წიგნის პირველი გამომცემელი გ. პერტცა უსაფუძვლოდ როდი აღნიშნავს: „შუა საუკუნეების ვერც ერთმა გმირმა ვერ აჯობა კარლოს დიდს, ხოლო ვერც ერთმა ისტორიკოსმა ვერ მიაღწია ეინჰარდის დიდებას“. მართლაც, ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრებამ“ ამ არც ისე დიდი მოცულობის ნაშრომმა, რომელიც დაწერილია IX საუკუნის 30-იან წლებში, დასაბამი დაუდო უდიდეს წყაროთმცოდნეობით და ისტორიოგრაფიულ ლიტერატურას, რომელიც დღესაც დიდ ინტერესს იწვევს.
ეინჰარდის ბიოგრაფიული მონაცემები ძალზე მწირია. არაფერი ვიცით მისი დაბადების დროისა და ადგილის შესახებ, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებზე, იმ წრეზე, რომელშიაც აღიზარდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ წარმოშობით ფრანკია, სწავლობდა ფულდის საეკლესიო სკოლაში, იგი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, საოცარი მეხსიერებითა და ორატორული ხელოვნებით. ეინჰარდი 20 წლისა იყო, როცა მიუყვანიათ ალკუინის მიერ 782 წელს გახსნილ სასახლის აკადემიაში, სადაც კარლოს დიდი შვილებთან ერთად ეუფლებოდა განათლებას. გონიერებითა და მახვილსიტყვაობით ეინჰარდი იმთავითვე იპყრობს ყურადღებას და სარგებლობს მეფისა და მასთან დაახლოებული წრის კეთილგანწყობილებითა და ნდობით, რაც მის თანამედროვეებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. „პატარა ტანის, მაგრამ დიდი ჭკუის ადამიანი“, „მშრომელი ჭიანჭველა“, – ასეთი ეპითეტებით ამკობენ მას სასახლის პოეტები და სახელმწიფო მოღვაწენი.
ლიტერატურული ღირსებით „კარლოს დიდის ცხოვრებას“ კაროლინგთა ხანის წყაროებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია: იგი დაწერილია დახვეწილი ენით. მართალია, ამ თხზულებაში გარკვეულად ჩანს სვეტონიუსის გავლენა, მისგან ნასესხებია ზოგიერთი ლიტერატურული ფრაზა, მაგრამ ბრმად როდი მიჰყვება „ავგუსტინეს ცხოვრების აღწერას“, ეინჰარდს აქვს საკუთარი სქემა, რომელიც ემსახურება ავტორისეული გმირის – კარლოს დიდის განდიდებას.
ტექსტის ქართული თარგმანი შეასრულა გურამ კუტალიამ.
ტექსტში [] მოქცეულია თანამედროვე სახელები; () წლები ან გაუხსნელი სიტყვის განმარტება
კარლოს დიდის ცხოვრება
ვიწყებ რა ჩემი ხელმწიფისა და მფარველის, აღმატებულისა და დამსახურებულად განთქმული მეფე კარლოსის ცხოვრების, ხასიათისა და გმირობების აღწერას, მე ვცდილობ ვიყო კონკრეტული; მაგრამ ამავე დროს არ გავუშვა არაფერი, ჩემამდე მოღწეული ამბები, თანაც არ მსურს დავტვირთო ზედმეტი წვრილმანებით ისინი, ვისაც არ უყვარს კითხვა თანამედროვე თხზულებებისა. და მაინც ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს გარდა, მოიპოვებიან ადამიანები თავისუფალნი და განათლებულნი, რომელნიც არ თვლიან თანამედროვეობას იმდენად უბადრუკად, რომ საერთოდ გაჩუმდნენ მასზე. დარწმუნებული ვარ, ვერავინ მათ შორის ვერ აღწერდა ასეთი სიმართლით ყველაფერს იმას, რაც მე შემიცვნია და მინახავს საკუთარი თვალით. თუმცა, მერჩია დამეწერა ერთ და იმავე თემაზე სხვასთან ერთად, ოღონდაც დავიწყებას არ მისცემოდა თავისი დროის უდიდესი ხელმწიფეთაგანის სასახელო ცხოვრება და განუმეორებელი საქმენი.
მაგრამ არის სხვა არც ისე მცირე მიზეზი, რომელმაც მაიძულა კალამი ამეღო ხელში, ეს იყო კარლოსის ზრუნვა ჩემდამი და ის უცვლელი მეგობრული დამოკიდებულება, რომელსაც მე მუდმივად ვგრძნობდი მასთან სასახლეში ყოფნის დროს. მან ისე დამიახლოვა და მიმიჩვია და ამით სიცოცხლეშივე ისე დამავალა, რომ მე სამართლანად დამადანაშაულებდნენ უმადურობაში თუ სიჩუმით ავუვლიდი გვერდს ბრწყინვალე და განთქმულ გმირობებს ჩემი კეთილისმყოფელისას, თითქოს მისი ცხოვრება არ იმსახურებდეს არც ლიტერატურულ მოგონებებს და არც საქებ სიტყვებს.
1. თვლიან რომ მეროვინგების დინასტია, რომლისგანაც ფრანკები ირჩევდნენ თავის მეფეებს შეწყდა ჰილდერიკზე, რომელიც ტახტიდან ჩამოაგდეს, გაკრიჭეს და ეკლესიაში გამოამწყვდიეს რომის პირველი მღვდლის სტეფანეს ბრძანებით 751 წელს. სინამდვილეში კი ეს დინასტია დიდი ხნის დასუსტებული იყო. სიმდიდრე და ძალაუფლება მაიორდომების, ეგრეთ წოდეული სამეფო კარის წარჩინებულთა ხელში იყო, მეფე კი იძულებულია დაკმაყოფილდეს მხოლოდ თავისი ტიტულითა და მოჩვენებითი ხელისუფლებით. სამეფო ტახტზე მჯდომი, გრძელთმიანი და გრძელწვერიანი, ის უსმენდა სხვა ქვეყნის ელჩებს და აძლევდა მათ სხვის მიერ წინასწარ ნაკარნახევ, დაწერილ და დაზეპირებულ პასუხებს. ცარიელი ტიტულისა და მცირე შემოსავლის გარდა, რომელსაც მაიორდომი განუსაზღვრავდა მეფეს, მას ჰქონდა ერთი, პატარა მამული, სადაც ის ცხოვრობდა თავის მცირერიცხოვან მსახურებთან ერთად. მეფე, სადაც არ უნდა წასულიყო, მგზავრობდა ოთხთვალათი, რომელშიც სოფლური წესის თანახმად შებმული იყო წყვილი ხარი და, რომელსაც მართავდა მეურმე. ასე დადიოდა იგი სასახლეში, სახალხო კრებებზე, რომელიც ეწყობოდა ყოველ წელს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და ასევე ბრუნდებოდა სახლში. სამეფოს მართვაზე, ყველა საშინაო და საგარეო საქმეებზე კი მაიორდომი ზრუნავდა.
2. იმ დროს, როცა ჰილდერიკი ჩამოაგდეს, პიპინს მაიორდომის თანამდებობა ეკავა. ეს თანამდებობა მას მამისაგან, კარლოს მარტელისაგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. ეს ის კარლოს მარტელია, რომელმაც გაანადგურა მაგნატები, რადგან მათ სურდათ ხელისუფლების მიტაცება ფრანკთა ქვეყანაში გარდა ამისა, მან ორ დიდ ბრძოლაში – აკვიტანიაში, ქალაქ პიკტავიასთან [პუატიესთან], ნარბონას ახლოს, მდინარე ბირეზე ისე დაამარცხა სარაცინები, რომელთაც სურდათ გალიის დაპყრობა, რომ იძულებული გახდნენ უკან ესპანეთში გაქცეულიყვნენ, სწორედ ამ კაცისაგან მიიღო მაიორდომის თანამდებობა მისმა შვილმა პიპინმა. მაიორდომებად კი ხალხი ამტკიცებდა მხოლოდ იმათ, ვინ გამოირჩეოდა წარჩინებული გვარითა და სიმდიდრით.
იმის შემდეგ, რაც პიპინმა, კარლოსის მამამ, მემკვიდრეობით მიიღო ეს თანამდებობა მამისა და პაპისაგან (741), რამდენიმე წლის განმავლობაში ძმასთან, კარლომანთან ერთად შეთანხმებით ასრულებდა მოვალეობებს; კარლომანმა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მიატოვა საერო საქმეები და რომში გაემგზავრა (747). იქ, აღიკვეცა რა ბერად, სორაკტის მთაზე ააშენა ეკლესია, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ტკბებოდა ნანატრი სიმშვიდით. მაგრამ შემდეგ, მას მოუხდა თავშესაფრის გამოცვლა, რადგან მის განცალკევებას განუწყვეტლივ არღვევდნენ წარჩინებულნი ფრანკთა ქვეყნიდან, რომლებიც სალოცავად ჩამოდიოდნენ რომში და თავს ვალდებულად თვლიდნენ მოენახულებინათ თავიანთი ყოფილი მრძანებელი. ხედავდა რა, რომ ეს ვიზიტები უშლიდა ხელს მის მიზნებს, ამიტომაც კარლომანმა მიატოვა მთა და გაემგზავრა სამნიას პროვინციაში, წმინდა ბენედიქტეს მონასტერში, რომელიც მდებარეობს კასინოს დასახლების ახლოს და, რომელშიც გაატარა თავისი ცხოვრების დარჩენილი დღეები.
3. რაც შეეხება პიპინს, იგი რომის პაპის მხარდაჭერით მაიორდომობიდან მეფედ აღზევდა და თხუთმეტი წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა ფრანკთა სახელმწიფოს. მან დაასრულა ომი, რომელსაც ცხრა წლის (760-68 წწ). განმავლობაში აწარმოებდა ჰერცოგი ვაიფარი აკვიტანიელის წინააღმდეგ.
პიპინი გარდაიცვალა პარიზში წყალმანკისაგან (768წ.) მას დარჩა ორი ვაჟი – კარლოსი და კარლომანი. პიპინმა მათ შემკვიდრეობით დაუტოვა სახელმწიფო. ფრანკებმა საზეიმოდ მოწყობილ საერთო კრებაზე ორივე ძმა მეფეებად დაამტკიცეს. ამასთან დათქვეს, რომ კარლოსი გაუძღვებოდა სახელმწიფოს იმ ნაწილს, რომელსაც ოდესღაც პიპინი განაგებდა, კარლომანს კი დარჩა ის ნაწილი, რომელსაც ადრე მართავდა მისი ბიძა კარლომანი. ამგვარად, თითოეულმა მეფემ თავ-თავიანთი წილი მიიღო.
მათ შორის თანხმობის შენარჩუნება დიდად გაძნელდა, რადგანაც კარლომანის წრიდან ბევრი ცდილობდა წაეჩხუბებინათ ძმები და საქმე ომამდეც კი მიეყვანათ. შემდგომმა მოვლენებმა გამოააშკარავეს ჭეშმარიტება: კარლომანის სიკვდილის შემდეგ (771) მისმა ქვრივმა უმიზეზოდ უგულვებელყო მაზლის გულითადობა და შვილებთან და წარჩინებულებთან ერთად გაიქცა იტალიაში ლანგობარდების მეფე დეზიდერიუსთან მფარველობის საძებნელად. კარლოსი კი ძმის სიკვდილის შემდეგ საერთო თანხმობით არჩეულ იქნა ფრანკთა ერთიან მეფედ.
4. უცილობელი ფაქტების უქონლობის გამო, საჭიროდ არ ვთვლი შევჩერდე კარლოსის დაბადების, ბავშვობისა და სიყმაწვილის შესახებ თხრობაზე, მე პირდაპირ გადავალ მისი შემდგომი ცხოვრების აღწერაზე. ჯერ მოგითხრობთ მის მიერ ჩადენილ გმირობებზე, მის ზნეობაზე სახელმწიფოს მართვაზე დაბოლოს, მის სიკვდილზე, ამასთან, არ გამოვტოვებ არაფერს, რაც ყურადღებას იმსახურებს და ღირსია ხსენებისა.
5. ყველა იმ ომებიდან, რომელსაც კი აწარმოებდა კარლოსი, პირველი იყო აკვიტანიის ომი (769), რომელიც მამამისმა დაიწყო, მაგრამ ვეღარ დაამთავრა. კარლოსმა გააჩაღა ეს ომი ჯერ კიდევ კარლომანის სიცოცხლეშივე, იმის იმედით, რომ ძმის დახმარებით მალე დაამთავრებდა მას. მაგრამ იმის შემდეგაც კი, როცა ძმამ შეპირებული დახმარება არ აღმოუჩინა, კარლოსი აგრძელებს ჩაფიქრებულ ომს, ვიდრე არ დაასრულებს, ვიდრე თავისი სიმტკიცითა და შეუპოვრობით არ მიაღწევს იმას, რაც მას სურს.
მან აიძულა ჰუნალდი, რომელმაც ვაიფარის სიკვდილის შემდეგ დაიპყრო აკვიტანია და შეეცადა განეახლებინა თითქმის დამთავრებული ომი, გაქცეულიყო გასკონიაში. მაგრამ კარლოსმა ჰუნალდი არც იქ დააყენა. მან გადალახა მდინარე გარონი და ჰერცოგ ლუპა გასკონელს მოსთხოვა ელჩების მეშვეობით გაქცეულის გადაცემა, დაყოვნების შემთხვევაში კარლოსი ომით იმუქრებოდა. ჰერცოგმა ლუპამ, დაუჯერა რა ჭკვიან მრჩევლებს, არათუ გადასცა ჰუნალდი, არამედ თვითონაც თავის ქვეყანასთან ერთად აღიარა კარლოსის ძალაუფლება.
6. ამ ომის დამთავრების და აკვიტანიაში საქმეების მოწესრიგების შემდეგ, როცა მისი ძმა უკვე გარდაიცვალა, კარლოსმა რომის ეპისკოპოსის ადრიანეს დაბეჯითებითი თხოვნით წამოიწყო ომი ლანგობარდების წინააღმდეგ (773-774 წწ.).
ასეთსავე ომს აწარმოებდა კარლოსის მამა რომის პაპის სტეფანეს თხოვნით, თუმცა, იგი მრავალ სიძნელეს წააწყდა ამასთან დაკავშირებით, რადგან ფრანკ წარჩინებულთა ნაწილს არ სურდა ეს ომი და იმდენად წინ აღუდგნენ პიპინის სურვილს, რომ აშკარად დაემუქრნენ მეფეს ბრძოლის ველზე მიტოვებით. მიუხედავად ამისა, ომი მეფე აისტულფის წინააღმდეგ მაინც დაიწყო და მალევე დამთავრდა.
პიპინის და კარლოსის დროს წარმოებული ომების მიზეზები მსგავსი და შეიძლება ერთნაირიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ომების დროს წარმოქმნილი სიძნელეები და შედეგები სრულებითაც არ არის ერთნაირი.
პიპინმა ტიცინას [პავიას], ალყის რამდენიმე დღის შემდეგ მეფე აისტულფი აიძულა მიეცა მძევლები და დაებრუნებინა რომაელებისათვის წართმეული ქალაქები და ციხეები, თანაც დააფიცა, რომ არ წამოეწყო ახალი დაპყრობები.
კარლოსმა კი მანამდე არ დაამთავრა ომი, სანამ არ მიაღწია კაპიტულაციას ხანგრძლივი ალყით დაქანცულ მეფე დეზიდერიუსთან (774). მან არა მარტო სამეფოდან, არამედ, საერთოდ, იტალიიდან განდევნა მისი შვილი ადალგიზი, რომელზეც ყველა დიდ იმედებს ამყარებდა. გარდა ამისა, კარლოსმა დაიბრუნა ყოველივე რომაელებისათვის წართმეული, ანგარიში გაუსწორა ფრიულის ჰერცოგს რუოდჰაუზს, რომელიც აჯანყდა (776), და ბოლოს მთელ იტალიაში, რომელიც კარლოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდა, მეფედ დასვა თავისი შვილი პიპინი (781).
მე სიამოვნებით მოგითხრობდით, თუ რა ძნელი აღმოჩნდა ფრანკებისათვის ალპებზე გადასვლა იტალიაში წასვლის დროს, რა მოთმინება გამოიჩინეს ძნელად ასასვლელი მთის მწვერვალების გადალახვისას, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი კარლოსის ცხოვრების აღწერაა და არა იმ ომებისა, რომლებსაც იგი აწარმოებდა.
7. იტალიური საქმეების მოგვარების შემდეგ კვლავ განახლდა, თითქოს შეწყვეტილი საქსონიის ომი (772-804 წწ). ის იყო ყველაზე ხანგრძლივი და მრისხანე ომი, რომელიც ფრანკ ხალხს დიდ დანაკარგებად დაუჯდა, რადგან საქსები, გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრები თითქმის ყველა ხალხის მსგავსად იყვნენ ბუნებით მძვინვარენი, დემონის კულტის ერთგულნი, ჩვენი რელიგიის მოწინააღმდეგენი და არ თვლიდნენ უპატიოსნოდ ღვთის და ადამიანური კანონების წაბილწვასა და დარღვევას.
იყო სხვა მიზეზებიც, რომლებიც მშვიდობიანობას უშლიდა ხელს. ცალკეული რაიონების გამოკლებით, სადაც ჩვენი საზღვრები საქსებთან გარსშემოვლებული იყო ტყეებით ან მთის ქედებით, საზღვარი თითქმის ყველგან გადიოდა შიშველ ველებზე, ამით ის დადგენილ-განსაზღვრული არ იყო და მუდმივი შეხლა-შემოხლის, მკვლელობების, ძარცვისა და ხანძრების ადგილს წარმოადგენდა.
ყველაფერ ამით იმდენად იყვნენ ფრანკები გაღიზიანებულნი, რომ ბოლოს საჭიროდ ჩათვალეს, არა მარტო ბოროტება ბოროტებით გადაეხადათ საქსებისათვის, არამედ დაეწყოთ ომი მათ წინააღმდეგ. ამრიგად, დაიწყო ომი, რომელიც მიმდინარეობდა 33 წლის განმავლობაში. იგი უფრო ადრე დამთავრდებოდა, რომ არ ყოფილიყო საქსების ვერაგობა. არ დაითვლება, დამარცხებულები რამდენჯერ ითხოვდნენ შეწყალებას, ემორჩილებოდნენ მეფეს, პირდებოდნენ შეესრულებინათ მითითებული, უყოყმანოდ აბრუნებდნენ მძევლებს, იღებდნენ მათთან გაგზავნილ ელჩებს ჰპირდეობდნენ თაყვანი არ ეცათ დემონისათვის და გაქრისტიანებულიყვნენ. მაგრამ, როგორც თანხმდებოდნენ ყველაფერ ამას, ასევე ხშირადვე სტეხდნენ თავიანთ სიტყვას.
მაგრამ კარლოსი არ პატიობდა მათ, დაუსჯელად არ ტოვებდა არც ერთ დანაშაულს. ხან თავად მხედართმთავრობდა, ხან თავის გრაფებს აგზავნიდა და ღალატისათვის სათანადოდ სჯიდა, ასეთ პოლიტიკას მანამდე ეწეოდა, სანამ არ დაიმორჩილა ყველა, ვინც მას ეწინააღმდეგებოდა და არ გადმოასახლა ელბის ნაპირების ორივე მხარეზე მცხოვრები 10 ათასი ადამიანი ცოლებთან და შვილებთან ერთად გალიისა და გერმანიის სხვადასხვა ოლქში (804).
ამის შემდეგ დასრულდა ეს ხანგრძლივი ომი, ხოლო საქსებმა, რომლებმაც უარყვეს ავი სულების კულტი, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება, შეუერთდნენ ფრანკებს და მასთან ერთად ერთიანი ერი შეადგინეს.
8. მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი დიდხანს გრძელდებოლა, თვითონ კარლოსი მტერს მხოლოდ ორჯერ შეებრძოლა. პირველად ეს მოხდა მთასთან, რომელსაც ერქვა ოსნეგი, მეორედ – მდინარე ჰაზისთან, ამასთან; ორივე ბრძოლა მოხდა ერთ თვეს, რამდენიმე დღის შუალედით (783).
კარლოსის მიერ ამ ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებებით მტერს იმდენად შეერყა რწმენა, რომ მას არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა, მეორეჯერ შეხვედროდა მეფეს. მიუხედავად ამისა, ამ ომში ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა. ომმა შეიწირა ბევრი წარჩინებულისა და თანამდებობის პირის სიცოცხლე.
ვიდრე ეს ომი მიმდინარეობდა, ფრანკებს ამ პერიოდში ბევრი მტერი გამოუჩნდა და ყველა ბრძოლა ფრანკებმა ისე წარმატებით დამთავრეს კარლოსის წყალობით, რომ აღარ იცი რა უფრო გიკვირდეს: მოთმინება, რითაც კარლოსი იტანდა გაჭირვებას, თუ მისი ბედნიერება, და მართლაც, ჯობნიდა რა გონებითა და ხასიათით ყველა თანამედროვე მბრძანებელს, იგი არასოდეს იხევდა უკან გაჭირვების გამო, შეეძლო ლოდინი, არ ეცემოდა სულით უბედურების დროს, ხოლო წამატებებისაგან თავბრუ არასოდეს ეხვეოდა.
9. იმ დროს, როცა განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობდა საქსების წინააღმდეგ, კარლოსმა მათთან საზღვარზე, მოსახერხებელ ადგილას განალაგა გარნიზონები, თვითონ კი გაემართა ესპანეთში დიდძალი სამხედრო ძალით (778). გადალახა რა პირინეის მთიანი ქედები მას დანებდა ყველა ქალაქი და ციხესიმაგრე. იგი დაბრუნდა მშვიდობიანად და უდანაკარგოდ. მან მხოლოდ პირინეიში, უკან დაბრუნებისას გამოსცადა ბასკების ვერაგობა.
როცა ფრანკთა ჯარი გაწელილი მწყობრით მიემართებოდა (ამას იძულებულს ხდიდა მთის ვიწროები), მთის მწვერვალზე ჩასაფრებული ბასკები ზემოდან დაესხნენ კარლოსის რაზმს, რომელიც ბარგსა და წინ მიმავალთ იცავდა. ბრძოლაში ერთიანად ამოწყვიტეს ეს რაზმი, გაძარცვეს აღალი და დაბნელებისას სწრაფად გაუჩინარდნენ სხვადასხვა მხარეს. ბასკების ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა მათი იარაღის სიმსუბუქემ და ადგილმდებარეობამ, სადაც ბრძოლა შიმდინარეობდა. ამ ბრძოლაში სხვებთან ერთად დაიღუპნენ პფალცგრაფი ანსელმი და ბრეტონის მარკის პრეფექტი რუოდლანდი [როლანდი].
10. კარლოსმა დასავლეთში, გალიის შორეულ ნაწილში, ოკეანის სანაპიროზე მცხოვრები ბრიტებიც [ბრეტონელები] დაიპყრო, რომლებსაც არ სურდათ მოჩრილება. მეფის მიერ გაგზავნილმა არმიამ აიძულა ბრიტები მიეცათ მძევლები და შეესრულებინათ ყველაფერი, რაც იყო ნაბრძანები (786). თვითონ კარლოსი კი ამის შემდეგ კვლავ შეიჭრა დიდძალი ჯარით იტალიაში და რომზე გავლით მიუახლოვდა ქალაქ კაპუას, კამპანიაში, სადაც დაბანაკდა და ამით დაემუქრა ბენევენტცებს (787). მაგრამ ამ ხალხის ჰერცოგმა არაგისმა აირიდა ომი, მეფის შესახვედრად გააგზავნა თავისი ვაჟები – რუმოლდი და გრიმოლდი დიდი ძღვენით და სთხოვა მძევლებად აეყვანა ისინი, თანაც შეჰპირდა კარლოსს, რომ ყველა მოთხოვნას შეუსრულებდა, ოღონდ მეფეს მისი ხლება არ მოეთხოვა.
კარლოსმა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ერთი კაცის სიჯიუტეზე, აიყვანა შემოთავაზებული მძევლები და დიდი თანხის აღების ფასად შეუსრულა არაგისს თხოვნა. ვაჟებიდან მან მხოლოდ უმცროსი დაიტოვა, უფროსი კი გააგზავნა მამამისთან როგორც მომავალი მეფე. თავად რომისაკენ გაემართა, სადაც წმინდა ადგილებზე რამდენიმე დღე გაატარა, შემდეგ კი გალიაში დაბრუნდა.
11. მოულოდნელად დაწყებულ ბავარიის ომს სწრაფი დასასრული ჰქონდა (787-788 წ.წ.). ომის მიზეზი ჰერცოგ ტასილონის ცოლის ქედმაღლობა და უგუნურება იყო, მეფე დეზიდერიუსის ქალიშვილის წაქეზებით, რომელსაც სურდა ქმრის დახმარებით შური ეძია მამამისის გაძევებისათვის. ტასილონმა კავშირი დადო ჰუნებთან, ბავარიელების აღმოსავლეთ მეზობლებთან და შეეცადა არა მარტო არ დამორჩილებოდა მეფეს, არამედ ომიც კი წამოიწყო მის წინააღმდეგ.
აღშფოთებულმა მეფემ, რომელსაც არ სურდა უყურადღებოდ დაეტოვებინა ასეთი თავხედობა, შეკრიბა ჯარი და გაგზავნა ბავარიისაკენ, თვითონ კი დიდი ჯარით მიუახლოვდა მდინარე ლეხს, რომელიც ბავარიელებს ალემანებისაგან ჰყოფდა. ნაპირზე დაბანაკებულმა, კარლოსმა გადაწყვიტა, ვიდრე ომს დაიწყებდა, შეეტყო თავისი ელჩებისაგან თუ რას აპირებდა ჰერცოგი. ტასილონი მიხვდა, რომ ომი არც მისთვის, არც მისი ხალხისათვის სასიკეთო არ იქნებოდა, ამიტომაც მორჩილება აღუთქვა კარლოსს, მისცა მას მძევლები, რომელთა შორის იყო თავისი შვილი ტეოდონი და შეჰფიცა, რომ მის წინააღმდეგ არასოდეს არ გამოვიდოდა. მაგრამ ტასილონი მალე გამოიძახეს მეფესთან, იგი დააკავეს, მისი პროვინცია კი გრაფებს გადასცეს სამართავად.
12. ამ ომის დამთვრებისთანავე დაიწყო ომი სლავებთან, რომლებიც ჩვენებურად ვილცებად იწოდებიან, ხოლო თავიანთ მშობლიურ ენაზე ველატაბად (789). საომარ მსვლელობაში სხვადასხვა ხალხთან ერთად, როგორც დამხმარე ჯარი, მონაწილეობდნენ საქსებიც, ოღონდ მათი მორჩილება იყო ნაკლებ საიმედო და მოჩვენებითი.
ომის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ვილცები თავიანთი თავდასხმებით განუწყვეტლივ აწუხებდნენ ობოდრიტებს, ოდითგანვე ფრანკების მოკავშირეებს, რომლებმაც მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით ვერ შეაჩერეს ველატები.
დასავლეთ ოკეანედან აღმოსავლეთით გადაჭიმულია სრუტე, რომლის სიგრძე უცნობია, ხოლო სიგანე არსად არ აღემატება 100 ათას ნაბიჯს, თუმცა, ბევრგან ეს მანძილი უფრო მცირეა. მის სანაპიროზე ცხოვრობს უამრავი ხალხი, დანიელები და შვედები, რომლებსაც ჩვენ ნორმანებს ვეძახით, მოსახლეობენ ჩრდილოეთ სანაპიროზე და ყველა ახლომდებარე კუნძულზე. აღმოსავლეთი სანაპირო დაკავებულია სლავებისაგან, ესტებისაგან და სხვადასხვა ხალხის მიერ, რომელთა შორისაც მთავრად ითვლება ის, რომელთანაც ეხლა მეფე ჩაება ომში – ველატაბი. კარლოსმა მხოლოდ ერთი შეტევით ისე მოათვინიერა ისინი, რომ შემდეგში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ მას.
13. იმ ომებიდან, რომლებიც აწარმოა კარლოსმა, თუ არ ჩავთვლით საქსონიის ომს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა, ავარების, ანუ ჰუნების წინააღმდეგ (791-803 წწ.). ეს იყო განსაკუთრებით გააფთრებული ომი, რამაც დიდი სახსრები მოითხოვა. თავად კარლოსმა მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთ ექსპედიციაში – პანონიაში – ასე ეწოდებოდა მიწას, რომელზეც სახლობდა ეს ხალხი. შემდგომი ბრძოლების ხელმძღვანელობას კი იგი ანდობდა თავის შვილს პიპინს, ოლქების მართველებს, ასევე გრაფებსა და განსაკუთრებულ რწმუნებულებს, და, თუმცა, ეს ომი მათ მიერ ერთობ ენერგიულად წარიმართა, იგი მაინც მხოლოდ რვა წლის შემდეგ დასრულდა.
დაღვრილი სისხლისა და გადახდილი ბრძოლების რაოდენობა იმის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რომ პანონიაში არ გადარჩა არც ერთი მცხოვრები, ხოლო იმ ადგილას, სადაც კაგანის რეზიდენცია იყო, არ დარჩა ადამიანთა ნამოქმედარის კვალიც კი. ჰუნების ყველა წარჩინებული ამ ომში ამოწყდა, მათი დიდება დავიწყებას მიეცა მათი ფული და დაგროვილი განძი დამპყრობლების ხელში გადავიდა.
არც ერთ სხვა ომში ფრანკები ასე არ გამდიდრებულან. ფრანკები აქამდე ღარიბებად რომ ითვლებოდნენ, ეხლა ავარების დედაქალაქში იმდენი ოქრო და ვერცხლი მოიპოვეს და ბრძოლებში იმდენ ძვირფას ნადავლს დაეუფლნენ, რომ შეიძლება ითქვას – ფრანკებმა სამართლიანად წაართვეს ჰუნებს ის, რასაც ჰუნები მანამდე სხვა ხალხებს უკანონოდ ართმევდნენ.
ამ ომში წარჩინებული გვარის მხოლოდ ორი ფრანკი დაიღუპა: ერთია ხეირიკი, ფრიულის ჰერცოგი, რომელიც ლიშურნოს ზღვისპირა ქალაქის ტარსატიკში (ტერსატოში) ჩასაფრებულმა მცხოვრებლებმა შეიპყრეს და მეორე, ბავარიის პრეფექტი პანონიაში გერალდი, რომელიც ორ თანმხლებ პირთან ერთად მოკლეს დაუდგენელმა პირებმა იმ დროს, როცა ჰუნებთან ომის დაწყების წინ, იგი აწყობდა ჯარს და რიგების ჩამოვლისას ყველას სათითაოდ ამხნევებდა.
სხვა მხრივ ამ ომს, თუმცა, იგი დიდხანს გრძელდებოდა, ფრანკებისთვის ბედნიერი დასასრული ჰქონდა, ფრანკებს იგი დიდი დანაკარგის ფასად არ დაუჯდათ. ამის მერე დამთავრდა საქსონიის ომიც. ბოჰემიის ომი და ლინონიის ომი, რომლებიც იმ ომების შემდეგ დაიწყო, დიდი ხნით არ გაგრძელებულა: ყოველი მათგანი სასწრაფოდ დაასრულა ახალგაზრდა კარლოს უმცროსმა.
14. ბოლო ომი ნორმანების წინააღმდეგ გაჩაღდა (804-810 წწ). მათ დანიელებს ეძახიან, რომლებიც ჯერ მეკობრეობას ეწეოდნენ, შემდეგ კი შექმნეს დიდი ფლოტი და შეუდგნენ გალიისა და გერმანიის ნაპირების აოხრებას. მათი მეფე, გოთფრიდი იმდენად გათავხედდა, რომ ფიქრობდა მთელი გერმანიის დამორჩილებას. ხოლო ფრიზეთსა და საქსონიას თავის პროვიცნიებად მოიხსნიებდა. მან დაიპყრო და თავის მოხარკეებად გაიხადა მეზობელი ობოდრიტების ტომები; იკვეხნიდა რომ მალე თავისი ძალებით ფრანკთა სახელმწიფოს დედაქალაქ აახენს მიუახლოვდებოდა.
გოთფრიდის ამ სიტყვებისა ბევრს სჯეროდა და ფიქრობდა კიდეც, რომ მას შეუძლია მოიმოქმედოს ამისთანა რამე, მაგრამ მალე მის სურვილს წინ გადაეღობა უეცარი სიკვდილი: იგი პირადმა მცველმა მოკლა.
15. ასეთი იყო ომები, რომელსაც დიდი სიბრძნითა და წარმატებით აწარმოებდა უძლიერესი მეფე სხვადასხვა ქვეყანაში 47 წლის განმავლობაში – ზუსტად ამდენ წელს მეფობდა იგი. ამ ომებით ფრანკების სამეფო, პიპინისგან მიღებული, უზარმაზარი და ძლიერი, კარლოსმა თითქმის ორჯერ გაზარდა.
ადრე ფრანკთა სამეფოში შედიოდა გალიის ნაწილი, რომელიც რენომსა [რაინსა] და ლეგერომს [ლუარას] შორის (ატლანტის) ოკეანესა და ბალეარის ზღვას შორის მდებარეობს და აგრეთვე გერმანიის ის ნაწილი რომელიც დასახლებულია აღმოსავლეთის ფრანკებით და განლაგებულია საქსონიასა და დუნაის, რაინსა და სალეს შორის. გარდა ამისა, სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ალემანებისა და ბავარიელების მიწა-წყალი კარლოსმა წარმოებული ომებით. თავდაპირველად შემოიერთა აკვიტანია, საქსონია და ყველაფერი პირენეის მთებიდან მდინარე ებრომდე, რომელიც იწყება ნავარებთან და ესპანეთის მოსავლიანი მინდვრების გავლის შემდეგ ჩაედინება ბალეარის ზღვაში ქალაქ დერტოსის [ტორტოსას] კედლებთან; შემდეგში კარლოსმა შემოიერთა მთელი იტალია, საქსონია, ორივე პანონია და დუნაის ნაპირზე მდებარე დაკია, ისტრია, ლიბურნია, დალმაცია, ზღვისპირა ქალაქების გამოკლებით, რომლებიც მეგობრობით და დადებული ხელშეკრულების ძალით კარლოსმა დაუთმო კონსტანტინოპოლის იმპერატორს; დაბოლოს, კარლოსმა შემოიერთა ყველა ველური და ბარბაროსი ხალხი, რომლებიც დასახლებული იყვნენ გერმანიაში და ცხოვრობდნენ რენომსა [რაინსა] და ვისტულოს [ვისლას] შორის, აგრეთვე ოკეანესა და დანუბიეს შორის და, რომლებიც განსხვავდებოდნენ წეს-ჩვეულებებით, მაგრამ მონათესავე ენებზე მეტყველებდნენ. ეს ხალხები კარლოსმა იმდენად დაასუსტა, რომ თავის მოხარკეებად აქცია; მათ შორის მთავარი ტომები – ველატაბები, სორაბები, ობოდრიტები, ბოჰემელები [ჩეხები] კარლოსმა ბრძოლით დაიმორჩილა, ხოლო დანარჩენები, რომელთა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, უბრძოლველად დანებდნენ.
16. კარლოსმა თავისი სამეფო დიდება ზოგიერთ ხალხთან და მეფესთან მეგობრობითაც გაზარდა. კარლოსი იმდენად კარგ ურთიერთობაში იყო გალისიის და ასტურიის მეფე გადეფონსოსთან [ალფონსო II-თან], რომ, როდესაც ეს უკანასკნელი კარლოსს წერილს ან ელჩებს უგზავნიდა, ბრძანებდა მოეხსენიებინათ იგი (გადეფონსო), როგორც „კაცი, რომელიც მთლიანად ეკუთვნის მას“ (კარლოსს).
კარლოსმა სკოტების [შოტლანდიელების ან ირლანდიელების] მეფეც კი იმდენად დაიმორჩილა თავისი სიკეთით, რომ ისინი მას უწოდებდნენ „ბატონს“, თავიანთ თავს კი „მის მსახურსა და მონას“. არსებობს მსგავსი მორჩილებისა და ერთგულების გამომხატველი მათი წერილები.
სპარსეთის [სახალიფოს] მეფე აარონ [ხალიფა ჰარუნ-არ-რაშიდი], რომელიც ინდოეთის გამოკლებით მთელ აღმოსავლეთს ფლობდა, იმდენად მეგობრულად იყო განწყობილი კარლოსის მიმართ, რომ მისი სიყვარული ერჩივნა სხვა ქვეყნების მეფეების და მთავრების ერთგულებასა და ახლობლობას და მხოლოდ მას თვლიდა პატივისცემის ღირსად. ამიტომაც, როცა კარლოსის ელჩები, რომლებიც გაგზავნეს შესაწირავებით ჩვენი უგანათლებულესი ბატონის და მხსნელის (ქრისტეს) დაკრძალვისას და აღდგომის ადგილზე, მივიდნენ აარონთან და აუწყეს თავიანთი ხელმწიფის სურვილი. მან არათუ ნება დართო იმაზე, რასაც სთხოვდნენ, არამედ დაუთმო კიდეც კარლოსს ეს წმინდა ადგილი. შემდეგ უკან დაბრუნებულ ელჩებს შეუერთა თავისი ელჩებიც, მისცა მათ ჩვენი მეფისთვის გადასაცემი უამრავი საჩუქარი აღმოსავლეთის სიმდიდრიდან, რომელთა შორის იყო სხვადასხვანაირი მდიდრული ტანსაცმელი და სანელებლები, აღარ აღვნიშნავთ იმას, რომ უფრო ადრე გამოგზავნა სპილო, რომელიც თვით კარლოსმა სთხოვა მას, თუმცა, იმ დროისათვის აარონს მხოლოდ ერთი ჰყავდა.
მეგობრობის განსამტკიცებლად კონსტანტინოპოლის იმპერატორები ნიკიფორე, მიხაილი და ლეონი ხშირად აგზავნიდნენ ელჩებს კარლოსთან. როცა კარლოსის მიერ იმპერატორის ტიტულის მიღებამ მათში დიდი ეჭვი აღძრა, თითქოს ჩვენს ხელმწიფეს სურდა მათთვის წაერთმია იმპერია. კარლოსმა მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, მათთან მჭიდრო კავშირი დაამყარა.
საერთოდ, რომაელები და ბერძნები ყოველთვის უნდობლობით ეკიდებოდენენ ფრანკების სიძლიერეს. აქედან წარმოსდგა ანდაზაც: „იყოლიე ფრანკი მეგობრად, მეზობლად კი არაო“.
17. სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებასთან და მეზობელი, ხალხების დამორჩილებასთან ერთად, კარლოსს არ ავიწყდება ზრუვა სახელმწიფოს კულტურულ განვითარებაზე. მან ბევრი რამის გაკეთება დაიწყო და ზოგიერთი მათგანის დამთავრებაც მოასწრო.
უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, ღვთისმშობლის ტაძარი აახენში, რომლის სვეტებისთვისაც მარმარილო სპეციალურად იგზავნებოდა რომიდან და რავენიდან, ასევე ხიდი რაინზე, მოგონტინაკზე [მაინცზე], რომლის სიგრძე 500 ნაბიჯი იყო. ეს ხიდი დაიწვა კარლოსის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე და ამიტომ აღარ აღადგინეს. სხვათა შორის, იმპერატორს ჰქონდა სურვილი ხის ხიდის ადგილას აეშენებინა ქვის ხიდი. მან დაიწყო მშვენიერი სასახლეების მშენებლობაც, ერთი აშენდა მოგონტინაკის ახლოს, ინგილეჰეიმის მამულთან, მეორე – ნოვიომაგში [ნიიმეგენში], მდინარე ვაალზე, რომელიც სამხრეთიდან უვლის ბატავების კუნძულს.
კარლოსი განსაკუთრებით ზრუნავდა დანგრეული ეკლესიების აღდგენაზე. იგი ეპისკოპოსებსა და მღვდლებს ბრძანებებს უგზავნიდა, ხოლო შესრულების გასაკონტროლებლად აგზავნიდა თავის ერთგულებს.
ნორმანული ომის პერიოდში მან დაიწყო ფლოტის მშენებლობა, ხომალდებს აშენებდა მდინარეებზე, რომლებიც გალიისა და ჩრდილოეთ გერმანიის გავლით ჩაედინებიან ოკეანეში. ვინაიდან ნორმანები გამუდმებით ესხმოდნენ თავს და აცარიელებდნენ გალიისა და გერმანიის ნაპირებს, ამიტომ მეფის ბრძანებით, ყველა პორტში აშენებდა სადგომებს საყარაულო გემებისათვის, რათა მტრის შემოსევისას თავისიანები გაეფრთხილებინათ.
ასეთივე ზომები მიიღეს სამხრეთში, ნარბონის პროვინციისა და სეპტიმანიის სანაპიროს გასწვრივ, ასევე იტალიის მთელ სანაპიროზე რომამდე ეს ზომები მიღებული იყო მავრების წინააღმდეგ, რომლებმაც არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყეს მეკობრეობა.
ამ ღონისძიებების წყალობით კარლოსის მმართველობის წლებში არც იტალიას, არც გალიას, არც გერმანიას შესამჩნევი დანაკარგები არ ჰქონიათ, თუ არ ჩავთვლით ორ შემთხვევას, როცა ეტრურიის ქალაქი ცენტუმცელა [ჩივიტავეკია] იქნა აღებული ღალატით და მავრებისაგან განადგურებული და ფრიზეთში გერმანიის ნაპირებთან ნორმანების მიერ გაძარცულ იქნა რამდენიმე კუნძული.
18. ასეთი იყო კარლოსის მოღვაწეობა სახელმწიფოს დაცვის, გაფართოებისა და კულტურის სფეროში.
ახლა ვისაუბრებთ მის პირად ცხოვრებასა და საშინაო მოღვაწეობაზე.
მამის გარდაცვალების შემდეგ, გაიყვეს რა ძმასთან ერთად სახელმწიფო, კარლოსი ყველას გასაკვირად დიდ მოთმინებას იჩენდა იმ სიავეების გამო, რასაც ძმა უკეთებდა. იგი დედის თხოვნას დასთანხმდა და ცოლად მოიყვანა ლანგობარდების მეფის დეზიდერიუსის ქალიშვილი, მაგრამ უცნობი მიზეზებით ერთი წლის შემდეგ გაშორდა მას და ცოლად ითხოვა ჰილდეგარდა, წარჩინებულთა შთამომავალი შვაბების ტომიდან. მისგან კარლოსს ჰყავდა სამი ვაჟი – კარლოსი, პიპინი და ლუდოვიკო და ამდენივე ქალიშვილი – ჰრუოტრუდა, ბერტა და გიზელა. გარდა ამისა, კარლოსს კიდევ ჰყავდა სამი ქალიშვილი – თეოდერადა, ჰილტრუდა და რუოტხილდა, აქედან პირველი იყო – დედოფალ ფასტრადისგან, რომელიც შთამომავლობით აღმოსავლეთ ფრანკებს განეკუთვნებოდა, მესამე კი ხარჭისაგან, რომლის სახელიც ეხლა ვერ გავიხსენე.
ფასტრადის სიკვდილის შემდეგ მეფე დაქორწინდა ალამანკელ ლიუტგარდზე, რომელთანაც კარლოსს შვილი არ ჰყოლია. მას ჰყავდა აგრეთვე სამი ხასა: საქსონელი ჰერსვინდა, რომელმაც კარლოს გაუჩინა გოგო ადალტრუდა, რეგინა, რომელმაც გაუჩინა დროგონა და ჰუგო, აგრეთვე ადალინდა, რომელმაც თეოდორიხა გაუჩინა.
კარლოსი თავის დედას ბერტრადას უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა. დედა-შვილს შორის ჩხუბის ერთადერთი მიზეზი იყო კარლოსის გაყრა ლანგობარდების პრინცესასთან. დედოფალი – დედა გარდაიცვალა ჰილდეგარდის შემდეგ, მას მერე, რაც, მოესწრო სამ შვილიშვილსა და ამდენივე შვილთაშვილს. კარლოსმა იგი დაასაფლავა დიდი პატივისცემით წმინდა დიონისეს ტაძარში, სადაც მამამისი იყო დასაფლავებული.
კარლოსი ასევე დიდ პატივს სცემდა თავის ერთადერთ დას გიზელას, რომელიც ბავშვობიდანვე მონასტერში იყო მიბარებული. გიზელა გარდაიცვლა კარლოსის სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე და დასაფლავებულ იქნა იმავე მონასტერში, სადაც ცხოვრობდა.
19. კარლოსი თავისი შვილების განათლებას დიდ მნიშვნელოვანს ანიჭებდა; ასწავლიდა როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს თავისუფალ ხელოვნებებს, რაშიც თვითონვე მეცადინეობდა. ფრანკების ჩვეულების თანახმად, თავის ვაჟებს ის ასევე ასწავლიდა ცხენზე ჯდომასა და ჯირითს, იარაღის ხმარებას, აგრეთვე ნადირობას, ქალიშვილებს კი ძაფის რთვასა და სხვა საოჯახო საქმეებს.
კარლოსს სიცოცხლეშივე გარდაეცვალა სამი შვილი: ტახტის მემკვიდრე კარლოსი, იტალიის მეფე პიპინი და როტრუდა, ყველაზე უფროსი ქალიშვილებში, რომელიც დანიშნული იყო ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეზე. პიპინს – იტალიის მეფეს – დარჩა ვაჟი – ბერნარდი და ხუთი ქალიშვილი. კარლოსმა მათ მიმართ დიდი წყალობა გამოიჩინა, რამეთუ ბერნარდს დაუთმო მამის მემკვიდრეობა, ხოლო ქალიშვილები თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად.
კარლოსი ძალზე მძიმედ განიცდიდა შვილების სიკვდილს და არა მარტო თავისი შვილებისას. რომის პაპის – ადრიანეს სიკვდილის (796) გაგებისას რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, კარლოსმა ისე დაიტირა თითქოს დაკარგა არა მეგობარი, არამედ შვილი ან ძმა.
კარლოსი თავის შვილებზე იმდენად ზრუნავდა, რომ სახლში ყოფნისას მათ გარეშე არასოდეს სადილობდა, ხოლო თუ სადმე მიემგზავრებოდა ყოველთვის თან მიჰყავდა. ვაჟები მასთან ახლოს ცხენზე ამხედრებული მიდიოდნენ, ხოლო ქალები უკან მიჰყვებოდნენ მცველთა განსაკუთრებული რაზმის თანხლებით.
ქალიშვილები იმდენად ლამაზები იყვნენ და იმდენად დაფასებული მეფისაგან, რომ ძნელია დაიჯერო, არც ერთის გათხოვება მეფემ არ ისურვა და ამტკიცებდა, რომ მათ გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. ამიტომაც, ყველაფერში ბედნიერმა კარლოსმა ზუსტად ამ მხრიდან მიიღო ბედის დარტყმა. ამასთან, მას შეეძლო მიეღო სახე, თითქოს არ არსებობდა მცირეოდენი ეჭვიც კი, ანდა ჭორები მის რომელიმე ქალიშვილთან დაკავშირებული.
20. კარლოსის ვაჟი პიპინი, ნაშობი ხარჭისაგან, მე არ მიხსენებია აქამდე. იგი სახით ლამაზი, მაგრამ კუზიანი იყო. იმ დროს, როცა მამამისი, რომელმაც ავარებთან ომი დაწყო და ბავარიაში ზამთრობდა, კუზიანმა თავი მოიავადმყოფა და რამდენიმე ფრანკ წარჩინებულთან ერთად მონაწილეობა მიიღო, მამამისის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მას ტახტზე აყვანას პირდებოდნენ (792) კარლოსმა შეთქმულება გამოააშკარავა და მოღალატეები დასაჯა, ხოლო პიპინს ნება დართო აღკვეცილიყო ბერად და დასახლებულიყო პრიუმის სავანეში.
გამოაშკარავდა კარლოსის წინააღმდეგ კიდევ ერთი დიდი შეთქმულება (785-786 წწ.) გერმანიაში. დამნაშავეთაგან ნაწილს თვალები დასთხარეს, ნაწილი განდევნეს, სამის გამოკლებით. ეს უკანასკნელნი დახოცეს, რადგანაც მათი შემორიგება შეუძლებელი გახდა,
საფიქრებელია, რომ ამ შეთქმულების მიზეზი დედოფალ ფასტრადის მრისხანე ხასიათში იმალებოდა, რადგან ორივე შემთხვევაში ყოველივე მოხდა იმიტომ, რომ კარლოსმა ცოლს დაუთმო.
მთელი სიცოცხლის მანძილზე კარლოსი ისეთი სიყვარულითა და მოთმინებით ექცეოდა თავის ქვეშევრდომებსა და უცხოელებსაც, რომ ვერავინ ვერსაოდეს ვერ დაადანაშაულებდა მას უსამართლო მრისხანებაში.
21. კარლოსს უყვარდა უცხოელები და ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ კარგად მიეღოთ ისინი. მათი სიმრავლე თითქოს არა მარტო სასახლის, არამედ სახელმწიფოს გაჩანაგებასაც კი იწვევდა. მაგრამ ის მხედველობაში არ იღებდა ამ დანახარჯებს, რადგან იმედოვნებდა, რომ ეს დანახარჯები ამ შემთხვევაში ანაზაღაურებული იქნებოდა დიდების სიუხვითა და კეთილი სახელით.
22. კარლოსი იყო ძლიერი აღნაგობისა და საკმაოდ მაღალი ტანისა. თავი ჰქონდა მრგვალი, თვალები დიდი და მეტყველი. ცხვირი – საკმოდ დიდი, თუმცა, იგი ჭაღარასთან ერთად ძალზე უმშვენებდა ყოველთვის ცოცხალსა და მხიარულ სახეს, კისერი საკმაოდ მოკლე და სქელი, მუცელი კი გამობერილი ჰქონდა. მაგრამ ტანის სხვა ნაწილების პროპორციულობა მალავდა ამ ნაკლოვანებებს. სიარულის მანერა მტკიცე ჰქონდა და მთლიანობაში ვაჟკაცურად, მამაკაცურად გამოიყურებოდა. კარლოსს ხმა თუმცა სასიამოვნო ჰქონდა, მაგრამ მის ძლიერ აღნაგობას მაინც არ შეესაბამებოდა.
კარლოსი გამოირჩეოდა შესანიშნავი ჯანმრთელობით და მხოლოდ უკანასკნელი ოთხი წელი სტანჯავდა ციებ-ცხელება. ასევე ხანდახან კოჭლობდა, მაგრამ მაშინაც არ უჯერებდა ექიმების რჩევას, ვერ იტანდა მათ, რადგან ისინი არწმუნებდნენ უარი ეთქვა საყვარელ შემწვარ კერძებზე.
მას უყვარდა აგრეთვე ცხელ წყაროებში ბანაობა და ძალიან კარგადაც ცურავდა. სწორედ ცხელი აბაზანებისადმი სიყვარულის გამო ააშენა მან სასახლე აახენში და იქ ატარებდა დარჩენილი ცხოვრების წლებს. ბანაობისას იგი იწვევდა არა მარტო თავის შვილებს, არამედ წარჩინებულებს, მეგობრებს, ხანდახან პირად მცველებსაც. ზოგჯერ ას კაცზე მეტი ერთად ბანაობდა.
23. კარლოსი ატარებდა ფრანკულ ხალხურ ტანსაცმელს. ტანზე ის იცვამდა ტილოს თეთრეულს, ზემოდან აბრეშუმით მოქარგულ ტუნიკასა და შარვალს. ფეხებს მუხლებამდე ტილოს ნაჭრით იხვევდა. ზამთრობით მხარზე სიასამურის ბეწვის მოსასხამს მოისხამდა, ყოველივე ამის ზემოთ ლაბადას იცმევდა და ყოველთვის ირტყამდა ხმალს, რომლის ტარი ან ოქროსი ან ვერცხლისა იყო, სადღესასწაულო დღეებში კი ძვირფასი თვლებით იყო შემკული.
უცხოურ ტანსაცმელს, როგორი ლამაზიც არ უნდა ყოფილიყო, კარლოსი უგულვებელყოფდა. ერთხელ რომში, პაპი ადრიანეს, ხოლო მეორეჯერ მისი მემკვიდრის ლეოს თხოვნით, გამოეწყო რომაულად, ჩაიცვა გრძელი ტუნიკა და ქლამიდი, რომაული ფეხსაცმელი. კარლოსი მხოლოდ საზეიმო შემთხვევებში იმოსებოდა ტანსაცმლით, რომელიც ოქროთი იყო გაწყობილი და იცვამდა ძვირფასი ქვებით შემკულ ფეხსაცმელს, მოსასხამს იკრავდა ოქროს აბზინდით და იხურაგდა ოქროს გვირგვინს. სხვა დღეებში მისი მორთულობა არაფრით გამოირჩეოდა უბრალო ადამიანის ჩაცმულობისაგან.
24. კარლოსი ზომიერი იყო ჭამასა და სმაში. იგი ძალზე ცოტას სვამდა და ვერ იტანდა ლოთობას, მაგრამ საჭმლის მიმართ იგი არ იყო გულგრილი და ხშირად ჩიოდა, რომ მარხვა ვნებს მის ჯანმრთელობას.
წვეულებებს იგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე აწყობდა და ამ შემთხვევებში ბევრ სტუმარს პატიჟებდა, ხოლო მისი ყოველდღიური სადილი ძალზე უბრალო იყო: იგი შედგებოდა ოთხი დასახელების კერძისაგან, თუ არ ჩავთვლით შამფურზე შემწვარ ხორცს, მონადირეებს რომ მოჰქონდათ, რაც კარლოსს ყველაზე მეტად უყვარდა.
ჭამის დროს იგი უსმენდა მუსიკას ან რაიმე წაკითხულს. მას აინტერესებდა უძველეს ადამიანთა გმირობები, აგრეთვე წმინდა ავგუსტინესს თხზულებები, განსაკუთრებით კი მისი „ღვთის ქალაქი“. ღამით მას საკმაოდ მოუსვენრად ეძინა, ოთხ-ხუთჯერ ეღვიძებოდა და ხანდახან ლოგინიდანაც დგებოდა.
დილით, ჩაცმისას, კარლოსი იღებდა მეგობრებს. ასევე, თუ იყო სასწრაფო საქმე, რომელიც მის გარეშე ვერ გადაეწყვიტათ, უსმენდა მოდავე მხარეებს და ისე გამოჰქონდა განაჩენი თითქოს მოსამართლის სავარძელში მჯდარიყოს. ამავე დროს, იგი აძლევდა განკარგულებებს თავის მსახურებსა და მინისტრებს თუ რა უნდა გაეკეთებინათ მთელი დღის მანძილზე.
25. კარლოსი იყო მჭევრმეტყველი და ისე მსუბუქად და თავისუფლად გამოხატავდა თავის აზრებს, რომ რიტორის მაგივრობასაც გასწევდა. ის არ იფარგლებოდა მხოლოდ მშობლიურ ენაზე მეტყველებით და ბევრს მუშაობდა უცხო ენების შესწავლაზე. სხვათა შორის, ლათინურს დაეუფლა იმდენად, რომ შეეძლო თავისუფლად ელაპარაკა. მაგრამ ბერძნული უფრო ესმოდა, ვიდრე ლაპარაკობდა, იგი ბეჯითად ეუფლებოდა თავისუფალ ხელოვნებებს და ძალზე პატივს სცემდა იმათ, ვინც ამ საგნებს ასწავლიდა. გრამატიკას მას ხანშიშესული დიაკონი პეტრე პიზანელი ასწავლიდა. სხვა საგნებში კი მას ამეცადინებდა ალბინი (რომელსაც ალკუინს ეძახდნენ), დიაკონი, წარმოშობით საქსი ბრიტანეთიდან, ძალიან განსწავლული პიროვნება. კარლოსს იგი ასწავლიდა რიტორიკას, დიალექტიკას, ასტრონომიას. ამის წყალობით კარლოსს შეეძლო გამოეთვალა საეკლესიო დღესასწაულები და დაკვირვება მოეხდინა ვარსკვლავთა გადაადგილებისათვის. იგი ცდილობდა წერაც ესწავლა, ამიტომ მას მუდმივად ჰქონდა ბალიშის ქვეშ ამოდებული პატარა საწერი დაფა, რათა თავისუფალ დროს ასოების გამოყვანა ესწავლა, მაგრამ გვიან დაწყებულ ამ შრომას დიდი წარმატება არ მოჰყოლია.
26. კარლოსი ბავშვობიდანვე ქრისტიანული სარწმუნოების თაყვანისმცემელი იყო, წმინდად და ურყევად მიჰყვებოდა მას. ეკლესიას იგი სხვადასხვა დროს ეწვეოდა ხოლმე, ხანდახან ღამეც, თუკი ავად არ იყო, თან თვალყურს ადევნებდა, რომ ყველაფერი შესრულებულიყო, როგორც საჭირო იყო და არაფერში არ დარღვეულიყო რელიგიური მითითებანი. მან საეკლესიო ღვთისმსახურებასა და გალობაში მკაცრი წესრიგი დაამყარა. ლოცვის კითხვაში საკმაოდ დახელოვნებული იყო კარლოსი, მაგრამ ხალხში არასოდეს არ კითხულობდა. სიმღერით კი მხოლოდ გუნდში მღეროდა და ისიც ჩუმი ხმით.
27. კარლოსი ბევრს ზრუნავდა ღარიბების დასახმარებლად, ქრისტიანებს ხშირად უგზავნიდა წყალობას თავის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც კი – სირიაში, ეგვიპტეში, აფრიკაში, იერუსალიმში, ალექსანდრიასა და კართაგენში. სწორედ იმიტომ მიისწრაფოდა ის სხვა ქვეყნის მეფეებთან მეგობრობისაკენ, რათა მათ ხელისუფლების ქვეშ მცხოვრებ ქრისტიანებს რაღაც ნუგეში და შვება მიეღოთ.
მაგრამ ყველაზე ძალიან მას რომის ადრინდელი სიდიადის აღდგენა ახარებდა. ის უხვად უგზავნიდა საჩუქრებს პაპებს, მდიდრულად მოართვევინა წმ. პეტრეს ტაძარი, რომელიც მსოფლიოს ყველა ტაძრებს შორის გამოირჩეოდა. თუმცა, თავად თავისი მეფობის 47 წლის მანძილზე, სალოცავად რომში მხოლოდ ოთხჯერ იყო.
28. მაგრამ არამარტო ღვთისმოსაობამ აიძულა იგი მოეწყო თავისი უკანასკნელი ლაშქრობა მარადიულ ქალაქში (800). საქმე ისაა, რომ რომაელებმა მძიმედ შეურაცხყვეს რომის პაპი ლეო: დაატყვევეს და დააბრმავებასა და ენის ამოგლიჯას უპირებდნენ. აი ამიტომ ჩავიდა კარლოსი რომში, რათა აღედგინა გათელილი წესრიგი. მან იქ მთელი ზამთარი გაატარა. კარლოსმა სწორედ რომში ყოფნის დროს მიიღო იმპერატორის გვირგვინი და ავგუსტუსის წოდება (25 დეკემბერი, 800 წ.). ჰაპმა დაადგა მას იმპერატორის გვირგვინი. ამ გარემოებით პირველ ხანებში კარლოსი იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ ამტკიცებდა კიდეც, პაპის გადაწყვეტილება რომ სცოდნოდა, საზეიმო დღესასწაულის მიუხედავად იგი არ წავიდოდა ეკლესიაში.
კონსტანტინოპოლის იმპერატორების აღშფოთება, რომ მან მიიღო ეს წოდება, კარლოსმა დიდი მოთმინებით გადაიტანა, ხოლო მათ სიჯიუტეს თავისი დიდსულოვნებით აჯობა. კარლოსი ხშირად აგზავნიდა იმპერატორებთან ელჩებს და წერილებში მათ „ძმებად“ მოისხენიებდა.
29. იმპერატორის ტიტულის მიღებისთანავე კარლოსმა, ხედავდა რა დიდ ნაკლოვანებებს თავისი ხალხის კანონმდებლობაში – ფრანკებს ხომ ორი კანონი აქვთ, ძალზე განსხვავებული ბევრ პუნქტში, – გადაწყვიტა გაესწორებინა იგი, თუმცა, ყველაფრის გაკეთება როდი შეძლო. მან ძველ სამართალს მხოლოდ რამდენიმე ახალი თავი დაუმატა და ისიც დაუმთავრებელი. სამაგიეროდ, ბრძანა მისი ხელისუფლების ქვეშ მყოფი ხალხის ზეპირად არსებული სამართლის შეგროვება და ჩაწერა. ასევე ბრძანა ჩაეწერა და უკვდავეყოთ ძველი ბარბაროსული სიმღერები მეფეთა ომებსა და საქმიანობაზე.
კარლოსმა დაიწყო მშობლიური ენის გრამატიკის შედგენა და თვეებს დაარქვა მშობლიური სახელები.
30. სიცოცხლის ბოლოს, კარლოსმა თავისთან მოიწვია ლუდოვიკო, აკვიტანიის მეფე, ჰილდეგარდის ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი ვაჟი და მთელი სამეფოს წარჩინებულ ფრანკთა საზეიმო კრებაზე, საერთო თანხმობით ის თავის მემკვიდრედ და თანამმართველად გამოაცხადა. შემდეგ მას თავზე გვირგვინი დაადგა და ბრძანა, რომ ამიერიდან მისთვის ეწოდებინათ იმპერატორი და ავგუსტუსი (813).
ეს აქტი ყველამ დიდი კმაყოფილებით მიიღო, რადგან ეჩვენებოდათ, რომ ეს დანიშვნა ღმერთიდან მომდინარეობდა ფრანკთა სახელმწიფოს დიდებისა და გარეშე მტრების დასაშინებლად.
გაამგზავრა თუ არა შვილი აკვიტანიაში, იმპერატორი ჩვეულებისამებრ, სიბერის მიუხადავად, სანადიროდ გაეშურა, დედაქალაქის სიახლოვეს. ამ საქმიანობაში მან გაატარა შემოდგომის დარჩენილი დღეები, ზამთრისათვის კი დაბრუნდა აახენში. აქ კარლოსს ძლიერი ციებ-ცხელება შეეყარა და იანვარში ლოგინად ჩავარდა. ჩვეულებისამებრ მან მარხულობა დაიწყო, ფიქრობდა რა, რომ ამით ნაწილობრივ მაინც განიკურნებოდა, მაგრამ, მალე, ციებ-ცხელებას თან დაერთო გვერდში ტკივილები, რომელსაც ბერძნები პლევრიტს ეძახიან და აი, მეშვიდე დღეს, მიიღო რა ზიარება, გარდაიცვალა. ეს მოხდა მისი სიცოცხლის 72-ე და მისი მეფობის 47-ე წლისთავზე, 28 იანვარს, 814 წელს, დაახლოებით დღის სამ საათზე.
31. მისი სხეული გააპატიოსნეს, ძვირფას ტანსაცმელში გამოაწყვეს, ეკლესიაში გადაასვენეს და მიწას მიაბარეს.
პირველ ხანებში ბევრს ყოყმანობდნენ, თუ სად დაემარხათ რადგანაც კარლოს ამის თაობაზე მითითება არ დაუტოვებია, მაგრამ შემდეგ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ყველაზე ღირსეული ადგილი იმპერატორის დასამარხავდ იყო ის ეკლესია, რომელიც თავად ააგო; და ის ქალაქი, რომელიც თვითონ აირჩია დედაქალაქად.
კარლოსი დამარხეს მისი სიკვდილის დღეს, ხოლო საფლავზე აღმართეს მოოქროვილი სვეტი, რომელზეც მისი თავი იყო გამოსახული და ეწერა: აქ ქვის ქვეშ ასვენია დიდი და მართლმორწმუნე იმპერატორის კარლოსის სხეული. მან გაზარდა ფრანკების სამეფო და ბედნიერად იმეფა 46 წელი, გარდაიცვალა 72 წლის ასაკში 814 წელს.
32. მის გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე მოხდა ბევრი უცნაური მოვლენა, მათი შინაარსი და მნიშვნელობა არავის არ ესმოდა.
უკანასკნელი სამი წლის განმალვობაში აღნიშნული იყო მზისა და მთვარის დაბნელებები, ხოლო მზეზე მთელი შვიდი დღის განმავლობაში შეიმჩნეოდა მუქი ლაქები. კარიბჭე, რომელიც დიდი მონდომებით იქნა აშენებული ეკლესიას და სამეფო საცხოვრებელს შორის, უეცრად დაინგრა, გარდა ამისა, დაიწვა ხიდიც, რომელსაც კარლოსი აშენებინებდღა ათი წლის განმავლობაში მაგონტიაკთან ახლოს, მდ. რაინზე. ეგონათ, რომ იგი მუდმივად იქნებოდა, მაგრამ ხიდი 3 საათში დაიწვა და მისგან არაფერი არ დარჩენილა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც წყლის ქვეშ იყო.
ერთხელ უკანასკნელი საომარი მსვლელობის დროს საქსონიაში დანიის მეფის გოთფრიდის წინააღმდეგ, გამთენიისას ბანაკიდან გამოსულმა კარლოსმა დაინახა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლის ალი, რომელმაც დიდი ელვარებით გადაიფრინა მარჯვნიდან მარცხნივ. ამის შემყურე ჯარისკაცების წინ, გაოგნებულნი რომ იდგნენ, კარლოსის ცხენი წინა ფეხებით ჩაიკეცა და მისი პატრონი ისეთი სიმძლავრით დაეცა მიწაზე, რომ ლაბადის შესაკრავი გაუსკდა, გაწყდა და გაიპო ხმლის მხარზე დასამაგრებელი თასმაც. მეფეს მიეხმარა მოსამსახურე საომარი აღჭურვილობის მოხსნასა და ფეხზე ადგომაში, შუბი კი, რომელიც მას მაგრად ეჭირა ხელში, გაუვარდა და გაფრინდა არანაკლებ ოცი ფუნტი მანძილისა.
აახენის სასახლე ხშირად ირყეოდა, ხოლო სახლებში, სადაც იმპერატორი იყო, ესმოდათ კოჭების ტკაცატკუცი. ეკლესიას კი, სადაც მოგვიანებით კარლოსი დაკრძალეს, მეხი დაეცა. სხვათა შორის, ოქროს ვაშლი, რომელიც ამშვენებდა გუმბათის თავს, შუაზე გაიპო და იქვე ახლოს მდგარი ეპისკოპოსის სახლის სახურავს დაეცა.
ამავე ტაძრის იმ რკალზე, რომელიც შენობის შიდა ნაწილს ერტყმოდა, გაკეთებული იყო წარწერა ცეცხლისფერი საღებავით, რომელიც ტაძრის მშენებელს განადიდებდა. მისი ბოლო სტრიქონი მთავრდებოდა სიტყვებით: კარლოს პრინცეპსი. იმპერატორის სიკვდილის წელს, რამდენიმე თვით ადრე, ის ასოები, რომლებიც სიტყვა „პრინცეპს“ გამოხატავდა, წაიშალა ისე, რომ მათი გარჩევა ძლივს შეიძლებოდა.
ამჩნევდა რა ყველაფერ ამას, კარლოსი ისეთ სახეს იღებდა, ან მართლაც ასე ფიქრობდა, თითქოს ყველაფერ ზემოთ აღწერილს მასთან კავშირი არ ჰქონდა.
33. კარლოსი ამზადებდა ანდერძს, რომლის თანახმადაც მემკვიდრეობის ნაწილი ერგებოდა ქალიშვილებსა და ხარჭებისაგან დაბადებულ ბავშვებს, მაგრამ მან ამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ მოასწრო.
ძვიფრასეულობის, ფულის, ტანსაცმლისა და სხვა ქონების გაყოფა თავის მეგობრებსა და მოსამსახურეებს შორის კი მან ჯერ კიდევ სიკვდილამდე სამი წლით ადრე მოახდინა, მემკვიდრეებისაგან კი კარლოსმა აიღო სიტყვა რომ სიცოცხლეში შედგინილი ანდერძი, მისი სიკვდილის შემდეგაც არ დაირღვეოდა.
უფრო დაწვრილებითი ცნობები გაყოფის შესახებ შესაბამის დოკუმენტშია აღწერილი და მდგომარეობს შემდეგში.
კარლოსმა მთელი თავისი ქონება, საწყობებში რომ ჰქონდა, სამ ნაწილად გაჰყო. ორი მათგანი კიდევ ოცდაერთ ნაწილად დაჰყო სახელმწიფოში არსებულ არქიეპისკოპოსთა ქალაქების რიცხვის მიხედვით და ეს წილი მათვე განუწესა დარჩენილი მესამე ნაწილი კარლოსმა თავისთვის შეინახა სიცოცხლის ბოლომდე. მისი სიკვდილის ან მონასტერში ნებაყოფლობით წასვლის შემთხვევაში ეს ნაწილი ოთხად უნდა გაეყოთ და ერთი ნაწილი უნდა მიემატებინათ ადრე ხსენებული ოცდაერთი ნაწილისათვის, მეორე – უნდა გადაეცათ შვილებისა და შვილიშვილებისათვის და მათში თანაბრად უნდა განაწილებულიყო. მესამე უნდა დაერიგებინათ ღარიბებისათვის და მეოთხე – სასახლის მსახურთათვის. ამ მეოთხე ნაწილს, როგორც ყველა დანარჩენი ნაწილი, რომელიც შედგებოდა ოქროსა და ვერხცლისაგან,
კარლოსმა მიუმატა ბრინჯაოსა და სხვა ლითონების ფიალები, იარაღი, ტანსაცმელი, ფარდები, გადასაფარებლები, ხალიჩები, ტყავები და ყველაფერი ის, რასაც მისი სიკვდილის შემდეგ იპოვნიდნენ.
კარლოსმა ბრძანა, რომ არავითარ დაყოფას არ დაქვემდებარებოდა კაპელა, ე.ი. (აახენის) საეკლესიო ნივთები. გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ის ნივთები, ჭურჭლები, წიგნები ან სხვა ქონება, რომლებიც კაპელაში მოხვდნენ სხვადასხვა გზებით; შეიძლებოდა ამ ნივთების გამოსყიდვა სამართლიან ფასებში.
კარლოსმა ასეთივე განკარგულება გასცა წიგნებზეც, რომლებიც დიდი რაოდენობით შეაგროვა; ვისაც სურვილი ექნებოდა მათი ფლობისა, შეეძლო გამოესყიდა სამართლიან ფასებში, ხოლო აღებული ფული უნდა დაერიგებინათ ღარიბებისათვის.
კარლოსს სხვა განძთან და საკუთრებასთან ერთად ჰქონდა სამი ვერცხლისა და ერთი განსაკუთრებით დიდი და მძიმე ოქროს მაგიდა. მათ შესახებ მეფემ ასეთი განკარგულება, გასცა: ერთ-ერთი მათგანი, კვადრატული, ქალაქ კონსტანტინოპოლის გამოსახულებით, სხვა საჩუქრებთან ერთად, უნდა გადაეცათ რომში, მოციქულ პეტრეს ტაძრისთვის. ქალაქ რომის ხედით მოხატული მეორე, მრგვალი მაგიდა უნდა გადაეგზავნათ რავენის ეკლესიის ეპარქიისათვის, მესამე მაგიდა, რომელიც ყველას აღემატებოდა შესრულების სილამაზითა და შთამბეჭდავი წონით და რომელშიც მთელი მსოფლიო ნატიფად იყო – გამოსახული, მან დაადგინა შეეტანათ ქონების იმ ნაწილში, რომელიც უნდა გაენაწილებინათ კარლოსის მემკვიდრეებისათვის და გამოეყენებინათ მოწყალებისათვის. აქვე უნდა შეეტანათ მეოთხედ მოხსენიებული ოქროს მაგიდაც.
ეს განკარგულება კარლოსმა მიიღო და დაამტკიცა მრავალი ეპისკოპოსის, აბატისა და გრაფის თანდასწრებით, რომლებმაც თავიანთი ხელმოწერით განამტკიცეს დოკუმენტი. კარლოსის შვილმა და ღვთითკურთხეულმა მემკვიდრემ ლუდოვიკომ დააფასა ეს ნაბოძვარი და უდიდესი მოწიწებით შეასრულა ყველაფერი, რაც წერილობით იყო ნაბრძანები განსვენებული იმპერატორის მიერ.

Комментариев нет:
Отправить комментарий