вторник, 7 сентября 2021 г.

ძველი ეგვიპტე: ბუნებრივი გარემო; წინადინასტიური და ადრედინასტიური ხანის სამეფო

ეგვიპტის  გეოგრაფიული  პირობები

ძველ ეგვიპტეს ეკავა ტერიტორია ჩრდილო–აღმოსავლეთ აფრიკაში, რომელიც ძირითადად  თანხვდება  თანამედროვე  ეგვიპტის  არაბული  რესპუბლიკის  საზღვრებს.  ადამიანის   დასახლებისათვის  ვარგისი  მიწები  ვიწრო  ზოლად  გაჰყვება  ნილოსის  დინებას  და  რამდენადმე  ფართოვდება  მხოლოდ  ნილოსის  დელტაში, სადაც დიდი  მდინარე ძველად,  ჰეროდოტეს  აღწერით, ხმელთაშუა ზღვასთან შეერთებამდე შვიდ ტოტად  იშლებოდა. დღეს ამ შვიდიდან მხოლოდ ორი ტოტია დარჩენილი. ნილოსის დაბლობის  ნოყიერი შავი ნიადაგი მკვეთრად განსხვავდება  უდაბნოების  ცხელი  ქვიშებისაგან, რომლებიც ესაზღვრება  დაბლობს  მთელ  სიგრძეზე როგორც  დასავლეთით,  ისე აღმოსავლეთით. ალბათ,  ამიტომ  ძველი ეგვიპტელები   თავიანთ  სამშობლოს „კემეტს“, ანუ „შავ ქვეყანას“ უწოდებდნენ, განსხვავებით უდაბნოსაგან, რომელსაც  ძველეგვიპტურად „დეშერეტ“,  ანუ  „წითელი ქვეყანა“  ჰქვია.  ეგვიპტე  პრაქტიკულად  უნალექო  ქვეყანაა,  მის  ერთადერთ სასიცოცხლო  წყაროს დიდი მდინარე წარმოადგენს.  ეს შეამჩნია ჯერ  კიდევ ჰეროდოტემ,  რომელმაც  ეგვიპტეს „ნილოსის ნობათი“ უწოდა. 
ნილოსის  დაბლობის  ნიადაგი  ძალზე  ნოყიერია და წელიწადში ორი  მოსავლის  აღების  საშუალებას  იძლეოდა, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლებოდა მხოლოდ დაუღალავი შრომისა და მწყობრი ერთიანი  საირიგაციო  სისტემის  არსებობის  შედეგად. ამიტომ ეგვიპტელებმა უძველესი დროიდან დაიწყეს ნილოსის მთელ  გაყოლებაზე  საირიგაციო არხების ფართო  ქსელის  მშენებლობა.  საჭირო  იყო  დიდი ყურადღება,  რომ მდინარის  ადიდების პერიოდში  წყალი ყველა  არხში  მოხვედრილიყო,  რათა  მოერწყა  სახნავად  ვარგისი მიწების  მთელი  ტერიტორია.  არხები  მუდმივ  მოვლას,  გაწმენდასა  და  შეკეთებას ითხოვდა.  ამგვარად,  დიდი  მდინარის  მნიშვნელობა  თავიანთი  ქვეყნისათვის ყველაზე  კარგად  თვითონ  ეგვიპტელებს  ესმოდათ.  მათ  უძველესი დროიდან  გააღმერთეს  „დიდი  ჰაპი“  (ნილოსი)  და  ეთაყვანებოდნენ მას,  როგორც  ღვთაებას.  თანამედროვე  მეცნიერთა  აზრით,  ქვეყნის ერთიანობის  ერთ-ერთ  მძლავრ  სტიპულს  სწორედ  მიწათმოქმედების ამგვარი სისტემა წარმოადგენდა, რადგან  პოლიტიკური  დეცენტრალიზაციის  პერიოდებში  ერთიან  პრინციპზე  დამყარებული  ნილოსის  საირიგაციო  სისტემა,  ჩვეულებრივ,  მალე  გამოდიოდა  მწყობრიდან  და ქვეყანაში  საშინელი  შიმშილი  მძვინვარებდა.
ჩრდილოეთით  ეგვიპტის  ბუნებრივ  საზღვარს ხმელთაზუა ზღვა წარმოადგენს, დასავლეთით –  ლიბიის  უდაბნო,  აღმოსავლეთით  –  სუეცის  ყურე  და წითელი  ზღვა,  სამხრეთ  აფრიკისაგან  იგი  ნილოსის  ჭორომებითა  და  მაღალი  მთებით  არის  გამოყოფილი.  უძველეს  დროში, როცა  ადამიანი  ჯერ  კიდევ  ვერ  ახერხებდა მორეულ  ზღვაში  გასვლას, ეგვიპტეს  გარე  სამყაროსთან  მხოლოდ  სუეცის  ყელის  ვიწრო  ზოლი აკავშირებდა.  ამგვარმა  იზოლაციამ  სწორედ  იმ  პერიოდში,  როცა  ისახებოდა  ეგვიპტური  კულტურის  ძირითადი  ნიშნები,  განაპირობა  მისი თავისებურება  და  თვითმყოფადობა.  ამ  გარემოებამ  გარკვეული  დაღი დაასვა  ეგვიპტელთა  ეთნიკურ  თვითშეგნებას,  რადგან  მისი  ფორმირების  პერიოდში  ეგვიპტელები მხოლოდ კულტურული განვითარების მხრივ ძალიან დაბალ დონეზე მყოფ მომთაბარე ტომებს  ემიჯნებოდნენ.  მათ  წარმოდგენაში  მტკიცედ  ჩამოყალიბდა  ეგვიპტური  კულტურისა  და  თვით  ეგვიპტელების  უპირატესობის  რწმენა.  ეგვიპტურ  ენაზე  „რემეჩ“  –  „ადამიანი“  –  „ეგვიპტელის“  სინონიმს  წარმოადგენს, დანარჩენი  ხალხები  კი  „ველურები“  იყვნენ.
ეგვიპტის  სიმდიდრეს  დიდად  განაპირობებდა  მისი  ბუნებრივი რესურსები,  აქ  უხვად  მოიპოვებოდა  მარმარილო,  გრანიტი,  ალებასტრი და  სხვა  ძვირფასი  სამშენებლო  ქვები.  აღმოსავლეთის  უდაბნოს  საბადოები  ოქროს  ულევ  წყაროს  წარმოადგენდა,  სინაის ყელის –  სპილენძისა  და  ფირუზის.  მართალია,  ეგვიპტეში  არ  მოიპოვებოდა  ძვირფასი  ქვები,  მაგრამ  ბევრი  იყო სარდიონი,  ამეთვისტო,  მალაქიტი,  ლაზურეტი  და  სხვ.  ე.წ.   „ნახევრად  ძვირფასი“  ქვა. ნუბიიდან  (თანამედრ. ეთიოპია),  რომელიც  თითქმის  ეგვიპტის  მთელი  ისტორიის  მანძილზე მისი  კოლონია  იყო,  შემოჰქონდათ  აურაცხელი  რაოდენობით  სხეადასხვა  ნედლეული,  ძვირფასი  ხის  ჯიშები,  სპილოს  ძვალი,  ლეოპარდის ტყავები,  პუნტიდან  (თანამედრ, სომალი)  უცხო სანელებლები.  ამგვარმა სიმდიდრემ,  ნილოსის  ნოყიერ  ნიადაგთან  ერთად,  განაპირობა  იმ მძლავრი  მატერიალური  ბაზის  არსებობა,  რომლის  წყალობით  ეგვიპტე  იყო  ძველი  აღმოსავლეთის  ერთ-ერთი  უმდიდრესი  და  უმძლავრესი  ქეეყანა  თითქმის  სამი  ათასი  წლის  მანძილზე.
წინადინასტიური  ეგვიპტე 
პირველი  ადამიანები  ნილოსის  დაბლობში  ჩნდებიან  ქვედა  პალეოლითის  ხანაში,  როცა  თვით  დიდი  მდინარე  ჯერ  კიდევ  ფორმირების  პროცესში  იმყოფებოდა.  თანამედროვე  ვარაუდით,  ისინი  წარმოადგენდნენ  იმ ხალხების ერთ-ერთ  განშტოებას, რომლებიც  ამ   დროს განსახლებას  იწყებენ  ხმელთაშუა  ზღვის  აუზში,  რადგან  ნილოსის  ნაპირებზე  ნაპოვნი  პრიმიტიული  იარაღები  ტიპიურია  არა  მარტო  მთელი  ჩრდილოეთ  აფრიკის,  არამედ  დასაგლეთ  ევროპისთვისაც. 
ქვის იარაღის დამუშავების  თავისებური  ტექნიკა ჩრდილო-აღმოსავლეთ  აფრიკაში  ჩნდება  შუა  და  განსაკუთრებით  ზედა პალეოლითის  დროს  (1200–800  წწ.  ჩვ.წ.-მდე).  ეს   პერიოდი  საერთოდ  ხასიათდება  კულტურული  ჰომოგენობის რღვევით რომელიც  იქამდე სუფევდა ხმელთაშუა ზღვის აუზში. სწორედ ზედა პალეოლითის დროს ნილოსის  დაბლობის  ჰავის  მკეეთრი  გამშრალება  აიძულებს  ადამიანს შეწყვიტოს  მომთაბარეობა  და  შექმნას  პირველი  დასახლებები  მდინარის   სიახლოვეს. 
შემდგომ, მეზოლითურ,  ანუ შუა  ქვის  ხანაში  ნილოსის  დაბლობში პრაქტიკულად  ქრება ადამიანის მოღვაწეობის ნაწთები, მაგრამ ამ ვაკუუმს,  რომლის  ხანგრძლივობამაც  დაახლოებით  2000–3000 წელს  გასტანა, მოსდევს  კულტურული  მოღვაწეობის  საოცარი  გააქტივებისა და გაფურჩქვნის ხანა. იგი ხასიათდება უკვე  განვითარების უწყვეტი  აღმავალი  ხაზით,  რომლის ლოგიკურ დაბოლოებას  ეგვიპტური  სახელმწიფოს   ჩამოყალიბება  წარმოადგენს   ამიტომ   თანამედროვე  მეცნიერება   „ძველი   ეგეიპტის“  ან   საკუთრივ  „ეგვიპტელების“  ისტორიას  ითელის სწორედ  ამ   დროიდან,  და  ეს პერიოდი – დროიდან  ვიდრე  პირველ ისტორიულ დინასტიამდე  (დაახლ. 3150  წ.ჩვ. წ.-მდე) –  განიხილება როგორც  ძველი  ეგვიპტის  ისტორიის   უძველესი  ფაზა,  რომელსაც  წინაისტორიული,  ან  წინადინასტიური პერთიოდი  ეწოდება. 
თანამედროვე ეგვიპტოლოგია ჯერჯერობით ვერ ახერხებს წინადინასტიური პერიოდის  ხანგრძლივობის  მეტ-ნაკლებად  ზუსტ  განსაზღვრას,  შეიძლება  მხოლოდ  ითქვას,  რომ  იგი  დროის  საკმაოდ  ვრცელ მონაკვეთს –  დაახლ.  2000 წელს – მოიცავს.
მეოცე საუკუნის  დასაწყისში  ინგლისელმა  მეცნიერმა  ფ. პეტრიმ ნაქადასა  და  ბალასის  მიდამოებში  გათხარა  ვრცელი  წინადინასტიური სასაფლაოები,  რომლებიც  რამოდენიმე  ათას  სამარხს  მოიცავდა.  გათხრების  შედეგად  აღმოჩენილი  უზარმაზარი  მასალა,   ბუნებრივია, მოითხოვდა  სისტემატიზაციას  და   დათარიღებას.  შექმნილ  რთულ  ვითარებაში  პეტრიმ  შეიმუშაეა  ე.წ. პერიოდული  დათარიღების.  პრინციპი,   რომელიც  გულისხმობდა   წინადინასტიური  ეპოქის  დაყოფას გარკვეულ  მონაკვეთებად,  რომელთა  თანმიმდევრობა აღინიშნებოდა არა  დათარიღებით, არამედ  ერთმანეთთან  მიმართებაში.  თავისი დროისათვის ცნობილი არქეოლოგიური მასალა მან დაყო 50 ჯგუფად,  რომელთაგან  ყოველი  შემდეგი  ჯგუფი  შეესაბამებოდა  განვითარების უფრო  მაღალ  საფეხურს  და  მიუჩინა  მათ   ნომრები  30-დან  80-მდე. 1–29  პეტრიმ  დატოვა  უფრო  ადრინდელი  კულტურებისათვის, თუ, ვინიცობაა,  ისინი  აღმოჩენილი  იქნებოდა.  შემდეგში  პეტრიმ  კიდევ უფრო  გაავრცო  თავისი  სისტემა  და  50  ფაზა  დაყო  3  ჯგუფად:  ამრატიული (30-37),  გერზეული (38-63),  სემაინური (64-80).  დღეს ამ ჯგუფებიდან  წინადინასტიურ  ეგვიპტეს  მიაკუთვნებენ  მხოლოდ პირველ ორს, რადგან უახლესი მონაცემებით მასალა, რომელიც თარიღდება 64-80 უკვე ეგვიპტის ისტორიის შემდგომ, არქაულ პერიოდს შეესაბამება. ზოგიერთი მკვლევარი „ამრატიული“ და „გერზეული“ კულტურების ნაცვლად წინადინასტიური ეგვიპტის ისტორიის ამ ორ ფაზას უწოდებს, შესაბამისად ნაქადა I და ნაქადა II, იმის საფუძველზე, რომ ორივე კულტურა პეტრის მიერ პირველად ნაქადას მიდამოებში იყო აღმოჩენილი.
ძელეგვიპტური კულტურა  უძველესი  დროიდან იჩენს განვითარების ორ ძირითად ხაზს: სამხრეთულს, რომელიც აფრიკულ ხასიათს ატარებს და ჩრდილოეთის, უფრო მჭიდროდ დაკავშირებულს ხმელთაშუაზღვისპირულ და დასავლეთ აზიის აუზთან. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტის ორივე ნაწილის მოსახლეობა ეთნიკურად განეკუთვნება ხმეთაშუაზღვისპირეთის სამხრეთულ ტიპს.
1920–30–იან წლებში გ. ბრანტონისა და გ. კატონ–ტომსონის მიერ თანამედროვე ელ-ბადარის  მიდამოებში  აღმოჩენილი იქნა  წინადინასტიური  ეგვიპტის  კიდევ უფრო  ძველი კულტურული ფენა,  რომელსაც  დღეს  „ბადარიული“ ეწოდება.  ამ გათხრების მასალამ  შეავსო  პეტრის  მიერ  დატოვებული ნომრები – 1–30. აქვე უნდა  აღინიშნოს,  რომ  როგორც  ნაქადა I და II,   ასევე  ბადარიული  კულტურის  ნაშთები  ნაპოვნია  ეგვიპტის  სხვადასხვა  ადგილებში.
ბადარიული კულტურა  აღმოჩენილი  იქნა  გ.  ბრანტონისა და გ. კატონ-ტომსონის  მიერ  თანამედროეე  ელ-ბადარის  მიდამოებში. იგი  წარმოადგენს  სამხრეთული  განშტოების  უძეელეს  ნიმუშს,  რომლის  ნაშთები  შემდგომ  მრავლად.  აღმოჩნდა  ზემო ეგვიპტესა  და  ნუბიაში  (დეირ  ტასა,  ჰამამაია,  ელ-მუსტაგიდა  ელ-მატმარი  და  სხვ.), თუმცა  დღეისათვის  ბადარიული  ნაგებობების  არავითარი  ნაშთი  არ არის  ნაპოვნი,  მათი  სასაფლაოების  სიდიდე  მიუთითებს,  რომ  ბადარიელები მუდმივ დასახლებებში  ცხოვრობდნენ,  მისდევდნენ  სოფლის მეურნეობას  და  მეცხოველეობას.  მათი  ოვალური  ფორმის  საფლავებში  ნაპოვნი  გამომწვარი  თიხის  ჭურჭელი  კერამიკული  წარმოების განვითარების  საკმაოდ  მაღალ  დონეზე  მეტყველებს.  ბადარიული  კერამიკა  ძირითადად  სამი  ტიპისაა:  ე.წ.  წითელი,  შავი  და  ყავისფერი ან  წითელი  შავით.  საყვარელ  მასალას  წარმოადგენს  აგრეთვე  რქა, სპილოს  ძვალი,  სხეადასხვა  სახის  რბილი  ქვები. ყურადღებას  იპყრობს სპილენძი,  რომელიც  გამოიყენებოდა  ძირითადად  სამკაულების  და სამზადებლად.  ბადარიელები  არ  ცხოვრობდნენ სრულ  იზოლაციაში, მათ  დამყარებული  ჰქონდათ  კულტურული  და  სავაჭრო  კონტაქტები სხვა  რაიონებთან, რაზეც  მეტყველებს  სამხრეთიდან  ჩამოტანილი  სპილოს  ძვალი,  სინაის  ფირუზი  და  სპილენძი.  ბადარიელების  პოლიტიკური  ორგანიზაციის  შესახებ  არაფერია  ცნობილი.
ნაქადა I, ან ამრატიული  კულტურა  აღმოჩენილია ფ.  პეტრის  მიერ  1895  წ.  თანამედროვე  სოფლების  –  ნაქადასა  და დეირ ელ-ბალასის – მიდამოებში  ნაპოვნი  უზარმაზარი  სასაფლაოების გათხრისას.  ნაქადა I-ის მოსახლეობა  ცხოვრობდა მოზრდილ,  ქალაქური  ტიპის  დასახლებებში,  აგებდა  მრგვალი  ფორმის,  ტალახით  შელესილ  ქვის  შენობებს. ფ. პეტრის  მიერ  გათხრილი  ორი  დასახლებიდან  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  ე.წ.  „სამხრეთის  ქალაჭი“  (წინადინასტიური  ნუბტ.  ი.)  მისი  ოთხკუთხედი  შენობები  აგურითაა  ნაგები,  ასევე  აგურითაა  აშეხებული  დასახლების  ირგვლივ, განლაგებული ციხე-სიმაგრის  ტიპის  ნაგებობები,  ამ  დასახლებას,  რომელიც  მკეეთრად  გამოირჩევა  ნაქადა I სხვა დასახლებებისაგან, პეტრიმ სამართლიანად უწოდა „ფორტიფიცირებული ქალაქი“, ნაქადა I-ის სამარხები, ბადარიულის  მსგავსად,  ოვალური  ფორმისაა,  მაგრამ  უფრო  მდიდრული  და  ძვირფასად  მორთულია.  ძველი  ტიპის  კერამიკას  ემატება ახალი – თეთრად  მოხატული, ძირითადად გეომეტრიული ფიგურებით, მაგრამ გვხვდება ადამიანების  და ცხოველების გამოსახულებებიც. ნაქადა I-ის დასასრულს  ჩნდება  ჭურჭლის  ახალი ტიპი –  ქვის,  აგრეთვე,  რაც  განსაკუთრებით საყურადღებოა  –  კაჟისაგან  დამზადებული იარაღი.  იარაღის  გამოჩენა,  დასახლების  გამაგრებასთან  ერთად,  მიუთითებს  ერთგვარ  ცვლილებას  სამხრეთ  ეგვიპტელის  პოლიტიკურ ცხოვრებაში – ბადარიულ  სამარხებში  იარაღი საერთოდ  არ  გვხვდება. ზოგადად  უნდა  ითქვას, რომ ნაქადა I-ის სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს, განსასხვავებით  ბადარიულისაგან,  უკვე  გამოცდილი  ხელოსნის  ხელი ატყვია.  ნაქადა I-ის მოსახლეობის პოლიტიკური  და სოციალური  ორგანიზაციის  შესახებ  ასევე  არაფერია  ცნობილი,  თუ  არ  ჩავთვლით  იმ გარემოებას.  რომ  „მშვიდობიან“  ბადარიელებთან შედარებით  იარაღის მქონე,  გამაგრებულ  დასახლებებში  მცხოვრებ  ნაქადა I მოსახლეობაში უკვე  გაიღვიძა  მებრძოლმა  სულმა,  მოსახლეობა  ისევ  მისდევს  მიწათმოქმედებას,  მეცხოეელეობას,  მეთევზეობას  და  მონადირეობას,  განვითარებას  იწყებს  ხელოსნობა. 
ნაქადა  II,  ან  გერზეული  კულტურის  ძირითადი  ნიშანია უცხო  მოსახლეობის  დიდი  ტალღის  შემოჭრა  ეგვიპტეში,  რაც  ანთროპოლოგიური  მონაცემებით მტკიცდება.  მათი  სამშობლო  ჩვენთვის უცნობია.  ზოგიერთი  ვარაუდით,  ისინი  მოვიდნენ  დასავლეთ  აზიიდან და  შემოიტანეს  ის ძლიერი  სემიტური  ელემენტი  ადგილობრივი  მოსახლეობის  წმინდა  ჰამიტურ  ენაში,  რომელიც  შეიმჩნევა  ისტორიული  პერიოდის  ეგვიპტურში.  ეს  ვარაუდი  ერთგვარად,  მტკიცდება  არქეოლოგიური მასალითაც, რადგან სწორედ ამ კულტურულ ფენაში ჩნდება ჯემდეტ-ნასრის ტიპის კერამიკა და ცილინდრული ბეჭდები, რომელთა სამშობლოს, უდავოდ, შუამდინარეთი წარმოადგენს. მაგრამ ერთი რამ ცნობილია: ამ უცხო ხალხის ტალღა აღმოჩნდა ის ძლერი კატალიზატორი, რომელმაც საოცრად დააჩქარა ძველეგვიპტური კულტურის განვითარების პროცესი.
ნაქადა II-ის მოსახლეობა იწყებს   აქტიურ განსახლებას ნილოსის დაბლობში, ცხოვრობს მოზრდილ ქალაქური ტიპის დასახლებებში, აგებს ოთხკუთხედ აგურის სახლებს, რომლებსაც, განსხვავებით ნაქადა I-ის შენობებისაგან, უკვე აქვთ კარები და ფანჯრები. ოთხკუთხედი ფორმისაა მათი სამარხებიც, თუმცა უფრო ღარიბი მოსახლეობა კვლავ ოვალურ სამარხებში იმარხება. ქრება მიცვალებულის ჭილოფებში გახვევის ტრადიცია, რომელსაც ხის სარკოფაგებიცვლის. განსაკუთრებით თვალში საცემია სამარხებში სამკაულის რაოდენობა, რომელთაგან ბევრი უცხო წარმოშობის ქვისაგან არის დამზადებული (განსაკუთრებით ხშირია ობსიდიანი და ლაზურიტი): ჩნდება ვერცხლის ნივთები - ვერცხლი, როგორც ცნობილია, ეგვიპტეში არ მოიპოვება. ფართოდ გამოიყენება სპილენძი, უკვე არა მარტო სამკაულების, არამედ სხვადასხვა იარაღის დასამზადებლადაც. ახალი, ქვის საბურღი ინსტრუმენტის გამოგონებამ საოცრად გაზარდა ქვის ჭურჭლის რაოდენობა. შეიცვალა და დაიხვეწა კერამიკაც, რომელიც ძნელად დასამუშავებელი, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის თიხისგან მზადდება. ნაქადა II-ის მოსახლეობის ყველაზე დიდ მონაპოვარს წარმოადგენს პირველი საირიგაციო არხები, რომელიც სწორედ ამ კულტურულ ფენაში ჩნდება.
განსხვავებით  გეოგრაფიულად  ჩაკეტილი  სამხრეთისაგან, ჩრდილოეთი ეგვიპტე  უფრო  ფართო  კონტაქტებში  იმყოფებოდა  გარეშე სამყაროსთან, რის გამოც ქვემო ეგვიპტის წინადინასტიური კულტურა სამხრეთულზე უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. აქ ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა ნათელყოფს წინადინასტიური დელტის კონტაქტებს ლიბიელებთან, კვიპროსთან, კრეტასთან, პალესტინასთან, სირიასთან, შუამდინარეთთან. სამწუხაროდ, ჩრდილოეთში აღმოჩენილი უძველესი კულტურის ფენა (არქეოლოგებმა გათხარეს გერზეს, ელ-ჰარგეზის, აბუ სირ ელ-მელექის მიდამოებში) ქრონოლოგიურად ნაქადა II-ის თანადროულია, თუმცა აქვე ნაპოვნი ცალკეული უფრო არქაული ნივთები, უდავოდ, მეტყველებს ჩრდილოეთ ეგვიპტეში უფრო ადრეული კულტურული ფენების არსებობაზე, რომლებიც შთანთქა დელტის ჭაობიანმა ნიადაგმა. თავისი ძირითადი ნიშნებით ჩრდილოეთის კულტურა  ძალიან  ჰგავს  სამხრეთულს, თუმცა საგრძნობლად უფრო დახვეწილია. ორგანულ ეგვიპტურ ფორმებთან ერთად ჩრდილოეთისათვის  დამახასიათებელია  ე.წ.  „ტალღიანსახელურიანი“  კერამიკული ჭურჭელი,  რომლის  უადრესი  ნიმუშები  ნაპოვნია  პალესტინაში. დეკორატიული  კერამიკა,   განსხვავებით  სამხრეთისაგან,  აქ   ნაცრისფერი  ან  ღია ვარდისფერია, წითელი ნახატით, რომელიც სიუჟეტურად ახლოს დგას სამხრეთულთან. თავისი  დახვეწილობით  განსაკუთრებულ ყურადღებას  იწვევს  ქვის ჭურჭელი  და  კაჟის  იარაღი;  აღიარებულია, რომ  დელტის  ეგვიპტემ  შორს  გაუსწრო  თავისი  დროის სამყაროს  ქვისა  და  კაჟის  დამუშავების  ტექნიკაში,  ეგვიპტეში,  პირეელად  აქ  გვხვდება   ხმელთაშუაზღვისპირეთის  აუზისათვის  დამახასიათებელი  ფორმის შუბი,  რომელიც  შემდგომ  ქვეყნის  მთელ  ტერიტორიაზე  გრცელდება, ჩრდილოეთი  უსწრებს  სამხრეთს  მეტალების  დამუმშავებაშიც,  რაზეც მეტყველებს  სპილენძის იარაღები –  ჰარპუნები,  დიდი  ზომის  დანები, გუთნები და   სხვ.  აღსანიშნავია  დელტის  ქაშანური,  საიდანაც  მზადდება  შესანიშნავი  ხარისხის  ჭურჭელი  და  სამკაული.  მის   დასამზადებლად  საჭირო  ნედლეული  დასავლეთით,  ლიბიელ  ტომთა დასახლების ადგილებში მოიპოვებოდა. დიორიტი  შემოდიოდა  შუამდინარეთიდან, ობსიდიანი –  აბისინიასა  და ეგეოსის  ზღვის  კუნძულებიდან.  შუამდინარეთიდან  შემოდის  აგრეთვე  აგურის  დამზადების  ტექნიკა.  დელტის სამარხებში  ნაპოვნია  სირიიდან  და    პალესტინიდან    იმპორტირებული  ჭურჭელი. 
წინადინასტიური  ეგვიპტის  პოლიტიკური  განვითარების  შესახებ თითქმის  არაფერია  ცნობილი,  თანამედროვე  ვარაუდით,  თანდათან  ნილოსის  აუზის  მოსახლეობა  გაერთიანდა  ერთმანეთისაგან  დამოუკიდებელ ქალაქ–სახელმწიფოები ტიპის დასახლებებში რომელთა თანდათანობითი შერწყმით  ჩამოყალიბდა ორი  ეგვეპტური  სახელმწიფო – ჩრდილოეთის  და  სამხრეთის.  ნაქადას  მიდამოებში  მდებარე წინადინასტიური ქალაქის –  ნუბტ.   ის (ომბოსი) –  მმართეელი   გახდა  სამხრეთ  ეგვიპტის  ხელმწიფე,  ჩრდილოეთ  ეგვიპტეში  ძალაუფლება   ხელში  ჩაიგდეს  ჩრდილო-აღმოსავლეთ  დელტამი  მდებარე  ქალაქის  – ბეჰდეტის –  მმართველებმა.  ჩრდილოეთის  მთავარი  ღვთაება, შესაბამისად,  გახდა  ბეჰდეტის  მფარველი   ხორი, სამხრეთის –  ნუბტ. ის ლოკალური  ღვთაება  სეტხი.  ჩრდილოეთის  მეფეები  ატარებდნენ წითელი  ფერის  გვირგვინს, სამხრეთისა –  თეთრს.  ეგვიპტის  ისტორიის ოლომდე  ეს  ორი  ფერი  ასოცირებული  იყო  ეგვიპტის  ორ  ნაწილთან.
რაღაც  გარკვეული პერიოდის  მანძილზე  ორი ეგვიპტური  სახელმწიფო,  ისევე  როგორც  ორი –  ჩრდილოური  და სამხრეთული – კულტურა,  დამოუკიდებლად  თანაარსებობდა  და   ვითარდებოდა.  მაგრამ ისტორიული  პროცესების  სავსებით  ლოგიკური  შედეგი  იყო  მათი თანდათანობით  შერწყმა,  რაც  დაიწყო  ჩრდილოეთის  უფრო  განვითარებული  კულტურის  გავრცელებით სამხრეთში,  სადაც  ადგილობრივი ორგანული  ფორმები  ნელ-ნელა  ქრება.  ჩრდილოეთის  კულტურის  გავრცელების  უტყუარი  მაჩვენებელია  ის  გარემოებაც,  რომ  ხორმა თანდათან  დაჩრდილა  სეტხის  კულტი  და  მოიპოვა  პირველობა  სამხრეთშიც,  სადაც  მისი საკულტო ქალაქი  გახდა  ნეხენი  (იერაკონპოლისი). მაგრამ  პოლიტიკური  გაერთიანების  პროცესი  საწინააღმდეგო  მიმართულებით  წარიმართა.  ეგვიპტის  გაერთიანებამდე  ერთი  ან  ორი  საუკუნით  ადრე  უფრო  აგრესიულმა  სამხრეთის  მეფეებმა  დაიწყეს ბრძოლა  ეგვიპტის  ორი  სამეფოს  გაერთიანებისათვის.  ორივე  სამეფოს  მთავარი  ღვთაება  ამ  დროისათვის  უკვე  ხორი  იყო.  თანამედროვე  ვარაუდით,  დაახლოებით  ამ დროისათვის  მოხდა მეფის  „გაიგივება“.
ამ ღვთაებასთან – ტრადიცია,  რომელიც  ეგვიპტის  ისტორიის  ბოლომდე  შემორჩა.  თანდათან  სამხრეთის  მეფეებმა  მოახერხეს  ჩრდილოეთის  დაპყრობა  და   ორი  სამეფოს  გაერთიანება  ერთიანი  ძალაუფლების  ქვეშ.  ამ   მნიშვნელოვანი   მოვლენის  თარიღი –  დაახლ. 3150 წ. ჩვ. წ.-მდე –  არის  პირველი,  მეტ-ნაკლებად  ზუსტად  დადგენილი  თარიღი  ძველი  ეგვიპტის  ისტორიაში. 
ადრედინასტიური ეგვიპტე (ძვ.წ. 3150–2686  წწ.  I–II   დინასტიები) 
ორი ეგვიპტური სამეფოს გაერთიანებით იწყება ახალი ერა ძველი ეგვიპტის  ისტორიაში, რომელსაც დღეს დინასტიური, ან  ისტორიული პერიოდი  ეწოდება  და რომელმაც 3000 წელზე  მეტ  ხანს გასტანა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი  ღირსშესანიშნავია  მსოფლიო  ისტორიის  მასშტაბითაც,  რადგან  ძველი  ეგვიპტის  ფარაონებმა,  პირველად  კაცობრიობის  ისტორიაში,  შექმნეს  სახელმწიფო,  სადაც  ქვეყნის   მთელი  ტერიტორია  ერთიან   ცენტრალიზებულ  ხელისუფლებას იყო  დაქვემდებარებული.
ძველეგვიპტური  ტექსტების  თანახმად,  ორი  ეგვიპტური  სამეფოს გაერთიანება  შეძლო სამხრეთელმა ფარაონმა ნარმერ/მენესმა. ეს ტრადიცია მტკიცდება  არქეოლოგიური  გათხრების   მონაცემებითაც.  ამგვარად, დღეს  ნარმერ/მენესი  ითვლება  ძველი  ეგვიპტის  პირველ  „ისტორიულ“  ფარაონად;  მისი  სახელით  იწყება  ისტორიული  ეგვიპტის  ფარაონებისა  და მათი   დინასტიების  გრძელი  რიგი. 
ძველი ეგვიპტის არქეოლოგიური მონაცემები და ტექსტები ეგვიპტის გამაერთიანებლად ფარაონ ნარმენს მიიჩნევს, რომლის გამარჯვება ვიზუალიზებულიცაა და სამარხიც აქვს. 
მენესის სახელის ფორმა „მნი“ პირველად ჩნდება ჰატშეფსუტის (ძვ.წ. 1479-1458) ბეჭედზე ზემო ნაწილში, ქვემოთ კი წერია ჰატშეფსური და თუტმოსი. შემდეგ მნი ჩნდება ფარაონ სეტის პირველის (ძვ.წ. 1290-1279) ტაძარში შესრულებულ ე.წ. აბიდოსის მეფეთა სიაში პირველ მეფედ და მის შემდეგ არის ფარაონი ტეტი, რომელსაც ისტორიკოსები ფარაონ ჰორ-აჰასთან აიგივებენ. შემდგომ, რამზეს მეორის (ძვ.წ. 1279-1213) ბრძანებით შედგენილ პაპირუსზე (ე.წ. ტურინის სამეფო სია) პირველი მეფე კვლავ მნი-ა, შემდგომი სახელები კი ძალიან დაზიანებულია. სხვა სამეფო სიებში, რომლებიც უფრო გვიანაა შედგენილი მნი არ იხსენიება. აღნიშნული სამეფო სიები კი ნარმერს არ ახსენებს საერთოდ.
უფრო მოგვიანო ტექსტებშიც „მნი“ მოხსენიებულია მენტუჰოტეპ მეორესა და აჰმოს პირველთან ერთად როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი.
შემდეგ მენესი ჩნდება ჰეროდოტეს (ძვ.წ. მე-5 ს) და მანეთონის (ძ.წ. მე-4-3 საუკ) შრომებში, სადაც მენესმა გააერთიანა სამეფო, ააგო დედაქალაქი და უწოდა მემფისი, ილაშქრა საზღვარგარეთ და გაიმარჯვა, მეფობდა 62 წელი და მოკლა ჰიპოპოტამმაო, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ლეგენდარული გადმოცემებია. დავიწყოთ იმით, რომ მენესი უძველესი ეგვიპტური ჩანაწერებით მენესამდე 200 წელი არსებობდა და სინამდვილეში „ინებუ ჰეჯი“ ანუ „თეთრი კედლები“ ერქვა.
თანამდეროვე ავტორიტეტულ ეგვიპტოლოგთა უმეტესობა თვლის რომ მენესი იგივე ნარმენია და მნი მისი მეტსახელი იყო. ფარაონების უმეტესობა ტახტზე ასვლის შემდეგ ახალ სახელებს ან დამატებით სახელებს იღებდნენ.  ისტორიკოს სტივენ ედვარდსის აზრით სახელი mnj ნიშნავს „ის, ვინც ითმენს“. ნარმენისა და მისი შემდგომი ფარაონის წარწერებში მათი სახელების გვერდით აღნიშნულია მნ, რითაც სიტორიკოსები ხსნიან რომ მნ არის მენესი და შესაბამისად ნარმენი, ან უკიდურეს შემთხვევაში ჰორ-აჰა არის მენესი და რომ მსგავს მეფეს არ უარსებიაო.
ამრიგად ევგიპტოლოგების უმრავლესობის აზრით ნარმერი ეგვიპტის გამაერთიანებლად და მის პირველ ფარაონად ითვლება. ეს დასკვნა ეფუძნება ნარმერის ფილას, რომელშიც ნარმერი აღწერილია, როგორც ეგვიპტის გამაერთიანებელი, ასევე აბიდოსის სასაფლაოზე ფარაონების დენისა და კაას საფლავებზე ორი ბეჭედის წარწერა გამოსახავს მას, როგორც პირველი დინასტიის პირველ ფარაონს.
ზემო ეგვიპტის დედაქალაქ ნეხენში აღმოჩენილ „ნარმერის ფილაზე“ ერთ მხარეს დატანილი გამოსახულება იშიფრება შემდეგნაირად: „მეფემ 6000 ტყვე გამოიყვანა ბრძოლის ველიდან“, მეორე მხარეს კი - „მეფე ანგრევს სიმაგრეებს, ანადგურებს მტერს“.
ერთ მხარეს, ყველაზე დიდ არეზე, წარმოდგენილია ჩრდილო ეგვიპტის ფარაონი ნარმერი, რომელიც მის წინ მუხლებზე დაცემულ, სამხრეთის ფარაონს კომბალს უღერებს. აქვეა ნილოსის დელტის სიმბოლო, რომელზეც ჰორი, ღვთაებრივი შევარდენი ზის და თოკზე გამობმულ დამარცხებული ფარაონის თავს მიართმევს გამარჯვებულს. ფილის ქვედა, ვიწრო, არეზე დამარცხებული მეომრების გაქცევაა წარმოდგენილი. ფილის ზედა ნაწილში ცის ქალღმერთის, ფარაონის მფარველის, ჰათორის სიმბოლური გამოსახულებებია - ქალის სტილიზებული სახეები ორი რქითა და ყურებით.
მეორე მხარეს ჰორიზონტალურ სარტყლებად სამი სცენაა მოცემული. სულ ზემოთ, გამარჯვებული ფარაონი თავის მხლებლებთან ერთად ბრძოლის ველის დასათვალიერებლად მიემართება, რომელიც მოწინააღმდეგეთა თავმოკვეთილი გვამებითაა მოფენილი. შუა სცენა წარმოგვიდგენს ორ ფანტასტიკურ ცხოველს, რომელთა გრძელი, გადახლართული კისრები სცენის ცენტრში წრეს ქმნიან. წრე, შესაძლოა, ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო იყოს და ამავე დროს მარადიულობისა და უსასრულობის დატვირთვაც ჰქონდეს. ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ფარაონი ხარის სახით, რომელიც დამარცხებულს თელავს და ანგრევს მტრის ციხეს.
აღმოჩენილია აგრეთვე ნარმერის კვერთხის თავი, რომელიც შეიცავს სცენებს. სცენა ასახავს ცერემონიას, რომლის დროსაც ტყვეები და ნადავლი წარუდგენენ მეფე ნარმერს, რომელიც ტახტზე ზის საფეხურებიან პლატფორმაზე, ტილოების ქვეშ. იგი ატარებს ქვემო ეგვიპტის წითელ გვირგვინს, უჭირავს შოლტი და გრძელ მოსასხამშია გახვეული. მარცხნივ, ნარმერის სახელი დაწერილია სასახლის ფასადის (სერეხის) გამოსახულებაში, რომელზეც შევარდენია გამოსახული. ქვედა ნაწილში მოცემულია ცხოველებისა და ადამიანების ნადავლის ჩანაწერი; 400,000 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 1,422,000 თხა და 120,000 ტყვე. აღმოჩენილია ზემო ეგვიპტის დედაქალაქ ნეხენში (ჰიერაკანოპოლისში). იგი ზემო ეგვიპტის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო 3150-2700 წლებში.
***
ძველი  ეგვიპტის  ისტორიის  შესწავლისას  ყოველთვის  უნდა  გვახსოვდეს,  რომ  ერთიანი  ეგვიპტე  არ  შექმნილა   ერთი  სახელმწიფოს მიერ  მეორის  განადგურებისა  და  შთანთქმის  შედეგად.  გარკვეული სახით  ეს  იყო  იმ  ბუნებრივი  პროცესის  დაბოლოება,  რომელმაც  საბოლოოდ  გააერთიანა  ნილოსის  დაბლობის  ეთნიკურად  და  კულტურულად  ერთფეროვანი  და  ერთენოვანი  ეგვიპტური  მოსახლეობა.  ეს პროცესი  ერთგვარად  შეფერხდა  ქვეყნის  გეოგრაფიული  პირობების გამო,  რადგან  ნილოსის  დაბლობის  ვიწრო  და  გრძელი ზოლი ხელს  არ უწყობდა  აქტიურ  კონტაქტებს  ჩრდილოეთსა  და  სამხრეთს  შორის. ბუნებრივია  ისიც,  რომ  ცალკეული  წინადინასტიური  დასახლებები თავდაპირველად  ორ – ჩრდილოეთის  და სამხრეთის  –  სამეფოდ  შეიკრა,  რადგან  ნილოსის  დაბლობი  და  მისი  დელტა  დღესაც  ეგვიპტის ორ  განსხვავებულ  რეგიონს  წარმოადგენს.  ამ  პროცესის  დაგვირგვინება არის  ორი თანასწორუფლებიანი  ეგვიპტური  სახელმწიფოს  გაერთიანება  ერთი  ძალაუფლების  ქვეშ.  ამიტომ  არ  უნდა  გაგვიკვირდეს, რომ  „კემესთან“  ერთად  ეგვიპტელები თავიანთ  სამშობლოს  „ორ  ქვეყანას“  უწოდებდნენ.  ეგვიპტის  ფარაონი,  ქვეყნის  ისტორიას  ბოლომდე  „ზემო  და  ქვემო  ეგვიპტის“,  ან  „ორი  სამეფოს“  მეუფედ  იწოდებოდა  და  ატარებდა  ორმაგ  გვირგვინს,  რომელიც  სამხრეთის  თეთრი და  ჩრდილოეთის  წითელი  გვირგვინების  შერწყმას  წარმოადგენდა: შესაბამისად,  ორი  სამეფოს სიმბოლოებმა – შროშანმა  (ზემო  ეგვიპტე)  და  პაპირუსმა სამეფო  რეზიდენციების მფარველმა ღვთაებებმა – ნეხბეტმა (სვავის იკონოგრაფია) და ეჯომ (კობრის იკონოგრაფია) – სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ფარაონის რთულ ტიტულატურაში.
ამგვარად, ეგვიპტის გაერთიანება კანონზომიერი ისტორიული პროცესის დასრულებას წარმოადგენდა, ხოლო თვით ეგვიპტის ერთიანობის სიმტკიცე მისი არსებით იყო განპირობებული. ჩრდილოეთის სამეფო სახლს არც კი უცდია გამოყოფა და დამოუკიდებელი ტერიტორიიის აღდგენა. სამაგიეროდ, ცენტრალიზებული სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანებისთანავე ორ სამეფო სახლს შორის დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ძალაუფლებისათვის,  რომელმაც დაახლოებით ოთხ  საუკუნეს  გასტანა  (I–II  დინასტიები).  ამ პერიოდს –  ეგვიპტური  სახელმწიფოს,  მისი  მმართველი  აპარატისა  და  ფარაონის  ფუნქციებისა  და დანიშნულების  საბოლოო ჩამოყალიბების პერიოდს – დღეს ეგვიპტის  ისტორიის ადრედინასტიური  პერიოდი  ჰქვია. დიდი  გერმანელი ეგვიპტოლოგის  რ. ანთესის  ხატოვანი  გამოთქმით,  ამ დროის  მნიშვნელობა  მის   დაძაბულობაშია.
ქვეყნის გაერთიანებას ემთხვევა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – დამწერლობის  ჩამოყალიბება.  I-II  დინასტიების  პირველი  ეგვიპტური  მოკლე  წარწერები  ძირითადად   ჩრდილოეთისა  და სამხრეთის  სამეფო  სახლებს  შორის  დაუსრულებელი  ბრძოლების  შესახებ  მოგვითხრობს,  ასეთ  რთულ  პოლიტიკურ  ვითარებაში  სავსებით ბუნებრივად  გამოიყურება  ახალი  სამეფო   რეზიდენციის  დაარსება დელტის 20  კმ სამხრეთით, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბუნებრივ საზღვრებთან, რომლის  სტრატეგიული  მნიშვნელობა  ჯერ  კიდევ ბერძენმა ავტორებმა აღნიშნეს  (მაგ., დიოდ. 1,50)  შორეული სამხრეთული  რეზიდენციიდან  გაცილებით უფრო  რთული  იყო მთელი  ქვეყნის  ერთიანი კონტროლის  ქეეშ  მოქცევა.  ეგვიპტური  ტრადიციის  თანახმად,   ერთიანი  ეგვიპტის  პირველი  დედაქალაქის  დამაარსებლად. ისევ  მენესი  გვევლინება.  გვიანდელ  დროში  ბერძნებმა  ამ ეგვიპტურ ქალაქს  მემფისი  უწოდეს  (თანამედროვე  ვარაუდით,  „მემფისი“ წარმოიშვა ქალაქის სიახლოვეს მდებარე ძველი სამეფოს ფარაონია პეპი I პირამიდის  სახელწოდებისაგან  „მენ  ნეფერ“),  უადრეს  წარწერებში კი   იგი   მოიხსენიება  როგორც  „ინებ ჰეჯ“  –  „თეთრი  კედელი“.
ხანგრძლივი ბრძოლა ძალაუფლებისათვის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისით  დამთავრდა,  II   დინასტიის  ბოლო  ფარაონი  ხასეხემუი  დაქორწინდა  ჩრდილოეთის  სამეფო კარის  ხელმწიფის  ქალიშვილზე.  ხასეხემუის სახელი  დღეს  ითარგმნება როგორც  „ორივე  ძალაუფლების  აღზევება“. მისი მეფობით მთავრდება არქაული პერიოდი – ცენტრალიზებული  ეგვიპტის  საბოლოო ჩამოყალიბებისა და ფორმირების  მტკივნეული  ხანა.
ფარაონის  გაღმერთების  იდეას  ჩაეყარა  საფუძველი  ჯერ  კიდევ წინადინასტიურ  ეგვიპტეში,  მაგრამ   პატრიარქალური  წყობის  პირობებში  რომლის  ნიშნები საბოლოოდ  ქრება I დინასტიის  დროს,  მაინც არ  არსებობდა  ის  უფსკრული  მეფესა  და  მის  ყველაზე  დიდგვაროვან ქვეშევრდომებს  შორისაც  კი,  რომელიც  უკვე  არქაულ  ეგვიპტეში  ჩამოყალიბდა.  უკვე I დინასტიის  შუახანებიდან  შეიმჩნევა  მნიშვნელოვანი  ცვლილება:  თუ  აქამდე  ფარაონის  სახელის  გვერდით  ხშირად იდგა რომელიმე  დიდგვაროვანის  სახელი,  თანდათან  ეს  ჩვეულება ქრება, ამიერიდან ფარაონი  –  ხორის  სახელის  მოთავსება  შეიძლება მხოლოდ  გარკვეული  ტიპის სტილიზებულ წარწერებზე, რომლებზეც  უბრალო  მოკვდავის მოხსენიებაც კი იკრძალება.  ფარაონთან ურთიერთობის  უფლება  აქვს  მხოლოდ  უმაღლეს  დიდგვაროვანთა  ვიწრო  წრეს, რომელიც ძირითადად სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისაგან შედგება. ასე, თანდათან  სამეფო  რეზიდენციის  გარშემო  ყალიბდება  მომავალი ბიუროკრატიული  აპარატის  ბირთვი.  უკეთესი  ორგანიზაციისათვის ქვეყანა  იყოფა  ადმინისტრაციულ ოლქებად,  ე.წ. ნომებად, რომელთა სათავეში  დგანან  მთლიანად  მეფის  რეზიდენციას  დაქვემდებარებული  დიდგვაროვანი  მოხელეები.
უკვე  არქაული  პერიოდის  დროს  თავს  იჩენს  ეგვიპტის  აგრესიული  ბუნება,  რომელიც  ნათლად  მჟღავნდება  უფრო  გვიანდელ  ხანაში.  მიუხედავად  შინაგანი  ბრძოლებისა,  არქაული  ეგვიპტის  ფარაონები  ახერხებენ  სინაის  მომთაბარე  ტომების,  ლიბიელების,  დასავლეთის ოაზისების  მცხოვრებთა  და  ჩრდილოეთ  ნუბიის  ხალხების  დამორჩილებისათვის  სამხედრო  ლაშქრობების  ჩატარებას.  მოგვიანებით,  პოლიტიკური  ჰორიზონტის  გაფართოებასთან  ერთად,  ეგვიპტე  თავის დამპყრობლურ  პოლიტიკას  უფრო  შორს  მცხოვრებ  ხალხებზეც  გადაიტანს.
ადრედინასტიურ პერიოდში ყალიბდება ეგვიპტური დამწერლობა, ცხოველდება  კონტაქტები  უცხო  ქვეყნებთან, საოცრად  ვითარდება  ეგვიპტური  კულტურა,  ხელოვნება  არქიტექტურა, ამგვარად, I-II  დინასტიების  ხანა   უმნიშვნელოვანესია  ეგვიპტის ისტორიაში,  სწორედ ამ  დროს  ჩაეყარა  საფუძველი ქვეყნის  შემდგომ  ბრწყინვალებას და ჩამოყალიბდა  ეგვიპტური  სახელმწიფოს  ის   ძირითადი  ნიშნები,  რომლებიც  თითქმის  უცვლელი  რჩება  მთელი  მისი  ისტორიის  მანძილზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий