პაპის მხარდაჭერით 751 წელს ფრანკების მეფედ ეკურთხა მაიორდომი პიპინ მოკლე. მადლიერმა მეფემ ორგზის (754 და 756 წწ.) ილაშქრა და სასტიკად დაამარცხა ლანგობარდების მეფე აისტულფი. ეს უკანასკნელი 756 წელს იძულებული გახდა, პაპ სტეფანე II-სათვის გადაეცა რავენას ეგზარქატის მიწები (ბიზანტიის ყოფილი ტერიტორია) და რომის ოლქის ტერიტორიები. ასე ჩაეყარა საფუძველი პაპების საერო ხელისუფლებას იტალიაში. ამგვარად, VIII საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა პაპების საეკლესიო სამეფო, რომელიც შემდეგ, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, საერთაშორისო ცხოვრებაში მნიშენელოვან როლს ასრულებდა. მართალია, ბოლო ხანებში პაპების სამეფოს ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ, ვატიკანის სახით, ის დღესაც განაგრძობს არსებობას.
რავენას ეგზარქატის მიწებისა და რომის ოლქის ტერიტორიების პაპებისათვის გადაცემა სათანადო აქტითაც გაფორმდა, მაგრამ ეს არცთუ ისე მისაღები აღმოჩნდა პაპებისათვის, რადგან იგი პაპებს კაროლინგებისადმი დაქვემდებარებულს ხდიდა. მოპოვებული სამეფო ხელისუფლება „კანონიერი“ რომ გაეხადათ, პაპებმა იმთავითვე იწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება, იმის დამტკიცება, რომ ეს საჩუქარი მომდინარეობდა არა პიპინ მოკლესაგან, არამედ იმპერატორ კონსტანტინე დიდისაგან (306-337). ასე ჩაეყარა საფუძველი ყალბ დოკუმენტს, ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარს“.
პირველი, ვინც მეცნიერულად დაასაბუთა „კონსტანტინეს ნაბოძვრის“ სიყალბე, იტალიელი ჰუმანისტი ლორენცო ვალა (1407–1457) იყო. ამ მიზნით მან სამგვარი არგუმენტი მოიშველია: რელიგიური, ისტორიული და ფილოლოგიური.
რელიგიური არგუმენტაციის თანახმად, პაპ სილვესტრისათვის ამგვარი საჩუქარი კიდეც რომ შეეთავაზებინა კონსტანტინეს, წმ. პეტრეს მემკვიდრეს იგი არ უნდა მიეღო, რადგან სახარება კატეგორიულად კრძალავს საერო ხელისუფლების გადაცემას სასულიერო პირზე.
ისტორიული არგუმენტაციის მიხედვით, კონსტანტინე სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა რომის იმპერიას. იმპერია მან, ევროპეუსის „მოკლე ისტორიის“ თანახმად, თავის სამ ვაჟს დაუტოვა. ვალა ნუმიზმატიკურ მონაცემებსაც იშველიებს და ამტკიცებს, რომ კონსტანტინეს დროინდელ არც ერთ მონეტაზე არც პაპია გამოსახული და არც პეტრე მოციქული. ის აზრიც არ უნდა იყოს სწორი, რომ კონსტანტინე მოინათლა 323-324 წლებში, როგორც ეს სიგელის წინასიტყვაობაშის ნათქვამი ვალას აზრით, როგორც ამას კონსტანტინეს თანამეჯროვე ისტორიკოსებიც ადასტურებენ, იმპერატორმა ქრისტიანობა მიიღო სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, 337 წელს. ვალა ეჭვის ქვეშ აყენებსს დედაქალაქის კონსტანტინოპოლში გადატანის ფაქტსაც 323-324 წლებში, რადგან კონსტანტინოპოლი იმ დროს არ „არსებობდა. იმპერატორმა მას 329-330 წლებში ჩაუყარა საფუძველი.
ფილოლოგიური არგუმენტაციის თანახმად, თუ დავუშვებთ იმას, რომ „კონსტანტინეს ნაბოძვარი“ დაწერილია IV საუკუნეში, იგი აუცილებლად კლასიკურ ლათინურზე უნდა იყოს შედგენილი, მაშინ, როცა სიგელის ავტორი ბარბაროსულ ლათინურზე მეტყველებდა.
ტექსტი ქართულად თარგმნა გურამ კუტალიამ.
კონსტანტინეს ნაბოძვარი
ნაწილი I
თავი XIII
იმპერატორმა კონსტანტინემ სამოციქულო ტახტს უბოძა გვირგვინი და მთელი სამეფო ხელისუფლება ქ. რომში, იტალიასა და დასავლეთ ოლქებში, რადგან „ნეტარი სილვესტრის საქმენში“ (რომელთა შესახებაც ნეტარმა პაპმა ჰელვეციუსმა მოგვახსენა „70 ეპისკოპოსის კრებულში“, რომ საქმენი მისნი იყო მართლმორწმუნე და რომ ძველი ჩვეულებების თანახმად, მას ბაძავს შრავალი ეკლესია), შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი:
თავი XIV
მონათვლიდან მეოთხე დღეს იმპერატორმა კონსტანტინემ რომის ეკლესიის მღვდელმთავარს უბოძა პრივილეგია, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მთელ რომის იმპერიაში მღვდლები მას თავიანთ მეთაურად აღიარებდნენ, ისე, როგორც მოსამართლენი მიიჩნევენ თავიანთ მეთაურად მეფეს. ამ წყალობის სიგელში, გარდა თქმულისა, შეიძლება წავიკითხოთ:
„ჩვენ, მთელ სატრაპებთან, სენატთან და ოპტიმატებთან ერთად, აგრეთვე მთელ ხალხთან ერთად, რომელიც ემორჩილება რომის ხე- ლისუფლებას, გადავწყვიტეთ:
რადგანაც ნეტარი პეტრე არის ღმერთის ძის ნაცვალი დედამიწაზე, დაე, პონტიფიკებმა რომელნიც ცვლიან თვით მოციქულთა თავს, მიიღონ ჩვენგან და ჩვენი იმპერიისაგან დათმობილი უმაღლესი ხელისუფლება, უფრო დიდი, ვიდრე ის, რომელიც აქვს ჩვენი მიწიერი მოწყალე იმპერატორის ბრწყინვალებას.
ჩვენ ვირჩევთ ჩვენთვის მოციქულთა თავს ან მის ნაცვლებს, რათა ისინი იყვნენ საიმედო მცველები ღვთის წინაშე. და ისე, როგორც საიმპერატორო ხელისუფლება, ჩვენ გადავწყვიტეთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ რომის წმინდა ეკლესია და, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი იმპერია და მიწიერი ტახტი, დიდების მწვერვალზე ავიყვანოთ ნეტარი პეტრეს უწმინდესი ტახტი, საჩუქრად ვაძლევთ რა მას ძალასა და დიდებას, ღირსებასა და ძლევამოსილებას, საიმპერატორო პატივს. და ჩვენ სანქციას ვიძლევით, რომ მას მიეკუთვნებოდეს უზენაესობა, როგორც ოთხი უმთავრესი ტახტის მიმართ: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, კონსტანტინოპოლის, ასევე ყველა საღვთო ეკლესიისადმი მთელს დედამიწაზე პაპი რომელიც ოდესმე რომის ეკლესიის უმაღლესი ხელისუფალი გახდება, დაე, იდგეს ყველა მღვდელზე მაღლა და განაგებდეს მათ მთელს მსოფლიოში. დაე, მისი გადაწყვეტილებებით განისაზღვრებოდეს ყველაფერი ის, რაც შედის ღმერთისადმი თაყვანისცემასა და ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში. და ქვემოთ:
1. ნეტარი მოციქულების – პეტრესა და პავლეს ეკლესიებს, რათა მათი ლამპარი ჩაუქრობლად ენთოს, ჩვენ გადავეცით მფლობელობაში მიწები და დავასაჩუქრეთ სხვადასხვა სიკეთით და ჩვენი იმპერატორის წყალობაში მათ გადავეცით. სამფლობელოები როგორც აღმოსავლეთში„ ისე დასავლეთში აგრეთვე ჩრდილოეთსა და სამხრეთში, კერძოდ: იუდეაში საბერძნეთში, აზიაში, თრაკიაში, აფრიკაში, იტალიაში და სხვადასხვა კუნძულებზე. ჩეენ ეს სამფლობელოები გადავეცით იმ პირობით, რომ იგი იმყოფებოდეს ჩვენი უნეტარესი მამის, უზენაესი მღვდელმთავრის სილვესტრისა და მისი შემკვიდრეების გამგებლობაში. და ქვემოთ:
2. ნეტარ სილვესტრს, ჩვენს მამას, უმაღლეს მღვდელმთავარსა და მსოფლიო საეკლესიო პაპს და მის ყველა მემკვიდრეს – მღვდელმთავარს, რომელიც სამყაროს ბოლომდე განაგებენ ნეტარი პეტრეს ტახტს, ჩვენ ამიერიდან ვაძლევთ საიმპერატორო ლატერანის, სასახლეს, შემდეგ დიადემას, ე.ი. ჩვენი თავიდან ვიხსნით გვირგვინს და მასთან ერთად – ტიარას, ასევე სამხრე ლენტს, რომელსაც ჩვეულებრივ კისრის ირგვლივ იკეთებენ ხოლმე, ჩვენ გადავცემთ აგრეთვე მეწამულ ქლამინდს, მეწამულ ტუნიკს და ყველა საიმპერატორო სამოსს, ასევე საიმპერატორო მხედრიონის მეთაურის ღირსების ნიშნებს, ჩვენ საჩუქრად გადავცემთ მას იმპერატორის კვერთხს, მასთან ერთად ყველა სადროშო ნიშანს და საიმპერატორო მოკაზმულობას, მთელი საიმპერატორო დიდების ბრწყინვალებას, ჩვენი ხელისუფლების სრულ. ძლევამოსილებას.
3. ჩვენ აგრეთვე ვადგენთ, რომ პატივდებული კაცები და ბერები, რომელნიც წმინდა რომის ეკლესიის სხვადასხვა ორდენს მიეკუთვნებიან, დასაჩუქრებულნი და აღმატებულებით, რომლითაც შემკულნი არიან ჩვენი უბრწყინვალესი სენატი, პატრიციები და კონსულები. ჩვენ აგრეთვე განვაცხადეთ, რომ ისინი ირთვებოდნენ სხვა დანარჩენი საიმპერატორო განმასხვავებელი ნიშნებით და გადავწყვიტეთ რომ ისევ, როგორც მორთულია იმპერატორის არმია, ისე მოიკაზმოს ეკლესიის მსახურნი და მსგავსად იმისა, როგორც იმპერატორის ხელისუფლებას ექვემდებარება. სხვადასხვა სამსახური, კერძოდ, მესაწოლენი, მეკარეები და ლოჟის ყოველგვარი მცველები, ზუსტად ასევე გვინდა, რომ აღვჭურვოთ რომის ეკლესია, რათა მღვდელმთავრის დიდება ბრწყინავდეს უფრო მეტად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რომის ეკლესიის წარმომადგენელთა. ცხენები მორთულნი იყვნენ უნაგირებით და ჩულოთი. ე.ი. უფრო მკვეთრი სითეთრით ბრწყინავდეს და ეკლესიის მსახურნი მათზე დიდკაცურად ამხედრდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საეკლესიო წოდების წარმომადგენლები, მსგავსად სენატორებისა, სარგებლობდნენ ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით, რომელიც, გაწყობილი იქნება თეთრი ტილოთი. დაე, ზეციერი მსგავსად მიწიერისა, შეიმკოს. ღვთის სადიდებლად!
4. უპირველესად, ჩვენ ჩვენი ბრძანებულებით უწმინდეს სილვესტრსა და მის მემკვიდრეებს ვაძლევთ უფლებას, საკუთარი გადაწყვეტილებით დანიშნონ მღვდელმთავრები და კლერიკალთა რიცხვს მიამატონ ის კეთილშობილი ადამიანები, ვისაც თვითონ მოისურვებენ. დაე, ნურავინ გაბედავს, თვითნებურად ჩაერიოს პაპის საქმეებში.
5. ჩვენ აგრეთვე გადავწყვიტეთ, რომ თვითონ იგი და მისი მემკვიდრეები სარგებლობდნენ დიადემით, ე.ი. სუფთა ოქროსა და ძვირფასი ქვებისაგან შემდგარი გვირგვინით, რომელიც ჩვენ მოვიხსენით და მას დავადგით თავზე, და ატარებდეს მას იგი ღვთის სადიდებლად, ნეტარი პეტრეს პატივსაცემად. მაგრამ, რადგან უნეტარესმა პაპმა არ მოისურვა, რომ ეს ოქროს გვირგვინი აღემატებოდეს მღვდელმთავრის გვირგვინს, დამაბრმავებელი ბრწყინვალებით რომ ანათებს და ლმერთის აღდგომას ნიშნავს, ჩვენ მაინც დავადგით თავზე მის უწმინდესობას ჩვენი ხელით; ნიშნად მოწიწებისა პეტრეს, წინაშე ჩვენ დავიჭირეთ ცხენის ლაგამი, რითაც მისთვის ვასრულებთ მეჯინიბის სამსახურს. და ჩვენ დავადგინეთ, რომ მისმა ყოველმა მემკვიდრემ განსაკუთრებულობის ნიშნად, პროცესიის მსვლელობისას ატაროს ეს ტიარა ჩვენი ხელისუფლების წაბაძვით.
6. იმისათვის, რომ პონტიფიკატის სიდიადე არ იყოს დამცირებული და იყოს უფრო მეტად გაბრწყინებული დიდებითა და ძლიერებით, ვიდრე მიწიერი ხელისუფლება, ჩვენ გადავცემთ და ვუტოვებთ ზემოხსეხებულ ნეტარ პონტიფიკატს, მსოფლიო პაპს სილვესტრს ჩვენს სასახლეს, როგორც ვთქვით ზემოთ; და ქალაქ რომს, ასევე ყველა პროვინციას, იტალიის ქალაქებსა და დასავლეთის მხარეებს. ამ ღვთისნიერი გადაწყვეტილებით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ის და მისი მემკვიდრეები განაგებდნენ ამ სამფლობელოებს და რომ ეს სამფლობელოები რომის წმ. ეკლესიის კანონის ქვეშ იმყოფებოდნენ.
7. ამიტომ ჩვენ მართებულად ჩავთვალეთ, რათა გადავიტანოთ ჩვენი იმპერია და სამეფო ხელისუფლება აღმოსავლეთ ოლქებში და საუკეთესო ადგილზე – ბიზანტიის პროვინციაში ჩვენს სახელზე ავაშენოთ სახელმწიფო და იქ დავაარსოთ ჩვენი იმპერია, რადგან, სადაც პირველი მღვდელმთავართაგანია და ქრისტიანული რელიგიის თავი დაყენებულია ზეციური იმპერატორის მიერ, იქ არ ეკუთვნის ხელისუფლება მიწიერ იმპერატორს.
8. ჩვენ დავადგინეთ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვადგენთ და ვამტკიცებთ ჩვენი იმპერატორის ამ უწმინდესი სიგელითა და სხვა საღვთო ბრძანებებით, დარჩეს ურღვევად და ურყევად სამყაროს ბოლომდე. ამიტომ ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომელმაც გვიბრძანა, ვიმეფოთ მისი მკაცრი სამართლის წინაშე ამ საიმპერატორო დადგენილებით ვაფიცებთ ყველა იმპერატორს – ჩვენს მემკვიდრეებს, ყველა ოპტიმატს, სატრაპს, ასევე – უდიდებულეს სენატს და მთელ ხალხს მსოფლიოში, რომელიც ამჟამად ემორჩილება და რომელიც მომავალში დაემორჩილება ჩვენს ხელისუფლებას, რათა არც ერთმა მათგანმა არ გაბედოს ამისი ხელყოფა, ანდა ვნების მიყენება, და თუკი გამოჩნდება ისეთი ადამიანი (რაშიც არა ვართ დარწმუნებულნი), რომელიც გაბედავს წაბილწოს ან უგულებელყოს იგი, დაე, წყეულ იყოს უკუნითი უკუნისამდე, დაე იგრძნოს მან სააქაო და საიქიო ცხოვრებაში, რაოდენ უცხოა მისთვის ღვთიური სიწმინდე, რას ნიშნავს ღვთის მოციქულთა პეტრესა და პავლეს წყრომა და შთაინთქას იგი ჯოჯოხეთში ეშმაკთან და ყველა ცოდვილთან ერთად შევკარით რა საკუთარი ხელებით ჩვენი. იმპერატორის დადგენილება, ჩვენ იგი დავადეთ უნეტარესი პეტრეს სხეულს, მოციქულთა თავს.
გამოცემულია რომში, აპრილის კალენდრამდე სამი დღით ადრე, ჩვენი ბატონის ფლავიუს კონსტანტინე ავგუსტუსის მეოთხე კონსულობის და სახელოვანი ჰალიკანუსის კონსულობის ჟამს“.
Комментариев нет:
Отправить комментарий