вторник, 7 сентября 2021 г.

ხური-მითანის სამეფო

ბუნებრივი  პირობები და გეოგრაფიული გარემო.

ხური-მითანის სამეფო  მოიცავდა  ტერიტორიას,  რომლის  ბუნებრივი  საზღვარი  დასავლეთით  ზემო  ევფრატი  იყო,   ხოლო   აღმოსავლეთით  – ტიგროსის  ზემო  დინება.  ეს   მდინარეები  ამ   ადგილებში  თითქმის  სრულიად გამოუყენებელია  მოსარწყავად,  რადგან  ისინი  უმეტესად  მთებში  მოედინებიან.  საეჭვოა,  რომ  ევფრატი  და  ტიგროსი  აქ  გამოყენებული ყოფილიყო  ინტენსიური  ნაოსნობისათვის.  დაბლობ  ადგილებში აქა-იქ  მოსარწყავად  იყენებდნენ  ჭის  წყალს.
ხური-მითანის  სამეფოს  ბუნებრივი  საზღვარი  სამხრეთით,  ალბათ, ისევ  ევფრატი,  უფრო  სწორად,  შუა  დინებაზე  მდებარე  ველი  უნდა ყოფილიყო  (აქ. მდებარეობდა  ხანას  სამეფო)   ამ   მხარეში  ევფრატს ერთვის  ორი მარცხენა შენაკადი – ბალიხი  და  ხაბური, რომელთა  სათავეებში  ხურის  ტომთა  განსახლების  ერთ-ერთი  მთავარი  რაიონი  იყო.
ჩრდილოეთის  მიმართულებით  ხურის  ქვეყანა  მოიცავდა  სომხეთის  ზეგანის  იმ   ნაწილს, რომელიც  ევფრატის  მარცხენა  მხარეში  მდებარეობს  და  სამხრეთისაკენ  მიმართულ  რკალს  ქმნის. 
ამ რკალის  სამხრეთით  არსებული  ტერიტორია   საგრძნობლად განსხვავდება  როგორც  აღმოსავლეთ ანატოლიის  მაღალმთიანი  რაიონისაგან,  ისე  სამხრეთ  მესოპოტამიის ოლქებისაგან,  მართალია,  აქ   აღმართულია  მთებიც  (ტურ-აბდინისა  და  სხვ.), რომელთა  ახლოს  იზრდება ნალექთა  რაოდენობა,  ხოლო  ზოგიერთზე  მოდის  თოვლიც.  მაგრამ  ეს მთები, რომელთა  ნაწილი შეიცავს  ბაზალტებს,  არ  აღემატებიან  აღმოსავლეთ  მცირე  აზიისას.  ამ   ტერიტორიაზე  ჰავა  ცხელია,  რადგან  სამხრეთიდან  უბერავს  უდაბნოს  ქარი (ზაფხულში – მშრალი,  ზამთარში ზოგიერთ ადგილას –  ყინვიანიც),  მაგრამ  არა   ისეთი  ცხელი,   როგორიც  სამხრეთ  შუამდინარეთში.  ყოეელივე  ამის  გამო  ვარაუდობენ, რომ ძველაღმოსავლურ  ხანაში  აქ   უფრო  ხელსაყრელი  პირობები  იყო ცხოვრებისათვის,  ვიდრე  სამხრეთით.  უფრო  მოგვიანო  ხანებშიც  ეს რაიონი  შედიოდა  ე.წ.  „ნაყოფიერ  ნახევარმთვარეში“. 
რუკაზე  თვალის  ერთი  გადავლებითაც  ჩანს  თუ  რაოდენ  ხელსაყრელი  გეოგრაფიული  მდებარეობა  ჰქონდა  ზემო  მესოპოტამიას მთელს  წინა  აზიაში. სწორედ  ამ   ტერიტორიაზე  გადიოდა  გზები,  რომლებიც  ძველაღმოსავლურ  ხანაში  სამხრეთ  მესოპოტამიას  აკავშირებდა   ჩრდილოეთ  სირიასთან  (სადაც  გზა   ეგვიპტისკენ მიემართებოდა)   და  აღმოსავლეთ  ხმელთაშუაზღვისპირეთთან,  კაპადოკიასთან  და, საერთოდ,  მცირე  აზიასთან,  ალბათ,  ეს   იყო  ერთ–ერთი  მიზეზი  იმისა, რომ  ხური-მითანის  ტერიტორია  საკმაოდ  ადრე  გამოვიდა  წინა  აზიის პოლიტიკურ  ასპარეზზე,  ამ  ტერიტორიაზე  პოლიტიკური  გაბატონებისათვის  იბრძოდნენ  როგორც  ძირითადი  მეტოქენი,  ხეთები  და  ასურელები,  ასევე   შორეული  ეგვიპტელებიც. 
მოსახლეობა. ჩრდილოეთ შუამდინარეთი დასახლებული იყო უძველესი  ხანიდან. მაგრამ  ჯერჯერობით  გაურკვეველია  იმ    ტომთა ეთნიკური  ვინაობა,  რომლებიც  აქ   ძვ.წ.   III   ათასწლეულის  შუა  ხანებამდე  ცხოვრობდნენ,  რადგან  თელ-ჰალაფში  აღმოჩენილ  კოლტურას ზოგჯერ  აკუთვნებენ სუბარელებს ან სემიტებს, ბოლო  ხანებში კი – ინდოევროპელებს.  წერილობითი  წყაროების  მიხედვით,  ხურის  ენაზე მოლაპარაკე  ტომები  აქ ჩნდებიან  III ათასწლეულის მხოლოდ მეორე  ნახევრიდან.  ამის  გამო  უმეტესად  ვარაუდობენ,  რომ  ხურის  ტომები  არ იყვნენ  ზემო  მესოპოტამიის  ძველისძველი  ბინადარნი,  რომ  ისინი  აქ უნდა  გადმოსახლებულიყვნენ  აღმოსავლეთით  მდებარე  ტერიტორიიდან  (ზაგროსის  მთიანეთიდან)  ან  ვანის  ტბის  ირგვლივ  განლაგებული ოლქებიდან,  ანდა  ჩრდილოეთიდან  (სომხეთის  ზეგნიდან,  ამიერკავკასიიდან  თუ ჩრდ.  კავკასიიდან),  ზოგჯერ  იმასაც  ვარაუდობენ,  რომ ხურიტები  ზემო  მესოპოტამიის,  სომხეთის  ზეგნისა  და  ჩრდილოეთ სირიის ადგილობრივი  მცხოვრებნი  იყვნენ. 
ხურიული  ენა  მჭიდრო  ნათესაურ  კავმირშია  ურარტულთან.  ზოგიერთი  მკვლევრის  აზრით, ხურიული  ენა  ახლოს  დგას  ნახურ-დაღესტნურ  ენებთან. ჩრდ, მესოპოტამიის უძველეს მცხოვრებლებად ზოგი მიიჩნევს სუბარელებს (სუბართუს მცხოვრებლებს) რომლებიც ენითა და კულტურით განსხვავდებიან ხურიტებად. არადა ზოგიერთი სუბარელებს მრავალი ტომის (ხურიტების, ლულუბეელების, ელემელების და სხვათა) კრებით სახელად თვლის.
უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ხურიტების გავრცელება ჩრდ. შუამდინარეთიდან წინა აზიის სხვადასხვა მიმართულებით. ძვ.წ. II  ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი ფეხს თანდათან იკიდებენ ევფრატის დასავლეთ მდებარე ოლქებში, კერძოდ ჩრდ. სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში (ქიცუვათნაში). ნაწილი დასახლდა კაპადოკიაში. ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში ხურიტები ცხოვრობენ ალალახისა და ხეთების სამეფოებში, ხოლო მომძლავრებულები არიან ნუზიში და არაფხაში.
როგორც  ჩანს,  ძვ.წ.  II  ათასწლეულის  პირველ  ნახევარში ხური-მითანის ტერიტორიაზე  შეიჭრა უმნიშვნელო  არიული  ეთნიკური  ელემენტი, რომელმაც  მითანის  სამეფოს  ძლიერების  დროისათვის  (1450–1350 წწ.)  განიცადა  ხურიზაცია  (არიული  ეთნიკური  ჯგუფის  კვალი შემორჩა  ღვთაებათა  და  პირთა,  კერძოდ,  მეფეთა  სახელებში,  მეცხენეობასთან  დაკავშირებულ  სპეციალურ  ტერმინებში).  II ათასწლეულის  დასასრულიდან  იწყება  ამორეელ  ტომთა  შეჭრა  ჩვენთვის  საინტერესო  ტერიტორიაზე,  რამაც  გამოიწვია  ხური-მითანის  ბინადართა გასემიტება. I ათასწლეულის  დასაწყისში  ხურიული  ელემენტი  შემორჩენილი  უნდა  ყოფილიყო  ამავე  ტერიტორიაზე  წარმოქმნილ  გუზანას  სამეფოში,  რომელიც  ძირითადად  არამეელებით  იყო  დასახლებული.  ვარაუდობენ,  რომ  სახელწოდება  „მითანი  („მაითენი“)  შემორჩა  ჰეროდოტეს  მიერ  ნახსენებ  „მატიენთა“ ტომის  სახელში. 
ხურის  ტომები  მითანის  სამეფოს  ჩამოყალიბებამდე.  მითანის  სამეფოს  წარმოქმნას  წინ  უსწრებდა  ჩრდილოეთ  მესოპოტამიის  ტერიტორიაზე  ხურის  ცალკეულ პოლიტიკურ  ერთეულთა  ბატონობის  ხანა, რომელიც  თითქმის  ერთ  ათასწლეულს  მოიცავდა.  III   ათასწლეულის მეორე  ნახევრიდან  დაწინაურდნენ  ურქიშის,  ნავარისა  და  ქარხარის სამთავროები,  რომელთა  მმართველები  (თიშარი,  არისენი)  ცდილობდნენ  მეზობელი  რაიონების  დამორჩილებას.  ისინი  ატარებდნენ  „მეფის“  ტიტულს  და  ხურიულ  და  აქადურ  ენებზე  ადგენდნენ  წარწერებს.  ამავე  ხანებში  ჩრდილოეთ შუამდინარეთი  მოექცა  აქადის  დინასტიის  სახელმწიფოს პოლიტიკურ გავლენაში, ხოლო III ათასწლეულის  დასასრულს  ეს  ტერიტორია  განიხილებოდა  როგორც  ურის III  დინასტიის  დროინდელი  სახელმწიფოს  ნაწილი.  ძვ.წ. II ათასწლეულის  დასაწყისში  მთელი  ეს  მხარე  ძლიერი  ასურეთის  მორჩილებაში  უნდა  მოქცეულიყო,  მით  უმეტეს,  რომ  კაპადოკიაში  გაჩაღებული  ვაჭრობა  მოითხოვდა  აქ.   გამავალ  გზებზე  სრულ  ბატონობას.
ძვ.წ. II ათასწ. პირველ ნახევარში ხურიტები ინტენსიურად სახლდებიან ევფრატის დასავლეთით ჩრდ. სირიასა და მც. აზიის სამხ. აღმ. რაიონებში. ხურიტები  საკმაოდ  მომრავლდნენ  იამხადსა  და  ალალახში,  რომლებიც  მაშინდელ  წინა  აზიაში  (ძვ.  წ.  XVIII-XVII  სს.)  ძლიერ  სამეფოებად  ითვლებოდნენ,  თუმცა  ამ  ქვეყნების  პოლიტიკურ  ცხოვრებაში  ისინი  ჯერ  კიდევ  არ  ასრულებდნენ  წამყვან  როლს,  ისინი აქ   გამოყენებული  უნდა  ყოფილიყვნენ  როგორც  დამხმარე  მუშახელი, ხელოსნები  ან   მეომრები. 
ასევე   უნდა  ყოფილიყო  იმავე   ხანის  წინა  აზიის  სხვა  ადგილებშიც,  სახელდობრ,  ასურეთში,  ბაბილონში,  მარის  სამეფოში,  სადაც ხურიული  წარმოშობის  სახელების  მატარებელი  ადამიანები  სხვადასხვა  საქმიანობას  ეწეოდნენ. II  ათასწლეულის  დასაწყისში  ხურიული სამყაროს გავლენა შეიმჩნევა შემშარაში, დოქანის ოლქში, მდ. ზაბზე. ნუხი-არაფხას მხარეშიც (დღევ. კირკუკი ერაყში) ხურიტები ამ დროს უნდა გამოჩენილიყვნენ.
ხეთების სამეფოს ჩამოყალიბებამ შეაფერხა ხურიტების გავრცელება დასავლეთის მიმართულებით, თუმცა ისინი ხშირად არბევენ ხეთების სამეფოს განაპირა მხარეებს. ძვ.წ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში მათ თითქმის მთელი სამეფო დაარბიეს.
ხურიტებს  დიდი  ბრძოლა  გადახდათ  მურსილი  I-თან,   რომელმაც  დაამხო  ხალაფის  (იამხადის)  სამეფო  და   დაანგრია  ქ. ბაბილონი: (ძვ.წ.   1595  წ.).   მიუხედავად  იმისა,  რომ  ისინი  დამარცხდნენ  მურსილისთან  ბრძოლაში,  მათ  ახალი  ძალით  შეუტიეს  ხათის  ქვეყანას  ხანთილი  I-ის  მეფობის  დროს  (ძვ.წ.   XVI  ს-ის  პირველი  ნახევარი),  როცა ხურიტებმა  ააოხრეს  ხათის  ტერიტორია,  ხოლო   დედოფალი  ხარაფსილი  შვილებითურთ  მოიტაცეს  და  ქ. სუქციაში  ყველანი  სიკვდილით  დასაჯეს. 
მართალია,  ხურის  ტომთა  შემოტევებს  ხეთები  წარმატებით  იგერიებდნენ  ძველი  სამეფოს  ხანაში,  მაგრამ  ხურიტების  განდევნა  მცირე   აზიის   სამხრეთ-აღმოსავლეთი  რაიონებიდან  ხეთებმა  მაინც  ვერ მოახერხეს,  ისევე  როგორც  მათ  ვერ  შეძლეს  საკუთრივ  „ხურის  ქვეყანაში“   ლაშქრობა. 
მითანის  სამეფოს  პოლიტიკური  ისტორიიდან. დაახლოებით  ძვ.წ. XVI  ს-ის შუა ხანებში  ხურიტების  პოლიტიკური  ჰეგემონობა  უნდა  გავრცელებულიყო  საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე.  სწორედ  ამ დროისათვის წარმატებით  დამთავრდა  ხურის  ტომთა კონსოლიდაციის  პროცესი და  ზემო  მესოპოტამიაში  ჩამოყალიბდა  მითანის  სამეფო,  რომელსაც ეგვიპტის, ასურეთისა და  ხეთების  სამეფოების  ტოლად  თვლიდნენ. მითანის  მმართველები,  რომლებიც  ძირითადად  ინდოარიული  წარმოშობის  სახელებს  ატარებდნენ,  ეგვიპტის  ფარაონებსაც  „ძმებად“  მიიჩნევდნენ.
ხური-მითანის  სამეფოს  წარმოქმნის  პირველსავე  ხანებში,   ისევე როგორც  ამ    სამეფოს  არსებობის  თითქმის  მთელ  მანძილზე,  ჩრდილოეთ  სირიის  საკითხს  ძირითადი  ადგილი  ეკავა  მითანის  საგარეო პოლიტიკაში.  ექსპანსია  ჩრდილოეთ  სირიაში  თავისთავად  გულისხმობდა,  რომ ადრე  თუ  გვიან  მითანი აუცილებლად შეეჯახებოდა,  ერთი მხრივ,  ხეთების  სამეფოს,  რომელიც  დიდი  ხანია  იბრძოდა ჩრდილოეთ სირიაში  ბატონობისათვის,  და, მეორე  მხრიე, ეგვიპტეს – სირია–პალესტინით ასევე  დიდად  დაინტერესებულ   სახელმწიფოს.   მითანის პოლიტიკის  გატარებას  ჩრდილოეთ  სირიაში  ხელს  უწყობდა  ის   გარემოება,  რომ  ძვ.წ.   1500  წლისათვის  ამ   ორ  საშიშ  მეტოქეთაგან  ერთ-ერთი,  სახელდობრ,  ხათი,  დასუსტებული  იყო  ისე, რომ  არ  შეეძლო სერიოზული  წინააღმდეგობა  გაეწია  მითანისთვის.  ამავე დროს,  გასათვალისწინებელია  ისიც,  რომ  მითანი  არ   ელოდა  საფრთხე,  ასურეთისა  და  ბაბილონის  მხრიდანაც,  რადგან  აღნიშნული  პერიოდისათვის წინა  აზიის  ორ  დიდ  სახელმწიფოს  ძალა  არ შესწევდა შეეჩერებინა მითანის   დაპყრობები.  უფრო  მეტიც, მოგვიანო   ხანებში,   როგორც დავინახავთ,  მითანი  თვით  ასურეთშიც  გაბატონდა.
მითანიმ დიდი წარმატებები  მოიაოვა საგარეო პოლიტიკაში საუშშათარის (საუშთათარის)  მმართველობის  ხანაში (დაახ. 1495–1470  წწ.)   მითანის  ეს   მბრძანებელი  თანამედროვე  იყო ეგვიპტის ფარაონების – თუტმოს  III-ის  და  ამენჰოტეპ  II-ისა.  მითანი ამ   დროს  კონტროლს  უწევდა  არა  მარტო  ჩრდილოეთ  სირიის  სამთავროებს  (ხალაფს,  ქარხემიშს, ალალახს),  არამედ  შუა  სირიის  ქალაქ-სახელმწიფოებსაც:  ნუხაშეს,  კატნასა  და   სხვებს.
მითანის  ასეთმა  წარმატებებმა  ევფრატის  დასავლეთ  მხარეში  დააჩქარა  ეგვიპტის  გამოჩენა  ჩრდილოეთ სირიაში.  ფარაონ  თუტმოს III-მ,  რომელმაც  სირია-პალესტინაში  რამდენჯერმე  ლაშქრობის  შემდეგ  ეგვიპტის  პოლიტიკურ  გავლენაში  მოაქცია  მთელი  სამხრეთ  და შუა  სირიის  სამთავროები,  თავისი  მეფობის  ბოლო  წლებში  ჩრდილოეთ  სირიის  მთავარ  რაიონს – ხალაფსაც  მიაღწია.  სამეფო  ქალაქის  აღების  შემდეგ  თუტმოსი  ქარხემიშთან შეებრძოლა  მითანის  რაზმებს,   რომლებიც  დამარცხდნენ,  და  მიაღწია  ევფრატს.  ვარაუდობენ, რომ  ფარაონმა  ვერ  შეძლო  ევფრატის  მარცხენა  მხარეში  გალაშქრება საუმშმათარის   მძაფრი  წინააღპდეგობის  გამო.   თუტმოს  III-მ   მითანელთა  რაზმები  დაამარცხა  აგრეთვე  მოგვიანებითაც,  როცა  მან გადეში  აიღო,  ეგვიპტელებმა  ხელთ  იგდეს  700-მდე  მითანელი  მეომარი  და  150-მდე  ცხენი,  რაც  დიდად  ფასობდა  იმდროინდელ  წინა აზიაში.
ჩრდილოეთ  სირიაში  ეგვიპტის  გამოჩენამ  ვერ  შეარყია  მითანის ბატონობა.  ხალაფი,  ალალახი  და  ქარხემიში  კვლავინდებურად  ამ   სამეფოს  ვასალებად  ითვლებოდნენ. 
ამ დროისათვის  ხურიტები  ხეთების  ტერიტორიის  სამხრეთ-აღმოსავლეთით  მდებარე  რაიონშიც  გააქტიურდნენ:  მათი  პოლიტიკური ჰეგემონობა ქიცუკათნაზეც  გავრცელდა.  სავარაუდებელია,  რომ  ისინი ხეთების  აღმოსავლეთ  რაიონებსაც  უტევდნენ. 
გაძლიერებულმა  მითანიმ  მის  საშიშ მეტოქეს –  ასურეთსაც – შეუტია.  ერთ-ერთი  ლაშქრობის  დროს  საუშშათარმა  ასურეთს  სასტიკი დამარცხება  აგება,  ქ.  ასური  აიღო  და  გაძარცვა.  მითანელები  უმდიდრესი  ნადავლით  დაბრუნდნენ  ვაშუქანიში,  სადაც  საუშშათარმა  ოქრო-ვერცხლით  მოჭედილი  ალაყაფის  კარიც  ჩამოიტანა.  ასურში  მითანიმ დააყენა  თავისი ნაცვალი,  რომელიც  ასურის  საბჭოს  შემადგენლობაშიც  შედიოდა.  ნაცვლებს  (სუქქალუ)  ყოველწლიურად  ირჩევდნენ. ადგილობრივი  მმართველის  როლი  დამცირებული  იყო. 
ამავე   ხანებიდან  მითანის  ქვეშევრდომი  ხდება  აგრეთვე  ტიგროსის  ზემო  და  შუა  დინებებთან  მდებარე  სხვადასხვა  რაიონი,  მათ  შორის  ხინევია,  ნუზი  და  არაფხა   ამ   დროიდან  მოკიდებული  ნუზი-არაფხას  მოსახლეობის  ეთნიკური  შემადგენლობა  ძირითადად  ხურიული იყო.  ნუზი  გადაიქცა  ამ   ოლქის  ადმინისტრაციულ  ცენტრად.  მითანის გაბატონებული  მდგომარეობა  ევფრატის  დასავლეთით  არ  შეცვლილა საუშშათარის  მემკვიდრის  ართათამა  I-ის   დროს  (დაახლ.  ძვ.   წ. 1470–1455).  ეგვიპტე-მითანის  საგარეო  ურთიერთობაში  ხდება  გარდატეხა,  რის  შედეგადაც  ამ   ორ  სახელმწიფოს  შორის  მშვიდობიანობა დამყარდა,  ორივე  მხარემ  აღიარა  „სტატუს კვო“  – მითანი  დარჩა ჩრდილოეთ  სირიის  ბატონ-პატრონად,  ხოლო  ეგვიპტე  – შუა  და  სამხრეთ  სირიისა. 
მითანისა  და   ეგვიპტის  ურთიერთობაში  ასეთი  მკვეთრი  შემობრუნება  გამოწვეული  იყო  ხეთების  კვლავ  გამოჩენით  ჩრდილოეთ  სირიაში.  ხათის  მეფე  თუთხალია  II-მ   ხალაფს  ილაშქრა,  გაანადგურა იგი,   ხოლო  შემდეგ  მითანიც  დაამარცხა.  ამის  შემდეგ  ცხადი  გახდა, რომ  ეგვიპტეს  და  მითანის  გაუჩნდათ  ერთი  საერთო მეტოქე –  ხათი, რომელიც  ჩრდილოეთ  სირიაში  თავისი  ძველი  ბატონობის  აღდგენას ცდილობდა,  ამიტომ,  ამ   ორმა სახელმწიფომ  ამჯობინა  გაერთიანება  ხეთების  წინააღმდეგ  საბრძოლველად,  თუმცა  სინამდვილეში  ხათი  ჯერ კიდევ  არ   იყო  მომძლავრებული.  სწორედ  ამას   მოჰყვა  დინასტიური კავშირი  ამ   ორ  ყოფილ  მეტოქეს  შორის:  ართათამამ  ერთ-ერთი  თავისი  ქალიშვილი  მეუღლედ  გაუგზავნა  თუტმოს  IV-ს. 
ხური-მითანის  სამეფოს   შემდეგი   მმართველის –  შუთარნა II-ის – დროს  (ეს  უკანასკნელი  ამენჰოტეპ  III-ის  თანამედროცე  იყო) მითანის  ბატონობა  ჩრდილოეთ  სირიაში  არ   შესუსტებულა,  რადგან ხეთების  ლაშქრობამ  ხალაფში  ვერ  აღადგინა  ხათის  ძველი  პოზიციები, ასურეთი  და   მისი  მეზობელი  რაიონები  ძველებურად  მითანის  სამეფოს   მორჩილი  იყვნენ;    ეგვიპტესთან   კი   კვლავაც  გრძელდებოდა მეგობრული  პოლიტიკა,  რისი  დადასტურებაც  იყო  ამენჰოტეპ  III-ის მიერ  შუთარნას ქალიშვილის – გილუ-ხეფას  (მითანის  მომავალი  მეფის – თუშრათას დის) – ცოლად  შერთვა, ხოლო  როცა  ეს  ფარაონი ავად  გახდა,  მითანისაგან  მან   მიიღო   ნინევიის   ქალღმერთ  იშთარის ქანდაკება, რომელსაც  უნდა  განეკურნა  ამენჰოტეპ  III.   ფარაონისა და გილუ-ხეფას ქორწინების აღსანიშნავად დამზადებული იყო სპეციალური წარწერა, რომელიც  იტყობინებოდა,  რომ  ამ    ქორწინების დროს დედოფალს  თან ხლებია  სამასზე  მეტი სეფე-ქალისაგან შემდგარი ამალა. 
თუშრათას (ამენჰოტეპ III-ის, ამენჰოტებ  IV – ეხნატონისა და სუფილულიუმას თანამედროვის)  მმართველობის  პირველ  ნახევარში მითანი  კვლავ  რჩებოდა   წინა  აზიის  უძლიერეს   სახელმწიფოდ.  ამ დროს თუშრათა  წარმატებით  ახორციელებდა  წინაპართა  საგარეო  პოლიტიკას,   ჩრდილოეთ  სირიასთან,  კერძოდ,  ხალაფთან  ურთიერთობა კვლავ  გრძელდებოდა,  განიხილებოდა  რა ხალაფი  მითანის  ქვეშევრდომად,   ასურეთი  ამ   პერიოდშიც   მითანის  ემორჩილებოდა.  მცირე აზიის  აღმოსავლეთ  პერიფერიაზე  თუშრათამ  დასაწყისში წარმატებით მოიგერია  ხეთები,  რომლებიც  საკმაოდ  მომძლავრდნენ  და   უკვე  მითანის  ემუქრებოდნენ. 
ეგვიპტე  ხომ  თავის  ერთგულ მეგობრად  მიაჩნდა  თუშრათას.  როცა  ამენჰოტეპ  III  კვლავ  ავად  გახდა  მეფობის  ბოლო  წლებში,  თუშრათამ  (ისევე  როგორც  შუთარნა  II-მ)  მას  განსაკურნავად  ნინევიელი იშთარის  გამოსახულება  გაუგზავნა.  უფრო  ადრე  ფარაონს  გაუგზავნა თუშრათამ  თავისი  ქალიშვილი   თადუ-ხეფა   რომელიც  ამენჰოტეპ III-ის  გარდაცვალების  შემდეგ  ამენჰოტეპ  IV-ის  (ეხნატონის)  მეუღლეც  გახდა. ამ ხანებს განეკუთვნება თუშრათას  ცნობილი წერილი ამენჰოტეპ  III-სადმი,  რაც  ეგვიპტე-მითანის  მეგობრობის  ახალი  დადასტურება  იყო. ამ   წერილიდან ვგებულობთ,  რომ  მითანი  უკვე  ჩაება  ხეთების  მიერ  წამოწყებულ  ბრძოლაში,  რომელიც  სირიის  სამთავროების   დამორჩილებისაკენ  იყო  მიმართული.  ამდენად,  მითანი  იცავდა ეგვიპტის  ინტერესებსაც  სირიაში,  სადაც  ამენჰოტეპ  III-ს  არ  შეეძლო  იარაღით  დაეცვა  თავისი  სამფლობელოები  ეგვიპტის  სამხედრო ძლიერების  დაცემის  გამო.  სამაგიეროდ,  თუშრათა  სთხოვდა  ფარაონს  დახმარებოდა  მას  ოქროთი,  რომელიც  თითქოს  ეგვიპტეში  ისე უხვად იყო, როგორც ქვიშა.
მაგრამ მითანის დიდების დღეები დათვლილი იყო, რადგან ამ დროს ძალიან გაძლიერდა ხეთების სამეფო სუფილულიუმას მეთაურობით. მან გადალახა ევფრატი და ისუვას ქვეყანა დაიმორჩილა. შემდეგ დაიძრა ვაშუქანისკენ, მოულოდნელად დაეცა და გაანადგურა. თუშრათამ ვერ მოასწრო მომზადება და სატახტო დატოვა. შემდეგ სუფილულიუმა სირიას დაეცა და ზედიზედ დაიპყრო მისი სამთავროები (ხალაფი, ალალახი, ნუხაშე, ამურუ და სხვ.) და დღევ. ლიბანის მთები თავის საზღვრად გამოაცხადა.
ამ გზით სუფილულიუმამ მითანს ჩამოაშორა ყველა მისი მოკავშირე, რომლებიც  ევფრატის  დასავლეთ  მხარეში  იყვნენ,  თავისი რეფორმებით  გატაცებულ  ეხნატონს  კი  არ  ეცალა  და  არც  შეეძლო წინ  აღსდგომოდა  სუფილულიუმას,  რითაც  იგი  დახმარებას  გაუწევდა თავის  ყოფილ  მოკავშირეს.  ასურეთის  მხრიდან  დახმარების  გაწევაზე ლაპარაკი  ხომ  ზედმეტი  იყო.  ამრიგად,  მითანი  მარტოდმარტო  აღმოჩნდა  საშიში  მტრის – ხათის  – წინაშე.  ამ  დროს  მითანის  სამეფო კარზე  მზადდებოდა  დიდი  შეთქმულება,  რომელშიც  ასურეთი  უნდა ყოფილიყო  ჩარეული.  საქმე  იმით  დამთავრდა,  რომ  თუშრათა  ერთ-ერთმა  მისმა  შვილმა  სიცოცხლეს  გამოასალმა. 
შექმნილი  მდგომარეობით  უმალვე  ისარგებლა  ასურეთმა,  რომელსაც ასურუბალიტ I მართავდა.  ასურეთის  ლაშქარი,  ალშეს  ქვეყნის  რაზმებთან  ერთად,  მითანის  ტერიტორიაზე  შეიჭრა  და  მითანელები  დაამარცხა,  მითანი  იძულებული  გახდა  ეცნო  ასურეთის  დამოუკიდებლობა  და  მისთვის  დაებრუნებინა  საუშშათარის  დროს  ასურიდან წამოღებული  ოქრო-ვერცხლით  მოჭედილი  ალაყაფის  კარიც.
მითანის  სამეფო  ტახტის  კანონიერმა მემკვიდრემ – შათივაზამ, თუშრათას  ძემ,  სამეფო  კარზე მომხდარი  გადატრიალების  დროს  თავს გაქცევით  უშველა  და  სუფილულიუმას  შეეკედლა.  ხათის  მბრძანებელმა  ეს  გარემოება  თავისი  მიზნების  განსახორციელებლად  გამოიყენა:  შათივაზას  ჯერ  ცოლად  შერთო  თავისი  ქალიშვილი,  ხოლო  შემდეგ  შათივაზა  ქარხემიშის მეფეს – ფიასილის  (რომელიც  სუფილულიუმას  შვილი  იყო)  გაუგზავნა,  რათა  ხეთებს შეერთებული  ძალებით ევფრატი  გადაელახათ  და  ვაშუქანიში  შესულიყვნენ.  სუფილულიუმას ჩანაფიქრი  მიმართული  იყო  ასურუბალიტ  I-ის  წინაააღმდეგაც,  რომელიც  ცდილობდა  მითანი  ასურელებისავის  დაემორჩილებინა,  რითაც საბოლოოდ  ხეთებს  უმზადებდა  საშიშ  დარტყმას. 
სუფილულიუმას  გეგმა  წარმატებით  განხორციელდა.  შათივაზამ თავი ხეთების  ვასალად  გამოაცხადა.  მითანი  გახდა  ხეთების  ბუფერული სახელმწიფო,  რომელიც  ხათის  უნდა  გამოეყენებინა  ასურეთის იერიშების  მოსაგერიებლად,  მომდევნო  ხანებში   ასურელებმა  ახალი ძალით  შეუტიეს  მითანის  და  წარმატებასაც  მიაღწიეს:  ხეთების  გავლენა  მითანიში  (ანუ.   ხანიგალბათში,  როგორც  ასურულ  წყაროებშია აღნიშნული)  საგრძნობლად  შესუსტდა. 
ასურეთმა  უფრო  ენერგიულად  შეუტია  ხანიგალბათის  სამეფოს სალმანასარ  I-ის  მმართველობის  ხანაში.  ამ   ქვეყანაში  გალაშქრებულ სალმანასარს  ბრძოლით  შეეგება სათუარა  II, რომელსაც  ზურგს უმაგრებდა  ხათუსილი  III.   ძნელად  მისადგომ   ადგილებში  მან  ალყა შემოარტყა  ხანიგალბათის  მეფეს,  რომელთანაც  ერთად  იბრძოდნენ ხეთებისა  და  ახლამუს  რაზმები.  სალმანასარმა  იგი  სასტიკად  დაამარცხა,  მისი  მოკავშირენი  კი   „ცხვრებივით  გარეკა“.  ქაშიარის  მთებიდან ქარხემიმამდე  გადაჭიმული  ვრცელი  ტერიტორია  ასურეთის  სახელმწიფოს  შეემატა.  მომდევნო  ხანებში  მითანი-ხანიგალბათის  ტერიტორია  დაიყო  რამდენიმე  წვრილ  პოლიტიკურ  გაერთიანებად.  მათ  თანდათან  დაეპატრონენ  სამხრეთიდან  შემოჭრილი  არამეული  წარმოშობის  ტომები,  რომლებიც  ადგილობრივ  მოსახლეობას  შეერივნენ. 
ხურიტების  საზოგადოებრივი  და   სახელმწიფოებრივი   წყობა, ხეობებსა  და  დაბლობ  ადგილებში  მცხოვრები  ხურიტები  ძირითადად მიწათმოქმედებას  მისდევდნენ.  თესავდნენ  უმეტესად  ქერს,  შედარებით ნაკლებად –  ხორბალს,  ფეტვსა  და   ემერს.  მისდევდნენ  აგრეთვე მევენახეობასა და მებაღეობას.  შინაურ  ცხოველთაგან   განსაკუთრებით  აშენებდნენ  ცხვარს.  მთავარ  მომუშავე  საქონლად  მათ  სახედარი და  ხარი  ჰყავდათ.  აშენებდნენ  აგრეთვე  თხას,  ღორს,  მთიელ  ხურიტ- თა  ძირითადი  საქმიანობა  მეცხოველეობა  იყო. 
ხურის ტომები  დიდად  იყვნენ დახელოვნებული  მეცხენეობასა  და მსუბუქ  საომარ  ეტლებზე  ბრძოლის  ტაქტიკაში,  ხურიტების  მეზობელი  ხალხები,  კერძოდ,  ხეთები,  მეცხენეობას  სწავლობდნენ  ხურიული სახელმძღვანელოებით  და  იცავდნენ  ცხენის  გახედნის  ხურიულ წესს  (შემოინახა  ხეთურ  ენაზე  გადათარგმნილი   სახელმძღვანელო  მეცხენეობის  შესახებ,  რომელიც  ხურიტ  კიკულის  ეკუთვნის).  მეცხენეობის  ტერმინოლოგიაში კი ხურიტები  ხმარობდნენ ინდოირანული (არიული) წარმოშობის  ტერმინებს,  ზოგიერთი  მეცნიერი  ცხენის  გამოჩენას  მახლობელ  აღმოსავლეთში  უკავშირებს   ხურიტების  გამოჩენას   წინა   აზიაში.
ხურის  ტომებში  ადრეული  ხანებიდან  დაწინაურდა  ხელოსნობა, როგორც  სამუშაო,  ასევე  საომარ  იარაღებს  (მშვილდ-ისრებს,  შუბებსა და  შუბისპირებს,  ჯავშანს,  მოკლე,  სატევრებსა  და  სხვ.)   ამზადებდნენ სპილენძისაგან,  ანდა  ბრინჯაოსაგან.  განვითარებული  იყო  ქსოვა  და, რაც  მთავარია,  მეთუნეობა.  „ნუზისა“  და  „ხაბურის“  ტიპის  კერამიკული  ჭურჭლები  დიდი  გემოვნებითაა  დამზადებული  და   გამოირჩევა სხვა  მეზობელი  ქვეყნების  კერამიკული   ნაწარმისაგან.  დიდი  ოსტატობით  ამუშავებდნენ  ძვირფას  ლითონებსაც. 
ხურიული  საზოგადოების  ხასიათთან  დაკავშირებით  გაძოთქმულია  სხვადასხვა  აზრი.   დასავლელი  სპეციალისტების  შეხედულებით, ნუზი-არაფხას  დროინდელი  ხურიული  საზოგადოება  წმინდა  ფეოდალური  ტიპის  იყო.  საბჭოთა  მეცნიერები  ამ   აზრს  არ   იზიარებენ  და ხურიული  საზოგადოების  განვითარების  ეტაპებს  შემდეგნაირად  აღადგენენ: მოსახლეობა  ცხოვრობდა  საოჯახო თემებად –  „სახლებად“, რომლებსაც  ჰქონდათ  საკუთარი  მიწის   ფონდი  („ევრუ“).  თითოეულ ამ   ფონდს  სათავეში  ედგა  გვარის  უფროსი  („ევრი“),  რომლის  გარდაცვალების  შემდეგ  თემს  მართავდნენ  მისი „ძმები“ – გვარის  უფროსის  არა მარტო  ნამდვილი  ძმები,  არამედ  ყველა  მისი შთამომავალი.
ადრეულ  ხანებში  საოჯახო  თემებს  შორის  არსებობდა  ურთიერთობის  რთული  სისტემა.  რამდენიმე  ნათესავი  ან  ზოგჯერ  არანათესავი  საოჯახო  თემი  ქმნიდა  სამეზობლო  (ტერიტორიულ) თემს –  დასახლებას,  რომელსაც  სათავეში  ედგა  მამასახლისი  „ხაზანუ“.  ამ  უკანასკნელს  ირჩევდნენ  განსაზღვრული  ვადით.  რამდენიმე  დასახლება ჯგუფდებოდა  ერთი  რომელიმე  გამაგრებული  პუნქტის  ირგვლივ.  წერილობით  წყაროებში  იგი  „ქალაქის“  სახელითაა  ცნობილი.  აქ   იმყოფებოდა  სათემო  გაერთიანების  ტაძარი,  „ქალაქის“    მმართველის  ან სხვა   თანამდებობის  პირთა  რეზიდენცია.  აქვე   იწვევდნენ  უხუცესთა საბჭოს  ან   სახალხო  კრებას. 
ძვ.წ. II ათასწლეულის  შუა  ხანებისათვის  (ე.ი. ნუზი-არაფხას დოკუმენტების  შედგენის  დროისათვის)  თემური  ურთიერთობანი  გაძლიერებულ  რღვევას  განიცდიდა.  მიწათმოქმედებაში  მოხდა  ინტენსიფიკაცია,  გაჩნა  მეურნეობის  სპეციალიზებული  ტიპები,  რამაც  აამა- ღლა  მეურნეობათა  შემოსავალი  და  გამოიწვია   გაცვლა.  გაძლიერდა ქონებრივი  დიფერენციაცია  საოჯახო  თემებსა  და   ცალკეულ  პირთა შმორის.  წარმოიშვა  სასაქონლო-ფულადი  ურთიერთობანი.  ყოველი- ვე   ამას  მოჰყვა  მევახშეობა,  გაცემული  სესხი  (ვადიანი  თუ  უვადო) 30%-ზე  მეტ  მოგებას  იძლეოდა.  მევალე  ითხოვდა  გარანტიას   მოვა- ლის  მხრიდან.  ამის   გამო,   მოვალე  ხშირად   კრედიტორს  უტოვებდა თავისივე  ოჯახის რომელიმე  წევრს, რომელიც  სესხის  დაფარვამდე  მის მეურნეობაში  იმუშავებდა.  ზოგჯერ  ოჯახის  თავი  თვითონ  რჩებოდა კრედიტორთან  და,  თუ  ვალს  ვერ  გადაიხდიდა,  სამუდამო  კაბალამი აღმოჩნდებოდა,  რაც  მონურ  მდგომარეობაში  ყოფნას  ნიშნავდა. 
ნუზი-არაფხას  დოკუმენტებიდან კარგად  ჩანს,  რომ მდიდარი  კრედიტორი  ცდილობდა  ხელში  ჩაეგდო  რაც  შეიძლება  მეტი  მიწა,  ყიდულობდა  რა  მას   გაღარიბებული  მეთემისაგან.  მართალია,  არაფხაში აკრძალული  იყო  სათემო  მიწების  გასხვისება  (ყიდვა-გაყიდვა,  ბოძება), მაგრამ  შენიღბული  ფორმით  მიწის  გაყიდვასაც  ახერხებდნენ:  ნაკვეთის  მყიდველს  ან   „იშვილებდნენ  („მარუთუ“),   ანდა  „ძმობაში“  მიიღებდნენ  („ახუთუ“).  ამ   შემთხვევაში  მყიდველი  იხდიდა  არა  „ფასს“, არამედ  „საჩუქარს“. 
შრომითსა  თუ  სამხედრო  ბეგარას  რიგითი  მეთემენი  ასრულებდნენ.   სათემო  ბეგარა  და  მეთემის  უფლებანი  დაკავშირებული  იყო  მიწის   ნაკვეთის  მფლობელობასთან,  რომლის   დაკარგვის  შემდეგ  თავისუფლდებოდნენ  სათემო  ვალდებულებისგანაც.  ასეთი  ადამიანები კარგავდნენ  სამოქალაქო  უფლებებს.  ისინი  ტოვებდნენ  თავიანთ  თემებს  და როგორც  ეს  მთელს  წინა  აზიაში  ხდებოდა,  გარბოდნენ.  ნუზი–არაფხას  დოკუმენტებში  არაერთი  ცნობაა  შემონახული  იმის  შესახებ,   რომ  თემისაგან  გაქცეულები   ქმნიდნენ    ჯგუფებს,  რომლებიც სხვადასხვა  ქვეყანაში  მოგზაურობდნენ.  მათ  ხან  სამხედრო  სამსახურისათვის  ქირაობდნენ,  ხან კიდევ –  რომელიმე  მეურნეობაში  სამუშაოდ.  ასეთ  ადამიანებს  ხაბირუ  ეწოდებოდათ.  ნუზის  ტევსტების მიხედვით,  მათთან  ზოგჯერ  დებდნენ   ხელშეკრულებებს,   რომელთა დარღვევის  შემთხვევაში  ხაბირუ სასტიკად  ისჯებოდა.
კერძო  პირთა  მსხვილ  მეურნეობაში  მწვავედ  იდგა  სამუშაო  ძალის  საკითხი.  ასეთ  მეურნეობებში გამოყენებული  იყო  მონური  შრომა.   ხშირად  მონებად  ხდებოდნენ  ვალში  ჩავარდნილი  ღარიბი  მეთემენი  დიდად  ფასდებოდნენ  უცხოური  წარმოშობის  მონები   რომლებსაც  ომების  შემდეგ  მოერეკებოდნენ  ტყვეების  სახით.   გონური შრომა  გამოყენებული  იყო  აგრეთვე  სატაძრო  და  სამეფო  მეურნეო- ბებში.   მიუხედავად  ამისა,   მონური  შრომის  ხვედრითე  წონა  ნუზის ხურიული  საზოგადოების  მეურნეობაში  არ  იყო  წამყვანი,  რაზეც მიუთითებს  ნუზი-არაფხას  ტექსტებში  მონათა  მცირე  რაოდენობის არსებობაც. 
ხურიული  საზოგადოება  იყოფოდა  თავისუფლებად  და  არათავისუფლებად.  სასტიკ  ექსპლუატაციას  განიცდიდნენ  როგორც  არათავისუფალი  კლასის  წარმომადგენლები  (მონა,   „ცუხარუ“,  „ხუფშუ“, „სახლის  ხალხი“),   ისე   თავისუფალთა  დაბალი  ფენები,  განსაკუთრებით,   ღარიბი  მეთემენი.
ხურიული  საზოგადოების  ერთ  ნაწილს  შეადგენდნენ  ეტლოსნები  (საომარეტლიანი მეომრები) –  „მარიანნი“,  რომლებსაც  დასავლელი  მეცნიერები  საერთოდ  მითანის  სახელწიფოს  მაღალ  არისტოკრატიულ  ფენას  მიაკუთვნებენ.  თუმცა ზოგი ისტორიკოსის აზრით  ეტლოსნები  არ  შეიძლება  განვიხილოთ როგორც  საზოგადოების პრივილეგიური წარმომადგენლები. ისინი დამოკიდებულ ადამიანთა ფენას  განეკუთვნებოდნენ   და  სამეფო  ადმინისტრაციისაგან  ღებულობდნენ  სხვადასხვა  სახის  შეიარაღებას, თვით  საომარ  ეტლებსაც  კი.
ხურიული  საზოგადოების  სახელმწიფოებრივი  წყობის  შესახებ დაწვრილებითი  ცნობები  წყაროებში  არ   შემონახულა.  მმართველობის   ორგანიზაციის  დაბალ  საფეხურს  შეადგენდა  ქალაქის  თავი  და უხუცესთა  საბჭო.  ვარაუდობენ,  რომ  სასოფლო  თემებში  მოქმედებდა  სახალხო  კრება,  ცალკეულ  მსხვილ  რაიონს  ან   ოლქს  მართავდნენ უფლისწულები.  მითანის სახელმწიფოს  ემორჩილებოდა  ზოგიერთი ავტონომიური  სამეფოც.  მთელ  სახელმწიფო  ორგანიზაციას  სათავეში ედგა  მითანის  მბრძანებელი,  რომელსაც   მოხელეთა   მთელი  შტატი ჰყავდა,   მაღალ   ადმინისტრაციულ   თანამდებობათაგან   აღსანიშნავია ხალცუხლე.  ამ   თანამდებობის  პირს,  როგორც  ჩანს,  სამხედრო  და სასამართლო  ფუნქციები  ჰქონდა  ჩაბარებული.
ხურიული  რელიგია. ხურიულმა  რელიგიამ  დიდი  გავლენა  იქონია   მეზობელ  ხალხებზე.  ეს   განსაკუთრებით  ითქმის  ხეთებზე.  როგორც  ქვემოთ  აღვნიშნავთ,  იახილიქაიას  კლდეზე  წარმოდგენილი  პანთეონი,  როგორც  ღვთაებათა  თანმიმდევრობით,  ასევე   ცალკეულ  გამოსახულებათა  სახელწოდების  მიხედვით,  ხურიული აღმოჩნდა.
ხურიტები  თაყვანს  სცემდნენ  არა  მარტო  საკუთარი  პანთეონის ღვთაებებს,  არამედ  უცხო წარმოშობის,  კერძოდ,  ინდოარიული  წარმოშობის  (მითრა,  ვარუნა,  ინდრა,  ნასატია)  ღმერთებსაც.  პანთეონის სათავეში იდგა ღვთაებრივი წყვილი: ქარიშხლისა და ამინდის ღვთაება თეშუფი და მისი მეუღლე ხიფათი, რომელთაც თაყვანს სცემდნენ მახლობელი აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. მათ ძეს - შარუმას - აიგივებენ ხეთური ქალაქების - ნერიქისა და ციფალანდის - ქარიშხლისა და ამინდის ღვთაებასთან. შიმეგი განასახიერებდა მზის ღვთაებას, ხოლო შაუქა (შავუქა) ომისა და სიყვარულის ღვთაებას.
მთვარის ღვთაებს ქუშუხი/ქუშახი (მესოპ. სინი, სუენი) ერქვა. ღმერთთა მამას ქუმარვეს (ხეთ. ქუმარბის) ეძახდნენ, ხოლო დიდ დედა-ქალღმერთს - ქუბაბას (ქუვავას). ხურიტებს ჰყავდათ მრავალი   მეორეხარისხოვანი  ღვთაებაც   (თაშმიშუ,   ფიშა-იმაფხი,  ხეშუე  და   სხვ.).
ხურიტებში  გავრცელებული  იყო  რწმენა  სხვადასხვა  ფანტასტიკური  არსებებისადმი  (ნახევრად  ფრინველებისადმი,  ნახევრად  ცხოველებისადმი),  რომლებიც  ხშირად   ფრთებს  ატარებდნენ   არსებობდა გველის  კულტი.  იგი  დაკავშირებული  იყო  ნაყოფიერების  ქალღმერთ იშხარასთან. 
დასაფლავების  წესები   სხვადასხვაგვარი   იყო.   მიცვალებულებს მარხავდნენ  საცხოვრებელთა  იატაკქვეშ  ან   წვავდნენ. 
ლიტერატურა.  ჩვენამდე  მოაღწია  ხურიული  ლიტერატურის  ცალკეულმა  ფრაგმენტებმა.  ეს   არის  ღვთაებათა  ჰიმნები  და  რელიგიური ხასიათის  ტექსტები,  აგრეთვე  ნაწყვეტები  გილგამეშის  საგმირო  ეპოსიდან  (მითი  გილგამეშზე  და   ხუვავაზე).  რამდენიმე   ხურიული  მითი შემოინახა  ხეთური  ვერსიით  (მაგალითად,  მითების  ციკლი  ღვთაებებზე,   ულიქუმიზე  და   ქუმარვეზე/ქუმარიბზე),  ცნობილია  აგრეთვე  ნაწყვეტები  მითიდან  გველ  ხედამუს  შესახებ,  მონადირე ქეშიზე, აპუ   გმირზე   და  სხვ.


Комментариев нет:

Отправить комментарий