ურარტუს წამყვანი მოსახლეობა – ურარტელები – ენით ახლოს იდგნენ ხურიტებთან, რომელთაც ძვ.წ. II ათასწლეულში შექშნეს ძლიერი სახელმწიფო – მითანი. მათ შორის სიახლოვე შეინიშნება კულტურის, რელიგიის მხრივაც, ურარტელების მთავარ ღმერთად ითვლებოდა ადგილობრივი ღვთაება ხალდი. პანთეონში მეორე ადგილი ეკავა ტაროსის, ჭექა-ქუხილის ღმერთ თეიშებას და მის მეუღლე ხუბას, რომელნიც ასახიერებდნენ ხურიტების უზენაეს მამაღმერთსა და ქალღმერთს – თეშუფსა და ხეფას.
მითანის ძლიერების ხანაში ურარტელი ტომები ამ სახელმწიფოს ფარგლებში უნდა ყოფილიყვნენ მოქცეული. ცნობილია, რომ მითანის საზღვრები ჩრდილოეთით საკმაოდ შორ მანძილზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. იგი, შეიძლება, თვით კავკასიის სამხრეთ რაიონებსაც კი მოიცავდა. ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ურარტელი ტომებიც მის ფარგლებში უნდა ყოფილიყვნენ მოქცეული. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ურარტელი ტომების, ყოველ შემთხვევაში, მათი იმ ნაწილის უმთავრესი კერა, რომელნიც შემდეგ ურარტუს სამეფოს სათავეში იმყოფებოდნენ, მდებარეობდა საკმაოდ სამხრეთით, ურმიის ტბის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროს მახლობლად. აქ იყო ურარტელთა რელიგიური ცენტრი –– ქალაქი, რომელსაც ურარტელები არდინის, ხოლო მეზობელი ასურელები მუსასირს ეძახდნენ.
მას შემდეგ, რაც ხურიტების ძლიერი სახელმწიფო – მითანი – დასუსტდა, ხოლო შემდეგ საბოლოოდ დაემხო (ძვ.წ. XIII ს.), ასურელებმა სასტიკი ბრძოლები გააჩაღეს ადრე ამ სამეფოს შემადგენლობაში შემავალი, ახლა კი დამოუკიდებლად ქცეული ურარტელ და მათ მეზობელ ტომთა გაერთიანებების დასაპყრობად. პირველად ურარტუს (ურუატრის) წინააღმდეგ ლანქრობაზე მოგვითხრობს ასურეთის მეფის სალმანასარ I-ის (ძვ.წ. 1273–1244) წარწერები, სწორედ იმ მეფისა, რომელსაც მიეწერება მითანის სამეფოს ნაშთების სრული განადგურება.
ძვ.წ. XIII--XI სს. საერთოდ ძალზე ინტენსიური გახდა ასურელთა ლაშქრობები ჩრდილოეთში. თურქულთინინურტა I (1243--1207), მაგალითად, ლაპარაკობს, რომ იგი ღვთაება ასურმა გაგზავნა ნაირის ქვეყნებისა და ზემო ზღვის პირას მდებარე. ქვეყნების დასალაშქრად, რომ მან დაიპყრო ეს ქვეყნები და მათი 40 მეფე დაიმორჩილა. ნაირის და ზემო ზღვისპირა ქვეყნების მეფეთა წინააღმდეგ ბრძოლაზე კიდევ უფრო ვრცლად მოგვითხრობს მეფე ტიგლათფილესერ I (ძვ.წ. 1115–1077). იგი ჩამოთვლის ნაირის 23 ქვეყნის მეფეს, რომელთაც კავშირი შეკრეს და მის წინააღმდეგ ამხედრდნენ. როცა იგი ჩრდილოეთით გაემართა. ამ კოალიციას სათავეში ედგა დაიაენის მეფე სიენი. დაიაენი შემდეგში იხსენიებს ურარტულ წყაროებში „დიაოხის“ ფორმით, ხოლო ძველ ბერძნულ წყაროებში „ტაოხი“-ს სახით. ეს სახელი შემორჩა ისტორიული საქართველოს ერთ-ერთ ოლქს ტაოს. ამრიგად, ნაირის ქვეყნების კოალიციის სათავეში მდგომი სიენი ტაოს მეფე, უნდა ყოფილიყო.
ტიგლათფილესერ I-ის შემდეგ ასურეთი ერთხანს დასუსტდა, მაგრამ ძვ.წ. IX საუკუნიდან ხელახლა ძველებურად და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ამას თან სდევდა მეზობლებზე, მათ შორის ნაირი-ურარტუს მოსახლეობაზე შეტევის გაძლიერება. ასურელების მიზანი ამჯერადაც ძველებური იყო: ნადავლი, ტყვეები, ხარკი. მათ ლაშქრობებს, ამასთანავე, თან სდევდა მხეცური სისასტიკე დალაშქრული მხარის მოსახლეობის მიმართ. ასეთი რამ განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ასურნასირფალ II-ის (883–859) ლაშქრობებისათვის. ასურეთში – ამ მხედრების ქვეყანაში – თავისი მეომრობითა და სისასტიკით განთქმულ მეფეთა შორისაც, ასურნასირფალ II-ს უცილობლად პირველი ადგილი უჭირავს მოლაშქრეობასა და სისასტიკეში. მისი დროის წერილობითი თუ სახვითი ხელოვნების ძეგლები მას გვიხატავენ, როგორც მრისხანე და სისხლისმღვრელ ბრძანებელს. მისი ლაშქარი მარტო დამარცხებულთა გაჟლეტით არ კმაყოფილდებოდა. დამარცხებული ქვეყნის მოსახლეობას ასურნასირფალი მასიურად ცოცხლად სარზე აცვამდა, კედელში ატანდა, თვალებს სთხრიდა, ხელებს, თითებს, ცხვირსა და ყურებს აჭრიდა, ცოცხლად წვავდა ცეცხლში (მეტადრე ახალგაზრდა ვაჟებსა და ქალებს) და, რაც განსაუთრებით აღსანიშნავია, არა მარტო დამარცხებული ქვეყნის ბელადებს, არამედ სხვა მრავალსაც ცოცხლივ ტყავს აძრობდა და ხალხის დასაშინებლად მათი ან ასურეთის ქალაქების კედლებზე გადაფენდა ხოლმე.
ასურნასირფალის ასეთი სისასტიკის აღწერით სავსეა მისი წარწერების ის ადგილებიც, სადაც ნაირი-ურარტუს მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობებია აღწერილი. ასევე, ქალაქ კალხუში მისი სასაიხლის რელიეფები, როგორც აღმოჩნდა, აჭრელებული ყოფილა გამოსახულებებით, რომლებზეც გამოხატულია დაპყრობილ ქვეყნებში ასურელთა მიერ ჩადენილი სისასტიკე. ამ სახის ათასგვარ სცენას ვხვდებით აქ, მათ შორის ცოცხალი ადამიანისათვის ტყავის გაძრობის სცენებსაც.
საყურადღებოა, რომ, მიუხედავად ასურნასირფალის ასეთი ინტენიური ლაშქრობებისა ჩრდილოეთით, აქ მას ურარტელთა რაიმე დიდი პოლიტიკური ერთეული არ ხვდება. სამაგიეროდ მის მემკვიდრეს სალმანასარ III-ს (860–825) უკვე თავისი მეფობის დასაწყისში შეტაკება უხდება ურარტუს ძლიერ და დიდ სამეფოსთან. უნდა ვიფიქროთ, რომ ასურელების აღვირახსნილმა თარეშმა გარკვეულად ბიძგი მისცა ურარტელთა პოლიტიკური გაერთიანებების კონსოლიდაციას და ურარტუს დიდი სამეფოს წარმოქმნას შეუწყო ხელი.
ურარტუს პირველ მეფედ ასურულ წყაროებში დასახელებულია არამე. მასთან ომს რამდენჯერმე იხსენიებს სალმანასარ III. უკვე თავისი მეფობის დასაწყისში ეს უკანასკნელი იღებს არამეს ერთ-ერთ ციხე-სიმაგრე სუგუნიას და მის გარშემო მდებარე 14 სხვა ქალაქს, რომლებსაც იგი სასტიკად არბევს. მეფობის მესამე წელს სალმანასარს სასტიკი შეტაკება უხდება არამესთან, რომელიც, როგორც სალმანასარი ამბობს, თავისი ჯარების მრავალრიცხოვნობის იმედით გამოემართა მასთან შესაბრძოლებლად. სალმანასარი ამბობს, რომ მან დაამარცხა არამეს ეს მრავალრიცხოვანი ლაშქარი და 3400 მეომარი მოუკლა მას. ამ ლაშქრობის დროს სალმანასარმა აიღო არამეს „სამეფო ქალაქი“ არზაშქუნი, რომელიც ვანის ტბის ჩრდილოეთით მდებარეობდა. კიდევ ერთხელ, მეფობის მე-15 წელს იხსენიებს სალმანასარი არამეს: იგი ამბობს, რომ დაარბია, დაანგრია და ცეცხლს მისცა ურარტუს მეფის არამეს ქალაქები.
სალამანასარ III-ის (860–825) მეფობის 27-ე წელს ურარტუს სამეფო ტახტზე უკეე სხვა პირი ჩანს – სედური. დანამდვილებით ვიცით, რომ ამ უკანასკნელის რეზიდენცია იყო ქალაქი ტუშფა (დღევანდელი ვანი. ეანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე), აქ ურარტული დროის ციხე-სიმაგრის გალავნის კედლებში ჩატანებელია მრავალი წარწერიანი ქვა, სადაც მეფე თავის თავს სარდური ლუთიფრის ძეს ეძახის, ბრწყინვალე ტიტულატურით იმკობს თავს („მეფე დიდი, მეფე ძლიერი, მეფე სამყაროსი, მეფე ნაირის ქვეყნისა, მეფე, რომელსაც ტოლი არ ჰყავს და ა. შ.). ტუშფაში მას დიდი აღმშენებლობა უწარმოებია. ჩანს, ისიც ძლიერი ხელისუფალი ყოფილა. სალმანასარ III ამბობს, რომ ეს სარდური (I) (სედური) თავის მრავალრიცხოვანი ლაშქრის იმედით გამოემართაო ჩემთან საბრძოლველად.
ძვ.წ. IX ს. დასასრული და VIII საუკუნე ურარტუს სახელმწიფოს ძლევამოსილების ხანას წარმოადგენს. ამ დროს მეფობდნენ ურარტუში ზემოდასახელებული სარდური ლუთიფრის ძის ძე, იშფუინი (IX ს. უკანასკნელი მეოთხედი), ამ უკანასკნელის ძე მენუა (IX–VIII სს-თა მიჯნა), არგიშთი I მენუას ძე (786–764) და სარდური II არგიშთის ძე (764–735). ამ პერიოდში ურარტუს მეფეები აწარმოებდნენ ფართო დამპყრობლურ ომებს და ყველა მიმართულებით დიდად გააფართოეეს თავისი სამეფოს ტერიტორია.
ასურეთის ლაშქრის დამარცხებას და მის დამორჩილებას იკვეხნის თავის მატიანეში ურარტუს მეფე არგიშთი I, მისი მემკვიდრე სარდური II კი აღნიშნავს, რომ მან სძლია „ასურნირარის, ადადნირარის ძეს, ასურის ქვეყნის მეფეს“. ურარტუმ ხელთ იგდო რა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის რიგი რაიონი, ლითონით ღარიბ ასურეთს გზა გადაუკეტა მისი მომარაგების წყაროსაკენ – მცირე აზიისაკენ და ამითაც ხელი შეუწყო მის დასუსტებას.
დიდ წარმატებებს აღწევს ურარტუ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ურმიის ტბის მიმართულებით. აქ, როგორც ვთქვით, მდებარეობდა ურარტელი ტომების უძველესი ცენტრები, კერძოდ, მათი უმთავრესი ღვთაების, ხალდის კულტის ცენტრი ქალაქი მუსასირი. ურარტუს სამეფოს წარმოქმნის ჟამს, IX ს. შუახანებში მუსასირი, ეტყობა, არ შედიოდა ურარტუს შემადგენლობაში, მის ფარგლებს გარეთ იყო. მაგრამ მალე, უკვე იშფუინის დროს, მას ურარტუს გავლენის სფეროში ვხედავთ. აქ მოდიან იშფუინი და მენუა, ხალდის ტაძარს ძღვენს სწირავენ, მშენებლობას აწარმოებენ და სხვ. მუსასირის შესვლა ურარტუს შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო. აქ ურარტუს არსებობის მთელ მანძილზე დატოვებულ იქნა ადგილობრივი დინასტია, რომელიც აღიარებდა ურარტუს მეფეთა უმაღლეს ხელისუფლებას. მუსასირთან ერთად ურარტუმ შეიერთა, უეჭველია, ურმიის ტბის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე სხვა ქვეყნებიც. ამავე რაიონი, ურმიის ტბის სამხრეთითა და აღმოსავლეთით ურარტუს მეფეებმა დიდი ბრძოლები გააჩაღეს აქ არსებულ დიდ გაერთიანებასთან – მანას სამეფოსთან. მის წინააღმდეგ ლაშქრობები ხშირად ყოველწლიურად წარმოებდა. ურარტული წარწერები სავსეა მანას ტერიტორიაზე დაპყრობილი და დარბეული პუნქტებისა და ოლქების ჩამოთვლით, აქ ხელთგდებული უზარმაზარი ნადავლის (ძირითადად პირუტყვის) და ტყვეთა დიდი რაოდენობის დასახელებით... ურარტელები ცდილობენ მანას ცალკეული რაიონები უშუალოდ შეუერთონ თავის სამეფოს და პროვინციად გაიხადონ. ისინი აქ აგებენ ციხე–სიმაგრეებს, ტოვებენ თავის გარნიზონებს და სხვ.
არანაკლებ ინტენსიური იყო ამ ხანებში ურარტელთა შეტევა სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. ურარტუს ლაშქარმა მიაღწია დასავლეთით ისე შორს მდებარე პუნქტებს, როგორიცაა კუმუხი, მალატია, ალეპო. ურარტელთა ჯარები ევფრატის დასავლეთით, ჩრდილოეთ სირიაშიც არაერთხელ გამოჩნდნენ და ცდილობდნენ ეს ადგილებიც დაემორჩილებინათ. უკეე მენუა მეფე იკვეხნის ისეთი ქვეყნების დამორჩილებას, როგორიცაა: მელიტეა (მალატია), ხათი (ხეთების ქვეყანა – ამ დროს ასე ეძახდნენ ჩრდილოეთ სირიას და მცირე აზიის მომიჯნავე რაიონებს), ცუფანი (ანტიკური ხანის „სოფენე“), ალზი (მდ. მურად-სუს დინების სამხრეთით), და სხვ.
ამ და სხვა მეზობილი ქვეყნების დალაშქვრა ხდებოდა არგიშთი I-ის დროსაც, ხოლო მისი მემკვიდრის სარდური II-ის მეფობაში ურარტელთა აქტივობა განსაკუთრებით იზრდება ამ მხარეში. მის დროს ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის უმნიშვნელოვანესი ერთეულები ურარტუს გავლენის სფეროში მოქცეული ჩანს. კუმუხის მეფე ქეშთაშფილი, მაგალითად, სარდური მეფეს ხარკის სახით მიართმევს 40 მინა (დაახლოებით 20 კგ) „სუფთა ოქროს“, 800 მინა ვერცხლს, დიდძალ სპილენძს და სხვ.
ადრიდანვე ურარტუელთა ექსპანსიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი გახდა კავკასიის სამხრეთი რაიონებიც. უკვე იშფუინის მეფობის ხანაში ურარტელებს თავს დასხმიან ლუშას (ლუსა-ლაზი?), ქათარზას (კლარჯეთი) და ვიტერუხის (ვიძურუხი, ოძრხე) ტომები, რომლებიც დიაოხის მეზობელი ქართველური ტომები იყვნენ. იშფუინმა და მისმა ვაჟმა მენუამ იკუაგდეს ისინი, დაედევნენ, შეიჭრნენ მათ ქვეყნებში და ხელთ იგდეს 13540 სული მსხვილფეხა და 20785 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი და ტყვეები. ლუშას, ქათარზასა და ვიტერუხს მოეშველნენ ეთიუნის ქვეყნის მეფეები (ყარს-არზრუმიდან სევანის ტბამდე ტერიტორიაზე მცხოვრებნი).
მენუა თავისი მეფობის დროს გამუდმებით თავს ესხმოდა დიახოს სამეფოს, დაარამცხა მისი მეფე უტუფურში და ხარკად მიიღო ოქრო-ვერცხლი, პირუტყვი და სხვა ნადავლი.
მენუას დროს ურარტელებმა ფეხი მოიკიდეს არარატის მთის სამხრეთ კალთებზეც. აქ მათ დაიმორჩილეს ერქუას ქვეყანა და თავისი დასაყრდენი პუნქტი – ქალაქი მენუახინილიც – ააგეს.
განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბრძოლა სამხრეთ კავკასიის დასამორჩილებლად მენუას მემკვიდრის – არგიშთი I-ის (786–760) მეფობაში. დიდი ბრძოლები გრძელდებოდა დიაოხისთან, რომლის მეფედ არგიშთის მმართველობის დასაწყისში კვლავ უტუფურში იყო. კავკასიის თითქმის ყველა მეზობელი ტომი (ლუშა, ქათარზა, ერიახი, გულუთახი, ვიტერუხი, აფუნი, იგანიეხი) ეხმარებოდვენ დიაუხის და მასთან ერთად იქნენ დარბეული ურარტელთა მიერ. არგიშთიმ დიაოხის ტერიტორიას ნაწილი ჩამოაჭრა და იქ თავისი დასაყრდენი პუნქტები – ციხე-სიმაგრეები – ააგო. 15181 ყრმა, 2734 მამაკაცი, 10604 ქალი ტყვედ წაიყვანა, ნადავლის სახით ხელთ იგდო 4426 ცხენი, 10478 მსხვილფეხა და 73770 წვრილფეხა საქონელი. დიაოხის მეფემ ხარკის სახით არგიმთის მისცა 41 მინა (მინა = დაახლოებით ნახევარ კილოგრამს) სუფთა ოქრო, 37 მინა ვერცხლი, მრავალი ათეული ათასი მინა სპილენძი, 1000 ცხენი, ათეულ ათასობით წვრილფეხა პირუტყვი და სხვ. არგიშთიმ დიაოხის დააკისრა ყოველწლიური ხარკიც (მათ შორის მარტო სპილენძისა – წლიურად 5 ტონის რაოდენობით).
არგიშთი I-ის დროს ურარტელები გადმოვიდნენ არაქსის ჩრდილო ნაპირზე და არარატის ველის ინტენსიურ დაპყრობას შეუდგნენ. არ- გიშთიმ აქ ააშენა ორი დიდი ციხე-სიმაგრე: ირფუნი (ერებუნი) (დღე- ვანდელი „ერევნის ტერიტორიაზე) და არგიშთიხინაილი არაქსის დინების მახლობლად. ურარტუს ჯარებმა ამ დროს სევანის ტბის რაიონებსაც მიაღწიეს და იქ მრავალი ქვეყანა დაიპყრეს. შემდეგ მის ჩრდილოეთით მდებარე ზაბახაც (ჯავახეთი) დაიქვემდებარეს.
ურარტუელები განსაკუთრებით შეუდგნენ არარატის ნაყოფიერი ველის ათვისებას. აქ აგებული ორი ქალაქიდან, ირფუნიში არგიშთიმ შორეული დასავლეთიდან, ხათესა და ცუფანის ქვეყნებიდან გადმოასახლა 6600 ტყვე-მეომარი და აქ მათ ურარტუს ინტერესების დაცვა დაავალა. არგიშთიმ არარატის ველის მოსარწყავად მდინარე არაქსიდან ოთხი არხი გაიყვანა, მოაწყო აქ დიდი მეურნეობები და სხვ.
სარდური II-ის დროს გრძელდებოდა არარატის ეელის ათვესება, უფრო ინტენსიური გახდა ბრძოლები სევანის ტბის მიდამოების, დღევანდე ლი გიუმრის მხარის და სხვ. დასაპყრობად. დიაოხი ამ დროს, ჩანს, უკვე სავსებით განადგურებული იყო და მისი მიწები მიიერთეს ნაწილობრივ ურარტუმ, ხოლო ნაწილობრიე კოლხამ – საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე დიდმა კოლხურმა სამეფომ. ახლა ეს დიდი ერთეულები უშუალო მეზობლები გახდნენ და მათ შორის შეტაკებებმაც იჩინა თავი. სარდური II ორჯერ იხსენიებს თავის ტექსტებში გალაშქრებას კოლხას სამეფოს წინააღმდეგ, სადაც დაიპყრო სამეფო ქალაქი ილდამუსა, გაჟლიტა კოლხას მეფის ნაცვლები, სასტიკად დაარბია იქაური დასახლებები და ხელთ იგდო ნადავლი. გამარჯვების აღსანიშნავად კოლხაში სარდურმა რკინის ბეჭედი გააკეთებინა. ეს ურარტულ ტექსტებში რკინის წარმოების ერთადერთი მოხსენიებაა. როგორც ჩანს კოლხები უკვე დახელოვნებულნი იყვნენ ამ საქმეში.
ბრძოლები სამხრეთ კავკასიის დასაპყრობად გრძელდებოდა აგრეთვე სარდური II-ის მემკვიდრის რუსა I-ის (735–714) მეფობაში. მის დროს, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა თვით ძორეული სევანისპირა მიწების ურარტულ პროვინციად გადაქცევას. ურარტელები აქ ინტენსიურად აგებენ ციხე-სიმაგრეებს, ქმნიან თავის დასაყრდენ პუნქტებს,
VIII ს. პირველ ნახევარში, როგორც აღვნიშნეთ, ურარტუს ძლევამოსილების ხანას წარმოადგენს. ამ დროს იგი მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერეს სახელმწიფოდ ყალიბდება. ურარტუ ძლიერ სახელმწიფოდ რჩებოდა ამ საუკუნის მეორე ნახევარშიც, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ პერიოდში არაერთი სერიოზული მარცხი განიცადა. რამდენიმე ასეთი მარცხი ურარტუმ იწვნია მეზობელი ასურეთისაგან, რომელიც ტიგლათფილესერ III-ის (745–727) დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ამ უკანასკნელის სახელს უკავშირდება რიგი სამხედრო და სხვ. რეფორმის გატარება. სახალხო ლაშქრის გვერდით, სადაც გამოდიოდა საკუთარი შეირაღებით ყველა ასურელი მამაკაცი, ტიგლათფილესერმა შექმნა რამდენიმე ათიათასკაციანი მუდმივი ჯარი, რომელიც სახელმწიფო ხარჯზე იარაღდებოდა, მასში, ამრიგად, ფართოდ გაეხსნა გზა გაღატაკებულ გლეხობას რომელსაც საკუთარი ხარჯით არ შეეძლო შეიარაღება. მცირე აზიის აღმოსავლეთი ნაწილისა და ჩრდ. სირიის მთავრებმა იგრძნეს ასურეთის მხრით გაზრდილი საფრთხე და ურარტუსთან ერთად ჩაებნენ ასურეთის წინააღბდეგ ბრძოლაში. მაგრამ ტიგლათფილესერმა 735 წ. ჩრდ. სირიის მიწა-წყალზე სასტიკად დაამარცხა ეს დიდი კოალიცია. ასურელებმა მისდიეს დამარცხებულ ურარტელებს დედაქალაქ ტუშფამდე, ალყა შემოარტყეს მას, მაგრამ ვერ აიღეს და თავის ქვეყანაში გაბრუნდნენ.
ტიგლათფილესერ III-ის ამ სამხედრო წარმატებით ურარტუს ძლიერებამ საგრძნობი დარტყმა განიცადა. ურარტუმ დაკარგა ზოგი პერიფერიული რაიონი, გამოიდევნა ჩრდ. მესოპოტამიისა და ჩრდ. სირიიდან. მერყევი გახდა მისი პოზიციები ურმიისპირა რაიონშიც. სახელმწიფო ცენტრალიზაციის საქმესაც ამით დიდად ევნო. ურარტუს ცალკეული ოლქების მმართველებმა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გააჩაღეს ბრძოლა. ურარტუში ეწყობა ოლქის მმართველებისა და მხედართმთავრების აჯანყებები მეფის წინააღმდეგ. რუსა I-მა (735–714), რომელმაც ურარტუს სამეფო ტახტზე სარდური II შეცვალა, ძლივს შეძლო ამ აჯანყებების ჩაქრობა, ამასობაში დიდი საფრთხე გაჩნდა ჩრდილოეთიდან. შავიზღვის ჩრდილოეთიდან, ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროს გზით VIII ს. 20-იან წლებში ურარტუს საზღვრებს შემოესივნენ კიმერიელთა მეომარი ტომები. კიმერიელებმა სასტიკად დაამარცხეს ურარტუს ლაშქარი და მისი დიდი ნაწილი ამოჟლიტეს.
ამ გართულებებით კარგად ისარგებლა ასურეთის მეფე სარგონ II-მ (722–705) და 714 წ. დიდი ლაშქრობა მოაწყო ურარტუს წინააღმდეგ. ამ ლაშქრობის ამბები დეტალურად არის აღწერილი ღვთაება ასურისადმი სარგონ II-ის სახელით შედგენილ „წერილში“ – ვრცელ ტექსტში, რომელიც მისი ახლანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით „ლუვრის ფირფიტის“ სახელითაა ცნობილი.
სარგონი ურარტუში შეიჭრა ურმიის ტბის რაიონიდან, სადაც ურარტუს მხრივ შევიწროებული მანას სამეფო ასურელთა საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა. მთავარი შეტაკება ურარტუსა და ასურელთა ლაშქარს შორის მოხდა ურმიის ტბის აღმოსავლეთით, უაუშის დიდი მთის რაიონში, რომელიც ახლანდელი მთა სოხენდი უნდა იყოს. რუსა I-ის ჯარები აქ სასტიკად დამარცხდნენ და თვით მეფემ, სარგონის ცნობით, თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, თუმცა იგი, შეიძლება, თავისი დიდებულების მსხვერპლი გახდა. ასურელთა ჯარებმა ამის შემდეგ ცეცხლითა და მახვილით გაიარეს ურარტუს ვრცელი მიწა-წყალი, დაიპყრეს, როგორც სარგონი ამბობს, ურარტუს 7 ოლქი და 430 ქალაქი. დაბრუნებისას ასურელთა ლაშქარი შეიჭრა ქალაქ მუსასირში – ურარტუს რელიგიურ ცენტრში, დაარბია ადგილობრივი მთავრის, ურარტუს მეფის ვასალის ურზანას სასახლე და ურარტუს უზენაესი ღვთაება ბალდის ტაძარი, სადაც უზარმაზარი სიმდიდრე ჩაიგდო ხელთ. ამ უკანასკნელის ჩამოთვლას „ლუვრის ფირფიტის“ კარგა მოზრდილი ნაწილი უკავია.
ასურელებთან 714 წლის ომში ამ დამარცხებას სერიოზული შედეგები მოჰყვა ურარტუსათვის. ურარტუმ საბოლოოდ დაკარგა თავისი ძლიერების პერიოდში დაპყრობილი მრავალი ოლქი. იგი გამოდევნილ იქნა არა მარტო ჩრდ. მესოპოტამიიდან, ჩრდ. სირიიდან და მცირე აზიის აღმოსავლეთი რაიონებიდან, არამედ აგრეთვე ურმიისპირა რაიონებიდანაც. მათ დაკარგეს ძალაუფლება თვით ქვეყნის რელიგიურ ცენტრზე – ქალაქ მუსასირზე. ამ რაიონში მდებარე მანას სამეფო კი განთავისუფლდა ურარტუსაგან და მომდევნო ხანაში, VII საუკუნეში, დიდად გაძლიერდა მხოლოდ ერთი მიმართულებით, ჩრდილოეთით. სამხრეთ კავკასიაში, ეტყობა, ურარტუს მეფეთა პოზიციები ხელშეუხებელი დარჩა. არარატის ველზე ურარტუს მეფე რუსა II (685–645) დიდ სამუშაოებს აწარმოებდა. მან ააგო, მაგალითად, დღევანდელი ერევნის განაპირას ციხე-ქალაქი თეიშებაინი (დღევანდელი კარმირ-ბლური, რომელიც ითხრებოდა 1939-1971 წლებში აკად. ბ. პიოტროვსკის მიერ), გაიყვანა აქ არხები, გააშენა ბაღ–ვენახები, დაამუშავა აქამდე დაუმუშავებელი მიწები და სხვ.
რუსა II-ის ხანა, საერთოდ, ურარტუს ხელახალი გაძლიერების პერიოდად არის მიჩნეული. რუსა II, ჩანს, აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა თვით ისეთ შორეულ რაიონებშიც. როგორიცაა ჩრდ. სირია და მცირე აზიის აღმოსავლეთი ნაწილი. ერთ თავის წარწერაში რუსა II იხსენიებს ლაშქრობას ხალიტუს (ჰომეროსთან მოხსენიებული „ჰალიძონების“ ტომი, იგივე ხალიბები), ხეთებისა და მუშქების ქვეყნების წინააღმდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდში, 776 წ. მომხდარად მიიჩნევს ძველი ბერძული ტრადიცია მუშქების, სამეფოს განადგურებას და მას კიმერიელებს მიაწერს. ურარტული წარწერები კი მუშქების მიმართ ამ პერიოდში ურარტელთა აქტივობას გვიდასტურებენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე ეხება სწორედ ურარტუს მეფის რუსა II-ის გალაშქრებას მუშქების სამეფოს წინააღმდეგ ურარტუს მეფის სამსახურში თუ მასთან კავშირში მყოფი კიმერიელთა რაზმებთან ერთად. ამას გვიდასტურებენ აგრეთვე ასურული წყაროები – რუსა II-ის თანამედროვე ასურელი მეფის ასარქადონის სამისნო შეკითხვები ღვთაება შამაშისადმი, როცა მას სურს შეიტყოს ასურეთის წინააღმდეგ ურარტელ რუსასა და კიმერიელთა ხალხის ზრახვები. ეს ცნობაც ურარტელებს და კიმერიელებს მოკავშირეებდ გვავარაუდებინებს. ურარტელთა არისტოკრატიის, ჯარებისა და ოლქების უფროსების გამოსვლებს ურარტუს მეფის წინააღმდეგ უნდა აეძულებინა ურარტუს ხელისუფალნი უფრო და უფრო ფართოდ გაეხსნათ გზა ჯარში დაქირავებული უცხო ელემენტისათვის. სამეფოს მეზობლად ამ დროს მოთარეშე სკვითები და კიმერიელები საამისოდ სწორედ საუკეთესო მასალას წარმოადგენდნენ.
ამრიგად, სწორედ სკვითებთან და კიმერიელებთან კავშერის მეოხებით ურარტუ ერთხანს (VII საუკუნეში) საგრძნობ წარმატებებს აღწევს – ანადგურებს მუშქების სამეფოს მცირე აზიაში და კვლავ შიშის ზარს სცემს ამ დროს თავისი ძლიერების ზენიტში მყოფ ასურეთს.
რუსა II-ის დროს მიღწეული წარმატება მაინც ეპიზოდური იყო. დასუსტებულ ურარტუს ფართო პოლიტიკის საწარმოებლად ძალა არ შესწევდა. VII ს. მეორე ნახევარში იგი, მტრებისაგან შევიწროებული, თავის საუკუნეობრივ მტერთან – ასურეთთან – ეძებდა დახმარებას. ასურეთის მეფის ასურბანიფალის კარზე რამდენჯერმე ცხადდებიან ურარტუს მეფის ელჩები ასურეთის მეფისადმი პატივისცემისა და კეთილგანწყობილების დასადასტურებლად.
მალე გამოჩნდა ურარტუს იმედების ამაოება. ბაბილონმა და მიდიამ VII ს. ბოლოს გაანადგურეს ასურეთი და გაიყვეს მისი სამფლობელოები. ჯერი ახლა ურარტუზე, მანასა და სხვა სამეფოებზე მიდგა, რომელთაც დღეს თუ არა ხვალ უეჭველად ბოლოს მოუღებდა მეზობლად დიდად გაძლიერებული მიდია. ძვ.წ. 583 წ. მიდიის ლაშქარი უკვე მცირე აზიის შუაგულში, მდ. ჰალისზე ებრძვის ლიდიის ლაშქარს. აქამდე რომ მოეღწია, მას უნდა გადაევლო ურარტუს ტერიტორიაზე. აშკარაა, რომ ამ დროს მიდიელებს უკვე დალაშქრული და განადგურებული აქეთ ურარტუს ცენტრალური რაიონები. შეიძლება მას შემდეგაც, რაც მიდია დაეფლა ურარტუს ცენტრალურ რაიონებს, ურარტელთა ხელისუფლება კიდევ არსებობდა ჩრდილოეთში, სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაგრამ მალე იგი აქაც დაემხო. ამიერკავკასიის ურარტული ცენტრები (თეიშებაინი, არგიშთიხინილი და სხვ.) განადგურებული და გადამწვარი ჩანს მტრების მიერ, რომლებიც სკვითური ტიპის ისრისპირებით ყოფილან შეიარაღებული. უნდა ვიფიქროთ, რომ კავკასიაში ურარტელთა ძალაუფლებისათვის ბოლო უნდა მოეღო კავკასიისავე ტომებს, შესაძლებელია, ამ მიდამოებში მცხოვრებ სკვითებთან ერთად.
მეურნეობა.
როგორც არქეოლოგიური მასალები, ისე ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები ცხადყოფენ ეკონომიკური ცხოვრების ინტენსიურობას ძველ ურარტუში. ყურადღებას იქცევს მეურნეობის ფორმათა დიდი მრავალფეროვნება, რაც გარკვეულად დაკავშირებულია ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებასთან. აქ, ერთი მხრივ, ვხვდებით მესაქონლეობის განვითარებისათვის ხელსაყრელ მთიან ოლქებს, ხოლო, მეორე მხრივ, ვრცელ დაბლობ ადგილებს ნოყიერი ნიადაგით, რომელიც საუკეთესო პირობებს ქმნიდა მიწათმოქმედების განვითარებისათვის. ზოგიერთ ასეთ ადგილას, მაგალითად, არარატის ველზე, ხელოვნური სარწყავი სისტემის მოწყობა მეურნეობის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
ურარტუს ტერიტორია ღარიბია ხე-ტყით. სამაგიეროდ იგი ძალზე მდიდარია ქვით, აგრეთვე მადნეულით (სპილენძი, რკინა).
ურარტუში დიდად იყო განვითარებული მესაქონლეობა. ამაზე მეტყველებს ამ ტერიტორიაზე ნადავლისა და ხარკის სახით წყაროებში უზარმაზარი ოდენობით მოხსენიება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენების, სახედრებისა და ჯორების, აგრეთვე აქელემებით. აქლემებისა და ცხენების მოშენებით განსაკუთრებით განთქმული ყოფილა ურარტუს სამხრეთ-აღმოსავლეთი, ურმიისპირა რაიონები. საინტერესოა, რომ ურარტუში თურმე ეწყობოდა დიდი შეჯიბრებები ცხენოსნობაში, რაშიც მეფეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ერთ თავის წარწერაში, რომელიც ახლა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, მეფე მენუა იკვეხნის, რომ მისი ცხენი, რომელსაც „არციბი“, ე.ი. არწივი ერქვა (ქართული სიტვა არწივი შეიძლება სწორედ ურარტუს გზით იყოს შეთვისებული), გადახტა 22 წყრთაზე, ე.ი. დაახლოებით 11 მეტრსა და 20 სმ-ზე. საინტერესოა აღინიშნოს რომ ახლანდელი რეკორდი წყლით სავსე არხზე ცხენის გადახტომისა მხოლოდ ოდნავ აღემატება მეფე მენუას მიღწევას.
განვითარებული ჩანს ურარტუში მიწათმოქმედებაც. ურარტულ და ასურულ წყაროებში ამ ტერიტორიაზე ხშირად იხსენიება უზარმაზარი მეურნეობები, ბაღები და სხვა. განსაკუთრებით განვითარებული ჩანს აქ მევენახეობა. ურარტული წყაროები ხშირად იხსენიებენ მეფეთა მიერ უზარმაზარი ბეღლებისა და მარნების მშენებლობას. ასთი ნაგებობანი, სათანადო ინვენტარი და სხვა მრავლად არის აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების დროს.
ხელისუფლების ზრუნვას სამეურნეო ცხოვრებაზე, კერძოდ მიწათმოქმედებაზე, მოწმობს ურარტუს მეფეთა საქმიანობა არხების გაყვანის, ხელოვნური ტბების წყალსაცავების და საერთოდ საირიგაციო სისტემის მოწყობისათვის. ამის შესახებ მოგვითხრობს ბევრი ურარტული წარწერა, ურარტუს მეფეთა დიდი საირიგაციო და სხვა სამეურნეო საქმიანობის ვრცელ აღწერას ვხედებით ასურეთის მეფის სარგონ II-ის „ლუვრის ფირფიტაშიც“: ზოგი არხის კალაპოტი ურარტელებს კლდეში ჰქონდათ გაჭრილი. ზოგიერთი არხის სიგრძე მრავალ ათეულ კილომეტრს უდრიდა. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ურარტულ ხანაში გაყვანილ არხებს დღესაც იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა.
დიდად განვითარებული ყოფილა ურარტუში ლითონის დამუშავება. ამას თვალნათლივ მოწმობს არქეოლოგიური მონაპოვარი, აგრეთვე წერილობითი წყაროების, კერძოდ იმავე სარგონ II-ის „ლუვრის ფირფიტის“ მონაცემები ურარტუში (კერძოდ ქალაქ მუსასირში) ხელთგდებული ლითონის უზარმაზარი ოდენობის შესახებ. სპილენძ-ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიასთან ერთად დაწინაურებული ჩანს ძვირფასი ლითონების - ოქროსა და ვერცხლის დამუშავებაც. მუსასირში, ადგილობრივი მთავრის სასახლეში, სარგონ II-მ ხელთ იგდო ტონაზე მეტი ოქროსა და 5 ტონაზე მეტი ვერცხლის ნივთი, ხოლო აქვე ხალდის ტაძარში დაეუფლა დიდძალი ოქროს გარდა 5 ტონა ვერცხლის ნივთებსა და 109 ტონა სპილენძის ნადნობს. ლითონებით მეტად მდიდარი ჩანს ურარტუს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონებიც, კერძოდ დიაოხისა და კოლხას ქვეყნები.
ურარტული ციხე-ქალაქები, ჩვეულებრივ, გარშემორტყმული იყო დიდი მეურნეობებით - ნათესი ფართობებით, ბაღებითა და ვენახებით. ქალაქებში იყო უდიდესი საწყობები მარცვლეულისა და სხვა პროდუქტებისათვის, დიდი მარნები, განკუთვნილი ასეულ ათასობით ლიტრ ღვინისათვის და სხვ. ხშირად წარწერები ყველაფერი ამის შექმნა-მოწყობას ურარტუს ამა თუ იმ მეფეს მიაწერენ. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ საქმე გვაქვს უზარმაზარ სამეფო მეურნეობებთან, რომლებითაც დასერილი იყო ურარტუს თითქმის ყოველი მხარე. ასეთ მეურნეობებში მუშაობდნენ, ალბათ, ნაწილობრივ მონები, ნაწილობრივ კი ადგილობრივი თავისუფალი მოსახლეობა. ასეთ ციხე-სიმაგრეებში იკრიბებოდა აგრეთვე ხარკი და გადასახადები მეზობელი პუნქტებისა და მხარეების მოსახლეობისაგან, რომელიც ნაწილობრივ აქვე გადამუშავდებოდა და იგზავნებოდა ცენტრში.
მონების მოპოვების უმთავრეს წყაროს ურარტუში ომი წარმოადგენდა. ურარტუს მეფის არგიშთი I-ის წარწერებში იხსენიება დაახლოებით 280512 მამაკაცის, ქალისა და ბავშვის დატყვევება, ხოლო სარდური II-ის მატიანეში – 197521 ადამიანისა. ხშირად ლაპარაკია ამა თუ იმ ოლქის მთელი მოსახლეობის ტყვედ წაყვანაზე. რა თქმა უნდა, ასე აყრილი ხალხიდან ყველა როდი ხდებოდა მონად. მათ ნაწილს ურარტუს მეფეები ოჯახებიანად ასახლებდნენ თავისი სამეფოს სხვა ადგილას, აძლევდნენ მათ სამეფო (სახელმწიფო) მიწებს დასამუშავებლად და მათგან, სამაგიეროდ, რეგულარულად გადასახადების გადახდას და სხვა ვალდებულებათა შესრულებას მოითხოვდნენ. ზოგჯერ გადმოსახლებული ხალხისაგან ისინი ერთგვარ სამხედრო დასახლებას ქმნიდნენ და ერთი ადგილიდან აყრილ მოსახლეობას სხვა ადგილას იყენებდნენ სამხედრო ძალის სახით ადგილობრივი მოსახლეობის დასამორჩილებლად.
ტყვეების ერთი ნაწილი უშუალოდ მეფის განკარგულებაში ექცეოდა, ნაწილი კი მეომრებს ურიგდებოდათ, რომელთაც, უეჭველია, საკუთარ ოჯახსა და მეურნეობებში მონებად იყენებდნენ. საკუთრივ სამეურნეო საქმიანობაში მაინც, უნდა ვიფიქროთ, მონებს შედარებით მცირე გამოყენება ჰქონდათ. მეურნეობაში ძირითად მწარმოებელ ძალად, ისევე როგორც სხვა ძველაღმოსავლურ ქეეყნებში, რიგითი მეთემეების ფართო მასები რჩებოდნენ. მონები უმეტესწილად მუშაობდნენ მშენებლობაზე, საირიგაციო და სხვა ამგვარ სამუშაოებზე, შინამოსამსახურეებად და სხვ.
რიგითი თავისუფლები ურარტუში თემებში გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ, სამწუხაროდ, მასალების უქონლობის გაზო, ძნელია მსჯელობა ამ თემებში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების თანაფარდობის შესახებ. უნდა ვიფიქროთ, რომ ესენი იყვნენ სასოფლო (ტერიტორიული) თემები, სადაც მიწის ფონდი უკვე საბოლოოდ დანაწილებული და წარმოების პროცესიც ინდივიდუალიზებული იყო. თემი მისი წევრების მიწის ფონდზე მხოლოდ უმაღლეს საკუთრებას ახორციელებდა. იგი ასრულებდა აგრეთვე ფისკალური, სამხედრო და სხვ. ასეთი უჯრედის ფუნქციასაც.
ასეთი თემების გამაერთიანებელ ფუნქციას თვით სახელმწიფო ახორციელებდა. იგი დიდად ერეოდა ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებაში, ხელმძღვანელობდა მთელი რიგი რაიონის და თემისათვის აუცილებელ საირიგაციო სისტემის მოწყობას და სამაგიეროდ, ამ თემების ექსალუატატორადაც გამოდიოდა, რამდენადაც მეთემეებს დაკისრებული ჰქონდათ გადასახადების გადახდის, სალაშქროდ და საზოგადოებრივ სამუშოებზე გამოსვლის მძიმე ვალებულებანი. სამეფო ხელისუფლებისა და მმართველი ზედაფენის მხრივ ექსპლუატაციის ეს უღელი იმდენად მძიმე იყო, რომ როგორც მონები, ისე რიგითი თავისუფლები ზოგჯერ იძულებული ხდებოდნენ გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან და მეზობელი, ძნელად მისავალი მთიანი ქვეყნებისათვის შეეფარებინათ თავი. როგორც ასურეთიდან ისე ურარტუდან გამოქცეულთა თავშესაფარს წარმოადგენდა, მაგალითად, ურარტუს დასავლეთით მდებარე შუფრიას მთიანი ქვეყანა.
დიდი ძალა ჰქონდათ ურარტუში აგრეთვე ტაძრებს და მის მსახურთ – ქურუმებს. ურარტულ პანთეონში მრავალი ათეული ღვთაება იყო. ყოველ ღმერთს თავისი კულტის ცენტრი ჰქონდა, სადაც იყო ამ ღმერთის მთავარი ტაძარი. ამას გარდა, არსებობდა ამ ღმერთისადმი მიძღვნილი ათასგვარი სხვა საკულტო ნაგებობა ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. ასეთ საკულტო ნაგებობებს („ღმერთის სახლი“, „ღმერთი ვინკარი“, „ღმერთის სუსი“, „იარანი“ და სხვ.) მრავლად აგებდნენ ურარტუს მეფეები. ურარტული ტაძრები, თუ, მაგალითად ქალაქ მუსასირის ხალდის ტაძრის მიხედვით ვიმსჯელებთ, დიდ სიმდიდრეს ფლობდნენ. ამ სიმდიდრის ნაწილი სამეფო შემოწირულებათა გზით იყო მიღებული. ტაძრებს სწირავდნენ არა მარტო ლითონის და სხვ. ნივთებს, არამედ აგრეთვე დიდძალ პირუტყვს. ეტყობა, ისინი ფლობდნენ მთელ ჯოგებს და უეჭველია, სამიწათმოქმდო მეურნეობასაც – ნათესებს, ბაღ-ვენახებს. მეფეები – იშფუინი და მენუა – მაგალითად, პირდაპირ ლაპარაკობენ ღვთაება ხალდისათვის (ე.ი. ხალდის ტაძრისათვის) ბაღებისა და ვენახების გაშენების შესახებ. ტაძრების ამ მამულებს, უნდა ვიფიქროთ, ამუშავებდა შესაბამისი მხარის თავისუფალი მოსახლეობა ვალდებულების სახით.
ურარტუს გაბატონებულ ზედაფენაში ორი ნაწილი განირჩევა: სამეფო საგვარეულო და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატია. სამეფო საგვარეულო, ამასთანავე, ურარტული არისტოკრატიის უმაღლეს ფენას ქმნიდა. ამ ფენის წარმომადგენლებს ხშირად ეკავათ მაღალი სახელმწიფო თანამდებობები (მხედართმთავრები, ოლქის უფროსები და სხვა). ისინი ფლობდნენ მამულებს. რუსა I-ის ძმების, მაგალითად, ასურული ცნობის მიხედვით, ყველა თავ-თავის ქალაქს ფლობდა, უეჭველია, მის გარშემო მდებარე ვრცელი მეურნეობით.
უფრო მრავალრიცხოვანი იყო ურარტუში არასამეფო წარმოშობის სამხედრო და სამოხელეო არისტოკრატიის ფენა. წყაროებში იხსენიება სხვადასხვა რანგის მხედართმთავრები, ოლქის მმართველები – ურარტუს მეფის ნაცვლები (ურარტულად „ირდი“) და სხვ. ურარტუს ტერიტორია დაყოფილი იყო ცალკე ოლქებად, რომლია სათავეშიც დასახელებული ოლქის მმართველები იდგნენ. ასურეთის მეფე სარგონ II იხსენიებს ურარტუს 7 ასეთ დიდ ოლქს. ეყეზია: სუბის, ბარის, ულხუს, სანგიბუთუს, არმარილის, აიადუსა და აიაისის ოლქებს. მხედართმთავრებისა და ოლქის მმართველების გარდა, ურარტუში არსებობდა მრავალი სხვა თანამდებობა.
ოლქის მმართველებსა და სხვა მოხელეებს დიდ ძალას აძლევდა მათი წამყვანი მდგომარეობა ლაშქარში. ურარტუს ლაშქარი ძირითადად შედგებოდა ოლქის მმართველთა მიერ მათივე სარდლობით გამოყვანილი კონტიგენტისაგან. ურარტული არისტოკრატიის ამ ფენის წარმომადგენლებიც ფლობდნენ, უეჭველია, საკუთრებაში მყოფ მამულებს, სადაც გამოიყენებოდა, თავისუფალი შრომის გარდა, მონის შრომაც. კერძო პირთაგან მონების მფლობელები ძირითადად სწორედ ეს ზედაფენები უნდა ყოფილიყვნენ. მონები ფართოდ იქ ნებოდნენ დასაქმებული, პირველ ყოვლისა, მსახურების სახით დიდებულთა ოჯახებში.
სამეფო საგვარეულოსა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიის წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ ქმნიდნენ მეთაურთა ფენას ჯარში, აკომპლექტებდნენ აგრეთვე ლაშქრის წამყვან, პრივილეგიურ ნაწილებს – კერძოდ, კავალერიას. ყაჩაღური ომების შედეგად მოპოვებული დოვლათი, აგრეთვე ტყვეები ზედაფენას კიდევ უფრო ამდიდრებდა, რადგან ნადავლი უმთავრესი ნაწილი სწორედ მის ხელში ექცეოდა.
დროთა ვითარებაში ეკონომიკურად და პოლიტიკურად ესოდენ მომძლავრებული სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატია უკვე მეფისგან დამოუკიდებლობასაც ესწრაფვის, ურჩობს და აჯანყებებს აწყობს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ზოგჯერ ასეთი აჯანყებები მთავრდებოდა თვით მეფის ტახტიდან ჩამოგდებითა და მოკვლით. შეიძლება ასეთი ბედი ეწიათ, კერძოდ, ურარტუს მეფეებს სარდური II-სა და რუსა I-ს. ამიტომაც მომდევნო ხანის ურარტუს მეფეები, ცდილობენ რა უფრო დამოუკიდებელი გახდნენ ოლქის მმართველთა და საერთოდ არისტოკრატიისაგან სამხედრო საქმეში, ფართოდ უღებენ კარს ჯარში დაქირავებულ ელემენტს. ძვ.წ. VII საუკუნეში, კერძოდ, რუსა II-ის მეფობაში, ურარტუს მეფის დაქირავებულ თუ მოკავშირე ძალებს ქმნიან ქვეყნის მეზობლად მოთარეშე სკვითებისა და კიმერიელების რაზმები. სწორედ მათზე დაყრდნობით აღწევს რუსა II მთელ რიგ წარმატებებს საგარეო ასპარეზზე. მაგრამ, როგორც ცნობილია ასეთი უცხო ელემენტი სანდოა მანამ, სანამ ბედი სწყალობს მეფეს და იმარჯვებს. სხვა სიტუაციაში ისინი დასაყრდენის ნაცვლად შეიძლება სასიკვდილო საფრთხედ იქცნენ. ალბათ, სწორედ ასე მოხდა ურარტუშიც. როდესაც გაძლიერებულმა მიდეამ ძლიერი დარტყმა აგემა ურარტუს. ეტყობა, ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეებში განლაგებულმა სკვითებმა პატრონი შეიცვალეს, ახლა სამხრეთ კავკასიის ტომებთან კავშირში გაანადგურეს ურარტუს ცენტრები და ამით დაასრულეს მიდიელთა მიერ დაწყებული ურარტუს სამეფოს განადგურება.
რელიგია.
ურარტუელთა რელიგია ძირითადად ბუნების ძალთა გაღმერთებას წარმოადგენდა. უზენაესი ღმერთი იყო ხალდი, ხოლო მთავარი ქალღმერთი კი იყო არუბანი. ხალდის კულტის ცენტრი იყო მუსასირი. პანთეონში მეორე ადგილი ეკავა ქარიშხლის, ტაროსის ღვთაება თეიშებას და მის მეუღლე ქალღმერთ ხუბას. ეს ღმერთი და ქალღმერთი ზოგადად ხურიტების უზენაეს ღმერთებს წარმოადგენდნენ. თეიშების კულტის ცენტრი იყო ქალაქი კუმენუ. პანთეონში მესამე ადგილი ეკავა მზის ღვთაება შივინის (ხურიტების შიმიგი) და მის მეუღლეს – ქალღმერთ ტუშფუეას. ამ უკანასკნელთა კულტის ცენტრი იყო დედაქალაქი ტუშფა, რომლის სახელიც წარმომდგარი უნდა იყოს მზის ღმერთის მდედრობითი ორეულის – ტუშფუეას – სახელიდან.
ღმერთებისა და ქალლმერთების ამ უზენაეს ტრიადების გარდა, ურარტული პანთეონი მოიცავდა არაერთ ათეულ სხვა ღმერთს. მეფეების იშფუინისა და მენუას მხერ-კაპუსის წარწერაში, რომელიც ამოკვეთილია ვანის მახლობლად კლდეზე, ჩამოთვლილია ურარტული პანთეონის ყველა ღვთაება და განსაზღვრულია მათთვის მსხვერპლად მისატანი ცხოველების რაოდენობა. საინტერესოა, რომ მამაღმერთებს ურარტელები სწირავდნენ ხარებსა და ცხვრებს, ხოლო ქალღმერთებს – ძროხებსა და ცხვრებს.
თავის ღმერთებს ურარტელები გამოსახავდნენ ადამიანების სახით, თუმცა აქა-იქ ჩანს ნაშთები ძველი ტოტემისტური წარმოდგენებისა – ცხოველთა ან ფრინველთა სახით გამოსახვა (ღვთაებებს აქა–იქ უხატავდნენ რქებს ან ფრთებს).
ურარტული სახვითი ხელოვნების ძეგლებში დამოწმებულია ზოგი ისეთი კულტი, რომელიც წერილობითი წყაროების მიხედვით არაა ცნობილი. ფართოდ გავრცელებული ჩანს, მაგალითად, სიცოცხლის ხის კულტი. ურარტულ ბეჭდებსა და სხვა ნივთებზე გამოსახულია მრავალი სხვადასხვა რელიგიურ-მითოლოგიური სცენა, ფანტასტიკური არსებები და სხვა.
ურარტუს ნაწილში მიცვალებულთა დაწვა ხდებოდა, ნაწილში კი მიწაში მარხავდნენ. დამწერლობა ასურული ლურსმნული შეითვისეს, თუმცა გაამარტივეს და ბევრი ნიშანი ამოაკლეს. მერვე საუკუნემდე ისინი ასურულ ენაზე წერდნენ და შემდეგ დამწერლობა ურარტულ ენაზე მოარგეს.
წარმოება, ხელოვნება, არტექტურა.
ურარტუში განვითარებული იყო მეტალურგია და ბრინჯაოს წარმოება. მერვე საუკუნის მეორე ნახევრიდან თანდათან გავრცელდა რკინის წარმოებაც. ურარტული ლითონის ნაწარმმა სახელი გაითქვა და გადიოდა სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში ექსპორტად.
დიდად განვითარებული იყო ურარტუში ქვის დამუშაეებაც. აღმშენებლობაში იყენებდნენ კარგად გათლილი ბახალტის დიდ ბლოკებს. ურარტელებს, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად არხის კალაპოტი პირდაპირ კლდეში გაჰყავდათ. კლდეში ისინი კვეთდნენ ოთახებს, დიდ დარბაზებს, კიბეებს და სხვ. კლდეში გამოკვეთილი ასეთი კომპლექსები მრავლადაა თვით ურარტუს სატახტო ქალაქ ტუშფაში (დღევ. ვანი), რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ეკისრებოდათ. ზოგი მათგანი, შეიძლება, რელიგიურ-საკულტო დანიშნულებისა იყო, ხოლო ზოგი მეფეთა ნეშტის განსასვენებელ ადგილს წარმოადგენდა (აქ იდგმებოდა, ალბათ, გარდაცვლილ მეფეთა სარკოფაგები და სხვ.).
ურარტუში გვხვდება ქვაზე გამოკვეთილი ადამიანისა და ცხოველის ფიგურები. არსებულა აქ როგორც ლითონის, ისე ქვის დიდი სკულპტურები. ერთი ასეთი სკულპტურის ფრაგმენტი ამჟამად ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. გავრცელებული იყო აქ აგრეთვე ქვის მცირე ნივთები (ბეჭდები, სხვადასხვა ფიგურები და სხვ.).
მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ჩვენამდე მოღწეული ურარტული კერამიკის ნიმუშები. მრავალფეროვნება თავს იჩენს როგორც ჭურჭლის ფორმებში, ისე ფერში. არის მოხატული კერამიკის ნიმუშებიც. დიდად გავრცელებული იყო ურარტუში უზარმაზარი ქეევრები ღვინის ან მარცვლეულის შესანახად. ურარტულ ციხე-სიმაგრეებში გათხრილია უზარმაზარი დარბაზები, რომლებიც მთლიანად მოფენილია მიწაში ნახევრად ჩაფლული ასეთი დიდი ქვევრებით. ამ უკანასკნელზე, როგორც წესი, ჩვენ ვხვდებით ტევადობის აღნიშვნას ლურსმული ან ადგილობრივი იეროგლიფური ნიშნებით. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე თიხისაგან გაკეთებულმა სკულპტურტლმა გამოსახულებებმაც.
ლითონის, თიხისა და ქვის დიდძალი ნივთების გვერდით ჩვენამდე მოაღწია ურარტული ქსოვილების ნიმუშებმა, აგრეთვე ხის, ძვლისა და რქისაგან გაკეთებულმა ნივთებმა.
არქიტექტურის შესანიშნავ ძეგლებს წარმოადგენს ძველი ურარტუს ტერიტორიაზე მდებარე ციხე-სიმაგრეები, რომლებიც ამ ბოლო დროს ინტენსიურად ითხრება და შეისწავლება მკვლევართა – არქეოლოგთა და არქიტექტორთა – მიერ. სომხეთის ტერიტორიაზე გათხრილი ციხე-სიმაგრეებიდან აღსანიშნავია თეიშებაინი (კარმირ-ბლური), ირფუნი (ერებუნი), არინ-ბერდი, არგიშთიხინილი (არმავირისა და დავთი-ბლურის გორაკები) და სხვ. ბევრი ურარტული ციხე-სიმაგრე შეისწავლება დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე – ტუშფა (ვანი), ადილჯევაზის, ალთინ-თეფეს ციხეები და სხვ.
ამ ურარტულ ციხე-ქალაქებს, როგორც წესი, ეკავათ დიდი ფართობი, აგებული იყვნენ მაღლობებზე და მათ ერტყმოდა ერთი ან რამდენიმე გალავანი. კედლები იყო მეტად სქელი, ხშირად მათი სისქე 3 მეტრს აღემატებოდა. იგი წარმოადგენდა მსხვილი, კარგად გათლილი და მორგებული ბლოკების ორ რიგს, რომელთა შორის სიერცე ივსებოდა უფრო მცირე ზომის ქვებით. ზოგჯერ კედლები თიხით იყო შელესილი და მოხატული – მასზე ფრესკები იყო დატანილი, ასეთმა ფრესკებმა დიდი რაოდენობით მოაღწია ჩვენამდე, კერძოდ, ქალაქ ირფუნიდან.
ციხე-სიმაგრის გალავნის შიგნით, რომელსაც მრავალი კონტრფორსი – კოშკები – ჰქონდა, მოთავსებული იყო საკულტო, სამეურნეო, საცხოვრებელი დარბაზების კომპლექსი. ქვის ცოკოლზე, როგორც წესი, იმართებოდა ალიზის აგურებით აგებული მაღალი კედელი. ფანჯრები, როგორც ჩანს, თავსდებოდა სულ მაღლა, უშუალოდ სახურავის ქვეშ.
ურარტული ციხე-სიმაგრეების არქიტექტურა მეტად ახლოს დგას ასურული არქიტექტურის ფორმებთან. სამაგიეროდ, ჩანს, მეტად ორიგინალური უნდა ყოფილიყო ურარტული ტაძრების არქიტექტურა, თუ ვიმსჯელებთ ღვთაება ხალდის მუსასირის ტაძრის მიხედვით, რომლის გამოსახულებაც შემოგვინახა ასურეთის მეფის სარგონ II-ის სასახლის ერთ-ერთმა რელიეფმა. ამ ტაძრის არქიტექტურა ანალოგიებს უფრო დასავლეთში – მცირე აზიის (ფრიგიის, პაფლაგონიის) არქიტექტურაში პოვებს.
ურარტუს სახელმწიფოს დაცემას ძვ.წ. VI ს. დასაწყისში მნიშვნელოვანი ძვრები მოჰყვა. უმთავრესი ამაში იყო ძველი ურარტუს მიწა-წყალზე ან მის მეზობლად მცხოვრები არაურარტული ტომების, პირველ. ყოვლისა, ქართეელი და სომეხი ტომების გააქტიურება, რომლებმაც დაიკავეს ურარტუს სამეფოს ყოფილი მიწები. ამასთან, ურარტული მოსახლეობის ნაწილიც უნდა გადმოსახლებულიყო ჩრდილოეთით, ქართული ტომების მიწებზე. ამ პროცესებმა ხელი შეუწყო ქართულ და სომხურ ენებში ურარტული სიტყვების შემოსვლა. ურარტუს აღმნიშვნელი სპარსული სიტყვა „არმინა“, სპარსელებმა შემდეგ აქ ჩამოსახლებული სომხებზე გადაიტანეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий