среда, 4 мая 2016 г.

ანტონინუს პიუსის მიერ ლაზებისათვის „მეფის“ დანიშვნის დროის საკითხისათვის (კ. ფიფია)

ახ.წ. II ს. დასაწყისიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წარმოქმნილი ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ლაზების „სამეფო“. ფლავიუს არიანეს ცნობით, ლაზთა „სამეფოს“ საზღვრები ვრცელდებოდა იბერიის ქვეშევრდომობაში მოქცეული ზიდრიტთა ოლქის ჩრდილოეთით აფსილთა მიწა-წყლამდე1. არიანეს ცნობიდან არ ჩანს, თუ სად გადიოდა საზღვარი ლაზებისა და აფსილების გაერთიანებებს შორის, მაგრამ ქართულ წყაროთა ნიშანდობლივი მითითებით, ლაზთა „სამეფოს“ ტერიტორია ჩრდილოეთით მდ. ეგრისწყლამდე, ანუ თანამედროვე ღალიძგამდე აღწევდა2, აღმოსავლეთით კი ლაზთა „სამეფოს“საზღვარი იბერიის სამეფოსთან დაახლოებით სკანდა-შორაპნის ხაზზე გადიოდა3.
არიანეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოგზაურობის დროისათვის (131წ.) ლაზების „მეფე“ იყო მალასა, რომელსაც ძალაუფლება იმპერატორ ადრიანესაგან (117-138) ჰქონდა მიღებული4.
ოფიციალურად ლაზების „სამეფო“ წარმოადგენდა რომის ვასალურ, „მეგობარ და მოკავშირე“ ქვეყანას, მის „მეფეებს“ რომის იმპერატორი ნიშნავდა, ხოლო სანაპირო ქალაქ ფაზისში იდგა ძლიერი რომაული გარნიზონი5. ლაზეთის მმართველი წრეებისათვის მეზობელი იბერიის გაძლიერება-გააგრესიულების პირობებში აუცილებელი იყო რომის მხარდაჭერა და თავის მხრივ იმპერიისთვისაც ხელსაყრელი იყო მის ხელდებულ ტერიტორიაზე,
ზიდრიტთა ოლქში შეჭრილი6 და შემდგომი ტერიტორიული გაფართოებისაკენ კონცენტრირებული იბერიის შეკავება თავდაცვისუნარიანი ლაზეთის „სამეფოს“ მეშვეობით, რომლის „მეფესაც“ ფაზისში დისლოცირებულ რომაულ გარნიზონებთან კავშირში შეეძლო წინ აღდგომოდა იბერიის აგრესიულ პოლიტიკას შავიზღვისპირეთში და გაეკონტროლებინა ჩრდ. კავკასიის გადმოსასვლელები.
ასეთი იყო ის ორივე მხარისათვის მისაღები და ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ახ.წ. II ს. დასაწყისში ლაზების „სამეფოსა“ და რომის იმპერიას შორის.
არიანეს შემდგომი ხანისათვის ლაზთა „სამეფოს“ რომთან ურთიერთობის შესახებ ცნობები ძალზე მცირეა. წყაროთა სიმწირის პირობებში მნიშვნელოვანია იულიუს კაპიტოლინუსის (ახ.წ. IVს.) „ანტონინუს პიუსის ცხოვრებაში“ დაცული ერთი ლაკონური ფრაგმენტი. კაპიტოლინუსის ცნობით, იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა (138-161წწ.) „ლაზებს მისცა მეფედ პაკორი“ (პაკორუმ)7. გ. მელიქიშვილის აზრით, თუ „ამ ფორმულის მიხედვით ვიმსჯელებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ ლაპარაკია მმართველის დანიშვნაზე დამარცხებულ ქვეყანაში“,8 მაგრამ უფრო სარწმუნო ჩანს ნ. ლომოურის შეხედულება, რომ იულიუს კაპიტოლინუსის ასეთი მოკლე მითითება საშუალებას არ იძლევა ვიფიქროთ ლაზებსა და რომს შორის ურთიერთობის გართულების შესახებ და ეს უნდა ყოფილიყო იმპერატორის მიერ ლაზთა „მეფის“ მალასას მემკვიდრის „მეფედ“ დამტკიცების ჩვეულებრივი აქტი9.
ანტონინუს პიუსის მმართველობისას რომსა და ლაზიკას შორის ურთიერთობის გართულება მართლაც ძნელი სავარაუდოა. ამ დროს რომსა და ლაზიკის მეზობელ იბერიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების, მათ შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების და, ამდენად, ამიერკავკასიაში რომის პოზიციების დარეგულირების პირობებში, ძნელი წარმოსადგენია, რომ ლაზები ღია კონფრონტაციაზე წასულიყვნენ რომთან და იმდენად გაემწვავებინათ იმპერიასთან ურთიერთობა, რომ მათ შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ჰქონოდა ადგილი. ლაზების „მეფე“ მალასას რომ სდომებოდა რომის პროტექტორატისაგან თავის დაღწევა, მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო რომის წინააღმდეგ გამოსვლა ადრიანეს დროს, იბერია-რომის დაპირისპირების პირობებში, როდესაც ალანთა ტომებით ზურგგამაგრებული იბერთა მეფე ფარსმანი აშკარად გამოდიოდა რომის წინააღმდეგ10.
თანაც, ჩვენი აზრით, იულიუს კაპიტოლინუსის ცნობის კონტექსტიდანაც ჩანს, რომ ლაზიკაში ანტირომაულ გამოსვლას ადგილი არ უნდა ჰქონოდა: „მეფე ფარსმანი ანტონინუსს ეწვია რომში და მის მიმართ მეტი პატივისცემა გამოავლინა, ვიდრე ადრიანეს მიმართ. ლაზებს მისცა მეფედ პაკორი. მხოლოდ თავისი წერილით შეაკავა პართიის მეფე სომხეთზე თავდასხმისაგან.
მოქმედებდა რა მხოლოდ თავისი ავტორიტეტით, მან აიძულა მეფე აბგარი გასცლოდა იმპერიის აღმოსავლეთ რაიონებს, შეეწყვიტა მეფეებს შორის დავა. პართიის მეფეს, რომელიც ითხოვდა ტრაიანეს მიერ წართმეული ტახტის დაბრუნებას, გადაჭრით უთხრა უარი. მოაგვარა რა საკამათო საქმე რემეტალკსა და ევპატორს შორის, პირველი მათგანი გაგზავნა ბოსფორში მეფედ. ოლბიელებს გაუგზავნა დასახმარებლად ჯარები ტავროსკვითების წინააღმდეგ და დაამარცხეს რა ეს უკანასკნელები, აიძულა ოლბიელებისათვის მძევლები მიეცათ“.11
კაპიტოლინუსის თხზულების ამ ფრაგმენტში აშკარად იგრძნობა, რომ ავტორი ცდილობს ანტონინუს პიუსის განდიდებას და მისი დიდი ავტორიტეტისა და ღირსებების ხაზგასმას, ამიტომ ლაზიკაში სამხედრო მოქმედებებს რომ ჰქონოდა ადგილი და პიუსს ლაზები დაემარცხებინა, კაპიტოლინუსი ამას აუცილებლად აღნიშნავდა.
კაპიტოლინუსის ეს ცნობა არ იძლევა ლაზიკის ტახტზე პაკორის ასვლის ზუსტ თარიღს და ამ აქტს მკვლევარები ჩვეულებრივ ანტონინუს პიუსის მმართველობის დროს – 138-161წწ. მიაკუთვნებენ. ჩვენი აზრით, შესაძლებელია ანტონინუს პიუსის მიერ ლაზთა „მეფე“ პაკორისათვის ძალაუფლების გადაცემის დროის ქრონოლოგიური ჩარჩოების უფრო დაზუსტება, თუმცა ამ თარიღის დაკონკრეტება ვერ ხერხდება.
საერთოდ, კაპიტოლინუსის თხზულების ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილ ფრაგმენტში (Aნტონ. Pიუს, IX, 6-9) აღწერილი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობის ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის. მაგალითად, კაპიტოლინუსის თხზულებიდან არ ჩანს, თუ რომელ წელს უნდა ჰქონოდა ადგილი ფარსმანის ვიზიტს რომში; პაკორის ტახტზე ასვლის წელიც, როგორც აღვნიშნეთ, გაურკვეველია; ასევე უცნობია რემეტალკეს რომში გამოძახების წელი; მკვლევართათვის არ არის ცნობილი ოლბიელებისათვის დახმარების გაწევისა და ოლბიაში რომაული გარნიზონების გამოჩენის კონკრეტული დრო. ამიტომ მკვლევარები ბოსფორის სამეფოს ისტორიის განხილვისას, რემეტალკეს (131/132-153/154წწ.) რომში ვიზიტსა12 და ოლბიელებისათვის დამხმარე ჯარების გაგზავნას, ჩვეულებრივ ანტონინუს პიუსის მმართველობის ხანას მიაკუთვნებენ13 და ამ მოვლენებს იულიუს კაპიტოლინუსთან დაცული თანმიმდევრობით გადმოგვცემენ14 ან IIს. შუახანებით ათარიღებენ15.
როგორც ვნახეთ, კაპიტოლინუსი ლაზებისათვის „მეფედ“ პაკორის დანიშვნაზე ლაპარაკობს მეფე ფარსმანის რომში გამოცხადების შემდეგ, სანამ ანტონინუს პიუსმა „შეაკავა პართიის მეფე სომხეთზე თავდასხმისაგან“, ამდენად, ჩვენთვის საინტერესო ფაქტს ამ ორ მოვლენას შორის უნდა ჰქონოდა ადგილი. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ ამ თარიღის დადგენაზე, გარკვეული უნდა იქნას, რამდენად არის დაცული კაპიტოლინუსის თხზულების ამ ფრაგმენტში მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და საერთოდ, ერთმანეთში ხომ არ არის არეული სხვადასხვა დროს მომხდარი ფაქტები.
ჯერ შევეხოთ პირველ მათგანს – ფარსმან იბერიელის რომში ვიზიტს. როგორც აღვნიშნეთ, თვითონ კაპიტოლინუსის თხზულების მიხედვით ამ ფაქტის დათარიღება ვერ ხერხდება. მაგრამ 1958წ. ჰ. ნესელჰაუფმა გამოაქვეყნა რომაული ნავსადგურის, ქ. ოსტიის ე.წ. ფასტების ფრაგმენტი, სადაც მოხსენიებულია ფარსმან მეფე16. წარწერა იმდენად ფრაგმენტული ხასიათისაა, რომ მისი მთლიანად აღდგენა ვერ ხერხდება. ჰ. ნესელჰაუფის აზრით, წარწერაში კონსულად მოხსენიებული „Fაბიანუს“-ის მიხედვით, ფარსმანის რომში სტუმრობის შესაძლებელი თარიღებია: 141-144, 149-150 და 157-159წწ. აქედან მკვლევარი უპირატესობას ანიჭებს პირველ მათგანს, ვინაიდან, მისი აზრით, ანტონინუს პიუსი იბერიის მეფის შემორიგებას, პართიასთან მდგომარეობის გამწვავების გამო, თავისი მმართველობის დასაწყისშივე შეეცდებოდა, მეორე მხრივ კი, ფარსმანისთვისაც ხელსაყრელი დრო დადგა – საბაბი მიეცა პრესტიჟის შეულახავად გამოცხადებულიყო რომში ახალ იმპერატორთან მილოცვისათვის და ამასთან მოეგვარებინა იმპერიასთან გართულებული ურთიერთობა17. მკვლევართა უმრავლესობაც ფარსმანის რომში ვიზიტის თარიღად 141წ. მიიჩნევს18.
რაც შეეხება ანტონინუს პიუსის მიერ „პართიის მეფის სომხეთზე თავდასხმის შეკავებას“, ამ ფაქტს თ. მომზენი უკავშირებს არმენიის, რომელიც ტრაიანეს (98-117წწ.) მიერ პროვინციად იყო გამოცხადებული, კვლავ ვასალურ სამეფოდ აღდგენას, რასაც მოწმობს 140-144წწ. შორის მოჭრილი მონეტები19.
თ. მომზენის აზრით, პიუსმა მოახერხა პართიის მეფე დაერწმუნებინა იმაში, რომ ხელი აეღო რომაელთა მფლობელობაში მყოფ არმენიაში შეჭრაზე და უარი თქვა არმენიის უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ყოფნაზე და კვლავ აღადგინა იქ მეფობა20. ამდენად, „პართიის მეფის სომხეთზე თავდასხმისაგან შეკავებაში“, რომელსაც იულიუს კაპიტოლინუსი ანტონინუს პიუსის ავტორიტეტს მიაწერს, სინამდვილეში იგულისხმება რომის მიერ პართელთა პრეტენზიების დაკმაყოფილება და არმენიის სამეფოს აღდგენა პართელი არშაკიდების უმცროსი შტოს წარმომადგენლებით სათავეში. ამ უკანასკნელ ფაქტს ადგილი უნდა ჰქონოდა 140-144 წლებში21.
არმენიის საკითხის გადაწყვეტისა და „პართიის მეფის სომხეთზე თავდასხმისაგან შეკავების“ შემდეგ, იულიუს კაპიტოლინუსის ცნობით, ანტონინუს პიუსმა, როგორც ვნახეთ, „აიძულა მეფე აბგარი გასცლოდა იმპერიის აღმოსავლეთ რაიონებს“. ამ მოვლენას ნ. დიბივოისი 153 წლით ათარიღებს22.
ამდენად, იულიუს კაპიტოლინუსის ამ ცნობაში აღწერილი მოვლენები შემდეგნაირად უნდა დათარიღდეს: 141წ. მეფე ფარსმანი ეწვია რომში ანტონინუს პიუსს; 140-144 წლებს შორის პიუსმა შეძლო აეცდინა სომხეთზე პართელთა თავდასხმა; 153წ. იმპერატორმა აიძულა მეფე აბგარი გასცლოდა რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებს, ხოლო II ს. შუახანებში მოაგვარა საკამათო საქმე რემეტალკსა და ევპატორს შორის და ოლბიელებს გაუგზავნა დამხმარე ჯარები. ასე რომ, რამდენადაც კაპიტოლინუსის ცნობაში დაცულია მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, ხოლო ლაზებისათვის „მეფედ“ პაკორის გადაცემაზე კაპიტოლინუსი საუბრობს ფარსმანის რომში ვიზიტის შემდეგ არმენიაზე „პართელთა თავდასხმის შეკავებამდე“, ცხადია, აღნიშნულ მოვლენას ადგილი უნდა ჰქონოდა 141-144 წლებს შორის.
ამრიგად, მართალია, იულიუს კაპიტოლინუსი არ იძლევა მის მიერ აღწერილი პოლიტიკური მოვლენების კონკრეტულ თარიღებს, მაგრამ ისევ ამ ცნობაში დაცული ფაქტების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი ხდება ლაზეთის „სამეფოს“ ისტორიის ერთი საინტერესო მომენტის – ლაზებისათვის ახალი „მეფის“ დანიშვნის ქრონოლოგიური ჩარჩოების უფრო დაზუსტება და ანტონინუს პიუსის მიერ ლაზებისათვის „მეფედ“ პაკორის გადაცემის თარიღად უნდა მივიჩნიოთ 141-144წწ.
შენიშვნები
1. Aრრ., PPE, 11; ×ËÀÅÉÖÓ ÀÒÉÀÍÄ. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა Í. ÊÄàÀÙÌÀÞÉÓÀ, თბ., 1961, გვ. 42-43.
2. Ã. ÌÖÓáÄËÉÛÅÉËÉ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., 1977, გვ. 106-112; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიიდან, თბ., 1998, გვ. 8; Í. ËÏÌÏÖÒÉ. დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III საუკუნეებში, _ ØÀÒÈÖËÉ ÃÉÐËÏÌÀÔÉÀ, „ßÄËÉßÃÄÖËÉ“, 6, 1999, გვ. 78.
3. Â. ÝØÉÔÉÛÅÉËÉ. იბერიის საპიტიახშოს საკითხისათვის ლიხთიმერეთში. – ისტორიის ინსტიტუტის ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. I, 1955, გვ. 303-311; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 352-357; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 30-31.
4. Aრრ., PPE, 11.
5. Aრრ., PPE, 9.
6. Aრრ., PPE, 11; Í. ËÏÌÏÖÒÉ. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 9.
7. ჟულლ. ჩაპიტ., Aნტონ. Pიუს, IX, 6; Авторы жизнеописаний Августов, перевод С. П. Кондратьева, под ред. А. И. Доватура, – „Вестник древней истории“, №2, 1957, გვ. 249.
8. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 379; Â. ÌÄËÉØÉÛÅÉËÉ. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ახ. წ. პირველ საუკუნეებში. ლაზთა სამეფოს წარმოქმნა და განმტკიცება. – ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ, ტ. I, თბ., 1970, გვ. 552.
9. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 238.
10. ადრიანეს დროს იბერია-რომის ურთიერთობის შესახებ იხ.: Ì. ÉÍÀÞÄ. იბერიისა და რომის ურთიერთობა II საუკუნის პირველ ნახევარში. _ ისტორიის ინსტიტუტის ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. I, 1955, გვ. 320-326; Н. Ю. Ломоури. Рим и Иберия. – „Вопросы истории“, №1, 1973, გვ. 213-215; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 190-207.
11. ჟულლ. ჩაპიტ., Aნტონ. Pიუს, IX, 6-9.
12. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, М.-Л.,1949, გვ. 334; В. Д. Дьяков. Пути римского проникновения в Северном Причерноморье. – Вестник древней истории, №3-4, 1940, გვ. 76-77; В. И. Кадеев. Херсонес Таврический в первых веках нашей эры, М., 1981, გვ. 25.
13. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 334; Т. Д. Златковская. Мёзия в I-II веках нашей эры, М., 1951, გვ. 124; Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 266.
14. В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство, გვ. 334.
15. Г. Д. Белов. Херсонес Таврический, Л., 1948, გვ. 108.
16. H. Nესსელჰაუფ. Eინ Hეუეს Fრაგმენტ დერ Fასტენ ვონ Oსტია. – Aტჰენაეუმ, 36, №3, 1958, გვ. 219-228.
17. H. Nესსელჰაუფ. Eინ Hეუეს Fრაგმენტ.., გვ. 221-227. ამ წარწერის შესახებ იხ. აგრეთვე: À. ÂÀÌÚÒÄËÉÞÄ. ახლადაღმოჩენილი ლათინური წარწერა ფარსმან მეფისა. – „ÝÉÓÊÀÒÉ“, #9, 1959, გვ. 135-140.
18. G. Aლფöლდყ. Kონსულატ უნდ შენატორენსტანდ უნტერ დენ Aნტონინენ, Bონნ, 1977, გვ. 141; ღ. შყმე. Hადრიან ანდ ტჰე Vასსალ Pრინცეს. – Aტჰენაეუმ, 59, 1981, გვ. 277; ღ. შყმე. ღომან Pაპერს, III, Oხფორდ, 1984, გვ. 1440.
19. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 364, შენ. 1.
20. იქვე.
21. იქვე.
22. N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყოფ Pარტჰია, ჩჰი., 1938, გვ. 244-245.