათი ყოფისა  და სახელმწიფობერივი წყობის სხვაობას დაჰკვირვებოდა.
აზიაში ლიკურგოსმა შეიტყო ჰომეროსის პოემათა არსებობის შესახებ. მას ძლიერ  მოეწონა ეს ქმნილებები, დიდი სიბეჯითით გადაიწერა და სამშობლოში წასაღებად კრებული შეადგინა. მართალია, ბერძნებს იმხანად უკვე ჰქონდათ ბუნდოვანი წარმოდგენა  ამ პოემებზე,  მის ცალკეულ ნაწილებს კითხულობდნენ კიდეც ოჯახებში, მაგრამ ლიკურგოსი იყო პირველი, ვინც ეს ეპოსი საყოველთაოდ ცნობილი  გახადა. იგი  მიიჩნევდა,  რომ პოემებში წარმოდგენილი ზნეობა  და ადათ-წესები გამოადგებოდა  მის ხალხს.
სპარტელები ნანობდნენ,  რომ ლიკურგოსი მათგან წავიდა და სთხოვდნენ, დაბრუნებულიყო: ისინი მიიჩნევდნენ, რომ მეფე თავის ქვეშევრდომთაგან გამორჩეული უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ წოდებით, არამედ ისეთი ღირსებებითაც, რომ შეძლებოდა თავის თანამოქალაქეთა მართვა. ლიკურგოსი კი თვლიდა, რომ უმნიშვნელო რეფორმებით შეუძლებელია სპარტის წყობის გამოჯანსაღება, რომ საჭიროა მთელი სახელმწიფოებრივი სისტემის ძირეული შეცვლა. იგი  არ იყო დარწმუნებული,  რომ თანამოქალაქენი, რომლებიც  მას უხმობდნენ, მისცემდნენ აუცილებელ გარდაქმნათა განხორციელების  შესაძლებლობას და ამიტომაც, ვიდრე სპარტაში დაბრუნდებოდა, განიზრახა დელფოს მისნის აზრის გაგება.
პითია ტაძარში შესულ ლიკურგოსს  ამ სიტყვებით შეხვდა: „გიმზერ, ლიკურგოს,  ჩემს დიდებულ  ტაძარში მოსულს,  მაღალი  ზევსის  და დიადი  ღმერთების რჩეულს. გითხრა სიმართლე,  მე  არ  ვიცი, როგორ გიწოდო, მოკვდავთა მსგავსი ხარ, მაგრამ უმალ უკვდავად გიხმობ, ვიდრე ადამიანად“. როდესაც ლიკურგოსმა სთხოვა,  საუკეთესო  კანონები  შეეთავაზებინა  მისთვის, პითიამ მიუგო,  რომ  მის კანონებზე უმჯობესი არ ექნებოდა სახელმწიფოს. ამ მისნობით გახალისებულმა ლიკურგოსმა  გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო  სპარტაში,  სადაც  იმხანად მეფობდა მისი უნებისყოფო ძმისშვილი ქარილაოსი და სადაც სრული ქაოსი იყო.
უპირველეს ყოვლისა, ლიკურგოსმა მოინახულა თავისი მეგობრები, შემდეგ კი თანდათანობით მიიმხრო უამრავი თანამოქალაქე. როდესაც იგრძნო, რომ დადგა ჟამი  და თანამზრახველნიც მრავლად  ჰყავდა,  მან  30 შეიარაღებულ მეგობართან ერთად (ისინი სპარტის წარჩინებულთა ოჯახების წარმომადგენელნი იყვნენ)  დაიკავა ქალაქის მოედანი, რათა მოსალოდნელი ამბოხება ჩაეხშო. ქარილაოსმა, იფიქრა რა, რომ შეთქმულება მის წინააღმდეგ იყო მიმართული, ათენას ტაძარს შეაფარა თავი. მალე დარწმუნდა, რომ საშიში არა ჰქონდა რა, გამოვიდა თავშესაფრიდან  და  სხვა არისტოკრატებთან ერთად განიზრახა მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს გარდაქმნაში.
ლიკურგოსის კანონების თანახმად, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ორგანოდ იქცა გერუსია  – უხუცესთა (გერონთა) საბჭო, რომელიც 30 კაცისგან შედგებოდა. გერუსია წყვეტდა დავებსა და შეეძლო მიეცა მითითება მეფეთათვისაც. საქმე ის იყო, რომ სპარტის სათავეში ოდითგანვე იდგა ორი მეფე. ისინი წარმოდგებოდნენ ორი მუდამ მოშუღლე აგიადებისა და ევრიპონტიდების გვარიდან. ასე რომ, ევრიპონტიდთა მოდგმის ქარილაოსთან ერთად  სპარტას განაგებდა  აგიადების  გვარის  ჩამომავალი  არქელაოსი.  მათ ერთმანეთი სძულდათ. თითოეული მათგანი მიისწრაფოდა ერთპიროვნული, შეუზღუდავი ძალაუფლებისაკენ, რომელიც საბერძნეთში დესპოტიად იწოდებოდა.  ეს შუღლი ასუსტებდა სახელმწიფოებრივ წყობას, რითაც სარგებლობდნენ უბრალო ხალხის  – დემოსის ბელადები.  ისინი ცდილობდნენ, დაემხოთ წარჩინებულთა მმართველობა და დაემყარებინათ დემოკრატია – ხალხის მმართველობა.
ახლა  კი, ლიკურგოსის კანონმდებლობის  თანახმად,  მეფეებს  შერჩათ ძველი უფლებები მხოლოდ ბრძოლის ველზე. ლაშქრობათა ჟამს ისინი ძველებურად განაგებდნენ მოქალაქეთა სიკვდილ-სიცოცხლეს. მშვიდობიან დროს კი სპარტელი მეფეები გერუსიას რიგით წევრებად ითვლებოდნენ.  გერუსიას  დანარჩენ 28 წევრს კი ირჩევდა ხალხი სამუდამოდ 60 წელს გადაცილებულ მოხუცთაგან. არჩევნები იმართებოდა  იმ შემთხვევაში, თუ გერონთაგან ვინმე გარდაიცვლებოდა და ამდენად, გერუსიას რაოდენობრივი შემადგენლობა  (30  კაცი  მეფეთა ჩათვლით) უცვლელი რჩებოდა.  ეს რიცხვი, ძველების აზრით, განისაზღვრებოდა იმით, რომ სწორედ  30 არისტოკრატის თანხლებით გამოვიდა ლიკურგოსი  მოედანზე, რათა დაეწყო სპარტის გარდაქმნა. ეს არისტოკრატები იყვნენ გერუსიას პირველი წევრები.  მისი შემადგენლობა დროდადრო იცვლებოდა,  მაგრამ  სპარტის მთელი ისტორიის მანძილზე უხუცესთა საბჭო ინარჩუნებდა არისტოკრატულ ხასიათს. კანონის თანახმად,  60 წელს მიღწეულ ყოველ სპარტელს შეეძლო ყოფილიყო გერონი, თუმცა გერუსიაში ძირითადად ირჩევდნენ უხუცესებს შედარებით გავლენიანი ოჯახებიდან.
მეფეებს, გერონებსა და ხალხს რომ არ მოსვლოდათ დავა უფლებათა თაობაზე, ლიკურგოსმა შემოიღო ძალაუფლების დანაწილების კანონი, რომელსაც შემდგომ უწოდებდნენ „ლიკურგოსის რეტრას“2: სპარტელები თვლიდნენ,  რომ  კანონმდებელს იგი თვით  ით ღმერთმა აპოლონმა შთააგონა. „რეტრას“ შინაარსი ასეთი იყო: „დაე, ხალხი დაიყოს ფილეებად და ობეებად; დაე, გერუსიას შემადგენლობა განისაზღვროს  30 კაცით! მეფეთა ჩათვლით, ხოლო ხალხი დროდადრო შეიკრიბოს ხოლმე სათათბიროდ მდინარე ევროტასის სანაპიროსთან;  იქ გადაწყვიტოს, რა არის მისაღები თუ მიუღებელი; დაე, ხალხს ჰქონდეს უმაღლესი ძალა და უფლება“.
არისტოკრატები უკმაყოფილონი იყვნენ ამ კანონით, რამეთუ ყველა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის უფლება ხალხს ენიჭებოდა. ლიკურგოსის გარდაცვალების შემდეგ „რეტრას“ დაემატა ასეთი მუხლი: „თუ ხალხი მიიღებს არასწორ  გადაწყვეტილებას,  გერონებსა და მეფეებს უფლება ეძლევათ უგულებელყონ  იგი და დაშალონ  სახალხო  კრება“.  ამ დამატების აუცილებლობაში ხალხის დასარწმუნებლად უფლებააყრილი არისტოკრატები განმარტავდნენ, რომ  ეს იყო აპოლონის ნება, განცხადებული დელფოს მისნის მიერ:  „ხამს ღვთისთანასწორ მეფეთ ერგოთ თავყრილობის ჟამს უმაღლესი ძალაუფლება. ო, ძვირფასია მათთვის სპარტა, უმშვენესი ქალაქთა შორის; შემდეგ გერონთა რჩევას უნდა მიუგდოთ ყური; 
ხმა  კი უნდა გამოხატოს თანხმობა  ან უთანხმოება საკრებულოში“.
ალბათ ამ დროიდან დამკვიდრდა სპარტაში სახალხო კრებათა ჩატარების წესი. მოედანი, სადაც  ეს კრება ეწყობოდა, არ იყო მორთული: არ ყოფილა იქ არც მზისგან თავშესაფარი დერეფნები,  არც ქანდაკებები,  არც ნახატებით  დამშვენებული შენობები. სპარტელები შიშობდნენ,  რომ ადგილის სიმყუდროვეს  და  სილამაზეს არ გამოეწვია ორატორთა მრავალსიტყვაობა,  რასაც შედეგად  მოჰყვებოდა კრების გახანგრძლივება. ღია, ქარის თუ მზისგან დაუფარავ მოედანზე,  სადაც ჩამოსაჯდომი ადგილიც  კი  არ იყო,  კრება მალე მთავრდებოდა.  მოისმენდა რა მეფისა თუ გერონის  სიტყვას,  ხალხი ყვირილით გამოხატავდა თანხმობას თუ უთანხმოებას.  მეფისა  და გერონის გარდა არავის ჰქონდა თავისი აზრის გამოთქმის უფლება. მმართველთა გამოსვლა ხანმოკლე იყო.
სახელმწიფო  საქმეთა წარმოების ამგვარი  წესი არისტოკრატებს მმართველობასთან დაკავშირებულ  საკითხთა თვითნებური გადაწყვეტის საშუალებას  აძლევდა. მაგრამ ხალხმა არ მოისურვა ამ უსამართლობის მოთმენა და ლიკურგოსის გარდაცვალებიდან 130 წლის  შემდეგ, თეოპომპოსის3 მმართველობის  ჟამს, დაწესდა ეფოროსთა ანუ მზირთა თანამდებობა.  ზოგი ძველი მწერალი ამტკიცებს, რომ  ეს თანამდებობა არსებობდა ჯერ კიდევ ლიკურგოსის დროს, თუმცა თავდაპირველად ეფოროსები იყვნენ ქურუმი-წინასწარმეტყველები4, რომლებიც არ მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მართვაში. თეოპომპოსის დროიდან  კი გამუდმებით ირჩევდნენ თითო ეფოროსს ლაკონიის ყოველი ხუთი მხრიდან. მეფეთა არყოფნის დროს ისინი ასამართლებდნენ მოქალაქეებს. მათი მთავარი დანიშნულება იყო თანამდებობის პირთა მოღვაწეობის შემოწმება და მეთვალყურეობა იმისა, რომ ყველას შეესრულებინა სპარტული  კანონები. დარღვევის შემთხვევაში ეფოროსებს უფლება ჰქონდათ დაესაჯათ თავად მეფენიც.  ამბობენ, თურმე მეფე თეოპომპოსს მეუღლე  კიცხავდა იმის გამო, რომ  მან ეფოროსებს მეტისმეტად დიდი ნდობა გამოუცხადა, რომ მათ შვილებს  იგი უფრო  მცირე ძალაუფლებას  გადასცემდა,  ვიდრე  მიიღო  მამისგან. პასუხად მეფეს მიუგია: „თუმც უფრო მცირეს, მაგრამ უფრო მძლავრს“.
და მართლაც, მეფენი მეთვალყურეობამ აიძულა უფრო მეტი ანგარიში გაეწიათ ხალხისთვის, რათა მათი ცხოვრების წესს სახალხო რისხვა არ გამოეწვია.  შესაძლოა,  სწორედ  ამიტომ  მეფეთა მმართველობა შედარებით ხანგრძლივად  შემორჩა ლაკონიაში, ვიდრე პელოპონესოსის სხვა სახელმწიფოებში.
ლიკურგოსის მიერ განხორციელებულ გარდაქმნათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი  და მთავარი იყო მიწათა გადანაწილება. იმ დროისათვის მთელი სიმდიდრე დაგროვდა მცირერიცხოვან არისტოკრატთა  ხელში, ხოლო ღარიბები, დაკარგეს რა  საკუთარი  მიწები,  იმუქრებოდნენ  ამბოხებითა  და მდიდართა ძალაუფლების განადგურებით. ლიკურგოსმა დაარწმუნა თანამოქალაქენი, სახელმწიფოს  ინტერესებისათვის უარი ეთქვათ მიწათა მფლობელობაზე. ამიერიდან არავის ჰქონდა უფლება  გაეყიდა  ან  ეყიდა  მიწა.  მთელი  მიწა დაიყო თანატოლ  ნაკვეთებად  და ყოველი სპარტული ოჯახი იღებდა თავის კუთვნილ სხვის თანაბარ წილს5. ამით ლიკურგოსს სურდა, მოესპო სიღარიბე და სიმდიდრე, იძულებული გაეხადა  მოქალაქეები, ეცხოვრათ ერთნაირ პირობებში, რათა არავინ ამაღლებულიყო სხვაზე. ყოველი ნაკვეთი უზრუნველყოფდა ოჯახს ფქვილით, ზეთითა და ღვინით, რაც ლიკურგოსის აზრით, საკმარისი იყო, რათა ადამიანს შეენარჩუნებინა ჯანმრთელობა და ჰქონოდა  ის, რაც მისთვის მხოლოდ აუცილებელი იყო.
საბოლოოდ  რომ  მოესპო ყოველგვარი აღმატებულება, ლიკურგოსს სურდა არა მხოლოდ  მიწათა,  არამედ  მთელი მოძრავი ქონების  გადანაწილება. მართალია, მას ესმოდა, რომ მდიდრები არასოდეს დათანხმებოდნენ  ამაზე. ამიტომაც გადაწყვიტა, მოეტყუებინა პატივმოყვარენი:  მან დაარწმუნა ისინი, ეცნოთ კანონები, რომელთა მიხედვითაც სიმდიდრე გამოუსადეგარ ტვირთად იქცეოდა. ასე ბევრი ხალისით უარყოფდა თავის ქონებას.
უპირველეს ყოვლისა, მან აკრძალა ოქროს და ვერცხლის ფულით სარგებლობა და ბრძანა რკინის ფულის მოჭრა. რკინა, რომლისგანაც მზადდებოდა ფული, გამოუსადეგარი რომ  გაეხადა, ლიკურგოსმა ბრძანა  მისი გალღვობა  და ძმარში ამოვლება.  ამით მეტალს ეკარგებოდა  სიმტკიცე,  ხდებოდა  მყიფე  და უვარგისი სხვა ნაკეთობათათვის.
ეს ფული იყო იმდენად მძიმე და იმდენად ნაკლებღირებული, რომ მისი დიდი რაოდენობით შენახვა საჭიროებდა ცალკე სარდაფს, გადაზიდვა კი – ურემს, რომელშიც უღელი ხარი იყო შებმული. 
ახალი მონეტების წყალობით სპარტაში შეწყდა დანაშაულობანი;  ვინ   იქურდებდა,  ან  ვინ აიღებდა ქრთამს, თუ ნადავლის დაფარვა შეუძლებელი იყო.
შემდეგ ლიკურგოსმა სპარტაში აკრძალა ყველა გამოუსადეგარი ხელობა. თუმცა, რომც არ გაეძევებინათ ხელოსნები, ისინი თავადაც გაქრებოდნენ, რადგანაც მათი ნაკეთობანი აღარავის ესაჭიროებოდა.  რკინის ფული  სხვა სახელმწიფოში გამოუსადეგარი იყო: ვერაფერს შეიძენდი, ხოლო შემოსულ ხელოსნებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუკი ვინმე საზღაურად მათ რკინის ფულს შესთავაზებდა. ამგვარად, სპარტამ დაივიწყა ფუფუნება, მდიდარს არ ჰქონდა უპირატესობა  ღარიბთან შედარებით, რამდენადაც არ შეეძლო თავისი სიმდიდრის გამოყენება.
მოქალაქეებში სიმდიდრის დაგროვების სურვილის მოსასპობად ლიკურგოსის მიერ წარმოებულ გარდაქმნათაგან მესამე იყო სისიტიების დაარსება. სისიტიები, რომლებსაც სპარტაში ფიდიტიებსაც უწოდებდნენ,  იყო თავისუფალ  სპარტელთა ერთობლივი სადილები, მაგრამ სისიტია იყო არა უბრალოდ საერთო  სადილი, არამედ ერთ სამხედრო განაყოფში  მომსახურე მტკიცე მეგობრობით შეკრული  15-20 კაცის ამხანაგობაც.
სისიტიას წევრები მეგობრებად რომ ქცეულიყვნენ,  რათა თავი დაედოთ  ერთმანეთისათვის,  ყოველი  ახალი  წევრი  უნდა შემოწმებულიყო.  სადილის დროს ახალბედას შემოიყვანდნენ ხოლმე კარავში, ხოლო მონა თავზე შედგმული თასით შემოივლიდა ყველა იქ დამსწრეს.  ის, ვისაც იგი მიუახლოვდებოდა, თასში აგდებდა პურის პატარა ბურთულას. ვერავინ ხედავდა,  ეს ბურთულა იყო მრგვალი თუ თითებით გაბრტყელებული. ბრტყელ ბურთულათა აღმოჩენა თასში იმის მაუწყებელი  იყო,  რომ  ვიღაცას  არ მოსწონდა  ახალბედა  და  მას  ამხანაგობის  წევრად აღარ მიიღებდნენ.
დაუშვებელი იყო, რომ სისიტიას თუნდაც ორ წევრს ერთმანეთი არ ჰყვარებოდა.  ამ ბზარს საშინელი შედეგი მოჰყვებოდა ბრძოლის ველზე, სადაც მეგობრებს მხარდამხარ უნდა ებრძოლათ. ყოველ სისიტოსს ყოველთვიურად უნდა ეხადა ერთი წილი ქერი (ყოველდღიურად  ეს ორი კილოგრამის ტოლფასი იყო), მცირეოდენი ყველი, ხილი, რამდენიმე თასი ღვინო.6 გარდა ამისა, ყოველი, ვინც კი ღმერთებს მსხვერპლს შესწირავდა, სისიტიაში აგზავნიდა დაღუპული ცხოველის საუკეთესო ხორცს. მონადირეებსაც  აქ მოჰქონდათ თავისი ნადავლის ნაწილი.
ვინც იგვიანებდა მსხვერპლშეწირვის თუ ნადირობის გამო, შეეძლო სახლშიც ესადილა, დანარჩენნი  კი ვალდებულნი იყვნენ დროზე გამოცხადებულიყვნენ სისიტიაზე. სპარტელებს ეკრძალებოდათ სადილზე მაძღრად მოსვლა. ყველა მკაცრად ადევნებდა თვალს  იმას, რომ არავის დაეტოვებინა თავისი წილი საკვები.  ეს იყო იმის მაუწყებელი, რომ სისიტოსმა სხვაგან მიირთვა, რადგან საერთო სადილი არ აკმაყოფილებდა.  მას ამისათვის აზღვევინებდნენ და შეეძლოთ, გაერიცხათ კიდეც სისიტიადან.
სისიტოსთა საყვარელი კერძი  იყო შავი წვნიანი შეჭამადი. იგი მზადდებოდა ოსპისა და  ხარის სისხლისგან.  განსაკუთრებით უყვარდათ  იგი მოხუცებს,  რომლებიც უარს ამბობდნენ ხორცზე, უთმობდნენ რა თავის წილს ახალგაზრდებს.
ერთხელ  სხვა  ქვეყნის  მეფემ გადაწყვიტა,  გაესინჯა  ეს  შეჭამადი.  ამისათვის შეისყიდა სპარტელი მზარეული, რომელმაც მოუმზადა მას  ეს წვნიანი. მეფემ  გასინჯა თუ არა, ფურთხება იწყო.
– რა მოამზადე?  – შეჰყვირა მან  – ამის ჭამა შეუძლებელია!
– მეფეო,  – მიუგო მზარეულმა – ვიდრე მიირთმევ  ამ  შავ შეჭამადს,  მდინარე ევროტასში უნდა განიბანო.
მძიმე ფიზიკური ვარჯიშები  და  საკვების სიმწირე აგემრიელებდა  იმას,  რაც სხვა ბერძნებს უვარგისი ეჩვენებოდათ.
სისიტიებზე ხშირად მოდიოდნენ  ბავშვები. ითვლებოდა,  რომ სასარგებლოა უფროსთა საუბრების მოსმენა და მათგან გამოცდილების მიღება. გარდა ამისა, ყმაწვილები სწავლობდნენ ისე ეცინათ ნაკლოვანებებზე, რომ სხვებისთვის არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა. როდესაც ისინი პირველად გადააბიჯებდნენ  იმ კარვის ზღურბლს,  სადაც სადილობდნენ, უფროსი სისიტოსი  მათ  ასე მიმართავდა: „ამ კარებს იქით არ უნდა გავიდეს  აქ წარმოთქმული არცერთი სიტყვა“.
ბიჭებს აჩვევდნენ  იმ აზრს, რომ სპარტელისათვის შეურაცხმყოფელია გულის მოსვლა ხუმრობის გამო; თუმცა დაიძებნებოდნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ იტანდნენ ქილიკს. საკმარისი იყო ვინმეს ეთქვა, რომ დაცინვა არ მოსწონდა და იმწამსვე დუმდებოდა  ის,  ვინც მასხრობდა.
ლიკურგოსმა ერთობლივი ტრაპეზების დაწესებით მდიდრებს წაართვა გემრიელად კვების შესაძლებლობა  – ერთი  იმ  მთავარ სიხარულთაგან,  რასაც  სიმდიდრე იძლეოდა. ყველაზე მეტად, სწორედ სისიტიების შემოღებამ განაწყო მდიდრები ლიკურგოსის წინააღმდეგ. ისინი  ისე განრისხდნენ მმართველზე, რომ  ერთხელ ჯოხებით სცემეს და ცალი თვალიც ამოუგდეს. მაგრამ ხალხი ლიკურგოსს მხარში ამოუდგა და მდიდრები დასაჯა. ერთად სადილობის წესი სპარტაში მრავალი ასწლეულის მანძილზე შემოინახა.
ლიკურგოსმა ფუფუნების წინააღმდეგ სისიტიების გარდა  სხვა კანონებიც შემოიღო:  მან აკრძალა ხუროთა რთული ხელსაწყოებით სარგებლობა და მოითხოვა, რომ სპარტელთა სახლების მშენებლობის დროს ხელოსნებს მხოლოდ ნაჯახითა და ხერხით ესარგებლათ.  ლიკურგოსს ესმოდა, რომ  ასე ნაგებ სახლში ფუფუნება ვერ შეაღწევდა.  ხის კედლებს როდი დაამშვენებდა ძოწისფერი  ხალიჩები, ოქროს თასები  ან მოვერცხლილი საწოლები.
ლიკურგოსის კანონთაგან ერთ-ერთი კრძალავდა ომის დიდხანს წარმოებას ერთ და და იმავე მოწინააღმდეგესთან. კანონმდებელი თვლიდა, რომ მტერს არ უნდა მისცე ნება, განუწყვეტლივ ავარჯიშოს თავისი ლაშქარი:  ეს გამოიწვევს იმას, რომ მეზობლები გაუტოლდებიან სპარტელებს მებრძოლეობით.
ლიკურგოსის კანონებო არ იყო ჩაწერილი. მეფის აზრით, ყოველივე ის, რაც სახელმწიფოს ბედნიერებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა ცხოვრების  წესსა  და  ჩვევებში ადრეული ბავშვობიდან უნდა გამომუშავდეს, სწორედ ამიტომ  მისი, როგორც კანონმდებლის მთელი გულისყური მიმართული იყო ბავშვების აღზრდისაკენ.
ლიკურგოსი თვლიდა,  რომ ბავშვებზე ზრუნვა  მათ დედებზე ზრუნვით უნდა დაიწყოს.  ქალი უნდა  იყოს ჯანმრთელი  და მხიარული. მხოლოდ  იმ შემთხვევაში იქნებიან მისი შვილები ჯანსაღნი და ძლიერნი. ლიკურგოსის კანონების თანახმად, გოგონებს უნდა ერბინათ, ეჭიდავათ, ეტყორცნათ დისკო და შუბი. ჭაბუკთა მსგავსად ისინიც უნდა დასწრებოდნენ ზეიმებს, მათაც უნდა ეცეკვათ ქოროებსა და ემღერათ გუნდებში. გოგონები სიმღერებით განადიდებდნენ ძლევამოსილებს და შეუდრეკლებს და აღძრავდნენ ახალგაზრდებში უაღრესობის მხურვალე სურვილს.
ქალები სპარტაში მონაწილეობდნენ აგონებში,  სადაც შეეძლოთ  გამოევლინათ თავიანთი სიმედგარე და მოეხვეჭათ დიდი სახელი. სპარტის დედოფალმა გორგომ ერთ უცხოელ  ქალს, რომელიც ქილიკობდა  იმაზე, რომ სპარტელი ქალები თავიანთ ქმრებს განაგებენო,  ასე მიუგო:  „განა ჩვენ არ ვშობთ  ამ კაცებსაცო“.
უცოლოდ დარჩენა სპარტაში სამარცხვინოდ ითვლებოდა. კანონის ძალით, ზამთარში შიშველ ბერბიჭებს ბაზრის მოედანი უნდა შემოევლოთ და ემღერათ ისეთი სიმღერა, სადაც აღინიშნებოდა, რომ  ამ სასჯელის მიზეზი იყო ადათ-წესებისადმი მათი დაუმორჩილებლობა. ახალგაზრდები არ მიაგებდნენ ბერბიჭებს ისეთ  პატივს, როგორიც სხვა უფროსებისადმი იყო მიღებული. ერთხელ, ამბობენ, უცოლო მხედართმთავარი შემოვიდაო კარავში. ერთი ახალგაზრდა არ წამოდგა მისასალმებლად. შენიშვნაზე  მან  ასე მიუგო:  „რა მრჯის მოგესალმო, თუკი არ გყავს ძე, რომელიც მე მომესალმება მომავალში“, და ეს პასუხი სამართლიანად მიიჩნიეს.
სპარტაში მამას უფლება არ ჰქონდა გადაეწყვიტა შვილის ბედი. დაიბადებოდა თუ არა ბიჭი,  მამა მიიყვანდა  მას უხუცესთა საკრებულოში დანიშნულებისამბერ. უხუცესნი ყურადღებით დაათვალიერებდნენ ახალშობილს. თუ მიიჩნევდნენ, რომ იგი ჯანმრთელი და მაგარი იყო, მამას მისი აღზრდის უფლებას მისცემდნენ და გამოუყოფდნენ მიწის ნაკვეთს. თუკი ბავშვი სუსტი გამოდგებოდა, უხუცესნი ბრძანებდნენ,  ჩაეგდოთ  იგი უფსკრულში,  რადგან  ეგონათ,  რომ ახალშობილისათვის უმჯობესი იქნებოდა  არ ეცოცხლა, ხოლო სახელმწიფოსთვის  – არ  ჰყოლოდა სუსტი და ავადმყოფი  მოქალაქეთა შორის.
ქალები ახალშობილებს წყლით კი არა ღვინით ბანდნენ, რამეთუ სწამდათ, რომ ბნედით  ან  სხვა რამ სენით შეპყრობილები კვდებიან ღვინით, მაშინ როდესაც ჯანმრთელები ძლიერდებიან. ბავშვებს ჩვრებში არ ახვევდნენ, აჩვევდნენ მარტოობასა და სიბნელეს, ცდილობდნენ მათში დაეთრგუნათ მავნე ჩვევები, თავნებობა თუ ღნავილი, აიძულებდნენ მიეღოთ ყოველნაირი საკვები. ბავშვები ისეთი ჯანმრთელები იზრდებოდნენ, რომ სპარტელი ძიძები მთელ საბერძნეთში იყვნენ განთქმულნი.
სპარტაში  არავის  ჰქონდა უფლება აღეზარდა  ბავშვი  ისე, როგორც  თავად თვლიდა საჭიროდ. ბავშვებთან არ უშვებდნენ ნაყიდ ანდა დაქირავებულ აღმზრდელებს. შვიდი წლის ბიჭებს მოაცილებდნენ ხოლმე დედის კალთას  და რომელიმე ჯგუფს შეუერთებდნენ. ოჯახიდან მოშორებულ ბავშვებს ჯგუფებად ზრდიდნენ, აჩვევდნენ რა მკაცრ მორჩილებას. ყოველი ჯგუფის სათავეში იდგა სიბრძნით  და სიმამაცით გამორჩეული კაცი. ბავშვები მისგან იღებდნენ მაგალითს, ემორჩილებოდნენ და მოთმინებით იტანდნენ სასჯელს. ბავშვების თამაშს თვალყურს ადევნებდნენ მოხუცები. ისინი პატარებს ხშირად განგებ წააჩხუბებდნენ ხოლმე, რათა გპეგოთ, მათგან  ვინ უფრო მამაცი იყო. 
ბიჭებს   მხოლოდ აუცილებელ განათლებას  აძლევდნენ.  მათ  უნდა შეძლებოდათ ბრძანების წაკითხვა და საკუთარი სახელის წერა. დანარჩენი სწავლების  მიზანი იყო უსიტყვო მორჩილების, სასჯელის მოთმინებით ატანისა და ბრძოლებში გამარჯვების ჩვევის სრულყოფა.
რაც უფრო იზრდებოდნენ ბავშვები,  მით უფრო მკაცრდებოდა აღზრდის  წესები. მათ კრეჭდნენ თმას, აიძულებდნენ ევლოთ ფეხშიშველთ და ყოველგვარ ამინდში ტანთგანძარცვულთ ეთამაშათ. მხოლოდ თორმეტი წლის ასაკში აძლევდნენ მოსასხამს, რომელიც მთელი წელი უნდა ეტარებინათ. ბავშვებს წყლით დაბანის ნებას წელიწადში მხოლოდ რამდენიმეჯერ რთავდნენ. მათ ყველას ერთად ეძინათ ლერწმის წნულებზე.  ამ ლერწმებს  კი ისინი შიშველი ხელებით ტეხდნენ მდინარე ევროტასის ნაპირებთან. 
უფროსები  ბავშვებს განსაკუთრებულ ყურადღებას  აქცევდნენ,  დადიოდნენ სკოლებში, თვალყურს ადევნებდნენ მეცადინეობებს. ბავშვების აღმზრდელს „პედონომოსს“ უწოდებდნენ. მას გარდა, ყოველი ჯგუფი ირჩევდა თავის ბელადს  – ყველაზე ძლიერსა და ჭკვიან ჭაბუკს, რომელიც საბავშვო ასაკიდან იყო გამოსული.  მას ირენი ეწოდებოდა. როდესაც ბავშვები ომობანას თამაშობდნენ, ამით მათ ბრძოლას აჩვევდნენ, ირენებს მეთაურობა ევალებოდათ.
ბავშვებს თავად უნდა მოეპოვებინათ საკვები და მოეგროვებინათ სამყოფი შეშა. ყველაფერი, რაც მათ მოჰქონდათ, იყო მოპარული. ზოგი მიეშურებოდა ბაღებისაკენ, ზოგიც – სისიტიებისაკენ, ცდილობდნენ რა გამოევლინათ უდიდესი სიფრთხილე და მოხერხებულობა. ახალგაზრდა სპარტელებს განგებ აძლევდნენ  ერთობ მწირ საკვებს, რათა იძულებულნი გაეხადათ ეშმაკობით და მოხერხებულობით მოეპოვებინათ ის, რაც აკლდათ. მათ უხდებოდათ საკვების არა მხოლოდ მოპარვა, არამედ ყარაულებზე თავდასხმაცა და სასურველის ძალით წართმევაც. თუკი ვინმე  სისუსტეს  გამოიჩენდა, უმოწყალოდ გაიროზგებოდა, როგორც ცუდი  და მოუხერხებელი ქურდი.  მას შიმშილი ელოდა.
სასჯელის შიშით ბიჭები ყოველნაირად ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი დანაშაულობანი. ერთხელ, გადმოგვცემენ,  ბიჭს პატარა მელა მოუპარავს და თავისი მოსასხამის ქვეშ დაუმალავს. მხეცს ბრჭყალებითა და კბილებით მისთვის მუცელი გამოუფატრავს.  საკუთარი  თავი რომ  არ  გაეთქვა,  ბიჭს  ხმა  არ ამოუღია მანამ,  სანამ სისხლისგან დაცლილი არ დაცემულა. ამ გადმოცემას შესაძლებელია ვენდოთ, რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ მრავალ ჭაბუკს სული ამოხდომია მათრახით გვემის დროს არტემისის საკურთხეველთან7.
სადილის შემდეგ ირენი ბიჭებს ერთგვარ გაკვეთილს უტარებდა: ზოგს ამღერებდა, ზოგს კი შეკითხვებზე პასუხის გაცემას სთავაზობდა. შეკითხვებს ბავშვებისათვის უნდა ესწავლებინა კარგისა და ცუდის გარჩევა, ადამიანთა საქციელის შეფასება. თუ ბიჭი ვერ ახსნიდა, ვის თვლიდა ღირსად ეტარებინა სპარტის მოქალაქის სახელი, ან  რა საქციელი განაპირობებდა ადამიანისათვის პატივის აყრას,  მას გონებაჩლუნგად მიიჩნევდნენ და ირენს უბრძანებდნენ, ეზრუნა მის განვითარებაზე.
ირენი ხშირად სჯიდა ბავშვებს უხუცესთა თანდასწრებით, რათა მათთვის  საშუალება მიეცა ემსჯელათ მისი აღზრდის მეთოდებზე. მეცადინეობებში უფროსები არ ერეოდნენ, მაგრამ როცა ირენს მარტო დაიხელთებდნენ, უცილობლად აზღვევინებდნენ, თუკი იგი ბიჭუნების დასჯისას გამოიჩენდა გადამეტებულ  სიმ- კაცრეს  ან ლმობიერებას.
ბავშვებს აჩვევდნენ, გამოეთქვათ თავისი სათქმელი ზუსტად და მოკლედ8. ლიკურგოსს სურდა, რომ პატარა, უბრალო სიტყვას დიდი აზრი გამოეხატა.  მისი ნათქვამი მუდამ მოკლე  და მრავალმნიშვნელოვანი  იყო; როდესაც ვიღაცამ მოითხოვა, რომ ლიკურგოსს სახელმწიფოში დემოკრატია დაემყარებინა, კანონმდებელმა ასე მიუგო: „თავდაპირველად დემოკრატია დაამყარე თავად შენს სახლში“.
ერთხელ სპარტელებმა ჰკითხეს ლიკურგოსს: „როგორ მოვიქცეთ, მეზობელი ქვეყნები რომ თავს  არ დაგვესხან?“  მან უპასუხა:  „იყავით ღარიბნი  და  ნუ ისურვებთ, მეზობლებზე მდიდრები გახდეთ“.
ლიკურგოსმა თავისი აზრი ქალაქის გამაგრების თაობაზე  ასე გამოთქვა:  „თუ ქალაქი ადამიანებითაა გამაგრებული და არა აგურებით,  მას აქვს კედლები!“
საერთოდ  სპარტელებს უყვარდათ მოკლე  და მახვილგონივრული  პასუხები. თუ კაცი ბრძნულ აზრს გამოთქვამდა, მაგრამ უდროოდ,  მას მიუგებდნენ:  „საქმიანია შენი სიტყვა, მაგრამ უსაქმო“.
ერთ ფილოსოფოსს ჰკიცხავდნენ  იმის  გამო,  რომ სამეფო სუფრასთან  მიწვეულს  სიტყვაც  არ  დასცდენია.  მის  დასაცავად  მეფეს  უთქვამს: „ვისაც  შეუძლია საუბარი, მისთვის სათანადო დროის შერჩევაც შეუძლიაო“.
ერთმა კაცმა თავი მოაბეზრა მეფეს შეკითხვით, სპარტელთაგან  ვინ არისო  საუკეთესო.  არავის გაჰკვირვებია მეფის პასუხი:  „ის,  ვინც  შენ ყველაზე ნაკლებად გგავსო“.
ბევრი აღფრთოვანებულა გამარჯვებულთა დაჯილდოებისას ოლიმპიური  ასპარეზობების მომწყობთა პირუთვნელობით. „რა გასაკვირია – უთქვამს სპარტელს – თუკი ადამიანი ოთხ წელიწადში ერთხელ შეძლებს იყოს სამართლიანი“.
როდესაც მეფე არქიდამოსს ჰკითხეს, სპარტას ჰყავს თუ არა დიდძალი ლაშქარიო,  მან უპასუხა: „საკმარისი, რათა მხდალნი უკუაქციოს".
ერთი ათენელი  მასხრად  იგდებდა სპარტელთა მოკლე  მახვილებს,  რაზედაც მეფე  აგისმა  ასე  მიუგო: „სიმოკლე როდი უშლის ხელს  ჩვენს მახვილს მისწვდეს მეტოქეს“. 
სპარტელთა პასუხები საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა შევიქმნათ მათი ცხოვრების წესზე. ბავშვობიდანვე აჩვევდნენ სპარტელებს არ გამოეთქვათ თავისი აზრი, თუ ეს არ იყო საჭირო, და თუ იტყოდნენ რაიმეს, ეთქვათ მხოლოდ აუცილებელი.
ერთ სპარტელს შესთავაზეს მოესმინა კაცისთვის, რომელიც ბულბულს ბაძავდა.  მან  კი მიუგო:  „მე თავად ბულბულისთვის მისმენიაო“.
სხვას შეჰპირდნენ, რომ აჩუქებდნენ მამლებს, რომლებიც იბრძოდნენ, ვიდრე არ დაიხოცებოდნენ9.  მან კი მიუგო: „უმჯობესია ისეთები მაჩუქო, რომლებიც სხვას მოკლავენო“. 
ერთხელ სპარტელმა საძმო საფლავზე წაიკითხა წარწერა. სახელთა ჩამოთვლა ამ სიტყვებით ბოლოვდებოდა:  „ისინი დაეცნენ ბრძოლის ველზე მაშინ, როდესაც ტირანიის ცეცხლს აქრობდნენ“.
– ასეც მოუხდებათ!  – აღმოხდა სპარტელს მოულოდნელად  – რა საჭირო იყო ტირანიის ცეცხლის ჩაქრობა,  დაე, ბოლომდე დაფერფლილიყო.
სიტყვის სიზუსტესა  და სიცხადესთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სპარტაში საგუნდო სიმღერასაც. სპარტული საგუნდო სიმღერები გამოირჩეოდნენ ვაჟკაცური შემართებით, უბრალოებითა  და სისადავით, ამავე დროს სერიოზულობითა და დამრიგებლური ხასიათით. ეს იყო ან სპარტისათვის მებრძოლთა ხოტბები,  ან საგმირო საქმეებისთვის მოწოდებები,  ან მხდალთა კიცხვანი.  აი, ერთ-ერთი სპარტულ სიმღერათაგან:
მოხუცთა ქორო: „ოდესღაც ვიყავით ჭაბუკნი და შეუდრეკელნი!“ 
კაცების ქორო: „შეუდრეკელნი  ჩვენ ვართ ახლაც,  მაშ, გამოგვცადეთ!“
ჭაბუკთა ქორო:  „ჩვენ  კი ვიქნებით უფრო მეტად შეუდრეკელნი!“ 
ასევე დიდი ყურადღება ექცეოდა სპარტაში მუსიკას. სპარტელები საბრძოლველად ფლეიტის  ხმაზე მიემართებოდნენ. ერთ-ერთი სპარტელი პოეტის თქმით: „კარგი  მუსიკა  არანაკლებ  მოქმედებს  სულზე,  ვიდრე  იარაღი“.  გადმოგვცემენ, რომ სპარტელი მეფე ბრძოლის დაწყების წინ მსხვერპლს სწირავდა მუზებს, რათა მებრძოლთათვის შეეხსენებინა, რომ აუცილებელია სიმღერებით განსადიდებელ გმირობათა აღსრულება. 
როდესაც ჭაბუკნი მებრძოლთა რიგებში გადადიოდნენ,  მათი აღზრდის  სიმკაცრე შედარებით სუსტდებოდა. მეომრებს უფლება ჰქონდათ ეზრუნათ საკუთარ სამოსზე, თმებსა და იარაღზე. ბრძოლის დაწყების წინ სპარტელები ლამობდნენ განსაკუთრებულად შეემკოთ თავი: ისინი ივარცხნიდნენ თმებსა და ზედ ზეთს იცხებდნენ, ახსოვდათ რა ლიკურგოსის ნათქვამი: „თმები ლამაზებს ალამაზებენ,  ხოლო უშნოებს უფრო მეტად აუშნოებენ“.
ლაშქრობათა  ჟამს ახალგაზრდათა საწვრთნელი ვარჯიშები აღარ იყო რთული, და საერთოდ, მათი ცხოვრება უფრო იოლი ხდებოდა. სპარტა იყო ერთადერთი  ქვეყანა, რომლის მკვიდრთათვის ბრძოლა დასვენებად ითვლებოდა მშვიდობიანი ცხოვრების დაუსრულებელ წვრთნებთან შედარებით.
როდესაც ბრძოლის  დაწყების  წინ ლაშქარი დაეწყობოდა,  მეფე  მსხვერპლს სწირავდა ღმერთებს და მებრძოლებს მოუწოდებდა, თავს დაერქვათ გვირგვინები. ფლეიტის ხმაზე ყველა იწყებდა საბრძოლო სიმღერას. დიდებულ სანახაობას წარმოადგენდა ფლეიტის ხმაზე ფეხაწყობილი მებრძოლების მწყობრი  რიგები. არავის უთრთოდა  შიშით  გული.  ისინი საფრთხის შესახვედრად  ეშურებოდნენ სიმღერებით, ხოლო სახეზე სიმშვიდისა და სიხარულის სხივი ეფინათ. თავად მეფე კი მიაბიჯებდა მათ მხარდამხარ, ვინც გამარჯვება მოიპოვა უკანასკნელ ოლიმპიურ ასპარეზობათა ჟამს.
ასე ჰყვებიან,  თითქოს ერთ სპარტელს შესთავაზეს დიდძალი თანხა, თუ ოლიმპიურ აგონებზე გამარჯვებას დაუთმობდა თავის მეტოქეს. ხოლო როდესაც  მან უარი თქვა  ამ სარგებელზე  და გამარჯვება მოიპოვა  მძიმე ბრძოლაში,  ჰკითხეს: „ამ გამარჯვებით რას დაიმსახურებ ისეთს,  მის გამო უარი რომ თქვი სიმდიდრეზე? ბრძოლებში ლაშქარს წარვუძღვები მეფის მხარდამხარ!“ – ასე ამაყად მიუგო მათ ძლევამოსილმა.
როდესაც მეტოქეს უკუაქცევდნენ სპარტელები, დიდხანს არ სდევდნენ, მათი გაგებით, დამარცხებული მტრის კვლა  და  ჩეხვა უკადრისი საქციელი იყო  და სულის სიმდაბლედ  აღიქმებოდა.  ეს  წესი  იყო  არა მხოლოდ ღირსეული,  არამედ ხელსაყრელიც, რამეთუ დამარცხებული მტერი ამჯობინებდა უმალ გაქცევას, ვიდრე ბრძოლას, რადგან იცოდა, რომ სპარტელები გაქცეულებს არას ერჩოდნენ. 
ზოგიერთი ისტორიოგრაფი ირწმუნება, რომ ლიკურგოსი თავად იყო დიდი მებრძოლი. მაგრამ უფრო მართალნი უნდა იყვნენ ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ლიკურგოსს არ მიუღია მონაწილეობა არცერთ ბრძოლაში, და რომ თავისი   გარდაქმნები განახორციელა  იმ წლებში, როდესაც სპარტა  არავის ეომებოდა.   ოთხ წელიწადში ერთხელ, ოლიმპიური  თამაშების განმავლობაში რომ მთელ  საბერძნეთში მშვიდობის სუფევა იყო10, გადმოცემის თანახმად, ლიკურგოსის დამსახურებაა, რაც  მის მშვიდობისმოყვარეობაზე მიგვანიშნებს.
ლიკურგოსის აზრით, სპარტელის აღზრდა მისი მოწიფულობის ასაკშიც უნდა გაგრძელებულიყო. მოზრდილებსაც უნდა დაეცვათ კანონით გათვალისწინებული ადათ-წესები. სპარტა მსგავსი იყო იმ ბანაკისა, სადაც ყოველი ადამიანი ცხოვრების  მკაცრად განსაზღვრულ  წესებს ემორჩილებოდა.  თუკი  სპარტელებს  არ ეძლეოდათ სხვა დავალება, ისინი უვლიდნენ ბავშვებს, მოძღვრავდნენ მათ,  ან თავად ისმენდნენ ხანდაზმულთა შეგონებებს.
სპარტელებს ჰქონდათ ბევრი თავისუფალი დრო,  რადგანაც ხელოსნობა  და სხვა სასარგებლო შრომა მათთვის აკრძალული იყო. დროის დიდ ნაწილს ისინი ატარებდნენ გიმნასიონებში ან საუბრობდნენ ერთმანეთში ავსა თუ კარგზე.  ცეკვები, თამაშები, ნადირობანი, სიმღერები და სხეულთა ვარჯიშები შთანთქავდნენ სპარტელთა მთელ დროს, თუ ისინი ბრძოლით არ იყვნენ დაკავებულნი.
როდესაც ათენში ჩასულმა სპარტელმა გაიგო, რომ იქ უქმობისთვის დასაჯეს ვიღაც,  მან ითხოვა ეჩვენებინათ მისთვის  ეს ვიღაც, თავისუფლების სიყვარულისთვის დასჯილი  კაცი.  ისე ვერ ეგუებოდნენ სპარტელები შრომას,  რომ უქმობას „თავისუფლების სიყვარულს“ უწოდებდნენ.
სპარტელებს შეეძლოთ უზრუნველად ეცხოვრათ, რადგანაც მათ მიწებს ჰელოტები ამუშავებდნენ. ესენი იყვნენ სპარტელთა მიერ დაპყრობილი ქვეყნების მკვიდრთა ჩამომავალნი. ჰელოტები სახლობდნენ იმ მიწებზე, რომლებსაც ადრე ფლობდნენ. ისინი იძულებულნი იყვნენ დამპყრობლებისთვის მიეცათ მოწეული მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჰელოტები და მათ მიერ დამუშავებული მიწის ნაკვეთები სპარტელთა შორის თანაბრად იყო დანაწილებული. ყოველი სპარტული ოჯახი მისთვის კუთვნილი ნაკვეთიდან საკვების საკმარის რაოდენობას იღებდა.
რამდენადაც ჰელოტები მნიშვნელოვნად სჭარბობდნენ სპარტელებს, ამ  უკანასკნელთ  მუდამ ჰქონდათ  მათი ამბოხების  შიში. ჰელოტთა  აჯანყების თავიდან ასაცილებლად სპარტაში შემოიღეს კრიპტიები, რამაც საფუძველი მისცა ზოგიერთს ლიკურგოსისთვის სისასტიკე და უსამართლობა დაებრალებინა. აი, რას გულისხმობდა კრიპტია: ეფოროსები დროდადრო ქალაქგარეთ აგზავნიდნენ სატევრებით შეიარაღებულ ჭაბუკებს. დღისით ისინი იმალებოდნენ, ხოლო ღამ-ღამობით გამოდიოდნენ გზებზე და კლავდნენ ჰელოტებს.  ამ შემაძრწუნებელი მკვლელობისთვის კანონიერი ხასიათი რომ მიეცათ, უფროსები, იღებდნენ რა თანამდებობას, ომს უცხადებდნენ ჰელოტებს. ხანდახან ისინი სოფლად აგზავნიდნენ ახალგაზრდათა დიდ რაზმებს,  რათა  მათ ანაზდეული თავდასხმებით გაენადგურებინათ უძლიერესნი და უმამაცესნი ჰელოტთა შორის.
გადმოგვცემენ, რომ ერთხელ სპარტელებმა ორი ათას რჩეულ ჰელოტს თავისუფლება მიანიჭეს. გახარებულმა ჰელოტებმა თავს დაირქვეს გვირგვინები და ტაძრები შემოიარეს, რათა მადლობა აღევლინათ ღმერთებისადმი მოულოდნელი ბედნიერებისათვის.  მაგრამ ღამით  ისინი გაქრნენ  და არავის ძალუძდა  ეთქვა  რაიმე მათი დაღუპვის თაობაზე.
სპარტელები ხანდახან  საგანგებოდ აიძულებდნენ ჰელოტებს უზომოდ შეესვათ განუზავებელი ღვინო, რათა ახალგაზრდებისათვის ეჩვენებინათ, თუ რაოდენ საზარელია უგონოდ თრობა. საშინელი სასჯელის ძალით ჰელოტებს ეკრძალებოდათ თავისუფალთა სიმღერების მღერა. ისინი იმდენად ყოფილან დაშინებულნი, რომ ერთხელ, ლაკონიის სამანთა მიღმა, იქაც კი, სადაც უკვე აღარ ვრცელდებოდა მათი მეპატრონეების კანონები, ვერ გაუბედავთ ემღერათ სპარტელ პოეტთა სიმღერები. სამართლიანად  შენიშნეს  ბერძნებმა,  რომ სპარტაში თავისუფალი თუ აღმატებულად იყო თავისუფალი, მონაც ასევე აღმატებულად იყო დამონებული.
თუმცა უსაფუძვლოა იმის  მკტიცება, თითქოს ჰელოტთა  წინააღმდეგ  მიმართული ეს ულმობელი კანონები ლიკურგოსის შემოღებული იყოს. ისინი დააკანონეს შედარებით  გვიან,  მაშინ, როდესაც ჰელოტთა რიცხვი მეტისმეტად გაიზარდა. განსაკუთრებული სიმკაცრით ექცეოდნენ სპარტელები მათ დიდი მიწისძვრის შემდეგ. მაშინ ჰელოტებმა, ისარგებლეს რა უბედურებით, კინაღამ აიღეს სპარტა მოიპოვეს თავისუფლება.
როდესაც კანონთაგან უმნიშვნელოვანესნი ცხოვრებაში დამკვიდრდნენ, ლიკურგოსმა იხმო მოქალაქენი და მოიწვია სახალხო კრება. კანონმდებელმა აღნიშნა, რომ ყოველი მოქალაქის გასაბედნიერებლად საჭიროა მოხდეს  კიდევ  ერთი, უმთავრესი გარდაქმნა. ამისთვის  კი აუცილებელია კვლავ ეწვიოს დელფოს სამისნოს. ლიკურგოსმა სთხოვა გერონებსა და მოქალაქეებს დაედოთ ფიცი, რომ არაფერი შეიცვლებოდა კანონებში მის დაბრუნებამდე. ყოველმა დადო ფიცი, ხოლო ლიკურგოსი გაეშურა დელფოსკენ. მისანმა ამცნო მეფეს, რომ მის მიერ შექმნილი კანონები დიდებულია  და  ვიდრე  სპარტა  ამ  კანონებს  შეინარჩუნებს,  იბედნიერებს და იბატონებს სხვა ქვეყნებზე.
ლიკურგოსმა ამ წინასწარმეტყველების უწყებით თავის სამშობლოში მაცნე წარგზავნა, ხოლო თავად გადაწყვიტა, მომკვდარიყო, რათა თანამოქალაქეთათვის საშუალება არ მიეცა, ოდესმე შეეცვალათ კანონები.  მათ ხომ დიადი  ფიცი დასდეს, რომ მის დაბრუნებამდე  სხვა გარდაქმნებს არ განახორციელებდნენ.
ლიკურგოსი  კი  უკვე  იმ  ასაკს მიუახლოვდა (დაახლოებით  85 წელს), როდესაც ძველების აზრით, თუმცა სიცოცხლე შესაძლო იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა სიკვდილიც, განსაკუთრებით მისთვის,  ვინც ყველა სურვილი აღისრულა.
ლიკურგოსი თვლიდა, რომ საზოგადო მოღვაწის სიკვდილიც კი სასარგებლო უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის,  ეს  უნდა  იყოს მთელი ცხოვრების ღირსეული დასასრული. ამიტომ იგი გამოეთხოვა მეგობრებს,  ვაჟს და უარი თქვა რა  საკვების მიღებაზე, მალე შიმშილით გარდაიცვალა. იგი შიშობდა, რომ მის ნეშტს სპარტაში გადაასვენებდნენ,  რითაც  მოქალაქეები ფიცისაგან  თავს გაითავისუფლებდნენ. ამიტომ სიკვდილის  წინ მეგობრებს  უბრძანა, დაეწვათ  მისი  გვამი, ხოლო ფერფლი ზღვაში ჩაეყარათ.
იმედები  არ გაცრუებია ლიკურგოსს. ასწლეულების განმავლობაში სპარტა, ვიდრე მის კანონებს იცავდა, უძლიერესი სახელმწიფო იყო მთელ საბერძნეთში. მხოლოდ  ძვაწ.  V საუკუნის ბოლოს, როდესაც  იქ ოქროსა და ვერცხლთან ერთად შუღლმაც შეაღწია, ლიკურგოსის კანონები დავიწყებას მიეცა.
შენიშვნები
1. ქარილაოსი ბერძნულად „ხალხის რჩეულს“ ნიშნავს. 
2. „რეტრა“ ბერძნულად  ნიშნავს  ზეპირ  შეთანხმებას.  ზეპირი  კანონის არსებობა  მიუთითებს  ამ  დადგენილების უძველეს წარმომავლობაზე. ამაზევე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ყოველი სახელმწიფოსთვის ჩვეულ მოქალაქეთა ტერიტორიული  ნიშნით დაყოფასთან ერთად  (5  მხარე), სპარტაში შემორჩა აგრეთვე ძველი, ტომობრივი ნიშნით დაყოფა  (3 ფილე ტომიდან).  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ის,  რომ დადგენილებაში შემონახულია პირველყოფილი თემური წყობისათვის დამახასიათებელი ნიშნები ხალხის უმაღლეს ძალაუფლებაზე, რომელიც არისტოკრატიის დამხობასთან ერთად გაქრა. საბუთის ენის სიძველეც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი შედგენილი უნდა ყოფილიყო გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის რეფორმები, რომლებსაც მიაკუთვნებდნენ ლიკურგოსს.
3. მეფეები პოლიდოროსი  და თეოპომპოსი  ძვ.წ.  VIII  ს-ის მიწურულს განაგებდნენ სპარტას. მათ დროს მიმდინარეობდა ლაკონიის ჩრდილოეთით მდებარე ნაყოფიერი მესენიის დაპყრობა. შესაძლოა,  ამ მძიმე ომით გამოწვეულმა დაძაბულობამ ურთიერთობა გაამწვავა ხალხსა და არისტოკრატიას შორის, რამაც აუცილებელი გახადა ეფორატის დაკანონება.
4. სიტყვა „ეფოროსი“ ბერძნულად აღნიშნავს „ზედამხედველს“, „მზირს“, „მეთვალყურეს“. ასე ეწოდებოდათ ქურუმებს, რომელთა დანიშნულება ვარსკვლავების თვალთვალიც  იყო.  განსაზღვრული  წლების  შემდეგ ეფოროსებს  ვარსკვლავების  მიხედვით  უნდა  დაედგინათ,  სპარტის მმართველი  მეფეები ღმერთებს სურდათ  თუ  არა.  თუ ღამეულ  ცაზე დაკვირვებისას ისინი შეამჩნევდნენ ვარსკვლავის ვარდნას,  ეს იმის მაუწყებელი იყო, რომ მეფეთაგან ერთ-ერთი უნდა შეცვლილიყო.
5. მიწათა გადანაწილება და ლიკურგოსის სახელით ცნობილი ყველა მომდევნო  რეფორმა,  სხვა  წყაროთა  და არქეოლოგიურ  მონაცემთა გათვალისნინებით, უნდა განხორციელებულიყო არა უადრეს  ძვ.წ.  VII საუკუნისა. დაუჯერებელი როდია ის, რომ იმხანად სპარტაში მოღვაწეობდა სახელმორჭმული წინამძღვარი და კანონმდებელი, მაგრამ რამდენადაც სპარტული კანონები არ ჩაწერილა, ლიკურგოსის სახელი წარწერებზე არ გვხვდება. მიწათა გადანაწილება ლიკურგოსის დამსახურება კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ გაცხოველებული კლასობრივი ბრძოლისა, რომლის დროსაც წარჩინებულნი იძულებულნი  გახდნენ დაეთმოთ.
6. ბერძნები ღვინოში წყალს აზავებდნენ, განზავებული ღვინო უბრალო წყალზე უკეთესად კლავდა წყურვილს. მას არ შეეძლო კაცის დათრობა.
7. სპარტაში მრავალი ასწლეულის მანძილზე ინახებოდა ბიჭების სახალხოდ  გამათრახების ადათი მათი  ირენებად  გადაყვანისას.  არტემისის საკურთხეველთან ბიჭებს უნდა გამოევლინათ სიმედგრე და ტკივილების დათმენის უნარი. ზოგი, მათრახით გვემული, ხმის ამოუღებლად კვდებოდა. ღვთაების საკურთხევლის სისხლით დათბობის  ეს ადათი,  შესაძლებელია, იყო უძველეს წარსულში არსებული ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის გადმონაშთი.
8. თანამედროვე სიტყვა „ლაკონიზმი“, რომელიც აზრის მოკლედ გამოთქმას  ნიშნავს,  სპარტელთა  ქვეყნის  – ლაკონიის სახელწოდებიდან მომდინარეობს.
9. ძველ საბერძნეთში ყველაზე მეტად გავრცელებული გასართობი იყო მამალთა და მწყერთა ბრძოლა.  ამ სანახაობას უდიდეს აღმზრდელობით მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამეთუ თვლიდნენ, რომ მამლები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის მაგალითს იძლეოდნენ. ბრძოლებისათვის ფრინველებს სანაგებოდ წვრთნიდნენ, ხოლო კარგად მებრძოლი მამლები ძვირად ფასობდნენ. 
10. ოლიმპიურ ასპარეზობათა და სხვა უდიდეს რელიგიურ ზეიმთა დროს ბრძოლათა შეწყვეტის წესი, შესაძლოა, ძვ.წ. VIII საუკუნეში შემოიღეს არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სავაჭრო ურთიერთობათა თვალსაზრისითაც.  საქმე ისაა, რომ საერთო ბერძნულ დღესასწაულთა განმავლობაში იმართებოდა დიდი ბაზრობებიც.
11. ჰელოტთა განადგურება რომ საიდუმლოებით იყო მოცული, ამაზე მეტყველებს თვით ამ წინასწარგანზრახული მკვლელობის სახელწოდებაც: ტერმინი „კრიპტია“ ბერძნულად ნიშნავს „საიდუმლოს“.
12. ეს მოხდა ძვ.წ. 465 წელს. იმდენად ძლიერი იყო მიწისძვრა, რომ სპარტა თითქმის მთლიანად დაინგრა. ჰელოტები თავს დაესხნენ გადარჩენილ სპარტელებს, რომლებიც საშველად უხმობდნენ ათენელებს. დაიწყო მესამე მესენიური ომი, რომელიც თითქმის ათი წელი გრძელდებოდა. ომის შედეგად პელოტთა  ნაწილი იძულებული  შეიქნა  კვლავ სპარტელებს დამორჩილებოდა,  ნაწილმა  კი დატოვა  ქვეყანა  და კორინთოს ყურეს ჩრდილოეთ ნაპირებთან დასახლდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий