воскресенье, 22 апреля 2018 г.

არისტიდე – ათენელი მთავარსარდალი და პოლიტიკოსი (დაახლ. ძვ.წ. 530-468 წწ.)

ანტიკური წყაროების მიხედვით მოამზადა ნანა ტონიამ
თეატრში, როდესაც ესქილეს ტრაგედია „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ მიმდინარეობდა, ათენელებმა მითოსურ ამფიარაოსზე ნათქვამი ასეთი სიტყვები მოისმინეს:
„სამართლიანი სურს რომ იყოს და არა სჩანდეს;
იმ ღრმა კვალთაგან, გონებაში რომ გაატარა,
ის სასიკეთო რჩევა-ზრახვის უხვ ნაყოფს იმკის“.
ყველამ მზერა მიაპყრო არისტიდესს,  რადგანაც მხოლოდ  იგი მიაჩნდათ  ამდაგვარი შექების ღირსად. პლუტარქოსი, რომელმაც  მისი ბიოგრაფია აღწერა, გვამცნობს:  „საკვირველი  იყო არისტიდესის სიმტკიცე სახელმწიფოში არსებულ გარდაქმნათა ჟამს. პატივსა და დიდებას ის არასოდეს ესწრაფოდა, დამარცხებული  კი სულის სიმშვიდეს და სიდინჯეს ინარჩუნებდა. ამასთან თვლიდა, რომ სიცოცხლე სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვაში უნდა გაეტარებინა უანგაროდ, პატივისა და სამაგიეროს მიღებაზე ფიქრის გარეშე“.
არისტიდესის ცხოვრებამ ათენელ დემოკრატთა ბელადის, თემისტოკლესის წინააღმდეგ ბრძოლაში განვლო. გადმოგვცემენ, რომ მათი მეტოქეობა ჯერ კიდევ ბავშვობის ხანაში დაწყებულა. ხასიათთა განსხვავებულობის გამო ისინი თამაშის დროსაც  კი ჩხუბობდნენ. მარჯვე, მამაცი და მოხერხებული თემისტოკლესი ყოველ საქმეს იოლად და სწრაფად აღასრულებდა. არისტიდესი ხასიათით იყო მტკიცე, სამართლიანი საქმისთვის თავდადებული; სიცრუეს, ოინბაზობასა და თაღლითობას ხუმრობითაც  კი ვერ იტანდა. როდესაც ისინი გაიზარდნენ,  ათენის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება  მიეცათ.  მათი  მოღვაწეობა სპარსეთის უზარმაზარი სამეფოს აღზევების  ხანას დაემთხვა. სპარსელებმა მცირე აზიის ბერძნული ქალაქები ხელთ ჩაიგდეს და ბალკანეთის საბერძნეთს მიუახლოვდნენ. მრისხანე საფრთხის  ჟამს ბერძნები არ იყვნენ ერთსულოვანნი. კონტინენტური საბერძნეთი მტრულ სახელმწიფოებად იყო დაქსაქსული. ზოგიერთი მათგანი მზად იყო საკუთარი ნებით დამორჩილებოდა სპარსეთს. 
ამ  უმძიმეს დროს  ათენში,  საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს  ქალაქ-სახელმწიფოში, მძაფრი პოლიტიკური ბრძოლა გაჩაღდა. არისტიდესი წარმომავლობისა და ძველთაგან დამყარებული წყობის ერთგულების გამო არისტოკრატიულ პარტიას მიემხრო. თავის იდეალად დაისახა სპარტელი ლიკურგოსი, რომელსაც მისაბაძ პოლიტიკურ მოღვაწედ თვლიდა. არისტიდესის მოწინააღმდეგე იყო დემოკრატთა ბელადი თემისტოკლესი. 
ისევე, როგორც ბავშვობაში, მოწიფულ ასაკშიც არისტიდესი იყო უჩვეულოდ პატიოსანი და სამართლიანი.  მისი მრწამსისადმი ერთგულება და სამართლიანობა უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა თანამედროვეებზე. მასზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. თანამოაზრეებმა არისტიდესს მეტსახელად „სამართლიანი“ უწოდეს. 
თავისი მოღვაწეობის მიზნად  მან ძველი წყობის შენარჩუნება დაისახა. არისტიდესი მიიჩნევდა, რომ კანონთა განახლებისას აუცილებელია სიფრთხილე, რათა არ დაირღვეს ძველი კანონი. ამ მხრივ იგი ქედუხრელი მეტოქე იყო თემისტოკლესისა, რომელიც ხალხს მნიშვნელოვანი გარდაქმნებისკენ მოუწოდებდა. არისტიდესი თვლიდა, რომ თუ ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებდა თემისტოკლესი,  საუკუნეებით გამყარებულ წესრიგს ძირფესვიანად შეცვლიდა. ამიტომ იგი წინააღმდეგი  იყო თემისტოკლესის,  მისი  აზრით, სასარგებლო წინადადებებისაც,  რამეთუ სურდა შეერყია  მისი გავლენა,  რათა  არ მიეცა გაძლიერებისა  და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობა. 
ერთხელ არისტიდესმა გაილაშქრა თემისტოკლესის ერთ-ერთი ასეთი წინადადების წინააღმდეგ  და  გაიმარჯვა  კიდეც.  მაგრამ  წარმატებამ როდი  მოჰგვარა სიხარული.  იგი  გრძნობდა,  რომ თემისტოკლესსთან  მეტოქეობამ  მეტისმეტად ღრმად ჩაითრია, რომ მათი ბრძოლა სამშობლოსათვის სასარგებლო კი აღარ იყო, არამედ საზიანო. ტოვებდა რა სახალხო კრებას, არისტიდესმა მწარედ  შენიშნა, რომ სახელმწიფოს საქმეები უკეთ იქნება, თუ მასა და თემისტოკლესს უფსკრული შთანთქავს. 
სამართლიანობა აიძულებდა არისტიდესს მიუკერძოებელი ყოფილიყო არა მხოლოდ სხვებისადმი, არამედ საკუთარი თავისადმიც  კი. ერთხელ  მან თავად  წამოაყენა ახალი წინადადება, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ გამარჯვება მაინც მის მხარეს იხრებოდა. კენჭისყრის წინ, გაიაზრა რა ყოველივე, არისტიდესი დარწმუნდა, რომ მის მიერ შეთავაზებული სიახლე არ მოუტანდა სარგებლობას სახელმწიფოს და თავად მოხსნა  ეს საკითხი. 
თავისი სამართლიანობის გამო არისტიდესი თანამოქალაქეთა შორის უდიდესი ნდობით სარგებლობდა. ათენელებს კამათისას უფრო მეტად სჯეროდათ არისტიდესისა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ დანიშნული მსაჯულებისა. 
ერთხელ არისტიდესი  საქმეს ურჩევდა ორ მოქალაქეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ისურვა რა არისტიდესის გადაბირება, შეახსენა, რომ ამ მოკამათისგან თავის დროზე  მას ბევრი უსიამოვნება შემთხვევია. „ჩემო ბატონო,  – მშვიდად უთქვამს არისტიდესს – სჯობს ის მიამბო, თუ რით შეურაცხგყო მან შენ.  მე ახლა ვმსჯელობ არა ჩემი, არამედ შენი შეურაცხყოფის გამოო“. 
სხვა დროს არისტიდესმა თავად უჩივლა თავის მეტოქეს და სამსჯავროს წინაშე წარდგა. არისტიდესის გულწრფელობასა და პატიოსნებაში დარწმუნებულმა მსაჯულებმა მისი გამოსვლის შემდეგ  არ ისურვეს ბრალდებულის მოსმენა.  აღშფოთებული ზეწამოიჭრა მაშინ არისტიდესი და მოითხოვა,  ნება დაერთოთ მისი მეტოქისათვის გამოეთქვა თავისი აზრი. 
დრო გადიოდა, სპარსეთის მეფე დარიოსი ბერძენთა წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა.  ეს იცოდნენ  ათენელებმა.  ადათის  თანახმად,  სპარსელთა  წინააღმდეგ ბრძოლის წარმოება ათ სტრატეგოსს დაევალა. ყოველ მათგანს რიგ-რიგობით ენიჭებოდა უმაღლესი ძალაუფლება. სტრატეგოსთაგან ერთ-ერთი იყო არისტიდესი.  მან თავისი უფლებები გადააბარა მილტიადესს, როგორც ყველაზე  გამოცდილსა და ნიჭიერ მხედართმთავარს. არისტიდესს ესმოდა, რომ ომის წარმოებისთვის აუცილებელი იყო ერთმმართველობა.  მან მეგობრებიც აიძულა მიებაძათ მისთვის. 
ხელში ჩაიგდო რა მთელი ძალაუფლება, მილტიადესმა  მარათონის მახლობლად მდებარე მთის ვიწრობებში განალაგა ჯარი. პირველად ათენელებმა შეუტიეს მტერს. ყველაზე მეტი დარტყმა ათენის ლაშქრის შუაგულში მებრძოლებმა დაითმინეს.  აქ, ერთმანეთის მხარდამხარ მედგრად იგერიებდნენ მტერს თემისტოკლესი და არისტიდესი. 
უკუაქციეს რა მოწინააღმდეგენი, ათენელებმა დაინახეს, რომ ხომალდებს  შეხიზნული სპარსელები მიემართებოდნენ არა აღმოსავლეთისაკენ, არამედ ათენისაკენ. სტრატეგოსები შეშინდნენ, რომ სპარსელები იოლად ჩაიგდებდნენ ხელთ ქალაქს, რომელსაც აღარ ჰყავდა დამცველები.  მათ სასწრაფოდ გაგზავნეს ათენში ლაშქრის დიდი ნაწილი. მარათონში ტყვეთა და ნადავლის მეთვალყურედ დატოვეს მხოლოდ არისტიდესი მცირერიცხოვანი რაზმის თანხლებით.  ამ კეთილშობილ სტრატეგოსს არ გაუცრუებია თანამოსაგრეთა იმედი. მიუხედავად იმისა, რომ კარვებში თუ მიწაზე უხვად ეყარა ვერცხლი, ოქრო, მდიდრული სამოსი და სხვა ძვირფასეულობა,  მას აზრადაც  არ  მოსვლია  მიეთვისებინა  რაიმე  ამ  განძიდან, უღირსი საქციელის ჩადენის ნება არც სხვისთვის დაურთავს. 
მარათონის ბრძოლიდან ერთი წლის თავზე არისტიდესმა მიიღო პირველი არქონტის  თანამდებობა.  მაგრამ  განვლო  სულ  რამდენიმე  წელმა  და  სახელოვანი სტრატეგოსი ოსტრაკისმოსის  წესით განდევნეს ათენიდან.  გადმოგვცემენ,  რომ ამის მიზეზი იყო ხალხში გავრცელებული მიეთ-მოეთი, თითქოს არისტიდესი, არჩევდა რა საქმეებს, სახალხო სამსჯავროს მნიშვნელობას აკნინებდა და მონარქიულ ძალაუფლებას იმზადებდა თავისთვის.
უნდა ვივარაუდოთ, რომ არისტიდესის გაძევების ჭეშმარიტი მიზეზები უფრო ღრმა  იყო.  იმხანად  განსაკუთრებული  სიმძაფრით  გაჩალდა ბრძოლა  არისტოკრატთა და დემოკრატთა შორის. მოქალაქეთა ინტერესების წარმომადგენელი თემისტოკლესის  პარტია მოითხოვდა საზღვაო ვაჭრობის გაფართოებას,  რაც  დაკავშირებული  იყო  ათენის სამხედრო ფლოტის გაძლიერებასთან.  თავის  მხრივ, ფლოტის  შენებას  თან  სდევდა სამხედრო სამსახურისთვის მრავლად  მოწვეული უღარიბესი „მეხომალდე ხალხის“ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ზრდა.  არისტოკრატული პარტია, რომლის წარმომადგენელიც იყო არისტიდესი, მიწათმფლობელთა ინტერესებს იცავდა და ნაკლებად იყო დაინტერესებული ვაჭრობის განვითარებით. ამიტომ არისტოკრატები თემისტოკლესის საზღვაო პოლიტიკის  წინააღმდეგნი იყვნენ. დემოკრატიული პარტიის გამარჯვება იყო ალბათ არისტიდესის გაძევების ჭეშმარიტი მიზეზი. 
ოსტრაკისმოსი არ იყო სასჯელი რაღაც უღირსი საქციელისთვის. უბრალოდ ამ გზით სურდათ თავიდან მოეცილებინათ კაცი, რომლის გავლენასა და ძალმოსილებას ესოდენ უფრთხოდნენ.  აი, როგორ სრულდებოდა  გასამართლების  წესი, რომელსაც ოსტრაკისმოსი ეწოდებოდა: მოქალაქე თიხის ქოთნის ნამტვრევზე ამოკაწრავდა ხოლმე იმ კაცის სახელს, რომელსაც სახელმწიფოსთვის სახიფათოდ  მიიჩნევდა. ქოთნის ნამტვრევებს აგროვებდნენ და ითვლიდნენ. ოსტრაკისმოსი რომ შემდგარიყო, ნამტვრევთა საერთო რიცხვი სამოცი ათასზე ნაკლები არ უნდა  ყოფილიყო. შემდეგ ხდებოდა მათი დახარისხება. მას, ვისი სახელიც ყველაზე  ხშირად მოიხსენიებოდა ნამსხვრევებზე, ათი წლით აძევებდნენ სახელმწიფოდან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაძევებული თავისი ქონების მფლობელი რჩებოდა,  ამასთანავე,  ათი წლის შემდეგ მას კვლავ შეეძლო ათენში დაბრუნება და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება.
საგულისხმოა ერთი ამბავი. ვიღაც უმეცარ, უწიგნურ და, როგორც პლუტარქოსი იტყოდა, გამოყეყეჩებულ ათენელს თხოვნით მიუმართავს გვერდით მდგომი უცნობი კაცისათვის, ქოთნის ნამტვრევზე ამოეკაწრა არისტიდესის სახელი. 
– რა გაგიკეთა ცუდი  ამ კაცმა? – უკითხავს მისთვის უცნობს, რომელიც თავად ყოფილა არისტიდესი. 
– არაფერი – უთქვამს მთხოვნელს  – არც  კი ვიცნობ,  მაგრამ მომბეზრდა იმის მოსმენა, რომ  მას გამუდმებით უწოდებენ სამართლიანს. 
არისტიდესს უსიტყვოდ ამოუკაწრავს თავისი სახელი ქოთნის ნამტვრევზე და დაუბრუნებია პატრონისათვის.  იგი ათი წლით გააძევეს სახელმწიფოდან. როცა უკვე ქალაქს ტოვებდა, მან ხელები ზეცად აღაპყრო და ასეთი ლოცვა წარმოთქვა: „დაე,  ნუ დაუდგებათ ათენელებს ისეთი მძიმე ჟამი, არისტიდესის გახსენებას რომ აიძულებსო“. 
სამი წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ქსერქსესი შეიჭრა ატიკაში (ძვ.წ. 480 წ.), ათენელებმა გაძევებულებს შინ დაბრუნების ნება დართეს. ბევრი შიშობდა, რომ ღატაკთაგან  გაძევებული არისტიდესი მტრის  მხარეზე გადავიდოდა  და  დანარჩენ  არისტოკრატებსაც იმავეს ჩაადენინებდა. მაგრამ ისინი არ იცნობდნენ  ამ ღირსეულ კაცს. არისტიდესი, შეწყნარებამდე კარგა ხნით ადრე მოუწოდებდა ელინებს, ებრძოლათ სპარსელთა წინააღმდეგ. როდესაც იგი შინ დაბრუნდა, სტრატეგოსად არჩეული იყო თემისტოკლესი განუსაზღვრელი უფლებებით. არისტიდესი  მას ყოველნაირად ეხმარებოდა,  სიტყვით  თუ  საქმით,  თუმცა კარგად იცოდა,  რომ  ამით თავისი მრისხანე მეტოქის გაძლიერებას უწყობდა ხელს. არისტიდესს არასოდეს ახსოვდა პირადი ინტერესები, როდესაც საქმე სამშობლოს კეთილდღეობას ეხებოდა. 
ბერძენთა მდგომარეობა ერთობ მძიმე იყო. სპარსეთის ჯარმა ჩრდილოეთ  საბერძნეთის გავლით შეძლო თერმოპილეს გასასვლელამდე მიღწევა. სპარსელებმა დაუბრკოლებლად დაიკავეს შუა საბერძნეთი და ათენს მიუახლოვდნენ. ყოველმა ათენელმა, რომელსაც კი იარაღის ტარება შეეძლო, ხომალდს მიაშურა, რათა ზღვაზე  გაეგრძელებინა ბრძოლა.  ბავშვები,  ქალები  და  მოხუცები  ათენიდან  ატიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ სალამისზე გახიზნეს. მალე სპარსელებმა ათენიც დაიკავეს,  მათი ფლოტი  კი სალამისს მიუახლოვდა. 
ბერძენთა ფლოტის განმგებელ სპარტელ მხედართმთავრებს სურდათ სალამისიდან უკან დახევა და ათენელთა ბედის ანაბარა მიტოვება. ამასობაში სპარსეთის ფლოტმა ღამით ალყა შემოარტყა სალამისის გასასვლელს და ბერძნებს უკან დასახევი გზა მოუჭრა. 
ზუსტად იმხანად კუნძულ ეგინადან დაბრუნდა  იქ გაძევებული არისტიდესი. მან გაბედულად გაიყვანა თავისი ხომალდი მტრის გემებს შორის და შეღამებისას თემისტოკლესის  კარავს  მიადგა.  არისტიდესმა  იხმო ბერძენთა სტრატეგოსი  და ასე უთხრა: „გვმართებს მოვუხმოთ კეთილგონიერებასა და შევწყვიტოთ ბავშვური შუღლი.  ახლა  მთავარია  ვიხსნათ საბერძნეთი,  შენ  – როგორც  მხედართმთავარმა  და მბრძანებელმა,  მე  კი  – ვითარცა შენმა შემწემ  და მრჩეველმა.  შენ  იცი, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად შევებრძოლოთ სპარსელებს ვიწრო გასასვლელთან.  მეც ვიზიარებ  შენს აზრს, მაგრამ სპარტელები გეწინააღმდეგებიან. სამაგიეროდ მტერი გიწყობს ხელს განზრახულის აღსრულებაში.  მოწინააღმდეგეთა ხომალდებმა  ყოველი  მხრიდან შემოგვარტყეს  ალყა,  ბერძნებს  სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ, უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილია“. 
თემისტოკლესი ფრიად  გაახარა არისტიდესის  ნათქვამმა.  მან სთხოვა  არისტოკრატთა ბელადს, რომელსაც გამორჩეულად ეთაყვანებოდნენ სპარტელები, დაერწმუნებინა  მათი ფლოტის მბრძანებელი ევრიბიადესი,  დაუხანებლივ  დაეწყო საზღვაო ბრძოლა. 
როდესაც ნავარქოსთა საბჭოზე იხილავდნენ ბრძოლის საკითხს, არისტიდესს არ მოუთხოვია სიტყვა. შეამჩნია რა ეს, ერთ-ერთმა სტრატეგოსმა თემისტოკლესს მიმართა: „არისტიდესსაც  არ მოსწონს  შენი  გეგმა.  ხომ  ხედავ,  ზის  და არაფერს ამბობს“. 
მაშინ  კი შეეპასუხა არისტიდესი:  „არ გავჩუმდებოდი, თემისტოკლესის  ჩანაფიქრი საუკეთესოდ რომ არ მიმაჩნდესო“.
არისტიდესი ათენის ჯარს მთავარსარდლობდა სალამისის ბრძოლაში.  მან შენიშნა,  რომ  სალამისის მახლობლად  მდებარე  კუნძულ ფსიტალიაზე  მოწინააღმდეგეთა დიდძალი რაზმები იყვნენ დაბანაკებულნი. ყველაზე მეტად გამბედავ და მეომარ მოქალაქეებთან ერთად არისტიდესი ხომალდებით მიადგა  ამ კუნძულს. ბერძნები შეებრძოლნენ სპარსელებსა და მტერთაგან გაწმინდეს ფსიტალია. რამდენიმე ცნობილი სპარსი ტყვედ აიყვანეს.  მათ შორის იყვნენ მეფის ახლობლები, რომლებიც არისტიდესმა თემისტოკლესს გაუგზავნა.  სპარსი ჭაბუკები  ღვთაება დიონისეს შესწირეს მსხვერპლად. 
არისტიდესი თავის მეომრებთან ერთად ჩასაფრდა ამ კუნძულზე და ჩაძირული ხომალდებიდან გადარჩენილ სპარსელებს დაუდარაჯდა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ხომალდს იქ მოეყარა თავი. ამიტომ სწორედ  იქ გაიმართა ყველაზე ცხარე ბრძოლა; სწორედ  იქ აღმართეს გამარჯვების ტროპეონიც. 
ბრძოლის შემდეგ თემისტოკლესმა ურჩია ბერძნებს დაუყოვნებლივ გაეცურათ ჰელესპონტოსისკენ, დაენგრიათ სპარსელების მიერ აგებული ხიდი, რათა მოწინააღმდეგეთა ლაშქრისთვის არ მიეცათ ევროპიდან შინ დაბრუნების საშუალება. არისტიდესი წინ აღუდგა ამ მოწოდებას.  მას სურდა, სპარსელები რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ საბერძნეთს. არისტიდესის აზრით, უკანდასახევ გზას მოწყვეტილი სპარსელები მათდა უნებურად კვლავ დაიწყებდნენ გაცხოველებულ ბრძოლას.
სალამისთან ომის შემდეგ ქსერქსესმა ლაშქრის ნაწილი სასწრაფოდ გაგზავნა აზიაში. საბერძნეთში  კი დატოვა  თავისი მხედართმთავარი მარდონიოსი, რომელიც მედიდურად სწერდა ბერძნებს: 
„თქვენ დაგვამარცხეთ ზღვაზე, მაგრამ ახლა ჩვენს წინაა თესალიისა  და ბეოტიის ვრცელი ველები, რაც ესოდენ ხელსაყრელია ჩემი ლაშქრისთვის“. 
ათენელებს კი გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღუთქვამდა, რომ თუკი ისინი სპარსელებთან დაზავდებოდნენ, აღუდგენდა დარბეულ ქალაქს, მისცემდა დიდძალ ფულსა და სხვა ბერძნებზე აბატონებდა. 
სპარტელებმა, შეშინებულებმა იმით, რომ ათენელები მიიღებდნენ ამ წინადადებას, წარგზავნეს ელჩები. ისინი ათენელებს სთავაზობდნენ, ბავშვები და ქალები გამოეგზავნათ სპარტაში, სადაც მათ უზრუნველჰყოფდნენ კვებით. 
არისტიდესის რჩევით ათენელებმა მხნე და სიამაყით აღსავსე პასუხი გაუგზავნეს სპარტელებს: 
„რა  გასაკვირია  – ეწერა წერილში  – მტრებს რომ  ჩვენი მოსყიდვა სურდეთ. შესაძლოა, მათ არ იციან, რომ არც მიწაზე და არც მიწის ქვეშ მოიპოვება იმდენი ოქრო, რომელსაც ათენელები ელინთა თავისუფლებას ანაცვალებენ. თქვენ კი, სპარტელებს, უნდა გრცხვენოდეთ, ათენელებს რომ სთავაზობთ საზღაურის წილ მათი სამშობლოს დაცვას“. 
მარდონიოსის ელჩებს კი არისტიდესმა ასე მიუგო, მიახედა რა მზისკენ: „ვიდრე მნათობი თავისი გზით ივლის ტატნობზე, ათენელები სპარსელებთან იბრძოლებენ თავიანთი აწიოკებული  ქვეყნისა  და შეგინებული  და დაფერფლილი  ტაძრებისათვის“. 
როდესაც მარდონიოსი მეორეგზის შეიჭრა ატიკაში  (ძე.წ. 479 წ.),  ქალაქის მკვიდრნი  კვლავ  სალამისზე  გადასახლდნენ.  არისტიდესის  რჩევით  ათენელებმა სპარტაში წარგზავნეს ელჩები. ისინი შველას სთხოვდნენ სპარტელებს. სპარტის მმართველებმა მათ გაუგზავნეს ხუთი ათასი მეომარი. საბრძოლო რაზმებს შვიდ-შვიდი ჰელოტი ედგა სათავეში. 
მოსალოდნელ ბრძოლაში ათენელთა წინამძლოლობისათვის სტრატეგოსად არჩეული არისტიდესი პლატეაში ათენელ ჰოპლიტთა თანხლებით ჩავიდა.  აქ მას შეუერთდა სპარტის  მეფე  პავსანიასი, რომელიც სათავეში ედგა საერთო ბერძნულ ლაშქარს. მათთან განუწყვეტლივ მოდიოდნენ სხვა ბერძნულ სახელმწიფოთა საბრძოლო რაზმები. სპარსელები მდინარე ასოპოსის გასწვრივ დაბანაკდნენ.
სპარტელებთან ერთად პელოპონესოსიდან მოსული ტეგეელები1 მოითხოვდნენ, რომ მათი რაზმისთვის მიენიჭებინათ ბერძნული ლაშქრის მარცხენა ფრთის დაკავების უფლება.2  ამასთანავე,  ისინი ყოველნაირად აქებდნენ თავიანთ  წინაპრებს, რომლებიც, მათი თქმით, მუდამ  ამ ფრთაზე იბრძოდნენ და იმარჯვებდნენ კიდეც. 
არისტიდესი, რომელმაც შენიშნა, რომ ათენელები აღშფოთებულნნი იყვნენ, მიუახლოვდა მათ და უთხრა:
– ახლა წინაპართა სიმამაცეზე კამათის დრო არ გვაქვს. როგორი ადგილიც არ უნდა მოგვაკუთვნონ მწკრივში,  ჩვენ შევეცდებით არ შევლახოთ უწინდელ ბრძოლებში მოპოვებული დიდება.  ჩვენ  აქ მოვედით არა მოკავშირეებთან საკამათოდ, არამედ მტერთან საბრძოლველად. ადგილი როდი ანიჭებს კაცს უაღრესობას. დაე, თვით ბრძოლამ დაგვანახოს,  ვინ უფრო მეტი პატივის ღირსია. 
ბერძენთა ძალებსა და ერთიანობას მხოლოდ მოკავშირეთა უთანხმოება როდი ასუსტებდა. ბრძოლის წინა დღეს ათენელები შეაშფოთა მდიდართა ქცევამ. ომით დაქცეულებმა დაინახეს, რომ სიმდიდრესთან ერთად გაქრა მათი ძალმოსილებაც, პლატეაში მალულად შეკრებილმა  მდიდრებმა დემოკრატიის  დასამხობად  შეთქმულება მოაწყვეს. წარუმატებლობის შემთხვევაში  მათ განზრახული  ჰქონდათ სპარსელთა მხარეს გადასვლა, რაც ღალატის ტოლფასი იყო. შეთქმულებს მრავალი მომხრე აღმოაჩნდათ. მოლაშქრეთაგან მრავალი მზად იყო,  მათ კვალს გაჰყოლოდა. 
არისტიდესმა შეიტყო შეთქმულების  ამბავი,  მაგრამ დრო ძიებისათვის  ხელსაყრელად არ მიიჩნია. თუმცა  ამ ამბის უყურადღებოდ მიტოვებაც არ შეიძლებოდა. შეთქმულთა შორის არსტიდესმა მხოლოდ  რვა  კაცი შეიპყრო.  ყველაზე  მეტად დამნაშავე ორი შეთქმული გაიქცა. დანარჩენები არისტიდესმა თავად გაუშვა.  მას სურდა,  მათთვის მონანიებისა  და დანაშაულის გამოსყიდვის საშუალება მიეცა გადამწყვეტ ბრძოლაში. 
ამასობაში მარდონიოსი მთავარი ომისთვის ემზადებოდა.  იგი იმედებს თავის მხედრიონზე ამყარებდა. ბერძენთა მთელი ლაშქარი კითერონის მიუვალ კლდოვან ფერდობებზე ჩასაფრდა. მხოლოდ სამი ათასი მეგარელი დაბანაკდა გაშლილ ზეგანზე.  ამიტომაც  ჩავარდნენ  უმძიმეს მდგომარეობაში.  ყოველი  მხრიდან  ღია ბანაკს სპარსი  მხედრები  დაესხნენ  თავს.  მეგარელებმა დაუყოვნებლივ აფრინეს მაცნე სპარტის  მეფე პავსანიასსთან  დახმარების თხოვნით.  მაგრამ  მეფე  ვერ  ბედავდა სპარს ცხენოსნებთან ომის უმეცარ სპარტელ ჰოპლიტთა ბრძოლის ველზე გაგზავნას. ამასობაში მტრისგან ნატყორცნი შუბებითა  და ისრებით დაფარული მეგარელთა ბანაკი სავსებით მიეფარა თვალს.
მაშინ  პავსანიასმა სთხოვა  მის ირგვლივ მდგომ მხედართმთავრებს,  დახმარებოდნენ მეგარელებს.  არავინ გამოხმაურებია  ამ მოწოდებას. მხოლოდ არისტიდესმა შეკრიბა ათენელთა სახელით სამასი რჩეული მებრძოლი. მათ ერთად მოიყარეს თავი და სირბილით ისწრაფეს ბრძოლის ველისკენ. 
სპარსეთის ცხენოსანთა ჯარის მეთაურმა, ძალითა და ახოვანებით გამორჩეულმა მასისტიოსმა დაინახა თუ  არა ათენელები, მოაბრუნა  ცხენი  და  მათ შესახვედრად გააჭენა. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. ბერძნები მტერს ხელდახელ ებრძოდნენ. მათი ისარი მასისტიოსის ცხენს მოხვდა. გამძვინვარებულმა ცხენმა თავისი მხედარი ძირს დაანარცხა. სპარსთა მხედართმთავარი მძიმე აბჯრით იყო აღჭურვილი. ამიტომ მას თავად არ შეეძლო წამოდგომა, ვერც ათენელებმა შეძლეს მისი განგმირვა. ბოლოს, როგორც იქნა ერთ-ერთმა მეომარმა მუზარადის თვალისთვის განკუთვნილ ადგილას ჩაარჭო შუბი და  ასე მოკლა მიწად განრთხმული მასისტიოსი. გადარჩენილმა სპარსელებმა მხედართმთავრის გვამი მიაგდეს და პირი იბრუნეს. 
შიშის ზარმა მოიცვა სპარსეთის ლაშქარი. ბრძოლის ველი გლოვითა და მოთქმით აღივსო.  მძიმე იყო სპარსელებისთვის მასისტიოსის დაკარგვა, რადგანაც იგი სიქველითა და სიმამაცით მხოლოდ და მხოლოდ მარდონიოსს თუ ჩამოუვარდებოდა.
სპარსეთის მხედრიონთან შებმის შემდეგ ბრძოლა დიდი ხნით შეწყდა.  ეს  გამოწვეული იყო  იმით, რომ მისნებმა გამარჯვება უწინასწარმეტყველეს  მას,  ვინც თავდასხმით კი არა, თავდაცვით ბრძოლაში ჩაებმებოდა. სპარსელებისთვის ხელსაყრელი იყო ბრძოლა გაშლილ ველზე, სადაც ისინი წარმატებით ისარგებლებდნენ თავისი ცხენოსნებით.  ბერძნებს  კი სურდათ ებრძოლათ კლდოვან ფერდობებზე, სადაც სპარს მხედართა გამოყენება შეუძლო იყო. ესმოდათ რა, რომ მოპირისპირე ძალთაგან ყოველი უკეთ იომებდა  იქ, სადაც იყო ჩასაფრებული, სპარსი და ბერძენი მისნები თავიანთ მოსაზრებებს ღვთის ნებად აცხადებდნენ  და წინასწარმეტყველებდნენ, რომ თავდასხმას არ მოჰყვებოდა წარმატება. გარემოებათა გამო სპარსელები იძულებულნი იყვნენ ეჩქარათ. მარდონიოსს შემორჩენილი ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე დღის  საკვები  მარაგი.  ბერძენთა რიცხვი  კი განუწყვეტლივ იზრდებოდა. მარდონიოსმა გადაწყვიტა, აღარ გადაედო ბრძოლა. 
შუაღამისას  ბერძენთა  ბანაკს მალულად მიუახლოვდა  ცხენზე ამხედრებული კაცი.  მან არისტიდესი იხმო და უთხრა: 
– მე მაკედონიის3 მეფე ვარ, ალექსანდრე. თუმცა უდიდეს საფრთხეში ჩავიგდე თავი,  მაგრამ  მაინც  მოვედი,  რათა გაგაფრთხილოთ:  ხვალ მარდონიოსი  იწყებს ბრძოლას, რადგანაც სხვა გამოსავალი არა  აქვს. 
ასე თქვა ალექსანდრემ და სთხოვა არისტიდესს არ გაეთქვა მისი მოსვლის ამბავი.
– მე ვერ დავუმალავ შენს ნათქვამს პავსანიასს, მაგრამ მის გარდა ამას ვერავინ გაიგებს – აღუთქვა არისტიდესმა. 
როდესაც მაკედონელთა მეფე თვალს მიეფარა, არისტიდესმა ყველაფერი უამბო  პავსანიასს.  მან დაუხანებლივ  იხმო სტრატეგოსები  და ლაშქრის საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. არისტიდესს კი სპარტის მეფემ  თხოვნით მიმართა, გადაეყვანა ათენელები მარჯვენა ფრთაზე და სპარსელების პირისპირ განელაგებინა. იგი ვარაუდობდა, რომ ათენელები სხვებზე უკეთ შეებრძოლებოდნენ მტერს, რამეთუ მათთან შებმის გამოცდილება  უკვე ჰქონდათ. მარცხენა ფრთა  კი,  რომლის პირისპირ განლაგებულნი იყვნენ სპარსეთის არმიაში შემავალი მცირეაზიელი ბერძნები,  მან სპარტელებისთვის ითხოვა. 
ათენელი სტრატეგოსები თვლიდნენ, რომ პავსანიასი უსამართლოდ  მოიქცა, მიუჩინა რა მათ ყველაზე სახიფათო ადგილი.  მაგრამ არისტიდესმა მიიღო სპარტელთა  წინადადება.  მან  შეახსენა  თავის თანამემამულეებს, რომ სულ  ახლახანს ისინი ტეგეელებს ედავებოდნენ მარცხენა ფრთის საპატიო ადგილისათვის. ახლა კი, ოდეს სპარტელებმა საკუთარი ნებით დაუთმეს მათ უფრო საპატიო მარჯვენა ფრთა, ისინი ისევ უკმაყოფილონი არიან მინიჭებული პატივით. 
არისტიდესის სიტყვამ  გონს მოაგო ათენელები  და  მათ ხალისით გაუცვალეს ადგილი სპარტელთ. მთელ ბანაკს მოედო არისტიდესის ნათქვამი: 
„რისი უნდა გვეშინოდეს? განა მტერი უფრო მეტად მამაცი გახდა,  მისი იარაღი  კი  – უკეთესი? არაფერი შეცვლილა მარათონის ბრძოლების შემდეგ.  ჩვენ  გავიმარჯვებთ!“ 
მარდონიოსმა ბერძენთა განლაგების თაობაზე მტრის მხარეზე გადასულთაგან შეიტყო  და სასწრაფოდ  შეუცვალა  წყობა  თავის  ლაშქარსაც.  მას  სურდა,  რომ სპარსელთა პირისპირ სპარტელები ყოფილიყვნენ. შესაძლოა, იმის გამო, რომ ეშინოდა ათენელებისა,  ისიც შესაძლოა, რომ დიდ პატივად მიაჩნდა ბრძოლა  სწორედ სპარტელთა წინააღმდეგ. 
როგორც  კი პავსანიასმა  ეს შენიშნა, კვლავ განალაგა ათენელები სპარსელთა პირისპირ. და კვლავ შეუცვალა წყობა მარდონიოსმა თავის ლაშქარს. 
დლღემ ამაო გადალაგებებში განვლო. შეღამებისას ბერძნებმა გადაწყვიტეს უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაეკავებინათ. სტრატეგოსებმა ჯარი შერჩეული  ადგილისაკენ წაიყვანეს, მაგრამ მეომრები ზანტად და უხალისოდ მიაბიჯებდნენ.
მარდონიოსს შეუმჩნეველი  არ დარჩენია  ის,  რომ ბერძნებმა დატოვეს  ძველი სამყოფელი.  მან ჩათვალა, რომ მტერი უკან იხევდა და თავისი ჯარი კვალდაკვალ დაადევნა სპარტელებს. სპარსელები ხმამაღალი ყვირილითა და იარაღის ჟღარუნით მირბოდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ მტერთან შებმა კი არა, არამედ ძარცვა და გაქცეულთა ხოცვა უწევდათ.  და მართლაც,  კინაღამ  ისე მოხდა, როგორც  ისინი ვარაუდობდნენ. 
სპარსელთა მოახლოება რომ შენიშნა, პავსანიასმა რაზმების საბრძოლო მზადყოფნის განკარგულება  გასცა.  მან სპარტელებს უბრძანა,  ფარები აეფარებინათ და მტერს დალოდებოდნენ. სპარსელთა ისრები უკვე ბერძენთა ლაშქარს სწვდებოდა, მაგრამ სპარტელები განაგრძობდნენ ადგილზე დგომას. ისრით განგმირული ბევრი მეომარი ძირს ეცემოდა, თუმცა ფალანგა ერთი ნაბიჯითაც არ იხევდა უკან. ბოლოს პავსანიასმა ბრძოლის დაწყების ნიშანი მისცა. მხოლოდ ახლა გაიგეს სპარსელებმა, რომ მათ წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ებრძოლათ სულის ამოხდომამდე. 
როდესაც წნელისგან დაწნულ ფართა უზარმაზარი ზღუდე  იხილეს,  სპარსელებმა წინ გაიყვანეს მშვილდოსნები, რომლებმაც ნატყორცნი ისრებით დაფარეს ბერძენთა ჯარი. 
სპარტელები ფარით ფარზე მიბჯენილები მიიწევდნენ სპარსელებისკენ. ისინი მიუახლოვდნენ მტერს, გაარღვიეს მჭიდრო მწკრივები და შუბებით დაიწყეს ბძროლა. სპარსელებმა შიშველი ხელები შეაგებეს შუბებს და მათი დიდი ნაწილი გადატეხეს. შემდეგ ქარქაშებიდან ამოაძრეს იარაღი და მახვილები და სატევრები დააბზრიალეს. სისხლისმღვრელი  და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. 
როდესაც ათენელებს ბრძოლის  ყიჟინა  ესმათ, სასწრაფოდ გაეშურნენ  სპარტელთა დასახმარებლად. ხმამაღალი ყვირილით დაეშვნენ ისინი ველზე. წინ სპარსთა მხარეს გადასული ბერძნები შემოეფეთათ. როგორც  კი  მათ თვალი მოჰკრა, არისტიდესი საკმაო მანძილით წინ გაიჭრა და ელინთა ყველა ლმერთის მოხმობით ევედრებოდა მომხდურებს: ნუ შეგვებრძოლებით, ხელს ნუ შეგვიშლით დავეხმაროთ იმათ, ვისაც ელადისათვის თავი აქვს დადებულიო. როცა დაინახა, მას ყურს არ უგდებდნენ და საბრძოლველად მწკრივდებოდნენ, არისტიდესმა სპარტელთა დასახმარებლად  სვლა შეწყვიტა  და მოღალატე ბერძნებს  ეკვეთა.  მათი  რიცხვი ორმოცდაათი ათასს აღწევდა. მიუხედავად სიმრავლისა, მოღალატე ბერძენთა დიდი ნაწილი უკუიქცა. 
ბრძოლა ერთდროულად ორ ადგილას იყო გაჩაღებული. სპარტელებმა მალე დაამარცხეს მოწინააღმდეგე და აიძულეს იმ გალავანს მიღმა მიმალულიყო, რომელიც მტრის აღალს ერტყა. 
სპარსელთა  მხარეს მებრძოლ  ბერძენთა დამარცხებიდან  მცირე  ხნის  შემდეგ ათენელებთან მოვიდა  მაცნე  იმ უწყებით, რომ სპარსელები უკუიქცნენ თავის  ბანაკში. ათენელებმა იცოდნენ, რომ სპარტელებს არ შეეძლოთ გამაგრებული  ადგილის იერიშით  აღება  და ამიტომ სასწრაფოდ დაიძრნენ  მათ  მისაშველებლად. ათენელებმა  მისვლისთანავე  აიღეს აღალი  და დაამარცხეს დიდძალი  მტერი.  ეს ბრძოლა ძვ.წ. 479 წელს მოხდა. ბერძნებმა დაკარგეს ათას ხუთას მებრძოლზე ნაკლები. სპარსელთა დანაკარგი გაცილებით დიდი იყო. 
ბრძოლის შემდეგ ბერძენმა სტრატეგოსებმა დაიწყეს დავა იმაზე, თუ ვისთვის მიეკუთვნებინათ გამარჯვების ჯილდო. ათენელებს არ სურდათ დაეთმოთ სპარტელებისთვის. დავა გამძაფრდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მოდავეები იარაღსაც  კი აღმართავდნენ ერთმნეთზე.  ამ უმძიმეს დროს,  როდესაც  თავისუფლების  საქმე  უკუღმა უნდა დატრიალებულიყო, არისტიდესმა  დაარწმუნა სტრატეგოსები, დავის გადაწყვეტა მიენდოთ მთელი ბერძნული ლაშქრისთვის. 
ყველას ესმოდა,  რომ თუ  საქმე ათენელთა  ან სპარტელთა სასარგებლოდ  გადაწყდებოდა,  მათ შორის  ომი გარდაუვალი  იყო.  ხანგრძლივი  განსჯის  შემდეგ დაადგინეს,  გამარჯვების ჯილდო მიეკუთვნებინათ პლატეელთათვის,  ვის  მიწა-წყალზეც  ეს დიადი ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა. 
ამ გადაწყვეტილებას პირველი არისტიდესი მიესალმა ათენელთა სახელით, შემდეგ  კი პავსანიასიც  – სპარტელთა სახელით.
პლატეელებს  გამოუყვეს  80 ტალანტონი. ამ ფულით  მათ ქალღმერთ  ათენას აუგეს დიდებული ტაძარი. სპარტელებმა და ათენელებმა  კი თავ-თავიანთი ტროპეონები აღმართეს. 
ბერძნებმა დელფოს  მისანს მიმართეს მსხვერპლშეწირვების თაობაზე.  მისნის პასუხი ასეთი იყო: სამადლობელი მსხვერპლი მხოლოდ  მას შემდეგ უნდა  შეეწირათ,  როდესაც მთელ  საბერძნეთში ჩააქრობდნენ სპარსელთა მიერ გაჩაღებულ წაბილწულ ცეცხლს და აღანთებდნენ ახალს, რომელიც დელფოს საერთო კერიიდან იქნებოდა აგზნებული. 
მაშინ ბერძენთა ბელადებმა ბრძანეს, ყოველგან ჩაეხშოთ ცეცხლი. ევქიდას პლატეელმა კი იკისრა დელფოს ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად ჩამოტანა.  მან თავი შეიმკო დაფნის გვირგვინით, საკურთხევლიდან აიღო ცეცხლი და სირბილით დაეშვა დაბლა. გადმოგვცემენ, რომ ევქიდასმა იმავე დღეს, მზის დახდომამდე მიაღწია პლატეას, გაირბინა რა ათასი სტადიონი (დაახლოებით 180 კმ.). ჩამოიტანა თუ არა ცეცხლი, იგი  იმ წამსვე დაეცა სულამოხდილი. 
ამის შემდეგ მოწვეულ იქნა ბერძნული სახელმწიფოების წარმომადგენელთა კრება. არისტიდესმა  ხალხს  ურჩია,  რომ პლატეაში ყოველწლიურად  შეკრებილიყვნენ ბერძენთაგან ურჩეულესნი და რომ ყოველ ხუთ წელში ერთხელ აქ გაემართათ ელევთერიული ასპარეზობები4. ამავე კრებაზე გადაწყდა, რომ სპარსელებთან შემდგომი ბრძოლებისათვის შეეკრიბათ მოკავშირეთა ლაშქარი, რომელიც გააერთიანებდა  10000 მძიმედ შეიარაღებულ მეომარს,  1000 მხედარსა და 100 ხომალდს. 
ამ დღიდან მოყოლებული პლატეას  მიწა ბერძენთათვის ხელშეუხებელი  იყო. პლატეელებს დაეკისრათ, სრულიად საბერძნეთის სახელით შეეწირათ მსხვერპლი ღმერთებისათვის. 
როდესაც არისტიდესი ათენში დაბრუნდა, თემისტოკლესმა სახალხო კრებაზე განაცხადა, რომ განიზრახა სახელმწიფოსთვის სასარგებლო რამ, „მაგრამ  – თქვა თემისტოკლესმა – არ შემიძლია ასე ცხადად მისი გამხელა“.
ათენელებმა მოსთხოვეს თემისტოკლესს, ყოველივე გაენდო მხოლოდ არისტიდესისათვის, ვის სამართლიანობასა და პატიოსნებაშიც არ ეპარებოდათ ეჭვი. როგორც  გაირკვა, ბერძნულ სახელმწიფოთა ხომალდები დაუცველად  იყვნენ  თავმოყრილნი ერთ ნაპირთან. თემისტოკლესს სურდა, ესარგებლა ამით, ხელში ჩაეგდო ისინი და დაეწვა.  მისი აზრით,  მაშინ ათენელები შეიქმნებოდნენ უძლიერესნი ზღვაზე, რაც საშუალებას მისცემდა მათ ებატონათ მთელ საბერძნეთში. 
სახალხო კრებაზე გამოსულმა არისტიდესმა აღნიშნა, რომ არაფერი იქნებოდა უფრო მნიშვნელოვანი ათენისათვის,  ვიდრე  ის,  რაც განიზრახა თემისტოკლესმა, მაგრამ არც არაფერი იქნებოდა უფრო უზნეოც. არისტიდესის ამ განაჩენის შემდეგ ათენელებმა თემისტოკლესს მოსთხოვეს უკუეგდო თავისი ჩანაფიქრი. 
მალე სტრატეგოსად არჩეული არისტიდესი გაგზავნეს სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ადგილზე მისულმა  ნახა, რომ პავსანიასი და  სხვა სპარტელი  მხედართმთავრები უხეშად  და მედიდურად ეპყრობოდნენ ბერძნებს.  ისინი სასტიკად სჯიდნენ რიგით მეომრებს. პავსანიასი სხვა ბერძენ მეომართა ხარჯზე სპარტელებს უკეთეს პირობებს უქმნიდა, კადნიერად და ქედმაღლურად ექცეოდა ყველას. 
არისტიდესმა შეძლო მოკავშირეთა კეთილგანწყობის დამსახურება  და  სპარტელთა უპირატესობის გაქარწყლება.  მრავალი მხედართმთავარი, განსაკუთრებით კუნძულების სახელმწიფოებისა, სთხოვდა  მას, ხელში აეღო მთელი ლაშქრის განმგებლობა. არისტიდესს  არ სურდა სპარტელების  განაწყენება,  იგი ჯერ  არ იყო დარწმუნებული, რომ მოკავშირეები სათანადო ჟამს  მას დაუჭერდნენ მხარს. არისტიდესისათვის რომ თავისი ერთგულება დაემტკიცებინათ, მოკავშირეები თავს დაესხნენ პავსანიასის ხომალდს.  მათი მოთხოვნით პავსანიასი იძულებული გახდა უარი ეთქვა მთავარსარდლობაზე.
სპარტელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, კავშირის წინამძღლოლობის გამო არ შებმოდნენ ათენელებს. მათ უკან გაიწვიეს პავსანიასი, ხოლო შემცვლელი მხედართმთავარი არ გაგზავნეს. მათი ჯარები მეტად აღარ მონაწილეობდნენ  სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. სპარტელები თვლიდნენ, რომ მათ აღარ ეყოფოდათ ძალა ჰელოტების შესანახად და პელოპონესოსში გაბატონებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, თუკი დაიწყებდნენ ზღვაზე უპირატესობის მოპოვებისათვის ბრძოლას. 
ასე  რომ, ნაცვლად სპარტის მეთაურობით არსებული ანტისპარსული  კავშირისა, შეიქმნა ათენის საზღვაო კავშირი  (ძვ.წ.  478  წ.). 
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სპარტა მეთაურობდა კავშირს, გადაწყდა, რომ ყოველ ბერძნულ სახელმწიფოს ომის საჭიროებისათვის გარკვეული გაადსახადი უნდა გაეღო. თავის დროზე  ამ გადასახადთა ოდენობამ დიდი კამათი გამოიწვია, ახლა, როდესაც მეთაურობა ათენის ხელში გადავიდა, არისტიდესს დაეკისრა  სახელმწიფოთა ადგილ-სამყოფელისა და შემოსავლის გათვალისწინებით დაედგინა გამოსაღების სიდიდე. 
არისტიდესის ხელთ უდიდესი ძალაუფლება აღმოჩნდა, მაგრამ  მას  არ უსარგებლია  ამით. გადასახადთა სამართლიანი განაწილებით  მან ისეთი დიდება  მოიპოვა, როგორიც  არ ჰქონია არცერთ ადამიანს. აღნიშნულ მოვლენათა თანამედროვე ჰეროდოტოსი გადმოგვცემს, რომ არისტიდესის მიერ დაწესებული გადასახადი არ განსხვავდებოდა იმ გამოსაღებისაგან, რომელსაც უხდიდნენ სპარსელებს დამონებული ბერძნული სახელმწიფოები. 
თემისტოკლესი კვლავაც ეპაექრებოდა არისტიდესს. იგი ამბობდა,  სტრატეგოსის ყველაზე დიდ ღირსებად მტრების  ზრახვათა გამოცნობის  და  წინასწარი მხილების უნარს ვთვლიო. 
–  ეს  რა თქმა უნდა, მართალია,  – უპასუხებდა არისტიდესი,  – მაგრამ უმთავრესი და ჭეშმარიტად სარდლის საკადრი ლირსება მაინც ისაა, ხელები სუფთა ჰქონდესო. 
არისტიდესის მთელი ცხოვრება  ამ სიტყვათა დასტური იყო. იგი გარდაიცვალა  ათენში,  ღრმად მოხუცებული,  თანამოქალაქეთა სიყვარულითა  და  პატივით მოსილი. არისტიდესი იმდენად ღარიბი  იყო,  რომ  მის სახლში დასაკრძალი ფულიც კი არ აღმოჩნდა. სახელმწიფომ თავისი სახსრებით აღმართა ძეგლი მის  სამარესთან.  იმასაც ამბობენ, რომ  ამ დიდებული კაცის ქალიშვილებიც საზოგადოებამ დაათხოვა, ხოლო ვაჟს, ლისიმაქოსს საკადრისი ქონება და მამული უბოძაო.
შენიშვნები
1. ქალაქი  ტეგეა  მდებარეობს  არკადიაში,  პელოპონესის ცენტრალურ ნაწილში. 
2. ლაშქრის ერთ-ერთი ფრთის  დაკავება განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო  და  საპატიო მოვალეობად ითვლებოდა. მარჯვენა ფრთა (ყველაზე საპატიო ადგილი) სპარტას ეკუთვნოდა, მარცხენა ფრთის დაკავების უფლება  კი უნდა მინიჭებოდა მნიშვნელობით მეორე სახელმწიფოს – ათენს. 
3. მაკედონია სპარსელთა მეკავშირე იყო. 
4. ეს იყო სპარსეთის უღლისაგან განთავისუფლების სადიდებლად დაწესებული ასპარეზობა. ელევთერია ბერძნულად „თავისუფლებას“ ნიშნავს.


Комментариев нет:

Отправить комментарий